შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაიპურში შევხვდებით! (მესამე თავი)


დღეს, 18:31
ნანახია 0

თავი მესამე: უხეირო დოკუმენტალისტი

პროფესიად დოკუმენტალისტიკა რომ ავირჩიე, არავის გავუფრთხილებივარ, შენი „დოკუმენტალისტობა“ ქორწილების, ნიშნობების, ნათლობებისა და დაბადების დღეების გადაღებით შემოიფარგლებაო. სწორად გამიგეთ, სხვისი ბედნიერების თანამონაწილეობა და აღბეჭდვა, მართლაც, მშვენიერია, მაგრამ მაინც სულ სხვაგვარად წარმომედგინა ჩემი კარიერული განვითარება...
განსაკუთრებით მაშინ, უნივერსიტეტის კონკურსში ჩემმა პროექტმა რომ გაიმარჯვა — ეს იყო კინოსურათი ფერეიდნელი ქართველების ირანულ ცხოვრებაზე. მის გადასაღებად ირანშიც კი გავემგზავრე — ჩემს პირველ სოლო მოგზაურობას ოჯახი დიდი წინააღმდეგობით შეხვდა (ძაღლი შინ არ ვარგოდა, გარე-გარე გარბოდაო... საქართველოში ვერაფერი ნახე გადასაღები, ფერეიდანში რომ არ გავარდეო?!); აზიაში, თანაც ირანში, ქალმა მარტო არ უნდა იხეტიალოს , საშიშიაო — ჭკუა დამარიგეს; არ ვიცი, რაზე უფრო დარდობნენ, იმაზე რომ ხიფათს გადავეყრებოდი თუ იმაზე, რომ იქ ჩასული აზრიანს ვერაფერს გადავიღებდი. გაგიკვირდებათ და მშვიდობით ჩამოვაღწიე სამშობლოში; ერთი-ორი უსიამოვნო თავგადასავალი კი გადამხდა, მაგრამ ეგ სხვა ამბავია და თხრობა შორს წაგვიყვანს. მოკლედ, კიდევ კარგი, სტუდენტურ კონკურსში გავიმარჯვე — ოჯახის ყბიდანაც ამოვედი და ფილმის გადასაღებად აღებული ვალებიდანაც.
ნეტავ, ვინმეს რომ გავეფრთხილებინე, დოკუმენტალისტიკა გაგამათხოვრებს და ლუკმა პური სულ სახვეწარი გექნებაო, მაინც მოვკიდებდი ხელს ამ საქმეს? არ ვიცი... უფრო სწორად, გადასარევადაც ვიცი — მე ისეთი ჯიუტი ვარ... და ამ საქმეზე ისე გაგიჟებით შეყვარებული... ვერავინ და ვერაფერი შემაჩერებდა — თვით მამა-ღმერთიც კი! ჯერ დავანამუსებდი, იმედს რას მიკლავ, ღმერთი მაინც არ იყო-მეთქი... მერე კი, დავარწმუნებდი, მაცადე, აუცილებლად გავხდები ცნობილი კინო-რეჟისორი და პრემიერაზე დაგპატიჟებ-მეთქი... ხოდა ახლა, ეს „ცნობილი კინო-რეჟისორი“ ისევ ქორწილზე ვდგავარ და გულისამაჩქროლებელ კადრებს „ვუკვდავყოფ“ (იმდენი მეხვეწნენ, ფასდაკლებით გაგვიკეთე ვიდეოო, უეჭველი ბანკის ვალით იხდიან ქორწილს).
ნეტავ, ამ წყვილს უყვარს მაინც ერთმანეთი? ანდა, რამდენ წელს გაატარებენ „ბედნიერ ქორწინებაში“? ადამიანები ათასი მიზეზით ოჯახდებიან — გარიგება, სტატუსი, სიმდიდრე და კომფორტი, შემთხვევითი ორსულობა, შურისძიება, საზოგადოებრივი ზეწოლა, ასაკი, მარტოსულობისგან თავის დაღწევის სურვილი — ყველაზე იშვიათად კი სიყვარულის გამო დგამენ ამ ნაბიჯს. მე თუ ოდესმე ცხოვრებას ვინმეს დავუკავშირებ — რაც, ჩემი აუტანელი ხასიათის გათვალისწინებით, ნაკლებადაა შესაძლებელი — მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით. რეჟისორი, რომელმაც ფილმები ვერ გადაიღო, ძალიან საცოდავია; მაგრამ კიდევ უფრო საცოდავი უსიყვარულოდ დაოჯახებული რომანტიკოსია. მე შეიძლება რომანტიკოსს არ ვგავარ — მაგისთვის მეტისმეტად ალესილი ენა მაქვს და ადამიანურ არსებობასაც გადამეტებული ცინიკურობით ვუყურებ — მაგრამ აბა, დაფიქრდით, რომანტიკოსი რომ არ ვიყო, დოკუმენტალისტობას შევძლებდი?! დოკუმენტალისტიკა, ხომ, ცხოვრების გარომანტიზების ხერხია!
კარგი, დავუბრუნდეთ ქორწილს. ბავშვები კიტრითა და ლიმონათით ხელში დარბიან, უფროსებს ეჯახებიან, ფეხებში უგორდებიან, იატაკი ირწყვება... ქორწილების ორგანიზატორი დამლაგებელს ეძებს, უკვირს, სად გაქრაო... ვუთხრა, რომ ცოტა ხნის წინ კარს ამოფარებული დავინახე, ას გრამ ჭაჭას წრუპავდა — ლოთების დასაქმების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს; ბოლოს და ბოლოს, არცთუ ისე შორ მომავალში საკუთარ თავსაც ეგრე ვხედავ.
საცეკვაო მოედანზე ვიღაც მაჩოს კენჭის გავლა აქვს; სასწრაფოს გამოძახებას ვფიქრობ, მაგრამ გოგოები ისეთი აღტყინებით ეცეკვებიან, არ მინდა ხელი შევუშალო — დაე, „იგრიალონ“, სანამ მამები და ძმები კოშკებში გამოკეტავენ (ნერვიულობისგან თმა დასცვივდებათ და ნაწნავს ვერავის გადაუგდებენ). კენჭაგვლილ მაჩოს, მეტის მონდომებით რომ იგრიხება, სველ იატაკზე ფეხი უცდება და ძირს ეცემა. ნეტავ, ესეც უნდა გადამეღო?
გაწიწმატებულ ორგანიზატორთან მივდივარ — გაგანია ქორწილების სეზონია და მიყოლებით სამზე უკვე ვიმუშავეთ ერთად — რაც ჯამში 3 000 ლარია.
- მილოცვის ვიდეოები უნდა ჩავწერო, სანამ ღორებივით გამოტყვრებიან.
- რა? - ჩემი ნათქვამი აბნევს.
- იქნებ პატივცემული სიძე-პატარძლის ასევე პატივცემული ახლობლები ჩემთან გამოუშვა, რომ მათი მაღალაკადემიური და ღრმა საზრისის მქონე მოსაზრებები ვიდეოზე აღვბეჭდო. - ვეჭვობ, აზრის ჩამოყალიბების ეს ვერსია უფრო მოეწონება.
გაოცებული მიყურებს. ადამიანები მუდმივად ასე შემომცქერიან — ალბათ, პრობლემა ჩემშია.
ფოტოსესიისთვის განკუთვნილ ზონას ვუბრუნდები (იქვე ვაპირებ სტუმრების ჩაწერას), და ფოკუსს ვასწორებ. უეცრად, კადრში ტიტე ტბელი შემოდის. ჩემს უცნაურ ფსიქოთერაპევტს აქ რა უნდა?! არც ჯვრისწერაზე შემინიშნავს და არც - ხელის მოწერის ცერემონიაზე. ალბათ, ახლახან მოვიდა და უნდა, შეზარხოშებულ საზოგადოებას დაეწიოს.
- „პეტლიჩკას“ თავად გაიკეთებთ თუ დაგეხმაროთ? - ვეკითხები ტიტეს, რომელსც ხელში შამპანიურის ბოთლი უჭირავს (მეზიზღება შამპანიური) და კამერას ვშორდები, რომ კარგად დამინახოს.
თვალები ისე უფართოვდება, წარბები ისე მაღლა ადის და გამომეტყველება ისე ეცვლება, მგონია, სადაცაა გულის შეტევას მიიღებს. კარგი ახლა, გადამეტებული დრამა რად უნდა ამ ყველაფერს?! თბილისი არც ისეთი მეგაპოლისია, რომ ადამიანების შემთხვევით შეხვედრის შანსი არ იყოს.
- დამსდევ? - მეკითხება და შამპანიურს ბოთლიდანვე ყლუპავს.
- ჰო, უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია და ფეხდაფეხ დაგყვები. - თავს ვუქნევ დასტურის ნიშნად.
- მაშ, გამოდის, იმაზე სერიოზული პრობლემები გაქვს, ვიდრე ორ სეანსში დავადგინე.
- შენ, მგონი, ფსიქოთერაპევტი კია რა, ვანგა ხარ... - პორტატულ მიკროფონს მის კოსტიუმზე ვაბნევ. - აბა, სეანსებზე საკუთარ თავზე არაფერი მითქვამს, დასკვნები რომ გამოგეტანა.
- ეს კამერა შენია?
- არა, მეზობლისგან ვინათხოვრე. მაგარი ხელგაშლილია და ჩვენთვის არაფერი ენანება. ცოლსაც გათხოვებს, ძალიან თუ შეეხვეწები.
- სიმართლე გითხრა, ფსიქოთერაპევტს წამლების დანიშვნის უფლება არ აქვს, მაგრამ დამამშვიდებელს მაინც გამოგიწერ. ხომ დალევ?
- ვატყობ, ვიღაცას ლიცენზიას ჩამოართმევენ... - კამერასთან ვბრუნდები. - შეგვიძლია დავიწყოთ.
ლაპარაკს ცდილობს, მაგრამ ენა ებმება... არადა, მთვრალი არ უნდა იყოს.
- კიდევ ერთხელ ვცადოთ! წავიდა...
სათქმელს აყალიბებს, მაგრამ შიგადაშიგ აზრი გაურბის. უხერხულობს და მორიგ ყლუპ შამპანიურს სვამს.
- კამერასთან მუშაობისთვის ნამდვილად არ ხარ გაჩენილი. - ცეცხლზე ნავთსვ ვასხამ: - თუმცა, ვერც ის შეგატყვე, ფსიქოთერაპიას სხლავდე. - სიცილს ძლივს ვიკავებ ამჯერად.
ნერვები ეშლება და ბრაზდება. რაღაცას ბუტბუტებს და სწრაფი ნაბიჯით მშორდება; მგონი, მითხრა ჩემს კაბინეტში აღარ დაინახოო; როგორი ფაქიზი ყოფილა ამხელა კაცი, უყურე შენ! მაშ, აუცილებლად უნდა გამოვეცხადო კლინიკაში.

***
წესით, რესტორნიდან დიდი ხნის წასული უნდა ვიყო, მაგრამ ეს კაპარჩხანა გოგო არ მიშვებს — ქორწილების ორგანიზატორი კი არა, ნამდვილი მეგერაა ! სანამ ბოლო სტუმარს არ გააცილებს, ალბათ, თავს არ დამანებებს. საუკეთესო მომენტები გადავიღე, მილოცვები ჩავწერე, მეტი რაღა უნდა, თუ მესმოდეს... პირველი ღამის ამსახველი კადრები?!
დამლაგებელ ქალთან ერთად, კიბის ქვეშ ვზივარ და არაყს ვსვამ. ის გვარიანად მთვრალია, მე კი ოდნავ შეზარხოშებული.
-ანეტა! ანეტა! სად ხარ?! – „მეგერას“ მჭექარე ხმა რაციაში მესმის. ყოველ ქორწილზე მის ტარებას მაიძულებს — არ ვუპროტესტებ, მაგრამ დიდად ნაღდად არ მეხალისება, სრულ კონტროლზე რომ ვყავარ აყვანილი.
ერთ-ერთი ჯიბიდან საღეჭ რეზინას ვიღებ. არ მინდა ალკოჰოლის სუნი მდიოდეს. არ მგონია „მეგერა“ პირში შემომივარდეს, მაგრამ „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“. საუბრისას თუ დააფიქსირებს, რომ დავლიე, შეიძლება მომავალ ქორწილზე აღარ დამიძახოს. მე კი ზედმეტად ღარიბი ვარ შანსების ხელიდან გასაშვებად.
-მოვდივარ!
-დარბაზში გელოდები!
ვდგები და ვიზმორები.
- ერთიც გადავკრათ? - დამლაგებელი ჭიქას მიწვდის.
უარის ნიშნად თავს ვაქნევ.
- რაა ეს ცხოვრება... განა უსწავლელი ვარ... ან უწიგნური?! სახლში იმხელა ბიბლიოთეკა მაქვს... განჯინაში გამოდებული უნივერსიტეტის დიპლომიც... და იატაკის ტილოს მაინც ვერ გავცდი. - სევდიანად იღიმის.
ასაკოვანი არ არის, მაგრამ რამდენიმე კბილი მაინც აკლია. პირის ღრუს მოვლა, ჯანმრთელობის საკითხებს შორის, განსაკუთრებით ძვირია. მოუწევს უბილოდ ცხოვრება — მისი ხელფასი პროტეზსაც კი ვერ გასწვდება.

***
მთელი მონდომებით ვცდილობ „მეგერას“ მოვუსმინო, მის უკმაყოფილო გამომეტყველებასა და საყვედურებზე ვკონცენტრირდე, მაგრამ ტვინში არაფერი შემდის. იმ ჭაჭის ბრალია, ალბათ... ან ADHD გაქვსო, რომ დაუჩემებია ესმას, იქნებ მართალია?! ხალხი ტყუილად მიიჩნევს გამოგონილ დაავადებაად, რომლითაც საკუთარი იმპულსურობის, მოუსვენრობის, გაფანტულობისა და ქაოსურობის გამართლებას ვცდილობთ.
- ვიდეოს სამ დღეში გამოგიგზავნით. - უღიმღამოდ ვპასუხობ.
- სამი დღე ბევრია. - დოინჯშემოტყმული დგას. კონკიას ბოროტ დედინაცვალს ვამსგავსებ - ლედი ტრემენის - გერს რომ თავზე წამოსდგომია და დაუსრულებლად უთვლის შეუსრულებელ დავალებებს.
თუკი ოპერატორობამ რამე მასწავლა ის არის, რომ დამკვეთის მოსაწონი ვადა არ არსებობს.
- ოდესმე ქორწილი თავად გადაგიღია?
- არასდროს. - ცხვირაბზუებული მპასუხობს. კიდევ კარგი, ახლო-მახლო ტორტს ვერ ვხედავ, თორემ შიგ ჩავაკვრებინებდი ამ ცხვირსა და ამპარტავნებას.
- აბა, რას მეპროფესორები?! თუ გეუბნები, რომ სამი დღე მჭირდება, ე.ი. უფრო ადრე არ გამოდის.
ასეთი თამამი იმიტომ ვარ, რომ ვიცი, საქმე კარგად გამომდის — არცერთი პატარძალი დარჩენილა უკმაყოფილი თავისი ქორწილის ვიდეოჩანაწერით; მათი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან დღეს კინოშედევრივით ვუდგები... და რადგან ჩემს პორტფოლიოში დოკუმენტური ფილმები ფაქტობრივად არ არის (საუნივერსიტეტო პროექტებს თუ არ ჩავთვლით), ვცდილობ მათში მაინც ჩანდეს ჩემი უნიკალური ხედვა და ხელწერა. ასე რომ თუ „მიგერა“ კუდიგორის გზას გამიყენებს, ისევ მაგას დააკლდება.
სიძე-პატარძალი გვიახლოვდება, მთვრალი ტიტე მოჰყვებათ თან. „მეგერას“ სახე მომენტალურად ეცვლება — კლიენტებს მეგობრულად უღიმის და ეკითხება, ცერემონია როგორ მოგეწონათო.
- ჩინებული იყო! ჩვენც კმაყოფილები ვართ და სტუმრებიც! თქვენი საქმის ნამდვილი პროფესიონალი ხართ! - პატარძალი „მეგერას“ ეხვევა — ო, რა გულის ამაჩუყებელი სცენაა. ცოტაც და ავტირდები ან გული ამერევა!
- ვიდეოებსაც მოუთმენლად ველოდებით! - ახლა ჩემკენ ბრუნდება.
არაქათგაცლილია და მაინც ბედნიერებისგან ბრდღვიალებს. როგორც ჩანს, მაინც სიყვარულით გათხოვდა... შესაძლოა, იმ ბანკის ვალის აღებაც ღირდა — რას გაიგებ?!
- ლამაზი ხართ. - ვამბობ მოულოდნელად და ვგრძნობ, ყველა აქ მყოფის მზერა ჩემზე ინაცვლებს: - ძალიან... - ვაკონკრეტებ: - ზოგადად ყველაზე ლამაზი ბედნიერი ქალები არიან.
მე ბედნიერი ქალი არ ვარ. ეგ კი არა, იმასაც ვერ ვგრძნობ კარგა ხანია, რომ ქალი ვარ... სილამაზეზე საუბარიც ზედმეტია... მაგრამ დიდად მაღელვებს-მეთქი, რომ გითხათ, მოგატყუებთ.
ტიტე უცნაურ, სითბოთი სავსე მზერას მაპყრობს და იღიმის („მეგერა“, მგონი, მისი „ფირმენი“, ცხენის ღიმილით იხიბლება... რა უცნაურია...). მგონი, დაავიწყდა, რომ ჩემზე ნაწყენია, ანდა წყენა მარტივად გადასდის — კარგია, ჩემთან ურთიერთობისას გამოადგება სუპრ მიმტევებლობა, რადგან რამე თუ კარგად გამომდის — ფილმების გადაღების შემდეგ — სხვების წყენინებაა... ვფიქრობ, ეს ჩემი საუკეთესო თვისებაა — იმაზე მიანიშნებს, რომ სულაც არ მინდა ყველას მოსაწონი ვიყო და სოციალური განსჯის შიში ნახლებად მაფერხებს სრულფასოვნად ცხოვრებაში.
უეცრად ტბელი ნაბიჯს დგამს ჩემკენ, ხელს მკიდებს და ისე, რომ არავის არაფერს უხსნის, საცეკვაო მოედნისკენ მიმაქანებს.
- რას შვები? გაუბერე? - ვცდილობ შევაჩერო, მაგრამ ჩემზე გაცილებით ძლიერია.
- როგორც უნდა გავუბერო, შენ მაინც ვერ დაგეწევი.
- არ მინდა ცეკვა.
- რატომ? გრცხვენია?
- არა. მგონია, რომ საშინელი მოცეკვავე ხარ და არ მინდა, მთელმა მომსახურე პერსონალმა ამიგდოს.
- რატომ მებრძვი?
- არ გებრძვი.
- აბა, რას აკეთებ?! რაც ერთმანეთი გავიცანით, იმის მერეა ბუინობ.
- პრობლემა შენში არ არის. - გულწრფელად ვპასუხობ.
- მაშ, აღიარებ რომ შენშია? - გამარჯვების ღიმილი ულიცლიცებს სახეზე.
- უპრობლემო რომ ვიყო, ფსოთერაპევტთან რა მინდა?
- ანუ, ზოგადად სულ ასეთი ბოროტი და ენამწარე ხარ... და მიზანმიმართულად მე არ მებრძვი... მაშინ, ერთობლივი ძალისხმევით ფონსაც გავალთ. ვფიქრობ, ამ ხუთ წუთში უფრო შორს წავედით, ვიდრე წინა ორ ვიზიტზე. - მპასუხობს და მუსიკოსებისკენ ბრუნდება, რომლებიც უკვე წასასვლელად ემზადებიან. - მეგობრებო, გთხოვთ, ერთხელაც დაუკარით! ღირსეული გასამრჯელო ჩემზეა!
ერთ-ერთი მუსიკოსი გიტარას იღებს ხელში, მეორე კი ელექტრო პიანონოსთან ბრუნდება. საღოლ ამათ, სიმღერის და ჩქარი ტაშის თავი კიდევ თუ აქვთ!
დარბაზი მუსიკალური ჰანგებით ივსება და ტიტე ტბელი რიტმულად მოძრაობას იწყებს. ჩემდა გასაკვირად, მშვენივრად გამოსდის — მის ცეკვას ვერც კენჭის გავლას დაარქმევ და ვერც ელექტრო ენერგიის დარტყმას მიამსგავსებ. აი, იმ ბოლო ჭიქაზე ვიწყებ ფიქრს, უარი რომ ვუთხარი დამლაგებელს.
ერთი წუთით-მეთქი, ვანიშნებ ტიტეს და დარბაზიდან თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ. „მეგერა“ აღშფოთებული მაყოლებს მზერას — ერთ მაგის დედაც! კიბის ქვეშ იმ ქალს ვპოულობ და ვეკითხები, ჭაჭა თუ დარჩა, რომ გამინაწილოს. ეცინება, ჩემსავე ჭიქაში მისხამს და კმაყოფილი მაწვდის; უხარია, მისნაირ ლოთს რომ გადაეყარა.
დარბაზში დაბრუნებული, კართან გაოცებით ვყოვნდები. არ ვიცი, ტბელმა ამ ორიოდე წუთში რა გააკეთა, მაგრამ მთელი მომსახურე პერსონალი და ტექნიკური ჯგუფი, სიძე-პატარძალი და თვით „მეგერაც“ კი მის გარშემო ცეკვავს. ეს ვინ ყოფილა!
დამლაგებელთან ვბრუნდები, ვანიშნებ საცეკვაოდ უნდა წაგიყვანო-მეთქი. უარზეა, ერიდება და თავს აქნევს. მაშინ, სპეციალურად ვიწყებ უცნარურად მოძრაობას და შიგადაშიგ თავდასხმისთვის გამზადებული გველივით ვიკლაკნები. ჩემი შემხედვარე ეცინება და ცეკვაში მყვება. დარბაზში ცეკვაცეკვით შევდივართ. დღეს მაინც ვიცეკვოთ ისე, თითქოს ყველას დალხენილი ცხოვრება გვაქვს — ხვალ შეიძლება რამე უარესი მოხდეს და აღარც გვეცეკვებოდეს! ვამჩნევ, რომ ტიტე ტბელი ჩემკენ აპარებს მზერას და მანიშნებს, კარგია, რომ მობრუნდიო. მერე ერთი-ორჯერ თეძოს სექსუალურად, თუმცა ამავდროულად საკმაოდ მამაკაცურად, აქნევს და საცეკვადო ჩემკენ მოემართება...

***
რესტორანთან ვდგავარ და გზააბნეულ ტაქსისტს ველოდები — არ ვიცი, რატომ, მაგრამ სულ ისეთი მძღოლები მხვდებიან, აქეთ რომ უნდა ასწავლო მისამართზე მისასვლელად გზები. მანქანის ტარება რომ ვიცოდე, აუცილებლად ვიტაქსავებდი — მძღოლები კი წუწუნებენ, არაფერი იშოვებაო, მაგრამ თუ არ იშოვება, რაღას ტაქსაობ, ძმაო? მგონი, უბრალოდ კონკურენციის ამბავია.
- აი, ეს დაგივარდა... – ნაცნობი ხმა მესმის.
ტიტესკენ ვბრუნდები და ვხედავ, რომ ხელისგულზე ჩემი პირსინგი უბზინავს.
- რანაირად შენიშნე ძირს — თვალები გაქვს თუ ლუპა?... - ვბუტბუტებ და ხელი მისკენ მიმაქვს სამკაულის გამოსართმევად.
- მეგონა, ცხვირი გახვრეტილი გქონდა, ეს კიდევ Fake-ია. - მეუბნება და თვითონ მიკეთებს პირსინგს ნესტოზე.
ლოყებზე მხურვალებას ვგრძნობ — სულ ჭაჭისა და ცეკვა-თამაშის ბრალია.
- კარგია, რომ იპოვე. ინდოეთიდან ჩამოვიტანე და მეწყინებოდა, რომ დამეკარგა.
- ოჰო, ინდოეთში ხარ ნამყოფი?
- ორჯერ... და იმედია, მესამედაც წავალ.
- მეც მიყვარს მოგზაურობა.
- ვიცი, მომდევნო ვოიაჟს მე არ გიფინანსებ?
იცინის. მეც მეცინება საკუთარ ნათქვამზე.
- როგორია ინდოეთი?
- სიცოცხლით და ფერებით სავსე! ყოველ კუნჭულში იპოვი ფილოსოფიას, სულიერებასა და თავგადასავლებს. გინდა თუ არა, გარდაგქმნის და ცხოვრებას სულ სხვა თვალით განახებს...
- ჰო? მაშინ, აუცილებლად უნდა ვეწვიო.
- აი, ჩახვალ, გახასნებდები და იტყვი, კიდევ კარგი დავუჯერეო.
- ინდოეთამდე, სახლებში ხომ არ წავსულიყავით? - ეღიმება. - სად ცხოვრობ?
- გამიყვან რამე რო იყოს? თუ რატომ მეკითხები?
- ძალიან მთვრალი ვარ საჭესთან დასაჯდომად.
- აბა, აქეთ გინდა თავი გამაყვანინო? ხომ გეუბნები, პრინცესა ხარ-მეთქი.
- ანეტა...
- ჩემი სახელი ანკეტაში ამოგიკითხავს... მეგონა, დაიკიდებდი.
- არასდროს ვიკიდებ იმას, რაც მაინტერესებს.
- ანუ, მე გაინტერესებ? მგონი, მართლა მაქვს შანსი, შენი საყვარელი პაციენტი გავხდე და ფასდაკლებას გამოვკრა ხელი.
- მე ძმა მყავს... - ცდილობს ამიხსნას, რომ ხანდახან სიფხიზლე საჭირო სულაც არაა, ადამიანის გასაცილებლად.
- დიდი ცხოვრებისეული მიღწევაა. - ვაწყვეტინებ: - მე კი და მყავს.
როგორც ყოველთვის, ლაპარაკს არ ვაცდი. მიკვირს, როგორ მითმენს.
- უფროსი? უმცროსი? - ვინტერესდები.
- ჩემზე პატარაა.
- ჩემი ძმაც.
- ორივენი უფროსი შვილები გამოვდივართ.
- რაღაც მაინც გვქონია საერთო.
- გარდა იმისა, რომ ჩინებულად ვცეკვავთ?!
- მალე ჩემი ძმა მოვა და გაგვიყვანს.
- აბა, გამოტყდი, ყველა პაციენტი სახლამდე მიგყავს ხოლმე?
- კი, თუ ქორწილზე მხვდება.
- ხშირად გხვდებიან ქორწილებზე?
- არასდროს შემხვედრიან.
ამასობაში, გზააბნეული ტაქსიც მაგნებს. ფანჯარას დაბლა სწევს და ომახიანად მეკითხება, თქვენ გამომიძახეთო?
- დიახ. - ვპასუხობ და ტბელს ვემშვიდობები.
- დღეს ისეთი დაღლილი ხარ, მარტივად დაგეძინება. - ისე მეუბნება, თითქოს გარანტიას მაძლევს.
მანქანაში ჩამჯარი კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს ტიტეს, მერე კი ტაქსისტს ვეკითხები, რატომ არ იძვრით, წითელ პარასკევს ელოდებით-მეთქი?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent