შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომენტარის გარეშე (თავი 9)


გუშინ, 17:42
ავტორი Daisyd
ნანახია 265

ალექსანდრეს წასვლისთანავე თათოს დაურეკა და მისვლა სთხოვა, მერე კი სახლის ისტერიული დალაგება დაიწყო, მოძრაობა სჭირდებოდა, რომ არ გაგუდულიყო. ოთახიდან ოთახში დადიოდა, თითქოს მომხდარის გასუფთავება შეეძლო. მაგრამ ყველაფერი მას ახსენებდა - სამზარეულო, სადაც დილით ერთად სვამდნენ ყავას, სანამ თავიანთ ცხოვრებას დაუბრუნდებოდნენ, მისაღები, სადაც ჩუმად ისხდნენ საღამოობით, საძინებელი, სადაც ყველაფერი საბოლოოდ ჩამოანგრიეს.
ბინა ახლა სხვანაირი იყო. უფრო ცარიელი. თითქოს რაღაც აუცილებელი ნაწილი ამოკვეთილიყო მისგან.
ზარნაძის მოსვლამდე სარკეში ჩაიხედა – ხელზე სილურჯე გამუქებულიყო და ტუჩი ოდნავ შეშუპებული ჰქონდა. თმა აწია და გრძელმკლავიანი ჰუდი მოირგო, არა მეგობრისთვის დასამალად.
თათომ ზარი ერთხელ დარეკა და როგორც ყოველთვის, გაღებას არ დალოდებია. ნინა სამზარეულოში იდგა და ისედაც სუფთა დახლს კიდევ ერთხელ წმენდდა. შებრუნდა და ერთი წამით უბრალოდ შეხედეს ერთმანეთს.
_რა მოხდა?_იკითხა დაბალი, მაგრამ მკვეთრი ხმით.
მაშინვე არ უპასუხა. ტილო დადო, მაგიდასთან ჩამოჯდა და დაელოდა.
_ჩაი გინდა?
_ნინა._გოგონა მის მოპირდაპირედ დაჯდა._თემა ნუ გადაგაქვს.
_ისე არ არის, როგორც ჩანს.
_ეს მან გააკეთა?_ფრთხილად ანიშნა მის გარეგნობაზე._მოვკლავ!
_მე ვთხოვე.
თათომ წარბები ასწია:
_ამის ახსნა მოგიწევს, რადგან სიგიჟედ ჟღერს.
ნინამ ნელა ამოისუნთქა. ხელები ისევ ოდნავ უკანკალებდა, მაგრამ შინაგანად სიმშვიდე იგრძნო.
_იცი, როგორია ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ზუსტად იმავე ხრიკებს იყენებს, რასაც შენ? ადამიანთან, რომელსაც შენი ყველა მანიპულაცია მცდელობისთანავე შეუძლია ამოიცნოს, რადგან თავად გაუკეთებია იგივე?
_არა.
_საშინელებაა, მაგრამ დამოკიდებულებასაც იწვევს. ეს საკუთარი თავის წინააღმდეგ ჭადრაკის თამაშს ჰგავს. წინასწარ იცი ყველა ნაბიჯი, რომელსაც გადადგამენ, მაგრამ ვერ წყვეტ, რადგან გინდა ნახო, ვინ მოიგებს. თუმცა ჩვენ გამარჯვებას კი არ ვცდილობდით, არამედ იმის დამტკიცებას, რომ წაგებას ვიმსახურებდით.
ზარნაძეს ხმა არ ამოუღია.
_თავიდან უბრალოდ ფანტაზია იყო_ნინამ განაგრძო._რაღაც, რაც ორივემ ვიცოდით, რომ დიდხანს არ გაგრძელდებოდა. მაგრამ დროთა განმავლობაში იმაზე რეალური გახდა, ვიდრე ყველაფერი, რაც გამომიცდია. როცა მივხვდი, რომ უკვე მასზე უფრო მეტს ვფიქრობდი, ვიდრე თამაშში გამარჯვებაზე, შემეშინდა. ვგრძნობდი, საკუთარ თავს ვკარგავდი, დავიწყე ისეთი რაღაცეების კეთება, რაც აქამდე არასდროს წარმომედგინა, იმ საზღვრების გადაკვეთა, რომელთა შესახებაც არც კი ვიცოდი. ვიცვლებოდი და მის თვისებებს ვიძენდი.
_ალექსანდრეზე რას იტყვი?
_მგონი, ისიც ემსგავსებოდა ნინას – კარგს არა._გაეცინა._ერთმანეთის ყველაზე ცუდ ნაწილებს ვირეკლავდით და დროთა განმავლობაში რთული გახდა იმის გარჩევა, ვინ რა დაიწყო, ვინ იყო სარკე და ვინ იხედებოდა მასში.
რამდენიმე წამით შეისვენა.
_დღეს, როცა ვეხვეწებოდი, რომ ჩემთვის ეტკინა, მის თვალებში დავინახე, რომ ხაფანგში იყო, იმაზე მეტად დაღლილი, ვიდრე მე. ვთამაშობდით, ერთმანეთის ლიმიტებს ვტესტავდით, ორივენი ვცდილობდით ისეთი რამის დამტკიცებას, რაც ისედაც აშკარა იყო.
_რის დამტკიცებას?
_რომ ზედმეტად გატეხილები ვართ იმისთვის, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს. რომ სასჯელს ვიმსახურებთ იმის გამო, რომ რაღაც რეალური განვიცადეთ.
_რა მოხდა დღეს?_თათო შეშფოთებული სახით უყურებდა.
_ვიცოდი, რომ ეს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანივით უბრალოდ ვერ წავიდოდი. ისეთი რაღაც უნდა ჩაგვედინა, რომ ორივესთვის შეუძლებელი უნდა გავმხდარიყავი დაბრუნება.
_...და?
_არ განმსაჯო.
_ჩავთვლი, რომ არ გამიგონია.
ნინას გაეღიმა.
_გამოვიწვიე. ისეთი რაღაცეები ვთქვი, რაც ჩემზე თავისი ძალაუფლების დამტკიცების სურვილს გაუჩენდა. ვთხოვე, რომ ჩემთან უხეში ყოფილიყო. არა იმიტომ, რომ მინდოდა, არამედ იმიტომ, რომ ვიცოდი, ეს მასში რაღაცას გაანადგურებდა.
_და ასე მოიქცა?
_დაახლოებით. მაგრამ ვატყობდი, გული ერეოდა და მისი სხეულის ყველა ნაწილს უარის თქმა უნდოდა.
თათო დიდხანს უყურებდა ჩუმად.
_რა სიგიჟეა!
_არაფერი ნორმალური არ იყო ამ ურთიერთობაში, შენც ხომ იცი.
_ახლა როგორ ხარ?
_უკეთესად, ვიდრე ბოლო თვეების განმავლობაში. პირველად, მას შემდეგ, რაც ეს დაიწყო, არ მინდა მასთან დარეკვა. არ მინდა ვიცოდე, ფიქრობს თუ არა ჩემზე, კარგად არის თუ არა._პაუზა გააკეთა._სინამდვილეში, მინდა ვიცოდე, მაგრამ არაფერს გავაკეთებ ამის გასარკვევად...და არჩევანიც გავაკეთე – ტურინში მივდივარ, სიმშვიდე მჭირდება.
_მართლა?
_ჰო, ქეთევანი ალბათ გაგიჟდება, მაგრამ ხშირად ვესტუმრები.
_მეც მინდა ხშირად შემეძლოს შენი ნახვა._ზარნაძე დასევდიანდა.
_დამშვიდდი, ჯერ აქ ვარ. საქმეები მაქვს გასაგრძელებელი.
_MKD–ის აჩრდილებს ისევ დასდევ?
_კი და აუცილებლად უნდა დავასრულო.
...მზე ჩადიოდა და სამზარეულოს კედლებზე გრძელ ჩრდილებს აფენდა. ნინამ იგრძნო ის, რაც თვეების განმავლობაში არ განუცდია - სიმშვიდეს ჯერ ვერ უწოდებდა, მაგრამ ქაოსიც აღარ არსებობდა.
_მაგრამ ჯერ რევაზს უნდა მივწერო, რამდენიმე დღით იმერეთში წავალ.
_ძალიან კარგი იქნება.
_დამეხმარები ჩალაგებაში?
_რა თქმა უნდა.
_და გამოძიების დასრულებაში?
_რაც არ უნდა დაგჭირდეს.
_მაშინ დავიწყოთ ჩაით. შემდეგ კი მოვიფიქროთ, როგორ დავასრულოთ ეს ყველაფერი სწორად. ყველაფერი!

…მომდევნო ხუთი დღე სრულ სიჩუმეში გაატარა. ნაძვნარში სეირნობდა, ჯერ კიდევ ცივ მდინარეში ბანაობდა ან იჯდა საქანელაზე – იმავეზე, რომელზეც ბავშვობაში, კომპოტით შეღებილი ტუჩებითა და გაკაწრული მუხლებით.
მოხუცები კითხვებს არ უსვამდნენ. ბებია უბრალოდ ღიღინით უმზადებდა საყვარელ კერძებს, ბაბუა კი უსიტყვოდ აწვდიდა გარჩეულ თხილსა და ნიგოზს.
სიჩუმეს მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი და მეზობლის ძაღლების ყეფა არაღვევდა.
არავინ ახსენებდა პოლიტიკას, სტატიებს, კაცებს საშიში თვალებითა და აბრეშუმის ხმით.
ლეპტოპისთვის ხელი არ უხლია, ტელეფონი უჯრაში დატოვა თეთრეულის ქვეშ. არ წერდა, არაფერს გეგმავდა, უბრალოდ... არსებობდა.
მაგრამ მეექვსე დილით რაღაც შეიცვალა.
ბაღში უფრო ძლიერი სუნი იდგა. ღრუბლები უფრო სწრაფად მოძრაობდნენ. ნინამ გაიღვიძა და იცოდა, რომ უკვე აღარ შეეძლო ერთ ადგილზე ჯდომა.
სოფელი შუადღემდე დატოვა და საღამოსთვის თბილისს დაუბრუნდა.
მუშაობის დრო იყო...

ოფისი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც დატოვა – არეული, ქაოტური, ხმაურიანი. თვითონაც ისე მოძრაობდა, როგორც თვეების წინ – თითქოს ფრონტის ხაზზე იყო და არა – სამუშაო ადგილზე, გაბედულად, მიზანმიმართულად, მძიმედ.
სამეული მაშინვე მასთან გაჩნდა.
_ნადირობის სეზონი გაიხსნა?_დაუსტვინა ირაკლიმ.
_ისეთი სახე გაქვს, თითქოს ერთ კვირაში ღმერთიც და ეშმაკიც ნახე._თათომ გაუღიმა.
_რაღაც მსგავსი._თქვა ნინამ და თხელი მოსაცმელი სკამის საზურგეზე დააგდო.
_უკვე მეგონა, დარჩენას აპირებდი._თქვა ლადომ, ისე, რომ ხაჭაპურის ჭამა არ შეუწყვეტია.
_ვფიქრობდი, მაგრამ ეს საქმე თავისით არ დამთავრდება. რევაზი უნდა ვნახო.
_უკვე?
_დაგვიანებულიც კია.
_She’s back! _დაიყვირა ზარნაძემ.
კაბინეტში დაუკაკუნებლად შევიდა.
რედაქტორმა მაგიდიდან თავი ასწია, დაღლილი, მაგრამ ფხიზელი თვალებით.
_ადრე ჩამოსულხარ. მეგონა, ისევ სოფელში იყავი და ქათმებს აჭმევდი.
_ასეც ვაკეთებდი. და ღვეზელებს ვაცხობდი. და დილის 3 საათზე ჭერს ვუყურებდი და ვფიქრობდი, აქვს თუ არა ამ ყველაფერს აზრი - უპასუხა გოგონამ._და შემდეგ მივხვდი, რომ ღირდა, რადგან უკვე დაწყებულია. ახლა კი დავასრულებთ. მგონია, რომ რაღაც დიდი ამბავი მაქვს.
_გისმენ._რევაზი სკამის საზურგეს მიეყრდნო და ყურადღებით დააკვირდა.
ნინამ ლეპტოპი გახსნა და საუბარი დაიწყო ფიქტიურ კომპანიებზე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში იყო დარეგისტრირებული, მაგრამ საბოლოოდ MKD Legal–ს უკავშირდებოდა, ხელშეკრულებებზე, რომლებიც კანონმდებლობის გვერდის ავლით იყო დადებული, ტენდერებზე, რომელთა მეშვეობითაც მილიონობით ლარი თეთრდებოდა. აჩვენა ყველა დოკუმენტი, რომელიც მოიპოვა, ყველა პირის სახელი, რომელიც გამოააშკარავა.
რევაზი ჩუმად იჯდა და ეკრანს აკვირდებოდა.
_ეს მართლა დიდი ამბავია!
_კი, მგონია, რომ ნახევარი ხელისუფლება უნდა იყოს ჩართული. მაგრამ მიზანი ვერ დავადგინე, ამხელა სქემა რატომაა საჭირო ფულის გასათეთრებლად. მაგრამ მალე გავიგებ, ვგრძნობ.
_და შენი წყარო? კვარაცხელია?
_ისიც ამაში იყო ჩართული, როგორც გითხარი. შემდეგ შეეშინდა - ან ჭკუიდან შეიშალა და სამსახურიდან წავიდა – ან გაუშვეს. თავიდან არ ვიცოდი ვინ იყო, ანონიმურად მიგზავნიდა მასალებს.
_რატომ გეხმარება?
_ვფიქრობ, ამ სიტუაციიდან სუფთად გამოსვლა სურს. ან უბრალოდ უნდა, სრულად არ დაიწვას. არა მგონია, სამართლიანობისთვის აკეთებდეს ამას, მაგრამ ვინ იცის.
_კარგი._ თქვა რევაზმა რამდენიმეწამიანი დაფიქრების შემდეგ._კარგი ნამუშევარია. საშიში, მაგრამ კარგი.
_ნებართვას არ გთხოვ. მხოლოდ რედაქციის რესურსები მჭირდება. სერვერებზე წვდომა, ირაკლის დრო და თათოს აზრებიც. ლადოსაც დავიხმარ, რა თქმა უნდა.
_შენია._მტკიცედ დაუქნია თავი._უბრალოდ ჭკვიანურად მოიქეცი.
ნინა წამოდგა, მაგრამ კართან მისული შეჩერდა.
_ორ თვეში ტურინში მივდივარ. მადლობა რეკომენდაციისთვის...და ყველაფრისთვის.
_ეჭვიც არ მეპარებოდა._გაეღიმა მამაკაცს._მაგრამ დამაკლდები.
_მეც მომენატრებით._თავადაც გაუღიმა._მაგრამ ცვლილებების დროა.
სამუშაო მაგიდასთან დაბრუნებისთანავე კვარაცხელიას მიწერა და მამაკაცმა რამდენიმე წამში სიგნალზე დაურეკა.
_ნინა, როგორ ხარ? მეგონა, დაგავიწყდი.
_ამას ვინ ამბობს? მთელი წელია, იკარგები. თურქეთში როდის წახვედი?
_რამდენიმე კვირაა. ვფიქრობ მანდ ყოფნა უსაფრთხო აღარ არის. შენ...არა მგონია, ჟურნალისტებისთვის რაიმეს დაშავება გაბედონ, მაგრამ მაინც ფრთხილად იყავი. თუ გინდა, საერთოდ მოეშვი, ძალიან იხლართება, ამხელა სქემა არ მეგონა.
_ნეტა შემეძლოს თავის განებება._ნინამ ამოიხვნეშა._მოვკვდები, რომ ვერ გავარკვიო, ეს თანხები სად მიდის.
_ვიცოდი, რომ მამაცი იყავი.
_კომპლიმენტები ვერ გიშველის, რამე თუ დამემართება, ხომ იცი?
_ვიცი._გაეცინა._რა სიახლეა, რას ამბობდი?
წამით შეყოვნდა.
_ამის მოსმენა არ შეუძლიათ, ხომ?
_რამდენადაც ვიცი, არა...იმედი მაქვს.
_RKM–ის სახელი ადგილობრივი თვითმმართველობის ფაილებშიც ამოტივტივდა, ბინების გრანტების განაწილებაში. დოკუმენტს ჩაგიგდებ.
_ვაუ, ესე იგი, მხოლოდ სამინისტრო არაა ჩართული.
_მანდ ვინმეს შეგიძლია დაეკონტაქტო?
_მოვიძიებ, არ მიფიქრია, რომ ასე ფართო წრე იყო.
_კარგი, გელოდები.
_დროებით, ფრთხილად._მზრუნველი ხმით უთხრა და გათიშა.
რამდენიმე წუთში ლადო მასთან გაჩნდა, ყავით ხელში.
_მადლობა!_სწრაფად მოსვა._ზუსტად ისეთია, როგორიც მიყვარს...ბოლო ეტაპზე ვართ, მზად ხარ?
_დაბადებიდან!
იმ კვირაში თითქმის არ უძინია – ინსომნია არ იყო, უფრო – საკუთარი თავის იძულება, დრაივი, რაღაც ადრენალინზე უფრო ძლიერი. მისი სხეული კუნთოვანი მეხსიერებით მოძრაობდა – თვალების გახელამდე ყავას ადუღებდა, კბილების გახეხვამდე ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნიდა, სქოლიოებს ადევნებდა თვალყურს და თათოსა და ლადოს ხმოვან შეტყობინებებს ნახევრად უსმენდა.
სადაც არ უნდა გაეხედა, ყველგან MKD Legal–ის კვალს ხედავდა.
ხუთშაბათს კონსტანტინემ მიწერა:
„სავაჭრო პალატაში ჩემი ძველი მეგობარია. ის ამბობს, რომ RKM-მა გასულ გაზაფხულზე შეხვედრა მოაწყო - რაღაც მუნიციპალიტეტებში „შესაძლებლობების გაძლიერებასთან“ დაკავშირებით. სთხოვე შენს სტაჟიორს, მოძებნოს რეგიონალური ტრენინგები. თებერვლიდან აპრილამდე. დარწმუნებული ვარ, რაიმე კონტრაქტს იპოვით.“
მაშინვე უკან გადაურეკა.
_რეგიონულ საბჭოებში ვინმე გყავს? საბინაო გრანტების დამტკიცებაზე ვინც მუშაობს?
მამაკაცს რბილად ჩაეცინა.
_ვხედავ, ხალხის მოკითხვა შეწყვიტე.
ნინას არ გაღიმებია.
_უნდა მოვასწრო, სანამ ისევ გაქრები.
_გადავხედავ, გამოგიგზავნი თუ რაიმეს ვიპოვი.
_როდის?
_ვაკეთებ, რაც შემიძლია, მენდე.
_შენ მენდობი?
_არ ვიცი, რა გინდა გითხრა.
_დავიღალე მინიშნებებით. უკვე უამრავი აბზაცი მაქვს, რომელიც ერთ ისტორიად არ იკვრება. შემიძლია, ნედლი მასალა გამოვაქვეყნო, ასეც ბევრ ადამიანს გამოვააშკარავებ, მაგრამ სკანდალი სკანდალისთვის არ მინდა, მგონია, სტრუქტურას ამით კი არ დავანგრევ, გადამალვის საშუალებას მივცემ. შენც ხომ იცი, რომ რაღაც უფრო სერიოზულია, ამიტომ არ წამოხვედი?
კვარაცხელიას ხმა არ ამოუღია.
_ვიცი, რომ აქ არ მიპასუხებ და მზად ვარ, შეგხვდე. ერთად განვიხილოთ ყველაფერი, იქნებ ბოლოს და ბოლოს გავარკვიოთ რა ჯანდაბაშია საქმე.
_აქ ჩამოხვალ?_გაოცებულმა ჰკითხა.
_ნდობა ნდობის სანაცვლოდ. მომდევნო კვირაში შემიძლია, მანამდე ახალ მასალებსაც თავს მოვუყრი და ფორმას მივცემ. ლოდინის დრო აღარ მაქვს.
_დაგიკავშირდები, არ ვი...
დასრულება აღარ აცადა, ისე გათიშა...
ოთხეული დილიდან დაღამებამდე ითვისებდა საჯარო ჩანაწერებს, ელექტრონულ ფოსტას, შესყიდვების დოკუმენტებსა და ღია წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციებს.
„რეზონანსის“ საკონფერენციო დარბაზი საომარ ველს დაემსგავსა. ჩაბნელებულ ოთახს სამი პროექტორი ანათებდა, თითოეული ეკრანი კი თავსატეხის სხვადასხვა ნაწილს აჩვენებდა, რომელმაც ბოლო თვეების, განსაკუთრებით კი ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათი ცხოვრება მოიცვა - სახელები, თარიღები და ისრები, რომლებიც რამდენიმე ქვეყანაში არსებულ ფიქტურ კომპანიებს აკავშირებდა.
_კიდევ მითხარით, რატომ სჭირდება ბათუმის სამშენებლო კომპანიას თბილისის ფირმისგან იურიდიული უზრუნველყოფა ქუთაისის კონტრაქტისთვის, - წუწუნებდა ნინა და კონსტანტინეს მიერ გამოგზავნილი ბოლო დოკუმენტების პაკეტს უყურებდა.
_იმიტომ, რომ ამაში არაფერი არ არის ლოგიკური, თუ ჩავთვლით რომ საქმე მართლაც მშენებლობას ეხება._ლადომ აიხედა თავისი ეკრანიდან, სადაც ბიზნეს-რეგისტრაციის ნომრებს ადარებდა ერთმანეთს._მაგრამ ეს კონტრაქტები ხომ მხოლოდ ფურცლებზეა.
_მგონია, რომ პაზლის მხოლოდ მცირე ნაწილი გვაკლია, მაგრამ ისეთი, რომლის გარეშეც მთლიან სურათის აღქმა შეუძლებელია. წაიკითხეთ სტრიქონებს შორის, ის, რაც დოკუმენტებში არ წერია.
ცოტა ხნით ყველა გაჩუმდა, მხოლოდ ფაილების ფურცვლის ხმა ისმოდა.
_დროებს დააკვირდით._ირაკლიმ წამოიყვირა ნახევარი საათის შემდეგ._თქვენი კომპანიებიც რაღაც პერიოდებში აქტიურდებიან?
_რას გულისხმობ?
_ძირითადად გაზაფხული–ზაფხულის პერიოდში ჩანს გადარიცხვები, შემდეგ თითქოს ზამთრის ძილს იწყებენ.
ნინა სწრაფად გადახედა ტრანზაქციებს.
_ჯანდაბა, ჯანდაბა...რატომ არ ვიფიქრე?
_რა?_ყველამ ერთდროულად გამოხედა.
_თითოეული გადახდა არჩევნებამდე ზუსტად ექვსი თვით ადრე იწყება. ადგილობრივი, საპარლამენტო, საპრეზიდენტო - არ აქვს მნიშვნელობა.
_ღმერთო ჩემო. გზებს კი არ აშენებენ, ხმებს ყიდულობენ._დაიჩურჩულა ლადომ.
ოთახში კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა, აღარაფერი ისმოდა, გარდა კომპიუტერების ზუზუნისა და თბილისის საცობების შორეული ხმაურისა. ნინა ცხრილს მიაშტერდა, მისი გონება შედეგებს აანალიზებდა. ამომრჩევლის მოსყიდვა საქართველოში ახალი არ იყო - ყველამ იცოდა, რომ ეს ხდებოდა, როგორც წესი, მცირე რაოდენობით, აქა-იქ. მაგრამ ეს... ეს სისტემატური იყო. ეს იყო მილიონობით ლარი, რომელიც ყალბი კონტრაქტებით არჩევნების მანიპულირებისთვის იხარჯებოდა.
_დარწმუნებულები უნდა ვიყოთ!_მტკიცედ თქვა._რევაზს დაველაპარაკები, მაგრამ უტყუარი საბუთი გვჭირდება...
_ან მოწმე, რომელიც ანონიმურობას არ ითხოვს._დააბოლოვა თათომ.
_ვიცი, კვარაცხელია უნდა ვნახო…

ორი დღეში უკვე სტამბოლში იყო, ულამაზესი კაფის ტერასაზე იჯდა, ტურისტივით გამოწყობილი და ბოსფორის ხედით ტკბებოდა. ირგვლივ თურქულ და ინგლისურ ენებზე საუბრის, ჭიქებისა და ჯაზის ჩუმი გუგუნი ისმოდა.
„გზაში ვარ, დამელოდე“–შეტყობინებას დახედა კონსტანტინესგან. თვითონ, როგორც წესი, ადრე მისულიყო და წინ უკვე ნახევრად ცარიელი ყავის ჭიქა ედო.
_Is this seat taken?_ფიქრებში გართულმა ვერც შეამჩნია, როგორ გამოწიეს სკამი.
ხმაზე გველნაკვენივით შემობრუნდა და გაშეშდა – არ ეჩვენებოდა, მის გვერდით ალექსანდრე დარჩია იდგა, ღია ფერის ჯინსით, თხელი პერანგით, რომლის ღილები ნახევრად შეხსნილი ჰქონდა და აბურდულ თმაზე სათვალით. არც პიჯაკი, არც პორტფელი - ისე გამოიყურებოდა, თითქოს რომში სადმე არასწორი მიმართულებით წასულიყო და აქ საუზმეზე აღმოჩენილიყო.
პასუხს არც დალოდებია, ისე დაჯდა და უდარდელად დაიწყო მენიუს თვალიერება.
_აქ რა ჯანდაბას აკეთებ?_კბილებში გამოსცრა, როგორც კი ხმის ამოღება შეძლო.
_ვფიქრობ, მენემენი გავსინჯო. შენ რას აპირებ?
ნინას არ უპასუხია. მამაკაცმა მისკენ გაიხედა და შეათვალიერა.
_კარგად გამოიყურები. გიხდება სტამბოლი._მიმტანს ანიშნა, რომელიც მაშინვე მათთან გაჩნდა.
_ალექსანდრე, აქ რას აკეთებ–მეთქი.
_ყავას ვუკვეთავ...One Turkish, without sugar, please. რამე ცივს არ დალევ?_გოგონამ თვალები აატრიალა._That’s it, thanks._მიმტანმა თავი დაუქნია და დატოვათ.
_უკეთესი ადგილები ვიცი, ეს თუ არ მოგწონს. რაღაც უკმაყოფილო ჩანხარ.
_საიდან გაჩნდი?
_მეზობლად ვიყავი._მხრები აიჩეჩა._და ვიფიქრე... არასდროს გვქონია ნამდვილი პაემნები, არა? ანუ, თბილისში ვერ გვექნებოდა. კი არ ვწუწუნებ, ჩვენს სახლებში გატარებული ღამეებიც არაჩვეულებრივი იყო.
ნინამ ღრმად ამოისუნთქა და ტელეფონს ხელი დაავლო, მაგრამ დარჩიამ მაშინვე შეაჩერა, ისე, რომ ხედისთვის თვალი არ მოუცილებია.
_გთხოვ...
_ნუ მთხოვ..._მობილური მაგიდის მეორე კუთხისკენ გაასრიალა და საუბარი განაგრძო. _კარგი ამინდია, არა?
გოგონა მას მიაჩერდა, თავხედობით გაოგნებული.
_გიჟი ხარ.
_არა, უბრალოდ ვცდილობ, დილა სასიამოვნოდ გავატარო.
_გგონია, რომ ეს ხუმრობაა?_გაიცინა, იუმორის გარეშე.
_მგონი, არ იცი, როგორ უნდა მოიქცე, როცა სასტიკი არ ვარ.
სუნთქვა შეეკრა. სიტყვები აბრეშუმში გახვეულ დანას ჰგავდა. სანამ პასუხს გასცემდა, მაგიდაზე ჩრდილი დაეცა.
კონსტანტინე კვარაცხელია მათ წინ იდგა და თვალებს ახამხამებდა, ეგონა, მზის სხივებმა დააბრმავა.
მისი მზერა ალექსანდრეზე გადადიოდა და ისევ მას უბრუნდებოდა. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს მუშტი დაარტყეს.
_შენ._უთხრა ნინას დაბალი ხმით. ამათთვის მუშაობ?


***
ცოტაც და დავასრულებ, მიხარია, რომ მომყვებით. ტრადიციულად, უზომოდ მადლიერი ვარ შეფასებებისთვის.



ჩვეულებრივ შეპყრობილი ვარ...მიყვარს ალექსი რა გავაკეთოო...კონსტანტინეს ნინას მიმართ გრძნობები ხომ არ გაუჩნდა შემთხვევით ...?.....ძალიან საინტერესო იქნებოდა ალექსის მხრიდან დანახული ნინა და მის მიმართ განცდილი გრძნობები და ემოციები....ეს გოგო გადამრევს რობოტად იქცა მხოლოდ იმის გამო რომ თავს არ მისცეს გააზრების უფლება რომ ალექსს დაშორდა ,,სამუდამოდ,,როგორც თვითონ ფიქრობს...მადლობა კარგი იყო,მაგრამ ნუ რათქმაუნდა დამაკლდა ნინა და ალექსი..

 


№2 სტუმარი daldonidaldoni

ძალიან ძალიან საინტერესოა ველოდები ამ არაორდინალური წყვილის ისტორია როგორი იქნება,ფაქტია ალექსანდრემ ნინას ყველა ნაბიჯი იცის ,დაცვასაც ცდილობს და ან ეხმარება კიდეც. ვნახოთ ეს სულ'არეული სიტუაცია როგორ დალაგდება.. კარგი გოგო ხარ....

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

ემოციებს ვერ ვიტევ და მთელი დღე გაბადრული ვარ. ვგიჟდები ამ ისტორიაზე. თქვენ არ იცით როგორ გვაბედნიერებს ამ ისტორიის გამოჩენა. წღმატებებს და ულევ იდეებს და კარგ დასასრულს ვუსურვებ ამ მართლაც საუკეთესო ზე წყვილს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent