შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სახლი შავი ფარდებით (სრულად)


დღეს, 14:49
ავტორი ვე რა
ნანახია 10

სახლი შავი ფარდებით

_ოდესღაც დიდი ხნის წინათ, შორეულ სამეფოში დრაკონმა დაიდო ბინა. ერთ დროს სიკეთის მსახური ხალხის უგულო ღალატისგან გაბოროტებული ახლა ავ და საშიშ დემონად ქცეულიყო. ერთ ღამეში შეეძლო მუსრი გაევლო მთელი სოფლისთვის. მის მოდგმაში უკანასკნელი, გარდაუვალი სიკვდილის და გადაშენების გზაგასაყარზე მყოფი, ცდილობდა რაც შეიძლება მეტი სული წაემძღვანებინა წინ და შური ასე სასტიკად ეძია. სძულდა კაცობრიობის მოდგმა და არც თუ უსაფუძვლოდ.... ფედე ახლა შენი ძილის დროა, დანარჩენი ხვალ გავაგრძელოთ!_
უთხრა დედამ პატარა ცისფერთვალა გოგონას და სქელყდიანი შავი წიგნი, ზედ გამოსახული შავი საზარელი დრაკონით ფრთხილად დახურა.
_ არა! კიდევ, კიდევ მინდა! ცოტა კიდევ!_ ყელი გამოუწია გოგონამ დედას ორი თითით.
_ კარგი, იყოს კიდევ ცოტა. _ დანებდა დედა გაჯიუტებულ შვილს და წიგნი კვლავ გადაშალა._ იმ ქვეყნის მეფე ჯადოქართან წავიდა და დახმარება სთხოვა. ჯადოქარმა უპასუხა:
_ არსებობს ერთი შელოცვა, ეს შელოცვა მას ადამიანის სხეულში გამოამწყვდევს! ის მოკვდავი გახდება და თქვენ ადვილად შეძლებთ მის დამარცხებას!
ის იყო მეფე სიხარულისგან გაიბადრა, რომ ჯადოქარმა დააყოლა._ მაგრამ არსებობს ერთი რამ! იმისთვის რომ მისი სურვილი დააცხრო და მისი არსება ადამიანის სხეულში შეაკავო წელიწადში ექვსჯერ, თითო ულამაზესი ქალწული უნდა შესწირო.
დაფიქრდა მეფე, მთელი ქვეყნის გადასარჩენად განა რა იყო ექვსი ქალწული?
_მაგრამ იმისთვის რომ სამყაროს ბალანსი არ დაირღვეს, პირველი შენი მშვენიერი .... ჰმ, აკი არ გეძინებოდა პატარა ქალბატონო!_ ღიმილით გადახედა დედამ მძინარე შვილს. გულში პატარა წითურ ბალნიანი სათამაშო მელაკუდა რომ ჩაეკრა და ტკბილად ეძინა._ ნეტავ რატომ აიკვიატა დრაკონი უფლისწულის ზღაპარი?
ჩაილაპარაკა ინტერესით წიგნი დახურა და საწოლის გვერდით მაგიდაზე დადო. შვილს საბანი მზუნველად ამოუკეცა და მელაკუდას ფერ მოწითალო თმაზე აკოცა სიყვარულით.

_ აღარ შემიძლია! დავიღალე! არ ვარ ვალდებულ კალეს ახირებების გამო ვიცვალო საცხოვრებელი! _ ბრაზობდა იზი და გახუნებულ ჩემოდანს ალაგებდა. ეტყობოდა რომ ეს ჩემოდანი ხანგრძლივ მგზავრობებს შეჩვეული და შეგუებული იყო._ შენ ანია? ასე მორჩილად როგორ ეგუები ამ უაზრობას? როგორც იყო მეგობრები გავიჩინე....
გაჩერდა, წელში გაიმართა და ფანჯარასთან მდგარ დას გახედა. ნელა მიუახლოვდა და მის მზერას გააყოლა თვალი._ სანი მოგწონს არა?
ჰკითხა თანაგრძნობით. მის სიტყვებზე შეკრთა უფროსი და. ფარდა უხეშად ჩამოაფარა და ცივად გამოხედა იზის.
_ დაუფიქრდი რას ამბობ დაო! ლაურამ თუ ყური მოკრა.... _ გაჩუმდა და იქვე მაგიდასთან ჩამოჯდა. _ შეეგუე ბოლო ბოლოს. ესაა ჩვენი ცხოვრება! ჩვენი წყევლაც და ჯილდოც! კალეზე ჰკიდია ჩვენი ყოფნაც და არ ყოფნაც! ამდენი რატომ არ გესმის?
_ შენც დედასავით ლაპარაკობ უკვე თუ ატყობ? არ მითხრა რომ საუკუნეების წინანდელი ლეგენდის გჯერა! უბრალოდ კალე კაცია! გვარის გამგრძელებელი! დედა და ბებია კი ამით დაბრმავებულები არიან! გააგიჟეს ბავშვობიდან! დააჯერეს, რომ ასე უნდა იყოს! და მასაც სჯერა, რომ სამყარო მის გარშემო ბრუნავს!
_ ანია, იზიიი! _ მოესმათ ქვემოდან დედის ხმა._ ჩამოირბინეთ გოგონებო სტუმარი გვყავს!
_ არა! ნუთუ ისევ?_ სიბრაზე ვერ შეიკავა იზიმ.
_ მაინც მივდივართ და ეს ბოლო ბარემ....
სამაგიეროდ ახალ ადგილას ცოტა ხანს მშვიდად ვიცხოვრებთ! იფიქრე ამაზე!_ სევდიანი ღიმილით უპასუხა დამ. წამოდგა მოწყენილმა გახედა იმ ფანჯარას, საიდანაც ცოტა ცნის წინ მეზობლის ბიჭს უთვალთვალებდა
სახეზე ყალბი ღიმილი მოირგო და ოთახიდან გავიდა.
_ გამარჯობა მე ანია ვარ!_მოესმა დის ვითომდაც სტუმარყმოყვარე ხმა იზის.
_ მე ნატალია მქვია!_ უპასუხა უცხო სტუმარმა. ცრემლებმა აუვსო თვალები იზის. დიდი სალათისფერი ყურსასმენი მოირგო ყურებზე და მუსიკას ბოლომდე აუწია.

წყვდიადში ჩაძირული საძინებლის ცენტრში იდგა უზარმაზარი მუხის ხის საწოლი. ისეთი მხოლოდ მეფეებს რომ ჰქონდათ ძველ დროში. თავთან გამოქანდაკებული უზარმაზარი დრაკონი ავად ჩაფრენოდა საწოლის მაღალ ქონგურებს, თითქოს მზად იყო თავზე გადმომხობოდა საწოლში მწოლთ
თავი უკან გადასწია ახალგაზრდა ქალმა. ყელში იგრძნო მისი ცხელი, მხურვალე კოცნა. თითქოს ცეცხლი ეკიდა სხეულის ყველა იმ კიდურზე, სადაც წამოს წინ ის კაცი ეხებოდა. სწვავდა ეს მხურვალება,მაგრამ წინააღმდეგობის გაწევის თავი არ ჰქონდა. თითქოს რაღაც დამამშვიდებლის ზემოქმედებას განიცდიდა, მორჩილი იყო და სურვილსაც კი გრძნობდა, რომ არასდროს დასრულებულიყო ის ცეცხლოვანი ალერსი. ერთგვარ ექსტაზს განიცდიდა ქალი. და აღარც ის აშინებდა ,რომ მის ზემოთ საწოლის თავზე მჯდარ დრაკონის ქანდაკებას თვალები წითლად უელავდა. ლავასავით ბორგავდა კაცი მის მორჩილ სხეულზე და მის არსებას ყლუპ ყლუპად შთანთქავდა. სვამდა და ვერ იკლავდა წყურვილს. ვერც საკუთარ თავში აბობოქრებულ ხანძარს აცხრობდა
და ბოლოს როცა მის სხეულს მოშორდა, სიცარიელემ შემოხედა ქალის მზერიდან. სიანულის მძაფრმა გრძნობამ აიტანა კაცი. ფეხზე წამოდგა და ისე მოშორდა ქალს, როგორც კეთროვანს. იმის გაცნობიერება თუ რას მართებდა მისი ალერსი უდანაშაულო ადამიანს ტკივილს აყენებდა. და ყველა ასეთი ღამის შემდეგ სულ იფრო სძულდა საკუთარი თავიც და მისი ამ ტკივილის გამომწვევი მთელი კაცობრიობაც.
_ აქ დამელოდე ძვირფასო!_ პატარა სკვერში დასვა ხნიერმა, მაგრამ არისტოკრატული შესახედაობის შავთმიანმა ქალმა დაბნეული და მზერაარეული გოგონა. სწრაფი ნაბიჯით გაეცალა და ხეებს უკან მოეფარა. მანამ უთვალთვალა სანამ არ დარწმუნდა, რომ გოგონასთან პარკის დაცვა არ მივიდა. ორ წამს შეიცადა და იქაურობას სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა.
_ ვინ ვარ? აქ რა მინდა? _ ეკითხებოდა დაცვას მიტოვებული ქალი. თავი სიბრალულით გადააქნია კაცმა. რაცია აიღო და დახმარებას უხმო.
_ პარკის ჩრდილოეთ ნაწილში ძველ ხიდათან ნაპოვნია 25 წლამდე ქალი. სავარაუდო ამნეზით....


თბილისის გარეუბანში, სახლებიდან რამდენადმე მოშორებით მდგარი ძველი ნახევრად დანგრეული შენობა რომ გაიყიდა, ყურადღება არავის მიუქცევია. არც მაშინ დაინტერესებულა ვინმე ამ სახლით, როცა მუშებმა მასალით დატვირთული მანქანები დაცალეს. პირველი ინტერესი სწორედ მაშინ გაჩნდა, როცა სახლს მაღალი გალავანი შემოარტყეს. კი ადამიანის ბუნება ასეა მოწყობილი, რომ რაც მის თვალწინ ხდება დიდად არ აინტერესებს, რაც არ უნდა საზარელი, უმსგავსო ანდაც ბედნიერი რამ ხდებოდეს,თუ ნახვას არავინ უშლის, შესაძლოა ზედ არც შეხედოს, ჩემი საქმე არააო, მაგრამ საკმარისია მის თვალს რამე მოაფარონ და მაშინვრ ინტერესით და ამბოხით ივსება.
ეს როგორ გაუბედეს? მას ხომ აქვს უფლება ყველგან ჩაყოს საკუთარი არამკითხე ცხვირი? ხოდა ასე მოხდა ახლაც. მაგრამ უნდა ითქვას რომ ბევრის ვერაფრის გაგება ვერ მოახერხეს იმის გარდა, რაც ისედაც აშაკარა იყო, რომ მათი ახალი მეზობლები კარჩაკეტილი, მდიდარი და უცნაური ხალხი იყვნენ. მარტო ის რად ღირდა, რომ გალავანს ზემოდან კარგად მოჩანდა შავი სახლის ქონგურებიანი ბოლო სართული, და რაც მას კიდევ უფრო საეჭვოს და საშიშს ხდიდა, ამ ფანჯრებიდან მეკობრეების გემის აფრასავით ფრიალებდა შავი ფარდები.
თუმცა ადამიანის უცნაურ ბუნებას რას გაუგებს თავადვე ადამიანი? ხოდა ახალ მეზობლებს უცნაურობა მაშივე აპატიეს, როცა მათი უცნაური სილამაზე აღმოაჩინეს. სილამაზეს ხომ უცნაურობაც ეპატიება?
სახლში, როგორც მეზობლებმა დაკვირვების ნიადაგზე, აღმოაჩინეს ოთხი ქალი და ერთი ახალგაზრდა მამაკაცი ცხოვრობდა. გოგონებს კიდე რა უშავდათ, აი ის ახალგაზრდა კაცი ყველას გულზე დაესო ხიჭვად. მით უფრო მაშინ იყო საოცარი დასანახი, ქურთუკ მოღეღილი რომ მიაქროლებდა გზაზე საკუთარი თვალებივით ღამისფერ მოტოციკლს. მეტი რა უნდოდა უბნის მოწყენილ ქალთა ამალას. სულ ერთი წამით მოკრავდნენ თვალს და ათასგვარ უწყინარ თუ საწყინარ ფანტაზიას აადევნებდნენ თან.
მაგრამ რაც არ უნდა ოხვრა გაეყოლებინათ მისთვის, რაც არ უნდა ეცადათ სახლის დიასახლისებთან საერთოს გამონახვა, მეზობლებს არ სწყალობდა ლაურა ამაშუკელის ოჯახი. ბოლოს რაღას იზამდნენ უბრალოდ მიეჩვივნენ ახალი მეზობლების სიჩუმეს და ხელი ჩაიქნიეს.... თუმცა საკმარისი იყო კალეს, ჰო ასე ერქვა იმ უცნაურ, მუდამ წარბშეკრულ ახალგაზრდა კაცს, მოტოციკლის ხმა გაეგონათ, მაშინვე მალულად გადასწევდნენ ფარდებს და სურვილით სავსე სევდიან მზერას გააყოლებდნენ საკუთარ იდუმალ გზებზე მიმქროლავს...

