შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლეონიდები (სრულად)


12-10-2024, 22:10
ავტორი nestandarejan
ნანახია 22 677

*
...ის, ვინც არასდროს ანგრევს კარებს,
გააღებს და ჩუმად გადის...
*
ჭადრები მაისობდნენ ხილიანზე.
მწვანეში ჩაფლულიყვნენ ერთმანეთში ნაწნავებივით გადაკლაკნილი ქუჩები. ყველა სახლის ფანჯარა თავის ამბავს ეჩურჩულებოდა ჩაფიქრებულ გამვლელებს, თავიანთ დარდებსა და ამბებში გახლართულებს.
ხილიანის აღმართზე, ძველებურ საბჭოთა კორპუსის მესამე სართულზე რამიშვილები ცხოვრობდნენ.
მათი სახლის ღია ფანჯრიდან ყოველთვის მოურიდებლად მოისმოდა ადამიანთა მაჟორული ნოტები. რძისფერ ფარდას მაისის თბილი ნიავი თეთრი დროშასავით აფრიალებდა ორ ბანაკად დაყოფილი ქალაქის თავზე.
ორ დღეში მათი ქალიშვილი, ანო რამიშვილი, თავის ბავშვობის სიყვარულზე - რატი ქორიძეზე ქორწინდებოდა.
სტამბოლის რეისიც იმ საღამოს ორი საათის დაგვიანებით დაეშვა თბილისის აეროპორტში.
სწორედ ანო რამიშვილის ქორწილისათვის დაბრუნდა სამშობლოში ოთხი წლის შემდეგ ნატალია ბარნოვი.
მშობლიურმა ქალაქმა ისევ შემოიკრიბა მის დაკლაკნილ გზებსა და აღმართებზე გაზრდილი ახალგაზრდები. ძველებურ ყუთში შენახულ ბავშვობის მოგონებებს მტვერი შემოაცალა ღია ფანჯრებიდან დაუპატიჟებლად შემოვარდნილმა ჭადრების სუნთქვამ...
ღიღინებდა ახალი ამბით დაინტრიგებული მუდამ მოუსვენარი თბილის-ქალაქი. თითქოს იცოდა, რომ არ არსებობდა ქვეყნად სხვა ადგილი იმაზე უკეთესი, ვიდრე თავისი ქუჩები, ჩუმ-ჩუმად რომ უწყობდა ხელს აბნეულ გულებს ისევ ეპოვათ ერთმანეთამდე მისასვლელი გზები.
- ხომ იცი მაგათი ამბავი... ორი რქიანი... არაა გამორიცხული არცერთმა დაიხიოს უკან. - მოუსვენრობა შეეტყო რატის სახეზე. ანერვიულებულმა გადმოხედა საცოლეს, მშვიდად რომ მოექცია ცხელი ყავის ჭიქა ხელებს შორის. - ანუ დაგთანხმდა?!
- დამთანხმდა. - გაეღიმა ანოს, თუმცა თავადაც შესამჩნევად ღელავდა. - აქიშბამ რაო?
- დამთანხმდა. ტუსა რომ იქნება შენი მეჯვარე, ეგ აღარ მითქვამს ოღონდ..
- ვითომ რატომ? - ეშმაკურმა ჩაანაცვლა აღელვებული ღიმილი ახალგაზრდა ქალის სახეზე. გვერდით ამოუდგა საქმროს. თავით ჩამოეყრდნო მხარზე და მთლიანად გაითბო სხეული მისი სიახლოვით, - გაქვს მისგან დაფიქრებული ნაბიჯის იმედი?!
- აქიშბაიას იმედი ღმერთმა ნუ მომიშალოს, ნურც ნაკრებში და ნურც ცხოვრებაში. აქ ამბავი ატყდება... - ჰარმონიულად ახმაურებულ ქალაქს გადახედა რატიმ. - დამკლავს, როცა გაიგებს...
- ცეცხლს ვეთამაშებით. თუ შენს ძმაკაცს გრძნობასთან ერთად გამბედაობა შემორჩა, თვითონ უნდა დაიხოს უკან. ტუსა... შანსი არაა, რატი, ტუსა არ დათმობს, ქალური თავმოყვარეობის ამბავია არც კი გახედო კაცს, რომელმაც ამდენი წელი ადგილი არ გიპოვა თავის ცხოვრებაში. - ჯერ გაბრაზდა, შემდეგ კი ღიმილი მოერია მაინც, - მაგრამ მაინც მინდა, რომ ერთად იყვნენ ეგ ორი...
- და თუ აღარ უყვართ ერთმანეთი? - წელზე მოჰხვია რატიმ ხელი, ზურგსუკან ამოუდგა თვითონ და შემოეხვია მხრებზე.
- შენ გჯერა მაგის? თუ ეგრეა, მაშინ ტყუილად ვღელავთ, - თავით მიეყრდნო ანო ქმარს. - ჩვენი მეჯვარეები ჩვენი ბავშვობის მეგობრები იქნებიან... ყველაფერი მშვიდად ჩაივლის და შემცვლელების ძებნა არ მოგვიწევს. ისინიც საბოლოოდ დაშორდებიან და აღარ მოგვიწევს შერიგებაზე დარდი, იპოვიან თავიანთ გზას...
- დალი ჩიტავამ რომ იცოდეს, ჩვენს ქორწილში ეგ ორი მეჯვარეებად არიან დაპატიჟებული, ალბათ, არასდროს არ წამიმატებდა იმ ერთ ქულას შესაშური კალიგრაფიისთვის.
- მეც კი საშემოდგომოს გამომაყოლებდა... - გაეღიმა რამიშვილს, მისი გონება სკოლის შორეული წლებისკენ გაფრინდა. - ყველა გააფრენს.
- გეუბნები, აქ ამბავი ატყდება...
.
მინდორზე გულაღმა იწვა. ყველას დაასწრო გაღვიძება. ისეთი წარმოუდგენელი იყო ეს ამბავი, ცუცა არაფრით დაუჯერებდა თვალებს თავისზე ადრე გამოღვიძებულს რომ დაინახავდა უფროს ძმას.
ცა უჩვეულოდ ლურჯი იყო იმ დილით, ღრუბლები კი ბამბასავით თეთრი. წამოწოლილი კენწლავდა მარჯვენა ფეხით ბურთს. სათვალავი დიდი ხანია აერია და ფიქრებითაც კარგა შორს გასცდა თავის ეზოს.
თავბრუდახვეული წამოდგა ფეხზე.
სამზარეულოში რომ შევიდა, ცოტნეს უკვე ეღვიძა. საგულდაგულოდ გამოწკეპილიყო სკოლისთვის, როგორც ყოველთვის. ტოსტიც მოემზადებინა, ყავაც და აკურატულად დაელაგებინა საუზმე თეფშზე.
მონდომებით მოათავსა მაგიდაზე ყველაფერი, სათვალე შეისწორა და როგორც კი სკამზე კომფორტულად მოთავსდა, ლუკაც შეუერთდა უმცროს ძმას სამზარეულოში.
- ოხ, - აწეული წარბით შეათვალიერა მინისტრივით გამოწყობილი ცოტნე. ყავის ჭიქა და ხილის თეფში ააცალა მაგიდიდან. - გაუღვიძია კა-გე-ბეს.
- შენთვის რომ გაიმზადო, არ შეგიძლია? - მშვიდად გაუბრაზდა უფროს ძმას. წამოდგა ფეხზე და თავიდან ჩამოისხა ყავა ახალ ჭიქაში.
- შენი გაკეთებული უფრო მომწონს. - თვალი ჩაუკრა. იცოდა, მაინც ვერაფრით გააღიზიანებდა.
ოჯახში უკვე სერიოზულად ფიქრობდნენ, რომ ადამიანური ემოციები დაქვეითებული ჰქონდა ცოტნე აქიშბაიას.
- ვაი, თავი... - გაძეძილი თმით შემობორიალდა სამზარეულოში ცუცაც.
ნახევრად ეძინა და ვარაუდით იკვლევდა გზას სკამამდე. მეორე ჭიქა ყავა ამჯერად მან ააცალა ძმას და მოწყურებულივით შესვა მდუღარე სითხე.
- აუტანლები ხართ. - შეუცვლელი ტონით აცნობა და-ძმას ცოტნემ და მუხლებზე დაიფინა თეთრი ხელსახოცი. - სკოლაში დააგვიანებ, ცუცა. ჩაიცვი.
- სპორტი მაქ პირველი, გვიან მივალ, დონთ ვორი... - თვალები რომ გაახილა და სამზარეულოში ორივე ძმა რომ დაინახა, გაკვირვებულმა გახედა ჯერ ერთს, შემდეგ კი მეორეს. - ვაუ, მოდრიჩ, შენ რამ წამოგაგდო ამ დილაუთენია?
- ნაკრებიდან ელოდება ზარს და ნერვიულობს.
- ვაი, ჩქიმ ემოციური... მოიცა, ანუ თაზო ბარნოვიც ელოდება გამოძახებას? ამიტო დადის გადაფითრებული ორი დღეა?
- რა გინდა შენ თაზო ბარნოვთან?! - ინტერესით აზიდა ორივე წარბი ლუკამ. ცოტა ხნით ცოტნემაც შეწყვიტა მათი იგნორი.
- არაფერი ისე... - გაიკრიჭა დაბნეული ცუცა, ფეხზე წამოდგა და ეშმაკური ღიმილით მოეხვია თავის ძმას. - ჩემს დაქალს მოსწონს და...
- ცუცა. - ხმა გაუცივდა ლუკას. აუელვარდა ფირუზისფერი თვალები.
- რატო ემტერები ვერ გავიგე? ძაან კაი ტიპია.
- დააყენოს და მოვგვარდებით.
- სხვათაშორის, მისი ბიძაშვილი გადმოდის შენს კლასში.
- ახლა? - გაუკვირდა ცოტნეს.
- დირექტორის დისშვილია, როცა უნდა მაშინ გადავა და გადმოვა. - მხრები აიჩეჩა ცუცამ. სასწრაფოდ ააცალა თეფშიდან კრუასანი ცოტნეს და კისრისტეხით გავარდა სამზარეულოდან.
ეს ამბავი მთელმა სკოლამ იცოდა უკვე. აქიშბაიას ყურამდე მხოლოდ იმიტომ არ მიუღწევია ნატალია ბარნოვის მის კლასში გადმოსვლის ამბავს, რომ უბრალოდ არავინ რისკავდა მასთან ბარნოვების ხსენებით ურთიერთობის გაფუჭებას.
ახლა რომ კლასში დაუსვეს, ყველას ძალიან აინტერესებდა რით დაგვირგვინდებოდა თაზოსა და ლუკას შორის თერთმეტწლიანი შიგადაშიგ ხელჩართული შუღლი.
ტუსა ბარნოვი ზუსტად ისეთი გოგო იყო, რომლისკენაც სამაგალითო თითს ხშირად იშვერდნენ ხოლმე უფროსები.
ზაალ ბარნოვსაც ძალიან ეამაყებოდა თავისი საყვარელი დისშვილის საკუთარ სკოლაში გადმოსვლის ამბავი. მასწავლებლების მხრიდანაც, რა თქმა უნდა, მაშინვე გადამეტებული ყურადღება და მეტისმეტი კეთილგანწყობა დაიმსახურა გოგონამ.
მორიდებული ღიმილით ისმენდა ყველასგან აღფრთოვანებულ სიტყვებს და აშკარად ეტყობოდა სახეზე, დიდად არ სიამოვნებდა ყველას თვალები მას რომ აკვირდებოდნენ...
აქიშბაიამ დააგვიანა პირველ გაკვეთილზე. არ იყო ეს უცხო ამბავი.
ვერ წყალობდნენ ერთმანეთს ის და ქიმიის მასწავლებელი - ნონა ასანიძე.
ისე აქიშბაიები ყველას უყვარდა სკოლაში, თუმცა უფროს აქიშბაიას მაინც განსაკუთრებული ადგილი ეჭირა მასწავლებლების გულებში. მოუსვენრობასა და ხულიგნობაში ტოლს ვერავინ უდებდა, დიდად არც სწავლა-განათლებისთვის გადაედო თავი, გაკვეთილებსაც ისე აცდენდა, როგორც მოესურვებოდა, მაგრამ რაღაც აუხსნელი ძალით მაინც განსაკუთრებულად უყვარდა ყველა მასწავლებელს. საყვედურსაც კი შერეული ღიმილით ეუბნებოდნენ ხოლმე.
ფირუზისფერ ნათელ თვალებს უფრო მეტად უკვეთდა მუქი, სქელი წამწამები, ეშმაკურად რომ უღიმოდა ყოველთვის. მოუსვენარი მზერით სულ რაღაცას დაეძებდა და ღიმილიც ისეთი მზაკვრული შეეძლო, იყო თუ არა დამნაშავე, პირველ ეჭვმიტანილად მაინც აქიშბაია სახელდებოდა ნებისმიერ ხულიგნობაში.
როგორც კი კლასის კარი შემოაღო და მზერა ბავშვებს მოატარა, ენა გადაეყლაპა ტუსას მაშინვე. დამორცხვებულმა დახარა თვითონ მზერა. პირდაპირ თვალებში შეეჩეხა და ისე სწრაფად დაიწყო მისმა გულმა და გონებამ მუშაობა, ლამის ადგილზევე აფეთქდა.
ისეთი ქარიზმატული იყო, ისეთი მომხიბვლელი... ეს უნდა ყოფილიყო აუცილებლად ის, ვისზეც თაზომ გამორკვევით გააფრთხილა, რომ არ მიეკარებინა თავისთან ახლოს, არც მიზეზი მიეცა სალაპარაკოდ და საერთოდ, არც კი გაეხედა მისკენ.
მაგრამ უკვე ხომ გახედა, ხომ გაუსწორა მზერა...
- ოხ, მოხვედი, აქიშბაია?! დაგვდე პატივი? - ცხვირზე ჩამოიწია ნონა ასანიძემ სათვალე და მანამ უყურა მოსწავლეს, სანამ ადგილს არ დაიკავებდა.
კლასს ჩუმმა სიცილის ტალღამ გადაუარა. ლუკას ხმა რომ ამოეღო, ყველამ იცოდა, მთელი გაკვეთილი გაცდებოდა.
კრინტი არ დაუძრავს. ქიმიაზე უფრო დიდი სადარდებელიც ჰქონდა იმ წამს.
დანარჩენებისგან განსხვავებით, ყურადღებაც კი არ გამოუჩენია ახალი კლასელის მიმართ. იმდენად შესამჩნევი იყო მისი გულგრილი დამოკიდებულება, კანი აეწვა ტუსას.
- წამო ბუფეტში. ლობიანის გარდა სხვა უსაფრთხო საჭმელი მაინც არ გვაქ, მაგრამ... - მაშინვე გამონახა მასთან საერთო ენა ელიზბარ ტატიშვილმა.
- იყოს, მადლობა... - ხმადაბლა უთხრა ტუსამ. გაუღიმა დამორცხვებულმა.
ნეტავ შეუმჩნეველი ყოფილიყო და არ მიექცია იმდენი ადამიანის ყურადღება.
თავის პატარა ქალაქში სულ სხვაგვარად იყო ყველაფერი. ისედაც ყველა ყველას იცნობდა, ისიც იცოდნენ, ტუსა ვინ იყო და თავის დასამკვიდრებლად ზედმეტი ლაპარაკი არ სჭირდებოდა.
აქ კი საერთოდ თავიდან უნდა დაეწყო ყველაფერი...
დიდ შესვენებაზე ყველა შემოეცალა. მშვიდად ამოისუნთქა და შუა გზაზე მიტოვებული წიგნი გადაშალა.
როგორც კი კარი გაიღო და მაღალ სხეულთან ერთად მარტო აღმოჩნდა ცარიელ საკლასო ოთახში, მაშინვე აიბნა ასოები წიგნის ფურცლებზე. არც შეუხედავს, მაგრამ ზუსტად მიხვდა, ვინც იყო.
მის დაძაბულ სხეულზე გაეღიმა აქიშბაიას. ლამაზი იყო ეს გოგო. თხელი, წაბლისფერი თმა ბაც განათებაზეც უბზინავდა, მხრებსა და ლამაზ სახეზე ჩამოჰყროდა დაუდევრად.
გრძელი თითებით ეჭირა წიგნის ერთი ფურცელი და დაბნეული დაცეცებდა თვალებს გადაშლილ გვერდზე.
აღელვებული აჭერდა ათრთოლებულ ტუჩებს ერთმანეთს და უფრო მეტად აფრინდებოდა თითებით ქაღალდს, როცა თითოეული ნაბიჯით უახლოვდებოდა მის მერხს აქიშბაია ლუკას სხეული. ისეთი სურნელი ჰქონდა, როგორიც ზღვას - გრილი და ამაღელვებელი.
მის მოპირდაპირე მერხზე ჩამოჯდა და ისე დაჟინებით დააცქერდა ზემოდან, შეხედვის გარდა სხვა გზა არ დაუტოვა გოგოს.
თაფლისფერი თვალებით სიტყვის უთქმელად ჰკითხა ტუსამ, რა საქმე გაქვსო ჩემთან. აქიშბაიას უფრო ფართოდ გაეღიმა. სუნთქვას უკრავდა მისი ყოველი ქმედება გოგონას. ასეთი უცნაური მანათობელი ფერის თვალები რომ არ ჰქონოდა, ალბათ ბევრად მარტივი იქნებოდა ამ ბიჭის თავხედურ მზერასთან გამკლავება. არ იგრძნობდა თავს ასე დაძაბულად და შებოჭილად მის წინაშე. ასე არ აუჩქარდებოდა გული.
- რამე გინდა? - ჰკითხა ბოლოს, მდუმარების დარღვევა რომ არ მოინდომა ლუკამ.
უფრო ფართოდ გაეღიმა მის მკაცრ ტონსა და გამუქებულ თვალებზე. ისე იღიმოდა, თითქოს რაღაც დააშავა და ელოდებოდა, ამას ტუსა როდის მიხვდებოდა.
- რატომ ბრაზობ?
- რატომ მაშტერდები?! - წიგნი დახურა და საზურგეს მიეყრდნო მშვიდად. გულზე გადაიჯვარედინა ხელები.
- ლამაზი რომ ხარ, მაგიტომ.
ისე თავხედურად უთხრა, ერთი წამითაც არ დაუჯერებია მისი სიტყვები ტუსას. დარწმუნებული იყო, მთელი სკოლის გოგოებს უკვე მოსმენილი ჰქონდათ მისგან მსგავსი შინაარსის ქათინაურები, თუმცა რაღაცამ მაინც ააღელვა. ასე პირდაპირ და თამამად არავის უთქვამს მისთვის ეს სიტყვები, ალბათ, ამიტომაც.
ირონიულ ღიმილში შენიღბა მთელი თავისი მღელვარება ტუსამ.
მაინც და მაინც იმ დროს შემოაღო კარი თაზომ, მარტო რომ იყვნენ ოთახში ის და აქიშბაია. წარბები შეყარა მაშინვე. ირონიული ღიმილით გახედა თავის „დაუძინებელ მტერს“ ლუკამაც.
არ გარყეულა ადგილიდან. იცოდა ასე უფრო გაამწარებდა იმ აუტანელ ბიჭს. ასე ახლოს რომ იქნებოდა იმასთან, ვისაც დარწმუნებული იყო, აკრძალული ჰქონდა ეს სიახლოვე.
- რა ხდება, ტუსა? - თამამად შემოაბიჯა კლასში თაზომ. თვალს არ აშორებდა ლუკას.
- არაფერი, რა უნდა ხდებოდეს? - ფეხზე წამოდგა და ხელკავი გამოსდო ბიძაშვილს, ამ დაძაბული სიტუაციისგან რომ გაერიდებინა. - რა მოხდა?
- რა უნდოდა იმას? - თავი მიაბრუნა აქიშბაიასკენ.
კლასელები იკრიბებოდნენ უკვე. სამი წუთი რჩებოდა მეოთხე გაკვეთილის დაწყებამდე. ჩურჩულით აკვირდებოდნენ საეჭვო სამეულს.
- არაფერი, ჩემი კლასელია, რა უნდა უნდოდეს, თაზო?
- მამას ვეტყვი და ჩემს კლასში გადმოგიყვანს. - თვალს არ აცილებდა ლუკას.
- რატომ? - კანი აეწვა ტუსას. - არ მინდა მეტი აჟიოტაჟი და ყურადღება, თაზო. ისედაც ყველა მასწავლებელი ზედმეტად მეფოფინება, აღარ მინდა სალაპარაკო დავუმატო ამ ხალხს.
- იცოდე, ზედმეტად თუ მოგიახლოვდება, რამეს გეტყვის, ყურადღებას არ აქცევ და მაშინვე ჩემთან მოდიხარ.
მხრებზე დაულაგა ბიძაშვილს ხელები თაზომ. კარგად გაუსწორა თვალები.
ვერაფრით მიხვდა ტუსა, რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი აქიშბაიას მასთან მოახლოების რადიუსი თაზოსთვის.
- ეგ ყველა გოგოს ეგრე ეფლირტავება...
- ჯერ ეს ერთი, მე არ მეფლირტავებოდა, - მკაცრად შეუსწორა ტუსამ, მოიშორა მისი ხელები, - მერე მეორეც, არ მინდა ეს ზედმეტი ყურადღება. მე თვითონაც კარგად ვიცი, როგორ მივხედო თავს.
- კაი, ხო, რას ბრაზდები.. - ერთი ნაბიჯით უკან დაიხია თაზომ და ეჭვისთვალით შეათვალიერა ბიძაშვილი.
ზარიც დაირეკა და უკუსვლით წავიდა თავისი კლასისკენ. გაკვეთილზე ხომ არ დააგვიანებდა...
რახან მეთორმეტეკლასელები იყვნენ, სხვებზე ადრე ასრულებდნენ სასწავლო პროცესს. მერე ყველას მასწავლებელთან მიეჩქარებოდა.
ეზოში ელოდა ტუსა ბიძაშვილს. მოშორებით იდგა აქიშბაია თავის მეგობრებთან ერთად. რატი ქორიძეს და ზბაკო ტატიშვილს მშვიდად ესაუბრებოდა.
სპორტის გაკვეთილი ყველას ეზოში უტარდებოდა. ჟრიამულით გამოცვივდნენ დაბალკლასელები სკოლიდან. სასტვენით მოჰყვებოდათ მათ უკან გვარიანად ჩაპუტკუნებული ფიზკულტურის მასწავლებელი.
ბიჭებთან შეჩერდა, გამოელაპარაკა აქიშბაიას ისიც. მხარზე ხელი ჩამოადო მეგობრულად და ერთი-ორი საყვედურიც ესროლა შორიდან ცელქ პატარებს.
- აუ, ლუკა, კაი პასი როგორ დავარტყა? - წინ დაუდგა აქიშბაიას კლასში ყველაზე მომცრო ტანის შავთმიანი ბიჭუნა. საქმიანოდ შემოადო ბურთზე პაწაწინა ფეხი.
ღიმილი ვერ შეიკავა ტუსამ.
- რა გქვია შენ? - გაეცინა აქიშბაიას, ისეთი მომხიბვლელი იყო...
მზერა მოარიდა გოგონამ, როგორც კი შენიშნა, რომ აღფრთოვანების გარდა ვერაფერს გრძნობდა მისი თითოეული ქმედების მიმართ.
- საბა ვარ თოდუა, კაი პასი როგორ დავარტყა? არ მათამაშებენ ესენი. - კლასელებს გახედა მოწყენილი თვალებით.
- ვინ არ გათამაშებს? - გამოეპასუხა ერთ-ერთი შორიდან, არ ესიამოვნათ აქიშბაიასთან რომ დაასმინეს. - თვითონ არ იცის თამაში და მაგიტომ არ თამაშობს.
- თუ არ ათამაშებთ, ვერც ისწავლის. - ბურთი გამოართვა პატარას ლუკამ. - მანახე ერთი, როგორ პასებს არტყამ..
ბურთის გვერდით სასაცილო ზომის ჩანდა საბა თოდუა. დაკვირვებით უმზერდა ტუსა სანახაობას. ფეხი მოუქნია საბამ და კლასელებისკენ გადააგდო ბურთი.
- მაგარია, რა გინდა?
- პატარაა და ვერ არტყამს ხოლმე კარგად. ეს ახლა გამოუვიდა...
- მესიც პატარა იყო! - გაიჭიმა საბა თოდუა. - ხო მაგრა ვარტყამ, ლუკა? უთხარი რა...
- ისედაც იციან მაგრად რომ თამაშობ, არა, ბიჭებო? - გვერდით დაუდგა საბას, მხარზე ჩამოადო ხელი. გასწორდა პატარა ბავშვი. თითქოს ბედნიერებისგან გადიდდა. გაუნათდა სახე.
- ხო... მაგრად თამაშობს. მოდი, თოდუა, დადექი შეტევაში... - ამოიბურტყუნა ბუნტისთავმა. აშკარად მის სიტყვას ელოდა ყველა. - შენ არ გვეთამაშები, ლუკა?
- სხვა დროს იყოს. ახლა მაგვიანდება.
- ისე... - მოუბრუნდა საბა თოდუა აქიშბაიას. ოდნავ მოუახლოვდა. - ელგუჯა მასწი ასე ამბობს, აქიშბაიაზე მაგარი ფეხბურთელი ამ სკოლაში არ გაზრდილაო. მალე ნაკრებშიც დაუძახებენო.
- მოგატყუა ელგუჯამ, - თვალი ჩაუკრა მადლობის ნაცვლად ნათქვამი სიტყვების გამო ლუკამ პატარას.
- მართლა? აბა ვინ არი ყველაზე მაგარი... თაზო?
- არა, - გაეცინა აქიშბაიას. - შენ იქნები. მიდი ახლა და პირველად მარცხნივ დაარტყი.
- კაი.
ლოყები ასტკივდა ტუსას, ისე ფართოდ და ხანგრძლივად იღიმოდა.
იგრძნო მისი მზერა ლუკამ. ნელა მოაბრუნა თავი და მოჭუტული თვალები გაუსწორა გოგონას. დაეფანტა სუნთქვაც და გამოხედვაც ტუსას. ეზოს საპირისპირო მხარეს გაიხედა.
რა ჯანდაბა ხდებოდა, რატომ უყურებდა ასე ეს ბიჭი, რას ცდილობდა?
თაზოს გამწარებას თუ ცდილობდა ტუსასთან სიახლოვით, არ გამოუვიდოდა ნამდვილად.
გრძნობდა, როგორ უახლოვდებოდა მშვიდი ნაბიჯებით. მისგან ოდნავ მოშორებით ჩამოჯდა, ზუსტად იმ მხარეს, საითაც გოგონა იყურებოდა და მთლიანად გადაუფარა ეზოს ხედი.
თეთრ მაისურზე ცისფერი პერანგი მოეცვა. ღია ფერის ჯინსი ეცვა და შავი თითქმის ცარიელი ჩანთა მოეგდო მხარზე.
აწვალებდა ტუსას. ამიტომაც უყურებდა ასეთი თავხედური ღიმილით.
- რაო თაზომ? არ გახედოო მაგას, არ გაგაფრთხილა?...
სახეზე მთლიანად წამოხურდა ბარნოვი. ტუჩები მოკუმა. საერთოდ არ იყო პასუხის ღირსი ასეთი თავხედობისთვის. ვინ ეგონა თავი, ამდენს რომ უბედავდა? ან რას გადაეკიდა საერთოდ, სხვა გასართობი არ ჰქონდა?
- შენზე არ გვისაუბრია. - ძლივს მოუყარა მშვიდ ბგერებს თავი ტუსამ.
ცუდი იდეა იყო სკოლის ეზოში ერთი გაკვეთილის განმავლობაში თაზოსთვის ლოდინი.
უფრო ფართოდ გაეღიმა აქიშბაიას. თვალს არ აშორებდა. ოქროსფრად უელავდა თვალები ტუსას, ხალები თითქოს განზრახ მიახატესო ლოყაზე, იმდენად სრულყოფილს ხდიდა მის მშვენიერ და ბავშვურ ნაკვთებს.
- ჩვენ ნამდვილად მოგვიწევს შენზე საუბარი, - სკოლიდან გამომავალ თაზოს მოჭუტული თვალებით გახედა აქიშბაიამ. ნაბიჯს აუჩქარა ბიჭმა, როგორც კი ერთად შენიშნა ისინი.
- რას ცდილობ? - გულწრფელად ჰკითხა ტუსამ. იმ წამს ეს ადამიანი საერთოდ არ იმსახურებდა მისგან ასეთი ხმით დასმული შეკითხვის მოსმენას, თუმცა სხვანაირობა არ შეეძლო ამ გოგოს.
ბრაზშიც კი ეპარებოდა გულწრფელი სითბო და ასეთი უცხო გრძნობების ნაზავი პირველად იგრძნო აქიშბაიამ თავის მიმართ.
- თავი რომ მოგაწონო. - ფეხზე წამოდგა ლუკაც. გადაეცრიცა სახიდან წეღანდელი ირონია, - გამიბრაზდი, სათანადო ყურადღება რომ არ დაგითმე დღეს...
- რაღაცები გერევა, - ყელი დაიგრძელა ტუსამ, განრისხებამ ცეცხლისფრად აეუელვარა თვალები. - შენი ყურადღება არაფერში მჭირდება, შესაბამისად არც უყურადღებობა მაბრაზებს. თაზოს გასამწარებლად კიდევ ჩემთან ნურაფერს ეცდები, თავად დარჩები თამაშგარე მდგომარეობაში.
მანამ გამობრუნდა გოგონა, სანამ პასუხს გასცემდა ლუკა. არც უფიქრია ხმის ამოღება აქიშბაიას, ღიმილით გააყოლა თვალი ბიძაშვილისკენ მშვიდად მიმავალს. თაზოს თავი დაუკრა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი რატი ქორიძეს და ზბაკო ტატიშვილს შეუერთდა.

თაზო ბარნოვი დირექტორის შვილი იყო. ჭკვიანი, ნიჭიერი, მოწესრიგებული, თუმცა მამის სტატუსის გამო ხშირად დგებოდა ეჭვქვეშ მისი შესაძლებლობები.
ყველაზე მეტად აქიშბაია აგრძნობინებდა ხოლმე დაუფარავად, რომ რაღაცებს არც ისე დამსახურებულად იღებდა, როგორც თვითონ ეგონა და მამის სახელი დიდ როლს თამაშობდა მის წარმატებაში.
- ზუსტად არ მახსოვს, როდის დაიწყო მაგათი შუღლი. - ფანჯრის რაფაზე შემოსხდნენ ანო და ტუსა.
დიდ შესვენებაზე ყველა ეზოში გადიოდა და სალაპარაკოდ კლასში განმარტოვდნენ ერთ მერხთან მჯდომი გოგონები. ანოს განსაკუთრებულად მოეწონა ახალი კლასელი.
რატის მაშინვე მოახსენა, რომ მისნაირი ჭკვიანი, ლამაზი და თავდაჭერილი გოგო მთელს სკოლაში არ მოიძებნებოდა.
- თავხედია, - განრისხებული მზერით გახედა ეზოში შეკრებილ ბიჭებში ამორჩეულ აქიშბაიას ტუსამ. ჯერ კიდევ არ გაევლო ბრაზს და წყენას. - საშინლად დამელაპარაკა გუშინ... ქედმაღლურად.
- ცოტა არის ეგეთი, მაგრამ ცუდი ტიპი ნამდვილად არაა. ცოტა ქედმაღალი შენი ბიძაშვილიცაა. - ღიმილით შეაპარა თაზოზე სიმართლე, - ამიტომაც ვერ უგებენ... მისი სიტყვის გამო ხშირად უსამართლოდ დასჯილა ლუკა, ბუნებრივია, რომ არ სწყალობენ ერთმანეთს.
- თაზო უსამართლო არაა. - ამოიბუტბუტა ტუსამ.
სინამდვილეში საერთოდ არ იცოდა თაზო როგორი იყო სკოლაში. ზაფხულობით ორი კვირით ისვენებდნენ ხოლმე ერთად სადმე ზღვისპირა კურორტზე, ზამთარშიც ერთად ხვდებოდნენ ახალ წელს, მასთან ყოველთვის მზრუნველი და მოსიყვარულე იყო, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავდა, რომ ასეთი იყო ყველასთან...
- ერთი და იგივე გოგო მოსწონდათ მეათე კლასში. იცი? - გაეღიმა ანოს, - ერთი ამბავი იყო, მთელი წელი საქმეებს ურჩევდნენ ერთმანეთს. მერე ვიღაცამ სპორტდარბაზში ფანჯარა ჩატეხა, ბოლოს თაზომ აქიშბაია დაინახა იქედან გამომავალი... თვითონაც იცის, ამ სკოლაში ლუკა სპორტდარბაზზე მეტად მარტო დალი ჩიტავას ღიმილს რო უფრთხილდება, მაგრამ მაინც ისე მოაქცია საქმე, რომ ყველამ აქიშბაიას დასდო ბრალი.
- და იქნებ მართლა მან ჩატეხა?
- მერე რა? ლუკა არ დაასმენდა მაინც არავის, მარტო იმიტო რო თვითონ გამოჩენილიყო ვინმეზე უკეთესი. მაპატიე, ახლა ბიძაშვილს გილანძღავ, მაგრამ უცოდველი არც ის არის. ყველა ფრონტზე ერთმანეთის პირისპირ არიან. ფეხბურთშიც კი, ერთი „დინამოში“ თამაშობს, მეორე „საბურთალოში“.
- და ის გოგო რომელს დარჩა ბოლოს? - მეათე კლასის ამბავს მიუბრუნდა ტუსა.
- გადავიდა სკოლიდან და დაავიწყდა ორივეს. - ფანჯრიდან ჩამოხტა ანო და სიცილით აიჩეჩა მხრები, - უბრალოდ მანდაც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ... სიყვარული არაფერ შუაშია.
მათემატიკის გაკვეთილი დედამიწის ზურგზე ყველაზე საინტერესოდ გატარებული ორმოცდახუთი წუთი იყო ტუსასთვის.
ძალიან მოსწონდა მასწავლებელიც და გაძლიერებული პროგრამაც ამ სკოლაში. კლასში მაშინვე ყველამ შენიშნა, რომ ნინიკო სალდაძის პირველობა საგრძნობლად შეარყია ტუსას გამოჩენამ.
მათემატიკის მასწავლებელი მიხეილ ჟორჟოლიანი მკაცრი კაცი იყო, მაგრამ ჭკვიანი მოსწავლეები უყვარდა.
- ვისგან გადაწერე ეს დავალება, ტატიშვილი? - თავზე წამოადგა ზბაკოს აწეული წარბით.
გაისუსა მთელი კლასი. ბუზის გაფრენის ხმაც არ ისმოდა. არ დაადგებოდა კარგი დღე არც გადამწერს და არც იმას, ვინც ელიზბარ ტატიშვილს დავალება გადააწერინა.
- არავისგან, მას... მე.. მე ჩემთვითონ დავწერე. - ენა დაება ზბაკოს.
თვალები დააწვრილა კაცმა. რვეული მერხზე დაუდო ზბაკოს და უყურა ხუჭუჭა თავზე ერთხანს.
- შენ და რამიშვილი დარჩებით დღეს გაკვეთილების მერე და მანამ არ წახვალთ, სანამ ბოლომდე არ გაგაგებინებს თალესის თეორემას ქალბატონი ანო. გასაგებია? ხვალ ზეპირად თუ არ ჩამაბარებ, ხუთიანების დანახვა არც ერთს გაგიკვირდეთ ჟურნალში.
სახეზე მთლიანად გაწითლდა ანო. განრისხებულმა გახედა ზბაკო ტატიშვილს, თვალს რომ ვერ უსწორებდა მეგობარს.
- ხო მითხარი შევცვლი და ისე გადავწერო?! - თავზე წამოადგა შესვენებაზე ბიჭს.
- ოო, შევცვალე და მაინც მიხვდა. სორი, ანუშკი.
სკოლაში შექნილი აჟიოტაჟით და თაზოს გამორჩეული მღელვარებით თუ ვიმსჯელებდით, იმ საღამოს ფეხბურთი უნდა ეთამაშათ აქიშბაიას და ბარნოვს. თბილისური დერბი იყო ყოველი თამაში, როცა სხვადასხვა ფორმას იცვამდნენ ლუკა და თაზო.
დილიდან ამ თემის გარდა სხვა სასაუბრო არ გააჩნდათ კლასელებს.
- ხო წამოხვალ? - მხარი გაჰკრა ანომ მეგობარს, როცა სკოლიდან გამოვიდნენ.
გვერდით რატი ამოსდგომოდა, მის გვერდით კი აქიშბაია მოაბიჯებდა თავდაჯერებული ნაბიჯებით.
მას არ ეტყობოდა მღელვარება. არც ტუსას მიახლოებია ზედმეტად, მეტიც - სიტყვაც კი არ უთქვამს მისთვის გუშინდელის შემდეგ.
კმაყოფილმა ასწია ნიკაპი. ანუ გაჭრაო ჩემმა მუქარამ, გაიფიქრა.
- თაზოს არ უნდა უგულშემატკივრო?
- არ უთქვამს, დღეს თამაში თუ ჰქონდა... - სუსტად აიჩეჩა მხრები ტუსამ.
მხოლოდ მაშინ გამოხედა აქიშბაიამ. რატის რაღაც ანიშნა თვალებით და ისე მოხდა, რომ ბარნოვი ანოს და ლუკას შორის მოექცა.
ჩუმად გამოაპარეს მათკენ თვალები დანარჩენებმა. გოგონა არ იმჩნევდა არაფრით, ვინც დაუდგა გვერდით. არც ის შეიმჩნია არაფრით, ხუთ წუთზე მეტხანს რომ არ გაგრძელდა მისი კმაყოფილება.
- ალბათ იცოდა, მის საგულშემატკივროდ რომ არ წახვიდოდი...
- სხვა ვის უნდა ვუგულშემატკივრო, როცა ჩემი ბიძაშვილია მოედანზე? - არც კი შეუხედავს ისე ჰკითხა.
ჩუმად გადახედეს ანომ და რატიმ ერთმანეთს.
- იმას, ვინც შენ მოგიძღვნის პირველ გოლს... მეორესაც. - თავი მისკენ გადმოხარა ლუკამ, თითქოს საიდუმლოდ ეუბნებაო ამ სიტყვებს.
მისი სხეულის სითბო და სიახლოვე იგრძნო ტუსამ. მაშინვე გადადგა ნაბიჯი იქეთკენ, საიდანაც ასეთი ახლო და ამაფორიაქებელი არ იქნებოდა ამ ბიჭის არსებობა.
ისეთ სასიამოვნო სურნელს დაატარებდა თან, ისეთი მანერები ჰქონდა...
საკუთარ თავზე უფრო გაბრაზდა ტუსა, ვიდრე აქიშბაიაზე, ამ სიტყვებმა რომ ცამეტი წლის გოგოსავით აუჩქარეს გული.
- შენ გოლებიც გაგაქვს? - იმდენად თბილი ჰქონდა ირონიის მცდელობა, სახე გაებადრა ლუკას მისი ხმის გაგონებისას.
გვერდით გაწეულს ჯიუტად მიუახლოვდა ისევ. თვალებს უბრიალებდა რატი მეორე მხრიდან, შარს ნუ დაეძებო სკოლის შემოგარენში, მაგრამ გაუგონარი იყო აქიშბაია.
- მოდი და ნახავ. - თვალი გაუსწორა რამდენიმე წამით, თითქოს არწმუნებდა, რომ დასთანხმებოდა მოწვევას.
- არ მცალია. - გვერდი აუქცია ტუსამ ამაყად.
ხელკავი გამოსდო ანომ და ხელის დაქნევით დაემშვიდობა რატის. აქიშბაიას კი უცნაური გამომეტყველებით დაემუქრა. სერიოზულად არავის მიუღია რამიშვილის სიბრაზე.
ხილიანის აღმართს დასიცხულები ხმაამოუღებლად მიუყვებოდნენ.
ჭადრის ხეებს უხვად მიმოებნიათ შემოდგომის ოქროსფერი ორნამენტები ძველებურ ქვაფენილებზე.
- მართლა არ გცალია? - ხმადაბლა ჰკითხა ანომ.
შეჩერდნენ თავის სახლთან. ორი კორპუსის მოშორებით ცხოვრობდნენ მისგან ბარნოვები. ხელები გულზე დაიკრიფა ტუსამ.
მოუსვენრობა შეუჩნდა გულში.
- არ მინდა წამოსვლა, - ტუჩები დაიჭამა ნერვიულობისგან, სტყუოდა, ძალიანაც უნდოდა წასვლა და ნახვა, როგორი იყო ერთი მოედანზე ის ქედმაღალი ბიჭი.
- არ გინდა თუ გეშინია, მართლა არ მოგიძღვნას აქიშბაიამ გოლი და ახალი ფრონტი გაიხსნას შენს ბიძაშვილთან?
- მეტიჩრობს, არაფერსაც არ მომიძღვნის. - მუცელი ამოუტრიალდა ამის წარმოდგენისას ტუსას. მართლა რომ გაებედა ასეთი რაღაც, ხომ წარმოდგენაც არ უნდოდა, რა დღეში ჩავარდებოდა საერთოდ.
- მზიურშია რვა საათზე თამაში, პოლიციასთან რომ ახალი სტადიონია მანდ. - თვალი ჩაუკრა ანომ და სწრაფი ნაბიჯებით გაუჩინარდა თავის სადარბაზოში.

შვიდ საათამდე არ გაჩერებულა თაზო. ჯერ ვარჯიშობდა, შემდეგ რაღაც უცნაური სადილი გაიმზადა ათასნაირი ხილის წვენით, ბანაობის შემდეგ მატჩისთვის გამოწყობის რიტუალი დაიწყო.
- საით? - ისე ჰკითხა ტუსამ, თითქოს მეტისმეტად ზუსტად არ იცოდა პასუხი თავის შეკითხვაზე.
- თამაში მაქვს. - სპორტული ფეხსაცმელი ჩანთაში ჩაალაგა თაზომ.
- ტუსაც წაიყვანე, დე... - სამზარეულოდან გამოყო თავი გაღიმებულმა დიანამ. - როგორ მოგწონს სკოლა? გუშინ საერთოდ ვერ გელაპარაკე...
- ძალიან მომწონს, დიკო. - ბიძაშვილს არ აშორებდა ტუსა თვალებს. ის კი ჯიუტად არ ეპატიჟებოდა თამაშზე... - თუ გულშემატკივრებიც იქნებიან, მეც წამოვალ.
- მე ჯერ ბაზაზე უნდა გავიდე, მერე წავალ სტადიონზე, ტუსა.
- ანო მოდის რამიშვილი, მასთან ერთად წამოვალ.
საქმე შეწყვიტა წამით თაზომ. თვალი გაუსწორა ბიძაშვილს.
- რა იყო? - ნელ-ნელა აუხურდა ტუსას სახე, განერვიულდა. თითქოს იქ წასვლის რეალურ მიზეზს მიუხვდნენ.
- ეგ აქიშბაიას საგულშემატკივროდ მიდის.
- მე შენ გიგულშემატკივრებ, რა მოხდა?! კარგი, თუ არ გინდა, არ წამოვალ... - ყელში მოაწვა ცრემლები ტუსას.
- რატომ არ უნდა წახვიდე? - მკაცრი თვალებით გახედა დიანამ შვილს. ბუზღუნით ჩაალაგა ჩანთა თაზომ.
- არ მომწონს ვისაც უმეგობრდება. ეგ აქიშბაია ერთი გაქექილი და თვალთმაქცი ტიპია. ხო არ მოგხიბლა შენც დანარჩენი მთელი სკოლის გოგოებივით?!
- თაზო! - ხმა გაიმკაცრა დიანამ.
საშინლად ეწყინა ტუსას მისგან ასეთი სიტყვები. თვალები დახარა ცრემლები რომ არ წამოსვლოდა.
- მაგ ტიპს მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, დედა... - ხმა დაითბო, როგორც კი მიხვდა, რომ ძალიან ატკინა გული ბიძაშვილს. გაღიზიანებულმა მიაგდო ჩანთა, - მარტო იმიტო დაგიახლოვდება, რო მე გამამწაროს.
- ნუ გამწარდები შენც, შვილო! ათი წლის ხომ არ ხარ? ან რა ვერ გაიყავით თქვენ ორმა?! - ზურგზე მიეფერა გოგონას ქალი, ბოდიში მოუხადეო, თვალებით ანიშნა თავის შვილს. - ვისაც უნდა, იმას დაუმეგობრდება. შენ არ ჩაერევი, გასაგებია, თამაზ?
- აუ, რა თამაზ, დედა... - აბურტყუნდა გაბრაზებული, მოუხალოვდა ტუსას და მოეხვია მხრებზე, - კაი, მაპატიე. ვიცი, რო შენ ჭკვიანი გოგო ხარ და იმისნაირი მატყუარა ტიპის მახეში არ გაებმები. რამიშვილი არაა ცუდი გოგო, არც ქორიძე და ის შტერი ზბაკო ტატიშვილი. წამოდი მაგათთან ერთად, ოღონდ აქიშბაია გოლს თუ გაიტანს, ტაში არ დაუკრა, კაი?
ბევრჯერ აკოცა შუბლზე და გავარდა სახლიდან.

სტადიონზე თუ ასეთი ამბავი დახვდებოდა, არაფრით წარმოედგინა. გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი პატარა ტრიბუნები თითქმის ბოლომდე იყო გადავსებული. ხალხი ფეხზე იდგა და ისე ელოდა შეხვედრის დაწყებას.
მოთამაშეებიც უკვე გამოწყობილიყვნენ. მსაჯებიც სტადიონზე იყვნენ განაწილებულნი. მწვრთნელები წრიულად შეკრულ გუნდებს რაღაცას მთელი სხეულით უხსნიდნენ.
რატის შემოენახა გოგოებისთვის ადგილი თავის გვერდით.
- მოხვედი? - გაეღიმა ქორიძეს. ჩუმად იკრიჭებოდა ზბაკოც. როგორც ჩანს, მკაცრად გააფრთხილეს ან გაჩუმდი, ან სისულელეები არ ილაპარაკოო და მანაც ყველაზე მარტივი ვარიანტი აარჩია ამ ორიდან.
- მოვაგვარე საქმეები. - თავი გაიმართლა ტუსამ მაშინვე და ანოს გადაყლაპული ღიმილისთვის არ მიუქცევია ყურადღება.
როგორც კი თაზო გამონახა სტადიონზე, მაშინვე დაუქნია ხელი გახარებულმა. ისეთი შესანიშნავი ატმოსფერო შეექმნათ გულშემატკივრებს, რომ თავადაც გადაედო განწყობა.
რამდენიმე სკოლელიც შენიშნა მათ რიგებში. აშკარად მათ უფრო ადრე დაინახეს ტუსა, რადგან გამუდმებით უყურებდნენ და ერთმანეთში ლაპარაკს არ წყვეტდნენ.
აქიშბაიამ ერთხელ გამოხედა მხოლოდ თავის სამეგობროს და მათ გვერდით ამაყად ნიკაპაწეულ ბარნოვს.
უხდებოდა თეთრი ფორმა. დანარჩენებთან შედარებით მაღალიც იყო და უფრო სპორტული აღნაგობაც ჰქონდა. ოდნავ აიწია მაისური და შიშველ წელზე შემოიწყო ხელები. შეკრული წარბებით ისმენდა მწვრთნელის მითითებებს.
ზუსტად რვა საათზე სასტვენის ხმაც გაისმა და ერთმანეთის პირისპირ დადგნენ კაპიტნებიც. მარჯვნივ აქიშბაია და მარცხნივ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თაზო ბარნოვი.
სტადიონზე ისე სწრაფად და მოქნილად მოძრაობდა, მის გარშემო სამყაროს არსებობა დავიწყებოდა თითქოს ლუკას.
ხალხს საერთოდ სხვა ემოცია ეუფლებოდა, ის როცა ეხებოდა ბურთს. იმედიანი შეძახილებით ამხნევებდნენ „საბურთალოს“ შემტევს.
- აგენტებიც იქნებიან დღეს, - სერიოზული მზერით აკვირდებოდა მეგობარს რატი, - ამდენი ხანია ზარს ელოდება. დღეს უნდა იყოჩაღოს, იქნებ გამოიძახონ...
- საუკეთესოა, - მღელვარებისგან ადგილს ვერ პოულობდა ანოც.
საგოლე მომენტების შექმნისას ხან ტუსას ეჭიდებოდა, ხანაც რატის. ყველაზე ემოციური გულშემატკივარი ის და ზბაკო გამოდგნენ. ხმის ჩაწყვეტამდე ყვიროდნენ აქიშბაიას სახელს.
პირველი გოლი „დინამომ“ გაუტანა საბურთალოს. ბარნოვმა უავტორა ამ გოლს.
შვების სიხარული ვერ დაიმორჩილა ტუსამ. ტაშით მიულოცა ბიძაშვილს გახსნილი ანგარიში.
აქიშბაიას ყურადღება არ მიუქცევია აყვირებული გულშემატკივრებისა და ტაბლოზე შეცვლილი ანგარიშისთვის. ყურებჩამოყრილ მეკარეს გამამხნევებლად შემოსცხო მხრებზე ხელი და რაღაც უჩურჩულა.
პირველი ტაიმი ისე დასრულდა, ლუკას ყველა შეტევის მოგერიება მოახერხა „დინამოს“ მეკარემ. ვერაფრით წარმოიდგენდა ტუსა, ამხელა მოთმინების უნარი თუ გააჩნდა ამ ბიჭს. ყველა ნერვებს ჰყავდა აყვანილი მის გარდა.
სასტვენი რომ გაისმა, მძიმე სუნთქვით გაეშურა თავისი სკამისკენ. მაისური გადაიძრო დაღლილი სხეულიდან და წყალი მოსვა. მუხლებზე იდაყვებდაყრდნობილი გაჰყურებდა სტადიონს. თითქოს ყველა შეცდომას იმეორებდა.
მწარედ გასერა გულში რამდენჯერმე ტუსას მისი სახის დანახვისას.
მაშინვე დამნაშავედ იგრძნო თავი, სხვა გუნდის საგულშემატკივროდ მოსულს, საერთოდ სხვა ადამიანის გოლი რომ სურდა ენახა.
მაისური გადაიცვა მერე ლუკამ და ზანტი ძუნძულით წამოვიდა მათკენ. ცალი თვალი გამოაყოლა თაზომ, თუმცა არ გარყეულა ადგილიდან.
მესერს ხელებით ჩამოეყრდნო.
- რამდენჯერ უნდა დაარტყა მარცხნივ, რომ მიხვდე, რო აგიღებს? - მღელვარებას ვერ აოკებდა ზბაკო. - რატო იცი ჩაჭერა...
- დამაცა, - გაეღიმა მოთმინებით და წამიერად შეავლო მხოლოდ მზერა ტუსას. თვალი ჩაუკრა და გაბრუნდა სტადიონისკენ თავისი საქციელით ძალიან კმაყოფილი.
ცეცხლი იგრძნო მთელს სხეულზე ბარნოვმა. სუნთქვა შეეკრა ერთიანად და ცეცხლთან ერთად ყველა იმ ადამიანის მზერა მიეხატა სახეზე, ვისთვისაც საინტერესო იყო მისი იქ ყოფნა...
- გაიტანს. - ღიმილით გადმოხედა ანომ აალებულ მეგობარს.
- ვნახოთ. - ნერივულად აათამაშა ფეხები ტუსამ.
ისეთი შემართებით გავარდნენ სტადიონზე, სუნთქვა საერთოდ დაავიწყდა. აქიშბაიას არაჩვეულებრივი ჩაწოდების წყალობით, ქაცარავამ გოლი გაიტანა „დინამოს“ კარში და გაათანაბრა ანგარიში.
მეორე გოლის ავტორი თვითონ ლუკა რომ გახდა, მანდ იგრძნო, როგორ დადუმდა ირგვლივ მთელი სტადიონი ტუსასთვის. შენელებულ კადრებად ხედავდა, ხტუნვა- ხტუნვით როგორ შემობრუნდა აქიშბაიას სხეული მისკენ.
როგორ გამოაყოლა შეღონებული მზერა თაზომ.
როგორ წამოიფარა თავზე მაისური გახარებულმა და როგორ ჩაეხუტა უკლებლივ ყველა გუნდის წევრს აქიშბაია.
თვალი გაუსწორა ტუსას, ეშმაკური ღიმილი მოეფინა ბედნიერ სახეზე. შუაღამეშიც კი უნათებდა ფირუზისფერი თვალები.
ასე მწარედ და გამალებით საკუთარი პულსი არასოდეს უგრძვნია გოგონას. თითქოს ყველას ესმოდა მისი აღელვებული გულის ხმაური, სისხლის ჩხრიალი სისხლძარღვებში...
ბოლომდე ეგონა, რომ არ გაბედავდა. ხელი რომ ასწია მისი მიმართულებით, არც მაშინ უჯერებდა თვალებს, რომ სიტყვის ასრულებას ნიშნავდა ეს ჟესტი. თვალი ჩაუკრა და ბედნიერი მიუბრუნდა თავის გუნდელებს.
უარესი ღრიანცელი ატყდა გულშემატკივრებში. შეკავებული ემოციებით აკვირდებოდნენ ტუსას რეაქციას ანო, რატი და ზბაკო.
სახე მთლიანად შეეშალა თაზოს. მხოლოდ მისი რეაქცია აინტერესებდა იმ წამს ტუსას. საშინლად გაცხარდა. უბრალოდ თავხედობა იყო ეს ყველაფერი და არა ვინმესთვის გოლის მიძღვნის გულწრფელი სურვილი.
ისე დასრულდა თამაში, კრიჭა არ გახსნია ტუსას.
გულზე ხელებგადაჯვარედინებული ელოდა, როდის გამობრძანდებოდა აქიშბაია სტადიონიდან პასუხი რომ მოეთხოვა ყველაფრისთვის.
- გაბრაზდი? - შეპარვით ჰკითხა ანომ. აშკარა იყო ტუსას ემოციები. კი არ გაბრაზდა, განრისხდა.
- არა.
უმისამართოდ აყვრიალებდნენ რატი და ზბაკო თვალებს.
გამარჯვებული გუნდის მოთამაშეები პირველები გამოვიდნენ გასახდელებიდან. ხელი დაუქნია რატიმ აქიშბაიას, მარტივად რომ მოეგნო მათთვის.
ყბებდაჭიმული ელოდა ტუსა, როდის მოაღწევდა მასთან. გზად ყველას ჩამოართვა ხელი და მადლობა გადაუხადა, ვინც კი შემოხვდა. თითქოს განზრახ წელავდა დროს.
- ძმა ხარ! მესამე რო არ გაგემაზა, ვაბშე უძმესი იქნებოდი! - ზბაკო ჩამოეკიდა პირველი კისერზე.
რატიმ ხელის ჩამორთმევით მიულოცა მხოლოდ. თმაზე აკოცა ანოს და ტუსას რიგი რომ დადგა, ისე შემოეცალათ ირგვლივ ყველა, უარესად გამწარდა ბარნოვი.
გულზე გადაეჯვარედინებინა ხელები და გაცეცხლებული მზერით აჰყურებდა მომღიმარს.
ტუჩებს ძლივს უყრიდა თავს, უარესად რომ არ გასცინებოდა მის სახეზე გაბრაზების დროსაც რომ საყვარელი და მშვენიერი იყო.
- რა გააკეთე?! - ხმა ძლივს დაიმშვიდა ტუსამ. უკან გადადგა ნაბიჯი, ზედმეტად რომ არ ემოქმედა მის სიახლოვეს.
- რასაც შეგპირდი... რატო ბრაზდები, ამიტომ არ მოხვედი?
- არ მოვსულვარ ამიტომ. საიდან გაქვს საკუთარ თავზე ამხელა წარმოდგენა, ან ასე ყველას უძღვნით ხოლმე გოლებს, ვისი კეთილგანწყობის მოპოვებაც გინდათ?
- ყველას არა, მარტო შენ. - ფართოდ გაეღიმა აქიშბაიას. - ცუდად გელაპარაკე, არ მინდოდა შენი განაწყენება.
- არ არის მიღებული ბოდიში.
- ბოდიში არც მომიხდია.
- რისი მიღწევა გინდა? - ქარით მონაბერი თმა სახეზე შემოეყარა ტუსას, სასწრაფოდ გადაიწია ყურსუკან.
თვალი მოუსვენრად გააყოლა მისი თითების მოძრაობას აქიშბაიამ.
- შენი გულის მოგება და ნაკრებში თამაში მინდა. - კარგად დააკვირდა სახეზე.
- იტყუები. რაც შენ გინდა არც მე მიკავშირდება და არც ნაკრებს, მარტო თაზოს გამწარებაა შენი მიზანი. ჩემი გამოყენება ძალიან ცუდი და არასწორი სვლაა შენი მხრიდან. ეს გოლის მოძღვნა ხომ საერთოდ...
- შენი ბიძაშვილის გამწარება ისეთი მარტივია, ამას უშენოდაც კარგად ვახერხებდი, - სხეული ადგილიდან არ დაუძრავს, თუმცა თავი გადმოხარა გოგონასკენ. ზღვის სასიამოვნო სურნელი მოდიოდა მისგან, გრილი და ზაფხულოვანი... - კიდევ ხომ მოხვალ?
ენა გაუსქელდა ტუსას გაოცებისაგან. ვერც კი მოაფიქრდა სათქმელი, ისე სწრაფად შეაბრუნა კითხვა აქიშბაიამ.
საერთოდ არ გაუცია პასუხი, ისე აუქცია გვერდი და გასახდელიდან გამომავალ თაზოსთან მივიდა.
ერთხელ გადმოხედა ბიძაშვილს აწეული წარბით და ისე ჩაიარეს მთელი ჭავჭავაძის გამზირი, ხმა არ გაუციათ ერთმანეთისთვის.
- არ ვიცი, ეს რატომ გააკეთა... - თქვა ბოლოს ტუსამ, როცა გმირთა მოედნისკენ გადაუხვიეს.
წინ მიდიოდნენ ანო, რატი, ზბაკო და აქიშბაია. თავად აშკარად სპეციალურად შეანელეს ნაბიჯი, მათ რომ არ წამოსწეოდნენ.
- შენ გამო არ გაუკეთებია. - ამოილაპარაკა ბოლოს, - იცოდა, ჩემ საგულშემატკივროდ რო იყავი მოსული და შენც მიგითვისა.
- არავინ არ მიმითვისა, რას იგონებ?
- ოო, ეგრეა, მარა დაიკიდე. ყურადღებას რომ არ მივაქცევთ, გაჩერდება.
საკუთარი ფეხსაცმლის წვერებს უყურებდა ტუსა სიარულისას. ვერაფრით მოიფიქრა სათქმელი. საკუთარ გრძნობებშიც ისე აიხლართა, როგორც კალთიდან გადავარდნილი ძაფის გორგალი...
- თუ მოგწონს ახლავე მითხარი. - უცებ გაჩერდა თაზო და გადმოხედა ზემოდან.
ამ სიტყვებმა ხომ საერთოდ აუბნია თავგზა. გუშინწინ შეხვდა. არაფერი ისეთი არ მომხდარა თავდაჯერებული პასუხი რომ ეთქვა თაზოსთვის. რატომ ჩააცივდნენ ასე ერთმანეთს?
- არ მომწონს... - ამოიჩურჩულა დაბნეულმა. - რანაირად უნდა მომწონდეს...
ნაბიჯების და გაჩუმებული სიტყვების ხმა ისმოდა მხოლოდ. არცერთს სჯეროდა იმის, რაც ბოლოს ითქვა მათ შორის. ზედმეტი ლაპარაკი აღარც იყო საჭირო.
რაც არ უნდა ყოფილიყო, თაზო კარგად იცნობდა აქიშბაიას.
შუღლმა და დაპირისპირებამ პატივისცემის გრძნობა მაინც ვერაფრით გაუქრო მის მიმართ.
ტუსამ არ იცოდა, რას ნიშნავდა სტადიონიდან მისკენ გაშვერილი ხელი და აქიშბაიას ღიმილი.
ის დამოკიდებულება, რაც ლუკას ფეხბურთისა და თითოეული კარში გატანილი გოლის მიმართ ჰქონდა, ნებისმიერ დაპირისპირებაზე მაღლა იდგა ღირსეული ფეხბურთელისთვის. ეს აერთიანებდათ ბარნოვს და აქიშბაიას.
ამიტომაც არ მოსწონდა თაზოს, ტუსას სახელი რომ დაარქვა თავის გამარჯვებას შემოდგომის იმ ზაფხულისებრ საღამოს ლუკამ.
იცოდა ძალიან კარგად, იმ გოლისა და ტუსას კავშირი გულწრფელი რომ იყო აქიშბაიასთვის.
ვერც ტუსამ დამალა მზერაში გრძნობა, აღტაცება და მორიდებული სიხარული.
ეს ამბავი იყო გარდაუვალი.
.

თბილისის ცა არასოდეს იცვლება.
ალბათ, მხოლოდ მშობლიურ ქალაქს შეიძლება ვერ დაატყოს დრომ თავისი კვალი და რამდენი ახალი შენობაც არ უნდა დაინახო ნაცნობ ქუჩაზე, რამდენ განახლებულ სკვერსაც არ უნდა ჩაუარო გვერდით, ის მაინც ისეთი იქნება, როგორიც იყო წლების წინათ, შენს ბავშვობაში...
ბოლოს და ბოლოს, ამ ქალაქის ყველა ნაცნობ კუთხეში ხომ ბავშვობის მოგონებებს სძინავთ სიზმრიანი ძილით.
ისე ფრთხილად მიაბიჯებდა ნატალია ბარნოვი ხილიანის აღმართზე რამიშვილების სახლისკენ, თითქოს არ უნდოდა ამ მოგონებების გამოღვიძება.
ფრთხილად აირბინა ქალის მოხდენილმა სხეულმა ბეტონის კიბეები. რამიშვილების სახლიდან ბედნიერი ხმები მოისმოდა ისევ ისე, შეუცვლელად.
დააკაკუნა ფრთხილად. ამ მუდამ ხმაურიან სახლში კარზე მომდგარი სტუმრის კაკუნს წინასწარ გრძნობდნენ ყოველთვის.
ელო გამოვარდა მაშინვე გასაღებად. თან იმაზე წუწუნებდა, რატომ უნდა გაეღო მას სულ კარი და რატომ მიჰქონდა ის ყვითელი კაბა ანოს, მას ხომ ჰყავდა ქმარი და უყიდდა ახალს...
კარი რომ გააღო და ხელში ტუსა შერჩა, გაოცებისგან ხმა ვერ ამოიღო ერთხანს.
- ვაიმე! გამოდით, ხალხნო, ტუსა ჩამოვიდა!!! - ისე გაჰკიოდა აღტაცებული, მარტო თავის ოჯახის წევრებს კი არა, მთელს ხილიანს ეძახდა თითქოს.
ვახო რამიშვილმაც კი თავი მიანება პულტის ხელში ტრიალს.
- ჩვენი ტუსა? - გაოცებით გადახედა თავის ცოლს და წამოდგა ფეხზე.
ფუტკრებივით დაესივნენ მონატრებულ ადამიანს, ყველაზე სასურველ სტუმარს ამ სახლში.
ცრემლები ყელში მოებჯინა ტუსასაც. იმ მრგვალ მაგიდას შემოუსხდნენ ისევ, როგორც მაშინ, სკოლიდან დაბრუნებულებს ფინჯანი ყავით და თავისი გამზადებული რაჰათ-ლუხუმით რომ უმასპინძლდებოდათ ხოლმე ირმა.
სიამოვნებით ისმენდა მათ ყველა სულელურ ამბავს და ახლა საერთოდ სხვანაირი ცრემლით ამოვსებული თვალებით უყურებდა თავის გაზრდილ გოგონებს.
საძინებელში დაიმარტოხელა ანომ თავისი მეჯვარე. ღელავდა ძალიან. წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ ჩაივლიდა ეს გამოცდა თუ საბოტაჟი, რა რეაქცია ექნებოდა დედამიწის ზურგზე ყველაზე მშვიდ ადამიანს, როცა გაიგებდა, რომ აქიშბაია იქნებოდა ქორწილში მეჯვარე მასთან ერთად.
- რა ლამაზია, - ხელით მიეფერა კაბას გოგონა, - სურათებში უფრო სხვანაირი ჩანდა...
- ძლივს ავარჩიეთ. მე რაც მომწონდა, ელოს არ მოსწონდა, ტვინი წაიღო. ქორწილი ერთხელ გაქვს და ყველას მოსაწონი კაბა უნდა ჩაიცვაო.
- ყველა როგორ ღელავს, - დაღლილი ჩამოჯდა საწოლზე, გვერდით გადაწვა ანოც. ასეთი უცნაური შეგრძნებებით პირველად საუბრობდნენ ამ ოთახში დარჩენილები, - ვახო ძია სადაცაა ტირილს დაიწყებს, ირმაც კი დაბნეულია... შენ?
- ოხ, მე არ ვიცი! - სახეზე შემოილაგა ხელები ანომ. - ძალიან ვნერვიულობ... ქორწილია მაინც.
- რა განერვიულებს, სამი თვეა ამ ქორწილს გეგმავთ...
- ხო, რა ვიცი... - უცნაურად შეიშმუშნა საპატარძლო. რამდენჯერმე მოარიდა თვალი მეგობარს.
- რამე ხდება, ანო?
- არა, არაფერი... უბრალოდ, შენ არ გიკითხავს და მეც არ მითქვამს... რატიმაც ისე გადაწყვიტა, არაფერი ვიცოდი, ძალიან ვიჩხუბეთ.
- შენ და რატი რამეზე ვერ შეთანხმდით?! - წარბები გაოცებით აზიდა გოგონამ. აგრძნობინა, როგორ წარმოუდგენელ ამბავს უყვებოდა ქორწილამდე ორი დღით ადრე.
- აქიშბაიაა მისი მეჯვარე. - ამოიბურტყუნა ძლივს გასაგებად. თვალებს არ აცილებდა თან ბარნოვს, მისი რეაქცია იყო ახლა ყველაზე ხელჩასაჭიდი.
- აჰა... - გაეღიმა ტუსას. - და?!...
ისეთი სხვანაირი იყო, თითქოს პირველად ხედავდა ამ ადამიანს ანო. საოცრად მშვიდი და აუღელვებელი, თავდაჯერებული ქალი იდგა მის წინაშე. თითქოს არაფერს შეეძლო მისთვის ზედმეტად წარბის შერხევა.
თითქოს ყველაფერი დავიწყების ქარმა მიმოფანტა შორეულ წარსულში და საბოლოოდ გაწყდა ყველა ძაფი გასულ წლებთან.
- ლუკა აქიშბაიაზე ვამბობ, ტუსა. - განუმარტა დაბნეულმა. - მეჯვარე იქნება ისიც და შენც... რელიგიურად...
- ვიცი, რატომ მიხსნი? კარგია, თქვენი ორივე მეჯვარე ის ადამიანი იქნება, ვინც ყველაზე მეტად გინდათ, რომ იყოს. ვერ ვხვდები, რა პრობლემაა?
- არ არის პრობლემა?! - ძლივს მოაბა სამი სიტყვის თქმას თავი რამიშვილმა.
- არ მესმის, თქვენთვის თუ იყო პრობლემა, აქამდე რატომ არ იფიქრეთ ამაზე? ჩემთვის რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, ლუკა იქნება რატის მეჯვარე თუ ზბაკო ტატიშვილი. არ იყო მთელი ქვეყნისთვის გასაგები, რომ მე და ის ერთად ვერ? არ დაისვა ზედმეტად თვალსაჩინოდ და ხმამაღლა უდიდესი წერტილი მაგ ამბავში?
- მე მაინტერესებს შენ ისევ გიყვარს თუ არა. თუ ისევ გიყვარს...
- არა. - ღიმილით გააწყვეტინა ტუსამ, მისმა სიმშვიდემ დაუნგრია თავდაჯერების ყველა კედელი ანოს. - დამთავრდა. ისეთი დასასრულის მერე აღარ აქვს მნიშვნელობა, ანო, რომელი გრძნობა შემოგრჩა და რომელი გაგიქრა. მისი სურვილი იყო ეს ყველაფერი. არ ვიცი აქ რა დარჩა, - გულზე გაუაზრებლად მიიდო ხელი, - მაგრამ ზუსტად ვიცი, იმდენად ძლიერი არაფერი, რომ მის გამო რამეზე უარი ვთქვა.
- რატის დაველაპარაკები...
- არაფერი არ უთხრა. არაფერია სათქმელი, ანო. არ დავირქმევ ცალმხრივად შეყვარებული ქალის სახელს, ხვდები?
- ვინმე სხვა... გამოჩნდა? - ძლივს მოაბა სათქმელს თავი.
- რატომაც არა?!
ცივად გადაევლო ბოლო სიტყვები სხეულზე ანო რამიშვილს. გაუჭირდა სუნთქვაც და აზროვნებაც.
- ოღონდ გივიკო აბაშიძის სახელი და გვარი არ ახსენო, ნატა! - თვალები დაქაჩა გაოცებისგან.
მართალი ყოფილა დალი ჩიტავა. იმარჯვებს ის, ვინც არ ნებდება.
ისე გაჰკიოდა ანოს გონება რატის სახელს, აშკარად უნდა ეგრძნო ქორიძეს საშველად რომ უხმობდა ცოლი.
ცინცაძეზე, სადაც ქორიძეები ცხოვრობდნენ და ახალი რძლის დასახვედრად მონდომებით ემზადებოდა მთელი ოჯახი, ყველაზე გამძვინვარებული ადამიანი მათი სახლის კედლებში რაღაც ძალით და მანქანებით მაინც აქიშბაია ლუკა იყო.
არც რატი იტყოდა უარს ვინმეს დახმარებაზე, ისეთი თვალებით შემოჰყურებდა ბავშვობის მეგობარი. გასუსული აკვირდებოდა სიტუაციას ზბაკო ტატიშვილი და მთელი ენერგიით ცდილობდა სახეზე არ დასტყობოდა, ყველაფერი რომ იცოდა ამ „ბრწყინვალე გეგმის“ შესახებ.
- გარეკე ხო შენ? აქამდე რატო არ მითხარი? ზეგ ქორწილია და აქამდე რატო არ მითხარი?!
- რა ვიცი, რა უნდა მეთქვა... - მხრები უდარდელად აიჩეჩა რატიმ. - რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ანოს მეჯვარე?
- თუ ტუსაა, ხო იცი რო აქვს მნიშვნელობა!
- რა ვიცი, იმისთვის არ ჰქონდა და... - ღვინო ჩამოასხა ორ ჭიქაში, მესამეში ფორთოხლის წვენი და გამომწვევად დაუდგა წინ აქიშბაიას.
- ეგრე თქვა? არ აქვსო მნიშვნელობა ჩემთვის? - ხმა დაიმშვიდა წამიერად, მოჭუტული თვალებით ახედა თავზე წამომდგარ მეგობარს.
- ხო. რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს?
- კი, მეც გავიგე, ზუსტად ეგრე თქვა. „ზუმში“ გვქონდა ქოლი... - დიპლომატიური თავის ქიცინით დაუდასტურა სასიძოს ზბაკომ ზემოდხსენებული წინადადება. - რატო უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა? შენ არ გააგებინე მთელს ქვეყანას, აღარ მიყვარსო?
- ენას ამოგაცლი, ელიზბარ! - ელვასავით გაანათა ოთახი ლუკას ცისფერი თვალების გადაბრიალებამ.
- სიმართლე მწარეა, ძმაო, დააყოლე ეგ წვენი. - მხოლოდ რატიმ რომ მიანიშნა მზერით, დაეხშო საინფორმაციო ღრუ, მერე გაიკმინდა ხმა ტატიშვილმა.
- ძალით აკეთებთ, ხო? - ირონია შეერია სიმწრის სიცილში ლუკას. - ხლართავთ რაღაცას... საკუთარ ქორწილს რისკავ, რატი?
- მოდი ყველამ ჩვენს ქორწილსა და ბედნეირებაზე ვიზრუნოთ. - თვალი ჩაუკრა რატიმ, - შენ თუ არ გინდა, თქვი უარი. არ მეწყინება.
თვალი გაუსწორეს ერთმანეთს.
- რავი, ძმაო, მე მართლა აღარ მეგონა, ეგრე თუ მოგხვდებოდა გულზე, ტუსას რომ სთხოვა ანომ მეჯვარეობა. რა პრობლემაა? სალომესთვის რომ მეთქვა, ან კეკესთვის კიდე ხო..
- რა სალომე და კეკე, რატი, რას ამბობ უფიქრდები? - წამიერად ვერც გამოუძებნა მნიშნველობა ამ ქალების სახელებს თავის ცხოვრებაში ლუკამ. - ნებისმიერი რო ყოფილიყო მის გარდა... შენ ხო იცი, რო მიყვარს, ბიჭო, რას მახსნევინებ?
თითქოს ერთ სიტყვაში გაჟღერებული სიმართლე იყო საჭირო ყველას ნიღბის ჩამოსახსნელად.
- ეჭვი მეპარებოდა უკვე. - მოეშვა ქორიძე, არ სიამოვნებდა ეს მსახიობობა, მერე რა, რომ არ გამოსდიოდა ცუდად.. - ეჭვი ეპარება ყველას, ლუკა.
- დალი ჩიტავას გარდა. - ხმადაბლა წაიბუტბუტა ზბაკომ. გაეღიმა აქიშბაიას.
- თვითონაც აღარ სჯერა მაგის, - განაგრძო რატიმ მშვიდად, გაუსწორა თვალები, სიმართლის მოსასმენად შეამზადა. - ტუსა არ იტყვის მეჯვარეობაზე უარს. თავმოყვარეობის ამბავია. ჩვენ ხო ვიცით, რა როგორ მოხდა... მე ხო ვიცი, რა გინდოდა შენ მისთვის და როგორ არასწორად გააკეთე ის, რაც გინდოდა. ყველაზე ცუდი იცი რა არი? გამოსწორება დღემდე არ გიცდია არაფრის. აზრს კარგავს ყველანაირი ახსნა-განმარტება ქალთან, ვინც იცი, რო ერთხელ მაინც იტირა შენ გამო. რით უნდა გაამართლო შენი საქციელი, ბიჭო? ან სალომეს არსებობა რით უნდა გაამართლო, ან კეკესი, ან რა ვიცი კიდე მე, ვინც იყვნენ ისინი საერთოდ...
თვალები მოარიდა ყველას აქიშბაიამ. ეპატარავა უცებ ეს ოთახიც და მთელი სამყაროც უმოქმედობით გაჭედილი თავისი ფილტვებისთვის. იცოდა ეს უძრავობა ძალიან ცუდ ადგილას რომ ჩაიტანდა, იმაზე ქვემოთ და იმაზე სიბნელეში, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
- მოქმედებაზე უნდა გადახვიდე, თუ არადა ცხვირწინ აგაცლის გოგოს ვინმე ნაკლებად კოჭლი... - დამრიგებლურად გაუღიმა ტატიშვილმა. - ჰა, თქვი ახლა უარი, რო დავიწყო დროზე შარვალ-კოსტუმის და მანქანების სალონის ძიება...
- ჯერ უნდა ვნახო...
- ბიჭო, რატო ხარ ასეთი ჯიუტი? - სახე აეშალა ქორიძეს. - რატო აწვალებ?
- სიყვარულის ენაა ეგ ამისი. თუ არ გაწამა, ესე იგი ფეხებზე ჰკიდიხარ. უფრო სწორად ფეხზე. მარჯვენაზე. მეორეზე არ შეუძლია ჯერ.
- ჯერ. უნდა. ვნახო. - გაიმეორა იმაზე უფრო მშვიდად, ვიდრე აქამდე.
.
„და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი - ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ, როგორ მიყვარხართ”
.
დალი ჩიტავა თავზარს სცემდა მთელს სკოლას.
მასწავლებლებიც კი ერიდებოდნენ ხოლმე მის ირგვლივ ჭორაობასა და გაუმართავი ქართულით საუბარს.
ამაყად დაახეთქებდა მაგიდაზე „ვეფხისტყაოსანს“. არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომელ კლასში ატარებდა გაკვეთილს - დალი ჩიტავას ქართული ენა და ლიტერატურა სულ შოთა რუსთაველის მიჯნურობით იწყებოდა.
მედიდურად შემოაბიჯა საკლასო ოთახში. წითლად შეღებილი ხის იატაკის ჭრიალი ისმოდა მის ფეხქვეშ. ყოველთვის ეცვა შავი, ოდნავ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ამავე ფერის მოხდენილი კაბა. სათვალე გიშრისფერ წკრიალა მძივზე ჩამოეკიდა და ისე მოერგო არწივივით შეუვალ და მახვილ შავ თვალებზე.
მზერა მოავლო კლასს დალი ჩიტავამ. ჩამოჯდა მერე სკამზე და სიის კითხვა დაიწყო.
ტუსას ყველაზე მეტად მხოლოდ იმიტომ მოეწონა ეს ქალი, რომ ზედმეტი ყურადღება არ გაუმახვილებია მის სახელსა და გვარზე, დანარჩენი მოსწავლეებივით ექცეოდა და არც ყალბი ღიმილით ცდილობდა დირექტორის დისშვილის გულის მოგებას.
- ოხ, მუჭო რექ, აქიშბაია? - ცხვირზე ჩამოიწია სათვალე და სიის სათავეში ამოკითხული გვარის პატრონს გადმოხედა ზემოდან. - წაიკითხე „სამოსელი პირველი“ თუ ამ ზაფხულსაც გადაჰყევი ბურთის თამაშს?!
- წავიკითხე, დალი მას. - ღიმილით მიეყრდნო სკამის საზურგეს ლუკა.
მეორე რიგის ბოლო მერხზე იჯდა რატი ქორიძესთან ერთად, ფანჯარასთან ახლოს. როგორც ზბაკო ამბობდა, ტაქტიკური ადგილი ჰქონდა შერჩეული ერთდროულად გაკვეთილზეც რომ ყოფილიყო და ეზოშიც.
დაკვირვებით მიაჩერდა დალი ჩიტავა თავის საყვარელ მოსწავლეს. ყველასთვის ამოუხსნელი ფენომენი იყო, რით მოაწონა აქიშბაიამ თავი ამ ქალს.
- ტატიშვილს ათხოვე მერე ეგ წიგნი. მორჩეს იქნებ მთქნარებას და გაგვიღიმოს. - მახვილი მზერა ესროლა გაბრუებულ ზბაკოს.
ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა ეს ქალი. წელში გაიმართა უეცრად დაძაბული ტატიშვილი.
- ფიზიკას ვინ გასწავლით თქვენ? - თვალი მოავლო კლასს დალიმ.
- რევაზ ფხაკაძე.
- რას გეუბნებათ მერე, რეზო ფხაკაძე? - წამიერად ტუსას გაუსწორა თვალი მასწავლებელმა. თითქოს მისგან აინტერესებდა პასუხი, - რა ატრიალებსო დედამიწას?
- იმპულსის მომენტი, - ხმადაბლა ამოილაპარაკა ტუსამ. ამ ქალს რომ უყურებდა, დარწმუნებული არ იყო, რომ სწორ პასუხს აძლევდა უცნაურად დასმულ შეკითხვაზე, - ფუნდამენტური ფიზიკური სიდიდე, რომელიც დროში არ იცვლება. რადგან ჩვენს პლანეტაზე გარეგანი ძალები არ მოქმედებს, ანუ ის ჩაკეტილ სისტემაშია, ხდება ამ იმპულსის შენახვა და გამუდმივება... ამიტომაც არ ჩქარდება ან ნელდება დედამიწის თავისი წარმოსახვითი ღერძის გარშემო ტრიალი.
- აი, ლიტერატურაში მაგ აბდაუბდას ერთი სიტყვით ავხსნიდით...
გაეღიმა ტუსას. საოცარი იყო ასეთი მკაცრი გამომეტყველებისა და ხმის პატრონი ქალი, როგორი შეყვარებული იყო თვითონ სიყვარულზე.
ალბათ, ირიბად და ოსტატური შენიღბულობით, მაგრამ სწორედ ამიტომ ითამაშა დალი ჩიტავამ ბევრი გულის დაწყვილებაში მნიშვნელოვანი როლი.
უკანა მერხზე მოლაპარაკე ქორიძეს და აქიშბაიას მის გაკვეთილზე ერთმანეთის გვერდით ჯდომა სამუდამოდ აეკრძალათ. ასე აღმოჩნდა ტუსა ქართული ენის და ლიტერატურის გაკვეთილზე ლუკას გვერდით, ბოლო მერხზე...
სტადიონზე მომხდარი ამბის შემდეგ ისედაც ეშმაკური ღიმილით უყურებდნენ ხოლმე ამ ორის სიახლოვეს სკოლელები.
ნინიკო სალდაძეს ხომ მთლად წაუხდა ხასიათი, მათემატიკის დავალების გადაწერინებაზე თავად აქიშბაიამ რომ უთხრა უარი.
მთელი შესვენების განმავლობაში შეშფოთებული იქექებოდა თავის ჩანტაში ტუსა ბარნოვი. მათემატიკის საშინაო დავალების რვეული თითქოს რომელიღაც ჯიბეში გამოკერებულმა პორტალმა ჩაყლაპა და გაქრა.
ლოყები აუწითლდა ნერვიულობისგან. თვალებიც ცრემლით ამოევსო. წარმოდგენაც არ უნდოდა, რა დღე დაადგებოდა ჟორჟოლიანის გაკვეთილზე. მთელი კლასის წინაშე შერცხვებოდა...
- ზუსტად მახსოვს, ჩავდე... - ხმა გაუტყდა აღელვებულს. ყველა წიგნი სათითაოდ ამოატრიალა.
- კარგი, არაუშავს, ამ ერთხელ გაპატიებს.. - ვერაფრით ამშვიდებდა ანო. თვალებს უბრიალებდა ქორიძეს და აქიშბაიას, თუმცა ყურადღებას არ აქცევდა არავინ მისი საცოდავი მუქარის მცდელობას.
- შემიძლია მე დაგაწერინო უცებ, - თავზე წამოადგა შეწუხებულ გოგონას ბექა ალავერდაშვილი. - ზედმეტი რვეულიც მაქვს...
ოდნავ შესწორდა სკამზე აქიშბაია. შეხედა კარგად ალავერდაშვილს.
ზარი დაირეკა და გადაურჩა ბექაც აქიშბაიას ხელით რვეულთან ერთად გაქრობას იმ დღეს.
არაფრის პატიებას არ აპირებდა მიშა მასწავლებელი. მთელს კლასში ორ მოსწავლეს არ ეწერა მხოლოდ დავალება. გვარიანი საყვედურებიც მიიღეს უპასუხისმგებლობის გამო და გაკვეთილების შემდეგ სასჯელის მოსახდელად კლასში ერთი საათით დარჩენაც მიუსაჯეს.
ნატალია ბარნოვს და ლუკა აქიშბაიას.
დაიცალა მთელი კლასი. აწეული წარბით შემოაკითხათ მასწავლებელმა დასჯილ მოსწავლეებს.
ტუსა რიგის თავში იჯდა, ლუკა - ბოლოში. ერთი მეტისმეტად შეწუხებული იყო ამ მდგომარეობით, ძლივს იკავებდა ცრემლებს, მეორეს დიდად არ ადარდებდა სასჯელის ეს უკიდურესი ფორმა. ალბათ, მიჩვეულიც კი იყო უკვე საყვედურებს...
- ერთ საათში შემოვალ, - მაჯის საათზე დაიხედა მიშა მასწავლებელმა და ჭაღარა წარბებიდან გამოხედა აქიშბაიას. თითქოს ყველაფერს მიხვდა და უფრო მეტად დაეკუჭა დანაოჭებული ტუჩები, რომ არ გაჰღიმებოდა. - ორივე ამიხსნით, რასაც დაწერთ, ამიტომ გადაწერა არ გავიგონო. გასაგებია, აქიშბაია?!
ეშმაკური ღიმილით დაუქნია თავი ბიჭმა. როგორც კი კარი დაიხურა, ზანტად წამოდგა ფეხზე.
ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ტუსას და გვერდით მიუჯდა.
არც კი გაუხედავს მისკენ ბარნოვს. გაცხარებული ჩასჩერებოდა მეცამეტე დავალებას, თითქოს პირველად ხედავდა მის პირობას და არაფრის დიდებით არ იმჩნევდა, როგორ შეცვალა ატმოსფერო აქიშბაიას სიახლოვემ.
- გადაგეწერა სალდაძისგან, ჩემგან არ გქონდეს იმედი. - გაბრაზებულმა ამოიღო ფიზიკის რვეული ჩანთიდან, ამოატრიალა და მეორე მხრიდან დაიწყო მათემატიკის დავალების წერა.
ცალ მხარეს აპრეხილი ტუჩით აკვირდებოდა მის მოძრაობას ლუკა. როგორ გადაფურცლა თხელი თითებით წიგნი, როგორ ჩამოეყრდნო ცალ ხელს ნიკაპით და ცეცხლისფერი მზერით ისე დახედა ფურცელს, მართლა გაუკვირდა, როგორ არ აალდა მათ თვალწინ ქაღალდი.
ტკბილი სურნელი მოდიოდა მისგან, შემოდგომა კი იდგა, მაგრამ მაინც ზაფხულივით ცხელოდა და ღია ფანჯრებიდან შემოვარდნილ ნიავს უხვად მიჰქონდა ტუსას დამტკბარი ჰაერი აქიშბაიას სახემდე...
- მერე იმასთან ერთად დამტოვებდნენ. მე შენთან ერთად მინდოდა. - უთხრა ხმადაბლა, ტუჩებზე გაწელილი მზაკვრული ღიმილი ხმაშიც დაეტყო ლუკას.
კალამი რვეულზე დადო ტუსამ. არ უნდოდა შემჩნეოდა, როგორ აუკანკალდა მთელი სხეული.
- დალი ჩიტავასავით ვერ მომატყუებ მე. რას გადამეკიდე?
- როდის მოვატყუე დალი ჩიტავა?!
- დღეს.
- მართლა წავიკითხე. - ფართოდ გაეღიმა აქიშბაიას.
სუნთქვა შეეკრა ტუსას. რა იქნებოდა, რომ ასეთი თვალები არ ჰქონოდა, საერთოდ არ იგრძნობდა თავს ასე გაბრუებულად და შებოჭილად ერთდროულად... საერთოდ არ დაეჩხვლიტებოდა გული უცნაური შეგრძნებით და არც მუცელი ასტკივდებოდა მღელვარებისგან.
- კითხვა არ მიყვარს, მაგრამ ეგ წიგნი წავიკითხე.
- საამაყო არ არის, კითხვა რომ არ გიყვარს. როგორი კარგი ფეხბურთელიც არ უნდა გამოხვიდე, ორი სიტყვის აზრიანად გადაბმა უნდა შეგეძლოს ერთმანეთზე, მარტო ბურთის გორიალის გამო რომ არ დაიმსახურო ადამიანების კეთილგანწყობა.
- ოხ, - წარბები აზიდა გაკვირვებულმა. - შენ რომ ბევრს კითხულობ, ამიტომაც გაქვს ყველასგან განსხვავებული წარმოდგენა ფეხბურთელებზე?
ენა ჩაუვარდა ტუსას. მთლიანად წამოწითლდა სახეზე.
- ვერ გადავაბი ორი სიტყვა?! - მისკენ მიბრუნდა ზედატანით ლუკა და ოდნავ დაუახლოვა სახე.
- არ მაინტერესებს. - მშვიდად მიუბრუნდა თავის დავალებას გოგონა.
ნაწნავი ეშლებოდა უკვე ნელ- ნელა და მხრებზე იწყებდნენ ქარისგან მონაბერი თმის ხვეულები გადმოფენას.
- შენნაირი ბიჭები მაინც არ მომწონს, თუ გგონია რომ ეს სიჯიუტე და შეუპოვრობა რამეს მოგიტანს...
- აბა ბექასნაირები მოგწონს?
- თუნდაც. მშვენიერი ბიჭია, მოწესრიგებული და არც საყვედურების მოსმენა ეხალისება...
სანამ გამარქაფებული ემუქრებოდა და ათას სისულელეს იგონებდა ტუსა, ნაწნავიდან ჩამოვარდნის პირას მისულ თმის სამაგრს წაეტანა თითებით აქიშბაია, მოაცალა და მაჯაზე გაიკეთა მაშინვე.
- რას აკეთებ? - გაოცებით გააყოლა თვალი მის ქმედებას გოგონამ.
- ამიხსენი. ეს დავალება ვერ გავიგე, ნა-ტა-ლი... - ხელის გულს დაეყრდნო ცალი ხელით და ჯიუტად გაუსწორა ის საძაგელი თვალები.
გულთან ახლოსაც არ მიუტანია გოგონას ბასრი სიტყვები.
- ასე ნუ მეძახი.
- მე ასე მირჩევნია. - სიმორცხვით შეფერადებული ლოყებით დარწმუნდა, რომ სწორადაც მიმართავდა, გაუღიმა უტიფრად. - ნატალი...
ღრმად შეისუნთქა ჰაერი გოგონამ. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ისევ მშვიდად დაუწყო დავალების პირობის ახსნა.
გაღიმებული აკვირდებოდა, როგორ აყოლებდა თითს სიტყვებს, როგორ უწერდა რაღაც ციფრებს რვეულში და პერიოდულად თვალს უსწორებდა, რომ დარწმუნებულიყო გაიგო მისი ნალაპარაკები.
- გაიგე? შენით დაწერე დანარჩენი, მე არ დაგიწერ. ხუთი წუთი დარჩა და ვერ მოვასწრებ ჩემსას...
თავისი რვეულის ქვემოდან ტუსას ყვავილებიანი გამოაძვრინა ლუკამ ზედ წარწერით „ნატალია ბარნოვი, 2016 წელი“.
სიბრაზის მდუღარე ლავა გადაეღვარა თავზე გოგონას. ჯერ რვეულს დახედა, მერე აქიშბაიას, რომ არც კი რცხვენოდა თავისი საქციელის.
მშვიდად გამოართვა და ჩახედა თავის დავალებას. ხომ შეეძლო გადაეწერა? რა საჭირო იყო ეს დამალვა და ისეთ დროს გამოჩენა, როდესაც აზრი აღარ ჰქონდა უკვე?
ოთახში შემოვიდა მიშა ჟორჟოლიანი. თავზე წამოადგათ გასუსულებს.
- მანახეთ ერთი, რა დაწერეთ. - რვეულები აართვა ორივეს, ტუსას გამოხედა შემდეგ აწეული წარბით. - აბა დამრჩა დავალებაო?
- ჩანთაში მქონია, შემთხვევით ვიპოვე... - ზედაც არ გაუხედავს მთავარი დამნაშავისთვის. ერთი სული ჰქონდათ გაეთავისუფლებინათ ამ დაუმსახურებელი სასჯელისგან, რომ მოშორებოდა და აღარ დაენახა მისი უცოდველი გამომეტყველება.
მაშინვე წამოკრიფა ნივთები და არც დალოდებია აქიშბაიას, ისე გავიდა დერეფანში.
აუჩქარა ნაბიჯებს. გრძნობდა, რომ ნელა მოჰყვებოდა უკან და აუცილებლად წამოეწეოდა შუა გზაზე.
ბრაზისგან ცრემლები მოაწვა თვალებში. თუ მოსწონდა ეს რა უცნაური გამოხატვა იყო თავისი გრძნობების. არაფერი ეტყობოდა, რომ ის წიგნი წაიკითხა და მოეწონა.
ვინ ექცეოდა გოგოს, რომელიც მოსწონდა, ასე თავხედურად?
- კაი, ნუ ბრაზდები... - ჭიშკრიდან რომ გავიდნენ, გაირბინა მათ შორის დარჩენილი მონაკვეთი ლუკამ. ამოუდგა გვერდით.
შეატყო წყენა და ცრემლების პრიალა ქსოვილი თვალებზე. უეცრად დაიძაბა თვითონაც. პირველად დაფიქრდა იმ წამს, რომ შეიძლება მართლა სწყენოდა ასეთი საქციელი და თავის მოწონების ნაცვლად უარესი შედეგი ჰქონოდა მის ქმედებებს.
ხმას არ იღებდა ტუსა. კრიჭაშეკრული მიაბიჯებდა და საერთოდ არ იმჩნევდა, გვერდით რომ ვიღაც მოჰყვებოდა.
სწრაფად გაიარა დოლიძე და ჩაილურის ქუჩით გადაჭრა გზა ჩიქოვანზე. ხმაამოუღებლად დაადგნენ აღმართს.
- სახლში მომყვები, თუ რატომ არ ჩერდები? - ხილიანის სკვერთან შეჩერდა საბოლოოდ. ამის იქეთ აქიშბაიასთან ერთად არსად გამოჩნდებოდა. ათასი ნაცნობი თვალი უყურებდა და საერთოდ არ უნდოდა მის გვერდით დაენახა ვინმეს.
- გეწყინა? - მხრით მიეყრდნო ჭადრის ხეს.
- ჩემს ჩანთაში ძრომიალის უფლება არ გქონდა.
- ანოს სთხოვა რატიმ, მე არ მიძრომიალია. არ გაუბრაზდე, თორემ მე მომთხოვენ პასუხს.
- არ ხარ ღირსი?!
- გულწრფელი გრძნობებისთვის ადამიანი ასე ისჯებოდეს პირველად გავიგე. - ჩაეცინა ტუსას აპილპილებულ სახეზე.
- ოდესღაც ყველაფერი პირველად ხდება. სხვანაირად გამოხატე შენი გულწრფელი გრძნობები და იქნებ შეგიმსუბუქდეს სასჯელი. - მალამოდ ედებოდა გულზე მისი ხმა აქიშბაიას.
როგორი განრისხებულიც არ უნდა ყოფილიყო, სიბრაზე უფრო უნაზებდა თითქოს ისედაც თაფლივით ტკბილ ხმას. მერე როგორ უნდა დაეძლია ცდუნება და როგორ არ უნდა გაეწვალებინა, თუ ასეთი ხმით მოისმენდა მისგან საყვედურს?!
- აქედან ჩემით წავალ, - ნაბიჯის გადმოდგმა აღარ გაბედოო ანიშნა თვალებით.
- არ მაძლევ უფლებას? - ჯიბეებში ჩაილაგა ორივე ხელი აქიშბაიამ.
- არა.
ზურგი შეაქცია და სწრაფად გამოაცალა თავი იმ მზერას, რომელიც უყურებდა თვალმოუშორებლად.
კანდელაკზე ელოდებოდნენ ქორიძე და ტატიშვილი, როდის მიაცილებდა სახლამდე ლუკა ტუსას. ოცი წუთის განმავლობაში ალბათ მილიონჯერ მოასწრეს ერთსა და იმავე საკითხზე ჩხუბი და ახლაც მთელი სხეულის ენით ცდილობდნენ ერთმანეთისთვის იმის ახსნას, რასაც ვერასდროს შეაგნებინებდნენ ერთმანეთს.
- რაო? ძაან გაბრაზდა? - ჰკითხა რატიმ.
გმირთა მოედნისკენ დაუყვნენ გზას. გაანეიტრალა მტერთა ბანაკები აქიშბაიას გამოჩენამ.
- არ არის საშველი... - გაეღიმა ლუკას.
- სად არის მერე მაშველი? ვარდები აჩუქე, ან რამე... გოგოა, შენ კიდე აწვალებ და რაღაცა მაიმუნობებს აკეთებ.
- არა, შაბლონურია. - თავი გადააქნია აქიშბაიამ.
- რა არისო? - რატის გადახედა წარბებშეყრილმა ზბაკომ.
ზოოპარკის შესასვლელთან სათამაშოების გამყიდველი კაცი მოაჯირზე ჩამომჯდარ ვაჭარ ქალს ესაუბრებოდა. უნებურად გაექცა თვალი იქეთკენ აქიშბაიას.
ფერად-ფერადი ბუშტებისა და ათასნაირი სათამაშოების გვერდით სხვადასხვა ფორმის კაქტუსები შემოელაგებინა ქალს თავის გვერდით.
გამყიდველს არც კი გაუფიქრია, რომ ეს ახალგაზრდა ბიჭი მზეზე უფრო მანათობელი ცისფერი თვალებით კაქტუსის საყიდლად მოადგა, ამიტომაც არ შეუწყვეტია სათამაშოების გამყიდველთან ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებული ჩივილი.
- ეს ვერაა, სათამაშოა მაგარი საჩუქარი და ვარდები შამბნოლური? - უკან მიჰყვა ზბაკოც აქიშბაიას.
- კაქტუსი გინდა, ბებო? - ერთ წუთზე დიდხანს რომ არჩევდა ბიჭი საჩუქარს, მიხვდა, მისი კლიენტი იყო ნამდვილად ეს ახალგაზრდა. გაოცებული ღიმილით მოუბრუნდა ქალი.
ერთ- ერთს ლამაზი თეთრი ყვავილი გაეკეთებინა და ეკლებიც უცნაური ფერისა ჰქონდა. გამორჩეული იყო ყველასგან. იმას მოჰკიდა ხელი აქიშბაიამ.
- ეს ბიჭი გადამრევს... - ბურტყუნებდა უკან ტატიშვილი. - გაუშვი ხელი მაგ უშნო ბუჩქს და წამოეთრიე, კაი ყვავილების მაღაზია ვიცი ვაკეში. დედაჩემის დაქალი მუშაობს და დაგვიკლებს...
- ამას ავიღებ. - ყურადღება არ მიუქცევია მისი ბუტბუტისთვის ლუკას.
რაც ფული ჰქონდა, ყველაფერი ხელში ჩაუთვალა ქალს. იმაზე ხუთჯერ მეტი მაინც იქნებოდა, ვიდრე გამყიდველისთვის ღირდა ეს ყვავილები.
- გოგოსთვის გინდა, ბებო? - გაოცებას ვერ მალავდა ქალი. ასეთი არავინ შეხვედრია...
- ხო, - თავი მოიქექა უხერხულად, - ერთ წიგნში წავიკითხე... ნუ მოკლედ, ხო, გოგოსთვის მინდა.
გამოუდგნენ გზას „მზიურისკენ“ გაოცებული ტატიშვილი, ენაჩავარდნილი ქორიძე და საოცრად კმაყოფილი აქიშბაია.
- ანოს დაურეკე, ჩამოვიდეს რა.. - მხარი გაჰკრა რატის და კიდევ ერთხელ შეათვალიერა საჩუქარი.
- შენი საშველი არ იქნება, აქიშბაია! - კარგად შეათვალიერა ტატიშვილმა თავისი კაქტუსიანი მეგობარი და დაღონებულმა გადააქნია თავი.
.
ციხისძირის სანაპიროსთან მწვანედ შეფენილ კლდეებს შორის სამსართულიანი ხის სახლი საქორწილო პატარძალივით უკვე მოერთოთ.
მეჯვარეებთან და ახლო მეგობრებთან ერთად წინა დღით ჩამობარგდნენ ანო და რატი.
საუცხოო ამინდი იდგა. შავი ზღვიდან მონაბერი მარილიანი სიო ნაზად ელამუნებოდა ეზოში პატარა ბულვარივით ჩამწკრივებულ პალმის ხეებს.
თაზო და ტუსა ერთად წამოვიდნენ თბილისიდან შედარებით გვიან. დრო უსაშველოდ იწელებოდა შეხვედრამდე.
მგზავრობისას თითქმის ყველაფერზე ისაუბრეს გარდა ყველაზე მნიშვნელოვანისა.
- მართლა აქიშბაიაა რატის მეჯვარე? - ვეღარ მოითმინა ბოლოს თაზომ.
ლურჯ აბრაზე დიდი თეთრი ასოებით დაწერილმა სახელწოდებამ „ციხისძირი“, აგრძნობინა, რომ მერე აღარ იქნებოდა ამის განხილვის დრო.
- ხო. - ფანჯარა ჩამოსწია ტუსამ, ზღვა გამოჩნდა და ღიმილით მიუშვირა სახე გრილ ჰაერს.
ისეთი ნაცნობი იყო ეს სურნელი და ისეთი უცხო ამავდროულად.
- რას აკეთებ მერე... ტუსა... - ხმა გაუმკაცრდა თაზოს. თავადაც არ უჯერებდა საკუთარ თავს ამ ემოციას. - არაა სახუმარო ამბავი.
- მე ვხუმრობ, თაზო? ვერ ვხვდები, რატომ არის ამხელა ტრაგედია ეს ამბავი და რატომ არავინ იღებს ჩვეულებრივად..
- მართლა ვერ ხვდები თუ თავს ისულელებ? - წარბები აზიდა, ოდნავ შეანელა სვლა, - ზბაკო ტატიშვილში ხო არ გერევა აქიშბაია, გოგო, გიყვარდათ ერთმანეთი. რას ნიშნავს ჩვეულებრივად მივიღოთ? შენ გგონია... მარტივი იქნება?! ასეთი გრძნობები სულ ღუზამობმული რო ჩააგდო შუა ზღვაში, ნაპირზე მაინც ამოტივტივდება, ტუსა. ახლა გაბრაზებული ხარ..
- არ ვარ გაბრაზებული, თაზო. შენი აზრით, ოთხი წელია გაბრაზებული ვარ? არაფერზე უარის მთქმელი არ ვარ მაგ ადამიანის გამო, ანოს მეჯვარეობაზე ხო მითუმეტეს.
- თქვენმა სიჯიუტემ დაგღუპათ.
- არ ვიცი რაზე ლაპარაკობ, დაღუპულად არ ვგრძნობ თავს, პირიქით - ასე კარგად არ ვყოფილვარ არასდროს.
- შენს სახეს ხედავდე ნეტა მაგხელა ტყუილის თქმის დროს, - ჩაეცინა თაზოს.
ერთი წამითაც არ სჯეროდა იმის, რაც ესმოდა.
საღამოვდებოდა, სახლამდე როცა მიაღწიეს.
მზე ნახევარი სხეულით ჩასვენებულიყო უკვე შავი ზღვის დასალიერში. ანცად ელიცლიცებოდა წყალი დღის ბოლოს გამომეტებულ ოქროსფერ სხივებს და სიყვარულით დამთბარნი ეგებობდნენ ნაპირებს.
აქაფებული ტალღები სიმღერით რიყავდნენ ჩაძირულ იმედებსა და ყველა გემის მღელვარებას საკუთარ ნაპირთან შეხვედრის.
თავისი ოთახი უჩვენა ანომ. მეორე სართულზე დერეფნის ბოლოს. ღია ფანჯრებიდან დაუკითხავად იჭრებოდა უსასრულო ჰორიზონტი ლამაზად მორთულ ოთახში.
ორი სხეული იდგა სანაპიროზე. მაშინვე იცნო ტუსამ ორივე.
- თაზომ რაო? - ფრთხილად დაურღვია ანომ სიჩუმე. მის თვალებს გააყოლა მზერა.
- არაფერი ახალი და განსაკუთრებული. - ფარდა გადასწია დაღლილმა.
- უთხრა რატიმ, შენ რომ ხარ მეორე მეჯვარე.
- არ იცოდა? - სასხვათაშორისოდ იკითხა ტუსამ. ჩემოდანი საქმიანად გადახსნა, ამოალაგა საღამოს ტანსაცმელი.
ვერ იტანდა, როცა მგზავრობის შემდეგ გამოცვლა არ შეეძლო. გრძელი, ცისფერი ტილოს კაბა გადაფინა საწოლზე.
- არა... მაგრამ რა რეაქცია ჰქონდა, არ მითხრა.
- გამოვიცვლი და ჩამოვალ.
- ტუსა, - ცრემლებით აევსო თვალები ანოს. აღარ მოსწონდა ეს გეგმა. ანერვიულებდა ამ ორის სიჯიუტე. - არ მინდოდა ასე...
- რა გატირებს, შენ ხომ არ გაგიჟდი? - საქმეს თავი მიანება მაშინვე. - ძალიან გავბრაზდები იცოდე, ასეთი სულელური რაღაც რომ მიგაქვს გულთან ახლოს.
- არ უნდა გამოსულიყო ასე... მეგონა, რომელიმე უარს იტყოდით, როცა ფაქტის წინაშე დადგებოდით... მიხვდებოდით, რომ ისევ გიყვართ ერთმანეთი და უაზრო სიჯიუტეს არ შესწირავდით ამხელა ბედნიერებას. თქვენ კიდევ ისე იქცევით, თითქოს საერთოდ არ იცნობთ ერთმანეთს, ტუსა, ასე... არ შეიძლება.
- ბედნიერება არ ერქვა იმას, რაც ჩვენ გვქონდა, ანო. გარედან არ ჩანს ყველაფერი...
- ღმერთო, რა შტერები ხართ! - გაცხარებული წამოხტა ფეხზე, ტუსა ვეღარ ხვდებოდა უკვე, რომელი ემოციით სათაურდებოდა ანოს თვალებზე ცრემლები. - ახლავე ჩადი და დაელაპარაკეთ ერთმანეთს, თორემ ორივეს გაგყრით აქედან. მომბეზრდა თქვენი ჭირვეულობა. ის თბილისში გვემდა და შენ ვაშინგტონში!
- გვემდა... - გაეღიმა ტუსას, - არადა, მე ძალიან ბედნიერი მომეჩვენა...
- ვის ატყუებ... - ირონია მოეფინა სახეზე რამიშვილს. ერთხანს უყურა მეგობარს, მონდომებით რომ არიდებდა მზერას და სიტყვის უთქმელად გავიდა თავადაც ოთახიდან.
ორჯერ ჩალაგებული და ამოლაგებული ჩემოდანი უხეშად ჩამოაგდო საწოლიდან. სასწრაფოდ გადაიცვა კაბა.
მისაღებ ოთახში უკვე ხმაურობდნენ სავახშმოდ შეკრებილები. ჭურჭლის წკრიალის ხმა ისმოდა.
აჟიოტაჟით შეეგება ყველა ტუსას გამოჩენას.
ლუკა სამზარეულოში ჰყავდა ანოს გატყუებული დასამუშავებლად.
- მოდი აქ, არ დამიმთავრებია ყავის კეთება. - წინ გადაუდგა კარებში გასასვლელად მომზადებულ ბიჭს და თვალებით ანიშნა, უკან შებრუნდიო.
გაეღიმა აქიშბაიას მის „მბრძანებლობაზე“. სული ელეოდა, ისე უნდოდა გასულიყო და დაენახა.
- სად გეჩქარება? - თვალები დააწვრილა რამიშვილმა, - შაქარი ჩაყარე იმ ჭიქებში. დახმარება მჭირდება. მეჯვარე ტყუილად ხარ?!
- ხვალ არის ქორწილი, - ღიმილით მოხადა თავი საშაქრეს, - ხვალიდან შედის ეგ წოდება ლეგიტიმაციაში.
- და როდემდეა ლეგიტიმური ეგეც გეცოდინება. - კუშტი მზერით დაუდგა გვერდით გულზე ხელებგადაჯვარედინებული. - მთელი ცხოვრება.
- ვიცი ხო, ბავშვები უნდა მოგინათლოთ და მთელი ამბები...
- ზღვასთან ახლოს ვართ, აქიშბაია, ხელი გაანძრიე, თორემ დაგახრჩობ. - გაღიზიანებულმა აართვა კოვზი ხელიდან.
- მიმიშვი და ვიზამ რამეს. გამომკეტე აქ და ყავას მაკეთებინებ.
- არ შეგირიგდება. მაინც უარს ამბობ?!
- რა იცი, უარს რომ ვამბობ? - განჯინას ჩამოეყრდნო ორივე ხელით და გაუსწორა გადაცრეცილი თვალები.
- თვრამეტი წელია გიცნობ. საკუთარი თავის მჯერა, რომ შენში არც მე შევცდი და არც ის ადამიანი, ვინც ყველაზე ნაკლებად იმსახურებს კაცისგან გულნატკენი იყოს. ან გაქვს იმის შნო, ქალი გააბედნიერო, ან არ გაქვს და ტყუილად მიღიმი აქ ისე, თითქოს არ გადარდებს, ვინ დგას მეორე ოთახში და ვინ დადგება ხვალ ჩემ გვერდით. სანამ შენ ასე მშვიდად ხარ, სხვები მოქმედებენ. - გაუღიმა მზაკვრულად ქარიშხალმა რომ გადაუარა ერთიანად სახეზე აქიშბაიას. - და ხომ იცი, იმარჯვებს ის, ვინც არ ნებდება. ქალი ყოველთვის იმას აირჩევს, ვისაც უფრო მეტად უყვარს, ვიდრე თვითონ. ადექი და ის კაცი იყავი მის ცხოვრებაში, ვინც ბედნიერებას უწყვეტს და არა მიტოვების საკითხებს. არ აქვს მნიშვნელობა დაგიბრუნდება თუ არა, შენ არ გაქვს ამ ურთიერთობის დასრულების უფლება, ხვდები? შენ მეტი მოგეთხოვება. შენ უნდა აიტანო მილიონი უარყოფა მისგან, მარტო იმიტომ რომ ერთხელ გაბედე.... რაც გაბედე. ფეხი მოგირჩება, ნაკრებშიც დაბრუნდები... მაგრამ იმასთან - ვეღარ, თუ ხვალინდელ დღეს დღევანდელი მოცემულობით დააყენებ. ან შეცვალე დღევანდელი, ან დაჯერდი შენს შედეგებს ხვალ და მთელი ცხოვრება.
- ეს ყველაფერი გასაგებია, - მსუბუქად გაეღიმა ლუკას, - და ვინ არ ნებდება, ეგეც რომ გამაგებინო?
- შენს სახელს მაინც არ ვიტყვი და რა მნიშვნელობა აქვს?!
- სპორტული ინტერესი, უბრალოდ... - ფრთხილად ჩამოასხა ჭიქებში მდუღარე წყალი. სათითაოდ მოურია, ძალიან ნელა.
- წამოდი, გველოდებიან... - სინზე გადაალაგა ყველა ფინჯანი ანომ.
- გუშინს მერე იცის შენმა ქმარმა, რომ ტატიშვილი იქნება მისი მეჯვარე და არა მე. - გაუღიმა გველურად. - რატომ არ გითხრა?!
- იცოდა ალბათ, ამ სიტყვების მთქმელი მარტო მე რომ ვიყავი შენთვის და დამაცადა. გადი ახლა, ვინმე კი არ გელოდება, მაგრამ მაინც. კარი გამიღე.
ღიმილით გაატარა ყავის ფინჯნებით დამძიმებული ანო. ზურგით იჯდა მისკენ, სოფოს და ელოს ელაპარაკებოდა რაღაცაზე და სიცილისგან უცახცახებდა მხრები.
იმდენი სიტყვების შემდეგ ანოსი ყველაზე მადლიერი მარტო იმიტომ იყო, რომ მას არ დააჭერინა მდუღარე სითხით სავსე ჭიქები ხელში.
ასე მძიმე თუ იქნებოდა ფეხზე წამომდგარისთვის მისკენ ნაბიჯების გადადგმა, ალბათ არასოდეს გამოივლიდა ისევ იმ გზას, რაც აირჩია.
ოთახში ყველას დაეტყო მათი სიახლოვე.
ტუსამაც იგრძნო, ვინც იწვევდა ამინდის ცვლილებას ამ სამეგობროს ცის ქვეშ. ცარიელი ადგილიც განზრახ დატოვეს მის გვერდით.
დაეჭიმა სხეული, მსუბუქად რომ ასწია სკამი და უკან გააცურა. უნებურად ახედა ქვემოდან და ათას ნაწილად ეშლებოდა სულიცა და გონების შეგნებული ნაწილებიც, ყველაფერი ასეთი ნაცნობი რომ იყო მისთვის და ვერაფრით გადაარქვა თავისი სახელი.
არც გამოხედვა შეცვლოდა, არც სურნელი, არც ღიმილის განაწილება ტუჩებზე ისე, როგორც შეეძლო მხოლოდ მას - ყოფილიყო ერთდროულად საძაგელიც და განსხვავებულად თბილიც.
ვერაფრით დააძალა თავს გაღიმება, საკოცნელად დახრილს უემოციოდ მიუშვირა სახე და ტუჩების შეხებამდე გაეღიმა აქიშბაიას.
იმ მილიონიდან ეს იყო ალბათ პირველი უარყოფა.
ოდნავ შეეხო ლოყაზე. აუწვა მისმა გრილმა სურნელმა ფილტვები. ერთი უჯრედიც კი არ დაუტოვა ხელშეუხებელი და მიუსაკუთრებელი.
ისე ოსტატურად შეეძლო ორივეს თავის კონტროლი, ერთი შეხედვით უბრალო ნაცნობებიც კი უფრო თბილად შეხვდებოდნენ ალბათ ერთმანეთს.
აწკიპული წარბებით აკვირდებოდა ტატიშვილი სანახაობას.
- ტუსა, შენი კაქტუსი როგორაა?! - ჰკითხა მოწკურული თვალებით.
ტუჩები ლამის გადაყლაპეს დანარჩენებმა, მაინც და მაინც ის მომენტი რომ გაიხსენა ზბაკომ, როცა დაიწყო ყველაფერი.
სიმბოლურიც კი იყო ალბათ.
ავად გახედა აქიშბაიამ, თუმცა ამჯერად არ ადარდება მისი თვალების ბრიალი ტატიშვილს. ყველა ზურგს უმაგრებდა ამ ომში. მხოლოდ ისინი იყვნენ საპირისპირო მხარეს.
- გახმა ეგ... - მშვიდი დამაჯერებლობით გაუღიმა ზბაკოს.
აქიშბაიასაც გაეწელა ტუჩები ღიმილით.
- დალევ? - ჰკითხა, როცა გრაფინს მოკიდა ხელი და პასუხს არ დალოდებია, ისე ჩამოუსხა ჭიქაში ოქროსფერი ღვინო.
ოდნავ გადაიხარა მისკენ. არ ეხებოდნენ მათი სხეულები, თუმცა საკმარისი იყო ესეც, სასმელი რომ დასჭირვებოდათ ყურადღების გადასატანად.
- შეხედე, შეხედე, - პირზე ხელი აიფარა ზბაკომ და „ჩუმად“ გადაუჩურჩულა სოფოს, - იმას რომ დაუსხა პირველი...
- დიდი ამბავი. - მტრულად გახედა მეგობარს შონიამ. - სიყვარულის ელექ თუ უშველის მაგას, ღვინო არამგონია.
- მართლა გაუხმა ის კაქტუსი?
თვალები აატრიალა უაზრო შეკითხვის გაგონებისას სოფომ. კიდევ კარგი მათ შორის ტრიალებდა მხოლოდ ეს დიალოგი.
წინასაქორწილო საღამო იყო მშვიდი და ათასი გახსენებული მოგონებით აღსავსე. ყველა ფანჯარა ღიად დაეტოვებინათ ახალგაზდებს. იხსენებდნენ სკოლის წლებს და სევდიანი ღიმილით სრულდებოდა ყველა კადრი იმ დროიდან, რომელიც აღარ დაბრუნდებოდა არასდროს.
შეგნებულად უვლიდნენ გვერდს იმ მომენტებს, სადაც ერთად უნდა ხსენებულიყო ლუკას და ტუსას სახელი.
ორივე გრძნობდა გამოტოვებული კადრების სიმძიმეს, თუმცა არ იმჩნევდა არცერთი.
- ყაზბეგის ექსკურსია გახსოვთ? - სიცილს ვერ იკავებდა ანო, - მთვრალი ზბაკო რო მიშა მასწს შეუწვა…
- აუ, ნუ მახსენებ მაგ ამბავს! - თავში წაიშინა ხელები ტატიშვილმა, - როგორ ხვრინავდა, ბიჭო, დილით თავი მაგიტო მტკიოდა უეჭველი, აბა, ნაბახუსევი მე არ ვიცი!
- შენ თუ კიდევ დალევ, ვნახავთ ხვალ, როგორც არ იცი ნაბახუსევი… - აწკეპილი წარბებით მიანიშნა ყველაზე ადრე ჩაცლილი ჭიქისკენ აქიშბაიამ.
- შენ დიდი ხანია სტაფილოს წვენს აღარ სვამ?! - დამისხი კიდევო, მიანიშნა.
- აღარ დალიო მეტი, გამოშტერებული ხომ არ იქნები ხვალ? - ააცალა ლუკამ ჭიქა და გადმოდო ტუსასკენ.
ის უდარაჯებდა თითქოს.
- შენ ხომ განაცხადე უარი მეჯვარეობაზე, მაცადე ახლა, მე მოვიყვან “პარიატკაში” ყველაფერს! უფრო მნიშვნელოვანი საზრუნავიც გაქვს სხვათაშორის… შემდეგი ქორწილი თქვ.. შენი უნდა იყოს.
ისე მაგრად ჩააჭირა თავისი ფეხსაცმლის ქუსლი სოფო შონიამ ზბაკოს ტერფს, ენა გადაეყლაპა ბიჭს სიმწრისგან. არ ამოუღია ხმა, ისედაც ზედმეტი და უადგილოდ ალაპარაკა სასმელმა. დამნაშავე თვალებით გახედა ჯერ აქიშბაიას და მერე ტუსას, რომლებმაც თითქოს ვერ გაიგონეს მისი ნათქვამი...
არადა, როგორ გულზე ხვდებოდა ეს მინიშნებები ბარნოვს, როგორ არ სურდა შეტყობოდა ეს ემოციები სახეზე.
ალაგებაში მიეხმარა სოფოს და ელოს. ანო დასაძინებლად გააგდეს. ნახევრად არ ესმოდა მათი საუბარი, შიგადაშიგ ღიმილით უქნევდა თავს და საერთოდ სხვაგან დაფრინავდა მისი გონება.
თვალს აპარებდა ეზოში მდგომი ბიჭებისაკენ. აინტერესებდა როგორი იქნებოდა თაზოს და ლუკას შეხვედრა, მათ შორის გაცვლილი მზერები…
- უკან როდის ბრუნდები? - მარტო დარჩნენ ტუსა და სოფო. მანაც ბიჭებს გახედა.
- სასექტემბროდ… მაგრამ არ ვიცი, ძალიან ავირიე. დედას აღარ უნდა იქ გაჩერება და მეც ვეღარ ვეწინააღმდეგები. აქედან მარტივი ჩანს, მაგრამ უცხო ქვეყანაში, თანაც ამერიკაში… არ არის იოლი ცხოვრება.
- იმას ელაპარაკე? - თავი აიქნია ლუკასკენ. წამიერად შენიშნა, რომ მათკენ იხედებოდა ისიც, თითქოს ელოდა შესაფერის მომენტს, მარტო რომ დაეხელთებინა ტუსა.
- არა, რა არის სალაპარაკო? - ამოილაპარაკა დაღლილმა. მობეზრდა ყველასთვის ერთი და იმავეს გამეორება.
- არც არაფერი. - თეფშები თავის ადგილას დაალაგა სოფომ, - წადი, დაწექი შენც. ადრე უნდა ადგე და მე მივხედავ ყველაფერს…

ვერაფრით მოისვენა. სასმელმაც სულ აურია თავგზა.
ღია ფანჯრიდან შემოჭრილი ზღვის სურნელით გაჯერებული ჰაერიც მოუსვენრად დაუძვრებოდა შიშველ სხეულზე.
არც დამამშვიდებლები წამოუღია და არც წყალი ამოუტანია ოთახში.
ხასიათწახდენილი წამოდგა, გრძელი აბრეშუმის ხალათი მჭიდროდ შემოიკრა წელზე და ჩუმად ჩაიპარა სამზარეულოში.
მაცივრის ზუზუნის გარდა არაფრის ხმა ისმოდა. გამოაღო კარი და მოათვალიერა ხილით ავსებული თარო.
ფორთოხალი და კივი გადმოიღო, რაც კი ხელში ჩაეტია და თეძოს კვრით მიხურა კარი.
დარეცხა და დათალა ნელა.
აკურატულად დაჭრილი დაილაგა თეფშზე. წყლის ჩამოსასხმელად გაბრუნებულს ოთახში შემოსული წელსზემოთ შიშველი ლუკა რომ შერჩა, მოულოდნელობისგან გულზე იტაცა ხელი შეშინებულმა.
- გული გამისკდა… - ამოილაპარაკა და წყალი მოსვა მაშინვე.
როგორც უცხო კაცს, ისე მოარიდა თვალები.
თრობამ ერთიანად დარია თითქოს ხელი, დაუუძლურდა სხეული და შეეკრა სუნთქვა. მაინც მშვიდად ჩამოჯდა სკამზე და აუღელვებლად დაიწყო ხილის დაგემოვნება.
- ცუდად ხარ? - თვალი შეავლო აქიშბაიამ და გვერდი აუარა წყლის დასალევად. უეცრად თავადაც შეაწუხა ქალისგან სუსხივით წამოსული სიუცხოვის შეგრძნებამ.
- არა.
ორი ჭიქის დალევის შემდეგ მშვიდად მიეყრდნო წელით განჯინას.
ოქროსფრად უბრწყინებდა თმას სამზარეულოს მეორეული განათება. ნელა და მოხდენილად ამოძრავდებდა ხელებს, მეორეზე გადადებული ფეხი ბარძაყის ბოლომდე მოუჩანდა ხალათის ნაპრალიდან მაგიდის ქვეშ.
სუნთქვა შეეკრა ისე გააბრაზა მხოლოდ შორიდან ყურების უფლება რომ დაუტოვა საკუთარ თავს. ახლა რომ მიჰკარებოდა იცოდა, სამარეს სამუდამოდ გაუთხრიდა თავის ისედაც საეჭვო მომავალს ამ ქალთან ერთად.
- როდის უნდა ვილაპარაკოთ? - ამოთქვა ბოლოს. წკარუნით დადო ჭიქა პრიალა ზედაპირზე.
- როცა გინდა, - მხრები აიჩეჩა ქალმა. ფეხზე წამოდგა და მშვიდად გარეცხა თავისი თეფში და ჭიქა. - მორჩი?
- გავრეცხავ მე თვითონ. - გადაეფარა მთელი სხეულით და თავად გამოურთო ონკანი.
- კარგი. - მკლავში რომ დაქაჩეს წასასვლელად გამზადებულს, უკმაყოფილოდ აწკიპა წარბები ტუსამ. - არ არის საჭირო ეს გზის გადაღობვები, თუ რამე გინდა პირდაპირ მითხარი.
მისგან წინააღმდეგობის ნაცვლად სიმშვიდეს რომ გრძნობდა, უარესად ურევდა ეს ამბავი თავგზას აქიშბაიას. თითქოს ხავსიც აღარ დარჩა ხელჩასაჭიდი. არც ბრაზობდა, არც წყენას აჩვენებდა და არც იმედგაცრუებას. არაფერს სიცარიელის და სიმშვიდის გარდა.
- სხვანაირი ხარ... - ძლივს გაუშვა ხელი.
- ნასვამი ვარ. - მაცივარს მიეყრდნო მხრით ტუსა. რომ არ გაურბოდა, ამითაც კი სჯიდა თითქოს.
- და მე ვერ ვსარგებლობ მაგით. - გაეღიმა, მოუთვალიერა სხეული, ზღვისფერი თვალებით ისე ევლებოდა კანზე, როგორც ტალღები მზით გახურებულ ნაპირს, უხვად შემატებოდნენ ქალის სხეულს უცხო, ცეცხლისფერი სხივები, - რატომ დათანხმდი ამას, ტუსა, შენ ხო იცოდი...
- და უარი რატომ უნდა მეთქვა? შენ საკმარისი მიზეზი რამის დასათმობად დიდი ხანია აღარ ხარ, ლუკა. ვერ ვხვდები საერთოდ, რაზე „ვსაუბრობთ“. ხომ ხედავ, არ გამოგვდის არც ახლა. არაფერი გვაქვს მე და შენ საერთო, რამე რომ განვიხილოთ. ასე იყო თავიდანვე, ზედმეტად ბავშვები ვიყავით უბრალოდ ამის დასანახად...
- ვინმე გყავს? - ისე ჰკითხა, თითქოს არ გაუგია ის სიტყვები ძალიან ღრმად არ შეიჭრნენ მის გულსა და წარსულში.
გაეცინა ქალს, ანცად გადააქნია თავი გამხიარულებულმა. თავისი სურნელით უარესად გააბრუა და დაატკბო გარემო.
- მიპასუხე. - ჩამოერეცხა ღიმილი სახიდან აქიშბაიას. კანი აეწვა, იმდენად ვეღარ ეტეოდა მისი ადუღებული სისხლი სხეულში.
ანოს სიტყვები ეშმაკის ჩურჩულივით ჩაესმოდა ყურში. „იმარჯვებს ის, ვინც არ ნებდება“...
„იმარჯვებს ის, ვინც არ ნებდება“...
ვერაფრით მოარგო საკუთარ თავს - არც გამარჯვებული იყო და ვერც იმას იტყოდა, რომ არ დანებდა. ამ ქალთან მითუმეტეს.
- არ ვარ ვალდებული ჩემი პირადი შენთან განვიხილო მაშინ, როცა ამის სურვილი არ მაქვს.
- მაინც გავიგებ.
- გაიგე მერე, - უდარდელად აიჩეჩა ტუსამ მხრები.
მშვიდად გაუღიმა ისევ, ისევ აურია თავგზა იმას, ვინც მასთან მისასვლელ გზას და გამოსავალს უამრავ ხალხში დაკარგული ბავშვივით ეძებდა.
- მართლა გაგიხმა ის კაქტუსი? - გადაიხარა მისკენ მთელი სხეულით, იღიმოდა ოდნავ, ავად უნათებდნენ გაციებული თვალები. - აღარ გიყვარვარ?
- აღარ მიყვარხარ. - წარბიც არ შეტოკებია, ისე გამიზნულად გაუსწორა თვალები მისი სიტყვებით ათას ნაწილად დაფანტულ ადამიანს. - მართლა.
გამობრუნდა მერე მშვიდად, აუღელვებლად გაიარა სახლის ნახევარი და ზურგსუკან მოხურულ და გატაკეტილ კარს მიღმაც კი ვერ შეძლო დატოვება იმ თვალების, რომელიც ვერ გააწარსულა ვერაფრით.
ამომჯდარ გულზე მიიჭირა ხელი და თუმცა არავინ იყო დამნახველი ღია ფანჯარაში შემოცურებული სავსე მთვარის გარდა, მაინც სასწრაფოდ მოიწმინდა წამწამებზე გამოკიდებული ცრემლები.
.
რატომღაც ქართულის წიგნის ჩანთაში ჩაგდება სულ ავიწყდებოდა ხოლმე ლუკა აქიშბაიას. დალი ჩიტავა მშვენივრად ამჩნევდა ყველაფერს, მკაცრი სახითა და ზედმეტი სიტყვების გარეშე ანიშნა ნატალია ბარნოვს, გაეყო მისთვის სახელმძღვანელო.
ყველა ამ ბიჭის თანამზრახველი როგორ იყო?
გულმოსულმა გადააჩოჩა მისკენ წიგნი და ისე ჩახედა ზედ ჩაწიკწიკებულ ტექსტს, თითქოს ასო- ბგერების ერთმანეთისგან გამორჩევას შეძლებდა, როცა ასე ახლოს გადმოიხარა აქიშბაია და ასე ეშმაკურად იღიმოდა ფურცლებს ჩაჩერებული..
- ამ საღამოს ცინცაძეზე ვთამაშობთ... - გადაუჩურჩულა ხმადაბლა, მასწავლებელს უყურებდა თან ეშმაკური თვალებითა და ისეთი ღიმილით, საკუთარ დანაშაულში კარგად გაცნობიერებულ დამნაშავეებს რომ ეფინებათ ხოლმე სახეებზე.
- ნუ მელაპარაკები. - არც შეუხედავს ტუსას.
- ხომ მოხვალ? - განაგრძნობდა თავისას. ოდნავ შეეხო მხარზე თითებით, მაშინვე გასწია ხელი ტუსამ და მიაგება გაცეცხლებული მზერა საპასუხოდ.
სუნთქვა ეკვრებოდა ასეთი დამპლური ღიმილი იმის საპირისპიროს რომ აგრძნობინებდა, რაც რეალურად უნდოდა, რომ ეგრძნო მისი პატრონის მიმართ. უნდა გაბრაზებოდა, უნდა აეთვალწუნა, ის კი რას გრძნობდა? თითქოს გიგანტური კაქტუსი ეზრდებოდა მუცელსა და გულ-მკერდში, როცა ეხებოდა.
- არა. - წიგნს ჩახედა ისევ. უფრო ახლოს დაიხარა მისკენ აქიშბაია, - რას აკეთებ?
- მეორე გვერდზე ვაგრძელებ კითხვას, - ჩახედა წიგნის იმ ნაწილს, ტუსას „ტერიტორიაზე“ რომ იდო და სინამდვილეში კითხვა კი არა, შემცირებული დისტანციით ტკბობა უნდოდა.
არც ერთმა იცოდა რეალურად, რომელ მონაკვეთს ხსნიდა დალი ჩიტავა და არც ასეთი მოწყურებული იყო სწავლას ლუკა აქიშბაია, დაწვრილებით რომ გაეყოლებინა თვალი ტექსტისათვის.
- დამთანხმდი და აღარ მოვუგებ შენს ბიძაშვილს...
ხმას არ იღებდა ტუსა. ერეოდა უფრო მეტად გონება. რანაირად ელაპარაკებოდა მაინც, სულ რომ არ შეეხედა, მაინც იცოდა, როგორი მაცდური ექნებოდა თვალები..
- აღარ მოგიძღვნი საჯაროდ გოლს, თუ მაგის გეშინია...
- რას ნიშნავდა ის კაქტუსი ერთი? - წარბები შეყარა ტუსამ.
- გაგიბრაზდნენ სახლში?
- არავინ გამიბრაზდა.
- კაი, მოდი და გეტყვი, რასაც ნიშნავს.
თვალი მოარიდა ტუსამ. ტყუილად ჯიუტობდა და ახვეწნინებდა. ძალიან უნდოდა წასვლა და მის გულშემატკივრებს შორის ყოფნა. არც გაკვეთილები ჰქონდა იმ დღეს და ტყუილად უნდა მჯდარიყო სახლში აღელვებული.
სახლში... რა უნდა ეთქვა?
ოხ, აქიშბაია...
თაზო არაფრით დაუჯერებდა, რომ უბრალოდ მეგობრებთან ერთად სასეირნოდ მიდიოდა. თავისი სიტყვების შემდეგ რცხვენოდა კიდეც ლუკას სიახლოვეს გამოჩენის თავისი ბიძაშვილის დასანახავად.
არ უთქვამს არაფერი.
არც ანოს ხვეწნა-მუდარისთვის მიუქცევია ყურადღება. სკოლაში უკვე ისედაც ყველა ლაპარაკობდა, რომ აქიშბაია და ბარნოვი შეყვარებულები იყვნენ.
თუ მოერიდებოდა, უკეთესი იქნებოდა მისთვისაც. დიდად არც ბიძამისს ესიამოვნა ლუკას ხსენებაზე ტუსას ლოყებშეფერადებული რეაქცია.
- დაგელოდები მაინც, - უთხრა ზარი რომ დაირეკა.
საერთოდ სხვანაირად უყურებდა იმ წამს. შემოცლოდა აქიშბაიას მზერას თავისი საავტორო მოუსვენრობა და სიეშმაკე. გული უცხო ემოციით გაებერა ტუსას.
სასწრაფოდ დახურა წიგნი და გაერიდა...

აქიშბაიას ბუნტისთავობის ამბავი არ იყო ახალი. არც ის იყო გაუგონარი ამბავი, მასთან დაპირისპირებულ მხარეს დგომას არასოდეს რომ არ აკლდებოდა თაზო ბარნოვი. მიზეზი რომ გეკითხათ, ალბათ ზუსტად ვერცერთი გეტყოდათ, რა ჰქონდათ გასაყოფი და რაზე ვერ მორიგდა ეს ორი ვერასოდეს.
- ხომ არ დატოვე ამ სკოლაში ერთი კუნჭული ისეთი, სადაც ხელი არ მოგიქნევია შენ, აქიშბაია! - ცხარობდა დამრიგებელი, როცა ნაჩქარევად მიუძღვოდა წინ თავისი კლასის მოჩხუბარიძეებს დირექტორის კაბინეტამდე. - ოცი წელია ამ სკოლაში ვასწავლი და შენნაირი შარიანი მე არავინ შემხვედრია. ახლა ვის დას მოქაჩეს ნაწნავზე, ჰა?!
- რა მოხდა, ლუკა? - გვერდით ამოუდგა ცოტნე თავის უფროს ძმას.
- არაფერი. შედი კლასში.
- ცუცა ტიროდა, რა მოხდა?
- კაი, მაშინ ცუცა დააწყნარე. არაფერი, ცოტნე. შევალ და გამოვალ...
კრიჭაშეკრულმა გააყოლა თვალი დირექტორის კაბინეტისკენ მიმავალ თავის ძმას ცოტნემ. გადააქნია თავი გაბრაზებულმა და მშვიდი ნაბიჯებით დაიძრა ცუცას საკლასო ოთახისაკენ.
- ლუკას ძმაა ეს, - გადაუჩურჩულა ანომ ტუსას.
ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. სერიოზული სახით ეკითხებოდა თავის დას ცოტნე რაღაცას. სათვალეებიდან იხედებოდა დინჯად.
- რომ ტიროდა, მისი დაა.
- თაზო, რა მოხდა? - მკლავში დაქაჩა კიბეებზე ამომავალ ბიძაშვილს ტუსამ.
ყველა კლასში ვირუსულად გავრცელდა დღევანდელი „გარჩევის“ ამბავი და არცერთი ემთხვეოდა ერთმანეთს.
- არაფერი. ნუ ჩაერევი შენ.
- არ იყო ლუკას ბრალი. - კისერი წაიგრძელა მის წინაშე სოფო შონიამ. როდის გაჩნდა იქ, ვერც კი შენიშნეს ანომ და ტუსამ. თვალები აატრიალა თაზომ. იმის დამცველი გოგოებიღა აკლდა ახლა კიდევ. - მაგ შენმა აბაშიძე კოტიკომ იცი მის დას რა უთხრა?!
- ქაჯია ეგ გოგო, დაიმსახურებდა კარგად, რაც უთხრეს.
- წესიერად ილაპარაკე, - ყელი წაიგრძელა სოფომ. - რომ არ იცი რა მოხდა და ბრმად ენდობი იმ დეგენერატს. ქაჯი არის თუ ცას მოწყვეტილი ვარსკვლავი, ეგ შენნაირი ცხვირაბზუებულის გადასაწყვეტი არაა. გოგო ტირის, რომელმა ჰკითხეთ ერთი, რატო ტირის?!
- რატომ ტირის? - სიტყვა ჩააკვეხა ტუსამ. ისე დაიძაბა ამ ორს შორის დიალოგი, არ დაიგვიანებდა მეორე დაპირისპირებაც. ჭარხალივით გაწითლდა სოფო. ცრემლებით ჰქონდა თვითონაც სავსე თვალები.
- ნუ ერევი შენ.
- რატო, შენსას არ გინდა ვინმემ რამე ცუდად რო უთხრას და სხვისი ფეხებზე გკიდია, ხო?! - ხმა გაუტყდა შონიას. - ცუცა არაა ეგეთი გოგო. ცხვირი კი არ უნდა გაეტეხა, ენა უნდა ამოეძრო იმისთვის აქიშბაიას, რომ ვეღარ თქვას ყველაფერი, რაც უტვინო თავში მოუვა.
- კაი, რა გატირებს. - სახე დაემანჭა თაზოს. დიდად კი არ ადარდებდა ეს გოგო, მაგრამ მის წინაშე არ უნდოდა რომ ეტირა მაინც. თან გულზე მაინც და მაინც სახარბიელოდ არ მოხვდა ის შეკითხვა.
- წადი ახლა და უთხარი მამაშენს, ტყუილად იჩხუბაო ლუკამ. სულ ასე არ იქცევი?! - მისთვის სახეში მოსაქნევად გამზადებული მუშტით ცრემლი მოიწმნინდა სოფომ და გაბრუნდა უკან.
აედევნენ მას ტუსა და ანოც. უსიტყვოდ გააყოლა თვალი გოგოებს თაზომ.
- ნუ ტირი ორი წლის ბავშვივით, - შეუფუცხუნა სოფომ ცუცას. - მაინც უშნო ცხვირი ჰქონდა აბაშიძეს.
- მაგისი ცხვირი რაში მადარდებს... მთელი სკოლა ჩემზე ჭორაობს.
- არავის არაფერი უთქვამს, ცუცა. - დამამშვიდებლად დაადო ანომ მხარზე ხელი გოგონას, - რა მოხდა კი მაგრამ?
- რომ მაკოცე ყველას ვეტყვიო, ასე უთხრა ცუცას იმ გამოთაყვანებულმა აბაშიძემ.
- არ მიკოცნია, - თავიდან წამოუვიდა ცრემლები გოგოს. - არ მიკოცნია არავისთვის, იტყუება...
დიდი ტრაგედია იყო ცუცასთვის ასეთი ამბავი. ვეღარ გაეგო, რა ეჯავრა - ასეთი უსირცხვილობა რომ დააბრალეს, თუ მის გამო რომ იჩხუბა ლუკამ და ამაზე მთელმა სკოლამ გაიგო.
- დაწყნარდი, - ლამის უბრძანა ცოტნემ თავის დას. - ამიტომაც გეუბნები, ყველას არ უნდა ემეგობრო.
- არ ვემეგობრები იმას. შენი ბიძაშვილი მაინც ჩემს ძმას დააბრალებს ყველაფერს, - ტუსას გაუსწორა ტირილით აწითლებული თვალები ცუცამ. მასზე ბრაზობდა თითქოს ყველა უსამართლობის გამო. - სულ ასე იქცევა. დირექტორის შვილი რომაა დიდი ვინმე ჰგონია თავი.
- ადამიანისთვის ცხვირის გატეხვა ნორმალური არ არის. - წარბიც არ შეხრია ბარნოვს, - სხვანაირადაც შეიძლებოდა ამის მოგვარება. შენზე ცუდად არავინ არაფერს იტყვის, თაზო მითუმეტეს.
- ხო, როგორ არა... - ჩაიბურდღუნა სოფომ.
- ვიცნობ ჩემს ბიძაშვილს. ამაყია, მაგრამ იმის გამო არავის დაადანაშაულებს, რაც არ ჩაუდენიათ.
- შენც რაღა იმასთან მიხვედი? - არ შორდებოდა თავის დას ცოტნეც. ისე გამოხედა ტუსას, დაეთანხმა უსიტყვოდ ყველა სიტყვაში. - არ იცი ლუკას ამბავი? ჩემთვის გეთქვა.
- ხო, ცოტნე უფრო დიპლომატიურად მოაგვარებდა. - დაეთანხმა სოფოც.
- არ მითქვამს ლუკასთვის, თვითონ დამინახა გოგოების ტუალეტიდან ატირებული რო გამოვედი და არ დამიჯერა... არ მომეშვა სანამ არ მათქმევინა. არ ვუზამ არაფერსო, ასე მითხრა.
- დღეს გაიცანი შენი ძმა, ცუცა? - მიიხუტა და ცოტნემ და აკოცა თმაზე.
ისე იშვიათად ხდებოდა მისგან სითბოს გამოხატვის სანუკვარი ჟესტები, რომ მიენაბა ზედ ძმას ცუცა. გაეღიმა ბარნოვს. როგორ მოუნდა თავადაც ჰყოლოდა დედმამიშვილები...
- იმას გეტყვის, რისი მოსმენაც გინდა და მერე იმას გააკეთებს, რაც თვითონ უნდა.
- არ იტირო მართლა, - ტუსამაც სცადა მისი დამშვიდება. - ვერავინ ვერაფერს გაიგებს. არსად იტყვის თაზო. გპირდები..
თავი დაუქნია გოგომ ღიმილით.
დაირეკა ზარიც და გაიკრიფნენ მოსწავლეები თავიანთ ოთახებში.
რატი და ზბაკოც მიიპატიჟეს დიდი პატივითა და მოწიწებით დირექტორის კაბინეტში. თაზოც იქ იყო და კოტიკო აბაშიძის ძმა, გივიკო აბაშიძეც.
ფანჯრის რაფაზე ისხდნენ გასუსული გოგოები. ხმას არ იღებდნენ არცერთი, როგორმე ზაალ ბარნოვის ოთახიდან გამომავალ ბგერებს შორის აზრი რომ ამოეკითხათ. არ ისმოდა არაფერი უაზრო გუგუნის გარდა.
- გივიკო არ იტყვის არაფერს, - თავით მიეყრდნო სოფო კედელს. ფეხებს აქანავებდა ჰაერში ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი. - ის შენი გაფხორილი ბიძაშვილი არ ვიცი, რას იზამს..
- რატომ არ მოგწონს თაზო ასე ძალიან? - გაეღიმა ტუსას. ტუჩები დააწვრილა ანომ, რომ არ გასცინებოდა ხმამაღლა.
იცოდა სოფო შონიას სიფიცხის ამბავი. მაინც ფანჯრის რაფაზე ისხდნენ და გააზომინებდათ უცებ მანძილს მესამე სართულიდან სკოლის ეზოს ზედაპირამდე.
- თავის გვარს ბოროტად იყენებს.
გაიღო კარი და გამოლაგდნენ ყველანი გარეთ. თან წამოეწიათ ზაალის ხმამაღალი, მკაცრი ხმა.
- სანამ სიმართლეს არ იტყვით, დაემშვიდობებით ბოლო ზარსაც, ბანკეტსაც და ყველა სარგებელსაც, რასაც ამ სკოლიდან იღებთ. არანაირი გაკვეთილებიდან ადრე გათავისუფლება ფეხბურთის გამო. ორივეს გასაგონად ვამბობ, ორივეს! მომინდომეს აქ ქუჩური სიტყვის შენახვა!
- რაო? რა ბოლო ზარსო... რა ბანკეტსო... კაბა უკვე არჩეული მაქვს, ამათ ხომ არ გაუფრენიათ! - სასწრაფოდ ჩამოხტა რაფიდან ანო, მხარზე მოიგდო თავისი ჩანთა. - რა ხდება, ქორიძე?
- გოგო, ნუ მომმართავ-მეთქი გვარით... - დაღლილი სახით გაუღიმა ანოს რატიმ.
- რა მოხდა? - ჯერ თაზოს შეხედა ტუსამ, შემდეგ აქიშბაიას.
- არაფერი. - ბიძაშვილმა ხმამაღლა უთხრა, ლუკამ უსიტყვოდ.
გაიკრიფნენ სკოლიდან ხმის ამოუღებლად. ტუსა გივიკოსთან და თაზოსთან ერთად მოდიოდა, შუაში ანო და სოფო იდგნენ, წინ ლუკა, რატი და ზბაკო მიუძღოდნენ მდუმარე მსვლელობას.
- მოგწონს აქ, ტუსა? - ხმა ამოიღო აბაშიძემ.
მაღალი ბიჭი იყო, შავი თმა შუბლზე დაუდევრად ჩამოჰრყოდა. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მოაბიჯებდა. ისეთი სამარისებური სიჩუმე იდგა ირგვლივ, ყველამ გაიგონა მისი სიტყვები.
- ვეგუები ჯერ... - გაუღიმა მორცხვად, მაგრად ჩაეჭიდა თავისი ჩანთის სახელურს.
იგრძნო განსხვავებული რომ იყო ის გამოხედვაც და ყურადღებაც გივიკო აბაშიძისგან. უცნაურმა, შემაწუხებელმა შეგრძნებამ მოუხუთა სული. არადა, გრილდებოდა უკვე ნელ- ნელა, ეცლებოდნენ ოქროსფერი სამკაულები ხეებს თბილისში. ზამთარი მალე დადგებოდა.
- ხო იქნები ამ საღამოს შენც? ცინცაძეზე ვთამაშობთ.
- არ ვიცი, ვნახოთ.
ისე გაატარა აქიშბაიასა და აბაშიძეს შორის მზერა ანომ, თითქოს დიდად უსაფრთხო არ ყოფილიყოს მათ შორის დგომა. ზუსტად იცოდა, ესმოდა ყველაფერი ძალიან კარგად.
- გოგოებო, ჩემთან არ ამოხვალთ? მარტო ვართ მე და დედა... მერე ერთად გავიდეთ სტადიონზე. - ხელკავი გამოსდო შონიას და ბარნოვს ანომ და ჩქარი ნაბიჯებით გადაუხვიეს გელოვანზე.

რამიშვილები ყველაზე მყუდრო სახლში ცხოვრობდნენ, სადაც კი ტუსას ფეხი დადგმულა. კედლებზე ჩამოეკიდებინათ თავიანთი ოჯახის სურათები წარსულის სხვადასხვა მონაკვეთიდან.
ყველაფერზე ეტყობოდა აქაურობას, ერთმანეთზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანები რომ სუნთქავდნენ მის კედლებში.
მრგვალ მაგიდასთან ჩამოსხა ბავშვები ირმამ. სასწრაფოდ გაუმზადა ყავა ყველას, თან ათასი შეკითხვა მოაყარა თავის შვილს სკოლასთან დაკავშირებით.
- აქიშბაიამ იჩხუბა. - მოახსენა დაგვიანების მიზეზი დედას ანომ. ჩანთები გამოართვა გოგოებს და დივანზე მიაწყო. დასხედითო, ანიშნა თვალებით.
- ოხ, რა მოხდა ამჯერად?! - გაეღიმა ქალს. ისე ლაღად შეხვდა ამ ამბავს, სერიოზულად აშკარად არ უყურებდა ბავშვების კინკლაობებს, ან მიჩვეული იყო უბრალოდ ლუკასგან.
- ცუცას აწყენინა ვიღაცამ.
- უმიზეზოდ არ იჩხუბებდა. ვერ ამოიყვანე ისინიც? რატიც იყო? - ინტერესით გამოხდა შვილს ირმამ.
მიხვდა მაშინვე ტუსა, რაც ხდებოდა. ეგ კი არა, სოფო შონიაც მიხვდა ანოს ფერგადარეცხილ სახეზე, ნორმალური რომ არ იყო მეგობრის სახელის ხსენებისას ასეთი რეაქცია.
ანო რამიშვილი რატი ქორიძის სიყვარულის საიდუმლოდ შენახვის მეათე წელს ითვლიდა უკვე. დედამისის გარდა არც არავინ იცოდა ამ დამალული გრძნობის შესახებ.
- კი, მაგრამ ფეხბურთის სათამაშოდ მიდიოდნენ...
- თქვენ არ მიდიხართ საგულშემატკივროდ?! - ყავის ჭიქები დაულაგა ყველას ირმამ.
გააწყო სუფრა ათასნაირი ტკბილეულითა და ხილით. თვითონაც ჩამოუჯდა გოგონებს. საერთოდ არ იგრძნობოდა, მთელი თაობა რომ აშორებდა ამ ქალს ამ ბავშვებისაგან. საოცრად ლაღი და მეგობრული იყო. ბედნიერი დედა...
იხსენებდა ასეთს თავისას ტუსა და ვერ მიაგნო ვერსად. ბავშვობის ვერცერთ მოგონებაში ვერ იპოვა დედამისი ასეთი ნათელი და მხრებდაუმძიმებელი.
- ტუსა თუ წამოვა, წავალთ... - თვალებით ანიშნა ანოს სოფომ, ამყევიო საუბარში. - ბოლოს და ბოლოს, ორჯერ დაგპატიჟეს უკვე.
- არავინ დამპატიჟა.. - სწრაფად მოსვა სითხე ბარნოვმა.
გაეღიმა ირმას მათ ბავშვურობაზე...

ცუცა და ცოტნე უკვე სტადიონზე იყვნენ. განზრახ შემოენახათ თითქოს სამი ადგილი გოგონებისთვის. ახლაც ისე ოფიციალურად გამოწყობილიყო ცოტნე აქიშბაია, როგორც ყოველთვის. ცალი ყურით უსმენდა ცუცას დაუსრულებელ ტლიკინს და სტადიონს გაჰყურებდა დინჯი მზერით.
შენიშნა აქიშბაიამ მისი მოსვლა. გამოაყოლა ღიმილით თვალი და არ მოეშვა მანამ, სანამ ტუსამაც არ გახედა ერთი წამით.
აღელდა მაშინვე, მისკენ წამოსული რომ დაინახა. მხარზე გადაეფინა მაისური და მშვიდად მოაბიჯებდა თავისი გულშემატკივრებისაკენ.
სხარტად გადაევლო მოაჯირს და გადაიცვა გზად ფორმა. ოდნავი შვება მიეცათ ტუსას ფილტვებს - შიშველი რომ არ დაუდგებოდა წინ, ესეც დიდი შეღავათი იყო მისთვის.
- გივიკო კარგად თამაშობს, ლუკა? - დაწვრილებული თვალებით, ეშმაკურად ჰკითხა სოფომ. ყველა კარგად ხვდებოდა უკვე, სულ სხვა სარჩულით რომ გაჟღერდა ეს შეკითხვა.
ცოტნემაც კი გადმოხედა თავის ძმას ინტერესით.
- ჩემს ლიგაში ვერ თამაშობს. - თვალი არ მოუშორებია ტუსასთვის, ისე გასცა პასუხი.
- შენ რომელ ლიგაში ხარ? - ირონიული ღიმილი ვერ შეიკავა ბარნოვმა, მოხდენილად გადაიყარა მხრებზე ჩამოყრილი თმა უკან.
მოკლე ჯინსის კაბა და ცისფერი მაისური ეცვა. ფეხი ფეხზე გადაედო და ნაზად არხევდა. უკვე გრილდებოდა საგრძნობლად, თავადაც იცოდა, გაიყინებოდა, სანამ ბიჭები თამაშს მორჩებოდნენ, მაგრამ ისეთი მშვენიერი იყო და ისეთი საყვარელი... გულის კედელი გაებზარა ლუკა აქიშბაიას შეკავებული მღელვარებისგან.
- პროფესიონალურ... იმისი ლიგაც გითხრა? - გადმოიხარა ოდნავ მისკენ.
აგიჟებდა ასეთი სიახლოვე ტუსას. ისე უფრიალებდა გული, ეგონა ყველა გრძნობდა ამას, ეგონა ლუკასთვისაც მეტისმეტად შესამჩნევი იყო ეს... ამიტომაც ვერ იტანდა, ასე მოურიდებლად რომ მოაჭრიდა ხოლმე მასთან სახალხოდ და დამპლური ღიმილით ეუბნებოდა მრავალმნიშვნელოვან სიტყვებს.
- ვნახავ და მივხვდები მე თვითონ, ვინ რომელ ლიგაში თამაშობს... - გულზე გადაიჯვარედინა ხელები.
ღიმილით უსმენდა მის სიტყვებს აქიშბაია. ცუცას თავისი ჩანთა გამოართვა და ამოაძვრინა იქედან სპორტული მოსაცმელი. გულშემატკივრების მომცრო ტრიბუნას სასიარულო ბილიკისაგან რკინის დაბალი მოაჯირი ყოფდა, დაეყრდნო ზედ ლუკა, გადაიხარა მისკენ და მოაცვა თვითონ თავისი მოსაცმელი მხრებზე.
მოწყვეტით მოასწრო კოცნა ლოყაზე, შეუმჩნევლად ყველას თვალებისგან, სანამ გასწორდებოდა.
ათასი ემოციით ერთ წამში გაევსო და დაეცალა სხეული ტუსას. ვერც კი გაიაზრა, რა მომენტში მოხდა მათი შეხება. მხოლოდ ის ახსოვს, როგორ შემოიჭრა მის ქარისგან აფრიალებულ თმებში ლუკას სითბო და როგორ უცებ აუალდა სახე. სუნთქვაშეკრულმა გააყოლა თვალი სტადიონისკენ მიმავალს.
გულმა თითქოს საგულიდან იმ ადგილას გადაინაცვლა, სადაც პირველად შეეხო ლუკას ტუჩები.
როგორ დაიწყო თამაში არც კი გაუგია...
რა თქმა უნდა, ერთ გუნდში იყვნენ თაზო და გივიკო. აქიშბაია და რატი ისე თამაშობდნენ, თითქოს ერთმანეთთან ძაფებით იყვნენ დაკავშირებულნი. მეკარედ ზბაკო დაეყენებინათ, მოწყენილი რომ ეკონწიალებოდა თავის კარს მისი გუნდის ბრწყინვალე დაცვის წყალობით.
სხარტად მოძრაობდა მოედანზე. გულაჩქარებული ადევნებდა თვალს, როგორ დაძვრებოდა თავდამსხმელებს შორის, როგორ ცდილობდა მეტოექ გუნდის ყველა მოთამაშე მხოლოდ მის წინააღმდეგ თამაშს.
მისი სურნელით თავბრუდახვეულს სხვების შემჩნევა უჭირდა კიდეც. იმ შემოდგომის სუსხნარევ საღამოს ზაფხულიანი თბილი ზღვის სურნელი შემოეხურა თითქოს მხრებზე.
ისეთი სასიამოვნო იყო... თითქოს იმ მანათობელი თვალების პატრონს არც შეიძლებოდა ჰქონოდა სხვაგვარი არომატი.
რომ ვერაფერი გაუხერხეს სხვა, აშკარად შეცვალა თაზოს გუნდმა თამაშის ტაქტიკა. უხეშად მოჩეხეს რამდენჯერმე. მიიღეს კიდეც პასუხად გულშემატკივრისგან მაშინვე საკადრისი რეაქცია.
- ეს რა წესია ახლა? - ფეხზე წამოიჭრა ცუცა, - სტადიონზე ხართ თუ ტატამზე, ველურებო?!
აღელდა ტუსაც. ვერ ირყეოდა ადგილიდან დაძაბულობისგან. დაეფანტა მზერა აქიშბაიას, გივიკოსა და თაზოს შორის.
გივიკოს ჩაუწოდა თაზომ და ბუზების თვლით დაკავებულ ზბაკოსაც გაუტანეს მარტივად პირველი გოლი.
იმედგაცრუებული მიეწება სკამს ტუსა.
- ზბაკო, გამოდი, დამაყენეთ მე კარში! - აღელდა უმცროსი აქიშბაია.
- ცუცა, დაჯექი. - დინჯად ახედა ცოტნემ დას, თვალებით ანიშნა სკამისკენ, - თორემ მიგაბრძანებენ აქედან.
- ოხ, ოხ! თავმოყვარე ფეხბურთელმა არც უნდა აღნიშნოს ასეთი გოლი!
- გოგო, დაჯექი ახლა. - ხელში დაქაჩა ცოტნემ და გვერდით მოისვა მოუსვენარი და.
ტუსას არ აშორებდა გივიკო თვალს. გრძნობდა მის მზერას და სპეციალურად მისშტერებოდა მოედნის თავზე გალურჯებულ ცას ბარნოვების ქალბატონი.
- წინ იყურე, - ირონიული ღიმილით მიუახლოვდა ლუკა გოლის ავტორს, რომელმაც ვერაფრით დაიმსახურა ტუსას თვალები.
მანამ არ მოაშორა მზერა, სანამ თავისკენ არ გამოახედა კარგად და გვერდის ავლისას ოდნავ გაჰკრა მხარი, დაეჭიმა მთელი სხეული დაძაბულობისგან გოგონას.
დანარჩენებმაც დაქაჩეს თვალები მაშინვე, თუმცა არ გაუცია გივიკოს პასუხი მისთვის. შეძლებისდაგვარად მშვიდად გაგრძელდა თამაში.
ორი გოლი გაიტანეს საპასუხოდ რატიმ და ლუკამ. მალევე დასრულდა პირველი ტაიმიც და მაშინვე თავისი ბიძაშვილისკენ წამოვიდა თაზო.
- რა გაცვია? - ჰკითხა წარბებშეყრილმა.
- მოსაცმელი. - მშვიდად უპასუხა ტუსამ, აუელვარდა ბრაზით თვალები. არავის ჰქონდა უფლება მეგობრების თანდასწრებით ასე დალაპარაკებოდა. - რა იყო?
- შენია?!
- არა, არ არის ჩემი.
- ჩემი ჩაიცვი მაშინ. - თავისი ჩანთისკენ ანიშნა რიგის ბოლოში თაზომ.
- თაზო, ნუ სულელობ. - ღიმილით მიმართა, თუმცა ანიშნა მაინც თვალებით, როგორ არ სიამოვნებდა ეს საუბარი. - გეძახიან მეგობრები.
მოშორდა გაბრაზებული თავის ბიძაშვილს. დაინახა ძალიან კარგად, როგორ არაფრად ჩააგდო აბაშიძის გამოხედვა, სამაგიეროდ როგორ ააღელვა სიუხეშემ აქიშბაიას მიმართ, როგორ შეუხტა სხეული, როცა მისი ფეხით გასროლილმა ბურთმა მეტოქის კარში დაასრულა გზა, როგორ გაუნათდა ჩუმად სახე და თვალები...
ტუსას დაუმსახურებელი მზერის ჯავრი აქიშბაიაზე იყარა გივიკო აბაშიძემ.
განზრახული არ ჰქონდა და სახეზეც დაეტყო აღელვება, მისი მიზეზით მინდორზე გაგორებული რომ დაინახა ფეხბურთელი.
ცივმა ტალღამ ჩამოურეცხა მთელი სხეულიდან წეღანდელი მღელვარება და სიხარული ტუსას. გაუაზრებლად წამოხტა ფეხზე.
- დავაკლავ იმას! - ორივე ხელით იჭერდა ცოტნე ცუცას. აღარ ჰქონდა უკვე ამ აყალმაყალის თავი, თუმცა მასაც დაეტყო სახეზე ძმის მდგომარეობით გამოწვეული შიში და წუხილი.
- დგება, არაფერია... - გული დაიმშვიდა ანომ.
არ ჩამოართვა გივიკოს წამოსაყენებლად გამოწვდილ ხელს აქიშბაიამ თავისი. დამოუკიდებლად დადგა ფეხზე და ხელით ანიშნა რატისაც, რომ არ უჭირდა სიარული.
- აბაშიძე, ხომ ხარ ღირსი წნორის „მილანის“ სათადარიგოს სკამზე ჯდომით გაგიმრუდდეს ხერხემალი? ხო ხარ ღირსი, გეკითხები! - იჭიმებოდა კარიდან ტატიშვილი.
- სტადიონზე ვერ მიმტკიცებ რაღაცას და გავიდეთ აქედან, - ღიმილით გაუსწორა თვალი ლუკამ, ძალიან მშვიდად. - მითხარი კარგად, რა არ გასვენებს..
- აქიშბ, არ გინდა ახლა, - გულზე მიადო ხელი რატიმ, დაახევინა უკან.
- მე არაფერს ვაპირებ აქ, ახლა, ვინმეს თანდასწრებით რამის დასამტკიცებლად. - თვალს არ აშორებდა გივიკოს. - და ყურადღების მისაქცევად მითუმეტეს...
- უბრალოდ ფეხი წამოგკარი, - წაიგრძელა კისერი აბაშიძემ. გამომწვევი ღიმილი მოეფინა მასაც სახეზე, - ნაკრებისთვის ზედმეტად დიდი ამბიციები ხომ არ გაქვს ასეთი ცოტა ამტანობით?
- დაგელოდები გარეთ და განვიხილოთ ჩემი ამბიციები დაწვრილებით ნაკრებშიც და არამარტო, ვიცი გაინტერესებს ძალიან... - ღიმილით გამობრუნდა უკან აქიშბაია.
ისეთი მშვიდი იყო, უარესად დაძაბა გარშემო ყველა.
უფრო აღელდა ტუსა, გადიოდნენ უკვე მეგობრები გულშემატკივართა ადგილებიდან. აშკარად აღარ ეწერა ამ ამბავს მშვიდობიანი ბოლო.
დაძაბულმა გაუყარა ხელები აქიშბაიას მოსაცმელის მკლავებში, შემოიჭირა მაგრად, თითქოს ეს მოუტანდა შვებას.
- ვაიმე, ცოტნე, კიდე იჩხუბებს! - უჯიკა ძმას ცუცამ, - ან გაიარე, ან გამიშვი, ბიჭო.
- სად მიგეჩქარება შენ, დაეტიე გოგოებთან.
- არ დაგინახო აქეთ წამოსული, - სტადიონიდან თაზო იმუქრებოდა ტუსას მისამართით.
ვერ გაეგო, რა უნდა ექნა. არ უნდოდა ჩხუბში ჩარევა და ვინმეს წივილ-კივილით გაშველება. არადა ღელავდა ძალიან. არც ის სურდა მის გამო მომხდარიყო ამჯერად დაპირისპირება ამ ორს შორის.
ხმამაღლა არ თქმულა მისი სახელი, მაგრამ იგრძნობოდა ძალიან კარგად, რაც გამოიწვია აქიშბაიას მოსაცმელმა მის მხრებზე.
გოგოებთან დარჩა ცოტნე. არც ისინი წასულან შორს.
- შენთვის უნდა მომერტყა დღეს შენი ძმის მაგივრად, - გაეცინა აქიშბაიას. ხმას არ იღებდა არავინ. ახლობლები დარჩნენ მხოლოდ. - არ იქნებოდი ახლა ასეთ დიდ გულზე.
- არაფერი მომხდარა ისეთი. - ჩაერია თაზოც.
- თვითონ არ შეუძლია თავის დაცვა?
- რა გინდა, ხო გავიარეთ კოტეს ამბავი? თავიდან გინდა ჩხუბი, ვერ დაკმაყოფილდი ორი ნაკერით ჩემი ძმის ცხვირზე?
- რა გავიარეთ და რა არა მე გადავწყვეტ, დაზარალებული მხარე შენ არ ხარ. - ძალიან ახლოს დაუდგა ლუკა, გაუსწორა თვალები ცივი ღიმილით. - შენი ბოდიში მე არ მჭირდება, მაგრამ ნურც ისე მოიქცევი, თითქოს საბოდიშოდ არ გაქვს საქმე, არ ვიქნები მერე ასეთი მშვიდი. ჩემს ამბიციებს რაც შეეხება... შენი გონება ვერ გასწვდება მაგდენს ვერც მოედანზე და ვერც მოედნის გარეთ.
- მოედნის გარეთ არ მაინტერესებს შენი ამბიციები, აქიშბაია.
- მართლა? აი მე მგონია, რომ ეგ გაინტერესებს ყველაზე მეტად. - გულზე მიადო საჩვენებელი თითი. ბევრმა გააყოლა ამ ქმედებას თვალი, - ეგ არ გაწუხებს? ვინ დაგინახავს შენ, როცა მეც იქ ვარ?
- შენ ისე არ გაიხადო საქმე, ჩემგან გქონდეს ხელი მოსათმენი. - გვერდით ამოუდგა აბაშიძეს თაზო. მწარედ მოხვდა მინიშნება გულზე.
ამჯერად მას გახედა ლუკამ.
- შენ ვისზეც შეგტკივა გული, იმის გამო ავიტან შენგან დაუმსახურებლადაც. - გულწრფელი იყო ყოველ სიტყვაში, - მაგრამ დაფიქრდი კარგად, ვის უდგები გვერდით. შენს ზღვარს თუ ტუსა ჰქვია, მეც მყავს ეგ ზღვარი. ამის ძმას დამსახურებულად მოხვდა მაგ ზღვრის დავიწყებისთვის და შენს ძმაკაცს ბოდიშის მოხდაც არ უნდა. დაფიქრდი კარგად, ნაღდად ჩემგან გყავს ვინმე დასაცავი?
- ტუსა რა შუაშია საერთოდ? - სისხლი მოაწვა სახეში აბაშიძეს. თავში იყო და იცოდა ყველამ კარგად. - არ იყო ცუცასთან კოტიკო სწორი, მიიღო საკადრისი ჩემგანაც. თუ რამე დარჩა ჩვენს შორის გასასწორებელი, გავასწოროთ ერთი- ერთზე. მარა იმის გამო რომ შენსას შეეხნენ, სხვისას ნუ ეხები.
თავი უკან გადახარა და გადაიხარხარა ლუკამ. დაიძაბა ზბაკო, არ უნდოდა ჩხუბი ამაღამ და მოუწევდა მაინც.
- შენი დასაცავი არაა ნატალი. მისი ბიძაშვილის თანდასწრებით მითუმეტეს. ჩემგან მითუმეტეს. ძალიან კი გინდა ეგრე რომ იყოს, მაგრამ იცოდე აქედანვე. შენც, - თაზოს გაუსწორა თვალები კარგად, ადუღებოდა უკვე სხეული ბარნოვს „ნატალიდ“ რომ მოიხსენია ტუსა. ვერ მოუხერხა ვერაფერი ამ უბრალო ქმედების გამო პატივისცმას აქიშბაიას მიმართ, - ტუსა ჩემგან დასაცავი არ გახდება არასდროს. მეორედ გავიგებ კიდე საბოტაჟს უწყობ ამ პატივისცემას და მოედანზე კი არა, სადაც არ უნდა იყო, განანებ ლაპარაკი რომ ისწავლე საერთოდ.
- კაი, არაა საჭირო ასე ლაპარაკი, რა... - შეწუხდა ქორიძე. ორი სიტყვით განმუხტა იქაური დაძაბულობა და მანამ არ გაშორებია სივრცეს, სანამ აქიშბაიამ არ მოინდომა წასვლა.

მშვიდად რომ გამოიკრიფნენ ნელ-ნელა იქეთკენ, სადაც გულშემატკივრები ელოდნენ, შვებით ამოისუნთქა ტუსამ. მოისვა სახეზე ხელები, დაძაბულობის კვალი რომ მოეშორებინა როგორმე.
- წავიდეთ უკვე, გვიანია. - თავზე წამოადგა თაზო. თავის დაკვრით მიესალმა დანარჩენებს.
- ბავშვებთან ერთად მოვედი და მათთან ერთად წავალ. - უთხრა გაბრაზებულმა, - თუ გინდა შენც დარჩი ჩვენთან.
- ტუსა... - დაღლილმა გადახარა თავი.
- მოვაცილებთ. - მშვიდად მიანიშნა ცოტნემ, რომ არ აიძულებდა არავინ მათთან ყოფნას.
იცნობდა კარგად ამ ბიჭს თაზო. გიჟდებოდა მასზე მამამისიც. ცოტნე აქიშბაიაზე უკეთესი მოსწავლე და მასზე უფრო ჭკვიანი ადამიანი არ შემხვედრიაო არასდროს ამ სკოლაში, ხშირად ამბობდა ზაალი.
მამის სიტყვას ოქროს ფასი ჰქონდა თაზოსთვისაც. აღარც განერვიულებულ ტუსას დააძალა დამორჩილება. იცოდა, ისედაც ნაწყენი იყო მასზე იმ სცენის გამო და მოუწევდა ბოდიშებად დაღვრა, როცა სახლში მოვიდოდა, ამიტომ აღარ გააწვალა არავინ.
- შენ არ გინდა მიცილება? - გაეცინა სოფოს დაბღვერილ მზერაზე თაზოს, შეჩერდა მასთან, ვერ აუარა გვერდი ისე.
- მყავს მიმცილებელი, შენ ნუ იდარდებ სხვების პრობლემებზე.
- სხვა არ ვიცი და შენზე ვდარდობ ძალიან. - გაეღიმა და აუარა გვერდი გაწიწმატებულს.
- მარტო შენი პატივისცემით აქვს სახე თავის ადგილზე. - ტუსას მიმართა სულ სხვის გასაგონად სოფომ. მიიღო კიდეც პასუხად ძალიან გულღია გადახარხარება იმ „სხვისგან.“
გადაყვლეფილი მუხლი მოუჩანდა აქიშბაიას შორტიდან.
ნელა მოდიოდა, აუჩქარებლად. დანარჩენებმა გაუსწრეს ორივეს. დაცარიელდა სტადიონიც და მისი შემოგარენიც ახალგაზრდებისგან.
ორ ჭადრის ხეს შორის ერთი ლამპიონი და ხის სკამი იდგა რკინის საზურგეზე გაკეთებული წარწერით „თბილისი“.
ვერ გაეგო ტუსას რა რეაქცია უნდა ჰქონოდა ახლა. საერთოდ როგორ ხდებოდა ასეთი რაღაცები. ან ის კოცნა რას ნიშნავდა... და თუ აძლევდა გაბრაზებისა და ზედმეტი შეკითხვების დასმის უფლებას.
ღმერთო, ამდენი მიზეზი გაუგებრობისთვის აქამდე არასდროს ჰქონია.
ერთი ადამიანის სახელი რომ ერქვა ყველა მიზეზს, ეს უარესად აშინებდა. საერთოდ არ ჰქონდა არაფრის გამოცდილება და ახლა მარტო იდგა იმ ბიჭის წინაშე, ვის ღიმილსაც წარამარა უცვლიდნენ მნიშვნელობას ის საძაგელი თვალები.
სკამის ერთ ბოლოში ტუსა ჩამოჯდა, მეორეში - ლუკა. მათ შორის მთელი თბილისი თან ეტეოდა, თან ვერ...
- რას ფიქრობ, აბა... რომელ ლიგაში მიშვებ... - ტუსასკენ მთელს სიგრძეზე გადაშალა ხელი და თითებზე დაიხვია მისი თმის ბოლოები.
ესიამოვნა. ისეთი ნაზი და რბილი იყო, როგორიც თვითონ.
- რატომ მაკოცე? - გამოხედა ნაწყენი მზერით. დაბნეულობისგან გაეღიმა ლუკას. - მეორედ ეს აღარ გააკეთო. ხალხის თანდასწრებით მითუმეტეს.
- კარგი, ხალხის თანდასწრებით აღარ გავაკეთებ. - თქვა და ეშმაკურად მოათვალიერა უცნაურად დაცარიელებული გარემო.
შიშით დაუმრგვალდა ტუსას თვალები. თავი გადასწია უკან და აღარ მისცა თმაზე შეხების უფლება, თითქოს ამით აგრძნობინა, რომ არც მის ფიქრებს ექნებოდათ განხორციელების შანსი.
უფრო ფართოდ გაეღიმა აქიშბაიას.
- არ გაკოცებ ახლა, ნუ გეშინია.
- არ მეშინია. - მშვიდად გაუსწორა მზერა აღელვებულმა. - გტკივა?
- არა.
- აბა რა საჭირო იყო ეს ყველაფერი? - ძალიან ცდილობდა აუღელვებელი ჰქონოდა ხმა, ძალიან ცდილობდა არ მოექცეულიყო მისი თვალების ზეგავლენის ქვეშ. –„გარკვევა“, თუ როგორც ეძახით...
- მეტკინა თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რატომ გააკეთა ეგ.
- და შენი აზრით, რატომ გააკეთა?
- შენ როგორ ფიქრობ? - თვალი გაუსწორა, მიიწია ისევ მისკენ და ახლართა თითები მისი თმის ბოლოებში.
- არ ვიცი, მე არ „გამირკვევია“ არაფერი მასთან. - ძალიან მკაცრად გამოთქვამდა იმ შეკითხვას. უთრთოდა ის ტუჩები, ქარი რომ ელამუნებოდა და უფენდა ზედ თაფლისფერ ხვეულებს.
არ უნდა შეპირებოდა არ გაკოცებო ახლა. ინანა და ვერც გაიმეტა დასარღვევად პირველივე დაპირება.
- შენ არაფერი გაქვს მასთან გასარკვევი. ამიტომაც ღელავდა ასე ძალიან. იცოდა, შენ რომ მე მგულშემატკივრობდი ჩუმად.
- შენ რა იცი მე ვის ვგულშემატკივრობდი... - დაიგრძელა ამაყად კისერი. - და შენ რა იცი, მე რა მაქვს მასთან გასარკვევი?
- ოხ, არ გინდა ახლა ეს... ერთი სული ჰქონდა, როდის დაუკრავდი ტაშს იმის საცოდაობას.
- არ იყო საცოდაობა. რატომ ლაპარაკობ ასე ადამიანებზე?
- როგორ?
- ქედმაღლურად. - სრული სერიოზულობით განუცხადა ტუსამ, უელავდა თაფლისფერი თვალები ერთადერთი ლამპიონის განათებაზე. - თითქოს მასზე უკეთესი ხარ.
- მაპატიე, - ტუჩებზე თითები მოისვა, უფრო ფართოდ რომ არ გასცინებოდა და არ გაებრაზებინა უარესად, - მაგრამ მართლა ასე ვფიქრობ.
- ოხ... - თვალები აატრიალა გოგონამ და გაიხედა საერთოდ სხვა მხარეს.
- არ არის საჭირო შენ ხმამაღლა დამეთანხმო.
- არც ჩუმად გეთანხმები.
- გიხდება ეგ, - წაეთამაშა თავისი მოსაცმელის საყელოს. - ჩაიცვი ხოლმე.
- დაგიბრუნებ ხვალ. აკადემიისაა? ლამაზია.
ერთდროულად წამოდგნენ ფეხზე და დაუყვნენ ქუჩას.
მშვიდი შეუთანხმებლობა ტრიალებდა მათ შორის. ეს მღელვარება გახდებოდა მათი უძილო ღამეებისა და მოუსვენრობის მთავარი მიზეზი ახლაც და ბევრი წლის შემდეგ...
ნელ- ნელა და ტექნიკურად ამცირებდა მანძილს მის სხეულამდე აქიშბაია. მალე მხრებით ეხებოდნენ ერთმანეთს. ორივე ისე აჩვენებდა თავს, თითქოს არაფერი იყო ამაში ამაღელვებელი.
თითქოს არ ყოფილიყოს უცხო მათი გამოუცდელი გულებისთვის ეს შეგრძნება.

თავისი ერთადერთი დისშვილი განსაკუთრებულად უყვარდა ზალიკოს - ბატონ ზაალ ბანროვს. ტუსას დედამ ამერიკაში წასვლის გადაწყვეტილება რომ მიიღო, დის პირველი მხარდამჭერი ის იყო სწორედ. მან მოუგვარა ნანას საბუთებისა და სამსახურის საქმე, დაახვედრა შორეულ კონტინენტზე ნაცნობები და სახლის კარი გაუღო ნატალიას, რომელსაც ისედაც ყოველთვის ჰქონდა საყვარელი ბიძისა და ბიცოლას ბინაში თავისი ოთახი.
რთულად გადაიტანა ჯერ თავისი დის სხვა ქალაქში გათხოვების, შემდეგ კი მისი დამარტოხელების ამბავი ზალიკომ. ჭკვიანი კაცი იყო და შესაბამისი სიამაყეც გადაჰფენოდა მის სახეს. ვერ აიტანა ამისთანა უპატივცემულობა თავისი დის მიმართ. ყველაზე მეტად მაინც პატარა ტუსას ბედი აღელვებდა მაინც.
ხმამაღლა ამას თავის ცოლთანაც არ იტყოდა, თუმცა იცოდა ძალიან კარგად, ბევრ რამეში რომ იყო დამნაშავე ნანა. როგორ არ ეხვეწა თავის დას, აღარაფერი დაგრჩენიაო მაგ ქალაქში, დაბრუნდი და ჩემთან იცხოვრე, მე მოგეხმარებიო ბავშვის აღზრდაში.
ქვა ააგდო და თავი შეუშვირა ნანამ. ბარნოვებისთვის სახასიათო სიამაყემ არ მისცა იმ ქალაქში დამცირებულად დაბრუნების უფლება, რომელიც თავაწეულმა დატოვა საყვარელ კაცთან ერთად.
თითქოს თბილისისგან შორს მყოფს არ ჩაესმოდა ხმები, როგორ მიატოვეს, როგორ დაამცირეს, როგორ უღალატეს.
მთელს ზაფხულს ბიძასთან ატარებდა ტუსა. თუ რამე იცოდა ნორმალურ ოჯახურ ცხოვრებასა და სიმშვიდეზე, ყველაფერს არდადეგებზე სწავლობდა.
რომ გაიზარდა და ყველაფერს მიხვდა, მერე უფრო მაგრად ჩაიკეტა მისი გულის და ბედნიერი თვალების კარი.
ამ ქალაქმა კი ისე უცებ შეუცვალა ცხოვრების ტემპი, რომ ეშინია ნაბიჯები არ აერიოს და წაიქცეს. ხმაურიანია თბილისი, არა აქვს მნიშვნელობა დღის რომელი მონაკვეთია ან წელიწადის რომელი დრო ბინადრობს მის ძველებურ ქუჩებში, აქ თითქოს მარტო ვერასდროს დარჩები და ქვას რომ ფეხი წამოკრა, ხელის შემშველებელი სულ იქნება სადმე ახლომახლო.
მოისვა გვერდით ზალიკომ დისშვილი. იცოდა, ჩხუბი მოუვიდათ მას და თაზოს, თუმცა არ უკითხავს მიზეზი. კარგად ამჩნევდა ისედაც ყველაფერს.
- რატომ მიყურებ ასე შეშინებული, ტუსი? - გაეღიმა კაცს.
- გამიკვირდა, რომ არ გძინავს.
- შენ არ იყავი სახლში და რა დამაძინებდა?
- ოხ, მოვიდა... - ნაცნობ ხმაზე სამზარეულოდ გამოვიდა თაზოც. ჭიქით ხელში მიეყრდნო კარის ჩარჩოს. დამნაშავედ კი გრძნობდა თავს, მაგრამ უჭირდა ამის აღიარება.
არ მიაქცია მას ყურადღება არავინ.
- გაერთე? მოგწონს აქ? - თმაზე დაუსვა ხელი ზალიკომ. ეს იყო ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და კიდევ ის, ვისი მოსაცმელი ეცვა, თუმცა აშკარა იყო ისედაც პასუხი. - შეგცივდა?
- ხო... - ახლაღა გაიაზრა, რომ შეამჩნევდა ბიძამისი. ისე შერცხვა, მოეწურა აფრთხიალებული პატარა გული. - აქიშბაიამ მათხოვა თავისი მოსაცმელი.
არ ელოდა აღიარებას მისგან თაზო. რატომღაც ჩათვალა, რომ არასდროს გაამხელა მამამისთან, რაიმე რომ აკავშირებდა იმ ბიჭთან. ცოტა გააოცა კიდეც მისმა გამბედაობამ.
- ხო, მოაღწია ჩემს ყურამდეც რაღაც ამბებმა.
- და არ უშლი? - ჩაერია ნერვებმოშლილი. ხომ იცოდა ზალიკომ კარგად, როგორი საშინელი ურთიერთობაც ჰქონდა იმ ქედმაღალ ბიჭთან, როგორი მოუსვენარიც იყო, როგორ აფუჭებდა ყველაფერს, - ბოლოს და ბოლოს, ცხვირი გაუტეხა დღეს მოსწავლეს...
- ანუ ის იყო. - მკაცრად გახედა შვილს კაცმა.
- რა თქმა უნდა, ის იყო! რომელია აბა მაგისნაირი შარიანი სხვა, ქორიძე თუ ტატიშვილი, ორ ქათამს რომ ვერ ანდობ!
- მაშინ ამოგეღო ხმა, ახლა რომ მეუბნები. - ტუსაც დაიძაბა, ისე გაეყინა კაცს მზერაცა და ბგერებიც. - იმაზე მკაცრად დასასჯელი შენ ხარ ასეთი საქციელის გამო.
- თავის დას იცავდა. - ხმა ამოიღო გოგონამ, არ იცოდა, სწორად იქცეოდა თუ არა, მაგრამ თაზოზე ისე გაბრაზდა, აქიშბაიას კბილებით დაცვა რომ დასჭირვებოდა, ამასაც გაკაეთებდა. - მე რომ დამაბრალონ ასეთი რაღაც, შენ რას იზამდი?
- ოხ, გადაგიყვანა ხომ თავის ჭკუაზე. ხელების ქნევასაც ამართლებ უკვე.
- საშინლად მოიქეცით დღეს შენც და ის გივიკოც. ლამის ფეხები მოამტვრიეთ ადამიანს, როცა აქეთ გქონდათ საბოდიშოდ საქმე ორივეს. რატომ? თქვენზე უკეთ რომ თამაშობდა, თუ მართალი რომ იყო. რისთვის იმეტებდი ასე, შენც ფეხბურთელი არ ხარ? რამ შეგაშინა ასე, თაზო?
- რას ამბობ, შვილო? - გაოცდა ზაალი. ვერ უჯერებდა ყურებს. გაოგნებულმა გახედა თავის შვილს. - უკეთესად მოქცევის მაგალითი არ მომიცია მე შენთვის?
- აუ, გოგო, რატომ ტლიკინებ ყველაფერს..
- წესიერად! თავსაც არ თვლი ხომ შენ დამნაშავედ!
- არ მინდოდა, შენ თვითონ დაიწყე. - გული მოეწურა მაშინვე ტუსას. დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, მაინც არ უნდოდა მისი სიტყვები გამხდარიყო თაზოს დასჯის მიზეზი.
- რატომ გვქონდა საქმე საბოდიშოდ? ხომ მოხვდა კოტიკოს, მეტი რა უნდოდა. არ ჩავუშვით.
- არც მას უთქვამს, რატომ დაარტყა.
- იმიტომ, რომ მის დას ეხებოდა. შენ გგონია კოტიკო შეეცოდა?! და საერთოდ, არსაიდან ვერავინ ვერაფერს დაგაბრალებს. ხო გაგიგია, ნაპერწკლის გარეშე..
- თუ ეგრეა, შენზეც მართალი ყოფილა, რასაც ამბობენ. პირში რომ ყველა გელაქუცება, ხომ არ გგონია ზურგსუკანაც ეგრე აგრძელებენ საუბარს? - წამოწითლდა სახეზე ტუსა. იხრჩობოდა უკვე ბრაზისგან, - ტყუილად მგონიხარ თურმე სამართლიანი.
- რას ამბობენ ერთი?
- რომ ცუდად იყენებ იმის სახელს, ვისი შვილიც ხარ. მანიპულირებ, რომ მამაშენი სკოლის დირექტორია. ასე ამბობენ. არ გაინტერესებს სიმართლე რა არის, მთავარია შენ არ შეგეხოს ვინმე ცუდად. სკოლა რომ დამთავრდება და გასკდება ეგ შენი საპნის ბუშტი, მერე აღარავის მოერიდება თამამად ლაპარაკი ასეთი რაღაცების. ახლა ჯერ კიდევ სჭირდები ზოგიერთებს, რა ვიცი, შანსი რომ მოგეცეს და როგორმე აქიშბაიაზე უკეთესი ბიჭი გამოჩნდე.
- მაგარი ეგ შენი აქიშბაია, ანგელოზი რომ გგონია. ნახავ მალე, რა ჩიტიცაა და რომ მოხვალ აქ ატირებული, შეაწმინდე ცრემლები მის მოსაცმელს. არასდროს გამომიყენებია...
- გეყოფათ!- მობეზრდა კინკლაობის მოსმენა ზალიკოს, ხელის აწევით გააჩუმა ორივე.
- ამათ გამო ორი კლასი არ უნდა დაისაჯოს, ძია. არ ვამართლებ იმან რაც გააკეთა, მაგრამ ნურც ესენი იქცევიან უცოდველებივით. იცი, იმ გოგომ რამდენი იტირა? ეგეთი რომ დამინახო, ვნახავ ერთი თუ ექნება შენთვის მნიშვნელობა, მე მივეცი თუ არა ვინმე სულელ ბიჭს უაზრობების ლაპარაკის საბაბი.
- მაგრად , გყავს უკვე დამცველი შენ. განმიცხადა დღეს ყველას თანდასწრებით.
- ბიჭო! - ხმას აუწია კაცმა, დიანაც დაფეთებული გამოვარდა ოთახიდან. ვერ გაეგო, რა ხდებოდა საერთოდ. - არ დაგინახო მეორედ ასე ელაპარაკო ტუსას კი არა, არავის! მთელს სკოლაში მოგჭრი თავს იცოდე. ვერ გამიზრდიხარ თურმე! წადი ახლა, არ დამენახო საერთოდ!
- რა ხდება... - თავის ოთახში გრიგალივით შევარდნილ შვილს გააყოლა დიანამ თვალი. მერე ცრემლმორეულ ტუსას გადმოხედა გაოგნებულმა. - იჩხუბა კიდევ?
ხმა არ ამოუღია ქალს. ერთი ამოიხვნეშა და დაღლილი მიესვენა სავარძელს.
დიდხანს იწრიალა ტუსამ თავის ოთახში. ვერ მოისვენა მერე ვერაფრით და მიუკაკუნა კარზე ბიძაშვილს.
იმანაც იცოდა, ვინც მოადგა და განზრახ არ ამოუღია ხმა.
- შემოვდივარ, იცოდე. - ოდნავ ხმამაღლა უთხრა გოგონამ და გამოაღო კარი.
საწოლზე წამოწოლილიყო და ტელეფონს ჩასჩერებოდა თაზო. არ მიუქცევია მისთვის ყურადღება საერთოდ.
- გადი, არ მინდა შენთან ლაპარაკი. - ამოიბურტყუნა ბოლოს გულმოსულმა.
- რატომ არ აღიარებ, რომ შეგეშალა? ან დღეს როგორ დამელაპარაკე სტადიონზე, თითქოს რამეს ვაშავებდი. თუ არ გინდა ხოლმე ჩემი მოსვლა, უბრალოდ თქვი.
- და არ მოხვალ? - წარბები აზიდა თაზომ, გადმოხედა ცარიელი თვალებით.
- მოვალ, უბრალოდ მეცოდინება, რომ შენ არ გენდომება ჩემი იქ ყოფნა.
- ჩემს საგულშემატკივროდ მაინც არ მოდიხარ და რაც გინდა, ის ქენი.
- ორივეს გგულშემატკივრობდით დღეს.
ჩაიფრუტუნა ბიჭმა. მიაგდო ტელეფონი საწოლის ბოლოში და ღია ფანჯრიდან გახედა ჩაბნელებული თბილისის ფონზე ყვითლად აკაშკაშებულ სახლის ფანჯრებს.
- ორი კლუბის გულშემატკივარი არ არსებობს, იცოდე ეგ, თუ იმის შეყვარებულობას აპირებ. როგორც შენი ქვეყნის გარდა სხვა ნაკრებს ვერ დაუჭერ მხარს, ეგრეა სხვა შემთხვევებშიც.
- არავის შეყვარებულობას არ ვაპირებ.
- ხარ უკვე და ვერ ხვდები შენ მემგონი. არ გინდა ეს თავის მოსულელება. მთელი სკოლა მაგაზე ლაპარაკობს და ისიც არ გშორდება, ვერ ამჩნევ? შენ გამო წაეკიდა გივიკოსაც, შენ რომ გიყურებდა, ეგ ვერ აიტანა.
- ნუ გამრევ ამ ამბავში. ლამის დაამტვრია იმ გივიკომ. შენიანი რომ გაამტყუნო, როცა დამნაშავეა, არ მოკვდები.
- ვინ არის ერთი ეგეთი, - წაიდუდღუნა გაბრაზებულმა, მართლა აინტერესებდა ამ შეკითხვებზე პასუხი. - რაც არ უნდა დააშავოს, მაინც ყველას უყვარს და ყველას თვალში მართალია. ადამიანს ცხვირი გაუტეხა და შენ მაინც იმაზე გიჩუყდება გული, უცებ თავი რომ არ დაუხარა ყველამ. არც გადასარევად სწავლობს და მაინც ყველა მასწავლებელს უყვარს. ყველა ყველაფერს პატიობს, რას აკეთებს ეგეთს? შენც ორ კვირაში მოგაწონა თავი და უკვე მისი ტანსაცმელით ხარ წარმოდგენილი სახლში. რანაირად ახერხებს?
- რატომ არ მოგწონს, გულწრფელად მითხარი... ის თავისუფლება რომ არ გაქვს, რაც მას და დანარჩენებს? რას ვიზამთ, მაშინ სთხოვე ზალიკოს და გადაგიყვანს სხვა სკოლაში. იქ არ გერქმევა დირექტორის შვილი და იქნები ყველასთან თანაბარ პირობებში, არც ზედმეტი პასუხისმგებლობა შეგაწუხებს იყო იდეალური მოსწავლე.
- მე ყველა სკოლაში ასეთი ვიქნები.
- ვიცი. მაგრამ ყველა სკოლაში არ მოგექცევიან ისე, როგორც აქ. გინდა გითხრა მე რას ვფიქრობ?
- მიდი მითხრი, რამენაირად აქიშბაიასთან არ იყოს ეგეც კავშირში.
- მასზე და შენზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ასეა. მიიწიე. - უჯიკა და გადააგორა საწოლის მეორე ბოლოში. - ცოტა თავში აგივარდა, სიმართლე თუ გინდა. არც ისაა შენზე ნაკლებად ქედმაღალი, მაგრამ არ მოგწონს ფეხქვეშ რომ არ გეგება დანარჩენებივით.
- არავინ მეგება...
- ოხ, კარგი რა... პირველივე დღეს შევამჩნიე, როგორ გელაქუცება ყველა. გულწრფელად ერთი-ორი გემეგობრება, ის გივიკოც მათ შორის არის. მაგრამ ვინც ასე არ გექცევა, იმას არ ნიშნავს, რომ არ მოსწონხარ. აქიშბაიას და-ძმას შენზე ცუდად არაფერი უთქვამს, არც ანოს და არც რატის, არც ტატიშვილს. პირიქით...
- იმას? შონიას..
- ეგ სულ გლანძღავს. - გაეცინა ტუსას. - რა იყო, გეწყინა?
- არა. - უკმაყოფილოდ აატრიალა თვალები. - არ ვარ ქედმაღალი.
- ხარ. ამაყიც. ხოდა, რას ამბობდი შონიაზე?
- ზედმეტად ახლოს ნუ მოუშვებ შენ იმას, - აქიშბაიასთან დაფრინავდა ისევ თაზოს გონება, - ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი არ არის. ბევრ გოგოს ატკინა გული.
კიდევ უნდოდა ერთი- ორი სიტყვის თქმა, თუმცა შეიკავა თავი. აწყენიებდა უარესად და ამდენი ბოდიშის მოხდას ვერ გაუძლებდა მისი სიამაყე.
- არ უნდა დაგლაპარაკებოდი ისე, როგორც დაგელაპარაკე. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, ვის უყვარხარ და ვინ დამპირდება, რო გაგიფრთხილდება. შენს თავს მაინც ვერ ვანდობ ვერავის, მაინც სულ დაგაკვირდები.
- აზრი არა აქვს შენთან საუბარს...

სინათლეზე უფრო სწრაფად ვრცელდებოდა სკოლის დერეფნებში ახალ-ახალი ან ძველი და გასაიდუმლოებული ამბები.
ერთი მიზეზი რომ არ ჰყავდა აქიშბაიას და აბაშიძეების დაპირისპირებას, ესეც არ იყო რთულად მისახვედრი ამბავი. შეუმჩნეველი ვის დარჩებოდა გივიკოს ყურადღება ტუსასთან მიმართებით... როგორც არ უნდა აერიდებინა თავი გოგონას, მაინც არ გამოუვიდოდა მასზე დაკვირვებულ თვალთაგან მიმალვა.
ოხ, როგორ არ სიამოვნებდა... საერთოდ აღარ უნდოდა სკოლაში მისვლა და იმათი სახეების დანახვა. ვეღარც ანო შველიდა, ვერც ტატიშვილის ხუმრობები, ვერც სოფოს მრისხანების აბჯარი და აქიშბაიას ღიმილი ხომ საერთოდ აუარესებდა ყველაფერს.
ქართულის გაკვეთილამდე თავის მწარე ტკივილი მოიმიზეზა და საერთოდ გაითავისუფლა თავი.
სკოლის ეზოს რომ გასცდა, ამოისუნთქა. აღარავის ჩურჩული აღარ დაჰყვებოდა აჩრდილივით, არც მის ყოველ მოქმედებას აკვირდებოდა ვინმე კრიტიკულად.
ხუთი წუთიც არ უვლია მარტოს, გზის მეორე მხრიდან აქიშბაია რომ შემოხვდა მომღიმარი სახით. სახეზე ეტყობოდა, რაღაც დანაშაული რომ ჰქონდა ჩადენილი და სულაც არ ადარდებდა, სხვებმაც რომ იცოდნენ ამის შესახებ. ბრაზით მომუწა პირი ტუსამ.
უსიტყვოდ აუქცია გვერდი და მხარზე მოგდებული უზარმაზარი ჩანთა წარბშეუხრელად შეისწორა.
- რატომ გამირბიხარ ერთი? - გადმოხედა ზემოდან შეყრილი წარბებით.
- გამოიპარე?! - შეუბრუნა თვითონაც ისეთი კითხვა, რაზეც წესით თავი უნდა აერიდებინა ბიჭს.
- ხო.
- რატომ იქცევი ასე? ისედაც ლაპარაკობენ ჩვენზე, შენ კიდევ უმატებ და უმატებ ამბებს განსახილველად.
- რატომ გადარდებს? რაც უნდათ, ის თქვან.
- რა ვიცი, რაც უნდოდა იმის თქმისთვის აბაშიძეს ცხვირში მოხვდა და ახლა მე არ უნდა მადარდებდეს?
მხოლოდ შემდეგ გაიაზრა, რაც უთხრა, ოდნავ რომ დააწვრილა ლუკამ გამოხედვა გაკვირვებით. თითქოს ცდილობდა დარწმუნებულიყო, რომ არ მოესმა ეს სიტყვები.
ყელში მოაჯდა გული ტუსას. მოარიდა მზერა მის მანათობელ თვალებს.
- ვინმე იმას თუ დაგაბრალებს, რაც არ გაგიკეთებია, კიდე ბევრს მოხვდება ცხვირში.
- ასე აგვარებ შენ პრობლემებს? - თვალები აენთო ტუსას, - არ უნდა დაგერტყა, რომ გიჩივლონ? სკოლას რომ უჩივლონ? რა გააკეთე ამით, სამაგალითოდ დასაჯე, რომ სხვებსაც არ გაებედათ იგივე?! ეს არ არის გამოსავალი, არასწორია...
- რაც მოითხოვა, ის მიიღო. შენ რა განერვიულებს? - გადმოხედა გამომცდელად, ახლაც ისე ნელა და ჩუმ- ჩუმად მოიპარა მანძილი მათ სხეულებს შორის, როგორც რამდენიმე დღის წინ,- არ გინდა სკოლის ხულიგანს რომ უყვარდე?!
მთელს სხეულზე გაებნა ამ სიტყვებით გამოწვეული დაძაბულობა და ამოუხსნელი გრძნობები ტუსას. მუცელი დაეჭიმა სუნთქვაშეკრულს და წამით ეჭვიც კი შეეპარა, ხომ იყო საერთოდ ჯანმრთელი, ისე უცნაურად ჩხვლეტდა გულზე თავისი ემოციები. ახლა ამან სიყვარული აუხსნა? რა რეაქცია უნდა ჰქონდეს? რა უნდა უპასუხოს?
ღმერთო, რატომ იყო ყველაფერი ასეთი რთული და ამავდროულად ამაღელვებელი, რაც ამ ბიჭს ეხებოდა?
- ხო, არ მინდა. - გახედა ცეცხლისფერი თვალებით, მაგრად მოუჭირა ჩანთას ხელი.
- თუ გამოვსწორდები მაინც?
- არ გამოსწორდები შენ, - გაეცინა ტუსას. მოუჩქარა ნაბიჯებს. დააცდენინებდა აუცილებლად რაღაცას... თვალებში რომ შეეხედა, დააბნევდა უსათუოდ.
- მითხარი შენც, რომ გიყვარვარ და გავკეთილშობილდები. აღარ გავიპარები გაკვეთილებიდან, წიგნსაც აღარ დავტოვებ სახლში...
- რამდენმა გოგომ დაიჯერა ეგ ტყუილები? - იღიმოდა ისევ მღელვარების გადასაფარად.
მისთვის არ იყო ასეთი მარტივი გრძნობებზე ლაპარაკი. არ შეეძლო ყოფილიყო ისეთი თავისუფალი, როგორიც იყო ლუკა. ასე თამამად რომ მოაბიჯებდა მის გვერდით, ასე აუღელვებლად რომ ეუბნებოდა თბილ სიტყვებს...
- არცერთმა. - დაიხარა მისკენ და უთხრა ძალიან ხმადაბლა, საიდუმლოსავით, - სხვა გოგოებისთვის არც მითქვამს ეს. გამოსწორებაც არ დამჭირდება, შენ ხომ ასეთი გიყვარვარ უკვე.
- ნუ ლაპარაკობ სისულელეებს. - ამოილუღლუღა გულაჩქარებულმა. მაინც და მაინც ახლა გრილოდა, რით გაამართლებდა ვარდისფერ ლოყებსა და ამღვრეულ თვალებს? - და ნუ მოდიხარ ახლოს.
- იჩხვლიტები, მაგრამ არ მტკივა, იცოდე.
დიდი ხანია გადაეკვეთეთათ ამ ბიჭის სიტყვებს ტუსას გულამდე გასავლელი უსაფრთხო მანძილი. ერთ გალიაში გამომწყვდეული ათასი პეპელასავით აუფრთხიალდა ამ გრძნობას მიუკარებელი გული. თუმცა ათასიდან ათასივეს შეეძლო გისოსებს შორის გაძრომა და თავისუფალი ფრენით ტკბობა, ყველას მაინც იმ გრძნობით შემოსაზღვრულ დილეგში ერჩია ფრთების ფრთხიალი.
საიდან იგონებდა ასეთ სიტყვებს...
- თავი კიდე გტკივა? - ჰკითხა ეშმაკური ღიმილით. მე ვერ მომატყუებო, მიანიშნა.
- არც მტკიოდა. - დაუფიქრებლად უთხრა სიმართლე, - არ მინდოდა სკოლაში გაჩერება. ქართულის წიგნს რატომ ტოვებ სახლში?
- შენსაში რომ ჩავიხედო.
- სახლში როგორ გიძლებენ შენ? - ამოიფრუტუნა გაბეზრებულმა. ზუსტად იცოდა, ამ შეკითხვაზეც ექნებოდა ენაკვიმატი პასუხი გამზადებული.
- როგორც შენ. ვუყვარვარ და ეგრე.
- შეწყვიტე ამის თქმა, - ლამის შეეხვეწა ტუსა. წამოუხურდა ისევ ძლივს დამშვიდებული გული, მოაწვა ადუღებული სისხლი ლოყებში.
გაიზუზუნა ლუკას ტელეფონმა. აღელდა მასზე გაწერილი სახელის დანახვისას.
მწვრთნელი იყო მისი და სანამ ასაღებად ღილაკს დააჭერდა, თვალებში გაუკრთა ის ბაცი სხივი, ცუდი წინათგრძნობით გაცრეცილი და ფერდაკარგული.
შედგა ტუსაც მასთან ერთად. აღელდა თვითონაც.
სწორედ იმ დროს მოუვიდა შეტყობინება თაზოსგან, როცა ლუკამ ყურმილი აიღო.
„გამომიძახეს 21 წლამდელებში”
აკანკალებული ხელებით ძლივს მისწერა პასუხი ტუსამ. აქიშბაიას ჩამქრალი თვალების ფონზე ვერც შეძლებდა გამოეხატა სიხარული და ბედნიერება მის გამო.
შარვლის უკანა ჯიბეში ჩააძვრინა ტელეფონი ლუკამ. დაბალზე შეჭრილ თმაზე ნერვიულად გადაისვა ხელი.
- აქედან მოკლე გზა ვიცი მზიურამდე, - ორი ნაბიჯიც ვერ გადადგა სიტყვის უთქმელად ტუსამ. - თუ გინდა...
- შეგეცოდე ახლა? - თვალი გააყოლა მზის სხივებით მოლიცლიცე, გაღიავებულ ტუსას წამწამებს. გაეღიმა თავისთვის.
- თუ გინდა- მეთქი, დროზე თუ არ მიპასუხებ, გაუვა ვადა შემოთავაზებას.
თითქმის ცარიელი იყო მზიური. უზარმაზარ მდელოზე, რომელსაც ნელ-ნელა ეპარებოდა შემოდგომისეული ოქროსფერება, ძაღლს ათამაშებდა მამა-შვილი.
სკოლიდან გამოპარული მოსწავლეები თავს აფარებდნენ ხეებში შექუჩულ თაღებს.
ეპარებოდა ავდრის ღრუბელი თბილისს, მზე კი შეუპოვრად ცდილობდა ნაცრისფერი სივრცეების გარღვევას გასათბობად შემცივნებული გულების.
- თაზო გამოიძახეს... - ამოილაპარაკა ბოლოს. დააკვირდა კარგად სახეზე ლუკას რეაქციას.
- ხო, ვიცი. ახლა არც ჰყავს მასზე უკეთესი ნახევარმცველი რომელიმე კლუბს. ჭკვიანია, აუჩქარებელი, მოჭადრაკესავით წინასწარ იცის, რა შეიძლება მოჰყვეს ყველა სვლას. იმსახურებს...
- შენი აზრით... შენ რატომ არ...?
- ახლა ზუსტად არ ვიცი რატომ... ყველა გაცდენილი ვარჯიში და მწვრთნელის თითოეული, თუნდაც უბრალო სიტყვის და შენიშვნის წაყრუება მგონია მიზეზი. ბევრი არ არის, მაგრამ მე ხომ ვიცი, სად, როდის და რა შემეშალა, რა უნდა გამეკეთებინა სხვანაირად...
- თავნება ხარ, - თამამად გაუსწორა ტუსამ თვალი, აზარტული ღიმილით აეპრია ტუჩის კუთხეები აქიშბაიას, მდელოზე ისხდნენ ერთმანეთის გვერდით, ნაზი სიო დაქროდა მათ სხეულებს შორის, - სტადიონზეც და ისეც... ცოტა ეგოისტი, როცა ბურთი შენ გაქვს. საფრთხეს ვერ გრძნობ... გგონია ვერავინ წაგართმევს, სანამ შენ ეხები ბურთს. არც გინდა მოსმენა, როცა განიშნებენ უკეთესი ან უფრო უსაფრთხო პოზიციისკენ. ეს სხვის ნახევარზე ოღონდ, შენს მხარეს, არ ვიცი, როგორ ვთქვა... როცა შენს ნახევარზე გადმოდის მეტოქე უფრო გუნდური მოთამაშე ხდები, არავის აძლევ მოდუნების საშუალებას. ალბათ ის აგენტებიც ჩემსავით დააბნიე. არ ვიცი. არ მესმის ფეხბურთი, არ ვუყურებ ხშირად...
დაბნეულს გაეფანტა ხმა და სიტყვები. საერთოდ იმასაც ვეღარ ხვდებოდა, რას მოიპატიჟა აქ და რატომ უნდოდა მისთვის საამებელი სიტყვების გამოძებნა.
უფრო მეტად კი იმას ვერ ხვდებოდა, რატომ სურდა ამ სიტყვებსაც ისეთივე გავლენა ჰქონოდა ამ ბიჭის გრძნობებზე, როგორიც მას ჰქონდა ტუსას გულსა და გონებაზე.
- მერე მეუბნები, არ მიყვარხარო. - მდელოზე გადაწვა და იდაყვებით დაეყრდნო მინდორს.
თვალებში მიანათა მზემ, თითქოს არ ჰქონოდა უკვე საკმარისად კაშკაშა, თითქოს არ მოენუსხა უკვე ეს გოგო იმ გამოხედვის წყალობით.
- ყურებს არ ჩამოყრი მაინც, სულ ტყუილად ვცდილობ შენს გამხენევებას. - გული მოუვიდა ტუსას, - ხუმრობის ხასიათზე ხარ...
- მტირალა ბიჭები მოგწონს, აბა? შენნაირმა გოგომ პაემანზე დამპატიჟა და რა მომაწყენს...
- ყველაფერს უკუღმა იგებ, - თვალები აატრიალა ტუსამ. გაეცინა გულღიად მის სახეზე.
- რაო, როგორ თქვი? ვერავინ წამართმევს, სანამ მე ვეხები.. - გადმოიხარა მისკენ, ოდნავ შეეხო მხარზე მოწყვეტით.
სამუდამოდ დარჩა ტუსას გონებას ავდრის ღრუბელთან მებრძოლი ის მზიანი, ზღვისფერი მზერა.
ვერ ხვდებოდა მაშინ, მაგრამ მართლა მის სხივებს ირეკლავდნენ აქიშბაიას კამკამა თვალები. მართლა თვითონ იყო მიზეზი... უყვარდა მართლა.
*
ინათა.
დაუპატიჟებლად შემოიჭრნენ მზის ოქროსფერი სხივები ღია დარაბებში. თვალებზე მიელამუნა მათი სითბო და სინათლე ტუსას.
გამოღვიძებულს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს არც სძინებია და თვალებდახუჭული ატყუებდა საკუთარ თავსაც და მისი სასთუმლის დარაჯ ვარსკვლავებსაც.
ზღვა კი ღელავდა თავისთვის, აქაფებული ტალღები ჩურჩულით აწყდებოდნენ მიტოვებულ ნაპირებს ნახევრად წაშლილი ამბების ხელახლა გადასაწერად.
აბრეშუმის ფირუზისფერი კაბა ნიავივით ედებოდა მოხდენილ სხეულზე ტუსას. მოშიშვლებულ ზურგს ოდნავ უფარავდა შოკოლადისფერი თმა. თან გაიყოლა ყველას მზერა აღფრთოვანებით სავსე, სინატიფესა და ქალურობას ასხივებდნენ მისი მშვიდი თვალები.
არავის გამოჰპარვია ჩანაცვლებული მეჯვარე რატი ქორიძის გვერდით და ავად ანთებული ტუსას კაბისფერი აქიშბაიას თვალები.
- მოდი აქ, დავლიოთ ერთი ჭიქა, - მხრებზე ხელი გადაჰხვია აღელვებულმა ვახომ მას. გამოიყვანა თავისი ცოლისგან თვალმოფარებულ ადგილას. - თორემ გამისკდა გული!
- ირმამ არ დაგვინახოს, თორემ არ დაგვადგება კარგი დღე, შალვოვიჩ... - გამოართვა აშუშხუნებული სითხით სავსე ჭიქა კაცს ლუკამ, გაეცინა მის ნანერვიულებ სახეზე. - რთულია გოგოს გათხოვება?
- გახდები შენც ქალიშვილის მამა და გაგახსენებ მაგ ჩაცინებას... - გადმოხედა ეშმაკურად, - თუ აპირებ საერთოდ ჭკუაში ჩადგომას და ოჯახის შექმნას.
- ოხ, არ დამიწყო ახლა შენც...
- არა, მითხარი ერთი მართლა, რას ფიქრობ? შენ ხომ არ გგონია, მე დამავიწყდა რაღაცები... - გაიმკაცრა ხმა ვახომ. უცებ ისეთი შეგრძნება დაეუფლა ლუკას, თითქოს რატის ადგილას დააყენა რამიშვილმა. ბოლოს და ბოლოს, ძალიან კარგად მოეხსენებოდა, როგორი ძვირფასი იყო ტუსა ამ ოჯახისთვის. - ტყუილად არ იტყოდი შენ დღეს იქ დგომაზე უარს...
- გცოდნია ყველაფერი, რასაც ვფიქრობ.
- ოხ, თავქარიანი იყავი სულ. რა გამოგცვლის შენ... - უკმაყოფილოდ გადააქნია თავი კაცმა, - რას მიკეთებდი ამდენი ხანი? თვალში უნდა ჩაგვარდნოდა მაინც და მაინც?
- შენც ხომ იცი, ჩავარდნილი მყავს თვალში დიდი ხანია..
- და გული არ გიტკენია? - ვახოს ყინულოვანმა ხმამ შეცვალა მშვიდი საზაფხულო ამინდი ირგვლივ. აუწრიალდა შინაგანი ხმა ლუკასაც, გამოცალა ბოლომდე ჭიქა. - ჩემამდე სხვა ხმა მოვიდა და იცოდე, ძალიან ვარ შენზე ნაწყენი ამის გამო.
- გაგიცრუე იმედები? - გაეღიმა სუსტად.
- ჩემს გაცრუებულ იმედებს ეშველება, საყვარელი ქალისას - არასდროს. სად იყავი- მეთქი აქამდე, მიპასუხე რომ გეკითხები.
- შენც ხო იცი, სადაც ვიყავი, ვახო..
- ოხ, შენ რა გითხარი მე, რომ ვერ გიბრაზდები მაინც ისე, როგორც მინდა. - გამამხნევებლად შემოსცხო მხრებზე ხელი ლუკას. - არ გაუშვა დღეს ცეკვის გარეშე, იცოდე.
- არ დამთანხმდება. - ანოს გვერდით მდგომ სხეულს გახედა ირიბად.
- რატომ, აღარ მიყვარხარო? - გაეცინა კაცს მის ოდნავ გაკვირვებულ სახეზე, - ნახევარი საუკუნე მაქვს მოკეცილი, ბიჭო, რომ გეუბნები ესე იგი ვიცი და ენდე ჩემს ჭაღარას!
- ირმას თუ აცეკვებ, ვაცეკვებ მეც ნატალის.
- ნუ მეჯიბრები ერთი, შენი ჭირიმე. მე ჩემს ცოლთან დიდი ხანია გარკვეული მაქვს, საცეკვაოდ კი არა ცეცხლში შემომყვება უსიტყვოდ. - ეშმაკურად გაეღიმა ვახოს, ეღიმებოდა მისი გამოწვევის მცდელობებზე აქიშბაიასაც. - შენ ჯერ შენკენ გამოახედე საყვარელ ქალს, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ...
- შენ არ გიწყენინებია ირმასთვის? - აღელვებით გადაისვა თავზე ხელი, როგორ უნდოდა ვინმეს ისეთი პასუხი გაეცა მისთვის ამ შეკითხვაზე, რაც ოდნავ მაინც მისცემდა შვებას.
- წყენინება ერთია, რას აკეთებ შემდეგ - მეორე. მაგრამ მე და ირმა სხვა ვართ, სხვა ცხოვრებით, სხვა პრობლემებით... თქვენ ორივეს დიდი ტვირთი გედოთ მხრებზე ადრეული ასაკიდან, შენ ნაკრების ვარსკვლავი იყავი, ის ქვეყნის ერთ-ერთი უჭკვიანესი ფიზიკოსი ქალი დიდი მომავლით სხვა ქვეყანაში...
- ნუ მახსენებ მაგას... - გადაევლო ცივი ყინული სხეულზე, ისევ ისე გაბრაზდა და ანერვიულდა, როგორც პირველად.
- შენი ბრალი არ არის. მსხვერპლის გარეშე არ გამოდის, ეს ხომ იცი. ვარსკვლავი არასდროს არ არის ისეთი კაშკაშა, როგორც უკუნ სიბნელეში. ბნელ დროშიც ყველაზე უკეთ მოსჩანს ნათელი გრძნობები. თქვენ ორმა კიდევ, როგორც კი დაღამდა, თვალები დახუჭეთ და ძილს მიეცით თავი. ორი სულელი. კარგი, კარგი, გამანებე ახლა, სანამ თავიდან გავბრაზდი! - ხელები გაასავსავა კაცმა, თვალებშიც დაეტყო ხმამაღლა გაჟღერებული ყველა ემოცია. გულზე მიადო შემდეგ საჩვენებელი თითი ლუკას. - ეს შენი ომია მარტო. როცა საყვარელ ქალს ეხება საქმე, მხოლოდ შენ იცი, როგორ მოიგო ეგ ომი.
- რა ომზე მოგინდა ლაპარაკი შენი შვილის ქორწილში? - ჯერ ერთს გახედა შეყრილი წარბებით ირმამ, შემდეგ მეორეს. ღელავდა თვითონაც წარმოუდგენლად. - ერთხელ მაინც მიანებე ამ პოლიტიკას თავი...
ხელის მოწერის ცერემონია იყო საოცრად ლამაზი და ამაღელვებელი.
ორ მწკრივად განლაგებულ სტუმრებს შორის თეთრი ვარდებით მოფენილ დერეფანში ერთად გამოატარეს მამამ და ბაბუამ სადედოფლო კაბაში გამოწყობილი ანო.
გადაეშალა სახეზე ათასი გრძნობა რატი ქორიძეს თავისი ცოლის დანახვისას. ზბაკო ტატიშვილიც კი არ ყოფილა არასოდეს ასეთი სერიოზული და მშვიდი. თვალი ჩაუკრა ტუსას რამდენჯერმე და გააღიმა. ცალ თვალს აპარებდა თან ლუკასკენ, მშვიდად რომ აკვირდებოდა ყველაფერს.
- ერთხელ როგორ ვერ ვნახეთ ერთმანეთი იმხელა ქვეყანაში, ჰა? - ზურგსუკან მიადგა სადედოფლო მაგიდასთან მჯდომ ტუსას აქიშბაია ცოტნე.
მოეხსნა სათვალე, შეცვლოდა ბავშვური, თხელი ნაკვთები და ბიჭური სხეულიც, თუმცა ხასიათი, მიხვრა-მოხვრა და გამოხედვა იგივე ჰქონდა ისევ.
- ცოტნე! - აენთო თვალები სიხარულით ქალს, წამოდგა და მოხვია სუსტი ხელები მეგობარს. - როგორ მომენატრე, რა სხვანაირი ხარ... არ გელოდი აქ.
- მოვრჩი და ჩამოვედი.
- როგორ შეელიე ამერიკას?!
- მარტივად. საქართველოს შეველიე, იქ როცა წავედი. შენ? მესმოდა შორიდან შენი წარმატებები, „ნასა“ და ამბები... შენ როგორ შეელიე იქაურობას?
- ოხ, რა ვიცი. - ამოიოხრა გულწრფელად. ცოტნე ყოველთვის ყველაზე უკეთ უგებდა აკადემიურ საკითხებში. - რაღაც გეგმები აქაც მაქვს, წარმოდგენა არ მაქვს, რას ვიზამ ბოლოს...
- ლუკას სჭირდება დახმარება, მეც ამიტომ ჩამოვედი სინამდვილეში... - განზრახ გადაიტანა ასე ტექნიკურად თავის უფროს ძმაზე საუბარი. წამიერად გახედა მას ტუსამ. - ლამის ძალით გაახსნევინა თავისმა ძმაკაცმა საფეხბურთო სკოლა. არც მართვის გამოცდილება არ აქვს ამას და რომ ვუყურებ, არც სურვილი.
- შენ? - გაეღიმა ქალს თბილად, - შენ და ფეხბურთი ისე შორს ხართ ერთმანეთისგან...
- ეგ დეტალები მე არ მეხება, უფრო ფინანსური საქმე და მენეჯმენტი. ამის ბუღალტერიაში რომ ჩაგახედა, გაგიჟდები. ხოდა, მივეხმარები სანამ დადგება ფეხზე ცოტა.
- კარგია. შენ თუ ეყოლები, არ შეეშინდება არაფრის.
- მარტო მე არ ვარ საკმარისი, - გაუღიმა ოდნავ ეშმაკურად. გამოიკვეთა ამ დროს მათი საერთო სისხლი. ღიმილი ერთნაირი იცოდა სამივე აქიშბაიამ, - არ გეკითხები არაფერს, მაგრამ იცოდე, მე შენს მხარეს დავიჭერ ყოველთვის.
- რა იცი, იქნებ არ ვარ მართალი?! -გაუღიმა თვითონაც ეშმაკურად. შეეცადა ამით გადაეფარა თავისი შინაგანი მღელვარება ამ სიტყვების მოსმენისას. - იქნებ ის უფრო იმსახურებს...
- ოხ, არ გინდა ახლა. შენნაირ გოგოს უნდა დამსახურება, თორემ ძმური მხარდაჭერა ისედაც უფასოდ ამოუვიდა მაგას ლატარეაში.
აკვირდებოდა ამ სანახაობას უფროსი აქიშბაიაც შორიდან. თვალებმოჭუტულ მზერას არ აშორებდა ამ სამეულს არც ცუცა. გადაჰფენოდა ტუჩებზე მზაკვრული ღიმილი, ალბათ, გენეტიკური კოდი ჰქონდათ ასეთი.
- თქვენ შორის გავლის მეშინია, - გამომწვევად უთხრა უფროს ძმას. ცალი თვალით გადმოხედა გოგონას ლუკამ, - ასე მგონია ელექტრული ველი მძუძგავს, ისეთი დაძაბულობაა.
- ნუ ლაპარაკობ ბევრს შენ.
- ოხ, რას შვრებით აქიშბაიები? - მათ შორის ჩაჯდა ზბაკო, გვარიანად შეზარხოშებულიყო უკვე. თვალი ჩაუკრა ცუცას და აუჩეჩა თმა. - ღომი ხომ არ ჩავამატებინო თქვენთან?
- შენ მომშორდი და ეგეც საკმარისი იქნება.
- ამას რა სჭირს დილიდან?
- შენ როგორ ფიქრობ? - წარბები აზიდა ცუცამ, მიანიშნა ნატალია ბარნოვისაკენ თვალით.
- ოხ, დაკავებულია ეგ გოგო, ძმაო. - მოუთათუნა ხელი მხარზე მეგობარს, თან ცუცასთვის თვალების პაჭუნს არ ეშვებოდა. ძლივსღა იკავებდა სიცილს გოგო.
- ას მეტრშია ზღვა, ხო იცი, ელიზბარ. რატომ მებრძვი?
- ულვაშებს რისთვის იზრდი, კინტოები ევასება ტუსას? - მხიარულად გადაუსვა დაბალზე შეჭრილ თმაზე ხელი მეგობარს, არ ჩააგდო მისი მუქარა არაფრად.
- ჩემი ხელით გინდა სიკვდილი მაინც და მაინც? - ცივად გაუსწორა მზერა გამაბეზრებლად გამხიარულებულ ბავშვობის მეგობარს.
- დაკავებულიაო, რომ თქვი... - უცებ გადააგრძელა საინტერესო თემა ცუცამ. - მართალია?
ისეთი თვალებით გადახედა აქიშბაიამ დას, გეგონებოდათ, ამ კითხვის არათუ ხმამაღლა გაჟღერება, არამედ გონებაში გაელვებაც კი ენით უთქმელი სისულელე იყო. წარმოუდგენელი ამბავი ნამდვილად.
- რა იყო? - სუსტად აიჩეჩა ცუცამ მხრები, - რა ვიკითხე ისეთი. არ შეიძლება გოგოს შეყვარებული რომ ჰყავდეს? ამდენი ხანია..
- არა, არ შეიძლება.
- დიდი ბოდიში, მოდრიჩ, - მხარზე ზედმეტად გახელოვნებული, გროტესკული დანანებით ჩამოჰკრა ხელი ზბაკომ ლუკას. ცეცხლს რომ ეთამაშებოდა, ხედავდა ამას კარგად მის ფერშეცვლილ თვალებში, - მაგრამ შენ აღარავინ გეკითხება. დაკავებულია- მეთქი და ჩემი თუ არ გჯერა, ჰკითხე გივიკო აბაშიძეს.
- რაო? - ხელოვნური გამომეტყველება ჩამოერეცხა ცუცას სახიდან.
გულწრფელად გაეცინა აქიშბაიას, ტუჩებზე მოისვა ხელი, უფრო ხმამაღლა რომ არ გადაეხარხარა იმ სახელისა და გვარის გაგონებისას.
- ხო, რა იყო? - იუკადრისა მისი რეაქცია ტატიშვილმა,- სკოლიდან უყვარდა ტუსა მაგას. და ახლაც უყვარს, როგორც ჩანს. შენ ნუ იქნები კიდევ ასეთი თავდაჯერებული...
- დააცადე. - ხელზე დაქაჩა ცუცამ მეგობარს, სხვა მაგიდისკენ რომ მიემართებოდა გაშლილი მხრებით, მართლაც მეტისმეტად თავდაჯერებული. - არ შეირჩენს მაგ ინფორმაციას ეგ უმოქმედოდ. თუ მართალია, რა თქმა უნდა...
- გოგო, აბა, მე მოგატყუებ? - ისე შეშფოთდა ზბაკო, როგორც ყველაზე მართალი ადამიანი დედამიწის ზურგზე, რომლის პირთაგან არ დაცდენილა ერთი სიმართლისგან განცალკევებული სიტყვაც კი. - შემომხედე...
- კაი, ნუ დამიდგი დრამა. როცა გჭირდება, არც ტყუილს თაკილობ.
- არა, მართლა გეუბნები. დაბრუნდა დიდი გივიკო აბაშიძე, ერთ ბრძოლაში დამარცხებული, მაგრამ გადამწყვეტ ომში გასამარჯვებლად აბჯარასხმული. ღმერთო, რა მიქნა ამ „აპეროლმა“... - თავზე წაიჭირა ხელი სასმლით გაბრუებულმა.
პატარძლის დედის სკამს ჩამოეყრდნო ხელებით ლუკა. თვალი ჩაუკრა ვახოს და იმანაც გადააქნია ღიმილით თავი.
- რატომ ზის, ვახტანგ, შენი უმშვენიერესი ქალბატონი მაგიდასთან? - გაუღიმა თვალისმომჭრელად ქალს. საკმზე ჩამოყრდნობილ ხელზე მიეფერა ირმაც. - მე დამითმე ეს ცეკვა, ირმა...
- შენ რა საძაგელი ბავშვი ხარ, - ღიმილით გაჰყვა მოცეკვავე წყვილებისკენ ქალი ლუკას. ალბათ, როგორც ყველას, მასაც განსაკუთრებულად უყვარდა აქიშბაია. - არ გამოცვლილხარ საერთოდ.
- მაგრამ შენ მაინც გიყვარვარ, - სიცილით დაატრიალა ირმა. მუსიკა საერთოდაც არ იყო ისეთივე მხიარული, როგორიც მათი სახეები. - დავიჯერო მეგრული სისხლის ბრალია მხოლოდ?
- ვიცნობ ერთ არამეგრელს... იმას უყვარხარ ყველაზე მეტად... - თვალები მოწკურა ქალმა. - მაგრამ შენ მე მეცეკვები. არ გრცხვენია, ბიჭო? ცხვირწინ გყავს.
- შენ და შენი ქმარი მოკლედ არ მინდობთ არაფრით. - ტუჩები მოკუმა, ძალიან შესამჩნევად რომ არ გაჰღიმებოდა, ვახოსკენ ჩუმად გაპარებულმა თვალებმა მასთან ერთად მოცეკვავე ტუსაც რომ დაანახა.
- საქორწილო სიის თავში გვინდა ჩაწერა...
- ჩემი ქალბატონი რომ დავიბრუნო, თუ შეიძლება? - ეშმაკურად გადაულოცა ტუსას ხელი აქიშბაიას ვახომ და მოიხელთა თავისი საყვარელი მეუღლე.
ეჭვით ახედა თვალებით მომღიმარს ბარნოვმა. ფრთხილად მოჰხვია კისერზე ხელები, თითქოს ყველას მზერას გრძნობდა და არ სურდა დაეშვა რაიმე შეცდომა.
წელზე რომ შემოეხვია მისი მკლავები და სახეზეც ლუკას სუნთქვა მიელამუნა სანაპიროდან მონაბერ ჰაერთან ერთად, მაშინ იგრძნო მხოლოდ ეს დაძაბულობა, რაც ისეთივე მძაფრი და აუტანელი იყო, როგორიც ის დისტანცია, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში წარმატებულად იცავდნენ.
ბოლოს კი ასე დამთავრდა მაინც...
- ერთი კაცი დაეტევა ჩვენს შორის.. - ოდნავ მოუჭირა ხელები წელზე, თავისთან რომ დაეახლოვებინა უფრო ქალის დაჭიმული სხეული, - მე მარტო შენთან მინდა ცეკვა.
- მე საერთოდ არ მინდა, - გამოხედა ცივი ღიმილით ქალმა. - უბრალოდ ვახო ბიძიას ვერ ჩავაყენებდი უხერხულ მდგომარეობაში შენ გამო.
მაინც ცხელი ქარივით მოედო მისი სურნელი ლუკას გულს წაკიდებულ ცეცხლს. გაახელა უფრო. თავად მიუახლოვდა ოდნავ და თითქოს ამით გამოაპარებდა ცვლილებას, ოდნავ მიეფერა წელზე.
- რატომ? მას ხომ ეცეკვე უკვე, - იცოდა, რაც მოჰყვებოდა თავის სიტყვებს და გაიმაგრა მკლავები კარგად, რომ არ დასხლტომოდა ხელიდან ტუსას სხეული.
- რაც არის არის, მალე დამთავრდება მაინც.
- და გაუძლებ?
- ხო, ასე ვარ შენ გვერდით. - გატეხილ ციხის კედლებს დაემგვანა ბზარები ტუსას ხმაში. თითქოს ნელ- ნელა ჩნდებოდა, რა ხდებოდა მშვიდ სახეს, აუღელვებელ ქმედებებსა და არიდებულ თვალებს მიღმა.
და ის, რაც ჩნდებოდა, ძალიან ემსგავსებოდა იმ კაცის შეცდომებს, ვინც იყო თვითონ ლუკა აქიშბაია.
- დაძაბული? - ჰკითხა ხმადაბლა. რომ ვერაფრით შეუშვა ხელი და არც მუსიკის დასრულება უნდოდა, ეს აწამებდა კიდევ უარესად.
- არა. შენი არ მეშინია. უბრალოდ, ერთი სული მაქვს ხელი გამიშვა...
- ასეთს ვერ გელაპარაკები... - ამოილაპარაკა ბოლოს, თვითონაც მიხვდა იმ წამს, ეს რომ იყო მიზეზი.
- როგორს? - გაეღიმა ტუსას, სინამდვილეში სიამოვნებით გააგრძელებდა ამ წამებას, თუ დაინახავდა, რომ ისიც ისე იტანჯებოდა, როგორც თავად. - შენი აზრი რომ არ ადარდებს, ისეთს? ვახოსთან საქმეები ჩააწყვე და რა გგონია, თუ მეცეკვები რამეს განმიახლებ?
- შენ ხომ არ გადარდებს, რამე დარჩა განსაახლებელი?! - გამოხედა ცივად. - სალაპარაკო გვაქვს, ამისთვის თავის არიდებას ვერც შენ მოახერხებ სხვა ქალად თავის მოჩვენებით. მე მაინც არ დამავიწყდება, როგორი იყავი..
- არაფერს გაჩვენებ... - ბასრი გაუხდა ტუსას მზერა. თვითონაც ვერ ხვდებოდნენ, რომ ორთაბრძოლაში გადაეზარდათ უკვე სხვისი თვალით დანახული ნაზი ცეკვა. ბრაზით ეჭიდებოდნენ ერთმანეთის სხეულებს.
- კარგი, ასეთიც მეყვარები.
- ნუ ამბობ ასე მარტივად.
თვალებიდან ჩამოურეცხა ყველა ემოცია ტუსას ეზოში გაჟღერებულმა მუსიკამ, Coldplay- ს Sparks ნისლივით გადაეფინა არემარეს, ერთმანეთის გარდა ვერავინ და ვერაფერი რომ ვერ დაენახა ამ ჰანგებზე მოცეკვავე წყვილს.
ცრემლებით ადღვებილი მზერით გაიხედა იქეთკენ, საიდანაც მოდიოდა ნაცნობი ნოტები. დამნაშავესავით გაიძურწა დიჯეის ადგილიდან ზბაკო ტატიშვილი. მიზანთან ყველაზე ახლოს მისი გასროლილი ისარი მოხვდა, როგორც ჩანს..
- ნუ მიყურებ ასე, მე არ დამივალებია. - ოდნავ მოეშვა ლუკას ხელები. დაეტყო მასაც თვალებში მღელვარება, თოლიების გუნდივით აიშალნენ მოგონებები მათ თავზე.
- ჩვეულებრივად გიყურებ, - და საერთოდ მოარიდა მზერა. - ფეხსაცმელმა მატკინა, აღარ მინდა ცეკვა.
ვერ გაუძლებდა იქ დგომას ისეთი ტუსა, როგორიც უნდოდა, რომ თავად ყოფილიყო ამ ადამიანის წინაშე. გულგრილი და აუღელვებელი. მის მიმართ ყველა გრძნობაგაწყვეტილი.
გამოეცალა სასწრაფოდ. ძლივს მოუყარა თავი ნაბიჯებს, თავგზასავით რომ არ აბნეოდა ყველას დასანახავად. ჩამოჯდა დაღლილი პატარძლის გვერდით.
ნაღვლიანად დააცოცებდა მათ შორის მზერას ყველა, ვინც იცოდა, რას ნიშნავდა ამ მუსიკის ჰანგები ამ ორი ადამიანისთვის.
მოწყენის საშუალება მაინც არ მისცა არავინ. ხან ვისი ხელები აბზრიალებდა ეზოს გულში ტუსას, ხან ვისი. ახალგაზრდები შემორჩნენ დღესასწაულს. პატარძალმაც ჩაანაცვლა ქუსლიანი ფეხსაცმელი კედებით. გარემო იყო ისეთივე მშვიდი, ლაღი და შინაურული, როგორიც ის წრე ამ არე-მარეს რომ ახმაურებდა სიხარულით.
- ეს სიმღერა ეძღვნება, ისმის? ალო! - მიკროფონს ხელი რამდენჯერმე მოუთათუნა ზბაკომ. - არავინ გამამხილოთ, ჩემი ძმაკაცის ქორწილში რო აპეროლით დავთვერი… ზუსტად ვიცი, აქიშბაია მისხამდა ჩუმად არაყს... ხოდა, ეს სიმღერაც ეძღვნება ჩვენი ქვეყნის ამომავალ ვარსკვლავს...
- ამან რო სეფაშვილი ჩართოს, - შუბლზე მოისვა ხელები ლუკამ, - რატო არ არის აქ გადასახტომი...
- გაიღიმე, აქიშბ! გაიღიმე, პატარა! -მიკროფონი მიუშვირა მის წინ შეკრებილ სიცილით თვალებდახუჭულ მეგობრებს ტატიშვილმა, დირიჟორივით აქნევდა ხელებს უმისამართოდ.
თავი გადააქნია ლუკამ, ჩამოჯდა სკამზე გადაღლილი და ტუჩებზე აიფარა ხელი, შემთხვევით რომ არ გაჰღიმებოდა.
- შენთვის, შენთვის ვმღერი...
ერთი ხელი ანოს გადახვია რატიმ, მეორე ტუსას. სიმთვრალისგან ენაბებოდა მასაც თვალები.
- ზღაპრის ბოლო კეთილია, ხო, ტუსა? - მოხერხებულად ისხლეტდა ზბაკო ყველას, ვინც მისთვის მიკროფონის წართმევას ცდილობდა. -შენთან... შენთანა ვარ, ნურაფრის ნუ გეშინია, აქიშბ!
ჩაავლო ცუცამ თავის ძმას მკლავებში და წამოაგდო ფეხზე.
- ნუ ხარ მოღუშული... - შემოჰხვია კისერზე ხელები და აკოცა ლოყაზე.
- ბევრი დალიე შენ? - სიცილით დააბზრიალა თავისი პატარა და ლუკამ, მოიხელთა იქვე მაგიდისკენ გაპარული ელოც. ორივე ხელებით აცეკვებდა თავის საყვარელ პატარა გოგონებს.
- შენთვის... შენთვის ვმღერი... - ერთმანეთს აყოლილი ხმები ერთს უმღეროდნენ მხოლოდ.
იმას, ვისაც ყველაზე ძალიან უნდოდა ალბათ ყოფილიყო იმ საერთო ეროვნული ბედნიერების მიზეზი, რომლის გამოც მთელი ქვეყანა მრავალჟამიერივით უმღეროდა საქართველოს ნაკრებს ამ ვერ მივიწყებული, მაგრამ იმ მომენტში მაინც ახალივით სხვა გრძნობით ნამღერი სიმღერის სიტყვებს.
- ნურაფრის ნუ გეშინია...
თავის ყველაზე დიდ გულშემატკივრებს შორის მხოლოდ გამორჩევით საყვარელი ხმა ჩაესმოდა. ერთხელ შეავლო მხოლოდ რატის გვერდით ტუსას თვალი, სიცილით იმეორებდა სიმღერის სიტყვებს. მიტოვებული სახლივით გამოუცარიელდა სხეული, ის რომ არ ჰყავდა გვერდით, ვისაც თვალებს ვერ სწყვეტდა.
ცასაც ჩამოერეცხა ღამის სილურჯე. მაგიდასთან განმარტოვებით მჯდარს, როგორც იქნა, სალაპარაკოდ მიუახლოვდა თაზო ბარნოვი.
ოდნავი გაკვირვებით გახედა მის თითებში ათამაშებულ სიგარეტის ღერს აქიშბაიამ.
- ხშირად არ ვეწევი, -წაუკიდა ღერს და გახედა ზღვას თვითონაც. - შენ შეეშვი?!
- სურვილის გამო არ ვეწეოდი მაშინ.
- აბა, რატომ? -თვალს არ აშორებდა. იგრძნობოდა თაზოს ხმაში, კარგად რომ ახსოვდა ყველა ცეკვა, ყველა მზერა ტუსას მიმართულებით, ფარულიც და დაუმალავიც. - იშორებდი ყველას და ყველაფერს, ვინც იმ დროს გახსენებდა, როცა ბურთთან შეხება შეგეძლო - კარგ ჩვევებს და ადამიანებს. თითქოს არასოდეს დადგებოდა უკეთესი დრო. ასეთი...
- არ მინდა გახსენება.
- მე შენ მაშინ რაზე გელაპარაკე და შენ რა გააკეთე? -საფერფლეში ჩაასრისა ნარჩენები და იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას, კარგად რომ გაესწორებინა ლუკასთვის თვალები. - შენც ხო იცი, რატო გიწყებ აქ და ახლა ამაზე საუბარს?! მესმის, რო შენი ტრავმა ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს დაემთხვა, აქიშბ, მაგრამ იმან, შენ რომ ბედავ და უყურებ, როგორც იქნა, ცხოვრება დაალაგა. უშენოდ. შენ რამდენად მოახერხე მის გარეშე აზრზე მოსვლა, საკითხავია. დაინახე და ახლა გაგახსენდა?
- სხვები კიდევ ხო, მაგრამ შენ არ გაქვს ჩემთვის მაგ სიტყვების თქმის უფლება, თაზო. - აუელვარდა თვალები ძველებურად, - შენ ყველაფრის მიზეზი იცი. ტუსას გაშვებისაც და ჩემი სიჩუმისაც. რა ახლა გამახსენდა, ბიჭო...
- შეგეძლო სხვანაირად ყოფილიყო.
- არ შემეძლო. - მისკენ გადაიხარა ოდნავ, კარგად რომ გაესწორებინა მზერა. უკვე ყველა ამჩნევდა დაძაბულ საუბარს მათ შორის. რატომღაც არავინ დგამდა ნაბიჯს იმ მაგიდისკენ, სადაც ერთმანეთის გვერდით ისხდნენ აქიშბაია ლუკა და ბარნოვი თაზო. - არ შემეძლო სხვანაირად.
- და ახლა რა შეიცვალა მაშინ?! ტუსას დაბრუნება ნაკრების ფორმას ვერ დაგიბრუნებს. იმ დროს ვერ დაგიბრუნებს, როცა შენი გვარის გაჟღერებისას ტრიბუნები ინგრეოდა. შენი სიცარიელის შესავსებად არ მემეტება მე ჩემი... მარტო იმიტომ, რომ ცუდად დაემთხვა ერთმანეთს ტუსას ხავსივით გამოჩენა და შენი ნავის გერმანიაში გამგზავრებაც უშენოდ.
- მეც მივდივარ. - შეუვსო ჭიქა ღვინით, მეორე თვითონ დაისხა. - დამირეკეს. არ მჯერა, რო ამ ოთხი წლის მერე შენ მეუბნები ამ სისულელეებს. მაგ სასმელს დავაბრალებ, მოდი.
- აქამდე... მოიცა, მართლა?! - საზურგეს მიეყრდნო გაფართოებული თვალებით თაზო. ღიმილი და გაკვირვება ერთმანეთს ფილმის კადრებივით ენაცვლებოდნენ მის საზეხე.
- ნუ იკრიჭები, არ მინდა ჯერ გამხელა. ჩაივლის ქორწილის ამბები და მერე.
- და მე მითხარი პირველი?! -წარბები აზიდა გაკვირვებით, უცებ ეჭვი შეეპარა, ამხელა მნიშვნელობა რომ მიანიჭა აქიშბაიამ ამ საიდუმლოს გასაზიარებლად.
- სისულელეების ლაპარაკი რო აღარ გაგეგრძელებინა. არ მინდა სკოლის გახსენება, ყოველთვის შენ რჩებოდი გალამაზებული, ხომ გახსოვს. - თვალი ჩაუკრა ფეხზე წამომდგარმა და მიუჭახუნა ჭიქა.
სახლი გაივსო ქორწილით გადაქანცული სტუმრებით. ყველა თავის ჩამოსადებ ადგილს ეძებდა, ამიტომაც ზბაკომ ითავა მათი ოთახებში გადანაწილება.
კმაყოფილი ღიმილით მოავლო თვალი ტუსას ოთახში შესახლებულ ექვს ადამიანს, ფეხის დასაბიჯებელი ადგილი რომ არ დაეტოვებინათ არსად და ეშმაკური ღიმილი სახეზე შეახმა, საძინებლის პატრონი რომ შემოხვდა იქედან გამომავალს.
- რა გინდოდა მანდ?!
- ისა... მე არაფერს, ერთი ექვსი კაცი ეძებდა სიძის მხრიდან ღამის გასათევს და...
- აუ, ზბაკო, კარგი რა... - შეღონებულმა მოავლო თვალი დერეფანს. ხელით ეჭირა უკვე თავისი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. თმაც ჩამოშლოდა და ცოტაოდენი მაკიაჟიც საერთოდ გამქრალიყო მისი მშვენიერი, დაღლილი სახიდან.
- იქ შედი, - აქიშბაიას ოთახისკენ მიუთითა ტატიშვილმა, თავი მოიქექა უხერხულად. - არავის არ სძინავს იმ ოთახში.
- არ მინდა, თაზოსთან შევალ.
- თაზოსთან მისი ადგილიც აღარ დარჩა. შედი რა, რატომ ჭირვეულობ?! ელოს ოთახია.
აღარ გაუგრძელა მეტად საუბარი. საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა უკვე ვისთან დაიძინებდა, ისედაც ძლივს დაათრევდა სხეულს.
ოთახში შევიდა თუ არა, ნაცნობმა ზღვისა და ზაფხულის სურნელმა მოუღიტინა სასიამოვნოდ, თუმცა სანამ ტვინი ამ ყველაფრის გააზრებასა და საძინებლის მეპატრონის სახელთან დაკავშირებას მოასწრებდა, უკვე ეკვროდა რბილ საწოლს მთელი სხეულით.
- მადლობა მერე გადამიხადე, - თვალი ჩაუკრა თავისი საძინებლისკენ მიმავალ აქიშბაიას ზბაკომ.
- რა იჩალიჩე ახლა? - გაბეზრებული სახით შეაღო კარი და ჯერ საწოლზე მიძინებული ქალის სხეულს გახედა, შემდეგ ტატიშვილს. გამოიხურა ისევ კარი და მიეყრდნო ზედ. - გარეკე შენ?!
- რა რეაქცია გაქ, რა იყო... ტუსა არი, ვერ იცანი?
- შენ ვერ გიცნობს ხვალ პატრონი, წადი, დაწექი.
- კაი, - ნაწყენმა გახედა, - თუ გამოგაგდებენ, არის ჩემთან ადგილი.
წარბშეკრულმა გააყოლა თვალი და ოთახში შეიხედა ისევ.
თვალი შეავლო საწოლზე მინავლებულს. თხელი ხელებით ეხვეოდა მის ბალიშს. მთვარის ვერცხლისფერი შუქი უპრიალებდა თეძოებზე მოფენილ აბრეშუმის ქსოვილს.
სახეზე შემაწუხებლად ჩამოყრილი თმა ფრთხილად გადაუწია, სუნთქვაში ხელი რომ არ შეშლოდა. მიაფარა თხელი ზეწარი და ფანჯარაც მოხურა.
სააბაზანოდან გამომავალმა შხაპის ხმამ შეაფხიზლა ტუსა. წარბებშეკრულმა მოავლო მზერა უცნაურად შეცვლილ გარემოს. უკვე თენდებოდა. ხელისგულებით დაეყრდნო საწოლს, კარი რომ გაიღო და იქედან სპორტულ ფორმაში გამოწყობილი გამოვიდა აქიშბაია. მიატოვა თმის მშრალება, გაურკვევლობით არეული ქალის თვალები რომ შემოხვდა გზად.
- გავალ. - უთხრა მშვიდად და მოაშორა მზერა.
- შენი ოთახია? - საწოლიდან ჩამოალაგა ფეხები ერთიანად შეფხიზლებულმა. სახეზე მოისვა ორივე ხელი. - არ ვიცოდი.
- არაუშავს. იყავი, გავდივარ მაინც. - სკამის საზურგეზე გადაკიდა პირსახოცი და ნამიან თმაზე გადაისვა ცალი ხელი. - დაიძინე, ადრეა ჯერ.
არ უგდებდა ყურს. სიზმარში ეგონა თავი უკვე. გამოზომილად სუნთქავდა, ფეხი რომ არ არეოდა და უჰაერობისგან გული არ წასვლოდა.
სასმელიც, ის მუსიკაც, ეს სიახლოვეც, თვალის დახუჭვასა და გახელას შორის დანახული ცხოვრების საუკეთესო მოგონებები თავს მოეხვია ერთდროულად.
- სად მიდიხარ, ვიღაცები შეუშვა ზბაკომ შენს ოთახში... - დაასწრო სახელურზე ხელის ჩამოდება ლუკამ და მოხერხებულად გადაუკეტა გზა. - საწოლზე დაგიდე გამოსაცვლელი. მოუხერხებელი იქნება ეგ კაბა.
გაიძვერული ღიმილით მოავლო მხრებზე თვალი და სანამ ტუსა საკუთარ სხეულზე მოღრეცილ კაბას შეამჩნევდა, მიაბიჯებდა უკვე დერეფანში უჩვეულოდ შემსუბუქებული ნაბიჯებით.
ტუსას სურნელი ასდიოდა მის ოთახში ყველაფერს.
და ალბათ თვითონაც...


.
ყველაფერი მაინც ადრეული ასაკიდან იწყება...
.
ცეცხლისფერი შემოდგომა იდგა თბილისში. კარადებში საზაფხულო ტანსაცმელი ჩაანაცვლა თბილმა ქურთუკებმა, ხეებმაც გამოიცვალეს მწვანე სამოსი, გადააფარეს ქუჩებს ოქროსფერი ფოთლებით ნაქსოვი პლედი.
ღამემაც დაიგრძელა თავისი სიბნელისფერი კაბა, აკაშკაშდნენ მის ქსოვილზე ალაგ-ალაგ მიკერებული ვარსკვლავები და გულთან დაბნეული სავსე მთვარე.
სკოლაში არ იყო მთლად დალაგებული მდგომარეობა იმ დღის შემდეგ. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ეს წელიწადი განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი და ლამაზი უნდა ყოფილიყო, რაც, სამწუხაროდ, აქიშბაიას მოქნეულმა ხელმა გადაიყოლა თან.
- შენ რომ დაელაპარაკო ბიძაშენს? - უკმაყოფილოდ მიმართა ნინიკო სალდაძემ ტუსას. თითქოს მას რამის გაკეთება შეეძლო და არ აკეთებდა. - ახალი გადმოსული ხარ და შენ შეიძლება არ გადარდებს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბოლო ზარიც და ბანკეტიც.
- ტუსა რა შუაშია? - წარბები შეყარა სოფო შონიამ. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ ბრძოლისთვის სულ მზად იყო. - იმ ვირს მოსთხოვე პასუხი, რომ არ იღლები მასთან ლაქუცით.
- მე არავის ველაქუცები, - ხმა და გამომეტყველება შეეცვალა სალდაძეს. შიშით მოავლო კლასს თვალი, აინტერესებდა თითქოს რამდენი ეთანხმებოდა შონიას. - შენი დაქალი არ არის მისი შეყვარებული?
და ერთ წამში მოექცა ტუსა ყველას ყურადღების ცენტრში.
-რა გინდა, ნინი? - გახედა მშვიდად. შინაგანად იწვოდა სირცხვილისაგან. მაინც და მაინც ახლა არ იყო აქიშბაია კლასში. - არ ვარ მისი შეყვარებული, ნუ ღელავ ასე ძალიან. და მე არაფერი დამიშავებია, პასუხისმგებლობა რომ ავიღო.
- გადმოსვლის დღიდან მთელი სკოლა ფეხქვეშ გეგება. ჩხუბიც შენ გამო მოუვიდათ გივიკოს და ლუკას, - ბოროტულად გაუღიმა, თითქოს აგრძნობინა, რომ განზრახ ამბობდა ტყუილს. - შენ გამო არ ექნება ორ კლასს ბანკეტი და კიდევ ვერ გრძნობ პასუხისმგებლობას?!
- შენ გოგო! - ორ სკამს გადაევლო განრისხებული სოფო, - რომ არ იცი, ნუ ლაპარაკობ, თორემ თუ მოგკიდე ხელი...
- სოფო, დამშვიდდი გთხოვ. - ხელში ჩაავლო ტუსამ და მოაშორა მზაკვრულად მომღიმარ სალდაძეს მეგობრის გაცოფებული სხეული, - დაანებე თავი. ილაპარაკოს, რაც უნდა.
რაც სალდაძემ ხმამაღლა გააჟღერა, ის ამბავი სკოლის დერეფნებში ჩუმად ისედაც დაძვრებოდა. არც გივიკო მალავდა ტუსას მიმართ ინტერესს და აქიშბაია ხომ საერთოდ. ცუცას და კოტიკოს სახელი უცებ გადაფარა ბარნოვის გვარმა და სკოლაშიც იმის დაჯერება დაიწყეს, რაც უფრო საინტერესო და ამაღელვებელი იყო განსახილველად.
ასე აირჩიეს ქვის სასროლად საუკეთესო მსხვერპლი -
ტუსა იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო მართალი გოგო ამ ამბავში. ყურს არ უგდებდა ათას ტყუილს და მონაბოდს, თუ როგორ წაჰკიდა ბიჭები სკოლაში ერთმანეთს და საუკეთესო დღეები მოპარა ორ დამამთავრებელ კლასს.
აბაშიძესაც ისევე არიდებდა თავს, როგორც ლუკას, თუმცა აქიშბაია (დალი ჩიტავას სიტყვები რომ მოვიშველიოთ) დიდი ოხერი ვინმე გახლდათ და მისი მოგერიება არ იყო ისეთი მარტივი, როგორც გივიკო აბაშიძის.
-ტუსა, მამაშენი ხო კაპანაძეა... - თვალები მიაწვრილა ნინიკო სალდაძემ. გაკვეთილები სრულდებოდა და სახლისკენ მიდიოდნენ უკვე ბავშვები.
სხეული გაეყინა მამის გვარის გაგონებისას გოგოს. ერთ წამს შეჩერდა და გაოცებით გახედა სალდაძესა და მის დამქაშებს, აშკარა კმაყოფილება რომ გამოესახათ სახეზე ტუსას აცრემლებული თვალების დანახვისას.
ბრაზით გაიბერა სოფო, თუმცა არ ამოუღია ხმა. მკლავში ექაჩებოდა ანო ტუსას. თითქოს არ სურდა, რომ მოესმინა ის, რასაც ყოველი მეორე ამბობდა უკვე მასზე ამ სკოლაში.
- შენ რატო ხარ ბარნოვი?! - დაამატა მეორემ ისეთი უმანკო გამომეტყველებით, თითქოს სხვისთვის ტკივილის მინიჭება სულაც არ ანიჭებდა სიამოვნებას, - მიგატოვა?
- გეყოფათ. - სახე აენთო ანოს. მათ უკან მომავალმა ქორიძემ და აქიშბაიამაც აუჩქარეს ფეხს, - ტუსა, წავიდეთ.
- რას ლაპარაკობთ? - გაითავისუფლა გოგონამ ხელი. ძლივს შეისუნთქა ტკივილით გაჭედილ ფილტვებში ჰაერი. აჩურჩულდნენ ისევ მის თავში ძლივს მიძინებული ხმები.
- რა იყო, უბრალოდ ვიკითხეთ... ჩემი მეზობელი იცნობს თურმე იმ კაცს, ზურა ჰქვია, ხო, მგონი... თუ მამაშენის სახელიც არ იცი?!
- ენას ამოგგლეჯ! - ბოლოს მაინც სოფო შონია გახდა გასაშველებელი.
სირბილით მივარდნენ ბიჭები.
- შე ვირთხა! პატრონი ვერ გიცნობს, თუ მოგწვდი! - გამეტებით იქნევდა ხელ-ფეხს სოფო. რატის და ზბაკოს მოხვდათ სალდაძისთვის მოქნეული წიხლები და მუშტები. - ნუ მაკავებთ! გამიშვი, ელიზბარ, ქვა უნდა ვაჭამო ამ გველგესლას!
- კაი, გოგო. რა თქვა ასეთი... -დაბნეული მზერით ჯერ ანოს შეხედა რატიმ, შემდეგ თვალებაწყლიანებულ ტუსას.
ვინმეს კიდევ ერთი სიტყვა მაინც რომ ეთქვა მისთვის, ძლივს მოკრებილი სიმშვიდე და ცრემლები გულს გაუხეთქავდა ალბათ. დაიშლებოდა ათას უვარგის ნაწილად. არადა, ძლივს მოაგროვა თავი, ძლივს ისწავლა ღიმილი, სიმშვიდე...
- რა მოხდა? - თვალი გააყოლა ქუჩაზე აჩქარებული ნაბიჯით მიმავალ სალდაძეს ლუკამ, შიგადაშიგ უკან იხედებოდა გოგო დაფეთებული, აშკარად ეშინოდა აშვებული სოფო შონია არ წამოსწეოდა და არ აეხდინა მისთვის დაპირებული მუქარა.
თვალები დაუბრიალა რატიმ სოფოს, ხმა არ ამოიღო სხვის მაგივრადო.
- ჩვენ წავალთ, - ხელკავი გამოსდო ანომ მეგობარს.
- მოიცა ერთი წუთით, - თითებზე ჩაავლო ზურგშექცევით მდგარ ტუსას ლუკამ. - ნატ...
- ხელი გამიშვი. - აკანკალებული ხმით გადადგა უკან ორი ნაბიჯი. უნდოდა გამქრალიყო იქედან, ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი რომ დაინახეს მისმა მეგობრებმა, ასეთი შესამჩნევი რომ იყო მისი გრძნობები და წამწამებზე გამოკიდებული ცრემლები, - შენი ბრალია ყველაფერი. ნუ მიახლოვდები. არ მიყვარხარ და არ მინდა შენთან, რა ვერ გაიგე?!

რამიშვილების მრგვალ მაგიდასთან ისხდნენ. არაფრით დაანებეს ტუსას სახლში წასვლა სოფომ და ანომ. ირმამ ხმაამოუღებლად გაუშალათ გოგოებს თავისი საფირმო სადაქალო სუფრა ტკბილეულითა და ყავით.
ამჯერად მარტო დატოვა ბავშვები.
- ეგ გოგო სულ ეგეთი გველი იყო. - მდუღარე სითხე ისე მოსვა სოფომ, წარბიც კი არ შეუხრია. მისი განრისხებული სხეულის ტემპერატურა აშკარად აჭარბებდა ყავისას. - ნუ უსმენ. ხვალ რომ მოვა...
- გთხოვ, ნურაფერს ეტყვი. - გადაყლაპული ცრემლები ეტყობოდა ხმაზე ტუსას, თუმცა ღიმილი მაინც შეეძლო. - თავი დაანებე.
- რას ჰქვია, დავანებო? რაც მოუნდება, ის უნდა ილაპარაკოს და ცხვირ-პირში არ მიიღოს საკადრისი?
- ზუსტად მაგ მიზეზით დაიბარეს ბიჭები დირექტორთან, სოფო. ასეთი საქციელის გამო გამოვემშვიდობეთ ყველანი ბანკეტს. შენ იგივეს იმეორებ?!
- კაი, რა, ანო, შენი ჭირიმე... - ხელი აუქნია გაბეზრებულმა, - ამ სამყაროში ან რადიკალი უნდა იყო ან დაჩაგრული.
- საიდან მოგაქვს ეს აზრები? - გაეღიმა ტუსას და ფრთხილად მოსვა ოდნავ შემთბარი სითხე.
ვერაფრის გემოს ვერ გრძნობდა დანაშაულის გარდა. საკუთარი სიტყვები და აქიშბაიას ჩამქრალი თვალები უწყალებდა მხოლოდ გულს.
- ტვინიდან და ისტორიის წიგნიდან. - აწეული წარბით გახედა დაღონებულ მეგობარს, - შენა და, აქიშბაიამ მართლა აგიხსნა სიყვარული?!
- სოფო! - თვალები დაუბრიალა ანომ მეგობარს.
- შენამდეც მოვალ, მაცადე ჯერ ამასთან გავარკვიო.
- არაფერი არ აუხსნია. სისულელეებს ლაპარაკობს.
- დღეს ლუკას დაბადების დღეა, ისე... - ხმადაბლა გააჟღერა ანომ და ალბათ მეათასედ მაინც მოურია უკვე თავის ჭიქას. - საღამოს მივადგებით.
- არ ვიცოდი... - ისე დაუმძიმდა გული ტუსას, ლამის მეოთხედან დედამიწის გულამდე ჩაიტანა ღუზასავით გამოკიდებულმა შემაწუხებელმა შეგრძნებამ.
- საიდან გეცოდინება, არ გიყვარს და არ გინდა და...
- ისე მისი ბრალი არ იყო, ტუსა, თვითონაც არ იცოდა, რა ხდებოდა...
- ვიცი, ზედმეტი მომივიდა. - დაჰიპნოზებული დაატარებდა ჭიქის პირზე თითს. - ის რა შუაშია...
- ხოდა, წამოდი შენც. - უცებ გამოცოცხლდა რამიშვილი, - იცი, რა კარგი ეზო აქვს? უზარმაზარი. სულ იქ აღვნიშნავთ ხოლმე დაბადების დღეებს. მისი მშობლებიც მაგარი ხალხია. მარიკა დეიდაზე ყველა გიჟდება.
- არა, არა.. არ მინდა. თქვენ მიდით. მერე რომ ვნახავ, მივულოცავ.
ძლივს დაიხსნა თავი გოგონებისგან.
მასწავლებელიც გააცდინა იმ დღეს და მთელი დღის განმავლობაში ნაპატიმრები ყველა ცრემლი გაათავისუფლა თავის საძინებელში.
ფრთხილად მოუკაკუნა დიანამ კარზე.
- ტუსი, გოგოები არიან შენთან... - ზურგით აეკრო კარს და შეწუხებული დააკვირდა საწოლზე მოკუნტულ გოგონას. - რა მოხდა დღეს?!
- არა, ბიცოლა, რაღაც გადავიღალე... - თვალი მოარიდა საწოლზე წამომჯდარმა. - დაბადების დღეზე მიდიან და მე არ მინდა წასვლა. არც საჩუქარი მიყიდია.
- ვისი დაბადების დღეა? - გაეღიმა ქალს, პასუხი რომ ვერ მიიღო უფრო გაუფართოვდა ღიმილი, - გასაგებია... შენგან ნებისმიერი რამე გაუხარდება.
- ვერ მივალ, დიანა. ცუდად მოვექეცი დღეს. მეგობრების წინ დავუყვირე...
- შენ?! არ მჯერა.
- არც მე.
- ხოდა, მითუმეტეს უნდა წახვიდე. მიდი, გამოიცვალე... მე რომ დაბადების დღეზე გაჩუქე, ის კაბა ჩაიცვი, არ გინდა?!
- არ მინდა გამოპრანჭვა. იფიქრებს, რომ მაგას ვაწონებ თავს. შენ არ იცი რანაირია... როგორც თვითონ მოუნდება, ყველაფერს ისე ატრიალებს...
თაზოს მიუკაკუნა კარზე.
- მე რომ შენზე გაბრაზებული ვარ, ხომ გახსოვს?! -დაუწყო უცებ შორიდან მოვლა. სინამდვილეში, თვითონაც აღარ ახსოვდა ნორმალურად, რაზე იჩხუბეს და წყენამ ხომ ისედაც დიდი ხნის წინ გაუარა.
- რა დამავიწყებს...
- ხოდა, შემიძლია გაპატიო... ავალიანს თუ დაურეკავ და სთხოვ რაღაცას ჩემთვის.
- შენთვის თუ იმისთვის? - ხმაურით დახურა წიგნი. - დღეს რომ გყავს იუბილარი.
- მიდი, რა.. უსაჩუქროდ ვერ მივალ. გთხოვ, რა მოგივა?
- მოგაქცია ხო მაინც?! - წარბებშეყრილმა გამოხედა მკაცრად. - არ მჯერა რა... თან ჩემთან მოხვედი აქიშბაიას საჩუქრის ასარჩევად.
- უარს მეუბნები? - გაურკვეველი ჯაჯღანით აიღო ხელში მობილური თაზომ. წარბებშეკრული იღებდა ტუსას სამადლობელ კოცნებს და ჩახუტებას. -ავტოგრაფით მინდა, ხო იცი...

აქიშბაიების მყუდრო და კომფორტულ ეზოში უკვე დაედგათ გრძელი მაგიდა. თეფშებით ხელში გამორბოდა ცუცა სახლიდან, გზად ზბაკოს ეტლიკინებოდა რაღაცაზე და ჭურჭლის ნახევარი სწორედ მას გადაულოცა ხელებში, გაწყობაში მომეხმარებიო.
ეზოს მეორე მხარეს მაყალთან დგომა ცოტნესთვის მიესაჯათ. ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა მწვადის შამფურების გარდა და ისე ცდილობდა მათ გადატრიალებას, რომ ზედმეტი კვამლი არ მოხვედროდა სახეში.
თვითონ ლუკა აქიშბაია არ ჩანდა არსად. ვერც კი ხვდებოდა ტუსა, იყო თუ არა აქ მოსვლა საერთოდ კარგი იდეა დღევანდელის შემდეგ.
ბოდიშს მოუხდიდა, საჩუქარს მისცემდა და ადრე წავიდოდა. დიანასაც ეს გეგმა მოახსენა სახლიდან გასვლამდე.
გრძელი თმა გაეშალა და ნაზად უფარავდა მხრებს. ის განსაკუთრებული კაბაც არ ჩაუცვამს, თუმცა მაინც თვალისმომჭრელად ლამაზი იყო იმ საღამოს ტუსა.
- შეხედე, თათუკას ელაპარაკება. - რატისკენ მიანიშნა თავით ანომ. - შენი აზრით, უყვარს?
- ვინ, ის გოგო? - გაეღიმა ტუსას. ჯერ რამიშვილს გახედა და შემდეგ ქორიძეს, ღიმილითა და ხელის აწევით რომ მიესალმა მეგობრებს.
- ხო, თათუკა ფალავანდიშვილი. ლამაზია.
- რატომ არ ეუბნები რატის შენს გრძნობებზე? - ჰკითხა პირდაპირ, ძალიან აუღელვებლად.
ალბათ, მხოლოდ ტუსას შეეძლო ადამიანის გამოჭერა ასე მშვიდად და თავისუფლად, წინააღმდეგობას რომ ვერ გაუწევდი. თვალები დაქაჩა ანომ. პირი რაღაცის სათქმელად გააღო და შემდეგ ისევ მოკუმა. ეტყობა, გადაიფიქრა თავის მოსულელება.
- რა უნდა ვუთხრა? ბავშვობიდან ვმეგობრობთ, ტუსა. მე რომ... სიმართლე ვუთხრა, საერთოდ დავკარგავ.
- აბა, როდემდე უნდა იყო ასე? როდემდე მოითმენ...
- სკოლას რომ დავამთავრებთ და ასე ხშირად აღარ ვნახავ, მერე დამავიწყდება. უფრო მარტივი იქნება. თან მრცხვენია... - მზერა მოარიდა სასწრაფოდ.
- სამარცხვინო არაფერია იმაში, ადამიანი რომ გიყვარდეს.
- შენ რატომ არიდებ მაშინ ლუკას თავს?! დღეს რაც უთხარი, შენც ძალიან კარგად იცი, რომ ტყუილი იყო. ცუდ სიტუაციებში ადამიანები ყველაზე მეტად მათთან გამოვხატავთ ჩვენს გრძნობებს, ვინც გვიყვარს და ვიცით, რომ ვუყვარვართ. თავშეკავებამ მარტო მასთან გიღალატა, ეს რაღაცას ნიშნავს...
- ეს იმას ნიშნავს, რომ არ მომწონს, მთელმა სკოლამ რომ იცის მის დამოკიდებულებაზე ჩემ მიმართ.
- ეგრე გივიკოზეც იცის მთელმა სკოლამ, მაგრამ იმასთან არ იქნებოდი ეგეთი.
- რატი მოდის. - ეშმაკურად ჩაუკრა თვალი ტუსამ და მოხდენილად გაეცალა იქაურობას.
- შემიმსუბუქე სასჯელი?! - აჩრდილივით წამოადგა თავზე ლუკა ჰამაკში მოსვენებულს და ცალი ხელით დაარწია. - შემეხო შენი გულის ამინისტია?!
- საიდან იგონებ... - ტუჩები დაეჭიმა ტუსას, რომ არ გაჰღიმებოდა. ოდნავ ააცილა მიწას ფეხები, თავისუფლად რომ ეფრინა. - არ უნდა მეთქვა შენთვის, რაც გითხარი... არაფერ შუაში ხარ.
- ანუ გიყვარვარ და ჩემთან გინდა?!
- იცოდე, წავალ. - ფეხები დაალაგა ბალახზე ტუსამ და ორივე ხელით ჩაეჭიდა ჰამაკის თოკებს, ერთ ადგილას რომ გაჩერებულიყო. - ბოდიშის მოსახდელად და დაბადების დღის მოსალოცად მოვედი. გოგოებმა არ მომასვენეს სახლში...
- არ მინდა ბოდიში... მოლოცვა კი. - ოდნავ გადაიხარა გოგონასკენ და აუციმციმდა თვალები ეშმაკურად, - ახლა მომილოცავ, თუ მარტო რომ ვიქნებით?
- ჩვენ მარტო არ ვიქნებით არასდროს. - მშვიდად წამოდგა ფეხზე და მზერით აგრძნობინა მხოლოდ მრისხანება, - და გილოცავ დაბადების დღეს!
მრავალშვილიანი ოჯახის ერთ ჩვეულებრივ საღამოს ჰგავდა ის დღე. საოცარი მშობლები ჰყავდა ლუკას. მის ყველა მეგობარს ისე იცნობდნენ, თითქოს თანატოლები ყოფილიყვნენ. ყველას ინტერესი, პრობლემა, თუ ხასიათი მოეხსენებოდათ ძალიან კარგად და ასეთი მასპინძლების წყალობით, დრო შეუმჩნევლად და სასიამოვნოდ მიიპარებოდა დღის დასასრულისკენ.
თაზომ რომ გადმოურეკა ტუსას, აღარ შეყოვნებულა მეტად. გულითადად დაემშვიდობა ყველა და სამეგობროდან შეთქმულივით არავის მოუცვლია ფეხი, მასთან ერთად რომ წასულიყო, აქიშბაიას გარდა. რა თქმა უნდა, მას დაევალა სტუმრის გაცილება.
- თაზოს დავურეკავ და მომაკითხავს, შენთან არიან სტუმრები... - უფრო მეტად მასთან განმარტოებას უფრთხოდა ბარნოვი, ვიდრე იმ მზაკვარი ბავშვების იუბილარის გარეშე დატოვებას დარდობდა.
- არ დავრჩები მაინც, ტყუილად მიყურებ ეგეთი თვალებით. - კარი გამოუღო და ჯერ ტუსა გაატარა ეზოდან, შემდეგ გაჰყვა თვითონაც უკან.
კაშკაშებდნენ ხეებს აცდენილი ლამპიონები.
ჯინსის შარვალი და თეთრი პერანგი ეცვა. თვალები სიბნელეშიც ისეთივე ნათელი ჰქონდა, როგორც მზის სხივის არეკვლისას. გარეთ კი ციოდა ისე სასიამოვნოდ, თბილი ტანსაცმელი არც იყო საჭირო.
ჩხვლეტდა ეს ამინდი ტუსას გულსა და სხეულზე, მაგრამ არ სციოდა მაინც...
- ძალიან კარგი ოჯახი გყავს. - ირიბად გამოხედა გვერდით ჩუმად მომავალს. გამოიწვია მაშინვე ეშმაკური ღიმილი ლუკას ტუჩებზე.
- მე ვის დავემსგავსე ასეთი უბედურის ერთი?!
- არადა, აღარ მინდოდა დილის შემდეგ შენი გამოლანძღვა.
- არაუშავს, სიყვარულის ენა გაქვს ასეთი... - შეამცირა ნელ-ნელა ხელოვნურად შექმნილი დისტანცია. - ეკლიანი.
განზრახ ჩაუხვია არასწორ ჩიხში, დააგრძელა გზა.
ნაღვლიანმა ღიმილმა გადაურბინა ტუსას სახეზე. ეშინოდა ამ ყველაფრის - სასიამოვნო სიახლოვის, მის სიტყვებზე გაღიმების, იმ გრძნობების, რასაც ამ თავქარიანი ბიჭის ქცევები იწვევდა მის გულში.
ეშინოდა საკუთარი მეხსიერების, იდეალური სიზუსტით რომ იმახსოვრებდა ყველაფერს მის გვერდით - როგორ იყვნენ ვარსკვლავები განლაგებულები ცაზე, როგორ შრიალებდნენ ჭადრის ხეები ხილიანის ქუჩებში, როგორი სურნელი მოჰქონდათ ფოთლებს შემოდგომის ნაწვიმარ საღამოს, როგორ იჭერდა შენელებული გული მის ყველა გამოხედვასა და ღიმილს.
და მომავლის, სადაც მოგონებებად დასაწყობდებოდა ყველა კადრი და თვითონ იქნებოდა დამნაშავე, რომ დამთავრდა ეს ამბავი.
- მეშინია, - გულზე უჩხვლიტა თავისივე აღიარებამ და ამღვრეული თვალებით დახედა თავის კედებს. - ჩემი ცხოვრება საერთოდ სხვანაირი იყო, სანამ აქ ჩამოვიდოდი. არც ამდენი მეგობარი მყოლია აქამდე და არც...
- თაყვანისმცემლების რიგი იდგა შენს სახლთან?!
- რიგი არც ახლა მიდგას, - სერიოზულად უნდოდა საუბარი, ვერ ერეოდა ტუჩებს მის გვერდით, - და ნუ მაღიმებ.
- და რისი გეშინია? - მიუახლოვდა უფრო მეტად, მხრებით ეხებოდნენ ისევ ერთმანეთს. გრძნობდა მის ქოქოსის ტკბილ სურნელს და სითბოს. ერთ წამში დაფიქრდა ტუსას ყველა შიშზე და მაინც ვერცერთის წინაშე წარმოიდგინა თავი უძლურად.
- რომ დამთავრდება ეს ყველაფერი და აღარ დადგება ასეთი საღამოები. მე არ შემიძლია, რომ ასე მარტივად გითხრა, რას ვგრძნობ.
- სულ ნუ მეტყვი.
- მერე როგორ გაიგებ?
- ისედაც ვიცი უკვე. ყველაფრის ხმამაღლა გამხელა არ არის საჭირო.
- იქნებ ცდები?
გაჩერდა აქიშბაია და გამოხედა ოდნავ მოჭუტული თვალებით. თითქოს თავიდან უნდოდა დარწმუნება იმაში, რაც ისედაც ძალიან კარგად იცოდა ორივემ.
- არ ვცდები.
- ავალიანის მაისური გაჩუქე, - გზა გააგრძელა გოგონამ, გული გაებერა მღელვარებისაგან, როცა ნაბიჯი არ გადმოდგა აქიშბაიამ. გაფართოებული თვალები გამოაყოლა მხოლოდ. - მისი ხელმოწერით. ძველი ფორმაა, წესით მოგეწონება.
- რა... საიდან? - ნელა გადადგა ნაბიჯი მისკენ. - საიდან იცოდი?
- ყური მოვკარი ერთხელ, რატის რომ ეუბნებოდი.
- ახლა რატომ მეუბნები? - დაიდაბლა ხმა, თითქოს საიდუმლოს გამხელას ითხოვდა და ამ ტონით უფრო მაცდუნებელი იქნებოდა.
- შენ არ გახსენი ჩემი თანდასწრებით, მე კიდევ შენი რეაქცია მაინტერესებდა.
- თუ შეგეშინდა სახალხოდ არ გამომეხატა ზედმეტი სიხარული? - მზაკვრული ღიმილით გადადგა ერთი ნაბიჯი მისკენ.
- ზედმეტი სიხარულის გამოხატვას არც ახლა გირჩევ, - შიშნარევი ღიმილი გამოესახა ტუსას სახეზე. არ უქადდა ეს სიახლოვე და ეშმაკური ღიმილი დღის უსაფრთხო დასასრულს, შეეწირებოდა აუცილებლად მისი გული და დარჩებოდა შიშები შიშებად...
- არ შემიძლია. შენთან ისედაც ვერ ვზომავ...
- უნდა ისწავლო.
- ხვალიდან დავიწყებ სწავლას. - გაყინულ თითებზე შეეხო ჯერ. წამიერად განაწილდა ერთი სხეულის სითბო ორივეში. ხელისგულამდე აუსრიალა შემდეგ გულივით აძგერებული თითის ბალიშები და თვითონ დაუახლოვდა გოგონას გაშეშებულ სხეულს.
- შენ არ გეშინია მშიშარა ადამიანის გვერდით ყოფნა? - ხმა ჩაუწყდა ტუსას. არ უნდოდა ადგილიდან დაძვრა და ამ მომენტის გაფუჭება, მაგრამ ენას ვერ აჩუმება მაინც რატომღაც.
იცოდა, ღიმილით უპასუხებდნენ ყველაზე დიდ სისულელეზეც კი. ძალიან ჰგავდა ეს ადამიანი, წინ რომ ედგა, სწორ არჩევანს. ჰგავდა კი არა ის იყო.
თავისი გონების ხმა აღარ ესმოდა, მაგრამ იქნებ ასე სჯობდა კიდეც. შიშების ჩურჩულის გარდა არაფერი ჟღერდა მაინც მის თავში.
გული ასეთი დამშვიდებული და გაგიჟებული არასდროს ჰქონია აქამდე.
-არ ვიცი, ვისზე ლაპარაკობ. მე ვინც მიყვარს, ის მშიშარას არ ჰგავს. - საჩვენებელ თითზე დაიხვია მის სახეზე ჩამოყრილი თმა და ნელა გადაუწია უკან.
ფრთხილად შეეხო ჰაერის შესასუნთქად გახსნილ ტუჩებზე.
ერთი ეკალი ჩხვლეტდა იმ კოცნით აჩქარებულ ორივე გულს.
რამდენიმე სახლის მოშორებით, ბარნოვების ბინის პატარა საძინებელში, საწოლთან ახლოს პატარა ტუმბოზე მდგარ კაქტუსს გაეფურჩქნა ახალი ყვავილი.
*
Days like flowers in my brain
I will miss you when you’re gone..
*
ათასი პასუხგაუცემელი შეკითხვა უტრიალებდა თავში ნატალია ბარნოვს. ათასი დაუსრულებელი გზა ლაბირინთივით იხლართებოდა მის წინაშე და თავგზააბნეული ვერც მიმართულებას არჩევდა სწორად და ვერც საკუთარ შეკითხვებს სცემდა პასუხს გულის დასამშვიდებლად.
ხელებში თითქოს ძალა წაერთვა. წესიერად არც უძინია. ძილშიც კი უღიტინებდა რაღაც მოუსვენარი, ჭიასავით შემოჩენილი ახლადგამოჩეკილი შეგრძნება და მის გამოუცდელ გულს გამომწვევად ეთამაშებოდა.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ის შეხება ჯერაც არ მორჩენილა, თითქოს ის წამი რაღაცამ გაამუდმივა და დრომ არსებობა საერთოდ შეწყვიტა.
როგორ უნდა მოიქცეს ახლა? როგორ უნდა შეხვდეს, როგორ უნდა იჯდეს მის გვერდით ქართულის გაკვეთილზე, როგორ უნდა შეხედოს საერთოდ თვალებში? მის დაბნეულობას ხომ აშკარად ყველა შეატყობს!
ყველა ალაპარაკდება, ამჯერად ნიშნისმოგებით.
შეყვარებულები არიან? ამასაც ვერ ხვდება წესიერად. ის კოცნა იქნებ სულაც არ ნიშნავდა არაფერს, იქნებ ყველას ასე კოცნის!
ახლა ფიქრი რომ არ შეწყვიტოს, გული და თავი ერთდროულად გაუსკდება.
საკლასო ოთახის კარის ყოველი გაღებისას იმ იმედით იხედება იქეთკენ, რომ ლუკა აქიშბაია შემოვა ოთახში, იმ თავის ფირუზისფერ თვალებს გადაატარებს მთელს კლასს, ოდნავ აპრეხილი ტუჩის ცალი კუთხით გაუღიმებს ყველას...
ქიმიის გაკვეთილი ისე დაიწყო, ლუკა არ გამოჩენილა.
ქანდაკებასავით იჯდა თავის მაგიდასთან ტუსა და ისე დასჩერებოდა ზემოდან წიგნს, თითქოს ქიმიის წიგნში ამოიკითხავდა თავის შეკითხვებზე პასუხებს. სინამდვილეში, ცრემლებს იკავებდა მთელი ენერგიით.
არ მოვიდა სკოლაში... ასე როგორ დატოვა?
-რა გჭირს? - მხარი გაჰკრა ანომ მეგობარს, არც ის იდგა დიდად გადასარევ განწყობაზე აქიშბაიას დაბადების დღის შემდეგ. - რაღაც ვერ ხარ ხასიათზე..
- არაფერი ისეთი, - ოდნავ გაუღიმა. იმდენად ნაძალადევი იყო, თვითონაც შერცხვა საკუთარი ტყუილის ტუსას, - შენ? არ ელაპარაკე რატის?
- რაზე? - თვალები შეშფოთებისგან დაექაჩა ანოს. ოდნავ დაუწია ხმას.
- ვაიმე, კუჭი მიხმება... - სოფო შონიამაც გაამხილა თავისი გასაჭირი. ტუსას წინ იჯდა და მთელი ტანით შემობრუნდა სკამზე, - ციხეშიც კი უფასოდ აჭმევენ პატიმრებს, სკოლაში რა გახდა...
- კაი, ჩვენ მივხედავთ მაგ ამბავს, - სოფოს გაუსწორა თვალები ტუსამ. თითქოს მზაკვრულ გეგმაში თანამზრახველობას სთხოვდა.
- რას მიხედავთ, ტუსა? - ნერვიულად გაეღიმა ანოს. - არაფერია აქ მისახედი. ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ და...
- კაი, კაი, გვჯერა, არ იტირო. - მხარზე ხელი ისე მოუთათუნა სოფომ, ტუსას თვალებით ანიშნებდა, მომიყევი ერთი შენი გეგმის შესახებო.
ზარი რომ დაირეკა და ყველა თავის ადგილს დაუბრუნდა, უკან გადმოიხარა სოფო.
- შენც იმას ფიქრობ, რასაც მე? - ხმადაბლა გადაუჩურჩულა ტუსას, სანამ მათემატიკის მასწავლებელი სიას კითხულობდა.
- დიახ. რატიმაც ასე უნდა იფიქროს.
- მომწონს! მომწონს შემართება!
როგორღაც მოახერხა და ქორიძეზე გადაიტანა მთელი ყურადღება დანარჩენი გაკვეთილების განმავლობაში. თითქოს ძალიან არ ადარდებდა ცარიელი მერხი რატის გვერდით.
ყველაფერი კარგად ჩაფიქრებული ნატვრასავით აუხდათ გოგონებს. რაღაც ძალით ისე მოხდა, რომ მარტო დარჩნენ რატი ქორიძესთან ერთად კლასში. კარი გამოიხურა სოფომ. თითქოს არ უნდოდა დერეფნებიდან შემომავალ წივილ-კივილს ხელი შეეშალა მათი მისიის შესრულებაში.
-მოერგო ანოს ის კაბა? - დაიწყო ძალიან სასხვათაშორისოდ, გეგონებოდათ მთელი შაბათ-კვირა კაბის ფერის და სიგრძის გარკვევაში ჰქონდათ გატარებული. - მოკლე, თეთრი...
ისტორიის გაკვეთილის გადამეორებაში გართულმა ქორიძემ ოდნავ მოჭუტა მზერა, თუმცა წიგნიდან თავი მაინც არ ამოუწევია.
-კი, ძალიან კარგად ჰქონდა. - ღიმილს კბილებით ექაჩებოდა ტუსა, კიდევ კარგი ზურგით იჯდა რატისკენ, თორემ ყველაფერს აუცილებლად წყალში ჩაყრიდა, - წასვლამდე ჩემთან შემოივლის მაკიაჟისთვის, თუ გინდა შენც გამოყევი...
- თუ მინდა? - საოცარი მსახიობი იყო სოფო შონია, - როგორც იქნა, წიგნში მიხატული მონარქების პორტრეტების გარდა ვიღაც ცოცხალმა და ახალგაზრდამ მიიქცია მაგ გოგოს ყურადღება, ამ შანსს გავუშვებ ხელიდან?
- ხო, მგონი მოაკითხავს, - თვალებში ეტყობოდა ტუსას, როგორ ნერვიულობდა ამისთანა ტყუილებს რომ იგონებდა. - მეც მაინტერესებს, როგორი ბიჭია.
- ანო თუ გასეირნებაზე დაითანხმა, - ისე ბუნებრივად დაამძიმა ჰაერი სოფომ, ტუსასაც კი სუნთქვა შეეკრა მღელვარებისგან, არათუ რატი ქორიძეს, ამჯერად გოგონებს რომ შეჰყურებდა მოწკურული მზერით და დაცქვეტილი ყურებით, - ხვდები ხომ შენც, რა ტიპიც იქნება - შეუპოვარი!
- რაო, შონო, რა ხდებაო? - სასხვათაშოროსოდ გაურია სიტყვა რატიმაც. სკამზე ვეღარ დაეტია აღელვებული, ამიტომ ფეხზე წამოდგა და მოუახლოვდა გოგოებს. ხმა ჩაიწმინდა.
- ანო მიდის პაემანზე. - აჯახა პირდაპირ და არც მორიდებია, ისე თამამად დაუწყო ქორიძის თვალებში პანიკას ძებნა.
- ნუ მთლად პაემანზეც არა.... - სიტუაციის განეიტრალება სცადა ტუსამ.
- ჩემთვის რო არ უთქვამს? - მათ გვერდით მაგიდას ჩამოეყრდნო რატი.
- რა ვიცი, რატო უნდა ეთქვა? - მხრები აიჩეჩა სოფომ და ტუსას გადმოხედა გამობრეცილი ტუჩებით, დამემოწმეო.
- ხო, ჯერ არც ისე სერიოზულადაა საქმე.
- რა ჰქვია და რა გვარი აქვს არც ისე სერიოზულ საქმეს? - თვალები დააწვრილა რატიმ.
- ვაკელია, - წამოაყვირა სოფოს, ტუსამ გაჩუმება არჩია საერთოდ, მათი პასუხები ერთმანეთს რომ არ დამთხვეოდა და არ ჩაშლოდათ ეს გრანდიოზული ოპერაცია, - მათუშა სისაური. ვალოდია სისაური ხო იცი?
- არა. - სისხლი აუდუღდა რატის.
- კაი, ეგ როგორ არ იცი! - თავი გადააქნია სოფომ, - ვალოდია სისაური არ იცი? ფეხსაცმელების მაღაზიების ქსელი აქვს. შარშან მანდ მიყიდა დედაჩემმა ესენი.
ტუსამაც ინსტიქტურად დახედა შონიას შავ ფეხსაცმელს. რატის გამომეტყველება არ შეცვლია საერთოდ.
-დაქალებს ფასდაკლებას გაგვიკეთებს, იმედია, - აგრძელებდა მსახიობი, - შეყვარებულობის დროს ოცდაათიანიც გვეყოფა, ცოლად რო მოიყვანს მერე უკვე ორმოცდაათიანზე..
- შონო, ნერვებს ნუ მიშლი. - ტუჩები ისე მაგრად დააჭირა რატიმ ერთმანეთს, რომ გაუთეთრდა.
- უი, შენ გამომრჩი! შენზეც გავრცელდება ფასდაკლება, რატიკო, - ფეხზე წამოდგა სოფო, როგორც კი კლასის კარი გაიღო და ბავშვებმა დაიწყეს შემოლაგება, მხარზე მოუთათუნა გაურკვევლობისა და აშკარა ეჭვიანობისგან აცახცახებულ რატის ხელი, - მეგობრები ხართ, ბოლოს და ბოლოს...
ისე შეაწუხა იმ სიტყვამ რატი ქორიძის არსება, ისე, ისე, რომ თვალები მიეხუჭა წამიერად. ჟრუანტელმა დაუარა იმ სავარაუდო სცენარის წარმოდგენისას, სადაც თვითონ იყო „მეგობარი“ და ის ვიღაც მეწაღის ბიჭი. არა, წარმოდგენაც არ უნდოდა!
ერთ ადგილას გაშეშებულმა გამოაყოლა ანოს თვალი, როგორ ჯდებოდა თავის მერხზე მის წინ. როგორ გაუღიმა, როცა შემოხედა. გრძელი თმა ჰქონდა, ოდნავ ხვეული, ისეთივე თაფლისფერი, როგორიც მისი თბილი და უზარმაზარი თვალები. ქოქოსის სურნელის შლეიფი მიელამუნა ცხვირზე. თეთრი მაისური ეცვა, ისე უხდებოდა თეთრი...
მუცელი აუწვა რაღაც შხამნარევმა გრძნობამ. ცოტაც და ალბათ ფერფლად იქცეოდა თვითონაც და ისიც, ვისაც არ აშორებდა თავის განრისხებულ, ნაეჭვიანებ და შეყვარებულ თვალებს.
არაფერი უთქვამს, ისე დაუბრუნდა თავის ადგილს და სკოლიდანაც ისე გავარდა გაკვეთილების შემდეგ, გოგოებს არც კი დალოდებია.
- რა სჭირს იმას? - გულდაწყვეტილმა გააყოლა თვალი ანომ, უკვე წვრილდებოდა რატის სხეულის გამოსახულება, პატარავდებოდა და ორ წამში გაუჩინარდა კიდეც.
- რაც შენ... - თავისთვის ჩაიბურტყუნა სოფომ.
- დღეს საღამოს თუ გცალიათ, ჩემთან გამოდით, - გოგოებისკენ არ მიუხედავს ტუსას, ისე ჩაილაპარაკა. ისე ჰქონდა გული დამძიმებული, ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა ყურადღების გადატანა. - ბიცოლას გაუხარდება თქვენი გაცნობა.
- შენი თავგასა ბიძაშვილიც სახლში იქნება?!
- როგორი? - გაეღიმა ტუსას.
- თავგასიებულის შემოკლებული ფორმაა. აკვდება...
- არა, ვარჯიშზე იქნება. მოხვალთ ანუ?
- მოვალთ, ხო. - დაემოწმა სოფო შონია.
- გაბრაზებულია ჩემზე? - ისევ რატის დასტრიალებდა ანოს გონება. - დღეს ისე შემომხედა, გეგონება კაცი მოვკალი...
სახლისკენ მიმავალ გზაზე მარტო რომ დარჩა ტუსა, ფიქრები ფეხდაფეხ გამოყვნენ ლუკა აქიშბაიაზე. ბრაზისაგან უკვე ცრემლები ერეოდა. როგორ მისცა საერთოდ მოკარების უფლება! ხომ გააფრთხილა თაზომ, ხომ უთხრა, ვინც იყო და როგორც ექცეოდა გოგოებს.
რატომ ჩათვალა თავი განსაკუთრებულად...
ფიზიკის კერძო გაკვეთილზეც გონებით იმ გალაქტიკაში დაქროდა, სადაც ამ შეკითხვაზე პასუხს იპოვიდა. გაბრაზებულმა მასწავლებელმა სახლშიც კი გამოაბრძანა ნაადრევად, გაფანტული ხარ რაღაც და დაისვენეო დღეს.
ამან ხომ საერთოდ გააგიჟა! რას ჰქვია გაფანტულია, ახლა გაფანტულობა შეიძლება?!
არა, სასწრაფოდ უნდა მოიშოროს ეს ბიჭი გონებიდან.
გაბრაზებულმა ჩაირბინა კიბეები, უკვე ბნელდებოდა, ლამპიონებიც აენთოთ ქუჩაში. სასიამოვნოდ გრილოდა და ჩანთაზე გადაკიდებული ჯინსის მოსაცმელი ჩაიცვა, სანამ სადარბაზოდან გავიდოდა.
საშინელი ბიჭი, საძაგელი მატყუარა, იმ თვალების პატრონს როგორ ენდო და დაუჯერა?!
სადარბაზოდან გააბიჯა თუ არა, ისე მოულოდნელად დასტაცეს ხელი მაჯაში, წამოკივლებისაგან თავი ვერ შეიკავა.
გული ჯერ ლამის შიშმა გაუხეთქა, შემდეგ იმ ადამიანის დანახვამ, ვინც უკვე მილიონჯერ შეამკო გულში გაუგონარი სიტყვებით.
ის კი ისე იდგა მის წინაშე, თითქოს არაფერი დაუშავებია. უღიმოდა მომხიბვლელად, ცისფერი თვალებიც ეშმაკურად უციმციმებდა და ხელს არაფრის დიდებით უშვებდა ტუსას მაჯას.
ოხ, ლუკა აქიშბაია. ამას როგორ უნდა გაუმკლავდეს?!
-რა გინდა აქ? - ჰკითხა ხმადაბლა, ნაწყენმა გამოითავისუფლა ხელი მისი თითებისგან.
იცოდა ტუსამ, ოდნავ რომ აეწია ხმისთვის, აუცილებლად გაუტყდებოდა ბგერები. მის წინაშე კი არაფრის დიდებით არ იტირებდა!
- შენ მოგაკითხე.
- რა იცოდი აქ რომ ვიყავი? - ტროტუარზე გადააბიჯა ტუსამ და ისე გაუყვა გზას, მისთვის მეტად აღარ შეუხედავს.
- ვიცოდი უბრალოდ. - ღიმილს თავს ვერ უყრიდა აქიშბაია, როცა მის გაბრაზებულ სახეს და ნაბიჯებს ხედავდა.
სპორტული ჩანთა მოეგდო მხარზე, თვითონაც სპორტულ ფორმაში იყო გამოწყობილი და დაღლილ სახეზეც ეტყობოდა, რომ ვარჯიშიდან მოდიოდა.
- რატის რას უჩალიჩებთ ერთი? - გაუსწორდა გვერდით. ცალი თვალით გადახედა მის ათრთოლებულ ტუჩებს და სუნთქვას.
- არაფერს. - ხმა ვერ დაიმორჩილა ბარნოვმა, ფეხს აუჩქარა საგრძნობლად სამაგიეროდ.
ასეთი საშინელი როგორაა? უნდა, რომ გული გაუსკდეს? ჯერ აკოცა, მერე ერთი სიტყვა არ უთხრა, არც სკოლაში მივიდა და ახლა... ახლა რატიზე სალაპარაკოდ მოაკითხა?
- აბა რატო დარბის ვაკეში გამწარებული და სისაურის ფეხსაცმლის მაღაზიას რატო ეძებს?
- არ ვიცი, შენი ძმაკაცია და მას ჰკითხე.
- ვკითხავ იმასაც, მაგრამ მე ჭკვიანი კაცის ქრონოლოგიას მივყვები. ჯერ შეყვარებულს ვეკითხები...
სუნთქვა აუდუღდა გოგონას ბრაზისაგან. ერთ ადგილას გაშეშებული მოტრიალდა მისკენ და კარგად გაუსწორა ცეცხლისფერი თვალები, რომელმაც ერთიანად გადაწვა ლუკა აქიშბაიას ყველა ფიქრი, დისტანცია დაეკავებინა მასთან, სანამ უბრაზდებოდა. პირიქით, ეშმაკური ღიმილით მიუახლოვდა ერთი ნაბიჯით.
- არ ვარ შენი შეყვარებული.
- აუფ, - თავი ოდნავ გვერდზე გადახარა ლუკამ. იმაზე მეტად ეღიმებოდა, ვიდრე საჭირო იყო, ამიტომ სასწრაფოდ დააჭირა ტუჩებს კბილები. - ვარჯიში მქონდა დღეს... ამიტომაც არ ვიყავი სკოლაში.
- არ მიკითხავს, ლუკა. - სვლა გააგრძელა ჩქარი ნაბიჯებით.
შემოირიგებდა ახლა აუცილებლად, მას კი უნდოდა გაბრაზებული ყოფილიყო. ასე მარტივად არ მისცემდა შეცდომის გამოსწორების უფლებას.
-არაა საჭირო, ვხედავ, რო გაბრაზებული ხარ.
- არ ვარ გაბრაზებული, შენ მაბეზრებ თავს.
- მაკოცე და ახლა თავიდან მიშორებ? - წარბები მაღლა აზიდა „შეურაცხყოფილმა“, გოგონა ისეთი განრისხებული სახით მოუბრუნდა, ნაბიჯი ვეღარ გადადგა, თუმცა ეშმაკურად კი უღიმოდა ისევ, - არ ჩანდი ასეთი გრძნობებით მოთამაშე...
- მე გაკოცე?! თან აღიარებ, რომ გრძნობებით თამაშია ასე მოქცევა...
- დამაბნიე ბიჭი, - თავისას განაგრძობდა ლუკა, - შაბათის ვარჯიშზე ორ მეტრიან დისტანციაზე ვერ გავიტანე გოლი. მწვრთნელმა ბაზაზე დამტოვა შენ გამო.
- იტყუები, - გულზე ხელები დაიკრიფა ტუსამ, ერთი-ორი ნაბიჯით დაიხია უკან, კარგად რომ შეეხედა მისთვის თვალებში, თითქოს რამის ამოკითხვას მოახერხებდა.
- კაი, გოგო, რას ვიტყუები, შემომხედე. - ხელებგაშლილი დატრიალდა მის წინაშე, - ტელეფონიც წამართვეს. მტრედი ვერ დავიჭირე, ბარათი რო გამომეგზავნა.
- კარგი, მაგვიანდება ისედაც. - სასწრაფოდ შებრუნდა ტუსა და ფეხაჩქარებული აუყვა ტროტუარს. არ უნდოდა, ასე მარტივად მომლბალი გული რომ შეემჩნია ლუკას.
- ხვალ სადღაც რო წაგიყვანო, წამომყვები?
- არა.
- კაი, ცხრაზე გამოგივლი.
- არ გესმის რას გელაპარაკები? - წარბები ისე შეყარა ტუსამ, თითქოს ძალიან არ სიამოვნებდა ეს კინკლაობა.
- როგორ არ მესმის...
- დღეს ანო პაემანზე მიდის. - უცებ გადაიტანა თემა, ერთმანეთის გვერდით იდგნენ, პეკინიდან კოსტავაზე გადაუხვიეს, განზრახ რომ დაიგრძელეს გზა, თითქოს ვერცერთი ხვდებოდა ამას.
- ა, ანუ ეგ არი თქვენი გრანდიოზული გეგმა? - წარბები აზიდა ლუკამ, გაეღიმა ეშმაკურად. - მეც ეგრე უნდა მაეჭვიანოთ ხოლმე?
- შენ რატო უნდა გაეჭვიანოთ...
- ხო, მართალია, მე არ დამჭირდება. მე ხო უკვე გამოგიტყდი. - ოდნავ შეეხო თითებზე, როცა ამ სიტყვებს ეუბნებოდა.
ტუსას სახლისკენ მიმავალ ანო რამიშვილის ჩრდილს გამოედევნა რატი ქორიძის ნაბიჯები. ვერ გადაეწყვიტა ბოლომდე, უკან გაყოლოდა, თუ დროზე ადრე აეცილებინა თავიდან ვიღაც სულელ ბიჭთან პაემანი და საბოლოოდ დაესვა წერტილი ამ თამაშისათვის.
მოუჩქარა სიარულს და სანამ ტუსას კორპუსთან შეუხვევდა ანო, ამოუდგა კიდეც გვერდით ჩვეულებრივზე უფრო მეტად დასერიოზულებული, უფრო მეტად აღელვებული და უფრო მეტად შეყვარებული რატი გოგონას.
-გული გამისკდა! - სიცილით მიიდო მკერდზე ხელი ანომ. - რა გინდა შენ აქ?
- სალაპარაკო მაქ შენთან.
- ახლა? - გაუკვირდა რამიშვილს, ირგვლივ მიმოიხედა, ალბათ, ლუკასაც ელოდა მასთან ერთად და ზბაკო ტატიშვილსაც, ცხადია. - მოხდა რამე?
- სად მიდიხარ?
- ტუსასთან.
- მერე?
- მერე ჩემი მეგობარი უნდა ვნახო, - მხრები სუსტად აიჩეჩა გოგონამ. მართლა ვერ ხვდებოდა, რას ნიშნავდა ეს დაკითხვა, გული აუჩქარდა აღელვებულს.
აღარც კი ახსოვდა, რატისთან ერთად როდის იყო ბოლოს მარტო დარჩენილი. მისი გაბრაზებული გამოხედვა კი საერთოდ ვერაფერს ეუბნებოდა გულის დასამშვიდებლად.
-ვინ მეგობარი, ანო? - ოდნავ მიუახლოვდა რატი, თუმცა მაინც შეიკავა თავი ბოლოს. საკმარისი დისტანცია დატოვა სხეულებს შორის, ზედმეტი დაძაბულობა რომ არ გაეჩინა ცეცხლივით მათ შორის.
- დაკითხვაზე ვარ? - ანერვიულებულ ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან გოგო. - არ იცნობ შენ.
- კი, დაკითხვაზე ხარ. როდის მერე დადიხარ პაემნებზე მანქანიან და ფულიან ბიჭებთან?
- რა? - ღიმილი სახიდან ჩამოურეცხა თავზე გადასხმულმა იმედგაცრუების ყინულოვანმა მასამ ანოს. ერთი ნაბიჯით დაიხია უკან. თითქოს მის წინ მდგარ ადამიანს ვერ ცნობდა. - რა პაემნებზე... და რა შენი საქმეა საერთოდ, სად დავდივარ?!
- გოგო, აბა ვისი საქმე არი, მათუშა სისაურის?
- მათუშა სისაური საერთოდ რა შუაშია!
- თავშია!
- რატი, შემეშვი, სანამ ამ ჩანთის სახელურით ჩამოგახრჩვე! - მხრიდან ჩამოგდებული ჩანთა მოუღერა ანომ. მძვინვარებდა უკვე ბრაზისაგან. ვერ იჯერებდა, რომ ეს დიალოგი მათ შორის იცვლებოდა, ასე ხმამაღლა და ამ ფორმით.
- არ წახვალ. - ჯიუტად გამაგრდა რატი ერთ ადგილას. - ან თუ წახვალ, მეც წამოვალ და იმას თავს გავუტეხავ!
- გააფრინე შენ? მათუშა შონოს ბიძაშვილია, ერთხელ მყავს ნანახი, რა დაგიშავა! ან როდის მერე აგვარებ შენ ასე საქმეს, რატი?
- დღეიდან. - ოდნავ დაიმშვიდა რატიმ გული. ძალიან გვიან მიხვდა, ხაფანგში რომ გაება.
- ძალიან ცუდი, - ცრემლის თხელი ფენა გადაეკრა თვალებზე ანოს, - საერთოდ არ გიცნობ თურმე...
- რატო ამბობ ამას? - გული მოეწურა რატის, მის წინ გადადგმულ ნაბიჯს გოგონას უკან დახევა რომ მოჰყვა პასუხად, ერთ ადგილას გახევდა. კანი აეწვა, მთელი სხეული შეებოჭა დაძაბულობისგან.
- ზუსტად იმიტომ, რატომაც შენ გგონია, რომ ფული და მანქანაა საჭირო ვინმემ რო პაემანზე დამითანხმოს, ზუსტად მაგიტომ, რატი!- ხმა ვერ მოზომა გამწარებულმა, - არც შენ მიცნობ თურმე!
- ხო იცი, არ მიგულისხმია ეგრე...
- არ ვიცი არაფერი! - ანოს იმედგაცრუებულმა თვალებმა აუწვა შუბლი ბიჭს, - აღარ გამცე ხმა.
სასწრაფოდ შებრუნდა იქეთკენ, საითაც მიდიოდა და აჩქარებული ნაბიჯებითა და ყელში მომჯდარი ცრემლებით აირბინა კიბეები. აივანზე გადმომდგარმა ტუსამ და სოფომ გაკრვევით გაიგონეს მათი ოცნების კოშკების მიწასთან გასწორების ხმა.
-ამ ექსპერიმენტიდან ორი დასკვნა გამოგვაქვს, - ორი თითი ჰაერში აღმართა სოფომ, - რატისაც უყვარს ანო, ეს ერთი. მაგრამ რატი დებილია, ეს მეორე.
...
საღამოს ცხრა საათამდე ისე უსაშველოდ გაიწელა დრო, თითქოს საათის ისრებს უხილავი ძაფები საპირისპირო მიმართულებით ექაჩებოდნენ. აღელვებულმა ვერც მეცადინეობა მოახერხა და დიანას ხათრით ორი ლუკმაც ძლივს გადაყლაპა.
უნდა გაყვეს? ვერაფერი გაიგო. ასეთი გამოუცდელი და სულელი როგორ არის? საღამოს სახლიდან რომ გავა, რა უნდა თქვას...
-ტუსი, კარგად ხარ? - ვეღარ მოითმინა ქალმა მისი მეტისმეტად შესამჩნევი მღელვარება. - რამე ხო არ მოხდა სკოლაში?
- არა... არაფერი. - თვალი ისე გაუსწორა ბიცოლას, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ გადაეწყვიტა ბოლომდე ღირდა თუ არა.
- კაი, მითხარი, რა გაწუხებს აბა...
- ოხ, არ ვიცი! - შუბლი გადაშლილ წიგნში ჩარგო. არ შეეძლო ამაზე საუბარი, ვიღაც თოკებით ბოჭავდა თითქოს. - არ მაწუხებს არაფერი.
სამზარეულოს კარი გამოიხურა ქალმა. ჩაიდანი დაადგა ყავისთვის. ლამაზი ჭიქები დაალაგა მაგიდაზე და წიგნები ფანჯრის რაფაზე მიაწყო. გადამალული ტკბილეულიც გამოაჩინა, (ზალიკოს უყვარდა ძალიან, ნამდვილი მუსუსი იყო, არადა, შაქარი აწუხებდა და მისთვის არ შეიძლებოდა.) და მიუჯდა მაგიდას.
სანამ ყავის ჭიქებს სურნელოვანი ოხშივარი არ აუვიდათ, კრინტი არ დაუძრავს არცერთს.
-აბა, გისმენ, - ღიმილს ვერ იკავებდა დიანა, თითქოს ზუსტად იცოდა, რასაც მოისმენდა. ეშმაკურად უციმციმებდა თვალები. - ის არის ხომ? აქიშბაია.
ხმა არ ამოუღია ტუსას. ერთადერთი რასაც გრძნობდა ის იყო, რომ ცეცხლი ეკიდა მთელს ტანზე.
- სადღაც დამპატიჟა ამ საღამოს...
- ოხ, უყურე შენ... - წარბები აათამაშა დიანამ, - კონცერტია რაღაც და ალბათ იქ უნდა წაგიყვანოს. ჩვენ ვერ ვიშოვეთ ბილეთები, თორემ მეც მინდოდა ჩემს გოგოებთან ერთად...
- არ ვიცი, ბიცოლა. არ მინდა ახლა ყველაფრის არევა. თაზოს და ლუკას საშინელი ურთიერთობა აქვთ, თან ბიძიაც... არ ვიცი, როგორ შეხვდება ამ ამბავს.
- ვაიმე, რამდენს ფიქრობ შენი ასაკისთვის? შენს ბიძაშვილს თავში უქრის, - ხელი აიქნია ქალმა, - ბიძაშენს მე მივხედავ.
- გვიანია...
- არ გინდა წასვლა? - წარბები აზიდა გაკვირვებით, შემდეგ პასუხი რომ ვერ მიიღო ტაში შემოკრა, - რო მოხვალ ყველაფერს მომიყვები!
ორივე ლოყაზე გემრიელად აკოცა გოგონას. ყავის დალევაც არ დააცადა ბოლომდე, ისე გააგდო თავის ოთახში და გადმოაყრევინა მთელი გარდერობი.
ბოლოს მაინც ისე ჩაიცვა, როგორც თავად უნდოდა. ჯინსის მოსაცმელს მუხლამდე ყვავილებიანი კაბა მოუხდინა ლურჯ „კონვერსებთან“ ერთად.
-ეს ახალი მოდაა ალბათ, - გაეღიმა დიანას, ისე უყურებდა, როგორც თავის შვილს. გოგო ყოველთვის უნდოდათ მას და ზაალს. - მოიცა, ერთი-ორი წუთი ალოდინე.
გასასვლელ კართან იდგნენ ორივენი ერთმანეთის პირისპირ და სარკის თავზე ჩამოკიდებულ საათს უყურებდნენ თვალის მოუშორებლად. საკეტის ხმაზე თვალები დაქაჩა ტუსამ. თაზომ შემოაღო კარები, ვარჯიშიდან ბრუნდებოდა დაღლილ-დაქანცული. ჯერ დედამისს შეხედა აზიდული წარბებით, შემდეგ თავის ბიძაშვილს.
- ჩადი, ჩადი, - ჩაიბურდღუნა თავისთვის, - არ ალოდინო ძალიან.
- ხო ლამაზად არის, დედა? - ლამის გამოსძალა სიტყვები თავის შვილს დიანამ. თვალები დაუბრიალა განრისხებით. - კაი, მიდი, გადაცდა ხუთი წუთით.
- ლამაზადაა, ხო.. - კიბეებზე ჩამავალს მისწვდა თაზოს ხმადაბალი ზუზუნი.
გაეღიმა, თითქოს ოდნავ შეუმსუბუქდა გული.
უკვე ბნელოდა გარეთ. გვარიანად შეეგრილებინა ჰაერი ოქტომბრის დასაწყისს. ნაბიჯებს ფონის მუსიკად გასდევდა ჭადრის ხეებს დაცვენილი ოქროსფერი ფოთლების ჩურჩული ფეხქვეშ.
გული მკერდში გაებერა ტუსას. ზედმეტად ლამაზი და გამოპრანჭული რომ ყოფილიყო, იმისაც რცხვენოდა. სახე ეწვოდა მის მზერაზე, თვალმოუშორებლად რომ შეჰყურებდა სახეში.
ღია ჯინსის შარვალი და ცისფერი პერანგი ეცვა, მაგრამ მთლად ისეთი მანათობელი ვერ იყო, როგორიც მისი თვალები. კორპუსის მოპირდაპირე მხარეს, სკვერის ღობეს მიყრდნობოდა და ელოდა, როდის მოუახლოვდებოდა.
წელში რომ გაიმართა, ერთ ადგილას გაშეშდა ტუსა.
- მოახლოება და გადაკოცნა საჭირო არ არის. - უთხრა თვალებდაქაჩულმა, არ უნდოდა თავის ეზოში ყურადღების მიქცევა.
- არც ვიკადრებ, მაუზერით დგას შენი ბიძაშვილი აივანზე და არ მინდა ჯერ სიკვდილი, - გაეღიმა ლუკას. ხელი გამომწვევად დაუქნია თაზოს, სანამ გზას გაუდგებოდნენ. - მაგრამ მიზანშიც თუ ისე ისვრის, როგორც კარში ბურთს, შემიძლია გავბედო მოახლოება და გადაკოცნა...
- ნუ ილანძღები, - ტუჩები დააწვრილა ტუსამ, რომ არ გაჰღიმებოდა. ისე ესიამოვნა უსაფრთხო დისტანციას რომ იცავდა, სანამ ეზოდან გადიოდნენ, დიდად გულზე აღარც მოხვედრია მისი სიტყვები თაზოს მიმართ.
ნელ-ნელა მცირდებოდა მანძილი სხეულებს შორის, როგორც კი გასცილდნენ ტუსას სახლს. რა თქმა უნდა, შეუმჩნევლად და რა თქმა უნდა, გააზრებულად.
ლისზე იმართებოდა კონცერტი. მუსიკის გუგუნი და ხალხის ხმაური შესასვლელამდე აღწევდა.
- აქეთ რატო მივდივართ? - გაკვირვებით ახედა ტუსამ, გვერდი რომ აუქციეს შესასვლელთან თავმოყრილ რიგსა და წესრიგის დამცველ პოლიციელებს, - იქეთ არის შესასვლელი.
- ვიცი, მაქედან ბილეთიანები შედიან, - თვალი ჩაუკრა და გაეღიმა მის გაფართოებულ თვალებზე.
- არ გაქვს ბილეთები?
- არა, რად გვინდა? - ისე გულუბრყვილოდ აიჩეჩა მხრები, თითქოს ვერ ხვდებოდა, რა იყო პრობლემა.
- დაგვიჭერენ, - ნაბიჯი არ გადაუდგამს ტუსას, გულის კედელი ლამის გამოენგრა შიშისგან და იმის წარმოდგენისას, თუ რა დაემართებოდა, პოლიციას რომ გამოებუნძულებინათ იქედან.
- ვერ დაგვიჭერენ, მომკიდე ხელი, - ისე გადახლართა თავისი თითები ტუსას თითებს შორის, გაძალიანებას აზრი აღარც ჰქონდა, - რა პატარა ხელები გაქ...
- ხო, არ მოუხდება ბორკილები. - ანერვიულებული გაჰყვა მის აუჩქარებელ და მშვიდ ნაბიჯებს. ვერც ეშმაკურ ღიმილზე შეატყობდით რამე განსხვავებას, სულ ისე იღიმოდა, თითქოს რაღაც ჰქონდა დაშავებული და იმათ დასცინოდა, ვინც ვერ მიუხვდა.
- სირბილი ხო იცი?
- ნერვებს მიშლი.
- აი, ამ ხეს რო გავცდებით, უნდა გავიქცეთ. - ისე ჩვეულებრივად აძლევდა მითითებას, თითქოს ნაყინის საჭმელად ეპატიჟებოდა.
- არ ხარ ხო ნორმალური, იმ სიბნელეში სად უნდა გავიქცეთ?
- აბა, სინათლეში დაგვინახავენ, გოგო... - თეთრად შეღებილ ხეს რომ მიუახლოვდნენ, ოდნავ მოიხედა უკან, სადაც პოლიციის ბოლო ბრიგადა იდგა.
- ვნანობ, რომ დაგთანხმდი. რა მეგონა?
- რა ვიცი, რა გეგონა? - გადმოხედა ღიმილით და სანამ პასუხის გაცემას მოასწრებდა ტუსა, უცებ აკოცა ლოყაზე. - მთავარია, ხელს რო გთხოვ მაშინ არ მითხრა ეგ, თორე ახლა არაუშავს.
პასუხის გაცემაც ვერ მოასწრო ტუსამ, როგორც კი ხეს გასცდნენ, ორივენი ისე მოსწყდნენ ერთ ადგილს, წამიერად გაუჩინარდა მათი სხეულები შესამჩნევი ადგილიდან.
ორი წუთიც არ გაგრძელებულა ეს „გაქცევის“ ოპერაცია. წელამდე ღობეს გადაევლო აქიშბაია და ტუსას მოუბრუნდა მერე.
წელში მოკიდა ორივე ხელები და გადმოსვა თავის გვერდით.
- ვსო, სულ ეს იყო. - გაუღიმა ეშმაკურად და ცალი ხელისთვის ისევ არ გაუშვია თავისი მტევანი.
- აღარაა ხელის მოკიდება საჭირო.
- რა მითხარი? - ნელ-ნელა გაერივნენ სცენის წინ მოგროვებულ ხალხში. მუსიკა კი ისმოდა ხმამაღლა, მაგრამ არც იმდენად ტუსას სიტყვები რომ ვერ გაეგო. - ხედავ კარგად?
- კი, - თვითონაც დაავიწყდა, რატომ ჭირვეულობდა. ღიმილმა და აღტაცებამ გაუნათა სახე, ათასფერ განათებას აფრქვევდა სცენის შუქები. რამდენჯერ პირდაპირ თვალიც კი მოსჭრა გოგონას და სასაცილოდ მოეხუჭა ლამაზი სახე. - პირველად ვარ კონცერტზე.
- და ისიც არალეგალურად.
აღარ გაუგია მისი სიტყვები ტუსას. წითელი განათებები აიჭრნენ ცაში. ყრუდ ჩაესმოდა მუსიკის ფონზე გაჟღერებული სიტყვები.
„ეძღვნება ყველას, ვისაც უყვარს...“
...

ქორწილის შემდეგ კიდევ ერთი დღით გადაწყვიტეს სანაპიროს სახლში გაჩერება.
ზღვის მარილიან ჰაერს ოდნავ აგრილებდა მოსაღამოვებულ ცაზე გამოკრეფილი იასამნისფერი ღრუბლები. წითლად იღვრებოდა მზე ჰორიზონტის დასალიერში და სხივები ნაზად ელიცლიცებოდნენ მოუსვენარ ტალღებს. თითქოს ემშვიდობებოდნენ მომავალ შეხვედრამდე.
რაღაც დაბზარული გამთელდა ყველას გულში. თითქოს სამყაროს წონასწორობა აღდგა, როცა ისევ შეიკრა ის წრე, რომელიც თავს ევლებოდა მათ ბავშვობას და სკოლის ამაღელვებელ და ბედნიერ წლებს, სანამ ცხოვრება სხვადასხვა სანაპიროზე გარიყავდა მათი წარსულის მოგონებებს.
ცოტნეს ისევ მწვადების შეწვა და მაყალი მიუსაჯეს. არც ხორცს ჭამდა და კვამლის სიბინძურეც ეზარებოდა შუათანა აქიშბაიას და რატომღაც მაინც მას ავალებდნენ ამ საპასუხისმგებლო კერძის მეთვალყურეობას. ალბათ იმიტომაც, რომ ცოტნეს ზედამხედველობაში ყველაფერი მაინც იდეალურად სრულდებოდა.
მაგიდას შლიდა ტუსა. თავის ფიქრებში ღრმად ჩაძირულს გარშემომყოფების საუბარი ოდნავადაც არ ესმოდა.
- მოხდა რამე? - დანა-ჩანგლით ამოუდგა გვერდით სოფო, ჩუმად გააპარა თვალი აქიშბაიასკენ, უზარმაზარ მდელოზე ბურთს აგორავებდა თაზოსთან ერთად.
- ოხ, არაფერი, - თავი გადააქნია გოგონამ და მაგიდაზე თეფშების რაოდენობა გადათვალა.
- ტუსია, კიდე ორი თეფში დაამატე, რა. - შუბლზე აკოცა რატიმ, - ბათუმიდან მოვლენ ბავშვები.
- თავგზა ამერია, - თავი კი დაუქნია რატის, მაგრამ სოფოს გაუგრძელა ხმადაბლა საუბარი, - მეგონა შევძლებდი, მაგრამ არ შემიძლია. არ მინდა ასე ახლოს მაგასთან ყოფნა.
- გუშინ ყველა თქვენს ცეკვას უყურებდა ჩუმად. მემგონი ხალხს უფრო უყვარხართ თქვენ ორნი ერთად, ვიდრე თქვენ ერთმანეთი.
გულზე ისე მწარედ ჩაერჭო ეს სიტყვები ტუსას, რომ წამიერად ამოსუნთქვაც კი გაუჭირდა. სული თითქოს ეკლებით დაფარულ ფილტვებს გამოედო, ისე აეწვა ყველაფერი.
- აღარ მიყვარს, - გაიმეორა გაჯიუტებით. - უბრალოდ, ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვნახე და დაბნეული ვარ, სოფო. შეხედე, როგორ იქცევა, როგორია...
- რა გტკენს გულს, იქედან რომ ამოვიდა უშენოდ?
- გულს ის მტკენს, მე რომ ვერ ვხვდებოდი იმდენი წელი, თურმე ადამიანს არაფერში ვჭირდები. მე რომ უფრო მჭირდებოდა, ვიდრე თვითონ, ეგ მაბრაზებს, ასე მშვიდად რომ შეუძლია იყოს და მე რომ მაინც ასე მარტივად გამოვდივარ მდგომარეობიდან..
- სიამაყე გალაპარაკებს, - ანოც იქვე იდგა. კარგად ესმოდა მათი საუბარი. - შონიას რას უსმენ, ამდენი წელია ვერ დაადგინა, შენი ბიძაშვილი რო უყვარს და შენ მოგცემს აზრიან რჩევას?
- ნუ ბჟუტურობ. შეხედე ერთი იმას, - გაღიზიანებულმა აიქნია ხელი თაზოსკენ, - სიგარეტი არ გაუგდია ხელიდან და რა შემაყვარებს მის თავს?!
- რა ქნას, ეშინია შენი. - თბილად გაუღიმა ანომ, - შენგან პირველ ნაბიჯს არავინ ითხოვს და ელოდება, ტუს, მაგრამ იცოდე, არც მისთვის ყოფილა მარტივი. არც ახლაა მარტივი.
- გაიკეთა ბეჭედი და გადავიდა ქმრის ფრონტზე. გვარსაც ხო არ იცვლი, რამიშვილი?
- რატომ ხარ შენ ასეთი სკეპტიკური?
- არ მინდა, რო გული ატკინოს კიდე. - ხმა დაუდაბლდა შონიას, - და მაგაზე მეტად ის არ მინდა, რომ მარტივად ეპატიოს. მინდა, რო გაბრაზდეს, გაგიჟდეს და გადაირიოს. ტირილი არ მინდა, არ მიყვარს მტირალა ბიჭები.
- გიჟია ეს...
- ოჰა, - ღიმილით გახედა ჭიშკართან მომდგარ მანქანას, საიდანაც ორი ნაცნობი სხეული გადმოვიდა, - ნატვრა ასე მალე არასდროს ამსრულებია. მოვიდა შენი არმაგედონი, აქიშბაია.
ინსტიქტურად მიატრიალეს თავი იქეთკენ, საითაც ასეთი აღტაცებით იხედებოდა სოფო. ეშმაკები უციმციმებდნენ თვალებში.
არც მეტი და არც ნაკლები, გივიკო აბაშიძე და მათე სისაური შეემატა დღესასწაულს.
ტანში გასცრა ტუსას. თითქოს აკლდა მღელვარებისათვის მიზეზი, გივიკო აბაშიძის სახელი და გვარიც რომ არ მიმატებოდა მის დაუსრულებელ სიას.
- რა უნდა ამას აქ? - დაუფარავი უკმაყოფილებით ჰკითხა ლუკამ რატის. ინსტიქტურად გაზომა მანძილი ტუსას და გივიკოს სხეულებს შორის. არ მოუშორებია ქალის სახისათვის თვალები და ზედ ამოკითხულმა მღელვარებამ ნავთი გადაასხა მის ისედაც ალმოდებულ სხეულს.
- კაი, რა დაგემართა... - ოდნავი სიმკაცრით გადახედა ცოტნემ უფროს ძმას. - სახე გაასწორე.
- მათესთან ერთად რაღაც საქმეზე იყო ბათუმში, დატოვე და მარტო მოდი-მეთქი, ვერ ვეტყოდი, ლუკა.
- შენ ვერ ეტყოდი, მაგრამ ის უნდა მიმხვდარიყო, სად უნდა მივიდეს და სად არ უნდათ მისი მისვლა, - ამჯერად რატის გაუსწორა მზერა აქიშბაიამ. - და ეგ საქმეც კარგად ვიცით ორივემ, ვინც არი.
- და შენ რა გაბრაზებს? - თვალები დააწვრილა ცოტნემ. უარესად შეუნთო ცეცხლი თავის ძმას, მიწა ჯოჯოხეთურად გაცხელდა აქიშბაიას ფეხებქვეშ, - ერთხელ გაესვა ხაზი გივიკოს ადგილს ტუსას ცხოვრებაში, თუ ორჯერ? აი, შენ რო გადაგესვა ხაზი, ეგ არი შენი სადარდებელი.
- აიღე ბარემ ეგ შამფური და გულში გამიყარე. ძმა ხარ თუ სატანა?
- გაანძრიე. - თვალებით მიანიშნა, იქეთკენ წასულიყო, სადაც გივიკო ყურადღებას და შეხებას არ იშურებდა მის წინაშე მდგომი ქალისათვის.
ზედმეტი ყურადღება არ მიუქცევია ლუკას გივიკო აბაშიძისთვის. კულტურულ სალამს არ გაცილებულა მათი ინტერაქცია, ისედაც საკმარისად იყო დაძაბული ელექტრული ველი მათ გარშემო და პირადი უთანხმოების გამო მეგობრებისთვის მნიშვნელოვანი დღის ჩაშლა არცერთის სურვილი არ ყოფილა.
-შენს სკოლაზე რა ხდება? - თაზოს და გივიკოს შორის მოექცა ტუსა, როცა სუფრას მიუსხდნენ.
კარგი მეგობრებივით საუბრობდნენ ერთმანეთში. ისეთი თავისუფალი იყო მასთან ბარნოვი, სასმელზე მეტად ათრობდა ასეთი ტუსას შორიდან ყურება ლუკას.
- არ ვიცი, დაფინანსებას ველოდებით. იმედია, გამოვა. - თავი უბრალოდ გადააქნია გოგონამ, - არ გელოდი დღეს აქ.
- მათემ არ დამანება და გამიტყდა მეც უარის თქმა. როდის ბრუნდები თბილისში? ხვალ მივდივარ და თუ გინდა გაგიყოლებ.
ინსტიქტურად დაუქნია ტუსამ თავი. ხვალ ანო და რატი ისედაც სამოგზაუროდ მიდიოდნენ. თაზო და ზბაკო ბათუმში აპირებდნენ დარჩენას, მას კი საერთოდ აღარ ჰქონდა აქაურობის თავი.
ეს ზღვა უარესად უშლიდა აფრებს, საერთოდ უცვლიდა მის გემს და ცხოვრებას მიმართულებას. მართლა უკეთესი იქნებოდა, თუ თბილისში დაბრუნდებოდა და საქმეზე გადაიტანდა ყურადღებას.
-ტუსიკო, ორი წუთით გამომყევი, რაა, - თავზე წამოადგა ზბაკო ტატიშვილი მასზე გაბრაზებულ თავის მეგობარს. - ცივი ყავა გავაკეთოთ.
- შენ ვინ ხარ? მე შენზე გაბრაზებული ვარ. - მკაცრად კი მიაგო პასუხი, მაგრამ ფეხზე მაინც შეკავებული ღიმილით წამოდგა ტუსა.
რაღაც ხმადაბალი მუსიკა ჩაერთოთ ეზოში. თოლიები დაფრინავდნენ პალმებს შორის, ღამეულ ზღვას უფრენდნენ თავზე და სიბნელის ფარდაში იხლართებოდნენ.
- საშინლად ვარ შენზე გაბრაზებული, ზბაკო. - სამზარეულოში როგორც კი შევიდნენ, მაშინვე მიუბრუნდა გაცეცხლებული მოფუზულ ტატიშვილს. - რას ჩალიჩობ?
- ვაიმე, ახლა მართლა მშვიდობის საქმეს ვჩალიჩობ. აალდა, გოგო, ჩემი ძმაკაცი. შეხედე, მიმეტრუსა მარცხენა წარბი. ისიც რა დამპალია, შენ რო მოგიჯდა გვერდით! - გივიკოს დაუცაცხანა მერე შორიდან.
- ელიზბარ, გეყოფა უკვე. - თვალები აატრიალა და გრძელი ჭიქები სამზარეულოს მაგიდაზე დაალაგა ყავის გასამზადებლად. - სკოლაში ხო აღარ ვართ? დამღალეთ.
- მომისმინე, ლუკა მოდის. ახლა მე აქედან გავალ და თქვენ ილაპარაკეთ.
- ადგილიდან არ გაინძრე, თორე არ ვიცი, რას გიზამ, შე ცრუპენტელა კაცო.
კოვზი ცივი იარაღივით მოუღერა თავისზე მაღალ სხეულს, თუმცა აზრი აღარ ჰქონდა უკვე. ლუკა იქ იყო და ზბაკოს გასვლისთანავე ზურგსუკან გადაკეტილი კარით თუ იმსჯელებდა, ვერც ტუსა გავიდოდა ოთახიდან, სანამ ის არ მოისურვებდა.
მიეყრდნო ზედ. გულზე გადაიჯვარედინა ხელები.
- გისმენ, - თან ყავას ანაწილებდა ჭიქებში და თან უღიმოდა ირონიულად მის წინ მდგარ სხეულს, - ლაპარაკი ხომ არ გინდა?
- გეყოფა. არ ხარ ასეთი. - მზერა დაუმშვიდდა ლუკას. მიუახლოვდა ოდნავ და გააშვებინა ჭიქებისთვის ხელები.
- გამიშვი და ნუ მოდიხარ ახლოს. - მშვიდად უთხრა, ზედმეტი მოძრაობის გარეშე. არ უნდოდა აყალმაყალი შეექმნა.
სულს უხუთავდა უკვე ეს სიახლოვე. ეს სურნელი და საერთოდ ყველაფერი, რასაც ეხებოდა ჰაერის ჩათვლით.
- იმას შეგიძლია რო გაუღიმო და მე არა? - ხელი შეუშვა, თუმცა მილიმეტრითაც არ მოშორებია მის სხეულს.
არაფერი ადარდებდა იმ წამს. სხეულდაჭიმული ტუსას თვალებს არ აშორებდა მზერას. არ ადარდებდა, ყველა გრძნობა რომ დაანახა და გაუშიშვლა იმ ერთ შეკითხვაში - სიყვარული, წყენა, ეჭვიანობა, სევდა, ბრაზი. საერთოდ ყველაფერი...
- შენ რატო უნდა... - ნახევრად დასმული შეკითხვა გადაყლაპა ტუსამ. თვალები დახუჭა და ღრმად შეისუნთქა ჰაერი, მოთმინება რომ მოეკრიბა. - რა სიტყვები უნდა გამოვიყენო, შენთვის გასაგები რომ გახდეს, რომ...
- მომისმინე, - თვითონაც თვალები მიეხუჭა ლუკას. წამიერად შეწყვიტა სუნთქვა, - ვცდილობ ისე დავალაგო ჩვენი ცხოვრება, რო ზედმეტი ხმაური არ გამოვიწვიო. განსაკუთრებით იმას ვცდილობ, ვინმეს ყბის სიმთელე არ შეეწიროს ჩვენს სიმშვიდეს. მე მიყვარხარ და არ მაინტერესებს სადამდე აპირებ იმ ქალად თავის მოჩვენებას, ვინც არ ხარ. გივიკო აბაშიძე ჩემთვის არც აქამდე ნიშნავდა რამეს და არც ახლა ნიშნავს. ის მანრისხებს... რო იცი, რასაც გრძნობს შენს მიმართ და შენ...
- და მე რა? ისე ვექცევი, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს? შენ რატო გგონია, რომ ჩემ წინაშე რამის უფლება გაქვს დატოვებული? მითუმეტეს მიმითითო, ვის გავუღიმო და ვის არა. მე ხო არ მქონია მაგის უფლება?! შენ ხო შეგეძლო, ვისთანაც გინდოდა და როცა გიდოდა, სადაც გინდოდა ისე გაგეღიმა და უარესიც გაგეკეთებინა, როცა კარიც არ მქონდა გახურული შენი ცხოვრებიდან ნორმალურად. შენ გგონია მაგას გაპატიებ? - ბრაზის ცრემლებმა აუვსო ტუსას თვალები.
- არ შემეძლო სხვანაირად. შენ არ იცი, მე სად ვიყავი.
- ახლა არ მაინტერესებს სად იყავი, გესმის? - ჰაერიც კი გაჭრა ტუსას ბასრმა ხმამ, - მაშინ შემეძლო მცოდნოდა, მაშინ შემეძლო, რო მეც იქ ვყოფილიყავი შენთან ერთად!
- შენი აზრით, ეგ მინდოდა, გოგო?! გგონია, ეგ მინდოდა? - წელზე მოხვია ხელი და ისე გამოიყვანა დერეფანში, სხვებსაც რომ არ გაეგოთ მათი ხმა.
- მომშორდი, - უკან გახტა ტუსა, ისე იყო იმ წამს გაბრაზებული, ეგონა შეეძლო მოეკლა, ისეთი ტკივილი მიეყენებინა, რომელაც ვერ უშველიდა ვერაფრით. - მივხვდი კარგად, რომ არ გინდოდა! ხო დაგანებე, ხო მოგშორდი და წავედი, ხო აღარ მხედავდნენ შენი თვალები!
- არ მინდოდა ჩემთან ერთად შენც რო იმ ჯოჯოხეთში გეცხოვრა, სადაც მე ვიცხოვრე ოთხი წელი. არ მინდოდა, გესმის? შენი მსხვერპლი მე არ მჭირდებოდა. ვერ მიშველიდა იმის ცოდნა, რო ჩემსასთან ერთად შენი ცხოვრება და მომავალიც იღუპებოდა. ახლაც ნერვებს მიშლის იმის გახსენება, რომ შენ ამას შეგნებულად აკეთებდი.
- სულელი ვიყავი, - ცრემლებით ამოევსო თვალები ქალს, გულზე ისეთი ძალით უბიძგა ორივე ხელით, რომ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია ლუკამ. - გეთანხმები, სულელი ვიყავი. შენ არაფრის ღირსი არ ყოფილხარ... არაფრის. ყველაფერს ვნანობ, რაზეც უარი შენთან ყოფნის გულისთვის ვთქვი, იმიტომ რომ შენ იგივეს არ გააკეთებდი ჩემთვის!
- მე არ დაგიმალავდი, თუკი რამე ისეთი მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, რაზეც შენი გულისთვის მე უარს ვიტყოდი. ეჭვიც არ შეგეპაროს, თუ საჭირო იქნებოდა, უარს ვიტყოდი შენ გამო, მაგრამ ისე არა, შენ რომ თავი დამნაშავედ გეგრძნო. ისე არა, შენთვის რო მოეთხოვათ პასუხი ჩემი უკან გადადგმული ნაბიჯებისთვის. არ მინდოდა, ხვდები? მარილი იყო შენი მსხვერპლი ჩემი ჭრილობისთვის. ჩემთან, - გულზე მიიდო საჩვენებელი თითი, მრისხანების ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან, - არაფერი შეცვლილა. შენ ის ნათელი იყავი ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც მე სულ სიბნელიდან ვუყურებდი. არ ვარ დამნაშავე, შენც თუ სიბნელეში არ ჩაგიყოლე. შენ იმაზე ბევრად მეტი შეგეძლო, ვიდრე დამტვრეული ფეხბურთელის ცოლობა იყო.
- შენი გადასაწყვეტი არ იყო, მე რამხელა მსხვერპლს გავიღებდი საყვარელი ადამიანისთვის. - სული აეწვა ტუსას. - მე აუცილებლად ვიპოვიდი ჩემს გზას და დამტვრეული ფეხბურთელის ცოლობა ამაში ხელს ვერ შემიშლიდა. უფრო მეტსაც შევძლებდი შენთან ერთად, შენი უაზრო სიამაყე რო არა, შენი დაუსრულებელი ეგოისტობა რო არა! შენ შეგეძლო თავგანწირვა და მე არა, ხო?
- ბოლოს აუცილებლად ინანებდი, - კედელს ზურგით მიეყრდნო ლუკა. - ახლა ხომ ნანობ, მაგრამ ახლა სხვა მიზეზით, ახლა მე მოგეცი საქმე სანანებლად, მე გაიძულე წყალში ჩაგეყარა ყველაფერი. წლები რო გავიდოდა, სინანული შეგჭამდა, შენი გამოუყენებელი შანსები და შესაძლებლობები დაგტანჯავდა და ნელ-ნელა აღარც ისეთი ბედნიერი იქნებოდი, როგორიც გეგონა, რომ ჩემ გვერდით იქნებოდი მაშინ, როგორიც მე მინდა, რო იყო, მარტო ჩემ გვერდით კი არა, საკუთარი თავის გამოც.
- შენ მე საერთოდ არ მიცნობ. - ერთი ნაბიჯი გადადგა ტუსამ მისკენ, კედლებს ანგრევდა მისი გადარეული გულისცემა. ჰაერი დამძიმდა და გაიშვიათდა თითქოს მათ გარშემო, იმდენად გაუჭირდა სუნთქვა. წლების ნაგროვები გრძნობები და ტუჩების დილეგში გამომწყვდეული სათქმელი ერთიანად დაიხვია მათ სხეულებს შორის დატრიალებულმა ქარიშხალმა. - გამიმართლა, გადამარჩინე. კაცთან, რომელსაც იმდენად სუსტი ვგონივარ, რომ შავ დღეში მის გვერდით არ ვეიმედები, არც ღირს საკუთარი სიძლიერის მტკიცება.
- ასეთი არ იქნებოდი, ჩემთან რო ყოფილიყავი ეს ოთხი წელი. მე ვერ შევძლებდი დაგხმარებოდი იმისთვის მიგეღწია, რასაც დამოუკიდებლად მიაღწიე. კიდე ის გოგო იქნებოდი, ვისაც ეშინია, რომ მიატოვებენ.
- მეზიზღები. - საკონტროლო გასროლასავით მოხვდა ბოლო სიტყვები მის სიამაყესაც და გულსაც. ტუჩები უცახცახებდა მრისხანებისაგან, - ვერ გიტან. შენნაირ შხამიან არსებას არ შევხვედრილვარ, არათუ არ მყვარებია ვინმე შენსავით დაუმსახურებლად.
- მითხარი, რო არ იქნებოდა ასე და ჩავთვლი, რო ცხოვრებაში ასე არასდროს შევმცდარვარ. რო მართლა არ ვიმსახურებდი შენს სიყვარულს. მიდი...
- მომშორდი! შენ შეცდომაც კი არ გგონია, რაც გამიკეთე.. რაც მითხარი!
- შემეშალა. ძალიან ბევრ სიტყვას დავიბრუნებდი უკან, რომ შემეძლოს, მაგრამ იცოდე, რო სიკვდილის არ შემშინებია იმაზე მეტად, ვიდრე შენ რო უბედური ყოფილიყავი ჩემ გამო. ფეხბურთის გარეშე ცხოვრებისაც არ შემშინებია ასე. მაშინ ვფიქრობდი, რომ ასე დაგიცავდი.
- არაფერში მჭირდება შენი დაცვა. ოდესმე თუ ვინმე შეგიყვარდება...
- შენ მიყვარხარ უკვე. - ისე გაეღიმა, როგორც ომიდან დაბრუნებულ ჯარისკაცს საკუთარი სახლის დანახვისას, სადაც ისევ ანთია სინათლე.
- გისურვებ, რო მაშინ მოგიშორონ თავიდან, როცა უჭირთ, როცა რაღაც სტკივათ. - ხმა გაებზარა ტუსას, თითქოს თხელ ყინულზე გაიარეს ამ სიტყვებმა და გატყდა ისიც, ჩაიტანა სიცივეში მისი სხეული, - მერე მიხვდები, მე რა ვიგრძენი. მერე მიხვდები, რომ იმაზე უარესს ვერაფერს გაგიკეთებს საყვარელი ადამიანი, როგორიცაა არ მოგცეს უფლება გაიზიარო მისი წუხილი. მე შენთან დავამთავრე მაგ დღეს. დანარჩენი შენ აღარ გეხება.
- შენ ვერც წარმოიდგენ, ისე შემეხება, თუ იმას ჩაუჯდები ხვალ მანქანაში. - თავი ოდნავ გადახარა წინ ლუკამ, წყლის ზედაპირზე ავარდნილი ცეცხლივით უელავდა თვალები. - ვიცი, რაც მოხდა ჩემი ბრალიცაა, მაგრამ თუ არ მომისმენ, მე თუ არ მომასმენინებ შენსას, ვერ გავალთ ამ დაუსრულებელი ლაბირინთიდან.
- მე არანაირ ლაბირინში არ ვარ დაკარგული, მარტო გამოვედი მაქედან და უკან ვეღარ გამაბრუნებ. ჩემ გვერდით შენი ადგილი აღარ არის, ისე როგორც შენ გვერდით არ აღმოჩნდა ჩემი ადგილი მაშინ, როცა სამყარო თავზე ჩამოგექცა და მე მნიშვნელობა დავკარგე. შენი ბრალიცაა კი არა, შენი ბრალია, ლუკა.
- საყვარელი ადამიანისგან მნიშვნელოვანი წარმატების დამალვა არ არი შენთვის დანაშაული, გოგო? შენ ეგრე გესმის სიყვარული? შენ ჩემი ყველა წინ გადადგმული და უკან დახეული ნაბიჯი იცოდი. შენ იყავი პირველი ჩვენი გაცნობის დღიდან, ვის გარეშეც მე ვერანაირი წარმატების ბედნიერებას სრულყოფილად ვერ ვგრძნობდი. შენ. - მოღეღილ და მღელვარებისგან ათრთოლებულ გულზე მიადო თითი. წამიერ და ოდნავ შეხებასაც იმხელა ძალა და ენერგია ჰქონდა, რამდენიც ატომურ აფეთქებას ორ სხეულში. - უბრალოდ გეთქვა.
- ახლა აღარ აქვს ამას მნიშვნელობა.
- ჩემთვის აქვს. - არ მისცა თვალების მორიდების უფლება, - ვიცი, რო რთული იყო შენთვის.
- ლუკა, თავი დამანებე.
არ მოსწონდა ის მიმართულება, საითაც მიჰყავდა საუბარი აქიშბაიას. ძალიან ჰგავდა ეს გზა იმ ლაბირინთს, რომლიდანაც ეგონა, რომ გააღწია.
-არ დაგანებებ.
გაჯიუტებით ნათქვამმა პასუხმა უარესად აუდუღა ბრაზი გულში ქალს.
- რაც გინდა, ის ქენი. მე ისე ნუ მაძლევ მითითებებს, თითქოს შენ თვითონ არასდროს შეგშლია. ნუ ერევი ჩემს ცხოვრებაში. ხვალ რომელ მანქანაშიც მოვისურვებ, იმაში ჩავჯდები. თუ რამეს გააკეთებ, იცოდე, პოლიციაში გიჩივლებ.
- აუფ, - ღიმილი ვერ შეიკავა ლუკამ, ოდნავ აზიდა წარბები გაკვირვებისგან, - უფრო მყარი ბერკეტი არ გაქ ჩემს მოსაგერიებლად?
- შენი ისედაც ეჭვქვეშ დაყენებული კარიერა ჩემი 112-თან ზარით დასრულდება. მეტი სიმყარე რა გინდა?
- შურისმაძიებელი ქალი გახდი? - უფრო და უფრო უგრძელდებოდა ღიმილი, წითელი ცეცხლიც ჩაყლაპეს ფირუზისფერმა ტალღებმა მის თვალებში, სხვანაირად აღელდა ზღვა. ძველებურად... როგორიც შეუყვარდა, წამით ისევ ისეთი გახდა.
- ნუ მაიძულებ, თორე არ მოგერიდები. - ცუდად ენიშნა ტუსას მისი მოახლოება, თუმცა არ სურდა სიამაყე და სიმყარე შერყეოდა ხმაში.
მღელვარების ტალღები მიადგნენ მის სანაპიროს. მწველი გრძნობა დაუტრიალდა ჯერ გულ-მკერდში და ნელ-ნელა ადუღებულ ნაკადებად გადანაწილდა მუცლისაკენ.
ახსოვდა ეს შეგრძნებები. არაფერი იცვლებოდა მაინც. თვითონაც იმ გოგოდ გრძნობდა თავს, ვისაც ასეთი შეუყვარდა და ბრაზთან ერთად საკუთარი თავის მონატრებასაც გრძნობდა.
- რამე რეალური მიზეზი რომ გქონდეს, რისთვისაც მე სასჯელის მოხდა გამიმარტივდება, არ გინდა? - არ იძვროდნენ მათი სხეულები, ოდნავ გადახარა ლუკამ თავი მისკენ. გრძნობდა ქოქოსის რბილ და ტკბილ სურნელს, შაქრისფერი კანი უბზინავდა და განზრახ აფრქვევდა თითქოს მაცდურ და მათრობელა არომატს.
- მაქვს საკმარისი. - ჯიუტად გაუსწორა თვალები ტუსამ.
რაღაც შეცვლილიყო მაინც, ამ სიახლოვესაც შეცვლოდა თითქოს მუხტი, ოდნავ შემოცლოდა ბავშვური გულუბრყვილობის საფარველი მათ გრძნობებს, რაღაც უფრო ახალს ჰგავდა, უფრო განსხვავებული სიმძაფრე და სურვილი შემატებოდა მათ მღელვარებას სიახლოვისას. ცეცხლის ენები განსაკუთრებული სიმხურვალით უწვავდათ სხეულებს.
-არ გაყვე იმას, - თავი ოდნავ გადახარა ლუკამ გვერდზე, - გთხოვ...
ისე გაუღიმა ქალმა, უარს ნიშნავდა მისი დუმილი უპასუხოდ დატოვებულ თხოვნაზე. არ აპირებდა მისთვის არაფრის შესრულებას.
- მე ვცადე, - მოაშორა მაღალი სხეული დერეფნის კედელს, მიუახლოვდა ოდნავ, - ნურც შენ გამომცდი, ხო იცი, ჭკუა არ მომეკითხება.
- როდემდე აპირებ შენი თავნება და დაუფიქრებელი საქციელის მაგ სიტყვებით გამართლებას ერთი, ძალიან მაინტერესებს.
- სანამ გაამართლებს, მანამდე.
- გამატარე, - ისე გადაკეტა გასასვლელი ნახევარი ტანით, შეხების გარეშე ვერ შეძლებდა ტუსა უსაფრთხო ადგილამდე გაღწევას.
- ას თორმეტი აკრეფილი გქონდეს მაინც, - მთლიანად გადაუფარა ამჯერად გასასვლელი და არც უკან გაბრუნების უფლება მისცა, ერთი ხელით ორივე უმისამართოდ აქნეული მაჯა დაუკავა, მეორე წელზე შემოხვია და მიიხუტა მთელს სხეულზე.
- ნერვებს ნუ მიშლი, გამიშვი. - მშვიდად უბრძანა, მის წინაშე არაფრით დაკარგავდა მოთმინებას, ამ უტიფარსაც ხომ ეს უნდოდა ზუსტად. სინამდვილეში არც ჰქონდა ძალა წინააღმდეგობის გაწევის.
რამდენჯერაც მასთან სიახლოვე მონატრებია, ყველა მომენტმა ერთიანად შეახსენა თითქოს თავი. ცრემლები მოაწვა თვალებში. არ იმსახურებდა ეს ადამიანი მის მონატრებას. არც სიყვარულს. არაფერს...
-უშენოდ ბედნიერება არც მიცდია, - ოდნავ მიადო შუბლზე ტუჩები.
წამიერად გაუშეშდა ტუსას სხეული, ფეხქვეშ მიწა გამოეცალა და გულზე დააწვა მისი სიმძიმე, ფილტვებში გაეჭედა ყველა სალანძღავი სიტყვა.
-ნუ მატყუებ. - ამოილაპარაკა სუსტად. აღარ შეეძლო ამდენის ატანა. უნდა რომ გაუშვას, აღარ უნდა ასეთი ნაცნობი და ახალი იყოს მისი სურნელი, ისეთივე სასურველი, როგორც ყოველთვის, როცა მასთან იყო, - არ ყოფილხარ ჩემთან ბედნიერი.
- როგორ არ ვყოფილვარ, - ძლივს გაუღიმა. მიწამდე ჩაიტანა ტუსას თვალებში დანახულმა ტკივილმა. მისი რაღაც ნაწილი იქვე დარჩა.
- რომ ყოფილიყავი, მომცემდი საშუალებას შენთან ერთად ის დღეები მომეთმინა. მერე გაგვერკვია დანარჩენი. - გაითავისუფლა ძალაწართმეული მისი ხელებიდან საკუთარი თავი. ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. ყელი ასტკივდა, ისე უნდოდა ტირილი. - ჩემი შეხების უფლება არ გაქვს. ოდესმე თუ კიდე გაბედავ და მომეკარები, ჩავთვლი, რომ შენგან პატივისცემასაც ვერ ვიმსახურებ.
- გოგო, ნუ მაგიჟებ ასეთი სიტყვებით...
- ნუ გგონივარ ისეთი სულელი, ვინც მაგ ტყუილებს დაიჯერებს. მინიმუმ ათი მიზეზი მაქვს, რატომაც არ უნდა მჯეროდეს შენი და ყველას სხვა ქალის სახელი ჰქვია.
- იცი, რომ არ გატყუებ. დანარჩენებზე საუბარი უბრალოდ არ მინდა, არ დაგიწყებ ლაპარაკს იმ ქალების მნიშვნელობებზე, ვისაც სურათის ჩარჩოც კი არ დაუტოვებიათ ჩემს ცხოვრებაში.
- არც მაინტერესებს. და არც შენ უნდა გაინტერესებდეს არავინ ჩემ გვერდით.
- დავინტერესდები, იმიტომ რომ ზედმეტად აშკარაა იმისი გრძნობები შენ მიმართ.
- ფრთხილად დაინტერესდი, - უკანასკნელი გაცეცხლებული მზერით დაემშვიდობა ტუსა და დატოვა მარტო თავის გამოწვეულ ქაოსთან ლუკა აქიშბაია.
.
გაურკვევლობის ბურუსი რძისფერი ზეწარივით გადაეფარა შავი ზღვის აღელვებული ტალღების საწოლს. ღია ფანჯრებში აღწევდა აქაფებული ტალღების სანაპიროსთან შეტაკების ხმას აყოლილი კენჭების ხმაური.
მოთმინების ბოლო წვეთამდე ებრძოდა საკუთარი სიამაყისა და ბოქლომდადებული გრძნობების ჯანყს ტუსა ბარნოვი. ეგოისტურად ეჭიდებოდა საკუთარ იმედგაცრუებას, ტკივილს, წყენას და გადახსნილ ჭრილობებს, რომელსაც მარილად ეყრებოდა ლუკას დღევანდელი სიტყვები, მისი გამოხედვა, უცვლელი სურნელი.
ნაცრისფერი ღრუბლების ფარდა ისე ეფარებოდა მზეს, თითქოს არც გათენებულა.
-გიკექსამ დარეკა, - ღიღინით შემოიჭრა ბარგითა და გაფუჭებული ხასიათით სავსე ოთახში დილაადრიან ზბაკო ტატიშვილი. - მანქანა გამიფუჭდა და ვეღარ მოვდივარო.
- ზბაკო, გეყოფა, - ყურადღება არ მიუქცევია მისი სისულელეებისთვის ტუსას. აღარ დაეჯერებოდა ამ ბიჭს არაფერი. - მე დამირეკავდა.
- აჰა, ხაზზეა გივინიო და დაელაპარაკე შენ თვითონ, - უდარდელად მიაწება ყურზე თავისი ტელეფონი. - მე და ბედისწერა ერთ ენაზე გელაპარაკებით და არ გინდა გაგონება. რა ვიცი, იმ ვარსკვლავებს ტყუილად უყურებდი ამდენი წელი? არ შევიდა შენი ეტლი ვენერაში?
- ასტრონომიას სწავლობდა, გენიოსო, - შორიდან შეუბღვირა სოფო შონიამ. კარგად ხვდებოდა, მხოლოდ ბედისწერის ხელი რომ არ ერია ამ ამბავში.
შეკავებული ბრაზისგან ლამის სისხლი გაეყინა ძარღვებში ტუსას. ისე ჩაალაგა თავისი ბარგი ლუკას მანქანაში, ვინმეს მისთვის ხმა რომ გაეცა, ალბათ, ათას ნაწილად დაიმსხვრეოდა მისი თავშეკავება.
-ჭკვიანად იყავი, - გააფრთხილა ცოტნემ თავისი ძმა, სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა. თვალი ჩაუკრა ლუკამ და კმაყოფილი ღიმილი მაშინვე მოიშორა სახიდან, როგორც კი საჭეს მიუჯდა.
ტუსას არ ეყო სამაგიეროდ მოთმინება, დაიძრა თუ არა მანქანა, ისე აუფეთქდა მრისხანება თვალებში, ცეცხლი წაუკიდა სახეზე აქიშბაიას.
-საერთოდ არ გრცხვენიათ ამხელა კაცებს? მანქანა როგორ გაუფუჭეთ ადამიანს? - მთელი ტანით მიბრუნდა მისკენ.
უმატა სიჩქარეს ლუკამ, მისცა საკუთარ თავსაც უფლება დაბრუნებოდა თავის ბუნებრივ მდგომარეობას და დაეჯილდოვებინა ეშმაკური ღიმილით გოგონა. ამ სისწრაფით მიმავალი ავტომობილიდან ვერ გადაუხტებოდა ნამდვილად...
- წარმოდგენა არ მაქვს, რაზე ლაპარაკობ, - ისეთი თვალებით შეხედა, საერთოდ საპირისპიროს რომ ამბობდნენ მზერით.
- მე შემრცხვებოდა შენ ადგილას. მარტო იმიტომ, რომ მასთან ერთად არ მემგზავრა, მანქანა გაუფუჭეთ?!
- შენ რამდენ სერიალს უყურებ? რა მანქანა გავუფუჭე, გოგო, ჩვიდმეტი წლის ვარ? შენი აზრით, რამე უფრო პომპეზურს ვერ მოვიფიქრებდი, რომ მომენდომებინა?!
- რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე, - ირონიული ღიმილი ვერ მოზომა ქალმა. ბოლომდე ჩამოსწია ფანჯარა, ისე ეცოტავა ჰაერი მისი უტიფარი სახის შემყურეს.
- შენ რამხელაზეც გიყვარვარ, ზუსტად იმხელა..
- ნუ გაქვს იმედი, რომ რამეს ვგრძნობ. - სახე გაეყინა ტუსას. ისე აცივებულიყო გარეთ, თითქოს ერთ ღამეში გაიარა მთელმა ზაფხულმა.
- როგორი იყო ამერიკა?
ალბათ, ყველაზე მოულოდნელი იყო ეს შეკითხვა ტუსა ბარნოვისთვის და პასუხის გასაცემადაც ყველაზე უფრო რთული.
- კარგი. აქაურობაზე ბევრად უკეთესი, - ჩაილაპარაკა ბრაზიანად, თითქოს ამით გულს ატკენდა.
- ნანობდი მანამდე რომ არ წახვედი?!
- ძალიან. ყოველდღე. - ოდნავ აუწია ხმას, თითქოს ასე უფრო დამაჯერებელი იქნებოდა. - მართალი აღმოჩნდი, ამის მოსმენა გინდა?!
- ამას იმიტომ ნუ მეუბნები, რომ მე მაგრძნობინო, თითქოს ჩემთან ყოფნას ნანობდი და არა შენს მომავალზე უარის თქმას, ტუსა.
- შენ საკუთარი თავის ყველას ცხოვრების ცენტრში დაყენების საოცარი უნარი გაქვს. მეც კი მომაჩვენე თავი, რომ ასე იყო. რომ შენ იყავი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი.
- ყველაფრის ჩემთვის დაბრალება შვებას გაძლევს, ნატალი?! - ჩამქრალი, დამძიმებული თვალებით გამოხედა, თითქოს საკუთარმა სერიოზულობამ მორევში ჩაითრია. - მე არ უარვყოფ ჩემს წილ დანაშაულს..
- არ დამიმსახურებია, - თვალები ისე აუწვა ტუსას შეკავებულმა ცრემლებმა, თითქოს მარილი კი არა შხამი გამოეროდა შიგ, - მე არაფერი დამიშავებია ისეთი, შენგან ის სიტყვები და შენი შემდეგი საქციელი რომ დამემსახურებინა. ამის ახსნაც არ მინდა, ამაზე ლაპარაკიც არ მინდა საერთოდ, ლუკა...
- რატომ? შემთხვევით რო არ მომეჩვენოს მნიშვნელოვანი როა შენთვისაც ჩვენი ურთიერთობა? ამიტო?
- იმიტომ რომ სხვანაირად თავს არ მანებებ. - მოსმენილმა სიმართლემ მის ყველა შფოთვას გაუხსნა კარი. - იმიტომ რომ აქ, შენთან ერთად ჯდომა არ შემიძლია და მინდა, რომ შეწყვიტოთ შენც და ყველამ იმის დაჯერება, თითქოს რაც ადრე იყო, ის შეიძლება გვქონდეს ახლაც. მარტივი ლოგიკაა, გატეხილ ჭურჭელს თუ შეაწებებ შეიძლება დაკორაციად გამოდგეს, მაგრამ ფუნქცია დაკარგული აქვს.
- რაც ადრე იყო, ის ახლა რო ვეღარ გვექნება, შენი აზრით, მე ამას ვერ ვხვდები, გოგო? ბავშვები ვიყავით. - ისეთი თვალებით გახედა მის გვერდით მღელვარებით სხეულდაჭიმულ ქალს, როგორც თვრამეტი წლის ლუკა აქიშბაია შეხედავდა. ამით მიახვედრა თითქოს, რომ მხოლოდ თვრამეტი წლის ტუსა არ ყოფილა დაბნეული. - მეც ბავშვი ვიყავი. მე იმდენად არ მინდოდა შენთან რამე შემშლოდა, იმდენად მინდოდა ჩემი იმედი რო გქონოდა, ვიფიქრე იდეალური თუ გეგონებოდი ასე უკეთესი იქნებოდა. უნდა გცოდნოდა, რო მეც მაწუხებდა რაღაც. მეც უნდა მცოდნოდა შენზე. მაშინ ბავშვები ვიყავით და ის, რაც გვქონდა, ისიც ბავშვური იყო. ბავშვურად რომ გგონია, იდეალური თუ არ ხარ, არ ეყვარები სრულყოფილად.. ვერ ეყვარები.
- არ მინდა... - თავი გადააქნია ქალმა, ყელი ასტკივდა უკვე ნერვიულობისგან. სადაცაა, გულიც გაუსკდებოდა ისეთი აუტანელი იყო მისგან ამ სიტყვების მოსმენა. თვალები მიეხუჭა ტკივილისგან.
- გინდა. მე მინდა, - ორივე ხელით ჩაფრენოდა საჭეს, გზასა და ტუსას შორის დაატარებდა თვალებს. ვეღარც ხვდებოდა უკვე ბრაზმორეული ტონის სიმაღლეს რომ ვეღარ აკონტროლებდა. - მიყვარდი ისე, როგორც მეგონა, რომ იყო იდეალური. მეგონა, რომ შენ გამო ჩემს შესაძლებლობებსაც ვაჭარბებდი. იმის გააზრებამ, რომ შენ მაინც მალავდი ჩემგან შენი წუხილის ჩემს წილს, ჩამომანგრია. მაშინ მეგონა ჭკუიდან გადავიდოდი. მეგონა, რო შეგნებულად მივიდოდი სიგიჟემდე. მარტო ბურთი და მოედანი არ დამიკარგავს იმ დროს. საკუთარი თავის იმედიც დავკარგე. ბედნიერი კი არ ვიყავი შენ რო მყავდი გვერდით, ასე მეგონა მიწას არ ვეხებოდი სიარულის დროს. მაგრამ არასწორი იყო, როგორც ვცდილობდით იმის შენარჩუნებას, რაც გვქონდა...
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი! - ვერც კი მიხვდა ტუსა, როგორ დაამარცხა ტკივილი საკუთარ თავში, უცრემლოდ რომ შეძლო მისთვის ამ სიტყვების თქმა.
მხოლოდ იმას მიხვდა, რომ მხრებზე ძალიან, ძალიან მძიმედ დააწვა ლუკა აქიშბაიას თვალებიდან გადმოღვრილი იმედგაცრუებულა. ისე დაუწვა სხეული, როგორც გავარვარებულმა რკინის მადანმა, რომელიც ნელ-ნელა გაცივდა, ზედ ზურგზე ისე მძიმედ შეეზარდა, იფიქრა, რომ ვეღარასოდეს შეძლებდა ამ ტვირთის მოშორებას.
ოდნავ მოეშვა ლუკას სხეული, გზას გახედა სადავეებმიშვებულმა. სიჩუმეს, სადაც აღარ ისმოდა სუნთქვის ხმაც კი, წვიმის წვეთების ხმაური სიანჩხლით დევნიდა მათი ავტომობილიდან.
ქუთაისისკენ ისე გადაირია ამინდი, რომ ხედვა საერთოდ გაჭირდა. ისედაც ნელა მიმავალმა მანქანამ საბოლოოდ დაყარა ფარ-ხმალი და გაჯიუტებული ბავშვივით ერთ ადგილას გაჩერდა.
-რა მოხდა? - ისე ხმადაბლა იკითხა ტუსამ მდუმარე მგზავრობის შემდეგ, თითქოს ხმის ამოღების უფლება არ ჰქონდა. მანქანის კარი უპასუხოდ გამოაღო ლუკამ, - სად მიდიხარ?
და უპასუხოდვე მიუხურა ცხვირწინ ქალს. ბრაზისაგან ცეცხლი წაეკიდა სახეზე ბარნოვს. ისეთი მრისხანე მზერა გააყოლა თან, ფერფლამდე უნდა ჩამწვარიყო აქიშბაია.
მანქანას კაპოტი აჰხადა მთლიანად წყალში ამოვლებულმა. აზრი არ ჰქონდა ამ ამინდში რამის გარჩევას. გზაზე მიმავალმა ავტომობილებმაც ისე აუარეს გვერდი, რომ სვლა არცერთს შეუნელებია.
მხოლოდ ნაყინის სადისტრიბუციო მანქანის ხანშიშესულმა, ფუმფულა მძღოლმა შეანელა სვლა და გზიდან გადააყენა თავისი ფურგონი.
- რა მოგივიდა, უფროსო? - ჰკითხა ამინდისთვის მეტისმეტად შეუსაბამოდ მხიარულ გუნებაზე.
- მე არაფერი, ამან მიღალატა, - შეწუხებული სახით მიუთითა აკუმულატორისაკენ ლუკამ.
- შენ რა გითხარი. მოკიდე იმ გოგოს ხელი და ჩამიჯექი. ამ ამინდში მაგას ვერაფერს მოუხერხებ.
- სახელოსნო არ არის სადმე ახლოს?
- ქუთაისამდე არაფერია. მოდი, მოდი! - ეჭვისთვალით დაუწყო ყურება კაცმა. თითქოს თვალებს არ უჯერებდა ბოლომდე, ვინც ედგა წინ. - წამოიყვანე შენი შეყვარებულიც და მე და შენ გავაკეთოთ მერე შენი მანქანა, წვიმა როცა გადაიღებს.
ზათქით დახურა მანქანა ლუკამ. მძღოლის ადგილას დაჯდა უცებ. მთელს სხეულზე აკრობოდა ტანსაცმელი, წამწამებსა და ცხვირის წვერზე ეკიდა წვიმის წვეთები.
-აკუმულატორი დაჯდა, ამ ამინდში ვერაფერს ვიზამ. - ისე ლაპარაკობდა, ზედაც არ უყურებდა ტუსას. უკანა სავარძელზე ჩანთიდან პირსახოცი ამოაძვრინა, - ვერც გათბობას ჩავრთავ, იმ კაცმა შემომთავაზა დახმარება და გავყვეთ. აქვე ცხოვრობს.
- უცხოს გავყვეთ სახლში?
- არ არი უცხო, ნაკრების გულშემატკივარია. - ისე უთხრა, თითქოს ბიძამისზე ლაპარაკობდა. - გადმოდი, ნუ ალოდინებ.
ბურტყუნით გადავარდა ტუსა მანქანიდან. ღია კარში შეატარა ლუკამ და თვითონაც უცებ მიუჯდა გვერდით.
-გენაცვალე, - ღიმილით დაძრა მანქანა კაცმა, უჩვეულოდ გამხიარულებულიყო, - ახლა არ მითხრა, აქიშბაია არ ვარო, მაინც არ დაგიჯერებ, იცოდე, მაინც არ გავიფუჭებ ხასიათს!
ტუსასაც გაეღიმა ამ გულღია კაცის ბედნიერ ხმაზე.
- გახლავარ, უფროსო, - შემშრალებული ხელი მაგრად ჩამოართვა კაცს, - დიდი მადლობა დახმარებისთვის.
- შენ რო იცოდე, მე როგორ მიყვარხარ, მადლობის თქმას ვერ გამიბედავდი! ზურიკო ფხაკაძეა ჩემი სახელი და გვარი. შენი შეყვარებულიც გამაცანი.
- ტუსა, - მძღოლიდან თვალები გზაზე გადაიტანა აქიშბაიამ, თითქოს თემა რომ შეცვალეს არ „ესიამოვნა“. სანამ ბარნოვი გასაპროტესტებლად პირს გააღებდა, დაასწრო თვითონ, - არ არის შეყვარებული, ჩემი ძმაკაცის ცოლის მეგობარია.
წარბები სიცილით აზიდა კაცმა. თავი გადააქნია ახალი ინფორმაციით გახალისებულმა.
სასუნთქი გზები თითქოს გადაეკეტა ტუსა ბარნოვს, ისე გაუმყარდა სხეული ერთ ადგილას. ირონიული ღიმილით შეეცადა გულ-მკერდში იმ ღრმად შეჭრილი ტკივილის ამოვსებას, რომელიც არც კი უნდა ეგრძნო, მისთვის რომ გეკითხათ.
ხომ ისედაც იმავეს თქმას აპირებდა თვითონაც...
სტუმრებს ისეთი გულმხურვალე დახვედრა მოუწყო ზურიკო ფხაკაძის მეუღლემ, თითქოს მთელი კვირის განმავლობაში მათი მასპინძლობისათვის ემზადებოდა.
მარინას და ზურაბს ორი შვილი ჰყოლიათ, ორივე სტუდენტი, ამიტომაც ხანშეპარული ცოლ-ქმარი აგურით ნაშენებ ორსართულიან სახლში მარტო ცხოვრობდა.
- ასე შეწუხება არ არის საჭირო, - იუხერხულა ტუსამ ამ ხნის ქალი გაზაფხულის ნიავივით რომ დაქროდა ოთახებს შორის. - მეც დაგეხმარებით...
- სტუმარს სუფრას როგორ გავაშლევინებ? - თავისთვის იკითხა ქალმა.
ზურაბი და მშრალ ტანსაცმელში გამოწყობილი ლუკა ტელევიზორთან ისხნდნენ და რაღაცას არჩევდნენ ერთმანეთში, უფრო დარწმუნებით რომ ითქვას, საფეხბურთო საკითხებს განიხილავდნენ.
არ მიანება მაინც ქალს ტუსამ. კერძებით დატვირთული თეფშებით თვითონ გააწყო სუფრა. უცხო ხალხთან ყოფნამ ცოტა ხნით მოსწყვიტა მისი ყურადღება მათ ბოლო საუბარს. თითქოს ისე ძალიან არ გამოსდებოდა მის გულს „ძმაკაცის ცოლის მეგობრის“ სტატუსის წვეტიანი კაუჭი და არ ქაჩავდა ყოველ წამს, როცა თვალს შეავლებდა აქიშბაიას.
იმ დღეს დაღამებამდე იწვიმა. ახლადგაცნობილმა ცოლ-ქმარმა როგორღაც ისე მოახერხა, რომ შეკედლებულ სტუმრებს საკუთარ სახლში აგრძნობინეს თავი.
დაუსრულებლად ესაუბრებოდნენ ახალგაზრდებს. ზურიკოს მაინც ლუკას საფეხბურთო მომავლის ამბები აინტერესებდა ყველაზე მეტად.
-შენი პირველი თამაში მახსოვს, - ისე გაიხსენა კაცმა, თითქოს საკუთარი შვილის პირველ ნაბიჯებს იხსენებდა.
ცდილობდა, ფრთხილი ყოფილიყო, არ უნდოდა ლუკასთვის მტკივნეული მოგონებების აშლა, თუმცა უამისოდაც არ გამოვიდოდა.
ასეთი მოგონებების გარეშე შეუძლებელი იყო ცხოვრების გაგრძელება. ზოგჯერ საჭიროა, ყველაფერი ძალიან კარგად, მკვეთრად გახსოვდეს, დრომ ვერ გაცრიცოს კადრები. ტკივილმა ისე შეგახსენოს თავი, რომ ერთი და იგივე შეცდომა ორჯერ აღარ დაუშვა.
ტუსასაც დაეჭიმა სხეული. მარინას მომზადებული ჩაი ისე მოსვა, თითქოს სიცოცხლის ელექ ყოფილიყოს.
თვითონაც ისე კარგად ახსოვდა ის დღე, როგორც საკუთარი სახელი და გვარი... ძალიან უნდოდა ასე არ ყოფილიყო, მაგრამ ტანზე დავლილმა ჟრუანტელმა და მონატრებულმა გრძნობებმა უღალატეს თვითონ ამ გრძნობების პატრონს. ისე აღელდა, როგორც მაშინ, როცა პირველად დაინახა მწვანე მინდორზე გასული ლუკა აქიშბაია როგორ შეეხო ჯერ მიწას და შემდეგ როგორ გადაიწერა იმავე თითებით პირჯვარი.
- ჩვენი თომაც იყო მაგ თამაშზე. მოსწავლე იყო მაშინ და სახლიდან გაგვეპარა, დინამოზე ნაკრების თამაში რომ ენახა. - თავი გადააქნია მარინამ, თითქოს ჯერ კიდევ უბრაზდებოდა თავის შვილს ამის გამო.
- რანაირად გინდა რო გაუბრაზდე? - ხელები გაშალა ზურიკომ. - ბავშვი კი არა, მე კინაღამ გავიპარე სამსახურიდან... საუკეთესო იყავი, ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი. ლანჩავას ჩაუწოდე თუ არა, ეგრევე მივხვდი, შენ რისი გამკეთებელიც იყავი მოედანზე. ხო დაგვიბრუნდები, შვილო?
რაღაც მძიმე ნაღველი დააწვა ლუკას წამწამებზე, თვალები დახარა წამიერად. თითქოს პირველად მაშინ იგრძნო ნაკრებში გამოტოვებული ოთხი წელი ყველაზე მძაფრად.
- გამოგიძახებენ უეჭველად, - თვალები მოწკურა კაცმა. ეშმაკურ ღიმილს არ აშორებდა, იფიქრებდით უპასუხოდაც კარგად ხვდებოდა ყველაფერს.
- გამომიძახეს. ოღონდ საიდუმლოა ჯერ, - თვალი ჩაუკრა ზურიკოს ლუკამ. მთელი არსებით იგრძნო, როგორ აუჭრელა ტუსას სახე ყველა ემოციამ, როგორ გაუღუვა ლოყები მღელვარებამ და საბოლოოდ, როგორ გადაეფინა მის თვალებს ამ გრძნობებიდან გამოწურული ცრემლები. მხოლოდ წამიერად გახედა ქალს აქიშბაიამ.
- რას ამბობს ეს ბიჭი, მარინა! მოხსენი ოციანს თავი! - ფეხზე წამოიჭრა ზურიკო. - არიქა, გოგო! შენ გენაცვალე მე...
ფრონტიდან დაბრუნებული ჯარისკაცივით ჩაიკრა გულში ზურიკომ ახალგაზრდა კაცი. მამაშვილური სიამაყით გაევსო და გაუწყლიანდა თვალები.
- შვილიშვილი უნდა მომინათლო, იცოდე! - შეაპარა შეზარხოშებულმა ზურიკომ სუფრაზე მის გვერდით მჯდომს. ლუკა არ სვამდა.
- აუცილებლად.
- სიტყვას უპატრონე, იცოდე! - ცხვირწინ თითი აუფრიალა კაცმა.
- სად გყავს შვილიშვილები, აღარ დალიო შენ მეტი!
- ხომ მეყოლება, მარინა, ხომ მეყოლება!
გული რომ იჯერა სტუმრის სიყვარულით ზურიკომ, დაჰყვა საბოლოოდ თავისი ცოლის ნებას და გაუდგა გზას საძინებლისკენ. მარინამ ახალგაზრდებიც დააბინავა თავიანთ ოთახებში. ტუსას სუფრის ალაგების უფლება, ცხადია, არ მისცა. შეთავაზებაც დიდ შეურაცხყოფად მიიღო.
თავისი საქმე მოითავა დიასახლისმაც და ფხაკაძეების სახლში შუქები ჩაქრა.
მხოლოდ აივანზე დაეტოვებინათ გარე განათება. ყვითლად იჭრებოდა საძინებლებში გარედან შემომავალი შუქი და დაუპატიჟებლად წვებოდა ცარიელ საწოლებზე. წვიმა ისევ ძველებურად ხმაურობდა. ნერვები აეშალა ტუსას მის სიჯიუტეზე. ამინდიც რომ ჯინში ჩაუდგა. ბუნებაც რომ მის მოწინააღმდეგე მხარეს გადავიდა. საერთოდ ყველა და ყველაფერი როგორ აუმხედრდა?!
ცოლ-ქმრის წინაშე ნაკავებმა ყველა ემოციამ ცრემლებად იხეთქა მისი თვალებიდან. გააზრება თავადაც ვერ მოასწრო, ისე აუვარდა გულნატკენს ტირილი.
თითქოს საკუთარ დაგებულ ხაფანგში გაება - სანამ მსხვერპლს დაეძებდა, დაავიწყდა მახე სად დააგო.
სულმოხუთულმა ფანჯარა გამოაღო, რომ არ გაეგუდა საკუთარ ფიქრებს და ძლივს მიძინებულ განცდებს, ყველა ერთიანად რომ მოაწყდა ბოლოს მისი გულის კედლებს.
ცივ ჰაერთან ერთად მოეჭრა მისი სურნელიც. გარეთ იჯდა ლუკა. აშკარად მას ელოდა, ისეთი მოთმინებით აკვირდებოდა სახურავიდან გადმოცვენილ წვიმის წვეთებს.
უჩვეულო ძალამ და მოუსვენრობამ აიტანა ტუსა. თითქოს იგრძნო, ვეღარაფერი იქნებოდა ძველებურად და დინების საპირისპიროდ ცურვა მხოლოდ ქანცს გააცლიდა.
გრძელი აივანი ორივე საძინებელს აკავშირებდა ერთმანეთთან. გამოაღო თავისი კარი ქალმა. მჭიდროდ შემოეხვია მხრებზე მოსაცმელი. ბრაზი და წყენა ებრძოდნენ მის სიმშვიდეს.
-რატომ არ მითხარი?! - არ უნდოდა პირდაპირ, მაგრამ თავის მოჩვენებამ დაღალა. წვიმა ხმაშიც გამოერია, აუპრიალდა თაფლისფერი თვალები ცრემლებით.
არ ეგონა, ასე თუ ეწყინებოდა, ასე თუ ეტკინებოდა გული...
- რატომ უნდა მეთქვა? - თვალები მიეხუჭა აქიშბაიას.
თითქოს რომ შეეხედა, ნაკლებად რეალური იქნებოდა, ისე მიეჩვია მის წარმოდგენას.
- შეხვედრის დღიდან იმას მიმტკიცებ, როგორი უმნიშვნელო გავხდი შენთვის. - უჩვეულო სიმკაცრე გამოერია ხმაში, მზერაც დაეძაბა. - ყველანაირად ცდილობ დამარწმუნო, რომ აღარ გრძნობ არაფერს... რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, ნაკრებში გამომიძახეს თუ უგანდის სათადარიგო სკამზე ვიჯდები ახალი სეზონიდან?
- სამაგიერო გადამიხადე? - ოდნავ გაეღიმა ტუსას. ძალიან ბრაზობდა, მაგრამ აღარ უნდოდა ჩხუბი.
- შენ ასე გგონია?! - სავარძელში ჩაშვებული სხეული გაასწორა ლუკამ, მოუსვენრობისგან ბოლოს საერთოდ წამოდგა. ხმაშიც ზედმეტი ფიქრის გარეშე შეეპარა სიმკაცრე. - მე არაფერს ვმალავ საყვარელი ადამიანებისგან, მითუმეტეს მაშინ, როცა ვიცი, რომ მნიშვნელოვანია მათთვის ასეთი ამბების ცოდნა.
- როდემდე აპირებ წამოძახებას?
- სანამ არ შეგაწუხებს, რაც გააკეთე. სანამ შენს წილ პასუხისმგებლობას არ იგრძნობ. პრინციპულად არ ვაპირებ ყველაფრის საკუთარ თავზე აღებას, ორ-სამ წელიწადში ისევ იგივე რო არ მოხდეს ჩვენს შორის. თხელ ყინულზე გავლისას, ეგრევე ფსეკრზე რო არ აღმოვჩნდეთ ისევ. კი არ გაძახებ, მინდა რო შენც გულწრფელი იყო ჩემთან.
- შენი ოთახის კარი გავიხურე თუ არა, ეგრევე სხვები...
- რა? სხვები რა, ტუსა? - შეხება არც იყო საჭირო, ისე ახლოს დაუდგა.
- ნუ ყვირი, გაიგებენ. - ერთი ნაბიჯით უკან დააპირა დახევა, იდაყვში რომ ჩაავლეს ხელი და უკან შეაბრუნეს, თავის საძინებელში.
ბაცად იჭრებოდა აივნის განათება ოთახში. სიბნელე უფრო ამძიმებდა ისედაც გაიშვიათებულ ჰაერს.
- მითხარი და დავამთავროთ ამაზე. „არ მინდას“ აღარ მივიღებ, დამღალა ჩვიდმეტი წლის ბავშვებივით სისულელეებზე კამათმა. ჩხუბი გინდა? ვიჩხუბოთ. ვინ მყავდა, გოგო? გიღალატე? არა, არ მქონია სექსი არცერთთან.
- არ მაინტერესებს! - სახეზე წამოწითლდა მაშინვე, ისე ადუღდა, თითქოს ნაკვერჩხლებზე ფეხშიშველი იდგა.
- გაინტერესებს. ეგ გაკავებს მარტო? არ მქონია არავისთან არაფერი და არ გაქვს შენ იმის მიზეზი, რო ეჭვი შეიტანო იმაში, რასაც ახლა გეუბნები.
- აუცილებელია ვინმეს ლოგინში შეუწვე ღალატად რო ჩაგეთვალოს? შენ იცოდი, რამდენად მიჭირდა... როგორი რთული გადასატანი იყო ჩემთვის სხვა ქალი შენს ცხოვრებაში და მაინც არ დამინდე. იცოდი, ღალატმა რომ დაანგრია ჩემი მშვიდი ბავშვობა, შეიწირა ჩემი თვითშეფასება და ყველაფერი, რაც საჭიროა გოგოსთვის თავაწეულმა რომ იაროს. იცოდი! ჩემი ყველა კომპლექსი და შიში იცოდი და ყველაფერი ერთიანად გამომაცდევინე. ახლა გინდა ჩემგან გულწრფელობა? ხმას რო არ გცემ კი არა, ქვას რო არ გესვრი არ გიკვირს? რა იყო, ეგრე შეგეშინდა, რო მოვბრუნდებოდი იმის შემდეგ, რაც წასვლა მაიძულე? ამიტო ისმოდა ასე ხმამაღლა სხვა ქალების სახელები შენს სახელთან ერთად? ოთხი კი არა, ასი წელი რომ გავიდეს მაინც გეტყვი, რომ შენი გადასაწყვეტი არ იყო მე რას ავირჩევდი ჩემს ბედნიერებად.
- არ ყოფილა ჩემი გადასაწყვეტი, მაგრამ მე შენთან ყოფნა გადავწყვიტე და ეგ გადაწყვეტილება ორმხრივი იყო, ხო ასეა? ეგ გადაწყვეტილება მე უფლებას მაძლევდა შენგან გულწრფელობა დამემსახურებინა. რატო დამიმალე?
- შემეშინდა.
- და მე ამის უფლებაც არ მქონდა, ხო? მეც რომ შემშინებოდა.. - ხმა ისე დაუთბა, სული მოეხუთა ტუსას. თვალებს მხოლოდ იმიტომ არ ხუჭავდა, იცოდა, ცრემლები გადმოსცდებოდნენ მის ნაპირებს. - მეც შემეშინდა. არ ვამაყობ... და დამნაშავე ვარ ამისთვის. თუ უპატიებელია, თუ შეუძლებელია შენთვის მაგ ყველაფრის დაძლევა, ნუ მეთამაშები. ნუ მისვამ კითხვას, რომელზე პასუხის გასაცემადაც შენგან ნდობა და პასუხის მოსმენის სურვილის ცოდნა მჭირდება.
- ეჭვი გეპარება, რომ გამიხარდებოდა?!
- შენ არ ხარ ის ადამიანი, ვისგანაც მე მხოლოდ სიხარული მჭირდება, როცა ნაკრებში დაბრუნებაზეა ლაპარაკი. მე მინდა შენც ისე გამოსცადო ჩემი ბედნიერება, როგორც მე მინდოდა შენის გაზიარება. რისი შეგეშინდა, რომ ვერ მოვაგვარებდით? - არ მიახლოებია, მხოლოდ თმა გადაუწია მხარს უკან. თითებით ოდნავ შეეხო კისერთან. ეს იყო ალბათ პირველი მშვიდი და უწინააღმდეგო შეხება ამდენი წლის შემდეგ.
ორივეს სხეულმა მწარედ გამოსცადა ის ემოცია, რომელიც გჩხვლეტს, მაგრამ არ გტკივა. პირიქით, გაგრძნობინებს, რომ ცოცხალი ხარ.
- მინდა იცოდე, რო შენ გვერდით კანში ვერ ვეტევი. ახლა საერთოდ არ მინდა ერთ ოთახში შენ წინაშე მარტო დგომა და იმაზე ლაპარაკი, რატო ვერ გეხები. ჩავთვალოთ ესეც ჩემი სასჯელია. მეც ვიკავებ თავს შენთან, მარტო შენ არ გიჭირს ეს, მარტო შენ არ გჭამს.. მარტო შენ არ გქონია შიშები და კომპლექსები, - თვალებზე ჩამოისვა ხელისგული და წამიერად შეისვენა, ისე გადაეღალა მასაც გული, - არ მინდოდა ასე გაგეგო, მაგრამ შენ ახლოს არ მიშვებ. არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა და რამდენი ხანი გავიდა. გიყვარვარ თუ აღარ, ასე თავდავიწყებით რომ მიმტკიცებ. სულ დამჭირდები გვერდით. თვალებით სულ შენ მოგძებნი ტრიბუნებზე. მოხვალ თუ არა შენი გადასაწყვეტია. შენ იდეალურს იმსახურებ, სამწუხაროდ მე ასეთი არ ვყოფილვარ. იდეალური მოითმენდა, სისუსტეს და შიშს არ შეაჭმევინებდა თავს, მის გვერდით ყოფნის უფლებას მოგცემდა, იდეალურისთვის იქნებ არც დაგემალა არაფერი..
- შენ იდეალური იყავი ჩემთვის, - ტუჩებიც დაუსველდა უკვე ცრემლებით, გული ისე ასტკივდა, ერჩივნა საერთოდ გასკდომოდა და აღარ ეგრძნო ამდენი ერთად. - მე არც წავიდოდი, ვერ დაგტოვებდი იმ დროს სხვები რომ არა...
- ვიცი.
- ძალიან მინდოდა შენ გვერდით.
- ჩემთვის შენი ჩემ გვერდით ყოფნა მაშინ ჩემ ადგილას ყოფნას ნიშნავდა. რა გინდოდა შენ ფსკერზე, იმედგაცრუებაში და სინანულში? ვარსკვლავებთან იყო შენი ადგილი. - ფრთხილად შეეხო შუბლზე ტუჩებით და მალევე დაიხია უკან. ისეთი სხვანაირი მოეჩვენა იმ წამს ტუსას, ასეთს არც იცნობდა თითქოს არასდროს.
- ურთიერთობა მხოლოდ ვარსკვლავებში ყოფნა არ არის. შენ ასე გესმის? თუ მე შენთვის მართლა იმდენად მნიშვნელოვანი ვიყავი, როგორიც მეჩვენებოდა, - ხმა აუკანკალდა ქალს, წამიერად შეისუნთქა ჰაერი, ტირილისგან რომ შეეკავებინა თავი. - მე შენ გვერდით უნდა დაგეყენებინე მაშინ, როცა გიჭირდა. ჩემი იმედი უნდა გქონოდა. ნუ მოდიხარ ახლოს!
გაშლილი ხელი გაიშვირა მისკენ, როგორც კი ერთი ნაბიჯი გადმოდგა ლუკამ. ეს მარტოობა უფრო ართულებდა ყველაფერს. ცრემლები ისე უცვიოდნენ თვალებიდან, როგორც გაწყვეტილი მძივიდან მარგალიტები.
- არ იტირო...
- პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა შენ გამო ვიტირებ, არაუშავს. - გაბრაზებულმა მოიწმინდა ცრემლები. სინანულნარევი ღიმილით უყურებდა ლუკა თვალებში. ისე უნდოდა მიახლოვება, ლამის სულს დაეტოვებინა სხეული და თავს შემოვლებოდა ქალს. - მოდიხარ ახლა და რას მპირდები, ლუკა? რომ დავივიწყებთ, რაც მოხდა, რომ არ დაგვიკარგავს ეს წლები... და როგორც კი ყინული გათხელდება ჩვენს ქვეშ, მაშინვე ნაპირზე გამაგდებ? რანაირად უნდა... გენდო.
მთელი სული გამოატანა ბოლო სიტყვას ტუსამ.
- ისე, როგორც მე უნდა გენდო, რომ არაფერს დამიმალავ, რაც საჭიროა, რო ვიცოდე.
- საშინლად ეგოისტი რომ ხარ, იცი? - თვალები გაეყინა ქალს, დააწვრილა, კარგად დააკვირდა აქიშბაიას. - შენი ეგოიზმი ნერვებს მიშლის!
- მე მინდა ჩვენი თავები ვიყოთ ერთმანეთთან. მერე არარეალურად აღარ მოგვეჩვენება ის, რასაც ვგრძნობთ. არ მინდა ჩვენს შორის იდგეს „მეგონა ასე იყო სწორი“, მირჩევნია თავისუფლად დავუშვათ შეცდომები და ერთმანეთისკენ რო მივბრუნდებით, იმ ეჭვმა არ შეგვჭამოს თვალების გასწორებამდე, რო ჩემი არასწორის გამო შენს სიყვარულს სხივი მოაკლდება. შენ თუ ფეხი აგერევა, მე უნდა ვიცოდე, საით გინდა წასვლა, რო იმ გზისკენ გიბიძგო. ასე მესმის.
- შენ რას იზამდი ჩემ ადგილას? - ზურგით მიეყრდნო ტუსა კედელს. ამ შეკითხვის პასუხზე მეტად არაფერი აინტერესებდათ მის თვალებს.
- მე რომ შენ ადგილას თავის დაყენების უფლება მქონდეს, ჯერ მე უნდა ვიყო უშეცდომო შენთან.
მიხურულ კარს ზურგით მიეყრდნო ლუკა. ფეხები გადაიჯვარედინა და დააკვირდა კარგად ოთახის მეორე ბოლოში ტუსას ცრემლებით აკრიალებულ თვალებს.

- პირველს მაინც შენ მოგიძღვნი, - თვალები ოდნავ დააწვრილა აქიშბაიამ, უკუსვლით დაიძრა კარისკენ. არ უნდოდა ამ ოთახიდან გასვლა...
წვიმას გადაეღო. ვარსკვლავები ვერცხლისფრად კაშკაშებდნენ ცის კამარაზე. გეგონებოდათ, ავდრის ღრუბელი მათ სიახლოვეს არც კი გაკარებია. სახურავებსა და ფოთლებზე ალაგ-ალაგ შერჩენილი წვიმის წვეთები ცვიოდნენ მხოლოდ წკრიალით, როგორც ვალმოხდილი ბედისმწერლები, რომლებმაც ისევ ძველებურად ახლართეს ერთმანეთში დიდი ხნის გაყრილი გზები.
გზიდან გადასული მატარებელიც წვიმით დანამულ თავის ლიანდაგებს დაადგა.
ღამის თორმეტი საათია და ყველაფერი რიგ-ზე-ააა.



ლეონიდები - II ნაწილი
ჩუმი შარიშურით მოეპარა ნამდვილი ნოემბრისეული შემოდგომა თბილისს.
ოქროს პერანგში გამოწყობილ დედოფალს დაემსგავსა დედაქალაქი.
სანამ გვარიანად არ აცივდა, მანამ ღია ჰქონდა საკუთარი საძინებლის ფანჯარა ტუსას.
დაბადების დღე იმდენი ხანია არ აღუნიშნავს, განსხვავებას დიდად ვეღარც ამჩნევდა სხვა ჩვეულებრივ დღეებს შორის. თავიდან ნანა ცდილობდა მაინც ჩამოშვებული მხრებითა და დახრილი, შვილის თვალს მოპარული უბედური თვალებით ტორტი მაინც გამოეცხო და ერთად ჩაექროთ სანთლები.
მერე ტუსა რომ წამოიზარდა და დედის თვალებში ყველა მოპარულ გრძნობას თავისი ადგილი და ახსნა გამოუძებნა, ნანამაც შეწყვიტა თავის მოჩვენება.
- ტორტი გინდა გამოვაცხოთ? - ჰკითხავდა საწოლის კიდესთან ჩამომჯდარი, მას შემდეგ რაც შუბლზე კოცნით მიულოცავდა დაბადების დღეს.
- იყოს... - სუსტად უღიმოდა ტუსა. - არ მინდა.
ნანაც აღარ ცდილობდა მეტად. თითქოს ისედაც უარის მოსმენა სურდა.
დიანა და ზაალი ჭრელი კონუსის ფორმის ქუდებით და საყვირებით შეუვარდნენ ოთახში პირველის პირველ წუთზე.
ვერ იტყვის, რომ ეძინა. ბიცოლა ისეთი ენთუზიაზმით ფორიაქობდა მთელი დღე, რომ გული ისედაც უგრძნობდა ვერდამალულ სიურპრიზს.
თაზოსთვისაც (აშკარად ძალდატანებით) დაემაგრებინათ თავზე სადღესასწაულო ქუდი და კარის ჩარჩოს მიყრდნობილი ზანტად აყოლებდა ტუჩებს მშობლების თავგანწირულ სიმღერას.
შეკავებული ცრემლებით ჩააქრო სანთელი და ბედნიერს სურვილის ჩაფიქრებაც კი დაავიწყდა. იმ წამს ფიქრობდა, რომ ყველაფერი ჰქონდა, რისი ნატვრაც შეიძლებოდა.
-შენ ჩემი შვილი ხარ, - ზალიკო უფრო დიდხანს შემორჩა დისშვილის ოთახს. რაღაც უჩვეულო სევდა და სიყვარული ზავდებოდნენ მის ხმასა და თვალებში. გული აუჩუყდა ტუსას. მაგრად ეჭიდებოდა ტუჩებს, რომ არ ეტირა. - ჩემი პირველი სიხარული. არ დაგამძიმებ ჩემი იმედებით, მე მხოლოდ ის მინდა საკუთარ თავს გაუმართლო, რაც ჩაიფიქრე. მე სულ შენთან ვიქნები. სულ-სულ. უშენოდ ბედნიერი ვერასდროს ვიქნები, ხომ იცი..
ლამის გული გაუსკდა მკერდში ტუსას. იმ კაცის წყალობით, ვისაც გული ახლა პატარა ბავშვივით უფრთხიალებდა, ვერასოდეს იტყოდა, რომ მამობრივი სიყვარული არ უგრძვნია.
მამასავით არ ყოფილა ზაალ ბარნოვი მის გულსა და ცხოვრებაში, მამა იყო.
მისნაირ ადამიანებს ბუნების კანონზომიერების და სიცოცხლის ციკლის გარღვევა შეეძლოთ, ჯაჭვის გადაწყობა ისე, როგორც ზებუნებრივი სიყვარულის ძალით თავად მოისურვებდნენ.
მამობისთვის მხოლოდ შვილის ყოლა რომ არ იყო საკმარისი, ესეც ზალიკოსგან ისწავლა ტუსამ.
ძალიან უნდოდა იმ გრძნობის ნამცეცისოდენა ნაწილი მაინც გაემხილა მისთვის, რაც გულის გახეთქვამდე ასკდებოდა სხეულში, მაგრამ ვერ მოაბა თავი. მხოლოდ მოეხვია და თავისი ცრემლები მოპარა მამობილის თვალებს.
-ადე ახლა, ტორტი ვჭამოთ, - ფეხზე წამოაყენა თავისთან ერთად ზალიკომ.
ხელი გადაჰხვია და ისე გავიდნენ სამზარეულოში.
ბიცოლას უკვე დაეჭრა ყველასთვის. დიდი ნაჭერი, რა თქმა უნდა, იუბილარს. ასეთი იყო წესი მათ ოჯახში...

ლუკა აქიშბაიას თავსატეხი გაუჩინა ამ გოგომ. თუ ერთი აქიშბაია მაინც არ იყო მშვიდად, მაშინ აქიშბაიების მთელი სახლი ღელავდა.
-ცუცა, წამიკითხე სია თავიდან. დედა, ცოტა ყურადღებით თუ შეიძლება! - ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა ლუკას, ღიმილს ვერ იკავებდა მაკა.
გაფაციცებით ისხდნენ თავიანთი სახლის მისაღებ ოთახში. კონსილიუმი სწორედაც რომ უფროსი ვაჟის რჩეულისთვის განსაკუთრებული საჩუქრის ასარჩევად შეკრებილიყო.
- ესე იგი! - ჩაახველა ცუცამ და გრძელი სიის თავიდან კითხვა დაიწყო, - სამაჯური, საყურე, წიგნი, თაიგული..... კაქტ...
- ენა ჯერ კიდე გჭირდება, ცუცა, ნუ მეთამაშები! - თვალებით მიანიშნა მერე დას, სრული სერიოზულობით რომ უნდა მოჰკიდებოდა ამ საქმეს.
- დედიკო, რამე ისეთი აჩუქე, რაზეც მარტო თქვენ ორმა იცით, რამე სიმბოლური... -ღიმილით ჩაურთო მაკამ.
- სათვალე რომ აჩუქო? - თვალები დააწვრილა ცუცამ. ცოტნეს უკვე მობეზრებული ჰქონდა ეს უთავბოლო რია-რია, მაგრამ მაინც მშვიდად ისმენდა დისკუსიას. - რა ვიცი, შეიძლება ვერ ამჩნევს შენნაირი ვირთაგვა შეყვარებული რომ ჰყავს და...
- ისე ხუმრობ, როგორც ევერტონი თამაშობს ფეხბურთს.
- აზრზე არ ვარ ევერტონი როგორ ფეხბურთს თამაშობს, ამიტომ შეურაცხყოფად არ მივიღებ.
- კაი, არ მინდა თქვენი დახმარება! - სია ხელიდან ააცალა გაკრეჭილ დას და ისეთი ხმაურით გაიხურა თავისი საძინებლის კარი, კედლებიც კი შეზანზარდნენ.
- ეს დაბადების დღეზე რას გვიშვება და ცოლად რომ დაუპირებს მოყვანას, მერე რას გვიზამს? - თავის ცოლს გადახედა „მიშველე“ თვალებით ოჯახის უფროსმა.
- აი, სათვალე რატო იყო ცუდი იდეა? - თავი გააკანტურა ცუცამ.
დინჯად წამოდგა ცოტნე აქიშბაია ფეხზე, როცა იგრძნო, რომ მიწყნარდა მღელვარე განწყოა მისი ძმის ოთახში. მიუკაკუნა და შემდეგ შევიდა მშვიდად.
საწოლზე მიგდებულიყო ლუკა. მის მიყრილ ნივთებს აწეული წარბებით მოავლო თვალი ცოტნემ. ვერ გადაეწყვიტა, შეებიჯებინა თუ არა ამ ქაოსში და ბოლოს კართან სიახლოვეს დარჩენა ამჯობინა მაინც.
- ანოს დაურეკე და ჰკითხე, რა მოსწონს.
- არ მინდა. - თვალებიც კი არ გაუხელია ლუკას, ისე უპასუხა. - მე თვითონ უნდა ვიცოდე, რა მოსწონს. დაქალებმა თუ მიკარნახეს...
- რამე ისეთი აჩუქე, რასაც სულ ატარებს. ასეთი რაღაცები მოსწონთ გოგოებს.
- შენ რა იცი, რა მოსწონთ გოგოებს? - წარბებშეყრილმა წამოსწია თავი საწოლიდან. გაკვირვებული მზერით დააკვირდა თავის ძმას.
- დავგუგლე. სტატისტიკურად....
იმედგაცრუებულმა გადააგდო ისევ თავი უკან და მაგრად ამოიხვნეშა. არა, რას ელოდა აბა ცოტნესგან?! რომ ეკითხა, დარწმუნებული იყო, იმაზეც ექნებოდა პასუხი, მდედრობითი სქესის რა პროცენტულ წილს (რა თქმა უნდა, დაუმრგვალებელ რიცხვს დაუსახელებდა ათასწილადებში) მოსწონდა ოქროს საყურე და რამდენს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
- მყავს მე საშუალოსტატისტიკური შეყვარებული, ცოტნე?
- არა.
- მერე რატო უნდა ვაჩუქო ისეთი საჩუქარი, რაც გოგოების ოთხმოც პროცენტს მოსწონს?
- ჯერ ეს ერთიც, ოთხმოც პროცენტს არ მოსწონს. მერე მეორეც, იმიტომ რომ დარწმუნებით გეცოდინება, რომ მოეწონება. უსაფრთხო არჩევანია. დიდია ალბათობა...
- ყველაფრის მათემატიკურად გამოთვლა რო არ შეიძლება, გსმენია ეგ ამბავი, ევკლიდე?
- სინამდვილეში, ძალიანაც შეიძლება. მაგალითად...
- რა არი იმის ალბათობა, რომ ეს ტელეფონი შუბლში მოგხვდება?! - გაბრაზებულმა მოუღერა მობილური თავის ძმას. მთლად წაუხდა ხასიათი.
- ნული, იმიტომ რომ გავდივარ. - მშვიდად გაიხურა კარი ცოტნემ და მარტო დატოვა თავის გასაჭირთან უფროსი ძმა.
„ბიჭო, ოთხი ფიალა ვიშოვე. რო რამე ცოტნე არ დაგვიდგება მეოთხე კაცად სერენადას სამღერლად?“
პასუხიც კი არ გაუცია ელიზბარ ტატიშვილის ბრწყინვალე იდეისათვის.
ბოლოს საერთოდ გავიდა სახლიდან.
გმირთა მოედნისკენ გასწია ისევ. ოღონდ კოსტავაზე რომ ჩაუხვია, მერე მიხვდა მხოლოდ, საითაც მიჰყავდათ ფეხებს მისი სხეული.
პირველი საჩუქარი ხომ აქ უყიდა. იქნებ ისევ იჯდა ზოოპარკის შესასვლელთან ის უცნაური კაქტუსების და ბუშტების გამყიდველი ქალი და რამე ჰქონდა ახალი.
ციოდა. გარეთ წიგნები გამოელაგებინათ ბუკინისტებს, ზოოპარკის შესასვლელშიც არავინ ყიდდა კაქტუსებს და ბუშტებს. სიცივეს ტროტუარებიდან სითბოს გამყიდველები აეყარა.
გულში რაღაც ჩასწყდა ლუკას, თითქოს უკანასკნელი იმედის ძაფიც გაუწყდა და დაღონებული ფეხით ჩაუყვა მზიურისკენ.
ბაღში გრძელ ძელსკამზე ჩამომჯდარ თავის გამყიდველს რომ ჰკიდა თვალი, ლამის ფრთები შეესხა.
ქალმაც ისე გაუღიმა, თითქოს იცნო.
- მოეწონა კაქტუსი? - მართლა იცნო.
- გახსოვართ? - გაუკვირდა ლუკას, გვერდით ჩამოუჯდა მერე ქალს.
- აბა, ახლა რა ხდება? აღარ მაქვს კაქტუსები, არაა სეზონი.
- კაქტუსებს სეზონი აქვთ?
- არა, - გაეცინა ქალს, გადააქნია ჭაღარა თავი, - კაქტუსების ჩუქების სეზონი აღარ არის. შეყვარებულის დაბადების დღეა არა?
- ხო, ასეა, - თავი მოიქექა აქიშბაიამ და ოდნავ მოჭუტული თვალებით გახედა მოხუცს. ნუთუ ასე მარტივი ამოსაცნობი იყო..
- ზოგჯერ რაც გაქვს, იმის გაცემა უფრო ძვირფასს ხდის ძღვენს. სიყვარული ამას გულისხმობს ისედაც, როცა შენს მეორეს შენსას ყველაფერს უყოფ. ხალხი რომ ასე აღარ ფიქრობს, იმიტომაც აყვავდა სამკაულების და თაიგულების ბიზნესი. იმ გოგომ შენგან თუ კაქტუსი მიიღო, გენაცვალე, ბეჭდით და საყურით თვალს ვეღარ მოსჭრი.
ამ მშვენიერმა ქალბატონმა დახმარების მაგივრად უარესი თავსატეხი მოუვლინა. გაუყოო, რაც გაქვსო, ძღვენიო, არა სამკაული და არა თაიგულიო, - რა უნდა გაიგოს? ან რა გააჩნია ისეთი მოგონებების გარდა?
ხო, მოგონებები...
ქალს ღიმილით დაემშვიდობა. ფირუზისფერი თვალები აენთო აღტაცებისაგან, ეშმაკურად დაიარა ყველა მისამართი, სადაც ერთად დაუდგამთ ფეხი, სადაც კი ერთმანეთის სიახლოვე უგრძვნიათ.

სკოლაში უკვე ყველამ იცოდა, რომ აქიშბაია და ბარნოვი შეყვარებულები იყვნენ. ხმამაღლა ამის შესახებ, რა თქმა უნდა, არავის გამოუცხადებია, მაგრამ ყველაფერი ისედაც დღესავით ნათელი იყო.
ტუსას დაბადების დღეზე კი რაღაც განსაკუთრებულს, გრანდიოზულსა და ოინბაზურს ელოდნენ აქიშბაიასგან.
იმ დღეს პირველად ადგა ისე ადრე, რომ პირველ გაკვეთილზე არ დაეგვიანა. რატომღაც ვერც მაკამ მოისვენა საწოლში და შვილებთან ერთად ისაუზმა.
-ვაუ, მაკუნსიო, - გაუკვირდა დედა რომ დაინახა დილაადრიან სამზარეულოში, უყვარდა ქალს დილის ძილი და ისინიც არასდროს უშლიდნენ ხელს. - რამ წამოგაყენა ამ დილაუთენია?
- შენ რამ წამოგაგდო? - თმა აუჩეჩა შვილს მაკამ.
მისაწვდომად ფეხის წვერებზე დადგომა რომ დასჭირდა, მხოლოდ შემდეგ მიხვდა, როგორ გაიზარდა მისი უფროსი ვაჟი. უკვე მისი შეყვარებულის საჩუქრებზეც კი ფორიაქობდა.
- რა უყიდე ბოლოს და ბოლოს? მანახებ? - ეშმაკურად ააციმციმა თვალები ქალმა.
- ნოუ, - შუბლზე აკოცა ლუკამ და ჩაი დაისხა. - სეკრეტია.
- რამე წესიერი აჩუქე იცოდე, ლუკა! არ უნდა ყველაფერზე ოინბაზობა.
მაკა ხევსური იყო, გიგაურების ქალი. ხშირად ურევდა მკაცრ სიცივეს ხმაში. ლუკას მხოლოდ აღიმებდა ასეთი დედა.
-ოხ! აქედანვე ცდილობ რძლის კეთილგანწყობის მოპოვებას, რომ მერე ბევრი შვილიშვილები გაგიჩინოს, მაკა?
- ხანდახან რა არასერიოზული ხარ შვილო... - თვალები გაუფართოვდა ქალს. - რა დროს თქვენი შვილებია ჯერ, ხომ არაფერს აპირებ?
- სამომავლო პერსპექტივა დაგანახე, ნუ გადათვალე ბაჯაღლოს ფასი გონებაში, ჯერ თითის ზომა არ ვიცი..
- რაო რა ბაჯაღლო? - როგორც ყოველთვის გამოუძინებელი შემობორიალდა ოთახში ცუცა. - წყალი დამალევინეთ რა...
ჭიქაში მარილი გაურია ლუკამ და დედას ანიშნა, იყავიო ჩემი თანამზრახველი.
ქალმა თვალებით კი დატუქსა, მაგრამ ხმა არ ამოიღო.
ისე მოიყუდა წყალი ცუცამ, რომ თვალი არ გაუხელია. ვიდრე ბოლომდე არ ჩავიდა, მანამ ვერ იგრძნო სიმლაშე. უკმაყოფილოდ დაღრიჯა სახე.
ტუჩები გააწკლაპუნა. ჯერ კიდევ არ იყო გონს.
-დედა, შენი გაკეთებული ბულიონის გემო რატო აქვს ამ წყალს? - ცალი თვალი გაახილა და ისე იკითხა.
შეკავებული სიცილისაგან ფილტვები ასტკივდა ლუკას. მაკასაც მოეშხამა მაიმუნობის გუნება.
- წამომყევი შენ, საქმე მაქვს! - მკაცრად მიმართა ვაჟს და თავისკენ გაიყოლა.
- რა კოალიცია შეკარით დედა-შვილმა? - ბუზღუნებდა მაგიდაზე თავჩამოდებული ცუცა, - სულ ვიცოდი ეგ რომ იყო შენი საყვარელი შვილი... არაუშავს, მამას მე უფრო ვუყვარვარ. ცოტნე... აი, ცოტნე კაი, მე მიყვარს ყველაზე მეტად.
ზუზუნებდა ისევ ძილში წასული. თავზე ისე დაჰყურებდა მაგიდაზე მძინარე დას ცოტნე აქიშბაია, თითქოს ცუდად სერვირებული კერძი ყოფილიყოს.
მერე გაეღიმა მაინც.
- ხევსურებს ასეთი ტრადიცია გვაქვს, ნიშნობამდე ვაჟის ოჯახი სარძლოს სამკაულს ჩუქნის. მართალია მამაშენი მეგრელი ოხერია, მაგრამ ეს სამკაული ბებიასგან მერგო სახსოვრად.
- ლამაზია, - მოეწონა მწვანეთვლიანი ოქროს ყელსაბამი ლუკას. ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ტუსას მოუხდებოდა. - მაგრამ არ აიღებს ამას. ძაან ძვირფასია, დედა, გაბრაზდება.
- არ გაბრაზდება, - გაეღიმა მაკას, - იცოდე, თუ ამ გოგოს სერიოზულად არ უყურებ, ამ ყელსაბამს შევინახავ!
- ძაანაც სერიოზულად ვუყურებ, - ხელიდან აართვა ყელსაბამი და პატარა ვერცხლისფერ ტომსიკაში ფრთხილად ჩააცურა. - ისე ვუყურებ, ვითარცა საცოლეს! წეღან შენ არ დარდობდი ცოლად არ მოიყვანოო და ახლა ნიშნობის ტოლ საჩუქარს მატან?
- ცოლად არ მოიყვანო-მეთქი არ მითქვამს, არ იჩქარო გითხარი. ისე, მართლა ძალიან საყვარელია.
- ჰა, ხო არ მოგიყვანო ბარემ? - წარბები აათამაშა ლუკამ და მერე ლოყაზე თბილად აკოცა დედას მადლობის ნიშნად. - მიყვარხართ მე თქვენ, ქალბატონო დედა.
ოცი წუთი ელოდა, როდის ჩამოივლიდა ქუჩაზე ტუსა. კიდევ კარგი მარტო იყო და ის თავისი სახედაკუჭული ბიძაშვილი არ უმშვენებდა მხარს.
უკვე გვარიანად ციოდა და თბილ, წაბლისფერ ქურთუკში ჩაერგო გოგონას გაყინული ცხვირი. თავზე პომპონიანი წითელი ქუდი ეხურა და გრძელი თმა მხრებზე გადმოეყარა.
- პირველი გაკვეთილი რომ გავაცდინოთ, გაგიბრაზდებიან? - ისე უცებ და ომახიანად ჰკითხა აქიშბაიამ, რომ ადგილზე შეხტა ტუსა.
- შენ ნორმალური ხარ? - გულზე ხელი მიიდო დაფეთებულმა. პირით დაიწყო სუნთქვა, შიშმა ისე გამოულია ჰაერი.
- არც ისე. ჰა, რას იტყვი? - არ უახლოვდებოდა. ისევ სამალავად გადაქცეულ ხესთან იდგა და უღიმოდა ეშმაკურად.
- მათემატიკა გვაქვს დღეს პირველი, ლუკა. პირველი სემესტრი მალე დამთავრდება, რა დროს გაცდენაა?
- ხოდა მითუმეტეს. დავალება არ მიწერია და ხო იცი, ორივეს დაგვტოვებენ.
- მე რატომ დამტოვებენ? - გაეღიმა ტუსას. ცოტა სიამოვნებდა კიდეც, ასე რომ მის გამო იქცეოდა, მაგრამ ამას ხმამაღლა არასდროს გაამხელდა.
- ვიტყვი, რომ შენსავით კარგად ვერავინ მიხსნის მასალას. შარში გაგხვევ.
- შარში გაკვეთილის გაცდენითაც გამხვევ, ლუკა.
ადგილიდან არ იძვროდა ტუსა, თუმცა ისე აუციმციმდა თვალები მღელვარებით, რომ აშკარად თანხმობისკენ უფრო იხრებოდა.
- ერთი გაკვეთილის გაცდენას გთხოვ, მთელი დღის ხო არა? მე შენ გამო ვარჯიშს ვაცდენ.
- გგონია მაგით მომთაფლავ? - მაშინვე წარბები შეკრა ტუსამ. - რატო აცდენ ვარჯიშს?
- დღესასწაულებზე მეპატიება.
გვერდით ამოუდგა თუ არა მაშინვე იგრძნო დამთბარი ჰაერი თავის გარშემო ტუსამ. აღარც იმდენად ბრაზობდა.
- დღეს არ არის დღესასწაული.
- ო, როგორ არ არი. - უთხრა მოჭუტული თვალებით და მერე მისკენ გადახარა თავი. - წმინდა ვიტალი თავდადებულის ხსენების დღეა, არ იცოდი?
- არ არი სასაცილო, ლუკა.
- შენ იცინი მერე, მე ხო არა? - მანაც ისე შეყარა წარბები, როგორც ტუსამ რამდენიმე წუთის წინ, - ჩქარა იარე, გავცდეთ შენი მეზობლების თვალსაწიერს რო ხელი მომაკიდებინო.
ხილიანის დაღმართი ისე ჩაიარეს ერთმანეთისთვის თვალის გაუსწორებლად ეღიმებოდათ ორივეს. ჩუმად აპარებდნენ ხოლმე მზერას და კავშირის დაჭერის შიშით სწრაფადვე აშორებდნენ თვალებს ერთმანეთის სახეს.
გული უსკდებოდა ტუსას. მისი გუგუნისა და გადარეული ფეთქვის გარდა ვეღარაფერს გრძნობდა.
უსიტყვოდ მიჰყვებოდა გვერდით.
ვინმეს სამი თვის წინ რომ ეთქვა მისთვის, სკოლის ხულიგანთან ერთად გაკვეთილს (თანაც მათემატიკის!) გააცდენო, პირად შეურაცხყოფად მიიღებდა ამ ამბავს, ახლა კი ისეთი აღელვებული მიჰყვებოდა გვერდით ლუკა აქიშბაიას, რომ ერთი წამითაც არ ფიქრობდა რამეს თუკი აშავებდა.
აინტერესებდა თან რით ვერ გაცდნენ მისი მეზობლების თვალსაწიერს, ხელი რომ მოეკიდა.
ისე ციოდა, მზიურში ჯანსაღი ცხოვრების თავგადადებული მიმდევრების გარდა ვერავის შეამჩნევდით იმ დილით. მზე კი აძვრენდა ხოლმე რუხ ღრუბლებს შორის თავის სხივებს, მაგრამ ირგვლივ მაინც შემოდგომის სუსხით გახისტებული ატმოსფერო ტრიალებდა.

- ორი საჩუქარი მაქ შენთვის, - ბამბის ნაყინის გამყიდველთან გაჩერდა ლუკა. უკვე ტუსას ჩანთაც მის მხრებზე შემოეგდო თავის ცარიელ ჩანთასთან ერთად. - ერთი დედაჩემისგანაა.
- დედაშენისგან? - თვალები გაუფართოვდა გოგოს.
- ხო, ოღონდ უანგაროდ არ გჩუქნის, ხუთი შვილიშვილი უნდა გავუჩინოთ.
- ასე გითხრა? - გული მკერდში ისე მწარედ შეუხტა, ძლივს შეიკავა ხელით რომ არ დაეჭრა. - რა შვილიშვილები...
- არა, მთლად პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ ეგ იგულისხმება. - სკამზე ჩამოსხდნენ.
ჩანთები იქვე მიალაგა ლუკამ და პირველი ჯიბიდან პატარა ვერცხლისფერი ტომარა ამოაძვრინა. შორიდანაც მოსჩანდა იქ დამალული ბრჭყვიალა თვალი.
ვერ ხვდებოდა ტუსა, რა უნდა ეგრძნო. არ უყვარდა ძვირიანი საჩუქრები, ვერც დაბნეულობას და ამხელა ყურადღებით გამოწვეულ სიამოვნებას უმკლავდებოდა.
-საღამოს ვაპირებდი, მაგრამ ვერ მოვითმინე. - ბამბის ნაყინი გამოართვა და ხელის გულზე დაუდო მაკას საჩუქარი.
გაეღიმა ტუსას და ხმის ამოუღებლად გასცა პასუხი.
- ძალიან ლამაზია მაგრამ მართლა არ იყო საჭირო...
- სამომავლოდ შენთვის გეუბნები და გაითვალისწინე, მაკამ ყოველთვის იცის, რა არის საჭირო და რა არა.
- შენ ხო არ მოატყუე, რო შენი საცოლე ვარ ან რამე? - თვალები მოჭუტა ტუსამ. აქიშბაიასგან ბოლოს და ბოლოს ყველაფერი იყო მოსალოდნელი.
- მოვატყუე რას ნიშნავს? რატო დგას შენთვის ჩემი საცოლეობა სიმართლის საპირისპირო მხარეს?
გული უსკდებოდა ლუკას მის ემოციებზე. მართლა უკვირდა როგორ შეეძლო ამდენი ემოციის განცდა და თვალებით გამოხატვა ყველაფრის, რაც გულში უტრიალებდა. ბედნიერებით გაბუჟებული სხეულით იჯდა და გაკვეთილივით იზუთხავდა ყველაფერს, რასაც ხედავდა.
- მოდი ახლა ამას გაგიკეთებ და რომ გაკოცებ, მერე გადმოხვალ სიმართლის მხარეს.
- ნუ მეუბნები ასეთ რაღაცებს, ლუკა. - თავი უკან ინსტიქტურად გადახარა ტუსამ. საშინლად აფეთებდა ამ ბიჭის პირდაპირობა.
- კაი ხო, აღარ გაგაფრთხილებ ხოლმე.
კისრიდან გადაუწია თმა და ძლივს მოახერხა თავისი უზარმაზარი თითებით მოცუცქნული ჩამკეტის დამაგრება.
-მალე ქენი, თორემ ქართულის გაცდენასაც არ ვაპირებ, - დააჩქარა ტუსამ. სანამ თმას გადაუწევდა უცებ შეახო ტუჩები ყელზე.
- ჩემი საჩუქარი უკვე შენს ჩანთაშია და მარტო რო იქნები, მერე ნახე.
- მარტო რატომ? - შეკავებული ღიმილით მიბრუნდა მისკენ ტუსა. წეღანდელ კოცნას დაემჩნია მის ლოყებზე ვარდისფერი კვალი.
- იმიტო.
- მითხარი, რა.. - თავი გვერდზე ღიმილით გადახარა, უფრო ფართოდ გაეღიმა და აუციმციმდა მზერა, სიმორცხვის სახელით მორიდებული ლუკას თვალები რომ შენიშნა.
- ნუ მიყურებ ეგრე, თორემ ჩემთან წაგიყვან. ბეჭედიც ექნება დედაჩემს სადმე გადანახული.
- ჩვეულებრივად გიყურებ, - ჩანთა მოიკიდა და ფეხზე წამოდგა, იქ ჩამალულ საჩუქარს თითქოს უფრო შეემსუბუქებინა.
- მომეცი ეგ, - მხრებიდან ჩამოხსნა ლუკამ და თვითონ მოიგდო მისი ჩანთაც, - რატო დაათრევ ამდენ წიგნებს? ხო დამაქვს მე ქართული.
- მეც მაქვს ჩემი.
- მაინც შენსაში ჩავიხედავ, ხო იცი.. - წარბები აუთამაშდა ეშმაკურად.

სკოლის შესასვლელი კარიდან მალევე აღმოჩნდნენ დირექტორის კაბინეტში ერთმანეთის გვერდიგვერდ.
მათ წინ მდუმარედ იჯდა ზაალი და თვალს არ აშორებდა ახალგაზრდებს, რომლებიც ვერც თვითონ იღებდნენ ხმას.
აქიშბაია უკვე მიჩვეული იყო დირექტორის კაბინეტში ჯდომას და საყვედურების მოსმენას. მეტიც, იმდენი ხანია აქ არ ყოფილა, რომ მოენატრა კიდეც ხედი ზაალის ოთახის ფანჯრიდან.
ტუსა კიდევ სადაც იყო სირცხვილისგან აორთქლდებოდა ალბათ.
ზაალიც არაფერს ამბობდა. ოთახს მხოლოდ საათის გამაყრუებელი ტიკტიკი ავსებდა.
წარბაწევით გახედა საათს დირექტორმა, თითქოს ხუთი წუთის შესრულებას ელოდებოდაო და ამოიღო ხმა:
-შეგიძლიათ გახვიდეთ.
გაოცებისგან ლუკას გახედა ტუსამ. ის კი ისე წამოდგა ფეხზე, თითქოს უცნაური არაფერი მომხდარა.
დაბნეულად ცდილობდა ბიძის წინაშე მასთან დისტანციის დაცვას. როგორც კი გარეთ გავიდნენ, მაშინვე ამოისუნთქა. მეორე გაკვეთილი უკვე დაწყებულიყო.
-საშინლად გაბრაზებულია. რატომ არ გვითხრა არაფერი? - ხმადაბლა ჰკითხა გოგონამ. იძულებული იყო თავადაც ნელა ეარა, ნაბიჯს არ უჩქარებდა აქიშბაია.
- არ არის გაბრაზებული.
- ბიძაჩემია და ვიცნობ, ლუკა.
- როგორც ბიძას შეიძლება იცნობ, მაგრამ როგორც დირექტორი შენზე კარგად ვიცი, როგორც ბრაზდება.
- აბა რას ნიშნავდა ეს?
- მთელმა სკოლამ გაიგო, რო ერთად გავაცდინეთ პირველი გაკვეთილი, ეს ასე რომ ვთქვათ დასჯის უბრალო ფორმალობა იყო. ხომ გესმის ნეპოტიზმი როგორ მუშაობს?
- არა, არ მესმის!

როგორც კი გაკვეთილზე დაგვიანებით მისული ლუკა და ტუსა დაინახეს, მოსვენება დაეკარგათ ანოს და სოფოს. ერთი სული ჰქონდათ, როდის დაირეკებოდა ზარი კარგად რომ გამოეკითხათ ყველაფერი.
- ერთად იყავით, ხო? - მარჯვნივ ანო ამოუდგა.
- გადაგიყვანა ხო თავის ჭკუაზე! - მარცხნივ სოფო.
- არსადაც არ გადამიყვანა.
- რა გაჩუქა?
- არ მინახავს ჯერ, ჩანთაში მაქვს.
- გვანახე რა...
- მარტო ნახეო.
- ჩვენს თავსაც აშორებს! - ჩვეული დრამატულობით შესძახა სოფომ, ფანჯარაში გადადგა ეზოსკენ, სადაც ბიჭები იყვნე თავმოყრილები, - აქიშბაია, ჭკვიანად იყავი შენ!
ღიმილით გამოხედა ლუკამ და პატარა საბა თოდუას ბურთი გაუგორა.
- ჰა, როგორ მივიღე? როგორი პასი მაქ? - კითხვები არ ელეოდა ბავშვს.
- მესის მარცხენა გაქ. - თვალი ჩაუკრა ბიჭს, - მოდი, კიდე დამირტყი.

სკოლიდან გამომავალს მთელი დღის განმავლობაში სახეზე შეზრდილი და შეხორცებული ღიმილი ერთ წამში სამართებლით დაუსერა ეზოს შესასვლელთან სქელ ბოძზე მიყუდებული მამის სხეულის დანახვამ. საყრდენი სჭირდებოდა მთვრალს ფეხზე დგომა რომ შესძლებოდა. თავსაც ღიმილით აყანყალებდა.
მუცელში მაშინვე დაუტრიალდა იმედგაცრუებისა და სირცხვილის გულისამრევი, მწველი შეგრძნება. აუკანკალდა კიდურები. იცოდა, ასე მარტივად რომ არ ჩაივლიდა ეს დღე, ხომ უგრძნობდა გული, რომ მწარედ ინანებდა ყველა მშვიდ ამოსუნთქვას.
-ორი წუთით რომ დამელოდოთ... - აკანკალებული ხმით უთხრა ანოს. იმ წამს დანარჩენებისთვის თვალების გასწორება არ შეეძლო.
გაოცებულებმა გააყოლეს თვალი ტუსას სხეულს, ერთი ნაბიჯიც ვერ გადადგეს წინ. თვალი მოავლო გარემოს სოფომ. მაინც და მაინც ახლა არ ტრიალებდა გოგონას ბედოვლათი ბიძაშვილი მათ გარშემო. ბავშვები ირეოდნენ ეზოში, ყველა თავისთვის იყო გართული, მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავდა იმას, რომ ღობეზე გადმოყუდებულ მთვრალ კაცთან მისულ ტუსა ბარნოვს ვერ ამჩნევდა ვერავინ.
-ჩემი გოგო მოსულააა, - ჩახრწნილი ხმით წაიმღერა კაცმა. ალკოჰოლისა და სიგარეტის სურნელი ტრიალებდა მის ირგვლივ.
- აქ რა გინდა? - ხმის ამოღება ძლივს გაბედა ტუსამ. ნიკაპი უკანკალებდა და სირცხვილის ცრემლები ახრჩობდა.
- დაბადების დღეს გილოცავ, - ამღვრეული თვალებითა და სულელური ღიმილით განაგრძობდა კაცი თავისას. - სახლში რომ მოგაკითხო, არ მიმიღებს ბიძაშენი...
- მადლობა, - მისი გაღიზიანება არ უნდოდა ტუსას. არც მადლიერი იყო სინამდვილეში და არც იქ დგომა სურდა, ერთადერთი რაც უნდოდა ის იყო, რომ დროზე და მშვიდად წასულიყო ეს კაცი აქედან. - ახლა წადი...
- რა იყო, მაგდებ, გოგო? - ღიმილი რაღაც სხვა, მკაცრ და საზარელ გამომეტყველებაში გადაეზარდა. ხმასაც აუწია. - მამაშენი რომ ვარ, დაგავიწყდა? არ მაქვს უფლება?
- არ გაგდებ...
- აბა, რას აკეთებ? ისე რატომ მიყურებ თითქოს კაცის მკვლელი ვიყო!
სამყარო უცებ დაპატარავდა ტუსას გარშემო, თითქოს ყუთად გადაიქცა და ამ საზარელ ხმას ექოდ ისხლეტდნენ მისი კედლები. ასე ეგონა ყველას ესმოდა მამამისის და თავისი სირცხვილის ხმა.
ვერ იტანდა ყვირილს, მაშინვე ცრემლები მოერია.
-არ გიყურებ ეგრე... წადი, ნუ ყვირი, თორემ გაიგებს...
- გაიგოს! - ხელები ისეთი სიამაყით გაშალა კაცმა, თითქოს სამარცხვინო მდგომარეობაში არ იყო, - ყველამ გაიგოს! მე ბიძაშენის არ მეშინია, ყველამ უნდა იცოდეს, რო შენ უპატრონო არ ხარ!
- აბა რა ვარ? - ბრაზი კისერში მოაწვა ტუსას, ცრემლები უკვე ღაპაღუპით სდიოდა უზარმაზარი თვალებიდან. - რამდენი წლის გავხდი ის მაინც თუ გახსოვს?
ერთმანეთის გვერდით იდგნენ გოგოები. ვერაფრით გაეგოთ, რა უნდა მოემოქმედებინათ ასეთ დროს. წარბებშეკრული და დაძაბული უკვე სწრაფი ნაბიჯებით გამოდიოდა სკოლის კარებიდან ლუკა აქიშბაია. ისე ეჭირა თვალი იქეთკენ, საითაც ყველა იხედებოდა, თითქოს სხვას ვეღარავის ხედავდა, ყველაფერი გაშავდა ტუსას სხეულის გარდა.
მკაცრად მოავლო სახეიროდ შეკრებილ ბავშვებს თვალი, ჭიანჭველებივით დაიფანტნენ ჭორიკნობაში გამოჭერილები.
თაზო და ზაალიც მალევე გამოჩნდნენ ეზოში. დირექტორის დანახვისას ყველამ სკოლისკენ აიღო გეზი, გაეცალნენ იქაურობას.
- გრცხვენია ჩემი, გოგო? - ახლა მისკენ წამოვიდა კაცი. მიუხედავად იმისა, რომ წელამდე ღობე ჰქონდა გადმოსალახი, ტუსამ მაინც დაიხია უკან ორი სწრაფი ნაბიჯით.
- უბრალოდ ნუ ყვირი... - კანკალებდა მთლიანად. არავის დანახვა არ უნდოდა იმ წამს. უნდოდა ამ სირცხვილთან ერთად მარტო დარჩენილიყო მთელს სამყაროში.
ლუკამ თაზოს და ზაალს დააცადა მასთან მიახლოება. ნერვები ძარღვებად ეჭიმებოდა უკვე სახეზე.
დილით როგორი სხვანაირი იყო, როგორი ბედნიერი და ახლა ისე გაუსუსურდა და მოიფუზა, თითქოს ფრთები შეატეხეს.
ხელი გადახვია თაზომ მამიდაშვილს და ბავშვებისკენ წამოიყვანა. წამოცვენილი ცრემლების მიუხედავად გაღიმებას ცდილობდა ტუსა. თვალებში ვერავის უყურებდა, თუმცა არც თავის დამძიმება უნდოდა მეტად, თავს ისე აჩვენებდა თითქოს არ მომხდარა არაფერი, თითქოს იმდენად სულელები იყვნენ მისი მეგობრები, რომ იმ სიმწრის ღიმილს დაუჯერებდნენ.
გოგოებმა ისე გაუღიმეს, თითქოს ყველას ყველაფერი კარგად ესმოდა და არც ტუსას უნდა ჩაეგდო რამედ წეღანდელი კონცერტი, რომელსაც ზაალი აგვარებდა უკვე.
-კაი რა, ტუსკი, - ხელი გადახვია ზბაკომ. უკვე სკოლას გაშორებულიყვნენ გვარიანად. - იცი რა ძერსკი საჩუქარი გიყიდე?
ოდნავ მოშორებით, მაგრამ მაინც მათთან ერთად მოდიოდა თაზოც. დაბღვერილი და ცხვირჩამოშვებული. უკან გაბრუნება და იმ უნამუსო კაცისთვის ჭკუის სწავლება უნდოდა, მაგრამ ვინ მისცემდა უფლებას?
გულის სიღრმეში ყველაზე მეტად მაინც იმიტომ აწუხებდა ეს ამბავი, რომ ლუკაც იქ იყო, მანაც დაინახა, როგორ დაუფიქრებლად ჩამოურეცხეს გოგოს სახიდან ბედნიერება. როგორ მოექცა საკუთარი მამა.
-რამე რომ აგრძნობინო, იცოდე... - სხვაზე გაბრაზებულმა ლუკასკენ მიმართა თავისი მრისხანება.
ისეთი მშვიდი გამოხედვა დაახვედრა აქიშბაიამ, რომ წინადადების დამთავრება ვეღარ მოახერხა თაზომ.
-შენ იგრძნობ ახლა ცხვირში ტკივილს, თუ არ გაჩუმდები.
ზღაპარივით მოუყვა მისი საქციელის დასასრული ლუკამ, კარგად გაუსწორა თვალი და შემდეგ ჩქარი ნაბიჯით წამოეწია დანარჩენებს.
-ყველაზე კაი რაღაცები ჩვენ შეგირჩიეთ. - თვალი ჩაუკრა ანომ. - პაემნებზე რომ ჩაიცვა ხოლმე.
- მოდი, დანიშნულება თვითონ გამოუძებნოს. - თაზოს იქ ყოფნით ძალიან შეწუხებულიყო სოფო შონია.
რატი ჩუმად მოდიოდა ბიჭებთან ერთად. ისე არ იმჩნევდნენ ერთმანეთს ის და ანო, თითქოს არც კი უარსებიათ ოდესმე ერთმანეთის ცხოვრებაში.
სახლში მისულს ბიცოლამ მაშინვე შეამჩნია, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე. თაზოს მივარდა მაშინვე.
-რატომ აუშალე ბავშვს ნერვები?
- კაი რა დედა, - სახე წაუხდა ბიჭს, - ნეტა მართლა მე ამეშალა ამისი ნერვები.
- მამაჩემი იყო მოსული. - ცარიელი წყლის ჭიქა რომ დაიჭირა ხელში ტუსამ, მხოლოდ შემდეგ მიხვდა, რომ ისევ უკანკალებდა ხელები.
- რა ჯანდაბა უნდოდა?
- არაფერი. კონცერტი უნდოდა და მოაწყო კიდეც.
- აკონცერტებენ მაგას კარგად. - თავის ქმართან დასარეკად მაშინვე მოიმარჯვა ტელეფონი დიანამ, - მიდი შენ, გამოიძინე, საღამოს ბავშვებს რომ კარგ ხასიათზე დახვდე... არ ინერვიულო არაფერზე, ხო?
სათქმელად მარტივი იყო, როგორ არ უნდა ენერვიულა?
საშინლად სტკიოდა მუცელი. ასე ეგონა შეკავებულმა ცრემლებმა მოწამლა.


ამხელა დაბადების დღე ცხოვრებაში არ ჰქონია. ვინც უყვარდა, თითქმის ყველა გვერდით ჰყავდა. ნანასაც ელაპარაკა ვიდეოთვალით. მიიღო დედისგან თვალცრემლიანი მილოცვა.
ბედნიერმა მოავლო თვალი მაგიდას, რომელიც ვერ იტევდა მის მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს.
რატი და ანო ერთმანეთის გვერდით განზრახ დასვეს. მასა და ლუკას შორის ცუცა იჯდა და იმ ორს მოჭუტული თვალებით აკვირდებოდა. ისეთი ეშმაკური მზერა იცოდნენ აქიშბაიებმა, ვერავინ გაუმკლავდებოდა, ამიტომაც აცეცებდა კედელზე ჩამოკიდებულ ნახატებზე თვალებს ანო რამიშვილი.
რატი ზბაკოს და ცოტნეს ესაუბრებოდა. თაზო და ლუკაც დაზავებული მტრებივით ჩუმად ეგუებოდნენ თავიანთ ნაომარ წარსულს.
-იმ ორს ერთმანეთი უყვარს? – „ხმადაბლა“ გადაუჩურჩულა ტუსას უმცროსმა აქიშბაიამ. თან ანოს და რატის არ აშორებდა თვალს.
- კი, მაგრამ არ იციან ჯერ.
- ააა, კაი, - ეშმაკური გამომეტყველებით მოსვა ცუცამ კოკაკოლაში ჩუმად გარეული არაყი და ცოტნეს თვალების ბრიალი მაგიდის მეორე ბოლოდან ოსტატურად დააიგნორა, - რატი, შენ შეყვარებული არ გყავს ხო?
მაგიდაზე ზუზუნი უეცრად მიწყდა. რატის და გაუფერულებულ, გაქრობის პირას მისულ ანოს მიაჩერდა ყველა.
- არა, არ მყავს, ცუცა. არ იცი?
- ძაან კაი, მეთერთმეტეკლასელი ნია კაკაბაძე რომ მოგწონდა ხომ გახსოვს, მაგან მთხოვა შენი ნომერი.
- ნიამ? - უცებ ვერც გაიხსენა რატიმ ვინ იყო ეს გოგო, მაგრამ ისე ჩანდა, თითქოს გაიოცა მისი ნომერი რომ მოითხოვა.
- ხო, ნიამ, მაღალმა, ქერამ და ცისფერთვალებამ.
ანოს იქედან ადგომა და აივნიდან მოკლე გზით გადასვლა უნდოდა, ისე მშვიდად მიმდინარეობდა რატის თაყვანისმცემლების განხილვა.
-მერე მიეცი? - ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავდა ლუკას შეკითხვა.
- კი, ვიცოდი რომ მოსწონდა რატის და ამიტომაც მივეცი. არ უნდა მექნა? - გამომწვევად დასვა ბოლო შეკითხვა ცუცამ.
- ზოგადად სხვისი პირადი ინფორმაცია ნებართვის გარეშე არ უნდა გასცე, ცუცა. - კატეგორიულად უსაყვედურა ცოტნემ.
- პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის პროტოკოლის გაცნობა არ არი საჭირო, ცოტნიუს. არაუშავს, თუ არ უნდა, არ უპასუხებს. - ისე გამოკვეთით გამოსცრა სოფოს, თითქოს სწორ პასუხებს კარნახობდა რატის.
- ანო, შენკენ რა ხდება? - ახლა ჭარხლისფერ გოგოს მიადგა ცუცა და ტუჩებისკენ წაღებული სასმელიც მაშინვე ააცალა ხელებიდან ლუკამ.
დაყნოსა და ალკოჰოლის შეგრძნებისთანავე საყვედურით ავსებული თვალებით გახედა თავის დას.
-რა უნდა ხდებოდეს ჩემკენ? - ლამის ბურტყუნით გასცა პასუხი. გული უსკდებოდა. იგუდებოდა აქ, მის გვერდით.
- გავიგე კოკა ძიძიგურმა გაჩუქა „შანელის“ სუნამო. და რომელი სუნამოა?
- ეს ჭორები საიდან მოგაქვს, ცუცა? - თვალები დაექაჩა სოფოს.
- ასე ხდება, როცა მასწავლებლების ნაცვლად კლასელებს უსმენ. - ორივე ძმა თვალებს უბრიალებდნენ გამხიარულებულს.
- შენ რომ მხოლოდ მასწავლებლებს უსმენ, ცოტნიკო, ამიტომაც ვერ შეამჩნიე ვერასოდეს შენს რობოტ სიფათზე ყურებამდე შეყვარებული ლილე შარვაძე.
- ვინ ჯანდაბაა კოკა ძიძიგური? - რატის მაგივრად იკითხა დაბნეულმა ზბაკომ.
ქორიძე აჭარხლებულ რამიშვილს უყურებდა სახეზე. თვალს ისე არ აშორებდა, თითქოს უხილავი ძაფებით დაუკავშირდა და მიეწება მის ლოყაზე მიხატულ ხალს, თვალის ქვეშ.
-არ ამიღია კოკას საჩუქარი. - ძლივს მოკრებილი სიმშვიდით გასცა პასუხი ჭორბიუროს თავმჯდომარეს ანომ.
- შენ რო არ აიღებდი, ვიცით, მარა ვინ ჯანდაბაა?
- ოოო, არავინ.
- გიმნაზიელია. - ხმა ამოიღო თაზომაც. ყველა მას მიაჩერდა, პირველად ჩაერთო სამეგობროს საუბრებში ისიც. - დეგენერატია.
- იასნია დეგენერატია! - კაი ძმაკაცივით დაეთანხმა ზბაკო.
- რატომ არის დეგენერატი? - გაეღიმა ტუსას. ისიც უჩუმრად ჩაერთო ცეცხლის დანთების ამბავში. - იმ გოგოს რომ სუნამო აჩუქა, ვინც მოსწონს?
- შენ რო გივიკომ ყვავილები გაჩუქოს, ნორმალურია? - თვალები დაექაჩა განერვიულებულ ტატიშვილს.
ხმაჩავარდნილ სუფრაზე მზერა ჯერ ლუკა აქიშბაიას მიაპყრეს, შემდეგ ტუსასკენ გააპარეს თვალები.
- ანოს შეყვარებული არ ჰყავს, ამიტომ რა პრობლემაა? - ენას არ აჩერებდა ცუცა.
- შენ არსად აღარ წამოხვალ ჩვენთან ერთად. - მშვიდად თუმცა მუქარით გააფრთხილა ლუკამ, რომ ჩუმად მიღებულ არაყზე საუბარი იქ არ დასრულებულა.
- როგორ არ უყვარს ამ ხალხს სიმართლის მოსმენა რა, - ამოიოხრა ცუცამ და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
უფროსებმა განზრახ დატოვეს ახალგაზრდები მარტო. დილანდელი ინციდენტის შემდეგ არც ზაალს უნდოდა ბავშვებისათვის თავის ზედმეტად შეხსენება.
აივანზე იდგა ტუსა. ცოტა ხნით დატოვა ცუცას შექმნილი ალიაქოთი. მაინც რაღაცნაირი, მჟავე შეგრძნება დაეტოვებინა შეხვედრას მამასთან.
ლუკაც ამოუდგა გვერდით. მოაჯირს დაეყრდნო მკლავებით.
-შენი საჩუქრის ნახვა ვერ მოვასწარი. - მორცხვად მიბრუნდა მისკენ ტუსა.
უცებ გადაუვარდა გონებიდან ყველა სადარდებელი.
- ყველამ გაიგონა ხო?
- აქვს ამას შენთვის რამე მნიშვნელობა?
- რა თქმა უნდა, აქვს. შენთვის არ ექნებოდა? - სიმწრის ღიმილი უწვავდა სახეს. ბრაზისგან ხურდა მისი ლამაზი სახე.
- მე თუ შენნაირი ლამაზი, ჭკვიანი, იდეალური შვილი ვიქნებოდი, არ ექნებოდა მნიშვნელოვანი. შენ ყველას სიცუდის გადაფარვა შეგიძლია, ისეთი კარგი ხარ.
ეს სიტყვები ისე შემოეხვია გულზე, რომ ამოსუნთქვა ვერ მოახერხა. მალამოდ მოედო მთელს სხეულზე მისი სითბო, ზღვარდაცული სიახლოვე და დამშვიდებული თვალები. ნანატრმა სიმშვიდემ თითქოს როგორღაც მის ღიად დატოვებულ გულის კარსაც მიაგნო.
სუსტი გული ჰქონდა ტუსას. მაშინვე აეცრემლა თვალები და სახე გააბრუნა, ეს რომ ლუკას არ შეემჩნია.
-შიგნით შევიდეთ, თორემ ცუცა არც ჩვენ მოგვაკლებს მწარე კომენტარებს. - კანკალით შეისუნთქა ჰაერი და გაღიმებულმა გახედა. - იმათ რამე უნდა მოვუხერხოთ, არ შეიძლება ასე.
– ხომ იცი მაგათი ამბავი… ორი რქიანი… არაა გამორიცხული არცერთმა დაიხიოს უკან.
- რატის შენთვის არასდროს არაფერი უთქვამს ანოზე?
- არ ყოფილა საჭიროება, ისედაც ყველაფერს ვამჩნევდი.
- დიდი ხანია... რაც უყვარს?
- ზედმეტად დიდი ხანია იმისთვის, რო ვერ გაამხილო. პირველი კლასიდან, - შემდეგ მას გადმოხედა ლუკამ ეშმაკურად, - თავიდანვე თუ არ გამოუტყდები, მერე უფრო რთულია.
- ამიტომაც გამომიტყდი შენ ეგრევე? რატომ იყავი ასეთი დარწმუნებული? - მისი თვალები გაიმეორა ტუსამ.
- დარწმუნებული არა, გაბედული ვიყავი.
- ანუ არ შეგშინებია, რომ მე უარს გეტყოდი?
- თავიდან უარს რომ მეტყოდი, ისედაც ვიცოდი. მერე რას გააკეთებ, ეგ არის მთავარი.
- კარგი, შევიდეთ, - აფორიაქდა ისევ გოგონა.
- მიდი, მიდი, გამექეცი. ოღონდ უკან მობრუნება არ დაგავიწყდეს, რომ დამშვიდდები.
თვითონაც უკან გაჰყვა. ხმადაბლა ეჩურჩულებოდა ამ სიტყვებს ეშმაკურად. წელზე ისე დაადო ხელი, თითქოს მიმართულებას უჩვენებდა თავგზაარეულს.
რატომღაც მაშინ ორივე დარწმუნებული იყო, რომ მათ შორის მანძილი არასოდეს გადააჭარბებდა იმ სიახლოვეს, სადაც ერთმანეთის სითბოს შეგრძნება შეეძლოთ.
მაშინ, იმ ბავშვობის ფერშემოუცლელ წლებში მათ უტვირთო ფრთებს ყველაზე მაღალი ოცნების კოშკებისთვის მიღწევა შეეძლოთ. ღრუბლებს იმდენად გაშორდნენ, რომ მიწის დანახვა შეუძლებელი ხდებოდა.
მაგრამ სიყვარულისაც აქვს თავისი გრავიტაციის კანონი - როცა მიზიდულობის ველის ზღვარს მიაღწევ, არჩევანის წინაშე დადგები, ან კოსმოსში ცალ-ცალკე გაიფანტებით, ან მიწაზე დაეცემით ერთად.


ანოს მთელი საღამოს განმავლობაში ხმა არ ამოუღია. ბოლოს ყველაზე ადრე მან მოინდომა წასვლა.
-არ მინდა გაცილება, - მასთან ერთად ფეხზე წამომდგარი სხეულის პატრონის გასაგონად თქვა.
რატისკენ არ მიუხედავს. კაშნე კარგად შემოიხვია კისერზე და ჩანთას დაავლო ხელი.
-ბოდიში, მაგრამ ჩვენი სამეგობროს გოგოები მარტო სახლში არასდროს მიდიან, ანიკო. მეგონა, გახსოვდა. - თვალები დააწვრილა ზბაკომ.
რატის ყურადღება არ მიუქცევია მისი ჭირვეულობისთვის. მანაც ქურთუკი ჩაიცვა და უკან გაჰყვა გოგონას, რომელიც ერთი ნაბიჯით უსწრებდა და თან ძალიან ცდილობდა გაქცევას არ დამსგავსებოდა მისი სიარული.
-დაეცემი, თასმები გაქვს გახსნილი. - უთხრა მშვიდად, როცა ერთი სართული ჩაიარეს. ხმაში მაინც ეტყობოდა რატის დაძაბულობა. - გოგო, გაჩერდი.
- რატი, თავი გამანებე. - გაცხარებული მობრუნდა მისკენ. ერჩივნა გაბრაზებულიყო, ვიდრე დაენახვებინა, როგორ სტკიოდა თავისი გრძნობა.
ორი წამით უყურა თვალებში ქორიძემ უემოციოდ.
მერე მშვიდად დაიხარა, ცალ ფეხზე გახსნილი თასმა შეუკრა და გასწორდა ისევ.
-იარე. - ამჯერად თავად გაუსწრო წინ. არ დალოდებია, ისედაც იცოდა, რომ გამოჰყვებოდა.
მისი შეკრული თასმა გაიხსნა და თავიდან შეიკრა ანომ. მერე აჩქარებული ნაბიჯით გაუსწრო წინ.
- ირბინე-მეთქი არ მითქვამს.
- არ მაინტერესებს შენ რა თქვი.
- აბა ვისი ნათქვამი გაინტერესებს?
- შენი რომ არ მაინტერესებს, მხოლოდ ეგ გეხება შენ, დანარჩენი არა.
- რაზე ხარ ერთი გაბრაზებული, თვითონ მაინც თუ გახსოვს? - წამოეწია და მკლავში ისე ჩაავლო ხელი, რომ მისთვის ფეხის აწყობა აიძულა.
- ძალიანაც კარგად მახსოვს. შტერიც გგონივარ ყველაფერთან ერთად?
- შენ რა იცი მე როგორი მგონიხარ? სიშტერე ნამდვილად არ მიწერია შენს დახასიათებაში და გთხოვ, არ მიმამატებინო.
- არაუშავს, დარწმუნებული ვარ მანდ რაღაც იმაზეც წერია, რომ მატერიალისტი ვარ და შტერი ფულის სიყვარულზე უარესი დახასიათება ნამდვილად არ არი.
- ისე ნუ ეჭიდები მაგ სიტყვებს, თითქოს გინდა რომ ჩემზე გაბრაზებული იყო და სხვა მიზეზი არ მოგეცი.
- არაა საკმარისი მიზეზი? - ბრაზისგან ნაბიჯის გადადგმა ვეღარ შეძლო ანომ. მისკენ მიბრუნდა განრისხებული. სხეული რატისაც დასჭიმვოდა.
- გავბრაზდი. გითხარი, რო არ მიგულისხმია ეგრე.
- არ გეტყობა, რომ თავს დამნაშავედ თვლი, რატი.
- არ ვთვლი და იმიტომ არ მეტყობა.
- რატი, მომშორდი, თორე რაღაცას დაგიშავებ, იცოდე! - თითქოს ცეცხლზე ნავთი დაუსხესო, ისე აუელვარდა თვალები ანოს, იმ ღამეში ყველაფერი გაანათა.
- ჩემს არსებობას რომ არ იმჩნევ, მაგაზე უარესს ვერაფერს დამიშავებ.
- თითქოს ძალიან გადარდებდეს, - სიმწრის ღიმილი შეერია ტუჩებზე და გაბრუნდა. - რას მომყვები, რატო არ მანებებ თავს? ამჯერად ძიძიგურზე იეჭვიანე და მორიგი მონოლოგის მოსმენა მომიწევს, როგორი მეკაცთანე ვარ?
გაუჩერებლად ქაქანებდა გაცხარებული. ვიწრო ქუჩაზე შეუხვია მაშინვე, რამდენიმე ლამპიონი ჩამქრალიყო და ძლივს ანათებდა იქაურობას.
რატის სხეულში კი ათასი გრძნობა ისე დაქროდა, როგორც მგზავრებით სავსე მატარებელი.
-ეს მეკაცთანე საიდან მოიგონე ახლა... - ღიმილს ძლივს იკავებდა, არ იყო დარწმუნებული, რომ მაგრად არ მოხვდებოდა ამისთვის. - ან რატომ გგონია, რომ ვიეჭვიანე? ანუ ხვდები რაღაცას..
- ვერაფერსაც ვერ ვხვდები! - ისე შეიცვალა მისი ხმა, სხეული და თვალები, თითქოს სხვა გოგო იდგა მის წინაშე.
ყველაზე უფრო გულისგამაჩერებელი.
მასთან ახლოს გაჩერდა რატი.
- და განმანათლე მოდი! რომ გგონია მე არ მტკენს გულს შენი საქციელი. ასეთი ეგოისტი არსება როგორ ხარ? რა დაგიშავე ისეთი, რომ შენგან ის სიტყვები დამემსახურებინა? ისე მელაპარაკე, როგორც გუშინწინ გაცნობილს, რომელიც არ იცი, რას მოიმოქმედებს. გული ისე არ მეტკინებოდა, მართლა ერთი კვირა რომ გვცნობოდა ერთმანეთი და არა ამდენი წელი. თურმე იმის ღირსადაც არ ჩამთვალე ჩვენი მეგობრობის განმავლობაში, რომ დაგენახე მაინც, შეგემჩნიე და დაგემახსოვრებინე. შენ კი არ გამიბედე ის სიტყვები, მაკადრე, ხვდები სხვაობას, რატი ქორიძე? მაგრამ თურმე არც მე გიცნობ. კარგად გამოგდის თავის დამალვა და მოჩვენება. სამწუხაროა, რომ მე შენთან გულწრფელი ვიყავი.
- კი კარგად გამომდის თავის დამალვა და მოჩვენება, - ხმას აუწია თვითონაც ანოს ტონი რომ გადაეფარა, ვერ შეამჩნია რამიშვილმა, როდის გაჩნდა მის თვალებში ამდენი წითელი კაპილარი, როდის აღელდა ასე. - ხო, ვიეჭვიანე. ახლაც ბრაზი მახრჩობს. არავის სახელი და გვარი არ მინდა რომ გიკავშირდებოდეს შენ...
- ვისაც მინდა იმას დავიკავშირებ.
- და ვინ გინდა? - თავი ოდნავ დახარა რატიმ, ხმასაც ისე დაუდაბლა, რომ გულისცემა სადღაც გაეპარა გოგონას.
- შენ არ გეხება.
- მე ყოველთვის შემეხება, რამდენად ხმამაღლაც არ უნდა მიმტკიცო საპირისპირო.
- თუ გამბედაობა არ გყოფნის, რომ მითხრა, რისი თქმაც გინდა, ჩემთან საუბარს საერთოდ ნუ იწყებ, გაიგე? - ბრაზს მთლიანად აედუღებინა ანოსთვის სისხლი, მაგრამ ტუჩები მაინც სიცივისგან უთრთოდა. - იმიტომ რომ მე ყოველთვის გაგიმეორებ, როგორ არ გეხება...
თვითონაც ვერ გაიაზრა, როგორ აღმოჩნდნენ მისი ხელები ჯიბეებიდან ანოს გაყინულ სახეზე ასე სწრაფად. როგორ შეძლო სიმწრით შენარჩუნებული თორმეტწლიანი დისტანციის ერთ წამში დაძლევა და მისი კოცნა. თითქოს თავგზააბნეულს მხოლოდ ეს სჭირდებოდა, რომ ყველაფერი დაელაგებინა.
..და არცერთ წარმოდგენაში არ ყოფილა მის ტუჩებთან შეხება ისეთი გამაბრუებელი და სასურველი, როგორც რეალურად იმ წამს იყო. თითქოს ნოემბრის გაყინული ჰაერი მხოლოდ მათ გარშემო გათბა.
- რა გააკეთე? - რამდენიმე წამი დასჭირდა გონს მოსასვლელად და შეკითხვის დასასმელად ანოს. რატის ხელები ჯერ კიდევ იჭერდნენ მის სახეს.
- გაგიბედე, არ მიკადრებია. - ძლივს შეელია და ერთი ნაბიჯით დაიხია უკან. - ხვდები სხვაობას?
- დარწმუნებული ხარ? - ვერ ხვდებოდა ანო, რომელი ემოცია შეესაბამებოდა ამ მომენტს ყველაზე მეტად. თითქოს ჰაერში გამოჰკიდეს. არც დაფრინავდა და ვერც მიწაზე ეცემოდა.
- დარწმუნებული ვარ. გაქვს კიდე შეკითხვა? როგორმე მოგიძებნი პასუხს.
- მე შენთვის კოცნის უფლება არ მომიცია, არც შენ დაგიმსახურებია.
- ღმერთო, - თავი უკან გადააგდო რატიმ და ღრმად შეისუნთქა ჰაერი.
- ვერ გიშველის.
- მთავარია აღარ მიყვირი, უკვე მიშველა.
- არ გამომყვე, - ორი ნაბიჯი უკან გადადგა და ჰაერში ხელის აქნევით გააფრთხილა, რომ ადგილიდან არ დაძრულიყო.
- შენ არ მოგყვები. მეც ამ გზით ვაპირებ სახლში მისვლას.
- შენი სახლი აქეთ არ არის.
- არც შენია. - გადახედა დაწვრილებული მზერით. - არ მითხრა, რომ ჩემი აქ შემოტყუება შენი მიზანი არ ყოფილა.
- რას ბოდავ? არ გაჩუმდები?
- ბოდიში თუ შენი სიამაყის კედლებს ჩემი სიმართლე საძირკველს აცლის. შემიძლია გავიმეორო...
- ღმერთო ჩემო!
- ვერ გიშველის.
ხმა აღარ გაუღია არცერთს. უსაშველოდ დაგრძელებული გზით როგორღაც სახლებში მივიდნენ.

საწოლზე იჯდა ტუსა. მთელი დღის გაუხსნელ ჩანთას ისე უყურებდა, თითქოს ნაღმი ყოფილიყოს. აღელვებულმა გახსნა ელვა და წიგნები ამოალაგა.
ქართული ენის და ლიტერატურის სახელმძღვანელოდან თეთრმა კონვერტმა გამოაჩინა კუთხე.
ღიმილით გამოაძვრინა. ისე ნელა ხსნიდა, თითქოს ყველაფრის დამახსოვრება უნდოდა.
პატარა ოთხკუთხედ ფურცელთან ერთად ვერცხლისფერი დისკი იდო, სანამ ლეპტოპში ჩართავდა ცაცია ხელით ნაწერი ბარათი წაიკითხა. აშკარად მოენდომებინა, რომ ლამაზად ამოეწერა ასოები, თუმცა მაინც ეტყობოდა ის თავისებური მოუსვენრობა და ქაოსი, რაც ისედაც იყო ლუკას ბუნების ნაწილი.
„კაქტუსი ვისთანაც გიყიდე, იმ ქალმა მითხრა, რომ ხანდახან რაც გაქვს იმის გაყოფა უფრო მეტად გამოხატავს სიყვარულს, ვიდრე რამე ახლის ჩუქება. რასაც ნახავ, იმაზე ძვირფასი არაფერი მაქვს და მინდა, რომ შენიც იყოს“
მათი გამოსახულებებით იყო სავსე მთელი ეკრანი. წარმოდგენაც არ ჰქონდა, ვინ და როდის გადაიღო, როგორ ესაუბრებოდა ჰამაკში მჯდომს თავზე ღიმილით წამომდგარი აქიშბაია, ვიდეოზე საკუთარ თავს ხედავდა ლუკას პირველი გოლის შემდეგ, რომელიც რეალურად თავისი იყო, იმასაც, როგორ მოახურა მხრებზე თავისი მოსაცმელი და როგორ ისხდნენ გრძელი რკინისზურგიანი სკამის სხვადასხვა ბოლოებში და როგორ იკითხებოდა მათ შორის რკინის ასოებით გამოკვეთილი „თბილისი“.
ვერ ცნობდა იქ დანახულ გოგოს. თითქოს საკუთარი ძველებური თავი კი არა, ისეთი იყო, როგორობაზეც სულ ოცნებობდა.
ბედნიერი.

შაბათ დილით მარტო იყო ანო რამიშვილი მთელს სახლში. რაც იმას ნიშნავდა, რომ მათ სასტუმრო ოთახში მდგარი მრგვალი მაგიდა სამ ადამიანზე იყო გაშლილი. ტრადიციულად უამრავი ტკბილეულით და ცხელი ყავით.
ხმას არცერთი იღებდა. ალბათ იმიტომ რომ ყველას ძალიან ბევრი ჰქონდა მოსაყოლი.
-ჰე, როგორ მოგეწონა საჩუქარი, თქვი ახლა! - ხმა ამოიდგა ბოლოს სოფომ. ანოს მაინც არ აშორებდა მზაკვრულ მზერას.
- შეკრულები იყავით ყველანი?
- არა, რა თქმა უნდა. ეს სულ აჩხაკუნებს ტელეფონს და დიდი მონაცემთა ბაზა აქვს. - ანოსკენ მიანიშნა სოფომ თავით. - თვითონ კი მალავს რაღაცებს...
- არაფერსაც არ ვმალავ! - თავი იმართლა ღონეგამოცლილმა.
მთელი ღამე არ უძინია აღელვებისგან და არც დილით მოშორებია ის უცნაური შეგრძნება. სახეზე ეწერა ყველაფერი.
-რაღაც არ გეტყობა, რომ მშვიდად ჩაიარა შენი და ქორიძის განმარტოებულმა მსვლელობამ სახლისაკენ.
ღრმად შეისუნთქა ჰაერი ანომ. რამდენიმე წამი დასჭირდა რომ ძალა მოეკრიბა ყველაფრის სათქმელად.
- მაკოცა. - თქვა ხმადაბლა.
- what? - ცხელი ყავა გადასცდა შონიას.
ტუსას თვალები კი გაფართოებოდა გაკვირვებისაგან, მაგრამ მაინც იღიმოდა წინასწარმეტყველივით, თითქოს ისედაც იცოდა, რაც მოხდებოდა.
-რას ნიშნავს გაკოცა!
- არ იცი კოცნა რას ნიშნავს, სოფო? - მისი აღშფოთების გადაფარვა უნდოდა ტუსას.
- შენ გაჩუმდი, რომ იღიმები მანდ ეშმაკურად. ვიცი, რომ გაქვს საკმარისი გამოცდილება კოცნის რაობის ასახსნელად!
- არაფრის გამოცდილებაც არ მაქვს...
- ხო აი სულ შუბლზე კოცნით შემოიფარგლება აქიშბაია, დაგიჯერეთ!
ანომაც ვერ შეიკავა ღიმილი. სოფო, როგორც სასიყვარულო ურთიერთობებში ნაკლებად, ან თითქმის საერთოდ გამოუცდელი და ემოციური ინდივიდი, ზედმეტად ტრაგიკულად აღიქვამდა თავისი დაქალების დაწყვილების ამბავს.
-ახლა მიმატოვებთ, სულ მაგათთან იქნებით! ხო იცით, როგორც ხდება ხოლმე!
- სოფო, ყველგან ერთად ვართ ყველანი, დამშვიდდი. შენ შეგვიძლია თაზოსთან გაგიჩარხოთ საქმე.
- თავს გაგიჩარხავ მაგ სქელშუბლაზე უკეთესი რომ არ გემეტება ჩემთვის, ბარნოვო ნატალია. ჰე, ახლა. ილაპარაკე შენ, როდის გაკოცა, რა მომენტში, მანამდე რა მოხდა, მერე რა მოხდა, ერთხელ გაკოცა, ორჯერ, სამჯერ თუ ათჯერ! რა გითხრა საერთოდ, გაიხსნა ბოლოს და ბოლოს ის ამოკერილი პირი? - შეუსვენებლად ალაქლაქდა სოფო, - ვაიმე, ჰაერი არ მყოფნის, პასუხები მჭირდება.
- ვეჩხუბებოდი და მაკოცა. მანამდე მე წამომცდა, რატომ ეჭვიანობ-მეთქი. მერე ვუთხარი, რომ ჩემი ცხოვრება მისი საქმე არ არის და ვისაც მინდა, იმას შევიყვარებდი. იმან მითხრა ვინ გინდაო...
- ოჰო... - პირი დააღო სოფომ, - მერე, მერე.
- ყველა დეტალის ცოდნა არ არის საჭირო, სოფო. - ტუსამ შეატყო, რომ ჯერ კიდევ თავბრუდახვეული იყო ანო.
- შენც გამოგკითხავ, ნუ გეშინია.
- მე არაფერი მაქვს სათქმელი.
- ლამაზი ცხვირი კი გაქვს, ტუსკი, მარა ნუ იტყუები მაინც, კაი?
- კარგი, აღარ გვინდა ამაზე.. - შუბლით ხელს ჩამოეყრდნო ანო, - ანდა გვინდა.. ვერ გავიგე ახლა ჩემი შეყვარებულია?
- კაი შენ არაფერი უთხრა და ვნახოთ ეგ როგორ მოიქცევა. - ჭკუა დაარიგა შონიამ და ყავა მოსვა, - გაცივდა ამასობაში!

იმ დღეს სკოლაში არ მისულა ლუკა. ვერც ტუსას გადაეწყვიტა, რა უნდა გაეკეთებინა საერთოდ. დაერეკა? რომ დაერეკა მადლობა საკმარისი ხომ არ იქნებოდა სათქმელად.
დაბადების დღის მერე სკოლაში მარტო მისვლა არ უნდოდა. იცოდა, ყველა მასზე ლაპარაკობდა ისედაც. არ უნდოდა ვინმეს პირდაპირაც ეთქვა ის, რაც უთქმელადაც უკაწრავდა გულს.
როგორღაც რატიზე და ანოზე დაკვირვებით გადააგორა ის დღე სკოლაში.
- არ გითხრა არაფერი? - ჰკითხა შესვენებაზე, როცა მარტო დარჩნენ.
- არა და მგონი ასე ჯობია. სკოლაში მაინც არ მინდა...
- კაი, - საათს დახედა სოფომ, - ერთი საათი აქვს ვადა, რო შენი შეყვარებულივით მოიქცეს, მერე თავში მოხვდება ყველაზე ბასრი ქვა, რასაც სკოლის ეზოში ვიპოვი.
- რატო? ვის უნდა მოხვდეს? - თავზე წამოადგათ გოგოებს ზბაკო ტატიშვილი.
- ელიზბარ, ეს ქალების საქმეა და ნუ ჩაერევი.
- ააა... - ეშმაკურად დააწვრილა თვალები ზბაკომ, - კაი, არ ჩავერევი.
- მოდი აქ! იცი ხო რაღაც, შე გაიძვერა.
- რა იყო, სოფიკო, მოეხსნა სქესობრივი შეზღუდვები თქვენთან კომუნიკაციის უფლებას?
- სოფიკოს კიდე ერთხელ დამიძახებ და მეოთხე სართულიდან ფრენას გასწავლი ასფალტის მიმართულებით. მოდი, თქვი, ამოშაქრე.
- არ შეიძლება, ძმაკაცობის კოდექსი მავალდებულებს, რო კონფიდენციალური ინფორმაცია არ გავცე.
- ზბაკო, მოდი შევთანხმდეთ. - ღრმად ჩაისუნთქა სოფომ, - საიდუმლო საიდუმლოს სანაცვლოდ.
- რას მეტყვი და ვის შესახებ? - ანკესს წამოეგო დაწვრილებული თვალებით ტატიშვილი.
- თაკო რატიანზე... რაღაცას. მიდი, რაო რატიმ, ანო მიყვარსო?
- ხო, რა იყო, არ იცოდით?
- კიდე რა გითხრა?
- ჩვენ ქალებივით არ ვჭორაობთ. მიყვარსო და ვსიო.
სხეული ისე ეწვოდა ანოს, რომ ეგონა ყველას თვალებში ხვდებოდა მისი ჰაერში გაფანტული ფერფლი.
- ჰა, ახლა შენ მითხარი.
- თაკო რატიანი შეყვარებულს გაშორდა, იმას, გიმნაზიელს.
- ეგ რა საიდუმლოა, გოგო.
- რა იყო, იცოდი? - გაუღიმა ეშმაკურად. - რაში მაინტერესებს თაკო რატიანი, ზბაკო. ან შენ რაში გაინტერესებს?
- რავი, ისე. - მხრები მსუბუქად აიჩეჩა, - ყველაზე ყველაფერი უნდა იცოდე. რა იცი როდის გამოგადგება? აი თაკო რატიანზე უკვე ვიცი რო შეყვარებულს ყოველ ორ თვეში იცვლის, ამიტომ მასთან გრძელვადიანი ურთიერთობის სურვილით არ უნდა მივიდე.
- თორე ეგრევე გაგიღებს გულის კარს... - ჩაიფრუტუნა სოფომ.
- იყოს, ეგ არ ჯდება ჩემს გემოვნებაში.
- და ვინ ჯდება შენს გემოვნებაში, ზბაკო? - მართლა დაინტერესდა ტუსა.
- მარგო რობი.

დაღლილი სახე ჰქონდა ლუკას, სკამზე იჯდა და ელოდა როდის გამოჩნდებოდა ტუსა. მზიურში სუსხის მიუხედავად საღამოობით მაინც ბევრი ხალხი იყო.
როგორც კი დაინახა, მაშინვე გაეღიმა გოგონას. ვერაფრით შეიკავა, რაც უფრო ეწინააღმდეგებოდა, მით მეტად უფართოვდებოდა სახეზე ღიმილი.
მუცელს საშინლად უწვავდა მღელვარება. გვერდით მიუჯდა, იმაზე უფრო ახლოს, ვიდრე ადრე, მაგრამ არც ძალიან...
-მოგენატრე? - თავი მისკენ გადახარა აქიშბაიამ და ქვემოდან ახედა ფირუზისფერი თვალებით.
სპორტულ ფორმაში ისე მოსწონდა, რომ ჟანგბადი უეცრად ქრებოდა ჰაერიდან.
- დაიღალე?
- ძალიან. - თვალები ოდნავ მიეხუჭა. სიამოვნებდა მასთან სიახლოვე.
ისეთი თბილი ხმა ჰქონდა და ისეთი სურნელი, რომ მაშინვე ძილი ერეოდა აქიშბაიას. ახლა ისეთი დაღლილი იყო, ფეხებს ვეღარ გრძნობდა, მაგრამ მისი გაწვალების და თმაზე მოფერების თავი მაინც ჰქონდა.
- მეც.
- შენ რამ დაგღალა?
- არა.. შენს კითხვაზე პასუხია. - თვალი მოარიდა, ამას რომ ეუბნებოდა და ტროტუარზე მოცახცახე ხის ჩრდილებს გაადევნა მზერა. სანამ პასუხს მიიღებდა, მანამდე შეცვალა თემა. - ამდენი ვარჯიში შეიძლება?
- შეიძლება. - გაუღიმა, არ გამორჩენია არც მისი სიმორცხვე და არც არაფერი საერთოდ, - და საჭიროა, თუ მინდა, რომ ნაკრების ფორმა ჩავიცვა.
- სკოლას აცდენ...
- სხვანაირად არ გამომდის ახლა. თან შენ ხომ მამეცადინებ გამოცდისთვის...
- გავიდეთ უკვე, დაღლილი ხარ.
- ნუ ზრუნავ ჩემზე, თორე მივეჩვევი და მერე მეტს მოგთხოვ. თან ვისვენებ შენთან.
ძალიან უნდოდა მისთვის რამე ძვირფასი ეთქვა ტუსას, რომ იმ გრძნობის ნახევარი მაინც გაეჟღერებინა, რაც მის მიმართ ჰქონდა, მაგრამ თითქოს რაღაც ექაჩებოდა ენაზე. ვერაფრით ახერხებდა სიტყვების გამოძებნას.
-რატო მოიწყინე ახლა? - უჩვეულოდ მიჩუმებულს გადმოხედა ზემოდან ლუკამ.
უკვე ახლოს იყვნენ ტუსას სახლთან.
რა უნდა ეპასუხა? იმაზე ვღელავ, ჩემს გრძნობებზე საუბარი რომ არ შემიძლია და მეშინია, რომ ადრე თუ გვიან ეს დიდ პრობლემად იქცევაო?
-არ მოვიწყინე, ჩავფიქრდი.
- კაი, მომატყუე თუ გინდა. - ხელს არ უშვებდა არაფრით. - მოვედით...
- ვიცი... - ადგილიდან ნაბიჯს არ დგამდა გოგო. ისე აცეცებდა ცაში თვალებს თითქოს იქედან ვინმე უკარნახებდა, როგორ ესაუბრა. - მე...
- არ გიყვარვარ და თავი გაგანებო? - ისეთი ღიმილით უთხრა, საერთოდ რომ არ შეესაბამებოდა კითხვის შინაარსს.
- არა, პირიქით. - ღრმად ამოისუნთქა. მისი ისეთი მადლიერი იყო, საქმეს რომ უადვილებდა. თავისი ნებით მიბრუნდა ლუკასკენ და ზურგზე შემოხვია ორივე ხელები.
ისე ედო მის მკერდზე თავი, რომ საკუთარივით გრძნობდა, როგორ ასკდებოდა მისი გული მკერდის ძვალს.
ცრემლებით აევსო მაშინვე თვალები. ძალიან უნდა, რომ რამე უთხრას, ხმა ამოიღოს... რატომ ეტირება ყოველთვის ასეთ დროს...
-რაზე ნერვიულობ? - თავზე ეფერებოდა მშვიდად. გრძელ თმას სახიდან უწევდა. - მოხდა რამე დღეს?
უარის ნიშნად თავი გააქნია. ცრემლები ჯერ კიდევ ახრჩობდნენ.
-რამე გტკივა?
ისევ თავის გაქნევა მოახერხა მხოლოდ.
-მათემატიკის საკონტროლოში ცხრიანი მიიღე?
-უიმე, არა... - თვითონაც ვერ შეიკავა სიცილი სულელურ შეკითხვაზე. გაეღიმა ლუკასაც.
- იმიტო მეხუტები, რო თვალებში ვერ მიყურებ?
- ხო. - უფრო მაგრად მოუჭირა ხელები საკუთარ სხეულში დავლილი ჟრუანტელი რომ გაეკონტროლებინა, - საუკეთესო საჩუქარი იყო... მადლობა.
- ანუ კარგად მოვიქეცი ფიზიკის ოთხტომეული რო არ გაჩუქე?
- ეგეც იყო ვარიანტი? - ცალი თვალით ახედა და მიიღო კიდეც იმ თვალზე თბილი კოცნა.
- დიახ, სხვათაშორის მთელი ოჯახი ადგენდა შენი საჩუქრის სიას, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, ჩემი იდეა მომეწონა ყველაზე მეტად.
- კარგი წავედი, - გაეთავისუფლა ძლივს მისი ხელებიდან.
სწრაფად შეეზარდა სადარბაზოს სიბნელეს ბედნიერებით განათებული ტუსას გული და სხეული.


პირველი სემესტრი ისე უცებ მიილია, რომ თვალის დახამხამებაც კი ვერ მოასწრეს, უკვე მეორე დაიწყო.
გახსნილ ლეპტოპში უყურებდა შემოსულ შეტყობინებას გერმანიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში ფიზიკის და ასტრონომიის ფაკულტეტზე სრული დაფინანსების შესახებ.
ვერ ხვდებოდა რა უნდა ეგრძნო. იმ წამს მიხვდა, რომ აქედან წასვლა არ უნდოდა. ისევ სიმარტოვე, ისევ სიცარიელე, უცხო ხალხი, ვისაც მშობლიურ ენაზე ვერ დაელაპარაკებოდა. ეშინოდა, რომ ყველას დაკარგავდა, ვერავინ შეუცვლიდა იმათ თავს, ვისგანაც კილომეტრების მოშორებით უნდა ეცხოვრა. რომ ეს სიშორე ბოლოს და ბოლოს იმ გრძნობასაც გადაფარავდა, რომლის გარეშეც ცხოვრება უკვე ვეღარ წარმოედგინა.
ლუკას ვარჯიშების გამო ხშირად ისედაც ვერ ხედავდა, მაგრამ იქ თვეობით მოუწევდა მასთან შეხვედრის ლოდინი. ვინმე სხვა რომ გაეცნო? სხვა რომ შეიყვაროს...
ლეპტოპი მაშინვე დახურა, იმხელა კოშმარში ამოაყოფინა თავი ერთმა შეკითხვამ.
-ტუს, გერმანიიდან არ მოგსვლია პასუხი?
ლუკამაც გამოხედა პასუხის მოლოდინით.
-არა ჯერ. - იმდენად დიდი იყო ტყუილის თქმის სურვილი, რომ ვერავინ შენიშნა სიმართლეს რომ მალავდა.
გაზაფხულზე თამაშებიც განახლდა. ძველებური რუტინა აღდგა, საღამოობით ისევ დადიოდნენ ხოლმე ბიჭების საგულშემატკივროდ. ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებოდა და კატეგორიულად ბლოკავდა მისი გონება სხვაგან წასვლის სურვილს.
- გერმანიიდან უარი ჩამომივიდა. - თქვა ბოლოს.
ლუკასთან ერთად სახლში მიდიოდა. ერთ ადგილას გაჩერდა აქიშბაია და მისკენ მობრუნდა.
- ნუ მიყურებ ეგრე, გული არ დამწყვეტია.
- მაგიტომ არ გიყურებ ასე, უბრალოდ გამიკვირდა. - ხელი მაინც მოხვია მხრებზე და თავზე აკოცა, - შემდეგ წელსაც სცადე...
- ხო...
საკუთარი ტყუილიც ისე მიივიწყა, როგორც სიმართლე. მის გარშემო იმდენ ადამიანს დასწყვიტა გული გერმანიიდან დაბრუნებულმა უარყოფითმა პასუხმა, რომ ბოლოს თავადაც შეწუხდა.
ამიტომაც ერჩივნა, რომ საერთოდ აღარ ეფიქრა ამაზე.
მალე ბანკეტიც ექნებოდათ, დირექტორსაც გადაუარა ბრაზმა. თავზე იმდენი საქმე ეყარა, რომ სხვა რამეზე ფიქრის დრო აღარც რჩებოდა...


თებერვალში აქიშბაია ნაკრებში გამოიძახეს.
რა თქმა უნდა, სკოლაში სიარულით არც მეორე სემესტრში შეუწუხებია თავი, მაგრამ სანაკრებო განაცხადში მისი სახელისა და გვარის დანახვამ მისი ყველა დანაშაული ერთი ხელის მოსმით გააქრო.
-პირველად ჩეხებს ვხვდებით. - ბურთს ფეხით ათამაშებდა.
ბოლოს მის გარეშე როდის ნახა ტუსამ, აღარც კი ახსოვდა. კოჯორში იყვნენ მეგობრები და ოჯახის წევრები. ამ ამბავს აღნიშნავდნენ. პატარა ერთსართულიანი სახლი ჰქონდათ ხის ღობით და მწვანე მინდვრით. ზამთრის მიწურული კი იყო, მაგრამ მზე სხივებს მაინც არ იშურებდა.
- ვახ, ჩემი.. არ მჯერა! - ზბაკო ისე ლაპარაკობდა, თითქოს სიზმარში იყო. - ვი-აი-პი სექციაში გავიჩითებით, აზრზე ხართ?
- შენ ვინ ჩაგწერა ერთი მოწვეული სტუმრების სიაში, - თან ფორთოხლისფერი კოქტეილი შეაჩეჩა ცუცამ ხელში, - ჰა, ხეთქე.
- ქალბატონო ციცინო...
- მაგ წინადადებას თუ დაასრულებ, მეორე ჭიქაში შხამს გაგირევ იცოდე. - გვერდით მიუჯდა ზბაკოს ცუცა, - ანუ ახლა ცნობილი ტიპები ვიქნებით?
- ჯერ მთავარია როგორ ითამაშებს. ისე არ ქნა, დასამალად გვქონდეს საქმე.
მაკას და გიორგის სიამაყისა და სიხარულისგან ცის სიმაღლე თავზე ქუდივით ეხურათ. მათ მოქმედებებს აკვირდებოდა ტუსა. მისთვის უცხო იყო ეს ყველაფერი, ოჯახური სითბო და შეხმატკბილებული მშობლები, რომლებსაც არათუ ხმის აწევა არ სჭირდებოდათ რომ ერთმანეთის გაეგოთ, ამას უსიტყვოდაც ახერხებდნენ.
არასდროს იღლებოდნენ მათ სახლში გაუთავებელი სტუმრებითა და ხმაურით. ალბათ, ვერც ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ შეყვარებულის მშობლებთან ერთად ჯდომა და გართობა სირცხვილისგან არ დაწვავდა, მაგრამ იქ იყო, თავისუფალი და ყველა ბორკილისგან გათავისუფლებული. მაკა კი ისე აგრძნობინებდა ხოლმე თავს, თითქოს საუკეთესო იყო.
- ნუ ხარ ჩუმად, - ცხვირზე თითი ჩამოკრა აქიშბაიამ, - თორე დედაჩემის რისხვას ვერ გადავურჩები შენ გამო.
- არ ვიცი რა ვთქვა უბრალოდ, - ოდნავ მიეყრდნო მკლავზე, ემოციებისგან იმდენად იყო გადაქანცული, რომ მის მხარზე თავის ჩამოდება და მიძინება უნდოდა, მაგრამ ერიდებოდა მშობლების. - და შენ რატო ვერ გადაურჩები?
- იმიტო რო შენ თუ მოწყენილი ხარ ან ჩემი ბრალია, ან ჩემი ბრალი ის არის, მოწყენილი რო ხარ და არაფერს ვაკეთებ ამის გამოსასწორებლად. სულ მე ვარ დამნაშავე, ხვდები? - ოდნავ გადახარა თავი მისკენ და ისე აკოცა ლოყაზე, შეუმჩნეველი რომ ყოფილიყო დანარჩენებისთვის.
- ერთი საინტერესო სტატისტიკა შევნიშნე ნაკრების ფეხბურთელებში, - თვალები დააწვრილა სოფომ, აქიშბაიას არ აშორებდა მძაფრ მზერას, - ოთხმოცი პროცენტი მეგრელია და სამოცდაათი პროცენტი ოცდაერთ წლამდე ქორწინდება.
- შენ ქორწინების ბიუროსგან მონაცემებს როდის მერე აგროვებ, შონია? - თვალები დააწვრილა თაზომ.
- შენ ნაკრებში არ ხარ, ამიტომ ნუ ნერვიულობ.
- კაი, არ დასცხოთ ახლა ერთმანეთს.
- შეინახე ეგ თეთრი დროშა, ანო რამიშვილო, - თვალს არ აშორებდა თაზოს ეშმაკურ ღიმილს სოფო. - ჩვენს შორის დიდი ხანია ცივი ომი მიმდინარეობს.
- ცივი ომი? აბა, მე რატომ ვგრძნობ ცხელ წერტილში თავს?
- სიცხე გაქ ალბათ, - მხოლოდ წამიერად მოარიდა სოფომ მზერა, ლოყებზე მოაწვა მისი პასუხით გამოწვეული მღელვარება.
- ანუ რაღაცა მჭირს, დიდი ხანია ასე ვარ. - ლაპარაკს არ წყვეტდა თაზო, არც თვალს აშორებდა თავისი სიტყვებით დაბნეულ გოგოს.
ხმის ამოღებას ვერცერთი ბედავდა. გაურკვეველ მზერებს ცვლიდნენ ერთმანეთში და ჩუმად წრუპავდნენ სასმელს.
ცუცა იღიმოდა მხოლოდ იმ ადამიანივით, ვისთვისაც ყველაფერს ნათელი ჰქონდა მოფენილი და არაფერი იყო დაფარული მისი თვალებისგან.
- ტუსა, გამომყვები? - მხარზე თბილად ჩამოადო მაკამ ხელი გოგონას, ჩუმად რომ ადევნებდა თვალს ამ სანახაობას.
- არა, დედა, ეგ მე უნდა ვკითხო. - ქვემოდან ახედა ეშმაკური თვალებით აქიშბაიამ. ქალი დაიხარა და შუბლზე აკოცა შვილს.
- შენ ჭკვიანად იყავი.
- ხო გეუბნებოდი? - თვალი ჩაუკრა ღიმილმორეულ ტუსას, რომელიც დედა-შვილს არ აშორებდა მზერას.
გიორგიც სახლში იყო, გარეთ გამოდიოდა, კარში რომ შემოხვდა თავისი ცოლი და ტუსა. გაუღიმა გოგოს.
- ნუ უსმენ იმათ ლაპარაკს.
- წამო, წამო, - სამზარეულოსკენ გაიყვანა მაკამ.
მარტო იყვნენ და დიდი ფანჯრიდან კარგად მოჩანდნენ ეზოში დარჩენილები.
- რამე მოხდა? რატომ ხარ ასე მოწყენილი? - ნამცხვარი გამოიღო დასაჭრელად, - შენ ყავისთვის წყალი დაადგი, რა.
- არ ვარ მოწყენილი.
- ანუ მომეჩვენა, - ღიმილი არ შორდებოდა მაკას სახიდან,
- უბრალოდ ცოტა უცნაურად ვგრძნობ თავს და არ ვიცი რატომ. - ქალის გვერდით მიეყრდნო სამზარეულოს განჯინას და მოპირდაპირე კედელს გაუსწორა თვალი.
- ახლა თქვენს ცხოვრებაში იმდენი რამე ხდება... მაგრამ ყველაფერი კარგი, სკოლას ამთავრებთ, ლუკა ნაკრებში გამოიძახეს, უნივერსიტეტში ჩააბარებთ, სანერვიულო ხომ არაფერია, ტუსა?
- მაკა... - დაეძაბა მთელი სხეული გოგონას. უჭირდა ადამიანებთან გახსნილი ყოფილიყო, მაგრამ ახლა იმდენმა შიშმა შემოუტია ერთად, რომ გაჩუმებულიყო, ალბათ გაიგუდებოდა. - შენ ხო არ ფიქრობ, რომ მე...
- ლუკას გამო ხარ ასე? არა, ამას არ ვფიქრობ, - ნამცხვრის დაჭრა მიატოვა ქალმა და მისკენ მიბრუნდა. ორივე მხარზე ჩამოადო ხელები და ისე გულწრფელად გაუღიმა, ეჭვიც არ შეჰპარვია მის სიტყვებში ტუსას. - ამას როგორ ვიფიქრებ... სიმართლე გითხრა, მასზე სულ ვნერვიულობდი. ხომ იცი, ისეთია, ცოტა თავქარიანი, სულ რაღაცას აშავებს.. მაგრამ რაც შენ შეგხვდა, თვითონაც დამშვიდდა და მეც.
- მეც.. - თვალები დახარა, სიმწარეს უცნაური სიმსუბუქე მოერია და გული მიუწყნარდა, - მეც დავმშვიდდი.
- ასე ხდება, როცა სწორი ადამიანი გიყვარდება. ხალხი ხშირად ამბობს, რომ სიყვარული ცვლის ადამიანებს, მაგრამ ეს ასე არ არის. სწორი ადამიანის გვერდით შენი თავის უკეთესი ვერსია კი არ ხდები, უბრალოდ საკუთარ თავს ისეთად ხედავ, როგორიც მართლა ხარ. კარგი. ამის დამოუკიდებლად დანახვა ყველას უჭირს. ამიტომაც ვეძებთ ინსტიქტურად იმას, ვინც სარკეს მოგვიტანს და ჩვენს წინ დადგება. თუ იქ ჩახედვა არ გვინდა, გვაიძულებს თავი ავწიოთ. გიორგიმ რომ მომიტაცა, იცოდი?
- მართლა? - გაკვირვებით გახედა იმ მოწესრიგებულ და თავაზიან კაცს, რომელიც თავისი შვილის მეგობრებთან თანატოლივით ერთობოდა.
- ვერ წარმოგიდგენია, არა? შენ რა გგონია, ვის ჰგავს ჩემი უფროსი შვილი? მოთავებული ოხერი იყო ისიც, მთელი სკოლა ყირაზე გადაჰყავდა. მე სხვაგან ვსწავლობდი და დაიჯერებ, რომ ჩვენამდეც მოდიოდა მისი ამბები? პირველად რომ დავინახე, იმდენად დიდი იყო მასზე უარყოფითი შთაბეჭდილება, რომ არც კი შემიხედავს მისთვის. საერთო მეგობრის დაბადების დღეზე შევხვდით, მაშინ სხვა უსაფრთხო გასართობი არც არსებობდა მგონი. როგორც თვითონ ამტკიცებს, ერთი ნახვით შევუყვარდი.
- ეგ არ მიკვირს. - ღიმილის მოუშორებლად უსმენდა ამ ამბავს ტუსა. ყველა სიტყვის გაგონებას ჟრუანტელი მოჰქონდა მის სხეულში.
ვერც შეამჩნიეს, როგორ უსმენდათ კარებზე დაუმალავად მიყრდნობილი აქიშბაია.
- მე მაშინ ასე არ ვფიქრობდი. ჩემს თავში საერთოდ არაფერი მომწონდა. ქერა თმა და ცისფერი თვალები მინდოდა მქონოდა. - საკუთარ სიტყვებზე სიცილი ვერ შეიკავა ქალმა, - არ ვიცი, რატომ, სულელი ვიყავი. გიორგი კი რასაც ჰქვია, გადამეკიდა. ნერვებს მიშლიდა, სიმართლე გითხრა, ამიტომ კარგად მესმის შენი. მუსიკალურში მაკითხავდა, მე ვაიძულებდი რომ თუ ჩემთან ერთად უნდოდა სიარული გზის მეორე მხარეს გადასულიყო და დისტანცია დაეცვა. რა თქმა უნდა, ამას არასდროს აკეთებდა. ის გატაცებაც მოაწყვეს. წინა დღით იმის გამო ვიკამათეთ, რომ მან ქუჩაში იჩხუბა და მისნაირს ცოლად არასოდეს გავყვებოდი. რომ წამოვედი, ისე იდგა და მიყურებდა, გული დამეწვა. იქედან ჩამოსვლა და მასთან დაბრუნება ძალიან მინდოდა, მაგრამ ვიცოდი ასე ჩემს სიტყვებს ძალა დაეკარგებოდათ. თურმე მას უკვე ისედაც დაგეგმილი ჰქონდა ყველაფერი, ტაქსის მძღოლიც გაფრთხილებული ჰყავდათ, რომ ჩემი წივილ-კივილისთვის ყურადღება არ მიექციათ. გზეზე გადამეღობა და პირდაპირ ფეხებთან გამიჩერა მანქანა. ისე გავბრაზდი, რომ ორი დღე ხმა არ ამომიღია. და ახლა შეხედე ამ კაცს, გჯერა, რომ ის ასეთი იყო? გჯერა, რომ ცოლი ტაქსით მოიტაცა?
- ანუ ტრადიცია უნდა გაგრძელდესო, ამას გულისხმობს.
ორივე ადგილზე შეხტა ლუკას ომახიანი ხმა რომ გაიგონეს ზურგსუკან. იდგა და ისე უყურებდა მათ, როგორც შეთქმულებაში გამოჭერილებს.
-შენ ყველაფერი უკუღმა ნუ გესმის, შვილო, - დაჭრილი ნამცხვრით სავსე თეფშს ხელი დაავლო და ეზოსკენ წავიდა, - და ჩუმად მოსმენა უზრდელობაა.
- ჩუმად არ გისმენდით, არ დავმალულვარ, თქვენ ვერ შემამჩნიეთ.
- იცოდე, რომ მომიტაცო, შეგიძულებ! - უთხრა, როგორც კი მარტო დარჩნენ.
- მამაჩემი გაჭირვებული კაცი იყო, მანქანა არ ჰყავდა და ცოლი ტაქსით მოიტაცა, მე ჩემით წაგიყვან და შენ შენი ნებით ჩაჯდები.
- ვნახოთ, - გულზე ხელები გადაიჯვარედინა.
- ნუ გაგათამამა შენ დედაჩემმა. რა უნდა ვნახოთ?
- რა ვიცი, ცნობილი რო გახდები... იმდენ ადამიანს გაიცნობ, იმდენ გოგოს...
- მაკამ ამდენი ტყუილად გელაპარაკა? - ღიმილს არ იშორებდა ლუკა სახიდან, მაგრამ მაინც შეამჩნია მის თვალებში მცირეოდენი სიმკაცრე გოგონამ. - წინასწარ ნერვიულობ იმაზე, რაც არც მომხდარა და არც არასდროს მოხდება. და მეტიც, მაბრაზებს ეგ ფიქრი საერთოდ რომ დაძვრება შენს ჭკვიან თავში.
- რატომ გაბრაზებს, სრულიად ბუნებრივი...
- ანუ მეც უნდა ვფიქრობდე იმავეს შენზე? - საერთოდ გაუქრა ღიმილი სახიდან. - როცა აქ ვერ ვიქნები და რამდენიმე კვირა ვერ გნახავ, უნდა ვიფიქრო, რომ შენ ამ დროის განმავლობაში ვინმე სხვას გაიცნობ?
- მე სხვა შემთხვევა ვარ.
- რატო, ჩემზე ერთგული ხარ? რას ნიშნავს სხვა შემთხვევა? მე უფრო მოსაწონი ვარ, ვიდრე შენ?
- აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი, - გალიაში გამომწყვდეულივით აფართხალდა და თავდახრილს უნდოდა მისთვის გვერდის ავლა.
არ გამოუვიდა, რა თქმა უნდა. ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და ლუკას ხელები ისე იჭერდნენ, ძალიან რომ მოენდომებინა, ვერ დაეხსნებოდა.
-ნუ გარბიხარ და თვალებში შემომხედე.
- ლუკა.. კარგი, ბოდიში.
- ამას იმიტომ არ გეუბნები, რომ ბოდიში მომიხადო, - ლოყაზე მიადო ტუჩები და ისე ელაპარაკებოდა, რომ არ მოშორებია. - იმიტომ გეუბნები, რომ სულელური აზრები სამუდამოდ გააცილო შენი თავიდან. გავიგეთ?
- გავიგეთ.
- მე შენს მიტოვებას ვერასდროს შევძლებ, ეს იცოდე. - თვალი გაუსწორა კარგად, იშვიათად სერიოზული ხმა ჰქონდა. - თუ ოდესმე რამე მოხდება, ამის გაკეთება შენ მოგიწევს.
- რა უნდა მოხდეს? - ამის გაფიქრებამაც გული დაუწვა ტუსას, უფრო მიეხუტა. მკერდზე მიადო თავი. - არაფერი არ მოხდება.
- მეც ამას ვამბობ.
- არ ვარ ეგოისტი. - უთხრა ხმადაბლა.
- აჰა, ახლა მეორე პრობლემა. ვიცი, რომ არ ხარ ეგოისტი. მე ვარ, მაგალითად, მაგრამ მაინც გიყვარვარ, ხო? პრობლემაც არ არი.
- შენ გამო ძალიან ვამაყობ და ძალიან ბედნიერი ვარ, ლუკა. ვიცი.. -ცრემლები ძლივს გადაყლაპა, - რომ ამას ვერ გეუბნები ხშირად...
- არ არის საჭირო.
- არის, სულ ასეთი ვერ ვიქნები. სულ ხომ არ უნდა მეშინოდეს იმაზე ლაპარაკის, რასაც ვგრძნობ?
- ჩემთან გეშინია? - ცრემლს ლოყაზე გზის გაკვლევის უფლება არ მისცა, წამწამიდანვე მოსწყვიტა თითით და შუბლზე აკოცა.
- არა. შენთან საერთოდ სხვანაირად ვარ... უბრალოდ, ისე ხშირად ვერ გეუბნები... იმიტომ არა, რომ გამხელის მეშინია. რაღაცნაირად ვერ... არ გამომდის.
- იმიტომ რომ მაგ ლამაზ თავში ცუდ ფიქრებს აძლევ ცხოვრების უფლებას. ასე რომ განიცდი ამ ამბავს, იქნებ მე ვერ გაგრძნობინებ, რომ ვიცი და ვგრძნობ შენგან ყველაფერს, რასაც ამხელ და რასაც ვერ ამხელ.
- შენ იმაზე მეტს მეუბნები, ვიდრე ველოდები. არ არის ასე...
- ხო, რას ვიზამთ, ლაპარაკი მიყვარს. - ცხვირზე აკოცა.
- ნუ მკოცნი ამდენს.
- რატო, დღიური ლიმიტი მაქვს დაწესებული?
- დიახ. - ამჯერად თვითონ აკოცა ლოყაზე. ისე შემსუბუქდა, რომ უკვირდა როგორ შეეძლო ერთდროულად მიწაზეც ჰქონოდა ფეხი დადგმული და ცაშიც ეფრინა. - თქვენ ამჟამად გააქტიურებული გაქვთ შეყვარებულობის ტარიფი. მომსახურების სრული პაკეტი თქვენს ტარიფზე არ ვრცელდება.
- ლიმიტის გასაზრდელად რა უნდა ვქნა? საცოლედ გაკურთხო? მე მინდა ულიმიტო ტარიფი, მაგისთვის ცოლობაა საკმარისი თუ ხუთი შვილი? რა გაცინებთ, ქალბატონო... ცხელი ხაზის ნომერი მომეცით სასწრაფოდ.
ხმამაღლა აკისკისებულს ყველა სიტყვის წარმოთქმამდე კოცნიდა....

სტადიონზე იმ განწყობით პირველად შეაბიჯა. გული მტკივნეულად უძგერდა მკერდში და ასე მარტო ტუსა არ ყოფილა, ერთმანეთისთვის ნასროლ ხუმრობებსა და სიცილში ყველა თავისებურ მღელვარებას მალავდა.
-ისე, რა უცნაურია არა? - ხალხით ნახევრად გავსებულ სტადიონს გაჰყურებდა ანო, ნელ-ნელა ივსებოდა ტრიბუნები გულშემატკივრებით. - ერთად გავიზარდეთ... ყველა მასწავლებელი მის სახელს გაჰკიოდა ჩვენს კლასში. მაშინ მისი ოცნება ჩვენთვისაც ისეთი მიუწვდომელი იყო და აი, ახლა ჩვენც აქ ვართ. ასე მგონია ყველაზე მაღალ ვარსკვლავს მივწვდით. ველოდებით მინდორზე როდის გამოჩნდება, გეგონება გაკვეთილზე დაგვიანებით უნდა გამოცხადდეს ისევ.
- გული ნუ ამიჩუყე ერთი რა, - გაბრაზებული ხმით კი წარმოთქვა სოფომ, მაგრამ ისე მიატრიალა თავი, აშკარად ცრემლებს მალავდა.
- მე წნევა დამარტყამს, გეუბნებით. - სახეზე მთლიანად გაფითრებულიყო ზბაკო, - წუხელ მთელი ღამე არ მიძინია. ბებიაჩემს ხუთი თავი კორვალოლი მოვპარე. რასაც წამლის სუნი ქონდა ყველაფერი დავლიე. ღმერთო, მაცოცხლე ამის გოლამდე, მეტი არ მინდა. ერთი ახლაც ენის ქვეშ მიდევს.
- ამიტომაც აგდის აფთიაქის სუნი. - ცივად გახედა ცოტნემ ტატიშვილს, მერე ისევ ცარიელ მწვანე მინდორს გახედა.
- ზბაკო, ენა ჩაგიდე. - რატის საერთოდ არ ეტყობოდა, რომ სუნთქვა შეეძლო იმ წამს.
- გვარს რო გამოაცხადებენ, მე ვიტირებ. - ფეხებს აბაკუნებდა ცუცა, - მუცელი ამტკივდა ნერვიულობისგან. დედა, მიშველე.
ტუსა მაკას გვერდით იჯდა და ღიმილით ცდილობდა ლუკას ბავშვობის მომენტების გახსენებას, თუმცა მასაც ხმა უკანკალებდა და ბოლოს საერთოდ გაჩუმდა.
-კარგად ხარ? - გაფითრებულიყო მთლიანად ტუსა.
- კი, ვნერვიულობ, ანო. ვერ ვჩერდები ერთ ადგილას. ჰაერზე გავალ.
- რა ჰაერზე გახვალ, გოგო, გახედე ამხელა სტადიონს...
- კაი, დააცადე, ზბაკო. გამოგყვე? - ქვემოდან ახედა სოფომ.
- არა, იყავი. ცოტას გავივლი და მოვალ. ჯერ არ იწყება მაინც.
როგორ გამოაღწია იქედან არც ახსოვს. ცხოვრებაში ასე არასდროს უნერვიულია. ერთდროულად აღელვებულიც იყო და შეშინებულიც. სამი კვირაა არ უნახავს, წესიერად არც იცის, როგორ გამოიყურება, რას გრძნობს ახლა.
თვალები მოხუჭა და პირით შეისუნთქა ჰაერი.
-უკაცრავად. - ზურგსუკან ხელებდაკრეფილი დაცვა მოადგა.
- დიახ. - შეცბუნებული მიბრუნდა მისკენ.
- ტუსა ხართ?
- კი... მე ვარ. რამე მოხდა?
- გამომყევით. - ისე გაბრუნდა დაცვის ტანამშრომელი, რომ ხმის ამოღებასაც არ დაელოდა.
ნახევარი სტადიონი რომ გაიარეს და კიბეებით გასახდელისკენ ჩაიყვანეს მიხვდა, სადაც მიდიოდა. ვისთანაც...
კარიდან თავი ჩუმად გამოყო აქიშბაიამ, მოჭუტული ცალი თვალით დაზვერა გარემო და მადლობის ნიშნად გაუღიმა დაცვის თანამშრომელს, რომელსაც მოკუმული ტუჩები სულ სხვა მიზეზით ეწელებოდა. გაბრუნდა უსიტყვოდ და იქ დადგა დარაჯად, საიდანაც შეიძლება ვინმე შემოსულიყო ამ დერეფანში.
-რას აკეთებ? - ისე უყურებდა ტუსა, თითქოს პირველად ხედავდა.
ვერ გაებედა მისკენ ნაბიჯის გადადგმა.
-მოდი უცებ, გამოპარული ვარ. - მაჯაში წაავლო თითები და დაქაჩა თავისკენ, ზურგზე შემოჰხვია ხელები და უამრავჯერ აკოცა თმით შემალულ ყელში.
- ყველა ისე ვნერვიულობთ. - სიტყვები გაწყვეტილი მძივის კაკლებივით გაებნა აკანკალებულ ტუჩებზე, - შენ?
- მე არა. ყველას მოგენატრეთ და ყველას გიყვარვართ?
- ხო, ყველას. სულ ყველას. ზბაკომ იმდენი დამამშვიდებელი დალია, უფრო ცუდად გახდა. ასე ამბობს მღვდელი უნდა წამოგვეყვანა, ბარემ აქვე ამიგებდა წესსო.
- რა ცუდი კაცია, - თითქოს მის სიტყვებს საერთოდ ვერ იგებდა ლუკა, მთავარია მისი ხმა ესმოდა და რას ეტყოდა იმ წამს საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა. - კარგი, წავედი, მიყვარხარ... და პირველ გოლზე კარგად შემომხედე.
- ნუ მაიმუნობ, მთელი ქვეყანა გიყურებს.
- რო არ ვმაიმუნობდე ხო არ გეყვარებოდი ასე ძალიან?
- რო რამე.. - თვალები მოჭუტა ტუსამ, ერთი ნაბიჯი გადადგმული ჰქონდა უკან ლუკას, ეშმაკურად მოხედა, აინტერესებდა რას ეტყოდა.
ის კადრები დაუდგა თვალწინ ბარნოვს, პირველ დღეს სკოლის ეზოში - პატარა საბა თოდუას რომ ამშვიდებდა.
- მარცხნივ დაარტყი. - ტუჩები მოკუმა რომ არ გაჰღიმებოდა მის რეაქციაზე. არადა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებივით უნათებდა თვალები.
- გამასწარი ახლა. - ორივე ხელით დაუჭირა მღელვარებით გახურებული ლოყები და აკოცა რბილად.

-ახლა მივხვდი რას ნიშნავს სიტყვა გულშემატკივარი. - ისევ იგივე სიტუაცია დახვდა ტრიბუნებზე ტუსას. ყველა თავისებურად ნერვიულობდა. თვითონ იპოვა როგორღაც ღიმილის ძალა.
- შენ ფილოსოფიური არხები რატო გაგეხსნა შუაგულ დინამოზე, ჩემო ანო, ჩემო რძალო, ჩემო სიყრმის მეგობარო? - გულთან ერთად ცახცახებდა ზბაკო ტატიშვილი. - წნევა მაქვს ყველა ოცზე.
- არა, მართლა... თუმცა შენ რას გაიგებ! ტყუილად ვლაპარაკობ.
- მიდი, მე გისმენ, - თავი მისკენ გადახარა რატიმ. გაბრაზებული ისეთი საყვარელი იყო, რომ ღიმილი ვერ შეიკავა. - გული გტკივა?
- დამავიწყდა უკვე რისი თქმა მინდოდა!
- ვაიმე.... წამოდექით ყველა მკვდარი და ცოცხალი! - სტადიონზე დამაგრებული ეკრანები განათდა, უფრო უფერული გამოჩნდა ზბაკო ტატიშვილი.
ტრიბუნებს მღელვარების, მოლოდინისა და დაძაბულობის თეთრ-წითელა ტალღამ გადაუარა. საქართველოს ამდენი დროშა ერთად არასდროს უნახავს. არასდროს უნახავს ამდენი ერთმანეთისგან ყველა ნიშნით განსხვავებული ადამიანის თვალებში ანთებული ერთი და იგივე იმედისა და სიყვარულის სანთელი.
თითქოს არ ჰქონდა მნიშვნელობა რამდენად ახლოს იდექი მასთან, ვინ იყავი იმისთვის, ვისაც ახლა ზურგზე ამოტვიფრული საკუთარი გვარი იმ ქვეყნის სახელთან ერთად უნდა დაეცვა, ვისი შვილიც იყო ყველაზე მოხუცი და ყველაზე ახალგაზრდა მოედანზე და ტელევიზორის ეკრანებთან, მნიშვნელობა არ ჰქონდა... ყველას ერთნაირად წვავდა იმ სანთლის ალი.
გულზე ხელი და თვალები ცისკენ, როცა საქართველოს ჰიმნი გულის და გონების კარნახზე უფრო ხმამაღლა ისმის.
ერთნაირად ომახიანი შეძახილები მეასედ და პირველად გაჟღერებულ გვარზე.
და გვარი...
შვიდი ნომერი... ლუკა აქიშბაია.
გული ერთდროულად სკდება და ფეთქვასაც აგრძელებს.
და სასტვენის გაგონების წამიდან პირველ ტაიმთან ერთად იწყება შენი ცხოვრება იმის ახდენილ ოცნებაში, ვინც გიყვარს. ვინც იმდენად გიყვარს, რომ გულის ტკივილის გარეშე მისი ახდენილი ოცნების ყურება არ შეგიძლია. თვალებს ხუჭავ, რომ დაიმახსოვრო. და სუნთქვას იმ იმედით იკრავ, რომ ძალიან, ძალიან დიდხანს გაგრძელდება ეს სიზმარი.
რომ არასოდეს მოგიწევს თვალის გახელა.
- ნახალოვკელები ამათზე უკეთესად თამაშობენ, მიდი, ლუკინო, უჩვენე მაგათ მეგრული კლასი! - ორივე ხელი ტუჩების გარშემო შემოელაგებინა ზბაკოს და გაჰკიოდა ბოლო ხმაზე.
- შენ წნევა აღარ გაქვს?
- არც მქონია, ცუციკ, ყურადღებას ვიქცევდი უბრალოდ. - ერთი ხელი ყველაზე პატარა აქიშბაიას გადახვია ტატიშვილმა, მეორე ტუსას, - ტუსკი, ასე ლამაზად იმიტო გამოიყურები, პირველ გოლს რო მოგიძღვნის კამერებში რო კარგად გამოჩნდე?! კაი, კაი ნუ ბრაზდები!
წუთებმა წამებზე უფრო სწრაფად გაირბინეს მთელი მოედანი. პირველი ტაიმის დასასრულს სასტვენმაც გაისტუმრა ორივე გუნდი შესვენებაზე. ამოვარდნილი გულებით და დამძიმებული მხრებით დატოვეს მოედანი ფეხბურთელებმა. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ მოახერხეს ანგარიშის გახსნა.
საბოლოოდ, მაინც დამატებით დროს უნდა გადაეწყვიტა, ვის გულშემატკივარს გაუშვებდა სახლში გამარჯვებულის ღიმილით.
- ეს სანამ ბოლო წვეთამდე არ ამოგაცლის ბედნიერებას, მანამდე არ გაგახარებს. - თავისთვის ჩურჩულებდა ზბაკო, - რაც კლასშია, ის არი მოედანზეც.
- არ შემიძლია ამისი ყურება, - გულზე ხელი მიეჭირა რატის, ცოტნეც აღელვებული იდგა უკვე ფეხზე და ორივე ხელი კეფაზე შემოეჭდო.
- დაიღალა. - მოედანზე აქიშბაიას მოძრაობას აკვირდებოდა ტუსა.
უკვე ყველანაირს იცნობდა. ამდენი მეტრის მოშორებითაც კი შეეძლო ეგრძნო, რას განიცდიდა.
როგორც ყველაფერი საუკეთესო, აქიშბაიას დუბლიც, რამდენიმე წამში ვარსკვლავის გაელვებასავით უეცრად მოხდა. დანგრეულ ტრიბუნებს ჯერ კიდევ ერთი გოლით გამოწვეული ბედნიერება ვერ გადაეტანა, რომ მეორით გამოწვეული სიხარული და ბედნიერება სტადიონის ცენტრიდან აიჭრა ცაში და ყველაზე ნათლად დაიწყო კაშკაში.
დაიბადა ვარსკვლავი, სახელად - ლუკა აქიშბაია.
აღარაფერი იქნებოდა ისე, როგორც ადრე..
*
- რატო ხარ მოწყენილი? - უკვე ტუსას სახლთან იდგნენ.
ახალი სეზონი იწყებოდა და დასამშვიდობებლად შეხვდა იმ დღეს.
სადაც არ უნდა წასულიყვნენ, მისი სახელი ყველგან ანათებდა, სულ ყველგან. ხანდახან იმასაც ვეღარ გრძნობდა ხოლმე გოგონა, რომ მარტო იყო მასთან. თითქოს ათასი თვალი უყურებდათ, ათასი ყური უსმენდათ.
-არ ამოხვალ? - ღიმილით არ უპასუხა კითხვაზე ტუსამ. თავი გვერდზე გადახარა და კარგად დააკვირდა, თითქოს უნდოდა სამუდამოდ დაემახსოვრებინა ასეთი.
- ამდენი დრო გავიდა და შენ კითხვაზე პასუხის გაცემა მაინც ვერ გასწავლე.
- ამდენი დრო გავიდა და შენ მაინც ვერ ხვდები ხოლმე, რატომ ვარ მოწყენილი, როცა მიდიხარ.
- აჰა, ანუ ამაშია საქმე. - ეშმაკურად გაეღიმა ლუკას, ოდნავ შეეცვალა ვარსკვლავურ სიკაშკაშეს ელფერი მის სახეზე. - მოგენატრები და მსგავსი ამბები.
- თაზოზე ვდარდობ. - ღრმად შეისუნთქა გრილი ჰაერი ტუსამ.
იქვე ჩამოსხდნენ.
-ცოტა ხანს გაჩერდი რა, რამდენი ხანია შენთან მარტო არ ვყოფილვარ. - თვალებით სთხოვა მომიჯექიო.
ჯერ საათს დახედა ლუკამ, შემდეგ მშვიდად მიუჯდა გვერდით.
- რას ამბობს, ან რას აკეთებს საერთოდ ახლა?
- არაფერს. პერფექციონიზმმა დაღუპა. მოწევა დაიწყო. სწავლასაც თავი მიანება. ახ, არ ვიცი, ძალიან ვდარდობ მასზე.
- რთულია, ალბათ.. - თვალები ისე მოეჭუტა აქიშბაიას, თითქოს ისეთ ამბავში სურდა გარკვევა, რასაც ვერასდროს ამოხსნიდა.
წარმოუდგენელი იყო მისთვის იმის გარეშე ცხოვრება, რაც უყვარდა და იმხელა ბედნიერებას ანიჭებდა, რომ არც სიზმარში და არც ცხადში ტოვებდა სტადიონის მწვანე ელფერი, ტრიბუნებიდან გადმოძახილი საკუთარი სახელის ხმა. ამის გარეშე ვერ იცოცხლებდა, ჰაერის გარეშე უფრო მარტივად წარმოიდგენდა სიცოცხლის გაგრძელებას, ვიდრე ფეხბურთის.
-არაფრის გაგონება არ უნდა. არ უნდა იმის მოსმენა, რომ ასე მარტივად არ უნდა დანებდეს. ადამიანები იძულებული ხდებიან საკუთარ საქმეს თავი მიანებონ, თვითონ კი მხოლოდ იმიტომ გავიდა მოედნიდან, რომ საკუთარი თავის მოლოდინები ვერ გაამართლა. - ღრმად შეისუნთქა ტუსამ. ვერ გადაეწყვიტა უნდა ეთქვა თუ არა ის, რაც გულს უღრღნიდა.
- თქვი, მიდი. - გამომწვევად გახედა ბიჭმა.
იმ წამს ისეთი უცხო იყო ეს ადამიანი ტუსასთვის.
-შეცვლილი ხარ. - გაუღიმა და თავი ოდნავ გადახარა.
- თავში ამივარდა?
- ამას არ ვგულისხმობ. დაივიწყე, მნიშვნელოვანი არაა.
- შენ გინდა თქვა, რომ მე მადარებს საკუთარ თავს, არა? სკოლაშიც ასე იყო, ამდენი დრო გავიდა და ის ისევ მხოლოდ ჩემს კონკურენტად გრძნობს თავს, ხომ? ვიცი, ასე ფიქრობ...
- ვიცი, რომ ის ფიქრობს ასე.
- თაზო უბრალოდ საკუთარ თავს გამოუტყდა, რომ ყველაზე უკეთესი ვერ იქნება და მაგის გააზრებამ დაანგრია. მე ვერაფერს ვეტყვი ისეთს, რაც დაამშვიდებს, თუკი ამას მთხოვ.
- კარგი, - ისე გაუღიმა ტუსამ, რომ ეტყობოდა, მხოლოდ რეალური ემოციების დაფარვა უნდოდა ასე.
- რატომ გწყინს?
- არ მწყინს, ლუკა. - თვალები მოაშორა საერთოდ და თავის კორპუსს გახედა.
რამდენი დრო გავიდა. უკვე თავისუფლად შეეძლო მის გვერდით აქ მჯდარიყო და არ შეშინებოდა იმის, რომ ვინმე დაინახავდათ.
-შემომხედე, - ნიკაპზე ამოსდო თითები და თავი მისკენ მიაბრუნებინა. ამჯერად თვალები დახარა გოგომ. - ნუ ხრი თვალებს, შემომხედე.
- რატომ მაიძულებ? - თავი ძალით გასწია გვერდით.
არ სურდა მის წინაშე ტირილი, არ სურდა ეს კამათი დაშორების და ასეთი მნიშვნელოვანი თამაშების წინ. არ უნდოდა ყოფილიყო ასეთი ეგოისტი და მაინც ვერაფრით ერეოდა საკუთარ თავს.
ყველაფერი ჰქონდა მასთან. არაფერი ეშლებოდა ლუკას მის წინაშე, ახლა კი ისე იქცეოდა ტუსა, თითქოს უბრალო რაღაცის გამო უნდოდა, რომ თავი დამნაშავედ ეგრძნო ბიჭს.
- ასე რთულია შენთვის, რომ თვალებში შემომხედო? აქედან არ წავალ, სანამ არ მეტყვი, რა გეწყინა.
- რატომ ჩამაცივდი? არაფერი...
- მაბრაზებ. - ხმა მართლაც გაუცივდა.
ასეთი არ მოსწონდა. ასეთი ცივი და არათავისებური.
- უბრალოდ, მინდა, რომ ახლო ურთიერთობა გქონდეთ ერთმანეთთან. - თავს ძლივს მოერია ამ სიტყვების წარმოთქმისას. - ჩემთვის ძმის ტოლფასია თაზო, ახლოს თუ არ იქნებით, მინდა რომ ასე მტრებივით მაინც არ უყურებდეთ ერთმანეთს. გული მწყდება, გესმის? ასე რთულია?
- არ არის რთული, მართალი ხარ. - მორჩილად დაჰყვა გოგონას სიტყვებს ლუკა, თუმცა მისი თვალები რეალურ მიზეზებს ეძებდნენ ტუსას გაბნეულ მზერაში. - რომ ჩამოვალ, ისიც წამოიყვანე.
- შენ სთხოვე, რომ მოვიდეს.
- კარგი, მე ვთხოვ. - გაეღიმა მის დამშვიდებულ ხმაზე, - შემირიგდი? კოცნა ვერ დავიმსახურე? ჩამეხუტე, მოდი.

ნელ-ნელა ასეთი გახდა მათი ურთიერთობა. შორეული და მონატრებით სავსე.
ეს ყველაზე მეტად არ უყვარდა ტუსას - საკუთარ თავთან მარტო, ლუკას გარეშე დარჩენა. ამ დროს უამრავი შეკითხვა შემოესეოდა ხოლმე მის გონებას, თავად კი მხდალი მეომარივით გაურბოდა ამ არმიას.
ყველას აქიშბაიას სახელი ეკერა პირზე. სიამაყე გულს თუ არ გაუხეთქავდა არ ეგონა. ვერც იმას ფიქრობდა, რომ მასზე ბედნიერი ვინმე იყო დედამიწის ზურგზე, ყველაფერი ჰქონდა, ყველა ჰყავდა ვისზეც კი უოცნებია - საუკეთესო მეგობრები, მოსიყვარულე და ყურადღებიანი შეყვარებული, მისი სითბოთი სავსე ოჯახი, ზალიკო და დიანა ხომ თავს ევლებოდნენ, იმის მიუხედავად, რომ თაზოს ძალიან გაურთულდა ცხოვრება, ტუსას ცხოვრებას მათთვის არასოდეს შეცვლია მნიშვნელობა.
ყველაფერი ჰქონდა... თითქმის.
და ეს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, ეს ვერ მივიწყებული და შორს გარიყული სინანულის ტალღა ყველაზე მეტად სწორედ მაშინ უტევდა მის სანაპიროს, როცა იქ მარტო იდგა, როცა ლუკას ვარსკვლავი ცაში ისე კაშკაშებდა, როგორც მზე.
-დავიჯერო, არ ნანობ? - შუადღისით გაიღვიძა თაზომ იმ დღესაც.
ტუსა უნივერსიტეტიდან ახლახანს დაბრუნებულიყო და სამეცადინოდ იჯდა. ბიძაშვილი როგორც ყოველთვის, ახლაც აცდენდა ლექციას.
-მე არაფერს, შენ არ ნანობ ასე რომ ექცევი საკუთარ თავს? თუ არ ნანობ, მალე ინანებ, თაზო. - კარგად მოათვალიერა მისი გამხმარი, გამომშრალი სხეული. თითქოს სული ამოაცალესო.
- არაფერს? არც იმას, გერმანიაში წასვლაზე რომ უარი თქვი?
ცოტა ხნით სიჩუმე რკინის მადანივით ჩამოდნა ოთახში. ზედ მხრებზე დააწვა ტუსას. ამოსწვა მთელი სხეული.
-რას ლაპარაკობ? - წიგნი დახურა და თვალი გაუსწორა.
- სიმართლეს. ვიცი, რომ უარი არ მიგიღია მაშინ გერმანიიდან. ეს შენ არ გააგზავნე საბუთები. რის გამო? ვის გამო? ასეთი სასოწარკვეთილი ხარ, ტუსა?
- თაზო, შენ საიდან...
- შემთხვევით დაგრჩა შენი მეილი ჩემს ლეპტოპში, არ ვაპირებდი. - ჩამოუჯდა მაგიდასთან, უინტერესოდ მოუთვალიერა უმაღლესი ფიზიკისა და მათემატიკის წიგნები.
- რამდენი ხანია, რაც იცი? - ფეხზე წამოდგა ტუსა. სამზარეულოში გაექცა ამ საუბარს, თითქოს უკან ვერ გაჰყვებოდა ბიძაშვილი.
- როცა უკვე აღარ ჰქონდა აზრი, მაშინ გავიგე. ბანკეტის მერე.
- და ახლა მეუბნები ამას? მართალი ხარ, აღარ აქვს აზრი და მნიშვნელობა.
- ახლა იმიტომ გეუბნები, რომ ვხვდები, აზრზე მოხვედი და არ დაგკარგავ თუკი სიმართლეს გეტყვი.
- თაზო, სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. აზრზე მოვედი რას ნიშნავს, როდის მქონდა ჭკუა დაკარგული?
- ეგ რომ გაიცანი, მაშინ დაკარგე. ტიპური შტერი გოგოსავით მოიქეცი. აი, შენი შეყვარებულიც რომ არ მოგიწონებს, ისეთი რაღაც გააკეთე. დარწმუნებული ვარ, მისთვის არც გითქვამს იმდენად უმნიშვნელოდ ჩათვალე შენი მომავალი. რისთვის, იმ ბიჭის გვერდით რომ ყოფილიყავი, ვისაც წელიწადში ხუთჯერ ძლივს ხედავ? ამისთვის დაიკიდე შენი თავი?
- ჩემი პირადი ცხოვრება შენი საქმე არ არის, თაზო.
- აა, ანუ ასეა ახლა? ჩემი საქმე არ არის თურმე. ანუ მართალი ვარ. მიხვდი, ხო? შეასკდი სიმართლის კედელს, ხო? ის თავისი კარიერის მწვერვალებს იპყრობს და შენ აქ კლავ შენს ნიჭს და მომავალს... ხვდები, რომ შენც შეგეძლო საკუთარი საქმე გეკეთებინა, არა?
- ძალიან კარგი სწავლებაა აქაც, თაზო, აქაც უამრავი შესაძლებლობაა!
- თუ ღმერთი გწამს! ანბანია შენთვის, რაც იმ წიგნებში წერია. გული არ გწყდება?
სუნთქვა შეეკრა გოგონას. სასწრაფოდ მოუშვა ონკანი და ერთადერთ ჩაის ჭიქას დაუწყო რეცხვა. თაზო იქვე ჩამოუდგა. თავისთვის ფიქრობდა ისიც.
- შენ ნუ მარიგებ ჭკუას, ძალიან გთხოვ. - გაბრაზებულმა მოკეტა ონკანი. ახლა მასზე ამოანთხევდა ყველფერს, ამას ორივე გრძნობდა. - საკუთარ თავს შეხედე! არ გეცოდება ზალიკო, მის თვალებში იმედგაცრუებას რომ ხედავ? ამას ძალით რატომ უკეთებ? ყველგან საუკეთესო ვერ იქნები, ამას შეეგუე, მაგრამ ეს სამყაროს დასასრული არ არის...
- შენ მაგით იმშვიდებ თავს? „ყველგან საუკეთესო რომ ვერ იქნები“ - წრიპინით გააჯავრა ტუსას სიტყვები. - შენ შეგეძლო ყოფილიყავი, მე ვერ შევძელი. ჩემთვის არ შემოუთავაზებია წამყვან უნივერსიტეტს დაფინანსება და სტიპენდია. მე არავინ მახევდა კალთებს მათთან რო მესწავლა. სადაც განაცხადი შევიტანე, ყველგან უარი იყო ჩემზე. არც ფეხბურთელად გამოვდექი და არც არაფრად. მაგრამ შენ... ზალიკოს იმედგაცრუება მერე ნახე, იმას რომ გაიგებს, ბიჭის გამო მოიქეცი ასე...
- ბიჭის გამო არ მოვქცეულვარ. მე აქ მინდოდა ყოფნა, მხოლოდ ლუკა არ ყოფილა ამის მიზეზი!
- ტყუილები არ გიყვარდა, ეგეც გისწავლია. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მაგ ტყუილებს მხოლოდ საკუთარ თავს აჯერებ. შტერი ხარ. - თავი მისკენ დახარა თაზომ და კარგად გაუსწორა თვალები. - ნამდვილი სულელი. ჩემი გამოლანძღვით თავი არ შეიწუხო, მაინც რას მეტყვი. გილოცავ, იმდენს მიაღწიე რაღაცაში აქიშბაიასაც კი ვამართლებ.
საბოლოოდ წაუხდა ტუსას სწავლის ხასიათი. წიგნები ისე მოიფრიალა საწოლისკენ, საერთოდ არ ადარდებდა იმ წამს მათი ბედი.
ტელეფონი აიღო, უნდოდა მისთვის დაერეკა, მისი ხმის გაგება სურდა იმაში დასარწმუნებლად, რომ არასწორად არ მოქცეულა.
მაგრამ რაღაცას რომ მალავდა ლუკასგან, ეს უკვე ისედაც იყო პასუხი ყველაფერზე. დამნაშავე იყო და რომ გაეგო სიმართლე, რაც იმ იმედგაცრუების უკან იდგა, იცოდა, ვერ აპატიებდა.
ისეთი იყო მის მიმართ, ისე უჭერდა ყველაფერში მხარს აქიშბაია, ისე არ უნდოდა ტუსას არცერთი ნაბიჯის გამოტოვება. ზოგი შეყვარებული ამას მაშინაც ვერ ახერხებდა, როცა ახლოს იყვნენ თავიანთ გოგონებთან.
ის კი... როგორ ურთულებდა ახლა საქმეს.
ვერ უპასუხებდა. ტყუილად არ დაურეკა. ისევ გადადო ტელეფონი.
-გაცვლითი პროგრამა არ გიცდია? - ჰკითხა ერთხელ ლუკამ. ძალიან ბევრს ფიქრობდა ამაზე,იმდენად ბევრს, რომ ტუსას ეშინოდა, ყველაფერს მიუხვდებოდა.
- კი, ვცდი აუცილებლად შემდეგ სემესტრში.
- ისედაც შეიტანე სადმე საბუთები, კიდე უნდა სცადო... - თავი სასაცილოდ მოიქექა ლუკამ, თითქოს ერცხვინებოდა იმის გამხელა, რომ მისთვის რაღაცები მოიძია, - ამერიკაში ყველაზე მაგარიაო ეგ, რასაც შენ სწავლობ.
- ამერიკა შორს არ არის? - თავი მხარზე ღიმილით ჩამოადო ტუსამ.
- ხო, შორს არი.
ღრმად ამოისუნთქა ლუკამ და თმაზე ფრთხილად აკოცა.
- მინდა, რო ყველაფერი საუკეთესო გქონდეს.
- მე ყველაფრით კმაყოფილი ვარ.
- აი როგორ ვერ ვიტან მაგ სიტყვას, რო იცოდე. - სახე დაეჯღანა აქიშბაიას. - კმაყოფილება ყველაზე ცუდი რამეა ვაბშე მთლიან სამყაროში.
- ბოდიალობ ხოლმე...

ისე აიხლართა საკუთარ ტყუილებში, რომ საბოლოოდ ხელფეხშეკრული ეგდო იმის წინაშე, რაც გარდაუვალი იყო. რასაც ვერ გაუმკლავდებოდა ადამიანი მარტო.
უცნაურად გათენდა ის დღეც. რაღაც საშინლად მოღრუბლული, მოჟამული და ტალახიანი იყო ცა. არ უხდებოდა ნაკრების თამაშის დღეს ასეთი ამინდი.
მისი ფორმა ეცვა ტუსას. ის მაისური, რომელიც პირველი თამაშის შემდეგ აჩუქა და აღარც მოუშორებია სხეულიდან.
-ტუს, მე და დედა შენთან ჩავსხდებით, რა.. - ფანჯარაზე მიუკაკუნა ცუცამ. - მამას ეჩხუბა და გაიბუტნენ.
- რატო, მაკა? - ღიმილით გამოაყოლა თვალი გაბუსხულ ქალს, უკან რომ ჩაუჯდა,- ჩასხედით, ზბაკოც ჩვენ მიგვყავს.
- მამამისს დაურეკა და მე არა! მე არ დამელაპარაკა! - ბუტბუტებდა თავისთვის ქალი. - რა აქვს ჩემგან დასამალი?
- ლუკას? - გაეღიმა გოგონას და მანქანა დაძრა, ხელი დაუქნია გიორგის, უცნაური მზერით რომ აცილებდა თავის გოგონებს ეზოდან და ტუსას თვალი ჩაუკრა. მასაც თავისი შვილის ფორმა ეცვა. - არც ჩემთვის დაურეკავს.
- კარგი მაშინ, აღარ მეწყინება ისე ძალიან. - ხასიათი მოუკეთდა მაკას, - რამე მუსიკა ჩართე, რა...
ისეთი სიახლოვე ჰქონდათ მაშინ. დედაშვილური და მეგობრული ერთდროულად. ხანდახან ნანასთან უფრო მეტად ზომავდა სიტყვას და საქციელს, ვიდრე მაკასთან.
ძალიან ბევრი კედელი უნდა დაენგრია იმ ქარს, ბევრი ადამიანი უნდა გაეფანტა ტუსას ცხოვრებიდან.
ძლიერი უნდა ყოფილიყო ის ქარი ძალიან...
-მაინც ვერ მივეჩვიე რა... ამ ბიჭის ნაკრებში თამაშს მაინც ვერ მივეჩვიე! - აფთიაქით ხელში ჩაჯდა მანქანაში ზბაკო, - ვა, ქალბატონო მაკა. როგორ ხართ, კორვალჯი ხო არ გინდათ?
- შვილო, გაესინჯე შენ ექიმს, არ არი კარგი ასე ნერვიულობა.
- აჰა, დედაჩემს უნდა ეთქვა მაინცდამაინც? - თავი გადმოყო წინა სავარძლიდან ტუსამ.
- მაკა, შენ გინდა თქვა, რომ მე ავადმყოფი ვარ?
- ზუსტად მაგის თქმა უნდა!
- არა, ელიზბარ, შენ უბრალოდ... კარგი, კარგი, არაფერი!
- ბრძანეთ თუ შეიძლება, მაცნეთ განჩინება!
- დასაწვენი ხარ, ზბაკო. კორვალჯის გარდა რა გაქ, გაგვაცანი შენი დამამშვიდებლების ასორტიმენტი.
- კორვალჯის გარდა, რა ვიცი, კიდე... ვალიდოლი, კაპლი და „ლოცვანი“...
მაკამ გაოცებით გადახედა ბიჭს, მერე თავი გადააქნია და მუსიკას ააყოლა ხელები.
ყველა გრძნობდა, რომ რაღაც უნდა შეეცვალა იმ დღეს. რაღაც უკეთესობისკენ და არა პირიქით...
მაგრამ ეს ხომ ასე ხდება ყოველთვის, ადამიანი ხომ ყველაზე მეტად მაშინ ცდება, როცა ის ბედნიერია.
ისევ ჩეხებს ეთამაშებოდნენ. ჯგუფიდან გასვლაზე იყო საქმე, მნიშვნელოვანი თამაში უნდა ჩაეტარებინათ. ფრეც ჰყოფნიდათ, მაგრამ გამარჯვებისთვის იყვნენ მოედანზე.
პირველი თამაშის შემდეგ არ გამოუტოვებია ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ლუკას. მისი გვარის გაგონებისას განსაკუთრებული სიყვარულით ღრიალებდა ტრიბუნები. ისე ხვდებოდნენ, როგორც მეომარს, რომელიც ყოველთვის იქ იდგა, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა თავის ქვეყანას.
უჩვეულო სიუხეშით გახსნეს ჩეხებმა თამაში. ქართველების მცველი მეხუთე წუთზევე დაამტვრია მათმა შემტევმა.
ჯებირები ძლივს აკავებდა განრისხებული ქართველების მდინარეს.
-ფრთხილად იყოს, მას ებრძვიან... - ამის ყურება არ შეეძლო ტუსას. თვალებზე აეფარებინა ხელები.
ხედავდა, როგორ ეწირებოდნენ დანარჩენი ფეხბურთელები აქიშბაიას, ოღონდ მას მოეგდო ბურთი, ოღონდ მას ერბინა თავისუფლად. ის იყო ერთადერთი იმედი ყველასათვის.
გაიტანა კიდეც პირველი გოლი. ქართველების გამარჯვებით დასრულდა პირველი ტაიმი.
გაწვიმდა, ისე გაწვიმდა, თითქოს მათი გამოსვლა მოედანზე არც ბუნებას უნდოდა. თითქოს რაღაცისგან უნდოდა დაეხსნა, უნდოდა დაეცვა თავისი უაბჯრო მეომრები სამშობლოს ცას.
-ლოცვების წიგნი კი არა ავტომატი უნდა წამომეღო! - ხმა ჩაუწყდა ზბაკოს ნერვიულობისგან, - უნდა დაცხრილო ასეთი ნაბიჭვრული თამაშისთვის ესენი!
- რას აკეთებენ! - ცოტნეც ფეხზე წამოდგა შეშლილი სახით. - გაიყვანოს იმანაც, ხო ხედავს, რო ერთი სული აქვთ, როდის დაამტვრევენ!
- ღმერთო, დაგვეხმარე. - მოფუზული იჯდა სკამზე ტუსა. არ შეეძლო ამის ყურება.
არ უნდოდა თავისი თვალით ენახა ის მომენტი, რომელიც სამუდამოდ შეცვლიდა მათ ცხოვრებას.
უეცრად იგრძნო, სული როგორ ამოუვიდა მთელს სტადიონს. ნაცრისფერი წვიმის ღრუბელი გადაეფარა მანათობელ ვარსკვლავს.
მაკას ტირილით წამოძახილმა „შვილომ“ გაახელინა თვალები.
დაინახა, როგორ ესეოდა მთელი ნაკრები და ექიმების ჯგუფი ვიღაცას მიწაზე.
მთელი დღე ღრუბელი ფარავდა ცას. ნახევარი საათის განმავლობაში წვიმდა, მაგრამ მხოლოდ იმ წამს, იმ კადრის დანახვისას იგრძნო, როგორ ჩამოემხო თავზე მთელი სამყარო, როცა საკაცეზე დაწოლილი გაიყვანეს სტადიონიდან სახეწაშლილი, ფერგამოცლილი და ყველაზე მაღალი მწვერვალიდან ყველაზე ღრმა უფსკრულში გადაშვებული ვარსკვლავი, სახელად - ლუკა აქიშბაია.
...„შენი გულის მოგება და ნაკრებში თამაში მინდა“....

იმ დღეს არავინ მიიკარა, მაგრამ მაინც არცერთი მოშორებია მის კარს. მდუმარებამ ჩაყლაპა ყოველი მათგანი. წართმეული ოცნების და დასრულებული ზღაპრის სიმწარე იგრძნეს.
სიკვდილივით მწარე იყო ექიმის განაჩენი.
-შენ უკვე გაიმარჯვე, შვილო. - მხოლოდ გიორგიმ შეძლო მისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
თვალებდახუჭული იწვა ლუკა. თითქოს დაძინება უდოდა. იმდენი ტკივილგამაყუჩებელი გაუკეთეს, თუმცა გონების ხმის და გულის ტკივილის მიძინება მაინც ვერაფერმა მოახერხა.
-მთელი ქვეყანა მხრებჩამოშვებული დადის. ნუ გეშინია, ყველაფერი მოგვარდება, შენ აუცილებლად დადგები ფეხზე, მამა...
- გიორგი, ძალიან გთხოვ, არ მინდა ახლა ამის მოსმენა. - თვალები გაუფართოვდა კაცს, ისე უყურებდა საკუთარ შვილს, თითქოს ვერ ცნობდა. სახელით არასოდეს მიუმართავს მისთვის. - გადი, მარტო მინდა ყოფნა.
- რას ნიშნავს მარტო გინდა? ასეთ დროს, ხომ იცი, არავინ დაგტოვებს შენ მარტო!
- ხოდა დამტოვეთ! - ხმას აუწია და თვალებიც გაახილა გაღიზიანებულმა. კარისკენ მიუთითა კაცს, - ასე რთულია? გადი, გთხოვ, არავის წყენინება არ მინდა, ვერ ვსუნთქავ თუ მარტო არ ვარ, გადი!
სუნთქვა შეეკრა ტუსას დერეფანში. მაშინვე გადმოუცვივდა ცრემლები. აუკანკალდა სხეული იმდენად უნდოდა იმ ხმის პატრონს მოხვეოდა. რომ შეძლებოდა თვითონ წაიღებდა მის ყველა ტკივილს და წუხილს იმ წამს.
-ტუსა ორი დღეა სახლში არ წასულა... - გოგოს სახელს უკანასკნელი იმედივით ჩააფრინდა გიორგი. - ის მაინც მიიღე.
ისევ მიხუჭა თვალები ლუკამ. ამჯერად მაგრად დააჭირა ქუთუთოები ერთმანეთს. თითქოს გულში ტკივილის ახალი კერა გაეხსნა და ვერ უმკლავდებოდა ამდენს.
-არაფერი უთხრა, თუ პატივს მცემ, როგორც კაცი კაცს ისე გთხოვ.
- კარგი. - მხრები საბოლოოდ ჩამოუშვა გიორგიმ და გარეთ გამოვიდა.
სწრაფი ნაბიჯებით გაიარა დერეფანი, ვინმეს მისი შეკავებული ცრემლები რომ არ შეემჩნია. პატარა ბავშვივით უნდოდა ქვითინი.
ის საშინელი დღეები როგორ გადააგორა არ ახსოვს.
თაზოც იქვე იდგა. ვეღარც ტუსას უყურებდა ამ მდგომარეობაში და ვერც დანარჩენებს. ლუკას გამო კი გული ისე სტკიოდა... უსამართლობა იყო მისი ერთ ადგილას წოლა, მისი ბურთის გარეშე გაჩერება.
ჟურნალისტები არ ასვენებდნენ. ყველას აინტერესებდა რა იქნებოდა, როგორ იყო, როდის დაუბრუნდებოდა ცას თავისი კუთვნილი ვარსკვლავი. რას ფიქრობდა, რას გრძნობდა, რას ამბობდა.... ისეთი კითხვები ჰქონდათ, რაზეც არავინ იცოდა პასუხი.
-გთხოვთ, არ შემიძლია ახლა ამაზე საუბარი. - ლუკას სახლის შესასვლელთან გამოიჭირეს ტუსა. უძილარი იყო, დაღლილი ხმა ჰქონდა, თუმცა არავინ მოუსმინა ცხადია.
- როგორ გრძნობს თავს? არც თქვენი ნახვა არ უნდა? გავიგეთ, რომ არავის უშვებს...
- ასეთი პირადული შეკითხვების დასმა ასეთ მძიმე დროს ვერ ვხვდები, რა საჭიროა. - ბრაზი ვეღარ შეიკავა საბოლოოდ. - რა თქმა უნდა, ფეხზე დადგება და დაბრუნდება მოედანზე, თუკი დააცდით ამ პერიოდის გადალახვას.
სწრაფად შევარდა სახლში. პირდაპირ ეთერში ყველამ მოისმინა მისი სიტყვები. იმანაც, ვინც თავის ოთახში იწვა და ურეაქციოდ შეჰყურებდა ეკრანზე გამოსახულ ნაცნობ ქალს.
მისმა სიტყვებმა უეცრად ისე გააღიზიანა, რომ ხმა საერთოდ გაუთიშა ტელევიზორს.
არ უნდოდა საკუთარ თავში იმ ადამიანის დავიწყება, ვისაც ეს გოგონა უყვარდა.ვინც შეამჩნევდა მის უძილარ და ნამტირალევ თვალებს, სევდიან ხმას და აკანკალებულ გულს.
ცივად გახედა, როცა შემოვიდა. არაფერი უთქვამს და ტუსამაც თამამად გადადგა მისკენ ნაბიჯები.
-რატო მიეცი ინტერვიუ?
მისი ხმის გაგონებისას ჰაერში გაიყინა. უცებ ვერ მიხვდა, რაზე ელაპარაკებოდა და მერე ტელევიზორს გახედა. ორი კვირის შემდეგ როგორც იქნა გასცა ხმა და პირველად ამას ეუბნებოდა?...
- მაიძულეს...
- კითხვა დაგისვეს, პასუხის გაცემა არ დაუძალებიათ.
ცოტა ხნით ხმის ამოღება ვერ მოახერხა. ვერ ხვდებოდა ტუსა, რა ხდებოდა ირგვლივ. რატომ უყურებდა ასე ცივად...
- ბოდიში, მე უნდა მეფიქრა ამაზე...
- ხო, უნდა გეფიქრა. სანამ შენ პროგნოზებს აკეთებ ჩემს მოედანზე დაბრუნებაზე, მე აქ გამაყუჩებელს მიჩხერენ, იცი?
- ვიცი, ლუკა. - გაღიმება სცადა, რაც არ უნდა ეთქვა, არაფრის გამო არ გაუბრაზდებოდა ალბათ.
- გადი, არ შემიძლია ეს...
- რა... ჩემი დანახვა?
- გოგო, ნერვებს ნუ მიშლი! - გაუაზრებლად დაკრა ხელი თავთან დადებულ წყლის ნახევრად ცარიელ ჭიქას, რომელიც ტუსას ფეხებთან დაიმსხვრა.
ადგილიდან არ დაძრულა გოგონა, სამაგიეროდ თაზო შემოვარდა მის ოთახში სახეწაშლილი.
- რა ხდება?
- შენ არავინ გეკითხება, მოკიდე მაგას ხელი და გასვი ჟურნალისტებთან.
- თაზო, გავიდეთ... - მკლავში ჩაავლო ტუსამ, თუმცა არ ემორჩილებოდა ბიძაშვილი.
- შენს საყვარელ ადამიანებს უფლება მიეცი შენ გვერდით დადგნენ ასეთ დროს, თორემ სამუდამოდ მანდ მოგიწევს გაჩერება, სადაც გგონია, რომ ხარ. დედაშენი გარეთ ტირის, ქალს შენი ნახვა უნდა, მოკვდები, რომ უბრალოდ დაენახო? ამას ორი კვირაა ნორმალურად არ უძინია, შეხედე! - ხელი ტუსასკენ გაიშვირა, - შენი ფორმა აცვია.
- გაიხადე და გადააგდე. - თაზოს სიტყვები თითქოს არც კი გაუგია, ისე გახედა გოგოს. ეშმაკი ჩაუსახლდა თითქოს, ისე საუბრობდა.
- არ გადავაგდებ. არავინ გადააგდებს. ნუ გეშინია...
- მინდა და მეშინია. ტუსა, გთხოვ.. - თვალები მიხუჭა, ზედ ეტყობოდა, როგორ ებრძოდა საკუთარ გრძნობებს იმ წამს, როგორ არ უნდოდა ჯერ კიდევ, რომ მისთვის გული ეტკინა. - არ მინდა ამ სისულელეების მოსმენა. ასე რთულია რო მაგ თავში შეუშვათ?
- მარტო შენ არ დაგიკარგავს ყველაფერი...
- შენ თავი არ მომაკვლევინო ახლა! - მთელი ტანით წამოიწია ლუკა, წამოწითლდა მრისხანებისგან სახეზე.
როგორ ეუბნებოდნენ ასეთ სიტყვებს, ჭკუიდან უნდოდა ყველას მისი გადაყვანა? ის იყო იმ წამს ყველაზე უბედური, მას სტკიოდა მხოლოდ ასე ძალიან!
- თაზო, გავიდეთ, გთხოვ. - ცრემლები სდიოდა უკვე ტუსას, ექაჩებოდა მკლავში ბიჭს.
- ვინ დაკარგა აბა კიდე, ვინ, ვინ, ვინ! - ვერ წყნარდებოდა ლუკა, ხმის ჩახლეწამდე ყვიროდა უკვე, კარები შემოაღეს დანარჩენებმა.
- თაზო, არ უთხრა არაფერი, გამოდი, გთხოვ, რას აკეთებ? - ევედრებოდა ტუსა.
- რა არ უნდა მითხრას? თქვი, მოდი მითხარი! თქვი, გეყოს ერთხელ ცხოვრებაში რამის გამბედაობა! მიდგახარ აქ და ჭკუას მარიგებ, თვითონ ჩასვრილი გაქ საკუთარ საქმეში!
- ინანებ ერთხელაც მაგ სიტყვებს... - სახე წამოენთო თაზოსაც. - შენთან საჩხუბრად არ მოვსულვარ. აქ ყველა შენ გვერდით....
- არ მინდა არავის აქ ყოფნა... გადით! ნუ წამომადექით თავზე, თორე გადავხტები ამ ფანჯრიდან...
ტუსას გაუსწორა ამჯერად თაზომ თვალები. მისი ნიშნისმომგები და იმედგაცრუებული მზერა ენიშნა ლუკას. გაგიჟდა საერთოდ, ბოლომდე გადარია იმ გამოხედვამ.
-თქვენ ორი დარჩით, დედა შენ გაიხურე ეგ კარი. - ისე მშვიდად თქვა, რომ მაშინვე დაემორჩილა მაკა. - რისი თქმა გინდა, თაზო? რატო უყურებ მაგას ასე?
- არ არის ახლა ამის დრო. - ტირილს ვეღარ იმორჩილებდა უკვე ტუსა, იქვე ჩაიკეცა ძალაგამოცლილი.
უსიცოცხლოდ გააყოლა მზერა მის მოქმედებას აქიშბაიამ.
- „მაგას“ ? - იმედგაცრუებით გაიმეორა მისი ნათქვამი თაზომ, - ამას ასე იმიტომ ვუყურებ, რომ მისი საყვარელი ადამიანი, ტიპი, ვის გამოც თავისი მომავალი დაივიწყა, პირველივე დაცემის შემდეგ ზურგს აქცევს, არ ენდობა, რომ მის გვერდით დგომა შეუძლია... აი ამიტომ ვუყურებ ასე.
- რაზე თქვი უარი ჩემ გამო, ტუს? - ფრთხილად ჰკითხა. იმ წამს ძველი ლუკა დაბრუნდნენ მის თვალებში და იმ ბიჭის დანახვამ ამ განადგურებული კაცის სხეულში უფრო მეტად ატკინა მთელი სხეული გოგონას.
- არაფერზე... არაფერზე... - ცრემლები სცვიოდა თვალებიდან. ახლა ყველაზე მეტად უნდოდა დამაჯერებელი ტყუილი ეთქვა.
- რატო მატყუებ, პატარა, ხო იცი, რო ყოველთვის ვხვდები? - მერე თაზოს გახედა ურეაქციოდ. - შენ გადი.
- ტუსა, წამოდი.
- მე გითხარი, „შენ გადი“. - გაუმეორა გარკვევით. - მეორე პირი, მხოლობითი რიცხვი. რას ამბობს შენი ბიძაშვილი?
- ამის განხილვის დრო ახლა არ არის. - ფეხზე წამოდგა ტუსა და თაზოს გახურულ კარს მიეყრდნო.
თითქოს გრძნობდა, რომ მალე მოვიდოდა დრო, როცა თავადაც მოუწევდა ამ კარის სამუდამოდ გახურვა.
- არც აქვს აზრი...
- მე შენ რამეს გიმალავ?
- არ გჭირდები ახლა? - ახლიდან წამოუვიდა ცრემლები გოგონას, - მე შენ გვერდით მინდა ყოფნა, არ შემიძლია ასე, ლუკა...
- მიპასუხე. - გაღიზიანდა ისევ თავიდან. საკუთარ თავს ვერ ცნობდა და ეს კიდევ უფრო მეტად აგიჟებდა. ამ გოგოს მიმართ ასეთი გრძნობების გამოცდა რომ შეეძლო ეს უარესად ხდიდა.
- ახლა ამას იმაზე დიდ მნიშვნელობას მიანიჭებ, ვიდრე სინამდვილეში აქვს.
- ნუ მიხსნი, უბრალოდ თქვი. უბრალოდ თქვი. ნუ მიმალავ ნურაფერს. ვიცი, რომ მიმალავ. დატოვე იმ დედამოტყნულ წარსულში ეგეც, რაც გულში გაქვს ჩახვეული. ვიცი, ვგრძნობ, რო რაღაც გაწუხებს!
- გერმანიაში წასვლაზე უარი მე თვითონ ვთქვი. - ეს სიტყვები რომ წარმოთქვა მიხვდა, რომ ძალიან მწარედ შეცდა, როცა წარსულში დატოვებაზე დაუჯერა. სახე შეეცვალა ლუკას. - აქ მინდოდა დარჩენა.
- აქ სად?
- საქართველოში.
ერთხანს თვალმოუშორებლად უყურა აქიშბაიამ. იგრძნო სხეულში დარჩენილი ერთადერთი მყარი კედელიც როგორ ჩამოენგრა.
- გადი, სანამ რამე ისეთს გეტყვი, რაც გულს გატკენს. - თავი მიატრიალა. - გადი და საერთოდ წადი!
- სად მიშვებ?
- სადაც გინდა. სადაც გინდა, გაიგე?! ვერ გავიგე, ვინ ხარ! ვინ ხარ და რა გინდა ჩემგან, რა გინდა? გინდა სინანულში ამომხდეს სული, შენ გინდა მიწა რო დააყარო იმ ორმოს, რომელშიც ჩავვარდი, გოგო? მიყვარდი მეტი ხო არაფერი გამიკეთებია?!
- არ მინდოდა წასვლა!
- გინდოდა! გინდოდა! ნანობდი აქ დარჩენას! სულ სახე ჩამოგტიროდა, სულ მიზეზს ეძებდი იმის გასამართლებლად, რო სწორად მოიქეცი, რო ვიმსახურებდი მე ამხელა მსხვერპლს! მეც საფიქრალი გამიჩინე, მეც ჩემს თავში დამაეჭვე, დამაეჭვე იმაში, თუ გიყვარდი საერთოდ, იმდენად მიზეზობდი ყველაფერზე! ვერაფერი მომიძებნე ხო, ხო ვერაფერი, მითხარი შეგჭამა სინანულმა? იმიტო რო მე მჭამს უკვე შენი წილი სიშტერე!
- ჩემი ცხოვრებაა და ჩემი გადასაწყვ...
- ეგ დედამოტყნული არგუმენტი ჩემთან მეორედ აღარ მოიყვანო, ხო გაიგე! შენი ცხოვრება არა? რა არის შენი ცხოვრება, ჩემი ცხოვრება? ჩემ გვერდით ყოფნა? ხედავ ხო სადაც ვარ, გინდა შენც აქ ყოფნა? გინდა-მეთქი?
- მინდა! იქ მინდა ყოფნა, სადაც ჩემი საყვარელი ადამიანები არიან.
- ღმერთო! - სახეზე აიფარა ორივე ხელი ლუკამ. არ სჯეროდა იმის, რაც მოისმინა. - ჩემი ბრალია, მე ზუსტად შენნაირი მატყუარა და მშიშარა ადამიანი დავიმსახურე გვერდით, იმიტო რო სიმართლის დანახვა არ მოვინდომე. მაინც ვერ დაძლიე ხო ეგ კომპლექსი? მეგონა შენთვის იმდენ ბრძოლას აზრი ჰქონდა. მეგონა დაინახავდი, რო ვერაფერი შეცვლიდა იმას, როგორც მიყვარდი. ვერც მანძილი, მათ შორის. მეგონა დაგარწმუნე, რო ყველა ისეთი არ არის, როგორიც მამაშენი. რო ვისაც უყვარხარ, ყველა არ დაგტოვებს...
- მათქმევინე...
- რა გათქმევინო? თავი გამართლებინო, რომ მერე მე ისევ დავიჯერო იმ სისულელის, რომ შენნაირი მშიშარა ადამიანისთვის შეკედლებას აზრი აქვს? გაიხსენე, ერთხელ მაინც თუ გითქვამს ჩემთვის, რომ გიყვარვარ? ერთხელ! ერთი მაგალითი...
- მე...
- არ გაბედო, ახლა არ გაბედო მაგის თქმა, ნუ შემაძულებ შენს თავს საბოლოოდ! შენ არ იყავი ბედნიერი და არც მე დამაცადე ბედნიერება! არც მე!
- უბედური იყავი ჩემ გვერდით?
- ეგოისტი ხარ. შენ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდი და მოდი, ისევ ასე გააგრძელე. შენი მზრუნველობა არაფერში მჭირდება საფასური თუ ასე უნდა გადავიხადო, გაიგე?
- შენ თვითონაც არ იცი, რას ამბობ...
- ძალიან კარგად ვიცი, რასაც ვამბობ. - თვალები დააწვრილა ლუკამ. ამჯერად მართლა ემზადებოდა თავდასასხმელად, ამჯერად აღარ იყვნენ სასიკეთო სიანცით ანთებული. - აქ დგახარ და ის კი არ გაწუხებს, რო მე ცხოვრება თავზე ჩამომენგრა, ის გადარდებს, რომ ამ ნანგრევებში შენც მოყევი და ახლა იმის უფლებასაც არ გაძლევ რო მომიახლოვდე. როგორ არ გაგიმართლა არაფერში... მთელი ეს დრო შენს თვალებში იმ უცნაურ გრძნობას სახელი რო ვერ მოვუძებნე, თურმე სინანული ერქვა და ეგ უფრო მარისხებს ვიდრე ის, რო ჩემ გამო რაღაცაზე უარი თქვი. რო ამდენი ხანია სინანულს აჭმევინებ თავს და ჩემთან რაზე გაქვს, გოგო, პრეტენზია, რაზე! შენ გაძლებ ჩემ გვერდით, ასეთ დროს შენი იმედი უნდა მქონდეს?
- გაჩუმდი, არ არის ასე, ბრაზი გალაპარაკებს! არ არის ასე!
ზიზღი მოაწვა, ასეთი უსუსური რომ დაინახა საყვარელი ადამიანი. მისი ყურებაც კი აღარ შეეძლო, იმდენად ვერაფრით მოუძებნა გამართლება მის მდგომარეობას.
- მეც შენსავით ვნანობ ყველაფერს. მეც ვნანობ არასწორ გადაწყვეტილებას. - ამას ისე ამბობდა, რომ ჯერ კიდევ ვერ ბედავდა მისთვის თვალებში შეხედვას.
- რა იყო შენი არასწორი გადაწყვეტილება, ლუკა?
- შენ.
- არ მჯერა ამის.
- ვიცი, რომ არ გჯერა, საკმარისად სულელი ხარ მაგისთვის.
- გეყოფა ჩემი დამცირება! - ფეხზე წამოდგა სხეულდაჭიმული. ეს ტკივილი ისეთი ცოცხალი იყო, ისეთი ღრმა და მწველი, რომ შეაცოცხლა ტუსას სული.
- იმაზე მეტად ვიდრე შენ დაამცირე უკვე? გადი, აღარ მინდა შენი დანახვა.
- არასწორად მექცევი. - ყველა ცრემლი ზედ შეეყინა გოგონას. ასეთი სუსტი, ასეთი უსიცოცხლო არასოდეს ყოფილა მისი ხმა და თვალები, ასე რომ შეუყვარდა ლუკას. - გინდა ამის მოსმენა თუ არა, მე არასდროს ვინანებ იმას, რომ იქ ყოფნა ავირჩიე, სადაც შენ და ბედნიერება იყავით.
- ნუ ხარ ასეთი პათეტიკური, - ირონიულად ჩაეცინა მის სიტყვებზე, - მე არ მიგატოვებ, შენ თვითონ წახვალ. ეგ მაინც გამიკეთე. ახლა მაინც მოიქეცი სწორად.

ყველამ ყველაფერი მოისმინა. ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა, ისეთი დაუჯერებელი იყო მათთვის იმ ამბის დასასრული, რომელიც ეგონათ, რომ ჯერ მხოლოდ ახლახანს დაიწყო.
ცოტა ხნით მარტო ყოფნა დააცადეს ტუსას გოგონებმა. საწოლზე წოლის და ტირილის მეტი არაფერი უკეთებია ამ მარტოობის განმავლობაში. ბოლოს საერთოდ წაერთვა ყოველგვარი ემოცია და უსაზღვრო ზიზღი იგრძნო საკუთარი თავის მიმართ.
საბოლოოდ ისევ დაუბრუნდა იმ აზრებს, რომ თავად იყო ყველაფერში დამნაშავე. ამას ხომ გრძნობდა ისედაც, არადა, როგორ ეგონა, რომ კარგად შეეძლო ყველაფრის დამალვა, როგორ ეგონა, რომ თვითონაც დაივიწყებდა საკუთარ ტყუილს და ვერც სხვები შეამჩნევდნენ.
ზაალისთვის თვალის გასწორებას ყველაზე უფრო გაურბოდა. მას ხომ ყველაზე მეტად გაუცრუვდებოდა იმედები. ამდენი იშრომა, რომ ამ გოგოს უკეთესი მომავალი ჰქონოდა, ესწავლა, საუკეთესოდ ეცხოვრა.
-აუცილებელი იყო, რომ მაშინ გეთქვა ის ყველაფერი? - ვერ მოითმინა ტუსასთან სტუმრად მისულმა სოფომ და თაზოს მიმართა მაშინვე.
მას სახეზე ეტყობოდა, როგორ ეკიდა ყველას საყვედურები ფეხებზე, მაგრამ მაინც უცნაურად შეხედა შონიას.
-ბევრი რაღაც შენი ბრალიც არის, თაზო. - განაგრძო გოგონამ, - თუ რამე იცოდი, აქამდე უნდა გეთქვა და არა ასეთ დროს. სულ ვიცოდი, რომ არ მოგწონდა, როცა ლუკას ხვდებოდა, მაგრამ ასე მოქცევა შენთვისაც კი მეტისმეტია.
- შენ ჩემთან მოხვედი თუ იმასთან? - სახე მოარიდა ბიჭმა. გულში გაერჭო მისი სიტყვები.
საწოლზე წამოჯდა ტუსა, როცა მისი გოგონები მოვიდნენ. დიანამაც მაშინვე გაუშალა სუფრა გოგონებს, მარტო დატოვა ისინი.
საღამურებით დაჯდა მაგიდასთან, გამოცვლის თავიც არ ჰქონდა.
თან იქ მყოფთაგან ვის მოატყუებდა, რომ კარგად იყო.
- როგორ არის? - ხმა ამოიღო ისევ თვითონ. ძლივს გადაყლაპა დამშრალი ცრემლები.
- შენ როგორ ხარ? ტუსა, ასე ნერვიულობა არ შეიძლება, თქვენ აუცილებლად შერიგდებით. - სკამი მისკენ მისწია ანომ და ჩაეხუტა, - რატი და ზბაკოც მოვლენ.
- შენ ასე გგონია? - უემოციოდ გააბრუნა მისკენ თავი. - შენ არ გინახავს, როგორ მიყურებდა, ანო. რაც გაიგონეთ ერთია, ადამიანს შეიძლება თვალებში ეტყობოდეს, რომ საკუთარ სიტყვებს არ ეთანხმება, მაგრამ...
- ხომ იცი ახლა რა მდგომარეობაშია, ამხელა სტრესის გადატანა მარტივი არ არის, ტუსა. შენ შერჩი ხელში და ამიტომაც... გარემოების მსხვერპლი უფრო ხართ, ვიდრე საკუთარი შეცდომების.
- მას არაფერი შეშლია, საქმეც ეს არის. და ძალიან კარგად მესმის, რომ არ სჭირდება ჩემნაირი...
- შენნაირი როგორი? გაიხსენე, რამდენჯერ უთქვამს კარგი სიტყვები შენთვის..
- მას უამრავჯერ, მე იშვიათად... მაგრამ ხომ ხედავ, ლამაზი სიტყვების მიუხედავად მაინც არ გამორჩენია, ვინც ვიყავი სინამდვილეში. მშიშარა და საცოდავი.

სიჩუმე სუფევდა აქიშბაიების სახლში. ცუცამ თავი შეყო ძმის ოთახში. ის ყველაზე ნაკლებად აქცევდა ყურადღებას მის მწარე სიტყვებს.
- ტუსა იყო მოსული.
- ვერ გაიგო მაგან ჩემი ნათქვამი? - ისეთი ტონით თქვა ლუკამ, რომ უმცროსი დაც კი გაოცებული დარჩა მისი სიცივით და სიუხეშით.
- ყველაფერს ნუ შეწირავ...
- მე არაფერი შემიწირავს, რაც საკმარისად ძლიერი არ იყო, თავისით დაინგრა. არ მინდა მისი ნახვა, ასე გადაეცი.
- შენს სანახავად არც მოსულა. - ნაკრების თეთრი მაისური სავარძელზე დადო გოგონამ. თვალს არ აშორებდა თან თავის ძმას, იქნებ რამე დაენახა ხელჩასაჭიდი. - ეს დაგიბრუნა.
უემოციოდ გახედა თავის პირველ ფორმას. ელოდა, რომ რამეს მაინც იგრძნობდა, ოდნავ მაინც შეუკრთებოდა გული, მაგრამ თურმე საკუთარმა თავმაც მიატოვა...

. ახლა .
თბილისში როგორც კი ჩამოვიდა, მაშინვე საყვარელ ბიცოლას მიაკითხა. ახლა ისე სჭირდებოდა ვინმესთან საუბარი, როგორც ჰაერი. ვეღარ ხვდებოდა საერთოდ, რა იყო სწორი და რა არასწორი, საერთოდ რატომ გაიწელა ასე უმოწყალოდ მათი ცალ-ცალკე ყოფნა.
დიანაც თითქოს მას ელოდაო, წყალი უკვე ადუღებული ჰქონდა ყავისთვის. იცოდა, ასე მარტივად რომ არ ჩაივლიდა ქორწილი და ბავშვობის მეგობრების შეხვედრა ამდენი წლის შემდეგ.
ქალი იყო უკვე, მასთან სხვაგვარადაც შეეძლო საუბარი, შეეძლო გულწრფელი და მოურიდებელი ყოფილიყო.
-ნანა როდის აპირებს ჩამოსვლას ბოლოს და ბოლოს? - შორიდან მოუარა დიანამ.
იქვე ჩამოუჯდა ტუსას, მარტონი იყვნენ სახლში. ზაალი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა სკოლიდან.
-ახ, არ ვიცი რას აპირებს საერთოდ... - თავი გადააქნია გოგონამ, თავადაც აბნევდა თავგზაარეული მშობელი. - ხან იქ უნდა, ხან ჩამოსვლა ურჩევნია. ვერ გადაწყვიტა.
- და შენ? როგორი იყო ქორწილი, ხომ იცი, ყველაფერი მაინტერესებს...
- ისეთი იყო, როგორიც მათ შეეფერებოდათ.
- და იმან რაო, გადამდგარმა მეჯვარემ? დავიჯერო არ ილაპარაკეთ არაფერზე?
- დიკო, რო იცოდე იმდენჯერ ვილაპარაკეთ, იმდენ რამეზე.. - ცხელი ყავა მოსვა, თავი სტკიოდა საშინლად ამდენი ფიქრისგან. - არ ვიცი, რა უნდა ვქნა, როგორ უნდა მოვიქცე? შორს რომ ვიყავი, რომ ვერ ვხედავდი და ამდენი მიზეზი მქონდა მისთვის ზურგის შესაქცევად, იცი რა მარტივი იყო ყველაფერი? აქ... ახლა... ისე კარგად არის, ისე უკეთესად. რამდენადაც გამიხარდა მისი ფეხზე წამოდგომა, იმდენჯერ მეტკინა გული, რომ მე არ მომეცა მის გვერდით ყოფნის უფლება. ამ ეგოიზმს ვერაფერს ვუხერხებ, ხვდები? მახრჩობს. მეგონა მოვერიე, მეგონა დავეთანხმე იმაში, რომ დაშორება ჯობდა, რომ არასწორად მოვიქეცი.
- შენ არასწორად მოიქეცი, ჩემო გოგო, - ხელზე ხელი დაადო ქალმა, გაუღიმა. ასე მშვიდად წარმოთქმული მწარე სიმართლე არასოდეს მოუსმენია ბარნოვს. - ბავშვი იყავი და შეცდი. ყველა მოგვატყუე, რადგან შეგეშინდა ახალი ცხოვრების დაწყების, ისევ მარტო დარჩენის, ამაში შენი ბრალი არაფერია. შენ გგონია, მე შენი არ მესმის? ძალიან კარგად მესმის, ძალიან... მაგრამ სანამ არ აღიარებ, რომ შეგეშალა, მანამ იქნები შებოჭილი, მანამ ვერ მიხვდები, რა უნდა ქნა, საით წაიყვანო ახლა შენი ცხოვრება. რა გითხრა, ისევ მიყვარხარო?
- იცი... - სუნთქვა შეეკრა ტუსას იმ დღის გახსენებისას, ტუჩები მაგრად მოკუმა, რომ არ გატეხვოდა ხმა, - მისთვის ერთხელაც არ მითქვამს, რომ მიყვარს...
- აუცილებლად მოვა ამის თქმის დროც. მაშინ რაც გითხრა, დარწმუნებული ვარ, ძალიან ნანობს.
- შენც მას ამართლებ, ხომ? - გაეღიმა, - არ მეწყინება, პირიქით..
- ოხ, როგორ გიყვართ თქვენ ეს მხარეების არჩევა? რას ნიშნავს, მას ვამართლებ? ისეთი კარგი ურთიერთობა დაგენგრათ, ისეთი ბედნიერება გამოგეცალათ ხელებიდან, ამ დროს მტყუან-მართლის ძიებას არ აქვს აზრი. გთხოვ, მოერიე ამას საკუთარ თავში, შენ ხომ ჩემი ძლიერი გოგო ხარ? ახლა ასე მშვიდად იმიტომ ხარ, რომ ის შენთვის იბრძვის, სულ ასე ხომ არ გაგრძელდება? შენც აიღე ის დაყრილი ფარ-ხმალი. ნუ გეშინია. ყველაზე რთულმა უკვე გაიარა. ვიცი, მის გვერდით გინდოდა ყოფნა... გუშინდელს ვერ შეცვლი, მაგრამ დღევანდელი ყოველთვის შეგიძლია შეცვალო.
- ნაკრებში გამოიძახეს... - ჭიქის ნაპირებზე დაასრიალებდა თითებს, შიგადაშიგ ეპარებოდა ღიმილი სახეზე.
- მართლა? თვითონ გითხრა ეს?
- არა, გავაბრაზე და სხვას რომ ეუბნებოდა, მაშინ გავიგე.
- ოხ, მე არ ვიცი, თქვენ რა გეშველებათ, რა!
- ასე მარტივი არ არის, ბიცოლა. როგორ უნდა მოვქცეულიყავი, მის პირველივე სიტყვებზე გული ამჩუყებოდა? საკუთარ თავს ამდენი ხნის განმავლობაში ვაჯერებდი, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა. რას ელოდა? ისე გავშორდით, იცოდა, რომ მე არ დავბრუნდებოდი მასთან საკუთარი ფეხით. თუ რამის შეცვლა უნდოდა, თავად უნდა მოსულიყო ჩემთან.
- ჯიუტი ხარ, ნამდვილი რქიანი არსება! შენც ძალიან კარგად ხვდები ახლა, რაც არის სიმართლე, ტუსა, როგორ მოიქცევა ახლა ჩამოყალიბებული ქალი და გაეშვი ამ ბავშვურობას. არ ხარ მართალი ბოლომდე, არც ის არის ყველაფერში დამნაშავე. ორივემ შეცდით და ორივემ უნდა გამოასწოროთ. წავა ახლა მალე და გირჩევნია, დროზე მოაგვაროთ ეს ამბავი! შენ ის მითხარი, ჩემი სულელი შვილი რას შვრებოდა?
- შენ წარმოიდგინე და მეჩალიჩებოდა ფარულად, შეურიგდიო ლუკას.
- უი, უი, ეგ უნიათო ვის არიგებს ნეტავი ჭკუას!
- შენ რომ არ მყავდე, რა მეშველებოდა? - თავი მხარზე ჩამოადო ბიცოლას, რომელსაც არასოდეს შეშლია მასთან ურთიერთობაში. ყოველთვის ეიმედებოდა ტუსას.

აქიშბაიების უმცროსმა ქალბატონმა გრანდიოზული დაბადების დღის გადახდა აიჩემა.
რა თქმა უნდა, მას არასდროს არაფერზე ეუბნებოდნენ უარს ოჯახის წევრები. ტუსაც მიიწვიეს.
ქორწილის შემდეგ აღარც უნახავს ლუკა წესიერად. ძირითად დროს ვარჯიშზე ატარებდა, ნაკრები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემპიონატისათვის ემზადებოდა.
დიდი ხნით დარჩენას არც გეგმავდა. რატომღაც თვლიდა, რომ გაუჭირდებოდა იქ ამდენი ხნის შემდეგ ისევ საკუთარი ადგილის გამოძებნა. როგორ უნდა შეეხედა მაკასთვის და გიორგისთვის თვალებში, როგორ უნდა შეხვედროდა მათ საერთოდ.
მაინც ვერაფრით მოიშორა ის გადაულახავი დანაშაულის გრძნობა, რაც მათ მიმართ ჰქონდა. თითქოს ამ ადამიანების შვილი ყველაზე ცუდ დროს თავისი ნებით მიატოვა.
- გაიპრანჭე, იცოდე. - დილიდან მოსვენება არ მისცა დიანამ. - რას იცვამ?
- არ ვიცი, დი, ალბათ არ გავჩერდები დიდხანს.
- შენ იქედან ადრე არავინ გამოგიშვებს, ხომ იცი?
ძალიან ეცადა, რომ ჩვეულებრივად ყოფილიყო. შავი, ოდნავ მოკლე კაბა ეცვა. მაკიაჟს სულ ოდნავ შეავლო ხელი. იცოდა, ცუცას რომ პომპეზურობა უყვარდა და არ იყო გამორიცხული, რომ თავისი ხელით გაეკეთებინა მისთვის მაკიაჟი, თუკი რამე ისე არ იქნებოდა, როგორც მას სურდა.
დაბადების დღეს ულამაზეს ვილაში აღნიშნავდა ქალბატონი კახეთისაკენ მიმავალ გზაში. ტუსასთან ერთად მგზავრობა რატომღაც არავინ მოისურვა, ამიტომ იქ რომ მივიდა, უკვე მთელი სამეგობრო ადგილზე დახვდა.
ვისაც ყველაზე მეტად ეძებდა მისი გული და თვალები, არ ჩანდა ჯერ არსად.
ცუცას მეგობრებით იყო ეზო სავსე. როგორც კი შევიდა, მაშინვე დაინახა მაკა.
თვალი ვერ მოსწყვიტა ქალმა ამდენი ხნის უნახავ გოგონას. ვიღაცასთან საუბარს მაშინვე მიანება თავი და გამოემართა მისკენ გაშლილი ხელებით.
- ამდენი ხანია აქ ხარ და მოპატიჟების გარეშე არ უნდა მინახულო? ასეა ჩვენი საქმე, ქალბატონო ტუსა? - ზურგზე შემოხვია ხელები, ღიმილით აკოცა ორივე ლოყაზე.
- მაკა, როგორ მომენატრე.
- ტყუილები და ტყუილები! თუ მოგენატრე, სად იყავი, ჰა?
- ნუ მარცხვენ ახლა...
- კარგია, თუ გრცხვენია! ძალიანაც კარგი, თუ გრცხვენია! წამოდი, მომიყევი შენი ამბები. - ხელკავი დაქალივით გამოსდო გოგონას, - შენ სიმაღლეში გაიზარდე? თუ რაღაც სხვანაირი მეჩვენები... გიორგი, ნახე ვინ მოგიყვანე!
- ჩემი გოგო მოსულა! - ოდნავ უკვე შეპარვოდა თმაში ჭაღარა ცისფერთვალება აქიშბაიას. ისე გულღიად გაუღიმა გოგონას, თითქოს ის ოთხი წელი არც ყოფილა. - როგორ გაზრდილა, არა, მაკა?
- მეც ამას ვეუბნებოდი... - კარგად მოათვალიერა ისევ გოგონა მაკამ. - ახლავე მოვალ, ტორტს გადმომიგდებენ ის ველურები მაგიდიდან!
- როგორ ხარ ერთი, შენ ეს მითხარი... - ეშმაკურად გაუღიმა კაცმა და ერთი ჭიქა შამპანური მასაც მიაწოდა.
ვერ გრძნობდა დაძაბულობას ტუსა, ვერ გრძნობდა ვერაფერს, რაც ასე აშინებდა მანამდე.
-რა ვიცი, ნორმალურად. ანოს და რატის ქორწილისთვის ჩამოვედი. თქვენ როგორ ხართ?
- ძველებურად, ვართ ნელ-ნელა. დედა როგორ არის? როგორ მოგეწონა ამერიკა? გავიგე, ნასაშიც იყავი. ოღონდ არ მითხრა, რომ უკან გაბრუნებას აპირებ!
- ახ, არ ვიცი, გიორგი. აქ რაღაც სკოლა მინდა გავაკეთო გოგონებისთვის, რომ საერთაშორისო განათლების მიღებაში მივეხმარო. დაფინანსებას ველოდები, ერთი-ორი სპონსორიც მოვიძიე. თუ ყველაფერი გამოვა, ალბათ, გავჩერდები კიდეც. არ შემიძლია სხვა ქვეყანაში...
- ყველაფერი გამოვა. - მხარზე ნაზად ჩამოადო კაცმა ხელი, მაშინვე დაარწმუნა ტუსა თავის სიტყვებში. ეს აქიშბაიების მემკვიდრეობითი შარმი.. - თუ რამეა, მე აქ ვარ, ხომ იცი ეს.. ნებისმიერ დროს შეგიძლია ჩემთან მოხვიდე.
- დიდი მადლობა, გიორგი. მე არ დამიმსახურებია ეს... თქვენგან. - უკეთეს დროს ვერასდროს იპოვიდა ალბათ ამის სათქმელად.
- რას ამბობ, შვილო? ეს მეორედ აღარ გამაგონო, იცოდე. მე თქვენი იმედი მაქვს. - ცხვირზე თითი ჩამოკრა და თვალებით მიანიშნა, ვისაც გულისხმობდა „თქვენში“.
წივილ-კივილით შემოეხვია ცუცა კისერზე ყველაზე ძვირფას სტუმარს. იქნებ ის იყო კიდეც ამხელა წვეულების გამართვის მიზეზი. ყველას გააცნო ტუსას თავი. ყველა მოასიყვარულა.
-ჩემი ძმები არ ვიცი, სად არიან... - უკმაყოფილოდ დაეჭყანა სახე, - ზბაკუნა, სად არიან ჩვენი უნიათო ძმები?
სახლის უზარმაზარი ჭიშკარი გაიღო პასუხად და პატარა წითელი მინი კუპერი შემოაყენეს ეზოში ძმებმა აქიშბაიაებმა.
ატყდა ერთი ამბავი. ჯერ უმცროსს ჩამოეკიდა კისერზე, მერე უფროსს. მაგრად აკოცა ორივეს.
-საუკეთესოები ხართ.
- არ დაუჯეროთ, ორი წუთის წინ სხვა რამეს ამბობდა! - დაასმინა მაშინვე ზბაკომ.
ხელი ჩამოართვა ყველას ლუკამ. მოსვლისთანავე მიიქცია რა თქმა უნდა ყველას ყურადღება. განსაკუთრებით ცუცას მეგობარი გოგონები არ აკლებდნენ თვალთვალს და აღფრთოვანებას.
არ დარჩენია არაფერი შეუმჩნევლად ტუსას თვალებს, თუმცა არაფრით იტყობდა ამას. სოფო ჰყავდა დატყვევებული და ათას სისულელეზე ესაუბრებოდა.
-სოფო, დედა გეძახის სამზარეულოში, გახედე ერთი რა უნდა? - თვალი ჩაუკრა აქიშბაიამ ნახევრად მტერ მეგობარს.
იმანაც ჩაიფრუტუნა ღიმილით. თითქოს წინააღმდეგობის გაწევას რაიმე აზრი ჰქონდა და დატოვა მარტო ტუსა.
- რატომ გააგზავნე ტყუილად სამზარეულოში? მეორე სართულის აივანზე დგას მაკა. - ადგილიდან არ დაძრულა გოგონა, როცა მისკენ გადმოიხარა ლუკა და წელზე მოხვია ფრთხილად ხელი.
ოდნავ აკოცა ლოყაზე გამარჯობის ნიშნად. ისეთი სურნელი ასდიოდა, ისეთი თბილი ატმოსფერო შემოჰკვროდა ირგვლივ, რომ მაშინვე ააფორიაქა მის წინაშე მდგარი ქალი.
- შენთან მარტო მინდოდა დარჩენა და იმიტომ, - ხელს არაფრით უშვებდა, არც შორდებოდა მილიმეტრებითაც კი. უნდოდა ეს სიახლოვე აქიშბაიას. - თითქოს ვერ მიხვდი..
- არ ვართ მარტო, ყველა ჩვენ გვიყურებს, თუ ვერ შენიშნე.
- როგორ ვერ შევამჩნიე. შენ არა, მე მიყურებენ. ხომ იცი ვარსკვლავების ამბავი... - წარბები აუთამაშდა ეშმაკურად. - მე ვის ვუყურებ ეს არის მთავარი.
- მგონი დროა, ხელი აიღო. როგორც მახსოვს, გაბრაზებული იყავი ჩემზე.
- ინერვიულე? - ცოტა ხნით გააწვალა ისევ და მერე ჯიბეებში ჩაილაგა ხელები ისევ. - ლამაზი ხარ. გიხდება ეს თითქმის კაბა.
მოუთვალიერა კარგად საყვარელი და მონატრებული, ყველაზე უფრო სასურველი სხეული.
- დიდი ხნით არ ვარ აქ, ამიტომ დატკბი, სანამ მიყურებ. - თვალები ცივად დაუწვრილა ტუსამ და უკან გადადგა ერთი ნაბიჯი. ხუთავდა უკვე ეს სიახლოვე. - და ნერვებს ნუ მომიშლი.
- ნუ მაქეზებ, თორემ არ შემეშლება ტკბობა..
- დარწმუნებული ვარ, რომ არ შეგეშლება, ვიცი გაქვს სამაგისო გამოცდილება.
- როდის ვილაპარაკებთ მე და შენ, როგორც ზრდასრული ადამიანები? - თვალი ააყოლა ქალის ტუჩებისკენ წაღებულ შამპანურის ბოკალს. აშუშხუნებულ ვარდისფერ ბაგეებზე შეატოვა მზერა წამიერად.
- მე არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ არ ვიცი შენ რას ეძახი საუბარს, რატომღაც სულ ვჩხუბობთ.
- იმიტომ რომ ჯიუტობ. გინდა დაგითმო და ბრაზობ, რომ ასე არ ხდება. მერე მე ხომ ვეღარ დამაბრალებ ყველაფერს, მერე შენც ხომ იქნები ჩემი თანამზრახველი ჩვენს უცნაურ ამბავში...
- ნუ მელაპარაკები ასე. - კიდევ მოსვა სასმელი ტუსამ. უხურდა გული უკვე. აალებულ თვალებს კი არ აშორებდა არაფრის დიდებით. როდის გახდა ასეთი თამამი, ვერც კი გაიხსენა.
- როგორ? სექსუალურად? ჰიპნოზს გიკეთებ. - ოდნავ მისკენ გადაიხარა და თვალი ჩაუკრა მაცდურად.
- ეგ გამიკეთე უკვე ბევრი წლის წინ და მეორედ აღარ გამოგივა. ცოტნე, როგორ ხარ? - საპირისპირო მიმართულებით მიმავალ მეორე აქიშბაიას თავისკენ აცვლევინა გეზი ტუსამ.
სადაც არ უნდა წასულიყო, ეს დაძაბული მხურვალება არ შორდებოდა მაინც, რადგან არ შორდებოდნენ ლუკას თვალები.
-შენს დას უთხარი, სტუმრებზე ადრე ნუ დათვრება, როგორ იქცევა, მაინც და მაინც მამამისმა უნდა მისცეს შენიშვნა მეგობრების თანდასწრებით? - საშინლად იყო მაკა ცუცაზე გაბრაზებული.
- მე დაველაპარაკები, - მხარზე მიეფერა დაძაბულ ცოტნეს ბარნოვი და ცუცასკენ წავიდა.
ძლივს დაითანხმა სააბაზანოში გაყოლაზე, სადაც ოდნავ მაინც მოიყვანდა გონს. ცივი წყალი შეასხა სახეზე.
- აუ, ჩამომერეცხება მაკიაჟი, რანაირი რძალი ხარ, რანაირი ქალი ხარ.. - იჭყანებოდა უკმაყოფილოდ.
- რძალი არ ვარ შენი, ცოტა მოფხიზლდი, თორემ უკან წაიყვანენ შენი ძმები იმ შენს მანქანას. მე გაგისწორებ მაკიაჟს.
- ხო, არ ხარ, მაგრამ შეგეძლო ყოფილიყავი, - თავისთვის ბუტბუტებდა ცუცა.
- არ შემეძლო, მოდი აქ, გაიმშრალე სახე.
პატარა ბავშვივით ჩამოსვა სკამზე და მოუსუფთავა მაკიაჟით მოთხუპნული სახე. გაეღიმა მის ბავშვურობაზე. მონატრებოდა ეს სულელი გოგოც ძალიან.
-ეხ, - ღრმად ამოიოხრა. - მე რო ვიცოდე, ვინმეს ეგრე ძალიან ვუყვარვარ...
- რას იზამდი ერთი?
- არ ვიცი. ვეცდებოდი არასოდეს წავსულიყავი მისგან, ტუს. ხო შერიგდებით?
- ტუჩები გააჩერე, პომადა მოგეთხუპნა.
- მიდი, მიდი კარგად წამისვი. მე მაინც არავინ მაკოცებს.
- გოგო, გაჩუმდი, თორემ თუ გამოგვიჭირეს, მე მომხვდება შენ მაგივრად! - გაეცინა მის გულდაწყვეტილ საუბარზე ტუსას.
- არ იცი ხო შენ? - გაახილა დანაღვლიანებული თვალები გოგონამ.
- რა უნდა ვიცოდე?
- მარტო მამამ და ლუკამ იცოდნენ, მე შემთხვევით გავიგე, როგორ საუბრობდნენ ამაზე...
- თუ მარტო მამამ და ლუკამ იცოდნენ, მოდი ასე დავტოვოთ, კარგი? ნასვამი ხარ და არ იცი რას ამბობ ახლა...
- იმ დღეს, ლუკა რომ დაიმტვრა, გახსოვს დედა გაბრაზებული იყო, რომ ჩემმა ძმამ მამას დაურეკა და არა მას, რაღაცას მიმალავენო.
- ცუცა...
- არა, მათქმევინე. - თავი უკან გადახარა და კარგად შეხედა გოგოს ნამთვრალევი თვალებით, - იმ დღეს ლუკა შენთვის ხელის თხოვნას აპირებდა.
- რაღაც ვერ გაიგე სწორად, - გაეღიმა ცივად, მაშინვე უარყო მისმა გონებამ ამის მოხდენის ალბათობა. - არ აპირებდა არაფერს ლუკა.
- აპირებდა. მხოლოდ მამას უთხრა, არ უნდოდა, რომ ვინმეს გაეგო. მერე შენ წახვედი... ლუკა ცუდად იყო.
- შენი ძმა იმიტომ არ ყოფილა ცუდად, რომ მე წავედი. ეს მისი გადაწყვეტილებაც იყო, ცუცა. - ფეხზე წამოდგა და წამოკრიფა სასწაფოდ თავისი ნივთები ქალმა.
იგრძნო, როგორ მწარედ მოხვდა ჯერ კიდევ წლების წინ მოქნეული სილა მის სახეს. რამდენჯერ უნდა ეგო პასუხი ამ თავისი სისულელის გამო, რამდენჯერ უნდა სტკენოდა გული ერთი შეცდომისთვის...
გაბრუებული გამოვიდა ეზოში. მეგობრებს დაუბარა, რომ სახლში მიდიოდა უკვე და როგორც კი სახლიდან გავიდა, მაშინვე გაიგო ნაცნობი ნაბიჯების ხმა ზურგსუკან.
-ნასვამი ჯდები საჭესთან? - გამოღებული კარი გაუკავა ხელით. მკაცრი სახით წამოადგა თავზე.
ისეთი თვალებით ამოხედა ტუსამ, თითქოს საერთოდ სხვა კითხვაზე უნდოდა პასუხის გაცემა მის გულს.
- ორი ჭიქა დავლიე, ისეთი არაფერია. შედი, სტუმრები გელოდებიან.
- გადმოჯექი, მე გაგიყვან სახლში. - კარის დასაკეტად გამოწეულ ხელზე წაეტანა და წამოაყენა ფეხზე.
გაბრაზებულმა მიუხურა კარი ზურგსუკან და მანამ არ გაუშვა ხელი, სანამ საკუთარ ავტომობილში არ ჩასვა.
ტუსას სახლამდე სანამ არ მივიდნენ, ხმა არ ამოუღიათ.
- სახლში ამოყოლა არ არის საჭირო.
- საჭიროა, წინ იარე. - წელზე უბიძგა და გვარიანად დამოკლებულ კაბასაც მიუძღვნა თავისი წილი საყვედური, კიბეებზე ასვლისას რომ უარესად იქცეოდა. - უნდა ვილაპარაკოთ მე და შენ.
- კი ბატონო, ვილაპარაკოთ. - ამოიოხრა უღონოდ.
ერთ ადგილას შედგა, საკუთარი სახლის კართან მდგარი თავიდან ბოლომდე დავიწყებული მაღალი სხეული რომ დაინახა.
მაღალი, შავტუხა და ხვეულთმიანი ბიჭი მოუთმენლად წამოდგა კიბის ბოლო საფეხურიდან, როგორც კი ტუსა დაინახა.
ჯერ გოგონას შეხედა შემდეგ მის უკან მდგომ თვალებმოჭუტულ ცისფერთვალება კაცს, უცნაური ღიმილით რომ აკვირდებოდა სახეზე, თითქოს წინასწარ იცოდა ,როგორ დასრულდებოდა მათი ამბავი.
- კარლოს? - გაოცებით გახედა ტუსამ თავის ძველ მეგობარს. - შენ აქ რა გინდა, როგორ მიპოვე?
- როგორ ვერ გიპოვიდი, ნატალი. - მოურიდებლად მოეხვია გოგონას და ისე აკოცა ლოყაზე...
მდუღარე ლავა გადაეღვარა სხეულზე აქიშბაიას. აღარ იღიმოდა ძველებურად. ავისმომასწავებელი იყო მისი გამომეტყველება და არ დამთავრდებოდა კარგად ეს ამბავი, თუ დროზე არ გაარკვევდნენ, ვინ ჯანდაბას ხედავდა მისი თვალები აქ ასეთ დროს.
- ეს ინდოელი ვინ არი? - ტუსას ჰკითხა დამცინავი ღიმილით და ცოტა ხნის წინ გამორთმეული გასაღებით გააღო თავად კარი. თითქოს ამით მიანიშნა იმ ტიპს, სულელივით რომ იღიმოდა, რომ ფეხსაც ვერ შეადგამდა იქ, სადაც ეს ქალი იძინებდა.
- არ არის ინდოელი, ესპანელია.
- მაგისი წარმომავლობა, გითხრას სათქმელი და აიბარგოს, არ დააგვიანდეს უკანა რეისზე. მე შიგნით დაგელოდები. - ისე გაუსწორა ტუსას თვალი ამის თქმისას, თითქოს არც უნდა გაებედა საკუთარ სახლში ვინმეს შეპატიჟება, - კარს ღიას ვტოვებ და არ გამომაბრუნო იცოდე.
- ეს არის ის? - მაშინვე მიხვდა ყველაფერს კარლოსი.
- ასე გაუფრთხილებლად რატომ ჩამოხვედი? შემოდი...
- არა, იყოს. -გული მოუკვდა მის იმედგაცრუებულ ხმასა და მზერაზე ტუსას. არც აქიშბაიას ჩაცინება გამოპარვია. ისე განრისხდა იმ წამს მისი საქციელის გამო.... - მიხარია, თუ მოაგვარე შენი პრობლემები. მე მხოლოდ ის მინდა, რომ ბედნიერი იყო.
- აქ ამის სათქმელად ჩამოხვედი? გთხოვ, შემოდი, დავილაპარაკოთ.
- არ შეგიქმნი უხერხულ მდგომარეობას, ნატალია. ახლა გვიანია, ხვალ შევხვდეთ ერთმანეთს.
ხმის ამოღება ვერ მოახერხა. ნაწილობრივ სიზმარსაც კი ჰგავდა ეს ყველაფერი. იმდენჯერ უფიქრია ლუკასთვის სამაგიეროს ამ გზით გადახდაზე, მის ეჭვიანობაზე, რომ არც კი გაუკვირდებოდა, რომ ელანდებოდა, რაც იმ წამს მოხდა.
სინამდვილეში საშინელი გრძნობა ყოფილა. უსიამოვნოდ მოეჟამა ხასიათი და გაბრაზებულმა გაიხურა კარები.
- რას ჰგავდა შენი საქციელი, როგორ უყურებდი იმ ადამიანს? იცი რამხელა გზა გამოიარა...
- ეგრე დაბოდიალობდნენ მაგისი წინაპრებიც წინ და უკან, მიჩვეული იქნება. - უღიმღამოდ გასცა პასუხი. ცდილობდა იმ მრისხანების და ეჭვიანობის შეფარვას, რაც სისხლს უდუღებდა იმ წამს.
სავარძელზე სახლის პატრონივით ჩამოჯდა და თვალებმიხუჭულმა ჩამოადო საზურგეს თავი.
-ჩემს სახლში ვისაც მინდა, იმას მოვიპატიჟებ. მე მგონი არ განვკარგავ შენი სახლის წესებს.
- განკარგე თუ გინდა, მე არ მაქვს პრობლემა. ასეთ დროს და ასეთ ფორმაში არავისაც არ მოიპატიჟებ, ეს იმ ნიოსაც უნდა ესმოდეს - რომ არ შედიხარ უცხო ქალის სახლში ღამე, როცა ის მარტოა.
- არ ვარ უცხო.
- ცეცხლს ნუ ეთამაშები ახლა, არ მინდა ჩხუბი. - ავად გაახილა თვალები.
იმის წარმოდგენაც არ უნდოდა, სახლში მარტო რომ გამოეშვა, თავის ადგილას შეიძლება ახლა ის დეგენერატი მჯდარიყო და ეყურებინა მისთვის, ესაუბრათ მარტოს...
თვალები მოისრისა მოუთმენლად. საკუთარი გონებაც კი ჩაგრავდა, ისეთ საშინელ იდეებს აწოდებდა.
- ვინ არის? - თქვა წამიერი სიჩუმის შემდეგ. - ვინ იყო, უფრო სწორად, ახლა ვეღარავინ იქნება.
- უნივერსიტეტში გავიცანი, ჩემი მეგობარია.
- „მეგობარმა“ გადმოიფრინა ნახევარი დედამიწა შენს სანახავად?
- ხო, რა იყო? - ბოროტად გაეღიმა ქალს. - მესმის შენ გიკვირს მსგავსი საქციელი...
- სირების საქციელი სულ მაკვირვებს ზოგადად, კი. ასეთი ახლო მეგობრობა გქონდათ მაინც, შენი სახლის სართული და ბინის ნომერიც რო გაიგო?
- დაკითხვაზე ვარ?
- დიახ, დაკითხვაზე ხარ.
- არ ვიცი, როგორღაც მოახერხა და თვითონ გაარკვია. პროგრამისტია, არ გაუჭირდებოდა გაგება.
- იცის ჩემზე, - ბოროტი ღიმილი დაუბრუნა უკან. მიანიშნა, რომ კარგად გაიგონა მათი საუბარი. - გული გადაუშალე? მე გაგიმთელებ იმის გატეხილ გულსო, ასე შეგპირდა?
- ზედმეტი მოგდის.
- დამიწესე ზღვარი და ვეცდები არ გადავცდე,- ფეხზე წამოდგა თვითონაც.
გაიხადა თხელი მოსაცმელი და გადაფინა იქვე სავარძელზე. თვალს არაფრით აშორებდა ტუსას.
- არაფერსაც არ ეცდები. არ გიცნობდე მაინც.
- რაო, რომელი რეისით მივფრინავო? ჩურჩხელები გავატანოთ შენი სხვა თაყვანისმცემლებისთვის ამერიკაში.
- ლუკა, გეყოფა. - არ ეცინებოდა მის დამცინავ ხუმრობებზე, როგორ იგდებდა აბუჩად ყველას, ვინც კი არ მოსწონდა. - იცოდე შენი, როგორ ყოფილი შეყვარებულის ზღვარი.
- არამგონია ყოფილებს სახლში უშვებდნენ გოგოები, როცა მარტო არიან და თან ნასვამები. - თითებს შორის მოიქცია მისი თმა და დაიხვია ზედ.
- რაზე გინდოდა ლაპარაკი?
- ბევრ რამეზე. დავიწყოთ ამ კაბით..
- რატომ გადაეკიდე ამ კაბას, ჩვეულებრივია.
- რომ გაცვია იმიტომ გადავეკიდე, - თეძოებზე დაადო ორივე ხელი და მოსწია თავისკენ, მაშინვე წელზე შემოჰხვია მკლავები, არსად რომ არ გაქცეოდა. - მოგწონდა ის? ასე ცდილობდი ჩემს დავიწყებას?
- შენ არ გაქვს ამაზე პრეტენზიის ქონის უფლება. ასე შენ ცდილობდი ჩემს დავიწყებას, სხვა ადამიანების გამოყენებით. მე ცხოვრების გაგრძელება მინდოდა. - გულზე დაადო ხელები, ოდნავ სცადა წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა უფრო მჭიდროდ მიიკრეს სხეულზე.
- აღარ მინდა სხვებზე ლაპარაკი. გეყოფა, გთხოვ... - კისრიდან გადაუწია თმა და აკოცა იქვე გაცხელებულ, აღელვებულ კანზე. ვერ აშორებდა ტუჩებს, ხელებს, თვალებს. - რა გავაკეთო, რომ მორჩეს ეს ჭირვეულობა? რომ შემომხედო ისევ ძველებურად...
- როგორ, სულელი გოგოსავით, ვისაც ეშინია, რომ მიატოვებენ? - ისეთი ხმით უთხრა, რომ შეამცივნა აქიშბაიას, მიხვდა, როგორ ატკინა მაშინ ამ სიტყვების თქმით.
- ისე, როგორც უყურებენ ადამიანებს, ვინც უყვართ იმის მიუხედავად, რომ ეშლებათ რაღაცები. მე ვიცი, რომ შევცდი შენთან. - შუბლი შუბლზე მიადო. - გთხოვ, მინდა დამთავრდეს ეს. აღარ შემიძლია.
- რატომ არ დამირეკე...
- დაგირეკე... - ზუსტად იცოდა, რომ აუცილებლად შეახსენებდა იმ ზარს ისე, თითქოს არ მომხდარა. უფრო მეტად მიიკრა სხეულზე ამის გამო. - ნუ მებრძვი ასეთი ბოროტი ხერხებით. შენ მაჯობე მაშინ, ხმა არ ამოიღე, არ გატყდი. მე ვერ შევძელი გაჩუმება.
- გინდოდა, რომ რამე მეთქვა? - კისერზე შემოხვია ქალმაც ხელები აიყოლა თან კაბის სიგრძეც, ახედა უჩვეულოდ ამღვრეულ, აღელვებულ ფირუზისფერ თვალებში.
როგორ მოქმედებდა მათი ელფერი, როგორ უკონტროლებდა ყოველ ამოსუნთქვას...
-რა ჭკვიანია შენი კაბა, იცის, როდის უნდა დამოკლდეს... - თვითონაც მიეხმარა წელზე მოხვეული თითებით.
ჩაჯდა სავარძელში და თან გაიყოლა ქალის სხეულიც, არ მისცა მუხლებიდან ადგომის საშუალება.
-მინდოდა, - თვალი გაუსწორა ნატკენი მზერით. - იმ დღეს ძალიან ცუდად მოვიქეცი. საშინლად ვგრძნობდი თავს... ძალიან მინდოდა შენი ხმის გაგონება.
- ჩემი დაბადების დღე იყო.
- ხო, შენი დაბადების დღე იყო, - სახიდან გადაუწია თმა, აკვირდებოდა მის ყოველ ნაკვთს, ეშინოდა თითქოს რომ შეცვლილი დაუხვდებოდა, მის გარეშე გახდებოდა სხვანაირი. - სადღაც ვიჩხუბე, ლამის ციხეში ჩამსვეს. რამე რომ გეთქვა..
- აღარ მოიქცეოდი ცუდად? - გაუღიმა ეშმაკურად, ლოყებზე მიეფერა გრძელი თითებით. იქვე აკოცა ხელისგულზე ლუკამ.
- ხო, შენი ბრალია, რომ გავფუჭდი. - გაეღიმა თავადაც, არ აჩერებდა ხელებს მის შიშველ ფეხებზე. - ახ, არა იმ გამოსირებულ ინდოელს ვერ ვივიწყებ. ასეთ ფორმაში უნდა ყოფილიყავით მარტო ერთად?
- შენ რომ გინდა მაშინ ხომ ვლაპარაკობთ სხვებზე ძალიან კარგად. და არ არის ინდოელი, რას ჩააცივდი! მე ხომ შენი ძმაკაცის ცოლის დაქალი ვარ, ყველაზე ასე დარდობ?
- კალთაში მარტო შენ მიჯდები და სხვაზე ვიდარდო?
- გამიშვი!
- ნუ.. ნუ ფართხალებ, მოდი აქ. - ფეხებზე მოხვია ორივე ხელი და დააბრუნა ასადგომად შემართული თავისთან. - მაპატიე მაშინდელი ყველა სიტყვა.
- ალბათ ვიმსახურებდი, ისე გეტკინა გული, რომ ჩემი ცოლად მოყვანაც კი გადაიფიქრე იმ დღეს.
უცნაური ემოცია გაება მათ თვალებს შორის. ადგა ტუსა და მის გვერდით ჩამოჯდა სავარძელზე, პლედი მიიფარა თან ფეხებზე. სასჯელს ჰგავდა მისი საქციელი.
-ცუცამ მითხრა დღეს. არ გაუბრაზდე, შემთხვევით გაიგო შენი და მამაშენის საიდუმლო. - უემოციოდ გაუსწორა თვალები, მერე საერთოდ ძალიან შორს გაიხედა მისგან, - ადრე თუ გვიან მაინც გაიგებდი იმას, რის გამოც ჩვენი ურთიერთობა დაიშალა. უბრალოდ მაინტერესებს, ლუკა, სხვა დროსაც... ასე მოიქცეოდი? შენც ხომ ხვდები, რომ რაც ჩვენ, ორივემ ავირჩიეთ, ეს უბრალოდ მარტივი გზა იყო და არა რეალურად საკმარისი მიზეზ დაშორებისთვის. ხალხი რომ მეკიხებოდა, რატომ, რა მოხდა თქვენ შორის... მე არ მქონდა პასუხი, ხვდები? ის არ არის პასუხი, რაც მოხდა...
- ვიცი, - თვალს არ აშორებდა ამ სიტყვების წარმოთქმისას, - რატომ ადექი, დაბრუნდი ჩემთან.
- ვერ ვსაუბრობთ ეგრე.
- იქნებ არ არი საერთოდ საჭირო ეგ საუბარი? ითქვა უკვე საკმარისად. უკვე ყველაფერი გითხარი, ყველაფერი აგიხსენი... სხვა დროს... არ ვიცი, რას ვიზამდი სხვა დროს, მე იმ მომენტშიც ,როცა ჩემგან წასვლას გთხოვდი შენი ტკივილისგან და უბედურებისგან დაცვა მინდოდა, მეტი არაფერი.
- ამიტომაც გამახსენე ჩემი ყველა ნაკლი, რის გამოც შეიძლებოდა არ გყვარებოდი? რის გამოც ნანობდი და არ გქონდა ჩემი იმედი? ახლა რა შეიცვალა, რა იცი, რომ ისევ ისეთი არ ვარ, როგორიც შენ გინდა, რომ ვიყო? იქნებ ისევ მშიშარა ვარ, იქნებ ისევ მეშინია, რომ მიმატოვებენ.
- არ ხარ ასეთი, ახლა თამამი ხარ. ახლა აქეთ მაშინებ, ისე შემომხედავ ხოლმე. მაგრამ არასწორია ,რასაც შენ ამბობ. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც მე შენ არ მეყვარებოდი. რა ნაკლზე მელაპარაკები იმასაც ვერ ვხვდები..
- მაშინვე წარსულში დაიწყე იმაზე ლაპარაკი, თუ როგორ „გიყვარდი“. - გაახსენა ყველაზე გულსატკენი სიტყვა, რაც ვერაფრით ამოიგდო გონებიდან.
- შენ ეგ არც აწმყოში გითქვამს არასოდეს, მაგრამ მე შენი უთქმელადაც მჯეროდა. ნუ ებღაუჭები ერთადერთ მიზეზს, რის გამოც ჩემზე გაბრაზება საუკუნოდ შეგიძლია. გინდა ჩემთან?
სახე მოარიდა ამ შეკითხვას. მართლა აზრი არ ჰქონდა იმ ყველაფრის განხილვას. იმდენად გაუგებარი იყო ყველა მიზეზი, ყველა სიტყვა, იმდენად სულელური...
ფეხზე წამოდგა ლუკა და შემოაცალა ის საზარელი პლედი ტანიდან. გადაისვა ისევ კალთაში.
- მითხარი, პატარა, გინდა ჩემთან? - ისე უჩურჩულა ყურთან, თითქოს სხვაგვარად ვერ გაიგებდა. - მე მინდა შენთან. არასდროს არაფერი მინანია შენთან დაკავშირებული იმ დღის და იმ დღის მერე დაშვებული შეცდომების გარდა. არასდროს არაფერი..
- დიდხანს გაგიგრძელდა ეგ შეცდომების ხანა...
- ჩვენ ცალ-ცალკე სიარული უნდა გვესწავლა ჯერ. მაშინ დაქორწინება უდიდესი შეცდომა იქნებოდა, შეიძლება სამუდამოდ დაგვეკარგა ერთმანეთი. ხომ გესმის ეს... ბავშვები ვიყავით...
- მესმის... - დაჰიპნოზებულივით ეთანხმებოდა ყველაფერში.
- მაგრამ მაინც გული გეტკინა, რომ გაიგე. მესმის. შემობრუნდი ჩემკენ...
- გეყოფა ეს... ვეღარ ვსუნთქავ უკვე, - თვალები ეხუჭებოდა ამ სიახლოვისგან უკვე ქალს.
უტევდნენ შორეულ კუთხეში მიმწყვდეული და გამოკეტილი სურვილები. რამდენჯერ უოცნებია ამ სიახლოვეზე, რამდენჯერ უნატრია მისი შეხება.
- ვეღარც მე, - თეძოებზე შემოჰხვია ორივე ხელი, ასწია ოდნავ მაღლა და მოაბრუნა თავისკენ ისე, რომ მუხლები ლუკას სხეულის სხვადასხვა მხარეს ელაგა უკვე ტუსას. - მითხარი, რომ არ მოგნატრებია ეს... არ გინდოდა ჩემთან ასე ახლოს...
- გეყოფა, - ბუტბუტებდა გონებადაკარგული. სხვა სიტყვა თანხმობის გარდა არც ახსენდებოდა. მასზე მიწებებული მთელი სხეული უფეთქავდა და ჩაყლაპავდა კიდეც მალე ეს სიახლოვის მწველი და ამოუწურველი სურვილი.
თეძოებზე შემოჰხვია მტევნები და მისწია უფრო ახლოს თავისკენ. კისრიდან მკერდისკენ გააცურა ტუჩები. ქვემოდან ხედავდა ქალის მინავლებულ სახეს და ათრთოლებულ ქუთუთოებს. როგორ უწყდებოდა სუნთქვა ყოველი შეხებისას.
-მაინც აღარ გჭირდება ეს კაბა, - წელამდე ასული ქსოვილი საერთოდ გადააძრო სხეულიდან და ზედ მიაყოლა თავისი მაისურიც.
კისერზე შეუცურა ათრთოლებული თითები ტუსამ. შუბლზე შუბლით მიეყრდნო რამდენიმე წამით. თვითონ აკოცა შუბლზე, თვალებზე. ეს ცეცხლი შეჭამდა მალე, მოხუთავდა მისი ცხელი სუნთქვა მკერდზე და ტუჩები, ერთი წამითაც რომ ვერ შორდებოდა მის კანს.
-მე მიყვარხარ, - თვალი გაუსწორა წამიერად ქალმა, ერთი წამითაც არ შეტოკებია ხმა, როცა ამას ეუბნებოდა. თითქოს არწმუნებდა კიდეც ამაში, იზიდავდა თავისი ეშმაკურად მომღიმარი ტუჩებით, რომელიც გადაფარა მალევე ალბათ გონებაში ამ დღემდე მილიონჯერ გაელვებულმა კოცნამ....


.
ამერიკა ისეთი ხმაურიანი იყო, რომ პირველი კვირის განმავლობაში ჭკუიდან რომ არ გადავიდა, გაუკვირდა კიდეც ტუსას. თბილისი ხომ იყო ხმაურიანი და ანცი, მოუსვენარი, ვაშინგტონში სრული ქაოსი იყო.
ეს დაეხმარა კიდეც ყურადღების გადატანაში. დედას ბევრს ესაუბრებოდა თითქმის ყველაფერზე, რეალურ დარდებს კი ინახავდა თავისთვის.
ფიქრობდა, რომ ასე გაივლიდა უფრო მალე, უფრო შეუმჩნევლად, რომ ოდესღაც დავიწყების ქარი მისკენაც დაუბერავდა და შემოაცლიდა ამ მძიმე მოგონებებს.
ისე უჭირდა აქ ყველას გარეშე გაჩერება, მარტო ვიდეოზარები არც ჰყოფნიდა გულის საოხებლად. მეგობრებსაც კატეგორიულად აუკრძალა იმ თემაზე საუბარი, რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა. ვისზეც ყველაზე მეტად დარდობდა, იმის ამბავს არასდროს კითხულობდა ხოლმე.
ისედაც კარგად იგებდა ყველაფერს. ხან რომელი გოგო ჩნდებოდა ფოტოებში მის გვერდით, ხან კი რომელი. ამ ბრაზმა საბოლოოდ გადაავიწყა, რას გრძნობდა რეალურად აქიშბაიას მიმართ.
მეგობრებიც გაიჩინა, სახლიდან გასვლაც ისწავლა.
ვერაფრით იგდებდა თავიდან იმ დაბადების დღეს, ყველაზე უკეთესი რომ იყო მის ცხოვრებაში. ვერავინ შეუცვლიდა იმ ადამიანებს, ასე რომ ახარებდნენ მის გულს.
პირველ დაბადების დღეს ელოდა, რომ მოულოცავდა მაინც. მერე ისე გაბრაზდა ტუსა საკუთარ თავზე, ლამის მისი ნაჩუქარი ყველაფერი გაანადგურა. ბოლოს ის კადრებიც, მათი რომ იყო მხოლოდ, დანარჩენი მოგონებებივით კარადის ბოლო თაროზე შემოაგდო, თითქოს ასე დაივიწყებდა, თითქოს ეს გაამარტივებდა ყველაფერს.
მეორედ არც ელოდა, რომ დარეკავდა. მეგობრებთან ერთად ბარში იყო გასული. კარლოსიც მაშინ გაიცნო. საყვარელი ტიპი იყო, თბილი და უპრობლემო, თუმცა მეგობრობას არც არასოდეს გაცდენილა მათი ურთიერთობა.
გვიანი იყო, უკვე სახლისკენ მიდიოდა. ფეხით უყვარდა იმ კვარტალში გასეირნება. ქართული ნომერი რომ დაინახა, ნაბიჯი ვეღარ გადადგა. ვეღარ გაბედა იმის გაფიქრებაც კი, რომ ის იქნებოდა...
უპასუხა მაინც. ხმა არ ამოუღია, თუმცა ღამის სიჩუმეში ჩაფლულ ქუჩაში კარგად ისმოდა მისი აღელვებული სუნთქვა და ყურმილში იმის შეკავებული სიტყვებიც, ვინც ხმას არ იღებდა.
ეგონა, რომ გული გაუსკდებოდა. მაშინვე ცრემლები წამოუვიდა. მოუნდა ერთი მაგრად გამოელანძღა ასეთი საქციელის გამო და სამუდამოდ ამოეშალა თავისი ცხოვრებიდან.
-ხმის ამოღება არ არის საჭირო, - მაინც ის გატყდა პირველი. გაიგონა ეს მონატრებული, ყველაზე მეტად საყვარელი ხმა, შეცვლილი და დამძიმებული, ოდნავ ისევ ნაწყენი ხმა. - სუნთქვითაც გცნობ.
საიდან იგონებდა ასეთ მტკივნეულ წინადადებებს, როგორ შეეძლო ასეთი უგულო და მოსიყვარულე ყოფილიყო ერთდროულად...
-გილოცავ... - ღრმად შეისუნთქა ჰაერი, დაბოლოება უნდოდა, მაგრამ აღარ გაუგია ტუსას. გაწყდა იმ წლების განმავლობაში გაბმული ერთადერთი კავშირი მათ შორის.

იმ დღეს ჭკუიდან გადასული და მაგრად ნაჩხუბარი ლუკა აქიშბაია ვიღაც მაღალმა ახალგაზრდა კაცმა გამოათრია ბარიდან. ეს არ იმყოფინა და თავის მანქანაშიც უბრძანა ჩაჯდომა.
-შენ რაღა გინდა, გამიშვი, უნდა მოვკლა ის ! მაგას ვინ ეკითხება მე... რამდენს დავლევ და ბურთს გავეკიდები თუ...
- დაეგდე მანდ. - მკაცრად გადაუბრიალა თვალები კაცმა. - ეგ გინდა კიდე შენ? წაგათრევ პოლიციაში და ნახავ, ვის მოთხოვენ გატეხილი თავისთვის პასუხს. შენ თუ გგონია იმ ორი გოლის ხათრით გაპატიებენ!
- გეთქვა, შენც რომ ჩემი ფანი იყავი... - ჩაიბურტყუნა თავისთვის გაგულისებულმა. პირში მიხლა ვერ შებედა მაინც, ისე უყურებდა ყორანივით. - შარში ვარ?
- კი, ხარ.
- კაი და შენ ვინ ხარ?
- დადა... - ცალი თვალით უკმაყოფილოდ გამოხედა სისხლში ამოსვრილ ბიჭს, როგორ უნდა ეშველა ახლა ამისთვის. - ნაკაშიძე.
.


გაბრუებული თავი ძლივს წამოსწია საწოლიდან. ვერ იჯერებდა, რომ ამხელა შედეგი ექნებოდა სამი ჭიქა შამპანურის დაუფიქრებლად დალევას.
ხალათი შემოიხვია დაღლილ სხეულზე და ნახევრად მოხუჭული თვალებით გაიგნო გზა იქეთკენ, საიდანაც მოდიოდა ხმაური და დამწვრის სუნი.
-რაღაცა დავწვი, - დაჭყანული სახით დაჰყურებდა ქურაზე შემოდგმულ ოთხივე ტაფას ლუკა. - კვერცხი ვიცი ოთხნაირად და ოთხივეს გიკეთებდი.
- უუ, რა კვერცხი..
- მოიცა, ორსულად ხარ უკვე? - გაეცინა მის მოჟამულ სახეზე აქიშბაიას. - ვაუ, რა სწრაფი ვარ...
- ნუ ბოდავ, - მუცელზე შემოხვია ტუსამ ხელები და შიშველ ზურგზე აკოცა.
- დედაჩემს არ დავიწყებია ხუთ შვილიშვილს რო დაპირდი.
- მე არაფერს დავპირებივარ მაკას.
- მე დავპირდი, კაი. ძაან გინდა დედა-შვილს შორის შავი კატასავით ჩაიარო? რა იყო, ჯერ არ შემოსულხარ ოჯახში და უკვე აურიე ყველაფერი.
- რა ენერგიაზე ხარ დილიდან..
- ცეცხლოვანი ღამე მქონდა.
- საიდან იგონებ.
- შენი დიეგო როდის უნდა ნახო?
- არ ქვია დიეგო და არ არის ჩემი. - ღიმილით გადახედა მის მონდომებით გამზადებულ საუზმეს ტუსამ. - ეგ ტაფები შენ უნდა დარეცხო, იცოდე.
- გამოგკვებო, გასიამოვნო და ტაფებიც მე ვრეცხო?
- ცოტა ხნით ვნახავ, მართლა უხერხულია. ავუხსნი ყველაფერს, - ხმა დაუსერიოზულდა ტუსას. თავის საქმეს აგრძელებდა აქიშბაია, თუმცა უსმენდა ყურადღებით.
- მგონი არც არაფერია ასახსნელი, მაგრამ როგორც გინდა.
- არ მშია კვერცხი.
- დილით რომ არ ჭამდი იმიტომაც გქონდა გარეკილი, მიწუნებდი ანგელოზივით ბიჭს...
- შენს პირველ თამაშზე აქ ვიქნები, მაგრამ ოქტომბრამდე ამერიკაში მომიწევს წასვლა. რაც დამრჩა უნდა მოვაგვარო...
- კარგი, - თავისკენ მისწია სკამიანად გოგონა, ფეხებს შორის ჩააყენა და შეხედა კარგად. - ახლა რასაც გეტყვი, კარგად დაიმახსოვრე. არაფერს ვმალავთ, როცა გვეშლება არსად მივდივართ, ერთად ვაგვარებთ და მერე თავიდან ვაშავებთ, გავიგეთ? რატომ იღიმით, ქალბატონო? რამე სასაცილო ვთქვი?
- ისეთი გამახსენდი... სკოლაში რომ იყავი, - მხერბზე შემოჰხვია ორივე ხელი. გადაიხარა მისკენ ოდნავ და აკოცა ლოყაზე.
- დალი ჩიტავა არ დავპატიჟოთ ქორწილში?
- ჯერ რა დროს ქორწილია...
.
მეორე დღესვე წავიდა ლუკა ნაკრებთან ერთად ბაზაზე. საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობდა. ისეთივე ზღაპრად ეჩვენებოდა ეს ყველაფერი, როგორც საწოლზე დატოვებული ის პირველი მაისური, პირველად რომ ეცვა ნაკრებში აქიშბაიას.
ძლივს შეელია მაშინ უკან დასაბრუნებლად, მაგრამ ხვდებოდა, რომ უკეთეს თანხმობას დაშორების სურვილზე ვერც მისცემდა იმ დროს. პატარა იმედივით დაუბრუნა უკან თავისი პირველი ფორმა, რომელსაც ზუსტად იცოდა, რომ ვერ შეელეოდა ვერაფრით აქიშბაია.
ხელი გადაუსვა, მოეფერა. ამ ყველაფერს წარსულის, ბავშვობაში დაკრეფილი ყვავლების და ხილიანის აღმართზე მიმობნეული ოქროსფერი ჭადრის ფოთლების სურნელი ასდიოდა ერთდროულად.
ცრემლები მოაწვა, როგორც კი გადაიცვა. როგორც კი იგრძნო მისი სიახლოვე. ეს სიამაყე, რომელიც არაფრით ტოვებდა.
-რაო, მიიღე ჩემი საჩუქარი? - ღიმილით უპასუხა ტუსას ზარს. გამონახა მისთვის რამდენიმე წუთი.
- მივიღე არა, დავიბრუნე ის, რაც ჩემი იყო ისედაც.
- რატო ზლუქუნებ?
- რა ვიცი, ცოტა ბედნიერი ვარ და წამეტირა.
- ცოტა როგორ გავიგო, გენაცვალე? თუ ჩემზე არ ვრცელდება ჯერ ქმრის პრემიუმ პაკეტი. ხომ არ მასწავლე მაინც, როგორ გავააქტიურო ეგ ულიმიტო კოცნები და ცრემლები?
- თქვენ ამჯერად სარგებლობთ შეყვარებულობის მომსახურებით, დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ცხელ ხაზს...
- რაღა შეყვარებულობა, მოხდა უკვე მოსახდენი. კაი წავედი, თორე დამასმენს კაპიტანთან საბა თოდუა.
- მიყვარხარ, ხომ იცი.
- მისამართი ხო არ შეგეშალა? ნამდვილად მე მეუბნები?
- მე მომიძღვნი პირველს?
- ყველა შენ გეძღვნებოდა ყოველთვის.


გუგუნებდა სტადიონი. ეს სიცოცხლე მის გარეშე არ უგრძვნია ტუსას. იმ დღის შემდეგ აქეთკენ გამოხედვაც არ უნდოდა.
ახლა გადაჭედილი რომ დაინახა ტრიბუნები, ეს სურნელი, ამდენი საქართველოს დროშაში გამოხვეული ხალხი რომ დაინახა... თავისი მეგობრები და საყვარელი ადამიანები გარშემო, მისი გვარი პატარა ბავშვების ზურგზე სიამაყით გაწერილი.
-უკაცრავად, გეთაყვა, - ზურგზე მოუთათუნა ხელი ახალგაზრდა, თხელი ნაკვთების ქერა ბიჭმა. მოუსვენარი თვალები ჰქონდა. ეტყობოდა, ონავრობა რომ ჰქონდა ჩაფიქრებული. დადა ნაკაშიძეც იცნო მის გვერდით და მიესალმა მორიდებულად, - თქვენ ბრძანდებით ის მშვენიერი ქალბატონი, ვისი გამოისობითაც ჩვენი აქიშბა ძილის წინ ბალიშს ცრემლებით ასველებდა ხოლმე?
- ვაკო, მოკეტე. - უკან დაქაჩა ახალგაზრდა გოგომ, - არ მიაქციოთ ამას ყურადღება, ვერ არის დალაგებული. მე ვარ ნენე, ძალიან მიხარია შენი გაცნობა! ჩვენთან ხართ დაპატიჟებული შენ და ვაჟბატონი, მაგრამ არ დაგვაყენა საშველი. იცოდე, გელოდებით...
- სასიამოვნოა, ნენე. მე ვარ ტუსა.
- ვიცით, გეთაყვა, ვინც ბრძანდებით. ისე, იმის ულვაშები მართლა მოგწონს?
მოჭუტული თვალებით უყურებდა ზბაკო ამ მოლაზღანდარე ახალგაზრდას. იეჭვიანა კიდეც ცოტა არ იყოს.
- მოსწონს, მოსწონს... - ტუსას მაგივრად გასცა პასუხი. - ელიზბარ ტატიშვილი, ლუკას ბავშვობის მეგობარი.
- ვაკო საკანდელიძე, აქიშბას ყმაწვილკაცობისა და სუიციდური პერიოდის მეგობარი.
საბა თოდუასთან ერთად იმ მოედანზე გამოსვლა ღიმილს ვერ აშორებდა სახიდან აქიშბაიას. იგრძნო, როგორ გაეხსნა ჩაკეტილი ცალი ფილტვი. თითქოს აუმუშავდა სხეული ბოლომდე, დაიბრუნა დაკარგული ნაწილები, ისევ შეესხა ის ფრთები, რომელიც მოტეხილი კი არა დროებით ჰქონდა შეკეცილი.
გადაშორდა მის ვარსკვლავს ავდრის ღრუბელი. გამოჩნდა ისევ ისეთი სინათლითა და სიკაშკაშით, როგორიც იყო ყოველთვის თვითონ...
-ნუ ნერვიულობ, - მხრებზე მაგრად შემოსცხო ხელი თვრამეტი წლის საბა თოდუას ლუკამ. იცოდა, იმხელა ტრავმის შემდეგ მოედანზე დიდხანს გაჩერებას ვერც შეძლებდა, - და ხომ გახსოვს, მარცხნივ დაარტყი!

„ჩამოვარდნილი ვარსკვლავები არ არსებობენ - ლუკა აქიშბაიას გოლმა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპიდან გაიყვანა“

უსაშველოდ გაიწელა ის რამდენიმე კვირა ამერიკაში. ნაკრების თამაშებისთვის თვალი არ მოუცილებია ტუსას. მთელი თავისი იქაური სამეგობრო გადაიყვანა თავის ჭკუაზე. ყველას გააცნო თავისი შეყვარებული. იმდენი მოახერხა, რომ მოგების ზეიმს არ დააჯერა და ევროპის ჩემპიონატზე ქართველების წაგებაც კი ერთად იგლოვეს ამერიკაში.
ნანამ ისევ იქ დარჩენა გადაწყვიტა მაინც. არ უთხოვია შვილისთვის არაფერი.
-მაპატიე, რომ ასე აგირიე თავგზა. მაპატიე, რომ ვერ ვიყავი შენთვის ძლიერი ქალის მაგალითი. შენ ხარ ჩემთვის ის, ვინც მე უნდა ვყოფილიყავი ჩემი ქალიშვილისთვის. ეს იცოდე, დედა. - აკოცა მონანიებით შუბლზე და გააცილა შვილი აეროპორტში, - ქორწილში ჩამოვალ.
- ღმერთო ჩემო, იქედანაც კი თავის ჭკუაზე ატრიალებს ხალხს!
- ბედნიერი იყავი, დედა...

მშობლიურმა ქალაქმა ისევ შემოიკრიბა მის დაკლაკნილ გზებსა და აღმართებზე გაზრდილი ახალგაზრდები. ძველებურ ყუთში შენახულ ბავშვობის მოგონებებს მტვერი შემოაცალა ღია ფანჯრებიდან დაუპატიჟებლად შემოვარდნილმა ჭადრების სუნთქვამ…
რამდენჯერაც არ უნდა წავიდეს აქედან, დაბრუნება მაინც ყოველთვის უვსებს სულის დაკარგულ ნაწილებს.
ამჯერად არ ეშინია იმასთან შეხვედრის, ვინც აქ დატოვა, რაც აქ მოიტოვა.
იმდენ ჩიხში შევიდა, რომ იქედან გამოსვლა და თავის დაღწევაც ისწავლა საბოლოოდ.
მომავალ ორშაბათს ალბანეთს ხვდებოდა საქართველოს ნაკრები. არც ჰქონდა იმედი, რომ ლუკა დახვდებოდა იქ. ზბაკოს და თავისიანებს ელოდა. თაზოც იქვე უნდა ყოფილიყო სადმე.
აეროპორტის ეზოში გამოვიდა გამოუძინებელი და უსაშველოდ გაბრაზებული. აქ დატოვეს თუ რა ჯანდაბა ხდებოდა?
ფეხებთან რომ გაუჩერდა მანქანა და ჩამოწეული ფანჯრიდან ის ეშმაკური ღიმილი გამოჩნდა, ვის გამოც ნახევარი სამყარო გადაიფრინა ხუთი წლის წინ, ვერ შეიკავა ვერც თვითონ ბედნიერება.
-შენ აქ რას აკეთებ? - ორივე ხელი შემოჰხვია და აკოცა ტუჩებზე. - არ გელოდი...
- ტრადიციას ვაგრძელებ, - თვალი ჩაუკრა და გამოართვა ჩემოდანი. - ბარგიც ჩალაგებული გაქვს ბარემ.
- რას ბოდავ...
- ჩაჯექი, ჩაჯექი, - კარი გამოუღო და სანამ მანქანაში მოთავსდებოდა, კიდევ რამდენჯერმე აკოცა კისერში.
ღიმილით მიუხურა კარები.
- რა ტრადიციაზე ლაპარაკობ? - ბუტბუტებდა ღვედის შეკვრისას.
- ო, შენ აღარ გახსოვს და მე ხო გითხარი, რო მოგიტაცებ, შენ შენი ნებით ჩამიჯდები-მეთქი? როდემდე უნდა ვიაროთ ასე ცალ-ცალმა?
- შენ გააფრინე? - ღიმილიანი გაკვირვება ვერ დამალა ქალმა. - მეც ხომ გითხარი, შეგიძულებ-მეთქი! გიჩივლებ!
- მიჩივლე, - აეროპორტიდან კახეთისკენ აუხვია, პოლიცია გზაჯვარედინის ორივე მხარეს აკონტროლებდა, - აქვე არიან, გინდა გაგიჩერო? ავტოგრაფებსაც დავარიგებ... შენც ხო იცი, გუშინდელი თამაშის მერე ბორკილებს არავინ დამადებს ხელებზე...
- ლუკა, ნუ აკეთებ სისულელეს! - მღელვარებამ აუთრთოლა ხმა ქალს. იმ წამს ზუსტად იცოდა, მანქანის უკან მომბრუნებელი რომ არ იყო, ისეთი მონდომებით ჩაფრენოდა საჭეს. ღელავდა თვითონაც აქიშბაია.
- ასე ჭკვიანურად ჩეხეთთანაც არ მოვქცეულვარ, გოგო, რას ნუ ვაკეთებ?
- პოლიციაში დავრეკავ. - ინსტიქტურად დაუწყო პატარა ჩანთაში ძებნა მობილურს, თან მის რეაქციას აკვირდებოდა, თითქოს აინტერესებდა თუ დააფრთხობდა.
- მიდი, მიდი... რას ელოდები? მერე რომ გეტყვიან, გოგონა, თქვენნაირად ნახევარი საქართველოს მდედრობითი სქესი გვირეკავსო, მე არ გამიბრაზდე, იცოდე. - ბოლოს თვითონ ამოიღო ტელეფონი და სადღაც გადარეკა.
- რას აკეთებ? ღმერთო ჩემო, შეიშალა ეს ადამიანი!
- დადა, ირაკლის უთხარი, დაკეტოს ფანჯრები! გაშალეთ სუფრა, მომყავს!

...........


დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1  offline წევრი ლილილი

ტასო საუკეთესო ხარ! და ეს ისტორიაც ჩემი ფავორიტია დღეიდან❤️

 


№2 სტუმარი daldonidaldoni

უჰაა როგორი კარგი იყოოო ,შენეული საინტერესო, დახვეწილი,შინაარსიანი და ლამაზი იუმორით გაჯერებული თავგადასავალი. მითუმეტეს აქტუალური თემა - ,ფეხბურთი და ფეხბურთელები. საინტერესო პერსონაჟი ლუკა,რომელიც ყველა' ფერის იყო ბავშვობიდან - ცელქი მეამბოხე ,მოჩხუბარი,მესაკუთრე შეყვარებული , მაზოხისტი,დაუნდობელი,რომელმაც მისი სიყვარული შინაგანი ნგრევის ხარჯზე გააწარსულა, თუმცა შეძლო და დაიბრუნა ყველაფერი კარიერაც და საყვარელი ქალი.და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი საყვარელი ქალის ,ქვეყნის და ნაკრების გულში.????????????ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო...

 


№3 სტუმარი სტუმარი თინი

აი ხო ძააან მაგარი იყო თავისი წარსულით და აწმყოთი ამბებით, მარა ყველაზე მეტად ის მიყვარს ყველა შენი ისტორია ერთმანეთზე ჯაჭვივით, რომ არის გადაბმული, დადას გამოჩენამ შოკში ჩამაგდო. ძალიან მაგარი ხარ და სულ ველი შენს ისტორიებს. დავიზეპირე უკვე ყველა შენი ისტორია წერტილ მძიმით.????♥️

 


№4  offline წევრი Mmarriamkk

მიყვარეს ესეთი გემრიელი ისტორიები❤️❤️ ველოდი როდის გამოჩნდებოდა ვინმე ძველი ისტორიებიდან და დადა რო წავიკითხე მინდოდა ჩაგხუტებოდი❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი gvantsa

ძალიან კარგი ისტორიაა,სასიამოვნოდ იკითხებოდა ,სიამოვნებით წავიკითხავდი თაზოს და სოფიას ისტორიასაც

 


№6 სტუმარი Mari

როგორც ყოველთვის იდეალურია!

 


№7  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

მოვედი... <3
რაღაცნაირი ხალხია შეკრებილი ამ ისტორიაში, აი ნებისმიერი ადამიანი თავის თავს რომ აღმოაჩნეს. ეს სკოლის ამბები ძალიან მიყვარს ხოლმე და აქ კიდევ უფრო მეტად მივხვდი, რატომაც - რეალურია და იმიტომ. <3 თუნდაც ის პატარ-პტარა დიალოგები, მაიმუნობები, ეს სამეგობროა ზოგადად ყველასგან განსხვავებული, რაც დაგიწერია აქამდე. ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობიდან დღემდეა აღწერილი. როგორი პატარები იყვნენ თავიდან?! როგორ ეშლებოდათ რაღაც-რაღაცები, როგორ ეშინოდათ, როგორ ვერ ბედავდნენ... მერე როგორ გაიზარდნენ, ქალები და კაცები დადგნენ, ზბაკო დარჩა მგონი იგივე მხოლოდ ;დ <3 იქ ბოლოში როგორ წაუეჭვიანა, მიყვარს ;დ <3 დადას გამოჩენამ ხო საერთოდ წამლეკა, ისედაც მაგას ველოდებოდი მთელი ისტორია ;დ ფანჯარა რომ დაუკეტეს აქიშბაიას!!!!!! ირაკლი!!!!!! მარტო სახელის ხსენებაზეც კი აღმომხდა ;დ <3333333333 ძნ მიყვარს წრის ხალხი და რა გავაკეთო, ყველგან მინდა გამოჩნდნენ, ყველგან მინდა იყვნენ და წავიკითხო. <33333
მაინც რანაირია ეს. ცისფერთვალება ეშმაკი. ძალიან საყვარელი.... თავნება.. თავქარიანი <3 ის მაისური და ამბები <3333333333333 და ცუცა?!!!!! ძალიან რომ უხდება მაგათი დობა, საერთოდ სხვა სამყაროში რომ არსებობს, ეშმაკი და ვერაგია, მაგრამ როგორ უყვარს ყველას <3 რაც იმ მაგიდაზე ჩაატარა ;დდდდდდდდდ და ჩემი ცოტნე. ეს სახელი მიყვარს ზოგადად და უმცროს აქიშბააიას დააკვდა ლამის. დასტოინი, სერიოზული, თავისი მათემატიკური სიზუსტეებით და ამბებით, ვგიჟდუუუ <333 ( ცოტნეზეც გვინდა ხალხს ისტო ;დ )))) ( ან მინიმუმ სადმე გამოჩნდეს ;დდდ ) <3
ანო და რატი? <3 "– თაკო რატიანზე… რაღაცას. მიდი, რაო რატიმ, ანო მიყვარსო?

– ხო, რა იყო, არ იცოდით?

– კიდე რა გითხრა?

– ჩვენ ქალებივით არ ვჭორაობთ. მიყვარსო და ვსიო." ;დდდდდ <3333 ანუ ვგიჟდები!!
ზბაკოს როდის მოვუყვანოთ მარგო რობი?> :))))
და ის? თაზო. <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 ჩემი გული ეკუთვნის მთლიანად, მიყვარს გადაეცით ვინმემ და გული მწყდებოდა ყველა მის მონოლოგზე, გულიდან რომ ამოსდიოდა სიტყვები... <3 ყველაზე კარგია, უთხარით ვინმემ!!!!!! <3
"– რა ენერგიაზე ხარ დილიდან..

– ცეცხლოვანი ღამე მქონდა." ამის დეტალებს ვითხოვ პირადში ;დდ <33333

ამ ისტორიაში კარგი ადამიანები შეიკრიბნენ. ყველა. ყველას თავისი დანიშნულება ჰქონდა - სწორი მიმართულებით. მათი ბავშვობიდან დღემდე მანძილი ისეთი გააზრებული დაწერილია, როგორიც თავად შენ ხარ ამ საქმეში. იცი, რატომ წერ ყველაფერს, იცი, რისთვისაა თითოეული პერსონაჟი მოსული. თბილი, მოსიყვარულე, მყუდრო ამბავი, ჩემი ლუკა აქიშბაია. <3
მიყუ <3

 


№8 სტუმარი Natia

Udidesi siamovnebaa sheni yvela istoriis cakitxva❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი ხათუნა

სასიამოვნო და საინტერესო ისტორიაა. არ გეშლება ურთიერთობების აღწერა და შედარებები ხომ - საერთოდ. ბუნების აღწერის პაწაწუნა დეტალებიც კი სასიამოვნო წასაკითხია.
აქიშბაია და ბარნოვა - ახალი ლამაზი და საინტერესო წყვილი.
მადლობა ტასო.

 


№10 სტუმარი სტუმარი მარიკა

ძალიან კარგია. როგორც ყოველთვის

 


№11  offline ახალბედა მწერალი nestandarejan

ლილილი
ტასო საუკეთესო ხარ! და ეს ისტორიაც ჩემი ფავორიტია დღეიდან❤️

უდიდესი მადლობა,ძალიან მიხარია!
daldonidaldoni
უჰაა როგორი კარგი იყოოო ,შენეული საინტერესო, დახვეწილი,შინაარსიანი და ლამაზი იუმორით გაჯერებული თავგადასავალი. მითუმეტეს აქტუალური თემა - ,ფეხბურთი და ფეხბურთელები. საინტერესო პერსონაჟი ლუკა,რომელიც ყველა' ფერის იყო ბავშვობიდან - ცელქი მეამბოხე ,მოჩხუბარი,მესაკუთრე შეყვარებული , მაზოხისტი,დაუნდობელი,რომელმაც მისი სიყვარული შინაგანი ნგრევის ხარჯზე გააწარსულა, თუმცა შეძლო და დაიბრუნა ყველაფერი კარიერაც და საყვარელი ქალი.და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი საყვარელი ქალის ,ქვეყნის და ნაკრების გულში.????????????ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო...

მიხარია, რომ მოგეწონათ და მადლობა რომ წაიკითხეტ <333
სტუმარი თინი
აი ხო ძააან მაგარი იყო თავისი წარსულით და აწმყოთი ამბებით, მარა ყველაზე მეტად ის მიყვარს ყველა შენი ისტორია ერთმანეთზე ჯაჭვივით, რომ არის გადაბმული, დადას გამოჩენამ შოკში ჩამაგდო. ძალიან მაგარი ხარ და სულ ველი შენს ისტორიებს. დავიზეპირე უკვე ყველა შენი ისტორია წერტილ მძიმით.????♥️

დადა ნაკაშიძეს ვერ ველევით მოკლედ :დდდ მადლობა! <3
პენელოპე
მოვედი... <3
რაღაცნაირი ხალხია შეკრებილი ამ ისტორიაში, აი ნებისმიერი ადამიანი თავის თავს რომ აღმოაჩნეს. ეს სკოლის ამბები ძალიან მიყვარს ხოლმე და აქ კიდევ უფრო მეტად მივხვდი, რატომაც - რეალურია და იმიტომ. <3 თუნდაც ის პატარ-პტარა დიალოგები, მაიმუნობები, ეს სამეგობროა ზოგადად ყველასგან განსხვავებული, რაც დაგიწერია აქამდე. ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობიდან დღემდეა აღწერილი. როგორი პატარები იყვნენ თავიდან?! როგორ ეშლებოდათ რაღაც-რაღაცები, როგორ ეშინოდათ, როგორ ვერ ბედავდნენ... მერე როგორ გაიზარდნენ, ქალები და კაცები დადგნენ, ზბაკო დარჩა მგონი იგივე მხოლოდ ;დ <3 იქ ბოლოში როგორ წაუეჭვიანა, მიყვარს ;დ <3 დადას გამოჩენამ ხო საერთოდ წამლეკა, ისედაც მაგას ველოდებოდი მთელი ისტორია ;დ ფანჯარა რომ დაუკეტეს აქიშბაიას!!!!!! ირაკლი!!!!!! მარტო სახელის ხსენებაზეც კი აღმომხდა ;დ <3333333333 ძნ მიყვარს წრის ხალხი და რა გავაკეთო, ყველგან მინდა გამოჩნდნენ, ყველგან მინდა იყვნენ და წავიკითხო. <33333
მაინც რანაირია ეს. ცისფერთვალება ეშმაკი. ძალიან საყვარელი.... თავნება.. თავქარიანი <3 ის მაისური და ამბები <3333333333333 და ცუცა?!!!!! ძალიან რომ უხდება მაგათი დობა, საერთოდ სხვა სამყაროში რომ არსებობს, ეშმაკი და ვერაგია, მაგრამ როგორ უყვარს ყველას <3 რაც იმ მაგიდაზე ჩაატარა ;დდდდდდდდდ და ჩემი ცოტნე. ეს სახელი მიყვარს ზოგადად და უმცროს აქიშბააიას დააკვდა ლამის. დასტოინი, სერიოზული, თავისი მათემატიკური სიზუსტეებით და ამბებით, ვგიჟდუუუ <333 ( ცოტნეზეც გვინდა ხალხს ისტო ;დ )))) ( ან მინიმუმ სადმე გამოჩნდეს ;დდდ ) <3
ანო და რატი? <3 "– თაკო რატიანზე… რაღაცას. მიდი, რაო რატიმ, ანო მიყვარსო?

– ხო, რა იყო, არ იცოდით?

– კიდე რა გითხრა?

– ჩვენ ქალებივით არ ვჭორაობთ. მიყვარსო და ვსიო." ;დდდდდ <3333 ანუ ვგიჟდები!!
ზბაკოს როდის მოვუყვანოთ მარგო რობი?> :))))
და ის? თაზო. <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 ჩემი გული ეკუთვნის მთლიანად, მიყვარს გადაეცით ვინმემ და გული მწყდებოდა ყველა მის მონოლოგზე, გულიდან რომ ამოსდიოდა სიტყვები... <3 ყველაზე კარგია, უთხარით ვინმემ!!!!!! <3
"– რა ენერგიაზე ხარ დილიდან..

– ცეცხლოვანი ღამე მქონდა." ამის დეტალებს ვითხოვ პირადში ;დდ <33333

ამ ისტორიაში კარგი ადამიანები შეიკრიბნენ. ყველა. ყველას თავისი დანიშნულება ჰქონდა - სწორი მიმართულებით. მათი ბავშვობიდან დღემდე მანძილი ისეთი გააზრებული დაწერილია, როგორიც თავად შენ ხარ ამ საქმეში. იცი, რატომ წერ ყველაფერს, იცი, რისთვისაა თითოეული პერსონაჟი მოსული. თბილი, მოსიყვარულე, მყუდრო ამბავი, ჩემი ლუკა აქიშბაია. <3
მიყუ <3


მიყუ ნამეტნავად!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! <3
Natia
Udidesi siamovnebaa sheni yvela istoriis cakitxva❤️

ძალიან მიხარია, დიდი მადლობა <3
სტუმარი ხათუნა
სასიამოვნო და საინტერესო ისტორიაა. არ გეშლება ურთიერთობების აღწერა და შედარებები ხომ - საერთოდ. ბუნების აღწერის პაწაწუნა დეტალებიც კი სასიამოვნო წასაკითხია.
აქიშბაია და ბარნოვა - ახალი ლამაზი და საინტერესო წყვილი.
მადლობა ტასო.

მიხარია, რომ მოგეწონათ. <3 დიდი მადლობა!
სტუმარი მარიკა
ძალიან კარგია. როგორც ყოველთვის

მადლობა!! <3

 


№12 სტუმარი სტუმარი მარიკო

ვგიჟდები თქვენს ისტორიებზე????❤️თან ისეთი სინთეზური ბმაა ძველ ისტორიებთან❤️

 


№13  offline წევრი მე♥უცნაურე

რა სასიამოვნო იყო!
დიდი მადლობა!
როცა ორი ადამიანი ასეთ დონეზე გრძნობს ერთმანეთს, მათი ცალ-ცალკე ყოფნა შეუძლებელია, რა თქმა უნდა!
მართალი იყო ჩვენი ბიჭი, ბავშვები იყვნენ მაშინ და არ შეიძლება ბავშვურად ნაფიქრ "სწორ" ნაბიჯს ის გადააყოლო, რაც ცხოვრებაში ერთეულებს ერგოთ,რომ განიცადონ.

 


№14 სტუმარი ნი-კე

ისეთი თბილი,ტკბილ-მწარე,და ძალიან წრფელი გრძნობებით გაჯერებული ისტორია იყო,დასრულება არ მინდოდა♥️♥️ძმობის,მეგობრობის,შვილის და მშობლის,რძალ-დედამთილური ურთიერთობები,ყველაფერი იდეალურად იყო წარმოჩენილი❤️კარგია,რომ იმ წყენის მიუხედავად ბედნიერად დაასრულეს....(მე რენეს და მიას ამბავი მაინტერესებს,იმათ ჰქონდათ ძალიან მტკივნეული სიყარულის ისტორია,რომელიც არ დასრულებულა თითქოს,)აქეთ გულდამწვარი თაზო გვყავს კიდევ...პერსონაჟების გადაკვეთა ძალიან ლამაზად გაქვს გადმოცემული♥️უამრავი წარმატება....საუკეთესო იყო.❤️

 


№15  offline ახალბედა მწერალი nestandarejan

სტუმარი მარიკო
ვგიჟდები თქვენს ისტორიებზე????❤️თან ისეთი სინთეზური ბმაა ძველ ისტორიებთან❤️

დიდი მადლობა! ❤️❤️❤️
მე♥უცნაურე
რა სასიამოვნო იყო!
დიდი მადლობა!
როცა ორი ადამიანი ასეთ დონეზე გრძნობს ერთმანეთს, მათი ცალ-ცალკე ყოფნა შეუძლებელია, რა თქმა უნდა!
მართალი იყო ჩვენი ბიჭი, ბავშვები იყვნენ მაშინ და არ შეიძლება ბავშვურად ნაფიქრ "სწორ" ნაბიჯს ის გადააყოლო, რაც ცხოვრებაში ერთეულებს ერგოთ,რომ განიცადონ.

ზუსტად! დიდი მადლობა, რომ წაიკითხე❤️❤️❤️
ნი-კე
ისეთი თბილი,ტკბილ-მწარე,და ძალიან წრფელი გრძნობებით გაჯერებული ისტორია იყო,დასრულება არ მინდოდა♥️♥️ძმობის,მეგობრობის,შვილის და მშობლის,რძალ-დედამთილური ურთიერთობები,ყველაფერი იდეალურად იყო წარმოჩენილი❤️კარგია,რომ იმ წყენის მიუხედავად ბედნიერად დაასრულეს....(მე რენეს და მიას ამბავი მაინტერესებს,იმათ ჰქონდათ ძალიან მტკივნეული სიყარულის ისტორია,რომელიც არ დასრულებულა თითქოს,)აქეთ გულდამწვარი თაზო გვყავს კიდევ...პერსონაჟების გადაკვეთა ძალიან ლამაზად გაქვს გადმოცემული♥️უამრავი წარმატება....საუკეთესო იყო.❤️

უღრმესი მადლობა, თქვენ ზუსტად ისე განიცადეთ ეს ისტორია, როგორც მქონდა ჩაფიქრებული <3!

 


№16 სტუმარი სტუმარი მაკა

მადლობა ეხლა უყურებ ზუსტად საქართველო ალბანეთის მატჩს და თან დავასრულე ეს საყვარელი მოთხრობა ბევრი შეექმნას შენს კალამს ასეთი სასწაულები

 


№17 სტუმარი სტუმარი teatea

საოცარი ისტორია იყო ბრავო....დიდი ნიჭია ადამიანების გრძნობების და ურთიერთობების ასე ნათლად და სასიამოვნოდ აღწერა. პეიზაჟები სუპერ. თქვენი სიტყვების მარაგიც შეუფასებელია ისე ლამაზად ავლებთ ერთი შეხედვით უბრალო მაგრამ გასაოცარ პარალელებს. პერსონაჟებიც ძალიან ნაფიქრი და რეალური ადამიანები არიან, კარგად დანახული და ნაჩვენებ დიდი მადლობა ასეთი ნაშრომისთვის

 


№18 სტუმარი სტუმარი nina

არაჩვეულებრივი იყო. ძალიან მომეწონა და ვისიამოვნე. მადლობა.

 


№19  offline წევრი Lavanda^^

ვგიჟდები!!!

აი, ყველა მომენტი, ემოცია, ურთიერთდამოკიდებულება და სიტყვა მიყვარს.

საკმაოდ ტოქსიკურია ჩვენი აქიშბა, მაგრამ ტუსასაც ვერ ვამართლებ გარკვეულ საკითხებში.
და მაინც, ბავშვები იყვნენ, რომლებსაც ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, შეცდომებიც დაუშვეს, მაგრამ ბოლოს მაინც ერთად გადალახეს :)))

ანო და რატის რომ საშველი დაადგა ძალიან მიხარია :))

აი, თაზო დამეჩაგრა, რა ვქნა, არ მეყო ამ ბიჭის გაშლა ამ ისტორიაში და მესმის რომ არ გქონდა დაგეგმილი... მისი ტუსასთან დამოკიდებულება ძალიან წრფელი იყო და ეს ხაზიც ძალიან მომეწონა.

აი სოფოსთან კიი, უჰჰ წარმოდგენაც არ მინდა რას და ატრიალებდნენ...

მიყვარხარ!
გულს დაღად ადევს სოფოსა და თაზოს დეიფციტი. ძალიაან ძალიაან ვთხოვ შენს მუზას, რომ თაზოს და სოფოს წყვილი მაჩუქოოოო.
აი, გავგიჟდებიიიიიიილი მაგათზე ცალკე, საერთოდ სხვა განზომილებაში გადამიყვანს ეგ წყვილი, აქედანვე მეტირება სიხარულისგან :))))
ვნახოთ, აბაა....
სულ უნდა წერო, რა...

 


№20 სტუმარი ნინეე

სოფოს და რეზის წყვილზე გვინდაა ცალკე ისტორიააა ????????

ტასო შენი ისტორიებით ყოველთვისს ნასიამოვნები ვრჩებიიი .. მინიმუმ ერთი კვირა ამ პერსონაჟების ცხოვრებით ვცხოვრობ და ღრუბლებში დავფრინავ. ესეც ზუსტად ისეთი ისტორია იყო რომწლმაც თავი შემაყვარაა . კომენატარებს გადავხედე და იმედიაა სოფოს და თაზოს ისტორიას გვაჩუქებ <3

 


№21 სტუმარი ლილი

უსაყვარლესია, სტუდენტურ ცხოვრებას რამე თუ მიმსუბუქებს თან უცხო ქვეყანაშიი თქვენიი ნაწარმოებებია❤️❤️❤️მალე დაგვიბრუნდი რა, დავიზეპირე უკვე ყველა თქვენი ნაწარმოებიი და განსაკუთრებით წრე❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent