თეთნულდს გასძახე 6. მთას ვერ გაექცევი
ღამე ხერგიანების კოშკზე ისე იყო ჩამოწოლილი, თითქოს თვითონ მთას დაეძინა. თოვლი ქარში ტრიალებდა და კედლებს ეკვროდა, ბუხრის ალი კი შიგნიდან ოდნავ ბჟუტავდა. დარიკო სამზარეულოში ფუსფუსებდა. კარის იქით ისევ სიჩუმე იყო - კაცების ხმები აღარ ისმოდა, მხოლოდ გარედან მოდიოდა მანქანის ძრავის შორეული ზუზუნი, თითქოს მთის ქვეშ მყოფი ნადირი ჩუმად ბღაოდა. ანა ოთახის შუაში იდგა. ყველაფრის ლეწვისგან დაღლილი. რომ მიხვდა გაგი ყურადღებას არ მიაქცევდა, თუნდაც მთელი ოთახი დაენრგია, მერე უკვე გაჩერდა. თვალები ფანჯრისკენ ჰქონდა მიპყრობილი, სადაც მთვარე თეთრად ანათებდა თოვლზე და იმ გზას ჰგავდა, რომელიც არც სადმე მიდიოდა და არც საიდან მოდიოდა. ცოტა ხანი არაფერი გაუკეთებია - მხოლოდ სუნთქავდა, თითქოს ამოსუნთქვისას საკუთარ თავს ეჩურჩულებოდა. „არ დავრჩები... არ გავჩერდებიო." ფანჯარას მიუახლოვდა, გამოაღო. ქარმა თმა აუბურდა, სიცივე სახეზე მოედო. ანამ ოთახს თვალი მოავლო - იატაკზე დაგდებული ნაბადი, გადმოვარდნილი და გატეხილი ვაზა, საწოლის კიდეზე დარჩენილი სვანური პერანგი. ყველაფერი უცხო იყო, როგორც სიზმარი, სადაც ადამიანი საკუთარ სახელს ვერ იხსენებს. და მაინც, ერთ წამში ყველაფერი გადაწყვიტა. განა აქ რა გააჩერებდა, როცა იცოდა რომ დედა სახლში ჰყავდა, რომელიც ნერვიულობით მოკვდებოდა. ფანჯარა ოდნავ შეაღო, ხმაურის შიშით სუნთქვა შეიკავა და ცივი ჰაერი შიგნით შემოუშვა. ქარი მის თმას მოედო, თითქოს თვითონ მთა შეეხო - ცივი, მკაცრი, მაგრამ თავისუფალი. „ახლა ან არასოდეს," - გაიფიქრა ნაბადი მოიხურა და ფანჯრიდან გადაძვრა. მესამე სართულზე იყო, თანაც ძალიან მაღალზე. ვერ გარისკავდა ასე პირდაპირ გადახტომას. ნელა გადაძვრა გვერდით სახურავზე, თოვლიანი ქარის ბიძგმა გაუჭირვა სუნთქვა. ქვემოთ ბნელში იშლებოდა ეზო - თეთრი და უსასრულო, მაგრამ ასეთი სიმაღლიდან ერთი არასწორი ნაბიჯი საკმარისი იქნებოდა ყველაფრის დასასრულად. ფანჯრის ჩარჩოს თითებით ეჭიდებოდა, ხელები ეყინებოდა, მაგრამ არ უშვებდა, არც ნაბადს უშვებდა, მთლად რომ არ გაყინულიყო. ნელა გადაიხარა მარცხნივ - იქიდან პატარა სახურავი ჩანდა, ნახევრად თოვლით დაფარული. - გადაივლი, ანა, არ შეგეშინდეს,- ჩუმად უთხრა საკუთარ თავს. ფრთხილად გაწია ფეხი, ტერფი სახურავის კიდეს დაადგა და მთელი სხეულით გადახტა. თოვლი გასრიალდა, ფეხი დაუცდა, ხელით ვერ მოასწრო უცებ მოჭიდება - ერთი წამით ჰაერში დარჩა, გული უჩვეულო სიჩუმით ამოუტრიალდა და ისევ მოასწრო, მოეჭიდა სახურავის რკინის ნაპირს. თითები სტკიოდა, მაგრამ არ გაუშვია. ცოტა ხნით გაშეშდა, სუნთქვა დაიმშვიდა, მერე ისევ ფრთხილად გადმოინაცვლა და სახურავზე ჩუმად დაეშვა. თოვლი ქვეშ ჩაეფშვნა, თითქოს მთამ ამოისუნთქა. გულამოვარდნილი იჯდა, თვალები დახუჭა და მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა, როცა დარწმუნდა რომ ცოცხალი იყო. მერე, ძალა მოიკრიბა, წამოდგა და სახურავის კიდისკენ დაიძრა - იქიდან კი, სულ ქვემოთ, ბილიკი მოჩანდა, რომელსაც თავისუფლება ერქვა. ქვემოთ ჩაძვრა, ბოძს მოეჭიდა და ჩასრიალდა, თუმცა ვეღარ შეძლო მტკივანი ხელით მოჭიდება და ნაბადთან ერთად პირველი სართულიდან გადმოვარდა. დაიკვნესა ხმადაბლა, თუმცა არ სტკენია დიდად, თოვლი უკვე საკმაოდ იდო. წამოდგა, ყინული ფეხქვეშ ჩაიფშვნა. ფრთხილად დაეშვა ეზოს ბოლოსკენ, სადაც ბილიკი იწყებოდა. თუმცა ცხენების ჭიხვინის ხმამ შეაჩერა, მერე დაფიქრდა, ფეხით სანამ გავქაჩავო და საჯინიბოსკენ დაიძრა. ერთ ყავისფერ ცხენს მოეფერა, გაუღიმა და უნაგირი დაადგა, "არ იხმაუროო" გასძახა, როცა ცხენმა დაიჭიხვინა. გასასვლელთან იდგა, უკვე ამთავრებდა ქამრების შეკვრას. თითქოს ყველაფერი კარგად იყო... სანამ შორიდან რაღაც არ გაკრთა - ფეხის ხმა, მძიმე და ნელი. ანა გაჩერდა. სხეულში სისხლი გაეყინა. მერე ბნელიდან კაცის ხმა მოისმა - ჩუმი, დაბალი ტონი. - სად მიდიხარ, ანა? გაგი იყო. ანა შეხტა, თითებით უნაგირს მოეჭიდა, ცხენზე ამხედრდა და ისე გააჭენა, თითქოს სიკვდილს გაექცა. ყინული ქვეშ დაიმსხვრა, შრიალით გაიჭრა ფერდობზე - ქარმა თმა სახეზე აუფრიალა, სვანური ნაბადი კი ზურგზე ფრიალებდა, თითქოს თვით მთას ეჯიბრებოდა სისწრაფეში. სვანეთის ფერდობები ქათქათა თოვლით მოფენილიყო - მთები შორიდან დუმდნენ, თითქოს უყურებდნენ თავიანთ ძველ კანონებს, როგორ ირღვეოდა ამ გოგოს ხელით. თოვლი ფრთხილად ცვიოდა ზემოდან, თითოეული ფანტელი იჭერდა მთვარის ნათებას და ანათებდა ბილიკს, სადაც ცხენის ფაფარი ქარში ტალღად ირხეოდა. ქარმა ნაბადი აუფრიალა - სვანური ნაქსოვის ბურდოები მთვარის შუქზე თითქოს ცოცხლდებოდნენ, თმები კი ყავისფრად ელავდნენ, იასამნისფერი ელფერით, როცა შუქი შეეხებოდა. ანა მიქროდა. თვალებიდან ნაპერწკლები სცვიოდა - არ იყო ეს მხოლოდ შიში ან გაქცევა. ეს იყო თავისუფლება, რომელიც პირველად იგრძნო ამდენი ხნის განმავლობაში. ქარმა სახე აუწვა, მაგრამ არ შეუშინდა. იცოდა რომ ამ ღამით ან მთას გადაურჩებოდა, ან სამუდამოდ დარჩებოდა მის ჩრდილ ქვეშ. გაგი ცხენზე ამხედრებული მიჰყვებოდა უკან. გასაოცრად სწრაფად მიაქროლებდა ანა ცხენს, შორიდან მოჩანდა მისი აჩრდილი. თვალს არ აშორებდა, ეშინოდა დახამხამებისაც კი, არ უნდოდა მისი დაკარგვა. სუნთქვა გაუხშირდა, გულში კი უცნაური გრძნობა იჩენდა თავს - არ ჰგავდა სიძულვილს, არც უბრალო შიშს. ეს იყო გაოცება და აღტაცება. შორიდან ხედავდა, როგორ ელავდა გოგოს თმა მთვარის შუქზე, როგორ ასხივებდა თოვლში მოძრაობისას, თითქოს თვითონ მთა დაებადებინა. თითქოს ბუნება მის ირგვლივ ხმადაბლა სუნთქავდა, ქარი ჩუმად უყურებდა, როგორ იბრძოდა ადამიანი თავისუფლებისთვის. გაგის უნაგირზე თითები დაეჭიმა, დაინახა ანას ცხენი ჰაერში როგორ აფართხალდა, არ გაჩერებულა, მაგრამ ანა უკვე აღარ ჩანდა. მთვარის შუქში ანას ყავისფერი თმა აღარ ელავდა. უკვე თითქმის გაქრა - მხოლოდ ნაბადის ბურდოები მოჩანდა, სადღაც ღრმად თოვლში. ანა თოვლში იწვა - თითქოს თავად სვანეთის ნაწილი გამხდარიყო. მთვარის შუქი მის სახეს ეცემოდა - ისეთი მშვიდი ჩანდა, თითქოს კი დაცემულა, არამედ ეძინა. გაგი ჩუმად უყურებდა. თვალებში შიში არ ედგა, არამედ აღტაცება - თითქოს პირველად ხედავდა, როგორი ლამაზი შეიძლება იყოს სიჯიუტე, როცა ის ღირსებისგან მოდის. როგორი ლამაზი შეიძლება იყოს ის, ვინც იცი რომ შენი არასდრის გახდება. ის ხასიათი, ის თვისებები, ის ემოციები და სიჯიუტე გაგის უბრალოდ აგიჟებდა. ამ გოგოს გაგი უბრალოდ ჭკუიდან გადაჰყავდა. ხერგიანი ოჯახში ერთადერთი ვაჟი იყო, მალხაზი და ნინო თავიდანვე ანებივრებდნენ, არ არსებულა სურვილი, გაგის ნდომებოდა და არ ასრულებულიყო, ეს გოგო კი ახლა ყველაზე მიუწვდომელი მთა გახდა, იმიტომ რომ გაგის ახლოს მისვლაც კი არ შეუძლია, მისი სული სადღაც კილომეტრებით მოშორებითაა, გული კი საერთოდ დალუქულია. გაგი ხერგიანი მთელ სამყაროს მიიღებს, მაგრამ მას ვერანაირად გაუმკლავდება, მასთან მილიმეტრითაც ვერ მივა ახლოს. - მთის ფერი ხარ...- წამოსცდა ჩუმად. მერე ხელი მიადო მის თმას - თბილი იყო და ამ სითბომ ზამთრის სიცივე წამით დაავიწყა. თოვლი ისევ ცვიოდა ზემოდან. მთა კი დუმდა - თითქოს თვითონაც იცოდა რომ ამ ღამით ერთი კანონი დაირღვა და რაღაც ახალი დაიბადა. გაგი დაიხარა, ხელი მიადო მის მხარს - არ იცოდა, ისევ ცოცხალი იყო თუ არა. - ჯანდაბა...- ჩუმად ამოილაპარაკა გაგიმ,- რას მიშვები, გოგო... ანამ ნელა გაახილა თვალები. მთვარის შუქი მის სახეზე ეცემოდა, თმაში კი თოვლის ფანტელები ელავდნენ. თვალებში აღარ ედგა შიში - მხოლოდ სიჩუმე და ჯავრი, ისეთი სიღრმის რომ თვით მთას შეეძლო დაეფიცა მის სიმტკიცეზე. - გული ნუ დაგწყდება, ხერგიანო,- უთხრა ხრინწიანი ხმით,- მე ასე იოლად არ დავეცემი. ანა ნელა წამოდგა, თოვლი მხრებიდან ჩამოიფერთხა, სუნთქვა უჭირდა დაცემისგან. სხეულში ყველაფერი სტკიოდა. ფეხები, მკლავები, კისერიც კი, მაგრამ მაინც არ შეჩერებულა. ქარმა სახეში მიაყარა თოვლის ფანტელები, თითქოს ამღვრეული მთა ცდილობდა შეეჩერებინა. გაგი ნაბიჯით მიუახლოვდა, რაღაცის თქმა უნდოდა - ხმა დაეხშო. - ანა, მოიცა...- მხოლოდ ეს მოასწრო. ანამ უკვე ზურგი აქცია. არც გაუხედავს, არც მოუსმენია. თოვლში ნელი ნაბიჯებით მიდიოდა - თითები გალურჯებოდა, ტკივილი სულ უფრო უმძაფრდებოდა, მაგრამ თვალებში მაინც იყურებოდა. თითოეულ ნაბიჯთან ერთად მთვარე შორიდან უფრო მკაფიოდ ანათებდა, მთები კი დუმდნენ, თითქოს გზას უთმობდნენ ამ ჯიუტ გოგოს, რომელიც ძალას მარტო სიჩუმეში პოულობდა. გაგი უყურებდა. ის ქალი, რომელიც ერთი ღამით მოიტაცა, ახლა ისე მიდიოდა მისგან, თითქოს თვითონ დაემორჩილებინა მთის სული. გულში რაღაც ჩაწყდა - შიში იყო ეს, ბრაზი, თუ უბრალოდ უცნაური თრთოლა, რომელსაც სახელი ვერ დაარქვა, ვერ გაუგია. - გგონია შეგეშვები?- ჩუმად ამოილაპარაკა, მაგრამ ქარმა მისი ხმა შორს წაიღო, იქ, სადაც თოვლი და სიჩუმე ერთიანდებიან. ანა გზას აგრძელებდა. თოვლზე მისი ნაკვალევი რჩებოდა, აქა იქ სისხლის კვალიც ჩანდა და როცა ფერდობზე მიაღწია, მთვარე ზუსტად თავზე დაეშვა - შუქი ნაბადზე ოქროსფრად აელვარდა. ცოტა ხანს გაჩერდა, უკან არც მოუხედავს. მერე ისევ წავიდა - შეუჩერებლად. გაგი არ დაძრულა. თოვლში იდგა, ქარი თმაში ებლანდებოდა და პირველად იგრძნო რომ იმ გოგოს ტყვეობა არც ძალით შეიძლებოდა და არც ღირსებით. პირიქით, ეს გოგო თავად ატყვევებდა ყველას. თავად გაგი ხდებოდა მისი ტყვე, მონა და ამას ძალიან კარგად ხვდებოდა, თუმცა უჭირდა, პირველად ცხოვრებაში ყველაზე მეტად უჭირდა თავისა და ნერვების მოთოკვა. უბრალოდ იდგა და შორიდან უყურებდა, ძალა არ შესწევდა რომ მისულიყო და რამე ეთქვა. სვანეთის მთა ამაღამ პირველად დუმდა ქალის სიმტკიცის წინაშე. თოვლი უკვე ფიფქებად აღარ ცვიოდა - ახლა ცივი ნისლი დაეშვა მთის ფერდობზე, ისეთი მძიმე რომ სუნთქვაც გაგიჭირდებოდა. ანა მიდიოდა, ნელა, თოვლზე ხრაშუნით, უჭირდა, თითქოს თვითონ თოვლი არ აძლევდა წასვლის უფლებას. ყოველი ნაბიჯი ტკივილივით მოდიოდა სხეულში - მუხლები ებრიცებოდა, მხრებზე ამძიმებდა სვანური ნაბადის მძიმე ქსოვილი, რომელიც ისევ სველს და გაყინულს მიათრევდა. გაგი შორიდან მიჰყვებოდა. არც გაჩერებას ცდილობდა და არც ხმას იღებდა - ხედავდა მხოლოდ როგორ იბრძოდა გოგო სიცივესა და ტკივილთან, როგორ იჭერდა თავს ისე, თითქოს მთების წინაშე არ უნდა მოდრეკილიყო. მთვარე უკვე დაბლა ეშვებოდა. მისი შუქი თოვლზე ვერცხლად ეფინებოდა და ამ სინათლეში ანა სულ უფრო ანელებდა სვლას - ნაბიჯები უმძიმდებოდა, სუნთქვა უჭირდა, თმა სახეზე ეკვროდა, თვალები კი, საიდანაც ისევ ჯიუტად იმზირებოდა - ნელ-ნელა დაუბინდა. მერე ერთ წამში ყველაფერი გაჩერდა. ფეხი აღარ მოიმართა, ქარმა თმა სახეზე დააფინა და ანა თოვლში ჩაიკეცა ისე ჩუმად, თითქოს თვით სვანეთის ფერდობმა შეიფარა თავის გულში. გაგი წამით გაიყინა. გულში უცნაური სიცარიელე ჩაუვარდა, თითქოს მთიდან ქარმა სული ამოართვა. - ანა!- დაიძახა, ხმა გაუტყდა. თოვლში დაეშვა, მისკენ გაიქცა, ხელები შეახო - სახე გაყინული ჰქონდა, ტუჩები ფერმკრთალი, მაგრამ სუნთქავდა. სუსტად, თუმცა სუნთქავდა. გაგიმ სწრაფად მოიშორა თავისი თავშალი, ფრთხილად გაახვია გოგო თბილ ქსოვილში, თავი მკერდთან მიადებინა, თითქოს ამ სითბოთი დააბრუნებდა. - არ გაბედო და გამეთიშო ახლა...- ჩუმად ეჩურჩულებოდა, ხმა უჩვეულოდ რბილი ჰქონდა. ცხენზე შემოსვა, მარტო ვერ შეძლო - ნაზად აიყვანა ხელში, თითქოს ფაიფურის იყო და ნაბადში გახვეული ანა წინ დაისვა. თითქოს მთვარის შუქი ისევ გამოჩნდა, ისევ გაანათა ნისლისგან დაბურული გზა - დაინახა, როგორ ელავდა თოვლში მისი თმა, როგორ შლიდა ქარი ნაბადის კიდეებს და თითქოს მთებიც მიჩუმდნენ რომ ამ სიჩუმეში გაგის მხოლოდ ანას სუსტი სუნთქვის ხმა გაეგო. ნელა მიუყვებოდა ბილიკს, ხანდახან გოგოს უფრო მეტად იხუტებდა რომ იქნებ სხეულით მაინც გაეთბო და როცა ბოლოს ხერგიანების კოშკი გამოჩნდა შორიდან, ანას უკვე მკერდზე ჰქონდა დადებული თავი - ჩუმად იყო, მშვიდად, ისე, თითქოს სადღაც შორეულ სიზმარში მოგზაურობდა. გაგიმ ცხენი გააჩერა, ჩამოხტა ხელში ისევ აიყვანა და ისე შეიყვანა შინ. ნაბადში გახვეული გოგო სვანეთის სიჩუმეში იმ სიცოცხლეს ჰგავდა, რომელსაც თვით სიკვდილმაც ვერ უქნა ვერაფერი. გაგი სახლში ჩუმად შევიდა, ზღურბლზე მდგარმა ფეხსაცმელებზე თოვლი შეიფერთხა. ნაბადში გახვეული ანა ხელში ეჭირა - თავით მკერდზე მიეკრა, სუნთქვა სუსტი ჰქონდა, მაგრამ ცოცხალი იყო. მისაღებში დამწვარი შეშის სუნი იდგა. ბუხარში ალი ბჟუტავდა და კედლებზე ცეცხლის ჩრდილები ცეკვავდნენ. დარიკო ფანჯარასთან იდგა, ხელში ნაქსოვი პერანგი ეჭირა, მაგრამ ნემსი აღარ მოძრაობდა. მხოლოდ მალხაზი მობრუნდა მათკენ, მოათვალიერა ორივე. - ცოცხალია?- იკითხა ჩუმად. გაგიმ თავი ოდნავ დაუქნია. მეტი არაფერი უთქვამს. თვალები ნაბადზე ეჭირა. მალხაზიმ ხმა ვერ გასცა, მხოლოდ მზერა გაუსწორა შვილს. დარიკო უხმოდ ჩამოჯდა სკამზე. ყველას ესმოდა რომ ანა ადვილად ვერ გატყდებოდა - არც ფერდობს დაუჩოქებდა და არც მთებს. იმ ქალში რაღაც იყო ისეთი, რასაც ძალით ვერ დაიმორჩილებოდი. მალხაზი ჩაფიქრებული უყურებდა შვილს. - მთას ვერ დააჩოქებ, გაგი... ვერც ამ გოგოს,- თქვა დაბალი ხმით და ისევ ბუხარს მიუბრუნდა. გაგიმ არაფერი უპასუხა. მხოლოდ ფრთხილად მიიყვანა ბუხრის წინ ხალიჩაზე დააწვინა. ნაბადი ისევ შემოახვია, თითები ოდნავ შეეხო მის თმაზე ჩამდნარ ფიფქებს, რომლებიც ნელ - ნელა იშლებოდნენ. სახლში სიჩუმე ჩამოვარდა. გაგი იდგა და უყურებდა - ტყვეს კი არა, ადამიანს, რომელიც მთელი თავისი ჯიუტი სილამაზით ამ სახლს უკვე აღარ ეკუთვნოდა. სვანეთის კოშკში იმ ღამეს აღარავის დაუძინია. გარეთ კი თოვლი ისევ მოდიოდა - მშვიდად, რბილად, თითქოს თავად მთა ჩუმად ჩასჩურჩულებდა გოგოს გაგისთან ერთად. - არ დანებდე, მეგრელო,- ბუხრის ალი ნაპერწკლებს ისროდა, ოთახი კი თითქოს ამ ციმციმა შუქზე სუნთქავდა. მალხაზი და ნინო ოთახში გასულიყვნენ, დარიკო ნელა მიუახლოვდა და ანას უყურებდა - თბილად. ქალის სახეზე სინანული ჩასახლებოდა. თითქოს ეს გოგო მისთვის მტერი აღარ იყო, არამედ შვილი, რომელიც მთამ არასწორად გადმოაგდო მათ კალთაში. - გაყინულია... თბილი წყალი მოიტანე,- ჩუმად თქვა და გაგის შეხედა. გაგი უძრავად იდგა. ჯერ კიდევ გრძნობდა თითებზე იმ სიცივეს, რომელიც ანასგან მოდიოდა, ხელს არ უშვებდა, ცდილობდა გაეთბო. დარიკო მიხვდა რომ შვილიშვილს არაფერი ესმოდა, ახლა მისაღებში ახლადგამოსულ ნინოს გახედა. ქალმა ქოთანი ბუხართან ჩამოდგა და წყალი ჩუმად დალოცა - ძველი, მორწმუნე ქალის ჩვევით. მალე ოთახი თბილი ორთქლით აივსო. დარიკომ ფრთხილად მიუწია ჭიქა ანას ტუჩებთან, მაგრამ გოგოს სუნთქვა ძლივს ისმოდა - თითქოს სადღაც შორიდან, თოვლის სიღრმიდან მოდიოდა. გაგი ნელა ჩაიმუხლა მის გვერდით, ნაბადს ხელი დაადო - ერთი მხარე თბილი იყო. თვალები დახუჭა, თითქოს ამ სითბოს ენდობოდა. მერე ჩუმად ამოილაპარაკა. - გადარჩება... ამას სიკვდილიც ვერ გატეხს,- ახლა მალხაზიმაც შვილს შეხედა, ღრმად ამოისუნთქა და მშვიდად თქვა. - თუ გადარჩება, გაგი, დაიმახსოვრე... ასეთი ქალი ან შენს გვერდით დადგება, ან შეგებრძოლება - შუა გზა მასთან არ არსებობს,- გაგიმ ხმა არ გასცა. თვალით მისჩერებოდა გოგოს, რომელიც ბუხრის შუქზე ოდნავ შეირხა - თმაზე თოვლი უკვე დნებოდა, ტუჩები კი წამით შეიძრა, თითქოს სიზმარში რაღაცის თქმა უნდოდა. გარეთ ღამე ნელა ცივდებოდა, მაგრამ ოთახში თითქოს დრო გაჩერდა. და როცა ქარმა ბუხრის ალი ოდნავ აათამაშა, ყველას მოეჩვენა რომ სვანური ქარი ჩუმად ჩურჩულებდა. "ეს გოგო მთას არ ეკუთვნის... მაგრამ მთამ მაინც ვერ დატოვა მარტო." * * * ბუხარში ცეცხლი ნელა გიზგიზებდა, ალის შუქზე მუხის მაგიდა ოქროსფრად ელვარებდა. ოთახში მალხაზი, ნინო, დარიკო და გაგი ისხდნენ - მძიმე სიჩუმეში ჩაფლულნი, თითქოს ყოველმა სიტყვამ შეიძლებოდა მთას ექო დაეძრა. მხოლოდ ბუხრის წკარუნი ისმოდა და ხის სუნი, რომელიც სვანურ სახლებს მუდამ თან სდევს. გაგი კედელთან იდგა, ფანჯარასთან - ზურგით დანარჩენებისკენ. მის მზერაში რაღაც გაუგებარი სიმძიმე ჩასახლებოდა. თითქოს სურდა, საკუთარ თავში ჩაეხედა და არ შეეშინებოდა იმისა, რაც იქ დახვდებოდა. მაშინ იყო, როცა გარედან ცხენის ჭიხვინი მოისმა - ისეთი მკვეთრი რომ ოთახში ყველა ერთდროულად შეკრთა. გაგის თვალები წამით აენთო. რაღაც უცნაური, მჭრელი გრძნობა მოაწვა გულში, რომელიც არც სიტყვად ითქმებოდა, არც აზრად. - რა ხდება?- იკითხა მალხაზიმ, მაგრამ გაგი უკვე აღარ უსმენდა. ფანჯარასთან მიიჭრა, შუქს მიაშტერდა და დაინახა. თოვლზე, მთვარის შუქში, პატარა სხეული საჯინიბოში. გაგი ყველაფერს ერთ წამში მიხვდა - არც დაფიქრებულა მეორედ. - გარბის,- თქვა და კარისკენ გაიქცა, საკიდზე დაკიდებულ თავშალს დაავლო ხელი და საჯინიბოში გავარდა. - სად მიდიხარ, ანა? ის იყო რომ ანა ცხენს მოახტა და სიბნელეში გაქუსლა. თითქოს მთებიც კი უყურებდნენ ამ დევნას - მდუმარედ, თავშეკავებულად, როგორც მაშინ, როცა ადამიანები საკუთარ ბედს ეჯიბრებიან და შორს, თეთრ ბილიკზე, ყავისფერი ცხენი და ქარში გაფრენილი თმები ერთმანეთს ერწყმოდნენ - ქალი გარბოდა მთიდან, მაგრამ მთას ვერ გაექცა. მთამ არ გაუშვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


