შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რუხი და ვარდისფერი


18-10-2024, 22:53
ავტორი Experiment99
ნანახია 380

ალბათ

ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ნაცრისფერი და არაფრით განსაკუთრებული დღეა. წლების განმავლობაში ბავშვური სიწრფელით ნატარები იმედები ახლა სანაგვეზე გადაგდებულ ერთ დროს სანატრელ სათამაშოს ჰგავს, - პატრონისგან მივიწყებული, ალაგ-ალაგ დახეული და სანაგვისთვის განწირულია. ყველაფერი, რასაც აქამდე ისე ველოდი, როგორც ბავშვობაში ახალი წლის დილას ნაძვის ხის ქვეშ დადებულ სათამაშოს, დავიწყებას მიეცა. უიმედობით და ბრაზით სავსემ გადავრაზე ყველა კარი და აპათიის ზღვაში გადავეშვი. არაფერს და არავის ველი. ზამთრის ამ ცივ და უფერულ დღეს, ალბათ მალე სხვა ცივი და უფერული დღეების ჯაჭვს რომ შეუერთდება და აღარასდროს გამახსენდება, მე შენ გაგიცანი.

•ვარდისფერი•
ჩვენი პირველი შეხვედრა. ემოცია, რომელიც ამ სიმძაფრით არასოდეს არსად მიგრძვნია. ყურებში გაგონილი საკუთარი სისხლის შხუილი და გულისცემა.საათების განმავლობაში განცდილი სიგიჟემდე მისული მღელვარების წამიერი მიყუჩება შენი დანახვისას, და სიმშვიდე, რომელიც არაფერს ჰგავდა რაც მანამდე განმიცდია. შენი ღიმილი როცა კოცნის დროს გითხარი: ‘ მგონია, რომ საკუთარ თავს ვკოცნი’. შენი პერანგის და ჩემი კაბის ვარდისფერი ფერები იმ რუხი და ბინძური ჩიხის ფონზე ჩვენი გაცნობის ღამის სიმბოლოდ იქცა,-გამთენიისას ტირილისგან დაღლილი და ნაცემი ერთადერთ კითხვას ვუსვამდი საკუთარ თავს : ‘ ღირდა შენი ნახვა ამ ყველაფრად?’ და პასუხი ყოველ ჯერზე იყო ‘კი’.
იმ დღესაც ვარდისფერი მეცვა, როცა გაცნობის დღეს დაგეგმილი ყავა ორი წლის შემდეგ დავლიეთ. მახსოვს როგორ გიყურებდი და ვიმახსოვრებდი ყველა დეტალს, რაც გქმნიდა. მიღიმოდი და მთხოვდი რამე მეთქვა, მაგრამ ორივემ ვიცოდით, რომ იმ მომენტში თვალებით ვლაპარაკობდით და ჩემი სიჩუმე შენი ‘ რაო?’ -ს ფონზე ორივეს ღიმილს გვგვრიდა. მერე შემეხე და ლაპარაკი სხეულებითაც გავაგრძელეთ. ჩემი ვარდისფერი, უზურგო ზედის უკან, სალტეებს შორის ამისრიალე თითები და ჩემგანაც მიიღე პასუხი,- ჟრუანტელმა დამიარა, მთელ კანზე დამაყარა პატარა წერტილებმა და ქვემოდან ამოგხედე. მიღიმოდი. ხელი ჩაგკიდე და თვალებით გთხოვდი არასდროს არსად წასულიყავი. მერე სახლში წამიყვანე და შენი აივნის კარზე აირეკლა ჩემი ვარდისფერი ზედა. უკნიდან მეხვეოდი ყელში ჩადებული თავით და ჩემთან ერთად ეწეოდი, როგორც ზამთრის იმ ნაცრისფერ დღეს, შენ რომ გაგიცანი. ოღონდ ახლა ყველაფერი ფერადი იყო და ვფიქრობდი, რომ არასდროს დავივიწყებდი კადრს , რომელშიც ჩვენს გამოსახულებას ვუყურებდით მინაზე. ზუსტად ამ დროს მითხარი: ‘ ფილმის კადრია, არა? ‘. გაგიღიმე და ვიფიქრე, რომ ერთმანეთს ძალიან ვუხდებოდით. ‘’ვუხდებით არა ერთმანეთს’’? - მითხარი და სიგარეტი ჩააქვრე. მე ისევ გაგიღიმე,- უკვე აღარ მეშინოდა იმის, რომ ჩემი ფიქრების გესმოდა.


•უპასუხო კითხვა•

უკვე ბნელოდა ჩემს ბანკეტზე რომ მივაღწიეთ. არ ვიცოდი რა უნდა მეგრძნო როცა ბიჭი, რომელსაც საკუთარი თავი ყველაზე მეტად უყვარდა, მთელი საღამო ცარიელ მაგიდაზე იჯდა და მე მელოდა. იმდენად ბედნიერი ვიყავი, ყოველი წამის გასვლა ტკივილს მაყენებდა- ვიცოდი, გამიჭირდებოდა ამ დღის დათმობა.
‘ იცი, რომ ყველაზე ლამაზი ხარ ’? - მითხრა და მთვრალი მზერით ავხედე, გავუღიმე. იმ წამს ყველა მილიმეტრი მაღიზიანებდა, რომელიც ერთმანეთს გვაშორებდა და ვგრძნობდი, რომ დარბაზში ვერავის ვამჩნევდით ერთმანეთის გარდა. ღვინის ჭიქით ხელში დავლიე ჩვენი სიყვარულის სადღეგრძელო მისი ამაყი ღიმილის და ანთებული თვალების ფონზე, იმის მიუხედავად, რომ იმდენად მთვრალი ვიყავი, ჩემს სიტყვებს შორის კავშირის დანახვა შეუძლებელი იყო. ამას მაშინაც ვხვდებოდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩვენ სიტყვებით არასოდეს ვილაპარაკებდით. მისკენ გადავიხარე და ვაკოცე. ზუსტად ამ დროს დარბაზში შუქი ჩაქვრა და მითხრა, რომ ეს ინტიმი ჩვენ გვეძღვნებოდა. ისევ გამეღიმა, - მივხვდი, რომ ღვინოზე მეტად გრძნობების სიმძაფრე მათრობდა. კადრებად მახსენდება ქაოსის განცდა და გაღვიძებული ბავშვური ეგოიზმი - მინდოდა ირგვლივ ყველა გამქრალიყო ჩვენგარდა. ის, ვიღაცის მანქანაზე მიყრდნობილი, სიგარეტით ხელში, შიშველ ზურგზე მეფერებოდა და მკოცნიდა, ჩემს თეძოებს ხელს აყოლებდა და მთვრალი ღიმილით უყურებდა როგორ ვცეკვავდი საყვარელი სიმღერის ფონზე.
‘ წამიყვანე, რა ‘ - ქვემოდან ამოვხედე და ბავშვურად წავეწუწუნე . იმ წამს მინდოდა, რომ ყველგან წამომყოლოდა სადაც წავიდოდი და ყველასგან და ყველაფრისგან დავეცავი. ცოტა ხანში, ტაქსის უკანა სავარძელზე მის გულზე მიხუტებულს , საოცრად სევდიანს და ბედნიერს მკითხა : ‘ აბა? როგორი იყო?’. უამრავი სიტყვა, რომლის თქმაც მისთვის მინდოდა ყელში ბურთად გამეჩხირა და ცრემლებად იქცა. ათას სიტყვასა და ემოციას შორის, მისთვის გაზიარება რომ მინდოდა, ვერცერთი ვუთხარი. უცებ, დაბნეული და თვალზე ცრემლმომდგარი მივუტრიალდი ტაქსისტს: - ‘ შეგიძლიათ ეს სიმღერა გადართოთ?’. გიორგის ჩაეღიმა. მე მხოლოდ თვეების მერე მივხვდი, რომ თურმე იმ საღამოს თავიდან შემიყვარდა.


•სახლი•

თავიდან შენი ახალი სახლი ჩემთვის იმ ექოსთან ასოცირდებოდა, ტელეფონით ლაპარაკის დროს ფონად რომ გასდევდა ჩვენს დიალოგს. თუმცა მანამდეც და მერეც, როცა შენთან პირველად მოვედი უცნაური სიახლოვის განცდა მქონდა ყველაფერთან, რასაც ვხედავდი და ვეხებოდი. ერთად ვიცინოდით იმ ფაქტზე, რომ ჩემი ბრჭყვიალა ზედის და კანის კვალი პირველივე დღეს დავტოვე შენს ოთახებში, სადაც კალთაში მჯდომს მკლავებს, ლავიწებს, თეძოებს, ყელს და ტუჩებს გაუმაძღრად მიკოცნიდი და ყველა შეხებით სიყვარულს ვუხსნიდით ერთმანეთს. მერე შენი სახლის პატარა აივნის იატაკზე ვჯდებოდით. მე შენი ცისფერი პერანგი მეცვა და შენი მოდუღებული ყავა მეჭირა ხელში. შენ შეყვარებული თვალებით მიყურებდი და დაშორებაზე მელაპარაკებოდი. მერე ისევ საწოლში ვბრუნდებოდით, შენს წინდებს მაცმევდი რომ არ შემცივებოდა და თვალდახუჭული მიკოცნიდი მთელს სხეულს. ოთახში უკვე ბნელოდა. მე შენს ზემოთ ვიყავი და თვალებში გიყურებდი. ჩემი ზურგიდან ხელი ზემოთ ამოიტანე და ჩემი შავი და ხვეული თმა სახეზე დაიყარე. უცებ ჩემი სახელი წარმოთქვი და ყველაფერს მივხვდი, რასაც ვერ მეუბნებოდი. ‘ მიყვარხარ’ - მეთქი, გიპასუხე. ‘ მე მელოდები? ‘ - მკითხე. თავი დაგიქნიე და მითხარი, რომ შენც გიყვარდი. მაკოცე და ხელები მჭიდროდ მომხვიე. ვიცოდი, არ გინდოდა გაგეშვი. ‘ ჯერ არ წახვიდე რა’ მითხარი და ხელებით დამიჭირე. გაბრაზებული გიყურებდი ზემოდან. მკერდზე ხელები დაგადე და გითხარი : ‘ აქ ჩემი ფეხები უნდა ყოფილიყო’ . ახლაც მახსოვს როგორ გაგეცინა, ხელები მომხვიე და მიმიხუტე. მეფერებოდი და მისმენდი როგორ გეწუწუნებოდი. იმ წამს ყველაზე მეტად მიყვარდი და მეზიზღებოდი. ათასი კითხვის ნიშნით და ემოციით გაბრუებული ავდექი და უკან - კარადის სარკისკენ გავიხედე, სადაც ჩვენი გამოსახულება ჩანდა. შენც წამოდექი და უკნიდან მომეხვიე. ‘ ჩემი შეყვარებული ხარ’ - ამაყად მითხარი და მაკოცე. საშინლად მინდოდა გეთქვა, რომ არ გინდოდა წავსულიყავი, რომ არ გამიშვებდი და სულ სულ ჩემთან იქნებოდი. ‘სულ სულ’ - როგორც აქამდე ვპირდებოდით ერთმანეთს. ფეხს ვითრევდი. არ მინდოდა შენი წახლიდან წამოსვლა. თითქოს შანსს გაძლევდი ყველაფერი გამოგესწორებინა. არც შენ გინდოდა გაგეშვი. კართან მისული მომატრიალე, კედელზე მიმაყრდენი და მაკოცე. თეძოებზე ამომისრიალე ხელები და მთელი სხეულით მომეკარი. ‘ ხო სულ გიყვარდი?’ - კოცნებს შორის გკითხე და პასუხს არც დაველოდე. თავი დამიქნიე და ცერა თითით ყელიდან ტუჩებამდე შემეხე. იმ წამს მეზიზღებოდა და ჰაერივით მჭირდებოდა შენთან სიახლოვე. ემოციების სიმძაფრეს ვეღარ გავუძელი და ხელებით მოგიშორე. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი სამზარეულოსკენ და გაბრაზებულმა გადავასხი შენი გაკეთებული ყავა ნიჟარაში. ‘ ხედავ? ხანდახან ყველაფერი კარგი ასე მარტივად ნადგურდება’- ღიმილით გითხარი. საპასუხოდ შენც გამიღიმე. წამით გავჩერდი და მივხვდი, რომ აზრი აღარ ჰქონდა ლოდინს. ჩემს შავ ტყავის ქურთუკს დავწვდი. მაქსიმალურად თავდაჯერებული და თავაწეული მივედი კართან,- არ მინდოდა გენახა ჩემი ცრემლები. ვიცოდი, ყველაფერს ხვდებოდი, მაგრამ მერჩივნა მეთამაშა. ‘ არ მინდა გაცილება’ - მკაცრად გითხარი, მაგრამ შეწინააღმდეგება ვეღარ გავბედე. საშინლად შეყვარებული იღიმოდი ჩემს მიმიკებზე, როცა გასაცილებლად ფეხსაცმელს იცვლიდი და ამაყი მზერით ვუყურებდი ამ პროცესს. წამოდექი, კარი დაკეტე და შემომხედე. გამიღიმე, მითხარი, რომ ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც უნდა იყოს შენი შეყვარებული. მე თამაში გავაგრძელე და არაფერი გითხარი. კიბეზე ჩამოვედი. მანქანამდე ისე მიმაცილე სახიდან ღიმილი არ მოგშორებია. ზედაც არ გიყურებდი და თავაწეული მივდიოდი. ძლივს ვიკავებდი ცრემლებს. ისეთი განცდა მქონდა, რომ საკუთარ სახლს ვტოვებდი. არ ვიცოდი სად წავსულიყავი იმ ადამიანისგან , რომელთანაც ყველაფერია რაც მჭირდება იმისთვის, რომ ის ვიყო, ვინც ვარ. ასეთი დაბნეული არასდროს ვყოფილვარ. ვხვდებოდი, რომ ცხოვრების გაგრძელება უშენოდ მომიწევდა, მაგრამ არ ვიცოდი ეს როგორ გამეკეთებინა.
-‘ არ მაკოცებ?’ - მკითხე და ფიქრებიდან გამომარკვიე.
- არა’ - ცივად გიპასუხე.
უკანასკნელი იმედი. უკანასკნელი შანსი მოგეცი, რომ უკან დაგეხია. მაგრამ შენ უბრალოდ ლოყაზე მაკოცე და მეც სწრაფი ნაბიჯით წავედი მანქანის მიმართულებით. როგორც კი ჩავჯექი, აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი იმდენად სწრაფად დამირეკე. ‘ ჩაჯექი? ‘ - შენს ხმაში დაბნეულობა იგრძნობოდა. მაშინაც კი არ მოვრჩი თამაშს და უაზრო ხუმრობების ორი წუთის შემდეგ ტელეფონი გავთიშე. მანქანა დაიძრა. მე შენი და ჩემი სახლიდან წამოვედი და ზუსტად ვიცოდი, რომ აღარაფერი იქნებოდა ისე, როგორც აქამდე.

•საჩუქარი•

სასტუმროს ბინძური დერეფანი. მე და შენ. ჩემი სახე ხელებში გაქვს მოქცეული, შავი საღებავით შეფერილი ცხელი და მარილიანი სითხე ჩემი თვალებიდან იღვრება და შენს თითებს ასველებს. ვგრძნობ, რომ ყველაფერი მთავრდება.ზუსტად მაშინ, როცა მზად ვარ შენ გამო ყველა და ყველაფერი გავწირო, ჩემგან მიდიხარ. მახსენდება წვიმიანი დღე და სხვა ქალაქიდან გამოგზავნილი სუში ,- გახსოვდა, რომ გასინჯვა მინდოდა. ვარდები, რომლებიც ჩემთვის იმას უნდა მოეტანა , ვისზეც ეჭვიანობდი. ჩვენი პატარა სამყარო და შენთან დაკავშირებული დეტალები, რომლებიც ყოველ წამს მიტივტივდება გონებაში და ღიმილს მგვრის. შეგეძლო ჩემი ყველაზე უმნიშვნელო მიღწევაც დღესასწაულად გექცია და ყველაფერი განსაკუთრებულად დაგენახა, რაც მე მიკავშირდებოდა. ჩემთვის შენ იყავი ყველაფერი, რითიც მინდოდა მეცხოვრა.
ყველაფრის მიუხედავად, დღეს შენი ზუსტად ისე მჯერა, როგორც მაშინ, სააბაზანოში ჩაკეცილი და ტირილისგან დაღლილი რომ გთხოვდი სულ ჩემთან ყოფილიყავი. ჩემგან კილომეტრების იქეთ იყავი, მაგრამ მაინც ყველაზე ახლოს გგრძნობდი. თუ ამ ყველაფერს ოდესმე წაიკითხავ, მინდა იცოდე , რომ მე შენ ასე გხედავ და ასე მიყვარხარ. სხვანაირად არ შემიძლია. შენთან ერთად საკუთარი თავიც დავკარგე, მაგრამ ახლა აქ ვარ და ვიცი, რომ რაც არ უნდა იყოს ყველაფერს გავუმკლავდები. ცხოვრებაში ყველაზე მთავარი მომენტის დაჭერაა, მომენტის, - რომელსაც უკვდავი და მუდმივად ცოცხალი ემოცია მოაქვს. დანარჩენი ყველაფერი ტყუილია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent