შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადგური N 6 (თავი 3)


გუშინ, 08:34
ავტორი ვე რა
ნანახია 186

სადგური N6



თავი 3

ცადამყვანა
2025. 31 მარტი 02:00

საჭორაოდ შემართულებს ძილმა და სასმელმა ისე წაართვათ თავი, რომ ლამის ბალიშზე თავის დადებისთანავე დაეძინათ. ვიწექი და ოთახის ჭერზე ახლართულ ჩრდილებს ვაკვირდებოდი. ბოლო დროს ისევ დამიბრუნდა წყეული უძილობა. არადა რაღაც მომენტში მეგონა, სრულიად გადავავიწყდი. ახლა მით უფრო რა დამაძინებდა? უცხო ხმა ჰქონდა უცხო სახლს. უცხო სურნელი და უცხო ჩრდილები. ვერც უცხო საწოლი იყო საუკეთესო აკვანი.
_ ლინდააა..._ დავუძახე კედელთან მდგარ საწოლში მძინარე ლინდას._ ლინდააააა....
რაღაც ჩაიბუტბუტა და გამხდარი ხელი ლოყის ქვეშ ამოიდო.
_ესეც შენი თაფლის არაყი!_გამეცინა მე, თუ ლინდას ეძინა სხვებთან მცდელობას აზრიც არ ჰქონდა. ფანჯარას გავხედე, ძლიერი ქარი ქროდა და ეტყობოდა უფრო გაძლიერდებოდა. გარეთ საკმაოდ ციოდა. საწოლში წამოვჯექი და სიჩუმეს მივაყურადე. მხოლოდ მშვიდი სუნთქვით იყო სახლი სავსე და ეს სიჩუმე მაღიზიანებდა. ავდექი და საწოლის ქვეშ შეყრილი ბოტასების მოსანახად დავიხარე. არაფერი ჩანდა. ბალიშის ქვეშიდან მობილური გამოვაძვრინე და გავანათე. ფეხზე ჩავიცვი. თხელი ქურთუკი და ქუდიც დავიმხე და მისაღებში გამოვედი. შუქის ანთება არც მიფიქრია, ისე მივედი კარამდე. გამოვაღე და ეზოდან შემოჭრილ ცივ სუსხიან ქარს სახე ავარიდე.
_ რა მაგრად ცივა!_ ჩავილაპარაკე და სახლის პაწაწუნა მოაჯირიან პარმაღზე გამოვედი და შიშისგან და მოულოდნელობისგან კინაღამ გული წამივიდა. წამის მეასედი დასჭირდა ტვინს, რომ მოაჯირზე ჩამომჯდარი სილუეტი ამოეცნო, მაგრამ ის რამდენიმე წამიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ სხეულში მტკივნეული დენივით გაევლო შიშს.
_ მშიშარა!_ შანსი არ გაუშვა ვამპირმა, რომ არ დაეცინა მხიარულად.
_ რას აკეთებ აქ ამ დროს არანორმალურო!_ ვუთხარი სული რომ მოვითქვი.
_ ნორმალური მეკითხება ზუსტად იგივე დროს და იგივე ადგილიდან?_ მკითხა და ტყეს გახედა თვალმოჭუტულმა._ რა უცნაური ტყეა!
ჩაილაპარაკა თავისთვის. ანუ არ ვცდებოდი, ისიც გრძნობდა რაღაცას, და ვერც თავად ხსნიდა რას.
_ მოდი აქ და მოუსმინე!_ მითხრა და ხელი დამიქნია. მის გვერდით დავდექი და ვცადე გამეგონა რას უსმენდა ასეთი გაფაციცებით.
_ ქარის ხმაა და ხეების!_ ვუპასუხე წამის შემდეგ.
_ მასე არა, გახსოვს რომ გასწავლე მუსიკის დანაწევრება? აბა, სცადე მასე მოუსმინო!_ გააქნია თავი ჯიუტად და ისევ ტყისკენ მანიშნა. მომწონდა მისი უცნაური ექსპერიმენტები. მომწონდა მისი სამყაროს აღქმა, ის თუ როგორი სიმარტივით პოულობდა იმ საოცრებებს, რასაც სამყარო არც თუ ყველას აჩვენებდა ხოლმე. მოაჯირს დავეყრდენი და თვალები დავხუჭე. ტყიდან მოტანილ ხმაზე ვცადე კონცენტრაცია. თუ კარგად დაუკვირდებოდა ადამიანი, ქარის ხმა რაღაც აგრესიულ რიტმს ჰყვებოდა და გარკვეულ ხანში ერთხელ ახლიდან იმეორებდა ამ რიტმს. ვცადე ქარის ხმა ჩემი გონებიდან გამეშვა და კონცენტრაცია მის მიღმა და მასში ახლართული ხეების შრიალისთვის მიმეპყრო. რთულად, მაგრამ მაინც შევძელი. უცნაურად შრიალებდნენ ხეები, არა ჩვეულად. წამით ვერ მივხვდი, უფრო ვცადე ყურადღების მოკრება, შუბლი შემეჭმუხნა.
_ ეს ფოთლოვანი ტყე არაა!_ ჩამესმა ვამპირის ხმა და წამსვე მივხვდი, რასაც გულისხმობდა.
მართალი იყო, მძიმედ ეხეთქებოდნენ წიწვიანი ტოტები ერთმანეთს. ჩვეული ჰარმონია და მუსიკალურობა აკლდა ამ შრიალს.
_ ახლა ეგეც მოაშორე!_ მითხრა მან და უეცრად ყველაფერი დადუმდა. დადუმდა და თითქოს წყვდიადში ჩაიძირა. გაოგნებისგან თვალები გავახილე. ისე შევხედე თვალებგაფართოებულმა, რომ ისევ ვერ შეიკავა თავი სიცილისგან.
_ იქ სიჩუმეა!_ ვუთხარი და საჩვენებელი თითი ტყისკენ გავიშვირე. თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად.
_ სწორედ ასეა! იქ სიჩუმეა!_ დავაკვირდი, მინდოდა მისი ნამდვილი ემოცია დამენახა, რომ ასე მაინც გამეგო, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი და რამდენად იყო ტყის ეს დუმილი ჩვენთვის საფრთხე.
_ თუ სიჩუმეა ანუ ლოგიკურია, რომ იქ არავინ არის! თუ არავინ არის, ანუ უსაფრთხოა!_ სცადა, მაგრამ ვერ მომატყუა. აშკარა იყო, დასამშვიდებლად ამბობდა ამას. მაგრამ მან კარგად იცოდა, ტყე რომ გააჩუმო ნამდვილი საფრთხე უნდა შექმნა. რაღაც ძალიან დიდი, რეალური და საოცარი.
_ წადი, დაიძინე, თორემ უძილარი მძინარა იქნები ხვალ და სოკოებს ვერ ნახავ! არა მგონია დღეს მშვენიერი აისის ნახვაში რამემ ხელი შეგვიშალოს!_ მითხრა მან და ისევ მოაჯირზე მოკალათდა, ძელს მიეყრდნო და ცას ახედა. ღრუბელი ფარავდა ცას და მხოლოდ ალაგ_ ალაგ ჩანდა ვარსკვლავებით მორთული ზეცის ხალიჩა. თავი გადავაქნიე უიმედოდ. ზოგი საერთოდ არაა მიდრეკილი ცვლილებებისკენ. მაგალითად ის სადაც არ უნდა წასულიყო ამ უცნაურ უძილობას ვერასდროს მოიშლიდა. ალბათ ვერც ცაში საკუთარი ოცნების ძებნას. სახლში რომ შევდიოდი ოდნავ გასაგონად ჩაილაპარაკა.
_ ბევრს ნუ იფიქრებ!_ მაგრამ ვერ მივხვდი მე მითხრა თუ საკუთარ თავს.

2025. 31 მარტი 08:02
_ ადექით გათენდა!_ საზეიმო ხმა ქონდა ლინდას. ვიცოდი დაახლოებით შვიდის მერე ბორგავდა და ვერ ისვენებდა. მაგრამ ალბათ ვინმეს გაღვიძებას უცდიდა. თავს მაინც ყველა უცხოდ გრძნობდა.
_ ყავა გინდა?_ ვკითხე ღიმილით.
_ აბა არ მინდა?!_ გაეცინა მას და საწოლიდან გამოძვრა.
_ აი მთის სოფლის კიდევ ერთი მინუსი!_ ვთქვი მე და ხელი ცივი წყლის ჭავლს შევუშვირე დაჯღანულმა.
_ არადა ვიღაც წერდა: ვისაც სოფელში ყინვანაკრავი წყლით პირი არ დაუბანია, არც უცხოვრიაო!_ ნიშნისმოგებით გამახსენა ლინდამ ფრაზა ერთი ძველი ამბიდან ლურჯთვალა კაცზე რომ იყო.
დილა დილაზე მეტი იყო ანტონიოს ოცნებაში. ღამინდელი ქარის ნასახიც არსად ჩანდა. ისეთი სუფთა კრიალა ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი იყო, ფილტვები ამწვა. რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და ვიგრძენი, როგორი ხალასი გახდა სისხლი სხეულში. თითქოს წონა შემიმსუბუქდა და გული ამიჩქარდა. სახლის უკანა ეზოდან, ტყის საპირისპირო მხარეს, ვრცელი ფერდობი იშლებოდა. წარმოვიდგინე ზაფხულში როგორი მზესუმზირების ყანა იბიბინებდა იქ. დაბალ ხის ღობესთან მივედი, მკლავებით დავეყრდენი და ფანტაზიას ლაგამი ავხსენი. გეფიცებით ცხადად ვხედავდი, თეთრ სარაფანიან შავთმიან გოგოს, როგორ მიიკვლევდა მაღალ ყანაში გზას. მის თავს ზემოთ ასობით პატარა მზე დახრილიყო და თმაზე და აფრიალებული კაბის კალთებზე ებღაუჭებოდნენ ნაზად. მის წინ ორი მოღეღილ მაისურიანი ბიჭუნა გარბოდა. ერთმანეთის გასწრებას ცდილობდნენ და მხიარულად ჭყლოპინებდნენ. მოულოდნელად მათ შესახვედრად მაღალი შავგვრემანი კაცი დაიძრა. აკეცილი პერანგის სახელოებით, ჩალის გაცრეცილი ქუდით. ქუდი მოიხადა და მკლავით შუბლი შეიწმინდა. ქუდი მზესუმზირებს ესროლა და დაწინაურებული ბიჭუნა დაიჭირა. ხელში ბუმბულივით აიტაცა და ჰაერში აისროლა.
_ მამა, მეეც ამაფრინე მამაა...._ ცხადად ჩამესმა მეორე ბიჭუნას მხიარული და სულსწრაფი ძახილი. სიხარულის ცრემლებამდე საოცარი იყო ეს ჯერ არ დამდგარი მომავალი......
_ რატომ ტირი? რა მოგივიდა?_ გამომაფხიზლა მისივე საკუთარი ოცნებიდან მოულოდნელად ანტონიომ. თავზე მადგა და გაკვირვებული და დაძაბული მომჩერებოდა. დანაშაულზე წასწრებულივით მოვიწმინდე ცრემლები.
_ უბრალოდ ძალიან ლამაზი იყო!_ ვუპასუხე დარცხვენილმა. რაც არ მიყვარს ამ სამყაროში ისაა, როცა ატირებულს მხედავს ვინმე.
_ რა იყო ლამაზი?_ მკითხა და ფერდობს გადახედა.
_ მზესუმზირების ყანა ანტონიო!_ ვუპასუხე და სახლისკენ წავედი.
_ იყო?_ დაბნეულმა ჰკითხა საკუთარ თავს ანტონიომ და უკან გამომყვა ჯერაც დაეჭვებული.
ყველა ეზოში იჯდა. ზოგი ყავას ზოგი ჩაის სვამდა და ყველას, როგორც ერთს სახეზე ნეტარება ეხატა.
_ საოცარი დილაა!_ თქვა ლილამ და ცხელი ჩაი მოსვა. _ რა არის ეს ანტონიო, რა უცნაური გემო აქვს?
_ სალბია! სწორედ ამით ვიმშვიდებ ნერვებს, ვერა რომ მიშლის ხოლმე._ ისე სერიოზულად უპასუხა ანტონიომ, ლამის იყო დავიჯერე.
_ ეგ თუ გშველის, საქმე არც ისე ცუდად ყოფილა!_ გაეცინა სალის და თითები მოხვია ცხელ ფინჯანს._ დილა კაია, მაგრამ სუსხავს.
_ რა კაი სუნებია, ვინ მზარეულობს?_ ლინდას ჩემდა გასაოცრად საოცარი მადა ჰქონდა. თავად არსად იყო, და კიდევ კარგი რომ წონაც მადის შესაფერი არ ჰქონდა._ ელფი შეგვეპარა სამზარეულოში?
წავიდა და ფანჯრიდან შეუჭყიტა. აშკარა იყო ნანახმა დააკმაყოფილა.
_ ლაზანიას აკეთებს მგონი! ეს ბიჭი მართლა კარგი მზარეულია ისე ჩანს!_ გვამცნო მენიუ გამხიარულებულმა.
_ დღეს რას ვაპირებთ?_ ვიკითხე და ანტონიოს მივაჩერდი ინტერესით. მასპინძელი ის იყო და მასვე უნდა დაეგეგმა ჩვენი თავგადასავალი საიდან დაიწყებოდა.
_ დღეს სანადიროდ მივდივართ!_ მიპასუხა მან ეშმაკურად. და მეც უნებურად ტყისკენ გამექცა თვალი. ნუთუ დღეს ტყეში შევიდოდით?! იმ იდუმალ გასუდრულ ტყეში? გამაკანკალა უცნაურად. ვამპირს გავხედე უჩუმრად. მორზე იჯდა და სულ ოდნავ იღიმებოდა, ისე თითქოს მისთვის სულერთი იყო მდუმარე ტყეც და ტყის მთელი ორკესტრიც. ფაქტი იყო, იქ შესვლაზე ის უარს არ იტყოდა. და ჩვენ რომ სულ ფეხი არ შეგვედგა იქ, ის მაინც გაისეირნებდა.
_ხომ გინდოდა სოკოების ნახვა, ხოდა სოკოებზე ვინადირებთ სწორედ!_ ანტონიოს გულით უხაროდა ჩვენი იქ ყოფნა.
_ ბავშვებო, იცით გუშინ...._ მინდოდა მათთვისაც მომეყოლა ის, რაც წინა ღამეს აღმოვაჩინეთ, მაგრამ დავინახე, როგორ მიიდო თითი ტუჩებზე ვამპირმა და გაჩუმდიო, როგორ მანიშნა. ხოო, ისევ მართალი იყო, რა უნდა მეთქვა? რომ ტყე დუმდა? თავი გადავაქნიე უკმაყოფილოდ და თვალები გადავატრიალე. ჯანდაბას, ალბათ უბრალოდ რაღაცას ვაზვიადებდი და სულ ეს იყო.
სწრაფად ვისაუზმეთ, გავემზადეთ, წყალი და საჭირო ნივთები ავიღეთ და გამოცდილი რეინჯერებივით გეზი ტყისკენ ავიღეთ.
ლილა აღფრთოვანებული იყო იმ იდუმალებით, რასაც სულ რომ არ ყოფილიყო ის მაინც აღმოაჩენდა. სალი, როგორც მიკროფოტოგრაფიის გულმხურვალე მოტრფიალე ოდნავ განსხვავებულად დაცემულ ფოთოლს არ უშვებდა ობიექტივიდან. ლინდა ცდილობდა ბიჭებს არ ჩამორჩენოდა. და მათზე კარგად თუ არა ნაკლებად არ ართმევდა თავს ქვიან გაუკვალავ ბილიკებს.
რაც შემეხება მე, უცნაური შეგუების მომენტი მაქვს ხოლმე როცა ტყეში შევდივარ. არ ვიცი რატომ, მაგრამ თვალი მიჭრელდება. თითქოს გამოსახულება სიმკვეთრეს კარგავს და ერთმანეთს ერევა. ალბათ იმიტომ რომ ერთი ფერის დომინაციაა ტყეში. იმ დღესაც სწორედ ასე მომივიდა. შესვლის წამიდან ამერია მზერა. ფრთხილად ვადგამდი ნაბიჯებს და სულ ყველაზე ბოლოს მივყვებოდი ჯგუფს. ვცდილობდი თავი მაღლა არ ამეწია, რომ როგორმე თვალი შეჩვეოდა გარემოს. როგორც წესი ოციოდ წუთის შემდეგ შედარებით მიადვილდებოდა ხოლმე. მეგობრების ხმები მესმოდა და უფრო სმენას მივყვებოდი, ვიდრე მხედველობას. ხოდა აბა თუ მიხვდებით რა მოხდა? რა თქმა უნდა, უპატრონოდ მიტოვებული ლეკვივით ამებნა გზა. იმდენად მოსალოდნელი იყო ეს, რომ არც კი გამკვირვებია. ამოვიოხრე ბედს შეგუებულმა და იქვე ხავსიან ქვაზე ჩამოვჯექი. ჯერ დილა იყო. ნეტავ რამდენ ხანში შეამჩნევდნენ, რომ არ ვიყავი? ალბათ ასე ნახევარ საათში. ხოდა, რა პრობლემა იყო? ვიჯდებოდი ასე ნახევარი საათი და დავისვენებდი. წაკითხული მქონდა, რომ როცა ტყეში დაიკარგები, რაც შეიძლება ნაკლები უნდა იბოდიალო, რომ მაშველს შენი პოვნა არ გაურთულო. ამიტომაც ზურგით ხეს მივეყრდენი, ფეხები ლოტოსის პოზაში ავიკეცე და ვცადე სიმშვიდე მომეკრიბა. სანამ დაღამდებოდა რა მიჭირდა, და მერე......
ზურგჩანთიდან მობილური ამოვიღე, რომელიც მუსიკისთვის მქონდა წამოღებული, ხმადაბლა ჩავრთე ენერგიული მელოდია და ლოდინი დავიწყე. წესით არც ისე შორს უნდა ვყოფილიყავი იმ ბილიკიდან, რომელზეც გამოვიარეთ. ჯერ არ ვნერვიულობდი.
უეცრად იქვე ჯირკის ქვეშ რაღაც წითელს მოვკარი თვალი. ოდნავ წამოვიწიე და უკეთ დავაკვირდი. არ ვცდებოდი, სწორედ ის იყო. ჩემი ნანატრი ცადამყვანა. „ვინ თქვა ზაფხულამდე არ იქნებაო?!“ გავიფიქრე გულში და სიხარულით სახე გამებადრა. თუმცა სიხარული დიდხანს არ დამცალდა.
მხიარულ ფიქრებში გართულს მელოდიაში გაუგებარი ფხიწინის ხმა პირველად რომ მომესმა, ყურადღებაც არ მიმიქცევია. ხმა რომ გამეორდა, მობილურს დავხედე და დაველოდე გამეორებას. მესამედ იმდენად მკვეთრად გაისმა, რომ ადგილზე შევხტი.
_ რა ჯანდაბააა?_ ავიღე ტელეფონი და თვალები დავაჭყიტე. მიღების შკალა ბოლომდე სავსე იყო. ასე მგონი ანძის ქვეშაც კი არ დაიჭერდა ჩემი ბანძი პროვაიდერი. და მოულოდნელად ისე მკვეთრად, ისე გასაგებად დამელაპარაკა საკუთარი ტელეფონი, რომ სუნთქვა გამიწყდა შიშისგან და გაოგნებისგან.
_ დამეხმარე!_ მეხვეწებოდა ჩემი მობილური ხრინწიანი, დაღლილი და მაინც საოცრად სასიამოვნო ხმით._ დამეხმარე, მე აქ ვარ!
„დამეხმარეო!“ კიდევ ერთხელ გაიმეორა, უკვე ხარვეზით და მობილურმა მიღებაც დაკარგა და მერე სულაც გაითიშა. კიდევ წამით ვიჯექი ასე გაშეშებული ხელში ტელეფონით და ჩამქრალ ეკრანს დავყურებდი. მერე ერთბაშად მოეგე გონს. ქვიდან გადმოვხტი და გიჟივით კივილით დავეშვი გაურკვეველი მიმართულებით. ისე შევასკდი ვამპირს, ვერც კი ვიცანი. პანიკაში ვიყავი. ვერც ემოციებს, ვერც რეაქციებს ვერ ვაკონტროლებდი.
_ რა მოხდა? რა დაგემართა?_ მეკითხებოდა ის, მაგრამ ყურებში ის იდუმალი ხმა ჩამესმოდა ჯერაც.
_ დამეხმარეო! დამეხმარეო!_ ვიმეორებდი უაზროდ და ვერაფრით ვმშვიდდებოდი. წამითაც კი არ შემპარვია ეჭვი, რომ რაღაც მომელანდა.
ამასობაში ყველა მოგროვდა. ლუციენი არც თუ ნასიამოვნები ჩანდა ჩემი „მხიარული“ თავგადასავლით.
_ ასე თუ გეშინოდა, რატომ არ თქვი და სახლში რატომ არ დარჩი? რა ეგოისტობაა, შენს გამო ყველას ჩაგვიშალე გართობა. _ ბუზღუნებდა იმიტომ რომ არ სჯეროდა ის, რასაც ასეთი მონდომებით ვუხსნიდი მათ. ეგონა მშიშარა ვიყავი და ამიტომ ვიგონებდი.
_ მართლა ამბობ? _ გვერდით მომიჯდა სალი და წყლის ბოთლი მომცა._ იქნებ....
_ არავითარი იქნებ! ვიცი მე, რაც ვნახე და გავიგონე!_ გავჯიუტდი მე. ისღა მაკლდა ახლა შიზოფრენიკი ვგონებოდი მათ._ მესმის ვერ იჯერებთ, მაგრამ მე სიმართლეს ვამბობ!
იმის გამო, რომ არ მიჯერებდნენ ატირებამდე წამები მაკლდა.
_ მე სახლში მივდივარ. _ ავდექი ბოლოს მათზე ნაწყენი და გაბრაზებული. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და მივხვდი, არც კი ვიცოდი საით მივდიოდი.
_ სად ჯანდაბაშია სახლი?_ მოვბრუნდი მათკენ სახემოქუფრული.
_ იქით!_ თითით მიმითითა ვამპირმა. ყველას ზურგი ვაქციე და სახლისკენ წავედი, უცნაურად დაღლილი და გამოფიტული.
არც კი ვიცი რატომ და როგორ ვგრძნობდი იმ წამს ასეთ სიცარიელეს. აღარავის ნახვა აღარ მინდოდა და საერთოდ ვნანობდი, რომ ამ თავგადასავალში წამოვედი. სახლში რომ დავრჩენილიყავი არაფერი არ მიხდებოდა, არც მათ ჩავუხაშმებდი დღეს და არც მე მეწყინებოდა მათგან რამე.
ფეხის ხმაზე მივხვდი,

ისინიც უკან ბრუნდებოდნენ. აბა მართლა მარტოს ხომ არ დამტოვებდნენ?! მაგრამ მე ახლა მარტო ყოფნა და გულიანი ტირილი ყველაფერს მერჩია. თუმცა იმასაც ვიაზრებდი, რომ არც ეს ემოცია იყო სწორი. მაგრამ ალბათ განცდილი შიშის გამო არაადეკვატურად განვიცდიდი მოვლენებს.
იმ საღამოსაც ცეცხლის პირას ვივახშმეთ. სულ მალე ყველა იცინოდა. მხიარულობდა და დილანდელი ინციდენტი უკვე სულ აღარ ახსოვდათ. მე კი ვიჯექი სახეზე ცარიელი ღიმილით და ტყეს არ ვაცილებდი თვალს. ცუდი წინათგრძნობა არ მეშვებოდა. ვგრძნობდი ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, რაღაც ერთობ საშიში და იდუმალი თავგადასავლის.
_ ვფიქრობ, ამაღამ ერთი ბოთლით მეტის მომარაგება მომიწევს!_ გვერდით მომიჯდა ვამპირი და გამიღიმა.
_ შენც ფიქრობ, რომ მომელანდა რამე?_ ვკითხე და იმედით შევხედე.
_ ვფიქრობ, რომ თავიდანვე ასე ჰქონდა შენს ძვირფას ტუნიკოს გეგმაში!_ მიპასუხა და ბოთლი გახსნა_ ვერაფერს იტყვი საოცარი იუმორი აქვს....
_

ვე რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent