შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადგური N6 (თავი ოთხი)


21-06-2025, 18:23
ავტორი ვე რა
ნანახია 234

4 თავი
სადგური N 6

2025. ქ აპრილი 04:21
_ ცივი და ბნელი აისია!_ მინავლული ცეცხლის პირას ვისხედით. კვლავ ქარი ქროდა, თუმცა არც ისეთი ძლიერი, რომ ტყის იდუმალი სიღრმიდან იმ არსების დაჟინებული სათხოვარი მოეტანა ჩემამდე. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, მით უფრო მიტანდა ტყეში დაბრუნების გაუსაძლისი სურვილი.
_ ცივა არა?_ მკითხა ლინდამ და უფრო მჭიდროდ მოიხვია ქურთუკზე მოფარებული პლედი.
_ მართლა გაიგონე ის ხმა?_ მკითხა ლუციენმა თითქოს მორცხვად. იქ ტყეში ალბათ აფექტმა აიძულა ჩემზე გაბრაზებულიყო. ახლა კი მგონი ცოტა სინდისი ქენჯნიდა საკუთარი სიხისტის გამო.
_ მართლა გავიგონე!_ ვთქვი მტკიცედ.
_ როგორი ხმა იყო? ანუ რა ემოცია მოგიტანა?_ მკითხა ახლა ვამპირმა და მინავლულ ცეცხლს ხმელი შეშა დაამატა.
დავფიქრდი. იმ წამს გაოგნების და შემდეგ შიშის გარდა არაფერი მიგრძვნია. საერთოდ ვერ მოვასწარი იმ ხმაზე კონცენტრირება. ახლა კი ბევრად მშვიდად ვგრძნობდი თავს. თვალები დავხუჭე და ვცადე უმცირეს დეტალებამდე აღმედგინა ტყეში მომხდარი შემთხვევა.
_ როცა მივხვდი, რომ გზა ამერია არ შემშინებია. პირიქით სიმშვიდის შენარჩუნება ვცადე და იქვე დარჩენა გადავწყვიტე. ვიფიქრე, რომელიმე თქვენგანი შეამჩნევდა ჩემს არ ყოფნას. იქვე ხის ქვეშ ქვაზე ჩამოვჯექი და მუსიკა ჩავრთე. უეცრად ის დავინახე..._ ნათლად წარმომიდგა თვალწინ ხავსიანი ჯირკის ქვეშ მოზრდილი თეთრ წინწკლებიანი სოკოს ქუდი._ კიი არ შემშლია, ნამდვილად ცადამყვანა იყო. თან ისეთი დიდი, ისეთი უნაკლო.
_ რას ამბობ, რა ცადამყვანა? ამ დროს ეგ სოკო არ გვხვდება!_ ჯიუტად მიპასუხა ანტონიომ.
_ არ ვიცი მე რა გვხვდება ამ დროს, მაგრამ ის ცადამყვანა იყო. თუმცა გამიკვირდა ის , რომ თავიდანვე ვერ შევამჩნიე ასეთი საოცრება. ოდნავ წამოვიწიე, რომ უკეთ დამეთვალიერებინა და პირველი შრიალი სწორედ მაშინ გავიგონე.
არა შრიალი კი არა, უფრო ისეთ ხმას ჰგავდა რადიო რომ უხარისხოდ იჭერდა ადრე. ან უფრო დაზიანებული ხმის გამაძლიერებლის ფხრიწინის ხმას ჰგავდა. ეს ხმა რამდენჯერმე განმეორდა. მერე კი, როცა ...._ წამით გავჩუმდი და უკეთ წარმოვიდგინე._ თითქოს ამ ფხრიწინით ჩემს ყურადღებას იქცევდა, თითქოს ამოწმებდა ვუსმენდი თუ არა. იცით როგორი შთაბეჭდილება დამრჩა? თითქოს მხოლოდ ერთი შანსი ჰქონდა და არ სურდა ტყუილად გაეფანტა. მერე კი „დამეხმარეო!“ მთხოვა. დაღლილი ხმა ჰქონდა, ძალიან ხავერდოვანი, მაგრამ თითქოს სევდით დამძიმებული. თითქოს თავიდანვე შეგუებული იყო იმ იმედგაცრუებას, რომ მის ძახილს კვლავაც არავინ გაიგონებდა.
_ ანუ გინდა თქვა, რომ თავში კი არ გაიგონე, მობილურიდან მოგესმა?_ მკითხა ჩემმა დამ. როგორც ყოველთვის უცნაური სიტყვათა კომბინაცია აარჩია აზრის გამოსახატავად. მაგალითად: „ ხმის თავში გაგონება“ და „მოგესმა“.
_ სალი თავს ნუ გამალახინებ ახლა!_ დავემუქრე გაღიზიანებულმა. _ სწორედ მობილურში, სიმღერა გაწყდა და მის ნაცვლად ის ხმა გაისმა. შემდეგ კი ისევ ოდნავ გაფხრიწინდა და მუსიკა ისე დაბრუნდა, როგორც აქ არაფერი!
_ მე რას მემუქრები, პატარა რომ ვარ იმიტომ მჩაგრავ?_ თავი განგებ მოისაწყლა ჩემმა დამ. უბრალოდ ცდილობდა თავისებური ხუმრობით ხასიათზე მოვეყვანე. თუმცა ეს არც ისე ადვილი იყო ახლა.
ტყეს გავხედე და მოულოდნელად გული მომეწურა. ახლაღა გავიაზრე, იქ ვიღაც იყო, და შველას ითხოვდა. ვიღაცას უჭირდა, არ ვიცი რატომ და არ ვიცი როგორ, მაგრამ შეძლო და დახმარება მე მთხოვა, და მე რა ვქენი?! უბრალოდ გამოვიქეცი!
ფეხზე ავდექი და ტყისკენ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი. ის იქ იყო. ვგრძნობდი იმ წყვდიადში და მდუმარებაში ვიღაცას ვჭირდებოდი და მე მას ზურგს ვერ შევაქცევდი.
ღობეს ხელი მოვკიდე და ფეხისწვერებზე ისე ავიწიე, თითქოს ქარი ჩემს ხმას ასე უფრო კარგად მიიტანდა მის სმენამდე.
_ გესმის ჩემიიი! მანიშნე თუ გესმის ჩემი!_ ვიყვირე მთელი ხმით და უეცრად ყველა და ყველაფერი გაჩუმდა. ჩემი მეგობრები ჩემი უცნაური ქცევით და მოულოდნელი ყვირილით გაოგნდნენ, მაგრამ ტყე და ქარი? ისინი რაღატომ გაჩუმდნენ?!
_ მე მოვალ შენთან! მე გიპოვნი!_ ვეძახდი მთელი ხმით ტყის მოქუფრულ წყვდიადს და სულ არ მაღელვებდა, თუ მეგობრებს გიჟი ანდაც შიზოფრენიკი ვეგონებოდი. ჩემში რაღაც ბორგავდა იმ წამს, რაღაც უცნაური გრძნობა სხეულის საზღვრის გამონგრევას ჯიუტად ცდილობდა.
_ ვერა, რას აკეთებ?_ მხარზე შემეხო ლინდა. მძიმედ ვსუნთქავდი, ლამის ვქოშინებდი, მაგრამ რამ დამღალა ასე არც კი ვიცოდი._ დამშვიდდი კარგი! მე მჯერა შენი!
_ იქ უნდა წავიდე! ტყეში უნდა დავბრუნდე!_ ხელით ტყისკენ ვაჩვენებდი მათ და ვგრძნობდი სიცხე მიწევდა. _ მას ვჭირდებით! ჩვენ მისი ბოლო იმედი ვართ!
შემდეგ, როცა ქალაქში დავბრუნდით აი მაშინ მივხვდი, რომ არც ჩემი იმ ღამინდელი ისტერიკა, არ ის განცდები, რასაც მაშინ განვიცდიდი სინამდვილეში ჩემი არ იყო. არ ვიცი რატომ, იმიტომ რომ სუსტი ვიყავი, თუ პირიქით, მაგრამ ის მმართავდა მაშინ. ცდილობდა ეჩვენებინა ის იმედგაცრუება, ბრაზი, მარტოობა და უიმედობა, რასაც თავად განიცდიდა. და მე ისე მიყენებდა, როგორც რაციას, ჩემს განწყობას კი რადიოს სიხშირესავით მართავდა.
_ ვერ ვიგებ რა ხდება._ განწყობა აერია ანტონიოს. _ აქ დასასვენებლად და გასართობად შევიკრიბეთ და.... არა შენ არაფერს გაბრალებ, მაგრამ მასეთი რამ გეგმებში არ მქონია.
ის ასეთი ადამიანი იყო:
ასჯერ დაგეგმილი გათვლილი და სტაბილური დღეები სუდა. მომავალიც ხომ წინასწარ ჰქონდა ასე დაგეგმილი. ვიღაცისთვის შესაძლოა მხოლოდ ფერადი ოცნება , მაგრამ მისთვის ნაბიჯ_ნაბიჯ მიღწევადი სრულებით რეალური მომავალი იყო.
_ არ წამომყვებით? _ ვიკითხე ხმადაბლა და მათ მუდარით შევხედე. ყველა დუმდა. ფაქტი იყო, იქ დაბრუნება, მით უფრო ამ მიზნით არავის სურდა. მათი სიმშვიდის დღეების დარღვევა და ხასიათის გაფუჭება წარმატებით მოვახერხე. ისედაც სულ ასე ხდებოდა. ჩემი აკვიატებების, ეჭვების და ინტერესის გამო ჩატშიც ხშირად ვქმნიდი არეულობას, თუმცა ჩატი და რეალურო ცხოვრება ხომ დღესა და ღამესავით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ის, რასაც იქ ხუმრობით ანეიტრალებდნენ, აქ ასე ადვილად აღარ გამოდიოდა. ამოვიოხრე და გახურებულ შუბლზე ხელი მივიდე.
_ მართლები ხართ! მე მგონი ჯობია წავიდე და დავიძინო! ხოო, ასე აჯობებს!_ ჩავილაპარაკე საკუთარ თავზე გაბრაზებულმა და სახლისკენ წავედი. კართან მისულმა უკან მოვიხედე და არ ვიცი მომეჩვენა, თუ მსურდა ასე ყოფილიყო, მაგრამ დავინახე, რომ ერთგვარი თანაგრძნობით მიყურებდნენ. მგონი ჩემს დასაც კი არ ჯეროდა ჩემი. ან სჯეროდა, მაგრამ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა მომხდარს.
სახლში შევედი და მაშინვე ოთახს მივაშურე. ასე მალე და ადვილად ალბათ წლები იყო არ დამძინებია. ბალიშს შევეხე თუ არა სიზმარმა წამიღო.
თავიდან ყველაფერი გაუგებარი და არეული იყო. ტყეში გავრბოდი უმისამართოდ. რაღაცას ვეძებდი. რაღაცას მივდევდი. მეგონა რაღაცას ვკარგავდი და ის_ის იყო უნდა მეპოვნა, რომ კვლავ ხელიდან მისხლტებოდა.
ბოლოს სიზმარშიც კი ვეღარ ვერეოდი დაღლილობას. უბრალოდ გავჩერდი და ზუსტად იმ ხის ქვეშ ჩამოვჯექი, სადაც წინა დღეს.
_ დამეხმარე!_ მომიტანა მისი მუდარა ქარის ჩურჩულმა. თავი ავწიე და ისევ იმ წითელ სოკოს შევხედე გაოცებულმა. უცებ მის გვერდით კიდევ ერთს მოვკარი თვალი და კიდევ და კიდევ. მიცელიუმის უხილავ ბილიკს გავყევი ტყის სიღრმისკენ და სწორედ მაშინ გამომეღვიძა, როცა გავიაზრე, რომ მიზანთან ვიყავი მისული. საწოლში წამოვჯექი და წყალი დავისხი იქვე მდგარ პატარა მაგიდაზე დატოვებული სურიდან. იმ წამს ისეთ სიმშვიდეს ვგრძნობდი, რომ სრულიად უცხო იყო ჩემთვის ჩემი მუდმივი ფორიაქი და შინაგანი შფოთი. აღარც რამის მეშინოდა, აღარც ვღელავდი რამეზე. მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა, ტყეში უნდა წავსულიყავი. ფრთხილად ავდექი ფეხზე. მობილურს დავხედე. ექვსის ნახევარი იყო. ჯერ ისევ რიჟრაჟი იწვა გარეთ.
წყალი ავიღე და ჩემი იოგურტების მარაგს ავაცალე რამდენიმე. სანამ მათ ეძინათ, უნდა გავპარულიყავი. სახლის კარი ნელა გამოვაღე, ეხოში გავედი და ისეთი თავდაჯერებით გავუდექი გზას, როგორიც არასდროს მიგრძვნია ცხოვრებაში. ახლა რომ ვფიქრობ, არც კი ვიცი რაზე ვფიქრობდი მაშინ. არ ვიცი ასე უპასუხისმგებლოდ როგორ ან რანაირად ვიქცეოდი?! მაგრამ ისეთი ძალით მეწეოდა ტყეში დაბუდებული სიჩუმე და ორიოდე მუდარით ნათქვამი სიტყვა თავისკენ, რომ მე კი არა, ალბათ ნებისმიერი იგივეს იზამდა, ვინც იგივე გრძნობის ტყვეობაში აღმოჩნდებოდა.
იმ ხემდე ისე მარტივად მივედი, თითქოს შინაგან ნავიგატორს მივყვებოდი. როგორც აღმოჩნდა, არც თუ ისე შორს იყო ჩვენი სახლიდან. ასე ნახევარ საათში იქ ვიყავი. მაგრამ სიურპრიზს, რომელიც იქ დამხვდა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
_ სადა ხარ აქამდე?_ ჩემი გაოცებული სახე ართობდა ვამპირს._ მეგონა გამოპარვა გადაიფიქრე!
_ აქ რა გინდა?_ ვკითხე მოღუშულმა. მეგონა უკან დაბრუნებას მაიძულებდა._ მისმინე! მე იქ უნდა მივიდე!
_ სად?_ მკითხა უცნაური ღიმილით. ალბათ ფიქრობდა, რომ უბრალოდ გზასაც ვერ გავიგნებდი. პასუხი არ მქონდა. უმწეოდ მოვათვალიერე იქაურობა და უეცრად გონება გამინათდა. აქ_იქ ნათლად მოჩანდა წითელქუდა სოკოები. სწორედ ისე, როგორც სიზმარში.
_ სადაც სოკოები მიმიყვანენ!_ ვთქვი ჯიუტად. ვამპირს გვერდი ვუქციე და სოკოებს ავედევნე.
_ სახალისოა ვერაფერს იტყვი!_ გაეცინა მას და უკან გამომყვა. _ მაგრამ ეს სიტუაცია არაფერს გახსენებს?
გაკვირვებულმა შევხედე.
_ რას უნდა მახსენებდეს?
_ მე და შენ ახლა ჰენზელს და გრეტელს ვგავართ, თაფლაკვერას ქოხის ძიებაში გართულს!_ მართლა ახალისებდა ეს ყველაფერი. წამით კი გავიფიქრე, რომ ამდენი მინიშნება ცუდ დასასრულზე სამყაროს ნიშანი იყო, მაგრამ შუამდე მიყვანილი საქმის მიტოვება არ მჩვეოდა.
არ ვიცი რამდენ ხანს მივყვებოდი ჩემს გონებაში არსებულ უჩინარ ბილიკს. მიწას დავჩერებოდი და ვცდილობდი ხეების ვარჯები მზერის მიღმა მომექცია, რომ თავბრუსხვევა ამეცილებინა თავიდან, რომ უეცრად ვამპირი გაჩერდა და მეც შემაჩერა.
_ მოვედით!_ გამოაცხადა საზეიმო ხმით. ჯერ მას შევხედე და მერე თვალი მის მზერას გავაყოლე. ჩვენს წინ მოზრდილი მიწაყრილი იყო. ლამის სამ მეტრამდე სიმაღლის. უზარმაზარი ჟანგიანი კარით, რომელზეც სანახევროდ წაშლილი რუსული ასოებით ეწერა:
სადგური N 6.

ვე რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent