შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაღალდის ჭიქა თავი 1


7-06-2025, 18:30
ავტორი ვე რა
ნანახია 482

ქაღალდის ჭიქა

თავი 1

დაღლილი ნაბიჯებით გამოვიდა უკანა გასასვლელიდან. ბავშვობიდან იცოდა გალერიის უკან პატარა ბაღში ძველი ხის სკამი რომ იდგა. იმ სკამს მიეყრდნო. საზურგეზე ჩამოჯდა უკნიდან. რაღაც ისეთივე აბსურდული და წელვადი მელოდია ჰქონდა ჩართული, როგორი ხასიათიც დილიდან აჰყვა. სიგარეტი ამოიღო მოკლე, უმკლაო გაბერილი ქურთუკის ჯიბიდან და წვრილი ღერი ლამის ღერზე წვრილი თითებით მაღლა ასწია.
ცოტა ხანს აკვირდებოდა, როგორ ტყდებოდა მზის სხივები სიგარეტზე. როგორი გამჭვირვალე ჩანდა მისი თითები მზის სინათლეზე. ამოიოხრა და უხალისოდ გაუკიდა.
რთული იყო სამყაროსგან გათიშვა, არფიქრი, არგრძნობა. რთული იყო და მასაც ძალა ელეოდა. სულ უფრო ხშირად ფიქრობდა სააბაზანოში ჩაძირვის წამზე. მასში გამეფებულ აპათიას აღარც წამალი შველოდა, აღარც ყალბი ძილი.
სანამ სიგარეტს ეწეოდა, ბინდისფერი ბოლის უცნაური ხვეულების გარდა არაფერზე ფიქრობდა. აი ამიტომ არ ანებებდა თავს სიგარეტს. ხანდახან ეს ათი ყველაფრისგან ცარიელი წუთი ხსნა იყო მისთვის.
საღებავებით დასვრილ თითებს დააცქერდა უაზროდ. დრომ გაუელვა თავში. ნეტავ ახლა რომ წასულიყო, ვინმე საყვედურს ეტყოდა? გზისკენ გაიხედა. გაპარვა სურდა. მერე მიწას დახედა და კეტის წვერით გაუგებარი იეროგლიფები დახატა. რაღაც უცნაური სპირალები. ვარსკვლავები, ის, რაც ბოლო დროს ესიზმრებოდა.
_ გამარჯობა!_ ხმადაბლა დაწეული მუსიკის მიღმა მოესმა. თავი ასწია და სრულებით უცხო კაცს გადააწყდა. მუქი სათვალის მიღმა არ ჩანდა მისი თვალები. და ღიმილიც უცნაური, ვიწრო და ოდნავ აპრეხილი ჰქონდა. ვერ იცნო. ხმა არ გაუცია. ვითომ მოსალმება ვერც გაიგონა. ისევ სიგარეტზე გადაიტანა ყურადღება. მაინც მოკრა თვალი, როგორ გაეღიმა უცნობს. უინტერესოდ ახედა ისევ და თავისუფალი ხელი ქურთუკის ჯიბეში ჩამალა. იქ წიწაკის სპრეი ეგულებოდა, ერთგული მცველივით თან რომ დაატარებდა მუდამ.
_ ყავა გინდა?_ მოესმა კვლავ. ნაფაზი დაარტყა და ისევ არაფერი უპასუხა. მობეზრდებოდა ბოლოს და წავიდოდა. სულ ასე ხდებოდა... მაგრამ ახლა ასე არ მოხდა. ყავის ქაღალდის ჭიქა გამოუწოდა უცნობმა. სურნელზე მიხვდა, თავისი საყვარელი ყავა იყო. რომ არ გამოართვა, მის გვერდით სკამის ოთხკუთხედ თავზე ფრთხილად დადგა უცნობმა და ისევ უკან დაიხია..
_ რატომ ხარ მოწყენილი?_ ჰკითხა მან. თავად კი ინტერესით ჩაჰყურებდა ყავის ჭიქაში ბლანტ მუქ სითხეს. მას მთელი სამყაროს დანახვა შეეძლო ამ ჭიქაში. შეეძლო, მაგრამ არ სურდა .
_ ისევ უცნაური ხარ!_ თითქოს არაფრად აგდებდა უცნობი მის ახირებულ სიჩუმეს, ისე აგრძელებდა მასთან საუბარს.
_ რას უსმენ?_ ჰკითხა და მუსიკის რიტმს აყოლებულ საჩვენებელ თითზე დააკვირდა, თითქოს თითის მშვიდი რიტმული მოძრაობით მიუხვდებოდა არჩეულ მელოდიას. და როცა რამდენიმე წამიანი დაკვირვების შემდეგ სიმღერა სწორად დაუსახელა, თვალებში პირველად გაუკრთა ინტერესის სხივი. სიგარეტი ჩააქრო და ყავის ჭიქის გვერდით დადო ნამწვი. ყურსასმენები მოიხსნა და ხმას მიაყურადა, არა, არ ისმოდა არცერთი ნოტი. ინტერესით შეხედა წინ მდგომს. ფეხზე წამოდგა და ორიოდ ნაბიჯით მიუახლოვდა. თავიდან ფეხებამდე მოურიდებელი ინტერესით შეათვალიერა. შემდეგ ფეხის წვერებზე აიწია და მისი სათვალისკენ წაიღო ხელი. სულ ოდნავ გადაიხარა კაცი უკან. მაგრამ მიუხვდა და შემდეგ თავადვე ოდნავ დაიწია მისკენ. საშუალება მისცა ჩანაფიქრი აესრულებინა.
სათვალე მოხსნა და თვალებში ჩახედა. რაღაც ნაცნობმა შეგრძნებამ დაუარა სხეულში. რაღაც ნაცნობი იაზრა და შეკრთა, უკან დაიხია. მისი სათვალე ხელში შერჩა.
_ რა მოხდა?_ ჰკითხა მან ღიმილით. ინტერესით დააკვირდა დაბნეულად მდგარს. მოულოდნელად შენობიდან ქერათმიანი გოგო გამოვიდა. ეზო მოათვალიერა უკმაყოფილო სახით.
_ რუუუმ!_ დაუძახა, როგორც კი თვალი მოკრა. სწრაფად გახედა, გაუხარდა, რომ ზუსტად ახლა დაუძახეს.
_ ჰოო!_ ისე გაუღიმა, თითქოს ფაქტზე წაასწრეს.
_ კიდევ კარგი არ გაპარულხარ! მოდი, გკითხულობენ!_ გაუცინა მეგობარმა. მაშინვე ჩანთას დაავლო ხელი.
_ კიდევ შევხვდებით!_ მოესმა ზურგს უკან, მაგრამ აღარ მიუხედია. იცოდა, ახსოვდა, რომ იცნობდა, მაგრამ საიდან?! სწორედ ამ შეგრძნებების გამო ვერ სუნთქავდა მშვიდად და ახლა ასე ცხადად ამის განცდა არ იყო მარტივი. ამიტომ სწრაფად შევიდა შენობაში. კარს მიეყრდნო და ამოისუნთქა.
_ რა გჭირს, კარგად ხარ?_ ჰკითხა ქერამ.
_ ჰოო!_ თავი დაუქნია.
_ ის ვინ იყო, რატომ მეცნო?_ გაოცებით შეხედა. „ნუთუ შენც?“ გაიფიქრა და თავი ჯიუტად გააქნია. ჩანთა შეისწორა და ხელში შერჩენილ მის სათვალეს დახედა გაოცებულმა. ახლაღა მიხვდა თან რომ წამოეღო. კარი გააღო და ისევ ეზოში გავარდა. აღარავინ დახვდა. სკამის საზურგეზე იდო ჭიქა ყავა. სიგარეტის ნამწვი აღარ. მივიდა ჭიქა აიღო. უცნაური ემოცია ეხატა ჭიქაზე. უნებურად გაეღიმა. ხასიათი გამოუკეთდა და გაიფიქრა: „უცნაურია, ნუთუ მან ეს მხოლოდ ერთი გაუგებარი სმაილით შეძლო?“ უცნაურ, ერთი შეხედვით უკმაყოფილო სახეს დააკვირდა ქაღალდის ჭიქაზე და კიდევ უფრო ფართოდ გაეღიმა. მხიარულად შებრუნდა შენობაში.
_ რუმ!_ ხელკავი გამოსდო მეგობარმა._ იცი? ის სურათი გაიყიდა.
_ რომელი?_ ჰკითხა და პასუხი წინასწარ იცოდა.
_ ბიჭი სიზმრებიდან! ასე არ ეძახი?_ დარბაზში შეაბიჯეს. აღარ ხუთავდა ახლა ხალხმრავლობა. რატომღაც თავს მშვიდად გრძნობდა. გაყინული თითები გაუთბო ცხელმა ყავამ. საკუთარი თავის სიღრმეში მბჟუტავი სინათლის წერტილი აღმოაჩინა.
_ ნუთუ მართლა დაბრუნდი?_ გაუღიმა საკუთარ თავს._ როგორ? რანაირად?
_ საკუთარ თავს მერე ელაპარაკე. წამოდი, ყველა იქაა, ხომ იცი, მათ ჩვენი ერთად ნახვა უნდათ!
ზურგიდან უბიძგა მეგობარმა.
_ ხან რა უცნაურად იცინი?
_ ხან რა აბეზარი ხარ?_ დაუბრუნა სიცილით პასუხი და ერთ კუთხეში მდგარი ახალგაზრდების ჯგუფს შეუერთდა. საერთო გამოფენის იდეა, მათი საერთო პატარა შემოქმედება, მცირე ხანი იყო, რაც მნახველის და მხატვრობით დაინტერესებული ხალხის ყურადღებას იქცევდა. სრულიად ინდივიდუალური სტილით და მაინც რაღაც საერთო ხაზებით, ერთმანეთის გაგრძელება იყო მათი ნახატები. თითქოს ერთი მეორიდან გამოდიოდა და მესამეს უერთდებოდა. თითქოს ერთი მექანიზმი იყო და ისე ერწყმოდა ერთმანეთს, რომ ერთის აღსაქმელად სხვების ნახატებიც უნდა გენახა. იყო ამაში რაღაც ახალი და უცნაური. სწორედ ამიტომ იზრდებოდა ინტერესი მათ მიმართ. ამიტომ სურდათ მათი ერთად ნახვა.
საღამოს დატოვა გალერეა. დაღლილი დაუყვა ქუჩას. ქუჩის განაპირას მდგარ ტაქსთან მივიდა, კარი გამოაღო მისამართი უკარნახა და დაჯდა. ფანჯრიდან მქროლავი ხედის ნაცვლად დილანდელ უცნობზე ფიქრობდა. ხელში ცარიელი ქაღალდის ჭიქა ეკავა. გრძნობდა, სულ მალე რაღაც შეიცვლებოდა და ეს შეგრძნება სიმშვიდეს ურღვევდა, თანაც ინტერესით ავსებდა.
_ რას ნიშნავს ეს სმაილი?_ ჰკითხა საკუთარ თავს. _ როცა კვალავ ვნახავ, ვკითხავ!
ისე თქვა, ეჭვიც თითქოს სულ არ ეპარებოდა, რომ მალე ისევ შეხვდებოდა.
_ რა მკითხეთ?_ მოხედა მძღოლმა. რუმიმ ჭიქა დაანახა.
_ იცით ეს სმაილი რას ნიშნავს?
_ მგონი ეჭვით იყურება, არა?_ გაუღიმა ახალგაზრდა ბიჭმა.
_ ეჭვით?_ დახედა ჭიქას ღიმილით. _ ანუ ეჭვით?!
სახლის კიბეები აიარა და კარი გააღო. ფეხებში სამფერა კატა აებლანდა.
_ მაცადე კარის დაკეტვა და მოგეფერები!_ ფეხით ფრთხილად მისწია აკნავლებული ცხოველი. _ ოტო, ნახე რა მოგიტანე!
კატის რაგუს კონსერვი დაანახა მოუსვენარ მეგობარს.
_ გშია? წამოდი გაჭამო!_ აივანზე იჯდა და ცას აჰყურებდა. ოტო კრუტუნით ჭამდა საჭმელს. პატარა თაროზე ყვავილების ქოთნების გვერდით იდგა პატარა ქაღალდის ჭიქა, უცნაური სმაილით. რუმს კი ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მარტო აღარ იყო. ხვალ კი ახალი დღე დადგებოდა, ახლი უარაფრობით სავსე დღე. თუმცა ვინ იცის? ცალი თვალით გახედა პატარა ქაღალდის ჭიქას და სცადა მასზე გამოხატული სმაილის მსგავსი ემოციის გამეორება. ზუსტად გამოუვიდა, თუმცა თავად ვერ მიხვდა.

ვე რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent