ჯაიპურში შევხვდებით! (მეორე თავი)
თავი მეორე: ჩემი უცნაური პაციენტი -არ მეგონა, თუ ოდესმე კიდევ შევხვდებოდით. აქ რამ მოგიყვანათ? სავარძლის ნაცვლად, იატაკზე ზის, ფეხმორთხმით... და ცხვირზე პირსინგს იწვალებს. -უძილობა. ღამის კოშმარები. შფოთვა. - ისე ლაპარაკობს, თითქოს გაბრუებულია. სიშავეები თვალის ქვეშ, მოწმობს, რომ გამოუძინებელია. წინა სეანსის შემდეგ მდგომარეობა აშკარად დაუმძიმდა. -არის კიდევ რამე, რაც უნდა ვიცოდე? - ვეკითხები და „ბლოკნოტში“ მისი პირველი ვიზიტის ჩანაწერების ძებნას ვიწყებ. -ცოდნით კიდევ ბევრი რამ უნდა იცოდეთ, თუ თქვენს პროფესიას გავითვალისწინებთ... და მინდა მჯეროდეს, რომ იცით. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ დამეხმარებით? ფურცელზე ვინიშნავ, რომ აგრესიულია და მარტივად ღიზიანდება. ჩემს ყველა მოძრაობას გამომცდელად აკვირდება — დაღლილი და დამძიმებული მზერა აქვს. როგორი ცნობისმოყვარე ყოფილა... თუმცაღა, ყველას გვაინტერესებს სხვების ფიქრები ჩვენ შესახებ (ეს სავსებით ნორმალურია), მაშინაც კი თუ მთელი მონდომებით აურვყოფთ ამ ფაქტს. -ექიმო, საყვარელი პაციენტი გყავთ? -ჩემი მხრიდან არაპროფესიონალური იქნებოდა, რომ მყავდეს. -მინდა, მე ვიყო თქვენი საყვარელი პაციენტი. ღიმილს ძლივს ვიკავებ ამ სიტყვების გაგონებისას. -რატომ? - ვეკითხები და ვინიშნავ: „სოციალური აღიარების გადაჭარბებული მოთხონილება“, „შესაძლო განდიდების მანია/რჩეულობის სურვილი“, „სიყვარულის დანაკლისი“ - გაკრული ხელით ვწერ. საშინელი კალიგრაფია მაქვს, იმედია, მოგვიანებით რომ გადავხედავ, საკუთარ ნაჯღაბნს გავარჩევ. -ფასდაკლებაზე მარტივად დაგითანხმებთ. - ვერ ვიგებ, ხუმრობს თუ, უბრალოდ, გულწრფელია. -როგორი მერკანტილური გათვლები გქონია. -მერკანტილური არასწორად შერჩეული სიტყვაა, - უარყოფის ნიშნად, თავს აქნევს: - ეს მატერიალური გათვლა უფროა... ან ეკონომიკური. ხომ, ასე უკეთესად ჟღერს. - საკუთარ თავს ეთანხმება, რაც სასაცილო იერს სძენს. - განა თქვენ არ გაქვთ ჩემთან დაკავშირებული ეკონომიკური გათვლები? პირობითად, თუ თქვენი პაციენტი ვიქნები ერთი წლის განმავლობაში და კვირაში ორჯერ გეწვევით, გამოვა, რომ წლიურად 9,600 ლარს გადაგიხდით. ღმერთო ჩემო! ახლა, როცა ვიცი, რომ ტროპიკულ კუნძულებზე მოგზაურობას გიფინანსებთ — მაშინ, როცა ოკეანის სანაპიროზე თავად არასდროს დამისვენია — თავს საშინლად ვგრძნობ! სიცილს ძლივს ვიკავებ. დაზუსტებით არც ვიცი, რა მაცინებს. საიდან მოიტანა, რომ კუნძულზე დასვენება მინდა? იქნებ თოვლიან მთებში ლაშქრობა და მწვერვალების დაპყრობა მირჩევნია? ან, გაუკვალავ ფერდობებზე თხილამურებით სრიალი? ეს გოგო, მგონი, მაგრად უბერავს... ჩემი კი არა, ფსიქიატრის პაციენტია. რა ვქნა? პირდაპირ, ხომ, არ გადავამისამართო? თუ დავაკვირდე ცოტა ხანს? - ჯანდაბა! კიდევ ერთი სანერვიულო დამემატა! აჯობებდა კალკულაცია სახლშივე მომელია... - ტუჩებს კუმავს, ერთმანეთზე ძლირად აჭერს და თვალები უწვრილდება: - ერთ თვეში განკურნების შანსი არ არსებობს, ხო? - ნაკლებ სავარაუდოა, ერთ თვეში რაიმე შედეგზე გავიდეთ. ერთი თვე მხოლოდ მოთელვას სჭირდება ხოლმე. მეტსაც გეტყვით, არც ერთი წელია საკმარისი საკუთარ თავსა და ტრავმებზე სამუშაოდ... - და მაინც, რა დრო სჭირდება? სამი წელი? 9,600-ჯერ 3 უკვე 28,800-ია! მშვენიერ მანქანას იყიდით. - ვატყობ, მათემატიკა გიყვართ. - უფრო — მჭირდება. თორემ, მათემატიკა რა საყვარელია?! ესე იგი, მალდივებზე ან ბალიზე დაგასვენეთ, მოკრძალებული ჯიპიც გიყიდეთ... მეც მაგარი ვარ რა, თუ ამდენი შემიძლია, დეპრესია რაღას მაქვს?! - სულ რამდენიმე წამით ჩუმდება. როცა ჩაფიქრებულია, მზერა უჩვეულოდ უსერიოზულდება და უსევდიანდება. - ექიმო, მერე რა ხდება? - ზეითუნისფერ თვალებს მაპყრობს. - არ ვიცი, თქვენ მითხარით. - მე ვერაფერს გეტყვით, სანამ განკურნების ვადებს არ დამიდგენთ. - განკურნების ვადების დადგენა შეუძლებელია... ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. თუ ზოგს ხუთი წელი ჰყოფნის, სხვისთვის ეს ძიება მთელი ცხოვრება გრძელდება. - „ნაგლიც“ ამას ჰქვია. -უკაცრავად? - მთელი ცხოვრება მე უნდა გარჩინო?! ოჰ, როგორ მომრავლდით ეს პრინცესა კაცები — ხელის გულზე რომ უნდა გატარონ. მგონი, ამას თავი პაემანზე ჰგონია. მინდა, გავბრაზდე, მაგრამ მეტისმეტად მესაყვარლება იმისთვის, რომ მრისხანება ან წყენა აღმეძრას. - ცუდია, ძალიან ცუდია. - ფეხზე დგება და სამოსს იფერთხავს. გაცრეცილ ზურგჩანთას ისე იკიდებს, თითქოს შიგნით ლოდები უყრია. ისეთი უცნაური ვინმეა, არ გამიკვირდება ერთი-ორი მართლა რომ ეგდოს. და რას უშვება? ორივე ხელით თავში იცემს, როცა შეტევა ერმართება? რა სანახავი იქნება... -ე.ი. ისევ მიდიხართ? - ვეკითხები და მეც ფეხზე ვდგები. იმ დღეს, პირველად რომ გაშხუილდა, გაცილებით თავი არ შემიწუხებია... მაგრამ ახლა, მგონია, რომ კიდევ მოვა. -თქვენ გენდომებათ, ჩემი დარჩენა, გენაცვალე, რატომაც არა? თქვენს ადგილას მეც მენდომებოდა... - ისეთი სახით მიყურებს, თითქოს ათასჯერ ამოხსნილი ამოცანა ვარ. -მერე თქვენი უძილობა? ღამის კოშმარები და შფოთვა? -ექიმო, თქვენი აზრით, მას შემდეგ, რაც ვიცი, რომ წელიწადში 10 000 ლარი უნდა გადავიხადო თქვენთან ყბედობაში, მშვიდად დამეძინება? - აჰ, რიცხვების დამრგვალებაც სცოდნია. - ან შფოთვა გამინელდება? - ენის ტირტირს განაგრძობს. ყველაფერზე ლაპარაკობს, იმის გარდა, რაზე სალაპარაკოდაც მოვიდა: - ღამის კოშმარად თქვენ გადამექცევით! - ხელებს ასავსავებს. ვხედავ, ყველა თითზე ბეჭდები უკეთია: - მითხარით, გინდათ ყოველ ღამე დამესიზმროთ?! მაგიდაზე დადებულ ლარნაკს ახლაღა ამჩნევს. ოქროსფრად შეფუთული შოკოლადითაა გატენილი. - სხვამ დაგიფინანსოთ, ეგ თქვენი ტროპიკული არდადეგები. - შოკოლადს წრაფი მოძრაობით იღებს და პირში მიაქანებს. ისე ჩქარ-ჩქარა ღეჭავს, აშკარად ჰგონია, რომ პირიდან გამოვაცლი. ყბების მოძრაობას უცნებურად ცხვირს აყოლებს — ნეტავ, თავად თუ შეუმჩნევია?! მინდვრის თაგვს ვამსგავსებ ამ დროს... ანდა ციყვს. მერე ხელს სწევს, თითქოს მემშვიდობება, მაგრამ სინამდვილეში, მგონი, მანიშნებს, ჩემი თერაპევტობის ყოველგვარი იმედი გადაიწურეო... ან იქნებ, შოკოლადი ემწარა? ვაკვირდები, როგორ მიიწევს კარისკენ. ხუჭუჭა თმა ფაფახივით ადევს თავზე. ასოციაციურად დისკოს მოცეკვავეს მახსენებს. აღნაგობისთვის თვალშისაცემად პატარა მხრები აქვს და ბეჭებში ცოტა მოხრილი დადის. მის ჯინსის შარვალზე უამრავი ჯიბეა მიკერებული. დარწმუნებული ვარ, თითოეულში რაღაც სისულელე უდევს — თმისსამაგრი, ტუჩების დამატენიანებელი პომადა, მინიატურული სუნამო ან რაიმე ამ ჟანრში. ჩემი ძმის შარვლები მახსენდება და, მიუხედავად გამოვლენილი სითავხედისა, კეთილგანწყობას მიღვიძებს ეს „ჩანჩურა“. - თქვენი სახელი დამავიწყდა. - ვეძახი. - თქვენც გქონიათ მეხსიერების პრობლემები, ექიმო. - ნიშნის მოგებით მეპასუხება... კარს ისე ხურავს, ვინაობას არ მეუბნება. რას ფიქრობთ მთავარ პერსონაჟებზე - ფსიქოტერაპევტსა და მის პაციენტზე? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.