სარკევ სარკევ მითხარი (თავი პირველი)
სარკევ სარკევ მითხარი 1 _ანა, ჰეი ანა!_ ვეძახდი და ვერაფრით მოვახედე. ფანჯარასთან იდგა, უფრო სწორედ ფარდის მიღმა და როგორც სნაიპერი არჩეულ სამიზნეს ისე მისჩერებოდა ქუჩის გადაღმა მდგარ მომავალ მსხვერპლს._ ანაა, შენ გამოგაშტერა კუპიდონმა! მითხარი რა ჯანდაბას შეჭამ? ხელში მობილური მეკავა და მომლოდინე ოპერატორს შეკვეთას ვაძლევდი. უფრო სწორედ ვცდილობდი მიმეცა „არა, ხოა ღირსი რამე ცხარე შევუკვეთო?“ ვფიქრობდი გულში მისი უყურადღებობით გაბრაზებული. _ მას! მას შევჭამდი!_ მიპასუხა უკან მოუხედავად. _ რას?_ ვერ გავიგე, და ინტერესით დავხედე ონლაინ მენიუს. _აი მას! ოჰ! _ თვალები მილულა და თავი კედელს მიაყრდნო ოცნებაში ჩაძირულმა. რადგან არ გააკეთა არჩევანი , მისი საყვარელი სუში შევუკვეთე. აბა ამ უმ თევზს მე დასანახად ვერ ვიტანდი. შეკვეთა მივეცი და ინტერესით მივუახლოვდი. ფარდა გადავწიე და გავიხედე. _ ანა სუში შევუკვეთე შენთვის!_ ვუთხარი თან ჯერაც ოცნებაში წასულს. _ ჰოო, სუშიი, მოვაწყობდი ზედ და ისე შევჭამდი! _ ჩაიბურტყუნა გაუგებრად და თან ხელით ჩოფსტიკების იმიტაციას გააკეთა. _ რას მოაწყობდი გოგო?_ გზის გადაღმა მდგარ გვარიანად შელახულ მანქანას თვალი მოვაცილე და ანასკენ მივბრუნდი. _ რას არა, ვის?!_ გამიღიმა ვაგზლის გზაარეული ქალივით._ მას! _ მას, მას!_მომეშალა ნერვები და ისევ ფანჯარას გავხედე. მოპირდაპირე სახლიდან ბიჭები გამოვიდნენ. მაღალი შავგვრემანი ბიჭი მალევე ჩაჯდა მძღოლის გვერდით. და თვალიც ვერ შევავლე ადამიანურად, მაგრამ მეორე, აშკარად ამ წითელი „არტეფაქტის“ პატრონი, ნელა მიუახლოვდა კარებს. სანამ გააღებდა ისეთი უცნაური მოძრაობა გააკეთა, თითქოს ახალგაღვიძებული იყო და იზმორებოდა. სახე ირონიით დამემანჭა. ფაქტი იყო, იქვე ჩრდილში მჯდარი ციცის და მარის დასანახად რომ იკლაკნებოდა ასე. _ ლამაზია არა?_ მკითხა ანამ და ოცნებით დაეყრდნო საკუთარ ხელის გულებს._ უუუჰ! ამოიკვნესა და საჰაერო კოცნა გაუგზავნა. ამაზე საერთოდ მომეღრიცა სახე. და თითქოს ეს არ კმაროდა, უეცრად იმ ტიპმა მაღლა აკრული თმა ხელის ერთი მოძრაობით არ გაიშალა?! გეფიცებით არცერთ შამპუნის რეკლამაში არ მინახავს მსგავსი რამ. აბრეშუმივით ჩამოეშალა მხრებზე წითური, ალისფერი, მზისფერი, არა ჩამავალი მზისფერი კულულები. ნერწყვი გადამცდა გაოცებისა და მოულოდნელიბისგან. წამში ისევე როგორც გაიშალა, გრაციოზულად აიხვია მკლავზე ის საოცარი თმა და კეფაზე დაიმაგრა. ანასკენ აღარ გამიხედია. შემეშინდა გულწასული არ გდებულიყო იატაკზე. მეც კი დავკარგე წამით მეტყველების უნარი. _ რა კაციააა!_ გამომაფხიზლა მისმა მიბნედილმა ხმამ და მგონი ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი შური. ჩემი ბიჭივით შეჭრილი აჩეჩილი თმა რომ გამახსენდა, იმ ტიპის პრინცესული ქოჩორი ყელზე დამადგა და აღარ ამომასუნთქა. _ კაცია თუ რაფუნზელი?_ გავაღრჭიალე კბილები. ის კი გზის იქით მშვიდად ჩაჯდა თავის მონჯღრეულ პიკაპში და მანქანა დაქოქა და უბნის გულაფრიალებული გოგონების ოხვრა თან გაიყოლა. _ სულელი!_ მივალანძღე სრულებით უცხო ადამიანი. ფარდა მჭიდროდ ჩამოვაფარე და გამოშტერებულ ჩემს დაქალს ფერდში მწარედ ვუჩქმიტე. მისი კივილისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია ისე წავედი კარის გასაღებად. _ ვერაა, დღეს წამოხვალ ფესტივალზე? _ მომეტუზა დანაყრებული და ოდნავ დაწყნარებული ანა. _ წამოდი რაა, გავერთობით. თან ციცი და მარიც მოდიან. მთელი უბანი მივდივართ. _ მთელი უბანი? ა, ანუ ამიტომ მიიწელები შენც არა? ის ახლებიც მოდიან?_ მაშინვე მივხვდი რა ფესტივალიც ჰქონდა გეგმაში. ანას დიდად არ ხიბლავდა ხოლმე ხალხმრავლობა და ცოცხალი მუსიკის კაკაფონია ღია სივრცეში. თუმცა ახლა სხვა მიზანი ჰქონდა ქალბატონს შერჩეული. _ ხოო, მოდიან. სანამ შენ არ იყავი, კარგად გავიცანით. კარგი ბიჭები არიან. იკა და კომაც კი დაუმეგობრდნენ. _ მხრები აიჩეჩა გულუბრყვილოდ. იცოდა კომას, ანუ ჩემი ბავშვობის განუყრელ მეგობარს თვალდახუჭული გავყვებოდი ქვეყნის დასალიერში. მართალიც იყო. კომას ხსენებაზე მოვლბი. თუ კომას ის ტიპები მოსწონდა, ანუ მათთვის შანსის მიცემა ღირდა. _ რა ქვიათ, ვინ არიან?_ ვკითხე და დავინახე, როგორ აენთო გიშერივით შავი თვალები. _ ანუ ის შავთმიანი ანტონიოა, გვარი არ მიკითხავს, რა აზრი აქვს?_ დიდად არ ადარდებდა იმ მეორეს გვარი._ ის კი ნიკაა,_ ხმაც კი აუთრთოლდა მის ხსენებაზე. თავი უიმედოდ გადავაქნიე. _ ნიკა კი არა რაფუნზელია!_ გავიკრიჭე მის გასაბრაზებლად. _ რაფუნზელი არა? _ ჩაეცინა ეშმაკურად._შენ გგონია დამავიწყდა შენი ბავშვობის ოცნება? სულ გინდოდა მისი მსგავსი გრძელი ალისფერი თმები და ჩემნაირი შავი თვალები. ენა გამომიყო იმ დამპალმა. დაქალი იყო მთელი ცხოვრების და ჩემს ოცნებებზე ყველაფერი იცოდა. _ მითხარი ქალბატონო მიჯნურო! როგორ აპირებთ შენ და ის ორი ცეტი მაგ თქვენი უფლისწულის განაწილებას?_ თავით ეზოში მსხდარი გოგოებისკენ ვანიშნე. წამით დაფიქრდა და თვალები ავად მოჭუტა. _ თუ საჭირო გახდება სამკვდრო_სასიცოცხლოდ ვიბრძოლებ!_ გამოაცხადა ჯიუტად და შავი პრიალა თმა ხელის აქნევით გადაიყარა ზურგს უკან. _ ღმერთო შენ უშველე ყველა გაჭირვებულს!_ ჩავილაპარაკე სარკასტულად და სახლში წასასვლელად ავდექი. კარში მისულს მომაძახა. _ მოდიხარ ხომ? რვაზე მზად იყავი. ნიკა წაგვიყვანს თავისი მანქანით._ გავჩერდი და ამპარტავნულად გავხედე. _ კომას მოვყვები მე და შენ ჯანდაბამდე გზა გქონია! თავმოყვარე ქალი იმ ჯართში როგორ ჩავჯდები ვიღაც რაფუნზელის გულისთვის!_ მივაძახე გაბრაზებულმა, კარი გავიჯახუნე და მის პირდაპირ შევაღე ჩემი სახლის კარი. საღამოც მალე მოვიდა. სარკის წინ ვიდექი და ვცდილობდი რამე კომფორტული ამომერჩია. იმაზე არც კი მიფიქრია, რომ გავპრანჭულიყავი ან რამე. მუს. ფესტივალი შუა პარკში ღია ცის ქვეშ იმართებოდა. ამიტომ პრიორიტეტი ის იყო ფეხზეც და ტანზეც კომფორტული სამოსი მცმოდა. სწორედ იმ წამს, როცა საყვარელი შავი ჰუდი მოვირგე წარწერით : „ სარკევ, სარკევ, მითხარი...“ რომ ანამ შემოგლიჯა საძინებლის კარი. _ ჰა აბა! მზად ხარ?_ დამკივლა აჟიტირებულმა. თვალები შუბლზე ამიხტა, როცა მისი ჩაცმულობა დავინახე. ისე მინაზებული ფერიასავით ეცვა, თუ პრინცსასავით, თუ ვერც გავიგე ვისავით. თხელი ნისლიფერი სარაფანა აერჩია, ღრუბელივით ჰაეროვანი, და მისივე შესაფერისი ფეხსაცმელი, რომელიც სულ არ შეეფერებოდა პარკის მოხრეშილ ბილიკებს. წინასწარ შემეცოდა მისი საწყალი მოცუცქნული ტერფები. _ კაი, მივხვდი, რომ ყველაფრისთვის მზად ხარ, მაგრამ გაიყინები შე უბედურო!_ ვუთხარი მისი არაპრაქტიკულობით გაოცებულმა. _ მეც მაგის იმედი მაქვს!_ გამომიცხადა ბედნიერი ღიმილით. მივხვდი მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა და ხელი ჩავიქნიე. სახლიდან ერთად გამოვედით. სადარბაზოსთან იდგნენ ბიჭები. იკაც კომაც და ის ორიც. წინასწარი უსიამო განწყობა მოქმედებდა ჩემზე, რომ მათ შესამჩნევად ცხირაბზუებული ვათვალიერებდი. _ ვერა გაიცანი, ეს ანტონიოა!_ ჯერ შავგვრემანი გამაცნო ანამ. არ ვიცი მომეჩვენა თუ არა, მაგრამ იმ ტიპმა ისე ამრეზით შემათვალიერა, უფრო სწორედ ჩემი ჰუდი შეათვალიერა, რომ სურვილი გამიჩნდა იმ კვარკვალა შავ თვალებში თითი მეტაკებინა. „რა სურვილებია ვერა?!“ შევუძახე ფიქრებში საკუთარ თავს და ამოსუნთქვაც არ მაცადა ანამ, რომ ბოლოსთვის შემონახული ტკბილი ლუკმა ამიფრიალა თვალწინ. _ ეს ნიკააა!_ ნაზად გაწელა ბოლო ასო. არ ვიცი ის ნიკა გემოვნებასთან როგორ იყო, მაგრამ მე ანასნაირი გატყლარჭული გოგო არ მომეწონებოდა. „ სალამი რაფუნზელ!“ გავიფიქრე გონებაში, მაგრამ სახეზე იმედია არაფერი შემმჩნევია. _ აბა არ წავიდეთ?_ გამოაცხადა იკამ. და გარშემო ჩამოწოლილი უცნაური აურა გაფანტა. უცებ სრულებით უცნაური რამ მოხდა. ციცი და მარი ჩემდა მოულოდნელად კომას ახალ მანქანაში ჩასკუპდნენ და ისეთი ირონიით გამოგვხედეს, რომ მაშინვე ვიეჭვე, რაღაც არ იყო რიგზე. თუმცა სულ მალე მივხვდი მიზეზს, თუ რატომ დათმეს რაფუნზელის მანქანით მგზავრობა. ბატონმა ნიკადხმობილმა ჩვეული გრაციოზულიბით გამოუღო კარი ანას. ისიც თითქოს სადედოფლო კარეტაში ჯდებოდა, კისკისით აძვრა მანქანის მაღალ სალონში. იმ უჟმურ ანტონიოს ჯენტლმენობა აზრადაც არ მისვლია. წავიდა და ისე ჩაჯდა მანქანაში, თითქოს აქ არაფერი. არა, მისი დახმარება კი არაფერში მჭირდებოდა, მაგრამ უბრალოდ მის ძმაკაცთან შედარებით ძალიან კონტრასტული იყო მისი საქციელი. კარი გავაღე და სალონში ჩავიხედე. იქაურობა სავსე იყო რაღაც უცნაური ნივთებით. ანას შევხედე და გამეცინა. ისეთი სასოწარკვეთილი დაჰყურებდა რაღაც კომპანიის ყვითელ ხელსაწყოების ყუთებს, რომ გულში გავიფიქრე: „ძალიანაც კარგი, მასე მოგიხდება ქალბატონომეთქი!“ მოკლედ მთელი გზა არ გაუჩერებიათ ენა იმ ნიკას და ჩემს დაქალს. მისი სკამის საზურგეზე დაყრდნობილი გაუჩერებლად ლაქლაქებდა. და ის წითური მელაც, გამწარებული უპრუწავდა თვალებს. _ მექალთანე!_ ჩავიბურტყუნე ჩემთვის. და მომეჩვენა, რომ წინ მჯდარმა ანტონიომ ჩუმად ჩაიცინა. ანას დადგმულ თეატრს თვალი ავარიდე და ფანჯარას გავხედე. ლამაზი ცა იყო, ნარინჯის ფერი მძიმედ აწვა ქალაქის გარშემო აღმართულ მომცრო გორებს. მზე ჩადიოდა და ისე ბრჭყვიალებდა, როგორც ნიკას..... _ ჯანდაბა!_ წამოვიყვირე გაცოფებულმა. აი, სწორედ ესღა მაკლდა, რომ ამ ლამაზი პეიზაჟის ყურების დროს ახალი მეზობლის გაბურძგნულ თავზე მეფიქრა. ცერად გამომხედა ანტონიომ. სულ წამით და ისევ გზას მიუბრუნდა. არა არც ისეთი ცარიელი ტიპი ჩანდა, ერთი შეხედვით რომ მეგონა. ფაქტი იყო, თავის მექალთანე ძმაკაცზე მეტს ამჩნევდა და ფიქრობდა. ის ორი კი მგონი სულ სხვა პლანეტაზე იყო უკვე გასული. ვეღარც კი ამჩნევდნენ, რომ მათთან ერთად ჩვენც ვმგზავრობდით. სავარძლის კუთხეში წვეტიან სახრახნისს მოვკარი თვალი, ჩუმად ავიღე და სწორედ მაშინ, როცა ანა ნიკას მორიგ სულელურ ხუმრობაზე იკრიჭებოდა, მოშიშვლებულ წვივში შევურჭე. ერთი კი იკივლა და შეხტა, მაგრამ უცებ სცადა თავი ხელში აეყვანა. ისე გადმომხედა, როგორც ქორმა ოლოლს. მაშინვე მოძვრა ჰაეროვანი და ფარფატა გოგოს სიმწრით აკრული ნიღაბი. მისკენ მივიწიე და ტუჩების მოძრაობით დავემუქრე: _ ამას წამოვიღებ და მასე თუ კიდევ იტკვარცალებ, ისე ჩაგარჭობ ბარკალში, სიარული ვეღარ შეძლომეთქი!_ მუქარამ გაჭრა, შედარებით დამშვიდდა ჩემი ანა. ყოველ შემთხვევაში პარკამდე ხმა აღარ ამოუღია. უცნაურად კი მიყურებდა დრო და დრო და გულში ვფიქრობდი , ამას რაღაც ცუდი გეგმა აქვსმეთქი. მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ მთლად ასეთი სიგიჟე ჰქონდა ჩაფიქრებული. ერთი სიტყვით მშვენიერი საღამო იყო, თუ არ ჩავთვლით ხალხმრავლობას და ტვინისმკვლელ მუსიკას. მინდორში მიმოყრილ პუფებში ვისხედით, ვსვამდით და დროც გადიოდა. ანა და ნიკა გვერდიგვედ ისხდნენ, სამყაროს მოწყვეტილებს თავები ლამის ერთმანეთზე მიედოთ და მობილურში ჩაჰყურებდნენ აშკარად რაღაცას ძალიან საინტერესოს. მარის იკა დაემარტოხელებინა და სადღაც სცენის მიღმა მიაპრონწიალებდა. ანტონიოს საერთოდ ვერ ვხედავდი, არადა რამდენჯერმე მოვათვალიერე იქაურობა. გვერდით კომა მომიჯდა, ლუდის ქილებით ხელში. _ ვერ, დალევ?_ თავი უარის ნიშნად გავაქნიე. ამ კაკაფონიაში ლუდი თავს ამატკივებდა. _ ანას ის ბიჭი მოსწონს არა? მკითხა ჩვეულად პირდაპირ. _ აშკარად!_ სახე უსიამოდ დამეღრიჯა. _ მერე ცოტა თამამად არ იქცევა ახლა ეგ? ჯერ არც კი ვიცნობთ რა ხალხია! _ მზრუნველი ხმა ჰქონდა. და ცდილობდა უსიამოვნება არ შეემჩნია. _ კომ იცი რას გეტყვი? შენთვის არაფრით დადგა „ის „ დღე. ამასობაში ანა გაიზარდა და გაგიჟდა კიდეც! _ გაოცებით გადმომხედა მეგობარმა. _ აბა გგონია არ ვიცი? მაგრამ არაა ანა შენი ტიპი! ამის თქმა მინდა. _ აბა მისი ტიპია?_ მკითხა გაოცებულმა თუ გაბრაზებულმა. _ არ ვიცი, მაგი, მაგრამ ფაქტია ასეთი გატაცებული არასდროს მინახავს! _ მხარზე ხელი დავადე ანაზე შეყვარებულ კომას._ ბავშვობამ გაიარა კომ! და კიდევ გაუბედავებსაც არ სწყალობთ ხომ იცი არა? ვინც ვერ ბედავს ნაბიჯის გადადგმას, მის ნაცვლად სხვა გაბედავს და სულ ესაა!_ ცოტა ხანს ჩუმად იჯდა. მერე გვრიტებივით მიხუტებულ წყვილს გახედა. ხელი ჩაიქნია და ფეხზე წამოდგა. მისი წასვლა იყო და მოწყენილი ციციც მის კვალს გაჰყვა. თუმცა ამისთვის ყურადღება არც მიმიქცევია. არ ვიცი რომელი საათი იყო რომ ჩამთვლიმა. კიი, არ მოგესმათ, იმ საგიჟეთში ჩამეძინა. მოვიკუნტე ჩემს პუფზე, ხელები ჰუდში დავმალე და ბოლო რაც დავინახე ის იყო, როგორ მოაცვა მხრებზე ნიკამ თავისი ქურთუკი ჩემს ეშმაკ მეგობარს. გულში მართლა გამეცინა და თვალებიც დამეხუჭა. სიგრილემ გამომაღვიძა. რიჟრაჟი ეპარებოდა ცას. ხალხიც ლამის აღარ იყო. სცენაზე ღამენათევი დაღლილი ტიპი რაღაც სრულებით მშვიდ სიმღერას მღეროდა. იქაურობა მოვათვალიერე და ელდა მეცა, არც ანა არც ნიკა, არც კომა და იკა და არც გოგოები იქ არ იყვნენ. სრულებით მარტო ვიჯექი ცარიელ პარკში და ბედნიერად მეძინა. სიბრაზემ აავსო ჩემი ისედაც აგრესიისკენ მიმართული თავი. _ ანა შე მოღალატე!_ შევკარი მუჭები._ მოიცადე თუ თმით არ გახოხო შე არამზადა, შე იდიოტკა! ვეჩხუბებოდი ჩემს წარმოსახვით მეგობარს, რომ უკნიდან ფხუკუნი მომესმა. ისე მივტრიალდი რომ უეჭველი იყო ვიღაც საცოდავს არმაგედონს დავატეხავდი თავს, რომ ხელთ ანტონიო შემრჩა. გაოცებისგან ხმა ჩამივარდა. ანუ იმ ჩემმა აცეტებულმა დაქალმა მიმატოვა აქ უპატრონო ლეკვივით, კომამაც კი არ იფიქრა ჩემზე და ეს დარჩა? ინტერესით შევათვალიერე. და რაც არ უნდა საოცარი იყოს, კეთილგანწყობის ნაცვლად უარესად ავიღრინე. _ სად არის ანა?_ ვკითხე ავად. _ მე რა ვიცი?_ მხრები აიჩეჩა მან. _ ნიკა სადღაა?_ ახლა მისი ძმაკაცი მოვიკითხე. ისევ მხრები აიჩეჩა. _ ადექი ახლავე და მომაძებნინე!_ ვუთხარი ცივად. _ მე პას!_ ასწია ორივე ხელი უარის ნიშნად. _ თავში ქვა გიხლია!_ გავწიწმატდი მე. ამას რა ენაღვლებოდა ბიჭის მხრიდან იყო. ისე გავიფიქრე, თითქოს ქორწილი იყო და სხვადასხვა მხარის სტუმრები ვიყავით. ზურგი ვაქციე და მობილურს დავწვდი. თუმცა ზარი უპასუხოდ დარჩა. ცოტა ხანში დამეწია. უხმოდ ამომიდგა მხარში და უსიტყვოდ გამომყვა. მთელი პარკი მოვიარე, ისეთი ადგილებიც კი, სადაც შეყვარებულებს სჩვეოდათ თავის შეფარება და სწორედ მაშინ, როცა ხელი ჩავიქნიე, ტბის მოპირდაპირე მხარეს მოვკარი იმ წითელ ჯაბახანას თვალი. შანსი არ იყო სხვა მანქანაში ამრეოდა. თავი მუქარით გადავაქნიე და მტკიცე ნაბიჯით გავეშურე მათკენ. _ და დარწმუნებული ხარ რომ სწორად იქცევი?_ მომესმა ზურგს უკან. ბრაზით მივიხედე . _ ვფიქრობ ცოტა უხერხულია ახლა იქ მისვლა!_ გაეღიმა მას და ამ ღიმილმა სულ გადამრია. _ შენ რა გენაღვლება? ის შენი ძმაკაცი რას კარგავს რო? _არც შენი დაქალია უცოდველი კრავი! და სულაც, არცერთი არაა არასრულწლოვანი!_ ისევ მშვიდად გამიღიმა. _ შეეცადე ხელში არ მომყვე ახლა!_ სიბრაზისგან ხმა ამერია. ჰუდის ჯიბიდან ის სახრახნისი ამოვიღე და მუქარით ავღმართე. მზად ვიყავი სულელი ანაც, ის ქოჩორა ნიკაც და ეს ირონიული ტიპიც იქვე ტბაში ჩამეხრჩო. _ნუ იქცევი ავი დედამთილივით!_ მომაძახა მან. _ მოკეტე!_ ვუყვირე მე. და ჯიუტად გავაგრძელე მიზნისკენ გზა. კვლავ უკან ამედევნა. მანქანას მივუახლოვდი, უკვე რიჟრაჟი ტყდებოდა. ის იყო კარი უნდა გამომეხსნა, რომ ძარაზე აფართხალდა რაღაც. სახელურს ხელი ვუშვი და ორი ნაბიჯი გადავდგი. სავარაუდოდ სრულიად შიშვლები, ჭრელ პლედში იყვნენ გახვეულები. ანას ხელი მის ტანზე ჰქონდა მოხვეული და არა მარტო ხელი, ფხებითაც რვაფეხასავით ებღაუჭებოდა. მას კი გაშლილი თმა ამომავალი.მზის სხივებივით მიმოეფინა გარშემო. _ რა ჯანდაბაა?_ ჩავილაპარაკე გაოგნებულმა. ჩემს ხმაზე შეირხა ის ბედოვლათი. ნახევრად მძინარე წამოიწია და რაღაცნაირი გაუგებარი თუ ნასიამოვნები ღიმილით შემომხედა. გაიზმორა უდარდელად და ღიმილით ამოიკითხა ჩემს ჰუდზე მიწერილი ფრაზა: _ სარკევ, სარკევ, მითხარი! ვე რა ამ ამბავს აქვს სარკისებური ვარიანტი, რომელიც Antonio Gover_ მა დაწერა. რომ იცოდეთ და ისიც საინტერესო ვერსიაა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.




ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.