კომენტარის გარეშე (თავი 10)
კონსტანტინე კვარაცხელია მათ წინ იდგა და თვალებს ახამხამებდა, ეგონა, მზის სხივებმა დააბრმავა. მისი მზერა ალექსანდრეზე გადადიოდა და ისევ მას უბრუნდებოდა. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს მუშტი დაარტყეს. _შენ._უთხრა ნინას დაბალი ხმით. ამათთვის მუშაობ? _მე არ…_დაიწყო პასუხის გაცემა, მაგრამ დარჩიას ხმამ შეაწყვეტინა. _გამარჯობა კონსტანტინე, არა, ჩვენთან არ მუშაობს, უბრალოდ დაავიწყდა შენთან ეხსენებინა, რომ მთავრობის პრესსპიკერს ხვდებოდა._ყავა უდარდელად მოსვა და საზურგეს მიეყრდნო. _არ ვხვდებოდით._გოგონამ ცივად ჩაილაპარაკა და გაშეშებულ კვარაცხელიას პატიება მზერით სთხოვა. _ტექნიკური დეტალები...ახლა ამაზე კამათი არ მინდა, მაგრამ ცოტა განაწყენებული ვარ, მეგონა რაღაც განსაკუთრებული გვქონდა. _დაუჯერებელი ხარ!_თვალები აატრიალა, ისე, რომ_მისკენ არც გაუხედავს. _არ დაიჯერო, მაგრამ მაინც აქ ვარ._ცინიკურად გაიღიმა და მამაკაცისკენ შებრუნდა._დაჯექი, არ ინერვიულო, დღეს შენს დაკავებას არ ვაპირებ. _რა ჯანდაბა ხდება?_ეს უკანასკნელი სიკვდილმისჯილივით დაჯდა. ხვდებოდა, რომ თავის არიდებას აზრი არ ჰქონდა._მეგონა, ფრთხილად იყავი, შენ კი თურმე თვით დარჩია გსტალკავს. _ვსტალკავ?_გაიმეორა ალექსანდრემ._რა საზიზღარი სიტყვაა. მე „მეთვალყურეობა“ მირჩევნია. ვიღაცამ ხომ უნდა მიხედოს. წარმოდგენაც არ გაქვს, რამდენი საშიში აზრი ტრიალებს მის პატარა, ლამაზ თავში. _შეწყვიტე ჩემზე ისე საუბარი, თითქოს აქ არ ვიყო._მკვახედ თქვა მჭდედლიშვილმა და სიმშვიდე საბოლოოდ დაკარგა._და თითქოს ბავშვი ვიყო, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია. _შეგიძლია? მე როგორც ვხედავ, ძალიან სულელური გადაწყვეტილების მიღებას აპირებ. _შენ ისევ ფიქრობ რომ ეს ჩემთვის თამაშია! _არა, მე ისევ ვფიქრობ, რომ არ იცი, რაში ყოფ თავს! _საკმარისი ვიცი. _საკმარისი იმისთვის, რომ თავი მოიკლა. გგონია, ამან არ იცის და მართლა შენს უსაფრთხოებაზე ღელავს? _მე ნინასთვის არ დამიძალებია ამაში მონაწილეობა... _მჯერა._უცებ შეაწყვეტინა._მაგრამ ზუსტად იცოდი, როგორია – ჯიუტი მებრძოლი. ურჩევნია დაიწვას, ვიდრე დანებდეს. არც შენ ხარ ცუდი ადამიანი, მაგრამ არასწორ ადგილას არასწორ დროს მოხვდი და ახლა გინდა, გმირობით დანაშაულები გამოისყიდო, მე კი დღეს შემთხვევით წყალობის ხასიათზე ვარ და გეუბნები, რომ აზრი არ აქვს. ასე რომ, მოდით, მარტივად დავასრულოთ. ყველაფერი, რაც გგონია, რომ იცი, დაგავიწყდება. ვითომ ეს შეხვედრა არასდროს შემდგარა. ისიც იმავეს გააკეთებს. და მე წავალ – დღეს. შენ კი გაქრები, სანამ დრო გაქვს. _ეს შენი გადასაწყვეტი არ არის._ნინა კვლავ ჩაერთო. _ყველა სხვა გადაწყვეტილება მცდარია და შემდეგში ასეთი კეთილი აღარ ვიქნები. მჭედლიშვილმა ღრმად ამოისუნთქა. ტვინში მილიონი აზრი ერთდროულად უტრიალებდა და ეგონა, თავი გაუსკდებოდა. კონსტანტინეს უყურებდა, რომელიც ხმას არ იღებდა. დანებება არ შეეძლო, მაგრამ ისიც არ უნდოდა, ამ უკანასკნელისთვის თავისი გადაწყვეტილებით საფრთხე შეექმნა. _რას აპირებ, მოდიხარ თუ აქ რჩები?_მობეზრებული ხმით იკითხა დარჩიამ და ფეხზე წამოდგა._შენ გგონია, მეტი საქმე არ მაქვს? _გეგონება, ძალით წამოგათრიე...ხუთი წუთით დაგვტოვებ? _სამი წუთი._ორივეს გადახედა და რამდენიმეწამიანი დაფიქრების შემდეგ უპასუხა._სანამ გადავიხდი. _მაპატიე, წარმოდგენა არ მქონდა._ჩურჩულით უთხრა კვარაცხელიას, როგორც კი ალექსანდრე ბარისკენ წავიდა. _რაზე? არ იცოდი, ვის ხვდებოდი? _ამის განხილვას არ ვაპირებ._მოკლედ მოუჭრა._მაგრამ ვწუხვარ, რომ საფრთხე შეგიქმენი. _ისედაც დიდი ხანია საფრთხეში ვარ. მაგრამ ნინა, ხომ ხვდები, რომ ისიც ამ ყველაფრის ნაწილია? მერე რა, თუ საქართველოშიც არ იყო დაბრუნებული, როცა სქემა შეიქმნა, ახლა ამ მთავრობის მხარეს მუშაობს და არა–შენს. _ვიცი, სულელი კი არ ვარ. _მაგრამ შეყვარებული ხარ._კონსტანტინეს ჩაეცინა, მწარედ და პასუხის გაცემა არ აცადა._არ უარყო, ვერ დავიჯერებ, რომ სხვა მიზეზი გაქვს მაგ კაცთან ყოფნისთვის. _ამას არ აქვს მნიშვნელობა. არაფერი ხდება. _და ისიც იმავეს რომ არ გრძნობდეს, აქ დროს არ დაკარგავდა._თითქოს მისი სიტყვები არც გაუგონია._შენს დაცვას ცდილობს, რაც არ უნდა ხდებოდეს. _არ მჭირდება მისი დაცვა, არ მეშინია. _მაგრამ ჩემს გამო შიშობ. _შენგან იმავეს ვერ მოვითხოვ. დაველაპარაკები, გეფიცები, ყველაფერს გავაკეთებ, რომ შეგეშვას. _ჩემს თავს თვითონ მივხედავ. გადაწყვეტილებას დანაშაულის გრძნობის გამო ნუ მიიღებ. _მთხოვ, რომ ისტორიასა და შენს უსაფრთხოებას შორის არჩევანი გავაკეთო. _მე გთხოვ, რომ ისე მოიქცე, როგორც სწორად ჩათვლი. თუნდაც ეს ის არ იყოს, რასაც მე გავაკეთებდი. თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს ზედმეტად მამაცი გეგმა იყო. _ბევრს ითხოვთ ჩემგან. _ვიცი._ფეხზე წამოდგა._რაც არ უნდა გააკეთო, ორივე ჩვენგანზე მაღლა მაინც იდგები. გოგონამ სახეზე ხელებში ჩარგო. თავს ისე გრძნობდა, თითქოს მთელი სამყაროს ტვირთი მხრებზე ეწვა. პირველად გაიაზრა, რომ მართლა ზედმეტად პატარა იყო ამ ყველაფრისთვის. ეზიზღებოდა, რომ დარჩია მართალი იყო, როგორც ყოველთვის. _კარგად იყავი, ნინა. იქნებ კიდევ შევხვდეთ. _რა ტრაგიკული სცენაა! ჩვეულებისამებრ, შეუმჩნევლად გაჩნდა მის უკან, სანამ პასუხის გაცემას მოასწრებდა. _როგორც მივხვდი, ჩემთან ერთად მოდიხარ. გვაპატიე, მისტერ გეთსბი, იმედია, გადარჩები. _თავს გაუფრთხილდი._წყნარად უთხრა კონსტანტინეს და გარეთ ისე გავიდა, ერთხელაც არ გაუხედავს მამაკაცისთვის, რომელიც უკან მიყვებოდა. ჩუმად მიდიოდა ვიწრო, მოკირწყლულ ქუჩაზე. ალექსანდრე მის ტემპს ინარჩუნებდა, არც ძალიან ახლოს, არც ძალიან შორს. _ფრენა დილის რვის ნახევარზეა, დასაბრუნებელი ბილეთი დაგიჯავშნე._ისე ესაუბრებოდა, თითქოს დასასვენებლად იყვნენ._ვიცოდი, რომ სწორად მოიქცეოდი. რა თქმა უნდა, იცოდა. გოგონას პასუხი არ გაუცია. _მე ცალკე გამოვფრინდები, ჯერ საქმეები მაქვს. ისევ არაფერი. ალექსანდრე წამოეწია და გვერდიდან შეხედა. გაბრაზებული გამომეტყველება არ ჰქონდა. არც ცივი... სრულიად უემოციოდ გამოიყურებოდა, თითქოს საერთოდ არ იყო იქ. მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვა მათ ყველა ჩხუბზე მეტად სძულდა. _ეს ის ნაწილია, როცა მეუბნები, რომ ჯოჯოხეთშიც შემიძლია გავფრინდე._კვლავ სცადა მისი გამოწვევა. _ეს ის ნაწილია, რომელიც უკვე გამოვოვტოვე._მშვიდად უთხრა და სიარული განაგრძო. მამაკაცმა ამოიოხრა და შუბლი მოისრისა. _ღმერთო, არ ვიცი, რა ვქნა, როცა არ მიყვირი. შეეძლო ეპასუხა, რომ თავისივე საწამლავის გემოს სინჯავდა, მაგრამ თავს აიძულა, გაჩუმებულიყო. მამაკაცს უნდა გამოეცადა, რას ნიშნავდა რობოტთან ურთიერთობა. ხმა აღარ ამოუღიათ, სანამ სიჩუმე ალექსანდრეს ტელეფონმა არ დაარღვია. _დედა!_მოჩვენებითი მხიარულებით უპასუხა ქალს, რომელიც აუზიდან რეკავდა._როგორ ხარ? ნინამ ნაბიჯები შეანელა, მერე კი ხის გრძელ სკამზე ჩამოჯდა. _კიდევ კარგი, მიპასუხე._სალომე სწრაფად წამოჯდა შეზლონგზე._შენი ასისტენტისგან რატომ უნდა ვიგებდე, რომ ქვეყანაში არ ხარ? ასეთი რა საქმე გაქვს სტამბოლში, დედაშენის გაფრთხილებას რომ ვერ ასწრებ? _მადლობა, მეც კარგად._ტელეფონი შორს გაწია, რათა მის ხმას არ დაეყრუებინა. _ალექსანდრე დარჩია! იცოდე, არ ჩამომიყვანო. _მაპატიე, მალე დავბრუნდები, რა გიყიდო?_ქალის სახეზე შეამჩნია, რომ საჩუქარი ვერ გადაარჩენდა._ნინასთან ერთად ვარ. ხომ გახსოვს ნინა? _ის...ჟურნალისტი? _ჰო, რაღაც ივენთს აშუქებს...მგონი „ხმელთაშუა ზღვის სპორტის ფორუმს“. _და მოგენატრა?_სალომეს ეშმაკურად ჩაეცინა. მამაკაცმა წამით გახედა მჭედლიშვილს, რომელსაც წარბიც არ შეუხრია. _მეშინოდა, ტაქსის მძღოლებს არ მოეტყუებინათ. _ჰო, რა თქმა უნდა...მომიკითხე, კარგი გოგოა. _თვითონაც უნდა მოსალმება...ნუ გერიდება._გოგონას გვერდით მიუჯდა და ეკრანი მისკენ შეაბრუნა, სანამ ხმის ამოღებას შეძლებდა. _გამარჯობა, სალომე!_უხერხულად გაიღიმა და ხელები სკამს ძლიერად მოუჭირა. _გამარჯობა ძვირფასო, როგორ ხარ? _კარგად, თქვ...შენ?_უცებ გადააკეთა. _მეც, ისე არ დამვიწყებია, რომ ყავა ისევ უნდა დაგველია ერთად. უნდოდა, დარჩია მოეკლა. უკვე ტრადიციულად. _ჰო...დავგეგმოთ. _ჩემი ბრალია._ჩაერთო ალექსანდრე._ნინაც სულ დაკავებულია და თავისუფალ დროს ვერავის ვუყოფ._კარგი, დაგირეკავ, ჰო? _აბა, კარგად დაისვენეთ._მხიარული სახით დაემშვიდობა. _მაპატიე, არ დამიჯერებდა, რომ არ დაენახე._უთხრა მამაკაცმა გათიშვისთანავე. _არა უშავს, კიდევ ერთ სპექტაკლსაც ავიტან._მხრები აიჩეჩა და წამოდგა._გალათასკენ მივდივარ, თუ გინდა წამოდი, ჩიზქეიქი გავსინჯოთ. ან სასტუმროში გნახავ, დარწმუნებული ვარ, იმავეში რჩები. _და ამ ინფორმაციას ასე მშვიდად იღებ?_მასთან ერთად განაგრძო გზა. _გაბრაზებას რა აზრი აქვს? _რაღაც თქვი. იყვირე. დამარტყი. უბრალოდ... ყველაფერი, ამის გარდა. _ყვირილს უკვე მოვრჩი. _ეს დანებებაა? _უბრალოდ იმ ფაქტის მიღება, რომ შეიძლება სამყარომ უკვე გადაწყვიტა, ეს თამაში როგორ სრულდება. _შენ მართლა თვლი, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს შორის მოხდა, თამაში იყო და მეტი არაფერი?_გაქვავებულმა იკითხა. _სხვა რა იყო? _არ ვიცი...მაგრამ თამაშს დიდი ხნის წინ გაცდა. და არ გაბედო მოტყუება, რომ შენც იმავეს არ განიცდი, რასაც მე. _არ აქვს მნიშვნელობა, მე რა განვიცდი. და შენ არასოდეს მოგიცია მიზეზი, სხვანაირად მეფიქრა. _არ ვიცი, როგორ გამოვხატო!_უფრო ხმამაღლა წამოიძახა, ვიდრე აპირებდა. სიტყვები მისი პირიდან ისე ამოვარდა, თითქოს წლების განმავლობაში იყო დამწყვდეული. _გგონია, ადვილია ემოციებზე საუბარი? _პირიქით, ყველაზე რთული რამაა, რაც შემიძლია წარმოვიდგინო – და ამას გეუბნება ადამიანი, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში გაუჩერებლად შეუძლია საუბარი. მაგრამ სიტყვები არაა აუცილებელი, ისედაც მარტივია იმის ჩვენება, ვიღაცის დაცვა გინდა თუ – გაკონტროლება. _რამდენჯერ უნდა ვთქვა, რომ შენს გაკონტროლებას არ ვცდილობ? _მაშინ რას აკეთებ აქ? ჩემი გაფრთხილება თუ გინდოდა, სხვაგვარად ვერ დამიკავშირდებოდი? სპექტაკლის დადგმა რა საჭირო იყო. _დამიჯერებდი? _ჩემი არჩევანი იქნებოდა, ახლა კი უბრალოდ გინდოდა, შემშინებოდა. _იმიტომ, რომ საშიშია, ამის დედაც! რატომ არ გესმის? _იცი, ყველაზე საშიში ნაწილი რომელია? შენ! იმის ცოდნა, რომ იმ ყველაფერს წარმოადგენ, რასაც ვებრძვი. თვეების განმავლობაში მისკდებოდა გული ყოველი ფაილის გახსნისას, მეშინოდა, რომ შენს გვარს ამოვიკითხავდი არალეგალურ კონტრაქტებზე ხელმომწერთა სიაში, მაგრამ არსად გამოჩენილხარ. თავს ვიტყუებდი რომ ეს კარგი ამბავი იყო, რომ ეს ყველაფერი შენს ზურგს უკან მიმდინარეობდა და წარმოდგენა არ გქონდა, მაგრამ გულის სიღრმეში კარგად ვიცოდი, რომ ყველაზე საშიში თევზები წყლის ზედაპირზე არასოდეს ტივტივებენ, ყოველთვის სიღრმეში იმალებიან, სადაც სინათლე ვერ აღწევს და ასე ირჩენენ თავს. დღეს, იქ რომ დაგინახე, ილუზიაც გამიქრა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არაფრით უკეთესი არ ხარ მათზე. რომ არაფრით იმსახურებ იმას, რასაც შენს მიმართ განვიცდი და შენ არა – საკუთარი თავი მძულს, რომ ამ გრძნობას ვერაფერს ვუხერხებ._ძლივს ამოისუნთქა. ერთი წამით ჩუმად იდგნენ. მხოლოდ შორეული ლოცვის მოწოდება ისმოდა ზემოთ მდებარე მეჩეთის კოშკებიდან, უძველესი და მელანქოლიური. _ისევ ჩუმად ხარ...რა თქმა უნდა. ამაზე მეტის ღირსი ვარ, როცა რობოტს გრძნობებზე ვესაუბრები. მამაკაცი ყოყმანით მიუახლოვდა. _არ ვიცი, რა გინდა გითხრა. რომ შეყვარებული ვარ? რომ ყოველთვის შენზე ვფიქრობ, როცა ჩემს გვერდით არ ხარ? რომ ჭკუიდან ვიშლები, როცა სხვა გელაპარაკება?_ყბა დაეჭიმა._არ ვიცი, როგორი უნდა იყოს სიყვარული. არასდროს მქონია არაფერი ამასთან მიახლოებული... ცოტა ხნით შეისვენა და კვლავ განაგრძო. _მაგრამ ვიცი, რას ნიშნავს ტელეფონში შენი სახელის შემოწმება და დარეკვისგან თავის შეკავება, რადგან არ ვენდობი საკუთარ თავს, რას გეტყვი. ვიცი, რას ნიშნავს თვითმფრინავში ჩაჯდომა მხოლოდ იმისთვის, რომ დავრწმუნდე, რომ კარგად ხარ - მაშინაც კი, თუ ამის გამო შეგძულდები. ვიცი, რომ როგორც კი დღეს შენი სახე დავინახე, დამავიწყდა ყველა მიზეზი, რის გამოც შენს შესაჩერებლად მოვედი. ნინას არაფერი უთქვამს, ამჯერად არ ეწინააღმდეგებოდა, მხოლოდ უსმენდა. _ვიცი, რომ გტკენ_დაამატა მან._შენით ვმანიპულირებ, გიწვევ. მაგრამ ეს არასდროს ყოფილა თამაში. ჩემთვის არა. შენ გგონია, რომ საქმე ძალაუფლებაშია - თავიდან შეიძლება ასეც იყო. მაგრამ ახლა არა. შენ არ ხარ... შენ არ ხარ ის, ვისი კონტროლიც მინდა. შენ ხარ ის, რასაც ვერასოდეს გავაკონტროლებ._კანკალით ამოისუნთქა და შეხედა მას - ნამდვილად ნინას და არა – მის მტერს ან სარკეს._თუ ეს სიყვარული არ არის, მაშინ არ ვიცი, რა ჯანდაბა შეიძლება იყოს. ნინამ თვალი აარიდა, ყბა შეკრული ჰქონდა, თითქოს რაღაცას ებრძოდა, რისი შეგრძნებაც არ სურდა. _ასეა._თქვა ჩუმად, როცა მისი მზერა კვლავ შეხვდა მამაკაცისას._რასაც აღწერ... ეს სიყვარულია. ალექსანდრეს გამომეტყველება შეირყა, თითქოს არ ელოდა, რომ ხმამაღლა იტყოდა — თითქოს გაჟღერებული სიმართლე ძალიან რთულად ასატანი იყო. _უბრალოდ ვფიქრობ..._ძალიან გვიანია ამის აღიარება. ზედმეტად ბევრი რამ დავამსხვრიეთ ორივემ, სანამ გავიაზრებდით. _იქნებ მაინც შეგვიძლია გამოსწორება. თუ ვცდით. _სიყვარულს ცეცხლი კი არა თავშესაფარი სჭირდება, დაცული სივრცე, რომელიც ჩვენ არასდროს აგვიშენებია. _ყველაფრის თქმა რომ შემეძლოს... რომ იცოდე, რატომ... _მაგრამ არ ვიცი. - ნაზად შეაწყვეტინა._და საქმეც ამაშია. გინდა, რომ ბრმად გენდო. გინდა, რომ შენს გამო შევწყვიტო იმის დევნა, რის გამოაშკარავებასაც სიცოცხლეს ვწირავ. შენ კი ამბობ, რომ ეს სიყვარულია. _ნინა._ამოისუნთქა, თითქოს მისი სახელი ერთადერთი სიტყვა იყო, რომელსაც აზრი ჰქონდა. გოგონამ ახედა – არა გაბრაზებული, არა სასტიკი - უბრალოდ... დაღლილი სახით. _მჯერა, რომ გიყვარვარ,_გაიმეორა. მაგრამ სიყვარული ნდობის გარეშე უბრალოდ კიდევ ერთი გზაა ვინმეს გასაჩუმებლად. *** შეფასებებისთვის უდიდესი მადლობა ![]() ![]() |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.