2
_ უნივერსიტეტში არ ვივლი!_ მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული ჯიუტობდა იზი._ რატომ ვიარო? რომ როცა მივეჩვევი, მომეწონება იქაურობა, ავდგე და ყველაფერი მივატოვო?
_ უკვე მეტისმეტია მისი უმსგავსო საქციელი ლიდია!_ შვილს შეუბღვირა ლაურამ._ ჭკუა დაარიგე შენს გაუზრდელ ქალიშვილს!
_ იზაბელ, ხომ ხვდები, რომ ეს აუცილებელია? კალეს...
_ აჰ, კალეს ესიგი? ანუ ჩემთვის კი არა, ესეც მისთვისაა! ანუ .... _ ზიზღით აევსო ხმა იზის. დედას ისე შეხედა, როგორც მოსისხარ მტერს._ გგონია ისევ მაიძულებთ, რომ მისთვის მორიგი მსხვერპლი ჩემი ხელით მოვიტყუო სახლში? ასემც უქნია სულიც გაუცხია!
_ გგონია მხოლოდ შენი ძმა დაზიანდება ამით?_ ავად ჩაეცინა ლაურას._ ანიას შეხედე, და შენს დას მიბაძე! მორჩილი იყავი!
_ ანია ბედნიერი გგონია ბებია? გგონია კმაყოფილია, რადგან დუმს? ისიც უბედურის! გესმის შენ? უ ბე დუ რი! _ ისე დაუმარცვლა ბოლო სიტყვა იზიმ ლაურას, თითქოს მისი ზიღიანი და ტკივილით სავსე ხმა საკმარისი არ იყო, რომ მისი დამოკიდებულება გაეგოთ ამ ყველაფრის მიმართ, რაც მათ სახლში ხდებოდა. კიბეს ახედა და კიბის თავში მდგარ ძმას მოკრა თვალი. სევდიანი მზერით რომ უსმენდა უმცროს დას.
_ მძულხარ გესმის? მძულხარ! მონსტრი ხარ! დემონი! ჯობდა არასდროს დაბადებულიყავი! ან მე არ გავჩენილიყავი შენ სდად! _ იკივლა გაცოფებულმა. ცრემლმორეულმა აირბინა კიბეები. გვერდით გაბლისას სიძულვილით სავსე მზერა შეავლო ძმას და საძინებლის კარი ისე მოიჯახუნა, სახლმა ზანზარი დაიწყო. კიბეები ჩაიარა კალემ. ხმა არვისთვის გაუცია. თუმცა გაქვავებულ და გაფითრებულ სახეზე ეტყობოდა რას განიცდიდა.
_ კალე შვილო!_ მიაძახა ლიდიამ, მაგრამ არც კი შეჩერებულა. ისე გაიარა ჰოლი და სახლიდან გავიდა. წამის შემდეგ კი უკვე თავდაღმართში მიქროდა თავაწყვეტილი სიჩქარით.
_ ახლა კმაყოფილია შენი შვილი ლიდია?!_ ჰკითხა ყინულიანი ხმით ლაურამ შვილს.
ლიდიას არაფერი უთქვამს. ფანჯრიდან სიბრულით უყურებდა გონარეულ შვილს.
უცნაუად აეწყო ლიდიას ცხოვრება. მამას დასანახავად სძულდა შვილი და დედაც არ ბრწყინავდა მისდამი დედობრივი მზრუნველობით. მშობლებს ვაჟი სურდათ, რომელიც არა და არ ჩაისახა. და თითქოს ეს მათი კი არა ლიდიას ბრალი იყო. ისეთი ბრაზით და ამრეზით გადმოჰყურებდა ხოლმე მამა. ბოლოს როცა დარწმუნდნენ ვაჟი არ ეყოლებოდათ ლიდიას ისე დაუწყეს ყურება, როგორვ ოქროს კვერცხის მადებარ ფრინველს. მიუხედავად მათში გამოღვიძებული მზრუნველობისა ლიდიამ კარგად იცოდა, რომ მათავარი გმირი თავად არასდროს იქნებოდა. ის მხოლოდ მშობლების იმედის ერთგვარი ძვირფასი ინკუბატორი იყო. სულ მალე საქმროც მოუძებნეს, გვარის და წარმოშობის შესაფერისი და ისე მიათხოვეს, რომ მისთვის აზრიც კი არ უკითხავთ. და ის იყო ლიდია ორსულად დარჩა, ქმარს და ბედს მიეჩვია, რომ მშობლებმა ხელი დაავლეს და უკან სახლში დააბრუნეს. მის ქმარს კი .... _ყველაფერს თავისი ფასი აქვს ამ ცხოვრებაში! გაახსენდა ლიდიას მეუღლის სიტყვები. იმედგაცრუება იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა.
როგორც იქნა ცხრა თვეში მომავალი მემკვიდრე დაიბადა. ბავშვს ბაბუის გვარი მისცეს და არც ამაზე უკითხავთ ლიდიას აზრი..... ლაურამ კი ისე შეიყვარა შვილიშვილი, როგორც ალბათ ვაჟიშვილს შეიყვარებდა. მამის სიკვდილის შემდეგ ყველაფერი უფრო გართულდა. სახლს ერთპიროვნულად მართავდა ლაურა, ლაურას კი კალეს სურვილები, მოთხოვნები და აუცილებლობები.
_ ის არის ჩვენი ძალა და საყრდენი!_ ამას იმეორებდა ლაურა ყოველთვის, როცა ვინმე წინააღმდეგობის გამოხატვას თუნდაც სიტყვით ცდილობდა. ამიტომ ზუსტად იცოდა იზიმ, რომ მისი პროტესტი მხოლოდ პატარა გოგოს კაპრიზებად აღიქმებოდა მათ ოჯახში. რამდენიმე დღე კიდევ იჯდა გაგულისებული საკუთარ საძინებელში გამოკეტილი, მაგრამ ბოლოს მობეზრდა და უნივერსიტეტში წასვლა მაინც გადაწყვიტა. თუმცა საკუთარ თავს პირობა დაუდო, რომ არავის დაუმეგობრდებოდა, მით უფრო არავის არასდროს კალეს არ გააკარებდა.
ეზოში შემოხვდა ძმა. ერთი კვირა იყო ლამოს აღარ მოდიოდა სახლში. თვალები უძილობისგან ჩამუქებოდა. დაღლილი და მოღუშული იჯდა ქვის სკამზე. საკუთარ არეულ ფიქრებში გართული. და დაინახა და დაუძახა. იზიმ მოუყრუა.
_ იზი!_ უფრო ხმამაღლა დაუძახა კალემ და როცა მიხვდა უმცროსი და აიგნორებდა ფეხზე წამოდგა. ორ ნაბიჯში დაეწია და წინ გადაუდგა._ იზი მისმინე! ასე გაგრძელება არ შეიძლება! მოდი დავსხდეთ და ვილაპარაკოთ!
ავად ახედა გოგომ. დაკვირვებით შეათვალიერა. ასეთი დაღლილი და გამოფიტულიც კი საოცრად ლამაზი და მიმზიდველი იყო. ამიტომ იყო რომ ვერავინ უძლებდა მის ხიბლს და შესაწირი ცხვრებივით მისდევდნენ უკან. რა თქმა უნდა ოჯახის წევრებზე არ ვრცელდებოდა მისი მიზიდულობის მაგია, მაგრამ მისი ქარიზმის არ შემჩნევა უბრალოდ შეუძლებელი იყო.
_ რაზე უნდა მელაპარაკო კალე? როგორ იკვებები უდანაშაულო ხალხის არსებობით? ამაზე გინდა მელაპრაკო? თუ იმაზე, რომ მაგ სულელური ზღაპრების გჯერა? დარწმუნებული ხარ, რომ ტყუილი არაა ეგ შენი დიდებული ლეგენდა?_ თავი ბრაზით გადააქნია კალემ._ ჰოო, ასეც ვიცოდი! მაგრამ იცი რას გეტყვი? რაც გინდა ის ქენი! მე არ გამრიო! შენ და ბებიაშენმა რაც გინდათ ის გააკეთეთ! ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს და ახლობლებს თითს აღარ დააკარებ კალე! მათაც_ გაბზეკილი საჩვენებელი თითი სახლისკენ გაიქნია_ მათაც ეტყვი, რომ ჩემგან არაფერს არ ითხოვ! თუ არადა მე წავალ ამ სახლიდან კალე!
_ ნუ იმუქრები დაო! შენც კარგად იცი შენი წასვლა რომ შეუძლებელია! ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ! თუ წახვალ ჩვეულებრივი..._ ხელი აუქნია იზიმ და გააჩუმა.
_ გგონია მადარდებს ეგ? გგონია არ მიღირს ერთი ადამიანური სიცოცხლე ამ საშინელებად, რაც წლებია გრძელდება! ნუთუ სინდისი სულ აღარ გაქვს კალე? ნუთუ მართლა მხოლოდ უგულო მონსტრი ხარ?_ დის სიტყვები გულში ხვდებოდა კალეს. ამაზე თავადაც ფიქრობდა. მაგრამ იცოდა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. განა თავად ისურვა, რომ ასეთად დაბადებულიყო? და რაც მოხდა სულ არ იყო მათი ბრალი!
_ კარგი იზი, მართალი ხარ. მაპატიე. ეგოისტი ვარ და ნამდვილი მონსტრი! გპირდები, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ ისურვებ! თავად დაველაპარაკები ბებიას ამაზე!_ ცრემლმა გაიბზინა იზის თვალებში. სინამდვილეში უყცარდა ძმა. უყვარდა და ებრალებოდა. ეს მხოლოდ შორიდან ჩანდა კალე ასეთი მედიდური და უგულო, თორემ ერთად გაიზარდნენ, და კარგად ახსოვდა იზის, სანამ ეს უბედური წყევლა თავს იჩენდა მასში, სანამ დაასახიჩრებდა ტკივილი, როგორი მზრუნველი და გულჩვილი იყო კალე.
_ აბა, ისევ მეგობრები ვართ?_ როგორც ბავშვობაში მოხრილი ნეკი გამოუწოდა ძმამ. ეჭვით დააცქერდა იმედით გამოწვდილ თითზე.
_ მპირდები?_ ჰკითხა ლამის მუდარით.
_ გპირდები!_ მტკიცედ უპასუხა ძმამ. მის ნეკას ჩაეჭიდა იზი. ბედნიერი იყო ახლა, და გახარებული. ფეხის წვერებზე აიწია და ორი თავით მაღალ ძმას ხელები მოხვია წელზე. მაგრად ჩაეხუტა.
_ ოდესმე ყველაფერი შეიცვლება კალე, ოდესმე გამოსავალს ვიპოვნით! არ შეიძლება, რომ რამე გამოსავალი არ არსებობდეს!_ უთხრა იმედით. და მერე ცრემლმორეული უყურებდა, როგორ მიდიოდა კალე დაღლილი ნაბიჯებით სახლისკენ.
_ დრაკონი და მისი ბნელი ბუნაგი!_ ჩაილაპარაკა იზიმ სევდიანი ხმით. სახლს ზურგი აქცია და სწრაფი ნაბიჯით დაეშვა ავტობუსის გაჩერებისკენ. ესეც პრინციპივით ჰქონდა იზის არასდროს აფიშირებდა საკუთარ ვინაობას, წარმომავლობას, ქონებას და სტატუსს. ყველასთვის უბრალო უცნაური გოგონა იყო. ეს მოსწონდა იზის საკუთარი თავის უბრალო ადამიანად წარმოდგენა. მოსწონდა და ამაზე ოცნებობდა. ეცხოვრა ერთი უბრალო ადამიანური პრობლემებით სავსე ცხოვრებით. თუმცა ყველაზე რთულად ხომ ყველაზე მარტივი ოცნებები ხდებიან?!
ლამის მთელი თვე ცდილობდა იზი და თავს ყველასგან შორს იჭერდა. მასზე იმასაც კი ამბობდნენ, რომ უმეგობრო და უკარება გოგო იყო. თუმცა ამაზე არ დარდობდა. იჯდა ხოლმე უნივერსიტეტის ბაღში თეთრ ქანდაკებებს შორის და ბავშვებს აკვირდებოდა. სამი იმდენი ცხოვრება ჰქონდა გავლილი, რაც თითოეულ მათგანს, და მაინც მათ უფრო მეტი გამოცდლება ჰქონდათ ურთიერთობებში, ვიდრე თავად იზის. უყურებდა მათ და ფიქრობდა, როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება, ისიც საშუალო სტატისტიკური გოგონა რომ ყოფილიყო, ნახევარგანაკვეთური სამსახური ჰქონოდა, გამოცდებზე ედარდა, შეყვარებულთან ჰქონოდა უაზრო და ბანალური პრობლემები და ამ პრობლემებზე საუკეთესო დაქალებთან ეწუწუნა. რა იყო მისი ცხოვრება? სხვისი თვალისთვის ალბათ სანატრელი, მატერიალურად სრულად უზრუნველყოფილი და .... და ცარიელი! გამოუტყდა საკუთარ თავს.
_ შეიძლება დავჯდე?_ მოესმა და თავს წამომდგარ გოგონას ახედა. რა უცნაური ფერის თმა აქვსო, მაშინვე ეს გაიფიქრა. არც ქერა, არც წაბლისფერი, არც ჟღალი და მაინც თითქოს თმის ფერის ყველა სპექტრი უელავდა მზეზე. ლამის წელამდე აბურდულად დაყრილი მსხვილი ლოკონები, და შუბლზე წვრილად აკრული აბრეშუმის თავსაფარი. დაუდევრად ლამაზიაო, გაიფიქრა და თავი დაუქნია. გოგონას ზურგს უკან ანთებული მზე მისი ნაკვთების აღქმაში ხელს უშლიდა. ღიმილით მიუჯდა. შუაში ნაჭრის ფურჩალებიანი ჩანთა ჩადო და გზისკენ ზურგით მიბრუნდა, ისე რომ მისთვის თვალებში ეცქირა. ახლა მისმა თვალისფერმა გააოცა იზი. ცისფერი თვალები ჰქონდა გოგონას, არც ლურჯი, არც რამე სხვა, ცისფერი, თუ დილის ზღვისფერი, ლივლივა, კამკამა. რატომღაც მაშინვე კალე გაახსენდა. „ეს არ უნდა ნახოს!“ გაიფირა შემკრთალმა.
_ სულ მარტო რატომ ხარ? მარტოობა გიყვარს?_ ჰკითხა და ჩანთიდან კონტეინერი ამოიღო. გახსნა და პატარა შაქრის პუდრა მოყრილი კექსები ამოიღო. _ არ გშია?
გაუწოდა გულწრფელი ღიმილით.
იმ დღიდან დაიწო მათი მეგობრობა. თითქოს წლები იყო ერთმანეთს იცნობდნენ. თითქოს უსიტყვოდ და უთქმელად ესმოდათ ერთმანეთის. ერთმანეთს ავსებდნენ. იზი ჩუმი, ერთი შეხედვით ცივი და უკონტაქტო, ხოლო ფედე მხიარული, ნათელი, თბილი და საოცრად კონტაქტური. თავს სრულყოფილ ადამიანად გრძნობდა იზი ფედესთან, და ისიც იგივეს განიცდიდა.
მოსწონდა იზის ფედეს სახლში სტუმრობა. მოსწონდა მისი დამოუკიდებლობა, მოსწონდა ის რომ დედამისი პატივს სცემდა შვილის პირად სივრცეს. ისიც კი მოსწონდა სახლი რომ პატარა და მოცუცქნული ჰქონდათ. მოსწონდაათი პატარა ადამიანური პრობლემები და მათი ერთობლიობა ამ პრობლემების მოგვარების გზაზე.
მაგრამ ერთ დღესაც, როგორც მოსალოდნელი იყო, ფედემ იზის ოჯახის გაცნობა მოისურვა და აი აქ მოიტყუა პირველად იზიმ. თუმცა მთლად ტყუილიც არ ერქვა ამას.
_ ჩემი ოჯახი შენსას არ ჰგავს ფედე! უცნაური ხალხია. ამპარტავანი, გაყოყოჩებული და ცივი. რომ გაიგონ შენთან ვმეგობრობ ამასაც ამიკრძალავენ! მათთვის არავინ არის ჩემი შესაფერისი! მაპატიე, მაგრამ ვერ დაგპატიჟებ ჩემთან, არა იმიტომ რომ მეც მათსავით ვფიქრობ! უბრალოდ მათი რეაქცია ვიცი! ვიცი რისი გამკეთებლებიც არაიან!_ ამას ამბობდა და იცოდა, რომ სინამდვილეში ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ ფედეს სახლში შესატყუებლად. ყველაფერს იზამდნენ, რომ ფედეს ეს ნაბიჯი საკუთარი სურვილით გადაედგა. ამ საზარელ რიტუალში ხომ ეს იყო ყველაზე მთავარი. კალეს მორიგ მხევალს, სწორედ ასე უწიდებდა ლაურა იმ საბრალო გოგონებს, ეს თავად სდომოდა.
_ ნუთუ ამდენად სასტიკები არიან?_ ვერ დაიჯერა ფედემ.
_ ამაზე მეტადა მეგობარო! სისასტიკე ეს მათი პროფესიაა!_ სიბრალულით შეხედა ფედემ იზის. მივიდა და მოეხვია.
_ არა უშავს! მე შენ მიყვარხარ, არა აქვს ჩემთვის აზრი რას ფიქრობენ შენები ჩვენს მეგობრობაზე! შენ რომ ხარ ასეთი კარგი, ესეც სრულებით კმარა ჩემთვის!

_ სადაა ეს ქარაფშუტა გოგო ამდენ ხანს!_ მკაცრად ჰკითხა ლაურამ შვილს.
_ თქვა რომ შეაგვიანდება._ მშვიდად უპასუხა ლიდიამ. დედა ეჭვობდა, რომ იზის საიდუმლო მეგობარი ჰყავდა. მაგრამ ლაურასთვის ამის თქმას არ ჩქარობდა. დედა იყო და გულში ებრალებოდა ქალიშვილი.
_ არც კალე მოსულა!_ მობილური აიღო და შვილიშვილის ნომერი აკრიფა._ ორი კვირა დარჩა, ორ კვირაში ახალი მხევალია საპოვნელი. და რატომღაც ამაზე არავინ ფიქრობს.
ჩაილაპარაკა მკაცრად და დაელოდა კალე როდის უპასუხებდა.
მინდვრის პირას ჰყავდა გაჩერებული მოტოციკლი კალეს და გზის ნაპირას ჩამომჯდარი გაჰყურებდა წითლად ჩამავალ მზეს. არაფერზე ფიქრობდა, მხოლოდ სიმშვიდეს უსმენდა და მზის ფერების უცნაურ გარდამავალ გრადაციას აკვირდებოდა. მობილური აზუზუნდა ქურთუკის ჯიბეში. ამოიღო და უინტერესოდ დახედა. ნაცნობი ნომერის დანახვისას ამოიოხრა.
_ გისმენ ბებია!
_ სად ხარ კალე?
_ რა მოხდა?
_ არაფერი, ის შენი ქარაფშუტა და არ მოსულა, თუ გზა სახლისკენ გაქვს, გამოუარე და წამოიყვანე! არ მინდა გვიან მარტომ იაროს გარეთ!
_ კარგი, გავუვლი!_ მოკლედ უპასუხა მობილური გათიშა და ფეხზე ადგა.
უნივერსიტეტის ბაღში მჯდარს გადააწყდა იზის კალე. მაგრამ იზის ნაცვლად თვალი მისგან ზურგით მჯდარ უცნობ გოგონაზე გაუშტერდა.
_ზუსტად მზისფერი თმა აქვს!_ ჩაილაპარაკა ინტერესით. და ის იყო ნაბიჯი გადადგა მათკენ, რომ იზიმაც შეამჩნია. სწრაფად აკოცა მეგობარს ლოყაზე და ნაუცბადებად გამოიქცა ძმისკენ. ფედესთან მიახლოებაც არ აცალა. მკლავში ხელი გამოსდო და აიძულა ბაღიდან გასულიყო.
_ რას აკეთებ იზ?_ ჰკითხა მისი უცნაური ქცევით გაკვირვებულმა ძმამ ღიმილით.
_ აქ რას აკეთებ? რატომ ხარ აქ?_ დაუფარავი ბრაზით ჰკითხა დამ.
_ ლაურამ მთხოვა მოვსულიყავი!_ უპასუხა და მხრები აიჩეჩა._ რა იყო არ შეიძლება?
_ არ შეიძლება! ხოოო, არ შეიძლება! არასდროს გესმის? არასდროს არ მომაკითხო აქ, არ მინდა აქ შენი დანახვა! და ნუ მიყურებ ასე! კარგად იცი, რატომაც! შენ მე დამპირდი კალე! შენ მე დამპირდი!_დის სიტყვები გულს სტკენდა, მაგრამ ესმოდა მისი. ჩაფხუტი აიღო და უხმოდ გაუწოდა. და სანამ თავადაც დაიფარებდა კვლავ ბაღისკენ გაექცა მზერა. შორიდანაც კი უელავდა იმ უცხო გოგონას თმები.
_მართლა ჩამავალ მზეს ჰგავს!_ ჩაილაპარაკა გაოცებულმა კალემ და მოტოციკლი დაძრა.
გაკვირვებული უყურებდა ფედე და_ძმას. არა თუ არ გააცნო იზიმ ძმა , მისი სახის დანახვაც კი ვერ მოასწრო. იქნებ სულაც პირიქით იყო და იზის მასთან მეგობრობა რცხვენოდა? საკუთარი უბრალო ჩაცმულობა შეათვალიერა. აბურდულ თმაზე ხლები გადაისვა და ჩანთა შეისწორა. არა! იზი ასეთი არ იყო. რაღაც სხვა ამბავი იყო, უფრო უცნაური და იდუმალი და ალბათ ამ საიდუმლოს ოდესმე ფარდა აეხდებოდა.

3

_ანია, მაინტერესებს სად იკარგება ხოლმე იზი! მინდა თვალი ადევნო სად დადის, ვისთან! გასაგებია?_ მაგიდასთან იჯდა ლაურა და მუქი შინდისფერი ლაქით შეფერილ ფრჩხილებს მტაცებელი ფრინველივით აკაკუნებდა მაგიდაზე. მაგიდის ბოლოში აწურული იჯდა ანია. ანია იზი არ იყო. სხვისი კი არა საკუთარი თავის და სურვილების დაცვა არ შეეძლო, მაგრამ აქამდე დისთვის თვალთვალი მაინც არ დაუვალებია ბებიას. ახლა არ იცოდა რა ექნა. ბავშვობიდან მორჩილი გოგონა იყო. სუსტი ჯანმრთელობით. კარგად იცოდა, რა მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის ძმის სიახლოვეს ცხოვრებას. იცოდა კალეს წყეული მაგიის გარეშე დიდი დრო არ ექნებოდა, მაგრამ დის ღალატი მეტისმეტი იყო. მოშორებით მჯდარ დედას გახედა და ამოიოხრა. წარბიც არ შეუხრია ლიდიას. ქანდაკებასავით იჯდა და ფანჯარას გაჰყურებდა თვალმოუშორებლად.
_ ბებია, ნუთუ არ არსებობს გამოსავალი? _ ჰკითხა ხმის კანკალით.
_ რას გულისხმობ?_ ავად ამოხედა ქალმა.
_ რომ ჩვენს ოჯახს ეს წყევლა მოშორდეს, რომ სხვებივით შევძლოთ ცხოვრება._ ხმის კანკალით გაუბედავად ამოთქვა ანიამ.
_ ჰმ!_ ცივად ჩაეცინა ლაურას._ სხვებივით? ანუ შენს შემთხევაში საავადმყოფოში მუდმივ უშედეგო მკურნალობას? დედაშენის შემთხვევაში სიცოცხლისთვის მოპარული წლების ერთიანად დაბრუნებას და ჩემთვის ალბათ სამარეს, ხომ? თან ეს ყველაფერი ქონების, უნარების, და სტატუსის გარეშე არა? ეს გინდა?
ფეხზე წამოდგა და ამაყად წელში გამართული აუყვა კიბეებს.
_ერთი კვირა გაქვს და მერე მეტყვი, რა ხდება შენი დის თავს! გასაგებია ანია?_ მკაცრად გამოხედა კიბის თავიდან. და მოვერცხლილი დრაკონის თავიან ჯოხი იატაკს დაჰკრა მბრძანებლურად. ჯოხის მეტალის ძირის იტაკზე დაცემის ხმაზე შეხტა ანია. თავი მორჩილად დაუქნია და ისევ მდუმარედ მჯდარ დედას გახედა._ და გახსოვდეთ ერთი კვირა გვაქვს დრო! მხოლოდ მე არ უნდა ვნერვიულობდე ამაზე!
_ არადა დედები შვილებს უნდა იცავდნენო გაიფიქრა!_ მაგრამ ხმამაღლა აღარაფერი უთქვამს. სიცოცხლეს ებღაუჭებოდა ანია და თავს ამით იმართლებდა იმ წამს, მაგრამ იყო კი ეს ცხოვრება ნამდვილი სიცოცხლე? ამაზე პასუხი არ ჰქონდა საბრალოს.

_მეგობარი გაიჩინე?_ ინტერესი ვერ დაფარა კალემ და სანამ სახლში შევიდოდნენ, მანამ ჰკითხა დას.
_ არა, არაფერი მნიშვნელოვანი!_ სწრაფად იუარა იზიმ. არ ენდობოდა ძმას. არ სურდა , რომ ფედეს მიმართ ინტერესი გასჩენოდა._ მაგრამ პირობა არ დაივიწყო კალე! გთხოვ!
მუდარით დაამატა ბოლოს და გრძელ ლამაზ თითებზე მოუჭირა ხელი. თავი დაუქნია კალემ. ყველაზე მეტად ისევ თავად სურდა, არასდროს დაერღვია დისთვის მიცემული პირობა.

თუმცა ბედი უცნაური რამაა, და იღბალს კი საოცრად მწარე ირონია აქვს. ხშირად სწორედ ისე ალაგებს კარტებს და სახელოში ისეთ კოზირებს მალავს, რომ საკუთარ თავსაც კი გაოცებულს ტოვებს, არათუ იმ მარიონეტებს, თოკებზე გამობმულს რომ ათამაშებს, მათივე ნებისგან დამოუკიდებლად.

_ეს როგორ გააკეთე ანია? _ ისეთი იმედგაცრუება დაინახა ანიამ დის თვალებში, რომ სხეული გაეყინა. არც ბრაზი,არც სიძულვილი, არც არაფერი ისეთი, რასაც მოეჭიდებოდა და სინდისს დაიმშვიდებდა. იზის თვალები ცარიელი ჰქონდა. მხოლოდ იმედგაცრუება, ცარიელა იმედგაცრუება..... _ გადი ანია! არ მსურს შენი დანახვა!
ამოიოხრა ბოლოს და საწოლზე დაჯდა. დას ზურგი აქცია და გაჩუმდა. სიტყვის უთქმელად გაიხურა ანიამ საძინებლის კარი.
სულ იცოდა იზიმ, რომ ანია სუსტი იყო, უნებისყოფო და ზედმეტად მორჩილი. ადვილი იყო მისი გატეხვა. კარგად იცოდა ეს იზიმ, მაგრამ ღალატი მაინც ღალატად დარჩა და გული გაუბზარა. საკუთარი თავისთვის თუ არა საყვარელი ადამიანისთვის მაინც უნდა ეპოვნა საკუთარ თავში ძალა და ლაურასთვის წინააღმდეგობა გაეწია.
მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო! როცა საძინებლის კარის საკეტის ხმა გაიგონა იზიმ, მიხვდა მორიგი სასჯელი აამოქმედა ბებიამისმა. ალბათ უნივერსიტეტს და ფედეს კიდევ კარგა ხანს ვეღარ ნახავდა. სიამაყე უსაზღვრო ჰქონდა და ხმა არ ამოუღია, არც პატიება, არც სასჯელის არიდება არ უთხოვია. ისევ თავად დაიღლებოდა ლაურა, უბრალოდ უნდა დალოდებოდა. და მისთვის სიამოვნება არ უნდა მიენიჭებინა, ცრემლებით და ხვეწნა_მუდარით.

_ რა ხდება იზი სადაა? _გაუკვირდა დის არყოფნა კალეს. ზოგადად დიდად არ ერეოდა ქალების კონფლიქტებში, მაგრამ ბოლო დროს ცდილობდა იზისთან ურთიერთობა გამოესწორებინა. ამიტომ მოინაკლისა.
_ იზიმ წესი დაარღვია! ისევ!_ მკაცრად უპასუხა ლაურამ.
_ ხომ გითხარი, რომ მას თავი დაანებო? ჩვენ შევთანხმდით, თუ მას არ სურს, არც მიიღებს ამ ყველაფერში მონაწილეობას! გასაგებია ბებია?_ თვალი თვალში გაუყარა კალემ ქალს.
_ რაც ამ სახლში ხდება, ხდება იმიტომ, რომ ეს გარდაუვალი აუცილებლობაა! და არა მარტო იმიტომ, რომ ეს მხოლოდ შენთვის არის აუცილებელი! შენ კარგად იცი, რა მოყვება წესების დარღვევას! იქნებ გინდა ის განთავისუფლდეს? _ წარბი ასწია ქალმა და წელში გაიმართა._ ერთხელ უკვე ვნახეთ რაც მოჰყვა შენგან საკუთარ თავზე უარის თქმას! გახსოვს კალე? თუ დაგავიწყდა?
სიმწრით მომუჭა თითები კალემ. თვალწინ გაუელვა წარსულის სურათებმა. ცხადად შეიგრძნო ხანძარი და ცეცხლის ყოვლისწამლეკავი ენები საკუთარ სხეულზე. გაახსენდა ის სასტიკი სიამოვებაც, რასაც იმ წამს განიცდიდა და თითქოს ხალხის ის უმწეო კივილიც გაიგონა, რაც მასში დამწყვდეული მხეცის განთავისუფლებას მოჰყვა. ბოღმის და ტკივილის ბურთი ყელში გაეჩხირა. ყველაზე საშინელი იმის გაცნობიერება იყო, რომ ერთდროულად სამყაროში ყველაზე ძლიერი და ყველაზე სუსტიც თავად იყო. მან კარგად იცოდა, რას ნიშნავდა საკუთარი თავის პატიმრად ცხოვრება. უხმოდ წამოდგა და საძინებლისკენ გაემართა. სიბნელე, ეს იყო მისი თავშესაფარი. სულ რამდენიმე დღე და კვლავ შეიპყრობდა უმართავი წყურვილი. სულ ოდნავ გაიღვიძებდა მისი შინაგანი მონსტრი და კიდევ ერთ უმწეო, უბრალო, უადანაშაულო მსხვერპლს შეიწირავდა.
ისეთ დასასრულზეც უფიქრია კალეს, რომელსაც ჯერ ისევ ცოდვად მიიჩნევდა სამყარო, მაგრამ კარგად იაზრებდა, რომ მის გადაწყვეტილებაზე მხოლოდ საკუთარი კი არა საყვარელი ადამიანების ბედიც ეკიდა. და ცხოვრება ასეთი სასტიკი არჩევანის წინ აყენებდა, ან იზი და ანია, რომ არაფერი ვთქვათ ლაურასა და ლიდიაზე და ან ორ თვეში ერთხელ სრულებით უცხო ქალი. და რაც არ უნდა სისასტიკედ მოგეჩვენოთ, არჩევანს ოჯახის სასიკეთოდ აკეთებდა კალე. ეს იყო მისი ვალდებულებაც და პასუხისმგებლობაც.
....
_ იზი დღესაც აცდენს?_ იკითხა ჭაღარა ჭროღათვალება ლექტორმა_ გადაეცით, რომ გაცდენა მის ქულებზე აისახება. არა, იმდენი პასუხისმგებლობა მაინც ხომ უნდა ჰქონდეს, რომ გაცდენის მიზეზი ახსნას?
_ შეუძლოდ არის რამდენადაც ვიცი!_ მეგობრის დაცვა სცადა ფედემ. თუმცა სინამდვილეში არაფერიც არ იცოდა. ზარზეც კი არ პასუხოდა იზი. უკვე თავადაც ნერვიულობდა. არ სჩვეოდა იზის ასეთი უპასუხისმგებლობა. რა უჭირდა ისეთი, რომ მესიჯსაც არ სწერდა. იქნებ მისმა ოჯახმა ჩემზე გაიგო? გაახსენდა მისი ნათქვამი სიტყვები. მკაცრი და უგულო ხალხიაო ჩემებიო. არა! უნდა ეცადა მასთან დაკავშირება. მაგრამ როგორ მისამართიც რომ არ იცოდა? გადაწყვიტა დახმარება მეგობრისთვის ეთხოვა. რომელიც დეკანატის გოგოს უჟუჟუნებდა თვალებს. იქ უეჭველად კი ეცოდინებოდათ მისი მისამართი. ბევრი არ უფიქრია, ასეც მოიქცა. და საღამოს გახარებული ჩაჯდა იმ ავტობუსში, რომელიც იმ მისამართზე მიდიოდა პატარა ქაღალდის ფურცელზე რომ ეწერა და ხელში რომ ჰქონდა ჩაბღუჯული.
გაჩერებიდან ფეხით აუყვა აღმართს. და გაოცებული შედგა ქუჩის ბოლოს, როცა ბოლო სახლსაც გაცდა. აღმართის თავზე აღმართულ მოქუფრულ სახლს გახედა დაფიქრებით. უსიამო გრძნობა დაეუფლა. განცალკევებით იდგა მუქი შენობა და მოქუფრული გადმოჰყურებდა. „ნუთუ ამ საშინელ სახლში ცხოვრობს იზი?“ გაიფიქრა შემკრთალმა.
_ დრაკულას სასახლე თუ არსებობს, ალბათ ასეთი უნდა იყოს!_ ჩაილაპარაკა დაბნეულმა და აღმართს აუყვა. დაკაკუნება და მასპინძლის გამოხმობა აზრადაც არ მოსვლია. იფიქრა, ასე შესაძლოა დაემძიმებინა კიდეც სიტუაცია. ასიოდე მეტრი აშორებდა სახლს რომ სწრაფად ჩაუქროლა შავმა მოტოციკლმა. თვალი გააყოლა მთლად შავებში გამოწყობილ მრბოლელს და მიხვდა, ჩაფხუტს მიღმა ისიც თვალს არ აცილებდა. მისი მიახლოებისას ჭიშკარი ისე გაიღო, როგორც საშიშ მისტიურ კინოებში. მოტოციკლი შეატარა და ისევ დაიხურა. უსიამოდ გააჟრჟოლა ფედეს. მაღალ შეუვალ გალავანს ახედა და ახლა სახლის ზედა სართულზე აფრიალებული შავი ფარდები მოხვდა თვალში. იდგა და გაოცებული აჰყურებდა ფანჯრებს.
_ რა უბედურებააა ამდენი შავი!_ ჩაილაპარაკა წარბშეკრულმა და საკუთარ ყვავილებიან ფრიალა კაბას დახედა. იმხელა კონტრასტი იყო მასსა და ამ სახლს შორის. სახლს წრე დაარტყა, მაგრამ პატარა შესახედიც ვერ უპოვნა.
_ სახლი კი არა ციხეა ნამდვილი!_ ჩაილაპარაკა გაბრაზებით. მობილური ამოიღო და იზის მისწერა.
„ იზ შენს სახლთან ვარ! კარგად ხარ? რამე მაინც მანიშნე, გთხოვ. იმასაც ვფიქრობ უკვე, პოლიციაში ხომ არ დავრეკო?“
„ წადი აქიდან ფედე! წადი და აქ არასდროს დაბრუნდე! ცოტა დრო მომეცი და აუცილებლად ყველაფერს აგიხსნი!“ ისე სწრაფად უპასუხა მეგობარმა. შეკრთა ფედე.
„ კარგი,ახლა წავალ,მაგრამ იცოდე, თუ არ გამოჩნდები აქ მარტო კი არა უკვე დამხმარე ძალასთან ერთად დავბრუნდები.“ მისწერა მეგობარს. და ერთხელ კიდევ ახედა აფრიალებულ შავ ფარდას, მოეჩვენა ვიღაც იდგა ფანჯარასთან, მაგრამ დამტკიცებით ვერ იტყოდა. იფიქრა იზი იყო. ხელი ასწია და ნელა დაუქნია, ორივე ხელის თითებით გულის გამოსახულება გააკეთა და მეგობარს გასამხნევებლად დაანახა, მერე სახლს ზურგი აქცია და დაღმართზე დაეშვა.
შორიდანვე შეამჩნია ფედე კალემ. სიჩქარეს მოუკლო და გვერდით გავლისას ნიავზე აფრიალებულ ოქროსფერ თმას თვალი გაოგნებულმა ააყოლა. მაშინვე იცნო, ის გოგონა იყო უნივერსიტეტის ბაღიდან.
სახლში შესული არც კი შეყოვნებულა ლაურას ძახილზე. კიბეები სწრაფად აიარა და საძინებლის ფარდის მიღმიდან გადმოხედა უჩვეულო სტუმარს. უყურებდა და თვალს ვერ აშორებდა. არასდროს მომხდარა ასე მიეზიდა ვინმეს. თავს პატარა გამოუცდელ ბიჭად გრძნობდა იმ წამს. და სასწაულად სურდა მისი ახლოდან დანახვა. ინანა კიდეც, რომ არ გაჩერდა და მისი გაცნობა არ სცადა. იქნებ სახლში მიპატიჟება....იზი გაახსენდა და ფიქრი გაწყვიტა.
არა! თურმე მართალი იყო იზი! რომ არ ენდობოდა. მას კი სწყინდა. თურმე ტყუილად! საკუთარი და უფრო კარგად იცნობდა მის ბუნებას ასე გამოდის! გაფაციცებით აკვირდებოდა მის ყოველ მოძრაობას, როგორ გადაიწია ურჩი თმა ყურს უკან, როგორ დაწერა მესიჯი ორივე ხელის ცერა თითებით, როგორ ამოხედა სახლს და.... უეცრად გული გაუჩერდა წამით. იმ გოგომ პირდაპირ თვალებში შეხედა და ხელის თითებით გული გააკეთა. ისეთი რეალური იყო იმ წამს მისი მოქმედება, უფრო სწორედ ისე მოუნდა კალეს, რომ მართლა თავად ყოფილიყო ამ ჟესტის ადრესატი... და როცა გოგონამ სახლს ზურგი აქცია და წავიდა, კალეს ფიქრებიც თან გაიყოლა....

ცხოვრებაში პირველად იფიქრა კალემ, რომ იმ გოგონას უფრო ახლოს გაცნობა სურდა. რომ სურდა კიდევ ენახა, ესაუბრა მასთან.... და ეს სურვილი საკუთარ დემონურ წყურვილში აერია. უცებ შეეშინდა კალეს, ვაითუ ის მორიგი მსხვერპლი იქნებოდა. ფარდა ჩამოაფარა და საწოლზე გულაღმა გადაწვა.
_ რატომ მე?_ ჰკითხა ბრაზმორეულმა სახლის კედლებს. _ რატომ მაინც და მაინც მე?
ამ კითხვაზე კალეს პასუხი არ ჰქონდა. დრო კი უმოწყალოდ გადიოდა,სურდა თუ არა ეს მას, ერთ კვირაში კვლავ განმეორდებოდა მისი პირადი კოშმარი. ერთი ღამით მისი მხეცი საპატიმროდ ქცეულ სხეულს თავს დააღწევდა და .... თვალები დახუჭა კალემ და წყვდიადში ჩაიძირა. და ვერ გაიგო როგორ ამოანათა უზარმაზარმა ნარინჯისფერმა მზემ მის ცარიელ წყვდიადისფერ სიზმარში.
გვირილების მინდვრის პირად იჯდა კალე მოტოციკლზე მიყრდნობილი. შორს ჰორიზონტზე ავარვარებული მზე ჩადიოდა, მინდორში კი ის მზისფერთმიანი გოგონა ტრიალებდა, თეთრი კაბა ღრუბელს მოჰგავდა და ხელში გვირილების უზარმაზარი თაიგული ეჭირა. ბედნიერებას გრძნობდა კალე იმ სიზმარში, ისეთ ბედნიერებას და სიმშვიდეს არასდროს რომ არ ეგრძნო საკუთარ სიცოცხლეში.


4

ზოგჯერ ხდება, რომ ადამიანებს სიყვარული სხვა არც თუ ნაკლებად მძაფრ გრძნობებში ერევათ. მაგალითად ვნება სიყვარული ჰგონიათ. მაგრამ ლამის არასდროს ხდება პირიქით. რატომღაც პირიქით არავინ ფიქრობს. აზრად არავის მოსდის, რომ სიყვარული ეგონოს სხვა ადამიანის წყურვილი. რომ ფიქრობდეს: აი, მე ის იქნებ კი არ მიყვარს, მხოლოდ მსურსო და გინდაც მოხდეს ასე,ამის გამო გულისტკივილს თითქმის არავინ გრძნობს. თუმცა აი კალეს შემთხვევაში იმის გაცნობიერებამ, რომ საკუთარი დის მეგობარი სიზმარში ნახა, ჯერ არ ჩადენილი ღალატის სიმძაფრე აგრძნობინა მას.
_ იქნებ ვამძაფრებ იმის გამო, რომ დრო იწურება? _ ჩაილაპარაკა და თავი დაიმშვიდა. კი ნამდვილად ასე იყო. თუმცა მერეც მთელი დღე რამდენჯერმე დაიჭირა საკუთარი თავის მასზე ფიქრისას. ვახშმობისას იზის აკვირდებოდა კალე და გულში უხაროდა, რომ დას მისი ფიქრები არ ესმოდა. სულ ერთი კვირა უნდა მოეთმინა და გადაუვლიდა წყურვილი. რა იყო ერთი კვირა? არც არაფერი.
_ ხვალ ახალი მეგობარი გვესტუმრება!_ ისე მოულოდნელად და ცივად გაისმა ლაურას ხმა. წამით შეწყდა ფაიფურის თეფშებზე დანა _ჩანგლის წკარუნი.
_ აჰა, დაიწყო ისევ!_ ამოიოხრა იზიმ. ჩანგალი თეფშზე დემონსტრაციულად დადო, ფეხზე ადგა და ყველას მშვიდობიანი საღამო უსურვა._ არაფერი გრძელდება ამ სამყაროში უსასრულოდ და იმედია ოდესმე ეს აბსურდიც დასრულდება!
დააყოლა დამშვიდობებას და კიბეებს აუყვა საძინებლისკენ. გულში კი ფიქრობდა:“ალბათ სანამ ბებიაჩემი სუნთქვას, მანამდე მისი მარიონეტები ვიქნებითო!“
_ საერთოდ არაფერი აქვს ამას საერთო არც ჩვენს სიყვარულთან და არც ჩვენზე ზრუნვასთან._ საკუთარ თავს ესაუბრებოდა ოთახში შეკეტილი. _ ლაურას ისე გაუჯდა მბრძანებლობა სხეულში, რომ ამის გარეშე უბრალოდ ვეღარ ისუნთქებს.
ოთახი მოათვალიერა. მდიდრულ ავეჯს გადახედა. ტექნიკას,რომელიც ამ მოჩუქურთმებულ ძველებურ ინტერიერს პრინციპში სულ არ უხდებოდა და ამოიოხრა.
_ ძალაუფლება და მატერიალიზმი! ესაა ყველა სიავის ძირი! ნეტავ რა უფრო ეძვირფასება ძვირფას ბებიას? კალე? თუ ის ყველაფერი, რასაც კალესგან იღებს? ჰმ, რამდენიმე დღეში ახალ მსხვერპლს მოართმევენ უფლისწულს და ისიც ....._ ამოიოხრა და ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა გარეთ გადაიხედა.
სიბნელე იწვა ქალაქში, მაგრამ არა ისეთი წყვდიადი, როგორიც ამ შავფარდებიან სასახლეში. რატომღაც ფედე გაახსენდა. მოენატრა და მისი ნახვა მოუნდა. მობილური აიღო და კიდევ ერთხელ დასჯაბნა საკუთარ თავში მისთვის სიმართლის მოყოლის მძაფრი სურვილი.
_ არ დამიჯერებს! ჩათვლის, რომ მანიაკების ოჯახიდან ვარ!
შემდეგ უბრალო ტექსტი აკრიფა, მეგობარი მოიკითხა. ზარი რომ შემოვიდა გაეღიმა. კამერა ჩართო და ფედეს მხიარული სახეც დაინახა.
_როგორ ხარ ტუსაღო?_ მხიარული ხმა ჰქონდა ფედეს._ როდის დაგვიბრუნდები? მოაკლდი თვალში ბატონ ქამუშაძეს. თქვა: „ამდენად სრულყოფილად რომ არ წერდეს საკითხებს გამოცდაზე, ნიშანს არ ვაღირსებდიო!“
_ მაგაზე არ იდარდო. ეგ სულელი ვერაფერს დამაკლებს!_ გაეცინა იზის ლექტორის უჟმური სახის წარმოდგენისას. _შენ ის თქვი, ახალი რა ხდება?
_ ახალი? ჰოოო!_ ისე წამღერებით წარმოსთქვა ფედემ ბოლო სიტყვა, გაეცინა იზის
მიხვდა, რაღაც მნიშვნელოვანი მომხდარიყო მის არ ყოფნაში.
_ მოკლედ, ამას წინ ნიტასთან ვიყავით დაბადების დღეზე, გახსოვს? შენც დაგპატიჟა? ხოდა იქ მისი ბიძაშვილი გავიცანი. _ ღაწვები შეეფაკლა ფედეს_ იცი რა საყვარელი ვინმეა?
_ რახან შენ ვიღაც მოგეწონა, რაღას ვჩივი, შე წუნია!_ გაეღიმა მის სიმორცხვეზე იზის და უცებ ვერც მიხვდა, რატომ შეეცვალა სახე ფედეს. ის თითქოს რაღაცას ინტერესით აკვირდებოდა მის მხარს უკან. ცივად გააჟრჟოლა, როცა კამერაში ძმის სახეს მოკრა თვალი. სწრაფად გათიშა ვიდეოზარი და უკან მოუტრიალდა კოპებშეკრული, მაგრამ მისი სიბრაზე გაოცებამ და შემდეგ შეშფოთებამ შეცვალა. კალე მოღუშული იდგა. შავი თვალები სიბრაზისგან ალისფრად უელავდა. დაჭიმული სხეული და მკლავებზე დაბერილი ძარღვები კარგს არაფერს მოასწავებდა.
_ რაო რა თქვა? ვინ გავიცანიო?_ ჰკითხა იზის ხმაარეულმა.
_ რა შენი საქმეა რა თქვა?_ შეუტია გაცოფებულმა გოგონამ. ხომ თავიდანვე უგრძნო გულმა, არაფრით არ შეიძლებოდა კალეს ფედე ენახა და აი....
_მიპასუხე, რომ გკითხები!
_ არაადეკვატურად რომ იქცევი ამას ვერ ხვდები კალე?_ ახლა დაყვავება სცადა, მაგრამ გულში იცოდა უკვე გვიანი იყო.
_ მისი ნახვა მინდა!_ ჩაილაპარაკა კალემ ხმადაბლა, მაგრამ უცნაური დაჟინებით.
_ კალე!_ მკლავზე დაებღაუჭა ოთახიდან მიმავალს._ კალე შენ მე დამპირდი! გახსოვს დამპირდი!
ცხელი მკლავი ჰქონდა კალეს. თითქოს სიცხიანივით უელავდა თვალებიც.
_ დაგპირდი?_ გაიმეორა ჩახლეჩილი ხმით. _ ვიცი... მახსოვს...
ცოტა ხანს უყურა, თითქოს მწუხარებაც მოუჩანდა ღამისფერ თვალებში. მერე ისევ უცნაურად აენთო.
_ უნდა ვნახო! მე ის მჭირდება!_ მკლავზე ჩაფრენილი თითები ცივად მოაშორებინა და კიბეებს დაუყვა სწრაფად. იზიც ფეხდაფეხ აედევნა. მისაღებში ლაურა შემოხვდათ.
_ კალე შვილო ხვალ ახალი მხევალი მოვა!_ მიახარა კარგი ამბავი.
_ არ მჭირდება არავინ!_ შეუვალი ხმა ჰქონდა კალეს. ლაურამ გაკვირვებით და გაბრაზებით ასწია ცალი წარბი.
_ ვერ გავიგე?!_ ხმა გაუცივდა და მისი მზერა ყინულის ნატეხივით დაერჭო თითქოს იზის. მიხვდა, სადავეები სწორედ მის გამო გაეშვა ხელიდან, თუმცა რა მოხდა, ამას კი ვეღარ მიხვდა._ რა ხდება იზი? რა სჭირს შენს ძმას?
„ძმას“ ხაზი მკვეთრად გაუსვა.
_ არაფერი! თავად მივხედავ საკუთარ სურვილს!_ ხმას აუწია კალემ.
_ მიხედავ არა? ანუ ასე ხომ?_ ხმა უკანკალებდა გოგონას და მსხვილი ცრემლები უელავდა თვალებში._ ოღონდ ის არა კალე! გევედრები!
ძმა ისე უყურებდა,როგორც უცხოს. ან თავად იყო იმ წამს უცხო.
_ ის მე მეკუთვნის! _ ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა. ეს ხმა კალესას აღარ ჰგავდა.
_ ვერ ვხვდები ვიზე საუბრობთ?_ როგორც იქნა იკითხა ლიდიამაც. შვილებს მიუახლოვდა და მათ შუაში ჩადგა.
_ მე ის ავირჩიე! არავის დავუთმობ მას, რაც ჩემია!_ ისე ცივად გაეღიმა კალეს, სხეულში გაცრა იზის. მიხვდა, ეს კალე აღარ იყო. ვაი მას ვინც ახლა დრაკონს გზაზე გადაეღობებოდა. ვედრებას და ხვეწნას აზრი აღარ ჰქონდა, მაგრამ იზი თავს ვერაფერს უხერხებდა.

_ შეწყვიტე კალე! შეწყვიტე! მე არ ვარ თანახმა! _ წარბშეკრული ძმის წინ იდგა იზი და სიბრაზისგან და უმწეობისგან ცახცახებდა._ ის მართლა მეგობარია! კარგი გოგოა! რაც ამ ქალაქში გადმოვედით მხოლოდ ის მყავს! მასაც ნუ წამართმევ რა კალე!
ყვირილიდან მუდარაზე გადავიდა. იცოდა იზიმ ვერც მუდარით, ვერც თხოვნით კალეს გაყინულ გულს ვერაფერს შეასმენდა. რომ მიხვდა ძმა არ უსმენდა. მუდარით დედას გახედა.მან თვალი აარიდა და მაგიდაზე მდგარ გაციებულ ყავის ჭიქას ჩააჩერდა. მიხვდა იზი არც დედა დაეხმარებოდა.
_ ბებია!_ ახლა ბებიას მიუბრუნდა. შავთმიანი ამაყი სახის ქალი კიბის მოაჯირთან იდგა. კიბის თავში დაკიდულ სურათს თვალს არ აშორებდა. სურათზე შავთმიანი მკაცრი სახის მაღალი გამხდარი კაცი ეხატა. მხრებამდე სწორი თმით, სუფთად წვერგაპარსული. გამჭოლი შავი თვალებით.
წყვდიადი ედგა მზერაში. ოდნავ ირონიული ღიმილით დასცქეროდა ოჯახს. ძალიან ჰგავდა კალე ბაბუას. სწორედ რომ ასლი იყო. განსხვავება ის იყო რომ კალეს დაბალი თითქოს მოუვლელი წვერი ჰქონდა, აჩეჩილი მოკლე თმა და უფრო სრული დაკუნთული სხეული. თვალის ერთი შევლებაც კმაროდა რომ ქალის გული სამუდამოდ მოეგო. კი ასეთი იყო კალე. თითქოს მისი დემონური ბუნება არ კმაროდა ბუნებისგან ქარიზმით და იდუმალებითაც სავსე იყო. თუმცა სილამაზე ეს უფრო ხაფანგი იყო. ხაფანგი მათთვის, ვინც კალეს შეყვარებას გაბედავდა.

_ ანია!_ დას გახედა იზიმ. _ ანია დამეხმარე! უთხარი ანია!
თავი მობეზრებით გადააქნია კალემ. მკლავზე დაბღაუჭებული და გვერდზე გასწია და კიბეები უკან აიარა. მის თავში ახლა მხოლოდ ის იყო. მისი სურვილი, გაუსაძლისი წყურვილი. სხეულის ყველა უჯრედი მისით იყო სავსე, და არ იყო მისთვის სხვა გზა და სხვა ხსნა. ან ის, ან ნგრევა და განადგურება....
დიდხანს დააქროლებდა მოტოციკლს და დამშვიდებას ცდილობდა. სისწრაფე და ადრენალინი უმეტესად შველოდა, როცა თვითკონტროლი უჭირდა. მაგრამ ბოლოს მიხვდა, ამ ჯერად თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის. დემონი თანდათან იღვიძებდა და კუთვნილს ითხოვდა....
.........

საძინებლის კარი შეაღო და ნიავზე აფრიალდა შავი გაუმჭვირვალი ფარდები. უზარმაზარ საწოლს გახედა. ჯერ კიდევ გუშინ ფიქრობდა, რომ მორიგი მსხვერპლი დაუამებდა წყურვილს. გაახსენდა, როგორ თრთოდა თრობაშეპარული სუსტი სხეული მისი არსების ქვეშ და უარის ნაცვლად როგორ ეკვროდა სურვილით. როგორ ჰყვებოდა მისი მოძრაობის რიტმს, და ხმადაბალ სუსტ კვნესას როგორ აყოლებდა მის უხეშ მბრძანებლურ მოძრაობას. ყველა ასე იყო, ყველას სურდა, ყველა ნებდებოდა და სწორედ ამიტომ ვერავინ უცხრობდა ჟინს...

_ იზი შეწყვიტე!_ მკაცრი ხმა ჰქონდა ანიას. _ ვერაფერს შეცვლი. ეს მისი ბუნებაა!
_ როდემდე? სადამდე? როდის დასრულდება ეს მისტერია? ნუთუ არ დაიღალეთ მისი კაპრიზების შესრულებით? ოჯახად არც გვთვლის, ჩვენ მისი მსახურები ვართ!_ სიტყვის დასრულება არ დააცალა სახეში გარტყმულმა სილამ.

_ ოთახში ადი იზი! სიტყვა აღარ გაბედო!_ მკაცრი და შეუბრალებელი მზერა ჰქონდა მოხუც ლაურას. _ კარგად იცი, რაც მოყვება მისთვის უარის თქმას! ვინ არის ფედე ასეთი რომ ..... თუ მან თავად აირჩია, იმ გოგოს ბედი გადაწყვეტილია! უნდა შეეგუო და მიიღო მისი ნება!
გაჩუმდა და ხელი ჩაიქნია. ნატკენ ლოყაზე ხელაფარებულ აცრემლებულ შვილიშვილს თვალებში შეხედა და სახეზე სინანულის ჩრდილმა გადაურბინა._ ამიტომ გითხრეს თავი შორს დაგეჭირა მათგან! შენი ბრალია! ჰოდა, ხმა არ გავიგო შენი! ის უბრალო გოგოა, უბრალო ადამიანი, და არაფერი მეტი, კალე კი.....

უნივერსიტეტის კიბის მოაჯირზე იჯდა ფედე. გრძელი ღია წაბლისფერი, ოდნავ წითური თმა მხრებზე თავისუფლად ეფინა. ნიავს აყოლილი თმის კლაკნილი ლოკონები თავნებად ფრიალებდნენ ქარში. ცისფერი სარაფანაც ქარს მიჰყვებოდა. მუხლებზე გადაშლილ სურათებიან წიგნში რაღაცას ეძებდა და ნიავი არც ამას აცლიდა. წვალობდა ცალი ხელით წიგნს იჭერდა, ცალით ჯიუტ ფურცელს. შორიდან რომელიღაც ძველი მხატვრის ნახატს გავდა ფედე.

_ გამარჯობა!_ დაბალი ოდნავ ხრინწიანი ხმის გაგონებაზე ოდნავ შეკრთა და სწრაფად ამოხედა თავს წამომდგარ ჩრდილს. გაოცებით ჩახედა თვალებში წყვდიადს. გაოცდა. ისეთი დაჟინებული მზერა შეეფეთა. სარკეს ჰგავდა ფედეს თვალების ცის ფერი. სარკეს, რომელიც დემონის ნამდვილ არსს ირეკლავდა. გაწოლილ ჩრდილს გააყოლა ფედემ თვალი და წამით მოეჩვენა, რომ ადამიანს კი არა დრაკონს ხედავდა. სულ წამით, ისე წამით, რომ ვერც გაიაზრა ნანახი.

_ გამარჯობა ფედე!_ ისევ გაუმეორა უცნობმა.
ისე ახლოს დაიხარა მისკენ, სუნთქვა შეუკრა. იგრძნო თუ არ გაეცლებოდა, ვეღარ ამოისუნთქებდა. მწველი სურნელი ჰქონდა მოსულს. თითქოს მდუღარე ლავა მოაგონა ფედეს.
ფეხზე წამოდგა და ორიოდ ნაბიჯით გაეცალა.
_ გიცნობთ?_ ჰკითხა ინტერესით.
_გსმენია ალბათ ჩემზე, მე კალე ვარ, იზის უფროსი ძმა!_ უპასუხა და ოდნავ დაისველა ცხელი ტუჩები. მისი ზღვის სურნელი აღიზიანებდა. მისი დაუფლების გიჟური სურვილი მოთმინებას უკარგავდა. მაგრამ ახლა მთავარი იყო მისი ნდობის მოპოვება . არ უნდა ეჩქარა.
_ იზიმ მოსვლა ვერ მოახერხა, გთხოვა ჩვენთან სახლში ესტუმრო. შენს წასაყვანად გამომგზავნა._ უთხრა და მისი თეთრი ყელისკენ გაექცა მზერა. მოუნდა მისი თმის სირბილეში აეხლართა გრძელი თითები. ნერწყვი გადაყლაპა. ძალიან მოქმედებდა ეს გოგო მასზე. გრძნობდა სხვებს არ ჰგავდა. ის იყო, ვისაც ამდენ ხანს ეძებდა.

_ რა მოხდა? იზი კარგადაა?_ არასდროს მომხდარა ისე რომ იზის სახლში დაეპატიჟა. სულ უკვირდა. ათას მიზეზს იგონებდა იზი. მხოლოდ ქუჩიდან შეავლო მის სახლს თვალი. მაგრამ შიგნით არასდროს ყოფილა. ახლა რა მოხდა? რა შეიცვალა?

_შეუძლოდაა! ხო ოდნავ შეუძლოდაა!_ უპასუხა მოუთმენლად კალემ. აღარ სურდა მეტის გაძლება. ერთი სული ჰქონდა ხელში აეტაცა და წაეყვანა..წინააღმდეგობას გაუწევდა თუ რა? სახე გაუმკაცრდა მისი პასუხის მოლოდინში. ის იყო ნაბიჯი გადმოდგა ფედემ, რომ მესიჯი მოუვიდა. ჩანთა გახსნა და მობილური ამოიღო. მოუთმენლად დაჰყურებდა კალე. თავს ძლივს იკავებდა რომ არ შეხებოდა. ძალით რომ არ ჩაესვა მანქანაში. უკვე ნერვებზე თამაშობდა მისი აუჩქარებლობა.
მესიჯი გახსნა ფედემ და გაოცება სახეზევე აესახა. მიხვდა კალე იზიმ მოასწრო მისი გაფრთხილება. ასეც იყო.

" არაფრის დიდებით არ გამოყვე კალეს ფედე! ახლოს არ გაეკარო! თუ მოგიახლოვდა გაიქეცი ფე..."
მესიჯი დაუსრულებელი იყო, მაგრამ რადგან იზი ამას წერდა, ალბათ მიზეზიც ჰქონდა. უკან დაიხია ფედემ, გაქცევა დააპირა. რაღაც იაზრა კალემ, ხელი მაჯაში წაატანა, მაგრამ სწორედ ამ დროს გამოვიდა უნივერსიტეტის კარიდან სტუდენტთა მოზრდილი ჯგუფი და განზრახვა განზრახვად დარჩა კალეს. კბილები გაახრჭიალა. უკვე შენობისკენ გარბოდა ფედე....
_სად გამექცევი?_ ჰკითხა ხმა ჩახლეჩილმა გაქცეულს. მანქანისკენ წავიდა გაცოფებული. ჩაჯდა და კარი მოიჯახუნა. ისე მოწყვიტა ადგილიდან, რომ ბოლის სქელი ღრუბელი დატოვა უკან და სტუდენტების გაოცების და შეშფოთების შეძახილი თან გაიყოლა......

სახლისკენ მიდიოდა ფედე და თან შეშინებული აცეცებდა ცისფერ თვალებს. „მართალს ამბობდა იზი! რა საშიში კაცია, გიჟია? რა უნდა ჩემგან?“ ათასი ფიქრი ერეოდა თავში და პასუხები არ ჰქონდა. მთელი დღე დაჰყვებოდა შეგრძნება, რომ მარტო არ იყო. რომ ვიღაც კვალში ედგა. გაჩერდა და ლამპიონით განათებული ქუჩა მოათვალიერა. არავინ ჩანდა. მხოლოდ რვაფეხას საცეცებივით გაწოლილიყვნენ ლამპიონის ბოძების ჩრდილები. მისკენ მიიწევდნენ და მის შებოჭვას ლამობდნენ. შიშმა აიტანა, გააკანკალა. მშიშარა არ იყო,მაგრამ არარაციონალური შიში უკონტროლო მბრძანებელი გახლდათ.
ქუჩის ბოლოდან ჩრდილს ორი ლანდი გამოეყო. სწრაფად დაიძრნენ მისკენ. ზურგი აქცია ფედემ მათ და ლამის გაიქცა. ფეხის ხმაზე მიხვდა მოსდევდნენ.
_ არა, ღმერთო არა!_ იკივლა შიშისგან დამფრთხალმა. მიხვდა ვერსად გაიქცეოდა, რომ მოულოდნელად გაისმა მოტოციკლის ხმამაღალი ბღუილი. გვერდით ჩაუქროლა ნაცნობმა ბნელმა სილუეტმა. ჩაფხუტის მიუხედავად მიხვდა ფედე თვალებში ჩახედა მრბოლელმა. წამით გაჩერდა. დაინახა, როგორ გადმოვიდა მოტოციკლიდან, როგორ მოიხადა ჩაფხუტი და როგორ გააქნია თავი, თითქოს არეული თმა გაისწორა. მდევრები ადგილზე გაიყინნენ. ავად ჩაეცინა ბნელ სილუეტს. იმ ყინულიან და ირონიულ სიცილზე მიხვდა ფედე კარგი არაფერი მოხდებოდა. ზურგი აქცია მათ და სახლისკენ გაიქცა. წამის მერე განწირული ღრიალი ისე აირია სულის გამყინავ ხარხარს, რომ გულზე ხელი მიიდო ფედემ.
ნეტა ვინ უფრო საშიში იყო, მდევარი თუ ის, მის საშველად მოსული ბნელი ?















5
მაშინ, როდესაც დრაკონი იღვიძებდა, კალე საკუთარ თავს თითქმის კარგავდა. ეს არ ხდებოდა მოულოდნელად და ერთბაშად. რამდენიმე დღით ადრე, გარკვეულ მომენტებში, როცა კალე გარეშე ფაქტორების გამო ზედმეტად ემოციური ხდებოდა დრაკონიც წამით თავს აღწევდა ხოლმე საკუთარ ციხეს. არასდროს ყოფილა, რომ მათ მსგავსი სურვილი, სიმპათია ან ანტიპათია განეცადათ. უფრო მეტიც, ერთმანეთსაც კი ვერ იტანდნენ. სინამდვილეში კალეს საკუთარი ხიზანი სძულდა. შანსი რომ ეპოვნა, მის მოკვლაზეც კი არ იტყოდა უარს.
ხოლო დრაკონს მისი თავიდან მოშორების სურვილი ადამიანისთვის დამახასიათებელ სისუსტედ მიაჩნდა. საბოლოოდ კი ისე გამოდიოდა, რომ ერთ სხეულს იყოფდა ორი ერთმანეთისგან სრულებით განსხვავებული არსება. არავინ, მათ შორის ლაურამაც კი არ იცოდა, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა მათ გაერთიანებას, თუ მოხდებოდა ისეთი საოცრება, რაც მათ ერთმანეთთან დააკავშირებდა. პრინციპში ლაურას მათ შორის არჩევანი რომ დასჭირვებოდა, ალბათ ყოყმანის გარეშე დრაკონს აირჩევდა, რადგან სწორედ მას მიიჩნევდა იმ ძალაუფლების სიმბოლოდ, რაც მას ამ უზომო ძალაუფლებით უზრუნველყოფდა. რის მომცემი იქნებოდა კალე თავისი ძლიერი, თუმცა მაინც ადამიანური ბუნებით? რა სარგებელი იყო მისგან? კარგად იცოდა ლაურამ, თუ დრაკონს დაამარცხებდა მისი შვილიშვილი, ამით ყველაფერი დასრულდებოდა. თუ ერთბაშად არა, ერთი ადამიანური ცხოვრების მანძილზე მაინც.
წლების წინ, როცა პირველად გაიღვიძა კალეში დრაკონმა, ლიდიამ სთხოვა დედას, მოენახათ რაიმე საშუალება და დაეცვათ საკუთარი ნანატრი შვილიშვილი ამ მძიმე ხვედრისგან, რადგან გულწრფელად მიაჩნდა, რომ ლაურას სწორედ კალე უყვარდა, როგორც გვარის გამგრძელებელი. თუმცა მალევე მიხვდა ლიდია, რომ მწარედ ცდებოდა. უნებისყოფო და უძლური შორიდან უყურებდა საკუთარი ვაჟისა და დემონის თანაარსებობას და მდინარის დინებას მკვდარი თევზივით მიჰყვებოდა, სწორედ ისე, როგორც ანია. თუმცა აი იზი, მათ არ ჰგავდა. თავიდანვე მებრძოლი სული იყო. მიუხედავად იმისა რომ კალეს და იზის სხვადასხვა მამა ჰყავდათ ისინი ბევრად უფრო ჰგავდნენ ერთმანეთს, ვიდრე ამას ოდესმე იფიქრებდა ლიდია. თუმცა ყველაფერი მაინც ჯაჭვივით იყო ერთმანეთში გადახლართული და რაც დრო გადიოდა სულ უფრო რთულდებოდა. მაგალითად ამ წლების მანძილზე არასდროს მომხდარა, რომ კალეს თავად აერჩია მხევალი და მით უფრო ეს არჩევანი დემონსაც მოსწონებოდა. არ გამოჰპარვია ლიდიას დედამისის ჩაფიქრებული სახე. მიხვდა ისიც სწორედ ამ უცნაურ დამთხვევაზე ფიქრობდა, ალბათ ცდილობდა ისეთი გეგმის მოფიქრებას, რომ ეს უცნაურობა საკუთარ სარგებლად ექცია. ამ ფიქრებში იყო გართული ლიდია, როცა ლაურამ მოულოდნელად გამოაცხადა, ყველანი რამდენიმე დღით მთის აგარაკზე მივდივართო.
_ არ გგონია, რომ კალე ამ აზრს არ დათანხმდება?_ ჰკითხა ცივად დედამისს.
_ კალე დიდი ბიჭია, თუ არ დათანხმდება, მისი გადასაწყვეტია! გაძლებს ორიოდე დღე უჩვენოდ!_ მხრები აიჩეჩა ლაურამ. თითქოს დიდად არც ადარდებდა და არც ახსოვდა, რომ სამი დღეღა რჩებოდა დრაკონის გამოღვიძებამდე._ გაემზადეთ ხვალ დილით გავდივართ!
ალბათ უცნაურად მოეჩვენებოდა ზრდასრულ თავისუფალ ადამიანს ლაურას კაპრიზების ატანა, მაგრამ ამ შავ ფარდებიან სასახლეში ცხოვრება სულ სხვა წესებით და იერარქიით იმართებოდა.
_ რა მოელანდა? _ უკვირდა იზის. _ რა მთა და ბარი აუტყდა?
სულ არ ეხალისებოდა რამდენიმე დღის გულისთვის მთაში აბარგება. მით უფრო ხვდებოდა, რომ რაღაც სხვა რამეს გეგმავდა ბებიამისი, რომელიც ტყუილად ნაბიჯს არასდროს დგამდა, მაგრამ აზრადაც არ მოსვლია, რამხელა ვერაგობა ჰქონდა ჩაფიქრებული. ბარგს უხალისოდ ალაგებდა და საკუთარ თავს ეწუწუნებოდა.
_ ჯანდაბა, ეს ტელეფონი სადღა წავიღე? _ მოათვალიერა ოთახი და საწოლის ქვეშაც შეიხედა. ყველაფერი გადაქექა, მაგრამ მობილურს ვერ მიაგნო._ ანია დამირეკე რა, ვერ ვპოულობ!
ზარი გადიოდა, მაგრამ ხმა არ ისმოდა.
_ რამდენჯერ გითხარი, ნუ იცი ამ უხმო რეჟიმის დაყენება!_ უსაყვედურა დამ და ისიც მისი მობილურის მოსაძებნად დაიხარა.
„ფედე როგორ ხარ?“ იზისგან მოსული მესიჯი გაუკვირდა და გაუხარდა.
„როგორ ხარ იზ? რას შვები? მოაგვარე პრობლემები?“
„ ვერა, ისევ დასჯილი ვარ, თუმცა სიახლე მაქვს! ხვალიდან ჩემები მთაში მიდიან, მე სახლში ვრჩები თან მარტო! რას იტყვი მესტუმრები რამდენიმე დღით?“ მიპატიჟება ისე გაუხარდა ფედეს, ლამის ხტუნვა დაიწყო სიხარულით.
„ მაგრამ შენები რომ გაბრაზდნენ? უარესად არ დაგსაჯონ ამის გამო?“
„ მათ სახლიდან გასვლა ამიკრძალეს! სტუმარზე არაფერი უთქვამთ!“
„მომწერე როგორც კი შესაძლებელი იქნება მანდ გავჩნდები! მომენატრე მეგობარო!“ ლაურამ ცბიერი ღიმილით ჩაიდო მობილური ჩანთაში და მანქანის ფანჯრიდან გახედა მოტოციკლზე მჯდარ შვილიშვილს, რომელიც უნივერსიტეტის პირდაპირ იდგა და დაჟინებით უყურებდა მესიჯობაში გართულ გოგონას.
_ ის ახლა ისეა გატაცებული საკუთარი სამიზნით, წამით ვერ მოშორდება მას! ამ წამს ვინ იცის დრაკონი მეტია მასში, თუ ადამიანი? ვერ გაუძლებს ცდუნებას, მით უფრო მაშინ, როცა...._ მძღოლს ანიშნა და მანქანამ ნელა დატოვა მყუდრო ჩიხი.
უყურებდა კალე ფედეს და ინტერესსა და სურვილს მიღმა უცნაური სიმშვიდე ავსებდა. აქამდე არასდროს განეცადა ასე ქალის ღიმილისგან მოგვრილი სიამოვნება. მზად იყო, მხოლოდ ამ ღიმილის სანახავად მდგარიყო იქ მთელი საღამო. თითქოს გარშემო ხალხის ათქვეფილ მასაში ის ანათებდა პატარა ლამაზი კოცონივით. არსებობდა მხოლოდ ფედე და არაფერი მის გარდა. უცნაური გრძნობა იყო ისიც, რომ ფედემ არაფერი იცოდა მასზე. ვერც კი იაზრებდა, რომ მის ჩრდილად ქცეული წამით არ შორდებოდა. უცებ ის საღამო გაახსენდა, ორი მოძალადე რომ აედევნა. ავად ჩაეღიმა. ცხოვრებაში პირველად ეამა დრაკონის დაუნდობელი ძალა. ცხოვრებაში პირველად განიცადა კმაყოფილება საკუთარი დემონის სიავით მოგვრილი. რაც არ უნდა უცნაური ყოფილიყო მისი დემონიც კმაყოფილებას განიცდიდა იმ საღამოს, როცა ძვლებს ასანთის ჩხირებივით სათითაოდ უმსხვრევდა იმ არაკაცებს. თითქოს ახლაც ესმოდა საკუთარი უგულო სიცილი, როცა ისინი შეწყალებას სთხოვდნენ. თავად შეიწყალებდნენ ფედეს რომ დასწეოდნენ? ამის წარმოდგენაზეც კი გამჭოლი ტკივილი იგრძნო მკერდში. არა, ისიც მოწყალება იყო უკვე, საერთოდ ცოცხალი რომ დატოვა ისინი.
_ როგორ გაბედეს მასზე მსგავსი ფიქრი?!_ ახლაც ბრაზობდა და რაც არ უნდა უცნაური ყოფილიყო, სწორედ იგივეს განიცდიდა მისი დემონიც. თუმცა ამ გრძნობების უცნაურ მსგავსებას იმ წამს ვერც ერთი ხვდებოდა და ვერც მეორე.....
იმ საღამოსვე შეუთანხმდა ფედე დედას, რომ მომდევნო რამდენიმე დღეს იზისთან გაატარებდა. საეჭვო, რა თქმა უნდა, არაფერი უფიქრია დედამისს. გაუხარდა კიდეც, მოსწონდა იზი და განიცდიდა ამდენად მარტოსული რომ იყო.
_ დეე „დრაკონი უფლისწული“ მომაწოდე რა!_ სთხოვა ფედემ ქალს, როცა ის ოთახიდან გასვლას აპირებდა.
დედამ შვილის ბავშვობის საყვარელი წიგნი ღიმილით ჩამოიღო თაროდან.
_ როგორ გიყვარდა გახსოვს? როგორ გებრალებოდა ადამიანის სხეულში გამომწყვდეული დრაკონი, მაინც რა გულუბრყვილო იყავი შვილო?!
_ მე ახლაც იგივეს ვფიქრობ ის, რაც დრაკონს ხალხის სიხარბემ და უგუნურებამ დამართა უსამართლობა იყო!_ ჯიუტად გაიმეორა გოგონამ. დედამ თავი გადააქნია ღიმილით და ოთახიდან გავიდა. რამდენიმე ფურცელი სწრაფად გადაშალა ფედემ და უცებ მიაგნო სასურველ გვერდს:
„_ გოგონა პრინცესას ძალიან ჰგავს მეფეო! ვერავინ მიხვდება , რომ ის არაა!_ თავდაჯერებით ეუბნებოდა მეფეს სანდო და ერთგული მსახური. გამოღებული კარის ჭუჭრუტანიდან უმზერდნენ ოქროსფერთმიან გლეხის ქალს, რომელიც ახლა პრინცესის ბრწყინვალე სამოსში გამოხვეული ტყუპისცალივით ჰგავდა მეფის ერთადერთ ქალიშვილს. სხვისი შვილები ადვილად გაიმეტა მეფემ დრაკონის სამსხვერპლოდ, მაგრამ საკუთარი ვერა!
_ ვერავინ ვერასდროს გაიგებს იცოდე, რაც აქ ხდება ახლა!_ თვალები ავად დააკვესა მეფემ. და იმ საღამოს როცა პრინცესას გულუბრყვილო და უცოდველი ორეული მცველებს დრაკონის ტყეში მიჰყავდათ, ნამდვილ პრინცესას ოთხ ცხენ შებმული კარეტა ქვეყნის მეორე კიდისკენ მიაქროლებდა. არავინ იცოდა, რომ რაც არ უნდა სცადო იღბალის მოტყუება, ის ადრე თუ გვიან კარტს მაინც იგივე წყობით გაშლის და თამაშს სათავისოდ დაასრულებს.
გამოქვაბულიდან ახალგაზრდა შავგვრემანმა კაცმა რომ გამოაბიჯა, შვებით ამოისუნთქა გლეხის ქალმა. მაგრამ შვება იმ წამსვე შეეცვალა ენით აღუწერელი შიშით, როგორც კი თვალი მოჰკრა კაცის ზურგს უკან გაწოლილ უზარმაზარ ჩრდილს...
_ დრაკონი!_ დაიჩურჩულა შიშით აკანკალებულმა და რბილი ოქროსფერი ფოთლების ხალიჩაზე გულწასული მიესვენა. დრაკონმა ხელში აიყვანა გულწასული ქალი, სევდიანი ინტერესით დახედა ლამაზ სახეზე და უკან გამოქვაბულში შეაბიჯა. წყევლას, რომელიც სამეფო ოჯახმა დაადო მას, მხოლოდ სამეფო სისხლი თუ ახსნიდა, თუმცა დრაკონმა ამაზეც არაფერი იცოდა....“
_ ღალატი! თან მერამდენედ! მიკვირს, ან როგორ ითმენდი ამდენს?_ ჩაილაპარაკა ფედემ და თითი ნაზად გადაუსვა წიგნში დახატულ სურათს. სადაც შავთმიან შავსამოსიან კაცს ხელში აყვანილი ჰყავდა ყალბი პრინცესა. რატომღაც იზის ძმის გაცნობა გაახსენდა. მის უკან გაწოლილი ის უზარმაზარი საშიში ჩრდილი.
_ არა რა სისულელეა! ჩაეცინა ურწმუნოდ._ ის კაცი მგონი შენზე ბევრად საშიშია უფლისწულო!
წიგნი დახურა, როგორც ბავშვობაში გულში ჩაიხუტა, თითქოს ასე იმ მარტოსულ უფლისწულს მარტოობას უმსუბუქებდა და თვალები დახუჭა....

_ დღეს საღამოს სტუმარი მოვა! თქვენ ხომ იცით წესები? ყველაფერს მოამზადებთ და სახლს უსიტყვოდ დატოვებთ. მისი მოსვლისთვის თქვენ აქ აღარ უნდა იყოთ! გასაგებია? ჩვეული მბრძანებლური მზერა მოავლო ლაურამ მომსახურე პერსონალს. სამიოდე დამხმარე ჰყავდა, და მათაც იმდენს უხდიდა, რომ ზედმეტი კითხვები არავის დაესვა. შემდეგ იზის მობილური აიღო და ფედეს მისწერა: „დღეს საღამოს გელოდები, ერთი სული მაქვს როდის გნახავ!“ როცა მანქანამ სახლი უკან მოიტოვა ირონიულად გაეცინა ლაურას და დამცინავად გადახედა წინ მჯდარ სახე მოქუფრულ იზის. როცა უკან დაბრუნდებოდნენ, ყველაფერი დასრულებული იქნებოდა....
ჭიშკარს მიუახლოვდა ფედე, ხელები რკინის მსხვილ დაკლაკნილ გისოსებს მოჰკიდა და ეზოში შეიჭყიტა. მოულოდნელად კარი თავისით გაიხსნა. შიშისგან ადგილზე შეხტა.
_ ეს რაღაა, ჯადოსნურია თუ რა ჯანდაბაა?_ გაახსენდა კალეს მოტოციკლიც რომ ასე შეატარა და გაეღიმა, ალბათ თანამედროვე მექანიზმიაო, გაიფიქრა. ქუჩის მეორე მხრიდან დაღმართის ბოლოში იდგა კალე და გაოცებული უყურებდა ფედეს. წამის წინ სახლთან მიაცილა ჩუმად და აქ საიდანღა აღმოჩნდა? წამიერად გაუელვა სასიამოვნო ფიქრმა, რაც ელოდა თუ გოგონა ნაბიჯს გადადგამდა ახლა და სახლში თავისი ნებით შევიდოდა. პირი გაუშრა კალეს, ცეცხლი წაუკიდა უცილობელმა წარმოსახვამ.
_ დამშვიდდი!_ შეუძახა საკუთარ თავს. _არ მისცე მას გამოსვლის უფლება!
ახლა ყველაზე ნაკლებად სურდა დრაკონის გამოღვიძება. ისიც კარგად იცოდა, თუ ახლავე გაუშვებდა ფედეს, თუ უფლებას მისცემდა იქაურობას მშვიდობიანად გასცლოდა.... მაგრამ ვერ შეძლო და საკუთარ თავს ვერ მოერია. ვერაფრით დაახშო ის გაუსაძლისი სურვილი, რასაც ამ უცნობი გოგონას მიმართ განიცდიდა.
_ რატომ მოხვედი? აქ რატომ მოხვედი?_ ეკითხებოდა გულში და მოუთმენლად ელოდა მისგან საბედისწერო ნაბიჯის გადადგმას. და აი ისიც! სწორედ იმ წამს გოგონამ კარის ხაზს გადააბიჯა და უხმოდ დაიკეტა მის ზურგს უკან სახლის შავი ჭიშკარი. ნერწყვი გადაყლაპა კალემ. ახლა ყველა უკანდასახევი გზა მოჭრილი იყო.
ნელა გაემართა ფედე მოკირწყლული ბილიკით სახლისკენ. უცნაური აურა იყო სახლში. რატომღაც ისევ ზღაპარი და დრაკონის გამოქვაბული გაახსენდა. კართან მივიდა და მიაკაკუნა. დუმილმა უპასუხა. კარს მიაწვა და არ გაკვირვებია, როცა გააღო.
თავი შეყო და დაუძახა_ იზიიი! მოვედიიი!
რომ არავინ უპასუხა სახლში შევიდა. გაოცებულმა მოათვალიერა მდიდრული, თუმცა პირქუში ინტერიერი.
_ ადამსების სახლია თუ რაა?_ ჩაილაპარაკა და მისაღებისკენ გაემართა._ იზიიი!
დაუძახა კვლავ. კიბის წინ რომ მივიდა და სახე კიბის თავში დაკიდულ უზარმაზარ პორტრეტს გაუსწორა შეკრთა. იფიქრა, რომ სურათიდან იზის ძმა კალე დაჰყურებდა მკაცრი, ყინულიანი და უგულო მზერით.
_ ღმერთო რა საშიში და პირქუში კაცია!_ ჩაიბურტყუნა და როცა სურათს ზურგი აქცია, უკვე რეალური ადამიანის მკლავებში აღმოჩნდა. მოულოდნელობისგან ხმამაღლა იკივლა და გაქცევა სცადა დამფრთხალმა, მაგრამ მარწუხივით მოეხვია კალეს მკლავები. შებოჭა და ერთი ნაბიჯითაც არ მისცა გაცლის უფლება.
_ გამარჯობა ფედე!_ მიესალმა უცნაური გამარჯვებული და თან დამცინავი ავი ღიმილით._ როგორც იქნა ჩვენ ერთმანეთს შევხვდით.
მონუსხული აჰყურებდა ღამესავით შავ თვალებში და სადღაც მათ სიღრმეში ნათლად ხედავდა ცეცხლის მოციალე ალებს. რა ძალიან ჰგავდა ეს კაცი მისი საყვარელი ზღაპრის გმირს. სურნელიც კი წიგნში აღწერილის მსგავსი ჰქონდა უცნაური მხურვალე ლავის მსგავსი. მისი სიახლოვე სულს უხუთავდა ფედეს. წინააღმდეგობას კი არა სუნთქვას ვერ ახერხებდა. ოდნავ სცადა გასცლოდა და უფრო მიიკრა კალემ მკერდზე. დაჰყურებდა შეშინებულ თვალებში და მისი დამშვიდება სურდა, ვერ იაზრებდა, რომ მისი შიშის მიზეზი სწორედ თავად იყო.
_ რა ლამაზი ხარ!_ მზერა ოდნავ გახსნილი ტუჩებისკენ გადაიტანა. ნელა დაიხარა და ისე შეეხო ტუჩებით,
„არაო!“ მისი ხმაჩამწყდარი ჩურჩული არც კი გაუგონია.



6
მთელი ნებისყოფის მოხმობა დასჭირდა კალეს, რომ საკუთარი დემონის შეჩერება და უკან საკუთარ სხეულში გამომწყვდევა მოეხერხებინა. აკანკალებულ და დამფრთხალ გოგონას ოდნავ მოშორდა და მის თვალებში დანახულმა შიშმა გული მოუკლა. გრძნობდა როგორ ბორგავდა სხეულში გაცეცხლებული დრაკონი. როგორ ებრძოდა მის მიერ აგებულ თავდაცვის უხილავ გალავანს. ის, რაც კალესთვის ნებისყოფას წარმოადგენდა, დრაკონისთვის საძულველი გალია იყო.
„გამომიშვი!“ _ჩაესმოდა გონებაში მისი ღრიალი და სადღაც გულის სიღრმეში თავადაც სურდა კიდევ ერთხელ განცადა თავისუფლება, კიდევ ერთხელ დაენგრია და მტვრად ექცია სამყარო, სადაც არ იყო მისი ადგილი. მით უფრო ფედეს გვერდით უძლიერდებოდა ეს სურვილი. მის გონებაში სისასტიკის და ვნების საოცრად სასიამოვნო სურათებს ხატავდა დემონი, თუმცა კალემ იცოდა, მხოლოდ ეს არ იქნებოდა მისი თავისუფლების საფასური. დრაკონს კუთვნილი მსხვერპლი სურდა, ეკუთვნოდა და სურდა! ამას ვერაფრით შეცვლიდა კალე.
„შენც ეს გინდა! შეხედე მას! შეხედე!“ ღრიალებდა დრაკონი და ცეცხლში ხვევდა კალეს სურვილებს. უყურებდა ფედეს და იწვოდა კალე. თანდათან ლღვებოდა საპყრობილეს კედლები. წინააღმდეგობა კი აუტანელ ტკივილს აყენებდა. „ გავუშვებო“ გაიფიქრა კალემ და საკუთარ მკლავებში გამომწყვდეულ ქალს სინანულით დახედა. ალბათ ერთი სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა ახლა ფედეს გაშვება, მაგრამ ეს ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნებოდა. ასე მას გადაარჩენდა, საკუთარი შეუბრალებელი დემონისგან და საკუთარი სულწასული გაუსაძლისი სურვილისგან იხსნიდა...
„არ გაბედო მისი გაშვება!“ არ ჩუმდებოდა დრაკონი. მთელი ძალით აწყდებოდა ნებისყოფის უხილავ კედლებს და ცეცხლის ალში ხვევდა საკუთარ საძულველ საპყრობილეს.
_ უნდა მოგშორდე, უნდა მოგშორდე!_ სიცხიანივით იმეორებდა კალე. ბოლოს მაინც დამარცხდა. ვერაფრით აიძულა საკუთარ თავს სწორი გადაწყვეტილების მიღება. ფედეს მკლავში ხელი ჩაავლო და საკუთარ საძინებელში ძალით წაიყვანა.
_ რას აკეთებ, გიჟი ხარ?_ ყვიროდა დამფრთხალი გოგონა და თვალებს აცეცებდა, ხსნას ეძებდა, მაგრამ ვერ პოულობდა._ იზიიი! სად ხარ იზიი!
ეძახდა მეგობარს, მაგრამ პასუხად მხოლოდ შეშლილის სიცილს იღებდა.
_ გამიშვი არანორმალურო! ხელი გამიშვი!_ ცდილობდა მისი მარწუხივით თითებისგან თავი დაეხსნა,თუმცა არაფერი გამოსდიოდა. ფრჩხილები ჩაასო მაჯაში, სცადა ასე მაინც ეიძულებინა ხელის გაშვება. კალემ ხელში მოქაჩა და კედელს მიაჯახა ზურგით, ორივე ხელები მხრებში ჩაავლო და ისე ახლოს მიუტანა სახე, ლამის კანი დაუწვა მხურვალე სუნთქვით. ცეცხლივით თითები ჰქონდა კაცს, იმდენადაც რომ ფედემ იფიქრა, ცუდად იყო და ასე ამიტომ იქცეოდა. რამდენადაც შეძლო ლოგიკური ახსნა მოუძებნა იმას, რასაც ვერ იგებდა
_ გაჩერდი! შეწყვიტე ამაო წინააღმდეგობა! მას ვერ გაექცევი! ვერც შენ და ვერც მე!_ გაუგებრად ბუტბუტებდა მის სახესთან კალე და რაც უფრო ცდილობდა მის დამშვიდებას, მით უფრო აშინებდა. საძინებლის კარი გააღო და გოგონა შიგნით ძალით შეიყვანა._ იზი აქ არ არის, ტყუილად ეძახი! არავინ არის! არავინ მოვა! აქ მხოლოდ ის, მე და შენ ვართ. გესმის?
საწოლამდე მიიყვანა და დაჯდომა აიძულა.
_ აქ იყავი! არ იხმაურო! გაქცევაც არ სცადო!_ მის წინ დაიჩოქა და თავი მუხლებზე დაადო აკანკალებულს _ გთხოვ, ნუ აიძულებ გარეთ გამოსვლას!
ფედე გრძნობდა სიცხე ჰქონდა კალეს. შუბლი უხურდა. შეებრალა, მაგრამ სხეულში გამეფებულ შიშს ვერაფერი მოუხერხა. ერთი სული ჰქონდა გაქცეულიყო. ინსტიქტურად დაადო თითები შუბლზე.

_ ღმერთო რა ცხელია! _ ჩაილაპარაკა და როცა დარწმუნდა ცუდად იყო, რატომღაც შიშმა უკან დაიხია. იფიქრა, ამის ბრალი იყო მისი უცნაური ქცევა და არაადეკვატური საუბარიო. იფიქრა ბოდავსო, რადგან ვიღაც არარსებულ მესამეზე საუბრობდა კალე._ რა ხდება იზი აქ, სად ხარ?
უფრო საკუთარ თავს ჰკითხა.
_ ადექი!_ უთხრა მშვიდად და თავი ააწევინა. თვალები ამღვრეული ჰქონდა კაცს. ტუჩები სიცხისგან გამშრალი და დახეთქილი. არადა როცა ჰკოცნიდა, თითქოს ასე არ ყოფილა ... თავი გადააქნია, რა დროს ამაზე ფიქრიაო!
_ ადექი! გესმის ჩემი?_ სიგამხდრის მიუხედავად მძიმე სხეული ჰქონდა კალეს, მძიმე და ძლიერი, _ ხელები მოხვია და სცადა დახმარებოდა._ კალე! გემის ჩემი?
საკუთარი სახელი რომ მოესმა, მზერა დაეწმინდა კაცს. მორჩილად მიჰყვა.
_ დამეხმარე, გთხოვ..._ ჩურჩულებდა ძლივს გასაგონად სიცხიანი.
_ საწოლზე დაწექი!_ დაწოლაში დაეხმარა, ბალიში გაუსწორა. უცნაურად უყურებდა სიცხისგან გათანგული კალე. წინააღმდეგობას არ უწევდა და ყველაზე უცნაური ის იყო, რომ აღარც დრაკონი ბორგავდა მასში. კალე მიხვდა პირველი შეტევა მოიგერია, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი იყო, სხვაც იქნებოდა და ამაზე ბევრად ძლიერი, საბოლოოდ მხოლოდ ერთი დღეღა რჩებოდა და მისი კონტროლის გალავანი დაინგრეოდა. უნდა მოესწრო და ფედე სახლიდან გაეშვა. დრო ცოტა ჰქონდა. და რა მოხდებოდა თუ მხევალი არ დახვდებოდა? ამაზე ფიქრიც არ სურდა. ამდენი წლის მანძილზე ბებიამისი მუდამ ახერხებდა დემონისთვის კუთვნილი ხარკის მიცემას. მხოლოდ ერთხელ გაჯიუტდა დემონის პატრონი, მხოლოდ ერთხელ, ძალიან დიდი ხნის წინ და მაშინაც მთელი ქალაქი შეიწირა ამ უგონო სიჯიუტემ. ყოველ შემთხვევაში, ასე ყვებოდნენ ლეგენდები!
_ერთი სიცოცხლე , მთელი ქალაქის სანაცვლოდ!_ ჩაილაპარაკა ყრუდ და თვალები დახუჭა._ ერთი სიცოცხლე! მაგრამ ვისი?
ფედემ მარტო დატოვა სანახევროდ მძინარი კალე და საძინებლიდან გამოვიდა. წასვლა და მისი მიტოვება არც უფიქრია. არადა ყველა რაციონალური ადამიანი იმ წამსვე დატოვებდა დასუსტებულს. შანსს გამოიყენებდა და გაიქცეოდა, თავს გადაირჩენდა. ფედე კი უცნაური გოგო იყო. ალბათ სხვაზე მზრუნველობის სურვილი, თუ გაუაზრებელი აკვიატება ბევრად მეტი იყო მასში, ვიდრე თვითგადარჩენის რეფლექსი. ანდაც ყველაფერი სწორედ ასე უნდა მომხდარიყო, ვინ იცის?! პატარა ჯამი წყლით გაავსო, ყინულები ჩაყარა, პატარა ტილო მონახა და კვლავ საძინებლისკენ აუყვა კიბეებს.
_ რა პირქუში სახლია!_ თან იქაურობას ათვალიერებდა ინტერესით. _ სახლი კი არა დრაკონის ბუნაგია, სწორედ დრაკონის გამოქვაბულს ჰგავს აქაურობა!
ოთახში დაბრუნდა და კვლავ ხელით გაუსინჯა სიცხე კალეს. ტემპერატურა იმდენად მაღალი ჰქონდა, რომ სხეული გაყინვოდა, მხოლოდ საფეთქლები უხურდა. ტილო ცივ წყალში დაასველა. რამდენიმე ყინული გაახვია შიგ და შუბლზე დაადო. მერე მაჯები დაუზილა გაყინული წყლით. ბორგავდა და ბოდავდა კალე. ხან წამოჯდომას ცდილობდა, ხან ვიღაც უცნობ ადამიანებს უხმობდა და დასჯით ემუქრებოდა, ხან ფედეს ახსენებდა, გაიქეციო! ჩურჩულებდა სიცხიანი. მთელი ღამე არ მოშორებია ფედე, ცივ ტილოებს უცვლიდა შუბლზე და განთიადზე მიხვდა, სიცხემ უკან დაიხია.
_ უცნაურია, მაგრამ კაცები პატარა ბავშვებს ემსგავსებიან ავადობის დროს!_ ფიქრობდა გულუბრყვილო გოგონა. მას ხომ წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა იმ წამს კალეს სხეულში. რომ ის მთელი ძალით ცდილობდა დრაკონის დამარცხებას, მაგრამ არ გამოსდიოდა, რადგან ძლიერი იყო დემონი, და კიდევ უფრო ძლიერი იყო წყევლა, რაც მას დაადეს, როცა მისი სხეული დრაკონის საპყრობილედ გამოჭედეს. იმდენად უსამართლო სასჯელი იყო ეს დრაკონისთვის, რომ კალე ვერასდროს დაამარცხებდა მას ამ გზით. მის უცნაურ საქციელს სიცხეს აბრალებდა ფედე. იზის ურეკავდა, მაგრამ არავინ პასუხობდა. იფიქრა, თუ მეორე დღესაც ცუდად იქნებოდა მისი უცნაური მასპინძელი სასწრაფოში დარეკავდა. შუბლზე ხელი დაადო, სიგრილე ესიამოვნა. აშკარა იყო ტემპერატურა ნორმას უბრუნდებოდა. შუბლზე ჩამოყრილი სველი და აჩეჩილი თმა თითებით გადაუწია და სახეზე დააკვირდა. ღამინდელი შფოთვის კვალი ემჩნეოდა კალეს ლამაზ სახეზე. თუმცა ასეთი გადაღლილი და ნაავადარიც მშვენიერი იყო. კი სწორედ ეს სიტყვა მოუვიდა თავში ფედეს.
_ რატომ არის რომ უხასიათო, უხეში კაცები ასეთი ლამაზები არიან?_ ჩაილაპარაკა დაბნეულმა და ხელით მაისური გაუსინჯა. სველი ჰქონდა მთლად. _ ახლა რა ვქნა?
არ სურდა, მაგრამ ასე ხომ ვერ დატოვებდა. ადგა და უზარმაზარი შავი კარადა გამოაღო.
_ რა არის ამდენი შავი? ოთახს კი არა გამოქვაბულს გავს აქაურობა!_ საკუთარ თავს ამხნევებდა საუბრით. სამოსიც სულ ბნელ და მუქ ფერებში იყო. _ ბატონ ბნელს თავისი შესაფერისი გარდეროფი ქონია!
გაეცინა ამ ჩაჟამებულ ტანსაცმელზე. მაისური გამოიღო და კალესთან დაბრუნდა.
პლედი გადახადა, ინტერესით დააკვირდა. სხეულიც სახის მსგავსი ჰქონდა კაცს. ფართე მხრები, გრძელი ნავარჯიშები მკლავები, მხრებთან შედარებით წვრილი წელი. ანტიკურ ქანდაკებას ჰგავდა. ჩამოქნილს და სრულყოფილს. წამით იყოყმანა, მისკენ გაწვდილი თითები რამდენჯერმე მოხარა. მერე გამბედაობა მოიკრიბა, საწოლიდან წამოსწია, მისი თავი მხარზე დაიყრდნო და სცადა მაისური გაეხადა.
_ რას აკეთებ?_ მოესმა ამღვრეული ხმა და გაშეშდა. თვალებში ჩახედა კაცს. ისე უყურებდა, თითქოს მის თავში გამკრთალ შეუფერებელ აზრებსაც კითხულობდა.
_ სველია, უნდა გამოიცვალო. _ უპასუხა შემცბარმა.
_ სველი?_ ახლაღა დაიხედა მაისურზე კალემ. _ რა მოხდა აქ?
_ სიცხე გქონდა! _ ხელი უშვა და წელში გაიმართა. _ მგონი ახლა თავადაც შეძლებ. აი, გამოიცვალე! უთხრა და ახალი მიაწოდა. სწრაფად გადაიძრო კალემ მაისური თავზე და ფედეს თვალი მოსჭრა მისმა მოხატულმა სხეულმა. ქერცლით დაფარული უზარმაზარი არსების ხახადაფჩენილი თავი მზარზე ედო, სხეული კი ზურგს უკან უჩინარდებოდა, კუდი წელზე ეხვეოდა და პატრონის გამოკვეთილ პრესზე სრულდებოდა.
_ დრაკონია?_ ჰკითხა ნახატის სრულყოფილებით გაოგნებულმა და იმის ნაცვლად თვალი აერიდებინა, უფრო ახლოს მიიწია. ბავშვობიდან უყვარდა ფედეს დრაკონები. მას შემდეგ, რაც დრაკონი უფლისწულის ზღაპარი პირველად წაიკითხა და ახლა აოცებდა კალეს მსგავსება ბავშვობის ოცნების პრინცთან.
მისი სიახლოვე ისე მოქმედებდა კალეზე, როგორც უზარმაზარი მიზიდულობის მქონე მაგნიტი. კალეს კიდევ რა უშავდა, მისი სიახლოვე დემონსაც აღვიძებდა, მაგრამ კალეს არ შეეძლო გაცლოდა და გაქცეოდა საკუთარ სურვილს. უყურებდა კამკამა ცისფერ თვალებში და იძირებოდა თითქოს. არა კი არ იძირებოდა, თითქოს ცაში მიფრინავდა. ჰო აი ასეთი ფრენის და თავისუფლების შეგრძნება ჰქონდა კალეს, როცა მის თვალებს ხედავდა. მის სურნელი კი თავშეკავების უკანასკნელ ბარიერს ანგრევდა. და როცა ფედემ თითები გადაუსვა მის მკლავზე დახატული დრაკონის კლანჭებს, ჟრუანტელმა დაუარა კალეს სხეულში. ისევ აბორგდა დრაკონი. იგრძნო, როგორ დაუარა ძარღვებში მძაფრმა სურვილმა. შეკრთა და უკან დაიწია. მის რეაქციაზე ფედეც მიხვდა საკუთარ უადგილო ინტერესს და ფეხზე სწრაფად წამოხტა.
_არ მომიახლოვდე ! _ ავად დაიღრინა კალემ._ არ გაბედო და ახლოს არ მოხვიდე!
_ მაპატიე! უბრალოდ..._ მხრები აიჩეჩა ფედემ._ უბრალოდ... თუ კარგად ხარ, მე წავალ! მგონი აღარც სიცხე გაქვს!
სულ არ უფიქრია ფედეს, რომ მისი სიტყვები მის სიახლოვეზე უარეს ხანძარს აანთებდა კაცში.
_ წადი! _ ძლივს ამოთქვა კალემ. საკუთარ თავს ებრძოდა. იცოდა მისი წასვლა ყველაფერს დაანგრევდა, მაგრამ..._ წადი! გაიქეცი! უღრიალა გააფთრებულმა. შიშისგან შეხტა ფედე.
„უმადური!“ გაიფიქრა გონებაში. ზურგი აქცია და ოთახიდან გაიქცა.
_ გააჩერე! გააჩერე!_ ღრიალებდა დრაკონი და ბრჭყალებით გლეჯდა კალეს სხეულს. აუტანელი ტკივილი გაიშალა კალეს გონებაში. ისედაც დასუსტებული სხეული ვეღარ იკავებდა მონსტრს._ როგორ ბედავ მის გაშვებას?!
_ გაუშვი! გთხოვ!_ ამოიკვნესა ბოლოს.
_ რატომ? ხომ არ შეგიყვარდა?_ ახარხარდა დრაკონი_ ხოდა, მით უფრო სასიამოვნო იქნება მისი დამორჩილება! უკანასკნელად გაიბრძოლა და დანებდა საპატიმრო. განთავისუფლდა, მხრები შეარხია, თითქოს სხეული შეამოწმა, ესიამოვნა საკუთარი თავის მართლაც ცოცხალ და ძლიერ სხეულად აღქმა. ახლა მისი დრო იყო. დრო, რომელიც კანონიერად ეკუთვნოდა.
კიბეები ჩაირბინა ფედემ და განწირული ტკივილით სავსე ღრიალიც მოესმა. გაშეშდა შიშისგან._ ღმერთო ჩემო რა ჯანდაბაა?! აქ დარჩენა არ შეიძლება! კარი გამოაღო და ჩანთაც კი არ გახსენებია, ისე გაიჭრა ეზოში. სწრაფად მირბოდა უზარმაზარი შავი ჭიშკრისკენ და ნელა იღებოდა ის უცნაური შავი რკინის კარი. სულ ცოტაც და თავისუფალი იქნებოდა. სულ სამიოდე ნაბიჯი.... მაგრამ უზარმაზარი ჩრდილივით დაეცა ბილიკზე დრაკონის ლანდი. რაღაც ეცნო ფედეს, იკივლა და ფეხს აუჩქარა. ჭიშკარს წაატანა ხელი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. წელზე მოეხვია რკინის მკლავები. უარესად შეშინდა გოგო. აფართხალდა, თავის დაღწევა სცადა. სწრაფად შემოაბრუნა კაცმა და ისე აიკრა სხეულზე, სუნთქვა შეუკრა, ლამის გული წაუვიდა ტკივილისგან.
კვლავ წითლად უელავდა თვალები კალეს. სწორედ ისე, როგორც წინა საღამოს. თითქოს ზომაშიც ერთი ორჯერ გაზრდილიყო, და რაც ყველაზე უცნაური იყო, ის იდუმალი ლამაზი ტატუ სადღაც გამქრალიყო. ერთდროულად ჰგავდა და არც ჰგავდა ეს საშიში კაცი კალეს. მზერაც შეცვლოდა, ირონიულად დაჰყურებდა საკუთარ მკლავებში ჩიტივით გაბმულს.
_ როგორც იქნა შევხვდით პრინცესა!_ ჩაისისინა, კი არ თქვა. ჰაერში აიტაცა, მხარზე ნადავლივით მოიგდო გაფითრებული ფედე და სახლისკენ შებრუნდა. _ ახლა დრაკონის ჯერია! ვნახოთ შენ როგორი გემო გაქვს პატარა ქალბატონო!
დიდი ბრიალა მზე სახლს უკნიდან ისე ამოდიოდა, თითქოს არაფერი უცნაური არ ხდებოდა მის ქვეშეთში. ჯერ ისევ კიოდა და ფართხალებდა ფედე. თუმცა კი უმწეოდ, მაგრამ მაინც იბრძოდა, მხოლოდ მაშინ შეწყვიტა წინააღმდეგობა, როცა სახლისკენ მიმავალ ბილიკზე გაწვა დრაკონის უზარმაზარი ჩრდილი.
_ შეუძლებელია!_ ჩაილაპარკა უღონოდ. _ შეუძლებელია!
სწორედ აუხდა ფედეს საკუთარი სიტყვები. ეს სახლი შავი ფარდებით სხვა არაფერი იყო თუ არა დრაკონის ბუნაგი, ხოლო კალე თავად ის დემონი იყო, ვისზეც მთელი ბავშვობა ოცნებობდა ფედე....

მართალი იყო ფედეს დედაც: სურვილებთან ფრთხილად იყავიო, რომ აფრთხილებდა. მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ ამდენ მარტივ სურვილში ყველაზე წარმოუდგენელი აუსრულდებოდა ზუსტად.
რაღაც უცნაურ, ამავდრულად ნაცნობ, მელოდიას სტვენდა მხიარულ განწყობაზე მოსული დემონი. ჭრიალით დაიკეტა შავი უზარმაზარი ჭიშკარიც მათ ზურგს უკან...

7
აფრიალებული ყვავილებიანი ცისფერი ფარდის მიღმა მოსჩანდა ერთმანეთში ახლართული ციცაბო კლდეები. დრაკონის საშინელ ზურგს აგონებდა საწოლზე მოკუნტულ გოგონას აივნიდან გადაშლილი ხედი.
_ ისევ ტირიხარ ქალბატონო?_ ოთახში შემოსული ლამაზი ქალი საწოლზე ჩამოუჯდა მტირალს.
_ რომ წარმოვიდგენ ჩემ გამო რაც მოხდა... ყველა დავკარგე იასმინ. რომ არა მამა, რომ არა მისი ეგოიზმი... ასე არ უნდა მომხდარიყო!_ საწოლზე წამოჯდა და ფირუზისფერი კამკამა თვალები შეანათა ქალს.
_ ყველაფერი უნდა დაივიწყო ქალბატონო! დღეიდან აღარც შენ ხარ ის, ვინც იყავი! აღარც ეგ წარსულია შენი წარსული! ყველაფერი დასრულდა! _ გრძელ აბრეშუმივით რბილ მზისფერ თმაზე დაუსვა სავარცხელი ქალმა. _ ყველაფერი წარსულში დარჩა!
როცა მოსამსახურე გავიდა, გოგონამ ბალიშის ქვემოდან გამოიღო შავყდიანი წიგნი. მაგიდას მიუჯდა, გადაშალა, კალამი მელანში ჩააწო
და წერა დაიწყო:
„ოდესღაც, დიდი ხნის წინათ, ერთ სანეფოში დრაკონმა დაიდო ბინა!....“
.....
_ რა გააკეთე? ეს როგორ? რატომ? _ ხმაც აღარ ჰქონდა იზის. სწრაფად ყრიდა სამგზავრო ჩანთაში ნივთებს._ ილოცე, რომ მივუსწრო! ილოცე, რომ არ შეეხოს, თორემ ეს უკანასკნელი ჩვენი შეხვედრა იქნება ბებია!
უთხრა და სირბილით დაეშვა დაღმართზე. ლაურა იდგა და ცივი მზერით მიაცილებდა გაქცეულ შვილიშვილს. ემოცია არ ეტყობოდა გაყინულ სახეზე.
_ ეს მეტისმეტია დედა! ასე რატომ მოექეცი?_ პირველად მოხდა, რომ ლიდიამ ხმა ამოიღო. მართლა ვერ ხვდებოდა, რა საჭირო იყო ყველაფრის ასე გამწვავება. მაგრამ ლაურა ლიდიასთანა მარტივი აზროვნების ქალი არასდროს ყოფილა. იცოდა, რაღაც იყო ფედეში. რაღაც, რაც ადრე თუ გვიან მათ ყველას საფრთხეს შეუქმნიდა. ინტუიციით გრძნობდა, ეს გოგონა ყველაფერს აურევდა თავისი არსებობით. ხედავდა როგორი თვალებით უყურებდა გოგონას კალე და ხვდებოდა, სწორედ მის გამო შეიძლებოდა დრაკონს დაპირისპირებოდა. სწორედ ამიტომ სანამ დრო იყო, ფედე თავიდან უნდა მოეშორებინა.
_ ცოტას იტირებს, იყვირებს და დამშვიდდება, როგორც ყოველთვის!_ ხმაც მზერასავით ცივი ჰქონდა ლაურას _ უნდა იცოდე ცხოვრებაში პრიორიტეტის არჩევა! ყველაფერი ვერ გექნება!
არაფერს ნანობდა ლაურა, არაფერს, რაც მოხდა ანდაც რაც ამის მერე მოხდებოდა
.......

იმ დღეს გაიაზრა ფედემ, რომ არასდროს მანამდე არ განეცადა ნამდვილი ტკივილი. რომ ყველაფერი ის, რაც მანამდე ტკივილი ეგონა, მხოლოდ თამაში იყო. არასდროს უგრძვნია მსგავსი დამცირება, შეურაცხყოფა, იმედგაცრუება და ზიზღი, არასდროს არავის მიმართ უგრძვნია მსგავსი სიძულვილი. არასდროს განუცდია უმწეობის ამგვარი განცდა. და, როგორც ყველამ მანამდე, მანაც ინატრა, რომ დავიწყებოდა ყველაფერი. დავიწყებოდა მომხდარი და დავიწყებოდა საკუთარი თავიც.
მაგრამ დრაკონი განიცდიდა ამ ყველაფრის სანაცვლოდ განუსაზღვრელ თავისუფლებას, უცნაური იყო, მაგრამ სწორედ ფედეს ტკივილი ათავისუფლებდა მას. მისთვისაც პირველი იყო საკუთარი სიძლიერის და სრულყოფილების ამგვარი განცდა. რადგან ისინი ფედეს არ ჰგავდნენ. ვინ იყო დრაკონი? რა არსება იყო? რატომ ხდებოდა, რომ საზღვრების დანგრევა, სიამოვნების ბოლო წვეთამდე განცდა და ფედეს ტკივილის იგნორი ამსხვრევდა საუკუნეების წინ დადებულ წყევლას?იმ წამს ვერ ხვდებოდა დრაკონი, რომ სინანული ზოგჯერ გვიან მოდის, და მოდის იმგვარი ძალით, რომ მანამდე განცდილ, უსამართლობით მოგვრილ სიძულვილსაც კი ნამსხვრევებად აქცევს. შავ საწოლზე გაშლილ მზისფერ თმაში ახლართული მისი თითები, რძისფერი კანის ელვარება და მასზე დამჩნეული სიწითლეები განაცდევინებდა მას საკუთარ ნამდვილ არსს, ქაოსით და ნგრევით მოგვრილი ძალაუფლება თავისუფლება ეგონა დრაკონს. თითქოს ცაში ფრენდა მისი ალერსით განცდილი სიამოვნებისგან და მისგან განადგურებულ ფედეს ისე ამაყად დასცქეროდა, როგორც ოდესღაც მის ქვეშ ცეცხლმოდებულ ქალაქს. თითქოს ინგრეოდა მისი ფრთების ქვეშ სამყარო და რჩებოდა მხოლოდ თავისუფლება. თითქოს ერთმა სუსტმა სხეულმა დაიტია მისგან გადატანილი ტკივილი და მთელი სამყაროს სამყოფი შურისძიება. ჰკოცნიდა მის ნაზ ყელს, ცრემლებით დასველებულ ლოყებს, მკერდს, რომელიც თავადაც სრულყოფილება იყო, თითქოს საკუთარი ძალმოსილებით ამსხვრევდა მის სუსტ სხეულს და მაინც ვერ იმორჩილებდა. ეს ახელებდა დრაკონს და აღარ იყო მასში იმ წამს კალე. ორადგახლეჩილი პიროვნების მხოლოდ ბნელი მხარე დარჩენილიყო, მხოლოდ წყვდიადი და ბოლოს, როცა როგორც იქნა მოშორდა მის დაღლილ, გათელილ სხეულს, როცა შორიდან შეხედა საკუთარ ნამოქმედარს, გაიფიქრა, რომ წყვდიადის სამსხვერპლოს ჰგავდა არეული საწოლი. თავად ფედე კი მითვის მსხვერპლად შეწირულ მზეს აგონებდა. იდგა და გაოცებული დაჰყურებდა შავ ატლასის თეთრეულში ლამის გამქრალ ქალს და რაღაც უცნაური, ჯერ განუცდელი სინანულის გრძნობა ზვირთდებოდა დრაკონის გულში. სიხარულის და სიმშვიდის ნაცვლად ცეცხლად ედებოდა ეს უჩვეულო გრძნობა. მიუახლოვდა და მის უგონო, დაცლილ თვალებს გადააწყდა. თვალები აღარ ერქვა ამას, მხოლოდ სულისგან ცარიელი სარკეებიღა შემოსცქეროდა. გააკანკალა. მათში კი საკუთარი თავის ნაცვლად მონსტრს ხედავდა. განუცდელი სიცივე იგრძნო. მის წინ დაიჩოქა და საწოლიდან უღონოდ გადმოკიდული მტევანი თითებში მოიქცია.
_ შემომხედე!_ უბრძანა ცივი ხმით. რეაქცია არ ჰქონდა ფედეს. სადღაც მის მიღმა იყურებოდა. ვეღარ ხედავდა იმ რეალობას, რომელმაც გატეხა. ვეღარც ხედავდა და აღარც დანახვა სურდა._შემომხედე! სთხოვა ლამის ჩურჩულით.
_ ფედე შემომხედე!_ ლოყებში ხელი მოკიდა და თავი ააწევინა. მორჩილად მიჰყვა ფედე. როგორც მარიონეტი, როგორც უსულო თოჯინა. იმ წამს გაიაზრა დრაკონმა, რომ იმას, რასაც საუკუნეები ნატრობდა, არ შეეძლო მისთვის თავისუფლების მოტანა. რადგან ის ცა, სადაც თავისუფლად ფრენა სურდა, სწორედ ფედეს თვალები იყო. ხელი გაუშვა და უკან დაიხია. ვეღარ გრძნობდა ციხეს სხეულს შიგნით. სარკესთან მივიდა და საკუთარ თავს შეხედა. აღარ დაუბრუნდა დრაკონის ნახატი სხეულზე. ახლა თავისუფალი იყო. პატარა ჩიტივით თავისუფალი იყო დრაკონი. თავისუფალი იყო, მაგრამ აღარაფრად სჭირდებოდა ეს თავისუფლება.
_ როგორ? რანაირად?_ ჩაილაპარაკა დაბნეულმა. კვლავ უაზროდ მომზირალ გოგონას გახედა. რაღაც იაზრა._ შეუძლებელია!
თავი ურწმუნოდ გააქნია. მხოლოდ ნამდვილ მემკვიდრეს შეეძლო მისი გათავისუფლება. მხოლოდ მას, ვინც წლების წინ უნდა მიეგვარათ მსხვერპლად. მაგრამ თუ ეს სიმართლე იყო,გამოდის ფედეს აწვა მხრებზე მათი ჩადენილი ცოდვის სიმძიმე? რატომ? რა შუაში იყო ფედე? მხოლოდ იმიტომ რომ ოდესღაც მის წინაპარს გამბედაობა არ ეყო საკუთარ ბედს ღირსეულად შეხვედროდა?
სურდა, მაგრამ ვეღარ მიუახლოვდა საწოლზე მჯდარ თვალებ ცარიელ ქალს. ახლა მისთვის ყველაზე სასურველს და ყველაზე შორეულს. ყველაზე უცოდველს და მაინც ყველას ნაცვლად დასჯილს. დანაშაულის გრძნობამ აიტანა. ვეღარ გაუძლო. ის ახლა აღარ იყო დრაკონი, ახლა ჩვეულებრივი, მოკვდავი კაცი იყო. და როგორც ადამიანებს სჩვევიათ, გაიქცა მოუნდა.
_ მიაღწიე საწადელს?_ მოესმა სარკიდან. შემცბარმა შეხედა საკუთარ ანარეკლს._ ახლა კმაყოფილი ხარ? გილოცავ თავისუფლებას დრაკონო!
კალეს ხმა გონებაში ჩაესმოდა. ახლა სურდა, მაგრამ ვეღარ აბრუნებდა მას. გაქცევა სურდა საკუთარი თავისგან და ვეღარ გარბოდა. სურდა მის ნაცვლად კალეს სტკენოდა, კალეს განეცადა დანაშაულის გრძნობაც, სინანულიც და ყველაფრის გამოსწორების დაუძლეველი სურვილიც.
„ძნელი ყოფილა ადამიანად ყოფნა!“ გაიფიქრა დაღლილმა. და მიხვდა დრაკონი, ახლა თავად იყო საკუთარი თავის გალია. ისევე, როგორც ყოველი ადამიანი დედამიწის ზურგზე. ის უსამართლობა, რის გამოც ადანაშაულებდა სამყაროს, თავად ჩაიდინა წამის წინ. თავად გახდა სხვისთვის უსამართლოდ მიყენებული ღალატის, ტკივილის, და უსამართლობის მიზეზი და ამან დაანგრია დრაკონი. უკან უკან დაიხია და ისე გაიქცა საკუთარი ბუნაგიდან, როგორც წლების წინ ლაჩარი პრინცესა გარბოდა საკუთარი ბედისგან. მხოლოდ ერთი დღე ჰქონდა დრაკონს. დღეც არა, ერთი ღამე და დასრულდებოდა მისი ზღაპარი, თუმცა არა ისეთი დიადი და ღირსეული დასასრულით, როგორითაც ზოგადად ზღაპრული ამბები სრულდებიან ხოლმე....
რას იზამ? ყველა პერსონაჟს ვერ მოსთხოვ გმირობას და სიმამაცეს....

მანქანიდან გადმოხტა იზი, სირბილით გაიარა სახლამდე მისასვლელი ბილიკი და მისაღებში ისე შევარდა, წამით არ გაჩერებულა. პირველი იატაკზე დაგდებული ყვავილებიანი ნაჭრის ჩანთა მოხვდა თვალში. წამით გაჩერდა. მაღლა ამავალ კიბეებს ახედა აცრემლებული თვალებით და მიხვდა, რომ დააგვიანა....
ლამაზ პატარა სკვერში სკამზე იჯდა მოხუცი ქალი. წელში გამართული ჯდომის მანერა, სახის ჯერაც ლამაზი, სწორი და არისტოკრატული ნაკვთები მეტყველებდნენ, რომ ოდესღაც ულამაზესი უნდა ყოფილიყო. ახლა კი იჯდა გვერდით მოდგმულ ჟანგბადის ბალონს ეხებოდა ცალი ხელით. მეორე ხელით ძველებურ, დრაკონის თავიან ჯოხს ეყრდნობოდა. თითებით ეალერსებოდა რაღაც სანუკვარ ფიქრებში გახვეული. ჭაღარა თმას სუსტი ნიავი უფრიალებდა. წინ გადაშლილ ტბას გაჰყურებდა ჯერაც ჩაუმქრალი მზერით და წამიდან წამზე სახეზე გადარბენილი ჩრდილებით თუ მიხვდებოდით, რომ რაღაცას ბრაზობდა, მხოლოდ მისთვის ჩუმად და უსიტყვოდ.
_ აბა არ დაიღალე? სახლში წავიდეთ დედა!_ მიუახლოვდა ხანში შესული ქალი. დაეხმარა და საკამიდან იქვე მიდგმულ ინვალიდის ეტლში გადასვა.
_ კალე არ დაბრუნებულა ლიდია?_ ჰკითხა მოულოდნელად მოხუცმა შვილს._ იქნებ, რომ დაბრუნდეს...
თავი უსიამოდ გადააქნია ქალმა. ამოიოხრა და მობეზრებულად გააგორა მოხუცის ეტლი.
_ ყველაფერი დასრულდა დედა! კალეს ნუღარ დაელოდები! ნეტავ კალესავით იზი და ანაც გახსენდებოდეს ხანდახან!_ მიაგორებდა ლუდია დედის ეტლს და ფიქრობდა, რომ ყველა იღებდა ცხოვრებაში თავის საზღაურს. რომ ადრე თუ გვიან ყველასთან მოდიოდა ის ურმით მოღოღიალე სამართალი. მაინც რამდენი საუკუნე დასჭირდა ლაურამდე მოსასვლელად? მაგრამ მაინც მოაგნო ბოლოს და სწორედ ისე წაართვა გონება, როგორც მისგან შეწირულ მხევლებს მართებდნენ ამას. თავად კი დედამისისგან დარჩენილი უგონო ფუტლიარის მსახურად იქცა განუსაზღვრელი ვადით.
ანამ და იზიმ სახლი დატოვეს. ანა ალბათ ვერასდროს იცხოვრებდა სრულყოფილი ცხოვრებით, სუსტი ჯანმრთელობის გამო ვერასდროს გაშლიდა ფრთებს, ვერასდროს აისრულებდა ოცნებას საკუთარ ოჯახზე. ისიც არ იცოდა ლიდიამ, მის ასაკს თუ მიაღწევდა მისი ქალიშვილი. და ამასაც განიცდიდა მძაფრად და უსიტყვოდ. იზი? იზიმ სულ დაივიწყა სახლი შავი ფარდებით. იმ დღის შემდეგ, როცა ფედე კალეს საწოლში გონარეული იპოვნა, გვერდიდან არ მოშორებია. სახლიც, სწავლაც და საკუთარი არარსებული ცხოვრებაც დატოვა და ფედე საზღვარგარეთ წაიყვანა სამკურნალოდ. უკვე რამდენიმე წელი იყო მისგან არაფერი ისმოდა.
არავინ დარჩა ლიდიას, არავინ და არაფერი. ალბათ არც იყო ღირსი! ალბათ ასეც უნდა მომხდარიყო.
დრაკონი იყო მათი ძლიერების, სიმდიდრის, სტატუსის და სიცოცხლის ხანგრძლივობის წყარო. და როცა ფედემ დრაკონი თავისდაუნებურად გაანთავისუფლა, როცა საკუთარი უდანაშაულობის მსხვერპლად მიტანით წარსულის წყევლა დაასრულა, ყველაფერი თან გაიყოლა დრაკონმა. ყველაფერი, რაც ეკუთვნოდა. ერთგვარად კალეც კი.
კალე იმ დღის შემდეგ აღარ უნახავს ლიდიას...

_ რატომ გიზიდავს ასე ეს ამბავი ფედე?_ ზღაპრის წიგნი თაროზე შემოდო იზიმ. სძულდა ეს ზღაპარი. სძულდა, რადგან ყველაფერი რაც მასში ზღაპარს ჰგავდა სინამდვილე იყო. მუდამ უკვირდა როგორ ხდებოდა, რომ ფედეს დაკარგული მეხსიერების არ დაბრუნების მიუხედავად ეს ზღაპარი კვლავ ასე ძალიან იზიდავდა. ცხოვრება ლამის ახლიდან დაიწყეს. მკურნალობის შემდეგ, როცა დარწმუნდნენ, რომ დაკარგული მეხსიერების აღდგენა შეუძლებელი იყო, უკან დაბრუნდნენ. ფედეს დედაც კი შეეგუა თავისი შვილის თავს გადამხდარ უცნაურ ამბავს. რა თქმა უნდა, დაწვრილებით არაფერი იცოდა. რომ სცოდნოდა იზის ოჯახი შვილის უბედურებაში გარეული იყო, იზის ახლოს არ გააკარებდა ალბათ თავის საბრალო გოგონას. სწორედ ამიტომ სდუმდა იზი. თავს დამნაშავედ გრძნობდა და სურდა ამ მზრუნველობით, გულწრფელი სიყვარულით და თანადგომით გამოესყიდა დანაშაული. როგორღაც სულ ასე ხდებოდა ამ უსამართლო სამყაროში, რომ დანაშაულის სასჯელს სრულებით უდანაშაულონი იხდიდნენ.
_ არ ვიცი, ასე მგონია, მე მაგ ზღაპრის გმირი ვარ. ხან თვალებს რომ ვხუჭავ მას ვხედავ. _ ისე მოულოდნელად დაიწყო მოყოლა ფედემ. იზის ჩაის ფინჯანი გაუშეშდა ხელში._ სიზმარში ვხედავ სახლს, უცნაურად საშიშს, სახლს სულ შავი ფარდები აქვს. სიზმარში ვიცი ის იქ არის. ვიცი, მაგრამ შესვლა მეშინია.
ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა იზიმ. ნუთუ მისი მიძინებული მეხსიერება იღვიძებდა? სწორედ ახლა, როცა ახალი ცხოვრების დაწყებას გეგმავდნენ? თუ მხოლოდ ფედეს ქვეცნობიერის ოინები იყო?

_ ეგ მხოლოდ სიზმარია ფედე! სიზმარია და მეტი არაფერი!_ უთხრა შეშფოთებულმა.
_ არ ვიცი, ალბათ სიზმარია. მაგრამ მის თვალებს ვერ ვივიწყებ, როგორ გითხრა... მჯერა, რომ ის არსებობს. მჯერა, რომ მეძებს და მიპოვნის ადრე თუ გვიან! მჯერა, რომ ვიცნობ, როცა შევხვდები._ ჯიუტად გაიმეორა ფედემ.
_ ვინ ის? _ ლამის გაიყინა იზი პასუხის მოლოდინში.
_ ის კაცი შავი, ღამესავით შავი თვალებით!_ ჩაილაპარაკა ფედემ და საკუთარ ოცნებას გაუღიმა._ ისე ძალიან ჰგავს დრაკონს ზღაპრიდან.
_ იმედია დაბრუნებას არასდროს გაბედავ ძმაო!!_ გაიფიქრა იზიმ. თუმცა მიხვდა, რომ ზოგჯერ რაღაც სამყაროში არანაირ კანონზომიერებას, არც სამართალს არ ემორჩილებოდა. თორემ როგორ იყო, რომ ფედეს საკუთარი სახელიც კი არ ახსოვდა, მაგრამ კალეს სახეს ვერ ივიწყებდა. ან რას მოუტანდა ფედეს კალესთან შეხვედრა? რა მოხდებოდა თუ ის მომხდარს გაიხსენებდა?

მოტოციკლს მიაქროლებდა კალე. სახლში ბრუნდებოდა. როცა გაიაზრა, რომ გაქცევამ ვერ მოუტანა შვება დაბრუნება გადაწყვიტა. ახლა მზად იყო მას შეხვედროდა, თვალებში ჩაეხედა და კუთვნილი სასჯელი მიეღო მისგან. რასაც ის მოისურვებდა იმას იზამდა, ნებისმიერ განაჩენს მორჩილად შეხვდებოდა. დრაკონი აღარ სახლობდა მასში. იმ ღამის შემდეგ აღარ დაბრუნებულა. ალბათ ვერასდროს დააჯერებდა ფედეს, რომ თავად ბრალი არ მიუძღვოდა, რომ მისი გაორება, მისი დემონი, მისი სხეულის თანაზიარი და პატიმარი იყო დრაკონი. გიჟის ბოდვას ჰგავდა ეს ყველაფერი. თვალი გზის პირა მინდვრისკენ გაექცა. მოტოციკლი გადააყენა და გააჩერა. გვირილების უკიდეგანო ზღვას გახედა. სევდიანად გაეღიმა. სულ ამ სიზმარს ხედავდა. ეს სიზმარი უმშვიდებდა არეულ სულს. მინდვრის შუაგულში შევიდა. ჯერ დაჯდა და ჩამავალ მზეს გახედა. შემდეგ გულაღმა გადაწვა. უცნაური მომწარო სურნელი ჩაისუნთქა. სადაფისფერ ცას ახედა მარტოობით და მონატრებით დაღლილმა.
თვალები დახუჭა კალემ და ბლანტ, სასიამოვნო სიზმარში ჩაიძირა. კვლავ ვერ გაიგო, როდის ამოანათა უზარმაზარმა ნარინჯისფერმა მზემ მის ცარიელ წყვდიადისფერ სიზმარში:
ისევ გვირილების მინდვრის პირას იჯდა კალე მოტოციკლზე მიყრდნობილი. შორს ჰორიზონტზე კვლავ ავარვარებული მზე ჩადიოდა, მინდორში კი ის მზისფერთმიანი ოცნება ტრიალებდა, თეთრი კაბა ღრუბელს მოუგავდა და ხელში გვირილების უზარმაზარი თაიგული ეჭირა. ისევ ბედნიერებას გრძნობდა კალე იმ სიზმარში, ისეთ ბედნიერებას და სიმშვიდეს არასდროს რომ არ ეგრძნო საკუთარ სიცოცხლეში. ფრთები რომ გაეშალა, ცაშიც თავისუფლად აიჭრებოდა, ფედე ხომ რწმენას ნიშნავდა, და იყო კიდეც, რწმენაც და მისი თავისუფლებაც...



დასასრული

ვე რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent