სადგური ნომერი ექვსი (თავი ორი)
სადგური N 6 #სადგურინომერი6 2 თავი ისინი 2025. 29 მარტი. 13:13 რამდენიმე დღით სადმე, სოფელში ან ბუნებაში, წასვლა, მით უფრო იმ ხალხთან, ვინც ძალიან მოგწონს, რა არის ამაზე საუკეთესო თერაპია? არ მახსოვს ბოლოს მსგავსად როდის დავისვენე. იტყვის ვიღაც, რამ დაგღალა, ერთი უსაქმური გოგო ხარო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ადამიანები უსაქმურობისგან უფრო ვიღლებით ზოგჯერ, ვიდრე სამსახურებისგან. რადგან სახლის ყოველდღიურობა რუტინაზე მტანჯველი რუტინაა. თან რაც უფრო ახლოვდებოდა მათთან შეხვედრის დღე, მით უფრო მემატებოდა ეიფორია. მითხარით, რანაირი ამბავია, ხვდებოდე იმ ხალხს, რომლებსაც ლამის ყოველდღიურ რეჟიმში ეკონტაქტები, მათზე გარკვეული წარმოდგენა გაქვს, შესაძლოა ბევრ ახლო მეგობარზე მეტსაც უყვები და ენდობი, მაგრამ რეალურად არ იცნობ?! ცალკე იმაზე დარდობ, თუ შეეფერებიან ისინი შენს წარმოდგენებს, და ცალკე იმაზე თავად თუ გავხარ მათ გონებაში წარმოსახულ ადამიანს. ზურგაჩანთაში დაუდევრად ვყრი საჭირო ნივთებს, საყვარელ თბილ ჰუდებს, თმის სათაგდარიგო ხის სარჭებს, და როცა ხელი წიგნისკენ მიმაქვს, მხიარულად ვიცინი, არა იქ წიგნის დრო ნამდვილად არ მექნება, თანაც რაღა წიგნი და გამოგონილი ამბები, მე ხომ ხვალ რეალურ თავგადასავალში ვეშვები. იმ საღამოს თითქმის არ მძინავს. რა დამაძინებს? ჩემი ამბების რეალურ პერსონაჟებს უნდა შევხვდე. ხვალ უკვე მართლა დავიჯერებ, რომ ისინი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არ არიან, რომ მართლა არსებობენ. მხოლოდ ბლანკო არ იქნება. რა ხანია არ შეგვხმიანებია. კაცმა არ იცის როდის გამოჩნდება. ამიტომ არ ველოდებით. 2025. 30 მარტი 16:40 ვდგავარ და თვალებით ლუციენის მიერ ნაქირავებ წითელ მინივენს ვეძებ. რადგან ექვსნი ვართ და მგზავრობაც ერთად გვინდა. ამიტომ უბრალოდ მანქანას ვქირაობთ. რა აკვიატება აქვს ამ ბიჭს წითელ ფერზე ? ვფიქრობ გულში. ისე დამტკიცებული ფაქტია, რომ ბიჭებს წითელი ფერი უყვართ. არ ვიცი რატომ? ალბათ დომინანტი ფერი რომაა ამიტომ?! და გოგოებიც ქვეცნობიერად ხვდებიან ამას, ამიტომაა არჩევანს უმეტესად წითელ კაბაზე, წითელ ტუჩსაცხზე, და სხვა წითელ აქსესუარებზე რომ აჩერებენ. მე კიდე ალბათ გოგო არა ვარ. საკუთარ ფიქრზე მეცინება და ჩემს შავ ჰუდს და ქურთუკს დავყურებ. არადა ვიცი, რომ ყველა ფერად და მხიარულ ვერას ელოდება. ალბათ ეს მათი პირველი გაკვირვება იქნება. ნეტავ მე რა გამაოცებს მათი ნახვისას? ჯერ ისევ საკმაოდ ცივა, ქარი ისედაც აწეწილ თმას მიწეწავს და ნერვებს მიშლის. ჩანთიდან ყვითელ ქუდს ვიღებ და თავზე ვიმხობ. ქუდი ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც ვერ გუობს ზედმეტ მოსართავ ნივთებს, აქსესუარია. _ ეს ბავშვი სადღა გადაიქაჯა?_ ახლა ჩემს დას ვურეკავ. პირველ ზარზევე მპასუხობს ჩემდა გასაოცრად. _ მაცადე რაა, ყავა არ გინდა? ცოდა დამელოდე მოვალ ახლავე!_ ჯაჯღანებს ტელეფონში. მე კი ისევ ქუჩას გავყურეებ. არანაირი წითელი მანქანა არ ჩანს. ჩატს ვხსნი და მესიჯს ვწერ. _ სად ხართ აბა? მოვედით და ვერ გხედავთ. _ თავად სად ხარ?_ მპასუხობს ლინდა. _ მაღაზიასთან! აჰა ხელს ვიქნევ! დამინახე?_ ხელს მაღლა ვწევ და ისე ვიქნევ, თითქოს ვინმეს ვემშვიდობებოდე. _თავზე ლიმონი გაფარია?_ სიცილის სმაილს მიგზავნის. და გული მიკრთება. მერჩივნა მე დამენახა ისინი პირველად. _ მოვედი!_ მაღაზიიდან ჩემი და გამოდის და თუ რამე სასუსნავი იპოვნა, ყველაფერს თან მოათრევს. _ რა იყო მეტი ვერ დაძარი?_ მეცინება მე და პარკში ვიჭყიტები. ჩემს იოგურტებს და ცივ ყავას ვეძებ. _გახსოვს ცისანა, გურიაში რომ მივდიოდით, მოხარშულ კვერცხს კატლეტებს და ყველს რომ გვაჭმევდა გზაში? იმის მერე მიყვარს მე მგზავრობის დროს ჭამა. _ ეცინება სალის. _ აგე მივიდნენ ესენიც. ისე უდარდელად ამბობს, თითქოს გუშინაც მათთან ერთად იყო. იმის წინაც და იმის წინაც. მისი უდარდელობით გაოცებული ვდგავარ და მათ შეხვედრას ვაკვირდები. პირველი ლუციენი მხვდება თვალში, თვალებს ვაფახულებ გაოცებული, მართლა ელფს ჰგავს. იმ თავისი აკოსილი წითელი თმით, სასაცილო ღიმილით, შვებას ვგრძნობ თითქოს, ძალიანაც არ განსხვავდება იმ პერსონაჟისგან, მე რომ აღვწერდი ხოლმე ამბებში. მერე ლინდას ვუყურებ, კი აშკარად ლინდაა, გაჩხინკული, გრძელი წაბლისფერი თმით, მხიარული და ფართო ღიმილიანი სახით, სალისი არ იყოს, არც მას ეტყობა ნერვიულობა. ერთმანეთს ისე ეხვევიან, თითქოს ეს მათი ჩვეული მისალმებაა. ეს ორი რაღაცით ერთმანეთს ჰგვანან, მაგალითად იმ სიმშვიდით, რაც მე იმ წამს არ გამაჩნია. მანქანიდან ვამპირი გადმოდის და სულერთია სახით გვიყურებს. თითქოს მას არ ეხება ეს პატარა მოგზაურობა. თითქოს სულ არ უნდა იყოს აქ. ხელს მისალმების ნიშნად მაღლა სწევს და ისე ვაკვირდები გრძელ თითეზე, როგორც სხვა ადამიანები ერთმანეთის თვალებს აკვირდებიან. რა ვქნა, ჩემთვის მსგავსი ნიშნები ბევრად საინტერესოა, რადგან ზოგადად სწორედ ასე ვახერხებ მათ ამოცნობას. მის არაადამიანურ სიმშვიდეს ვუყურებ და საკუთარ თავზე მეცინება, მე რა ჯანდაბად ვნერვიულობ ნეტავ?! „ანუ ასეთია მისი აღმატებულება?“ ვფიქრობ გულში. ეს კი უეჭველად ლილაა, სურათი კი მაქვს ნანახი, მაგრამ მისი სურათი ჩემთვის ვერაფერი შეღავათია. ამ წამს რომ შებრუნდეს და ტანსაცმელი და ვარცხნილობა შეიცვალოს, მისი ცნობა ისევ გამიჭირდება. ცოტა მეტი დრო და კონცენტრაცია მჭირდება, რომ ყველა დავიმახსოვრო. ლილა მანქანას ეყრდნობა და ჯერ სალის და მერე მეც ინტერესით გვიყურებს. რამდენიმე წამით მაკვირდება და ღიმილით მიქნევს ხელს. მგონი ის ხვდება, რომ ვნერვიულობ, იმიტომ, რომ რაღაც მსგავსი უხერხულობის ემოცია თავადაც ეტყობა სახეზე. ახლოს მივდივარ, ზურგაჩანთას უხერხულად ვისწორებ მხარზე, და მუდამ თამამი და ვირტუალურ სივრცეში ცოტა არ იყოს თავქარიანიც კი გაუბედავად ვიღიმები. _ გამარჯობა!_ ვესალმები ყველას ერთად. ფიზიკურ შეხებაზე როგორიც გადაკოცნა, ჩახუტებაა და მსგავსი კონტაქტია, რა თქმა უნდა, უარს ვამბობ. აჰა, ესეთი ვარ მე: ცოტა მორცხვი, ცოტა გაუბედავი და არც ისე ენაწყლიანი. ახლა უკვე მათაც იციან. თითქოს შვებით ვსუნთქავ და მხრებიდან ტვირთი მეხსნება. „არც ისე რთული ყოფილა!’’ ვფიქრობ და საკუთარ ფიქრებს ბედნიერი ვუღიმი. გზა სადღაც დასავლეთისკენ გვაქვს. არცერთი არ ვართ ნამყოფი იქ, სადაც ანტონიომ თავისი ოცნების სახლი იყიდა. ნამყოფი კი არა, არც გაგვიგია რომელიმეს ის უცნაური სოფელი, არც მეტი არც ნაკლები, სახელად „სადგური“. არც გუგლში, არც რუკაზე არაა აღნიშნული. ამიტომ ანტონიო დაგვპირდა, რომ მთავარ გზამდე ჩამოვიდოდა და იქ დაგველოდებოდა. _ აბა, როგორ მოგეწონეთ?_ გვეკითხება სიცილით ლუციენი. როცა საიტის პრეზენტაცია უნდა მოგვეწყო, მას ვუთხარი, რომ იქ მისვლა არ მსურდა. და არც მათი გაცნობა მინდოდა, რადგან სრულებით მაკმაყოფილებდა მათი ჩემი წარმოსახვითი ვერსიები. _ არაგიშავთ!_ გამეცინა და ფანჯრიდან გავხედე უკან მიმქროლავ ბოძებს. არა მაინც რა უცნაური ამბავი იყო? მე ასეთი ინტროვერტი ადამიანი, ვიღაც უცნობებს მივყვებოდი სადღაც ჯერაც გაუგონარ სოფელში. „ნეტავ მე თუ ვგავარ საკუთარ თავს?“ ვფიქრობდი და ფანჯრის მინაში მკრთალად არეკლილ საკუთარ გამოსახულებას ვაკვირდებოდი. ლამის პატარა ბავშვების ექსკურსიას გავდა ჩვენი მგზავრობა. მუსიკა,სიმღერა, სიცილი, რაღაც ამბების გახსენება, იმ სახლზე და ანტონიოს გადაწყვეტილებაზე საუბარი.... თითქოს ახლიდან და ახლა უკვე ნამდვილად ვცდილობდით ერთმანეთის გაცნობას. გზა ისე გამოილია, ვერც შევამჩნიეთ. _ რამ მოანდომა იმ გადარეულს ამ გადაკარგულში გადმოცხოვრება?_ ცარიელ გზას უყურებდა ლუციენი და უკვირდა. _ სიჩუმეს გამოყვა ალბათ._ უპასუხა ვამპირმა. _ კარგი რაა, მარტო ყოფნა კარგია რაღაც ხანს, მერე მოსაბეზრებელია!_ თქვა სალიმ._ თან რამე რომ იყოს, აქ რა უნდა ქნა? _ხო მაგას ვამბობ, რამდენი უკეთ დასახლებული სოფელია, თუ მაინცდამაინც სოფელი გინდა. აქ რა უნდა აკეთო სულ მარტომ?_ მხრები აიჩეჩა ლუციენმა, ალბათ წარმოუდგინა, რომ ასეთ ადგილას თავის საფირმო კარამელიზირებული მსხლით თავს ვერავის მოაწონებდა, დათვების გარდა. _ რა პრობლემაა, მოქოქავს მოტოციკლეტს და ორ წამში იქნება ქალაქში. სოფელში გადმოსვლა ქალაქზე უარის თქმას არ ნიშნავს._ მგონი ლილასაც მოსწონდა სოფელში ცხოვრების იდეა. _ სოფელში წავალ მეც, როცა დრო მოვა! ჯერ ადრეა!_ გაეცინა ლინდას._ არაფერია შეუძლებელი თუ გულით გინდა! ფანჯარას გავხედე. მწვანეში ჩაფლული მთები, სადღაც ტყეში ალბათ ჩხრიალა მდინარე, ყვავილებიანი მინდვრები, ცხოველები, კამკამა ჰაერი, თოვლიანი მწვერვალები.... მე არ მიკვირდა ანტონიოს ოცნების. მხოლოდ ის იყო, რომ ზოგჯერ ჩემი ოცნება არ ემთხვეოდა იმ რეალობას, რომელშიც მე ვცხოვრობდი. ქალაქი? არა კომფორტისთვის, ალბათ უფრო პერსპექტივისთვის, მაგრამ ლინდასი არ იყოს, მოვიდოდა დრო, როცა აღარც პერსპექტივას ექნებოდა მეტად მნიშვნელობა. კი ძალიან ლამაზი მიმზიდველი და ოცნების ფერი იყო აქაურობა, მაგრამ ფეხს ვერ უწყობდა თანამედროვე ცხოვრებას. მაგრამ თან სწორედ ეს იყო რეალური სამყარო. „ცოლი და შვილები, თევზაობა და სოკოების კრეფა?!“ ვფიქრობდი გულში. რა იყო ამაში ცუდი? მაგრამ აქ დრო გაჩერდებოდა ყველასთვის, ვინც აქ ცხოვრებას გაბედავდა და იქნებ ასე საკუთარი ოცნებით შვილების ოცნებას მოკვეთავდი ფრთებს?მიყრუებული, კი სწორედ ამას გავდა მთების სოფლები, არც გზები, არც საავადმყოფოები, არც აფთიაქები, მაღაზიებიც კი მწირი, ზამთარში თოვლისგან ჩაკეტილი გზები. კიდევ სწავლის დაბალი ხარისხი. არც განმავითარებელი წრეები... მოკლედ ის, რასაც მე იმ წამს ვხედავდი ალბათ მხოლოდ მეოცნებე და გამბედავი ხალხისთვის იყო სამყოფი. მაგრამ, იცით, ადვილია ასე თუ ისე შემდგარი ადამიანი რომ იღებს გადაწყვეტილებას, სად სურს სიცოცხლის გატარება, მაგრამ არსებობს კიდევ მომავალი, რაც მხოლოდ შენ არ გეხება. ვერ წაართმევ შენზე დამოკიდებულ ადამიანს არჩევანის უფლებას, იმ არჩევანის, რაზეც ჯერ მას წარმოდგენაც არ აქვს. . ეს საუკუნე ძალიან ნაცრისფერი ოცნებებით არის გაჟღენთილი და ისე ხდება, რომ ეს ოცნებები ჩვენს გარშემო გალიას აშენებენ. ისე ვხდებით ყოველდღიური ერთფეროვნების მონები, ვერც კი ვიაზრებთ. აი მაგალითად მე? ისეთი მარტივი უბრალო ოცნებები მქონდა, რომ .... კარგით ამაზეც შემდეგ. ეს ხომ ჩემი ამბავი არაა?! _ შენ რას ფიქრობ?_ მკითხა ლინდამ._ იცხოვრებდი აქ? _ საქმეც მაგაშია, ვიცხოვრებდი ალბათ ბედნიერიც ვიქნებოდი, მაგრამ არ ვცხოვრობ!_ ვუპასუხე ფანჯრიდან გადაშლილი ხედისთვის თვალმოუშორებლად. რაღაც მომენტში ტელეფონს დავხედე და გამაოცა იმან, რომ მიღების ნიშანი სრულიად გადახაზული იყო. ანუ ის უჩინარი საზღვარი გადავკვეთეთ, ანტონიო რომ გვეუბნებოდა. _ ოფიციალურად მშვიდობით ცივილიზებულო სამყაროვ!_ გამეცინა არც თუ მხიარულად. თავს უცნაურად დაუცველად ვგრძნობდი, რომ გარეშე სამყაროსთან კონტაქტს ვერ ვახერხებდი. შინაგანად დავიძაბე და არ მიფიქრია, თუ რამე შემეტყო. _სულ ცოტა ხანში გაგივლის!_ მითხრა ჩემს უკან მჯდომმა ვამპირმა. _ ვინ ამბობდა, არაფრის მეშინიაო? _ არ მეშინია, უბრალოდ უჩვეულოა. თითქოს რაც მიღება გაქრა ტყეც შეიცვალა, ვერ შეამჩნიე?_ მივუბრუნდი უკან და ახლა რეალურადაც დავინახე ის მხიარული იროინია, ასე რომ სჩვეოდა მის ღიმილს. _ „მცდარი შესახვევი“ ნანახი გაქვს?_ მკითხა და გაეცინა. _ მოშორდი აქიდან!_ შემეცვალა სახე. კიდევ მცდარი მოსახვევი აკლდა გარს მოჯარულ დაბურულ ტყეს?!_ და იცოდე, ნუ იცინი მასე! _ კარგი, აღარ ვიცინი!_ ვითომ მორჩილად დამთანხმდა. _ აი ისიც!_ შესძახა მხიარულად ლუციენმა და მანქანა გზიდან გადააყენა. ოდნავ დავიხარე და ფანჯრიდან გავიხედე. იჯდა თავის შავ მოტოციკლზე მიყრდნობილი და ფეხის ტერფებს უდარდელად ურტყამდა ერთმანეთს. სულ არ ჰგავდა იმ ანტონიოს, მე რომ „ვინ ხარში?!“ გამოვიგონე. რატომღაც ჩემს ფანტაზიაში მას წვერი არ ჰქონდა, აი რეალობაში კიდევ კი. მანქანა რომ დაინახა სერიოზული და ოდნავ მკაცრი სახის ნაკვთები გაუნათდა. ფეხზე ადგა და მანქანისკენ წამოვიდა. ლუციენი მგონი გოგოებზე უფრო იყო მისი ნახვით აჟიტირებული. _ როგორ ხარ ბნელო?_ მიესალმა ჩვეულად. _ გადასარევად!_ ხელი გამოუწოდა მან. _ რამ მოგაფიქრა აქ გადმოხვეწა?_ ჰკითხა ლილამ, _მგონი ქვეყნის დასალიერში ვართ ახლა. _ არა,მენდეთ რომ ნახავთ მოგეწონებათ!_ აშკარა იყო საკუთარი გადაწყვეტილება აბედნიერებდა. _ ანტონააა ჯამბულა დაგიძახო თუ...?_ ისე მაიმუნობდა სალი, თითქოს ისვე ჩატში იყო. _ ეს აქ დატოვეთ, არ წამოიყვანოთ!_ ვითომ გაბრაზდა ანტონიო. _ მაინტერესებს, ახლა სადღა გაიქცევი?_ ენას არ აჩერებდა სალი. _ იმდენს და ისე მოგიშლით ნერვებს, როგორც მოგვესურვება. _ შენ რატომ ხარ ჩუმად? _ გამომხედა მხიარულად_ თუ შორიდან ჩიხუახუასავით თამამი იყავი? _ მოხვალ შენ ჩატში საძაგელო!_ გამეცინა მეც. სადღაც მართალს ამბობდა. რეალურ ცხოვრებაში, დრო მჭირდებოდა, რომ ენა ჩვეულად ამომედგა. ანტონიო მოტოციკლს დაუბრუნდა და გამომყევითო გვანიშნა. სანამ მანქანაში ჩავჯდებოდი, ისევ თავზე მუქარით გადმომხობილ ტყეს გავხედე. რატომღაც უცნაურად უჟმურ აურას ვგრძნობდი, ან ეს მხოლოდ ჩემი არანორმალური ფანტაზიის ნაყოფი იყო. _ ბევრი ფიქრი ხან სულაც არაა სასარგებლო, მშიშარა!_ ხმადაბლა მითხრა ვამპირმა. გაკვირვებულმა გავხედე, შანსი არ იყო მიმხვდარიყო, რას ვფიქრობდი. ნუთუ თავადაც გრძნობდა იმ უცნაურ მუხტს, რაც ტყიდან მოჰქონდა გრილ ნიავს. _ უბრალოდ შემცივდა!_ ვიუარე მისი ნათქვამი. მეტი დამაჯერებლობისთვის ქურთუკი შევიკარი და მანქანაში დავბრუნდი. _ ოხ,მისწრება იქნება ახლა რამე ცხელი და გემრიელი!_ ჩაილაპარაკა მხიარულად ლუციენმა. _ თუ დაგვახვედრა ახლა ბორში!_ ახორხოცდა სალი. _ ბორში ქაიააა!_ გაეცინა ლინდას. მე კიდე გულში ვნანობდი, რომ ჩემი ტკბილი ღვინოები სახლში დავტოვე. ვაითუ ანტონიოს არ ჰქონოდა მომარაგებული. მე თქვენ გეტყვით და მაღაზიაში გადაირბენდა სადმე?! _ აქ უფრო იგრძნობა სიცივე არა?_ თქვა ლილამ და წინ ბღუილით მიმავალ ანტონიოს გახედა _ აბა, ისეთია თქვენ როგორიც გეგონათ? გვკითხა და ნიშნისმოგებით დაამატა. _ აბა დარწმუნდით, რომ ანტონიო ანტონიოა და მე მე ვარ?_ ყველას გვითხრა, მაგრამ მე შემომხედა თვალმოჭუტულმა_ რაო რას ამბობდი? საიტის საღამოზე ყალბ ანტონიოს დაიქირავებს ლილაოოო?! მე ხშირად ვხუმრობდი, რომ ანტონიო ლილა იყო, და ლილა არა, მაგრამ ანტონიო სულ იბუტებოდა ამის გამო. _ კარგი! ვაღიარებ მტყუანი ვიყავი! მაგრამ იმ ჯამბულას არ უთხრათ, რომ ვაღიარე! _ ანუ კიდევ უნდა უმტკიცო, რომ არ არსებობს?_ ჩიფსებს ახრამუნებდა სალი. _ მომეცი აქ ჩემი იოგურტი!_ გავუწოდე ხელი ეშმაკური სახით ჩემს დას_ არ თქვა, რომ არ გიყვარს მაგის გაბრაზება! _ მე კი არა, მგონი თვით მამაზე ზეციერს უყვარს მაგის გაბრაზება!_ ახარხარდა გოგოსთვის შეუფერებლად. მოულოდნელად ასფალტიანი გზა მოხრეშილმა და ვიწრო აღმართმა შეცვალა. ხეივანივით გადახლართული მარადმწვანე ხეების ვარჯები უჩვეულოდ აბნელებდნენ იქაურობას. _ აჰაა, მგონი ბნელმა თავის ბნელ სამეფოში მიგვიტყუა!_ ვერ ისვენებდა ლუციენი და წინ ნელა მიმავალ ანტონიოს კვალში ედგა._ არა, რას იტყვით, მანიაკი რომ იყოს, ჰა? რაღაც ვერ მეხალისებოდა მისი ხუმრობა, გაფაციცებით ვათვალიერებდი ტყეს. რაღაც ძველ ჟანგიან და გადაგრეხილ აბრას ჩავუარეთ, რა ვერ წავიკითხე, მხოლოდ მივხვდი, რომ რუსულად ეწერა. _ წაიკითხე რა ეწერა?_ მკითხა იდუმალი ხმით ვამპირმა და წინ გადმოიწია. მთელი სეროზულობით ვკითხე, „რა ეწერამეთქი?“ და მან მცდარი შესახვევიო მიპასუხა ჩემსავით სერიოზულად. _ აი რომ გაგაცლი მაგ ქოჩორს და დაგმარხავ მცდარ შესახვევში, მერე ნახავ შენ!_ ვუთხარი და ხელი ისე გავწიე მისკენ , თითქოს მართალა ვუპირებდი გაქოჩვრას. სწრაფად გადაიწია უკან, საზურგეს მიეყრდნო და უსაფრთხო მანძილიდან მაინც „მშიშარაო!“ დამცინა. _ თქვენ აქაც ჩხუბობთ?_ გამოგვხედა ლინდამ სიცილით. _ არ ასვენებს მაგას გამჩენი!_ გავაქნიე თავი უიმედოდ. ისე მართალი იყო, მას რომ არ ეთქვა იქაურობა მაინც გამახსენებდა იმ საზიზღარ ფილმს. დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ ანტონიოს აღთქმული მიწაც გამოჩნდა. წითელმა სახურავმა გამოანათა გზის ბოლოს. უბრალო ღობით შემოსაზღვრული პატარა, და ერთი შეხედვით მყუდრო სახლი იყო, მაგრამ აშაკარად ეტყობოდა სიძველის კვალი. თუმცა ამ რამდენიმე კვირის მანძილზე ანტონიოს მოესწრო და ხელი შეევლო მისთვის. ხის კიბე განახლებული ჩანდა, კედლებიც შეთეთრებული, ღობე გამართული და ეზოც მოვლილი. ეზოს შუაში დიდი უსწორმასწორო ქვები წრედ დაეწყო და გარშემო დაბალი გრძელი სკამები შემოელაგებინა. აშკარა იყო, ეს ერთგვარი კოცონის ადგილი ჩვენთვის მოეწყო, რათა ის რამდენიმე საღამო ეზოში ცეცხლის პირას გაგვეტარებინა. იქაურობამ აკვიატებული უჟმური განწყობა გამიქაწყლა. _ აბა როგორ მოგწონთ აქაურობა?_ გვკითხა და ხელები გაშალა. _ ძალიან მომწონს, აი ძალიან, ძალიან!_ ვუთხარი სრულიად გულწრფელად. პატარა სახლში ჩვენი ოთახები მოგვიჩინა. უფრო სწორედ გოგოებს ერთი მოზრდილი საძინებელი შეგვხვდა.ასეც ჯობდა , ერთად გვერჩივნა რადგან, ალბათ მთელ ღამეს მაინც ბიჭებზე ჭორაობაში გავათენებდით. ისინიც მოპირდაპირე ოთახში შელაგდნენ ბარგის დასაწყობად. სულ მალე მისაღებში მოვიყარეთ თავი. ყველას გვშიოდა, მაგიდა სწრაფად გავშალეთ და ჩვენი დიდი ხნის ნანატრი გაცნობაც, როგორც იქნა და არ იქნა, ავღნიშნეთ. იმ საღამოს, როცა ცეცხლის წინ ვიჯექით და საშიშ ამბებს ვყვებოდით, კიდევ ერთხელ ვიგრძენი ის უცნაური დაძაბულობა,მაგრამ ყურადღება აღარ მიმიქცევია, სასმელი და საერთო მხიარულება ყველაფერ უსიამოვნოს დევნიდა ჩემი გონებიდან. _ ანტონიოო ხვალ სოკოების სანახავად წავალთ?_ ვკითხე და იმედით მივაჩერდი. _ რა სოკო უნდა ნახო ახლა ?_ გაეცინა ლუციენს. _ ჭამდე მაინც, რას გადაეკიდე ამ სოკოებს, რათ გინდა?_ ახლა სალიმ გამომხედა კითხვის ნიშნით თვალებში. _ რა მინდა და ხელი უნდა დავუტყაპუნო!_ ვახირე მე. _ სულ არ მაინტერესებს, ერთ სოკოს მაინც მივაგნებ სადმე! ხომ მივაგნებ? ისევ ანტონიოს ვთხოვე შველა. _ ამ დროს კალმახა სოკო შეიძლება იყოს, მაგრამ ამ ტყეში ნაკლებად მგონია! _ რატომ, ამ ტყეში რა ხდება?_ მოღუშულმა გავხედე ტყეს. _ არაფერი!_ გაეცინა ანტონიოს._ უბრალოდ წიწვოვან ტყეში ნაკლებად გვხვდება. _ ანუ ერთი ცადამყვანაც არ იქნება? _ გადამეწურა იმედი. _ არა, მაგი ზაფხულიდან შემოდის. ახლა ცივა! _ ჯანდაბას იყოს კალმახა,_ ჩავიქნიე ხელი_ სოკოს კალმახა ვინ დაარქვა ერთი იმის თავში ჩამახედა. _ ალბათ იმნაირმა ფანტაზიორმა, ვინც იღბალს ტუნა დაუძახა!_ გაეცინა ვამპირს. _ ხოდა ტუნა ჩემი მეგობარია, ერთ ლამაზ სოკოს მაინც გამოგვიგზავნის თავში სატყაპუნოდ!_ ავყევი მის ხუმრობას. არ მიფიქრია, რომ ამდენად მეგობრობდა ჩემთან ბატონი ფორტუნა. ალბათ „ქაღალდის ჭიქის“ შემდეგ გადამეტებულად კმაყოფილი დარჩა, და ტყეში ისეთი სიურპრიზი გაგვიმზადა, რასაც ვერასდროს არათუ ვერ წარმოვიდგენდით, ვერც კი ვიოცნებებდით. _ რაც არ უნდა იყოს, მარტო ამადაც ღირს ეს სახლი, რომ ამ ცაზე უამრავი ვარსკვლავი მოსჩანს._ ცას უყურებდა ვამპირი. ყველამ ცას ავხედეთ. სიმართლეს ამბობდა, ქალაქის სინათლეებიდან შორს ცა ისეთი გულახდილი და გულწრფელი იყო, რომ გულის გულში გადამალულ წითლად მოციმციმე ვარსკვლავებსაც კი ხელისგულზე გვილაგებდა. ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.