შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

48 საათი (სრულად)


გუშინ, 01:17
ავტორი ika abashidze
ნანახია 2

ირაკლი აბაშიძის
ნოველა




(პროლოგი)

დაიმახსოვრე - არ არსებობს არავინ, ღმერთზე უფრო მარტოსული.


1

სწორედ მაშინ, როცა თვალები სულ ახალი გახელილი გაქვს, არამარტო შენ და შენს გონებასაც, ორივეს მაშინ გადაგეშლებათ წინ ათასნაირი ფიქრი, პეიზაჟი, სიმახინჯე.
ისეთი შეგრძნებაა, თითქოს იმის დროც არ გქონდა, ფიქრი გესწავლა. მაგრამ, სამყარო სხვანაირად მუშაობს. მუდმივად დაძაბული და დატვირთული ქარხანაა, რომელშიც შებიჯებისთანავე, იძულებული ხარ, ან ფიქრი დაიწყო, ან მოძრაობა. ან, ორივე ერთად. და ყველაზე საინტერესო, ისაა, რომ ეს სამყარო შენს თავში ცხოვრობს. ...დიდი, უზარმაზარი სამყარო რომელიც ქინძისთავის მსისხო სკალპში მეტევა.


2

...
- თავო ჩემო, უფიქრდები მაინც, სანამ შენი ფრთების ცელქ მოძრაობას მთლიან სხეულს გაატან?
- ზოგჯერ, დრო ფიქრისთვისაც საკმაოდ მწირია. განსაკუთრებით, ჩემს შემთხვევაში.
- მაინც, რამდენი?
- ორი დღე, გაწელე-გამოწელე.
- ორი დღე 48 საათია.
- ჰო, ზუსტად. და საკმაოდ ცოტაა.
- რას ამბობ. აბა, დაიხედე კიდურებზე, 48 თითს დათვლი?
- არამგონია.
- არც ისეთი ცოტა ყოფილა. არა?
- და უფრო ბევრი, იცი რა იქნებოდა?
- აბა?
- ჩემს ცხვირწინ აღმართული, ლითონის ცივი ჯოხები, რომლებიც ზედმეტი ფიქრისგან გამოვადნე.
- და იქნებ პირდაპირ საფლავისკენ მიჰყავხარ მაგ შენს ცნობისმოყვარეობას?
- არ არსებობს იმდენად ვიწრო საფლავი ჩემთვის, რომელშიც ვერ ვინავარდებ.
...
დამშვიდებას ვაპირებდი, როცა კარის კედელზე მიჯახუნების ხმა გავიგე. ვიღაც საკმაოდ მაღალი, გამხდარი, შავებში ჩაცმული კაცი ღია კარში ზურგით, მოხრილი იდგა და რაღაც დიდ წრეს მოათრევდა. კარს, რომელიც ჭრიალებდა და მიხურვას ცდილობდა, უკანალით აწვებოდა და კვლავ კედელზე მიაჯახუნებდა.
ბოლოს, როგორც იქნა, შემოვიდა. სჩანდა, უზარმაზარი საათი შემოეთრია.
- კარგი იქნებოდა, იატაკი არ დაგეკაწრათ, პატივცემულო. - ცოტა გავნაწყენდი და უზარმაზარ საათს დავხედე.
კაცმა სქელი, შავი წარბი ასწია და შუბლზე ჩამოფხატებული შლაპა აიწია.
მე მომაშტერდა ერთ ხანს.
- გამარჯობა. - ჩაიბურტყუნა და მთელი ძალით, ორივე ხელით ასწია ის უზარმაზარი საათი და მაგიდაზე დააბრეხვა.
- ეს ერთი. - პალტო ჩამოიბერტყა და განაგრძო - მერე მეორე, კარგი იქნებოდა, დამხმარებოდით საათის შემოტანაში, ან კარი მაინც დაგეჭირათ.
- მე ხომ ხელები არ მაქვს, პატივცემულო.
რამდენიმე დღის წინ მოპარსულ საულვაშეზე თითი გაისვა, წვინტილი მოიწმინდა და აქსუტუნდა.
- უკან ოთახში, ჩაიდანში ცხელი ჩაი ასხია. მიბრძანდით, დაეწაფეთ... დაისვენეთ... მე რომ ხელები მქონდეს-
- 48 საათი გაქვთ. რჩევას მოგცემთ, ამ მწირ დროს ჩემზე ზრუნვაში ნუ დახარჯავთ.
- რატომ? ნუთუ თქვენ არ ელოდით გამარჯობას და მასპინძლობას შემოსვლისთანავე?
- ყველაფერი დროებითია წყვდიადის გარდა. გზა წყვდიადამდე კი - მოკლე.
ასე რომ, თქვენს თავზე
იზრუნეთ. - საათზე პალტოდან მტვერი უხვად ჩამოყარა და და კარი გაიხურა.
- 48 საათი... ჰმ. განა, ასე ცოტა დროა?
- შენი სურვილი იყო. - ხმა მომესმა.
- თავო ჩემო, ნუთუ, უფლება არ მაქვს, შევცდე?
- შეცდომების დროა?
- არც პოლემიკის დროა. გამეცალე.
- კეთილი. მშვიდობიან ფრენას გისურვებ, თავო ჩემო. უბრალოდ, ნუ დაგავიწყდება, რომ მეც შენი თანამგზავრი ვარ, რამდენადაც არ უნდა გაწუხებდეს ეს ფაქტი.
...
- აჰა, საათმაც, თან განუწყვეტელი და თან საკმაოდ დროებითი, ხმამაღალი წიკწიკი დაიწყო. - ჩავილაპარაკე და მერე მივხვდი, რომ ამ საათის ზომა ყველაზე მეტად მაწუხებდა. მართლა,
იმხელა იყო, რომ ვერანაირად დავხედავდი. სამაგიეროდ ერთერთ ისარზე საკმაოდ კომფორტულად წამოწოლა შემეძლო.
- ცხოვრება ხომ მაინც ხანმოკლეა, თავო ჩემო, მითუმეტეს შენი... და მაგ მოძრავ ისარზე წამოწოლილს, ისედაც მოკლე დრო ძილში არ გაგეფანტოს. - ერთ ხანს ვუსმენდი და ვფიქრობდი იმაზე, რომ ისედაც სრულიად ჩუმ, სევდიან სამყაროში რაღაც ხმის გაგონება მაღიზიანებდა. ბოლოს მეც ამოვთქვი ერთი წინადადება:
- ჰო... ხანმოკლეა... ხანმოკლე და.. გამოგონილი.


3

აისამდე სადღაც ორმოცი წუთით ადრე გავიღვიძე. აღმოჩნდა, რომ რაღაცების წარმოდგენას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. ღია ფანჯარაში გავფრინდი. ქალაქი დილის ჩუმი ხმაურით დუღდა, თითქოს, რუტინისთვის ემზადებოდა. რუტინისთვის, რომლისთვისაც, ვინ იცის, კიდევ რამდენი დღე, კვირა ან წელი უნდა გაეძლო. მე კი ამ ყველაფრის შესაცნობად ორ დღეზე ნაკლები მქონდა დარჩენილი და ცოტა მიხაროდა კიდეც.
მაგრამ, ალბათ, ქალაქს უფრო მეტი დრო ექნებოდა რამე კარგის ამ რუტინაში ამოსაცნობად.
ყველა შენობის კედელი, რომლებსაც შესასვენებლად ნამივით მივეპკურებოდი, იარებად გაჩენილი, შორიდან რომ გემალება და გიხმობს, ისეთი ღრიჭოები ჰქონდა და თითოს მთლიან ტანში, ჟრუანტელივით გაუვლიდა ხოლმე ქარის განუწყვეტელი, ფიცხი ჩურჩული.
გასაკვირი, მაინც ის იყო, რომ აქ, თითქოს, ყველა უფრთხილდებოდა დროს. ყველა ქუჩაზე იდგა დიდი დეკორაციული საათები, მაღაზიების გადაშიშვლებული ვიტრინები, რომლებიდანაც, საათები პირდაპირ თვალებში მაშტერდებოდნენ ზიზღით ამღვრეული მზერით, ან კიდევ მესაათის ჯიხურები.
...
- განა ტყუილს შეუძლია, დრო დააფასოს?
ქარის გამოგზავნილი ხმა კონვერტივით გავშალე და ხერხემალზე დავიფინე.
- ეს ტყუილიც, ხომ ჩემი მოგონილია, რომელიც, გულით მინდოდა, რომ ალალი ყოფილიყო...
- ისინი მართლები არიან, მაგრამ, შენ შთააგონე მათ არსებობის ცრუ იმედი.
- თუ მართლები არიან, დააფასებენ დროს.
- წარმოსახვისთვის არ არსებობს დრო, თავო ჩემო. ეს კედელია შენს ტანჯვასა და მათ სამოთხეს შორის აღმართული.
- აბა, ამდენი საათები რად უნდათ?
- იქნებ, შენ გახსენებენ, რომ ცოტა დრო დაგრჩა.
- ...ან, იქნებ... უბრალოდ, დეკორაციაა?
პასუხის მაგივრად, უვნებელი ჩაცინება მომესმა.
- ფიქრი ქარს გაატანე, თავო ჩემო. მეც წავალ. ქარს გავყვები.
...
რამდენ ხანსაც შევძელი, ქარს თავი ვათრევინე ქუჩებში, მერე კი მივხვდი, რომ მზე რამდენიმე წუთის ამოსული იყო, მე კი მაინც მციოდა.
ფრთებს ძალა დავატანე და რომ გავმთბარიყავი, სკვერთან დადგმულ ნაგვის ურნაზე დავჯექი, ბევრი ახლად ჩამქვრალი სიგარეტის ნამწვი ეყარა.
სკვერში მეეზოვე შუშის ბოთლებს დიდ შავ პარკში ყრის და იმ მძიმე პარკს ქვაფენილზე მიაჩხრიალებს. პარკი ცოტათი გახეულია, გზადაგზა გადაყრილი საჭმლის ნარჩენები ცვივა და მეეზოვეს ღუღუნით დაყვება რამდენიმე მტრედი. გაჩერდებიან, ნაგავს უცებ აკენკავენ და მერე ისევ მეეზოვეს გაყვებიან. მეეზოვე დადის და ბურტყუნებს, თუმცა, მტრედები ისე ხმამაღლა ღუღუნებენ, მის ხმას ფარავენ. საერთოდ, ასეა, კმაყოფილი ხმა უფრო ხშირად გადაფარავს ხოლმე დატანჯულისას, როცა ბურტყუნებ და შენი მაინც არ ესმით, უფრო ბრაზდები. ამიტომ ყველაფერს სიჩუმე სჯობს.
...
- განა, ასეთი, ვინ უნდა იყო, თავო ჩემო, რომ რაღაცის შექმნა შეგეძლოს და შენი შექმნილი შენი ნებითვე დატანჯო?
- რაც პირველივე გაფიქრდება, ის ხდება შენს თვალწინ. განა ყველაფერი შემიძლია.
- ესე იგი ავად ხარ.
- ალბათ.
- და არ შეგეძლო, არსებობაზეც რომ უარი გეთქვა?
- ...
- სასჯელია. სასჯელი.
- სასჯელი რისთვის? თუკი აქამდე საერთოდ არ მიარსებია, რა უნდა დამეშავებინა?
- იმ დიდ ჯვარზე ყველანი პატარა ხიწვები ვართ, თავო ჩემო.
- აკი, ქარს გავყვებიო?
- ქარი აღარაა. ვისღა გავყვე?
...
ახლოდან ზარების რეკვის ხმა გაისმა და ხმის ვიბრაციებმა იმ ადგილისკენ მიმიზიდეს, საიდანაც მოდიოდნენ.
ლამაზად გაშენებულ ეზოში მაღალი ტაძარი იდგა. მაღალ კოშკურაზე ასული ჭაღარა მღვდელი ზარს რეკავდა. ახლოს მივედი, კაბის სახელოზე დავაჯექი და მივხვდი, რომ ხელი ეღლებოდა და ხელის გულზე კანი ატყავებოდა უხეში თოკის გამო.
თუმცა მალევე შემეშინდა და ტაძარში შევფრინდი. იქ საკმაოდ ციოდა, მაგრამ გამოსავალი მალევე გამოვნახე, კანდელის კიდეზე ჩამოვჯექი გასათბობად. მისი ალი საკმარისად მათბობდა, თუმცა ზეთში ჩავარდნის და დახრჩობის შანსიც დიდი იყო.
სითბოთი და გალობის ხმით შეზარხოშებულს ჩამეძინა და დავინახე, რომ ის მღვდელი აღმსარებლების მიღებას თითქმის მორჩენოდა.
რატომღაც მივფრინდი და ყურის ხრტილზე დავაჯექი. არაფრის თქმა დამჭირდა. მღვდელმა რამდენიმეჯერ ჩამოისვა ჭაღარა წვერზე ხელი და მერე ლაპარაკს მოსდგა:
- "დაიმახსოვრე - არ არსებობს არავინ, ღმერთზე უფრო მარტოსული." ... ეს რა მკრეხელობაა?
- უბრალოდ განაფიქრი იყო. - თავი გავიმართლე და გამიკვირდა, რომ მღვდელმა ჩემი ფიქრების წაკითხვა შეძლო. მაგრამ მერე გავაანალიზე, რომ ფიქრისგან შექმნილ სამყაროში ყველანი ფიქრის შვილები ვართ. ფიქრის გარეშე ვერაფერი იარსებებდა და შესაბამისად, ვერანაირი ფიქრი დაიმალებოდა. ტრაგედია კი ისაა, რომ ფიქრი მხოლოდ მე შემიძლია და მხოლოდ მე მომეკითხება ამის გამო.
- რა შეატყვეთ უფალს მარტოობის?
- ...ის, რომ...
- საკმარისია, საკმარისია. ყველაფერი გასაგებია. რაც არ უნდა მიზეზი იყოს, ეს ღვთის შეურაცხყოფა და განსჯაა და თქვენ ამის უფლება არ გაქვთ.
მღვდელმა ყურთან ხელი აიქნია და მეც ძალაუნებურად, ავფრინდი, იქაურობას გავეცალე.
...
- ითხოვე და გეპატიება, თავო ჩემო.
- თხოვნებზე დასახარჯი დრო არ მაქვს.
- თამამი განაცხადია. რა გაეწყობა.


4

ჩაძინებულმა მორიგი სიგარეტის ნამწვის ურნაზე დაგდება ვიგრძენი და გამომეღვიძა. გავაანალიზე, რომ გადაღლილს, სითბოს ძიებაში, ისევ ნაგვის ყუთზე ჩამძინებოდა, თან მოსაღამევებულიყო. ურნის წინ ვიღაც კაცი იდგა, ეტყობოდა,
რომ მთვრალი იყო - წონასწორობას ძლივს იკავდებდა და ერთ ადგილას ქანაობდა. ავფრინდი და პერანგის საყელოზე დავაჯექი. არყის და სიგარეტის სუნად ყარდა.
ერთი-ორჯერ ისევ წაქანავდა, ამოასლოკინა და თავისი ჭკუით, ლექსივით რითმულად დაიწყო როშვა:
- იცოდი? ჩვენთან, ქალაქში დღე სამ მონაკვეთად იყოფა, დილით, აისიდან რამდენიმე საათის შემდეგ, მორწმუნეთა საათია, შუადღიდან აისამდე - ლოთების საათი. აისს რომ რამდენიმე წუთი აკლია, მეეზოვე ალაგებს ყველაფერს - სუნიან მთვრალებს, დამსხვრეულ ბოთლებს, სიგარეტის ნამწვებს და ფარისევლურ რწმენას, რომელიც დილის მერე, შუადღისითვე ნაგვად იქცევა ხოლმე.
- შევამჩნიე. კი.
- პოეზიის საათი შეამჩნიეთ?
- ჯერჯერობით ვერ...
- ხომ.. ხვალ, ამ დროს, პოეზიის საღამო მაქვს აქვე, თეატრში. გეპატიჟებით დიდი სიყვარულით...
- ყოველ ორ სიტყვას შორის ასლოკინებდა და საკმაოდ აღტაცებული სჩანდა.
- პოეტი ბრძანდებით?
- ხომ... ძალიან მიყვარს ხელოვნება.. ეს წყეული ხელოვნება... რომლის ადგილიც მხოლოდ ჩემს არყის ჭიქაშია და ჭიქიდან ჩემს გულში, სადაც, უმეტეს შემთხვევაში, სამუდამოდ ჩაიკეტება ხოლმე.
...
დავარწმუნე, რომ რახან ხვალ პოეზიის საღამო ჰქონდა გასამართი, უნდა დაესვენა, გამოეძინა და გამოფხიზლებულიყო. ჩემდა გასაკვირად, დამიჯერა და სახლში გამომყვა.
გზაში მისი ფეხების წვიმაში ტყაპუნის ხმის მოსმენა მომბეზრდა და ვკითხე:
- ფურცელზე არ გიცდიათ?
- კი, როგორ არა, პატივცემულო... მაგრამ ფურცლიდან სხვის გულამდე არ მიდის.
- ალბათ, სჯობს, გულიდან გულამდე გაამგზავროთ, აი, როგორც ხვალ აპირებთ.
მერე, როგორც იქნა, სახლში მივედით. გალუმპულმა, მხოლოდ რამდენიმე ზედა ღილი შეიხსნა პერანგზე და ჩემს სავარძელში გაითოშა. ვაპირებდი, მეთქვა, რომ ასე სავარძელს დამისველებდა, თუმცა უკვე ხვრინვა ამოეშვა.


5

ღამით არ დამეძინა, თუმცა ამას პოეტის ხვრინვას ვერ დავაბრალებდი. საერთოდ, დასასრულის მოახლოებისას, როცა იცი რომ აღარაფრის დრო გაქვს და უსუსური ხარ, მაშინ გინდება, რომ ფხიზლად იყო და მეტი და მეტი იფიქრო... ან ფიქრით აღარ გადაიღალო.
მეც, ფიქრს მოვეშვი, გარინდული ვიჯექი ფანჯრის რაფაზე და გადაღლილ ფრთებს ვითბობდი.
მალევე გაიღვიძა იმ პოეტმაც. ეტყობოდა, გაბრუებული იყო წინა ღამის შემდეგ. გახსნილი ღილები სწრაფად შეიბნია და სახლიდან სიტყვის უთქმელად გავარდა. წამიერად, მეგონა თუ კიდევ მობრუნდებოდა რამის სათქმელად და მის უკულტურობაზე თვალი დავხუჭე, დამშვიდობებაც ამიტომ აღარ ჩავთვალე საჭიროდ.
...
მოწყალეა უფალი, რომ ფიქრისთვის და არსებობისთვის მწირი დრო მარგუნა.
...
გარედან, ყველა მხრიდან მალულად მიმზერენ მომღიმარი და კმაყოფილი მესაათეები, ქალაქის დიდი სადეკორაციო საათები და მაღაზიის ვიტრინებში გამოკეტილი საათებიც.
მთავარი მაინც ისაა, რომ დასასრულის მოახლოების მიუხედავად, რატომღაც, მაინც მშვიდად ვგრძნობ თავს.


6

საღამოს, უკვე მზე რომ ჩასვლას აპირებდა, საკმაოდ დამცხა და ვიგრძენი, რომ საათობით ჯდომისგან კიდურები დამბუჟებოდა. ავდექი და აქეთ-იქით დავფრინავდი, სახლს წრეს ვარტყამდი.
ამასობაში კარი პოეტმა შემოანგრია, მაგიდაზე რვეული და პლაკატი დააგდო და ჯერ კიდევ სველ სავარძელში ჩაჯდა.
ერთ ხანს სახეზე ფრჩხილებ-დაჭრილი თითები მთელი ძალით ისვა და სახე რომ
ვერანაირად ჩამოიხოკა, ლაპარაკი დაიწყო:
- საღამო აღარ გაიმართება.
- როგორ თუ?
- იქ რომ მივედი, ვნახე რომ ჩემი პლაკატი ჩამოეხსნათ და რაღაც სხბა დაეკიდათ.
- მაინც, რისი პლაკატი ჩამოკიდეს?
- ქალაქის გამგებელი უნდა წარადგინონ.
- თეატრში? - გამეცინა.
- ჰო.
...
შეძლებისდაგვარად დავამშვიდე და შევთავაზე, რომ იქვე, სახლში გაგვემართა ჩვენ ორს პოეზიის საღამო. სიხარულით დამთანხმდა. ბევრ რამეზე წაიკითხა ლექსი - ლოთობაზე, დროზე, მარტოობაზე, ტყუილებზე და იმაზეც კი, თუ როგორ შევარდებოდა გამგეობაში და ყველას ჩაცხრილავდა.
ერთის წაკითხვას რომ მორჩებოდა და გადასაფურცლად წუთიერად გაჩუმდებოდა, საათის ისრები ბასრი წიკწიკით ჩუქნიდნენ თავისებურ, ირონიულ აპლოდისმენტებს.


7

ენთუზიაზმით გადაღლილი, რვეულის ბოლო გვერდს მიადგა, სათაური თავისთვის წაიჩურჩულა და მერე მე მომიბრუნდა:
- აი, ეს ბოლო, ძალიან კარგია. თან მოკლე.
- გისმენ.
ერთი-ორჯერ ჩაახველა, თვალები აქეთ იქით აცეცა, შეშინებული და სევდიანი ჩანდა, თან ეღიმებოდა. მერე, სხვებისგან დიდად გაუმჯობესებული რითმის არ მქონე ლექსისა და საათის ისრის ბოხი ხმა ერთი იყო:
- "მშვიდობით, გილოცავთ... თქვენ შეეწირეთ თქვენივე ტყუილს..."




დასასრული.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent