სახსოვარი (სრულად)
1 აივნიდან უყურებდა ღამის ქალაქის ერთ ხელისგულისოდენა ნატეხს და იმაზე ფიქრობდა, რომ ქალაქის მკვეთრი განათება ღამეს იდუმალებას უკარგავდა. მის გვერდით უზარმაზარი, შავი, ყვითელთვალება კატა იჯდა უძრავად და ისიც პატრონივით ქალაქის შორეულ წერტილს უშტერებდა თვალს. სავარაუდოდ ისიც რაღაც იდუმალზე ფიქრობდა. ღამის მყუდროება ხმადაბალმა მოკლე ზარმა დაარღვია. შეკრთა და უკმაყოფილო სახით გამოხედა მაგიდაზე მიტოვებულ მობილურს. უნახავად იცოდა ვინ სწერდა და ისიც კი, რასაც სწერდა. უკმაყოფილოდ ამოიოხრა და კვლავ აციმციმებულ ქალაქს მიაპყრო მზერა. აშკარა იყო არ სიამოვნებდა, ეს გვიანი შეტყობინება. _ ნამდვილად დაწყევლილი ვარ გიშერო!_ ჩაილაპარაკა მოწყენილმა და კატას ხელი გადაუსვა ბზინვარე გრძელ ბეწვზე. ესიამოვნა მისი შეხება. ბავშვობიდან უყვარდა კატები, ყვავები, ციყვები და ზოგადად ცხოველები. ბავშვობაში იმასაც კი ამტკიცებდა, რომ ბებიამისი კლარას კატა ბუსია ელაპარაკებოდა. რა თქმა უნდა, ყველა მის უცნაურობას ბავშვურ ფანტაზიას მიაწერდნენ და მალევე ივიწყებდნენ. ერთ დღესაც თავადაც დაიჯერა, რომ მართლაც ბავშვის გონების მძაფრი ფანტაზია იყო მისი უცნაური მოგონებები და ყველაფერი გადაივიწყა. უცნაური ამბები კი რატომღაც სწორედ ბებიამისის სიკვდილის შემდეგ დაიწყო. ან ცოტა უფრო ადრე, დაახლოებით ათი წლის წინ, როცა როზა 21 წლის გახდა. თვალები დახუჭა როზამ და ათი წლის წინანდელი 30 აპრილის გახსენება სცადა... ... _ახლა სოფელში წასვლა იქნებოდა?_ ხმადაბლა წუწუნებდა სამსახურიდან დაბრუნებული მამა. თან მალულად გაჰყურებდა ცოლს. ამოწმებდა, აღწევდა თუ არა მისი სიტყვები ადრესატამდე. _ დედაშენი რომ გთხოვდეს ჩასვლას, ხომ ჩაქანდებოდი მაშინვე?_დოინჯი შემოირტყა საშუალო სიმაღლის, შავთმიანმა ქალმა და ცისფერი თვალები ავად დააბრიალა. არაფერი უთქვამს ქმარს საპასუხოდ. ამოიოხრა და ჭამა გააგრძელა. და როცა ქალი ოთახიდან გავიდა, წარბშეკრული და მოქუფრული, მერეღა ჩაილაპარაკა თავისთვის. _ რაც დედა_ ალქაჯი, ის შვილი! ვფიქრობ და ვერ გამიგია, რამ შემაყვარა?!_ ამ რიტორიკულ კითხვას კი უსვამდა საკუთარ თავს, მაგრამ მაინც თავს ერჩია თავისი შარიანი და მბრძანებლობის მოყვარე ცოლი. აი მხოლოდ სიდედრი არ ეხატებოდა გულზე, თუმცა ამის მიზეზიც ჰქონდა, თუმცა არც ის მოხუცი ალქაჯი დნებოდა მისი სიყვარულით. მეორე დღეს უთენია გააღვიძა დედამ როზა. არც როზას ესმოდა ამ შუა კვირაში რა დროს სოფელი იყო, მაგრამ რას იზამდა? განა დედამისთან კამათი ადვილი საქმე იყო?! ყველაზე უცნაურად მაინც კლარას საქციელი მოეჩვენა როზას. არაფერი ავადობისა მას არ ემჩნეოდა. იჯდა ძველებური პატარა თეთრი სახლის პარმაღზე და კალთაში მჯდარ კატა ბუსიას უდარდელად ფხანდა ზურგს, თან რაღაცას ესაუბრებოდა, ბუსიაც თითქოს ნათქვამს უგებდა დროდადრო ხმადაბლა კნაოდა. უცნაურად საუბრობდა იმ დღეს როზას ბებია. თითქოს სადღაც გასამგზავრებლად ემზადებოდა, თითქოს ემშვიდობებოდა, ვერ გაიგო როზამ, რატომ იყო ქალი ასე აჟიტირებული, მოუსვენარი და თან ოდნავ სევდიანი. _ ბები სამახსოვროდ რა გაქვს ჩემგან?_ ჰკითხა როზას და გვერდით დამიჯექიო ანიშნა. კლარა უყვარდა. უყვარდა იმიტომ რომ ბავშვობაში ყველაზე მეტად ის იჩენდა მოთმინებას მისი უცნაური ფანტაზიების მიმართ, არ ახსოვდა როზას როდესმე დაეცინა, გაექილიკებინა ან ეჭვი შეეტანა ბებიამისს მის სიტყვებში. მხოლოდ თავზე ხელს გადაუსვამდა და ამშვიდებდა. _ მოვა დრო და მიხვდები ჩემო კარგო! მოვა დრო და გაიგებ!_ და მერე უამრავ ლამაზ ზღაპარს უყვებოდა, ჯადოსნურს და ცოტა არ იყოს საშიშს. _ ტკბილ მოგონებებზე ძვირფასს რას დამიტოვებ?_ გაეცინა როზას და ბებიამისს თავი კალთაში ჩაუდო. სასიამოვნო იასამნის სურნელი ასდიოდა ქალს. სულ მთელი ცხოვრება გრძნობდა ამ მოტკბო სურნელს როზა და მის კითხვაზე, თუ რა სუნამოს ხმარობდა ბებიამისი, პასუხად ოდნავ იდუმალ მზერას და ღიმილს იღებდა ხოლმე. ბოლოს იფიქრა, ქალი თავად ამზადებდა რაიმე სურნელოვან ზეთს და საიდუმლოდ ინახავდა გაუგებარი მიზეზების გამო. _ მოგონებები კარგია შვილო, მაგრამ მინდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გისახსოვრო, ისეთი, რაც არასდროს მოგცემს ჩემი დავიწყების საშუალებას! აპატიე ამპარტავან ბებიაშენს, რომ თავს ამის უფლებას აძლევს!_ მოხუცმა ქალმა ჯერაც სილამაზე შერჩენილი თითებით შეიხსნა ბეჭედი თითიდან და როზას გაუკეთა. ბეჭედს დახედა როზამ. ვერცხლის ძველებური მასიური ბეჭედი იყო, გიშრის თვალით. ეს ბეჭედი ბავშვობიდან ახსოვდა როზას. ლამის მოუხსნელად დაატარებდა კლარა. ისიც ახსოვდა , როგორი უცნაური თვალებით უყურებდა ხოლმე დედამისი ამ ერთი შეხედვით უშნო ბეჭედს და სულ უკვირდა, რატომ მოსწონდა ივეტს ასე ძალიან ეს უსიამო ნივთი. და აჰა, ახლა თითზე მას ეკეთა. ცხვირწინ გაშლილი, გაპარჭყული თითების ცქერაში გართულმა ვერც გაიგო, როგორ წამოადგათ თავზე დედამისი. _ აჰა, ანუ როზა აირჩიე მემკვიდრედ არა?_ უცნაური ბრაზი გაერია ხმაში ქალს. _ დამშვიდდი ივეტ! შენ კარგად იცი, არჩევანი ჩემზე არაა!_ ცივი ღიმილით ახედა კლარამ შვილს._ თანაც რა გინდა, ოჯახი რომ არ დატოვა საგვარეულო ნივთმა, ამაზეც მადლობელი უნდა იყო! _ მადლობელი! ჰმ!_ დაუფარავი ბრაზით გააქნია ქალმა თავი და მძიმე ნაბჯით აიარა პარმაღის კიბეები. _ რა დაემართა? ამ ბეჭდის გამო გაბრაზდა?_ გაოცდა როზა და ფეხზე წამოდგა. კიდევ ერთხელ დააკვირდა ბეჭედს და გაიფიქრა, რომ არც თუ ისეთი ლამაზი ან ძვირფასი ნივთი იყო, დედის გაბრაზებად რომ ეღირებოდა ადამიანს. _ მოდი არ ვაწყენინოთ და მიეცი მას!_ უთხრა კლარას და გიშრის ბეჭედი თითიდან მოიხსნა. _ არჩევანი უკვე გავაკეთე!_ დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა ქალმა და ნელა წამოდგა პარმაღიდან_ ახლა დროა დავისვენო! ნელი ნაბიჯით გაემართა სახლისკენ. მძიმედ მიაბიჯებდა ზოგადად მკვირცხლი და დაუღლელი ქალი. თმაც თითქოს გახუნებოდა და წელშიც მოხრილიყო. _ რა უცებ ტყდებიან ზოგჯერ მოხუცი ადამიანებიო!_ გაიფიქრა როზამ და ნაჩუქარი ბეჭედი ჩანთაში ჩაიდო, რათა ივეტს თვალში ზედმეტად არ მოხვედროდა. არ სურდა ამ შეუხედავი ნივთის გამო დედის განაწყენება, თუმცა ვერც კლარას დაუბრუნებდა უკან. იმ საღამოს, როცა სახლში დაბრუნდნენ, როზამ ბებიას ნაჩუქარი ნივთი ზარდახშის ქვედა უჯრაში შეინახა, სხვა ნაკლებად ლამაზ ნივთებს შორის და გადაივიწყა...... ...... ისევ მობილურის ზარმა გამოაფხიზლა. მომაბეზრებლად რეკავდა და რეკავდა ვიღაც. მიხვდა, სანამ არ უპასუხებდა არ მოასვენებდა. _ გისმენ ილო!_ ცივი და უკმაყოფილო ხმით მიახვედრა, რომ არ სიამოვნებდა მასთან ლაპარაკი. _ საღამო მშვიდობისა როზი!_ ყურადღება არ მიაქცია კაცმა მისი ხმის უკმაყოფილო ტონს. _ მშვიდობიანი იყო, სანამ დარეკავდი!_ ცდილობდა ყველაფრით ეგრძნობინებინა, რომ არ სურდა მასთან საუბარი. კაცი კი მის ემოციას უბრალოდ აიგნორებდა. _ დღეს ვინ იყო, ყვავილებით რომ დაგხვდა გარეთ?_ სულ არ ადარდებდა, რომ მისთვის არავინ იყო და არც ეჭვიანობის და მით უფრო, არც ამის ხმამაღლა გამოხატვის უფლება არ ჰქონდა. _ ილო, ჩემი პირადი ამბები შენ არ გეხება! გთხოვ, ნუ მაიძულებ, გამარჯობაც აღარ გითხრა!_ ძლივს იკავებდა თავს, და გაჭირვებით ახერხებდა სიმშვიდის შენარჩუნებს. _ კარგი, ნუ ბრაზობ! მაპატიე! _ უკან დაიხია კაცმა._ უბრალოდ მომენატრე! _ ზედმეტები მოგდის უკვე! მე შენთვის ასე საუბრის საბაბი არ მომიცია!_ ხმა აერია როზას. _ სიყვარულს საბაბი არ სჭირდება როზი!_ უპასუხა კაცმა ჯიუტად. _ აღარ დამირეკო! კმარა! _ უპასუხა მისი საუბრით ნერვებმოშლილმა და მობილური გათიშა. წამიც არ გასულა და ისევ აინთო ეკრანი. „ მიყვარხარ!“ იტყობინებოდა მოკლე ტექსტური შეტყობინება. _ არა! ეს უკვე მეტისმეტია!_ გაცხარდა ქალი და აბეზარი ნომერი დაბლოკა. დაფიქრდა და ვერ გაიხსენა, როდის გამოიწვია მისი ეს აკვიატებული ყურადღება და არა მარტო მისი. რაღაც უცნაური მიზეზით, ის მუდამ ხდებოდა მამაკაცების ინტერესის ობიექტი. საკმარისი იყო სულ ოდნავ დაახლოვებოდა ვინმეს, რომ მაშინვე იწყებოდა სიყვარულის ჯიუტი და ხშირად აგრესიული შემოტევა. იქამდეც კი მივიდა საქმე, რომ როზამ საკუთარი თავის დამალვა დაიწყო. აღარ იკეთებდა მაკიაჟს, არ იცვამდა გამომწვევ და ეფექტურ სამოსს, ცდილობდა უნაკლო სხეული სპორტული და თავისუფალი ტანსაცმლის მიღმა გადაემალა. სათვალეც მოირგო, რათა თვალის ლამაზი ლურჯი ფერიც შეენიღბა. არანაირი მანიკური, ტუჩსაცხი და ფანქარი, არანაირი ქუსლიანი და მოკლე. არც გრძელი თმა, უბრალო კოსა და სულ ეს იყო, მაგრამ არც ამან გაჭრა. სადაც არ უნდა წასულიყო თავის გადაპრანჭულ და ულამაზეს დაქალებთან ერთად, ამგვარად ჩაცმულიც კი, ყველას ჩრდილავდა. ამის გამო ხშირად ეხუმრებოდნენ, რომ რაღაც სასიყვარულო ჯადო ჰქონდა. _ რა ჯადო, რის ჯადო?_ იცინოდა მეგობრების სიტყვებზე და რაც დრო გადიოდა, სულ უფრო რწმუნდებოდა, რომ გადამეტებული ყურადღება მამაკაცთა მხრიდან, უყურადღებობაზე ბევრად უარესი იყო. _ რა ჯანდაბაა გიშერა ჰა? რამ გადარია ეს სამყარო?_ ჰკითხა აივანზე ნებიერად გაშხლართულ კატას._ იქნება ხატია მართალია? იქნებ მართლა რაღაც ჯადოა ან წყევლა? ილო არ მყოფნიდა და გუშინ საბაც მომადგა უზარმაზარი თაიგულით! სახლში არ წამოვიღე, დავშალე და გოგოებს დავურიგე. ნაგვის ყუთში გადასაგდებად ვერ გავიმეტე, ყვავილებმა რა დააშავეს თორე... ცოტა ხნით გაჩუმდა და შორეულ ქალაქს გახედა. _ სხვები სიყვარულს დაეძებენ, მე კი ვემალები გიშერა! არადა მეც მინდა, მინდა ბედნიერი ვიყო!_საკუთარი სურვილით გულაჩუყებულმა კატა ხელში აიყვანა და გულში ჩაიკრა. _ მაგრამ ისინი ისეთი თვალებით მიყურებენ, რომ ამას ნამდვილად არაფერი აქვს საერთო სიყვარულთან! მგონი სულაც პირიქით! იცი ? ხან მგონია მათ ვძულვარ და უფრო და უფრო მიძულებენ იმის გამო, რომ უარს ვეუბნები! ვფიქრობ, ერთ დღესაც არ დასრულდება ეს ამბავი კარგად!_ ამის თქმა იყო და ისევ ამღერდა ტელეფონი. ნომერს დახედა როზამ და თვალები გადაატრიალა თავმობეზრებულმა. _ აჰა, ჯოჯოხეთს ერთი მაშხალაღა აკლდა და ისიც გამოჩნდა !_ თავი გადააქნია უკმაყოფილოდ და ტელეფონი სულ გამორთო. მოაჯირს ზურგით მიეყრდნო და მკლავში განაბულ კატას ბეწვი აუჩეჩა. _ იცი, მგონი ამათმა შეყვარებულ კაცებზე ალერგია დამმართეს!_ გაეცინა ნერვიულად და არც კი შეუმჩნევია, რომ მუქმა მანქანამ ნელა და უხმაუროდ დატოვა მისი ეზო. _ 2 _ მოვედი უკვე, აბა გამომხედე, სად ხართ?_ როზა პატარა ლამაზი შენობის წინ იდგა და ხატიას გამოსვლას უცდიდა. _ რა იყო ასეთი დაგვიანება, ჰა?_ გამოსული არ იყო, საყვედურები დაიწყო ხატიამ. _ რაღას მოდიოდი საერთოდ? რომ არ ცნობოდა თავისი ბავშვობის მეგობარი, ეწყინებოდა მისი სიტყვები. _ შენ არ იცი ილომ რა ცირკი დამიდგა!_ ჩაილაპარაკა გაბრაზებით როზამ. _ რაო? შენმა უფროსმა ილომ?_ თვალები ჭყიტა ხატიამ გაოცებისგან. _ ოო, რა სიმაპტიური რამეა ეგ შენი ილო! გააგრძელა თვალმოჭუტულმა. _ ჩემი კი არა, თუ მოგწონს, შენი იყოს წაიყვანე!_ აგდებით უპასუხა როზამ._ აუტანელი ვინმეა იცი? არც არა ესმის, არც არაფერი! ადგა და ყველას თვალწინ მთხოვა ხელი! რა ეგონა მორიდების გამო იძულებით დავთანხმდებოდი? მთელი სტაფი დათანხმდიო ყვიროდა. ღმერთო რა უხერხული იყო! გახსენებაზეც კი აუწითლდა ღაწვები. _ არა, ახლა რას იჭორავებენ აზრზე ხარ? ეგ არანორმალური ეგა! მეტი კი არ უნდოდათ მაგ ჭორიკნებს! _ ნეტა შენ!_ გაეცინა ხატიას. _ მოიცადე დასთანხმდი? _ არა გოგო გაგიჟდი?_ შეიცხადა როზამ._ მანიაკია ტიპი. დგას და მითვალთვალებს, გეგონება ქმარი იყოს ჩემი! ასე ჭორაობით აიარეს კიბეები და ერთ_ერთი ოთახის კარი გააღეს. გაშლილ მაგიდას სამნი უსხდნენ. ხატიას ქმარი რეზო და მისი ბიძაშვილი თავის მეწყვილესთან ერთად. დიდი ხანი არ იყო, რაც როზა ნინას და მის საქმროს იცნობდა, მაგრამ უკვე ძალიან მოსწონდა ხალისიანი გოგო. _ გამარჯობა, როგორ ხართ?_ შორიდანვე მიესალმა დამხვდურებს და ის იყო დაჯდომას აპირებდა, რომ ნინას საქმრო ფეხზე წამოდგა, სკამი გამოუწია და გაოცებულ როზის დაჯდომაში დაეხმარა. უცნაურად გაჩუმდა წამით ყველა და თავად როზამაც უხერხულად იგრძნო თავი. სრულიად ზედმეტი ფამილარობა იყო დავითის ჟესტი, თუმცა რა უნდა ექნა? არჩია ყურადღება არ მიექცია, მთელი საღამო ცდილობდა მისი გამომწვევი მზერის არიდებას. ბოლოს ისე შეაწუხა დათას თამამმა ინტერესმა, რომ გადაწყვიტა სუფრას სულაც გარიდებოდა. _ იცით, ძალიან დავიღალე, დღეს რთული დღე მქონდა!_ გაიღიმა დამშვიდობების ნიშნად. _ რას ამბობ, ახლა არ მოხვდი? _ გაიოცა რეზიმ,_ იყავი კიდევ , რა ხანია არ გვინახიხარ. სულ არ გცალია მეგობრებისთვის. _იცი რეზი, დღეს როზის ხელი სთხოვეს!_ აშკარად სასმელის ბრალი იყო, რომ ხატია ენას ვეღარ აჩერებდა პირში. _ რა?_ გაოცდა რეზი._ ხელი? ვინ? სად?მოგილოცოთ აბა? _ დასთანხმდი?_ მოულოდნელად ისე ცივად და აგრესიულად გაისმა დავითის ხმა, რომ კიდევ ერთხელ გაჩუმდა ყველა წამით. ნინას აშკარად ეტყობოდა, არ სიამოვნებდა საქმროს დაუფარავი ინტერესი ახალი ნაცნობის მიმართ. წამით შეხედა როზიმ მის ეჭვისგან ამღვრეულ თვალებს და შემდეგ ცივად უპასუხა. _ არ მჩვევია პირადი ცხოვრების უცხო ხალხთან გამოფენა. ახლა კი,_ ჩანთა და ქურთუკი აიღო მშვიდად._ დროებით დაგემშვიდობებით. მშვიდ საღამოს გისურვებთ! გვერდით მჯდარი ხატია გადაკოცნა. დანარჩენებს ხელი დაუქნია და ოთახი სწრაფად დატოვა. თან მობილური მოიმარჯვა, რათა ტაქსი გამოეძახა. ეზოში გავიდა და შვებით ამოისუნთქა. გული უგრძნობდა, თავისდაუნებურად გახდა ნინას ხასიათის გაფუჭების მიზეზი. ამოიოხრა მოწყენილმა. ვიღაცას ალბათ გაახარებდა კიდეც, მუდამ ყურადღების ცენტრში მოხვედრა, მაგრამ არა მას. _ გააუქმე ტაქსი, მე გაგიყვან!_ მოესმა ზურგსუკან და შემკრთალი სწრაფად მიბრუნდა. დათა იდგა და ისევ ისე დაჟინებით უყურებდა. უკან დაიხია ერთი ნაბიჯით, დისტანცია გაზარდა. _ არ მინდა! წუთი წუთზე მოვა მანქანა!_ გააქნია თავი მეტი სიმტკიცისთვის. _თანაც რა წესია შენგან მაგის თქმა, როცა ნინა მაღლა გელოდება? _ და ნინა რომ არ იყოს, ნორმა იქნებოდა?_ ირონიულად გაეღიმა კაცს. _ მე ეგ ვთქვი ახლა? _ წარბები შეიკრა როზამ._ მოდი ყველაფერი გავარკვიოთ კარგი? _ და აქ აპირებ მაგის გარკვევას?_ ეზოს მოავლო თვალი დავითმა. _ გასარკვევიც არაფერია! სულელი არ ვარ და ვხედავ, როგორც მიყურებ, მაგრამ მე არანაირი სურვილი არ მაქვს შენს თამაშებს ავყვე! არ მაინტერესებ! იმიტომ არა, რომ ნინას საქმრო ხარ! იმიტომ რომ შენნაირი უხეში და თავხედი კაცები არ მომწონს! გაიგე? _ ისე მიაყარა სათქმელი, თითქოს გამბედაობა მხოლოდ ამ ჯერზე ეყოფოდა. დავითი ისევ იგივე ემოციით უყურებდა. ირონიული ღიმილი წამით არ მოშორებია სახიდან. _ ხელის თხოვნასაც ამ ტონით უპასუხე დღეს?_ ჰკითხა ავად. რატომღაც ილოს კითხვა გაახსენდა, ყვავილები ვინ მოგართვაო, რომ ჰკითხა. თითქოს ამ კაცებისთვის მისდამი გრძნობები კი არა, ერთმანეთისადმი სიძულვილი უფრო მთავარი იყო. ეზოში მანქანამ შემოუხვია. გაუხარდა როზას, სწორედ დროულად მოვიდაო, გაიფიქრა. _ მე გითხარი, და იმედია გაიგებ! ამის მერე, არ მინდა ერთი ნაბიჯითაც კი რომ მომიახლოვდე!_ უთხრა და მანქანის კარი გამოაღო. ის იყო უნდა ჩამჯდარიყო, რომ იგრძნო, როგორ მოეხვია წელზე მისი ძლიერი მკლავები და როგორ მოსწყდა მიწას, თითქოს ქალი კი არა, უწონო სათამაშო იყო. _ გამიშვი!_ გაიბრძოლა უმწეოდ._ ახლავე გამიშვი! ისევ დამცინავი ღიმილით უყურებდა მის წინააღმდეგობას დავითი, სწორედ ეს სიამოვნებდა აშკარა იყო. _ ახლა გაგიშვებ, მაგრამ არ გეგონოს, რომ სულ დაგანებებ თავს! შენ რაც გაგიცანი, მივხვდი, არასდროს არავინ მომწონებია ასე! _ ნელა დაუშვა მიწაზე და ხელები გაუშვა. სწრაფად ჩაჯდა მანქანაში როზა. კარის დახურვა სცადა და დავითმა არ დააცადა. _ ის იდიოტი აღარ შეგაწუხებს ხვალიდან! რატომღაც მართლა შეეშინდა როზას მისი, რადგან მუქარას ჰგავდა მისი სიტყვები. არა, კი არ ჰგავდა, იყო! კარი სწრაფად დახურა და აკანკალებული თითები ერთმანეთში გადახლართა. _ გიჟია? არა ნამდვილად გიჟია! რა სიყვარული, რა მოწონება სამჯერ არ ვყავარ ნანახი ზედიზედ! რა სჭირთ, რა ჯანდაბა ხდება?!_ ეკითხებოდა საკუთარ თავს და იხსენებდა ყველა იმ თაყვანისმცემელს, რომლებიც სიყვარულით იწყებდნენ და მუქარით, შანტაჟით და აგრესიით ასრულებდნენ. მთელი ღამე ფიქრობდა როზა და ხატიას აზრი სულ უფრო უჯდებოდა გონებაში. არაფერი დაშავდებოდა იმ უცნაურ ქალთან თუ გაყვებოდა. თუ აფერისტი იყო, ჯანდაბას ის თანხა, რასაც გადაიხდიდა, თუ არადა და იქნება .... ისევ გაეცინა. რა დონემდე იყო დაბნეული, რომ ვიღაც მკითხავთან სტუმრობას ასეთი სერიოზული სახით განიხილავდა ახლა. _ რას ამბობ? დავითმა გითხრა მასე?_ წარბები ლამის იყო შუბლის ჰორიზონტს მიღმა გაექცა ხატიას. _ კი ხატი, და არა მარტო. გუშინ ილო ისეთი თვალებით მიყურებდა მანქანების სადგომზე, ვიფიქრე მარტო რომ ვყოფილიყავით, სიამოვნებით მიმაჭყლიტავდა იმ თავისი სანაქებო მანქანით და მისი გაფუჭებაც კი არ დაენანებოდა!_ სულ არ ეხუმრებოდა როზას, უბრალოდ აღარ იცოდა რა ეფიქრა. _ კარგი! ბოლო_ბოლო გავერთობით მაინც!_ ხატია მხიარული გოგო იყო,პოზიტიურად ხედავდა ხოლმე პრობლემებს, როზასგან განსხვავებით სამყაროს უფრო ოპტიმისტურად უყურებდა. სწრაფად ჩაიცვა, გაემზადა და მანქანის გასაღები მოიმარჯვა._ აბა წავედით, ახალი თავგადასავლები გველიან! გზა ხატიას სოფლამდე მხიარულად გალიეს. მუსიკებს უსმენდნენ, იცინოდნენ და წარსულს იხსენებდნენ. _ ისეთი უცნაური ქალი იყო ლენა!_ იხსენებდა ხატია იმ ქალს, ვისთანაც ახლა როზა მიყავდა._ ყველა ერიდებოდა სოფელში მასთან საქმის გაფუჭებას. ვინც კი მასთან ჩხუბი მოისურვა, ყველას უცნაური უიღბლობა აჰყვა. ამიტომ მისი ეშინოდათ,მაგრამ რას დავაკვირდი იცი როზა? არასდროს უსამართლოდ არ წყევლიდა მეზობლებს. რადგან განსხვავებული და მარტოხელა იყო, მის დაჩაგვრას ბევრი ცდილობდა. სწორედ ამას წინ იყო ის უცნაური დღე, ისე მახსოვს ეს თარიღი ბავშვობიდან. დედა გარეთ არ გვიშვებდა 30 აპრილს. _ რატომ?_ გაუკვირდა როზას. _ ამბობდნენ ეგო კუდიანების ღამეაო. იმასაც ამბობდნენ, რომ ლენა მაგ დღეს შუაღამით სადღაც მიდიოდა და გათენებისას ბრუნდებოდა სახლში. ბავშვი ვიყავი ყველაფრის მჯეროდა და მეშინოდა მისი. ერთ დღეს, გზაზე მიმავალს დამიძახა. ხელით მიმიხმო. ძალიან კი შემეშინდა, მაგრამ სიმამაცეს მოვუხმე. ერთი მოხუცი ქალი იყო ბოლო_ ბოლო. _ ხატია, _ დაიწყო მშვიდი ხმით._ როცა სკოლას დაასრულებ, იმ დღეს იწვიმებს. დაიხსომე ეს! მე თავი დავუქნიე, მან კი გააგრძელა მშვიდი ხმით. _ წითელ მანქანაში ნუ ჩაჯდები ხატია!_მითხრა და გამიღიმა._ მე გაგაფრთხილე, ახლა შენზეა, თუ მოახერხებ და საკუთარ თავს თუ დაეხმარები! მერე მეცხრე კლასში ქალაქში გადმოვედით და ლენას მხოლოდ ზაფხულობით ვხედავდი, სულ ვარიდებდი თავს, ის კი მუდამ უცნაურად მიყურებდა. თითქოს მახსენებდა, რომ პირობა მქონდა მიცემული. _ მოიცადე! ანუ იცოდი? ამიტომ არ ვიჯექით იმ დღეს გაგას მანქანაში?_ კარგად ახსოვდა როზას ბანკეტის საზარელი წვიმიანი დღე, გზისპირა არხში გადავარდნილი მოცურებული მანქანა და მათი გარდაცვლილი ოთხი კლასელი. არადა, რომ არა ხატიას დაჟინება, იქ უნდა მჯდარიყო იმ დღეს თავადაც. _ რატომ არაფერი თქვი? რატომ არავინ გააფრთხილე?