კიტის (თავი XIII)
"მას შემდეგ" მას შემდეგ, რაც კიტის ღამის კოშმარები წეს-ჩვეულებად გვექცა, სახლში ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა. ელვის სისწრაფით იგეგმებოდა გიორგი იაშვილისა და ელენეს ქორწილი. გიორგის მშობლები ყოველ დღეს ჩვენთან ატარებდნენ. ელენე კი, მაინც და მაინც არ იყო დაინტერესებული მთელი ამ არეულობით. მას მხოლოდ სილამაზე და საკურთხეველთან მიბრძანება ევალებოდა, რაც, უნდა ითქვას, რომ არც აწუხებდა. პირიქით, კმაყოფილი იყო. ნინოს იმედი ჰქონდა, რომ ეს დიდებული სიახლე ყველაფერს ძველებურ რიტმს დაუბრუნებდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგან საკუთარ თავს აღარავინ ჰგავდა. მართაც კი მოღუშულიყო. აღარ იცინოდა და აღარც ცხოვრება ესახებოდა ძველებურად მშვენივრად. მოძღვრები სახლში რიგრიგობით გვაკითხავდნენ. ნინო არ ნებდებოდა. თითქოს ამ ამბავს რაღაც ლოგიკური დასასრული უნდა ჰქონოდა, უნდა დამდგარიყო ის ღამე, როცა კიტი კივილს შეწყვეტდა. საშველი კი არსაით ოყო. საუბარი, რომელიც ტეოსა და მამაოს შორის შედგა, მე კი აივნიდან, საკუთარ მხრებში სახეჩამალულმა ჩუმად მოვისმინე, ჩემი გონების ყველაზე ღრმა კუნჭულში გადავმალე და თითქოს მივივიწყე. ცხადია, რაც კიტის დაემართა კატასტროფა იყო, თუმცაღა ის აზრი არ მასვენებდა, რომ მისი კოშმარების მიზეზი ეს არ უნდა ყოფილიყო. კიტიმ მომცა უფლება მისთვის მომესმინა, დამენახა, გამეგო ... მე კი, ვიცოდი და საკუთარი თავის მჯეროდა, რომ სიმართლე სადღაც სხვაგან იმალებოდა. ეს აზრი მტანჯავდა, თუმცა ვერაფერს ვახერხებდი. თეოდორი კიტის თავდაცვას ასწავლიდა. ბევრჯერ დამინახავს, როგორ მიუახლოვდებოდა ხოლმე უკნიდან, საქმეში გართულს, როცა უმცროსი ამას არ ელოდა. კისერზე ხელებს მჭიდროდ შემოხვევდა და აიძულებდა, თავი დაეხსნა. რამდენჯერმე ტირილამდეც კი მიიყვანა. -თეოდორ! - დაიღრიალა იესემ. კიტის გამჭვირვალე ლურჯი ირისები უჰაერობისგან ჩასისხლიანებოდა, მაგრამ არ აპროტესტებდა. პირიქით, მეჩვენებოდა, რომ ეს ერთადერთი რამ იყო, რაც რამდენიმე წამით მაინც უბრუნებდა მის სახეს ძველებურ სხივს, რომელიც დიდი ხანი იყო, აღარავის გვენახა. -იარაღი ყოველთვის არ გექნება, ბავშვო, - თქვა ტეომ და ხელი შეუშვა. კიტის ხველა აუტყდა და ხელისგულებით საკუთარ მუხლებს დაეყრდნო. -მოკვლას უპირებ? - კიტის მიუახლოვდა იესე და შუბლზე ჩამოყრილი თმა უკან გადაუწია, - კიტი, კინაღამ გაიგუდე, ხმას რატომ არ იღებ? - არ ცხრებოდა ის, - თქვენ ორნი სულ გაგიჟდით? ტეოს არაფერი უთქვამს, კიტის შეხედა და სახლისკენ წავიდა. არც კიტის ამოუღია ხმა, ისე შეისწორა კაბა და იქვე მინდორში ჩამოჯდა. -სახლი კი არა, საგიჟეთია მეთქი, - თავი გააქნია ლუკამ, - ვამბობდი მე. იესემ გაოცებულმა გაშალა ხელები. არაფერი ესმოდა. არც მათ და არც სხვებს. მხოლოდ მე ვიცოდი იმ პირობის შესახებ, რომლის თანახმადაც ტეოს კიტისთვის ყველაფერი უნდა ესწავლებინა, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ეს “საქმე ქალისა”. იმ ამბიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, როცა ძილი არ მეკარებოდა და თავს არც ბნელი აზრები მანებებდნენ, ოთახიდან ფეხაკრეფით გავიპარე, ქვემოთ ჩავლასლასდი, რძე დავისხი და ჩემს საყვარელ სავარძელში მოვკალათდი. ნახატს მივაცქერდი, რომლიდანაც გოგონა მომჩერებოდა. ვიღაც, გრძელი, შავი კაბით. მე მგავდა. იმ დღეზე ვფიქრობდი, როცა კიტიმ ჩემს წარმოსახვას გზა გაუხსნა. მაშინ, იმ წამს, საკუთარ თავს სწორედ ასეთად წარმოვიდგენდი. სახლში ჩამიჩუმი არ ისმოდა, ჩემი აზრები კი ისეთი ხმამაღალი იყო, ისეთი მომაბეზრებელი. თავი გავაქნიე და ის იყო წამოდგომას ვაპირებდი, რომ ეზოდან შემოსასვლელმა ხის კარმა გაიჭრაჭუნა. ფეხზე წამოვფრინდი და კივილისთვის მოვემზადე, როცა შიგნით ტეო და კიტი შემოლაგდნენ. რაღაცას ჩურჩულებდნენ, ღამის პერანგში გამოხვეული, რძის ჭიქით ხელში, მათ წინ რომ ავისვეტე. წამით მომეჩვენა, რომ ისინი მეტად დაფრთხნენ, ვიდრე მე. ინსტიქტურად, საათას ავხედე, რომელიც შუაღამის ოთხს უჩვენებდა. -ლილია, - ძველებურად მკაცრი იყო ტეოს ხმა, - არ გძინავს? -ვერაფრით დავიძინე. - ვუპასუხე მე და მივხვდი, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ჩემსა და ტეოს შორის საუბარი შედგა. კითხვისნიშნის თვალებით მივჩერებოდი ხან ერთს, ხანაც მეორეს, ხმის ამოღება კი კვლავ ვერ გამებედა. -ჩუმად, სანამ ვინმე გავაღვიძეთ. - თქვა კიტიმ და კიბეებს მშვიდი ნაბიჯებით აუყვა. მხიარული მეჩვენა. გამეღიმა. ტეო იმ სავარძელზე ჩამოჯდა, სადაც ცოტა ხნის წინ მე ვიჯექი. ღრმად ამოისუნთქა. გრძელი თმა მხრებზე უწესრიგოდ ჩამოჰყროდა და ახლა იმაზე ლამაზი იყო, ვიდრე ოდესმე. თავი უკან გადაეწია და სავარძლის კიდისთვის მიეყრდნო. დაღლილი ჩანდა. ჭერს უყურებდა, თქმით კი არაფერს ამბობდა. “ნეტავ რა ტრიალებს ახლა მის თავში” ვფიქრობდი ჩემთვის და მორიდებით ვათვალიერებდი. “ალბათ, ჩემს მზერას გრძნობს.” გავიფიქრე და თავი ჩავხარე. მის წინ არსებობისაც კი მრცხვენოდა, რადგან სახე ყოველთვის ასეთი ქედმაღლური და ქანდაკებასავით ლამაზი ჰქონდა. მინდოდა მეკითხა, როგორ იყო. მაგრამ მან არ იცოდა, რომ მე ყველაფერი ვიცოდი. ამას კი, ცხადია, ვერაფრით გავამხელდი. საკუთარი ოთახისთვის თავის შეფარებას ვაპირებდი, როცა საძინებლის კარი გაჭრიალდა და ფეხის ხმა გაისმა. -ვიღაც მოდის! - ჩურჩულით წამოვიყვირე მე. სახეზე წამოვწითლდი, არ მინდოდა ვინმეს ვენახე, რადგან ქალს არ შეშვენოდა მამაკაცის წინაშე პერანგით დგომა, მითუმეტეს, ასეთ დროს. ტეო ელვის სისწრაფით წამოფრინდა და სასწრაფოდ ფიცრულს ამოეფარა. საჯირითო ტანსაცმელი ემოსა და ეტყობოდა, რომ სახლში ახლახანს დაბრუნებულიყო. თანაც, დაღლილი გახლდათ და კამათი ალბათ, მასაც ეზარებოდა. ამ სახლს კიდევ, პრობლემები ჩვენს გარეშეც ჰყოფნიდა. კიბეზე ნინო ეშვებოდა. -ლილია, შენ ხარ? - გამიღიმა მან დამინახა თუ არა და მომეჩვენა, რომ შვებით ამოისუნთქა, - ხმა გავიგონე, ხომ კარგად ხარ? -დიახ, უბრალოდ ვერ დავიძინე და რძის დასალევად ჩამოვედი. - უტიფრად ვიცრუე მე და ვიგრძენი, როგორ შემიწითლდა ღაწვები. ამ სახლში ახალ უნარ-ჩვევებს ვიძენდი. მაგალითად ტყუილებს, რაც აქამდე არასდროს გამომდიოდა. -საკუთარ თავს ესაუბრებოდი? -სიჩუმე არ მიყვარს, - ვთქვი მე და კიდევ მეტად დავიბენი. ნინოს გაუკვირდა, ერთხელ ყურადღებით ამათვალიერ-ჩამათვალიერა, მაგრამ არაფერი შეუმჩნევია. -ვერც მე ვიძინებ. - თქვა მაშინ, როცა დარწმუნდა, რომ ჩვენს გარდა იქ არავინ იყო, - კიტის კივილს ველოდი, მაგრამ ჯერ-ჯერობით სიმშვიდეა. - კიბისკენ აიხედა მან და თავი დანანებით გააქნია. -იქნებ, ამაღამ არ გაიღვიძოს. -იქნებ. აღარ მჯერა, რომ ასეთი ღამე ოდესმე დაგვიდგება. - მითხრა მან და პერანგი შეისწორა. ძალიან გამხდარი მეჩვენა. -ყველაფერი კარგად იქნება. - მინდოდა რამე მაინც მეთქვა დამაიმედებელი, რადგან მისი ჩაცვენილი თვალები სწორედ ასე მომჩერებოდნენ, - კიტი ძლიერია. ყველაფერს გაუძლებს, თუ... -თუ? - მკითხა მან, როცა მიხვდა, რომ საკუთარმა ფიქრებმა სამყაროს რამდენიმე წამით მომწყვიტეს. -თუ ეს თვითონ ენდომება. მე მეჩვენებოდა, რომ კიტი რაღაცას დანებდა. აღარ ცდილობდა, აღარ იბრძოდა. თითქოს, მოეშვა, მოდუნდა და ცხოვრებას მიჰყვა. ეს მაშინებდა. -წარმოდგენაც მიჭირს, მაინც როგორ ათრია თეოდორის სხეული გზამდე. - ნინოს თბილად გაეღიმა,- ეს ორი კატა და თაგვი არიან, მაგრამ არავინ იცის, და-ძმა რას არ გააკეთებს ერთმანეთისთვის. -მე და-ძმა არ მყავს, ვერც წარმომიდგენია, რა გრძნობაა. - ვთქვი და ჩავფიქრდი. მართლაც, ისინი სულ ჩხუბობდნენ, ერთი შეხედვით ერთმანეთი სძულდათ, დასანახად ვერ იტანდნენ.ეს ჩემთვის გაუგებარი იყო. -დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილები მალე გახდებიან შენთვის და-ძმანი, ლილია.. -ასე გგონიათ? -ვიცი, რომ ასეა. - თბილად მიღიმოდა ის, - თუ ეს შენც გინდა, რასაკვირველია. -მე ... მე ძალიან მინდა. - ვთქვი მე და ენას კბილი დავაჭირე როცა გავიაზრე, რომ ტეოს ყველაფერი ესმოდა. -კარგი, - თმა შეისწორა ნინომ, - დასაძინებლად დავწვები, თორემ მალე გათენდება. მშვიდი ღამე, საყვარელო, - შუბლზე მაკოცა მან და კიბეებს აუყვა. როცა ფეხის ხმა შეწყდა და ნინომ კარი ზურგს უკან მიიკეტა, ტეო ფიცრულს ფრთხილად მოშორდა და სახეზე მომაშტერდა. დავიბენი. სახე ამიხურდა და ვიგრძენი, წამოვწითლდი. ვცდილობდი წარმომედგინა, როგორი ვიყავი იმ წამს. როგორს მხედავდა თეოდორი. -ღამე მშვიდობის, ლილია. - გამიღიმა ტეომ და ზურგი მაქცია. იმ ღამით, მან პირველად გამიღიმა. თითქოს, ჩვენს შორის რაღაც გალღვა. რაღაც უხილავი ზღუდე, რაც ასე მაშინებდა. -ტეო, - კიბის კიჩოსთან იდგა, მისი სახელი რომ წამომცდა და ჩემდაუნებურად შევაჩერე. ჩემკენ შემობრუნდა. - გგონია, უკეთ არის? -კარგად იქნება. - კიბეს ახედა მან. -ასე გგონია? -ამის იმედი მაქვს. - ჩემს შეშინებულ სახეს დააცქერდა ის, - შენ, არა? -მგონია, რომ დანებდა. - სახეზე ხელები ჩამოვისვი, მოუსვენრობა შემეტყო, - ასე მეჩვენება. -ლილია, კიტიმ მაგ სიტყვის მნიშვნელობაც არ იცის. დანებება არ შეუძლია. ტეოს უზარმაზარი, მოხდენილი სხეული თვალს მიეფარა და დავრჩი ცარიელ ოთახთან, სიბნელესთან, სავსე რძის ჭიქასთან და ნახატთან ერთად, საიდანაც საკუთარი თავი შემომცქეროდა. ”სინამდვილეში, ჩვენ არ ვიცით რაღაც.” ჩავილაპარაკე ჩემთვის და ვიგრძენი, ქუთუთოები დამიმძიმდა. კიტის იმ ღამით არ უყვირია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.