ჯაიპურში შევხვდებით! (მეოთხე თავი)
თავი მეოთხე: რა მნიშვნელობა აქვს, სად გძინავს? მთავარია, გამოიძინო! სამზარეულოში ვზივარ და, დედაჩემთან ერთად, ლანჩს შევექცევი. ჩინური რესტორნიდან კერძები გამოიძახა. მიყვება, რომ ბორჯომის ერთ-ერთ სასტუმროში საერთაშორისო, კონფერენცია იმართება ფსიქოლოგებისთვის და სურს, მონაწილეობა მივიღო. - სერტიფიკატსაც გადმოგცემენ. წარმოიდგინე, რა კარგად გამოჩნდება შენს კაბინეტში. პაციენტი რომ შემოვა, ეგრევე ყურადღებას მიაქცევს. კარიერული თვალსაზრისითაც გამოგადგება და სანაცნობო წრესაც გაიფართოებ. - ძალ-ღონეს არ იშურებს ჩემს დასარწმუნებლად. - აბა, რას იზამ? წახვალ? - არ ვიცი, ასე მოკლე დროში თემის არჩევასა და მომზადებას, თუ მოვასწრებ. თან ინგლისურად უნდა წარვადგინო. ქართულად მაინც იყოს სალაპარაკო... - ნუ ღელავ. თემის არჩევა-დამუშავებაში მე დაგეხმარები. - დამაჯერებლად ჟღერს დედაჩემის სიტყვები. ზოგადად, ყოველთვის ახერხებს ადამიანებზე გავლენის მოხდენას; ამით, მგონი, ვგავართ ერთმანეთს. - შენ, უბრალოდ, პასუხი მითხარი... რომ სიაში დროულად ჩაგწერონ. - არ მეშვება. - კარგი... წავალ. - ვთანხმდები, მაგრამ გული მეთანაღრება. კარზე კაკუნი ისმის, შემდეგ იღება და ნუცას ვხედავ. ნუცა კლინიკის ადმინისტრატორია და სამსახურში ჩემი რეკომენდაციით მოეწყო. პაციენტი ოთახში შევიდა და გელოდებათო, მამცნობს. ხომ ვთხოვე, უჩემოდ ნურავის უშვებ-მეთქი?! რით ვერ გავაგებინე?! ვცდილობ გაღიზიანება არ შევიმჩნიო. ჭამას თავს ვანებებ და ვდგები. - დაამთავრე და ისე გადი, - მირჩევს დედაჩემი და კერძზე მანიშნებს. - რაღაც, მადა დამეკარგა... დაბურულ, შუშის კარს რომ ვხურავ, ჩურჩულით ვსაყვედურობ ნუცას. ის თითებს იწვალებს, ძვლებს იტკაცუნებს და თავის მართლებას იწყებს: - ვუთხარი, გარეთ დაელოდეთ-მეთქი და მაინც შექანდა. ვერ დავაოკე. გეფიცები, შეშლილია ეგ გოგო! - ამ სიტყვების გაგონებაზე, ერთადერთი ადამიანი მახსენდება და მოულოდნელად, გულის აჩქარებას ვგრძნობ. რა ჯანდაბაა?! ალბათ, ყავის სმას უნდა მოვუკლო. ისეთი სისწრაფით მივიწევ საკუთარი კაბინეტისკენ, თითქოს ერთი სული მაქვს ჩემი უცნაური პაციენტი ვნახო. თავს შენელებას ვაიძულებ — პატარა ბიჭივით რას გავრბივარ? კაბინეტში შევდივარ. ანეტა დივანზე მხვდება — სახეზე ბალიში აფარია, ხელები გულზე ისე აქვს დაკრეფილი, თითქოს მიცვალებულია და კუბოში წევს. თავს მრავლისმთქმელად ვაქნევ და მეღიმება — პატარა „დრამატურგი“! მერე უჯრიდან უბის წიგნაკს ვიღებ და მის მოპირდაპირე მხარეს, სავარძელში რბილად ვეშვები. ველოდები, როდის შემიმჩევს ჩემს მოსვლას. რამდენიმე წუთი გადის... ანეტა არც ინძრევა, არც რამეს ამბობს. საათს ვუყურებ. ჩახველებით ყელს ვიწმენდ, რომ როგორმე კონტაქტზე გამოვიყვანო. ჯიუტად დუმს... ამიტომ მობილურს ვიღებ და უღიმღამოდ „ვსქროლავ“ — მისი ნებაა, ამ ერთ საათს როგორ გაატარებს, ბოლოს და ბოლოს, ფულს იხდის ამაში; სიჩუმე უნდა? იყოს ჩუმად. ათ წუთში „სქროლვა“ მბეზრდება — ინტერნეტში ჩემთვის საინტერესოს ვერაფერს ვპოულობ. ყოჩაღ ამის მოთმინებას... აი, მე კი ფიალა მევსება! ფეხზე ვდგები, ბალიშს ვაშორებ და ხელები იმწუთასვე ჰაერში მიშეშდება — სძინავს... უშფოთველი და ღრმა ძილით. ულამაზესი დასანახია მინაბული თვალებითა და სიმშვიდე მოფენილი სახით — უმანკოება გამოსჭვივის მისგან; სიფხიზლეში არასდროს დამილანდავს ეს უმანკოება — სამყაროსადმი მისი ბრაზი, წყენა და უკმაყოფილება შთანთავს თითქოს. სულ რამდენიმე წამით გული მიჩერდება, შემდეგ კი ისეთი სისწრაფით იწყებს ფეთქვას, რომ სუნთქვაც კი მეკვრის — მინდა სასწრაფოდ ჰაერზე გავიდე. ამ დღეებში კარდიოლოგს მივაკითხავ — აშკარად არითქმია მაქვს, არადა ახლახან გავხდი ოცდა შვიდი წლის. ნეტავ, ოდესმე თუ გაიგებს, რომ ასაკი მოვატყუე, რა რეაქცია ექნება? გაბრაზდება, ალბათ... მაგრამ საინტერესოა იმხელა თუ იქნება ეს მრისხანება, რომ ჩემთან სიარულს თავი დაანებოს. „ჩემთან სიარული“ დიდ ადგილს ტოვებს ინტერპრეტაციისთვის და გთხოვთ, არასწორი მიმართულებით ნუ წახვალთ. შესაძლოა, ყოველთვის მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენას ვერ ვახერხებ — პროფესიული პრაქტიკა ახლახან დავიწყე და მიჭირს ცალსახად ფსიქოლოგის როლში დარჩენა — მაგრამ მოუკრეფავში ისეც არ გადავდივარ, რომ პაციენტის მიმართ რომანტიკული ინტერესი ან ფიზიკური მიზიდულობა გამიჩნდეს! ეს არასდროს დამემართება... არასდროს! ... და მაინც, ვუყურებ, ვტკბები, თვალს ვერ ვაშორებ... ხელი მეღლება, ამიტომ ბალიშს გვერდით ვდებ. შემდეგ ფანჯარასთან მივდივარ და ფარდებს ვაფარებ, რომ სქელი ნაჭერი მზის სიკაშკაშეს მებრძოლივით წინ აღუდგეს და ოთახში აღარ შემოატარაოს. სივრცე, რომელიც სულაც არ ჰგავს კლინიკის ტიპურ კაბინეტს, შინაური აურითაა სავსე (გგონია, მეგობართან შეირბინე სტუმრად), შედარებით, ბნელდება. შესაძლოა ეს არასწორია... მაგრამ განა მისი გაღვიძება სწორი იქნება? ხომ ვიცი, რომ უძილობა და შფოთვა აწუხებს. ვინ იცის, რამდენი ხანია არ უძინია? კომპიუტერთან ვჯდები, WORD-ის ფაილს ვხსნი და საკონფერენციო თემაზე ფიქრს ვიწყებ. იქნებ პირველადი მონახაზი გავაკეთო, სანამ ანეტას გაეღვიძება. ყველა იდეა, რომელიც თავში მომდის, ანეტას ხასიათის თავისებურებას ან მის სავარაუდო ფსიქოლოგიურ პრობლემებს უკავშირდება... რა გამოდის, ჩემი პროფესიული მუზაა? მეგონა „მუზა“ მხოლოდ ხელოვანებს ჰყავდათ, მაგრამ თურმე, მეცნიერებაშიც არსებობს ეს ფენომენი. ჩემს მიგნებებსა და აღმოჩენებზე მეღიმება და თავს მრავლისმთქმელად ვაქნევ. *** ორ საათში ადმინისტრატორისგან მესიჯი მომდის, მომდევნო პაციენტი გელოდებაო. ვთხოვ სხვა კაბინეტში შეიყვანოს. სანამ ნუცა ჩემს პაციენტს „აბინავებს“, მე მოსაცმელს ვიხდი და მძინარე ანეტას ვაფარებ. ერთხანს ზემოდან დავცქერი — მისი სახე აფუებულ, ბუჩქივით თმაში იკარგება. მერე ვიცუცქები და უფრო ახლოდან ვაკვირდები — მკაფიოდ გამოყვანილი, გრძელი და ხშირი წარბები აქვს; ლამაზად აპრეხილი წამწამები ზღაპრის პერსონაჟს ამსგავსებს; მაღლა აზიდული ყვრიმალები და თხელი, მოგრძო, ოდნავშესამჩნევად აპრეხილი ცხვირი უმშვენებს სახეს. სანამ მზერა ტუჩებისკენ გამექცევა, წელში ვსწორდები და კაბინეტს ვტოვებ. პ რ ო ფ ე ს ი ო ნ ა ლ ი ზ მ ი უპირველეს ყოვლისა! - დღეს კლინიკას მე დავკეტავ, - ვეუბნები ნუცას, რომელსაც ჩემი შეთავაზება სულაც არ აკვირვებს — ხშირად ვრჩები ხოლმე გვიანობამდე, ხან მეგობრებს ვეპატიჟები და გასართობად ვიკრიბებით, ხანაც ჩემს ძმასთან ერთად ვერთობი; დიდი ტელევიზორი გვაქვს მოსასვენებელ ოთახში და ფეხბურთის ყურებაც „ასწორებს“ ხოლმე, ლუდითა და ჩიფსებით. არის განსაკუთრებული შემთხვევები, როცა გოგოებს ვეპატიჟები — წესით, მიხვდებით, რისთვისაც... კარგი იქნება, თუ ეს პატარა საიდუმლო ჩვენ შორის დარჩება. სანამ ჩემი სითავხედით აღშფოთდებით და ქოქოლას დამაყრით, სამსახურიდან ხარ გასაგდებიო, დაგასწრებთ და გეტყვით, რომ ეს კლინიკა ჩემს ოჯახს ეკუთვნის, მე კი ოჯახში უფროსი ვაჟი ვარ, ასე რომ ჩემს საკუთრებას როგორც მინდა, ისე გამოვიყენებ არასამუშაო საათებში. შევთანხმდით? - ჩემი მაგიდის პირველ უჯრაში ვტოვებ გასაღებს, როგორც ყოველთვის, - მპასუხობს ნუცა, მემშვიდობება და ტაატით მიდის. სამსახურიდან არასდროს მიიჩქარის, დილაობით კი, დამლაგებლის შემდეგ, პირველია, ვინც თავით ერჭობა ოფისში. ალბათ, თავისი საქმე მოსწონს... ან ძალიან ცდილობს საქმის კეთილსინდისიერად შესრულებით მადლობა გადამიხადოს დახმარების ხელის გაწვდენისთვის. ბოლო პაციენტთან დამშვიდობების შემდეგ, სამზარეულოში შევდივარ და მაცივარში მორჩენილ კერძებს ვეძებ. დრაკონი რომ გაიღვიძებს, ეშიება... და თუ მინდა, მის ლუკმად არ გადავიქცე, სჯობს საჭმელი დავავხედრო. ანეტას მადასა და გემოვნებაზე არაფერი ვიცი, ამიტომ რთული მისახვედრია, მორჩენილი კერძები გვეყოფა თუ არა. მობილურის აპლიკაციას ვხსნი და კერძის არჩევას ვცდილობ. რა გამოვიძახო — ხორცს ჭამს? იქნებ ვეგეტარიანელია ან, უარესი, ვეგანი. შეიძლება რამე სპეციფიკურ პროდუქტზე ალერგია აქვს... მგონი, სჯობს გამოვკითხო. ჩაბნელებული კაბინეტის კარს ფრთხილად ვაღებ. დერეფნიდან შუქი იჭრება და პირდაპირ იმ სავარძელს ეცემა, სადაც მძინარე მზეთუნახავი დავტოვე. ანეტას ღვიძავს. წამომჯდარია, თმას იქექავს და სივრცისთვის გაუშტერებია თვალი. როგორც ჩანს, ახლახან გაახილა თვალები და ფხიზლდება. ნეტავ, თუ ხვდება, სადაა. - პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა არასდროს მქონია. - ხელებს ვატყუპებ, ლოყასთან ვიდებ და რამდენიმე წამით თვალებს ვხუჭავ — ვაჯავრებ, თითქოს მძინავს. - არც ისეთი გრძელვადიანია შენი პრაქტიკა, ეგ ფრაზა რომ გამოიყენო. არ მეთანხმები? - მთავარი ხარისხია და არა — ხანგრძლივობა. - ეგ შეიძლება სექსზე თქვა... მაგრამ ფსიქოლოგის საქმიანობაზე — ნაკლებად. - შენ სექსის ექსპერტი ხარ, თუ რა იცი? - რაღაც ძალიან დაინტერესებული ხარ ჩემი სექსუალური ექსპერტობით. - პირწმინდა, პროფესიული ინტერესი. - შუქს ვანთებ, ანეტას თვალებს ჭრის და სახეზეს უკმაყოფილო ბავშვივით მანჭავს. - რა თქმა უნდა, - გულიანად იცინის. - აბა, როგორ გამოიძინე? - სასწრაფოდ ვცვლი თემას. - იცი? ბევრ უცნაურ ადგილას მიძინია... - ფეხზე დგება და იზმორება. - უცნაური შენი გაგებით თუ „ჩვენი“ გაგებით? - „თქვენ“, ანუ „ნორმალური ადამიანები“ და მე - შეშლილი? - ქამარს ისწორებს. - არ მითქვამს, რომ შეშლილი ხარ. - არ გითქვამს, მაგრამ მასე ფიქრობ... - პირდაპირ თვალებში მიყურებს ამ სიტყვების წარმოთქმისას. - შენ რა იცი, მე რას ვფიქრობ? ტელეპათიური ნიჭი გაქვს? - ეგ ნიჭი რომ მქონდეს, იქნებ წლიურად 10 000 ლარის ხარჯი თავიდან ამერიდებინა. - ცხვირს ჭმუხნი, ენას ყოფს და იჭყანება. - ცუდია, რომ სხვადასხვა მხარეს ვართ... - ტუჩებს ისე კუმავს, თითქოს გამებუტა. - მაგრამ ერთ მხარეს, რომ ვიყოთ, ალბათ, ექიმ-პაციენტობასაც ვერ შევძლებით. ჩვენში ერთი მაინც „დალაგებული“, ხომ, უნდა იყოს. „დალაგებული“ არც მე ვარ, მაგრამ ამას პაციენტს ვერ ეტყვი. ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ფსიქოთერაპევტებსაც თავიანთი ფსიქოლოგები სჭირდებათ ხოლმე. - ცდები, ჩვენ ერთ მხარეს ვართ... და ერთი მიზანი გვამოძრავებს. ორივეს გვინდა... - რომ გამოვიძინო? - მაწყვეტინებს. - მაგიტომაც არ გამაღვიძე? სულ ცოტათი ნერვებს მიშლის ხოლმე, შუა ლაპარაკში ასე რომ მეჩრება. არა, სხვა დროსაც მიშლის ნერვებს, მაგრამ მემგონი, მომწონს ეს მდგომარეობა — შესაძლოა იმიტომ, რომ ჩვეულებრივ, მე ვთამაშობ სხვის ნერვებზე და სახალისოა როლების გაცვლა. ხომ გეუბნებით, დალაგებული არც მე ვარ-მეთქი? - ჩვენ ორივეს გვინდა, რომ განიკურნო ყველაფრისგან, რაც კი სიმშვიდეს გიფრთხობს და სრულფასოვან ცხოვრებაში ხელს გიშლის. - განკურნების მერე სახალისო რომ აღარ ვიყო? - ვფიქრობ, ყოველთვის სახალისო იქნები. - აჰა... - წარბები კმაყოფილი გამომეტყველებით აათამაშა: - ანუ შენც ფიქრობ, რომ სახალისო ვარ... - შენ ისევ ფასდაკლებაზე „მეჩალიჩები“, არა? სულ მთლად აუფასურებ ჩემს შრომას! - შრომის გაუფასურებაზე ჩემთან ნუ იწუწუნებ, თუ ძმა ხარ! - რატომ? როგორც ვიცი, ოპერატორებს კარგად უხდიან. - მე ოპერატორი არა ვარ! - ისე შესძახა, თითქოს სამშობლოს ღალატში დავდე ბრალი. - რა ვიცი, ქორწილში აშკარად ოპერატორობდი. - დოკუმენტალისტი ვარ! - მეუბნება და მერე დამარცვლით მიმეორებს. - კარგი, ჩავთვალოთ, რომ ქორწილების გადაღებაც დოკუმენტალისტიკის ნაწილია. - შენი აზრით, შენთან კონსულტაციებზე იმისთვის მოვდივარ, რომ დამცინო და მამასხარაო? - ო, არავითარ შემთხვევაში... - თავს ვაქნევ: - თუმცა, სიმართლე გითხრა, ჯერ კიდევ იმის ამოცნობაში ვარ, ჩემთან რატომ დადიხარ. - მიხარია, რომ საფიქრალი გაგიჩინე. - გშია? - რატომ მეკითხები? - ნუ ართულებ, უბრალოდ მიპასუხე — „კი“ ან „არა“. - შესაძლოა მშიოდეს. - წამო, სამზარეულოში გავიდეთ. - რაღაც მაგარი გაშინაურებული ხარ... არ ამიხსნია, რომ კლინიკა ჩემი ოჯახისაა და, ერთ დღეს, ვინ იცის, იქნებ მის სათავეში თავადაც ჩავდგე, დედაჩემის ნაცვლად. ანეტას სამზარეულო მოსწონს. დიდ ფანჯრებთან მიდის და ქუჩაში ინტერესით იყურება. - ოპერატორად იმიტომ ვმუშაობ, რომ ფილმის გადასაღებად ფულს ვაგროვებ. - ისე იწყებს ლაპარაკს, ხედს თვალს არ აშორებს. - გაქვს რაიმე კონკრეტული იდეა ან ჩანაფიქრი? - როგორ — არა. - მაგრამ საიდუმლოა? - კარიერული ჩანაფიქრები რა დასამალია, როცა დარწმუნებული ვარ, ამ სესიების განმავლობაში, ჩემს გაცილებით დიდ საიდუმლოებებს შეიტყობ... - ჩემკენ ბრუნდება. - კი, თუ დაძინების ნაცვლად, ილაპარაკებ. არ ეცინება. არც კი იღიმის. უჩვეულოდ სერიოზული და მტკიცე მეჩვენება. ჩვენი მოკლე ნაცნობობის განმავლობაში, ასეთი არც მინახავს. - ინდოეთში გამგზავრებას ვაპირებ: რეინკარნაციის თემაზე მინდა დოკუმენტური ფილმის გადაღება. - შენ ძალიან მოგწონს ინდოეთი. - ცდები... შეპყრობილი ვარ. -არადა, თითქოს არ ჰგავხარ იმ გოგოს, ინდოეთი რომ უყვარს. -ლიმიტირებული წარმოდგენები. Please think out of box. *** ბურგერებს მივირთმევთ და ფრისთვის ერთმანეთს ჩანგლებით ვებრძვით. იმედია, თვალს არ ამომთხრის. ნეტავ, ჩემი ძმაც აქ იყოს, ჩვენთან ერთად — მაგრად იხალისებდა. მგონი, მავიწყდება, რომ აქ მეგობრული შეხვედრა კი არა, დაგვიანებული სესია მაქვს გამართული — თუნდაც ჭამა-სმის თანხმლებით. - აი, რომ გეუბნებოდი, ბევრ უცნაურ ადგილას მიძინია-მეთქი და არ დამამთავრებინე სათქმელი... - კარგია, რომ გაგახსენდა. მომიყევი, აბა, სად გიძინია. - მეტროს ვაგონში — უფრო სწორად, მთელი ღამეც კი გამიტარებია იქ. - ეგ რანაირად მოხდა? - ჩამეძინა და არავის გავუღვძებივარ, სავარაუდოდ ვაგონში ბოლო ვიყავი და მაგიტომაც... ღამის სამზე თვალები რომ ვჭყიტე, უკვე გვიანი იყო; მეტრო დახურული დამხვდა. - მერე? არ შეგეშინდა? - თავიდან კი... ერთმანეთზე უარესი სცენარები მიტრიალებდა თავში. ჩემივე ფანტაზიაა ჩემი უპიველესი მტერი. ამ თვითანალიზსა და მიგნებაზე, მეღიმა. - მერე, ვიფიქრე, ერთი ამის დედაც-მეთქი, გადავწექი ისევ და ძილი გავაგრძელე. მიძინია გადასაღებ მოედანზე, რეჟისორის ასისტანტად მუშაობისას — მაგ შემთხვევას კინაღამ გადაყვა ჩემი სამსახური! - თან ლუკმას ღეჭავს, თან იცინის და ლაპარაკს აგრძელებს — „სამი ერთშია“: - მიძინია საწყობშიც, სადაც სტუდიის ტექნიკას ინახავდნენ... სკვერში სკამზე — კონცერტის შემდეგ ტაქსი ვერ დავიჭირე, გვიანი იყო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ მუშაობდა; დაველოდები, სანამ რამე გამოჩნდება-მეთქი, ვიფიქრე და მოლოდინში ძილმა წამიღო... დილას სიგრილემ გამაღვიძა. საბნის დაფარება მოვინდომე და, რომ ვერ ვიპოვე, თვალები ვჭყიტე, სად ვარ-მეთქი. - კონცერტზე მარტო იყავი? - მიკვირს, რადგან თავად მარტო არსად დავდივარ — მითუმეტეს, კონცერტებზე. დასტურის ნიშნად თავს მიქნევს და ფანტას წრუპავს. - ერთმა ბოლო მომენტში გადაწყვიტა ბილეთის გადაყიდვა, ფული მჭირდებაო; მეორემ — კონცერტის ხასიათზე არ ვარო და გააჩუქა. - და მაინც წახვედი... - რა თქმა უნდა, წავედი! შენ რა, ჩემს ადგილას გადაიფიქრებდი?! ტიტე, ექვსი თვე ველოდებოდი საყვარელი ჯგუფის „ლაივში“ მოსმენას და ნახვას! მარტო იმიტომ ჩამექნია ხელი, რომ მეწყვილე არ აღმომაჩნდა?! სრული სისულელე! როცა გშია, იქამდე არ ჭამ, სანამ ვინმე არ შემოგიერთდება? თუ პირდაპირ დგები და საჭმელს ამზადებ ან ყიდულობ? - პეპის ჰგავხარ. - გრძელ-წინდაზე მეუბნები? - ჰო... ის მომენტი გახსოვს? წვიმაში რომ ყვავილებს რწყავდა. მეზობლის ბიჭმა ჰკითხა, პეპი რას შვები, ისედაც წვიმს, ყვავილებს მორწყვა რაღად უნდაო. - პეპიმ კი უპასუხა, მთელი ღამე გათენებას ველოდი, რომ ეს ყვავილები მომერწყა და რაღაც წვიმა ვერ შემაჩერებსო. - დაასრულა ჩემი სათქმელი. - და შენ ვის ჰგავხარ? - არ ვიცი... საკუთარ თავს. - მხრებს ვიჩეჩავ. ვდგები და წყალს ვადუღებ, რომ ცხელი შოკოლადი დავლიოთ. მართლა არ მაგონდება ლიტერატურული პერსონაჟი, რომელთანაც სულიერ ნათესაობას ვგრძნობ. - მორჩა „უცნაურ ადგილებში ჩაძინების“ ჩამონათვალი? - არა, ერთი გამახსენდა კიდევ! - მოიცა, გამოვიცნობ... სასაფლაო? - სასაფლაოზე ძილი სიკვდილის მერეც მეყოფა. - სახურავზე? - ახლოსაც არა ხარ... - კარგი, თქვი მაშინ. - სამორინეში... - სამორინეში რაღა გინდოდა?! - დაბადების დღე აღვნიშნე, ოხდახუთის რომ გავხდი. ჯერ რესტორნის სივრცეში ვივახშმეთ და შემდეგ ორას-ორასი დოლარით მაგიდებზე გადავნაწილდით. მე „რულეტკა“ ვითამაშე. - და მთელი თანხა გაანიავე? - სულაც არა... ათასი დოლარი მოვიგე! ჩემს ცხოვრებაში ყველაზე იღბლიანი ღამე იყო, მე მგონი. - ანუ ლუდომანიისკენ ხარ მიდრეკილი?! - ღმერთო დიდებულო! ლუდომანიისკენ მიდრეკილი რომ ვიყო, კაზინოში რა ჩამაძინებდა! აბა, დაფიქრდი?! - Makes sense. ათასი დოლარი რომ მოიგე, ემოციებმა მოგგვარა ძილ-ბურანი თუ რა მოხდა? - ძალიან აჟიტირებული კი ვიყავი, მაგრამ ჭკუა ვიხმარე. - თითი საფეთქელზე მიიკაკუნა: - ავიღე ეს ჩემი ათასი დოლარი და ბანკის ანგარიშზე შევიტანე. არა, ბიჭოს, უკან შევაბრუნებდი და „სამორინეს“ ვაჭმევდი. ცოტა დავიტოვე, რომ დამელია... გოგონებმა კი ბოლომდე ითამაშეს. სანამ ფსონებს დებდნენ და დებდნენ, რამე ხომ უნდა მეკეთებინა? მეც სავარძელში მოვკალათდი და სმა დავიწყე. ვსვამდი... ვსვამდი... და ისე „წამაკიმარა“, ვერც მივხვდი. - შენი ძილის რეჟიმი აუცილებლად უნდა მოვაწესრიგოთ. ასე ყველგან ძილი მართლა არანორმალურია... - რა მნიშვნელობა აქვს, სად გძინავს? მთავარია — გამოიძინო! მიძინია იახტაზე, ბათუმში... და ღამის კლუბშიც კი... - არ მგონია, კლუბში დასაძინებლად დადიოდეს ვინმე, - ვიღიმი. - ყოველ შემთხვევაში, მე საცეკვაოდ დავდივარ. - სხვათა შორის, ძალიან კარგად ცეკვავ... და მაგ თემაზე დალაპარაკება მინდოდა. მაგიტომ მოვედი დღეს. - ანუ დღეს კომპლიმენტების სათქმელად მოხვედი და არა - დასაძინებლად? - ვფიქრობ, ჩვენს ურთიერთობას ცეკვა-თამაშის კომპონენტი უნდა ჩამოვაშოროთ... თორემ ექიმ-პაციენტობა მეგობრობაში გადაგვდის. მე კი, ექიმის დახმარება მჭირდება, და არა - მეგობრის. - მართალი ხარ. ბოდიშს გიხდი, მთვრალი ვიყავი და ვერ მოვზომე. საშინელი თავის გამართლებაა, მაგრამ სხვას ვერაფერს გეტყვი... ასეთი რამ აღარასდროს განმეორდება ჩემი მხრიდან - არავითარი ცეკვა... - და არავითარი პროფესიული საზღვრების გადაკვეთა. - ჰო. - ცხელ შოკოლადს ვუდგამ და მის გვერდით ვჯდები. - ნახე, აბა, შაქარი ხომ არ აკლია? ფრთხილად წრუპავს, რომ არ დაიწვას და ხელით მანიშნებს, კარგიაო. - რამდენი მეგობარი გყავს, ანეტ? - რთული კითხვაა... არ ვიცი... - ოდენობა თუ თვლა? უი, შენ ხომ გიყვარს მათემატიკა... უფრო სწორად, მხოლოდ მჭირდებაო, გაიძახი. - არ ვიცი, ამ ეტაპზე რამდენი მათგანი დარჩა რეალურ მეგობრად... ხშირად თავს ისე ვგრძნობ, თითქოს საერთოდ, უმეგობრო ვიყო. „ჩვეულ გარემოსთან გაუცხოება და იზოლაცია“ — მობილურში ჩავინიშნე, რომ მოგვიანებით უბის წიგნაკში გადამეტანა. - დიდი ხანია, რაც თავს ასე გრძნობ? - ალბათ, მას შემდეგ, რაც ჩემმა მეგობრებმა „დიდი ნაბიჯების“ გადადგმა დაიწყეს. მე კი არანაირი წინსვლა არ მაქვს ცხოვრებაში, თითქოს ჩამოვრჩი მათ. - რას გულისხმობ? - ზოგი დაოჯახდა, ზოგს შვილიც კი შეეძინა... შესაბამისად, მეგობრებისთვის ნაკლები დრო აქვს. მათმა დაოჯახებამ თითქოს განგაშის ზარი შემოჰკრა ჩემში და შფოთვა გამიჩინა — აი, ყველა თხოვდება... შენ კი ოცდაექვსი წლის ასაკში შეყვარებულიც კი არ გყავს... სანამ შენ ვინმეს იპოვი, სანამ ურთიერთობა ჩამოყალიბდება და სახეს მიიღებს, სანამ გრძნობები განვითარდება, სანამ ერთობლივ მომავალზე დაიწყებთ ფიქრს და მერე უკვე დაგეგმვას... - ვახ! ძალიან რომ მთხოვოს ვინმემ... ფულიც რომ გადამიხადოს, ახლა ცოლის მომყვანი არ ვარ! - მიუხედავად იმისა, რომ ოცდაათის ხარ? გამახსენდა, რომ ანეტასთვის ჩემი ნამდვილი ასაკი არ გამიმხელია. - შენ მამაკაცი ხარ და, ლოგიკურია, რომ სხვა რეალობაში ცხოვრობ — ნაკლებად განიცდი საზოგადოებრივ წნეხსა და ზეწოლას დაოჯახების თემაზე. მთელი სამყარო არ დაგჭყავის, რომ ბიოლოგიური საათი წიკწიკებს, დრო გადის და მალე შენი რეპროდუქციული სისტემა უვარგისი გახდება... რომ თუ შვილს არ გააჩენ, სიბერეში არავინ მოგხედავს და მარტოობასა თუ გაჭირვებაში ამოგხდება სული; რომ თუ დედობას ერთხელ მაინც არ გამოცდი, ე.ი. საზოგადოებისთვის გამოუსადეგარი ხარ და ქალის „უპირველესი როლი“ ვერ შეასრულე; ვერ რეალიზდი ისე, როგორც შენი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და „დაჟე“ მეზობლები ელოდნენ ამას შენგან... შენ, კაცს, მუდმივად არ გახსენებენ, რომ კონკრეტული ასაკის შემდეგ, ზედ აღარავინ შემოგხედავს; რომ შენი კარიერული შესაძლებლობები ასაკობრივი ლიმიტებით შეიზღუდება, რაც დღითიდღე გაგიმწვავებს იმის განცდას, რომ არავის არაფერში სჭირდები — არც სამსახურში, არც პირადში... - და ამ ყველაფერს ოცდაექსვი წლის ასაკში განიცდი? - ყურებს ვერ ვუჯერებ. ანეტა, ხომ, ჯერ ოცდაათი წლისაც არაა; ნუთუ ასეთი მოწამლულია... განა, პატრიარქატი ამდენად ამახინჯებს ქალების თვითაღქმას?... ამაზე წინათ არასდროს მიფიქრია; მითუმეტეს მაშინ, როცა მსგავს თემებზე თავადაც კი ვხუმრობდი სამეგობრო წრეში. - არ მინდა „ვადაგასული ქალი“ ვიყო. ვიცი, რომ ეს გარდაუვალია... დროს ვერ შევაჩერებ, სამყაროს ვერ გამოვასწორებ და ადამიანებს აღქმებს ვერ შევუცვლი, მაგრამ... - ანეტა, „ვადაგასული ადამიანები“ არ არსებობენ. ადამიანი, ხომ, ნივთი არ არის, ვადა რომ გაუვიდეს? - გამარჯობა შენი... წადი და ეგ ყველა იმ კაცს უთხარი, ოცდაათი წლის შემდეგ ზედაც რომ არ შემომხედავს. - შენ ულამაზესი გოგო ხარ... და წლების შემდეგ კიდევ უფრო ლამაზი ქალი იქნები. ცოდნისთვის, პატარა ბიჭებს მოსწონთ ზრდასრული ქალები. - ჰო? და რისთვის — ერთი ღამისთვის? - გოჯერ — ბევრი ღამისთვისაც. - ო, როგორ მანუგეშე! ნამდვილი პროფესიონალი ხარ ნუგეშისცემის საკითხებში. სწორი მისამართისთვის მომიგნია, „ინტერნეტში“ მშველელსა და მხსნელს როცა ვეძებდი. *** კლინიკიდან გამოვედით. - მეტყვი სად ცხოვრობ? - ამჯერადაც შენმა ძმამ უნდა გაგვიყვანოს? - დამცინის. - არა, ამჯერად მე წაგიყვან, - ვპასუხებ და ხელით ჩემს სკუტერს ვანახებ. - სკუტერზე არასდროს ვმჯდარვარ. - ხოდა, ახლა გაქვს შანსი. - მერე ჩაფხუტი? - შენ დაიფარებ, მე არ მინდა. - ო, როგორი თავადებაა. სკუტერზე ვჯდები და ის ჩემ უკან კალათდება. - ლამაზი სტუტერია. - ჩემმა ძმამ მაჩუქა დაბადების დღეზე. - ხშირად ახსენებ შენ ძმას. ძალიან ახლოს ხართ? - იმაზე ახლოს, ვიდრე წარმოდგენა შეგიძლია. შეგიძლია ჩათვალო, რომ სიამის ტყუპები ვართ. უეცრად, ანეტამ ძებნა დაიწყო რაღაცას. დაჟინებით მაკვირდებოდა: - რა ხდება? რის პოვნას ცდილობ? - „სიამის ტყუპის“ — მაინტერესებს, მეორე თავს სად მალავ. - ჩემს „აგდებას“ სჯობს, ხელები ძლიერად მომკიდო. არ გადავარდე! - სკუტერს ვძრავ და მივქრივარ. - იაჰუუუუუუ! რა მაგარია! - ანეტა ბოლო ხმაზე ყიჟინებს. ხელები ჩემს წელზე აქვს მოხვეული და ძლიერად მეკვრის ზურგზე. - ამას მე ვერ ვუმკურნალებ. მართლა ფსიქიატრი სჭირდება. რაც უფრო მალე გავუსწორებ თვალს მოცემულობას, მით უფრო კეთილსინდისიერი ვიქნები ჩემს უცნაურ პაციენტთანაც. - ვფიქრობ და მსიამოვნებს, მისი შეკივლება და კისკისი რომ ჩამესმის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.