_ ყელში მოუჭირა ბრაზმა როზას. _ რომ მეთქვა დამიჯერებდნენ? შენ მაინც დამიჯერებდი?_ აიჩეჩა მხრები ხატიამ და გზას გახედა მოწყენილმა. თითები საჭეზე აათამაშა._ მეც კი არ მჯეროდა საკუთარი თავის! 3 სოფელში ჩასვლისთანავე ლენას სახლისკენ გადაუხვია ხატიამ. რატომღაც ახლაც არ სიამოვნებდა იმ ბავშვობის სახლის დანახვა, სადაც ახლა სრულებით უცხო ბავშვები ჟრიამულობდბენ. ისეთი გზით მოუარა, რომ ოდესღაც თავისი სახლის წინ არ გაევლო. დაჟანგული ჭიშკრის წინ შეაყენა მანქანა. ჰაერი ჩაისუნთქა და გადავიდა. როზაც მაშინვე გადაჰყვა. დაბალი ხის ღობის და ცალფრთიანი ჟანგიანი ძველ რკინის კარის იქით, ყვავილებში ჩაფლული ეზო იწონებდა თავს. მაგრამ ამ ყვავილებს სულაც არ ეტყობოდათ, რომ მათზე მებაღე ზრუნავდა, არანაირი წესრიგი და სიმეტრია არ იყო დაცული, ერთი შეხედვით ქაოსურად აშლილი ყვავილები უცნაურ ველურ შეხედულებას აძლევდნენ ეზოს. თუმცა დირეზე ფეხის გადაბიჯებისთანავე შეიცვალა აურა. თითქოს სამოთხის სურნელი იდგა ეზოში. რატომღაც კლარას ეზო გაახსენდა როზას, განსხვავება ის იყო, რომ ბებიამისთან ყვავილების ნაცვლად ფერადი ქათმების , კატების და სხვა ცხოველების სამოთხე იყო. თუმცა ეს უცნაური სურნელი, იასამნის, იის თუ კაცმა არ იცის რის, ამ ეზოშიც აბრუებდა მას. ხარბად ჩაისუნთქა და სცადა გონებაში შეენახა ნაცნობი, საყვარელი და ლამის გადავიწყებული სუნი. _ ლენა ბებიაა!_ გაუბედავად დაუძახა ხატიამ. ოდესღაც ცისფრად შეღებილი ხის კარი გაიღო და სახლიდან პატარა ტანის თმახუჭუჭა ჭაღარა ქალმა გამოიხედა. თეთრი, გრძელი, ტილოს პერანგი ეცვა, თავისუფლად დაშვებული მკლავებით და ფეხშველი იდგა პარმაღზე. წამით დააკვირდა მოსულებს, შემდეგ სტუმართმოყვარე ღიმილით გაუნათდა სახე. _ ხატია! შენ ხარ გოგო? ვიცოდი მალე მოხვიდოდი, თუმცა დღეს არ გელოდი!_ გაოცებულმა გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს. მოხუცმა ქალმა პატარა ვერანდაზე მდგარი მაგიდისკენ მიიპატიჟა გოგოები. დასხედითო ანიშნა და სახლიდან სწრაფად გამოიტანა გამჭვირვალე ლამაზ გრაფინში ჩაციებული კენკრის წვენი. _ დალიეთ, ნამგზავრები ხართ, ისე ცხელა, გეამებათ!_ ფრთხილად ჩამოასხა სითხე ჭიქებში და ორივეს ახლოს მიუჩოჩა. შეამჩნია როზამ, როგორი უცნაური დაკვირვებით უყურებდა შიგადაშიგ ქალი. _ აბა, რამ გაგახსენა ჩემი თავი ჩემო კარგო?_ ჰკითხა ხატიას, როცა ერთმანეთი გულიანად მოიკითხეს. _ ლენა ბებია, მაშინ ბავშვი ვიყავი და ვერ გავიაზრე, რომ სიკვდილს სწორედ შენ გადაგვარჩინე! მადლობაც კი არ მითქვამს შენთვის!_ სევდიანად გაუღიმა ხატიამ მოხუცს. _ არ თქვა, რომ ამდენი წლის შემდეგ მადლობის სათქმელად მოხვედი!_ მხიარულად გაეცინა ქალს. _ არა, აქ მის გამო ვართ! იქნებ რამით დაგვეხმარო, გვირჩიო რამე, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება და მის პრობლემას მოაგვარებს._ მეგობარზე ანიშნა ხატიამ. _ შენს გარდა, არც ვიცი ვისთან შეგვეძლო მივსულიყავით! _ რას გულისხმობ?_ გამოხედა ქალმა ეჭვით. მერე ისევ როზას შეანათა გამჭოლი თვალები. თავი უხერხულად იგრძნო ქალმა. თითქოს სულში უყურებდა მოხუცი. _ აჰა, გასაგებია! შენში სინათლის ნაპერწკალს ვხედავ! შენს უმართავ ენერგიას ვგრძნობ! გენეტიკურია არა? ხატიას გადახედა როზამ. ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა ქალი. _ ნუთუ არ იცი?_ ინტერესი გაუკრთა ლენას მზერაში._ არა, აშკარად არ იცი! ხელი მომეცი! გაუწოდა ჯერ ისევ ლამაზი ხელები ქალმა. როზამ მორჩილად ჩაჰკიდა თითები. ჯერ მის მზერაზე კონცენტრირდა მოხუცი, მერე თვალები დახუჭა. რაღაც ხანს დუმდა. _ მუდმივად გრძნობ მათგან ინტერესს, მუდამ შენს დასაკუთრებას ცდილობენ, მაგრამ მათი ბრალი არაა ეს!_ ჩაილაპარაკა ჩუმად._შენ ნიჭი გაქვს, ისეთი როგორიც მე, როგორიც ბებიაშენს! მაგრამ შენ მისი გამოყენება არ იცი. მიზიდულობა, რომელსაც შენ ქმნი სახიფათოა ჩემი კარგო. _ ნიჭი?_ ისევ ხატიას გახედა როზამ. მან მხრები აიჩეჩა. _ შენში სინათლეა, სწორედ ეს იზიდავს მათ. მათ თავადაც ვერ გაუგიათ, რატომ განიცდიან ასე შენთან ყოფნის სურვილს. შენც ხვდები, რომ ეს ერთ დღეს ცუდად დამთავრდება! რადგან სიყვარულთან კავშირი არ აქვს! როდის დაიწყო ეს?_ ლენას უცნაური საუბრიდან ლამის ვერაფერს იგებდა როზა. _ ბებიას სიკვდილის მერე. მგონი ასე იყო, ჰო!_გახსენება სცადა. _ და მას არაფერი უთქვამს? არაფერი მოუყოლია?_ წარბი შეიკრა ლენამ. _ ბებია უცნაური ქალი იყო, უცნაურ ამბებს ყვებოდა, მაგრამ არ ვიცი, თქვენ ახლა რას გულისხმობთ!_ სულ დაიბნა როზა. რა უნდა მოეყოლა კლარას ასეთი? რა ნიჭზე საუბრობდა ეს ქალი? _ შენ მაგია ხარ! შენდაუნებურად იზიდავ საპირისპირო სამყაროს! _ გაუღიმა მოხუცმა. _ შენი ძალები ამ დროს თავს კარგავენ, სწორედ რამდენიმე დღის უკან პიკზე იყო შენი უმართავი ენერგია! _ პიკზე, რატომ? _ არაფერი გსმენია ჯადოქრების ღამეზე? _ გაეცინა ქალს. როზამ თავი გადააქნია. _ მისმინე, ბებიაშენს რაღაც უნდა მოეცა შენთვის. რაღაც, რაც დაგეხმარება ამ ძალის კონტროლსა და მართვაში._ ხელი გაუშვა ლენამ და ყელზე დაკიდული ცისფერი კრისტალი შეისწორა. _ კი, ბეჭედი მაჩუქა. გიშრის ბეჭედი, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ.... მოიცადეთ, რას ნიშნავს, რაც თქვით, რომ მე ჯადოქრის შვილიშვილი ვარ?_ გულზე მიითო თითი როზამ.ახლაღა გაიაზრა ლენას სიტყვები._ ამის მოშორება არ შეიძლება? არანაირი სურვილი არ მაქვს.... მე მხოლოდ სიმშვიდე მსურს! _ სიმშვიდე?!_ ჩაეცინა ლენას._ჯადოქრის, კი და არა მარტო უბრალო ჯადოქრის, შენს სისხლში მზის ნიშანს ვხედავ. ამაზე უარის თქმა არ შეიძლება შვილო! არ მოგიტანს სიკეთეს სამყაროსგან ბოძებულ ნიჭზე უარის თქმა. მონახე ბებიაშენის სახსოვარი და ატარე. ის დაგიცავს. გიშერი შენს ენერგიას დათრგუნავს! უფრო ადვილი სამართავი გახდება. _ და მათ რა ვუყო?_ ჩაილაპარაკა როზამ. _თუ ბეჭედს ვიპოვნი, თავს დამანებებენ? არ ვიცი ეს რა ნიჭია, მაგრამ მე სიხარული ვერ მომიტანა. ნიჭზე უფრო, წყევლაა მგონი. _ შენთვის არაფერი უსწავლებიათ, ამიტომ არ იცი როგორი შეგრძნებაა ეს!_ გაეღიმა ლენას. _როცა მის მართვას შეძლებ, მერე ვნახოთ თუ დათმობ ასე ადვილად! მაგ ნიჭზე მსოფლიოს ყველა ქალი ოცნებობს! _ მე მეგონა ქალები სიყვარულზე ოცნებობდნენ!_ ჩაილაპარაკა როზამ იმედგაცრუებით_ გამოდის მე არასდროს არავინ შემიყვარებს რეალურად არა? ყოველთვის უნდა ვიფიქრო, რომ ჩემი გავლენის და მიზიდულობის გამო არიან ჩემთან? _ არადა თითქოს აღარ ხარ მეოცნებე გოგონას ასაკში! _ ჩაეღიმა ლენას _ სიყვარული არასტაბილური რამეა ჩემო კარგო! და მასზე იმედის დამყარება არ ღირს! მაგრამ ის, რაც შენშია, მუდამ და ერთგულად გემსახურება, თუ შენ ამას მოისურვებ. სამყაროს ფეხქვეშ გაგიფენს. ინტერესით აკვირდებოდა ლენა მის სახეს. თითქოს რაღაც კონკრეტულ ემოციას ელოდა. კიდევ კარგა ხანს ისაუბრეს. ლენამ რაღაც პატარა ხრიკები აუხსნა და ასწავლა როზას. და რაც ყველაზე მთავარი იყო, ბებიამისის სახსოვრის ტარება დაავალა.ისე გამოდიოდა, რომ ის უზარმაზარი უცნაური ბეჭედი მთელი ამ ამბის გასაღები იყო. _ თუ დაგჭირდები, იცი სადაც მომძებნო. მაგრამ კიდევ ერთი რამ, არის ისეთი ადამიანიც, ვინც მენტალურად ამ მომენტში შენზე ძლიერია. მის აურას ვგრძნობ. ის ძლიერი მოწინააღმდეგეა იცოდე! თავი შორს დაიჭირე მისგან, სანამ საკუთარ ძალებს არ იპოვნი, მოერიდე იმ კაცს!_ ბოლო დარიგებამ, თუ რჩევამ აანერვიულა როზა. ფიქრი დავითისკენ გაექცა. რატომღაც აშინებდა ის კაცი._ მაგრამ სხვასაც ვხედავ, შენს თანასწორს, ძლიერს, ღირსეულს. ეს უღირსი კაცი მასში არ აგერიოს იცოდე! ვერ ხსნიდა რატომ ან როგორ, მაგრამ ეს შიში არ ასვენებდა, მისი ნახვის სურვილიც კი არ ჰქონდა. ეზოდან რომ გამოდიოდნენ, უკან მიიხედა როზამ. ყვავილების აურზაურში ჩაფლულ სახლს გახედა და გულში გაიფიქრა: _ უცნაურია, ნუთუ მას არ დაუგო ფეხქვეშ სამყარო მაგიამ? ნუთუ ესაა მთელი სამყარო?_ სწორედ იმ წამს შეხვდა მათი მზერა ერთმანეთს. იდუმალი ღიმილით უყურებდა ლენა. თითქოს მისი ფიქრი ესმოდა. თითქოს სწორედ ამ ფიქრს ელოდა მისგან. თავი ოდნავ დაუკრა ქალმა და თითებში ყელზე დაკიდული ბრჭყვიალა კრისტალი აათამაშა. .... მთელი სახლი გადაჩხრიკა როზამ, ბავშვობის დროინდელი, სახურავზე შენახული სამკაულების ყუთიც კი გადააქოთა, მაგრამ ის წყეული ბეჭედი ვერსად მიაგნო. _ ჯანდაბა! ჯანდაბა!_ წამოიძახა გაბრაზებულმა. _ ნუთუ გადავაგდე და არ მახსოვს? არა! შანსი არაა! კლარას სახსოვარს როგორ გადავაგდებდი? ივეტს უნდა ვკითხო!_ მტვრიანი ჩარდახი დატოვა და სირბილით ჩამოირბინა ხის კიბეები. უკვე რამდენიმე წელი იყო ივეტმა ქმარს სოფელში გადასვლა აიძულა. ახლა ქალაქში მხოლოდ როზა ცხოვრობდა, მისი მშობლები კი კლარასეულ სახლში. კი გაუკვირდა თავიდან როზას, არ იყო ივეტი ის ქალი ქალაქის კომფორტი სოფელზე გაეცვალა, მაგრამ ავადობა მოიმიზეზა,სოფლის სუფთა ჰაერი მარგებსო, და თავისი გაიტანა. პრინციპში ასეც მოხდა, სულ რამდენიმე თვეში სრულებით შეიცვალა ივეტი. თითქოს ათი წელიც ჩამოაკლდა ერთბაშად. ძალიან ჰგავდა როზა დედას. მასაც შავი თმა, ცისფერი თვალები და პატარა ლამაზი, მოქნილი სხეული ჰქონდა. ახლა მათზე ვერავინ იტყოდა დედაშვილიაო, დებს უფრო ჰგავდნენ. ივეტი ნიშნის მოგებით ამტკიცებდა, რომ მასზე ასე სოფელი მოქმედებდა და სხვა არაფერი. მობილური მონახა როზამ და დედამისის ნომერი აკრიფა რამდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა ივეტმა. _ გისმენ როზა. _ როგორ ხარ დედა? _ კარგად, მშვიდობაა ამ დროს რომ რეკავ?_ კარგად იცოდა ივეტმა, რომ როზას არ უყვარდა ტყუილი ზარები, მით უფრო სამსახურის დროს და ამიტომ გაუკვირდა მისი ზარი. _ დღეს დასვენება ავიღე დედა. რაღაც მოხდა, მაგრამ ეს მერე! ამ შაბათ_კვირას ჩამოვალ სოფელში, მაგრამ ახლა რა უნდა გკითხო! სადაა ბებოს ბეჭედი? ის გახსოვს? ძველებური, გიშრის თვლიანი? ცოტა ხანს დუმდა ივეტი. იფიქრა კიდეც როზამ, რომ ზარი დასრულდა და სიჩუმით გაოცებულმა ეკრანს დახედა. _ დედაა, აქ ხარ? _ რა ბეჭედი?_ ხმა უცნაურად შეეცვალა ივეტს. ანერვიულდა თითქოს. _ ბებოს ბეჭედი, რომ მაჩუქა! _ არ ვიცი! არ მახსოვს! შენ გაჩუქა და შენ უნდა მოგევლო! მე რას მეკითხები?_ დედის უეცარი აგრესიაც გაუკვირდა როზას. და სანამ კიდევ რამეს კითხავდა, ივეტმა დაასწრო._ არ მცალია ახლა! შენსავით მოცლილი კი არ ვარ?! აქ სოფელია ათასი საქმეა! დამშვიდობებაც კი არ დააცალა, ისე გაუთიშა ტელეფონი. _ რა ჯანდაბა სჭირს ამ ქალს?_ ჩაილაპარაკა გაოცებულმა როზამ. _ არა უშავს შაბათს გავიგებ რამ გააბრაზა. ის დღე სახლში გაატარა როზამ. ხან სოციალური ქსელი სქროლა, ხან აივანზე იკითხა წიგნი, ხან გიშეროს ეფერა. რაც მთავარი იყო მობილურზე გათიშა ზარი. სანამ ბეჭედს მიაგნებდა, მანამ ცოტა უნდა მოეთმინა. იმედი ჰქონდა, ბეჭედი რაღაცას უსაშველებდა. იმედი ხომ უცნაური რამეა, როცა მოდის თან სიმშვიდე მოაქვს. გვიან საღამოს უბნის მაღაზიაში ჩასვლა გადაწყვიტა. ხალვათად მოისხა თხელი ნაცრისფერი კარდიგანი და კიბეებზე დაეშვა. ლამაზი ხედი იშლებოდა მისი შემაღლებული უბნიდან. ლამის მთელი ქალაქი მოჩანდა იმ აღმართიდან. წამით შეჩერდა და დაისის ფონზე გარინდულ ქალაქს გადახედა. ახლა ალბათ სწორედ ის დრო იყო, შეყვარებული წყვილები ქუჩებს ხელჩაკიდებული რომ მიუყვებოდნენ, მყუდროდ ვახშმობდნენ, და ....თუმცა ეს მისთვის არ იყო. არც არასდროს ყოფილა. ვისაც არ უნდა შეხვედროდა, ვინც არ უნდა მოსწონებოდა, ბოლო ყოველთვის ერთი იყო, ყველა ეგოისტურად ცდილობდა მისი ცხოვრების მართვას. მეზობელებთან უბრალო სალამი პრობლემა ხდებოდა, ძველი მეგობრები ჩხუბის მიზეზი, თანამშრომლები ეჭვიანობის და ასე შემდეგ... ერთი სიტყვით შვების და აღფრთოვანების ნაცვლად სიყვარული მარწუხივით უჭერდა როზას და როცა მისგან თავის დახსნას ცდილობდა, უარესად იხლართებოდა აბურდულ ბედის ძაფებში. ამიტომ იყო, რომ ურთიერთობებით დაშინებული, ახლა განდეგილივით ცხოვრობდა და არსებობდა. ქალაქის ხედს ზურგი აქცია და რომ შებრუნდა, მოულოდნელად შიშით იკივლა. პირდაპირ შეეჩეხა საბას. თვალები ამღვრეოდა ბიჭს და შორიდანაც იგრძნობოდა ჭარბი სასმელის სუნი. _ რაო? არ მელოდი?_ ჰკითხა და ხარბად შეათვალიერა ქალი. _ საბა, აქ რა გინდა?_ ჰკითხა, რაც შეეძლო მშვიდად. _ რა მინდა?_ ავად ჩაიცინა ბიჭმა._ შენ მინდიხარ! ასე არასდროს არავინ მდომებია! რატომ არ მპასუხობ ზარებზე? ხელი მკლავზე წაატანა და თითები მოუჭირა. _ გამიშვი საბა! ხომ გელაპარაკე ამაზე? არც მომწონხარ, არც მიყვარხარ, არც მიზეზი მომიცია შენთვის! _ მიზეზი რად უნდა სიყვარულს?_ ახლა წელზე მოხვია ხელი და სხეულზე აიკრა. მისი წინააღმდეგობისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია. _ ახლა რომ არ გაკოცო, მოვკვდები როზა! ჩაილაპარაკა ჟინით საბამ და მისკენ გაიწია. _ გამიშვი! ხელი გამიშვი!_ მის მოშორებას ცდილობდა როზა. იცოდა მთელი სამეზობლო აკვირდებოდა ახლა შუა ქუჩაში დადგმულ სანახაობას. და ამაზე უარესად ეშლებოდა ნერვები. _ ხელი გაუშვი!_ მოესმათ მოულოდნელად. ნელა გახედა საბამ მოსულს. არ ესიამოვნა ტანმოსული კაცის დანახვა, მაგრამ საღი აზრი სულ დაჰკარგვოდა უკვე. სიბრაზემ აავსო, ისე თითქოს მხეცი იყო და მონადირებულ ნანადირევს სხვა უფრო ძლიერი მხეცი ეცილებოდა. _ შენ ვინღა ხარ?_ ჰკითხა აღრენილმა და როზას გაშვება არც უფიქრია. ერთ მუშტს მეორე მოჰყვა. უკან გადავარდა სახე დასისხლიანებული საბა. შიშისგან და დაბნეულობისგან ვეღარ იგებდა როზა, რა უნდა ექნა. თუმცა ბოლოს ისევ ადამიანმა გაიმარჯვა მასში. _ გაუშვი დავით, მოკლავ ასე!_ცდილობდა გამხეცებული კაცის გონზე მოყვანას._ ის უბრალოდ მთვრლია! მეზობლების აივნები კი მაყურებლებით იყო სავსე. _ ღმერთო ჩემო!_ გაიფიქრა გაცოფებულმა როზამ. ან ერთს რა უნდოდა, ან მეორეს? რატომ აძლევდნენ საკუთარ თავს ამდენის უფლებას? აფექტმა ადრენალინით აავსო მისი სხეული. უცნაური ძალის მოჭარბება იგრძნო. უკონტროლო ემოციამ არია მისი გონება. _ გაუშვიმეთქი! იყვირა გაცოფებულმა და იგრძნო როგორა გაუარა სხეულში ძლიერმა ენერგიამ. მისი თითების გავლით დავითის სხეულში გადაინაცვლა და ისე, როგორც დენდარტყმული, დასცა მიწაზე. ტკივილისგან მოხრილ ზობა სხეულს დახედა როზამ გაოგნებულმა. შიშმა და დანაშაულის გრძნობამ შეცვალა მისი ბრაზი. _ ეს რა გავაკეთე? _ ჩაილაპარაკა დამფრთხალმა. ტელეფონი ამოიღო და ინსტიქტურად აკრიფა გადაუდებელი სამსახურის ნომერი. კითხვაზე: რა მოხდა? მხრები აიჩეჩა როზამ. დარწმუნებულიც კი არ იყო, რომ მართლა თავად იყო მომხდარში დამნაშავე. როგორ აეხსნა? რა ეთქვა? ჯადოქარი ვარო ხომ არ იტყოდა მართლა?! თუმცა მოგვიანებით, როცა საკუთარ საწოლში იწვა და მომხდარზე ფიქრობდა, მოულოდნელად გააცნობიერა, რომ მოეწონა ძალაუფლების და კონტროლის ის შეგრძნება, რაც იმ წამს განიცადა. ამ ფიქრმა შეაშინა როზა. _ არა, უნდა ვიპოვნი ის ოხერი ბეჭედი! უნდა ვიპოვნო და გავთავისუფლდე!_ შეუძახა საკუთარ თავს და გაგულისებული გაეხვია პლედში, თითქოს ასე დამალული კარს მომდგარ პრობლემებს სადმე გაექცეოდა. 4 უცნაური ურთიერთობა ჰქონდა როზას ივეტთან. ყოველთვის გრძნობდა, რომ დედამისი უფრო ცივი იყო, ვიდრე სხვა ბავშვების დედები. არ ახსოვდა, რომ ოდესმე თავზე ხელი გადაესვა. სიყვარულით ჩახუტებოდა და კოცნებით აევსო. რომ გაიზარდა მამამ აუხსნა: „ დედა უბრალოდ ასეთი ქალია, არ ეხერხება გრძნობების გამოხატვაო!“ რა ექნა როზას? ადგა და მამას დაუჯერა. თემური მშვიდი, თბილი და ოჯახის მოყვარე კაცი იყო. ცოლზე გიჟდებოდა. ის კი ისე ექცეოდა, როგორც.... დაფიქრდა როზა და მშობლების ურთიერთობა გაიხსენა. კიი, ახლა უკეთ ხედავდა, რომ ივეტს თემური არათუ არ უყვარდა, მომენტებში ზიზღითაც კი უცქეროდა. თითქოს თავისი თანასწორი მეუღლე კი არა, უბრალოდ მსახური ჰყავდა მისი სახით. თუმცა თავად თემურს თავი ყველაზე იღბლიან კაცად მიაჩნდა. ვისაც ისე გაუმართლა, რომ ივეტისთანა ქალი გამოჰყვა ცოლად. უსიამო ფიქრები გაფანტა როზამ და ორი დღის სამყოფი ნივთები ჩაილაგა ჩანთაში. შაბათ_კვირას მშობლებთან გაატარებდა. ტელეფონს გათიშავდა და გონებას დაასვენებდა. იქნებ მამამისთან ერთად სათევზაოდაც წასულიყო. დიდად კი ვერაფერს იჭერდნენ, უბრალოდ ერთად ყოფნით და სიმშვიდით ტკბებოდნენ. თან ივეტის ყოვლის მხედველ თვალს ასე ცოტახნით მაინც ემალებოდნენ.რაც არ უნდა უცნაური ყოფილიყო, და გინდაც როზის ხმამაღლა არასდროს ეთქვა, ფაქტი იყო მამას მეტად უყვარდა საკუთარი შვილი, ვიდრე დედას..... _ როზიიი!_ თემურს გულწრფელად გაუხარდა შვილის დანახვა. სწრაფი ნაბიჯით გამოეშურა და გადაეხვია._ რა არის მამიკო, რომ ასე იშვიათად მოდიხარ. ენატრები მამას ჩემო ლამაზო შვილო! _ მამა, მეც მენატრები!_ ხელები მოხვია როზიმ მამას და პატარა ბავშვივით გაყუჩდა მზრუნველ მკლავებში. _ დედა სადაა მა?_ ჰკითხა, როცა სახლიდან მის შესაგებებლად გამოსული ივეტი ვერ დაინახა. _ ივეტს რას გაუგებ შვილო? _ უკმაყოფილო ხმა ჰქონდა თემურს. _ ბოლო დროს ტყეში სეირნობა აიკვიატა. ამბობს ჯანმრთელობისთვის კარგიაო. _ ასეცაა მამა, შენ ამაზე არ იდარდო. ხომ იცი მგელი იქნება თუ დათვი, ყველა ინანებს, თუ ივეტს გზაზე გადაეყრება._ ხუმრობით სცადა მამის გუნების გამოკეთება როზამ._ ახლა კი მაგრად მშია, წამო რამე შენებური გამიმზადე. იჯდა როზა და უყურებდა, როგორ ამზადებდა თემური მისთვის საყვარელ სალათს. უყურებდა და ფიქრობდა, რომ ესეც კი სხვანაირად იყო მათ პატარა ოჯახში. რომ როცა პატარა იყო დედის ნაცვლად მამას აკითხავდა როცა შიოდა. რომ მამას დაჰყავდა სკოლაში, მამა ესწრებოდა კრებებს. მამა უვარცხნიდა თმას, მამა ეკითხებოდა მიზეზს, როცა ტიროდა. რას აკეთებდა ივეტი ამ დროს? უბრალოდ იჯდა და მანიკურს იკეთებდა, ან სერიალს უყურებდა, ან უბრალოდ აღარ ახსოვდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ივეტს არასდროს ჰქონია სურვილი ნამდვილი დედა ყოფილიყო საკუთარი შვილისთვის. ამ ფიქრებში იყო გართული, დაღლილმა ივეტმა სახლის კარი რომ შემოაღო. შვილის დანახვისას ისე შეცბუნდა, თითქოს არასასურველი სტუმარი დაენახოს. და დედაშვილური მისალმების ნაცვლად ცივად და უკმეხადაც კი ჰკითხა: _ აქ რას აკეთებ როზი?_ დედის სრულებით მოსალოდნელ სიცივეს მშვიდად შეხვდა როზა. ის უფრო გააოცებდა, რომ თბილად ჩახუტებოდა. _ აქ ბებოს ბეჭდისთვის ჩამოვედი. ვიფიქრე, აქ ვიპოვნიდი!_ პირდაპირ უპასუხა მან. _ აქ რანაირად იპოვნიდი? გგონია აქაა და ამდენი ხანი ვერ ვანახე?_ გაიოცა ქალმა. _ არ ვიცი, სადღაც ხომ უნდა იყოს. გული მიგრძნობს აქაა. _ გული გიგრძნობს?_ შეცბუნდა ქალი, მაგრამ იხტიბატი არ გაიტეხა. _ ანუ არ გინახავს?_ ჩაეკითხა როზა დედას. ინტუიციამ უკარნახა, რომ უცნაურად იქცეოდა ივეტი. _ წავალ გამოვიცვლი და წყალს გადავივლებ.ვახშამზე ვისაუბროთ, თუ წინააღმდეგი არ ხარ!_ უთხრა შვილს და თვალებში ჩააცქერდა. როზიმ თავი დაუქნია. ივეტმა უკანმოუხედავად გაიარა მისაღები. როზიმ მიმავალ ქალს გახედა და გაკვირვებულმა ამოიოხრა, ნეტავ, მის ასაკში თავადაც მსგავსი მომხიბვლელობა ჰქონოდა. ვერავინ იტყოდა დედამისზე, რომ ოცდაათზე მეტი წლის იყო. არც ნაოჭი, არ ჭაღარა, არც სხვა რამ ასაკის მანიშნებელი დეტალი. რომ არა მისი ცივი გამოხედვა და ლამის უგრძნობი მიმიკა ივეტი მშვენიერი ქალი იყო. ჩანთას ხელი მოკიდა როზიმ და ბავშვობის პატარა საძინებლისკენ წაიღო. საწოლზე ჩამოჯდა და მობილურს დახედა. ლამის ოცი გამოტოვებული ზარი მარტო დავითისგან და კიდევ რამდენიმე გაუხსნელი მესიჯი ალბათ ილოსგან. საბა სავარაუდოდ წერას კიდევ რამდენიმე კვირა ვერ შეძლებდა. ამოიოხრა და მობილური გამორთო. არა, ამ ორ დღეს მათი სიგიჟისგან შორს გაატარებდა. დაფიქრდებოდა და იმ შემთხვევისთვის თუ ბეჭედს ვერ მიაგნებდა, სხვა გეგმას დაისახავდა. _ რას მერჩოდი კლარა ჰა?_ გაესაუბრა გარდაცვლილ ბებიას. უსაყვედურასავით იმისთვის, რაც მან სახსოვრად მის დაუკითხავად მოახვია თავს. მგზავრობით დაღლილი საწოლზე გაუხდელად მიწვა და გონების მოსასვენებლად თვალები დახუჭა. სიზმარმა ისე უბრალოდ შეცვალა ცხადი, უცებ ვერც მიხვდა. სახლის პატარა მტვრიან სხვენში იდგა და ოვალური ვიტრაჟული ფანჯრიდან შემომავალ სინათლის ფერად სხივებს უყურებდა აღფრთოვანებით. _ როზა!_ ბებიის ხმა რომ მოესმა, ისე შებრუნდა მისკენ, რომ არც კი გაკვირვებია უკვე დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ქალის დანახვა. თითქოს ელოდა კიდეც. _ ბებია!_ გაუხარდა მისი დანახვა, იგრძნო როგორ მონატრებოდა მოხუცი. თმა სრულებით გათეთრებოდა კლარას. ასაკიც იმაზე მეტად ემჩნეოდა, ვიდრე გარდაცვალებამდე. თითქოს სადღაც კიდევ აგრძელებდა არსებობას და დაბერებას. სხვენი იასამნის სუნით გაჟღენთილიყო. თვალები დახუჭა როზიმ და ჰაერი შეისუნთქა. ეს ნაცნობი სურნელიც კი ენატრებოდა ბავშვობიდან. _ შეხედე როზა, _ უთხრა ქალმა და კუთხეში მდგარი ძველი მასიური კარადის უჯრა გამოაღო. _ ეს ყველაფერი ოდესღაც ძალიან მიყვარდა! უჯრიდან მუქი ფერის ოვალური ზარდახშა ამოიღო და გახსნა. გაუკვირდა როზას, როცა სამკაულებში იმ გიშრის ბეჭედსაც მოკრა თვალი. _ რატომ ივეტს არ მიეცი შენი სახსოვარი ბებია?_ ადვილი მისახვედრი იყო მხოლოდ ბეჭედზე რომ არ ეკითხებოდა. _ ივეტს არ ეკუთვნოდა და ამიტომ. მას არც ნიჭი ჰქონდა სათანადო, არც ამბიცია და არც სინათლე. _ კლარამ ზარდახშიდან ბეჭედი ამოიღო და თითზე ჩამოიცვა. ხელი ასწია და ვიტრაჟიდან შემომავალი ფერადი სინათლის სხივებს შეუშვირა. გააოცა როზა კლარს თითების სილამაზემ. თითქოს მოხუცის კი არა, ვიღაც სხვა ახალგაზრდა ქალის ნატიფი ხელი იყო. გაოგნებულმა შეხედა ბებიას და შემკრთალმა უკან დაიხია. სადღა იყო მოხუცი ჭაღარა ქალი. ახლა თითქოს ივეტი იდგა მის წინ, არა! ივეტი კი არა თითქოს თავად იდგა სარკის წინ და საკუთარ გამოსახულებას უყურებდა. გაუღიმა კლარამ. _ ხედავ როზა? მხოლოდ შეხებაც კი ასე მოქმედებს! თქვი რას იზამს ის, როცა შენს ენერგიართან გადაიკვეთება? _ კლარამ ხელი დასწია და ბეჭედი ნელა მოიხსნა. თვალსა და ხელს შუა გადასხვაფერდა ქალი. კვლავ დაეტყო ულმობელი წლები ჭაღარად და ნაოჭები. მაგრამ თუმცა კი მოხუცი იყო , ჯერაც შერჩენოდა ძველი დროის შარმი. _ ვერ მივხვდი!_ ჩაილაპარაკა როზამ. თუმცა უკვე ყველაფერს ხვდებოდა მეტნაკლებად. _ ახლა დროა დაგემშვიდობო!_ უპასუხა ქალმა. სამკაული მოიხსნა თავის ადგილას დააბრუნდა და შვილიშვილს უცნაურად გაუღიმა. თვალი გაახილა როზამ. ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ გაემართა. მამამისი წასული დაუხვდა. საჭმელი გაემზადებინა, მაგრამ მძინარე აღარ გაუღვიძებია. გული სითბოთი აევსო. სახლში სიჩუმე იდგა, ალბათ არც ივეტი იყო შინ. სიზმარი გაახსენდა და ინსტიქტურად სხვენისკენ გასწია. აკეცილი პატარა კიბე ჩამოშალა და მაღლა აძვრა. ბავშვობაში რამხელა ეგონა ხოლმე ის სხვენი. ახლა კი გაუკვირდა სივიწროვე. ვერ გაიაზრა, რომ ახლა თავადაც აღარ იყო პატარა სასაცილო გოგონა. სხვენი ახსნა და ავიდა. ფერადი სინათლე იდგა სხვენზე. მიმოიხედა და სწორედ ისე, როგორც სიზმარში კარადას მოკრა თვალი. დაუფიქრებლად გამოაღო პატარა უჯრა. ზრადახშა ხელში აიღო და სულ არ გაკვირვებია გიშრის ბეჭედი ადგილზე რომ დაუხვდა. მწარედ გაეღიმა. ნივთი აიღო და მარცხენა ხელის არათითზე მოირგო. იგრძნო, როგორ აავსო რაღაც უხილავმა ენერგიამ. თითქოს სხეულზე ყოველი თმის ბუსუსი ყალყზე დაუდგა. ესიამოვნა და ეუცნაურა. მერეღა გაიაზრა, რომ ივეტმა მოატყუა. ჯერ ეწყინა,მერე გაბრაზდა, ბოლოს იმედი გაუცრუვდა. მიხვდა ივეტმა ყველაფერი იცოდა. ყოველთვის ხვდებოდა რა ხდებოდა მისი შვილის თავს, მაგრამ დუმდა. საკუთარ სურვილს უპირატესად აყენებდა და ისე გამოდიოდა, რომ საკუთარ შვილს ქურდავდა. ჰაერი ჩაისუნთქა როზამ. დამშვიდება სცადა. და ისე, რომ არც უფიქრია ბეჭდის მოხსნა, სხვენი დატოვა და დედის მოსაძებნად გაემართა. დრო იყო ყველაფერზე გულახდილად ესაუბრათ. 6 _ საღამო მშვიდობისა დედა!_ როზას ხმის უჩვეულო სიცივემ აიძულა ივეტი შვილს ყურადღებით დაკვირვებოდა. ინტერესით შეათვალიერა, თითქოს ამ სიცივის მიზეზს ეძებდა და როცა თვალი მოკრა გიშრისთვლიან ბეჭედს მის ხელზე შეცბა. სიბრაზე მოერია, თუმცა სცადა საკუთარ თავში დაეხშო ემოცია. ტუჩები ავად მოკუმა და თვალები დააწვრილა _ გისმენ!_ მხოლოდ ეს სიტყვა ამოისისინა ლამის ტუჩების გაურხევლად. _ ვატყობ მიკიბ_მოკიბვას აღარ აქვს აზრი და პირდაპირ ჩვენს პრობლემაზე გადავალ, კარგი?_ ოდნავ გაეღიმა როზის. სხვა დროს ალბათ ვერც გაბედავდა და აზრადაც არ მოუვიდოდა დედამისის გამოწვევა, მაგრამ ახლა თავს უჩვეულოდ გრძნობდა. რაღაც აქამდე მასში ჩამწყვდეული ძალა სითამამეს აძლევდა და თვით რწმენას უძლიერებდა. თანაც თავს მოტყუებულად გრძნობდა. იცოდა ახლა მართალი იყო,არა მარტო როგორც ქალი, ან კუთვნილი ნივთის პატრონი, არამედ როგორც შვილი! ახლაც კი რომ შეძლებოდა დროში დაბრუნება კლარას მემკვიდრეობას და სახსოვარს უსიტყვოდ დაუთმობდა დედას,მაგრამ მისი ღალატი, წლების დუმილი და როზის უიღბლობის სრული იგნორი მის გულში ბრაზის კოცონს აგიზგიზებდა. _ რატომ აიღე ის, რაც შენ არ გეკუთვნოდა დედა? _ სიტყვა დედაზე მძიმე აქცენტი გააკეთა. _ არ მეკუთვნოდა?_ ავად გადაიხარხარა ქალმა._ ანუ არ მეკუთვნოდა არა? აბა ვის ეკუთვნოდა? შეენ? _ გამოდის რომ მე! სწორედ ამიტომაც მიკეთია ახლა ზუსტად მე და არა შენ! როგორ ფიქრობ, როგორ ვიპოვნე? _ დედაა!_ ჩაილაპარაკა ივეტმა დაუფარავი ბრაზით._ იქიდანაც კი ჩემს წინააღმდეგ ხარ! _ არ მგონია ეს მაგის გამო ხდებოდეს დედა! თუმცა მე არ მესმის! ასე როგორ მოექეცი საკუთარ შვილს? ხომ იცოდი რა მჭირდა და წლები როგორ ვწვალობდი?_ ჰკითხა და თვალზე ცრემლი მოერია წყენისგან. _ წვალობდიი? ირონიულად ჩაეცინა ივეტს._ შენ რომ სულელი არ იყო მაგ ნიჭს საშენოდ გამოიყენებდი! მსოფლიოს ყველა მამაკაცის გულის მოგება შეგეძლო, შენ კი რა გააკეთე? _ დედა მაგას როგორ ამბობ? ხომ ხვდები ეგ სიყვარული არაა! _ სიყვარული? ვის რაში სჭირდება სიყვარული? შეგეძლო მდიდარი, ლამაზი, გავლენიანი კაცი გაგება საკუთარ ბადეში! _ კი მაგრამ შენ როგორ ამბობ მაგას? დაგავიწყდა მამას რომ გაჰყევი ცოლად? უბრალო ადამიანის სიყვარული არ არჩიე მაგ ყველაფერს?_ გაოგნებისგან ვეღარ სუნთქავდა როზი. საკუთარი დედა ეუბნებოდა ამ საზიზღარ რამეებს. _ სიყვარული ვარჩიე?_ შეშლილივით ახარხარდა ივეტი._ ანუ გგონია შემეძლო შენსავით მონუსხვის ნიჭი გამომეყენებინა და მე მამაშენი ავირჩიე? არა ძვირფასო! სამწუხაროდ ბუნებამ იმას არგუნა წყალობა, ვინსაც არც კი შეუძლია ამის დაფასება! მე მამაშენი არასდროს მყვარებია! _ გაჩუმდა და ზიზღი ისე აერეკლა თვალებში, უკან დაიხია როზიმ. თვალი ივეტის უკან კარში გახირული მამისკენ გაექცა. კაცისკენ, რომელის გიჟდებოდა ცოლზე, რომელიც საყვარელი ქალის ყველა ახირებას ასრულებდა, მუდამ უთმობდა და სულ პოულობდა მისი გამართლების მიზეზს. იდგა ახლა და თვალები იმედგაცრუებით ავსებოდა. შეებრალა როზის მამა. ივეტმა სწორედ ის ზღვარი გადალახა, რომლის იქითაც თემურის მოთმინებაც ილეოდა. _ მამაშენი ერთი უიღბლო კაცია, თუმცა სამყოფი იმისთვის, რომ ჩემნაირ ქალს ერთგულად ემსახუროს. თუმცა მაგ ბეჭედს შეეძლო ჩემი დახმარება, შენ რომ არ გამეჩინე, ახლა ეს ყველაფერიც არ მიხდებოდა! მამაც და შვილიც ბარგი ხართ ჩემთვის! _ ანუ ნანობ რომ გამაჩინე?_ ხმა გაებზარა როზის. _ვნანობ, რომ მე არ მერგო ის , რაც სწორედ რომ მე მეკუთვნოდა წესით და რიგით!_ ამოიხრიალა ქალმა სასოწარკვეთით და შვილისკენ გაიწია. ბეჭდის წართმევა სცადა. ხელი ასწია როზიმ და ადგილს მიალურსმნა დედა. ბევრად ძლიერი იყო კანონიერი მემკვიდრე, ალბათ მისი უნარები კლარასაც კი გააოცებდა. _ სწორედ მადლიერების ნიშნად მიიღე ჩემი გულმოწყალება დედა!_ კვლავ ხაზი გაუსვა სიტყვა დედას._დღეიდან შენ ჩემთვის არ არსებობ! მარტო რომ დარჩები,იფიქრე იმაზე, თუ რა არის რეალურად მნიშვნელოვანი შენს ცხოვრებაში. იქნებ სინანულმა სწორი გზაც გაპოვნინოს! _ მარტო?_ შეკრთა ქალი, ახლაღა იაზრა და სწრაფად შებრუნდა უკან. კარში გაძეგლებულ სახე წაშლილ ქმარს მოჰკრა თვალი. უცებ მოეგო გონს, მიირბინა და კისერზე ხელები მოხვია. _ საყვარელო, სხვანაირად გაიგე! მე ვიგულისხმე... ნელა, ლამის ბაზად ჩამოიხსნა საყვარელი ქალის მკლავები ყელიდან თემურმა. ულამაზეს თვალებში ჩახედა და სევდიანად გაუღიმა. _ ყველაფერი ზუსტად ისე გავიგე, როგორც თქვი ძვირფასო!_ უთხრა მშვიდი თბილი ხმით. _ მე მივდივარ მამა! შენ გადაწყვიტე, რჩები მასთან თუ მოდიხარ?!_ ჰკითხა როზიმ მამას, ჩანთა გამოიტანა და მხარზე მოიკიდა. _ არა! შენ ვერ წახვალ თემურს! არ გაგიშვებ! არა!_ ანჩხლობდა ივეტი და ქმრის შეკავებას ცდილობდა. _ რა გინდა ივეტ? აწი აღარ იქნები იძულებული ჩემგან მოგვრილი ზიზღი ზიდო!_ თემური შვილთან მივიდა, ჩანთა ჩამოართვა და თავად მოიკიდა. _ აწი თავისუფალი ხარ ივეტ! ისედაც წლებია გვიძლებ! ჭიშკარი გამოაღო და პირველი გავიდა. როზიმ ერთი შეხედა დედას და გაიფიქრა: „არც ისე ახალგაზრდულად გამოიყურება, როგორც აქამდე მეგონაო!“ და რაც უფრო შორდებოდა სახლს როზი და კლარას სახსოვარი მასთან ერთად, მით უფრო ემჩნეოდა ივეტის ნაზ სიფრიფანა კანს წლობით მოტყუებული ასაკის შეუბრალებელი ნიშნები. ასე ხდება ყოველთვის,სამყარო ბუმერანგის პრინციპით უკან და თანაც ერთბაშად აბრუნებს ხოლმე სასჯელს და პასუხს ჩადენილ სიავეზე. ლამის მთავარ გზამდე ესმოდა მამა_შვილს ივეტის გონსგადასული კივილი..... _ აქ რას აკეთებ დავით?_ სახლისკენ მიმავალ აღმართზე დახვდა დავითი როზის. თვალები უელავდა და ეტყობოდა თავშეკავება უჭირდა. _ მომენატრე!_ უპასუხა მოკლედ და ჟინიანად. ფაქტი იყო ვერ გაეაზრებინა, რომ ბოლო შეხვედრაზე რაც დაემართა, სწორედ ამ ქალის ბრალი იყო. _ აქ არ უნდა იყო! წადი დავით! წადი სანამ მშვიდად გელაპარაკები! _ მუქარა გაურია ქალმა ნათქვამს. დავითმა ნაბიჯით უკან დაიხია, როცა დაინახა, როგორ აელვარდა ქალის თვალებში იისფერი ალი. თვალები დაახამხამა და თავი გადააქნია. _ ჰოო!_ ჩაეღიმა როზის. _ ნამდვილად არ გეჩვენება! მიუახლოვდა და დაჟინებით ახედა მასზე ერთი თავით მაღალს. მისი სახე ხელებში მოიქცია და ჩურჩული დაიწყო: _ ახლა მისმინე დავით! გათავისუფლებ ჩემი ხიბლისგან! წადი და უკან აღარ დაბრუნდე! წადი და იმ შენი საცოლის ყურმოჭრილი მონა იყავი, გესმის?_ უსმენდა დავითი როზის სიტყვებს და ყველაფერი იშლებოდა მის გარშემო ამ ჭეშმარიტების გარდა. ახლა როზის წყევლა თუ ბრძანება ერთადერთი რამ იყო, რასაც ჯერ კიდევ წამის წინ თავხედი, ძლიერი და ამპარტავანი კაცი ემორჩილებოდა. თავისუფალ ნებას ართმევდა როზი. შეეძლო ეს არ გაეკეთებინა, მაგრამ დათასნაირი კაცი ღირსი იყო პასუხი ეგო ყველა იმ ძალადობის, ტყუილის ,ღალატის და თავხედობისთვის, რასაც ის ასე ამაყად სჩადიოდა ხოლმე და სინდისის ქენჯნასაც არ გრძნობდა. _ ესეც ასეე!_ ჩაეცინა როზის, როცა დათა მორჩილად ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. _ ახლა დანარჩენებსაც მივხედოთ. ალბათ უკვე მიხვდით რატომ აირჩია კლარამ როზი, უფროს სწორედ იმ უნარმა, რასაც „სახსოვარი“ ერქვა. ზუსტად იმიტომ, რომ როზი ივეტს არ ჰგავდა. და ის, არასდროს გამოიყენებდა მას სხვების საზიანოდ. რაც კლარამ არ თუ ვერ ასწავლა შვილიშვილს ლენამ შეასწავლა. უხაროდა მოხუც ქალს ასეთი ჭკვიანი კეთილი და უნარიანი მოსწავლის ყოლა. ყველაფერს გულიანად ასწავლიდა და ეამაყებოდა მისი სწრაფი ზრდის ტემპი. მხოლოდ ხანდახან მის ბედში ლანდად ხედავდა იმ უცნობ, ძლიერ და ღირსეულ კაცს, ვისაც ადრე თუ გვიან აუცილებლად შეხვდებოდა ახალგაზრდა ქალი. ვინც მისი თანასწორი იყო. და ისე, როგორც ყოველთვის ხდებოდა, ალბათ როზიც მასსავით უარს იტყოდა „სახსოვარზე“ ... თუმცა იქამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო იყო.... ძალიან ბევრი... ან იქნებ სულაც არა? ვინ იცის?..... დასასრული.... ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.