შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დედიკოს ბიჭი ( სრულად )


8-01-2025, 17:00
ავტორი Lucien Vanserra
ნანახია 675

დუდა და მისი ოჯახი რომ გადმოვიდნენ ჩვენს უბანში საცხოვრებლად მაშინ ცამეტი წლის, არაფრით გამორჩეული, ბიჭურად თმაშეკრეჭილი, გამხდარი, ახტაჯანა გოგო ვიყავი, თბილისის ერთ-ერთ ძველ ლამაზ და წყნარ უბანში ვცხოვრობდით, ჩვენი ალაგ-ალაგ დამსკდარი, დაბზარული და უსწორმასწორო ქუჩა მაღალი, წლობით გაუსხლავი ხეებით იყო დაჩრდილული, ქუჩის ბოლოში პარკი გვქონდა სადაც მთელი უბნის ბავშვები ვიკრიბებოდით და ზაფხულის გრძელ და ცხელ საღამოებს იქ ვატარებდით ხოლმე, ყოველთვის ყველაფრის თავი მე ვიყავი, ათასი რამის მოფიქრება შემეძლო გასართობად, უამრავ უცნაურ და ხანდახან სახიფათო თავგადასავალს ვიგონებდი ხოლმე და ამიტომ ბავშვებს ძალიან ვუყვარდი...

- ნახე, ლაბაძეების სახლში ვიღაც გადმოდის, -იდაყვი გამკრა კოტემ და ქუჩის ბოლოს მდგარი დიდი, ცისფრად დარაბებ შეღებილი სახლისკენ მიმითითა, მეც რა თქმა უნდა მაშინვე მივაპყარი ჩემი ყურადღება ახალ მოსახლეებს, სხვა თუ არაფერი რამე გასართობი მაინც გამოგვიჩნდებოდა, კარგა ხანია უბანში საეჭვო სიჩუმე და სიმყუდროვე იყო გამეფებული.
- წამოდი ვუთხრათ დაგეხმარებითთქო და თან ახლოდან ვნახოთ რა ხდება, -წამოვდექ და ჩემს უკან ჯარისკაცებივით ჩამწკრივდნენ, კოტე, გიგა, მახო, ლევანი და მაიკო.
საბარგო მანქანას მივუახლოვდით და ის იყო იქვე მდგარ საშუალო სიმაღლის, ცეცხლისფრად თმაშეღებილ ქალბატონს უნდა მივსალმებოდი რომ მის გვერდით მდგარმა ჩემზე ოდნავ მაღალმა, კარგად ჩაპუტკუნებულმა ბიჭმა ჩვენკენ მოიხედა და მაინცდამაინც მე გამისწორა მზერა ალბათ იმიტომ რომ დანარჩენების წინამძღოლივით ვიდექი გაჯგიმული, არ ვიცი, მაშინ ამაზე არ მიფიქრია, იმაზე ვფიქრობდი თუ რაოდენ ლამაზი და განსხვავებული თვალები ჰქონდა, დიდი, ცისფერი, მოწმენდილი ცასავით კამკამა...

ის დღე იყო და ის დღე, იმ წუთიდან მოყოლებული რაც პირველად დავინახე დუდა ცინცაძის თვალები მას შემდეგ ცინცაძეების ოჯახის წყევლად ვიქეცი, ‘’წყევლა’’ არც თუ ისე სასიამოვნო სახელია არა? რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო დუდას დედა ასე მიხსენიებდა ხოლმე.
გადმოვიდნენ და დალაგდნენ თუ არა თითქოს რაღაც შეიცვალა ჩვენს საათივით აწყობილ და დალაგებულ უბანში, ჩვენს ქუჩაზე მეზობლებს ერთმანეთთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა არ ეზარებოდათ, კარგი სალამი და ღიმილი არ ავიწყდებოდათ, პატარ-პატარა რაღაცებზე თვალისა დახუჭვაც შეეძლოთ, მაგ: ლადო ბაბუას ქათმების კრიახს და მამლის ყივილს უყრუებდნენ, სამაგიეროდ ლადოც არ იმჩნევდა ბესარიონის და ნატალიას ძაღლების გამუდმებულ წკავწკავს, ვარვარა ბებოს მტრედები ჰყავდა სახურავზე და მათ გამო გამუდმებით კამათობდა კედლის მეზობელ გოჩასთან მაგრამ დიდი დიდი ერთი დღე თუ ძლებდნენ ხოლმე გაბუტულები, ჩვენ რაც შეგვეხება დედას კატები უყვარდა, ყოველთვის გვყავდა ორი ან სამი კატა და ერთი ძაღლი მაინც, ხშირად სტუმრობდნენ მეზობლის ეზოებს ჩვენი კატები და მათ ძაღლებს აწიოკებდნენ თუმცა ამის გამო არასდროს უსაყვედურია ვინმეს, ხანდახან თუ წამოცდებოდა რომელიმეს, შეგვჭამეს ამ ველურმა კატებმაო, ჩვენი კარის მეზობელი მანანა კურდღლებს უვლიდა და ამრავლებდა, ლუდა და ვახტანგი მწყრებზე იყვნენ შეყვარებულები და რამდენიმე წყვილი ჰყავდათ...
ყველა ყველანაირად ცდილობდა უბანში სიმშვიდის შენარჩუნებას, ხშირად ვიკრიბებოთ ხოლმე რომელიმე მეზობლის ეზოში, როცა რამე დღესასწაული იყო და ერთად აღვნიშნავდით, ერთი სიტყვით შეხმატკბილებულები ვცხოვრობდით სანამ ცინცაძეების ოჯახი გამოჩნდებოდა, ჩვენს საათივით აწყობილ ცხოვრებაში ჩაყოფდა ცხვირს და ჩვენთვის თავისი წესების თავზე მოხვევას დაიწყებდა, გადმოვიდნენ თუ არა აღმოჩნდა რომ დუდას დედას ქალბატონ თამარს საშინლად სძულდა ყველანაირი სულიერი და ვერ იტანდა ხმაურს...
დღე არ გავიდოდა პოლიცია არ გამოეძახებინა, მამლის ყივილი ან ძაღლის ყეფა მაწუხებსო, მოითხოვდა რომ ცხოველები გაგვეჩუმებინა, მოითხოვდა რომ ვარვარა ბებოს მტრედებს მისი ეზოს გავლით არ ეფრინათ, მოითხოვდა რომ ქუჩაში არ გვეთამაშა და არ გვეხმაურა, მოითხოვდა რომ ჩვენს კატებს მისი სახლის სახურავზე არ ერბინათ, მერიაში განცხადებას განცხადებაზე წერდა რომ ხეები მოეჭრათ მისი ეზოს გასწვრივ, თურმე ფოთლები აწუხებდა ქალბატონს.
ახლა ყველაფერს ასე დაწვრილებით ვყვები მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ მაშინ ნაკლებად მაინტერესებდა რამდენჯერ და რის გამო იჩივლებდა მერიაში თამარი, ბავშვები უბრალოდ ვხალისობდით მის მიერ მოწყობილ სპექტაკლებს რომ ვუყურებდით ხოლმე, ერთადერთი ვინც მაშინ მაინტერესებდა დუდა იყო...

- შეამჩნიე რა საცოდავად გვიყურებდა? -მაიკომ დედამისის გვერდით მიმავალ დუდას გააყოლა თვალი, ხელი ჰქონდა თამარს შვილისთვის ჩაკიდებული და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მიათრევდა.
- გინდა დავუძახო რომ ჩვენთან ერთად ითამაშოს? -ლევანს ყოყმანი ეტყობოდა ხმაში, იცოდა რაც მოყვებოდა მის შეთავაზებას, ქალბატონი თამარი ყველას გაგვლანძღავდა და მშობლებთან გვიჩივლებდა ჩემი ბუნჩულა, ჭკვიანი და პატიოსანი ბიჭის ჭკუიდან გადაყვანას აპირებენო, თავი გავაქნიე უარის ნიშნად.
- არ დაუძახო ცოდოა, ეჩხუბება დედამისი.
- ცოდო მაშინ არ არის მთელი დღე სახლში რომ ყავს გამოკეტილი და აიძულებს თაფლიანი და კარაქიანი პური ჭამოს? -მახო ბრაზობდა, არავის არ მოსწონდა ის თუ როგორ ექცეოდა თამარი საწყალ დუდას.
- ნუ აზვიადებ, -გიგამ უდარდელად აიქნია ხელი, -ისე ამბობ თითქოს ძალით აჭმევდეს.
- ძალიათ აჭმევს აბა რა, მთელი დღე სახლშია გამოკეტილი, აიძულებს სულ გამუდმებით იმეცადინოს და ჭამოს, მიტომაც არის მაგხელა, ჩვენთან თამაშის უფლებასაც არ აძლევს.
- ისე როგორი გაპრიალებული ფეხსაცმელები აცვია ხოლმე არა?
- თმაც როგორ აქვს გვერდზე გადავარცხნილი და როგორ უბზინავს.
- ასე თუ გააგრძელა დედამისმა მალე ორასი კილო გახდება საწყალი დუდა.

ვუსმენდი და ჩემს გონებაში ნელ-ნელა ყალიბდებოდა ოპერაცია სახელად ‘’როგორ გადავარჩინოთ დუდა’’ ახლაც არ ვიცი რატომ დავიწყე ყველაფერი, იმის გამო რომ თამარი არ მომწონდა თუ იმის გამო რომ დუდა მომწონდა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია რომ იმ დღიდან როცა ჩემს გონებაში ეს გეგმა ჩამოყალიბდა, ჩვენი სახელები დუდა და ნინუცა, სამუდამოდ გადაეჯაჭვა ერთმანეთს.
მეგობრებთან ერთად დავგეგმე თუ როგორ უნდა დავახლოვებოდი, პირველი ნაბიჯი ის იყო რომ ყველაფერი გავარკვიეთ მის შესახებ, თოთხმეტი წლის იყო, სკოლის წარჩინებული მოსწავლე, კერძო სკოლაში სწავლობდა, გიტარაზე უკრავდა, პარალელურად მათემატიკის და ჭადრაკის წრეებზე დადიოდა, ერთი სიტყვით იმდენი მოვახერხე რომ მთელი მისი გრაფიკი შევისწავლე და მშვენივრად ვახერხებდი მასთან შეხვედრას, სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა დუდა, თავიდან გაუჭირდა ჩემთან დაახლოვება, ეტყობა დედამისის რეაქციის ეშინოდა, მაგრამ მერე ნელ-ნელა გაიხსნა და შემეჩვია, როგორც ეტყობა მე ვიყავი მისი პირველი და ერთადერთი მეგობარი, ნელ-ნელა დავმეგობრდით და მერე უკვე რაკი ის დღის განმავლობაში მოპარული რამდენიმე წუთი აღარ გვყოფნიდა ურთიერთობისთვის, ღამღამობით მის საძინებელშიც დავიწყე სტუმრობა, დედა აიძულებდა ათზე შუქები ჩაექრო და დაეძინა, ველოდი ხოლმე როდის გახდებოდა ათი, სახლიდან ვიპარებოდი, დუდას სახლის ღობეზე ვძვრებოდი, მარტივად ავდიოდი მეორე სართულის აივანზე და ხშირად საათობით ვსაუბრობდით ხოლმე, როცა მისი ნდობა მოვიპოვე უკვე საკუთარ ოჯახზეც მომიყვა რაღაცები, ქალბატონი თამარი თურმე ქმარსაც ისე ჩაგრავდა როგორც შვილს, ოჯახში სრული მატრიარქატი ჰქონდათ, თურმე რამდენჯერმე სთხოვა დუდამ გარეთ გამიშვი სათამაშოდო და ისეთი რეაქცია ჰქონია თამარს უკვე ეშინოდა ხმის ამოღება, ერთხელ როცა მათემატიკის წრიდან სახლში დამაგვიანდა ისე გაბრაზდა მცემა და მას შემდეგ წრიდან თვითონ მოვყავარ ხოლმეო, გახდომა მინდოდა და არ მანებებსო, სულ ეჩვენება რომ წონაში დავიკელი და დავავადდები და ძალით მატენის პირში საჭმელსო, ხანდახან მამა ცდილობს რომ მხარი დამიჭიროს მაგრამ მასაც ეჩხუბებაო.
ძალიან მეცოდებოდა და საშინლად ვბრაზობდი რომ მის დასახმარებლად არაფრის გაკეთება არ შემეძლო, ერთადერთი რასაც ვახერხებდი მასთან ასე უჩუმრად შეპარვა და საუბარი იყო, ხოლო როცა ყველა ღრმად იძინებდა, ჩემთვის გიტარაზე უკრავდა, ჩუმად, ძალიან ჩუმად და ისეთ ლამაზ მელოდიებს... რამდენჯერმე სახლიდანაც კი გავაპარე რომ სხვა ბავშვებთან ერთად გვეთამაშა, ძალიან შევეჩვიეთ ერთმანეთს, ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი ხარო მეუბნებოდა, ასე თუ ისე ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა მანამ სანამ ერთხელ საუბრით დაღლილს მის საწოლში არ ჩამეძინა, მაშინ უკვე თექვსმეტი წლის ვიყავი, დუდა კი ჩვიდმეტის...
-
- რა გიყო აღარ ვიცი, რა გავაკეთო, -დედაჩემი გამწარებული ქოთქოთებდა და გაუჩერებლად სცემდა ბოლთას ჩვენს მისაღებში, -რა გინდა შვილო, გული უნდა გამიხეთქო? ჯერ ის არ მეყოფოდა დედამისი ყოველდღე რომ მეჩხუბება კატების გამო და ახლა შენს გამოც უნდა მეჩხუბოს?
- რა უნდა მაგ ალქაჯს ვერ გავიგე, ჩვენ უბრალოდ ვმეგობრობთ, რაც უნდა ის ქნას, მაინც არ ვიტყვი დუდასთან მეგობრობაზე უარს, რას უზამს, სულ სახლში ხომ ვერ გამოკეტავს, -გაბრაზებულმა დავიკრიფე მკლავები გულზე და ჯიქურ შევხედე ერთიანად აწითლებულს და აპილპილებულს, ერთხანს წარბაწეული მიყურებდა და ცდილობდა ღიმილი შეეკავებინა, მერე ვეღარ გაუძლო, დივანზე დაეშვა და ხმამაღლა დაიწყო სიცილი, გვერდით მივუჯექი და პატარა კნუტივით მივეხუტე.
- მადლობა დედა.
- მადლობას რატომ მიხდი?
- იმიტომ რომ დამიცავი და მშვენივრად ჩააგდებინე ენა ქალბატონ თამარს.
- აბა ეს რა ლაპარაკია ნინუცა, -მოჩვენებითი სერიოზული ხმით დამტუქსა, -რას ნიშნავს ენა ჩავაგდებინე, უბრალოდ ავუხსენი რომ არასწორად იქცეოდა, არავის მივცემ უფლებას ჩემს შვილს რაღაც საძაგლობა დააბრალოს, თუმცა...
- რა თუმცა რა, -ვიყვირე და ახლა მე წამოვხტი ფეხზე, არაფერი ცუდი არ გამიკეთებია, უბრალოდ ვსაუბრობდით და მერე ჩამეძინა.
- ვიცი პატარავ, ვიცი რომ ასე იყო, უბრალოდ ერთი რამ არ გესმის, პატარა ბავშვი აღარ ხარ, ორი კვირის წინ თექვსმეტი წლის გახდი, არ შეიძლება ასე ღამღამობით სხვის საძინებლებში იძრომიალო.
- დუდა სხვა არ არის, ჩემი მეგობარია.
- ვიცი მაგრამ წარმოიდგინე რა მოხდება ეს ყველაფერი მამაშენმა რომ გაიგოს, კიდევ კარგი სოფელშია, რომ ჩამოვა და გაიგოს ან მან ან სხვებმა...
- ჰმ, სხვებმა? თამარი ალბათ უკვე მთელ უბანს მოსდებდა იმ ამბავს რომ მისი საყვარელი შვილის შეცდენას ვცდილობდი.
- მეც ზუსტად მაგას გეუბნები შვილო, უნდა მოერიდო, ამის შემდეგ ღამე სახლიდან აღარ გახვალ და მითუმეტეს მათ სახლს აღარ მიუახლოვდები გასაგებია? ორი წლის არ ხარ რომ ვერ ხვდებოდე რას გეუბნები, ხომ ხედავ ყველანაირად ვცდილობ გაგიგო და შენც გაიგე ჩემი.
როცა მელაპარაკებოდა პირზე ღიმილი არ მოშორებია დედაჩემს თუმცა ისეთი დაღლილი სახე ჰქონდა... რაღაც უნდა მომეფიქრებინა, რამე ისეთი რომ არც დუდა დამეკარგა და არც მისთვის მეტკინა გული.
-
- რას აკეთებენ? -უზარმაზარი ჭადრის ჩრდილში მდგარ კოტეს ამოვუდექი გვერდით და ნიკაპით დავეყრდენი მხარზე.
- დუდას საძინებელზე გისოსებს აკრავენ.
- რაა? სულ გაგიჟდა ეგ ქალი? -გამწარებულმა შევიცხადე, თვალებმოჭუტულმა გადმომხედა კოტემ.
- შენს გამო რომ აკეთებენ იცი ალბათ.
- უკვე ყველამ გაიგო არა?
- დედამისი სათითაოდ უყვება ყველას როგორ წაგასწროთ ერთად საწოლში, -თითქოს უემოციოდ მითხრა კოტემ მაგრამ ვიგრძენი როგორ დაეძაბა სხეული, უნებურად სიბრაზემ შემიპყრო, თვალები ამეწვა და მზერა დამებინდა.
- შენ ხომ იცი რომ უბრალოდ ვმეგობრობთ, -ძლივს ამოვთქვი აკანკალებული ხმით.
- მე ვიცი მაგრამ ყველამ ხომ არ იცის ნინუ, მოდი რა შეეშვი მაგ ბიჭს, დაანებე თავი, არ ღირს მის გამო გაეხვე შარში, ხალხი ალაპარაკო და შენები ანერვიულო.
- ვერ დავანებებ, მეცოდება, იცი რა ცოდოა მარტო? სულ მარტოა, ჩემს მეტი არავი ჰყავს...
- ერთ რამეს გკითხავ და გულწრფელად მიპასუხე, როცა დედამისი დაგადგათ თავზე და ერთი ამბავი ატეხა, დუდამ რა გააკეთა?
- რა უნდა გაეკეთებინა?
- შენს დასაცავად რა გააკეთა? დედამისს უთხრა რამე? უთხრა რომ უბრალოდ მეგობრები ხართ? უთხრა რომ შენთან ურთიერთობა უნდა და არ დაუშალოს?
ჩავფიქრდი, კოტეს სიტყვებმა დამაფიქრა დუდას საქციელზე, როცა თამარმა კივილი ატეხა და საწოლიდან წამოგვყარა ერთი სიტყვაც არ უთქვამს ჩემს დასაცავად, იდგა კუთხეში და ყველა სიტყვაზე თავს უქნევდა, მე ვიცავდი მასაც და საკუთარ თავსაც, დუდას საერთოდ არაფერი გაუკეთებია, არადა შეეძლო გაეკეთებინა, შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია, შეეძლო ეთქვა...
- არაფერი უთქვამს მაგრამ... ეშინია კოტე, რატომ არ გესმის, დედამისის ეშინია, -ჩემს ხმაში მევე ვამჩნევდი სასოწარკვეთას, დარწმუნებული ვარ კოტეც ხვდებოდა.
- კი არ ეშინია უბრალოდ ერთი საცოდავი დედიკოს ბიჭია, -მოკლედ მომიჭრა გაბრაზებულმა, -შეეშვი ნინუცა, სანამ დროა შეეშვი, სანამ რამე უფრო სერიოზულ შარში არ გახვეულხარ მის გამო.
ვუსმენდი და თვალწინ დუდას ცისფერი თვალები მედგა, მისი წაბლისფერი თმის ხვეულები და საყვარელი გაბუშტული ტუჩები, მისი სიცილი და სიცილის დროს მარცხენა ლოყაზე გაჩენილი ღრმული... ახლა რომ ვფიქრობ იმ დროს უკვე მიყვარდა და ამაში ჯიუტად არ ვუტყდებოდი საკუთარ თავს...
-
იმ დღის შემდეგ ქალბატონი თამარი ჩემი დაუძინებელი მტერი გახდა, ქუჩაში ვეღარ გამევლო იმის შიშით ნორმალურად რომ არ წავეკბინე და ზურგსუკან რაღაც საძაგლობა არ მოეძახებინა, იმდენი მოახერხა სოფლიდან ჩამოსული მამაჩემის ყურამდეც მიიტანა ჩემი და დუდას ამბავი და მამაჩემმა გარეთ ცხვირის გაყოფა ამიკრძალა, მეგობრებმა უჩემოდ რომ მოიწყინეს ჩვენი ეზო ჩვენი შეკრების ადგილად გადაიქცა, ყველანაირად ცდილობდნენ ჩემს გართობას თუმცა დუდას ვერაფრით ვივიწყებდი, რომ წარმოვიდგენდი ის ეგოისტი ქალი რა დღეში აგდებდა...
- ნახე რა მოგიტანე, დღეს მის სახლთან რომ გავიარე ქუჩაში გადმომიგდო ფანჯრიდან, -ჰამაკში წამოკოტრიალებულს მაიკო მომიკსკუპდა და ხელში ჩუმად ჩამიდო ქაღალდის ნაგლეჯი, გავხსენი და გული სიხარულისგან ისე შემიხტა ლამის საგულედან ამომივარდა, მაშინვე ვიცანი დიდას ხელნაწერი.
‘’ ამაღამ პარკში, ბებერი აკაციის ქვეშ დაგელოდები, დედა სოფელშია წასული და ხვალამდე არ ჩამოვა’’
- უნდა რომ ამაღამ შევხვდეთ, -მაიკოს ისეთი სახით ავხედე თითქოს მისგან ველოდი პასუხს.
- ხომ იცი დედამისმა რომ გაიგოს ვერცერთი ვერ გადაურჩებით ცოცხალი.
- როგორ გაიგებს, სოფელში ყოფილა წასული.
- ეგ ისეთია გადამცემს დაუმაგრებდა სადმე შვილიკოს რომ უკეთ უთვალთვალოს, თითქოს ვინმე მოტაცებას უპირებდეს, -ჩაიხითხითა და სახლიდან გამომავალი დედაჩემისკენ მანიშნა მოდის და წერილი დამალეო.

ბევრი არ მიფიქრია და მიმსჯელია, იმ ღამით დუდასთან შესახვედრად წავედი, სახლიდან გაპარვა არ გამჭირვებია, სხვა თუ არაფერი გისოსები მაინც არ ჰქონდა ჩემს საძინებელს, ძალიან მარტივად გავაღე ფანჯარა, კედლიდან ბაღში ჩავცოცდი, ღობეზე გადავძვერი და ქურდულად წელში მოხრილი გავუყევი ნახევრად ჩაბნელებულ ტროტუარს...




- რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, -ყურებამდე გაკრეჭილები მიმღეროდნენ დაბადების დღის სიმღერას, თვალცრემლიანი შევყურებდი ეკრანს, ყველანი იქ იყნენ, მაიკო, კოტე, მახო, გიგა და ლევანი.
- მადლობა ბავშვებო, ძალიან გამახარეთ, -თვალებზე მომდგარ ცრემლს ვერაფერი რომ ვერ მოვუხერხე მუჭით მოვიწმინდე.
- ვინ გახდა ოცდაორი წლის ვინო, -ენა მომიჩლიქა მახომ და მერე თავისი დიდი ტუჩები მოაკრა ეკრანს, -მოგვენატრე პატარავ, როდის აპირებ ჩამოსვლას.
- იქნებ ამ ზაფხულს როგორმე მოვახერხო და...
- იქნებ რას ნიშნავს? -მაიკომ გაბრაზებულმა შემაწყვეტინა სიტყვა, -ექვსი წელია საფრანგეთში ხარ, ექვსი წელია ორი დღითაც კი არ ჩამოსულხარ საქართველოში, კიდევ რამდენ ხანს აპირებ დამალვას.
- გეყოფა, -კოტემ ხელი გადახვია და ტუჩის კუთხესთან ახლოს რომ მიაკრო ტუჩები გაცოფებულს და მაიკოც ლამის რომ ჩაადნა მკლავებში გაოცებისგან შეძახილი აღმომხდა.
- მოიცა, თქვენ... თქვენ რა ერთად ხართ?
- უკვე სამი თვეა ერთად ვართ და ათასში ერთხელ რომ არ გახსენდებოდეთ შენც გეცოდინებოდა, -ისე მომახალა მაიკომ არც დაფიქრებულა როგორ მატკენდა მისი სიტყვები გულს, სკაიპი ისე გავთიშე არცერთს არ დავმშვიდობებივარ, ჭიქაში წითელი ღვინო ჩამოვისხი, აივანზე გავედი, სარწეველა სავარძელში მოვკალათდი და თვალები დავხუჭე, თვალწინ შენელებული კადრებივით ჩამიქროლა ძველმა დრომ...

- რა კარგია რომ მოხვედი, -აკაციის ქვეშ მდგარი დუდა დამფრთხალი აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით, ეშინოდა თუმცა ცდილობდა არ შეემჩნია, ისეთი საყვარელი იყო ვერ მოვითმინე და ჩავეხუტე.
- მომენატრე, დარეკვასაც ვერ ახერხებ ხოლმე? -საყვედურივით გამომივიდა, თმაში შემიცურა თითები და ფრთხილად, ძალიან ფრთხილად მაკოცა შუბლზე, მეუცხოვა მისგან ასეთი სითამამე თუმცა არაფერი მითქვამს, უფრო მაგრად მოვეხვიე და გავყუჩდი.
- რაღაც უნდა გითხრა, -ხმა უთრთოდა, ვგრძნობდი როგორ უჭირდა იმის თქმა რის თქმასაც აპირებდა, დაახლოებით მივხვდი რაც ხდებოდა, მკლავები მოვაშორე და ორი ნაბიჯით უკან დავიხიე, მზერა გავუსწორე მხრებაწურულს.
- მითხარი ბოლოს და ბოლოს.
- დედამ და მამამ ილაპარაკეს გუშინ, შემთხვევით მოვუსმინე მათ საუბარს, დედა ამბობდა თუ იმ გოგოს ვერ მოვაშორებთ რუსეთში წავალ ჩემს ძმასთან და დუდასაც თან წავიყვანო.
- მერე? -ნაძალადევად გავიღიმე, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ყელში რაღაც დიდი და ეკლიანი გამეჩხირა და სუნთქვას მიშლიდა.
- მერე ის რომ მართლა წამიყვანს, შენ არ იცი ბიძაჩემი როგორია, ნამდვილი სადისტია, დედაჩემი მონაგონია ისეთი წესები აქვს სახლში დაწესებული.
- ანუ გინდა მითხრა რომ თავი დაგანებო? შენც დედაშენივით ფიქრობ რომ ცხოვრებას გირთულებ? იქნებ ამდენი ხანი ვცდებოდი და სულაც არ გინდოდა ჩემთან ურთიერთობა, ყველაფერს მე გახვევდი თავზე? ამბობ რომ ყველაფერი ჩემი ბრალია? ჩვიდმეტი წლის ხარ დუდა, სადაცაა თვრამეტის გახდები, როდემდე აპირებ ასე ცხოვრების გაგრძელებას, როდესმე ხომ უნდა შეძლო ხმის ამოღება და იმის გაკეთება რაც სინამდვილეში მოგწონს, როდესმე ხომ უნდა შეძლო დედიკოს ბიჭის როლიდან გამოსვლა.
- გამწარებული ისე ვახლიდი სახეში სიტყვებს იმაზე არც მიფიქრია როგორ ვტკენდი გულს, ერთ ადგილზე იდგა მუშტებშეკრული, ნიკაპი უცახცახებდა და თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.
- მომისმინე, ყველაფერი არასწორად გაიგე, მე სულ სხვა რაღაცის თქმა მინდოდა, ძალიან გთხოვ ნინუცა, უბრალოდ ორი წუთით მომისმინე კარგი, მე...

ისეთმა კივილმა შეგვაწყვეტინა საუბარი ერთი წამით ყურებზე ავიფარე ხელები რომ არ დავყრუვებულიყავი, დაფეთებულები მივბრუნდით მე და დუდა პარკის შემოსასვლელისკენ სადაც თმაგაჩეჩილი და სახედახოკილი თამარი იდგა და ისე მიყურებდა ალბათ დიდი სიამოვნებით გამგლეჯდა შუაზე, იმის მაგივრად რომ გავქცეულიყავი, შიშისგან პირდაღებული დუდა შევათვალიერე დაკვირვებით, მგონი მაიკო მართალი იყო როცა ამბობდა დედამისი გადამცემს დაუმაგრებდაო.
- ბოდიში არ ვიცოდი რომ უნდა ჩამოსულიყო, -ძლივს ამოილუღლუღა დუდამ და თვალი ამარიდა, სირბილით წამოვიდა ჩვენკენ თამარი, სუაში ჩაგვიდგა და დუდას ხელი ჩაავლო, სასაცილოდ გაბზიკა თითი და მკერდზე მომადო.
- მე შენ რა გითხარი ჩემს შვილს არ გაეკაროთქო, რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო, რით ვერ გაიგე რომ დუდა ჩემია, მხოლოდ ჩემი და არ ვაპირებ ვინმეს დავუთმო.
იმის მაგივრად რომ მასზე გავბრაზებულიყავი შემეცოდა, ამ ქალს აშკარად რაღაც რიგზე ვერ ჰქონდა თავში, სამკურნალო იყო თანაც სერიოზულად, დუდა ისევ არაფერს ამბობდა, ერთი სიტყვაც არ უთქვამს ჩემს დასაცავად, არ უთქვამს რომ თვითონ დამიბარა იქ, შემზარა მისი ასეთის, შეშინებულის და უძლურის დანახვამ, თავი საშინლად ვიგრძენი.
- თქვენია და თქვენი იყოს, შეგიძლიათ წაიყვანოთ, -უგულოდ გამოვცერი კბილებში და შევბრუნდი.
- იცოდე ხვალ ყველაფერს ვეტყვი დედაშენს და მამაშენს, -დამემუქრა და თან ნიშნისმოგებით ჩაიცინა.
- იცინის ის ვინც ბოლოს იცინის ქალბატონო თამარ, -მივაძახე და სირბილით წავედი სახლისკენ, იმის მიუხედავად რომ დუდას საქციელმა საშინლად მატკინა გული მაინც არ ვაპირებდი უკან დახევას, იმდენს მაინც ვიზამდი რომ თამარი გამემწარებინა თანაც ისე რომ კარგა ხანს ვერ მოსულიყო გონს.

სამწუხაროდ მეორე დილასვე ჩამეყარა წყალში შურისძიების გეგმები, თამარი გვესტუმრა და დედას ყველაფერი მოახსენა, ცოტა შეალამაზა, ცოტა გააზვიადა, ერთი სიტყვით ქვეყნის დამაქცევარი, ცუდი ყოფაქცევის მქონე გოგო გამოიყვანა ჩემგან, ჩემს მშობლებს ეჩხუბა, დაემუქრა კიდეც, თქვენ კიდეც რომ არაფერი გააკეთოთ ისე ვიზამ თავბედს ვაწყევლინებ, სიცოცხლეს გავუმწარებო უთხრა, მოკლედ რომ გითხრათ, ბევრი ჩხუბის და დავიდარაბის შემდეგ, დედამ შემიკრა ბარგი და დეიდაჩემთან გამიშვა საფრანგეთში, მას მერე აღარაფერი მსმენია დუდას შესახებ, მეგობრებს მის შესახებ საუბარი კატეგორიულად ავუკრძალე, სოციალური ქსელები გავაუქმე და ტელეფონზეც კი ყველა უცხო ნომერი დავბლოკე, თავიდან მაიკოს ჰქონდა მცდელობები მასზე რამე მოეყოლა მაგრამ ისეთი რეაქცია მქონდა შემეშვა, ბიჭებსაც ვეჩხუბე რამდენჯერმე როცა მასზე დააპირეს სიტყვის ჩამოგდება, ყველა და ყველაფერი დავბლოკე რასაც ჩემთვის მისი გახსენება და კიდევ ერთხელ გულის ტკენა შეეძლო.
ვბრაზობდი მასზე? არ ვიცი, რაც დრო გადიოდა და უფრო და უფრო უკეთ ვუფიქრდებოდი და ვაანალიზებდი მაშინდელ მოვლენებს მით უფრო მეტად შევდიოდი დუდას მდგომარეობაში, მენატრებოდა კიდეც, ხანდახან ისე ძალიან რომ ტირილამდეც კი მივსულვარ, თუმცა არასდროს მიცდია მასთან დაკავშირება, ალბათ კიდევ ერთ იმედგაცრუებას თუ ვერიდებოდი.
რამდენიმე გრძელი, ძალიან გრძელი წელი გავატარე საფრანგეთში, დღისით სრულიად ჩვეულებრივი გოგო ვიყავი, არაფრით გამორჩეული, დროდადრო მხიარული, დროდადრო სევდიანი გოგო, თუმცა როცა ღამდებოდა და ჩემს თავთან მარტო ვრჩებოდი, ვერაფრით ვახერხებდი მოგონებებისგან თავის დაღწევას, მეგონა დროთა განმავლობაში ჩემს მეხსიერებაში არსებული დუდას სახე გაფერმკრთალდებოდა და დავიწყებას მიეცემოდა თუმცა გაფერმკრთალების ნაცვლად ყოველ ღამე უფრო და უფრო მკვეთრად და ნათლად ვხედავდი სიზმარში მის ცისფერ თვალებს და მბზინავი, წაბლისფერი თმის ხვეულებს...
- ნეტავ ახლა როგორ არის? -ღვინო მოვსვი და უნებურად გამეღიმა მისი წითელი ლოყები და მორცხვი გამოხედვა რომ გამახსენდა, ყოველთვის ისე მიყურებდა ხოლმე თითქოს ზეციდან დედამიწაზე სპეციალურად მისთვის ჩამოსული სასწაული ვყოფილიყავი, ნეტავ თუ ვახსოვარ, ახლა უკვე ოცდასამი წლისაა, სადაცაა ოცდაოთხის გახდება, შეიძლება ცოლიც კი ჰყავს, ისეთი გოგო თამარს რომ მოეწონება, ფინია ძაღლივით თვინიერი და მორჩილი, ისეთი მის სიყვარულში რომ არ შეეცილება.
- რა სისულელეებზე ფიქრობ ნინუცა, -ხმამაღლა შევუძახე საკუთარ თავს და დარჩენილი ღვინო ერთი მოსმით გამოვცალე, -ამ ყველაფერს სჯობს წახვიდე და ბილეთები შეუკვეთო.
-
ჩვეულებრივი, დახუთული და უჰაერო, მზიანი დღით შემეგება თბილისი, არავისთვის მითქვამს რომ ჩამოვდიოდი, ბარგი ტაქსამდე ძლივს მივათრიე და მისამართი ვუკარნახე, უემოციოდ ვათვალიერებდი ნაცნობ და გვარიანად შეცვლილ ქუჩებს, სახლამდე ისე მივედი ერთხელაც არ გამიღიმია, დაძაბული ვიყავი, ისიც კი არ ვიცოდი დუდა და მისი ოჯახი ისევ ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობდნენ თუ არა და თუ არაფერი შეცვლილა? ნეტავ რა რეაქცია მექნებოდა როცა შევხვდებოდი ან მას რა რეაქცია ექნებოდა...
- მოვედით შვილო, -მძღოლმა პირდაპირ ჩემს ჭიშკართან შეაჩერა ტაქსი, ჩემოდნები გადმოვალაგე და ის იყო უნდა შევსულიყავი რომ ნაცნობი, საძულველი ხმა მომესმა.
- ნინუცა ნუთუ ეს შენ ხარ?
ღრმად ჩავისუნთქე სახეზე ნაძალადევი ღიმილი ავიკარი და შევბრუნდი, ჩემს წინ ქალბატონი თამარი იდგა და ისე საყვარლად მიღიმოდა კარგად რომ არ მცნობოდა ვიფიქრებდი რომ მართლა მოვენატრე, გვერდს საშუალო სიმაღლის, გამხდარი შავთმიანი გოგო უმშვენებდა, ის იყო პირი გავაღე მისასალმებლად რომ მეცა და ჩამეხუტა, გაოგნებული, ხელებგაშლილი გავშეშდი.
- გამარჯობა, -ძლივს ამოვღერღე როცა როგორც იქნა მომშორდა.
- გამარჯობა საყვარელო, რა კარგია რომ გნახე, როგორ გალამაზებულხარ და გაზრდილხარ, ყველას ძალიან მოგვანატრე თავი, -მთლად სითბოდ დაიღვარა თამარი.
- კარგი, ახლა ჯობს თუ სახლში შევალ, ძალიან დავიღალე, -ისევ შებრუნება დავაპირე თუმცა არ დამანება.
- მოიცადე, ჩემი სარძლო უნდა გაგაცნო, ანა მოდი აქ, -მოშორებით მდგარ გოგოს დაუძახა და მანაც მაშინვე მოირბინა, ჯერ კიდევ შოკში ვიყავი ხელი რომ ჩამოვართვი.
- სასიამოვნოა, -გამიღიმა ანამ და ძალად გულუბრყვილო მზერით შემათვალიერა, მაშინვე მივხვდი რომ დაუსწრებლად მიცნობდა.
- ანა და დუდა შეყვარებულები არიან, მალე ნიშნობა ექნებათ და მერე ქორწილიც, -ენად გაიკრიფა თამარი, -შენც აუცილებლად დაგპატიჟებთ, ხომ მოხვალ?
- რა თქმა უნდა მოვალ, მაგ ღირშესანიშნავ მოვლენას როგორ გამოვაკლდები, -გულითადად გავუღიმე და არ გამჭირვებია მის მზერაში გამკრთალი ეჭვის შემჩნევა, აშკარად იმაზე იმტვრევდა თავს ჩემგან რა უბედურება იყო მოსალოდნელი.
ერთხანს კიდევ შემაყოვნა, მერე კი დამემშვიდობა და მომავალ რძალთან ერთად სიცილ-სიცილით გაუყვა გზას, ვუყურებდი და ჩემში ნელ-ნელა იღვიძებდა ის დავიწყებული ბრაზი, ისე როგორ მოვისვენებდი მისთვის სამაგიერო რომ არ გადამეხადა ჩემი დაკარგული წლების და თეთრად გათენებული ღამეების გამო.
- იცინის ის ვინც ბოლოს იცინის ქალბატონო თამარ, -გამწარებულმა ჩავიბურტყუნე და კარი შევაღე.
-
- შე უსინდისო, როგორ არ გაგვაფრთხილე რომ ჩამოდიოდი, -მაიკო ცოცხალი თავით არ მიშვებდა ხელს, კალთაში მეჯდა და სხვებს მოახლოების საშუალებას არ აძლევდა.
- მიგვიშვი ჩვენც ბოლოს და ბოლოს, -მახომ ძალით ამაგლიჯა მაიკო, მერე ჰაერში ამაფრიალა და გულში ჩამიკრა, ასე ხელიდან ხელში გადავდიოდი სანამ ყველა არ მოვისიყვარულე, ჩემს ეზოში ვიყავით შეკრებილები, მამა ჯერ არ იყო სამსახურიდან მოსული, გახარებული დედაჩემი კი ხაჭაპურს გვიცხობდა.
- იმედია ორ დღეში არ გაიქცევი უკან, -ლევანი თმაზე მეფერებოდა და თან გამალებით პასუხობდა ტელეფონზე მოსულ შეტყობინებებს.
- ვის წერ ასეთს რომ ორი წუთით არ გასვენებს, ეკრანს გადავხედე თუმცა მაშინვე გათიშა და ჯიბეში ჩაიდო, მერე კი კოტეს გადახედა და რაღაც ანიშნა, საინტერესო იყო რას მიმალავდნენ თუმცა ამის გარდაც ბევრი საფიქრალი და სადარდელი მქონდა, მაგალითად ის თუ როგორ გამემწარებინა ქალბატონი თამარი, უნებურად საკუთარ ბოროტულ აზრებზე თავადვე გამეცინა.
- რა გჭირს კარგად ხარ? რა გაცინებს? -გიგა ისეთი სახით მიყურებდა მგონი ფიქრობდა საფრანგეთიდან გადარეული დაგვიბრუნდა მეგობარიო.
- რა მჭირს და თამარის გამწარების რამდენიმე ხერხი წარმოვიდგინე, -გულიანად ჩავიხითხითე გაცოფებული თამარის სახე რომ დამიდგა თვალწინ.
- კიდევ არ გადაგიარა ბრაზმა? -მაიკომ მრავალმნიშვნელოვანი მზერით გადახედა კოტეს.
- აღარც მახსოვდა მაგრამ დღეს მოვედი თუ არა თარსი კატასავით დამხვდა ჭიშკართან და მომიშხამა ნერვები, ისე მეცა და ჩამეხუტა თითქოს კვდებოდა ჩემი მონატრებით, მერე ის ყალბი ვითომ მეამიტი და საყვარელი თოჯინა გამაცნო, ჩემი სარძლოაო, თურმე მალე ნიშნობა და მერე ქორწილი აქვს ბატონ დუდას სადაც საპატიო სტუმრად ვარ დაპატიჟებული, სადღაც ჯანდაბაში ვიყავი გადახვეწილი ამდენი წელი, ერთი დღეც არ გასულა რომ მასზე არ მეფიქრა და ის მშვენივრად ატარებს აქ დროს, დარწმუნებული ვარ ერთხელაც არ გავხსენებივარ, მომინდომა ცოლი და კარგი ცხოვრება, დამპალი, უსინდისო მოღალატე, გაიძვერა, ოოოჰ როგორ ვერ ვიტან რომ იცოდეს...
მაშინღა შევწყვიტე მონოლოგი როცა შევამჩნიე რომ ეზოში ჩემს გარშემო სამარისებური სიჩუმე იდგა, პირდაღებულები ისხდნენ და მიყურებდნენ, მერე კი ერთბაშად დამესხნენ თავს.
- აბა დუდას სახელის გაგონება არ მინდაო?
- აკი ყველა სოციალური ქსელი იმიტომ გააუქმე რომ არ გინდოდა შემთხვევით მის ფოტოს წაწყდომოდი სადმე.
- ტელეფონის ნომერსაც ხომ მაგიტომ ცვლიდი წამდაუწუმ, ჩემთან დაკავშირება არ სცადოსო.
- გვემუქრებოდი არ მიხსენოთ თორემ დაგხოცავთ და მერე სამუდამოდ დაგემდურებითო.
- უფლებას არ გვაძლევდი მასზე რამე მოგვეყოლა.
- გვაჩუმებდი როგორც კი მის სახელს ვახსენებდით.
- მეზიზღებაო გვიმტკიცებდი და თურმე გიყვარს.
- ნინუცა, მართლა გიყვარს დუდა? -მაიკო გვერდით მომიჯდა გახევებულს და მხარზე მომხვია ხელი, უხეშად მოვიშორე და წამოვდექი.
- იცოდეთ თუ ვინმესგან კიდევ გავიგებ ერთ სიტყვას მაინც მის შესახებ მართლა შემომაკვდებით, რაც მოისმინეთ დაივიწყეთ, არაფერი მითქვამს გასაგებია? -წარბაწეულმა გადავხედე უცნაურად მომღიმრებს, ძლივს ვიკავებდი თავს რომ ტირილი არ დამეწყო, შევბრუნდი და ნელი ნაბიჯით წავედი სახლისკენ, უკან არ გამომყოლიან, საძინებელში შევედი, კარი და ფანჯარა საგულდაგულოდ დავგმანე, საწოლზე პირქვე დამემხე და მთელი ხმით ავღრიალდი...
-
- ადექი, მაიკო მოვიდა, -დედაჩემმა საძინებლის კარი შემოაღო და ისე ჩამყვირა ყურში საწოლში შევხტი შეშინებული.
- მოვიდა და მოვიდეს მერე, რატომ არ შემოდის? -ბურტყუნ-ბურტყუნით წავიფარე თავზე საბანი.
- ეზოში გელოდება რაღაც სერიოზული საქმე მაქვსო, ისე ნეტა რა საქმე აქვს ასეთი საიდუმლო რომ ჩემთან ერთად არ ითქმის, -ჩვეულებისამებრ ქოთქოთით გაიხურა კარი, სხვა რა გზა მქონდა, გამოვფხიზლდი, ჩავიცვი და მთქნარებით გავედი ეზოში, ჰამაკში იჯდა მაიკო და უდარდელად აქანავებდა ფეხებს.
- მოდი დაჯექი, -ხელი დამიქნია მომღიმარმა, გვერდით მივუჯექი ად მხარზე დავადე თავი.
- რა ხდება, ამ დილაუთენია რისთვის წამომახტუნე ფეხზე.
- მოდი პირდაპირ გეტყვი კარგი? დღეს საღამოს დუდას ნიშნობაა.
- მერე?
- რა მერე? სულ ეს არის შენი რეაქცია? საერთოდ არ გაგიკვირდა?
- ისე სიმართლე რომ გითხრა ცოტა კი გამიკვირდა, გუშინ მითხრა თამარმა მალე ექნებათ ნიშნობაო მაგრამ ასე მალე ნამდვილად არ ველოდი.
- ეტყობა შენ რომ დაგინახა სპეციალურად დააჩქარა.
- მე რა შუაში ვარ?
- კარგი რა ნუნუცა, არ მოგბეზრდა თავის მოსულელება? -ხმაში სიბრაზე გაერია მაიკოს, -ყველაფერს მშვენივრად ხვდები, თამარმა კარგად იცის დუდას გრძნობები შენს მიმართ და ამიტომ ეშინია, ამიტომ ჩქარობს ასე ძალიან, უნდა რომ რაც შეიძლება მალე შეტენოს ის გოგო და...
- გრძნობები? გრძნობები ახსენე თუ მომესმა? -ფეხზე წამოვხტი და აღელვებულმა გავუსწორე მზერა, -საიდან მოიტანე რომ დუდა ჩემს მიმართ საერთოდ რამეს გრძნობს, ალბათ არც ვახსოვარ, იმდენი დრო გავიდა...
- შენ თუ ამდენი ხანი არ დაგვიწყებია, რატომ არ შეიძლება მასაც ეფიქრა შენზე, შენ თუ გიყვარს...
- არ მიყვარს, -უხეშად გავაწყვეტინე სიტყვა, -არ მიყვარს და ვერ ვხვდები რის თქმას ცდილობ.
- როგორც უკვე გითხარი, დღეს საღამოს აქვთ ნიშნობა, თუ სწორად მახსოვს გუშინ თქვი რომ თამარმა დაგპატიჟა.
- კი, მითხრა მოდიო.
- ჩვენც, ყველანი დაპატიჟებულები ვართ.
- ვერ ვხვდები...
- აუცილებლად უნდა წამოხვიდე.




ნიშნობის წვეულება თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ძვირადღირებულ რესტორანში იმართებოდა, არ გამკვირვებია როცა მაიკომ მისამართი მითხრა, ქალბატონი თამარი ნამდვილად არ დასჯერდებოდა ამაზე ნაკლებს, იქნებ არ წახვიდეო მიტრა დედამ როცა საგულდაგულოდ გამოპრანჭული გავდიოდი სახლიდან, მამამც რაღაცნაირად უცნაურად გადმომხედა...
- მოვედით, -ლევანმა ავტომობილი გააჩერა და გადავიდა რომ ჩემთვის კარი გაეღო, გვერდით ამოვუდექი და შენობა შევათვალიერე, ბინდდებოდა...
- მაინც ვერ ვხვდები თამარმა ყველა რატომ დაგპატიჟათ? -ვკითხე და დავინახე როგორ ჩაეღიმა.
- თამარმა კი არა დუდამ დაგვპატიჟა, დარწმუნებული ვარ თამარმა არ იცოდა რომ უნდა მოვსულიყავით, ახლა ალბათ გაცოფებულია, დუდამ...
- რატომ? -ჩაფიქრებულმა შევაწყვეტინე სიტყვა.
- რა რატომ?
- რატომ დაგპატიჟათ? როდის აქეთია მასთან ასეთი ახლო და მეგობრული ურთიერთობა გაქვთ.
- ჩვენთვის მასზე ლაპარაკი და მისი ხსენება რომ არ აგეკრძალა ახლა ეს კითხვები არ გაგიჩნდებოდა, -ცოტა არ იყოს ნაწყენმა მითხრა და მერე შენობიდან გამომავალ მაიკოს დაუქნია ხელი.
დამაფიქრა მისმა სიტყვებმა, ვინ იცის რამდენი საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ მქონდა გამოტოვებული ჩემი სიჯიუტის გამო, ვინ იცის რა იქნებოდა მე რომ ჩემი თავმოყვარეობისთვის გადამებიჯებინა და ასე ცივად და უგულოდ არ მოვქცეოდი დუდასაც და საკუთარ თავსაც, რას ვაკეთებდი აქ, რა ჯანდაბა მინდოდა მის ნიშნობაზე, არა, ამის ატანას ნამდვილად ვერ შევძლებდი...
- როგორც იქნა მოხვედით, -მაიკომ ხელი ჩამკიდა და საყვარლად შემომღიმა, -ულამაზესი ხარ ნინუცა, ძალიან კარგად გამოიყურები, წამოდი შევიდეთ, დანარჩენები უკვე იქ არიან.
- ისიც?
- ისიც და მისი საცოლეც.
- მე... მე ჯობს თუ წავალ, არ უნდა მოვსულიყავი, რა სისულელეა, აქ რა მინდა, -დაბნეულმა დავიწყე ბუტბუტი და უკან დავიხიე.
- არავითარ შემთხვევაში, -ლევანმა გაბრაზებულმა ჩამავლო ხელი, -უფლებას აღარ მოგცემთ პატარა თავქარიანი გოგოსავით მოიქცე, ახლა წამოხვალ და საკუთარ წარსულს მამაცურად გაუსწორებ თვალს, გესმის რას გეუბნები?
- მესმის, -საცოდავად ამოვიკნავლე და თავი დავუქნიე.
-
დარბაზში საკმაოდ სასიამოვნო სიტუაცია დაგვხვდა, მშვიდი მუსიკა უკრავდა, ყველაფერი ყვავილებით იყო გაფორმებული და სასიამოვნო სურნელი იდგა ირგვლივ, ყურადღებით მოვათვალიერე ყველა კუთხე და კუნჭული, ბევრი ნაცნობი სახე იყო თუმცა...
- ხომ მითხარი რომ აქ იქნებოდა, აბა სად არის, -გადავულაპარაკე ლევანთან საუბარში გართულ მაიკოს, ისეთი სახით შემომხედა თითქოს მეუბნებოდა რამ დაგაბრმავაო, მერე იქვე მდგარ ბიჭებზე მანიშნა.
- აი იქ დგას, შეხედე თეთრი პერანგი რომ აცვია ისაა.
ყურადღებით შევათვალიერე სამი ბიჭი, მათგან მხოლოდ ერთს, ჩემგან ზურგით მდგომს ეცვა თეთრი პერანგი და ის ვერაფრით ვერ იქნებოდა დუდა, მაღალი იყო, ტანადი, ფართო მხრებით და წვრილი წელით, პერანგი იდაყვებამდე ჰქონდა აკეცილი და ძლიერი, დაძარღვული მკლავები უჩანდა, მოკლედ შეჭრილი წაბლისფერი თმა ჰქონდა...
- მაიკო, არ არის იქ დუდა, -იდაყვი გავკარი და ბიჭებზე მიშტერებულმა დავინახე როგორ შემომხედა ერთ-ერთმა, როგორ გაუფართოვდა თვალები გაკვირვებისგან და როგორ ანიშნა რაღაც თეთრპერანგიანს, ისიც მაშინვე შემობრუნდა ჩემკენ და ახლა ჩემი გაოცების და პირის დაღების დრო დადგა.
- დუდა, -ჩემდაუნებურად აღმომხდა მისი სახელი, საოცრად იყო შეცვლილი თუმცა თვალები ძველებურად ულამაზესი ჰქონდა, მოწმენდილი ცასავით კრიალა ცისფერი, გამიღიმა და ლოყაზეც ისევ ძველებურად გაუჩნდა პატარა, საყვარელი ღრმული, საოცრად სიმპათიური იყო, გაზრდილი, მამაკაცური, ერთხანს სითბოჩამდგარი თვალებით მიყურებდა და მერე მხრებში გაშლილი, მტკიცე ნაბიჯებით წამოვიდა ჩემკენ, ინსტიქტურად დავიხიე უკან და კოტეს დავეჯახე.
- გაპარვას აპირებ ქალბატონო? -ჩამჩურჩულა ყურში, -ცოტაც მოიცადე და წავალთ ყველა ერთად.
- გამარჯობა, -ჩვენთან მოახლოებული დუდა ერთი წამითაც არ მაშორებდა თვალს, ენაჩავარდნილი ვიდექი, მისალმებაც კი ვერ მოვახერხე, პირი გამიშრა და სუნთქვა ამიჩქარდა, ვიგრძენი როგორ მეხვეოდა თავბრუ და კოტეს მკლავს ჩავეჭიდე მთელი ძალით.
- მადლობა რომ მოხვედით, ძალიან გამახარეთ, -ღიმილით მოგვმართა და მერე დარბაზი მოათვალიერა, -წავალ ჩემს ძვირფას საცოლეს მოვძებნი თორემ თამარი გაგიჟდება ამდენი ხანი მარტო რომ დავტოვე.
თვალები მაგრად დავხუჭე წამით და ვეცადე ღრმად ჩამესუნთქა ჰაერი, აივანზე გავალთქო გადავულაპარაკე კოტეს და არეული ნაბიჯებით წავედი გამოღებული კარისკენ საიდანაც გრილი ნიავი შემოდიოდა დარბაზში, გრილოდა აივანზე, მოაჯირს დავეყრდენი თვალდახუჭული.
- როგორი იყო პარიზში ცხოვრება, ღირდა ჩემს დავიწყებად? -მისი ხმა მომესმა და მერე ძლიერი ხელების მოხვევა ვიგრძენი წელზე, მკერდზე ამიკრა ზურგით და მოშიშვლებულ მხარზე მომაკრო ტუჩები, -ნუთუ საერთოდ არ გენატრებოდი, -თბილი, ვნებიანი და მაცდური იყო მისი ხმა, მისი სურნელი კი ისევ ისეთი ღვთაებრივი როგორიც ადრე, მაშინ როცა...

ფეხებში უცნაურ სისუსტეს ვგრძნობდი, ისე ვიყავი მოდუნებული და მოთენთილი, ალბათ ხელი რომ გაეშვა ჩემთვის ძირს გავიშხლართებოდი, ფრთხილად შემოვტრიალდი მის მკლავებში და ქვემოდან ავხედე ჩემკენ დახრილს, გაჭირვებით გავუსწორე მზერა, ტუჩები შეხსნა, გამიღიმა და ქათქათა კბილები გამოაჩინა, თვალები ეშმაკურად უციმციმებდა და უფრო და უფრო მჭიდროს მიკრავდა სხეულზე.
- არაფერს მეტყვი? მახსოვს რომ ძალიან გიყვარდა საუბარი, ყოველთვის შენ ლაპარაკობდი და მე გისმენდი, იცი როგორ მიყვარდა შენი მოსმენა? -თვალებში მიყურებდა და თავისი საოცარი ხმით ჩემს გაბრუებას აგრძელებდა, ხელი ასწია და ნაზად შემეხო ლოყაზე, ფრთხილად, ძალიან ფრთხილად მეფერებოდა სახეზე, ისე თითქოს ეშინოდა ხელში არ შემოვტყდომოდი, სიტყვები არ მეყოფა იმის გადმოსაცემად რასაც ვგრძნობდი მასთან ასე ახლოს მყოფი, მის მკლავებში მოქცეული და მისი სითბოთი გარემოცული, მთელი სხეული მითრთოდა და გონის დაკარგვამდე მინდოდა, იმ ვარდისფერ, ოდნავ გაბუშტულ ტუჩებზე შევხებოდი, გაუცნობიერებლად მოვილოკე ტუჩები ენით და როცა მისი შეხება ვიგრძენი, მივხვდი ჩემი სურვილი მისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა...
გატაცებით მკოცნიდა, ნელ-ნელა მაგემოვნებდა, თითქოს ცდილობდა ბოლომდე შეეგრძნო ის სიამოვნება რასაც ჩემი შეხებისგან იღებდა და მეც საშუალებას მაძლევდა მის შეხებას შევჩვეოდი, ეს რაღაც სასწაული იყო, საოცრება თუმცა სადღაც გულის სიღრმეში ჩემს თავზე ვბრაზობდი რომ ასე ადვილად დავნებდი ამ მიზიდულობას და წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოვახერხე...
- გამიშვი, გეყოფა, საკმარისია, -როდის, როდის გონს მოსული ძლივს დავუსხლტი მკლავებიდან და მოაჯირს მივეყრდენი სუნთქვა აჩქარებული, თვითონ არ განძრეულა, ჩემს წინ ორი ნაბიჯის დაშორებით იდგა და ისეთი მზერით მიყურებდა მეგონა ცოტაც და ავალდებოდი, თვითონაც ღრმად სუნთქავდა, ძალუმად აუდ-ჩაუდიოდა მკერდი.
- მაპატიე, თავი ვერ შევიკავე, ძნელია, მართლა ძალიან ძნელია ასე ახლოს მყავდე, გიყურებდე და არაფერს ვაკეთებდე, თუმცა არ ვნანობ, იცი რამდენხანს ვოცნებობდი ამ მომენტზე, იმ დღეზე როცა შენი ტუჩების გემოს შევიგრძნობდი.
ვუყურებდი, ვუსმენდი და ეგოისტურად მიხაროდა რომ თურმე არ დავვიწყებივარ, თურმე ამდენი ხნის განმავლობაში ჩემზე ფიქრობდა და ოცნებობდა, თურმე მარტო არ ვყოფილვარ და ისიც იგივეს გრძნობდა რასაც მე, ნუთუ ვუყვარდი, მაგრამ თუ ასეა რას ნიშნავდა ეს სპექტაკლი, ეს ნიშნობა...
- მართლა ფიქრობდი ჩემზე? -ასეთი ცეცხლოვანი კოცნის შემდეგ ალბათ ყველაზე სულელური კითხვა დავსვი, გაეცინა, ხმამაღლა, გულიანად, ისეთი სახე ჰქონდა თითქოს დიდი ხნის შემდეგ პირველად ამოისუნთქა თავისუფლადო, ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი, ჩემი სახე ხელებში მოიქცია, დაიხარა და კიდევ ერთხელ დამეწაფა ტუჩებზე, ამჯერად უფრო მომთხოვნი იყო კოცნა, უფრო უხეში და უფრო მეტად ვნებიანი, ჯანდაბაში გავუშვი ყველა ფიქრი და შიში, მკლავები შემოვხვიე კისერზე და ავყევი...
- ვგიჟდები შენზე, -ჩემს თმებში თავჩარგულმა ამოიოხრა და ღრმად შეისუნთქა ჩემი სურნელი, ბევრი ფიქრი არ მჭირდებოდა იმაში დასარწმუნებლად რომ ამ წლების განმავლობაში ჩემსავით არ მოქცეულა და ჩემზე ინფორმაცია ჰქონდა, ალბათ ჩემი მეგობრების დახმარებით თუ იცოდა სად ვიყავი, როგორ ვიყავი და როგორ გამოვიყურებოდი, ამას ისიც ადასტურებდა რომ ჩემი დანახვა არ გაჰკვირვებია როგორც მე მისი, დამინახა თუ არა მაშინვე მიცნო.
- ძალიან მომენატრე, -აღმომხდა და ცრემლებმა დამიბინდა თვალები, ღმერთო რა სულელი ვიყავი რომ ასე მარტივად წავედი აქედან, წავედი და სულ მარტო დავტოვე, იქნებ რომ არ წავსულიყავი ახლა იძულებული არ ყოფილიყო ის გაფხორილი გოგო მოეყვანა ცოლად, ალბათ თამარი აიძულებდა ქორწინებას, ის კი წინააღმდეგობას ვერ უწევდა, ალბათ რისი გადატანა მოუწია დღემდე, ალბათ რა ცუდად გრძნობდა თავს და გვერდით არავინ ჰყავდა ვინც დაეხმარებოდა.
- მეც მომენატრე, ყოველ წუთს და ყოველ წამს მენატრებოდი, -შუბლზე მაკოცა სახეგაბადრულმა, მერე ოდნავ მომშორდა და გრილი თითებით მომწმინდა ცრემლები, -ვიცი რომ გაინტერესებს რა და რატომ ხდება, ყველაფერი ჩემი სისულელის ბრალია, ცოტა დრო მომეცი, ყველაფერს მოვაგვარებ და მერე წავიდეთ აქედან კარგი?
ვერ მივხვდი რა მითხრა ან რის მოგვარებას აპირებდა მაგრამ მაინც დავუქნიე თავი, შებრუნდა და დარბაზში შევიდა, თვალები დავხუჭე გაბრუებულმა, არ ვიცი რამდენხანს ვიყავი ასე, ვერ ვიგრძენი როგორ ამომიდგა ვიღაც გვერდით.
- ისევ ისეთი ხარ როგორიც იყავი, საერთოდ არ შეცვლილხარ, -ნაცნობმა გესლიანმა ხმამ მაიძულა თვალების გახელა, -მართლა წყევლა ხარ, რით ვერ მოგიშორე თავიდან, ჩამოხვედი და გადაწყვიტე ჩემს ბიჭს ისევ აურიო გონება? ამის უფლებას არ მოგცემ.
- თქვენც არ შეცვლილხართ ქალბატონო თამარ, ისევ ისეთი ბოროტი და გესლიანი ხართ როგორც ადრე, მგონი ცოტა უფრო მეტიც, -მოურიდებლად ვუთხარი და გამეღიმა როცა დავინახე როგორ მოუღრიცა ბრაზმა ყბა გვერდით.
- თავხედო, უზრდელო გოგო, -ჩაისისინა და ხელი მაღლა ასწია თუმცა რატომღაც გადაიფიქრა, ალბათ მიხვდა რომ ის პატარა, უმწეო გოგო აღარ ედგა წინ, ერთხანს მზერით ცდილობდა ჩემს მოკვლას და მერე ისევ მუქარაზე გადავიდა.
- მისმინე, თუ გგონია დუდა ისევ ფიქრობს შენზე ცდები, მალე ცოლიანი კაცი იქნება და იმედია მერეც არ დაუწყებ კუდში დევნას, საერთოდ არ გრცხვენია ასე რომ დასდევ კუდში? იცოდე თუ თავს არ დაანებებ, თუ არ შეეშვები...
- საინტერესოა რას იზამთ თუ თავს არ დავანებებ, -თავს ძალა დავატანე რომ მხიარულად გამეცინა არადა სიგიჟემდე მინდიდა პირდაპირ თავით გადამეშვა აივნიდან
- რას ვიზამ და მთელ თბილისს მოვდებ რასაც აკეთებდი იმ პარიზში, რა მოხდა, იქაური კაცები არ გეყო და გადაწყვიტე ჩემი ბიჭიც გააუბედურო? დუდასთან ერთად ყოფნას ვერ ეღირსები.
- იცინის ის ვინც ბოლოს იცინის ქალბატონო თამარ, -ნიშნისმოგებით ჩავილაპარაკე, შევბრუნდი, გასასვლელისკენ წავედი და უკან მისთვის ჩვეული წყევლა-კრულვა მომყვა.

დარბაზში შესულმა იქაურობა მოვათვალიერე, ჩემები არსად ჩანდნენ, სამაგიეროდ დუდა და მისი ძვირფასი საცოლე სჭრიდნენ ყველას თვალს თავიანთი ბრწყინვალებით, ერთმანეთზე თავმიდებულები რაღაცაზე საუბრობდნენ გაცხარებით, ცოტა ხნის წინ მე მკოცნიდა და ახლა ლამის იყო მისთვის აქვე გაეხადა ტანსაცმელი, იქნებ იმიტომ იქცეოდა ასე რომ ეს თამარს უნდოდა და არა მას, არა, ისე ვეღარ მოვიქცეოდი როგორც ადრე, იმ სისულელეს ვეღარ გავაკეთებდი და დუდას ასე უბრალოდ აღარ დავთმობდი მით უმეტეს მას შემდეგ რაც დავრწმუნდი რომ ისიც ისე გიჟდებოდა ჩემზე როგორც მე მასზე, გამწარებული მივედი სასმელების მაგიდასთან, ორი ჭიქა რაღაც კონიაკისმაგვარი სასმელი გამოვცალე და მესამეც რომ მივაყოლე ჩემს გონებაში უცბად დაიბადა სასწაულად საინტერესო და იდეალური გეგმა ნაცნობი სახელით, ‘’როგორ გადავარჩინოთ დუდა’’
სასმელი დავასხი, შეუმჩნევლად ამოვხრახნე თვალი ბეჭდიდან რომელიც პარიზში ცხოვრებისას მაჩუქა ჩემმა ავსტრალიელმა მეგობარმა სკოტმა და მითხრა რომ თვლის ქვემოთ ცარიელი ღრმული დასაძინებელი წამლით იყო სავსე, კი გამიკვირდა რატომ მჩუქნითქო მაგრამ მაშინ ს ზემოქმედების ქვეშ იყო და რა ვიცი გამოგადგება რამეშიო ბურტყუნებდა, მერე კი დამდევდა უკან და მეხვეწებოდა დამიბრუნეო მაგრამ ვერ მივართვი, მართალი აღმოჩნდა სკოტი, აი თუ არ გამომადგა, საგულდაგულოდ მოვურიე ჭიქას...
- შენ გეძებდი, -გვერდით ამომიდგა დუდა და მსუბუქად შემეხო მკლავზე, -სალაპარაკო გვაქვს ნინუცა, წამოდი გარეთ გავიდეთ.
- ჯერ დავლიოთ, -ჭიქა მივაჩეჩე ხელში, -ჩამომართვა და ჩემი სიმშვიდით და კეთილგანწყობილი ღიმილით გაკვირვებულმა ბოლომდე გამოცალა, -უცნაური გემო ჰქონდა, -ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა და ხელი ჩამკიდა, იქვე მდგარი თამარისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე წამიყვანა გასასვლელისკენ, ბაღში გავედით და ერთ-ერთი ხის ქვეშ მდგარ ხის სკამზე ჩამოვსხედით, დუდა აშკარად ვერ გრძნობდა თავს კომფორტულად, ალბათ წამალი უკვე იწყებდა მოქმედებას, პერანგის ღილები შეიხსნა და ხელისგულით მოიწმინდა შუბლზე მომდგარი ოფლი.
- აქ ძალიან ცხელა არა? -შეწუხებულმა შემომხედა და მერე თვალები მილულა, ცოტა არ იყოს შემეშინდა, აშკარად ზედმეტი მომივიდა წამალი თორემ ასე უცბად არ უნდა გათიშულიყო.
- დუდა, დუდა, გესმის ჩემი? -დავიხარე და სახე სახესთან მივუტანე, სუნთქავდა უბრალოდ ეძინა და მეც შვებით ამოვისუნთქე.
- მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, -ჩაიბუტბუტა ისე რომ თვალები არ გაუხელია და მე პირველად გავიგე თუ რას ნიშნავს როცა ბედნიერებისგან ცრემლი გადგება თვალზე, როგორც კი ცოტა დავმშვიდდი მაიკოს ნომერი ავკრიფე და ვუთხარი სასწრაფოდ მოსულიყო.
-
- გაგიჟდი? როგორ თუ დასაძინებელი ჩაუყარე, რამე რომ მოსვლოდა? -თავზე მადგნენ და გაოგნებულები დაჰყურებდნენ ჩემს მხარზე თავჩამოდებულ, ტკბილად მძინარ დუდას.
- აბა რა გამეკეთებინა, უფლება მიმეცა იმ ინდაურზე დაქორწინებულიყო?
- როგორ არაფერი უთქვამს? -გაიკვირვა ლევანმა და დაბნეულმა გადახედა დანარჩენებს.
- მოიცა, მართლა არაფერი იცი? გგონია რომ... -დავინახე როგორ გაკრა მაიკომ კოტეს იდაყვი და როგორ გააწყვეტინა სიტყვა, ისიც დავინახე როგორ ანიშნებდნენ ერთმანეთს რაღაცას და როგორ იცინოდნენ ჩუმჩუმად თუმცა იმის დრო არ მქონდა ეს ყველაფერი ერთმანეთთან დამეკავშირებინა, აქედან მანამ უნდა წავსულიყავით სანამ თამარი შვილიკოს მოისაკლისებდა, ბიჭებს ვაიძულე რომ დუდა ლევანის მანქანაში ჩაესვათ და საჭეს მივუჯექი.
- ნასვამი ხარ, მანქანის მართვას შეძლებ? -მაიკო დაეჭვებული მიყურებდა ალბათ ფიქრობდა შეეშალა თუ არა ჩემთვის ხელი, ბიჭებიც საეჭვოდ ჩუმად და წყნარად იყვნენ, რატომღაც საერთოდ არ აპროტესტებდნენ იმას რასაც ვაკეთებდი.
- ნუ გეშინია, მხოლოდ ორი ჭიქა დავლიე, თანაც აქვე ახლოს მივდივარ, მცხეთაში ბებიას სოფელი ხომ იცი, იქ უნდა წავიყვანო, -უდარდელად გავუღიმე და გასაღები გადავატრიალე.
- კარგად იქნები? -მაინც ვერ ისვენებდა მაიკო.
- კარგად ვიქნებით, ჩემებს უთხარით არ ინერვიულონ და გადაეცით ნინუცამ ქმარი მოიყვანათქო, -უკვე დაძრული ავტომობილიდან მივაძახე მომღიმრებს.
ნახევარი საათიც არ დამჭირვებია დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, გაჭირვებით შევიყვანე ეზოში მანქანა, უკუნეთი სიბნელე იდგა, ეზოში განათება არ გვქონდა, სახლიც დიდი ხანია რაც დაკეტილი იყო, გასაღები იქ დამხვდა სადაც ვინახავდით ხოლმე, კარი გავაღე თუმცა ვერაფრით მოვახერხე დუდას გადმოყვანა მანქანიდან და სხვა რა გზა მქონდა, მეც გვერდით მივუჯექი, არ ვიცი რისი ბრალი იყო, სასმლის, დაღლილობის თუ მისი დამათრობელი სურნელის მაგრამ მალევე ჩამეძინა.
-
თვალი რომ გავახილე უკვე დღის თორმეტი საათი ხდებოდა და ჩემდა გასაკვირად საწოლში ვიწექი, თავი მისკდებოდა ისე მტკიოდა, წამოვჯექი და ოთახი მოვათვალიერე, დუდა არსად ჩანდა, მშვენივრად მახსოვდა რომ წუხელ მანქანაში ჩამეძინა მის გვერდით, ფეხზე წამოვხტი ფანჯარასთან მივვარდი და როცა სახლის წინ ავტომობილი ვერ დავინახე ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა, ანუ მან გაიღვიძა, სახლში შემომიყვანა და თვითონ წავიდა, ასე უბრალოდ წავიდა და აქ დამტოვა, იქვე ჩავიკეცე სასოწარკვეთილი და ხმამაღლა ავტირდი, სულელი ვიყავი, როგორ შემეძლო მეფიქრა რომ...
ძრავის და შემდეგ ჭიშკრის ხმა რომ მომესმა, წამოვდექი, ცრემლებისგან დაბინდული მზერით ძლივს ვხედავდი ბილიკზე სახლისკენ მომავალ დუდას რომელსაც უამრავი პაკეტი ეჭირა ხელში, თითქოს ჩემი მზერა იგრძნოო შედგა, ფანჯარას ამოხედა და ისე საყვარლად გამიღიმა...
ფეხშიშველი გავვარდი გარეთ, კიბეებთან შევეგებე და ჩავეხუტე, პაკეტები ძირს დააწყო და თვითონაც მომხვია მკლავები.
- შენ რა ტირი? -გაკვირვებულმა მომწმინდა ცრემლები, კარგი რა, არ მინდა ისტორიაში იმ კაცის სახელით შევიდე ქორწინების პირველივე დღესვე რომ ცხარე ცრემლით ატირა ცოლი.
- რაა? ცოლი? ქორწინება? რას ამბობ, მე... მე მეგონა წახვედი და მარტო დამტოვე, -ახლა ჩემი გაკვირვების დრო დადგა, ნუთუ არ ბრაზობდა, ნუთუ ასე მშვიდად მიიღო ყველაფერი.
- რა სულელი და მტირალა მყავხარ, -თავი ამაწევინა და ნაზად დამიკოცნა ტუჩები, -მაღაზიაში ვიყავი წასული, სახლში არაფერია არადა მინდოდა შენთვის საუზმე მომემზადებინა, წამოდი უნდა გაჩვენო როგორი კარგი მზარეულია შენი ქმარი.
ასე ჩახუტებული შემიყვანა სახლში, მერე კი ვიჯექი და უბედნიერესი ვუყურებდი როგორ მიმზადებდა საუზმეს, დამეფიცება რომ ასეთი გემრიელი დამწვარი ტოსტი და დანახშირებული ბლინები არასდროს მიჭამია.
-
გგონიათ ყველაფერი აქ დასრულდა?
ის ცალკე ისტორიაა რაც მას შემდეგ მოხდა როცა გავიგე რომ მთელი ეს წლები ჩემს მეგობრებთან მეგობრობდა თურმე და ისინი მისთვის ჯაშუშობდნენ, თურმე რაც საფრანგეთში წავედი მას მერე საოცრად შეცვლილა, თამარს წინააღმდეგობას უწევდა თურმე და ნელ-ნელა მოურჯულებია, მისი ნიშნობა კი მხოლოდ სპექტაკლი ყოფილა იმაში დასარწმუნებლად რომ ნამდვილად მიყვარდა, თუმცა ეს რა თქმა უნდა თამარმა არ იცოდა, სამაგიეროდ ჩემმა მოღალატე მეგობრებმა იცოდნენ და ყველანაირად ხელს უწყობდნენ, როცა ეს ყველაფერი გავიგე საშინლად გავბრაზდი და გავებუტე, ერთი თვე ცდილობდა ჩემს შემორიგებას და მერე ისევ ჩემი მეგობრების დახმარებით მომიტაცა.
თამარი?
სხვა რა გზა ჰქონდა, ყველაფერს შეეგუა ან უბრალოდ თავს გვაჩვენებს რომ ასეა, დიდხანს არ ელაპარაკებოდა დუდას თუმცა როცა ჩვენი პატარა ცოტნე მოევლინა ამ ქვეყანას, იკადრა და ჩვენს პატარა მყუდრო სავანეში გვესტუმრა, მეც რა თქმა უნდა როგორც კარგ რძალს შეეფერება, თბილად და ტკბილად მივიღე, ხომ გაგიგიათ მეგობრები ახლოს უნდა გყავდეს, მტრები კიდევ უფრო ახლოსო :)
-
დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1 სტუმარი Ana-maria

ძალიან მომეწონა ♥️♥️♥️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნატალია

ძალიან საყვარელი ისტორიაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent