გამოღვიძება (ნაწილი 2)
მეორე პეპლები ვერც დავთვლი, რამდენჯერ მივეკარე საწერ მასალას, მოვიწყვე კუთხე, ავარჩიე ხედი, ადგილი დასაწერად, მაგრამ არ გამოვიდა და იცით რატომ? ერთია, როდესაც ადამიანს უყვები შენს ისტორიას, თან ახლო ადამიანს, მეორე როდესაც წერ, ყველა შეგრძნებას ახლიდან განიცდი და ის ემოციები ისევ გეუფლება. საბოლოო ნაწერსაც ხომ კითხულობ სანამ გამოაქვეყნებ? მთავარი მიზეზი ეს იყო, რადგან ნაწერის შემდეგ შფოთვითი შემოტევები ბევრი მქონდა, ასე რომ შემეშინდა. ხო, შემეშინდა, თქვენ რა არ გეშინიათ? დახმარების თხოვნაც ხომ არ გიჭირთ? აჰ კი! ასეც ვიცოდი! ის ფრაზაც ხომ არ გაქვთ მიკერებული, არა მადლობა, ჩემით გავართმევ თავს, ხოდა იცოდე, რომ ღირსი ხარ რაც მოგდის ნებითა შენითა. ახლა მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა სიმკაცრე, მომიტევეთ რეას, რადგან ახლა საბერძნეთში მარტო გახლავართ კაფეში მოკალათებული, მეორე თავის დასაწერად. იცით რა საინტერესო ამბები გვაქვს წინ? ხოდა როგორც წინაზე მენდეთ და გემრიელად ჩაიკითხეთ ჩემი პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი,უფლებას გაძლევთ ახლაც გამომყვეთ, ცუდ ადგილას არ წაგიყვანთ! რამდენიმე წინადადებით თუ გინდათ პრეისტორიას გაგაცნოთ, გეტყვით, რომ პირველი თავბრუსდამხვევი სიყვარულის ისტორია შემაკავებელი ორდერით დასრულდა, რადგან ისე ვერ მიხვდა რას ნიშნავს დისტანცია, დაშორება, ნახვამდის და ცხოვრების გაგრძელება. სიმართლე გითხრათ თავიდან ძალიანაც მსიამოვნებდა ჯულიეტას როლში ყოფნა, სასურველად ვიგრძენი თავი, რომ ჩემი რომეო არ ნებდებოდა და ისევ ცდილობდა ჩემს დაბრუნებას, თუმცა ამ ყველაფერმა ზედმეტად ტოქსიკური სახე რომ მიიღო და ჩემი ახალი ტურფაც მკლავში დამიჭრა, მივხვდი, რომ თამაშის დრო აღარ იყო, ოდესღაც მაინც ავიხდენდი სამსახიობო კარიერის შექმნის ოცნებას! - გიო შეგიძლია მითხრა რა წამოგიღო, ჩემი ფინანსური შესაძლებლობა გაწვდება შენს სურვილებს, ამ ეტაპზე დარწმუნებული ვარ! - რეა, ჩემო ტკბილოზავრო, რა ვერ გაიგე, რომ ყველაფერი მაქვს, თან არც მშია და არც მწყურია, ხომ იცი ნინო თავზე დამტრიალებს. - ვიცი, მაგრამ დანაშაულის გრძნობა რამით ჩამაცხრობინე, გთხოვ. - კარგი, რადგან არ იშლი წამოიღე ცხელი შოკოლადი შენთვის, დორიტოსი შენთვის და ალუბლის წვენიც შენთვის! კმაყოფილი ხარ? - აუ ჩაგჯუჯნი! კაი ყველაფერს წამოვიღებ ჩვენთვის! დარწმუნებული ვარ ყველა შეყვარებული გოგო ასე ზრუნავს თავის ბიჭზე! დანაშაულის გრძნობა მართლა მქენჯნიდა, რადგან ყველფრის მიზეზი ნამდვილად მე ვიყავი. ზემოხსენებულმა ურთიერთობის ბედნიერმა დასასრულმა გიორგისთან იმაზე მალე დამაახლოვა, ვიდრე მის დამოუკიდებლად მოხდებოდა. ჩვენ გავხდით ყოველდღიურობა, ამაზე მეტი სიახლოვე შეუძლებელი იყო, თან ზუსტად ის იყო ვინც იმ ეტაპზე ყველაზე მეტად მჭირდებოდა. სიმშვიდე, სტაბილურობა, არანაირი ზედმეტი პეპლები, ხანდახან ვფიქრობდი, რომ ზედმეტად სიჩუმეც იყო ხოლმე, მაგრამ იქნებ სწორედ ეს იყო ჯანსაღი ურთიერთობა, რაც არასდროს მქონია?! კი ნამდვილად ეს იყო. პირველად სახლში რომ გავყევი გული ხელით მეჭირა, რას იფიქრებდა ოჯახი ვინ მოიყვანა ან მარტოები რატომ არიან? ისინი კერძო სახლში ცხოვრობდნენ და ყოველი სართული ოკუპირებული იყო განცალკევებული მათი ოჯახის წევრებით. მესამე სათულზე მე და ჩემი პრინცი გახლდით, გემრიელად მოვკალათდებოდით, ფილმს ჩავუჯდებოდით, ან მუსიკით და ალკოჰოლით ვასრულებდით ტკბილ საღამოებს. პირველი კოცნა აღარ აღვწერე ცალკე, რადგან მართლა იმაზე მალე მოხდა ყველაფერი ვიდრე პირველი ურთიერთობის დასაწყისისას. ამ კუთხით რეკორდს, რომ ამყარებდეს ვინმე, უკონკურენტო ვიქნებოდი! ყოჩაღ რეა, მეტი არაფრით დაიკვეხნო შენი ნიჭიერება. ვერ ვითმენ და მაინც მოგიყვებით პირველი კოცნის სიტკბოებას - საით გიო? ხომ იცი არ მიყვარს სპონტანურობა. - რეა მოეშვი, დაგაბამ სავარძელზე, ჯერ უკან გადაგწევ, თვალებსაც აგიხვევ და პირსაც, მერე რას იზამ? - ოუუუჰ, ისე აღწერე, მგონი წინააღმდეგი არ უნდა ვიყო. -აქ პირველად გავბედე ბილწი ხუმრობა. - მგონი შენს ნამდვილ სახეს აჩენ, რაც საკმაოდ კარგად მოქმედებს ჩემზე. - ჯერ მეც უნდა გავერკვე ჩემს ნამდვილ ვინაობაში და შენც გაგაცნობ. - დამიჯერე შენზე ადრე მე ვიპოვნი მას, ეჭვი მაქვს უკვე ვიცნობ. - შენ რა იცი ერთი, იმას გაჩვენებ რაც მე მინდა! - რეა, შენ გგონია შენზე შვიდი წლით უფროსი რომ ვარ არაფერს ნიშნავს? ან სიტყვიერი კომუნიკაცია მჭირდება შენს შესასწავლად? შენი დუმილიც კი ძალიან ხმაურიანია, შენი ნაკვთები შენი ნებართვის გარეშე გაგცემენ, როგორც მიყურებ, როგორ გიჩქარდება გული, როცა გიახლოვდები ნელ-ნელა, როგორ გებურძგლება ეგ ქერა თმა შენს ხელებზე, ძლივს რომ ჩანს. - გიო, მგონი გეჩვენება, მე საკმაოდ ვაკონტროლებ გულისცემას. - ეს შენ გგონია რეა, შეხებაც კი არ მჭრირდება ისე გაგრძნობინებ ჩემს სიახლოვეს, ტუჩების გარეშეც გაკოცებ ყველგან, როცა მინდა და სადაც მინდა. - ეს საინტერესოა, ცოტა აჭარბებ... - ხო? ეგრე ფიქრობ? - ხელი ლოყაზე დამადო და მეფერება, გულის ცემას კი არ ვაკონტროლებ, ამოვარდნაზე მაქვს! - კი, ეჭვი არ მეპარება გიო... - რეა შენ თუ ასე ფიქრობ მოეშვი, მხრები მოადუნე და მენდე ხელს სხვაგან არ წავიღებ, მოგწონს ასე? - კი მომწონს... - ასეც მოგწონს? - ხელი კისრისკენ წაიღო. - კი ასეც... - მგონი ესეც მოგეწონება... - თმაში შეაცურა თითები და თან თვალს არ აშორებს ტუჩებს -ხმას ვეღარ ვიღებ, მინდა რომ ის წინააღმდეგობა გავუწიო, რომლის ძალაც არ მაქვს მაგრამ წამში მივენდე. საკმაოდ გემრიელი კოცნა იყო, წლების გამოცდილება თუ თანდაყოლილი ნიჭი არვიცი, არც ტუჩები დაუჭამია და არც გადავუყლაპივარ, მოკლედ დავასკვენი, გემრიელია ეს მოხუცი. - ეს გეგმაში ნამდვილად არ მქონია - ცოტახნის მერე გადავაბი სიტყვები ერთმანეთს. - აი მე კი პირველად ლექციაზე რომ დაგინახე მაშინვე მომინდა გამესინჯე. - მოხუცო, მგონი ზედმეტად გულწრფელი ხარ... - რა გინდა, ის გითხრა მეც ახლა მომაფიქრდათქო? უბრალოდ იმდენად დამფრთხალი იყავი, რომ ველოდებოდი შენს დამშვიდებას და მოდუნებას. - კარგია, რომ დაელოდე, ახლა ნამდვილად მშვიდად ვარ. - არადა გული ისევ ამოვარდნაზე მაქვს. კოცნამაც დაგვაახლოვა და უკვე ნამდვილად ერთად ვიყავით, უბრალოდ მე ისევ ხალხზე ვფიქრობდი რას იფიქრებდნენ ერთ წელიწადში უკვე მეორე სერიოზული ურთიერთობა დაიწყოო. ეს ჩვენი მენტალობისთვის არის მიუღებელი, თორემ მყავდეს პარტნიორი, რომელთანაც ის მექნება რაც მინდა, სტატუსის გარეშე, მაგრამ არა, საქართველოში შენ ან შეყვარებული გყავს, ან საქმრო ან ბოლოს ქმარი. სხვა შემთხვევაში სხვის სხეულს ვერ მიეკარები, წინაპრები ხომ ზემოდან გიყურებენ და იწერენ შენს ბილწ ისტორიებს, განგსჯიან და გგკვეთენ საგვარეულოდან. ნეტა მართლა თუ მიყურებენ რას ფიქრობენ? კაი ტიპი ვარ მათთვის? სამწუხაროდ ღრმა ბავშვობიდან არავინ მყოლია, ჩემს ცხოვრებაში მუდამ ადამიანების დანაკლისს განვიცდიდი, რა თქმა უნდა ოჯახის წევრებს ვგულისხმობ. დედის გარეშე გაზრდამ ბევრი რამ მასწავლა, იმაზე მალე ჩამოვყალიბდი დამოუკიდებელ ადამიანად, ვიდრე ამას ბიოლოგიური ასაკი მოითხოვდა, თუმცა არ ვნანობ, მომწონს როგორიც ვარ, სხვა შემთხვევაში 24 წლამდე პრინცესად დავრჩებოდი, რაც კიდევ გაართულებდა რეალური სამყაროს დანახვას. გიორგისთან სახლში მოშინაურება ძალიან გამიჭირდა, პრობლემა მათში ნამდვილად არ იყო, უშუალო და თბილი ხალხი იყვნენ, მუდამ მამაჩემის ხმა ჩამესმოდა, რომელიც კატეგორიულად წინააღმდეგი იყო გათხოვებამდე ბიჭის სახლში სტუმრობის, მას რომ სცოდნოდა განცალკევებულად ვიყავი ამ შეყვარებულთან სახლში, ნამდვილად თმით ჩამომათრევდა იმ ნეტარი მესამე სართულიდან. პირველ სართულზე მშობლბი ცხოვრობდნენ, ნინო საკმაოდ თბილად მექცეოდა - რეა როდის მოვა ლექციიდან? ბარემ ერთად ვჭამოთ, ბავშვი მშიერია მთელი დღე. რეა მოვიდა? ხაჭაპური რომ უყვარს ის გამოვუცხვე. რეა აქ არის? რამეს ავუტან ბავშვს, იქნებ და ერიდება. - ნმდვილად მერიდებოდა მეთქვა როდის მშიოდა, ძირითადად სულ მშიოდა, რადგან პირველი სიყვარულის იმედგაცრუებამ ათი კილო დამაგდებინა და საკმაოდ მაღალი ხორციანი რეა გაძვალტყავებული დადიოდა, თუმცა ჩემი ბოიფრენდი ზედმეტად გამხდარი იყო და ამ შემთხვევაში საფრთხობელას აღარ ვგავდი. რადგან პირველი სართული განვიხილეთ, გადავიდეთ მეორე სართულზე, სადაც გიორგის ძმა ცხოვრობდა ცოლთან და ორ პაწაწინა ანგელოზთან ერთად, ორივე რადიკალურად განსხვავებული, საერთო მამის კიარა, საერთო დედის შვილებსაც არ ჰგავდნენ, უფროსი, რომელიც 7 წლის იყო ძალიან ჩამივარდა გულში, პატარამ ჯერ ლაპარაკიც არ იცოდა. უფროს ქერა ქალბატონთან აუხსნელი კავშირი მქონდა, ძალიან მალე ჩამივარდა გულში და წლების შემდეგაც საპატიო ადგილი უკავია. რაც შეეხება ცოლს, ქალბატონი თაკო... ნამდვილად წინა ცხოვრების ნარკო ბარონი იქნებოდა, აი ისეთი კაცი ქალაქს რომ აზანზარებს მისი სახელი, მამაკაცური, თან მიმზიდველი და ისეთი რა, მისი სიტყვა, რომ ჭრის ყველგან. ამ ცხოვრებაში ნამდვილად ქალბატონი იყო, მისი გულწრფელობა და პირდაპირობა ოჯახის წევრებთან თავიდან მართლა პირს მაღებინებდა გაოცებისგან, თუმცა მერე მივხვდი, რომ არ თამაშობდა და სწორ პერსონაჟსაც ანსახიერებდა არსებულ ვითარებაში, სხვანაირად არც უნდა ყოფილიყო. ცენზურის დაცვა არ სჭირდებოდა, აი ასეთი იყო და სულ ცალ ფეხზე ეკიდა მოგწონდა თუ არა რა, არ ეცალა ამისთვის, აი როგორც დედა, ზედმეტად მოწადინებული იყო, ისეთ გემრიელობებს აკეთებდა მეც კი მიჭირდა მეთქვა არ მშიათქო, ბავშვების კოსმეტიკის თუ სათამაშოების შემადგენლობას წამში ჩაიკითხავდა, ზრუნავდა მათი ტანისამოსის ხარისხზე და არა ბრენდებზე, მათ ქცევებსაც მუდამ აანალიზებდა და დაკვირვებით აქცევდა ყურადღებას, მოკლედ რომ ვთქვა ამ ქალბატონმაც მალე დაიკავა ჩემს ცხოვრებაში საპატიო ადგილი, რომელიც დროსთან ერთად უფრო ძვირფასი გახდა, ის რომ არა ბევრი რაღაც უფრო რთულად იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში. ერთხელ მე და გიომ მივაკითხეთ, სახლში ერთად უნდა წამოვსულიყავით, ზემო აღნიშნული ცენზურის არ არსებობა ტყუილად არ მიხსენებია, უკანა სავარძელზე რომ მოკალათდა მოულოდნელი კითხვა გვესროლა წყვილს. - თქვენი აზრით, რისთვის ხართ ერთმანეთისთვის შექმნილი? - სრული სერიოზულობით გვესროლა გამომცდელი მზერა. - სექსისთვის - არც დააყოვნა გიორგიმ, მიწა გამისკდა, იქნებ ისიც არ იცის რომ ნაკოცნი მაქვს ამ ბიჭისთვის. - ერთმანეთის გვესმის, განვსხვავდებით, მაგრამ ვავსებთ... - აქ ვეცადე ზრდილობიანი პასუხი გამეცა თაკოსთვის. - ვაუ !!! ხმაურიანი ტაში შემოჰკრა, რა მაგარია, სექსისთვის! - დედა! სად ჩავიმალო ეს ორ მეტრიანი ქალი. გიორგის გავხედე მზერით, რომელიც ავის მომასწავებელი გახლდათ, აი კრებაზე შენს ოროსნობას რომ დედა გაიგებდა და კბილებში ხმის ამოუღებლად გამოცრიდა - მოხვალ შენ სახლში! - ზუსტად ესე. გიორგიმ ვერ გაიგო რა დააშავა. სახლში მისვლისთანავე დავტუქსე, იქნებ არ მინდ ჩემი პირადი ესე გავასაჯაროვოთქო! - კარგი რა რეა, შენ თაკოს რამეს გამოაპარებ? მგონი ჯერ კიდევ ვერ გაიცანი. - გაცნობა არაფერ შუაშია, ჯერ არ ვლაპარაკობ ჩვენს სექსუალურ ცხოვრებაზე, და შეგეძლო ზოგადი პასუხი გაგეცა. - ვცდილობ დავწყნარდე მაგრამ ნაკლებად გამომდის, ზოგადად ღრმა ბავშვობიდან უდიდესი ნაკლი მაქვს, ძალიან მალე ვიბუტები სისულელებზე და ეს შეუიარაღებელი თვალით ნამდვილად ჩანს, რაც არაერთხელ ყოფილა ჩემი სადაქალოს დაცინვის საგანი. - კარგი ტკბილოზავრო, ამის მერე აღარ განმეორდება! - ისე აღმოვჩნდი მის მკლავებში ნახევრად შიშველი ვერც გავიაზრე, რომ უსიტყვოდ დავთანხმდი მოსალოდნელ აქტზე, რაც ნამდვილად მხურვალე და მუდამ სასურველი იყო ჩემთვის, უბრალოდ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მხოლოდ სექსისთვის ვუგებდით ერთმნეთს, რადგან ცეცხლის ჩაქრობის მერე გარეთ მოკალათებულებს სალაპარაკო აღარ გვქონდა. მე უკვე მოსმენილი მქონდა მისი ისტორიები, იმ ახალგაზრდობიდან ახლა მე რომ ვიმყოფებოდი, თუმცა მე ამ ოქროს პერიოდს მასთან სახლში ვატარებდი, ან ფილმს ვუყურებდით, ან ვჭამდით ან სიყვარულით ვკავდებოდით, ამას დიდი ხანი ვერ ვხვდებოდი, თუმცა დროთა განმავლობაში იმ დიასახლის დავემსგავსე ჯერჯერობით, რომ ისევ ფორმაში არიან, ქმარი არ ღალატობთ, თუმცა პაემნებზე აღარ დადიან არა თუ ძვირადღირებულ ადგილებში, არამედ გარეთ უბრალოდ სასეირნოდ. ერთხელ ძალზედ მოწადინებული ვთხოვე რომ გარეთ გაგვესეირნა, ურთიერთობის დასაწყისში მოასწრო ჩემი გულის მოგება მყუდრო კაფეებით და კინოთეატრით, თუმცა სახლში სისტემატიურმა მისვლამ ყველაფერი ჩაანცვლა. პრეტენზიული და მატერეალისტი შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ, უბრალოდ ხანდახან შური გამკრავდა სადაქალოს შეყვარებულების საჩუქრებზე, რაც უშუალოდ ჩემი გოგოების მისამართით არ ყოფილა, მეც მინდოდა ვინმეს გავენებივრებინე, მას ვისაც ჩემს ცხოვრებას უდიდესი დოზით ვუძღვნიდი. - გიო წამო რა, უბრალოდ გავისეირნოთ, არაფერი მინდა სხვა. - აუ გთხოვ რეა იქით კვირაში რა, ახლა მოვედი სამსახურიდან, შევჭამ და ავიდეთ ჩვენთან. - ხო მაგრამ ეს კვირა კარგი ამინდებია, მერე უფრო აცივდება და ეს გექნება მიზეზად. - კარგი ნუ ბავშვობ, გარეთ ვიაროთ თინეიჯერებივით? - თინეიჯერობა რა შუაშია, ეგრეც რომ იყოს რატო ხარ წინააღმდეგი, უბრალოდ ხომ იცი მზე როგორ მიყვარს, გავისეირნოთ ცოტა და მოვიდეთ სახლში, თან დღეს ფული მეც მაქვს და შეგვიძლია ყავა ავიღოთ. - რეა, ერიდება ეტყობა, არ აქვს ფული და იქით კვირაში გადით - ნინომ საკმაოდ თბილად მითხრა, თუმცა მისი 28 წლის ბიჭი მისგან დასაცავი ნამდვილად არ ყოფილა, ძალიან მეწყინა და დაველოდე როდის შეჭამდა, რომ ავსულიყავით ,,ჩვენთან“ , ამეღო ჩემი ბარგი და დღეს სახლში ადრე მივსულიყავი. არა მგონია ვინმე მიმხვდარიყო როგორ მეწყინა ეს ყველაფერი, აი თაკო რომ ყოფილიყო ყველას საკადრის პასუხს გასცემდა და მეც გემრიელად წამომარტყამდა თავში, - რას უზიხარ გოგო სახლში გადი რა გარეთ, ან თუ ეს ლოქო არაფერში გყვება დაადე საერთოდ - თაკო შინაურული მიზეზით არასდროს დაიცავდა გიორგის, ყოველთვის ვგრძნობდი მის თანადგომას, იყო თუ არ საჭირო. როგორც იქნა ავედით, შეძლებისდაგვარად მარტივად ავუხსენი გიორგის რა იყო საწყენი, წინააღმდეგობის გარეშე ჩამსვა მანქანაში და დამტოვა სახლში, რამაც კიდევ უფრო დამარწმუნა ჩვენს შორის არსებულ დიდ უფსკრულში, არა ეს ასაკობრივი სხვაობა არ ყოფილა, ეს შეუთავსებლობა იყო, რაც უნდა მეღიარებინა, ჯერ საკუთარ თავთან, მერე კი შესაბამისი ზომები მიმეღო, რადგან პირველი გამოცდილებიდან დუმილს არაფერი სასიკეთო არ მოუტანია. თავს იმას ვაჯერებდი, რომ არც ერთი ურთიერთობა არ არის იდეალური, სრულყოფილება მხოლოდ ფასადურია და სინამვილეში ყველა განებივრებულ გოგონას აქვს რაღაც თავისი პარტნიორის საწინააღმდეგო, თუმცა ამას საჯაროდ არ განიხილავენ. არა მგონია სადაქალოს დისკუსია საჯარო დებატებს მიეკუთვნებოდეს... ჩემს გოგოებთან არ ვიტყუებდი, ნამდვილად ჯანსაღი იყო ურთიერთობა, ხშირად უთქვამს მე ვინ ვარ, რომ შენ რამე დაგიშალო ან გითხრა რა უნდა გააკეთო და რა არა. ეს ძალიან მომწონდა, ყოფილი ეჭვიანის შემდეგ ნამდვილი ნეტარება იყო, ასე რომ მეგობრებთან ერთად ხშირად ვათენებდი მისი სცენების გარეშე, ეს ნამდვილად ჯანსაღი იყო, თუმცა ის დეტალები ნამდვილად არ მეჩვენებოდა და არც ვაჭარბებდი. გოგოების გულის მოგება ნამდვილად გაუჭირდა გიორგის, რადგან ისინი ვარდისფერი სათვალეებით ნამდვილად არ უყურებდნენ ჩემს პარტნიორებს, რადიკალურ უკუკავშირს ერიდებოდნენ მაგრამ ჩვენ ხომ უსიტყვოდ ვშიფრავთ დაქალების მიმიკებს წამის მეასედში, ხოდა მეც დამინახავს ხშირად, მწყენია, მაგრამ რამდენიმე წამში ვფიქრობდი, რომ მეც იგივეს ვიზამდი, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური რჩევები ნამდვილად არ იყო ჩემთვის დამახასიათებელი. სულ მალე საზაფხულო თავგადასავლების დრო მოვიდა, ვერც გავიაზრე ისე დავჯავშნეთ ბინა გონიოში, ნამდვილად კარგად ჟღერდა, თუმცა მამასთვის მომიწია მეთქვა, რომ გოგოები და მათი შეყვარებულებიც ჩვენთან ერთად იქნებოდნენ, არადა სოლო მოგზაურობა იყო. დავიძარით, ნინომ გზად პირჯვარიც გადაგვწერა, მადლობა ღმერთს მამაჩემი ფოტოების გაგზავნას არ მთხოვდა, თორემ ფოტოშოპის გამოყენეას ვერ ავცდებოდი. სახლმა იმედები გაგვიცრუა, ფასის შესაბამისი ნამდვილად არ იყო, თუმცა ჩემი დადგმულ სცენარი მორცხვმა მოხუცმა ვერ განახორციელა, ხოდა დავრჩით 5 დღე სახლში სადაც ფარატინა კედლები ყველას ღამის ბედნიერ და სასიამოვნო დასასრულს ჩვენც გვიზიარებდა, არც ჩვენ ვაკლებდით, ის სტიგმა, რომ სექსი მხოლოდ ღამით შუქჩამქვრალში უნდა გქონოდა ამ ზაფხულმა ნამდვილად გააქრო ჩემი ქვეცნობიერიდან. სანაპიროზე ჩვენს შორის წყალში დროს მხოლოდ ის ატარებდა, მე რადგან თოვლის ფიფქივით თეთრი და ,,თავნება“ ვარ მზეს არ მოვშორებივარ. ძალიან კომფორტული იყო მისი თანამგზავრობით გატარებული დღეები, არ გამკირვებია კლუბის გარეშე ამ ვოიაჟის დასასრული, გონიო არც გამოირჩეოდა ადგილებით, თუმცა ჩემს მოხუცს არ იზიდავდა ცეკვა, ალკოჰოლი კი ნამდვილად, ცოტას ცვლიდა კიდეც, თუმცა მე არაფერს მიშავებდა, ამ ეტაპზე... ბოლო დღეს თურქეთშიც კი გადავედით და გადახურდავებული ლირებით ჩეჩქვა პარკები ავიკიდეთ ხელებზე, ყველას მოსამადლიერებლად. ქართული ფასებით დასტრესილები ვეცით პროდუქტებს, რომლებიც მესამედ ფასში ჰქონდათ. მალევე დაიგეგმა გურიაში ჩასვლა, რის გამოც ცოტას ვღელავდი. - აუ გიო დარწმუნებული ხარ, რომ მეც უნდა წამოვიდე? - რეა რა გინდა შენ თბილისში გაგიშვა და მე დავრჩე? - ეგ არ მითვქამს, ან თუნდაც ეგრე ვქნათ, მე მარტო ვმგზავრობ ბავშვობიდან... - ნუ მაცინებ რა, ჩავბარგდეთ და დავიძრათ, თავსხმა წვიმაა ისედაც და შედარებით ნელა უნდა ვიაროთ. - კი მაგრამ ბევრნი არიან, დეიდა, ბიძა, მისი შვილების აუ მეზობლებიც კი ამატარებენ რენტგენში... - მერამდენედ გითხრა რომ მოეშვა, ან განვმეორდები და ავასრულებ იმ გეგმას, შენ გადაწევად და დაბმას რომ გულისხმობს. - აქ კარგად ერთობოდა ჩემი მდგომარეობით, რაც მომწონდა, არ მისერიოზულებდა. - კარგი ხო, დაბმა ღამით, ახლა წავედით ბარგი მზად მაქვს. - ისე გაგაფრთხილებ, რომ თხელი კედლებია და გოგო იქ არასდროს მიმიყვანია. - ჩემი ზაფხულის დაღია თხელი კედლები? კარგი ჩუმად ვიქნები გპირდები, ან შეგვიძლია პირზე ამაკრა. - ნუ სულელობ, არ დაგაკლებ, ოღონდ ჩუმად უნდა ვიყოთ. წვიმის გამო ნამდვილად ნელა ვიარეთ, გზად ბათუმში მის მეგობარ გოგოს შევხვდით მეუღლესთან ერთად და პირველად ვნახე მისი ეს ვერსია. მოიცა ეს ჩემი გიორგია? ლაღი, ყვებიან ისტორიებს როგორ დადიოდნენ გარეთ, როგორ გააცნო ყველას ფრანგი მომღერალი და სხვა ჯგუფები, რომლებზეც წარმოდგენაც არ ჰქნოიათ. დაიგეგმა, რომ თბილისშიც შევხვდებოდით ერთმანეთს, რაც სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამებოდა, სტანდარტული დაპირებები. გურიაში ნამდვილად გვიან ჩავედით, მოდი სოფელს აღარ დავაკონკრეტებ, მაგრამ გეტყვით, რომ ულამაზესი იყო, ბახმაროსთან საკმაოდ ახლოს, სიმწვანე, ულამაზესი მდინარეებით და უამრავი ახალგაზრდებით, რაც ჩემი სოფლის ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა და ხშირად მიოცნებია ამაზე. მორიდებულად შევხვდი ნათესავებს, რომლებსაც არ ვიცნობდი, ნინოს უფრო თამამად მივესალმე აი თაკოს დანახვას სახე გამებადრა, ღმერთო მადლობა რომ ეს გოგო არსებობს ამ ოჯახში. მე და გიორგი მალევე დავბინავდით, მანამდე სიამაყით დავარიგეთ ათ ლარად ნაყიდი ნუთელა ოჯახში, თავი მარჩენლად გავასაღეთ და კმაყოფილები მოვკალათდით ჩვენს საძინებელში, რომლის მატრასიც ჩემი საყვარელი ბავშვობის ანალოგი იყო. რაო? თხელი კედლები ხელს შეგვიშლისო? ეს ჩუმი ნეტარება არასდროს განმიცდია, თან ვფიქრობდი გვერდით თაკო და ბავშვები არ გამეღვიძებინა, ოპერაცია წარმატებით შესრულდა, არავინ გამიღვიძებია და მეც სიამოვნების მორევში ჩაძირულმა დავიძინე. დილა სულ ტკბილად იწყებოდა, ნინოს ნალექიანი ყავა მისწრება იყო, ყველაზე მეტად გურული ქალის ტიპაჟს გიორგის დეიდა, ნინოს უფროსი და წარმოადგენდა - დედა აი რამხელაა, რო ავხედე არ დასრულდა - ჩემს სიმაღლეს გაუსვა ხაზი. - ხო არა? ჩემი შხვართი რეა ყველას მოსწონს და მერე მალევე უყვარს. - არ ვუარყოფ ძალიან მესიამოვნა კომპლიმენტები. - გვეყოს რეას გულის მოგება და წავიდეთ რა მდინარეზე, თქვენ რო გაშავდით მე ვისზე ნაკლები ვარ ! - თაკოს ინიციატივა ნამდვილად არ იყო ჩემს წინააღმდეგ მიმართული, მას, ისევე როგორც მე, ძალიან უყვარდა გემრიელი რუჯი, მთელი შემოდგომა, ზამთარი და გაზაფხული რომ უნდა გაეძლო, ასე რომ ავბარგდით მე თაკო და ბავშვები მდინარეზე გასარუჯად და საჭყუმპალაოდ, გიორგი და მისი ძმა კი ანკესებთ მდინარის სხვა მხარეს მოკალათდნენ. ჩემი და თაკოს ჭორაობას ბოლო არ უჩანდა, არ გველეოდა თემა, არც გასაჭორი სუბიექტები, რომლებიც მრავლად იყვნენ ჩვენს შორის. ტელეფონი ძირითადად ხელში არ მჭერია, ძნელი იყო რეალობას მოვწყდომოდი, ასე რომ სრულიად სამართლიანად ჩავთვალე ჩემი ,,შვებულება“ ღირსეულად გამეტარებინა ჩემს ირგვლივ მყოფ ხალხთან ერთად, რომელთა სარძლო უკვე ვიყავი. საღამოობით მაგიდასთან ისევ ერთად ვიჯექით, ყოველთვის მაკლდა ეს ტკბილი ერთიანობა, მე და მამა საკმარის რაოდენობას არ წარმოვადგენდით, ხოლო სკოლის დასრულების შემდეგ თავისუფალი ზაფხულის დღეების ზღვაზე გატარება მერჩივნა მზის ხამს. ტელეფონის უგულებელყოფა ტყუილად არ მიხსენებია, რადგან გოგოები გამიბრაზდნენ უყურადღებობის გამო, რისი მიზეზიც ჩემი სუბიექტური აზრით ნამდვილად არ ჰქონდათ, იშვიათად კი არა არასდროს მომხდარა ჩემი სეპარაცია ამ დოზით. უნდა გაეგოთ, რომ ბედნიერების შეგრძნების სრული უფლება მქონდა, თან რომელი ბილაინი იჭერს მთიან სოფლებში? თბილისში დაბრუნებისთანავე გამანდეს წყენა თუმცა მალევე მოვგვარდით, რადგან სექტემბერში ჩვენი დაქალის ქორწილი ახლოვდებოდა და სამზადისის პროცესში ჩემი არ ყოფნა ნამდვილად საწყენი იყო. სანამ გურიის დღეებს დავასრულებ კიდევ რამდენიმე დეტალს გაგაცნობთ. ერთ საღამოს გარეთ გავედით ,,ახალგაზრდებში“, ჩემთვის საკმაოდ უფროს ხალხთან, არ მეჩვენება, გიორგის ისევ სხვანაირად ლაღს ვხედავ, რაც ცოტა მაეჭვიანებს, ამ ბიჭს მე ვუშლი ასეთი იყოს ჩემთან? არა, ნამდვილად არ ვარ მე ამის მიზეზი, გულისყურით ვაკვირდები, ვინმე მისი ყოფილი გულისსწორი არ იყოს, არა ნამდვილად არავინ არ არის, არც კი მსმენია ვინმეზე, მისი სოფლიდან. მისი წარსულის რამოდენიმე სერიოზული ურთიერთობის შესახებ ვიცოდი, ერთმა გოგომ ძალიან ატკინა გული, რადგან მასთან სახლში ცხოვრობდა, ყველას ძალიან უყვარდა და ძალიან მოულოდნელად დაშორდა, მალევე სხვა გაიჩინა, რაც დიდი ალბათობით დაშორების მიზეზი იქნებოდა მისი მხრიდან, ამ ისტორიამ კი გარანტია მომცა, რომ გიორგი მსგავსს არასდროს გამიკეთებდა. ნამდვილად კარგია სტაბილურობის განცდა, შენია და არ იხედება სხვისკენ, უბრალოდ არ აინტერესებს, რადგან შენ სკამარისი ხარ. ღმერთო! მე საკმარისი ვარ! ძლივს, არ მჭირდება ვინმე ძალით მოვიპოვო და მივიჯაჭვო. თბილისში დაბრუნება და დაქალის ქორწილი მალევე იყო, საკმაოდ კარგად გამოვიყურებოდი, ყოველ შემთხვევაში ჩემი და ჩემი შეყვარებულის აზრით, თან როცა შენს თეთრ კანს ოქროსფერი რუჯი აკრავს ძნელია ასე არ გეგონოს. მალევე აცივდა, მე უნივერსიტეტში ბოლო წელი მაქვს, გიორგიმ უკვე დაამთავრა, რამდენიმე საგანში ჩემი შეწევნით, ნამდვილად კარგ თემებს ვწერდი. მესიკვდილებოდა ლექციებზე სიარული, შეძლებისდაგვარად ვაქტიურობდი, რომ სემესტრი არ დამმატებოდა. ზამთრის დადგომასთან ერთად, ამინდების გაციებასთან ერთად ჩვენს ურთიერთობას რაღაც დაემართა... გაცივდა, ისე აღარ მიყურებს, ისე აღარ სწყურია ჩემი თავი როგორც მაშინ, შეხების გარეშე, რომ მგვრიდა სიამოვნებას... რა თქმა უნდა ვცდილობდი მიზეზის პოვნას, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, ჩემში არაფერი იყო შეცვლილი, ის ცივი იყო, სახლი რომელშიც თბილად ვგრძნობდი თავს გაიყინა, გალღობის საშუალება კი არსად ჩანდა. ამ პერიოდში ორ ანსამბლში ვცეკვავდი, თან ერთ მათგანში ნამდვილად არ ვგრძნობდი თავს კარგად, კონკურენცია ჩემი ძლიერი მხარე არ ყოფილა, არც სოლოსთვის ვიკლავდი თავს, უბრალოდ მინდოდა ალმაცერა მზერა არ ესროლათ ჩემთვის თანაც სრულიად უმიზეზოდ, ვერ ვხვდებოდი რატომ ვიყავი მუდამ მსხვერპლის როლში. ჩემი ორგანიზმი გამოიფიტა, თან თამბაქოს მოხმარებას არ ვამცირებდი, სტრესი, დატვირთვა, არასწორი ცხოვრების სტილი. ამ ყველაფერმა ციკლზე გავლენა იქონია და საკმაოდ გადამიცდა, ზოგადად ჩემი დაქალების თქმით ხარივით ჯანმრთელი ვარ, მხოლოდ წელიწადში ერთხელ თუ გავხდები ცუდად, სეზონურ ცინგლიანობას არ ვთვლით. - გიო, ციკლი დამიგვიანდა და ცოტა მეშინია, ხომ ყველაფერი კარგად გვქონდა? - ვუაიმე რეა, შეგჭამ ჩემო ტკბილანა, რა თქმა უნდა, შენი აზრით იმ ასაკში ვარ მაგას ვერ მივხვდე? - ხო მაგრამ თან უცნაურად ვარ, სულ მშია, სულ მეძინება, შემიძლია მთელი დღე მეძინოს და ღამეც გავაგრძელო უპრობლემოდ. - პატარავ შანსი არაა რამე სარისკო იყოს, გაიკეთე ტესტი, თუ გინდა წამო გიყიდი და ახლავე ვნახავთ, რომ პატარა გიორგი არ გიზის მუცელში. - აჰა ანუ ბიჭი უნდა იყოს?! რატო რა გოგო გვარიშვილობას წაგართმევს? - ნუ სულელობ სიტყვის მასალად გეუბნები. - არა, ახლა გაკეთებას აზრი არ აქვს, დილით უნდა იყოს. - დილით ვქნათ მაშინ, ახლა დავიძინოთ რა. - არა მირჩევნია ექიმთან მივიდე, არასდროს ვყოფილვარ თან. - აი შეგრცხვეს 22 წლის გოგო როგორ არასდროს ყოფილხარ გინეკოლოგთან. - რავიცი აბა არასდროს დამჭირვებია. - აი ეგაა საჭიროება რომ გგონია, ხვალ გაგირკვევ ვისთან მიხვიდე, სამსახურში ვკითხავ გოგოებს. - კარგი, ოღონდ ჩემთან ახლოს, ქალაქის ცენტრში სიარულის თავი არ მაქვს. - შენ მაგას არ წყვეტ, სადაც გეტყვი იქ წახვალ. - ოუუ მოხუცო, როგორი კატეგორიული ხარ. - აუ ხო მაგრად ვიკაცე - შეეძლოს სიტუაცია ნებისმიერ დროს განემუხტა. - კარგი ხო დავიძინოთ ახლა. - მოდი მომეკარი და ისე დავიძინოთ. - მაგაზე უარი როდის მითქვამს... ტკბილი ძილი მოხუცო. - ტკბილი ძილი ტკბილოზავრო. მეორე დღეს გაირკვა ვისთანაც უნდა მივსულიყავი, არ დაველოდე კლინიკაში რეგისტრაციის პროცედურებს, მეტი გადვაიხადე თუმცა მიღირდა, ნებისყოფით დაჯილდოვებული ნამდვილად არ გახლდით. - აბა ლამაზმანო რა გვაწუხებს? - გადამიცდა, რაც არასდროს არ მომხდარა. - მომიყევი შენს შესახებ. - ვცეკვავ, ორ ანსამბლში, ვსწავლობ, სიგარეტსაც ვეწევი, საკმაოდ ბევრს, და ზამთრის დეპრესიას არასდროს მივუტოვებივარ. - რა დროს შენი დეპრესიაა, მიმართვას მოგცემ ექოსკოპიაზე და მერე შემომიტანე, არაფერია საშიში, რაც მომიყევი გადაღლილობის ბრალი უნდა იყოს, თან 1 თვემდე გადცდენა ხშირია და საპანიკო ნამდვილად არ არის. - კარგი, ეგრევე შემოვალ. გულის ფანცქალით შევედი ექოსკოპიაზე, მგონი რომ მარტო არ უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ არავისთვის მითქვამს, გიორგიმაც არ იცოდა რომ უკვე კლინიკაში ვიყავი. ასე რომ ჩემი ხელი არავის სჭერია და გულის ფანცქალით დაველოდე ექიმის პასუხს. - აბა ვნახოთ... გათხოვილი ხარ? - არა, ჯერ პატარა ვარ. - ნუ არც ისეთი პატარა ხარ რომ... პირველია თუ მეორე? - უკაცრავად? - ბავშვი, პირველია თუ მეორე? - არა მე... მე არც, არცერთი არ მყოლია. - დიდი ბურთი მომაწვა და ვეღარ ვყლაპავდი, გიორგი ჩემთან უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ იყო, ამ საშინელ წამს მარტო ვიყავი. - კარგი, მოდი გულისცემა ვნახოთ. - არა, მე არ მინდა რამე მოვისმინო. - ძვირფასო ლამაზი და აშკარად ჭკვიანი გოგო ხარ, პარტნიორი ხომ გყავს? - კი - ხოდა გააგებინე ეს კარგი ამბავი და შეუდექით საქმეს, მარტივი არ იქნება ხომ იცი - მადლობა. - სიტყვები არ მოდიოდა, მხოლოდ ვტიროდი, ვღრიალებდი, ისე, როგორც პატარა ბავშვი საყვარელი სათამაშოს წართმევისას, მაგრამ ბავშვის დედა ახლა მე ვიყავი და როგორ უნდა დამეცვა თავი. მე ნამდვილად არ ვიყავი ის გოგო, რომელიც ჩემს წარმოდგენაში ამ ამბავს ქმართან ერთად გაიგებდა, მერე სიურპრიზად მეგობრებს გაუმხელდა და თავის კარიერაში წარმატებული ყველაფერს ნელ-ნელა შეიძენდა მისი პაწაწინასთვის. - რეა, გთხოვ დამშვიდდი, შენს მდგომარეობაში სტრესი მიუღებელია, დააზიანებ ნაყოფს, შენი პარტნიორი წინააღმდეგი იქნება? - არა რასამბობთ, ეს მე არ ვარ თანახმა, მე პატარა ვარ ჯერ. - ფაქტია პატარა არ ხარ, დამშვიდდი წყალი გამომართვი და მომისმინე ყურადღებით. ეს ცხოვრების დასასრული არ არის გესმის? შენს ასაკში ჩემს თაობას მეორე ბავშვი ჰყავდა უკვე, თან ნახე როგორი ლამაზი ხარ, მერე შენი შვილი წარმოიდგინე... - ხო მაგრამ მე ძალიან პატარა ვარ, მზად უნდა ვიყო თან ჯერ მეოთხე კურსზე ვარ. - კარგი ეს შენი ცხოვრება და შენი გადასაწყვეტია, უბრალოდ შენს ბიჭს გააგებინე და დამირეკე რომ აღრიცხვაზე აგიყვანო. - მადლობა. როგორ წამოვედი სახლში არ მახსოვს, გზად ყველა მე მიყურებდა, გეგონება ვიღაც გარდამეცვალა და ვგლოვობდი... გიორგის მივწერე, სახლში რომ მიხვალ დამირეკე რომ ეგრევე გამოვიდეთქო, მიხვდა რაშიც იყო საქმე, რაც ვუპასუხე რომ კლნიკაში ვიყავი. - იმ ასაკში არ ხარ ხომ რომ ეს შეგშლოდა? - რეა დამშვიდდი, რატომ კანკალებ, წყნარად მითხარი რა გითხრეს. - არ გეტყვი, გაჩვენებ! - სახეში ექოსკოპიის სურათი მივუგდე, რომელზე ნაყოფი ჯერ წერტილად ჩანდა. ჩემი საყვარელი ციფრი შვიდია, ხოდა ზუსტად შვიდი კვირის და შვიდი დღის ვიყავი, როგორი სიმბოლურია ხომ... - რეა ეს კარგი ამბავია, ჩემი იმედი არ გაქვს? მე მზად ვარ ეს თუ შენც გინდა შენ მარტო არ ხარ, ხვალვე მოვაწეროთ ხელი და გადმოდი ჩემთან. - რატომ არ გესმის რომ ეს დაგეგმილი არ გვქონია. - შენ გგონია ცხოვრება ისეთი მარტივია, რომ ყველაფერი შენი გეგმის მიხედვით წავიდეს? - ეგ არ მითქვამს, ბავშვი სათამაშო არ არის, ჩვენი ბავშვობიდან გამომდინარე ვიცით, რომ მშობლები მზად უნდა იყვნენ, როგორც მენტალურად ასევე ფინანსურად. - რა გინდა მითხრა, რომ მე მზად არ ვარ? - რატომ ვერ იგებ რომ საქმე შენში არ არის, მე არაფერი შემიქმნია ჯერ, ახალგამოჩეკილი წიწილა ვარ, ახლა ვსწავლობ სიარულს, მე ვინ უნდა აღვზარდო? - შენ საუკეთესო დედა იქნები რეა! - ამას დასამშვიდებლად არ მეუბნებოდა, ხშირად გვილაპარაკია ამ თემაზე. - მადლობა, მაგრამ შესაფერის ასაკში გიო. - ანუ რა გინდა? მოიშორო? - საზიზღრობაა, მთელი ეს დრო ყველას ვაკრიტიკებდი ამ გადაწყვეტილებისთვის, მაგრამ აშკარაა, რომ ყველას აქვს მნიშვნელოვანი მიზეზი. - მისმინე რეა, მე ვერაფერს დაგაძალებ, მარტო არ ხარ ეს გახსოვდეს, ორივე შემთხვევაში ერთად ვართ. - აქ დივანზე მივწექით და უნებურად მუცელზე დამიწყო ფერება. წამოვხტი და ღებინების შეგრძნებით საპირფარეშოში გავვარდი, რაც არა ტოქსიკოზის, არამედ ნერვიულობისგან იყო გამოწვეული. მას კი ჩემი თავი ეჭირა, მივხვდი რომ საუკეთესო მეუღლე და მამა იქნებოდა, მაგრამ მე თუ ამ ნაყოფს თავს შევწირავდი აუცილებლად გავხდებოდი დაბოღმილი, განუვითარებელი ქალი, რომელიც იმაზე მეტად ადრე დაჯდებოდა სახლში ვიდრე წარმოიდგენდა. - სახლში წამიყვანე, უნდა დავისვენო. - მიდი პატარავ აიღე ნივთები, მანქანას გავათბობ და 5 წუთში ჩამოდი. - კარგი მიდი. - სიმართლე მითხარი, ესეთ ვითარებაში გათხოვება არ გინდა? - კი გიო, ეგეც მნიშვნელოვანი მომენტია. დავორსულდი და გავთხოვდი არასდროს მდომებია. - ხო მაგრამ იცი რამდენს ემართება ეგრე? - ხოდა მე დამართება არ მჭირდებოდა, მე შექმნა მინდა ჩემი სურვილით! - ჩემი ჰორმონები აშკარად კიდევ უფრო სენსიტიურს მხდის ვიდრე ვარ. - კარგი რეა, მაგიტო მართლა არ მითქვამს, დამშვიდდი. დროს მოგცემ სამ დღეს, თუარადა მერე გავიკითხავ სად და როგორ, თან პატარა არ ხარ და ბევრი დრო არ გვაქვს. - მე უკვე გადავწყვიტე, მაგრამ შენი ხათრით სამი დღე კიდევ ვიფიქრებ. სახლში მივედი და სარკეში ვუყურებ პატარა ღიპუცას, რომელიც ბევრი ჭამისგან არის გამობერილი, მაგრამ ახლა, როცა უკვე ვიცი რა ხდება იქ, ვეფერები და ყველაფერს ვგრძნობ. ხანდახან ისიც გამიელვებს, რომ ამას ყოველთვის ვინანებ და ამად არ ღირს ეს ყველაფერი. მე ის მიყვარს, მასაც ვუყვარვარ, ის არასდროს მიღალატებს და მიმატოვებს, მეტი რა მინდა, თან შემიძლია პარალელურად ვისწავლო, დედაჩემი თუ ვერა, ფიზიკურად ნინო დამეხმარება... ამ ფიქრებში ძალიან მალე ჩამეძინა, უძილობა ისედაც არ მაწუხებდა. მესამე დღე დადგა და მე უკვე გიორგის მანქანაში, დანიშნულების ადგილისკენ მივდივარ - რეა ნებისმიერ წამს შემიძლია მოვატრიალო. - არა! დარწმუნებული ვარ, სიგარეტი მომაწოდე რს გამითავდა. - იმაზე მეტს ეწევი ვიდრე აქამდე. - მგონი იმ ასაკში არ ვარ ეგ მიკონტროლო ხომ?! - შენი გაკონტროლება არც მიცდია, რატომ არ გესმის? - მე ის მესმის, რომ წინ უნდა იყურო რომ მალე მივიდეთ და დავასრულოთ ეს ყველაფერი, მანამდე კი სიგარეტი მომაწოდე. - ღმერთო რა ჯიუტი ხარ! - მეც მიყვარხარ - ამ სიტყვებით ხშირად არ ვაჯილდოვებდით ერთმანეთს, მაგრამ ამ სამ დღეში უფრო ხშირად ითქვა. -გიორგი ეს ლამაზმანი სად იპოვნე? - ექიმი კომპლიმენტებს მაყრის, რომელიც იმ მომენტში ნამდვილად არ მჭირდება. ძვირფასო ორი ვარიანტი გვაქვს, სანამ გინეკოლოგი კიდევ გნახავს უნდა აირჩიო მედიკამენტოზური თუ გამოფხეკვა? გამოფხეკვა ისე საშინლად ჟღერდა, წამებში გადავწყვიტე მედიკამენტოზური, სამი წამალი უნდა დამელია სამ დღეში და ყველაფერი დამთავრდებოდა, უკუჩვენება მხოლოდ დენა და მაღალი ტემპერატურა იქნებოდა, რაც მარტივად ჟღერდა. ექოსკოპიაზე შევედი, თუმცა ამჯერად ვაგინალური გამოკვლევის დრო იყო, რაც საშინლად არასასიამოვნო იყო, გულის ცემის მოსმენა კიდევ ერთხელ შემომთავაზეს და კიდევ უარი ვთქვი, სხვა შემთხვევაში ამას ვეღარ გავაკეთებდი. პირველი წამალი იმ დილითვე დავლიე, მანამდე კი ფურცელი მოგვცეს სადაც ნაყოფის ანომალიის შესახებ იყო დასტური, გიორგიმ ძალიან განიცადა, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა, უბრალოდ ფორმალური უსაფრთხოებისთვის თურმე ასე ხდება. სახლში წამოვედით, მე ტირილი არ შემიწყვეტავს. - ხომ იცი ვერ გიყურებ ასეთს. - ხოდა გზას უყურე. - რამეში მადანაშაულებ? - არა გიორგი, უბრალოდ ცუდად ვარ გესმის? ეს ყველაზე საშინელი დღეებია ჩემთვის! - მესმის თან როგორ... გაუძელი და როგორც კი ყველაფერი დამთავრდება ქალაქიდან გავიდეთ. - ჯერ არ შემიძლია, ზეგ ,,პაესტკაში“ მივდივარ ერევანში, კონცერტი მაქვს. - გაგიჟდი? ამ მდგომარეობაში? იქნებ როგორ იქნები, როგორ უნდა იცეკვო რეა! - გიორგი, ეს ჩემი ცხოვრებაა და კარგს თუ ცუდ გადაწყვეტილებებს მე ვიღებ! - ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მაზოხისტი ხარ? - ეგ რა შუაშია, წინა დღით ვერ გამოვაკლდები ანსამბლს, რომელსაც გულზე ისედაც არ ვეხატები! - გასაგებია, მაგრამ ეს შენი პროფესია არ არის და უნდა დაიკიდო რაღაცეები, როცა საქმე შენს ჯანმრთელობას ეხება? - ხედავ? პროფესიაც კი არ მაქვს! - ნუ სულელობ ტკბილოზავრო, მალე დაამთავრებ უნივერსიტეტს და ფსიქოლოგიც გახდები! ხო ხედავ მთელი გურია შენთან ჩაეწერა, რიგში დგომა რომ არ მოუწიოთ. - არ მეცინება გიო, მიმიყვანე სახლში უნდა დავიძინო, თან ელი მელოდება, ჩემთან რჩება სამსახურიდან. - აქ ვართ უკვე რეა, შენს კორპუსთან. - რა მჭირს? ადგილებსაც ვერ ვცნობ... - გადადი, რამე თბილი დალიე და ჩაეხუტე შენს გოგოს. - დროებით. ჩემს ოთახში შევედი და ჩავეხუტე ჩემს გოგოს, რომელსაც წამროდგენა არ აქვს რა გავაკეთე რამდენიმე წუთის წინ... რაღაც გადაცემას უყურებს შეპყრობილად და დაიჯერა, რომ უბრალოდ მეძინებოდა... მეორე დღეს ტემპერატურა საკმაოდ მაღალი მქონდა, მე რეპეტიციაზე მაინც წავედი, ხვალ უკვე ქვეყნიდან გავდივართ და წინა რეპეტიციის გაცდენა შეუძლებელი იყო, გიორგისთვის არ მითქვამს. საშინლად გაბრუებული ვარ, მეორე წამალიც დავლიე და მოვედი სახლში. ნელ-ნელ ტკივილები დამეწყო, გოგოებმა ვიცით რას ნიშნავს მენსტრუაციის სპაზმები, მაგრამ ეს ახლოსაც არ იყო მასთან. სიკვდილი გინატრიათ? გულწრფელად? მე ღმერთს ვეხვეწებოდი, ვბღაოდი, რომ მოვეკალი, ოღონდ ეს ტკივილი გაჩერებულიყო, ოღონდ დასრულებულიყო და მე სიცოცხლე აღარ მაინტერესებდა. მეგონა ვიღაც ორგანოებს მაცლიდა მუცლიდან, ანესთეზიის გარეშე! ეს ჩემი გადაწყვეტილების შედეგია, რა მეგონა? რომ უბრალოდ გაქრებოდა? შედეგების გარეშე... ყველა განსაცდელი რაღაცის მასწავლებელია და მისგან რა უნდა მესწავლა, რომ სხვისი სიკვდილი ჩემი გადასაწყვეტი არ არის და რომ ჯობია მე მოვიკლა თავი? ძალა არ მქონდა, თორემ დანას დაუფიქრებლად გავიყრიდი მუცელში, განა ამ მოქმედების, საწოლიდან ვერ ვდგებოდი რომ რამე ბასრი ამეღო, არც ოჯახის წევრებზე მიფიქრია და არც მეგობრებზე. ის უფრო ეწყინებოდათ რაც საკუთარ თავს დავმართე თუ რაც ნაყოფს დავუშავე? ნუთუ მამას ეწყინებოდა ჩემგან შვილიშვილი რომ ეყოლებოდა? ნუთუ სადაქალო არმიიღებდნენ ჩემს შვილს, რომელიც გეგმაში არ მქონია. როგორ არა! ეს მე ვარ კრიტიკის ფობიით შეპყრობილი და მანამ ვერ ვიცხოვრებ ჩემი ცხოვრებით, სანამ ამის მეშინია, სანამ სხვის აზრზე არ ვიფიქრებ ჩემის ნაცვლად. - ღმერთო, რატომ მაწვალებ? დავასრულოთ და გავსწორდეთ, მე შენთან წამიყვანე, არც ჯოჯოხეთის მეშინია! - შენ ჩემი შვილი ხარ რეა, როგორ ფიქრობ ამას გაგიკეთებ? - ისიც ხომ შენი შვილი იყო, ვისაც არ ვაღირსე ამ სამყაროს მოვლინებოდა. - ეგ შენი გადაწყვეტილება იყო, შენი სიცოცხლე კი ჩემს ხელშია და ჩვენ ბევრი გეგმა გვაქვს წინ. - მაგრამ არ მესმის ღმერთო, ვერ გავუძლებ ამ ტკივილს, გთხოვ წამიყვანე, გევედრები. - ცოტაც გაუძელი და დროის შემდეგ ისევ ვისაუბრებთ ამ თემაზე. ჩემს წარმოსახვაში იყო ეს დიალოგი თუ მართლა ვესაუბრე ღმერთს არ ვიცი, მაგრამ ტკივილი გაქრა. ნუთუ ღირსი ვარ აღარ მტკიოდეს, არ მჯერა, მომეჩვენა, აუცილებლად მომეჩვენა. ერევანში წასვლის დღე გათენდა, არ ვიცი მეძინა თუ თავს ვატყუებდი დახუჭული თვალებით, რომელიც ფართოდ გამეხილა. იღბლიანი ვარ ადამიანებში, ხშირად ვამბობ, ჩემთან ერთად გოგო მოდიოდა, რომელთან ერთადაც სხვა ანსამბლში ვცეკვავდი, თუმცა ამ ამბის გაზიარებამ ძალიან დაგვაახლოვა, სამუდამოდ... - რეა, რაც არ უნდა ხდებოდეს, უბრალოდ გამიზიარე, მევერ მოვაგვარე მაგრამ დაიცლები, ამ ტვირთის ტარება შენი სიფრიფანა სულისთვის ზედმეტია, ხომ ხედავ მთელი რეპეტიცია ცრემლი ვერ შეიშრე. - თეკლა შეგზიზღდები! როგორ უნდა გითხრა რომ მონსტრი ვარ? - მე შენი ყველა ვერსია მიყვარს რეა, ძნელია დამიჯერო?! - მე... მე ცუდად ვარ თე. - გხედავ, და მომეცი ჩემი წილი სატარებელი, რომ აგაყენო ისევ ფეხზე. - თეკლა, მე ორსულად ვარ და არ მინდა, მე არ ვარ მზად გავხდე ის დედა, რომელზე მთელი ბავშვობა ვვოცნებობდი. - რეა გესმის? რამხელა წყალობაა უფლის! - ხელებში სახე ჩარგო და მისი ქათქათა კბილებით მიცინის, ჰგონია რომ უბრალოდ მეშინია. - თეკლა უფალი არ ახსენო გთხოვ ჩემთან, ძალიან შორს ვარ ამ მომენტში. - რასამბობ რეა, გიო არ არის თანახმა? ღმერთო პაწაწინა შენნაირი, გავგიჟები! - არა რეა, ის თანახმაა მე არ შემიძლია... - რაც არ უნდა გადაწყვიტო მე შენს გვერდით ვარ. ამ სიტყვების მჯეროდა, ეჭვი არასდროს შემიტანია, თეკლას ვუზიარებდი ყველა წამს, რომელიც მაშინ გავიარე, ერევანშიც ჩემი ხელი ეჭირა სულ, ღამეც ჩემზე ზრუნავდა ოთახში. მე ვკვდებოდი შინაგანად, არა მკვდარი ვიყავი, მაგრამ სცენაზე ვიდექი და ვცეკვავდი, მაყურებელს ვეთამაშებოდი, როგორც მჩვევია, ვირჩევ რამდენიმეს და თვალებით ვუყვები ჩემს ისტორიას. არ ვიცი მაშინ ჩემმა თვალებმა რა მოუყვეს მათ, მე ამაში არ ჩავრეულვარ, მაგრამ მათი სახის გამომეტყველება არასდროს დამავიწყდება, მათ მოისმინეს ჩემი ისტორია, რაც სულს მტკენდა მაშინ. ქალები ვართ ყველაზე დიდი მსახიობები! ჩვენ შეგვიძლია მოძალადის გვერდით გავიღიმოთ, შეგვიძლია წყენა გადავყლაპოთ და პარტნიორს მოვეფეროთ, შეგვიძლია აბორტი გავიკეთოთ და ამ დროს სცენაზე ვიდგეთ, სანამ ნაყოფი არ ჩამოიშლება.მეც ის ნიჭიერი მსახიობი ვარ, აღიარების გარეშე, რომელიც სულ სხვა ადამიანად წარმოაჩენს თავს, ისე რომ არც გაიფიქრებთ, რომ ვთამაშობ, რადგან ჩემს გოგოებს არაფერი შეუმჩნევიათ, სანამ მე არ მოვუყევი ერთი წლის შემდეგ. გიო დამხვდა ავტობუსის გაჩერებაზე, თეკლამ გულში ჩამიკრა და მანქანამდე მიმაცილა. მესამეზე ჩემი დიდი ჩემოდნით ავედი, ბაჩომ არ დააყოვნა - ვაუ, უკვე გადმოხვედი რეა? - არა ბაჩო, გასტროლიდან პირდაპირ აქ მოვედი, დღეს დავრჩები. - არა მე საწინააღმდეგო კი არ მაქვს რამე, უბრალოდ მითხარი მოვამზადოთ რამე - კაი თუ ძმა ხარ გაგვატარე - გიორგიმ მოკლედ მოუჭრა ძმას. თაკოს გავხედე ცრემლიანი თვალებით, თბილად გამიღიმა და სახლში შევიდა. ვერ მივხვდი იცოდა თუ არა რამე, მაგრამ ეს ყველაზე მეტად მადარდებდა ახლა, ის არიყო ადამიანი ვისგანაც კრიტიკას ვერ მივიღებდი, თან დარწმუნებულიკ ვიყავი, რომ ამას არ იზამდა. - გინდა ფილმს ვუყუროთ ტკბილოზავრო? - გიო წამოგორდა დივანზე და მელოდება, როდის ჩავუგორდები მკლავებში. - ძაან დაღლილი ვარ, მე დავწვები და შენ თუ გინდა უყურე. - ბრაზობ ჩემზე? - ისე ნუ იქცევი თითქოს არაფერი მომხდარა რა! - რეა ვერ ვხვდები მე დაგაძალე რამე?! მგონი გარკვევით გიმეორებდი, რომ მე მზად ვიყავი! - ტონს ნუ უწევ და შენ ნუ გამოდიხარ მსხვერპლის როლში! შენ არ იყავი ჩემს გვერდით, როცა სიკვდილამდე მტკიოდა, ღმერთს ვეხვეწებოდი, რომ მოვეკალი გესმის? და შენ არ შემეცოდებოდი ამ ტვირთვისთვის, რადგან შენც გაქვს შენი წილი სატარებელი სიცოცხლის ბოლომდე! მარტო მე არ უნდა ვიტნჯებოდე - ხმა გამებზარა და ბოლო წინადადება თითქმის ჩურჩულით ვთქვი, რადგან ცრემლები ისედაც მახრჩობდა, თვალები ჩაწითლებული მქონდა ამდენი დღის ტირილისგან, თან ისიც დაემთხვა, რომ სახლში მარტო ვიყავი და ხელს არავინ შემიშლიდა შვილი გლოვისთვის, რომელიც მე მოვკალი! - კარგი ჩემო გოგო, მოდი ჩემთან და ჩემი ხელით წაგიყვან საძინებელში. - მაპატიე, ზედმეტი მომდის, მაგრამ ვერ ვუძლებ... - ბოდიშს ნუ იხდი, მე უნდა ვყოფილიყავი ფრთხილად, შენ ყველაზე მეტად დაზიანდი, მაგრამ ნახავ ზაფხულში გურიაში რომ წაგიყვან ყველაფერს დაგავიწყებ! - მიყვარხარ. - მე უფრო ტკბილოზავრო. იქვე ჩამეძინა, თუმცა ჩემით ავდექი საძინებლამდე მისასვლელად, ხშირად მეღვიძებოდა, მაგრამ შემეძლო საწოლში მაინც გამეტარებინა მთელი კვრა, რომ არა ლექციები... ლექციებზე გვამივით ვიჯექი, რეპეტიციებზე სხეულს ვამოძრავებდი, თორემ სული მკვდარი იყო, გოგოებთან კი უხალიოდ ვატარებდი დროს, მიზეად ზამთრის დეპრესიას ვასახელებდი. გურიის გეგმა ჩაიშალა, რადგან გადავწყვიტე საბერძნეთში სამი თვით წავსულიყავი სამუშაოდ, წინა ზაფხულის დღეების მერე გიორგის რომ სახლში მივყავდი გამაფრთხილა, ასე ვეღარ გავძლებ და შენს სახლში ვეღარ დაგტოვებო, მინდა რომ გადმოხვიდე ჩემთან შემდეგი წლიდანო, ასე რომ ვიფიქრე ფულს შევაგროვებდი და ჩემს სახლს ცოტას ხელს შევავლებდი, რაც ნამდვილად სჭირდებოდა. დრო მალე გავიდა, ნელ-ნელა ემოციების კონტროლი ვისწავლე, გიოსთანაც დიდ დროს ვატარებდი, თუმცა თავიდან ბავშვებს ვერ ვეკარებოდი, მეგონა ამის უფლება არ მქონდა. წასვლის დროც მოახლოვდა, გამოცდები წარმატებით დავასრულე, თუმცა ერთი საგნის ფინალური იქიდან უნდა გადმომეგზავნა ლექტორისთვის. ბოლო დღეს გაცილება მომიწყვეს გოგოებმა და ჩემმა ბიჭმა, მცხეთაში წავედით, გიორგის ანკესით ბედნიერი დიდი გოგოები ხუთი წლის ბავშვებს დავემსგავსეთ, პატარა ლიფსიტების დაჭერა ისე გვიხაროდა, თითქოს უზარმაზარ თევზს გამოვაბით კაუჭი, ძალიან კარგი დღე იყო. მეორე დილით ავტობუსამდე ელიც გამოგვყვა, ჩემი ადგილი დავიკავე და ცრემლი არ გადმომიგდია ბოლო წამამდე, რადგან ჩემი წამების მერე არასდროს აღარ მითქვამს რამე მტკივათქო, ან დავიღალეთქო. დაიძრა ჩემი ტრანსპორტი, კისრის ბალიშში თავი ჩავრგე და უემოციოდ თბილისის დატოვებას გემრიელი ცრემლები მოჰყვა, რომელიც რა თქმა უნდა არავის დაუნახავს, მარტო ვიჯექი და ვეცადე გემრიელად დამელაგებინა ფეხები სავარძელზე. ამაღელვებელი იყო პირველი ფრენა, სასიამოვნოც, მაგრამ არ ვიცოდი სად მივდიოდი, რადგან დედასთან 3 თვე ექვსი წლის შემდეგ არ გამეტარებინა, არ ვიცოდი როგორი იქნებოდა. ჩემი სამსახურეობრივი გამოცდილებაც კაბინეტით არ შემოიფარგლებოდა, მაგრამ პირველად უნდა დამელაგებინა სასტუმროს ოთახები. გრძელი გზა მქონდა გასავლელი, ჯერ ათენში ფრენა, მერე კი დილის 6 საათზე გემი კუნძულამდე, კუნძულზე ცხოვრება კი ჩემი ბავშვობის სანუკვარი ოცნება იყო. ესეთი სილამაზე მანამდე არასდროს მენახა, გემის მოაჯირზე მიყრდნობილი ოკეანეში გადავეშვი მთელი არსებით, თან ველაპარაკებოდი, თითქოს მისმენდა და ტალღების მოძრაობით პასუხსაც მიბრუნებდა. გიჟს ვგავარ ხომ?! მგონი კიდე საღად ვვაზროვნებდი. პირველი შეხვედრა საკმაოდ ტკბილი იყო დედასთან, ის იქ ბერძენ მამაკაცზე დაქორწინდა მას შემდეგ, რაც მამაჩემმა ცოლი მოიყვანა, მისი ისტერიკები ძალიან მაზიანებდა აბიტურიენტობის დროს, თუმცა შედეგი მაინც ნაყოფიერი აღმოჩნდა. მისი ქმარი საკმაოდ კარგი პიროვნება ჩანს, მისი მოვალეობა დედაჩემისთვის თავშესაფრის ტოლფასი იყო, ასე რომ ამართლებდა ყველაფერს. დედის სუნი ძალიან გემრიელი იყო, მახსოვს საბერძნეთსი რომ წავიდა სააბაზანოში ტუჩსაცხი დატოვა, ყავისფერი, მის სურნელზე ახლაც კი გამოვარჩევ უამრავში! დიდი ხნით მქონდა ცხვირთან, რომ ყნოსვის რეცეპტორებს არასდროს დავიწყებოდათ, ასეც მოხდა! პირველივე საღამოს ჩემს უფროსს შევხვდი, პირველად მქონდა ინგლისურად კომუნიკაცია, თუ არ ჩავთვლით პრომოუტერობის დროს დაზეპირებულ პროდუქციის შემადგენლობას, რომლის რუსული ვერსია ძალიან სასაცილოდ ჟღერდა, მაგრამ საქმეს მაინც აკეთებდა. უფროსი საყვარელი კაცი ჩანს, დედამისიც და ცოლიც. ყველაფერი თეთრია, მზე წვავს ჰაერს, მაგრამ ყვავილები მაინც ყველგან არის, ფისოები ყველა კუთხეში მზერას გესვრიან, - ჩამოთრეულო, შენი ადგილი იცოდე! ყველა ჩასუქებულია, როგორც ჩანს მოსახლეობასაც და ტურისტებსაც ძალიან მოსწონთ მათი დაპურება, თან საკვები იმაზე მეტად ხდება ნარჩენი ვიდრე დიდ ქალაქებში. სხვანაირი აურაა, აეროპორტიდან გამოსვლისთანავე ვიგრძენი მაგრამ, აქ კიდევ ყველაფერს შეისუნთქავ, სილაღე, თავისუფლება, ბედნიერებას გემო აქვს და შეგიძლია ნებისმიერ წამს დააგემოვნო. დილით გაღვიძება გამიჭირდა, მაგრამ დედიკოს ფუსფუსმა გამომაფხიზლა, ელენიკო ყავა დავაგემოვნე, რაც თავიდან არ მოწმონებია, მაგრამ მერე მის გარეშე დღე არ დაწყებულა. ბერძნულ სიმღერებზეც ყურებიდან სისხლი მომდიოდა, თუმცა მალევე დავიზეპირე რამოდენიმე ფავორიტი. ჩემს ლექსიკონში ბერძნული სიტყვები საჭიროების მიხედვით ივსებოდა, რა თქმა უნდა ეს იყო ცოცხი, ნაგავი, ბალიში და თეთრეულის სახელწოდებები. ორი ალბანელი ქალბატონი მყავს თანამშრომლად, რძალ-დედამთილი, რძალი საუზმეს ამზადებს, ცოტა ქარაფშუტაა, მაგრამ გულწრფელია ვერ მალავს ემოციებს, მასთან ერთად ყოველ დილით ჩემი უფროსის დედაა და კომპანიონობას უწევს, თან ეს ქალბატონი კუნძულის მერი გახლავთ, ასე რომ კარგ ხელში მოვხვდი ნამდვილად. ჩემი უფროსი ახალგაზრდა კაცია, საკმაოდ მიმზიდველი, ვერ ვხვდები მეფლირტავება თუ მე მეჩვენება, ყოველ დილით პარკინგის დასუფთავებით ვიწყებ, დილაობით კი სახლთან მაკითხავს რომ სამსახურში წამიყვანოს, მე კი წარჩინებული მოსწავლე ყოველ ჯერზე ახალ სიტყვებს ვაყრი, კომპლიმენტები და მოტივაციას უფრო მიმძაფრებს. - ტალანტი გაქვს რეა! - კარგი რა, უბრალოდ ყოველ დღე ვმეცადინეობ. - არა არ მეჩვენება, ნამდვილად უზომოდ ნიჭიერი ხარ! - აჭარბებ ბოს! კომუნიკაცია რა თქმა უნდა ინგლისურად გვაქვს, ბოსს რომ ვეძახი სულ ეცინება, თან ძალიან მოსწონს. ერთ-ერთი დღის ბოლოს მეკითხება მოპედით რომ წაგიყვანო ხომ არ გეშინიაო, არა რასამბობ წავიდეთ. წინ მეუღლე ედგა, ბერძნულად ეუბნება ხომ ძალიან ლამაზიაო, ჩემი ენის დონე მაღალი ნამდვილად არ იყო, თუმცა კუნძულმა კომპლიმენტებს იმდენად მიმაჩვია უკვე ვხვდებოდი ჩემზე რას ლაპარაკობდნენ, საქართველოში კი მაქსიმუმ მომესმინა თუ როგორი საყვარელი გოგო ვიყავი. დამეთანხმებით მიმზიდველი სიტყვები ნამდვილად არ არის გოგონასთვის, რომელსაც სწყურია დარწმუნდეს, რომ მიმზიდველია. ყოველ დღეს სანაპიროზე ვასრულებ, იდეალური გრაფიკი მაქვს, ცხოვრებაში პირველად ჯანსაღად მძინავს თერთმეტი საათიდან და დილის შვიდ საათზე მაღვიძარას მუდამ ვასწრებ, ქუჩაში მომავალი წყვილიდან კი მამრობითი სქესის მზერას მუდამ ვგრძნობ, ამიტომ თვალს ვარიდებ როგორც შემიძლია, ჩემთვის მტკივნეულია გოგონას წამიერი წყენის მიზეზი მე ვიყო. გასარუჯად მუდამ ერთ ადგილს ვირჩევ, ამიტომ რესტორნის მიმტან გოგონას დვუახლოვდი, გაგიკვირდებათ და ისიც ალბანელია, ბიჭი რომ ყოფილიყო აუცილებლად დამკერავდა, მაგრამ მისდა სამწუხაროდ ისიც მდედრობითი სქესის წარმომადენელია. გარეთ მუშაობს სასმლის მიმტანად, დრესკოდად გრძელი შარვლები აქვთ, რაც მათი უფროსის ამაზრზენ პიროვნებაზე მეტყველებს! შემიყვარდა რეა, ყოველი შეხვედრა ჩახუტებით იწყება, ხან გედი ვარ, ხან ფერია ხან ყველაზე სექსუალური მაშველის ვიდზე! გიორგი ყოველი დღის დეტალებს ვუზიარებ, ისიც სიამოვნებით მესმის და თანახმა ვარ ჩემი ხარჯებით ჩამოვიყვანო ერთი კვირით, აშკარად არ არის წინააღმდეგი, ასე რომ სანამ დედაჩემს გავუმხელ ამ გეგმას კუნძულის ცენტრი ფეხით მოვიარე, რომ შეღავათიან ფასში სასტუმრო მომეძებნა, უშედეგოდ დასრულდა, სამაგიეროდ ფეხები კანკალით დავიძინე, რადგან ძალიან ბევრი ვიწოწიალე. - ძალიან მენატრები გიო, ეს გრძნობა მშობლის მონატრებაზე ძლიერი ყოფილა, შენთან მინდა! - რეა, ჩემო ტკბილოზავრო, მე როგორ მენატრები შენ არ იცი, ცარიელი ვარ უშენოდ! - შვებულების დღეები დააზუსტე და ავიღოთ ბილეთები. - ხო მაგრამ ძვირი ჯდება პატარავ. - არაუშავს მე მიღირს, იცი გაგიჟდები აქაურობაზე, თან შეგიძლია ითევზაო კიდეც, თან დიდ თევზებს დაიჭერ, გუშინ ჩემს წინ რვაფეხა დაიჭირეს პატარა ბიჭებმა, ისეთი ბედნიერები იყვნენ, როგორც ჩვენ ლიფსიტების ჭერისას. - ჩემო გოგონავ! მთავარია შენთან ვიქნები, თვენახევარი უკვე გავიდა, ერთი ამდენიც და ჩამოსვლისთანავე ჩემთან გადმოხვალ. - ვაუ მოხუცო, მამაჩემს უნდა სთხოვო ხელი ხომ იცი. - მერე ვინ თქვა, რომ მეშინია! ჩემზე კარგ სასიძოს მამაშენი ვერ ნახავს. - ჰაჰა! მე ეჭვი არ მეპარება, იმედია მის გულს ისევე მალე მლოიგებ როგორც ჩემი! - მენდე რეა! მალე ჩემთან იცხოვრებ, ყოველ ღამე ერთად დავიძინებთ და სიყვარულს არ მოგაკლებ, მთელ სხეულს დაგიკოცნი სულ ისე დაგაძინებ. - ერთი სული მაქვს მოხუცო, ახლა წავედი ხომ იცი დილით ადრე ვდგები. - ტკბილი ძილი ტკბილანა. - მენატრები გიო. - მე შენ ძალიან! სასტუმრო ჯერ კიდევ არ მინახავს, ასე რომ დედას ვთხოვე რამე ეპოვნა ჩვენთვის საჩვენო ფასში, ეგრევე დატრიალდა იმერელი ქალბატონი, საკმაოდ კარგ ფასში ვიპოვნეთ ახლა კი მთავარია გიორგის შვებულება დავაზუსტოთ რომ ბილეთები ვიყიდოთ. თხუთმეტი აგვისტო დადგინდა, ჯერ გურიაში მიდის, ცოტას ვეჭვიანობ, მეც ძალიან მინდოდა იქ, მაგრამ არანაკლებ კარგ ადგილას ვიყავი. დღეებს ვითვლით, ვიდეო ზარითაც კი ვკავდებით სიყვარულით, რასაც აქამდე ვერასდროს წარმოვიდგენდი, მაგრამ არანაკლებ მძაფრია შეგრძნებები. სოფელში ჩასული მთელი ოჯახის წინ ხმამაღლა მეუბნება რომ ჩემი სუნი ენატრება! და ერთი სული აქვს გულში როდის ჩამიკრავს, მე ძალიან მსიამოვნებს ეს ,,სითამამე“ , რომელსაც უბრალოდ ქართველი ქალბატონები არ ვართ მიჩვეულნი. მუდამ კონტაქტზე ვართ, დღესასწაულის აღსანიშნად გავყევი დედას და მამობილს, მისი ქცევები ძალიან არ მომეწონა, მალე დავბრუნდი სახლში და ცრემლები მახრჩობდა, გიორგის იმ წამსვე მივწერე - პირველად ვტირი დედას გამო! - რა მოხდა მომიყევი და დამშვიდდი. - სიყვარულს ვერ ვხედავ გესმის? მას დიასახლისად სჭირდება, პატივს არ სცემს, თუნდაც ჩემს წინ. - პატარავ უფროსები არიან და თუნდაც ესე იყოს, დედაშენი ამ ყველაფერზე თანახმაა, მას არ სჭირდება რომანტიკა, მასაც უბრალოდ საცხოვრებელი უნდა. - ხო მაგრამ სულ ეს არის ცხოვრება? გთხოვ, თუ ოდესმე რამე შეიცვლება შენში ჩემს მიმართ, უბრალოდ მითხარი და დავასრულოთ ცივილურად. - რეა! ახლავე დაივიწყე ეს რაც მითხარი და მეორედ აღარ გაიმეორო! მეშენ ყველაფერზე მეტად მიყვარხარ, შენი ყველა ნაკვთი ამ ლამაზ სახეზე სიგიჟმდე მიყვარს! - ხომ მაგრამ, შენ ხომ ამბობ რომ გამორიცხული არაფერია... - კი ჩემი სიტყვებია, მაგრამ ეს ჩვენ ურთიერთობას არ ეხება! - კარგი, მენატრები და მიყვარხარ! - მე შენ ჩემო გოგონავ, ახლა დაიძინე, ჩვენ ცოტას მოვსვამთ და სახლში მალე მივალთ. - კარგი, ხვალ დაგირეკავ. ამ ღამიდან სამი დღე გიორგი არ გამოჩენილა, პირველი ორი დღე დარწმუნებული ვიყავი, რომ უბრალოდ ალკოჰოლის მიღება ზედმეტი მოუვიდა და არ უნდოდა ესე დამენახა, მაგრამ მოეწერა რა დაშავდებოდა? ეჭვები თავს მიფეთქავს, აღარ ვიცი რა ვიფიქრო... სამსახურშიც, როცა დრო მაქვს ჩვენს ფოტოს ვუყურებ, რომელიც დაბეჭდილი წამოვიღე და ცრემლებს ვეღარ ვიკავებ. - რეა შემიძლია რამით დაგეხმარო? - ჩემმა უფროსმა მალევე დაინახა რომ რაღაც რიგზე არ მქონდა. - არა პანო, ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ... - უბრალოდ რა? შენი ბიჭი აღარ ჩანს? - ეგრევე ავხედე, ცინიკური ღიმილი დასთამაშებს, მე კი გაოცება ვერ ვმალავ. - უბრალოდ ბევრი დალია და თავი არ აქვს ალბათ ტელეფონი ხელში აიღოს. - რეა იმაზე მეტად ჭკვიანი ხარ, რომ ამ სიტყვების გულით გჯეროდეს. - სჩანს რომ მასაც სტკივა ჩემი ცრემლები. - ვიცი, უბრალოდ ზუსტად სამი დღის წინ ვესუბრე, ყველაფერი იმაზე კარგად იყო ვიდრე აქამდე. - ადამიანებს წამი გვჭირდება რაღაც დავანგრიოთ, რომლის ასაშენებლად წლები ვწვალობდით. - არ მინდა დავიჯერო. - გინდა ჩაგეხუტო? - არა, მადლობა, კარგად ვარ! - ჩემი დახუნძლული კალათი თეძოზე მოვიგდე და წავედი ოთახების დასალაგებლად. თაკო! აი ვისგან გავიგებ სიმართლეს, ის არ მომატყუებს და დაუფიქრებლად ვურეკავ. არ მპასუხობს, მთელი დღე არ შემოდის, ეს რა რამე თამაშია და მე არ ვიცი?! ვიცი დაკავებულია, ორი გოგონას დედაა, მაგრამ ნუთუ ესეთი რთულია მიპასუხოს ორი წამით. საღამომდე დრო ძლივს გავიყვანე, ჯერ გოგოებისთვის არაფერი მითქვამს... ღამე თაკომ მიპასუხა - აუ რეა მაპატიე, ისეთი გადარბენა მქონდა ნენეს ხელში, პატარა მონსტრია, რომელმაც სიქა გამაძრო! - ვიცი თაკო, მაგრამ გიორგის ვეძებ მესამე დღეა, ხო კარგად არის უბრალოდ მიპასუხოს, ვნერვიულობ. - უი კი კი რეა, უბრალოდ დასალევად იყო ეს დღეები, ახლაც არ მოსულა სახლში. - უჰ დავმშვიდდი... გთხოვ რომ მოვა უთხარი დამირეკოს, მენატრება. - აუცილებლად, შენ დაიძინე, მანდ ვიცი რომ რთულია მუშაობა... - კარგი, ველოდები. ღამით კიდევ გამეღვიძა, გიორგი ისევ არ ჩანს, თაკოს ვურეკავ, აღარ მაინტერესებს თუ ბავშვებს გავაღვიძებ, არანორმალურს ვგავარ უკვე. - რეა, ბავშვებს სძინავთ, მომწერე რა - ბოდიში თაკო, მაგრამ კიდევ არ მოსულა? - არა - კი მაგრამ სად არის გამთენიის 4 საათია უკვე - რეა, არ ვიცი, უბრალოდ ვიცი რომ ამ ადამიანის გამო დრო აღარ უნდა დაკარგო, არა თუ ინერვიულო რა. - ვერ ვხვდები რას ნიშნავს ეს სიტყვები? - უბრალოდ შენად არ ღირს! ახლა კი დაიძინე გთხოვ - თაკო, გამაგებინე რა ხდება - ახლა დაიძინე, დავაზუსტებ ყველაფერს და ხვალ დაგირეკავ. გული მტკიკვა, ოღონდ პირდაპირი გაგებით, მეწვის მკერდი... ღმერთო ოღონდ ახლა დამაძინე და ხვალ რაც გინდა ის გამაგებინე, მზად ვიქნები... ღმერთმა შეისმინა... არ მახსოვს როდის გავიღვიძე, მეგონა არც მძინებია, ყავა უხალისოდ დავლიე, დედას ვაკოცე და უფროსის მანქანაში ჩავჯექი. - არაფერია სიახლე? - არა ჯერ, მაგრამ მალე გავარკვევ. - რაც არ უნდა იყოს, იცოდე, რომ ძალიან ახალგაზრდა ხარ რეა და შენს ცრემლად არავინ არ ღირს! - ვიცი პანო, უბრალოდ ძალიან ახლოს ვიყავით და მარტივი არ არის ეს გაქრობა, არ ახასიათებს მას. - მესმის, მითხარი თუ ადრე გენდომება წასვლა, გაგიშვებ. - მადლობა პანო, ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან მოვხვდი. - პირიქით რეა, მე ვარ ბედნიერი რომ შენ გიპოვნეთ. ოთახებს ამ ჯერად მუსიკის გარეშე ვალაგებ, ხალისი არ მაქვს, ტელეფონთან მივედი და თაკოს ,,მუქარის წერილს“ ვწერ. - ორი გოგოს დედე ხარ და როგორც ქალი ქალს ვალდებული ხარ მითხრა რაც ხდება! - პასუხმა არ დააყოვნა, მითხრა რომ ორ წუთში დამირეკავდა - რეა აქ კარგად არ იჭერს - თაკო თვალი ჩამირთე და მითხარი სად არის! - კარგი - თვალები დასიებული აქვს - გისმენ! - რეა, ის არის რასაც შენ ფიქრობ... - რას ნიშნავს რასაც მე ვფიქრობ?! მე მგონია რო ჩაწვა სასმელში! - არა რეა, გიღალატა! გიღალატა ამ არაკაცმა. არ მახსოვს იატაკზე როგორ აღმოვჩნდი, ვტიროდი, ძალიან ხმამაღლა, თანამშრომელი შემოვარდა და წამომაყენა, ძალიან შეეშინდა, ეგონა ვინმე მომიკვდა, ნეტა ასე ყოფილიყო... - დამალაპარაკე ეგ არაკაცი თაკო - იქით არის მდინარეზე რეა... - არ მაინტერესებს დროზე დაუძახე მოეთრას! - ძალიან ხმამაღლა ვყვირი, ალბათ გარეთ ყველას ესმის. მოვიდა კამერასთან, გაყინული თვალებით, სახე წაშლილი აქვს და ხმას არ იღებს. - ვერ მოითმინე ხო?! თვენახევარი დიდი დრო იყო რომ დაგეწყნარებინა შენი ჰორმონები? - ისევ დუმილი, აღარ მიყურებს, თვალს მარიდებს. - შე არაკაცო! შენ არ ხარ ადამიანი! გიორგი მაინც გქვია? შენ ვინ ყოფილხარ! ასე როგორ გამიმეტე, რომ სიყვარულს მეფიცებოდი და თან ვიღაცასთან დაეთრეოდი?! შე არაკაცო! - რეა, ყველაზე ნაკლებად შენ იმსახურებდი ამას და მაინც შენ მოგექეცი ასე, ვიცი რომ არასდროს მაპატიებ. - შენ? შენ ჩემს ცხოვრებაში არასდროს იარსებებ! შენ მკვდარი ხარ გიორგი! მე შენგან ორსულად ვიყავი, ხომ მქონდა ნათქვამი რამდენიმე დღის წინ, თუ რამე შეიცვლება მითხარი თქო?! როგორ არ ამოგაძრო ენა? - ვიცი რეა, გთხოვ დამშვიდდი თავს არაფერი დამართო. - ამაზე მეტი რა უნდა დამემართოს მე... შენ მე გამანადგურე. ეს ერთადერთი ურთიერთობა იყო სადაც ფიზიკურადაც მატკინე და სულიერადაც, იმ წამებას ვერასდროს დავივიწყებ, ვერც ამ საშინელ წამებს. - გთხოვ რეა, არაფერი ყოფილა სერიოზული... - მითუმეტეს! ჩემზე ლამაზია? ჭკვიანი? მიმზიდველია? მითხარი რომ ვიცოდე ვინ ამჯობინე. - ნენეს და ტასოს თავს ვფიცავარ, არაფერი მომხდარა... - გოგოების სახელი შენი პირიდან ნუ ამოდის! როგორ უნდა მოეფერო შენ ბავშვებს? არ მიეკარო შე არაკაცო! - გთხოვ, მომეცი უფლება თბილისში რომ ჩამოხვალ ყველაფერი აგიხსნა. - შენ მე ვერასდროს ვეღარ მნახავ! განვადგურდი, ასეთი სულიერი ტკივილი აბორტის დროსაც არ განმიცდია, მენატრებოდა ადამიანი, რომელმაც მიღალატა, ჩემი მოხუცი მენატრებოდა... ღამით მაინც ვერ მოვითმინე, ჩემს ადგილას ვიჯექი მუსიკას ვუსმენდი და მაინც დავურეკე, გამითიშა. - ახლა სახლში არ ვარ რეა. - ისევ მასთან ხარ? - არა, უბრალოდ სახლში არ ვარ. - აქამდეც არ იყავი მაგრამ მირეკავდი გიო, გთხოვ მიპასუხე, მენატრები, შენი ჩახუტება ახლა ყველაზე მეტად მჭირდება. - არ შემიძლია რეა, შენი ღირსი არ ვარ... - რატომ დაიწყე მაშინ ეს ყველაფერი, მე ხომ თავიდან არ მინდოდა შენთან? შენ ხომ იცოდი როგორ მეშინოდა ურთიერთობის, ნდობის, როგორ მეშინოდა ტკივილის. - ვიცოდი, მაგიტომ არ ვარ შენი ღირსი, შენ საოცარი გოგო ხარ. - და მაინც ის გირჩევნია... ვინ არის? მე ვიცი? - არა შენ არ იცნობ, არც მის შესახებ მომიყოლია ოდესმე. - თურმე გოგო იყო გურიიდან რომელიც მთელი ბავშვობა უყვარდა, ის კი არასდროს აძლევდა შანსს, ახლა კი იდეალური დრო აღმოჩნდა ორივესთვის. - მეზიზღები! არავინ მეზიზღება შენნაირად! დღეები გადიოდა და მე საჭმელს ვერ ვჭამდი, ორ კვირაში ათი კილო დავიკელი, დავმახინჯდი, სასაცილოდ გამხდარი ვიყავი. ერთი სული მქონდა საქართველოში დავბრუნებულიყავი, მხოლოდ იმიტომ რომ ის მენახა და თვალებში ჩამეხედა, მერე მთელი არსებით მეთქვა თუ როგორ მეზიზღებოდა! გლოვა ერთმა ავსტრალიელმა მამაკაცმა დამასრულებინა, რომელიც ოთახამდე მე მივაცილე, კიბეებზე უკან მომყვებოდა და საკმაოდ მთვრალი,,განწირული“ ყვიროდა, - ნუ მიტაცებ! ძალადობის მსხვერპლი არ გავხდები!. მეორედ ამიყვანა, რადგან ელექტროობის ჩართვა არ გამოუვიდა, არადა გარკვევით ავუხსენი, თუ როგორ უნდა მოეთავსებინა გასაღები საჭირო ადგილას. მეორე დილით გამეცნო, დიუკი, რომელიც იოგის ჯგუფთან ეღტად მიდიოდა სხვა კუნძულზე, რადგან რთული პერიოდი ჰქონდა, ცოლმა უღალატა ერთ ახალგაზრდა ბიჭთან, თვითონ ორმოც წელს გადაცილებული იყო, თუმცა მოვლილი ხვეულები, თეთრი კბილები და ლურჯი თვალები უნათებდა! ჩემი უფროსის დედა მოდის და მეუბნება, - ხედავ როგორ გიყურებს? იქნებ მისცე შანსი. გამორიცხული იყო იმდენად უფროსი იყო ჩემზე, თუმცა მალევე ოთახში შემომაკითხა, მე ოფლისგან ვიწურებოდი, ვახშამი შემომთავაზა, მხოლოდ საკვები, ალკოჰოლის გარეშე, დავთანხმდი, საღამომდე კი დრო მივეცი საქართველოზი ინფორმაცია შეეგროვებინა. მომაკითხა, უკან შევსკუპდი და ხელი წელზე არ შემომიხვევია, ზედმეტად მომეჩვენა, გავუზიარეთ ჩვენი გულის ტკივილი, საერთო ჭრილობებით, მე ჩემი ბავშვობის შესახებ ვუყვებოდი, რომელიც შორი წარსული არ იყო, მისგან განსხვავებით, ჩემი საჩუქარი იყო ღმერთისგან, რომელიც ჩემზე გაბრაზებული ნამდვილად არ ჩანდა. სამი დღე სამსახურის მერე სულ მასტან ვატარებდი, ყველგან ბოლო ხმაზე ვიცინოდით, მე ვცეკვავდი, ის კი ტკბებოდა ჩემი ცქერით. ძალიან ბევრ ვლაპარაკობდით, არადა ვახშმამდე მეშინოდა ვაი თუ ინგლისურში გავიჭედებითქო, მისი თქმით ენას კარგად ვფლობდი, წარმოშობით ისიც ბერძენი იყო, რაც ავსტრალიელების 17%-ს შეადგენდა, სანახევრო ბერძნული სიტყვები კიდევ უფრო გულიანად გვაცინებდა. მისი თქმით მედიტაციამ გადაარჩინა ყველაზე რთულ დროს და მირჩია მეც მეცადა, მეც დავპირდი, რომ აუცილებლად ვცდიდი. ბოლო დღეს შემომთავაზა ოთახში ასვლა, რაზედ დაუფიქრებლად უარით ვუპასუხე, მინდოდა, მაგრამ ისევ მეშინოდა კრიტიკის, მხოლოდ ასაკის გამო, სხვა არაფერი... ბოლო ბოდიში მომწერა, ზედმეტად ჩათვალა ეს შემოთავაზება, დამშვიდობების დროს კი ძალიან ჩავეხუტეთ ერთმანეთს, რადგან დილით ასე სასტუმროში ყველას დასანახად შემრცხვებოდა, მხოლოდ მე, თორემ თვითონ საერთოდ არ აინტერესებდა. ერთმანეთს ჩუმად ვუცინოდით, მისი თქმით მოხუცი სული იყო ჩემში, ბრძენი და გამოცდილი, ამ ცხოვრების სირთულეები კი მხოლოდ გამოცდილებისთვის იყო გამოგზავნილი... ოთახში წერილი და ორმოცდაათი ევრო დამხვდა, წერილში საკმაოდ ლამაზი სიტყვებით მემშვიდობებოდა, სადაც აღწერდა როგორი მადლიერი იყო ჩემი გაცნობით, ყოველი წამი როგორი ნამდვილი და განსაკუთრებული იყო. მადლობა საოცარი მოგონებებისთვის, მადლობა რომ უცხო მოხუცს ენდე და ასევე მადლობა ყველაზე სუფთა ოთახისთვის, რომელიც ოდესმე მქონია. მოხუცი... რა სასაცილოა. გამიჭირდა მისი გაშვება, თავი ზღაპარში მეგონა, ყველანაირი ინტიმის გარეშე რამდენიმე დღეში თავი შემაყვარა, არა ეს ჩემგან რეკორდული დრო ნამდვილად იყო, წასვლის დღიდან საათობით ვლაპარაკობდით, დავცინოდით ჩემს უფროსს, რომელიც ზედმეტად ინტერესდებოდა დიუკის ინტერესით ჩემს მიმართ, რაც ძალიანაც მსიამოვნებდა. რამდენიმე დღით ვიცოდი, რომ ტელეფონი არ ექნებოდა, ის კი თინეიჯერი ბიჭივით ჩუმად მწერდა დღეში რამდენჯერმე, ვერ ითმენდა კომუნიკაციის გარეშე, მალევე გაირკვა რომ ისევ ჩემთან ბრუნდებოდა. გჯერათ?! ზრდასრული კაცი პაწაწინა გოგოსთან ბრუნდება რამდენიმე დღით! ჩახუტებით შევხვდით ერთმანეთს, ამჯერად მოპედზე წელზე მოვეხვიე, ვიცოდი რომ ვმაიმუნობდი და ვიწვევდი, მაგრამ ის ფაქტი,რომ არასდროს შემეხებოდა კიდევ უფრო მიჩენდა სურვილს ჩემი სწყურვილით დამეხრჩო. გიორგიზე საერთოდ აღარ მეფიქრებოდა, ულამაზეს ადგილას წავედით სანაპიროზე, სადაც მისი ნაჩუქარი სამაჯური დავკარგე ზღვაში, ჩაყვინთა, მაგრამ უშედეგოდ. ეცადა ხასიათი არ გამფუჭებოდა და ჩემს უფროსზე მომიყვა, თუ როგორი შოკირებული იყო მისი ხილვით. - ალბათ სპანაკოპიტა მოგენატრა ხომ? - ბერძნული უგემრიელესი ,,კერძია“ , ისპანახით და ყველით ცომში. - კი კი, სხვა რა მიზეზი უნდა მქონოდა? - ეჭვი არ მეპარება. - გაიძვერულად იღიმის თურმე. მე და მოხუცმა ავსტრალიელმა საოცარი დრო გავატარეთ, დაუვიწყარი, მისი თქმით ცხოვრებაში აუცილებლად მეყოლება პარტნიორი, რომელიც არა ნაკლებ ამაბედნიერებს, გული სწყდება, რომ ასაკობრივი სხვაობის გამო ერთად ვერასდროს ვიქნებით, ოჯახს ვერ შევქმნით, მაგრამ ის წუთები ყველაფრად ღირდა, რაც ერთად გავატარეთ... საქართველოში ჩასვლის დრო მოვიდა, გოგონები ყოველ დღე მწერდნენ როგორ ვიყავი, მშობლები ნერვიულობდნენ, მამა კი ბედნიერი იყო რომ მასთან ვიქნებოდი ძალიან მალე. თაკოსთან ყოველდღიური კომუნიკაცია არ შემიწყვიტავს, დიუკი ძალიან მოსწონდა ჩემთვის და სულ მეუბნებოდა რომ სიდნეიში უნდა გავყოლოდი მოხუცს! სამშობლოში თავდაჯერებული, კარგ ფორმაში დავბრუნდი, რეპეტიციებზე ვანათებდი, მეგობრებთან მუდამ ენერგიულად ვჭორაობდი, გიორგის მეორე დღეს მივწერე, რომ ნახვა და საუბარი მსურდა მაგრამ მიპასუხა,რომ ჩემთან სალაპარაკო არაფერი ჰქონდა და ნახვაზე უარი მითხრა. კიდევ მეტკინა, ნეტავ კიდევ რამდენჯერ არის შესაძლებელი?! თაკოს უფროსმა გოგომ დაბადების დღეზე დამპატიჟა, რაზეც ეგრევე დავთანხმდი, ჩემს დაქალებს დიდად არ ესიამოვნათ ეს იდეა, მაგრამ იცოდნენ, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ექნებოდა. იმ სახლში მივედი, სადაც გათხოვებას ვაპირებდი, კარებში გიორგი დამხვდა, გადასაკოცნად გადმოიწია, მაგრამ ხელით უკან გავწიე და უბრალოდ მივესალმე, ეგრევე მეორეზე ავედი და ვეცადე გული თავის ადგილას დამებრუნება. კომპლიმენტები დამაყარეს ირგვლივ მყოფებმა, როგორ კარგად გამოვიყურებოდი და როგორ მომხდენია საბერძნეთი. ნინოს ერიდებოდა თვალებში შემოეხედა ჩემთვის, მაგრამ მისი ბრალი ნამდვილად არაფერი ყოფილა. სანამ წამოვიდოდი მესამე სართულზე ავედი გიორგის სანახავად, აივანზე დავჯექი და ვუთხარი წინ დამჯდარიყო ისიც, თან ღვინის ჭიქა მეჭირა ხელში. - იცი ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასე მალე გეტყოდი მადლობას ჩემი ცხოვრებიდან წასვლისთვის, მე ალბათ ვერასდროს გაგაგდებდი და ვერც მივხვდებოდი საკუთარი თავის ფასს. - არ გინდა ეს უხეშობა, შენი სტილი არ არის. - შენი სტილიც არ ყოფილა ღალატი, მაგრამ არ გაგჭირვებია. - ახლოს მოიწია და ჩემი სურნელი შეისუნთქა. - ისევ ის სურნელი გაქვს... - შენთვის არასდროს შეიცვლება, მეეჭვება ოდესმე დაივიწყო. - შეუძლებელია, აბა გამოჩნდა ვინმე? - უჰ! თან რამდენი, სხვათაშორის სულ მოხუცები. - ხო შენ მაგის ფეტიში გაქვს... - შეიძლება, მაგრამ ისინი ნამდვილი მამაკაცები იყვნენ - ნეტა ვინ ისინი, მხედველობაში მხოლოდ დიუკი მყავდა... - კარგია, უბრალოდ ფრთხილად იყავი. - ისინი ფრთხილად იქნებიან, მე შენს მერე ვერავინ მატკენს, გთხოვ ის ფოტოები გამატანე მე რომ გაჩუქე - ეგ ჩემია და შენ ვერ წაიღებ. - რას ნიშნავს შენია? - რეა ჩემი ნივთია! - კარგი, მაშინ რაღაცას გასწავლი, ყოველ ღამით შენ და ის ერთად დაათვალიერებთ, მერე კი ბალიშის ქვეშ შეინახავ და ისე დაიძინებ. - სასაცილო ხარ. - ნამდვილად, შენ კი საცოდავი. წამოვედი, დაბლა მელოდებოდნენ, მანქანაში ჩავჯექით, გიორგიმ თავი შემოყო საკოცნელად მაგრამ გვერდით გავწიე. კმაყოფილი ვიყავი, რომ რაც გულში მქონდა სანახევროდ მაინც ამოვიღე. რამდენიმე დღეში ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში მუშაობა დავიწყე, სადაც ღამის სმენებიც მიწევდა, მთელი ღამე მეღვიძა ყავას ვსვამდი და ბევრს ვეწეოდი. ერთი ღამის სმენისას კი მაგიდასთან მოკალათების ჟამს გავიაზრე რა მოხდა ჩემს თავს გასულ თვეებში და გავიყინე, რაღაც გამორთო ტვინმა, ალბათ რომ აღარ მეგრძნო. აღარ მყავს მოხუცი და გულში დიდი სიცარიელე მყავს, ვერც დიუკთან გატარებული მომენტების გახსენება მშველის, შფოთვა მეწყება, ეს არასდროს განმიცდია. გულმა, რომელმაც დიდი ტკივილი გადაიტანა ჩემი ნებართვის გარეშე ფეთქავს ძალიან სწრფად, მე ეს არ მითხოვია! ხელი გულები მისველდება და ემბრიონის პოზაში ვიძინებ ყოველ ღამე. ჩემი სისხლის მოძრაობის ხმას მესმის ყველა არტერიიდან როგორ მიედინება. ეს განგაშია და არ სრულდება! რეპეტიციაზე მაკანკალებს, გამოძინებაც არ მშველის, ემოციებს ვეღარ ვგრძნობ და არც მუსიკის მოსმენა მსიამოვნებს. მეტროში, მატარებელში შიში მიპყრობს და მეტირება, მგონია რომ ხალხმა პირი შეკრა და ყველა ბედნიერია ჩემს გარდა. მგონია რომ ვაკუუმში ვარ, ჰაერი არ მყოფნის როგორ ხარბადაც არ უნდა შევისუნთქო. ყველას ვუყვები, მაგრამ ღამის სმენას აბრალებენ, მე კი მგონია, რომ საქმე უფრო სერიოზულადაა, ვიდრე ღამის თენება. იქნებ ღმერთი ახლა მსჯის, მაშინ უბრალოდ შევეცოდე და ახლა უნდა ვაგო პასუხი ყველაფერ საშინელზე, რაც აქამდე გამიკეთებია. ექიმიდან ექიმებში დავრბივარ, ვიღებ ანალიზებს, რომლებიც ცალსახად ამტკიცებენ, რომ ჯანმრთელი ვარ, მივდივარ ექიმთან, რომელმაც თმა დაიპუტა რას ქვია ღამეებს ათენებ და ეწევიო, მეც გამოვვარდი და სასწრაფოდ მოვუკიდე სიგარეტის ღერს, ნაფაზიც ღრმად დავარტყი. მეშინია, რაღაც შავი დამყვება სულ, გვამის სუნი ამდის, ცოცხალი მხოლოდ სხეულია, თორემ სული იხრწნება, საბოლოო ფსიქიატრთან მივედი და 15 წუთში დამისვა დიაგნოზი - მწვავე კლინიკური დეპრესია! დიდი ნერწყვი გადავყლაპე და კიდევ უფრო შემეშინდა, ცოტა გამიხარდა, რადგან გიჟი არ ვყოფილვარ. მკურნალობის კურსად წამლები გამომიწერა, ფსიქოთერაპევტთან სესიები კი არც უხსენებია, - წამოდი სამსახურიდნ, ძილი მოიწესრიგე და წამლები არ ჩააგდო, ერთ თვეში ჩემთან მოდი და გადავამოწმოთ მდგომარეობა. სულ მეძინა, გაღვიძებიდან თორმეტ საათს ისევ საწოლში ვატარებდი, პარალიზებული, დედა თუ დარეკავდა მოჩვენებითად წამოვხტებოდი, ვითომ რამეს ვაკეთებდი. არავის მოსვლა არ მინდოდა, მეზიზღებოდა ყველა ვინც ჰაერზე გასეირნებას მთავაზობდა, ან დასალევად წასვლას, ან ის ხალხი ვინც მანამდე ტაშფანდურად აღიქვამდა ჩემს ცეკვას, მაგრამ ახლა მირჩევდა დიდი დროით მეცეკვა... არავის ესმოდა, თავში რაღაც დაზიანდა, წინ მარცხენა მხარეს არც მტკიოდა მაგრამ არც კარგად იყო საქმე, ფიქრები არ მოდიოდა, არავის სიხარული არ მაინტერესებდა, არც ვინმეს ტკივილი მწყინდა. დაბნელდა და სინათლის იმედიც დაკარგულიყო... ეს ენით აღუწერილი ნაცრისფერი თვეები იყო. - ქალბატონო დარეჯან, გთხოვთ სასიცოცხლოდ მჭირდება პასუხი, აქედან ადამიანები გამოდიან? - ცრემლიანი თვალებით შევცქერი თერაპევტს. - კი რეა! რა თქმა უნდა, შენ მე გამომყევი და საბოლოოდ ბრძენი ადამიანი იქნები, რომელიც გამოცდილების სახით შეხედავს ამ პერიოდს და ამომავლოდ სხვასაც დაეხმარება. - მეშინია, ძალიან მეშინია რომ ის რეა ვეღარ ვნახო... - ნახავ ძვირფასო, იმაზე მეტად იკაშკაშებს რეა, ვიდრე შენ ეს ახლა წარმოგიდგენია. ****** არის პერიოდები, რომლის დროსაც გვერდით არავინ გინდა, ზრდასრული გოგონა მშობელს ეხვეწები ძილის დროს ფეხებში დაგიჯდეს. შენ ვეღარ იხსენებ ქალი როდის იყავი, როდის ტკბებოდი შენი სხეული ან სულის ცქერით. როგორ ესაუბრებოდი ოკეანეს და როგორ უგდებდი ყურს მის პასუხს. ხანდახან ჩვენს გვამზე უნდა ვიმშობიაროთ, რომ ჩვენი ნამდვილი მე დავბადოთ. ახლა კი მკითხველო, შენც განიცადე ეს ყველაფერი? მოიშორე ნაყოფი საყვარელი კაცისგან, რომელმაც რამდენიმე თვეში გიღალატა? შეხვდი მამაკაცს, რომელმაც პირველად გაგაცნო შენი საოცარი მხარე? შეხვდი ყოფილ პარტნიორს, რომლის თვალებში შენს მიმართ არაფერი იკითხებოდა? არადა ცოტა ხნის წინ სიცოცხლეს გიძღვნიდა... მერე კი, მერე კი შენთანაც გაიცრიცა სამყარო? დაკარგა ფერები, გემო, შენც გძინებია ემბრიონის პოზაში შეუჩერებელი შფოთვით? ასე ვიცოდი, მე გამონაკლისი არ ვიქნებოდი... თუ ასე დამელოდე, რადგან შემდეგი თავი საოცარ სამყაროში გამოგზაურებს, რადგან მე შენ ხელს მოგკიდებ და ერთად გავივლით ამ ბნელს გვირაბს, რომლის ბოლოს ისეთ მზეს ნახავ, რომელზე წარმოდგენაც კი არ გქონია აქამდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.