შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიღაბი(4)


29-04-2025, 22:08
ავტორი ELPI
ნანახია 396

ზღვის პირას ვსხედვართ და ცივი ნიავის გამო ძლიერ ვიკრავ კაბაზე მოსაცმელს. ვცდილობ მთელი სხეული გავითბო, თუმცა არ გამომდის. ზღვას ვუყურებ — მის სილამაზეს, მის აღელვებულ ტალღებს. თითქოს ისიც განიცდის, რომ აცივდა და მასში ხალხი აღარ არის.

— მცივა… წავიდეთ, რა, — ამოვიწუწუნე და მჭიდროდ მოვიხვიე ხელები წელზე.

— მეც შემცივდა. წამოდი, სადმე დავსხდეთ— ამყვა ირაკლიც. წამოდგა, ხელი გამომიწოდა და მეც ამაყენა. კაბა დავიბერტყე და სხვებსაც დაველოდე.

— რას შეჭამთ? — გვკითხა ნიკამ.

— რამე ცხელს და გემრიელს, — თქვა ნინიმ და ჩაიცინა.

— ატრია ვჭამოთ და რამე ნამცხვარი, — ვუთხარი კბილების კანკალით.

— მე მომწონს ეს იდეა, — დაამატა ირაკლიმ. სხვებიც დაგვთანხმდნენ, ამიტომ გადავედით ახლომდებარე იაპონურ კაფეში.

თბილ გარემოში შესვლისას სასიამოვნოდ გავიღიმე — მიყვარდა უბრალოდ სითბო. არც სიცივე, არც სიცხე. მოსაცმელები გადავდეთ და მაგიდასთან დავსხედით. მენიუს ვათვალიერებდით და ვფიქრობდით, რა შეგვეკვეთა.
მე ტკბილმჟავე სოუსით მინდოდა ატრია და უბრალო ნამცხვარი. წვენი — ალუბლის.
ირაკლიმ და ნიკამ შედარებით ცხარე საკვები შეუკვეთეს.
ნინიმ კი — უბრალო, კლასიკური ატრია.
მე და ირაკლიმ ნამცხვრებიც შევუკვეთეთ, რადგან სამეგობროში მარტო ჩვენ გვიყვარდა ტკბილი. კიდევ კარგი, მარტო მე არ ვიყავი ასეთი.

შეკვეთას ველოდებოდით და თან გარემოს ვათვალიერებდით. უკვე გავმთბარიყავით.

— ისე, ანანო სად არის? — იკითხა ირაკლიმ.
გამიკვირდა, რომ არ გამოვიდა…
— აჩისთან არის. ცუდადაა, უნდა მოუაროს, — უპასუხა ნინიმ. თან ჩემსკენ გამოაპარა მზერა.
დავიძაბე. გულმა უფრო სწრაფად ფეთქვა დაიწყო.
„ნეტავ, გაიგეს? იციან, რომ ჩემთან იყო?“
დავმალე აღელვება,მაგრამ შიგნიდან ყველაფერი მეჭმეოდა.
თვალები ზღვისკენ გავაპარე, თითქოს ის გამათავისუფლებდა ფიქრებისგან.

— ევა, რა მოუვიდა, ხომ არ იცი? — მკითხა ნინიმ და მზერას არ მარიდებდა.
მის თვალებში მკაფიოდ იკითხებოდა შეკითხვა არა უბრალო ინტერესით, არამედ ეჭვით.

— არა… საიდან უნდა ვიცოდე, — ვუპასუხე მოკლედ და მოტანილი წვენი სწრაფად მოვსვი.
მისი სიცივე ლამის ყელში ჩამრჩა.
თითქოს პასუხისგან გაქცევა მინდოდა.
არ მომწონდა ის ფაქტი, რომ ვტყუოდი. მაგრამ აჩისთან დაკავშირებული არაფერი უნდა მეთქვა — მით უმეტეს, მის დაუკითხავად.

— ისე, ძალიან კარგი ტიპია, — თქვა ნიკამ და ხელები ერთმანეთს გაუსვა, თითქოს რაღაც შეაფასა.

— კი, მეც მომეწონა, — დაეთანხმა ირაკლი, მხრები აიჩეჩა და გამომხედა.

მათ ხმაში გულწრფელობა იყო, მაგრამ მე უკვე დისკომფორტს ვგრძნობდი. თითქოს თითოეული სიტყვა კანზე მეცემოდა.
არ მინდოდა, მათ რამე შეემჩნიათ. თან გუშინდელი ნინის გაფრთხილება გამახსენდა მისი ხმაც კი ჩამესმოდა ყურებში.

საუბარი შეწყდა, როცა შეკვეთა მოგვიტანეს.
ატრია ჩემს წინ დააწყვეს. თეფშიდან ამოსული ორთქლი ზემოთ იწევდა და ჩემი ფიქრების არევას ემთხვეოდა.
ცხელი იყო. რამდენიმე წამი დავაცადე, რომ ენა არ დამწვოდა, მერე ჩხირებით მოვახვიე და პირში ჩავიდე.
გემო?
ზუსტად ის, რაც ახლა მჭირდებოდა — ძლიერი, თბილი, დამამშვიდებელი.
სიჩუმე დადგა. ყველანი ვჭამდით ჩუმად. საუბარს არც ერთი ვუბრუნდებოდით.

მე პირს ვიწმენდდი, როცა ნიკამ უეცრად თქვა:

— არ ავაკითხოთ იმ ბიჭს? ტეხავს — ცუდადაა და დავიკიდოთ?

ჩხირები თეფშში ჩარჩა.
ავნერვიულდი.

— რომელი მისი ძმაკაცი შენ ხარ, ნიკა, რომ ახვიდე? — ჩაერია ნინიც, მკვეთრად და მოურიდებლად.

— რა იყო, გოგო, პატივისცემაა. თან ანანოც იქ არის — არაა სირცხვილი, — დაამატა ნიკამ და წვენი მოსვა, თითქოს შეეცადა სითბო მის სიტყვებს მიეღო.

ის ჩვენ გვიყურებდა — მე და ირაკლის. აშკარად ჩვენი პასუხი აინტერესებდა.
ირაკლიმ წარბები ოდნავ შეკრა, ფიქრი დაეტყო სახეზე. ბოლოს, მხრები ოდნავ ჩამოიყარა, მოსაცმელი მოიცვა და სიგარეტი პირში მოიქცია.

— კაი, წავიდეთ რა იყოთ, არ იჩხუბოთ, — თქვა ღიმილით.

— ევა, შენ რას იზამ? — გამომხედა ირაკლიმ გვერდით და თვალებში ჩამხედა. თითქოს რამეს ელოდა.

მოკლედ შევბრუნდი მისკენ, ნერწყვი გადავყლაპე.

— თუ წახვალთ, წამოვალ, — ვუთხარი მტკიცედ და მეც მოვიცვი მოსაცმელი.

ჩანთიდან საფულე ამოვიღე, თანხა შუაში დავდე, ჩანთას ხელი მოვკიდე.
დავიძარით. ჯერ სიტყვებით დატვირთული ჰაერი დავტოვეთ კაფეში — მერე მაგიდები, ცხელი ორთქლი, და ბოლოს — სიმშვიდე.

— კარგი, ხო, ჯანდაბას… წავიდეთ, — თვალები აატრიალა ნინიმ და ტელეფონი ამოიღო.
ჩვენ უკვე ფეხზე ვიდექით, გადახდილი თანხის შემდეგ ნინის ველოდებოდით.

— ალიო, ანანო… აჩისთან გვინდა ამოსვლა — ცუდად რომაა… ბიჭებმა მოვიკითხოთო, — თქვა და ცოტა ხნით გაჩუმდა. სახეზე დაეტყო მოსმენა. შემდეგ ისევ განაგრძო:
— კარგი, კარგი, მოვალთ, — თქვა მშვიდად და გათიშა.

— წავედით. ჩამიგდო ლოკაცია, — ტელეფონის ეკრანი დაგვანახა და გზა განაგრძო.

უკან მივყვებოდით. ფეხებს ვაყოლებდი
ნერვიულობა მიპყრობდა. არ მინდოდა მასთან დიდხანს დარჩენა, არ მინდოდა ზედმეტი თვალები ან ეჭვები. ყველანაირად ვცდილობდი დისტანცია დამეცვა — მისგან და ყველაფრისგან.

ჩუმად მივყვებოდი დანარჩენებს, გაჩუმებული, თითქოს ჩრდილი გავმხდარიყავი. ბოლოს ერთ ახალ აშენებულ კორპუსთან გავჩერდით.
დიდი, მდიდრული, თეთრი ფასადით.
ვიცოდი, რომ არ უჭირდა, მაგრამ ასეთ სახლს არ ველოდი.
მე კიდევ ალუბლის წვენი დავალევინე კიდევ ერთხელ გამახსენდა, ყელში მომაწვა და სირცხვილით თავი გავაქნიე.

კიბეებზე სვლა დავიწყეთ. როცა ლიფტთან მივედით, ნინიმ ლიფტი გამოიძახა როდესაც შევედით თითი 7-სართულზე დააჭირა და დაველოდეთ.
მინდოდა ნელა გასულიყო დრო.
არ ვიყავი მზად მისი ბნელი აურისთვის ის უკვე ყოველდღიურ რეჟიმში და ფიქრებში მქაჩავდა.

ლიფტში შევედით.
ფრთხილად და წყნარად ავდიოდით ზემოთ.
ბოლოს ხმადაბლა გაისმა სიგნალი და კარი გაიღო. ბოლოს შავი კარი დაგვხვდა წინ.
ფეხებს ვუყურებდი. გული ამიჩქარდა. და ზარის ხმა გაისმა.

— რა მალე მოხვედით! — გაგვიღიმა ანანომ და სახლში შეგვიპატიჟა.

ზედმეტად სახლურად ეცვა — თბილი, რბილი მაისური და შორტი.
ერთად ცხოვრობდნენ?
“რა შენი საქმეა…” — გამკრთა თავში და უხერხულად გავუღიმე.

შიგნით შევედით. დივანზე ჩამოვსხედით და ველოდებოდით ანანოს, რომელიც სამზარეულოში შეიდა. თბილი, მაგრამ უცხო გარემო იყო. სუნიც კი განსხვავებული — თითქოს სიწყნარეში რაღაც იდუმალი იმალებოდა.

— რამეს დალევთ? — გამოგვძახა მან სამზარეულოდან.

— არაა, ნაჭამ-ნასვამები ვართ! — მხიარულად უპასუხა ირაკლიმ და ხელი გადაისვა თმაზე. ანანოს გაეცინა, ხმა სიმყუდროვეს დაამატა.

მალე ოთახში ისევ ანანოს ნაბიჯები გაისმა. შემდეგ კი აჩის ხმა. აშკარად შეატყობინა ჩვენი მოსვლა.

რამდენიმე წამში აჩიც გამოჩნდა — ნაცრისფერი სპორტული შარვალი ეცვა და შავი მაისური.
გათეთრებული სახე ჰქონდა, მაგრამ მაინც ძლიერად დადგა ოთახის შუაგულში.
ჩვენსკენ წამოვიდა და ფრთხილად ჩამოჯდა.

— გამარჯობა… მადლობა, რომ მოხვედით, — უთხრა ბიჭებს, ხმა ცოტა ჩახლეჩილი ჰქონდა.

— რის მადლობა, აბა რას ვიზავდით, — ღიმილით უპასუხა ნიკამ.

აჩის ოდნავ ჩაეღიმა, ჯერ ნინას გადახედა, შემდეგ კი — მე.
მის თვალებს რომ შევხედე, რაღაც უხერხულობის ქარიშხალი შემოიჭრა ჩემში.
მზერა ავარიდე. გულში ქაოსი მქონდა.
ხელს დავხედე. თითები თავისით იკეცებოდა. — აბა, რა მოგივიდა, რატომ ხარ ცუდად? — ჰკითხა ირაკლიმ, ინტერესით გადახრილმა.

— კიბეებზე წავიქეცი, — მშვიდად, თითქმის უმნიშვნელოდ თქვა აჩიმ.

მისმა სიტყვებმა მოულოდნელად ამაწევინა თავი.
დავიბენი.
ის არ ამბობს რომ დაჭრეს…
კიდევ კარგი არ წამომცდა არაფერი.
ალბათ მომკლავდა, რომ გაეგო, ჩავუშვი.

ცხელმა ტალღამ დამიარა.
აჩი ირონიული ღიმილით მიყურებდა, მის თვალებში რაღაც თამაშობდა მაგრამ თითქოს არაფერი ხდებოდა.

ამ დროს ანანო გამოვიდა სამზარეულოდან, მხიარულად, და პირდაპირ აჩის კალთაში ჩაუჯდა. იმ დღეს ზედმეტად ფამილარული იყო.

— აბა, რას შვრებით თქვენ? სად იყავით? გვკითხა და ყავის ფინჯანი აიღო და ფრთხილად მოსვა.

— ზღვასთან ვისხედით, მერე შეგვცივდა და კაფეში ჩავედით. ატრია ვჭამეთ. სხვათაშორის, შენც რომ ყოფილიყავი, ძალიან გემრიელად შეჭამდი, — ნინიმ სიცილით უთხრა, თითქოს წინადადება განგებ დაუსვა.

— კაი რა, ჩემს ბარტყს მარტო ხომ არ დავტოვებდი? — მიუგო ანანომ და ჩაიკისკისა, აჩის კისერზე ხელები მოხვია.

— გითხარი, ნუ მეძახი ამ უაზრო სახელებს! — მოულოდნელად გააწყვეტინა აჩიმ მკაცრად, — და არც არაფერი მჭირდებოდა. უბრალოდ… წავიქეცი, — ხმას მეტი სიმკაცრე დაეტყო.

სუნთქვა შემეკრა.
დაძაბულობა ოთახში იგრძნობოდა.
ჩუმად ვიჯექი. არ ვაპირებდი ჩარევას. არც სიტყვას ვიტყოდი ჩემი ფიქრები ისედაც ხმაურობდნენ.

— ისე მშია… ხომ არ ჩავიდე, ვიყიდო რაღაცეები? თქვენც შეჭამდით — ანანომ მოულოდნელად სცადა განეიტრალება და წამოდგა.

— კარგი იდეაა. რას იტყვით, ბიჭებო? — გახედა ნინიმ ირაკლის და ნიკას.

— კი, რა… რამე მაკარონი წამოიღეთ, გემრიელი… — მხრები აიჩეჩა ირაკლიმ.

— რა მაკარონი, ირაკლი?! მეტი ვერაფერი მოიფიქრე? — გადაიკისკისა ნინიმ, მის მხარს ოდნავ დაეჯაჯგურა.

— ევა, შენ რას შეჭამ? — მკითხა ანანომ და ფეხზე ჩაიცვა.

— მე არ მშია, გმადლობ, — თავი დავხარე და ხელებს დავხედე. უცნაურად ცივი გახდა ოთახი.

ნელ-ნელა ყველა წამოდგა და კარებისკენ წავიდნენ.

— სად მიდიხართ? — ვკითხე გაკვირვებულმა, თითქოს მეც გამოვფხიზლდი წამით.

— ჩავალთ, ჩვენც ვიყიდით რაც გვინდა. დარჩი შენ, ან წამოდი — როგორც გინდა, მშვიდად მითხრა ნიკამ და სარკეში თმები შეისწორა.

— კარგი, ჩადით. მე ვიქნები… — ვთქვი და უხმოდ ჩავჯექი ისევ უკან.

“სჯობდა ჩასულიყავი… ღმერთო, ევა, რა სულელი ხარ…”
კბილებს ერთმანეთს ვაჭერდი, გონებაში საკუთარი თავი მლანძღავდა.
აჩი ჩუმად იჯდა, მაგრამ მის მზერას მთელი სხეულით ვგრძნობდი.

— რა იყო? მაიგნორებ? თუ… შეშინებული ხარ? — ხმა ჩამესმა გვერდიდან, ოდნავ გადმოიწია. ტონი მოთმინებით სავსე, მაგრამ დაძაბული.

— არ გაიგნორებ… და არც შეშინებული ვარ… ხმა ძლივს ამოვიღე. ოთახში უხერხულმა სიჩუმე ჩამოწვა.

— არ უთხარი, რომ დამჭრეს? — მკითხა, ისე მშვიდად, თითქოს მორიგი თამაშის დრო ქონდა. თითებს ნელ-ნელა ათამაშებდა ერთმანეთზე. — არა და შენ რატომ მალავ? ან რატომ მოიტყუე? იქნებ იცოდნენ სიმართლე? ხმა ოდნავ გამიფუჭდა, სიბრაზის და დაბნეულობის ნაზავში.

აჩიმ თავი გვერდით გადაატრიალა, თითქოს თავისთვის ლაპარაკობდა, ტუჩებს შორის სიგარეტი მოიქცია და ისე ამოიჩურჩულა:

— საჭირო იყო, და მაგიტომ. თან ვიცოდი, რომ შენ არაფერს იტყოდი.

მომენტით დავიბენი. გული გამიჩერდა წამით. თითქოს წინასწარ ყველაფერი იცოდა.

— მენდობი? — ვკითხე მოულოდნელად, ტუჩის კუთხეში ყალბი ღიმილით მსუბუქი ირონიით წარბი ავწიე.

აჩიმ ჩაიცინა, თავი ოდნავ გადმოწია და ისეთი მზერით შემომხედა, თითქოს მართლა ბავშვად მთვლიდა

— არა. ვიცოდი, რომ დაიბნეოდი. შენი პატარა გონება მაგას ვერ გაუმკლავდებოდა.
სიგარეტს ღრმა ნაპასი დაარტყა და ისევ მე შემომხედა დაკვირვებით, თითქოს პასუხს ჩემს სახეზე კითხულობდა.

— საზიზღარი ადამიანი ხარ. მეც დიდი სიამოვნებით დაგჭრიდი! — ვუთხარი გაუაზრებლად და იმ წამსვე პირზე ხელი მივიფარე.
რა ვთქვი… ღმერთო… რას ვამბობ?

— ევა, ევა… — სიცილით გააქნია თავი, — ადამიანს უხეშ სიტყვასაც ვერ ეუბნები, ხედავ?

— ბოდიში… ცუდად გამომივიდა… — ამოვილუღლუღე და თვალებზე ხელი მივიდე წამით.

— ნუ იხდი ამ ბოდიშს ასე უაზროდ. ვხუმრობ. შენც იხუმრე, რაშია პრობლემა? — სიგარეტი აშკარად სიამოვნებით მოიქცია თითებს შორის, ნაპასი კიდევ ერთხელ დაარტყა.

— კარგი… — ძლივს წარმოვთქვი და ისევ გავჩუმდი. თვალები მის თვალებს ავარიდე და ოთახი დავათვალიერე, თითქოს რაღაცას ვეძებდი.

აჩიმ შუბლი მოიქექა და ტელეფონს დახედა.

— ძალიან მშია… სად არიან ამდენ ხანს… ამოიბუზღუნა და წამოდგა ფეხზე.

ამ დროს კარის გაღების ხმა გაისმა მეგობრები ხმაურით შემოვიდნენ. ხელში ორი პარკი ეჭირათ და პირდაპირ სამზარეულოს მაგიდაზე დაასვენეს.

— მოკლედ, ევა — ეს ქინდერი შენ, ეს ტვიქსი მე! — ჩაიცინა ირაკლიმ და ტკბილეული ისე განაწილა, ვითომ ბავშვობაში დაბრუნდა.

გამეცინა, და ლოყაზე მსუბუქად ვაკოცე მადლობის ნიშნად.

— მაკარონი ვიყიდე, ტომატი, ყველი… გავაკეთოთ პასტა და ცოტა არაყიც დავლიოთ! ტაში შემოკრა ნინიმ აღფრთოვანებით .

მე დივანთან მივედი, მოსაცმელი გავიხადე და სავარძელზე გადავდე. შემდეგ ისევ სამზარეულოში გავედი, რომ დავხმარებოდი.

— ბიჭებო, გადით. ჩვენ მივხედავთ საქმეს, თქვა ნინიმ და ხელი ჰკრა მათ.

— კარგი! — ხმამაღლა უპასუხეს ბიჭებმა და გაიხუმრეს, თან გავიდნენ.

— ევა, მაკარონი მოხარშე და სოუსი გააკეთე, რა.

— კარგი, პრობლემა არაა, — ვუპასუხე და საქმეს შევუდექი.

მოზრდილი ქვაბი გადმოვიღე, წყლით ავავსე და გაზზე დავდგი. როგორც კი ადუღდა, ჩავაყარე მარილი და მაკარონი. მაგიდისკენ მივტრიალდი — პატარა ჯამში ტომატი და არაჟანი კარგად ავურიე ერთმანეთში. გვერდზე ყველი თხლად დავჭერი, რომ ადვილად დადნობილიყო.

მაკარონი რომ მოიხარშა, გადავწურე და ზეთში მოვათავსე. სოუსიც დავამატე, ყველი ზედ დავაყარე. როგორც კი დნობას დაიწყო, პილპილი და პაპრიკა მივაყოლე.

სურნელმა მთელი სამზარეულო აავსო სითბო, სიმყუდროვე და რაღაც უხილავი სიმშვიდე შემოიპარა იმ წუთას.

გაზი გამოვრთე, თეფშებზე სუფთად დავაწყვე პასტა და თითო ჩანგალი მივუწყვე. შემდეგ კი ყველას გავუტანე მისაღებში, თითქოს ეს მომენტი ცოტა ხნით მაინც ყველას ავიწყებდა დაძაბულობას.

— რა კაი სუნიააა… — ჩაიღიმა ირაკლიმ, თვალები დახუჭა და ცხვირი მაღლა ასწია. მის ბავშვურ საქციელზე წამით გამეღიმა.

ნინი და ანანო მაგიდას ალაგებდნენ — წვენი, არაყი, ჩიფსები… ირაკლის მხარეს უკვე ქინდერი და ტვიქსი ელაგა, მისი ტკბილი გეგმები აშკარა იყო.

ხუთი თეფში დავდე სუფრაზე — სურნელოვანი პასტით. ბოლოს ჩემთვისაც დავიდე და ჩუმად ჩამოვჯექი.

— რა გემრიელია, ევა… — პირველად ნიკამ მითხრა, ჩანგალი ჰაერში გააჩერა, — სულ შენ გაგაკეთებინებ პასტას!

გამეღიმა. ლოყაზე გავუთამაშე ხელი იმ დღეს პირველად ვიგრძენი ისეთი სიმშვიდე, რომელიც თითქოს მეც მეკუთვნოდა.

აჩი კი ჩუმად იჯდა, არც მარცხნივ, არც მარჯვნივ იყურებოდა. უბრალოდ ჭამდა. თეფშზე ჩუმად ჩახედული, თითქოს სხვების ხმაური არ არსებობდა მისთვის. ბოლოს ალბათ თავი ვალდებულად იგრძნო ასეთი კომენტარების შემდეგ .

— გემრიელია, — მითხრა მოკლედ. თვალი არ მოუშორებია თეფშისთვის.

თავი დავუქნიე და მადლობის ნიშნად გავუღიმე. ეს საკმარისი იყო. ზოგჯერ სიტყვების გარეშეც ესმოდა ადამიანს.

ცოტა ხანში ჭიქები აივსო გამჭვირვალე სითხით — ნინი წელზე შემომეხვია, თავი მხარზე დამადო.

— აბა, გაგვიმარჯოს! — დაიძახა ნიკამ და ჭიქა მაღლა ასწია. დანარჩენებიც ავყევით.

როდესაც მოვიყუდე, ყელში მწველად ჩამიარა არაყმა და მთელი სხეული ერთიანად ამიფორიაქდა. სწრაფად მივაყოლე პასტა, რომ წვა გამენეიტრალებინა.

დრო გავიდა — ვსვავდით, ვიცინოდით, ვიხსენებდით ზღვისპირა ამბებს.

მე? — უკვე გაბრუებული ვიყავი. გონება მიბინდული, სუნთქვა ცოტა არეული.

— ევა, ევა, დათვერი? — ნინის ხმა ჩამესმა, ლოყაზე მეფერებოდა, თვალებში მიყურებდა შეშფოთებული.

— კარგად ვარ… — ხელი ავუწიე თითქოს რომ დამემშვიდებინა, თუმცა სიტყვებიც მიჭირდა.

— აუუ, ევა დათვრა მგონი… — ამოიბუზღუნა და ბიჭებს გადახედა.

— კარგი, გაანებე თავი. დაიძინოს. — ირაკლის სიტყვები მშვიდად გაისმა, შემდეგ კი არაფერი მახსოვდა… უკვე საბანი მეხებოდა.
თვალები ოდნავ გავახილე… სიბნელე იყო და სიმშვიდე.
აჩი?

უცებ გამეღვიძა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. მის სახეს ვხედავდი, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი.

— რა ხდება?.. — ძლივს ვთქვი დაბალი ხმით.

აჩის გაეღიმა.

— არაფერი. დათვერი, დაგეძინა. ვერ გაგაღვიძეს. წავიდაყველა. მე დამავალეს შენი მოვლა. სხვათაშორის, მეც მოსავლელი ვარ… ამოიბუზღუნა, წელში გასწორდა და ხელები გაჭიმა.

— ბოდიში… არ მინდოდა. უბრალოდ, ძლიერი არაყი იყო, ალბათ. ესე არ მემართება ხოლმე… თავჩაღუნული ვლაპარაკობდი, თავს ვაიძულებდი თვალებში არ შემეხედა.

— გემართება. ძალით სვამ? — მკითხა მშვიდად, მაგრამ მკაცრად. - და ამ ბოდიშზე კიდე ბევრჯერ ვისაუბრეთ.

მისმა ბოხმა ხმამ ტანში დამიარა. დივანზე ჩამოჯდა, ფეხები შემოკეცა და საბანი დაიფარა.

— რას აკეთებ? — ვკითხე ოდნავ დამფრთხალმა.

— ვწვები. ვერ ხედავ? — მითხრა უხეშად და თვალები დახუჭა.

ერთი წუთით ლოდინი გადავწყვიტე. იქნებ წამოდგეს, იქნებ რაღაც თქვას. მაგრამ ის ისევ დუმდა. ისე იწვა ჩემს გვერდით, თითქოს ეს ნორმალური იყო.

ჩემთვის კი არაფერი იყო ნორმალური.

— კი მაგრამ, ოთახი არ გაქვს? — ჩავეკითხე, როცა საბანში ჩაფუთნულს ვუყურებდი.

— მაქვს, მაგრამ ვერ ვწვები. მტკივა მუცელი. აქ ზურგზე კარგად ვწევარ, მითხრა ჩუმად და უფრო ღრმად დაიფარა საბანი.

— კარგი, — მშვიდად ვუპასუხე და წამოდგომა დავაპირე.

— სად მიდიხარ? ღამის სამი საათია, მკითხა ოდნავ აწეულ ტონზე.

— ტკბილი მინდა. სამზარეულოში მივდივარ. რამე გინდა წამოგიყოლო? — ვუთხარი და თან მთქნარება ძლივს შევიკავე.

— კი, მშია, — თავი დამიქნია.

სამზარეულოში შესვლამ ოდნავ გამომაფხიზლა. ორი ქინდერის შოკოლადი ავიღე და წვენიც გამოვიტანე. შემდეგ ტოსტერი ჩავრთე და ინგრედიენტები მოვამზადე. ცხელ ტოსტერში ჩავდე პური, სანამ მზადდებოდა, წყალი მოვსვი და იმაზე დავფიქრდი, რამდენად… უცნაური იყო ახლა აქ ყოფნა. ამ ადამიანთან ერთად. ამ დივანზე. ამ მდგომარეობაში.

„შენ ხომ არ წვები მასთან ერთად? ასე უბრალოდ?“ — გავაქნიე თავი ფიქრებზე და სიჩუმეში თეფშით ხელში ისევ მისაღებში შევედი.

— აიღე, — ვუთხარი ჩუმად და პატარა მაგიდაზე დავუდე ყველაფერი.

ღიმილის გარეშე, აიღო ტოსტები და ჭამა დაიწყო. მეც ტკბილეულს შევყევი. მშიერი არ ვიყავი, მაგრამ რაღაცნაირად… მინდოდა ტკბილი ბოლოს დივანზე თბილად შევწექი. ისევ სიჩუმე.

დივანი ოდნავ შეიძრა, მერე კი ისევ სიწყნარემ დაისადგურა. უკვე ნახევრად მძინარე ვიყავი, როცა მისი ბოხი ხმა გავიგონე.

— მადლობა.

— არაფრის, აჩი. ტკბილი ძილი, — ვუთხარი სწრაფად და თვალები დავხუჭე.

— ტკბილი ძილი, — გაისმა ბოლოს, რასაც მხოლოდ სიბნელე მოჰყვა და სიმშვიდე.



დილით სინათლემ გამაღვიძა. თვალები ნელა გავახილე და დაჭიმულობა სხეულში ვიგრძენი. ტელეფონს დავხედე — 11:00. უჩვეულოდ ადრე გავიღვიძე, თუმცა გუშინ ადრე ჩამეძინა.

გადავიხედე — აჩის ისევ ეძინა. ფრთხილად ავდექი, ჩემი ნივთები ვიპოვე და საპირფარეშოში გავედი, რომ თავი მომეწესრიგებინა. წყლის შეხებამ საბოლოოდ გამომაფხიზლა. სახე შევიმშრალე და დავბრუნდი მისაღებში.

აჩი უკვე წამომჯდარი იჯდა. იჩეჩავდა თმას და ჩემსკენ მშვიდად იყურებოდა.

— მიდიხარ? — მკითხა და თვალებზე ხელი მოისვა.

— კი… წავალ. მადლობა, რომ დარჩენის უფლება მომეცი, — გავუღიმე მსუბუქად და გასასვლელისკენ წავედი.

ის დუმილით წამოდგა და ნელა, დინჯად წამოვიდა ჩემსკენ.

— არაფრის, ბარი ბარში ვართ, — მითხრა ოდნავ ღიმილით. მეც უნებურად გამეცინა მის სიტყვებზე.

— შენ რამე ხომ არ დაგჭირდება? ანანოს დავურეკავ, თუ გინდა, — ვუთხარი წასვლის წინ და მზერა გავუსწორე.

— არაა საჭირო. კარგად ვიქნები, — მშვიდად თქვა. თავი დავუქნიე და გასასვლელისკენ წავედი.

— ნახვამდის, — ვუთხარი, კარის ზღურბლზე.

— კარგად, — გაისმა მისი ბოხი ხმა და კარი ნელა მოხურა.

ლიფტი გამოვიძახე. სანამ მაღლა ამოდიოდა, კიდევ ერთხელ მთქნარება მომერია. ჩავედი ქვედა სართულზე და ტაქსი გავაჩერე. შემდეგ ჩემი მისამართი ვუთხარი.

გარეთ აშკარად აცივდა. მინიდან ვუყურებდი ზღვის ხედს, მერე ხეებს, ბოლოს კი ნაცნობ ტრასას და ჩემს კორპუსს.

— მადლობა, — გავუღიმე მძღოლს და თანხა გადავეცი. მანქანიდან გადავედი და ნაბიჯები სწრაფად გადავდგი შენობისკენ, ხელები გულზე გადავიჯვარედინე — სითბოს ძებნაში.

სადარბაზოში შევედი, კიბეები ავიარე და ბინის კარი შევაღე. თვალებით ლედის ვეძებდი.

ის უკვე დივანზე თბილად მოკალათებულიყო. როგორც კი დამინახა, ხვანცალი დაიწყო.

— ლედი, მაპატიე… ვერ გაგიყვანე გარეთ და თან დავაგვიანე, — ჩავჩურჩულე და კარი მივკეტე. მისკენ წავედი, ხელში ავიყვანე და ვაკოცე.

ოთახში შევედი. ლედი საწოლზე დავაწვინე, თვითონ კი სწრაფად გამოვიცვალე — თბილი სვიტრი, კომფორტული შარვალი და წინდები ჩავიცვი. ტელეფონს ხელი მოვკიდე და საბანში ჩავწექი.

— ლედი, მეძინება, — ამოვიბუზღუნე და თბილად დავიფარე.

ლედიც მომიცუცქდა. სითბო აიმღვრა სხეულში და თვალები დავხუჭე.

ყველაზე სასიამოვნო რამაა, როცა ძილი შეგიძლია — ზუსტად მაშინ, როცა გჭირდება. დრო გაქვს და არავინ გაჩქარებს.



№1 სტუმარი Ucnobi

Saocrebaaa istoriac da weris stilic,warmatebebi❤️

 


№2  offline წევრი ELPI

Ucnobi
Saocrebaaa istoriac da weris stilic,warmatebebi❤️

Dzalian didi madloba <333
--------------------
ე.ფ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent