შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,ნუ მეტყვი,, სრულად


28-10-2024, 15:39
ავტორი Tuta Moon
ნანახია 2 526

კარი იხსნება და ხმაზე ყველა ერთი მიმართულებით ვიხედებით, როგორც კატები ლაზერის შუქის დანახვისას.

- აბა როგორ ხართ? - გვეკითხება კარში ზედამხედველივით შემოსული ექიმი.

ყველა ნატანჯ-ღიმილიან სახეს იღებს. ამ დროს ძნელია უბრალოდ ზრდილობიანი იყო და (კარგადო) თქვა ისე, თითქოს არაფერი არ ხდება და ისევ ლაღად ხარ, მაგრამ თუ გადასხმის ტომარაზე მიერთებული, მაინც ამბობ, რომ კარგად ხარ, ესეიგი ძალიან გტკივა, ან უბრალოდ დანებდი შენს ასეთ ყოფას.

თავისუფალ ხელს ზევით ვწევ და ჩემი ნათქვამი განცხადებასავით ჟღერს:

- მე როგორც სტაჟიანი ქიმიკოსი, კარგად ვარ, იმედით ბოლო გამოცდაზე. - ისე გულიანად ვიკრიჭები, თითქოს მეორე ხელში მიერთებული გადასხმის მილი კი არა კალამი მეჭიროს. ექიმიც და იქ მყოფებიც იცინიან. ტკივილნარები, თვალზე ცრემლით, მაგრამ მაინც ყველა იცინის წამიერი ხალისით.

ნე მეტყვით, რომ კიბო განაჩენი არ არის, ნურც დედებს ნუ ეტყვით ამას, რომლებიც შვილებს პალატებში ამხნევებენ, მაშინ როცა ეს თავად სჭირდებათ, ნურც შვილებს ნუ ეტყვით, რომლებიც მშობლების მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდებიან. განაჩენი კი არა სასჯელია. არ იცი რატომ ან რისთვის, მაგრამ მაინც სასჯელია. ბავშვები რომლებიც ატრაქციონებზე უნდა დახტოდნენ, ათასი გამოკვლევით დატანჯულები საწოლში ფუმფულა დათუნიებს ეხუტებიან და დაბნეული თვალებით იყურებიან. ზრდასრულები, მაშინ როცა ცხოვრებას უნდა იწყობდნენ, საკუთარი წამლების მომარაგებით არიან დაკავებულნი. აი მეც და სამწუხაროდ მრავალი ჩემს მდგომარეობაში მყოფი, სასწავლებელში გამოცდების დაწყებას უნდა ელოდებოდეს, ქიოთერაპიის დასრულებას კი არა. ზუსტად ვიცი მათი რაოდენობის სიმრავლეზეც.

როცა პირველად განაჩენი დაიბეჭდა ჩემს სამედიცინო ცნობაში, ვუარყოფდი ყველას და ყველაფერს იმედის გარდა. მერე შეჩვევის მეორე სტადიაში გადავედი, მესამეს მოლოდინით.

ნუ მეტყვით, რომ სწრაფად დავნებდი ჩემი გამჭირვებია. მაგრამ ასეა, თავიდან ყველა შენი დიაგნოზის მატარებელს ზერელედ უყურებ. ფიქრობ, რომ მათზე ძლიერი ხარ და იღბალი გადაგარჩენს. მერე უკვე შენი მეგობრები ხდებიან ისინი. ისინიც და შინაგანი მახინჯი ტყუპისცალიც. სულ შენთან რომ იყო და ახლაღა ახსენდება არსებობა ,,იღვიძებს,,. იწყებს შენი სხეულით და გრძნობებით მანიპულირებას. შენ ჩერდები და ის აგრძელებს ცხოვრებას. ასეა, ან ის უნდა იყოს, ან შენ, თანაცხოვრება შეუძლებელია. იწყება ომი ტყვიების გარეშე.
კლინიკაში ისე დავმკვიდრდი საკუთარი ოთახიც მაქვს. როგორ გითხრათ და თავის უპირატესობა აქვს ყველაფერს. ჩემს პალატაში თუ შემოიხედავთ მიხვდებით რასაც ვგულისხმობ, თითქმის ყველაფერი ჩემი სურვილის მიხედვითაა მოწყობილი. საწოლის პირდაპირ ჩინეთის კედლის დიდი პოსტერია გაკრული, შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ფოტო იქ ყოფნისას გადავიღე, თუმცა იქ არასდროს ვყოფილვარ. საწოლის ერთ გვერდზე მაგიდაა, ფერადი საღებავებით, ფურცლებით და ფანქრებით დატვირთული, მეორე გვერდზე კი ავადსახსენებელი აპარატურაა. აქვე მაქვს ხელსაბანი და თქვენ წარმოიდგინეთ აბაზანაც კი. ეს ჩემი ერთოთახიანი სახლია. საკმაოდ ბევრი მეზობლით.

ამ სამყაროში სადაც ადამიანები კატეგორიებად იყოფიან, გინდა არ გინდა შენი კატეგორიის ხალხს მეტად უახლოვდები ვიდრე სხვებს. იგებ თუ რა ხდება შენს თავს და ჯერ შინაგანად უარყოფ მათ ვინც ეს ცნობა უკვე გაიარა, ფიქრობ, რომ მათ სიაში შესვლის შანსი ნული გაქვს. შემდეგ იაზრებ, ეჩვევი და სწორედ იმ ადამიანებს უმეგობრდები ვინც ცოტახნის წინ უარყავი. ზუსტად მათთან ნახულობ საერთო ენას, მაგრამ თუ აღმოჩნდა, რომ გიმართლებს და ღვთისგან დალოცვილი ხარ, ამარცხებ შენს შინაგან ტყუპისცალს, ცოტახნის წინ შეძენილი მეგობრები შენთვის საბრალო, ნატანჯ პიროვნებებად გარდაიქმნებიან და საერთო ენაც, რაც ასეთი გამამხნევებელი და დამაკავშირებელი იყო სადღაც იკარგება.

ჩემი ყოველდღიური რუტინა რა თქმა უნდა ერთნაირია. პოსტერის გვერდით გამოკრულ გეგმას რიგის მიხედვით მივყვები. როცა მოულოდნელად უცხო გარემო შენი სახლი ხდება წესებს უნდა დაემორჩილო. როცა წასაწვლელის დიდი არჩევანი არ გაქვს, გასართობს და მეგობრებს შენს სამყოფელზე პოულობ. მეგობრებს რომლებიც პერიოდულად გვემატებიან, ან ძალიან გვაკლდებიან. სამმა აქ და ცამეტმა სოციალური ქსელიდან, უკვე დაიმკვიდრეს ცათა სასუფეველი. ყოველ ჯერზე ჩვენი მიძღვნილი გაცილება უფროდაუფრო მტკივნეულია. ხელიდან გვეცლებიან და მიაქვთ იმედის ნახევარი. ეს ისაა რასაც ვერასდროს შეეჩვევა ადამიანი. თუმცა ის მცირედი რომლებიც ბუშტებით და ტაშით გავაცილეთ ისევ გვიბრუნებენ იმედს. ხოლო ის გრძნობა რომელიც ახალი ,,მეზობლის,, დასახლების დროს ჩნდება, კიდევ უფრო მტკივნეულია, რადგან მთელი გულით გინდოდა, რომ ბოლო ყოფილიყავი და მეტი აღარავისთვის დაებეჭდათ სასიკვდილო განაჩენივით ხელმოწერილი სამედიცინო ცნობა.

ოთხ შნობად აღმართული კლინიკის შუაში პატარა, მაგრამ ლამაზი ბაღი გვაქვს. მრგვალი და კოხტა შადრევნით, ფერადი ყვავილებით, დასასვენებლად განკუთვნილი რამდენიმე გრძელი სკამით და საშუალო სიმაღლის ხეებით. იქ სურვილისამებრ ყველა პაციენტს შეუძლია ჩასვლა, პერსონალის ჩათვლით, თუმცა ბაღი ყოველთვის ცარიელია. არვიცი, ალბათ სწორედ ამიტომ, ჩემი განსაკუთრებული ადგილი ჩემდაუნებურად გახდა. რამდენადაც შემიძლია იმდენად ხშირად ვსტუმრობ. იქ წყნარად ხატვა ყველაზე მარტივია. იმ დილით, როცა ჩემი საუკეთესო მეგობრის სამუდამოდ წასვლა შემატყობინეს, სწორედ ეს ბაღი იყო ჩემი თავშესაფარი. შადრევნის კიდეზე ვიჯექი და ტირილისგან დასიებულ თვალებს წყალი ირეკლავდა. იმ დღეს პირველად ვაღიარე საკუთარი გარეგნობა და უარი ვთქვი თავსაბურავზე. თუ სამყარო ასე მარტივად იშორებს ადამიანებს და მაინც მშვენიერია, არც ,,ჩვენ,, ვართ რაიმეთი ნაკლები. იმ დღეს ექიმი, მედდა თუ პაციენტი ყველა ნაცრისფერი, უიმედო, თვალცრემლიანი და ემოციისგან დაცლილი იყო.

მომდევნო კვირას, პატარა გოგონამ სავარაუდოდ ქერა კულულებით, ძაღლი ინატრა. ტიროდა განუწყვეტლივ. ასეც ხდება, თუ კლინიკის განაწესს ეწინააღმდეგება თხოვნა, შესრულებაც შეუძლებელია, მაგრამ მთავარი ექიმის გადაწყვეტილებით ეზოში პატარა წარმოდგენა გაიმართა, რამოდენიმე გაწვრთნილი ძაღლის მონაწილეობით. იმ დღეს ყველას დაავიწყდა საკუთარი ტრაგედია..

უღიმღამო ხასიათზე ვიღვიძებ. გავდივარ წამლების ყოველდილეულ პროცედურას, შემდეგ დერეფანში დავსეირნობ. მოწყენილობის მიუხედავად მხნედ ვარ და კუთვნილი ულუფის მიღებისთანავე, ვაპირებ ჩემი სახატავი ნაკრები ბაღში გავიტანო და საყვარელი, თავისუფალი, სიცოცხლით სავსე ჩიტები დავხატო.

ჩემი მეგობრის ყოფილ პალატასთან ჩავლისას, რომელიც ყოველთვის ტკივილს მაყენებს, ვხედავ მოფუსფუსე მედდას, ოთახს როგორი დაუფარავი ბრაზით, უხეშად ამზადებს. ჩუმად ვუყურებ და უკვე ვხვდები რაც ხდება. სუნთქვა მიძნელდება, აღარ მინდა ,,ახალი მეზობელი,,. მოულოდნელად მედდა ბრუნდება და პირდაპირ სახეში ვეფეთები. წამით ყოვნდება, შემდეგ სწრაფად იწმენდს ცრემლიან თვალებს და შესველებულ ცხვირს. თვალს მარიდებს და სრუტუნით მეკითხება:

- დახმარება ხომ არ გჭირდება?

- გოგოა? - ვეკითხები, თან ვგრძნობ ხმა როგორ მიტყდება.

- არა, - მპასუხობს და საქმეს უბრუნდება.

- ბავშვია?

- არაა.....

ჩიტების ნაცვლად სახატავში წვიმიანი პეიზაჟი გამომდის....

საღამოს საერთო ჩატი ხმაურს იწყებს. აშკარად რაღაც მნიშვნელოვანი ხდება და მეც მათ ვუერთდები. ერთერთ უცხოელ მეგობარ გოგონას დაბადების დღე აქვს. მილოცვები არ წყდება, გულების, სმაილების, ტორტების, სასმელების სტიკერები და კეთილი სურვილები სწრაფად ენაცვლებიან ერთმანეს. სწორედ ამ დროს მესმის მუსიკის ხმა, კარგად ვაყურადებ და მეც მოჯადოებულივით ამ ხმას მივყვები, იმ პალატის ფანჯრიდან დილით მედდა, რომ ალაგებდა, პირველად ვხედავ მას, საწოლის ბოლოში იატაკზე ზის ფეხმორთხმული, გიტარა უჭირავს და უკრავს. ისეთი ენთუზიაზმით, თითქოს ონკოლოგიურ კლინიკაში კი არა ხალხმრავალ საკონცერტო დარბაზში იყოს. ჩალისფერი თმები შუბლზე აქვს ჩამოყრილი, თვალები დაუხუჭავს, ოდნავ შესამჩნევად აყოლებს თავს მუსიკას. ვუყურებ როგორი უდარდელი და დარდიანია ერთდროულად. როგორი უიმედო და თან იმედით სავსე, შესაძლებელია ადამიანი უარყოფით და დადებით გრძნობებში ერთდროულად იყოს გახვეული? მუსიკაც თავის მსგავსად აქვს შერჩეული. კარის სახელურს თითებით ვეხები შესვლა მინდა, მაგრამ ვხვდები რომ არანაირი კითხვა არ გამაჩნია საუბრის წამოსაწყებათ:
,,როგორ ხარ?,,
,,ახალი ხარ?,,
,,ოთახი მოგწონს?,,
,,რა გაწუხებს?,,
ყველაფერი ბანალური და მგონი შეურაწმყოფელიც კია. თან არ მინდა დაკვრა შეწყვიტოს, მეც არ მიყვარს ხატვას, რომ მაწყვეტინებენ. მაშინ როცა საბოლოო გადაწყვეტილებას ვიღებ და სახელურს ვაწვები, ექთანი მაჩერებს.

- ოთახში დაბრუნდი თუ შეიძლება, მას ახლა პირველი პროცედურა აქვს.

მის თმებს ვუყურებ და გულიმწყდება, დასანანია... ყველაფერი დასანანია....

ოთახში დავბრუნდი, მაგრამ გულმა არ მომითმინა, ვფიქრობდი გამხნევება არ აწყენდა. გეგმა შევიმუშავე, სახატავს და ერთ ფანქარს ხელი დავავალე და ნელი ნაბიჯით დერეფანს გავუყევი.

პალატა სადაც ქიმიოთერაპიას ატარებენ მომრგვალებული ფორმისაა, ასე წრიული განლაგებით მოთავსებულია სამედიცინო საწოლები, რომლებსაც ერთმანეთისგან გასაწევი ფარდები ჰყოფენ, შეხსნილი კარიდან ჩუმად შევიპარე, ჩემი სამიზნეს გარდა ოთახში ოთხიოდე ადამიანი იყო, ყველას თვალები მიელულათ, თითქოს ჩასძინებოდათ, მორიგე მედდა არ ჩანდა და მეც ამით ვისარგებლე, მის გვერდით ფარდა ჩამოფარებულ საწოლზე მოვთავსდი, სულ ოდნავ გაწეული ფარდის ჭრილიდან ვხედავდი მას წარბშეკრული მიყუდებოდა საზურგეს და ღრმად სუნთქავდა, თითქოს ახლა დაემთავრებინოს მარათონი სირბილშიო.. დაღლილად გამოიყურებოდა, მასთან გამოლაპარაკებაზე მეტად, მისი ემოციის და გრძნობის ფურცელზე გადატანა მომინდა და ის იყო ფანქარი მოვიმარჯვე რომ..

- რას აპირებ? - თქვა მან.

მოულოდნელობისგან შევხტი.

- არაფერს. - ვუპასუხე სწრაფად და სამხილი ზურგსუკან მოვმალე.

- რამდენიხანია?.. - შემეკითხა და არც ამჯერად გამოუხედავს ჩემსკენ.

- რაც ოთახში შემოვედი?...

- რაც აქ ხარ?

არ ვიცი როგორი პასუხი უფრო აიმედებდა, მაგრამ რაც იყო იყოო.

- შენს თითებს თუ მომაშველებ, მერე შევძლებ დათვლას. - ვპასუხობ ბოლოს.

ჩაიცინა და გამომხედა.

- ამაზე ხუმრობ კიდეც?

- სხვას რას მირჩევ? - ვამბობ და მხრებს ვიჩეჩავ.

ერთხანს ჩუმად ვართ.. მერე უცებ:

- მედდა. - მანიშნა თავით.

ტუჩი მოვიკვნიტე, არ მინდოდა მედდას ასე გამოვიჭირე. სწრაფად მოვიფიქრე გამოსავალი, შეხსნილი ფარდიდან მის საწოლთან გავძვერი და სახატავი ცარიელ ფურცელზე გადავშალე, კითხვის ნიშნით ამომხედა, ფანქარი ტუჩებზე მივიდე და ვანიშნე.

- ჩუუ....

- აქ რას აკეთებ? - იკითხა მოახლოებულმა მედდამ.

- მე.. მას ნახატები ვაჩვენე, დროის გაყვანისთვის.. - ვეუბნები ვითომც არაფერი.

- შეიძლება? - ხელს მიწვდის მედდა.

- წამლის დრო მაქვს. - ვამბობ და ვჩქარობ წასვლას,- თანაც თქვენ უკვე ნანახი გაქვთ. - სწრაფად ვტოვებ ოთახს.

ასეთ სიტუაციაში სიყვარული წარმოუდგენლი მგონია, მაგრამ ვინმეს მოწონება ხომ შემიძლია? მგონი ყველას უოცნებია რაიმე არარეალური.. ხოდა სწორედ ასეა, ჩვენ ერთმანეთის არარეალური წარმოსახვის მომავალი ვხდებით.. ერთმანეთს მივყვებით ყველა პროცედურაზე, ხან მე მას, ხან ის მე, ხანაც ორივე ერთად.. და ყველაფერი წარმოსახვითი ხდება.. არარსებული რეალობით ვაგრძელებთ არსებობას, უსამართლო რეალობაში..

ბაღში რომელიც ,,ჩემი,, იყო, მისთვისაც ჩნდება ადგილი, და როცა ის უკრავს გულით, მე ვხატავ თავისუფალ სულებს... თითქოს უყურადღებოდ დარჩენილებს ბედისწერა გვაკითხავს, და ერთ დღეს, როცა ბაღიდან ვბრუნდებოდით, დერეფანში ჩავიკეცე, ღრმა სიბნელეში გადაშვებამდე სანამ თვალებს დავხუჭავდი ჩამესმის:
- ჩემთან დარჩიიი...

გადავიტანე შეტევა.. რიგით, უკვე აღარც მახსოვს მერამდენე. დავბრუნდი უკან.. ღრმა ძილიდან, რადგან ამჯერად მქონდა მიზეზი. რეალური მიზეზი თვალების გახელის. პირველი ვინც დავინახე ეს სწორედ ის იყო, ჩემი დიდი პოსტერის წინ იდგა. ბურუსიდან გამოსულმა წარმოვიდგინე ჩვენი თავი პოსტერზე და გავიფიქრე, რომ რა იქნებოდა ერთხელ მაინც გაგვევლო ნამდვილ ხიდზე და არა იმ ბეწვის ხიდზე ყოველდღე მთელი სიჩქარით, რომ მივქროდით...

- აქ ვარ! - მთელი ძალები მოვიკრიბე ამის სათქმელად..

ჩემსკენ შემობრუნდა და მე მის თვალებში დავინახე ჩემი ფიქრები, ვიცი რომ გულს ერთიდაიგივე სურვილი გვიღრღნიდა, გაგვევლო ხიდზე რომლის ბოლოშიც იქნებოდა სიმშვიდის თავისუფლება...

- შემაშინე! - თქვა და ჩემ ხელისგულზე მისი გაყინული თითები ვიგრძენი.

- იცი მე შენ..

- ახლა ნუ მეტყვი.. - შემაწყვეტინა სიტყვა.

- მერე.. არ ვიცი, რომ.. აღარ ვიყო!?... - ვგრძნობ, როგორ მიჭირს ლაპარაკი, მაგრამ ახლა ვერ გავჩუმდები..

- აღარ იყო? - შიში და სევდა ეპარება ხმაში. - შენ ხომ დამპირდი დაგხატავო?
თვალებით ვეთანხმები.

- პირობის შეუსრულებლად ვერსად წახვალ.. ამიტომ.. - ცრემლები უსველებენ თვალებს და მეც ვტირი, თავს ვერ ვიკავებ..

ნუ მეტყვით, რომ ჯერ ყველაფერი წინ არის ...

როცა შეტევა ზედიზედ ორჯერ კიდევ ბრუნდება, ექიმიც ახალ ამბავს გვატყობინებს მთელ ოჯახს. უფროსწორად ჩემს ოჯახს და მეც.. ამ ახალი ამბით ვიგებ ჩემი ,,ტყუპისცალის,, გაზრდაზე და სხვა ჩემი შინაგანი ტერიტორიების დაპყრობაზე....

ხოდა ნუ მეტყვით, რომ ჩემი დაგლეჯილი ვენები ამად ღირდა..

როცა შენი სიკვდილ-სიცოცხლის პროცენტულობის ცოდნა გივარდება ხელში, დაჩქარებული, თუმცა ადვილი ხდება ყოველდღიურობა. თუ ხვდები, რომ დასამალი აღარ გაქვს, მაშინ თამამად უნდა დადგე, ჩემს სიტუაციაში ეს გმირობა არაა, ეს არის დროის სწორედ გამოყენება.. ხოდა, არც მე მაქვს დასაკარგი დრო.. ხომ იცით თამაში ,,სიმართლე ან მოქმედება,, ახლა ზუსტად ის მომენტია, როცა სიმართლეც და მოქმედებაც...

რამდენიმე დღეა თავს მარიდებს, არა თითქმის ყოველ საათს ერთად ვატარებთ, თუმცა რაღაც ჩამქვრალია, სიძლიერის და ხალისის იმედი, თითქოს გაუქრა. რაღაც შეიცვალა, მისი მუსიკებიც სხვანაირია... ვფიქრობ მოხდა რაღაც, რასაც არ ამბობს, მაგრამ მე პირიქით გაჩუმება არ მინდა.. მისი პალატა შევაღე და ჯერ ისევ დერეფნიდან ვკითხულობ.

- აქ ხარ? - არ მინდა პირდაპირ შევუვარდე, მაგრამ პასუხსაც არ მცემს..

- უჩემოდ ხომ არ წახვიდოდი? - არ ვეშვები.
.........
- ვერ წავიდოდი. - მპასუხობს და რახან მის ხმას ვიგებ გულზე იმხელა შვებას ვგრძნობ..

კარის მთლიანად ვაღებ და გვერდებზე ხელებშემოწყობილი შევდივარ.

- ახლა შენ შემაშინე,...- ღიმილი სახეზე მაშრება, ზის საწოლზე, მუხლები სახემდე აქვს მიტანილი, ხელები ფეხებზე შემოუხვევია და მონოტონურად წინ და უკან მოძრაბს.. უცებ ვიბნევი შიში მიპყრობს, არ ვიცი მე შემიძლია დავეხმარო, თუ ექიმს დავუძახო.

- ექიმს მოვიყვან! - ვიღებ გადაწყვეტილებას, ზურგსვაქცევ და ვჩქარობ, თუმცა მაჩერებს.

- ჩემთან დარჩი... - არვიცი ეს სწორი იქნება თუ არა და ისევ ვყოყმანობ დავუძახო, თუ დავრჩე. ალბათ ისიც ხვდება, რომ გაურკვევლობაში ვარ - გთხოოვ ...

ვუახლოვდები და მის წინ ვჯდები, ხელებს ვხვევ და ვცდილობ გავაჩერო, ვიცი თუ ემოციებს აყვება შესაძლოა პანიკური შეტევა დაეწყოს... მე ხომ უკვე გამოვიარე ეს გრძნობა.

- მშვიდად, შენთან ვარ.. მე ხომ დავრჩი, ახლა მე გთხოვ იგივეს... ახლა ყოველი წამი მნიშვნელოვანია, ნუ მეტვი რომ ბოლო იმედს კლავ...

- იქნებ შენ უფრო ძლიერი ხარ...? - თითქმის ჩურჩულებს.

- აქ ყველა ძლიერია... მაგრამ თუ ერთი მაინც შეწყვეტს ბრძოლას, მერე შეიძლება ყველა დანებდება, გესმის? - ნელნელა ჩერდება და თავს ზემოთ სწევს...

და მე მას ვკოცნი...

ბაღში რომელიც ასე ძალიან გვიყვარს, მისი ოთახიდან მოპარულ პლედს ბალახზე ვშლით. გვერდიგვერდ დაწოლილებს ხელები პატარა ბავშვებივით ჩაგვიკიდია და კლინიკის უღიმღამო კედლებს ზევით ცის ნაგლეჯს ვუყურებთ, ნიავი სწრფად უცვლის ღრუბლებს ფორმებს.. იმ მომენტში არ ვფიქრობთ არაფერზე, და ვერ გვაშინებს აწმყო.. თუმცა მომავლის ხსენება არცერთს არ გვსურს..

- ოპერაცია დაგეგმეს. - მეუბნება მოლოდნელად და მესმის საკუთარი ჩქარი გულისცემა.....

- რა? - მისკენ ვბრუნდები და ვეკითხები, ის კი ცას არ აშორებს თვალს.

- ფეხზე. ამბობენ, რომ ეს გარდაუვალი იყო..- ისევ ისეთი დარდიანი და უდარდელია ახლაც, უიმედო და იმედით სავსე...

საკუთარ ცრემლებს ვყლაპავ და ვგრძნობ როგორ ვიგუდები, მაგრამ ახლა ტირილი არ შემიძლია, მას ვერ მოვუკლავ ამ თავდაჯერებულობას....

მთელი დღე ვაკვირდები, როგორ ნელნელა ელევა ხასიათი და როცა საღამოს ერთად ვვახშმობთ, უკვე სრულიად სხვაგანაა... ზის ხელზე შუბლჩამოდებული და ჩანგლით აწვალებს საჭმელს თეფშზე. ჩვენს გვერდით ჩაბუდებული სიჩუმე საშინლად აუტანელია.... ტელეფონში მუსიკას ვეძებ და ვრთავ (Jim croce - Time in a bottle).

- ადექი - ვეუბნები, თან მაჯაში ვექაჩები..

- არ მგონია კარგი აზრი. - არ მეთანხმება ის, თუმცა მაინც მომყვება.

- მშვენიერი აზრია, იცი რას მღერის? სიმართლეს!... ყველამ უნდა შეინახოს დრო მოგონებებით, იცი სად? აი აქ. - თითს გულზე ვადებ.

შემდეგ ერთმანეთს ვეხუტებით და ვცეკვავთ დიდხანს, სანამ ამის საშუალებას ჩვენი ენერგია გვაძლევს...

არ მინდა რამე ვაგრძნობინო მაგრამ, წუთებს ვითვლი მის ოპერაციამდე, მეშინია, ათასი აზრი ელავს ჩემს გონებაში, მის გამო მეშინია... ყველა დაკარგული იმედის შემდეგ იცვლება ადამიანი და ყოველჯერზე უცივდება გული, ყოველი დაკარგული იმედის შემდეგ ადამიანი კარგავს სხვა ადამიანებს, გაურბის და ერიდება მათ. მეშინია რომ არ გაუცხოვდეს, მეშინია, რომ უარი არ თქვას გადარჩენაზე, ჩემზე, სიცოცხლეზე...

ოპერაციის წინა საღამოა და გაგიჟების პიკზე ვარ, არვიცი კიდევ რას გვიმზადებს სამყარო, არვიცი კიდევ რა გვექნება გამოცდად, იქნებ ადვილი იყოს, იქნებ ჩავაბაროთ ესეც,... ადამიანი ხომ ყველაფერს ეჩვევა...
კარი ბოლომდე იღება და ის შემორბის.

- ნახე, მოუსმინე, არ იყო ძნელი... - ისეთი ენთუზიამითაა გაჟღეენთლი, ისეთი აღფრთოვანებულია, ვფიქრობ სულ დაავიწყდა მომდევნო დილა.. საწოლზე სადაც გულაღმა ვწევარ და ადგილს ვერ ვპოულობ, ბოლოში ჯდება გიტარას იმარჯვებს და მიყურებს..
- ჩვენი მუსიკაა...

- რა არის? - მეც ვჯდები და უცებ ვერ ვხვდები რას ამბობს.

- მუსიკა, შენი და ჩემი.. - და იწყებს დაკვრას...

ეს მართლაც ჩვენი მუსიკაა, ჩვენი პირველი ცეკვის.. ჩვენი მოგონებების ფონი, ჩვენი მუსიკაა მისი შესრულებით.... ნოტები ჰაერივით იბნევა ოთახში, დერეფანში, მთელს კლინიკაში, ქალაქში... სამყაროში.... და მე მაინც არ მყოფნის...

იმ ღამით სიზმარს ვნახულობ თითქოს გავიქეცით, იმ ხიდზე უფრო სწორად ჩინეთის კედელზე ვართ, რომელიც ძალიან გრძლად მიიკლაკნება ჩვენს წინ.. არადა არ ილევა გზა. ვიღლები და მუხლებზე ვეცემი, ის კი გარბის.

- წამოდი! - მეძახის შორიდან .. - იჩქარე!

მე კი ვერ ვდგები. თვალს ვეღარ ვაწვდენ ისე შორსაა.

- ჩემთან დარჩი, ჩემთან დარჩი.. - ვიმეორებ, მაგრამ ვიცი რომ არ ესმის რადგან უკვე ფონსაა გასული, ბოლო ძალებს ვიკრებ ვდგები:

- დამელოდე, მოვდივარ, მალე მოვალ.. - რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ, შემდეგ მეც გავრბივარ მისკენ...

მეღვიძება საკუთარ ოფლში ვცურავ, ღრმად ვსუნთქავ.. ჯერ ისევ სიზმრიდან გადმოყოლილ გრძნობაში ვარ გახველი... შემდეგ საათს ვნახულობ და სწრაფად ვწესრიგდები. მასთან მივდივარ და ვხედავ რომ უკვე ამზადებენ წასაყვანად, ყველა გამოსულია პალატებიდან შეძახილებით ამხნევებენ.. მე კი მივყვები იქამდე სადამდეც ამის უფლება მაქვს.

- დაგელოდები, გესმის? - ვეუბნები სანამ ხელს გავუშვებდე.

,,- მიყვარხარ -,, მეუბნება უხმოდ, მხოლოდ ტუჩების მოძრაობით, თუმცა ეს ყველაზე ხმაურიანი რამაა, რაც მესმის. იმდენად ხმამაღალი, რომ ყურები მიწუის და მიგუბდება.

ახლა მე და დრო ვრჩებით კართან. მიუსაფარი, მშიერი, უპატრონო ცხოველებივით ატუზულები... ვიცი, ზუსტად ვიცი, რომ ამ კარიდან ისევ გამოვა, თუმცა არ ვიცი ვინ იქნება მისგან დარჩენილი...

არვიცი ჩემი იქ ყურყუტი, თუ დრო რომელი უფრო აუტანელია მაგრამ, ვერ ვშორდები კარს, ხან კედელს მიყრდნობილს, ხან იატაკზე მჯდარს, ხანაც ორ სკამზე მოკუნტულს, დრო ჯიბრში მიდგას...

- ოთახში წადი და დაისვენე! - მეუბნება მედდა, რომლის მოახლოება ვერც კი შევნიშნე.

- არ შემიძლია. - ვპასუხობ მე.

- წამლები და კვება გჭირდება. - არ მეშვება..

- აქ მარტოს ხომ ვერ დავტოვებ?!...

- აბა გულწასული უნდა დახვდე, რომ გამოვა?

ვნებდები და მივდივარ, წამლებს ვსვამ თუმცა ლუკმა არ გადამდის ყელში...

რათქმაუნდა დამთავრდა ამოიწურა ლოდინის დრო. როგორც ექიმები ამბობენ სტაბილურადაა, რომ წარმატებით დასრულდა ოპერაცია და ამ ეტაპზე ყველაფერი ნორმაშია. მაგრამ, როგორ შეიძლება ამას ნორმაში ყოფნა ერქვას? როცა ნაწილნაწილ განადგურებს შენში ჩაბუდებული სენი.. როგორ შეიძლება იყოს სტაბილურად ყველაფერი? თუ შენი ნატანჯი მთლიანობა დაირღვა, და რა არის წარმატება? მასზე დაფარებულ ზეწარზე მკვეთრად გამოჩენილი მხოლოდ ერთი ფეხის სილუეტი?

ვერ ვბედავ შესვლას მის პალატაში, არ მინდა გაღვიძებისას მე ვიყო იქ პირველი, უფროსწორად მინდა, ძალიან მინდა, მაგრამ კითხვას ,,როგორ ჩაიარა?,, რა პასუხი გავცე? და ისევ კართან ვრჩები მოლოდინით და იმ იმედით, რომ ვინმე გამაღვიძებს....

იქვე შორიახლოს სკამზე ვჯდები და ვიცდი. უამრავი ,,რა იქნებოდა,, მიტრიალებს თავში, ვიცი, რომ არც პირველია და სამწუხაროდ, არც უკანასკნელი, მაგრამ ეს ხომ ყველა ადამიანის საკუთარი დარდია, თუ ასეთი და კიდევ უარესი შემთხვევის შემდეგ, ადამიანი გაიცინებს და ფეხზე წამოდგება, ეგ იმას ხომ არ ნიშნავს, რომ დაავიწყდა თავისი სხეულის ნაწილი, თავისი ტკივილი და დარდი..

მასთან მნახველები მოდიან, მისი ოჯახის წევრები. ყველა აღელვებული და მოწყენილია, ვაკვირდები შორიდან და არ ვიცი მართლა თუ ჩემი ემოციების გამო მეჩვენება, თუმცა ვხედავ, რომ ყველა დაღლილია, უფროსწორად გადაღლილია....

როცა პალატაც და დერეფანიც ცარიელდება მასთან ვბრუნდები, ჯერ ფანჯრიდან ვაკვირდები, გამოფხიზლებულია. წევს და ჭერს თვალს არ აშორებს, თითქოს იქ იყოს გამოკრული ხსნა თავისი მითითებებით.. ფრთხილად ვაღებ კარს და შევდივარ.

- მეგონა აღარ მოხვიდოდი. - მეუბნება და არც კი მიყურებს.

- შენს სანახავად იყვნენ და არ მინდოდა ხელის შეშლა. - თავს ვიმართლებ, სულელური მიზეზით ვიცი.

მის საწოლს ვუახლოვდები და თითებით მის თითებს ვეხები, მაგრამ ხელი ოდნავ შესამჩნევად უკრთება, თითქოს არ უნდა, რომ ვეხებოდე და მეც ვჩერდები..

- კარგად ვარ, შეგიძლია წახვიდე. - ჩემსკენ აბრუნებს თავს და ვხედავ მის ჩამქვრალ თვალებს, უემოციოს, უიმედოს.. და ვხვდები, რომ ჩემზე არ ბრაზობს, საერთოდ არავისზე არ ბრაზობს...

- ვერ წავალ, ასე ვერ წავალ...

- რატომ? შენ შეგიძლია წასვლა, რა გაჩერებს, რას ელი? რისი იმედი გაქვს? - ახლა კი ნამდვილად ბრაზობს..

- ჩვენ ძალიან ბევრი რამის იმედი შეგვიძლია გვქონდეს და ამავდროულად არც არაფრის..
ბოლო ამოსუნთქვამდე გრძელდება ურთიერთობები, თუ ძალით არ ჩაკლავ მათ, შენ ფიქრობ, რომ აქ ასე ყველაფრის დასრულება და მიტოვება შეგიძლია? კარგი, მაგრამ მე არა, ვერა, და არც მინდა... - ვხვდები რომ ზედმეტად ხმამაღლა, თითქმის ყვირილით ვეუბნები ბოლო სიტყვებს და ვჩუმდები. ვიცი, თუ კიდევ ვიტყვი რამეს უფრო ხმამაღლა ნათქვამი გამომივა, ამიტომ ოთახიდან გამოვდივარ თან კარს ვიჯახუნებ.. სწრაფად ვტოვებ იქაურობას და ცრემლებს ვეღარ ვერევი....

მოსვენებას ვკარგავ, იმ მცირედს მართმევენ რაც ასე მამშვიდებს, მავიწყებს ყოველდღიურობას, თითქოს ერთადერთი სარკმელიც ამოქოლეს, ერთადერთი სუნთქვის შესაძლებლობა ჩემს საპყრობილეში... ვეღარც ოთახში ვჩერდები, ვეღარც ბაღში, რადგან ახლა მხოლოდ მე აღარ მეკუთვნიან, მხოლოდ ჩემს მოგონებებს აღარ ინახავენ, ჩემი მარტოდ ბრძოლას შეჩვეული პიროვნება ნამსხვრევებადაა ქცეული... დერეფანს ვტკეპნი აქეთ იქით სიარულით და ის წყენა და ბრაზი რაც გამაჩნდა განრისხებაში გადამდის, ასე უბრალოდ დანებება არ შეიძლება... ჩემი ემოციებით, გამოხედვით თუ მთლიანად აურით გარშემო ყველაფერს ვანადგურებ.. ის ახლო არ მიკარებს, ჰგონია თუ შორს ვეყოლები უფრო ,,ბედნიერი,, ვიქნები.... ჰო ასე ფიქრობს, სასაცილოა..

რამდენიმე დღე ვუძლებ მის ქცევას, მაგრამ ბოლოს ძალიან შესამჩნევია ის, რომ სულ აღარ გამოდის გარეთ, ჩაიკეტა. შეწყვიტა ყველასთან კონტაქტი, და ყველამ ასევე შეწყვიდა მასზე საუბარი... მე არ ვნებდები, ის თუ ჩემი სიძლიერის მიზეზია ამ ტანჯვაში, ესეგი ეს ჩემი ვალდებულებაა..

- აქ რას აკეთებ? - მეკითხება გაოცებული, როცა ყოველგვარი მორიდების გარეშე მის ოთახში ვიჭრები.

- შენ თვითონ რას აკეთებ აქ? - ისე ვიწყებ, რომ შეპასუხების ხალისი დაკარგოს. - კიდევ დიდხანს გინდა აქ გამოკეტილი იჯდე? რას ელოდები? თუ არც არაფერს, აღარც გაინტერესებს რა ხდება კარს იქით? მე გიცდი, ყოველ წუთს გიცდი, იმედი მაქვს, რომ ჩემთან დარჩები.. - ვჩუმდები, რადგან ცრემლები მაწვება და ვცდილობ თავი შევიკავო.

ის მიყურებს ღია-ღიათაფლისფერი თვალები კიდევ მეტად გაფერმკრთალებული აქვს. ისიც ასევე ცრემლების შეკავებას ცდილობს. ვიცი როგორ ტკივა და რა აწუხებს მაგრამ, მინდა ჯერ ისევ იბრძოლოს, რადგან ჯერ ისევ შეუძლია სუნთქვა..

- მეც მიყვარხარ..- ვამბობ ბოლოს და მარტო ვტოვებ. საკუთარ თავთან და ჩემზე ფიქრთან ერთად..

თუ ადამიანს არ უნდა, ვერც გადაარჩენ, მაგრამ თუ ერთი ნამცეცისხელა სურვილი გაუკრთა თვალებში, მაშინ ხელი უნდა ჩასჭიდო და ამოიყვანო უფსკრულიდან, ეს რადაც არუნდა დაგიჯდეს...

დერეფანს დიდი ფანჯრები აქვს, მუხლებიდან თითქმის ჭერამდე სიგრძის, მართალია არ იხსნება, თუმცა დიდი სივრცე და სინათლე შემოაქვს შიგნით, ხოდა მისი განიერი ჩამოსაჯდომი რაფები ჩვენი საყვარელი ადგილია, აქ ვიკრიბებით ხოლმე და განვიხილავთ საჭირბოროტო ამბებს, იმ საღამოსაც მანდ ვიყავი, რომ დავინახე როგორ გაიღო მისი ოთახის კარი და გამოვიდა ხელჯოხების დახმარებით, ყველას უცებ გაახსენდა მისი არსებობა:

- გამოვიდა..

- აუჰ საწყალი..

- ახლა რა ეშველება..

- ყველა გაჩუმდით! - ვამბობ მე.

მათ იციან ჩვენი ამბავი და ჩუმდებიან..
ის გამოვიდა აი სწორედ ეს არის თვალებში გამკრთალი სურვილი. მისკენ სწრაფად მივდივარ და ვეხუტები კინაღამ ვიქცევით. მეშინია, რომ უცებ დასრულდება ყველაფერი, ამიტომ არცერთი წამის დაკარგვა არ ღირს..

როდის ხდება სიცოცხლე ასეთი ტკბილი? მაინცდამაინც მოსალოდნელი საფრთხე უნდა იგრძნო, რომ ცხოვრებით ტკბობა ისწავლო?

ნუ მეტყვით, რომ ცხოვრება მშვენიერი არ არის...


ახლა ისევ გვყავს ერთმანეთი, ახლა აღარ მედარდება ჩემი საცდელი ბაჭიას დამსგავსებული არსებობა. ისევ გამოვდივართ ბაღში, სადაც შემოდგომას უკვალოდ არ ჩაუვლია, ჩასძინებია და თოვლი მართლაც საბანივით აქვს გადახურული.. და ის ცის ნაგლეჯი კლინიკის თავზე, თითქოს ერთადერთი გასასვლელია აქედან. გაყინულ სკამზე ვზივარ, ჩემი დალურჯებული ხელებით, რომლებსაც ახლა თბილი სვიტრი ფარავს მუხლებს ვეყრდნობი, ის უკრავს ისევ და თოვს. ისე, თითქოს ყველა ფიფქი მხოლოდ ჩვენს ბაღში ცვიოდეს...

- ხომ არ გცივა? - მეკითხება, თან ტუჩებთან მიტანილ თითებს გამოორთქლებით ითბობს.

- არ მცივა მაგრამ, წასვლის დროა. - ვპასუხობ ღიმილით.

ჩვენ ერთმანეთი გვყავს, წამლების მიღების დროს, გადასხმების დროს, ჭამის დროს, ქიმიოთერაპიის დროს და მის შემდგომ პერიოდშიც, და ასე უფრო ადვილია სუნთქვა...

- როგორ ხარ? - კითხულობს ყოველჯერზე.

- კარგად ვიქნები, - ვპასუხობ მუდამ.

იმედი, ბრძოლა, შეგუება, დანებება, ეს ყველაფერი უკვე გავიარე, მაგრამ ახლა იმედი და ბრძოლა ახლიდან იჩენს თავს. ხოდა აღარ მინდა შეგუება და დანებება ისევ ვიგემო.

მთელი სხეული გადაღლილი მაქვს, მაგრამ ბოლო ამოსუნთქვამდე უნდა იცხოვრო თურმე...

დილით დერეფნიდან შემოსულმა აღფრთოვანებულმა ხმაურმა გამომაღვიძა.

- რას აღნიშნავთ? - ვკითხულობ თვალების ფშვნეტით.

- კიდევ ერთი თავისუფალი გვყავს. - მახარა თვალცრემლიანმა მედდამ და სწრაფად გაყვა დერეფანში ჩავლილ ჟრიამულს..

იმ გოგონას, ძაღლები, რომ უყვარდა სავარაუდოდ ქერა კულულებით, საოცარი პასუხები აქვს, მალე თავისუფალი იქნება.

იმედს რომელიც გულის კუნჭულში ელავდა, ცეცხლი ეკიდება..

იმ ბედნიერების მერე, რაც პატარა გოგონა ამ უფერული კედლებიდან განთავისუფლდა, სამჯერ ,,მომიკვდა,, იმედი და მეოთხე მთავარი დარტყმა პირდაპირს ჩემს ანკეტაში ჩაიბეჭდა... ჩემი სული სიყვარულის ბედნიერებისგან იწვის, მაგრამ შინაგანად მარბევს ჩემი ტყუპისცალი...

ისე ხშირად ვეღარ ვართ ერთად, რადგან თითქმის სულ ვწევარ, სულ სუსტად ვარ. გონებასაც უფრო ხშირად ვკარგავ, და ყოველჯერზე მიჭირს თვალების გახელა, ჩემს იმედს ვებღაუჭები, რომელიც ყოველი გაღვიძებისას ჩემს გვერდით ზის და მელოდება. თუ არ არის მაშინვე მოდის, თითქოს გრძნობდეს ჩემს გამოფხიზლებას..
სანამ თვალებს გავახელ მისი თითების შეხებას ვგრძნობ ჩემს ხელისგილზე, მეც სუსტად ვუჭერ ხელს, სულ მეშინია რომ ერთხელაც რეალური არ იქნება მისი თითები, და გზა რომელიც გონება დაკარგულმა სიბნელეში გავიარე ფუჭი აღმოჩნდება..
- გელოდებოდი.

მესმის მისი ხმა, რეალური, ნამდვილი, და ჩემი გული იწყებს ფეთქვას, თვალებს ვახელ, დამძიმებულ ქუთუთოებს ვერევი როგორღაც და მას ვუყურებ.. შემდეგ მზერა ჩემს პოსტერზე გადამაქვს.. თითქოს ჩემი ფიქრები ესმოდეს ისე იწყებს ლაპარაკს
- წავიდეთ იქ, სადაც შენ მოისურვებ..
მეღიმება.
- არვიცი, თუ შევძლებ..- მიჭირს ლაპარაკი.
- ოღონდ, ნუ მეტყვი, რომ ბოლო იმედს კლავ. - ბუმერანგივით მიბრუნებს ჩემს სიტყვებს, ღიმილით ვპასუხობ და ლოყაზე ვეფერები, ისიც იჭერს ჩემს ხელს თავის გაყინული თითებით, ხელის გულზე მკოცნის, მთელი სხეული მითბება,
- მიყვარხარ - ვჩურჩულებ ძლივს გასაგონად და დაღლილს მეძინება....
ძილში შორიდან ექმის ხმა ჩამესმის, თუმცა მე არ მომმართავს - მიხარია შენი ამბავი, - მერე ისევ სიჩუმეა.. - მალე წახვალ.....
- კიდევ ერთი გამარჯვებული...
- ასე არ შეიძლება, - მეორე ხმა ერთვება საუბარში. ხმა, რომელიც მალამოსავით ედება ჩემს სმენას.. გულს... - ეს უსამართლობაა... არ მინდა..
- იღვიძებს. - ისევ ექიმი ლაპარაკობს - უნდა უთხრა, შენ თვითონ, ყველაფერი კარგად იქნება...
ვიღვიძებ და ისინიც ჩუმდებიან, შემდეგ ექიმი მსინჯავს რწმუნდება, რომ უკეთ ვარ და მარტოს გვტოვებს..
მოსმენილის დალაგებას ვცდილობ, ზუსტად ვერ ვხვდები რა მოხდა, ან ვხვდები და ჩემს თავთან ვერ ვაღიარებ ჯერ...
,,კიდევ ერთი გამარჯვებული,, ამ სიტყვებზე ვჩერდები და გული სიხარულით მევსება, თითოეულის გამარჯვება ბედნიერების მომტანია. მითუმეტეს მისი...
ღიმილით შევყურებ. მის გამო მიხარია, ის კი ისეთი მოღუშულია, თითქოს დიდი დანაშაული ჩაედინოს, ხელებჩაკიდებული ვართ და არ მიყურებს.. თითქოს ჯერ ისევ მეძინოს...

იმის გამო, რომ დაავადებას ამარცხებს თავს დამნაშავედ არ უნდა გრძნობდეს, თუ ის ამ ბრძოლაში ფონს გავიდა, მაშინ ამ ბედბიერებისგან განცდილი სიამოვნებაც უნდა შეირგოს და იმაზე არ უნდა ფიქრობდეს, თითქოს უსამართლოდ მომექცა, ან თითქოს ბრძოლაში მიმატოვა..

- მიხარია, შენს გამო ძალიან მიხარია. - ვეუბნები და არ ვტყუი, არც მშურს, მაგრამ ვაღიარებ ეგოისტურად მეშინია აქ მის გარეშე დარჩენის.

- იცი?! ახლა ექიმისგან ეს ყველაზე უკანასკნელი იყო რისი გაგებაც მსურდა. - მეუბნება ნაღვლიანად.

- რას ამბობ? ეს ყველა ჩვენგანის, თითოეულის ახლობლის, გულშემატკივრების, სრულიად უცხო ადამიანების, და ალბათ მთელი მსოფლიოს ოცნებაა და შენ გინდა თქვა, რომ ბედნიერი არ ხარ?

- შენთან შეხვედრის მერე, ჩემი ,,წარმატებული,, ოპერაციის მერე, წასვლა მარტოობასთან და უცხო გარემოსთან ასოცირდება..

- თუ აქ გავლილი დღეები შეძელი, ესეიგი ყველაფერს შეძლებ...

მის გასვლამდე ერთი კვირაღა რჩება. ალბათ ამ კარგი ამბის გამო მეც, თითქოს უკეთ ვარ, და ამით მასაც ძალას ვმატებ.. არ ვიცი მართლა ასეა თუ უბრალოდ ასე მინდა რომ იყოს.

(ხუთი დღე მის წასვლამდე)

დილაა. სვაუზმობთ, და გვიხარია რაღაც.. აი სწორედ ის პეპლები ყველამ, რომ იცის, დაფრინავენ ჩემში, და ასევე ყველამ, რომ იცის ის ვარსკვლავები ციმციმებენ მის თვალებში.

(სამი დღე მის წასვლამდე)

- ბაღში ჩავიდეთ რაა..- მეუბნება ის.

მე მის სიტყვებს მივყავარ გარეთ, ის კი მე მიმყავს ეტლით.. და ასე დაგვყავს ერთმანეთი, შეხვედრის დღიდან. ამ დღეს პირველად ვლაპარაკობთ ჩვენზე.. მომავალში..

(ერთი დღე მის წასვლამდე)

საღამოა. ჩემს ოთახში ვართ. ის უკრავს ,,ჩვენს მუსიკას,, მე კი ვხატავ მას, როგორც დავპირდი.. მე ვიცი, რომ შეძლებისდაგვარად ყოველდღე მოვა ჩემთან.. მაგრამ არ ვიცი რამდენი ხანი შევძლებ მის დახვედრას...

.......იმ საღამოს რჩება ჩემთან, მისი გულისცემა ისმის ჩემს სამყაროში და ასე უბრალოდ ჩახუტებულები ძილბურანში ვათევთ ღამეს..

ამ ომიდან ყველას მიჰყვება სხვადასხვა სახის იარა, დანაკარგი, ტკივილი, ხასიათის ცვლილება და სხვა მრავალი უარყოფითი რამ მაგრამ, მოგებული ომი შვებაა. მძიმე, უვარგისი და გამოუყენებელი ტვირთის გადაყრასავით.

დერაფანი ფერადი ბუშტებითაა სავსე.. ეს ჩვეული გაცილების ტრადიციაა... ჩემი პალატის კარიდან ვუყურებ მას, ყველა ემშვიდობება. მხიარულად იცინიან..

- ბედნიერად..

- აბა შენ იცი..

- იცოდე აღარ დაგვიბრუნდე..

- არ დაგვივიწყო..

ჩემსკენ იხედება და ამბობს:
- მოვალ, ყოველდღე. - ამ სიტყვებით უფრო მე მომმართავს. მეც ვუღიმი და ვუახლოვდები, ერთმანეთს ვეხვევით.
- ხშირად მოვალ, მართლა გპირდები..
- მჯერა ..
- არ მოიწყინო.
- არა, რა თქმა უნდა. - ვამბობ და ოთხად გადაკეცილ ფურცელს ქურთუკის ჯიბეში ვუდებ. ფურცელს სადაც ის დავხატე, თავისი გიტარით და გრძნობებით, კუთხეში შავი გულით რომელსაც წითელი გული აქვს ,როგორც ნიშანი მისი გამოჩენა ჩემს ბნელ ცხოვრებაში...
ძლივს ველევი მე და არ მემშვიდობება ის. რადგან იცის, რომ მალე მოვა. გამომშვიდობება კი დიდხანს განშორებას ნიშნავს. ჩემი ეგოისტური გრძნობა ლამის ჭკუდან შეიშალა მისი მთავარი კარიდან გასვლის დროს, გულიდან წამოსული სიტყვბი ,, ჩემთან დარჩი,, კბილებით დავიჭირე.
დაიხურა კარი და დავრჩი მარტო ლამაზ სიზმარში გამომწყვდეული, გიფიქრიათ თქვენ სასიამოვნო სიზმრიდან გაღვიძებულს თუ სად მიდიან და რას გრძნობენ იქ დარჩენილები? ... თუმცა ჰო, ვერსად მიდიან..
ოთახში დაბრუნებულმა ფიქრისგან თავდასაცავათ საერთო ჩატს მივმართე, რამდენიმე დღეა არ შევსულვარ და ბევრი ახალი ამბავი დამხვდა, კარგიც, ცუდიც და უფრო ცუდიც. ცოტა რამ ჩემზეც იცოდნენ, რადგან რამდენჯერმე ერთადაც ვიყავით ვიდეოზარით ჩართულები, ახლაც ავციმციმდი თუ არა მომაყარეს კითხვები.. მათთან საუბარი წაადგა ჩემს მოწყენილობას.
უფრო გვიან ისევ დერეფანში დავიწყე ბოდიალი. საკმაოდ ვიარე წინ და უკან ბოლოს კი მაინც ჩემი მცდელობის მიუხედავად, რომ თავი ამერიდებიანა მისი პალატის კართან აღმოვჩნდი.
ეს ოთახი ბევრ სასიამოვნო მოგონებას ინახავს. როგორც ბოლო, ასევე წინა მფლობელთან დაკავშირებით. ორივეს მოსვლა ვნახე და ასევა მათი წასვლა. ორივეს წასვლისას მეტკინა გული, თუმცა განსხვავებულად. ერთს ჩემი იმედი გავატანე, მეორემ კი თავის იმედიც მე დამიტოვა.
ახლა კი ვდგავარ კართან, რომლის მიღმაც მოგონებების ზღვაა, მაგრამ მეშინია შეღება მისი.

- ხომ არაფერი გაწუხებს? - მედდას ხმას გამოვყავრ ფიქრებიდან და ახლა ვაცნობიერებ, თუ როგორ ძლიერ ვტირი, სანამ შემოვბრუნდები ვცდილობ მაჯებით ცრემლები მოვიშორო.

- რა მოხდა საყვარელო? - მეკითხება ისევ და თან გულში მიხუტებს.

გადის წუთები ზამთართან ერთად. ის თავის დაპირებას ასრულებს, ხშირად მოდის, რა თქმა უნდა ტელეფონით მეკონტაქტება, ინტერნეტით. მაგრამ მე ვერ ვასრულებ ჩემ წილ დანაპირებს. მოწყენილობაც ხშირად მჯობნის და სენიც. მთელს ჩემს ,,ბედნიერებას,, ერთი უჩვეულო რამ დაერთო თან, რეალობის და არარეალობის აღქმა მიჭირს. ხანდახან მავიწყდება რეალური აწმყო. მაგალითად, ვიცი რაც მჭირს, მაგრამ მავიწყდება სად ვარ და ყოველ დილით ჩემს ნამდვილ ოთახში ვიღვიძებ, მერე ნელნელა აღვიქვამ პალატას. აი, კიდევ ვიცი, რომ სადღაც ერთერთ ბაღში ყოფნა ძალიან მომწონს, მაგრამ ზოგჯერ მავიწყდება ეს ბაღი სწორედ აქ კლინიკის გულშია, რომ არის. დრო და მოქმედება მერევა ერთმანეთში.. ექიმის თქმით ეს მოვლენა მალე გაივლის, ამბობს, რომ წამლების ბრალია, რომ უკეთასად ვიქნები.. მაგრამ არაფერი იცვლება.
საიმედო ოპერაციას გეგმავენ, არვიცი რას და რისთვის ელოდებიან თარიღის დათქმას, იმის მიუხედავად, რომ მათ საიმედოდ მიაჩნიათ, მე აღარ ვინტერესდები ამ ინფორმაციით, რადგან უკვე დიდიხანია ზედმეტად ბევრს ვისმენ. დავიღალე...
იქნებ ჩემი ამ ყველაფრისგან დაღლილობაც წამლებს მივაწეროთ ?!.
ყოველი დღე მრავალფეროვანი მაქვს. ხანდახან ჩემი სიზმრები რეალურია, თავად რეალობა კი სიზმარია ზოგჯერ.
ყოველთვის როცა ნახვის საათი დგება, მეც დიდი მოლოდინით ვაშტერდები კარს.. და თუ სხვებს ისიც შემოჰყვება, ჩემი გული სწრაფი რითმით იწყებს ძგერას. დრო თითის წვერებზე შემდგარი ჩერდება და სამყაროსაც აჩუმებს..
მაგრამ დღეს ჩემი არეული გონების გამო, მავიწყდება მნახველების დროის კონტროლი. ოთახში საწოლზე ვწევარ და ვიცდი როდის მოვა მედდა და შემირჩევს მისაღებ წამალს. თუმცა არ მოდის იგვიანებს, თავად ვაპირებ მედდას მოძებვნას და ფეხზე ვდგები. არვიცი სწრაფად ადგომის გამო, თუ სხვა მიზეზით თავბრუმეხვევა, თვალებში მიბნელდება და გული მიჩქარდება, იმდენს ვხვდები რომ, არ დავეცე და იატაკზე მუხლებით ვეშვები, შემდეგ კი ვწვები. ლოყის ცივ იატაკზე შეხება ერთხანს შვებას მგვრის. შემდეგ კი ისევ ტრიალდება ოთახი....
მესმის ფეხის ხმა და ლაპარაკი არეულად. ვხვდები, რომ ჩემს დასახმარებლად შემოსული ექიმები არიან. ვგრძნობ როგორ მაწვენენ საწოლში, ნემსის ჩხვლეტას ვგრძნობ, ძალიან ქაოტურად მოძრაობენ ჩემს ირგვლივ. ჩემს არეულ გონებას თუ დავუჯერებ, რაღაც სერიოზული ხდება. ისევ ნემსის ჩხვლეტას ვგრძნობ, ამჯერად მკლავში. საინტერესოა კიდევ როგორ პოულობენ ვენას დალურჯებულ ხელებზე. წამალი მოქმედებს და ოთახიც ანელებს ტრიალს, სანამ კარს დახურავენ ვხედავ მის შეშინებულ სახეს... ისევ მოვიდა ჩემთან..
სწრაფი ლაპარაკი ჩამესმის დროდადრო, ვერ ვარჩევ რაზე საუბრობენ. აქა-იქ ვიჭერ სიტყვებს.
- დრო არ გვაქვს..
- სწრაფად!....
- გული უჩერდება!....
,,- ყველაფერი კარგად იქნება,, მხოლოდ ეს სიტყვები აღწევს ჩემამდე გარკვევით, რადგან ძალიან ახლოდან ჩამესმის.... ასე გონება დაკარგული, წამლების ზემოქმედების ქვეშ, ვებღაუჭები ამ სიტყვების იმედს, თბილ მოგონებებს და სადღაც სიბნელეში მივდივარ.....

- მზად ხარ? - ჩემს ზურგს უკან დგას და ყურში ჩამჩურჩულებს ის. თანხმობისნიშნად თავს ვუქნევ. - მაშინ თვალები გაახილე..

ხელებს ვიშორებ სახიდან და თვალებს ვახელ. ჯერ მზე მენათება და მისი სიკაშკაშე თვალებს მჭრის, როცა მხედველობა მიბრუნდება, გაოცებისგან ემოციებს ვერ ვმალავ. ჩემს წინ თითქოს მთელი სამყაროა გადაშლილი. ეს ერთ-ერთი ადგილია სადაც სანახაობა სუნთქვას შეგიკრავს.

- საოცარია.. - ვამბობ, ემოციებით სავსე.
ის კი ხელს მკიდებს.
- გავიქცეთ? - მეკითხება და იღიმის.

მეც ღიმილით ვპასუხობ და გავრბივართ ათასი კიბით სავსე მიხვეულ-მოხვეული ჩინეთის კედელზე. არც დაღლა გვეყტობა, არც ტკივილი, არც დარდი რამეზე... ჩემი თმები ქარში იშლება და უკვან მომყვება ტალღებივით. უსასრულოდ შემიძლია ვირბინო... და მას, საოცარია, მასაც არაფერი აწუხებს. არ სჭირდება არც ხელჯოხები, არც ეტლი.. მისი ბედნიერება ცას წვდება..
მომენტი რომელიც ასეთი სრულყოფილია ფორმას იცვლის, თითქოს გაფუჭებული კინოფილმი იყოს ისე იწყებს ჩამუქებას და როცა შენელებული კადრი სულ შავდება, გულისცემაც , ფეხის ხმაც და უდარდელი სიცილიც, შორეულ სიხშირეზე გადადის და კიდევ ერთხელ მეცლება ჩემი ცხოვრება ხელიდან....
გთხოოვთ! ნუ მეტყვით, რომ ისევ ჩემმა გონებამ აურია....
სად ვარ რეალურად? ან საერთოდ თუღა ვარ რეალური? დავიღალე... იქნებ სჯობს გავჩერდე? იქნებ სჯობს დავამთავრო ომი? იქნებ ის დროა, რომ საბოოლოდ დავნებდე და დავრჩე ამ ჯადოსნურად ჩაჩუმებულ სიბნელეში...

სიბნელეში განუწყვეტელი წუილის ხმას მონოტონური წიკწიკი ცვლის და ჩემი გული საიდანღაც სუსტად იწყებს ფეთქვას. რომელიც ძლიერდება და ვენებში დაძრული სისხლი მითბობს სხეულის თითოეულ მონაკვეთს...
ბედნიერი ტალღები ვიბრირებენ ჩემს გონებაში და მამშვიდებს საკუთარი გულის ფეთქვის ხმა....
ნუ მეტყვით, რომ ეს ჩემი ბრძოლის დასასრული არ არის.....
....................
- როგორ იქნება?

- ყველაფერი ვცადეთ, ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ საბოლოო სიტყვა მაინც მის ირგანიზმს ეკუთვნის.

ასე ჩემს უგონო მდგომარეობაში მყოფ თავთან განიხილავენ ჩემივე ამბავს, ხმებს ვერ ვარჩევ, მაგრამ მესმის მათი ყველა მოქმედება და ვგიჟდები ამ სიტყვებზე, ჩემს დანგრეულ ორგანიზმს როგორ ანდობენ ჩემს ჯანმრთელობას? ორგანიზმს, რომელიც დიდი მონდომებით მკლავს.
- და თუ ვერ იბრძოლებს სათანადოდ?...-
არა, არა! ბრძოლა და ომის გაგონება აღარ მინდა მე დავასრულე. აღარც ძალა მაქვს, აღარც ენერგია და აღარც ნებისყოფა...
- ეს გოგო ძლიერია, შეძლებს...

ძლიერი?! რა არის ჩემი ძალა? ან სადღაა ჩემი ძალა? სხეულთან ერთად გონებაც ამერია, უკვე მერამდენე სასიამოვნო მომენტი აღმოჩნდა სიზმარი, უკვე მერამდენედ გამიცრუვდა იმედი, უკვე მერამდენედ ჩავიქნიე ხელი ჩემს კარგად ყოფნაზე, აბა რა არის ჩემი ძალა?
არ მინდა ჩემს თავს კიდევ ერთი იმედი მივცე, მისი ისევ დაკარგვის მოლოდინით. კიდევ ერთი იმედი კიდევ ერთ ტკივილს ნიშნავს.
მაგრამ იქნებ..!
როცა ამ ძილიდანაც გამოვფხიზლდი, როცა ეს სიბნელეც დავტოვე და თვალები გავახილე, მე არ ვიყავი მარტო. ისიც იქ იყო, ჩემს საწოლის გვერდზე სკამზე კომფორტულად მოთავსებული სახეზე ღიმილით. ცოტა მხიარული, ცოტაც დარდიანი მზერა ჰქონდა... მეც ღიმილით ვუპასუხე. გამიხარდა მისი კვლავ დანახვა და შემრცხვა ჩემი დანებების აღიარებით. შემრცხვა მხოლოდ ჩემი ტკივილის გამო მიღებული გადაწყვეტილებით, თითქოს დავაღალატე, თითქოს მივატოვე, თითქოს უარი ვთქვი მასთან დარჩენაზე ისე, რომ არ მიფიქრია როგორ ეტკინებოდა გული...

- შენთვის კარგი ამბავი მაქვს. - მითხრა და ხელი ჩამკიდა.

- მართლა?

- კი, შენს გაწერას აპირებენ...

- რატომ?

- და ჩვენ წავალთ, სადმე ისეთ ადგილას, სადაც შენ წასვლა გიოცნებია. - მპასუხობს და ჩემს კითხვას თავს არიდებს.

- კარგია, მე.. მიხარია.. - ალბათ არც ღირს, რომ ჩავეძიო.

- შენ კარგად იქნები! - ჩემსკენ იხრება და ვხედავ მისი ღია-ღიათაფლისფერი თვალები როგორ ჩამუქებულა.

- შენ თუ გჯერა, გენდობი...

- ექიმი ამბობს, რომ...

- მოიცა.. - ვაჩერებ ტუჩებზე თითის მიდებით. - ნუ მეტყვი... მე მჯერა შენი, მე მჯერა ჩვენი მომავლის... - ჩემსკენ ვიზიდავ და ვკოცნი...

ისევ ჩერდება დრო, ჯადოსნურად მიჩუმებულ სამყაროში, ისევ ახლდება გულისცემა და მითბება სხეულის თითოეული მონაკვეთი...
....დიახ მე მჯერა სასწაულების....!!!

ავტ: სალი-ბელი 13




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent