შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება უნდა გაბედო ( სრულიად)


3-01-2025, 09:36
ავტორი ვე რა
ნანახია 11 429

ბედნიერება უნდა გაბედო...

1
დიდი და ხმაურიანი ქალაქი როცა პატარა უცნობ ქალაქში გაცვალა, რატომღაც ეგონა, რომ საკუთარი დიდი დარდებიც ძველ საცხოვრებელს შეატოვა, მაგრამ როგორც შემდეგ თანდათან დარწმუნდა, სულაც პირიქით მოხდა. ძველი ხმაურიანი ქალაქი მის ყურადღებას ცოტახნით მაინც იტაცებდა ხოლმე და ასე თუ ისე ართობდა კიდეც. აქ კი სიჩუმე დახვდა. სიჩუმე და უცნაური გარინდება. ერთი ის იყო, რომ ახალაშენებულ, ორსართულიან სახლებად ჩაფიქრებულ კომპლექსს თითქმის არ ჰყავდა მაცხოვრებლები. შეეძლო უბრალოდ მუსიკა ხმამაღლა ჩაერთო და ფიქრებით სწორედ იმ წარსულს დაბრუნებოდა, საიდანაც ვითომ გამოიქცა.
ამ პატრა, თეთრ სახლებს საერთო კედელი ჰქონდათ და ერთნაირი ფართე სახურავი. და მიუხედავად იმისა, რომ სულ ორი სართული იყო მათი სიმაღლე, ცა ალბათ მთელ ქალაქში სწორედ ამ სახურავიდან მოსჩანდა ყველაზე უკეთ. სწორედ ამ სახურავის გამო იყიდა იაკემ ეს სახლი.
ახლაც სახურავზე, იწვა გაშლილ პლედზე, ფეხები სახურავის კიდეზე ჰქონდა შემოწყობილი და რაღაც უცნაურ, კოსმიურ მუსიკას უსმენდა ფიქრებში ჩაძირული. ერთი ლამის გადავიწყებული მოგონება ამოუტივტივდა გონებაში და უნებურად გაეღიმა.

_ იაკე? იაკე რა სახელია?_ ახსოვდა მისი ხმის ყველა ნიუანსი. დანახვის წამიდან, თითქოს წინათგრძნობა ჰქონდა, რომ მის შესახებ არაფერი დავიწყებოდა.
_ ირაკლი მქვია._ რთული იყო მისით გამოწვეული აღფრთოვანების დამალვა.
_ იაკე ჯობია!_ მხიარულად იცინოდა და წამით არ შეჰპარვია ეჭვი იაკეს, რომ ის გულწრფელი არ იყო.
_ შენ?_ თავადაც სურდა მისი სახელი გაეგო. ახლა ზურგი რომ შეექცია და წასულიყო,სად ძებნა მერე, ამიტომ იაკე უკან გაჰყვებოდა, იმდენად უცნაურ მიზიდულობას გრძნობდა.
_ რატომ უნდა გითხრა? დღეს ხომ ის საღამოა, როცა საკუთარ ვინაობას ყველა ვმალავთ? _ უპასუხა ღიმილით და კატის სასაცილო ნიღაბი, რომელიც სახეს სანახევროდ უფარავდა უკეთ მოირგო. _ ამას უფრო ადვილად ვიზამ, ვიდრე სახელს გაგიმხელ! დღეს ყველანი ცოტა გიჟები ვართ ხომ ასეა?!
უთხრა და მკლავებზე დაეყრდნო. ოდნავ აიწია ფეხის წვერებზე და ისე მოულოდნელად, ისე სწრაფად აკოცა, რომ იაკემ გააზრებაც ვერ მოასწრო.
_ ახლა კი, უნდა წავიდე! ნახე მელოდებიან!_ თითით გოგოებით სავსე მანქანისკენ მიანიშნა და სანამ ყორნის ნიღბიანი ბიჭი გონს მოვიდოდა უკვალოდ გაუჩინარდა....
მუსიკასა და მუსიკას შორის წამიერ სიჩუმეში ზარის ხმა მოესმა. ხმას დაუწია და მიაყურადა. ზარი განმეორდა და ყრუ, მაგრამ გამეტებული კაკუნიც მოჰყვა. მობილურის ეკრანს დახედა 00:26.
_ ვინ უნდა იყოს ამ დროს?_ გაუკვირდა და ფეხზე წამოდგა. კიბეები ჩაიარა და კარის კუთხეში პატარა ეკრანს გახედა. კართან უცნობი გოგონა იდგა, ხელში პატარა ჭიქით. მხრები აიჩეჩა იაკემ და კარი გამოაღო.
სიტყვაზე პირველი ღიმილი შეაგება უცნობმა. ღრუბელივით ფუმფულა ყვითელი ჰუდი ეცვა, ალბათ რამდენიმე ზომით დიდი. იგივე ფერის ნაქსოვი ქუდი, სახლის რბილი წიწილა ჩუსტები და მუხლს ზემოთ თბილი გამაშები. აშკარად მცივანა ვინმე უნდა ყოფილიყო.
_ საღამო მშვიდობისა მეზობელო!_ გაუღიმა და ღიმილისას თვალები მოეჭუტა.
_ საღამო?_გაიფიქრა და ჩაეცინა იაკეს. _ გისმენთ. უთხრა და თვალი მისი ჭიქისკენ გაექცა. იეჭვა, აშკარად ეს ჭიქა იყო ამ უდროო სტუმრობის მიზეზი.
_ არ შეგაწუხებდი, მაგრამ ვიფიქრე, მაინც არ ძინავს და არაფერი დაშავდება თუ მივალმეთქი!_ ისევ საყვარლად იღიმოდა გოგო._ უბრალოდ, შაქარი დამავიწყდა , არადა მწარე ყავას ვერ ვსვამ, ზოგიერთი აუტანელივით!
უცნაურ შედარებაზე წარბი ასწია იაკემ. მისი ლოგიკით თავადაც ერთ_ერთი აუტანელი გამოდიოდა.
_ ხოდა, ცოტა შაქარი მასესხე რა!_ თითებში ჩაბღუჯული ჭიქა გაუწოდა და ისევ ღიმილად დაიღვარა უცნობი._ მე იო მქვია!
ისე დააყოლა საკუთარი სახელი, თითქოს თავისთავად აუცილებელი იყო.
ეუცნაურა იაკეს იო, მაგრამ არაფერი უთქვამს. კიდევ ერთხელ შეათვალიერა და ჭიქა გამოართვა. აზრადაც არ მოსვლია, შინ შეეპატიჟებინა, მით უფრო საკუთარი სახელი ეთქვა. სულ წამი იყო ხედავდა, მაგრამ უკვე აბეზარ ადამიანად ეჩვენებოდა. სამზარეულოში შევიდა , საშაქრე აიღო და ის იყო ჭიქაში უნდა გადმოეყარა, ზურგს უკან მხიარული ჩაცინება მოესმა.
_ რა საყვარელი ფისოა!_ შემკრთალი შებრუნდა უკან და სიბრაზისგან გააკანკალა.
უცნობი მართლა კატასავით უხმაუროდ შემოჰყოლოდა სახლში, ხელში მისი აკვიატებული ფინჯანი ეკავა და შავი სასაცილო კატის გამოსახულებას თითით ეფერებოდა.
_ თუ შეიძლება ადგილზე დააბრუნე!_ თავის შეკავება გაუჭირდა, რომ სიბრაზე ხმაზე არ დატყობოდა.
_ რა ეს?_ ჰკითხა გოგონამ და ფინჯანი მაღლა ასწია.
_ დიახ, თუ შეიძლება ხელი გაუშვი!_ დაიძაბა იაკე.
_ ასე?_ ჰკითხა ირონიული ღიმილით გოგონამ და წამით მართლა გაუშვა ფინჯანს ხელი. თუმცა უცებვე დაიჭირა და საკუთარი ონავრობით აღფრთოვანებულმა დააბრუნა მაგიდაზე. თუმცა ის წამი სრულებით საკმარისი აღმოჩნდა იაკესთვის, რომ აბეზარი სტუმარი შეძულებოდა .
_ მადლობა!_ დაძაბული თითებიდან მოხერხებულად აართვა საკუთარი ჭიქა და შიგთავსს ისე დაეჭვებულმა ჩახედა, თითქოს შეამოწმა, იაკემ რამე ხომ არ დააკლოო. მერე კმაყოფილმა შეჭმუხნა ცხვირი.
_ დროებით მეზობელო! არ მოგერიდოს , თუ რამე დაგჭირდეს, მე გვერდით ვიცხოვრებ დღეიდან!_ ზურგი აქცია და შინაურივით მოაძახა._ გაცილება არ მინდა, კარი ვიცი სადაცაა!
კარის გაჯახუნების ხმაზე შეხტა იაკე. მაგიდაზე დადებული ჭიქა მოხვდა თვალში და სიბრაზისგან სახე მოეღრიცა. აჰა, დასრულდა სიმშვიდის დღეები!
_ ცანცარა წიწილა!_ ჩაიბურდღუნა ნერვებმოშლილმა და იმ სასაცილო ფუმფულა ჰუდის გახსენებაზე მაინც უნებურად გაეღიმა.

სამსახურიდან დაბრუნებისას, სახლისკენ მომავალს, სასიამოვნო გრძნობა ეუფლებოდა ხოლმე. იმის წარმოდგენა, რომ მთელი დღის რუტინის, ხალხმრავლობის, ხმაურის შემდეგ საკუთარ სიმყუდროვეში და სიმარტოვეში ჩაეფლობოდა, ნეტარებით ავსებდა. მაღაზიაში ერთი ბოთლი საყვარელი ბორდოსფერი ღვინო იყიდა და სიამოვნებით გააჟრჟოლა. ამაღამ დროს ნებიერად გაატარებდა. სასიამოვნო მუსიკა, ღვინო და სავსემთვარობა. მანქანის ფანჯრიდან ახედა ადევნებულ, მუცელგაბერილ, თეთრ მთვარეს და თვალი შეთქმულივით ჩაუკრა.
მანქანა გააჩერა და ღიღინით შევიდა სახლში. კარი დაუდევრად მიიხურა ზურგს უკან.
ბოთლი მაგიდაზე დადო, ჭიქა შეავსო და პირველ რიგში მუსიკა ჩართო. სასიამოვნო მელოდია მთელ სახლში დაიღვარა. აბაზანას მიაშურა. ცხელი წყალი მოუშვა, სურნელოვანი სითხე უხვად გაურია შიგ. რამდენიმე სანთელიც აანთო.
_აიი, დამღლელი დღის მშვენიერი დასასრული!_ გაუღიმა საკუთარ თავს სარკეში. საძინებელში დაბრუნდა, ტანსაცმელი გაიხადა და კარადა გამოაღო. წამით იდგა და ლამაზად დაკეცილ ფერად პირსახოცებს აკვირდებოდა.
_ რატომაც არა?_ ჩაეცინა ირონიულად. თაროდან ყვითელი უზარმაზარი პირსახოცი აიღო მხარზე გადაიგდო და ცეკვა_ცეკვით შეაბიჯა აბაზანაში.
თვალდახუჭული ნებივრობდა კარზე კაკუნის ხმა რომ ჩაესმა. თავი წამოწია და მიაყურადა. კაკუნი განმეორდა.
_ მობეზრდება და წავა!_ აიჩეჩა მხრები. მაგრამ ჯიუტი ხმაურის გაგონებისას წარბები შეჭმუხნა. ჰაერი ჩაისუნთქა და სავსე აბაზანაში ჩაყვინთა.
როცა მორიდებულ კაკუნზე არავინ უპასუხა. იო უფრო აგრესიულ შეტევაზე გადავიდა. ფაქტი იყო, ის უცხვირპირო ბიჭი სახლში იყო, მაგრამ ამ აჯღავლებული კლასიკური მუსიკის ხმაში არ ესმოდა მისი კაკუნი. არადა რა ექნა. მარილი გაუთავდა. ძალიან შიოდა და უმარილო საჭმელს გემოს ვერაფრით ჩაატანდა. გარშემო კი კაციშვილი არავინ იყო. თავისი პატარა ჭიქა წინა დღეს ნათხოვარი შაქრით გაევსო და მის გადაცვლას მარილში აპირებდა. მორიგ ძლიერ დაკაკუნებაზე უცბად კარი რომ გაიღო, იოს გაუკვირდა.
_ ამას რა კარი ღია აქვს? რა დაუკვირვებელი ბიჭია! სულ არ ფიქრობს უსაფრთხოებაზე!_ უკმაყოფილოდ აიბზუა ცხვირი და ისე თამამად შეაბიჯა მეზობლის სახლში, თითქოს თავად ძალიან კარგად იცნობდა. მისაღებში ღვინოს და ჭიქას მოკრა თვალი.
_ ოჰ, მოუწყვია რომანტიკა ბიჭს!_ მხიარულად გაეცინა და სამზარეულოსკენ გააბიჯა. ჭიქა მაგიდაზე დადო და სახლი მოათვალიერა.
_ ეეეიიი!_ დაიძახა ხმამაღლა. _ სად ხარ მეზობელოოო!
რადგან სახელი არ იცოდა. ასე მოიხმო მასპინძელი.
_ სად გაქრა ეს ბიჭი?_ ჩაულაპარაკა და მაღლა ამავალ კიბეებს გახედა ჩაფიქრებულმა. მერე ღვინოს ბოთლს დააკვირდა. ცუდმა წინათგრძნობამ აიტანა. მსგავსი სცენა ნანახი ჰქონდა ოდესღაც. გული მტკივნეულად შეუხტა. ჰაერი ჩაისუნთქა.
_ არა! შეუძლებელია!_ ჩაულაპარაკა დაძაბულმა და მეორე სართულზე ამავალი კიბეები შეშინებულმა აირბინა.
_ ოცი...ოცდა ხუთი....ოცდაათი....
ორმოცი....ორმოცდათხუთმეტი..._ მშვიდად ითვლიდა იაკე და მშვიდად ცდილობდა რაც შეიძლება დიდხანს შეეკავებინა სუნთქვა. მოულოდნელად რაღაც ჩააფრინდა მოზრდილ თმაში, მძლავრად მოქაჩა და წყლიდან ამოათრია. სიმწრისგან თვალები გაახილა და მწველი ქაფით აეწვა. თუმცა უფრო უარესი წინ ელოდა. სრულებით მოულოდნელად ვიღაცამ გამეტებით გააწნა ლოყაში სილა.
_ გაახილე თვალები! არ მოკვდე!_ დაჰკიოდა თავზე მეზობელი და საერთოდ არაფრად აგდებდა მის სიშიშვლეს. შეშინებული სახით აჯანჯღარებდა მხრებში ჩაფრენილი.
_ გაახილე თვალები! გაახილე!_ გაჰკიოდა სირენასავით და აშკარად ისტერიკის ზღვარზე იყო.
_ მაცდი, რომ გავახილო?_ ხელი აუკრა მკლავზე იაკემ და სუფთა წყლით მოიბანა სახე._ გამაგებინე რა ჯანდაბას აკეთებ? ჰკითხა გაცოფებულმა.
ვანის წინ დაქცეულ წყალში დაჩოქილ გოგონას. ასადგომად წამოიწია და მერეღა მიხვდა, ვერ იყო მთლად სწორი გადაწყვეტილება. უფრო ხმამაღლა იკივლა გოგომ და მოშორებით გახტა თავლდაცუჭული.
ღრმად ჩაისუნთქა იაკემ. სცადა დამშვიდებულიყო. პირსახოცს გადაწვდა. წელზე საიმედოდ მოიხვია და ჯერ ისევ თვალებზე ხელებაფარებულ გოგოს დაწვდა მაჯაში.
_ ადექი! _ მოქაჩა და ფეხზე ააყენა.
_ დაბლა ჩადი და დამელოდე! მგონი მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ!_ უთხრა მკაცრად. მხრებაწურული იო სწრაფად გავარდა ოთახიდან. და როცა იაკე დაბლა ჩავიდა, სახლში არავინ დახვედრია. მხოლოდ სამზარეულოს მაგიდაზე იდო უცნაური სტუმრის პაწაწუნა, შაქრით პირთამდე სავსე ჭიქა.



2
_ ახლა რა უნდოდა ნეტავ? ვითომ ამის მოსატანად შეიწუხა თავი?_ ეჭვით დააცქერდა იაკე ჭიქას. შემდეგ იოს მოტანილი შაქარი ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე სანაგვეში გადაყრა. ჭიქას წყალი გამოავლო და იქვე თაროზე მიუჩინა ადგილი. თუმცა მის სიმეტრიულად, წყვილში დაწყობილ ჭურჭელს დიდად არ მოუხდა ის მოცუცქნულობა. თავი უკმაყოფილოდ გააქნია და მისაღებში კინაღამ გადავიწყებულ სასმელს მიაშურა. სულ მალე სულ აღარ ახსოვდა იო.
თუმცა იაკეს რომ იო არ ახსოვდა, ეს სულ არ ნიშნავდა, რომ იოსაც მისი მსგავსი სიმშვიდით შეეძლო საღამოს გაგრძელება. მაგიდასთან მჯდარს უმარილოდ შემწვარი კარტოფილი ედო წინ და უცნაურად გარინდებული უყურებდა ცხვირ წინ დაკიდულ, ეგრეთ წოდებულ, აპეტაიზერ სურათს. სურათზე გრხელფეხიანი ოქროსფერქუდიანი მისტიური სოკო დაეხატა მხატვარს.
მე რომ მკითხოთ, ეს სურათი იმ ოთახისდა მიხედვით იცვლიდა საკუთარ კონტექსტს, სადაც მისი პატრონი მის მოთავსებას მოისურვებდა.
_ ეს რა იყო ჰა?_ ჩაილაპარაკა გაოგნებულმა გოგონამ და ინსტიქტურად ისევ თვალებზე მიიფარა ხელი. თუმცა როდის იყო ფანტაზიას, თანაც ურცხვს, თვალებზე ხელის აფარება შველოდა?! ფიქრების, უფრო კი გაუცნობიერებელი ფანტაზიების, თავიდან გამოსაბერტყად და დასამშვიდებლად აბაზანას მიაშურა იომ. მაგრამ როგორც კი შიგნით ფეხი შედგა, დამდუღრულივით უკუიქცა.
_ ვერა, ვარ კარგად!_ ჩაილაპარაკა დაბნეულმა. ჰუდის ქუდი თავზე წამოიფარა და სახურავისკენ აიღო გეზი. იქნება სიგრილეს მოეხერხებინა მისი ცეცხლმოდებული ფანტაზიების განელება. თუმცა არც ის იცოდა საწყალმა იომ, რომ სწორედ ქარი ხდება ხშირად ხანძრის გამომწვევი ყველაზე უტყუარი მიზეზი. პატარა კარი გახსნა და მეზობლის საზიარო ვერანდაზე გააბიჯა. უკვე საკმაოდ ციოდა. მხრებში მოიბუზა და ხელები ჰუდის ჯიბეში ჩაიწყო.
_ რა საშინლად ცივა!_ გააკანკალა, მაგრამ სიცივეს არ შეეპუა. სიცივე სჯობდა იმ ფიქრებს, რასაც სახლში ვერ უმკლავდებოდა. ცას ახედა. ისეთი თეთრი და გაბრტყელებული ეჩვენა მთვარე, უნებურად გაეცინა. თავი უკან გადასწია და მგელივით დაიყმუვლა.
_ უუუუ!_ გაეცინა საკუთარ თავზე. მოულოდნელად მძლავრად დაბერილმა ქარმა მეზობლის ნახევრიდან რაღაც ააფრიალა და სწორედ მის ფეხებთან დასცა, ომში მოგებული ალაფივით.
_ ეს რაღაა?_ დახედა გაოცებულმა ქარის მოტანილ ნივთს. დაიხარა აიღო და ორივე ხელით გაშალა. თვალები ისე სასაცილოდ დაუმრგვალდა და სახე ისე ჩამოუგრძელდა, საკუთარ დედას რომ ენახა, ალბათ ვერ იცნობდა იმ წამს. უცებ კარის ხმა გაიგონა და თავადაც ვერ გაიგო რით შეშინებულმა უნებური ნადავლი ჰუდის არცთუ ისე ღრმა ჯიბეში ჩაიჩურთა.
დაინახა, როგორ გამოვიდა სახურავზე იაკე. ღვინის მოზრდილი ბოკალით ხელში. როგორ ახედა მთვარეს და მოულოდნელად ისე ირონიულად გაუცინა, როგორც მხოლოდ ერთ არსებას შეუძლია დედამიწის ზურგზე.
_ საძაგელი!_ ჩაიბუტბუტა იომ. მაგრამ მეზობელს თვალი ვერაფრით მოაშორა. დაიფიცებდა, რომ სულაც არ სურდა ისე, აეშალა ცოტა ხნის წინანდელი ფანტაზიები და იგრძნო, როგორ აუწითლდა ლოყები.
_ ჯანდაბა! ჯანდაბა შენს თავს იო!_ შეუძახა საკუთარ თავს და სწორედ მაშინ, როცა უჩუმრად დააპირა უკან სახლში გაპარვა, იაკეს დამცინავი ჩახველებაც მოესმა და ადგილს მიეყინა.
_ აბა, ახლოს მოხვალ, თუ მხოლოდ შორიდან უნდა მითვალთვალო?
_ შენ რატომ უნდა გითვალთვალო?_ გულწრფელად გაიოცა გოგონამ.
_ არ ვიცი, იქნებ შენ იცოდე!_ გაეცინა იაკეს._ აჰა, უკვე ათ წუთზე მეტია მანიაკივით მაკვირდები! კარგი, მოდი ჩამოჯექი! რადგან სახურავი საერთოა, არ მაქვს უფლება, თავი უხერხულად გაგრძნობინო!
წამით დაფიქრდა იო. რა დაშავდებოდა, თუ ამ უცნაური კაცის ახლოდან გაცნობას გაბედავდა. იქნება მათ შორის გამჩდარ უხერხულობას ასე მაინც შველებოდა ცოტა.
მივიდა და მის გვერდით სკამზე ჩამოჯდა.
_ მინდოდა რაღაც ამეხსნა!
_ ჰოო?_ ყასიდად გაიკვირვა იაკემ.
_ ხო, მე ცუდი განზრახვა არ მქონია! მეგონა... მე მეგონა...
_ რა გეგონა შენ?_ წააქეზა იაკემ.
_ რა და მეგონა სუიციდის მცდელობა გქონდა!_ სწრაფად მიაყარა გოგონამ და შვებით ამოისუნთქა.
_ რაა?_ სკამიდან წამოიწია კაცი და საკუთარ მუხლებს დაეყრდნო._ და რატომ გეგონა მასე? ვგავარ ადამიანს, რომელსაც უნდა?
_ არა! არა კი არა.. უბრალოდ. არ ვიცი გესმის? ასე მეგონა! თან სულ წყალში იყავი!_ ამ სიტყვებმა ოდნავ დაამშვიდა იაკე. თუმცა იო უფრო აღელდა და როგორც მღელვარებისგან სჩვევიათ ადამიანებს, ისეთი დაუფიქრებელი რამ გააკეთა, თვალები კი არ დაქაჩა იაკემ, სულაც კინაღამ გადმოუცვივდა ბუდეებიდან. რადგან სრულებით მოულოდნელად იომ ჰუდის ჯიბიდან არც მეტი არც ნაკლები, მისი ტრუსი ამოიღო და აღელვებისგან დაცვარული შუბლი შეიწმინდა. შემდეგ თავისივე საქციელით გაოგნებულმა დახედა ხელში შერჩენილ ნივთს, ხმადაბლა იკივლა, ძირს მოისროლა, ფეხზე წამოხტა და აი მხოლოდ ამის შემდეგ დაინახა იაკეს სახის შეშლილი გამომეტყველება და მერეღა მოხვდა თვალში სახურავის კუთხეში მიდგმული ტანსაცმლის საშრობი, საიდანაც სავარაუდოდ დაიწყო იმ თავგადასავლების მოყვარე საცვლის მოგზაურობა, საკიდიდან მისი ჰუდის ჯიბემდე.
_ რას... რას ნიშნავს ეს..._ ბრაზისგან ხმას ვეღარ იმორჩილებდა იაკე._ შენ რა მართლა მანიაკი ხარ?
იაკეს ფეხზე წამოდგომა და იოს ადგილიდან მოწყდომა ერთი იყო. სულ კივილი_კივილით გაირბინა ის ოციოდე მეტრი, რაც მის სახლში დასაბრუნებელ კარამდე აშორებდა. შიგ სწრაფად შევარდა და კარი საიმედოდ მიიჯახუნა.
_ გიჟია, ნამდვილად არანორმალურია! მძიმედ სუნთქავდა იაკე და უკან გადევნების მძაფრს სურვილს ებრძოდა. _ რა მეშველება? მაგ არაადეკვატური ქალის გვერდით თავი მშვიდად რანაირადღა ვიგრძნო? ამხელა ქალაქში რაღა მაინცდამაინც მე ? რატომ მე?
იმეორებდა და ნერვიულად მიმოდიოდა აქეთ_იქით. აღარც სიცივეს აქცევდა ყურადღებას და აღარც გაძლიერებულ ქარს. უცებ ძლიერად დაუბერა, საწყლად მიგდებული საცვალი კვლავ აიტაცა და სახურავს მიღმა ისე წააფრიალა, როგორც საბრძოლო წითელი ალამი.
იდგა იაკე შეწუხებული სახით და უკვე კარგად ხვდებოდა, რომ იოს ბრალი არ მიუძღვოდა საზღვრების დარღვევაში. და უბრალოდ უხერხულ შემთხვევითობას ჰქონდა ადგილი. ქარი კი აქეთ _ იქით უმოწყალოდ ახლიდა გატაცებულ ნადავლს და ფაქტია, იო არ იქნებოდა უკანასკნელი, ვისაც სიამაყით მიართმევდა ამ ურცხვი ფანტაზიების იდუმალ სიმბოლოს.
_ ღმერთო რა სირცხვილი!_ ჩაილაპარაკა იაკემ, და რატომღაც, სწორედ ისე, როგორც ადამიანებს სჩვევიათ სიტუაციასთან სრულებით შეუფერებლად გაახსენდა მამა ყოვლისა შემოქმედი.


3
სინდისის ქენჯნას, როგორც სჩვეოდა, მალე მოერია. ზოგადად ნაკლებად აღელვებდა უცნობი ადამიანების მისდამი დამოკიდებულებები. დივანში ფეხმორთხმით ჩაჯდა და მობილური აიღო.
_საღამო მშვიდობის ნემო, აბა როგორ ხარ? _ გაგზავნა მესიჯი. _ ნეტა იცოდე, როგორი ამბავია ჩემ თავს.
_ იმაზე უარესი არა მგონია, რაც ჩემთან!
_კაი, შენ დაიწყე!_ მისმა ამბავმა უფრო დააინტერესა. ბოლო რამდენიმე თვე იყო სრულებით უცნობ გოგონასთან ჰქონდა უცნაური მიმოწერა. მიმოწერა არც ერქვა ამას. დაახლოებით ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ დღიურს ავსებდა, მაგრამ თან მხოლოდ იმას წერდა შიგნით, რაც სულ არ შეიცავდა მასზე ღირებულ ინფორმაციას. რამდენიმე თვის მანძილზე ეს ორი ადამიანი ერთმანეთთან, ასე ვთქვათ, ყოფით საკითხებზე მხიარულად ჭორაობდა. შეეძლოთ დაუფარავად ესაუბრათ საკუთარ გრძნობებზე, დარდზე, სიხარულზე, თანაც არაფერი მნიშვნელოვანი არ ეთქვათ ერთმანეთისთვის. შეეძლოთ რჩევები მიეცათ ერთმანეთისთვის ისე, რომ თავი უხერხულად არ ეგრძნოთ, რადგან ისინი ერთმანეთს უბრალოდ არ იცნობდნენ. და რომ არსად არასდროს გადაიკვეთებოდნენ ეს ამბავი თითქოს ყველაფერს კიდევ უფრო ამარტივებდა. ასე საკუთარ თავზე, ნაკლზე, თუ მინუსზე საუბარი ბევრად მარტივი ხდებოდა. ცოტაოდენი წარსული და გადატანილი ამბებიც უცნობისთვის უფრო ადვილი გასაზიარებელი ჩანდა. აქ თითქოს საჭირო აღარ იყო იდეალური ადამიანის როლის თამაში. ამიტომ სუნთქვაც ბევრად უფრო უმარტივდებოდათ.

_ მგონი ჩემი მეზობელი მანიაკია!_მოუვიდა მესიჯი და გაეღიმა. მანიაკზე იო წარმოუდგა თვალწინ.
_ ზუსტად იგივეს თქმა შემიძლია მეც!_ ნაწერს ამოუცნობი ემოციის გამომხატველი სმაილიც დააყოლა.
_ არა, გეფიცები ისეთი არანორმალურია, მგონი უნდა!_ მოსული მესიჯის წაკითხვისას გულმა უსიამოდ გაკრა.
_ რატომ ფიქრობ მასე?_ ჰკითხა ინტერესით.
_ არა, არ მინდა მასზე საუბარი! ისედაც გამაგიჟა დღეს! მისმინე_ საუბრის თემა შეცვალა გოგონამ._ მარტო ეს კი არაა, ახალი ამბავიც მაქვს! წიკლაური დავითი ხომ იცი? ხოდა მის კომპანიაში მივდივარ ხვალ გასაუბრებაზე, თუ სტაჟირებაზე ამიყვანენ, ალბათ სამსახურსაც ვიპოვნი და მეშველება!
ნაცნობი სახელის და გვარის გაგონებაზე უსიამოდ გააჟრჟოლა იაკეს.
_ რაო, რა თქვი? ვისიო?_ იფიქრა, რომ რაღაც მოეჩვენა.
_ წიკლაურები როგორ არ იცი? მერობის კანდიდატი არის წელს ეგ კაცი! ამბობენ კომპანიას თავის ვაჟს აძლევსო და თავად პოლიტიკაში მიდისო! ვისაც არ ეზარება ყველა მანდ მიდის!_ ჩაეცინა გოგოს _ რატომაც არა რა? ტყუილად ჯდომაში იღებენ ფულს.
კიდევ რაღაცას ლაპარაკობდა ნემო, მაგრამ იაკე აღარ უსმენდა. აი დამთხვევაც ამას ერქვა. ანუ სურდა თუ არა, ახლა ნემოს გაიცნობდა. რა ექნა? ეთქვა საკუთარი ვინაობა? თუ გაეგრძელებინა მისი მოტყუება, რომ კვლავ უცნობებად რჩებოდნენ? არ ემეტებოდა მასთან დამყარებული მშვიდი და თავისუფალი ურთიერთობა. რა მოხდებოდა მაშინ, თუ ნემო მის ვინაობას გაიგებდა? მაშინვე ყველაფერი შეიცვლებოდა. კარგად იცოდა, როგორი ირონიული და უსიამოვნო დამოკიდებულებაც ჰქონდა ნემოს პოლიტიკისადმი და მით უფრო თავად პოლიტიკოსებისადმი.
და ახლა ალბათ იძულებული გახდებოდა ურთიერთობის ამ პატარა სიხარულზეც უარი ეთქვა საკუთარი თავისთვის. კარზე კაკუნი გაისმა. გაუკვირდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ასე გვინ? მობილური მაგიდაზე დადო და კარის გასაღებად წავიდა.
_ გღვიძავს?_ ასეთი არაადეკვატური ფრაზით შემოაბიჯა მისმა ძველმა და გამოცდილმა მეგობარმა კარში.
_ არა, მძინავს!_ აიჩეჩა იაკემ მხრები და კარი დახურა. უკან რომ შებრუნდა დაჩი უკვე მის ტელეფონში იქექებოდა ურცხვად.
_ მომეცი აქ!_ შეუღრინა და ხელიდან აართვა.
_ მშვიდობაა? _ დააყოლა კითხვაც.
_ რა გითხრა? ხვალ ახალი ხალხი გვყავს გასაუბრებაზე მოწვეული. როგორ მეზარება ახლა მაგ ახალბედების გამოწვრთნა. საიდან მოიგონე მაინც ეს უაზრო წესები? ვის გაუგია სამ თვეში ერთხელ პოზიციის ცვლა?
_ პოზიციის არა!_ გაეცინა იაკეს._ უფროსის! ვერ ვიტან, რომ ჩასასტავდებიან და თავიანთ პატარ_პატარა კოალიციებს ქმნიან! ეს ყველაფერი სამუშაოს ხარისხზე აისახება. ასე კი მათი მართვა უფრო ადვილია და საქმიანობის ხარისხიც იზრდება.
_ მგონი ზედმეტად სტრესავ ხალხს. ისედაც არავის ეხატები გულზე მანდ._ სერიოზულად კი უპასუხა დაჩიმ, მაგრამ თვალი მაინც ისე გაექცა მისი მობილურის განათებული ეკრანისკენ , როგორც პატარა ბავშვს სხვა ბავშვის ხელში დანახული ტკბილეულისკენ.

_ რას მალავ მანდ? თუ ვის?_ რაც უფრო დრო გადიოდა , მით უფრო იზრდებოდა დაჩის ინტერესი იაკეს საიდუმლო მიმოწერის მიმართ. მაგრამ რასაც ის წარმოიდგენდა, რეალობას საერთოდ არ შეესაბამებოდა. რადგან დაჩისთვის წარმოუდგენელი იყო მეგობრობის ამგვარი ფორმა. იაკე კი უბრალოდ ხალისობდა მის დაუფარავ ცნობისმოყვარეობაზე და, სპეციალურად აგიჟებდა.

_ როდის აქეთაა პაროლებს იყენებ?_ გაახსენდა დაჩის წამის წინანდელი მარცხი და შუბლი შეჭმუხნა.
_ მას მერე, რაც მეგობარმა ჩემს პირად სივრცეში დაიწყო გრძელი ცხვირის ჩაყოფა._ ეკრანი დაბლოკა და გასაღიზიანებლად ზუსტად წინ დაუდო.
_ სულ არ მაინტერესებს!_ ისე აიჩეჩა მხრები დაჩიმ. კარგად რომ არ ცნობოდა იაკეს, ალბათ დაიჯერებდა კიდეც მის გულწრფელობას.
კიდევ ცოტა ხანს ისაუბრეს, სამსახურის ამბებზე გასაუბრების დეტალები დააზუსტეს, რადგან მოვალეობის გადაბარებას აპირებდნენ დავითისგან, თუნდაც იძულებით, მაგრამ მაინც, მაშინ საქმე ისე უნდა შეესრულებინათ, რომ სასაყვედურო არაფერი გამხდარიყო.

_ დარწმუნებული ხარ, რომ ეს გინდა?_ ჰკითხა წასვლის წინ დაჩიმ მეგობარს. იყო დრო იაკეს სულ სხვა ოცნებები ჰქონდა. ამის გამო დატოვა სწორედ სახლი და საკუთარი ოცნებებისკენ მიმავალ გზას დაადგა მაშინ, მაგრამ ერთმა ამბავმა ყველაფერი შეცვალა. ახლა, ახლა სადღაც სულ ერთიც კი იყო. და მაინც პასუხისმგებლობა ის თვისება იყო, რაც იაკეს საჭიროზე მეტიც კი ჰქონდა. პატარა ეზოს კარი გააღეს და ეზოდან გავიდნენ. დაჩიმ სიგარეტს გაუკიდა და ცას ახედა. უცებ თვალი გაუშტერდა. მერე გაეღიმა და იაკეს ზურგს უკან ვიღაცას ხელი ღიმილით დაუქნია.
_ რა მაგარი გოგოა ეე! ვინაა, საიდან გაჩნდა?_ ხმადაბლა ჰკითხა მეგობარს. თავმობეზრებულად გაიხედა მხარს უკან იაკემ. იო, სახურავის კიდიდან გადმოკიდული, ქაფის ბუშტებს აფრენდა სპეციალური თოფიდან. ქარი ყველგან ფანტავდა ამ პატარა ბუშტულაკებს, ლამპიონები კი ათასფერად აბრჭყვიალებდა მათ .
_ მოაშორე თვალი! ნეტა იცოდე რა არანორმალური რამეა!_ ხელით შეაბრუნა მეგობარი. ძალით ჩატენა მანქანაში და კარი დაუხურა.
_ და რა ქვია?_ ახლა ფანჯრიდან გამოყო თავი დაჩიმ.
_ გაქრი ახლა აქიდან! და არ დაგავიწყდეს, ერთმანეთის ნათესავები, მეგობრები და მეზობლები ქალები არ არიან! გასაგებია?_დაუბრიალა თვალები მკაცრად.
_ მაგ პირობაში მეზობელი რაღაც არ მახსოვს!_ გაიკრიჭა დაჩი. ბოლოჯერ ახედა სახურავს და მანქანა დაქოქა. როგორც კი დაჩი თვალს მიეფარა, მაშინვე იოს მიუბრუნდა მოღრუბლული სახით და ისიც ისე წამიერად გაქრა სახურავიდან, თითქოს მუქარის ფიქრებს მიუხვდა იაკეს.
_ სულელი!_ ჩაილაპარაკა მან და გარშემო გაფანტული, მოფრიალე ბუშტები საჩვენებელი თითით დახეთქა.
_ აქ ხარ?_ ისევ ტელეფონი აიღო, მაგრამ ნემო აღარ იყო ონლაინ. ჩვეული დასამშვიდობებელი სმაილი მაინც გაუგზავნა და დასაძინებლად წავიდა. ხვალ მძიმე და ხმაურიანი დღე ელოდა. არადა როგორ არ უყვარდა ასეთი დღეები...
წინასწარ გადახედა მათ საბუთებს, ვის გასაუბრებაზეც სურდა დასწრება. არ უნდოდა ისევ ნეპოტიზმით მიეღოთ ახალი თანამშრომლები, ისედაც სავსე იყო იქაურობა, დეიდაშვილის ძმიშვილის მამიდის კარის მეზობლებით.
უცებ თვალი გაუშტერდა. ახლოს მიიტანა სახესთან გოგონას პატარა სურათი და ისე დააკვირდა. შეცდომა შეუძლებელი იყო, სურათიდან მისი კუდიანი მეზობელი შემოჰყურებდა ციმ_ციმა თვალებით.
_ სწორედ ესღა მაკლდა!_ გადაატრიალა თვალები თავმობეზრებით. და სანამ რამის თქმას მოასწრებდა, იომ ოთახში შემოაბიჯა კიდეც.
_ ვააა, ნახე ვინ მოსულაა?_ გაებადრა სახე დაჩის. დაინახა თუ არა მაშინვე იცნო.
_ აკი არანორმალურიაო, ახლა აქ მოიწვიე? _ ისე ეჭვიანი ცოლივით ასწია წარბი დაჩიმ, რომ მიხვდა იაკე, სწორედ იმაზე დასცინოდა მეგობარი, რის გამოც ამ კონკურსს აწყობდნენ ახლა.
_ იცოდე! არ მივიღებთ ამას! აი შანსი არაა!_ ხელი მოუჭირა კალამს გაცოფებულმა. მაგრამ მთავარი საოცრება წინ ელოდა. ორი ნაბიჯის მანძილზე იდგა იო, განუყრელი ყვითელი ჩანთით მხარზე და ისე მიამიტად იყურებოდა, თითქოს მას მართლა პირველად ხედავდა, ოდნავადაც არ შეხრია კუნთი სახეზე. „აი ამას ქვია თავხედობა!“ გაიფიქრა გულში იაკემ და ხასიათი გაუფუჭდა. „ რა ჰგონია, იმის გამო ავიყვან, მეზობლად რომ ცხოვრობს?!“ ზიზღით დაბრიცა ტუჩი.
თვალი გაუსწორა და ოდნავ გაუღიმა ირონიულად. იოამაც მაშინვე სარკესავით გაიმეორა მისი ღიმილი. მაგრამ თვალებში ოდნავადაც არ გაკრთომია მასთან შეხვედრით გამოწვეული გაოცება.
_ მოგესალმებით!_ მიესალმა დამსწრეებს და საკუთარი თავის წარდგენა მშვიდად დაიწყო....
საღამოს ზუსტად სახლის ჭიშკართან გადაეყარა მეზობელს იაკე.
_ სალამი მეზობელო!_ კეთილგანწყობილი ღიმილით დაუქნია ხელი იომ და რაც არ უნდა საოცარი ყოფილიყო, სიტყვაც კი არ უთქვამს დილანდელ გასაუბრებაზე. ბედნიერი ღიმილით შევიდა სახლში და კარი მიიხურა.

_ რა თამაშს მეთამაშები ქალბატონო?!_ ხმაც კი ჩაეხლიჩა ბრაზით იაკეს. _ მაცადე! ყველაფერს გავარკვევ!
ჩაილაპარაკა და მანაც ეზოში შეაბიჯა.


4

ხმამაღალმა მუსიკამ გამოაღვიძა. უცებ ვერც მიხვდა საიდან მოდიოდა ხმა. სცადა ყურადღება არ მიექცია, მაგრამ სახლს ლამის ზანზარი გაუდიოდა. წამოიწია და უკეთ მიაყურადა. გაოცებულმა ახედა ჭერს. არა, არ ელანდებოდა, აშკარად სახურავზე იყო კონცერტი გამართული.
_ ახლა ვიღაცა შემომაკვდებაა!_ ავად მოჭუტა თვალები და საწოლიდან წამოდგა. სწრაფად გადაიცვა და კიბეებს მაღლა აუყვა.
_ რას უსმენს ეს არანორმალური?_ ჩაილაპარაკა თავისთვის, როცა არც ტექსტი ეცნო და არც მელოდია.
საათს დახედა, ღამის ორი სრულდებოდა... სანამ კარს გააღებდა, ის უცნობი სიმღერა ესმოდა. ენერგიული მუსიკა ავსებდა ყველაფერს. სადღა იყო უწინდებური სიჩუმე და მყუდროება? შუბლშეკრული მიაწვა კარს და სახურავზე გავიდა.
გაოცდა, უზარმაზარი ფანტელები რომ დაინახა. ქარი პატარა ქარბორბალასავით რომ ატრიალებდა მათ სახურავზე. ის კი ამ მუჭისსიმსხო ფანტელებში და ხმამაღალ მუსიკაში გახვეული თავდავიწყებით ცეკვავდა.
საჩხუბრად მომართულს სულ დაავიწყდა რატომ ავიდა იქ. იო იმ თავის მზისფერ უზარმაზარ სვიტრში თავადაც პატარა მზეს ჰგავდა. თვალდახუჭული და სამყაროსგან გამოთიშული გაუგებარი აღტაცებით ჰყვებოდა ტექსტს. და ცეკვავდა ისე, როგორც მხოლოდ ის ადამიანები ცეკვავენ, ვისაც ყველაფერში, ანდაც სულ არაფერში შეუძლიათ სათავისო ბედნიერების პოვნა.... თავსზემოთ აწეული ხელებით ისეთ უცნაურ მოძრაობას აკეთებდა, თითქოს ქარი კი არა თავად იწვევდა ფიფქების ქარბორბალას. თავს აყოლებდა რიტმს და პატარა ბავშვივით ხტოდა.... უნებურად გაეღიმა.... მიხვდა, ამ კადრს ვეღარასდროს დაივიწყებდა. როგორღაც ისე ხდებოდა, რომ ეს ზამთარში ამოსული მზე მანამდე არსებულ დარდებს მხიარული მოგონებებით ცვლიდა....

ისე მოულოდნელად შეწყდა მუსიკა, რომ უცებ ვერც გამოფხიზლდა იო. ჩამოვარდნილი სიწყნარით გაოცებულმა სწრაფად გაახილა თვალები და თავს წამომდგარი დაბღვერილი მეზობელი რომ დაინახა, მახეში გაბმული ჩიტივით მოიბუზა.
_ გამაგებინე, რა ჯანდაბას აკეთებ ახლა?_ ისე დაჰყურებდა ზემოდან, როგორც სულთამხუთავი.
_ უკაცრავად! არ ვიცოდი, თუ გაწუხებდა ხმა!_ ამოილაპარკა იომ და უკან დაიხია უსაფრთხო მანძილზე. რათა, თუ საჭირო იქნებოდა, გაქცევა მოესწრო.
_ მაწუხებდა თუ არა? ღამის ორ საათზე ამხელა ღრიალი მაწუხებდა თუ არა? მართლა არ ხარ ნორმალური შენ! მგონი მთელ უბანს აწუხებდა, მარტო მე კი არა!_ რატომღაც არ ესიამოვნა, მის თვალებში სიფრთხილის თუ შიშის დანახვა.
_ აქ ფაქტობრივად არავინ ცხოვრობს! თან როცა სახლი ვიყიდე, პირველი ეგ ვიკითხე! ჰქონდა თუ არა ხმის იზოლაცია! მითხრეს, რომ ჰქონდა._ ჯიუტად უსწორებდა თვალს იო. იაკეს გაახსენდა, რომ მსგავსი რაღაც თავად მასაც უთხრეს ოდესღაც. ჰაერი ჩაისუნთქა და ამოიოხრა. სიმშვიდეს მოუხმო.
_კარგი! ანუ გავარკვიეთ, რომ ორივე მოგვატყუეს! ამიტომ ამის შემდეგ, გთხოვ! კონცერტს ნუღარ მომიწყობ სახლის თავზე! ან რა დროს ცეკვაა? ხვალ ადრე არ ხარ ასადგომი?_ ისე ჰკითხა თვალმოჭუტულმა, აშკარად მისი რეაქციის ნახვა სურდა. მაგრამ საეჭვო კვლავ ვერაფერი დაინახა.
_ შენ საიდან იცი? არ მახსოვდა თუ მოგიყევი! არ ვიცი, _გაეცინა იოს. _ არა მგონია, დიდად მოვეწონებოდი მაგათ უჟმურ უფროსს! რა სახით მიყურებდა რომ გენახა!
ამ სიტყვების მერე და უფრო კი მისი უეშმაკო სიცილის შემდეგ, სულ დაიბნა იაკე. რანაირად? როგორ შეიძლებოდა ვერ ეცნო? ეჭვიც არ ეპარებოდა, რაღაცას ხლართავდა ეს უცნაური გოგო.
„კარგი, ვნახოთ!“ ადრე თუ გვიან ხომ გამოტყდებოდა და აღიარებდა რა გეგმები ჰქონდა. გაიფიქრა და მკაცრად უთხრა:
_ ხოდა, შენი ხმა არ გავიგო! კიდევ თუ იხმაურებ, გეფიცები ნახავ რანაირი გაბრაზება ვიცი!_ ზურგი აქცია და სახლისკენ წავიდა.

საწოლში დაწვა, მაგრამ ვერაფრით შეიბრუნა ძილი. გაფუჭებული კინოს ფირივით ხედავდა, როგორ ტრიალებდა იოანა, ხოო, როგორც აღმოჩნდა, იო კი არა_ იოანა, ფანტელების ქვეშ და ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს საკუთარ თავს ღალატობდა მასზე ფიქრისას. ბალიში აიღო და სახეზე დაიფარა. წარმოიდგინა, როგორ ყვიროდა, როგორ ღრიალებდა მთელ ხმაზე. როგორ უშვებდა სხეულში დამწყვდეულ ნეგატივს და ბრაზს გარეთ და როგორ იცლებოდა თავად, როგორ მშვიდდებოდა და სუნთქვას როგორ იწყებდა ახლიდან.
ნემოსთან საუბარი მოუნდა. მობილური აიღო და ჩატი გახსნა. საკუთარ თავზე გაეცინა. ვის სწერდა ახლა? საკუთარ აბეზარ მეზობელს, არასასურველ თანამშრომელს, თუ იდუმალ მეგობარს? ცოტა ხანს იფიქრა და ნერვებმოშლილმა მობილური გვერდზე მოისროლა. რანაირად შეიძლებოდა ეს სამი, სრულებით სხვადასხვა ადამიანი, ერთ ქალში ყოფილიყო თავმოყრილი?
_ ყველაფერი რა უაზრობაა!_ ამოიოხრა გაღიზიანებულმა და თვალები ძალით დახუჭა.

_ სად ხარ ამდენი ხანი? ჩამოვიღე კარი!_ უცნაურად ცმუკავდა დაჩი. მოუსვენრად მიმოდიოდა ოთახში. აშკარად რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ ვერაფრით გადაეწყვიტა ეთქვა, თუ არა.

იაკე ყავას აუჩქარებლად ამზადებდა, მეგობრის დაბნეულობა ართობდა. და სპეციალურად არ ეკითხებოდა არაფერს. იცოდა, დიდხანს მაინც ვერ გაუძლებდა, ბოლოს მართლა ვეღარ მოითმინა დაჩიმ. მაგიდასთან მივიდა, სკამი ხმაურით გამოსწია და დაუდევრად ჩამოჯდა.

_ მოდი ის გოგო მივიღოთ, ჰა?_ ისე სთხოვა, თითქოს აკრძალული სათამაშო სურდა._ იოანაზე ვამბობ.
_ რატომ?_ მშვიდზე მშვიდი ხმით ჰკითხა იაკემ, თან ფინჯანს თვალი არ მოაშორა._ რა პრივილეგიით სარგებლობს?
_ იმიტომ, რომ... მომეწონა!_ არ აპირებდა დაჩი ამის თქმას, მაგრამ ბოლოს ისევ აღიარება გადაწყვიტა._ კვლავ მსურს მისი ნახვა!
_ ნუთუ!_ ირონია შეეპარა ხმაში იაკეს._ აი ჩემთვის კი სრულიად კმარა!
ისევ ფიფქები და იო გაახსენდა.
„იყო ზამთარი, იყო თოვლი და რატომღაც მხოლოდ შენ არ იყავი...“
წაიღიღინა ხმადაბლა.
_იმღერე ხო, შენ რა გენაღვლება! და რა იყო?_ აიჩეჩა მხრები დაჩიმ._ მე რომ გთხოვ, არაფერია?
_ ხოდა, მით უფრო არა!_ ისე გაიღიმა იაკემ, რომ აშკარად არ იყო მოსმენილით კმაყოფილი.
_კარგი!_ ცოტა ხნის დაფიქრების მერე თითები მაგიდაზე ააკაკუნა დაჩიმ._ მართალი ხარ, არაა საჭირო! სხვა გზას ვიპოვნი!
ყავის ფინჯანი ხელში აიღო და სამზარეულოდან მისაღებისკენ წავიდა.

_ სხვა გზას იპოვნის!_ გააჯავრა იაკემ და უკან გაჰყვა იმ თავისი სასაცილო, კატიანი ფინჯანით ხელში.
მესიჯის ხმაზე ორივემ ტელეფონს დახედა ინტერესით.
_ ის არის?_ ჩვეული ინტერესი გაუკრთა თვალებში დაჩის.
_ ჰოო!_ თვალი ჩაუკრა იაკემ.
_ რა უნდა ამ დილაუთენია? ადამიანს დილით პირველი ვინც გაახსენდება ის მოსწონსო?_ ახლოს მიუჩოჩდა დაჩი.
_ გადი აქიდან!_ ფეხი აუქნია იაკემ და მესიჯი გახსნა.
„უარი მითხრეს, მაგ გაბღენძილებმა!“ _ ნემო იყო და აშკარად ვერ იყო ხასიათზე. სხვას ვის, თუ არა იაკეს, ეტყოდა პირველს, რომ მორიგი გასაუბრებაც კრახით დასრულდა.
„ ვერ გავიგე, თუ ყველა გამოცდილების არ ქონის გამო დამიწუნებს, საერთოდ როგორღა შევიძენ ამ ოხერ გამოცდილებას?“
„გაბღენძილზე“ მხიარულად ჩაეცინა იაკეს. უნებურად სწორედ მათ ამკობდა იო ახლა.
_ რა გაცინებს?_ ცალი წარბი ასწია დაჩიმ._ მომენატრეო?
_ ჰოო, მომენატრეო და თან დაჩი გაბღენძილიაო!_ საკუთარი თავი, როგორც ნარცისებს სჩევიათ, არ მიათვალა გაბღენძილთა სიას.
„და შენ დარდობ ამის გამო?“ _ჰკითხა ინტერესით.
„ ვდარდობ კი! დედაჩემმა თქვა, რომ სულაც ჯობია სახლში დავბრუნდე და იქ ვცადო ბედი! მე კიდე არ მინდა დაბრუნება! ხომ იცი მიზეზი არა?“_ გაკვრით იცოდა იაკემ, იოს სახლიდან წამოსვლის მიზეზი. იცოდა, რომ იმ პატარა ქალაქიდან საკუთარი თავის საძებნელად იყო იო წამოსული და კიდევ რაღაც უსიამოვნოს გაურბოდა, იმდენად, რომ ამაზე ღიად უცნობ კაცსაც ვერ უყვებოდა. თანაც უკან დამარცხებული არ აპირებდა დაბრუნებას.
„ასე ძალიან გინდა მაგ ოფისში მუშაობის დაწყება?“ _ ჰკითხა და შინაგანად განერვიულდა. ახლა დაჩის უადგილო გამოხტომებიღა აკლდა. გაიფიქრა, რომ შესაძლოა იო არ მოსწონდა, მაგრამ ნემოს დათმობას არ აპირებდა, მით უფრო ამ მოუსვენარი მეგობრისთვის.
„ კი, ასე რომ ვთქვათ, ჩემი ბოლო იმედი იყო!“ _ მისმა პასუხმა დააფიქრა. დაჩის გახედა, რომელსაც ყავა სამ ყლუპში გაეთავებინა და ახლა ჭიქის ფსკერზე გამოსახულ გაუგებარ ფიგურებს კარგი მკითხავივით ინტერესით ჩაჰკირკიტებდა.

_ რაო იპოვნე?_ ჰკითხა ღიმილით.
_ რა?_ ამოხედა დაჩიმ.
_ დაკარგული ტვინის ადგილსამყოფელი!_ გაეცინა მას._ მისმინე, მოდი ვცადოთ! მაგრამ გაფრთხილებ! მის ახლოს რომ დაგინახო, მაშინვე ვიპოვნი მიზეზს და დავითხოვ! და შენი ბრალი იქნება მერე! გასაგებია?

იმ დღეს სულ სიმღერ_სიმღერით მივიდა იო ახალ სამსახურში.
ვერ იტყოდა ოცნების სამუშაოაო, მაგრამ მის სპეციალობას მაინც ეხმიანებოდა. არაფერი რთული არ იყო საბუთების თარგმნასა და მოწესრიგებაში. და ხანდახან, როცა საჭირო იქნებოდა, თარჯიმანი უნდა ყოფილიყო. ის კი ისე ფლობდა გერმანულს, როგორც მშობლიურს. ასე რომ თავდაჯერება არ აკლდა იოს.

_ უფროსები გელოდებიან!_ მისვლითანავე უთხრა ერთმა გადაპრანჭულმა გოგომ და ისე ამრეზით შეათვალიერა, რომ იომაც კი დაიხედა თავის მზისფერ ნაქსოვ კაბაზე. მხრები აიჩეჩა უდარდელად.
_ ცივა დღეს! ეს კი თბილია!_ და თავადაც იგივე მზერით გააყოლა თვალი უმოკლეს კაბაში და მოუხერხებელ ქუსლიანებზე აყალყულ გოგოს._ კომფორტიც მნიშვნელოვანია რომ იცოდე! ჩაილაპარკა მტკიცედ და მითითებული კაბინეტისკენ გააბიჯა.

ოთახში ორნი ისხდნენ. ბატონი სმაილი_ დაჩი და ბატონი უჟმური_ ირაკლი. ორივე დედამიწის საპირისპირო პოლუსები იყვნენ იოსთვის.
_ გამარჯობა!_ ერთდროულად ორივეს მიესალმა და ორივეს გაუღიმა.
_ სალამი იოანა! _ ისე გაებადრა სახე დაჩის, რომ იაკემ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი._ აბა როგორ მოგწონს ჩვენთან?
_ ძალიან კარგია!_ ისევ გაიღიმა იომ და იაკემ დაიჭირა მის ხმაში ფარული ირონია. ახლა უეჭველად ნემო ლაპარაკობდა.
_ ხოდა ძალიან კარგი, რადგან უკვე მიაღწიეთ საწადელს? და სამუშაო თქვენია, აღარაა საჭირო თავის მოჩვენება!_ გაოცებით ამოხედა იომ. ინტერესით დააკვირდა. ლამაზი კაცი იყო იაკე. მიუხედავად პირქუში ხასიათისა, სახე უნაკლო ჰქონდა იოსდა სამწუხაროდ. არადა მისთვის უმჯობესი იყო, თუ ადამიანს სახეზე რაიმე გამორჩეული დეტალი ექნებოდა, ან რომელიმე მკვეთრი ნაკვთი, ან იარა, სულ პაწაწინა ხალი მაინც. რომ კონცენტრირება მოეხდინა და ....

ტუჩი მოიკვნიტა განერვიულებულმა. რას გულისხმობდა ვერ მიხვდა. იქნება იცნობდა? იქნება სადმე შეხვედროდა, მაგრამ... უმწეოდ აიჩეჩა მხრები. რაც იყო ის იყო, დიდი ხანია აღარ ებრძოდა საკუთარ ნაკლს. თუ შეიძლებოდა ამისთვის ნაკლის წოდება.
იაკემ მაშინვე შეამჩნია მისი უცნაური ემოციური ცვლილება. აკვირდებოდა, როგორ სწავლობა იო ახლა უკვე დაჩის სახეს. დაჩი რაღაცას ქაქანებდა გაუთავებლად. მაგრამ აშკარა იყო, იოანა სიტყვების ნაცვლად მის სახეს კითხულობდა. მაშინღა გაიფიქრა იაკემ, რომ იყო რაღაც, რაზეც მას წარმოდგენაც არ ჰქონდა. და ინტერესმა ისე დაუარა გონებაში, ისე მოანდომა მასზე მეტის გაგება, რომ ხელი ჩაიქნია. ამ ერთხელ დაუშვებდა გამონაკლისს და უცხო ადამიანს საკუთარ ცხოვრებაში იმდენად მაინც შემოუშვებდა, რომ მასზე დაკვირვების საშუალება ჰქონოდა და ცნობისმოყვარეობა დაეცხრო.

პირველივე დღეს მიხვდა იო, რომ მწარედ შეცდა. როგორც ახალბედას, ყველა თავის ჭკუაზე დაატარებდა. და სულ მალე უიმედოდ იფიქრა კიდეც, რომ უმუშევრობაში და უსაქმურობაში ცუდი არაფერი იყო. უფროსები ჰყავდა თანაც უცნაური, ერთი ბავშვივით მხიარული, ღიმილიანი და აბეზარი. მეორე კი ცივი, უგრძნობი და უემოციო. რამდენჯერ დაიჭირა მისი დაჟინებული მზერა და რამდენჯერ დაიბნა ამის გამო. ამიტომ მუდამ თავს არიდებდა და ცდილობდა მის თვალსაწიერში არ მოხვედრილიყო.

„ ნემო როგორ გგონია, შესაძლებელია, რომ ადამიანი კარგად გიცნობდეს, მაგრამ ზოგჯერ ისე გექცეოდეს, რომ სულ არ გიცნობს?“ _ იაკეს მესიჯზე სევდიანად გაეღიმა, „ სამწუხაროდ შესაძლებელია!“ მისწერა სწრაფად და სამუშაო ოთახი მოათვალიერა. არ სურდა, რომ საყვედური მიეღო მუშაობის ნაცვლად მესიჯობო.

“ ამიხსენი თუ შეიძლება!“_ სთხოვა იაკემ. თავი ასწია იომ და ისევ ირაკლის მზერას გადააწყდა. კაბინეტის კართან იდგა, მხრით კარის დირეზე მიყრდნობილი და ისე ეჭირა ხელში მობილური, თითქოს ანიშნებდა საქმეს მიხედეო.

_ ღმერთო, რა აუტანელია!_ გაიფიქრა გოგონამ და იაკეს სწრაფად უპასუხა.
„ პროზოპაგნოზია დაგუგლე! საღამოს მოგწერ.“ ტელეფონი უჯრაში ჩააგდო და თავი საბუთებში ჩაყო.
ირაკლის შეუმჩნევლად გაეღიმა მის საქციელზე. მესიჯი წაიკითხა და გუგლში ის უცნაური სიტყვა აკრიფა.





5
კითხულობდა იაკე ერთ_ერთ სამედიცინო სტატიას და თანდათან ნათელი ხდებოდა მისთვის იოს უცნაური საქციელი. რაღაც ასეთი ადრეც სმენოდა, მაგრამ მსგავს ადამიანს არასდროს შეხვედროდა. აქამდე თითქოს დიდად არც სჯეროდა, რომ მსგავსი რამ მართლა შესაძლებელი იყო. რას ჰგავდა იცით ეს ამბავი? აი ვამპირების არსებობა რომ არ გჯერა, სანამ პირისპირ არ შეეჩეხები და ამ შეხვედრის შემდეგ, როცა შეცბუნება გაგივლის, ინტერესის გამო უფრო მეტად რომ გინდება მასზე დაკვირვება. ხოდა ზუსტად ასე დაემართა იაკესაც. ისე რომ თავადაც ვერ შეამჩნია, როგორ იო აიკვიატა. თითქოს მისი დაკვირვების ობიექტი იყო, პატარა ცდებს ატარებდა მასზე. გაურკვეველ მიზეზს მოიდებდა დაუძახებდა და სანამ სრულებიათ არასაჭირო საბუთის თარგმნას აიძულებდა, თავად მისი ყურებით ირთობდა თავს. ახალისებდა ის ამბავიც, რომ ამ ამბის შემსწრე დაჩი აშკარად გამოხატავდა უკმაყოფილებას.
თავიდან, როცა დაჩიმ გააცნობიერა, რომ იო ირაკლიში საკუთარ მეზობელს ვერ ცნობდა ვერ დაიჯერა ეს ამბავი. და იმის გამო რომ ენაზე კბილი დაეჭირა და არაფერი ეკითხა იოსთვის, იაკეს სხვა გზა აღარ დარჩა და მისი პროზოპაგნოზიის ამბავი მეგობარსაც უამბო. მხოლოდ ერთი რამე არ გაუმხელია დაჩისთვის. ის, რომ მისი იდუმალი ნემოც, ვისაც ასე გამწარებული ეძებდა დაჩი მის ტელეფონში, სწორედ იო იყო.
_ ისეთი სახე გაქვს, აშკარად დაიღალე!_ იაკეს კაბინეტში შესული დაჩი, საბუთებისკენ დახრილ იოს მიუჯდა გვერდით.
_ ხოო, დავიღალე!_ თავი დაუქნია და ხმადაბლა, ლამის ჩურჩულით უპასუხა. თან ცალი თვალით თვალმოჭუტულს უფროსს გახედა იომ._ დავიღალე, აქ ზოგიერთს ყველა თავისნაირი რობოტი ჰგონია.
_ გინდა გიშველო?_ გაეცინა დაჩის და თავადაც ჩურჩულზე გადავიდა. თან მეგობარს ნიშნისმოგებით გახედა._ ოღონდ, ერთი პირობით!
პირობის ხსენებაზე გაკვირვებით ამოხედა იომ.
_ ისეთი არაფერი!_ ორივე ხელი მაღლა ასწია დაჩიმ._ მხოლოდ ყავაზე უნდა დამპატიჟო!
_ სულ ესაა?_ მხიარულად გაეცინა გოგონას._ მეგონა, ახლა თქვენ მთხოვდით რამე სულელური საბუთის ზეგანაკვეთურ პერიოდში თარგმნას.
_ ის რა ამას გათხოვს ხოლმე?_ სიცილსა და სიცილს შორის დაეჭვებით გახედა იაკეს დაჩიმ.
„ უცნაურია!“_ გაიფიქრა გულში. „ „ანუ გაინტერესებს არა?!“_ ჩაეღიმა ეშმაკურად. საათს დახედა და ხმამაღლა გამოაცხადა.
_ჩვენი სახლში წასვლის დროც მოსულაა!_ შემდეგ იოს წინ გაშლილი საბუთები დაუდევრად მოაგროვა, გვერდით მიაწყო და გოგონას ანიშნა ადექიო.
_ჩვენ წავალთ ბატონო ირაკლი!_ ირონია გაურია ხმაში. _ თქვენ კი შეგიძლიათ გათენებამდე იმუშაოთ! მაჯაში ხელი ჩაავლო იოს და სანამ იაკე ხმას ამოიღებდა, ოთახიდან გაარბენინა.
ის საღამო იომ ისე მხიარულად გაატარა, როგორც უკვე დიდი ხანი იყო აღარ ემხიარულა. უშუალო ადამიანი აღმოჩნდა დაჩი. ადვილი და მარტივი იყო მასთან ურთიერთობა. სწორედ ეს სჭირდებოდა იოს. ადამიანი, ვისაც მისი ესმოდა. ვისაც არ უკვირდა მისი უცნაურობები, რასაც თავად მხიარულებას და თავისუფლებას ეძახდა. უბრალოდ ყავის დასალევად გასულებს დრო ისე შეუმჩნევლად გაეპარათ, რომ როცა იომ საათს დახედა გაოცებულმა დაახამხამა თვალები.
_ რა გვიანია. მგონი სახლში წასვლის დროც მოსულა!_ შეიცხადა გაკვირვებული ხმით.
_ რას უნდა გაყვე ახლა? მოდი მიგიყვან ბარემ!_ შესთავაზა დაჩიმ. არ უთქვამს, რომ ერთი გზა ჰქონდათ. თავად ხომ იაკესთან სურდა მისვლა. სურდა ენახა, რა რეაქცია ექნებოდა მის გულგაყინულ მეგობარს.
_ არა, მასეც ვერ..._ რომ მიხვდა იო უარს ეუბნებოდა, მაშინვე დაასწრო.
_ დღეიდან მე და შენ მეგობრები ვართ! ხომ შევთანხმდით? აბა?_ იოს მხიარულად გაეცინა. _ ჰა, აბა წავედით?
იომ თავი დაუქნია. გაუგებარ სიახლოვეს გრძნობდა მასთან. მოსწონდა და ახალისებდა ეს ბავშვივით მხიარული ბიჭი. რატომაც არა? მასთან მეგობრობა ნამდვილად სასიამოვნო თავგადასავალი იქნებოდა ასე მარტოსული იოსთვის.
მანქანის ხმა რომ გაიგო, მერეღა ჰკითხა თავის თავს იაკემ, ნუთუ ახლა სწორედ ამ ხმის გაგონებას ელოდებოდა ასე?! ადგა, კიდესთან მივიდა და ზემოდან გადახედა ქუჩას. ჯერ ისევ რაღაც მხიარულზე საუბრობდნენ. ხედავდა როგორი გულწრფელი ღიმილით უქნევდა თავს იო დაჩის. რანაირი ნამდვილი იყო ეს გოგო, როცა ემოციების დამალვას არ ცდილობდა! უნებურად მასაც გაეღიმა. თავადაც მოუნდა მათთან ჩასვლა და რაღაც უაზრობაზე გულიანი სიცილი. თითქოს შეშურდა, რომ ის დღე მათ გარეშე დაკარგა. რა კონტრასტი იყო მის უარაფრო საღამოსა და მათ მხიარულებას შორის.
_ გული ხომ არ აგიჩუყდა?!_ ირონიულად ჰკითხა საკუთარ თავს. უცნაურად ჩაეცინა. ზურგი აქცია მათ და სახლში შებრუნდა.
როგორც კი იომ სახლის კარი მიიხურა, დაჩიმაც იაკეს მიაშურა.
იაკე სამზარეულოში იჯდა და ჩვეული სულერთია სახით დაჰყურებდა საკუთარ თითებს.
_ რას ჩამოგტირის თავ_პირი?_ სამაგიეროდ დაჩი იყო მშვენიერ ხასიათზე და ამას არც მალავდა. _ მეც მინდა ყავა!
_ გინდა და გაიკეთე!_ მხრები აიჩეჩა იაკემ. თუ თავად არ სურდა, მისთვის რამის მომზადებით თავს სულ არ იწუხებდა ხოლმე და ამის არც ერიდებოდა.
_ მასპინძელი ხარ შენ? ხოდა უფრო უკეთესი, შენ მეზობელთან გადავალ._ გაიცინა დაჩიმ და კარადიდან ფინჯანი ჩამოიღო._ ეს რაღაა? იოს მოცუცქნული სათხოვრის ჭიქა ჩამოიღო და ორი თითით დაანახა.
_ ადგილზე დააბრუნე!_ ისე უპასუხა, არ მიუხედია. დაჩიმ ჭიქა მაგიდაზე დადო.
_ სასაცილო ჭიქაა!
_ პატრონიც სასაცილო ჰყავს!_ ჩაილაპარაკა იაკემ თავისთვის.
_ მაინც ვერ გავიგე, რა სჭირს ამ გოგოს. დღეს მთელი დღე მშვენივრად მცნობდა._ ხმა დაუსერიოზულდა საბას. _ ნინა და მაიკოც იცნო.
_ ნინას ვარდისფერი თმა აქვს. მაიკოს სამ კილოიანი სილიკონის ტუჩები!_ თითებს ათამაშებდა მაგიდაზე იაკე. ფიქრებით რატომღაც ისევ ძველ მოგონებას დასტრიალებდა.
_ როგორ გგონია ვინმე ჰყავს?_ რომ არ უპასუხა, ხელი აუქნია დაჩიმ._ ეე, არ გესმის? ვინმე ჰყავსმეთქი?
უცნაურად გამოხედა იაკემ. ახლაღა გააცნობიერა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიმოწერისა, მეზობლობისა, აწ უკვე თანამშრომლობისა ფაქტობრივად არაფერი იცოდა მასზე. აი რომ ამდგარიყო და ქალაქი შეეცვალა, ალბათ ვერასდროს მიაგნებდა. ზუსტად ისე, როგორც მას, კატის ნიღბიან დაკარგულ გოგოს.
_ იაკეე! სამი დღის შემდეგ,ამავე დროს, აქ და ისევ ნიღბებით! არ დააგვიანო!_ მანქანის ფანჯრიდან გამოსძახა და მეგობარი გოგონების ორაზროვანი ხუმრობებით ლოყა აწითლებულმა ხელი დაუქნია. ის სამი დღე ერთდროულად სწრაფად და ძალიან ნელა გავიდა.
ახლა ცოტა სასაცილოდ ჩანდა ყორნის ნიღაბი. გამვლელები უცნაურად უყურებდნენ. მაშინ ჯერ კიდევ დარდობდა იაკე, თუ რას ფიქრობდნენ მასზე სხვები.
უხერხულად შეისწორა ნიღაბი. მომღიმარ გამვლელებს თვალი აარიდა.
_ სალამი!_ მოესმა ნაცნობი ხმა და სწრაფად შებრუნდა უკან. თეთრი კაბა ეცვა, ისეთივე ნაზი, როგორიც თავად იყო. რომ არა სახეზე სანახევროდ აფარებული უცნაური ნიღაბი, ფერიას გავდა.
_ სალამი!_ ოდნავ დაუგვიანა პასუხი.
დიდხანს სეირნობდნენ იმ საღამოს. დიდხანს საუბრობდნენ. და დიდხანს იქცევდნენ ხალხის ყურადღებას.
_ რა საჭიროა ნიღაბი? ჰკითხა ბოლოს. იქნებ მოვიხსნათ?_ და ხელი საკუთარს წაატანა იაკემ.
_ არა!_ არ დაანება მოხსნა მან.
_ სახელს არ ამბობ! სახეს მალავ! არ ვიცი, რა ვიფიქრო შენზე!_ სიბრაზე შეერია ხმაში.
_ თუ დაიღალე წავალ!_ ფეხზე ადგა გოგონა.
_ დაღლა რა შუაშია? ვერ ვიგებ ასე რატომ იქცევი!
_ მე მხოლოდ ასე გხედავ!_ ამოიოხრა მან. მერე ხასიათი გაუფუჭდა, რაღაც მოიმიზეზა ადგა და წავიდა. ვერც ახლა გაბედა იაკემ მისი შეჩერება
არადა სურდა... სურდა, მაგრამ ვერ გაბედა...
_ რაზე ფიქრობ? გახვედი ამ სამყაროდან?_ გამოაფხიზლა დაჩის ხმამ._ მიდი რამე მომეცი, ზედ გადავისხი ყავა!
სთხოვა და წინ გამოსწია დასვრილი ნაჭერი.
_ ოჰ, რა მომაბეზრებელი ხარ ზოგჯერ!_ ოხვრით წამოდგა იაკე და მეგობარს გამოსაცვლელი ჰუდი გამოუტანა.

სიგარეტის მოსაწავად აივანზე გავიდნენ. სახურავიდან რაღაც რახუნის და კაკუნის ხმა მოესმათ.
ინტერესით აიხედეს მაღლა. გაურკვეველი ციმციმის გარდა არაფერი ჩანდა.
_ ახლა რაღა მოიფიქრა ნეტა?_ ჩაილაპარაკა იაკემ. და გაუკვირდა, რომ უკვე მართლა აინტერესებდა.
_ წამოდი ვნახოთ!_ ვერ ისვენებდა დაჩი. ჯერ თავი გააქნია. მერე დაჩის ჰუდს შეხედა და ინტერესმა გაუელვა თვალებში.
_ წამოდი!_ სწრაფად უთხრა და სახურავზე ასასვლელი კიბეებისკენ წავიდა.

იოს უზარმაზარი ყურსასმენები ეკეთა პირდაპირ ქუდს ზემოდან. სახურავზე რგოლებად გაშლილი უამრავი განათების შუაში იდგა და შუში ნაძვის ხის აწყობას ცდილობდა სკამზე ამძვრალი.
_ რას აკეთებს?_ გაოცებით გახედა დაჩიმ მეგობარს.
_ განწყობას იქმნის._ გაეცინა მას.
_ დახმარება ხომ არ გინდა?_ ოდნავ შეახო მხარზე ხელი დაჩიმ. იაკე მის ემოციას უცდიდა, როცა მიხვდებოდა, რომ ახლა იო დაჩიში წამისწინანდელ მეგობარს ვერ ამოიცნობდა და ზუსტად ასეც მოხდა. ყურსასმენები სწრაფად მოიხსნა გოგომ და ერთი ნაბიჯით იაკესკენ დაიხია. თან გაკვირვებულმა შეხედა. თითქოს ახსნას მისგან მოელოდა. მისი გაუგებარი გაკვირვებით გაოცებულ დაჩის ღიმილი ჩამოერეცხა. მიხვდა ვერ იცნო იომ.
_ ეს ჩემი მეგობარია, გადაწყვიტა, რომ დახმარება გჭირდება!_ ღიმილით აუხსნა იაკემ.
_ სასიამოვნოა! მე იო მქვია!_ ისე გაუწოდა ხელი იოანამ, თითოს მანამდე არასდროს ენახა დაჩი.
მანაც ინსტიქტურად შეაგება ხელი და მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა ჰქონდა მის სიტუაციაზე, გაოცებას მაინც ვერაფერი მოუხერხა. იოს უკან მდგარმა იაკემ ხელით ნათხოვარ ჰუდზე ანიშნა.
_ არა, დახმარება არ მინდა! თავადაც მოვახერხებ!_ ამასაც ელოდა იაკე. იოს, უფრო კი ნემოს არ უყვარდა, როცა სუსტად თვლიდნენ. ამბობდა, რომ
იმას, რისი გაკეთებაც თავად შეეძლო, თავად ერჩივნა ეკეთებინა. _ თუმცა თუ ეს გაგახალისებთ, მაშინ მომეხმარეთ.
_ ანუ, მხოლოდ შენს ნახევარს რთავ?_ მხარსუკან გახედა საკუთარ მოსაწყენ მხარეს იაკემ._ რამ მოგაფიქრა ნაძვის ხის სახურავზე დადგმა?
_ ზომა შემეშალა, იმაზე დიდი ვიყიდე, ვიდრე სახლში ეტევა! ხოდა გადავწყვიტე აქ მოვრთო. შენ? შენ არ გიყვარს ნაძვის ხეები?_ ჰკითხა მხიარულად. თან ყუთიდან მსხვილი ბურთები ამოიღო და ორივეს დაურიგა.
_ ვის იაკეს? ნაძვის ხე?_ გაეცინა დაჩის. _ იაკე გრინჩია,! მხოლოდ შობის მოპარვა შეუძლია!
უცებ შეკრთა იო. სახე შეეცვალა.
_ ვის?_ მოუბრუნდა თვალებდამრგვალებული დაჩის.
_ იაკეს არ უყვარს არაფერი მხიარული და ბრჭყვიალა!_ თავით მეგობრისკენ ანიშნა დაჩიმ და შერჩეულ ტოტზე დაკიდა პირველი ბურთი.
მოჯადოებულივით შეტრიალდა მისკენ იო. მოულოდნელად მიუახლოვდა და ხელში შეჩენილი ორი ვარსკვლავის ფორმის სათამაშო თვალებზე ისე მიადო, თითქოს სათვალეს უკეთებდა. ოდნავ უკან გადაიწია იაკე. არა მისგან უცნაურობა აღარ უკვირდა, მარამ ახლა ვერ მიხვდა რის გაკეთებას ცდილობდა. ის კი ისეთი ინტერესით აკვირდებოდა, თითქოს მისი სახის დამახსოვრებას ცდილობდა. მერე ოდნავ გაუკრთა ღიმილი ტუჩებზე.
_ იაკე!_ ჩაილაპარაკა მისი სახელი._ გამარჯობა იაკე!
ღიმილი მხიარულ სიცილად ექცა. ორივე ვარსკვლავი ლოყებზე მიიდო და თავად დაემსგავსა ვარსკვლავს.
_ დაუჯერებელია!_ არ უთქვამს მხოლოდ დაიჩურჩულა და იაკეს ეგონა მოეჩვენა, რომ ეს სიტყვა გაიგონა.
_ რა? არ მითხრა, რომ სახელი არ უთქვამს?_ გაოგნდა დაჩი.
_ არ უთქვამს და არც მიკითხია! რა სულელი ვარ, რომ აქამდე არც კი მიფიქრია მის სახელზე!_ ნაძვის ხისკენ შებრუნდა და ორივე სათამაშო გვერდიგვერდ დაკიდა.
თვალმოჭუტული უყურებდა იაკე მის უცნაურ სიხარულს. ახლა გაიაზრა, რომ ვიღაცას აგონებდა ამ თავისი ხალასი სიხარულით, მაგრამ ვერაფრით გაიხსენა ვის.
დანებებულივით ჩაიქნია ხელი, განათების გორგალი აიღო და წინასწარ დამზადებულ სხვადასხვა მახრეს სასაცილოდ გადაღუნულ ლურსმნებზე დაიწყო მისი ჩამოკიდება.
_ არ მჯერა რომ ამას ვაკეთებ!_ ჩაილაპარაკა საკუთარ თავზე გაბრაზებულმა, მაგრამ წამითაც კი არ უფიქრია მათი სახურავზე კვლავ მარტო დატოვება.
_ ესეც ასე! აბა ვინ გასწირავს თავს და განათებას ვინ შეამოწმებს? _ ხელში აიღო სახლიდან გადმოჭიმული დამაგრძელებელი იომ. გმირობა, რა საკვირველია, დაჩიმ ითავა. წამში ისე აბრდღვიალდა მათის სახლის სახურავი, ალბათ ქალაქის მეორე ბოლოდანაც კი გამოჩნდებოდა.
_ რა სილამაზეა! რა სინათლეა!_ ტაში შემოჰკრა გოგონამ. _ იცით ამას რა მოუხდება ახლა? ცხელი, ტკბილი კაკაო! დამაცადეთ ახლავე გავაკეთებ! მადლობას ასე გადაგიხდით! _ პასუხს არ დალოდებია, სახლისკენ გაიქცა. კართან გაჩერდა და უკან გამობრუნდა. _ მაგრამ შაქარი ისევ არ მაქვს! შეგიძლია ცოტა მასესხო?
საწყალი სახე მიიღო და ისე სთხოვა იაკეს, ვითომ თავი შეაცოდა. ცოტა ხანს წარბშეკრულმა უყურა, მერე ბედს შეგუებულივით გაეცინა.
_ წამოდი, მე გეპატიჟები ახლა! თორემ ვფიქრობ არც რძე და კაკაო გექნება!_ შებრუნდა და სახლისკენ წავიდა.
_ რაო?_ ლამის ყბა ჩამოუვარდა დაჩის._ რას ვიზამო? მე გაგიკეთებ კაკაოსო?
იომ თავი დაუქნია.
_ ვინ ხარ შენ და რა უქენი ჩემს მეგობარს?_ მხრებში ჩააფრინდა დაჩი დაბნეულ გოგონას._ წამოდი დროზე! ვფიქრობ, ახლა მსოფლიოს მერვე საოცრებას ვიხილავთ!
მაჯაში ჩაავლო ხელი და კიბეებისკენ გააქცუნა. იმ წამს იფიქრა იომ, რომ დეჟავუ ჰქონდა. თუმცა საკუთარ შეგრძნებას აღარ ჩაძიებია.



6
გვერდიგვერდ ისხდნენ და ერთნაირი ინტერესით აკვირდებოდნენ იაკეს. ის კი არ იყო უცნაური, რომ იაკე კაკაოს ამზადებდა მათთვის, არამედ ის, რომ ამას უცნაური თანამიმდევრულობით აკეთებდა.
_ რანაირია..._ ჩაილაპარაკა იომ და ამ ერთ სიტყვას იმდენნაირი განმარტება მიუსადაგა გონებაში დაჩიმ, რომ გაოცებულმა გადახედა გაღიმებულ იოს.
_ ჰოო?_ ჰკითხა წარბის აწევით და ისევ მეგობარს შეხედა. ჩაფიქრდა და მაგიდაზე თითები მოუთმენლად ააკაკუნა. იმის არ შემჩნევა, თუ როგორი დამოკიდებულება, თუ დაძაბულობა, თუ რაღაც სხვა რამ იყო ამ ორს შორის, გულუბრყვილობა იქნებოდა.
მაგრამ დაჩი იაკეს კარგად იცნობდა და დარწმუნებული იყო, რაც არ უნდა ყოფილიყო მისი ინტერესის მიზეზი, ის არასდროს გადასცდებოდა საკუთარი თავისთვის წლების წინ დაწესებულ უხილავ საზღვარს. ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო. იმდენად არასდროს აღელვებულა, რომ საკუთარი თავისთვის მყუდროება დაერღვია. ისევ იოს შეხედა და მის თვალებში დაჭერილმა აღფრთოვანებამ შეაკრთო.
_ ეს ამბავი აშკარად გართულდება!_ გაიფიქრა გულში. და ეს ფიქრი არ ესიამოვნა....

რამდენადაც იოს იაკე აინტერესებდა, იმდენად ცდილობდა თავი შორს დაეჭირა ირაკლისგან. ამას თავად დაჩი კარგად ხედავდა , მაგრამ ვერ ხვდებოდა, რა მიზეზით აკეთებდა იო ამგვარ არჩევანს. თავად ვერანაირ განსხვავებას ვერ ხედავდა საკუთარ მეგობარში. ის ხომ ერთნაირად ცივი იყო იოს მიმართ სახლშიც და სამსახურშიც. თუმცა სწორედ ამ ერთი შეხედვით უინტერესო თუ ინერტულ დამოკიდებულებაში იყო რაღაც, რაც დაჩის ასე აღელვებდა.

„საიდან იცი რას ნიშნავს ნათელი სიბრმავე?“ ზუსტად მაშინ არჩევდა იაკე ნემოსთან საუბარს, როცა იოს საქმე თავზესაყრელი ჰქონდა. იმის დანახვა, რომ მისთვის პასუხის დაბრუნება უფრო მნიშვნელოვანი იყო გოგონასთვის, ვიდრე საყვედური, ეგოისტურ სიამოვნებას ანიჭებდა.
„ უბრალოდ გამოცდილებაა, წლებია ასე ვარ.“ _ ნემო არასდროს მალავდა საკუთარ ნაკლებს და ესეც განასხვავებდა მას. როგორც სჩანს უკვე გააზრებული და მიღებული ჰყავდა საკუთარი თავი, ისეთი როგორიც იყო.
„ წავიკითხე, რომ ამის მიზეზი სტრესი შეიძლება იყოს? თუ თანდაყოლილია?“_ მისწერა და ინტერესით დააკვირდა. იომ მესიჯი გახსნა და სახეზე ტკივილისმაგვარმა ემოციამ გადაურბინა.
„ იქნებ ჯობდა თანდაყოლილი ყოფილიყო.“ _ უპასუხა წამის შემდეგ.
„ ანუ სტრესია?“_ არასდროს მომხდარა აქამდე, რომ იაკეს ეგრძნო მისი უსიამო განწყობა და მეტად ჩაძიებოდა, მაგრამ ახლა ძალიან სურდა პასუხების გაგება.
„კი ცოტა მეტიცაა, მაგრამ არ მინდა ამაზე საუბარი. ახლა არა!“_ მოუვიდა პასუხი.
„რატომ?“_ ჰკითხა და ისევ სახეზე დააკვირდა.
„არაა სასიამოვნო მოსასმენი,არც მოსაყოლი, არც გასახსენებელი!“
„ანუ ეგ იმას უკავშირდება, რატომაც სახლში არ ბრუნდები?“_ ხედავდა ტკივილს აყენებდა, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა. სიმართლის გაგება სურდა.
„ვმუშაობ, ახლა არ მცალია!“_ პირველად არ უპასუხა იომ კითხვაზე და ამან უარესად დააინტერესა იაკე. რა შეძლებოდა გამხდარიყო ასეთი სტრესის მიზეზი, რომ იოს გონებას ადამიანების სახეების დავიწყება გადაეწყვიტა?! აშკარად, რაღაც ძალიან მტკივნეული ამაბავი უნდა ყოფილიყო. გული მოეწურა იაკეს. ხედავდა, როგორი ცარიელი სახით დაჰყურებდა იო ჩამქრალ მობილურს. მერე უჯრა გამოსწია და ტელეფონი შიგ ჩააგდო. ჰაერი ჩაისუნთქა. თავი უცნაურად გადააქნია. მისი ტუჩების მოძრაობაზე ამოიკითხა იაკემ, რომ უხმოდ ითვლიდა იო.
_ერთი... ორი... სამი....._ თითქოს საკუთარ თავს იმშვიდებდა.
_ მაპატიე,მაგრამ ეს უნდა მომიყვე!_ ჩაილაპარაკა ჩუმად იაკემ. პირველად საკუთარ სიცოცხლეში მისცა თავს უფლება, ხელები სხვის სულში ასე უხეშად ჩაეყო, მაგრამ ამის მიზეზი თავად იო იყო. უფრო სწორედ ის სევდა, რასაც ეს გოგო საკუთარი მუდმივი და ნათელი ღიმილის უკან მალავდა.
_ რაზე ფიქრობ ბატონო ირაკლი?_ ფიქრებისგან გამოაფხიზლა დაჩის ხმამ._ არ ფიქრობ, რომ ძალიან ხარ გატაცებული? და ეს უცნაურია?
_შენ არ ფიქრობ, რომ სისულელეს ლაპარაკობ? წამოდი, დღეს ისედაც რთული დღე გვაქვს. _ ადგა და ოთახი პირველმა დატოვა. როცა იოს გაუარა გვერდით, დაინახა როგორ ეფერებოდა ის თითით ვერცხლის პატარა უსახურ ბეჭედს. ატირებამდე წამებიღა უკლდა.
_ ქალბატონო იოანა, თუ არ შეწუხდებით გამოგვყევით!_ ჩვეული ცივი ხმით უთხრა და ისე გაუარა, არც კი შეჩერებულა.
იო სწრაფად გამოფხიზლდა, ჩანთას ხელი დაავლო და სირბილით გაეკიდა კარში გასულ უფროსებს.
მთელი საღამო თავდაუზოგავად მუშაობდა და დაღლილობის მიუხედავად ღიმილი არ ავიწყდებოდა. საღამოც იმაზე მეტად გაიწელა, ვიდრე ეგონათ. როცა ყველაფერი დასრულდა, უკვე საკმაოდ გვიანი იყო. ამიტომ იოს არ გაკვირვებია, როცა დაჩიმ სახლში წაყვანა შესთავაზა. მხოლოდ იმან გააოცა, ირაკლიმაც მათი მანქანით რომ გადაწყვიტა მგზავრობა. მიზეზად კი დაღლილობა მოიდო. ის რომ თავად სხვა ქალაქიდან დადიოდა სამსახურში, არ უკვირდა იოს. მაგრამ როცა გაიგო, ირაკლიც არ ცხოვრობდა თბილისში, ამან მართლა გააოცა.
ინტერესით გახედა გვერდით მჯდარ უფროსს და იმაში დასარწმუნებლად, რომ მართლა ეძინა, ხელი თვალების წინ გაუტარ_გამოუტარა.
_ მგონი მართლა ძალიან დაიღალა არა?_ მძღოლის სავარძლისკენ გაიწია და ხმადაბლა ჰკითხა დაჩის. რათა მძინარე არ გაეღვიძებინა. შეუმჩნევლად ჩაეღიმა იაკეს.
_ ხო, მასე იცის. მიუხედავად იმისა, რომ სულ არ მოსწონს ის, რასაც ახლა აკეთებს, მაინც ბოლომდე იხარჯება. თუმცა ალბათ დიდხანს არ დარჩება იქ._ მასავით ხმადაბლა უპასუხა დაჩიმაც.
_ რატომ თბილისში არ ცხოვრობს? უფრო მარტივი არ იქნებოდა?
_ შენ რატომ არ ცხოვრობ თბილისში?_ გაეცინა დაჩის.
_ თბილისი თავს მატკიებს! ძალიან ხალხმრავალია ჩემისთანასთვის!_ მხრები აიჩეჩა გოგომ და თავი წინა სავარძლის საზურგეს მიაყრდნო.
_ მეც დავიღალე დღეს!_ თქვა და ბავშვივით მოურიდებლად დაამთქნარა._ ახლა ძილის მეტი არაფერი მინდა!
_ ხოდა გასწორდი, თორემ რამეს იტკენ, თუ დაგეძინა!_ ცალი თვალით გამოხედა დაჩიმ.
_ მართლა კი არ დამეძინება!_ გაეცინა იოს. სახე ფანჯრისკენ მიატრიალა და საკუათარ ანარეკლს გაუღიმა. _დღეს ყოჩაღი იყავი!
შეაქო საკუთარი თავი და თვალი ჩაუკრა. მერე მზერა სწრაფად მიმქროლავ ხედზე გადაიტანა და სრულიად გაუაზრებლად ჩაიძირა ძილის ბურანში.
_ არ დაეძინება!_ თვალი გაახილა იაკემ. მხრებში ხელი მოკიდა და ფრთხილად მიაწვინა სავარძლის საზურგეზე. _ სულელი სმაილი!
_ იაკე! რას ფიქრობ მასზე?_ ასეთი სერიოზული ხმით კითხვების დასმა არ სჩვეოდა დაჩის.
_ არაფერს, რა უნდა ვიფიქრო?_ არ დაუმალავს, რომ არ იყო მსგავსი საუბრის ხასიათზე.
_ და იმას თუ ხვდები, თავად რას ფიქრობს შენზე? ხვდები არა?
_ აზვიადებ იცი?
_ ჰო, ვაზვიადებ! _ გზას გახედა მისი უგულობით გაღიზიანებულმა._ რა სჭირს?
_ სძინავს!_ მოუჭრა იაკემ.
_ მაგას არ გეკითხები! რა სჭირს? რატოა ასეთი?
_ როგორი?_ თითქოს დაჩისგან სურდა საკუთარი ფიქრების მოსმენა.
_ სხვანაირი! რომ მოინდომოს, რომ ისურვოს..._ არ დაასრულა დაჩიმ სათქმელი.
_ არ იცის! ვერ ხვდება მაგას! კარგიცაა, რომ ვერ ხვდება!_ მძიმედ თქვა იაკემ.
_ და თუ მიხვდება? წავა?_ დაჩის არასდროს ნდომებია ასე მეგობრის თვალებში ჩახედვა.
_ სულელია, ვერ მიხვდება!_ მოუჭრა იაკემ და ხმამაღლა შეწყვეტილი ფიქრი გონებაში გააგრძელა. იო სინათლეს გავდა და მიუხედავად იმისა, რომ თავად ვერ ხვდებოდა ამას, ისე იზიდავდა ფარვანებს, როგორც სანთლის ალი. დაჩის სიტყვების გარეშეც ხედავდა, სხვების ემოციებს იოს გამოჩენისას. ხედავდა, როგორ სურდათ მისი ღიმილის მიზეზი ყოფილიყვნენ. ხედავდა, რომ გოგონას გულწრფელობა ის მახე იყოს, რაზეც თავად მახის დამგებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა და ერთხელაც შესაძლოა ის თავად გამხდარიყო საკუთარი თავის მსხვერპლი. ან?... ან ეს უკვე მოხდა?!
სტატია გაახსენდა. „ხშირად ძალადობის მსხვერპლებს ემართებათ ბრმა სახის სინდრომი. მათი გონება თავდაცვის მექანიზმად იყენებს სიბრმავეს, რათა დაიცვას პატრონის სათუთი ფსიქიკა საბოლოო დამსხვრევისგან...“ კიდევ ბევრი რაღაც ეწერა იმ სტატიაში, მაგრამ ეს სიტყვები ისე მტკივნეულად აეკვიატა იაკეს.
„ მე მეგონა სუიციდი იყო... მეგონა შენ გინდოდა, რომ...“ გახმიანდა მისი სიტყვები გონებაში. და ისეთი სიცხადით წარმოუდგა თვალწინ მისი შიშისგან შეშლილი თვალები და ისტერიკა. რომ გააკანკალა. იმდენად იყო იმ დღეს იო დარწმუნებული იმაში, რაც წარმოიდგინა, რომ არც კი მორიდებია მისი სიშიშვლის, გაუაზრებლად, მხოლოდ მისი გადარჩენა უნდოდა და აშკარა იყო ეს სცენა, ეს მომენტი საკუთარი გამოცდილებიდან ჰქონდა გონებაში აღბეჭდილი.
ამ აზრმა სიცივედ დაუარა გულში იაკეს. ფრთხილად დაიხარა და იოს წვრილი, ბავშვური ხელები აიღო ხელში. ფართო სვიტრის სახელოები ნელა აუწია მაღლა და მარცხენა ხელზე სწორედ ის იარა დაინახა, რასაც ელოდა. მაჯაზე წვრილ, ბასრ, იისფერ ზოლად , როგორც უწვრილესი სამაჯური, გასდევდა გაფერმკრთალებული შრამი და ზედ, როგორც სამაჯურზე მძივები, ისე აესხა წვრილი ვარსკვლავების ტატუები.
გაოგნდა. გაშრა. მოულოდნელმა სიბრაზემ აავსო მისი სხეული. ფრთხილად დადო მისი ხელი სკამზე.
_ გააჩერე დაჩი!_ ჩაიხრიალა დაძაბულმა.
_ რა?_ ვერ მიუხვდა დაჩი. სარკიდან გამოხედა.
_ გააჩერე მანქანა ამის დედაც!_ ყრუდ დაიყვირა მან.
დაჩი გზიდან გადავიდა და სვლა შეანელა. სანახევროდ გაჩერებული მანქანიდან გადახტა იაკე.
რამდენიმე ათეული მეტრი გაიარა სწრაფად.
_არა! ახლა არა! ოღონდ ახლა არა!_ იმეორებდა ხმაჩახლეჩილი. გაჩერდა და საკუთარ მუხლებს დაეყრდნო. გულისრევის მძაფრმა შეგრძნებამ დაუსერა სხეული.
_რა ხდება?_ შეკრთა, როცა მხარზე მეგობრის ხელის შეხება იგრძნო.
_ უნდა წავიდე! მისგან რაც შეიძლება შორს უნდა წავიდე!_ ჩაილაპარაკა ხმაჩამწყდარმა.
_ სახლში წაიყვანე! მე მივდივარ!_ მიუგდო დაჩის და იოს საპირისპირო მხარეს ლამის სირბილით დაუყვა მოხრეშილ გზისპირს...


7
დაჩის ირაკლის გაჩერება არც კი უცდია. მან ყველაზე უკეთ იცოდა, რომ ზოგ მცდელობას, იაკესთან მიმართებაში, აზრი არ ჰქონდა. რომ რაც უფრო დიდი იქნებოდა მასზე ზეწოლა,მით უფრო გაჯიუტდებოდა მისი მეგობარი. ვერც მისი წასვლის მიზეზს ხვდებოდა წესიერად, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით იცოდა, რომ იაკე ღელავდა. აღარ იყო ძველებურად მშვიდი. მისი სიმშვიდის გალავანი სადღაც, რომელიღაც სუსტ წერტილში რღვევას იწყებდა. არ იცოდა დაჩიმ რამდენად კარგი შედეგის მოტანა შეეძლო ამ ყველაფერს იაკესთვის, მაგრამ.... ახლა მანაქანას გახედა დაფიქრებულმა.
_ მაგრამ ახლა მხოლოდ შენ აღარ გეხება ეს ყველაფერი. და თუ წასვლა ასეთი აუცილებელია შენი სიმშვიდისთვის, უნდა დროულად წახვიდე კიდეც!_ ხელი ჩაიქნია. მანქანის კარი გამოაღო, ფრთხილად ჩაჯდა. მანქანა დაქოქა და იოს სახლისკენ გაუდგა გზას.

_ გაიღვიძე მძინარა! მოვედით!_ რა უცნაური ვინმე იყოს ეს მზისფერი ადამიანი. გინდოდა თუ არა, შენი ღიმილის მიზეზი როგორ ხდებოდა? არ უფიქრია დაჩის, რომ იოსთვის ღიმილი სწორედ ისეთივე დამცავი ფარი იყო, როგორც იაკესთვის გულგრილობა. არ უფიქრია, თორემ აღარ გაეღიმებოდა.
_ მოვედით?_ თვალები გაახილა იომ და ხელები თავს ზემოთ აჭიმა. _ თუ რამე სიტკბოება არსებობს, ერთ_ერთი მანქანაში ძილია!
„აჰა, და კიდევ ერთი ლამაზი ღიმილი!“ გაიფიქრა დაჩიმ გულში. „და როგორი იქნება შენი ღიმილი, თუ ამის გამომწვევი მიზეზი გეყოლება?“ ჰკითხა გულში.
_ უი, ირაკლი სადაა?_ გახედა გაკვირვებულმა ცარიელ სავარძელს.
_ ეგ პირველი მივიყვანე!_ გაეცინა დაჩის. ალბათ ირაკლი მის სახლში იცდიდა. მამამისთან რომ არ წავიდოდა, ფაქტი იყო.
_ კარგი, მადლობა დაჩი! შენ რომ არა, რა იბოდიალებდა ახლა ამხელა გზაზე!_ უთხრა და მანქანიდან გადავიდა. სახურავს ახედა._ დააკვირდი? საიდან ჩანდა?
_ რა_ ვერ მიუხვდა დაჩი.
_ ჩვენი სახურავი!_ იოს თვალებში ირეკლებოდა საახალწლო განათების თბილი ოქროსფერი ბრჭყვიალი, თუ სულ ასეთი თვალები ჰქონდა?
_ თქვენი?_ უცნაურად ჩაილაპარაკა დაჩიმ. რა მოხდებოდა, როცა იო სიმართლეს გაიგებდა? ან საერთოდ, რატომ უმალავდა იაკე იოს საკუთარი თავის მეორე ნახევარს?
_ ეს სახლში არაა ალბათ!_ მივიდა იაკეს დაკეტილ ჭიშკართან, ფეხის წვერებზე დადგა და ჩაბნელებულ ეზოში გადაიჭყიტა.
_ ვინ?_ აინტერესებდა დაჩის, რას ფიქრობდა იო მასზე.
_ ერთი უჟმური მეზობელი მყავს. _ უპასუხა და გაეცინა._ მაგრამ იცი? მას მეგობარი ჰყავს. ზუსტად შენ გგავს. სიცილიც კი შენნაირი იცის. უპასუხა და თან მის ხმაში ეჭვი გაისმა. ცოტა ხანს დააკვირდა დაჩის. მერე თითქოს საკუთარი აზრი უარყოო, ისე გადაიქნია თავი. თემა შეცვალა._ კარგია, ხვალ შაბათია, დავისვენებ! დავიღალე იცი?
მანქანაზე მიყრდნობილი იდგა დაჩი და საკუთარ განწყობაზე ფიქრობდა. იქნება სულაც ეჩვენებოდა იაკეს თვალებში დანახული ინტერესი? იქნებ სულ სხვა რამ იყო? მაგრამ რა? ფაქტი ფაქტად რჩებოდა, რომ ის ასეთი ცივი და მიუდგომელი, ახლა სწორედ ამ გოგოს არიდებდა თავს.
_ კარგი, გვიანია,_ გაუღიმა იოს. ისედაც სასაცილო,აბურდული კოსა აუჩეჩა._ წადი სახლში, თორემ შეგცივდება.
მანამდე უყურებდა, სანამ იო სახლში არ შევიდა.
_ ხან რა არასწორ დროს ვხვდებით ადამიანები ერთმანეთს!_ ჩაილაპარაკა და მანქანაში ჩაჯდა.
_ მოაღწიე?_ საყვედური გაისმა იაკეს ხმაში.
_ რა ჯანდაბა გეტაკა? რატო გაიქეცი?_ ქურთუკი დაუდევრად მიაგდო დივანზე დაჩიმ.
_ არ მინდა მაგაზე ლაპარაკი! ხომ შეიძლება არა?_ წარბი ასწია იაკემ. გულში იანანა კიდეც, რომ სწორედ აქ მოვიდა.
_ ერთი უჟმური მეზობელი!_ გაახსენდა დაჩის იოს სიტყვები.
_ რაო?_ ვერ მიხვდა ირაკლი.
_ ოდესმე თუ გინახავს ადამიანი, რომ ლანძღვით გამოხატავდეს სხვის მიმართ საკუთარ დადებით დამოკიდებულებას?
_ ლანძღვით?
_ ხო, იმის ნაცვლად, რომ ამბობდეს: საყვარელი, საინტერესო, ლამაზი, არ ვიცი მსგავსი სიტყვების ნაცვლად ამბობს: ცივი, უგულო, უჟმური, მანიაკი, მავნე._ მეგობრის ოდნავ შესამჩნევ ღიმილზე მიხვდა იაკე, ვიზეც საუბრობდა დაჩი.
_ ისე ებმები მის მახეში, აზრზეც ვერ მოდიხარ!_ შეუღრინა უკმაყოფილოდ.
_ ჰოო, და შენც სწორედ მაგიტომ გარბიხარ არა საკუთარი სახლიდან?_ დაჩიმ ზურგი აქცია იაკეს. სიგარეტი აიღო და სახლიდან გავიდა. ნერვებს უშლიდა მისი აუტანელი სიჯიუტე.
_ მისგან არა, მისი ტკივილისგან!_ ამოიოხრა იაკემ. საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა.
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანებს მსგავსი ისტორიები აერთიანებთ. არა, კი არ აერთიანებთ, უფრო სწორედ, აქვთ რაღაც მსგავსი განსაცდელი გადატანილი და ეს ადამიანენი თავისდაუნებურად ერთმანეთს ათას სხვა ადამიანში პოულობენ და ცნობენ. და ყველაზე უცნაური ხშირად ის არის, რომ არ სურთ სხვისი ამბის გაცნობით საკუთარი, უკვე მონელებული, დარდების განახლება. ეს ადამიანები არ იმჩნევენ გადატანილ ტკივილებს. საუბრობენ, იღიმიან, იცინიან, ხუმრობენ, მაგრამ თუ გულზე ყურს დაადებთ გაოცდებით. ისინი არ სუნთქავენ. ასე სუნთქვის გარეშე ცხოვრობენ. დროში და სივრცეში გაყინულები. და რა განსხვავებაა იცით თქვენსა და მათ შორის? თქვენთვის დრო თუ მიდის, მათთვის მოდის. ისე ელოდებიან რაღაც კონკრეტულ წამს, როგორც ხსნას. და რაც უფრო ახლოა ეს წამი, მით უფრო გაურბიან თავის მსგავს დარდებს. მაგრამ ზოგჯერ გამოერევა მათში ვინმე უფრო ადამიანური და რაღაც სიბრალულის გრძნობის მსგავსი გაუელვებს ნაგულარში. არ ვიცი რა მიზეზით, არ ვიცი რა არჩევანით გაჩერდება ერთი ასეთი, ისედაც ადგილზე გაყინული და ხელს გაუწვდის მას, ვისაც ჯერ ისევ ტანჯავს განცდილი ტკივილის აგონია.
აი სწორედ ასე, საკუთარი ტკივილით ამოიცნო იაკემ იოს ამბავი. და ეს მოხდა მაშინ, როცა თავად ერთგვარი იკიგაი ჰქონდა ნაპოვნი. თუმცა მისი ეს მდგომარეობა მაინც ძალიან შორს იყო სიმშვიდისგან.
_ რა შეგემთხვა? ასეთი რა გადაიტანე?_ ცდილობდა, რომ არ ეფიქრა, მაგრამ ფიქრი თავს არ ანებებდა. მობილური აიღო და ნემოსთან მიმოწერა გახსნა.
_ აქ ხარ?_ თითქოს მის მინაწერს ელოდა, მაშინვე უპასუხა.
_ კი.
_ კარგია.
_ რა არის კარგი?
_ აქ რომ ხარ!
_ სად აქ?
„ სად აქ?!“ „სად აქ?“ აეკვიატა მარტივი კითხვა.
_ დედამიწაზე.
_ ხოო, დედამიწაზე ყოფნა მარტივი არაა.
_უნდა ისუნთქო, გამარტივდება.
_ ფრენა ჯობია
_ფრენას ფრთები სჭირდება.
_ რას იზამ, ყველას ხომ არ გაუმართლებს. შენც ხომ არ გაგიმართლა?
_ მე დიდი ხანია აღარ ვოცნებობ.
_საკუთარი თავი ყინულებში გამოკეტე, როგორღა იოცნებებ?
_ ოცნებას არ მოაქვს სარგებელი.
_ არც სიცივეს.
_ ნემო, მომიყევი შენზე.
_ რამე მოხდა? აქამდე არასდროს გიკითხავს არაფერი.
_ არაფერი, უბრალოდ ....
_ რა გაინტერესებს?
_რამე ლამაზი მოგონება მომიყევი. რაც დასავიწყებლად ვერ გაიმეტე._ მთავარი იყო იოს მოყოლა დაეწყო, მთავარი იყო საუბარი გაებედა. მთავარი იყო ნემოდან იომდე დაეწყო სიარული. პირველი ნაბიჯი, მერე ყველაფერი გამარტივდებოდა.
_ერთხელ ერთი ბიჭი გავიცანი. უცნაური, გაუბედავი ბიჭი. მას ჰქონდა ისეთი რამ, რის ცნობასაც ყოველთვის შევძლებდი, ვისწავლიდი მის გარჩევას სხვებისგან, ვისწავლიდი მის ამოცნობას, შანსი რომ მოეცა.
_ მერე?
_ ვერ გაბედა. უკან გამოყოლა ვერ გაბედა. მე წამოვედი. ის დარჩა.
_ და აქამდე გახსოვს? რატომ?
_ მას ჰქონდა რაღაც. რაღაც განსხვავებული. რაღაც, რითაც მგავდა.
_ გგავდა?
_ კი თან მგავდა, თან განსხვავდებოდა.
_ უფრო?
_ უფრო? უფრო უკეთესი იყო. ლამაზი სული ჰქონდა.
_ შენზე?
_ მე მხოლოდ ვგავარ ლამაზ სულს. სინამდვილეში სული აღარ მაქვს.
_ ნემო, რომ მეთხოვა, მნახავდი?
_რა თქმა უნდა... არა!_ უპასუხა და ღიმილი დააყოლა. სხვა პასუხს არც ელოდა იაკე.
_ იმ ბიჭს? იმას ნახავდი?
_ იცი? ვნახე უკვე.
_ მართლა?
_ კი, ასე მგონია.
_ მერე?
_ ვერ მიცნო. ან რას მიცნობდა? ალბათ აღარც ვახსოვარ.
_ ნემო, როცა ეგ ბიჭი გაიცანი, ეგ მანამდე იყო, თუ მას შემდეგ?_ იო კარგა ხანს დუმდა, მაგრამ იაკემ იცოდა, რომ კითხვა კარგად გაიგო. მხოლოდ ძალიან გვიან, როცა უკვე პასუხს აღარ ელოდა. როცა იფიქრა, რომ ნემოს ეძინა და თავადაც დაეძინა. მან ყველაფერი მოუყვა. მოუყვა ისე, თითქოს მას არ ეხებოდა. მოუყვა მესამე პირში. მოუყვა ცივად, პირდაპირ და ამ სიცივეში ათასობით გაყინული ცრემლი გაურია. მოუყვა ისე, თითქოს უცნობ ღამეს ანდობდა საკუთარ ტკივილიან საიდუმლოს. მოუყვა და დაცარიელდა თავად. ისე შემსუბუქდა მისი სასულეში ჩაკუჭული სული, ისე დაიცალა გაქვავებული ტკივილისგან, რომ
წლობით მშრალი და უდაბნოდ ქცეული სიცარიელე მჩქეფარე მდინარემ ამოავსო. დილით კი, როცა ინათა, როცა ახალი განთიადი დადგა, ნემომ წაშალა იაკესთვის მიწერილი, ჯერ ისევ გაუხსნელი მესიჯი. გამბედაობა, რაც მის დასაწერად გამოიხმო იომ საკუთარი თავისგან, სრულიად საკმარისი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.

ლამის ორი კვირა არ ჩანდა იაკე და მოუთმენლობა იტანდა იოს. მის ცარიელ სახურავზე მჯდარი მოწყენილი უყურებდა საკუთარ აბრდღვიალებულ ნახევარს და მისი სახის გახსენებას ცდილობდა. ახსოვდა თვალის ფერი, ცალკეული ნაკვთები, სახის კონტურები, მაგრამ ვერაფრით მოახერხა მათი ერთმანეთთან დაკავშირება.

სამსახურშიც ძველი ენთუზიაზმით დადიოდა იო. დაჩისთან ატარებდა დროის იმ ნაწილს, რასაც ადამიანები მეგობრებს უთმობენ. ირაკლიმ მისი არსებობა თითქოს დაივიწყა და იოანაც თავს ბევრად თავისუფლად გრძნობდა. შესვენებებზე, როცა სხვები სასადილოდ გადიოდნენ. იო იჯდა და იაკეს ნაკვთების დახატვას ცდილობდა. თუმცა მის ნაცვლად ყორნის ნიღბიან ბიჭს ხატავდა რატომღაც. თუმცა ამ ნახატებს თვალები ერთი ჰქონდათ და მხოლოდ ამის გამოც კი ბედნიერი იყო იო.
ერთ დღეს კი სახლში მისულს, მეზობლის აივანი კვლავ განათებული რომ დახვდა, გული ისე შეუხტა სიხარულით, ხელი მკერდზე მიიჭირა მის დასამშვიდებლად. სწრაფად შევარდა სახლში. ნივთები მაგიდაზე დაყარა. ქურთუკიც იქვე მიაგდო. სამზარეულოში გაიქცა. კარადაში კენტად მდგარ პატარა ჭიქას ხელი დაავლო და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა მეზობლის სახლისკენ. პარმაღზე აირბინა და თითი გამეტებით დააჭირა ზარის ღილაკს. იაკემ კარი გააღო. იდგა იო სახეზე ბედნიერი ღიმილით და ხელში პაწაწუნა ჭიქით, სადაც ადამიანისთვის სრულ უიმედობაში მხოლოდ ერთჯერადად სამყოფი იმედი თუ დაეტეოდა.
_ გამარჯობა იო!_ მიესალმა იაკე მეზობელს. _ შაქარი თუ მარილი?
_ რა?_ ისევ იღიმოდა გოგო და აშკარად ვერ იაზრებდა დასმულ კითხვას. თვალით ჭიქაზე ანიშნა იაკემ.
_ ააა, ეს? მაშინ შაქარი იყოს!
_ შემოდი!_ თავით ანიშნა იაკემ და კარი მის ზურგს უკან ფრთხილად დახურა...


8
_ შეხედე რანაირი ცაა. ერთი ვარსკვლავიც კი არ ჩანს!_ იომ თავი შეაბრუნა და იაკეს შეხედა, რომელიც ცას თვალს არ აშორებდა.
_ ჩანან თუ არა, ისინი მაინც იქ არიან!_ ჩაილაპარაკა სევდიანად.
_ სად იყავი?_ ჰკითხა გაუბედავად, მაგრამ იაკემ არაფერი უპასუხა. მისი სიჩუმით დაინტერესებული მისკენ გადაბრუნდა._ ვერ ვიტან, მასე რომ მუნჯდები!
_ ვერც მე ვიტან, მაგდენს რომ ლაპარაკობ!_ უპასუხა სერიოზულად.
_ მართლა?_ გაუკვირდა, თუ ეწყინა კიდეც, წამოჯდა და ზურგი აქცია._ შეგეძლო გეთქვა.
_ ვიხუმრე!_ უთხრა იაკემ, მაგრამ იოს მაინც ეწყინა.
_ აკი ბუტია არ ვარო?
_ არც ვარ! შემცივდა!_ ფეხზე წამოდგა და გაბრაზებული ნაბიჯებით დატოვა სახურავი.
_არა, მაინც რა კარგი იყო სიმშვიდე!_ ჩაილაპარაკა იაკემ და ხელები თავქვეშ ამოიწყო._ ძაან ეწყინა ვითომ?
თვალები დახუჭა და გაეღიმა.
ასეც იცოდა, დაბრუნება უკვე უდრიდა სიმშვიდეზე ნებაყოფლობით უარის თქმას. ახლა ვერავის ვერაფერს დააბრალებდა, მაგრამ მაინც, უცნაურად სასიამოვნო იყო ეს სასაცილო ბუტიაობა. დღეები გადიოდა და მათ შორის პატარა ომი იყო გაჩაღებული. უფრო სწორედ ომი მხოლოდ ცალმხრივად. ეს იო ვერ ისვენებდა. სულ ბორგავდა, რაღაცას ეძებდა, რაღაც ამოუხსნელ ფიქრებს აგროვებდა საკუთარ თავში, საკუთარ წარმოდგენებს ქმნიდა და შემდეგ ამ ყველაფერს თითქოს თავს ახვევდა იაკეს. შემდეგ კვლავ თავად ფიქრობდა, რომ საშინლად აბეზარი იყო და საკუთარ სახლში ისე იმალებოდა, როგორც ნიჟარაში, როგორც იმ საღამოს. იაკე დუმდა. დუმდა და მოთმინებით იტანდა მის უცნაურობებს. თითქოს მთა იყო, დიდი, უძრავი, ცივი და მდუმარე. და ვერაფერს ვნებდა იოსგან ნასროლი კენჭები. მის ძირში ამაოდ ხმაურობდა იო. მაგრამ იმდენად მაღალი იყო მთის გაყინული მწვერვალი, ალბათ ნახევარიც კი არ აღწევდა იოს ხმაურისგან მის გულამდე.
_ რა სახე გაქვს?_ ჰკითხა ნაძვის ხის ძირში მჯდარს._ რას აკეთებ?
იოს წინ ფურცლები ეწყო, ფურცლებზე მოზრდილი, იდეალურად მრგვალი ქარვის ქვა ედო. თავად კი ერთი მათგანი ეჭირა ხელში და ინტერესით ჩაჰკირკიტებდა.
_ იმ აუტანელმა კაცმა დამავალა! გეგონება იქ არ მყოფნის, ახლა სახლშიც უნდა ვიმუშაო თურმე!_ აწუწუნდა იო მაშინვე._ ნეტავ ამ ახალ წელს მაინც თუ დამასვენებს?
შეუმჩნევლად გაეღიმა იაკეს. მის წინ დაჯდა მასავით ფეხმორთხმით და ფურცლების გროვიდან ერთი გამოაძვრინა.
_ გინდა მოგეხმარო?_ ჰკითხა მხიარულად.
_მომეხმარო? შენ რა გერმანული იცი?_ გაოცება ვერ დამალა იომ. იაკემ თავი დაუქნია. მთელი საღამო ეხმარებოდა იმის გაკეთებაში, რაც სინამდვილეში სულ არ სჭირდებოდა. სამაგიეროდ იოს ფიქრები ერთი საღამოს მანძილზე მაინც იყვნენ მშვიდად.
_ რას აკეთებ?_ ჰკითხა გაკვირვებულმა, როცა დაინახა, რომ იოს ფურცელი აეღო ხელში ცდილობდა ისე დაეჭირა, რომ მხოლოდ მისი თვალები დაეფარა.
_ არაფერს!_ ეშმაკურად გაეღიმა გოგონას.
_ იმუშავე!_ თვალით საბუთებზე ანიშნა და როცა იომ მისი ნათქვამი უსიტყვოდ შესარულა, მხიარულად გაეცინა.

_რას შვებით? _ თავს მოულოდნელად წამოადგათ დაჩი.
_ ვმუშაობთ!_ სერიოზულად უპასუხა იომ. უცებ რაღაც იდეა მოუვიდა, სახე გაუნათდა._ შემთხვევით შენც ხომ არ იცი გერმანული?
_ ვიცი._ აიჩეჩა მხრები დაჩიმ. სახე გაუბრწყინდა იოს.
_ ორი თავი კარგი, სამი კიდევ უკეთესი!_ ფეხზე წამოხტა, დაჩისთან მიირბინა და ისე რომ არც კი უკითხავს, სურდა თუ არა, იაკეს მიუსვა გვერდით. ხელში წინა წლის საბუთები მიაჩეჩა და დამეხმარეო გაუღიმა. უარი ვერ უთხრა დაჩიმ. მიჩეჩებული ფურცელი გამოართვა, დახედა და როცა მიხვდა, რაც იყო გაცოფებულმა გახედა ირონიულად მომღიმარ იაკეს. თვალების ბრიალით ჰკითხა, რა ჯანდაბას აკეთებო. მან კი უდარდელად ჩაუკრა თვალი.
_ გინდათ ყავა? ჩავალ გავაკეთებ და ახლავე მოვალ!_ ისევ არ დალოდებია პასუხს, ისე წავიდა სახლისკენ იო.

მიეფარა თუ არა თვალს, მაშინვე მოღუშული სახით მიუბრუნდა დაჩი მეგობარს.
_ გამაგებინე, რა ჯანდაბას აკეთებ? სპეციალურად აწვალებ?
_ ვაწვალებ?_ გაეცინა მას._ სულაც არა, ვერ ხედავ რა მშვიდადაა, როცა რაღაცით არის მისი გადარეული გონება დაკავებული?
_ ხოო? და შენ რას აკეთებ?_ თვალით ანიშნა ნახევრად გადათარგმნილ საბუთზე._ დავჯერო მეტი გასართობი არ გაქვს?
_ დამიჯერე, მშვენიერი გასართობია._ წამით უყურა დაჩიმ. ვერ გაიგო ხუმრობდა, თუ სერიოზულად ამბობდა.
_ არ დამთავრდება ეს ამბავი კარგად!_ ხმამაღლა გააჟღერა ის აზრი, რაც მანამდე გაუჩნდა.
_ რატომ?_ თვალებში ინტერესი გაუკრთა იაკეს.
_ ვერ ამჩნევ არა, როგორ გიყურებს? უბრალოდ ის.. _ დაჩი გაჩუმდა. იცოდა, რომ იაკე არასდროს არაფერს გააკეთებდა ისეთს, რომ იოსთვის გული ეტკინა, მაგრამ ეს არაფერი პირიქითაც ვრცელდებოდა. არც იმისთვის იზამდა რამეს, რომ მას თუნდაც ნაბიჯით დაახლოებოდა. იცოდა მისი ამბავი, იცნობდა მის სევდას და მიუხედავად იმისა, რომ შინაგანი პროტესტი ჰქონდა, რაც მეგობრის კარგად ყოფნით იყო გამოწვეული, მაინც არასდროს დაარღვევდა მის პირად სივრცეს იმდენად, რომ მის თვალებში ძველებური სიცივე დაენახა. ამოიოხრა და ხელი ჩაიქნია. მხოლოდ ერთხელ მოხდა, რომ იაკემ სუნთქვა გაბედა, და მაშინაც არ იყო ეს გაბედვა ბედნიერებისთვის სამყოფი. მაშინაც არ მისცა საკუთარ თავს უფლება. იცოდა, დღემდე ახსოვდა იაკეს ის ნიღბიანი გოგო და თუ მაშინ ვერ, ახლა რა შეიცვლებოდა?

იომ კარი გამოაღო და ხელში ცხელი ყავის ჭიქებით და აშკარად დამწვარი თითებით, გამოემართა მათკენ. მერე ცხელ ფინჯანს რომ ვეღარ გაუძლო, იქვე სახურავზე დაიმუხლა და ძირს დააწყო. საჩვენებელი თითი გაშალა და სული შეუბერა. თითქოს ეს უშველიდა.
_ უბრალოდ ის სხვანაირია.._ ჩაილაპარაკა დაჩიმ მხოლოდ იაკეს გასაგონად. ფურცელი დადო და იოს დასახმარებლად წამოდგა.
_ ვის გაუგია მდუღარე ყავის ასე ტარება? ძალიან გეტკინა?_ დაიხარა, ორი ჭიქა აიღო და გაღიმებულ გოგოს შეხედა ბრაზით.
_ დამეზარა უკან გაბრუნება და ..._ იოც ადგა თავისი ყავა აიღო და თითგაბზეკილი წავიდა ნაძვის ხისკენ._ მეწვის!
ისევ გაეღიმა საკუთარ სისულელეზე.

_ ტკივილის დროს არ იცინიან ქალბატონო იო!_ ისე უთხრა იაკემ უკან არ მოუხედია. იო გაკვირვებული გაჩერდა მის ზურგს უკან. სახე ბრაზით დაეღრიჯა და იაკეს ჩუმად გამოუყო ენა.
_ ნუ იჯღანები! არც ისე ხარ ძაან ლამაზი!_ ჩუმად გაეღიმა იაკეს. იცოდა ახლა მართლა გაკვირვებული სახე ექნებოდა მას. ოდნავ გვერდზე გადახრილი თავი და გაოცებისგან ბავშვივით დამრგვალებული თავლები. _ მოდი დროზე, გგონია ასეთი მოცლილი ვარ, შენი სამუშაო მარტომ ვაკეთო?
_კარგი, ჰოო! თუ უნდა დამაყვედრო,სულ არ მინდა! მე შენთვის არაფერი მითხოვია!_ ნაწყენი სახით მიუჯდა გვერდით იო. ყავა წინ დაიდო და სანახევროდ გადათარგმნილ საბუთში ჩაყო ცხვირი. ისევ გამორთო ფიქრი და ისევ დაასვენა გონება იმ მარადიული დარდისგან, რის გამოც მაჯაზე ვარსკვლავები ეხატა. გადაკეცილი სვიტრის მკლავიდან დროდადრო კომეტასავით ელავდნენ ის წყეული ვარსკვლავები და იმ მომენტში იაკეს სიბრაზე უვლიდა გულში. როგორ შეეძლო მას ასეთი სუსტი ყოფილიყო? როგორ ბედავდა? როგორ არ უფრთხილდებოდა იმას, რაც ამდენად ძვირფასი იყო? მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ იო მხოლოდ საკუთარს არ აფასებდა, თორემ ისე ....
დაჩის მალე მობეზრდა მუშაობა. თანაც იმის კეთება, რაც სულ არ სჭირდებოდა უარესად დამღლელი ეჩვენებოდა. წამოდგა და სახურავის კიდეზე ჩამოჯდა.
_რა იყო, რას გაჩუმდი?_ ცოტა ხნის მერე გვერდით მიუჯდა იაკე.
_ ვფიქრობ!_ უკმეხად უპასუხა დაჩიმ.
_ ოჰ, ეგ რაღაც ახალია, და რაზე ფიქრობ?
_ ვფიქრობ, იქნებ იო ის ადამიანია, ვინც...
_ ცდები მეგობარო..ის ყველაზე ნაკლებადაა ის ადამიანი. მისი დარდები ადრე თუ გვიან დასრულდებიან და მერე მიხვდება, რომ მე არაფერში ვჭირდები! მერე გაუჭირდება. თან მგონი ვიღაც არის მის ცხოვრებაში. _ ნაძვის ხის ძირში ფეხმორთხმით მჯდარ გოგოს გახედა. „მგონი შევხვდი, მაგრამ მან ვერ მიცნოო...“ გაახსენდა ნემოს სიტყვები. მობილური ამოიღო და მისწერა.
„ ნემო რა ქენი, შეხვდი იმ ბიჭს?“ გაეღიმა მესიჯის ხმაზე სასწაფოდ რომ გახსნა მესენჯერი იომ. ყოველთვის ასე იყო. არასდროს ალოდინებდა.
„ ხან მგონია ისაა, ხან ეჭვი მეპარება! „
„რატომ?“
„მე ასეთმა თუ ვიცანი, ის რატომ ვერ მცნობს?“_ მისმა სიტყვებმა დააფიქრეს. თუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო, მართლა რატომ ვერ ცნობდა? იმის შანსი, რომ ისიც იოსავით ყოფილიყო ასიდან ალბათ სამიოდე თუ იქნებოდა. ამ ფიქრში იყო გართული, რომ იომ ხელი გაიწვდინა ნაძვის ხის ერთი ოქროსფერი ბურთისკენ, მოხსნა დაუპირა. ბურთი არ დაჰყვა მის სურვილს, იომ მაგრად მოქაჩა და ზრიალით წამოვიდა ის უზარმაზარი ხე მისკენ. გაქცევა კი არა, სახეზე ხელების აფარებაც კი ვერ მოისაზრა იომ. რომ არა იაკეს სწრაფი რეაქცია, უეჭველად იტკენდა სახეს, ან უფრო უარესიც.
როცა დაჩიმ ნაძვი გადასწია და მის ქვეშ მოყოლილები გაანთავისუფლა, დაინახა, რომ იაკეს შუბლზე მოზრდილი ნაკაწრი ჰქონდა ალბათ ნაძვის ტოტისგან, საიდანაც წვრილ ზოლად მოჟონავდა სისხლი.
_იო გეტკინა რამე?_ ჰკითხა შეშინებულ გოგოს და ადგომაში დაეხმარა. იაკემ ყურადღებით შეათვალიერა და რომ მიხვდა, პატარა ნაკაწრიც კი არ ჰქონდა, ცივად ჩაილაპარაკა,
_ მე დავშავდი და მასზე ზრუნავენ!_ წყენის, სირცხვილის და სინდისის ქენჯნის ნაზავმა ერთდროულად გადაურბინა გოგონას სახეზე.
_ ჩემი ბრალია, ბოდიში! _ ხმა ისე აუკანკალდა, ცოტაც და იტირებდა.
_წამოდი, ჯობია სახლში ჩავიდეთ! ცივა უკვე თან! _ პირველი იაკე წავიდა სახლში. უკან არ მოუხედია.
_ მგონი ძალიან გაბრაზდა არა?_ სევდიანად გააყოლა თვალი იო.
_ მაგაზე რაც ნაკლებს იფიქრებ, მით უკეთესი!_ გაეცინა დაჩის._ ნუ ნერვიულობ, არაფერი მოუვა.
_ რას დაემსგავსა ნახე!_ ახლა წაქცეულ ნაძვს შეხედა იომ. მთელ სახურავზე იყო გაშლილი ფერადი სათამაშოები. მივიდა და ის ფურცლები მოკრიფა.
_ მე ჯობია ჩემს სახლში თუ წავალ._ თითქოს ერთბაშად შუქი გამორთეს მასში. აღარ იცინოდა, აღარც თვალები უციმციმებდა. რატომღაც გაიფიქრა დაჩიმ, რომ ამის მიზეზი მხოლოდ იმ საღამოს მომხდარი შემთხვევა არ იყო.

_ არ მოვა, სახლში წავიდა!_ უთხრა იაკეს, როცა შეამჩნია, მის უკან მოლოდინით რომ უყურებდა კიბეს.
_კარგი!_ ჩაილაპარკა მან და შუბლზე ბამბა მიიდო სისხლის შესაჩერებლად.
_ რატომ სულ არ გაგიტყდა ეგ ჯიუტი თავი!_ შეუღრინა დაჩიმ.
_ ხო, არა? მეც ვიფიქრე, რომ ჯობდა მას დასცემოდა, ვიდრე მე!_ გაეღიმა იაკეს.
_ მასე გააგრძელე! მაგ სარკაზმის უკან დაიმალე და ..._ აღარ დაუსრულებია დაჩის, ხელი მობეზრებულად ჩაიქნია.
_ და რა?_ ჰკითხა და ბამბა ნაგვის ყუთში უდარდელად ჩააგდო.
_ არაფერი! არაფერი იაკე! ხანდახან მგონია, სპეციალურად იქცევი ასე! მაგრამ ვერ ვხვდები, ხან სრულებით არასაჭირო დავალებას აძლევ, რომ მერე დაეხმარო. ხან ეხმარები და მერე ამის გამო თავს დამნაშავედ აგრძნობინებ! არ მესმის შენი!_ დაჩის ხმაშიც და თვალებშიც ჩანდა უთქმელი საყვედური. თუმცა არა მხოლოდ იოს გამო და ამას კარგად ხვდებოდა იაკე. _ სახლში მივდივარ!
წყნარად თქვა დაჩიმ და დაუმშვიდობებლად წავიდა.
_ არც მე მესმის საკუთარი თავის. _ უთხრა იაკემ საკუთარ თავს მისი წასვლის შემდეგ.
რომ ვაღიაროთ, ყველაზე ნაკლებად იაკეს იო სჭირდებოდა. ღიმილების უკან დამალული სევდიანი გოგო. რა ჰქონდა ამ გოგოს საინტერესო? რა ჰქონდა ისეთი, რაც დროს გაუძლებდა? არც არაფერი. ის პაწაწუნა ჭიქა აიღო იაკემ თაროდან. სულ ერთი ციდა, არც ყავისთვის სამყოფი, არც წყლისთვის, მისი პატრონივით სულ არაფერი. ისევ თაროზე დააბრუნა. გაეცინა, სწორედ იმის გამო რომ შეუმჩნეველი იყო, ყველაზე წინ იდგა. სწორედ იმიტომ რომ ასეთი სულ არაფერი იყო, ყურადღებას იქცევდა. ის ხომ ძალიან ადვილად გახდა, რაღაც ახალი ამბის დაწყების მიზეზი. ხელი მოკიდა და ნაგვის ყუთს ახადა თავი. სისხლიან ბამბას მოკრა თვალი. გაახსნდა ის შიში, რაც ხის წაქცევის მომენტში განიცადა და რატომღაც ვეღარ გაიმეტა, კარადის ყველაზე შორეულ კუთხეში გადამალა. თუმცა რა აზრი ჰქონდა, ასე დამალული იქნებოდა, თუ გადაგდებული?!
_ ხაფანგი საკუთარი თავისთვის!_ ჩაილაპარაკა ბრაზით.

გვიან ავიდა სახურავზე, აღარ ჰქონდა იოს ნახევარს მხიარული სახე. მივიდა და კუთხეში დადებული სარეცხის კალათი აიღო. ბურთების მოგროვება დაიწყო.
_ რომ არა ეს სულელური ნაძვი, არც პრობლემა იქნებოდა!_ ჩაილაპარაკა უცნაური ღიმილით. მოულოდნელად ის ყვითელი ქარვის ბურთი მოხვდა ხელში. აიღო და წელში გაიმართა. ბურთში კიდევ პატარა ბუშტები იყო, თაფლის წვეთს ჰგავდა. არა, მზის პატარა მოდელს.

იმ საღამოს როცა ნემოს მისწერა, საუბარში უბრალოდ ჰკითხა, რომელი ქვა ან კრისტალი მოსწონდა და რატომ.
„ ქარვა მომწონს „ პასუხი არ გაკვირვებია.
„ რატომ?“
„ იმიტომ, რომ მეხსიერება აქვს.“
ვერ მიხვდა იაკე , რას გულისხმობდა იო, რანაირად შეიძლებოდა ქვას მეხსიერება ჰქონოდა.
„ის ხომ რეინკარნაციას ჰგავს. წინა ცხოვრებაც გამოიარა, სანამ ქარვად იქცეოდა.“
„ რას გულისხმობ?“
„ ქარვა ქვა არაა, ის ხის გაქვავებული ფისია, ცოცხალივითაა გესმის? 50 მილიონი წლის წინ დაიბადა, ასე მგონია ქარვას ყველა გავლილი საუკუნე სახეზე ახსოვს.“
„ რატომ განიცდი ასე,რომ სახეებს ვერ იმახსოვრებ? ეს მართლა ასე მნიშვნელოვანია შენთვის?“
„ ერთ დროს ამან გადამარჩინა, მაგრამ მერე ძალიან ბევრი რამ წამართვა. ახლაც ასე ხდება. დღემდე მიაქვს რაღაც სანაცვლო ჩემგან. მაგრამ მე მისთვის გადარჩენა არ მითხოვია ...“
ეს მოსწერა და გავიდა. არც ნემო, არც იო მზად არ იყვნენ, რომ საკუთარი წყვდიადისთვის თვალებში ჩაეხედათ, ისე, როგორც ეს იაკემ გააკეთა. ან იქნება არც ღირდა? რადგან ამის შემდეგ იო იო აღარ იქნებოდა. იო გახდებოდა ვიღაც სხვა ადამიანი, რომელიც ვეღარ იცინის. სცადა და ვერაფრით წარმოიდგინა გაუღიმარი იო.
„ნემო რატომ? რატომ დაირქვი ნემო?“ _ ამ კითხვის პასუხიც იცოდა იაკემ. იცოდა, მაგრამ მაინც ჰკითხა. მერე ტელეფონი გათიშა და დივანზე მოისროლა. დღეს მეტად აღარ სურდა მასზე ფიქრი. ისედაც ზედმეტად დიდ დროს უთმობდა და ეს საკმარისზე მეტი იყო, ალბათ.

რადგან ირაკლი კაბინეტში იყო შეკეტილი და თავისი უაზრო ბრძანებებით თავს არ აბეზრებდა. იომ შესვენების დროს თავისი წინასწარ გამზადებული თერმოსი და კონტეინერი, ყურსასმენები და მობილური აიღო და მოსაწევად განკუთვნილი ღია სივრცისკენ გაემართა. ამ დროს ფაქტობრივად იცლებოდა შენობა და მოსაწევადაც არავინ გადიოდა იქ. სიჩუმე იყო და სიმყუდროვე
მოგრძო ხის სკამზე დაჯდა, კონტეინერი და თერმოსი წინ დაიდო. ყურსასმენი მოირგო. ენერგიული და მხიარული მუსიკა შეარჩია და თვალები დახუჭა. სახე პირდაპირ მზეს შეუშვირა, ზამთრის მიუხედავად მაინც საკმაოდ ანათებდა იმ დღეს. მუსიკა ყველაზე მეტად ეხმარებოდა ემოციების მართვაში. მით უფრო ეს ახალი აღმოჩენა, მოსიარულე მუსიკას ეძახდა. რაც უფრო მეტად ცდილობდა მასზე კონცენტრირებას, მით უფრო ქრებოდა ნამდვილი სამყარო მის გონებაში და რჩებოდა მხოლოდ მფეთქავი ნოტების ერთობლიობა.
ართობდა იოს მათი დევნა საკუთარი გონების სიღრმეში. და ეს სიამოვნება, სახეზე ბედნიერ ღიმილად ესახებოდა. ისე მიჰყვებოდა მელოდიას, რომ ისიც კი ავიწყდებოდა საერთოდ რატომ იყო აქ.
არ ამდგარა ისე აჰყვა მუსიკს, ადგილზე მჯდომი ცეკვავდა. თითქოს ყურსასმენების ხმა აღარ ჰყოფნიდა, ორივე ხელით ცდილობდა უფრო მჭიდროდ მოერგო თავზე, რათა საყვარელი მელოდიის ერთი მისხალიც კი არ დაჰკარგვოდა.
უეცრად იგრძნო, როგორ აჭრელდა მზის მკვეთრი სინათლე. მიხვდა მარტო აღარ იყო და სწრაფად მოიხსნა ყურსასმენები. გაახილა თვალები. წამით მუჭუტული თვალებით უყურებდა მის წინ მჯდომს. შემდეგ ნაკვთები დაულაგდა მოსულს. მკვეთარად გამოიკვეთა სახის ოვალი, მკვეთრი ნიკაპი, ტუჩები, სწორი ცხვირი, ქარვისფერი თვალები და იარა შუბლზე.
_ იაკე, აქ რას აკეთებ?_ ისე უბრალოდ და გულწრფელად გაიოცა იომ, თავად ვერც კი გაიაზრა, რომ პირველად ძალიან დიდი ხნის მაძილზე, ადამიანის სახე ამოიცნო.
_ რაო?_ მოესმა გაოცებული შეძახილი და მისი გაკვირვებული თვალებიდან მზერა კარში გახირულ დაჩიზე გადაიტანა._ ვაა დავი, შენც აქ ხარ?
გაუხარდა მისი დანახვაც.
და სანამ ბიჭები ხმას ამოიღებდნენ, ვერანდაზე მათმა ერთ_ერთმა თანამშრომელმა მობილურზე საუბრით შემოაბიჯა. უფროსის მოულოდნელ დანახვაზე შეცბა და დაბნეულად მიესალმა:
_ გამარჯობა ბატონო ირაკლი, ბატონო დაჩი. იოანა. _ თავი დაუკრა სამივეს და ვერანდა დატოვა. აშკარა იყო მათ გვერდით თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა.
ორივემ ერთდროულად შეხედა იოს. იჯდა წაშლილი და გაფითრებული სახით. მათი დანახვით გამოწვეული წამის წინანდელი ღიმილი სახეზე შეხმობოდა და თვალები ნელ_ნელა ევსებოდა წყენის, ბრაზის თუ იმედგაცრუების ცრემლებით.
_ იო, მოიცადე! _ მიუახლოვდა დაჩი, როცა გოგო ფეხზე წამოდგა._ რასაც არ უნდა ფიქრობდე, მასე არ არის! დამშვიდდი რა!
უკან დაიხია იომ. მის გამოწვდილ ხელს აერიდა. ჯერ მას შეხედა იომ. მერე ჩუმად მჯდარ იაკეს.
_ კარგად გაერთეთ?_ ჰკითხა ორივეს ჩამწყდარი ხმით.
_ იო, გთხოვ რა?_ მხოლოდ დაჩი ცდილობდა მის დამშვიდებას. იაკეს წარბიც არ შეუხრია. იჯდა და უსიტყვოდ აკვირდებოდა. ხვდებოდა, რაც უფრო მეტად შეეცდებოდა ახლა მის დამშვიდებას,მით უფრო ძლიერ ქარიშხალს წააწყდებოდა.
_ დაგვტოვე დაჩი!_ ისე უთხრა მეგობარს, იოსთვის თვალი არ მოუცილებია.
_ არა, ეს მე დაგტოვებთ ახლა!_ ხელში ჩაბღუჯული ყურსასმენი მუქრასავით მოუღერა ორივეს იომ.
_ დაჩი, დაგვტოვე და კარიც გაიხურე!_ უფრო ცივი ხმა ჰქონდა იაკეს. წამით ყოყმანობდა დაჩი. სულ წამით შეეპარა ეჭვი, ღირდა თუ არა ახლა მათი დატოვება. მაგრამ ბოლოს ისევ მეგობრისადმი უპირობო ნდობამ გადაწონა საღი აზრი. სწრაფად გაბრუნდა და ვერანდის კარიც გაიხურა.
_ხომ ვთქვი, არ დასრულდებამეთქი ეს ამბავი კარგად!_ ჩაილაპარაკა ანერვიულებულმა._ რანაირად გვიცნო, მაინცდამაინც ახლა?
_ მიდი თქვი რაც გინდა, გისმენ!_ თვალი გაუსწორა იაკემ იოს.
_ მისმენ?_ ხელები სულ გაეყინა იოს. თანდათან იზრდებოდა აფექტი და სიბრაზეც მასთან ერთად.
_ გისმენ!
_ არ მჭირდება შენი მოსმენა! წასვლა მინდა! _ კარისკენ გაიწია იომ.
_ რატომ ბრაზობ?_ წინ გადაუდგა იაკე.
_ მაგას მართლა მეკითხები? ამდენი ხანია მასხრად მიგდებთ და...
_ ტყუილია!
_ რაო ეგზოტიკურ ფრინველს ვგავარ?_ ძლივს ახერხებდა ხმადაბლა ლაპარაკს იო. აშკარად ერჩივნა ეტირა, ეყვირა, დაცლილიყო ნეგატიური ემოციისგან.
_ არაა მასე!_ მისი უარყოფა უარესად აგიჟებდა.
_ რატომ არ მითხარი? რატომ არ მითხარი მაშინ? იცი მაინც რას ვგრძნობ ახლა? იციმეთქი?
_ წარმომიდგენია, მაგრამ ეგ დაცინვის, მით უფრო მასხრად აგდების გამო არ მიქნია!
_ აბა რატომ ქენი? რის მიღწევას ცდილობდი? _ ახსენდებოდა იოს ყველა ის სულელური დავალება რასაც იაკე ამ ხნის მანძილზე აძლევდა, ისიც თუ როგორ ეხმარებოდა შემდე როგორც იაკე და საკუთარი უძლურება აგიჟებდა. რატომ? რატომ იყო ასეთი? ის არ კმაროდა რაც დაემართა? და ახლა ესეც უნდა გამოეცადა? ყოველთვის როგორც სჩვეოდა ემოციური ბალანსის დარღვევისას აეწვა ნაიარევი. თითები ინსტიქტურად გადაისვა მაჯაზე. მის თითებს გააყოლა იაკემ მზერა
_ ეგ რა გაქვს მანდ? რატომ გაქვს?_ სისასტიკე იყო.ახლა ამის კითხვა, მაგრამ ეს სიტყვები სახეში შემოლაწუნებას უდრიდა ისტერიკის ზღვარზე მყოფი იოსთვის.
_ ესეც იცი?_ ჩაუწყდა ხმა. საწყლად მოიბუზა. მის თვალებში დანახულმა თანაგრძნობამ მიახვედრა, რომ იაკემ კარგად იცოდა, რასაც მალავდა მაჯაზე ასხმული ვარსკვლავების მძივის მიღმა._ რა თქმა უნდა, იცი!
ჩაეცინა მწარედ. რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. დამშვიდება სცადა.
_ არავინ არ დაბადებულა ამ დედამიწაზე ჩემზე სულელი!_ ჩაილაპარაკა უცნაურად დაღლილმა.
_ უკეთ ხარ?_ ნაბიჯით მიუახლოვდა იაკე. თვალებზე მომდგარი ცრემლები ამოიწმინდა იომ. თავი დაუქნია.
_ გინდა სახლში წაგიყვანო?_ ჰკითხა იაკემ. მან თავი გააქნია უარის ნიშნად.
_ მარტო ყოფნა მინდა ახლა! ხომ შეიძლება არა?_ ჰკითხა გაუგებარი სიავით.
_ შენი ნებაა, თუ ეგ გინდა, კი!_ გვერდზე გადგა იაკე და მას გზა დაუთმო. ნელი და მძიმე ნაბიჯით ჩაუარა გვერდით იომ. ხელში უაზროდ შერჩენილი ყურსასმენიდან ყრუდ ისმოდა ის მუსიკა თვად რომ ასწავლა რამდენიმე ხნის უკან.
ნელი ნაბიჯებით ჩაიარა კიბეები იომ. შენობიდან გამოვიდა, ჰაერი ჩაისუნთქა და ფეხით დაუყვა დაღმართს.
სიარული შველიდა იოს. მანამდე ივლიდა, სანამ დაღლილობისგან ძალას არ დაკარგავდა. ივლიდა ასე უმისამართოდ. ტირილს ხომ ჯობდა? დაიღლებოდა და ამ დაღლილობით ამოცლიდა სხეულში ჩაღვრილ ცრემლების მდინარეს.
არც კი შეუმჩნევია, არც კი უგრძვნია, არც კი მოსვლია აზრად, რომ არც იმ წამს იყო მარტო. იაკე მასთან ერთად მოდიოდა. არ იყო მისთვის ძნელი მისახვედრი, რომ არ შეიძლებოდა იოს მარტო დატოვება, სწორედ იმ წამს.
ხიდზე გადავიდა და შუაში გაჩერდა. მოაჯირს იდაყვებით დაეყრდნო. ფეხის წვერებზე აიწია და გადაიხედა. წამით შეკრთა იაკე, მაგრამ არ განძრეულა. ეს მხოლოდ იოს ბრძოლა იყო. მხოლოდ მას უნდა მიეღო სწორი გადაწყვეტილება. მას თავად უნდა ეპოვნა ძალა საკუთარ თავში. ამიტომ აიძულა იაკემ საკუთარ თავს მოცდა.
ხელში შერჩენილ მობილურს დახედა იომ. მესიჯი ციმციმებდა ეკრანზე. ნელა დაეშვა ძირს. ორივე ფეხზე მყარად დადგა. მესიჯი გახსნა და სევდიანად გაეღიმა. სწრაფად აკრიფა ტექსტი.
ვიბრაციის მოკლე ხმამ გააკვირვა იაკე. მობილურს დახედა. ნემო იყო.
„ეს სახელი ყველაზე უკეთ გამოხატავს ჩემს არსებას, არაფერი, სრული სიცარიელე, კოსმოსის შავი ხვრელი, არ ვიცი, რაც გინდა ის დაარქვი და წარმოიდგინე. მე არაფერი ვარ!“
„და ახლა მე სიცარიელეს ვწერ?“ გახუმრება სცადა იაკემ.
„ ნახე ნამდვილი პორტალი უნდა გაჩვენო“ იომ ტელეფონი მღვრიე მდინარის ხიდქვეშ გაჩენილ პაწაწუნა მორევს მიუშვირა.
„ არაა ლამაზი, მაგრამ მაინც პორტალია.“ მიაწერა გაგზავნილ ფოტოს იომ.
„მეგონა გაფრენა გინდოდა, შენ ჩაყვინთვა გდომია!“ ისევ შავ იუმორს მიმართა იაკემ. ხედავდა, როგორ დამშვიდდა იო. როგორ გადაუარა აფექტმა და როგორ დაუბრუნდა სახეზე ფერი. უცებ ზურგი აქცია იომ მოაჯირს.
„ შენ მართალი ხარ! ყვინთვა არ ვიცი, ფრენა ჯობია!“ უპასუხა და ყურსასმენები კვლავ ყურზე მოირგო.
„ ფრენა იცი?“ ჰკითხა ღიმილით.
„ ვისწავლი. ფრენას რა უნდა?!“ წინ წასულს გახედა იაკემ. სულ ოდნავ აყოლებდა სხეულს იო მუსიკას და რაც ყველაზე მთავარი იყო, კვლავ იღიმებოდა. უკან აღარ გაყოლია....

იმ საღამოს როცა სახლში დაბრუნდა იაკე, დაჩიც თან მოყვა. დაჩის არ სჯეროდა მისი სიტყვების, რომ იო ცუდად არ იყო. საკუთარი თვალით სურდა ენახა. დარწმუნებულიყო, რომ ყველაფერი კვლავ ძველებურად იყო. ვერ ისვენებდა, მიზეზს ეძებდა, რომ იოსთან მისულიყო და თან ვერც ბედავდა.
იაკე დუმდა და ამიტომ თავადაც ცდილობდა მოთმინება გამოეჩინა.
„ რას აკეთებ ნემო?“_ ხელში ატრიალებდა მობილურს იაკე.
პასუხი უჩვეულოდ იგვიანებდა.
_ წამო, მაღლა ავიდეთ._ მოაფიქრდა დაჩის ბოლოს. უკვე ბნელოდა. მხრები აიჩეჩა იაკემ. ნემოს რომ ეპასუხა, სახლში დარჩენას ამჯობინებდა.
წამოდგა და კიბეზე სწრაფად ამავალ დაჩის გაჰყვა. სახურავზე გასულებს უჩვეულო სიბნელე დახვდათ. ერთმანეთს შეხედეს გაოცებით. აღარც ნაძვის ხე იყო, აღარც განათებები. ყველაფერი ისე იყო, როგორც.... როგორც ოდესღაც.... ისეთი გრძნობა გაუჩნდათ, თითქოს იოს გამოჩენიდან მთელი სიცოცხლე იყო გასული.
_ რა ხდება აქ? რატომ მოუხსნია განათება? ხვალ ახალი წელია და ახლა აიღო ნაძვის ხე? უცნაურია მისგან!_ ხელები გაშალა დაჩიმ.
_ ნაძვი მისია, უნდა აიღებს უნდა არა!_ აღარ ჰქონდა იაკეს ხმას უწინდელი თავდაჯერება. კვლავ საკუთარ წაუკითხავ მესიჯს დახედა. აშკარად რაღაც ხდებოდა. გულმა უსიამოდ გაკრა.
_ საერთოდ სახლში დაბრუნდა?_ ჰკითხა დაჩიმ.
_ აბა ნაძვი როგორ აიღო?_ მობეზრებულად გააქნია თავი მან. უცებ გარედან ჭიშკრის ხმაური მოესმათ. ორივე სახურავის შემაღლებულ კიდესთან მივიდა.
იოს სახლის წინ მომცრო სატვირთო იდგა. „ტვირთის გადაზიდვა“ ეწერა ლამაზი ასოებით. იო გამოვიდა და ჭიშკარი ფრთხილად დახურა. სახლს გახედა მოწყენილი ღიმილით. წამით ასე იდგა და რაღაცას ფიქრობდა. თვალები არ უჩანდა მაღლიდან, თანაც კეპკიანი შავი ქუდი ეხურა. შავი ფერის ჩვეულად დიდი ჰუდი და აღარც ერთი ტონი თავისი საყვარელი ყვითელი ფერის.
„ამოიხედე!“ გულში დაუყვირა იაკემ, მაგრამ მისი აღარ ესმოდა იოს.
_ მიდის?_ ხმა აერია დაჩის._ მიდის ბიჭო?
_ თავისუფალი ადამიანი, უნდა წავა, უნდა დარჩება!_ ჯიუტად აიჩეჩა იაკემ მხრები.
_ და შენ?
_ რა მე?
_ შენ არ ხარ თავისუფალი ადამიანი? შენც ხომ შეგიძლია გინდა შეაჩერო, გინდა არა?_ სიბრაზეს აღარ მალავდა დაჩი.
_ ჰმ, თავის უფალი!_ გაუგებრად დამარცვლა იაკემ. _ მისთვის დაძახება არც გაბედო დაჩი!
ხმა ცივი ჰქონდა, ცივზე უფრო უარესი გაყინული.
_ არ ხარ შენ ადამიანი!_ მუჭები შეკრა დაჩიმ. ვეღარ აიტანა მიმავალი იოს ყურება და კიდეს მოშორდა.
_ მართალია, არც ვარ!_ ირონია შეეპარა ღიმილში იაკეს. იომ მანქანის კარი გახსნა. ისევ შეყოვნდა. მერე მუჭით თითქოს ცრემლები ამოიწმინდა. ჩაჯდა და კარი მიიჯახუნა. თავი ფანჯარას მიაყრდნო. ხედავდა იაკე მის წასვლას და უნებურად დეტალებში ამახსოვრდებოდა ყველა მომენტი. იყო მის წასვლაში რაღაც ძალიან ნაცნობი.
„ამოიხედე!“ ისევ გულში გაიმეორა, მაგრამ ხმამაღლა კვლავ არაფერი უთქვამს. დეჟავიუ დაემართა. მაშინაც სწორედ ასე ებრძოდა თავს, მაშინ რომ ვერ გაბედა, სულ სინანულად მოჰყვებოდა მას შემდეგ....
მანქანა დაიძრა და მალე ქუჩის ბოლოს მიუახლოვდა.
_ ეს რა არის იაკე?_ მოესმა დაჩის ხმა. უკან შებრუნდა და მეგობარს გახედა, რომელსაც ხელში რაღაც ძალიან ნაცნობი ნივთი ეკავა. წამში მიხვდა რაც იყო. გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა თითქოს. ნელა მიუახლოვდა და კატის ნიღაბი გამოართვა დაჩის.
_ არა, შეუძლებელია!_ ქუჩას გახედა, თუმცა უკვე არაფერი ჩანდა._ არა, ისევ ასე არ მოიქცეოდა!
დიდი ხნის შემდეგ პირველად იგრძნო გულის ტკივილი.
„რადგან გული გვტკივა, ესეიგი ვსუნთქავთ, გვინდა ეს ჩვენ, თუ არა!“ გაახსენდა მის მიერ ნათქვამი სიტყვები. ნიღბის შესაკრავ თასმაზე ნაცნობი, შავი მოსაწვევი ეკიდა, ვერცხლისფერი ბრჭყვიალა სიტყვებით:
„სანამ ცოცხალი ადამიანი გქვია და სამყარო შანსს გაძლევს, ბედნიერება უნდა გაბედო!
ჩემო ყორანო... ????“

მაშინაც ახალი წლის წინა საღამო იყო.....

დასასრული......



ვე რა



№1  offline წევრი Nikea

ისეთი ნაზი და საოცრებააიყო...
იაკე და ნემო..ერთად სასწაულიიქნებოდა რაღაცა

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

საოცრებაა თქვენი ყველა ისტორია. მიყვარხართ. თქვენ ისტორიას" შეწყვიტე თოვას" ვეღარ ვნახულობ. აღარ აგრძელეებთ?სად ვნახოო?, ველოდებით

 


№3  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნინო
საოცრებაა თქვენი ყველა ისტორია. მიყვარხართ. თქვენ ისტორიას" შეწყვიტე თოვას" ვეღარ ვნახულობ. აღარ აგრძელეებთ?სად ვნახოო?, ველოდებით
სტუმარი ნინო
საოცრებაა თქვენი ყველა ისტორია. მიყვარხართ. თქვენ ისტორიას" შეწყვიტე თოვას" ვეღარ ვნახულობ. აღარ აგრძელეებთ?სად ვნახოო?, ველოდებით

მადლობა. დავასრულებ მაგასაც და დავდებ დასრულებულს.

Nikea
ისეთი ნაზი და საოცრებააიყო...
იაკე და ნემო..ერთად სასწაულიიქნებოდა რაღაცა

მადლობა, კი რაღაცნაირად საყვარელი ამბავია მიუხედავად დასასრულისა.იმიტომ ვერ დავწერე სხვა ამბები, როცა ამას ვწერდი.

 


ღმერთო ეს რა იყო,მსგავსი არაფერი წამიკითხავს,სული ამომაცალესო თითქოს...საოცრება იყო...დიდი სიამოვნებით ვნახავდი გაგრძელებას...

 


№5  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ოქტომბრის`ეული
ღმერთო ეს რა იყო,მსგავსი არაფერი წამიკითხავს,სული ამომაცალესო თითქოს...საოცრება იყო...დიდი სიამოვნებით ვნახავდი გაგრძელებას...

ჯერ მადლობა, მერე ხოო მეც მსგავსი გრძნობა მაქ, ოღონდ სიცარიელეს არა უფრო თავისუფლებას ვგრძნობ. არა გაგრძელება არ ექნება. ასე უფრო სენტიმენტალურია))))

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინო

როგორც ყიველთვის განსხვავებულად გამორჩეული ისტორია...
სულ გვერდით ყავდა ყველანაირი და მაინც ვერ იცნო...

 


№7  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნინო
როგორც ყიველთვის განსხვავებულად გამორჩეული ისტორია...
სულ გვერდით ყავდა ყველანაირი და მაინც ვერ იცნო...

მადლობა. ამბავს ყველა ისე ხედავს, როგორც თავად სურს. ალბათ. ასე მგონია მე.

 


№8 სტუმარი სტუმარი nina

საოცრება იყო, ძალიან მგძნობიარე და ფაქიზი.

 


№9  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი nina
საოცრება იყო, ძალიან მგძნობიარე და ფაქიზი.

მადლობაა, კი მგონი მასეთი იყო.

 


№10 სტუმარი სტუმარი ნესტანი

საოცარი საახალწლო ნაწარმოები იყო მომეწონა ძალიან საინტერესო...იქნებ მართლა ბედნიერება გაგვებედა მადლობა წარმატებები ველოდები ახალ ნაწარმოებებს ♥️♥️♥️????????????

 


№11  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნესტანი
საოცარი საახალწლო ნაწარმოები იყო მომეწონა ძალიან საინტერესო...იქნებ მართლა ბედნიერება გაგვებედა მადლობა წარმატებები ველოდები ახალ ნაწარმოებებს ♥️♥️♥️????????????

მადლობა, ცოტა სევდიანი განწყობა ჰქონდა, მაგრამ ახალ წელს არც სევდაა ხოლმე უცხო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent