სახლის ჩემი ნახევარი (სრულიად)
სახლის ჩემი ნახევარი 1 მარტივი ოცნება მქონდა, სახლი მინდოდა მიკარგულ მთებში, სადმე ხალხისგან დაცლილ სოფელში, კომუნიკაციებისგან მოწყვეტილ მყუდრო ადგილზე. და ერთ დღესაც შანსი მომეცა ეს ოცნება ამეხდინა. ყველაფერი ასე დაიწყო, სრულებით მოულოდნელად ჩემს შეყვარებულს დავშორდი, რომელთანაც ლამის ქორწინებამდე იყო საქმე მისული და იძულებული გავხდი ერთად ნაქირავები სახლიდან, როგორც ღალატით გულმოკლულ ქალს შეეფერებოდა, თავად გადავსულიყავი. გადასვლით კი გადავედი, მაგრამ სად? აი სწორედ მაშინ ვიფიქრე, საკუთარი არეული ცხოვრების ჯინაზე ოცნება ამეხდინა და ის ჩემი ნანატრი სახლი მეყიდა. ჩემი კრიტერიუმები ერთი შეხედვით მარტივი ჩანდა: 1_ სახლი მთაში. 2_ ნაკლები მეზობელი. 3_ და უზარმაზარი აივანი, ხედით მთაზე. აი სულ ეს იყო მთელი ჩემი მოთხოვნები და ქორწილისთვის გათვლილი, არც თუ პატარა, დანაზოგი გადავწყვიტე ამ კეთილი საქმისთვის მომეხმარებინა. ამასთან, გამომცემლობამ სამი თვე მომცა წიგნის დასასრულებლად, და მე ჯერ თემაც კი არ მქონდა მოფიქრებული. გულს ვერაფერს ვუდებდი. წერა კი არა დაწერილის კითხვაც კი მეზარებოდა. მთელი დღეები უაზროდ დავაქროლებდი ჩემს მოტოციკლს და არ ვიცოდი, ენერგია რაში დამეხარჯა ისე, რომ ჩემს ყოფილზე არ მეფიქრა. არც მეგობრების ნერვები მქონდა თავიანთი გულისგამაწყალებელი კითხვებით. რატომ და როგორ დავშორდით მე და ... სახელის ხსენებაც კი აღარ მსურდა მისი. ხოდა ერთ დღეს, სულ შემთხვევით, უცნაურ და ცოტა არ იყოს სასაცილო განცხადებას გადავაწყდი. „ ვყიდი ჩემს ნახევარ სახლს ამა და ამ რაიონში, ფასი ......“ და ფოტო აივნის ხედით აყვავებული ხვიარა ვარდების ჩარჩოში ჩამოთოვლილი მთებით. აი ამ ფოტომ გამაქვავა და სუნთქვა შემიკრა. ზუსტად ამ ხედზე ვოცნებობდი მთელი სიცოცხლე. ბევრი არ მიფიქრია და ნომერი ავკრიფე. ერთადერთი რაც ასე საეჭვოდ ჟღერდა, სახლის ნახევრის გაყიდვა იყო. თუმცა ვიფიქრე, რომ ძმები გაიყარნენ და სახლიც გაიყვეს. და ვერანაირი პრობლემა ვერ დავინახე ამ ფაქტში და სწორედ აქ დავუშვი გამოუსწორებელი შეცდომა. თუმცა ამაზე შემდეგ. სახლის მეპატრონემ ამიხსნა, რომ სახლი არათუ ახლა, არამედ წლების წინ გაიყვეს მისმა მშობლებმა. კი არ მოგესმათ, მისმა მშობლებმა. დედას და მას სახლის მარჯვენა ნახევარი ანუ ჩემი მხარე ერგოთ, აი მამა კი საზღვარგარეთ წავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. სახლის ნახევარი კი პირველ ქორწინებაში შეძენილ ვაჟს დაუტოვა, რომელსაც არასდროს დაუდგამს ფეხი საქართველოს მიწაზე და რომელიც კანადიდან სავარაუდოდ აღარსდროს დაბრუნდებოდა, ანდაც თუ ოდესმე გული მაინც სამშობლოსკენ გამოუწევდა, სავარუდოდ დედაქალაქში დასახლდებოდა, სადმე ახალაშენებულ უშნოდ ახოხოლავებულ, თანამედროვე კორპუსის მაღალ სართულზე და არასდროს მოისურვებდა ჩემ მეზობლობას. _ ხოდა რაღა ახლა გადაირევა და გაგიჟდება იმ დაფხავებულ სახლზე?_ გამიღიმა მეპატრონემ ალალად. _ როგორ სახლზე?_ ვიფიქრე მომესმა და კითხვა დავუზუსტე. _ ძველზე გოგონა, ძველზე და მიყრუებულზე!_ გამოასწორა მან წესით გამოუსწორებელი შეცდომა. _ ანუ მიყრუებულზე?_ ავიტაცე მე ბოლო სიტყვა. _ იმდენად რომ მხოლოდ ორი მეზობელი გეყოლებათ. მაღაზია რაიონში გექნებათ და დიდთოვლობისას დენიც ხშირად გაგეთიშებათ._ დამაიმედა მეპატრონემ თან კიდევ ერთხელ ინტერესით შემათვალიერა. აშკარად სურდა ეკითხა:დარწმუნებული ხარო? მაგრამ კითხვის დასმა გარკვეული და ცხადი მიზეზების გამო გადაიფიქრა. ერთი სიტყვით სახლი დამათვალიერებინა, ფული გადავურიცხე და ხელშეკრულებაც გავაფორმეთ. ასე ბედნიერად ვიყიდე სახლი, სადღაც გადაკარგულ მთებში. სადაც სოფელს ნასახლარის სახელისგან ორიოდე მოსახლეღა თუ იცავდა. ასე რომ ჩემი მარტოობა წესით გარანტირებულად ჩემი იყო. გზა სოფლამდე პირდაპირ საზღაპრეთში მიმავალ გზას ჰგავდა. გაკვირვებული და აღფრთოვანებული მივუყვებოდი დაკლაკნილ ვიწრო შარას. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს იქაურობას ცივილიზაციის მსახვრალი ხელი ჯერ არც შეხებოდა. გამოგზავნილი სურათის დახმარებით საჭირო სახლი სულ ადვილად მივაგენი. ისედაც იმ ადამიანისგან მიტოვებულ სოფელში, სადაც დაახლოებით ასიოდე სახლიც არ იდგა. და ამათგან ნახევარი ჩამოშლილიყო, სულ რაღაც ორიოდე ოჯახი იყო გაფანტული. მოწონების ნიშნად თავი დავიქნიე. ხანდახან ხმამაღალი მუსიკა მისწრებაა ჩემი სულისთვის. ამიტომ არასდროს ვუჩიოდი საყვედურებს და წუწუნს ჩემი ყოფილი მეზობლებისგან. როგორც სჩანს, დიდად არ გიჟდება ხალხი ღამის სამ საათზე არც მოცარტსა და სხვა ნებისმიერზეც. რას იზამ, გემოვნებაზე დაობენ და თანაც როგორ?! ბედნიერმა ჩავალაგე ბარგი. მანქანა ვიქირავე მოტოციკლიანად ზედ დავაბარგე მთელი ბარგი_ბარხანა და გზას გავუდექი. მანქანა სახლის წინ გავაჩერე და მაგრად გამოხურულ ჭიშკარს გასაღები მოვარგე. მანქანის ხმაზე ორი სახლით ზემოდან ვიღაც ახალგაზრდა კაცმა გამოიხედა. ინტერესით შემათვალიერა, თუმცა უსალმოდ და უხალისოდ შებრუნდა საკუთარ ეზოში. ცოტა არ იყოს დამხვდურის ასეთმა განწყობამ გამაღიზიანა, მაგრამ რაღას ვიზამდი? დაჟანგებული კარები ძლივს გამოვაღე და მანქანა ეზოში შევაყენე. სახლი საკმაოდ დიდი ჩანდა. ალბათ თავის დროზე რამდენიმე ოჯახის თანაცხოვრებისთვის იყო გათვლილი და აშენებული. საღებავი აქერცლილი და გამოხუნებული ჰქონდა. აშკარა იყო წლების მანძილზე არავის შეუვლია მისთვის მზრუნველი ხელი. მთელ სახლს გარშემო უზარმაზარი აივანი ერტყა. აი ეს აივანი იყო ზუსტად ჩემი აქ ჩამოსვლის რეალური მიზეზი. თუმცა ისეთი გაბარდული და მოუვლელი ხვიარა სურო შემოხვეოდა ზედ არათუ მთები, ორ ნაბიჯში ეზოც კი არ ჩანდა წესიერად. თავად ეზოს რაც შეეეხება,ზუსტად შუაზე იყო მაღალი აგურის ღობით გაყოფილი და ზედ წლობით მოუვლელი და გაველურებული ვარდი იყო გადავლილი. მოკლედ შანსი არ იყო ეზოს იმ მხარეს გადაგეხედათ. პრინციპში იქით რა მესაქმებოდა?! ბარგი ავიღე და მორყეული კიბეები ავიარე. ყველაფერს სიძველის კვალი ეტყობოდა და ყველაფერი ხელის შევლებას საჭიროებდა. გამიხარდა კიდეც. უახლოეს პერიოდში მოწყენა და უსაქმურობა არ შემაწუხებდა. მაგრამ რამდენ ხანს მეყოფოდა ეს ადამიანური წვრილმანები გასართობად? მე ხომ წინ მთელი მარადისობა მელოდა?! მტვერში იხრჩობოდა ოთახები. რაღას ვიზამდი?! თუ წარსულის სურნელსა და ამ სურნელისგან გამოღვიძებულ მოგონებებში არ მსურდა დაძინება, პირველ რიგში იქაურობა უნდა მომეწესრიგებინა. ამიტომ დროის დაუკარგავად შევუდექი საქმეს. ცოტა ხანში ისეთი მყუდროება დავუბრუნე სახლს, როგორიც ალბათ წლები იყო აღარც ახსოვდა. სახლის შემდეგ ჯერი ეზოსა და აივანზე მიდგა. პირველი, რა თქმა უნდა, აივანი ავირჩიე და გულდასმით დავიწყე სუროს გასხვლა. როცა იმ ადგილს მივუახლოვდი, სადაც აივანი სახლის მეორე ნახევართან საერთო ტიხარით იყო გაყოფილი. ..... 2 უცებ თვალი შევასწარი, როგორ გასხლტა უკანა ეზოდან მუქი ფერის ფიგურა. გაბურდული ტოტების გამო ნორმალურად ვერ აღვიქვი თუ რა დავინახე. ვიფიქრე, მაწანწალა ძაღლი ან რაღაც ასეთი იყო და საქმიანობა მშვიდად გავაგრძელე. საღამოს, როცა ეზოც ასე თუ ისე ადამიანის საცხოვრისს დავამსგავსე, ერთ მარტივ ჭეშმარიტებას მივხვდი. მიუხედავად ჩემი საყვარელი „ქალს ყველაფერი შეუძლია“ და „თანასწორობა კაცსა და ქალს შორის“ ფრაზებისა, ზოგიერთი სამუშაოს სრულყოფილად შესასრულებლად აუცილებლად მჭირდებოდა კაცის ძლიერი და გამოცდილი ხელი. აივნის მორყეულ მოაჯირს გამაგრება სჭირდებოდა, ეზოში მოზრდილი მცენარეები გასხვლას, პატარა ბაღი გასუფთავებას და სარდაფი კი ძველი ნივთებისგან განთავისუფლებას. მით უფრო სარდაფი იყო მისახედი. ისე გამოდიოდა, რომ ეს სივრცე სახლს საერთო ჰქონდა. ალბათ გაყოფის დროს სარდაფის გამტიხვრა აზრად არავის მოსვლია. მოზრდილი ფანრით ხელში ვიდექი ობობის ქსელებით სავსე ბნელ და ცივ ოთახში და ერთმანეთზე უაზროდ მიყრილ ნივთებს ინტერესით ვათვალიერებდი. საერთოდ ძალიან მიყვარს ძველი ნივთების გამოცოცხლება, მათთვის ახალი შანსის მიცემა, ამიტომ ახლაც ინტერესით ვეძებდი ახალ საკბილოს. რომელიც უახლოეს რამდენიმე დღეს გამიხალისებდა და აი ისინიც, თვალში ძველი, მაღალი აბაჟური მომხვდა. მაგრამ მასთან რომ მიმეღწია ჩვენ შორის ბარიერად ახორხლილი ნივთების მთელი მთა უნდა დამეძლია. გზად ორიოდ ძველ ჩუქურთმიან სკამსაც დავადგი თვალი, და ერთ ცალფეხა მრგვალ მაგიდასაც, აი ისეთ ზედ ყალბი მედიუმები სულებს რომ იძახებენ ხოლმე. წარმოვიდგინე, როგორ მოუხდებოდა ის ჩემს აივანს, თუ ზედ ფერად ჩიტებს და ორნამენტებს დავახატებდი. ამ ფიქრებში ვიყავი გართული რომ სარდაფის ზემოდან ფეხის ხმა მომესმა. მოულოდნელობისგან ადგილზე გავქვავდი. ფანარი სარდაფის ჭერს მივანათე და დაძაბული გავისუსე. თითქოს ჩემი დაძაბულობა იმ ნაბიჯების პატრონსაც გადაედო. ხმაური წამსვე მიწყდა. _ ჰეიიი! ვინ ხარ მანდ?_ აზრზე არ ვარ რა ძალამ მაიძულა, რომ იდუმალი სტუმრუსთვის დამეძახა. ვცადე სახლის ზედა მხარე წარმომედგინა, რათა მიახლოებით მაინც განმესაზღვრა სახლის რა ნაწილიდან მესმოდა ხმა. კარგა ხანს ვაყურადე,მაგრამ ჩამიჩუმი აღარ გამიგია. _ თაგვია ალბათ!_ ჩავილაპარაკე დაეჭვებით, თითქოს საკუთარ თავს ვაიძულე არარსებული რეალობის მარტივად მიღება. დიდად სასურველი არ იქნებოდა თუ პირველივე დღეს ჩემი ახალ ნაყიდი სახლის და მასში მარტო დარჩენის შემეშინდებოდა. გამბედაობა მოვიკრიბე და აბაჟურს გადავწვდი. მხარზე გავიდე და გამბედაობისთვის სტვენა წამოვიწყე, ასე სტვენა_სტვენით დავტოვე სარდაფი. _ აწი, ჯობია თუ დღის სულზე ჩავალ იქ!_ ვუთხარი საკუთარ თავს ხმამაღლა. _ მგონი საკუთარ თავს ველაპარაკები! გამეცინა ოდნავ შეშინებულს. ჯერ ერთი დღეა მარტო ვარ და უკვე ხმამაღლა ვსაუბრობ. ამ აღმოჩენამ დამაფიქრა იქნება ჯობდა რაიმე სულიერი მომეყვანა, რათა მარტოობას ასე აღარ დავეზაფრე ხოლმე და საკუთარ თავთან საუბრის ნაცვლად მასთან მესაუბრა. სოფელია, სადმე კატა ან ძაღლი იქნება? გავიფიქრე დაიმედებულმა. მანამდე კი ის მეზობლები უნდა მენახა და ახლოდან გამეცნო. იქნება დახმარებაც კი მეთხოვა, რა თქმა უნდა, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ. იმ ღამეს მოუსვენრად მეძინა. უცხო სახლი უცნაურად სუნთქავდა. ქალაქის სახლებს სული არ აქვთ, მაგრამ სოფელში ყოველი სახლი საკუთარ იდუმალებას ფლობს. საწოლში ვიწექი და მოუსვენრად ვწრიალებდი. ხან ფარდის მიღმა ვხედავდი უცნაურ ჩრდილებს, ხან მოულოდნელი ჭრიალის ხმა მიფრთხობდა ძილს, ხან შორეული ველური მტაცებლების ყმუილი. ერთი სიტყვით ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მარტო არ ვიყავი და ეს გრძნობა არ მასვენებდა. გამთენიისას ჩამთვლიმა და სწორედ იმ ღრმა ძილის მომენტში ისეთი ბრახუნი და შემდეგ მსხვრევის მომესმა სარდაფიდან, კინაღამ საწოლიდან გადმოვვარდი. საწოლიდან სწრაფად წამოვვარდი, ხალათი მოვისხი და კიბეებზე გიჟივით დავეშვი ჩემი უზარმაზარი ფანრით შეიარაღებული. სარდაფის კარი გავხსენი, წელში მოვიხარე და სიბნელე გავანათე. _ ვინ ხარ?_ ჩავძახე სიცარიელეს. რა თქმა უნდა, ხმა არავის გაუცია. ნელა ჩავიპარე სარდაფში და თვალი მოვაცეცე._ აუუუ! არის აქ ვინმე? ახლა ვფიქრობ, მაშინ ამ კითხვაზე რომ ვინმეს ეპასუხა ხომ გავაპნევდი იქვე სულს შიშისგან? მაგრამ იმ წამს ამაზე რატომღაც არ მიფიქრია. წაქცეულ პატარა კარადას რომ წამოვადექი თავზე, დაძაბულობამ გამიარა. ვიფიქრე, ის პატარა მაგიდა და სკამები რომ გამოვაცალე წინა დღეს, ალბათ წონასწორობა დავაკარგვინე და ამიტომ გადმოყირავდა, მაგრამ სულ წამით იმ საღმა აზრმაც გამიელვა, გადმოსაყირავებლად მაინცდამაინც განთიადს რატომ ელოდებოდა?! რაციონალური ფიქრი უარვყავი და მხრები ავიჩეჩე. _ რაღაცეები ნუ გეჩვენება!_ თითი დავუქნიე საკუთარ თავს და ახლა ძველ საწერ მაგიდას დავებღაუჭე უიმედოდ. _ რა მძიმე ხარ შე ოხერო! მუჭი დავარტყი გაბრაზებულმა, როცა ადგილიდან ძვრაც ვერ ვუყავი. არადა რა კარგად მოუხდებოდა ჩემს აივანს. დავჯდებოდი, გავშლიდი ნოუთბუკს და მთების ხედით მუზებგაღვიძებული ცოტას მაინც დავწერდი. _ ჯანდაბას შენი თავი!_ მივაწყევლე მტვრიანი საწერი მაგიდა და ისევ სახლისკენ ამავალ კიბეზე ავბრუნდი. სწორედ ამ დროს მოვკარი თვალი ურცხვად თვალმოშტერებულ მეზობელს. ხელში ურიკით და ურიკაზე აკოკოლავენული ბალახით რომ მოუძღვოდა სავარაუდოდ საკუთარ ცოლს წინ და თან აშკარად ნერწყვებს ყლაპავდა. დაბღვერილმა შემოვიკარი ხალათი და ქამარიც შემოვიკვანძე. მეზობლებს ზურგი ვაქციე და სახლში შევიკეტე. რა ჯანდაბად უნდოდათ ნეტავ ბალახი ამ უთენია? ვკითხე ბუზღუნით საკუთარ თავს. ყავა მომინდა და ჩაიდანი დენზე შევაერთე. რადგან ჯერ მაცივარი და სხვა ტექნიკა არ მქონდა და მხოლოდ ორ დღეში ველოდებოდი ჩემს ნივთებს, არც პროდუქტები მიყიდია ბევრი. მოტოციკლის იმედი მქონდა. უცებ ჩავირბენდი უახლოეს ქალაქში. ამიტომ სანამ შხაპის მისაღებად შევიდოდი და სანამ ყავა ოდნავ გაგრილდებოდა, ჩვეულად ორი მოზრდილი, ყველიანი სენდვიჩი გავიკეთე, მუსიკა ჩავრთე და მხიარულად მივაშურე ძველებურ აბანოს, რომელსაც უზარმაზარი ვიტრაჟული ფანჯარა ჰქონდა, ზედ ზღვის აქოჩრილი ტალღებით. იმდენად მომეწონა ეს ვიტრაჟი, ვიფიქრე რემონტის შემდეგაც დავიტოვებდი მას. ხანმოკლე ნებივრობის შემდეგ, სველი თმა პირსახოცით ავიკონე, კვლავ ერთგულ ხალათში გამოვეხვიე, სამზარეულოს მივაშურე. ფინჯანი ავიღე როცა საუზმისკენ შევტრიალდი ელდა მეცა. თეფშზე ერთი ცალი ეული სამკუთხედი სენდვიჩიღა იდო. _ რაო?_ ჩავილაპარაკე გაოცებულმა. მაგიდის ქვეშ შევიხედე, თუმცა მაგიდის ქვეშ რანაირად უნდა ჩავარდნილიყო მაგაზე არ მიფიქრია._ შევჭამე ვითომ? ისე მიმოვიხედე, თითქოს პასუხს გამცემდა ვინმე. _აბა მარტო ერთი გავაკეთე?_ ავწიე ცალი წარბი. უბრალოდ რაციონალური ახსნა ვერ მოვუნახე მომხდარს. კვლავ მხრები ავიჩეჩე და ფრთხილად ავიღე ობოლი პურის ნაჭრები._ სადაა თქვენი ძმობილი? ვკითხე დაბნეულად და გემრიელად მოვკბიჩე იმაში დარწმუნებულმა, რომ სწორედ იმ გაველურებულმა კატამ მომპარა, წინა დღეს რომ ვნატრობდი. აივანზე ფეხშველა გამოვედი და უჩინარ სტუმარს თბილად მოვუხმე: _ ფისო, ფისო! გამოდი სად იმალები? ვიმეგობროთ მე და შენ! შუადღემდე ცოტა ვიუსაქმურე, უფრო სწორად დრო გავიყვანე, რათა იმ უჟმურ მეზობლებთან შეხვედრის უსიამოვნება გადამევადებინა,მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ მქონდა, ამიტომ ყოველი შემთხვევისთვის მომარაგებული ტკბილეული წავიმძღვარე და მეზობლის სახლისკენ უწადინოდ და წინასწარ უსიამო განწყობით გავემართე. სანამ ჭიშკარს შევაღებდი, ეზო მოვათვალიერე, ვერაფერი დავუწუნე უნაკლოდ მოკრიალებულ მწვანე მინდორს. ჰაერი ჩავისუნთქე, ჩავახველე და ხმამაღლა დავიძახე. _ მასპინძელო!_ თან ჯიბეში ჩაჩურთული პირბადე მოვიძიე. რა ვიცი, იმ პერიოდში ყველას ისე ჰქონდა ამ პირბადეზე გაჭედილი, ვითომ მართლა იცავდა რამისგან.არადა მერე აღმოჩნდა, რომ ერთ ერთჯერად პირბადეს ხალხი ლამის მთელი კორონას პერიოდი ატარებდა. ამას თავი დავანებოთ და დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს ამბავს. სახლიდან ახალგაზრდა ქალმა გამოიხედა. უკმაყოფილო სახით ამათვალიერა და "გისმენო" მანიშნა. მისმა არასტუმართმოყვარეობამ უარესად ამიცრუა გული ახალ მეზობელზე, მაგრამ არჩევანის თავისუფლება არ მქონდა. _ გამარჯობა,მე თქვენი ახალი მეზობელი ვარ, ოლი. აი იმ ვარდებიან სახლში ვცხოვრობ!_ ხელით ისე ვანიშნე, თითქოს არ იცოდა სად ვცხოვრობდი. _ მერე?_ ისე უხეშად მომიგდო კითხვა, რომ სურვილი გამიჩნდა ის გულითადად მიტანილი კექსი მისთვის იმ დაღრეჯილ სიფათში შემომეწნა. რა თქმა უნდა, თავი შეიკავე, მის უხეშ ტონს მოვუყრუე და ისევ მიამიტი ღიმილით გავაგრძელე. _ მინდოდა თქვენთვის დახმარება მეთხოვა, რა თქმა უნდა, ანაზღაურების სანაცვლოდ! ან იქნება იცოდეთ ვინმე, ვინც დამეხმარება!_ ანაზღაურება რომ ვახსენე, სახე ცოტა მოულბა, მაგრამ მაინც არ გატყდა. _ ჩვენ ვერ დაგეხმარებით!_ სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული რომ სახლიდან მისი ქმრის ხმა გაისმა. _ ვინაა ქალო?_ ამ კითხვას მეორე მასპინძელიც გამოჰყვა. _ ოო, გამარჯობა!_ ცოლისგან განსხვავებით, აშკარად ესიამოვნა ჩემი დანახვა. მე კი ისევ კარებში ვიდექი გახირული ხელში ნამცხვრით და სულელივით ვიღიმოდი._ მობრძანდი სტუმარო! შემიპატიჟა და პერანგი შეისწორა. _ იყოს არ შეგაწუხებთ!_ ვუთხარი, როცა სახლისკენ დააპურა შებრუნება._ აქვე ეზოში მოგახსენებთ მოსვლის მიზეზს. დამხმარეს ვეძებ და აქ არავის ვიცნობ. ეზოს და სარდაფის მოწესრიგება მინდა და სხვა პატარ_პატარა საქმეებიც მაქვს მოსაგვარებელი._ კაცი ყურადღებით მისმენდა და თავს მიქნევდა,მაგრამ მისი ცოლი კვლავ უჟმური სახით დამჩერებოდა თავზე. _ ჩვენ არ გვცალია ახლა მაგისთვის.._ სცადა უარი დაესწრო ქმრის აშკარა თანხმობისთვის, მაგრამ ქმარმა თვალები დაუბრიალა. _ მიდი ქალო სტუმარს ყავა მაინც მოუდუღე!_ უბრძანა მკაცრი ხმით და ისევ მე მომიბრუნდა ღიმილით. _ პრობლემა არაა, აბა რისთვის ვართ მეზობლები?_ მეც ყალბად გავუღიმე და ვცადე უფრო დეტალურად ამეხსნა თუ რა მსურდა მისგან და ფასზეც წინასწარვე მოვრიგებოდი. სამზარეულოს ღია ფანჯრიდან კი მისი ცოლი გესტაპოსავით გვითვალთვალებდა და აშკარად ცდილობდა სიტყვა არ გამოპარვოდა ჩვენი საუბრიდან. როგორც აღმოჩნდა ქმარს დათო ერქვა ცოლს კი უცნაური ძველებური სახელი მზაღო. არასდროს მინახავს სახელი ასე შეეფერებოდეს თავის პატრონს. ორმოცი წლისები იყვნენ და შვილები არ ჰყავდათ. ჩემი სახლის ძველ მეპატრონეებს იცნობდნენ ოდესღაც, რადგან ცოლიც და ქმარიც ორივე ამ სოფლიდან იყვნენ წარმოშობით. 3 _ პეტრე ერქვა მაგ სახლის პატრონს. ცოლს გაეყარა და სახლიც გაუყო. იმ ქალმა კი შვილს ხელი მოჰკიდა და ქალაქში დაბრუნდა. მეორე ვაჟზე არაფერი გვსმენია, არც თვალით არასდროს გვინახავს. სადღაც სხვა კონტინენტზე ცხოვრობს და ასე ამბობდნენ, რომ იმ ქვეყანაში ცნობილი ავაზაკიაო!_ ასე მამცნო ჩემმა ახალმა მეზობელმა. _ ავაზაკი?_ ეს სიტყვაც მეუცნაურა. რატომღაც დიდად არ მესიამოვნა, რომ ჩემი სახლის მეორე ნახევარი ვიღაც უცხო ავაზაკს ეკუთვნოდა და არა უბრალოდ ჩვეულებრივ მოკვდავს. თუმცა მე რა? ჩვენ შორის, სხვა თუ არაფერი, უზარმაზარი აგურის კედელი და ათასობით კილომეტრი იწვა. მე და დათა ისე შევთანხმდით სამუშაოზე და სხვა პირობებზე, რომ მისმა ცოლმა ყავის ადუღება ვერ „მოასწრო“. მეზობელს დავემშვიდობე და სახლში კმაყოფილი დავბრუნდი. აი დარდი თუ უჟმური ცოლი ჰყავდა, მასთან დაქალობას კი არ ვაპირებდი. მთავარი იყო ისეთი მყუდროება შემექმნა, როგორსაც ვეძებდი. ეზოდან მოტოციკლი გამოვიყვანე და ქალაქისკენ დავეშვი. საღებავების და სხვა საჭირო პროდუქტების ყიდვა მსურდა. თანაც ცოტა გასეირნებაც არ მაწყენდა. იმ მაღლობს რომ მივუახლოვდი, საიდანაც ჩემი სახლი ხელისგულზე მოჩანდა, მოტოციკლი გავაჩერე და უკან მოვიხედე. იმ მოჟამულ, უპატრონო სახლებს შორის ჩემი სახლის აყვავებული აივანი სახეზე სახლს უკან ჩამავალი მზესავით მზესავით მანათებდა. იმ ჩემს საოცნებო აივანზე კი მაღალი შავებში ჩაცმული კაცი იდგა და აშკარად ჩემკენ იყურებოდა. გაოგნებისგან თვალები დავხუჭე და როცა გავახილე უცნაური ჩვენებაც გაქრა. _ რა ჯანდაბა იყო ახლა ეს?_ ვკითხე საკუთარ თავს._ მგონი მოლანდებები დაგეწყო მიტოვებულო, ნაღალატებო ოლი! ნელა დავიხურე ჩაფხუტი და კვლავ ქალაქისკენ გავაქროლე სპეციალურად ჩემნაირი მარტოსულებისთვის შექმნილი ტრანსპორტი. 4 უკან შებინდებულზე დავბრუნდი. კიბეები ავიარე და პირდაპირ სამზარეულოს მივაშურე დაღლილმა. ხელდი ატატებული პარკები მაგიდაზე უწესრიგოდ დავყარე და ინსტიქტურად მივადე ხელი აპარატში დაყენებულ ყავას, მისი ტემპერატურა მესიამოვნა. ფინჯანში ჩამოვისხი და მოვსვი. მოვსვი და ადგილზე გავშეშდი. ისე მოვათვალიერე ოთახი, ფინჯანი პირიდან არ მომიშორებია. მაცივრიდან დაწყებული ყოველი ნივთი თავის ადგილას იდო. თითქოს სულ ასე ეწყო და ასეც უნდა ყოფილიყო. ერთი პირობა გავიფიქრე, რომ მეჩვენებოდა. დაელმებული თვალებით გემრიელ ყავას ჩავხედე ფინჯანში და ცივად გავწიე წინ. აშკარად არაფერი მომლანდებია! _ რა ჯანდაბაა?_ ჩავილაპარაკე გაოგნებულმა. გასაგები იყო, რომ ჩემი ნივთები ჩემ არყოფნაში ჩამოიტანეს, მაგრამ რატომ არ დამირეკეს? დავიჯერო ეხალისებოდათ ასე წვალება? უცებ დათო გამახსენდა და წამიერად მომეხსნა დაძაბულობა, რა იყო აქ ასეთი გასაოცარი? ალბათ სწორედ მან ითავა ეს ამბავი. რადგან შინ არ ვიყავი, მტვირთავებს ნივთები ბარემ სახლში ამოატანინა. _ კარგი! ესეც მისი პირველი დახმარება!_ გამეღიმა მშვიდად._ არ ყოფილა ისეთი ურიგო კაც, ერთი შეხედვით რომ ჩანდა. ისევ მოვათვალიერე ოთახი, ახლა უფრო ყურადღებით და გამაკვირვა მისებურმა ინტერიერის ხედვის და აღქმის უნარმა. _ ასეა, წიგნი ყდით არ უნდა შეაფასო!_ თავი დავიქნიე კმაყოფილმა. ყავის მოხარშვაც კი არ დაზარებია, ალბათ თავისი ცოლის უხეშობის და არასტუმართმოყვარეობის გამოსყიდვა თუ უნდოდა ამით. იმ ღამეს აივანზე უზარმაზარი ნათურა ავაბრიალე და ის სარდაფში ნაპოვნი აბაჟური წინ დავიდგი. ცოტა ხანს ვაკვირდებოდი მის სოკოსებურ ფორმას და გონებაში მასზე გადასატან ნახატს ვალაგებდი. უზარმაზარ აბაჟურს ოთხი ოვალური კედელი ჰქონდა. ძველებურ ყაიდაზე უცნაური ჭილოფის მსგავსი მასალისგან იყო მოწნული. მისი მოხატვა ადვილი არ იქნებოდა, რადგან რელიეფური ფორმები ჰქონდა და ეს პროცესს გაართულებდა. ამიტომ გადავწყვიტე უბრალოდ ყვავილების ორნამენტები დამეტანა ზედ. გონებაში მაშინვე ქრიზანთემები ამომიტივტივდნენ, _ _რატომაც არა! მიყვარს ქრიზანთემები!_ გავუღიმე საკუთარ ფიქრებს. გადავწყვიტე ნახატი იაპონური სტილში დამეხატა, მინიმალისტური და არა გადატვირთული. მაგრამ ჯერ ესკიზი უნდა შემექმნა. ოთხი სხვადასხვა, მაგრამ თემატურად ერთნაირი ყვავილის ნახატი უნდა შემექმნა და ყოველი მათგანი აბაჟურის თითოეულ კედელზე გადამეტანა. ლამის განთიადამდე ვხატავდი, დროის შეგრძნება დამეკარგა. ასე ვიცოდი, როცა რაღაც საინტერესოს წამოვიწყებდი ხოლმე. ბოლოს ისე დამიმძიმდა ქუთუთოები, თვალებს ძლივსღა ვახელდი. ვიფიქრე, უბრალოდ წამით თვალს მოვიტყუებდი. თავი მკლავზე ჩამოვდე და წამიერად ჩამეძინა. რაღაც მომენტში ისეთი შგრძნება დამეუფლა, როგორც ბავშვობაში, ტელევიზორის წინ დაძინებულს, დედა ხელში აყვანილს რომ მაბრუნებდა საწოლში. ისე მეამა ჰაერში ლივლივის ეს მონატრებული და მეხსიერების სიღრმეში დალექილი გრძნობა, რომ თავს გამოფხიზლება ვერ ვაიძულე. მხოლოდ ოდნავ გავახილე თვალი, თითქოს მსურდა დავრწმუნებულიყავი, რომ ისევ ბავშვი ვიყავი და დედაც ჩემთან იყო. უცხო, თაფლისფერ თვალებს შევეჩეხე. უცნაურად ნათელ და მოელვარე თვალებს. თითქოს იმ თვალებში ლუმინისცენცია ციმციმებდა. ნახევრად მძინარეც კი გამაოცა მისგან წამოსულმა სიმყუდროვის შეგრძნებამ. თვალები დავხუჭე და ისევ გავახილე. გამოფხიზლება მსურდა, მაგრამ არ დამაცადა. _მგონი ჯობია დაიძინო! ჯერ ადრეა!_ მისი ხმაც მეუცნაურა. თითქოს დიდი ხანი იყო ხმამაღლა არ ესაუბრა, მის ხმას სიუხეშის ხავსი მოსდებოდა. მინდოდა მეკითხა: ვინ იყო და ჩემს სახლში რას აკეთებდა, მაგრამ ფიქრებს უსიტყვოდ მიმიხვდა. _ დაიძინე, ნუ ხარ მასეთი ცნობისმოყვარე! _ მითხრა და მართალია ვერ დავინახე, მაგრამ ვიგრძენი, როგორ გაიღიმა. თითქოს ხმაც წამიერად ხავსიდან ხავერდამდე დაურბილდა. მთელი ის დრო, სანამ მეძინა, იავნანასავით ჩამესმოდა გიტარის წყნარი, სევდიანი მელოდია და ისეთ სიმშვიდეს ვგრძნობდი, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. _ მე მარტო არ ვარ!_ ვუთხარი, სადღაც ძილისა და ღვიძილის გზაგასაყარზე, საკუთარ თავს. არ ვიცი იქნებ მომეჩვენა, მაგრამ გავიგონე, როგორ ჩაეცინა გიტარის პატრონს. მზის მკვეთრმა სინათლემ რომ სხვა გზა აღარ დამიტოვა, კი ვინებე და გავახილე თვალები. მშვიდი და მხიარული განწყობა ამყვა. საძინებელიც იდეალურად მოეწყო დათოს. _ ყოჩაღ მეზობელო!_ გავესაუბრე მხიარულად._ პირველი სამუშაო აშკარად ათიანზე შეასრულე. ფეხზე ავდექი და ჩემ გვერდით სასთუმალზე მიყუდებულ ბალიშზე ნებიერად ჩაძინებულ საკრავს დავაკვირდი. აშკარა იყო, როცა მეხინა ვიღაც გვერდით მეჯდა. ისევ ავფორიაქდი. ვერ იყო ნორმალური ამბავი. რანაირად ახერხებდა უჩუმრად შემოპარვას? ან საერთოდ რატომ აკეთებდა ამას? ისევ გიტარას გავხედე. ყოველთვის მინდოდა დაკვრა მცოდნოდა, იმდენად მინდოდა, რომ ინსტრუმენტს მნიშვნელობაც კი არ ჰქონია. ოღონდ შემძლებოდა რაიმე საკრავის ფლობა, გონებიდან სხეულისგავლით ემოციებისგან მუსიკით დაცლა, აი ეს იყო ჩემი ოცნება. წარმოვიდგენდი ხოლმე საკუთარ თავს საკრავით ხელში და თითქოს არაფერი იყო ამ ნანატრ წამზე უფრო ვნებიანი, უფრო თამამი და უფრო გულწრფელი, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ეს მარტივი ოცნება ვერ ავიხდინე. ამიტომ ოცნებას თავი დავანებე და ჩემი დედისეული გიტარა ჩემს აწ უკვე ყოფილს ვაჩუქე ერთ დღეს. თუმცა მას ყოველთვის ეზარებოდა ჩემთვის დაკვრა. ეს გიტარა კი საერთოდ არ ჰგავდა ჩემსას. გიშერივით შავი და ღამესავით იდუმალი იყო. მივედი, ხელში ავიღე და ინტერესით დავაკვირდი. გიტარას ზურგზე წვრილი გაკრული ხელით ეწერა: „ ინა“ მეტი არაფერი. მთლად შავი საკრავი, სახელად ინა. საწოლზე დავეშვი და ვცადე აზრები მომეკრიბა. თავადაც მაინტერესებდა, ამ ფაქტს რანაირ ახსნას მოვუძებნიდი. _ ინა!_ ჩავილაპარაკე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. _ ინა მე ოლი ვარ! ისე გავეცანი საკრავს, თითქოს სულიერი იყო. _ ინა სადაა შენი პატრონი? ოღონდ არ მითხრა, რომ არ გყავს!_ ოთახის იმ კედელს გავხედე, რომელიც სახლის ჩემ ნახევარს, მეორე ნახევრისგან ყოფდა. ავდექი და მივუახლოვდი. ხელი ავწიე და როგორც სათავგადასავლო ფილმებში მქონდა ნანახი ისე დავაკაკუნე ზედ. რატომღაც მეგონა სადმე მაინც ყრუ ხმას გავიგონებდი. მაგრამ შევცდი. სხვა ოთახებიც მოვიარე, მაგრამ ვერანაირი საიდუმლო შესასვლელი ვერ მივაგენი. ისევ საძინებელში დავბრუნდი გაგულისებული. _ ასე არა! კარგი!_ თვალმოჭუტულმა გავხდე საწოლზე მისვენებულ გიტარას და თითი მუქარით მოვუღერე. _ ახლა შენ ქალბატონო! ჩემი მძევალი ხარ! არ მგონია შენმა პატრონმა ასე უგულოდ ჩემს ხელში დაგტოვოს! შენს გამო მაინც დაბრუნდება! აბა აქ მოდი! საკრავს ხელი დავავლე და მიმოვიხედე. სად დამემალა, რომ ვერავის ეპოვნა? თვალში კარადა მომხვდა, გამახსენდა, როცა მას ვუკეთებდი, ერთ ფრთას, რესტავრაციისას საკეტიც დავუმაგრე რატომღაც. ხოდა სწორედ იქ გამოვამწყვდიე ჩემი მძევალი. 5 _ მაინც გაიპარე არა? არა, მითხარი რა ჯანდაბა უნდა აკეთო მანდ?_ საყვედურნარევი ხმით მესაუბრებოდა ჩემი დეიდაშვილი თეა. მიუხედავად იმისა, რომ მის სახეს ვერ ვხედავდი, მაინც თვალწინ მედგა ის გამომეტყველება, რომელიც მას ჰქონდა, როცა ჩემი სახლის წარმოდგენას ცდილობდა._ მაგას ნოდოს გულისთვის აკეთებ არა? მაგიტომ გარბიხარ! არც ის უხსენებელი არაფერ შუაშია! რადგან შენ ისევ იქ ხარ, საკუთარ წარსულში! _ კარგი რა თეაკო! შენ მაინც გაჩერდი! რა უნდა ვაკეთო და უნდა ვწერო, ვხატო, ვისეირნო და მუსიკას ხმამაღლა ვუსმინო! ცოტაა? _ დიდად ვერ აღაფრთოვანა ჩემმა პასუხმა. თეაკო ძალიან პრაგმატული გოგო იყო. არაფერს არ აკეთებდა წინასწარი დაგეგმვის და გულიანი. გააზრების გარეშე. და ყველაზე უკეთ მიცნობდა. _მე და გიგა ჩამოვალთ ხვალ. ვნახოთ მაინც სად ცხოვრობ! რა წამოგიღოთ, გინდა რამე?_ გამეღიმა, კვლავ ერთდროულად ცდილობდა რამდენიმე კურდღლის დაჭერას. _ არაფერი, უბრალოდ დაბრუნებისას ჩემი დაქირავებული მანქანა უნდა დააბრუნოთ უკან!_ გამეცინა მე, ვიცოდი რასაც მიპასუხებდა. _ ჯერ არ მოვსულვარ და უკვე წასვლაზე მელაპარაკები არა?_ დაიწუწუნა ჩვეულად. ერთი დღე მქონდა სანამ თიაკო მთელ სახლს გადააქოთებდა და რამღაც უტყუარ მიზეზს მომინახავდა, რათა დარჩენა გადამეფიქრებინა და უკან ქალაქში გავყოლოდი. ვიცოდი სწორედ ამ მიზეზით და შემართებით მოემართებოდა ჩემკენ. აივანზე გამოვედი და ტიხართან მივედი. სანამ თიაკო გაიგებდა, რომ სახლის მეორე ნახევარი სხვას ეკუთვნოდა და განგაშს ატეხავდა მთელ სანათესაოში, არიქა ოლი ვიღაც იდუმალ კაცთან ერთად ცხოვრობსო, მანამდე მე თავად უნდა მეპოვნა ჩემი უცნობი მეზობელი. ხის ტიხარს ხელი მოვკიდე და შევარყიე, ძვრაც ვერ ვუყავი. ყველაფერი ხომ ძველი და მოყანყალებული იყო ამ სახლში და რაღა მაინცდამაინც ეს ტიხარი იყო ქვა და კლდე?! ნერვები მომეშალა. აივნიდან გადაძრომა არ გამოდიოდა. გაბრაზებულმა ტიხარს ურგი ვაქციე და ხმადაბალი ჩაცინება გავიგონე. სწრაფად მივტრიალდი უკან. რა თქმა უნდა, არავინ იყო. _ გგონია დავნებდი? _ დავისისინე დაბოღმილმა_ მაგასაც ვნახავთ! კიბეები ჩავირბინე და ახლა მთავარი ჭიშკრიდან ვცადე თავდასხმა. მაგრამ გეგმა აქაც ჩამეშალა. დაჟანგულ კარს ძვრაც ვერ ვუყავი. უკან შევბრუნდი ეზოში და მაღალი ღობე მოვათვალიერე. კიბე რომც მომეტანა, იმ აბურდულ ვარდის ეკლებზე ვერ გადავძვრებოდი. _ მოკლედ შეუვალი ციხე_ სიმაგრე მოიწყვე არა?_ ვკითხე სიცარიელეს. არადა თავად აშკარად უმარტივესად ახერხებდა შემოძრომას, როცა კი მოისურვებდა მაშინ. ფაქტი იყო, იქვე სახლშივე ჰქონდა საიდუმლო კარი. ნერვებმოშლილმა ფეხი ჯიუტად დავაბაკუნე. _ ახლა წავალ და დათას ხელსაწყოებს გამოვართმევ!_ პირზე ხელი მივიდე და ისე გადავძახე კედელს მიღმა_ იცოდე სულ რომ კედლის გამონგრევა დამჭირდეს, მაინც მოვაღწევ შენამდე! _ მზაღოოო!_ დავუძახე უჟმურ მეზობელს. არ მინდოდა რამით გამეღიზიანებინა, ისედაც იმ უცნაურ უცხვიმპირო სმაილს გავდა. ამიტომ ქმრის ნაცვლად ცოლს მოვუხმე. კარი გააღო და მოღუშული სახით გამოემართა ჩემკენ. არც კი შევუპატიჟებივარ. _ გისმენ?_ დამიდგა წინ დოინჯით. _ პირველ რიგში მადლობა მინდოდა მეთქვა! ჩემი ბარგი რომ სახლში აუტანია დათას!_ დავინახე გაოცებისგან როგორ აწკიპა ქალმა წარბები. ის იყო რაღაცის თქმას აპირებდა, რომ დავასწარი და გავაგრძელე. _ თანხაზე არაფერი უთქვამს, მაგრამ აი ეს მგონი საკმარისი უნდა იყოს!_ ჯიბიდან გადაკეცილი კუპიურა ამოვიღე და ქალს გავუწოდე. შეყოყმანდა და მხარსუკან სახლს გახედა უცნაური მზერით. ბოლოს ხარბად გამომართვა ფული და ჯიბეში სწრაფად ჩაიტენა. გამეღიმა მის საქციელზე. რა, ეგონა, რომ მის ქმარს არ ვეტყოდი ფული რომ მოვუტანე? კი აბააა! ეგღა მაკლდა გონებოდა, რომ მის შრომას უპასუხისმგებლოდ ვეკიდებოდი. _ ახლა კი ხელსაწყოები მინდა მათხოვო! _ ისევ შეეცვალა სახე. აშკარად არ მოვწონდი ამ ხეპრე ქალს. რა ვიცი, ეჭვიანობდა თუ რა ჯანდაბა სჭირდა? ალბათ ეგონა ყველა მდედრს მისი ოყლაყი ქმარი სურდა. „ღმერთმა დამიფაროს!“ გავიფიქრე გულში. „რომ მაჩუქო, მაინც არ მინდა!“_ ჰა,აბა მათხოვებ თუ შენს ქმარს დავუძახო? ვკითხე მისი უხასიათობით თავმობეზრებულმა. უარესად მოიღუშა. ხელი ჯიბეში მიჩქმალულ ფულზე წაივლო და სახლისკენ გაცუხცუხდა. ალბათ, არ სურდა, რომ დათას გაეგო რამე. ან ფული რად უნდოდა ამ სულელ ქალს? მაღაზია აქ არ იყო და არაფერი. თუმცა რას გაუგებ ადამიანის უცნაურობებს?! როგორც ვიცით ფაქტია, რომ ფული ყოველთვის და ყველგან სურს ხალხს. მალევე მოზრდილი ყვითელი ყუთი გამომიტანა და ფეხებთან დამიდო უხეშად. აღარაფერი მითქვამს, ყუთს ხელი დავავლე და სახლისკენ გავიქეცი სწრაფი ნაბიჯით. ერთი სული მქონდა იდუმალი მეზობლის სახლში შემეღწია. მეპოვნა და დღის სინათლეზე გულიანად დამეთვალიერებინა. მახსოვდა და არაფრით მავიწყდებოდა მისი თვალების უცნაური სინათლე. ახლა მაინტერესებდა, მართლა ასეთი თვალები ჰქონდა თუ მე მომეჩვენა მაშინ ასე. კვლავ ჭიშკართან მვედი. ყუთი მიწაზე დავდე. მხრები გავავარჯიშე, მოსალოდნელი სირთულისთვის შესამზადებლად და ინსტიქტურად დავადე ხელი სახელურს... ჩემდა გასაოგნებლად კარი ჭრიალით გაიღო. _ არააა!_ ჩავილაპარაკე გაოცებულმა. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ სულ რაღაც ოცი წუთის წინ საშვილიშვილოდ იყო ჩახერგილი. ახლა კი მცირედი ძალისხმევაც არ დამჭირვებია ისე გაიღო. სახე ზუსტად მზაღოსავით მომეღუშა._ დამცინი არა? ხოო, მაგარი სასაცილოა! ის საძაგელი თითქოს ჩემი ახირებით და ჭირვეულობით ერთობოდა. მიწაზე დადებულ ყუთს გვერდი სწრაფად ავუარე და ლამის გამქრალ ბილიკს სახლისკენ გავუყევი. ზუსტად ისეთი იყო ყველაფერი, როგორც ჩემს მხარეს, უბრალოდ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს საკუთარი სახლის ანარეკლს ვუყურებდი სარკეში. ახლა გავიაზრე, რომ აივანი, რომელიც ჩემი სახლის მარცხენა ფრთიდან კიბით იწყებოდა, მთელ სახლს გარს ერტყა და ამ ნაწილის მარჯვნა ფრთასთან ზუსტად ისეთივე ქვის კიბით და ხის მოაჯირით ბოლოვდებოდა. აი მთავარი შესასვლელი კი სულაც გაეუქმებინათ, რადგან ოდესღაც სწორედ იქ უნდა ყოფილიყო წესით, საიდანაც ეზოს ის მაღალი ღობე ორ ნაწილად ყოფდა. კიბეებს ფრთხილად ავუყევი. სახლის კართან გავჩერდი. სადღაც გონების სიღრმეში გახმიანდა მთავარი კითხვა, სინამდვილეში რა ჯანდაბას ვეძებდი, აქ? _ ფაქტობრივად მე ხომ საკუთარ სახლში ვარ!_ მაშინვე გავეცი საკუთარსავე გამაფრთხილებელ შეკითხვას უაზრო პასუხი. კარის სახელურს დავაწექი და ჩაბნელებულ სახლში გულადად შევაბიჯე. _ ღმერთო ჩემო! რა უკუნეთია აქ!_ ხელი კედელზე გავაცეცე და ჩამრთველს მივაგენი. ოთახი ბაცი ყვითელი შუქით განათდა. ინტერესით მოვათვალიერე იქაურობა. ყველაფერი სუფთა და მოვლილი ჩანდა. არც სიძველის და არც ობობის ქსელების ნასახიც არ იყო. როგორც ჩანს აქ ვიღაც ცხოვრობდა, რაზეც იმ ჭორიკანა მზაღოს სავარაუდოდ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. შექებას იმსახურებდა, რომ ამდენ ხანს მოახერხა ასეთი კონსპირაცია. გამაკვირვა იმან, რომ ფანჯრებს სქელი მაუდის ფარდები ფარავდნენ. თითქოს გარეთ ომი იყო, ხოლო მეპატრონე აქ მართლაც კონსპირაციულად ცხოვრობდა, როგორც ფრანკების ოჯახი მეორე მსოფლიო ომის დროს. _ აბა სად ხარ? გამოხვალ თუ არა?_ ისე გავესაუბრე სიცარიელეს, რომ ეჭვიც არ მეპარება ჩემი მასპინძელი მხედავდა და ჩემი მშვენივრადაც ესმოდა. მაგიდაზე ერთი მუცელგაბერილი დაბალი ქოთანი იდგა. მსუქანა მრგვალი კაკტუსით. მეტი არავითარი დეკორაცია არ შემიმჩნევია. _ კაკტუსი და გიტარა?_ „უცნაური კომბინაციაა.“ გავიფიქრე გულში. მარტოსულ და სევდიან ადამიანს ჰგავდა ჩემი იდუმალი მეზობელი. ადამიანს, რომელსაც ალბათ დიდი ხნით უწევს ხოლმე სახლიდან წასვლა. _ რადგან მოსალმების გამბედაობა არ გყოფნის, მაშინ სახლს დავათვალიერებ! შენ ხომ არ გერიდება და ჩემს ნახევარში მასპინძელივით გრძნობ თავს! _ მისაღებიდან საძინებლისკენ ავიღე გეზი. რატომღაც ისეთი შეგრძნებით შევაღე კარი, რომ იქ საწოლის ნაცვლად დრაკულას კუბო დამხვდებოდა. და როცა სრულებით ჩვეულებრივ ადამიანურ ლოგინს მოვკარი თვალი, შვებით ამოვისუნთქე. _ ანუ ვამპირი არ ხარ!_ ჩავილაპარაკე ჩემთვის._ ეს უკვე კარგია. საწოლს მივუახლოვდი და იმ მხარეს ჩამოვჯექი, სადაც გადაშლილი წიგნი იდო. _“ქარიშხლიანი უღელტეხილი“? კარგი რააა! ნუ იქნები ამდენად ამოსაცნობი!_ ჩამეცინა და წიგნი დაუდევრად დავაგდე საწოლზე._ იცი როგორ მძულს ჰიტკლიფი! წაკითხვისთანავე შევიძულე! რა ეგონა? წავიდა, მიატოვა, გაუჩინარდა და მერე ისე დაბრუნდა, ვითომ აქ არაფერი! რა სურდა? უბრალოდ ერთი პატივმოყვარე, სასტიკი კაცი იყო! ვერც კი მივხვდი რატომ გავგულისდი ასე. მე ხომ არ ვიცოდი რა დამოკიდებულება ჰქონდა ჩემს მეზობელს ამ პერსონაჟის მიმართ, მაგრამ როგორც ყველა კაცს, ალბათ მასაც არ აკლდა ეგოიზმი და პატივმოყვარეობა. მოულოდნელად წიგნის უკანა ყდაზე გაკეთებულმა ნაწერებმა მიიქცია ჩემი ყურადღება. „ მოდი ინა, ოღონდაც მოდი და გინდაც მომკლას შენმა ხატებამ! ოღონდაც მოდი, რომ ცოტა ხნით შენი დანახვა შევძლო...“ _ ინა?_ ჩავილაპარაკე ხმადაბლა. გამახსენდა, გიტარაზეც ხომ ეს სახელი ეწერა. და უცებ სრული სიცხადით გავიაზრე ამ ამბის მთელი სიმძიმე. განა კითხულობდა ამ ამბავს, განა თავს ირთობდა, არა! ის თავად იყო ჰიტკლიფი. არასდროს არ მიგრძვნია ამ პერსონაჟის არსებობა და რეალურობა ისე ცხადად, როგორც იმ წამს იმ ოთახში. მღელვარებისგან ფეხზე წამოვხტი. _ აქ არ უნდა მოვსულიყავი, მაპატიე!_ ჩავილაპარაკე ნაჩქარევად და სახლიდან გამოვიქეცი. ისე მოვრბოდი, თითქოს თავად ქარიშხალი მომდევდა უკან. ახლა ამ ამბავს რომ ვყვები, არც კი ვიცი რატომ შემეშინდა მაშინ ასე ძალიან. რატომ ამიტანა სიცივის და მწუხარების განცდამ. რატომ მომინდა იმ სახლიდან გამოქცევა. ალბათ იმიტომ, რომ ოდესღაც თავადაც გამოვცადე მსგავსი აგონია. ალბათ იმიტომ, რომ ოდესღაც მეც მთელი არსებით ვკითხულობდი ,,ქარიშხლიან უღელტეხილს,, და ჰიტკლიფში საკუთარ თავს ვხედავდი. ადამიანში, ვისაც სიკვდილიც კი უყვარდა საყვარელი ადამიანის და ერჩია უამრავი ცოცხალის სიცოცხლეს. არა! იმ წამს მე აღარ მსურდა მისი ნახვა. დაე ეცხოვრა საკუთარ დარდში დამხრჩვალს. დაე, ნურასდროს აღსდგებოდა მკვდრეთით. ისევე როგორც მე. მაგრამ მე არ მსურდა მისი დანახვა, რადგან მის თვალებში საკუთარი განცდების ამოკითხვის მეშინოდა. საკუთარ ჭიშკარს სირბილით ჩავუარე გვერდით და სადღაც უმიზნოდ ავყევი მიტოვებული სოფლის შარაგზას. სადამდეც ადრენალინი მეყო გავრბოდი. მერე გავჩერდი და საკუთარ აკანკალებულ მუხლებს. ნელა ავწიე თავი და სოფელს გადავხედე. რას ვაკეთებდი მე აქ? ნუთუ იმიტომ წამოვედი, რომ მიღალატეს? ნუთუ ქალაქიდან მართლაც მხოლოდ უსიამოვნო ჭორებს გამოვექეცი?! არა! მე აქ საკუთარ ქარიშხლიან უღელტეხილს ვეძებდი. ვეძებდი ადგილს, სადაც უფლება მექნებოდა საკუთარი თავი ათას ნაწილად დამეშალა და ისევ თავიდან ამეწყო! თვალით ჩემი სახლი მოვძებნე. ის იქ იდგა, აივანზე. იდგა და თვალს არ მაცილებდა და თუმცა მის თვალებს ვერ ვხედავდი, ვიცოდი, რომ მათში ოქროსფერი სინათლე ციმციმებდა. ხელები ტუჩებზე საყვირივით მივიდე და რაც ძალი და ღონე მქონდა დავუძახე: _ ჰიტკლიიიიიფ!_ დავინახე როგორ ასწია ხელი და დამიქნია. იმ წამს მოტოციკლი რომ მყოლოდა თან, აუცილებლად გავიქცეოდი უკან ქალაქში. რადგან არ მსურდა თავლის გასწორება საკუთარი გადავიწყებული სიმართლისთვის. არ მსურდა მის თვალებში ჩემი დავიწყებული ტკივილის დანახვა. ჩამოლურჯებულ ცას გავხედე, ღამდებოდა. სუსტად უბერავდა ცივი ნიავი. მაგრამ ეტყობოდა სულ მალე გაავდრდებოდა. სოფელს ზურგი ვაქციე და ტყეს შევერიე. ჯერ კიდევ ემჩნეოდა ვიწრო ბილიკები. გავიფიქრე, რომ ტყე უფრო ინახავს მოგონებებს, ვიდრე ადამიანის გული. თუ სიცოცხლეში არაფრად ღირხარ, სიკვდილის შემდეგ როგორღაც უცებ გაკარგდები. რაც არ უნდა ცუდი ყოფილიყავი, რაღაც კარგ თივსებას მაინც მოგინახავენ, თუ ვერ მოგინახავენ სულაც გამოგიგონებენ. იმას მოგაწერენ, რაც არასდროს ყოფილხარ. რადგან სიკვდილის შემდეგაც კი არ მოგცემენ უფლებას უბრალოდ საკუთარი თავი იყო. დაგიტირებენ, გიგლოვებენ და დაგივიწყებენ. არადა ნუთუ რთულია ერთმანეთის მეხსიერებაში შენახვა? რატომ ვართ ასეთი ეგოისტები? სულ მცირედი ტკივილის და მონატრების ატანა და გაძლებაც კი არ გვინდა. გარშემოც ყველა ამასვე გვეჩიჩინება: „ უნდა გაუშვა!“ ისევ ჰიტკლიფი გამახსენდა. აი რატომ მძულდა ის ასე ძალიან. იმიტომ რომ მან ის შეძლო, რაც მე ვერ! მან არ გაუშვა! სიგიჟე არჩია სევდას. გააფთრება არჩია ყალბ ღიმილს. შურისძიება_ თავის გადარჩენას. მე კი ერთ დღეს მივხვდი, რომ მის თვალებს ვეღარ ვიხსენებდი. ამის გააზრებამ მომკლა. ამის გააზრებამ სული გამიბზარა. მას შემდეგ მე უბრალოდ ვარსებობ ინერციით. იმიტომ რომ ასე უნდა იყოს. თურმე ცხოვრება წინ მიდის. თურმე აუცილებლად ისე უნდა ვიცხოვრო, როგორც ისინი ცხოვრობენ. მეც მათსავით უნდა გავაგრძელო არსებობა. არადა მე მსურდა მხსომებოდა, არ გამნელებოდა, დამსიზმრებოდა. აი რატომ გამოვიქეცი სინამდვილეში. ამ სიმარტივეში ქვეცნობიერად ვეძებდი წარსულ სიმშვიდეს. სადაც საკუთარ თავს დარდის, ტირილის, გახსენების, სიგიჟის და განახლების უფლებას მივცემდი. გავჩერდი და ახლაღა მიმოვიხედე ყურადღებით. უკვე საკმაოდ ბნელოდა, მე კი ვერც კი მივხვდი, სად ვიყავი. _ ახლა კი შეგჭამენ მგლები ქალბატონო ოლი და დაისვენებ მერე!_ გავბრაზდი საკუთარ თავზე._ შენც დაისვენებ და თეაკოსაც დაასვენებ! გამახსენდა ხვალ თეაკო რომ აპირებდა ჩამოსვლას და გამიხარდა. თუ რამე არ შემჭამდა ამაღამ, ხვალ უსათუოდ მომძებნიდა ჩემი ერთგული დეიდაშვილი. მერე კი ისევ თავად ამომხდიდა სულს, მაგრამ რაც მთავარია აუცილებლად მომძებნიდა. მიმოვიხედე და წამოქცეული ხის ტოტზე ჩამოვჯექი. გაგებული მქონდა, თუ ტყეში დაიკარგები უნდა ეცადო დაკარგვის წერტილს დიდად არ მოშორდე, რათა მაშველებს შენს პოვნაში ხელი არ შეუშალოო. თანაც რა აზრი ჰქონდა მშიერი მგელი აქვე შემჭამდა თუ სადმე სხვა ადგილას?! სანამ ისე ჩამობნელდებოდა, რომ საგნების გარჩევას ვახერხებდი კიდევ გულმაგრად ვიყავი. მაგრამ როცა ადამიანთა სამყარომ დაიძინა და ტყემ გამოიღვიძა მივხვდი, სულ თვალსა და ხელს შუა გამისხლტა სიმამაცის ნამცეცები. _ რომ ვიყვირო ვაითუ მგელმა მაშველზე ადრე მომაგნოს?_ გავიფიქრე სავარაუდოდ სიცივისგან აკანკალებულმა. ხელები მაგრად მოვიხვიე და საწყლად მოვიკუნტე. სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა უკვე. და სადღაც ტყის თავზე დაქროდნენ ელვისფერი გველები. არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექი ასე დაღლილს და გაყინულს თვალები თავისით დამეხუჭა. _ არ უნდა დამეძინოს!_ მახსოვს ბოლო რაც გავიფიქრე, სწორედ ეს სიტყვები იყო. ვიღაც მეძახდა და მანჯღრევდა. ვცდილობდი, მაგრამ ბურანს თავს ვერ ვაღწევდი. _ ოლი გაიღვიძე, ოლი!_ არ ჩუმდებოდა ნაცნობი ხმა._ გაიღვიძე და შემომხედე! თვალები გავახილე, როცა მის შეშინებულ მზერას გადავაწყდი შვებით ამოვისუნთქე. ხელები კისერზე მოვხვიე და ჩავეხუტე. _ჰიტკლიფ წამიყვანე რა სახლში!_ ვთხოვე ჩურჩულით. _ წამოდი!_ ჩაეცინა მას. ხელები მომხვია და ნელი ნაბიჯით გაუყვა ჩვენი სახლისკენ მიმავალ ბილიკს. 6 მე აქამდე არ ვიცოდი როგორი გრძნობაა, როცა სრულებით უცნობი ადამიანი ყველაზე ახლობელ აურას დაატარებს. არ ვიცოდი, როგორ გამოიყურება ეჭვისგან სრულებით დაცლილი ნდობა, მაშინ როცა ეს ნაცნობი ახლობელი ენერგია შენსას შეხვდება. მანამდე არასდროს შევხვედრივარ ისეთ ადამიანს, ვინც ჩემში ფესვგადგმულ ხიფათის სიგნალებს მხოლოდ საკუთარი სიახლოვით გააყუჩებდა. არ ვიცოდი სინამდვილეში ვინ იყო ჩემი მშველელი. ყველაზე მთავარი და უბრალო მისი სახელიც კი არ ვიცოდი, მაგრამ იმ წამს მას უპირობოდ ვენდობოდი. ვიცი,ახლა გაუგებრად ჟღერს იმ ქალისგან, ვისაც უღალატეს, მაგრამ ჩვენი შეხვედრა ორი ძველი მეგობრის შეხვედრას ჰგავდა. თითქოს უხსოვარი დროიდან სამყაროს სხავადასხვა ნაწილში განსხვავებული ფორმებით ბევრჯერ შევხვედროდი მას. თითქოს კიდეც ვიცნობდი და თანაც სულწასულად მაინტერესებდა მისი გაცნობა. ფრთხილად ავხედე სახლისკენ მიმავალს. ისე მშვიდად მიდიოდა, სუნთქვაც კი არ ჰქონდა აჩქარებული. აი მე კი ლამის იყო სული სხეულიდან მეპარებოდა, მისი თვალები მთვარეს ირეკლავდნენ თითქოს და არა, მე სულაც არ მეჩვენებოდა, ისინი ანათებდნენ. ბრჭყვინავდნენ და მე თვალს ვერ ვაშორებდი მათ. _ რომ შემეძლოს გავწითლდებოდი!_ სახით არა, ხმით ჩაიცინა. _ რა?_ ვერ მივხდი, რადგან ჩემი ფქირები სხვაგან დაქროდნენ. _ ისე მიყურებ, რომ შემეძლოს გავწითლდებოდი!_ გაიმეორა მან. თვალი სწრაფად მოვაშორე და საკუთარი თავი ახლაღა შევათვალიერე. _ მგონი თავადაც შევძლებ!_ მჭიდროდ მოხვეული ხელები კისრიდან მაშინვე შემოვხსენი. _ აღარ იყინები?_ გზას თვალი მოაშორა, შემომხედა და გამიღიმა. თავი გავაქნიე. იმ მყუდროებამ, რომელიც მისი დანახვისას ვიგრძენი უცბად დატოვა ჩემი სხეული. _ კარგი, რადგან ასე გსურს!_ მითხრა, ძირს დამსვა და გზა გააგრძელა. უკან გავყევი. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. რაზე მელაპარაკა, რა მეკითხა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ უამრავი რამის კითხვა მსურდა, მაგრამ ვერაფერს ვიხსენებდი. იქნებ ჩემს კითხვებზე სულაც არ უნდოდა პასუხების გაცემა. _ რატომ გაიქეცი! ჩემი გეშინია?_ ისე მკითხა, უკან არ მოუხედავს. _ უნდა მეშინოდეს? _ არ ვიცი, უნდა გეშინოდეს?_ გაჩერდა და უკან მოიხედა. _ შენი თვალები..._ მინდოდა მეთქვა ანათებენ მეთქი, მაგრამ დამასწრო. _ გეჩვენება! აღელვებისგან! _ სულაც არ ვღელავ!_ გავჯიუტდი მე. _ არ ღელავს! არ ეშინია!_ გაეცინა უცნაურად. _ აქ რატომ იმალები?_ სახლს რომ მივუახლოვდით ნაბიჯი შეანელა. _ რატომ გგონია, რომ ვიმალები! _ მათ თქვეს..._ გამახსენდა ავაზაკი რომ უწოდეს დათამ და მზაღომ სახლის მეპატრონეს. _ რა მე?_ ახლოს მოვიდა და თვალებში ჩამაჩერდა. ვერ გავუსწორე თვალი. მიწას დავხედე დაბნეულმა. ჯობდა არ მეთქვა, მეხობლები რას ფიქრობდნენ მასე. _ შენ პეტრეს შვილი ხარ? ამ სახლის ძვრლი პატრონის. _ არა._ მოკლედ მიპასუხა მან. _ რა გქვია?_ ვკითხე და მზერა გავუსწორე. არაფერი უთქვამს. მივხვდი, არც აპირებდა. _ კარგი! სულ ერთია! _ ავიჩეჩე მხრები და მღელვარების თუ წყენის გადასაფარად ოდნავ გავიღიმე._ აი, მოვედით! სახლზე ვანიშნე. _ მოვედით!_ ჩაილაპარაკა მან. _ მადლობა!_ ვუთხარი და ჭიშკარი გავაღე. არ მსურდა სახლში შესვლა, მაგრამ "დარჩიო" ან რამე ამის მსგავსი არაფერი უთქვამს. არადა მისი შესწავლა ისე მსურდა, როგორც ბავშვს ახალი სათამაშოს თათვალიერება. „ არა უშავს, ხვალაც ხომ ვნახავ?“ გავიფიქრე ჩემთვის. _ ხვალ არ გამოგივა ჩემი ნახვა, ხვალ ხომ თეაკო მოდის!_ ისე ხმამამაღლა უპასუხა ჩემს ფიქრებს შიშისგან შევხტი._ სასაცილო ვინმე ხარ! გაიღიმა და სახლის თავის ნახევარში უკან მოუხედავად შეაბიჯა. ვიდექი ჯერ ისევ ღია ჭიშკართან და მომხდარზე ვფიქრობდი. ხელი ავწიე და ლოყაზე ვიჩქმიტე. _ არაა, არ გძინავს ოლი!_ ვუთხარი საკუთარ თავს. ცოტა ხანს ვიწრიალე სახლში. ვერაფერს დავუდე გული. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ აივანზე ვიდექი ორი ფინჯანი ჩაით ხელში. ვიდექი ასე არეული და ვერაფრით ვბედავდი, რომ მისთვის დამეძახა. ტიხარს ისე მივუახლოვდი, როგორც რაღაც იდუმალ, მოჯადოებულ საზღვარს. რამდენიმე წუთს ვყოყმანობდი ასე. ვფიქრობდი, რომ მეტისმეტად ბავშვური საბაბი იყო ჩაი. რომ სასაცილოდ გამოვჩნდებოდი მის თვალში. _ საერთოდაც რატომ მაღელვებს ეს?_ ჩავილაპარაკე საკუთარ თავზე გაბრაზებულმა და ტიხარს ზურგი ვაქციე. _ მშიშარა!_ გავიგონე მისი ჩაცინება. სწრაფად შევბრუნდ _ მშიშარა არ ვარ! უბრალოდ არ გიცნობ!_ ვუპასუხე იგივე ტონით. _ ახლა გაგახსენდა ეგა?_ აშკარად ერთობოდა ამ ყველაფრით. _ როდის არ მახსოვდა რო?_ გავიხედე უკან. ისევ ვყოყმანობდი მასთან სითამამეს _ აბა, არ მომაწვდი ჩემს ფინჯანს?_ მკითხა მან და ჩემს კითხვას მოუყრუა. _ ვფიქრობ, ამაზე უკეთესი გზა იცი ჩემს ნახევარში შემოსასვლელად!_ მივედი და იქვე მაგიდაზე დავდე ორივე ფინჯანი. ახლა მაინც გავიგებდი სად ქონდა ის ოხერი საიდუმლო კარი. „კარგიო!“ გაიცინა და აივნიდან გაქრა. დაძაბული ვაყურადებდი სახლს, ფრთხილად წამოვდექი და ფეხაკრეფით შეიპარე მისაღებად გადაკეთებულ ოთახში. წელში მოხრილმა შევიჭყიტე და სულგანაბული დაველოდე თავადაც არ ვიცი რას. _ რას აკეთებ?_ მკითხა უცებ ჩურჩულით მხარს უკან. _ მე მითვალთვალებ? _ რა ჯანდაბაა!_ შევყვირე შიშით. იდგა და მხიარულად იცინოდა, თუმცა თვალები მუქი სათვალის მიღმა დაემალა, მაინც მივხვდი საკუთარი ოინით კმაყოფილი იყო. _ შენ რა გეგონა ასე მარტივად გაგიმხელდი ჩემს საიდუმლოს?_ მკითხა სერიოზულად. _ ეგ კარი მეც ისევე მეკუთვნის, როგორც შენ! საერთოა!_ ზურგი ვაქციე და იმედგაცრუებული დავუბრუნდი აივანს. _ ლამაზი გამოსულა შენი აბაჟური!_ მოწონებით დააკვირდა ჩემს „შედევრს“. _ ესეც იცი ანუ!_ ისეთი გამომეტყველების მორგება ვცადე, აი ცალი წარბის აწევით რომ გამოხატავენ ხოლმე, რადგან ამ მიმიკას ვერ ვიმორჩილებ, უბრალოდ წარბის ასაწევად საჩვენებელი თითის ვიხმარებ ხოლმე. გულიანად გაეცინა. მოვიდა და ჩემ პირდაპირ ჩამოჯდა. _ შენს სახეს გაბრაზების გამოხატვა არ შეუძლია არა?_ ისე პირდაპირ მომახალა, გაკვირვებისგან ორივე წარბი შუბლზე ამასხდნენ. _ რა? _ რა და გაბრაზებას ვერ გამოხატავ! უფრო სასაცილო ხარ, როცა ამას ცდილობ! _ უფრო სასაცილო? _ კი იმაზე მეტად, ვიდრე მაშინ სარდაფში მოჩვენებებს რომ ებრძვი! _ რომ იცოდე მანიაკი_ მოთვალთვალესავით ლაპარაკობ! თვალთვალი კანონით ისჯება!_ თითები დავაკაკუნე მაგიდაზე. სულ ასეთი ვიყავი ემიციები, რომელთა დამალვაც მსურდა ჩემი სხეულის გავლით მთელ სააშკარაოზე ეფინებოდა დედამიწას. ის კი ისედაც იმაზე მეტად მიხვედრილი იყო, ვიდრე ამას საჭიროება მოითხოვდა. _ იქნება ვარ კიდეც? არ გიფიქრია ამაზე?_ ხმა ისე უეცრად გაეყინა, სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. ინსტიქტურად მოვსვი ცხელი ჩაი. _ არა! შენი არ მეშინია! _ ვუთხარი ჯიუტად._ მაგრამ ვინ ხარ სინამდვილეში? რატომ მალავ შენს ვინაობას? ვინმე ბობოლა პოლიტიკოსის შვილი ხარ? თუ თავად ხარ ვიღაც ძალიან ცნობილი პერსონა? _ ვამპირობიდან პოლიტიკოსობამდე! აი ამას ქვია ნახტომი!_ ფინჯანი აიღო და დაყნოსა. _ საწამლავი არ გამირევია!_ მეწყინა მე მისი უცნაური საქციელი. _ სხვანაირი სურნელი აქვს!_ მიპასუხა მშვიდად. _ ხო, ტყის კენკრა დავკრიფე, სანამ დავიკარგებოდი..._ უცებ გავჩუმდი და გაოცებულმა შევხედე._ რაო რა თქვი? სხვანაირიო? _ რამდენიმე დღეა შენი სიკეთით ვსარგებლობ._ მხრები უდარდელად აიჩეჩა და ჩაი მოსვა. უეცრად ძალიან გავბრაზდი მასზე. ისე იქცეოდა, თითქოს მთელი სახლი მას ეკუთვნოდა. თან საკუთარ სახელსაც კი არ მეუბნებოდა. თუნდაც ტყუილს, მაგრამ მაინც სახელს. _ ეს სახლის ჩემი ნახევარია! გაიგე?_ ფეხზე ავდექი და მთელი სერიოზულობით განვუცხადე._ ჩემია! _ შენია!_ ისე მშვიდად დამიქნია თავი, როგორც ჭირვეულ ბავშვს ... 7 _ ვიცი!_ ზრდილობა და სითავხედე ისე საოცრად ჰქონდა ერთმანეთისთვის შერწყმული, და ისე უხდებოდა ის საძაგელი, ირონიული სხივი თვალებში, რომ მასზე სერიოზულად ვერაფრით გავბრაზდი, არადა გულში მშვენივრად ვიცოდი, რომ რასაც ის აკეთებდა, ნორმალური არ იყო და თეასთვის რომ გეკითხათ, არც სასურველი და მეც ვერ ვიტყვი, რომ როცა თავში სიტყვა „სასურველი“ ამომიტივტივდა, მთლად გულმშვიდად ვიგრძენი თავი. იმ მომენტში უფრო თეაკოს რეაქციაზე ვფიქრობდი, თუ მისი არსებობის შესახებ გაიგებდა, მით უფრო, ჩემს სახლში, მისი ამ დაუპატიჟებელი, თუ თვითნებური სეირნობების შესახებ რამეს თუ იეჭვებდა.... ამის წარმოდგენაზეც კი გამაკანკალა. _ ძალიან იჩხუბებს?_ მკითხა უდარდელად. _ რანაირად ახერხებ ამას?_ სიბრაზემ ისევე უცებ გადამიარა, როგორც მომიარა. რადგან მისდამი ინტერესი ყველა სხვა გრძნობას ჯაბნიდა ჩემში. _ მე? არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ, შენ კი საკუთარი ემოციები და გამომეტყველება უკეთ უნდა აკონტროლო._ მხრები აიჩეჩა მან. _ მხოლოდ ესაა?_ ვკითხე დაუფარავი ეჭვით. _ აბა რა უნდა იყოს?_ ჩემგან განსხვავებით, ვითომ გაოცებით მშვენივრად აწკიპა მარჯვენა წარბი. თითქოს ამითაც კიდევაც მაბრაზებდა. _ რა ვიცი, რამე ზებუნებრივი!_ ზებუნებრივზე იმდენი უცნაური ლანდები ამეშალა გონებაში, რომ თვალები ინტერესით ამენთო._ კარგი იქნებოდა კედლის მეზობლად ერთი თვინიერი ვამპირის ყოლა! _ თვინიერის?_ გულიანად გაეცინა მას. _ კი, დამჯერე და მორჩილი!_ დავუქნიე თავი მონდომებით. _მაგათ კვების რაციონზე გსმენია რამე? ძალიან მორჩილებსაც შიათ ხოლმე!_ თვალი ჩამიკრა მან. _ ხო, მაგრამ თუ მიიჩვევ.... _ აი, რას აკეთებენ ეგ სულელური ფილმები! შენნაირ გულუბრყვილო გოგონებს იმას აჯერებენ , რაც არასდროს მოხდება! ან მოხდება, მაგრამ ისე არა, როგორც ამას შენ გეგმავ და ოცნებობ!_ იმდენად ორაზროვანი იყო მისი სიტყვები, ვერაფრით ვახერხებდი სიმართლის გაგებას. თითქოს გადაწყვეტილების მიღებას მევე მანდობდა. შესაძლებლობას მაძლევდა, რომ თავადვე შემექმნა მასზე წარმოდგენა კარგი თუ ცუდი ეს ჩემი გადასაწყვეტი იყო. _დედამიწა საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ ზღაპრების არ მჯეროდეს!_ ვუპასუხე მტკიცედ და ზურგი დემონსტრაციულად ვაქციე. _ მოგეწონა ეს ყველაფერი? ხომ ნიჭიერი ვარ?_ მკითხა აშკარა ინტერესით. _ რა ეს?_ ცალი თვალით გამოვხედე გულხელდაკრეფილმა. _ აი ეს!_ თითი ჰაერში მოავლო. თითქოს სახლი მოხაზა. _ სახლი? _ გონებაში დავაზუსტე მისი სათქმელი და ახლა უკვე მე მივუხვდი ნაფიქრს._ მოიცადე! არა! ანუ გინდა მითხრა, შენ გააკეთე ეს? ახლაღა მივხვდი, რომ ყველაფერი, რაც მთელი ეს დრო დათას ნამოქმედარი მეგონა და რისთვისაც მის საძაგელ ცოლს ფულიც გადავუხადე, თურმე ჩემი იდუმალი მეზობლის დამსახურება იყო. ისევ მოულოდნელად ამავსო სიბრაზემ. ახლა უკვე იმ საძაგელი მზაღოს მიმართ. _ მიყურე ახლა მაგ დამპალ ქალს რა დღეს დავაყრი! მაცადოს მაგ მატყუარამ!_ გაცოფებული წამოვხტი ფეხზე და ეზოსკენ გავიწიე. აფექტურმა ხასიათმა მაშინვე მეზობელთან საომრად მომმართა. _ არადა რა მშვიდი საღამო იყო!_ ჩაილაპარაკა მან უხალისოდ და ხმამაღლა. _ რა? მშვიდი საღამო? მაგი მადარდებს ახლა მე? _ არა მარტო საღამო, საერთოდ აქაურობა, ბევრად მშვიდი იყო შენამდე!_ მომახალა მან უტიფრად. _ რას ბრძანებ? მყუდროებას ხომ არ გირღვევ შემთხვევით?იქნება სულაც ჩავალაგო ბარგი და ისე წავიდე, როგორც მოვედი?! _მისმა ნათქვამმა ისე გამაბრაზა, რომ ცოტა ხნით მზაღოსთან ომიც კი გადამავიწყა. ის კი მშვიდად იჯდა ფეხი ფეხზე გადადებული ჩემს საკუთარ აივანზე და იმაზე წუწუნებდა, რომ მე მის ახლომახლო საერთოდ ვსუნთქავდი. _ ეგ მხოლოდ დროის ამბავი!_ ისე დარწმუნებით შემომხედა, თითქოს კარგად მიცნობდა. თითქოს იცოდა ყოველი ჩემი ნაბიჯი და ჩემს გადაწყვეტილებებსაც გონების საცერში ცხრილავდა._ ადრე თუ გვიან შენ აქიდან წახვალ! _ შენ მე არ მიცნობ! რომც მოვკვდე აქიდან წასვლის სურვილით, ამის შემდეგ სწორედ შენს ჯინაზე დავრჩები აქ! და იმ ქალბატონსაც ვასწავლი, როგორ უნდა ადამიანის გაბითურება! გათენდეს ერთი, ხვალეც ამ კვირისაა რომ იცოდეთ! ახლა კი მიბრძანდი აქიდან ბატონო იდუმალებავ! თორემ ვატყობ შენი მოკვლის სურვილი ჩემს სტუმართმოყვარეობაზე ბევრად დიდია. _ მოკვლა ცემა და სხვა ამისთანა რამეები მორევაზეა! დამიბრუნე მძევალი და წავალ!_ გრძელი თითები მაგიდაზე მოთმინებით ააკაკუნა. _ არა!_ ვუპასუხე ჭირვეული ბავშვივით. _ რატომ? _ იმიტომ რომ..._ გავჩუმდი. პასუხი არ მქონდა. როგორ ამეხსნა, რომ მისი ნახვა ისევ მსურდა, ხვალაც ზეგაც და იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იყო. რომ მისი უცნაურობა თავისდაუნებურად ჩემს სულში წლების წინ გაჩენილ სიცარიელეს მივსებდა. ეს რომც მეთქვა, ალბათ არასწორად გამიგებდა. იფიქრებდა რომ... არ ვიცი რას იფიქრებდა, მაგრამ რატომღაც მეგონა, მისი ნებისმიერი ვარაუდი მცდარი იქნებოდა, რადგან საერთოდ ვერ წარმომედგინა შესაძლებლად, რომ მას შეეძლო ჩემი მისდამი ინტერესის ნამდვილი მიზეზის გაგება და ამოცნობა. _ მგონი ახლა დასევდიანდი!_ ეს მითხრა და მის ხმასაც გაუჩნდა კარგად შენიღბული ბზარი._ აშკარად დეპრესიისკენ მიდრეკილი, ჭირვეული და ფეთქებადი გოგო ხარ! დიდად სასურველი მეზობელი არა მგონია იყო! _ და შენ ამბობ ამას, მას შემდეგ, რაც ჩემი სტუმართმოყვარეობით ასე უტიფრად სარგებლობ?!_ ბავშვობის შემდეგ ასე მძაფრად არასდროს გამჩენია ვინმეს გაქოჩვრის სურვილი. მხოლოდ ის ახერხებდა ხოლმე ჩემ ასე გაგიჟებას და ისიც წლების წინ, ბავშვობაში. _ ვამპირი თუ არ ხარ, ბევრიც არაფერი გიკლია! ამ საღამოს მთელი კვირის სამყოფი ენერგია ამომაცალე! ან წადი, ან დარჩი! რაც გინდა ის ქენი! მე კი უნდა დავიძინო! ფეხზე ავდექი და სანახევროდ დაცლილი ჩაის ფინჯანი ავაცალე მაგიდიდან. თითქოს ვანიშნე, რომ მისი ვიზიტი დასრულებული იყო. _ ამ ჭიქით ჩემ გარდა აღარავის გაუმასპინძლდე!_ მითხრა გაუგებარი ღიმილით და აწ უკვე დასაკუთრებულ, ჩემივე ხელით ყვავილებით მოხატულ, ფინჯანზე მიმითითა._ ვერ ვიტან ჩემს ჭიქას რომ იყენებს ვინმე! სანამ მე გაოცებისგან თვალებდაჭყეტილი მივჩერებოდი, დამემშვიდობა და აივნის კიბეები ისე მსუბუქად ჩაირბინა, თითქოს სულ ამ გზით დადიოდა ხოლმე. წამის შემდეგ გამოვერკვიე და უკან გავეკიდე, მაგრამ თვალიც კი ვერ მოვკარი საიდან გაიძურწა. თუმცა დამეფიცებოდა, რომ მთავარ ჭიშკარს არც კი მიახლოებია. დილას იმ სასიამოვნო განწყობით ავდექი, რომ ჩემს ქარიშხალა გოგოს ვნახავდი. გათენებულიც არ იყო, რომ წამოვხტი ფეხზე. აჰა, ესეც ჩემი მარტოობის სიყვარული. თურმე როგორ მიხაროდა, რომ სტუმრები მეწვეოდნენ. დილითვე გამოვიყვანე მანქანა და რაიონის გზას გავუდექი. მინდოდა გულიანად გავმასპინხლებოდი სტუმრებს, რათა იმ წუწუნა გოგოს არ ეფიქრა, რომ მე აქ შიმშილით ვიკლავდი თავს. _ რა გემრიელი სუნია!_ ისე მოულოდნელად ჩაილაპარაკა მხარს უკან, შიშისგან კინაღამ ზედ გადავისხი წვნიანი. _ გაგიჟდი არა?_ მივუბრუნდი გაბრაზებული._ ასე თაგვივით უჩუმრად როგორ დაიპარები! _ხან ვამპირიო, ხან თაგვიო! _ გაეცინა მას. _მშია!_ პატარა ბავშვივით მოისაწყლა თავი. _ ახლა თეაკო მოვა! აქ თუ დაგინახა, გეფიცები აღარასდროს მოგშივდება!_ სულაც არ გრძნობდა უხერხულობას, არც უცხოობისა ემჩნეოდა რამე. ინტერესით ჩაჰყურებდა ქვაბში აფუხფუხებულ ჩემს „შედევრს „. _ რა მაინტერესებს იცი?_ ვკითხე როცა იგივე, თავისად მიჩნეული სკამი ხმაურით გამოსწია და ოჯახის წევრივით ჩამოჯდა. _ რატომ მემალებოდი? _ უბრალოდ სახალისოა შენი ყურება, როცა რაღაც ძალიან გაქვს აჩემებული!_ ჩემი ახალდასრულებული და გასაშრობად აივანზე გადგმული აბაჟური ისევ ოთახში შემოიტანა და წინ დაიდგა. _ თანაც გაკვირდებოდი, ვინიცობაა ვინმე სისხლისმსმელი ვამპირი იყავი! თავის ხუმრობაზე თავადვე ჩაეღიმა. თვალებით კი დეტალურად სწავლობდა ფერად ქრიზანთემებს. _ არა უშავს რა!_ დადო ბოლოს ჩემი ნამუშევრის შეფასება. _ რააა? იცი მაინც რამდენად გავყიდი მაგ „არა უშავს რას“?_ ვკითხე და ხის კოვზით სანათზე მივანიშნე. მხრები უინტერესოდ აიჩეჩა. გავიფიქრე, რომ მატერიალური ამბები დიდად არ აინტერესებდა. თუმცა სულაც არ გამკვირვებია. სახლის მის ნაწილსაც ემჩნეოდა, რომ მისი კომფორტისთვის ბევრი ზიზილ_პიპილო სულაც არ იყო საჭირო. _ ვიცი სადაც დამალე ჩემი გიტარა!_ მითხრა უდარდელად. _ სანამ არ ვიყავი მოასწარი არა?_ უცნაური იყო რომ ერთი ადამიანი სულაც არაფრიდან ახერხებდა ჩემს გამხიარულებას. მის გვერდით დარდი ცოტავდებოდა. გინდაც არაფერი ეთქვა და ჩუმად მჯდარიყო, მისი სიახლოვე, იმის ცოდნა, რომ ახლოს იყო ძველებურად მძაფრად მაგრძნობინებდა სიცოცხლეს. სურვილს მიჩენდა არაფრის კეთებიდან მიზნისკენ მიმავალი გზისკენ გადამედგა გაჯიქებული ნაბიჯები. _ რაც შენ გიპოვნე, ისევ ვწერ!_ ისე ვუთხარი, რომ მისკენ არ გამიხედია. _ ვიცი!_ჩაფიქრებული ხმით მიპასუხა მან. შევხედე და მთებს უყურებდა. მთებს უყურებდა, მაგრამ მათ ვერ ხედავდა. უეცარი და გაუგებარი გარინდება სჩვეოდა, წამის წინ მოცინარი ისე ღრმად იძირებოდა საკუთარ საფიქრალში, რომ მგონი იმ წამს ჩემი არსებობაც კი აღარ ახსოვდა ხოლმე. ინტერესი მკლავდა, ისე მსურდა მის თავში ჩახედვა, მისი ამბის მოსმენა. რომ მეკითხა, ვინ იცის, იქნებ საუბარს დანატრულს კიდევაც გაემხილა რამე, მაგრამ ვერაფრით ვაიძულე ჩემი თავი მის ფაქიზ და ჯერაც აშკარად მფეთქავ ტკივილს ჩავძიებოდი. თავად კი, როგორც მჩვეოდა, ვარაუდებს ვარაუდებზე ვაგებდი. მიხვედრაც არ უნდოდა იმას, რომ იყო ვიღაც, მისთვის ძალიან ძვირფასი „ინა“. იქნებ ისევე ძვირფასი, როგორც ჩემი ნოდო? ანდა ამაზე მეტად ძვირფასიც? ან იქნებ უფრო მტკივნეული? ან გაცილებით ახალი? იქნებ ჩვენ შორის განსხვავება ის იყო, რომ მე უკვე იარადღა მეტყობოდა ძველი ჭრილობა, მისას კი ჯერაც არ ჰქონდა პირი მოკრული? _ ნუ მიყურებ მასე!_ მისმა ცივმა, ყინულჩამდგარმა ხმამ გამომაფხიზლა. უცებ მოვეგე გონს. ცრემლებით სავსე თვალები სწრაფად ამოვიმშრალე და ისევ ქურას მივუბრუნდი სახის და უხერხულობის დასამალად. გავიგონე როგორ წავიდა წამის შემდეგ, მე კი ისე შემომეჭდო დროებით მიძინებული სევდის მარწუხი გულზე, რომ იქვე ქურასთან ჩავჯექი იატაკზე და ცრემლებისგან სველი სახე მუხლებში ჩავმალე. დიდი ხანი იყო რაც ისე გავიქვავე მოგონებები, რომ ცრემლები ვეღარ მერეოდნენ. საკუთარი თავი ვაიძულე და ყველა ძვირფასი და მტკივნეული მოგონება სადღაც გონების სიღრმეში გადამალულ ზარდახშაში გამოვამწყვდიე, ახლა კი ეს ამოუხსნელი, იდუმალი კაცი იძულებულს მხდიდა ჩემი გრძნობების საიდუმლო საცავის კარი პირთამდე გამეღო. დიდ ხანს ვიჯექი ასე, ჩემს თავს უფლებას ვაძლევდი მონატრებული ცრემლისგან დაცლილიყო. თანდათან აღარ მტკიოდა, თანდათან მსუბუქდებოდა და ილეოდა წლობით ნაგროვალი ნაღველი. თურმე როგორ მჭირდებოდა ამოთქმა და ამოტირება. თავი კარადის კარს მივაყრდენი და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. ახლა ბევრად უკეთ ვგრძნობდი თავს. ბევრად მშვიდად და თავისუფლად ვსუნთქავდი ახლა. უხმოდ ავდექი. სახე მოვიბანე და სადილის კეთება ისე გავაგრძელე, თითქოს არაფერი მომხდარიყო. ქუჩის თავში გაბმულმა სიგნალმა მიმახვედრა, რომ თეაკო მიახლოვდებოდა. ალბათ სახლი ვერ მოაგნო და როგორც სჩვეოდა არც არავის ჰკითხა გზა. ახლა თეაკოს მოსვლა ისე გამიხარდა, როგორც არასდროს. სირბილით დავეშვი კიბეზე და ჭიშკრისკენ გავიქეცი. _ მოხვედი გადარეულოოოო!_ დავუძახე ხმამაღლა. თეამ მანქანის ფანჯრიდან გადმოყო თავი და ხელი დამიქნია. _ რა ლამაზია აქაურობა?!_ მაშინვე შეაფასა მთებში ჩაკარგული სოფელი მან._ მაგრამ ასეთი ხალხმრავლობაც არ ვარგა! აჰა, არც დიდხანს მალოდინა და ჩვეული ირონია დააყოლა ნათქვამს. _ აბა, სინამდვილეში რამ დაგაკავა ამ მიყრუებულში?_ მკითხა ეჭვით შუბლშეჭმუხნულმა და მეზობელი სახლები მოათვალიერა. უცებ სახლიდან ინტერესით თავგამოყოფილ მზაღოს მოკრა თვალი და ხელი გამეტებით დაუქნია. მან კი არც აცია არც აცხელა და კარები ცხვირწინ მოუხურა. _ ვაა, რა სტუმართმოყვარე ხალხია აქ!_ უარესი ირონიით გაიოცა მან._ და აქ აპირებ ცხოვრებას არა? გამომხედა თვალმოწკურულმა. _ სამაგიეროდ აქ ლამაზი მთებია!_ ვუთხარი მე და თვალი ჰიტკლიფის ფანჯრებისკენ გავაპარე. ჩვეულად ჩამობურული იყო იქაურობა და სიცოცხლის ნიშან_წყალიც არ ემჩნეოდა. _ წამოდი გიგა!_ ხელკავი გამოვდე ჩემს სიძეს._ იდგეს ეგ მანდ და ქაჩოს თვალები! მე და შენ კი ჩემი ახალი სახლი დავათვალიეროთ! გიგამ ერთი გახედა ცოლს, თავი უკმაყოფილოდ გადააქნია მისი მოღრუბლული სახის შემხედვარემ და პირველმა თავად შეაბიჯა ეზოში. თან უზარმაზარი პაკეტი გააყოლა ხელს. სანამ მე და გიგა სამზარეულოში ვფუსფუსებდით, თეაკო სახლში დარიხინებდა. მას არ ესმოდა და არც სურდა გაეგო რას ნიშნავდა ცნება „პირადი სივრცე“ და რომ არა „ჩემი“ ჰიტკლიფი, ალბათ არც მე ვიდარდებდი, ასე უმოწყალოდ რომ მირღვევდა მას. მთელი გულისყური სახლის შიდა ოთახებისკენ მქონდა, სადაც თეაკოს ჩხრეკის რეიდი ჰქონდა გაჩაღებული. ერთდროულად მსურდა კიდეც, რომ მისი საიდუმლო კარისთვის მიეგნო ამ დაუდგრომელს და თან გულიც მისკდებოდა, რა მოჰყვებოდა მაც უეცარ, მოულოდნელ შეხვედრას?! _ ოლიიი! ოლი ეიიი! დედამიწააა! _ თვალწინ ამიქნია ხელი გიგამ._ რა ხდება, თეას უთვალთვალებ? ხომ იცი არა? სანამ არ მოიგულისჭირებს აქაურობას და არ დარწმუნდება, რომ აქ შენი უსაფრთხოება სრულებით დაცულია, მანამ არ მოისვენებს! ყურადღება არ მიაქციო! მისი თქმა რად მინდოდა, მაგრამ ვერაფრით ვისვენებდი, მშვიდად მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე თეაკომ ჩხრეკა რომ დაასრულა და კმაყოფილი სახით სამზარეულოში შეამოაბიჯა. _ არა უშავს რა! იცხოვრებს კაცი, ზაფხულობით!_ გამოუტანა განაჩენი ჩემს სახლს. _ მწყურია, სად გაქვს ჭიქები? მკითხა და მაინც უკითხავად ჩამოუარა სამზარეულოს კარადას. მოულოდნელად მაინცდამაინც ჰიტკლიფის ფინჯანს არ დაავლო ხელი? _ არა!_ წამში ვეცი ხელებში._ ოღონდ ეს არა! გაოგნებულ დეიდაშვილს სწრაფად წავგლიჯე ყვავილებიანი ფინჯანი და ისე ჩავიხუტე გულში, თითქოს მართმევდა ვინმე. _ რა იყო? რა გეძგერა? როდის აქეთაა რომ ასე იკვიატებ ნივთებს? რამე ხდება და მიმალავ?_ სწორედ ისე დააწვრილა თვალები, როგორც ბებიაჩვენმა ცისანამ იცოდა ხოლმე. _ არაფერი! _ ვიუარე სასწრაფოდ._ უბრალოდ... უბრალოდ... ვერაფერი მოვიფიქრე იმის გარდა, რაც ისე მოულოდნელად დავაბრეხვე, რომ თავადაც გამიკვირდა. _ სახლი ძველია და მის მეორე ფრთაში თაგვი ცხოვრობს! _ თაგვიიი?_ ისე გაიოცა თეამ, თითქოს სოფლის სახლში თაგვი დიდი უცნაურობა იყო. _ ხოო თაგვი და ამ ჭიქაში საწამლავი გავხსენი მისთვის!_ თავი დავუქნიე მეტი დამაჯერებლობისთვის _ საწამლავი არა?_ დოინჯი შემოირტყა თეამ._ ანუ გინდა მითხრა, რომ შენ აპირებდი თაგვის მოწამვლას? რას მატყუებ გოგო? შენ არ იყავი ცისანას ხელიდან რომ წაგლიჯე ხაფანგი და წრუწუნას დაჭერა რომ არ დაანებე? _ მაშინ ბავშვი ვიყავი! ახლა კი... იცი რა საშინელებაა, როცა დაუკითხავად მოძვრება და ყველგან ყოფს იმ თავის საყვარელ აპრეხილ ცხვირს?_ თაგვზე საუბრისას ჩემდაუნებურად ჰიტკლიფზე ვფიქრობდი და მისი სასაცილო ცხვირის გახსენებისას ისე შემეპარა სახეზე ღიმილი, თავადაც ვერ გავიგე. მოულოდნელად ოთახში ისეთი ხმაური გავიგონე თითქოს რაღაც გატყდა. სანამ რამეს ვიტყოდი თეა ისარივით მოსწყდა ადგილს და საძინებელში შევარდა. მეც უკან მივყევი. თეა ბოლომდე მოღიავებული კარადის წინ იდგა და გაოცებული იყურებოდა. მაშინვე მივხვდი იმ საძაგელმა ჩემი მძევალი გაანთავისუფლა და გაიტაცა. სიბრაზისგან ლამის ავდუღდი. _ და შენ გინდა მითხრა, რომ ეს თაგვმა ქნა ახლა?_ მივხვდი ერთი სიტყვაც კი არ სჯეროდა თეაკოს ჩემი ნათქვამიდან. მაგრამ მაინც მტკიცედ დავუქნიე თავი. _ აი რომ დავიჭერ და დავასიკვდილებ იმ საძაგელს და მის თავს რომ მოგართმევ, მერე დაიჯერებ!_ ალბათ ისეთი ბრაზით წარმოვთქვი ეს სიტყვები, რომ თეაკომ გაოცებით ამომხედა. _ ცოტა არ იყოს მაშინებ დაიკო!_ დააფახულა თავისი ლამაზი თვალები და უკუსვლით დატოვა ჩემი საძინებელი. _ ესეიგი ომის მიცხადებ არა?_ ვკითხე ხმადაბლა სიცარიელეს. ვიცოდი უეჭველად მისმენდა. გიტარის ყრუ მჟღერმა ნოტმა ისე ხმადაბლა გაიჟღერა კედელს მიღმა, რომ ჩემ გარდა ვერავის გაეგონა. რომ დამცინოდა კიდეც ?! _ კარგი ბატონო ჰიტკლიფ! ჩათვალე, რომ დღეიდან კეტრინის მოჩვენება ჩემი სახით დაბრუნდა ჯოჯოხეთიდან შენს დასასჯელად! ჩემს საპასუხოდ უფრო ყრუ და ბოხმა ნოტმა გაიჟღერა და წამშივე დადუმდა.... 8 _იქნებ ჯობდა აივანზე გვევახშმა?_ არ აღიარებდა თეაკო, თორემ აღფრთოვანებულზე მეტიც კი იყო ამ პატარა ლამაზი სოფლის ხედებით._ ცოტა კი ცივა, მაგრამ აიტანს ადამიანი ამ მთების ხათრით. ვარდების ჩარჩოში შორს, ჩამავალი მზის ფონზე, ბრწყინავდა მთის წვერზე მარადიულად შერჩენილი თოვლის ალმასისებური კონუსი. _ რა ლამაზია ეს ოხერი! _ აღფრთოვანებას ვეღარ მალავდა თეა და აივნის მოაჯირზე ჩამომჯდარი ნებივრობდა მზის გამოსათხოვარ ნარინჯისფერ სხივებში გამოხვეული. _ აღიარე, რომ ასეთი საღამოები არ გვაქვს ხოლმე ქალაქში!_ გვერდით მიუჯდა გიგა და მხრებზე თბილად მოხვია ხელი. ამ ორს ბავშვობიდან უყვარდა ერთმანეთი. მთლად ბაღიდან აიკვიატა თეაკომ გიგა და მას შემდეგ აღარც გადაიფიქრა. მათთან ერთად მასზე მოგონებაც ყოველთვის ახლდა ჩემს ფიქრებს. იყო დრო ოთხივე ერთად ვოცნებობდით ჩვენი ბავშვური, მარტივი, ადვილად ასახდენი ოცნებებით, მაგრამ, როგორც სჩანს, სწორედ ყველაზე მარტივ ოცნებებს არ ეწერათ ახდენა. გულზე სიმძიმესავით დამაწვა უძლურებს გრძნობა, განა ასეთი რა მსურდა? განა ასეთს რას ვითხოვდი? ვერაფრით ვხსნიდი და ვეგუებოდი ჩემი ოცნების სიმარტივის ესოდენ სირთულეს. აი, თითქმის ყველაფერი გამოვასწორე. უკვე სახლი მქონდა მთებში, ვარდებიანი აივანიც, საყვარელი ხალხიც, იდუმალი მეზობელი ბიჭიც კი თავისი ჯადოსნური გიტარით, მხოლოდ ის აღარ მყავდა და არასდროს, აღარასდროს მეყოლებოდა. რაც არ უნდა მომხდარიყო, სამყარო სულ თავდაღმა რომ დაკიდულიყო, ის მაინც არასდროს დაბრუნდებოდა და მე ამას ასე უბრალოდ, ასე მორჩილად უნდა შევგუებოდი. ვიგრძენი პანიკა მეწყებოდა. ნაცნობი შფოთვა თითების კანკალით ვიგრძენი. გადავიწყებული და ერთხელ უკვე დამარცხებული სიგიჟე, სულ ნაბიჯ_ ნაბიჯ შემოდიოდა ჩემს სხეულში და მტკივნეულ ტალღებად მასკდებოდა მკერდზე. “ აქ არა! ოღონდაც ახლა არა!“ გავიფიქრე შეშინებულმა. თეაკოს ასეთ მდგომარეობაში არ უნდა ვენახე. არ უნდა მიმხვდარიყო, თორემ ყველაფერი დასრულდებოდა. თუკი დეიდაჩემის, ანუ მძიმე არტილერიის, ჩარევას მიიჩნევდა საჭიროდ, სიმშვიდე აღარასდროს მეღირსებოდა. უკან_უკან დავიხიე და სანამ ცოლ_ქმარი ერთმანეთით იყო გართული, აივნიდან ჩუმად გამოვიპარე. კიბეები სწრაფად ჩავირბინე და ეზოდან უკანმოუხედავად გავიქეცი. გაუცნობიერებლად და გაუაზრებლად გავრბოდი იქ, სადაც ვიცოდი ჩემი გაგება შეეძლოთ. სადაც სიბრალულით არ შემომხედავდნენ და არც იუცხოვებდნენ ჩემს უკონტროლო ემოციას. სადაც ჩემი სიგიჟე ჩვეულებრივი და სრულიად მისაღებიც კი იყო. როცა მისი ეზოს კარი შევაღე, არც გამკვირვებია, რომ ის მელოდა. ტკივილი უკვე მთელ სხეულში მივლიდა კრუნჩხვასავით. ძლიერ იმპულსებად იშლებოდა და ძარღვების გავლით კიდურებისკენ მიიწევდა. ჰაერი აღარ მყოფნიდა. და მიუხედავად ამისა გული მგონი ასჯერ მეტად ეჭიდებოდა სიცოცხლეს. _ დამეხმარე!_ მხოლოდ ამის თქმა შევძელი, მაგრამ ის თითქოს ჩემზე კარგად იცნობდა ჩემს პანიკურ შეტევას. ხელები ძლიერად მომხვია და ჩემთან ერთად დაეშვა ბალახზე. ორივე ხელით მოხრილ მკლავზე დავებღაუჭე და ტკივილსა და ჩემს შორის ფარივით ვიფარე. _ ისუნთქე, ღრმად ისუნთქე, ყველაფერი კარგად იქნება!_ იმეორებდა ხმადაბლა და მშვიდად._ შენ ხომ ძლიერი გოგო ხარ, არ მისცე უფლება მოგერიოს. მისი მშვიდი ხმა და სუნთქვის ტემბრი გადამდები აღმოჩნდა. ისე მოქმედებდა როგორც შეურაცხადზე მოქმედებს სხეულზე მჭიდროდ შემოხვეული თეთრი მკლავებ ამოკრული პერანგი. მისი სიახლოვე თითქოს დაკარგულ წონასწორობას მიბრუნებდა. სულ ცოტაც და ტკივილი გაქრა. მხოლოდ სტრესისგან დაღლილი სხეული მიკრთოდა შიგადაშიგ. _ რა მოხდა ასეთი? ასე რამ გადაგრია?_ მკითხა, როცა მიხვდა, რომ მისი სიტყვების გააზრება შემეძლო. _ ხომ უკეთ ხარ? ფეხზე წამოდგა და ხელი გამომიწოდა. _ ადექი, წამოდი სახლში შევიდეთ. არაფერი მითქვამს, უსიტყვოდ გავყევი უკან. წყალი დამისხა და თავად კაკტუსიანი მაგიდის გვერდით ჩამოჯდა. _ ხშირად გემართება ასე?_მის თვალებს დავაკვირდი. მხოლოდ ეს აინტერესებდა. სიბრალულის ნატამალიც კი არ მოუჩანდა. მივხვდი, რომ ჩემი აფექტი კარგად გაიგო. მან იცოდა, რომ ხანდახან ასე ხდება და ეს სრულებით ნორმალურია. უარის ნიშნად თავი გავაქნიე. _აბა, ახლა რა მოხდა ასეთი? _ ჩემი საკუთარი უმწეობა ისე ცხადად ვიგრძენი.... ოდესმე გიგრძვნია, რომ შენი ოცნება ახდა, მაგრამ სწორედ ის დაგაკლდა, რის გამოც თავად ოცნება დაიწყე? გიგრძვნია, რომ ბედნიერებამდე მხოლოდ ერთი ხელის გაწვდენაღაა დარჩენილი, მაგრამ ის მიზანი გაგიქრა, რისკენაც ასე ისწრაფოდი? დაფიქრებული მისმენდა და სახეზე კუნთიც არ უტოკავდა. მხოლოდ თვალები ჩაუმუქდა, ისე ჩაუმუქდა, ვიფიქრე სწორედ ეს უნდა ყოფილიყო მისი ტირილი, თუკი საერთოდ ოდესმე ცრემლით ტიროდა. _ ესეიგი გესმის რასაც გეუბნები!_ ფეხზე ავდექი და ჭიქა მაგიდაზე დავდგი._ უკან უნდა დავბრუნდე. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და მოუხედავად ჩავილაპარაკე: _ მადლობა ჰიტკლიფ! მადლობა, რომ აქ ხარ, არ ვიცი, მარტო ამას როგორ გავუმკლავდებოდი!_ არაფერი უთქვამს. არ გამომყოლია. ისიც კი ვერ მივხვდი, ბოლო სიტყვები საერთოდ გაიგონა თუ არა. მანქანიდან წითელი ღვინის ორი ბოთლი ამოვიღე, ჩემი მარტოსული საღამოებისთვის რომ მქონდა გადანახული და ჩემი სტუმრებისკენ სახეზე იდეალურად მორგებული მხიარული ნიღბით გავემართე. თუკი დილით ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდნენ, ახლა სულწასულად მწყუროდა სიმარტოვე. სიჩუმე მჭირდებოდა და მეტი ჰაერი. იმაზე მეტი, ვიდრე ჩემს ფილტვებს შეეძლო დაეტია. ჰაერს ახლა ადამიანის კონტურები ჰქონდა, ვგრძნობდი, მაგრამ ვერ ვეხებოდი. _ რატომ მოიწყინე დაიკო?_ გვერდით მომიჯდა შემთვრალს თეაკო. ღვინის შემდეგ დარჩენა გადაწყვიტეს. უთენია აპირებდნენ გამგზავრებას. ჩემი მანქანაც თან მიჰყავდათ. ამიტომ აუცილებლად უნდა დაესვენათ, თანაც თეაკოს ახალი აღებული ჰქონდა მართვის მოწმობა, ჯერ ისევ არ ენდობოდა საკუთარ თავს. _ აბა მომიყევი ვინაა?_მშვიდად მკითხა და თითები თმაში შემიცურა. _ ვინ?_ ოდნავ გონება დაბინდულმა მართლა ვერ მივხვდი რა მკითხა. _ ის შავოსანი ბიჭი ცოტა ხნის წინ რომ ეხუტებოდი?_ დივანზე მიწოლილი ისე სწრაფად წამოვჯექი, თეაკოს კინაღამ თავით გავანგრევინე კედელი. _ რაა?_ ვკითხე გაოგნებულმა. სახეშეჭმუხნულმა კეფა მოისრისა და უცნაურად გაიღიმა. _ არასდროს მინახავს, რომ ასე მარტივად მორეოდი შეტევას! რომ დავინახე თვალებს არ დავუჯერე! არ ვიცი როგორ, მაგრამ მაგ ბიჭმა ის შეძლო, რაც ჩვენ ვერც ერთმა! ვინ არის ოლი?_ წამით დავფიქრდი. როგორ მეთქვა, რომ მისი სახელიც კი არ ვიცოდი? _ ჰიტკლიფი!_ ის ვუთხარი, ვინც იყო იმ წამს ჩემთვის. _ ვინ? _ ვერ მიხვდა თეაკო. _ მას არ უნდა საკუთარი სახელის თქმა. _ რას ნიშნავს თქმა არ უნდა?_ გაოცებისგან თვალები გამოქაჩა თეამ. _ რა მოხდა? უბრალოდ საკუთარ ვინაობას საიდუმლოდ ინახავს!_ მხრები ავიჩეჩე მე. _ რატომ ბანდიტია? რამე ავაზაკი?_ ავაზაკის ხსენებაზე უნებურად გამეცინა. _ რატომ ავაზაკი? იქნება პოლიტიკოსის ან ვინმე ასეთის მემკვიდრეა? _ ხუმრობის ხასიათზე მოვედი მე. _ კიი, როგორ არა! ამ მიყრუებულში იმალებიან ხოლმე მილიონერი პრინცები!_ გაეცინა თეასაც._ სერიოზულად გეუბნები, საეჭვოდ არ გეჩვენება ეს ყველაფერი? _ კარგი რა. ვიცოდი ასე დაიწყებდი! ამიტომ გიმალავდი!_ ისე წამომცდა, ვერც გავიაზრე. _ ანუ მიმალავდი კიდეც!_ თვალები მოწკურა თეამ._ ანუ ხვდები არა, რომ რაღაც რიგზე ვერ აქვს? ხვდები, რომ დასამალია არა? _ იცოდე, დეიდაჩემს რამე რომ უთხრა, არასდროს გაგცემ ხმას!_ დავემუქრე მე. _ მაგ მუქარებით რომ ვერ შემაშინებ, კი იცი შენ ეგ! მაგრამ..._ თეა გაჩუმდა და დაფიქრებული მზერა აივნის ტიხარს მიაპყრო. _ რა მაგრამ?_ ვერ მოვისვენე მე. ეს „მაგრამ“ წყალწაღებულის ხავსად მომეჩვენა. _ ის, რაც დავინახე... იქნება ცდად ღირდეს?_ ისევ ვერ მივხვდი რას გულისხმობდა _ რას ბოდიალობ შენ?_ შევუღრინე ავად._ რაღაცეებს ნუ იგონებ რა! _ კარგი! დაუძახე! _ არა!_ გავჯიუტდი მე. _ დაუძახე, თორემ ახლავე ვურეკავ დედას!_ მუქარით მოიმარჯვა მობილური იმ შანტაჟისტმა. _ თეა! ნუ მაიძულებ, რომ ამაღამ მანქანაში გამოიძინო!_ მუქარით ავიფხორე მეც. _ დაუძახემეთქი!_ არ დამითმო მანაც. _ სახელი არ ვიცი და როგორ დავუძახო!_ ირონია შემეპარა ხმაში. _ დოროთე!_ ისე მოულოდნელად გაისმა მისი მკვეთრი ხმა ჩამობნელებულ აივანზე, რომ საომრად შემართული მე და თეაკო შიშით ერთმანეთს მივეხუტეთ. _ რა?_ ვკითხე დაბნეულმა. _ დოროთე!_ გაიმეორა მან და თვალებში ღიმილი გაუკრთა. _ ეგ სადაური სახელია?_ ისე უადგილოდ მომეჩვენა თეაკოს კითხვა, რომ გვერდში მწარე მუჯლუგუნი ვუთავაზე. _ ბერძნული!_ უდარდელად მიუგო ჰიტკლიფყოფილმა და შინაურივით ჩამოჯდა ჩემს მოწნულ სკამზე. _ ჩაი მინდა!_ დაამატა სრულებით მშვიდად. ვიფიქრე წამიც და თეაკო მისგან ბუნდღას აღარ დატოვებდა და სიბრალულით გამოვემშვიდობე გულში მის უცნაურად აჩეჩილ თმას. ვერაფრით ვიგებდი სპეციალურად იყენებდა ასე, თუ მართლა ასეთი ჰქონდა. _ ვაა, სტუმარი გვყოლია!_ მისაღებიდან გამოვიდა გიგა. სანამ მისი ცოლი ჩემს არაადამიანურ დაკითხვას ეწეოდა, მას ერთი ხელის გამოძინება მოესწრო და მშვენიერ განწყობაზე ბრძანდებოდა._ მე გიგა! გააცნო საკუთარი თავი აწ უკვე დოროთეს და ხელი სტუმართმოყვარედ გაუწოდა. მანაც ვითომ აქ არაფერიო ისე ჩამოართვა და თავისი სახელი თეას გასაგონად მკვეთრად გაიმეორა. შეუმჩნევლად შევიპარე სამზარეულოში. ჰიტკლიფის ჭიქაში წინასწარ დაყენებული მუქი ჩაის ფერი ჩავასხი და ცხელი წყალი დავუმატე. _ ჩაი და ჯანდაბა შენ!_ ჩავილაპარაკე ბოლოს ბრაზით. _ ახლა ხომ კარგად ბრძანე შენი სახელი?! ფინჯანი ავიღე და კვლავ აივანს მივაშურე. წინ დავუდგი „სტუმარს“ და გვერდით მივუჯექი. რათა თუ რამე საძაგლობის თქმას ან უადგილო ხუმრობას მსგავსს დააპირებდა, მისი ფეხიდან ხორცები დაუნდობლად ამომეწიწკნა. ხელი სრულ მზადყოფნაში საკუთარ მუხლზე დავიდე და თითები მოუთმენლად ავაკაკუნე. დავინახე როგორ ჩაეღიმა მას. _ დიდი ხანია აქ ცხოვრობთ?_ გესტაპოს აგენტივით დეტალურ დაკითხვას აწარმოებდა თეა. არც ერიდებოდა, არც ედარდებოდა ეტიკეტი და სტუმრის პატივისცემა. მისთვის მთავარი იყო მისი სანდოობა დაედგინა. და მერე გადაწყვიტავდა საჭირო იყო თუ არა დეიდაჩემის გაფრთხილება, რომ მე საფრთხე მემუქრებოდა. _ დაახლოებით წელიწადია!_ უპასუხა ჰიტკლიფმა. _ მართლა?_ გაოცებით ავხედე მე. თვალი ჩამიკრა და შეუმჩნევლად გამიღიმა. _ და აქ რას საქმიანობთ?_ თეა ოდნავადაც არ აპირებდა დათმობას. _ ვუსაქმურობ!_ ცივი ომი არ ვიცი რეალურად როგორი იყო, მაგრამ მათი საუბარი და საუბარზე მეტად მათი მზერა, ნამდვილად ახლოს იყო ამ მოვლენასთან. _ ამ ასაკში?_ თეა აშკარად მის ასაკს კითხულობდა. _ ნამდვილი თავგადასავალი მხოლოდ ახლა იწყება!_ ცალყბად გაუღიმა მან და ფინჯანი აიღო. _ აბა თაგვის საწამლავიო? _ მომახალა თეამ, როცა ფინჯანი იცნო. _ მოფერებით ასეც მეძახის ხოლმე!_ ჩაის გაუღიმა ჰიტკლიფმა და პირველი მწვავე ჩქმეტაც დაიმსახურა, თუმცა იობის უდრეკი მოთმინება გამოიჩინა და წარბიც არ შეუხრია. _ ამხელა შავი თაგვი რომ მყავდეს მეზობლად ალბათ მეც ვიფიქრებდი საწამლავზე!_ დამთანხმდა თეა. დავინახე როგორ დაუბრიალა გიგამ თვალები თავის ცოლს _ როგორ მოახერხეთ და თავში როგორ დაგებადათ ნახევარ_ნახევარი სახლის ყიდვის სურვილი?_ მეტნაკლებად რაციონალური კითხვა დასვა თეამ._ თუ ერთმანეთს წინასწარ იცნობდით და დაამთხვიეთ? _ როგორ გგონია? მასზე წინასწარ წარმოდგენა რომ მქონოდა, ოდესმე აქაურობას ახლოს გავეკარებოდი?_ მოულოდნელად ისეთი სერიოზული ხმით ჰკითხა ჰიტკლიფმა თეას, რომ გაოცებისგან თვალები დამიმრგვალდა. და არანაკლები გამომეტყველება ჰქონდა გიგასაც, როცა სრულებით მოულოდნელად თეამ კვერი დაუკრა. _ ნამდვილად, ეჭვიც არ მეპარება, რომ სახლის ყიდვისას მასზე წარმოდგენა არ გექნებოდა! ჩემდა გასაკვირად და გასაოგნებლად, თეას არათუ პროტესტი არ გამოუთქვამს ამ ყველაფერზე, არამედ ცოტა ხანში თავის ქმარს ხელი დაავლო და მთვარის შუქზე სეირნობის საბაბით სახლიდან ძალით წააპრონწიალა. _ ჰოოო! _წაიმღერასავით ჰიტკლიფმა_ და ამით მაშინებდი? _ დამიჯერე, რაღაც ჩაიფიქრა! თორემ ასე მარტივად, არ დაგნებდებოდა!_ ირონია გავურიე ხმაში. _ შენ ვერ ხვდები რა ჩაიფიქრა?_ გაეცინა მას. მხრები ავიჩეჩე მე და აივნიდან გადავხედე წასულების გზას. _ ალბათ მოეწონე!_ ვუთხარი მე გულუბრყვილოდ. _ მე კიდევ მგონია, უკანასკნელი კაცი ვარ, ვინც მას მოეწონება, უბრალოდ ზოგჯერ, რიგი მიზეზებიდან გამომდინარე არსებულს ვჯერდებით!_ გაკვირვებულმა მოვხედე. _რას გულისხმობ? _ რას და შენს დეიდაშვილს იმდენად აუტანელ ქალად ეჩვენები, რომ ჩემზეც კი თანახმაა!_ ძლივს იკავებდა თავს რომ გულიანად არ ახარებულიყო. _ არც იოცნებო!_ დამემანჭა სახე. _ ძაან საოცნებო შენ ხარ!_ ერთმანეთს შევხედეთ და არც კი ვიცი რამდენი ხნის მანძილზე რომ არ მიცინია, ისე გულიანად, ხმამაღლა და მოურიდებლად ავხარხარდით. _ უცნაური ვინმე ხარ!_ მითხრა მან როცა სული მოითქვა. _ რატომ? _ დავინტერესდი მაშინვე. _ დილით ტირილისგან იკლავ თავს, ღამით კი სიცილისგან. დამიჯერე ეს პროცენტულად ყველას არ შეუძლია! _ პროცენტულად არანორმალურის გარდა არა? _ ზუსტად!_ თვალი ჩამიკრა მან 9 თეაკო წავიდა, მაგრამ მკაცრზე მკაცრი ინსტრუქცია დამიტოვა. _ დღეში ორჯერ დამირეკავ! და ჩემს ზარს დღის ნებისმიერ მომენტში უპასუხებ. შენც კარგად იცი, რა დღე დამადგება თუ დეიდაშენი გაიგებს აქ ასე რომ გტოვებ!_ თითი მუქარით მომიღერა და ჩემი მანქანით წინ წასულ ქმარს კვალში ჩაუდგა. იმ დღეს ლამის საღამომდე რაღაც ჩანახატებს ვაკეთებდი. ვცდილობდი ამბის მონახაზი მაინც გამეკეთებინა, მაგრამ საღამოს მივხვდი, რომ ტყუილი წვალება იყო. _ ასე არაფერი გამოვა!_ ამოვიოხრე ბოლოს. _რამე სხვა მჭირდება! ახალი და საინტერესო! საინტერესოზე სახლის ჰიტკლიფის მხარეს მივაყურადე. ჩემი არ იყოს ისიც საეჭვოდ დუმდა. ფეხზე ავდექი და ტიხართან მივედი. _ ჰეი მეზობელო! _ დავუძახე ხმამაღლა, მაგრამ ხმა არავის გაუცია _ სახლში არაა ნეტა? ჩავილაპარაკე იმედგაცრუებულმა. მოწყენილობისგან სახლში ვეღარ გავძელი. გადავწყვიტე უსაქმოდ ჯდომას სარდაფში მომეძებნა რამე საინტერესო ნივთი და დრო ნაყოფიერად გამომეყენებინა. სარდაფის კარი გავაღე და სანათი შევანათე. თვალში ისევ ის მაგიდა მომხვდა. რამდენიმე გარდიგარდმო გახირული ნივთი გვერდზე გავაჩოჩე და მაგიდას მთელი ძალით დავებღაუჭე. როცა ძვრა რამდენიმე მცდელობაზეც კი ვერ ვუყავი. დანებებულმა ამოვიოხრე. მერიდებოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ფაქტი იყო, ჩემს მაგიდას მისი დახმარების გარეშე სარდაფის დატოვება არ სურდა. იქვე დამტვერილ თაროზე მაღალ დაბურულ ბოცებს მოვკარი თვალი. გავიფიქრე, მაგიდას თუ არა ამ ბოცებს მაინც მოვხატავდი, მერე აივანზე დავაწყობდი და მინდვრის ყვავილებს ჩავალაგებდი შიგნით. ამ აზრმა გამამხიარულა. აბაზანის ვიტრაჟი გამახსენდა. სწორედ მის სტილში გავალამაზებდი ამათაც. სამივე ჩამოვიღე და გულზე ავიხუტე. ამ ფიქრებში ვიყავი გართული, რომ ეზოდან ძახილი მომესმა. სარდაფი დავტოვე და ეზოში ამოვედი. დათა იყო. გამიკვირდა რა საქმე უნდა ქონოდა ჩემთან. სანამ შემოვიდოდა, ოდნავ შეყოვნდა და ქუჩის თავსა და ბოლოს გახედა დაკვირვებით. უკვე არ მესიამოვნა. _ გამარჯობა მეზობელო!_ მხოლოდ ამის შემდეგ მომესალმა და რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა. უცნაურად აწითლებულ სახეზე და არეულ ნაბიჯებზე შევამჩნიე, რომ ნასვამი იყო. გავბრაზდი, მაგრამ არაფერი მითქვამს. _ გისმენ დათა!_ მივესალმე მე და ნაბიჯით მივუახლოვდი. ვანიშნე, რომ მის სახლში შეპატიჟებას არ ვაპირებდი და სათქმელი ჯობდა ეზოშივე ეთქვა. უხერხულად ატატებული ბოცები მიწაზე დავაწყვე. __ ადრე რომ მითხარი, დახმარება მჭირდებაო და აღარ დაგიძახია, აი მე თავად მოვედი!_ ხელები ისე გაშალა, თითქოს უნდა ჩამეხუტებოდა. _ ახლა მთვრალი ხარ დათა! რომ გამოფხიზლდები მერე ვისაუბროთ ამაზე!_ პირდაპირ მივანიშნე, რომ მერჩივნა სახლის გზას გასდგომოდა. _ აქ პატარა სოფელია, ხალხიც არაა, მოწყენილობისგან მოკვდება კაცი! რატომ ჩამოხვედი მაინც და მაინც აქ?_ ვერ მივხვდი რა ესაქმებოდა ჩემს არჩევანთან. _ ხოდა მარტოობა რთულია, თან როცა ასეთი ლამაზი ხარ!_ გამიღიმა საძაგლად. _ მთვრალი ხარ დათა და ჯობია, თუ ცოლთან წახვალ!_ ვუთხარი გაღიზიანებულმა. _ ნახე ჩემი ცოლი არა?_ რა სულელური კითხვა იყო? რა არ იცოდა, რომ მის ცოლს ვიცნობდი?!_ ხოდა მისნაირი ქალის ყოლას, ხომ ჯობია სულ არ მყავდეს?! აი შენ კი.. ისევ ხელები გაშალა, და კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა. არ ვიცი რა წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავზე, არც ის ვიცი, აქ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მის მიმართ ქალებს, მაგრამ მისი ფიზიონომია და მისი ხმაც კი გულის რევის შეგრძნებას იწვევდა ჩემში. ან რა უფლებას აძლევდა თავს და როგორ ბედავდა ჩემს სახლში ასეთ სითავხედეს. _ იმ დილას რომ დაგინახე, გეფიცები იმის მერე ვგიჟდები შენზე!_ პატარა ნაბიჯებით ცდილობდა ახლოს მოსვლას, თითქოს ჩიტი ვიყავი და ჩემზე ნადირობდა. _ დათა ახლა აქიდან წაეთრიე, სანამ გამოუსწორებელ სისულელეს ჩაიდენ!_ ვუთხარი და იმ სამი ბოციდან ერთ_ერთს ყელზე მოვავლე ხელი. საკმაოდ მემძიმა _ უკარება გოგო ხარ არა?_ გაეცინა საზიზღრად._ არაუშავს, ნახავ რომ არც ისე ცუდი ვარ! ზიზღის გარდა ვერაფერს ვგრძნობდი. ის კი ვერ იაზრებდა, რომ შესაძლოა მე სახიფათო ვყოფილიყავი. _ისეთი კარგი ხარ, ის სულელი მზაღოც კი ეჭვიანობს შენზე!_ ჩაიქირქილა მან. სულ ერთი დარტყმის საშუალება მქონდა, თუ ავაცილებდი ალბათ მეორეს ვეღარც მოვასწრებდი. ფიზიკურად კი თუნდაც ნასვამს მე ვერ მოვერეოდი. ერთი უცნაური რამ მჭირს ხოლმე, მანამ სანამ საფრთხე მემუქრება ნერვიულობის ნაცვლად უფრო მობილიზებული ვარ, ხოლო შემდეგ, როცა საფრთხე ჩაივლის და ადრენალინი დამტოვებს სრულებით უუნარო ვხდები, კანკალი მიტანს და ფეხზე მყარად დგომა მიჭირს. იმ წამსაც ზუსტად იგივე დამემართა, გააზრებულად მოვუშვი ახლოს, და სწორედ მაშინ, როცა ეგონა გაიმარჯვა, თავზე დავალეწე ის მადლიანი ბოცა. ერთი დაიღმუვლა, შებარბაცდა და მიწაზე ჩაიკეცა. მოზღვავებულმა ადრენალინმა სიბრაზის სასტიკი რეაქცია გამოიწვია და უკვე წაქცეულს წიხლით შევდექი. _ თქვე დამპლებო! გეგონათ სულელი გამოიჭირეთ არა! ჯერ ცოლმა მომატყუა და გამქურდა, ახლა ქმარმა გაუპატიურებაც მომინდომა არა! _ვკიოდი გონსგადასული და გამეტებით ვურტყამდი წაქცეულ მტერს. ჩემი აგრესია ძალიან ჰგავდა უწინდელ პანიკურ შეტევას, მე ისევ ვერ ვაკონტროლებდი ემოციებს. თანდათან კანკალმა ამიტანა და როცა ადრენალინის გამოყოფა დაასრულა სხეულმა, იქვე მის გვერდით მომეკეცა მუხლები. ჯერ ოთხზე გაფოფხდა დათა, მერე ფეხზე ადგა და ჭიშკარს წაეპოტინა. _ არანორმალურო!_ მომაძახა გასვლისას_ ნახავ, თუ არ განანო! დამიღრინა, როგორც წუწკობისთვის ნაცემმა გაავებულმა ძაღლმა. პასუხის გაცემის თავიც კი არ მქონდა. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ იქაურობა მგუდავდა. რაც აქ ჩამოვედი ყველაფერი ცუდი, რაც მეგონა, რომ წარსულში დავტოვე გაახლებული ძალით მიტევდა. პანიკური შეტევა საბავშვო თამაში იყო იმასთან, რომ წამის წინ ჩემზე კინაღამ ვიღაც არაკაცმა იძალადა. არ მომხდარი საშინელება არა ნაკლებ ამაზრზენი და გულისამრევი იყო. მზეზე დამსხვრეული ბოცის შუშის პირი ელავდა და უცებ სრულებით მოულოდნელმა ფიქრმა გამიელვა, რომ გატეხილი ბოცა მენანებოდა, რადგან იმ თაროზე, სადაც მათ განთავსებას ვაპირებდი, მხოლოდ ორი ვერ იქნებოდა ისეთი სიმეტრიული, როგორც შეიძლებოდა ყოფილიყო სამი. ისტერიული სიცილი ამიტყდა. ისეთივე ქანცის გამწყვეტი, როგორც პანიკური შეტევისას ტირილი იყო. როცა სიცილი ხველაში გადაიზარდა და ასე თუ ისე დავმშვიდდი. საკუთარ თავს ადგომა ვაიძულე. კიბეები ლასლასით ავიარე. საძინებლის კარი გავაღე და გაუხდელად დავწექი საწოლში. მინდოდა წამით მაინც გამოვთიშვოდი ამ სასტიკ და ბინძურ სამყაროს. სამყაროს, სადაც ვიღაც არაკაცს ასე უბრალოდ შეეძლო ჩემი სიმშვიდის ფეხქვეშ გათელვა. სადაც ერთი ადამიანიც კი არ მყავდა, ვისაც დარდს გავუზიარები და მისგან ნუგეშს მივიღებდი. _ ნოდო!_ დავუძახე ჩურჩულით._ სწორედ ახლაა ის წამი, თუ დაბრუნება შეგიძლია, რომ უნდა დაბრუნდე! მჭირდები ნოდო! სულ მარტო ვარ! არ გესმის ჩემი? დაღლილმა თვალები დავხუჭე და ჩვეულ უწონო და ბლანტ სიბნელეში გადავეშვი. _ რა მოხდა გუშინ?_ აივანზე იჯდა და წინ ის გატეხილი ბოცა ედო. _არაფერი!_ არ მსურდა მასთან იმაზე საუბარი, რომ ვიღაც ნაგავმა კინაღამ... არათუ საუბარი, მის გვერდით ამაზე ფიქრიც კი არ მსურდა. _ სად იყავი?_ ვკითხე და გვერდით დავჯექი. _ უბრალოდ ცოტა გავიარე!_ მაკვირდებოდა და ცდილობდა ჩემს სახეზე წაეკითხა ის, რის დამალვასაც ვცდილობდი. _ ამას რა მოუვიდა?_ თავით ბოცაზე მანიშნა. _ გამივარდა!_ წარბიც არ შემიხრია საკუთარ ტყუილზე. _ რამე გაიჭერი?_ გაკვირვებით რომ შევხედე, ნამსხვრევი აიღო და სახესთან მომიტანა. აშკარად სისხლიანი იყო. მხრები ავიჩეჩე._ დათა შემხვდა. თავი ჰქონდა დაბინტული! დათას ხსენებაზე დავიძაბე. _ რა მოხდა ოლი? _ მუხლი აიკეცა და ჩემკენ მოტრიალდა. მუქი სათვალის მიღმა მის თვალებს ვეღარ ვხედავდი. _ არ მიყვარს თვალებს რომ მალავ! მაგრამ მარტო თვალებს?_ ჩამეცინა ნერვიულად._ შენ ხომ ყველაფერს მალავ! სახელი მაინც თუ არის ნამდვილი? გაეღიმა. ნელა ასწია ხელი და სათვალე მოიხსნა._ ასე ჯობია?_ მკითხა მშვიდად. მე თავი დავუქნიე. _ არ მეტყვი არა?_ მკითხა წყნარად. უარის ნიშნად თავი გავაქნიე. _ კარგი! ნუ იტყვი! იქნება მასეც ჯობია! _ ჰიტკლიფ, აღარ წახვიდე რა მასე დიდი ხნით! ან თუ წახვალ, მეც გამოგყვები! გპირდები, ხმასაც არ ამოვიღებ!_ საქმე იმაში იყო, რომ როცა ეს ემოციები დაცხრა, უკეთ გავიაზრე მომხდარი ამბავი. სრულებით შემთხვევითობა იყო ის, რომ ის ოხერი ბოცები მეკავა ხელში იმ წამს. სრულებით შემთხვევითობა იყო, რომ მისგან თავის დაცვა მოვახერხე და ძალიან დიდი იყო იმის რეალობა, რომ მორიგი დალევისას ვინ იცის გახსენებოდა, რომ ჩემთნ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა და კვლავ დაბრუნებულიყო. _ არსად აღარ წავალ!_ მითხრა, მაგრამ ვერ დავუჯერე. რა დააკავებდა აქ? _ მპირდები? მითხარი, რომ მპირდები!_ მისი პასუხის მოლოდინში ისე ძალიან ვუჭერდი კბილებს ტუჩს, სისხლის გემოც კი ვიგრძენი. _ ასე შეგაშინა?_ ჩაილაპარაკა ყრუდ. და ისეთი სევდიანი მზერით შემომხედა დაძაბულად მომლოდინეს, რომ თავი დამნაშავედ ვიგრძენი. ვიფიქრე, რომ ჩემდაუნებურად ვაიძულებდი უარი ეთქვა რაღაც მნიშვნელოვანზე. მე კი მისი გალია ვხდებოდი. მზერა ავარიდე და საკუთარ ხელებს დავხედე. _ არ გინდა. _ ვუთხარი ლამის ჩურჩულით._ არაფერს დამპირდე! _ რატომ გადაიფიქრე?!_ გაეცინა მას. _ პირობის შესრულება არც ისე მარტივია ზოგჯერ! _ ვინმე დაგპირდა რამეს და არ აგისრულა?_ დაინტერესდა ის _ ვერ ყოფილა სიტყვის ადამიანი! _ ნუ იტყვი მასე! ის ყველაზე ერთგული ადამიანი იყო! მაგრამ...._ გავჩუმდი. იქნებ ჯობდა არაფერი მეთქვა. იქნებ დუმილი ჯობდა გულის გადაშლას. ზოგჯერ ადამიანი რაც უფრო მეტად იხსნება, მით უფრო აღარ გიზიდავს. რადგან გულახდილობით იდუმალებას კარგავს და ხვდები, რომ არაფრით განსხვავებული არ ყოფილა. რომ ისიც შენსავით რიგითი ადამიანია. უფრო უარესიც, სულაც არაა კარგი ადამიანი. მერე ერთ დღესაც, როცა ამ ადამიანს ამოწურავ, ადგები და წახვალ. ისე წახვალ, თითქოს არც ყოფილხარ. გადაივიწყებ, და ქუჩაში რომ შეხვდეს გვერდს ისე აუქცევ, როგორც სრულებით უცნობს. ამიტომ იქნება დუმილი ჯობია საუბარს? _ რას ფიქრობ? გატყობ, არც ისე კარგი ფიქრები გახვევია გარს!_ არაფერი მითქვამს. _ ნანობ, რომ ჩამოხვედი?_ ახლა ის ელოდა ჩემს პასუხს. და ალბათ ახლა ის ფიქრობდა, რომ დუმილი ჯობდა საუბარს . მისკენ მივიწიე და თავი მხარზე დავაყრდენი. _ არა, არ ვნანობ! მე შენ უნდა მეპოვნე! აქ ამიტომ ჩამოვედი!_მან ამოიოხრა და ოხვრას ჰაერიც ამოატანა, თითქოს დაიცალა და შემსუბუქდა. მე კი ჰაერი ჩავისუნთქე,, თითქოს ჩემში არსებული სიცარიელე შევავსე. _ ჰიტკლიფ, იქნები ჩემი მეგობარი?_ ვკითხე გაუბედავად. _ თუ შენ ეს გჭირდება,სხვა რა გზაა?_ ისევ გაიჟღერა მის ხმაში უკვე კარგად ნაცნობმა ირონიულმა ღამილმა. _ საკუთარ თავს ნუღარ დასცინებ მეგობარო!_ ოდნავ დავარტყი მკლავზე. _ ნახე, ძალიან დაღამდა! წადი დაიძინე!_ მიხვდა, რომ წასვლა არ მსურდა. იმასაც მიხვდა, თუ რატომ._ არ იდარდო, მე აქ ვიქნები, სანამ შენ არ დაგეძინება. აქ ვიჯდები და დაგელოდები! მშვიდად ავდექი და ოთახში შევედი. ვიცოდი არ წავიდოდა. ვიცოდი, მისი ნდობა შეიძლებოდა. ის ძალიან,ძალიან ჰგავდა მას. ადრე მეგონა, რომ ვერასდროს შევხვდებოლი მის მსგავსს და ამიტომ მუდამ თამამად ვეძებდი. სულწასულადაც. მერე ვიფიქრე, ვაიდა მეპოვნა ვიღაც მისი თვალებით. ვაიდა, ქუჩაში მის თვალებს მართლა გადავწყდომოდი. ვაითუ ვიღაცას მისი ნაბიჯებით გაევლო და მისი ხმით გაეცინა. ვაითუ ამივლიდა მერე გვერდს და ბრბოში გაქრებოდა. ანდაც რა მექნა, თუ მის თვალებში ნოდოს თვალებს დავინახავდი და რა? გამიხარდებოდა? ასე გავცვლიდი? ძველს ახლით ჩავანაცვლებდი? იქნებ მოვატყუებდი, რომ მანამდე არავინ და არაფერი ყოფილა და ეგოისტურად ფიქრებში საკუთარი სახელის ნაცვლად ნოდოს დავუძახებდი. _ რაც დასრულდა, ის აღარ განმეორდება ოლი! შეეგუე ამას! _ ვუთხარი საკუთარ თავს. მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე იმ მყუდროებას მისმა სიახლოვემ რომ მომგვარა. ვერაფერი მოვუხერხე იმ სიმშვიდეს, მის ახლოს ყოფნას რომ მოჰქონდა. რა ჩემი ბრალი იყო, რომ ეს ყველაფერი ოდესღაც გამოცდილი მქონდა?! _ არ შემიძლია ნოდო! საკუთარ თავს ვერ ვაიძულებ ამაზე უარის თქმას! _ თვალები დავხუჭე. ძალიან მშვიდი, სევდიანი და უცხო მელოდია გაისმა აივანზე. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მუსიკა იყო და სიტყვები არ ჰქონდა, ის ასე საუბრობდა. და ჩემი არ იყოს არც ჩემთან და არც საკუთარ თავთან. _ ნოდო, ინა მანდაა, იცნობ? _ ვკითხე სულით სავსე სიცარიელეს. ვიღაც ყვიროდა, შველას ითხოვდა. ნახევრად მძინარეს ჩამესმოდა გაუგებარი ყვირილის ხმა. უცებ ვერც გავიაზრე რა ხდებოდა. წამოვჯექი და სიბნელეს მივაყურადე. ქალის ხმა იყო, მიშველეთ მკლავს! კიოდა. კაცის ხმა მოგუდულად ისმოდა. სიტყვებს ვერ ვარჩევდი, მაფრამ აშკარად იგინებოდა. შეშინებული ფეხზე წამოვხტი და გარეთ გამოვვარდი. აივანზე დივანი ცარიელი იყო. გიტარა კი იქვე იდო დაუდევრად. ეზოსკენ გამოვედი და ახლა უფრო გარკვევით გავიგონე ქალის ყვირილი. მზაღო იყო. ბევრიც არ მიფიქრია, ინსტიქტურად, როგორც ვიყავი ფეხშველა გავიქეცი იქით, საითაც დახმარებას ითხოვდა ვიღაც..... 10 ყურადღება სულ არ მიმიქცევია, რომ წვრილი კენჭები მწარედ მესობოდა ფეხის გულებში. სადღაც ვიღაცას ჩემი დახმარება სჭირდებოდა, ახლა ეს იყო მთავარი. ერთხელ დიდი ხნის წინ, ბავშვობაში, გამოზაფხულზე, როცა ჯერ ისევ საშინლად ყინავდა, სკოლაში მივდიოდი. იქვე სახლიდან ასე სამასიოდე მეტრის მანძილზე უბნელი ლოთი იწვა ხესთან. მე უდარდელი ბავშვი ვიყავი. გვერდით ისე ჩავუარე, აზრადაც არ მომსვლია, რომ უნდა დავხმარებოდი. რომ საშველად უნდა მომეხმო ვინმე. სიბრალულის მიუხედავად გვერდი ვუქციე და სკოლის გზა გავაგრძელე. გზაშივე დამავიწყდა ის კაცი. არც მთელი დღე აღარ გამხსენებია. მხოლოდ მაშინ, როცა სახლში დავბრუნდი, გავიგე, რომ ის კაცი იქ, იმ ხის ქვეშ, გარდაცვლილიყო. მაშინ ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი სინანული საკუთარი გულცივობის და უმოქმედობის გამო. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში პირველი დიდი და მტკივნეული გაკვეთილი. იმის მერეც მომხდარა ხოლმე, მიფიქრია, რომ რაღაც ჩემი საქმე არ იყო. რომ ჯობდა არ ჩავრეულიყავი, სხვისი პრობლემა თავიდან ამერიდებინა, სანამ სადღაც ვიღაცის მსგავს ყურის მოყრუებას და გულცივობას ჩემთვის ძვირფასი ადამიანი არ შეეწირა. მაშინ კი ვიწვნიე ადამიანთა უმოქმედობის მწარე მათრახი საკუთარ ბეჭებზე და ერთ უცილობელ ჭეშმარიტებას მივხვდი. არ არსებობს უცხო და უმნიშვნელო ადამიანი! ყველა ვიღაცის დედა, ძმა, შვილი ან მამიდაშვილია. სწორედ ამიტომ გავრბოდი ახლა ასე გამეტებით მზაღოს საშველად. აზრი არ ქონდა, როგორ მექცეოდა ის მე, პირველ რიგში ის ადამიანი იყო, ქალი იყო, ვიღაცის შვილი ანდა დედმამიშვილი. ვიღაცას ეძვირფასებოდა მისი სუნთქვა და სიცოცხლე. მე კი მისი დახმარება შემეძლო. ამიტომ პასუხისმგებლობაც უნდა მეტვირთა. ვინ იცის, წლების წინ რომ ერთ ადამიანს გულგრილობა არ გამოეჩინა და არ ეფიქრა, რომ ეს ამბავი მას არ ეხებოდა, ჩემი ნოდო დღეს ცოცხალი ყოფილიყო. მათ ეზოში გულამოვარდნილი შევვარდი და ადგილზე გავიყინე. ჩემს წარმოდგენაში ყველაზე მშვიდ და გაწონასწორებულ ადამიანს, ყელში წაეჭირა დათასთვის ხელი და მეორე მუჭს დასარტყმელად უღერებდა. სისხლიან თითებზე ეტყობოდა, რომ დარტყმა უკვე მოესწრო. მზაღოსავით გადახეთქილი წარბიდან სისხლის წვრილი ნაკადი ნიკაპამდე ჩამოსდევდა _ გაუშვი! გთხოვ გაუშვი!_ ეხვეწებოდა სახედასიებული თმა აჩეჩილი მზაღო და მკლავზე ეპოტინებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც თავისი არაკაცი ქმრის დაცვას ცდილობდა. შემეცოდა, ის ქალის ერთი სიყვარულისგან დაბრმავებული საწყალი ქალი იყო. _ დოროთე!_ დავუძახე შეშინებულმა. შემომხედა და ვერ ვიცანი. თვალები გაუგებარი ალით უელავდა, თითქოს სიამოვნებდა კიდეც იმ არაკაცისთვის ტკივილის მიყენება. ჩემ დანახვაზე მზაღო ახლა მე მომიბრუნდა. _ აპატიე ამ საცოდავს! ერთი უტვინო კაცია! ღვინო სულ აგიჟებს!_ მაშინღა მივხვდი, მხოლოდ მზაღოს გამო არ ხდებოდა ეს ყველაფერი. რაც მოხდა, ჰიტკილიფმა ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა. სირცხვილის და ტკივილის ცეცხლი მომეკიდა გულზე. _ გაუშვი, არ ღირს ამად!_ ვუთხარი და ცრემლები გადავყლაპე. არადა ღირდა, თან როგორ ღირდა. გულში მინდოდა ყველა ძვალი დაემტვრია მისთვის, მაგრამ გონება უკეთ აცნობიერებდა, რომ ამ სიბინძურეში ხელის მეტად გასვრა არა თუ არ ღირდა , არამედ სახიფათოც კი იყო. ცოტა ხანს მიყურა, მერე თვალი ამარიდა და დათას ჩახედა შიშით დაქაჩულ თვალებში. ისე დააკვირდა, როგორც კარგი მკითხველი უკვირდება აბზაცებს შორის გაპარულ საიდუმლოს. რაღაცას ეძებდა მის თვალებში, მაგრამ როგორც ჩანს ვერ იპოვნა. ზიზღით გაუშვა ხელი და უკან დაიხია. _ სახლის წინაც კი არ ჩაიარო! მის ახლოს არც კი ისუნთქო! გასაგებია? შენ კი!_ ახლა მზაღოს მიუბრუნდა _ დაიმახსოვრე, ერთ დღეასაც არავინ მოვა დასახმარებლად! ერთ დღესაც დაასრულებს რაც დაიწყო! იფიქრე ამაზე! რატომღაც გავიფიქრე, მზაღო მას იმაზე კარგად იცნობდა, ვიდრე ჩანდა. არც დათა იყო არსებობით გაოცებული. ალბათ პირველივე დღეს მომატყუეს. გავიფიქრე გულში. იმიტომ მომატყუეს, რომ ეს თავად ჰიტკლიფს სურდა. მიზეზს ვერაფრით მივხვდი. მზაღოს გავხედე. არა, მას ჩემი დახმარება სულაც არ სჭირდებოდა. ჩემზე უკვე იცოდა საკუთარი თავისთვის როგორ მოევლო. ეს მისი ყოველდღიურობის ნაწილი გამხდარიყო უკვე. ალბათ წლები იყო ასე ცხოვრობდა. ამაზე ფიქრიც კი არ მსურდა მეტად. „ რას არ ეჩვევიან ადამიანები!“_ გავიფიქრე სინანულით და ამ სულმახინჯ ოჯახს ზურგი შევაქციე. „კიდევ კარგი შვილებიც არ ჰყავთ, თორემ ალბათ თავისნაირ მონსტრებად დაზრდიდნენ. ადამიანად არც კაცი ვარგა და არც ქალი. კაცი სადისტია, ქალი მაზოხისტი!“ ჯერ ისევ დაფიქრებული შევყურებდი, როგორ მიეხმარა მზაღო ქმარს წამოდგომაში, მან კი ცივად კრა ხელი, მოიშორა და ბარბაცით წავიდა სახლისკენ. ზურგი ვაქციე იქაურობას და კოჭლობით გამოვედი გზაზე. _ ასე გიჟივით არ უნდა გამოვარდნილიყავი!_ წამომეწია წამში. _ წამიც გადამწყვეტია ხოლმე!_ ჩავილაპარაკე სევდიანად. _ მოდი, მე წაგიყვან!_ როგორც პატარა ბავშვს ხელები გამომიწოდა. ახლა, სულაც აღარ მომეჩვენა მასთან ასეთი ფიზიკური სიახლოვე უბრალო ამბად. _ გტკივა? _ არა, არაფერია!_ გვერდი ავუარე და სახლისკენ წავედი. _ აჰა, ჩაიცვი მაშინ!_ გადამასწრო და წინ თავისი ბოტასები დამილაგა. მის სიჯიუტეზე გამეცინა. იდგა ასე ბავშვივით ფეხშველი და მხოლოდ ის სურდა, რომ თუნდაც სულ ოდნავი ტკივილიც კი აეცილებინა. და სწორედ ეს კაცი წამის წინ.... ვინ იყო სინამდვილეში? ვინ იყო და რისი გაკეთება შეეძლო? როგორი იყო მისი ნიღაბახდილი მრისხანება? სადამდე წვდებოდა მოთმინება? ან ერთგულება თუ იცოდა? _ რატომ მიყურებ მასე?_ მკითხა ინტერესით. _ ვცდილობ გაგიგო! _ რად გინდა ეგ? რად გინდა ჩემი გაგება?_ არაფერი მითქვამს, ან რა უნდა მეთქვა? _ ადამიანებს რაღაც ძაფები უნდა აკავშირებდეთ! საერთო მოგონებები! რაღაც, რაც დროთა მანძილზე მნიშვნელოვანი გახდება!_ ვუთხარი და მის ფეხსაცმელში ფეხი ჩავდგი._ არასდროს არავის დაუთმია ჩემთვის თავისი ფეხსაცმელი! _ იმიტომ რომ ფეხშველი არ გამოქცეულხარ აქამდე სახლიდან?_ გაეღიმა და შუბლზე მოხვეული მწუხარე ღრუბლები გაეფანტა. თვალები ჩვეულად გაუთბა და გაუღიავდა. _ ნეტავ თუ მართლა ნამდვილი ხარ? იცი, არ გამიკვირდება, რომ ერთ დღეს გაქრე! ასე ჩემს თვალწინ სულ მთლად გაიცრიცო, გამჭვირვალდე და გაქრე! _ და რას იზამ მასე რომ მოხდეს? _ შენზე წიგნს დავწერ! _ რა იცი ჩემზე, წიგნი რომ დაწერო? _ გამოგიგონებ! _ დარწმუნებული ხარ, რომ ის, ვისაც შენ გამოიგონებ მე ვიქნები?_ მხრები ავიჩეჩე. რამდენი იქნებოდა ჩემს გამოგონილ ამბავში ის? და რამდენი მოგონება ჩემი წარსულიდან? _ მაშინ ვინმე შენს მეგობარს ვიპოვნი და ვაიძულებ შენზე სიმართლე მომიყვეს! _ ეჭვიც არ მეპარება, რომ მაგას მოახერხებ!_ გაეცინა და სახლისკენ გაუყვა გზას წინ წასულს ფეხსაცმლის ფრატუნით გავეკიდე. _ მოიცადე ჰიტკლიფ! მომიყევი შენზე! რამე მომიყევი! და მე ყველაფერს გავალამაზებ! ნახავ, რა მაგარი ამბავი გამოგვივა! გაჩერდა და მხარს უკან ეშმაკურად გამომხედა. _ გგონია შეძლებ? _ რას? _ ყველაფრის გალამაზებას! _ვცდი მაინც!_ გავუღიმე მტკიცედ. მოტრიალდა და ისე ახლოს მოვიდა მის თვალებში მუქ წვრილ ზოლებსაც კი ვხედავდი. და ყველაზე უცნაური რა იყო იცით? მისი თვალების სარკეში მე არ ვირეკლებოდი. ცა ჩანდა, გზაც, სახლებიც ხეეებიც, მაგრამ მე არ ვჩანდი. გაოცებულმა ფეხის წვერებზე ავიწიე, რათა უკეთ დამენახა. შემცბარმა სწრაფად გაიწია უკან. _ რას აკეთებ?_ მკითხა დაბნეულმა. _ შენს თვალებში საკუთარ თავს ვეძებ!_ ვუთხარი ამ უჩვეულო აღმოჩენით გაოგნებულმა. _ მერე იპოვნე?_ ინტერესი გაუკრთა ხმაში. _ ვერა!_ რატომღაც ამის აღიარება მეწყინა. ცოტა ხანს მიყურა, მიყურა და ზურგი მაქცია. _ არაუშავს! ახლა ასეც ჯობია ალბათ! იმ დღის შემდეგ. სახლმა დაკარგა ის უჩინარი ბარიერი, რასაც მე ნახევარს ვუწოდებდი. საკუთარ ნაწილში მხოლოდ დასაძინებლად ბრუნდებოდა. დროის უმეტეს ნაწილს ჩემს აივანზე იჯდა და კაცმა არ იცის რაზე ოცნებობდა უცნაურად გარინდებული. ბევრს არასდროს საუბრობდა. არც საკუთარ თავზე მიყვებოდა რამეს, არც მე მეკითხებოდა არაფერს, მაგრამ საკუთარი არსებობით, დაუოკებელი ინტერესით იმ ყოფითი დეტალების მიმართ, რასაც მე ვაკეთებდი სიცარიელეს ისე ავსებდა, რომ ერთ დღესაც მივხვდი, მასზე უბრალოდ დამოკიდებული ვიყავი. გაღვიძებისთანავე აივანზე ან მისაღებში გავრბოდი, იმიტომ რომ ის იქ მეგულებოდა. წუწუნის გარეშე დავყვებოდი, როცა ტყეში საბოდიალოდ მიდიოდა. როცა გაიგო, რომ არც ერთ საკრავზე დაკვრა არ ვიცოდი და ამაზე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, გადაწყვიტა, რომ დრო იყო ოცნება ამეხდინა. თუმცა დიდად ნიჭიერი მოსწავლე ვერ აღმოვჩნდი. მაგრამ მას მოთმინება ათ ჩემნაირზე ეყოფოდა ალბათ. დღეები ისე უჩუმრად გადიოდნენ, ისე მშვიდად, ისე მყუდროდ, პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ აწმყომ სრულებით ჩაანაცვლა წარსული და მომავალზე ფიქრებისთვის წამიც კი აღარ დამიტოვა. _ რას წერ?_ ისე მსუბუქად ამოიტანა აივანზე ის საძაგელი საწერი მაგიდა, თითქოს წონა არც ჰქონდა. _ ნეტავ ვიცოდე რას დახატავ ასეთს? მაგიდაზე ხატვა, რაღაც ახალია! აბა, სად დავდო?_ მკითხა, მაგრამ პირდაპირ შუა აივანზე გამოჭიმა. დაეჭვებული ავდექი და მაგიდას მივუახლოვდი. რკინის კარკასში ჩამჯდარი მასიური ხის ნაკეთობა იყო. ხელები მოვხვიე და აწევა ვცადე. მილიმეტრითაც ვერ ავაცილე იატაკს. _ კარგი რააა! ხან მართლა არ მჯერა შენი ადამიანობის! _ ეჭვით გავხედე. საერთოდაც არ ჰგავდა შვარცნეგერს. ერთი შეხედვით ვერც კი იფიქრებდით, რომ ძალა ერჩოდა. _ აი შენც რომ ივარჯიშო ... _არა!_ მაშინვე გავასავსავე ხელები._ ახლავე შეწყვიტე! გავიფიქრე, ახლა ამას ვარჯიშიც რომ გიტარის დაკვრის სწავლასავით ამოეჩემებინა, გულიც გამისკდებოდა. გიტარა კარგი თავადაც მომწონდა, მაგრამ ვარჯიში? მაგას ჯობდა ხატვაზე მეთქვა უარი. _ მშიშარა!_ გააქნია თავი სიცილით. მე კიდევ შვებით ამოვისუნთქე. ვარჯიში , ეს უკანასკნელი რამ იყო, რის გაკეთებასაც მე ოდესმე ვისურვებდი. _ აბა როგორ ხარ?_ ისეთი ხმით მეკითხებოდა ხოლმე თეაკო როცა რეკავდა, თითქოს რაღაც კონკრეტული პასუხის მოლოდინი ჰქონდა. _ ადამიანურად! როგორ უნდა ვიყო?_ ძალად ვიოცებდი მე და მის ჯინაზე კრინტს არ ვძრავდი მისი ინტერესის ობიექტზე. _ რაღაც მინდა გკითხო, მაგრამ ვერ გეკითხები!_ მივხვდი რისი გაგებაც სურდა. არ არსებობდა სამყაროში სხვა რამ, რისი კითხვაც თეაკოს ჩემთან მოერიდებოდა. გავჩუმდი, ჰაერი ჩავისუნთქე და მოვემზადე. _ ის აღარ დაბრუნებულა ხომ?_ მინდოდა მეპასუხა. მინდოდა უარი მეთქვა. მინდოდა, მაგრამ მეშინოდა. უარს თუ ვიტყოდი, ალბათ აღარასდროს დაბრუნდებოდა. მე კი მისი ნახვა, თუნდაც ამ ფირმით და ამ მოცემულობაში, სიცოცხლეს მერჩია. ის მინაწერი გამახსენდა ჰიტკლიფის წიგნზე. მასაც ხომ იგივე სურდა. რა იყო ამაში გასაკვირი? რატომ უკვირდა დანარჩენ სამყაროს ეს ჩემი სურვილი ასე ძალიან. რატომ მითვლიდნენ სიგიჟედ? _ მიპასუხე ოლი! ისევ ხედავ მას?_ ხმა გაებზარა თეაკოს. _ რაც აქ ვარ, აღარ მინახავს!_ ვუპასუხე ხმაჩამწყდარმა. „რაც აქ ვარ, თუ რაც დოროთე ვიპოვნე?“ ვკითხე ჩუმად საკუთარ თავს. მე აქ ჩემს „ქარიშხლიან უღელტეხილს“ ვეძებდი. ჩემს თავისუფალ სიგიჟეს და როგორღაც სიმშვიდე ვიპოვნე. მის აჩრდილს მოვსდევდი და აქ დოროთე დამხვდა რა იყო ამაზე უცნაური? რა იყო ამაზე ამოუხსნელი? _ ხოდა იყავი მანდ!_ იმედი შეეპარა თეას ხმას. _ იქნებ სრულებით გაგათავისუფლოს მაგ ადგილმა შენი კოშმარებისაგან! ტელეფონი გავთიშე და საწყლად მოვიკუნტე. _ შენი კოშმარებისგან!_ ჩამესმოდა თეაკოს ხმა. _ მაგრამ ეს არ არის კოშმარი! არასდროს ყოფილა! ეს მხოლოდ მონატრებაა, მეტი არაფერი!_ გავაქნიე თავი. დიახ, უცნაური რამაა მონატრება. მაგრამ ისეთი არა, ვინც გენატრება, სადღაც დედამიწის რომელიმე წერტილში რომ ცხოვრობს. უნდა თუ არა ყოველ ღამ იგივე მთვარეს რომ ხედავს, რასაც შენ. ესეთი მონატრება სრულებით ადამიანური და გასაძლისია. მე სხვა მონატრებაზე ვსაუბრობ. იმაზე, რომელიც უძლურების გრძნობას ტკივილამდე გაგრძნობინებს. იმაზე, რომელიც იცი არასდროს განელდება. იმაზე, ტომელიც არასდროს გხდება ცხადი. იმაზე, რომელსაც ვერასდროს შეეხები რეალურად. იმაზე, რომელსაც უბრალოდ დანებდები ადრე თუ გვიან და შენი გონება იმისთვის რომ არ გაგიჟდე, შენს გადასარჩენად მეხსიერების სიღრმეში გადანახულ მოგონებებს მთელი სიცხადით გამოიხმობს. და ერთ დღეს უცაბედად ნიავი მის სურნელს მოგიტანს. ან ქუჩაში მის ხმას გაიგონებ. და იფიქრებ, რომ მონატრებისგან მოგელანდა. საღ აზრს სრულიად განდევნი შენგან, მაგრამ საღი აზრი რად უნდა ჩემსავით მონატრებით სნეულს?! შემდეგ ჯერზე თვალებსაც დახუჭავ და ამ გაელვებას ჩაეჭიდები. და ყოველ მომდევნო ცდაზე სულ უფრო კარგად შეძლებ მის წარმოსახვას. რეალობა გახდება მოლანდებული სურნელი, ხოლო ხმა საუბრად იქცევა, გამჭვირვალე აჩრდილი ხორცს გამოისხამს და შენს თვალწინ სასწაული მოხდება, ის დაგიბრუნდება. თავიდან იფიქრებ, რომ ეს ბედნიერებაა. მაგრამ როცა შენს მტკივნეულ რეალობას წარმოსახვითი ცხადი ჩაანაცვლებს, როცა შენს გარშემო საყვარელი ადამიანების თვალებში ტკივილი ჩასახლდება, თუ წყალწაღებული ეგოისტი არ ხარ, საკუთარი თავის დაბრუნებას მოისურვებ, მაგრამ იქნება გვიან. ახლა უკვე მას აღარ ენდომება კვლავ ლანდების სამყაროში დაბრუნება და ისე მოგეჯაჭვება, ისე მოგეტმასნება, ისე შემოვა შენში... ამიტომ ტკივილის მიუხედავად, სევდის და მონატრების მიუხედავად არ უნდა გაექცეს ადამიანს რეალობა ხელიდან. მე კი ეტყობა გამექცა. აი ამას მეკითხებოდა ახლა თეაკო ასეთი სიფრთხილით. აი ეს იყო მიზეზი, რატომაც ლამის ქორწილამდე სულ ცოტა ხნით ადრე მიმატოვეს. ადამიანებს ხომ ასე უჭირთ სხვისი ცხადი ტკივილის გაძლება. კი, ჩვეულებრივ ადამიანებს უჭირთ... მუსიკას ხმამაღლა ავუწიე. ეს უცნაური მელოდია მის თავს ყველაზე უკეთ მახსენებდა ხოლმე. თვალები დავხუჭე და მოგონებებს უფლება მივეცი ჩემი გონების დილეგებიდან გადმოღვრილიყვნენ. დიდხანს ცდა არ დამჭირვებია, სულ მალე შეერია ვარდების სურნელს მისი სურნელი. _ როგორ ხარ ოლ?_ მომესმა მისი ხმა და ნელა გავახილე თვალები. ჩემ წინ იდგა და ძველებურად მიღიმოდა. _ მიაგენი ჩვენს იკიგაის?_ მკითხა ნაცნობი ღიმილით. _ ალბათ ახლა ყველაზე შორს ვარ მისგან!_ ვუპასუხე მოწყენით. _ არადა ძალიან ჰგავს!_ მიმოიხედა ისე, თითქოს მართლაც აქ იყო და ამ ყველაფერს ხედავდა. _ სამუდამოდ დავრჩებოდი აქ ოლ!_სევდა შეეპარა ხმაში. ალბათ ესეც იმიტომ, რომ მე მსურდა ასე. თვალები ცრემლებით ამევსო. რა ცოტა აკლდა ჩემს ოცნებას, რა ცოტა და თან რამდენად მიუღწეველი. სულ რაღა- მისი სიცოცხლე! _ ვიცეკვოთ ოლ?_ ხელი გამომიწოდა_ მალე თორემ სიმღერა დამთავრდება! გამიღიმა მხიარულად. რაც არ უნდა ეთქვა დანარჩენ სამყაროს, როგორ გიჟადაც არ უნდა მივეჩნიე, მე მასზე უარს როგორ ვიტყოდ?. ავდექი და ხელი ჩავკიდე. _ ისევ ვერ ისწავლე ცეკვა ოლ? დათვივით მოძრაობ!_ თვალდახუჭული ვტრიალებდი მასთან ერთად და ჩემი გონება სულ დეტალურად აცოცხლებდა ოდესღაც მომხდარს. უცებ იმდენად ცხადად ვიგრძენი მისი შეხება წელზე, იმდენად ცხადად შეერია მის სურნელს რეალობა და ჩემმა თითებმა სხეულის სიმკვრივე ისე ცხადად იგრძნეს, რომ შემეშინდა და თვალის გახელა ვეღარ გავბედე. _ დარგე ის ოხერი ცის ვაზი, ოლ! ნუ გეშინია, იმის, რაც იქნება!_ მომესმა მისი სიტყვები. აი ეს კი აღარ იყო ჩემი ფანტაზია. სწრაფად გავახილე თვალები და მის ნაცვლად დოროთე შემრჩა ხელთ. _ შენ? _ ვკითხე გაოცებულმა. _ აბა ვის ელოდი? ცეკვა თუ გინდოდა, რატომ არ დამიძახე?_ გაოცების ნატამალიც არ ემჩნეოდა თვალებში. ოდნავ თვალმოჭუტული მიყურებდა და ტუჩის კუთხეში სევდიანი ღიმილი უკრთოდა. _ მოგწონს ცის ვაზი დოროთე?_ ვკითხე გაუბედავად. _ რა არის ცის ვაზი?_ მკითხა და გაიღიმა. მან არ იცოდა რა იყო ვის ვაზი, მაგრამ კარგად იცოდა, რომ მონატრება არაა სიგიჟე. იცოდა, რადგან ისიც საკუთარ ქარიშხლიან უღელტეხილს ეძებდა აქ და არა იკიგაის. _ რა კარგია რომ აქ ხარ!_ ვუთხარი სიმშვიდით ავსილმა. თვალები დავხუჭე და თავი მხარზე დავადე. _ დათვივით ცეკვავ! კი არ ცეკვავ, დაბაჯბაჯებ!_ მიპასუხა მან. მაგრამ ეს მხოლოდ მისი სიტყვები იყო ახლა და არავის სხვისი. _ ვიცი, შენამდეც მითხრეს! 11 წვიმიან დღეებს არ სწყალობდა დოროთე. უფრო სწორედ, იქნება სინამდვილეში მზიანზე მეტადაც კი უყვარდა. რადგან ასეთ ამინდში საკუთარ თავს ემსგავსებოდა როცა წვიმდა ღიმილი ავიწყდებოდა. თითქმის არ საუბრობდა და საკუთარ ფიქრებში გართული, საათობით იჯდა იმ პატარა კაკტუსის წინ გაუნძრელად. _ რაზე ფიქრობ ჰიტკლიფ?_ ვცადე ერთხელ მისი ყურადღების მიპყრობა. მეგონა, თუ მას უსიტყვო სევდას გავუფანტავდი თავს უკეთესად იგრძნობდა . _ არაფერზე ისეთზე!_ ისე მოკლედ მიპასუხა, მივხვდი დიდად არ სჭირდებოდა იმ წამს ჩემი სიხლოვე. _ ისეთი ამინდია გიტარა რომ უხდება არა?_ მხარზე ხელი ფრთხილად დავადე. უბრალოდ არ მინდოდა ასე სევდიანი ყოფილიყო. ცივად ამიქნია მხარი და ხელი გამაშვებინა. მეუცხოვა მისგან ასეთი უხეში ქცევა. არ მიფიქრია იმაზე, თუ რა საფიქრალს ებრძოდა იმ წამს. _ კარგი! მაშინ წავალ. დავხატავ რამეს!_ ვუთხარი ჩემს გონებაში იმ წამს გამჩდარი წამიერი გაუცხოების თუ უხერხულობის დასაფარავად. არაფერი უთქვამს. მხოლოდ ხმადაბალი ოხვრა ამოატანა სუნთქვას. მე მისი დახმარება მსურდა, მაგრამ მას არაფერი სჭირდებოდა სიმარტოვის და სიჩუმის მეტი. უზმოდ ვაქციე ზურგი და მარტო დავტოვე. უხეში ზუმფარა ავიღე და მაგიდას მივადექი. სანამ მასზე მუშაობას დავიწყებდი, წინა საღებავი და ლაქი უნდა მომეშორებინა. უსიამოვნო ფიქრებში გართული მონოტონურად ვასრულებდი სამუშაოს. მისხალ_ მისხალ ვასუფთავებდი დაკაწრულ ზედაპირს და რაც უფრო იწმინდებოდა მაგიდა, მით უფრო ირეოდა აზრები ჩემს თავში. მას არც მსმენელი სჭირდებოდა, არც თანამოაზრე, არც მეგობარი ალბათ. რადგან არ არსებობს ამ დედამიწაზე მართლაც მარტოსული ადამიანი. ყველას ჰყავს ვიღაც, ერთი სულიერი მაინც, ვისაც გულის საიდუმლოს ანდობს. ერთი შეხედვით კი მოჰგავს მას, ვისაც სჭირდები, მაგრამ ასე არაა. უცხო უცხოდვე რჩება, რადგან როგორც ვთქვი ადამიანებს რაღაც ძაფები უნდა აკავშირებდეთ ერთმანეთთან. რაღაც მოგონებები, სხვა რაღაც უნდა ჰქონდეთ საერთო, დარდის და სევდის გარდა. „მაინც რატომ უნდა უნდოდეს ადამიანს მარტოობა?რატომ უნდა ერჩიოს ის საინტერესო ადამიანების გარემოცვას?“ ვფიქრობდი და საკუთარ განვლილ გზას ვაანალიზებდი. ნეტავ თავად რატომ ვაპირებდი რამდენიმე თვის უკან ოჯახის შექმნას? რატომ მომივიდა საერთოდ თავში გათხოვების იდეა? რა იყო ეს? სხვისი ზეგავლენის ქვეშ მიღებული დაუფიქრებელი გადაწყვეტილება? თუ საკუთარი თავისგან გაქცევა? სიყვარულზე არაფერს ვამბობდი, რადგან კომფორტს, რასაც მის გვერდით ვგრძნობდი სიყვარულთან საერთო არაფერი ჰქონდა. მაშინ რატომ მეტკინა მისი ღალატი? მეტკინა თუ მეწყინა? თუ უბრალოდ თავმოყვარეობა შემელახა. ნეტავ პირველს მე რომ მიმეტოვებინა, მერე რას ვიგრძნობდი? არადა რომ არა მისი ღალატი, ახლა ალბათ მერქმეოდა ვიღაცის ცოლი. ნეტავ რამდენი ხანი დამჭირდებოდა, იმის მისახვედრად, თუ რამხელა შეცდომა დავუშვი? _ახალი ცხოვრება დავიწყებაში დაგეხმარება!_ ჯიუტად მიმეორებდა დეიდაჩემი და ვერ ხვდებოდა, რომ რამის დავიწყება სულაც არ მსურდა. უბრალოდ მინდოდა მასზე ფიქრისას გულში ტკივილი აღარ მეგრძნო. და შევგუებოდი იმ აზრს, რომ ის აღარ დაბრუნდებოდა. ადამიანებს როცა სიტყვა მონატრება ესმით, რატომღაც გონებაში მაშინვე წყვილი უტივტივებთ, თითქოს მხოლოდ ესაა სიყვარული! მე პარტნიორის დავიწყებას როდი ვცდილობდი? მე ძმას ვერ ვიგლეჯდი გულიდან. რა იყო ვიღაც უცხოს სიყვარული დაბადებიდანვე ძვალსა და რბილში გამჯარ გრძნობასთან შედარებით? სიკვდილი უცნაური რამაა იცით? თუ უფლებას მოგცემს მიეჩვიო, შეგუება ისე ძალიან აღარ გიჭირს. შინაგანად ემზადები, იცი, რომ გარდაუვლად მოვა და შესაძლოა ნატრობდე კიდეც მასთან შეხვედრას. ამ დროს თითქოს სიცოცხლეს ძალით კი არ გართმევს, არამედ ნებით აბარებ. მაგრამ არის ისეთი მოულოდნელი წასვლა, რომ დამშვიდობებასაც ვერ ასწრებ და ეს გაგაგიჟებს. _ ნახე ოლ, ინი და იანი!_ პატარა იაპონურ სტილში მოწყობილ აუზს ჩაჰყურებს ნოდო აღფრთოვანებული. მივდივარ და მეც ინტერესით ჩავცქერი. ნოდო გიჟდება ყველაფერ აღმოსავლურზე. თევზებზეც კი. აუზში ორი მოზრდილი კარპი ცურავს. ერთი სისხლისფერი ლამაზი ლაქებით, მეორე მკვეთრად ოქროსფერი. _ ლამაზია არა?_ თვალს ვერ აშორებს. _ არ თქვა ახლა, რომ ეგენიც გინდა! იცი მაინც რამხელა იზრდება? წამოდი ჩვეულებრივი ოქროს თევზები ვნახოთ!_ ხელკავით გამყავს სხვა მომცრო აკვარიუმებისკენ. ოქროს თევზების გადმოკარკლულ თვალებს მზერაჩამქრალი უყურებს და თავს უარის ნიშნად აქნევს. _ აღარ გინდა თევზები? _ ვეკითხები გაოცებული. ხომ ვიცი რამდენი ხანია მათი ყიდვა უნდა. _ იცი რას გეტყვი ოლ? არასდროს მოარგო ოცნება საკუთარ შესაძლებლობებს. თუ მათ ახდენა არ უწერიათ, ჯობია იდეალურ აუხდენელ ოცნებებად დარჩნენ! ვიდრე შენი ოდესღაც დიადი ოცნების აჩრდილებად იქცნენ!_ ხელს მკიდებს და მაღაზიიდან გავყავარ. _ მპირდები ოლ? _ გპირდები!_ ვუპასუხე ჩურჩულით და ფანქარი ავიღე ხელში მონახაზის გასაკეთებლად. უკვე ვიცოდი, რის დახატვასაც ვაპირებდი ამ პატარა მაგიდაზე. მთელი საღამო თავიც არ ამიწევია. მხოლოდ რამდენჯერმე გამკრა გონებაში ჰიტკლიფის სახემ, მაგრამ საკუთარი თავი ვაიძულე, კონცენტრირება სამუშაოზე მომეხდინა. მუშაობა და გონების საინტერესო საქმით დაკავება სწორედ მისწრებაა მისთვის, ვისაც არასასურველი ქმედების თავიდან აცილება სურს. _ არ ვჭირდები და იჯდეს მასე სადამდეც უნდა!_ ჩავილაპარაკე გაღიზიანებულმა. _ ვის უბრაზდები?_ ვერაფრით მივეჩვიე მის უხმაუროდ სიარულს. ისედაც გაბრაზებულს უარესად მომეშალა ნერვები. თუმცა რატომ ან რაზე ვბრაზობდი, იმ წამს ვერაფრით ვიაზრებდი. _ სანამ სხვის სახლში შეხვალ. უნდა დააკაკუნო!_ ვუთხარი ცივად და თავიც კი არ ავწიე ჩანახატიდან. _ ჰოო?_ თითქოს მკითხა. _ ზუსტად!_ გავჯიუტდი მე. _ კარგი!_ მასაც უცნაურად შეეცვალა ხმა. _ კარგი!_ თითქოს მუქარასავით გაიჟღერა ჩემმა ხმამაც. თავი ავწიე და მის დაღლილ სახეს შევეფეთე. ხელში თავისი ღამისფერი გიტარა რაღაცნაირად უხერხულად ეკავა. გეფიცებით, იმ წამსვე ვინანე ჩემი უადგილო, უაზრო უხეშობა. მომინდა ყველაფრის გამოსწორება, მაგრამ... _ გავალ მე მაშინ!_ ზურგი მაქცია და იმ ჯერაც უთქმელი იდუმალი კარისკენ წავიდა. _ ჰიტკლიფ!_დავუძახე საკუთარი თავით იმედგაცრუებულმა. _ არ გინდა, რა საჭიროა!_ მიმიხვდა და თქმა არ დამაცალა. არ დამინახავს, მაგრამ ვიგრძენი, როგორ გადასცილდა იმ უხილავ საზღვარს, ჩემსა და მას შორის, სახლის ჩვენს ნახევრებს შორის რომ იყო გაწოლილი. გავიდა და იქაურობა დაცარიელდა. გავიდა და ჰაერი არ მეყო. თვალები ნელა ამევსო ცრემლით, გაიცრიცა მაგიდაზე სანახევროდ დახატული ინი და იანი, სულაც გაიდღაბნა მაგიდა , ფერები აერიათ შერჩენილ ნაგვიანევ ვარდებსაც. როგორი ნაცნობი გრძნობა იყო ჩემთვის ერთი ადამიანის მეორეს სულისგან გაცლა. მე ვიცნობდი ამ გრძნობას. ო, როგორ კარგად ვიცნობდი! _ არ ვიცი თვალით არ მინახავს, რაზე საუბრობ?_ სიბრაზისგან თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი._ თანაც მან თქვა, რომ ჩემთვის მოიტანა! მაჩუქა გესმის? მერე თქვა, რომ ცოტახნით წაიღებდა და აღარ დააბრუნა! _ მითხრა, რომ შენ გაქვს! რატომ მომატყუებდა?_ ჯიუტად იმეორებდა ის და არაფრით სჯეროდა, რომ არ ვატყუებდი._ რატომ არ გესმის ბავშვო! მჭირდება! _ ბავშვი არა ვარ და არც გატყუებ! წაეთრიე! და როცა დამიჯერებ, მერე დაბრუნდი!_ მთელი ძალით ვიკავებდი ცრემლებს. მას ჩემი არ ჯეროდა. ბავშვად მთვლიდა, მატყუარა და ცბიერ ბავშვად. არ ვიცი, როგორ დააჯერეს, რომ მე მისი მოტყუება შემეძლო. ან რამე მაინც მასთან ჩხუბად მიღირდა! არ ვიცი რა მოხდა იმ დღეს. არ ვიცი რის გამო იყო ის ასე დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში. თუმცა ეს ახლა სულაც არ არის მისი ამბავი.... უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ იმ დღეს ისე დავშორდით, ნდობა გვქონდა გაბზარული. ერთმანეთით იმედგაცრუებულები აღარც ვკითხულობდით ერთმანეთს. დაახლოებით ორი კვირა, ან მეტი მე ის მიმაჩნდა საძაგელ ადამიანად, მას კი მე ვეგონე პატარა მატყუარა. არცერთს გვიფიქრია, რომ ცხოვრება მწარე მოულოდნელობებით არის სავსე. რომ დღე შესაძლოა მშვიდად დაიწყოს, შესაძლოა პირამდე სავსე იყო იმ დღეს სიხარულით, იმედით, მომავლის რწმენით გეგონოს, რომ წინ კიდევ უამრავი მსგავსი დღე გექნება და აუცილებლად მოსაგვარებელი ამბები მომდევნო დღეებს შეგიძლია გაადაუნახო. გეგონოს, რომ სასურველ და მონატრებულ ადამიანს, რომელსაც გული ატკინე ხვალ შეურიგდები, ზეგ სთხოვ პატიებას, მასზეგ ჩაეხუტები და ოდესმე მოაგვარებ იმას, რაც სულ ერთი ზარით, ერთი მესიჯით ან ერთი ჩახუტებით შეიძლია ახლავე გამოასწორო. კი ასე გგონია, მაგრამ უცებ სრულებით მოულოდნელად ყველაფერი მთავრდება. და შენ ხვდები, რომ აწი ვეღარაფერს გამოასწორებ! რომ შანსი დაკარგე! რომ სამუდამოდ ასე დარჩება! აი სწორედ ასე მოხდა, მე ისე დავკარგე. ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასი რამ. საკუთარი სიჯიუტით მთვრალმა დამშვიდობებაც ვერ მოვახერხე. შერიგება ვერ მოვასწარი. ვერ ჩავეხუტე. აი რა იყო ნამდვილი მიზეზი ჩემი რეალობასთან ვერ შეგუების. სინანული და დანაშაულის გრძნობა. და ახლაც სწორედ ისეთ სინანულს ვგრძნობდი. და ახლაც ძველებურად ვერ ვდგამდი პირველ ნაბიჯს. განა მნიშვნელობა აქვს ხოლმე ვინ არის მართალი? განა ამას მართლა ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს? ყველაზე მთავარი, წყენისას, ჩვენგან გადადგმული პირველი ნაბიჯებია. .... ფუნჯები გამწარებულმა მოვისროლე და სირბილით დავეშვი ეზოში. ჩემთვის შეუძლებელი იყო მისი დუმილის ატანა. გაუსაძლისი იყო მის გვერდით სუნთქვა, როცა ჩემი დანახვაც კი აღარ სურდა. ჭიშკარი მოვაფრიალე, მოტოციკლი გამოვიყვანე და ისე გავექევი ქარიშხლიან უღელტეხილს, თითქოს გაქცევა ყველაფერს დამავიწყებდა.... 12 _ ოლი? რა მოხდა, მშვიდობაა? _ ისეთი გაოცებული სახით გამიღო კარი თეაკომ. თითქოს ოდნავადაც კი არ არსებობდა ჩემი უკან დაბრუნების შანსი. _ რა იყო? თუ არ გაგიხარდა ჩემი დანახვა, წავალ საიდანაც მოვედი!_ შევუბღვირე უხასიათობის დაუფარავად და სახლში შევაბიჯე. _დეიდა სახლშია? მინდოდა დეიდაჩემთან შესახვედრად მზად ვყოფილიყავი. ის ნამდვილად არ იყო მისი შვილივით ადვილად მოსათაფლი ადამიანი. _ არა, მაგრამ მოვა, როგორც კი შენ დაბრუნებას გაიგებს!_ მხრები აიჩეჩა თეაკომ, იმის საჩვენებლად, რომ საუბარს ვერაფრით ავიცილებდი თავიდან. _ ხოდა სანამ მოვა, სიმართლე მითხარი. რა მოხდა? _ არაფერი არ მომხდარა თეა. სრულებით არაფერი! არაფერზე არაფერიც კი!_ ვიცოდი მისი ცნობისმოყვარეობა მხოლოდ ცოტა ხნით მომცემდა მოსვენების საშუალებას. _დავღალე და დავისვენო მინდა, შეიძლება?_ გვერდი ავუარე დერეფანში გახირულს და საძინებლისკენ გავემართე. ახლა არაფერზე არ მსურდა არც საუბარი და არც ფიქრი. _ რადგან დაბრუნდი, ალბათ ასე იყო საჭირო!_ ვერ დავიჭირე მის ხმაში გაპარული ემოცია, რაღაც სევდას, ტკივილს და იმედგაცრუებას შორის იყო._ მაგრამ როცა საუბარი მოგინდება, მე აქ ვარ! გაიგე ოლ? მე აქ ვარ! არ ვიცი რას ჰგავდა ჩემი იმჟამინდელი მდგომარეობა, რომელიც არაფერი იყო თუ არა წმინდა წყლის ეგოიზმი. ახლა რომ ვფიქრობ, მაშინ დოროთეზე იმიტომ კი არ ვბრაზობდი, რომ მას არ ვჭირდებოდი არაფერში, არამედ იმიტომ, რომ მე მსურდა თავი საჭირო ადამიანად მეგრძნო და ის ამის შესაძლებლობას არ მაძლევდა. ვხვდებოდი, მისთვის ძველი ტკივილი უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე ახალი სიხარული. არც მიკვირდა, პრინციპში მეც ზუსტად იგივეს ვგრძნობდი. იმ წუთას რომ გეკითხათ, რას ავირჩევდი, წარსულის იმგვარ გამეორებას რომლის დასასრულიც უკვე ვიცოდი თუ მომავალს, სადაც ჯერ კიდევ შემეძლო ბედნიერების განცდა. მე დაუფიქრებლად წარსულს ავირჩევდი, მაგრამ საქმე სწორედ ამაში იყო! მე ხომ არავინ მაიძულებდა ამ არჩევანს, ამიტომ შემეძლო წარსულის დაუკარგავად მისი მიმართულებითაც მევლო. მას კი ალბათ ჰქონდა რაღაც მიზეზი, მხოლოდ მისთვის გასაგები, ან თუნდაც გაუგებარი, რის გამოც ასეთ არჩევანს აკეთებდა და ცხოვრებას მხოლდ წარსულით აგრძელებდა. მაგრამ ჯერ არ ყოფილა, რომ წარსულს მომავალი შეექმნა. თუმცა მას ალბათ მომავალი არც ანაღვლებდა ეს მე მჭირდებოდა ვიღაც, რომ საკუთარ თავში ძალა მეპოვნა. სწორი ადამიანი, ვისაც ესმოდა ჩემი ტკივილის, ეს მე მჭირდებოდა დახმარება, მაგრამ დოროთეს არავინ სჭირდებოდა ცხოვრების გასაგრძელებლად. არც საყრდენს ეძებდა, არ იმედს. იქნება არ გვეტყობოდა და შორიდან სხვაგვარად ჩანდა, მაგრამ მე ჯერ ისევ წამოდგომას ვცდილობდი, მიუხედავად ჩემი მხიარული ნიღბისა, ის კი უკვე მყარად მიაბიჯებდა, სადღაც გაურკვეველი მიმართულებით, საკუთარ ამოუცნობ მომავალში. ეს მისი გადაწყვეტილება იყო. რა უფლება მქონდა რამის შეცვლა მეცადა? ვფიქრობდი მე და ამიტომ უბრალოდ ხელი გავუშვი... _ გამაგებინე, როდემდე აპირებ ჩემი ტანსაცმლით სიარულს? წადი და რამე იყიდე, თუ არ გინდა იმ ოხერი სოფლიდან შენი ნივთების წამოღება._ ქოთქოთებდა თეა და გიგას საუზმეს უშლიდა. _ შვილო, თუ ფულია პრობლემ..._ ხელით ჩანთა მოიხოხა დეიდაჩემმა. _ არა! დეი, ფული მაქვს, უბრალოდ თეაკოს გაბრაზება მომწონს! თანაც გემოვნებას არ უჩივის!_ გამეცინა ჩემი დეიდაშვილის შეყრილ კოპებზე. _ თუ ასე გეშინია იმ შენი დოროთესი, მე და გიგა ჩავალთ და ყველაფერს ჩამოგიტანთ! მაგრამ მე ასე მგონია უკან დასახევ გზას არ იჭრი!_ ნიშნის მოგებით ჩამიკრა თვალი თეამ. _ რას ბოდიალობ?_ ნირი წამიხდა, შიგ გულში რომ მომარტყა სათქმელი თეამ. თუმცა მართალი იყო, რომ იქ დაბრუნების მეშინოდა, მაგრამ არც ის იყო ტყუილი, რომ მისი ნახვა ისევ მეწადა. თუნდაც მხოლოდ გამარჯობა ეთქვა. ანდა სულაც არაფერი. უბრალოდ მაინტერესებდა როგორ იყო. და რაც არ უნდა ძნელი ასაღიარებელი ყოფილიყო, მინდოდა მის თვალებში მონატრება და სულ ცოტა სინანული დამენახა. მთელი ეს დრო საკუთარ თავსაც კი არ ვუტყდებოდი, რომ მას ველოდი. თუმცა, როგორც უკვე მიხვდით, აშკარად უიმედოდ. _ იცი, ასეთი არ მეგონე ოლი!_ თავი უკმაყოფილოდ გადააქნია თეამ. _ როგორი ასეთი?_ ჩავეძიე მე ინტერესით. _ როგორი და მშიშარა! არადა მეგონა გამოცდილებამ რაღაც გასწავლა! შენ კი ისევ იგივე შეცდომას უშვებ! _გაჩუმდი თეა!_ შეუღრინა გიგამ ცოლს და სწორედ ის სიბრალული გაუკრთა მზერაში, მე რომ აგრერიგად მძულდა. _ არა! გაუშვი თქვას! _ ხელი ავუქნიე გიგას._ რისი თქმა გინდა თეა? რა შეცდომას ვუშვებ ახლა! _ რას? მართლა გინდა გითხრა?_ ხელიდან სამზარეულოს ხელთათმანი გაიძრო და გაცოფებულმა დააგდო მაგიდაზე _ ვირივით ჯიუტი ხარ ოლი! მაშინაც მასე გაჯიუტდი! არ მიხვედი და არ ჰკითხე! იდექი და ჯიუტად ითმენდი ტკივილს! ახლაც საკუთარ დარდს ეჯიუტები! ისე იქცევი, თითქოს მხოლოდ შენ გეტმტკინა, და მხოლოდ შენ განიცადე! თითქოს გინდა დანაშაულის გრძნობა გვაწამებდეს ყველას! აჰ, არა! ეს ხომ ოლია?! ნახეთ, როგორი სიყვარული სცოდნია? ნახეთ, როგორი ერთგულება სცოდნია?! ნახეთ, როგორ გლოვობს! გარშემო მიმოიხედე ოლ! ვერაფერს ამჩნევ? ის ისევ ყველგანაა! არც ჩვენ გაგვიშვია გულიდან, მაგრამ საკუთარი თავი არ მიგვაქვს სამსხვერპლოზე! აი შენ კი! ხანდახან მგონია გსიამოვნებს ეგ თვითგვემა! _ რას გულისხმობ?_ ხმა ჩამეხრინწა. ძლივს ამოვთქვი ეს ორი სიტყვა. _ რას ვგულისხმობ და სიამოვნებას განიცდი საკუთარი თავის წამებით ოლ! და აქ ნოდო აღარაფერ შუაშია!_ ფეხზე წამოვდექი და აკანკალებული ხელებით მაგიდას დავეყრდენი. _ რას ლაპარაკობ თეო? გესმის რას მეუბნები ახლა?_ ისეთი გრძნობა მქონდა, რომ სამყარო თავზე მენგრეოდა. ნაჭუჭს, რომელშიც საიმედოდ ვიყავი გამოხვეული, თეაკო ნაწილებად მამსხვრევდა სხეულზე. _ ხვალ, როცა მასთან დაბრუნებას მოისურვებ, დარწმუნებული ხარ, რომ გვიანი არ იქნება? დარწმუნებული ხარ, რომ როგორც ნოდოს,მასაც არაფერი შეემთხვევა? ისევ გგონია გარანტირებული გაქვს ხვალინდელი დღე არა? ამის იმედად ყოყმანობ? _ ალბათ არაფერი არ არის იმაზე საშინელი, როცა ადამიანი პირში გახლის სიმართლეს, რომლის აღიარებაც არ გინდა. როცა კარგად ხვდები, რომ მტყუანი ხარ, მაგრამ ამის აღიარება ნიშნავს, რომ შენივე ხელით ნაშენი დამცავი გალავანი დაანგრიო და პირისპირ დაუდგე საკუთარ შიშებს და მე არასდროს მგონებია, რომ ამის ძალა შემწევდა. ამიტომ ვისწავლე დარდების დაფარვა, ამიტომ ავიფარე ღიმილი სახეზე ნიღბად. მაგრამ დოროთეს მოტყუება ვერ შევძელი. მან ისე წაიკითხა ჩემი ტკივილი, როგორც ,,ქარიშხლიან უღელტეხილს“ კითხულობდა. თითქოს საინტერესო წიგნი ვიყავი, მაგრამ არც იმდენად, რომ ჩემთვის ადგილი საკუთარ ცხოვრებისეულ ბიბლიოთეკაში მიეჩინა, მან უბრალოდ წამიკითხა და შემდეგ სინანულის გარეშე ბიბლიოთეკაში დამაბრუნა. რადგან მას ჰქონდა საკუთარი სამაგიდო წიგნი, საკუთარი ბიბლია, სახელად „ინა“. და მერე რა თუ ის ოდესღაც ხანძარმა შთანთქა, ჰიტკლიფი მას საკუთარ მეხსიერებაში ინახავდა სათუთად. თეაკოს ზურგი ვაქციე და სახლიდან გამოვედი. გამოსვლისას გავიგონე როგორ საყვედურობდა დეიდაჩემი. _ რატომ ერევი სხვის ცხოვრებაში? რატომ არ გესმის ეს მისი პირადია! მისი ყველაზე წმინდა, მისი არჩევანი და მისი უფლება! რატომ არ გესმის ეს? _ მეც მაქვს არჩევანი დედა!_ არაფერს ნანობდა თეაკო_ და მე მას ვირჩევ! მას, მაგრამ ბედნიერს, ლაღს და თავისუფალს ტკივილებისგან და არა ასეთ განახევრებულს და იმედგაცრუებულს! სახლის კარი გამოვიხურე. ქურთუკი ყელამდე შევიკარი და იანვრის ყინულიან ქარს სახე დავუმალე. ორი თვე იყო, რაც სოფელი დავტოვე. და ამ ორი თვის მანძილზე დღე არ ყოფილა, რომ მასზე არ მეფიქრა. სწორედ რომ დაბრუნების დრო იყო. ღამის ქალაქი მიქროდა მხარს უკან და სადღაც იკარგებოდა. რაც უფრო ვუახლოვდებოდი, მით უფრო მიტანდა მღელვარება. და ისე ელავდა ჩემს ფიქრებში სიტყვა „ვაითუ’’ როგორც ავტოსტრადის სიჩქარის ნიშნულები. შუაღამე გადასული იყო მოტოციკლი ჭიშკარს რომ მივაყენე. გათოშილი ვიყავი, სხეულს ვეღარ ვგრძნობდი. კარი გავაღე, და სახლისკენ მიმავალ ბილიკს გავუყევი ჩუმად. გულს ბაგა_ბუგი გაუდიოდა და ასე მეგონა სიჩუმეში ხმამაღლა მესმოდა. სახლში სწორედ ისეთი სიმყუდროვე დამხვდა, როგორიც დავტოვე. პირდაპირ სამზარეულოში გავედი და ჩაიდანი დავადგი. ცხელი ჩაი მისწრება იყო მგზავრობით გაყინული ადამიანისთვის. სანამ წყალი ადუღდებოდა, საძინებელში გავედი და თბილ ჰუდში და გრძელ კარდიგანში გამოვეხვიე. უეცრად საკუთარ თავს შევამჩნიე, რომ სპეციალურად ვცდილობდი მეხმაურა. საკუთარ საცოდაობაზე გამეცინა _ იდიოტი ხარ შენ ოლი!_ გავუღიმე საკუთარ თავს სარკეში. ჯიბიდან თმის ფერადი რეზინა ამოვიღე და თმა მუჭში მოვაგროვე რათა კოსა ამეკრა. უცებ რეზინა თითებიდან გასხლტა და იატაკზე გასრიალდა. დავიხარე და ძებნა დავიწყე. პატარა წიგნის კარადის კუთხეში მოვკარი თვალი. რომელშიც ჩემი მოსვლის დღიდან მხოლოდ ჩემი საღებავები და ფუნჯები მეყარა. ის იყო უნდა ამეღო, რომ იატაკზე უცნაურ რკალისებრ ნაჩხაპნს მოვკარი თვალი. სიხარულისგან ხმადაბლა შევყვირე. ხელით კარადის კუთხეს მოვებღაუჭე და ჩემდა გასაკვირად, ისე უხმაუროდ გამოსრიალდა კუთხიდან, გაოცებისგან დავუსტვინე. მაშინვე მივხვდი, რომ ის დამალული კარი ზუსტად აქ უნდა ყოფილიყო. ანუ ასე თვალსაჩინო ადგილას ყოფილა და მე სად აღარ ვეძებე. არც კი დავფიქრებულვარ, ისე გამოვწიე კარადა და სახლის მეორე ნახევარში გადავაბიჯე. წყვდიადს აღარაფერი უკლდა ისე ბნელოდა. ხელის ცეცებით დავუწყე ძებნა ჩამრთველს. სავარაუდოდ იგივე ადგილზე უნდა ყოფილიყო, სადაც ჩემი. ჩამრთველი ვიპოვნე, შუქი ავანთე და ბედნიერი შევბრუნდი უკან. მაგრამ მოულოდნელად შიშისგან გულის გახეთქვამდე სულ წამი დამაკლდა. ვიღაც მაღალი, თმა აჩეჩილი, და ჩემზე არანაკლებ დამფრთხალი ტიპი იდგა და უზარმაზარ ნაჯახს მიღერებდა. შიშისგან უკან გავხტი და კედელს ავეკარი. _ ვინ ხარ და აქ საიდან მოხვდი?_ პირველი ის მოეგო გონს და სავარაუდოდ ჩემი ზომის, სქესის ან უბრალოდ შიშისგან დაჭყეტილი თვალების გამო ჩათვალა, რომ ნაკლებად სახიფათო ვიყავი. ნაჯახი ძირს დაუშვა და ორი ნაბიჯით უკან დაიხია. აქოდა არაფრის დაშავებას არ ვაპირებო. _ უკაცრავად!_ ჩავილუღლუღე დაბნეულმა და მის უკან ოთახი მოვათვალიერე._ ჰიტკლიფ! დავუძახე იმას, ვინც იქ მეგულებოდა. _ ჰიტკლიფი?_ თვალები მოჭუტა დამხვდურმა._ ანუ შენ ო.... ოღონდ აქ მე ვცხოვრობ! ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა , რომ სულ სხვა რამის თქმა უნდოდა. _ დოროთე სადაა? _ ძლივს მოვეგე გონს. თვალს ჯერაც მისი ნაჯახისკენ ვაპარებდი _ გოგონა, დოროთე არ ვიცი ვინაა, მაგრამ იქნებ ამიხსნათ, აქ როგორ მოხვდით?_ ისე უცებ გახდა ზრდილობიანი. შენობითიდან უცებ გადავიდა თქვენობითზე. ნაჯახი კარს უკან გაიტანა და იქვე დივანზე მიგდებული ჰუდი მოიცვა. _ რას ქვია არ იცით? ამ სახლის პატრონს ვეძებ! დოროთე... _ დავფიქრდი და კიდევ ერთი უცნაურობა აღმოვაჩინე. მე არ ვიცოდი რა გვარი იყო დოროთე. მთელი ამ ხნის მანძილზე აზრადაც კი არ მომსვლია, რომ მისთვის გვარი მეკითხა. ამ აღმოჩენამ ხასიათი გამიფუჭა. აბა რა შეიძლება დაგვერქმია ჩვენი ურთიერთობისთვის?! ეს ხომ სინამდვილეში მეგობრობაც კი არ იყო. _ დოროთე? მასეთს არავის ვიცნობ!_ თავი უარის ნიშნად გააქნია მან. _ მე ოლი ვარ. იქით სახლის ჩემი ნახევარია._ ხელით მივანიშნე კედელზე. _ უბრალოდ აქ ერთი ბიჭი ცხოვრობს... ცხოვრობდა, ვერ ვხვდები, როგორ არ იცით? ალბათ მისგან იყიდეთ სახლი? ვიფიქრე, რომ მან სახლი გაყიდა და წავიდა. ამაზე უკეთესი ახსნა ვერაფრით ვიპოვნე. _ სახლი წლებია ჩემია! მამაჩემმა დამიტოვა._ გაეღიმა აწ უკვე მასპინძელს. ანუ სწორედ ეს იყო პეტრეს ცნობილი ვაჟი. ის, დათა რომ ავაზაკს ეძახდა. ახლი კიდევ უფრო მეტი ინტერესით დავაკვირდი მას. ნათელი, მხიარული თვალების ჰქონდა. უცნაურად აპრეხილი ტუჩის კუთხეები, აი როცა ხედავდი, ისეთი გრძნობა გეუფლებოდა, რომ წამიც და ღიმილი გაუპობდა ტუჩებს ერთი შეხედვით პოზიტიური ადამიანს შთაბეჭდილებას ტოვებდა. ჰიტკლიფიც არ იყო დაბალი, მაგრამ ეს ლამის ორი თავით მაღალი იყო ჩემზე. მიუხედავად სასიამოვნო წინასწარი განწყობისა თავში აზრადაც არ მომსვლია საიდუმლო კარზე რამე მეთქვა. დოროთესგან განსხვავებით მას არ ვენდობოდი. _ მე სიმა ვარ!_ გამომიწოდა ბოლოს ხელი და მეგობრულად გამიღიმა. _ რა უცნაური სახელი!_ გამეცინა მე და დაძაბულობა უეცრად გაქრა. _ გვიანია უკვე ,ბოდიში რომ ასე შემოგეჭერით. უკაცრავად!_ ბოდიშებად დავიღვარე მე. სახლი ჩვეულებრივი ადამიანივით კარიდან დავტოვე. ჭიშკართან უკან მოვიხედე. აივნიდან მიყურებდა ჩემი ახალი მეზობელი. მომეჩვენა თითქოს ჩაფიქრებული და თანაც სევდიანი მზერით მაკვირდებოდა, ან ღამე იყო და მთვარის შუქზე მომელანდა ასე. _ ნუთუ ის წავიდა?_ ჩავილაპარაკე საშინლად ნაწყენმა. _ წავიდა და არაფერი დამიბარა? ერთი პატარა სიტყვაც კი? სულ არაფერი! ისე წავიდა თითქოს უპატრონო კნუტი დატოვა არა? წყენა თანდათან ბრაზში გადმეზარდა. _ წახვედი და ძალიან კარგი? სულაც არ მჭირდებოდი! რაში შეიძლება დამჭირდეს მელანქოლიური და დეპრესიილი უჟმური კაცი?!_ შევყვირე გამეფებულ სიცარიელეს. იქვე კიბეზე დადენილი პატარა ქოთანი ხელში მომყვა, ავიღე და გაცოფებულმა კედელს შევახეთქე. უცებ რამდენიმე წვრილი ეკალი ისე მწარედ შემესო ხელში, სიმწრისგან ვიკივლე. ნელა მივუახლოვდი კედლის ძირში გაშლილ ნამსხვრევებს და მობილურის ფანარი დავანათე. პაწაწუნა მრგვალი კაქტუსი ეგდო თიხის ქოთნის ნამსხვრევებს შორის. ჰუდის მკლავი ჩამოვიწიე და ისე ავიღე ხელში. ის იყო. მისი უცნაური ყვავილი. რომელსაც შეეძლო ისე ეცხოვრა რომ წყალი სულ არ დაჭირვებოდა. ახლაღა მივხვდი, რა ძალიან ჰგავდა დოროთე ამ მცენარეს, მასავით ეკლიანი, მოღუშული, მარტოსული, და დამოუკიდებელი სული იყო. და როგორც კაქტუსს არ სჭირდება სასიცოცხლოდ წყალი, არც მას სჭირდებოდა სულელი, არაფრისმაქნისი ოლი. აი მაშინ დამებადა იდეა, რომ სახლის ჩემი ნახევარი გამეყიდა და ის აუტანელი ბიჭი ისე დამევიწყებინა, თითქოს არასდროს შემხვედროდა ცხოვრების გზაზე....... 13 თუ თითში კაკტუსის ეკალი ჩაგრჭობიათ, მიხვდებით რა უჩინარი და მწარე რამეა. კარგა ხანს ვეწვალე, მაგრამ ვერაფრით ამოვიღე. ბოლოს ხელი ჩავიქნიე. თითი იმაზე მეტად მაინც არ მტკიოდა, ვიდრე გული. კაქტუსი დროებით იქვე აივანზე ავიტანე და ფანჯრის რაფაზე დავდე. ისეთი დაღლილი ვიყავი, ემოციებისგან ისეთი ცარიელი, რომ ძილის მეტი იმ წამს არაფერი არ მინდოდა. _ ხვალ იდარდე ოლიკ!_ გავეხუმრე საკუთარ თავს_ დამიჯერე, არც ხვალ შეიცვლება დიდად რამე! ასე უაზროდ გაღიმებული დავწექი საწოლში და რამდენიმე წუთში უგონოდ გავითიშე. ლამის შუადღე იყო ახალი მეზობლის ხმამ რომ გამაღვიძა. _ უკაცრავაად!_ გაჰყვიროდა კიბესთან. წინა მეზობლისგან განსხვავებით ბევრად ხმაურიანი და ცოცხალი ტიპი ჩანდა. უხალისოდ ავიზლაზნე საწოლიდან და ფანჯარა გამოვაღე. _ გისმენთ ბატონო სიმა!_ რატომღაც კარგ ხასიათზე მაყენებდა ეს სასაცილო ტიპი. _დილა მშვიდობისა!_ მომესალმა და უხერხულად გაიცინა._ თუმცა კარგა ხანია დილა აღარაა! _ მერე?_ ვკითხე ღიმილით. _ მერე ის რომ..._ უარესად აიჩეჩა ისედაც ურჩი თმა._ ასეთ სიწყნარეს მიჩვეული არ ვარ! და იქნება ყავა მაინც დაგველია ერთად? _ რატომაც არა,მეზობელო? რატომაც არა!_ დავუქნიე თავი და აივანზე ამოვიპატიჟე._ სულ ერთი წამით დამელოდე! მივაძახე და საძინებელში შევბრუნდი. დაუვარცხნელი თმა პირდაპირ კეფაზე ავიკოსე, პირზე წყალი შევისხი და ისე გავედი სტუმართან, ოდნავადაც არ მომსვლია თავში, რომ სრულებით უცხო ადამიანთან, ასე შინაურივით გაჩეჩილი სიარული ცოტა არ იყოს უცნაური თუ არა სასაცილო მაინც იყო. შემომხედა და აშკარად ჩემმა ვარცხნილობამ დააინტერესა. _ შენი თმის პატრონი მასე ნუ მიყურებ !_ გამეცინა მე და ბატონი სიმა სამზარეულოში შევიპატიჟე. _ ხვდებით მგონი, რომ გუშინ დავბრუნდი, თან სრულებით მოულოდნელად და თან არაფერი წამომიღია, ასე რომ საუზმეზე ბოდიში! მხოლოდ ყავა უნდა ვიკმაროთ!_ კარადა გამოვაღე რათა ყავისთვის ფინჯანი ამეღო და კარადიდან ჰიტკლიფის ფინჯანმა შემომხედა. ვიდექი და არ ვიცოდი, რა უნდა მეგრძნო. ფრთხილად ავიღე ფაიფურის ფინჯანი და თითი გადავუსვი ლამაზად მოხატულ ვარდებს. _ რამე მოხდა? _ დაინტერესდა ჩემი უეცარი გარინდებით დაბნეული სიმა. _ არაფერი! არაფერი არ მომხდარა!_ ვუპასუხე ყრუდ და ფინჯანი იქვე მაგიდაზე დავდე. სხვა ჭიქა ავიღე და ყავა ჩამოვასხი. _ უბრალოდ ისე უყურებდი იმ ფინჯანს! ვიფიქრე, რაღაც ცუდი გაგახსენდა!_ მის დაუფარავ ცნობისმოყვარეობაზე გამეცინა. _ ხო, სამწუხაროდ ნივთები ინახავენ, სევდიან მოგონებებს! _ ვუპასუხე თავის დაქნევით. _ მაშინ რატომ ინახავ მასეთ ნივთებს, რომლებიც გასევდიანებს?_ მკითხა ინტერესით._ არ ჯობია გადაყარო და გადაივიწყო? მისგან ნათქვამი „გადაყარო“ კაქტიუსის კიდევ ერთი ეკალივით მომხვდა გულზე. _ ვითომ რა ადვილია არა?_ ამოვიოხრე მე. _ თუ თავად არ ართულებ, უადვილესია! აი მიყურე!_ სწრაფად წამოდგა და სანამ აზრზე მოვედი დოროთეს ამოჩემებული ფინჯანი გულმოსულად ჩააგდო ნაგვის ყუთში._ ესეც ასე! უფუნქციო ნივთები, რომელთა გამოყენებასაც არასდროს არავინ აპირებს ასე უნდა მოიშორო თავიდან! გასაგებია?_ ისე გაგულისებულმა თქვა. ვერც კი გავბედე მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. სინანულით ჩავხედე ნაგვის ყუთის ფსკერზე ჩაგდებულ ყურმოტეხილ ფინჯანს. გავიფიქრე, რომ მისი ჩუმად თავის ადგილზე დაბრუნება შემეძლო, როცა სიმა წავიდოდა. _ ტყუილად უყურებ!_ მიმიხვდა ფიქრებს _ ერთხელ გატეხილი აღარასოდეს იქნება ძველებურად ლამაზი! შენ ჭიქას ვერ ელევი და... უცებ მოსხიპა სათქმელი. მე კი კვლავ მოლოდინით ვუყურებდი, ვხვდებოდი კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ თავს იკავებდა. ყავა მოსვა და წარბშეკრულმა გახედა აივანზე აჯაგრულ ვარდებს. _ არც ესაა კარგი! _ ვერ მივხვდი რა იგულისხმა. ყავა ერთი მოყუდებით დაცალა და ამოიოხრა._ მადლობა მეზობელო. დღეისთვის მეტს აღარ შეგაწუხებ! ისევე უცბად დამტოვა, როგორც მესტუმრა. დიდხანს დარჩენას არ ვაპირებდი, მაგრამ რამდენი ხანიც არ უნდა გავჩერებულიყავი იქ, ჭამა ხომ მინდოდა? თავი მოვიწესრიგე, ჩანთა მხარზე მოვიგდე და მოტოციკლით გავუყევი რაიონის გზას. როცა იმ ადგილას მივედი, საიდანაც ჩემი სახლი კარგად ჩანდა, გავჩერდი და უკან მივიხედე. რატომღაც იმედი მქონდა, რომ მომხდარი განმეორდებოდა და მას კვლავ დავინახავდი ჩემს აივანზე მდგარს, მაგრამ არავინ დამინახავს. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, იმდენი რომ ბევრიც კი იყო ერთი ადამიანისთვის. თითქოს ორის ნაცვლად ვაპირებდი სუნთქვას, მაგრამ ამის ნაცვლად საკუთარ თავსაც ვიხრჩობდი. _ ისუნთქე ოლი! ისუნთქე!_ ვუთხარი საკუთარ თავს და გზა გავაგრძელე. ერთი კვირის სამყოფი შოკოლადი პირველი იყო, რაც ჩანთაში ჩავდე. _ არ მიყვარს შოკოლადი!_ მითხრა ერთხელ დოროთემ და მაშინ კიდევ ერთხელ ვიფიქრე, რომ ის სულ სხვანაირი ადამიანი იყო და მე საერთოდ არ მგავდა. _ როგორ შეიძლება შოკოლადი არ გიყვარდეს?!_ ავიჩეჩე მხრები გაკვირვებულმა. მან კი უბრალოდ გამიღიმა და იმ თავისი სულელური ფერის ნაყინის ჭამა გააგრძელა. _ ნორმალური ადამიანები შუა ზამთარში ნაყინს არ ჭამენ! _ ნორმალურები და ადამიანები ალბათ არა!_ თავი დამიქნია მან._ არ გინდა? მოფი გასინჯე! მითხრა და იისფერი, ცივი ნაყინი მოზრდილი კოვზით გამომიწოდა. გამაჟრჟოლა და გამაკანკალა იმის წარმოდგენაზე, თუ რა უსიამოვნო იყო ნაყინის ჭამა სიცივეში. _ არ მინდა!_ უარი ვუპასუხე და ცხელი შოკოლადი მოვსვი. _ ზამთარში ნაყინი? რა სიგიჟეა! მან უბრალოდ მხრები აიჩეჩა, თვალები დახუჭა და ჩემთვის გამოწვდილი კოვზი პირში ჩაიდო. ვინ იცის, რატომ უყვარდა მას ნაყინი, ვინ იცის, რატომ მაინცდამაინც მოცვის იისფერი? ვინ იცის, იქნებ ეს ნაყინიც იმ ათასიდან ერთ_ერთი ის ძაფი იყო, რაც მას წარსულთან აკავშირებდა. ვინ იცის?! ხოდა, ახლა ვიდექი ნაყინის მაცივრის წინ და ვნანობდი, რომ მაშინ არ გავრისკე, რაღაც ახალი, რაღაც ისეთი, რაც მანამდე არასდროს მეცადა. _ ხანდახან უნდა გაბედო ოლ!_ ჩამესმა ნოდოს ხმა. _ გაბედო და გაგიჟდე! სიგიჟის გარეშე ხომ ცხოვრება ძალიან მოსაწყენია! მაცივარს ზურგი ვაქციე და სხვა პროდუქტების სექციისკენ გავემართე.... როცა სოფლის გადმოსახვევს ამოვცდი და ინსტიქტურად სახლისკენ გამექცა თვალი, თავიდან ვერ მივხვდი , რომ რაღაც დამაკლდა. მოტოციკლი გავაჩერე და გაოცებულმა გავხედე სივრცეს. _ ღმერთო არა! რას აკეთებს? რა ჯანდაბას აკეთებს!_ შევყვირე გაცოფებულმა და ისე გავქანდი სახლისკენ, სულ დამავიწყდა მოხრეშილი გზაც და საკუთარი უსაფრთხოებაც. სანახევროდ გაჩერებული მოტოციკლიდან გადმოვხტი, ჩაფხუტი და ჩანთა იქვე ბალახებზე მოვისროლე და კისრისტეხით ავვარდი აივანზე. _ რას აკეთებ? რას აკეთებ შე არანორმალურო! _ ვყვიროდი გაცოფებული. იმხელა ხმაზე გავკიოდი და ის კი ყურადღებას არ მაქცევდა. მკლავები დაეკაპიწებინა, ხელში უზარმაზარი სეკატორი აეღო და ჩემს საყვარელ ვარდებს გამეტებით სხლავდა. თან აშკარად აზრზე არ იყო რას აკეთებდა, მაგრამ ისეთი მონდომებით აკაფავდა ტოტებს, აშკარად სულს და გულს დებდა. იმ სულს და გულს, რომელსაც დიდი ალბათობით ახლავე ამოვაცლიდი ჩემი ვარდების სანაცვლოდ. დაკუნთულ მკლავზე ისე ჩამოვეკიდე, როგორც ჩემი კატუნიას ბრელოკი ჩემსავე ჩანთაზე. _ სიმა! რას აკეთებ ადამიანო, რას?_ ვუყვირე გაგიჟებულმა. შეკრთა და ყურიდან ყურსასმენი გამოიღო. _ რა იყო? მოხდა რამე?_ ისე მშვიდად მკითხა და ისე მკაცრად ჩამხედა თვალებში წარბაწეულმა, რომ მკლავზე ხელები ვუშვი და უკან დავიხიე. _ რას აკეთებ?_ ვკითხე და ხმაჩამწყდარმა. ვარდების ბარდის გადარჩენა უკვე დაგვიანებული იყო. _ ვარდებს ვსხლავ! უკვე დროც იყო? _ რა დრო? სულ გაგიჟდი? ვინ მოგცა უფლება? ვინ დაგავალა!_ ისევ უიმეფოდა დავებღაუჭე მაჯაზე. _ ახლა არ მოგწონს, იმიტომ რომ ამ საგიჟეთს მიჩვეული ხარ! მაგრამ დამიჯერე, როცა დავასრულებ, მოგეწონება!_ მტკიცედ მოთხრა მან._ მადლობასაც მეტყვი! _ რას დაასრულებ?_ ამოვიხავლე საცოდავად. მივხვდი, მხოლოდ ვარდებს არ გულისხმობდა. _ რას და შენს გამოფხიზლებას!_ მითხრა მან. მშვიდად გაითავისუფლა ხელი ჩემი თითებისგან. ყურსასმენი ყურში გაირჭო, და დაწყებული საქმე გააგრძელა. უკან_ უკან დავიხიე. მოაჯირს დავეყრდენი და აივანი მოვათვალიერე. გამაოცა იმან, რაც დავინახე. აივანს მიღმა მთელი თავისი დიდებულებით ჩანდა დათოვლილი მწვერვალები. ეს საოცარი ხედი მთელი ეს დრო აბურდული ხვიარა მცენარის უკან იმალებოდა. თითქოს სინათლით და ჰაერით იყო აივანი სავსე. აივანიც და მთელი სახლიც. თითქოს სიმა ვარდებს კი არა, ეკლიან მარწუხებს ებრძოდა, რომელთა უკანაც მყუდროდ დამალულს საუკუნო ძილით მეძინა მე. და ამ ყველაფერს ისეთი სიზუსტით და მოთმინებით აკეთებდა, თითქოს ერთხელ უკვე ექნა ეს და ამის აღმოჩენამ ისე შემაშინა, რომ იმ სახლიდან გაქცევა მომინდა. _ რაც გინდა ის ქენი! რა ჯანდაბაც გინდა, ის ქენი! სულერთია მაინც გავყიდი აქაურობას და აქიდან შორს წავალ!_ მივაძახე საქმეში გართულ სიმას. კიბეები ჩავირბინე და გეზი ქუჩისკენ ავიღე. _ გაიქეცი ოლი, გაიქეცი!_ მომაძახა მან. არადა მეგონა ჩემი სიტყვები არ ესმოდა._ გაიქეცი, მაგრამ დაღამებამდე დაბრუნდი, თავი ტყე_ტყე არ მაძებნინო! 14 არ ვიცი რამდენ ხანს ვბოდიალობდი უგზო_უკვლოდ. დამშვიდებას ვცდილობდი და არაფერი გამოდიოდა. უბრალოდ არ მეამოდა, გაგებაც არ მინდოდა ალბათ და ამიტომ, რა აუცილებელი იყო მისი წასვლა? მე მისთვის არაფერი მითხოვია. არ იყო არც წასვლის საჭიროება, არც დარჩენის ვალდებულება, არც სახელდარქმეული ურთიერთობა. მისგან მხოლოდ ის მჭირდებოდა, რომ თავი ცოტა ხნით ჩვეულებრივ ადამიანად მეგრძნო. თავისუფლად მესუნთქა იმ ადამიანის სიახლოვეს, ვისაც ჩემი ესმოდა.ისეთი ადამიანს, ვინც დღეში ერთხელ რუტინასავით არ მკითხავდა : „ როგორ ხარ?!“ ვინც ჩემს თვალებში სიგიჟის ნიშნებს ძებნას არ დაუწყებდა და უბრალოდ იცოდა რას ნიშნავდა, ჩემი დუმილი მაშინ, როცა უბრალოდ საუბარი არ მსურდა. განა ეს ასე ბევრი იყო? იქნებ მე მომეჩვენა და მასში ის ადამიანი დავინახე, ვისაც ასე ვეძებდი? იქნებ შემეშალა? მაგრამ მან ვინ დაინახა ჩემში, რომ ასე უკან მოუხედავად გაიქცა?! გავჩერდი და ცას ავხედე. მაღალი ხეების ტოტები ერთმანეთში ახლართულიყო, ზუსტად ისე, როგორც აზრები ჩემს გონებაში. _ იქნებ სიმა მართალია?_ ვკითხე საკუთარ თავს. _იქნებ თავად ვართულებ ყველაფერს? იქნებ საკმარისად არ ვცდილობ? მაგრამ.... მაგრამ იყო ერთი მაგრამ, მე ისევ აქ დავბრუნდი! მე დავბრუნდი და ის კი არ დამხვდა! ამით მგონი ყველაფერი იყო ნათქვამი. სოფლისკენ მიმავალ ბილიკს გავხედე. მე ეს სახლი მანამ ვიყიდე, სანამ მის არსებობას გავიგებდი. პირველი მე არ დავინტერესებულვარ მისით. ამ ფიქრმა გამაშეშა. _ჰოო, მე მიზანმიმართულად არ მიმიქცევია მისი ყურადღება საკუთარი უცნაურობით! მე არ ვიპარებოდი მის სახლში! მე არ ვზრუნავდი მასზე! _არა, ამ ყველაფერს შენ თავად აკეთებდი ჰიტკლიფ! ეს შენ გჭირდებოდი მე და პირიქით დამაჯერე! _ ამის აღმოჩენამ გაუგებარი სიხარულით ამავსო. ახლაც ზუსტად იქ ვიჯექი, სადაც იმ ღამეს, როცა პირველად ვნახე ის პირისპირ. ვიჯექი და სულელივით ყურებამდე მქონდა პირი გახეული. ახლაღა ვხვდებოდი, ეს ის გაქცევა არ იყო, გულს რომ მიკლავდა. სულაც პირიქით! _ შენ ჩემი კი არ გეშინია, საკუთარი თავის გეშინია ჰიტკლიფ! რაო ამოვარდა ბოლო_ბოლო შენს უღელტეხილზეც ქარიშხალი არა? ხოდა აცადე! აცადე და ნახავ, რომ გაქცევას ვერ შეძლებ! იმიტომ რომ შენც ისევე გეძახის ეს ქარიშხალი, როგორც მე!_ ვიჯექი და თვალებანთებული გავყურებდი გათელილ ბილიკს. ბილიკი რომ ყოფილიყო აქ ორი თვის უკან, გზა კი აღარ ამერეოდა. გული ამიჩქარდა. ერთ ადგილზე ვეღარ გავძელი. _ ოხ შე საძაგელო!_ ახლა სიმა გამახსენდა და მუჭი მოვუღერე._ არ იცნობ არა? მე თქვენ განახებთ, როგორ უნდა ჩემი მოტყუება! დავემუქრე უჩინარ ლანდებს და სირბილით გამოვუყევი სახლისკენ მიმავალ აწ უკვე გაკვალულ გზას. როცა დავბრუნდი, სიმა უკვე ეზოს ალაგებდა, გადასხლულ ვარდის ტოტებს კონებად კრავდა. _ არ იდარდო კარგი?_ ამომხედა როცა თავზე წამოვადექი გულხელდაკრეფილი._ ვარდის გასხვლა აუილებელიც კია. იქით წელს ნახავ, რა მაგრად იყვავილოს. _ ვერ ვნახავ!_ ვუპასუხე ცივად. _ რატომ ვერ ნახავ? გგონია გახმება?_ უდარდელად გაეცინა მას. _ არა, არ მგონია! უბრალოდ სახლს ვყიდი და იქით წელს აქ აღარ ვიქნები! ასე რომ სულ ტყუილად იწვალე!_ ვცდილობდი რაც შეიძლება გულმოსულად მელაპარაკა. _ ან ყიდვა რა იყო, ან გაყიდვა?_ გაიოცა სიმამ და კიდევ ერთხელ გაყიდა თავისი თავი. _ შენთვის რა აზრი აქვს! ალბათ შენც იქ წახვალ საიდანაც მოხვედი! _ არსად წასვლას არ ვაპირებ. სახლი ჩემია და აქაურობაც საკმაოდ მომწონს!_ წამოდგა და თვალი გამისწორა. _ ხოდა თუ ასეა, იქნება შენ გეყიდა! კედლის გამონგრევაც კი არ დაგჭირდებოდა!_ გამეცინა ირონიულად. _ რატომ არ დამჭირდებოდა? _ აი სწორედ ამ სიტყვებს ველოდი მე. _ ანუ გინდა მითხრა, რომ წლებია აქ ცხოვრობ და დოროთეს არ იცნობ არა?_ მივუახლოვდი კიდევ ორიოდ ნაბიჯით და მოღუშულმა ავხედე დაბნეულ თვალებში. მიხვდა, რაღაც ვერ თქვა სწორად და უკან დაიხია. _ ანუ შენ, მეპატრონემ, არ იცი სახლში არსებული საიდუმლო კარის შესახებ და მან იცის არა? _ არ ვიცი რას ამბობ.. _ იცი რას გეტყვი?_ ხელი ავუქნიე მე და სიტყვის თქმა არ ვაცადე. _ სულ არ მადარდებს! გგონია რამეს გკითხავ მასზე? არც ეგ მაინტერესებს. უბრალოდ დეპრესია მქონდა და არეული ვიყავი! თან ქორწილის წინ ძალიან შემეშინდა._ დოროთემ იცოდა, რომ ქორწილი ჩამეშალა, მაგრამ დეტალურად არ მიმიყოლია რა მოხდა სინამდვილეში. ამიტომ მის მოტყუებას სულ მარტივად შევძლებდი._ მაგრამ უკვე გამიარა. აქაც მხოლოდ სახლის გასაყიდად დავბრუნდი. ორიოდ ნივთს წავიღებ თან სამახსოვროდ. პრინციპში, ჩემი ქმრის სახლში არცაა ამ ხარახურას ადგილი. რაც უფრო მეტს ვლაპარაკობდი, მით უფრო ეცვლებოდა სახე სიმას. ჯერ გაოცებული მისმენდა , მერე გაღიზიანდასავით. ბოლოს სულაც ნერვები მოეშალა. _ ანუ არაფერია ეს სახლი შენთვის? _ არაფერია კი და რატომ გიკვირს? გადაეცი შენს ... არ ვიცი ვინცააა, ქორწილის მოსაწვევი ჩამოვუტანე! ჩვენი მეგობრობის ხათრით! თუმცა ალბათ არც ეს არის საჭირო არა? _ მიმობიხედე და მოაჯირზე ჩამოკიდულ საკუთარ ჩანთას მივუახლოვდი. ეზოში მიყრილი ჩანთაც და ჩაფხუტი მზრუნველად დაეკიდა სიმას გვერდიგვერდ. დაძაბული მაკვირდებოდა. მე კი ჩანთა გავხსენი და კვირის უკან დამზადებული, ხელნაკეთი და ჩემ მიერ ლამაზად მოხატული მოსაწვევი ბარათი, რომელიც თეაკოს მეგობარს დავუმზადე, სიმას თვალწინ ავუფრიალე._ მაგრამ რა საჭიროა არა? ერთი დავხედე ჩემს მიერ შექმნილ ხელოვნების ნიმუშს და დაუნანებლად ორად გადავხიე. და რომ ვერაფერს მიმხვდარიყო სიმა, უკან ჩანთაში ჩავტენე. ეჭვიც არ შეპარვია. ვხედავდი საკუთარ თავს ებრძოდა სიმა. ებრძოდა რაღაც პირობას, ფიცს არ ვიცი რას, მაგრამ რომ არა ეს უჩინარი ბარიერი, ვხვდებოდი, რომ გატყდებოდა და ყველაფერს მომიყვებოდა. _ რატომ აკეთებ ამას ოლი?_ მკითხა ბოლოს იმედგაცრუებულმა. _ რას?_ ვკითხე ჯიუტად. _ მისი მესმის, უფრო სწორედ არ მესმის, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჰგონია, ესაა ყველაზე უკეთესი ორივესთვის! მაგრამ შენ? შენ რატომ აკეთებ ამას?_ გამეცინა. თუმცა იმან რომ მართალი ვიყავი, შვება ვერ მომიტანა. _ მარტივად აგიხსნი სიმა, მას ჰყავს ინა, მე ნოდო! მისი თუ გესმის, ახლა ჩემ გაგებასაც შეძლებ. არ უნდა მოსულიყო ჩემთან ასე ახლოს! არ უნდა ეცადა ჩემი დახმარება! უმისოდაც კარგად ვიყავი! უმისოდ კარგად ვიყავი, გესმის?!_ მტევნის ზურგით მოვიწმინდე ის საზიზღარი ცრემლები_ ასე რომ თუ გინდა სახლის ჩემი ნახევარი, კარგად მოიფიქრე! თუ არადა წინასწარ შეეგუე იმ ფაქტს, რომ ახალი მეზობელი გეყოლება და კედელში საერთო საიდუმლო კარი გექნებათ. გვერდი ავუარე და სახლში შევიკეტე. ფანჯრიდან, ფარდის მიღმიდან, ვხედავდი როგორ იდგა მხრებჩამოყრილი, გაბრაზებული და დაღლილი. გულში გამკრა, რომ ძალიან ჰგავდა თეაკოს. ნეტავ რამდენი ხანი იყო, რომ სხვის ტკივილს ინაწილებდა?!და თითქოს ის არ იყო საკმარისი, ახლა ჩემზე ზრუნვაც უწევდა. _ ცოტაც მოითმინე მეგობარო!_ ვუთხარი გულში, მძიმე ნაბიჯებით ჭიშკრისკენ მიმავალს._ სულ ცოტაც დარჩა, მალე ეს ამბავი დასრულდება, ასე ან ისე, მაგრამ აუცილებლად დასრულდება! იმ საღამოს სიმა ისევ მესტუმრა. ცოტა ხნის წინანდელ განწყობას ფრთხილად მალავდა ღიმილის უკან. ლამაზი თვალები ჰქონდა სიმას, მაგრამ ალბათ ყველა თვალები ლამაზია, სადაც სიკეთე და მზრუნველობა ცხოვრობს. _ კარგი! თანახმა ვარ! _ ხელები დანებების ნიშნად ასწია და დივანზე დაჯდა._ ვიყიდი დენ ნახევარს. სულ არ მინდა, აქ ვინმე შენსავით არანორმალური ჩამისახლდეს! _ ღვინოს დალევ სიმა?_ ვკითხე ღიმილით. _ კი დავლევ! იმედია სიმთვრალეში ამაზე მეტად არ აფრენ!_ გაეცინა მას. _ არა, უბრალოდ ან ვიცინი, ან ვტირი, ან ორივე ერთად! ხანდახან ვცეკვავ კიდეც!_ ორად ორ გრძელფეხა ფუჟერს შევწვდი და თაროდან ჩამოვიღე. ბროწეულისფერი ღვინო ჩამოვასხი და ფეხაკეცილი ჩამოვჯექი მის წინ. _ კარგი! მზად ვარ!_ ისე ჩაისუნთქა ჰაერი, თითქოს ომში მიდიოდა. ჭიქა აიღო და მოსვა._ კარგია, აშკარად მჭირდებოდა! გაეიღიმა და თვალები სმაილივით მოეჭუტა. _ შენ უფრო ლამაზი ხარ სიმა!_ ვუთხარი გულწრფელად და შეკრთა. _ ჰოო?_ „ჰოო“ ეს რაღაც საერთო ჰქონდათ._ მაინც რით? _ სინათლით სიმა!_ თუ ოდესმე გულწრფელი არ ვყოფილვარ, გადავწყვიტე იმ საღამოს ვყოფილიყავი. სრულებით უცნობი ადამიანის წინაშე ბოლომდე მომეხსნა ნიღაბი. _ ორი უპირატესობა გაქვს სიმა!_ მის სახელს, რომელიც სავარაუდოდ სახელი არც იყო, ხშირად ვიმეორებდი და ეს მსიამოვნებდა. _ რომლები?_ აშკარად დაინტერესდა. _ პირველი ის, რომ არ გიცნობ! _ მეორე? _ მეორე... ის, რომ გენდობი!_ „გაგიმარჯოსმეთქი!“ ვანიშნე და ჭიქა ოდნავ ავწიე. თავი დამიკრა და გაეღიმა. _ მართლა თხოვდები?_ მკითხა ინტერესით და ქვეშ_ ქვეშ გამომხედა. უარის ნიშნად თავი გავაქნიე. _ ტყუილის თქმა მაიძულე არა?_ თავი თვალმოჭუტულმა გადააქნია._ მეც რა პატარა ბავშვივით დაგიჯერე! მხრები ავიჩეჩე, აქაოდა რა ჩემი ბრალიამეთქი. _ რას გრძნობ ოლ? _ მასე ნოდო მეძახდა._ ყელში ნერწყვი გამეჩხირა თითქოს. _ ის რას გეძახის იცი?_ ღიმილი გაუკრთა მზერაში. _ ალბათ თავისტკივილს? არ ვიცი, არასდროს არაფერი დაუძახია სახელის მეტი. _ მზეს! _ მეგონა მომესმა. თვალებში შევხედე და აშკარად არ ხუმრობდა. _ მე ვარ მზე?_ ისე შევათვალიერე საკუთარი ხელები, თითქოს ამის მტკიცებულებას მართლა ვიპოვნიდი. _ არ ვიცი. რაც გიყურებ ან წვიმა ხარ, ან ქარიშხალი! მაგარი მტირალა გოგო ხარ!_ ახლა კი მგონი დამცინოდა ის საძაგელი. _ არა ვარ მტირალა! _ ჭიქა დავცალე და ისევ თავიდან შევივსე. _ შენი ვინაა ჰიტკლიფი? არა, კი არ გეგონოს რომ სხვა მიზნით გეკითხები, უბრალოდ მეც მყავს შენნაირი დამრიგებელი! თეაკო ქვია! _ ვხვდებოდი სასმელი მეკიდებოდა. ისედაც ვერასდროს ვსვამდი ბევრს. _ ჰიტკლიფს რატომ ეძახი?_ პასუხს თავი აარიდა. აშკარად ამხიარულებდა სიმას ჩემი სიმთვრალე. _ არ გავს თუ რა? _ მის გახსენებაზე სიბრაზე მომერია. _ ახლა კიდევ უფრო გავს! ცოტა ხანს საკუთარ ფიქრებში ვიყავით გართული. მაგრამ ფაქტი იყო ორივეს ფიქრის საგანი ერთი ადამიანი იყო. _ სიმაა, რატომ მომატყუე არ ვიცნობო? _ არ ვიცი, არ მიფიქრია, რომ მას იკითხავდი. დავიბენი! _ ანუ თავისით არ უთხოვია?_ რატომღაც უფრო მოვიწყინე მე. _ ასე რატომ ფიქრობ? რატომ გგონია, რომ შენგან გაიქცა? _ ყურადღებით მისმენდა. კარგად ხვდებოდა, რომ გულწრფელი ვიყავი და მისგან არაფრის დამალვას არ ვაპირებდი._ რას გრძნობ მის მიმართ ოლ? _ წყენას!_ ავიჩეჩე მხრები. თან ჭიქას დავწვდი. სახე შემეჭმუხნა . ის ეკალი ისევ სულს მიმწარებდა. _ რა გჭირს? გტკივა რამე?_ მაშინვე მიხვდა სიმა. _ კი... თითი! გეგონა გულს ვიტყოდი?_ ხმამაღლა გამეცინა მე. _ მანახე!_ გადმოჯდა ჩემსკენ და ჩემი ხელი თვალებთან მიიტანა. _ ცაცია ხარ?_ მაშინვე მიხვდა, რატომაც ვერ მოვახერხე ეკლის ამოძრობა. თავი დავუქნიე. _ მომეცი ნემსი აბა! _ არა მაქ ნემსი! არ მიფიქრია, რომ დამჭირდებოდა!_საჭყალი სახე მივიღე მე და ისევ გულიანად გამეცინა. _ დათვერი მგონი! მოიცადე, მე მოვიტან!_ ფეხზე წამოდგა და აივნისკენ წავიდა. _ მოიცადე! ნახე აქ რა მაქვს!_ ავდექი და კარადის უკან დამალული კარი დავანახე. _ აბა როგორია? ის საძაგელი ჰიტკლიფი სულ ასე დადიოდა! თავიდან მოჩვენება მეგონა იცი? მერე ვიფიქრე ვამპირი იყო! მერე ავაზაკიო! სულიც კი მეგონა... მერე... მერე კიდე..._ უცებ გული ამიჩუყდა, ისე მოულოდნელად, როგორც მჩვეოდა ხოლმე_ მერე იმ საძაგელი კაქტუსის გამო მეჩხუბა! და მერე სულაც მე მომიგდო! რა ჯანდაბად მინდა კაქტუსი ჰა სიმა? თუ ასე არაფერს ნიშნავდა ამის გამო რაღატომ მეჩხუბა? მაგიდასთან მივედი და მცენარე დავანახე სიმას. _ შეიძლება ამის გამო ადამიანი მიატოვო სიმა? მითხარი შეიძლება? ცოტა ხანს მიყურა, მერე მოვიდა ხელები მომხვია და ჩამეხუტა. მეც მეტი რა მინდოდა? მის მკერდში ჩავრგე თავი და მოურიდენლად ავღრიალდი. _ არ იტირო რა. ეს რამხელა ხმა გქონია?!_ როგორც პატარა ბავშვის , სწორედ ისე ცდილობდა ჩემ გაღიმებას._ ეს რა გიქნია? მაინც ამოიღე ეს ოხერი ჭიქა? დაიხარა და მაგიდიდან ყურმოტეხილ ფინჯანში ჩარგული კაქტუსი აიღო. _ ეეჰ!_ ამოიოხრა და თავზე ბავშვივით გადამისვა ხელი._ რა სულელი გოგო ხარ! გათენებამდე გმირულად ითმენდა სიმა ჩემს გამოხტომებს, ხან ვტიროდი, ხან ვიცინიდი, ხან მუსიკას მთელ ხმაზე ვუწევდი და თავდავიწყებით ვცეკვავდი. იმას ვაკეთებდი, რაც ნოდოს სიკვდილის დღიდან არასდროს მიქნია. იმას ვაკეთებდი, რასაც ნორმალური ადამიანები აკეთებენ, როცა გულნატკენები არიან. და ბოლოს განთიადის წინ ქანცგალეულს სიმას გვერდით დივანზე მოკუნტულს ჩამთვლიმა. ძილბურანში ვიგრძენი, როგორ დამაფარა საბანი. და ისიც გავიგონე, როგორ უპასუხა ვიღაცას ხმადაბლა. _ მოეთრიე ახლა, დაიღალა როგორც იქნა და დაეძინა!_ მინდოდა შევწინააღმდეგებოდი, მეთქვა, რომ არ მეძინა, მაგრამ დამძიმებული ქუთუთოების გახსნას იმდენი ენერგია სჭირდებოდა, რომ უბრალოდ ვერ შევძელი და დამეძინა. 15 _ თავიც არ გტკივა გუშინდელის მერე?_ ისე დამისხა ყავა სიმამ, არც კი უკითხავს მინდოდა თუ არა. შევხედე და ყურადღებით დავაკვირდი. მინდოდა მის სახეზე ისეთი ემოცია დამეჭირა, რაც იმ სიტყვებს ამიხსნიდა, რაც სავარაუდოდ მას ეგონა, რომ არ მახსოვდა. _ მე ნაბახუსევი არ ვიცი! _ ვუთხარი და ყავას სული შევუბერე._ ცხელია! ჩავილაპარაკე დაფიქრებულმა. _ გადავწყვიტე! _ ვუთხარი მთელი სერიოზულობით. ინტერესით გამისწორა თვალი._ მგონი ზედმეტები მომივიდა, იცი?ვფიქრობ, მეც შემეშინდებოდა საკუთარი თავის, შორიდან რომ დამენახა. _ მაშინებ ახლა!_ ჩაეცინა ნერვიულად._ რას გულისხმობ? _ რატომ შენნაირი არ არის? სულ ცოტა მხიარულება არ აწყენდა. _ ვცდილობდი სევდა არ დამტყობოდა. _ დღეს მივდივარ სიმა. მერე ვინმეს გამოვაგზავნი და ის ქრიზანთემებიანი აბაჟური და თევზებიანი მაგიდა გამოატანე. ჩემი ინი და იანი. მე აქ აღარ დავბრუნდები სიმა. საბუთებსაც ონლაინ მოვაგვარებთ, როგორმე. _ მგონი ძალიან ჩქარობ!_ ხმა შეეცვალა მას. _ ვჩქარობ?_ ჩამეცინა მე. _ ხო, ვჩქარობ ალბათ. ყოველ შემთხვევაში მის დაძინებას არ ვუცდი, აქ მოსასვლელად! არ ელოდა სიმა ამ სიტყვებს, უხერხულად ჩაახველა და აივნის კიბეებს გახედა მოღუშულმა. _ ყველაფერი გავიგე, უბრალოდ ვერ გამოვფხიზლდი!_ ავიჩეჩე მხრები._ არც კი ვიცი რა უარესია? წასული რომ მეგონა, თუ აქ რომ ყოფილა და დამაჯერა, რომ წავიდა. შენ როგორ გგონია სიმა? რომელი უარესია? _ მე და შენ ვიმეგობროთ სიმა? _ გამეღიმა მის დაძაბულ გამომეტყველებაზე. _ ხანდახან მაინც მომწერე ხოლმე. მე ყვითელ გულებს გამოგიგზავნი. _ რა უცნაურად მემშვიდობები? პატარაა თბილისი, იმისთვის, რომ ვერ გნახო!_ მასაც გაეცინა._ აღარ იტირებ ხომ? _ არ ვარ მტირალა გოგო! შენ კიდევ არ გჯერა!_ გამეცინა საკუთარ ტყუილზე. _ არ მინდა, რომ წახვიდე! _მითხრა და თავი სინანულით გააქნია. _ მათხოვე გიტარა სიმა!_ გაოცებით გამომხედა. აშკარად იცოდა, რომ დაკვრა არ ვიცოდი. უხმოდ ადგა, მოკლეზე გავიდა და მისი გიტარა გამომიტანა. _ გგონია მოვიწყენ სიმა? მე ყოველთვის ვიპოვნი ახალ ოცნებას და არ ვიდარდებ, თუ ძველი არ ამიხდება! განახო რას ვაკეთებდი ეს ორი თვე?_ დაძაბული მიყურებდა. ხვდებოდა სინამდვილეში მას არ ველაპარაკებოდი. გიტარა გამოვართვი და ცუდად, მაგრამ მაინც დაკვრა დავიწყე. _მგონი დაბრუნება უკვე გვიანია, თითქოს ოცნებადაც ახდი... შენი ღიმილი რომ ასე მზიანია, მაინც ღიმილს მიღმა დამრჩი?! ........_ ვმღეროდი ჩემს მიერვე გამოგონილ ტექსტს ვითომ უდარდელად. სიმღერა მობილურის ზარმა გამაწყვეტინა. გიტარა გადავდე და ზარს ვუპასუხე. _ გისმენს ქალბატონო ლია!_ მივესალმე ჩემს რედაქტორს. როხროხა ხმა ჰქონდა ლიას. ისეთი, რომ მგონი მისი გაცოფებული ღრიალი ორი ოთახის იქით დოროთესაც ესმოდა. ეჭვიც არ მეპარებოდა , რომ იქ იყო. _ რა არის ეს ოლი? _ ვერ ვხვდები ქალბატონო ლია! _ ვერ ხვდები არა? რას ვერ ხვდები? რა გამომიგზავნე გუშინ? რას ნიშნავს ეს? ხალხს ჰეფი ენდი უნდა! არავის სჭირდება შენი ქვითინის კითხვა! წიგნი უნდა გაიყიდოს გესმის შენ? ან ეს სიმა ვინაა? საიდან გამოაკვეხე? რა უყავი დოროთეს? სად გააქრე!_ პირდაპირი მნიშვნელობით გადავატრიალე თვალები. არ ესმოდა ამ ხალხს, რომ მე არაფერს ვიგონებდი. რომ რასაც ვწერდი, სიმართლე იყო. _ რა ვქნა ქალბატონო ლია? ესაა რაც არის? ტყუილი დავწერო?_ ვცადე მის ღრიალში ორიოდე სიტყვა ჩამეკვეტებინა. _შეცვალე!_ მიბრძანა გაავებით. __რა შევცვალო ქალბატონო ლია!_ მომეშალა ნერვები მის სიჯიუტეზე. _ დასარული შეცვალე! მე არ ვიცი! ბოლო თავი ხომ დასაწერი გაქვს არა? საიდანაც გინდა დაგვიბრუნე ეგ კაცი და ბედნიერ დასასრულს ველოდები კვირის ბოლოს! გასაგებია შენთვის? ხომ გასაგებია!_ ჩემი დუმილი თანხმობად მიიჩნია და ტელეფონი დაუმშვიდობებლად გამითიშა. _ ვინ იყო ეგ გიჟი?_ წარბის აწევით მკითხა სიმამ. _ ბატონო დოროთეს ნომერ პირველი ფანი!_ მხრები ავიჩეჩე მე. _ მე რას მერჩოდა მერე? რა დამიწუნა?_ სიმას გაკვირვებულმა სახემ მოწყენილი გუნება გამომიკეთა. _ არაფერს ჩემო სიმა! არაფერს! შენ ამ ამბის ერთადერთი ნათელი წერტილი ხარ! რომ შემეძლოს ყვითელ ბანტს შეგაბამდი და შენს თავს ვიჩუქებდი!_ ისე გაოცებული მიყურებდა, მგონი იფიქრა, თავი რაღაცას დაარტყაო. რა იცოდა სიმამ, რომ ლამის მთავარი გმირი იყო იმ ამბის, რომლის დასაწერადაც ჩემი ჭკუით აქ ჩამოვედი. რა იცოდა, რომ სადღაც ვირტუალურ სამყაროშიც ცხოვრობდა ერთი სიმა, ყველაზე ერთგული, კეთილი და მგრძნობიარე მეგობარი. ვიგრძენი ამდენი შეკავებული ემოციისგან საფეთქელი მიწყებდა მტკივნეულად ფეთქვას. სიმას ლოყაზე ვაკოცე, დავემშვიდობე და წასასვლელად მზადება დავიწყე. ყველაფერი გავამზადე. რაც უნდა გამოეგზავნათ და რასაც აქვე ვტოვებდი. ჩემს ზურგჩანთაში რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩავყარე მხოლოდ. როცა თეაკო ისევ ასე ხელცარიელს დამინახავდა, ალბათ გულიც დაარტყამდა. გამეღიმა მისი სახის წარმოდგენაზე. სულ ბოლოს ჩანთაში ფინჯანში ჩარგული პაწაწუნა კაქტუსი ჩავიდე. ალბათ კაქტუსი ამ ქვეყნად ყველაზე მარტოსულების ყვავილია. მათი, ვისაც წასვლა არაფრად უღირთ, მაგრამ თან სინდისის ქენჯნასაც არ უნდათ რომ გრძნობდნენ მათ გამო, ვისაც ასე უგულოდ და ეგოისტურად ტოვებენ. რა მოხდა მერე თუ პატარა კაქტუსს მიატოვებ? იჯდება მორჩილად ქოთანში და აიტანს მარტოობას. მოითმენს წყურვილს, სიცივეს. დიდხანს, ძალიან დიდხანს მოითმენს. სანამ ვინმე სხვა არ იპოვნის. ვინმე ჩემნაირი, ვისაც გული აქვს. სახლი გამოვიხურე. უკანასკნელად ავხედე უმოწყალოდ გასხლულ აივანს და გულში მადლობა ვუთხარი სიმას. აღარ ყვაოდნენ ვარდები და მეც თითქოს ისე ძალიან აღარ მტკიოდა წასვლა. ჭიშკარს მივუახლოვდი და გავიფიქრე , რომ ძალიან მოუხდებოდა ამ ეზოს უზარმაზარ ნაძვზე ასული გლიცინია. ცას ავხედე. საოცრად ლურჯი იყო ცა. ნოდოს ოცნების ცის ვაზივით ლურჯი. ყველაფერს დაიტევდა სახლის ჩემი ნახევარი. ჩემს ძველ ვერახდენილ ოცნებებსაც და მათაც, რომლებზეც სამომავლოდ ვიოცნებებდი. _ რაც არის ეს არის და მეტი არც იქნება! ალბათ ვეღარაფერს შევცვლი!_ ვუთხარი ჩემს წინ მდგარ ნოდოს._ არ იდარდო, სხვაგან დავრგავთ მე და შენ ჩვენს ოცნების ხეს! არ მიპასუხა, თითქოს ბრაზობდა ჩემზე გვერდი ავუარე, თითქოს მართლა შეეძლო ჩემთვის ხელი შეეშალა. მოტოციკლი დავქოქე და უკანმოუხედავად გავუდექი გზას...... როცა იმ მაღლობს მივუახლოვდი და გზას გავხედე. კინაღამ თავად მივიღე გულის შეტევა. ზუსტად იქ იდგა, საიდანაც სულ პირველად დავინახე ჩემს აივანზე მდგარი, იმ დღეს, პირველად რომ დავუძახე ჰიტკლიფი. იდგა წელში გამართული, ქურთუკის ჯიბეებში ეწყო ხელები და თავისი განუყრელი სათვალე ეკეთა, რომლის უკანაც მალავდა თავის ბრჭყვიალა, ჯადოსნურ თვალებს. თავად რატომღაც ეგონა, რომ ეს თვალები ვინმეს შეაშინებდა. მაგრამ როდის იყო რომ მზისფერს ვინმეს შეშინება შეეძლო? მოტოციკლი გავაჩერე და ჩაფხუტის მოხსნა ვერ გავბედე. შემეშინდა, რომ ბავშვივით ავღრიალდებოდი, თუ აქ ჩემთან დასამშვიდობებლად იყო მოსული. სულ ოდნავ გაეღიმა. მომიახლოვდა და მოტოციკლის საჭეს დაეყრდნო ხელებით. გული ისე გამალებით მიცემდა, მეგონა მასაც ესმოდა. სათვალე მოიხსნა და მზეზე თვალები მოეჭუტა. მარცხენა კუთხეში გახეთქილი ტუჩი კბილებში მოიქცია და ტკივილზე სახე დაეჯღანა. ახლა მე გამეღიმა ჩაფხუტში დამალულს. სხვა თუ არაფერი, გული ამიჩუყა სიმას ბოლოს საჩუქარმა. _ ჩაფხუტს არ მოიხსნი?_ მკითხა ეშმაკური ღიმილით. ღმერთო, როგორ მენატრებოდა ეს ღიმილი! თავი უარის ნიშნად გავაქნიე. ისევ გაეცინა. _ ჰოო? კარგი, თუ ასე გინდა?!_ არ ჩქარობდა. თითქოს არაფერი მომხდარიყო. თითქოს გუშინაც ასე ვსაუბრობდით. _ მოდი, მე მოგეხმარები!_ მითხრა და ჩაფხუტის ჩამკეტი ფრთხილად გახსნა._ აი ასე! თორემ ისე გიკანკალებს ხელები, მგონი თავად ვერ შეძლებ! მგონი ისევ დამცინოდა. ორივე ხელით ასწა მაღლა. თვალებში ჩამხედა და გამიღიმა._ გამარჯობა, ბრაზიანო ოლი! იტირე თუ გინდა, თორემ ტირილს რომ იკავებ ტუჩები ისე საყვარლად გიკანკალებს, რომ.... _ რა ჯანდაბა გინდა ჰიტკლიფ!_მისი სიმშვიდე და ირონია ჩემს ნერვებზე თამაშობდა. _ მინდა, რომ შევცვალო!_ მითხრა ისე სერიოზულად, რომ ვერ დავიჯერე გაგონილი. _ რა უნდა შეცვალო?_ ვკითხე ხმის კანკალით. _ შენი მოთხრობის დასასრული...._ მიპასუხა და ჩაფხუტისგან აწეწილი თმები მზრუნველად გამისწორა ყურს უკან. _ და კიდევ მაგას ეძახი გიტარის დაკვრას?_ გამიღიმა და თვალი ჩამიკრა_ მგონი ბევრი სამეცადინო გვაქვს! ისე ახლოს იყო ჩემთან, იმდენად ახლოს, რომ მის ოქროსფერ თავლებში უწვრილეს ხაზებსაც კი ვხედავდი და უცებ გაკვირვებისგან შევკრთი. არაფერი აღარ ჩანდა მის თვალებში, ყველაფერს ჩემს ზურგს უკან ჩამავალი ნარინჯისფერი მზე შლიდა, ახლა მხოლოდ უზარმაზარ ცეცხლოვან დისკოს და მე მირეკლავდნენ მისი თვალები. _ აბა, იპოვნე ბოლო_ბოლოს შენი ადგილი?_ მკითხა ინტერესით და უფრო ახლოს მოიწია, რომ მე საკუთარი თავი უკეთ დამენახა. _ ვიპოვნე!_ დავუქნიე თავი და ხელები მოვხვიე.... დასასრული ???? ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.