ეშმაკთან მოთამაშე 2 {სრულად}
თავი 1 ნაცნობი ეზოს ჭიშკართან იდგა გაუნძრევლად. შხაპუნა წვიმა სახეში ასხამდა. თმიდანაც წურწურით ჩამოსდიოდა წყალი. ვერ მოძრაობდა. თვალსაც ვერ ახამხამებდა. უყურებდა სახლს, რომელშიც ყველაზე ბედნიერი წლები გაატარა და შინ შესვლის ეშინოდა. ეშინოდა, რომ მოგონებებს შეეხეთქებოდა ან ისეთ სიძულვილს, რომელიც საბოლოოდ ჩამოანგრევდა. თავისი სიმაღლისთვის შეუსაბამოდ გამხდარს ჩვეულებრივზე უფრო ღია ფერის კანზე ვენები ისე აშკარად აჩნდა, თითქოს სისხლის მიმოქცევაც თვალხილული გამხდარიყო. თმა ჩვეულებისამებრ მოკლედ შეეკრიჭა, თუმცა უკვე რამდენიმე ღერი ჭაღარა გამორეოდა. უჭირდა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. სწრაფი ნაბიჯით დაფარა ჭიშკრამდე მისასვლელი გზა, რკინის კონსტრუქციას ქურდივით გადაახტა და ნაცნობი ეზო ისე გაიარა, არც შეუთვალიერებია. აქ ყველაფერი მოგონებებით იყო სავსე. ის კი წლები გაურბოდა მოგონებების კასკადს. გაურბოდა ყველაფერს, რაც წარსულში აბრუნებდა, მაგრამ ეს სახლი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ვიღაც ეგულებოდა. ვიღაც ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი და ძვირფასი. … კარზე კაკუნი გაისმა თუ არა, პატარა გოგონა სირბილით გაიქცა მის გასაღებად. - დედა, მოხვედი? მომიტანე, რაც დაგაბარე? - ზღურბლზე მდგომის დანახვამ გააოცა. თუმცა, სანამ რამეს იტყოდა, სტუმარმა გვერდით გაწია და შინაურივით შემოაბიჯა. არ მისცა თავს უფლება ემოციებამდე დასულიყო შეხვედრა. - მიეჩვიე იმედგაცრუებებს, პატარავ! არც დედაშენი ვარ და არც არაფერი მომიტანია, ამას თუ არ ჩავთვლით. - პატარა ზურგჩანთა, რომელშიც თავისი ტანსაცმელი ელაგა, შუა ოთახში, იატაკზე დაახეთქა და უკმაყოფილო გამომეტყველებით მიაჩერდა ბავშვს. - შენ ვინ ხარ? - თვალები ცნობისმოყვარედ დააკვესა, გონება დაძაბა. ძალიან ეცნობოდა მისი სახე, თუმცა ვერაფრით გაიხსენა საიდან. - თოვლის ბაბუა! - კედელზე აკრულ ბავშვს მოუტრიალდა და ფართოდ გაუღიმა. - თოვლის ბაბუები არ არსებობენ. - გოგონამ მხრები სასაცილოდ აიწურა. - ბოდიში, საბავშვო ათეიზმის გამოვლინებისთვის მზად არ ვიყავი. - შენ ანდრეა ხარ, დედიკოს ანდრეა. - გახარებულმა წამოიყვირა რამდენიმე წუთიანი დაკვირვების შემდეგ. შიში სრულად გაქრობოდა სახიდან. - მეც ანდრეა ვარ, შენი დისშვილი. ღმერთო, რა სველი ხარ?! წამოდი, იქ შენი ოთახია და შეძლებ გამოიცვალო. იცი? დედა მაგ ოთახში არასდროს მიშვებს. - სერიოზული ქალივით ატიტინდა და ოდნავი სიფრთხილით მიუახლოვდა ფოტოებიდან თუ დედის მოყოლილი ამბებიდან კარგად ნაცნობ ადამიანს. სადღაც ძალიან ბუნდოვნად შემორჩენოდა მეხსიერებაში ანდრეას სითბოც. - დედაშენი სად არის? - ინსტიქტურად იკითხა და ოთახს მოავლო თვალი. კედელზე გამზრდელი მშობლების გადიდებულ ფოტოებს გადააწყდა, მაგრამ საერთოდ არაფერი უგრძნია. ანდრეაში სიცარიელეს დაედო ბინა და ეს უკვე მისთვის საკმაოდ ბუნებრივ მოვლენად ქცეულიყო. - დედას მეგობარი ავარიაში მოყვა და საავადმყოფოში წავიდა მის სანახავად. - უპასუხა, თან ხელში ხელი ჩაავლო, წაიყვანა იქით, სადაც მისთვის აკრძალული ოთახი ეგულებოდა. - საერთოდ დედა მარტო ხშირად არ მტოვებს, მაგრამ ახლა მალე მოვა და წარმომიდგენია, როგორ გაუხარდება შენი ნახვა. - თვალები სიხარულით აენთო პატარა ანდრეას. მასში დანახული სილაღე უჩვეულო იყო დიდი ანდრეასთვის. - შენ ყოველთვის ამდენს ლაპარაკობ? - ხელი გამოაცალა და ისე დახედა ზემოდან, რთული სათქმელია, გაბრაზებული უფრო იყო თუ გაკვირვებული. - არა, ცოტა გაოცებული ვარ, თან შემეშინდა და იმის ბრალია. - არავინ მოპყრობია ამდენად ხისტად აქამდე, ამიტომ იგრძნობოდა ბავშვის ხმაში ოდნავი წყენა. - ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ, თუ ნერვებს არ მომიშლი. - თავი ოდნავ გვერდზე გადახარა და წარბები ასწია. არ შეიმჩნია პატარა ანდრეას სევდა. - არა, შენი არ მეშინია. - სახელური ჩამოსწია, კარი შეაღო და თავით ანიშნა, რომ შეეძლო შესულიყო. - სახლის სახურავზე რომ აგიყვანო და ფეხებით გადმოგკიდო, მაშინაც ასე თუ იჭიკჭიკებ, რა საინტერესოა. - ნიშნის მოგებით აზიდა წარბები. - რომ იცოდე, ბავშვებს ასე არ ელაპარაკებიან. - ბოდიში, ჩემი ბაღის აღმზრდელის დიპლომი საგიჟეთში დამრჩა. - თვალები დააწვრილა, ოთახში შევიდა და კარი ცხვირწინ მიუხურა ბავშვს. საწოლთან მივიდა და ფრთხილად ჩამოჯდა. აქ ყველაფერი ისე იყო, როგორც წლების წინ. თითქოს ჯერ კიდევ გუშინ გავიდა ამ ოთახიდან; თითქოს ჯერ კიდევ გუშინ თვრამეტ წელს მიუღწეველი მოზარდი იყო. თვალებში უცნაური სევდა გაუკრთა, თუმცა მისივე ხმამაღალმა სიცილმა გადაფარა ფიქრები. თავი რამდენჯერმე გადააქნია, ტუმბოს სარკეში თავის ორეულს შეავლო მზერა. აღარ ჰგავდა იმ ბავშვს, ბოლოს ამ სარკეში რომ ნახა. ახლა სხვა იყო. არანორმალურს უფრო ჰგავდა ფართოდ დაქაჩული თვალებითა და არაადეკვატური გამომეტყველებით. - ჩანთა მოგიტანე. - კარს იქიდან მოესმა დისშვილის ხმა. - გამოცვლა გჭირდება, თორემ გაცივდები. - ისე, შენ არ გასწავლეს, რომ უცხოებს კარი არ უნდა გაუღო? - თავი გაყო ოთახიდან და ზურგჩანთა გამოართვა. - შენ უცხო არ ხარ. - თავი იმართლა უმალვე და შეკოწიწებული სითამამით თვალი გაუსწორა უხასიათო დეიდას. - მაგრამ… როცა კარი გამიღე, შენ ეს არ იცოდი. - შეგიძლია ეგ დედას არ უთხრა? - მუდარის ტონი შეერია ხმაში. - შევძლებ, თუ შენც მოახერხებ რამე გემრიელი მომიმზადო. - კარს მიეყრდნო და ნიკაპზე ისე მიიბჯინა ხელი, თითქოს რაღაც სერიოზულ გადაწყვეტილებას იღებდა. - კვერცხის შეწვა ვიცი და შეიძლება კარტოფილიც შევწვა, მაგრამ კარტოფილი არ ვიცი, როგორი გამოვა. - ჩაფიქრებულმა გადაიტარა შუბლზე პატარა და თხელი თითები. - კვერცხის ან კარტოფილის სანაცვლოდ საიდუმლოს შენახვა? კარგი, რა! რამე ხორციანის მომზადება არ შეგიძლია? - აუცილებლად რაღაც ისეთი უნდა ჭამო, რაც სუნთქავდა, სანამ შენს თეფშზე მოხვდებოდა? - კი, ან ვიღაც ისეთი, ვინც უაზრო კითხვებს მისვამდა. - თვალები დააწვრილა და კიდევ ერთხელ მიუხურა კარი. - კვერცხს შეგიწვავ. - მეორე მხრიდან დაყვირებულ ფრაზას სირბილის ხმა მოჰყვა და მიხვდა, რომ მარტო დარჩა. წყალი ისეთი სისწრაფით გადაივლო, თითქოს ისევ ციხის სააბაზანო ოთახში იყო. დიდი ხანია ჩვევად ქცეოდა უკვე რამდენიმე წუთში დაბანა. მშრალი ტანსაცმელი ჩაიცვა, სველი იქვე აბაზანაში დატოვა და მისაღები ოთახისკენ დაიძრა. - მზად არის! - უკვე სახლიდან გადიოდა, გოგონას ხმამ რომ შეაჩერა. ერთი წამით მოტრიალდა. - ამ ფართუკში სასაცილო ხარ. - თვალები აატრიალა. - და არა, კვერცხის სანაცვლოდ საიდუმლოს არ შეგინახავ! - ისე გავიდა, სახტად დარჩენილი ბავშვისთვის ყურადღება არ მიუქცევია. სადღაც ეჩქარებოდა, ნაბიჯებსა და სახეზე შერჩენილ მოუთმენლობაზე ეტყობოდა. … დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, როგორც იქნა, საკუთარი თავისთვისაც გამონახა დრო. სააბაზანო ოთახში, სარკის წინ იდგა და თავის თავს აკვირდებოდა. უღირდა კი სიცოცხლით გარისკვა იმისთვის, რასაც აკეთებდა? დაძაბულ სახეზე გადაიტარა ფალანგები. ტანსაცმელი გაიხადა. ღვინის ბოთლს ერთი ცალი ჭიქა გააყოლა და თბილი წყლით სავსე აბაზანას მიაშურა. - ბანძი მუსიკა, იაფფასიანი ღვინო და აბაზანა ერთისთვის. ამისთვის მუშაობ იმდენს, სუიციდი რომ მოგინდეს, თავის მოკვლის დროც არ გაქვს! ასეთია სამყარო ფსიქიატრიულის გარეთ? - ჯერ ხმა შემოესმა, შემდეგ კი ორთქლში ნაცნობი ფიგურა გამოიკვეთა. აერია ემოციები, მაგრამ თავის მოთოკვას ძალიან ეცადა. მოჩვენებები მას ნამდვილად არ აწუხებდა. თუმცა მაინც მოულოდნელობის ეფექტი ჰქონდა ანდრეას გამოჩენას. - ანდრეა?! - კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ ვერ შეძლო. თითქოს სიტყვები ყელში გაეჩხირაო, ისე მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. - იცი? ჩემს ფანტაზიაში აბაზანაში ხშირად წარმომიდგენიხარ. ოღონდ მარტო არა. მეც შენთან ერთად ვარ და შენი თავი წყლის სიღრმეში იქამდე მიჭირავს, სანამ ჰაერის უკანასკნელ ნაკადს არ ამოუშვებ ფილტვებიდან. - აბაზანის კიდეზე ჩამოჯდა, თათიას ფეხებზე მბზინავ წყლის წვეთებს თითი ააყოლა და მისი დახორკლილი კანის სიგრილე ესიამოვნა. - აქ როგორ შემოხვედი? - აღელვება შესამჩნევი გახდა. - ამ სუნს გრძნობ? შენი შიშის სუნია! - კითხვა ისე დააიგნორა, თითქოს არც გაუგია. - ან შენი შიზოფრენიის ნაყოფი. - გესლიანად თქვა. მარცხენა ხელი ფრთხილად გააცურა იქით, სადაც ღვინის ბოთლი ეგულებოდა. ძლიერად ჩაავლო თითები და მთელი ძალით მოუქნია ეშმაკს. ვერ შეძლო მთლიანად მოერტყა, თუმცა ბოთლის ნაწილმა წარბი მაინც გაუხეთქა და სისხლი თქრიალით წამოვიდა. დრო იხელთა ქალმა. აბაზანიდან ამოხტა, კივილით გაემართა გასასვლელისკენ. მისაღებ ოთახში გასულს წამოეწია ანდრეა. ფეხში ხელი ჩაავლო და იატაკზე მთელი ძალით დაახეთქა. - სადმე გაგვიანდება? ბოდიში, არ ვიცოდი, თუ ნუდისტური საათები იყო, თორემ ტანსაცმელს გარეთ დავტოვებდი! - ზემოდან დასჩერებოდა, თავი გვერდზე გადაეხარა და ხმადაბლა საუბრობდა. - წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გამოგიშვეს ან აქ რატომ ხარ. - ოდნავ გადმობრუნდა მისკენ, ფეხებში ჩაავლო ხელი და მთელი ძალით მოქაჩა. ანდრეაც ზედ დაემხო უკვე წაქცეულს, თუმცა წამოდგომა არ აცადა. ხელ-ფეხს იქნევდა და უშედეგოდ ცდილობდა ეშმაკის მოშორებას. მარტივი არ გამოდგა, რადგან ძლიერად ეჭირა. თანდათან მაღლა აიწია, თითები მის თითებში ახლართა და თავს ზემოთ დაუჭირა, ისეთი ძალით გააკრა იატაკს, მოძრაობის უნარი სრულად დაკარგა ქალმა. - საშინელი მასპინძელი ხარ, იცი? - ცხვირი ცხვირზე გაუსვა და გაბრწყინებული თვალებით დააჩერდა სისხლის წვეთებს, რომელიც გახეთქილი წარბიდან ქალის სახეს დაეწვეთა. - შენს მოკვლას არ ვაპირებ, უბრალოდ ვიხუმრე. ახლა კი გაგიშვებ, თუ ისევ არაფერს ჩამარტყამ თავში. - ქვეშ მყოფის სხეულს ნელ-ნელა მოშორდა და ფეხზე წამოდგა. - მადლობა, თათია! მეც გამიხარდა შენი ნახვა! - თეატრალურად გაშალა ხელები და სისხლით მოსვრილ მაისურზე დაიხედა. - შემაშინე, ავადმყოფო! - შიშისგან სხეულში ძალა გამოლეულმა ძლივს მოახერხა წამოჯდომა. - და ისევ საშინელი იუმორის გრძნობა გაქვს. - დაუცველობის შეგრძნებამ მოაკითხა, თუმცა თავის ხელში აყვანა მოახერხა. - რა იყო, დაიჯერე, რომ შენს მოსაკლავად მოვედი? - ძალიან რთული დასაჯერებელი კია სერიული მკვლელისგან. - ამჯერად თვითონ გამოაჯავრა ეშმაკი. - ჭრილობას ხომ არ გამიკერავ, ექიმო? ვიღაც შეშლილმა თავში ბოთლი ჩამარტყა. - თუ აღარ გახსოვს, მე ფსიქოლოგი ვარ და არა - ქირურგი. - საერთოდ მე ზუსტად ამიტომ მოვედი აქ. - საჩვენებელი თითი დემონსტრაციულად მიიკაკუნა საფეთქელთან. - მაგრამ ახლა მენტალურის გარდა, ფიზიკური ხარვეზიც მაქვს და მასზე პასუხისმგებელი შენ ხარ. მოგწონს ეს თუ არა, ასე გამოდის. - გაგიკერავ, ოღონდ ჯერ უნდა ჩავიცვა. - სხვათა შორის, არც შიშველი გამოიყურები ურიგოდ. - როგორც ყოველთვის, უზნეო ხარ! - გვერდი ისე აუარა ანდრეას, მისთვის არ შეუხედავს. ბამბის სველი დისკი დაადო გახეთქილ წარბზე, თვითონ აბაზანაში შევიდა და ხალათი მოიხურა. - ნუ გეშინია, ბინძური ფანტაზია დიდი ხანია არ მიმუშაობს, თან შიშველი ქალი ბევრი ვერაფერი სიახლეა ჩემთვის. ციხეში ათეულობით ქალთან ერთად ვიბანდი საერთო სააბაზანოში. - მგონი, გაკერვა არ დაგჭირდება. - ჭრილობას ახლოდან დააკვირდა. - უბრალოდ დავამუშავებ. - მკლავში ჩაავლო ხელი, მისაღებში გაიყოლა და სკამზე დასვა. - რამეს დამალევინებ? - წყალს. - აფთიაქის ყუთით დაბრუნდა უკან. დაზარალებულის წინ სკამზე ჩამოჯდა და ჭრილობის გასუფთავებას შეუდგა. ნაზად დაასრიალებდა თითებს მის კანზე და ანდრეამაც თვალები დახუჭა მოდუნების ნიშნად. მიენდო თათიას სიფრთხილესა და მზრუნველობას. ასეთი თათია მისთვის კომფორტის ზონა იყო. - რატომ მოხვედი, ანდრეა, ან როგორ? - ყველაფერი იყო ქალის მზერაში თავმოყრილი: ტკივილი, ნერვიულობა, შიში და მაინც სადღაც გამოკრთოდა მცირეოდენი სიხარულის ნაპერწკალი - ეშმაკის დანახვით გამოწვეული. - გამომიშვეს. აქ კი იმიტომ მოვედი, რომ მჭირდები! - ვინ გამოგიშვა და რატომ? - არ მითხრა, რომ შენც გერჩივნა ფსიქიატრიულში ვყოფილიყავი. - ადამიანები თვითონ ვირჩევთ სად ვიყოთ, ანდრეა. შენც იყავი იქ, სადაც ყოფნა არჩიე. - ჰო, აბა, რა! დედამიწა ყველაზე სამართლიანი ადგილია სამყაროში. ალბათ, რა კარგია, როცა ბრმადმორწმუნე იდიოტად იბადები. - როგორც კი იგრძნო, თათია თავის საქმეს მორჩა, სკამიდან წამოდგა და ზურგს უკან ამოუდგა. - რაში გჭირდები? - სკამი ანდრეასკენ მოატრიალა, მისკენ დახრილს სახე სახესთან მიუტანა და თვალებში ჩააჩერდა. მაინც ძალიან მონატრებოდა ანდრეა. გაუჭირდა ამის აღიარება საკუთარ თავთან. - ასე ვთქვათ, თავში პრობლემები მაქვს. - ქალის სხეულს მოშორდა, ზურგი აქცია და შუბლზე მიიბჯინა მუშტი. - ახალი ამბავი! საერთოდ არ გეტყობოდა არასდროს. - გაიცინა. კარადიდან ვისკის ბოთლი და ორი ჭიქა გადმოიღო, სასმელი დაასხა. ერთი ჭიქა ეშმაკს მიაწოდა, მეორედან თვითონ მოსვა. - ფსიქოლოგები რომ გიჟებს დასცინიან, რამე ახალი მიგნებაა? - გიჟებს, შენნაირ გიჟებს ფსიქიატრები მკურნალობენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში. მე ფსიქოლოგი ვარ, ანდრეა. - შენ ერთადერთი ხარ, ვინც კარგად მიცნობს და ვისაც ვენდობი, ყოველ შეთხვევაში ცოცხლებში და ასევე, ერთადერთი ხარ, ვისაც შეუძლია რეცეპტი გამოწეროს ჩემთვის. - სიყვარულს მიხსნი? - არა, გეუბნები, რომ ჩემს ცოცხლად დარჩენილ ორ ნაცნობს შორის ერთადერთი ექიმი ხარ! - არანაირი სურვილი არ მაქვს რამით დაგეხმარო. - მაგიდისკენ მიტრიალდა და ზურგი შეაქცია. ჯერ ჭიქის გატეხვის ხმა მისწვდა მის სმენას და შემდეგ კი მინის ნატეხის სიცივე იგრძნო ყელთან. არ აღელვებულა, ანდრეას ნერვიული სუნთქვის მიუხედავად, რომელიც გაავებული ცხოველის ქშენას უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანის სუნთქვას. - ახლა ჩემთვის ერთით მეტი მკვლელობა უბრალოდ სტატისტიკაა, გინდა სტატისტიკის ნაწილი გახდე? - მომკალი, სიკვდილის არ მეშინია. - აუღელვებლად მოსვა ერთი ყლუპი ვისკი. - რა მოსაბეზრებელი მძევალი ხარ! კიდევ კარგი, გაქცევის დროს შენ არ წაგიყვანე. - მობეზრებით აატრიალა თვალები, ყელიდან მოაშორა მინის ნატეხი და ზურგი აქცია. - შენ არ გესმის. წამლების გარეშე ვერ ვიძინებ. მოჩვენებებს ვხედავ თუ აჩრდილებს. - აჩრდილებს თუ კონკრეტულად ერთს? - ამას მნიშვნელობა აქვს? - გინდა წამალი მოგცე? მაშინ შენი ექიმი უნდა ვიყო. თუ გინდა გიმკურნალო, გულწრფელობას ვითხოვ. - სწრაფად მიუახლოვდა, მკლავებში ჩაავლო ხელი და ოდნავ შეანჯღრია. - პრობლემა ის არის, ვერ ვხვდები, როდის ვარ რეალობაში და როდის ფანტაზიაში. ისიც არ ვიცი, ახლა ნამდვილად აქ ვარ თუ ესეც ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. - შენ რომ გამოგიშვეს ფსიქიატრიულიდან, უკეთესი ვინ დაიტოვეს, რა საინტერესოა! - ნერვიულად გაიცინა. - თუ ქალბატონი ფსიქოლოგი ამდენჯერ დამცინებს სიგიჟის გამო, დავკომპლექსდები. - არ ვიცი, რატომ გგონია, რომ მე შევძლებ იმას, რაც ფსიქიატრების ჯგუფმა ვერ მოახერხა ამდენი წელია. - უბრალოდ წამლები მჭირდება, რომელიც დამშვიდებასა და დაძინებაში დამეხმარება. - მობეზრებით აატრიალა თვალები. - როგორ შემოხვედი? - რაკი ერთხელ არ უპასუხა, თავიდან სცადა გაერკვია. - ფანჯრიდან. - არ ვიცი, შენს დაჭერამდე როგორ იყო, მაგრამ ახლა სხვის სახლში უკანონოდ შეღწევა დანაშაულია და შემიძლია გიჩივლო. - თუ გავითვალისწინებთ, რომ ფიზიკური ზიანი მხოლოდ მე მაქვს, - წარბთან მიიტანა თითი. - არა მგონია, ჩივილი გაწყობდეს. - ხელები ისე შემოკრა ერთმანეთს, თითქოს რამეს აღნიშნავდა. - ახლა სახლში უნდა წავიდე! - თავისთვის ჩაილაპარაკა. - დამელოდე, ჩავიცვამ და გაგიყვან. - პასუხს არ დალოდებია, ისე გაუჩინარდა და მალევე ჩაცმული დაბრუნდა უკან. წინ გაუძღვა დაუპატიჟებელ სტუმარს. მანქანაში ჩასხდნენ და ისეთი სისწრაფით მოსწყდა ადგილს, თითქოს სადმე აგვიანდებოდა მანქანის პატრონს. სველ ასფალტზე მიქროდა შავი ჯიპი. თათიას თითები გათეთრებოდა, ისეთი ძალით უჭერდა ხელს საჭეს. დაძაბული იყო, შეშინებული და ცოტათი არეული. მის გარეშე სტაბილურად იყო და ახლა, რაკი გამოჩნდა, ქაოსს მოიტანდა. ამაზე მეტად სხვა რამ მოსდებოდა გულზე ხინჯად, რაზე ფიქრსაც თავქუდმოგლეჯილი გაურბოდა. ანდრეა მშვიდად იჯდა და ყურადღებით აკვირდებოდა ყველაფერს, პატარა წყლის გუბეებში არეკლილ ლამპიონებს თუ ფანჯრის მინაზე მოელვარე წყლის წვეთებს. აღფრთოვანების უნარი რომ ჰქონოდა შერჩენილი, უსათუოდ აღფრთოვანდებოდა. ისე უყურებდა ყველაფერს, თითქოს აქამდე ბრმა იყო და იმ დღეს პირველად აეხილა თვალი. თითქოს პირველად ხედავდა სამყაროს მშვენიერებას და პატარა წვრილმანებიც კი სასწაულად ეჩვენებოდა. - თუ ასე სწრაფად ივლი, ეს ავტომობილი სიცოცხლის ბოლომდე მოგემსახურება. - ხმადაბალი ბურტყუნით დაარღვია სიჩუმე, როგორც კი მძღოლის დაჟინებული მზერა იგრძნო გვერდით სავარძლიდან. ჩვეული ირონიული ღიმილი აღიბეჭდა სახეზე და შეშლილივით ფართოდ გახელილი თვალებით მობრუნდა მისკენ. - სიკვდილის გეშინია თუ ჩემთან ერთად სიკვდილი არ გინდა? - როგორც იქნა, მზერა მოაშორა და გზას გაუშტერა თვალი. - მიკვირს, რომ ისე დადიხარ, თითქოს ტორმუზი იჭერს და ის მილები ტყუილად გადავჭერი. - რაა? - მთელი ძალით დაადგა ფეხი პედალს და მანქანა ისე მკვეთრად დაამუხრუჭა, ლამის საქარე მინას აეკრა ორივე. - ვიხუმრე! - როგორც კი სავარძელში გასწორდა, უდარდელად გაიკრიჭა. - ამ იუმორის გამო ერთხელ სადმე შავ პარკში გახვეულს გიპოვნიან რომელიმე სანაგვეზე. - შედარებით ნელა განაგრძო მოძრაობა და დასახლებული პუნქტისკენ გადაუხვია. - ჩემი მოკვლა ასეთი მარტივიც არაა. ხომ იცი, ღმერთს თავისთან საუკეთესოები უნდა, ეს ფსიქიატრიულშია შერჩევის გარეშე მიღება. - უცნაურია, თავზე ისე დამადექი, თითქოს იცოდი რომ მარტო ვიქნებოდი. - არ ვიცოდი, მაგრამ ხომ გითხარი, ერთით მეტი მკვლელობა უბრალოდ სტატისტიკაა. - სტატისტიკა, რომელსაც აღარ ჩამოგაწერენ და იქ დაბრუნდები, საიდანაც გამოხვედი. - სიმართლე ითქვას, დარწმუნებული არ ვარ, რომ აქ უკეთ ვარ, ვიდრე იქ. - ღრმად ამოისუნთქა. - აქ გამიჩერე. - სახლისგან ოდნავ მოშორებით გააჩერებინა მანქანა, ღვედი შეიხსნა და უსიტყვოდ გადავიდა. - ხვალ საღამოს მოდი. წამლებს მოგცემ, დაძინებაში დაგეხმარება და ვნახოთ, კიდევ რისი გაკეთება შემიძლია შენთვის. - კარი ზურგს უკან მოიხურა და ხელიც ისე დაუქნია, მისკენ არ მობრუნებულა. … სრულიად გათეთრებული ნერვიულად სცემდა ბოლთას ოთახში. როცა შვილმა ანდრეას სტუმრობის ამბავი დაახვედრა, თავიდან ვერ დაიჯერა. შემდეგ კი გაურკვეველი ემოციების ერთობლიობა დაატყდა თავს. ახლაც არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა ან ეთქვა დისთვის. ყველაფერს ელოდა, გარდა ანდრეას გამოცხადებისა. ვერ ხვდებოდა, რას პირდებოდა მისი თავისუფლება. რაღაც უკეთესს უმზადებდა ბედისწერა თუ უარესისკენ უნდა შეცვლილიყო ყველაფერი. რა თქმა უნდა, ანდრეა უყვარდა. თავისზე პატარას, შვილივით უვლიდა დანახვის წამიდან. რა თქმა უნდა, მისთვის ყველაფრის პატიება შეეძლო და ხელსაც ვერ კრავდა. რას იზამდა ქეთა, ცოცხალი რომ ყოფილიყო?! მხოლოდ ეს კითხვა უტრიალებდა თავში და პასუხიც მზად ჰქონდა: ქეთა არასდროს გაუშვებდა ხელს ანდრეას. როგორი ცოდვილიც უნდა ყოფილიყო, მიიღებდა და ჩაიხუტებდა. კარგად იცოდა ეს სოფიმ და ისიც იცოდა, რომ თვითონაც იგივეს გააკეთებდა, მიუხედავად იმისა, რომ ვერ პატიობდა. ვერ პატიობდა, ქეთამ რომ შვილის ნატვრაში დალია სული. ვერ პატიობდა ნინოს არ ყოფნას და რაც მთავარია, ვერ პატიობდა, რომ საკუთარი თავი წაართვა. ერთადერთი ცოცხალი ოჯახის წევრი, ერთადერთი დედმამიშვილი. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს და მოუკლა, ის პატარა ოქროსთმიანი და ცისფერთვალა გოგო, რომელიც პირველი შვილივით გაზარდა, რომლის ბავშვობა და თინეიჯერობა სოფიმ მშობელივით გაიარა მასთან ერთად. მოუკლა ის პატარა გოგონა, რომლის გამოჩენამაც სოფი ზრდასრულად აქცია და პასუხისმგებლობის გრძნობა გაუჩინა პატარა უსუსური არსების მიმართ, რომლის დაცვაც, საბოლოო ჯამში, ვერ მოახერხა. ვერ გამოსტაცა ცხოვრების ქარიშხალს და იმ არსებას, რომელსაც ახლა ეშმაკი ერქვა. ნაცნობი ნაბიჯების ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან. თავზე წასდგომოდა. ის იყო, ისევ ისეთი, და მაინც, სრულიად უცხო. გარეგნულად თითქოს არაფერი შეეცვალა. მხოლოდ წლებს დაემჩნიათ ოდნავ ნაკვალევი, მაგრამ მისი სახე სულ სხვა იყო. ჩვეული სიმშვიდის ნაცვლად ახლა სისასტიკე და მოუსვენრობა აღბეჭდილიყო მასზე. აღარც ცისფერები ელავდა მაგიურად. ნაცნობ სითბოს ვეღარ პოულობდა მათში, ამის მაგიერ სიცარიელეს დაედო ბინა. ანდრეას მზერა ისეთი ცარიელი ეჩვენა, ტირილი მოუნდა. ეშმაკი კი იდგა, იდგა და უყურებდა სოფის, რომლის მიმართაც არაფერს გრძნობდა, სრულებით არაფერს. იმ წუთას ისე მოუნდა ანდრეას გულში ჩაკვრა, როგორც საუკუნოდ განწირულ მწყურვალს წყალი. და მაინც ვერ დაიმორჩილა სხეული. ვერ გადადგა მისკენ ნაბიჯები, ვერ მოჰხვია ხელები და ვერაფერი უთხრა სანუგეშო. ვერც თავი დაიმშვიდა და ვერც მონატრების განცდა მოიკლა. - გამარჯობა, დაიკო! - ცინიკური ტონით დაარღვია სიმყუდროვე და იმხელა ხმაზე გადაიხარხარა, სოფი მიხვდა, რომ ამ წამს ანდრეაში ნორმალურობის ნატამალიც არ მოიძებნებოდა. - ვერ დავიჯერე, ანდრეამ რომ მითხრა. - ნერწყვი სიმწრით გადააგორა ყელში. ჯერ კიდევ ისე უყურებდა, როგორც მოჩვენებას. წამით ისიც გაეფიქრა, ვაი თუ შევეხე და გაქრაო. - სად არის ის პატარა პარაზიტი? უკვე დაიძინა? - ოთახს მოავლო თვალი. - რა თქმა უნდა, არ მელოდი. მე ხომ ფსიქიატრიულში უნდა ვიყო შენი წყალობით. - დივანზე უენერგიოდ დაეხეთქა და ფეხები ჟურნალების მაგიდაზე შემოალაგა. - რაკი ამ თემას შევეხეთ, ბარემ მითხარი, რატომ ამტკიცებინე ადვოკატებს, რომ შეშლილი ვიყავი, რატომ მოინდომე ჩემი გადაყვანა ციხის მაგივრად ფსიქიატრიულში?! - ხმადაბლა ვისაუბროთ, ბავშვს გაეღვიძება და შეეშინდება. - თვითონაც ანდრეას პირისპირ ჩაჯდა სავარძელში. - ბავშვს შენი გვამის ნახვა უფრო შეაშინებს, თუ კითხვაზე არ მიპასუხებ, თან ხომ გახსოვს ჩემი რეზიუმე? დაიკოს მკვლელობის გამოცდილება უკვე მაქვს. - შეშლილი ხარ. - ცისფერ თვალებს სინანულით უყურებდა და ვერაფრით პოულობდა ამ მზერაში რაიმე ნაცნობს. არადა, ძალიან ეცადა რამე დაენახა. - ციხეში მოგკლავდნენ, ამიტომ ვიბრძოლე, რომ ფსიქიატრიულში გადამეყვანე. - რამე უფრო სულელური მიზეზი ვერ მოიფიქრე? მაგალითად, ციხის ლურჯ უნიფორმაზე მეტად საგიჟის თეთრი პერანგი გიხდებოდა, ან ზურგზე შეკრული ხელები შენს ნაკვთებს აკვდება, ან რამე მსგავსი?! - გინდ დაიჯერე, გინდ არა, მე ყველაფერი გავაკეთე, რომ შენი სიცოცხლე გადამერჩინა. - და ახლა ამის წყალობით თავში ტვინის მაგივრად გოგლი-მოგლი მაქვს. - ისევ არანორმალური სიცილი წასკდა. - სერიოზულად ფიქრობ, რომ გადამარჩინე? იცი, რამდენჯერ შემაერთეს რაღაც ჯანდაბაზე იმის იმედად, რომ ბოროტებისა და სიგიჟის ბუდეს ჩაწვავდნენ ჩემს თავში?! იცი მაინც როგორია ფსიქიატრიულში ცხოვრება?! გინდა მოგიყვე? - ნიკაპზე შემოიდო ხელი, თითქოს რაღაცას იხსენებსო. - პრინციპში არც ისე ცუდია, ყველაფერი გაქვს. ჭამ, რასაც დაიმსახურებ. სვამ, რასაც მოგაწოდებენ და იძინებ იქ, სადაც ნემსს გაგიკეთებენ. - ისევ სოფის გაუსწორა მზერა. - ეს არის ის საუკეთესო, რაც შენი ერთადერთი დისთვის გინდოდა? - მხოლოდ შენს თავზე ფიქრობ, ანდრეა. - ნუთუ იმის შეხსენება საჭიროა, რომ მასზე უკეთესი აღარავინ დამრჩა? - და ვინ გყავდა მასზე უკეთესი ოდესმე? ნინო? შენი ხელით არ მოკალი? ან იქნებ მშობლები, რომლებიც შენზე ნერვიულობას შეეწირნენ. ვინ ჯანდაბა გყავდა ოდესმე შენს თავზე წინ, ანდრეა?! - ამჯერად სოფიმ აუწია ხმას. ნერვებმა უმტყუვნა. ძალიან კი ცდილობდა არ აჰყოლოდა ემოციებს. - დამშვიდდი, დაიკო. - ისე დაუყვავა, თითქოს ძალიან ადარდებდა მისი ნერვიულობა. - შენ სიკვდილს ძალიან ტრაგიკულად აღიქვამ. მე კი ვიცი, რაც ხდება სიკვდილის შემდეგ. - თვალებში სიგიჟის ნაპერწკალი აენთო და შუბლზე ნერვიულად მიიკაკუნა თითები. - უპატრონოთა სასაფლაოზე გმარხავენ, ზეწრებს ცვლიან და შენს ოთახში სხვა ფსიქიკურად შეშლილს უშვებენ. - სრული სიმშვიდით ჩამოთვალა. - ავად ხარ. - სიმწრით ამოილაპარაკა, მისი ყურებაც კი ტკივილს აყენებდა. - აღარ ვარ, გამოვჯანმრთელდი. შენ, ალბათ, ჩემი ძველი სამედიცინო ჩანაწერი ნახე, რომლის მიხედვითაც სოციოპათი ვარ მოსაზღვრე პიროვნული აშლილობითა და პარანოიდული შიზოფრენიით. - კარგი, ვთქვათ, გამოჯანმრთელდი და მეჩვენება, რომ რაღაც რიგზე არ არის. რას აპირებ ახლა, გინდა ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყო? - არა, მაგ ფურცლით ისევ თვითმფრინავებს გავაკეთებ. - ფეხზე წამოვარდა და ერთ წამში სოფის პირისპირ გაჩნდა. - აქ იმიტომ მოვედი, რომ ბინის გასაღები მინდა. - ეგ ბინა გავყიდე, რომ შენთვის საუკეთესო ადვოკატები დამექირავებინა, რომელთა წყალობითაც ციხეს აცდი და ფსიქიატრიულში წახვედი. - ანუ ჩემი ტვინის დავიჩინებაში ფულს იხდიდი. - თითქოს მარტო ფსიქიატრიული გაიგონა, ისე ჩაეჭიდა. - აი, რატომ ხარ ასეთი ლამაზი, სოფი! ღმერთმა შენი უტვინობის კომპენსირების საკითხი ამგვარად გადაწყვიტა. - გგონია, რომ ჩემთვის საყვედურის თქმის უფლება გაქვს? - თვალებზე მომდგარ ცრემლს გადმოსვლის უფლება არ მისცა, მხოლოდ იმედგაცრუებით ჩაიცინა. - მე მიყვარდა ის ბინა, ანდრეა. შენ სიყვარულის არაფერი გესმის, მაგრამ მიყვარდა! ამის მიუხედავად, დავკარგე. - რა თქმა უნდა, სიყვარულის არ მესმის, არც დანაკარგის… მე მხოლოდ საყვარელი ადამიანი, ცხოვრების აზრი, რეალობის აღქმა და მსგავსად უმნიშვნელო რამეები თუ დამიკარგავს, სახლივით დიდი დანაკარგი არასდროს მქონია. - გინდა დანაკარგები დავატოლოთ? იქნებ ამ დანაკარგებში ვისი ბრალეულობა მეტია, ეგეც გაგვერკვია? - გახეთქილ წარბზე გადაატარა თითი. - რა დაგემართა აქ? მაისურზეც სისხლი გაქვს. - ტყავის ქურთუკი ოდნავ გადაუწია და სისხლიანი მაისურის დანახვისას შიში აღებეჭდა სახეზე. - ხო, წითელი არ მიხდება. - თვითონაც დახედა მაისურს. - ანდრეა, რატომ ხარ სისხლიანი? - სასოწარკვეთასთან ერთად სიმკაცრე იგრძნობოდა ქალის ხმაში და ეშმაკს ღიმილი მოჰგვარა. - როცა ხელებზე ლიტრობით სისხლი მაქვს, მაისურზე დანახული ორი წვეთი სისხლის გამო ამხელა პანიკა უადგილო არ გგონია?! - ხმამაღლა გადაიხარხარა და სასწრაფოდ გაეცალა. - მეგობარს ვესტუმრე და კამათი შემოგვერია. - შენი სამეგობრო წრე ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს, როგორც ყველაფერი დანარჩენი. - კარგი, მომისმინე, სოფი, მე უბრალოდ დასარჩენი მჭირდება. - როგორც უკვე ნახე, შენი ოთახი ისევ შენია. - და რა? გინდა შენმა შვილმა შეშლილ სერიულ მკვლელ დეიდასთან ერთად იცხოვროს? - შენ მას არაფერს დაუშავებ. - არაფერს დავუშავებ, სანამ ჩემი ფსიქიკური დარღვევებიდან რომელიმე არ იჩენს თავს. - თუ ისევ სახიფათო ხარ, რატომ გამოგიშვეს? ჯერ სამუდამო პატიმრობა ფსიქიატრიულით შეგიცვალეს, ახლა კი გარეთ ხარ, როცა შენს გათავისუფლებაზე საუბარიც არ ყოფილა. რაზე წახვედი თავისუფლების სანაცვლოდ, ანდრეა? რა არის ის ყველაზე უარესი, რაზეც ხელის მოწერა შეგიძლია? - შენდა სამწუხაროდ, ვიღაცას ჩემი გარეთ ყოფნა აწყობს. მე კი ჩემი დაბლენდერებული, მეტიც, აჯაფსანდალივით არეული ტვინი ხელს არ მიწყობს განვსაჯო, ვის და რატომ. - საერთოდ დარწმუნებული ხარ, რომ გამოგიშვეს და ძებნილი არ ხარ? - ისე შეხედა, თითქოს ანდრეას გამომეტყველებით უნდა შეეფასებინა ხომ არ ცრუობდა. - დარწმუნებული იმაშიც კი არ ვარ, რომ ჩემი აქ ყოფნა ჩემივე წარმოსახვის ნაყოფი არ არის და ახლა შენს მაგივრად საკუთარი ქვეცნობიერის ფანტაზიას არ ვესაუბრები, სოფი. - ხელოვნურად გაიცინა. არ შეინიშნებოდა მის ქცევებსა და საუბარში ჩვეული სიმშვიდე. თითქოს ერთ ადგილზე გაჩერება უჭირდა. დაძაბულ სახეს სრულიად უმიზეზოდ უცვლიდა ალოგიკური სიცილი. - აგარაკზე წავალ, ბებიას სახლში. - თითქოს გამოსავალი იპოვა. - ვერსად წახვალ! შენ ბევრი რამ გაქვს მოსაყოლი, ის სახლი კი საცხოვრებლად უვარგისია ამ ეტაპზე. ჯერ აქ დარჩი და თუ წასვლა გენდომება, ხელი შევავლოთ იქაურობას. - გოგოების საღამოს მოწყობისა და ჭორაობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ დიდი ხანია რეალობასა და ფანტაზიას ერთმანეთში ვურევ, ამიტომ გულწრფელობას ვერ დაგპირდები. - გახსოვს მაინც იქ რა დატოვე? - თავი ისე ჩაქინდრა, აშკარა იყო ანდრეას წილ დანაშაულის გრძნობასაც თვითონ განიცდიდა. - იმედია, ისევ იქ არ დამხვდება, ხომ გთხოვე დამარხე-მეთქი? - თვალები უაზროდ აატრიალა და იქამდე მოხუჭა, სანამ მასში უსიცოცხლო მზერა ჩადგებოდა. - რა გაეწყობა, როგორც ჩანს შენში მიძინებული ადამიანი, რომლის გამოღვიძებასაც ასე ვცდილობდით, უკვე სრულ კომაშია. - მოკვდა, გაშავდა. - დემონსტრაციულად შემოჰკრა ხელები ერთმანეთს.- ამას წოლა უხდება ოღონდ! - წადი, ანდრეა. არ გაჩერებ! გინდა ისე მოვიქცეთ, თითქოს ათობით ადამიანი არ მოკალი? თითქოს შენთვის ძვირფასი ადამიანის გვამი ბებიის სახლში არ დატოვე? თითქოს წლები ფსიქიატრიულში არ გაატარე? კარგი, მოვიქცეთ. ფიქრობ, ჩემთვის არაფერი გაქვს მოსაყოლი? არაფერზე გაქვს ბოდიში მოსახდელი? არაფერი გაქვს ასახსნელი? კარგი, ეგრე იყოს. წადი, მიდი, არ გაჩერებ! - გული ეტკინა სოფის უკვე მერამდენედ, უკვე მერამდენედ კრავდა ხელს ანდრეა… - მოდი, ამას სტრატეგიული უკან დახევა დავარქვათ, მაგრამ ფეხით ვერსად წავალ. - ჩემი მანქანა წაიყვანე, გასაღები მოგცე თუ მოპარვა გირჩევნია? - გასაღები მომეცი, აღარ ვიწვალებ. - მართვის მოწმობა არ გაქვს, იდიოტო! - ხმამაღლა დაიყვირა და თავში შემოირტყა ხელი. - წამოდი! მამას კაბინეტში რაღაც უნდა განახო. - მკლავში ჩაავლო და ოთახიდან ისე გაათრია, ანდრეას დაჭყანული სახე არც შეიმჩნია. ეშმაკს არასოდეს ენახა ასეთი გაცხარებული და ან ენახა, მაგრამ მის მახსოვრობას აღარ შემორჩენოდა. ფანჯარასთან იდგა და უაზროდ აცეცებდა თვალებს, სანამ სოფი უჯრებში იჩიჩქნებოდა და გამალებით ეძებდა რაღაცას. - იცი ეს რა არის? - პატარა ფოტოალბომი ამოაძვრინა რამდენიმე წუთიანი ძებნის შემდეგ და სახესთან აუფრიალა. - ვიცი, სანამ დამიჭერდნენ ფოტოაპარატიც და ალბომიც უკვე გამოგონებული იყო. - და ეს იცი ვინ არის? - პირველივე გვერდზე გადაშალა და თვალი თვალში გაუყარა. წონასწორობის დაცვა გაუჭირდა ნაცნობი მწვანეების დანახვისას, ერთი წამით ყელში ბურთი მოაწვა და მოეჩვენა, რომ ვეღარ სუნთქავდა, თუმცა წამებში შეძლო საკუთარ თავზე კონტროლის აღდგენა. - ჩემი ბოლო მსხვერპლია ამ წუთის მონაცემებით, სანამ შენ არ ჩაენაცვლები. - შუბლზე მიუკაკუნა თითი და უაზრო სიცილი ხარხარში გადაეზარდა. წინ გამოწეული ხელი მოქნილად ამოუტრიალა სოფიმ, ბორკილი სწრაფად მოარგო და სანამ ეშმაკი აზრზე მოსვლას მოასწრებდა, გათბობის მილზე აღმოჩნდა მიბმული. - ღადაობ? ხელი კინაღამ მომტეხე. - გაკვირვებული, თუმცა გამხიარულებული ჩანდა. - ბოდიში, არ მინდოდა გტკენოდა. - არაუშავს. ის უფრო გამიკვირდებოდა, ხატებით მოვაჭრე რომ ყოფილიყავი. - კმაყოფილი სახით ჩაჯდა იატაკზე. - თავდაცვის გაკვეთილებზე ვისწავლე. - თავის მართლებასავით გამოუვიდა და თვითონაც ანდრეასთან ჩაიცუცქა. - ხელბორკილი კიდევ ნინოსია. - და რამდენ ხანს უნდა დამტოვო უჯიშო პუდელივით დაბმული? - სანამ შენ მიმართ შიში არ გამიქრება. - თუ გგონია რომ შიშია ყველაზე უარესი, რაც შემიძლია დაგმართო, საშინლად ცუდი ფანტაზიის უნარი გქონია. - ლაპარაკობდა და ნატკენ ხელს იზელდა. - ასე უფრო მაშინებ. - ნიშნისმოგებით განაცხადა. - გინდა ჩაი გაგიკეთო? - კარგი მასპინძელივით იკითხა, რომელსაც საპატიო სტუმარი ჰყავდა მიწვეული. - რისგან? ჩერნობილური ლენცოფასგან ხომ არა… რომ დორბლის დენაში დავლიო სული? - შეგახსენებ, რომ ამ ოთახში მხოლოდ ერთი მკვლელია და ის მე ნამდვილად არ ვარ. - მართალი ხარ, მაგრამ უკვდავი არა, ამიტომ სჯობს მომხსნა ეს კარგად ნაცნობი რკინის საშინელება! - არ მოგხსნი, სანამ ისე მელაპარაკები, როგორც მტერს და არა, როგორც ოჯახის წევრს! - წინა სულისშემძვრელი “სფიჩის” მერე, გათბობის მილისთვის რომ არ მიგები, იქნებ გული შემტოკებოდა ახლა. - ანდრეა, მე შენ გიცნობ. ვიცი, ვინ ხარ იქ, შიგნით, ამ საფარის მიღმა და მე შენში ის შინაგანი სამყარო მიყვარს. - შეგიძლია გამფატრო და მოინახულო. - თავი გვერდზე გადახარა. - შენი ფანტაზია მაშინებს. - ნორმალურია! თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემი საუკეთესო ფანტაზიები ყოველთვის იმას ეხება, როგორ ვხოცავ და დაცულად ცხოვრების ილუზიას ვუსპობ ადამიანებს. - მოდი, თავიდან დავიწყოთ. - ფეხზე წამოდგა. ეცადა ბრაზი გაეკონტროლებინა . მაგიდას ხელებით დაეყრდო და ისე ჰკითხა, ეშმაკისკენ არ მოუხედავს. - სად იყავი დღეს? - ფრედი მერკურის კონცერტზე. - ვინმე ცოცხალი მაინც გეთქვა! - ბოლო დროს მკვდრებთან უფრო მარტივად ვკონტაქტობ. - სასაფლაოზე იყავი? - სასაფლაოზე რა მინდოდა?! გიჟი ვარ, მოჩვენება კი არა. - აბა, სად ჯანდაბაში იყავი?! - მაინც აუწია ხმას. - მაღაზიებში ვიყავი, რამდენიმე მანეკენს ჩავეხუტე, რომ ოჯახური სითბო შემეგრძნო. - თვალებს ჩვეულებისამებრ შეშლილივით ქაჩავდა და ღიმილით საუბრობდა. - არ ფიქრობ, რომ ირონიის ადგილი ყოველთვის არ არის? - არც ჩემს მაჯაზეა ბორკილის ადგილი, მაგრამ ამას შენთვის ხელი არ შეუშლია. - მე მინდა, რომ გენდობოდე, ანდრეა. - რატომ, რა გეშარება? - ასე როგორ შეიცვალე? - კითხვაზე კითხვით უპასუხა. - ფსიქიატრიულში გამომკეტე, რომლის ნახევარი მკვლელებით და მეორე ნახევარი ყ'ლეებითაა სავსე, რას ელოდები? - მე შენ გადაგარჩინე! არ ვნანობ იმას, რაც გავაკეთე და არჩევანის წინაშე რომ ვიყო, ისევ იმავეს გავაკეთებდი. - მოდი, შეგახსენებ: შენ ელაპარაკები სერიულ მკვლელს, რომელიც ახლახან გამოწერეს ფსიქიატრიულიდან და ნებისმიერ წუთს შეიძლება თავი იჩინოს მისმა ემოციურმა გაუწონასწორებლობამ. ასე რომ, ცოტა ილაპარაკე და ჩემს ნერვებს გაუფრთხილდი. - მართლა შეგიძლია ჩემი მოკვლა? - ისეთი სასოწარკვეთა უელავდა თვალებში, ისეთი იმედგაცრუება, თითქოს ზედ ეწერა როგორ ინგრეოდა. - რა ვიცი, ეშმაკი ვარ, მოსე წინასწარმეტყველი კი არა. - შეშლილი ხარ შენ. - ვაა, როგორ მიხვდი? - ერთი ასეთი ორგანო მაქვს, სახელად ტვინი. - საფეთქელთან მიიჭირა თითი და გასასვლელად მოემზადა. - ნუ მახარბებ. - იქამდე მიაძახა, სანამ გასვლას მოასწრებდა და ეცადა, კომფორტულად მოკალათებულიყო. იმ ღამით მხოლოდ პატარა ანდრეას ეძინა მშვიდად ჩაჩუების სახლში. კარის ერთ მხარეს სოფი ჩაჩუა იჯდა ყავის ფინჯანით ხელში და ფიქრობდა, როგორ ეშველა დისთვის, რომელიც უპირობოდ უყვარდა ყველაფრის მიუხედავად. ფიქრობდა, როგორ ეშველა იმისთვის, რასაც მის თვალებში ხედავდა. იმ არაჯანსაღი ემოციური მდგომარეობისთვის, რომელიც ანდრეას ყველა სიტყვასა თუ მიმიკაში ვლინდებოდა. მთელი ღამე ათვალიერებდა ძველ ფოტოებს. უყურებდა მასზე აღბეჭდილ პატარა ცისფერთვალება ღიმილიან გოგონას, ოქროსფერი კულულებითა და სიცილისგან გაჩენილი ნაჩვრეტით ლოყაზე. ცდილობდა, რამე საერთო ეპოვა იმასთან, ვინც ახლა მამისეულ კაბინეტში გათბობის მილზე იყო მიბმული. ხოლო კარის მეორე მხარეს იჯდა ანდრეა ჩაჩუა, რეალობისა და ირეალობის ზღვარზე მყოფი და ესაუბრებოდა იმ ერთადერთს, ვისი სახის დახატვაც შეეძლო მის ფანტაზიას. ვის სუნსაც კი გრძნობდა, მიუხედავად იმისა, რომ სამყაროში აღარ არსებობდა. ... დილით საუზმის მზადებაში გართულს რომ თავზე წამოადგა, ლამის ელეთ-მელეთი დაემართა. - როგორ გახსენი? - შეშინებული უყურებდა. - ლურსმანი ამოვაძრე კედლიდან. - გვერდით ამოუდგა, ჭიქა წყლით აავსო და სულმოუთქმელად გამოცალა. - როდის? - გამთენიისას. - და რატომ არ გამოხვედი აქამდე? - როცა გავხსენი, კართან გეძინა და გასაღვიძებლად შემეცოდე. - ბოდიში. - თვალები დამნაშავე ბავშვივით დახარა. - არაუშავს, ისე მეძინა, როგორც რჩეული ბუმბულის საბან-ბალიშზე. - მართლა ბოდიში. - გაპატიებ, თუ ადგილობრივ ჰანა მონტანას გააჩუმებ. - თვალებით იმ ოთახისკენ ანიშნა, სადაც პატარა ანდრეა სიმღერით ემზადებოდა სკოლაში წასასვლელად. - ვერ იტან, როცა ვიღაც მაინც არის გამოძინებული და კარგ ხასიათზე? - პირველად გაეცინა ანდრეას გამოჩენის წამიდან. - ბედნიერი ადამიანები არ მიყვარს, არც უბედურები და საერთოდაც არ ვგიჟდები ადამიანებზე. - სოფის გვერდით იდგა და ხმადაბლა ლაპარაკობდა. სამზარეულოში შემოსული დისშვილის მისალმებაზე ყურიც არ შეუბერტყავს. - აი, შენი რძე, დე. - ჭიქით რძე მაგიდაზე დაუდგა შვილს და ისევ ანდრეასთან დაბრუნდა. - რა გადაწყვიტე, დარჩები ჩვენთან? - არა. - რატომ? რას გააკეთებ იქ ისეთს, რასაც აქ ვერა? - ძაღლების პორნოგრაფიას ვუყურებ მაღალ ხმაზე. - ბავშვია აქ. - ხმადაბლა ჩაისისინა და მხარი მიარტყა. - რომელიც ჩემი არ არის, ამიტომ ვისიცაა, მისი პრობლემაა. - რატომ არ მომესალმე? - დედისა და დეიდის ჩურჩულმა ხასიათი წაუხდინა პატარას. - იმიტომ, რომ დილით ხალხის დახოცვის ხასიათზე უფრო ვარ, ვიდრე გაბედნიერების. - მაგიდას დაეყრდო ორივე ხელით და ძალით გაუღიმა. - ასე შეაშინებ. - სოფი გამოეპასუხა. - მისი არ მეშინია, დედა. - ორი ბავშვის კინკლაობას ჰგავდა დეიდა-დისშვილის საუბარი და სოფი ნიჟარას მიუბრუნდა ჭურჭლის გასარეცხად. - ამ სახლში უტვინობა ახალი არ არის, სხვა რამით გამაოცე, შვილო. - რძიანი ჭიქა თვალწინ ააცალა დისშვილს. ბოლომდე გამოცალა, გულისრევის შეგრძნება საცოდავად დააიგნორა და გასასვლელისკენ დაიძრა. - დედა ძალით მასმევს, ასე რომ, გმადლობ! - ეშმაკურად ჩაიცინა ბავშვმა და თვალები დააკვესა. - პატარა ურჩხულო! - იმედგაცრუებული ჩანდა ეშმაკი. - მე გამოვიცვლი და აგარაკზე ამიყვანე. - დას მიაძახა და სანამ კარში გავიდოდა, კიდევ ერთხელ მობრუნდა. - ჰოდა, კიდევ, სოფი, რომ იცოდე, სხვისი საუბრის მოსმენა უზრდელობაა. მაშინაც კი, როცა მოსაუბრეებს შორის ერთ-ერთი მკვდარია. თავი 2 როგორც კი სოფი გაუშვა, ინანა. მიხვდა, ამ კედლებში მარტო დარჩენის მზაობა ამდენი წლის მერეც არ ჰქონდა. ოთახები შემოიარა. მტვრის სქელი ფენით დაფარულ ყველა ნივთს შეავლო ხელი. არაფერი გამოიყურებოდა ისე, როგორც მის მახსოვრობას შემორჩენოდა. ან ისევ გონება ღალატობდა, ან წლებს ამ სახლში იმაზე მეტი შეეცვალა, ვიდრე ანდრეას შეეძლო წარმოედგინა. ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს გამოშიგნა. სადღაც შიგნით რაღაც სიმი გაუწყდა და იგრძნო ის, რასაც უფსკრულში გადაჩეხილები გრძნობენ. დიდხანს იბოდიალა თითქმის ცარიელ ოთახებს შორის. დრო გაჰყავდა, მაგრამ აცნობიერებდაერთ რამეს - თუ აქ ცხოვრებას აპირებდა, მოუწევდა შესულიყო იმ საბედისწერო ოთახშიც; მოუწევდა, რომ ყველაზე მწარე მოგონებას პირისპირ შესჯახებოდა. კარს მიუახლოვდა და სახელური ისეთი სიფრთხილით ჩამოსწია, თითქოს სხვის საცხოვრებელში იპარებოდა. პირველად საწოლი მოხვდა თვალში. გონებამ დავიწყებული სურათების აღდგენა დაიწყო. ნელ-ნელა იხსენებდა დღეებს - საავადმყოფოდან გამოპარვიდან ყველაფრის დასასრულამდე. კადრები ერთმანეთს ცვლიდა. აქ გატარებული ბოლო ერთი კვირაც მთელი სიზუსტით აღიდგინა. სახეზე ხან აუტანელი სასოწარკვეთა ეხატა, ხან - არანორმალური ბედნიერება. წამით სრულად გაუქრა მარტოობის განცდა. ვერ ხედავდა, მაგრამ გრძნობდა, რომ ისიც იქ იყო. - ჩემს თვალებს ყოველთვის შეუძლიათ შენი დანახვა. - ნაძალადევი ღიმილით გადააქნია თავი. - თუ უნდათ, ამას სიგიჟე დაარქვან. - ნერვიულად ამოაძვრინა ერთი ღერი სიგარეტი, გრძელ თითებს შორის მოიქცია და სწრაფად გაუკიდა. - მართლა გიჟი ვარ. - ამოოხვრას ამოაყოლა სუნთქვაც და რუხი კვამლიც. - გიჟი ვარ იმიტომ, რომ ისევ მენატრები. გიჟი ვარ, რადგან თითქმის ცარიელი გულიდან მხოლოდ შენ ვერ გიშვებ. მაგრამ რომ გაგიშვა, შენს არ ყოფნას როგორ გავუძლო?! - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოისუნთქა. - ვერ მოვიშორე იმაზე ფიქრი, რა მოხდებოდა ამ ამბის დასასრულს, შენზე ადრე რომ მე დამეძინა. არ მტოვებს უსამართლობის შეგრძნება იმის გამო, რომ ჩვენ არც დაუსრულებელი ზღაპარი გვერგო და არც ზღაპრული დასასრული გვეღირსა. - ნაძალადევმა ღიმილმა ტუჩები დაუბრიცა. უნიჭო მსახიობის გათამაშებულ ღიმილს უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანის გულწრფელ ემოციას. - რას იხსენებდი? - ნაცნობი ხმა მოესმა და ოთახის კუთხისკენ გააპარა მზერა. - მოვიდა ჩემი ყოფილი ანგელოზი და მოქმედი ტირანი. - მობეზრებით აატრიალა თვალები. - რა გულთბილი დახვედრაა! - რეალური არ ხარ, მხოლოდ აქ ცხოვრობ. - თავზე მიიკაკუნა თითები და საწოლზე ჩამოჯდა. - და აქაც. - გულზე მიადო ხელი. ანდრეას ფეხებთან დაიხარა. ერთი ხელით მუხლზე დაეყრდნო, მეორე სახეზე ფრთხილად ჩამოატარა. ისე ნათლად გრძნობდა ქალის შეხებას, შეეძლო დაეფიცა, ამაზე ნამდვილი არაფერი განუცდია არასდროს. თუმცა ბნელი გონების ჯერ კიდევ ჯანსაღი ნაწილი განწირული ბღაოდა, რომ ეს რეალობას არ შეესაბამებოდა. - რომ იცოდე, მოჩვენებების მეშინია. - თვითონაც სცადა შეხება, თუმცა თითებით სიცარიელე რომ იგრძნო, ცივად დააბრუნა უკან. - თუ სწორად მახსოვს, მოჩვენებად შენ მაქციე. - უწინდებურად მიმზიდველი იყო ნინო. მას არ ეხებოდა ჟამთა სვლის უარყოფითი მხარეები. მაგალითად, სიბერე საერთოდ არ ემუქრებოდა. - რა მექნა? იმდენი რამ იცოდი ჩემ შესახებ, უნდა მეზრუნა, საფლავში წაგეღო. - შენი ბიოგრაფია მხოლოდ უარესობისკენ იცვლება. ახლა სხვა დიდებულ თვისებებთან ერთად პირად საქმეში გიწერია, რომ გიჟი ხარ. - ღიმილით უყურებდა და მწვანე თვალები ეშმაკურად უციმციმებდა. - ნუ გავიწყდება, რომ მეც ვიცი შენი ბიოგრაფია და არც ის გამოიყურება დიდად საამაყოდ. - მე მკვდარი ვარ და მკვდარზე ცუდს მაინც არავინ იტყვის. - საკუთარი მდგომარეობა არაჩვეულებრივად გამოიყენა მან. - ანუ ერთადერთი პლიუსი ის გაქვს, რომ მკვდარი ხარ და ეგეც ჩემი დამსახურებაა! - თვალები წამით მოხუჭა და რომ გაახილა, უკვე ფანჯარასთან იდგა ნინო. ძალიან ახლოს ჰყავდა და მაინც იმდენად შორს, რომ ვერ ეწეოდა. რამდენიც უნდა ეცადა, ნინო იყო შორეული ოცნება, რომელსაც ახდენა არ ეწერა. ალბათ, ასე გამოიყურება ყველაზე მძიმე სასჯელი. დამსჯელს, რომელსაც მსხვერპლად მთლიან ულუფად უნდიხარ, შენდობა არა აქვს. - ახლა გარეთ ხარ და ირგვლივ გყავს ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ. - სწრაფად დასერიოზულდა. - ხომ არ ეჭვიანობ? - ძალიან მოინდომა, რომ თვითკმაყოფილი გამომეტყველება აღბეჭდვოდა და გამოუვიდა კიდეც. - არა, მიხარია. ვფიქრობ, აღარ გჭირდები. - ყოველთვის შენ რატომ წყვეტ მჭირდები თუ არა? ან ყოველთვის შენ რატომ წყვეტ როდის წახვიდე და როდის დარჩე? - უნდა გამიშვა, ანდრეა! - იმდენად მიუახლოვდა, ქალის სურნელსაც კი გრძნობდა ეშმაკი. - არ შემიძლია. - დამნაშავე ბავშვივით ჩაქინდრა თავი. - შესაძლოა, მანდ მაღლა გადაწყდა, რომ ჩვენი ამბავი დედამიწაზე დიდხანს არ გაგრძელდებოდა, მაგრამ ჩვენ შორის რაღაც უსასრულოა. - თვალებში ნინოსთვის ნაცნობი სითბო ჩაუდგა. - არ შეგიძლია თუ უბრალოდ გეშინია? - რისი უნდა მეშინოდეს, ნინო?! უშენობაზე უარესი რაღა უნდა დამემართოს? - მწარედ ჩაიღიმა, აუტანელ ტკივილს ასხივებდა ცისფერები. - ანუ ჩემ შემდეგ აღარაფრის გეშინია? - თითქოს გაამხიარულა ანდრეას გულწრფელობამ. - როგორ არა?! მეშინია, რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და შენს სუნს ვერ გავიხსენებ; შენი თვალების ფერს ან ფორმას; ვერ გავიხსენებ რომელი ლოყა გეჭყლიტებოდა სიცილისას; ვერ გავიხსენებს შენს სახეს, ნაკვთებს, მიმიკებს, შენს გამომეტყველებას გაბრაზებისას ან მოწყენის დროს. ჯანდაბა, ნინო... ძალიან მეშინია, რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და ის მეყვარება, ვინც საერთოდ აღარ მემახსოვრება! - ფეხზე წამოვარდა საკუთარი ფიქრებისგან შეშინებული. კედელს მიუახლოვდა და რამდენიმე ძლიერი დარტყმის შემდეგ ზურგით მიეყრდნო. ცივ ზედაპირს აკრული ჩაცოცდა ქვემოთ და უღონოდ დაეშვა იატაკზე. - იმას არ უშვებ, რომ გადამიყვარო? - ყველაზე თამამ ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენ, რომ ერთ დილით გავიღვიძო და აღარ მიყვარდე. - უნდა გამიშვა. - კიდევ ერთხელ მიუახლოვდა. სახე ხელებით დაუჭირა და თვალებში ჩააჩერდა. - არა, შენც უნდა მოგენატრო! შენც უნდა მოგენატრო! მარტო ჩემი მონატრება საკმარისი არ არის. - თვალდახუჭული ქალის თითებს გრძნობდა სახეზე და ხმადაბლა ჩურჩულებდა. - ანდრეა! ანდრეა! - ხმამაღალ ძახილს რომ უხეში ნჯღრევა მოჰყვა, მაშინღა გაახილა თვალი. - კარგად ხარ? - სოფი ედგა წინ და ისეთი შეშინებული სახე ჰქონდა, გაეცინა. - ვლოცულობდი. - ალბათ, იმაზე, რომ სახლი დალაგებულიყო. ჰოდა, ჩათვალე, რომ ღმერთმა გისმინა და დამლაგებლების გუნდი გამოგიგზავნა. - აღარ ჩააცივდა, არადა, დანახულმა შეაშფოთა. - შენც წარმოსახვითი დამლაგებლები გყავს? - საძინებლიდან მისაღებში გამოვიდა და ცარიელი რომ დაუხვდა, სოფის მიაჩერდა. - აა, არა, გამოვიძახე და მოვლენ. მე მაღაზიაში ვიყავი, საჭმელი მოგიტანე. არაფერი გიჭამია, რაც ჩემი თვალთახედვის არეში ხარ. - მე მაშინ ვჭამე, შენი თვალთახედვის არეში რომ მოვხვდი. - თვალები გადაატრიალა სოფის მზრუნველობით მობეზრებულმა. - საშინელი მტვერია, გამოდი, ეზოში ვჭამოთ. - ზედიზედ რამდენჯერმე რომ დააცემინა მტვრის გამო, მიხვდა, სახლში გაჩერება შეუძლებელი იყო და გარეთ გავიდა. კარგად მოძველებული ხის სკამი და მაგიდა სველი ხელსახოცით საგულდაგულოდ გაწმინდა. ქაღალდის პაკეტიდან ბურგერები და კოლა მთელი სიფრთხილით ამოალაგა და საჭმელად მოემზადა. - იცოდე, ანდრეას არ უთხრა, რომ ბურგერი ვჭამე! - თითის დაქნევით გააფრთხილა. - ვეგეტარიანელია? - ჰო. - პირგამოტენილმა ძლივს დაუბრუნა პასუხი. - რა ჰუმანურია. - შენ გგავს. - მხარი მიარტყა და ხმადაბლა გაიცინა. ბედნიერი იყო იმ წამს. ბედნიერი იმით, რომ გვერდი-გვერდ ისხდნენ, ბურგერებს ჭამდნენ და სულ რამდენიმე წუთით ყველაფერი ისე იყო, როგორც ადრე. სოფის მოეჩვენა, რომ იმ ღრმა უფსკრულს, რომელიც წლების განმავლობაში თვალსა და ხელს შუა იზრდებოდა მათ შორის, იმ მომენტში ფსკერი უჩანდა. ამან შვება მოჰგვარა წამიერად. - ხომ იცი, რომ ვეტყვი და ფაქტებსაც ვანახებ! - ბურგერის ქაღალდი ლამაზად გადაკეცა და ჯიბეში ჩაიდო. - მაინც არ დაგიჯერებს! - მხარზე ჩამოაყრდნო თავი და ზეცას ახედა. - ძალიან მინდა ერთ დღეს ყველაფერი მომიყვე. - მოდუნდა და ანდრეას ცვალებად ტალღებს მიენდო. არ იყო რაციონალური ნაბიჯი სოფისგან, მაგრამ არ შეეძლო ამდენი სიშორე. სულ სითბოს ეძებდა და ძალიანაც სურდა მისგან კვლავ ეგრძნო სიყვარული, მაგრამ ანდრეა სადღაც დროსა და სივრცეში გაყინულიყო. ეს კი ზედმეტად შესამჩნევი იყო, მხოლოდ სოფის დაეხუჭა თვალები მთელი ძალით. - საუბრის გუნებაზე რომ დავდგები, პირველი შენ გამახსენდები. - უხეშად მოიშორა ქალი და ფეხზე წამოდგა. - ეს ბურგერიც უგემურია. - მაგიდაზე დააგდო და სოფისაც ყელში გაეჩხირა ლუკმა. ძალიან მოუნდა ეტირა, იმდენად ეტკინა გული. - შენთვის რაღაც მაქვს. - მაინც არ შეიმჩნია წყენა. ჩანთაში ჩაიხედა და რამდენიმე წუთიანი გაჩიჩქვნის შემდეგ სქელი კონვერტი ამოიღო. - ჩვენთან მოსვლის დღიდან დედა შენთვის ფულს აგროვებდა. ანაბარივით. თვრამეტის რომ გახდებოდი, უნდა მოეცა შენი ოცნების მანქანისთვის, მაგრამ... - ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, წარსულის გახსენება რაოდენ დიდ ტკივილსაც აყენებდა, სახეზე ეწერა. - რაკი მაშინ ვერ შეძლო, სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა ანაბარზე თანხის შეტანას. ეს მხოლოდ პატარა ნაწილია იმ ფულის. როცა გენდომება, ბანკში წავიდეთ და მთლიანად მოვხსნი. - მაგიდაზე დადო კონვერტი. - გასაგებია, რატომაც ვირგებ ოჯახის წევრის როლს, მაგრამ არ მესმის, შენ რატომ არ აღიარებ, რომ მე ერთი უთვისტომო ნაბი'ჭვარი ვარ, რომელსაც შენთან არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს? - კონვერტი ხელში შეათამაშა და კვლავ მაგიდაზე დააბრუნა. - შენ ჩემი ოჯახი ხარ. ჩემი და! დედაჩემისა და მამაჩემის შვილი. ერთადერთი, ვისაც შენი ცხრათვიანი სამყოფელი აინტერესებს, თვითონ ხარ. სხვას არც აქამდე ადარდებდა და არც ახლა ადარდებს. - კბილებში სცრიდა და ბრაზისგან ყბებს ძლიერად აჭერდა ერთმანეთს. - შენ მე და ქეთამ გაგზარდეთ! სწორად თუ არასწორად, კარგად თუ ცუდად, ადამიანად თუ სატანად მე და ქეთამ გაგზარდეთ და როგორც ის, არც მე ვაპირებ პასუხისმგებლობას გავექცე! - ფოლადის სიმტკიცე გარეოდა ხმაში. საერთოდ არ ადარდებდა ის გულისწყვეტები, რომელიც ანდრეასგან უხვად მოედინებოდა ყოველი შესაძლებლობისთანავე. საშინლად ბრაზობდა ყველაფერზე ერთად, ყველაზე მეტად - პატარა ცინიკოს დაზე. - ქველმოქმედი, კეთილი დაიკო. - დემონსტრაციულად გაშალა ხელები. - ღმერთო, დიდი მადლობა, რომ დედმამიშვილებში ასე მიმართლებს. მხოლოდ ის მაინტერესებს, წინა შესაწირი გეყო ჩემგან თუ ესეც ნინოს გზას გამოვუყენო? - სიტყვის დასრულება ძლივს მოასწრო, სახე რომ აეწვა და მიხვდა, სოფის მარჯვენა ხელი მთელი ძალით შეეხეთქა ლოყაზე. - თუ გინდა რომ დამპალი იყო, იყავი, მაგრამ უფლებას არ მოგცემ ნინო მასხრად აიგდო! უფლებას არ მოგცემ მის სიკვდილზე აგდებული, ირონიული ტონით ისაუბრო! თუ არ გინდა, არ მომიყვე რა მოხდა თქვენს შორის, მაგრამ არ მოვისმენ ამ მარაზმს! - ამწვარი ხელისგული მარცხენა ხელის თითებით დაიზილა, როგორც კი მონოლოგს მორჩა. ძალიან დიდი პატივისცემა ჰქონდა ნინოსი და ანდრეა უმადური ნაძირალასავით იქცეოდა. შეეძლო მისთვის ეტკინა, მაგრამ ნინოს არ შეაწუხებინებდა! - მსუბუქი ხელი გაქვს. - თვალები დააწვრილა და ჩვეული არანორმალურობით გაიცინა. სოფისთან საუბრის სურვილი აღარ ჰქონდა, მაგრამ ფაქტი იყო, არსად წასვლას გეგმავდა ქალი, ამიტომ თვითონ გაეცალა და ჯერ ეზოში ბოლთის ცემით გაირთო თავი, მერე სახლში შევიდა და ოთახებში ბოდიალს მოჰყვა. ფიქრებისგან და სოფისგან გასაქცევად თავს ათასგვარი ნივთით ირთობდა. საგნებს აკვირდებოდა და უგულოდ ანაცვლებდა ახლით. - მტვერზე ალერგია აღარ გაქვს? - რა ჭკვიანურია ეგ კითხო ადამიანს, რომელმაც ცხოვრების ერთი მეოთხედი ციხის ბინძურ კედლებში გაატარა.- კვლავაც წაკბინა. - დამლაგებლები მოვიდნენ, უკვე ველაპარაკე და აქაურობას მიხედავენ. მე ანდრეა სკოლიდან უნდა გამოვიყვანო, წამოხვალ? თუ აქ დარჩები? - კიდევ ერთხელ არ აპირებდა კამათის წამოწყებას. - დავრჩები. - კარგი, მაშინ ბავშვს გამოვიყვან სკოლიდან და მოვალ. - მაგ ბავშვს მამა არ ჰყავს? - ჰყავს. გაშორებულები ვართ. ანდრეა მამასთან მხოლოდ შაბათ-კვირას მიდის, ისიც მაშინ, როცა ხმელეთს წყალობს. - სახლიდან მანქანამდე მისასვლელი გზა ანდრეასთან საუბარში დაფარა და უკანასკნელი დარიგებებიც მისცა. - ეცადე, ხელი არ შეუშალო და ნორმალურად მოიქცე! - კარი გამოაღო და სავარძელზე მოკალათდა. - არ ჩავიფსა, ხელების მაგივრად დანა-ჩანგლით ვჭამო და უფროსებს თქვენობით მივმართო. - თითებზე ჩამოთვალა დარიგებები, რომელიც ღრმა ბავშვობიდან ახსოვდა და გაეცინა. სოფისაც გაეცინა. ძალიან ლამაზი იყო მომცინარი. - რა ჩემი ბრალია, თუ ზრდასრულს ჯერ კიდევ არ ჰგავხარ? - ღვედი შეიკრა და საჭეზე დაალაგა ხელები. - იქნებ, ანდრეა მეორე მაინც გაზარდო ნორმალური! - ირონიულად გაუღიმა და მანქანის კარი მიუჯახუნა. სოფის თვალები წყენით აევსო. … აგიჟებდა სახლში ამდენი ადამიანის მოძრაობა. მიხვდა, რომ სრულიად გადასჩვეოდა ხალხთან კონტაქტს. ოთახებში დადიოდა და ყველას ფეხებში ედებოდა. მცირედი მითითებები გასცა უსარგებლო ნივთებთან დაკავშირებით და ეზოში გამოვიდა. სული ეხუთებოდა უცხო ადამიანების კამპანიაში. ხან ყველას მიმართ ზიზღს გრძნობდა, ხან - სიბრალულს, ხანაც - სრულებით ვერაფერს. განწყობა წამებში ეცვლებოდა და ფიქრებიც უაზროდ უტრიალებდა თავში. გადაჭრილ ხის კუნძზე იჯდა, მიწას ჩორკნიდა და სახლს აკვირდებოდა. ერთი წამით გაიფიქრა რა მოხდებოდა, ახლა რომ კარი დაეკეტა და სახლისთვის ცეცხლი წაეკიდებინა. ნათლად შეიგრძნო ალში გახვეული ადამიანების შიში და გაურკვევლობა, თავის ფიქრებზე გაეცინა. სიცილს უაზრო ხარხარი მოყვა. ვერ ხვდებოდა, რამ გაამხიარულა, მაგრამ ეცინებოდა, წარმოიდგენდა, როგორ შთაინთქმებოდა ყველაფერი შავ ბურუსში და სიცილისგან თავის შეკავება არ შეეძლო. - აი, იქ არის. - ნაცნობი ხმა მოესმა და სირბილით გამოექანა ბავშვი მისკენ. - იცი რა მოგიტანე? - დეიდის წინ გაჩერდა და ადგილზე ცმუკვა დაიწყო. - ის, რაც ყოველი გამოჩენისას მოგაქვს, თავის ტკივილი! - თვალები აატრიალა მობეზრების ნიშნად. - სულ ცუდად რატომ მელაპარაკები? - დედამისივით შემოირტყა წელზე ხელები და თვალები დააკვესა. - ვცდილობ, თავიდან მოგიშორო. - ასე სულ მარტო დარჩები. - ჩემმა ფსიქიატრმა თქვა, რომ მარტოობა პრობლემა არ არის. პრობლემაა, როცა ორი ხარ. - რაებს მელაპარაკები? ბავშვი ვარ. - ხელები წელიდან მოიშორა და კიდევ უფრო მიუახლოვდა. - იცი რა საჩუქარი მაქვს შენთვის? - ამჯერად დამარცვლით ჰკითხა. - არ ვიცი, მაგრამ გაფრთხილებ, თუ ეგ საჩუქარი მოსიარულეა, სუნთქავს და კნავის, ყეფს ან რამე ეგეთი, იცოდე მისგან კატლეტებს მოვამზადებ და ძალით გაჭმევ. - ფუუჰ! - გულის რევის იმიტაცია გააკეთა. - ანდრეა, როგორ იქცევი? - სოფი წამოადგა თავს მოსაუბრეებს. - მე? - ორივემ ერთად მოიხედა და გულზე მიიბჯინა თითი. - ამჯერად შენ, შვილო! რა ზრდილობაა ადამიანის წინ ფურთხება? - გვერდით ამოუდგა და მხარზე მოჰხვია ხელი. - საზიზღრობები თქვა! - ცხვირი შეჭმუხნა ბავშვმა და თვალებით უფროსი ანდრეასკენ ანიშნა. - მიეცი საჩუქარი? - ვინ მაცადა?! - დაღონებულმა ამოიოხრა, დედას გამოეცალა და ანდრეას გვერდით ჩამოჯდა. ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა, ეკრანი გაანათა და ფრთხილად გაუწოდა. - ჩვენ ტელეფონი გიყიდეთ! - და რად მინდა? - რომ დაგვირეკო და დაგირეკოთ! - ისევ სოფი ჩაერია საუბარში. - კარგი, მაგრამ რაც უფრო ხშირად დამირეკავთ, მით უფრო ვერ გავიგონებ ტელეფონის ხმას! - უემოციოდ გამოართვა და ჯიბეში ჩაიდო. - მოიცადე, იცი რამდენი ფუნქციები აქვს? არ გინდა გასწავლო? - არა. - უნდა, დედა! შენ ასწავლე, მე ვნახავ რა მდგომარეობაა და მერე სახლში წავიდეთ. - კარგი. - მხიარულად გაიცინა და ეშმაკურად გახედა თავმობეზრებულ დეიდას, რომელმაც უემოციოდ გამოუწოდა ტელეფონი. სოფი ჩვეულებისამებრ ქარიშხალივით შეიჭრა სახლში. ყველა დამლაგებელს სათითაოდ გამოელაპარა. აუწყა, რომ ნებისმიერი ნივთი, რომელიც თვალში არ მოუვიდოდათ, შეეძლოთ ეზოში გაეტანათ. ამ სახლში აღარაფერი იყო ისეთი, რის გადაგდებაზე გული დასწყდებოდა. ცოტა ხანს გაჩერდა მათთან. გაარკვია, რომ დასუფთავებას იმავე დღეს ვერ მორჩებოდნენ და მეორე დღეს გააგრძელებდნენ, რაზეც გული დიდად არ დასწყვეტია. ეს ნიშნავდა, რომ ანდრეა მინიმუმ ერთი დღით კიდევ დარჩებოდა მათთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახლი შორს არ იყო და სოფისთვის აქ მოსვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, მაინც გული ეწურებოდა, რომ ანდრეას აქ მარტოს უნდა ეცხოვრა. თავისივე ფიქრებმა დაასევდიანა, გუნებაგაფუჭებული გამოვიდა გარეთ, თუმცა დისა და შვილის დანახვამ ღიმილი მოჰგვარა. პატარა ანდრეა უფროსს მთელი გატაცებით უხსნიდა რაღაცას და ისიც დიდი ინტერესით უყურებდა. გული გაუთბა, წამის მეასედში საზარელი რეალობაც კი წაშალა. თითქოს ანდრეა მკვლელი და შეშლილი სულაც არ იყო; თითქოს პატარა ანდრეა დიდს ისე უყვარდა, როგორც თავად საკუთარი და. ილუზიებში გადაიკარგებოდა, რომ არა მეძებარი ძაღლივით ადევნებული მწარე ფიქრების დასტა. მოწოლილმა ნაღველმა თვალები აუმღვრია, თუმცა ცრემლებს არ დანებებია. ცას ახედა მხოლოდ რამდენიმე წამით. - კარგი, დანარჩენი ხვალ მასწავლე, ამებურდა ტვინი! - ეკრანს ალალბედზე დაუტყაპუნა თითები და ყველაფერი გააქრო ზედაპირიდან. - სწავლობს, დე? - სიცილით გახედა ბავშვს. - უნიჭოა! - ხმამაღლა გაიცინა, ფეხზე წამოხტა და დედისკენ გაიქცა. - იცოდე, ყოველთვის ვერ დაგიცავს, მარტოს გამოგიჭერ და... - წინადადება აღარ დაასრულა, მხოლოდ ცერა თითი გადაიტარა დემონსტრაციულად კისერზე მარცხნიდან მარჯვნივ და პირველი ჩაჯდა მანქანაში. - დღეს და ხვალ დალაგებას მოუნდებიან, ხვალ უკვე ეზოსაც დაასუფთავებენ. თუ რამის ყიდვა გინდა, გავიდეთ და ვიყიდოთ. - არაფერი მინდა, სოფი. - ანდრეა, მაინც ვფიქრობ, რომ სჯობს ჩვენთან დარჩე. - შაბათ-კვირას დავრჩები, როცა ეს არ იქნება. - თითით მიანიშნა და ბავშვს დაეჭყანა. - სხვათა შორის, წინ მე ვჯდები ხოლმე, მაგრამ დაგითმე. - ნიშნისმოგებით აღნიშნა. - კი არ დამითმე, დაგასწარი და თუ ბევრს ილაპარაკებ, კაპოტზე შემოგსვამ საქორწინო თოჯინასავით! - რა საქორწინო თოჯინა? - კითხვის ნიშნები აუკიაფდა თვალებში. - უი, სულ დამავიწყდა, რომ გუშინწინ დაიბადე და საქორწინო თოჯინებზე არაფერი გსმენია! - ანდრეა, გეყოფა. - ხმადაბლა ამოიწუწუნა ქალმა. - მეე? - ორივემ ერთდროულად მოხედა და ისე შეიცხადეს, თითქოს სრულიად შემთხვევით მოყვნენ ამ გაუგებრობაში. - ამაზე აბეზარს ვერავის დაარქვით ჩემი სახელი? - ბოლო სიტყვა მაინც ეშმაკმა დატოვა და ფანჯრის მინას მიაყრდნო თავი. მშვიდად გაიარა მთელმა საღამომ. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ოჯახი იყო, პატარა ანდრეა უფროსის გვერდით იჯდა და ორივე ინტერესით ჩასცქეროდა ტელეფონს. სოფი შორიდან ადევნებდა თვალყურს და ბედნიერების ნაპერწკალი უღვიოდა კვლავაც გულში. - ძალიან მომეძინა. - პირზე ხელი მიიფარა ბავშვმა და ეცადა თავი ეშმაკის მუხლებზე დაედო, თუმცა სასწრაფოდ გამოეცალა. სოფის გული მოუკლა ბავშვის იმედგაცრუებული თვალების დანახვამ, თუმცა ეცადა, არ შეემჩნია. შვილთან მივიდა, ჯერ შუბლზე აკოცა, შემდეგ ორივე ლოყაზე და მშვიდი ძილი უსურვა. - შენც ძილი ნებისა, დედა. - გემრიელად ჩაეხუტა ქალს. - ძილი ნებისა, ანდრეა. - როგორც კი დედას მოშორდა, დივნის კუთხეში მჯდომ დეიდას მიუახლოვდა, ლოყაზე ხმაურიანად აკოცა და სანამ ანდრეა რამის თქმას მოასწრებდა, იქამდე გაუჩინარდა საძინებელ ოთახში. - პატარა დორბლიანი. - ზიზღით მოიწმინდა ლოყა, როგორც კი გონს მოეგო. - მე, რაც გინდა, ის მითხარი, მაგრამ ბავშვს გულს ნუ სტკენ! - გამაფრთხილებლად დაუქნია თითი სოფიმ. მის საჩვენებელ თითს ჯერ თავისი თითი შეახო, თითქოს მოსინჯა, მერე რამდენიმე თითი შემოაჭდო ირგვლივ და უხეშად მოაშორებინა. ფეხზე წამოდგა და გასასვლელად მოემზადა. - სად მიდიხარ? - კართან შეაჩერა. - საქმე მაქვს. - გაიქცა ისე, როგორც ყოველთვის. - ღამეა. რა საქმე გაქვს ამ დროს? - ახლადდამარხულ მიცვალებულებს ვთხრი და ორგანოებს ვაცლი, რათა მოგვიანებით გავყიდო. - ალბათ, ხვდები, რომ შენგან ეს ხუმრობასავით საერთოდ არ ჟღერს! - თვალები დაქაჩა სოფიმ. - ხუმრობაა, მეგობარი უნდა ვნახო. - რას გაყვები? - ტაქსს. იმ ბავშვმა გამოძახება მასწავლა. - თვალებთან აუფრიალა ტელეფონი. - ის ბავშვი შენი დისშვილია და მისი სახელია ანდრეა. - მახსოვს. - კარგი, ანდრეა. გელოდები მე, არ ვიძინებ! - შეიძლება, არ დავბრუნდე, სოფი. - მისი მზრუნველობა უკვე მეტისმეტად აღიზიანებდა. - დაბრუნდები. - სოფი. - ანდრეა, გთხოვ. - გაღიზიანებამ ყელში წაუჭირა, მაგრამ სოფის მუდარით სავსე მზერამ და ნაღვლიანმა გამომეტყველებამ გადაალახინა მღელვარება. - კარგი, ამ ერთი ღამით ავიტან შენს ჭირვეულობას, მაგრამ არ ვიცი, როდის დავბრუნდები. - სახე უგემურად დაჭყანა და კარი მთელი ძალით გაიჯახუნა. … ჩვეულებისამებრ უჩუმრად შეძვრა ფანჯარაში. სახლში გამეფებული სიჩუმე ესიამოვნა. ფეხაკრეფით გაიარა მისაღები ოთახი, გრძელი დერეფანი და სამუშაო ოთახში მჯდომი თათიას ზურგს უკან აღმოჩნდა. ქალის სხეულს დააკვირდა. დაძაბული იჯდა, კომპიუტერის ეკრანზე გამოტანილ სახელებსა და გვარებს აკვირდებოდა, თან ტელეფონზე საუბრობდა. - მოკლედ, გამირკვიე, რის გარკვევასაც მოახერხებ. ყველაფერი მაინტერესებს. ნებისმიერი წვრილმანი. - თხოვნაზე მეტად ბრძანებას ჰგავდა თათიას საუბარი. - შენ გამო შეუძლებელსაც შევძლებ, ხომ იცი?! - მამაკაცის ბოხი ბარიტონი უხეშად გაჟღერდა სპიკერზე ჩართული ტელეფონიდან. - ვიცი, ჰო. არ არის შეხსენება საჭირო. - ხმაშიც შეეპარა დაღლა. - თუ სხვა არაფერია, დავიძინებ, ძალიან დაღლილი ვარ. - კარგი, ძილინებისა, ყვავილო! - თბილად უპასუხა მამაკაცმა. - მშვიდობიანი ღამე, მამუკა! - კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა კაცი, მაგრამ აღარ დალოდებია, ისე გაუთიშა - გულგრილად. წელამდე ჩამოშლილი თმა კოსად აიკრა, ფანქრით ჩაიმაგრა და დაძაბული კისერი დაიზილა თითებით. - ყვავილო? სერიოზულად? ახლა ასე ფლირტაობთ? - სიცილითა და ტაშის შემორტყმით დაარღვია სიმყუდროვე. - ბოლოს ინფარქტს დამმართებ! - მისკენ მოტრიალდა და შიშისგან ამოვარდნილ გულზე მიიჭირა ხელი. - შეყვარებული გყავს? - შეყვარებულობანასთვის დიდი გოგო ვარ. - ირონიულად გაიღიმა. - შენ რომელ წელს დაგიჭირეს? - უცებ შეცვალა თემა. - ორიათას ათში ან თერთმეტში, რატომ მეკითხები? - ზუსტად ვიცი, რომ მაგ დროს კარი უკვე გამოგონებული იყო და შენ მის ფუნქცია-მოვალეობებს რატომ უგულებელყოფ, ვერაფრით ვხვდები! - ფანჯრიდან შემოსვლის გამო მიბრაზდები? პროფესიული ჩვევაა, ყურადღებას ნუ მომაქცევ.- გაახალისა თათიას ცინიზმმა. - მიუხდავად ჩემი დიდი პატივისცემისა შენი პროფესიული ჩვევების მიმართ, იქნებ, როგორმე კარის გამოყენება ისწავლო, თორემ ჩემს ასაკში ისედაც რისკ ჯგუფს მივეკუთვნები და სტატისტიკას უნებლიე მკვლელობით გაგიფუჭებ. - ამის შემდეგ შენთან მაინც აღარ მოვალ. - რატომ? - უმალ დასერიოზულდა. საერთოდ არ მოეწონა ეშმაკის პასუხი. - რადგან ნაზი კანი მაქვს და მცენარეებზე ალერგიული ვარ, ყვავილო, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ჩემს სიმპათიურ სიფათს საფრთხე ემუქრება შენს სიახლოვეს. ნუ საფრთხე რა, სიწითლე და გამონაყარი. - შენს სიმპათიურ სიფათს საფრთხე ნამდვილად ემუქრება, რადგან ჩამოგიღებ მაგ უადგილო ხუმრობებისთვის. - მოძალადევ, რამეს დამალევინებ? - უკან აედევნა ოთახიდან გასულ ქალს. - რას დალევ? - რას შემომთავაზებ? - ჩაის, კაკაოს, მანგოს წვენს. - რამე უფრო მაგარი? - ყავა უშაქროდ. - კარგი, თათია, გნებდები. - ხელები აწია დანებების ნიშნად. - ალკოჰოლურს არაფერს დაგალევინებ და წამლებსაც იმ პირობით მოგცემ, თუ დამპირდები რომ ალკოჰოლს არ მიაყოლებ. - კარგი. - უგუნებოდ დაეთანხმა და თათიას მოძრაობას მიადევნა თვალი. მაგიდის უჯრიდან ქაღალდის პაკეტი ამოიღო ქალმა. - აქ წამლებია, საძილე და დამამშვიდებელი. ფურცელიც შიგნით დევს. ყველაფერი დავწერე და გაერკვევი როდის რა უნდა დალიო. თუ შედეგი არ გექნება, შემდეგ შეგიცვლი. - ბარემ ყველაზე ძლიერი რომ გამოგეწერა, რაც უეჭველი დამასვენებდა, არა? - ეგეთი დარიშხანი მეგულება, მაგრამ არ მგონია, დალიო. - რა ხასიათზე ხარ, მშვიდობაა? - დიდად არ აინტერესებდა, არც კი იცოდა რატომ ჰკითხა. - დავიღალე უბრალოდ, სამსახურში საგიჟეთია. - უი, მე საძაღლეთი მეგონა. - ეს ცინიზმის მარაგი როდის გეწურება? ან რომელ საათებში ხარ ადამიანურობის ტალღაზე, რომ მაშინ გესაუბრო? - არ გეწყინოს, მაგრამ გიჟები საათებსა და კალენდრებს არ ვწყალობთ. - რაც შეეხება ჩემს სამსახურს, ციხეში დიდი ხანია აღარ ვმუშაობ. - სიტყვა ბანზე აუგდო, სამზარეულოში გავიდა და ჩაიდანი შემოდგა გაზქურაზე. - ვაა, რატომ? - კარის ჩარჩოზე მიყრდნობილმა განაგრძო თვალ-ყურის დევნება. - გრძელი ამბავია, მაგრამ შემიძლია მოგიყვე. პატიმარი გაიქცა, რამდენიმე ზედამხედველი დაჭრა, რამდენიმე მოკლა, თავდაცვის მინისტრი ზედ მიაყოლა. ციხის უფროსი გადადგა, მაგრამ ვერც ის გადაურჩა მანიაკის რისხვას. გავაგრძელო? - არა. ეგ ამბავი მეცნობა, მსმენია სადღაც. მარტო ის ნაწილი მომიყევი, სადაც შენ ფიგურირებ. - ცოცხლად გადარჩენილი თანამშრომლების ნაწილი მოხსნეს, ნაწილმა თავისი ნებით დატოვა პოსტი. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც თავისი ნებით წავიდა. - ახლა სად მუშაობ? - ფსიქიატრიულში ტელევიზორი არ გქონდათ? - კი, მაგრამ გიჟები საინფორმაციო გამოშვებებს არ უყურებენ, უფრო ანიმაციებს. - პოლიტიკაში ვარ, ანდრეა. დეტალებმა, არამგონია, დაგაინტერესოს. ჩაი თუ ყავა? - როგორც იქნა, მზერის ღირსი გახადა. - ყავა, ყვავილო! - ირონიულად ჩაიქირქილა და დაპატიჟების გარეშე მიუჯდა სამზარეულოს მაგიდას. - კიდევ ერთხელ ახსენებ და მეორედ ჩაგარტყამ თავში ღვინის ბოთლს! - სულ ორი დღეა თავისუფალი ვარ, მაგრამ ჩემს ანგარიშზე უკვე არის ერთი ბოთლის ჩარტყმა თავში და ერთი ხელის გარტყმა სახეში. - სახეში ვინ გაგარტყა? - ჩემმა დამ. - უკვე მომწონს შენი და. - ფინჯნები დაალაგა მაგიდაზე. - იცი, რომ ყავის აპარატი არ ჩაგირთავს? - მზერა იქით გადაიტანა, სადაც ყავის აპარატი იდგა. - იმიტომ, რომ შენთვის ყავა არ შეიძლება. - მაშინ რატომ მკითხე ყავა მინდოდა თუ ჩაი? - იმისთვის, რომ არჩევანის ქონის ილუზია შემექმნა. - რა ჭკვიანურია. - მაგიდაზე დაალაგა ხელები და თავიც ზედ დადო. - და ყავა რატომ არ შეიძლება? - რადგან აღმგზნები საშუალებაა. - რა იყო, გეშინია, რომ აღვიგზნები და ვიძალადებ? - რა იდიოტი ხარ! - ისე გადახედა, თითქოს ანდრეაზე საცოდავი ჯერ არავინ ენახა. - კოფეინი არის აღმგზნები საშუალება, რომელიც ორგანიზმს აფხიზლებს, მე კიდევ ახლახან ერთი ცელოფანი ძილის წამლები მოგეცი, რომ დაგამშვიდოს და დაგაძინოს. დავღეჭე შენი ინტელექტის დონეზე? თუ უფრო ღრმად ჩავშალო? - ხვალ ჩემი სახლი დალაგდება და შეგიძლია მესტუმრო. - ამჯერად თავად ანდრეამ შეცვალა საუბრის თემა. - სადმე ვახსენე, რომ ფსიქოლოგი ვარ ბინაზე მისვლით? - სხვათა შორის, მეგობრული მიპატიჟება იყო. - მე და შენ მეგობრები ვართ? - თვალი თვალში ისე გაუყარა, თითქოს ბევრი რამ იყო ამ პასუხზე დამოკიდებული. - ხომ იცი, რომ ამ კითხვაზე პასუხი არასდროს მქონდა? - საერთოდ რომელიმე კითხვაზე პასუხი გაქვს? რამის მოყოლა შეგიძლია? თავის გამართლება შეგიძლია? საკუთარი სინდისის კითხვებზე მაინც თუ გაქვს პასუხი, ანდრეა?! - ერთი ფინჯანი ეშმაკისკენ მიწია, მეორე თავისთვის დაიდგა და მოუხერხებლად ჩამოჯდა სკამზე. - სხვათა შორის, - მარცხენა ხელი ფრთხილად შეახო ანდრეას თითებს. - ვცდილობ გავარკვიო ფსიქიატრიულიდან ვინ გამოგიყვანა. ვფიქრობ, თუ გავიგებთ ვინ გამოგიყვანა, მივხვდებით რატომ გააკეთა ეს. - ისეთი უემოციო და საქმიანი გამომეტყველება ჰქონდა, ეშმაკს ესიამოვნა თათიას სიძლიერის შეგრძნება. თავდაჯერებული, საკუთარ ძალებში სრულიად დარწმუნებული ქალი იდგა ახლა მის წინ. - დიდად არ მაინტერესებს. - მგონია, რომ მოვლენათა მიმდინარეობას დინამიურობაში ვერ ჰყვება შენი ტვინის ფუნქციონირება. - გიკვირს? - არ მიკვირს, მაგრამ არც მამშვიდებს. შენ ხომ გესმის, ასეთ რაღაცებს უანგაროდ არავინ აკეთებს. - სანამ არავინ არაფერს მთხოვს სანაცვლოდ, იქამდე რომ დავი'კიდო? - საუბარი მისთვის გამაღიზიანებელ ფაზაში გადადიოდა და მიხვდა, ნერვები უმტყუნებდა. ხელი უხეშად გამოაცალა ქალის თითებს და ჩაი მოსვა. - თავიდან დააიგნორებ, მერე უცებ პირისპირ შეეჯახები. ეს შენს ემოციურ სტაბილურობას შეარყევს და რამე არაადეკვატურ საშინელებას ჩაიდენ. - ისე ჩამოაყალიბა, თითქოს ფილმის სიუჟეტს უყვებოდა. - მარტივად პროგნოზირებადი ხარ. - ისევ თვითონ დაამატა. - ერთადერთი ადამიანი ხარ, ვინც მაგას ამბობს. დანარჩენები ამბობენ, რომ ჩემგან ყველაფერია მოსალოდნელი. - იმიტომ, რომ არ გიცნობენ. - თავი გააქნია, ცხელი სითხე გადაუშვა ყელში და ისევ განარძო საუბარი. - ჩვენი ნაცნობობის დღიდან არასოდეს ყოფილა ჩემი პროგნოზი შენს მოსალოდნელ ქცევასთან დაკავშირებით მცდარი. პრობლემა ის იყო, რომ არ მისმენდა ის, ვისაც ჩემზე დიდი გავლენა ჰქონდა შენზეც და შენს მდგომარეობაზეც. - ამის მოსმენას არ ვაპირებ! - თვალები ფართოდ დაქაჩა და ფეხზე წამოდგა. - უნდა წავიდე. - დარჩი ან მე წაგიყვან. - არ მინდა, ტაქსის გამოძახება ვისწავლე. - ტელეფონის ეკრანი მიაბრუნა მისკენ და ტაქსის აპლიკაცია აჩვენა. - არ ვიცოდი, თუ ტელეფონი გქონდა. - არ მქონდა, დღეს მაჩუქა იმ ბავშვმა... - წამით გაუწყდა სიტყვა და უცებ შეასწორა ნათქვამი. - ჩემმა დისშვილმა, ანდრეამ. - ნომრები გავცვალოთ? - ანდრეას დაბნეულობის გაფანტვა სცადა ხუმრობით. - რატომ, შენი ნომერი არ მოგწონს? - არც ეშმაკის ცინიკურ პასუხს დაუყოვნებია. - ჩამაწერინე ნომერი, უმაქნისო! - მე რა ვიცი ნომერი?! - მხრები აიჩეჩა. - მომეცი აქ. - ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა, ტელეფონი გამოართვა, თავისი ნომერი აკრიფა და ზარი გაუშვა. - ჩავწერო თუ იცი ჩაწერა? - ვიცი. - თუ რამე დაგჭირდება, დამირეკე. მოვიდა შენი ტაქსი. - მობილური დაუბრუნა და სევდიანად გაეღიმა ანდრეას დაუმშვიდობებელ წასვლაზე. … ტაქსის მძღოლმა, თხოვნის შესაბამისად, ყველაზე ახლოს მდებარე ღამის კლუბის შენობასთან ჩამოსვა. ტროტუარზე იდგა და რამდენიმე მეტრიდან უყურებდა ცუდად განათებულ შესავლელ კარს. ვერ გადაეწყვიტა, შესულიყო თუ არა. ერთი მხრივ, ადამიანთა სიმრავლე შფოთვას იწვევდა მასში, მეორე მხრივ კი მთელი გულით სურდა გაეგო რამდენად შეეძლო შინაგან მღელვარებას მორეოდა. კარს ზემოთ აციმციმებულ კლუბის სახელს ისე აკვირდებოდა, თითქოს ამ უსულო განათებას რამის თქმა შეეძლო მისთვის. როგორც იქნა, გაბედა ნაბიჯის გადადგმა და მძიმედ შეაბიჯა შენობაში. ოფლის, ალკოჰოლისა და თამბაქოს სუნი, რომელიც ანდრეას გონებაში მსგავსი ადგილების თანმდევი ნაწილი იყო, სხვა დროს გულისრევას მოჰგვრიდა, თუმცა ახლა რაღაც სასიამოვნო ემოციებს უღვივებდა. სწორედ ამიტომ მოვიდა აქ. რაც გარეთ გამოვიდა, გააცნობიერა რომ ნაცნობი ადგილები და სიტუაციები ემოციებს იწვევდა მასში. იმ ემოციებს, რომლის განცდაც წლების წინ შეწყვიტა. ნაღმზე აფეთქებულის სხეულის ნაწილების ძიებას ჰგავდა მისი მცდელობა, ეპოვა ემოციების ნიშან-წყალი. საცეკვაო სივრცე ისეთი სისწრაფით გაიარა, თითქოს ვინმე მოსდევდა. ბართან მისული მაღალ სკამზე უცერემონიოდ ჩამოჯდა და ერთი ჭიქა არაყი შეუკვეთა. ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე და სასიამოვნო სითბო იგრძნო სხეულში. აღარც ხმამაღალი მუსიკა აღიზიანებდა ახლა, აღარც სასმლით თუ ნარკოტიკით გაბრუებული ახალგაზრდები და აღარც ის დაჟინებული მზერა, რომელსაც ბართან დაჯდომის წუთიდან გრძნობდა. ... ვისკის ჭიქებს ერთმანეთის მიყოლებით ცლიდა და ცდილობდა, ცოტა ხნით მაინც დაევიწყებინა ის უმწეობის განცდა, რომელიც წლების განმავლობაში ტანჯავდა. არაფრით ჰგავდა თავის ტოლ გოგო-ბიჭებს, რომლებიც მხიარულად ცეკვავდნენ, ერთმანეთს ეღლაბუცებოდნენ და თვალებში ბედნიერების სხივები უელავდათ. შუბლზე ჩამოყრილ თმას გრძელი თითებით იშორებდა და ყურადღებასაც არავის აქცევდა. მისთვის კარგად ნაცნობი იყო ეს ადგილი, თითქმის ყოველი ღამე ასე გადიოდა ახალგაზრდა მამაკაცისთვის. კლუბში მიდიოდა, გონების დაბინდვამდე სვამდა და ტუალეტში სექსით კავდებოდა ან სახლში მიჰყავდა ვინმე, ვის ვინაობასაც დილით ვერც კი იხსენებდა. დღესაც ჩვეულებრივი ღამე უნდა უნდა ყოფილიყო, ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე გეგმავდა, სანამ ბართან მისულის ნაცნობი სახე არ მოხვდა თვალში. სხეული აუცახცახდა, რამდენიმე ემოციამ ერთიანად დაუარა ტანში. ათრთოლებული თითები რომ ვერაფრით დაიმორჩილა, ალკოჰოლით ეცადა მღელვარების გადაფარვას. რამდენიმე ჭიქა დალია, სანამ აკვირდებოდა როგორ იჯდა მარტო ხალხით სავსე დარბაზში ანდრეა და თავის თავს ესაუბრებოდა. ჯანმრთელს აშკარად არ ჰგავდა, თუმცა არც ავადმყოფისა ეტყობოდა რამე. როგორც კი ვისკიმ თავისი საქმე გააკეთა და ემოციების შეკავება მოახერხა, მაშინვე მისკენ დაიძრა, უხმაუროდ ჩამოუჯდა გვერდით და ყურთან ახლოს მიუტანა ტუჩები. - შეიძლება სასმელზე დაგპატიჟო? - მიუხედავად იმისა რომ ხმა უკანკალებდა, მაინც საკმაო თავდაჯერებულობით მიმართა. - ყურში რატომ ჩამყვირი, ყრუს ვგავარ? - უცერემონიოდ მოტრიალდა მისკენ და ისეთი სახე მიიღო, ზედ ეტყობოდა, არ იყო აღფრთოვანებული ბიჭის გამოსვლით. - ბოდიში, ხმამაღალი მუსიკის გამო, ვიფიქრე, ვერ გაიგებდი. შეიძლება დაგპატიჟო? - შვილო, სასმლის ფული მაქვს, შენი ფულით სკოლაში ჯემიანი ფუნთუშები იყიდე. - კიდევ ერთი ჭიქა არაყი გადაუშვა ყელში და სასმლის უსიამოვნო გემო ლიმონის ნაჭერის წყალობით გაანეიტრალა. - ასე უხეშად რატომ? მინდოდა, ერთად დაგველია. - ერთად რა უნდა დავლიოთ, ტარხუნის ლიმონათი? - კარგი, რა, არც ეგეთი პატარა ვარ! თან აქ ადამიანები ერთმანეთის გასაცნობად და კეთილგანწყობის მოსაპოვებლად დადიან. - მე აქ არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილის გამო არ ვარ. - აბა, რას აკეთებ? - ნაძალადევი უდარდელობით იღიმოდა და ისე საუბრობდა. - ავტობუსს ველოდები. - როგორც მივხვდი, მარტო ხარ. - მთელი სხეულით მოტრიალდა მისკენ და ბარმენს ერთი ჭიქა ვისკისა და ერთი ჭიქა არყის შეკვეთა მისცა. - არა, ორი ბრაზიანი მეგობარი მახლავს, ჩემი მარჯვენა და მარცხენა მუშტი. - ხელები ცხვირწინ აუფრიალა, მერე ერთი მაისურში ჩაავლო, თავისკენ მოიზიდა და ყურთან ახლოს მიუტანა ტუჩები. - ბავშვები არ მიყვარს, მით უმეტეს, სხვისი! ამიტომ თავიდან მომწყდი, სანამ მთელი ხარ. - ხელი გაუშვა და თავის ადგილს დაუბრუნდა. - იცი? არ მინდა გული გატკინო, მაგრამ აქ ავტობუსი არ ჩამოივლის. - რამდენიმე წუთიანი დუმილი ისევ ბიჭმა დაარღვია. - როგორ შეიძლება ამხელა ხმაზე ისმოდეს მუსიკა და მაინც ვიღაც ორფეხას ლაყბობით მტკივდებოდეს თავი? - უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, როცა წასვლას დააპირებ, შემიძლია წაგიყვანო. - მე რა, გზააბნეულს ვგავარ? - ისეთი სერიოზული სახით შეხედა, თვითონაც გაოცდებოდა, თავისივე სახის დანახვა რომ შესძლებოდა. - არა, არა, მისმინე, ვცდილობ გავბედო და ჩემთან დაგპატიჟო. - ისე ჩაიქნია ხელი, თითქოს ძალიან გაუჭირდა აღიარება. - პატარა, მესმის რომ შენს ასაკში მარტო ძილის ეშინიათ, მაგრამ ვინმე სხვა იპოვე და იმასთან გაამარიაჟე შენი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი, დეკორატიული პენი'სი. - საშინლად უტაქტო ხარ. - იმედგაცრუებით გააქნია თავი და ფეხზე წამოდგა. ისე შებარბაცდა, ლამის ზედ დაემხო გვერდზე მჯდომ ანდრეას. - ვისკის ჭიქა კი არა, საწოვარას ბოთლი უნდა გეჭიროს ხელში. - თვითონაც ფეხზე წამოდგა და ხელი შეაშველა, რომ არ დაცემულიყო. - ცუდად ვარ, შეგიძლია გარეთ გამიყვანო? - ისეთი მუდარა ჩანდა ბიჭის ხმაში, ინსტიქტურად ამოუდგა მხარში და საცეკვაო სივრცე მასთან ერთად გაიარა. გარეთ გამოსვლისთანავე ბორდიურზე ჩამოაჯინა და თავზე დაადგა. - მადლობა. - ხმადაბლა ჩაიბუტბუტა. გულისრევის შეკავება აღარ უცდია. - ამაზე საშინელი საყურებელი მარტო ისაა, ძაღლი რომ საკუთარ ყვერებს ილოკავს. - ზიზღით ჩაილაპარაკა და საკმაო მანძილით მოშორდა. - ბოდიში. - როგორც იქნა, სული მოითქვა და დამნაშავე ბავშვივით ამოხედა. - საბა მქვია, შენ? - ხელი გაუწოდა, თუმცა მხოლოდ ზიზღით დახედა ანდრეამ. - შენი აზრით, მას შემდეგ, რაც კუჭის წვენი ამოიღე, ჩემთვის უფრო საინტერესო გახდი, ჩანჩქერო? - შენი მანქანა სად არის? - ანდრეას ცინიკური კომენტარი უგულებელყო და ისე მოავლო გარემოს თვალი, თითქოს რამეს ეძებდა. - მერსედესის ცენტრში, ჯერ არ გამომიყვანია. - კარგი და რით მოხვედი? - ურმით. - უკვე ისეთი რისხვა ჩანდა ანდრეას თვალებში, მიხვდა, საუბრის გაგრძელება კარგს არაფერს მოიტანდა. - შენ რა, მიდიხარ? - ტაქსი რომ გაჩერდა და კარი გამოაღო, იმედგაცრუებით მიაყოლა სიტყვა. ერთი წამით ღია კართან შედგა და ისე შემოხედა, თითქოს მოსმენილს ვერ იჯერებდა. - ცუდად ვარ, შენს თვალწინ კინაღამ მოვკვდი და ასე უბრალოდ დამტოვებ შუა ქუჩაში? - წამოდგომა სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა. - ეე, როგორ გამოიცანი? - უკანა სავარძელზე მოკალათდა, კარი მიიხურა და მძღოლს მისამართი უკარნახა. სახტად დარჩენილმა მზერით გააცილა მიმავალი მანქანა. რამდენიმე წუთი კიდევ იწვა ბორდიურზე უხმოდ. ნერვებმა სხეულში ორპირი ქარივით დაუარა და ჟრუანტელი მოჰგვარა. სხეული ისევ უთრთოდა. ისე ახლოს ჰყავდა, მის სუნსაც კი გრძნობდა, მის თვალებს ხედავდა და თითქოს არაფერიო, ისე იქცეოდა. როგორ ახსოვდა ეს სუნი, ეს მზერა. ახლაც კი გრძნობდა შიშისა და ზიზღის იმ საშინელ გემოს, რომელსაც იმ დაწყევლილ ღამეს. მისი თავისუფლების დანახვამ სიმშვიდის ის უკანასკნელი გრამიც წაართვა, რომელიც გააჩნდა. არ სჯეროდა, რომ გარეთ იყო. ცოცხალი, უვნებელი და ისევ ისეთი ცინიკური. თვითონ კვლავ ცხოვრებით ტკბებოდა მაშინ, როცა მის გამო არაერთ ადამიანს დაენგრა ცხოვრება. ფიქრობდა, უსამართლობის შეგრძნება ყელში უჭერდა და არც იცოდა, რომ მისი აზრების მნიშვნელოვანი ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამებოდა. არ იცოდა, რომ ცხოვრებით ტკბობის არანაირი ნიშანწყალი არ გააჩნდა ანდრეას არსებობას. მეტიც, ახლა ტაქსიში მჯდომი ისეთ სიმარტოვეს გრძნობდა, მზად იყო, საკუთარ აჩრდილთან გაება საუბარი. ფანჯრის მინაში არეკლილ ვადაგასულ ორეულს თვალებში უყურებდა და მათ მიღმა მხოლოდ ვერშემდგარ სუიციდებს ხედავდა. … სოფი მარტო იჯდა მისაღებში. როგორც ყოველთვის, ყავის ფინჯანი ახლაც ედგა მაგიდაზე. ნერვიულობდა, თუმცა ანდრეასთან დარეკვა ვერაფრით აიძულა თავს. რამდენჯერმე აკრიფა და ისევ წაშალა ნომერი. მიუხედავად საერთო ბავშვობისა, მიუხედავად იმ სიყვარულისა, რომელიც მათ შორის იყო, ამდენწლიან სიშორეს თავისი დაღი დაესვა ურთიერთობისთვის. გრძნობდა, რომ ანდრეა ახლა ძალიან შორეული იყო მისთვის. მაშინაც კი, როდესაც გვერდით ჰყავდა, მის სიახლოვეს ვერ გრძნობდა და გულს უფლეთდა იმის შეგრძნება, რომ ვერ უახლოვდებოდა. როდემდე შეძლებდა გაქცეოდა ანდრეა? როდემდე შეძლებდა მისთვის შეხების უფლებაც კი არ მიეცა? სამუდამოდ ასე, რომ გაგრძელებულიყო? ვერასდროს, რომ ვერ ამოევსოთ ის უფსკრული, რომელიც მათ შორის წლების განმავლობაში ღრმავდებოდა? ამაზე ფიქრმა ისეთი სასოწარკვეთა მოჰგვარა, მამისეული სასმელების კოლექციიდან გუმანით აარჩია ერთი ბოთლი წითელი ღვინო და ყავის ფინჯანიც ღვინის ჭიქით შეცვალა. სვამდა, მარტოობას ივსებდა და იხსენებდა წარსულის ბედნიერ თუ ნაკლებად პოზიტიურ დღეებს. ხან ღიმილი გადაურბენდა სახეზე, ხანაც ცრემლები უსველებდა ლოყებს. საშინელი ბრაზისა და უსამართლობის განცდა დაუფლებოდა. გული შემაწუხებელი გამალებით უძგერდა. მობილურის ეკრანს დახედა, წამით გამბედაობაც მოიკრიბა, თუმცა მხოლოდ წამით. საშინელი იმედგაცურება იგრძნო, აუტანელი. შეკოწიწებული სიმამაცეც სადღაც გაქრა. - იცი ახლა რას ვიხსენებდი? - კარის გაღებას ნაცნობი ნაბიჯების ხმა რომ მოჰყვა, საუბარი ისე დაიწყო, არც მიბრუნებულა მისკენ. ანდრეას ნაბიჯებით სცნობდა… მას უცდიდა ყოველთვის, მასზე ზრუნავდა და მაინც მუდმივად მწარე პასუხებს იღებდა. - არ მაინტერესებს. - უცერემონიოდ ჩაუარა დივანს, რომელზეც სოფი იჯდა, თუმცა სანამ ოთახიდან გავიდოდა, ფეხზე წამოდგა ქალი, სწრაფი ნაბიჯით გადაასწრო და წინ გადაუდგა. საშინლად სურდა ტირილი და ყვირილი. მაინც არ მიუცია თავისთვის ამდენის უფლება, ნასვამსაც კი. - გინდა თუ არა, დამელაპარაკები! - ქურთუკის სახელოში ჩაავლო თითები და ოდნავ შეანჯღრია. ალკოჰოლისგან აციმციმებული თვალები ანდრეას სახეს გაუსწორა. - მთვრალი ხარ? - არა, არა. - საჩვენებელი თითი გააქნია უარის ნიშნად. - რა უნიჭო მატყუარა ხარ. - რა ვქნა? ტყუილების თქმისა და რაღაცების დამალვის ნიჭი ყველას შენსავით არ დაგვაბერტყა ღმერთმა. - დამღალე შენი დრამატული გამოსვლებით. არც მომზადებული ტექსტები გივარგა და იმპროვიზაციაშიც მოიკოჭლებ. - საიდან გაქვს ეს? - ხელი აუქნია ცხვირწინ. - რა? - აი, ეს მძაფრი სუნი, ქალის სუნამოსი. - მეგობარი ვნახე. - ორივე ხელით გამოსწია თავისი მაისური და თვითონაც შეისუნთქა. - ვინ მეგობარი? - ჯერ ერთი, რომ არ იცნობ და მეორეც, რომ შენი საქმე არ არის. - კარგ ხასიათზე დააყენა სოფის გამოძიების მცდელობამ. იმდენად კარგზე, რომ როცა დივანზე დასაჯდომად გაბრუნდა, ანდრეაც უკან მიჰყვა და გვერდით მიუჯდა. - წადი, დაწექი, რას დამიჯექი? ხომ არაფერია ჩემი საქმე? - აღარ დალიო. - შევსებულ ჭიქაზე ხელი იქამდე დაუფარა, სანამ პირისკენ წაიღებდა. - რატომ? - მთვრალი უფრო აუტანელი ხარ, ვიდრე ფხიზელი. - შენ ყოველთვის აუტანელი ხარ, მაგრამ სად გადაგაგდო? - მხარზე მიაყრდნო თავი და თვალები დახუჭა. - ანდრი, ვინმე გყავს? - საიდან მოიტანე? - ვიღაცასთან დადიხარ და მისი სუნი მოგყვება. - ფსიქოლოგთან დავდივარ. - გულის ჯიბიდან თათიას მიცემული პაკეტი ამოაძვრინა და მაგიდაზე ისე დააგდო, წამლები გადმოცვივდა. - რისთვისაა ეს აბები? - რამდენიმეს სახელს დახედა და რაკი არ ეცნო, იძულებული გახდა ეკითხა. - ფსიქოლოგი რის აბებს მომცემდა, სოფი? აი, ნიჟარაში, რომ უნდა ჩაყარო და მილები აღარ გაიჭედება, ეგაა. - ჰა ჰა. - სიცილის იმიტაცია გააკეთა და უგემურად დაიჭყანა. - თუ ვინმე ოდესმე გეტყვის რომ შენში იუმორის გრძნობა ან სიცილი უყვარს, იცოდე, გატყუებს. - შევწუხდი შენი ცინიზმით. სიცილი თუ გინდა, მე უკეთეს რამეს გეტყვი. დღეს ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა. ნათესავები რეკავენ, მოსვლა უნდათ. - მე რომ წავალ, მოვიდნენ მერე. - შენს სანახავად უნდათ მოსვლა, სულელო.-თმებზე მიეფერა სოფი. - რამე მოიფიქრე და მაგათ ყბაში არ ჩამაგდო, ვერ ვიტან ალბინოსი შიმპანზესავით რომ მაკვირდებიან. - ანდრეა, მაინც მოვლენ და ყველას ნახვა სათითაოდ მოგიწევს, არ ჯობია ერთი დღით აიტანო, ვიდრე ცალ-ცალკე იარონ ყოველდღე? - იცოდე, თუ მოვლენ, საჭმელში საწამლავს ჩავყრი და ყველას დაგწამლავთ. - ისე უაზროდ გადაიხარხარა, როგორც სჩვეოდა და სოფის უხეშად გამოაცალა მხარი. - ხომ გითხარი, რომ შენგან ასეთი ხუმრობები სასაცილოდ არ ჟღერს? - ზურგს უკან მიაწია სიტყვები. - აი, მოვიდნენ და ნახავ, თუ ვხუმრობ. თავი 3 სწრაფად გადიოდა დღეები. ანდრეა ცალკე გადავიდა და ახალ რეალობასთან შეგუება დაიწყო. სოფისა და პატარა ანდრეასაც თანდათან შეეჩვია. აღარ აღიზიანებდა მათი სტუმრობა, ბავშვის სიმღერის ხმა და სასაცილო კომენტარები. თათიასაც ხშირად აკითხავდა. თითქოს რაღაც ექაჩებოდა ქალისკენ. იქნებ იმ იმედისა და სანდოობის განცდა, რომელსაც მხოლოდ თათია აღძრავდა მასში? ან იქნებ საუბრები, რომელიც თვითგამორკვევაში ეხმარებოდა?! შესაძლოა, სულაც ის მუხტი, რომელსაც ქალის მზერაში იჭერდა… თათია ფსიქოლოგიც იყო მისთვის, მეგობარიც და სიმშვიდის გარანტიც. მიუხედავად იმისა, რომ ანდრეა გულწრფელი არასოდეს იყო მასთან და არც საუბრის ინიციატივას იჩენდა ხშირად, გააცნობიერა რომ თათია ერთადერთი იყო, რომელსაც მისი სიგიჟის მართვა შეეძლო და, ამასთან, წინასწარი პროგნოზირება განწყობის ცვლილებისა. მარტივად რომ ითქვას, ანდრეა ამ ეტაპზე დინებას მიჰყვებოდა და საკუთარი უძრაობით იღებდა სიამოვნებას. თუმცა მხოლოდ დღეები იყო ჩვეულებრივი, ადამიანურთან მიახლოებული. ღამეები კი დაუსრულებელ კოშმარად ქცეულიყო მისთვის. ღამით სხვა ადამიანი ხდებოდა. თითქოს სხეულში ჯოჯოხეთის ალი ენთებოდა და მთელ მის არსებას გამანადგურებელ ვულკანად აქცევდა. მოუთოკავ აგრესიას საათების განმავლობაში აფრქვევდა. ყველაფერს ამტვრევდა, რაც ხელში მოხვდებოდა. ხმამაღლა ღრიალებდა და კედლებს უშენდა მუშტებს. მერე იმედგაცრუება იპყრობდა, სევდა ან სულაც სიმშვიდე. თანდათან უწყნარდებოდა შეშლილი სახე. დაღლილი თვალები უმუქდებოდა და კმაყოფილი ღიმილი ეფინებოდა ბაგეზე. სიგარეტს იღებდა, ჩაბნელებულ სივრცეში ლურჯ კვამლს აყოლებდა მზერას და გრძნობდა, როგორ ევსებოდა ფილტვები სასიამოვნო შხამით. ასეთი იყო ახალი ცხოვრების ღამეები ანდრეასთვის - ქაოსური, ურთიერთსაპირისპირო და დელუზიური. ეგუებოდა ახალ მოცემულობას, რომელშიც ყველაფრის დალეწვა და მერე მშვიდი ღიმილით სიგარეტის მოწევა თანაბრად საჭირო და მნიშვნელოვანი გამხდარიყო. ახლაც კიდევ ერთ ღამეს აგორებდა უძილოდ და მთელი ძალით ცდილობდა სიგარეტის რუხი ბოლისთვის გაეტანებინა თავისი ტკივილები. მთვარიანი ღამის სიმშვიდეში იატაკზე იჯდა და საფერფლეში ჩაყრილ სიგარეტის ნამწვავებს დასჩერებოდა. ფანჯრიდან შემოჭრილი გრილი ნიავი აღელვებდა ფარდებს, თუმცა იატაკზე მჯდომს სუნთქვა მაინც უჭირდა. რეალობაში მარტოობის მძაფრ სურათს გონებაში აცეკვებული მოგონების აჩრდილებით ებრძოდა და ცდილობდა, დროებითი ნუგეში მაინც მიეცა საკუთარი თავისთვის. ფეხზე წამოდგა, ფანჯრის მიღმა ელვარე ვერცხლისფერ მთვარესა და ჩაბნელებულ ეზოს მოავლო მზერა. შემდეგ კი ისეთი სისწრაფით ჩამოაფარა ფარდა, თითქოს შეეშინდა სიცოცხლის სუნთქვას სიოს სახით არ შემოეღწია ღია ფანჯრიდან. ქვის ნატეხივით უემოციო სახითა და ცარიელი თვალებით იდგა ოთახის შუაგულში. ყველაფერი ირგვლივ საკუთარი თავივით ცარიელი და უფერული ეჩვენებოდა. გრძნობდა დროის მსვლელობას, მაგრამ ვერაფრით ხვდებოდა რა აზრი ჰქონდა ამას. ვერ ეთანხმებოდა აზრს, რომ დრო ტკივილს კურნავს. ანდრეასთვის პირიქით იყო, თითქოს ყოველ ახალ წუთს ახალი ჭრილობა მოჰქონდა მისი ისედაც ნაწიბურებით დაფარული გულისთვის, რომელიც ახლა ისეთი გამალებით უცემდა, გეგონება პატრონის უსუსური არსებობის გამართლებას ცდილობდა. სარკეში არეკლილ თავისივე გამოსახულებას შეხედა… ვერაფრით მიიმსგავსა. თითქოს ვიღაც უცნობს უყურებდა, ვიღაც ისეთს, ვისი შინაგანი სამყაროც ბნელს სრულიად მოეცვა. უსიცოცხლო თვალებს დააკვირდა, რომელსაც ვერგადმოსული ცრემლები ისე შეჰყინვოდა, საზარელ სანახაობას ქმნიდა. ბაგეებისკენ გადაიტანა მზერა, აცვიფრებდა თავისივე ღიმილი. ჰო, იღიმოდა, მაგრამ არა ისე, როგორც ის ადამიანები იღიმიან, ვისი გულიც სიხარულით, იმედით ან უკეთესის მოლოდინით ფეთქავს. არამედ ისე, როგორც იღიმის ადამიანი, რომელიც უსასრულო უგრძნობლობითაა სავსე; რომელიც თავისივე ამბავში გაიყინა რომელიღაც ავბედით გვერდზე. მხოლოდ მაშინ მოსწყვიტა სარკეს თვალი, როცა ვიღაცის ნაბიჯების ხმა გაიგო, ვიღაც მიუახლოვდა. - ასე ღია კარში ამ ტყეში მარტო ყოფნის არ გეშინია? - კარის ჩარჩოს მიყუდებოდა თათია, ხელები ერთმანეთში აეხლართა და ღიმილით მისჩერებოდა. ხშირად სტუმრობდა ღამ-ღამობით. თათიას ყველაზე უკეთ ესმოდა რა რთული იყო ანდრეასთვის მარტოობაში გატარებული ღამეები და ცდილობდა, შეუმჩნევლად შეემსუბუქებინა მისთვის ეს ტვირთი. - არ მეშინოდა, სანამ არ შემოიპარე და თავი დაუცველად არ მაგრძნობინე. - თავი გვერდზე გადახარა და ტუჩი აიბზუა. - მაინც არ მესმის, მარტო ყოფნა რატომ მოინდომე. - რადგან ჩემი მარტოობა სხვების უსაფრთხოების გარანტიაა. - არ შემომიპატიჟებ შენს მინიმალისტურ საღორეში? - არეულ ოთახსა და იატაკზე დაყრილ შუშის ნატეხებს მოავლო მზერა. აშკარად შეაწუხა არეულობამ. - მოგენატრე? - არა, არ მომენატრე. დისქავერიზე სულ შენნაირებს აჩვენებენ და ხშირად გიყურებ. - რაკი მიპატიჟებას არავინ გეგმავდა, ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო. ნელი ნაბიჯით გაიარა მისაღები ოთახი და სამზარეულოში შევიდა. მუქი ფარდები გადასწია და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა. - ანდრეა, ცას ბოლოს როდის შეხედე? - მისკენ არც მობრუნებულია, ისე იკითხა. - ცხვირიდან რომ სისხლი წამსკდა და თავის გადაწევით ვცდილობდი შეჩერებას, მაშინ. - დემონსტრაციულად შემოაბიჯა და ხის მაღალ სკამზე მოკალათდა. თათიაც მისკენ მობრუნდა. ჯერ სკამზე მჯდომს დააკვირდა, შემდეგ სამზარეულოს მოავლო მზერა. პატარა იყო, მაგრამ მოსახერხებელი. ნატურალური ხის კარადებით, მბრწყინავი თეთრი ფაიფურის ნიჟარით, პატარა სამზარეულოს კუნძულითა და რამდენიმე მაღალი ხის სკამით. - არ მესმის, ყოველთვის პროვოკაციული რატომ ხარ. - მე კი არ მესმის, თითქმის ყოველ ღამით მოჩვენებასავით რატომ მსტუმრობ. - ვცდილობ, რომ მარტო არ იყო, უმადურო! - კარადიდან შუშის ჭიქა გადმოიღო, წყლით აავსო და ფანჯრის რაფას მიეყრდნო. - მარტო არ ვარ. - ჰო, აბა, რა, მოჩვენებებია შენთან, წარსულის აჩრდილები... თუ როგორ ეძახი? სერიოზულად, ანდრეა? მართლა აპირებ ამ ილუზიით ცხოვრებას? - არ ვიცი, რატომ, მაგრამ სულ მავიწყდება გკითხო, შენ როგორი ცხოვრება გინდა ჩემთვის?! - იცი? გლოვის ხუთი ფაზა არსებობს. ჩვეულებრივ, მნიშვნელოვანი ადამიანის დაკარგვისას ადამიანი ხუთივე მათგანს გადის, მაგრამ შენ პირველსა და მეორეს შორის გაიჭედე. ეს უარყოფისა და ბრაზის ფაზაა. - შემახსენე, რას უნდა ვგლოვობდე? - თვალები მოჭუტა და სკამზე ისე გასწორდა, თითქოს სერიოზულ ინფორმაციას ელოდა. - მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ აჩრდილის დევნა და ილუზიაში ცხოვრება არაფერს მოგცემს. შენი საუკეთესო წლები გადის, ანდრეა. - ეს თუ საუკეთესო წლები იყო, წარმოდგენაც არ მინდა, შემდგომი პერიოდი როგორი იქნება. - ისე აატრიალა თვალები, თითქოს წარმოდგენამაც შეაშინა. - ყოველთვის, როცა შენს დახმარებას ვცდილობ, სანაცვლოდ ვიღებ ლარნახევრიან იუმორს და ორ ლარიან ცინიზმს. სამწუხაროა! - ერთი ყლუპი წყალი მოსვა და გამშრალი ყელი გაისველა. - ახლა თავიდან რომ დამაწერინონ შენი დახასიათება, ალბათ, იგივეს დავწერდი, რაც შენი პირველი დახასიათების ფურცელში დავწერე. - ამდენი წელი გავიდა და კიდევ გახსოვს, რა დაწერე ჩემს დახასიათებაში? - სიტყვა-სიტყვით არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით ასე ჟღერდა: "უარყოფითად მოქმედებს სხვა პატიმრებზე. არ ასრულებს საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოებს. არ აქვს კონტაქტი ნათესავებთან. ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან იქცევა თავხედურად და არაკორექტულად. პიროვნულად გამოირჩევა სითავხედითა და ეგოცენტრულობით. არის ნაკლებად კომუნიკაბელური". - თვითშეფასება გამინულა. - მოჩვენებითი სევდით ამოიოხრა. - და მაინც, აქ შენს დაწერილ დახასიათებაზე სასაუბროდ მოხვედი? - თავს დამნაშავედ ვგრძნობ იმის გამო, რაც გჭირს. ათასჯერ მიფიქრია, რა მოხდებოდა, ციხიდან გაქცევაში რომ არ დაგხმარებოდი. - ისეთი სევდა აღებეჭდა თვალებში, ანდრეას რომ აქამდე არასდროს უნახავს. - მაინც გავიქცეოდი. მაინც გავაკეთებდი იმას, რაც გავაკეთე. დამნაშავე არ ხარ. შენ შანსი მომეცი წასვლის და ყველაფრის თავიდან დაწყების. მე კი მოგატყუე და გავაკეთე ის, რაც გავაკეთე. - ჩემთან იმიტომ არ მოხვედი, რომ იცოდი აზრს შეგაცვლევინებდი. იცოდი შენს შეჩერებას შევძლებდი, ხომ ასეა? - წარმოდგენა არ მაქვს. გინდა დავლიოთ? - სიტყვა ბანზე აუგდო, ფეხზე წამოდგა და კითხვის ნიშნებით სავსე მზერით მიაჩერდა. - შენთვის დალევა არ შეიძლება. - რატომ? რა შეიძლება იმაზე უარესი გავაკეთო, რაც აქამდე არ გამიკეთებია? - ხმადაბალი საუბრით მიუახლოვდა. ორივე ხელით ფანჯრის რაფას დაეყრდნო და მათ შორის გამოკეტა ქალის სხეული. - შენგან უარესის მოლოდინი ახალი არაა. - დაძაბული თითებით შუშის ჭიქა უჩუმრად დადო და რაც შეიძლებოდა, ძლიერად აეკრო რაფას, რომ დისტანცია შეენარჩუნებინა. - არითმია გაქვს? - ქალის სახეს შეახო თითები. სახიდან ყელისკენ ჩამოაყოლა, პერანგის ორი ღილი შეუხსნა და შიშველ კანზე ნაზი შეხებებით მკერდამდე ჩამოვიდა, რომ მისი აჩქარებული გულისცემა შეეგრძნო. თათიას რბილი კანი ჰქონდა, სასწაულად ნაზი. - კი, მაქვს! - მატყუარავ! - ახლოს მიუტანა სახე სახესთან. იმდენად ახლოს, რომ თათიას სურნელი პირველად შეიგრძნო. ახლა რომ ვინმეს ეკითხა, რას გრძნობდა მის მიმართ, პირველ პასუხად მადლიერება მოუვიდოდა თავში. სწორედ ეს იყო ის ერთადერთი გრძნობა, რაც ამ ქალის მიმართ გააჩნდა და ღრმად სწამდა, რომ სხვა არც არაფრის განცდა შეეძლო. არადა, ლამაზი ქალი იყო თათია. გრძელი, შავი თმა ნაკადულივით ეშვებოდა მხრებზე... ყავისფერი თვალები ჰქონდა. ღრმა, თბილი და გულწრფელი. სულის სარკეს ჰგავდა. თითქოს მასში მთელი ცხოვრება იყო ჩაკეტილი. რბილი, ღია ოქროსფერი კანი და თლილი თითები. ლამაზი ფიგურა ჰქონდა, ისე მსუბუქად და გრაციოზულად დადიოდა, თითქოს ჰაერში დაცურავდა. თუმცა ამ სინაზეში იყო რაღაც მტკიცე, რაც ქალის ყოველ მოძრაობაში იგრძნობოდა. და მაინც, ანდრეა არ იყო ის, ვისაც თათიას გარეგნობა ხიბლავდა. მეტიც, მას არასოდეს შეუმჩნევია ქალის მშვენიერება. და ახლაც კოცნა, რომელიც შუბლზე დაუტოვა, მადლიერების გამოხატვა იყო. ანდრეასებური გამოხატვა. - სიტყვა ამორალურის დეფინიცია ხარ. - ღიმილით სცადა ნერვიულობის გადაფარვა. ფრთხილად გააწევინა თითები და შეხსნილი პერანგის ღილები შეიკრა. - მე არ ვარ ის, ვისაც შენს მიახლოვებაზე გული ამოუვარდება, ღაწვები შეეფაკლება და თავდაჯერებულობას დაკარგავს. ის არ ვარ, ვისაც შენი გამოგონილი სიყვარულის მსხვერპლად აქცევ და შენს ჭკუაზე ათამაშებ. - მკერდზე ოდნავ მიარტყა ხელები და უკან დასწია. - დაგიძველდა მეთოდები, ეშმაკო, ან არასწორ ასაკობრივ სეგმენტში ეძებ მსხვერპლს. მე ასეთებისთვის დიდი ვარ. - ანდრეა ღიმილით უყურებდა ქალის მონოლოგს. უზომოდ სიამოვნებდა მისი სიმტკიცე, თავდაჯერებულობა და სიმშვიდე, რომელიც ერთ წამში დაიბრუნა თათიამ. ერთი წამით იფიქრა, რომ არასწორად გაუგო ქალმა, თუმცა შეკამათება არ უცდია. - დარჩები თუ გეშინია? - საგანგებოდ მოფიქრებული პროვოკაციული კითხვა დაუსვა და პასუხის მოლოდინში გაირინდა. ძალიან არ სურდა ახლა მარტოობა, თუმცა დარჩენასაც ვერ სთხოვდა. - ცალკე საძინებელი გაქვს თუ დივანზე უნდა დამაძინო? - ჩემსას დაგითმობ. - შენთან დაძინებას არ ვაპირებ. - რატომ? გეშინია, რომ ჩავიფსამ? - ანუ თვითონაც ხვდები, რამდენად არაზრდასრულის შთაბეჭდილებას ტოვებ, ხო? - ოოო, წადი, დაწექი! მე დივანზე დავიძინებ. - კარგი, გმადლობ ასეთი მსხვერპლისთვის. - პატარა ბავშვივით გაუჩეჩა თმა და საძინებელში წავიდა. მიუხედავად იმისა, კარგად იცოდა, ვერ დაიძინებდა. ანდრეას საძინებელი მყუდრო და მშვიდი აღმოჩნდა. ფანჯრებზე მუქი ყავისფერი ფარდები ჩამოეფარებინათ. ოთახის შუაგულში ხის რბილი საწოლი იდგა თეთრი ზეწრითა და საბან-ბალიშით. საწოლის თავთან კედელზე ფერადი ლამფა ანათებდა დაბალი, მშვიდი შუქით. ხოლო პატარა თაროებზე წიგნები და სხვადასხვა ნივთი ელაგა ლამაზად. ამ სახლს ანდრეას ხელი და გემოვნება ნამდვილად არ ეტყობოდა. მხოლოდ მისი სუნით იყო გაჟღენთილი. ტანზე გაიხადა და რბილ საწოლში შეწვა. აქაც იგივე სურნელი იყო. თათიასთვის უკვე კარგად ნაცნობი სურნელი, რომელსაც ვერცერთ სუნამოს ვერ ადარებდა. თვალები დახუჭა. მშვიდად, თანაბრად სუნთქავდა და ფიქრებს საშუალებას არ აძლევდა მისთვის გონება აერიათ. ანდრეა კი მისაღებში იწვა, დივანზე. უცნაურად მშვიდი და უშფოთველი. კარგა ხანს აჭყეტდა თვალებს, თუმცა ფიქრს ვერაფერზე ახერხებდა. ვერ გაიგო ძილმა როდის წაართვა თვალები. პირველად ხდებოდა, რომ კოშმარების გარეშე ეძინა. თან ისე მშვიდად, ძილში არც გატოკებულა. * * * ორმოცდაათ წელს გადაცილებული ქალი ქუსლების კაკუნით დააბიჯებდა მარმარილოს იატაკზე. მუდამ მშვიდსა და გაწონასწორებულს ამჯერად უცნაური ეიფორია დაუფლებოდა. არ სურდა ამ შფოთვის მიზეზი ვინმეს გაეგო. არც მისი აღელვება უნდა შეემჩნია რომელიმე სულიერს, ამიტომაც იყო ოფლიანი ხელისგულები შეუმჩნევლად რომ შეიმშრალა ქაღალდის ხელსახოცით და გულამოვარდნილი დაელოდა მამაკაცის სილუეტის გამოჩენას. - შეიძლება, ქალბატონო მარიკა? - მორიდებით შემოყო ოთახში მელოტი თავი და თანხმობა მიიღო თუ არა, საქმიანი ნაბიჯებით შემოვიდა. მუქი ტყავის სავარძლისკენ მიუთითა ქალმა და ისიც მაშინვე დაჯდა. პიჯაკის ღილებმა შემოუჭირა გადმომჯდარ მუცელზე, თუმცა დისკომფორტი არ შეიმჩნია. ქალიც მის წინ მოთავსდა. ფეხი ფეხზე გადაიდო და მოკლე კაბა, რომელიც აქამდე მუხლებს უფარავდა, ახლა უფრო ზემოთ აიწია. - აბა?! - ხელები სავარძლის სახელურზე დაალაგა და თითებით დააკაკუნა ზედ. - რას მეტყვით ახალს? - თითქმის არსად დადის. - მშვიდად დაიწყო კაცმა. ქონიანი თითები მაგიდაზე დაალაგა და ერთმანეთში ახლართა. - დიდად არც არავინ აკითხავს. მხოლოდ ისინი, ვინც აქამდე უკვე დაგისახელეთ. მისი ტელეფონის მოსმენაც არაფერს გვაძლევს. ვფიქრობ, საერთოდ არც იყენებს. პირველად ვადევნებ თვალყურს ასეთ უინტერესო ადამიანს. - მე თქვენთვის მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენა არ მითხოვია. არც თქვენი აზრის გამოხატვა მითხოვია მის საინტერესოობასა თუ უინტერესოობაზე. - კბილებში გამოსცრა ქალმა. - მესმის, დამიჯერეთ, ყველაფერს ვაკეთებთ! მთელი დღე თვალს ვადევნებთ, მაგრამ აბსოლუტურად უკონტაქტოა. - ჩაეცინა. - ანუ ამდენი დღის შემდეგ მხოლოდ იმის თქმა შეგიძლიათ, რომ არსად დადის და არავისთან საუბრობს? - გეფიცებით, თვითონაც გაკვირვებული ვარ. მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არცერთ უცხო ადამიანს არ გამოლაპარაკებია. - მაშინ რატომ ჩათვალეთ საჭიროდ დილაუთენია ჩემთან სტუმრობა? - ქალბატონი თათია გუშინ შუაღამისას მივიდა მასთან. - და? - მოუთმენლად იკითხა. დაძაბულობა ეტყობოდა სახეზე. - ჯერ კიდევ იქაა. - ანუ მასთან დარჩა. - მოუსვენრად წამოდგა ფეხზე. მზად იყო ნებისმიერი ნივთი აეღო და მთელი ძალით დაეხეთქებინა იატაკისთვის ბრაზის გადმოსანთხევად, მაგრამ ამ კაცის წინაშე ემოციების გამოვლენას არ აპირებდა. - დიახ. - სხვა არაფერია? - ჯერჯერობით არაფერი. - არც იმის თქმა შეგიძლიათ ზუსტად რა სახის ურთიერთობაა მათ შორის? - კითხვაზე მეტად ფიქრების გახმოვანებას ჰგავდა ნათქვამი. - რთულია რამის თქმა. - ისე ამოიქშინა კაცმა, თითქოს ძალიან წუხდა მოცემული მდგომარეობის გამო. - მინდა, რომ მეტი გაიგოთ. რაც შეიძლება, მეტი! სანამ ეს ქალი ასე თავისუფლად დადის მასთან და ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რაზე საუბრობენ, თავს კომფორტულად არ ვგრძნობ. - გასაგებია, ქალბატონო მარიკა! ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გაურკვევლობა დიდხანს არ გაგრძელდეს. - გააკეთეთ, გააკეთეთ! იმიტომ, რომ თქვენი კეთილდღეობა ამაზეა დამოკიდებული. არ ვაპირებ დიდხანს ვიხადო ანდრეას ვიზიტორების დადგენაში, როცა ამას ერთი პატარა კამერითაც მარტივად მოვახერხებ, თუ მისი სახლის გზაზე დავამონტაჟებ. - გასაგებია. - მაშინ თავისუფალი ხარ. - მობეზრებით აატრიალა თვალები. კაციც შეძლებისდაგვარად მკვირცხლად წამოდგა ფეხზე. თავის დაკვრით დაემშვიდობა და ოთახში მარტო დატოვა. რამდენიმე წუთი ნერვიულად სცემდა ბოლთას ოთახში. შემდეგ მაგიდის უჯრიდან ფოტოსურათი ამოძვრინა და მაგიდაზე დააგდო. შორიდან ჩუმად გადაღებულ კადრზე გამოსახულ ნაცნობ სხეულს დააკვირდა. ცოტა ხანს უყურა თვალმოუშორებლად და შემდეგ ნერვიულად გაეღიმა. - პრობლემებს ყოველთვის თვითონ ვიჩენდი. - ირონიულად ჩაილაპარაკა, მაგიდაზე დაგდებულ ფოტოს თავით დაეყრდნო და თვალები დახუჭა. *** ადრიანად გააცილა თათია და უცნაურად კარგ განწყობაზე მყოფმა მოავლო თვალი არემარეს. ჯერ კიდევ დილის ნისლი იწვა ირგვლივ. ჰაერი სიცოცხლის სურნელით იყო სავსე. ტყის სიღრმიდან ჩიტების გალობა და მწერების ბზუილი ისმოდა, თითქოს ახალი დღის დადგომას ზეიმობდნენ. ბალახს ქარის მსუბუქი ნაკადი ისე არხევდა, ზღვის ღელვას ჰგავდა. იმ დილით სხვანაირი რუტინა ჰქონდა. საუზმეც კი მოიმზადა და, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ვერ ჭამა, ეუცნაურა ასეთ წვრილმანებზე კონცენტრირებას რომ ახერხებდა. წამლები დალია. ტელეფონზე სოფის ესაუბრა, რომელმაც ამცნო, რომ მასთან მისვლას აპირებდნენ და ოჯახის წევრების მოლოდინში ეზოში ჩამოკიდებულ ჰამაკში ჩაწვა. ზუსტად არ იცოდა, რამდენი დრო დაყო სასიამოვნო მარტოობაში. ჭიშკრის ჭრიალს სწრაფი ნაბიჯების ხმა მოჰყვა და რამდენიმე წამში ნაცნობი სილუეტი წამოადგა თავს. თვალები ისეთი ზლაზვნით გაახილა, თითქოს ეძინა. - მოვკვდი და ჯოჯოხეთში მოვხვდი? - მზერა შეავლო დისშვილს, რომელიც მის სახესთან დახრილიყო და ზედ დასჩერებოდა. - კი არა და, მიხარია შენი დანახვა, ანდრეა. - უფრო მაღალი სილუეტიც რომ დალანდა ბავშვის სიახლოვეს, მაშინვე შეცვალა წინადადება და ჰამაკში წამოჯდა. - ჩვეულებისამებრ ზიზღით ხარ შეიარაღებული. - ხმამაღლა მიაძახა ქალმა და მანქანის საბარგულიდან ცელოფნის პარკები ამოალაგა. - რა სჭირს? - ავად ენიშნა სოფის გაღიზიანებული ტონი და, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ანდრეას ესაუბრებოდა, თვალი სახლისკენ მიმავალ ქალს გააყოლა. - საშინელ ხასიათზეა. - თავი გააქნია ბავშვმა. - ესე იგი, დღეს ყველას შეგვჭამს თითქმის ვეგეტარიანელი დედაშენი. - სჯობს, არ ეხუმრო. ასეთ ცუდ ხასიათზე არასდროს მინახავს. - სევდიანად ჩამოჯდა ხის გადანაჭერზე და ნიკაპი ხელისგულებს დააყრდნო. - ნუ გეშინია, დედაშენთან ურთიერთობის უსაფრთხო ტექნიკას იმ ხუთი თითივით ვფლობ, სახეზე რომ მაჩნდება ხოლმე მისი დარტყმის შემდეგ. - ცხვირი შეჭმუხნა და ნაძალადევად წამოდგა ჰამაკიდან. მაინც შეძლო მოწყენილი დისშვილის გაღიმება. უცნაური იმედის ნაპერწკალი დაიჭირა ბავშვის თვალებში, მაგრამ ერთი წამითაც არ უფიქრია, რომ ეს იმედი თვითონ გააღვივა. სამზარეულოში მოუხერხებლად მობოდიალე სოფის ჩუმად იქამდე უყურა, სანამ ქალმა არ შეამჩნია და თვითონ არ ამოიღო ხმა. - რა? - ხელში მომარჯვებული ბოსტნეულის ცელოფანი მაგიდაზე დააგდო და ანდრეას გაუსწორა თვალი. - რატომ დაგვცოფე? - შენი ირონიის თავი არ მაქვს, გთხოვ! - სოფი, ათჯერ არ გკითხავ. თუ გინდა, მითხარი რა გჭირს, თუ არადა, დიდად არ მაინტერესებს. - ზვიადს გაშორება უნდა. - ოხვრას ამოაყოლა სიტყვები და უღონოდ ჩამოჯდა სკამზე. - ზვიადი შენი საყვარელია? - ჩემი ქმარია, ყოფილი ქმარი, ანდრეას მამა. - ხომ მითხარი, რომ გაშორებული ხარ? - ჰო, მაგრამ განქორწინება უნდა. - ეს რას ცვლის? - ალბათ, ცოლის მოყვანას აპირებს. სხვა შემთხვევაში განქორწინებას არ მოითხოვდა. - თავი ჩაქინდრა, აშკარა იყო, ნერვიულობდა. თუმცა ანდრეას ტვინი ნერვიულობის მიზეზს ვერაფრით ჩაწვდა. - ანუ კაცს გაშორდი, ერთად არ ცხოვრობთ, მაგრამ იმან ოფიციალურად განქორწინება მოგთხოვა და შენ ლამისაა დეპრესიაში ჩავარდე. სწორად გავიგე, ხომ? - სოფის გაუშტერა მზერა, თითქოს ვერ იჯერებდა თავისივე ნააზრევს. - აი, ეს ახლა ფსიქიატრს რომ ანახო, გეტყვის ჯანმრთელიაო და რა უნდა უყო მერე იმ ფსიქიატრს? - ამჯერად ჭერისკენ აღაპყრო მზერა. თითქოს მასში გამოსახულ ფიგურას ესაუბრებოდა.- უსამართლობაა, ღმერთო! - ნუ დაიწყე! - ალოგიკური ხარ, სოფი, თუმცა რა მიკვირს? ცხოვრებაც ალოგიკურია. - ცხოვრების ალოგიკურობაზე როდისღა დადე დასკვნა? - ხელები წელზე შემოირტყა, გაეღიმა ანდრეას სერიოზულ სახეზე. - როცა გავიაზრე, რომ თეთრ ღვინოს მწვანე ყურძნისგან დაწურულ ყვითელ წვენს ეძახიან. - შენთან სერიოზულად ლაპარაკი შეუძლებელია. - თვალები აატრიალა ქალმა. - თუ სწორად ვხვდები, ჩემთან ზვიადის სანახავად ნებართვის ასაღებად არ მოსულხარ. - თვალები ისე მოჭუტა, გეგონება სოფის მზაკვრული გეგმის ამოცნობა სურდა. - შეგიძლია ანდრეა დაიტოვო ცოტა ხნით? - თვალები დახუჭა მოსალოდნელი პასუხის მოლოდინში. - მე? - ჰო, შენთან დარჩენა უნდა. ჩემს მეგობრებთან დავტოვებდი, მაგრამ კატეგორიული უარი განაცხადა. მთხოვა, რომ აქ დავტოვო. - სოფი, რას იგონებ? - გთხოვ, ანდრეა! თუ გინდა, აქ დაიტოვე. თუ გინდა, თბილისში ჩაგიყვანთ და რომელიმე პარკში დაგტოვებთ. სანამ გაერთობით, მეც მოვალ… ან მაკდონალდსში წაგიყვანთ. დიდხანს არ დამაგვიანდება მართლა. - მუდარა ერეოდა ქალის საუბარს. თან ვერსიებს იგონებდა, რომლითაც დის მოხიბვლას შეძლებდა. - რამდენი კარგი შანსია. ახლავე დავფიქრდები პირველად რომელი გავუშვა ხელიდან. - სანამ ჩაფიქრებული ადამიანის იმიჯს ირგებდა, ბავშვმა შემოირბინა სამზარეულოში და მოსაუბრეებს შორის ჩადგა. - ესე იგი, კი? - ხმადაბლა შეაპარა სოფიმ. - კარგი. ოღონდ მალე მოდი. - გპირდები. დე, დეიდასთან დარჩები, ხო? - ამჯერად შვილს მიუბრუნდა. - პატარა საქმეები მაქვს მოსაგვარებელი. - დავრჩები! - უფროსი ანდრეასგან განსხვავებით უმცროსი ბედნიერი ჩანდა. - თუ რამე დაგჭირდებათ, დამირეკეთ. - მთლად დარწმუნებულს არ ჰგავდა საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში. - ვეცდები. - ორივემ ერთდროულად დააბრუნა პასუხი. - რამე წამოგიღოთ? - მე ახალი დისშვილი, თუ შეიძლება. - გესლიანად ჩაიქირქილა და ეზოსკენ მიმავალ სოფის გაჰყვა ორივე. - შენ ლექსიკონს წამოგიღებ! მორალის, ზნეობის და ზრდასრულობის მსგავსი სიტყვების მნიშვნელობა მინდა გაიხსენო. - ენა გადმოუგდო, ლოყაზე აკოცა ორივეს და მარტონი დატოვა. ერთმანეთისთვის ხმა იქამდე არ გაუციათ, სანამ სოფის მანქანა თვალს საბოლოოდ არ მიეფარა. - აბა, რას აკეთებდი მარტო? - ისევ ბავშვმა გამოიჩინა საუბრის ინიციატივა. - ყველაფერს, რაც გამიხარდებოდა. - კარგი, და ახლა რა უნდა გავაკეთოთ? - რამდენიმე საათიანი დუმილით პატივი უნდა მივაგოთ ტვინის იმ უჯრედებს, რომელიც შენი წყალობით გარდამეცვალა. - ვაა, როგორი ფანტაზია გაქვს?! - ართობდა ანდრეასთან საუბარი. - ჩემს ფანტაზიას დასცინის ადამიანი, რომელიც დედას თითქმის ყოველ ღამით აყოლებს ამბებს ნაცარქექიასა და დევების შესახებ? - ადამიანების დაცინვისა და დაბულინგების გამო ჯოჯოხეთში რომ ხვდებიან, იცი? თუ ასე გააგრძელებ, შენც ნამდვილად ჯოჯოხეთში მოხვდები. - ქვემოდან უყურებდა. მზის სხივების გამო ცალი თვალი მოეჭუტა და სასაცილო მიმიკა ჰქონდა მიღებული. - მერე შენ რა გაწუხებს, არ გინდა იქაც ჩემთან ერთად გაატარო ყველა დღე? - კარგი, რა, ბავშვი ვარ, რაებს მეუბნები?! - ბავშვი ხარ, რომელიც რელიგიური სექტის ლიდერივით ლაპარაკობს. - როგორც იქნა, თვითონაც ჩამოხედა ბავშვს და მისი სახის შემხედვარეს გაეცინა. - გინდა საიდუმლო გითხრა? - არა, ცუდი მესაიდუმლე ვარ. - იცი, დედა მამამ რატომ დაიბარა? - აშკარა იყო ანდრეას უარი, საიდუმლოს გამხელით წინასწარ აღტაცებული ბავშვის გაჩუმებას ვერ შეძლებდა. - იმიტომ, რომ განქორწინება უნდა. დედაშენს საიდუმლოების შენახვა და დამალვა მაგრად გამოსდის. - მობეზრებით აატრიალა თვალები. - არა, შესარიგებლად! - ანუ შერიგება უნდა, მაგრამ განქორწინებაზე სალაპარაკოდ დაიბარა… და ესენი კიდე მე მეძახიან გიჟს! - მამა მეზღვაურია, ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა და ხვალ ისევ მიემგზავრება. დედა კიდევ არ ნახულობდა, ამიტომ იძულებული გახდა რამე მოეფიქრებინა მის სანახავად. - იმედია, მართლა არ შერიგდებიან და შენი დატოვება ღამითაც არ მომიწევს. - ისე ჩაიბუტბუტა, ბავშვს რომ ვერ გაეგონა და სახლში შებრუნდა. *** - არ მოგშივდა? მე მაგრად. - გვერდით მდგომს გახედა და ბინოკლი მანქანის წინა ხუფზე დააგდო. - ჭამე, რაც გვაქვს! რა გაახურე შენ კიდევ? - მომბეზრდა, ძმაო! მომბეზრდა ამის ყურება! - ბიჭო, რა გინდა?! ამაში გვიხდიან. - გავიგე, მაგრამ ამ უაზრობის კეთებამ დამღალა. - რაო, რას შვრება? - ამჯერად თვითონ დაავლო ბინოკლს ხელი და საკმაოდ შორ მანძილზე მდგარ სახლს დააკვირდა. - ის ქალი და ბავშვი მოვიდნენ, ქალი წავიდა და ბავშვი დატოვა. ვერ გავიგე ამის ყარაულობა რაში აწყობს იმ ბებერს. - მე რა ვიცი რაში აწყობს, ძმაო… - არ დაიღალე, ტო? რაც ჩვენ საქმეები გვაქვს ნაკეთები და ახლა ვიღაცა ავადმყოფ ასოციალს ვაკვირდებით ვიღაცა სირე*ბივით. - რამ გაგაგიჟა ახლა? ვსხედვართ აგერ მანქანაში და გვევალება მისი ყურება. ფულს ცოტას არ გვიხდის, მაინცდამაინც ტყეღრე სირბილი და ხალხის ხოცვა-ჟლეტა გირჩევნია? - მომისმინე, ძმაო! მე ძიძობა რო მდომოდა, ძიძების სააგენტოში გავაგზავნიდი სივის. თან რამეს მაინც აკეთებდეს ტო. რას გვამწყემსინებს ამ უინტერესო არსებას, ვერ გავიგე. - არც მე ვარ აღფრთოვანებული, მაგრამ მარიკასთან გაუგებრობები ჩვენ ყველაზე ნაკლებად გვჭირდება, თუ არ ვცდები. - იცი რას გეტყვი, ძმაო? ეს არსად წამსვლელი არაა დღესაც. ხოდა წამოდი, კაი ვჭამოთ, კაი დავლიოთ და მოვიდეთ. როგორმე ჩვენი დაკვირვების გარეშეც მოისაქმებს, რა! - ხელებით მანქანას დაეყრდნო და პარტნიორს გაუსწორა თვალი. - ხო იცი, რომ საქმის არაკეთილსინდისიერად კეთება არ მიყვარს?! - არაკეთილსინდისიერება ისაა, ჩვენნაირ პროფესიონალებს რომ გიჟის ძიძობას ავალებენ. წამოდი, თორემ შენ ძმობას ვფიცავარ, ისე მაქვს ნერვები მოშლილი, ამ საქმიდან დღესვე ვარ გამსვლელი. - კარგი. - ღრმად ამოიოხრა კაცმა. აშკარა იყო, არ მოსწონდა მეწყვილის იდეა. - წავიდეთ, მაგრამ ახლა არა. დაღამდეს, რა. ღამით უფროა ვარიანტი, რომ არსად წავიდეს, რამდენიმე საათით გავალთ და გამთენიისას დავბრუნდებით. - ბარემ წავსულიყავით ტო. - მოიცა ახლა, რა, გეუბნები შეღამდეს და წავიდეთ. - ჯანდაბას შენი თავი, მოვიცადოთ დაბნელებამდე. - იძულებით დაეთანხმა და ისევ ბინოკლი მოიმარჯვა. *** ის კიდევ ერთი იყო, ვინც ბოლო რამდენიმე ღამე ჩუმად ადევნებდა თვალს ანდრეას სამყოფელს. ღამეებში ჩაძირული სიბნელისა და სიჩუმის მეგობრად იქცა. მკაფიო მიზანი ჰქონდა, ამიტომ სიზუსტე და მოთმინება მართებდა, რათა წარმატებით შეესრულებინა საკუთარი დავალება. იმ ღამით შავმა მერსედესმა, რომელიც მთელი მისი თვალთვალის განმავლობაში ადგილიდან არასოდეს დაძრულა, მოულოდნელად ტერიტორია რომ დატოვა, თვალებს ვერ დაუჯერა. თითქოს ბნელეთის ღმერთებმა მისთვისაც მოიცალეს. ახლა მხოლოდ ანდრეას ეზოში გაჩერებული სოფის მანქანა აბრკოლებდა, თუმცა არც ის დარჩენილა დიდხანს. რამდენჯერმე მოათვალიერა მთელი ყურადღებით გარემო და დარწმუნდა, რომ ახლომახლო სულიერი არ ჭაჭანებდა. სახლისკენ ნელი ნაბიჯით დაიძრა. გულისცემა ოდნავ აუჩქარდა, მაგრამ არა ნერვიულობის გამო, არამედ ამაღელვებელი მოლოდინისა და სიხარულისგან. ხუმრობა ხომ არ იყო, ისეთი მარტივი საქმისთვის, როგორიც ერთი ახალგაზრდა ქალის გატაცებაა, არასდროს ამდენი ფული არ აუღია. ნელ-ნელა მიდიოდა, ხელში მოქცეულ ბიტას მიწაზე მიაფორთხებდა და ღამის ცვრიან ბალახს უდიერად თელავდა ფეხქვეშ. დაბალ ღობეზე უჩუმრად გადაძვრა და სახლშიც ისეთი მსუბუქი, რბილი ნაბიჯებით შევიდა, პროფესიონალს შეშურდებოდა... დივანზე გაშოტილ ანდრეას თავზე წამოადგა, ერთი წამით უჩუმრად შეავლო მზერა და საპასუხო მზერას როგორც კი გადააწყდა, მთელი ძალით მოუქნია ბიტა. ანდრეას უგონოდ გადავარდნილი სხეულის დაცემის ხმას ყრუ სიჩუმე მოჰყვა. მსხვერპლთან დაიხარა, საჩვენებელი თითი მისი ცხვირის გასწვრივ დააყოვნა და როგორც კი დარწმუნდა, ჯერ კიდევ სუნთქავდა, მხარზე ტომარასავით გადაიკიდა. ერთხელ კიდევ მოავლო მზერა სახლს. ფანჯრიდან ეზოს ტერიტორიაც დაზვერა და როცა დარწმუნდა არავითარი საფრთხე არ ელოდა, გარეთ გამოსული ღამის სიბნელეს შეერია. *** სახეში ხელის გარტყმამ მოიყვანა აზრზე. სკამზე იჯდა და ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული. თვალის გახელა სცადა, თუმცა აუტანელმა თავის ტკივილმა იძულებული გახადა ისევ დაეხუჭა. გულისრევის შეგრძნება ახრჩობდა. ოთახში გაბნეული ფერადი განათება თვალებს უფრო ურევდა და თავბრუს ახვევდა. - საერთოდ დისკოთეკების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ იქნებ ჩააქრო ეგ ოხერი სინათლეები! - კბილებს შორის გამოსცრა და თავი ჩაქინდრა. ნიკაპში ძლიერად ჩაავლო ბინძური თითები და თავი ააწევინა კაცმა. თვალები მაგრად დახუჭა, გულისრევა და თავის ტკივილი შეძლებისდაგვარად უგულებელყო და რამდენიმე წუთში თვითონვე განაახლა საუბარი. - კითხვა იცი, მეგობარო? - ჯერ კიდევ ლიბრი ეკრა თვალებზე. ღიმილი მოჰგვარა მამაკაცის რამდენიმე ცხვირისა და თვალის დანახვამ, მიუხედავად იმისა, რომ მიხვდა თავისივე მხედველობითი ილუზია იყო. - რა? - ისე იკითხა, აშკარად ეჭვი შეიტანა ანდრეას გონებრივ სიჯანსაღეში. - ვფიქრობ, თუ ბიტის ინსტრუქციას წაიკითხავდი, ნახავდი რომ ბეისბოლის სათამაშოდ გამოიყენება და არა - ადამიანებისთვის თავში სარტყამად. - ოდნავ ჩაეღიმა ეშმაკის მონოლოგზე. უხეშად გაუშვა ხელი მის ნიკაპს. სკამი ანდრეასთან ახლოს მისწია. უკუღმა შეაბრუნა, ზედ ჩამოჯდა და ხელები სკამის საზურგეზე დაალაგა. ანდრეაც გასწორდა. თავი ისევ აუტანლად სტკიოდა, თუმცა ამის შემჩნევა არ სურდა. რამდენიმე წამი უყურეს ერთმანეთს ცივი და აუღელვებელი მზერით. ფაქტი იყო, არცერთს ეშინოდა, არცერთი ღელავდა. - მისმინე, მართალია, მომიტაცე, მაგრამ მშობლების ნებართვის გარეშე ვერ დავრჩები. თუ გინდა, შემიძლია მათთან გაგგზავნო ჩემი ხელის სათხოვნელად. - ჩვეული სიგიჟე აენთო თვალებში. ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. იმ ადამიანს ჰგავდა, რომლისთვისაც სულერთი იყო რას დამართებდნენ. - თუ წინააღმდეგი არ ხარ, დაველოდები ხუმრობის ხალისს როდის დაკარგავ. - გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად ვიკითხავ: ვინმე შენი წინაპარი ხომ არ გამოვასალმე სიცოცხლეს? - არა. - ქალის ირონიულ ღიმილს არც კაცისა ჩამორჩა. - აბა, მართლა ცოლად გინდივარ და იმიტომ მომიტაცე? - მართალი უთქვამთ, დალაგებული არ ხარ, მაგრამ არ მესმის, ვის რაში სჭირდები. რა სარგებელი უნდა მისცე ვინმეს ან სიკვდილით, ან სიცოცხლით? - სიკვდილით დასჯამდე ადრე ბოლო სურვილებს ასრულებდნენ ხოლმე და ახლა როგორ არის ეგ ამბავი? - ვინც მოკვლას გიპირებს, იმას ჰკითხე. - ჰეი, არის აქ ვინმე, ვინც მოკვლას მიპირებს? - თავი აქეთ-იქით დაატრიალა, თითქოს გამოხმაურებას ელოდა. შეკრული ხელების სიმჭიდროვეც მოსინჯა. - ხედავ, არავინაა მსგავსი, ამიტომ წავალ, თუ წინააღმდეგი არ ხარ. - თავი მატკინე. - ამას მეუბნება კაცი, რომელმაც თვითონ ბიტა ჩამარტყა თავში! ღმერთო, თუ ამ ყველაფერს უყურებ, იმედია, შენ მაინც ერთობი. - ისე ნუ იზამ, კიდევ უფრო მოისწრაფო სიცოცხლე და მე მომაკვლევინო თავი. - ფულის გამო მომიტაცე? - ისეთი შეურაცხყოფილი სახე მიიღო, თითქოს აქამდე მსგავსი არასოდეს მიეყენებინოთ. - მე მეგონა, მოგეწონე. - იცი, რამდენ ფულს იხდიან შენს დებილ თავში? - შუბლზე მიუკაკუნა თითი. - რამდენს? - ბევრს, საკმაოდ ბევრს. - მე თეთრსაც არ გადაგიხდიდი, ისეთი გამოუცდელი ხარ. - მობეზრებით ამოილაპარაკა და თვითონვე გააგრძელა საუბარი. - ჯერ ერთი, როცა ადამიანს იტაცებ, მის გასათიშად ბიტის ჩარტყმაზე ჰუმანური მეთოდებიც არსებობს. მაგალითად, ქლოროფორმი ან რამე მსგავსი. მერე მეორე, სახლის მისაღებში ხის სკამზე კი არ უნდა დაასკუპო, მინიმუმ სარდაფში უნდა გამოკეტო, რომელსაც რკინის კარი აქვს და ირგვლივ არაა ისეთი ნივთები, რომელსაც შენი ცხვირპირის დასალეწად გამოიყენებს და მესამე: რამე უფრო ძლიერით უნდა დააბა, ვიდრე პლასტმასის ჟგუტია. - უკვე გათავისუფლებული ხელები წინ გადმოსწია. მარჯვენა მუშტი ცხვირში გაუქანა და სკამზეც მთელი ძალით მიურტყა ფეხი. - თუ ცალუღი ჰქვია ჟგუტს ქართულად? - სკამიანად უკან გადავარდნილ კაცს წამოდგომა აღარ აცადა. - ან ვინ გეგონა მოიპარე, ჟღვინტიანი ბავშვი ბაღიდან? არანაირი სიფრთხილის ზომები? ეს უკვე უპატივცემულობაა! - გატეხილ ცხვირში ამჯერად ფეხი დაარტყა. შემდეგ კიდევ რამდენიმე დარტყმა მიაყენა თავისა და მუცლის არეში. ზემოდან დაჰყურებდა სისხლში მოსვრილს. კმაყოფილი და ბედნიერი იერი ჰქონდა, აკრძალული ხილის ჭამის სურვილით შეპრყრობილ ევას ჰგავდა. სცემდა და უარყოფითი ენერგიისგან იცლებოდა. თითქოს სულში დასახლებულ დემონებს გარეთ დევნიდა და სიმსუბუქით ივსებოდა. გამეტებით იქამდე იქნევდა ფეხებს, სანამ იატაკზე მყოფის სახის დანახვა სისხლის თუ ჭრილობების გამო შეუძლებელი არ გახდა. შემდეგ მის თავთან დაიხარა და ისე დახედა, თითქოს ახლახან მოვიდა და სხვისი სისასტიკით შექმნილმა სურათმა შეზარა. - ღმერთო ჩემო, სისხლი გდის! ხომ არ დაგეხმარო? - ხელი მიაფარა გატეხილ ცხვირზე. - მოდი, შევაჩეროთ, ასე სისხლისგან დაიცლები. - მკლავში ჩაავლო ხელი და ეცადა ზემოთ აეთრია, თუმცა მამაკაცის დამძიმებულ სხეულს ძვრაც ვერ უყო. - კარგი, თუ წოლა გირჩევნია, წინააღმდეგი არ ვარ. - ოდნავ მოშორდა და პატარა ხის სკამზე ჩამოჯდა. - სახლიდან ასე შორს რომ წამომიყვანე და თან ფულიც არ მაქვს, უკან როგორ დავბრუნდე? - მოწყენილი უყურებდა და ნაწყენი ტონით ესაუბრებოდა. ოდნავ წამოსწია სხეული კაცმა, სისხლი გადმოაფურთხა და კბილიც თან გადმოაყოლა. - ოცი კილო ხარ, ამდენი ძალა საიდან?! - ღიმილმა დაუბრიცა ტუჩები. ამაზრზენი შესახედი გახლდათ. ვამპირს მიამსგავსა სისხლით მოსვრილი კბილების გამო და ხმამაღლა გაეცინა თავის ფიქრზე. - მე შენ სისხლიან მერის დაგარქმევ. - ახლოს მივიდა და თავზე ისე გადაუსვა ხელი, თითქოს შინაური ცხოველი იყო. - აბა, მეტყვი ვინ დაგიქირავა? - თმას უჩეჩდა და ყურებზე ეფერებოდა. - არ ვიცი, პირადად არ შევხვედრივარ. - რა დაგავალეს? - აქ უნდა მომეყვანე და დავლოდებოდი. - მითხარი, ვინ დაგიქირავა! - მხრებში ჩააფრინდა და კედელის ზედაპირს მიახეთქა ზურგით. - რომც მომკლა, ვერ გეტყვი, რადგან არ ვიცი. გეფიცები, არ ვიცი. აქ უნდა მენახა პირველად, დარქ ვებში ვიპოვეთ ერთმანეთი. - სიმწრის ცრემლი ჩამოუგორდა დახეთქილ ლოყაზე და ანდრეას ისეთი გულწრფელი ეჩვენა იმ წუთას, გული მოულბა. - დარქ ვები რაღა ჯანდაბაა? - შავი ქსელი, ადამიანები ერთმანეთს იცნობენ ცუდი საქმეებისთვის. ზოგი ფულს იხდის, ზოგიც იღებს და აკეთებს საქმეს. შემკვეთმა რომ მოიწერა შენზე, მარტივი საქმე ჩანდა, ფული მჭირდებოდა და დავთანხმდი. გეფიცები, სხვა არაფერი ვიცი. - მარტივი საქმე ჩანდა ადამიანის მოტაცება მოსაკლავად. - ისე გადააქნია თავი, თითქოს წარმოთქმულს ვერ იჯერებდა. - ახლა შენ რომ მოგკლა, ციხეში ან ფსიქიატრიულში დამაბრუნებენ. უსამართლობა არ არის? - ძმაკაცურად შემოარტყა მხარზე ხელი, თითქოს თავისი გულისტკივილი გაუზიარა. მერე სისხლით მოსვრილი სახე ორივე ხელით დაუჭირა და თვალი თვალში გაუყარა. - ჩემს სახლთან მოსულს კიდევ თუ გნახავ, შენივე ნაწლავებით ჩამოგახრჩობ. - თვალი ჩაუკრა. თავი კედელზე მიახეთქებინა და კარისკენ დაიძრა, მაგრამ მანქანის ფარების სინათლემ აიძულა უკან დაეხია. - არ უნდა გეთქვა, სტუმრებს თუ ელოდი? პირს მაინც მოგბანდი, რა უხერხულია, ასე რომ უნდა დახვდე?! - ხმადაბალი საუბრით გამოაღო ფანჯარა და უხმაუროდ გადაძვრა. შორიახლოდან უყურებდა როგორ შევარდა ორი შეიარაღებული ნიღბიანი სახლში. საუბარს, ყვირილსა და სახლში დარჩენილის ცემას გულგრილად უყურა. არც მაშინ გატოკებულა, როცა ნიღბიანებმა თითქმის უსულო მდგომარეობაში მყოფს თავსა და ფეხებში ჩაავლეს ხელი. მანქანამდე მიათრიეს და სწრაფად დატოვეს ტერიტორია. მანქანის ნომერი ვერ დაინახა. ტალახი ისე საგულდაგულოდ გადაესვათ ყველა სიმბოლოსთვის, ძალიანაც რომ მოგენდომებინათ, შეუძლებელი იყო რამის გარჩევა. თავი 4 მთელი დილა უშედეგოდ ცდილობდა ანდრეასთან დაკავშირებას. კიდევ ერთი ზარით რომ უგულებელყოფილი დარჩა, ტელეფონი ჩანთაში ჩაჩურთა და გარეუბნის კაფეში შეაბიჯა. კარში შესვლისთანავე მისკენ მამაკაცი დაიძრა. სახეზე ისეთი შფოთვა და ნერვიულობა ეხატა, რთული იყო, ვერ შეემჩნია. - როგორ ხარ, თათი? - ფრთხილად გადაკოცნა, წელზე ოდნავ მოჰხვია ხელი და მაგიდისკენ გაუძღვა. - კარგად, მამუკა! ცოტა შემაშინე. - გვერდით მიჰყვა. დაელოდა, სანამ მამაკაცი სკამს გამოუწევდა და უცერემონიოდ ჩამოჯდა. ნელი ნაბიჯით მოუარა მაგიდას მეორე მხრიდან და ქალის პირისპირ მოკალათდა. - ყავა შევუკვეთე, კიდევ რამე ხომ არ გინდა? - ნერვიულად გადაიტარა შუბლზე ხელი მამაკაცმა. - არაფერი. - მუდამ ღიმილიანი და ხალისიანი მამუკა ისეთ დაძაბულობას ასხივებდა, კიდევ უფრო აღელდა ქალი. - მეტყვი რა მოხდა? - ყველაფერი სერიოზულადაა. - წვერზე ჩამოიტარა ხელი და თავისივე მუშტს დააყრდნო ნიკაპი. - მთავრობაში იციან, რომ ბავშვთა სახლის საქმეს იკვლევ. - ვიკვლევ? უბრალოდ კი არ ვიკვლევ, მალე მტკიცებულებებიც მექნება და იმ უდანაშაულო ბავშვებისთვის სიცოცხლის წართმევაში ვინც მონაწილეობა მიიღო, ყველა აგებს პასუხს. - თათია, არ გესმის, მგონი… შენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და შესაძლოა, სანამ მაგ მტკიცებულებებს მოაგროვებ... - სიტყვა გაუწყდა. - ჩემი მოკვლა უნდათ? - გულგრილად ჩაეცინა. დაუჯერებლად ეჩვენა კაცის საუბარი, თუმცა მისი ნერვიულობა მისივე საუბრის მიმართ უნდობლობის ნებას არ აძლევდა. - არჩევნები მოდის, გგონია, ვინმე გაცდის მაგ თემაზე ისაუბრო? გგონია, ეს ხალხი ადგება და ციხეში წავა? მაშინ, როცა ზოგიერთს არც კი დაუხედავს, ისე მოაწერა ხელი თავშესაფრის აშენების ნებართვას? - მამუკა, არ გესმის? მათ ჰქონდათ სეისმოლოგების დასკვნა. იცოდნენ, რომ მეწყერსაშიში ზონა იყო! იცოდნენ, რა დასასრული ექნებოდა ამ ამბავს, მაგრამ ამ ბავშვების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ხარჯზე ჯიბეები გაისქელეს და შედეგი თავადაც ნახე. თერთმეტი ბავშვია დაღუპული. უმეტესობის გვამი ისეთ მდგომარეობაში იპოვეს, ამოცნობაც შეუძლებელი იყო. ფიქრობ, ეს უნდა შერჩეთ? - მე ის ვიცი, რომ არ მინდა რამე დაგიშავდეს და კიდევ ის, რომ თავშესაფრის აშენების ნებართვაზე პრემიერ მინისტრის ხელმოწერაც არის. შენ ხომ იცი, თემური რაზეა წამსვლელი თავისი ბინძური საქმეების დასაფარად?! - ანუ, შენც ფიქრობ, რომ იმ ბავშვების სიცოცხლე არაფრად ღირს. - იმედგაცრუება დაეტყო. - მე ვფიქრობ, რომ იმ ბავშვებს აღარაფერი ეშველებათ და კიდევ მსხვერპლი არ ჭირდება ამ საქმეს. ვფიქრობ, რომ უნდა გაჩერდე, თათია. - არ ვაპირებ ამ უსაგნო კამათს. თუ ჩემი მოკვლა უნდათ, სცადონ! გაჩერებას არ ვაპირებ და შენც ტყუილად ცდილობ ჩემს გადარწმუნებას. - რატომ ხარ ასეთი ჯიუტი? რა ჯანდაბის გამო არ გინდა გაიგო, რომ ვეღარაფერს უშველი და თავს ტირის სამიზნესავით უყენებ მათ? - გმადლობ, რომ ეს ყველაფერი მითხარი, მამუკა. - მაგიდაზე უღონოდ დალაგებულ კაცის ხელებს თავისი ჩაჰკიდა. - ვეცდები უსაფრთხოების ზომები მივიღო, მაგრამ ტელევიზიიდან იმ ხალხის ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს არ მოვისმენ ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვის შესახებ, ვისი ხელებიც ბავშვების სისხლშია გასვრილი. - რა მოხდებოდა, ასეთი ჯიუტი რომ არ იყო?! - სევდიანად გაიღიმა, ქალის თითებს მაგრად მოუჭირა ხელები, ტუჩებთან მიიტანა და ნაზად აკოცა. - შენ რომ რამე დაგემართოს... - ისევ გაუწყდა სიტყვა, ამაზე საუბარი კი არა, წარმოდგენაც იმდენად აშინებდა. ვერცერთხელ შეძლო დაესრულებინა წინადადება. - დაცვა გჭირდება, რამდენიმე ბიჭს ავარჩევ და გამოგიგზავნი. - კარგი. - კაცის მღელვარება თავადაც გადაედო. მიხვდა, ამ წუთიდან თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობდა და უგემურად დაეთანხმა. - ჰო, კიდევ! შენ რომ გოგოზე მკითხე იმ დღეს, ანდრეა ჩაჩუაზე. - თითქოს ახლაღა გაახსენდაო, ისე, სხვათა შორის, თქვა. - თემური იყო დაინტერესებული მაგ გოგოთი. - მერე? - მაგის წყალობითაა გარეთ. რაღაცები მოვიძიე, მაგრამ არანაირი კვეთა არ აქვთ და მისი ამბით რატომ დაინტერესდა, არ ვიცი. - თან საუბრობდა, თან თითქოს პასუხებს თავადვე ეძებდა. - შენ საიდან იცნობ? - ვის, თემურს? - ანდრეა ჩაჩუას. - იმ ციხეში ვმუშაობდი, რომელშიც ის ამბები დაატრიალა, რის გამოც ფსიქიატრიულში ამოყო თავი. - შენი აზრით, შესაძლებელია ამ ამბების გამო გამოეშვა? მისი ხელით შეიძლება აპირებდეს, რომ შენ გაგისწორდეს? - მე? ანდრეას ხელით მოკვლას? - ხმამაღალი სიცილი ვერ შეიკავა და მამუკას გაოცებული მზერაც დაიმსახურა. - არა, მე და ანდრეა მეგობრები ვართ, ახლა კი არა, წლებია უკვე. - ალბათ, იმ ქალსაც ეგრე ეგონა, საავადმყოფოდან უხმაუროდ რომ გაჰყვა და მერე მის ქოხმახში ნახეს დაბრედილი. - უგემურად გააწკლაპუნა პირი. - ნინო ერქვა იმ ქალს და ჩემი მეგობარი იყო. - ფიქრებში იყო წასული. მხოლოდ იმიტომ ამოილაპარაკა, რომ მიხვდა, რაღაც აუცილებლად უნდა ეთქვა. - მკვლელიც შენი მეგობარია და მოკლულიც, ასეთები მარტო შენ ცხოვრებაში თუ მოხდება. - თავი გააქნია. - გრძელი და ჩახლართული ამბავია, თან სრულად მეც არ ვიცი, რა მოხდა, ამიტომ ვერაფერს მოგიყვები. - პაციენტის პერსონალური ინფორმაცია? - ოდნავ გაეღიმა. - ასეც შეიძლება ითქვას. - მაინც ფრთხილად იყავი მაგ ანდრეასთანაც და ყველასთან საერთოდ. - ფიქრში გართული თათიას ხელები ჯერ კიდევ საკუთარში ჰქონდა ჩაბღუჯული. - ანდრეას რომ ჩემი მოკვლა სდომოდა, ამის შანსი უკვე ჰქონდა. - ძალიან კი დამამშვიდე. - მარჯვენა ხელი მოაშორა ქალს და წინ დადგმული ყავის ფინჯანიდან ერთი ყლუპი მოსვა. - იქნებ, შანსი ჰქონდა, მაგრამ ბრძანება ჯერ არა? თათია, გთხოვ, დაფიქრდი, თუ გიღირს სიცოცხლით გარისკვა იმ ამბის გამო, რომელსაც აღარაფერი ეშველება, რა. - კიდევ რამდენიმე სიტყვა თქვა კაცმა, მაგრამ აღარ გაუგია. ქალის გონება სხვაგან ტრიალებდა ახლა. ფაქტებს აჯამებდა და ცდილობდა, რაღაც კვანძი ეპოვა, რომლის გახსნასაც ეცდებოდა. რთული აღმოჩნდა ახალ რეალობასთან შეჯახება, მიუხედავად ხმამაღალი უარყოფისა, ეჭვის ჭია ღრმად შეუძვრა ტვინში და ნელ-ნელა დაიწყო ხრა. მოწამლავდა ეს ფიქრები და ეჭვები, აუცილებლად მოწამლავდა, თუ სიმართლეს სასწრაფოდ არ დაადგენდა. *** - ქალბატონო მარიკა, სულ რამდენიმე წუთით გავედით საჭმელად. არც კი ვიცი, საეჭვო არაფერი ჩანდა. - სიტყვებს ძლივს აბამდა კაცი. მეწყვილესთან ერთად აწურული იდგა ოთახის შუაგულში. სკოლის მოსწავლეებს ჰგავდნენ, გაკვეთილებიდან გაპარვის დროს რომ გამოიჭირეს. - სულ რამდენიმე წუთი, არა? მაინც რამდენი? ათი? თხუთმეტი? რამდენად ცოტა წუთი შეიძლება დაჭირდეს ადამიანის გატაცებას საკუთარი სახლიდან? - ისეთი მრისხანება უელავდა თვალებში, რთული დასაჯერებელი იყო, რომ ვინმე უვნებელი გავიდოდა ოთახიდან. - ჩავფლავდით, მაგრამ გამოვასწორებთ ყველაფერს. ჩემი ბრალია! - როგორც იქნა, მეწყვილემაც ამოიღო ხმა, როცა მიხვდა, მხოლოდ ერთი ვერ გაუმკლავდებოდა სიტუაციას. - შენ ვინღა ჯანდაბა ხარ საერთოდ? - ბესო, მე ირაკლის მეწყვილე ვარ, ამ საქმეს ერთად ვაკეთებთ. - ბესო, ალბათ, გინდოდა გეთქვა, რომ ეს საქმე ერთად ვერ გააკეთეთ. - დიახ, ასე გამოვიდა. ჩავვარდით, უბრალოდ იმდენად არაფერი მომხდარა ეს დღეები, მოვდუნდით. - ჩინურ მასაჟზე ხომ არ დაგპატიჟოთ, რომ მხნეობა შეგმატოთ? - თვალები დააკვესა ქალმა. - ორი ახმახი იმისთვის დაგიქირავეთ, რომ ერთი გოგოსთვის უბრალოდ გეყურებინათ და ეგეც ვერ მოახერხეთ. ახლა მოდიხართ და რაღაც უაზრო ახსნა-განმარტებებს მაძლევთ და რას ელოდებით? ახლა ჩემგან რა რეაქციას ელოდებით, გარდა იმისა, რომ ორივე თავიდან მოგიშოროთ ისე, თქვენი ძვლებიც ვერ ნახონ? ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ამის გამკეთებელიც ვარ, თუ მას რამე დაუშავდა. - მალევე მივაგენით! ცხელ კვალზე გავყევით, არც ისეთი არაპროფესიონალები და უსაქმურები ვართ, თქვენ რომ გგონიათ. მის გადარჩენასაც შევძლებდით, საფრთხე რომ დამუქრებოდა, მაგრამ უკვე წასული დაგვხვდა, ის სი*იც, უკაცრავად, ის იდიოტი გამტაცებელიც ნაცემი დაუტოვებია. - ნახევრად ჩაფლავებულების ორდენს გადმოგცემთ, როგორც კი გამოიგონებენ. - ისეთი მზერით შეხედა ორივეს, თითქოს მათზე საცოდავი არავინ ჰყავდა ნანახი დედამიწის ზურგზე. - გამტაცებელმა რა თქვა, რაში სჭირდებოდა ანდრეა?! - საინტერესო არაფერი უთქვამს. ვიღაცამ გადაუხადა, რომ ანდრეა იმ სახლში დაეტოვებინა. დამკვეთის ვინაობა არ იცის. - სახლი ვის ეკუთვნის? - მიგდებული ქოხმახია, სავარაუდოდ, შემთხვევით არჩეული. - ადამიანი გაიტაცა და დამკვეთის ვინაობაც არ იცის, არა? - ინტერნეტის ხანაში ნამდვილად არ არის არარეალური. ათასი საიტია, სადაც ნებისმიერ დავალებას შეასრულებენ, კარგად თუ გადაიხდი. - ქვეყანა კი არა, ჯუნგლებია. სრული საგიჟე. - გაცხარება ისე აშკარად ეტყობოდა, დამალვასაც აღარ ცდილობდა. - ესე იგი, დარწმუნებული ხართ, რომ გამტაცებელმა სიმართლე თქვა? - ისე მოვაქციეთ, ტყუილის თქმის თავი ნამდვილად არ ჰქონდა. - კმაყოფილებით დაიხედა მუშტებზე. - თან პროფესიონალს აშკარად არ ჰგავს, ისიც კი არ იცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე, რომ უკეთ მომზადებულიყო. - იპოვეთ ანდრეა. თუ უსაფრთხოდაა, ორივე დათხოვნილი ხართ. თუ რამე დაემართა, ორივე მკვდარი. - წარბის აწევით გადახედა, მათი მოსმენაც აღიზიანებდა. - და იმას რა ვუყოთ? - ვის? - გამტაცებელს. ჯერ კიდევ საბარგულშია და კაცმა არ იცის, ისევ ცოცხალია თუ არა. - თუ რამის თქმა შეუძლია, ათქმევინეთ. თუ არადა, ცოცხალი თქვენი პრობლემაა და მკვდარი კიდევ უფრო დიდი პრობლემა. - მაგრამ... - თუ ადამიანის არც სიცოცხლეში და არც სიკვდილში არ ვიხდი, ნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაინტერესებს. გასაგებია? - ბესოს მიუახლოვდა და მის ყურთან ახლოს ჩაისისინა. - გასაგებია. - თავი ოდნავ დახარა კაცმა. შეუძლებელი იყო ამ ქალის წინ წარბშეუხრელად მდგარიყავი. უცნაური ქალი იყო მარიკა, თითქოს ყველა ადამიანური ემოციისგან დაცლილი, ურეაქციო. მუდამ საქმიანი სახე ჰქონდა და ყოველთვის ერთ ტონალობაში საუბრობდა, თუ წყობიდან არ გამოიყვანდა ვინმე. მის შესახებ უამრავი ჭორ-მართალი დადიოდა ქალაქში. ზოგი აღფრთოვანებული იყო მისით, როგორც საქმიანი ქალისა და საჯარო მოხელის საქმიანობით, მეორე ნაწილს კი სძულდა იმ ადამიანობის გამო, რომელიც თითქოს არ გააჩნდა, იმდენად არსად არ აჩენდა. მისი არც თუ სუფთა წარსულიც ხშირად იყო განხილვის საგანი, თუმცა არავის ჰქონდა ფაქტები მარიკას წარსულის შესახებ, ამიტომ ყველა კულუარული საუბარი ისევ კულუარებში რჩებოდა და ქალსაც არასოდეს ჩაუთვლია საჭიროდ, რომ პასუხი გაეცა მათთვის. *** “სწორედ ეს იყო მისი სნეულებისა და სატკივარის მიზეზი: “აღარაფრის და არავის სიყვარული, რომ არ შეეძლო” - ჰერმან ჰესე. მანქანით მიუყვებოდა სახლის გზას და თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა. მამუკას ეჭვებმა თავადაც გაუღვიძა ეჭვის ჭია. ერთი მხრივ, ანდრეასგან ყველაფერს ელოდა. მეორე მხრივ, სჯეროდა, ანდრეას ჰქონდა საკუთარი მორალი, შესაძლოა, სხვებისთვის გაუგებარი და მიუღებელი, მაგრამ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. თათია იქნებ იმაზე უკეთ იცნობდა ანდრეას, ვიდრე ის იცნობდა საკუთარ თავს. მისი გაცნობის დღიდან მოყოლებული გაუგებარი ემოციები ჰქონდა გოგონას მიმართ. ებრალებოდა უსამართლობას შეწირული ახალგაზრდა სული. მოსწონდა მისი ბრძოლისუნარიანობა, აღაფრთოვანებდა ანდრეას ბრძოლა გადარჩენისთვის და უყვარდა მასში ადამიანი, რომელიც მუდამ თავისებურად იბრძოდა სიმართლისთვის. მეორე მხრივ, აღიზიანებდა ანდრეას ცინიზმი, მისი თავდაცვის უნარები და ბრძოლის ხერხები. არ ეთანხმებოდა, თუმცა გულის სიღრმეში ესმოდა მისი. ხედავდა დაუცველ არსებას, რომელიც მარტო ცდილობდა ცხოვრებასთან ჭიდილს. მთელი ცხოვრება ცდილობდა საყვარელი ადამიანები დაეცვა და საბოლოოდ, მაინც ყველაფერს კარგავდა. ათასჯერ მაინც უფიქრია, თავად თუ გაუძლებდა იმდენს, რამდენიც ანდრეამ გადაიტანა და თუ შეძლებდა ადამიანად დარჩენილიყო. იმ სტატუსების მიღმა, რომელიც ათასჯერ უნახავს ეშმაკის პირად საქმეში: "მკვლელი" ,"მოძალადე" ,"ფსიქიურად არამდგრადი"... აღიქვამდა თვრამეტი წლის ახალგაზრდას, რომლის ცხოვრების დანგრევაში ათობით ადამიანმა შეიტანა წვლილი და შედეგად ეშმაკის არსებობა მიიღო. ამ ფიქრებში გართული მიუახლოვდა სახლს. მანქანიდან რომ გადმოვიდა და კარი მიხურა, შორიდანვე მოკრა თვალი კართან ჩამომჯდარი ადამიანის ფიგურას. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და თვალდახუჭული, კარზე თავმიყრდნობილი ანდრეა რომ შეამჩნია, ფეხს აუჩქარა. - კარგად ხარ? - სასწრაფოდ დაიხარა მასთან. სახეზე მოკიდა ხელები და სისხლის ლაქებით დასვრილი ტანსაცმლის დანახვისას გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა. - თავი მტკივა. - ოდნავ დააშორა თვალები ერთმანეთს და ხმადაბლა ამოილაპარაკა. - საავადმყოფოში წაგიყვან. - არა, სახლში კარგად ვარ. - ფრთხილად ჩაებღაუჭა ქალის ხელს და ფეხზე წამოდგა. - ნაცემი ხარ? - თვალები გაუფართოვდა, მხრის ქვემოთ შეუდგა და სახლში შეიყვანა, დივანზე ჩამოაჯინა. - არა, ერთხელ დანარტყამი. - ოდნავ გაიღიმა. - მგონი, ტვინის შერყევა მაქვს. სოფისთან ვერ მივიდოდი, ანდრეას შეშინება არ მინდოდა და სხვაგან არ ვიცოდი სად წავსულიყავი, ექიმო. - დაწექი, მოგხედავ. - ბალიშები გაუსწორა და დივანზე წამოაწვინა. სრულებით არ ანაღვლებდა თავისი ეჭვები, ვერც კი ფიქრობდა ვერაფერზე, გარდა ანდრეას დახმარებისა. ტკივილგამაყუჩებლები დაალევინა, თავი შეუკრა და მის ფეხებთან ჩამოჯდა. - თავზე უნდა გადაიღო. ტვინის შერყევა გექნება და ვინ იცის, კიდევ რა დაგიზიანდა. - აბაა, ეს დალაგებული გონება რომ ამერიოს, ხომ დავიღუპებით?! - სასაცილო არ არის, ანდრეა. - სულ მინდოდა ანგელოზობა, შარავანდედიღა მაკლდა და ეგეც დამადგი! - ბინტით შეხვეული თავზე მიიკაკუნა ხელი. - ძალიან გტკივა? - წუხდა თათია. - არა, ცოტა გამიარა. - მომიყევი, რა მოხდა. - დივნის საზურგეს დაეყრდნო მარჯვენა იდაყვით და ყურადღებით დააკვირდა. - არ ვიცი, ვიღაცამ ბიტა ჩამარტყა თავში. - რატომ? - ხომ გითხარი, არ ვიცი-მეთქი. შეგიძლია დამარეკინო? - ვისთან? - სოფისთან. ტელეფონი არ მაქვს. აქამდე ასჯერ დარეკავდა, შეიძლება სახლშიც მისულიყო და ინერვიულებს, იქაც რომ არ დავხვდები. - ოდნავ გაეღიმა ანდრეას დაბნეულ საუბარზე და ტელეფონი მიაწოდა. სულ რამდენიმე სიტყვით უთხრა, რომ მეგობართან იყო. ტელეფონი თან არ ჰქონდა. ამასთან, არავის ნახვა არ სურდა. შემდეგ კი ისე გათიშა, სოფის საუბრის გაგრძელების საშუალებაც არ მისცა და უკან დაუბრუნა აპარატი თათიას. - მომიყევი, რა მოხდა! - აშკარა იყო, ქალი დანებებას არ აპირებდა. სანამ ყველაფერს არ მოისმენდა, არ გაჩერდებოდა. - ღამით სოფი და ანდრეა რომ წავიდნენ, დივანზე ვიჯექი. თვალები მქონდა დახუჭული. ფეხის ხმა მომესმა. ვიფიქრე, შენ იყავი, თავზე რომ დამადგა და ხმა არავინ ამოიღო, თვალი გავახილე. ვიღაც ტიპი იყო, თავში ბიტა ჩამარტყა. მერე სადღაც სახლში გავიღვიძე, ჟგუტით ვყავდი დაბმული ტიპს. - თვითონაც გაეცინა, რომ გაახსენდა. - გავწყვიტე და ცოტა შემოვარტყი. მე არ ვიცნობ. თვითონაც მითხრა ვიღაცამ დამიქირავაო, მაგრამ არ ვიცი, ვინო. რაღაც ყალთაბანდების სოციალურ ქსელში მიპოვაო და აქ უნდა მენახაო. მერე დავტოვე, წამოვედი. რაღაც ვერ დავმეგობრდით. - პოლიცია რატომ არ გამოიძახე, ადამიანო? - დამცინი? - ისე გაოცებული მიაჩერდა, თითქოს შეურაცხყოფა მიაყენეს. - უსაფრთხოდ რომ არ ხარ, ხვდები? - უსაფრთხოდ კი არა, ვიღაც ტიპები მოვიდნენ იმ სახლში. იმ უბედურს ისევ ურტყეს, მე მეძებდნენ. - ერთი წუთით ჩაფიქრდა. - ეკითხებოდნენ, თქვი სად არის, ხომ არაფერი დაუშავეო. იმის წარმოდგენაც კი მაშინებს, რომ ჩემს გადასარჩენად მოვიდნენ. - და ვინ გეგულება ისეთი, შენ გადასარჩენად რომ მოსულიყო? - დაეჭვებით შეხედა. - არავინ. - ბოლომდე მიეყრდნო ბალიშს, თვალები დახუჭა. - მე კი მეგულება. - ვინ? - ის, ვინც ფსიქიატრიულიდან გამოგიყვანა. - ხომ გითხარი, რომ არ ვიცი, ვინ გამომიყვანა?! - თვალები გაახილა, ავად ენიშნა თათიას ეჭვიანი საუბარი. - მე ვიცი და შენ - არა? - იცი? მითხარი მერე! - თემურ ჩხაიძემ! - აზრზე არ ვარ, ვინ არის. - პრემიერ-მინისტრი, ანდრეა. - და რაში ედარდებოდა ჩემი ან გამოყვანა, ან იქ დატოვება? - მე მეკითხები? - არა, მოჩვენებას, რომელსაც შენს უკან ვხედავ. - სასაცილო არ არის! - თათია, შენ მეუბნები ვინ გამომიყვანა იმ ოხერი ადგილიდან და ბუნებრივია, შენ გეკითხები რატომ გამომიყვანა, აბა, ვის ვკითხო? - ესე იგი, არ იცნობ. - ხომ გითხარი, რომ არ ვიცნობ! თუ მახსოვრობა არ მღალატობს, რა თქმა უნდა. - არ მჯერა. - მეღადავები? რატომ უნდა მოგატყუო? - იმიტომ, რომ ყოველთვის მატყუებ. - ფეხზე წამოდგა. ნერვიულობდა. რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა ოთახში. - მითხარი, რას ფიქრობ, რა შეთქმულების თეორია გიტრიალებს მაგ ჭკვიან თავში! - მიხვდა, თათიას რაღაც აეჭვებდა და მოსვენებას სწორედ ეს უკარგავდა. - არ ვიცი, შემიძლია თუ არა, რომ გენდო, ანდრეა. - თითქოს სესხის ასაღებად თავდებში ჩადგომას გთხოვდე. - ხუმრობით სცადა იმ ნეგატივის არიდება, რომელსაც ახლა თათია ასხივებდა. - ვტყუი. ვიცი, რომ არ უნდა გენდო. - მისკენ მობრუნდა, წელზე შემოირტყა ხელები და დანანებით გადააქნია თავი - და რატომ არ უნდა მენდო? - იმიტომ, რომ შენ არ მენდობი! - ჩემი ოჯახის მერე პირველი ხარ, ვისთანაც მივედი. შენს გამოწერილ წამლებს ისე ვსვამ, სახელიც კი არ ვიცი არცერთის. ვის ვის და შენ არ გაქვს უფლება უნდობლობაზე მისაყვედურო. - დივანზე წამოჯდა, თავი დახარა. - ნუ დგები! - ნუ ერევი! - გეყოფა! დაწექი-მეთქი! თორემ სასწრაფოს გამოვიძახებ და ძალით წაგათრევ საავადმყოფოში. - მემუქრები? - კი! - თვითკმაყოფილი ჩანდა თათია. - არასდროს შემიმჩნევია შენი თავხედობაში გადაზრდილი თავდაჯერებულობა. - ხმამაღლა გაიცინა და თავის ტკივილმა სახე დაუმანჭა. - შენ ცნობილი ხარ იმით, რომ ვერაფერს ამჩნევ! - რა გინდა, ვერ გავიგე. - თათიას ბრაზიანმა ტონმა გაამხიარულა. - გულწრფელობა, ანდრეა. თუ გინდა რომ მე გენდო, შენც უნდა მენდო. - დაგიმტკიცო, რომ გენდობი? როგორ? დავიფიცო? ტყუილზეც რომ დავიფიცო, ვერ მომიკვდება. - მომიყევი ყველაფერი თავიდან ბოლომდე; მომიყევი და მეც მოგიყვები რატომ მემუქრება ახლა საფრთხე. რატომ მგონია შენი გარეთ ყოფნა ამის ნაწილი. შენ საუბარი გჭირდება, ანდრეა. შენს ფსიქიკას სჭირდება! სიმართლე გითხრა, ახლა მეც ისე მჭირდება რომ მესაუბრო, როგორც არასდროს. - თავიდან ბოლომდე? ფიქრობ, ამის მოსასმენად მზად ხარ? ან მე ვარ მოსაყოლად მზად? დარწმუნებული იმაშიც კი არ ვარ, რომ ყველაფერი მახსოვს. - მომეცი უფლება დაგეხმარო და ჩემს თავსაც დავეხმარო, სანამ ორივე ცუდად დავასრულებთ. თუ არ ილაპარაკებ, წარსულს ვერ გაუშვებ და თუ წარსულს ვერ გაუშვებ, მომავალი არ იქნება! არ გინდა, ცხოვრება თავიდან ისწავლო? - მის სახესთან დაიხარა, ხელებზე ხელები ჩაჰკიდა და კითხვის ნიშნებით სავსე მზერით ჩააჩერდა თვალებში. - ამ ეტაპზე მხოლოდ ახალი გინებების სწავლა მინდა. - უგემურად დაიჭყანა, ხელები გამოაცალა თათიას და ისევ დივანზე მიწვა. - იდიოტო, არასდროს იგინები! - ჩაეღიმა. მიხვდა, ანდრეა საუბრის წინააღმდეგი არ იყო. - ხო, მოკვლით ვიმუქრები, რადგან არ მიყვარს ისეთი რამის თქმა, რასაც ვერ შევასრულებ. თათიამ დაიჭირა გარდამავალი წუთი. ის მნიშვნელოვანი წუთი, როცა შეეძლო ეშმაკის ამბავი მოესმინა. მის მიერ აშენებულ კედლებს ჯერ ბზარი გაუჩინა ქალმა, ახლა კი ერთადერთი სწორი ნაბიჯით შეეძლო ბოლომდე ჩამოენგრია და ინფორმაციის უშრეტ წყაროს შეჰხებოდა. იქნებ, ის უფრო სურდა, რომ ანდრეა უკეთესად შეეცნო?! - თვალები დახუჭე. - გოგონას ქუთუთოებს ისე ჩამოუსვა ხელი, რომ მისთვის თვალები დაეხუჭა. - საერთოდფსიქოლოგი ნაცნობი არ უნდა იყოს, მაგრამ რაკი წესისამებრ არაფერს აკეთებ, ერთ დარღვევასაც არაუშავს. - დივნის წინ, სარწეველა სავარძელში ჩაჯდა და თვალდახუჭულ ანდრეას მიაჩერდა. - მელაპარაკე ისე, თითქოს ერთმანეთს არ ვიცნობთ; ისე თითქოს სიზმარს მიყვები; ისე, თითქოს მარტო ხარ. რომ დაასრულებ, ნახავ როგორ გათავისუფლდები.- თათიას ხმა მშვიდი იყო, აუღელვებელი. რამდენიმე წუთით დუმდა. ღრმად სუნთქავდა. აზრებს ალაგებდა, რამდენადაც ანდრეას გონებაში მისი დალაგება იყო შესაძლებელი. ღრმად ამოისუნთქა, ქუთუთოები კიდევ უფრო მაგრად დააჭირა ერთმანეთს და საუბარი დაიწყო. ჰო, დაიწყო, რადგან აუტანელი გახდა ყოფა. -ძალადობის ნაყოფი ვარ. ზიზღის, სიძულვილის. - ყბები კატასტროფულად დაეჭიმა. აშკარა იყო, როგორ უჭირდა საუბარი. - მამაჩემი ციხის უფროსი იყო, დედაჩემი - პატიმარი. მამაჩემმა დედაჩემი გააუპატიურა. - თათია მიხვდა, რამდენად მძიმე საუბარი ელოდათ. მიხვდა, იმის მეასედიც არ იცოდა ანდრეას ცხოვრების შესახებ, რაც წარმოედგინა. - დედაჩემი დაორსულდა. ბავშვი არ მოიშორა, მაგრამ გაჩნდა თუ არა, ვიღაცის კართან დატოვა და ასე დაიწყო ჩემი უთვისტომო ცხოვრებაც. მივიღე სახელი, რომელიც არ მეკუთვნოდა და გვარი, რომელიც ასევე არ იყო ჩემთვის. - ისეთი სევდა იგრძნობოდა ახლა ანდრეას ხმაში, აქამდე რომ არასდროს მოუსმენია მსგავსი. - გამიმართლა გამზრდელ მშობლებში. კარგი ადამიანები იყვნენ, იმდენი რამ ჩადეს ჩემში, გამუდმებით მქონდა შეგრძნება, რომ ვერასდროს გადავიხდიდი მათ ვალს. მე და მამაჩემი ვგიჟდებოდით ერთმანეთზე. მუდამ თან დავყავდი. მეც არასდროს ვშორდებოდი გვერდიდან. მამაჩემი დიდებული კაცი იყო. - სიამაყე გაუკრთა ხმაში. - ქეთა სოფის მძიმე ვერსია იყო. ჰიპერმზრუნველი, ჰიპერაქტიური, უცნაურად თბილი და მოსიყვარულე. ახლა რომ სოფის ვუყურებ, ქეთას ალი-კვალია. - უცნაური სითბო წამოვიდა ანდრეას ბაგეებიდან. თვითონაც იგრძნო, რაღაც დადებითი იმპულსები როგორ წამოვიდა ტვინიდან და ფეხებამდე ჩავიდა, ამიტომ თემის განვრცობას მოერიდა და უეცრად გაჩუმდა. - მოკლედ, იმხელა სიყვარულში გავიზარდე, თავი სამყაროს ეპიცენტრი მეგონა. - რამდენიმე სიტყვით აუარა გვერდი ამ თემას. - სკოლა ოქროს მედალზე დავასრულე. ვცდილობდი, კარგი შვილი ვყოფილიყავი, ჩემი მშობლების ამაგი რომ გადამეხადა და ყველაფრი კარგად იყო. ჰო, სანამ ერთ მშვენიერ დილას, ჩემ დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე, შემთხვევით არ აღმოვაჩინე ჩემი შვილად აყვანის საბუთები. - უსიამოვნებამ მთელ ტანში დაუარა. ახლაც ისე ეტკინა ის წუთი, როგორც იმ დღეს. აუტანელი გახდა უჟანგბადობა. - მაშინ პირველად ჩამოინგრა ჩემი პიროვნება. მივხვდი, რომ მხოლოდ სხეული შემომრჩა ძველი ანდრეასგან. ერთ წამში ყველაფერი ტყუილი და თამაში მეჩვენა. ყველა კოცნა, ყველა ჩახუტება, ყველა დაძახებული "შვილო". ყველაზე და ყველაფერზე გავბრაზდი: ღმერთზე, სამყაროზე, ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ მშობლებზე, სოფიზეც კი, რომელიც დედმამიშვილზე მეტად მეორე დედასავით იყო ჩემთვის. მომეჩვენა, რომ ყველა მატყუებდა. - სიმწრით ჩაეცინა. - არ მინდოდა, რამე ისეთი მეთქვა, რითაც ჩემს მშობლებსაც ისე მოვუკლავდი გულს, როგორც მე მქონდა იმ წუთას მკვდარი, ამიტომ გადავწყვიტე წავსულიყავი. უნდა გამეანალიზებინა მოცემულობა, ჩემი ბრძოლა იყო ეს. ამის გამო, სანამ არ დავმშვიდდებოდი, იქამდე არც ვგეგმავდი დაბრუნებას. - პატარა ანდრეას განცდები მთელი არსებით შეიგრძნო თათიამ. თითქოს მის ტყავში შეძვრა იმ წუთს და გული მოეწურა. - მაშინ დავუშვი ჩემი ცხოვრების პირველი და მეორე შეცდომა. - ღრმად ამოიოხრა და საუბარი განაგრძო. არადა, არ იყო მარტივად გასახსენებელი. - პირველი ის იყო, რომ სიყვარულისა და მადლიერების გრძნობა ბრაზმა და წყენამ გადაფარა ჩემს გულში. მადლიერი უნდა ვყოფილიყავი მეორე შანსისთვის, რომელიც ღმერთმა ჩემი გამზრდელი მშობლების სახით მომცა. - ძლივს მოსწყვიტა ბაგეებს სიტყვები. - მეორე შეცდომა კი მარტო დარჩენის სურვილი იყო. ამ ქვეყნად არავინ უნდა იყოს მარტო თავის ტკივილებთან. - თათია ჩუმად ისმენდა ეშმაკის მონოლოგს და პირველად იყო, თვალები რომ ვერ გადმოსული ცრემლების გამო უბრჭყვიალებდა. არ უნდა ეტირა, გულამდე არ უნდა მიეშვა ანდრეას სიტყვები. ეს არ იყო სწორი, მისაღები. ასე ფსიქოლოგები არ იქცევიან, ყოველ შემთხვევაში არ უნდა მოქცეულიყვნენ. - ჩემი შეცდომები იქით გადავდოთ. - ჩაახველა და უფრო ომახიანად განაგრძო. - სახლიდან რომ წავედი, ბებიაჩემის სახლში მივედი, ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული რომ არავინ იყენებდა. აზრებს ვალაგებდი. მარტივი არ იყო გაუცხოვებულ ორეულთან შეგუება. მიჭირდა ანდრეა ჩაჩუას მიღება, მისი ნამდვილობა რომ აღარ მჯეროდა. დიდხანს გამიგრძელდა ტანჯვა, თუმცა საბოლოოდ სწორ გადაწყვეტილებამდე მივედი. გადავწყვიტე მადლიერი ვყოფილიყავი, იმით რაც მქონდა; იმის, ვინც მყავდა. ახლა უკვე ვიცოდი სიმართლე და შემეძლო ნამდვილი ანდრეა ჩაჩუა ვყოფილიყავი ნამდვილი სამყაროთი. - ჩაეღიმა. ბავშვობის მოგონებების სიმწარეც კი, სიტკბოდ ქცეულიყო. - ვღელავდი, ვიფიქრე, მშობლებთან გულწრფელად საუბარს ცრემლების გარეშე ფხიზელი ვერ მოვახერხებდი, ამიტომ მეგობრებთან ერთად წავედი ბარში დასალევად. პირველად დავლიე იმ დღეს, პირველ მსხვერპლსაც იქ შევხვდი. სინამდვილეში მსხვერპლი მე უნდა ვყოფილიყავი. - ისევ დაეძაბა სახე. - ის ჩემს გაუპატიურებას ცდილობდა ბარის ტუალეტში. მე თავს ვიცავდი, ის არ ჩერდებოდა. მე ვერ ვიშორებდი. ძალიან ავნერვიულდი, შემეშინდა... სასოწარკვეთილი ვიყავი, ამიტომ არ მახსოვს საიდან დავინახე ის წყეული ბოთლის ნატეხი. სისხლი რომ სახეში შემომესხა, მაშინ გამოვფხიზლდი. დაყვირება მინდოდა, მინდოდა მეშველა, მაგრამ ენა ჩამივარდა. სისხლი ჩანჩქერივით მოჩქეფდა, თვალებსა და ტუჩებზე მესხმებოდა. ვუყურებდი. ვხვდებოდი, რომ ვეღარაფერს ვუშველიდი. მე კაცი მოვკალი. მკვდარს კი ვერ გააცოცხლებ, ვერ დაუბრუნებ სიცოცხლეს, რომელიც მოიპარე… ჰო, არ მახსოვს, როგორ მოვიშორე სხეულიდან მისი უსულო გვამი და დარბაზში გამოვედი. მაშინვე გამოიძახეს პოლიცია და წინასწარი დაკავების იზოლატორში გამგზავნეს. ჩემმა "მეგობრებმა" პოლიციასთან და გარდაცვლილის ოჯახთან პრობლემები არ ისურვეს და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. ჩემი ჩვენება კი ჩემ თვალწინ დახიეს და ნაგავში მოისროლეს. თან გამაფრთხილეს, თუ მე არ ვაგებდი პასუხს მკვლელობისთვის, ჩემი ოჯახი აგებდა. ჩემს სასამართლოზე მხოლოდ ბარის დამლაგებელი და ბარმენი მოვიდა, რომელთაც არაფერი დაუნახავთ, მაგრამ ერთი დაუწერელი კანონი იცოდნენ , "მკვდარი ყოველთვის მართალია". - ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. ისე საუბრობდა, თითქოს სხვის ამბავს ჰყვებოდა. - ჩვენებას ვეღარ მივცემდი, ჩემს ოჯახს საფრთხეს ვერ შევუქმნიდი. არც არაფრის თქმას ჰქონდა აზრი, მათ მოწმეები ჰყავდათ, მე არა. მათ გავლენა ჰქონდათ, მე არა და, რაც მთავარია, ის მკვდარი იყო, მე კი - ცოცხალი. - ზიზღით დაებრიცა ტუჩები. - აბა, მითხარი, ვინ დაუჭერდა მხარს უბედურ ცოცხალს? ჩვენს ქალაქს ხომ მკვდრები უყვარს?! - რიტორიკულად იკითხა და ეს ამბავიც აქ შეაჩერა. აღარ იყო საჭირო პათეტიკა ან გლოვა. სადღაც რაღაც უნდა აკმარო თავს. სადღაც მრავალწერტილის ნაცვლად ერთი დიდი წერტილი უნდა დასვა. - მალევე გამასამართლეს და ათი წელი მომისაჯეს. - არ ვბრაზობდი ჩემი სასჯელის გამო. შევეგუე აზრს, რომ მომდევნო ათ წელს ციხეში გავატარებდი. ასე თუ ისე, მე მკვლელი ვიყავი და პასუხი უნდა მეგო ჩემი დანაშაულისთვის. - რამდენიმე წუთით ისევ გაჩუმდა, გონება დაძაბა. გახსენებას ცდილობდა. - პირველად ბათუმის ციხეში მიმიყვანეს. მაშინვე უფროსის კაბინეტში შემათრიეს და საშინლად მცემეს. მცემეს არაფრის გამო ან შეიძლება რაღაცის. თუმცა არავის აუხსნია მიზეზი. ბატონ ლაშა მესხიშვილს უბრალოდ უნდოდა დაემტკიცებინა, რომ ჩემზე ძლიერი იყო, რომ აქ ის იყო უფროსი და ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც მას სურდა.- ჩაეცინა. ლაშაზე საუბრისას ზიზღი გადაეფინა სახეზე. მისი სიძულვილისგან ჯერ კიდევ არ იყო გათავისუფლებული ეშმაკი. - სულიერ ტკივილებს ფიზიკურიც რომ მიამატეს უსამართლოდ, მივხვდი, როგორ შემზიზღდა ადამიანთა მოდგმა… გათელვისთვის, გახრწნისთვის, განადგურებისთვის. სხვა არცერთ სულიერს არ შეუძლია ყველა მხრივ ერთნაირად განადგურებდეს. - ისე საუბრობდა ადამიანთა მოდგმაზე, ვითომ თვითონ სულაც არ ეკუთვნოდა მათ. - ცემის შემდეგ ლაშამ რაღაც მკითხა. კითხვის შინაარსი არ გამიგია, არც მაინტერესებდა. ავდექი და სახეში შევაფურთხე, რომ ჩემი ზიზღი მეჩვენებინა, რომ ენახა ვერცერთი ცემით ვერ შემაშინებდა. ვერაფერს დამპირდებოდა იმაზე უარესს, რაც უკვე მჭირდა. - მაშინ ვერაფრით გავიგე რატომ, მაგრამ ლაშამ რამდენიმე წუთი ისე მიყურა, სახეც არ მოუწმინდავს. მერე ფეხზე წამომაყენა, წყალი მომაწოდა და კამერაში გამგზავნა. ისე გამგზავნა, აღარაფერი უთქვამს, მაგრამ მას შემდეგ ხელიც არასოდეს დაურტყამს ჩემთვის. - თითქოს ამოისუნთქა, მისი ცხოვრების ეს ნაწილიც სიტყვებს გაატანა და ენერგიით შეივსო. - მერე ციხის ცხოვრება დაიწყო. იცი როგორია იქ? შიგნით, კამერებში და კაბინეტებს მიღმა? ყოველი დღე ბრძოლაა თვითგადარჩენისთვის. მით უმეტეს, როცა პირველად შედიხარ ციხეში, თან ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი ხარ. იქ ან სცემ, ან გცემენ. ან დაჭრი, ან დაგჭრიან. ან მოკლავ, ან მოგკლავენ. იქ ღირსებას ყოველდღიური ბრძოლით ინარჩუნებ და მტრების რაოდენობაც ყოველდღიურად იზრდება. ამიტომ ვეხვეოდი ხშირად შარში, საჩივრებიც მოგროვდა თანდათან. დაუმორჩილებელი პატიმრის იარლიყიც მომაკრეს თავისუფლად. მშობლები ცდილობდნენ ჩემს ნახვას. თუმცა ვიცოდი, გაანადგურებდათ ჩემი გისოსებს მიღმა ხილვა. მეც გამანადგურებდა მათ თვალებში რომ იმედგაცრუება მენახა, ამიტომ სჯობდა სცოდნოდათ, რომ მძულდნენ. სხვანაირად არაფერი იქნებოდა ადვილად ასატანი. ასე ციხეშიც იცოდნენ, რომ არავინ მყავდა და ვერავინ მევაჭრებოდა მათი უსაფრთხოებით. მოკლედ, კიდევ ერთხელ დავრჩი მარტო სამყაროს პირისპირ, კიდევ უფრო მეტი ჭრილობით და სულს ისევ არავინ შეუბერავდა ჭრილობებზე პატარა, განებივრებულ ანდრეას. სამი წელი გავატარე ბათუმის ციხეში. ერთ დღესაც ციხეში ბუნტი ატყდა. ბუნტი, რომელსაც პატიმარი ორგანიზატორი სულაც არ ჰყავდა და, მეტიც, ამ ბუნტის შესახებ მხოლოდ პატიმრების მცირე ჯგუფმა იცოდა. ბუნტის დროს ციხის უფროსი მოკლეს. ხელი კი ისევ სამყაროს ყველაზე დაბალ ფენას, პატიმრებს შეგვახოცეს და სხვადასხვა მკაცრი რეჟიმის კოლონიებში დაგვანაწილეს. ბუნტის ორგანიზატორი პატიმარი გაათავისუფლეს, რადგან მან მიზანს მიაღწია. დავალება მიიღო და შეასრულა. მაშინ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ სამართალი არავის სჭირდება, ამიტომ ჩვენება ისევ არ მიმიცია. კვლავ გავჩუმდი. - თვალები გაახილა და თათიას შეხედა, რომელიც ერთ ადგილზე მიყინულივით იჯდა. მოეჩვენა, რომ არც სუნთქავდა და ნიავიც არ ურხევდა ლამაზ თმებს. - მერე თქვენთან მოვედი. თბილისის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. აქ ციხის უფროსის გარდა, ციხის "მაყურებელს", ანუ ლიდერ პატიმარსაც არ მოვუვედი თვალში. მით უმეტეს, ჩემი სახელი უკვე სმენოდა. მისვლის დღესვე ბრძანა ციხის უფროსმა კარცერში ჩემი ჩაყვანა, რომ ჭკუა ესწავლებინა და აქ იმდენი ვერ გამებედა, რამდენსაც ბათუმში ვბედავდი. ისევ არ გამიმართლა, ციხის ყველაზე ცივსისხლიანმა ბადრაგმა, პაატა ბეგალიშვილმა ჩამათრია კარცერში და ისე მცემა, იატაკიდან გვერდების ათრევა მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შევძელი. ცოტა მოვღონიერდი თუ არა, ზემოთ ამიყვანეს და ამჯერად ციხის "მაყურებელმა", ანუ ქალბატონმა თამარმა დამიბარა თავისთან. მითხრა, ან ჩემს გუნდში ხარ, ან ჩათვალე, მტრები გყავსო და მეც მეორე ვარიანტი ავირჩიე, რადგან ფიზიკურთან ერთად სულიერ დამონებასაც ვერ ავიტანდი. ასე დაიწყო ჩემი და თამარის მტრობა, რომელსაც მთლიანობაში რამდენიმე ჩხუბი, რამდენიმე დაჭრა და საბოლოო ჯამში, თამარის სიკვდილი მოჰყვა. გემახსოვრება ეს ამბები. - კარცერში ჩაყვანილ პატიმრებთან შეხება არასდროს მქონია. არ ვიცოდი, ქვემოთ რა ხდებოდა. არც შენ მოგიყოლია, როცა იქედან ამოსული ჩემთან სიარულს აგრძელებდი. - ამჯერად თვითონ დახუჭა თვალები, საკუთარ თავში ამორალურობის შეგრძნებამ ყელში წაუჭირა. - და არც ის ვიცოდი აქამდე, რომ თამარი შენ მოკალი. - ჰო, მოვკალი, რადგან ჩვენ შორის ერთი უნდა მომკვდარიყო და მე დავასწარი. - ისე ჩაილაპარაკა, თითქოს კმაყოფილებას გრძნობდა იმის გამო, რაც გააკეთა. - გავაგრძელოთ. ციხემ ჩემი იქ ყოფნის პერიოდში რამდენიმე უფროსი შეიცვალა. მათ შორის, ერთი თავად ვცემე, რადგან ისევ სცადეს ჩემი გაუპატიურება. მისი ცემა არ მინანია. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ორი თვე ვიყავი კარცერში და თითქმის ყოველ დღე მცემდა ზემოთ ხსენებული პაატა. გახსოვს პაატა? - რა თქმა უნდა, მახსოვს. ისიც მახსოვს, მაშინ ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე უარს რომ ამბობდი და შენი დახასიათების დაწერა გარე დაკვირვებებით მიწევდა. - ასე თუ ისე ეს პერიოდიც გადავლახე. - სიტყვა ბანზე აუგდო ქალს. - იცი, რა მაცოცხლებდა? ბრაზი, რომელსაც ყველას მიმართ ვგრძნობდი. იმედი მაცოცხლებდა. ვფიქრობდი, ვისაც მე ვერ გადავუხდიდი სამაგიეროს, ღმერთი მაინც გადაუხდიდა. - თავის გულუბრყვილობაზე გადაიხარხარა. - მერე ისეთი არაფერი მომხდარა, რაც შენ არ იცი. ყველაფრის შემსწრე იყავი, სანამ ერთ მშვენიერ დღესაც ციხეში ხმა გავარდა ახალი უფროსის მოსვლის შესახებ. ყველა მასზე ალაპარაკდა. სამართლიან, საინტერესო, მკაცრ ახალგაზრდა ქალზე. მის პიროვნულ დიდებას მისი გარეგნული მშვენიერების შესახებ შექმნილი მითებიც უხვად მოჰყვა. თუმცა მისი მოსვლისთვის მანამ არ მიმიქცევია ყურადღება, სანამ შემთხვევით არ გავიგე ქალის სახელი და გვარი: "ნინო მესხიშვილი". აი, მაშინ კი დავინტერესდი და მალევე გავარკვიე, რომ სწორედ იმ ლაშა მესხიშვილის ქალიშვილი იყო, მე რომ ჭირივით მძულდა. ჩემი ეშმაკად გარდატეხის ერთ-ერთ შემოქმედად მიმაჩნდა. მაშინ კი მომეცა შემართება. ჩავთვალე, ღმერთმა ლაშასთვის სამაგიეროს გადახდის შანსი მომცა. საკუთარ თავს შევპირდი, რომ აუცილებლად გავუმწარებდი სიცოცხლეს და ბოლომდე გავანადგურებდი ნინო მესხიშვილს. ბედის ირონიაა, ეს პირობა რომ შევასრულე. - ყბა აუკანკალდა. თითებით მოისრისა თვალები და სიმწრის ღრიალი ხორხს შიგნით ჩაკლა. - ჩვენი პირველი შეხვედრაც ნახე და ისიც იცი, თავისთან რომ დამიბარა. ამიტომ ამ დეტალებს გამოვტოვებ და იქედან გავაგრძელებ, ნინოსთან რომ ავედი. ამჯერადაც ველოდი ცემას, აგრესიას, ზემოდან ყურებას. ამიტომ ისეთი შემართებით ავედი, რომ რამდენჯერმე გამოვიწვიე. ნინოს წარბიც არ შეტოკებია. უბრალოდ იჯდა. მესაუბრებოდა, როგორც ადამიანს, როგორც თავის თანატოლსა და თანასწორს. არც თქვენობით საუბარი მოუთხოვია, არც დაზეპირებული და ტრაფარეტული ფრაზებით უცდია ფონს გასვლა. ამის გამო იყო, რომ დავიბენი. ნინო გულწრფელი იყო, ნამდვილი, მშვიდი და ადამიანური. მე კი არაფერი გამაჩნდა ამასთან დასაპირისპირებლად. მე მუდამ ამაზრზენ, ნაბი'ჭვარ ადამიანებს ვხვდებოდი და ახლა, ამ ქალის პირისპირ, რომელმაც ცარიელი ხელები მანახა, აღარ შემეძლო საკუთარი იარაღით მებრძოლა. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მალევე მივხვდი, რომ ნინოში დიდი ხნის დაკარგული რწმენა ვიპოვე. - ნინო გიყვარდა... - ანდრეა ვერ მიხვდა, კითხვა დაუსვა ქალმა თუ ფაქტის კონსტანტაცია იყო მისი ნათქვამი. - მე მას ვაღმერთებ... მხოლოდ ღმერთს შეუძლია უყვარდეს ყველაზე უარესი, ამიტომაც ვაღმერთებ. - სიამაყის ღიმილმა გადაჰკრა სახეზე. - ნინოს ეშინოდა, რომ მისი ყოფნა უარესობისკენ ცვლიდა ჩემს ცხოვრებას; ეშინოდა, რომ შეცდომებს უშვებდა; ეშინოდა, რომ სწორი გზით ვერ წამიყვანდა. მე კი ყოველთვის მზად ვიყავი არასწორ გზებზე მევლო მასთან ერთად. მე უბრალოდ მასთან ერთად მინდოდა მევლო და გზას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ათას ჯოჯოხეთგამოვლილი ათას მეერთე ჯოჯოხეთსაც გავივლიდი მხოლოდ მის გამო. - თავზე გადაისვა ხელები. ანერვიულდა. თითები და ყბა უკანკალებდა. - ჩემი შემდეგი შეცდომა ვერაღიარებული სიყვარული და ჩემი ღმერთისთვის ვერჩაბარებული აღსარება იყო. საბოლოო ჯამში ციხის ბევრი პრობლემის, ბევრი ჩხუბისა და კამათის, ბევრი უარყოფისა და ერთმანეთისგან შორს ყოფნის წყალობით, მე ჩემთვის და ის მისთვის მიხვდა, რომ ერთი მთლიანის ორი ნაწილი ვიყავით. უამრავი პრობლემა შეგვხვდა და ვიცოდით, კიდევ ათასჯერ მეტი შეგვხვდებოდა. ჩვენი ცხოვრება, მიზნები, ოცნებები, სტატუსები, ყველაფერი საპირისპირო იყო, სქესის გარდა და ეს ერთადერთი იდენტური რამ მხოლოდ იმიტომ იყო იდენტური, რომ დამატებითი პრობლემა გამხდარიყო. თუმცა გულის სიღრმეში ორივემ ვიცოდით, რომ ვერაფერი… საერთოდ ვერცერთი დაბრკოლება, ვერცერთი წინააღმდეგობა, ვერცერთი დოგმა ვერ ჩადგებოდა ჩვენ შორის. - ახლა ათასი ემოცია ირეოდა ანდრეას ხმაში: კმაყოფილება, ტკივილი, სიხარული, სევდა. ჭირდა რომელიმე კონკრეტული ემოციის დაჭერა. თუმცა შესაძლებელიც რომ ყოფილიყო, ახლა სკამს მიჯაჭვულივით მჯდომი თათია მაინც ვერ შეძლებდა ამას. თვითონაც საგრძნობლად უთრთოდა სხეული და დასამშვიდებლად სკამის სახელურებს იყო ჩაფრენილი. - სად გავჩერდით? მე და ნინოს რომ ვერაფერი დაგვაშორებდა, არა?! ვერაფერი... - ტუჩები დაბრიცა გაურკვევლობის ნიშნად. - იცი, რა ჰქვია იმ ვერაფერს? - ერთი წამით გაჩუმდა. თუმცა, სანამ თათია ხმას ამოიღებდა, თვითონვე დაამატა. - საერთო სისხლი... კიდევ ერთხელ დაანგრია ჩემი ცხოვრება ლაშა მესხიშვილმა და დანაშაულმა, რომელიც ჩემს დაბადებამდე მოხდა. კიდევ ერთხელ გავხდი უდანაშაულო ბრალდებული; კიდევ ერთხელ ვაგე პასუხი სხვის მაგივრად; კიდევ ერთხელ დავისაჯე უმიზეზოდ. კაცი, რომელმაც დედაჩემი გააუპატიურა და რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი, ნინოს მამა აღმოჩნდა. ჩემი და ნინოს მამა. - ზიზღით წარმოთქვა ბოლო სიტყვა, ნერწყვი სიმწრით გადააგორა ყელში. - შენ და ნინო დები? - სიტყვები ყელში გაეჩხირა თათიასაც, აღარ უცდია ჩამოგორებული ცრემლის შეკავება. - დები. ეს იყო დღე, როცა მხოლოდ საცოდავად ნაშენები საკუთარი პიროვნება კი არა, სამყარო, რწმენა, წარსული, აწმყო და მომავალი ერთად ჩამომენგრა თავზე. აღარაფერი დამრჩა ისეთი, რისთვისაც გაგრძელება შეიძლებოდა. ამაზე მეტი სასჯელიც კი არ არსებობდა, რომ დამემატებინა. კიდევ ერთხელ იმარჯვა ჩემმა ბრაზმა და იმპულსურობამ. იმ დღეს ღმერთს დავპირდი, თუ ეს ამბავი გამართლდებოდა, თუ ამისთვისაც გამიმეტებდა და ამ ცოდვის ბორბალსაც დაატრიალებდა ჩემს თავზე, საშინელებას ჩავიდენდი. იმ დღეს შენც გაგწირე, თათია. შენც დაგარწმუნე, თუ ციხიდან არ გავიდოდი, საშინელებას ჩავიდენდი… - სიტყვა გაუწყდა. ხმადაბლა ჩაახველა. ეცადა, წართმეული ხმა დაებრუნებინა და გააგრძელა. - მერე დეენემის ანალიზმა დაადასტურა ნინოს ეჭვები. მეც გავაკეთე ის, რაც გავაკეთე... ციხიდან გავიქეცი. ეს გაქცევა რამდენი ადამიანის სიცოცხლედ დამიჯდა, არ მოგიყვები. იქ იყავი და შენი თვალით ნახე... გავექეცი ციხეს, ხალხს, ღმერთსაც კი, მაგრამ საკუთარ გულს - ვერა. ნინო იქ იყო, ვერ ამოვშლიდი. მიუხედავად იმისა, ვაცნობიერებდი, ჩვენ საერთო ვეღარაფერი გვექნებოდა. სისხლში ღრმად გამჯდარს ვერაფრის დიდებით გამოვიყვანდი იქედან. მაშინ მივხვდი, რომ ჩემი სიყვარულიც სასჯელი იყო. სასჯელი, რომელსაც ციხის კედლებივით ვერ გავექცეოდი, რადგან სხეულით კი არა, სულით და გულით ვიყავი მიჯაჭვული. - ანდრეას პროფილს მისჩერებოდა, საფეთქელთან ამობერილ ძარღვს და ხვდებოდა, მასაც ისევე უდუღდა სისხლი, როგორც თვითონ თათიას ახლა. - ციხიდან გაქცევის საღამოსვე გადავწყვიტე, მხოლოდ პაატაზე შურისძიებას არ დავჯერებოდი. ვიცოდი, თუ ბრაზი გადამივლიდა, თუ შენ ან ნინოს ისევ გნახავდით, ჩემს სიბნელესა და ბრაზს ჩაახშობდით. ასე კი არავინ აღარ აგებდა პასუხს თავისი დანაშაულისთვის. უსამართლობის შეგრძნებამ და იმედგაცრუებამ დამრია ხელი. ბოღმა მახრჩობდა. როცა მე მრავალგზის დავისაჯე უდანაშაულოდ, დამნაშავეები თავისუფლად სუნთქავდნენ და ცხოვრობდნენ. მათ პასუხი უნდა ეგოთ და რადგან ღმერთი არ აპირებდა ამას, რადგან ღმერთი ყველას ლოცვას ისმენდა ჩემ გარდა, გადავწყვიტე, სხვანაირად მემოქმედა. მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ღმერთს აღარ ვთხოვდი სამართლის აღსრულებას. სამართალს თავად აღვასრულებდი და ღმერთს პატიებას ვთხოვდი. ამაზე ფიქრში გართული დავადექი თავს ირაკლის. მოვკალი ისიც და მამამისიც. მერე კი მათ თანამზრახველ ირმასთან წავედი. ის პაიკი იყო. დამნაშავეც კი არ ეთქმოდა, ამიტომ მხოლოდ თითები დავაჭერი, რომ სამუდამოდ დაემახსოვრებინა გაკვეთილი და სიბინძურეში აღარ გაერია ხელი. თითქოს ყველაფერი გავაკეთე მათ შორის, რისი გაკეთებაც მინდოდა და შესაძლებელი იყო, ამიტომ უბრალოდ გავქრი. დრო იყო განმარტოების. რამდენიმე თვიანი ბრძოლა გავმართე საკუთარ თავთან. მხოლოდ შორიდან ვაკვირდებოდი ნინოს, ისევე როგორც ეკლესიას, მაგრამ ვერცერთ ღმერთთან ვერ ვბედავდი მისვლას უკიდურესად ცოდვილი და სიბინძურეში ყელამდე ჩაფლული. შეცდომა ისევ გულის კარნახი გახდა. ვერ გავძელი ნინოს გარეშე. ვერ აღმოვჩნდი ფავორიტი სიყვარულთან ბრძოლაში და მაინც მივედი მის სანახავად. ძალიან ვიჩხუბეთ. ალბათ, ისე, როგორც არასდროს იქამდე. ყველა საშინელება ვუთხარით ერთმანეთს, რისი თქმაც შეიძლებოდა ან არ შეიძლებოდა. საბოლოოდ, მაპატია. მაპატია და ეგ იყო. იმ დღეს არცერთი წამით არ გვიფიქრია მომავალზე. ან როგორ უნდა მეფიქრა, როცა ცხოვრებაში პირველად მქონდა წამები წამების გარეშე. იმ დღის შემდეგ ყველაფერი უკეთ იყო, მაგრამ როგორც ყოველთვის, ცოტა ხნით. ისიც კი ვიფიქრე, ხელებს საბოლოოდ დავიბან საკუთარი ცოდვებისგან და ვინ იცის, იქნებ, ერთ დღესაც სანთლის დანთებაც შევძლო ამ ხელებით-მეთქი, რომ ჩემ თვალწინ ესროლეს ნინოს. პასუხად თავადაც გავისროლე რამდენჯერმე და კიდევ მოვკალი ვიღაც. არ ვიცი, ვინ ან რამდენი. ვერაფერზე ვფიქრობდი. ვისროდი და გონებაში მხოლოდ ერთი რამ, ჩვენი გაცნობის პირველი დღე მიტრიალებდა. რას არ მივცემდი, რომ იოგურტის ქილასავით ტყვიაზე გადაფარებაც შემძლებოდა. მაგრამ ძალა არ მეყო, ტყვიებს ვერ დავასწარი. - ხმა უკანკალებდა, მაგრამ ცდილობდა, ბოლომდე მიეყვანა დაწყებული. - საავადმყოფოში წაიყვანეს. ნინო გადარჩა, თუმცა თქვეს, რომ ვერ გაივლიდა. მე არ მადარდებდა ნინოს ავადმყოფობა. მე მისი ფიზიკურობა არასდროს მიყვარდა. ხომ გითხარი, არა?! მასში ნაპოვნი ღმერთი მიყვარდა ყოველთვის და მისით დაბრუნებული რწმენა. სამაგიეროდ, თვითონ დასუსტდა. ვატყობდი, როგორ იტანჯებოდა. ამიტომ გავიტაცე საავადმყოფოდან. პოლიციელებზე მეტად მძულდნენ ექიმები, რომლებიც ექსპერიმენტებს ატარებდნენ ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანზე. ბოლოს ვერ გავუძელი მის სისუსტეს, მისი წამების ყურებას, მის ჩამქრალ, იმედგაცრუებულ თვალებს. ვიცოდი, ფეხზე ვეღარ დავაყენებდი, ამიტომ ფრთები ვაჩუქე. მიწაზე ვერ ვატარებდი, ამიტომ გავუშვი ცაში. იქ, სადაც იმედს ვიტოვებ, რომ შევხვდები. - ვეღარ შეძლო თავის შეკავება, ობოლი ცრემლი მოწყდა თვალიდან. ერთი წამით წამწამზე ჩამოეკიდა, შემდეგ ლოყაზე ჩამოუგორდა. გული დამძიმებოდა გაუსაძლისად. - ეს ისევ ჩემი არჩევანი იყო. ყოველ შემთხვევაში ღმერთის ხელი არ ერია. გადაწყვეტილება თავად მივიღე. - მუშტით მოიწმინდა ცრემლი. სანამ ანდრეა საუბრის გაგრძელებას შეძლებდა, თათია წამოდგა ფეხზე. სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა და უსიტყვოდ მოეხვია მხრებზე. ეუცნაურა, მაგრამ გაბრძოლების ძალა ვერ იპოვა ქალის მოსაშორებლად. მის თანადგომასთან თუ ემპათიასთან წინააღმდეგობის უნარი არ შემორჩენოდა. პირველად შეეჯახა რეალობას ასე დაუნდობლად, ასე აშკარად და უჭირდა ყოფნა. - მერე გავვარდი და იმ მტანჯველ ღმერთს სახლი მივულეწ-მოვულეწე. ჩვენში დარჩეს და ყოველთვის მინდოდა ამის გაკეთება. უბრალოდ მანამდე ყოველთვის მქონდა რაღაც დასაკარგი და ვერ ვბედავდი. იმ დღეს კი სულერთი გახდა. მერე დამიჭირეს, მაგრამ ეგეც სულერთი იყო. გამომიტანეს განაჩენი, რომელიც საერთოდ ვერაფერს მპირდებოდა იმაზე მეტს, რაც მჭირდა. - გაჩერდი! გეყოფა! - თავი დააყრდნო ანდრეას მხარს. - უბრალოდ გაჩერდი. - თითქმის ნახევარი საათი ისხდნენ ასე. ხმა აღარ გაუციათ ერთმანეთისთვის. აღარ იყო დარჩენილი სათქმელი. თათია სიტყვით ვერ ანუგეშებდა, ეშმაკი კი გამოიშიგნა… აღარ ჰქონდა ენერგია, გამოიცალა თითქოს. საშინლად აეწვა ცხვირ-პირი შეკავებული ტირილის გამო. მერე რამდენიმე წვეთი გადმოეპარა მაინც. ჯერ კიდევ უთრთოდა მხრები ნერვებისგან. თუმცა თავს არაკომფორტულად გრძნობდა მასზე მიყრდნობილი თათიას გამო და იძულებული გახდა ამდგარიყო. უჩვეულოდ მსუბუქი იყო იმ წამს და მადლიერიც, რადგან მის მხრებს წარსული აღარ ხრიდა მიწამდე. - დამთავრდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა. - თვალები აატრიალა. როგორც სჩვეოდა, შეშლილივით დაქაჩა და დემონსტრაციულად გაშალა ხელები. - ახლა შენი ჯერია. გისმენ, რა გქონდა მოსაყოლი, დავასრულოთ ჩვენი გულწრფელობის საღამო. - რამდენიმე წლის წინ ბავშვთა სახლის ასაშენებლად საერთაშორისო ორგანიზაციებმა თანხები გადმორიცხეს. ტენდერი ნაცნობობით მოიგო ერთმა სამშენებლო კომპანიამ. მიწა კი მეწყერსაშიშ ზონაში გადასცეს, რომ ნაკლები ხარჯი გაეწიათ. მოგებაც მეტი დარჩენოდათ. სეისმოლოგებმა დასკვნა დადეს, რომლის მიხედვითაც იმ მიწაზე არაფრის აშენება არ შეიძლებოდა, მაგრამ მთავრობამ მაინც დაამტკიცა პროექტი. ბავშვთა სახლი აშენდა, ქულებიც ჩაიწერეს და ბლომად ფულიც ჩაიდეს ჯიბეებში. მალევე მეწყერი ჩამოწვა და თერთმეტი ბავშვი დაიღუპა. მე ამ საქმეს არ მოვეშვი, მტკიცებულებებს ვაგროვებ და ვცდილობ, ყველა დაისაჯოს, ვისი ხელიც ურევია ამ ამბავში. ახლახან გაირკვა, რომ ჩემი თავიდან მოშორება უნდათ. - მერე? - მერე ისე ვერ მომკლავენ, კვალი პირდაპირ მაგათთან რომ მივიდეს, მაგრამ საფრთხე მემუქრება. ჩემმა მეგობარმა დაცვის აყვანაც კი მირჩია. - და ის თემურ ვიღაცა, რაკი პრემიერ-მინისტრია და გითხრეს რომ მან გამომიყვანა, ჩათვალე რომ ეს ... - ერთი წუთით გაჩუმდა, თავიდან გაიაზრა რის თქმასაც აპირებდა და მხოლოდ შემდეგ განაგრძო საუბარი. - შენ ფიქრობ, რომ მე თავისუფლების სანაცვლოდ ვიღაცამ შენი მოკვლა დამავალა? - ერთი წამით იმედგაცრუება გაუკრთა მზერაში, მერე არანორმალურივით აენთო თვალები და ხმამაღლა დაიწყო სიცილი. თათია გაოცებული უყურებდა მის სახეცვლილებას. - ღმერთო, ესენი მე მეძახიან გიჟს! - სულს ვეღარ ითქვამდა სიცილისგან. სიტყვებს ძლივს ამბობდა, ოდნავადაც არ ჰგავდა ნორმალურს. - ეს ქალი, ღმერთო, ნდობაზე ლექციას მიკითხავდა ცოტა ხნის წინ! - უხილავ არსებას ელაპარაკებოდა და სიცილს აგრძელებდა. მაგიდაზე დადებული წყლის ჭიქა აიღო, რამდენიმე ყლუპი წყალი დალია და სული მოითქვა. - თავი დამანებე, იცოდე! თორე არაფერს მიხდიან, მაგრამ მაინც მოგკლავ. - მაგიდას დაარტყა მუშტი და კარი ისე გაიჯახუნა, ხმის ამოღებაც არ აცადა ქალს. თავი 5 თათიასგან წამოსული უმისამართოდ, უთავბოლოდ მიაბიჯებდა ქუჩებში. მიდიოდა და თან აუხსნელი ემოცები დაჰქონდა. მხოლოდ ის იცოდა, რომ უნდა წამოსულიყო, იქიდან კი რა გზას უნდა დასდგომოდა, წარმოდგენა არ ჰქონდა. ფეხსაცმლის წვერებს დასჩერებოდა და, ჩვეულებისამებრ, უემოციო ღიმილი ეფინა სახეზე. ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა მტვრიან გზას. თავის ტკივილი და გულის რევის შეგრძნება ისევ ჰქონდა, თუმცა დიდი ხანი იყო ფიზიკური ტკივილი აღარ აწუხებდა. ან უბრალოდ არ იმჩნევდა, რომ რაიმეს შეიძლება შეეწუხებინა. მნიშვნელობას არ ანიჭებდა, ეს კი ტკივილის გადატანაში ეხმარებოდა. მშვიდი ჩანდა, მაგრამ ვერავინ გამოიცნობდა მღელვარების ახალი ტალღა როდის შეეჯახებოდა მის არამყარ ფსიქიკას. საუბარმა დააცარიელა. გონებაც არეული ჰქონდა და ვერც რაიმე კონკრეტულზე ფოკუსირებას ახერხებდა. არც სურდა დიდად. მაღაზიის ვიტრინაში საკუთარ გამოსახულებას მოჰკრა თვალი და შეხვეული თავის შემხედვარეს, გაეცინა. რამდენიმე წუთით ჩამოდგა და კარგად დააკვირდა. ხან მარჯვნივ გადახარა თავი, ხან მარცხნივ. პატარა ბავშვს ჰგავდა, რომელმაც სარკის არსებობის შესახებ პირველად გაიგო. ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს ეთამაშებოდა ვიტრინაში არეკლილ ორეულს, კაცის ბოხ ხმას რომ არ დაერღვია მყუდროება. - გამარჯობა, ანდრეა! - ხმადაბლა ჩაახველა. სანამ მიესალმებოდა. მთელი ტანით მოტრიალდა ქალი. ფეხებიდან აათვალიერა ახალმოსული, მის სახეზე რამდენიმე წუთით შეაჩერა მზერა. - ჩანჩქერო! - დამცინავად თქვა, რაკი დაუპატიჟებლად ეწვია აბეზარი სტუმარი. - საბა მქვია. - ღიმილით თქვა ბიჭმა. - უცნაურად გამოიყურები. - ამჯერად თვითონაც ყურადღებით შეათვალიერა ეშმაკი. - იმაზე უცნაურად, ვიდრე ქალაქის ცენტრში ბორდიულზე მჯდომი ბიჭი, რომელიც გულს ირევს? - არ დაინდო. - რამდენ ხანს უნდა წამომაძახო? - ჩემი მომდევნო ოცდაათი წლის გეგმებში შენი ნახვაც არ შედიოდა, არა თუ რამის წამოძახება. - ხელი აუქნია და გზა გააგრძელა. - მოიცადე, რატომ გარბიხარ? - სწრაფი ნაბიჯებით მიჰყვა უკან თვითონაც. - ტელეფონი გაქვს? - კი?! - მაშინვე ჯიბისკენ წაიღო ხელი. - მაშინ დაგუგლე, რა განსხვავებაა სიარულსა და სირბილს შორის. - რამე დაგიშავე? - წინ გადაუდგა, შუბლზე ჩამოყრილი თმა ხელით გადაიწია და კოპებშეკრული მიაჩერდა. გულწრფელად ვერ ხვდებოდა,რატომ არ ეხატებოდა გულზე ანდრეას. - აბეზარი ბუზივით ხარ. სიმართლე გითხრა, არც ისინი მიშავებენ რამეს, მაგრამ ბზუილით თავს მტკენენ. - შანსსაც კი არ მაძლევ, რომ გაგიცნო. - ახლა წყენა უფრო იგრძნობოდა ბიჭის ხმაში, ვიდრე რამე სხვა. - რომელი სუპერ ვარსკვლავი მე ვარ, ჩემ გასაცნობად თავს რომ არ ზოგავ? - მომწონხარ. - ეს იმ დღეს გადაწყვიტე ბარში, წარბგახეთქილი რომ მნახე, თუ ახლა, როცა თავგატეხილს მხედავ? - როგორც სჩვეოდა, არანორმალურივით დაქაჩა თვალები და ხმამაღლა გადაიხარხარა. - დაბალი თვითშეფასება გქონია. - წყენით ამოილაპარაკა. - მადლობის თქმა მინდოდა. - რისთვის, საკუთარ ნარწ*ევში რომ დაგტოვე? მიღებულია. - იმისთვის, რომ გარეთ გამომიყვანე. - ბიჭო, იდიოტი გგონივარ? - საყელოში ჩააფრინდა და თავისკენ მოქაჩა. - მითხარი, რა გინდა ჩემგან?! - დააბნია მოულოდნელმა აგრესიამ, არ ელოდა ანდრეას ასეთ ცვლილებას. - ჟურნალისტი ვარ, უბრალოდ ჩემთვის საინტერესო ადამიანი ხარ. - ენა დაება, თუმცა მაინც დაასრულა წინადადება. - ყოველთვის ვოცნებობდი პოპულარობაზე! თავის მორჩენამდე დამელოდები, თუ ასე თავგატეხილი წამოგყვე ტელევიზიაში და მოვუყვე მთელ ქვეყანას ჩემი ისტორია? - ისეთი სერიოზული სახით ჰკითხა, წამით დაიჯერა ბიჭმა მისი ლაპარაკი. თუმცა ხმამაღალი გადახარხარება რომ მოაყოლა, თვითონაც გაეღიმა. - არ მოგატყუებ, ანდრეა. არ გეტყვი, რომ წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხარ, მაგრამ გარწმუნებ, რომ ინტერვიუზე არ "გეჩალიჩები". მომწონხარ და შენი გაცნობა მინდა. - რა შეუპოვარი თაობა წამოსულხართ?! - ტუჩები დაბრიცა და ხელები გაუშვა. - მომისმინე, შვილო! კარგია იქ, სადაც მე არ ვარ. თუ არ გჯერა, შემიძლია შენს ცხოვრებაში შემოვიდე და დაგიმტკიცო. - თანახმა ვარ. - წამითაც არ დაფიქრებულა, ისე გაუწოდა ხელი. ანდრეამ ზიზღით დახედა გამოწვდილ ხელს, მერე ისევ ბიჭს გაუსწორა მზერა. უსიტყვოდ აკვირდებოდა რამდენიმე წუთი, თუმცა საბას ხელის დაწევა არც უფიქრია. კვლავ ხელგამოწვდილი იდგა. - გეტყობა, რომ მარჯვენას ავარჯიშებ. - თვალი ჩაუკრა და ისევ გვერდის აქცევა სცადა. - არ მესმის, რის გამო მიბრაზდები! - კიდევ ერთხელ გადაუღობა ბიჭმა გზა. - გიბრაზდები? მე გიბრაზდები? - შეურაცხყოფილი სახე მიიღო. - მე არასოდეს ვუბრაზდები ადამიანებს. ეგღა მაკლია, ყოფილ სა და მომავალ გვამს ჩემი გაბრაზების უფლება მივცე. - საშინელი ადამიანი ხარ! - ეს გუგლში ამოიკითხე, თუ შენით დაასკვენი? - შემიძლია სახლში წაგიყვანო, ან სადმე, სადაც მიდიხარ. - აშკარად არ აპირებდა დანებებას. თავადაც ბრაზობდა ანდრეას ცინიკურ ტონზე, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია. მაინც არ ექნებოდა ის შედეგი, რომელიც მას სურდა. - იცი, რა ქვია იმას, რასაც ახლა შენ აკეთებ? - დაეჭვებით შეხედა. - რა? - ადევნება. - მიჩივლებ? - გაეღიმა. - არა, მოგკლავ. - ვიცი, რომ არ ხუმრობ. ამიტომ, რადგან ჯერ ისევ ცოცხალი ვარ, ეს ნიშნავს იმას, რომ წინააღმდეგი არ ხარ. - ჩემი პირადი მძღოლი გინდა იყო? - მზად ვარ, მძღოლი ვიყო! იქამდე, მაინც, სანამ დამაწინაურებ. - ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა სახეზე და ანდრეასაც გაეცინა ბიჭის გულუბრყვილობაზე, მაგრამ თავში ისეთი ძლიერი ტკივილი იგრძნო, სახე დაემანჭა. ერთი სული ჰქონდა დაეძინა. არაფერი ეგრძნო,მხოლოდ თვალები დაეხუჭა და დაესვენა. ისედაც მძიმე დღე იყო, აუტანელი. - ჯანდაბა! - თავზე მოიჭირა ორივე ხელი, ჯერ ოდნავ წაბარბაცდა და შემდეგ გონებაც დაკარგა. საბას სწრაფი რეაქცია რომ არა, პირდაპირ შუა გზაზე მოადენდა ზღართანს. მოხერხებული აღმოჩნდა ბიჭი, ჰაერშივე დაიჭირა მისი სხეული. ბორდიულზე ჩამოჯდა, მკერდზე მიიყრდნო ქალის ზურგი და დახმარება ითხოვა. ანდრეა რომ გონს მოვიდა, მამაკაცის მკერდზე იყო აკრული. არ იცოდა რამდენ ხანი დაჰყო უგონო მდგომარეობაში. ჯერ კიდევ უბჟუოდა თავი, თვალებშიც გაორებით ხედავდა. თავს დახვეული ადამიანების სიმრავლემ დისკომფორტი შეუქმნა. უჰაერობამ ორმაგად გააღიზიანა. - გამიყვანე აქედან. - გვერდით მჯდომ ბიჭს გადაუჩურჩულა, როგორც კი დალაპარაკება მოახერხა. - დიდი მადლობა შეწუხებისთვის. - ხმადაბლა მიმართა ხალხს. ანდრეას ხელი მოკიდა და ფეხზე წამოდგომაში მიეხმარა. - საავადმყოფოში წავიყვან. - მასთან ერთად გაარღვია ხალხის წრე. დიდად არ ხიბლავდა საბას მანქანაში ჩაჯდომის იდეა, მაგრამ მიხვდა სხვა გზა არ ჰქონდა. ხალხს, რომელიც მის გამო შეკრებილიყვნენ, თავს სხვანაირად ვერ დააღწევდა, ამიტომ უსიტყვოდ ჩაჯდა მანქანაში, რომლის კარიც ბიჭმა გააღო. მის ადგილზე სხვა ნებისმიერი სიხარულისგან ცას ეწეოდა, მისთვის კი აზრი არ ჰქონდა თავაზიან მოქმედებებს. - რა დამემართა? - საბაც რომ გვერდით მიუჯდა, მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა. - გონება დაკარგე! - დავკარგე? არც მეგონა თუ მქონდა. - ისეთი სახე მიიღო, თითქოს გაახარა ახალმა ინფორმაციამ. - საავადმყოფოში წავიდეთ. - ღვედი შეიკრა, ქალისკენ გადაიხარა და სანამ მომარჯვებული მუშტი მოხვდებოდა სახეში, იქამდე დაანახა ღვედი, რომლის შეკვრასაც აპირებდა. - არა, სახლში წამიყვანე. - ხმადაბლა თქვა და არ იცოდა რატომ, თუმცა სოფის მისამართი უკარნახა. - თან თუ შეგიძლია, მუსიკა ჩართე დაბალ ხმაზე, რომ შენმა ლაპარაკმა არ შემაწუხოს. - რას უსმენ? - შეურაცხმყოფელი კომენტარი არც შეიმჩნია. პროტესტს განა რა შედეგი ექნებოდა?! - მე ძირითადად ვედრებას, რომ არ მოვკლა. შენ, რაც გინდა, ის ჩართე. სულერთია. - გამორთულ მაგნიტოფონს უსიტყვოდ მიაჭირა თითი. ისეთი რისხვა უელავდა თვალებში, ადამიანს შეაშინებდა, მაგრამ ანდრეას არ შეუმჩნევია. მისკენ არც გაუხედავს. თავი მიაყრდნო სავარძელს, თვალები დახუჭა და იქამდე არ გაუხელია, სანამ საბამ არ უთხრა, რომ დანიშნულების ადგილზე იყვნენ. - გამაგებინე როგორ იქნები. - მანქანიდან რომ უსიტყვოდ გადავიდა და ბიჭისკენ არც მოუხედავს, ზურგს უკან მიაწია სიტყვები. - მტრედს შევაბამ ბარათს, დაელოდე. - საჭირო არაა, ჯიბეში ჩემი ნომერი გიდევს. - ხმამაღლა მიაძახა და უკვე დაქოქილი მანქანა იქამდე დაძრა, სანამ ანდრეა მობრუნდებოდა. ანდრეას სულაც არ უფიქრია მობრუნება. ქაღალდი ჯიბიდან ამოიღო, ხელში მოკუჭა და ისე მოისროლა ეზოში, არც დაუხედავს. კარზე მიაკაკუნა, შემდეგ სახელური მოსინჯა და რადგან გაიღო, პირდაპირ შეაბიჯა სახლში. მისაღებში იჯდა სოფო, ტელევიზორს უყურებდა. კარის ხმაზე შემობრუნდა და თავშეხვეული ანდრეა რომ დაინახა, გული გადაუქანდა. - მეგობრები მოინახულე, ხო? - ხელები ერთმანეთში გადახლართა და ისეთი ბრაზით შეხედა, სიცილი მოჰგვარა. - ხანდახან რა ჭკვიანი ხარ. - გვერდით მიუჯდა დას, თავი ჩამოადო მხარზე. გაოცებისგან ენა ჩაუვარდა სოფოს. ხმის ამოღება რამდენიმე წუთით ვერ შეძლო. გაოცებული მიჩერებოდა ერთ წერტილს, წლები იყო ანდრეა თავისი ნებით არცერთხელ შეხებია. ამის გამო გაუჭირდა მომხდარის დაჯერება. - იცი, რას გავხარ? - თვალს არ ახამხამებდა. ეშინოდა რომ დის შეხება ზმანება იყო და მაშინვე გაქრებოდა, როგორც კი შეირხეოდა. მექანიკურად საუბრობდა. - კი, ტორეადორს, რომელიც კორიდის ხარმა ათრია. - სად იყავი, ანდრი? - როგორც იქნა, მოახერხა გონზე მოსვლა. ხელი ნაზად ასწია და თმაში შეუცურა. მთელი ბავშვობა უყვარდა ანდრეას, სოფი რომ თავზე ეფერებოდა. მათ შორის კი მრავალ განვლილ წელს აეშენებინა უხილავი კედელი, რის შედეგადაც ის ჩვევებიც კი დაივიწყეს, რომელიც ერთმანეთში უყვარდათ. - რა სიწყნარეა, სად არის პატარა პარაზიტი? - თვალები დახუჭა, ისე მოდუნდა. ამ წუთას არაფერი ადარდებდა, არაფერი უნდოდა. მზად იყო, იქვე დაესრულებინა სიცოცხლე და ბოლო კადრად ეს დაეტოვებინა სამყაროსთვის. მის მახსოვრობას კი ჩარჩენოდა სოფის სიახლოვეს ნაგრძნობი სახლი. სოფისთან კარგი იყო, ცხოვრების რა მონაკვეთიც მასთან გაუტარებია, არც არასდროს უნანია. მეტიც, აუტანელიც კი იყო სოფის გარეშე ყოფა. - ბებია-ბაბუასთან. ბიძამისის დაბადების დღეა. - არ გაჩერებულა, ანდრეას მოკლე თმებს ეთამაშებოდა გაბადრული. ბედნიერი იყო იმით, რომ შეეძლო დის სიმძიმე ეგრძნო საკუთარ მხარზე და მისი სიმშვიდის სადარაჯოზე კვლავაც მდგარიყო. - შეურიგდი ქმარს? - ახლაღა გაახსენდა რამდენიმე დღის წინანდელი ამბავი. - შევთანხმდით რომ, როცა ჩამოვა, მაშინ ვისაუბრებთ. - დავიღალე. - ისე ამოიხვნეშა, აშკარა იყო ახლა აღარაფრის თავი ჰქონდა. ცინიზმიც გაჰქრობოდა სახიდან, სიცოცხლის ყოველგვარი ნიშანწყალიც. სოფის ძალიან შეეშინდა, რადგან ეჩვენა, რომ რომელ ხავსსაც ანდრეა აქამდე ეჭიდებოდა, იმდენად სანდო აღარ იყო. ანდრეამ ის როლი დაკარგა, რომელიც იდეალურად მოერგო. სოფიმ დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ როგორ უნდა დაებრუნებინა თავისი პატარა ანდრეასთვის უწინდებური სახე. მხოლოდ ის სურდა, რომ აღარ დაეკარგა ამჯერად მაინც. - ჩემო პატარა! - თავი წამოაწევინა და ორივე ხელით დაუჭირა სახე. შუბლზე აკოცა. - ყველაფერი დამთავრდა, ანდრი, ყველაფერი წარსულია. - ცრემლი მოადგა, მაგრამ შეკავება მოახერხა. - შენთან ვარ და არასდროს მოგცემ უჩემოდ ყოფნის უფლებას. - მეც ვიცი, რომ დასრულდა, მაგრამ ასეთ დასასრულს ვერ ვეგუები. - ქალის ხელებს მიენდო. მის ფეხებზე დადო თავი და დაელოდა, სოფი თმაზე მოფერებას როდის გააგრძელებდა. - ნინოს გამოა, არა?! - როგორ უნდოდა ეთქვა, რომ უსიტყვოდაც ესმოდა მისი, რომ უსიტყვოდ იღებდა ყველა მოცემულობას, რომელიც ანდრეამ წარუდგინა. - ჩემი გონების ერთი ნაწილი იაზრებს, რომ ის მკვდარია, მაგრამ მეორე ნაწილს არ შეუძლია ნინოს გაშვება.. ჩემს თავში დაუსრულებელი ომია და ამ გაორებულობის ტყვეობიდან თავის დაღწევის გზას ვეღარ ვხედავ. - რატომ, ანდრი, რატომ... - მოკალიო უნდოდა ეთქვა, მაგრამ ვერ შეძლო წინადადების დასრულება. სოფის ძალებს აღემატებოდა ამ სიტყვების წარმოთქმა. - დაუსრულებელ კოშმარში რომ არ ეცხოვრა. ისეთი რომ არ გამხდარიყო, როგორიც მე ვარ ახლა. - ვერც ამჯერად შეძლო სრული სიმართლის თქმა. თითქოს უსიტყვო პირობა მისცა საკუთარ თავს, რომ საფლავში წაიღებდა ნინოს საიდუმლოს და მის უკანასკნელ თხოვნას. - შემიძულე მაშინ? - მე შენ ვერასდროს შეგიძულებ, ანდრეა. - მისი თმა ისე ჩაბღუჯა, თითქოს ეშინოდა რომ გაექცეოდა და უნდა დაეჭირა. - მე ორივე გნახეთ მაშინ, იმ დაწყევლილი დღის მერე. ის მკვდარი იყო, შენ ასგზის მკვდარი. - ცრემლები ღაპა-ღუპით სცვიოდა. გული ასჩქარებოდა და საშინელ ტკივილს გრძნობდა. სოფი ზედმეტად კარგი იყო ამ სამყაროსთვის, ზედმეტად სუფთა და უბოროტო. - დავიღალე. - კიდევ ერთხელ ამოიოხრა. უღონო იყო, უემოციო, უფიქრო. მხოლოდ თავის ტკივილს გრძნობდა და ისიც უფრო მეტად სიამოვნებდა, ვიდრე აწუხებდა. სადღაც ძალიან კარგად იცოდა,რომ ეს ჩვეულებრივ ადამიანად აგრძნობინებდა თავს. - უნდა გაუშვა. იქ, სადაც მისი ადგილია, ანდრი. მხოლოდ გულში უნდა გყავდეს. მას ვერავინ ამოშლის შენი მეხსიერებიდან, მაგრამ ვეღარც შენი რეალობა იქნება ოდესმე. - და თუ გავუშვებ, რა იქნება, სოფი, ამ რეალობას როგორ გავუძლო?! - გაფითრდა ანდრეა. ხმაში დაეტყო სასოწარკვეთა და ისიც, რომ ჰიპოთეტურადაც არ შეეძლო ამ მოცემულობის მიღება. მთელი შეგნებით ეწინააღმდეგებოდა ფაქტებს, არაფრით შეეძლო ეღიარებინა და ხელები გაეშვა. - შენი სოფო იქნება შენთან. ახლაც, მერეც, ყოველთვის. - დაიხარა, თავზე აკოცა. - იცი? ბავშვობაში, ღმერთი შენნაირი წარმომედგინა. ალბათ, ამიტომ მეგონა, რომ ყოველთვის ყველაფერს მაპატიებდა. მოვტყუვდი, მწარედ შევცდი. - გაეღიმა სევდიანად. - თვითონ უნდა აპატიო საკუთარ თავს, ანდრი. ეს შენ კი არა, მე მჭირდება ყველაზე მეტად. - ჭკუიდან რომ არ შევიშალო, ამ რეალობას ვერ გავუძლებ და თავს მოვიკლავ. - ხმადაბლა თქვა, ისე თითქოს, თვითონაც ეშინოდა წარმოთქმა. არ იცოდა რაოდენ დიდი იყო ჭრილობა, რომელიც ბოლო სიტყვებით მისთვის ყველაზე ახლობელს მიაყენა. სოფის უბრალოდ არ შეეძლო საყვარელი ადამიანები მარტივად გაეშვა. უზომო სიყვარული იცოდა, ამის გამო კი, მას სტკიოდა კეთილშობილი გული ყველაზე მეტად. - მე დაგიცავ. მომეცი საშუალება და ყველა შენ ჭრილობას სულს შევუბერავ, ისე როგორც ბავშვობაში- შენს გადატყაულ მუხლს. დარჩი რა, ცოტა ხნით მაინც დარჩი. ჩემთვის დარჩი. - მუდარა ჟღერდა ქალის ხმაში. არ იყო მზად მის გასაშვებად, არ იყო მზად საკუთარ შიშთან პირისპირ შესახვედრად. - ჩემი რატომ არასოდეს შეგშინებია, სოფი? - იმიტომ, რომ უშენობის უფრო მეშინია. - დის გამხდარ სხეულს დააკვირდა. მის გაყინულ სახეს, უფერულ კანს. კიდევ უფრო სწრაფად სწყდებოდა მარილიანი ბურთულები ქალის წამწამებს. - შენ არ იცი, რა უსასრულო კოშმარში ვცხოვრობ. - ქალისკენ გადაბრუნდა, მის სხეულს მაგრად მოხვია ხელები. სუნთქვა შეეკრა სოფის, სხეული გაუშეშდა. არც ამას ელოდა. - ყველა კოშმარი დასრულდება და ერთ დღეს სხვა რეალობაში გავიღვიძებთ. - სიზმარში მყოფივით ესმოდა დის სიტყვები. დაღლილ ტვინსა და სხეულს ერთიანად მოერია ძილი. ძილი, რომელშიც არ იყო შფოთვა. ბავშვობის ლამაზი წლები იყო, ფერებითა და სინათლით სავსე. ახლა კვლავ სოფი იდგა მისი სიმშვიდის სადარაჯოზე, ისე, როგორც ბავშვობაში. ყველა კოშმარის წამალი და ყველა ურჩხულთან დაუმარცხებელი, მებრძოლი სოფი. ანდრეას გმირი, რომელსაც შუა ღამისას შეშინებული შეაფარებდა თავს და მასთან ჩახუტებულს ვეღარაფერი მოერეოდა. სოფი კეთილი ზღაპარი იყო, ტკბილი მოგონებები. *** დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ მძიმე ნაბიჯებით შევიდა სახლში. მხოლოდ საყვარელი მეუღლე და რამდენიმე მსახური ეგულებოდა შინ. ამიტომ კარიდანვე დაიწყო ჰალსტუხის შეხსნა. დაღლილი იყო, დამძიმებული. მხოლოდ შინ პოულობდა შვებას. - მარიკა! - ხმამაღლა დაიძახა და ქალის გამოსვლას დაელოდა. ამდენი წლის შემდეგაც ვერ მიეჩვია, რომ მარიკა კარში არასოდეს ეგებებოდა. - კაბინეტში ვარ! - მხოლოდ საპასუხო ძახილი მოისმა მისივე სამუშაო ოთახიდან. ხელი ჩაიქნია, გაეცინა. სწორედ ამიტომ არ გიჟდებოდა ამ ქალზე?! იცოდა მარიკას მძიმე ხასიათი, მისი დაუმორჩილებელი ბუნება და სწორედ ამის გამო იყო, წლებთან ერთად კიდევ უფრო მეტად რომ უყვარდებოდა. - რა არატიპური ცოლი ხარ. - ღია კარში შეაბიჯა. მაგიდაზე ჩამოყრდნობილ ქალს მიუახლოვდა და სხეულზე მიიკრა. საფეთქელთან აკოცა, მის ყელში ჩარგო ცხვირი. - საოცარი სუნი გაქვს. - კიდევ რამდენი წელი უნდა ვიყო შენი ცოლი, რომ მიხვდე, სათლით წყალს არ დაგახვედრებ და ფეხებს არ დაგბან. - არასოდეს თქვა არასოდეს. უკვე სპორტული ინტერესი მაქვს, ხომ ხედავ? - ისევ ნატვრის თვალს ეძებ, ელიოზ? კაცო, ან მცურავისა არ გეშინია, ან გველკუასი? - გაეცინა. თვითონაც აკოცა კაცს და სხეულიდან მოიშორა. - რამდენი წელია აღარ ვეძებ, ნაპოვნი მყავს. - თვალი გააყოლა კარადისკენ მიმავალ ქალს, რომელმაც უჯრიდან ვისკის ბოთლი და ჭიქები გადმოიღო. ნელა დაასხა, ერთი ქმარს მიაწოდა, მეორე თვითონ დაიჭირა ხელში და სავარძელში ჩაჯდა. - აბა, თემო, როგორ მიდის საქმეები? - ცუდად, მარიკა, ცუდად. არ ჩერდება ის ქალი, არ ასვენებს გამჩენი. ანდრეა? - ერთი სიტყვით იკითხა კაცმა ყველაფერი. - ის უსაქმური ახმახები საიდან მოათრიე? - ცხვირი აიბზუა. - რას ერჩი? პროფესიონალები არიან. - მაგიტომაც ააცალეს ფუკასავით გოგო, ხომ? - რას ამბობ, რას ქვია ააცალეს? მშვიდობაა? - მშვიდობა რომ არ იყოს, ასე წყნარად ვილაპარაკებდი? - ირონიულად ჩაეღიმა. - ვინ ემტერება ანდრეას, თემო? - სჯობდა გეკითხა, ვინ არ ემტერება. იმდენი ხალხი დახოცა, მტრები რომ ეყოლება, გიკვირს? - მე ის მიკვირს, შენ რომ პირობას ვერ ასრულებ. - მარიკა, მე გამოვიყვანე ის გოგო, დაცვაც მივუჩინე. დამატებით რის გაკეთებას მთხოვ? - რომელი დაცვა, თემურ? გოგო რომ თვალწინ ააცალეს, ის დაცვა? საკუთარ და ჩემ უსაფრთხოებაზეც ასე ზრუნავ, როგორც ჩემი შვილისაზე იზრუნე? - ხომ ცოცხალია? - რა გულგრილად კითხულობს, თითქოს ძაღლია, რომელიც სამადლოდ შევიფარეთ. - უცნაური სიმწარე იგრძნობოდა მის სიტყვებში. - ცოცხალია, იმიტომ, რომ თვითონ უშველა თავს. შენმა ბიჭებმა ახლახან დამირეკეს, რომ სახლშია და არ ვინერვიულო. - დაცვა გავუზარდო? შეამჩნევს, მარიკა. მაშინ, მიდი და უთხარი სიმართლე; უთხარი, რომ მისი დაცვა გინდა და კი ბატონო, იმდენი კაცი დაიცავს, რამდენსაც იტყვი. - მის ისედაც არეულ ფსიქიკას, ახლადგამომცხვარი დედის გამოჩენაღა აკლია სრულყოფილებამდე. - ბოლომდე გამოცალა ჭიქა. ყელი ჩაუწვა ქარვისფერმა სითხემ, მაგრამ მაინც დაისხა კიდევ ერთი. - სხვა არაფრის გაკეთება არ შემიძლია, რატომ არ გესმის? - ხელები უძლურების ნიშნად გაშალა. - ის ქალიც ხშირ-ხშირად დადის მაგასთან, კაცმა არ იცის, რით უტენის თავს. დროულად მოგიწევს გადაწყვეტილების მიღება, მარიკა. - რომელი გადაწყვეტილების? - იმ ქალს, თათიას, დიდი დღე არ უწერია. - გითხარი, რომ თითი არ უნდა დააკარონ, სანამ არ ვიცი ანდრეასთვის რამდენად მნიშვნელოვანია. - და თუ მნიშვნელოვანია, რა? ვაცადო, სანამ პირს არ მოაღებს და ყველაფერს არ მოყვება? მერე ყველა ავდგეთ და ციხეში წავიდეთ, მთავარია ანდრეას ფსიქიკა არ დავაზიანოთ, ხო? - ეჭვიანობამ შემოუტია, ხმასაც საგრძნობლად აუწია. - შეიძლება ასაკში ვარ, მაგრამ სმენის პრობლემები არ მაქვს. ყვირილი საჭირო არ არის. - შენ ყველაფერს მარტივად უყურებ, მარიკა. მესმის, რომ ასეა თუ ისე, შენი შვილია. გავიგე და ყველაფერი გავაკეთე მისთვის, მაგრამ ჩემი არსებობა გავიწყდება მისი გადამკიდე. - ნუ ყვირი-მეთქი. - მოშვებულ ჰალსტუხში ჩაავლო ხელი. თავისკენ მოქაჩა. ისე ახლოს იყო ქალის სახესთან, წამით სუნთქვა შეეკრა კაცს. თვითონაც არ ესმოდა ამდენი წლის შემდეგ, როგორ ახერხებდა რომ მისი ცოლის სტატუსითაც კი ბოლომდე მიუწვდომელი დარჩენილიყო. ისევ ისე აგიჟებდა და გონებას ურევდა, როგორც წლების წინ. - რას მთავაზობ? - ზედ თემურის ტუჩებთან ამოიჩურჩულა და ოდნავ შეახო თავისი ბაგეები კაცისას. - პირველ რიგში, საძინებელში წასვლას. - თვალს ვერ წყვეტდა ქალის ტუჩებს. - ნუ ურევ საქმეს და პირად ცხოვრებას! - ხელი გაუშვა მის ჰალსტუხს. სავარძელში გასწორდა. თემურიც მთელი ტანით მიეყრდნო დივნის საზურგეს. ჭაღარა თავზე გადაიტარა ხელები და ეცადა აზრები კარგად დაელაგებინა. - ანდრეას უნდა დაელაპარაკო. ნელ-ნელა შეიჩვიო. გაარკვიო რა ურთიერთობა აქვს იმ ქალთან. თუ რამედ უღირს, გააჩერებს. თუ არა და, ჩემი ბიჭები მიხედავენ. - ჩემი შვილი მკვლელია და შენ ხალხის სამსახურში მყოფი კეთილსინდისიერი პოლიტიკოსი, არა? - თვალები აატრიალა და ხმამაღლა გაიცინა. - რაც გინდა, დავარქვათ. გააკეთე ყველაფერი, რაც შეგიძლია. თუ გინდა, არც შვილი დაკარგო და არც ქმარი. - გაშორებით ხომ არ მემუქრები? - კარგ ხასიათზე დადგა, ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა სახეზე. - ჩემი უბედურება ისაა, იცი რომ შენთან გაშორება არ შემიძლია. - ცოტა დრო მჭირდება. იმ ქალს არავინ უნდა შეეხოს, მანამ მაინც, სანამ ყველაფერს არ გავარკვევ. - ბევრი დრო არ გვაქვს. - გავიგე, ამდენჯერ გამეორება საჭირო არ არის. - ფეხზე წამოდგა. ოთახიდან გასასვლელად მოემზადა. - სად მიდიხარ? - გავლას ვაპირებ. - სად? - მხოლოდ ერთხელ მობრუნდა კართან მისული. ქალის ცისფერებში ისეთი სიცივე იგრძნობოდა, თითქოს კითხვის შინაარსი ვერ დაიჯერა. თავი ოდნავ გადააქნია და ისე დატოვა ოთახი, აღარაფერი უთქვამს. - მარტო მაინც ნუ ივლი, სახიფათოა! - ხმამაღლა მიაძახა კაცმა. იცოდა, მარიკასთან კამათს აზრი არ ჰქონდა. თავისი ჭკუის ქალი იყო, არავის ჩააბარებდა ანგარიშს და არც არავის ჭკუაზე ივლიდა. საკუთარი იდეალები გააჩნდა და ყოველთვის ისე იქცეოდა, როგორც თავად მიაჩნდა სწორად. *** - დედა, მოვედი! - დილის რვა საათი იყო, სახლში ხმაურით რომ შემოირბინა. ჩანთა იქვე დადო და სოფის სხეულზე მოხვეულ, მის ფეხებზე თავდადებულ ანდრეას რომ შეხედა, სახტად დარჩა. - თქვენ ერთმანეთს რატომ ეხუტებით? - ჩუმად, დე, არ გააღვიძო. - კი არ ვეხუტები, მეძინა. - ზანტად გადმობრუნდა, თუმცა წამოდგომა არ უცდია. - გათენდა? - კი. - მთელი ღამე ასე იჯექი? - ერთი წამით დაეჭვებით შეხედა და ქალის ღიმილიანმა სახემ გააკვირვა. - ყურადღებას მომაქცევთ? - სანამ სოფი ანდრეას დაუბრუნებდა პასუხს, ისევ ბავშვი ჩაერია საუბარში. - ვინ მოგიყვანა, დე? - ბიძიამ. - შემახსენე, რომ ბიძამისი მოვკლა. - ხმადაბლა ამოილაპარაკა ანდრეამ და მკლავზე ჩქმეტაც დაიმსახურა. - რატომ არ შემოვიდა? - სამსახურისთვის იყო მოსამზადებელი. ადრე წამომიყვანა, რომ სკოლაში არ დამეგვიანა. - კარგი. შენ გაემზადე, მე საუზმეს მოგიმზადებ. - არ მშია. - ანდრეა, ყოველ დღე წუწუნით არ დაიღალე, დედა? - არ შეიძლება, ერთი დღე სკოლა გავაცდინო? - არა, არ შეიძლება. - რატომ? - იმიტომ, რომ უპასუხისმგებლობაა. - მინდა, რომ უპასუხისმგებლო ვიყო. - დაიწუწუნა კვლავ. - შაბათ-კვირას დაისვენებ, ანდრეა. - შეგიძლია რამე უთხრა? - ამჯერად დეიდას შეხედა მავედრებელი მზერით. - რამე, სოფი. - ხმადაბლა ამოილაპარაკა და ქალის ფეხებიდან წამოდგა. - შემიძლია ვთხოვო, რომ დიდი ჭიქით დაგალევინოს რძე. - დედა, შეიძლება სკოლაში დეიდამ წამიყვანოს? - მომენტალურად შეცვალა თემა და ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. - ჯერ ერთი, დეიდამ კი არა, ანდრეამ და მეორეც, არა, არ შეიძლება. - სანამ სოფი ნატკენ ფეხებს იზელდა, ანდრეამ გასცა პასუხი. - რატომ? - ღმერთო, ამ ბავშვმა ჭიჭყინი შეწყვიტოს და ორი კვირა ვიმარხულებ, მოსულა? - ჭერს ახედა. მერე სოფის დააკვირდა, აშკარად რაღაცის თქმას რომ აპირებდა. - ახლა ორივე დაიბანთ და გამოიცვლით. მე საუზმეს მოვამზადებ. მერე, სანამ თქვენ შეჭამთ, მოვემზადები. შენ სკოლაში წახვალ, შენ ჩემთან წამოხვალ სამსახურში. - ჯერ ერთს მიუშვირა თითი, შემდეგ მეორეს. აშკარა იყო, გადაწყვეტილება შეკამათებას არ ექვემდებარებოდა. - შენ სად მუშაობ? - ადრეც გითხარი, პატარა კაფე მაქვს. - და კაფეში მიგყავარ? - კი. - შეიძლება, ანდრეა მეორე წავიყვანო სკოლაში? - ამჯერად თვითონ ჩამოხედა მავედრებელი მზერით დისშვილს. - მოწესრიგდით და მერე განვიხილოთ. - მხარზე დაალაგა ხელები ორივეს და თავიანთი საძინებლებისკენ მიატრიალა. - შენ რა, დედას ჭკუაზე დადიხარ? - გესლიანად ჩაილაპარაკა ბავშვმა, დერეფნის გზას რომ დაადგნენ. - კი - რატომ? - ციხეში პოლიციელების ჭკუაზე დავდიოდი, საგიჟეში ექიმების, სახლში დედაშენის ჭკუაზე ვივლი და ჩემსას სულ ახალს და უხმარს, შევინახავ. ჭკუების დეფიციტი რომ შეიქმნება, მერე ნახე რა ძვირად გავყიდი. - თავზე რა გჭირს? - მაინც ვერ მოერია ცნობისმოყვარეობას. - ტრავმა მივიღე. - რა? როგორ? - შენ მომაყენე, შენი სულელური კითხვებით. - თავის ოთახში შევიდა და ცხვირწინ მოუხურა კარი. - რა უნდა ვქნა, როცა იმის გაკეთებას მაიძულებენ, რისი გაკეთებაც არ მინდა? - ისე სევდიანად ამოიოხრა, თითქოს ჭიქა რძის დალევა იყო ყველაზე დიდი ტრაგედია სამყაროში და ანდრეას საძინებლის კარს მიეყრდნო. - მე თავს ვიგიჟიანებ ხოლმე. - კარის მეორე მხრიდან გამოეპასუხა ბავშვს და აბაზანას მიაშურა. უცნაურად ბედნიერი დილა იყო იმ დღეს ჩაჩუებთან. ჭამდნენ, საუბრობდნენ, იცინოდნენ, კამათობდნენ და ოჯახის ყველა წევრი ერთნაირად კმაყოფილი იყო, ამ თითქოსდა ჩვეულებრივი დილით. რამდენიმე წუთიანი წუწუნის შედეგად, ანდრეა სახლში დაბრუნებაზეც კი დაიყოლია სოფიმ და შეთანხმდნენ, რომ რამდენიმე კვირით მაინც იცხოვრებდა ოჯახთან ერთად, თუ მეტ ხანს არა. *** განათებულ ოთახში გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ საათის ტიკტიკი არღვევდა. მარიკა უსულო თოჯინასავით იჯდა ფანჯრის რაფაზე. შუადღის ზეცაში ღრუბლების ნელ მოძრაობას აკვირდებოდა. ცალ ხელში სიგარეტის ღერი ეჭირა, ცალში ვისკის ჭიქა. ყოველ ნაფაზს ისეთი გულისყურით ადევნებდა თვალს, თითქოს კვამლის ტალღებში იხსნებოდა მისი მოგონებები და გულის ღრმა ფიქრები. ნაცნობი მანქანა რომ შემოატარა დაცვამ სახლის ეზოში, ფანჯრიდან შეხედა და გასასვლელად მოემზადა. კიდევ ერთ პორცია ვისკი გადაუშვა ყელში. თითქოს ამ ოქროსფერ სითხეს შეეძლო მტანჯველი საუბარი შეემსუბუქებინა. იგრძნო როგორ გაიარა ალკოჰოლმა ძარღვები და გაუთბო სხეული, მაგრამ გულში კვლავ უცნაური სიცივისა და სიცარიელის შეგრძნება ჰქონდა. ღელავდა, ძალიან ღელავდა, მაგრამ იცოდა აუცილებელი იყო ახლა საუბარი. ხვდებოდა, დიდხანს ვერ გაჩუმდებოდა და თუ გაჩუმდებოდა, ძვირად დაუჯდებოდა ეს სიჩუმე. - გამარჯობა, ქალბატონო მარიკა. - უკანა კარი გამოაღო კაცმა და ქალიც უსიტყვოდ დაჯდა მანქანაში. - ცოტა ხნის წინ ავიდა თავის სახლში, მარტოა. - მისალმების შემდეგ სწრაფად მიაწოდა საჭირო ინფორმაცია და ისე დაძრა მანქანა, ბრძანებას აღარ დალოდებია. თავის ფიქრებში იყო გართული მარიკა. არანაირი გეგმა არ ჰქონდა, როგორ უნდა წაემართა საუბარი. ან როგორ უნდა დაეგეგმა რამე, როცა საპირისპირო მხარეს ანდრეა იყო. კარგად ეხერხებოდა მარიკას სტრესულ სიტუაციებში სწორად მოქმედება, მხოლოდ ამის იმედი თუ ექნებოდა ახლა. კარგად იცნობდა ადამიანებს, მათ ფსიქიკას და საკუთარ თავსაც ბოლომდე ენდობოდა. - მოვედით! - ხმამაღლა თქვა კაცმა და მანქანა ანდრეას სახლის ჭიშკართან მიაყენა. - მანქანა დატოვეთ და ცოტა ფეხით გაისეირნეთ, შორს არ წახვიდეთ. - მანქანის კარი გამოაღო და პირველი თვითონ გადავიდა. შავი რედიკული ეჭირა ხელში. ქუსლების კაკუნით დაფარა ის მცირეოდენი გზა, რომელიც ჭიშკრამდე იყო დარჩენილი და შინაურივით შეაბიჯა ეზოში. თვალი მოავლო არე-მარეს. ერთხელ კიდევ ამოისუნთქა, ისეთი სიღრმით, თითქოს ყველა ემოცია ამოაყოლა და სახლის კარამდე მისასვლელი მანძილი დაფარა. ბევრი აღარ უფიქრია, თეთრი პერანგის საყელო შეისწორა, მზის სათვალე მოიხსნა. კარზე დააკაკუნა. - ბოლოს, აქ რომ ვიღაც მოვიდა, თავში ბიტა ჩამარტყა. იმედი მაქვს, შენ უფრო კეთილი სურვილებით მოხვედი. - კარი გამოაღო და იქამდე დაიწყო საუბარი, სანამ წინ მდგომს დააკვირდებოდა. წინადადება რომ დაასრულა, მხოლოდ მაშინ შეხედა ქალის სახეს. ეცნობოდა, ძალიან ეცნობოდა, მაგრამ ვერაფრით იხსენებდა საიდან. ორივე ჩუმად იდგა, მზერას არ აშორებდნენ ერთმანეთს. ორი ადამიანის ერთნაირ თვალებში სხვადასხვა ემოციები იკითხებოდა ახლა. ერთში ნერვიულობა ჩანდა, მეორეში გაურკვევლობა. - ვერაფრით გიხსენებ! - შუბლი მოისრისა და მათ შორის სიმძიმედ ჩამდგარი სიჩუმეც დაარღვია. - შეიძლება? - ძლივს ამოიდგა ენა. მუცელში ტკივილად უვლიდა ნერვიულობის ტალღები, თუმცა მუდამ შეუვალ ტონს მაინც აკონტროლებდა. - მოდი. - ბევრი არ უფიქრია, უცნაური კეთილგანწყობა დაეუფლა პირველივე დანახვისას ქალის მიმართ. უკვირდა, რატომ ვერაფრით იხსენებდა საშინლად ნაცნობ ამ მზერას, თუმცა თავის გონებას დააბრალა. ნელა შეაბიჯა მარიკამ სახლში, არეულ ოთახს და ჩანთაში ჩასალაგებლად დაყრილ ტანსაცმელზე გააჩერა მზერა. - სადმე მიდიხარ? - ანდრეასთვის წამითაც არ შეუხედავს, ისე იკითხა. - არ ფიქრობ, რომ კითხვებს მე უნდა ვსვამდე? - ცდილობდა ქალის თვალები ეპოვა, მაგრამ მარიკა ჯიუტად დაჰყურებდა უდიერად დაყრილ ტანსაცმელს. - არეულობაა, ხო! - ქალის მზერას გააყოლა თვალი. - ერთი ჭიქა წყალი, შეიძლება? - როგორც იქნა, მზერის ღირსად სცნო. - წამოდი. - სამზარეულოსკენ წავიდა, ჭიქა წყლით აავსო და უკან მყოფ მარიკას გაუწოდა. - შენთვისაა, დაიდგი და დაჯექი. - ისე მიუთითა, თითქოს თავად იყო მასპინძელი. სანამ ქალის სითამამით გაკვირვებული ანდრეა დაჯდებოდა, თვითონ ჩამოჯდა სკამზე და დაელოდა ანდრეაც იგივეს როდის გააკეთებდა. - სახლში ეწევი? - იკითხა. თუმცა პასუხს არ დალოდებია ისე, ამოიღო სიგარეტის კოლოფი. - არა. - არაუშავს, გაანიავებ. - სიგარეტს მოუკიდა. კოლოფიდან ანდრეამაც ამოიღო ერთი ღერი და თავადაც ქალის მოძრაობა გაიმეორა. უყურებდა შვილის ყველა მოძრაობას, მის მიმიკებს და საკუთარი ახალგაზრდობის კონტურებს ნათლად კვეთდა მასში. გასაოცრად ჰგავდა დედას, იმაზე მეტად, ვიდრე მარიკას შეეძლო ეს მსგავსება წარმოედგინა. სიგიჟე იყო. ამდენი წლის შემდეგ პირველად იჯდა იმ ბავშვის წინ, რომელიც აცრემლებულმა დატოვა სხვა ადამიანების კართან და გათელილი გულიც იმ კალათში ჩატოვა, რომელშიც ახალშობილი იწვა. - ჩემი ყურებით ტკბები? - ქალის მოურიდებელი მზერა რომ გაუსძლისი გახდა, თვითონ დაარღვია სიჩუმე და გაეღიმა. - თუ გეტყვი რომ კი, ეგოს დაიკმაყოფილებ? - თვალი აარიდა და ფანჯრისკენ გააპარა მზერა. - ცუდი საყურებელი არც შენ ხარ, მაგრამ ერთ ადგილზე ჯდომა დიდი ხნით მიჭირს. - რას ხედავ, ანდრეა? - თვალი თვალში გაუყარა. - ვიღაც ქალის აჩრდილს, რომელიც ისე იქცევა, თითქოს მე ვიყო გაურკვეველი სტუმარი მის სახლში. - დედაშენი ვარ. - ისე სხვათა შორის თქვა, თითქოს არაფერი იყო განსაკუთრებული ამ ამბავში. ანდრეას გამოწვდილ საფერფლეში ჩააწვა სიგარეტის ღერი. რუხი ბოლი გაიფანტა მათ შორის და გაუჭირდა შვილისს რეაქციის დაჭერა. - სახეში ბო*ებს აბოლებენ. - ისე თქვა, თითქოს დედის სიტყვები არც გაუგია. - გაიგე, რა ვთქვი? - გოგონას წინ დადგმული ჭიქა თვითონ აიღო და გამშრალი ყელი ყლუპი წყ’ლით გაისველა. - გადახარშვას ვცდილობ. - უარეს რეაქციას ველოდი. - იმედია, იმის მოლოდინი არ გქონდა, რომ აცრემლებული ჩაგიკრავდი გულში. - ასეთი იდიოტიც არ ვარ. - ჯერ კიდევ ხელში ეჭირა ჭიქა და ნელ-ნელა სვამდა წყალს. - თუ ის იფიქრე, რომ შენი მოკვლა მომინდებოდა, მართალი ხარ, მაგრამ საგიჟეში დაბრუნება აღარ მინდა. - ტანში გააჟრიალა გაფიქრებაზეც. თვითონაც არ ახსოვდა, რატომ აშინებდა ასე ფსიქიატრიულში გატარებული წლების გახსენება. - ძალადობისკენ მიდრეკილებით, მამას გავხარ. - გესლიანად ჩაისისინა, ირონიულმა ღიმილმა დაუფარა სახე. - როგორც ციხისკენ მიდრეკილებით, დედას? - კარგი, მწარე იყო! - ღიმილით გადააქნია თავი. - გინდა რამე მკითხო, ან მითხრა? - ხო, სულ მინდოდა მეთქვა. - კიდევ ერთი ღერი სიგარეტი ამოაძვრინა კოლოფიდან და გაუკიდა. მშვიდად ელოდა მარიკა საუბრის გაგრძელებას. - წყეულიც იყოს ის დღე, აბ*რტი რომ არ გაიკეთე. - მე სიცოცხლის შანსი მოგეცი. - და მოგწონს შენი ნამოქმედარი? შემომხედე და მითხარი, რომ მოგწონს. - ხმამაღლა გადაიხარხარა, მაგიდაზე დაალაგა ხელები და მარიკამ შეამჩნია, როგორ საგრძნობლად უთრთოდა. - მე სიცოცხლე გაჩუქე და თუ რამე უნდა მითხრა, მხოლოდ მადლობაა. - მარიკას სერიოზულმა სახემ კიდევ უფრო გააცინა. - აქ მადლობის მოსასმენად მოხვედი? - სულს ძლივს ითქვამდა. ხელში დაჭერილი ჭიქა მაგიდაზე დადგა ქალმა, მისკენ გააჩოჩა და ათრთოლებულ თითებში მიაჩეჩა. - მხოლოდ ის მინდა, მესამე შანსი მაინც გამოიყენო. - ოდნავ შეახო გოგონას თითებს თავისი. თითქოს დენმა დაარტყა. უცნაურად დაემუხტა სხეული და მიხვდა, ანდრეამაც იგივე იგრძნო, წამიერად რომ შეხტა და მზერა ჭიქის ირგვლივ შემოხვეულ ორ ხელზე გაუშეშდა. - ერთი შანსი მაშინ მოგეცი, როცა გაგაჩინე. მეორე მაშინ, როცა იმ სახლის კართან დაგტოვე, რომელშიც იმ უპირობო სიყვარულს მოგცემდნენ, რომლის მოცემაც მე არ შემეძლო. შენ ვერცერთი გამოიყენე. - მესამე? - უღონოდ დადებულ მარიკას ხელს გამოაცალა ჭიქა და სულმოუთქმელად გამოცალა. უცნაური შეგრძნება ჰქონდა ქალის თითების შეხებისას, სახელი ვერ დაარქვა. მის კითხვაზე არ უპასუხია მარიკას, ისევ მდუმარედ მისჩერებოდა. - შენ გამომიყვანე ფსიქიატრიულიდან. - თვითონვე დაამატა ანდრეამ და ახლა გააცნობიერა ქალის მზერა, სარკიდან რომ ეცნობოდა. - მესამე და სამართალი. - დემონსტრაციულად გაშალა ხელები. - მე მაინც აბო*ტს ვემხრობი. - იმიტომ თქვა, რომ რაღაც უნდა ეთქვა. ვერაფრით ალაგებდა აზრებს, თავში სრული ქაოსი ჰქონდა. რა მიზეზით უნდა მიეცა მესამე შანსი?! ახლა რის გამო გამოჩნდა, როცა ამდენი წელი დუმდა?! - შენ არ გაგივლია ჩემი გზა, ანდრეა, ამიტომ ვერ შეაფასებ ჩემი ნაბიჯების სისწორეს. მიიღე მოცემულობა, რომელიც გაქვს და საკუთარი ცხოვრება მართე ისე, როგორც შენ მიგაჩნია სწორად. მე აქ ბოდიშების მოსახდელად არ მოვსულვარ. ვისაც ორივესთვის აქვს ბოდიში მოსახდელი, მიწაში წევს. მე ისე მოვიქეცი, როგორც შემეძლო და როგორც სწორად მიმაჩნდა იმ რეალობაში, რომლის წინაშეც ჩემი ნებით არ დავმდგარვარ. - ბრაზი ენთო ქალის თვალებში, სიამაყე. აშკარა იყო, თავს დამნაშავედ რომ არ თვლიდა და თუ თვლიდა, ძალიან კარგად მალავდა. - ახლა აქ იმიტომ ვარ, რომ მინდა იცოდე, დედა გყავს. არ მაქვს იმის ამბიცია, რომ დედა-შვილობა გამოგვივა, მაგრამ თუ დაგჭირდება, იცოდე რომ ვარ და შენი დახმარება შემიძლია. იქნებ მეგობრობა მაინც შევძლოთ, სხვა თუ არაფერი. - დედაჩემი მკვდარია, მას ქეთა ერქვა და ის არაჩვეულებრივი იყო. - ფიქრებში წავიდა, თავი უკან გადაწია და თვალები დახუჭა. - მე შენზე უფრო მადლიერი ვარ იმ ქალის, ვინც დედობა გაგიწია. ზუსტად იმიტომ დაგტოვე იმ კართან, რომ სხვას გაეკეთებინა ის, რისი გაკეთებაც მე არ შემეძლო. შვილი უპირობოდ უნდა გიყვარდეს, მე კი არ შემეძლო შენი უპირობოდ სიყვარული. - თვალს ვერ აშორებდა, თვალდახუჭულს უყურებდა და ცდილობდა რამე ემოცია დაეჭირა შვილის სახეზე. - მე დედა აღარ მჭირდება. დიდი ხანია ძუძუს აღარ ვჭამ. - თვალები გაახილა. გაუღიმა. თავში ისევ მოუჭირა რაღაცამ. ორივე ხელები საფეთქლებთან მიიჭირა. - კარგად ხარ? - ფეხზე წამოდგა და სკამზე მჯდომს მიუახლოვდა. - ანდრეა, კარგად ხარ? - პასუხი რომ არ გასცა, კიდევ გაიმეორა.თუმცა შეხება ვერაფრით აიძულა საკუთარ თავს. მხოლოდ მაშინ ჩააფრინდა მხრებში, რომ მიხვდა გონება დაკარგა და სკამიდან გადმოვარდა ლამის. - მიშველეთ! ჩქარა მიშველეთ! - ეზოში მობოდიალე ხელქვეითებს ეძახდა და ანდრეას უგონო სხეულის დაჭერას ცდილობდა. - საავადმყოფოში, საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ. - ოთახში შემოვარდნილმა მამაკაცმა ხელში რომ აიტაცა გოგონას სხეული, მანქანისკენ უბიძგა ქალმა და სწრაფი ნაბიჯით წინ მიმავალს, თვითონაც უკან გაჰყვა. - თავი არ მიარტყმევინო. - უკანა სავარძელზე რომ დაჯდა, ხმადაბლა მიმართა კაცს. ანდრეას თავი კალთაში ჩაიდო და მოთმინებით დაელოდა, როდის დაძრავდა ბესო მანქანას. უყურებდა ქალიშვილს, რომელთანაც თითქოს არაფერი აკავშირებდა გარდა სისხლისა და ხვდებოდა მზად იყო, ყველაფერი გაეკეთებინა მის დასახმარებლად. ყურადღებით ათვალიერებდა ანდრეას ნაკვთებს, მის სწორ პატარა ცხვირს, გაფითრებულ ტუჩებს, უფერულ კანს და გრძნობდა რაღაც უცხოს. მისთვის გაურკვეველსა და იმდენად ძლიერს, რომ გულზე მარწუხებივით უჭერდა სიმძიმის შეგრძნება. *** თვალები რომ გაახილა და საავადმყოფოს თეთრი კედლები დაინახა, პანიკამ შეიპყრო. ეს სუნიც კი აშინებდა. ფეხზე წამოდგომას ეცადა, მაგრამ იქვე მდგომმა ექიმმა, საშუალება არ მისცა. - გამიშვი, თორემ მოგკლავ. - კბილებში გამოსცრა. - დამშვიდდი. ცუდად გახდი, საავადმყოფოში ხარ. - მარიკას ხმა იყო. მეორე მხრიდან რომ იდგა და მშვიდი საუბრით ცდილობდა ანდრეას დარწმუნებას. - ვიცი, სადაც ვარ, სახლში უნდა წავიდე. - კიდევ გაიბრძოლა და მაინც წამოჯდა. - ანალიზები აგიღეს, ტომოგრაფიაც გადაგიღეს. პასუხებს მაინც დაელოდე. - შვილის მომუშტულ ხელს დახედა, ისევ ვერ გაბედა შეხება. - არ მაინტერესებს, უნდა წავიდე! - ქალბატონო მარიკა, არ შეიძლება. - მავედრებელი მზერა ჰქონდა ექიმს. - ეს ყურის ექიმთან წავიდეს, არ ესმის რომ უნდა წავიდე? - მაინც წამოდგა, ოდნავ ეხვეოდა თავბრუ, მაგრამ ამ კედლებში დარჩენას არცერთი წუთით არ გეგმავდა. - დამამშვიდებელს გავუკეთებთ. - გამოსავალი იპოვა კაცმა და კარისკენ გასწია, ექთანისთვის რომ დაეძახა. - უთხარი გამიშვან! - ექიმის მაგიერ მარიკას გახედა და ქალმა ვერაფრით აიძულა თავს, რომ წინააღმდეგობა გაეწია. - წავიდეს. - მშვიდად მიმართა ექიმს. - კი, მაგრამ... - წადი. - ისე უთხრა ანდრეას, ექიმისთვის არ მოუსმენია. - არც კი ვიცით, რა სჭირს! - ეშმაკი რომ ოთახიდან გავიდა, მხოლოდ მაშინ გაბედა მარიკასთვის სიტყვის თქმა. - ანალიზების პასუხები მე გამომიგზავნეთ. - საშინლად ჯიუტი ვინმე კია! - თავი გადააქნია კაცმა. - დედას ჰგავს. - კარი გამოაღო და დერეფანში გამოვიდა. - არავინ უნდა გაიგოს... - ვიცი, ვიცი. - სიტყვა შეაწყვეტინა ქალს. კმაყოფილი დარჩა, რომ მისთვის მცირეოდენით მაინც შეეძლო ესიამოვნებინა. სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა გარეთ, ანდრეა ჯერ კიდევ საავადმყოფოს წინ იდგა და ცდილობდა აზრები დაელაგებინა, სახლამდე მისვლა როგორ შეეძლო. - წაგიყვანო? - გვერდით ჩაუარა და ისე მიაძახა, არც გაჩერებულა. - მდინარეზე. - მდინარეზე რა გინდა? - შედგა და მისკენ მობრუნდა. - უნდა გაბანაო. ოღონდ ჯერ სახლში გამატარე, დიდი ტომარა, გირები და თოკი მჭირდება. - ამჯერად თვითონ აუარა გვერდი ქალს. - ჩემი მოკვლის სურვილი რომ გადაგივლის, გნახავ. - ღიმილით მიაძახა, მანქანაში ჩაჯდა და ისე წავიდა, ანდრეასკენ აღარც მოუხედავს. ანდრეა კი იდგა. იდგა დროსა და სივრცეში გაყინული. ისეთი დამძიმებული, გეგონებათ მთელი პლანეტის სიმძიმე აწვა მხრებზე. ცხვირის წვერი ეწვოდა, თავბრუ ეხვეოდა და მაინც გულის ის ნაგლეჯები უფრო სტკიოდა, რომელიც სხეულში ჯერ კიდევ შემორჩენოდა. თვალებზე ნისლი ეფარა. ვინმეს რომ დაენახა, იფიქრებდა, რომ სული სხეულს მოშორებოდა და მხოლოდ ჩონჩხი იყო დარჩენილი. შავ-თეთრი ფილმის პერსონაჟებივით მოძრაობდნენ გონებაში კადრები და მიხვდა: ეს ომი მის თავში უსასრულოდ გაგრძელდებოდა, იქამდე მაინც, სანამ ყველა პატარა ბრძოლას აგებდა საკუთარ თავთან. თავისივე გულისცემამ გამოაფხიზლა. გული ისეთი სისწრაფითა და სიძლიერით უცემდა, თითქოს რაღაც გაურკვეველს ელოდა. მაინც რა უნდა მომხდარიყო კიდევ, რაღა უნდა დამართნოდა ან რაღა უნდა გაეგო. კითხვებიც კი აღარ ჰქონდა. თითქოს საბოლოოდ დარწმუნდა; უბედურებისთვის იყო გაჩენილი. შეეგუა იმ აზრს, რომ არასოდეს მისცემდა სამყარო საშუალებას მშვიდად ეცხოვრა, მაგრამ აღარ ანაღვლებდა. ვერაფერი სიახლე იყო მისთვის ტკივილი და უბედურება, იქნებ ბედნიერი ცხოვრებისთვის ვეღარც ჩაეტანებინა გემო. იმასაც აღარ კითხულობდა, რისთვის ისჯებოდა ასე. ეკლესიის ზარი მოესმა და თავი წამოსწია, შორიდან მოსჩანდა ტაძრის გუმბათი. წუთით ჩაფიქრდა, იქნებ ღმერთი სჭირდებოდა, იქნებ სადღაც ისევ მოეპოვებოდა იოტისოდენა რწმენა. უყურებდა გუმბათს და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რამდენიმე ნაბიჯი კი არა, უფსკრული აშორებდა ეკლესიის ეზოს და კიდევ უფრო დიდი უფსკრული - ღმერთს. თითები შეკრა, მაგრამ ვერაფრის დიდებით დაატანა ხელს ძალა, რომ პირჯვარი გადაეწერა, ამიტომ ისევ უღონოდ გაშალა თითები. ხვდებოდა,ამ ხელებით ჯერ ის უფსკრული უნდა ამოევსო, რომელიც "ეშმაკსა" და ღმერთს შორის იყო. მხოლოდ შემდეგ შეძლებდა იგივე თითებით პირჯვრის გადაწერას. დამნაშავე ბავშვივით დახარა თავი, ამჯერად თავხედობა ცაში ასახედადაც არ ეყო. თავი 6 უცნაურად მშვიდი კვირა იყო ეშმაკის ცხოვრებაში. თითქოს პაუზა აიღო სამყაროსგან და ყველაფერს მოსწყდა. სოფისთან და ანდრეასთან ატარებდა მთელ დროს. თათიას მიცემულ წამლებს ისევ დანიშნულების მიხედვით სვამდა და მისდა გასაოცრად, შედეგსაც იღებდა. ჯერ კოშმარები გაქრა მისი ცხოვრებიდან, შემდეგ მოჩვენებებიც კოშმარების გზას მიჰყვა. უჭირდა ნინოს გარეშე ყოფნა. არაფრად უღირდა ასეთი ძილი. მონატრება უჭერდა ყელში, თითქოს უკანასკნელი კავშირი გაუწყდა მისთვის ყველაზე ღირებულთან, მაგრამ არ იმჩნევდა. ცდილობდა სოფისთვის ეცხოვრა და პატარა ანდრეასთვის, რომელიც ისე შეეჩვია დეიდას, დილით რამდენჯერმე თავის საწოლში დაუხვდა ახლად გაღვიძებულ ეშმაკს. პირველად გაბრაზდა, თუმცა მისი გაღვიძება არ მოინდომა. ზემოდან დაჰყურებდა ბავშვის მძინარე სხეულს და სოფის ბავშვობას ხედავდა. თანდათან შეეჩვია დისშვილის შეხებებს, მის ხმამაღალ სიცილს, გაუფრთხილებელ კოცნას ლოყაზე და დაუოკებელ სილაღეს. არაფრით გამოტყდებოდა, თუმცა მარტივი შესამჩნევი იყო, რამდენად უყვარდა უფროს ანდრეას უმცროსის სიცოცხლის ხალისი და მის თვალებში აცეკვებული ჭინკები, როცა დეიდის გაბრაზებას ცდილობდა. იმ დილითაც გამთენიისას გაეღვიძა. გულზე ისეთი სიმძიმე აწვა, სუნთქვა უჭირდა. მიხვდა, გვერდით ისევ ვიღაც ეწვა. თვალი გააპარა და უცნაურ პოზაში მწოლიარე პატარა ანდრეას დანახვისას გაეღიმა. გულგრილი ღიმილი იყო. ანდრეას დალუქულ გულში, მზის სხივის შეპარვას ჰგავდა სოფისა და მისი გოგონას არსებობა. ერთი მხრივ, მოსწონდა ეს პატარა სინათლე, მეორე მხრივ, აღიზიანებდა. ბავშვს უყურებდა, თუმცა ფიქრებით სხვაგან იყო. ყელში უხილავი ბურთი ჰქონდა გაჩხერილი, სუნთქვაც არ შეეძლო, არა თუ ლაპარაკი. სხეული აათრია საწოლიდან. ბავშვისკენ დაიხარა, ერთი წამით უნდოდა ფუმფულა ლოყაზე ეკოცნა, თუმცა მალევე გადაიფიქრა. ისე ჩაიცვა და გავიდა ოთახიდან, მისთვის აღარ შეუხედავს. მაცივარს პატარა ბარათი მიაკრა, რომლითაც სოფის ატყობინებდა, რომ დღეს მარტო ყოფნას გეგმავდა და უჩუმრად გავიდა სახლიდან. ფეხებმა თავისით მიიყვანა დანიშნულების ადგილას. ცა ლაჟვარდისფრად იფერებოდა, დილის ნამი ჯერ კიდევ არ მოშორებოდა ბალახს, სასაფლაოს ეზოში რომ შეაბიჯა. ნაცნობი ადგილისკენ აიღო გეზი და სულმოუთქმელად დაფარა ნინოს საფლავამდე მისასვლელი გზა. შავი მარმარილოს შემოგარენთან გაჩერდა. მშვიდად დააკვირდა ქვაზე დახატულ საყვარელ სახეს. მხატვარს მთელი სიზუსტით გადმოეტანა ნინოს მშვენება. მისი ხვეული, წაბლისფერი თმა და ზურმუხტის ქვებივით მწვანე თვალები, რომელიც ქალის სახეს სიღრმესა და სილამაზეს მატებდა. როგორ უყვარდა ეს თვალები ანდრეას. უყვარდა, როცა ისინი ბედნიერებისგან ბრწყინავდა, ან მკაცრად და სერიოზულად უყურებდა. უყვარდა იქ დანახული სიმშვიდე, სიმტკიცე და ძალა. ყველანაირი უყვარდა ეს თვალები, გარდა ამ ცივ ქვაზე დახატულისა. ცხვირიც ძალიან მიუგავდა იმ ნინოსას, ანდრეას გონებას რომ შემორჩენოდა. სწორი, პატარა, ოდნავ აპრეხილი. სახის ნაკვთებიც ლამაზად გადმოეტანა, თუმცა ტუჩები ვერ მიამსგავსა ქალისას ეშმაკმა. ეს ღიმილიც ხელოვნური ეჩვენა. ნინოს რბილი მეწამულისფერი ტუჩები გამოიკვეთა ანდრეას გონებაში, მისი გულწრფელი ღიმილი, რომელიც ოთახს ანათებდა. ანდრეას გულს უცნაური სითბოთი და სიხარულით ავსებდა. ჰო, თითქოს ჰგავდა ეს ქვის ფილაზე ამოკვეთილი სახე ნინოსას, მაგრამ არა ისე, რომ ანდრეა მოეტყუებინა. ქაღალდის გვირილა ამოიღო ჯიბიდან, მარმარილოს ფილას მიუახლოვდა და ისე ჩაეხუტა, როგორც მხოლოდ ცოცხალ, ნამდვილ ადამიანს შეიძლება ჩაეხუტო. თვალები დახუჭა. თუმცა ისევ არ მოსულა ზმანება, რომელსაც საბოლოოდ მიეტოვებინა. ვერც ქალის სუნს გრძნობდა, ვერც მის სიახლოვეს. ცივად მოშორდა, დაბლა დაიხარა და "გვირილა" საფლავზე დადო. - დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სამოთხევ, ჩემო ჯოჯოხეთო! - ხელი გადაატარა ქალის გულზე დაყრილ წვრილ, ფერად კენჭებს. მუხლებზე დაიხარა და ყური ისე დაადო, თითქოს წამით იმედი გაუჩნდა, რომ ნინოს გულისცემას გაიგონებდა. ვერ შეძლო, გონება აღარ ემორჩილებოდა, ვეღარ წარმოიდგენდა, ვეღარ ხატავდა იმ რეალობას, რომელიც სურდა. იმ წუთას გამოჯანმრთელება ეტკინა, მიხვდა კარგს არაფერს უქადდა. ისევ ფეხზე წამოიმართა და ქვის პირისპირ ჩამოჯდა. ქალის სახეს დააკვირდა. პირველად გაიაზრა, რომ მკვდართან უნდა ელაპარაკა, უსულოსთან, უხორცოსთან. - არ უნდა წახვიდე. - ჰაერში გაიბნა პირველი ბგერები. - გამოჯანმრთელება არ მჭირდება, თუ ეს შენ დაკარგვად დამიჯდება. - ხმა უკანკალებდა, თითებიც, მხრებიც. - შენი დაკარგვიდან მონატრებამდე, ერთი გოლგოთა უკვე გავიარე. მონატრებიდან დავიწყებამდე გასავლელს, ვეღარ გავივლი. - უშედეგოდ ეცადა ნერწყვი გადაეყლაპა. ყელი ისე გაშრობოდა, თითქოს დღეების განმავლობაში ევლო უდაბნოს სიცხეში. - ახლა მხოლოდ იმ გზის გავლა შემიძლია, რომლის ბოლოსაც მეცოდინება, რომ შენ მელოდები. - ხელებში ჩამალა სახე. - ასე არავის უნდა უყვარდეს, ნინო. - წლების შემდეგ პირველად გააჟღერა საყვარელი სახელი. სევდით აივსო.- მაგრამ შენს მერე, სხვანაირი სიყვარული ვერ წარმომიდგენია. სული თუ არ ვაჩუქე, ხორცი თუ არ ვიგლიჯე მონატრებისგან. - საკუთარ მუშტს შეახო ტუჩები. ცერა თითის დასასრულს რამდენიმე წუთით მთელი ძალით მოუჭირა კბილები. - მე ვეღარავის შევიყვარებ, ნინო. ჩემს გულში არავის ადგილი არ არის. ვერ ვივლი უხორცო ღალატის სუნით გაჟღენთილი. - სიგარეტის კოლოფი ამოძვრინა ჯიბიდან. თვალზე მომდგარ ცრემლებს გადმოსვლის უფლება არ მისცა, ისე გააბოლა. - ასეთი სიყვარული ვიცი. მაშინაც მეყვარები, როცა ერთად არ ვიქნებით. მაშინაც, როცა არ დამელაპარაკები ან არ იარსებებ. მე შენ სიკვდილის გამო ვერ გადაგიყვარებ. - თავი გააქნია უარყოფის ნიშნად. - მოდი, რა. მოდი, თორემ ერთხელაც ჯიბე და იმედებცარიელი, რომელიმე ხიდს მივადგები და გადავხტები. გადავხტები და ვერც ის პირობა შემაჩერებს, შენ რომ მოგეცი. - ჯიუტად უყურებდა ქვაზე ამოკვეთილ საყვარელ სახეს და ცდილობდა რამე დაენახა. რამე ამოეცნო, ნუგეში ეპოვნა. - მარტო ვარ, ისე მარტო, რომ საკუთარი თავიც არ მყავს. ისიც შენ გაჩუქე. - მთელი ძალით დაარტყა მუშტი შავ მარმარილოს, რომელზეც იჯდა. - ახლა სრულ სიბნელეში ვარ. რაც აღარ მოდიხარ... - სიტყვა გაუწყდა. - ახლა არცერთი ღამე არაა ცარიელი, ყველა უშენობით შეივსო. - მშვიდად ამოისუნთქა. - უნდა დაბრუნდე, სიზმრებში მაინც... უნდა მაპატიო, რაც იყო... შენ ხომ ყველაფრის პატიება შეგეძლო ჩემთვის... გახსოვს? ადამიანს კი არა, გარეულ მხეცს ვგავდი. ლეშის მჭამელი ცხოველივით გიძიძგნიდი ნერვებს ყოველდღე. შენ დაფლეთილი და ჩემგან ნერვებ თუ სულდაჭმული, საწოლზე უღონოდ ჩამოჯდებოდი და საათობით მეფერებოდი თავზე, რომელიც ყველაფერზე ფიქრობდა, შენი კარგად ყოფნის გარდა. იცი? მაშინ, შენი თითების მოძრაობას მთელი სხეულით ვგრძნობდი და იმასაც ვაცნობიერებდი, რომ თვითონ გაგლეჯდი ფრთებს, რომელსაც ჩემგან გასაფრენად კი არა, ჩემს დასაფარად იყენებდი. - კიდევ ერთ ღერს მოუკიდა. - შენ ხომ მაშინაც კი არ მიმატოვე, ახლა როგორ წახვედი? - ისევ გამაყრუებელი სიჩუმე იდგა. ანდრეა, ალბათ, მთელი არსით პირველად გრძნობდა, რომ ამ სიჩუმეს საყვარელი ხმა ვერასოდეს ვეღარ დაარღვევდა. ამიტომ იჯდა განადგურებული, მხრებში მოხრილი, სხეულდაპატარავებული დანგრეული ოცნებებით, დაგუბებული ცრემლებითა და შეშლილი ღიმილებით. - არ მოხვალ, გინდა მიყურო როგორ გივიწყებ, მაგრამ ვერ ეღირსები იცოდე. - გამაფრთხილებლად დაუქნია თითი საფლავის ქვას და თვალი აარიდა. აქ აპირებდა ყოფნას მთელი დღე. მეხსიერება ღალატობდა და ბევრი რამ არ ახსოვდა, მაგრამ არასდროს დავიწყებია პირობა, რომ ნინოს საფლავზე გვირილა უნდა მიეტანა. არცერთი პირობა არ დავიწყებია, რომელიც ქალს მისცა. ნებით თუ უნებლიედ, მის გონებაში სამუდამოდ აღბეჭდილიყო ყველაფერი, რაც ნინოს ეხებოდა. რამდენიმე საათი იჯდა გაუნძრევლად. დაუსრულებელ სიჩუმეში მაინც ელოდა რაღაცას. არ იცოდა რას, მაგრამ გული უცნაური მოლოდინის მღელვარებით უცემდა. ელოდა ხმას, თუმცა არა იმ ხმას, რომელიც მის ყურთასმენას მისწვდა. - ხელს ხომ არ შეგიშლი? - ნაცნობი ხმის გაგონებამ სახტად დატოვა. ოდნავ მოაბრუნა თავი და საბას გაჩეჩილი თავი რომ დაინახა, ვერ მიხვდა რა ემოცია უნდა ჰქონოდა. - აქ რა ჯანდაბა გინდა, ჩანჩქერო? - მამაჩემის საფლავზე ვიყავი, შემთხვევით დაგინახე და ვიფიქრე, რომ მარტო ყოფნის ფუფუნება არ უნდა გქონოდა. - შენ ხასიათზე არ ვარ, ჩანჩქერო. - ჩამოვჯდები და ხმას არ ამოვიღებ, უბრალოდ მარტო ვერ დაგტოვებ. - დედაჩემმა დამტოვა თავის დროზე და შენ რა ხარ ასეთი? - ვინ არის შენი? - გვერდით ჩამოუჯდა და იმ ქვისკენ გაიქნია თავი, რომელზე გამოსახული ქალის სახესაც მთელი ძალით არიდებდა მზერას. - ჩემი დ... - სიმწრის სიცილი მოერია, მაგრამ ვერ თქვა. ვერაფრით თქვა, რომ ნინო მისი და იყო. ანდრეასთვის სოფი იყო და. ვერ იტყოდა, რომ ნინოც ის იყო, ვინც სოფი... ამას არ გრძნობდა... მისთვის ეს შებღალვა იყო გრძნობისა, რომელიც სოფის მიმართ ჰქონდა და იმ გრძნობისაც, რომელიც ნინოს მიმართ გააჩნდა. - გრძელი ამბავია, ჩანჩქერო. - სწრაფად შეცვალა დაწყებული წინადადება. - შემიძლია მოგისმინო. - ცუდი მატყუარა ხარ ,ბიჭო. ვინ დადის დილა უთენია სასაფლაოზე? - მე. ყოველ დილით დავდივარ და იქამდე ვივლი, სანამ მამაჩემისთვის მიცემულ პირობას არ შევასრულებ. - რა დაპირდი მამაშენს? - არ აინტერესებდა, მხოლოდ სიჩუმისგან თავის დასაღწევად იკითხა. - გრძელი ამბავია... - თვითონაც ისე მოკლედ უპასუხა, როგორც ანდრეამ რამდენიმე წუთის წინ. - აქ მის სიახლოვეს ვერ იგრძნობ, ბიჭო. აქ უნდა გყავდეს. - საფეთქელთან მიაჭირა თითი. - და აქ. - ახლა გულზე მიუკაკუნა. - აქ არაფერია ამ გაყინული მზერებისა და ხელოვნურად გამოკვეთილი ღიმილების გარდა. - ხელები გაშალა და ისე დატრიალდა, თითქოს მთელი ტერიტორიის ჩვენება სურდა. - უბრალოდ მარტო ყოფნა არ მინდა. - თავი ჩაქინდრა საბამ, ურჩი კულულები ისე ჩამოეყარა შუბლზე, რომ პატარა ბავშვს დაემსგავსა. - ყავის მოდუღება იცი? - ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და მის წინ გაჩერდა. - კი. - მაშინ, ჩემთან დაგპატიჟებ, ოღონდ ყავას შენ მოადუღებ. - მხარზე მეგობრულად მიარტყა ხელი და ბიჭის ღიმილმა გაახალისა. ანდრეას ყველაზე უკეთ ესმოდა, რას ნიშნავდა მარტო ყოფნა საკუთარ ტკივილებთან და ,მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიჭი არაფრად უღირდა, ვერ შეძლო ასე მიეტოვებინა. არ შეეძლო გულგრილობა. - მართლა? - ფეხზე წამოდგა. ახლა ანდრეას თვალში მის დისშვილს გავდა ეს ბიჭი. მასავით მხიარული ჭინკები უთამაშებდა თვალებში. ისე იღიმოდა, როგორც ანდრეა, როცა დეიდას დიდი ხვეწნის შემდეგ რამეზე დაიყოლიებდა და უცნაური კეთილგანწყობა დაეუფლა. - ერთი პრობლემაა. - რა პრობლემა? - კოპები შეკრა საბამ. - ჩემი მანქანა ისევ მერსედესის ცენტრშია. - სამაგიეროდ, ჩემი უკვე გამოყვანილია. - გასაღები ამოიღო ჯიბიდან და ხელში შეათამაშა. - მაშინ წადი მანქანისკენ და დაგეწევი. - თავის დაქნევით დაეთანხმა ბიჭი და უსიტყვოდ წავიდა იქით, სადაც მანქანა ეყენა. რამდენიმე ნაბიჯით რომ მოშორდა ტერიტორიას, მაშინღა მიუახლოვდა ანდრეა ნინოს სურათს. - ტანჯვაა ჩემთვის აქ მოსვლა და იმის გააზრება, რომ მანდ ხარ, ქვემოთ. - ისე ხმადაბლა თქვა, თითქოს ყურში ჩასჩურჩულებდა. - მინდა მოგენატრო, ისე გაუსაძლისად, როგორც მე მენატრები. წამიყვანე, რადგან ვერასდროს ნახო, როგორ გივიწყებ. - ლოყისა და ტუჩის გასაყარზე, იმ პატარა ჩაღრმავებასთან აკოცა, რომელიც მხატვარს მთელი სიზუსტით გამოეკვეთა. - დაბადების დღეს გილოცავ და მჯერა, მანდ უფრო კარგია, ვიდრე აქ. - შუბლი დააყრდნო შუბლზე. - იცოდე რაღაც ისეთსაც მივქარავ, ჩემი აქ, ამდენი ხნით დატოვება განანო. - რამდენიმე წამით უყურა და ისე მოშორდა, არც შებრუნებულა. უკან უკან დგამდა ნაბიჯებს და აწამებდა იმის გააზრება, რომ ყველაზე ძვირფასს ისევ აქ ტოვებდა. საბას მანქანაში ჩაჯდა თუ არა, კანონმორჩილი მოქალაქესავით შეიკრა ღვედი და დაელოდა მანქანას როდის დაძრავდა ბიჭი. - იმ სახლში მივდივართ, ბოლოს რომ მიგიყვანე? - არა, წადი და გეტყვი მისამართს. - რამე ალკოჰოლური რომ დავლიოთ, რას იტყვი? - გზიდან მზერა გვერდით მჯდომისკენ გადმოიტანა . - ჩემს სახლშიც უნდა არწ*იო? - კარგი რაა. - დალევის ტრა*ი რომ არ გაქვს, უნდა შეეშვა ისე, როგორც მე. - ჩემი თვალით მაინც არ მენახა, რამდენი არაყი დალიე. - მაშინ წამლებს არ ვსვამდი. - ახლა სვამ? რის წამლებს? - გიჟი რის წამალს დალევს? - გიჟები წამალს არ სვამენ, მით უმეტეს, თავისი ნებით. - თვალები დაეჭვებით მოჭუტა. - შენ ყველა გიჟს იცნობ? - ჯერ მხოლოდ ერთის გაცნობით ვარ დაინტერესებული. - ანუ საცდელი ბაჭია ვარ? გიჟები გიზიდავს და გინდა ფლირტის მეთოდები ჩემზე დახვეწო? - რა უშნო ლაპარაკი იცი. - უყურებდა ბიჭის ნაწყენ სახეს, მის შეკრულ კოპებს და ეცინებოდა. კარგ ხასიათზე აყენებდა საბა. ახლა, როცა მასსა და პატარა ანდრეაში რაღაც საერთო იპოვა, საერთოდ აღარ გრძნობდა ზიზღს საბას მიმართ. არადა, ანდრეას პირველი და ერთადერთი ემოცია ადამიანების სრული უმრავლესობის მიმართ, ზუსტად ეს იყო. მალევე მივიდნენ ეშმაკის სახლში. საბამ დაპირებული ყავა მოამზადა. მარკეტში ნაყიდი ლუდის დალევის უფლებაც დიდი ხვეწნის შედეგად მოიპოვა, მხოლოდ იმ პირობით, რომ ეზოში დასხდებოდნენ და არა სახლში. ხეების ჩრდილში, ეზოში ჯდომა ნამდვილად არ იყო ცუდი აზრი და საბაც დიდი სიამოვნებით დაეთანხმა. ანდრეა ჰამაკში იჯდა, საბა პატარა სკამზე. მათ შორის ჩადგმულ დაბალ ხის მაგიდაზე ყველაფერი იდო, რაც იმ მომენტში ორ ადამიანს სჭირდებოდა. ბიჭი საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა. პატარა ასაკის მიუხედავად, საინტერესო და მრავალფეროვანი ინტერესები აღმოაჩნდა. ემოციურად და გაუჩერებლად ლაპარაკობდა. ანდრეა ჩუმად იჯდა და უსმენდა, არაფრისთვის დაუკარებია პირი. საბას მოსაწევის გარდა, რომელსაც რამდენიმე ნაფაზი დაარტყა ხასიათზე მოსაყვანად. კარგი დუეტი იყო, ერთს საუბარი ეხმარებოდა ყველაფრის დავიწყებაში, რაც ზურგზე აწვა, მეორეს მოსმენა. იმ მძიმე მომენტში სრულად ავსებდნენ ერთმანეთს. - ყავა არ დალიე. - საბოლოოდ რომ გაცივდა სითხე ანდრეას ფინჯანში, მხოლოდ მაშინ გადაიტანა მასზე ყურადღება საბამ. - ჩემმა ფსიქოლოგმა ამიკრძალა. - ესე იგი, აკრძალვებს მარტივად ემორჩილები. - ძალიან მარტივად. - ჩაეცინა ბიჭის გულუბრყვილობაზე. არ აპირებდა იმის თქმას, რომ ფსიქიატრიულიდან გამოსვლის შემდეგ ჩვევად დარჩა, არავის მიწოდებული არაფერი დაელია. იქ გამუდმებით ასე აპარებდნენ წამლებს, რომელთა დალევაზეც კატეგორიულ უარს აცხადებდა. ამიტომ იყო, მხოლოდ სოფისა და თათიას მომზადებულს რომ ეკარებოდა. ამ ფიქრისას გაიაზრა, რომ მხოლოდ ორ ადამიანს ენდობოდა დედამიწის ზურგზე. სოფისა და თათიას, მათგან ერთს მთელი კვირა იყო არც ზარებზე პასუხობდა და არც მის მოწერილ შეტყობინებებს ხსნიდა. - მგონი ვიღაც მოვიდა. - ჭიშკრისკენ მიახედა ანდრეა და მანქანის მოკლე სიგნალიც მაშინვე გაისმა. გულგრილად გახედა და ნაცნობი მანქანის დანახვისას ფეხზე წამოდგა. - შენი წასვლის დროა. - ხმადაბლა უთხრა ბიჭს. მიხვდა, მარიკა მანქანიდან იმიტომ არ გადმოდიოდა, არ სურდა მის სტუმარს ქალის ვინაობა გაეგო. - შენი შეყვარებულია? - გრძელი ამბავია. - გაეცინა. მერამდენე კითხვის პასუხად უთხრა დღეს ეს სიტყვები, ვერც დაითვალა. შესანიშნავად მოიგერია კითხვა. - კიდევ გნახავ? - ეშმაკის ნაბიჯებს აუწყო ფეხი და ჭიშკრისკენ გაემართა ორივე. - თითქოს აქამდე სულ ჩემი გეგმის მიხედვით მნახულობდი. - მადლობა, რომ მარტო არ დამტოვე უკვე მეორედ. - ხელი გაუწოდა, თუმცა ანდრეას ისევ არ ჩამოურთმევია მისთვის. მხოლოდ თავი დაუკრა, ისიც ოდნავ. - იცოდე დავმეგობრდებით და ერთ დღეს ხელსაც ჩამომართმევ. - მუქარაზე მეტად, დაპირებას ჰგავდა საბას სიტყვები. შუშებდაბურულ მანქანას ისე ჩაუარა, არც გაუხედავს. არ სურდა ანდრეაში ეჭვების აღძვრა და მისი სურვილების წინააღმდეგ წასვლა. - ჩემი ნომერი მაგიდაზე დავწერე, რომ ვეღარ გადააგდო. - მანქანაში რომ ჩაჯდა, თვალი ჩაუკრა, ძრავი აამუშავა და სასწრაფოდ დატოვა ტერიტორია. როგორც კი საბას მანქანა თვალს მიეფარა, ეზოში დაბრუნდა, მაგრამ სანამ ჭიშკარს დახურავდა, იქამდე გადმოვიდა მანქანიდან მარიკა. ქუსლების კაკუნით წამოვიდა შვილისკენ. - რა ჯანდაბაა, ასფალტს ვერ დაასხამ? მოსტყდა ქუსლი ფეხსაცმელს ამ კენჭებში სიარულით. - ჩემი დაპატიჟების შემდეგ რომ მოხვალ, იქნებ წითელი ხალიჩაც დაგახვედრო. - ერთი კვირაა ვცდილობ იმ სახლიდან გამოსული გამოგიჭირო. - ვიცი, ამიტომაც ვერ გამომიჭირე. - დამიცადე ერთი წამით, ნუ მიმარბენინებ, დავეცემი. - უკან ადევნებულმა კიდევ უფრო აუჩქარა ფეხს, რომ ანდრეას დასწეოდა. - ახლა ასე უნდა მდიო უკან? ხომ არ გგონია, რადგან ყველაფერი თავზე არ დაგალეწე, დიდად მოხიბლული ვარ შენი გამოჩენით? - წესიერად მელაპარაკე! - თორემ თემურს ეტყვი და რომელიმე მეწყერში მომაყოლებთ? - მიხვდა, რომ ანდრეამ ყველაფერი იცოდა. გულის სიღრმეში ელოდა კიდეც, რომ ეცოდინებოდა, მაგრამ წამიერად მაინც დააბნია შვილის სიტყვებმა, თუმცა სწრაფად დაიბრუნა კონტროლი საკუთარ თავზე. - მგონი თანდათან მეც ვფიქრობ, რომ აბ*რტი საუკეთესო გამოსავალი იყო. - ხომ გეუბნებოდი? - კარი გაუღო და სახლში შეატარა ქალი, რომელმაც მოურიდებლად შეაბიჯა ოთახში და შესვლისთანავე გაიხადა ფეხსაცმელი. - ხედავ? გაფუჭდა! - თვალებთან აუფრიალა გახეხილი ქუსლი. - ამაღამ არ დამეძინება. - გულგრილად აუარა გვერდი. - რამდენი ღირს ეგ ფეხსაცმელი? ერთი ბავშვის სიცოცხლე? ხუთის? თუ ათის? შენთვის არც ისე ძვირია, არა? - ჯერ ერთი, მე არაფერ შუაში ვარ და მეორეც, თუ დამაცდი, აგიხსნი. - ფეხსაცმელებში კარგი გემოვნება გქონია, კაცებისგან განსხვავებით. - აი, შენ რა იცი ჩემი გემოვნება, ნეტავ გამაგებინა. - გიყურებ და საერთოდ არ გეტყობა, რომ ნაგვისკენ გაქვს მიდრეკილება. - რას გულისხმობ? - შენს ქმარს, რასაკვირველია. - ფანჯარაზე ჩამოჯდა და ოთახის შუაში მდგომ ქალს დააკვირდა. - წესიერად ილაპარაკე. - ფაქტის თქმაში რა არის უწესო? - უწესობაა ადამიანს, რომელსაც არ იცნობ, ნაგავი უწოდო. - ეთიკის გაკვეთილების ცხრილი კალათში უნდა დაგეტოვებინა პირმშოსთან ერთად. - პატარა ბოღმიანო. - ბოღმის დიდხანს ტარებით რომელ მშობელს ვგავარ? - ირონიულად გაიღიმა. - დედას. - მაინც არ მესმის, თუ ნაგვები გიზიდავდა, ლაშას რა დაუწუნე. ბარემ ნებით მიგეცა იმისთვისაც. - ახლა კი უმტყუნა ნერვებმა მარიკას. ერთ წამში აევსო მოთმინების ფიალა, ერთი ნაბიჯით გაუსწორდა ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარ ანდრეას და გაშლილი მარჯვენა მთელი ძალით გაულაწუნა სახეში. მტკივნეული იყო. ანდრეამ მაინც გაიღიმა. - კიდევ კარგი, შენთან არ დამტოვე, თორემ ცემაში ამომხდიდი სულს. - ხმამაღლა გაეცინა, გაამხიარულა წყობიდან გამოსული ქალის დანახვამ. აქამდე რომ მუდამ თავდაჭერილი ჩანდა. ახლა ამ წუთას შეიგრძნო მისი სინამდვილე ანდრეამ. აქამდე მექანიკურ თოჯინას უფრო ჰგავდა, რომელსაც ყველა ქცევა თუ მიმიკა ზეპირად ჰქონდა დასწავლილი და სრულყოფილებამდე დახვეწილი. - სად არის საპასუხო დარტყმა? - თვალდახუჭული ელოდა საპასუხო გარტყმას, მაგრამ ანდრეას მშვიდი ხმა რომ მოესმა, ცალი თვალით გამოიჭყიტა. - მეტისმეტად კარგი დედის გაზრდილი ვარ იმისთვის, რომ შენზე ხელი ავწიო, თორემ გარწმუნებ, გვერდებს ვერასდროს აწევდი ამ იატაკიდან. - მხარი გაჰკრა მხარზე და გვერდი აუარა. დივანზე წამოწვა და დაელოდა მარიკა როდის მობრუნდებოდა მისკენ. - ამხელა გოგო ხარ და ბავშვივით იქცევი. - თვითონაც დივანს მიუახლოვდა, ანდრეას დივანზე შემოწყობილი ფეხები ძირს ჩამოაყრევინა და დაჯდა. - არ მკითხავ, რატომ მოვედი? - რა ვიცი, თუ გინდა გკითხავ. - მაინტერესებს თათიასთან რა ურთიერთობა გაქვს. - ჰომოფობი ხარ? - ისე სერიოზულად იკითხა, თითქოს ძალიან ადარდებდა მისი პასუხი. - ანუ საყვარლები ხართ. - თვალები აატრიალა. რამდენიმე წამით ჭერს გაუშტერა მზერა, დიდად კმაყოფილი არ ჩანდა ახალი ინფორმაციით. - რა უცებ დასვა დიაგნოზი?! მე საყვარელი ვარ, მაგრამ თათია რომ საყვარელი არაა, ჩემზე უკეთ შენ და შენმა ქმარმა იცით მგონი, არა? - ესე იგი, ყველაფერი იცი?! - რა ყველაფერი, ბავშვები რომ დაიხოცნენ შენი ქმრის წყალობით? ახლა მივხვდი რა საერთო იპოვეთ თქვენ ორმა. - რას გულისხმობ? - ბავშვების მიმართ უპირობო სიყვარულს. - როდესმე მორჩები იმის წამოძახებას, რომ დაგტოვე? - ალბათ, კი, მაგრამ მეტისმეტად ბებერი ხარ იმისთვის, რომ მაგ დღეს მოესწრო. - თავქვეშ ამოიდო ხელები და თვალები დახუჭა. სიკვდილი ერჩია იმის აღიარებას, რომ მარიკას ხმის მოსმენა სიამოვნებდა. - აქ ზუსტად იმაზე სალაპარაკოდ მოვედი, თუ ვის აქვს ჩემზე ნაკლები სიცოცხლის დღეები დარჩენილი. - რა იყო, თათიას მკვლელობას ხომ არ მიკვეთავ? - არა, მაგისთვის მეტისმეტად არასანდო ხარ. - დედის ინსტიქტები სად განავითარე? - არსად! კიდევ ერთ ეშმაკი რომ გამეჩინა სამყაროსთვის, ჯოჯოხეთის ცეცხლი არ ამცდებოდა. - ახლა ხო რას ამბობ, ისე ფართოდ გაგიხსნიან სამოთხის კარს, შეიძლება ქმარიც შეაპარო. - მაგ ლოგიკით, შვილიც შესაპარებელი მყავს. - შვილის დატოვება პირველი არ იქნება. - არა, შენთან ლაპარაკი მაგიჟებს. - ანდრეას მუხლს უხეშად მიარტყა თავისი და ეცადა გონება მოეკრიბა საუბრის გასაახლებლად. კარგი, მოდი პირდაპირ ვიკითხავ, თათია ძვირფასია? - შვილის თვალებს გაუსწორა მზერა და ეცადა პასუხი იქ ამოეკითხა. - ძვირფასია: ოქრო, ბაჯაღლო, ბრილიანტი. ის კიდევ უბრალოდ თათიაა რა. მხოლოდ ხორცი და სული. - გასაგებია. სულ ეს მაინტერესებდა. - ფეხზე წამოდგა და წასასვლელად მოემზადა. - ჰეი! - ხმამაღალი დაძახებით შეაჩერა და თვითონაც ფეხზე წამოიმართა. - არ მინდა, რომ მას რამე დაემართოს. - ოდნავ ჩაეღიმა მარიკას. მიხვდა, რაც შვილის მზერაში ამოიკითხა, სიმართლე იყო. - ახლა შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ დიდებივით. - ჩანთა მაგიდაზე დააბრუნა, ამჯერად სავარძელში ჩაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო. - ესე იგი, გიყვარს? - ასეთ ჩამჭრელ კითხვებს ნუ მისვამ. - მიპასუხე! - არ მინდა რომ მოკვდეს, ესაა და ეს. - მეგობრები ხართ? - რაღაც ასეთი. - რამდენად არ გინდა, რომ მოკვდეს? - გინდა თათიას სიცოცხლით მევაჭრო? - გაეცინა. დაუჯერებლობის ნიშნად რამდენჯერმე გადააქნია თავი. - არ გევაჭრები, ანდრეა. ის ისეთი ხალხის გაშვებას აპირებს ციხეში, რომლებიც იქ არაფრის დიდებით არ წავლენ. მით უმეტეს, იმის გამო ,რაც განზრახ არ ჩაუდენიათ. მაგალითად, თემომ საერთოდ არ იცოდა რა მოყვებოდა უბრალო ხელის მოწერას რაღაც სულელურ საბუთზე. გარწმუნებ, არცერთ მათგანს ვისაც ასე ებრძვის ეგ ქალი არ გაუთვლიათ ის შედეგები, რომელიც დადგა. - გათვლებით იშვიათად ხდება ვინმე მკვლელი, ეს პასუხისმგებლობისგან არავის ათავისუფლებს. - თათია რომ ჯერ კიდევ ცოცხალია, შენი დამსახურებაა, ჩემი და თემოსი. - მერე? - თუ ეგ ქალი რამედ გიღირს, გააჩერე. - როგორ გეტყობა, რომ თათიას არ იცნობ. - ოდნავ ჩაეღიმა. კმაყოფილება მოჰგვარა თათიას სიმტკიცის გახსენებამ. - თუ წინააღმდეგია გაჩერების, ნიშნავს რომ არ გაჩერდება. ზედმეტად პრინციპულია იმისთვის, რომ რამე გადავათქმევინო. - პრინციპულია! - ისე თქვა, თითქოს თავიდან გადაიაზრა სიტყვა პრინციპულის მნიშვნელობა. - და უკვდავი? - უკვდავი არამგონია. - მაშინ დაარწმუნე, რადგან არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს შევძლებ ყველას შეჩერებას. - იცი, რა ვიფიქრე? - ისე შეცვალა თემა, თითქოს სულ სხვა რამეზე ჩაფიქრდა. - რა? - რა მოხდება, თუ თათია ამ საქმეს შეეშვება, მაგრამ გამოჩნდება ვინმე ისეთი, ვისაც სიცოცხლე ფეხზე ჰკი*ია და ყველაფერს მოყვება? - წარმოსახვით პიროვნებაზე საუბრობდა, მაგრამ მკერდზე იკაკუნებდა თითს, იმის ნიშნად, რომ საკუთარ თავს გულისხმობდა. - შენ ხომ არ გააფრინე? - თუ სწორად მახსოვს, ათი წლის წინ. ეგ რამეს გვაძლევს? - არ გაბედო და ამ საქმეში არ გაერიო. - ფეხზე წამოვარდა, დივანზე მჯდომ ანდრეას მიუახლოვდა და საყელოში ჩააფრინდა. სახეში მიაჩერდა. ისეთი ბრაზი და მღელვარება უელავდა თვალებში, მხოლოდ ანდრეა თუ იჯდებოდა ასეთი სიმშვიდით მსგავსი მზერის პირისპირ. - არ გინდა ჩემი მოკვლა? - კმაყოფილებამ გადაჰკრა სახეზე. - ნუ მეთამაშები! - კბილებში გამოსცრა ქალმა. - სასწაული არ გამაკეთებინო. - კიდევ ერთხელ შეანჯღრია ოდნავ. მერე ხელები შეუშვა, ფეხზე წამოიმართა და კაბიდან უხილავი მტვრის ნაწილაკები ჩამოიფერთხა. - გააჩერე ეგ ქალი, როგორმე გააჩერე. - კიდევ ერთხელ ესროლა ბოლო სიტყვები, მაგიდაზე დადებული რედიკული აიღო და გასასვლელად მოემზადა. - ჰო, მართლა! შენი ანალიზების და ტომოგრაფიის პასუხები მოვიდა. გაგიკვირდება, მეც გამეცინა რომ წავიკითხე, მაგრამ ჯანმრთელი ხარ. - მტყუანს? - ყოველ შემთხვევაში, ფიზიკურად არაფერი გჭირს. თათიას დაელაპარაკე და თუ ის ბიჭი ნათესავი არაა, ჟღვინტიანებთან სიარულს თავი დაანებე. მალე გნახავ. - ბარემ მითხარი, რომ მაკოცე და ჭკვიანად ვიყო. - გაკოცე და ჭკვიანად იყავი. - ირონიულად გაიღიმა გაკვირვებული ანდრეას სახის დანახვაზე და მარტო დატოვა. მოუსვენრობამ შეიპყრო, შიში შეეპარა გულში. ამდენი წლის შემდეგ პირველად შეეშინდა, პირველად გაიხსენა შიშის გემო და დაიძაბა. არ უნდოდა აღიარება, მაგრამ ეშინოდა თათიას დაკარგვის. ვერ დაკარგავდა, ვეღარავის დაკარგავდა ამ ქვეყნად, ამისთვის მზად არ იყო. ისედაც ბევრი წაიღო მისგან სამყარომ. ისეთი სისწრაფით წამოვარდა დივნიდან, თითქოს ქალისთვის უნდა მიესწრო. ტაქსი გამოიძახა და სანამ ელოდა, იქამდე ყველა შეტყობინება გადაიკითხა, რომელიც თათიას მთელი კვირის განმავლობაში მოეწერა. ძირითადად ერთი შინაარსის შეტყობინებები იყო. მასთან საუბარს ითხოვდა და იმას, რომ წამლების მიღება არ შეეწყვიტა. გაეცინა, როცა ვერცერთი ბოდიში, ან მაპატიე ვერ ამოიკითხა. იცნობდა ეს ქალი ანდრეას და იცოდა, რომ მასთან ხვეწნა-მუდარა არ ჭრიდა. აპატიებდა, როცა თავად მოუნდებოდა, თვითონ კი უნდა დალოდებოდა, ეს იყო და ეს. ტაქსი რომ მოვიდა, სწრაფი ნაბიჯით გავიდა სახლიდან და სანამ თათიას სახლამდე მივიდოდა, მანქანაში ჩაეძინა. მძღოლმა რომ ხმადაბალი საუბრით გააღვიძა, უკვე ბნელდებოდა. მთელ ქუჩაზე სიჩუმე იდგა. უხმაუროდ გადავიდა მანქანიდან და ჩვეულების შესაბამისად, უჩუმრად გადაძვრა ეზოში. მისაღები ოთახის ფანჯარაში შეიჭყიტა, ჩამი-ჩუმი არ ისმოდა ირგვლივ, ის-ის იყო შიგნით შეძრომა დააპირა, ვიღაცამ რომ ფეხში ჩაავლო ხელი და მთელი ძალით დაახეთქა მიწაზე. მომენტალურად ამოტრიალდა, ზურგზე დაწვა და წიხლი მოუქნია თავდამსხმელს, მოარტყა. გაბურბუსალებული კაცი ინერციით გადავარდა უკან, მაგრამ ანდრეას წამოდგომა არ აცადეს. - არ გაინძრე. - იარაღმომარჯვებული გოლიათი ადგა თავზე. მის უკან კიდევ ერთი იყო, რომელიც დაშავებულ მეგობარს მიუახლოვდა და, როცა დარწმუნდა დიდად არაფერი სჭირდა, ანდრეასკენ დაიძრა. - ხელები შეუკარი. - ბრძანება გასცა გოლიათმა და ისიც მაშინვე დამორჩილდა. ხელები შეუკრა, ფეხზე წამოაგდო. - ვინ ხარ, რას აკეთებ აქ? - თქვენ ვინ ხართ? - ჯერ კიდევ გაკვირვებული იყო იმით, რაც თავს გადახდა. - რა ხდება? - კარი გაიღო და თათიამ გამოყო თავი სახლიდან. - შენს მოსაკლავად მოვედი და ხელი შემიშალეს. - გესლი ერია ანდრეას ხმას, ჯერ კიდევ არ გასვლოდა ბრაზი ბრალდების გამო, რომელიც თათიასგან მოისმინა. - რა იდიოტი ხარ. - კბილებში გამოსცრა ქალმა. - გაუშვით, ჩემი მეგობარია. - ბოდიში. - სწრაფად შეუხსნა ხელები ზურგს უკან მდგომმა. - ფანჯრიდან შემოძრომას ცდილობდა, ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ მისი შეჩერება. - ხმა ამოიღო გოლიათმა და იარაღი ბუდეში დააბრუნა. - ჰო, უცნაური სტუმრობის მეთოდები აქვს, მაგრამ სახიფათო არ არის. - ტუჩი აიბზუა ეშმაკმა. კმაყოფილი სახით ჩაუარა ყოფილ მტრებს, თათიასაც ისე აუარა გვერდი, არაფერი უთქვამს და სახლში შევიდა. - ვწუხვარ, რომ აგაღელვათ. - მშვიდად მოუბოდიშა პირად დაცვას და თავადაც ანდრეას შეჰყვა სახლში. - ვერ მითხარი, ძაღლები თუ აიყვანე? მომკლეს ლამის. - ოდნავ გააბუქა ორი წუთის წინ მომხდარი და დასვრილი ტანსაცმელის დაფერთხვა დაასრულა. - გეტკინა რამე? - გული. - სად გაქვს გული, შე დეგენერატო?! - მხარი მიარტყა და სამზარეულოსკენ წავიდა. - გინდა ჩაი? - ჩაი რად მინდა, თურქი ვარ, ინდოელი თუ ჩინელი? - სკამზე ჩამოჯდა შეწუხებული გამომეტყველებით. - კარგ ხასიათზე ხარ, არა? ერთ კვირიანმა უპასუხისმგებლობამ ხასიათი გამოგიკეთა, როგორც ჩანს. - ხელები ერთმანეთში ახლართა და თვალებში მიაჩერდა ეშმაკს. გააოცა ამ მზერამ, სხვანაირი იყო, უფრო მშვიდი, არანორმალურივით აღარ ქაჩავდა თვალებს, აღარც ფეხებს ათამაშებდა მოუსვენრად. - ღმერთო ჩემო, წამლებს სვამდი. - ისე ამოილაპარაკა, თითქოს არ სჯეროდა. - რა იყო, კუჭის რენტგენი გაქვს თვალებში? - არა, ფსიქოლოგი ვარ და შენ გაქვს თვალებში სიმშვიდე. - ყოვლისმცოდნე ქალბატონი თათია. - არ ვაპირებ შენი თავხედობის ატანას, ისედაც ძალიან გაბრაზებული ვარ. - კიდევ შენ ხარ გაბრაზებული? - კი, მე ვარ! მთელი კვირა დაიკარგე, არც სახლში იყავი, არც ტელეფონს პასუხობდი. კიდევ კარგი, სოფის რომ დაურეკე იმ დღეს, მისი ნომერი იყო ტელეფონში და გავიგე, სადაც ეგდე. - სოფის ურეკავდი? - წარბები შეკრა. - კი ვურეკავდი და შენს ამბებს ვიგებდი, სხვათა შორის, გამიკვირდა რომ იცოდა, ვინც ვიყავი. - როდის მორჩები ჩემ ზურგს უკან რაღაცეების კეთებას? - შენი ნებართვა არ მჭირდება იმისთვის, რომ მასთან დავრეკო, ვისთან დარეკვაც მინდა. - სანამ კიდევ გადაწყვეტ რამის თქმას, გაითვალისწინე, რომ შენი უკანასკნელი სიტყვებია და რამე ღირებული თქვი. - ფეხზე წამოდგა, ნელი ნაბიჯით დაიძრა ქალისკენ. - კარგი, მითხარი რამ შეგაწუხა, რისთვის მობრძანდი? - მართალი იყავი, ციხიდან თემურმა გამომიყვანა. - ასეც ვიცოდი. - ოდნავ ჩაეცინა. - იმაშიც მართალი იყავი, რომ შენს მკვლელობას შემიკვეთდა. - სერიოზულად? - კი, აქ ზუსტად დავალების შესასრულებლად ვარ. - როგორც იქნა, გაუსწორდა ქალის სხეულს, რომელიც ფანჯრის რაფას მიყრდნობოდა. არ დაუჯერებია, ერთი წამითაც არ დაუჯერებია, რაც ანდრეამ თქვა. - ცუდი იუმორის გრძნობა გაქვს. - ხო? - ფრთხილად ჩაავლო ხელი თათიას ღია ფერის პერანგს და ერთი მოძრაობით გაგლიჯა ყველა ღილი. - გააფრინე? - წლების წინ. - ქალის ნახევრად შიშველ სხეულს დააკვირდა. დაძაბულობისგან მუცლის კუნთები დასჭიმვოდა, გულისცემის სიმძლავრეც ეტყობოდა გარუჯულ კანზე. პირველად გაიაზრა, რომ თათია ლამაზი იყო. ლამაზი ყელი ჰქონდა, მკერდი, ნაზი კანი. ოდნავ შეახო თითები, ფრთხილად ჩამოაყოლა შავ მაქმანებიან ლიფს და შემდეგ მუცლის რელიეფს. - გაჩერდი! - ბრძანებასავით გაისმა თათიას ხმა. - თორემ? - ვერაფერს იგრძნობ განსაკუთრებულს და მეგობრებადაც ვეღარ დავრჩებით. - თვალები დახუჭა, მთელი სხეულით მიეყრდნო რაფას. - ახლა მეგობრები ვართ? - კიდევ უფრო ახლოს მიიწია, ყელთან მიუტანა ცხვირი. ნაცნობი იყო ეს სურნელი, იმდენად ნაცნობი და ახლო, რომ სიმშვიდეს ჰგვრიდა. უჩვეულო განცდებმა მოიყარეს თავი ისედაც უხილავი ძაფებით დაქსელილ ოთახში. ჰაერი დაიხუთა თითქოს. - ანდრეა, მომშორდი. - აღარ ჰქონდა ისეთი სიმტკიცე ხმაში, როგორიც რამდენიმე წუთის წინ. დანებებულს ჰგავდა და თავისივე სისუსტე, რომელსაც იმ წამებში ამჟღავნებდა, იმაზე მეტად ეზიზღებოდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ ამ ქვეყნად. - არასდროს შემიმჩნევია, რომ ლამაზი ხარ. - ქალის ყურთან ჩურჩულებდა, თვითონაც არ ესმოდა რას, ან რატომ აკეთებდა. უბრალოდ მოქმედებდა ისე, როგორც არასდროს, სურვილებს მიჰყვებოდა. - შენ ცნობილი ხარ იმით, რომ ვერაფერს ამჩნევ. - ხმადაბლა ამოილაპარა და მისკენ დახრილ ეშმაკს, მხარზე დაადო თავი. - გაჩერდი, ანდრეა. გაჩერდი, სანამ ყველაფერი ცუდად დამთავრებულა. - ცუდი დასასრულების აღარ მეშინია, თათია. - ვერ შორდებოდა, რაღაც იზიდავდა ახლა ქალისკენ და ეს მისი სილამაზე სულაც არ იყო. ამოუხსნელს განიცდიდა, გაურკვეველს. - მე მეშინია. - სიკვდილამდე რომ ძალიან ცოტა დრო გქონდეს დარჩენილი, რას გააკეთებდი? - ანდრეასაც დაუმძიმდა სუნთქვა. - იმას, რის გაკეთებასაც ახლა ვაპირებ, თუ არ მომშორდები. - გააკეთე! რადგან არავინ იცის რამდენი დაგვრჩა. - ბრძანებას უფრო ჰგავდა ეშმაკის ხმა, ვიდრე თხოვნას და თათიამ უსიტყვოდ მიაწება ყელზე ტუჩები. კოცნით აუყვა გამხდარ ყელს, ყბის ძვალზე გადაიტანა ტუჩები. რაღაც უცნაურს გრძნობდა ეშმაკი, ისეთს რაც აქამდე არასდროს განუცდია. მისი ტუჩებისკენ გადაინაცვლა ქალმა და ინსტიქტურად აჰყვა კოცნას. სავსე ბაგეები ჰქონდა თათიას, რბილი, ხორციანი. ტკბილი იყო და ვნებით გაჟღენთილი. უხილავი ელექტრონების ქსელში გაებნენ, თავდავიწყების მორევში გადაეშვნენ და ეს იყო ის ერთადერთი იდეალური რამ,რაც სამყაროსგან შეეძლოთ მიეღოთ საჩუქრად. კოცნა არ შეუწყვიტავს, ისე გახადა მაისური მის წინ მდგომ ანდრეას. გოგონამაც შემოაცალა პერანგი და ბიუსჰალტერი. ტანზე მიიკრა თათიას გახურებული სხეული, ახლა უკვე მკერდთან გრძნობდა მის აჩქარებულ სუნთქვას, მისი სხეულის სითბოსა და თრთოლვას. - უნდა გავჩერდეთ. - კოცნებს შორის ამოილაპარაკა, თუმცა გაჩერება არ უცდია. არც მაშინ,როცა უკანასკნელი სამოსი შემოაძარცვეს ერთმანეთს. უკვე აღარ არსებობდა საბაბი, რომელიც მათი სურვილის ღუზას მიმართულებას შეუცვლიდა. - ვიცი. - მძიმედ დააბრუნა პასუხი, მაგრამ მაინც წამოსწია ქალის სხეული და იქეთ წაიყვანა, სადაც თათიას საძინებელი ეგულებოდა. აუტანელ სურვილს აეტანა ორივე. თავგადაკლულ ალერსში გართულები უჟანგბადობას ერთმანეთით ივსებდნენ და არ ჰყოფნიდათ ის, რაც იმ მომეტში ჰქონდათ. ნელ-ნელა უფრო მეტად ხელდებოდა ამბორი. თითითებით ერთმანეთის კანს შეზრდოდნენ, სწავლობდნენ მიტკალ-მიტკალ. ტუჩებით ერთმანეთის სახეს აფერადებდნენ ვნებისფრად. უცხო იყო ის, რაც მათ თავს დატრიალდა და ნეტარების ალში იფერფლებოდნენ იმ რამდენიმე წუთისთვის, რომელიც სამუდამოდ დარჩებოდა მათ მეხსიერებას. გონება კი ყველაზე საიმედოდ შეინახავდა დამჩნეულ ნაკვალევს. - გვეყოფა, ანდრეა, უნდა გავჩერდეთ. - საწოლზე რომ დააგდო ქალის სხეული და ზემოდან მოექცა, კიდევ ერთხელ გაიბრძოლა თათიამ. ბოლოჯერ, უკანასკნელად. ერთმანეთით გათბნენ. არ აპირებდა ანდრეა გაჩერებას, ამ ერთხელ არა, ახლა თვითონ უნდოდა ყოფილიყო ეგოისტი, მუდამ სხვის ეგოიზმს შეწირული. თავს ზემოთ დაუჭირა ხელები, მაგრამ რბილად. ისე რბილად, თათიას რომ მოენდომებინა, მარტივად გაითავისუფლებდა თავს. ასეც მოიქცა, უხეშად მოიშორა ეშმაკის სხეული და თვითონ მოექცა ზემოდან. მის ყელს ჩამოუყვა კოცნით, ლავიწებს, მხრებს. სხეულის ყველა ნაწილს ისეთი სინაზით ეხებოდა, აქამდე რომ არავინ შეხებია ანდრეას. პირველი იყო, პირველი ინტიმური შეხება მის სხეულზე, პირველი მოფერება, პირველი კოცნა. პირველი და უშრეტი ლტოლვა. პირველი და დაუვიწყარი. სურვილმა ყველა სხვა ემოცია უკანა პლანზე გადასწია. მის სხეულზე მოთარეშე ქალს წამით გაუსწორა მზერა. თათიას ყავისფერი ირისები ნინოს მწვანეებს შეეცვალა. ფილმის კადრივით ენაცვლებოდა ერთმანეთს ორი ქალის სახე ანდრეას თვალებში და მძიმედ დახუჭა, რომ აღარაფერი დაენახა. ახლა მხოლოდ ეს შეხებები უნდოდა ეგრძნო, რომლის მსგავსიც იქამდე არასდროს განეცადა. თათია იყო პირველი ნეტარება, რომელსაც საუცხოო გემო ჰქონდა. სურნელიც სხვა ჰქონდა, დამათრობელი. ანდრეას ისედაც არეული გონებაც უფრო აირია, თათიასიც მიჰყვა და ეს იყო ყველაზე სასურველი რამ, რაც შეიძლება ვერც ვერასდროს დაეშვათ ჰიპოთეტურად. ეს იყო იმ წუთების ჯამი, რომელშიც ერთმანეთს დაემატა, გადამრავლდა და გაიყო, ანუ, გაზიარდა ბედნიერება. რაღაცას რაღაც მოაკლდა, მაგრამ არცერთს ადარდებდა ეს. მნიშვნელობა დაჰკარგვოდა მინუსს, დანარჩენი სამი კომპონენტიც კმაროდა. ერთმანეთის გაცნობილი, მაგრამ ჯერაც ბოლომდე დაუსწავლელი სხეულები ვერ კმაყოფილდებოდნენ კვლავაც მცირედს. თითქოს დაზუთხვა სურდათ, თითქოს ზეპირი გამოცდა იყო ჩასაბარებელი. თათია სასურველი იყო და ანდრეაც. ამოუხსნელ ემოციებსაც ეტაპობრივად დაერქვა სახელი. თავისი გაიტანა სურვილებმა და გამბედაობამ. გაქრა ის, რაც ზედმეტი იყო და დარჩა დუმილი. სიჩუმე მოუხდა ლტოლვაში დაღლილების სიმშვიდეს. თათია დიდებული ქალი იყო. ეშმაკსაც მის ეშხში ჩავარდნილს აღფრთოვანება სწვეოდა და ამის მალავა აღარ სურდა. საწოლიდან წამოიწია და მის სხეულზე აკრულს მთელი ძალით ჩაეხუტა. მოშიშვლებულ მკერდზე დააყრდნო თავი. ისევ მძიმედ სუნთქავდა, ვნებიანად. ქშენას უფრო ჰგავდა, ვიდრე სუნთქვას. - ჯანდაბა! - ხმამაღლა სუნთქავდა თათიაც. თავი ააწევინა, ეშმაკის შუბლს დაეყრდნო შუბლით. გული ისევ აჩქარებით უცემდა, მაგრამ ანდრეას მკლავებში მოქცეულს განძრევის სურვილი დიდად არ ჰქონდა. - პირველი მცდელობისთვის არაუშავდა. - ჩვენი პრიველი მცდელობისთვის? - ლაღად გაეცინა. - ზოგადად. - მოიცა, პირველად... - ხო, იცინე, იცინე. - სიტყვა გააწყვეტინა. - ქალიშვილობა ჩამაბარე, ეშმაკო? - კარგ ხასიათზე დადგა, ბედნიერების ნაპერწკლები სცვიოდა თვალებიდან, თუმცა სურვილით ათრთორებულ სხეულს ჯერ კიდევ ვერ იმორჩილებდა. - ფსიქოლოგები პაციენტებს არ უნდა დასცინოდნენ. - ფსიქოლოგები პაციენტებს არც შიშვლები უნდა ასხდნენ ზემოდან. - ახლა უბრალოდ არაფერზე არ მინდა ფიქრი. - გინდა მე გითხრა რა იქნება მერე? - არა. - ხომ იცი, რომ მაინც გეტყვი?! - კარგი, გისმენ. - გაგრძელდება ცოტა ხნით, მერე ორივე ვინანებთ. საბოლოოდ ჩვენგან არც საყვარლები დადგება და ვეღარც მეგობრობას შევძლებთ. - შეწითლებულ ღაწვებზე მიეფერა. - თუ არ გაიწევი, ისევ გაკოცებ და ჭირსაც წაუღია რა იქნება მერე. - ქალი ზედ ანდრეას ბაგეებთან ამოძრავებდა საკუთარს და თავგზა ერეოდა ეშმაკს კვლავაც. - მომშორდი! გავიწყდება მე მგონი რომ ოცი წლის არ ვარ. - ხელებით ისე მიაწვა მხრებზე, რომ საწოლზე დაეწვინა. ერთი წამით დააჩერდა ზემოდან და გვერდით გადაწვა. ისევ ეცადა აჩქარებული გულისცემის დარეგულირებას. თვალები დახუჭა და მოდუნდა. - თურმე პროფილშიც ლამაზი ხარ. - ამოსუნთქვას ამოაყოლა სიტყვები. ყველაფრის სათქმელად იყო მზად, ოღონდ გულის გამაწვრილებელ სიჩუმეს არ დაესადგურებინა. - თურმე ორგაზმის შემდეგ როგორი რომანტიკული ხდები. ჩამოყალიბდი ბოლოს და ბოლოს, ჩემს მოსაკლავად მოხვედი თუ კომპლიმენტების სათქმელად?! - იცი, რას მივხვდი? - მისკენ გადაბრუნდა. ქალის პროფილს მიაჩერდა, მართლა უნაკლო იყო ეს ქალი. უშედეგოდ ეძებდა მცირეოდენ ნაკლსაც მასში ანდრეა. - რას? - შენი დაკარგვა არ მინდა. - ერთი წუთით სიტყვის სათქმელად გაღებული პირი ამ მდგომარეობაშივე დარჩა თათიას. ყველაფერს მოელოდა ეშმაკისგან, ყველაფერს იმის გარდა, რაც მოისმინა და იმაში დასარწმუნებლად, რომ მართლა ანდრეა ლაპარაკობდა, მისკენ გადაბრუნდა. - რა გჭირს? - სახეზე ჩამოატარა თლილი თითები და ლოყაზე დააყოვნა. - მოკვლას გიპირებენ. - ვიცი, ამიტომაც ავიყვანე დაცვა. - შუბლზე მიაკრო ტუჩები. - გგონია სამი კაცი დაგიცავს? სახელმწიფო სტრუქტურებს უნდა შენი გასაღება. - საიდან გაიგე? - კოპები შეკრა და ანდრეას თმებით თამაშს თავი მიანება. - დედაჩემმა მითხრა. - მეგონა მკვდრებს აღარ ელაპარაკებოდი. - სიგარეტის შეფუთვის ძებნა დაიწყო. - არ დაიჯერებ,რომ გითხრა ვინაა დედაჩემი. - კომფორტულად დაწვა საწოლზე. - არ მითხრა, რომ ბიოლოგიური დედა იპოვე. - თვითონ მიპოვა. - იმედს დავიტოვებ, რომ თემური არ არის. - ხუმრობა სცადა. - შენში ყველაზე მეტად იუმორის უქონლობას ვაფასებ. რაც არ გაქვს, არ გაწუხებს. - ბევრს თუ ილაპარაკებ, თავში რომელიმე ღვინის ბოთლს ჩაგარტყამ. - თავისი სასმელების კოლექციით დაემუქრა. სიგარეტსაც მიაკვლია და გახარებულმა მოუკიდა. - ისე, შემიძლია მოვიტანო. - აკი არ შეიძლებაო?! - ჩემთვის შეიძლება, უბრალოდ ასადგომად ფსიქიკური მზაობა არ მაქვს და გარეგანი მოტივაციისთვის გკითხე. - ეშმაკმა რომ სიცილი დაიწყო, სიგარეტის ღერი მიაჩეჩა. თათია აღარ დალოდებია პასუხს, ისე წავიდა ღვინის მოსატანად. მოიტანა კიდეც, ჩამოისხა. -მარიკაა დედაჩემი, თემურის ცოლი. - სხვათა შორის, თქვა. - მეხუმრები? - არა. - ღმერთო, შენ მიშველე! - ფეხმორთხმით ჩამომჯდარმა ჭიქაში დაასხა ღვინო და სულმოუთქმელად ჩაცალა. სიგარეტიც გამოართვა. არ ჩქარობდა ნაფაზის დარტმას. - ჩემს ადგილზე რომ იყო, გალოთდებოდი, ქალბატონო ფსიქოლოგო. - ველოდები წისქვილის ქვა როდის დატრიალდება შენს თავზე, ანდრეა ჩაჩუა. - კიდევ ერთი ჭიქა ჩამოასხა, მაგრამ ანდრეამ აართვა ჭიქა და დალევა აღარ დაანება. - დედიკომ გთხოვა, გააჩერე რომ ჩემი ქმარი არ დაიჭირონო და შენც ამიტომ მოხვედი? - კი. - რა საშინელი მატყუარა ხარ. მითხარი ახლა, რა გითხრა. - რომ თუ არ გაჩერდები, მოგკლავენ. - არ გავჩერდები, სანამ პასუხს არ აგებენ. - გაჩერებას არ გთხოვ. - აბა, რას მთხოვ. - მომეცი მტკიცებულებები და გპირდები რომ ყველა ყველაფერს გაიგებს. - შენი მოკვლა რომ მდომოდა, ათასჯერ მქონდა ამის შანსი. - ფეხებზე მკი*ია რას მიზამენ. - შენ კიდე ვერ მიხვდი ხომ? - მწარედ ჩაიცინა, უეცრად გამოგლიჯა ღვინის ჭიქა ხელიდან. - მე არ მკი*ია რას გიზამენ. - მეტი შანსია, რომ არაფერი მომწიონ. მარიკა უზრუნველყოფს ჩემს უსაფრთხოებას, ეგ კი არა, დაცვა მომიჩინა და კუდში დამსდევენ ის სი*ები. - არ დაგიმალავ, მომწონს რომ ჩემზე ზრუნავ. მაგრამ ეს შენი ბრძოლა არაა და როგორმე იცხოვრე ცოტა ხნით წყნარად, პრობლემების გარეშე. - არ მინდა, რომ რამე დაგემართოს. - თათიას მხარს ჩამოადო ლოყა, ტუჩები მიაკრო ფრთხილად იქვე. - რამე გველური მითხარი, თორემ მგონია უცხოპლანეტელებმა მოგიტაცეს და შენ მაგიერ სხვა გამოგზავნეს დედამიწაზე. - ველოდი, რომ ჩამოწელილი ძუ*უები გექნებოდა. - მკერდზე მიუკაკუნა ხელი და ირონიულად ჩაიცინა. - მე კი ველოდი, რომ უკეთესი კოცნა გეცოდინებოდა. - პრაქტიკა მაკლია. - კედელთან ივარჯიშე. - ფეხზე წამოდგა. - მომეცი სიგარეტი, ის ისე ჩაიწვა არ მომიწევია. - კომოდიდან სიგარეტის კოლოფი აიღო და ქალს ესროლა, რომელიც ფანჯარასთან მისულიყო. რაღაცას გასცქეროდა ინტერესით. - სულ ფანჯარასთან რატომ დგახარ? - თვალებს ვასეირნებ. - ერთი ღერი ამოაცალა და გააბოლა თუ არა, ხველა აუტყდა. - არ გამოვა შენგან ლოთი და მწეველი. - როგორც შენგან ვნებიანი საყვარელი. - დიდხანს იკა*ფებ ჩემს შენამდე შემონახულ ფიზიკურ უბიწოებაზე? - სანამ არ მომბეზრდება. - ანდრეასკენ დაიძრა და ანთებული სიგარეტის ღერი საფერფლესთან ერთად მიაწოდა. - დარჩები? უბიწოება უკვე შეგილახე, მგონი, აღარ უნდა შეგრცხვეს. - დავრჩები, ყვავილო, მაგრამ სოფის უნდა გავაგებინო, რომ სახლში არ მივალ. - დავურეკავ. - დამეგობრება როდის მოასწარით? - ერთი კვირა გვქონდა. - მაშინ დაურეკე და უთხარი, ოღონდ მერე რამე მაჭამე. - ჯერ უნდა დავიბანო და მერე მოვამზადებ რამეს. დამელოდები? - სიცოცხლის ბოლომდე, ოღონდ შენი სიცოცხლის. იმიტომ, რომ კარსაა მომდგარი აღსასრული. - თუ იმიტომ რჩები, რომ თავი კარგად მაგრძნობინო... - იმიტომ ვრჩები, რომ აქ ყოფნა მინდა. - სიტყვა შეაწყვეტინა, სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა, თათიას საწოლზე დაემხო. დღეს არაფრის გამო არ დატოვებდა მარტოს, არც თვითონ დარჩებოდა. ანდრეას მთელი ცხოვრების შიში სწორედ მარტოობა იყო და მაინც მარტოობაში გალია ნახევარი ცხოვრება. ყველაფერს ნაცნობი სუნი ჰქონდა ამ საძინებელში. არ უნდოდა წასვლა, ნამდვილად არ უნდოდა, დღეს არა. არც არაფერზე ფიქრი უნდოდა, მხოლოდ იმ სიმშვიდით უნდოდა ტკბობა, რომელსაც ამ სახლში ამ ქალის გვერდით გრძნობდა ამ წამს. დღეს თვითონ უნდოდა ყოფილიყო ეგოისტი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრებდა, საკუთარ სიამოვნებაზე და თუ ყველა ყოველთვის ტოვებდა მას რატომ არ ჰქონდა იგივეს უფლება? მას რატომ არ შეეძლო წარსული მიეტოვებინა და ყველაფერი ის რაც წარსულში იყო? თუნდაც ერთი დღით, ან ერთი ღამით. მიატოვებდა წარსულს, ზურგს აქცევდა, არავისზე იფიქრებდა საკუთარი თავის გარდა და ეს სამაგიერო იქნებოდა ყველა იმ მიტოვებისთვის, რომელიც მარიკამ დაიწყო და ნინომ დაასრულა. თავი 7 მთელი ღამე არ უძინია. თვალგახელილი იწვა და ჭერს მიშტერებოდა. არ უნდოდა თათიას გაღვიძება. ცდილობდა არ ემოძრავა, რათა თათია არ გაეღვიძებინა.თავად კი მოსვენება დაეკარგა, თანაც ისე, რომ სუნთქვაც კი გაუსაძლისი გახდა. ალბათ, ასეა, როცა არასწორ დროსა და ადგილას ხარ ერთ დიდ ხათაბალაში. სული ეშანთებოდა, მაგრამ უკვე არც ეს აწუხებდა. კარგა ხნის წინ შეეჩვია სულის წრიალს. მხოლოდ ახალ სტატუსთან შეგუება უჭირდა. ახლა მოღალატე იყო. მოღალატე არა იმდენად ადამიანის, რამდენადაც საკუთარი სხეულის, გრძნობისა და ემოციების. მოღალატე იყო. არ აპირებდა რეალობის შელამაზებას. ის მკვდარზე რევანშის ამღები იყო, ყველაფრის მკადრებელი. ინსტიქტებს მიმყოლი ცხოველი, რომელსაც საკუთარი პრინციპებიც ისე შემოძარცვოდა, როგორც ტანსაცმელი გასული ღამის შემდეგ. არ ნანობდა ჩადენილს. იცოდა, ეს იყო ახალი დასასრული, ან ახალი დასაწყისი და სულერთი. იმდენად სულერთი, რომ ტყვიასაც უემოციოდ დაიხლიდა შუბლში. სინამდვილეში, კმაყოფილებასაც გრძნობდა იმის გამო, რაც გააკეთა. დროის უკან დაბრუნება რომ შესძლებოდა, მაინც იგივე შეცდომით დაიმძიმებდა გულსა და გონებას. მან მხოლოდ ის იცოდა, რომ ცუდად მოიქცა. ამის გამო კი, იმ პატარა ბავშვს ჰგავდა, რომელიც მავნებლობით იფერადებდა ყოველდღიურობას. აღტაცებას მაინც ვერ გაურბოდა, სხვას ყველაფერს, მაგრამ ამ ცოდვას ვერსად. დააშავა, თუმცა დანაშაულის გრძნობის ნაცვლად, თვითკმაყოფილებით ირთობდა თავს და იწვევდა ზეციური სამეფოს ბინადრებს. - ვერ იძინებ? - გამთენიის ხანი იყო, თათიამაც რომ გაახილა თვალები. - ვერა. - გინდა ვილაპარაკოთ? - მთელი ტანით გადაბრუნდა მისკენ, მარჯვენა იდაყვით დაეყრდნო საწოლს და ხელის გულზე დაიდო თავი. - რაზე? - თუ გგონია რომ, რაც მოხდა, ის რამე პასუხისმგებლობას გაკისრებს... - თათია, გეყოფა. - შეაწყვეტინა. - არა, მომისმინე. - მარცხენა ხელი ანდრეას ნიკაპს ჩაავლო და მისკენ მოაბრუნებინა თავი. - მე ზრდასრული ქალი ვარ. ის გავაკეთე, რაც მინდოდა და არ ველოდები, რომ გაგრძელება მოყვება. თუ გინდა, შეგვიძლია საერთოდ დავივიწყოთ ეს ღამე. - არ მინდა საუბარი.- შუშისებრი გაუხდა მზერა. - სწორედ ესაა შენი პრობლემა. გაწუხებს თუ არ გაწუხებს, არაფერზე ლაპარაკობ. შიგნიდან ჭამ შენს თავს. არ აძლევ ადამიანებს უფლებას, დაგეხმარონ. მერე კი დგახარ და წუწუნებ, რომ მარტო ხარ. - შენ ყოველ დილით ფსიქოლოგიურ სეანსებს ატარებ? - ნუ მეცინიკოსები, შენი ჭირიმე, რაა!- გაღიზიანებულმა მიაძახა. - უნდა წავიდე მე. - ოდნავ წამოიწია, შუბლზე აკოცა ქალს და საწოლიდან გადაძვრა. - თავს გაუფრთხილდი. - მუცელზე გადატრიალდა, ხელებში ჩარგო თავი. არ უნდოდა მისი გაშვება, მაგრამ იცოდა, არც შეჩერება შეეძლო. - სხვათა შორის, მოკვლას მე არ მიპირებენ. - საწოლის კიდესთან დადგა,როცა ჩაცმა დაასრულა. იცოდა, რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ არ იცოდა რა. ან როგორ უნდა გაეგრძელებინა?! როგორ უნდა ეთქვა, უნდა ვნანობდე, რაც გავაკეთეთ, მაგრამ კმაყოფილი ვარო?! თათიას მიმართ იქნებოდა უსამართლო, ეს კი საერთოდ არ სურდა. - მე მკითხე, აბა?! - რა? - ვერ გაიგო ქალის ხმადაბალი ბურტყუნი. - კარი გაიხურე-მეთქი. - აღარაფერი უთქვამს, ისე დატოვა მარტო. გაიქცა და ეს დაეხმარა თათიასთვის აეცილებინა გულისწყვეტა. გარეთ რომ გამოვიდა, ისე სასიამოვნოდ წვიმდა, სახე შეუშვირა რამდენიმე წუთით. თვალდახუჭული იდგა და თითქოს საკუთარ სიცარიელეს წვიმის წყლით ავსებდა. წვეთებამდე უგრძნობი იყო, უგანცდო. ახლა კი, გონებაც დასცარიელებოდა შფოთვებისგან, აათასფრებული დამზაფვრელი ფიქრებისაგან და ეს ეხმარებოდა ცხოვრების გაგრძელებაში. აღარ იყო ყოფა უწინდებურად გაუსაძლისი. თითქოს ზეციური სამეფოს ანგელოზებმა საზარელი გარემოებებისგან დასახიჩრებულ შვილს შვების მოსაგვრელად ემოციები დაუთრგუნესო. თითქოს დაინდეს ჯალათებმაც კი და განზე გადგნენ. ქუთუთოები მაგრად დააჭირა ერთმანეთს და ცას მიშვერილ სახეზე იგრძნო სასიამოვნო სიგრილე. ესეც ბუნების ძალის კიდევ ერთი სიკეთე იყო მის ცხოვრებაში, კიდევ ერთი წყალობა. ბაგეები ინსტიქტურად გაექცა, გაეღიმა. ამჯერად ნამდვილად. მერე, თითქოს მოაგონდა, რომ ამის უფლება არ ჰქონდა და გამოფხიზლდა. ჰო, თითქოს ამდენი დანაკარგის შემდეგ სიამოვნება ცოდვა იყო, თანაც უპატიებელი. წყლის პატარა გუბეში შეტოპა და ფეხით დაადგა გზას. სხეულში ისევ ჯოჯოხეთური ცეცხლი ენთო, მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული და უცნაურ თვითკმაყოფილებას გრძნობდა. აღტაცებული იყო ახალი იდეით, შეპყრობილი. იმედიანად უცემდა გული და მღელვარების ტალღებად უვლიდა მუცელში მოუთმენლობა. - ბოლოს და ბოლოს, დასრულდება ეს შავი ხაზი შენს ცხოვრებაში, უკვდავი ხომ არ ხარ? - ხმადაბალი ბუტბუტით შეაგულიანა თავისი თავი. წვიმა წვრილ წვეთებად ეშვებოდა და სასიამოვნო პეტრიქორი იდგა გარშემო. პირველივე შემხვედრი ტაქსი გააჩერა და სთხოვა, სადმე მიეყვანა, რომელიმე ეკლესიასთან. ერთხელ კი შეათვალიერა კაცმა, მერე გაურკვეველი სიტყვები ჩაიბურტყუნა და მანქანა დაძრა. სალონში სიჩუმეს ხმადაბალი მუსიკა არღვევდა. ანდრეასთვის კარგად ნაცნობი ჰანგები იღვრებოდა მაგნიტოფონიდან. ამიტომ, არც ფიქრებით უცდია დაერღვია სასიამოვნო მელოდია და სმენად იქცა. - ამ დილა ადრიან რა გაგჭირვებია, შვილო? - სარკეში გახედა უკანა სავარძელზე მჯდომს, ეცადა ლაპარაკი წამოეწყო. - ასე ძალიან ვგავარ გაჭირვებულს? - ფანჯარას გახედა. უცხო ადამიანებთან ლაპარაკი არ უყვარდა, მაგრამ ეს სიჩუმეც აუტანელი გამხდარიყო ახლა, როცა მელოდიამ ბოლო აკორდიც აიღო. - ამ სისხამ დილით გაჭირვებულ კაცს თუ გაახსენდებოდა ღმერთი. - მოწყენით ჩაილაპარაკა და ორივე ხელი საჭეზე დაალაგა. - და ღმერთს როდის გაახსენდება გაჭირვებული კაცი, ბიძაჩემო? - ღმერთი მშობელივითაა, რომელ შვილსაც განსაკუთრებით უჭირს, მისკენ იწევა. თუ ახლა გგონია, რომ ღმერთი საჭირო ყურდღებას ვერ გაქცევს, იცოდე, შენზე მეტად სჭირდება ვიღაცას. - გაჩუმდა ანდრეა. თავი მიაყრდნო ფანჯარას, მაგრამ არ გაუხედავს. აღარაფერი ჰქონდა ამ ქალაქში სანახავი, აღარც საგრძნობი. ზეპირად იცოდა ყველა კუთხე-კუნჭული. თუმცა აღარც ეს იყო საინტერესო მისთვის. ამოიწურა,რაღაც გვერდები მოილია და ისტორიის ბოლო რამდენიმე ფურცელზე აღმოჩნდა. ბევრი ენერგია და რესურსი არ შემორჩენოდა, აღარც სურვილი ჰქონდა რაიმეს კეთების, ან უკეთესობისკენ შეცვლის. უბრალოდ უზომოდ დაღლილიყო, არაქათი გამოსცლოდა. - მშვიდი ადგილია. მამა დავითი მსახურობს აქ. თუ გაიცნობ, მოგეწონება. - ეკლესიის ეზოსთან გააჩერა მანქანა კაცმა და თვალი გააყოლა გამხდარ სხეულს, წვრილი კენჭებით მოკირწყლულ დაღმართს რომ ჩაუყვა. რა იცოდა, რომ ეშმაკი მოიყვანა ღმერთთან შესახვედრად?! და, რა ირონიული იყო ეს შეხვედრა. სწრაფი ნაბიჯით ჩაიარა დაღმართი, ეკლესიის ლამაზ ეზოს მოავლო თვალი და მისგან მოშორებით მდგომი ხის სკამისკენ აიღო გეზი. სველ სკამზე ისე ჩამოჯდა, არც კი უგრძვნია, რომ სველი იყო. ალბათ, ასეთია ის ადამიანი,რომელსაც აღარაფერი შემორჩა. - ლამაზი სახლი გაქვს, მაგრამ კარი, როგორც ყოველთვის, დაკეტილია, არასტუმართმოყვარევ. - სველ სკამს დაუტყაპუნა ხელი. სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან. წვიმის გამო გაუჭირდა მოკიდება, მაგრამ როგორც კი რუხი ბოლი ჩაუშვა ფილტვებში, ოდნავ დამშვიდდა. - კიდევ რას უნდა ვუღალატო, რომ დაასრულოთ, რომ შემეშვათ, რომ წამიყვანოთ? - ხელები გაშალა, ცაში აიხედა... - ორივე ღმერთი, ასე უღმერთოები როგორ ხართ? - გაიცინა. - კიდევ რა დარჩა? მშობლებს ვუღალატე, რწმენას, საკუთარ თავს და ,ბოლოს, სიყვარულსაც! კიდევ რა არის? როდისღა უნდა წამიყვანოთ ჯოჯოხეთში? მომხარშეთ, დამწვით, რაც გინდათ, ის გამიკეთეთ! ოღონდ ამ ჯოჯოხეთში აღარ დამტოვოთ! ოღონდ აქ არა… - თვალი გაუშტერა ცას. წვიმა სცემდა სახეში და იძულებული გახდა, თვალები დაეხუჭა. ვედრებას ჰგავდა ეშმაკის სიტყვები, რომელიც სიცოცხლეშივე იწვოდა ჯოჯოხეთში…. - მითხარი, ღმერთო, ამაზე უარესი ჯოჯოხეთი სად დაარსე? ნუთუ ასეთი ბოროტი ხარ, ღმერთო?! ნუთუ ამაზე დიდი ტკივილის მიყენებაც შეგიძლია ადამიანებისთვის? ნუთუ ამდენი სიბოროტე მოგდის მაგ თავში აზრად… სად არის შენი მიმტევებლიბა, ღმერთო? სად არის შენი ჰუმანურობა ან სად არის ჩემი დასასრული?! მე და შენ, ღმერთო, თუ მე და თქვენ? იცოდე, ერთხელ შევხვდებით და ბოდიშს მომიხდი. აი, ნახავ, ბოდიშს მომიხდი! - მუქარით დაუქნია თითი მოქუფრულ ზეცას. საპასუხოდაც ღვთის რისხვასავით გაისმა ჭექა-ქუხილი და თავსხმა წვიმამ დასცხო. - შენც ტირი, ღმერთო? შეგეცოდე? მე ცრემლიც გამიშრა, ხედავ?! - გამშრალ თვალებში თითი ამოისვა და ცისკენ აიშვირა, რომ ღმერთისთვის ეჩვენებინა. - აი, შენ კი, შენ! - ხელი უმისამართოდ გაიშვირა და თავი დაატრიალა ნაცნობი მწვანეების დანახვის იმედად. - მე შენ გაჩვენებ პრინციპულობას, ეგოისტობას და ფეხებზე დაკიდებას! მე შენ მიყურე, კარგად მიყურე, როგორ მოგაყრი მიწას მეორედ! ამჯერად გულშიც, ამჯერად ტვინშიც! შენს ერთ მისხალსაც არ დავიტოვებ სხეულში, როგორც იმისი არ დავიტოვე! - ეკლესიისკენ გაიქნია თავი, იმის ნიშნად, რომ ღმერთზე ელაპარაკებოდა. - უკანასკნელ გრამ ნინოსაც რომ გამოვიყვან ამ ვენებიდან, მერე თუ გინდა, სულ დავიწრიტო, სულ დავცარიელდე, ოღონდ შენ არ დადიოდე ამ ძარღვებში! - მკლავებს იშვერდა, თეთრ კანზე გამოკვეთილ კაპილარებს ურტყამდა თითებს. - მე დავამთავრე თქვენთან ლაპარაკი, ჯანდაბამდეც გზა გქონიათ თუ არ გინდივართ, თუ არ გჭირდებით! არც მე მჭირდებით არცერთი! პირველად მიმაგდეს თუ რა? თქვენც ახლა არ გამაოცოთ მიტოვებით. - კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ბედნიერი იყო თავისი გადაწყვეტილებით. ღრმად სწამდა, ნინო მისგან დავიწყებას ვერ აიტანდა. სჯეროდა, არ მისცემდა ამის საშუალებას და თითქმის დარწმუნებული გახლდათ, ახლოს იყო დასასრული. ისე ახლოს, რომ მის სუნსაც კი გრძნობდა და ბედნიერდებოდა. გაბადრული სახით იჯდა თვალებდახუჭული წვიმაში სველ სკამზე ცისკენ აშვერილი სახით. ვიღაცის გვერდით ჩამოჯდომამ აიძულა რეალობაში დაბრუნება. ნელა მოატრიალა მისკენ სახე. გვერდით შავ ანაფორაში გამოწყობილი წვერშევერცხლილი კაცი ეჯდა. ანდრეას არ უყურებდა, პირდაპირ იხედებოდა, უმისამართოდ. - რა ხდება, მღვდელო, ღმერთთან მიღების საათები დაიწყო? - ეკლესიის ღია კარს შეხედა და ისევ მამა დავითისკენ მოაბრუნა თავი. - ვიცოდი, ერთ დღეს აქ რომ გნახავდი. - ჯიუტად არ იყურებოდა მისკენ კაცი. - მღვდლებიც დაძვრებით ინტერნეტში? თუ მხოლოდ იესოსთან სამესიჯოდ იყენებთ? - ათი წლის წინ ამ სკამზე ჩემთვის შვილივით საყვარელთან, ჩემს ნათლულთან, ერთად ვიჯექი. - ხმადაბლა ამოიოხრა კაცმა. - ისიც ისე ვერ მისწორებდა მაშინ თვალს, როგორც მე ვერ გისწორებ ახლა შენ. - აღსარებას მაბარებ, მღვდელო? ჩემს ახალგაზრდობაში პირიქით იყო, მღვდლები იბარებდნენ აღსარებას. - აღსარების სათქმელად მოხვედი? - როგორც იქნა, მზერის ღირსად სცნო. პირველად შეხვდა ერთმანეთს მათი თვალები. კაცის თაფლისფერებში სევდა და სიკეთე ირეკლებოდა, ანდრეას თვალებში არაფერი, სრულიად არაფერი. - შენ გჯერა პატიების, მღვდელო? - მჯერა, ან როგორ არ უნდა მჯეროდეს, როცა შვილივით საყვარელის მკვლელს გვერდით ვუზივარ და მხოლოდ სიბრალულს ვგრძნობ?! - თითქოს დენმა დაარტყაო, ისე შეუტოკდა სხეული. რამდენიმე წუთით დადუმდა. კადრებად გაიარა მომენტებმა გონებაში. მიხვდა, გაიხსენა, ის მამა დავითი იყო, ნინოს მამა დავითი. ფეხზე ისე წამოდგა თვალი, არ მოუშორებია კაცისთვის. მერე მარჯვენა ხელი მომუშტა, მჭიდროდ შეკრული მუშტი მოიქნია და ისეთი ძალით დაარტყა სახეში, სკამიდან გადმოვარდა და სველ მიწას დაენარცხა. ოდნავ წამოიწია დავითი, გაბუჟებული ყბა ხელის გულით დაიზილა. - ეს იმისთვის, ცხოვრება რომ დამინგრიე. - ოდნავ გაუღიმა. მკლავში ჩასჭიდა ხელი და წამოდგომაში მიეხმარა. - მაჩვენე, ყბა ხომ არ მოგტეხე. - ნიკაპში ჩაავლო ხელი და ოდნავ გაუმოძრავა, როგორც კი სკამზე დასვა. - მოტეხილი არ უნდა იყოს. - კაცის გამწარებული ზმუილი თითქოს არც გაუგია, ისე მიუჯდა გვერდით. - ნინოს რომ ვუთხარი, მამაოებსაც შეიძლება სიფათში ატაკო-მეთქი, არ დამიჯერა. - კმაყოფილმა ჩაიცინა და კიდევ ერთ ღერს მოუკიდა. - სველდები, შიგნით შევიდეთ. - ეკლესიის კარისკენ ანიშნა, როგორც კი ნატკენი ყბის ზელვას მორჩა და ლაპარაკი შეძლო. - მართლა გგონია, რომ მანდ ჩემი ადგილია? - აქ ყველას ადგილია, შვილო. - მხარზე დაადო ხელი. - ახლა აქ რომ ხარ, უფლის ნებაა. - მაგ შენი უფლის ნებები დიდად არ მხიბლავს. გადაეცი, როცა გეცლება. - ფეხები ოდნავ დააშორა ერთმანეთს და ხელებით დაეყრდნო. სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ წვიმის ხმა არღვევდა სიმყუდროვეს. - არ გინდა მცემო, მღვდელო? მართლა არ გინდა? საყვედურსაც კი არ მეტყვი? არ გძულვარ? - რა უფლება მაქვს, ღმერთის ქმნილება შევიძულო?! - და, შექმნა ღმერთმა ანდრეა. უხეირო, ბოროტი, უცნაური, მაგრამ სახალისო. საბოლოოდ, ღმერთის შექმნილი ანდრეასგან, ყველაფერი კარგი გამოვიდა და ცუდი შიგნით დარჩა. - ფეხზე წამოდგა, ხელები დემონსტრაციულად გაშალა და წასასვლელად მოემზადა. - მალე წირვა დაიწყება, დარჩი. - შენი ნათლული უკვე შევწირე,სხვა შესაწირი აღარაფერი დამრჩა. - გესლიანმა ღიმილმა დაუფარა სახე. - ილოცე შვილო, ლოცვის ძალა მთას დაძრავს, იცოდე. - და მაგ დაძრული მთის ქვეშაც მე მომაყოლებს. შემეშვი, მღვდელო! მე და ის, შენი უფალი, ჯერ ისევ არ ვმეგობრობთ. - რაც არ უნდა იყოს, იცოდე, არსებობს ადგილები, სადაც ყოველთვის გელიან. - თავადაც წამოდგა კაცი. ანდრეაზე ერთი თავით მაღალი იყო, იმდენად დიდი, რომ შიშს მოჰგვრიდა ადამიანს ამ შავ ანაფორაში გამოწყობილი, უზომოდ კეთილი სახე და თვალები რომ არა. - ვიცი ეგ ადგილები, ფსიქიატრიული და ჯოჯოხეთი. - ხელი ჩაიქნია. ზურგი აქცია ერთ ადგილზე გაშეშებულ მღვდელს და სწრაფი ნაბიჯით დატოვა ტერიტორია. *** ერთმანეთს მისდევდა დღეები. თვეზე მეტი გავიდა, რაც ანდრეა ისე ცხოვრობდა, როგორც ჩვეულებრივი, რიგითი მოკვდავი. დადებულ პირობას ზედმიწევნით ასრულებდა. თითქოს სრულად გაექრო საკუთარი ტყავიდან თუ მეხსიერებიდან ნინოს დანაკლისი. ბედნიერი ჩანდა, მშვიდი, მხიარული და მარტო თვითონ იცოდა, რამდენად ძვირი უჯდებოდა ტყუილი, რომელშიც ცხოვრობდა. ძირითად დროს სოფისთან და პატარა ანდრეასთან ატარებდა. მეტიც, ხშირად თვითონ იყო ინიციატორი მათთან ყოფნისა. პაწაწინა ანდრეა მზის სხივივით იყო, რომელსაც სინათლე და სითბო დაჰქონდა. მის დაუღალავ სიცელქეს მოჰქონდა ბედნიერებაც და იწვევდა ღიმილსაც. ხშირად ეპარებოდა მოღუშულ დეიდას მუხლებზე, ჰხვევდა წვრილ მკლავებს. ძალიან უყვარდა უფროს ანდრეასთან გატარებული ყოველი წუთი. მის მეხსიერებას შემორჩენოდა დეიდის ტკბილი კოცნები ფუმფულა ლოყებზე, შემორჩენოდა ღიმილიანი სახე და ისიც, თუ როგორც ცდილობდა გაეცინებინა ჯერ კიდევ მოცუცქნული არსება. ამის გამო, მადლიერი იყო, ამაყიც. სიამაყესთან ერთად გრძნობდა კმაყოფილებასაც. სოფი კი მისთვის კომფორტის ზონა იყო. უზომოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მას. სოფი იმდენად კარგი იყო, რომ არ შეეძლო უგულვებელყო. არ შეეძლო მისგან შორს ყოფნა, ამ ეტაპზე ნამდვილად არა. ხშირად ნახულობდა თათიასაც. თუმცა იმ ღამის შესახებ კრინტი არცერთს აღარ დაუძრავს. თითქოს დაივიწყეს, თითქოს არც ყოფილა. ორივემ იცოდა, გაგრძელება რომ არ ჰქონდა იმ ღამეს და იმასაც ხვდებოდნენ, რაც აკავშირებდათ, იმის დაკარგვა ერთი ვერ შეკავებული ცდუნების გამო არ ღირდა. არადა, ცდუნება საგრძნობი იყო. ხანდახან დაუძლეველიც ეჩვენებოდათ, თათიას რომ არ ეღონა რამე, უსათუოდ შეცდებოდნენ ისევ. უბრალოდ, თათია იყო ის ერთადერთი, რომელსაც ბევრად მეტი შეეძლო, ვიდრე ანდრეას. ამიტომ გაცილებით მეტიც მოეთხოვებოდა. გამოძიების შეწყვეტაზე ვერ დაიყოლია თათია, ვერ შეძლო მისი გადარწმუნება. ისევ მთელი ძალებით იკვლევდა საქმეს და მტკიცებულებებს აგროვებდა. არ იყო მარტივი, უამრავი დაბრკოლება ხვდებოდა. უამრავი მოწმე იპოვა, რომელთაც საკუთარი ნაამბობი ისე გადათქვეს, თითქოს აქაც არაფერიო. თავის მხრივ, მარიკაც დაჟინებით მოითხოვდა ანდრეასგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რადგან წარმოდგენა არ ჰქონდა, რამდენ ხანს შეძლებდა იმ ლოდის შეკავებას, რომელიც თათიას გასაჭ....ტად დაძრულიყო და მარიკას ბოლო ძალებით ეჭირა. ხშირმა კონტაქტმა უცნაური დამოკიდებულება ჩამოაყალიბა დედა-შვილს შორის. მათი ყველა შეხვედრა ორმხრივი ირონიისა და ცინიზმის ფრქვევას ჰგავდა, თუმცა ორივე სიამოვნებას იღებდა ამით. მოსწონდათ ურთიერთობის ფორმა, რომელშიც იაზრებდნენ, რომ მათ შორის უკვე იყო რაღაც საერთო, იყო ემოციები და გრძნობები. შეიძლება არა იმდენი, რამდენიც დედა-შვილს შორის უნდა იყოს, მაგრამ იმდენი მაინც, თავადაც რომ ვერ წარმოედგინათ სულ ცოტა ხნის წინ. მოსწონდათ ერთმანეთი და ერთმანეთისადმი დამოკიდებულებები. მოსწონდათ ის, რომ არცერთს უწევდა სიყვარულზე კრინტის დაძვრა, პატივისცემაზე, ან ურთიერთობის ფორმაზე საუბარი. თითქოს ეს ირონია იყო მათ შორის ჩამდგარი ის მეგობარი, რომლის წყალობითაც ერთმანეთს არ გაურბოდნენ. საბაც იშვიათად, თუმცა მაინც სტუმრობდა ანდრეას. მათ ურთიერთობას ჯერ არაფერი ერქვა, მაგრამ კარგი მეგობრობის დასაწყისს ჰგავდა ის შინაურული დამოკიდებულება, რომელიც ერთმანეთის მიმართ გააჩნდათ. ანდრეას უკანასკნელ კვირებში აღარ იყო მოჩვენებები, კოშმარები და მკვდართან საუბრები. სრული სიცარიელე იყო მის ადგილზე, სრული გამჭვირვალობა და სჯეროდა, მთელი გულით სჯეროდა, რომ ამ გულგრილობას ვერ გაუძლებდა ნინო. თუ სადმე ისევ არსებობდა, ვერ უნდა გადაეტანა. თუ შეეძლო, მაშინ ანდრეას არც იმსახურებდა. თუმცა ანდრეას წამითაც არ დაუშვია, რომ შეძლებდა ნინო უმისოდ ყოფნას. ეს ფიქრი ასულდგმულებდა სწორედ. ამიტომ დგამდა ზედმეტად თამამ ნაბიჯებს თავისუფლად. ღმერთი ყოველთვის აპატიებდა, როცა თვალებში სინანული ჩაუდგებოდა. ნინოს ყურადღებას კი სხვა ვეღარაფრით იქცევდა. ეს იყო ბოლო გზა, უკანასკნელი გამოსავალი… იმ დღესაც ადრიანი დილა იყო, მარიკა რომ დაადგა თავზე და გააღვიძა. - ყოველ დილით შენი სახის დანახვა აღარ შემიძლია. - ხმადაბალი ბუზღუნით შემოატარა სახლში. - მეც რომ არ შემეძლო, იმიტომ დაგტოვე სხვისი სახლის კართან. - მობეზრებით ამოილაპარაკა და პირდაპირ სამზარეულოში შევიდა ყავის მოსამზადებლად. - შეიძლება გავიგო, ახლა რა შეიცვალა და ლამის ყოველდღე ჩემი სიფათის ყურებით რატომ ტკბები? - უშენოდ რომ უჰაერობა არ მაწუხებს, ხომ იცი? - საერთოდ აღარ გეტყობა. - გინდა ყავა? - ერთი წამით მოხედა უკან და შვილმა რომ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, ორი კოვზი ყავა ჩაყარა მადუღარში. - შაქრიანს სვამ? - სანამ გაზზე შემოდგამდა, იქამდე იკითხა. - არა, ენის ჩადებით ვატკბობ. - კიდევ კარგი, თორემ ცალ-ცალკე მომიწევდა მოდუღება. - მაგაზე როგორ გაწვალებ, ისედაც ჩემთვის ფაფების კეთებაში გალიე ახალგაზრდობა. - რამდენიმე დღე დარჩა. - ისე თქვა, თითქოს ანდრეას კომენტარი არც გაუგია. - სადამდე? - თათიას, რამდენიმე დღე დარჩა და ამას რომ გეუბნები, ჩათვალე, ქმარს ვღალატობ. - რას მთავაზობ? - ყავით სავსე ფინჯანი რომ დაუდგა მაგიდაზე და თვითონაც წინ ჩამოუჯდა, მაშინღა განაგრძო საუბარი. - მოკიდე ხელი და სადმე წაიყვანე. - სად? - არ ვიცი, ანდრეა, სადმე. სადაც გინდა! მითხარი და გაგიშვებ. - ჯოჯოხეთში ამდენი ხალხი ვერ დავეტევით. - ყავაც არ დამილევია, ისე წამოვედი, როგორც კი ეს ამბავი გავიგე! შენ კიდევ დგახარ და მეღადავები! - არ გეღადავები, მარიკა. - მაშინ მითხარი რა ვქნა, რისი გაკეთება შემიძლია? გავუშვათ თემო ციხეში, თათია მიწაში და ჩვენ ასე ვწრუპოთ ყავა? - ის კაცი გიყვარს? - დედის კითხვას თავი აარიდა და ისეთი ინტერესით დაელოდა პასუხს, თითქოს რამეს ნიშნავდა მარიკას პასუხი. - არცერთი კაცი არ მიყვარს. მამაშენმა სამუდამოდ შემაძულა კაცის სახსენებელი, მაგრამ თემოს ვაფასებ, იმის გამო, როგორც ვუყვარვარ და იმის გამო, რისი გაკეთებაც შეუძლია ჩემს გამო. - ეგოცენტრიკო. - მოვრჩეთ ჩემს რომანტიკულ ცხოვრებაზე საუბარს და იმ შენს ჯიუტ ფსიქოლოგზე გავაგრძელოთ. - დაველაპარაკები, მარიკა, ხომ გითხარი, დაველაპარაკები და გაგაგებინებ რას მეტყვის. - ისევ რომ ვერ დაითანხმო? - ხოდა, მოგს*ყნიათ პატრონი ყველას. - ნერვებმა უმტყუნა, ხმამაღლა ამოიძახა და ყავის ფინჯანს დაავლო ხელი. ერთი ყლუპი მოსვა და უმალვე ჩასწვა ყელი ცხელმა სითხემ. - ფუ, შენი! რა ცხელია! - ხმადაბლა წამოიძახა და უკან დააბრუნა ჭიქა. - ბოდიში, რომ ცხელი მოვადუღე. - ახლა ბოდიში მომიხადე, თუ მომეჩვენა? - ირონიული იყო. ბოდიში შენ გაქვს მოსახდელი, ფეხი გადამიბრუნდა ამ წყეულ ბილიკზე, რომელსაც ასფალტის დასხმა ვერ აღირსე და ნახე რას მიგავს. - ოდნავ წამოსწია და მუხლზე შემოადო შვილს, რომ ნატკენი ფეხი ეჩვენებინა. - შესიებულია, ყინულები გინდა? - ფეხსაცმლის შესაკრავი გაუხსნა და შესიებულ ადგილზე გადაატარა თითები. - ჩემს ჩაყინვასა და ბალზამირებაზე ოცნებას არ წყვეტ, ხომ? - თვალები დახუჭა, რომ მის თვალებში არაფერი ამოეკითხა ეშმაკს. სიგიჟემდე სასიამოვნო იყო მარიკასთვის შვილის შეხება. - ამხელა ქუსლებზე რატომ დადიხარ, სიმაღლის კომპლექსი გაქვს? - ლაპარაკობდა, მაგრამ ხელს არ აშორებდა ქალის ფეხს. არც თვითონ სიამოვნებდა მარიკაზე ნაკლებად ეს შეხება. - თითქმის შენი სიმაღლის ვარ. - ქუსლებზე და თითქმის. - მამიკოს გავხარ ტანადი, როგორც მოძალადე და ნაგავი.- მარიკას ხმის ტემბრი არ შესცვლია. -სხვანაირად ტკბილია, დედასთან ერთად რომ იწყებ დილას. - სკამის საზურგეს მიეყრდნო, თვითონაც დახუჭა თვალები. - ბო.. დი.. ში.. - თათიას წყვეტილმა ხმამ დაარღვია ოთახში გამეფებული სიჩუმე, მხოლოდ ორი ადამიანის სუნთქვა რომ არღვევდა აქამდე. - კარი ღია იყო და არ მეგონა, თუ მარტო არ იყავი. - მომავალი გვამიც მოსულა. - მობეზრებით აატრიალა თვალები მარიკამ და ფეხი სასწრაფოდ ჩამოიღო ანდრეას მუხლიდან. - და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ცოლიც აქ ყოფილა. - კარში უხერხულად იყო გაჩხერილი. - თუ გინდათ, დაგტოვებთ და იჭუკჭუკეთ. - ხელები დანებების ნიშნად ასწია ანდრეამ. ყველაფრისთვის იყო მზად ახლა, ამ ორის კინკლაობის მოსმენის გარდა. - არა, გმადლობ. მკვდრებთან მხოლოდ ჩემი შვილი ლაპარაკობს. მე ჯერ ასეც არ გამიფრენია. - ფეხზე წამოდგა მარიკა, ფეხსაცმლის გახსნილი თასმა შეიკრა და ფანჯრის რაფაზე დადებული ჩანთა აიღო. - დაასხი ეს წყეული ასფალტი და მოაგვარე, რაც გთხოვე. - ერთი წამით შეავლო მზერა ანდრეას და თათიას დაელოდა გასასვლელ ადგილს როდის გაუთავისუფლებდა. - ეშმაკს მხოლოდ ალქაჯი თუ გააჩენდა. - ირონიული ღიმილით გაიწია გვერდზე თათია. - ამ ალქაჯს არც სარძლოდ მოსწონხარ და არც შვილის მეგობრად. - გვერდი აუქცია, თუმცა სანამ ოთახიდან გავიდოდა, კიდევ ერთხელ შეხედა შვილს. - ისე, მაგარი გემოვნება გაქვს! ჯერ მესხიშვილი, მერე ეს... რა ნამუსით მელაპარაკებოდი ნაგვისკენ მიდრეკილებაზე? - კითხვასავით კი ჟღერდა, თუმცა პასუხს არ დალოდებია, ისე წავიდა. - აი, თურმე ვის ჰგავხარ. - ჯერ კიდევ არ იყო აზრზე მოსული, სკამზე რომ დაჯდა. ისევ იმ ადგილს უყურებდა, საიდანაც მარიკა გავიდა. - რა უნდოდა? - მითხრა, რომ ხელი მოგკიდო და სადმე წაგიყვანო. - ესე იგი, გაიგეს რომ ყველა მტკიცებულება შევაგროვე. - ძალიან ეცადა მშვიდად შეხვედროდა ახალ ინფორმაციას. - ვერ გაიგე? სიცოცხლის რამდენიმე დღე გაქვს დარჩენილი მაქსიმუმ. - გავიგე. - ოდნავი ღელვაც არ ეტყობოდა. - თათია თავდადებული.- ეშმაკის ტყავი ვერ დატოვა დიდხანს მაინც. - ირონია როდის დატოვებს შენს დიად სხეულს? - თითქოს დაიღალა კიდეც გაუთავებელი კინკლაობითა და თამაშით. - როცა შენსას დატოვებს სუიციდისკენ მიდრეკილება. - რას მთავაზობ? მტკიცებულებებიც მეწყერში მოვაყოლო და ისე მოვიქცეთ, ვითომ არაფერი ხდება? - არა, გთავაზობ, რომ სადმე წახვიდე და უსაფრთხო ადგილიდან ჩაუშვა, ვისი ჩაშვებაც გინდა.- თავდაჯერებულმა მიუგო და თავის მოგიჟიანებას მოეშვა. - ორი წუთის წინ ჩემთან ერთად მოდიოდი. - როგორც რობინზონ კრუზოს ჰყავდა თავისი პარასკევა, ისე გყავს შენ შენი ცხრაპარასკევა, ჩემი სახით. - თვითკმაყოფილმა ჩაიცინა და მხრები აიჩეჩა. - ანუ, ჩემთან ერთად წამოსვლას არ აპირებ. - დასაზუსტებლად იკითხა. - ანუ წასვლაზე თანახმა ხარ? - არა, რა თქმა უნდა. - აბა, იმის მოსმენა გინდა, რომ შენთან ერთად რომანტიკულ “პაესტკაში” წასვლა, ჩემი ოცნებაა? - იმის თქმა მინდა, რომ ადამიანს იმის იმედი არ უნდა მისცე, რისი გაკეთებაც არ შეგიძლია. - ნიშნისმოგებით უპასუხა და გაღიზიანებულმა გადაიჯვარედინა მკერდთან ხელები. - ახლა მოცემულ სიტუაციაზე კი არა, იმ ღამეზე ლაპარაკობ. შეიძლება ფსიქოლოგი არ ვარ უმაღლესი განათლებით, მაგრამ არც იდიოტი ვარ. - იდიოტი რომ არ ხარ, მაგაზე ვიდავებდი.- კვლავაც დაგესლა. ურთიერთობის ყველა სხვა ფორმა უვარგისი იყო ანდრეასთან. მხოლოდ უნდა აჰყოლოდი,ისეთ თამაშში, როგორიც თავად მოსწონდა. სადაც თვითონ გრძნობდა თავს კომფორტულად და იქამდე გევლო ბეწვის ხიდზე, სანამ სიტყვების ქსელში არ გაგხლართავდა. - სჯობს, ჯერ ის დავა დავასრულოთ, რომელიც დავიწყეთ. - მე არაფერზე გედავები, ანდრეა. მე გითხარი ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება. - წონასწორობა არც ახლა დაუკარგავს, ამიტომ იყო, რომ ვერ ფარავდა გაღიზიანებას ალქაჯის ქმნილება. ხვდებოდა რომ თათიას ვერაფრით აბრაზებდა, ვერც წყობიდან ახერხებდა მის გამოყვანას და ეზიზღებოდა ამ ქალის თავდაჭერილობა, მისი ფსიქიკის სიმყარე, თუ ემოციური ბალანსი, რომელიც ვერაფრის დიდებით დაარღვია. - მე კიდევ გეუბნები, რომ მაგ შენს საყვარელ შუბლს გაგიხვრეტენ და ბოლო დროს, ეჭვი მაქვს, რომ იმ ნახვრეტიდან ტვინი ვერ გადმოდინდება, რადგან არ გაქვს. - და შენ ძალიან გადარდებს რა მომივა, არა?!- პასუხის მოლოდინი არც ჰქონდა, უფრო სწორად სასურველი პასუხის მოსმენის მოლოდინი. იმედგაცრუებამ იჩინა თავი და დამალვა ვეღარ შეძლო. - ჩემს მოთმინებას ნუ ცდი. - თითი გამაფრთხილებლად აუქნია სახესთან. - თორემ რას იზამ? - კბილებს დაგაყრევინებ და მოგიწევს თლიფინით მოაწონო თავი იმ შენს მებაღეს თუ მეყვავილეს. - სერიოზულად? - თითქოს ვერ დაიჯერა, ისე უყურებდა. - კიდევ გახსოვს? შენ რა, ეჭვიანობ? - გამხიარულდა. - ხო, ვეჭვიანობ, შენ რომ ხარ ყვავილი და მე- არა. სულ მინდოდა ყაყაჩო, ყოჩივარდა ან რამე მსგავსი ყ*ეობა ვყოფილიყავი. - როცა ბრაზდები, ზრდილობიანად მეტყველების უნარსაც კარგავ აზროვნებასთან ერთად. - უჩვეულოდ მოეღრუბლა სახე ერთ წამში. - ახალი ამბავი! - არა. მაინც ვერ ვხვდები რა გაცოფებს, მიჩვეული არ ხარ, რომ მთელი სამყარო შენს ჭკუაზე არ ბრუნავს? - კოპები შეკრა და ჭკვიანი თვალები მიაპყრო. - მიჩვეული ვარ, რომ რაც არ მემორჩილება, კვდება. - რამდენჯერ გაგიმეორო, რომ შენი არ მეშინია? - გამეორება ცოდნის დედაა. - მე ახლა დედაშენი უფრო მანერვიულებს, ვიდრე ცოდნის დედა. - მარიკა შენ გადარჩენას ცდილობს. - სკამს მიჰკრა ფეხი. - შენს გამო, არა? - წინადადების საკვანძო წევრი ეგ არ არის. ჩემს გამო, შენს გამო თუ რამე სხვა გარემოების, მთავარია რომ შენს გადარჩენას ცდილობს. - იცი რა არის მთავარი? მგონია, რომ ჩემს შეჩერებას მარიკას გამო ცდილობ და ჩემი უსაფრთხოება ახლაც ისევე გ*იდია, როგორც ყოველთვის. - გულისწყვეტა იგრძნობოდა ქალის ხმაში, ასევე- ყრუდ სევდაც და ტკივილიც. - წყობიდან ნუ გამომიყვან-მეთქი! - ნიკაპში ჩაავლო ხელი და ყბები ერთმანეთს დააჭირა. - გამიშვი, შე ცხოველო, მტკივა! - სიმწრისგან ამოიყვირა და სცადა მოეშორებინა. - რომ გეტკინოს, იმიტომ გიჭერ! აბა, სიამოვნების მონიჭება რომ მინდოდეს, უკეთესი გზებიც ვიცი. - უხეშად მოაცილა ხელები და მუშტები შეკრა. - ბანძი ტიპი ხარ, საშინელი იუმორის გრძნობით და ალოგიკური თავდაჯერებულობით. თან დარწმუნების უნარიც არ გივარგა. - ხმა უკანკალებდა თათიას, ხელებიც. თუმცა მომაკვდინებლად ლამაზი იყო. იმდენად ლამაზი, რომ ერთი კი არა, ასობით ღამის ცდუნება შეეძლო გაემართლებინა მის მიმზიდველობას. - შენ კიდევ უსაქმური ქალი ხარ, რომელსაც ცხოვრების ხალისი იმდენად დაკარგული აქვს, რომ არსებობის აზრს ხან ვიღაცების ჩაშვებაში პოულობს და ხან უიმედო გიჟების გამოჯანმრთელების მცდელობაში. - მისი სიჯიუტე და უაზრო პრინციპულობა აღიზიანებდა. აბრაზებდა, რომ უსიტყვოდ ვერ უხსნიდა რამდენად უღირდა მისი სიცოცხლე და ყელში გაჩხერილ სიტყვებს რომ ამოთქმის საშუალებას ვერ აძლევდა, ცეცხლზე ნავთს სწორედ ეს ამატებდა. - შე ნაგავო! - შეურაცხყოფამ ყელში ამოასხა და მთელი ძალით შემოარტყა გაშლილი მარჯვენა. ტონიც ისეთი ჰქონდა, სახედაკარგულს უფრო ჰგავდა, ვიდრე იმ თათიას, რომელსაც წლები იცნობდა. ამ მდგომარეობაში არასდროს ენახა და განცვიფრდა. ვერაფრით მოერია სიახლოვის სურვილს. - რა იყო, მართალი არ ვარ? - ისე შემოეხვია სხეულზე, რომ ორივე ხელი დაუჭირა. - ცხოვრების ხალისს არ ეძებ? არარსებულ რაღაცებს არ ებღაუჭები? ჩაგიხვევია რომ ბავშვებს უნდა დაეხმარო, იმ ბავშვებს, რომლებიც მკვდრები არიან და აღარაფერი უშველით! - ვინ მელაპარაკება არარსებულ რაღაცებთან ჩაბღაუჭებაზე? ის, ვინც მკვდარს ელაპარაკება? ის, ვინც მკვდარს ვერ შორდება და ლამისაა ცოცხლად დაიმარხოს თავი? - თათია გაჩერდი! - იღრიალა, ხელები ცივად გაუშვა და ყურებზე აიფარა. - რა იყო? გგონია გიჟის მანტიას მოისხამ და ყველას იმას ეტყვი, რისი თქმაც გინდა, ისინი კი პასუხს არ დაგიბრუნებენ? ვის ვის და შენ ნამდვილად არ გაქვს უფლება ლოგიკაზე ელაპარაკო ვინმეს. - ხმამაღალი ეჩვენა ანდრეას თათიას განაცხადი. - აღარ მოკეტავ?! - მომაკეტინე! - გამომცდელად აზიდა წარბები მაღლა. ახლა თავად მართავდა სიტუაციას. - ჩემს მოთმინებას ნუ ცდი-მეთქი! - შეკრული მუშტი მოიქნია და სანამ თვალდახუჭული ქალი დარტყმას ელოდა, მის ზურგს უკან შეახეთქა კედელს მთელი ძალით. - შიზოიდი ხარ და დესტრუქციული მანიაკი, რომელიც მინიატურულ ეგოს უძირო ქვევრივით ვერ ავსებს. ვერც იმას ხვდება, რა უნდა ადამიანებისგან ან რისი გაცემა შეუძლია სანაცვლოდ. - გმადლობ, რომ ჩემი ფსიქოტიპი ჩამომიყალიბე, მაგრამ არ მაინტერესებდა. - ავადმყოფი ხარ და შენს ფსიქიკას არაფერი ეშველება. - დაჟეჟილი მუშტი ხელებში მოიქცია და შეათვალიერა. - შენ კიდევ საშინელი ფსიქოლოგი ხარ. მართალია ჯერ ცოცხალი, მაგრამ ამას მალე გამოასწორებენ. - სულ ასეთი სტუმრიანობა გაქვს? - ჭიშკართან რომ კიდევ ერთი მანქანა გაჩერდა, ფანჯრისკენ გაიხედა თათიამ. - საბაა. - ქალის ზურგს უკან იდგა თვითონაც და სტუმრის მოსვლის იდეით აღფრთოვანებულს არ ჰგავდა. - ამას აქ რა უნდა? - ეზოში რომ შემოაბიჯა ბიჭმა და მისი სახე იცნო ქალმა, წამსვე ანდრეასკენ მობრუნდა. - ვინაა საბა, ანდრეა, ნიკო დონდუაა საბა? - ნიკო დონდუა ვინღაა? - ირაკლის ბიჭი. - ხმადაბლა თქვა და თავისი დაბნეულობა გადასდო ანდრეასაც. კარზე რამდენჯერმე მოაკაკუნა საბამ და რაკი არავინ გაუღო, ხმადაბალი ძახილით შემოვიდა შიგნით. ანდრეა არ დაბნეულა. დიდად არც საბას ნერვები ჰქონდა და არც ის ადარდებდა, სიახლოვის ნება რომ მისცა. ახლა მხოლოდ ბრაზს გრძნობდა, წკიპზე ჰქონდა ნერვები და იცოდა ეს კარგს არაფერს მოასწავებდა. ერთი ნაბიჯიც და ატომური იარაღივით აფეთქდებოდა. როგორ არ სურდა, ვინმეს ისევ საყოველთაო ნგრევისკენ მიეცა ბიძგი და კიდევ უფრო არ სურდა, ეს ვინმე საბა ყოფილიყო. - გამარჯობა, ანდრეა. გამარჯობა ქალბატონო. - წამიერად დააბნია მესამე პირის დანახვამ სახლში. იცოდა ამ დროს ყოველთვის მარტო იყო ანდრეა, ამიტომ დალია. მთელი გამბედაობა მოიკრიბა აქ მოსასვლელად და ახლა უცნობის დახვედრამ, მთელი გეგმები აურია. - გაიცანი, საბა, ეს თათიაა. თათია, ეს საბაა, თუ ნიკო? როგორ გირჩევნია, რომ გაეცნო?- წარბები მაღლა აზიდა. ირონიული ღიმილი აუთამაშდა სახეზე. - გაიგე! - ფაქტის კონსტანტაციას ჰგავდა ნიკოს სიტყვები. კეთილი სახე უეცრად შეუცვალა ბოროტმა ღიმილმა. სიავე შეეპარა ისე, თითქოს მოწმენდილი ცა შავმა ღრუბლებმა დამალესო. უცნაური იყო კონტრასტი, რომელიც ზედმეტად ბუნებრივად შექმნილიყო. ანდრეაში ბრაზს იწვევდა, აგრესიას და ზუსტად არ იცოდა რას ჩაადენინებდა ის ემოციები, რომელიც უკვე ნერვებს უჭამდა. - თათია, წადი! - ქალისკენ მიბრუნდა წამით, მაგრამ მის მზერაში არეკლილმა შფოთვამ აიძულა, ისევ საბასთვის შეეხედა. უკვე იარაღი ეჭირა ხელში. მიხვდა დაგვიანდა. - არავინ არსად წავა! ყოველ შემთხვევაში, ცოცხალი. - უყურებდა ეშმაკი ბიჭის სახეცვლილებას და თვითონაც კი უკვირდა. საბა უწყინარი, დაუცველი ბიჭი უნდა ყოფილიყო წესით. ყოველ შემთხვევაში, ორ ჭიქაში ნიაგარას ჩანჩქერს დაემსგავსა. ასეთი გარდაქმნა კი, დიდად არ ეხატებოდა გულზე. ახლა ბოროტი ღიმილითა და ჩასისხლიანებული თვალებით მისჩერებოდა იმას, ვისაც წუთის წინ ისე უყურებდა, როგორც რაღაც ძვირფასს. ბრაზი მოსდიოდა საკუთარ თავზე, ტილიანმა ლაწირაკმა რომ დაიბრიყვა. თურმე ნიკო დონდუა და არანაირი საბა. კიდევ ერთი ბედის საჩუქარი! ირაკლის ნაშიერი. - ამასთან საქმე არ გაქვს შენ! გაუშვი და ისე იყოს, როგორც გინდა. - მაინც ეცადა მოლაპარაკებას. - კიდევ მეტყვი რამეს და პირველი ტყვია ზუსტად მაგას მოხვდება. გამოდით და დასხედით! - მისაღებისკენ ანიშნა თვალით და დაელოდა, სანამ მის სურვილს შეასრულებდნენ. - ნიკო, მისმინე. - დივანზე დაჯდა თუ არა, თათიამ დაიწყო ლაპარაკი. - შენც მიცნობ, იცი ვინცაა ეს და რატომაც ვარ აქ. - სიმწრის სიცილმა დაუბრიცა სახე. - მაინც დაიცავ, არა?! ხმა არ გაიღო საერთოდ, თორემ არაფერზე ვაგებ პასუხს. მისი მოსმენა მინდა მე. - ზიზღით დაბრიცა ტუჩები და ანდრეას შეხედა. უდარდელად რომ იჯდა დივანზე, ფეხი ფეხზე გადაედო და სიგარეტს აბოლებდა. - რა გინდოდა მამაჩემისგან? - იარაღს ატრიალდებდა ხელში, ანდრეას წინ დაჯდა თვითონაც და თვალი თვალში გაუყარა. - მაგის გამოყენება იცი, ჩანჩქერო? - ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. როგორ არ უნდოდა ნერვებს ემტყუნა, არ ემეტებოდა ამისთვის არც საბად წოდებული ნიკო და არც საკუთარი მომავალი. - გინდა ამაზე მოვსინჯო? - მაგას ისედაც ორი-სამი დღის სიცოცხლე აქვს დარჩენილი. - გაეცინა.- ჩემი პეპელაა. - არავინ არ გიყვარს, შე მანიაკო?! შენი დამპალი სახე იმ ღამის მერე არ მომშორებია თვალებიდან, შენი დამპალი ღიმილი! ის სიმწრისა და შიშის ცრემლები, მაშინ რომ მაყლაპე, დღემდე მახსოვს! - შენ ხარ ის ლეკვი, იმ ღამით ცოცხალი რომ დავტოვე?! შენთვისაც უნდა დამეჭრა ყურები, მაგრამ ამბობენ თუ ლეკვს ყურებს დააჭრი, ავი გაიზრდებაო. - მოკეტე, თორემ ტვინს გაგასხმევინებ! - ოდნავ გადმოიწია მისკენ და ძლიერად მიაბჯინა შუბლზე იარაღი. - გაჩერდით! - დაიყვირა თათიამ, თუმცა არცერთს მიუქცევია ყურადღება. ანდრეამ კიდევ უფრო მიაჭირა შუბლი იარაღის ლულას. - ნიკო, შურისძიებით ვერაფერს გამოასწორებ, ცხოვრებას ნუ დაიღუპავ. მან ვერ დათრგუნა შურისძიების სურვილი და უკიდურესობამდე მივიდა, ნუ გაიმეორებ ანდრეას შეცდომას. - ისროლე, თუ გაქვს. - თათიას მონოლოგი არც შეიმჩნია. ნიკოს მისჩერებოდა, მსხვერპლის როლში მყოფიც კი დასცინოდა და ბიჭის ზიზღს მის მიმართ კიდევ უფრო ზრდიდა. - შენ ჯერ არა. ჯერ ეს. - თათიასკენ გადაიტანა იარაღი. - მაგასთან რა ხელი გაქვს? არც მამაშენი მოუკლავს და არც ბაბუაშენი. - სამაგიეროდ, მოწმეა. შენი ბინძური სულის გამო ციხეში წასვლას არ ვაპირებ. - მომისმინე. - კიდევ ერთხელ სცადა ბიჭთან გამოლაპარაკება თათიამ და ანდრეამ ხელზე ხელი მოუჭირა, იმის ნიშნად, რომ გაჩუმებულიყო. - მომისმინე, ბიჭო. - ისევ თვითონ განაახლა საუბარი. - მამაშენმა მე დამაობლა. - ოდნავ ჩაეღიმა ლაშას სიკვდილით გამოწვეული ობლობის ხსენებაზე. - მე შენ დაგაობლე. ლოგიკურად რომ მივყვეთ, შენ ჩემი შვილის დაობლება გიწევს, მაგრამ არ გაგიმართლა, შვილების ყოლა ვერ მოვასწარი. - სასაცილოა, არა?! ადამიანების სიცოცხლის მოსპობა სასაცილოა ხომ, შე მანიაკო?! - ზიზღის დაფარვას ვეღარ ახერხებდა. შუბლზე ჩამოყრილი თმები უხეშად გადაიყარა უკან და ჩასისხლიანებული თვალებით მიაჩერდა ეშმაკს. - რატომ მოკალი მამაჩემი? რატომ დამინგრიე ბავშვობა? - მამაშენმა ის მიიღო, რაც დაიმსახურა. - უდარდელად გადაწვა დივანზე. - გაუშვი ეს ქალი, გაისროლე ეგ წყეული ტყვია და გადმოგილოცავ მკვლელის სტატუსს. შენ იარე მერე ჩემსავით დამძიმებული მხრებით და მე გავთავისუფლდები ამ ჯოჯოხეთისგან. - ნიკო, რის გაკეთებასაც არ უნდა აპირებდე... - კიდევ ერთხელ წამოიწყო საუბარი თათიამ. - როგორც ჩანს, ამას სხვანაირად ვერ მოვაკეტინებ. - ამჯერად ქალის შუბლს მიაბჯინა პისტოლეტი, მაგრამ სანამ სასხლეტს გამოკრავდა, ფეხი ამოარტყა დაჭიმულ მკლავზე ეშმაკმა. ორიენტაცია დაკარგული ბიჭის დაბნეულობით ისარგებლა და მტევანში, რომელშიც იარაღი ჰქონდა ჩაბღუჯული, ისეთი ძალით დაარტყა, ხელიდან გააგდებინა. სანაცვლოდ მუშტი მოიქნია საბამაც და ანდრეა მოიშორა თუ არა, იქეთ გადახტა, სადაც იარაღი ეგდო. იატაკზე დაცემულს იქამდე მიეჭრა, სანამ მიზანის გასწორებას მოასწრებდა. ძირს დაგდებულ ბიჭს ორივე ხელში ჩაებღუჯა გლოკის ტიპის ცეცხლსასროლი. ანდრეას კი ბიჭის ხელები ეჭირა, რომ სამიზნის გასწორება ვერ მოეხერხებინა ნიკოს. ახლოს მისვლას ვერ ბედავდა თათია. წარა-მარა ცვლიდნენ პოზიციებს, ხან ერთი მოექცეოდა ზემოთ, ხან მეორე. რამდენიმე უმისამართო გასროლაც მოჰყვა ჭიდაობას. გაწევ-გამოწევაში და დიდ ალიაქოთში, საბოლოოდ, ნიკო მოექცა ზემოდან. იარაღი ისევ თვითონ ეჭირა, თუმცა ანდრეა საშუალებას არ აძლევდა სწორად დაეჭირა. ორივე ხელი მჭიდროდ მოჰხვია ბიჭის ხელებს, პისტოლეტის ლულა ოდნავ შეატრიალა მისკენ და სასხლეტთან დადებულ საბას თითს თავისით დააწვა. იქამდე ისმოდა სროლის ხმა, სანამ ტყვიები არ ამოიწურა და ნიკოს უსულო სხეული მთელი სიმძიმით არ გადააწვა ზემოდან. თვალები დახუჭა, გულისრევას და სისხლის გემოს გრძნობდა პირში. კიდევ რაღაც უცნაურს, თითქოს ნაცნობს. აღარ იყო მისთვის მკვლელობა ტრაგედია. თითქოს ჩვევად ქცეულიყო. კარგად იცოდა, აღარც სინდისი შეაწუხებდა ამის გამო და აღარც სიზმრებში მოვიდოდნენ პირველი მსხვერპლივით მისგან სიცოცხლე მომსპარი ადამიანები. - ანდრეა! ჯანდაბა, ანდრეა! - თვითონაც შოკში იყო თათია, თუმცა მაინც მიუახლოვდა. კაცის უსულო სხეული მოაშორა და ეცადა აზრზე მოეყვანა. - კარგად ვარ, ყველაფერი კარგადაა. - ფიქრებიდან გამოერკვა. - მკვდარია. - ყელთან უკვე აღარ მფეთქავი არტერია რომ შეუმოწმა, მხოლოდ მერე შეხედა ეშმაკს. - მკვდარია. - ხმამაღლა იმეორებდა და ცრემლებით ევსებოდა თვალები. - ესეც შენი სტატისტიკა, ანდრეა. - ხმადაბლა მიმართა თავის თავს. გვამთან დახრილ თათიას ხელი მოჰკიდა და ფეხზე წამოაყენა. - პანიკაში არ უნდა ჩავარდე. - ოდნავ ჩაეხუტა ქალის ათრთოლებულ სხეულს. - გულისცემაც კი არ გაქვს აჩქარებული. - გაოცებამ თვალები გაუფართოვა, ანდრეას მშვიდი სუნთქვა და გულისცემა რომ იგრძნო. - ნუთუ მართლა სულში გაქვს?! ნუთუ მართლა აღარაფერს ნიშნავს შენთვის ადამიანის სიცოცხლე. - დანანებით გადააქნია თავი. არაფერი უპასუხია, ფრთხილად მიიყვანა დივანთან, და ზედ დასვა ქალი. ჭიქა წყალი მიაწოდა და თვითონ ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. - საგიჟეში არ დავბრუნდები, არც ციხეში. იფიქრე, ანდრეა, იფიქრე! - შუბლს ისრესდა და ცდილობდა აზრები დაელაგებინა. - ვიტყვით, რომ თავს იცავდი და მე მიცავდი. - და ვითხოვთ, რომ ერთ კამერაში ჩაგვსვან, არა? სერიული მკვლელი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელმაც ხვალ-ან ზეგ მთავრობის წინააღმდეგ ისეთი ფაქტები უნდა გამოაქვეყნოს, რომელიც საბოლოოდ ჩამოაშორებს დიდ პოლიტიკოსებს, დიდ პოლიტიკას. ციხეში ამოგვალპობენ! - არანორმალური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. - არ ვიცი, რა უნდა ვქნა, არ ვიცი! ტვინი საერთოდ არ მიმუშაობს! - წადი აქედან. - მართლა ფიქრობ, რომ ამას გავაკეთებ? - წადი, თუ არ გინდა შენც ის დაგემართოს, რაც მე დამემართება. - არსად არ წავალ, ანდრეა, არსად არ წავალ! - ისეთი კატეგორიული ტონი ჰქონდა, ანდრეა მიხვდა, მასთან კამათი უაზრო იყო. გაჩუმდა, რამდენიმე წუთით ჩაფიქრდა. აზრები თანდათან დაალაგა და ისე გამოხედა ხელებში თავჩარგულ თათიას. - ლეპტოპი თან გაქვს? - რა? - თავი ამოწია ხელებიდან და ანდრეას მიაჩერდა. - ლეპტოპი თან გაქვს? - ჰო. - მტკიცებულებები? რასაც აგროვებდი. - მაქვს. მეხსიერების ბარათზე მაქვს ყველაფერი. ხელმოწერები, სეისმოლოგების დასკვნები, მოწმეების ჩვენებები. - როგორ აპირებ გამოქვეყნებას? - ყველა ტელევიზიას და ჟურნალ-გაზეთს უნდა გავუგზავნო. - გაგზავნე. - ახლა? ახლა ამაზე ფიქრი არ შემიძლია. - კაცმა არ იცის, კიდევ გექნება თუ არა შანსი. გაგზავნე და გამგზავნად ნიკო დონდუა მიუთითე. სანამ ახალი მკვდარია და არ გაუგიათ, რომ მაქსიმუმ საიქიოდან გამოგზავნოს მოსაწვევები ამიერიდან. - მკვდარს შევაწმინდო ხელები და მე მშრალად გამოვძვრე? - ამას აღარაფერი ეშველება და აღარც დაუშავდება. თუ ბავშვების სიცოცხლის გამო აპირებდი ამის გაკეთებას, თუ დამნაშავეების დასჯა იყო შენი მიზანი, მაშინ გაგზავნე ნიკოს სახელით. თუ გმირად გინდა შეგრაცხონ, დამნაშავეების გამოაშკარავებისთვის, შენი ნებაა. - ფეხზე წამოდგა და ხელები გაშალა. - ლეპტოპს შემოვიტან. - სწრაფად ადგა თათიაც და მანქანასთან გავიდა. სანამ ქალი დაბრუნდებოდა, ანდრეამ ნაცნობი ნომერი აკრიფა ტელეფონზე და წყვეტილ ზარს იქამდე უსმენდა, სანამ ნაცნობი ხმა არ მოესმა ყურმილს იქიდან. - პირველად მირეკავ. - ისეთი ხმა ჰქონდა მარიკას, რთული მისახვედრი იყო, გაოცებულს უფრო ჰგავდა თუ ბედნიერს. - მარიკა, მჭირდები. - ისე ხმადაბლა თქვა, თითქოს პასუხის მოსმენის ეშინოდა. - კარგად ხარ? მოვდივარ! - სწრაფი ნაბიჯის ხმა მოჰყვა მარიკას ხმას. მერე სახლისა და მანქანის კარის ჯახუნი. - მარტო მოდი. - ანდრეა, კარგად ხარ? - ძრავის ხმა რომ მოისმა, კიდევ ერთხელ გაიმეორა კითხვა. მხარსა და ლოყას შორის ედო მობილური ტელეფონი. წლების შემდეგ პირველად იჯდა საჭესთან. - ჰო. - ხმადაბლა თქვა და აპარატი გათიშა. *** - ანდრეა! სად ხარ? კარგად ხარ? - ხმამაღალი ძახილით შემოვიდა სახლში და თათიას პირისპირ მჯდომი შვილი რომ დაინახა, მაშინვე მიუახლოვდა. - რა მოხდა აქ? - ოთახს მოავლო მზერა, ანდრეას ნიკაპს ჩაავლო ხელი და აიძულა თვალი გაესწორებინა. - ჩვენი მოკვლა სცადა. - ლეპტოპი დახურა თათიამ და ეშმაკის მაგივრად თვითონ გამოეპასუხა ქალს. - დაჭრილი ხომ არ ხარ? - ტანსაცმელზე გადაატარა ხელი და კარგად შეათვალიერა. სისხლის კვალიც არ აჩნდა, უკვე გამოეცვალა სისხლით გაჟღენთილი ტანსაცმელი. - არა. - დამაკმაყოფილებელი პასუხის მოსმენის შემდეგ ანდრეას მოშორდა და გვამს მიუახლოვდა, რომელიც ოთახის კუთხეში მიეჩოჩებინა ეშმაკს. - არც ისე ლამაზი შინაგანი სამყარო ჰქონია. - ბიჭის გადმოყრილი წელების დანახვაზე ტუჩები დაბრიცა. - რა უნდოდა თქვენგან? - ზიზღით დახედა და მალევე მოაშორა თვალი. - ირაკლი დონდუას ბიჭია. - ირაკლი დონდუა ვინღა ჯანდაბაა. - რას იქექები ახლა ჩემ წარსულში, არქეოლოგი ხარ? - დაცვა მომაშორებინე და ისიც არ გითქვამს, რომ ვინმე გემუქრებოდა. - საყვედური იგრძნობოდა მარიკას ხმაში. - საყვედურების მოსასმენად არ დამირეკავს და არც დათრგუნული დედური ინსტიქტების გამოსავლენად არის კარგი დრო. - დავრეკავ, ამას აქედან მოაშორებენ და მერე რამეს მოვიფიქრებ. - სროლის ხმა იყო, თანაც ბევრჯერ. რომც ვერ იპოვონ, პირველს მე მომადგებიან. - ნერვიულობდა, სულ ოდნავ ემჩნეოდა მის ხმას. - საგიჟეში აღარ დავბრუნდები, არც ციხეში. - თვალები დახუჭა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო. - რა თქმა უნდა, არ დაბრუნდები. - შვილს მიუახლოვდა, ხელზე ჩასჭიდა ხელი და მაგრად მოუჭირა. - გაუშვი ეს აქედან, მე მოვაგვარებ ყველაფერს. - არ გენდობი და არსად წავალ, სანამ არ დავრწმუნდები, რომ უსაფრთხოდ იქნება. - თათია... - საუბარი დაიწყო ანდრეამ. - მის უსაფრთხოებაზე ზრუნვა თუ გინდოდა, აქ იყავი და გაგეკეთებინა რამე. - მარიკა... გაჩერდით ორივე. აქ იმიტომ არ მომიყვანიხარ, რომ რამე მჭირდება. - თვალი თვალში გაუყარა დედას. - ჩემს თავს თვითონ მივხედავ. მინდა, რომ შენს და მის უსაფრთხოებაზე იზრუნო. - თათიასკენ ანიშნა თავით. - შენი ქმრის წინააღმდეგ საქმე თუ უკვე არ აღძრულა, რამდენიმე საათში აღიძრება, გაასწარი ქვეყნიდან. - ანუ მაინც გაგზავნეთ. - მე გავგზავნე. - ყოჩაღ, დედა, ყოჩაღ! ძალიან ჭკვიანური ნაბიჯია. - მოულოდნელად წამოსცდა დიდი ხნის ხორხში ჩაჭედილი სიტყვა და მთელი ყელი ჩაუწვა, რომ გაიაზრა, რაც თქვა. - ქმრის დანაშაულის გამო ცოლების დაჭერა ჯერ არ დაუწყიათ, მე არაფერი მემუქრება. - წადი და გააფრთხილე შენი ქმარი, იქნებ გაასწროს. - ისე უყურებდნენ ერთმანეთს, თვალი არ დაუხამხამებია არცერთს. თათიას უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ვერაფრით აიძულა თავს ხმის ამოღება. - კიდევ ერთხელ აღარ დაგტოვებ! - რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ აიძულა თავს სიტყვების ამოთქმა. - თემოს დავურეკავ, კიდევ რამდენიმე ადგილზე დავრეკავ. თბილისიდან უნდა გაგიყვანო დღესვე. სადმე დაიმალები თუ ქვეყნიდან გასვლა ამ საღამოსვე ვერ მოხერხდა, არეულობა რომ ჩაივლის, მერე წახვალ სადმე. იქამდე ამასაც მოვიშორებ თავიდან, იქნებ არც არავის მოაკლდეს თვალში. - ნიკოსკენ ანიშნა და ტელეფონი ამოიღო. ნერვიულად დადიოდა. რამდენიმე ზარი განახორციელა. ხმადაბლა საუბრობდა, მიხედავად იმისა, რომ ღელავდა. ქალის ტონს ნამდვილად არ ეტყობოდა შინაგანი არეულობა. - გამოდი ერთი წამით. - ანდრეას დაუძახა, სამზარეულოში გაიყვანა. თათიას ესმოდა ქალის ხმადაბალი საუბარი, თუმცა სიტყვებს ვერ არჩევდა. შოკში იყო, ვერაფრით აიძულა თავს დამშვიდებულიყო და ცივი გონებით ემოქმედა. ანდრეასა და მარიკას ლოგიკურობა აოცებდა, მათი ცივსისხლიანი მიდგომა. ისე იქცეოდნენ, თითქოს წელებგადმოყრილი ბიჭის სხეული სულაც არ ეგდო მათ თავალწინ. - მივდივართ. - სამზარეულოდან რომ გამოვიდნენ, ხმადაბლა მიმართა ანდრეამ და პირველი თვითონ დაიძრა კარისკენ. - სად? - იკითხა, თუმცა მაინც მიჰყვა სახლიდან გასულებს. - თუ არ გააჩერებ, ნახავ როგორ გადავიქცევი იმ საფრთხედ, რომელსაც ასე არიდებდი მთელი ეს დრო. - გამაფრთხილებლად დაუქნია თითი შვილს. - ანდრეა, უკან შენ დაჯექი და ეცადე არ ჩანდე. - საჭესთან თვითონ დაჯდა მარიკა. თათია მიუჯდა გვერდით და მანქანა ელვის სისწრაფით გაიჭრა ქვაღორღიან გზაზე. - ბოდიში, ცუდი მძღოლი ვარ. - ხმადაბლა თქვა. - გაუჩერებლად ურეკავდა ქმარს, თუმცა თემური ტელეფონს არაფრის დიდებით პასუხობდა. - ჯანდაბა შენს თავს! - ავტომობილის წინა დაფაზე მიაგდო აპარატი. - ანდრეა, ძალიან მალე უნდა დაბრუნდე. - სოფოს სახლთან რომ გააჩერა მანქანა, ხმადაბლა მიმართა შვილს. არაფერი უპასუხია, უსიტყვოდ გადავიდა და ჭიშკარში შეაბიჯა. - მისმინე, ახლა და ეცადე არ შემეწინააღმდეგო. - თათიას ესაუბრებოდა, თუმცა არ უყურებდა. - ანდრეამ მითხრა, რომ შენი სახელი არსად ფიგურირებს იმ საქმეში, რომლის გამოც ჩემი ქმარი კარგა ხანს იჯდება ციხეში. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საფრთხე აირიდე, მაგრამ ვისგანაც საფრთხე გემუქრებოდა, ყველა გისოსებს მიღმა ამოჰყოფს თავს, როგორც ჩანს. შენ პრობლემა არ გაქვს კანონთან, ამიტომ ცოტა ხნით სადმე უნდა წახვიდე, თუნდაც რომელიმე მეზობელ ქვეყანაში, სანამ ყველაფერი დამშვიდდება. - ანდრეა? - მარიკასთვის წინააღმდეგობის გაწევის თავი კი არა, ლაპარაკისა ძლივს ჰქონდა. - მისი ასავალ-დასავალი თუ გეცოდინება, უფრო უსაფრთხოდ არ იქნები. - არ მაინტერესებს, მინდა ვიცოდე რა ელის. - ქალაქიდან გავიყვან, ცოტა ხნით დაიმალება და მერე ქვეყნიდან წავა. ჩემი ხალხი მიხედავს, არაფერი გაუჭირდება. - თქვენთან ერთად მოვდივარ. - მესამედ ყოფნამ არ დაგღალა? - თვალები ისე მოჭუტა, აშკარა გახდა, იმაზე მეტს გულისხმობდა, ვიდრე დღევანდელი მეგზურობა იყო. - შენგან რჩევებს არ მივიღებ. - მოკლედ ეცადა თემის დახურვას. - სიკვდილს ეძებ? - რაღაც უცნაური იგრძნო თათიას მიმართ. მიხვდა ქალის ფორიაქს და მის სახელდაურქმეველ გრძნობას ანდრეას მიმართ, მარიკამ თვითონვე დაარქვა სახელი. - ამის ახსნა არ შემიძლია. - მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და თავი ჩაჰხარა. - მესმის შენი, როგორც ქალს ქალის. - ერთი წამით სიბრალული აირეკლა მის მზერაში. - თან შენი სიცოცხლეც ფეხებზე . - სწრაფადვე შეცვალა დამოკიდებულება და ისევ ტელეფონს მიუბრუნდა. თუმცა არაფერი სიახლე, როგორც ჩანს, თემური ტელეფონის გახსნას ვერ ახერხებდა, რადგან არასოდეს დაუტოვებია მარიკას ზარი უპასუხოდ. *** დამძიმებული ნაბიჯით შევიდა სახლში. დისშვილმა დაინახა თუ არა, მისკენ გამოიქცა და კისერზე შემოეხვია. - როგორ ხარ? რატომ არ მოხვედი ადრე? - ვერ მოვიცალე, ჩემო პატარა პარაზიტო. - ცხვირზე აკოცა ბავშვს. - იცი? მალე მამიკო ჩამოვა. დედა და მამა ჩემ დაბადების დღეზე შერიგდებიან. - აღტაცებული ჩანდა ახალი ამბით. - უკვე მოგახალა, ხო? - სოფოც გამოვიდა აბაზანიდან. ღიმილისგან ჩაჭ....ტილ ლოყაზე აკოცა დას. - მოდი, რას დგახარ? - შუა ოთახში გაჩხერილს მიმართა. - იცი, როგორ მიყვარხარ? - ბავშვი ქვემოთ ჩამოსვა, სოფოს ხელები თავისაში მოიქცია და ოდნავ შეახო ტუჩები. - დალიე, ჩემო სიცოცხლე? - დის არეულ თვალებს რომ შეხედა, სიმთვრალეს დააბრალა სიტყვები, რომელიც იმდენ ხანს არ გაეგონა მისი პირიდან, დავიწყებოდა კიდეც. ისე კი, უზომო სიხარულმა აუჩქარა გული. - არა, არ დამილევია, ჩემო სიცოცხლე. - ხელი გადახვია და სველი თმა ისე გაუჩეჩა, როგორც ბავშვობაში აწვალებდა. - სადღაც ვაპირებ წასვლას და ისე არ მინდოდა წავსულიყავი, რომ არ მეთქვა.- არც წასვლა უნდოდა,არც ამის თქმა სოფისთვის.უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა, ვერ აირიდებდა დიდ უბედურებას იქ, სადაც სვავებივით იყვნენ ჩაფრენილები. - მატყუებ! - ხელები აუთრთოლდა ქალს. ანდრეას ხმის უცნაურმა ცვალებადობამ ყველაფერი თვალსაჩინო გახადა მისთვის. - მატყუებ, ხომ მართალი ვარ?! მატყუებ ისევ!- მკერდზე მიარტყა ხელები, სასოწარკვეთა გაერია ხმაში.- სულ ასე რატომ მექცევი?! - მე არც ხორცი მყვარებია არასდროს ჩემი, არც სისხლი. - ხელები დაუჭირა და მკერდზე მიიკრა. - ამიტომ არ მაწუხებს ჩემი სისხლით და ხორცით ნათესავი თუ არ ხარ. - თავზე აკოცა - ნეტა შემეძლოს იმის ჩვენება, როგორ მიყვარხარ, სოფიო ჩაჩუა. - არ გაგიშვებ, არსად აღარ გაგიშვებ! რამდენჯერაც მომშორდი, იმდენჯერ ცუდად დაასრულე. - თვითონაც მოჰხვია ხელები. უკვე ქსუტუნებდა, თვალებში ცრემლები უბრჭყვიალებდა. - უნდა გამიშვა, ერთხელ მაინც უნდა გააკეთო სწორი არჩევანი. ახლა მას სჭირდები. - ბავშვისკენ გაიხედა, მდუმარედ რომ იდგა. შოკირებული, აცრემლებული თვალებით. - შენ ვინ გჭირდება? - ყელთან მიუტანა ცხვირი. იცოდა სოფომ. იცოდა, არასდროს რომ არ შეეძლო ანდრეას შეჩერება და ახლაც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო. - ნინო... - ისე ხმადაბლა თქვა ქალის ყურთან, ბავშვს რომ ვერ გაეგონა. - სად მიდიხარ, ვისთან? - დედაჩემს მივყვები... ვიპოვე... - კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ გარედან შემოსულმა მანქანის მოკლე სიგნალმა შეაწყვეტინა. - რაც უფრო დიდხანს ვარ აქ, მით უფრო რთულდება ყველაფერი. - ოდნავ მოშორდა ქალს. - შენ ყოველთვის ოჯახს ირჩევდი, სოფი. ახლაც ეს უნდა გააკეთო. აირჩიე შენი ოჯახი და მომეცი უფლება მშვიდად წავიდე... ჩემი ბედნიერებისთვის ხომ ყველაფერი გააკეთე აქამდე... კიდევ ერთხელაც, გთხოვ. - ეგოისტო! - პატარა პარაზიტო! - ამჯერად ბავშვთან დაიხარა, ცრემლები რომ სცვიოდა და გულში ჩაიხუტა. - შენ უნდა იყო ბედნიერი ანდრეა ამ სახლში. - ხმაურიანად აკოცა ლოყაზე. ამძიმებდა მათი ცრემლები. თუმცა იმ შინაგან სიმშვიდეს, რომელსაც გრძნობდა, ვერაფერი ურღვევდა. - იცოდე, დედა არ გააბრაზო, თორე მოვალ და კატლეტებს გაჭმევ ძალით. - ოდნავ გაუღიმა. ლოყები გაუწელა, რომ ბავშვის გაცინება მოეხერხებინა, თუმცა ამაოდ. პატარა ანდრეას ცრემლები ღაპა-ღუპით სცვიოდა და ლამაზ თვალებს ვერ უსწორებდა დეიდამისს. - გთხოვ, ამ ერთხელ... - სიტყვა შეაწყვეტინა ცრემლებმა სოფის. - კარგად ვიქნები, ძალიან კარგად ვიქნები. - ხელები ასწია და უკან ისე დაიხია, კარისკენ არც შებრუნებულა. - იყავი ისეთი სოფი ამ ანდრეასთვისაც, როგორიც ჩემთვის იყავი. - ზურგს უკან გამოაღო კარი, ბოლოჯერ შეავლო თვალი ყველაზე ძვირფასს მათ შორის, ვინც დარჩენოდა. კარგად დააკვირდა ანდრეას პატარა სხეულს, დედას რომ მიჰკვროდა. სოფის, მუხლებზე მდგომი აცახცახებულ ხელებით მთელი ძალით რომ შემოხვეოდა უმცროს ანდრეას. როგორ უნდოდა თვითონ ეგრძნო ის ტკივილი, რომელსაც ეს ორი გრძნობდა… როგორ უნდოდა მათ არ სტკენოდათ, მაგრამ არ შეეძლო. მხოლოდ ის შეეძლო, ამჯერად მაინც ყოფილიყო ბოლო ჭრილობა, რომელსაც საყვარელ ადამიანებს მიაყენებდა. გავიდა. ბოლოჯერ გაიხურა ჩაჩუების კარი. ისე გაიხურა, რომ მხოლოდ ტკივილი დატოვა სახლში. გულისგამაწვრილებელი სიჩუმე, რომელსაც ბავშვის ხმამაღალი ქსუტუნი და ტელევიზორის ხმა არღვევდა. მალევე მისწვდა ყურებს პატარა ანდრეას ხმა, შემდეგ მისი სწრაფი ნაბიჯები. ეშმაკი კი გაიქცა თავქუდმოგლეჯილი. ეშმაკის პატარა პარაზიტი კი მისდევდა იქამდე, სანამ შეეძლო. ეხვეწებოდა დარჩენას და ტიროდა გულამოსკვნილი. " ნიკოლოზ დონდუა გარდაცვლილი იპოვეს სახლში, რომელიც მამამისის მკვლელს ეკუთვნის." - მხოლოდ ეს სიტყვები გაარჩია სოფიმ. თავზარდაცემული წამოდგა, რომ ანდრეას დასწეოდა. თუმცა კარი გამოაღო თუ არა, მანქანის საბურავების გამაყრუებელი წუილი მისწვდა მის ყურთასმენას. სოფის საშინელი სევდა მოაწვა და ტკივილი. იქვე დალანდა ცრემლებით სავსე თვალებით ქალიშვილის სხეული, მინდორზე რომ გაწოლილიყო ხმამაღალი ტირილით. რაღაც უცნაური ბრაზმორეულობით თუ წყრომით წამოიძახა, რა აუტანელია ეს ქალი და უგულოო. მეც მოვიძულებ, კი არის ღირსიო.. მერე ხმაც წაერთვა, ძალაც. ძლივს აათრია აქვითინებული ბავშვი სოფიომ. საალერსოც ვერაფერი მოისაზრა. იჯდა ქალიშვილთან ერთად და იზიარებდა ყველა იმ განცდას,რომელიც შეეძლო ეგრძნო მის პაწაწინა გულს. *** - შენ სად ჩამოხვალ? - თათიას მიმართა, მარიკამ რომ მანქანა ქალაქიდან გაიყვანა. - არსად არ ჩავალ, სანამ არ ვნახავ, რომ საფრთხე არ გემუქრება. - გააჩერე მანქანა. - მხარზე დაადო ხელი დედას და მარიკამაც ისე მკვეთრად დაამუხრუჭა, წინა მხარეს გადავარდა ყველა. - გადადი! - არა! - ანდრეაზე ნაკლებ კატეგორიული არც თათია ჩანდა. - რამდენჯერ უნდა წახვიდე ვაბანკზე ჩემ გამო? - დროს ვკარგავთ აქ დგომაში, გადასვლას არ ვაპირებ. - ხელები ერთმანეთში ახლართა და გზას გაუსწორა თვალი. - თუ გინდა, ვესვრი და გადავაგდებ სადმე. - მარიკა ჩაერია საუბარში. - ასეთ ჰუმანურ დედა-შვილთან ერთად არასდროს მიმგზავრია. - ფანჯარას მიაყრდნო თავი თათიამ. ეშმაკი ისეთი სისწრაფით გადავიდა და გამოგლიჯა თათიას მხარეს მანქანის კარი, აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო ქალმა. მთელი ძალით ჩააფრინდა მკლავში და ერთი მოძრაობით ჩამოაგდო ქვემოთ. - გამიშვი ხელი, არ დავრჩები აქ! - შენთან კამათის ენერგია აღარ დამრჩა. - ჰოდა, არ ვიკამათოთ. - შენ საოცარი ქალი ხარ, თათია, და კიდევ ბევრი რამ დაგრჩა გასაკეთებელი. თავს გუფრთხილდი. - ხმადაბლა უთხრა. სულ რამდენიმე წამით ჩაიხუტა და მალევე უხეში ხელი კვრით ჩამოიშორა გზიდან. თვითონ მიუჯდა გვერდით მარიკას. სანამ თათია მანქანის ფანჯარას უბრახუნებდა ხელებს, ისევ გაზის სატერფულს მიადგა ფეხი ქალმა. თათია დარჩა კვლავაც უგულებელყოფილი. თავს დამცირებულად და მიტოვებულად გრძნობდა. იმედგაცრუებაც არ იყო ახალი, თუმცა მიხვდა, რომ უზომოდ ეტკინა სადღაც მკერდთან, თითქმის შუაში, ოდნავ მარცხნივ. გაბრაზდა უფრო საკუთარ თავზე, ვიდრე მასზე, ვისი პროგნოზირებაც შეეძლო. ნერვებმა საბოლოოდ უმტყუვნა და ზურგი აქცია გზას, რომელსაც ანდრეა გაუყვა. ანდრეასთვის სულერთი იყო სად წავიდოდნენ, მოკლავდნენ თუ გადაარჩენდნენ. აღარაფერს ჰქონდა აზრი. გული სასიამოვნო მოლოდინის რეჟიმით უცემდა. რაღაც კარგს ელოდა. ვინ გაიგებდა, რა დადებითს შეიძლება ელოდეს შეშლილი მკვლელი იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა იყო. პოლიციის სირენა რომ მოესმა, კიდევ უფრო ძლიერად მიაჭირა გაზის სატერფულს ფეხი. - ფუ შენი, გაიგეს, როგორც ჩანს. - ტელეფონს დაავლო ხელი და კიდევ ერთხელ სცადა თემოსთან დარეკვა. - ბევრნი არ არიან, ორი მანქანაა. ცოტას კიდევ ვივლი, ტყესთან რომ მივალთ, მანქანიდან გადადი და გაიქეცი! ზურგს უკან გამოგყვები… თუ ისვრიან… მოკლედ, უკან არ მოიხედო, ისე ირბინე. - თუ ისვრიან, მზად ხარ ჩემ წილ ტყვიას გადაეფარო? - ირონიული ღიმილი გამოეხატა სახეზე. ასე საზარლად შენიღბა ის სასიამოვნო შეგრძნება, მთელ სხეულში რომ დაუარა მარიკას სიტყვებზე. - ბევრს ნუ ლაპარაკობ! იარაღი ამოიღე ჩანთიდან, ჩემი ტელეფონი წაიღე, მიხვდები ვის უნდა დაურეკო. - გგონია გავიქცევი და ვუყურებ როგორ გესვრიან იქამდე, სანამ ტყვიები ეყოფათ? დაივიწყე, მარიკა. ტყე რომ დაიწყება, ოდნავ შეანელე. მანქანიდან გადავხტები და ვიპოვი ჩემს გზას, შენ კიდევ თქვი, რომ მძევლად მყავდი აყვანილი. - მაშინ, იმ სახლთან რომ დაგტოვე, ვიცოდი სადაც გტოვებდი. ვიცოდი არაფრის მოცემა შემეძლო და ამიტომ დაგტოვე იქ, სადაც ყველაფერს მოგცემდნენ და ბედნიერი ცხოვრება გექნებოდა. ვიფიქრე, ჩემი არ ყოფნა, იმის არ ცოდნა, რომ ძალადობის ნაყოფი იყავი, უკეთესი იყო შენთვის. ჩემში დედის ინსტიქტები ჩავკალი. ცრემლიც გავიშრე და ის გავაკეთე, რის გაკეთებაზე რთულიც არაფერია ქალისთვის, რომელიც დედა ხდება. არ მინდოდა შენს ცხოვრებაში ყოფნა. იმიტომ კი არა, რომ მე არ მჭირდებოდი, იმიტომ, რომ შენ არ გჭირდებოდა ის, ვინც სრულყოფილი ვერც დედა და ვერც ქალი იქნებოდა ვერასდროს. - იცოდა, ბოლო შანსი ჰქონდა შვილთან საუბრის. ამის გამო, გულში აღარაფრის შენახვა უნდოდა. გზას უყურებდა, ორივე ხელით ჩაჰფრენოდა საჭეს. ქალის პროფილს გახედა ანდრეამ, ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი შეამჩნია. ოდნავ გაწია თითები მისი სახისკენ და ნაზად მოსწმინდა. - ქეთამ იდეალური დედობა გამიწია, ყველაზე ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ასეც რომ არ იყოს, ჩემი შეცდომების პატრონმა, ვინმეს პასუხი როგორ უნდა მოსთხოვოს შეცდომაზე. შეანელე, სულ ოდნავ. - არა! მანქანიდან რომ გადახტე, რამეს დაიზიანებ. შეიძლება ცოცხალი ვერც გახვიდე ამ ტყიდან. ყვავ-ყორნების საჯიჯგნად არ გამიჩენიხარ. - გადააყენეთ მანქანა, ალყაში ხართ! - ხმის გამაძლიერებელში ჩაჰყვიროდა პოლიციელი. უკან კიდევ უფრო გაზრდილიყო მანქანების რაოდენობა. - წინ პოლიციის კორდონია. მანქანები დგას და ვერ გაივლით. ვერტმფრენიდანაც თვალს გადევნებთ, გადააყენეთ მანქანა. - გარკვევით საუბრობდა კაცი და ეგონა იმედის ყველა ნაპერწკალს უქრობდა გულში მანქანაში მსხდომებს. - როგორც ჩანს, ყველაფერი დღეს დამთავრდება. - სახე გაებადრა. - ხომ ვთქვი რომ ეგოისტი ხარ და იგნორს დიდხანს ვერ გაუძლებდი? - ნიშნისმოგებით მიმართა იმას, ვის სიახლოვესაც ახლა გრძნობდა კარგა ხნის შემდეგ. იარაღი ამოიღო ჩანთიდან და გადატენა. მარიკა მისკენ აპარებდა თვალს, მიხვდა ახლა ანდრეა მას კი არა, საკუთარი წარმოსახვის ნაყოფს ელაპარაკებოდა. უარესად მოერია ცრემლები. გული ამოვარდნას ჰქონდა. - როგორც კი იარაღშემართული გადახვალ მანქანიდან, გესვრიან. - ოდნავ შეანელა სვლა, რომ წინ ჩამწკრივებულ პოლიციის მანქანებს, რაც შეიძლება გვიან მიახლოვებოდა. - ვიცი. - ისეთი ბედნიერება და სიმშვიდე ეხატა სახეზე, აქამდე რომ არასდროს უნახავს მარიკას. - ძალიან ახლოს არ გააჩერო მაგათთან და როგორც კი სროლას დაიწყებენ, სკამზე დაწექი, შემთხვევით არ მოგარტყან. - მთელი ეს დრო სიკვდილს ეძებდი? - თვითონაც გაეღიმა შვილის ბედნიერი სახის შემყურეს. მისი ესმოდა კიდეც. ეშმაკის დაღლილობას გრძნობდა, მისი მხრების სიმძიმეს და საშინლად გაუჭირდებოდა სუნთქვა, რომ არა ამოკითხული შვება ქალიშვილის სახეზე. - ველოდი, მაგრამ ძებნის უფლება არ მქონდა. პირობა დავდე, რომ თავს არ მოვიკლავდი. - ალბათ, სიკვდილამდე უნდა გვეპოვა ერთმანეთი. ეს შენი კი არა, ჩემი შანსია. შანსი, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვიყო დედა. - მიხვდა, რასაც ფიქრობდა მარიკა. მიხვდა, რაზეც საუბრობდა, მაგრამ ვერ დაიჯერა, სანამ საჭეს ორივე ხელი არ გაუშვა ქალმა და მისკენ არ გაიშვირა. გულამოვარდნილმა მძიმედ გადააგორა ნერწყვი ყელში და გამოწვდილ ხელებს ისე მიენდო, თითქოს ყველაზე ტკბილი სავანე იქ ყოფილიყოს. ზურგით აეკრო ქალის გულ-მკერდს. სასიამოვნო სურნელი ჰქონდა მარიკას, თბილი კანი და ამოუხსნელი მზრუნველობა. ეშმაკს მხარს უჭერდა ის ქალი, რომელმაც ქვეყნიერებას მოავლინა. ის კი მადლიერებას გრძნობდა მხოლოდ იმის გამო,რომ მარიკამ არ მიატოვა კიდევ ერთხელ. ეს ბევრს ნიშნავდა. ეს იმედს ნიშნავდა და ადამიანს,რომელსაც აქვს რწმენა ან რაღაც უკეთესის მოლოდინი, მისთვის ბედის ბორბალი სხვაგვარად იწყებს ტრიალს. - სახლში გაგაჩინე, მარტომ. ეს ხელები იყო შენი პირველი მყუდრო სავანე და ეს იყოს -ბოლო. - მთელი ძალით ჩაიკრა მკერდში და ფეხი ბოლომდე მიადგა გაზის სატერფულს. - ნეტავ მაშინაც არ გამეშვა ხელები. ნეტავ მაშინაც არ დამეტოვებინე.- ანდრეას თბილი ტუჩების შეხებამ ცრემლებით აუვსო თვალები. უჩვეულოდ მოეჩვარა სხეული. - როგორც ჩანს, ჯოჯოხეთში შევხვდებით, დედა. - ყელი ჩასწვა სიტყვამ, რომელიც აქილევსის ქუსლად ჯერ კიდევ იმ დღეს იქცა, როცა თავისი შვილად აყვანის საბუთები აღმოაჩინა სახლში. - ერთად წავალთ. ეშმაკის და ღმერთის შეხვედრამ, ჩემს გარეშე არ უნდა ჩაიაროს. ვნახოთ, რა დააშავე, მე ხომ მშობელთა კრებაზე არასოდეს წამოგყოლივარ. - ორი ერთნაირი თვალების ერთნაირი მზერა შეეჩეხა ერთმანეთს. ორივეში იმედის და სიმშვიდის სხივი კიაფობდა. არცერთი უყურებდა გზას. თითქოს გზის დასასრული ის ირისები იყო, რომელშიც ახლა საკუთარ ანარეკლს ხედავდნენ. - მაპატიე, რომ დაგტოვე. - წარსულმა გაიელვა ქალის გონებაში. - მადლობა, რომ არ დამტოვე. - მხოლოდ აწმყო არსებობდა ანდრეასთვის. აწმყო, რომელშიც დროსა და მოვლენებს აჯობა. აჯობა თვით სატანას და ალქაჯს, ყოველ მწამებელს. მანქანის კარი გახსნა და ისე გადახტა, მარიკამ მისი დაჭერა ვერ მოასწრო. ეშმაკის სახელი დაიყვირა, თუმცა მანქანა ვერ გააჩერა. მიხვდა ამით პოლიციელებს პირდაპირ უჩვენებდა ანდრეასკენ მიმავალ გზას. ანერვიულებულმა, ინსტიქტურად შეცვალა მიმართულება და მხოლოდ რამდენიმე წუთში უხეშად გააჩერა მანქანა. თავი ჩამოადო საჭეს,თვალები მაგრად დახუჭა. იმ მარიკას ჰგავდა, შვილი რომ დატოვა სხვის კართან. ისევ ის პატარა გოგო იყო, რომელსაც უჭირდა განშორება, მიუხედავად ბავშვის წარმომავლობის ისტორიისა. მაშინ ჩქარობდა,რადგან არ სურდა იმაზე მეტად შეჰყვარებოდა, ვიდრე უყვარდა. არც მიჯაჭვულობა უნდოდა. ამიტომ დატოვა უსახელოდ, სამაგიეროდ საოცარ ოჯახში. მაშინდელისგან განსხვავებით, ახლა არსად ეჩქარებოდა მისი მიტოვება. დარჩენის მიზეზი ბევრად მეტი ჰქონდა, იმაზე მეტი,ვიდრე წარმოდგენა შეეძლო. თავი ვერც მაშინ ასწია მაღლა, პოლიციის თანამშრომლები რომ დაადგნენ; ვერც მაშინ, როცა დასაკითხად გადაიყვანეს. არ რეაგირებდა საერთოდ, იქნებ თავსაც იცავდა?! იქნებ ზეციური სამეფოს მიერ შექმნილი სააქაო თამაშებისგან შეიშალა?! იქნებ უბრალოდ მოსწყინდა საუბარი ან სათქმელი აღარ ჰქონდა?! ფაქტი ფაქტად დარჩა, მარიკას სიტყვა არ დაუძრავს. არც ანდრეას ასავალ-დასავალის შესახებ გაუგია ვინმეს რამე. იქნებ დადგა დასასრული, დიდი ხნის ნანატრი?! ბევრჯერ სიზმრად ნანახი, შორეულ ოცნებად ქცეული და ანდრეა ჩაჩუასთვის ყველაზე სასურველი?! ან იქნებ ჯერ არც?! იქნებ, სადღაც შორს ჰქონდა მყუდრო ოთახი. იქნებ, ხშირად სტუმრობდა…. სტუმრობდა მწვანეთვალება ნინო?! იქნებ ვერ გაიმეტა მარტოობისთვის… თანაავტორი და რედაქტორი - Mirabel Müller გენერალური რედაქტორი - ელ პინი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.