შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომენტარის გარეშე (თავი 3)


1-06-2025, 01:48
ავტორი Daisyd
ნანახია 431

_მართლა გჯერა ხოლმე, რასაც ბრიფინგებზე საუბრობ?_ავტომობილის დაძვრისთანავე დაიწყო კითხვების დასმა. ყურადღების გადატანა სურდა, მასთან ასე ახლოს მყოფის გარეგნობაზე რომ არ ეფიქრა.
_დღეს გააჩნია._მშვიდად უპასუხა, ისე, რომ გზისთვის თვალი არ მოუცილებია.
_ეს პასუხი არ არის.
_არც შენი იყო კითხვა._წამით გამოხედა._არა?
ნინას უხმოდ გაეღიმა. შურდა, რა ძლიერი იყო მისი მოწინააღმდეგე ამ „თამაშში.“ უფრო სწორად, იცოდა, ეს უკანასკნელი მას მეტოქედაც არ მიიჩნევდა – სულ სხვა ლიგაში ასპარეზობდა.
_ყველა ერთხმად აღიარებს, რომ შენს საქმეს შესანიშნავად ასრულებ.
_ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასიამოვნო პროცესია.
_არ მოგწონს?_მისკენ შებრუნდა, თითქოს პასუხს სახეზე ამოიკითხავდა._ძალაუფლება, გავლენა, რესურსებზე წვდომა?...ნუ გეშინია, ჩამწერი ჩართული არ მაქვს.
_სირთულე მომწონს._უკვე ზედმეტად აღიზიანებდა მისი მოკლე პასუხები.
_წარმომიდგენია, რა რთულია დამაჯერებელი ტყუილების თქმა. ისე, რომ მართალივით ჟღერდეს, მაგრამ არც გადაამლაშო, რომ არაგულწრფელი არ გამოჩნდე.
_მგონი ინტერვიუზე დაგთანხმდები, საკუთარ შეკითხვებს თავადვე პასუხობ და დიდად არ დავიღლებოდი.
ნინა გამართულად დაჯდა.
_ყოველთვის ასეთი ცინიკოსი იყავი?
_და შენ – ყოველთვის ასეთი ბრაზიანი?
წამით შეჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა და საუბარი განაგრძო, ისე, რომ ვერც გაიაზრა, რატომ სურდა თავის მართლება.
_მამაჩემი ღამის ცვლის ხელმძღვანელი იყო, გზებს და ხიდებს აკეთებდნენ. როცა თექვსმეტი წლის ვიყავი, ბაგებში ხიდის მონაკვეთი ჩამოინგრა — და ის ქვემოთ იყო._მშრალად საუბრობდა, არ შეკრთა, არ შეჩერებულა._იმავე წამს დაიღუპა. მთავრობამ კი მოგვწერა სტანდარტული წერილი და ხუთნიშნა თანხა გამოგვიგზავნა. წავიკითხე ყველა აუდიტის ანგარიში, ყველა მიზეზი, ყოველი ხაზი — „გაუთვალისწინებელ ამინდის პირობებზე“ და „ხელშეკრულების გადანაწილებაზე“. არავინ დაუდანაშაულებიათ, არავინ გადამდგარა.
ალექსი არ განძრეულა.
ნინამ ხელებს დახედა.
_მაშინ მივხვდი, რომ თქვენგან არც ერთი არაფრის გამოსწორებას არ ცდილობს, გარდა მათზე დაწერილი სტატიების სათაურებისა.
სიჩუმე.
შემდეგ, მხოლოდ ერთი სიტყვა მისგან:
—ვწუხვარ!_ეს არ ყოფილა წინასწარ გაწერილი სამძიმარი, არც თეატრალური – ნამდვილივით ჟღერდა და ეს თავის არიდებაზე უარესი იყო.
_მე კი არ ვწუხვარ, არავის რომ არ ვენდობი და ახლოს არ ვუშვებ. განსაკუთრებით, მამაკაცებს და განსაკუთრებით – პიჯაკებში გამოწყობილებს.
_და მაინც, მე რატომ მიყვები?
_არ ვიცი._დაიჩურჩულა._შეიძლება იმიტომ, რომ ბნელა და შენს სახეს არ ვუყურებ.
_კიდევ კარგი, პიჯაკიც გავიხდე._ალექსანდრეს ჩაეღიმა._იქნებ წინასაარჩევნოდ ქულებიც დავიწერო.
_თეთრი პერანგითა და თავმომწონე ღიმილით მაინც უიმედო ხარ._მხოლოდ წარმოთქმის შემდეგ გაიაზრა, რას თქვა და თემის გადატანა სცადა._მომდევნო შუქნიშანთან მარჯვენა ზოლში ჩადექი.
_ორივეზე უარს ვერ ვიტყვი და რას მირჩევ, რომელი მოვიშორო?_ციმციმა ჩართო და მის მხარეს გაიხედა.
ნინას ლამის ნერწყვი გადასცდა.
_რომელიც გზაზე კონცენტრირებაში დაგეხმარება._ძლივს ამოთქვა.
მამაკაცმა სიცილი ძლივს შეიკავა და ხმა აღარ ამოუღია. არ სურდა აღიარება, მაგრამ მოწინააღმდეგის "ქამბექებით" აღფრთოვანებული იყო. პირველად, დიდი ხნის განმავლობაში, დიალოგი ერთულებოდა.
_აქ შევაჩერო?
_კი, მადლობა._კარი გააღო და მისკენ შებრუნდა, სანამ გადავიდოდა._ის, რომ პნევმონიას გადამარჩინე, არ ნიშნავს, რომ რამე შეიცვალა, ხომ იცი? სტატია უკვე დაწერილი მაქვს.
_ ღამე მშვიდობის, ნინა._ჩვეულ სტილში დააიგნორა მისი სიტყვები და სიბნელეში გაუჩინარდა. თან,თითქოს რაღაც დაუმთავრებელი გაიყოლა...

მთელი საღამო ალექსანდრე დარჩიაზე ინფორმაციების ძებნაში გაატარა. დოქტორანტურა ლაიდენში, მაგისტრატურა უელსში. ბაკალავრიატი თსუ-ში. ყველაფერი ის, რაც უკვე იცოდა. ყველაფერი, რაც ოფიციალურ გვერდებზე ეწერა —ფოტო ღიმილითა და ზედმეტად სწორად შეკრული ჰალსტუხით.
მაგრამ ძიება არ შეწყვიტა.
ნახა ძველი სტუდენტური ჟურნალის სტატია, არქივში ჩამალული. დაბალი ხარისხის ფოტო — ახალგაზრდა ალექსანდრე, გრძელი თმით, ციტატა მკვეთრი და შეუბრალებელი: „კორუფცია სტუდენტურ თვითმმართველობაში – თანხები, რომლებიც კამპუსის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას უნდა მოხმარებოდა.“
გადავიდა შემდეგ სტატიაზე.
„მეამბოხე თუ გამოგონილი გმირი?“ — კითხულობდა სათაური. ეჭვქვეშ აყენებდა მის მტკიცებულებებს. საუბარი იყო გაყალბებულ იმეილებზე, თუმცა არც ერთი სქრინშოტი არ გამოქვეყნებულა. კომიტეტმა ფორმალური გამოძიება დაიწყო. შედეგი? არაფერი — გარდა მისი სტუდენტური საბჭოდან გათავისუფლებისა, პირობითი აკადემიური სტატუსი და სიჩუმე.
სხვა მედიას ეს თემა აღარ აღუბეჭდავს.
და მერე — აღარაფერი. ვეღარ იპოვა კვალი, უბრალოდ ორწლიანი დუმილი ბაკალავრიატსა და მაგისტრატურას შორის.
ნინა სკამზე გადაწვა — ეკრანის შუქი კედელზე ჩრდილებს ასახავდა.
ისიც ყოფილა ოდესღაც მისნაირი. ბედავდა ხმამაღლა ეთქვა სიმართლე, ჭაობისთვის სახელი დაერქმია და ამის გამო დაისაჯა.
ნელა დახურა ლეპტოპი. ალექსის ცინიზმი ახლა გასაგები გახდა. ის არ დაბადებულა ამგვარი, გარემოებებმა შექმნა. ფრთხილად. მტკივნეულად. ნაწილ–ნაწილ, ყოველი ინსტიტუციური ღალატის, ყოველი დახურული კარის, ყოველი თავაზიანად შეფუთული გაფრთხილების შემდეგ.
და მიუხედავად ამისა, აქ იყო — სამინისტროში, მანქანის შიგნით. ვერ გაიგო, ეს მას ძლიერად აქცევდა თუ – კიდევ უფრო დანგრეულად.
შუქი გამორთო, მაგრამ ძილი არ მიკარებია. ახლა ვერ წყვეტდა მისი სახის გახსენებას მანქანის მკრთალ განათებაში და ფიქრს — რა იყო საჭირო, რომ ალექსი ბრძოლას დაბრუნებოდა...

თათოს, რა თქმა უნდა, არ გამორჩენია მისი ჩაშავებული თვალები.
_ბოლოს ასეთი რომ გნახე, სამინისტროში დაგიბარეს გამოკითხვაზე. რაზე წერ?
_სტატიისთვის არ გამითენებია._გულწრფელად უპასუხა.
_პირველი შემთხვევაა._თვალები გაუფართოვდა._იტყვი, რა მოხდა?
_უბრალოდ ვკითხულობდი...დარჩიაზე.
_გასაგებია._გამომეტყველება შეეცვალა და დერეფანში ლამის გაათრია._მაინც შემოგიძვრა ტვინში, არა?
_ისე არა, როგორც გგონია. უბრალოდ, ის...ოდესღაც ჩვენნაირი იყო. უნივერსიტეტში კორუფცია გამოავლინა, შავ სიაში მოხვდა და ლამის ყველაფერი დაკარგა. მას შემდეგ შეიცვალა. მინდა გავიგო, მისი ის ვერსია, რაც ახლა ჩანს… ნამდვილია, თუ უბრალოდ ის, რომელიც თავის გადასარჩენად შექმნეს.
_ჯანდაბა, ჯობდა, მისდამი ლტოლვა გქონოდა._თათომ ლამის ამოიხვნეშა._გაგიგებდი, ნამდვილად მიმზიდველია, მაგრამ მგონი შენ მართლა მოგწონს. ეს უარესია.
_რა ვქნა?_თვალებზე ხელები აიფარა.
_პირველ რიგში, დღეს ბევრი უნდა დავლიოთ, მაგრამ მანამდე, რევაზს დაეთხოვე და გამოიძინე…

დილით ნაბახუსევისგან თავი უსკდებოდა. თვალის გახელა ძლივს შეძლო და ნერვები ეშლებოდა, ენერგიით სავსე თათოს რომ უყურებდა.
_ყავა მოგიმზადე, მალე მოწესრიგდი, წინ დიდი გზა გელის.
_რაზე ლაპარაკობ?_ბურდღუნით ადგა და ხალათს ძლივს მიაგნო.
_ვიცოდი, რომ არ გემახსოვრებოდა. იტალია, ათი დღე, დედაშენი უკვე გელის. ფრენა ღამის თერთმეტზეა.
_სერიოზულად?
_ფოსტა შეამოწმე, თუ არ გჯერა.
_ასე დაუგეგმავად როგორ, რევაზი...
_მთელი წელია გიყურებ, როგორ გადაიწვი, დროა ამოსუნთქო. მე ვიზრუნებ „რეზონანსზე“, არ იდარდო.
_არ ვიცი...
_გეყოფა, ნინა. მიდი. უბრალოდ წადი.

და ასეც მოხდა. 15 საათის შემდეგ ის უკვე მილანში იყო. ერთი პატარა ზურგჩანთით და თითქმის დამჯდარი ტელეფონით. ქეთევანი მატარებლის სადგურთან დახვდა და გულში ძლიერად ჩაიკრა.
გზაში ბევრი არ უსაუბრიათ. არც სჭირდებოდათ.
ქეთევანი მდიდარ იტალიელ წყვილთან მზარეულად მუშაობდა, უკვე მეოთხე წელია. პატარა ბინა ჰქონდა ამავე უბანში, რომელიც თავად ოჯახმა დაუთმო. ნინასთვის ყველაფერი ახალი იყო — იტალიური ეზოები, ფანჯრებზე ლიმონის ხეებით, პატარა კაფეები და დილის სიცხე, რომელიც არა აწუხებდა, პირიქით.
პირველივე დილით ქეთევანმა უთხრა:
_მთელი კვირით ვისვენებ. დღეს რა გინდა გავაკეთოთ? საშოპინგოდ წავიდეთ, თუ სახლში დავრჩეთ?
ნინას ოდნავ ჩაეღიმა.
_არანაირი გეგმები, უბრალოდ ერთად გავატაროთ დრო.
და ატარებდნენ კიდეც. დილაობით ერთად ამზადებდნენ ყავას. ქეთევანი აჩვენებდა, როგორ ამზადებდა ტოსკანურ პანცანელას. საღამოობით მეზობლების ეზოში სხდებოდნენ. ქალი, სახელად ანჯელა, ღვინოს აყოლებდა სარდინულ ანეკდოტებს, ნინა კი იჯდა და ფიქრობდა მხოლოდ იმაზე, როგორ იცვლებოდა შუქი კედლებზე მზის ჩასვლისას.
მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ გონება გაეწმინდა. აღარაფერი ახსენდებოდა საქართველოდან – არც დარჩია, არც დოკუმენტები, არც სამინისტრო.
ერთ ღამეს ქეთევანმა უთხრა:
_სხვანაირი ხარ ახლა. ლაღი.
_ალბათ იმიტომ, რომ პირველად არ ვცდილობ ვიყო ვიღაც სხვების დასანახად.
_ეგ კარგია._ქეთევანმა ჩაიღიმა._სულ გაკრიტიკებ, მაგრამ არ მინდა დაივიწყო, ვინ ხარ სინამდვილეში – დაფარულ ამბებზე ნათელის მომფენი. უბრალოდ ზოგჯერ ამბავსაც დასვენება სჭირდება.
დაბრუნებამდე ოთხი დღით ადრე ნინა მარტო გავიდა სასეირნოდ. მივიდა ქალაქის ბოლოში, ნავიგლის არხთან და იქ ჩამოჯდა. ტელეფონი ისევ გამორთული ჰქონდა.
თითქოს ასე წაშლილი იყო ყველაფერი — ხმაური, ფაილები, განცდები, რომ რაღაც უნდა გადაერჩინა.
დაჯდა და უყურებდა წყალს, რომელმაც არც იცოდა, საიდან მოდიოდა ან სად მიდიოდა — მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა.
თვითმფრინავი რომ დაეშვა, თბილისში უკვე თენდებოდა. თათო ელოდებოდა, ყავის ჭიქით ხელში.
_აბა, როგორი იყო?
_ა–უ–ცი–ლე–ბე–ლი!_ღიმილით უპასუხა და ძლიერად გადაეხვია.
_გეტყობა._ჭიქა გაუწოდა._ერთი შაქარი, როგორც ყოველთვის.
_ეს მჭირდებოდა._ბარგს ხელი შეუშვა და ხარბად მოსვა.
_ეს რა არის, მთელი იტალია გამოგატანა ქეთევანმა?
_შენთვისაცაა საჩუქრები, არ ინერვიულო.
_იმედია, რამე გამოსასვლელიც იყიდე._ჩემოდანი გააგორა და გასასვლელისკენ წაუძღვა.
_რა ხდება?
_დრაივზე შევიაროთ და მოგიყვები, უკვე მომშივდა._ხელჩანთიდან გასაღებთან ერთად ბარათი ამოიღო და გაუწოდა.
ნინამ სწრაფად გადაიკითხა მოწვევა.
_შანსი არ არის, დღეს არსად წასვლას არ ვაპირებ.
_არ მაინტერესებს, მიდიხარ!_თათომ თვალები დაუბრიალა და მთელი გზა ცდილობდა მის გადარწმუნებას.
_მირჩევნია, ფრონტის ხაზის გასაშუქებლად წავიდე, ვიდრე ჩინოვნიკების „ქველმოქმედებას“ ვუყურო, გული მაინც არ ამერევა.
_უარესებიც გაგიკეთებია. თან, კარგი ღვინო იქნება.
_ღვინისთვის წავიდე გალაზე?
– არა. გალაზე წახვალ იმიტომ, რომ ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების სამინისტროების ნახევარი გუნდი იქ იქნება, და არ ვაპირებ, ასეთი შანსი გაფლანგო – უნდა ნახო, როგორ იტყუებიან რეალობაში.
– საინტერესო შემოთავაზებაა, – ჩაილაპარაკა ნინამ, – მაგრამ დედლაინები მაქვს, ისედაც ამდენი დღე გამიცდა.
_დღეს მაინც დასვენების დღე გაქვს და გამოიყენე, დაგინახონ. ეს წლის ინფრასტრუქტურული ღონისძიებაა, ჟურნალისტებს დასწრების უფლება აქვთ.
– საკვანძო სიტყვაა „უფლება“, – თქვა ნინამ. – არავინ მოითხოვს. არავის უხარია.
_მოწვევაზე შენი სახელი წერია.
ნინამ ბარათს კიდევ ერთხელ შეხედა. მერე – თათოს.
_მართლა კარგად ერთობი ამით, ხომ?
–უზომოდ. კაბის ფოტო ჩამიგდე, სანამ მოემზადები, მერვეკლასელის „ვიდით“ წასვლა არ გაბედო.
_რას უწუნებ ჩემს ჩაცმულობას?
_არაფერს, პიონერთა ბანაკში თუ მიდიხარ._ნინამ თვალები გადაატრიალა._შანსი გაქვს, რომ „კონკრეტულ ვიღაცებს“ აჩვენო, ბავშვი რომ არ ხარ.
_ახლა ალექსანდრე დარჩიას ცდუნებას მთავაზობ თუ მეჩვენება?
_რაც უფრო მალე გაარკვევ, მასთან რა გაკავშირებს, მით უფრო მარტივად ამოიგდებ გონებიდან.
_ასე არ შემიძლია, ხომ იცი...
_ვიცი, ვიცი, მაინცდამაინც კი არ უნდა დაუწვე, უბრალოდ ელაპარაკე...ალაპარაკე, ეჩხუბე. ისე მოიქეცი, როგორც ყოველთვის. უბრალოდ ქალივით ჩაიცვი და დაანახე ის, რაც მისი ვერასოდეს გახდება.
_სიგიჟეა._თავი გაიქნია და ბოლო ნაგეთსი გადასანსლა...

მაგრამ ცხრა საათის შემდეგ სარკის წინ იდგა და თავის ანარეკლს აკვირდებოდა. აბრეშუმის გრძელი, ყვითელი, ზურგამოღებული კაბა უხდებოდა მის გარუჯულ სხეულს. მხრებამდე თმის ბოლოები ოდნავ დაეხვია, მაღლებზე სიარულს მიჩვეული არ იყო, მაგრამ უნდოდა, დღეს შეემჩნიათ. თუ წავიდოდა, ბრბოში გარევა არ სურდა, განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო.
თათოს ფოტო გაუგზავნა, საბოლოო დასტური მიიღო და ტაქსი გამოიძახა.
მისვლიდან ათ წუთში დაინახა ალქესანდრე დარჩია – დარბაზისკენ ზურგით ნახევრად შებრუნებული და ვიღაც უღიმღამოსთან საუბარში ჩაძირული. პიჯაკი თითქოს მისი მეორე კანი ყოფილიყო, თეთრი პერანგი, მბრწყინავი საათი. როგორც ყოველთვის, ისე გამოიყურებოდა, თითქოს პრესცენტრში დაბადებული და კრიზისულ ბრიფინგებზე გაზრდილი იყო.
საუბარსა და სიცილში გართული შემობრუნდა და თვალი უცებ შეავლო ხალხის ნაკადში შერეულს. წამით ღიმილი დაავიწყდა.
მხოლოდ წამით.
მაშინვე თავის ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა, თანამოსაუბრეს რაღაც გადაულაპარაკა და სასმელი მოსვა.
გოგონამ სწრაფად ჩაუარა, მაგიდიდან წვენი აიღო და ოდნავ მოშორებით მარმალიროს სვეტს მიეყრდნო.
მალევე მივიდა მასთან.
რა თქმა უნდა.
_ ვხედავ, მოსაწვევი მიიღე. სამწუხაროა, არ დაურთავთ წესი, რომ არასრულწლოვნებს თანმხლები პირი სჭირდებათ.
სისხლი აუდუღდა.
_გამიგია, რომ მინისტრებს ახალგაზრდები უფრო მოსწონთ.
ალექსანდრემ თვალი დაახამხამა, ყბები დასჭიმვოდა. სიცილი ძლივს შეიკავა, რობოტის სახეზე შეფარული ემოციები რომ დაინახა.
_ჯერ კიდევ მხოლოდ ხილის წვენებს სვამ?
_ჯერ კიდევ ისეთ კომენტარებს აკეთებ, რომელიც არავის უთხოვია?
_ძველი ჩვევებია. ასაკი მაინც თავს იჩენს.
_არა, შენი ასაკი მაშინ იჩენს თავს, როცა სიტყვა „გამჭვირვალობას“ ისე იყენებ, თითქოს რაიმე საშიში იყოს.
ეს გულზე მოხვდა.
უფრო სწორად, უნდოდა, მოხვედროდა.
დარჩიას, რა თქმა უნდა, არაფერი შეუმჩნევია, უბრალოდ ჭიქა ასწია და დაუმშვიდობებლად შეერია უსახურ პოლიტიკოსთა რიგებს.
შემდეგი საათები ისე გაატარა, როგორც გათვლილი ჰქონდა. ესაუბრებოდა ჟურნალისტებს, კონსულტანტებს, ორ დეპუტატსაც კი, რომლებიც, როგორც წესი, ინტერვიუებს არ იძლეოდნენ.
სვამდა მკვეთრ კითხვებს, იცინოდა უნიჭო ხუმრობებზე და ზუსტად იცოდა, რომ ალექსანდრე ყველაფერს უყურებდა.
მაგრამ არ შემკრთალა, არც ერთხელ.
ეს აგიჟებდა.

***
შეფასებებისთვის უდიდესი მადლობა ვეცდები, მომდევნო თავით მალე დაგიბრუნდეთ



№1 სტუმარი სტუმარი გვანცა

ძალიან მომწონს თქვენი ისტორია, ვერ ავღწერ ისეთი აღფრთოვანებული ვსრ, უფროდა უფრო იხვეწებით, ამ საიტზე ასეთი კარგი და აზრიანი ისტორია, ასეთი დახვეწილი გმირებით დიდი ხანია არ დადებულა. ასე გააგრძელეთ. არასოდეს შეწყვიტოთ წერა. წარმატებდბი

მხოლოდ ერთს გთხოვთ დიდხანს არ გვალოდინოთ

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინა

უკარგესსიიაააა

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან თანმიმდევრული და დალაგებული შინაარსია, საინტერესო და ისეთი რო გინდა არ დამთავრდეს :)

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

ასეთი საინტეტესო ისტორია ამ საიტზე კარგა ხანია არ დადებულა. გელოდებიით

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინო

როგორ მომწონს ეს შესანიშნავი ისტორია

 


№6  offline წევრი Daisyd

მადლობა აქტიურობისთვის! ❤️ ახალი თავიც ატვირთულია და ველოდები გამოქვეყნებას.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent