,,აფთარი,, თავი II
საქმეს მეორე დილით მოკიდა ხელი. ფარეხი ადრიანად გააღო. მუსიკა როგორც ყოველთვის ხმამაღლა აუწია, დინამიკებიდან მძიმე როკი ახლად ამოფრქვეული ვულკანივით გადმოიღვარა. წინა დღით მაგიდაზე მიგდებული გასაღები ზიზღით აიღო, თუმცა ავტომობილთან მისულმა ეს გრძნობა მოიშორა, რადგან საქმის და პირადი გრძნობების არევას შეეძლო ხასიათი გაეფუჭებინა, თან იმდენად, რომ მისი ცხოვრების იმ ერთადერთი სიმშვიდისთვის მიეყენებინა ზიანი, რასაც ხელოსნობა ერქვა. მანქანის კარი გამოხსნა და მძღოლის სავარძელი დაიკავა, საჭეს ხელი გადაუსვა და სალონი ალმაცერად მოათვალიერა. იქაურობას გაუბედურებული არ ერქვა, თუმცა არც შესაშურად მოვლილს გავდა. - არ გინდობენ არა? - ირონიულად ჩაეცინა ავტომობილთან მოსაუბრეს და გასაღები გადაატრიალა. ძრავიდან ამოსულ ბღულის ხმას კვამლიც ამოჰყვა. - გასაგებია! - ხელი საჭეს დაუტყაპუნა და მანქანა ფარეხში შეიყვანა. მუდამ ისე ერთვებოდა მუშაობაში, რომ მხოლოდ აწრიალებული კუჭის გამო თუ შეწყვეტდა საქმეს. დანარჩენად არაფრის გამო ჩერდებოდა და გასაკეთებელს მეორე დღისთვის არ იტოვებდა, თუ რა თქმა უნდა იმ დღესვე შეეძლო მოსწრება. მანქანის ახდილ ცხვირს თავი ანება და წელში გაიმართა, დაძაბული კისერი და მხრები გაავარჯიშა. აღრიალებული მუსიკა ჩააჩუმა, თან ტელეფონს დაწვდა საჭმლის შესაკვეთად. ეკრანზე გამოსახული გემრიელობებს ნელა აუყვა და სასურველს მიაგნო თუ არა შეკვეთის ღილაკს დააწვა. - მშვენიერია. - თქვა ხმამაღლა. რა გასაკვირია, ამ მიყრუებულში ერთადერთი მოსაუბრე ხომ საკუთარი თავი ჰყავდა. სანამ შეკვეთას ელოდებოდა ისევ მანქანას მიუბრუნდა. ზეთით დასვრილ შიგთავს დააკვირდა. ღირდა კი ხელების გასვრა? ფიქრებმა უკითხავად გაიტაცეს. ნუთუ შესაძლებელია ჭაობი ისე გაწმინდო, რომ მყაყის სუნი სრულიად გაუქრეს, მის გამჭვირვალე წყალში კი კენჭები დათვალო? - ,,არა აფთარო, კი არ უნდა გაწმინდო, სრულიად უნდა ამოაშრო, რომ შიგ აღარავინ ჩაიხრჩოს.,, - საკუთარ თავს გაუღიმა. კიდევ გააღო პირი რაღაცის სათქმელად რომ ვიღაც ფარეხის კარს მოადგა: - გამარჯობა! - როგორც იქნა მოხვედი. - გამოეპასუხა აფთარი და კურიერთან შესაგებებლად ნაბიჯი გადადგა, თუმცა მის წინ აღმართული პიროვნება კურიერი ნამდვილად არ იყო. - დავიჯერო ასე მელოდი? - გაიღიმა მათემ და ხელი გაუწოდა მისასალმებლად. გამოწვდილ ხელს დახედა აფთარმა და მისი მზერა ფრინველის ჩაყვითლებულ მზერაში აიხლართა, გამშრალი ყელით ძლივს გადაყლაპა ნერწყვი. - ბინძური. - ჩაილაპარაკა მის ხელზე თვალ მოუცილებლად. - ბატონო? - თვალები მოჭუტა მათემ, თითქოს მის სიტყვებში დასარწმუნებლად ნათქვამის გამეორებას სთხოვდა. - ხელები ისედაც დასვრილი მაქვს. - ორაზროვანი პასუხი დაუბრუნა აფთარმა და გვერდი ისე აუქცია ოდნავადაც, რომ არ შეხებოდა ბიჭს. კურიერი უკვე მოსულიყო. - ხელის ჩამოსართმევად კი საჭმელად არა? - ჩაიბუტბუტა მათემ და საკუთარ მანქანას დათვალიერების მიზნით შემოუარა. - რამე დაკარგე? - ისევ ორაზროვანად გაისმა აფთრის დასმული კითხვა, როდესაც მათე მანქანის სალონს ჩააჩერდა. - შეკეთების საქმე როგორ მიდის? - მანქანის თვალიერებას შეეშვა და მის სამუშაო მაგიდას მიუახლოვდა. - აკრგად მიდის, ახლა მე... - ამ მოდელზე გიმუშავია საერთოდ? - მათემ სიტყვის დამთავრება არ აცადა, ისე განაგრძო კითხების დასმა, თან იქვე სკამზე ჩამოჯდა, რაც გოგოსთვის ზედმეტად მიუღებელი იყო. მითუმეტეს მისგან. - ფიქრობ, რომ ვერ გავაკეთებ? მაშინ შენი ჯართი დღესვე მომაშორე აქედან! თუ არა და ერთი-ორი დღე უმანქანოდ გაძელი და ჩემი საქმე მაცადე! - თვალები მაშინვე აენთო ბრაზისგან, მაგრამ სწრაფად შეძლო ამ ბრაზის კონტროლი. - ახლა კი შესვენების და კვების დრო მაქვს , ასე რომ.. - სხვათაშორის საშინელი მიდგომა გაქვს ახალგაცნობილ ადამიანთან საკონტაქტოდ. - მათე ფეხზე წამოდგა და მტვრისგან დასვრილი შარვალი ჩამოიფერთხა. - უფრო საშინელზეც მსმენია. - აფთარს ირონიით ჩაეცინა. - დასვრილი კი ეგრე არ იწმინდება. - შარვალზე ანიშნა იმავე ღიმილით. - ვიცი როგორც უნდა მოვიქცე. - უპასუხა და კარისკენ მიბრუნდა. აფთარს უნდოდა ეთქვა მაგას გამოცდილება გალაპარაკებსო, თუმცა პირიდან სულ სხვა სიტყვები ამოუვიდა: - უჩას დავურეკავ, როცა მზად იქნება, შეგიძლია მოსვლისგან თავი არ დაიტვირთო. აქ ხომ საკმაოდ ბევრი ჭუჭყია უკვე. ბრაზმორეულმა მათემ თავი უკმაყოფილოდ გააქნია, ნათხოვარ მანქანაში ჩაჯდა, სწრაფად მოიტოვა უკან ფარეხიც და ასევე მისი მეპატრონეც. იმ ორაზროვანი სიტყვა-პასუხის გამო თავს უცნაურად და გაღიზიანებულად გრძნობდა. იქნებ დამცირებულადაც კი?! უჩას თქმის არ იყოს აფთარი სულაც არ ჩანდა ვიღაც ხელწამოსაკრავი გოგო, მაგრამ მათესთვის ის მაინც პატარა გოგო იყო, გოგო რომელიც ადრე თუ გვიან თავს დახრიდა. *** მათემ რაც აფთარს ფარეხში მიაკითხა, მის შემდეგ უკვე მეორე დღე იწურებოდა. ხელმეორედ მისვლა აზრადაც არ გაუვლია, ამიტომ მოთმინებით ელოდა როდის დაურეკავდა გოგონა უჩას. თუ აქამდე მანქანაზე ფიქრი არ აძლევდა მოსვენებას, იქ დატოვების გამო, ახლა სხვაგვარად გრძნობდა თავს, ახლა თავად აფთარი უელავდა გონებაში. ამოუცნობი და მიუწვდომელი, საკმაოდ მომხიბვლელი და თან საკმაოდ ჭკვიანი. თითქოს ახლობელი და ამავე დროს სრულიად უცხო. თავის თავში დარწმუნებული მათე, ალბათ ნათლად ხედავდა მათ გადაკვეთას სამომავლოდ. სჯეროდა, რომ თუ მოინდომებდა ამ გოგოს გულსაც დაიპყრობდა. მაგრამ ეს გრძნობა, ეს ფიქრი და ეს სურვილი, სითბოთი არ იყო სავსე, ეს უფრო რაღაც მიზნის ასრულებას გავდა. მიზნის რომელსაც, ასრულებისთანავე მოუღებდა ბოლოს. - რას ჩაფიქრებულხარ ძმაო? - უკნიდან უჩა მიუახლოვდა და გაზიანი სასმელი გაუწოდა. - ისევ შენს მერანს ხომ არ მისტირი? - არა ეგ უკვე გავიარე? - ხელი აუქნია უდარდელად. - თუ ეს უკვე გაიარე, მაშინ ახლა სად ხარ? - გაიცინა და აშუშხუნებული სასმელი მოსვა. - ამ გოგოზე რა აზრის ხარ? - ასფალტზე თვალმოუცილებლად იკითხა მათემ. იკითხა რადგან გაუცნობიერებლად ფიქრობდა აფთარზე, რადგან მისი გონება პასუხებს ითხოვდა, მაშინ როცა ჯერ კითხვებიც კი არ გაეჟღერებინა. - აჰაა... ეხლა გასაგებია სადაც ხარ. - უჩამ უფრო გულიანად გაიცინა, მერე კი ერთბაშად დასერიოზულდა. - ვფიქრობ, რომ საკუთარი ისტორია აქვს, რაღაც ისეთი რის გამოც ამ ნიღაბს ირგებს და მის მიღმა იმალება. - მე ვგულისხმობ მის მიმართ რას ფიქრობთქო.. - მათემ სცადა საკუთარი კითხვის აზრი უფრო გამოეხატა. - მაგას ფიქრი კი არა გრძნობა ქვია, - უჩამ ამ ჩასწორებით საპასუხო დრო მოიგო, თუმცა პასუხში მაინც შეცდა. - არ ვიცი, რას უნდა ვგრძნობდე. კარგი ვინმეა რაა.. - ვეჭვობდი დღეს დარეკავდა, მაგრამ ისეთი პირი უჩანს არაა ხვალამდე დამრეკი, - მათემ მოხერხებულად შეცვალა თემა. თან კმაყოფილად იგრძნო თავი, რადგან უჩას სიტყვებით ჩათვალა, რომ ის დაინტერესებული არ იყო მათეს მიზანში მყოფი გოგონათი. მოულოდნელად დასალევად წასვლა აიკვიატა და უჩაც აიყოლია. კიდევ ერთ დიდიხნის უნახავ მეგობარს დაურეკა, რომელიც ახლახანს დაბრუნებულიყო ქალაქში. შეკრების ადგილი ამცნო და გადაჭარბებული სიჩქარით მოსწყდა ადგილს, უჩას უკმაყოფილო წუწუნის მიუხედავად ძლიერად ჩააჭირა ფეხი გაზის სატერფულს. *** ერთერთი კლუბის შეძლებისდაგვარად მყუდროდ მოწყობილ კუთხის მაგიდასთან დასხდნენ. მათეს ახლად ჩამოსული ძმაკაცი ჯერ არსად ჩანდა, თუმცა რადგან წუთი-წუთზე ელოდა მის გამოჩენას, სასმლის მოტანაზე ბევრი არ უფიქრია. უჩა ციმციმა შუქების გამო თვალმოჭუტული უმზერდა გაურკვეველი ნივთიერების თრობის ქვეშ მყოფ, გამომწვევად ჩაცმულ მოცეკვავე გოგონებს. - რამდენი ხალხია. - წარბშეკრულმა გადაულაპარაკა ჭიქით ხელში მჯდომ ჩაფიქრებულ მათეს. - მერე კარგია, ერთობა ხალხი. - მის მზერას გააყოლა თვალი მათემ. - მაგარი ხმაურია. - თავი გააქნია უჩამ და სასმელი მოსვა. - აჰა, გიოც მოსულა, - მათემ ჭიქა დადო და ფეხზე წამოდგა. - წავალ მოვიყვან, ეგ ან დაგვინახავს ან არა. უჩამ ინტერესით მოათვალიერა ხალხი, მართალია გიოზე სმენოდა, მაგრამ პირადად ჯერ არ შეხვედროდა. მიმავალ მეგობარს თვალი გააყოლა და ზემოთხსენებული გიორგიც ამოიცნო. მათემ მეგობრები ერთმანეთს გააცნო. გიორგი მხიარული აღმოჩნდა და მალევე გამონახეს საერთო ენა. სვამდნენ და თან ათას რამეზე საუბრობდნენ. გიორგი თავის ამბებს ყვებოდა. უკვე იმდენი წელი იყო რაც სამშობლოში ფეხი არ დაედგა, რომ ეს საუბარზეც კი ეტყობოდა. - რამდენი ხანია რაც საზღვარგარეთ ხარ? - უჩას სასმლისგან უკვე ამღვრეოდა თვალები. - რავიცი აბა, ზუსტად აღარც კი მახსოვს. - ნაძალადევად გაეღიმა გიორგის და თან მზერა მათესკენ გაექცა, რომელმაც თავი თითქმის შეუმჩნევლად უარის ნიშნად გაიქნია. რა თქმა უნდა ახსოვდა, სულ ყველაფერი დეტალებში ახსოვდა. განრისხებული მამა, ნახევრად გულწასული და გაფითრებული დედაც, რომელიც კბილებით იცავდა შვილის უსაფრთხოებას ხელის კარგად დაფარების ხარჯზე. ახსოვდა საშინლად ცივი და წვიმიანი დილა როცა აეროპორტში მიდიოდნენ ის და დედა. ასევე არ ავიწყდებოდა შემოდგომის ფოთლებისფერ თმიანი გოგონას მუდარა, მისი კივილი და მისი წვრილი მაჯები როდესაც ხელებს ძლიერად უჭერდა გასაკავებლად. თერთმეტი წლის უკან მომხდარი ყოველი წუთი ზედმიწევნით კარგად ახსოვდა. და ყოველ საღამოს უიმედოდ ცდილობდა ყველაფრის დავიწყებას. უჩას კითხვის გამო ხასიათი წაუხდა, ამიტომ ბართან მისვლა და რამე სხვა სასმლის გასინჯვა მოიმიზეზა. - ეს ვინაა, სად იპოვე? - მიმართა ცოტახანში მოახლოებულ მათეს. - რა გჭირს შენ? - ბიჭი ბარის მაგიდას ჩამოეყრდნო და ბარმენს ანიშნა დამისხიო. - აუ არ ვიცი რა, ვერ ვიტან ამ სი**ლ კითხვებს. - ჭიქა გამოცალა და თითები ნერვიულად ააკაკუნა მაგიდაზე. - უჩა კაი ტიპია რაა.. სხვათაშორის აფთარიც მაგან გაჩითა და სულ მაგარ რამეებს ჩითავს ხოლმე. - რა გაჩითა? - ცნობისმოყვარეობით გამოხედა გიომ. - აა არ მითქვამს არა? მოკლედ გოგოა რაა, მანქანების ხელოსანი და რამე. - აფთრის გახსენებაზე მათეს ჩაეღიმა. - რისი? - გიომ ხმამაღლა გაიცინა გულიანად. - შენ იღადავე და იცი რა მაგარი გოგოა. - ხელოსანი ქალი კი არა, თუ ძმა ხარ რაა.. - სიცილს ვერაფრით წყვეტდა გიორგი. - ნახავ და მერე იცოდე ინანებ რაც თქვი. - მათემაც სიცილ-სიცილით დაუქნია თითი. - სად გაქრით ბიჭებო? - მოულოდნელად უჩა წამოადგათ თავზე. - მათე აფთარს მოუწერია ხვალ მოდიო და მე ეხლა ვნახე, ხოდა ხვალ მანქანას ჩაგახუტებ. მათემ გიორგის გახედა და ეშმაკურად გაეღიმა, თითქოს თვალებით ანიშნა მომდევნო დღის მნიშვნელობაზე, თან არც ძმაკაცის თვალებში გამკრთალი მომღიმარი არსება არ დარჩენია უყურადღებოდ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.