შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კანიბალი (სრულად)


27-12-2024, 16:31
ავტორი ika abashidze
ნანახია 1 435

I (სახლამდე)

- წარმოიდგინე, რომ ისეთ ქალაქში ხარ, სადაც ყველაფერი ხორცითაა
აშენებული. გზა, ხეები, შენობები, ცა, ყველაფერი კანისფერია. ყველაფერი ადამიანის სხეულს ჰგავს. - ქალის ხმა ოთახში შეწყდა და ახლა მხოლოდ საათის ნერვიული წიკწიკი ისმოდა.
ჟაკი ქალს წინ ეჯდა და ფიქრობდა.
- ხო, ყველაფერი კანისფერია. მთლიანი სამყარო ნელი ტემპით კანკალებს. - ჟაკი ხელებს ერთ ადგილას ვერ აჩერებდა.
მისი ხელის მტევნები ცივი ჰაერის სცენაზე ცეკვავდნენ.
ქალი რამდენიმე წუთს, ქაღალდზე რაღაცას ჯღაბნიდა.
- ცაზე რას ხედავ? - წერას მორჩა.
- ცაზე წითელი ვარსკვლავებია. - ჟაკმა თვალები გაახილა.
- ბევრია?
- ...ვერ დავითვლი.
- ყველა პატარაა?
- ზოგი წერტილს ჰგავს, ზოგი მეტეორს, ზოგიც ხაზია, ზოგს სულ უცნაური ფორმა აქვს.
- ყველა წითელია?
- კი. მაგრამ, ზოგს უფრო მუქი ფერი დაჰკრავს. ზოგი პირიქით, უფრო ღია ფერისაა.
- ლამაზია?
- არ ვიცი.
...
სეანსი მალევე მორჩა. ერთი საათი გავიდა თუ არა, ჟაკმა იგრძნო, რომ იქაურობა უნდა დაეტოვებინა.

II (სახლის გზაზე)

გზაში, ჟაკი ნაცნობ დაღმართს ჩაუყვა, რომლის ერთ მხარეს მაღაზიები იყო ჩამწკრივებული.
ერთერთ საკანცელარიო მაღაზიაში შეიარა. ამ მაღაზიის კიბეები, გარედან ქვემოთ ჩადიოდა. მაღაზია სარდაფში იყო აშენებული.
ამ მაღაზიაში, ადრე, ჟაკმა ორი ტილო იყიდა.
იმ დღეს, რამდენიმე ფუნჯი, წითელი და შავი საღებავი აიღო.

III (სახლში)

- ეს ნახატი კარგია. - ჟაკი მოლბერტის წინ, იატაკზე იჯდა. მოლბერტზე დადებულ ტილოზე ავტოპორტრეტი დაეხატა.
- აქ არც ნაოჭები მაქვს, არც მელოტი ვარ და არც ჭაღარა.
თვალებიც სიცოცხლით ისე მიბრჭყვინავენ, სარკეები მგონია, რომლებიც უსასრულოდ, თამამად ირეკლავენ მზის შუქს.
...
ჟაკმა ფანჯარას გახედა და უნებლიედ მოჭუტა თვალები.
სარკმელიდან შემოსული მზის სხივები თითქმის აქრობდნენ ტილოზე წვრილად დახატულ შავ კონტურებს.
მეორე ტილოზე მამაკაცის ზურგი დახატა. მერე ფუნჯი წითელ საღებავში ჩააწო და ტილოს მიაპკურა. ზურგზე წითელი წერტილები და ხაზები გაჩნდნენ, ზოგი წვრილი და პატარა იყო. ზოგიც დიდი და მკვეთრად შესამჩნევი.

IV (სახლის მიღმა)

- ჟაკ, ანუ, შენ ამბობ, რომ ეს ხორცის ქალაქი შენი სხეულია? - ქალმა სათვალე გაისწორა.
- დიახ.
- და ცხოვრობს ვინმე ამ ქალაქში?
- კი, ის წითელი ვარსკვლავები სინამდვილეში ამ ქალაქის მაცხოვრებლები არიან.
- სხვა არავინ?
- კი, იქ ერთი ღმერთია. კანიბალი ჰქვია.
- რას აკეთებს ეს კანიბალი?
- იგი იმ წითელი ვარსკვლავების მშობელია. კანისფერ ქალაქს ნელნელა სულ აწითლებს და ბოლოს გააქრობს.
...
დღეს, ის ერთი საათი უჩვეულოდ მალე გავიდა.
ქალი სკამიდან ადგა, ოთახიდან გავიდა და კარი მიიხურა.
მალევე კარისკენ ზურგშექცეული სკამიდან ჟაკიც წამოდგა.

V (სახლის ჭიშკართან)

- რამდენიმე წელია, სახლში არ ვყოფილვარ. ერთხელ, მახსოვს, მე და ჩემი მეგობარი მივდიოდით ქალაქგარეთ და გზად ჩემი სახლისთვის უნდა ჩაგვეარა.
გამახსენდა, რომ ოთახში ჩემი საფულე მედო, იმაში ყველაფერი იდო - პირადობა, ხურდები, რაღაც პატარა სურათებიც. მანქანა ჭიშკართან გავაჩერეთ. ჭიშკარი ღია იყო, ისე ჩანდა, რომ ყველა სახლში იქნებოდა. ზემოთა სართულზე, სადაც ოთახი მქონდა, თითქმის არავინ ადიოდა. ისე შევედი ოთახში, არავის შევუმჩნევივარ. წამოვიღე ჩემი საფულე და სახლიდან ისე გავედი, ისევ ვერავინ დამინახა.
იმ დღეს, სახლში ვიყავი ისე, რომ არავინ მინახავს.
მაგის მერე სულ მაინტერესებს, როგორი გრძნობა იქნება, ამდენი წლის მერე შევიდე სახლში და არავინ დამხვდეს. ან ვერავინ შემამჩნიოს. - ჟაკი წითელ საღებავში ამოთხვრილი ფუნჯით ხელში ფანჯრის რაფასთან იჯდა და ფიქრობდა.

VI (სახლში სტუმარია)

- იმ ქალის აღწერილი ქალაქის წარმოდგენა უკვე მიჭირს.
აქ, ჩემს სახლში ყველაფერი ფერადია, თან თეთრი. ყველაფერი იანვრის ბურშია შემოსილი, თუმცა ბოლომდე ფერი არაფერს დაუკარგავს. ჭიშკარი ჩაკეტილი დამხვდა. ალბათ, მამაჩემი სამსახურშია. ღობეებზე გარედან მიდგმულ ბლოკებზე დავდექი და ეზოში გადავძვერი.
...
მთლიანი სხეული მიკანკალებს. სახლში არავინაა, ყველაფერი ცარიელია, ყველაფერი ისეთია, იგივეა, როგორიც ბავშვობიდან მახსოვს, მაგრამ ყველაფერი უცხოა. ყველაფერი მომბეზრებია და აღარაფრის აღსაწერად აღარ მაქვს სიტყვის მარაგი დარჩენილი. სახლში უფრო სიცივეა, ვიდრე ეზოში.
ეზოს ბოლოში ხეს ფორთოხლები აბია, ჯერ არავის დაუკრიფავს.
...
სამზარეულოში შევედი და მაცივრიდან ყველი ავიღე. რამდენიმე ნაჭერი მოვაკელი. ჩანგალი ნიჟარაში ჩავაგდე გასარეცხად.
მერე იმაზე დავიწყე ნერვიულობა, მამაჩემი სახლში რომ მოვა და ამას ნახავს, გაუკვირდება-მეთქი.
მაგრამ, ალბათ ამას მამაჩემი ვერ შეამჩნევდა. - ჟაკი იმ დღეს, სტუმრის როლში იყო.

VII (სახლში გიჟია)

- მითხარი, მეგობარო, როგორია ეს ადგილი? - თეთრ ოთახში ფანჯარა იყო ღია და თეთრ ლამინატის ჩარჩოებში გამოკვეთილად ჩანდა
ზამთრის სითეთრე. თეთრებში ჩაცმული ექიმი ჟაკს წვერს პარსავდა და ელაპარაკებოდა.
- არ ვიცი, ჩვეულებრივია.
- ეს შენი სახლია, მეგობარო. შენი და შენნაირების! - ექიმმა პლასტმასის ჯამში ქაფში ამოთხვრილი სამართებელი ჩაყო და ბოლოს სუფთად ამოიღო იმ ჯამიდან.
- სახლს აღარაფერი ჰგავს.
- შენი მნახველები როდის მოვლენ?
- ჰმ.. ალბათ, მალე მოვა მამაჩემი.
- იცნობ სახეზე?
- არ ვიცი.
- როდის უნდა გინახულოს?
- ჰმ.. დღეს, ან ხვალ, არ ვიცი. მაგრამ უეჭველად მოვა.
- ისე, თვითონ როგორაა?
- ცოცხალი თუა, არც ვიცი.
- სხვა არავინ გყავს?
- არ მახსოვს.
- მეგობარო, კოღოები თუ კიდევ გიკბენენ, არ მოიფხანო. თავიდან რომ მოგიყვანეს, გახსოვს, რა დღეში გქონდა მხრები, ზურგი, ხელები, წვივები... გახსოვს? ისევ იგივეს აკეთებ. აქ კოღოები არ არიან, მეგობარო. - ექიმმა ჟაკს კიდევ ერთხელ ჩამოუსვა სამართებელი
გაქაფულ სახეზე და სისხლი შეამჩნია.
- მაპატიე, მეგობარო, გაგჭერი! მაგრამ შენი ბრალია. კანკალებ. და არ ვიცი, რატომ. აქ არ ცივა!
...
თეთრი ოთახის ერთერთი კედელი წითლად დაიწინწკლა.
ეს უნდა ყოფილიყო დასასრული, თუმცა, სინამდვილეში, ჟაკის სხეულში გამეფებულ ლოდინს დასასრული არ უნდა ჰქონოდა.
ჟაკს სხეულზე ცივ, რკინის ჯაჭვად ჰქონდა შემოხვეული კანკალის მის სხეულზე ოდნავ დიდი ზომის ტალღა.

...

დასასრული.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent