ჯაიპურში შევხვდებით! (პირველი თავი)
თავი პირველი: ჩემი უცნაური ფიქოთერაპევტი მეტისმეტად ახალგაზრდაა, ეს რით უნდა დამეხმაროს? დარწმუნებული ვარ, აქეთ დასახმარებელია... და, ვინ იცის, იქნებ მე უკეთესად გამომივიდეს მისი წაშველება, ვიდრე, პირიქით. ასაკი რომ ვკითხო, ნეტავ, „გაუტყდება“? შესაძლოა, ძალიან ჭკვიანიც იყოს... და პრაქტიკის დეფიციტი ბრწყინვალე გონებით დააბალანსოს. ჰმ, არა მგონია... იმ ტიპს ნაღდად არა ჰგავს, ტვინი რომ გადმოსდის ყურებიდან. სამწუხაროა... გონება თუ არ უჭრის, მე ვერ მომერევა... „მომერევა“ უცნაური ნათქვამია — ჭიდაობას ხომ არ ვაპირებთ, მოსარევად რომ ჰქონდეს საქმე?! და მაინც... ის, რაც ამ ოთახში ხდება... უფრო სწორად, უნდა მოხდეს... ხომ, მართლაც, გონებათა შეჭიდებაა — და არა მარტო! ჩემი შინაგანი სამყაროს ყველა კარი უნდა გააღოს, წლების განმავლობაში მონდომებით რომ ჩამირაზავს ისეთებიც კი. განა ფსიქოლოგი იმისთვის არ მჭირდება, რომ საკუთარ თავში გამარკვიოს?! ის კითხვები დამისვას, თავად რომ არ გამჩენია... იქ მიმიყვანოს, სადაც დამოუკიდებლად ვერ მივედი. ისეა გამოწყობილი, თითქოს ერთი სული აქვს „დამიმთავროს“ და სპორტულ დარბაზში გაქანდეს. სულ ცოტა სხვანაირად რომ დავჯდე, ამ ღრმად ამოჭრილ, ვარდისფერ მაისურში, მკვრივ მკერდსა და კუბიკებად აწყობილ პრესს დავუნახავ. ტვინიც რომ ისეთი მონდომებით ევარჯიშებინა, როგორც მუსკულები, იქნებ გამოგვსლოდა კიდეც რამე...? იქნებ-მეთქი, ანუ დანამდვილებით ვერც მაგას გპირდებით... და კიდევ, „რამეში“, მხოლოდ და მხოლოდ, ექიმისა და პაციენტის ურთიერთობას ვგულისხმობ! სხვა არაფერი იფიქროთ! არა, მაინც არ მესმის, ამ კუთნებს რას მიმარიაჟებს? ბიცებსზე ვიფიქრო თუ იმაზე, რა გამჭირვებია?! სახეზე დიდად არ მესიმპათიურება; რაღაცნაირად წაგრძელებული და ხმელია. ...ან რანაირი წინდები აცვია - ერთი ყვითელია, ხინკლის გამოსახულებით, მეორე ცისფერი და აჭარული ხაჭაპური ახატია... ბათინკებზე შებნეული თასმებიც სხვადასხვანაირი აქვს და წინდების ფერთა გამას იმეორებს. ასეთ სიცხეში ბათინკებს ვინ იცვამს?! ან საერთოდაც, ამ კლოუნს კლინიკაში მუშაობა ვინ დააწყებინა?! - უკრაინას ვგულშემატკივრობ, - მეუბნება უეცრად და გაპრიალებულ იატაკზე ფეხებს ათამაშებს. წინდებისა და თასმების ფერებიც ამოვხსენით! - ომი რომ დაიწყო, ფრონტის ხაზზე საბრძოლველად წავედი... - მოხალისედ? თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს. - ძალიან კი გაგირისკავთ... იღბლიანი ხართ, როგორც ჩანს, რაკი საღ-სალამათი დაბრუნდით. - ქალაქში დამტოვეს, მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად. საინტერესო ამბავია... - ჩერდება და რამდენიმე წამით მაკვირდება: - მაგრამ არ მგონია, აქ ჩემი ისტორიების მოსასმენად იმყოფებოდეთ. კარგი, დროა ვკონცენტრირდე... ბოლოს და ბოლოს, ამ მასხარას ჩემი პრობლემების მოგვარებაში ფულს ვუხდი — თან საათში მთელ ას ლარს. კლინიკის საიტზე ყველაზე იაფი მასთან ვიზიტია... და თავისუფალი ადგილებიც ძირითადად მას აქვს (დიდი ალბათობით, სახეს არავინ იხოკავს მის კაბინეტში მოსახვედრად)— სხვასთან ჩაწერა თუ გინდა, მთელი თვე უნდა ელოდო შენს რიგს... ხომ გავგიჟდი ამ ერთ თვეში? ჯერ მარტო მოლოდინი გამაფრენინებს! მერე ზედ დამატებული ჩემი დაუსრულებელი საფიქრალი — ჰიდრასავით ერთ თავს რომ მოაჭრი და იმწუთასვე — ცხრა ამოსდის. - …და ისევ დუმხართ, - მრავლისმთქმელად იღრიჯება. ღრეჯა არ უხდება — ცხენს ამსგავსებს. - ვფიქრობ, ჩემი განსჯისთვის ხუთი წუთიც საკმარისია... თუკი, რა თქმა უნდა, აქ კონსულტაციისთვის მოხვედით და არა ჩემ შესაფასებლად. - მეგობულად მელაპარაკება, მაგრამ მისი ტონის მიღმა მაინც ვგრძნობ, მინავლულ, მტრულ განწყობილებას. - უკაცრავად... თქვენი სახელი რომ გამახსენოთ. – როგორც იქნა, ხმას ვიღებ ხუთწუთიანი უხერხული დუმილის შემდეგ; უხერხული მისთვის იქნებოდა, თორემ ჩემთვის საკმაოდ სწრაფად გაირბინა, ჩემმა უსიტყვო მონოლოგმა ამოავსო. - ტიტე. - ხო, ბოდიში. ძალიან მიჭირს ადამიანების სახელების დამახსოვრება. - გვარების? - ვერც გვარების დამახსოვრებით დავიკვეხნი. - ბეჭებს ვიჩეჩავ. - სახეებზე რას მეტყვით? - ნუ... - ტუჩებს ვკუმავ და წარბებ შორის ნაოჭი მიჩნდება. - მგონი, უბრალოდ, მეხსიერების პრობლემა გაქვთ. - მეუბნება და ბლოკნოტში რაღაცას ინიშნავს. არ მომწონს, რომ ჩემზე დასკვნები გამოაქვს და ნაცვლად იმისა, პირდაპირ მომახალოს, მხდალივით ფურცლებში მიმალავს. მინდა — წავართვა და გავიქცე. თუ დამედევნება, ნეტავ? ისეთი ნავარჯიშებია, წესით, სწრაფადაც ირბენს. - ტიტე, რამდენი წლის ხართ? - ჩემს ასაკს რაიმე მნიშვნელობა აქვს? - არ შეიძლება საკუთარი ექიმის ასაკი ვიცოდე? ვამჩნევ, სიამოვნებს ე ქ ი მ ს რომ ვუწოდებ. - ოცდაათის. დამშვიდდით? ოცდაათი? დედის რძე ახლახან შეშრობია ტუჩებზე. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მამაკაცები ქალებს ფსიქოლოგიური განვითარებით ოთხი წლით ჩამორჩებიან, ტოლები გამოვდივართ. - ფორმალურ მიმართვაზე ხომ არ გადავიდეთ? ვფიქრობ, რაც უფრო გაშინაურდებით, თავს უფრო ლაღად იგრძნობთ და გახსნაც გაგიმარტივდებათ. - ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს. სავარძლიდან ვდგები, ზურგჩანთას მხარზე ვიკიდებ და გასასვლელისკენ მივემართები. - უკვე მიდიხართ? ჯერ კიდევ გვაქვს დრო. - გაოცებული საათს ამოწმებს, შემდეგ კი დაბნეული შემომცქერის. - ვფიქრობ, ორივე ჩვენგანისთვის ცხადია, რომ არაფერი გამოგვივა. - მტკიცედ ვპასუხობ. - ცდებით... მე სულაც არ ვფიქრობ ეგრე. აი, ამაშიც კი ვერ ვთანხმდებით. მეტი შორს სად უნდა წავიდეთ?! - სულ ტყუილად... - ეს სიტყვები ჰოლიდან ესმის. იქ რამდენიმე პაციენტი ზის... და კიდევ, მგონი, შვილების მომლოდინე მშობლებიც არიან მათ შორის. არაფრისმთქმელი სახეები აქვთ. მიმღები გოგონა მცნობს და ჩემი დანახვა აკვირვებს. მის დაჟინებულ მზერას არ ვიმჩნევ, ისე ვუახლოვდები ლიფტს და ღილაკს ვაჭერ. კარი რომ იღება, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, საერთოდ რას მოვდიოდი-მეთქი. ფული ტყუილად გადავყარე — როგორც ყოველთვის. ამ ჩემს სიმწრით გამომუშავებულ გროშებს ისე ვანიავებ, გეგონება ბევრი მქონდეს. მოუთმენლად ველოდები თქვენს შთაბეჭდილებებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.