შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისის ბაზარი (1 ნაწილი)


24-06-2025, 17:56
ნანახია 39

მე, დედა და ჩემი მცირეწლოვანი და-ძმა თბილისიდან არც ისე მოშორებით მდებარე სოფელში ვცხოვრობდით. თექვსმეტ წლამდე თბილისში არ ვყოფილვარ. ძალიანაც რომ მდომოდა, იქ მარტოს არავინ გაგვიშვებდა და, სიმართლე გითხრათ, ჩემს მშობელბს არასროს უგრძვნიათ თბილისში წასვლის საჭიროება. სანამ მამა ცოცხალი იყო, საერთოდაც არ გვიჭირდა. რადგანაც მამა მთელ სოფელში ერთადერთი ექიმი იყო, ყველა ისე უყურებდა, როგორც ჭეშმარიტ მესიას და თავისი ხელობით საკმაო გასამრჯელოსაც იღებდა. დედა კი ოჯახის ქალი იყო: დღედაღამ შვილებს უვლიდა და ცივ ნიავს არ აკარებდა ჩვენს ბაღ-ბოსტანს. როგორც სოფლის მკვიდრთ, მსხვილფეხა პირუტყვიც გვყავდა. ჩვენი ორი ძროხა ჩვენთვის ლამის ოჯახის წევრებად იქცა და მათაც ისე ვუვლიდით, როგორც ადამიანებს. მოკლედ, ცხოვრება ჩინებულად მიდიოდა, სანამ ერთ უბედურ დღეს მამა გულის შეტევით არ გარდაიცვალა.
დავრჩით მე, დედა, ვახო და ინა. თავიდან გადანახული ფულითა და მეზობლების შემწეობით თავი ძლივს გაგვქონდა, მაგრამ დედაჩემი, რომელიც ბუნებით ამაყი ქალი გახლდათ, ვეღარ ეგუებოდა სხვის კისერზე ცხოვრებას. ამიტომ თავს შეუძახა და ორი თვის შმდეგ კვლავ ხელი მოჰკიდა თავის ჩვეულ საქმიანობას. გადაწყვიტა, დამოუკიდებელი, ძლიერი ქალის როლი შეეთავსებინა. მეც ადრეული პერიოდიდანვე ვგრძნობდი პასუხისმგებლობის მოზღვავებას და პირველივე დღიდან ჩავები ოჯახის რჩენის არც თუ ისე ადვილ საქმეში. იმ დროს ვახო და ინა სულ ოთხი წლისანი იყვნენ, ამიტომ საკმაო დრო გვქონდა მათი სკოლაში შეყვანამდე ოჯახის ჭაობიდან ამოსათრევად.
ყოველ დღე მე და დედა ვკრეფდით ჩვენს ხილსა და ბოსტნეულს, ვწველიდით მარჩენალ ძროხებს და პროდუქტებს მეორე დღეს ქალაქში გასაყიდად ვამზადებდით. თავიდან სოფელში გვინდოდა საქმიანობის წამოწყება, მაგრამ, ჯერ ერთი, სოფელი იყო და ბაღ-ბოსტნები ყველას ჰქონდა, არც არავინ უჩიოდა რძის პროდუტების ნაკლებობას, მეორეც, დედას მეზობლის ჭორიკანა ქალების რეაქცია აშინებდა. იცოდა, რომ ამ შემთხვევაში ისინი არასწორად გაიგებდნენ და ჩვენს საქციელს უთუოდ მათხოვრობას მიაწერდნენ. სწორედ ამის გამო იყო, რომ ყოველდღე ავიტატებდით ბავშვებსა და გასაყიდ საქონელს და დილაადრიან მივყვებოდით თბილისისაკენ მიმავალ მიკროავტობუსს.
დიდი ხნის განმავლობაში ვირჩენდით ასე თავს, მაგრამ როგორც ზოგადად ცხოვრებაში ხდება, ჩვენს მზიან დღეებს ხშირად წვიმიანი და ქარიშხლიანი დღეებიც ენაჩვლებოდა. ზოგჯერ, გაზაფხულზე წვიმები აგვიანებდა და ნაკვეთი მოურწყველი რჩებოდა, რასაც სოფელში სარწყავი წყლის ნაკლებობაც ემატებოდა; ზოგჯერ ამინდი არ გვიწყობდა ხელს ქალაქში წასასვლელად; ზოგჯერ მძღოლი უადგილობის გამო არ გვიშვებდა მიკროავტობუსში; ზოგჯერ კი ხალხი უბრალოდ თავს არიდებდა ჩვენს პროდუქტებს.
ყველაზე დიდ კრიზისში კი მაინც მაშინ ჩავვარდით, როდესაც ვახოს უცაბედად ფილტვების ანთება დაემართა. მაშინ, ზუსტად მახსოვს, ივნისის შუა რიცხვები იყო. დედა ისე იყო განერვიულებული, რომ არც ქალაქი ახსოვდა და არც ბაზარი. ამის გამო საკმაოდ დიდხანს მოგვიწია სახლში დარჩენა. რა არ ვიღონეთ, მაგრამ ჩვენი პატარა ვახო მაინც ვერადავერ მორჩა. სამი კვირა ხდებოდა, რაც ლოგინში იწვა და სიარულზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, როცა წამოჯდომაც არ შეეძლო ხეირიანად. ასე დიდი ხნით ჩვენი შეძლების ხალხისთვის მთლად კარგი იდეა არ იყო სახლში დარჩენა. ამიტომ, სხვა გზა რადგან არ ჰქონდა, დედამ გადაწყვიტა, ერთი კვირის განმავლობაში მარტო გავეშვი ბაზარში. იმ დროს თვრამეტი წლის ვიყავი და პატარა უკვე აღარ მეთქმოდა.
ყოველ დილით ავიკიდებდი ხოლმე ყველსა და რძე-მაწონს და ქალაქისკენ მივემართებოდი. სანამ ბაღ-ბოსტანი ფეხზე დადგებოდა, ამ ერთი კვირის მანძილზე მხოლოდ რძის პროდუქტების გაყიდვა მეალებოდა.
ქალაქში მარტო ყოფნის პირველი დღე მაინც სულ სხვანაირად დამამახსოვრდა. მახსოვს, როცა ჩემს დახლთან მივედი და პროდუქტების ამოლაგებას შევუდექი, ვიღაც ბიჭი მოვიდა და თავზე დამადგა, გინდა თუ არა უნდა დაგეხმაროო. ასაკით ჩემი ტოლი იქნებოდა, თუ არა უფრო დიდი. მწვანე, ხავსისფერი თვალები და ტალღოვანი, ყავისფერი თმა ჰქონდა. აგებულებით მოსული ჩანდა, მაგრამ ისეთი მიამიტი თვალებით იყურებოდა, პატარა ბავშვი გეგონებოდათ.
-როგორც ვხედავ, ძალიან წვალობთ და მე დაგეხმარებით, - მითხრა მან და ვერც კი გავიაზრე, ისე გამომგლიჯა ხელიდან რძის ბოთლებით სავსე ჩანთა.
-ჰეი, მანდ რძეა, ფრთხილად, არ აიჭრას! - დავუყვირე და ხელები წინ გავიშვირე, მაგრამ უშედეგოდ.
-არ ინერვიულო, არაფერი მოუვა. აჭრილი რძე, პირიქით, კარგია. ხომ იცი, მაგით ხაჭო კეთდება, - გადმომხედა მან და თვალი ჩამიკრა, მერე ბოთლების დახლზე ჩამომწკრივებას შეუდგა, - ახალი ხარ?
-ახალი?!
-ჰო, რა, გეტყობა, რომ ახალი ხარ. აქ მხოლოდ დღეს გნახე, - მხრები აიჩეჩა უდარდელად.
-უკაცრავად?! რას გულისხობ?!
-საიდან ჩამოხვედი? აქაურს არ გავხარ და...
- საიდან ვარ კი არა, - გავაწყვეტინე აღშფოთებულმა, - ეს შენ ხარ, ვისაც აქ პირველად ვხედავ, ახალო ბიჭუნა!
-რანაირად? მე ორი კვირაა გვერდითა დახლი მიჭირავს მამაჩემთან და ბებიასთან ერთად, -ბიჭმა ხელი თმაში დაბნეულად შეიცურა.
-რანაირად და, მე და დედაჩემი აქ უკვე სამი წელი ხდება, ვვაჭრობთ. უბრალოდ, ცოტა ხნით შევისვენეთ და ეგ არის.
-აა, გასაგებია! - ისეთი სახით წამოიძახა, თითქოს კაცობრიობის უდიდესი ჭეშმარიტებისთვის მიეკვლიოსო, - მაგრამ ჩემთვის მაინც ახალი გოგონა იქნები! - დაამატა ნიშნისმოგებით. მის გამომეტყველებაზე გულიანად გამეცინა.
-მე გაბრიელი მქვია, ქუთაისიდან ვარ, მაგრამ აქვე ვცხოვრობ, - ღიმილით გამომიწოდა ხელი, როცა ყველაფერი აკურატულად ჩამოალაგა დახლზე. მის დიდ ხელს ჩემი ხელი მაგრად ჩავჭიდე და ღიმილითვე მივუგე:
-მე მარგო მქვია.
-მარგო, მარგო.., - ნელა, აუჩქარებლად გაიმეორა, თითქოს მის გონებაში ჩაბეჭდვას ცდილობსო. მის ბაგეებს ჩემი სახელი ძალზე სასიამოვნოდ დასცდა, - სასიამოვნოა შენი გაცნობა, მარგო! თუ ჩემი დახმარება დაგჭირდება, შენი მონა-მორჩილი გაბრო შენთან იგულე!
-ბიჭო, გაბრო, მოდი დროზე აქ! - მოისმა უცბად გვერდითა დახლიდან მამაკაცის ხმა. როგორც ჩანს, გაბრიელის მამა უნდა ყოფილიყო, რადგანაც გარეგნულად ძალიან ჰგავდა მას.
უეცრად გაბრიელი ჩემკენ დაიხარა და ხელში სისხლივით წითელი ვაშლი ჩამიდო.
-ეს ჩემგან თქვენ! - წაიმღერა ბავშვური სიცილით და მამამისისკენ გაქანდა.

მისგან ასეთი ყურადღება ძალიან მესიამოვნა. მიუხედავად იმისა, რომ ვაშლი დიდი ვერაფერია, სწორედ მან დამანახა, რომ თუკი ადამიანს მართლა აინტერესებ, შეუძლია ეს სულ მცირედითაც გამოხატოს, მაგალითად, დახლიდან მოპარული ვაშლით! გეფიცებით, მერე საკუთარი თვალით დავინახე, როგორ ოსტატურად ჩაიცურა გაბრიელმა სპორტული შარვლის ჯიბეში ზაფხულის ვაშლი მამამისისგან ფარულად, თან მიმოიხედა, ვინმემ ხომ არ დამინახაო. ბედად, ჩემკენ არ გამოუხდავს და კიდევ კარგი, თორემ იმ საწყალს სირცხვილი დასწვავდა, აბა, როგორია პარვისას გამოგიჭირონ! დაკვირვებული ვიყავი, როცა იბნეოდა ან რაღაცაზე ფიქრობდა, თითებს თმაში იცურებდა და ერთ წერტილს საათობით აშტერდებოდა. ამაზე მამამისი ძალზე წყრებოდა და თხილის ტოტით, რომელიც იქვე ჰქონდა მიყუდებული, ერთს ნაზად დაჰკრავდა ხოლმე გაბრიელს. ბიჭი ცდილობდა, ესიამოვნებინა ანჩხლი მამისთვის, მაგრამ რაც არ უნდა გაეკეთებინა, ისიც და ბებიაც უმალ გამოუჩხრეკდნენ ხოლმე ჩხუბის მიზეზს.
შუადღისას მზემ ისე დააჭირა, რომ მოვაჭრეები იძულებულნი გავხდით, შესვენება აგვეღო და თავი სადმე ჩრდილიან ადგილას შეგვეფარებინა. მე და დედაჩემის მეგობარი, დეიდა ლანა იქვე მაღაზიაში წავედით, რაღაცეები ვიყიდეთ და ახლოს მდებარე შენობის კედლის ჩრდილში ჩამოვსხედით. დეიდა ლანასგან ჩვენს ოჯახს ძალიან ბევრი სიკეთე ახსოვდა. სწორედ მან გაგვიმართა ხელი პირველ დღეს, მან გვაშოვნინა სავაჭრო ადგილი და ხშირად, როდესაც ფული არ გვქონდა, თავისი აღებული თანხიდან გვაძლევდა ცოტაოდენს, მე მაინც მარტოხელა ქალი ვარ, რა ჭირად მარგია ამდენი ფულიო, მერე იმართლებდა თავს. მაგრამ მე და დედამაც მშვენივრა ვიცოდით, რომ მისი ფული სულაც არ იყო "ამდენი", უბრალოდ ამას მხოლოდ და მხოლოდ კეთილი განზრახვით აკეთებდა.

-ძნელია ხომ მარტო მუშაობა? - მომიგო დეიდა ლანამ.
-სიმართლე გითხრათ, მარტო უფრო წყანარდ ვმუშაობ. დედაჩემი და ბავშვები სულ ქაოსს ატრიალებენ ხოლმე. რამდენჯერ ვუთხარი დედას, ან შენ დაუთმე ბავშვებს, ან თვითონ გამოიჩინონ პატივისცემა-მეთქი, მაგრამ რად გინდა! ერთმანეთზე ჯიუტები არიან!
-მერე, შვილო, ასეთი სიწყნარე და სიმშვიდე შენი ძმის ავადმყოფობად და დედის ნერვიულობად გიღირს? - საყვედურით მომიგო დეიდამ, - იყვირონ, იჩხუბონ, ოღონდ კარგად იყვნენ. აი, ნახავ, ძალიან ბევრჯერ მოგენატრება ხოლმე მათი ჩხუბი და ალიაქოთი, როცა ცხოვრებაში მართლა მარტო დარჩები.

მისმა სიტყვებმა დამაფიქრა. სანამ მამა ცოცხალი იყო, თავისი სიმკაცრით ხშირად მტკენდა ხოლმე გულს და როცა რაიმეზე შენიშვნას მაძლევდა, მასზე საძულველი ადამიანი ჩემთვის ქვეყნად არ არსებობდა, მაგრამ როცა ის დავკარგე და უკვე აღარავინ მარიგებდა და მკიცხავდა, როგორც მამა, მივხვდი, რომ მას სინამდვილეში ჩემთვის საუკეთესო სურდა. მის წასვლასთან ერთად გაქრა ჩემი ბედნიერი დღეებიც და გავიაზრე, თუ უკვე როგორ ძალიან მენატრებოდა მისი ბავშვური ჯუჯღუნი. რაც დრო გადიოდა, მით უფრო მიძლიერდებოდა ნატვრა, რომ სასწაული მომხდარიყო და თუნდაც მხოლოდ ერთხელ, სულ ორი წუთით მამა ჩემთან გაჩენილიყო, ჩემთვის ისევ ეყვირა და კვლავ მიეთითებინა შეცდომებზე. ალბათ, სწორედ ასევე ვინატრებდი დედასა და პატარებს, თუკი მათ ოდესმე რამე დაემართებოდათ და სასტიკი ცხოვრების პირისპირ მარტო დამტოვებდნენ.

-თქვენი აზრით, ოდესმე გაბედავენ ჩემს მარტო დატოვებას? - ამოვიოხრე და პასუხის მომლოდინე თვალები მივაპყარი.
-არ ვიცი, შვილო, მაგრამ ამ ბუნების კანონზომიერებაა, რომ თითოეული ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც რჩება მარტო. ასე რომ არ იყოს, ქვეყნად არვინ იქნება გამოცდილი, რადგან ზუსტად მარტო ყოფნა და საკუთარ თავთან ჩაღრმავება გვაძლიერებს და გამოცდილებას გვმატებს. მაგრამ თუ მოხდა და მარტო დარჩი ოდესმე, იცოდე, რომ სანამ ცოცხალი ვარ, იქამდე ვიქნები შენს გვერდით. სწორედ ეს ენდომებოდა დედაშენსაც, - დეიდა ლანამ ხელი მხარზე ნაზად დამადო და გამიღიმა. მეც ვცადე გაღიმება.
-ვახუნა ხომ კარგად იქნება?
-ჩვენი ვახუნა ძლიერი ბიჭია! - შემართებით წამოიძახა მან, - რაც არ უნდა იყოს, ოჯახში ახლა ის ერთადერთი კაცია და, აბა, ასე უპატრონოდ დატოვებს დებსა და დედას?! ცუდი დღეები მასაც აქვს, როგორც ყველა ადამიანს, მაგრამ მისი მზეც მალე გამოანათებს, შვილო. ნახავ, ჩქარა გამოკეთდება და აღდგენილი ძალებით დაგიცავთ!
-კარგად არის და დედას თავბრუს ახვევს, ცუდად არის და მაინც ისევ თავის ნებაზე ატრიალებს! პატარა ვამპირია, რა!

ამაზე ორივეს გაგვეცინა. მართლაც ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ჩვენი ელექტრული ბიჭუნა რამეს დაეჩოქებინა. ვახუნა უეჭველად გვეხუმრებოდა, ალბათ გვცდიდა, თუ როგორ გავიტანდით მის გარეშე თავს და როცა დაინახავდა, რომ არ შეგვეძლო უმისოდ გაძლება, ისე დაგვიბრუნდებოდა. ჰოდა, ვახუნა, შენ გარეშე პირველივე წამიდან ძალიან გვიჭირდა...
მე და დეიდა შუა ლაპარაკში ვიყავით, როდესაც ჩვენკენ მომავალი გაბრიელი დავინახეთ. ისეთი იდიოტური სახით იყურებოდა, რომ დაკარგულ პირველკლასელს ჰგავდა ძალაუნებურად. მის დანახვაზე გადავიკისკისე, მოპარული ვაშლები გამახსენდა. დეიდა ლანასაც გაეცინა. ბიჭი ჩვენგან მოშორებით, ხუთიოდე ნაბიჯზე გაჩერდა და დაჟინებით დაგვიწყო ყურება, გეგონებათ, მისი ვალი გვქონდა ან რაიმე მსგავსი. დეიდამ უცქირა, უცქირა და როცა ლოდინით დაიღალა, აღშფოთებულმა შეუძახა:
-ბიჭო, რას დამდგარხარ მანდ?! ან წადი, ანდა მოდი!

მის ხმაზე ახალგაზრდა თითქოს შეკრთა, მაგრამ თავისი უხერხულობის გადაფარვა სულელური ღიმილით სცადადა მოულოდნელად ჩემსა და დეიდას შორის პატარძალივით ჩამოჯდა, თან ერთთავად წინ იყურბოდა და ასფალტს მორიდებული ღიმილით მიშტერებოდა.
-ჰე, რა იყო, შვილო?!რას დამუნჯდი?!- ხელი შეშინებულმა წაჰკრა ლანა დეიდამ.
-კარგით, რა! - განაწყენებული ხმით წამოიძახა გაბრიელმა, - უბრალოდ, ვმშვიდდები. მამაჩემმა ისევ გაუფრინა და ლეკვივით გამომაგდო დახლიდან. არც საჭმელი გამომატანა და არც ფული.
-მოდი, მოდი, ეს აიღე, -ხელში ფუნთუშა უხეშად ჩაუკუჭა ქალმა. მან მაშინვე ნეტარებით ჩაკბიჩა და ისე გაერთო ჭამაში, რომ მადლობის თქმაც კი დაავიწყდა. როცა სული ძლივძლივობით მოითქვა, დეიდა ლანა კვლავ მიუბრუნდა:
-რაო, რა უნდა შენგან მაგ ვაჟბატონს?
-ჰმ, გინდა თუ არა, დახლიდან ვაშლები მაკლდებაო! თან, რაც ყველაზე უარესია, მე მაბრალებს! - ისეთი გაკვირვებით წამოიძახა, თითქოს სულაც არ იცოდა, რა ხდებოდა რეალურად. მე ყურადღება უფრო მეტად დავძაბე. გაბრიელს ხომ წარმოდგენა საერთოდაც არ ჰქონდა, თუ კიდევ ვინმემ იცოდა მისი საგმირო საქმეების შესახებ, ამიტომ მაინტერესებდა, რითი იმართლებდა დეიდასთან თავს.
-ერთი მაგ გარეწარს დამიხედეთ! - ჯავრით გააქნია თავი ლანამ, - როგორ შეიძლება საკუთარ შვილს ქურდობა დააბრალო? ასეთი რამ ჯერ არ გამიგონია!
-ჰო, იქნებ, სულაც ბებია იპარავს? - უცბად დაახეთქა გაბრიელმა.
დეიდას თვალები ლამის ბუდიდან გადმოუცვივდა გაოცებისაგან. პირზე ხელაფარებული დიდხანს მიშტერებოდა ბიჭს, მერე უცბად ბუტბუტი დაიწყო და თან პირჯვარი გადასწერა:
-ღმერთმა შეგინდოს, შვილო! თუ გინდა, მე დამაბრალე, მაგრამ მაგ საცოდავ მოხუცს მოეშვი. გაგიგონია, შვილიშვილი ბებიას ქურდობას აბრალებდეს?
-მოიცა, მოიცა! - ხელი ჰაერში აღმართა ბიჭმა, თან სიცილს თითქოს ძლივს იკავებდა, პირი ისე მოეკუმა, - ანუ, თუ არც ბებია იპარავს და არც მე, თქვენ ხართ ქურდი?
ამაზე დეიდა ლამის საკმიდან გადმოვარდა, ისე შეკრთა. როცა თავი შეიმაგრა, იქვე დაგდებული მუყაოს ნაჭერი ზურგში ჩასცხო ახალგაზრდას.
-ფუ, ეშმაკს, ფუი, ფუი! - წამოიწყო ხელახლა ბუტბუტი, - მე?! შე გარეწარო! გაგიგონია, რომ პატარა ლაწირაკი ბებიის ტოლ ქალს ქურდობას აბრალებდეს? წადი, დამეკარგე თვალიდან!
-აჰა, ჰა! - მანიაკურად გადაიხარხარა გაბრიელმა და სპორტულის ჯიბეებიდან შებრაწული ვაშლები ამოაძვრინა, - ქურდი იდენტიფიცირებულია!
-შენ კი გაგიხმეს თავი! - თავში ხელები დაიშინა ქალმა და გამგმირავი მზერით მიაშტერდა გაბრიელს.მან საპასუხოდ მხრები აიჩეჩა, მე რა შუაში ვარო, მერე კი ვაშლები წინ დაგვიწყო და ორივე ხელი ფართოდ გაშალა:
-მიირთვით, ქალბატონებო! მარნეულის ვაშლებია, აბა! ეს ჯერ შვიდი ცალია, მაგრამ მერე უფრო და უფრო გაიზრდება რიცხვი!რატომ არ ჭამთ?
-ცეცხლი ჭამე შენ! - ისე მიახალა ქალმა, რომ გაბრიელს ღიმილი მაშინვე პირზე შეეყინა.
-დეიდაა! მე ხომ თქვენთვის გავწირე თავი?! განა ფიფქია ვარ, რომ მომეწამლა თუ როგორც არის! აი! - ბიჭმა ვაშლს მსუყე ნაჭერი მოაგლიჯა და ჭამა დაიწყო.
-შენი ატანა აღარ შემიძლია! - მუხლებზე ხელების დაკვრით წამოდგა დეიდა ლანა, - ორი კვირაა აქ ხარ და უკვე შაკიკი დამმართე, შე დალოცვილო! ხან რას გადმოაყირავებს,ხან რას დააბნევს, ახლა კი ქურდობაზეც გადავიდა ბიჭი! ღირსი ხარ, მამაშენს ვუთხრა, მაგრამ მაგ შენს მიამიტ სახეს უმადლოდე, შე ქურდბაცაცავ!

ამ სიტყვებით დეიდამ სწრაფად წამოკრიფა თავისი ნივთები და ბაზრის მიმართულებით გასწია.
-ვაშლი რატომ არ წაიღეთ? - უკან დაადევნა სიტყვები გაბრიელმა, მაგრამ ისეთი მზერა დაადევნა ქალმა, რომ მაშინვე ენა გადაყლაპა და თავი ჩაქინდრა. როცა დეიდა საბოლოოდ მიეფარა თვალს, მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა:
-მე არაფერს არ ვიპარავ. ეგ უბრალოდ ჰონორარია ჩემი დამსახურებისთვის.
-ჰო, მაგრამ სხვებს რომ აძლევ? ან მე რატომ მომეცი დღეს ის ლამაზი ვაშლი?
წითელი ვაშლი ისევ ჯიბეში მედო. რადგან შევამჩნიე რომ გაბრიელი დაბნეული მიყურებდა, ვაშლი ამოვიღე და იმ მწვანე ვაშლების გვერდით დავდე.
-აა, ეს? ეს არის შენდამი ერთგულების სიმბოლო, მარგო. მე ხომ ერთი უბრალო ბიჭი ვარ, რომელსაც შენი მონობა სწადია? რახან შენი ყმადნაფიცი ვარ, დაე, ეს ვაშლი იყოს ამის დასტური! აგერ...
-მე ხომ მონობა ან მსგავსი რამე შენთვის არ მითხოვია? რატომ გინდა, რომ მონა იყო? - ვთქვი გაურკვევლობაში მყოფმა და ეჭვის თვალით მივაჩერდი.
გაბრიელმა ამოიოხრა.
-მონობა არაა ეს. ეს უბრალოდ მსიამოვნებს. ჰო, სხვების დახმარება მომწონს, - მერე ძალიან შეწუხებული სახე მიიღო, ახლოს დაიხარა და ჩუმად მომიგო: - თან, წეღან დეიდა თამარამ მითხრა, ეგ გოგო გაჭირვებულია, მხოლოდ დედა და პატარა და-ძმა ჰყავსო. ამის გამო გადავწყვიტე დაგხმარებოდი.

ესე იგი, ამიტომ, არა? ვიცოდი, რომ სადაც არ უნდა წავსულიყავი და რამდენი დროც არ უნდა წასულიყო, ხალხი ყოველთვის ისე შემოგვხედავდა მე და ჩემს ოჯახს, როგორც უარაფროდ დარჩენილ, შემწეობის მაძიებელ მათხოვრებს. მამას სიკვდილის მერე არავისი სიკეთის აღარ მჯეროდა. ყოველ მოწვდილ ლუკმას თუ ყლუპ წყალს თან იმის შეხსენება მოსდევდა, რომ ჩვენ ეს ყველაფერი არ გვქონდა და ცხოვრების ბოლომდე მადლიერები უნდა ვყოფილიყავით იმ ადამიანებისა, ვისაც ხალხის თვალში ქველმოქმედის სახელის მოხვეჭის სურვილი მოეძალა და ხელის კანკალით გამოგვიწოდა ორიოდე გროში. მხოლოდ იმიტომ უნდა ვყოფილიყავით მადლიერები, რომ შემდეგ საკუთარი მეზობლებისგან მოგვესმინა, თუ როგორ მძიმე ტვირთად დააწვა ოთხი ადამიანის შენახვა მთელ სოფელს და თუ რამდენი დააკლდათ მრავალშვილიან ოჯახებს ჩვენი რჩენით. არადა, ჩვენ მთელი ჩვენი არსებობის მანძილზე არავისთვის არ გვითქვამს არც ერთი სიტყვა, არავისთვის არ მოგვითხოვია მფარველობა. ისინი თვითონ "გვეხმარებოდნენ" და მერე თვითონვე გვადენდნენ ამ დახმარებას ყელში. თუკი ასე ვამძიმებდით, თუკი ასე ვეჩხირებოდით თვალში, რატომ იწუხებდნენ ჩვენთვის თავს, ან თუ იწუხებდნენ, რაღატომ არ წყვეტდნენ ტრაბახს ამ თავიანთი "კეთილი საქმეებით"? ეს ვერ გამეგო და ალბათ, ვერც ვერასოდეს გავიგებდი. არც დედა და არც მამა არ ყოფილან ისეთი ხალხი, რომ ვინმესთვის რამე დაეყვედრებინათ, პირიქით, უკანასკნელ ლუკმას გაიღებდნენ და ბედნიერები იქნებიდნენ იმით, რომ ვიღაცას ასიამოვნეს და ცხოვრება გაუხანგრძლივეს.
ამიტომაც არ მომწონდა მათხოვრის პოზიციაში აღმოჩენა. სანამ პატარა ვიყავი, მომწონდა კიდეც, რომ ყველაფერს უფასოდ გვაძლევდნენ და ვერ ვუგდებდი დედას, როცა უარი თქვა ამ უფასო რაღაცეებზე, სანამ საკუთარი თვალით არ მოვისმინე, თუ რა იყო ამ "უანაგრო" დახმარების ფასი. მივხვდი, რომ იმ ადამიანზე უარესი, რომელიც საკუთარ მადლს პილპილს აყრის, ის ადამიანია, ვინც იცის ეს და მაინც ბრმად იღებს მტრის მიერ გამოწვდილ ხელს. ერთადერთი ადამიანი, რომელიც მართლა იმიტომ გვეხმარებოდა, რომ თავისი სინდისი არ აძლევდა სხვანაირად მოქცევის საშუალებას, დეიდა ლანა იყო. მერე შევხვდი გაბრიელს, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ ახალი გაცნობილი მყავდა, მაგრძნობინა, რომ ვიღაცას გულით ვედარდებოდი და ყოველ მიზეზგარეშე სურდა ჩემი დახმარება. იმდენად მიამიტი ვიყავი, რომ მჯეროდა, სანამ საკუთარი ყურით არ მოვისმინე, რეალურად რა იდგა მისი განზრახვის უკან. მის მაგივრად მე შემრცხვა. გული შემეკუმშა. მინდოდა, მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე, ოღონდ არ მომესმინა, რომ ვიღაცას ჩემთვის მათხოვარი ეწოდებინა.

-ანუ, მათხოვარი ვარ, ხომ? - საკუთარი ხმა ვეღარ ვიცანი. უბრალოდ არ შემეძლო, რომ ამდენი ბრაზი და ღვარძლი დამეტია ამ სიტყვებში, თუმცა ეს სწორედ ის იყო, რისი თქმაც მართლა მინდოდა. ვიგრძენი, როგორ მომაწვა ყელში ბურთი.
-არაა... ამას არ ვგულისხმობ... მე... - გაბრიელი მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, ამიტომ სიტყვა გაწყვიტა და ხელები თმაში წაიშინა.
-გაჩუმდი! ერთი სიტყვაც აღარ თქვა, - ხმა თანდათან ამიკანკალდა. გაბრიელი უკვე შემძულდა, - ახლა ადექი და წადი! იმის მონა იყავი, ვინც მათხოვარი, საცოდავი, გაჭირვებული არ არის!
-მე უბრალოდ... უბრალოდ... იმ ქალის სიტყვები გითხარი... ან სულაც, რა არის ცუდი ადამიანის დახმარებაში? - გაბრიელმა თავი ასწია და პირდაპირ თვალებში შემომხედა. რაღაცნაირად სინანული დავიჭირე მის თვალებში, - აბა, დაფიქრდი: ვინმე ჭაში რომ ჩავარდეს და ამოიყვანო, ეგ იმას ნიშნავს, რომ მათხოვარია? მითხარი, ნორმალური ადამიანები არ იმსახურებენ დახმარებას?
-მე ყველას მათხოვარი ვგონივარ! დედამიწის ზურგზე ყველას ჰგონია, რომ მე და ჩემს ოჯახს რაღაც გვჭირს, ჩვენს დანახვზე ყოველთვის დახმარების სურვილი უჩნდებათ! - ვგრძნობდი, როგორ ჩამომიგორდა ლოყებზე ცრემლები. თავის კონტროლი უკვე შეუძლებელი იყო. ბიჭს საყელოში ჩავწვდი და ტირილით მივუგე: - მითხარი, რას ვაკეთებთ მე და დედაჩემი ისეთს, რომ საცოდავებად ჩავითვალოთ? ბაზარია, თბილისის ბაზარი! აქ ყველას თავის საქონელი გამოაქვს და ვაჭრობს, ამაში სამათხოვრო რამეა?! შენი ოჯახიც, დეიდა თამარაც და მისთანებიც ხომ ამას აკეთებენ, არა? თქვენ რატომ არავინ გიწვდით ხურდას, თქვენ რატომ არავინ გიცოდებთ? ასეთი უსამართლოა ცხოვრება!
-მე ასე არ ვფიქრობ...
-გაჩუმდი! გაჩუმდი! დაიკარგე აქედან, გასაგებია?! ამიერიდან ხურდა ფულები და ვაშლები ნამდვილ მათხოვარს ჩაუყარე ხოლმე კალთაში!

ჩემს წინ დაწყობილ ვაშლებს ზიზღით დავაცქერდი. მერე ზუსტად ის წითელი ვაშლი ავიღე და დაუფიქრებლად დავახეთქე ასფალტზე. ვაშლი ისეთი ძალით დაეცა, რომ შუაზე გაიხლიჩა. სწორედ ისე, როგორც იმ დროს ჩემი გული. იქიდან ისე წამოვედი, რომ გაქვავებული გაბრიელისთვის ზედაც არ შემიხედავს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent