უთქმელი სიტყვების ღაღადი (II ნაწილი)
კოტეჯში ვარ. ზუსტად ისეთი წვიმიანი ამინდია, როგორიც მაშინ, როცა ბატონი ზაზა გავიცანი. წვიმა ჩვენს საუბარსა და ჩემს პირობას მახსენებს, პირობას, რომლის შესრულებაც ჯერ კიდევ ვერ მოვახერხე. უცნაური დამთხვევაა, რომ ბატონი ზაზას დაკრძალვის დღესაც წვიმდა. თითქოს წვიმა გვიყვებოდა ზაზასა და თამთას სევდიანი სიყვარულის ამბავს. არავინ ჰყოლია, მოგონებების მეტი ამ კაცს აღარაფერი დარჩენოდა. მე ვიყავი მისი ჭირისუფალი. მე მერგო მისგან დანატოვარი "მემკვიდრეობაც"-დღიური, რომელიც პალატაში, მისი საწოლის გვერდით, ტუმბოში ვიპოვე. ახლა, ვზივარ კოტეჯში, ვუსმენ წვიმის ხმას და ვკითხულობ დღიურს, რომლის ყოველი სტრიქონი სიყვარულითა და სინანულითაა გაჟღენთილი. ზაზას ჩანაწერებიდან: თამთა, ძვირფასო, ეს წიგნაკი იმ უთქმელი სიტყვების სასაფლაო იქნება, რომლების თქმაც შენთვის მინდოდა, მაგრამ ვეღარ მოვასწარი. ვიცი, შენ ამას ვერასოდეს წაიკითხავ, მაგრამ ცოტა ხნით მაინც წარმოვიდგენ, რომ ამ ყველაფერს შენ გეუბნები. რას არ მივცემდი, დროის უკან დაბრუნებისთვის. გეფიცები, ცხოვრებაში ყველაზე დიდ ბედნიერებად თუკი რამე მახსენდება, ეს ჩვენი მეგობრობა იყო. შენ ჩემთვის ჩვეულებრივი მეგობარი არ ყოფილხარ, ჩემი თანაზიარი სული იყავი, მაგრამ ამას მას შემდეგ უფრო მივხვდი, როცა სამუდამოდ დაგკარგე. გახსოვს? რამდენჯერ გვისაუბრია სიყვარულზე... შენ ყოველთვის სიყვარულის თავგამოდებული დამცველი იყავი. მე კი იმდენ სისულელეს ვამბობდი, ახლა მრცხვენია კიდეც, როცა ამას ვიხსენებ. განსაკუთრებით ჩვენი ერთი დიალოგი მახსენდება, რომლის არცერთი სიტყვა არ დამვიწყებია. შენ მკითხე: ზაზა, გიყვარს ვინმე? მე გიპასუხე: არ ვიცი, თამთა, როცა გოგოს თვალებში ვუყურებ, მავიწყდება ყველაფერი, ვგრძნობ, რომ მიყვარს, შემიძლია გული ამოვიღო და მივცე, მაგრამ ეს მანამ, სანამ ჩემს მკლავებშია. თვალს მოვაცილებ თუ არა და უკეთესს შევხვდები, უკვე აღარ მიყვარს. ვერ ვიგებ, რა მჭირს, რა არის საერთოდ სიყვარული? როგორ მივხვდე, მიყვარს თუ არა? - უკეთესზე უკეთესს რა დალევს, ზაზა, მაგრამ ვინც მართლა გეყვარება, იმაზე უკეთესს ვეღარ იპოვი. ჯერ არავინ გყვარებია, ეგ გჭირს. როცა მართლა შეგიყვარდება, რაც უფრო შორს იქნება, მით უფრო გეყვარება, რადგან მონატრება ნამდვილ სიყვარულს აძლიერებს, კი არ კლავს. ის იქნება შენთვის მთელი სამყარო, მასზე ფიქრით გაიღვიძებ და დაიძინებ, ყოველ წუთს, ყოველ წამს, მის გვერდით ყოფნა გენდომება, მის გარეშე სუნთქვაც გაგიჭირდება და სხვაზე ფიქრსაც ვერ შეძლებ. რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის მის გვერდით იქნები, რომც დასახიჩრდეს, რომც დაბერდეს, სამუდამოდ ის გეყვარება, მის გარეშე სიცოცხლესაც არ ექნება შენთვის ფასი. ახლა თითოეულ სიტყვაში გეთანხმები, მაშინ კი გიპასუხე: - ნამდვილი მეზღაპრე ხარ რა. ეს ცხოვრებაა, თამთა, ფილმი კი არა. - სიყვარული თვითონაა ზღაპარი და ცხოვრებაც ზღაპრული ხდება, როცა გიყვარს. სიყვარულის გარეშე ცხოვრება მკაცრი და შავ-თეთრია, სიყვარულთან ერთად კი-ფერადი. სიყვარულით მოყენებული ტკივილიც კი სასიამოვნოა. - მე მხოლოდ მაშინ მინდა სიყვარული, როცა მჭირდება, სულ კი არ მინდა, ერთი-ორი დღე, როცა უხასიათოდ ვარ. - სიყვარული ერთი დღით არ არსებობს, სიყვარული მარადიულია, სიკვდილის მერეც გრძელდება, მე მჯერა (უკვე მეც). - იდეაში ძალიან მაგარია. -ყველას ნამდვილად არ შეუძლია ასეთი სიყვარული, ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. -იდეაში ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს, ჩიტების საამო ჭიკჭიკი უნდა ისმოდეს, მოჩუხჩუხე ნაკადული ლამაზი სიყვარულის შესახებ უნდა ყვებოდეს, ბავშვები ათასფერი ყვავილების გარემოცვაში მდელოზე ლაღად უნდა დარბოდნენ, მაგრამ ასეთ სამყაროს მხოლოდ ვარდისფერი სათვალით თუ დაინახავ. როგორც კი მას მოიხსნი, ჩიტების ჭიკჭიკის ნაცვლად, რუხი მგლების შემზარავ ყმუილს გაიგონებ, მოჩუხჩუხე ნაკადულს ამღვრეული მდინარე ჩაანაცვლებს, რომელიც ნაცვლად სიყვარულზე საუბრისა, ყვება ტკივილზე, იმედგაცრუებასა და სიკვდილზე...ათასფერი ყვავილების ადგილას კი ეკლიანი ბალახი ამოვა... - ყველაფერი ხომ ჩვენზეა დამოკიდებული? ჩვენი გადასაწყვეტია უსიყვარულოდ ვიცხოვრებთ და ჩვენს ცხოვრებას ეკლიან ბალახს დავამსგავსებთ, თუ საყვარელ ადამიანთან ერთად სამოთხეში ვიცხოვრებთ. რატომ ვერ იქნება ყველაფერი იდეალურად, თუ ჩვენ მოვინდომებთ? ჩემი აზრით, როცა რამე არაა იდეალურად, ესე იგი, რაღაც დავაკელით. - ერთგული ვერ ვიქნები, ასე მგონია. - ერთგულებაც სიყვარულიდან მოდის, ზაზა. თუ გეყვარება, უბრალოდ ვერ შეძლებ ღალატს, მის გარდა სხვას საერთოდ ვერ შეამჩნევ. სანამ მასე არ იქნები, ესე იგი, არ გიყვარს. ზოგს ჰგონია, რომ დაოჯახება თავისუფლების შეზღუდვაა, მე კი მგონია, რომ ცოლ-ქმარს ისე უნდა უყვარდეს ერთმანეთი, რომ სხვასთან წასვლას კი არ უნდა უშლიდნენ, დაშლაც არ დასჭირდებათ, ანუ ბოლომდე ექნებათ თავისუფლება, მაგრამ თვითონვე არ გაიფიქრებენ ღალატს, არა იმიტომ, რომ ცოლი უშლის ქმარს, ან პირიქით, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ ერთმანეთის გარდა არავინ სჭირდებათ. - ძალიან აიდეალებ ყველაფერს, არარეალურზე ოცნებობ. - შენ როგორც გინდა, ისე იფიქრე, მაგრამ მე მხოლოდ ასეთ სიყვარულს ველოდები და ერთადერთ ჭეშმარიტებად ეს მიმაჩნია. -რომანტიკოსი ხარ? − შენი აზრით? − ძალიან. − სადღაც რომანტიზმსა და რეალიზმს შორის ვარ. ერთ დროს მთლიანად რომანტიზმში ვიყავი. განსხვავება ისაა, რომ ადრე მჯეროდა, რომ ისეთი ადამიანი არსებობდა, ჩემნაირი სიყვარული რომ შესძლებოდა, ახლა კი მასე არ ვფიქრობ და შეიძლება სამუდამოდ მარტოც დავრჩე, მაგრამ უსიყვარულოდ ოჯახის შექმნას, დაუფიქრებლად ვამჯობინებ მარტოობას. სიყვარული სამოთხეა ჩემთვის, უსიყვარულობა კი ჯოჯოხეთი. თუ სამოთხეში ვერ ვიქნები, მირჩევნია არც სამოთხეში ვიყო და არც ჯოჯოხეთში. − კარგი, დაველოდოთ მაშინ სიყვარულს, თუ მართლა არსებობს. − სიყვარული ნამდვილად არსებობს, უბრალოდ, ხალხი ხშირად იბნევა და მას სხვა გრძნობებში ურევს. ვნება, გატაცება, მოწონება, შეჩვევა – ყველაფერი სიყვარული ჰგონიათ. − ხო, მაგრამ რაც ჩამოთვალე, მაგ გრძნობების გარეშე სიყვარული ხომ არ არსებობს? − სიყვარული მაგ ყველა გრძნობას თავის თავში მოიცავს, მაგრამ ცალ-ცალკე არცერთ მათგანს არ შეუძლია სიყვარულს გაუტოლდეს. სიყვარული ცალ-ცალკე არც ვნებაა, არც გატაცება, არც მოწონება და არც შეჩვევა. ეგ ყველა გრძნობა წარმავალია, დრო ყველა მათგანს წალეკავს, ვნებაც გაქრება, მოწონება და გატაცებაც გაივლის და შეჩვევასაც გადაჩვევა ჩაანაცვლებს, მაგრამ სიყვარული ჟამთა სვლასთან ერთად უფრო ძლიერი გახდება, მას ვერც დრო წაგართმევს და ვერც სიკვდილი. ზუსტად თავისი მარადიულობა განასხვავებს სიყვარულს სხვა მსგავსი გრძნობებისგან. შორს რომ იქნება და მაინც გამუდმებით მასზე იფიქრებ, რომ ვერ დაინახავ, მაგრამ ყველგან ის მოგელანდება, გული რომც გატკინოს, მაინც რომ ვერ შეძლებ მის არათუ შეძულებას, გადაყვარებსაც კი და იმასაც რომ აპატიებ, რაც მანამდე უპატიებელი გეგონა, საკუთარ ბედნიერებაზე წინ მის ბედნიერებას რომ დააყენებ, აი, მაშინ მიხვდები, რომ მართლა გიყვარს. − კარგი რა, სიყვარული არა ის. რად მინდა სიყვარული, როცა ირგვლივ ამდენი ლამაზი გოგოა, ხან ერთთან ვიქნები, ხან მეორესთან. არჩევანი რატომ უნდა გავაკეთო? − ლამაზი კი არ გვიყვარდება, ვინც გვიყვარს, ის გვეჩვენება ლამაზად. შეიძლება ულამაზოც იყოს გოგო და თვალით არ მოგწონდეს, მაგრამ გულით შეგიყვარდეს. გარეგნულად ლამაზი კი მხოლოდ თვალს მოსწონს, გულმა კი შეიძლება ვერ შეიყვაროს. როცა სილამაზეს სხეულში კი არა, სულში მოძებნი, მერე მიხვდები, რა არის სიყვარული, მანამდე ვერა. ცხოვრებაში ერთხელ ყველას უყვარდებაო, ამბობენ და არც შენ იქნები გამონაკლისი. მერე გაიხსენებ ჩემს სიტყვებს. მართალი იყავი, ცხოვრებაში ერთხელ ყველას უყვარდება და მაშინ ხვდება ყველაფერს, იმასაც, რასაც მანამდე ვერაფრით წარმოიდგენდა. მაშინაც მართალი იყავი, როცა მეუბნებოდი, რომ სიყვარული ერთადერთია, რაც არ იყიდება. მე კი მაშინ ყველაფრის ყიდვა შესაძლებელი მეგონა. ვერ ვიყიდე...ფული არც ახლა მაკლია, მაგრამ თავი ბედნიერად მაინც ვერ ვიგრძენი. რაც უფრო მაწუხებდა დანაკლისის გრძნობა, უფრო და უფრო მეტ რამეს ვყიდულობდი. ლამაზი ქალების ყურადღებაც არ მაკლდა, მაგრამ არცერთი მათგანი არ მყვარებია, ისინი ყველანი ფულის მონები იყვნენ ჩემსავით. შენ ერთხელ მითხარი, სიყვარულის მონა შეიძლება გავხდე, მაგრამ ფულის არასდროსო. არ დაგიჯერე. მერჩივნა, შენც ყველასნაირი მგონებოდი. რატომ? იმიტომ, რომ არ მინდოდა სიყვარულის მონა გავმხდარიყავი. შენი სიყვარულის მონა... მაშინ ბედნიერებას მხოლოდ ფულში ვხედავდი და მეშინოდა, რომ სიყვარული ყველაფერში შემიშლიდა ხელს. ძალიან დავაგვიანე გამოფხიზლება, თამთა. იმ საშინელი ავიაკატასტროფის შემდეგ, როცა სამუდამოდ დაგკარგე, მაშინ მივხვდი, რომ მთელი ჩემი სიმდიდრე სინამდვილეში შენ იყავი და შენ გარეშე ყველაფერი არაფერი იყო. რატომ გადაწყვიტე გაფრენა? არაფერი გითქვამს, ისე მოიფიქრე სხვა ქვეყანაში წასვლა. ალბათ ვეღარ გაუძელი იმ სიყვარულს, რომელიც ცალმხრივი გეგონა, ალბათ რამხელა ტკივილს გაყენებდი, როცა სხვა ქალების სილამაზეზე შენთან, როგორც მეგობართან, დაუფარავად ვსაუბრობდი, თითქოს ასე ვცდილობდი დამემტკიცებინა, რომ შენთან მხოლოდ მეგობრობა მაკავშირებდა და მეტი არაფერი. ყოველთვის ვხვდებოდი, რომ შენთვის მეგობარზე მეტი ვიყავი, მაგრამ თავს ვიბრმავებდი, იმიტომ, რომ გავურბოდი სიყვარულს. შენ ისეთი მორიდებული იყავი, ვერასდროს გადადგამდი ბიჭთან პირველ ნაბიჯს, მაგრამ შენს სუფთა თვალებსა და გულს ტყუილი არ შეეძლოთ და ყველაფერს ვხვდებოდი მაინც. ღმერთო, რა სულელი ვიყავი, რას ვიფიქრებდი, რომ ასე მოულოდნელად გამომეცლებოდი ხელიდან. ვინ ვარ ახლა? მარტოსული მოხუცი, რომელსაც ყველაფერი აქვს და, ამავე დროს, არაფერი გააჩნია. უსიყვარულობაზე დიდი სიღატაკე არ არსებულა თურმე ამქვეყნად. რომ შემეძლოს... მე რომ დროის უკან დაბრუნება შემეძლოს, დაუფიქრებლად გავცვლიდი მთელ ჩემს ქონებას შენს სიყვარულში. მაგრამ სინანულით ვეღარაფერს ვცვლი. შენ ხარ წარსული, რომელიც არასოდეს განმეორდება, აწმყო, რომელიც თავს არ მანებებს და მომავალი, რომელიც არასოდეს დადგება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.