გარღვეული საზღვრები (სრულად)
ინსტინქტურად ვცდილობ თვალების გახელას. ლოდივით მძიმე რაღაც მექაჩება ქუთუთოებზე და ისევ ძილისკენ მივყავარ. ძილი მიბრუნდება, ვითიშები. ხომ გაგიგიათ სიზმრები მხოლოდ 6 წამს გრძელდებაო. ჩემი სიზმარი ალბათ, 0,5 წამს გაგრძელდა. ისიც არ მახსოვს, რა ვნახე, მაგრამ ნახევარი წამის წინ შებრუნებული ძილიდან რეტიანივით წამოვჯექი საწოლში და ჩაბნელებულ საძინებელს გავუსწორე მზერა. სისხლი პირდაპირ თავს მიაწვა და გამიბუჟდა. თაბრუსხვევასთან ერთად საერთოდ ავირიე. რატომ გამეღვიძა სიბნელეში ან საერთოდ როდის დავიძინე, რა დღე იყო, ვერ ვხვდებოდი. უდროო დროს დაძინების და არაადამიანურ დროს გაღვიძების უსიამოვნო შეგრძნება მთელ ციკლს არღვევს და ადამიანს ანადგურებს. სიბნელეში ვარაუდით მოვძებნე მობილური, 7 საათი იყო. მაგრამ დილის თუ საღამოსი? ამ დროს ხომ დაახლოებით ერთნაირი სიბნელეა გარეთ. როდის ჩამეძინა, არ მახსოვდა. ისე მეძინებოდა, თითქოს 2 დღე და ღამე არ მძინებია. ჰო, ალბათ დილის 7 საათი იყო. როგორც წამოვჯექი, ისეთივე სისწრაფით დავუბრუნდი ბალიშს და ძილის გაგრძელების ნაცვლად, გამოვფხიზლდი. როგორ, საიდან და რატომ ვერ ავხსნი, მაგრამ დავიფიცებ, ნიგვიანი მედოკის სუნი იდგა ოთახში. სანათს მივაწვდინე ხელი და სინათლე ავანთე. ჩემ საძინებელს მოვავლე თვალი იმედით, რომ სადმე ნამცხვარი დამხვდებოდა. ასე ვინ იქცევა, არ ვიცი. უიღბლობამ გაიმარჯვა. ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოსკენ ავიგე გეზი. ვიფიქრე, დედა გააკეთებდა ნამცხვარს მეთქი. აქაც უიღბლობამ იმარჯვა. ჩვეული ციკლი დაირღვა და ცარიელი, ჩაბნელებული სახლის ნახვისას გამახსენდა, რომ მშობლები სოფელში წავიდნენ. მანქანაში სხდებოდნენ, ჩემმა ძმამ მოწმენდილ ცაზე ღრუბელივით რომ გადაწყვიტა წასვლა და პილოტის სისწრაფით ამაკრეფინა თავისი ბარგი და თავადაც აორთქლდა. სახლში მარტო ვიყავი უნამცხვროდ. იქნებ უბრალოდ მომეჩვენა მეთქი, ვფიქრობდი. ან სიზმარში ვნახე, ან იქნებ სულაც მეზობლისგან მოდიოდა სურნელი. ნებისმიერ შემთხვევაში ნიგვზიანი მედოკი მინდოდა. პრინციპში, ნიგვზიანი მედოკი იდეალი გამოდიოდა. ნუ, რა მნიშვნელობა აქვს. ღრმად ჩავისუნთქე, საკუთარი თავი გადავტვირთე, სამზარეულოში სინთლეები ავანთე და პროდუქტების გადმოლაგება დავიწყე. წიკი მაქვს, სამზარეულოში ვერაფერს ვამზადებ ისე, თუ ყველა საჭირო სურსათი მაგიდაზე არ მიდევს. ახლა კი ყველაზე მეტად დავაფასე ეს ამოჩემება. კრემის მასალა ნამდვილად არ მიოიძებნებოდა სახლში. -ჯანდაბა, ნინა! ამას არ იზამ, მაღაზიაში არ ჩახვალ, - საკუთარ თავს დავუცაცხანე და თვალები დავხუჭე, - ნინა, იფიქრე! სახლიდან გასვლა და მით უმეტეს 24 საათიან მაღაზიაში ჩასვლა, რონელიც არ ისე ახლოა იყო ჩემს კორპუსთან, ჩემს გეგმებში საერთოდ არ შედიოდა. ვფიქრობდი. მართლა ვფიქრობდი, მაგრამ „ნინა იფიქრეს“ მეტი იდეა არ მოდიოდა. წამით ისიც კი დამავიწყდა დილაუთენია რომ იყო და ისევ ბავშვურ მოგონებებს მივუბრუნდი, მობილურზე დათუნას ნომერი ავკრიფე. პირველი ზარის შემდეგ გამახსენდა, რომ დათუნას ღრმა ძილით უნდა სძინებოდა და გათიშვას ვაპირებდი, რომ მიპასუხა. -აბა, ახლა რა მოიფიქრე? - გამარჯობის მაგივრად, სიცილით მიპასუხა დათუნამ. -ვაიმე, გათიშვას ვაპირებდი, მაგრამ რატომ გღვიძავს? -რატომ უნდა მეძინოს? - ნამდვილად გაკვირვებული ხმა ჰქონდა და დავფიქრდი დღეს რა დღე იყო. უდაოდ რაღაც ხდებოდა და არ მახსოვდა. -როდის აქეთაა ამ დროს გღვიძავს? - მე ისევ ჩემ საათს მივყვები. -ნინა, კარგად ხარ? -გადასარევად. დაჟე წუხელ ადრე ჩამძინებია და ახლა კარგად გამოძინებულიც ვარ. - წამიერი დუმილი მხვდა პასუხად და უცბად დათუნამ ბოლო ხმაზე გადაიხარხარა. ამოისუნთქა და ისევ ხარხარი გააგრძელა. ვიდექი შუა სამზარეულოში მობილურით ხელში და თვალებს ვატრიალებდი. ვერაფრით ვხვდებოდი რა მემართებოდა. -ნინა, - დაიწყო დათუნამ ლააპრაკი, მაგრამ ისევ გაეცინა და ხმის დარეგულირებას ცდილობდა, - ნინა, საღამოს 7 საათია. - როგორც იქნა ერთი წინადადება გამართულად მიპასუხა და ისევ ხარხარი გააგრძელა. დავიფიცებ, ცრემლებამდე იცინოდა, რაც ძალიან, ძალიან იშვიათად ხდება! ვერ გავაანალიზე, რა მითხრა დათუნამ. გონებაში მიმეორდებოდა დათუნას ნათქვამი და მერე გაიგე ქუჩიდან შემოსული ხმაური, ადრიანი დილისთვის ზედმეტად შეუსაბამო რომ იყო. შოკი მქონდა, მართლა. თავი ისე ცუდად ვიგრძენი, წამით შემეშინდა კიდეც საკუთარი თავის. -ნინ, კარგად ხარ? - ისევ ის თუ გამომაფხიზლებდა. -ასე როგორ მეძინა, ვერ ვხვდები. -ყავა მოადუღე და ამოვალ, ახლოს ვარ. თან ცოტას გავთბები და შენც გამოფხიზლდები. ოქეი? -ოქეი. - უკვე ტელეფონს ვთიშავდი, ნამცხვრის ინგრედიენტებს რომ მოვკარი თვალი, - აუ, დათუნაა?! -რაო აბა? -მაღაზიაში უნდა გამეგზავნო, რა. კარაქი და მოხარშული შედედებული რძე მინდა, გთხოვ. -სერიოზულად? - რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ მიპასუხა სერიოზული ტონით და დამეფიცება, წარბები შუბლამდე ექნებოდა ასული, - რა დაგესიზმრა? -სერიოზულად. -რაღაც ვერ არის რიგზე, მაგრამ ამოვიტან, ოქეი. - ბოლოს მაინც ჩაიცინა. -ვგიჟდები შენზე! - ყურებამდე გაღიმებულმა ვუპასუხე და სანამ გადაიფიქრებდა, გავუთიშე. სასაათო ზონის შემობრუნების გამო, ნამცხვრის გამოსაცხობად, ცოტა გვიანი ყოფილა, მაგრამ სხვა არცევანი საკუთარი თავისთვის აღარ მქონდა. სანამ დათუნა მოვიდა, ცომი მოვამზადე და ერთი ფირფიტაც შევაცურე ღუმელში. არც ისე ახლოს არ ყოფილა, როგორც ვივარაუდე. სამზარეულოს მილაგება ვეღარ მოვასწარი, ყურებამდე გაღიმებული რომ დამადგა თავზე. -აბა რას ვაკეთებთ? - როგორც ყოველთვის, ოჯახის წევრივით შემოვიდა სახლში, ტყავის ქურთუკი დივანზე მიაგდო და პარკი სამზარეულოში გაიტანა. -შენ არაფერს და მე ნამცხვარს, - ენა გამოვუყავი და დათუნას მოტანილი მასალით კრემის გაკეთება დავიწყე. -იმისთვის მარბენინე მაღაზიებში, რომ არაფერი გამეკეთებინა? - გაწბილებული სახით დადგა შუაში და მაისური იდაყვებზე აიკეცა, - მე მივალაგებ და შენ დაყარე. -სად გარბენინე. ამოვალო მითხარი და ბარემ გზად მაღაზიაში შევლა გთხოვე, - ენა გამოვუყავი და თურქული ყავა დაბალ გაზზე შემოვდგი. -ვიფიქრე, ცუდად ხომ არ არისმეთქი. შენ კიდევ, დამხვდი ნახევარი ნამცხვრით და თან ყავაც კი არ დამახვედრე, - ნიჟარასთან მივიდა და წყალი მოუშვა ჭურჭლის გასარეცხად. ყოველთვის ასე აკეთებს. მე თუ საჭმელს ვაკეთებ, ის რაღაცას ალაგებს. მაგრამ, დედამისს რომ უთხრათ, დათუნა ნინას სახლს ულაგებსო, არ დაგიჯერებთ. და თუ დაგიჯერებთ, სიტყვაზე მენდეთ - გაგიჟდება! იმიტომ, რომ სახლში ყოველთვის ყველაფერს ურევს და თავისი საძინებელი, ღმერთო, სულ არეულია! -სამაგიეროდ, გემრიელობასაც გაჭმევ. -მე რომ მიყვარს, ეს ისაა? -დიახ. -შენ რომ არ გიჟდები? - თვალები ჩინელივით დააწვრილა და ისე გამომხედა. -არ ვგიჟდები, მაგრამ ვჭამ. - ყავაც დავასხი ჭიქებში. -საიდან მოიფიქრე ახლა? თან შენი ჭკუით დილის 7 საათზე რომ აკეთებდი, - ისევ ხარხარი დაიწყო. -არ ვიცი. მგონი ახალი წელი მესიზმრა. -არც ახალ წელზე გიჟდები. ნინა, მგონი გამოგცვალეს, - ძალიან, ძალიან სერიოზული ხმით მეუბნება დათუნა. თან ქაფიანი ხელი გამოსწია, იდაყვი ფერდზე მიიბჯინა, მტევანი ჰაერში გააშეშა და ჭორიკანა მეზობლის გამომცდელი მზერით მიყურებდა. -ჭურჭელს მიხედე, თუ მეხმარები. პირველი ფირფიტა მეორით შევცვალე და კრემის ამოყვანაც დავიწყე. -ბავშვებს არ ურეკავ? -რატომ, ნამცხვარი რომ შემიჭამონ? - გამეცინა. -მე რომ დამირეკე? -შენთან შემთხვევით დავრეკე და ბონუსად მიიღებ ნამცხვარს, - თვალი ჩავუკარი და კრემში ნიგვზის დამატებაც დავასრულე. -რა ეგოისტი ხარ, ნინა. -ეგოისტი ადამიანი მიქსერის ორივე ჩხირს თავისთვის იტოვებს და ნახე, მე ერთს გიწილადებ, - ერთი მართლა გავუწოდე. -შენი ნამცხვრისა იყოს, - სიცილით მომიჭახუნა ჩხირი ჩხირზე და გემრიელად გაიგდო პირში. -როდის უნდა გაიზარდო, - გულიანად გადავიხარხარე და მეორე ფირფიტაც გამოვიღე, მესამე შევაბრუნე. -გემრიელად გამოიყურება, - ფირფიტის კუთხე ჩამოტეხა და ჩხირებს დააყოლა. თვალებგაფართოებული ვიდექი და ვუყურებდი, როგორ ანადგურებდა ჩემ სილამაზეს. თან ვიდეოს უღებდა თავის ნახელავს და კამერა ჩემი განცვიფრებული სახისკენ შემოატრიალა. ვინ იცის, მერამდენედ ხდება მსგავსი უმსგავსობა და ალბათ ჩემ და სამწუხაროდ, ამ ფაქტს ვერასდროს შევეგუები. სიცილით გამომხედა, კამერა დაატრიალა და თავზე მაკოცა, ვიდეოც გათიშა, არ ვიცი ეს ვიდეოები რისთვის აქვს, მაგრამ ძალიან ხშირად იღებს, - ნამცხვარი იმდენად კარგია, რომ კრემით შელამაზებაც არ სჭირდება. -ხო მოდი ბავშვებსაც დავურეკოთ და კარაქიანი პურებივით ვჭამოთ ყველამ ერთად ჩემი ნამცხვარი, - გაბრაზებულმა ჩავიფრუტუნე და ფირფიტები ავაცალე. კარგად იცის, რომ არ მიყვარს, ხელს რომ მიშლიან. -ამ ნიგოზს მაინც შევჭამ, რა. -მასე ნუ მიყურებ, - თვალები დავაწვრილე და გამაფრთხილებელი ტონით დავუჩურჩულე. -მიყვარს, ასე რომ გიყურებ და ყველაფერზე მთანხმდები, - თვალი ჩამიკრა და მუჭით ნიგოზი ამოიღო ჯამიდან. -როგორ ვერ გიტან! -შეიძლება, მაგრამ ამ ნამცხვარზე უფრო მეტად ნამდვილად გიყვარვარ, - გაეცინა, თავი უკან გადასწია და მუჭიდან პირდაპირ ჩაიყარა ჩემი ნიგვზები პირში. -მეტს აღარ აიღებ! -აღარ ავიღებ. სიტყვაზე ვენდე, მესამე ფირფიტაც გამოვიღე. სანამ ფირფიტები გრილდებოდა, ღუმელიც მოვაწესრიგე. დათუნა აივანზე გავიდა მოსაწევად გაციებულ ყავასთან ერთად, თითქოს ახალს აღარ დავუსხამდი. შემოვიდა კანკალით, გარეთაც ცივა და ყავა კიდევ უფრო ცივი იყოო. 11 საათი იყო დაწყებული, ნამცხვარი რომ დავასრულეთ. -გეფიცები, ახალი წლის სუნი აქვს ამ ნამცხვარს. -კაიფობ, ხო? - გაეცინა დათუნას. -ამას, მარტო ახალ წელს ვაკეთებთ ხოლმე ჩვენთან სახლში და ახლა მგონია, რომ ახალი წელია და რომ ამოვიხედავ, ნაძვის ხე უნდა დავინახო, - მართლა ამოვიხედე და ცარიელი კუთხის დანახვისას ტუჩის კუთხე უკმაყოფილოდ ჩავტეხე. -რა დროს ახალი წელია, ნინა. -აი ნახე, ისე მალე მოვა ახალი წელი, ვერც ვერაფერს მოვასწრებთ. -იქით წელს მოვასწრებთ, შენ არ ინერვიულო, - გამიცინა და თმები ამიჩეჩა. -ნაძვის ხე მინდა, დათუნა, - დავიწუწუნე და ტუჩის კუთხესთან ერთად მთელი სახე დავჭყანე. -შუა ოქტომბერია ჯერ, ნინაა! - უკვე გულიანად ხარხარებდა და თან მეხუტებოდა, - მოდი საახალწლო ნამცხვარი ვჭამოთ. -ჯერ არ არის მზად, უნდა დალბეს, მაგრამ ძალიან მინდა, - დიდი დანა დავატრიალე ცალ ხელში და ნამცხვარი გავჭერი. -ორსულად ხარ? -კი, - ენა გამოვუყავი. -წარმოდგენაც კი არ მინდა რა კაპასი იქნები. შენ ქმარს გვერდში დავუდგები, აუცილებლად! - ბოლო წინადადება ფიქრის შემდეგ დააყოლა სერიოზული ტონით და სამ წამში ისევ ხარხარი წასკდა. -არ მეცინება, - ნამცხვარი თეფშზე გადმოვიტანე და ზუსტად იმ დროს გაისმა წინა კორპუსიდან ფეიერვერკების ხმაც, - აი ხომ გეუბნებოდი! ახალ წელს გილოცავ! - პატარა ბავშვივით აღტაცებული ჩამოვეკიდე კისერზე დათუნას ხტუნვა-ხტუნვით, თითქოს მართლა ახალი წლის ღამე იყო. -შენც გილოცავ, არანორმალურო, - გაეცინა დათუნას, წელზე ხელები შემომხვია, ჰაერში დამატრიალა და ჩემ უკან ისე გადაიხარა, კინაღამ წელში გადავტყდი - მმ, გემრიელია! -რა არის გემრიელი? - უცბად მოვშორდი და ამ არანორმალურს ჩემი ნამცხვარი მოუპარავს და გემრიელად გაუგდია ხელში. -არ ხარ ნორმალური, - გამეცინა და მეორე ნაჭერი ავიღე. -ახლა გასაგებია, ბავშვებს რატომაც არ უყოფ, - ენა გამომიყო. -შენ გამონაკლისი ხარ. -მე ყოველთვის გამონაკლისი ვარ, - თვალი ჩამიკრა და ჩაიდანს ხელი აკრა. -მეც დამისხი რა. -ჩაი თუ ყავა. -ჩაი. -არის უფროსო, - გაეცინა და ჩემს სამზარეულოში უცბად დატრიალდა, მე დივანზე ჩამოვჯექი. -კარგი, დავურეკოთ ბავშვებს, - ცარიელი თეფში მაგიდაზე გადავდე. -ოჰ, ამოივსე მუცელი? - გაეცინა და ჩაის ჭიქა მომაწოდა. -ამდენს რა შეჭამს. ჩემებიც არ არიან თბილისში. დაურეკავ? -ვრეკავ უკვე, - მობილური დამანახა და ყველას ერთად დაურეკა ჩატში. -მართლა მინდა ახალი წელი, დეკორატიული ბალიში ჩავიხუტე და თავი ჩამოვადე. -არ მომწონხარ. ჯერ არ გამიგია ახალი წელი გდომოდა ოდესმე. -ახლა მინდა, - მხრები ავიჩეჩე და ჩაის გადავწვდი. -მოვა, სად წავა. -რა გავაკეთოთ ახალ წელს? -რასაც ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე, - გაეცინა. -სადმე წავიდეთ რა. -მაგალითად? -ევროპაში, სადმე. -სადაც ლამაზია, ყველგან ყინავს. დარწმუნებული ხარ? -ჰო. სიტყვების მაგივრად პასუხად მხოლოდ დათუნას გაოცებული მზერა მივიღე. იმ წამს გადავხარშე, რომ მართალია საერთო ჯამში ახალი წლის დღესასწაული არ მიყვარდა, მაგრამ იყო ნაწილები, რაც მომწონდა. დეკემბრის ბოლოს ყველა ქმედების ტემპი ჩქარდებოდა. ყველას სადღაც ეჩქარებოდა. ვიღაც საჩუქრების სიას ადგენდა, ვიღაც პროდუქტებს ამარაგებდა. სწრაფ-სწრაფად იზრდებოდა მათი რიცხვი. გაუაზრებლად ახმაურდებოდა ქალაქი. თვის ბოლო 2-3 დღის მანძილზე სავაჭრო ცენტრებში თუ გაივლიდით, თავი “Home Alone”-შიც გეგონებოდათ. მაგრამ მე ყოველთვის მაკლდა საახალწლო სიმღერები სავაჭრო ცენტრებში. ყურსასმენებში მოსმენილს იმდენად დიდი ხიბლი არ ჰქონდა, რამდენადაც მაღაზიების ხმაურთან შეხამებული საშობაო მელოდიები შექმნიდა. 31 დეკემბის 12 საათზე ყველა დიასახლისი უკვე დაღლილი იყო და დანარჩენები სასმელით გაბრუებულები. წლის მანძილზე ყველაზე საქმიან და ხმაურიან დღეს, კი მომდევნო დილით წლის მანძილზე ყველაზე ჩუმი და უსაქმური დღე ცვლიდა. კალენდარზე ციფრებთან ერთად იცვლებოდა განწყობის შეგრძნება. აი ეს ყველაზე მეტად მძაგს ამ დღესასწაულიდან და მთლიანად გადაწონის ყველანაირ დადებითს. საახალწლო განათებებზე უზომოდ ვარ შეყვარებული. მსიამოვნებს ხოლმე ღამით განათებულ დედაქალაქში სეირნობა. უბრალოდ საუბრებისას, რატომღაც ყოველთვის ვაჟღერებდი ხოლმე, რომ არ წავიდოდი ამ პერიოდში საზღვარგარეთ სამოგზაუროდ ყინვის, არასტაბილური ამინდისა და შესაძლო თოვლის გამო. დათუნასაც მოსმენილი აქვს ჩემი ეს აზრი. მაგრამ იმ წამს, როცა ცოტა სერიოზულად ვსაუბროდი, გავაანალიზე, რომ არასდროს არ დავმდგარვათ ამ ფაქტის წინ, არასდროს მოგვსვლია თავში აზრად, რომ დეკემბერში სხვა ქვეყანაში წავსულიყავით, ევროპის საშობაო მარკეტები დაგვეთვალიერებინა, ინსტაგრამის მაგივრად, ჩვენი თვალით დაგვეთვალიერებინა როგორ ფუსფუსებდნენ სხვა ქვეყანაში. თითქოს მოგზაურობა მხოლოდ ზღვასთან იყო დაკავშირებული, რომ უნდა წავსულიავით აუცილებლად საბერძნეთის სანაპიროებზე, ან უბრალოდ ნებისმიერ ზღვაზე, შავის გარდა. ადამიანები არ იცვლებიანო, ამბობენ. მე კიდევ, ალბათ, პირველად საკუთარ თავში ჩემთვის დიდი ცვლილება შევნიშნე. პირველად დავიჭირე, რომ რაღაც ისეთი მინდოდა, რაზეც არასდროს მიფიქრია, რომ გავაკეთებდი და მით უმეტეს, უარზე ვიყავი. სიცივით ეციებოდა. მოყინავდა კიდეც და შეიძლებოდა მოეთოვა. თოვლში რას მოვივლიდი მთელ ქალაქებს, მაგრამ რაღაცას ხომ ვნახავდით? ბავშვები თუ წამოვიდოდნენ? -ნინა? - დათუნას ღრიალზე შიშისგან შევხტი. -რა გაყვირებს დათუნა?! -ამდენი ხანია გელაპარაკები, ასეთზე რაზე ფიქრობ? -ევროპა ავწონ-დავწონე და მართლა წავიდეთ. ბოლო-ბოლო ჩავიცვამთ თბილად, ბონუსად ქუდსაც დავიფარებ და თუ გავიყინებით, წავალთ სახლში და გავთბებით. ყველაფერს თუ ვერა, მორთულ ქუჩებს ხომ მაინც ვნახავთ? -ვუთხრათ ბავშვებსაც, - მიპასუხა 2 წუთიანი დაკვირვების შემდეგ, როცა მიხვდა, არ ვხუმრობდი. სადარბაზოც ახმაურდა. -მოვედით, - კარებიდან შემოგვძახეს ბავშვებმა. -გავიგეთ პირველივე სართულიდან, - გამეცინა და გავსწორდი. -ამათ უყურე, რა. ყოველთვის, როცა მოვდივართ, მარტო თქვენ ორნი ხართ სახლში და მერე კიდევ იტყვით, არაფერი არ ხდებაო, - ნატამ ჩვეული ფრაზა ჩაარაკრაკა და ყველამ მე და დათუნას გამოგვხედა. -ხდება მერე რამე? - ნატას გამოხტომას უკვე შეჩვეულები ვიყავით, უბრალოდ მხრები ავიჩეჩე და ჩემი ნამცხვრის გამოსატანად გავედი. -ნინ, რამ მოგაფიქრა ამ შუაღამისას ნამცხვარი? -ორსულად ვარ, - დათუნას კითხვა გამახსენდა პასუხად. ისევ უდარდელად ავიჩეჩე მხრები და ნამცხვრის დიდი თეფში მაგიდაზე დავდე, დათუნამ პატარა თეფშები გამოიტანა და თან ფრუტუნებდა. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი და დათუნას გარდა თითქმის ყველა დარწმუნებული იყო ჩვენ ერთად ყოფნაში, უბრალოდ ამას მხოლოდ ნატა გამოხატავდა ხმამაღლა და თან იმდენად ხშირად, რომ მგონი ყველა დანარჩენის სიჩუმეს ანაზღაურებდა. სიჩუმე ჩამოწვა ოთახში და მარტო დათუნას ფხუკუნი ისმოდა. მე ისევ უდარდელად ვჭამდი ნამცხვარის, იმედი მქონდა, რომ ბოლო ნაჭერს და მეორე ხელი მუცელზე მქონდა მიბჯენილი. დათუნას ფხუკუნი მალე ისტერიულ ხარხარში გადაუვიდა და დანარჩენებიც სიტუაციის არსს ჩაწვდნენ. -არადა, ვიფიქრე, ეშველათ თქო, - ხელი აიქნია ნატამ და მაგიდას გადაწვდა. -მართლა რატო ვჭამთ ახალი წლის ნამცხვარს? - ახლა ტატოც მიემატა სიას, რომელსაც არასდროს არაფერი ავიწყდება დედამიწის ზურგზე. -ესეც მე ვარ? - გამეცინა და დათუნას გავხედე. -არ მომწონს ამ ბოლო დროს, - ჩაიბურტყუნა დათუნამ და ბიჭებს მიუჯდა. -მართლა ორსულად ხო არ არის? - ისევ ნატა ჩაეძია დათუნას. ამანაც გამომხედა და ისევ ნატას გახედა. -დამიჯერე, არ არის. -აცივდა და მაგის ბრალია, - დასკვნა ამჯერად ივამ დადო. -ხალხო, აქ ვარ, - გამეცინა გაბრაზებულს და ხელი ავიქნიე. -კარგი, კარგი, ვჩერდებით, - ხელები ასწია ტატომ და დანარჩენებს ანიშნა მოვრჩითო, - ძალიან გემრიელია! -ხრაშუნაა, - ვერ მივხვდი, მოეწონა თუ უბრალოდ წაიწუწუნა ქეთამ. -ალბათ იმიტომ, რომ 2 დღე დასარბილებლად სჭირდება ხოლმე და ახლა 2 საათის დამთავრებულიც კი არ არის. -დეკემბერში ევროპისკენ რო გავისეირნოთ რა აზრის ხართ? - იკითხა დათუნამ. -როდის აქეთ დავდივართ ზამთარში საზღვარგარეთ, - იკითხა ქეთამ, რომელიც როგორც ყოველთვის შეყვარებულის გარეშე იყო ამოსული. -რა შუაშია, აქამდე სად დავდიოდით? - მე შევუბრუნე კითხვა. -ეს ვისი იდეაა? - იკითხა საბამ. -ნინასი. -შენ არ იყავი, ზამთარში რა წამიყვანს სადმე, რო მოთოვოს მერე სად ვიაროო? - შემომიტრიალდა ივა. -ხო, მაგრამ გავიზარდე და ახლა სხვანაირად ვფიქრობ. წავიდეთ რა? - თვალი მოვავლე ყველას. -მე მოვიფიქრებ, არ ვიცი. ცოტა დროა დარჩენილი, - სანახევროდ უარი მაჯახა საბამ. -მე შვებულება ამომეწურა, - თავი გააქნია ივამ. -მეც ვერა. დიტოსთან ერთად მინდა წასვლა. ეგეც თუ მოვახერხე. - ესეც ქეთა. -ისე, სხვა დროს რატო არავის მოგვსვლია აზრი, მართლა რომ წავსულიყავით? ვლაპარაკობთ ხოლმე და არასდროს გვითქვამს წავიდეთო, - ამოიოხრა ნატამ. -მომავალი წლისთვის აუცილებლად გავითვალისწინებ და ზღვაზე ნაკლებს ვისეირნებ, - გაეცნა ივას, - წელს ვისაც შეგიძლიათ, ისეირნეთ ყინვაში. -ანუ არავინ? - უკვე ბოლო იმედიც გადამეწურა. მერე თემა შეცვალეს, მაგრამ ხასიათიც შემეცვალა და აღარ ვიყავი ისე პოზიტიურად. შემეტყო კიდეც, თითქმის აღარ ვლაპარაკობდი. ძვლივს რაღაცის ინიციატივა გამოვიჩინე, წარმოუდგენელის რეალობაში მოყვანა მინდოდა და ჰაერშივე გაიფანტა. მერე მალევე დავიშალეთ. ყველა წავიდა და დავრჩი მე ცარიელ მისაღებში მარტო. ნაძვის ხის კუთხეს ვუყურებდი და მართლა ძალიან მინდოდა ნაძვის ხის დადგმა. საკუჭნაოდან საახალწლო განათებები გამოვიტანე, კედელზე გავაბი და დენის წყაროში შევაერთე. ჩემივე ბავშვურ აკვიატებაზე მეცინებოდა და თან ჭერზე არეკლილ ციმციმებს ვუყურებდი. „ნამცხვარი შეგინახე, კარადაში დევს. ვიცი, რომ ხვალ ისევ მოგინდება“ - დათუნას შეტყობინება წავიკითხე და დებილივით, ყურებამდე გაღიმებულმა ისევ თავიდან გადავიკითხე. მისაღებში ჩამეძინა ჩემ უდროო განათებებთან ერთად. ასე ძალიან ახალი წელი მართლა არასდროს მდომებია. პირველად მქონდა ამხელა სურვილი და მოლოდინი. თითქოს ახალი ცხოვრების დასაწყისი უნდა ყოფილიყო და არა მხოლოდ ახალი წელი. ვინ იცის, იქნებ მართლაც ასე იყო? საახალწლო პროდუქციის გაყიდვა რომ ყოფილიყო დაწყებული, უდაოდ დავივლიდი ყველა მაღაზიას და ახალი კოლექციით შევავსებდი მარაგს. რომ დავფიქრდეთ, ჩემნაირი არანორმალურებისთვის ნამდვილად უნდა გაიხსნას ერთი საახალწლო მაღაზია საერთოდაც ზაფხულში. ერთი წუთით, ასეთი არანორმალური როდის გავხდი, ზღვის სანაპიროს მაგივრად, ნაძვზე რომ ვფიქრობდე? დილით ჩვეულებრივ მაღვიძარაზე ადრე გამეღვიძა, მაგრამ წინა საღამოს კარგად გამოძინებულს რომ კიდევ დიდხანს მეძინა, გაბრუებული ვიყავი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელი სხეული დამსიებოდა და ნემსი რომ მომხვედროდა, გავსკდებოდი. ჯერ ვერ მივხვდი სად ვიყავი და მერე რას ვაკეთებდი მისაღებში. თვალების ოლომდე გახელაც მიჭირდა. რამდენიმე წუთი დამჭრდა გასაანალიზებლად. მერე საახალწლო განათებებსაც რომ მოვკარი თვალი, საკუთარ თავზე გამეცინა და მთელი ძალა დამჭირდა, რომ ფეხზე წამოვმდგარიყავი და განათებები გამომერთო. ჩაი დავისხი და კარადიდან დათუნას გადამალული ნამცხვარი გამოვიღე. სუულ ოდნავ ჩალბობაც მოესწრო და გემოც უკეთ ჰქონდა გამჯდარი, ვიდრე რამდენიმე საათის უკან. სამსახურამდე გემრიელი საუზმე, თუნდაც არაჯანსაღი, ერთადერთი რამ იყო, რაც მთელი დღის ენერგიას მივსებდა და ამას ვერასდროს გამოვაკლებდი დილის ჩვეულ და უჩვეულო რუტინასაც კი. გამოფხიზლებული და ენერგიით სავსე გავემართე სამსახურისკენ. საკონდიტროში ვმუშაობ. ალბათ იფიქრებთ, ეს რა გემრიელ ნამცხვარს გამოაცხობდაო, მაგრამ - არა. მარკეტინგის სფეროთი ვცდილობ ჩემს მაქსიმუმს, რომ წინ წავწიო იდეალური კონდიტერების შემოქმედებები. დაიხ, ჩემი საქმე მიყვარს. მსიამოვნებს, როცა ყველა თქვენგანის გემოვნებას, ქმედებებს და ზეგავლენას ვაანალიზებ. ზუსტად ვიცი რა მოგწონთ, რა გიზიდავთ და რა გაიძულებთ უარის თქმას. თუმცა, ზოგჯერ, კონდიტერებისგან გამოგზავნილ სასმუსნაოებს ვერ შევადარებ. ტკბილისთვის სულსაც კი გავყიდი. ეს სამსახური ჩემი სახლია. ბედნიერება, რომლისთვისაც ოცნებაც კი ვერ მოვასწარი, ისე მივიღე. -ნინა, გამოხვედი? - ზუსტად 18:02 საათზე მირეკავს დათუნა. -კი, დათუნა, საათს დარაჯობდი? - გამეცინა. -აუ, ნინა, ხო იცი რა შტერი ვარ? -დაგავიწყდა ხო? -შენ რა იცი მე რა დამავიწყდა? -დიშვილის დაბადების დღე დაგავიწყდა, დათუნა. -ჩემ თავს გაფიცებ? - გაეცინა და დარწმუნებული ვარ, რომ იცოდა როგორც ვიღიმოდი, ყურებამდე, - რამე მაყიდინე რა. -20 წუთში შენ კორპუსთან ვიქნები და გავიდეთ მოლში, - პასუხს აღარ დაველოდე, ისე გავუთიშე და ჩემი მანქანისკენ წავედი. ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც არსებობს სოციალური ქსელი, სადაც გამორიცხულია დაბადების დღე მინიმუმ ერთმა ადამიანმა მაინც არ მიულოცოს მეორეს. და მით მეტეს, როდესაც დათუნას და, კატო, საათს დარაჯობს ხოლმე, რომ ოჯახის ყველა წევრს დაბადების დღე “სთორით“ მიულოცოს. კატო გვერდზე რომ შეხვიდეთ, ელენეს ყველა სურათს შეხვდებით მილოცვის ტექსტებით. და ამ დროს, რანაირად შეიძლება, რომ ვინმეს ეს დღე დაავიწყდეს? ამაზე პასუხს დათუნა გაგცემთ. თუმცა, ეჭვი მაქვს, სავარაუდო ვარიანტიც კი არ ექნება. კორპუსთან რომ მივედი, დათუნაც იმ წუთის მისული იყო სახლში, მანქანას თავის ადგილზე აყენებდა. როგორც უმეტესად ხდება ხოლმე, ამ დროს თითონ სვავს და მანქანას სახლში ტოვებს. -უკაცრავად, ტაქსი თქვენ გამოიძახეთ? - სიცილით ავხედე ჩემსკენ წამოსულ დათუნას. -ნეტა, ცანცარს მოეშვებოდე, - თავი ღიმილით გააქნია და სავარძელზე მოთავსდა. -რის ყიდვას გეგმავ? -შენი აზრით, შენ რისთვის დაგირეკე? -გაფიცებ, ჩემ საჩუქრებს ვის არჩევინებ ხოლმე? -არავის, - სხარტად გამცა პასუხი. -დავიჯერე. ჯერ არ მახსენდება ვინმესთვის უჩემოდ გეყიდოს. -შენ საჩუქარსაც შენ ხომ არ აგარჩევინებ. იშვიათი შემთხვევაა, - გაეცინა და სიმღერები ჩართო, - იმ დღეს მომასწროს ღმერთმა, როცა გავიგებ, როგორ ატარებ მანქანას სიმღერების გარეშე. -რა ვქნა, სიმშვიდე და კომფორტი მირჩევნია. -კომფორტი ის არ არის დასვენების დღეს მეზობლებს რომ აწუხებ ხმაურით? -ეგ სხვა განზომილებაა. -პირად მძღოლად უნდა აგიყვანო. -მე რატომ ვითომ? -იცოდი, რომ ერთადერთი ხარ ვის მანქანაშიც ფხიზელიც კი მშვიდად ვზივარ? - თითქოს უფრო მეტად თავისთვის წაიბუტბუტა და არა ჩემს გასაგონად. მთელი გზა ხმა აღარ ამოგვიღია. ჩემგან განსხვავებით, მას ცოტა ხმაურიანი გარემო ჰქონდა სამსახურში და დაღლილი გამოდიოდა ხოლმე. ცოტა დრო მასაც მივეცი დასასვენებლად და მეც გადატვირთულ გზაზე ვკონცენტრირდებოდი. დაახლოებით 25 წუთი ვიმგზავრეთ ასე. შეიძლება ცოტა ძილმაც წაიყვანა დათუნა, მაგრამ მანქანა სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე გავაჩერე თუ არა, თავისი მინი „რიტუალისთვის“ მხრები გაშალა. ჯერ თავი და შემდეგ წელი გაატრიალ-გამოატრიალა, ძვლები დაიტკაცუნა და უკვე გამოფხიზლებული, სავსე შემართებით გადმოვიდა მანქანიდან. -ისეთ ვიდზე ხარ, რომ წესით სათამაშოების მაღაზიაში არც უნდა გიშვებდნენ, - გამეცინა და პიჯაკზე ჩამოვქაჩე. -ნუ ცანცარებ, ნინა, - გაეცინა. -მეცანცარება. -რას ვყიდულობთ? -შენ ბიუჯეტი მითხარი და საყიდელის მეტი რა არის. -ჩემი საჩუქრებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი მგონი ჩემზე კარგად იცი. -მე ის ვიცი, რომ ელენესთვის ფული არასდროს გენანება. -ხოდა ამირჩიე რამე, შენ რომ იცი, ისეთი, - თმა ხელით ამიჩეჩა. -ნუ მიჩეჩავ ამ თმას, დათუნა! -ვიცი, ვიცი. დილას ნახევარი საათი ისწორებდი თმებს ღერა-ღერა და ბლა, ბლა, ბლა. -ხოდა, ნუ მაჩხუბებ. -ხომ ხვდები, რომ აზრი არ აქვს და იქნებ ოდესმე შეეჩვიო, - გაეცინა. მე წავუყრუე და სათამაშოების მაღაზიისკენ წავედი, - სათამაშოებს ვყიდულობთ? -ჯერ ვათვალიერებთ, დათუნა, - თვალები ავატრიალე და ბიჭების სექციისკენ წასულს გავაყოლე თვალი. არ დაივიწყოთ, რომ საჩუქარს გოგოსთვის ვეძებდით. -კონსტრუქტორები მოეწონება? -სამი წლის ბავშვს, დათუნა? იქნებ დრო მოვიდა აღიარო, რომ თოჯინების გეშინია? -მე? რა სისულელეა! - თვალები სასაცილოდ აატრიალა და თოჯინებს თვალი აარიდა. -ჰო, ჰო, ნამდვილად გეშინია, - გამეცინა და მეორე დახლისკენ გადავინაცვლე, - კარგი თოჯინები ისედაც ბევრი აქვს და ჩვენ სხვა რამე ავარჩიოთ. -გაგახარა ღმერთმა! - გულზე ხელი მიიდო და შვებისგან ღრმად ამოისუნთქა. -მინი სამზარეულო უყიდე. -რათ უნდა? -ბავშვია ელენე, რას ქვია რათ უნდა. -მოეწონება? -სულ სამზარეულოში უზის დედამისს და წამროიდგინე, როგორი ბედნიერი იქნება საკუთარი რომ ექნება, თან სახლიც დიდია და დაეტევა. - გამეცინა და კონსულტანტს დავუძახე დასახმარებლად. -შენ უფრო იცი, - ხელები აწია და სიცილით დაიხია უკან. დათუნამ თანხა გადაიხადა და მაღაზია დავტოვეთ. -რა გჭირს, დათუნა? ხომ არ დავბრუნდეთ ქერასთან? - სიცილით გავხედე დათუნას. -სიამოვნებით. -კარგი, რა. მართლა მოგეწონა? - წარბები შევჭმუხნე. -არ მითხრა, რომ ეჭვიანობ, - გაეცინა. -თანაც, როგორ! -სად მივდივართ? -კარფურშიც შევიაროთ და წავიდეთ. -მანდ რაღა გინდა? -სახლისთვის ვიყიდი ბარემ რაღაცეებს. -ნინა, გვაგვიანდება. -არ გვაგვიანდება. -ზუსტად ვიცი რაც მინდა და სად დევს. სულ 15 წუთი მჭირდება და მივდივართ. -მხოლოდ 15 წუთი. -შევთანხმდით, - ბედნიერი სახით წავედი კარფურისკენ. მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე, ყოველთვის მე ვარ პუნქტუალური და დათუნაა ის ადამიანი, რომელიც ყველგან ყოველთვის აგვიანებს და ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, არ დაიჯერა ჩემი 15 წუთის ამბავი, მაგრამ გეფიცებით, მე მართლა 15 წუთით შევედი. კვების სართული უცბად მოვიარე, პროდუქტები მოვიმარაგე და ქვედა სართულზე ჩავედი. -მანდ რაღა გინდა? -მინდა! -ღმერთო მიშველე. -დამატებით კიდევ 6 წუთი დამრჩა. -უკაცრავად, - სიცილით ასწია თავისუფალი ხელი. სალაროსკენ გავდიოდი და გზად რაც თვალში მხვდებოდა, კალათში ვყრიდი. სწრაფად მოვატრიალე საკანცელარიოს მხარეს თავი და უცბად ისევ უკან დავაბრუნე. -არარსებობს! - დაბალ ხმაზე შევკივლე გაშეშებულმა. -რა მოხდა? - გაურკვევლობაში მყოფი დათუნა წამომეწია და საახალწლო დახლის დანახვისას თავი გააქნია, - ნინა, ხვალ გამოვიდეთ, ოღონდ ახლა წამოდი, გთხოვ. -3 წუთი და წავედით, - კალათი დათუნასკენ გავაგორე და თაროს მთელ სიგრძეს სწრაფად ჩავუყევი, ბოლოდან გამოვყვებიმეთქი ვიფიქრე. თვალის გაყოლებაზე, ბევრი რამ მომხვდა თვალში ლამაზად, მაგრამ წინა წლის ნარცენი პროდუქციიდან იშვიათად ნახავდით რაიმე ღირებულს. კაგრის ძებნაში დროის შეგრძნება დავკარგე და ჩემი დროის ამოწურვის შემდეგ, დათუნამ გამომათრია სალაროსკენ. -მართლა ძალიან მინდა! - საჭეს თავი ჩამოვადე. -რა გინდა? -ახალი წელი. -სერიოზულად, რა გჭირს ამ ბოლო დროს? - ცოტა სერიოზულად მკითხა. -მგონი დავბერდი. -რა სულელი ხარ, ნიინა, - გაეცინა დათუნას და ისევ თმა ამიჩეჩა. -ისე ძალიან მინდა, რომ თმაზეც არ გეჩხუბები, ხომ ხედავ. -რაც აქამდე არ გდომებია, ახლა ერთიანად მოგინდა? - გაეცინა. -ნუ დამცინი! -დასაცინი ხარ და სხვა რა გავაკეთო. -ნამდვილი მეგობარი ნაძვის ხესაც ამიწყობდა და ევროპაშიც წამომყვებოდა, - ცალი თვალით ამოვიხედე დათუნასკენ, რომელმაც მთელი ხმით ხარხარი დაიწყო, - რას ღრიალებ, მთელ პარკინზე შენი ხმა ისმის. -რა დროს ნაძვის ხეა, ნინა. -აი, ხომ ნახე მაღაზიაში უკვე საახალწლო რაღაცეები იყიდება. ესე იგი ძალიან გიჟიც არ ვიქნები. -ნინა, ჩემ დაცინვას კი იტან, მაგრამ სხვებისას ვერ აიტან და მერე გაბრაზდები. -მარტო ევროპაც მაწყობს. -ელენესთან დაგვაგვიანდა, ჩემი და მომკლავს და გეფიცები, ელენეს უფრო მეტი ჭკუა აქვს, ვიდრე შენ. -უი, ელენე, - უცბად გავსწორდი, გასაღები გადავატრიალე და დათუნას დიშვილისკენ ავიღე გეზი. -ვერ გცნობ, ნინა. -ვერც მე ვცნობ ჩემ თავს, მაგრამ რა ვქნათ. -მგონი მართლა დაბერდი. დროა ქმარზე და შვილებზე დაფიქრდე. -რა დაფიქრება უნდა მაგას? -ანუ რო გათხოვდე რა. -შეყვარებული არ მყავს და გათხოვებაზე რანაირად ვიფიქრო? - ხმამაღლა გამეცინა. -ხოდა შეყვარებულზე იფიქრე. -სანამ შენ მყავხარ თავისუფალი, სხვა არავინ მჭირდება, - პასუხი არ გაუცია, უბრალოდ მიყურებდა და ალბათ ეღიმებოდა? კარგად ვერ ვხედავდი და ზუსტად ვერ გეტყვით. -ვაიმე, ეს რამხელა რამეა, - მისაღებში გამოსულ კატოს თვალები გაუფართოვდა საჩუქრის დანახვისას. -გილოცავთ, პატარა სიხარულს უკვე მესამედ, - დათუნამ დის სიტყვებს წაუყრუა და ჩაეხუტა. -მგონი ნინას უნდა შევჩივლო, რომ ამხელა რაღაცა აარჩევინა, - გაეცინა კატოს და ჩემსკენ გამოიწია. -მე არაფერ შუაში ვარ. ბედნიერი გოგო გაგეზარდოთ, - გამეცინა და თვალებით ელენეს მოძებნა დავიწყე, - სად არის პატარა ქალბატონი? -საჩუქრებს დასდევს წინ და უკან, - გაეცინა ამაყ მამას და ბინის შუაგულისკენ გაგვიძღვა. -ინაა, - ბედნერი სახით გამოვარდა დღის პრინცესა ჩემსკენ და ყურებამდე გაბადრულმა ხელში ავიტაცე. -ასეა, რა. ბიძა კი არ აინტერესებს, - გაეცინა დათუნას. -იცის ბავშვმა, ვისი დანახვაც უნდა გაეხარდეს, - ენა გამოვუყავი დათუნას და ელენე ჩავკოცნე. -ათუნა, - თვალები საყვარლად დაახამხამა ელენემ და თავი მორცხვად ჩამალა ჩემ კისერში. ყველას გაგვეცინა დათუნას გარდა. -არა, რა. ნინას აქ აღარ ამოვიყვან, - ამჯერად თავადაც გაეცინა და პატარა ქალბატონი ამაცალა ხელებიდან. -ბიძი, შენ მითხარი ახლა, დათუნა უფრო გიყვარს თუ ნინა? - იმედიანი სახით შეეკითხა დათუნა პატარას. -ინა! - დაუფიქრებლად უპასუხა ელენემ და ხელი ჩემსკენ გამოიშვირა. სიცილი უკვე ხარხარში გადაგვივიდა. პატარას თავზე ვაკოცე. -ნუ, ხო ვამბობ, არა? - უკმაყოფილოდ გააქნია თავი დათუნამ და ელენე ჰაერში აიტაცა. რაც კატო გათხოვდა, დათუნა იშვიათად ამოდიოდა თავის დასთან და თითქმის არასდროს უჩემოდ. სიძესაც ცოტას ელაპარაკებოდა, თითქოს თავს არიდებდა. ვერ ვხვდებოდი რა დამოკიდებულება ჰქონდა ან რა მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ გული აყროდა. ვხედავდი ლაშა როგორ ცდილობდა საუბრის წამოწყებას, მაგრამ დათუნა ზოგჯერ მხოლოდ მოკლე პასუხით შემოიფარგლებოდა და არ აძლევდა დიალოგის საშუალებას. თითქოს გარეგნულად ლაშაც არ იმჩნევდა დათუნას დამოკიდებულებას ან უბრალოდ კონფლიქტს არიდებდა თავს. აი კატოს ყოველთვის ეტყობა ძმის დანახვაზე აბრჭყვიალებული თვალები. თითქოს დაფრინავს ხოლმე. არა, კატო ისედაც ძალიან ბედნიერი და სიყვარულისგან შეშლილი გოგოა. ფეხზე ძალიან მყარად დგას, სერიოზული იმიჯიც აქვს და შემდგარი ქალია. მაგრამ ძმის დანახვისას, საერთოდ სხვა ადამიანი ხდება. პატარა ბავშვი, რომელსაც უნდა რომ ყველაფერი რომ გააკეთოს, უბრალოდ, თითქოს არ იცის, საიდან დაიწყოს. ყველაფრის მოყოლა უნდა ხოლმე, მაგრამ სიტყვები არ ჰყოფნის. ჩემმა ოჯახმა 21 წლის წინ შეიცვალა საცხოვრებელი და იმ წელს სკოლამდელი ბაღის ჯგუფში გავიცანი დათუნა. უფრო სწორად, ჩვენმა მშობლებმა გაიცნეს ერთმანეთი და ვინაიდან ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობდით და თან ორივეს მშობლებიც მუშაობდნენ, ხშირად ითავსებდნენ ხოლმე ჩვენ ერთად მოყვანა-წაყვანას. ზოგჯერ ჩვენ და კატოს ერთმანეთის სახლში ყოფნაც გვიწევდა მშობლების მოსვლამდე. კატო ჩვენზე ერთი წლით პატარა იყო. არასდროს მინახავს და-ძმას ერთმანეთში ეკინკლაოს, როგორც ამას დედ-მამიშვილების უმეტესობა ვაკეთებთ. ზოგჯერ ჩემი და ჩემი ძმის ფონზე, მათი ურთიერთობისაც კი მშურდა. მეც მინდოდა, რომ ჩემ ძმასთან არ მეჩხუბა. ან ის ყოფილიყო რაღაცით ბედნიერი, ან ჩემი ჩხუბის მიზეზი არ მოეცა. ჩემ ძმასთან მეგობრობა მინდოდა, მაგრამ შეუძლებლად მიმაჩნდა. იმასაც კი ვფიქრობდი ხოლმე, რომ რაც ჩემი ძმის ურთოერთობასთან მაკლდა, იმას ვინაზღაურებდი დათუნასგან. ძმას, რომელთან საუბარიც შემეძლებოდა, ჩახუტებაც და რჩევების გაცვლაც. ან უბრალოდ ადამიანს, მშობლების გარდა, ვინც ჩემზეც იფიქრებდა ხოლმე. ხშირად დამიჭერია დათუნასგან, რომ ერთნაირად გვექცეოდა მეც და კატოსაც. განსხვავებებიც ხშირად მომხვედრია თვალში და იყო ხოლმე მომენტები, როცა კატოზე ვეჭვიანობდი, მაგრამ არასდროს მიგრძვნია კატოსგან უარყოფითი დამოკიდებულება. შეიძლება იმიტომ, რომ მას მისი სისხლი ჰქონდა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. არასდროს ვყოფილვართ დაქალები, მაგრამ საერთო დათუნა გვყავდა და ჩვენც კარგი ურთიერთობა გვქონდა. ელენეს დაბადების დღეზე ნათლიები და ლაშას ორი თანამშრომელი იყვნენ ყველა მეუღლეებთან და ბავშვებთან ერთად. ბავშვები მხიარულად თამაშობდნენ საბავშვო ოთახში და როგორც ყოველთვის, უფროსები სუფრასთან ისხდნენ. მე შიგადაშიგ კატოს ვეხმარებოდი სამზარეულოში. ვერც მეკამათებოდა, თავადაც სამსახურიდან იყო გამოქცეული და იმასაც ვერ ვხვდები, ამდენი როდის მოასწრო. -ინაა, - ამ დროს ელენემ მოირბინა ჩემთან. ხელში თავისი ახალი სამზარეულოს შეფუთული ჭურჭელი ეჭირა. -გისმენ, ჩემო ლამაზო. დაგეხმარო? - შეფუთვა გამომიწოდა და თან თავს მიქნევდა. ჭურჭელს პარკი შემოვაცალე და დავუბრუნე. ელენემაც გამომართვა და გაიქცა. ყველამ თვალი გააყოლა იუბილარს და თან ყველას გვეღიმებოდა. ნახევარი ოთახი ჰქონდა გავლილი, უცბად რომ გაჩერდა და ისევ ჩემთან მოირბინა. -მადოდა, ინა, - დამექაჩა და ფეხის წვერებზე აიწია, მეც თავი დავუხარე და ლოყაზე მაკოცა. -დიდი გოგო გაიზარდე, - გამეცინა მის პასუხზე. -მე უკვე დიდი გოგო გავხდი, - ამჯერად უკანმოუხედავად გაიქა მისაღებიდან. -ასეთი რა დავაშავე, - მხრები აწია დათუნამ, - ნინას გარეშე თუ ამოვდივარ, ელენე მარტო, ნინა სადააო, მეკითხება. ნინას ამოვიყვან და მე აღარ ვახსოვარ, - გაკვირვების ნიშნად მაჯები დაატიალა. -ნუ ეჭვიანობ, - ვუპასუხე ბედნიერმა. -ასეა კი, ჩემ ძმიშვილსაც, აგერ ჩემი ცოლი უფრო უყვარს, ვიდრე მე, - გაეცინა ლაშას თანამშრომელს, მაგრამ განსხვავებაზე ყურადღება არ გაგვიმახვილებია. -ბავშვია და გუნება, - უპასუხა მეორემ და ჩვენ გამოგვხედა, - თქვენ არ გყავთ შვილი? -ჩემო ნანუკა, რაც ამათ ვიცნობ, მეგობრები არიან. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ და ბავშვზე ზედმეტია ჯერ-ჯერობით, - გაეცინა ლაშას. -ვაიმე მართლა? - მართლა გაოცდა ქალი, - დიდი ბოდიში, ძალიან უხერხულად გამომივიდა. უბრალოდ, რომ გიყურებთ, მართლა არც მიფიქრია სხვანაირად. -ნინა ჩემი ძმაა, - დათუნამაც გაუცინა. მათ დასაბნევად ხელი გადამხვია და თავზე მაკოცა. არც პირველი იყო მსგავსი სიტუაცია და ალბათ არც ბოლო იქნებოდა. ჩვენ კი ვიყავით ამას შეგუებულები, მაგრამ რამდენჯერაც მეორდება, იმდენჯერ უხერხული შეგრძნება მიჩნდება. თითქოს რაღაც სიმართლს მარცვალს ამბობენ, რომელსაც ვერ ვხედავ და იმისიც კი მრცხვენია ხოლმე, რასაც სხვები ხმამაღლა ამბობენ. ჩემდაგადაკვირად, დათუნა შედარებით დიდი დროით გაჩერდა კატოს სახლში, ვიდრე წარმოვიდგენდი. არც ძალიან დამთვრალან და სიტუაციაც ნამდვილად კარგი იყო. დროულად ყველა ერთად დავიშალეთ. ჩვენ ქუჩაზე რომ გადავუხვიე, დათუნამ ფეხით გავისეირნებ სახლამდე და თან მოვწევო და მანქანაც ჩემ კორპუსთან გავაჩერე. იმდენად დავიღალე და ძილი მინდოდა, აღარც შევკამათებივარ. მიუხედავად იმისა, რომ მაინც არ ექნებოდა აზრი, ჩვეულებრივ ამ დროს მაინც ყოველთვის ვკამათობთ ხოლმე. დათუნამ თავზე მაკოცა, ტკბილი ძილი მისურვა, სიგარეტს გაუკიდა და ჩემ მანქანას მიეყრდნო. სიტუაცია ნაცნობი იყო, სანამ სადარბაზოში თვალს არ მივეფარებოდი, ასე იდგებოდა და მერე სეირნობით გაუყვებოდა გზას. განათებები ჩამოვხსენი და დროებით ისევ შევინახე. არა, განათებები ყოველთვის მიყვარდა. ალბათ ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა იყო, რაც ახალი წლიდან ყველაზე მეტად მიყვარს დღემდე, მაგრამ მართლა ძალიან ადრე იყო დასატოვებლად. მერე მშობლები და ჩემი ძმაც ჩამოვიდნენ. დეკემბრის პირველ შაბათ-კვირას ტრადიციულად დავდივართ ხოლმე რაჭაში, ივას ბებიასთან. ფატიმა ბებოსთვის ერთი დიდი სიამოვნებაა ჩვენი სტუმრობა. ივას მშობლები კი ჩადიან ხშირად, თავადაც ჩამოდის ხოლმე ქალაქში, მაგრამ როგორც თავად ამბობს, „ბავშვების თვალებში დანახული ბრჭყვიალები, გულს ბავშვურად აბრჭყვიალებს“. მაშინაც ჩავაბარგეთ და პარასკევს სამსახურების მერე ორი მანქანით წავედით რაჭისკენ. მე დათუნამ, ნატამ და ტატო გამომიარეს დათუნას მანქანით. ივა, ქეთა და საბა ივას მანქანით მოდიოდნენ. დიმა რაც ქეთამ გაგვაცნო, არასდროს წამოსულა ჩვენთან ერთად. ყოველთვის ჰქონდა “რაღაც” მიზეზი. სადარბაზოდან გავედი თუ არა ტატო გადმოვიდა წინა სავარძლიდან, ხელით მანიშნა დავმჯდარიყავი და კარიც მომიხურა. ჩემი პატარა ჩანთა საბარგულში ჩადო და უკან მიუჯდა ნატას. -უკვე ეტყობა ამ სავარძელს, ტატო რომ იჯდა, საბარგულამდე აქვს გაწული უკან, - დავიბუზღუნე და ცოტა წინ მივწიე. -აი რა გაწუწუნებს, ხომ ზიხარ წინ არა? - გაეცინა ტატოს. -წუწუნიც საჭიროა ზოგჯერ, - თავი ოდნავ გავატრიალე და ტატოს დასანახად ენა გამოვყავი. - ვა, დათუნა, როგორ ხარ. დათუნას ოდნავ ჩაეღიმა და გამომხედა. მისი პასუხი მხოლოდ ასე შემოიფარგლა. რაღაც არ მესიამოვნა, მაგრამ ვიფიქრე , თუ საჭროა მეტყვის მეთქი და არ გავამახვილე ამაზე ხმამაღლა ყურადღება. არც ის წყნარი მუსიკა არ გამიგია, ყოველთვის რომ უკრავდა ამ მანქანაში. -ნატა რომ არ ლაპარაკობს, ძალიან უცნაურია. ხო ნამდვილად აქ ზის? -შენც გაგიმარჯოს, - ჩემ უკან იჯდა, ხელი გამოყო და მხარზე მსუბუქად დამიბაკუნა მოსალმების ნიშნად. -კარგად ხარ? -უბრალოდ, ძალიან მეძინება, რა, ნინ. მთელი ღამე სერიალს ვუყრუებდი, - ღვედი ბოლომდე გამოვწიე და მთელი ტანით უკან შევტრიალდი. კისრის ბალიში წამოეცვა, კუთხეში მიყუჩული იყო და წყალი არ გაუვიდოდა, მალე გაითიშებოდა. ბოლოს ასე როდის გამიკვირდა რაღაც, არ მახსოვდა. ნატასგან მით უმეტეს ყოველთვის სტაბილურად გიჟი ადამიანი იყო, მაგრამ თავის რეჟიმს არასდროს არღვევდა. მით უმეტეს სერიალს ბოლოს როდის უყურა, არ მახსენდება. -რა სერიალი იყო ამისთანა? -აი ეს დეგენერატი რომ ყვებოდა იმდღეს, - თავი ოდნავ გადაატრიალა ტატოსკენ, რომელსაც ჩემზე არანაკლებ გაოცებული მზერა ჰქონდა. მხრები ავიჩეჩეთ და მე ისევ ჩემ სავარძელში გავსწორდი და გზას გავხედე. ჯერ არასდროს მქონია ის მომენტი, მგზავრობისას რომ დამეძინა. საუკეთესო სარელაქსაციო საშუალებაა ჩემთვის კომფორტულად მგზავრობა. კომფორტულ მანქანაში, სანდო მძღოლით, სასიამოვნო გარემოთი და რა თქმა უნდა წინა სავარძლით. ამჯერად Billie-ის მელოდია ცალკე ზღაპარს ქმნიდა. ზუსტად იმას უნდა ვუყურებდე, რასაც მძღოლი ხედავს. მთელ გზას, რომ მთელი მოგზაურობის კაიფი შევიგრძნო. ზოგადადაც, უკან ჯდომას ვერ ვიტანდი. უბრალოდ არ მიყვარდა კიარა, ვერ ვჯდებოდი. დიდ გზაზე მით უმეტეს და კიდევ უფრო მეტად, დათუნას მანქანაში. ეს სავარძელი ჩემი იყო და სანამ შეყვარებული არ ეყოლებოდა, მანამდე ასე იქნებოდა. დათუნას შეყვარებული, მაგრამ ერთი წუთით, მერე რა ხდება? მერე მე დათუნას მანქანაში ვეღარასდროს ჩავჯდებოდი. ან ჩემი მანქანით ვივლიდი, ან საერთოდ სადმე წასვლაზე უარს ვიტყოდი. მერე მთვრალ დათუნას სხვა მიაცილებდა სახლამდე, ან მე დავტოვებდი ორივეს ერთად ამჯერად თავიანთ საცხოვრებელთან, იმის მაგივრად, რომ დათუნას სუფთა ჰაერზე მოწევა მოემიზეზებინა და მთვრალსაც კი აქეთ „გავეცილებინე“. ჰო, ეს ვარიანტი უკვე აღარ მომეწონა. ერთ ბედნიერებას რამდენის შეცვლა შეუძლია. ცვლილებები კარგია. მაგრამ ცვლილებებსაც ხომ გააჩნია? რამდენ ხანს ვფიქრობდი ამ საკითხზე? 5 წუთი? 10? 15? განწყობა სულ შემეცვალა. თითქოს შემომატრიალეს. ჩემ ჯინაზეც კი მანქანაში არავინ ხმას არ იღებდა. ნატას ალბათ უკვე ეძინა. ტატოს სიჩუმეც კი მიკვირდა. დათუნას ერთი ჩაღიმებითაც კი მივხვდი, რომ რაღაც ვერ ჰქონდა რიგზე. თავი მოვატრიალე და დათუნას მივაშტერდი. ხო მიხვდა, რომ გავხედე? მიხვდა, მაგრამ არ გამოუხედავს. არც შეუმჩნევია. თითქოს 2 წუთის წინანდელი ფიქრი არ მეყო, ახლა იგნორიც დაემატა და გავიფიქრე, ნეტა საერთოდ არ წამოვსულიყავი მეთქი. ასე არასდროს მიფიქრია. არასდროს! ჩვენი, ყველას ამდენწლიანი მეგობრობის პერიოდში, ერთად შეკრება არცერთ წამს არ მინინა. იმ წამამდე. რატომ მეც არ ვიცი. მანქანაში ისევ ისეთი სიჩუმე იყო და მხოლოდ წყნარი მუსიკა მღეროდა. ოდნავ კიდევ უფრო მეტად შევტრიალდი, ტატოს უზარმაზარი ყურსასმენები ჰქონდა ყურებზე წამოცმული და ნატას თვალს არ აშორებდა. რაღაც ჭია მჭამდა შიგნიდან. ისიც კი გავიფიქრე, სიზმარში ხომ არ ვარ მეთქი. ძალიან უცნაური და არასასოამოვნო შეგრძნება იყო ასე უცხოდ ყოფნა ასეთ ნაცნობ გარემოში. ყველა თავისთვის და მე ჩემთვის? ეს ხომ წამოუდგენელი იყო. დათუნაც კი, ღმერთმანი. ისევ დათუნას მივაშტერდი, თითქოს მარტო იჯდა მანქანაში. ჩვეულად იხედებოდა უკანა ხედვის სარკეებში. მთელ მანქანას და საგზაო მოძრაობას აკონტროლებდა. მერე მეც გავსწორდი ჩემ სავარძელში, საზურგე ოდნავ უკან გადავწიე და დაზეპირებულ სიმღერას ავყევი. ყველა თავისთვის და მე - ჩემთვის. ნაცნობ ნაზუქების ჯიხურთან გააჩერა მანქანა და გადავიდა. გადასვლისას ყოველთვის ვაბარებდი ხოლმე დამატებით პარკს გარჩეული ქიშმიშისთვის. ამჯერად მეც განსხვავებულად, არაფერი დამიბარებია. რაც მახსოვს, პირველად. დათუნა მანქანაში ჩაჯდა, 2 ნაზუქი გამომიწოდა, არდაბარებული პარკიც და გამეღიმა, მაგრამ თავი არ შემიბრუნებია. უკან მძინარე ხალხს გახედა, თავი გააქნია და ნახევარი ტანით უკან გადაიხარა, დანარჩენი ნაზუქები რომ უკან დაედო. ღვედი გადაიჭირა და ისევ უხმოდ დაძრა მანქანა. ისევ ჩაირთო სიმღერა დაბალ ხმაზე. ყოველთვის მაინტერესებდა, სურამის ერთ ჯიხურში რომ მხოლოდ უქიშმიშო ნაზუქები იყიდებოდეს, რამდენად მომგებიანი იქნებოდა, სხვა დანარჩენ ჯიხურებთან შედარებით. არა, ნაზუქის მზესუმზირასავით გარჩევასაც აქვს თავისი მუღამი, მაგრამ ცხელ-ცხელს ვერასდროს დააგემოვნებ. საჭესთან რომ მით უმეტეს, წარმოუდგენელია. ნაზუქს ფუმფულა ნაწილი მოვატეხე, ქიშმიშები მაქსიმალურად დავაცალე და დათუნას გავუწოდე. გამომართვა, ხელის ჟესტით მადლობა მანიშნა და დააგემრიელა. ჩემთვისაც გავარჩიე ნაზუქი ქიშმიშებისგან, ერთი ლუკმა ჩავკბიჩე და სანამ გადავყლაპავდი, მოთმინების უნარი დავკარგე. -ასეთი რა მოხდა? -რა უნდა მომხდარიყო? - მხრები აიჩეჩა, ვითომც არც არაფერი. -არ ვიცი, დათუნა. მაგრამ რაღაც ნამდვილად მოხდა ან ხდება. მე დავაშავე რამე? -შენ რა უნდა დაგეშავებინა, - ჯერ თავი გამოატრიალა ჩემსკენ, მერე თვალებით უცბად შემავლო მზერა და ისევ გზაზე გადაიტანა ყურადღება. -რამე ვარიანტი რომ მქონდეს, არ გკითხავდი. მთელი გზა ვერაფერი მოვიფიქრე. -რაც ჩუმად ხარ, იმაზე ვიქრობ, რა დააშავე? - წარბები შუბლზე აუვიდა. -დაახლოებით. მაგრამ სხვისი დანაშაულიც განვიხილე. -ზედმეტს ფიქრობ, ნინა. მოეშვი და ისიამოვნე, ხო გიყვარს მგზავრობა და ნაზუქი, - გამიღიმა და ბოლო ლუკმაც მოიქცია პირში. -კიდევ ბევრი რამე მიყვარს, დათუნა, მაგრამ ყველაფერი არ გამოდის, - უკვე „გარჩეული“ ნაზუქის დიდი ნაწილი მივაწოდე, ისევ ფუმფულა. -ყველაფერი კარგადაა, ნინა. მართლა, - საჭე ნაზუქიანი ხელის ნეკა თითით დაიჭირა, მეორე ჩემსკენ გამოშალა და თმა ამიჩეჩა, როგორც იცისხოლმე. რაჭამდე ხმა აღარ ამომიღია. ვიჯექი ჩემთვის, ვუსმენდი დათუნას მანქანის სიმღერებს და დათოვლილ გზას ვუყურებდი. ნატას და ტატოსაც მთელი გზა ეძინათ. დამავიწყდა კიდეც, ისინიც რომ ისხდნენ მანქანაში. 12 საათისკენ ჩავედით რაჭაში. ფატიმა ბებომ ტრადიციულად ცხელი ლობიანებიც დაგვახვედრა, ჩაისთან ერთად. დარწმუნებული ვარ, მთელი გზა ივასთან რეკავდა და ეკითხებოდა, სად ხართო, რომ ლობიანები წუთი-წუთზე დაეხვედრებინა. -შენს ოქროს ხელებს ვენაცვალე ბებო მე, - ხმაურიანად აკოცა ივამ ბებოს და გადაეხვია. ფატიმა ბებო სიხარულისგან დაფრინავდა, ყველას ჩაგვეხუტა სათითაოდ. -ჰე წაით ახლა ბებია, ხელები დეიბანეთ და გაცივდა ლობიანები. -მაინც ყველაზე გემრიელია- გაუცინა საბამ. სუფრას ყველა ერთად მივუსხედით. ზოგი გამოძინებული, ზოგი დაღლილი, ზოგი უბრალოდ მშიერი. -ჰე, როგორ იმგზავრეთ? - გვეკითხება ივა მეორე მანქანის ხალხს. -რატო გვეკითხები? -ქეთა და საბა დანიძლავდნენ, აქოთქოთებულ ნატას გადმოაგდებდით თუ არა ჩვენ მანქანაში, - თვალებდახუჭულმა ნატამ წარბები აზიდა შუბლზე, თან ეღიმებოდა და ისე ღეჭავდა გემრიელ ლუკმას. თან იმჩნევდა რო კითხვა გაიგო და თან, თითქოს არც სმენია. -რას ამბობ, ცხოვრებაში პირველად მეძინა იქ, სადაც ნატა სუნთქავდა და თან ისე, რომ არ გავუღვიძებივარ, - სწრაფ-სწრაფად მიაყარა ერთმანეთს ტატომ. -ხუმრობ ხო? - გაეცინა ქეთას. -მართლა მთელი გზა ორივეს ეძინა, - წყნარად დავამატე წინადადება. -გაგიცვლდით ადგილს? - დაიბუზღუნა ივამ. აშაკარად არ უმგზავრია ჩვენსავით წყნარად. -წუწუნა, - თავში წაუთაქა საბამ. -დავიძინოთ რა? - აუწუნდა ნატა. -კიდე გეძინება გოგო? - გაოცდა ტატო. -კიდე კიარა, ძალიან მეძინება, - მგონი ცოტა აკლდა ნატას, რომ სკამზე ჩამოძინებოდა. -ეგ სერიალი იმხელაა, ვერც დაამთავრებდი ყურებას და რაღას წვალობდი? -ცოტა რომ მქონდა დარჩენილი, მაგიტო გადავათენე. -მოგეწონა მაინც? -ხვალ მკითხე, უფრო ემოციურად გიპასუხებ, - უპასუხა ნახევრად მიძინებულმა ნატამ. ფატიმა ბებოს დასაძინებლად ოთახები უკვე გამზადებული ჰქონდა. ნატა პირდაპირ ტანსაცმლიანად შეწვა საწოლში და გაითიშა. ქეთამ მეც მეძინებაო, საღამურები გადაიცვა, ყურსასმენები გაიკეთა და გადაბრუნდა. მე ტანსაცმელი გამოვიცვალე, ნივთები ამოვალაგე და ისევ მისაღებში დავბრუნდი. დათუნა და ტატო ფატიმა ბებოს ეხმარებოდნენ მაგიდის ლაგებაში. ჩვენ, გოგოები რომ დავხმარებოდით, აკრძალული გვქონდა. მხოლოდ ბიჭებს აძლევდა დახმარების საშუალებას. გოგოები ანგელოზები არიან და უნდა გაუფრთხილდეთო, ბიჭებს ეუბნებოდა ხოლმე. იქვე ჩამოვჯექი და მოფუსფუსე ბიჭებს ვუყურებდი ღიმილით. -რაო ნინ, კარგია დასვენება? - გაეცინა ტატოს. -მე რომ არ ვალაგებ, ეგ უფრო კარგია, - გავუცინე მოცინარს. დათუნამ ჯიბეში სიგარეტი შეამოწმა და გარეთ გავიდა. -წავედი სანამ ხვალ ნატა „დამასპოილერებს,“ სერიალის ყურებას გავაგრძელებ. -არ დაგიმთავრებია? - გამიკვირდა თან ძალიან. -ნწ, - თავი გააქნია. -ხმამაღლა აღარ ვიტყვი არაფერს, - გაფართოებული თვალებით ვუპასუხე, - წადი, წადი. ნამდვილად დიდი საქმე გქონია, - თან გამეცინა. -ნატას არ უთხრა იცოდე. -არ ვეტყვი, მაგრამ მაინც გაიგებს, - გამეცინა. იქვე დადებული პლედი მოვიხურე და მეც გარეთ გავედი. როგორც ყოველთვის, უკურტკოდ იდგა დათუნა ყინვაში და ეწეოდა. სიგარეტი ხელიდან გამოვაცალე და ნაპასი დავარტყი. -რამდენი ხანია არ მოგიწევია? - მეკითხება რამდენმე წამიანი დუმილის შემდეგ. -ახალი წლის მერე. -ახლა რა ხდება? -ეგ მეც მაინტერესებს. თუ გავიგებ, აუცილებლად გეტყვი, სიგარეტიანი ორი თითი დავუქნიე. ხელი იდაყვში მომკიდა და თავისკენ მიბიძგა. ზურგიდან ამეკრო, ხელები მუცელზე მომხვია და თავზე ნიკაპი ჩამომადო. -მაინც? -ნატამ ტატოს ნაქები სერიალის დასამთავრებლად რომ გაათენა, ხო გაიგე ეგ? - სიგარეტი საფერფლეში ჩავწვი. -თემას ნუ ცვლი. -მაგ სერიალის ყურება ტატოს არ დაუმთავრებია და ახლა წავიდა, უნდა ვუყუროო, - გამეცინა. -სერიოზულად? - გაეცინა. -სერიოზულად. - რამდენიმე წამიანი ჩუმად ჩაცინების და დუმილის მერე დავამატე, - შენც ფიქრობ ხო? -ალბათ, - სიცილით მიპასუხა დათუნამ და ტელეფონმაც დაურეკა, - კატო, ხო მშვიდობაა? ... მღვიძავს კი, ... დაგირეკავ 2 წამში, - ბოლოს ღიმილით უპასუხა და ხელები მომიშვა, - ელენემ ბიძას თუ არ მალაპარაკებთ, არ დავიძინებო. -უყვარხარ ბავშვს, რა ქნას, - ვუპასუხე სიცილით და სახლში შევყევი. -მიკვირს, შენთან რომ არ დაარეკინა. წამო ჩემთან თუ არ გეძინება. -ივას ეძინება. -ივამ ბებოს გულს გავუხარებო და ფატიმას ოთახში წავიდა. -წამო მაშინ, - გავუცინე და თავის საძინებელში შევყევი, კარი მივხურე და ხის უზარმაზარ საწოლზე ავძვერი. -ათუნა, მომენატლე, - მობილურიდან ელენეს დამორცხებული ხმაც გაისმა. -მეც მომენატრე, ჩემო პრინცესა. მაგრამ ხო იცი, უნდა დაიძინო და რაც უფრო დროულად დაიძინებ, ხოლმე, მით უფრო მალე მნახავ. -მათლა? -მართლა. -ინასაც მალე ვნახავ? -ნახე, კიდე ნინაო, - თვალები აატრიალა დათუნამ და ღიმილით გამომიწოდა ტელეფონი. -ინაა. -ჩემო სიყვარულო, დათუნა მართალს გეუბნება. დაუჯერე დედიკოს კარგი? - პასუხად უბრალოდ თავი დამიქნია. მიდი დადე თავი და ტკბილი სიზმრები დაგესიზმრება. გკოცნი. -დილინების, ინა. მეჩ გკოჩნი და ათუნას აკოჩე, კაი? -კაი, - ვუპასუხე სიცილით და კატო გამოჩნდა კადრში. -მგონი დადო თავი ბალიშზე, ოქროები ხართ, წავედი იქნებ დაიძინოს, - გაეცინა კატოს. -მოიცადე, ახალი ამბავს დამპირდი სანაცვლოდ, - უცბად წამართვა მობილური დათუნამ. -რომ ჩამოხვალ, აუცილებლად გამომიარეთ, - სხაპა-სხუპით მიაყარა კატომ და გათიშა. -მაინც არ მესმის, - მეუბნება დათუნა და თან ტანსაცმლიანად ჩაძვრა საბანში. -რა? -ჩემზე მეტად რატომ უყვარხარ. -მე ძალიან მომწონს, - ვუპასუხე სიამაყით. -კატოს რაღა ახალი ამბავი აქვს, ხო იცის როგორ არ მიყვარს ეს სიურპრიზები. -მგონი ორსულადაა. -შენ რა იცი? - რამდენიმე წამი ჩაფიქრდა და თავი ჩემსკენ მოატრიალა. -მგონი მეთქი. არ ვიცი. -ოხ ეს ქალები, - თავი გააქნია და საბანი ნიკაპამდე ამოიწია. მერე გადმომხედა, ისევ ამოსწია ხელები, უცბად გადამაფარა და ისევ ნიკაპამდე ამოიწია საბანი. - რო გიყურებ, უფრო მცივა. -ჩემზე მცივანა როდის გახდი. -დაიძინე, რა. - ჩემსკენ გადმობრუნდა და თვალები დახუჭა. -იძინებ? -ჰო. -წავალ მაშინ. -დაიკიდე, რა. - ამას ისეთი ხმით მეუბნება, თითქოს რაღაც უსაშველოს მთხოვდეს. -რა? - მართლა ვერ მივხვდი რას მთხოვდა. -დარჩი და დაიძინე, - თითქმის ჩურჩულით ამოიბურდღუნა და ხელი გადამხვია. დათუნას ალბათ რამდენიმე წუთი დასჭირდა რომ მორფეუსის სამყაროში გაეცურა. ხელი ისევ ჩემ მუცელზე ჰქონდა შემოხვეული და ვერ ვტოკდებოდი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა დათუნასთან ერთად ვიძინებდი ერთ საწოლში. ვიწექი გაშეშებული, სიბნელეში თვალებს ვატრიალებდი და დათუნას სუნთქვას ვუსმენდი. თითქმის გავითიშე, წამის მეასედში ისევ რომ გამოვფხიზლდი და დათუნასკენ გადავბრუნდი, თითქოს იგრძოო, დათუნამაც ჩემთან ერთად შეიცვალა ფორმა და ზურგზე დაწვა. თავი მკერდზე ჩამოვადე და ამჯერად მე გადავხვიე ხელი მუცელზე და თითონ მექანიკურად მოკეცა მკლავი და თითის წვერი მოშიშვლებულ წელზე გამისვა. შემთხვევით, მაგრამ მთელი ტანი დამეჭიმა და დამეხორკლა. და შევცბი, ჩემი თავის შემეშინდა. დათუნა ხომ პირველად არ მეხუტებოდა არც ჩაცმულს და არც საცურაო კოსტუმში გამოწყობილს შიშველ კანზე. არასდროს მის შეხებაზე რეაქცია არც მე მქონია და არც ჩემს სხეულს. ახლა რა შეიცვალა? უბრალოდ ერთ საწოლში რომ მასთან ერთად მეძინა, ეს ხომ არაფერს ცვლიდა? თითქოს მინდოდა ამოცანის ამოხსნა, მაგრამ პასუხებს ვუფრთხოდი. ფიქრები ცოტა ზედმეტისკენ გარბოდა თუ არა, ტვინის მეორე მხარე ავტომატუად თიშავდა. არ ვიცი ფანჯარაში მოცისფერო ცა მომეჩვენა, თუ მართლა გამთენიისას ჩამეძინა. დილით ბავშვების ლაპარაკმა შემაფხიზლა. უჩვეულო ცივი ჰაერი სასიამოვნოდ მედებოდა სახეზე. საბანი უფრო მჭიდროდ მოვიხვიე და უფრო მეტად მსიამოვნებდა ცივის შეგრძნება სახეზე. მისაღებიდან მოგუდულად შემოდიოდა ჩემამდე ხმა. სიამოვნებით დავიძინებდი ცოტა ხნით, მაგრამ ხმა ამის საშუალებას აღარ მაძლევდა. ნელ-ნელა თვალებიც გავახილე. მიყვარს სოფელი. -გაუღვიძია დათუნას მტრედს, - გაეცინა ნატას. -დილამშვიდობის, - იმ წამს მივხვდი, რომ ძილისგან დამბოხებოდა ხმა. -აშკარად კარგად გეძინა, - თვალებმოჭუტული მიყურებდა. -ამას ამბობს ნატა, რომელსაც ორი დღე მიბმულად ეძინა და შუალედში შემთხვევით ჭამდა ხოლმე, - ყველას გაგვეცინა. -მგონი ორმაგად დატვრთული ენერგიით ადგა დღეს, გაგვაგიჟა უკვე, - ბჟირდებოდა ივა. -გავუძლებთ, - მომუშტული ხელი ცისკენ ავიშვირე და სიცილით წავედი სააბაზანოსკენ. -ბებო, რას შეჭამ? - გამომცდელი მზერით მკითხა ფატიმა ბებომ. -ხაჭაპურს, ბებო. - გავუღიმე. -ყავა თუ ჩაი? -ყავა. -ივა, ბებიკო, დამეხმარები? - ოთახის ბოლოში, სატენზე შეერთებულ მობილურთან აყუდებულ შვილიშვილს გასძახა. -მე დაგეხმარებით, ფატიმა ბებო, აქ არ ვარ? - გაეცინა დათუნას და წამოდგა. -აგაშენა ბებომ, გენაცვალე რა ბედნიერი იქნება შენი ცოლი, არაფერს გაუჭირვებ. -ახლაც მაგაზე ზრუნავს. - გაეცინა ნატას. -რა ბებო? -კარგი ბიჭიაო, მაგრამ ცოლი აჯობებსო, - დათუნამ უპასუხა ბებოს, თვალი ამარიდა და სამზარეულოში შეიმალნენ. -სად არიან ტატო და საბა? -ერთმანეთზე ჩახუტებულებს ძინავთ, ვერაფრით ჩავაგდე გონში ვერც ერთი, - თავი გააქნია ნატამ. -რას ერჩი? ეძინოთ. -ვწუხდები. -ჩემი ძილით რატომ არ შეწუხდი? - ვკითხე ნატას და ამ დროს დათუნამაც გამომიტანა ხაჭაპური და ყავა, - ოქრო ხარ. -ბრილიანტი, ბრილიანტი! - ნატას რაც აწყობდა ის მიპასუხა და აღარ შემიბრუნებია კითხვა. ქეთა თავისთვის იჯდა სავარძელში და ტიკ-ტოკს ატრიალებდა. შუადღისით ბიჭებმაც გაიღვიძეს. ჩვენ ვისადილეთ, იმათმა ისაუზმეს. ხან ვსაუბრობდით, ხან ჩვენთვის ვიყავით. მერე ბიჭები ჯოკერს თამაშობდნენ. გოგოებიც მივუჯექით და ვამხნევებდით. მთელი დღე ერთად ვიყავით, ფატიმა ბებოც თავს გვევლებოდა და ჩვენი იქ ყოფნით ტკბებოდა. მომდევნო დღეს ვისაუზმეთ და თბილისისკენ ადრიანად დავიძარით ისევ იგივე შემადგენლობით. ჩვეულ ყოველდღიურობას და რეალობასაც დავუბრუნდით. -ეზოში ჩამოხვალ? - მირეკავს დათუნა საღამოს 8 საათზე. -რომელ ეზოში, წვიმს, ტალახია. -მანქანაში ჩამო, - პასუხსაც არ დაელოდა, გამითიშა. სახლის ტანსაცმელზე პირაპირ მოვიცვი ქურთუკი, უგებში ჩავყავი ფეხები და ქვემოთ ჩავედი. სადარბაზოდან ზუსტად 2 ნაბიჯი გადავდგი და უკვე დათუნას მანქანაში ვიჯექი. -შენ თვითონ რატომ არ ამოხვედი? -რავიცი, წვიმს და ტალახია, - მგონი დამცინა. ჰო ნამდვილად დამცინა, არ მომჩვენებია. მანქანა დაძრა. -სად მივდივართ? - ღვედი გადავიკარი, ფეხები უგებიდან ამოვყავი და სავარძელზე კომფორტულად ამოვიკეცე. -მაკში, ბურგერები მომენატრა. -ისე, გეთქვა ჩაიცვიო?! - ტყუილუბრალოდ ავწუწუნდი. -ხო გაცვია? - ცალი თვალით გამომხედა და ამათვალიერ-ჩამათვალიერა, - მშვენიერ ფორმაში ხარ. -ჰო, გაიხარე, სახლის ტანსაცმლით. -ნუ აჭარბებ, ნინა. როგორც ყოველთვის? - მეკითხება და დრაივზე შეუხვია. -რა თქმა უნდა. -არ ვიცი, ამ ბოლო დროს ვეღარ გცნობ, - შეკვეთა მისცა და მეც პასუხი აღარ გამიცია. კოკა-კოლები გადმომაწოდა, საშუალო ზომის პაკეტი მუხლებზე დაიდო, თავისსა და საჭის შუაში მოიქცია, მანქანა იქვე ახლოს გადააყენა და ბურგერები მომაწოდა. -აი, რა მიყვარს! - სიამოვნება ხმაზეც კი მეტყობოდა. -იცი რა ვიფიქრე? -საბურგერე გავხსნათ? -3 დღე შემიძლია სამსახურიდან გავენთავისუფლო. ბილეთებს ვეძებდი და მაგ თარიღებში წასასვლელად 3 ვარიანტი გვაქვს: კოპენჰაგენი, ბრიუსელი და ბუდაპეშტი. -ბატონო? - გამიჭირდა იმის გადახარშვა, რას მელაპარაკებოდა. მერე დაჯერება გამიჭირდა. ნახევარი ბურგერი პაკეტში ჩავაბრუნე და გადავდე. -დანარჩენები მაინც ვერ მოდიან და შენ აირჩიე და წავიდეთ მე და შენ, - მხრები აიჩეჩა, ისე მალაპარაკებოდა, თითქოს ყოველდრიურ თემას განვიხილავდეთ. -სერიოზულად? -რა არის დაუჯერებელი? -არ ვიცი. მარტო ჩვენ ორნი წავიდეთ? -ხო, რა მოხდა. მარტოებს მშობლები არ გაგვიშვებენ თუ ნატა, - იკითხა სიცილით და ბურგერის ბოლო ლუკმაც დააგემოვნა. -კი, მაგრამ მე მინდოდა, ყველა ერთად რომ წავსულიყავით. -მე რას მიწუნებ? -არც არაფერს, მაგრამ ერთად უფრო გავერთობოდით. -ეს ჩემი საახალწლო საჩუქარი იქნება. მომავალი წლისთვის სხვებიც გაითვალისწინებენ და მერე კიდე წავიდეთ სადმე სხვაგან ერთად. -არა, რა საჩუქარი... - წინადადება ბოლომდე ღარც დამამთავრებინა, ნახევარი ტანით შემოტრიალდა და თვალები ისე დააბრიალა, ჩემით გავჩუმდი. -ამ თემაზე მეორედ კიდე თუ ვილაპარაკებთ, სერიოზულად ვიჩხუბებთ. არ ვხუმრობ. -ოქეი. -რომელი? -რა რომელი? -კოპენჰაგენი, ბრიუსელი თუ ბუდაპეშტი? -არ ვიცი. ქვეყანაზე არ მიფიქრია. -კოპენჰაგენი ძალიან ლამაზი უნდა იყოს. ბრიუსელზე შარშან ნახევარი ჩემი სამსახური ლაპარაკობდა, მაგრამ ჩემ აზრით, სხვა ახლოსმდებარე ქალაქების გარეშე, არ ღირს. ბუდაპეშტში სიმართლე გითხრა, არ ვიცი რატო დადიან. -ყველაზე ნაკლებად სად ეციება? -ბუდაპეშტში ალბათ. -მაშინ მანდ წავიდეთ. -დარწმუნებული ხარ? ცოტა დაფიქირდი თუ გინდა, არამგონია კმაყოფილი დარჩე. -დარწმუნებული ვარ. თან მე თუ არ ვიქნები კმაყოფილი, სხვა დროს სხვებთან ერთად თუ წავალთ, სხვები უფრო მეტად უკმაყოფილოები იქნებიან და ხო იცი, ეგ არ მიყვარს. -შევთანხმდით, - გამიღიმა დათუნამ და თმა ამიჩეჩა. დათუნამ ჩემ კორპუსთან გააჩერა მანქანა. ისევ წვიმდა. მანქანიდან გადმოვიდა და სიგარეტს გაუკიდა, სანამ სადარბაზოში გავუჩინარდებოდი, როგორც იცის ხოლმე. ჩემებს მოგზაურობის ამბავი შევატყობინე და დასაძინებლად წავედი. მომდევნო დღეს, დაბარებულივით შესვენების ზუსტ დროს ნატა გამომეცხადა სამსახურში. უცნაური ნამდვილად არ იყო, ახლოს მუშაობს და ხშირად გამოდის ხოლმე შესვენებაზე ჩვენი ნაპოლეონისთვის. ისევ ქვემოთ კაფეში დავსხედით. მაგრამ ნატა და ჩუმად ყოფნა? სანამ ყავას და ნატას ნაპოლეონს მოგვიტანდნენ, ხან ტელეფონს ატრიალებდა, ხან თვალებს. ერთ-ორ სიტყვას მომიგდებდა და ეს იყო. ნაპოლეონი მოიტანეს თუ არა, ზემოდან დააწვა, დააპატარავა და ზედმეტად აკურატულად დააგემოვნა პირველი ლუკმა თვალებიც აუკიაფდა. -ვერ ვხდები, მოყოლა გინდა თუ არა. - საკმაოდ დიდ ხნიანი დაკვირვების შემდეგ, ისევ მე დავარღვიე დუმილი. -რაც თავი მახსოვს, გიყურებთ შენ და დათუნას და სუ იმაზე ვფიქრობ, ერთად როგორ არ ხართ. - ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ნატამ ხუმრობის გარეშე დაიწყო საუბარი. თან ერთი-ერთზე პირდაპირ მხოლოდ ჩემთან. პასუხის გაცემა ვერც ვიფიქრე, ვიჯექი და ვუსმენდი, თან ცოტა შოკირებული, - ვაკვირდები ერთმანეთს როგორ უყურებთ, მხარში როგორ უდგახართ. არ არსებობს, რომელიმეს მაინც არ დაგავიწყდეთ ერთმანეთის არსებობა, გეგმები ან არ ვიცი. ხშირად დამიჭერია, ერთმანეთის მაგივრად რომ ფიქრობდეთ. თქვენ ამას ვერც ხვდებით, ვერ იაზრებთ, არც გიკვირთ, იმიტომ, რომ ეს გამჯდარი გაქვთ. ამ თემაზე ხუმრობა რომ მიყვარს და წამდაუწუმ ამას გაძახებთ, ისე იცით, როგორც ორჯერ ორი რომ ოთხია, - ამჯერად ნაპოლეონის მეორე ლუკმისთვისაც გამონახა დრო. -ნამდვილად, - ახლაც ჩამეცინა, ისევ მეგონა რომ უნდა ეხუმრა. -ხო, მაგრამ უყურე, - ჩანგალი თეფშზე დააბრუნა, მაგიდას ორივე იდაყვით დაეყრდნო და პრეზენტაციასავით გააგრძელა საუბარი, - ბევრთან მიხუმრია ასე, ქეთაზე და ტატოზეც კი გამისროლია მსგავსი რეჩი, მაგრამ რაც თავი მახსოვს სუულ მარტო შენ და დათუნას გხედავთ და შესაბამისად, ძალიან ხშირად გამოვხატავ ამას ხმამაღლა. -ნატა, ცოტა შეამოკლე, აშაკარად არ არის ეს ის, რისი თქმაც გინდა. -მაგრამ უნდა ვთქვა. პირველ რიგში, თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობ და ვინ იცის, იქნებ მართლა ძალიან არასწორი ვარ თქვენთან და გულწრფელად ვწუხვარ, მაგრამ... - ახლა მესამე ლუკმაც. ეს გოგო ნაპოლეონით იკვებება პირდაპირი და ირიბი გაგებით. -ნატა, სერიოზულად, არ მომწონს ეს ამბავი, - პულში ცოტა შემინელდა, მართლა შემეშინდა. -ნელ-ნელა ჩემ თავს ვიჭერ იმ რაღაცეებში, რასაც მე თქვენში ვხედავ, - ისევ გაჩუმდა და ისტერიულად დააყოლა ახალი ლუკმა. მე ვერ მივხვდი, რისი თმა უნდოდა. ისიც კი ვიფიქრე, დათუნა ხომ არ უყვარს მეთქი. ხმა ვერ ამოვიღე. ვიჯექი და გაშეშებული ვუყურებდი ნატას, თითქოს გამჭირვალე გახდა. ასე არეულად ჯერ არასდროს ულაპარაკია, - ტატოს რომ ვუყურებ, მგონია რომ ისე უნდა შემომხედოს, როგორც დათუნა გიყურებს. სურვილი მიჩნდება ხოლმე, მეც ამდენად ხშირად ვახსენდებოდე, მოვიდეს ხოლმე ზოგჯერ ისე გაუაზრებლად და უადგილოდ ჩამეხუტოს ან მივიდე და ჩავეხუტო, როგორც ამას თქვენ ორნი აკეთებთ. ჩემ თავს იმდენ რაღაცაში ვიჭერ, მალე გავგიჟდები, ალბათ, - ცრემლებით ჰქონდა თვალები სავსე და ერთი ცალი ლოყაზე ჩამოუგორდა კიდეც, - იმაზე ფიქრიც დავიწყე, რა მომწონს მასში და რა არა. რა უფრო მეტად მეგობრობისკენ იწევს და რა ვნებისკენ. იმის წარმოდგენა დავიწყე, რამდენად შემეფერება როგორც კაცი, ქმარი და ჩემი მეორე ნახევარი, თორე მეგობრად ისედაც ყველა ერთმანეთს რომ ვავსებთ, მაგიტომ ვართ ამდენი წელი. ვფიქრობ ხოლმე და ვერასდროს ვერ წარმოვიდგინე ვკოცნიდე მაგალითად ივას, ისიც ხომ მეგობარია, მაგრამ არა, ვერაფრით! ამდენი ხანია ვუყურებ ხოლმე ტატოს და მარტო იმაზე ვფიქრობ, რომ მაკოცოს, ისიც კი წარმომიდგენია ეს რამდენად სასაიამოვნო იქნება, შეიძლება გულიც კი გამისკდეს, მაგრამ თან ვიცი, რომ ამას არ გააკეთებს. მეგობარი თუ გიზიდავს, ის გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ მეგობარი. და მე, - უცბად შეჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა, - მეშინია, ნინ. ძალიან მეშინია. -ნატა? - გავაანალიზე სიტუაცია და უკვე მეღიმებოდა. -რა? -შეყვარებული გაცილებით უფრო მეტად მიყვარხარ, - მართლა გულიდან წამოსული ხმით გამეცინა და მის ცრემლებზე ახლა მეც მომადგა თვალზე ცრემლი. -სასაცილოდ არ მაქვს საქმე. -ნამდვილად არ გაქვს, - ვეცადე სახე დამესერიოზულებინა, მაგრამ მაინც სულელივით მეღიმებოდა. -„ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო“ ჩემთვის უთქვამთ, - ხელი აიქნია და ნაპოლეონი დაასრულა. -მე შენ ადგილას ნაცარში ნემსს არ გადავაგდებდი, - სასხვათაშორისოდ ვუპასუხე და ყავა ხმაურიანად მოვწრუპე. მეგონა, რომ ნახევარი დარბაზი გამომხედავდა. -რა? - ალბათ სხვას რომ მოესმინა, მარტივად მიხვდებოდა რას ვიგულისხმებდი, მაგრამ არეულმა ნატა ეს ვერ გაიგო. დაზუსტებით არც მინდოდა გულზე ფეხი დამეჭირა და თემა გადავუტანე. -მე და დათუნა ბუდაპეშტში მივდივართ. -რაო? - ცრემლები უცებ შეიმშრალა, - როდის? -6 დღეში. -ახლა რატომ ვიგებ? -დილით მომწერა, ბილეთები ვიყიდეო. -ჰო, ჰო წადით. მარტოებმა ისეირნეთ, იგულავეთ. იქნებ ცოტა აზრზე მოხვიდეთ უჩვენოდ. - პასუხად წარბები ავუწიე, - ხო კარგი. წავედი, დავბრუნდე სამსახურში. - ფეხზე წამოდგა, კურტკა მოიცვა და კარისკენ წავიდა, უცბად გაჩერდა და ხელი სამზარეულოსკენ მიმართა, - იმას უთხარი, უსასწაულესი ხელი გაქვსთქო. ნატაზე და ტატოზე მეც შევნიშნე და დათუნამაც. ვხვდებოდი, რომ ნატასგან იმაზე მეტი იყო, ვიდრე ჩანდა, მაგრამ არა ისე მძაფრად, როგორც რეალურად ხდებოდა მის თავს. ტატოსგანაც მაქვს დაჭერილი. ნამდვილად არ მიდარდია ნატას ცრემლები, ალბათ აეწყობოდნენ, უბრალოდ დროის ამბავი იყო და მთელი დღე მეღიმებოდა. განსაკუთრებული არაფერი, ნატას მთელი კვირა აღარაფერი უხსენებია. თითქოს ერთხელ ამოიდგა ენა, დაიცალა და გათავისუფლდა. მის მერე თავიდან იწყებდა მოთმინების ფიალის შევსებას და ისევ არაფერი ეტყობოდა გარეგნულად. თბილი ტანსაცმლის საყიდლად დავრბოდი და ჩანთას ვალაგებდი. ისე გავიდა მთელი კვირა, ისე მივედით აეროპორტში და ჩვენ რეისს ველოდებოდით, თითქოს გუშინ გადავწყვიტეთ გაფრენა. დრო რა სწრაფად გადის. -ხომ არ გადაიფიქრე? -არა, ხუმრობ? - გამეცინა და მხრები აიჩეჩა. -წავედით, გავფრინდეთ, - სიცილით გადამხვია ხელი და თვითმფრინავის კაბინაშიც შევდგით ფეხი. გამთენიისას ჩავფრინდით. აეროპორტშივე ამოვიღე ჩანთის ზემოდან დატოვებული ჯინსის შარვალი და ლეგინსებზე ამოვიცვი. დათუნასაც ჰქონდა სავარჯიშო ლეგინსები წამოღებული, საპირფარეშოში გავიდა ჩავიცვამო და სანამ დაბრუნდა, ქუდში და შარფში გავეხვიე. კომბოსტოსავით გახვეულები გავედით შენობიდან და მაინც ღმერთო, როგორი ყინვა იყო! -თავი ციმბირში მგონია. -წარმოიდგინე, კოპენჰაგენში ამაზე მეტად ცივა, - მამხნევებს დათუნა. -არ ვიცი ამაზე მეტი სიცივე. -ხოარ მივბრუნდეთ? -წამოდი, წამოდი. მგონი აქეთ უნდა წავიდეთ. -ცენტრში გავიდეთ და პირდაპირ სტარბაქსში შევიდეთ ხო? ცოტა დავისვენოთ. -ხო, 7 საათზე იღება. ყავის სუნი მცემს უკვე. მარტივად ვიპოვეთ ტრანსპორტი და ცენტრისკენ გავედით. მობილურში რუკაზე წინასწარ მქონდა მონიშნული ყველაზე ადრე სტარბაქსის რომელი ფილიალი იხსნებოდა და პირდაპირ მივედით დანიშნულების ადგილას. ყავის სურნელი ჩავისუნთქე თუ არა დავრწმუნდი, რომ სწორ ადგილას ვიყავი. სიცივე თუ არა, სტარბაქსის გამო ღირდა ჩამოსვლა. 9 საათს აკლდა 15 წუთი, მზე უკვე დიდი ხნის ამოსული იყო, მაგრამ მაინც მთელ ქალაქს ეძინა. იგივე დროს თბილისში უკვე საცობებითაა ქალაქი სავსე. 2 ან 3 საათი გავჩერდით. 2-2 ყავა დავლიეთ და კრუასანებიც დავაგემოვნეთ და სანამ დაბინავების დრო მოვიდოდა, ქალაქის დასათვალიერებლად გავედით. სასტუმროში ერთი ოთახი გვქონდა აღებული. სიმართლე რომ ვთქვა, არც მიფიქრია, ცალ-ცალკე ვყოფილიყავით. იმდენად დაღლილები და გათიშულები ვიყავით, ერთი სული გვქონდა შხაპი მიგვეღო და დაგვეძინა. -შენ რატომ უნდა დაიბანო პირველმა? - ავწუწუნდი და პირსახოცჩახუტებული ვიდექი შუა ოთახში. -მეტი ენერგია არ მაქვს, - თავისას მიმტკიცებს დათუნა. -ამხელა კაცი ხარ, რა გაწუწუნებს? -შენ რომ შეხვალ, აღარ გამოხვალ. ვიცი მე ქალების ამბავი, - აი აქ კი თვალები შუბლზე ამივიდა. -რას აბობ, მე 10 წუთში ვბანაობ და შენ რომ შეხვალ, გამოსვლა აღარ იცი. -10 წუთში ვერ გამოხვალ. -ნიძლავი დავდოთ. თუ გამოვალ, რა ხდება? -თუ გამოხვალ, იმ გატრიპაჩებულ კაფეში იმდენ სურათს გადაგიღებ, რამდენიც გეყოფა. -მაწყობს, - წინასწარ გამზადებული პასუხი ისე სხარტად ვუპასუხე, რაც არ უნდა ეთქვა, მაინც რომ იგივეს ვეტყოდი და სწრაფად ჩავუარე გვერდით და სააბაზანოს კარები ცხვირთან მივუკეტე. ზუსტად 8 წუთში გამოვედი პირსახოცშემოხვეული, სველი თავით. თმის გამშრალებას და ჩაცმას ნამდვილად ვერ მოვასწრებდი. ოთახში ბნელოდა, ვარაუდით მივედი საწოლის ჩემ მხარეს, რომ გამზადებული ტანსაცმელი ჩამეცვა. ველოდებოდი, რომ დათუნა კარებთან დამელოდებოდა და სწრაფად შევიდოდა აბაზანაში, მაგრამ 3 წუთის მანძილზე მოძრაობა რომ არ გამიგია, ვიფიქრე, ეძინა. საცვალი ამოვაცურე წელზე, გრძელი მაისური გადავიცვი და მერე მოვიხსენი პირსახოცი და თმაზე შემოვიხვიე, ცოტა შევაშრე. პირსახოცი რომ გადავკიდე სკამზე, ბუნდოვად გავიაზრე, რომ სიბნელეს მივეჩვიე და თურმე საკმარისი სინათლე იყო ოთახში ყველაფრის გასარჩევად. დავწექი და ბალიშს რომ ჩავეხუტე, მერე გავიგე, როგორ წამოდგა დათუნა საწოლიდან და სააბაზანოში შევიდა, მაგრამ უკვე სანახევროდ მეძინა. როგორც ჩვევაში მქონდა, ბუდაპეშტშიც თბილისის დროით გამეღვიძა. სასაათო ზონის ცვლილების გამო, ჯერ გათენებულიც არ იყო. პირი დავიბანე, ჩანთიდან წინა დღეს ნაყიდი ხემსი და წყლის ბოთლი ამოვიღე, სკამზე ჩამოვჯექი საწოლის პირდაპირ და ჭამა დავიწყე. საუზმე აუცილებელი იყო, რომ აზროვნება შემძლებოდა. მძინარე დათუნას ვუყურებდი. გამახსენდა, რაჭაში მასთან ერთად რომ მეძინა, როგორ დამიარა მთელ ტანში დენმა. ვფიქრობდი, იმ მომენტს გაფუჭებული კასეტასავით ვატრიალებდი თავში, არც დადასრული ჩანდა და არც გაგრძელება. ნატას ნათქვამი გამახსენდა „იმის წარმოდგენა დავიწყე, რამდენად შემეფერება როგორც კაცი, ქმარი და ჩემი მეორე ნახევარი, თორე მეგობრად ისედაც ყველა ერთმანეთს რომ ვავსებთ...“ ამაზე მე არასდროს მიფიქრია. არც შეფერებაზე და არც ის გამიაზრებია ბოლომდე, დათუნა ვინ იყო. მყარად მქონდა თავში ჩადებული, რომ მეგობრები და ძმაკაცები ვიყავით. აქ წერტილს ვსვამდი ყოველთვის და არასდროს მიმიცია ჩემი თავისთვის საშუალება, რომ ამაზე მეტი მეფიქრა. არცერთი წამით არ დამიშვია, რომ სხვანაირად მეფიქრა. ერთადერთი რასაც ვიაზრებდი ის იყო, რომ დათუნას შეყვარებული რომ ეყოლებოდა, ჩემ მომავალს ვეღარ ვხედავდი. იქნებ ეს პასუხიც კი იყო არდასმული ჩემი შეკითხვის? და შეკითხვა რა იყო? დათუნა იდეალური ქმარი იქნებოდა, მაგრამ ვისთვის? „ვერასდროს ვერ წარმოვიდგინე ვკოცნიდე მაგალითად ივას, ისიც ხომ მეგობარია... მარტო იმაზე ვფიქრობ, რომ მაკოცოს, ისიც კი წარმომიდგენია ეს რამდენად სასაიამოვნო იქნება...“ ნატას სიტყვები ამოგლეჯილი ნაწილებივით ტრიალებდა ჩემ თავში. დათუნა მგონი ჩემმა მზერამ შეაწუხა, გვერდი იცვალა, ზურგზე დაწვა და საბანი ნახევრად გადაიძრო. მუცელში ტალღებივით წამოვიდა ცხელი ტემპერატურა. -რატო გღვიძავს? - დათუნას ხმაზე შიშისგან შევხტი, თითქოს ფიქრებში გამომიჭირა. საწოლში წამოჯდა, ორივე ხელით თვალები მოსრისა და დაწვრილებული თვალებით მიყურებდა. -ბიოლოგიური დროით გამეღვიძა. -არ გცივა? - ტანზე დავიხედე, ახლა გამახსენდა, რომ შორტები არ ჩამიცვამს, მაგრამ მაისური უკანალს მიფარავდა. -ნწ. -არ გაცივდე, ნინ, - თითი დამიქნია და სააბაზანოში შეიმალა. -გახსოვს წუხელ რას დამპირდი? -რას? -კაფეში გამოგყვები და იმდენ სურათს გადაგიღებ, რამდენიც გეყოფაო. -ეგ იმ შემთხვევაში თუ დროზე გამოხვიდოდი. -ხო გამოვედი, - გავიკვირვე და წინა საღამოს გახსენება რო დავიწყე, მერე გავიაზრე, დათუნა გვიან შევიდა სააბაზანოში, - ხო მართლა, რომ გამოვედი, ვიფიქრე, რომ გეძინა. რას აკეთებდი? -ვისვენებდი, - კისერზე მარჯვენა ხელი მოისვა, ამას მაშინ აკეთებს, როცა რაღაცას მალავს. ორივე წარბი შუბლზე ამივიდა. სიტყვებიც კი არ იყო საჭირო, რომ მიმხვდარიყო, არ დავიჯერე. თავი გააქნია, კისერი დაიტკაცუნა და დაამატა, - გიყურებდი. -ისედაც მთელი დღე მიყურებდი, - გულუბრყვილოდ ვუპასუხე და თან სიტუაცია გამახსენდა, რასაც უყურებდა, უცბადვე დავამატე, - მოიცადე, ანუ პირსახოცი რომ მომეხსნა და ისე ჩამეცვა...? -ბევრს ფიქრობ, - თმა ამიჩეჩა, სიგარეტის ღერი ტუჩებში მოიქცია, კურტკა მოიცვა და აივანზე გავიდა. ჩემ თავს ჩავუბურტყუნე, ნინი, უბრალოდ ტვინი გაქვს არეული მეთქი. ცალკე ნატა, ცალკე ნინა. ახლა დათუნას გამოხტომებიღა აკლდა. ამას რაღა დაემართა? იქნებ ტატომ აურია ტვინი? თვალები გამიფართოვდა, რა მომათმენინებდა, პირდაპირ გამოვაღე კარები, სიცივეც ვერ ვიგრძენი. -დათუნა, ტატო გელაპარაკა ხო? - დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ ისე მოვუჭერი, რომ სხვანაირად ვერ ეპასუხა. -შენ საიდან იცი? -ვიცი რასაც გეტყოდა, მაგრამ უფრო ზუსტად? -ნინა, იქნებ სახლში შეხვიდე? - ცოტა გაბრაზებული სახით შემომხედა. დათუნას გაბრაზება ნამდვილად არ მაწყობდა, სახლში შემოვედი და სანამ დათუნაც შემომყვებოდა, ტანსაცმელი ჩავიცვი. -მეტყვი? - შემოსვლაც არ ვაცადე. -არა. -რატო? -მე არ მეხება. არც შენ, - თითი ამიქნია და კურტკა საკიდზე დაკიდა დარჩა ისევ წელზევით შიშველი. არადა აქამდეც ხო ასე დადიოდა სულ? -რაც მაინტერესებდა გავიგე, - ვუპასუხე ღიმილით და თან საათი შევამოწმე. -შენ საიდან მიხვდი? -მე არ მეხება. არც შენ, - მხრები ავიჩეჩე. -ცანცარებ, - გამიცინა და ისევ საწოლზე წამოწვა. -ჩაიცვი ახლა, კაფეში წავიდეთ. -რა დროს კაფეა დილაუთენია? - სერიოზულად გაუკვირდა. -ეგ კაფე მარტო მე კი არ ვიცი და ახლავე თუ არ მივალთ, მერე მთელი დღე რიგში უნდა ვიდგეთ. -სერიოზულად? -ხო, მართლა. -შორსაა? - თან ადგა და ჩაცმა დაიწყო. -გვერდით ქუჩაზეა. -კარგი, კარგი. პატიოსან სიტყვას ვასრულებ წუწუნის გარეშე, - ხელები აწია დანებების ნიშნად. 8-ის ნახევარზე უკვე შიგნით ვიყავით, რიგში დგომა მართლა არ მოგვიწია. დაპირებისამებრ, იმდენი სურათი გადამიღო, რამდენიც ვუთხარი. მერე სხვასაც სთხოვა გადაგვიღეო, მოვიდა და ჩემთან ერთად იტრიალა სურათის პოზისთვის. ჰო, სურათების გადაღება დათუნასაც უყვარს. ის დღე შედარებით დავირთული გვქონდა, მაგრამ კარგად გამოძინებულებიც ვიყავით და ნაკლებად დავიღალეთ. დაბალ ტემპერატურასაც უფრო მეტად ვაქცევდით ყურადღებას. სტარბაქსს ხშირად ვსტუმრობდით, ეს ჩვენი სუსტი წერტილი იყო. ბუდაპეშტში ისედაც მოკლე დღეა და ღრუბლიან ამინდში განსაკუთრებულად ადრე ბნელდება. 5 საათისთვის უკვე სრულად ჩამობნელებული იყო და შესაბამისად, განათებებიც გაჩახჩახებული იმზირებოდა. და აი ისიც, საახალწლო ბაზრობა. ვაღიარებ, გაცილებით მეტი ტურისტი იყო, ვიდრე საქართველოში. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, ტურისტები უფრო მეტად მრავალფერვანი რასის იყვნენ, ვიდრე საქართველოში. ნაძვის ხე არ მკითხოთ, ჩემთან სახლში უკეთესი დგას. განათებებსაც არაუშავრს, რა. ჩემს სამშობლოს ვერ გადამიწონის. მაგრამ ყველაზე დიდი განსხვავება, რაც დავინახე ის იყო, რომ თბილისში ახალი წლის პერიოდში სეირნობისას, ჯიხურებში მხოლოდ 90-იანების ქვაბში მომზადებულ გლინტვეინს თუ დააგემოვნებდი. ბუდაპეშტში კი, საახალწლოდ მორთული ქალაქის ნაცვლად, ჯიხურები იდგა უამრავი, ღია რესტორნებივით. სურნელი ტრიალლებდა, სულ რომ ახალი ნაჭამი ყოფილიყავი, მაინც მოგანდომებდა გრილზე მომზადებული სოსისების დაყოლებას. -როგორია შენი შთაბეჭდილება? - მეკითხება და თან სეირნობისას ფეხს მიწყობს. ხელები ქურთუკის ჯიბეებში გველაგა, თავზე ქუდებითა და კისერზე შარფებით პინგვიებივით დავდიოდით. -საშობაო განწყობით ვერ გადავირიე, მაგრამ მიხარია, რომ უცხო ქალაქი ვნახე. კიდევ წავიდოდი მომავალ წელს სხვაგან. შენ? -მე უკვე შემდეგ ქვეყანას ვარჩევ. -ეგეთი ცუდიც არ არის, - თან გავიკვირვე, - ქალაქი ლამაზია. ჩამოსვლა ღირდა, მართლა. -ლამაზი ნამდვილად არის. -აბა? -ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, შენი სიცივის ამტანობის შემეშინდა, თორე უკითხავად ვიყიდდი კოპენჰაგენს. -ამაზე მეტად კიდევ სადმე თუ ცივა, მართლა არ ვიცი. -მაინც იფიქრე სამომავლოდ. წავედით ახლა სადმე გავთბეთ. მერე პაბში გავედით. ცოტა დავლიეთ, ცოტა ვიცეკვეთ. ტურისტებში გავერიეთ და ცოტა ნასვამები დავბრუნდით სახლში. პირველი ამჯერად დათუნა შევუშვი სააბაზანოში და მერე მე შევედი. აბაზანაში მაღალი სინათლე იყო და საძინებელში რომ გამოვედი ისევ ვიფიქრე, რომ არაფერი ჩანდადა მაშინ მივხვდი, რომ უბრალოდ დაბალ განათებაზე ადაპტაცია მჭირდებოდა. ისევ პირსახოციანად ჩავიცვი და ისევ მაისურით და სველი თმით შევწექი საწოლში. -თმის გაშრობას როდის ისწავლი? - მკითხა დათუნამ, ხელი მომხვია მუცელზე და ჩამეხუტა. საკმარისად არეული მქონდა ტვინი, რომ მარტივად დამჭიმოდა სხეული. არ ვიცი დათუნამ ვერ შეამჩნია, არ შეიმჩნია თუ თავზე რომ მაკოცა, მაგით გამოხატა რაიმე. დაღლილობისგან უკვე სხვა სამყაროში დავფრინავდი და ფიქრის უნარიც ნელდებოდა. დილით ისევ თბილისის დროით გამეღვიძა. პირი დავიბანე და ისევ საწოლში დავბრუნდი. მთელი სხეული მტკიოდა. აღარც საუზმე მინდოდა, აღარც ყავა. სოციალურ ქსელში ატვირთული სურათების კომენტარებს ვათვალიერებდი. სამეგობროს ჩატსაც ჩავხედე, ყველა ჩვენი სურათი უკვე განხილული ჰქონდათ. ვკითხულობდი და თან მეცინებოდა. მომენატრენენ. კარგი იქნებოდა აქ ყოფილიყვნენ, მაგრამ უკმაყოფილო საერთოდ არ ვიყავი დათუნასთან ერთად მოგზაურობის. უბრალოდ თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობდი. ტელეფონი ისევ გადავდე და დათუნას მივაშტერდი. კარგია ადამიანს უყურებდე და ეს არ იცოდეს. მძინარე დათუნა ბევრჯერ მინახავს, ალბათ ვერც დავითვლი, მაგრამ ყოველთვის იყო სიახლოვეს კიდევ ვიღაც. არ მქონია შესაძლებლობა, მძინარე დათუნასთვის ასე ახლოდან მეყურებინა და თან იმდენ ხანს, რამდენიც გამეხარდებოდა. არასდროს დავკვირვებივარ მის ნაკვთებს რეალურ განზომილებაში. ისევ ნატა ჩამყვიროდა თავში „მარტო იმაზე ვფიქრობ, რომ მაკოცოს, ისიც კი წარმომიდგენია ეს რამდენად სასაიამოვნო იქნება...“ ხშირად ავღნიშნავდი, სიმპატიური იყო დათუნა და საყვარელიც. ზედმეტად კარგიც კი. მაგრამ დეტალებს არასდროს ვაქცევდი მნიშვნელობას, თითქოს ყოვველთვის თვალს ვარიდებდი. ახლა კი, ლამაზი სახის ნაკვთები, გამოყოფილი ყბები. წვერი ისედაც ყოველთვის გაპარსული ჰქონდა. და ტუჩები? შემეძლო იმის წარმოდგენა, როგორ ვაკოცებდი? მერე თან როგორ შემეძლო და ისევ დამიარა ცხელმა ნაკადმა ზემოდან ქვემოთ და პირიქით. ამაზე რატომ არასდროს მიფიქრია? ყოველთვის ვუარყოფდი მეგობრობის იქით ზედმეტს, მაშინ, როდესაც არასდროს მიცდია ამის წარმოდგენა. არასდროს დამიშვია, რომ მე ამ ტუჩების შეხება შემეძლო, არასდროს მიფიქრია, რომ სურვილი მქონდა მასთან ჩახუტებულს დამეძინა, როცა ეს ასეთი სასიამოვნო ყოფილა. ახალგაღვიძებულს მისი შვიდი, მძინარე სახის დანახვა არ მინატრია, მაგრამ თურმე, დილას ენერგიით ავსებს. მისი შიშველი ტანი აქამდეც მინახავს, მაგრამ არასდროს დამიშვია საკუთარ თავთან, რომ უბრალოდ ლამაზი სხეული კი არ ჰქონდა, საშინლად მიმზივდელი იყო და სიამოვნებით დავუვლიდი ყველა სანტიმეტს. ისევ ეს ცხელი ნაკადი, უკვე ნაცნობიც კი გახდა. „მეგობარი თუ გიზიდავს, ის გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ მეგობარი...“ და ჰო, მე ის მიზიდავდა. სახეზე ისე წამოვხურდი, თითქოს ჩემი ფიქრები პირდაპირ ხმამაღლა მეთქვას მისთვის. დათუნას თვალი ავარიდე და საწოლიდან წამოვდექი. სააბაზანოში შევედი პირი ცივი წყლით დავისველე ტემპერატურის დასარეგულირებლად, თბილად ჩავიცვი, დათუნას სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი მოვიპარე და აივანზე გავედი. ცოტა ხნით ტვინის გათიშვა მჭრდებოდა. დილის 6 საათი იყო ბუდაპეშტში. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ გამთენია იყო, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ბნელოდა. -8 გრადუსს აჩვენებდა მობილურზე და ზოგჯერ ქარი უბერავდა, ძვლებშიც კი იგრძნობოდა მთელი მინუსები. სიგარეტს მოვუკიდე და ფილტვებში ღრმად ჩავუშვი ნაპასი. მეორეც, მესამეც... ცოტა თაბრუდამეხვა, როგორც იცის ხოლმე. ვიდექი აივანზე ყინვაში, თვალებდახუჭული სიგარეტს ვქაჩავდი და სახე უფრო და უფრო მეტად მეყინებოდა. ფიქრის უნარი შენელდა და თითქოს, უფრო მეტად ვფხიზლდებოდი. იმ წამს სრულიად ვიზიარებდი მოსაზრებას, რომ სიცივე აზროვნების უნარს ავითარებს, ტვინის უჯრედებს ასტიმულირებს და ცხოვრებაც უფრო ხარისხიანი ხდება. ამყრალებული სიგარეტის ნამწვავი დახურულ საფერფლეში ჩავტოვე და ოთახში დავბრუნდი. დათუნას ისევ ეძინა. საწოლს თავი ავარიდე, სკამზე დავჯექი, ფეხები ავიკეცე და დათუნაც აბურდღუნდა. -რომელი საათია? -7 დაიწყო, - ჩემ პასუხზე უბრალოდ ამოიხვნეშა. ბურტყუნით წამოდგა ფეხზე. ტანზე ისევ მხოლოდ თხელი შარვალი ეცვა. ხელები გაშალა, გატრიალდა-გამოტრილდა, ძვლები გაიტკაცუნა და სააბაზანოში შეიმალა. ნელ-ნელა გათენებასთან ერთად ქარის სიძლიერეც მატულობდა. ამიტომ ვუარყოფდი ყოველთვის ზამთრის მოგზაურობებს. სანახავი კი გვქონდა დარჩენილი, მაგრამ ამ ქარში? თერმული ტანსაცმელიც კი არ იქნებოდა ალბათ საკმარისი. ნეტა ხალხი აქ როგორ ცხოვრობს? დათუნა გამოვიდა სააბაზანოდან, ჩვენ გვერდით სკამიდან ჰუდი აიღო, ჩაიცვა და სკამზე დაჯდა. -დღეს მგონი გარეთ ვერ გავალთ. ჩვენ პირდაპირ სტარბაქსში გადავიდეთ,სასტუმროში ვჭამოთ და საღამოს პირდაპირ აეროპორტისკენ გავიდეთ. -რატო ვერ გავალთ, გვიშლიან? - გაეცინა დათუნას, სკამის უკანა საყრენებზე გადაიწია, ხელი ბილომდე გაშალა და თითის წვერებით ძვლივს მისწვდა ფარდას გასაწევად, - ეს რა ამინდია. -ჰო, არ გვიშლიან, - გამეცინა, - არაუშავრს, რა. რაც ყველაზე სანახავი იყო ხომ ისედაც ვნახეთ. -ცოტა დასვენება არ გვაწყენს. -მეც მაგას გეუბნები. -ყავა მინდა. რა უბედურებაა, ასე ადრე რანაირად იღვიძებ, - აწუწუნდა და თვალები მოისრისა. -თბილისში ახლა 10 საათი ხდება, რაღა ადრე. -იქ ხო აკლებ, რას ამბობ, - მიპასუხა სიცილით. -ყველას შენნაირად შუადღემდე ვერ ეძინება. -რატო შუადღემდე, სამსახურში არასდროს დამიგვიანია. -მადლობა უთხარი დედაშენს ყოველ დილას საწყალ ქალს ომი რომ აქვს სახლში. -ყავა მინდა. -ჯერ ადრეა. მთელ ბუდაპეშტს ძინავს. -7 საათზე არაფერი იღება? - თან სიგარეტს იღებდა და აივნისკენ მიდიოდა, თან მელაპარაკებოდა. -ჩვენთან ახლოს არაფერი. -რა უბედური ქალაქია, - ხელი აიქნია და გარეთ გავიდა. ცოტა ხნის წინ დაწრმუნებული ვიყავი, რომ დათუნას თვალს ავარიდებდი. ნორმალურად პასუხის გაცემას მოვახერხებდი თუ არა, მაგაშიც კი მეპარებოდა ეჭვი, მაგრამ თავის მოკატუნება ბევრად უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე რეალობის აღიარება. პრინციპში, მთელი წინა წლების განმავლობაში უბრალოდ ზუსტად ამას გავურბოდი და რა შეიცვალა? ბევრი არაფერი, მაგრამ ნელ-ნელა ალბათ ეს გრძნობა დამწვავდა. რამდენიმე საათი კიდევ გვქონდა დრო სასტუმროში. მე ჩანთას ვალაგებდი, დათუნა საწოლზე იწვა და ტიკტოკს ატრიალებდა. -ტატოზე რომ მკითხე, - საუბარი წამოიწყო ისე, რომ თავი არ ამოუწევია მობილურიდან. -ჰო, მერე? - დალაგებას შევეშვი და დათუნას ავხედე, პასუხიც სასხვათაშორისოდ დავუბრუნე. -რატომ მკითხე? -ახლა საიდან გაგახსენდა? -შენც გელაპარაკა? -არა, - გამეღიმა და დალაგება გავაგრძელე. -იქ საერთოდ არ ყოფილხარ. რა იცი, რომ მელაპარაკა? - მობიურიდან თავის აწევა იკადრა. -შენ მითხარი. -მე რა გითხარი? -ტატო რომ გელაპარაკა. -როდის გითხარი? -2 წუთის წინ, - მხრები ავიჩეჩე და ჩამეცინა. -რაღაც იცი. -რაღაც შენც იცი, - ჩანთას თავი დავანებე და დათუნას შევხედე. -მეჯიბრები? რამის თქმა თუ გინდა პირდაპირ მითხარი, თუ ნატას დავურეკო და ვიმკითხაო? - უკვე ნერვები მეშლებოდა და ცოტა ნამიოკიც გამოუშვა. პასუხი არ დამიბრუნებია, ისევ ჩანთას ვუყურებდი, -აჰა, - ჩაიბურდღუნა და გახარებულს ნელ-ნელა გაეჭიმა ტუჩები ყურებისკენ. დაქაჩული თვალებით ვუყურებდი და ველოდებოდი კიდევ როდის იტყოდა რამეს, - ესე იგი, იცი. -მე მაგის ჩიტი ვარ? – „რას მკადრებ“ სახით ავათამაშე წარბები. -ანუ აქვთ შანსი, - ისევ ყურებამდე ეღიმებოდა. -ეჭვი ხო ისედაც ორივეს გვქონდა? - მეც გამეცინა. -ეგ ეჭვი ნატასაც აქვს ჩვენზე, - ლაპარაკისას ორივე წარბი აათამაშა და ჩაეღიმა. მე ცეცხლი წამეკიდა, თითქოს გამჭირვალე გავხდი. -ჰო, - თვალი ავარიდე. დამეფიცება, პირველად ვერ მოვაბი შესაფერის პასუხს თავი. თვალისდახამხამებაში შეიცვალა ყველაფერი. ისევ მიყურებდა, თვალი არ მოუცილებია, ვგრძნობდი. ჩანთის ჩალაგება გავაგრძელე. წინა კვირას იგივე დიალოგი რომ გვქონოდა, საერთოდ სხვა პასუხს დავუბრუნებდი და გავიცინებდი კიდევაც. ახლა კი უსაშველოდ მრცხვენოდა. ნელ-ნელა ავიბარგეთ და აეროპორტისკენ საკმარისად ადრე გავემართეთ. გაფრენამდე დრო ბევრი გვქონდა და მთელი დღის უსაქმურობის შემდეგ, დუტიფრიში ვისეირნეთ და საერთო სივრცეში თავისუფალ ადილებზე დავჯექით. -მომავალ წელსაც დავგეგმოთ დეკემბერში მოგზაურობა? - ხელი გადამხვია დათუნამ. მეც შედარებით კომფორტულად მოვეწყვე და თავი მივადე მხარზე. -აუცილებლად. -ესეიგი კმაყოფილი ხარ, - კითხვა არ დაუსვამს, ზუსტად იცოდა. -შენი დამსახურებაა, - გამეღიმა და ისე, რომ მხარიდან თავი არ ამიწევია, დათუნას ავხედე. -შენი იდეა იყო, „მადლობა“ არც დაგცდეს, ძალიან მეწყინება, - არ ხუმრობდა, ახლობლებისგან ნათქვამ მადლობებს ვერ იტანდა. -იდეა შეიძლება, მაგრამ ხომ ამისრულე სურვილი? პასუხი აღარ გაუცია. თითონაც ჩამომხედა და შუბლზე მაკოცა. თვალი ისეც ტუჩებისკენ გამექცა. უფრო სწორად, სხვას ვერაფერს ვხედავდი. რა, აქამდე ასე არ მომხდარა? როგორ არ მომხდარა, მაგრამ როდის მივაშტერდი ტუჩებზე? იქნებ, აქამდეც რო მიმექცია ყურადღება დეტალებისთვის, გუშინდლამდე ნატას გარეშეც გამეაზრებინა ჩემით რაღაცეები. თავი ისევ მკერდისკენ დავწიე ჩემი აჭარხლებული სახის დასაფარად. სახისთვის ახალი სიწითლის საწინააღმდეგო და ტონალური კრემები მექნებოდა მოსამარაგებელი, მაღალი დაფარვით. თვითმფრიავში ფეხი შევდგი თუ არა, მთელი 3 დღის დაღლილობა ერთიანად მომაწვა. არც აფრენა გამიგია, არც ქუთაისში დაფრენა, დათუნამ შემაფხიზლა. 40 წუთი ვიდექით რიგში და შენობიდან გამოვედით თუ არა ავტობუსის მაგივრად ივა და ტატო შემოგვცინოდნენ. სიურპრიზად დაგვხვდნენ აეროპორტში. -უჩვენოდ წახვედით, წახვედით, კარგი, მაგრამ ჩვენთან ერთად მაინც ხო ჩახვალთ თბილისში, არა? - ხვანცალებდა ტატო დილის 6 საათზე. -ამან რა კოფეინი დალია? - მე საერთოდ არ მეცინებოდა ძვლივს ამოვილუღლუღე, - მეც მინდა, რა, ძმურად. -რა მოხდა, მოკალი ბავშვი? - ისევ ტატო შეუბრუნდა დათუნას. -სმარტში ყავას მიყიდით? - ისე ამოვიწუწუნე და დათუნას მივეყრდენი, უხმოდ გატრიალდნენ ბიჭები შენობისკენ და უკან ყავებით დაბრუნდნენ. სურნელსაც კი ეტყობოდა სტარბაქსისგან განსხვავება. - მგონი ყავა აღარ მიყვარს, - დავიჯღანე. -ოჰ მიეჩვია სტარბაქსს, - გაეცინა ტატოს. -კარგი იყო? - ახლა ივა ჩაგვეძია. -ჰო, მოყევით აბა, - ივას ტატოც აყვა. -მოყოლა თბილისში ყველასთან ერთად, თორე ნატას რა გაუძლებს, შენ რომ იცოდე და თვითონ არა, - ჩამეღიმა და თან მივხვდი, რომ ამხელა წინადადებისთვის მთელი ჩემი ენერგია დავცალე. -წავიდეთ, წავიდეთ სანამ ფეხზე ჩამოეძინება, - გაეცინა დათუნასაც და მანქანისკენ წავედით. შეიძლება ისიც იფიქრა, რამე ზედმეტი არ წამომცდენოდა, მაგრამ არ ვიცი. ძალიან მეძინებოდა. -თქვენ ხო არ იცით, როგორ გამეხარდა თქვენი დანახვა, - ვუთხარი ბიჭებს, მანქანაში ჩავჯექი, ისევ გავითიშე და მთელი გზა თბილისამდე გონს ვერ მოვედი. ნაწყვეტებად მახსოვს, გზაში როგორ ხვანცალებდნენ. რამდენიმე წამით გავახელდი თვალებს, თავს გადავატრიალებდი და ისევ მეძინებოდა. კარგად რომ გამოვფხიზლდი, უკვე თბილისის შესასვლელთან ვიყავით. უგემური ძილისგან ვიყავი გაბრუებული და ხმის ამოღებაც ვერ მოვახერხე. ჯერ მე დამტოვეს ბიჭებმა სახლში და მერე ალბათ დათუნა. სახლში რომ ავედი, ჩემები უკვე სამსახურები იყვნენ წასულები. ჩემი ნივთები დავაბინავე, შხაპი მივიღე, ყავა დავისხი და ლეპტოპთან ერთად შევწექი საწოლში. საღამომდე ფილმს ვუყურებდი, ინტერნეტსივრცეს ვატრიალებდი და მხოლოდ ვჭამდი. მერე მშობლებიც მოვიდნენ, მოვუყევი უნგრული ამბები და მისაღებში შემოვრჩი მათთან ერთად. -ნინ, ნატასთან არიან ბავშვები. არ ავიდეთ? - მირეკავს დათუნა. -გამომივლი? -ახლოს ვარ უკვე. გაემზადე და ჩამოდი, - პასუხსაც აღარ დაელოდა, გათიშა. თავის მოვლით არ შევწუხებულვარ. ზუსტად 4 წუთში სპორტულები გადავიცვი, ბოტასები, კურტკაშიც გავეხვიე, ჩამოტანილი შოკოლადებიც ავიღე და ქვემოთ ჩავედი. -კაცი ვერ გაჯობებს დედლაინში, - გაეცინა დათუნას. -ყველა შენნაირი ვერ იქნება, - პატარა ბავშვივით გამოვუყავი ენა და ღვედი გავიკეთე. -დაისვენე ცოტა? -კი, მთელი დღე ვიწექი და ვჭამდი, - გამეცინა, - შენ? -გვარიანად გამოვიძინე, - ძალიან ბედნიერი სახით მეუბნება და ნატას კორპუსთან გააჩერა მანქანა. ფეხით ძვლივს ავედით მეოთხე სართულზე და კარები პირდაპირ შევაღე. -აჰა, გითხარით? ერთს რომ ურეკავ, მეორესთან დასარეკად დროის დახარჯვა არ ღირს, - ახარხადა ნატა და ჩემსკენ წამოვიდა ჩასახუტებლად. -მეც მომენატრე, ნატა, - ეუბნება დათუნა სიცილით, თავზე აკოცა ჩემზე მოხვეულ ნატას და თავისუფალი სავარძლისკენ წავიდა. -მე ცალ-ცალი მაინც არ მომნატრებიხართ, - ნახევარი ტანით შეტრიალდა და ენა გამოუყო. -მერე ვინ გითხრა, ცალი მომენატრეო? - დათუნამ ხელით დანარჩენების სადემონსტრაციოდ გაშალა და ყველა ახარხარდა ნატას გარდა. -მომიგე, კარგი. მოყევით აბა ამბავი, - დაბალ სკამზე მოკალათდა და ყურად იქცა. ალბათ, ნატას ზუსტად იმის მოსმენა დააკმაყოფილებდა, რაც გამოვტოვე. ვერც ბავშვებთან ერთად და ვერც ცალკე, ნატას ამას ნამდვილად ვერ მოვუყვებოდი. სანდო მეგობარია, ნებისმიერ დროს რომ მეგობრის გვერდით დადგება ფიზიკურადაც და სულიერადაც, მაგრამ იმდენად იყო ჩვენი ამბით შეპყრობილი, რომ დიდი ეჭვი მქონდა, როგორც არ უნდა ეცადა ჩემი გაგება, სულ მინიმუმ, ძალიან შემთხვევით წამოსცდებოდა ზედმეტი წინადადება დათუნას თანდასწრებით. უნებლიედ, ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე. თვალი გამიშტერდა და ისევ იგივე ფიქრებმა წამიღო. ალბათ, მთლიანად გამომაცლიდა აზროვნების უნარს და ბოლოს მომიღებდა. ჯერ კარგად ვერ ვაანალიზებდი არსებული სიტუაციის მდგომარეობას, ვერ ვხედავდი ირგვლივ აფეთქებულ ცეცხლს და შესაბამისად, არც გაქცევაზე მიფიქრია და არც დაწვაზე, ხომ მით უმეტეს. არავის შეუმჩნევია ჩემი გაფანტული ყურადღება. შეიძლება მგზავრობასაც დააბრალეს ან უბრალოდ არ გაუმახვილებიათ თვალი. როგორც ყოველთვის, დროულად დავიშალეთ. დათუნას მანქანა საკმარისად გაყინულიყო. ფეხები ავიკეცე, კომფორტულად მოვკალათდი და ცხვირი ქურთუკში ჩავყავი. -დღისით უნდა დაგეძინა, - მეუბნება მშვიდი ხმით და მანქანა დაქოქა. -დღისით რომ მძინავს, მერე მთელი დღე ცუდად ვარ ხოლმე. -ამაზე უფრო მეტად არ იქნებოდი. მთელი საღამოა ფხიზელს გძინავს, - თურმე ვიღაცას შეუმჩნევია ჩემი უყურადღებობა. -ძალიან ცივა, - ამოვიბურდღუნე და ისევ ქურთუკში ჩავყავი ცხვირი. -ახლა მაინც დაიძინებ, - ჩაეცინა და მანქანა დაძრა. -აუცილებლად, ძალიან მეძინება. სახლამდე მოკლე მანძილი იყო. ამას დამატებული კვირა დღის მადლი, არც მანქანებით იყო ქუჩები სავსე და ჩემ კორპუსთან მისასვლელად 10 წუთიც არ დაგვჭირვებია. დამშვიდობების ნიშნად დათუნამ თმა ამიჩეჩა და გამიღიმა. ჩხუბის თავიც კი არ მქონდა, მშვიდი ძილი ვუსურვე და სახლში ავედი. საღამურები ჩავიცვი და საწოლში შევიმალე. იმ იშვიათი შემხვევებიდან ერთ-ერთი იყო, როცა მაღვიძარის მაგივრად მამამ ძვლივს გამაღვიძა და დედამ საუზმე მომიმზადა. პირველი ლუკმის მერე გავაანალიზე, სამსახურში წასასვლელი რომ ვიყავი და გამოფხიზლების დრო იყო. არც ერთი წამით არ იფიქროთ, რომ სამსახურში წასვლა დამეზარა. პირიქით, ეს მხოლოდ სტიმულს მმატებდა. -დე, ოქროს ხელები გაქვს, - სავსე პირით დავაწიე დედას წინადადება. -ჯერ ჭამე და მერე ილაპარაკეო, არ გასწავლეს შენ? - გაეცინა ჩემ ძმას. -შენ საუზმობაც გასწავლეს, მაგრამ ჯერ არ მინახავს, სახლში გესაუზმა, - გაეცინა დედას და ჩემ მაგივრად გასცა პასუხი. -რაო, ჩიტო, გაგაჩუმეს? - ახარხარებულმა დავუსხი კითხვა. ცარიელი თეფში ნიჟარაში ჩავტოვე, კარებთან აყუდებულ ძმას ლოყაზე ვაკოცე და საძინებელში დავბრუნდი მოსაწესრიგებლად. სამსახურში არ დამიგვიანია. აი მუშაობა კი გვიან დავიწყე. დღის პირველი ნახევარი ერთსა და იმავე კითხვებს ვისმენდი: „ვა, ნინ, დაბრუნდი?“ „აბა, როგორ დაისვენე?“ ძალიან მინდა გავუგო, მაგრამ მაინც არ მესმის ამ ხალხის, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყნის საზღვარს თუ კვეთავ, ავტომატურად გადადიხარ დასვენების რეჟიმზე. არ მიკვირს მათი ვინც არასდროს ყოფილა საზღვარგარეთ, მაგრამ ვინც დადის? ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რომ Google Map-ში ათვალიერებენ ქუჩის ხედებს და მხოლოდ ინტერნეტით მსჯელობენ. რეალურად ხომ უფრო მეტად ვიღლებით მოზაურობით და როდესაც ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებას ვუბრუნდებით, მხოლოდ იმიტომ გვემარტივება, რომ უარესი დაღლა უკვე გამოვიარეთ. არ ვიცი, მაინც არ მესმის ამ ხალხის. იმ დღეს მეგობრები არ მინახავს. არც ჩატში დაუწერიათ რამე. განტვირთვის დღესავით იყო, თავისუფალი დრო. სამსახურიდან მაღაზიებში გავიარე და სახლში ავედი. სამსახურებიდან თითქმის ერთ დროს ვბრუნდებოდით ხოლმე მთელი ოჯახი და შესაბამისად, ვახშმის მომზადებაში ყველა ვიყავით ჩართულები. პატარაობიდანვე შეგვაჩვიეს პატარ-პატარა სახლის საქმეებს მე და ჩემი ძმა. მოყოლლი ამბებიდან ვიცით, რომ მამაც ასე გაიზარდა თავის ოჯახში და დამოუკიდებელ დედას აქეთ ასწავლა დამხმარე ხელთან ერთად საქმის გაკეთება. დედას ყოველთვის იმას ასწავლიდნენ, რომ სახლის საქმე მხოლოდ ქალის იყო და ცოტა გაუჭირდა სიახლეებთან შეგუება. მაგრამ დღეს დედა ამაყია, როცა თანაბარი თავისუფალი დრო რჩებათ ცოლ-ქმარს, ნაკლებადაც იღლებიან და უმიზეზო ჩხუბებიც არ იჩენს თავს. დედა ამაყია, როდესაც გვიყურებს თავის შვილებს და იცის, რომ თავის მომავალ სიძესთან და რძალთან სწორი ადამიანი იდგება გვერდით. ყოველ შემთხვევაში, ამას თავად ამბობს, რომ ასე იქნება. ახალ წლამდე ზუსტად 7 დღე იყო დარჩენილი. ოჯახში უკვე გადაწყვეტილი გვქონდა, ვინ რას ვაკეთებდით. საყიდლებზე მშობლები მიდიოდნენ და სახლში ყველა ერთად ვმუშაობდით. საჩუქრები მქონდა საყიდი. სახლში საჩუქრების გარეშე ახალი წელი არასდროს მოდიოდა. მეგობრებთან ცოტა განსხვავებული სიტუაცია იყო. ბევრნი ვიყავით და არასდროს გვიჩუქებია ყველას ყველასთვის. თუმცა ზოგჯერ არის ხოლმე, რაღაცეებს რომ ვჩუქნით, მაგრამ ცალკე და ისიც, როცა ზუსტად ვიცით, რომ გავახარებთ. ეს არ არის ხოლმე „სავალდებულო“. უბრალოდ ვაკეთებთ და ამაზე ხმამაღლა არ ვსაუბრობთ ხოლმე. ზოგჯერ ისედაც ვჩუქნით ერთმანეთს რაღაცეებს, სპეციალური დღეების გარეშეც. ზუსტად ვიცოდი ვისთვის რა უნდა მეყიდა. გაგეცინებთ ალბათ და დათუნასთვის დარტსის დაფა უნდა მეყიდა. ხშირად, როცა დათუნას ოთახში შევდიოდი, სულ ავღნიშნავდი რომ მის ოთახს დარტსის დაფა მოუხდებოდა. დათუნაც მეთანხმებოდა, მაგრამ რატომღაც ყოველთვის სხვა რაღაცეები მაფიქრდებოდა ხოლმე და დარტსს გვერდს ვუვლიდი. არც თვითონ უყიდია, არადა ვიცოდი, ასეთი რაღაცეები რომ მოსწონდა. აი საჩუქრების საყიდლად წასვლა კი საერთოდ არ მეზარებოდა. მე ხომ ზუსტად ეს ნაწილი მიყვარს ახალი წლიდან. უფრო სწორად, წლის ბოლო და არა ახლის დასაწყისი. -რა ქენი აბა, შეფუთე საჩუქრები? - მირეკავს ერთ-ერთ საღამოს ტატო. -რა თქმა უნდა. შენ რა ქენი? -რაღაცეებზე ვფიქრობ ჯერ, - თან გაეცინა და გააგრძელა, - ქეთასთან გავდივართ და გამოგივლი, წავიდეთ. -ოო-ქეი. - ცოტა დავიბენი და სწრაფად დავამატე, - დათუნა სადაა? -რავიცი, არ მცალიაო და გამითიშა. -5 წუთში მზად ვიქნები. ტატოს მობილური გავუთიშე და სპორტულებში გავეხვიე. ჩემი 5 წუთი ტატოსთვის იგივეს ნამდვილად არ ნიშნავდა. კორპუსთან სკამზე ჩამოვჯექი და ცხვირი ქურთუკში ჩავმალე. დათუნა რომ მხედავდეს აუცილებლად მეტყოდა: „ადექი, ნინა, გაცივდები. შვილები არ გინდა?“ ამ გახსენებაზე, ნეტა რას აკეთებს დათუნა? როდის აქეთ მუშაობს გვიანობამდე? იქნებ ვინმე მოსწონს და მასთანაა? გულში უსიამოვნო შეგრძნებამ გამკრა და ისევ ავარიდე თავი დათუნაზე ფიქრს. მართლა შარში ვიყავი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. -რაღაც არაკომფორტულია ეს მანქანა, - ტატოს მანქანაში ჩავჯექი თუ არა, წუწუნი დავიწყე, - მართალია ეს ნატა. რამე ადამიანური იყიდე. -ადამიანური ნატამ იყიდოს და შენ ისედაც დაგატარებს ხოლმე დათუნა. -მეც მყავს მასე მანქანა და ნატასაც რომ ყავდეს, მაინც შენ მიაკითხავდი, ხო ვიცით ეს ყველამ, - გამეცინა. -მე რაღატო მივაკითხავდი, - მხრები აიჩეჩა ტატომ. თითქმის ეჭვი შემეპარა ისედაც შეპარულ ეჭვში. -ტატო, - ზედმეტად კატეგორიული მიმართვით დავიწყე, სავარძელს მთლიანად დავაშორე ზურგი და მძღოლისკენ მივბრუნდი. თითები გავშალე და ჩამოთვლა დავიწყე, - როგორ ფიქრობ, თვალები არ მაქვს და მარტივი პაზლის აწყობა არ შემიძლია?! გუშინ გაგიცანით?! დებილი ვარ თუ აი რას ფიქრობ, მართლა მაინტერესებს. -დათუნამ გითხრა უეჭველი, - თითქოს დანანებით გააქნია თავი და მანქანა ავარიული სანათებით გააჩერა გზის კიდეზე. -ზედმეტი სიტყვაც კი არ დასცდენია დათუნას. -არ გაგკვირვებია, დათუნამ რო იცის. -ვიცი, დათუნამ რომ იცის. მაგრამ ეგეც ჩემით გავიგე და დათუნა არაფერ შუაშია. -საიდან გაიგე? -კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი კითხვებს, თუ არ გეზარება მოსმენა. -ხო, მაგრამ... -იქნებ დროა, რაღაცეები შეიცვალოს? -თქვენ აპირებთ რამის შეცვლას? -ვინ ჩვენ? -შენ და დათუნა, რა. -შენზე და ნატაზე ვსაუბრობთ. ამაზე ხომ აქამდე ხმა არასდროს ამომიღია. -არც მე ავყოლივარ ნატას, მაგრამ ნატა ყველას მაგივრად გეუბნებათ ხოლმე სათქმელს და იქნებ თქვენც შეცვალოთ რაღაც? - ტატოს მგონი, ცოტა ნერვებმა უმტყუნა. ტონს გაუცნობიერებლად ოდნავ აუწია. -ტატო, რა განერვიულებს? - ვეკითხები ღიმილით და მაინც ვაიგნორებ დათუნას ხსენებას. -ნატა. ნატა მანერვიულებს. - შუბლი მოისრისა და ნიკაპის ქვეშ ამოიდო იგივე ხელი, - მეშინია რომ სულ დავკარგავ. -თუ არ ცდი, უფრო მტკივნეულად არ დაკარგავ? -შენ კიდევ რაღაც იცი, - 4 წუთიანი დუმილის შემდეგ გადმომხედა დაწვრილებული თვალებით. -მე ბევრი რამ ვიცი და ბევრ რამეს ვხედავ. წავედით ახლა, - საუბროს დამთავრების დრო იყო. ჩემ სავარძელზე გავსწორდი და გზას გავხედე. ტატო ისევ დუმდა, მანქანის გაზის სატერფულს ათამაშებდა, მაგრამ ადგილიდან არ ძრავდა. -არ გიუარია, - უცბად გადმომხედა ტატომ. -რა? -შენ და დათუნა. -რაღა უნდა ვიუარო? - ცოტა მართლა გამიკვირდა. ისეთი არც არაფრი უთქვამს, რაც ნატას პირიდან არ მოგვისმენია. -ღმერთო ჩემო, - ორივე ხელი პირზე აიფარა და მთელი ხმით ახარხარდა. -რა გაცინებს? -წავედით, წავედით. დაგვხოცავენ, - ისევ ხარხარით დაძრა მანქანა. ქეთას გემრიელი დესერტი ჰქონდა მომზადებული. ცოტათი ტირამისუს ჰგავდა, მაგრამ ყავის მაგივრად ნაღების მკვეთრი გემო დაჰკრავდა. ბავშვები ლაპარაკობდნენ. ზოგჯერ მეც ჩავეჭრებოდი ხოლმე, მაგრამ ძირითადად ჩემთვის ვიჯექი, ზანტად ვაგემოვნებდი ქეთას ნახელავს და თან ბავშვებს ვაკვირდებოდი. თითქოს, არაფერი განსხვავებული არ ემჩნეოდათ ნატას და ტატოს, მიუხედავად იმისა, რომ ხმამაღლა ცალ-ცალკე ამას აღიარებდნენ და ცხადი იყო, რომ ნელ-ნელა სხვა ტალღაზე გადადიოდნენ. ერთმანეთთან იმდენად არ ემჩნეოდათ ცვლილება, რომ რაღაც დოზით ორივეს შიშს გავუგე ცალ-ცალკე. მერე ისევ ჩემზე დავფიქრდი. საქართველოში დაბრუნების დღეს ნატასთან რომ ვიყავით, მის მერე არ მინახავს დათუნა. კი მილაპარაკია, მაგრამ ნახვით - არ. ამ დღეების მანძილზე კიდევ რამდენი რამ გადავხარშე, რამდენ რაღაცაზე დავფიქრდი. დაბუნდული ინფორმაციები თითქოს თავის ადგილზე დალაგდა და დათუნას რომ დავინახავდი, მეშინოდა, რომ ყველაფერს ამოიკითხავდა მარტივად ჩემ სახეზე. მე არ ვიყავი ნატა, რომელსაც შეეძლო გააზრებული გრძნობების გაქრობა კაცმა არ იცის რამდენი წლის მანძილზე. რამდენ ხანს შევძლებდი ჩემი თავის დაფარვას? 1 საათით? 1 კვირით? 1 წლით? თუ მაინც რამდენი? მის გარეშე მაინც არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს და რომელი ჯობდა უმისოდ ყოფნა თუ მისთვის თვალების არიდებით გამოწვეული დისკომფორტი? 31 დეკემბერი იყო. სამსახურში უმეტესად დასალევად მივდიოდით, ვიდრე სამუშაოდ. ჩვენ ჩვენი საქმე უკვე დასრულებული გვქონდა. უბრალოდ ერთადერთი მიზეზი სამსახურში გამოცხადების ის არის, რომ მთელი წლის მანძილზე უმეტეს დროს ერთად ვატარებთ, მეორე ოჯახი ვართ ერთმანეთისთვის და ერთმანეთისთვის მილოცვის გარდა, სხვა უკეთესი რა შეიძლებოდა რომ გაგვეკეთებინა? სამსახურში მამამ წამიყვანა. დავლიეთ, ვიცეკვეთ, ვიმღერეთ და დღის პირველივე ნახევარშივე დავიწყეთ დაშლა. ტაქსის გამოძახების 3 მცდელობა კრახით დასრულდა და მეოთხე ცდაზე პირად მძღოლთან დარეკვა ვიკადრე. -ხო, ნინა. -დათუნა, გცალია? -კი, რა ხდება? -წელი ისე როგორ უნდა დასრულდეს რომ არ მნახო? -როდის მოასწარი დალევა? - გაეცინა. -მომაკითხავ? -მოგაკითხავ. სამსახურში ხარ ხო? -ხო, გელოდები. ტელეფონი ყურებამდე გაღიმებულმა გავთიშე. აღარც უხერხული სიტუაცია მახსოვდა, აღარც დასამალი გრძნობები. მხოლოდ დათუნა, როგორც ყოველთვის. ხო, ალბათ ყოველთვის ასე იყო, რომ დათუნას იმაზე მეტად აღვიქვამდი, ვიდრე ძმას. დასახმარებლად ყოველთვის დათუნა მახსენდებოდა ჯერ და მერე ჩემი ძმა. შეიძლება შევეჩვიე კიდევაც ბავშვობაში, ჩემი ძმა რომ ძალიან პატარა იყო და ასაკის სხვაობას კიდევ უფრო მძაფრად აღვიქვამდი, პატარაა და როგორ დამეხმარება მეთქი. მაგრამ ფაქტი ფაქტია. თანამშრობლებს დავემშვიდობე და გარეთ გავედი. ცივ ჰაერზე უფრო მეტად ვიგრძენი ალკოჰოლი ორგანიზმში და გაბრუება. სიგნალის ხმაზე გამოვერკვიე, დათუნას მანქანა ჩემ წინ იდგა და სიცილით მიყურებდა. -რა დალიე ამ უთენია, - სიცილით ამიჩეჩა თმა. -ცეცხლი და ნავთი, - თვალებდახუჭულს გამეღიმა. -ლოთი ხარ ჩვეულებრივი, - დავიფიცებ, რომ ეღიმებოდა. -შენი ბრალია, - ახლა მართლა ახარხარდა. - მეტის დამლევი აღარ ვარ, საღამომდე გამოვფხიზლდები და ჩაგენაცვლები, - უცბად გამახსენდა, რომ კვირაზე მეტი იყო გასული, რა არ მინახავს. თავი წამოვწიე და დათუნას გავხედე, - მე რომ არ დამერეკა, არ უნდა გენახე? -გნახავდი. -როდის? მომავალ წელს? -რაზე ჭედავ? -რომ არ გაგხსენებივარ, - პასუხის გაცემის მაგივრად ღრმად ამოისუნთქა. მეტად ხმა აღარ ამომიღია. ჩემ კორპუსთან ჩემი მანქანის გვერდით გააჩერა მანქანა და ძრავი გამორთო. ჩემთან ერთად გადმოვიდა მანქანიდან და უხმოდ შემომყვა სახლში. მე საძინებლისკენ წავედი და საწოლზე ტანსაცმლით და ფეხსაცმლით გავწექი. დათუნა სამზარეულოსკენ წავიდა პირდაპირ და უკან წყლის ჭიქით დაბრუნდა. -წყალი დალიე, ცოტას გაანეიტრალებს ალკოჰოლს და მოგეშვება, - საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ცალი ხელით დამექაჩა, რომ წამოვმჯდარიყავი. წყალი დავლიე და ჭიქა დავუბრუნე, ორივე ხელი მოვხვიე, თავადაც ჩამეხუტა და თავზე მაკოცა. -სად იყავი დაკარგული? -საქმეები მქონდა, - მიპასუხა მშვიდად. ხელები მოვაშორე და თვალები გავუსწორე. -მაგ საქმეებს რა ქვია? -სახლი. -მეხუმრები? -არა. -ანუ შენ გინდა მითხრა, რომ მთელი კვირა სახლში იჯექი? - გაოცებისგან მართლა თვალები შუბლზე ამივიდა. თან თითქოს არ მატყუებდა, კისრისკენ არ წაუღია ხელი და თან დაუჯერებლად ისმოდა დათუნა და სახლი. -სახლი ვიყიდე, ნინა, - გაეცინა და ისევ თმა ამიჩეჩა. -სერიოზულად? - თვალები გამიფართოვდა და გაოცებული ვუყურებდი ყურებამდე გაღიმებულ დათუნას. ისეთი ძალით ჩავეხუტე, რომ საწოლზე გადაყირავდა და მეც თან გავყევი. ერთდროულად აგვიტყდა ხარხარი ორივეს, - სად? რამხელაა? როგორია? მომიყევი რა. -ახლოს არის და ძალიან კარგ ადგილზე, კორპუსი ჯერ ახლა დასრულდა, დღე-დღეზე ჩამაბარებენ გასაღებსაც. განახებ მერე პროექტს, - მიპასუხა სიცილით. დათუნასკენ გადავბრუნდი, იდაყვს დავეყრდენი და ოდნავ წამოვიწიე. -დათ? - პასუხის მაგივრად თავი გადმოატრიალა ჩემსკენ, - ბავშვობის ყველაზე დიდი ოცნება აისრულე. -ახლა შემდეგის დროა. -შემდეგი რა არის? - პასუხად წარბები ამითამაშა. აშკარად არ აპირებდა თქმას. ხელი გამოშალა ჩასახუტებლად და მისკენ მივიწიე, მხარზე ჩამოვადე თავი და ხელი მუცელზე მოვხვიე. ალბათ სასმლის ბრალი იყო, რომ უხერხულობას არ ვგრძნობდი. არ ვიცი. მე ისევ ძველი ნინა ვიყავი და დათუნაც ისევ დათუნა. -ქეთა თხოვდება, აზრზე ხარ? -ჯერ სთხოვოს ხელი, იქნებ უარს ეუბნება, - სიცილით მიპასუხა დათუნამ. -ცოტა უცნაური ბიჭი კი არის, მაგრამ კარგად უგებენ ერთმანეთს. -ალბათ. როომელ საათზე ვიკრიბებითო რა თქვეს? -11 საათისთვის რო არავინ დააგვიანოსო. -გამოგივლი. -მე გამოგივლი, გამოვფხიზლდები მანამდე და შენ დალიე. -მე გამოგივლი ფხიზელი და მერე ჩემ მანქანთან დაჯექი, მე დავლევ. - სრულიად მშვიდი ხმით მითხრა დათუნამ, რომელიც თავის მანქანას არ მაკარებდა. -რამე სჭირს მანქანას და მერე მე რომ გადმომაბრალო მაგიტომ მსვამ თუ რა მოხდა? - გაკვირვებულმა წამოვწიე უცბად თავი თითქოს ნასვამი სულ არ ვყოფილვარ. -არაფერი სჭირს, უბრალოდ დაგსვამ რა. - ისევ მშვიდი ხმით მიპასუხა, თითქოს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყოს. ისევ გაურკვევლობაში მყოფს პასუხი აღარ დამიბრუნებია. ძალა თან და თან მეცლებოდა და თითქმის ჩაძინებულს ჩამესმა დათუნას ხმა. -ნინ, წავალ ახლა, კარგი? -აჰამ, - დათუნა გავათავისუფლე და საწოლზე გადავწექი, თან დათუნას ვუყურებდი, - მომავალ წლამდე, დათუნა. -მომავალ წლამდე, ნინა, - თავზე მაკოცა და ჩამეხუტა, - ბედნიერ წელს გისურვებ. -შენ მომდევნო ოცნების ახდენას გისურვებ. მთელ სახეს მითვალიერებდა, თითქოს ორივეს კიდევ გვინდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ უბრალოდ ღრმად ჩაისუნთქა დათუნამ, თმა ამიჩეჩა და სახლიდან გავიდა. ცოტა გამოვიძინე და გამოვფხიზლებულმა წყალი დავისხი და მისაღებში ჩამოვჯექი. მერე როგორც ხდება ხოლმე ოჯახი შევიკრიბეთ, სუფრა ნაადრევად გავშალეთ, დამდეგი, ახალი წელი მივულოცეთ ერთმანეთს ბედნიერად და მხიარულად და ნელ-ნელა მე და ჩემმა ძმამ დაშლა დავიწყეთ. ის თავის მეგობრბებთან, მე ჩემთან და მშობლები დარჩნენ ახალ წელს რომანტიულად მარტონი. დათუნამ ჯერ ნატას და ტატოს გაუარა, მერე ჩემთან მოვიდნენ. როგორც ყოველთვის, ტატომ წინა ადგილი დამითმო, ჩემი სათადარიგო ტანსაცმელებით სავსე ზურგჩანთა საბარგულში ჩადო და უკან ნატას მიუჯდა. ორივე აქეთ-იქით კარებებს იყვნენ ატუზულები, თითქოს შავ კატას ჩაერბინოს. ხმა არ ამომიღია, მაგრამ სიტუაციის აღქმის მიზნით მივბრუნდი უკან, წარბები “გხედავთ” ნიშნად ავზიდე და სავარძელზე გავსწორდი. მერე ივას გავუარეთ და კი მოუწია ნატას ტატოსკენ მიახლოება. წრეზე წამოვედით ქეთასკენ. საბა ახალი წლის პერიოდში ყოველთვის ოჯახთან ერთად იყო და გვაკლდა. -თქვენი აზრით, ხვდება ხელი რო უნდა სთხოვოს დიმამ? - იკითხა ნატამ. -აი ქეთა რომ ჩამოვა, როგორ გამოიყურება იმის მიხედვით გიპასუხებ, - გამეცინა. -რაც მთავარია ფრჩხილები მოწესრიგებული აქვს, - ახარხარდა ნატა. -კაი, ფრჩხილები რა შუაშია? - გამოხტა ტატო. ნატამ პასუხი არ გასცა და მე დავამატე. -ტატიკო, ხელის თხოვნისას ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის გასათვალისწინებელი. ბეჭედი და პატარძლის ფრჩხილები. დაიმახსოვრე. - მანქანის შუა სალონში თითის ქნევით დავუყოლე და თან მძღოლივით გზისთვის თვალი არ მომიშორებია. -აჰა, - ჩაფიქრებულმა და ნახევრად სერიოზულმა ჩაიბურტყუნა, მაგრამ გასაგებად. -თქვენ გასაგონადაც ვლაპარაკობ, - თავი მივატრიალე დათუნასკენ და ივასკენ. -შენ არ ინერვიულო, ნინ, შენ რომ გთხოვს ხელს, პირადად ვიზრუნებ შენს ფრჩხილებზე, - ნატამ მხარზე ხელი ჩამომარტყა და თან ხარხარით იგუდებოდა. ინსტინქტურად გავხედე წამით დათუნას და უკან მივატრიალე თავ ნატასკენ, - არა, ძალით კი არ დაგსვამ სალონში. მაგის ჩიტი კი არ ვარ. რამდენი წელია მაგას ვგეგმავ, ვერც კი მოხვალ აზრზე. Trust me, - თვალი ჩამიკრა. -მასე იყოს, - ჩამეცინა და ისევ გავსწორდი. ქეთა მოდიოდა ჩვენს წინ. -დაკვირვებული ხალხი ხართ თქვენ და რას იტყვით უცებ, ხვდება? - წინ გამოყო ივამ ნახევარი ტანი ქეთას დასათვალიერებლად. -ვერა, - ერთდროულად დავუყვრეთ ივას გახარებულებმა. -აი რას ხვდებთ? -ისე გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივად ემზადება ხოლმე დღესასწაულებისთვის, - გაეცინა ნატას. -კაი, დაალაგეთ სიფათები, - დაგვიცაცხანა ტატომ და ქეთაც ჩაეკვეტა მანქანაში. დიტოს მეგობრებს პირველად შევხვდით. მეგონა, რომ დიტოსნაირად “უცხოები” იყვნენ, მაგრამ ასეთ მეგობრულ გარემოში თუ აღმოვჩნდებოდით, რას წარმოვიდგენდი. მხიარული სიტუაცია იყო და მალევე გავერიეთ ლაპარაკ-ლაპარაკით ერთმანეთში. 12 საათიც ახლოვდებოდა. დიტო წამდაუწუმ საათს ამოწმებდა და პარალელურად ჯიბეში ბეჭედს ამოწმებდა. გეგმის იდეალურად შედგენას ვერ დავუწუნებდი დიმას. ზუსტად შესაფერის დროს უჩურჩულებდა ქეთას რაღაცას, მერე გაოცებულ გოგოსთან ჩაიმუხლა და ბეჭედი ამოაცურა ჯიბიდან. იმ წამს პირველად ვხედავდი დიტოს გულწრფელად გაღიმებულსა და ბედნიერს. თვალცრემლიანმა ქეთამ თავი დაუქნია და ხელი გაუწოდა, ფეიერვერკებმაც დაიწყეს სროლა. ბიჭებმა შამპანიურებიც დახსნეს და წამით ჩაწყნარებული სიტუაცია თავიდან აზანზარდა. პირველი ახალი წელი იყო, რომლის მოლოდინიც მქონდა და პირველი იყო, როცა ახალ წელს ბედნიერი ვხტუნავდი. ქეთა თხოვდებოდა. ყველა ვცეკვავდით და უმეტესობა სვავდა. 20-25 ადამიანი ვიყავით და უცხოობა არავისთან მიგრძვნია, მაგრამ უმეტესად ჩვენები მაინც ერთად ვიყავით, მხოლოდ ქეთა იყო გამოყოფილი დიმასკენ. მე და ტატო ვიჯექით კედლის ძირში იატაკზე, კარგად ნასვამი დათუნა რომ დაგვადგა თავზე. -ასე უნდა უყურო, თუ გაატოკებ ტ*რაკს? - მოცეკვავე ნატას დამკვირვებელ ტატოს დასცინოდა, მასაც უპატარავდებოდა თვალები დაღლილობისგან. ტატოს პასუხი არ გაუცია, ერთი ახედა და ისევ ნატასკენ გადაიტანა მზერა. დათუნა წინ ჩამოეფარა ტატოს და ხელი გაუწოდა, ძალით წამოაგდო ფეხზე და მისი ნახევრისკენ უბიძგა, თავად კი ტატოს ადგილი დაიკავა. -გამოვიდა ისეთი ახალი წელი, როგორსაც ელოდებოდი? - მეკითხება დათუნა. -მე არ ვიცოდი, რას ველოდებოდი, მაგრამ კი, - ვუპასუხე სიცილით და თან ტატოს ვუყურებდი, ნატას რომ უახლოვდებოდა. - როგორ ფიქრობ, კიდე დიდხანს ივლიან ასე? -არ ვიცი. ჯერ უნდა გაიაზრონ, რა ხდება თავიანთ თავს. - მიპასუხა ოლიმპიური სიმშვიდით და თან არც თვითონ აცილებდა თვალს წყვილს. -გააზრებული არ აქვთ? დანარჩენს დრო მოიტანს. -მარტივია სხვის მაგივრად ფიქრი. -შენთვის როდიდან გახდა რთული? - ჩაეცინა და თმა ამიჩეჩა. - ამ თმის მოჩეჩვას როდის გადაეჩვევი? -მერამდენედ უნდა მკითხო, გეგონება პასუხს შევცვლი. -ამათ ქორწილში უეჭველად ყველა ჭიქას დავლევთ მე და შენ. გვეკუთვნის, - გაღიმებული ვლაპარაკობდი და ვუყურებდი, ჩახუტებულები როგორ ცეკვავდნენ ერთ ადგილას. -ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ააწყობენ ყველაფერს. -რატო ვერ უნდა ააწყონ? -მეგობრობს ერთმანეთი ხომ ისედაც გვიყვარს, არა? ეს სიყვარული ზოგჯერ ყველას ჩვევაში გადაგვდის და უბრალოდ, მეშინია, რომ ეს ასე არ იყოს. -ნატა ასე არ ფიქრობს, - ჩემ თავში ისევ ალაპარაკდა ჩემი დაქალი. მისი სიტყვები მიმეორდებოდა, მაგრამ გუნება ნელ-ნელა მიფუჭდებოდა. ჩემი ფიქრები, გრძნობები და მეგობრობა იმსვრეოდა. ვუსმენდი დათუნას, ვიაზრებდი თითოეულ მის სიტყვას და უფრო და უფრო მეტად ვრწმუნდებოდი, რომ ის კაცი, რომელსაც მე მეგობარში ვხედავდი, ჩემი არასდროს იქნებოდა. ის კი ისევ აგრძელებდა. -იმედი მაქვს, რომ ამათ ქორწილში ყველა ჭიქას დავლევთ, - ჩემივე სიტყვები გამიმეორა ღიმილით. -ნუ ხარ ზოგჯერ მოსიარულე ნეგატივი, - მხარი გავკარი და ცოტა წაბარბაცდა. -ზოგჯერ ყველაფერი “მოსულა”, - სიცილით შემეპასუხა და ისევ მიეყუდა კედელს, თან მე გამომხედა. -ამათ ერთად რომ ვუყურებ, უცნაურია. -უცნაური იმიტომაა, რომ იცი, როგორც უყვართ. -მაინც არ მესმის, ტატო რატომ არ ეუბნება არაფერს. -და ნატა რატომ არ ეუბნება, შენი აზრით? -რას მელაპარაკები, - გაოცებულმა შევხედე ჩემზე მოშტერებულ დათუნას. -რა იყო, ტეხავს, გოგომ რო ბიჭს სიყვარული აუხსნას? - თან ეცინებოდა. -აი მე რომ ახლა შენ სიყვარული აგიხსნა, არ ტეხავს? - სხარტად დავუსვი კითხვა და ენაზე ვიკბინე, თითქოს სიტყვებს უკან წავიღებდი. რამდენიმე წამით მიმიკის შეუცვლელად მიყურებდა, ან მე მომეჩვენა დრო ასე, უსასრულოდ მის პასუხამდე. -მეც მიყვარხარ, - მითხრა სიცილით, მაგრამ ეს ხომ ის არ იყო რისი მოსმენაც მე მინდოდა, - და ზოგადად, სიყვარული არ ტეხავს. - ხელი გადამხვია, თავზე მაკოცა და აღარ გაწეულა. -ეს ერთი და იგივე არ არის. -ვინ დაასკვნა? ფხიზელმა ნინამ? - გაურკვეველი კითხვაც დააყოლა, თავზე თავი დამადო და ხელი უფრო მაგრად მომხვია. დიალოგი აღარ გაგვიგრძელებია. არ ვიცი დათუნა რას ფიქრობდა, მაგრამ მე თავში სრული აურზაური მქონდა. ერთი მხრიდან ნატას სიტყვები ჩამყვიროდა ყურში, მეორე მხრიდან ჩემი ხმა და წინ დათუნას წუთის წინანდელი სიტყვები უსვავდა ხაზს და თან არც გარკვევით. თავისუფალი ცალი ხელით სიგარეტის კოლოფი ამოიღო ჯიბიდან, ერთ ღერს გაუკიდა, ნამწვავი ჩაუშვა ფილტვებში და ჩემდაგასაკვირად, მეც გამომიწოდა. სიტყვების გარეშე გავიყავით ერთი ღერი. -ხომ იცი, ერთადერთია ალბათ, რაც შენზე მეტად მიყვარს, - მანქანის გასაღები ჩამიდო კალთაში, წამოდგა და სასმლისკენ წავიდა. ტატო და ნატა ისევ ისე ცეკვავდნენ, ჩახუტებულები. მერე დავიშალეთ. გათიშული ხალხი სადარბაზომდე ჩამოვარიგე და ხმაამოუღებლად მოვატრიალე მანქანა. -ძალიან თუ არ გეძინება, ცოტა ხანი ისეირნე, რა. - მეუბნება მარტო დარჩენილი დათუნა, რომელსაც მთელი გზა ხმა არ ამოუღია. -კარგად ხარ? -ძალიან. -სად წავიდე? -იარე და სადმე მოტრიალდი. ამ მანქანის მართვის ბედნიერება კიდევ როდის გექნება, არ იცი. ქუჩას გავუყევი, როგორც მითხრა და სადღაც მოვაბრუნე. დათუნას კორპუსთან უნდა შემეხვია, რომ მანიშნა, წინ წავსულიყავი, ჩემი კორპუსის მხარეს. -დაიტოვე მანქანა და ხვალ მოვაკითხავ. -რო დაგტოვო და ისე წავიდე? -რას ამბობ, მანქანა მარტოს გაგატანო? - გაკვირვებულმა მკითხა და სავარძელზე გასწორდა, როგორც სჩვევია თავი გაატრიალ-გამოატრიალა, მერე სათითაო ძვალი გაატკაცუნა და გაჩერებული მანქანიდან გადმოვიდა. გასაღები გადავულოცე და სადარბაზოსკენ შევბრუნდი. -ცალი თვალით მაინც დამემშვდობე. -ჩაგეხუტები კიდეც, - გამეცინა და უკან მივბრუნდი, მკლავებგაშლილს ხელები მოვხვიე და ჩავეხუტე. მთელი დღე-ღამის დაღლილობა ჩამომაწვა ზედ. ცხვირი ჩავრგე დათუნას კისერში და ხელებს ვეღარ ვუშვებდი. -ნიინ? -ჰო. -ვიცი, რომ ხვალ დასვენება გინდა. - ფრთხილად მეუბნება და წინადადებას აშკარად არ ამთვრებს. -მაგრამ? - ხელები არ მომიშორებია, თავი ავწიე და ზედმეტად ახლოდან ვუყურებდი თვალებში. -შეგიძლია ხვალ კატოთან გამომყვე? -ხვალ მკითხე. ახლა საწოლამდე მისვლის ბოლო წვეთი მაქვს დარჩენილი. - გაღიმებაც აღარ შემეძლო. რამდენიმე წამი ან წუთი ვიდექით ასე შეყვარებული თინეიჯერებივით. იმ აზრმაც წამომიარა, რომ ტუჩებზე მეკოცნა და თავქუდმოგლეჯილი გავქცეულიყავი სახლისკენ, მაგრამ ისევ ძველებურად ჩავეხუტე, კისერში ვაკოცე და ნელა ავუყევი საფეხურებს. ბალიშს რომ ჩავეხუტე და ძილისკენ მივდიოდი, მაშინ მივხვდი, რომ კოცნაზე დათუნას ზედმეტად შესამჩნევად დააჟრიალა. მაგრამ მე უკვე მეძინა. ქეთას და დიტოს ქორწილი მარტში დაიგეგმა. ამ პერიოდის მანძილზე უმეტესად ქორწილზე ვლაპარაკობდით. ქეთა კი ცოტა იშვიათად ატარებდა ჩვენთან ერთად დროს. ნატას და ტატოს ხმამაღლა აღარ ულაპარაკიათ ერთმანეთზე. ისე რას აკეთებდნენ არ ვიცი, მაგრამ ყველა ნახვაზე მეჩვენებოდა, რომ ურთიერთობა ეცვლებოდათ. თითქოს უფრო მეტ ყურადღებას იჩენდა ტატო ნატას მიმართ. რაღაც სხვანაირად იყო. დათუნა ისევ ძველებურად აგრძელებდა ცხოვრებას და აღარ ყოფილა ისეთი მომენტი, რომ კაუჭივით გადმოეგდო დათუნას სიტყვა ან გამოხედვა. თუმცა როგორც ადრე თავად თქვა, მეგობრული სიყვარული ზოგჯერ ჩვევაში გადაგვდის, რაც მარწმუნებდა, რომ გადმოგდებული კაუჭის სათავეში, ანკესის ნაცვლად, მხოლოდ მეგობარი იდგა. ქორწილის დღეს, გიჟური მარტის ერთ-ერთ დილას, მზემ გამოანათა. ბანკეტის მერე, პირველად წავედი სალონში მაკიაჟის გასაკეთებლად. თმა უბრალოდ ყოველდღიურ სტილში ჩემივე ყოველდღიური სამაგრით შევიკარი. წითელი, მაგრამ ძალიან სადა კაბა მეცვა ქართულ სტილში გრელი მკლავებით, წელს ზემოთ ტანზე მომდგარი და ქვემოთ გაშვებული, წვივამდე სიგრძის. კლასიკურად კლასიკური შავი პრიალა დახურული ფეხსაცემლი მქონდა შერჩეული წვეტიანი ქუსლით. სათადარიგოდ შედარებით თავისუფალი ტანსაცმელი გავამზადე. ქაოსურად მომზადების ცერემონიალები ჩემთვის არ არსებობდა. ასე მარტივად, ძალიან, ძალიან სადად, მაგრამ დახვეწილად გამოვიყურებოდი, ჩემი აზრით. დღის მანძილზე მძღოლი დათუნა იყო, მერე თავისი და ჩემი მამები მოგვაკითხავდნენ ჩვენც და მანქანასაც. ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა ყველა ერთად ვსვამდით და თან სად? ქეთას ქორწილში. დათუნამ პირველი მე მომაკითხა. ქვემოთ რომ ჩავედი, მანქანასთან იდგა და ეწეოდა. ნამდვილად არ მომჩვენებია, რომ თავიდან ფეხებამდე მილიმეტრებით ამათვალიერ-ჩამათვალიერა ორჯერ და კარგად დაკვირვებით. ახლოს მივედი დათუნასთან და დავტრიალდი. -ვიცი, რომ ლამაზი ვარ, - სიცილით გავუწოდე “სათადარიგო” ზურგჩანდა საბარგულში ჩასადებად, - სხვათაშორის, დღეს ძალიან სიმპატიური ხარ. -ისე რას მიწუნებ? - წარბები აზიდა და კარები გამიღო. -ისე კარებს არ მიღებ ხოლმე, - სიცილით გამოვუყავი ენა და სავარძელზე მოვთავსდი. - გზად რატო არ გაუარე ხალხს? - ვკითხე, როცა მანქანაში ჩაჯდა. -ერთადერთი პუნქტუალური ადამიანი შენ ხარ და რაღა მარტო ველოდო ვინმეს, - გაეცინა და მანქანა დაძრა. -ივას და საბას კიდე არაუშავრთ, მაგრამ ჯერ ტატო როდის ჩამოვა და მერე ნატა. ღმერთო, იმედია, ჯვრისწერამდე მაინც მოვასწრებთ მისვლას. -სახლიდან გამოსვლისას დავურეკე ორივეს ცალ-ცალკე, შენსკენ მოვდივარ მეთქი. ის არ მითქვამს, რომ ჯერ შენთვის უნდა გამევლო და მერე ივასთვის. - სიცილით დააყოლა დათუნამ. -ორი ერთნაირი. წარმოიდგინე, ერთად რომ იცხოვრებენ რა ზანტი წყვილი გამოვა. ბავშვი რომ ეყოლებათ, ალბათ საერთოდ მომდევნო დღეს გაემზადებიან, - ვლაპარაკობდი და თან თვალებს ვატრიალებდი. დათუნას ეცინებოდა და პასუხი აღარ დაუბრუნებია. ჯამში ნახევარი საათი ველოდებოდით ტატოს და ნატას. ნატა მეჯვარე იყო. ჯვრისწერამდე მოვასწარით ქეთასთან სახლში მისვლა და სიძე-პატარძლის შეხვედრასაც მივუსწარით. ანერვიულებული ქეთა საათს უყურებდა, ჯვრისწერაზე არ დაგვაგვიანდესო. ნატა სიძე-პატარძლის მანქანაში გადაბარგდა და ადრევე დავიძარით ეკლესიისკენ. ქეთა ქეთა აღარ იყო. უზარმაზარი საპატარძლო კაბით, უსასწაულესი მაკიაჟით და თმით ძალიან ლამაზი იყო. უბრალოდ, ნამდვილად აღარ ჰგავდა თავის თავს. ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც მე წარმომედგინა ჩემი თავი რამდენიმე წლის უკან, ზუსტად ვერ გეტყვით როდის. თუმცა, იმ წამს გავაანალიზე, რომ მე თავად მეცვა სადად, რაც ჩემ ადრეულ გემოვნების თანხვედრაში ვერ ჯდებოდა. ვერ ვხვდები, ამ ცვლილებების უნდა გიხაროდეს თუ უნდა მეშინოდეს. ჯვრიწერის მერე დღის ვარსკვლავებს დავსდევდით აქეთ-იქით ფოტოსესიებზე. ტყეში ვიყავით გაჩერებულები, მანქანაში სიმღერები ჰქონდათ ხმამაღლა ჩართული და ნაწილი მღეროდა, ნაწილს სასმელი გაეხსნა და პირდაპირ ბოთლიდან სვავდნენ არაყს. ივა, საბა და ტატოც ქეთას ბიძაშვილებთან ერთად უჭახუნებდნენ. მე და დათუნა ნატას მითითებებზე დავრბოდით, ხან გამოსაცვლელი ფეხსაცმელიო, ხან ჩანთა დამიჭირეო, ხან მოსაცმელიო. მერე დათუნამ დავიღალეო და ჩემი თვალსაწიერიდან გაქრა. მე გოგოებთან ერთად ვიღებდი სურათებს. რესტორნამდე კიდევ ერთი ადგილი იყო დარჩენილი ფოტოსესიისთვის და ძალიან მშიოდა. დათუნას ვეძებდი, უკვე წასვლას ვაპირებდით, გაღიმებული რომ დამადგა თავზე და გასაღები გამომიწოდა. -იღბლიანი ხარ, - მეუბნება ღიმილით და გასაღები გამომიწოდა. -მე რატო? -ცოტა ნასვამი ვარ, - მეუბნება და ისევ მიღიმის. მართლა ვფიქრობდი, რომ უბრალოდ დამცინოდა და იმიტომ იღიმებოდა. -გიცნობ, არ დალევდი. -კაი დაჯექი რა, გთხოვ. - სახე დაასერიოზულა და ზუსტად ისეთი მიმიკა მიიღო, რომელზეც უარს ვერ ვპასუხობდი. მერე რა, რომ დათუნას მანქანის მართვა კომფორტული იყო და სიამოვნებით გავატარებდი კიდევ ერთხელ და კიდევ ბევრჯერ. დათუნასთან ახლოს მივედი, ცხვირი სახესთან მივუტანე მამა-პაპური ალკოტესტის შესამოწმებლად და სპირტის სუნით აყროლებულმა დათუნამ ორივე ხელი სახეზე მომხვია, დაიხარა და თავზე მაკოცა. - მეც მიყვარხარ, მძღოლო. ეს ერთი ქმედება და წინადადება ჩემთვის უსასრულო ფეიერვერკს ჰგავდა. რაღაც წამს მეგონა, რომ კოცნით მართლა უნდა ეკოცნა, მაგრამ არა შუბლზე. აჭარხლებულ სახეს მაკიაჟი კარგად ფარავდა, ჩემ გაჩერებულ პულსს ვერავინ შეამჩნევდა, მაგრამ მე ხომ ამას ვგრძნობდი მთელი ჩემი სხეულით და გონებით. სწრაფად მოვტრიალდი და საჭის მხარე დავიკავე. მაქსიმალურად ვცდილობდი, მთელი ჩემი გონება მართვაზე გადამეტანა და ხმას არ ვიღებდი. დათუნამ სიმღერებს აუწია და ბიჭები გაუჩერებლად მღეროდნენ. გაუფრთხილებლად გავიარე მაკდონალდსის დრაივზე, სიმღერა შეწყვიტეს და ხმასაც დაუწიეს. -ძმა ხარ, ნინ. - უკანა სავარძლიდან გადმოყო ხელი ტატომ და მხარზე დამკრა, - მაგრად მშია. -მერე შენ ენა არ გქონდა? - ახარხარდა საბა. დათუნა იცინოდა, მაგრამ არაფერი უპასუხია. სტანდარტულად შევუკვეთეთ, მანქანა იქვე ახლოს გავაჩერე და არასტანდარტულად სწრაფად შევჭამე ბურგერი. ბიჭები ისევ კუჭის დაკმაყოფილების ოვაციებში იყვნენ და მანქანა დავძარი. თან გზადაგზა გამოყოლილი ვანილის შეიკს ვწრუპავდი. რესტორანში სანამ სუფრამდე მივიდოდით, ქეთა და დიტო რესტორნის ეზოში გაჩერდნენ და უნახავ ხალხს აცნობდნენ ერთმანეთს. ფხიზელი მე ისევ აცანცარებულ ბიჭებთან ერთად ვიდექი მანქანასთან. ნატაც გამოექცა წყვილს, უთქმელად გამოაღო მანქანის კარები, სავარძელზე ღმუილით დავარდა და თვალები აატრიალა. -გათხოვება გადავიფიქრე, ხალხოო! მომკლეს, გამანადგურეს. -ერთი-ორი ჭიქა, მათ და ისევ მოიფიქრებ, - უპასუხა ტატომ და თვალი ჩაუკრა. -იცი რა ვიფიქრე? - კითხვა დასვა ნატამ და მე ამომხედა მანქანიდან, - მე ხომ უნდა ვიყო შენი მეჯვარე? -უკვე ვფიქრდები ღირს თუ არა, - ვუპასუხე მეც სიცილით. -მეორედ ამას მხოლოდ ერთ ვარიანტში გადავიტან და ისიც გრამი წუწუნის გარეშე. - სერიოზული სახით და გამოშვერილი საჩვენებელი თითით მელაპარაკებოდა და თვალს არ მაცილებდა. ყველასთვის გასაგები იყო ვინ იყო “ერთი ვარიანტი”. ისევ შემრცხვა, სახე ამიხურდა და დათუნასკენ ვერ გავიხედე. -ასე როგორ გაგამწარეს, - ბოლო ხმაზე გაეცინა დათუნას და მხარზე ხელი გადამხვია. სირცხვილით სავსეს, გული თუ არ ამომივარდებოდა, მართლა არ მეგონა. -აქეთ გაიქეცი, მერე იქით. ასეთი სურათი არ მოსწონს, ისეთიც არ მოსწონს. ეს ქუსლები ვერ გავიხადე, ხალხო. ყველგან მეჯვარეებთან ერთად უნდოდა სურათი. მგონი ცხოვრებაში პირველად ჩავიცვი და ეგეც შემომეზარდა ზედ. მთელი გზა წუწუნებს, მაინც უკმაყოფილოა. ეს ასე არ უნდა გამეკეთებინაო, ის როგორ დამავიწყდაო. - თითქმის ერთი წინადადებასავით ერთი ამოსუნთქვით ამოუშვა მთელი დღის ნაგროვები ბრაზი, მერე მეორედ ამოისუნთქა და წყნარად დააყოლა, - ხალხო, მართლა მოვკვდი. ჩუმად ვიდექით და ვუყურებდით დადუმებული ნატას. დათუნას ისევ ჩემ მხარზე ჰქონდა ხელი გადახვეული და ისევ ყელში მიფეთქავდა გული. მერე ტატო მივიდა ნატასთან და ტუფლები გახადა. -ახლა გაცოცხლდები. -ღმერთო! - სიამოვნებით ჩაიბურტყუნა ნატამ და ტერფები აათამაშა. მერე კედები ჩაიცვა და აღარც გაუხდია. გაღიმებული იჯდა მაგიდასთნ ქეთას გვერდით. აღარც დაღლილობა და ბრაზი შემიმჩნევია. მგონი ქუსლიან ფეხსაცმელებთან ერთად შიმშილი აწუხებდა და ყველაფერს აბუქებდა. მერე მეც ვსვამდი არაყს ბიჭებთან ერთად. უმეტესად ჩვენთვის ვიყავით და ზოგჯერ გვავიწყდებოდა ქეთაც და ნატაც. ტატო რამდენი ჭიქას აიღებდა, იმდენი ნატასკენ იხედებოდა და მერე უშვებდა სასმელს საყლაპავში. მერე ცოტა აირივნენ. ცეკვა დაიწყეს, ტატო შეუერთდათ და მაგიდები ნახევრად დაცარიელდა. ჩვენ ისევ ისე ვისხედით და როგორც ყოველთვის, ისე ვსაუბრობდით. -ხალხო, ნატა არ გინახავთ? - თავზე წამოგვადგა დიტო. -ქეთასთან არ არის? - ჩვეულებრივ ვიკითხე და უცბად მოვიდეთ გარშემო. -ქეთაც ეძებს. - უცბად მოგვაძახა დიტომ და გაბრუნდა. -ტატო სადღაა? - იკითხა დათუნამ და ჩემთან ერთად წამოდგა. -საპირფარეშოში ვნახავ ნატას. -წამოდი, მე ტატოს მოვძებნი. საპირფარეშოები, მთელი რესტორნის დარბაზი და მანქანები მოვიარეთ. ვერც ერთი ვიპოვეთ, ვერც მეორე. მობილურს არცერთი პასუხობდა. მარტის უკუღმართ ამინდს წყალი შეუკვეთავს და თავსხმა წვიმა იყო. პარკინგისა და შენობის შუაში, ოდნავ გადახურულ კუთხეს შევაფარეთ თავი. -კი, მაგრამ სად წავიდნენ. -მთვრალმა ტატომ მთვრალ ნატას სიყვარული აუხსნა და ახლა ალბათ ნატა გვამს იშორებს თავიდან, - სიცილით მიპასუხა დათუნამ. ხელი გადამხვია და თავზე მაკოცა, როგორც სჩვევია ხოლმე. მე კი მხოლოდ მათი ადგილსამყოფელი მანერვიულებდა. -არ არის სასაცილო. -მაგათ ეშველოთ და თუ გინდა მერე მეც ვიტირებ. წამოდი ცოტა გავიაროთ. -სად უნდა გაიარო, ისედაც გაწუწულ ქათმებს ვგავართ, - გამეცინა. შენობამდე მისასვლელ მანძილს ვუყურებდი. -ხოდა ამაზე მეტად ვეღარ დავსველდებით, წამოდი. მომენატრა წვიმაში სეირნობა. - ხელი ჩემი მხარიდან არ აუღია, ისე მომცა პირდაპირ მიმართულება და ნაბიჯი ავუწყე. ეზოს ბილიკს მივუყვებოდით. წვიმას ბოლო არ უჩანდა. მთელ სახეზე ჩამომდიოდა წყლის წვეთები. აქეთ-იქით ვიყურებოდი, იქნებ სადმე მომეკრა ნატასთვის თვალი. მერე დათუნამ სიმღერა დაიწყო, უფრო თავისთვის მღეროდა, ვიდრე ვინმეს გასაგებად. მერე ცოტა ხმას აუმაღლა, მეც მთელი ყურადღება მასზე გადავიტანე და ავყევი სიმღერაში, მეორე ხელი გაშალა და პირველი ჩემი მხრიდან აიღო და დამატრიალა. გიჟებივით ვიქცეოდით მთვრალები. თქეშ წვიმაში ვმღეროდით და ვცეკვავდით. წლების წინანდელი დრო მახსენდებოდა, წვიმიან ამინდში სკოლიდან სახლამდე ყველაზე ნელი ნაბიჯით, სიმღერით მივდიოდით ხოლმე, გზადაგზა ვცეკვავდით და გაუვლელ გუბეს არ ვტოვებდით. გასაწური თმით და ტანსაცმლით ავდიოდით ხოლმე სახლში. სკოლის მერე გავიზარდეთ და ასე აღარ გაგვიკეთებია. იმ წამს მივხვდი, როგორ აკლდება ადამიანს ბავშვური მოქმედებები. უამრავი მოგონება არსებოობს ჩვენს მეხსიერებაში, რომლის მხოლოდ გახსენება არ არის საკმარისი, მაშინ, როდესაც მის განსახორციელებლად არაფერია საჭირო. ვიმეორებდით ბავშვურ თავგადასავლებს, მაგრამ მაშინ დათუნას ზუსტად იმ გრძნობებით ვუყურებდი, რომელსაც მართვა არ სჭირდებოდა. ახლა კი ვცდილობდი ყველა ჩემი ქმედება გამეკონტროლებინა. ვცდილობდი, ყველა ის წამი ღრმად ჩამებეჭდა მეხსიერებაში, თითქოს ამ ყველაფერს მომდევნო დღეს ხელიდან გამომაცლიდნენ. ხელები წელზე მომხვია და ჰაერში დამატრიალა. ინსტინქტურად მოვხვიე ხელები კისერზე და თავი უკან გადავწიე, პირდაპირ წვიმის წვეთებს მივუშვრე. -თავბრუ დამეხვა, - სიცილით მითხრა და მიწაზე დამაბრუნა. -ამდენი არ უნდა დაგელია, - ვუპასუხე მეც სიცილით და ხელის შეშვების ნაცვლად, ჩავეხუტე. -უნდა დამელია, ვერ ხედავ რა საყვარელი ვარ? - თავი ოდნავ უკან გაწია, რომ სახის შესახედად მანძილი საკმარისი ყოფილიყო. -შენზე საყვარელი კაცი არ დადის დედამიწაზე, - ვუთხარი ღიმილით, თან თვალს ვერ ვაშორებდი მის სახეს და თან ხელები ისევ კისერზე მონდა შემოხვეული. არ ვიცი, რამის თქმა უნდოდა თუ ამ ბოლო დროს მე მეჩვენება ასე, მაგრამ რამდენჯერ შეიძლება ასე დამემართოს არ ვიცი. ცოტა ხანი ასე მიყურა, მთელი სახე დამითვალიერა, ისევ ისე ხელები მომხვია ლოყებზე და შუბლზე მაკოცა, როგორც იცოდა ხოლმე. მაგრამ ამჯერად ხელები აღარ გაუშვია. თავი მხარზე დამადებინა და ისევ ჩამეხუტა. -დავბრუნდეთ? -ჩანთა უნდა ავიღო მანქანიდან. -ავიღოთ, - ჯერ პასუხი დამიბრუნა, მერე ისევ თავზე მაკოცა და მანქანისკენ წავედით. ჩანთებიანად შევედით დარბაზში, სიცილის ტალღამ თავიდან გადაგვიარა, გაოოცებული ხალხის მზერა რომ არ გვშორდებოდა. საპირფარეშოს შევაფარე თავი გამოსაცვლელად, ნიჟარასთან ნატა იდგა და სარკეს მიშტერებოდა. -ნინა რას გავხარ, - მომიბრუნდა გაოცებული. -სად იყავი? -მე კი არა შენ სად იყავი. -მე და დათუნა გეძებდით შენ და ტატოს. ნატამ პასუხი არ დამიბრუნა, ისევ გაოცებული მათვალიერებდა. მერე გაეცინა, საპირფარეშოს საერთო კარები გადაკეტა და ჩემი კაბის შესაკრავის გახსნაში დამეხმარა. -ჩუმად რატო ხარ? - ვეკითხები და თან მშრალ სპორტულ ტასაცმელს ვიღებდი ჩანთიდან. -მაღირსა იმ დეგენერატმა. -ვინ რა გაღირსა? -ამ წვიმამ მგონი ტვინი გამოგირეცხა. ტატომ მაკოცა. -ვაიმე, გვეშველა? - გაეცინა და ნატასკენ მივტრიალდი. -მე კი მეშველა და შენ და დათუნას არ ვიცი, რა გეშველებათ, - გაეცინა და ჩემი კაბა ნიჟარაში გაწურა. -როდის უნდა დაიღალო? - მომაბეზრებლად დავუსვი შეკითხვა და კედების შესაკვრელად დავიხარე. -რატო უნდა დავიღალო? -იმიტომ, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც გინდა. -უბრალოდ სურვილი კი არა, ამას მე ვხედავ და თქვენ ორს თვალები სად გაქვთ, არ ვიცი. თავს იბრმავებთ, გავიგე, მაგრამ გულს რას უშვებით, სისხლს უყინავთ? -შენ რას აკეთებდი აქამდე? - ნატას პასუხს აღარ დავლოდებივარ, კითხვა შევატოვე და საპირფარეშოდან გამოვედი. ისევ მაგიდას დავუბრუნდი. -თქვენ ორმა ტანსაცმელი სად წაიღეთ? - გვეკითხება ტატო. -და თქვენ ორნი სად იყავით? - დავუბრუნე კითხვა და ისევ დათუნას გვერდით, ჩემ ადგილას დავჯექი. -იცი რაარის, ჩემო ნინა? - ხელი გაშალა დათუნას სკამზე და ოდნავ ჩვენსკენ გადმოიხარა. დათუნას იდაყვი მუხლზე ედო და თავი ხელის გულზე დაეხარა, ბრმად გვისმენდა. - თქვენც თუ იმას აკეთებდით, რასაც ჩვენ ორნი, გეფიცები სიტყვას აღარ დავძრავ. -და რას აკეთებდნენ ესენი - თავი გამოყო საბამ. მერე გამახსენდა, ნატას ნათქვამი ოცნების კოცნა მაჩუქაო. მერე რამდენიმე წამით დათუნას გავუსწორე მზერა.გავიღიმე, ყველამ შემამჩნია. არყის ჭიქა ავიღე, ოცნების სიყვარულს გაუმარჯოს მეთქი და ერთ ყლუპად ჩავცალე სითხე. -ოჰოო, გაუმარჯოს! - მომაძახა ტატომ და თავადაც დააყოლა კიდევ ერთი ჭიქა. ზუსტად ვიცი, რომ დათუნა თვალს არ მაშორებდა. მგონი ამდენი არ უნდა დამელია. მაგრამ ყველაფერი უმიზეზოდ არ ხდება. მეორე დილით, უფრო სწორად შუადღეს რომ გავიღვიძე უძილობას მიუჩვეველი გაბრუებული ვიწექი საწოლში და ადგომისთვის თავს ძალას ვერ ვატანდი. ფხიზელი გონებით ვიხსენებდი წინა დღის ამბებს. ნასვამი მეტად სულელი პიროვნება ვარ, რომელსაც სიტყვების კონტროლი არ შეუძლია. ფხიზელი ვხვდებოდი, რომ მთვრალს იმაზე მეტად განსხვავებული პასუხები მქონდა, რასაც ჩვეულებრივ ვიტყოდი. ალბათ ამიტომ მიყურებდა დათუნა გამოსტერებული მეთქი ვფიქრობდი და შემრცხვა ისე, როგორც ალბათ არასდროს. მეორე გვერდზე გადავბრუნდი და ფანჯრის მიღმა ვუყურებდი მოშრიალე ხის ტოტებს. მაინც დათუნას სახე მედგა თვალწინ. სერიოზულად შარში ვიყავი. კვირა დღეს სახლიდან არ გავსულვარ. მერე სამსახური-სახლის ტრაექტორიით დავდიოდი და ბავშვებთან არ დამირეკავს. ცხრა მთას იქით გადახვეწილი ქეთა მოვიკითხე მხოლოდ, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა ქორწილში რეები ვიბოდიალე და მიზეზი არ მქონდა შემრცხვენოდა მასთან ლაპარაკის. ალბათ, კიდევ ასე გავაგრძელებდი და ჩემ უმიზეზო საქციელს დავაშენებდი კიდევ უფრო მეტ უცნაურ საქციელს, ნატას რომ არ დაერეკა ჩემთან და ერთი წინადადება არ მოეგდო, სასწრაფოდ გადმოდიო და არ გაეთიშა. გადავურეკე და დაკავება ჰქონდა. სახლის ტანსაცმელზე მოვიცვი კაპიუშონიანი დიდი ჟაკეტი, კედები ჩავიცვი და ნატას კორპუსისკენ წავედი. -შენ ასე 911-ის ტექსტებით თუ არ დაგირეკე, ისე ვერ წყდები საქმეებს? - მისაღებში შესულს გამარჯობის მაგივრად მომაძახა ტატოზე აკრულმა ნატამ. -ვინ თქვა, საქმეები რომ მქონდა? -დათუნამ. -რავიცი, არ მქონდა, - მხრებ ავიჩეჩე და დათუნას შევხედე “რას ხლართავ” მზერით. -დასვენებაც საქმეა, გჭირდებოდა, - თვალი ჩამიკრა დათუნამ პასუხად და ადგილიდან არ გატოკებულა. -პანიკის გარეშეც რომ დაგერეკათ, მოვიდოდი. თან ცოტა წყნარად ვივლიდი. - მხრები ავიცეჩე და თავისუფალ სავარძელში მოვკალათდი. -რა ხასიათზე ხარ, - მკითხა ივამ. დათუნა გასუსული მიყურებდა თან ცერა თითს ნიკაპზე ათამაშებდა. არა, მისთვის არ შემიხედავს, უბრალოდ მხედველობის არეალის კიდეზე ვამჩვდი. -ყავას თუ დამისხავ, შეიძლება ცოტა გავიღიმო. - ნაძალადევად დავუკრიჭე წამის მეასედი დროით კბრილები ივას. დათუნა წამოდგა და ნატას სამზარეულოში გავიდა. ყავის ჭიქით დაბრუნდა, მომაწოდა და ისევ თავის ადგილას დაჯდა. უზრდელი პიროვნებასავით, მადლობაც არ მითქვამს. -აბა ღიმილი? - მეკითხება ისევ ტატო, დანარჩენები მიყურებდნენ. -ჩემ გარდა სხვა სალაპარაკო თემა დაილია? აი თქვენ რას შვებით? - თავის აქნევით ვანიშნე ნატას და ტატოს. -ქორწილს არ გამოგაპარებთ, - თვალი ჩამიკრა ტატომ, ნატას ხელი გადახვია და თავზე აკოცა. გამახდენდა, ნატა რომ მეუბნებოდა, მინდა ისე ჩამეხუტოს და თავაზე მაკოცოს, როგორ უმიზეზოდაც დათუნა გეხუტება ხოლმეო. გამეღიმა. ნამდვილად მიიღო ის, რაც მთელი გულით, სულით და სხეულით უნდოდა. -დაჟე ასეა საქმე? - წარბები ავათამაშე. -ზოგადად ასე ხდება ხოლმე, - გაეცინა ნატას. -ხვალ შუადღისკენ ვიბარგებით, ქეთამ ჩამოდითო. - მეუბნება ტატო. -არ ვფიქრობ, რომ კარგი იდეაა. -ასე გვითხრა, ესე იგი მივდივართ. -ვნახოთ, მაგრამ არ მგონია ხვალ სამსახურის გაცდენა მოვახერხო. -მოახერხებ, მოახერხებ. მერე თემა საერთოდ შევცვალეთ, მაგრამ დიდად ხასიათზე ვერ მოვედი. დათუნა თითქმის არ მელაპარაკებოდა. მე მით უმეტეს ვერ ვაბიჯებდი საკუთარ თავს. მერე დავიშალეთ და ყველა ერთად გავედით ბინიდან. -აქეთ მყავს მანქანა, -გავჩერდი და დათუნასკენ შევტრიალდი. ჩემი მიმართულების საპირისპირო მხარეს მანიშნებდა. -გამოგევლო ჩემთვისაც და არ წამოვიდოდი მანქანით, - მხრები ავიჩეჩე. -ძმურად, მიდით და მოვალ მეც ორ წუთში, - საბას, ივას და ტატოს გახედა დათუნამ და თავის მანქანის გასაღები გაუწოდა. ისინიც გაგვერდნენ და ისევ მე შემომხედა, - რამე გაწყენინე? -რა შუაშია? -მთელი საღამოა წესიერი პასუხი არ გაგიცია, არ გაგიღიმია და ახლაც “მეიაზვები”. -ხომ შეიძლება, ზოგჯერ ვერ ვიყო ხასიათზე? -ხასიათზე როცა არ ხარ, სახლიდან არ გამოდიხარ. ახლა უხასიათოდ კი არა, გაბრაზებული ხარ. -არც გამოვიდოდი, ნატას პანიკით რომ არ დაერეკა. -აბა წყნარად მოვიდოდიო? -დათუნა, რა გინდა? - ღრმად ამოვისუნთქე და თვალებში მივაჩერდი. პასუხი არ დაუბრუნებია. რამდენიმე წამი მიყურებდა, მერე გაიღიმა, მოვიდა ჩამეხუტა, როგორც იცის ხოლმე, თავზე მაკოცა, თავს გაუფრთხილდიო და მანქანისკენ წავიდა. მგონი, უაზრო ჩვევები მხოლოდ მე არ დამჩვევია. მეგონა ჩემ მანქანას გამოყვებოდა უკან, როგორც სხვა დროს გაუკეთებია, მაგრამ ნატას ეზოდან ჩემამდე გავიდა და ჩემ კორპუსამდე გზად არსად შემხვედრია. დილის 9 საათზე უფროსს დავურეკე, ონლაინ გავაკონტროლებ სიახლეებს მეთქი, მაგრამ არ არის საჭიროო, ბედნიერი მგზავრობაც მისურვა და დამემშვიდობა. 10 საათისთვის უკვე ჩაბარგებულ-გამზადებული ვიჯექი მისაღებში ოჯახის წევრებიც გავაცილე სამსახურებში და საუზმეს შევქცეოდი. ტიკ-ტოკზე ვიდეოების ტრიალში გავიდა მთელი 3 საათი. მერე დათუნამ დამირეკა, ქვემოთ გელოდებიო და გამითიშა. არც გამარჯობა, არც მოდიხარ თუ არა, არაფერი. ჩემ პატარა ჩემოდანთან ერთად ჩავედი. როგორც ყოველთვის მანქანის ჩემ კარებთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა. ჩემოდანი გამომართვა, საბარგულში ჩადო და მე ამ დროს ჩემ სავარძელზე მოვკალათდი. -მე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? -ვკითხე საჭესთან დაბრუნებულს. ღვედსმოჭდებული ხელი გაუშეშდა და გაკვირვებულმა გამომხედა. -მგონი მეც კარგად ვარ, - ისევ გაკვირვებულმა გამცა პასუხი და მანქანა ადგილიდან დაძრა. -ბავშვები დაგავიწყდა, - ვუთხარი დათუნას, როცა თბილისიდან გამავალი გზისკან გადაუხვია. -ივას მანქანით მოდიან. ცუდი გზაა და კომფორტულად ვერ ვიმგზავრებთო. წინ ალბათ 2 საათიანი გზა გვქონდა. გულში ნატას ვლანძღავდი ჩემი მიტოვებისთვის და თან იმედს ვიტოვებდი, რომ მთელი გზა უხერხულობა არ შემჭამდა. -სად ვრჩებით ღამე? - მანქანაში გამახსენდა, რომ არაფერი არ ვიცოდი და არც ინტერესი გამჩენია აქამდე. -სასტუმროში. -იმედია კავკასიონის ხედი მაინც გვექნება. -ყველგან პირველი გარბიხარ ხოლმე და ახლა რატო ხარ ასე უარყოფითად გაწყობილი? -ვფიქრობ, რომ არაა საჭირო ახალდაქორწინებულ წყვილს მთელი თბილისი რომ ადგება თავზე. მით უმეტეს, დიტოს დიდად არ ვეხატებით გულზე. -იქნებ უბრალოდ ინტროვერტია, ასეთი ადამიანია და მოწონება-არ მოწონება არაფერ შუაშია. -მაინც არ ცვლის იმ ფაქტს, რომ უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა ვიცი, რომ ვიღაცისთვის ზედმეტი ვარ. -ნუ მიაქცევ ყურადღებას, რა. სიძეა ბოლო-ბოლო. ნატა მეჯვარე და ჩვენ რაც ა უნდა მოხდეს, ქეთას ბედნიერებაზე უნდა ვფიქრობდეთ. ქეთას უნდოდა რომ ჩავსულიყავით, დიტოს მეგობრებიც ჩამოდიანო და ქეთას ხოარ დავტოვებდით ისე. -დიტო იქ ყავს, მარტო რატო უნდა ყოფილიყო. -ოხ, ნინა. ცოტა პოზიტივიც დაინახე. ქალაქგარეთ ისედაც სულ დავდივართ ხოლმე უმიზეზოდ და იქ თუ ზედმეტები ვიქნებით, უბრალოდ თელავში გასეირნება, არ იქნება საკმარისი? -შეიძლება. თელავამდე ისე ვიმგზავრეთ, არ გვიდავია. ან ზოგად თემებზე ვლაპარაკობდით, ან სიმღერებს ვმღეროდით. ჯერ სასტუმროში მივიდეთ და საღამოს ქეთასთან გავიდეთო. ნატას 2-2 ადგილიანი ოთახები დაუჯავშნია. მე და ტატო ცალ-ცალკე ხოარ დავიძინებდითო, დათუნა და ივა ერთ ოთახში და ნინა მარტოო. მარტო დაძინების იდეა ძალიან მომწონდა, მაგრამ თან ვხვდებოდი, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ჩვენში და ამასთან შეგუება მიჭირდა. ჩემ ოთახი მაღალ სართულზე იყო და ხედი პირდაპირ კავკასიონზე ჰქონდა. ამ ოთახში ალბათ მთელი კვირით დავრჩებოდი ამ ხედის გამო. მზიანი ამინდი იყო, მაგრამ მაინც ცოტა ციოდა. ნატას და ტატოს ცხვირი არ გამოუყვით ოთახიდან. ალბათ, ყველასთვის გასაგები იყო, რატომ მოვედით ჯერ სასტუმროში. მე, ივამ და დათუნამ ცოტა ვისეირნეთ და საღამოს ყველა ერთად წავედით ქეთასთან. დიტოს მშობლები ცხოვრობდნენ კახეთში და მათთან ვიყავით სახლში. ყველაზე მეტად რაც გაიკვირდა, მთელი საღამო დიტოს ბედნიერი სახე არ მოშორებია სახიდან. თვალები უბრწყინავდა და სულ იღიმოდა. აქამდე რომ არასდროს შემინიშნავს, ისეთი ბედნიერი იყო. დიტომ მამამისთან ერთად შეწვა მწვადები, დედა სამზარეულოში ტრიალებდა და გოგოებიც ვეხმარებოდით. არც არავის უთქვამს უარი დახმარებაზე, ამდენი ადამიანისთვის სუფრის გაშლა მარტივი არ იყო. და ამავდროულად, თითქოს ერთი ოჯახივით ვტრიალებდით სახლში. ძალიან სასიამოვნო იყო ის ოჯახური გარემო, რაც დიტოს ოჯახში ტრიალებდა. მართლა ვიგრძენი, რომ რძლის მეგობრების ადგილი იმ სახლში ნამდვილად იყო. გვიან გადავხარშე, რომ ბავშვები მართლები იყვნენ, ქეთა მარტო არ უნდა დაგვეტოვებინა. დედამილ-მამამთილსაც ესიამოვნათ, რძლის მეგობრების გაცნობა. ბევრი სადღერგძელო დაილია. ბევრი კარგი ამბავიც მოითხრო და ყველა ბედნიერი იყო. მაშინ პირველად მოვხვდი კახურ მასპინძლებთან სუფრაზე და მივხვდი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მასპინძლები იყვნენ. სუფრის გაშლისგან განსხვავებით, დალაგებაზე სასტიკი უარი მივიღეთ, გაცილებამდე ისევ სადღერგძელო შესვეს ჩვენი სტუმრობის და საკმარისად გვიან დავიშალეთ. სიფხიზლისა და მძღოლობის ბედნიერება დათუნასი იყო. სასტუმროში მივედით და ნომრებში ისე გავნაწილდით, არც დავმშვიდობებივართ ერთმანეთს. ტანსაცმელი გავიხადე და პირდაპირ დავეშვი ბალიშებში. ზედმეტად ფხიზლად მეძინა, ან არც მეძინა. ამ მდგომარეობას ვერ ავხსნი. თითქოს 15 წუთი ვიწექი და უბრალოდ დავისვენე. ძილის ფაზა ალბათ ისე გამოვიარე, ვერ ვიგრძენი, მაგრამ დაღლას ნამდვილად ვეღარ ვგრძნობდი. საათს რომ დავხედე და 5 სრულდებოდა, ძალიან გამიკვირდა. ჯერ ისევ 1-2 საათს ველოდებოდი. ვიბანავე და აივანზე გავედი. ჩემ წინ ცა წითლდებოდა და მალე მზეც ამოიწვერებოდა. მობილური ავიღე და ფეისუქს დავუყევი. -ხაში? - მწერს დათუნა. თან გამეღიმა, თან სერიოზულად გამიკვირდა, რომ ეღვიძა. -გული ამერევა, ხო იცი. -არადა, პახმელიაზე მისწრებაა. -ა, გუშინ დავლიე? -კიდე მთვრალი ხარ? -ისეთი ფხიზელი ვარ, თითქოს წყალს ვსვამდი და 9 საათი მეძინა. -შემომიშვებ ოთახში? -ვერა, საყვარელი მყავს. -კარადაში დამალე, - სერიოზულად გამეცინა, ნეტავ მხედავდეს მეთქი, გავიფიქრე და კარზე კაუნიც გავიგე. დათუნაც სიცილით იდგა კარებში. - მოასწარი დამალვა? -რა თქმა უნდა. წამო აივანზე. -თმის გაშრობა როდის უნდა ისწავლო? -შენ როცა ისწავლი, რომ თმა თავისითაც კარგად შრება. - გამეღიმა და გვერდით სკამზე მივუჯექი. -რა ლამაზი ხედი გაქვს. ჩვენ ოთახს ასეთი არ აქვს. -მე ჩემი პრივილეგიებით ვსარგებლობ. რატო გღვიძავს? -ივა საშინლად წრიალებს და ვერ დავიძინე. -სკამის კიდეზე დაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო, თავი სკამის საზურგეს ჩამოადო და თვალები დახუჭა. -შეგიძლია დაწვე და დაიძინო, -თან მეცინებოდა და თან ჩემი საწოლისკენ ვანიშნე. -ძილის ფაზამ გადამიარა მგონი. -ამოდის. -ვინ? - თვალები დაჭყიტა და თავი აწია. -მზე, - გამეცინა და თავით ჰორიზონტისკენ ვანიშნე. -დილამშვიდობის, - მისალმების ნიშნად ხელი აუწია მზეს და სიცილით დააბრუნა თავი სკამის საზურგეზე. - მზის ამოსვლა ბოლოს როდის ვნახე, არ მახსოვს. -კიდევ როდის ნახავ, კაცმა არ იცის და კარგად დაიმახსოვე ეს დილა. -აუცილებლად დავიმახსოვრებ, - თვალებდახუჭულმა აათააშა წარბები და საჩვენებელი თითი დამიქნია. დილის სრული იდილია იყო. ჯერ კიდევ შეფერადებული ცა, სიჩუმეში მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა და დათუნაც აქ იყო, ჩემს გვერდით. ყველაფერს ხომ აქვს თავისი საზღვარი ჩარჩოთი შემოსაზღვრული. არასდროს მესმოდა, ახლაც არ მესმის ამ გარღვეული საზღვრების. როგორც არ უნდა უწოდო მეგობარს და ან ძმა, სტატუსი ვერასდროს ვერ მივა ახლოს სისხლთან. ბევრჯერ ჩავხუტებივარ ხო? ერთ საწოლშიც გვძინებია და ერთი სკამიც გაგვიზიარებია ნახ-ნახევარზე ჩამომსხდრებს. ზოგადად, ბევრი რამ გაგვიკეთებია, მაგრამ არასდროს გამჩენია სურვილი მის კალთაში დავმჯდარიყავი. რაღაცეები ხო ყოველთვის ხდება ცხოვრებაში პირველად. მეგობრობის საზღვრები თავად გავარღვიე. სკამიდან წამოვდექი, ყოყმანით დავდექი დათუნასთან ახლოს, მათხოვარი ბავშვივით. არ ვიცი, მიმიხვდა რა მინდოდა თუ უბრალოდ გაურკვევლობაში მყოფმა ჩამოწია ფეხზე გადადებული ფეხი. მის კალთაზე დავჯექი, მთელი ტანით გადავაწექი, ცხვირი მის კისერში ჩავრგე და მივეხუტე. ხელები წელზე მომხვია და თავზე მაკოცა. ხმამაღლა არც მისი აჩქარებული პულსაცია აღმინიშნავს, არც ღრმად ამოსუნთქვა. -გულმი გიცემს, - მეუბნება დათუნა და სახის მოძრაობით მივხვდი, რომ გაიღიმა. -მართლა? ესეიგი ჯერ ცოცხალი ვარ. პასუხი აღარ დაუბრუნებია, წელზე მოხვეული ხელები უფრო მეტად მომიჭირა და ისევ თავზე მაკოცა. -დათ? -ჰმ? - პასუხის მაგივრად, დაიზმუილა. -იმ დღეს რომ მკითხე, რა გაწყენინეო. -ხო. -წყენა არაფერ შუაშია. უბრალოდ, მგონია, რომ რაღაცეები იცვლება და მიჭირს ამასთან შეგუება. უფრო სწორად, კიარ მგონია, ვიცი, რომ რაღაცეები შეიცვალა და კიდევ რაღაცეები იცვლება. -ცვლილებები ძალიან აუცილებელი და კარგია. ეს რატომ არ იცი? -შეიძლება ვიცი, მაგრამ მეშინია. -რისი? -შენ არ გეშინია? - თავი დახარა, რომ ჩემთვის შემოეხედა. მხარზე გადავატრიალე თავი, არ ამიწევია და დათუნას ვუყურებდი ზედმეტად ახლოდან. ალბათ, ორი მეტრის მოშორებითაც შეამჩნევდა ადამიანი ჩემი გული როგორ აზარზარებდა მთელ ჩემ სხეულს და დათუნა ხომ მით უმეტეს მთელი ტანით იგრძნობდა ამას. -რაღაცეები იცვლება, გეთანხმები. ჩვენც ვიცვლებით, მაგრამ ვიცი, რომ შენი დაკარგვის არ უნდა მეშინოდეს. - ცხვირი ცხვირის წვერზე მომადო და წინადადება ისე დაასრულა. მგონი ჩემი პულსი აღარც ითვლებოდა. ტვინიც სრულიად ამერია და გეფიცებით, მიჭირდა გამეაზრებინა, როგორ სიტუაციაში ვიყავით და რაზე ვსაუბრობდით. -რატომ? -ეს ხომ ასეთი აშკარაა. დავიჯერო, შენით ვერ ხვდები? - თან ეღიმებოდა და თან ცხვირს ცხვირზე ათამაშებდა. -დავუშვათ, ვერ ვხვდები. -გამოიცანი ცვლილება, რომელიც ცხოვრებას თან შეცვლის, მაგრამ თან არ შეცვლის. უბრალოდ გზააბნეულ პაზლს ჩასვამს თავის ადგილას. -ჰა? - ამჯერად მართლა ვერ მივხვდი ზუსტად რას მეუბნებოდა. მილიმეტრებით გავამოძრავე თავი გაკვირვებულმა, მაგრამ გვიან გავიაზრე რამდენად ახლოს ვიყავი დათუნას სახესთან და გავშეშდი. ვერც უკან გავიწიე, ვერც წინ. გეფიცებით, ცოტაც და ვაკოცებდი და ამის იქით ვეღარაფერზე ვკონცენტრირდებოდი. -ტატოს და ნატასაც ზუსტად მაგის ეშინოდათ, მაგრამ პაზლი ააწყეს. - ისევ მშვიდი ღიმილით აგრძელებდა დათუნა საუბარს. ცალი ხელი ყურის ძირში კისერზე მომხვია და ცერა თითს ლოყაზე, ტუჩის კუთხესთან ძალიან ახლოს მისვამდა. -ჩვენ რომ ვერ ავაწყოთ? -ჩვენ ჩვენი პაზლი უკვე ავაწყეთ. შენ ასე არ ფიქრობ? - გაიღიმა და ცხვირზე მაკოცა, პირველად ცხოვრებაში. როგორც ჩანს, საზღვრები ორივემ ერთიანად დავარღვიეთ. -შეიძლება. - მეც ღიმილით ვუპასუხე, გაუპარსავ ლოყაზე ხელი მოვხვიე და ცხვირი ისევ მის კისერში დავაბრუნე. ვიაზრებდი, რომ ორივე ერთსა და იმავე ენაზე ვლაპარაკობდით. ორივე ერთსა და იმავეს ვფიქრობდით და ვგრძნობდით. ნელ-ნელა შიშიც ქრებოდა და ჩახუტებისგანაც სულ სხვა მუხტს ვიღებდი. მერე დავფიქრდი სიტუაციაზე. თურმე რა ცოტა იყო საჭირო ერთმანეთისგან და როგორ გავურბოდით ამ ცოტას ორივე. ახლა უფრო მეტად, როგორც არასდროს, ისე მინდოდა მეკოცნა. მაგრამ მაინც, ინიციატივას გავურბოდი. თითონ არ ჩათვალა საჭიროდ და ესე იგი ასეცაა საჭირო მეთქი, ვიფიქრე. დიდ ხანს ვიყავით ასე ჩახუტებულები აივანზე. მერე ყავის დასალევად გავედით და ვისაუზმეთ. მერე ივაც ჩამოვიდა, აჭრელებული სახით. მალევე მოყვნენ უკან ნატა და ტატო. ისეთი სახეებით მოდიოდენ, თითქოს არც იცნობდნენ ერთმანეთს, თუმცა მგონი ვერც ჩვენ გვცნობდნენ. ნამდვილი ნაბახუსევი ზუსტად იციან რას ნიშნავს. ვერც ყავა დალიეს, ვერც ისაუზმეს, საჭმელს რამდენი გახედავდნენ, სახე ეჭყანებოდათ და ბოლოს ისევ მინერალური წყლის ბოთლებით დადიოდნენ მთელი დღე. საღამოს ქეთაც გამოვიდა. ნაბახუსევიდანაც ნელ-ნელა გამოდიოდნენ და ერთად ვივახშმეთ. მერე გარეთ ვსეირნობდით. სასტუმროში ადამიანურ დროს დავბრუნდით. ცოტა ხანი ერთად ვისხედით ვლაპარაკობდით. მერე ივა წავიდა. ნატა და ტატოც მალევე მიყვნენ. მეც მეძნება მეთქი და ფეხზე წამოვდექი, ლიფტისკენ წავედი. დათუნა ისე მომყვა უკან, სიტყვა არ უთქვამს. თითქოს ეს ყოველდღე ასე ხდებოდა და უჩვეულო ამაში არაფერი იყო. ჩემ ნომერში შემომყვა, მაისური და შარვალი გაიხადა, სკამზე მიყარა და ჩემ საწოლში მთელი წონით დაეხეთქა. ვერ გეტყვით, რომ ოდნავ მაინც გამიკვირდა. სააბაზანოში შევედი, თავი მოვიწესრიგე, მაისური გადავიცვი და საწოლის მეორე მხარეს ბალიშს ჩავეხუტე. -ჩამეხუტები, თუ გვერდით მეზობელთან დაძინება გირჩევნია? - მკითხა დათუნამ და ხმაზე ეტყობოდა, რომ იღიმებოდა. პასუხის მაგივრად, დათუნასკენ მივიწიე, თავი მხარზე დავადე, ფეხი ზეგ გადავადე და კისერში ვაკოცე. -ძილინებისა, დათუნა. -ძილინებისა, ნინა. - თავზე მაკოცა და ხელით თმის დავარცხნა დაიწყო. წუთიც არ დამჭირვებია ალბათ დასაძინებლად. ასე მშვიდად ბოლოს როდის მეძინა, არ მახსოვს. რომ გავიღვიძე, მუცელზე ვიწექი და დათუნა აქეთ მეხუტებოდა. რამდენიმე წუთი არ გავტოკებულვარ. თან ვფხიზლდებოდი, თან მოვლენებს ვაანალიზებდი და სიტუაციით ვტკბებოდი. მერე მივხვდი, კედლის ხედს, დათუნას სახე მერჩივნა და მისკენ გადავბრუნდი. სახეზე ვეფერებოდი და იმედი მქონდა, გაიღვიძებდა. მერე თმები ავუჩეჩე, ლოყაზე ვუჩქმიტე, მაგრამ მკვდარივით ეძინა. მერე როგორც დიდი ხნის შეყვარებულებს ჩვევიათ, ხელი ვკარი და ზურგზე გადატრიალდა. საწოლის მაგივრად დათუნას დავაწექი, გულზე ხელის გულები დავულაგე და ნიკაპი ჩამოვადე. -დილის ძილს უნდა გადავეჩვიო ალბათ? - მეუბნება დათუნა, ისე რომ არც გატოკებულა და არც თვალი გაუხელია. -გირჩევ, კი. -ოხ, ნინაა, - წელზე ხელები შემომხვია და მთლიანად ამოტრიალდა ჩემთან ერთად. ახლა თავად დამყურებდა ზემოდან და მე ნელ-ნელა თან ვპატარავდებოდი, თან სურვილისგან ვიბერებოდი. -რა არ მოგეწონა? - ვეკითხები და თან წარბი ამითამაშდა. -მე ყველაფერი მომწონს, - ისევ ისე დამყურებდა ზემოდან და სახის ყველა ნაკვთს სათითაოდ მითვალიერებდა, - შენ რა არ მოგწონს? -დათუნა, - მინდოდა მეთქვა, მაკოცე მეთქი, მაგრამ ამის მაგივრად მისი სახელის გარდა სხვა სიტყვა ვერ დავაცდინე ჩემს ენას. მთელი სახე ამეწვა სიმხურვალისგან და ზუსტად ვიცოდი, რომ ჭარხლისფერი მედო ზედ. -გისმენ, გისმენ, - ღიმილით მეუბნება დათუნა, ალბათ როგორ უნდოდა გულიანად გადაეხარხარებინა. თავი ჩემსკენ დახარა და როგორც გუშინ, ისევ ცხვირის წვერს მიხახუნებდა ცხვირზე. “არადროს თქვა არასდროს!” მე ვამბობდი, ინიციატორი არ ვიქნები მეთქი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას არ გავაკეთებდი, მაგრამ აშკარა იყო, რომ დათუნაც იგივე აზრზე იყო ან უბრალოდ ჩემ მოთმინებას ცდიდა. ორივე ხელის გული შემოვხვიე ლოყებზე, თითქოს გაიქცეოდა და ვიჭერდი. და ვაკოცე. არასდროს მინახავს რეალურ განზომილებაში ვულკანი, არ ვიცი როგორ შეგრძნებას იწვევს რეალურად, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩემი გული გასკდა, მთლიან ჩემ სხეულს მოედო და დათუნაც თან ჩაიყოლა. პაზლიც მყარად შემოისაზღვა ჩარჩოთი. დათუნა მკოცნიდა ისე, თითქოს ამის ბედნიერება მხოლოდ ერთხელ მიეცა ცხოვრებაში, თუმცა რაღაც ცხოვებაში პირველად მხოლოდ ერთხელ ხდება. -ნინ, - ცხვირი ისევ ცხვირზე მომადო, ცალი ხელი ყურის ძირში კისერზე მომიჭირა და თითი ტუჩებზე გადამატარა. -ჰო? - ვპასუხობ და თან მეღიმება და მის გონებაარეულ სახეს ვათვალიერებ. ამდენად მიმზიდველი დათუნა ჯერ არასდროს მენახა. -რა რთულია ამის თქმა, - ჩაეცინა, მოწყვეტით მაკოცა ტუჩებზე და თვალი გამისწორა, - მიყვარხარ. -მიყვარხარ და ვერც დავითვლი რამდენჯერ გვაქვს ეს ნათქვამი. -მაგრამ არა ასე. -ხო, აქამდე ვნება ნამდვილად აკლდა, - გამეცინა, ისევ ხელი ვკარი და ისევ ჩემ ქვემოთ მოვიმწყვდიე. - მაგრამ იცი რა? -რა? -ახლაც აკლია, - ვეუბნები და კოცნას ვაგრძელებ. -ნინა, - მეუბნება და დისტანციის დაცვას ცდილობს, მაგრამ… -არ მესმის რა გინდა, - ამჯერად გაბრაზებული თავად გავიწიე, წელში გავსწორდი და მუცელზე დავჯექი. -ვერც წარმოიდგენ, რამდენ ხანს ვოცნებობდი ასეთ დილაზე. უბრალოდ, არ მინდა, რომ იჩქარო. -გამხადე, - ხელები ჩემი მაისურის ბოლოებზე დავადებინე. სახე იმაზე მეტად აემღვრა, ვიდრე აქამდე. საერთოდ სხვა დათუნა იწვა ჩემ წინ. ერთდროულად დამფრთხალი და ვნებით სავსე. რამდენიმე წამი მიყურებდა პირდაპირ თვალებში. მერე თვითონაც წამოჯდა,ხელები მაისურის შიგნით შეაცურა და შიშველ წელს აუყვა ზემოთ და ზემოთ. მუცლის მაგვრად, თითქმის მის ღირსებაზე ვიჯექი, ყოველ შემთხვევაში, ამას იმდენად ვგრძნობდი, რომ ბევრი არ მაკლდა. არ უკოცნია, ჩემი სახის ყველა მიმიკას, ყველა ხორკლს და მოძრაობას აკვირდებოდა და სწავლობდა. მერე ხელი მხრიდან შიშველი მკერდისკენ გადაიტანა, ისევ გაჩერდა რამდენიმე წამით, ისევ სახეზე მაკვირდებოდა. მკერდი ხელებში მოიქცია, ოდნავ მომიჭირა, ერთიანად დამიარა ცხელმა ლავამ მთელ ორგანიზმში და მთელ ტანზე ხორკლებმა დამაყარა. თვალები დავხუჭე, კისერი გამეჭიმა და უნებურად გადამივარდა თავი უკან. -შემომხედე, - მოთხოვნა შევუსრულე და მზერა გავუსწორე. მაისური ისე გადამაძრო, თვალებისთვის მზერა არ მოუშორებია. მაკოცა და ისევ ხელებით ჩამოუყვა ჩემ სხეულს. ისევ ხელი ვკარი და ისევ საწოლზე დავარდა. ამჯერად მთელი შიშველი კანი დაათვალიერა. ისევ ამღვრეული ჰქონდა თვალები. მაინც თავს იკავებდა, სრულ თავისუფლებას მაძლევდა და მოქმედებდა ისე, როგორც მე მინდოდა. ნელა დავიხარე მისკენ, ცხვირი ცხვირზე მივადე, როგორც თავად დასჩემდა ბოლო ორი დღეა. ამჯერად თავად მაკოცა, ისევ ისე, თითქოს წამი უნდა დაეჭირა. არ ვიცი, აქამდე როგორ ვუყურებდით ერთმანეთს და ამას ვერ ვხედავდით. არ ვიცი აქამდე რა ხდებოდა. “სჯობს გვიან ვიდრე არასდროს” და ალბათ, ცხოვრების ყველაზე შესაფერის ეტაპზე, ჩვენ გავერთიანდით. მე და დათუნა. ზუსტად ვიცი, რომ არასდროს ვინანებ არც აწმყოს, არც მომავალს მის გვერდით. ჩვენ ის ერთი მთლიანობა ვართ, რომლებიც ამდენწლიანმა მეგობრობამ შეგვქმნა, გვასწავლა და ჩამოგვაყალიბა. ჩვენ ის წყვილი ვიყავით, რომლებსაც ცხოვრების ყველა ეტაპზე ერთმანეთის გვერდით ვიყავით და ვიქნებით ცხოვრების ბოლომდე. მე და დათუნა. საწოლზე ვიწექით, ცხვირი ისევ მის კისერში მქონდა ჩარგული და მისი სურნელით ვივსები ფილტვებს. ამ ყველაფერს ზედმეტად რეალურად ვგრძნობდი. მეგონა სიყვარულისგან გული გამისკდებოდა, არადა თავი ასე მშვიდად არასდროს მიგრძვნია. დათუნას თვალებში სიყვარულს ვხედავდი. მზერას, რომელიც ცხოვრების ბოლომდე დამყვებოდა და სიყვარულს, რომელსაც ვულკანივით ძალა ჰქონდა. სასტუმროს დატოვების დრო მოდიოდა. შხაპი მივიღეთ, მოვწესრიგდით, მეც ჩავბარგდი და დათუნაც თავისი ნივთების ასაკრეფად დაბრუნდა ივასთან. ყველა ერთად შევიკრიბეთ სასაუზმოდ. წინასწარი შეთანხმების გარეშე ვმოქმედებდით შეთანხმებულად. ისე, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. ნატასაც კი არ უჭვია რაიმე. არც იმას უხსენრბია დათუნას დილის ვიზიტი. ისეთი არაფერი, უბრალოდ, ისედაც ყველამ ჩვენზე ადრე იცოდა ჩვენი მომავალი და ვფიქრობდი, ცოტა სახალისო იქნებოდა. თან ცოტა მეზარებოდა მათი კითხვები და თან ამ ბედნიერების გაზიარება ეგოისტურად მენანებოდა. აუცილებლად ვეტყოდი, მაგრამ ჯერ ჰო, მენანებოდა. თბილისამდე ისე ვიმგზავრეთ, როგორც პირველ გზაზე. -შეიძლება ვიკითხო? - მეკითხება საჭესთან მჯდომი დათუნა. -ნევართვა გჭირდება? -გამეცინა. -ბავშვებთან რატო არაფერი შეიმჩნიე? -შენც არ შეგიმჩნევია და რატო? -ჰო, შენც არ შეგიმჩნევია და ალბათ ამიტომ. როდის ვუთხრათ? -როცა გინდა. -ნატამაც არ იცის? -ტატომ თუ არ იცის, ნატამაც არ იცის. ივას არაფერი უკითხავს? -ოთახში რომ შევედი, ეძინა. წარმოდგენა არ აქვს, სად ვიყავი ღამე. -ჩემ დაბადების დღეზე ვუთხრათ. მერე მოვიფიქროთ როგორ. -როგორც ნინა ბრძანებს, - გამიღიმა და ხელი გადმოიწია, კისერზე მომხვია ცალი მტევანი, თავი გადავიხადე და ზედ დავადე. დაბადების დღე აპრილში მქონდა, მომდევნო თვეს. თითქმის მთელი თვის მანძილზე, არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ მხოლოდ ჩვენ ორნი უფრო მეტ დროს ვატარებდით ერთად ვიდრე ადრე. მეგობრებთან ისევ ისე ვიქცეოდით, როგორც აქამდე - ბუნებრივად. თუმცა კოცნის გარეშე. ნატას მზერა დამჭერია, ეჭვის თვალით რომ გვაკვირდებოდა ხოლმე, მაგრამ განსხვავებულად არაფერი უთქვამს. მე და დათუნა სახლებშიც უფრო ხშირად ავდიოდით ერთანეთთან. არც ჩემ მშობლებს უკვირდათ, არც დათუნასებს. კატოს მეორე შვილი შეეძინა და იმ დღეს პირველად პირველად მითხრა დათუნამ, შვილები რომ გვეყოლება, ბედნიერი ვიქნები, რომ დედა შენ იქნებიო. დათუნას ბინის შენობა დასრულდა და რემონტი უნდა დაეწყო, თუმცა ამჯერად უფრო მეტ რჩევას მეკითხებოდა, ვიდრე ალბათ სხვა შემთხვევაში მკითხავდა. უფრო სწორი იქნება, რომ ვთქვა, არჩევანის საშუალებას მე მაძლევდა. -ნინ, დიზაინერი გველოდება, შავი სამუშაო დავასრულე და შენიშვნები მინდა, ერთად განვიხილოთო. 1 საათში რო გამოგიარო, შეძლებ გამოსვლას? - მირეკავს დათუნა და სხაპასხუპით მისვამს კითხვას. -კი, სახლისკენ მივდივარ და სახლში ვიქნები. -ოქეი, დაგირეკავ. მიყვარხარ. - ისევ ისე მომაყარა სიტყვები და პასუხსაც არ დაელოდა, ისე გამითიშა. ზუსტად ვიცოდი, რომ სახმსახურში იყო და გადარბენაზე ასრულებდა საქმეს. სახლში ასულს, კარებშივე მეცა გემრიელი სუნი. სიცხიანი დედა, დასვენების და თავის მოვლის მაგივრად, ოჯახს გემრიელ საჭმელს გვახვედრებდა. -რა სუნია. დე, არ გეწყინოს, მაგრამ ბედნიერებისგან ვგიჟდები ხოლმე შენს ავადმყოფობაზე, - გამეცინა და სიცხისგან აჭარხლებულ ლოყაზე ვაკოცე. - რამდენი გაქვს სიცხე? -38,7 მქონდა ცოტა ხნის წინ. -წამალი რომ დაგელია, დაწოლილიყავი და დაგესვენა, არა? -კარგი, რა, ნინა. ყოველ დღე ხომ ვერ გახვედრებთ ცხელ საჭმელს, - დედამ თეფშები გადმოალაგა მაგიდაზე და თავზე მაკოცა. -დათუნა გამომივლის ცოტა ხანში და უნდა წავიდე, სახლის დიზაინერთან მივყვები. -მაგ ბინის რემონტზე ისე ფიქრობ, რომ მგონი შენც მანდ აპირებ ცხოვრებას. - ხუმრობით მეუბნება დედა და მაგიდის მეოე მხარეს, ჩემ პირდაპირ ჩამოჯდა. თან მეღიმებოდა, ხმამაღლა რომ გამოთქვა თავისი აზრი და თან მიკვირდა. -ჯერ დასრულდეს და მერე გადავალთ, - სრული სერიოზულობით ვუპასუხე. დედას კი წარბიც არ შერხევია. -ანუ? -ანუ მთლად მაგხელა სიცხე არ გაქვს, - ვპასუხობდი და თან მეცინებოდა. - მთავარია შვილიშვილი ორ დღეში არ მოგვთხოვო. ეგეც იქნება თავის დროზე. -სერიოზულად ლაპარაკობ ახლა? -სრულიად. მამას არაფერი უთხრა, დათუნას აჩემებული აქვს, კაცი ამდენი წელია მიცნობს და მე უნდა დაველაპარაკოო. -ხო იცი, როგორ მიყვარს დათუნა? - ახლა უკვე ცრემლიანი თვალებით მეკითხებოდა დედა. -ვიცი, დედა. მაგის მეტი რა ვიცი? -როდის გაიზარდეთ, ვერც ვხვდები. -მეც მიყვარხარ, დე. მაგრამ ახლა უნდა წავიდე, შენი სიძე მელოდება, - თავზე ვაკოცე დედას და სამზარეულოდან გასვლისას მივაძახე, - ბევრი არ იტირო, ცრელები ჯვრისწერისთვისაც შეინახე. როგორც ყოველთვის, სიგარეტით ხელში მელოდებოდა დათუნა მანქანას მიყრდნობილი. ჩავეხუტე და მანქანაში ჩავჯექი. -დღეს განსაკუთრებულად ბედნიერი ხარ, - პირდაპირ მეუბნება დათუნა. -დღეს განსაკუთებულად ზეციური ძალებით, დაასკვნა ქალბატონმა დედამ, რომ შენს სახლში მეც უნდა ვიცხოვრო, - ვპასუხობ სიცილით. -რაო მერე. კიდე რა გითხრა? - ყურებამდე გაღიმებული მისვამდა შეკითხვას. -ხომ იცი, როგორც მიყვარს დათუნაო. -ნინა? - უცბად დაუსერიოზულდა სახე. -ჰო. -რემონტი რომ დასრულდება, გადავიდეთ, ხო? -გადავიდეთ. - სრული გულწრფელობით გავეცი პასუხი, ისე, რომ დაფიქრებაც კი არ მჭირდებოდა. -ხომ არ ფიქრობ, რომ ადრეა? -რემონტს და ავეჯს ოთხი თვე მაინც სჭირდება და მე ახლაც გადმოვიდოდი. - ღიმილი სახიდან არ მშორდებოდა. -მიყვარხარ, - მუჭაში მოიქცია ჩემი მტევანი და მაჯაზე მაკოცა. ჩემ დაბადების დღეზე ნატახტარში რესტორნის ერთ დახურულ სივრცეში მხოლოდ ჩვენ ვიყავით. ამჯერად ჩემი მეგორების სრული შემადგენლობის, ჩემი ძმისა და კატოს გარდა, მშობლებიც იყვნენ ჩემიც და დათუნასიც. -ამ დათუნასგან კაცი ვერაფერს გაიგებს და იქნებ შენ განმანათლო, აქ რა ხდება? - ტატო მომიცუცქდა და ჩურჩულით მელაპარაკებოდა. სივრცის ბოლოში გავხედე ნატას, დაწვრილებული თვალებით შემოგვჩერებოდა და თან ჭიქიდან რაღაც სითხეს წრუპავდა. -ნატას გამოგზავნილი ხარ? - გამეცინა. -ხო, მაგრამ მეც მაინტერესებს. -25 წლის გავხდი. -ვა, მართლა? გილოცავ? - გაეცინა ტატოს, ლოყაზე მაკოცა და ჩამეხუტა. უცბად დაასერიოზულა სახე და ისევ დაკითხვა გააგრძელა, - ეს ამდენი ხალხი რატომაა აქ? -იმიტომ, რომ ჩემ დაბადებას ავღნიშნავთ, - ისევ ჩემ პირველ ჩვენებას ვაწვებოდი და ვიცინოდი. - შენ არ ზეიმობ? წარბები ავათამაშე და ტატოს გავერიდე, სანამ კიდევ დასვამდა იგივე შეკითხვას. ტრადიციულად, სანამ ქეიფს დავიწყებდით, ტორტზე ვაქრობდი სანთლებს. დედაჩემმა და დათუნას დედამ სანთლები ერთად ჩაამაგრეს ტორტზე, ერთად ანათებდნენ. დათუნამ მობილურის კამერა დააყენა ისე, რომ ყველა გამოჩენილიყო კადრში და ტორტის ასაღებად მობრუნდა. მელოდიის გარეშე, ყველამ ერთად მიმღერა, სურვილი ჩავიფიქრე და სანთლები ერთით ვერ, მაგრამ ორი ამოსუნთქვით ჩავაქრე. ტაშის ხმაც მოყვა. -შეიძლება გაკოცო? - მეკითხება სიცილით დათუნა. -ტორტი არ დაგივარდეს, - ვუპასუხე სიცილით და კოცნა დავასწარი. წამი არ იყო გასული, მქუხარე ტაშის ხმიდან, სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. მშობლები და და-ძმანი გაღიმებულები იდგნენ, მე და დათუნა ვიცინოდით და მეგობრები გაფართოებული თვალებით, პირდაღებულები იყურებოდნენ. -არა, ხო თქვენც დაინახეთ? - ისევ გაოგნებულმა ნატამ იკითხა პირველმა. - ესეც ხომ არ მომლანდებია? -ბიჭო, მეც დავინახე, - ივა ნატას დაეთანხმა. ტატომ ტაშის დაკვრა ისევ თავიდან დაიწყო, მიყვა ქეთა, ივა, დანარჩენები. ნატა ისევ ისე გაშეშებული იდგა. -ნატას შოკი აქვს, - მიჩურჩულა დათუნამ და ტორტი იქვე ახლოს დადო. -მიეჩვევა. -ნატა? - უყვირის დათუნა. - ნატაა? -ჰა? -ვიცი, რომ შენი გეგმა შენ თავს არ ითვალისწინებდა, მაგრამ ხო მაპატიებ? -არ არსებობს, - თვალები დაუწვრილდა ნატას და რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ უპასუხა. კი, მაგრამ რა გეგმა ჰქონდა ნატას და რა ჩაიდინა დათუნამ? უცბად ვერაფერს მივხვდი. -გახსოვდეს, ნინას, დედას და მამას ცოცხალი ვჭირდები, - გაუცინა დათუნამ და ჩემსკენ შემოტრიალდა. -რას აკეთებ? - ვეკითხები, ისევ გაურკვევლობაში მყოფი. -შენი დანახვა იმ წამიდან მიხარია, რაც პირველად დაგინახე. მეგობრად მიგიღე, როცა სკოლაში მერხთან ჩემ გვერდით დაჯექი. ოჯახის წევრად, რაც პირველად ჩემი სახლის ზღურბლს გადმოაბიჯე. მაბედნიერებ, ყოველთვის, როცა იღიმი. მინდა, ჩვენ შვილებს ერთად მოვუყვეთ ჩვენი სიგიჟეები და ერთად ვასწავლოთ სიყარული. მინდა, მთელი ცხოვრება ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო და იყავი ჩემი მეორე ნახევარი. თითქმის მთელი თვე ხომ ისედაც ჩვენ მომავალზე ვსაუბრობდით და ვფიქრობდით. ერთად ცხოვრებაც ხომ დაგეგმილი გვქონდა და ხო ისედაც ცხადი იყო ჩვენი უღელი. ეს ხომ გააზრებული მქონდა და ვიცოდი. მაგრამ მაინც, ვიდექი, ვუყურებდი, ვუსმენდი და ვერაფერს ვხედავდი, არაფერი მესმოდა. ცრემლები დაუკითხავად მოდიოდნენ და მოდიოდნენ. არც კი ვიცი რას ვგრძნობდი გარდა უსაზღვრო სიყვარულისა, რომლითაც 5 წუთით ადრეც სავსე ვიყავი და 5 დღის წინაც. თუ ვინმეს არ გესმით, ამ დროს რატომ ტირიან ქალები, აუცილებლად გაიგებთ მაშინ, როდესაც თქვენ გთხოვენ ასე ხელს. დათუნა ჩაიმუხლა, ბეჭდის ყუთს თავი მოხსნა და ყურებამდე გაღიმებული მელოდა. ცრემლები ტირილში გადამივიდა, მინდოდა მეთქვა, რომ “დიახ”, მაგრამ ხმა არ ამომდიოდა. თავს გიჟივით ვაქნევდი. ბეჭედი თითზე გამიკეთა, წელზე ხელები მომხვია და დამატრიალა. მე ისევ ვტიროდი. მერე ამოვისუნთქე. მეგობრებისკენ მივბუნდი, ბეჭდიანი ხელი ავუფრიალე და ბოლო ხმაზე ვიყვირე. -და მან თქვა: “დიახ!” მერე იყო მოლოცვები, ნატას ცრემლემლები. დათუნა და ლაშაც კი გადაეხვივნენ ერთმანეთს. თითქმის ყველა სვამდა ჩემ გარდა. მაქსიმალურად ვცდილობდი ამ დღის ყველა წუთი დამემახსოვრებინა და მყარად ჩამებეჭდა ჩემი ტვინის ნაოჭში. ამდენი სურათი და ვიდეო, არცერთ ჩემ დაბადების დღეზე არ გადამიღია. რამდენიმე საათის შემდეგ გამახსენდა ბეჭედი, რომელსაც უკვე ათობით სურათი გადავუღე, წარმოდგენა არ მქონდა, როგორი იყო. მერე დავაკვირდი, რომ ზუსტად ჯდებოდა ჩემ გემოვნებაში. სადა და ლამაზი. კალიცოსთან რომ თავისუფლად გავიკეთებდი. გვიან გამახსენდა ვიდეო, რომელსაც დათუნა იღებდა იმ დროიდან, სანამ ტორტს აიღებდა. ჯერ ვიფიქრე, მერე დათუნასთან ერთად ვუყურუებ მეთქი, მერე მეგობრებთან ერთად ყურების ვარიანტიც გავიფიქრე, მაგრამ ყველა ჯერზე თავიდან ვნახავდი სიამოვნებით და არც არავის დავლოდებივარ, ისე ავიღე დათუნას მობილური და ვიდეო ჩავრთე. ორივეს მშობლებს ეტყობოდათ, რომ იცოდნენ. ჯერ კიდევ ტორტთან სურვილს ვფიქრობდი, როცა თვალები აუცრემლიანდათ. ჩემი ძმა ამაყად იდგა და კატოს უკვე ცრემლები სდიოდა. მერე იყო კოცნა, როცა ოჯახის წევრები გაღიმებულები გვიყურებდნენ და მეგობრები გაშეშდნენ. ქეთამ ავტომატურად დიტოს აკოცა, მერე უკან გახტა და ჩვენ მოგვშტერებოდა. ივამ თვალები მოისრისა. საბამ თიქტოს არც არაფერი, ისევ ისე გვუყურებდა. ტატომ გაკვირვების ნიშნად ჯერ თავი წინ გამოსწია, თითქოს ორი მილიმეტრით უფრო ახლოდან კარგად დაინახავდა და მერე მეგობრებს გადახედა. და ნატა, რომელსაც ყველა ემოცია ეხატა სახეზე და კითხვა ისე დასვა, პირის მოძრაობას ძვლივს შეამჩნევდით. მერე იყო ხელის თხოვნა, რაც მგონი კარგად არავის დაუნახავს ბიჭების გარდა. კატო სურათებს გვიღებდა, რომლებიც უკვე სოციალურ ქსელში ატვირთული მქონდა და იმ წამს გავიგე, ვისი გადაღებული იყო. რამდენი მიტირია, ესეც იმ წამს გავიაზრე. დათუნას აკანკალებული ხელებიც ვიდეოზე შევნიშნე. თავიდან გადავახვიე ვიდეო, როცა დათუნა მოვიდა და გვერდით ჩამომიჯდა. -რა გატირებს? -ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გაგიცანი. -მეც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დაიბადე, - მაკოცა და მობილური გამომართვა, - მეც ვუყურებ, რა? -ვუყუროთ. მომდევნო დღეს, ისე არ გამოვიდოდა, ნატას სასამართლო სხდომაზე რომ არ ავსულიყავით. სამსახურიდან სახლში მივედი, მანქანა გავაჩერე და დათუნასთან გადავჯექი. -მზად ხარ დაკითხვისთვის? - გამიცინა დათუნამ. -ყველა კითხვა და ყველა სახის მიმიკა უკვე წარმოდგენილი მაქვს, - მეც გამეცინა და ნატასკენ წავედით. კარები პირდაპირ შევაღეთ. ყოველთვის ღიას ტოვებდა, როცა გველოდებოდა. სრული შემადგენლობით დაგვხვდნენ შეკრებილები. -გვრიტებიც მოშრიალდნენ, -ხელის აწევით მოგვესალმა ივა. -ნატა სადაა? ყავა მინდა, -ამოიწუწუნე და დივნის თავისუფალი ადგილები დავიკავეთ მე და დათუნამ გვერდი-გვერდ. -ყავას მოითხოვენ და დროს დავზოგავო, - გადაიხარხარა ტატომ და ნატაც გამოვიდა ორი ჭიქით ხელში. -ასე ზუსტ დროს ნეტა სახლიდან გამოსვლა ისწავლო და ჩემ ქორწილში დაგვიანებული მეჯვარე არ შემრჩეს, - გავუცინე დაბღვერილ ნატას და ყავის ჭიქები გამოვართვი. -არ ინერვიულო, სალონში ყველაზე ადრე ჩავეწერები, კაბას ახლაც კი ვიცი, რას ჩავიცვამ, ჩანთას წინა საღამოს ჩავალაგებ და შენზე ადრეც ვიქნები მზად, - დაზეპირებული ლექსივით სხაპა-სხუპით ჩამაბარა და სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა. -ჩემი კაბაც არჩეული გექნება. -შენი კაბა შენით აარჩიე. ახლა ის მითხარით, რამდენი ხანია ამას მიმალავთ, რომ ხელის თხოვნაც კი მოასწარით? -შენ ისედაც იცოდი და კიდე აქეთ დაგიმალეთ? - ახარხარდა დათუნა. -და თქვენც რო იცოდით, მაგას რამდენი ხანია მალავთ? არა, მაინც ვერ ვხვდები, როგორ ვერ შევამჩნიე. -მთელი ცხოვრებაა ასეთები ვართ, ისევ ისე ბუნებრივად ვიქცევით, - ისევ დათუნამ უპასუხა. -რამდენი? -ამასთან რომ ვიყავით კახეთში ხომ გახსოვს? -ქეთასკენ ვანიშნე -ხო, მაგრამ არაფერი მომხდარა. მოიცადე, ნაჩხუბრები იყავით და მაგიტომ დავიჩემე ორი მანქანით წასვლა, მერე შერიგდით. -ნაჩხუბრები არ ვყოფილვართ და არც ორი მანქანა იყო გამოსავალი. უბრალოდ წინა დღეს ხასიათზე არ ვიყავი. -კარგი, რა მნიშნელობა აქვს. მერე რა მოხდა კახეთში? რომელმა დაასწარით? -უბრალოდ ვლაპარაკობდით და ერთად მივედით ამ დასკვნამდე, - უპასუხა გაღიმებულმა დათუნამ და თან ხელი გადამხვია. - ამის მოყოლის და კოცნის გარდა, სხვა არაფერი დაგვიმალავს. როცა მინდოდა ვეხუტებოდი, თმას უჩეჩავდი, ვუყურებდი. მაგრამ თქვენ ამას ისედაც შეჩვეულები იყავით. -პრინციპში, ჰო. - ჩაიბურტყუნა ნატამ. -ახლა რომ ვუყურებ, როგორ ეხუტები, თითქოს პირველად აკეთებდეთ ამას. ძალიან უცნაურია, - ღიმილიღ დაამატა ქეთამ. -ამას ეს რო უყვარდა, - ტატომ ჯერ დათუნასკენ გაიშვირა ხელი, მერე ჩემსკენ, - მე-7 კლასში მივხვდი. აი გარდატეხის ასაკი რომ გვქონდა და ბიჭები ხან ერთს ვუყურებდით და ხან მეორეს დავსდევდით და დათუნასთვის ყოველთვის ნინა იყო. მაგრამ არც ისე და არც ასეო და ახლა კი ვუყურებ, არც ისეს და არც ასეს. - ხარხარით დაამატა ბოლო წინადადება. ვუსმენდი მათ ბჭობას და თან მეღიმებოდა. დათუნასკენ ავიხედე, ისიც გაღიმებული უყურებდა ბავშვებს. მერე გამომხედა, მაკოცა და ისევ მათკენ გავიხედეთ ორივემ. -ბიჭო, მართლა რა უცნაურია, - ნატამ თავი გააქნია და ფეხზე წამოდგა. - ტატოს რომ ვეხუტები და ვკოცნი, თქვენც გეუცნაურებათ? -მე არ მეუცნაურება. - თავი გააქნია ივამ -ნატაზე და ტატოზე მთელი ეს წლები არ ვლაპარაკობდით და თქვენ მთელი წარმოსახვით გაქვთ მთელი ჩვენი მომავალი ნაფიქრი. რეალურ განზომილებაში ამიტომ გეუცნაურებათ. - ეს პასუხი ნამდვილად არ მქონდა წინასწარ მომზადებული, იმ წამს მოვიაზრე. -მეჯვარე მართლა ვიქნები? - მგონი ნატას ჩენი პასუხი აკლდა ტირილის მრავალჯერად პარტიაზე. -მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვიქნებიო, მითხარი. ეს თუ სხვა შემთხვევაა, მაშინ ქეთაც სიამოვნებით წამომყვება, - პასუხად ზუსტად ვიცოდი, რასაც დამიბრუნებდა და ღიმილს ვერ ვიკავებდი. -რა სხვა შემთხვევა, ხო არ გაგიჟდი. - უცბად დასერიოზულებული სახით მომაყარა, მხრებში გაიშალა, გაიღიმა, თითქოს თეატრის სცენაზე პიესას კითხულობდა, - მართლა ვიცი, როგორ კაბას ჩავიცვამ. ქორწილი ამ ზაფხულს იქნება? მაგრამ ზაფხულის ქორწილებს რომ ვერ იტან? -რავიცი, არ გვილაპარაკია. - მხრები ავიჩეჩე და დათუნას გავხედე. -ზაფხული თუ არ გინდა, იყოს სექტემბერი ან ოქტომბერი. - დათუნამაც დააფიქსირა თავისი აზრი. - ერთი პირობით. -რა პირობით? -რომ გაწვიმდეს, არ იტირებ და ჩემთან ერთად იცეკვებ წვიმაში. - თითის ქნევით, სრულიად სერიოზულად წამომიყენა პირობა. -რომ გაწვიმდეს, პირველი გავიქცევი საცეკვაოდ, - სიცილით დავუბრუნე პასუხი. -სექტემბერ-ოქტომბერში გვქონია ქორწილი. რიცხვზე შემთანხმდებით, - ღიმილით დააყოლა. მერე თემა შევცვალეთ, მთელი საღამოს მანძილზე გვიყურებდნენ და მზერას არ გვაშორებდნენ. მეცინებოდა მათზე, მაგრამ ვიცოდით რომ მალე შეეჩვეოდნენ. -რემონტი ივლისის ბოლომდე დასრულდება, ხო იცი? - მკითხა დათუნამ და მანქანა ადგილიდან დაძრა. -ვიცი. -გადავიდეთ თუ დაველოდოთ ქორწილს? -ამდენი ხანი, მარტო ამაზე ფიქრობდი? - სიცილით ვკითხე, მაგრამ პასუხი არ დაუბრუნებია. - გადავიდეთ და მერე დავიწეროთ ჯვარი. -ანუ ერთად ვიცხოვრებთ. - მაინც დააზუსტა. -ერთად ვიცხოვრებთ ჩვენს ბინაში. - დავუდასტურე ვარაუდი, - დათ? -ჰო. -დიდი ქორწილი არ გვინდა, რა. -რას ამბობ, მთელი კლასის და მასწავლებლების დაპატიჟებას ვფიქრობდი. -სერიოზულად? -სხვა რომ მომყავდეს ცოლად, გამეცინებოდა, მაგრამ შენ შენ ხარ. მინდა, რომ ყველამ უყუროს ჩვენ ბედნიერებას. იმდენად ყველამ, შეიძლება უცნობი ნათესავებიც კი დავპატიჟო, - წინადადების შუაში საჭეს ხელი გაუშვა და ხელები გაშალა აღტაცების ნიშნად, არ ხუმრობდა. ჩემ კორპუსთან ვიყავით უკვე. -მიყვარხარ. - თავი მისკენ გადავიხადე და ყურებამდე გაღიმებული ვუყურებდი. -მეც მიყვარხარ. და ახლა მანქანიდან თუ არ გადახვალ, ჩემთან წამოხვალ. - სიცილით ვაკოცე და სახლში ავედი. რემონტი ზუსტად ისე შეასრულეს მუშებმა, როგორიც ტენდერის მიხედვით უნდა ყოფილიყო. დრო კი დასჭირდათ უფრო მეტი, მაგრამ ხარისხიანად შესრულებული სამუშაო დაგვახვედრეს. დამლაგებლებმაც საგულდაგულოდ დაასუფთავეს ნარემონტალი. სააბაზანო მთლიანად დასრულებული იყო, სამზარეულო შეკვეთილი და მხოლოდ წვრილმანი ავეჯი იყო დარჩენილი. დასრულებულ ბინაში ერთად ავედით, შუა აგვისტოში ისედაც ღია ფეხსაცმელებით დავდიოდი და კარებთანვე გავიხადე ფეხზე. -ამ დაწკრიალებულ სახლში, ფეხსაცმლით გავლა არც გაბედო! -ნელ-ნელა უკვე ცოლს ამპულას ერგები, - სიცილით დატოვა ფეხსაცმელი შემოსასვლელში, მეორე კედელთან. -კარადა აქეთაა, - ჩემი ფეხსაცმლისკენ ვანიშნე, რენდერის ნახაზების მიხედვით, იქ უნდა ყოფილიყო. -უკაცრავად, უკაცრავად. -ხელების აწევით მოიბოდიშა, ჩემ წინ დადგა და ცხვირის წვერზე მაკოცა, - საწოლი საით არის? -დამათვალიერებინე ჯერ. -სახლი არ გაიქცევა, - წელზე ხელები შემომხვია, კოცნით და უკუსვლით გამიყვანა საძინებელში. - აი აქ არის საწოლი, ხოარ მეშლება? -ნამდვილად არ გეშლება - ღიმილით ვუპასუხე წარმოსახვით საწოლზე. მაისური გადავაძრე და ჩემი კაბაც თან გაყვა. -ფრთხილად დაწექი, ზედმეტად რბილი არ იყოს ბალიში, - სიცილით დააყოლა და თან ჩემ უკანალს უჭერდა ხელებს. -რას ამბობ, ისეთი მყარია, - ხელი შარვლის უბეში ჩავაცურე და კოცნას არ ვწყვეტდი. -გეუბნები რბილია, - საჯდომიდან ჩემ მკერდზე გადმოვიდა. -რბილი არ მაწყობს. -მე მაწყობს, - ისევ ხელებს დაატარებდა ჩემ ტანზე და თან ჩემ ტუჩებს იქცევდა კბილებს შორის. შარვლის შესაკრავი გავუხსენი და საცვალთან ერთად გავუშვი იატაკისკენ. -ჩვენ საწოლზე დავწვეთ და თავი არ ჩამოარტყა, - თან ეღიმებოდა და იატაკზე ამოვყავით თავი. -უკეთესი იდეა მაქვს, - თან ფეხი მოვხვიე და 180 გრადუსით ამოვტრიალდი, - ჯობია შენ დატკბე რბილი საწოლით, მე უკეთესი მაქვს. იმ ღამეს, პირველად გვეძინა ჩვენს სახლში. 11 ოქტომბერს გვქონდა ჯვრისწერა. მზიანი დღე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მთელი შემოდგომის მანძილზე, ამაზე მეტად აღარ უწვიმია. მთელი დღე წვიმდა. ხან მეტად, ხან ნაკლებად, მაგრამ არ გაჩერებულა. ნატამ ტირილამდე იწუწუნა, წვიმა გეგმაში არ შედიოდაო. არადა, მეორე თეთრი კაბაც მქონდა, წვიმაში ფოტოსესიაზეც კი ვიფიქრე და ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც მინდოდა. მაქსიმალურად სადა პატარძალი ვიყავი. თეთრი, გრძელი და ოდნავ გაშლილი კაბა მეცვა, გაფორმებების გარეშე. ყველაზე სადა მაკიაჟი, რაც კი შეიძლებოდა პატარძალს ჰქონოდა და გაშლილი ტალღვანი თმა. მთავარი იყო, რომ კომფორტულად ვიყავი და დათუნა თვალს ვერ მაშორებდა. ეკლესიიდან გამოსულს, გარეთ მდგომი ხალხი ქოლგების დერეფნით რომ დაგვხვდა და შეძახილებით, მაშინ გავიაზრე მთელი რეალობა და ქორწილის დღეს პირველად ვიტირე ბედნიერებისგან. -კაი, რა წვიმის გამო ტირი? ხო შევთანხმდით? - მეკითხება დათუნა და თმას მიჩეჩავს. -გეფიცები, მართლა მთელი გულით მინდოდა, ქორწილის დღეს ეწვიმა. დილას სანამ გარეთ გავიხედებოდი, ამინდის პროგნოზი ვნახე და წვიმა არ უნდა ყოფილიყო. ახლა კი, ზუსტად ვიცი, ისეთი დღე იქნება, ისეთი მოგონებები დაგვრჩება და სურათები, როგორიც ჩვენ ორს შეგვეფერება. იმაზე მეტად მიყვარხარ და იმაზე მეტად ბედნიერი ადმიანი ვარ, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია მთელს დედამიწაზე. -ვიცეკვოთ? - მეკითხება გაღიმებული დათუნა და ხელი გამომიწოდა. ხელი ჩავჭიდე და ქოლგების დერეფნიდან ცეკვა-ვეკვით გავედით წვიმის ცენტრში. სურათები საუკეთესო შექმნა ფოტოგრაფმა. მართალია, გრანდიოზულად დიდი ქორწილი არ გვქონია და არც ერთი შორეული ნათესავი არ დაგვიპატიჟებია, მაგრამ დათუნამ მართლა მთელი კლასი და მასწავლებლები დაპატიჟა. ბიძაშვილ-დეიდაშვილებზე მეტად, ისინი უნდა იყვნენ კლასელების ქორწილშიო. ამ აზრს, ქორწილის დღეს დავეთანხმე. უკლებრივ, ყველანი იყვნენ, როგორც ბანკეტზე. ყველა ისე ვცეკვავდით და ვერთობოდით, თითქოს ისე პატარები ვიყავით მე-11 კლასში. საუკეთესო დღის საუკეთესო დასარული შეიქმნა, რომლის დასრულებაც არ მინდოდა. ### -დათ, გახსოვს, ერთხელ მითხარი, ორსული ისეთი კაპასი იქნები, შენი ქმარი მეცოდებაო? -ჰო, მერე? - ისე დამიბრუნა კითხვა, ნამდვილად ვერ მიხვდა რას ვამბობდი. -ჩემი აზრით, არც ეგეთი კაპასი ვარ, შენ რომ ფიქრობდი. - დათუნას მზერა გაუშტერდა და პირველად დავინახე მისი აწყლიანებული თვალები. -სერიოზულად? -ჰო. - ძვლივს ვუპასუხე და უკვე ვტიროდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.




გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.