შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეწყვიტე თოვა (სრულად)


დღეს, 18:51
ავტორი ვე რა
ნანახია 114

1

_ ის ვინ არის?_ თავით ანიშნა ნაცნობ მიმტანს ბართან მდგომ სანტას ქუდიან გოგონაზე, რომელიც საახალწლო სიმღერას აყოლებდა სხეულს. ლამაზზე უფრო ბავშვური გოგო იყო. ნათელი მზერით და ღიმილისგან ლოყაზე გაჩენილი ფოსოებით.
_ ანინაა!_ თვალები ისე ანთო ბიჭს, მირიანისთვის აშკარა გახდა, რომ მისდამი გულგრილი არ უნდა ყოფილიყო.
_ ანინა რა სახელია?_ ჰკითხა ვითომ უინტერესოდ.
_ ანი ჰქვია, მოფერებით ანინას ვეძახით!_ უპასუხა ბიჭმა და ხმა ისე დაეძაბა, აშკარა იყო სულ არ სიამოვნებდა მირიანის ასეთი აკვიატებული ინტერესი. გაეღიმა მირიანს. თავით ანიშნა დამტოვეო. ყავას ნება_ნება სვამდა და თვალს არ აცილებდა იმ მხიარულ გოგონას. მერე საკუთარი ვინაობა გაახსენდა და თვალი ფანჯარაზე გადაიტანა. დაინახა, როგორ გამოაპრონწიალეს მოპირდაპირე შენობიდან ვიღაც ზორბა ტიპებმა გამხდარი ჰალსტუხიანი კაცი. შეუმჩნევლად ამოიოხრა. ინატრა, თავადაც არავინ ყოფილიყო, აი იმ მიმტანი ბიჭის მსგავსად. უფლება ჰქონოდა იმ ნაპერწკალივით გოგონასთვის ხელი ჩაეკიდა და ცხრა მთას იქით გადაეკარგა, მაგრამ ახლა ვერაფერს გააწყობდა. ასეთი თავგადასავლების ადგილი არ იყო მის ცხოვრებაში. უკანასკნელად შეხედა გოგონას.
_ ანინა!_ გაიმეორა მისი სახელი. ფული დატოვა, წამოდგა და კაფიდან გავიდა.
_ ცოტნე, ჯერ არაფერი უთქვამს მგონი! ყბას თუ მოტეხავ, სულ ვერაფერს იტყვის!_ მირიანის დანახვამ უარესად დააფრთხო ჰალსტუხიანი.
_ ბატონო მირიან, მე ... მე... მე ყველაფერს გეტყვით!
_ ასე არ ჯობია „ბატონო“ აკაკი?_ "ბატონოს" ირონიულად გაუსვა ხაზი მირიანმა._ აბა გისმენ!
სკამი უკუღმა მოატრიალა, უდარდელად გადაჯდა, ხელით საზურგეს დაეყრდნო და პასუხის მოლოდინში.
_ მას უტყუარი მტკიცებულება ჰქონდა. რა უნდა მეთქვა? სხვა გზა არ დამრჩა!_ თავი იმართლასავით აკაკიმ.
_ აჰა, ანუ სხვა გზა არ დაგრჩა და როგორც ადვოკატმა, მისი სახელით მიჩივლე არა?_ გაეღიმა მირიანს._ ახლა გასაგებია!
_ არა, მე უბრალოდ..._ აკაკიმ აღარ იცოდა რა ეთქვა. არადა იმ წამს, როცა საჩივარს ამზადებდა მირიანის წინააღმდეგ, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორი იმიჯი ექნებოდა, თუ იმ მოუხელთებელ მენაბდეს ციხეში გამოამწყვდევდა.
_ ხიბლში ხარ აკაკი ბატონო! ეეჰ, რომ იცოდე, როგორი დამღუპველია ეგ შენი ამპარტავნება! _ თავი გააქნია მირიანმა უკმაყოფილოდ. _ კარგი ადვოკატი ხარ, მაგრამ საკუთარი ეგოცენტრიზმი გღუპავს! ერთ უფასო რჩევას მოგცემ, ცოტას დასჯერდი ხოლმე და მშვიდად იცხოვრებ! ახლა კი მითხარი, სადაა მტკიცებულება?
_ უნდა გააქროთ არა?_როცა მიხვდა ისევ ზედმეტი წამოსცდა, უკვე გვიანი იყო. მუცელში მოხვედრილმა მუჭმა იატაკზე გააგორა ცნობისმოყვარე სტუმარი.
_ ეჰ აკაკი, აკაკი! მაინც ვერ სწავლობ ჭკუას! მგონი ცოტაოდენი ზღვის წყალი არ გაწყენდა! გინდა ბათუმში გაგიშვა დასასვენებლად?_ გაუღიმა მირიანმა იატაკზე წამომჯდარ საწყალ იურისტს. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა აკაკიმ. თავი უარის ნიშნად გააქნია ბავშვივით გაბუტული სახით. მირიანს გულიანად გაეცინა.
_ ყველაფერი მეხსიერების ბარათზე ჰქონდა ბაკურაძეს. არ დამიტოვა, ასე თქვა არავის ვენდობიო. მართალს ვამბობ!_ წამით დააკვირდა მირიანი დამფრთხალ კაცს.
_ ხოოო, ამჯერად მართალს ამბობ!_ ფეხზე წამოდგა. შარვალი გაიბერტყა._ რა მტვრიანია აქაურობა! რომ მორჩებით კარგად მიალაგეთ! ზედმეტი არაფერი ვარგა, მით უფრო სისხლი! არ დაივიწყოთ!
_ ბატონო მირიან!_ მიადევნა აკანკალებული ხმა აკაკიმ. იცოდა, „ზედმეტი“ რაც იყო და ისიც, თუ როგორ ესმოდა ცოტნეს ეს „ზედმეტი’’.
_ ამაღამ გავდივართ._ გულგრილად ჩაულაპარაკა კართან მდგარ კაცს მირიანმა._ გაემზადეთ!

_მამაა სახლში ხარ?_ ჯერ კარში შემოიჭყიტა და როცა დარწმუნდა, სახლში არავინ იყო მხოლოდ ამის შემდეგ შემოაჩოჩა მძიმე, გრძელი ყუთი. ახალ წლამდე ოთხი დღეღა იყო დარჩენილი. ყუთი საძინებელში შეიტანა და საწოლის ქვეშ საგულდაგულოდ დამალა.
_ რეკავენ ზარებიი, შობა თენდებაა!_ აღიღინდა ხმადაბლა. რამდენიმე თვე იყო ამ საჩუქრისთვის დანაზოგს აკეთებდა ანი. მამამისს თევზაობა უყვარდა. თუმცა საკუთარი სამუშაოს გადამკიდე საყვარელი საქმიანობისთვის ვერასდროს იცლიდა. ანის მუდამ აკლდა მშობლის სიახლოვე, მაგრამ მამის როგორც ჟურნალისტის გადატვირთულ განრიგს მუდამ მოთმინებით იტანდა. მით უფრო დედის გარდაცვალების შემდეგ ენატრებოდა მამა. თავადაც ფოტოგრაფია იზიდავდა, თვლიდა, რომ ჟურნალისტობისთვის მშობლების გამბედაობა და სიჯიუტე აკლდა. თუმცა ის ნივთები, რასაც ბავშვობიდან მუდმივად ხედავდა სახლში მასშიც აღვიძებდნენ ინტერესს. ხელოვნებათმცოდნეობაზე სწავლობდა და ფოტოგრაფიას სწავლას უთავსებდა. ბუნებითაც კარგი გოგო იყო ანინა, მშვიდი და უკონფლიქტო.
საჩუქარს საწოლის გადასაფარებელი საიმედოდ ჩამოაფარა და სახლის დალაგებას შეუდგა. როცა მამის კაბინეტს ალაგებდა მოულოდნელად გადამალულ სიურპრიზს გადააწყდა. კარადის უჯრაში ახალ ფოტო აპარატს მიაგნო. ფრთხილად ამოიღო კამერა. სწორედ ის იყო, თავად რომ ნატრობდა.
_ ალბათ შეფუთვა დაავიწყდა! მაგრამ არა უშავს! ასეც მშვენიერია!_ გულში ჩაიკრა ნანატრი ნივთი და ბედნიერმა გაუღიმა მაგიდაზე შემოდგმულ დედის სურათს._ მე საუკეთესო მამა მყავს! ხომ ასეა დე?
შემდეგ ფოტო _აპარატი ფრთხილად დააბრუნა თავის ადგილას. ოთხი დღეც მოითმენდა. რა იყო ოთხი დღე? ბედნიერი სახით დახურა უჯრა და საქმე გააგრძელა.
_ ანი, მოვედი!_ მამის ხმა რომ გაიგონა, ისევ ის აპარატი გაახსენდა და ბედნიერად გაეღიმა. ახლა მთავარი იყო, ისეთი სახე მიეღო ახალ წელს, ვითომ წარმოდგენაც არ ჰქონდა მის სიურპრიზზე.
_პური სადაა ბატონო დემნა?_ გაეცინა ანის, როცა მამის მოტანილი პროდუქტები ამოალაგა._ როგორ შეიძლება, რომ პური მუდამ გავიწყდება? უკვე სპორტული ინტერესი გამიჩნდა, გითვალთვალო ყოველ საღამოს, როგორ მიიპარები უკან მაღაზიაში!
_ ხოო, პური ისევ დამავიწყდა!_ გაეცინა დემნას. _ რას იზამ, მამა დაგიბერდა შვილო!
ღიმილით მიტრიალდა ქურთუკის ასაღებად. მათი უბნის ბოლოს საცხობი იდგა. სწორედ იქ აპირებდა წასვლას კაცი.
_ მამა, ნახე როგორი დაღლილი ხარ, მოდი მე წავალ ამჯერად!_ მისი შეჩერება სცადა ანიმ, მაგრამ დემნამ შუბლზე აკოცა ერთადერთ ქალიშვილს.
_ შენ მაგიდა გაშალე მამი და წამში დავბრუნდები!_ სწრაფად მოიცვა ქურთუკი და სახლის კარი გაიხურა. წუთი არ იყო გასული, რომ ეზოდან შემოესმა მამის ხმა.
_ ანინაააა! ანიიიი! გამოიხედე მამააა!_ სწრაფად მიირბინა აივანთან. კარი გამოაღო და გადაიხედა. გაოცებისგან ისევ სუნთქვა შეეკრა. თოვდა. ისე გამეტებით, ისე ხვავრიელად, რომ წლები იყო არ ეთოვა ასე.
_ თოვს მამა!_ გაებადრა სახე.
_ პირველ თოვლს გილოცავ ანინაა!_ ამოსძახა დემნამ. შემდეგ ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და სწრაფი ნაბიჯით დაუყვა ქუჩას. წამით იდგა გაშეშებული ანი აივანზე და მამას უყურებდა.
„ არის წამები, რომლებიც არასდროს არ უნდა დაგავიწყდეს ანინა!“ გაიფიქრა უცებ. სირბილით შევარდა მამის კაბინეტში. უჯრიდან ახალი აპარატი ამოიღო და აივანზე დაბრუნდა. აპარატის საბელი ყელზე გადაიდო და ფოკუსი გაასწორა. ჯერ ისევ კარგად მოჩანდა თოვლის ფიფქებში გახვეული დემნა, როგორ მიაბიჯებდა ქუჩის ბოლოს. წამით კადრი გაასწორა და სურათი გადაიღო. პირველი სურათი ახალი აპარატით.
ის იყო აივნის კარი უნდა დაეხურა, მისი ყურადღება ეზოში გაგონილმა ხმადაბალმა საუბარმა მიიქცია.
_ მეცამეტე ბინაა, უფროსო, ის ჟურნალისტი უეჭველი სახლშია!_ შეცბა ანინა. მეცამეტე? ეს ხომ თავისი ბინის ნომერი იყო. ვინ იყო ეს ხალხი? რა ესაქმებოდათ ამ დროს მამამისთან?
_ უხმაუროდ იმოქმედეთ! კიდევ ერთ შეცდომას არ გაპატიებთ!_ მოესმა ცივი და მბრძანებლური ხმა. თითქოს აჩქარდა სამყარო ანინას გარშემო. მობილური ამოიღო და დემნას დაურეკა სასწრაფოდ.
_ გაიქეცი ანინა ! სწრაფად გაიქეცი შვილო!_ მაშინვე მიხვდა, რაც ხდებოდა და ტელეფონში ხმამაღლა იღრიალა დემნამ. მაღაზიასთან მისული სწრაფად გამოიქცა უკან. ხვდებოდა, ვერ მოუსწრებდა და უმწეობის გრძნობით გაგიჟებული გიჟივით მორბოდა სახლისკენ.
არც კი გახსენებია, რომ გარეთ ლამის მტკაველი თოვლი იდო. შეშინებულმა სახლის კარი გააღო და კიბეზე სახლის ფორმით დაეშვა. სწრაფად აუქცია გვერდი მაღლა ამომავალ უცნობებს და სადარბაზოდან გიჟივით გამოვარდა. ჩაბნელებულ მანქანას რომ მოკრა თვალი, დაუფიქრებლად იცვალა გვერდი და ყრუ, უკანა ქუჩას გაუყვა სწრაფი ნაბიჯით. სული ყელში ებჯინებოდა. რაც უფრო ცდილობდა სწრაფად სიარულს, მით უფრო ეკეცებოდა მღელვარებისგან მუხლები.
სულ დაუსველდა ფეხები. თითები გაეყინა. ყინვისგან აკანკალებულ ნიკაპს ვეღარ იმორჩილებდა. ადრე სულ მოსწონდა ხალვათი გარეუბანი. მოსწონდა, რომ ნაკლები მეზობელი ჰყავდა, მოსწონდა მყუდროება და სიჩუმე, მაგრამ ახლა ინატრა ხალხი. უკან მოიხედა და როცა შორს, კვალში ჩამდგარი ჩრდილი დალანდა, საკუთარ თავს გაქცევა აიძულა.
ერთი შეხედვით იცნო მირიანმა სადარბაზოდან გამოვარდნილი, შიშისგან გაფითრებული ანინა.
_ ამას აქ რა უნდა?_ მართლა გაუკვირდა მისი დანახვა. უფრო იმან გააოცა, თხელი ნაქსოვი თეთრი კაბით და ოთახის ჩუსტებით რომ გარბოდა გოგონა. დაეჭვებულმა ახედა დემნას სახლის განათებულ ფანჯრებს.
_ სახლი ცარიელია უფროსო!_ მობილურზე დაურეკა ცოტნემ._ მაგიდა გაშლილია, მაგრამ არავინ არაა! ვაა, რა ლამაზი შვილი ჰყოლია დემნას!
ხელში აიღო კარადაზე დადგმული ჩარჩოში ჩასმული სურათი და მხიარულად გაიცინა.
_ დამანახე!_ გულმა რაღაც უგრძნო მირიანს . იცოდა ბაკურაძეს ქალიშვილი ჰყავდა, მაგრამ აზრად არ მოსვლია ისიც გაერია ამ ბინძურ თამაშში.
ეკრანი სურათისკენ მიატრიალა ცოტნემ.
_ ამის დედაც!_ შეიკურთხა ბრაზით მირიანმა.
_ მანდ საქმე აღარ გვაქვს, ყველაფერი შეიცვალა. დატოვე სახლი და ხიდზე დამელოდე!_ მოკლე ბრძანება მისცა, მანქანიდან გადავიდა და სირბილით გაჰყვა გაქცეული გოგონას კვალს. ცოტნესაც წამი აღარ დაუკარგავს. სწრაფად ჩამოირბინა კიბეები და სწორედ მაშინ გავიდა ეზოდან, როცა დემნამ სახლისკენ მომავალ აღმართზე ამოუხვია აქოშინებულმა. მიმავალ მანქანას მოჰკრა თვალი და ღონემიხდილი თოვლში ჩაიკეცა. მიხვდა, რომ მოსვლა დააგვიანა.
დამფრთხალი და აკანკალებული გარბოდა ანინა, უკვე ვეღარც იგებდა, სად მირბოდა. მდინარის პირზე ჩაივაკა, გადათოვლილ ბუჩქებში შეიმალა. იფიქრა, აქ უკეთ დაიმალებოდა, მაგრამ მდევარი ვერაფრით ჩამოიტოვა. საიდანღაც გაძვალტყავებული მეძუძური ძაღლი გამოვარდა ავი ღრენით. ლეკვები თუ ჰყავდა ამ მიყრუებულში საიმედოდ გადამალული. შიშისგან იკივლა ანინამ, ფეხზე წამოხტა, უკან გაბრუნდა გონარეული და პირდაპირ მკლავებში ჩაუვარდა მირიანს.
_ მიშველეთ!_ შეევედრა და შიშჩამდგარი თვალები შეანათა. ინსტიქტურად მოხვია ხელები კაცმა და გულში ჩაიკრა. ისე აკანკალებდა სიცივისგან და შიშისგან, რომ კბილს კბილზე აცემინებდა. თან პატარა, თოვლის ფიფქივით თეთრი თითებით ისე ებღაუჭებოდა, თითქოს მის იქით ხსნა არსად ეგულებოდა._ მიშველეთ, მომდევენ!
სიმწრით გაეღიმა კაცს. ეს სულელი გოგო ასე მიამიტად ისევ საკუთარ მდევარს ევედრებოდა შველას.
__ დამშვიდდი! ნუ გეშინია!_ უთხრა და თავისი გრძელი ქურთუკი სწრაფად გაიხადა. ყინვისგან გადალურჯებული ანი საიმედოდ გაახვია შიგ. ახლაღა გაახსენდა, რომ ფეხზეც არ ეცვა. არც დაფიქრებულა ხელში ისე აიყვანა. ანი გიჟივით აცეცებდა თვალებს გარშემო. წინააღმდეგობასაც კი არ უწევდა, გამოჩენილი გადამეტებული მზრუნველობისას.
_ მიშველეთ, მიპოვნიან!_ ლუღლუღებდა გაუთავებლად. თან ყელზე შერჩენილ აპარატს გულში ისე იკრავდა, გეგონება მთელი სამყაროში ყველაზე ღირებული განძი სწორედ ის იყო.

უსიტყვოდ ამოიარა გზის პირი მირიანმა. ძვირფას ტვირთს გულში გამეტებით იხუტებდა. როცა პირველად დაინახა, ფიქრადაც კი არ გაუვლია, რომ მისი შეხების შანსი ოდესმე მაინც ექნებოდა, აი ახლა კი...
ინტერესით ჩამოხედა საკუთარ მკერდში გაყუჩებულ ანინას. კვლავ აპარატს რომ არ უშვებდა ხელს.
_არადა შენთვის ჯობდა, გზაზე არ გადამყროდი!_ ჩაილაპარაკა ლამის უხმოდ. გზის პირზე მოხერხებულად მომდგარ მანქანაში სწრაფად ჩასვა, გვერდით მიუჯდა და გაკვირვებულ ცოტნეს ანიშნა მანქანა დაქოქეო.
_ მაინც იპოვნეთ არა?_ მორიგი უაზრო კითხვა შეაგება ცოტნემ. თვალები დაუბრიალა მირიანმა. არ უნდოდა ძლივს დამშვიდებული გოგო ისევ შეეშინებინა. იქამდე მაინც, სანამ ამას მოახერხებდა.

2
სანამ მანქანა ქალაქს არ გასცდა, ვერც კი მიხვდა ანი, რომ რაღაც რიგზე არ იყო. ჯერ ისევ შეშინებული დაჰყურებდა ხელში შერჩენილ აპარატს. უცებ დემნა გაახსენდა და თავი ასწია. ფანჯრიდან ჩაბნელებული უცხო გარემო მოათვალიერა და როცა ადგილი ვერ იცნო, დაბნეული მოუბრუნდა მირიანს.
_ უკაცრავად, სად მივდივართ? პოლიციაში უნდა მივიდე ახლა!_ პოლიციის ხსენებაზე ხმამაღლა გაეცინა ცოტნეს._ რატომ იცინით? განა სასაცილო ვთქვი რამე?
ისევ მირიანს შეხედა წარბშეკრულმა.
_ მადლობა, რომ დამეხმარეთ, მაგრამ ... მგონი რაღაც ვერ გაიგეთ! პოლიციის შენობასთან გამიჩერეთ სადმე! გესმით?_ ისე უყურებდა კაცი, ემოციის მისხალი არ ემჩნეოდა გაქვავებულ სახეზე. პასუხი რომ ვერ მიიღო, მკლავში ხელი მოჰკიდა გაუბედავად ანიმ._ არ გესმით ჩემი? მაშინ აქ გამიჩერეთ, უნდა ჩავიდე!
მხრებზე მოხვეული ქურთუკი მოიხსნა და ხელი კარის სახელურს წაატანა.
_ ასე აპირებ წასვლას? იცი მაინც ახლა სად ხარ?_ მბრძანებლურ და უხეშ ხმის ტონზე უარესად დაუმრგვალდა გოგოს შიშით თვალები.
_ გთხოვთ, გააჩერეთ მანქანა. არა უშავს თუ შორს ვარ! მამასთან თუ დამარეკინებთ, ის ყველაფერს მოაგვარებს!_ დემნას გახსენებაზე თვალები გაუნათდა გოგოს. ცოტა ხანს უცნაურად უყურა მირიანმა ანის. შემდეგ მისკენ ისე დაიხარა, გულგახეთქილი გოგო სკამის საზურგეს აეკრა დამფრთხალი.
_ ჩუმად იყავი! ზედმეტს ნუ ლაპარაკობ! მძულს ეს უაზრო სიტყვები!_ საზურგეზე მიგდებულ ქურთუკს საყელოში ხელი მოჰკიდა და სწრაფი მოძრაობით კვლავ ზურგზე მოახურა. ისე, თითქოს პატარა ვიწრო დილეგში გამოამწყვდია.
_ მაგრამ მე..._ ისევ რაღაცის თქმას აპირებდა ანი, ისეთი თვალებით შეხედა კაცმა, შიშით ხმა ჩაუწყდა. მირიანს ოდნავ გაეღიმა. ის იყო გაიფიქრა „ძალიან მშიშარა ყოფილაო!“ რომ ისევ ალაპარაკდა ანი.
_ ვინ ხართ, რა გინდათ ჩემგან? მე სახლში უნდა წავიდე, გამიშვით!_ და ისევ სცადა მისი სამოსი თავიდან მოეშორებინა. სულელი არ იყო, მიხვდა, სწორედ მას სთხოვა შველა, ვისაც უნდა გარიდებოდა. თავი უკმაყოფილოდ გადააქნია მირიანმა. ცალი ხელი მოხვია და მხრებზე მაგრად მოუჭირა.
_ ან გაჩუმდები და წყნარად იჯდები, ან შენ გასაჩუმებლად სხვა ხერხს მივმართავ!_ ისე დაიხარა, თითქოს მის კოცნას აპირებდა, ანიმ მაშინვე სახეზე აიფარა ხელები. მირიანი ახლა ისე ახლოს გრძნობდა მის სხეულს და ისე სიამოვნებდა მისი სიახლოვე, როგორც არასდროს არავისი. თვალები დახუჭა და თავი ისევ მიაყრდნო საზურგეს, თითქოს არაფერი უცნაური არ ხდებოდა იმ წამს. მასზე მოხვეული ხელის გაწევა არც მოსვლია აზრად.
_ გამიშვი ხელი!_ წამის მერე ისევ აბორგდა გოგონა.
_ დავიღალე!_ ჩაილაპარაკა მირიანმა ყრუ ხმით._ იცოდე, თუ არ გაჩუმდები, ენას მოგაჭრი, აქვე და ახლავე და ნუ ცდილობ ჩემგან გაწევას, წყნარად იჯექი! თორემ ისეთი სასიამოვნო სურნელი აგდის, თავს ვერ შევიკავებ და გაკოცებ...
უცებ შეწყვიტა გოგომ მოძრაობა. ისე გაისუსა, მირიანმა ისიც კი იფიქრა, აღარ სუნთქავს ისე ვუჭერ ხელსო. თვალები გაახილა და შიშისგან და გაუგებრობისგან აფახულებულ თვალებში ჩახედა. ბედისწერის არ სჯეროდა და თავადაც უკვირდა, რატომ მაინც და მაინც ეს გოგო? გოგო, რომელიც ასე ძალიან მოეწონა დილით.
_ რა გინდათ ჩემგან?_ ამოილაპარაკა საწყლად ანიმ.
_ სულ ასე ხარ? ვერ ჩუმდები არა?_ ისე თბილად გაუღიმა, სხვა დროს იქნებ ეს ღიმილი კიდევაც მოსწონებოდა.
_ მოვედით!_ თქვა ცოტნემ და მანქანა გააჩერა.
_ სად მოვედით?_ მაშინვე დაინტერესდა ანი, მირიანს მზერა მოაშორა და მის მიღმა ფანჯარას გახედა. არაფერი ჩანდა სიბნელეში. სახლის გაურკვეველი კონტურების გარდა.
_ ახლა ყურადღებით მომისმინე!_მკლავებში ჩაავლო ხელი მირიანმა და აიძულა თვალი გაესწორებინა._ შენ ცოტა ხნით ჩემი სტუმარი იქნები. ამ სახლში იცხოვრებ! მაგრამ გაქცევა რომ სცადო, სტუმრის სტატუსს დაკარგავ და პატიმრად იქცევი! აი პატიმრობა, დამიჯერე, არ მოგეწონება! ხომ ასეა ცოტნე? _ ნათქვამის დასამტკიცებლად, თუ მის შესაშინებლად ჰკითხა ხელქვეითს._ უთხარი, რა მოსდით ჩვენს ჭირვეულ სტუმრებს?
ცოტნემ ცერა თითი აბზიკა და ყე*ლის გამოჭრის იმიტაცია გააკეთა. გააჟრჟოლა ანის.
_ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებთ, უბრალოდ მამაშენმა რაღაც უნდა დაგვიბრუნოს! როცა ამას გააკეთებს ,იქ წაგაბრძანებთ, საიდანაც მოგაბრძანეთ! გასაგებია?_ ისევ ცოტნეს უყურებდა თვალგაშტერებული გოგო. მირიანი მიხვდა, ყურადღებით არ უსმენდა და ხმას აუწია._ გასაგებიამეთქი?
ადგილზე შეხტა ანი. შეხედა და აცრემლებულმა თავი დაუქნია.
_ წამოდი ახლა ფოკუსების და გმირობების გარეშე!_ უთხრა და მანქანიდან პირველი გადავიდა. გადმოაბიჯა და პირდაპირ თოვლში ჩადგა ისედაც სველი ჩუსტები. უნებურად გაიწია მისკენ მირიანმა, მაგრამ გოგო უწინდელივით აღარ ენდო. უკან გახტა ზიზღნარევი სახით. ძალიან არ ესიამოვნა მირიანს ამ ემოციის დანახვა მის თვალებში, თუმცა ისედაც იცოდა, რომ ასე იქნებოდა.
_წამოდი!_ მიუგდო ცივად, ზურგი აქცია და სახლში შეაბიჯა. ეზო მოათვალიერა ანიმ.
მაღალი, ყრუ გალავანი, რამდენიმე ხე კედლისგან საკმაოდ უსაფრთხო მანძილზე. ნაცრისფერი თანამედროვე სახლი. არც დეკორაცია, არც არაფერი. გულზე მარწუხივით მოუჭირა პირქუშმა ადგილმა. კი დაპირდა, რომ უსაფრთხოდ იქნებოდა, მაგრამ ღირდა კი მისი სიტყვის დაჯერება?
ისევ სატირლად აეცრემლა თვალები. მაგრამ რა გზა ჰქონდა. ზურგს უკან მოთმინებით უცდიდა ცოტნე. ის კი, ეგრეთ წოდებული მასპინძელი, მოუთმენელი მზერით აკვირდებოდა პარმაღიდან.
_ ტირილი თუ გინდა, ცოტაც მოიცადე და ოთახში იტირე რამდენიც გენებოს!_ ირონიულად გაუღიმა კაცმა. სევდა ბრაზმა შეუცვალა წამში. თვალები მუჭით ამოიწმინდა და კიბეები აიარა.
ოთახიც უბრალო და პირქუში იყო. ფანჯარაზე გარედან დამაგრებული რკინის ცხაურით, ციხის საკანს უფრო ჰგავდა.
_ აქაურობას ეტყობა ჩემნაირი „სტუმრები“ ხშირად უნდა გსტუმრობდნენ არა?_ კვლავ ის ემოცია გაუკრთა ხმაში, საშუალო ზიზღსა და შიშს შორის. კისერთან იგრძნო კაცის სუნთქვა და სწრაფად შემობრუნდა მისკენ.
_ რა პატარა ხარ და რა გრძელი ენა გაქვს?! თან გესლიანი!_ უთხრა უემოციოდ. _ ახლა მამაშენს დავურეკავ! დაგალაპარაკებ და შენ ეტყვი, რომ კარგად ხარ და სთხოვ, რომ ჭკვიანად მოიქცეს! გასაგებია?
_ გავიგე, ყრუ არ ვარ!_ ჩაიბუტბუტა ანიმ. ისევ უკმაყოფილოდ გააქნია თავი კაცმა. „რა საშინელი კაცია, მგონი ჩვევაში აქვს ეს მოქმედებაო!“ გაიფიქრა ანიმ. მობილური გამოართვა ცოტნეს მირიანმა და ხმამაღალზე ჩართო.
_ გისმენთ! _ მაშინვე უპასუხა მეორე მხარეს დემნამ. აშკარა იყო მათ ზარს ელოდა. წამით შეიცადა კაცმა._ შენ ხარ არა? მირიან მენაბდე? ჩემს ქალიშვილს თმის ერთი ღერი რომ ჩამოუვარდეს, საფლავიდან ამოგთხრი იცოდე!
აშკარა იყო ნერვიულობდა, ხმა უკანკალებდა და თან სიბრაზეს ვერ აკონტროლებდა დემნა.

_მამა!_ იყვირა მამის ხმის გაგონებით აღელვებულმა გოგომ. მირიანს მივარდა და უნებურად სწორედ ისე დაებღაუჭა მკლავზე აკანკალებული თითებით, როგორც მაშინ, როცა მდინარის პირას პირველად შეხვდა და მშველელად მიიჩნია. მოულოდნელად ისევ მოუარა მისი დაცვის სურვილმა კაცს, მაგრამ ვისგან უნდა დაეცვა ახლა? საკუთარი თავისგან?
_ როგორ ხარ ანინა მამი?_ ნერვიულად ჰკითხა გაგიჟებულმა დემნამ..
_ მამა მე აქ ვარ..._ უცებ გაჩუმდა და ვერაფრით გაიხსენა რა ადგილი იყო ეს _აქ. მის მცდელობაზე გაეღიმა მირიანს. მიხვდა, ადგილსამყოფელის თქმა სურდა გოგოს. მისი თითები მკლავიდან ფრთხილად მოიშორა და ცოტნეს ანიშნა. თავად ზურგი აქცია და ოთახიდან გასვლა დააპირა.
_ სად მიდიხარ? მამა! მამა!_ აყვირდა ანი, მაგრამ მენაბდეს უკან აღარ მოუხედია. ცოტნემ ძალით მიიყვანა საწოლთან. დაჯდომა აიძულა და ოთახის კარები გარედან გადაუკეტა. ფეხზე წამოხტა და კარებს მივარდა. მუჭებით ბრახუნი დაიწყო. თან და თან უფრო უმტყუნეს ნერვებმა. როცა მიხვდა არავის ადარდებდა მისი ისტერიკები, საწოლის გვერდით იატაკზე დაჯდა და მკლავები მუხლებს მოხვია. არც კი უფიქრია ყელზე დაკიდული აპარატის მოხსნა. ასე ეგონა, თუ არ მოიხსნიდა მალე წავიდოდა აქიდან, ხოლო თუ მოიხსნიდა, ვეღარასდროს დატოვებდა ამ პირქუშ ოთახს. ფანჯარასა და ცხაურებს მიღმა გამეტებით თოვდა. რატომღაც უარესად მოუშხამა თოვამ ხასიათი. ისეთი გრძნობა დაეუფლა, რომ თოვლს სულაც არ ადარდებდა მისი გასაჭირი. ახალი დღე თენდებოდა გარეთ. სულ სამი დღე და ახალი წელი დადგებოდა. ის კი აქ იყო დამწყვდეული და თან საერთოდ არ ესმოდა, რა ხდებოდა მის თავს.
_ შეწყვიტე თოვა! შეწყვიტე გესმის? შეწყვიტე უჩემოდ თოვა!_ ამოიტირა გულამომჯდარმა და სახე მოხრილ მკლავებში ჩამალა.

_ დამშვიდდით ბატონო დემნა და ყურადღებით მომისმინეთ!_ცივად, მაგრამ მთელი ღირსებით საუბრობდა მირიანი. _ ჩვენ შეგვეძლო ეს ამბავი თავიდან აგვერიდებინა, თქვენ რომ ოდნავ დამთმობი ყოფილიყავით!
_ აგვეცილებინა არა? რა გინდა, რას ელოდი ჩემგან? ძალიან კარგად იცი მიზეზი, რის გამოც არ ვაპირებ შენთან ზავის დადებას! ის ჩემი ცოლი იყო! გესმის შენ? ცოლი! ახლა ეგ არ იკმარეთ და ჩემს ქალიშვილს შეეხეთ? _ იცოდა დემნამ. ამ შემთხვევაში პოლიცია ვერ დაეხმარებოდა. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ანის არ დააბრუნებდა უვნებელს. არც მანამ და არც მას მერე არ ჰქონდა იმედი, რომ ეს ამბავი სამართლიანად დასრულდებოდა,მაგრამ არ უფიქრია, თუ მენაბდე ანის გარევდა ამ ომში. საიდან ეცოდინებოდა დემნას, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ხელსაყრელი შემთხვევითობა იყო მირიანისთვის და მეტი არაფერი.
_ ახლა მხოლოდ ის შეგიძლიათ ჩანაწერები და სამხილები ჩამაბაროთ, მე კი ვიზრუნებ, რომ თქვენი ქალიშვილი ამ ახალ წელს უსაფრთხოდ შეხვდეს._ სიმშვიდესა და ირონიას შორის მუქარაც გამოურია.
_ რა დამცინი ახლა? ხომ ყველაფერი წაიღეთ უკვე, რაც მქონდა? რაღას მთხოვ მეტს?_ გულწრფელად ჟღერდა დემნას სიტყვები, მაგრამ აშკარა იყო იტყუებოდა. არაფრისთვის ხელი არ უხლიათ მის სახლში. ანის გამო ვერც მოასწრეს ფაქტობრივად.
_ ზუსტად სამ დღეს გაძლევ ბატონო დემნა! ნუ მაიძულებ ახალი წელი უსიამოვნო საჩუქრით მოგილოცო! დაფიქრდი და გააზრებულად იმოქმედე. ანინაზე კი არ იდარდო. სანამ ჩემი სტუმარია ცივ ნიავს არ მივაკარებ!_ უთხრა ცივად და მობილური გათიშა.
_ ცოტნე!_ მოიხმო კარს მიღმა მდგარი ხელქვეითი. მაშინვე შემოვიდა ცოტნე.
_ ჩემს სტუმარს შენ გაბარებ! თვალის ჩინივით გაუფრთხილდი! იცოდე აუცილებლად ეცდება გაქცევას და რამე რომ დაემართოს, საკუთარი სიცოცხლით აგებ პასუხს გასაგებია? _ კარგად იცნობდა ცოტნე საკუთარ უფროსს. რასაც იტყოდა, სწორედ იმას გააკეთებდა. პირობას არასდროს არღვევდა. ამას გარდა თავადაც ხვდებოდა, რომ ის წიკვინა გოგო მეტისმეტად მნიშვნელოვანი იყო მისი უფროსისათვის. უსიტყვოდ დაუქნია თავი.
_ხვალ ნელი ამოვა, მანამდე კი გაარკვიე, რამე თუ სჭირდება და სანამ წავალ მითხარი როგორ ხასიათზეა!_ რაში ადარდებს მისი გუნება_განწყობილებაო? გულში ფიქრობდა ცოტნე, თან ანის ოთახისკენ მიუყვებოდა კიბეს. სანამ კარს გააღებდა მიაყურადა. ჩამიჩუმი არ ისმოდა ოთახიდან.
_ დაეძინა ნეტა?_ ჩაილაპარაკა ეჭვით და კარი გააღო. ოთახი მოათვალიერა და რომ ვერავინ დაინახა ელდა ეცა. რამდენიმე ნაბიჯი ინსტიქტურად გადადგა ოთახის სიღრმისკენ
და ამოისუნთქა. საწოლის გვერდით იჯდა მოკუნტული. სახე მუხლებში ჩაემალა და ხმადაბლა სლუკუნებდა. შეებრალასავით გულში. თავად მისი ასაკის და ჰყავდა და ქვეყნიერებას ერჩია.
_ რა გატირებს?_ მაინც უხეშად ჰკითხა.
ხმა არ გაუცია გოგოს. რამდენჯერმე ამოისლუკუნა კიდევ და გაჩუმდა.
_ არ გესმის, რომ გეკითხებიან?_ გაუმეორა კითხვა, მაგრამ მიხვდა ანი ზედაც არ შეხედავდა, არათუ უპასუხებდა. „ ჯიუტი ვინმეა!“ გაიფიქრა გულში.
_ კარგი, როგორც გინდა. მაინტერესებდა რამე ხომ არ გჭირდება! მითხარი არ მოგერიდოს!_ თავიც არ აუწევია ანის. განძრევითაც კი არ განძრეულა. ახლა კი დაეჭვდა ცოტნე. _ რა გჭირს? ცუდად ხომ არ ხარ?
ცოტა ხანს ელოდა, მაგრამ რეაქცია რომ არ ჰქონდა. ოთახი დატოვა. კარი გადაკეტა და მირიანს მიაკითხა.
_ აბა რაო? ტიროდა?_ ისე ჰკითხა მენაბდემ. აშკარად დარწმუნებული იყო ანი ისტერიკებს მოუწყობდათ.
_ არა, ხმაც არ გამცა! არც კი შემომხედა. არ ვიცი უფროსი, ცუდად ხომ არაა?_ მიამიტად იკითხა ცოტნემ.
_ ცუდად? ცუდად რატომ უნდა იყოს? იქნებ ეძინა?_ ახლა მირიანიც დაინტერესდა.
_იატაკზე ზის მოკუნტული. ასე თუ შეუძლია ძილი, არ ვიცი მე!_ მხრები აიჩეჩა ცოტნემ.
_ კარგი დაანებე თავი ცოტა ხნით! დამშვიდდება, შესცივდება და აძვრება საწოლზე! საჭმელი შეუტანე მერე და წყალი. მაგრამ ფრთხილად. არაფერი მჭრელი და დამაზიანებელი!_ დაფიქრებული გამოვიდა სახლიდან და წასვლისას სტუმრის ფანჯარას ახედა. სინათლე არ ენთო. ცოტა ხანს უყურებდა აჭედილ ფანჯრებს და მომხდარზე ფიქრობდა. არადა შეეძლო სულ არ ჩაერია ამ საქმეში ეს გოგო, მაგრამ რომ დაინახა, თავი ვერ შეიკავა. მაინც რა ძალიან აღელვებდა?! დანახვის წამიდანვე მიიქცია მისი ყურადღება. ისეთი ხალასი იყო, ისეთი უდარდელი და ახლა? მხოლოდ რამდენიმე საათია იცნობდა და უკვე მის გამო ტიროდა.
ამოიოხრა და მანქანაში ჩაჯდა. ამ საღამოს უნდა დაესვენა, სხვა რამეზე გადაეტანა ფიქრები, რათა ხვალ ახალი შემართებით დაბრუნებოდა ამ არეულ_დარეულ საქმეს და რამე გამოსავალი ეპოვნა.

_საღამო მშვიდობისა!_ კარი გაუღო თუ არა ღიმილად დაიღვარა ნახევრად შიშველი ქალი. _ არ გელოდი, თორემ ამ ფორმაში არ დაგხვდებოდი!
_თუ არ მელოდი, კარს შიშველი ვის უღებდი?_ ჰკითხა ცივად და სახლში შეაბიჯა.
_ მე სულ.._ რაღაცის ახსნას აპირებდა ქალი, მაგრამ სინამდვილეში სულ არ ადარდებდა როგორ ფორმაში იყო, ანდაც რას და რატომ აკეთებდა, იმდენად უმნიშვნელო იყო მისთვის ეს ყველაფერი. მოლოდ მძაფრი მოთხოვნილების დაკმაყოფილება სურდა. მხოლოდ რამდენიმე საათით სჭირდებოდა მისი უნაკლო სხეული და არც იმას დაგიდევდათ, საერთოდ სული სახლობდა თუ არა ამ ლამაზ ფუტლიარში. გრძელ თმაში შეუცურა ხელი. მაჯაზე გადაიხვია და უკან დაქაჩა.
_ გაჩუმდი და საქმეს მიხედე!_ შეუღრინა ავად. ნელა და მორჩილად დაეშვა ქალი მუხლებზე...
უცნაურად იყო მოწყობილი ეს სამყარო. ყველა იმის მიღებას ცდილობდა, რაც იმ წამს სჭირდებოდათ. ხან პირდაპირი და ხანაც არაპირდაპირი გზებით. ოღონდ ამ ყველაფერს რომანტიზმის მქრქალ საფარველში ახვევდნენ. მაგრამ მისთვის ასე არასდროს ყოფილა, კარგად ხვდებოდა, რომ უბრალოდ ხელსაყრელი გარიგება იყო ეს ყველაფერი, რადგან თუ მირიანს სიამოვნების პოვნა სურდა, მის საყვარელს კეთილდღეობა და უდარდელი ცხოვრება იზიდავდა. მხოლოდ ანის სურვილებს არ კითხულობდა იმ ღამეს არავინ.
_ კარგია!_ ხმადაბლა დაიკვნესა კაცმა. თვალებში ჩახედა ალერსით კიდაღლილ ქალს და სულ სხვა თვალები დაინახა მის ნაცვლად.
_ ჯანდაბა!_ ჩაილაპარაკა გაუგებრად, სასურველ ფანტაზიას წინააღმდეგობა არ გაუწია, თვალები დახუჭა და წარმოსახვას დანებდა.

4
_ რა ამბავია დემნა? რას აკეთებ?_ არეულ _დარეულ სახლში თავს ისე უჩუმრად წამოადგა მეგობარი და კოლეგა ჯონი გაბელია დემნას, რომ კაცმა ვერა გაიგო რა. ჯონიმ ინტერესით მოათვალიერა მისი არეული კაბინეტი და თვალი იატაკზე დამსხვრეული ჩარჩოსკენ გაექცა._ დემნა რას აკეთებ?
ჰკითხა, ნელა დაიხარა და იატაკზე გაშლილი შუშის ნამსხვრევებიდან ფრთხილად ამოიღო ლამაზი, მწვანეთვალება ქალის სურათი.
_ წაიყვანა გესმის? ანინას შეეხო ის არაკაცი!_ ამოკვნესა დემნამ და დაღლილი იქვე იატაკზე მჯდარი კარადას მიეყრდნო.
_ რას ქვია წაიყვანა? ვინ წაიყვანა? მენაბდეს გულისხმობ?_ თვალი ძლივს მოსწყვიტა სურათში გაღიმებულ ქალს ჯონიმ და გაუგებარი სინანულის თუ სიბრაზის მაგვარი ემოციით სურათი მაგიდაზე პირქვე დადო. ახლა გადმოყრილ უჯრებს გახედა უცნაურად ანთებული მზერით._ რა უნდა? რას ითხოვს?
_ ვითომ იმ ვიდეოს მთხოვს!
_ ვითომ რას ნიშნავს?_ ცალი წარბი ასწია ჯონიმ.
_ არაა აქ. მეხსიერების ბარათიც თან წაუღია! მიზეზს იდებს უბრალოდ! ალბათ ჰგონია ასე გამაჩუმებს, ცდილობს დამაშინოს, რომ ძიება შევწყვიტო! მაგაზე ამბობდნენ კაცური კაციაო? სამართლიანიაო? _ ისე ნერვიულად ახარხარდა დემნა, რომ ჯონის შეშფოთების მაგვარი ემოციაც გაუკრთა სახეზე.
_ ადექი, წამოდი მშვიდად ვილაპარაკოთ! გამოსავალი იქნება! და მართლა არ გაქვს ასლი? _ სიტყვებს შორის ჩააკვეტა ის, რაც რეალურად აინტერესებდა. აინტერესებდა რა ჩანდა იმ ჩანაწერზე და რამდენად საფრთხის შემცველი იყო ის მისთვის. წლები ცალმხრივად უყვარდა მეგობრის ცოლი ჯონის. ლამის იმ მომენტიდან მის ოპერატორად რომ დანიშნეს 25 წლის ბიჭი. აღფრთოვანებული იყო მარიტას გამბედაობით, პირდაპირობით და ინტუიციით. და არც მის შემთხვევაში უმტყუნა მარიტას ინტუიციამ.
_ანინას რომ რამე დაუშავოს ,რა გავაკეთო მერე? იქნება ჯობდა ხელი ჩამექნია? მაგრამ მარიტას სულს დავპირდი! დავპირდი, რომ მის სიკვდილს არავის ვაპატიებდი ! და აი ახლა, როცა ასე ახლოს ვარ მიზანთან!_ ხელებს ნერვიულად ისრესდა დემნა._ მისი მანქანა ჩანდა გესმის? ირკვევა, რომ ჩემი მარიტა იმ დღეს სწორედ მას ხვდებოდა.
_ ხოდა ასლი როგორ არ შეინახე? ახლა რამეს ვიზამდით!_ ისევ თავისას მიერეკებოდა ჯონი.
_ გაგიჟდი ბიჭო? რომც მქონდეს, ახლა როგორ გამოვიყენებდი? ანინას როგორ გავიმეტებ ასე? ნეტავ აკაკისთვისაც არ მეჩვენებინა!_ ჩაილაპარაკა დემნამ. აკაკის ხსენებაზე ყური ცქვიტა ჯონიმ. ისეთი გაქნილი კაცი იყო ბატონი აკაკი, შანსი არ იყო თვალიერების პროცესში, თუ მოახერხებდა, რაღაც არ ეეშმაკა. უსიამოდ დაეღრიჯა ტუჩები ჯონის და სახე მოარიდა მეგობარს. იცოდა ჯონიმ, მენაბდე ტყუილად არ ეძებდა იმ ვიდეოს. კარგად იცოდა, თუ მირიანი კადრებს ნახავდა, აუცილებლად მიაგნებდა მარიტას ნამდვილ მკვლელს. კარგად ახსოვდა მისი თვალები. ეს იყო მიზეზი, რომ კამერის უკანა მხარეს დგომას ამჯობინებდა ჯონი. ასე ნაკლებად იქცევდა ხალხის ყურადღებას, მაგრამ ამასთან ყველაფერი ესმოდა და ყველაფერს ხედავდა. და რადგან მირიანის გაჩუმებას ვერ მოახერხებდა, საკუთარი შესაძლებლობიდან გამომდინარე, ის ვიდეოები ხელთ უნდა ეგდო და გაენადგურებინა. და ეს არ აკლდა თითქოს, ახლა ის ნაძირალა აკაკიც თავში სახლელი გაუხდა. უნდა გაეგო რა და რამდენი იცოდა აკაკიმ.
ცოტა ხანს დარჩა დემნასთან. მწუხარე მეგობრის ნიღაბი მოირგო. დაამშვიდა, გაამხნევა და მისი სახლი მალევე დატოვა ნაუცბადევი, გაუგებარი მიზეზით. მაშინვე აკაკის სახლისკენ აიღო გეზი. ამ დროს უეჭველად სახლში იქნებოდა ის გაქნილი იურისტი.

დილით, უთენია დაბრუნდა სახლში მირიანი.
მშვიდად აიარა კიბეები და პირდაპირ საძინებელს მიაშურა. წყალი გადაივლო, ტანზე გამოიცვალა და სამზარეულოში ჩავიდა. ყოველ დილით ადრიდანვე საუზმობდა ხოლმე. ბავშვობიდან ჰქონდა ეს ჩვევა , როცა სამსახურში მიმავალი დედა უთენია აღვიძებდა და საუზმეს უმზადებდა. რადგან შემდეგ მარტოდ დარჩენილი ბავშვი მშიერი არ წასულიყო სკოლაში. მაგრამ წარსულზე მეტად ახლა მომავალი აღელვებდა მირიანს. თითქოს საკუთარი ცოდვები არ ჰყოფნიდა ახლა იმ ჟურნალისტის ამბავშიც ცუდად იყო გახვეული.
_ გამარჯობა მირიან! რატომ არ გამაღვიძე?_ შუახნის დაბალი ქალი შემოვიდა სამზარეულოში. ჩაფიქრებული კაცი გარინდებიდან გამოაფხიზლა. _ გავიგე სტუმარი გვყოლია. მის გაღვიძებას დაველოდები, რათა ჩემებურად გავუმასპინძლდე.
_ დილა მშვიდობისა დეიდა!_ თავი არ აუწევია, ისე მიესალმა დეიდას მირიანი.
_ მაგ სტუმარი მთლად სტუმარი არ გეგონოს! ვიცი შენ არ მოგეწონება და გამკიცხავ კიდეც, მაგრამ საქმეს ასე სჭირდება!
_ არ მითხრა, რომ ისევ მძევალი გყავს მოყვანილი!_ წარბი შეიკრა ქალმა. _ რა გჭირს მირიან შვილო? შენ ასეთი არ იყავი! რა საქმეებში ხარ გახვეული? დედაშენმა შენი თავი მე ჩამაბარა, რა პირით შევხედო თვალებში, როცა შევხვდები არ ვიცი!
ისეთი სევდიანი თვალებით შეხედა მირიანმა ნელის, ქალმა მაშინვე შეწყვიტა საყვედურები.
_ კარგი ჰო,კარგი! აპატიე დეიდას! ვიცი კარგი შვილი ხარ! არაფერს გააკეთებ ისეთს, რომ დედაშენთან მისასვლელი პირი არ დამიტოვო! რახან ასე იქცევი, ალბათ ასეცაა საჭირო! _ ამოიოხრა ქალმა და ქურას მიუბრუნდა აცრემლებული თვალების დასამალად.
_ ცოტნე სად არის დეიდა?_ ისე ჰკითხა მირიანმა, თითქოს წამის წინ არაფერი საწყენი არ მოისმინა მისგან. იცოდა მენაბდემ, დეიდა გულწრფელად დარდობდა მასზე და არც მისი გაუგებარი საქმეების ესმოდა რამე. უბრალო ქალი იყო ნელი და ცხოვრებასაც ბევრად მარტივს სცემდა პატივს და ნატრობდა. ნატრობდა მირიანს ოჯახი ჰქონოდა, ცოლი შვილები, ბედნიერი და მშვიდი ყოფილიყო, მაგრამ სიმშვიდემდე ძალიან დიდი გზა ჰქონდა ამ კაცს გასავლელი. აბა მხოლოდ ის რად ღირდა, მარიტა უძილაურის მკვლელობის საქმეში მისი გვარი რომ ფიგურირებდა. თან ბედი თითქოს მასხრად იგდებდა, სწორედ მისი დედა არ აღმოჩნდა? წარბშეკრულმა ახედა ჭერს.
_ არ ვიცი, ალბათ ფარეხში იქნება!_ მხრები აიჩეჩა ნელიმ და თავგამოდებით გააგრძელა მოხარშული ლობიოს ჩაზელვა. თითქოს ჯავრს ახლა მასზე იყრიდა. სხვა თუ არაფერი საჭმელს მაინც გააკეთებდა მარტივს და უბრალოს. და არა იმ რაღაც გაუგებარ, ეგრეთ წოდებულ დელიკატესებს.
დეიდამისის საუბარს ყური აღარ დაუგდო მირიანმა. ადგა და სამზარეულოდან გამოვიდა. ნელა აუყვა კიბეებს და მონუსხულივით გაჩერდა ანის ოთახის კართან. დიდხანს არ უყოყმანია, ფრთხილად გადასწია გასაღები და კარი უჩუმრად შეაღო.
გაუკვირდა საწოლი ცარიელი რომ დაინახა. გაახსენდა ცოტნეს ნათქვამი და უხმო ნაბიჯებით მოუარა ფანჯრის მხრიდან. კვლავ იატაკზე იჯდა ანი. თავი საწოლის კიდეზე ჩამოედო. მუხლებში მოხრილი ფეხები გვერდზე გადახროდა და ხელები კალთაში ეწყო. მიუახლოვდა და მის წინ ჩაიმუხლა. ახლაღა დაინახა ხელში ისევ ფოტო აპარატი რომ ეკავა. ფრთხილად ამოართვა თითებიდან და ინტერესით შეათვალიერა. ღილაკს დააჭირა და ჩართო. მხოლოდ ერთი სურათის გადაღება მოესწრო გოგონას. ლამაზი კადრი იყო, თოვლში გახვეული ქუჩა და სადღაც მიმავალი ადამიანის შორეული ლანდი. გაეღიმა მირიანს. აპარატი გამორთო და პატარა კარადზე დადო. მერე მძინარე გოგონა ხელში აიყვანა. ისეთი გათოშილი იყო, ისეთი გაყინული, შეეშინდა უცბად. სახე ცხვირთან მიუტანა უნებურად და როცა მისი სუნთქვა იგრძნო, შვებით ამოისუნთქა. საბანი ასწია და ფრთხილად ჩააწვინა. წამით დაფიქრდა, მერე თავი გვერდზე გადააქნია და თავადაც გვერდით მიუწვა. სიცივე იღვრებოდა ანის სხეულიდან. მართლა ისე გაყინულიყო, შეებრალა, ან თავს დააჯერა, რომ მხოლოდ ეს იყო მიზეზი. ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა. საკუთარი სითბო უწილადა. მის რბილ თმაში შეაცურა თითები და ლოყა თავზე დაადო.
_ ცოტა ხანს დავრჩები შენთან! სულ ცოტა ხანს!_ ნებართვა სთხოვა მძინარეს და თვალები დახუჭა. არასდროს არავის გვერდით არ უგრძვნია მსგავსი სიმშვიდე. გრძნობდა, როგორ თანდათან უთბებოდა გოგოს სხეული. და ამ სითბოსთან ერთად ითენთებოდა თავად. ისე ჩაეძინა, ვერაფერი გაიგო. სანამ უხეშმა ბიძგმა არ გამოაფხიზლა. უცებ ვერ გაიაზრა რა მოხდა. სწრაფად წამოიწია და სიბრაზისგან სახე მოქუფრულ ანის, რომელიც მასზე თავდასხმას აპირებდა, ინსტიქტურად მოხვია მკლავები და გააკავა. ქვეშ მოიქცია და თვალებში ჩააჩერდა.
_ გამიშვი! გამიშვი არამზადა! რას ბედავ! რას აკეთებ?!_ გაჰყვიროდა მთელი ხმით, ფართხალებდა მახეში გაბმული და ვერაფრით მშვიდდებოდა. გაბრაზებულიც კი ისეთი უმწეო და სასაცილო იყო.
_ ნუ ყვირი, დამშვიდდი!_ უთხრა მკაცრი ხმით._ გაჩუმდიმეთქი!
ახლა რომ ნელი შემოსულიყო და ეს სცენა ენახა. ალბათ ცოცხალი ვერ გადაურჩებოდა დეიდამისს. ბრაზით გახედა ღიად მიტოვებულ კარს.
_ გიშვებ! აჰა, გაგიშვი!_ წვრილ მაჯებზე ხელი უშვა და წამოიწია, თუმცა მაშინვე ინანა. როგორც კი ანიმ თავისუფლება იგრძნო, ისე ჩააფრინდა სახეში ფრჩხილებით, როგორც გაავებული კატა. სისხლი დაადინა ლოყიდან.
მაჯაში ხელი წაატანა და საკუთარი მოხრილი მკლავითვე შებოჭა.
_ რა ავი ვინმე ყოფილხარ, პატარა მხეცო!_ საკუთარ თავზე გაეცინა. კარგი დასანახი კი იქნებოდა ახლა ასე ჩამოპოტნილი სახით. _ დამშვიდდი, გიშვებ!
_ აბა! მზად ხარ?_ სიცილით ჰკითხა და რამდენადაც შეძლო სწრაფად გაეცალა უხიფათო მანძილზე.
_ არ მომეკარო მეორედ! არ გაბედო და არ მომიახლოვდე!_ მუქარით უღერებდა თითს. ისე ლამაზად მოეჩვენა მირიანს იმ წამს. გულში გაიფიქრა, რომ არ სურდა მის გარდა ვინმეს ამ ქალის გაბრაზება ენახა. რომ იგივე აღფრთოვანება არ ეგრძნო, რასაც თავად განიცდიდა ახლა.
_ სად არის ჩემი აპარატი?_ ისე მოულოდნელად იკითხა ანინამ და ისე ყურადღებით მოათვალიერა საწოლი, გაოცდა მირიანი. წამის წინ მასზე ბრაზობდა და ახლა აპარატს დაეძებდა გააფთრებული. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის.
_ რა უყავი? ახლავე დამიბრუნე!_ შეანათა სიბრაზით სავსე ლამაზი მწვანე თვალები. დედას ჰგავსო, გაიფიქრა მირიანმა.
_ აქ არის ! _აიღო და საბელით ჩამოკიდა ჰაერში.
_ აქ მომეცი!_ ხელებში ეცა ანინა, უცებ თოკი ხელიდან გაუსხლტა მირიანს და აპარატი გრუხუნით დაეცა იატაკზე. რამდენიმე ნაწილად გაიშალა.
_ არა! _ პირზე იტკიცა ხელები ანინამ და თვალები წამიერად აევსო ცრემლებით._ ეს რა ქენი? ეს რა ქენი? იმეორებდა აკანკალებული ხმით.
_ არაუშავს ახალს გიყიდი, ვალში არ დაგრჩები!_ მხრები აიჩეჩა მენაბდემ. ვერ მიხვდა, მის გაუგებარ შეშფოთებას. დაიხარა და აპარატის ნაწილები ხელში აიღო. მოულოდნელად თვალში რაღაც მოხვდა. საწოლის გვერდით ვერცხლისფერი პაწაწა ნივთი ბრწყინავდა.
_ იცი მაინც რა ძვირფასი იყო ეს ნივთი ჩემთვის, მაგრამ შენ რა იცი სამახსოვრო ნივთებისა შე ბანდიტო! _ სლუკუნებდა ანი და გატეხილი აპარატის ნაწილების ერთმანეთისთვის მორგებას უიმედოდ ცდილობდა.
მირიანი საწოლთან დაიხარა და პატარა მეხსიერების ბარათი ორი თითით აიღო.
_შეწყვიტე ტირილი! ამ საღამოსვე მოგიტანს ცოტნე ახალს!_ ცივად უთხრა გოგონას და სულ სხვა ფიქრებში ჩაფლული სწრაფად გამოვიდა ოთახიდან. წამით გასაღებს წაატანა ხელი, მაგრამ მერე გადაიფიქრა. სად გაექცეოდა? სანამ ეზოს გასცდებოდა, მანამდე დაიჭერდნენ დაცვის ბიჭები.
ოთახს ზურგი აქცია. „დაბლა ჩამოდი და საჭმელი ჭამეო!“ მიაძახა ანის და საკუთარი ოთახისკენ წავიდა სწრაფი ნაბიჯით. იქნება სწორედ ეს იყო, რასაც ეძებდა?!
_ რატომ თქვა ბაკურაძემ, ყველაფერი წაიღეთო?_ გაახსენდა დემნას სიტყვები, რასაც მაშინ ყურადღება არ მიაქცია.
მოუთმენლად დაელოდა განათებულ ეკრანზე ვიდეოს დაწყებას. ჯერ გაოცება გამოესახა, აშკარად არ ელოდა იმას, რასაც ხედავდა. შემდეგ სიბრაზემ შეცვალა მისი გამომეტყველება. კართან სწრაფი ნაბიჯით მივიდა და დაიძახა:
_ ცოტნეს დამიძახეთ!
_მანქანას დააკვირდი ცოტნე! კარგად დააკვირდი!_ თავად ცოტნეს აკვირდებოდა ყურადღებით.
_ ეს შენი მანქანაა, ის დღეა, ნამდვილად როცა მარიტას უნდა შეხვედროდი?? ხომ ასეა?!_ კარგად ახსოვდა ის საღამო ცოტნეს. როცა მარიტა უძილაურმა როგორღაც დაითანხმა მენაბდე ინტერვიუზე. თუმცა მარიტა იმ იშვიათ ჟურნალისტთაგანი იყო, ვისი მოსყიდვაც შეუძლებელი იყო. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რატომაც მენაბდემ მასთან საუბარი გადაწყვიტა და შეხვედრა ერთ_ ერთ ქალაქგარეთ მდებარე მყუდრო რესტორანში დათქვეს. თუმცა მასთან საუბარი ვერ მოასწრო მირიანმა. მისი ნახვაც კი ვერ შეძლო. იმ დღეს მარიტა მოკლეს სწორედ იმავე რესტორნის უკანა ქუჩაზე. მანქანა დაეტაკა ქალს. ქუჩაში, სადაც კამერები არ იყო და ყველაფერი თავისთავად ბანდიტიზმში და სხვა დანაშაულებებში ეჭვმიტანილ მენაბდეს აკიდეს. მისი მანქანის კარის სახელურზე აღმოჩნდა მარიტას სისხლის პაწაწუნა კვალი. თუმცა კი მანქანას ავარიის აშკარა ნიშნები საერთოდ არ ემჩნეოდა. მაშინ მირიანი იმან გადაარჩინა, რომ რესტორანში მაგიდასთან მჯდარს ფეხიც კი არ მოუცვლია ადგილიდან. თუმცა მისთვის ბრალის წაყენება მომგებიანი და მოსახერხებელიც იყო, ასე გამოძიებაც მოგებულში რჩებოდა, რომ შესაფერისი ეჭვმიტანილი ჩაუვარდათ ხელში და თანაც, ცნობილი ჟურნალისტის დაღუპვის საქმის მყისიერად გახსნის გამო , საზოგადოების თვალში პლიუსსაც დაიწერდნენ.
იმ დღეს ერთი უცნაური რამ მოხდა, რაც მირიანს აღარ ახსოვდა, სანამ ამ ვიდეოს არ უყურა. როცა ხალხი აირია და იქაურობა ჟურნალისტებით და პოლიციით გაივსო, მირიანმა დაინახა, როგორ იქექებოდა ვიღაც მისთვის უცნობი კაცი, რომელიც სახეს ქუდქვეშ მალავდა, მის მანქანაში. და როცა მირიანის დაჟინებული მზერა შეამჩნია, უცებ გაეცალა იქაურობას. ბოლოს ისე აღმოჩნდა, რომ მისი მანქანის ვიდეო_რეგისტრატორიც სწორედ იმ საღამოს გაუჩინარდა.
_ შეხედე, აი ის კადრი გააჩერე! რესტორნის კუთხეში ხედავ? მაშინ გონებიდან ამომივარდა, ალბათ იმდენად უმნიშვნელო ამბად მივიჩნიე. ვიფიქრე ვიღაც აბეზარი ჟურნალისტი სამხილებს აგროვებდა ჩემზე. თუმცა ახლა მგონია აქ სულ სხვა ამბავი უნდა იყოს. ცოტნე უნდა მოვახერხო და ბაკურაძეს მშვიდ გარემოში ველაპარაკო. იქნება რაღაც აზრზე შევჯერდე მასთან!

5
ათი წლის უკან მთელი ქალაქი მოიცვა ეიფორიამ. როცა ქალაქის განაპირას ერთ _ერთ ახლად მშენებარე სახლში გაჩენილ ხანძარს მაშინდელი გავლენიანი მინისტრის მოადგილის და არანაკლებ გავლენიანი მიტროპოლიტის ქალიშვილები ემსხვერპლნენ. ამბავი იმდენად რეზონანსული და შემზარავი იყო, რომ ამაზე ძალიან დიდხანს საუბრობდნენ. თუმცა მიუხედავად დაღუპული გოგოების გავლენიანი მამებისა, ამბავი მაინც იდუმალ საფარველქვეშ იყო გახვეული. უცნაურად დუმდა ორივე ოჯახი. ხოლო მშიერი სვავებივით დაგეშილ ჟურნალისტებს ლამის ბანაკი ჰქონდათ თვეების მანძილზე მათი კარის წინ დაცემული. როგორც წესი, ხალხი ხომ აგრე რიგად მადიანად მიირთმევს სხვის გლოვას. მაგრამ არათუ ცეცხლის გაჩენის მიზეზი, არამედ გოგოების იმ სახლში ყოფნის მიზეზიც კი გაურკვეველი რჩებოდა. გაურკვეველი იყო ექსპერტიზის დასკვნაც. სიკვდილის მიზეზად ხანძრით გამოწვეული გაგუდვა დასახელდა, მაგრამ ამასთან ერთად მარიამ წიკლაურს, ბატონი, მინისტრის მოადგილის გოგონას, თავის ქალაზე ბლაგვი საგნით მიყენებული დარტყმის კვალი აღენიშნებოდა, ხოლო მეორე გოგონას დიანა დანელიას ხელ_ფეხი ჰქონდა შეკრული.
ქალაქი მოიცვა ამ საზარელი ამბის გაურკვეველმა ბურუსმა. ფაქტი იყო, იმაზე ბევრად მეტი საიდუმლო წაიღეს გოგონებმა საფლავში, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა.
მაშინ მარიტა უძილაური არც თუ ცნობილი ჟურნალისტი იყო. მაგრამ ისეთი მონდომებით მოეკიდა ამ იდუმალ ამბავს, როგორც არასდროს არცერთს. ალღო ეუბნებოდა ქალს, რომ მთავარი საიდუმლოს მზეზე გამოტანას ორივე დაზარალებულის ოჯახი ერიდებოდა. და განა რაღა უნდა ყოფილიყო გოგონების ამგვარ სიკვდილზე უფრო უარესი?
ჟურნალისტურმა ძიებამ მარიტა გოგონების პრესტიჟულ სასწავლებლამდე მიიყვანა. ეს სწორედ ის დრო იყო, მირიან მენაბდე ქალიშვილის მძღოლად რომ მიიღეს წიკლაურების ოჯახში.
რაც უფრო მეტი დრო გადიოდა მომხდარი ტრაგედიიდან, მით უფრო ემატებოდა მარიტას მღელვარება. დემნა ამჩნევდა ცოლის ცვლილებას, არ ეძინა, არ ჭამდა, თითქმის აღარ საუბრობდა. მით უფრო საქმის დეტალებზე დუმდა მარიტა. გვიან საღამოს სახლში მოსული მიუწვებოდა თავის მძინარე ქალიშვილს და გაუგებარი სევდით სავსე თვალებით ეფერებოდა თმებზე.
რამდენჯერმე სცადა საუბარი დემნამ, მაგრამ ვერაფერი დააცდენინა ქალს. შემდეგ ჯონის გაესაუბრა. გაბელია უკვე ხუთი წელი იყო მარიტას ოპერატორად მუშაობდა. და რასაკვირველია დემნაზე მეტად იყო ჩახედული მისი გამოძიების დეტალებში.
_ მე არ შემიძლია ამაზე მოგიყვე დემნა, და უნდა გამიგო. ეთიკის ამბავია. თავად ჰკითხე ცოლს, თუ საჭიროდ ჩათვლის ყველაფერს გიამბობს._ ცოლზე ისე გააკეთა გაბელიამ მახვილი, აშკარა იყო ფარულად ნიშანს უგებდა მეგობარს, რომ მარიტას მასთან ჰქონდა რაღაც ისეთი საიდუმლო, და თუნდაც სამსახურებრივი კავშირი, რაც დემნას ვერ ექნებოდა საკუთარ ცოლთან.
სწორედ სამსახურებრივი საქმეებისგან გამოწვეული სიახლოვის გამო შეეყარა ჯონის ცალმხრივი სიყვარულის სენი. თუმცა რამდენად იყო ეს სიყვარული, კიდევ საკითხავი იყო.
ერთ დღეს ანონიმური ამანათი მიიღო მარიტამ. პირდაპირ სამსახურში მოუტანეს პატარა ყავისფერი პაკეტი, უცნობი ადრესანტისგან. ისე რომ განსაკუთრებული არაფერი უფიქრია, დაუდევრად გახსნა ქალმა გზავნილი და უხეში, მეტალის მეხსიერების ბარათი შერჩა ხელთ. არანაირი ინსტრუქცია, წერილი ან მინიშნება. კომპიუტერის მონიტორი მოატრიალა მარიტამ და ეკრანზე ბნელი და ერთი შეხედვით გაურკვეველი ვიდეო გაიხსნა. სადღაც ცარიელი დათოვლილი მინდვრის პირას, გზაზე მანქანა იყო გაჩერებული. მანქანის ფარების მკვეთრ სინათლეს თოვლის ფიფქები ყლაპავდნენ. ფარების წინ თმაგაშლილი გოგონა იჯდა და ცალი ხელი თმაში ჰქონდა წავლებული. აშკარად ტელეფონზე საუბრობდა რაღაცას. თუმცა მისი ხმა არ ისმოდა. ვარდისფერი ფუმფულა გრძელი პალტო უფარავდა მუხლებსაც და მის გარშემო მიწაზეც უცნაურად იყო გაშლილი. დაძაბული მიაჩერდა მარიტა ეკრანს. ახლოს მიიწია, ლამის შიგნით შეძვრა. ეცნობოდა ვიდეოში დანახული გოგო, მაგრამ გაშლილი, გაწეწილი თმა ხელს უშლიდა მისი სახის აღქმაში. უეცრად გოგონამ თავი დააქნია. მუჭით ცრემლები ამოიწმინდა და ფეხზე ადგა. და აი აქ გაშეშდა მარიტა. აშკარად დაინახა თოვლზე მწოლი ადამიანის სისხლიანი მუხლები და გვერდზე გადავარდნილი არაბუნებრივად მოხრილი მკლავი. გოგომ ერთხელ კიდევ დახედა მიწაზე მწოლის უგონო სხეულს,მანქანის უკანა კარი გამოაღო და შიგნით ჩაჯდა. სწორედ ჩაჯდომის მომენტში ამოიცნო მარიტა უძილაურმა ვარდისფერ პალტოიან გოგონა. ამოიცნო და ხმადაბლა შეჰყვირა.
_ ის რა მარიამ წიკლაურია?_ მოესმა მხარს უკან ჯონის ჩახლეჩილი ხმა და ადგილზე შეხტა. ვერც კი გაიგო, როდის ამოუდგა ზურგს უკან საკუთარი მეწყვილე. ბრაზმა გაუელვა გულში. რამდენიმე ხანი იყო ამჩნევდა მის უცნაურობებს, მის ხარბ მზერას, პარვით სიარულს, უკონტროლო ინტერესს და გულში ფიქრობდა, რომ მასთან პარტნიორობის დასრულება, სწორედ რომ დროული იყო. თუმცა ჯონი სულაც სხვა აზრზე გახლდათ.
_ არა, აშკარად წიკლაური იყო!_ თვალები ავად აენთო ჯონის. წარბები შეკრა მარიტამ. არ ესიამოვნა მისი ეს გაურკვეველი ემოცია. მაგრამ რას წარმოიდგენდა, რა ფიქრები დუღდა მის თავში?!
ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში უკვალოდ გაქრა ვიდეო_ჩანაწერის როგორც დედანი, ასევე ასლი. ასევე დახარვეზდა ყველა ის მტკიცებულება, რაც მარიტას ამ ამბის გარშემო ჰქონდა მოძიებული. ხოლო ჯონი გაბელია უმოწყალოდ ნაცემი იპოვნეს ქალაქის მიყრუებულ უბანში. მისი თქმით, არ ახსოვდა ვინ და რატომ სცემა. მოიპარეს ასევე მისი სამუშაო კამერა, პირადი ტელეფონი და ფოტო აპარატი. თავად მარიტა კი არხის უფროსის კაბინეტში დაიბარეს და ამ კონკრეტული ამბის გამოძიების შეწყვეტა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, აიძულეს.
მარიტამ სცადა ორივე გოგონას ოჯახს შეხვედროდა, და ჭირისუფლებისთვის აეხსნა, რომ მხოლოდ სამართლიანობის აღდგენა სურდა და არ ჰქონდა ამ ამბისგან პირადი სარგებელი, რომ მხარში დასდგომოდნენ და ერთად ეპოვნათ სიმართლე, მაგრამ არც წიკლაურებმა და არც დანელიებმა მასთან შეხვედრის სურვილიც კი არ გამოთქვეს. აი ეს აგიჟებდა მარიტას. ყველაზე მეტად ხომ მათ უნდა ნდომოდათ საქმის გამოძიება, მაშინ პირველად შეეპარა ეჭვი მარიტას, რომ ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა, და რადგან დუმილს არჩევდნენ, თანაც ამ ფასად, ალბათ დასაკარგიც ჰქონდათ რაღაც, რაღაც, რაც არ უნდა საოცარი ყოფილიყო, ქალიშვილების სიცოცხლეზე მეტი....
მას მერე გავიდა რამდენიმე წელი. და ერთ დღეს, როცა მარიტა ძველ საბუთებს და მასალებს ახარისხებდა, შემთხვევით გადააწყდა რამდენიმე ძველ ფოტოს. ერთ_ერთში სკოლის წინ გაჩერებული შავი მანქანა იდგა. მანქანის გვერდით შავებში ჩაცმული ახალგაზრდა, ასე ოცდახუთიოდე წლის ბიჭი იდგა. საოცრად ნაცნობი სერიოზული სახით. ფოტო გადმოატრიალა და გაოცებულმა ამოიკითხა საკუთარი ხელით გაკეთებული მინაწერი:
მირიან მენაბდე მარიამ წ._ს პირადი მძღოლი.
ახლა უკვე ეჭვი არ იყო, ეს სწორედ ის მენაბდე იყო, ვისზეც ახლა მთელი მისი არხი ასე ნადირობდა. უკარება და ქარიზმატული ახალბედა ბიზნესმენი. უცნობი წარსულით და ხისტი ხასიათით. რა ჭორები აღარ დადიოდა მასზე ქალაქში. ზოგიერთი ისეთიც კი, მარიტასაც რომ აღიმებდა თავისი აბსურდულობით. თუმცა იყო ერთი საეჭვო გარემოება, რაც არც მარიტას ტოვებდა გულგრილს. ის, თუ როგორ მოახერხა, უბრალო ბიჭმა ამ მოკლე დროში ასეთი წარმატების მიღწევა, და რამდენად მოახერხა ეს ყველაფერი პატიოსანი გზებით. სურათი ნერვიულად დააკაკუნა მაგიდის კიდეზე. წარსული გაახსენდა. დღეს აღარავის ახსოვდა წლების წინ ცეცხლში დამწვარი გოგონების ამბავი. ახლა ორივე ოჯახი ბევრად უფრო ძლიერი, გავლენიანი და მიუწვდომელი გამხდარიყო მარიტასთანა უბრალო ჟურნალისტისთვის. ის ვიდეოც გაახსენდა, რომელსაც კინაღამ მისი კარიერა და ვინ იცის იქნება თავადაც არ ემსხვერპლა. ისევ სურათს დახედა და მხნეობისთვის ჰაერი ჩაისუნთქა.
_ ცდა ბედის მონახევრეა!_ ჩაილაპარაკა მტკიცედ. ახლა აღარც მარიტა იყო ძველი, ადვილად სამართავი, გამოუცდელი გოგონა. ასისტენტს გასძახა თავდაჯერებული ხმით.
_ ნინო გენაცვალე,მირიან მენაბდის კონტაქტი მომიძიე! ჰოო, მაგ მენაბდის!_ წარბები ასწია , ასისტენტის ბედნიერი სახის დანახვისას. „უცნაურიაო“, გაიფიქრა
რა ქარიზმა ჰქონდა ამ მენაბდეს ასეთი, რომ მისი სახელის უბრალო ხსენების დროსაც კი ქალებს ელეთმელეთი მოსდიოდათ. ისევ ძველ ფოტოს დახედა. მკაცრი სახის უკან, დაფიქრებულ, გამჭოლავ შავ თვალებს გადააწყდა.
_ არა, მან რაღაც იცის! რაღაც აუცილებლად ეცოდინება!_ ჩაილაპარაკა უცნაური აღტაცებით და კომპიუტერის მონიტორს დააცქერდა. ისევ ძველი ამბები ამოქექა. უფრო სწორად იმ ამბის ნარჩენები, რისი გაქრობაც სავარაუდოდ მსხვერპლის ოჯახებმა საჭიროდ არ მიიჩნიეს. ერთ უცნაურ ამბავს გადააწყდა ძველი ამბების ქექვაში. იმ ამბამდე სამი თვით ადრე გოგონების ერთი კლასელიც გაუჩინარებულიყო. და დღემდე დაკარგულად მიიჩნეოდა. ლალი მურჯიკნელი, ერქვა დაკარგულ გოგონას. საშუალო ფენის ოჯახიდან იყო და სკოლაში გრანტით სწავლობდა. და ერთი შეხედვით ამ ნაცრისფერ თაგუნიას, არაფერი ჰქონდა საერთო აწ მინისტრის და მიტროპოლიტის ოჯახების პრინცესებთან.
_ რა ხდება მარიტა? ისევ ძველი ამბები არ გასვენებენ?_ კაბინეტის კარი ჩვეულად დაუკაკუნებლად შემოაღო ჯონიმ. უსიამო გამომეტყველებით ასწია თავი მარიტამ.
_ ნინოს გრძელი ენის ამბავია,მე რატო მიყურებ ასე?_ ორივე ხელი ასწია ჯონიმ და თვალებში ზიზღის თუ სიბრაზის ავი სხივი გაუკრთა._ მე მხოლოდ იმის თქმა მსურდა ძვირფასო, რომ ზოგი ამბავი ისე უნდა დარჩეს, როგორც არის. სულ ესაა და ეს.
დაამატა და მარიტას კაბინეტი უსიამოვნო გამომეტყველებით დატოვა...


_შვილო, იმ ბავშვის შიმშილით მოკვლა გაქვს გადაწყვეტილი?_ ქოთქოთით შეაღო ნელიმ ოთახის კარი და ხის მოზრდილი კოვზი გამაფრთხილებლად ასწია მაღლა. _ ისედაც რა გამხდარია, გამჭვირვალეს გავს რომ დააკვირდე! ეტყობა დიდად არავინ ზრუნავს მასზე!
გააგრძელა თავისთვის. ქალი გულმა უნებურად იგრძნო, რომ ანინა მზრუნველობის ნაკლებობას განიცდიდა. ნელი ძველი თაობის ქალი იყო. მიაჩნდა, რომ ვარდისფერი ლოყები და ხორცსავსე სხეული ჯანმრთელობის და ზრუნვის განუყოფელი ნაწილი იყო. ანინა კი მის კრიტერიუმებს სრულებით არ აკმაყოფილებდა. ისედაც სუსტი გოგო განცდილი და გადატანილი მღელვარების გამო სულ გაცრეცილი იყო მის თვალში.
_ რას მეუბნები?_ თავი ასწია მირიანმა და ნოუთბუკი ჩახურა, ვინიცობაა ნელის მასში ჩახედვაც არ მონდომებოდა_ ისევ არ ჭამა?
თითქოს ასე ანიშნა კიდეც, რომ არ ეცალა.
_არა რამე რომ მოუვიდეს აქ ყოფნისას, სად გამოვყო სირცხვილით თავი? რას ეუბნები მერე დედამისს? _ თითქოს არც უსმენდა თავისას მიერეკებოდა ქალი. მარიტას ხსენება არ ესიამოვნა მირიანს._ ან რას ემართლებით ამ ბავშვს? შენ გეუბნები ხო, შენ?
_ ბავშვს?_ ისე გაიოცა მირიანმა, თითქოს ვერ მიხვდა, ვიზე საუბრობდა დეიდამისი. მის თვალში ბავშვს არ ჰგავდა ანინა. პირველივე დანახვისას.... ფიქრი არ დააცალა ნელიმ.
_ განა რამდენი წლის იქნება? ოცის? ოცდაორის? ამხელა კაცი ხარ და ჭკუა ვერ ისწავლე! მე არ ვიცი! ჩამოიყვანე ბავშვი დაბლა და როგორც გინდა ისე აიძულე ჭამა!_ კოვზით კიდევ ერთხელ დაემუქრა და ზურგი აქცია უკმაყოფილო სახით. კართან გაჩერდა და უკან გამოხედა წარბშეკრულმა._ აიძულე, მაგრამ რაც შეიძლება ნაზად! თორემ რაც ბავშვობაში დაგაკელი, ახლა აგინაზღაურებ იცოდე!
ნელი გავიდა და კარი ფრთხილად გაიხურა.
_ ამხელა კაცი?_ ჩაფიქრებით ჩაილაპარაკა მირიანმა. თითქოს მთელი მისი საუბრიდან მხოლოდ ეს ორი სიტყვა გაიგო. წამოდგა და სარკესთან მივიდა.
_ რამხელა მაინც?_ საკუთარი თავი ინტერესით შეათვალიერა. მაღალი გამხდარი კაცი იყო, მკვრივი და მტკიცე ნავარჯიშები სხეულით, შავი თვალებით, მუქი ხორბლისფერი თმით. სახის მკვეთრი ნაკვთებით, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული, მაგრამ თანაც თვალში საცემი თავისი მწველი ინტერესიანი მზერით. მაგრამ ისეთი ადამიანი არ იყო ნახვისთანავე სიმპათიას რომ გაუჩენს ადამიანს. უფრო საფრთხეს ჰგავდა მირიან მენაბდე. ჩასაფრებული ნადირის მზერა მისდამი ნდობის სურვილს ალბათ ვერავის გაუჩენდა, თუ არა მეოცნებე და მისი ქარიზმით თავბრუდახვეულ ქალთა გარკვეულ ნაწილსა. ისეთების, ვისაც მუდამ ჰგონია, რომ ის ერთადერთია, ვის გამოც მამაკაცს შეცვლა და გაკეთილშობილება მოუნდება. სასაცილოა არა?! მაგრამ ჭკვიანი ადამიანი მის საშიშ ქარიზმაში აუცილებლად დაინახავდა გაფრთხილებას:
„ არ ენდო დემონს!“ თავის გვერდით ანინა წარმოიდგინა და გააოცა დანახულმა კონტრასტმა.
_ ანგელოზი და დემონი._ გაეცინა საკუთარ თავზე. სინდისი უცბად დაიმშვიდა. ალბათ როგორ გაუმართლა ანინას, რომ მირიანს მის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება არ ჰქონდა, რაც ზოგადად ლამაზი და მისით აღფრთოვანებული ქალების მიმართ უჩნდებოდა ხოლმე. თუმცა აქ იყო ერთი პატარა დეტალი, რასაც მირიანმა, როგორც ქალების მუდმივი ყურადღების ობიექტმა ყურადღება არ მიაქცია. და შემდეგ, როცა მიხვდა, უკვე გვიანი იყო ...

კართან მისულმა მიაყურადა. ჩამიჩუმი არ ისმოდა ოთახიდან. კარი ფრთხილად შეაღო და ისეთი კადრი წარმოუდგა თვალწინ, ფოტოგრაფები სპეციალურად დაგეგმილ ფოტო სესიებში მხოლოდ სპეციალური ეფექტების წყალობით რომ აღწევენ ხოლმე.
სანახევროდ გადაწეული ფარდის მიღმა ფანჯრის რაფაზე იჯდა ანინა, მუხლებაკეცილს თავი მოხრილ მკლავზე ჩამოედო და ფანჯრისა და შავი გისოსების მიღმა თოვლს უყურებდა. გული შეუკრთა მირიანს. ანინას სითეთრეს უცნაურად ანათებდა მისივე მუქი, გრძელი თმა და ის წყეული შავი ცხაური. ჩიტს ჰგავდა. გალიაში გამოკეტილ, გალობაგადავიწყებულ და თავისუფლებაზე მეოცნებე პატარა ჩიტს. ისეთ ჩიტს ტყვეობის მიუხედავად რომ შეეძლო ბატონის გულზე ებატონა. აი ამ ფიქრმა შეაკრთო და ააღელვა მირიანი. ეს ფიქრი და ეს გრძნობა ახლა სულ არ სჭირდებოდა მას. არც ახლა და არც არასოდეს. მისი სამყოფი ყველაფერი ჰქონდა. მეტი არაფერი სურდა. მით უფრო დაუგეგმავი მღელვარება, ან უბრალოდ არ უნდოდა მეტი სურვებოდა რამე. მაგრამ თვალებს ვერაფერი მოუხერხა, მზერა ვერ მოაცილა. ვერ აიძულა თავი, რომ ეს ნახატის მსგავსი ესთეტიკა საკუთარი არსებობით დაერღვია. უკან დაიხია და კარი გამოიხურა.
_ არა! ეს რაღაა?_ ჩაილაპარაკა გაოცებულმა. დახურულ კარს შეხედა და თავის შეგნებულ ცხოვრებაში პირველად ვერ დაასრულა დაწყებული ჩანაფიქრი. კაბინეტში დაბრუნდა და როცა სიმშვიდე დაიბრუნა, დემნას ნომერი აკრიფა. რაც შეიძლება მალე უნდა მოეგვარებინა ეს „პატარა“ პრობლემა და თავიდან მოეცილებინა იძულებითი მძევალი. ახლა ისიც საკითხავი იყო, ვის უფრო ძალიან სურდა უწინდებურ მდგომარეობას დაბრუნებოდა.

_ გისმენ!_ დემნა ცდილობდა მშვიდად ესაუბრა, მაგრამ ხმაზე აშკარად ეტყობოდა დაძაბულობა.
_ საღამო მშვიდობისა ბატონო დემნა!_ ძველი მეგობარივით მიესალმა მირიანი.
_ როგორ არის ჩემი გოგონა?_ მხოლოდ ეს აინტერესებდა დემნას.
_ თუ არ ჩავთვლით, რომ შიმშილობა გამოაცხადა, კარგადაა!_ სუსტად გაეღიმა მირიანს, არც კი უცდია დემნას ცრუ სიტყვებით მოტყუება.
_კიი, ჰგავს ეგ ჩემი გოგოს საქციელს!_ სითბო ჩაეღვარა ხმაში დემნას, შემდეგ თითქოს გაახსენდა ვის ესაუბრებოდა და ხმა ისევ მკაცრი გაუხდა._ არ მაქვს ის, რასაც თქვენ ეძებთ, არ მაქვს და ანინას დატყვევება ვერაფერს შეცვლის! თუ ასე უმჯობესია, იფიქრეთ იმაზე, რომ მე ჩავანაცვლო ჩემი ქალიშვილი.
არ იცოდა დემნამ სხვა რისი შეთავაზება შეეძლო მირიან მენაბდისთვის და ყველაზე ძვირფასს, საკუთარ სიცოცხლეს დაუფიქრებლად სთავაზობდა.
_ ვიცი ბატონო დემნა! _ ისე მოულოდნელი იყო მირიანის პასუხი, დემნა დაიბნა.
_ მე მაქვს ჩანაწერები, და სწორედ ამიტომ გირეკავთ!_ დააზუსტა მან.
_ თუკი ასეა, მე ვეღარ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ ანი მანდ დარჩეს!_ ხმა გამოუკეთდა დემნას.
_ მაგრამ არის ერთი მაგრამ!_ გადაუწყვიტა ახლად ჩასახული იმედი მენაბდემ.
_ რას გულისხმობთ?_ სწრაფად და აღელვებით ჰკითხა დემნამ.
_ აუცილებლად უნდა შევხვდეთ და ვისაუბროთ. არის რაღაც, რაც უნდა გიამბოთ. და პრინციპში განახოთ კიდეც. და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბრებთ თქვენი ქალიშვილის შესახებ!_ ხმა ცივი ჰქონდა მირიანს, მაგრამ ეს სიცივე უკვე გულიდან აღარ მოდიოდა. ცა და მიწა რომ დაქცეულიყო, ის ვერასდროს ვერაფერს დაუშავებდა მისი სახლის ფანჯარაზე მჯდარ პატარა ჩიტს. და სულაც პირიქით, არც სხვას მისცემდა ოდესმე ამის უფლებას. სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი სასწრაფოდ გაერკვია დემნასთან არსებული პრობლემა და საკუთარი სახლიც, ფიქრებიც და ცხოვრებაც გაეთავისუფლებინა იმ ჯადოსნური ბადისგან, რასაც ის ვითომ უმწეო გოგონა ხლართავდა მის გარშემო.
_ კარგი, ისედაც ხომ შენს ხელში ვარ!_ ამოიოხრა დემნამ.
_ მაშინ ხვალ თქვენსავე სახლში შევხვდებით!_ უთხრა დემნამ, ტელეფონი გაუთიშა და შვებით ამოისუნთქა. გულუბრყვილოდ ფიქრობდა მირიან მენაბდე, რომ არსაიდან გამჩდარი პრობლემა მარტივად მოაგვარა.

_ მშია! _ცარიელ მაგიდას მიუჯდა და გაოცებულმა საათს ახედა. ამ დროს უკვე მაგიდა გაშლილი უნდა ყოფილიყო და უმეტესად მას მოსვლასღა ელოდნენ ხოლმე.
_ სანამ სახლის ყველა ბინადარი ამ მაგიდის გარშემო არ შეიკრიბება, ვახშამს ვერავინ ეღირსება!_ გულზე გადაიჭდო ნელიმ ხელები. გაკვირვებულმა მირიანმა მაგიდა მოათვალიერა. ცოტნე და კიდევ დაცვის სამი ბიჭი მასავით გაკვირვებული შესცქეროდა ერთმანეთს.
_ დეიდააა?_ გახედა ბრაზით მირიანმა ნელის.
_ რა დეიდა? რა დეიდა? _ აყვირდა კაპასად ქალი. _ მე ვთქვი! აქ ჩემი სამბრძანებლოა! არის? ხომ არის?_ გასუსულ ბიჭებს გადახედა და განუყრელი ხის კოვზით მოხაზა სამზარეულო.
_ ხოდა, ვერავინ გაბედავს აქ და ჩემს სიტყვას ვერ გადავა! ან ყველა ვვახშმობთ, ან ყველა მშივრები ვწვებით! რახან ითავე ბატონო მირიან, კეთილი ინებე და გულისხმიერება გამოიჩინე! სტუმარი სუფრასთან მოიწვიე!_ კოვზით მაღლა ანიშნა ნელიმ. მირიანმა აფხუკუნებულ ცოტნეს გახედა და მანაც მაშინვე დაასერიოზულა სახე.
_ კარგი!_ ამოიოხრა დაღლილი ხმით. ფეხზე ადგა და მძიმე ნაბიჯებით აუყვა მაღლა ამავალ კიბეს.
_ საღამო მშვიდობისა!_ შესვლისთანავე მესალმა, თითქოს იმით შეშინებული კიდევ რამე საოცარ გარინდებაში არ აღმოეჩინა თავისი „სტუმარი“. ანინა ჩვეულად პატარა ნოხზე იჯდა. ზურგით საწოლს ეყრდნობოდა და ისევ ფანჯარას გაჰყურებდა. მის ჯინაზე ისევ გადაუღებლად ბარდნიდა.
_ დიდია?_ ჰკითხა სუსტი ხმით.
_ რა?_ კითხვა ვერ გაუგო მირიანმა.
_ თოვლი, ეზოში! რაც აქ ვარ სულ თოვს! მუხლამდე არის?_ მისკენ არ გამოუხედია, თითქოს შეხედვის ღირსად არც თვლიდა.
_ ლამის წელამდე!_ უპასუხა მისი უადგილო კითხვით დაბნეულმა კაცმა._ თუ გინდა, შეგიძლია გახვიდე გარეთ.
თავისით დასცდა სიტყვები. მერე მის სამოსს შეხედა და გაეღიმა. ისევ თეთრი კაბა და ოთახის ჩუსტები ეცვა გოგონას.
_ ხვალ ყველაფერს მოგიტანენ! და გადი ეზოში!
_ ეზოში._ ჩაილაპარაკა წყნარად ანინამ.
_ კარგი!_ არ ესიამოვნა მის პასუხში გაჟღერებული საყვედური მენაბდეს._ ახლა წამოდი ვივახშმოთ. არაა აუცილებელი შენი ამგვარი სიჯიუტე. მალე ისედაც ყველაფერი დასრულდება და სახლში დაგაბრუნებ.
არც ამის თქმა ესიამოვნა რატომღაც.
_ არ მშია!_ ამოხედა ჯიუტად ანინამ_ მტრის სახლში არაფერს არ ვჭამ მე!
_ რატომ მონტე_ კრისტო ხარ?_ გაეცინა მირიანს._ მიდი ადექი, თორემ შენ გამო მშიერს გვტოვებს დეიდაჩემი.
_ არ მინდამეთქი! და ასემც გიქნიათ სული გაგიცხიათ შიმშილით!_ პროტესტის ნიშნად მუხლებზე მოიხვია გამხდარი მკლავები.
_ ასე არა?!_ ჰკითხა თვალმოჭუტვით მირიანმა.
_ დიახაც!_ ირონიით გაუღიმა გოგომ.
_ კარგი, შენ თავს დააბრალე მაშინ!_ უთხრა, დაიხარა და ხელი მოხვია. ბუმბულივით აიტაცა და მხარზე გადაიკიდა აფართხალებული.
_ამის შემდეგ იცოდე ქალბატონო ანი! სანამ ზრდილობიანად გთხოვენ, კეთილი უნდა ინებო და თხოვნა შეასრულო!

_ რა ხდება?_იკითხა ნელიმ და ყველამ გაოცებით ახდა კიბეებს. საიდანაც გოგოს ხმამაღალი ჩხუბი და კივილი მოისმოდა ._ რას აკეთებს ეს არანორმალური?
ის იყო საშველად გადადგა ნაბიჯი ნელიმ, რომ კიბეზე მირიანიც გამოჩნდა.
ასეთ სცენას არცერთი მათგანი არ ელოდა. გაცინება აშკარად სახიფათო იყო იმ წამს, მაგრამ სერიოზული სახის შენარჩუნება ნამდვილი სატანჯველი.
მირიანი მაგიდას მოუახლოვდა. სკამი გამოსწია და ანინა ფრთხილად დასვა.
_ ფეხზე ადგომა არ გაბედო იცოდე! და რასაც წინ დაგიდებენ ისე მოასუფთავე, გრამი არ დატოვო! თორემ წამის წინანდელი სამოთხედ მოგეჩვენება, გასაგებია?_ დამფრთხალი აჰყურებდა ანინა მის მოქუფრულ სახეს. აი თავად მირიანს კი გულიანი გადახარხარდება სამყაროს ერჩია იმ წამს. „არა მაინც რა საყვარელია ეს სასაცილო ჩიტი?!“ ფიქრობდა მირიანი და უკვე ვეღარც იაზრებდა ამგვარი ფიქრების საშიშროებას.
6

_
ეს გაატანე ბიჭებს და უთხარი ყველაფერი მოიტანონ!_ ფურცელზე ჩამოწერილი სია გაუწოდა ცოტნეს და სანამ გაოცებული კაცი სიას კითხულობდა დაამატა._ აა, ხო კიდევ ციფრული ფოტო_აპარატი მინდა. რამე ძალიან პროფესიონალი, მიხვდი? ისეთი როგორსაც დღეს ფოტოგრაფები იყენებენ. გასაგებია?
ცოტნემ უხმოდ დაუქნია თავი და გასვლისას კიდევ ერთხელ გამოხედა დაფიქრებით. აშკარად იმ გოგოსთვის სურდა ეს ყველაფერი მირიანს, მაგრამ როდის იყო, რომ საკუთარი დროებითი „სტუმრების“ სურვილებს ყურადღებას აქცევდა? გუმანით გრძნობდა ცოტნე, ახლა რაღაც სხვა ხდებოდა მირიანის გონებაში, მაგრამ კითხვის დასმა, რა თქმა უნდა, აზრადაც არ მოსვლია.
რამდენიმე საათში ყველაფერი ლამაზ პაკეტებში და პარკებში ჩაწყობილი ამოიტანა ცოტნემ და მირიანის სამუშაო ოთახში შეიტანა.
_ აქ რად მინდა,მიდი იმას მიუტანე!_ ისე შეუღრინა მან, წამით შეკრთა კიდეც ცოტნე.
_ ვის შევუტანო?_ ჰკითხა დაბნეულმა.
_ ვის და ნელის! ვის უნდა შეუტანო ვერ ხვდები არა? კარგი მომეცი აქ!_ უმიზეზოდ გაღიზიანებული წამოდგა, აქეთ_იქეთ სასაცილოდ გაფარჩხული პარკები ხელიდან აართვა და შეუბღვირა.
_ რა ეტაკა?_ ჩაილაპარაკა ცოტნემ გაკვირვებით, როცა მირიანი სათანადო მანძილით დაშორდა.
კარზე მშვიდად დააკაკუნა. რომ არ უპასუხა უფრო მომთხოვნად გაიმეორა.
_ გისმენ!_ მისი დანახვით გამოწვეული უსიამოვნების დამალვას არც კი ცდილობდა ანი. და ყველა ასეთი შემოხედვისას ღიზიანდებოდა მირიანი. ვერ ხვდებოდა, მისი ამ გადამეტებული თავაზიანობის პასუხად რატომ იღებდა ამ თავხედი გოგოსგან ამგვარ ზიზღნარევ დამოკიდებულებას.
_ ბიჭებმა ნივთები მოგიტანეს. _ ისე უთხრა ბიჭებმაო, თითქოს თავად არ დაევალებინა მათთვის. იდგა ანი და მოღუშული აკვირდებოდა.
_ არ გამომართმევ?_ სულ უფრო ემატებოდა ბრაზი მირიანს. მართლა პატარა ბიჭი ხომ არ იყო, იდგა აქ და ისე სთხოვდა, ფაქტობრივად, საჩუქრის მიღებას, თითქოს ძალიან ანაღვლებდა.
_ როდის წავალ სახლში?_ ცივად ჰკითხა ანიმ და პაკეტების გამორთმევა არც კი უფიქრია.
_ მაშინ წახვალ, როცა ამის დრო მოვა! გასაგებია?_ უთხრა ბრაზით, ხელით გასწია და ოთახში შეაბიჯა.
_ რატომ შემოდიხარ ჩემს ოთახში დაუპატიჟებლად!_წინ გადაუდგა ანინა.
_ შენს ოთახში ანუ?_ წარბი ასწია მირიანმა.
_ სანამ აქ ვცხოვრობ ასეა! და შენი აქ დანახვა სულ არ მსიამოვნებს _ გაჯიუტდა ისევ_ ხვალ ახალი წელია და მე სახლში უნდა შევხვდე! ასეთი ტრადიცია გვაქვს მე და მამას!
მის წინ უშიშრად იდგა და კიდევ იქით უბრიალებდა თვალებს.
_ ვერ გაიგე რა გითხარი? თუ ამ უჟმურ სახლში გინდა გავატარო ახალი წელი?
_ ღმერთო გამძლეობა მომეცი, რომ არ მივახრჩო!_ ჩაილაპარკა თავისთვის მირიანმა. ნივთები იატაკზე დაალაგა. მხოლოდ ერთი პატარა პარკის დატოვება გადაიფიქრა. სიტყვის უთქმელად გაბრუნდა და ოთახი დატოვა და ის პარკიც თან გაიყოლა.
_ რაც პატრონი, ის სახლიც!_ მიაძახა ანინამ წასულს. კიბეები ჩაიარა მირიანმა და მისაღებში გაჩერდა. ინტერესით მოათვალიერა იქაურობა. აქამდე არც კი შეუნიშნავს სახლის სადა და უბრალო ინტერიერი. შეიძლება ცოტა მოსაწყენი იყო, მაგრამ არა... „როგორ თქვა იმან? მაგრამ არა უჟმური.“
ფიქრობდა მირიანი გულში.
_ რამეს ეძებ დეიდა?_ შემოიხედა ნელიმ.
_ დეიდა, როგორ ფიქრობ ეს სახლი არაა ლამაზი? _ ისეთი მოულოდნელი კითხვა იყო მისგან ქალმა ნაბიჯით უკან დაიხია.
_ ლამაზი?_ ჰკითხა გაოცებულმა._ ლამაზისა რა გითხრა, მაგრამ ცოტაოდენი სიფერადე კი აკლია, მცენარეები, სიცოცხლე და ხალისი. მაგრამ ეს ყველაფერი შენ უფრო გაკლია შვილო, ვიდრე სახლს. სახლი გამიგონია პატრონს ემსგავსება. შენ რომ ბედნიერი მყავდე, სახლიც სწორედ ასეთივე იქნებოდა.
ისე ჰგავდა ნელის პასუხი ანინასას, ხელი ჩაიქნია მირიანმა.
_ ოხ ეს ქალები, ყველაფერს რატომ ართულებთო._ ჩაილაპარაკა და სახლიდან გავიდა. იმ საღამოს დემნა უნდა ენახა და მანამდეც სხვა აუცილებელი საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი.

ისე ეჭვით დაჰყურებდა ანინა პარკებს, თითქოს საწამლავით სავსე თასი უნდა შეესვა. ფანჯარას გახედა. არა, ასეთი თოვლის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. რატომ უნდა მჯდარიყო ოთახში გამოკეტილი? სანამ შესაძლებლობა ჰქონდა დროს მხიარულად მაინც გამოიყენებდა. ადგა და პარკების შიგთავსი საწოლზე ერთიანად გადმოყარა. სწრაფად ამოარჩია თბილი კომფორტული სამოსი, ქურთუკი და ფეხსაცმელი. მაგრამ ყველაზე უფრო ნაქსოვი ღუნღულა ხელთათმანები და ქუდი გაუხარდა. ყველაფერი მოირგო და ისე, რომ სარკეში ჩახედვა არც კი გახსენებია, კიბისკენ გაიქცა.
ბრაგუნით ჩაირბინა კიბეები და კარი სულმოუთქმელად გამოაღო.
სახეზე ფართო ღიმილი დაეხატა. პატარა ბავშვივით ყიჟინით გავარდა გარეთ. ჯერ მარტო ერთობოდა, მერე თუ ვინმეს თვალი მოკრა ყველასთან იგუნდავა, სურდათ თუ არა მათ ეს. იმდენი ქნა, რომ ნელიც კი აიყოლია. და როცა მირიანი სახლში დაბრუნდა, მანქანა ეზოში რომ შემოაყენა, უკვე ცოტნეს აცლიდა სიქას. საწყალს ისეთი სახე ჰქონდა, სიცილი ვერ შეიკავა მენაბდემ. თავად დაიბარა წასვლისას, ყველა მისი ახირება შეესრულებინათ გარეთ გაშვების გარდა. და ალბათ ამიტომ იყო, რომ უარი არავის უთქვამს. ამასობაში სახლიდან ნელი გამოვიდა. მანქანიდან ხედავდა ხელით რომ იხმობდა დეიდამისი თოვლში ბავშვივით ჩაწოლილ ანინას. ის კი რაღაცას პასუხობდა ხელებს ჯიუტად იქნევდა და არაფრით მიჰყვებოდა სახლში.
მანქანიდან გადმოვიდა და უხმაუროდ მიუახლოვდა. გულაღმა იწვა თვალდახუჭული ანი და პირდაპირ სახეზე ათოვდა. შიგადაშიგ ხელთათმანით იშორებდა ფიფქებს, თეთრ თოვლზე გაშლილი მუქი თმის ფერი და თმაზე დამღვალი ფიფქების კონტრასტი, ისევ გულზე მოხვდა მირიანს. რატომღაც ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თოვას რომ გადაეღო იმ წამს, ანინაც დალღვებოდა და თოვლს უკვალოდ გაჰყვებოდა. უცნაურმა სევდამ აუვსო გული. მოუნდა ენატრა, რომ არასდროს გადაეღო თოვას. საკუთარ ფიქრზე გაბრაზდა.
_ ადექი, სახლში წამოდი!_ ცივად უთხრა საკუთარ ოცნებაში გართულს. თვალები უცბად გაახილა ანინამ , წამოიწია და ფეხი აუცურდა მოტკეპნილ თოვლზე. ხელი გაუწოდა მირიანმა დასახმარებლად და ისეთი სიძულვილით შეხედა გოგომ, უსიტყვოდ გამოსწია უკან.
_ წამოდი!_ მხოლოდ ესღა უთხრა და ზურგი აქცია. ვახშამი არ მინდაო, მიაძახა ნელის და პირდაპირ სამუშაო ოთახისკენ აიღო გეზი.
უბრალოდ ანინას გვერდით თითქოს სახლი ევიწროვებოდა. იჯდა დაღლილი და ფიქრობდა. რატომ ხდებოდა მის თავს ამდენი უცნაური ამბავი. ადრე უამრავ შეცდომას უშვებდა. არც ახლა აკლებდა, მაგრამ ახალი შეცდომები ვერც კი შეედრებოდნენ წარსულში დაშვებულ შეცდომებს. წარსულის ამბები აჩრდილებივით მოჰყვებოდნენ უკან. ცდილობდა და ვერ გაურბოდა მათ. ერთხელ იფიქრა, რომ გამოისყიდიდა ცოდვებს, მაგრამ მაშინ უარესი მოხდა. მარიტა უძილაური შეიწირა თავისდაუნებურად. ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე ეგონა. მაგრამ დღეს სულ სხვა თვალით შეხედა მომხდარს.
ალბათ ზუსტად ამიტომ იყო რომ იმ ჩიტივით გოგოს ასეთი გავლენა ჰქონდა მასზე, რომ საკუთარ სახლში გაცლას და დამალვას აიძულებდა. ჰაერი ჩაისუნთქა და დემნასთან საუბარი გაიხსენა. ყველა დეტალი გაიმეორა გონებაში.
_ კარგად დააკვირდით, ვერაფერს ხედავთ უცნაურს? იმის გარდა რომ ჩემს მანქანას უყურებთ. თქვენ ბრაზი და წინასწარგანწყობა გიბინდავთ საღ აზრს. თუმცა თქვენს ადგილას მეც ალბათ პირველად ეჭვს საკუთარ თავზე მივიტანდი._ მშვიდად საუბრობდა მირიანი. დემნა კი სწორედ იმ კადრებს ატრიალებდა განმეორებით, სადაც მენაბდეს მანქანა რამდენიმე წამით ხვდებოდა კადრში.
_ საიდან გაქვთ ეს ჩანაწერი?_ ჰკითხა დაძაბულ კაცს. რომელიც ცდილობდა იმ მომენტის დაჭერას, რაზეც მირიანი ანიშნებდა.
_ არ ვიციმეთქი რომ გითხრა, ალბათ არ დამიჯერებ. ანონიმური გზავნილით მივიღე. ვფიქრობ ვინმე ისეთისგანაა, ვინც მარიტასთან დავალებულად გრძნობდა თავს. _ უცებ მზერა დაჟინებული გაუხდა. კადრი უკან გადაახვია, გააჩერა და დააკვირდა _ არა, შეუძლებელია, ის ვერ იქნება.
_ თქვენს რეაქციაზე ვხვდები, რომ იპოვნეთ რისი ჩვენებაც თქვენთვის მინდოდა._ უთხრა მინდიამ და დემნამ თავი დაუქნია.
_ რას ნიშნავს ეს მირიან?_ თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს და ორივეს ერთი აზრი უელავდა თვალებში. უბრალოდ ეს აზრი მათში განსხვავებულ ემოციებს იწვევდა.
_ მე ვერ ვიტყვი დარწმუნებით, თუ რას აკეთებდა იქ თქვენი მეგობარი, როცა თქვენს ცოლთან შეხვედრა მკაცრად კონფიდენციალური იყო, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ მან ამოაცალა მანქანას ვიდეო რეგისტრატორი. თანაც დაუკვირდით, ჩემი მანქანიდან სწორედ იმ ქუჩაზე იშლებოდა ხედი, სადაც..._ აღარ დაასრულა. დაინახა როგორ აუკანკალდა დემნას ხელები. შემდეგ უკონტროლო ბრაზი დაეუფლა.
_ მოვკლავ მაგ არაკაცს! _ იღრიალა გამწარებულმა.
_ ეს რაც ახლა ჩვენ ვნახეთ სულაც არ ნიშნავს, რომ მკვლელი თავადაა, მაგრამ რაღაც რომ იცის, ეჭვიც არ მეპარება. ახლა სიმშვიდე ყველაზე მართებული საქციელი იქნება თქვენთვისაც და ამ საქმისთვისაც. _ მირიანის სიმშვიდე უცნაურად გადამდები იყო დემნასთვის.
_ მართალი ხარ, არ უნდა დაფრთხეს. თორემ კაცმა არ იცის თავის გადასარჩენად რაზე წავა. ღმერთო ჩემო ჯერ კიდევ გუშინ აქ იყო და მამშვიდებდა. არა, კი გამიკვირდა საიდან იცოდა სამხილებზე, და მეც სულელივით გავანდე,რომ კაკოს ვაჩვენე ყველაფერი._ თავისთვის ლაპარაკობდა დემნა. და თანდათან მის გონებაში ადგილებს იკავებდნენ არეული ფაზლები.
დიდხანს საუბრობდნენ დემნა და მირიანი. გეგმას სულ ნაწილ-ნაწილ აწყობდნენ. თუ როგორ გამოეჭირათ იმაზე დიდი თევზი, ვიდრე ჯონი გაბელია იყო.
სწორედ წამოსვლისას, ჰკითხა დემნამ მირიანს:
_ რადგან საქმემ მოითხოვა, რომ ჩვენ, ასე რომ ვთქვათ, პარტნიორები გავხდით, მგონი დროა, ჩემი გოგონა სახლში დაბრუნდეს.

_ დიახ, ხვალ საღამოს ანინა საკუთარ სახლში შეხვდება ახალ წელს!_ წამით შეყოვნდა მირიანი, თითქოს კიდევ რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ ხელი ჩაიქნია. ჭერამდე ნაძვის ხეს ახედა და სახლი დატოვა.

როცა მირიანი მანქანაში ჩაჯდა და მანქანა ეზოს გასცდა, ფარეხების მხრიდან ჩრდილს გამოეყო ჯონი გაბელია. ეჭვით ახედა მეგობრის სახლს და მაჯის საათი შეამოწმა.
_ კი მაგრამ რა ჰქონდათ სალაპარაკო მთელი ორი საათი?_ ჩაილაპარაკა ყრუ ხმით.შემდეგ ტელეფონი ამოიღო ნომერი აკრიფა და სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა ეზოს და თავის ჩვეულ სამალავს.

7

მარტივი მიზეზები, ესაა სწორედ ის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რაც გვაიძულებს ხოლმე რთული და დიდი გადაწყვეტილებების მიღებას. სწორედ მარტივი მიზეზები განაპირობებენ უმეტესად ჩვენს არჩევანს. ვინ ვართ ჩვენ, ამას მარტივი მიზეზები გვკარნახობენ. რაზე ვართ წამსვლელი?! რას გავბედავთ?! სადამდე გავრისკავთ?! მარტივი მიზეზები, როგორიცაა, მაგალითად, დამამთავრებელ კლასში სასურველი ადამიანისგან უარყოფილი გატეხილი გული, ანდაც დამცირება დახეული კეტების გამო იგივე ასაკში, ან მეგობრის ორპირობა საკუთარი თავის გადასარჩენად. ასეთ მარტივ მიზეზს, ერთი შეხედვით სულაც არაფერს, გარკვეულ ასაკში მარტივად შეუძლია აგიყვანოს სკოლის, მზისგან ჯოჯოხეთივით ადუღებულ, სახურავზე და იქიდან პირდაპირ დაუსრულებელ წყვდიადში გადაგჩეხოს. და თუ როგორღაც იმის ძალა აღმოგაჩნდა, რომ ამ უფსკრულის მიზიდულობას გაუძლი, თუ გამბედაობა გეყო და უკვე სიცარიელეში გადადგმულ ფეხი უკან მტკივნეულ, მაგრამ მაინც შეძლებისდაგვარად ასატან ყოფიერებაში გადმოდგი, შენ ამ მარტივ მიზეზებს პირისპირ შეეჩეხები, ოღონდ იმ დამარცხებული უფსკრულის ფონზე ახლა ეს მიზეზები სრულიად უძლური და დავრდომილი მოგეჩვენება.
ეს ამბავი მოხდა სწორედ სასწავლო წლის მიწურულს, ცხელ, აუტანლად ცხელ, ზაფხულში. და მოხდა სრულიად მარტივი მიზეზის გამო. თუმცა ლუკამ იმ საღამოს უფსკრულის მიზიდულობას ვეღარ გაუძლო....
ზოგადად დამამთავრებელი კლასი და ეს რთული ასაკი, პატარა ადამიანების სხეულში საოცრად სასტიკ მონსტრებს აღვიძებს. მით უფრო თუ საქმე ელიტურ სკოლას ეხება, სადაც ხშირად ამ პატარა მონსტრებს მშობლების წამბაძველობით საკუთარი კოლიზეუმი და გლადიატორების საომარი არენა აქვთ მოწყობილი. აქ მხოლოდ მათ მაღლა აღმართულ ცერზეა დამოკიდებული, საერთოდ შეძლებს თუ არა კონკრეტული და მათ მიერვე არჩეული საცოდავი, უმწეო მსხვერპლი გზის ბოლომდე მისვლას.
სწორედ ამ უსამართლო ურთიერთობათა ჯაჭვის სათავეში მოექცა წლების წინ მარიამ წიკლაური. ხან პირდაპირ ხანაც ფარულად, სწორედ მისი მითითებით იწერებოდა ათასგვარი დამცირებისა და ინტრიგების ის სცენარები, რაც შემდეგ მთელ სკოლას შიშის ზარს სცემდა. სინამდვილეში ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ თვალის დახუჭვა და ყურის მოყრუება, აი მხოლოდ ეს გამოსავალი იყო იქ გადარჩენის ერთადერთი გზა. ისევე, როგორც სხვა შემთხვევაში მატერიალური და მორალური ზეწოლა, რაც მამამისის და დიანას ფრიად პატიოსანი და სათნო მამის გავლენით უცხო არ იყო მათ სკოლაში, ნაწვიმარზე სოკოებივით გამჩდარ ყველა პრობლემას აგვარებდა, მაგრამ ლუკას სიკვდილი უკვე მორიგი პატარა მიზეზი აღარ გახლდათ.
_ ამ ამბავს ვინ შეესწრო კიდე? ვინ რა იცის? გგონია ხმას არავინ ამოიღებს? რა გინდა შვილო, რა? გინდა, რომ ყველაფერი დავკარგო? _ ხმის ჩაწყდომამდე ღრიალებდა ღირსი მამა ანტონი და საკუთარ, კუთხეში ატუზულ ქალიშვილს მუჭს ისე უღერებდა, რომ არა მისი გრძელი ფართხუნა ანაფორა, ვერავინ დაიჯერებდა იმ წამს, რომ ამ კაცს სულიერებასთან რაიმე კავშირი ჰქონდა.
_ იმ საცოდავმა ლალიმ ყველაფერი იცის, მაგრამ ხმას არ ამოიღებს! იცის, რამეს თუ იტყვის, გააგდებს კახა სკოლიდან! ისედაც მარტო მაღალ ნიშნებზე კიდია მისი იქ ყოფნა!_ სიტყვა შეაშველა ძვირფას ვინტაჟურ მაგიდასთან მჯდომმა დედამ შვილს. და ახლაც მინისტრის მოადგილის სახელის ხსენებისას სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა სხეულში.
_ ლალის ლუკა უყვარდა!_ ამოილაპარაკა ხმადაბლა დიანამ. თავად დიანას გული უფრო უბრალო და მოკრძალებული ლალისკენ მიუწევდა, ვიდრე ამპარტავანი მარიამისკენ, მაგრამ მისთვის მეგობრობაშიც კი არ არსებობდა მისთვის არჩევნის თავისუფლება. მისი ცხოვრება წლებით ადრე იყო გაწერილი და დაგეგმილი მისივე მშობლების მიერ. ახლა კი, სადღაც გულში უხაროდა კიდეც, რომ წიკლაური ასეთ დიდ პრობლემებს ქმნიდა. ეგება დაენახა მამამისს თუ ვისთან ურთიერთობას ახვევდა საკუთარ შვილს თავს, მაგრამ....
_ ვიცი, გგონია არ ვიცი? რომ ეგ საძაგელი გოგოა დამნაშავე იმ ბავშვის სუიციდში? მაგრამ რა გინდა, რომ გააკეთო?_ ხელები ისე გაშალა მამა ანტონმა, რომ დიანას ისეთი შეგრძნება დარჩა, თითქოს საუკუნეების წინ პილატეს ხელის ბანვის მომენტს ახლა პირისპირ უყურებდა. გულის რევის შეგრძნება დაეუფლა, პირზე ხელი მიიფარა და სააბაზანოსკენ გაიქცა წელში მოხრილი. ეჭვით გააყოლა ანტონმა საკუთარ ქალიშვილს თვალი. თუმცა ეს ეჭვი სათავეშივე ალაგმა და დაბადების უფლება არ მისცა.

_ რაო მამაშენმა? _ აგდებულ ტონზე ემჩნეოდა მარიამს, რომ სულ ფეხებზე ეკიდა მამა ანტონის თვალების ბრიალი. დიანამ თვალებში გაელვებული ბრაზი ფანჯრის მიღმა სივრცეში გადაკარგა და შეძლებისდაგვარად მშვიდად გაიღიმა.
_ თქვა, რომ მამაშენს ამაზე უარესი პრობლემებიც მოუგვარებია თავის დროზე და ახლაც ძველი გამოცდილება უკარნახებს, როგორ მოიქცესო!_ ისე ადვილად ამოიკითხა მარიამმა დაქალის ხმაში მიჩქმალული სარკაზმი და ზიზღი, რომ თვითკონტროლი წამში ჩამოეფშვნა ირონიული სახიდან.
ფრთხილად წამოდგა ფეხზე და დიანას მაღლა ატკეცილი შავი თმა მაჯაზე გადაიხვია. მტკივნეულად დაქაჩა და ლამის მერხზე დაასრისა სახით. მეგობრის შიშნარევ კივილს ყურადღება არ მიაქცია და ისეთი სისხლმოწყურებული და სასტიკი მზერით ჩახედა თვალებში, მუცელში ჟრუანტელმა დაუარა დიანას. პირველად არ ხდებოდა, რომ ასე ექცეოდა. მარიამი ხომ დიანას პირად სათამაშოდ აღიქვამდა სინამდვილეში და მეტი არაფერი. იცოდა დიანამ ამ მშვენიერი პატარა მონსტრის გულში სიყვარულისთვის ადგილი არ იყო.
ხსნასავით გაისმა ზარის ხმა და ზარს კლასელებიც ფეხდაფეხ მოჰყვნენ. სწრაფად უშვა ხელი მარიამმა საბრალო გოგოს და ისეთი თბილი ღიმილით მიუჯდა გვერდით, ლამის თავად დიანამაც დაიჯერა, რომ წამის წინანდელი მხოლოდ მოეჩვენა. მხოლოდ იმ ნაცრისფერ თაგუნიას, ლალის არ გამოჰპარვია დიანას შელახული ვარცხნილობა და თვალებში აკიაფებული ცრემლი. ისევ იმედმა გაუელვა გულში, რომ სწორედ დიანასთან იპოვნიდა სამართლიანობას ლუკასთვის. დიანამ ნამდვილად იცოდა, რომ ლუკა იმ ნაბიჯამდე სწორედ მის გვერდით მჯდარმა ვარდისფერ კაბიანმა და ანგელოზის სახიანმა მონსტრუკამ მიიყვანა და არა საკუთარმა დაბალმა ნიშნებმა. როგორც ამ ამბის ნამდვილი მიზეზის გასაყალბებლად ავრცელებდა სკოლის დირექცია ჭორებს. ცრემლი მაჯით ამოიწმინდა ლალიმ. ნიშნები! ესეც კი არ დაუტოვეს ლუკას ხელუხლებელი და შეუბღალავი. მათ სწორედ პატარა, მარტივი მიზეზი სჭირდებოდათ, რომ ლუკას სუიციდი და მისი უკანასკნელი პროტესტი გაეყალბებინათ....

სამზარეულოში შესულს წარმოუდგენელი სცენა გადაეშალა თვალწინ. ნელი და ანინა ერთად ჭრიდნენ გოზინაყს. ნელი არავის აკარებდა საკუთარ „სამფლობელოს“ ასე ეძახდა სამზარეულოს დეიდამისი. მაგრამ რატომღაც ანინასთვის გამონაკლისს უშვებდა ეს ქვასავით უტეხი ქალი. აშკარა იყო მირიანისთვის, რომ ნელის ანინა მოეწონა. თავად ანიც სულ სხვანაირი იყო დეიდამისთან, არა განა მარტო ნელისთან, სხვებთანაც უშუალო მხიარული და პირმომცინარი, როგორც კი მის სიახლოვეს იგრძნობდა, მაშინვე ჩამოერეცხებოდა სახიდან ლამაზი ღიმილი და წარბშეკრული სხვა მხარეს იხედებოდა. არადა როგორ მოსწონდა მირიანს მისი სიხარულის ყურება. მაშინაც, სულ პირველად, ამ ნაპერწკალმა მიიზიდა მირიანი მისკენ. ახლაც იდგა დერეფნის სიბნელეს შეფარებული და სევდიანი მზერით უყურებდა, როგორ ღიღინებდა ანინა რაღაც საახალწლო სიმღერას. მოხრილი იდაყვით როგორ მოუქნელად იწევდა თმას ყურს უკან. და როგორ იცინოდა, ხოლო პატრონივით ჯიუტი თმა არაფრით ჩერდებოდა მითითებულ ადგილზე. ალბათ არასდროს გაუღიმებდა მას ანინა ასე, წამით ეწყინა გაელვებული ფიქრი მირიანს, მოუნდა ყველაფერი შეეცვალა, ისე ექნა, რომ ამ პატარა ჩიტს სწორედ მის დანახვაზე ანთებოდა თვალები. რა უნდოდა მისი გულუბრყვილო გულის მოგებას?! წამით ესიამოვნა ასეთი სცენარის წარმოდგენა. მაგრამ მხოლოდ წამით. არასდროს ავიწყდებოდა მირიანს ვინ იყო, რას წარმოადგენდა და არც ის, თუ რა საიდუმლოებს დაატარებდა მისი უცნაურად საშიში ქარიზმა. ამოიოხრა და ცივი გამომეტყველებით შეაბიჯა სამზარეულოში.
_ დილა მშვიდობისა!_ ისე თქვა სალამი, რომ ანისთვის არც კი შეუხედავს. სკამი ხმაურით გამოსწია და მაგიდას მიუჯდა.
_ ბიჭებმა ისაუზმეს დეიდა, შენ რას შეჭამ?_ ასე კი ჰკითხა ნელიმ, მაგრამ პასუხს არ დალოდებია, სწრაფად ჩართო ღუმელი და ხაჭაპურები გასაფიცხებლად შეალაგა.
_ ანინა დედიკო, თუ არ შეწუხდები, ჩაი დაუსხი რა ჩემს ბიჭს!_ ისე უბრალოდ უთხრა ნელიმ სახემოქუფრულ გოგონას, თითქოს პატარა ბავშვი იყო მირიანი. წამით შეყოყმანდა ანი, მაგრამ უარი ვერ უთხრა ქალს. თაფლიანი ხელები გადაიბანა და ფერის დასაყენებელი პატარა ჩაიდანი ხელში აიღო. თაროდან ყვავილებით მოხატული ფინჯანი ჩამოღო, ალბათ ის, რომელიც თავად მოეწონა ყველაზე ძალიან. გაეღიმა მირიანს და დეიდამისს თვალით ანიშნა თავი დაანებეო, როცა ქალმა მისი საყვარელი ფინჯანის აღება მოინდომა. უნებურად მიეჯაჭვა თვალებით მირიანი ანინას. უყურებდა და ერთი უცნაური, აქამდე განუცდელი სურვილი გულში უძვრებოდა, რომ ყოველთვის ამ პატარა თეთრ ხელებს გაემზადებინათ მისთვის ჩაი, და სულ არ ექნებოდა მნიშვნელობა რომელ და რანაირ ფინჯანში გაამზადებდნენ. ფრთხილად ჩამოასხა ანინამ ცხელი წყალი. ლამბაქზე დადო და ახლაღა შეხედა თვალებში. წამით შეხვდა მათი მზერა და მირიანის თვალებმა დააბნია ანინა. თუმცა ემოცია სწორად ვერ ამოიკითხა. სევდა, რომელიც კაცის თვალებში დაინახა, რატომღაც ბრაზად მოეჩვენა, ორი ნაბიჯით მიუახლოვდა და ფინჯანი მოშორებით დაუდო. თითქოს მირიანი საფრთხე იყო მისთვის, თითქოს ცეცხლი იყო და მისი დაწვა შეეძლო. უყურებდა მირიანი ყვავილებიან ფინჯანს და საკუთარ თავზე გულმოსულს სურდა აეღო და იქვე კედელზე მიეფშვნა.
ამდენი წლის შემდეგ მხოლოდ ახლა შეიგრძნო მირიანმა საკუთარი ძალაუფლებისგან გამოწვეული ზიზღი. რად უნდოდა ეს ყველაფერი თუ იმ ქალს, ვინც ახლა მის წინ იდგა, თვალსაც ვერ გაუსწორებდა პირდაპირ. ან ვინ იყო ეს პატარა გოგო ასეთი, რომ მირიან მენაბდეს საკუთარ თავში ეჭვს ატანინებდა? ჩაის თვალი მოსწყვიტა და მაგიდის კუთხეში უხერხულად მდგარ გოგოს შეხედა. დაბნეული იდგა ანინა, არ იცოდა ხელები სად წაეღო და თვალებს საკუთარ თითებს არ აცილებდა, ოღონდაც შემთხვევით ისევ მის მზერას არ გადაყროდა. უნდოდა ახლავე ეთქვა , რომ საღამოს სახლში აბრუნებდა, მაგრამ ენა არ მოუბრუნდა. სულ ცოტა ხანიც სურდა მის ახლოს ყოფნა. იცოდა მირიანმა, როგორც კი ეს გოგო მისი სახლის ზღურბლს დატოვებდა, უკან არაფრისდიდებით აღარ დაბრუნდებოდა. ამის ცოდნა კი რატომღაც ძალიან არ სიამოვნებდა.
ისე, რომ პირი არაფერზე დაუკარებია, მძიმედ წამოდგა ფეხზე. ნელა გაიარა სამზარეულო და ნელის გაოცებულ კითხვაზე, რატომ არ ისაუზმა, პასუხგაუცემლად გაემართა კარისკენ. წამით იყოყმანა ანინამ, მაგრამ გამბედაობა მოიკრიბა და უკან სირბილით გაყვა. კართან წამოეწია და მკლავზე დაებღაუჭა, სახელის დაძახებას ვერ უბედავდა, ამიტომ მისი ყურადღების მისაქცევად მხოლოდ ესღა მოიფიქრა. ნელა მოტრიალდა მირიანი.
_ მე? სახლში როდის წავალ? დღეს ახალი წელია!_ ისე შეახსენა, თითქოს მან არ იცოდა. მოუთმენლად შეჰყურებდა სახეში და თვალებშიც მხოლოდ მისგან წასვლის წადილი მოუჩანდა.
_ გაემზადე, ერთ საათში გავალთ._ თავადაც ვერ მიხვდა ისე წამოცდა ეს სიტყვები მირიანს. ან რა აზრი ჰქონდა მის შეყოვნებას. თავადაც ხომ ასე სურდა სინამდვილეში? ახლა ისევ დაიბრუნებდა სულის უწინდებურ სიმშვიდეს. ბედნიერი ღიმილი რომ გადაეფინა სახეზე ანინას, მირიანსაც გაეღიმა. გაეღიმა და ვერც მიხვდა ამას.
როცა ისევ იმ თეთრი კაბით და ოთახის ჩუსტებით ჩამოირბინა კიბე ანინამ, გულმა უცნაურად მოუჭირა მირიანს. არასდროს იქნებოდა თავად ამ გოგოსთვის საკმარისად კარგი, თორემ მართლაც რა უნდოდა ამ გულუბრყვილო სულის დატყვევებას?
_ ახლავე ქურთუკი და ფეხსაცმელი ჩაიცვი!_ ისე ცივად და უხეშად უთხრა, რომ ანინას სიხარული წამიერად შეცვალა ზიზღნარევმა შიშმა. დიახ, ეს მზერა უნდა ჰქონოდა მას, სწორედ ეს და არა ის ციმციმა თვალები, რომლითაც მირიანს აკრძალულ ოცნებებს უღვიძებდა.
უხმოდ მგზავრობდნენ. თვალდახუჭულს თავი საზურგეზე ჰქონდა მიყრდნობილი და წარსულის იმ დღეს იხსენებდა, საიდანაც ყველაფერი დაიწყო...

....იმ დღეს დასვენების დღე ჰქონდა. მეგობრებთან ატარებდა. რამდენიმე ჭიქა ღვინო ჰქონდა უკვე დალეული კახა წიკლაურმა რომ დაურეკა. აღელვებული, არა უფრო დამფრთხალი ხმა ჰქონდა მინისტრის ბატონ მოადგილეს და როგორც ყველა ლაჩარს სჩვევია, შიშის გადასაფარად ბოღმას სხვაზე ანთხევდა.
_ სად ხარ მირიან?_ ჰკითხა მოუთმენლად .
_ დღეს ვისვენებ ბატონო კახა._ მირიანმა სცადა ეგრძნობინებინა, რომ დასვენების დღეს მუშაობა არ სურდა, მით უფრო მისი თავხედი შვილის ნახვა.
_ ახლა დასვენების დრო არაა მირიან! ახლავე წადით და მარიამი წამოიყვანეთ! მისი მანქანაც საიმედო ადგილას გადაიყვანეთ! გადაგიხდი ამისთვის, მთელი თვის ხელფასს მოგცემ, თუ ახლავე გააკეთებ რასაც გეუბნები!_ შესრულებულ სამუშაოს გასამრჯელოსაც ისეთი ქედმაღლობით სთავაზობდა კახა, რომ ზიზღის მეტს ვერაფერს გრძნობდა მირიანი. რომ არა აუცილებელი საჭიროება, თითსაც არ გაანძრევდა, მაგრამ ახლა სხვა გზა არ ჰქონდა.
არჩევანი, აი რა არ ჰქონდათ მაშინ მირიანივით მხოლოდ საკუთარი თავის იმედად დარჩენილ ახალგაზრდებს. ან ეს, ან ქუჩა და ყველა მისი თანმდევი სიკეთე. ამოიოხრა და დაეთანხმა. დაეთანხმა უკეთეს ვარიანტამდე...
თვალი გაახილა და გვერდით მჯდარ ანინას გახედა, რაღაც გულწრფელ და სუფთა ოცნებებში გართული რომ უღიმოდა ფანჯრის მიღმა მქროლავ ფიფქებს. ალბათ რა ადვილი იყო მისთვის სუნთქვა. და რა ბედნიერება იქნებოდა მისი ყოველდღე ყურება, აი ასე როცა ვერ ხედავდა თავად, როცა თავისუფალი იყო საკუთარ თავთან, როცა ასე იღიმოდა. იქნებ საკუთარი სინათლე და სითბო გაენაწილებინა მისთვის, იქნებ ეწამლა მისი სიბნელისთვის და ....
თავი უარის ნიშნად გააქნია მირიანმა. უწინ ალბათ საკუთარი წყვდიადით ჩაყლაპავდა ამ პატარა ნაპერწკალს, ვიდრე ის უწამლებდა.
სიმწრით გაეღიმა და კვლავ საზურგეს მიეყრდნო თვალმოჭუტული....

....მაშინაც ასე გამეტებით თოვდა და თოვა უფრო იმატებდა. როცა შორს მარიამის მანქანა დაინახა, ამოისუნთქა. ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა. მანქანა გააჩერა და გადმოვიდა. უცნაური ვარდისფერი თოვლი მოხვდა თვალში და გაკვირვებული დაიხარა მანქანის ცხვირთან. ახალ თოვლს უკვე დაეფარა წვრილი ვარდისფერი ნაკვალევი. მანქანის ცხვირს შეხედა და გაოცებულმა ხელი გადაუსვა შეჭეჭყილ და დასვრილ ცხაურზე. დასვრილ თოვლზე ეყარა მანქანის ფარების დამსხვრეული შუშის ნატეხები. ერთი ნამსხვრევი აიღო, ხელში შეატრიალა. მიხვდა, რა თქმა უნდა, მიხვდა, რაც იყო. უხმოდ ჩაიდო ჯიბეში. მისმა გამჭრიახმა გონებამ სწრაფად გაიაზრა, რომ სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო. თავი უნდა დაეზღვია. თოვლს ჯერ ისევ ემჩნეოდა მანქანის საბურავების ახალი კვალი. მიხვდა მირიანი, არც კახა ენდობოდა ბოლომდე და იმდენად, რომ მთელი დავალება მხოლოდ მისთვის მიენდო. უნდობლობის ამ გამოვლინებამ რატომღაც შვებაც კი მოჰგვარა.
_ რა ჯანდაბაა?_ ჩაილაპარაკა და გაოგნებულმა მიმოიხედა.
_ მირიან!_ მოესმა მანქანის ღია კარიდან მარიამის ხმა._ მივდივართ, თუ არა?
მამამისივით მბრძანებლობისმოყვარე და ხისტი ხმა ჰქონდა გოგოს
_ წამოდი, მოგეხმარები!_ ხელი გაუწოდა მირიანმა თოვლისთვის შეუფერებლად ჩაცმულ გოგონას. მის ვარდისფერ პალტოზეც შეამჩნია მოწითალო ლაქები. გულში გაიფიქრა: „ აშკარად სისხლიაო!“ მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს.
_ და მანქანა?_ ჰკითხა მერე, როცა მანქანაში ჩასვა აკანკალებული.
_ მამაშენის ხალხი მიხედავს!_ გაუგებარი ზიზღით ჩაილაპარაკა მირიანმა და კარი მიუჯახუნა.
ქალაქში რომ დაბრუნდნენ უკვე თენდებოდა. კახამ მირიანი კაბინეტში მიიხმო. და სწორედ იმ განთიადს შესთავაზა პირველი ბნელი და საბედისწერო დავალება, რომელმაც შემდეგ ყველას ცხოვრება შეცვალა...

_ მოვედით!_ მკლავზე იგრძნო ანინას შეხება და მძიმედ გაახილა თვალები. ისე ახლოს იყო მის სახესთან. უნებურად ასწია ხელი და ლოყაზე მოეფერა და ჯიუტი თმა ყურს უკან გადაუწია. მაგრამ მაშინვე გამოფხიზლდა, შემკრთალი უკან რომ გახტა ანინა. სახეზე მაშინვე ჩვეული უემოციო ნიღაბი აიფარა და მხრები შეარხია, თითქოს სხეული გამოაფხიზლა.
_კარგი, დემნას გადაეცი, რომ მალე ვინახულებ!_ უთხრა დამშვიდობების ნაცვლად და ცოტნემ კარი გაუღო.
ანინამ უკან მოუხედავად აირბინა კიბეები. მანქანას მიეყრდნო მირიანი. სიგარეტს გაუკიდა. რა თქმა უნდა, იმედიც არ ჰქონია, რომ ანინა მოიხედავდა და ასე მაინც დაემშვიდობებოდა. იმ ბეღურას ჰგავდა, წამით დატყვევებულს გალიის კარს რომ გაუღებენ და გულის ფრთხიალით რომ გამოვარდება მისთვის საძულველი სივრციდან. ძლიერი ნაფაზი დაარტყა, ლამის გაანახევრა ღერი.
_ წარსულის ლანდებს რა გრძელი საცეცები ჰქონიათ ცოტნე?_ ტუჩის კუთხით გაუღიმა მის წინ მდგომს და ხელში ქაღალდის მომცრო პაკეტი შეათამაშა. ამოიოხრა და უკან მანქანაში ჩადო. _ კარგი წავიდეთ, აქ აღარაფერი გვესაქმება!
ის იყო კარი გამოაღო და ჩაჯდომა დააპირა, რომ საშინელი კივილი გაიგონა. სწრაფად ახედა ჯერაც ჩაბნელებულ ფანჯრებს.
_ ცოტნე!_ მიაძახა და გიჟივით ავარდა კიბეებზე. სახლში დაუფიქრებლად შეირბინა და ფეხი რაღაც ნივთს წამოსდო. სცადა კი თვალი შეეჩვია სიბნელისთვის.
_ ანი!_ დაუძახა გოგოს და ყრუ ქვითინის ხმას გაჰყვა მისაღებისკენ. ქუჩიდან შემომავალ სინათლეზე გაარჩია, მუხლებზე იდგა ანინა. კალთაში მამამისის თავი ედო და გულამოსკვნილი ტიროდა._ რა ხდება? ჩაილაპარაკა გაოგნებულმა. სწრაფად ჩაიმუხლა მათ გვერდით და თითებით არტერია მოუნახა დემნას. სუსტად, ძალიან სუსტად ფეთქვადა კაცი.
_ ცოცხალია! _ ამოისუნთქა შვებით._ ცოტნე დროზე სასწრაფო! ამის თქმა არც იყო საჭირო, ცოტნე უკვე მისამართს კარნახობდა.
_ ანი, ანინა!_ მაჯაზე შეახო ხელი ფრთხილად. გოგო თითქოს ტრანსში იყო. გაოგნებული სახით იჯდა და მამამისის თავს თითქოს უხმო იავნანაზე არწევდა._ ანინა!
შეუძახა მირიანმა. _ მომხედე, დემნა ცოცხალია, გესმის? შემომხედე ანინა! ოდნავ შეანჯღრია უცნაურად გარინდებული. თვალებში შეხედა გოგომ და სრულებით ცარიელ მზერაში ზიზღი და მრისხანება ერთად ჩაუდგა.
_ შენი... შენი ბრალია ყველაფერი!_ ჩაილაპარაკა ხმადაბლა. გაოცებით შეხედა მირიანმა.._ ხოო, შენი ბრალია! შენ მოკალი მამაჩემი!
მიხვდა მირიანი გონზე არ იყო ანინა. შიშისგან და ელდისგან სიგიჟის ზღვარზე იდგა.
_ კარგი, მართალი ხარ! ჩემი ბრალია! ოღონდ დამშვიდდი! ხელი გაუშვი, აი ასე!_ ფრთხილად დაადებინა დემნას თავი დივნიდან გადმოგდებულ ბალიშზე. კიბეზე ცოტნეს ხმა გაისმა. სასწრაფოს ბრიგადა შემოჰყავდა სახლში თან ცნობისმოყვარე მეზობლებს იგერიებდა. სულ მალე აქ ჟურნალისტების მთელი დელეგაცია გაჩნდებოდა. აქაოდა კოლეგის უბედურებაზე ვითომ მღელვარე სვავების გუნდი და ყველაფერს კიდევ უფრო საზარელ ელფერში გახვევდა. მით უფრო, თუ ვინმე მასში მირიანს ამოიცნობდა.
_ შენ გაჰყვები მათ!_ უთხრა ცოტნეს მირიანმა. გახევებული გოგო საკუთარ პალტოში გაახვია და პირველი გავიდა სახლიდან. ახლა მისი მარტო დატოვება არ შეიძლებოდა. მით უფრო მშიერი ჟურნალისტებისთვის მარტო მიტოვება. ისე გაჯიჯგნიდნენ საბრალოს, თვალს არ დაახამხამებდნენ. ჯერ ანინას მიიყვანდა სახლში, მერე ამ ამბავს მიხედავდა. „ნეტავ გადარჩებოდეს!“ ინატრა გულში და სარკეში გახედა უცნაურად გაქვავებულ ანინას. აღარც ტიროდა, აღარც ხმას იღებდა, მასაც კი აღარ ლანძღავდა. აშკარად შოკში იყო.
სახლის კარი გაუღეს და ხელში აყვანილი დააბრუნა ანინა უკან. არადა ჯერ კიდევ დილით ფიქრობდა, რომ მასთან შეხვედრა აღარ ეწერა. კიბე აიარა და იმ პატარა ოთახის კართან გაჩერდა. ღია კარიდან მოსჩანდა ფანჯარაზე აკრული ბნელი გისოსები, მათი იატაკზე გაწოლილი ჩრდილი ლამის მის ფეხებამდე ატანდა. ზურგი აქცია ოთახს და საკუთარი საძინებლის კარი შეაღო. საკუთარ საწოლზე დააწვინა ანინა. ახლა ანინა აღარ იყო მისი მძევალი, სულაც პირიქით, ახლა თავად ხდებოდა ამ პატარა გოგოს ნებაყოფლობითი ტყვე და ამაზე საერთოდ აღარ სწუხდა....



8
სპორტის დარბაზში საღამოობით აღარავინ ადიოდა. საღამოს კი არა ბავშვებს უკვე დღისითაც აღარ სურდათ იმ დაწყევლილ დარბაზში ასვლა. სწორედ იქ წყდებოდა ვისი ჯერი დადგებოდა არენაზე. ლუკას ამბავი ლამის ერთი თვე იყო მონელებული ჰქონდათ და ახალი სისხლი სწყუროდათ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ლუკას შემთხვევამ თითქოს ახალი შეგრძნებებით დამუხტა მარიამ წიკლაური. სიზმარში ხედავდა, როგორ გადადგა ის ბოლო ნაბიჯი ბიჭმა. ცხადად ხედავდა მის ლურჯ თვალებს და სიამოვნება აღგზნებასავით უვლიდა სხეულში. დიანასგან განსხვავებით არც გულის რევის შეგრძნება აწუხებდა, არც სინდისის ქენჯნა. დარბაზის რამდენიმე იარუსიანი ტრიბუნის ზედა საფეხურზე ისხდნენ ბედის რჩეულები. ინტერესით აკვირდებოდნენ ზანტად მოთამაშე ბავშვებს და ახალ მსხვერპლს ეძებდნენ. ცდაც დიდხანს არ დასჭირვებიათ. დარბაზში ლალიმ შემოაბიჯა. ლუკას ამბის შემდეგ სკოლაში აღარ დადიოდა. ისედაც დიდად არავის ყურადღებას იქცევდა. მუდამ თავდახრილი და ჩუმი, არაფრით გამორჩეული უჩინარი გოგონა.
მაგრამ ახლა მაშინვე მიიქცია მარიამის ყურადღება. წელში გამართული მოდიოდა. მუდამ გაშლილი თმა მაღლა ჰქონდა აკოსილი და თვალებში უცნაური, უჩვეულო ალი უელავდა. პირდაპირ მას უყურებდა და თვალს წამითაც არ აცილებდა.
შუა დარბაზამდე მივიდა და გულზე ახუტებული მრგვლად დახვეული ბანერი გაშალა. თვალებს არ დაუჯერა მარიამმა. უარესად თვალებდაჭყეტილ დიანას გადაულაპარაკა.
_ ახლა მართლა ის წერია იქ, რასაც მე ვკითხულობ?_ დიანამ თავი დაუქნია უხმოდ. ჯერ ხმადაბლა გაეცინა მარიამს, შემდეგ გიჟივით ახარხარდა. თავი უკან გადააგდო და არაამქვეყნიური სიცილი აუვარდა. თავად დარბაზის ცენტრში მდგარი ლალიც კი დააბნია მისმა უადგილო მხიარულებამ. რა იცოდნენ ბავშვებმა, რომ ამ სიცილს არაფერი ჰქონდა საერთო ნამდვილ მხიარულებასთან. ეს ისტერიკა იყო. თავშეუკავებელი უმართავი ისტერიკა და ამის შემდეგ ნამდვილი ქარიშხალი დაიწყებოდა.
„ სკოლაში მკვლელია! „ მხოლოდ ეს ორი სიტყვა ეწერა ბანერზე. დიდი წითელი სისხლიანი ასოებით. წინა საღამოს კიბესთან ჩუმად შეხვდა ლალი დიანას. მკლავში ხელი ჩაავლო და მოფარებულში გაიყვანა
_რა გინდა?_ მაშინვე აიფარა თავხედი გოგოს ნიღაბი დიანამ.
_ უნდა დამეხმარო! ლუკას გულისთვის დამეხმარე! ხომ მოგწონდა არა? ხომ შენც მოგწონდა?_ ხავსს ებღაუჭებოდა ლალი.
_ ვის მეე? ის სულელი?_ დამცინავად ჰკითხა დიანამ ლალის, მაგრამ გოგოს არ გამოჰპარვია მისი საბედისწერო მოძრაობა, როცა დიანამ ხელი მუცელზე მზრუნველად გადაისვა.
_ არა?_ ვა ბანკზე წავიდა ლალი. _ და რა მოხდება თუ სიმართლეს ვიტყვი? თუ ყველას გავუმხელ შენს საიდუმლოს?
_ რას გულისხმობ?_ სახე შეეცვალა დიანას.
_ იმას, რომ შენ ორსულად ხარ ლუკასგან! _ ამ სიტყვება ფერი დაუკარგა გოგონას. არა! ამის გამხელა არ შეიძლებოდა. მანამ უნდა დაემალა, სანამ უკვე გვიანი არ იქნებოდა. იცოდა რასაც უზამდნენ მშობლები.
_ სულ გააფრინე არა?_ უხეშად აუქნია ხელი ლალის. მკლავი გაითავისუფლა და ზურგი აქცია.
_ თუ არ დამეხმარები, ყველას ვეტყვი, რომ ბავშვს მისგან ელოდი!_ შეუვალი იყო ლალი.უკან მოხედა დიანამ და ცხოვრებაში პირველად გაიფიქრა, რომ ახლა ლალის გაჩუმება, ნებისმიერი ფორმით, საუკეთესო გამოსავალი იყო.
რა თქმა უნდა, ლალი არ იყო ის გოგო, უდანაშაულო მუცლადმყოფი ბავშვით ეთამაშა, უბრალოდ მცდელობად ღირდა. მას დიანასთან არა, საქმე მარიამთან ჰქონდა. თანაც არეული და ბრაზმოსული გრძნობები დაუფიქრებელ ნაბიჯებს ადგმევინებდნენ.

ახლა კი იდგა დარბაზის შუაგულში და აცნობიერებდა, რომ უკანდასახევი გზა აღარ ჰქონდა. იდგა და მტრისგან სათანადო დარტყმას ელოდა. ნელა წამოდგა მარიამი სკამიდან. აუჩქარებლად დაეშვა კიბეზე და დარბაზის ცენტრში მდგარ გოგონასთანაც ასე მშვიდი ნაბიჯით მივიდა. ეს სიმშვიდე კიდევ უფრო სახიფათოს ხდიდა დაძაბულ სიტუაციას. მუხლები აუკანკალდა ლალის. ძლივს შეკოწიწებული სითამამე ქვიშის კოშკივით ჩამოენგრა თავზე.
_ ანუ ასე არა?_ წარბი ასწია მარიამმა.
ხელი ასწია და ბანერს მოზრდილი კუთხე ჩამოახია. მშვიდად და აუღელვებლად დაჭმუჭნა და ბურთის ფორმა მისცა.
_ პირი გააღე!_ უბრძანა აცრემლებულ ლალის. ლალი არ განძრეულა.
_ აბა, მომეხმარეთ!_ გასცა ზურგსუკან ბრძანება და ოთხი მისი მეგობარი მოუახლოვდა აკანკალებულ ლალის.
_ დამეხმარეთ გამოვაძღო ეს ცრუ თავისი ტყუილებით!_ იჯდა დიანა გაშეშებული და დუმდა მთელი დარბაზიც, მათ თვალწინ ხდებოდა ყოვლად დაუშვებელი რამ, ყოვლად ამაზრზენი, მაგრამ არავის აზრად არ მოსვლია ხელი შეეშალა იმ სიმახინჯისთვის, რის უფლებასაც ის მონსტრი მარიამი საკუთარ თავს აძლევდა. აუჩქარებლად ხევდა ბანერის ფურცელს და პირში უტენიდა მუხლებზე ძალად დაჩოქებულ ლალის. მანამ სანამ გოგონას გულის რევა არ დაეწყო და კრუნჩხვების მაგვარმა სპაზმებმა არ დაუარა სხეულში. შემდეგ ირონიული ღიმილით დახედა საცოდავად მოკრუნჩხულს, ზურგი აქცია და დარბაზი დატოვა. სათითაოდ გაიკრიფნენ დარბაზიდან ამბის თვითმხილველები. იმ დღეს ლალის სათითაოდ დაამახსოვრდა ყველა ის მეგობარი, რომელიც დუმდა მაშინ, როცა მას დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა. როცა დარბაზი დაცარიელდა, ძლივს წამოდგა ლალი იატაკიდან. ზედა იარუსზე მარიონეტივით გაშეშებულ დიანას გაუსწორა დაბინდული მზერა და დიანა მიხვდა, რომ იმ წამს ლალი სულიერად უკვე მკვდარი იყო. ძლივს ადგა ფეხზე და წელათრეულმა დატოვა იქაურობა ლალიმ. იატაკზე განახევრებული ბანერი ეგდო და მხოლოდ ერთი სიტყვაღა იკითხებოდა ზედ „სკოლაში“ რამდენი დრო ჰქონდა თავად მას? სანამ ლალის ადგილას აღმოჩნდებოდა? ორი თვე? სამი? ხუთი? მუცელზე მოიჭირა ხელები და მწარედ ატირდა....


....
_ რა ხდება მანდ?_ კარი ფრთხილად გამოიხურა და ცოტნეს დაურეკა მირიანმა.
_ საგიჟეთია! თუ სადმე ვინმეს კამერა და მიკროფონი კავებია ყველა აქაა. ბიჭები ბუზებივით იგერიებენ. მგონი შენი გამოჩენა არ წაადგება საქმეს._ სწორს ამბობდა ცოტნე, მაგრამ ჟურნალისტები ყველაზე ნაკლებად ადარდებდა ახლა მირიანს. ნელისთან ჩავიდა და სიტუაცია აუხსნა.
_ მარტო არ დატოვოთ, შეიძლება ისტერიკა დაეწყოს. არ ვიცი, იზრუნე მასზე დეიდა, მე უეჭველად უნდა წავიდე. _ ქურთუკი აიღო და სახლიდან წავიდა. თუმცა გული უკან ეძახდა. ახლა მას სჭირდებოდა. ან თავად სურდა ასე ყოფილიყო.ვინ იცის, იქნება სწორედ ის იყო უკანასკნელი, ვისი სიახლოვეც ანინას ახლა სურდა?
მანქანაში ჩაჯდა და სახლი დატოვა.
სუსტად იყო დემნა. მხოლოდ ერთი ჭრილობა ჰქონდა, მაგრამ არც თუ სახარბიელო. ჯერ კიდევ არ გადაევლო საფრთხეს. ცალკე ექიმებს ესაუბრა, ცალკე პოლიციას და კითხვაზე ოჯახის ნათესავი იყო თუ არა, მარტივი პასუხი გასცა. რომ დაზარალებული მისი საცოლის მამა იყო. ასე ყველა დამშვიდდა და ზედმეტი კითხვებიც აიცილა თავიდან. დემნასთან ორი წამით შეუშვეს. თვალი შეავლო სანთელივით გაფითრებულს, ექიმისგან იცოდა, რომ სისხლი ბევრი დაკარგა, ამიტომ მისი ფერი არ გაკვირვებია. დემნა ისევ ცოტნეს მეთვალყურეობის ქვეშ დატოვა და სახლში დაბრუნდა. იცოდა მალე დაკითხვაზე დაუძახებდნენ, როგორც მოწმეს. იგივე მოხდებოდა ანინას შემთხვევაშიც. თუმცა დღეს არა. დღეს უნდა დაესვენა. ამიტომაც არის ალბათ კავშირები კარგი. რომ არა ეს კავშირები ახლა მისი სახლი ფორმიანებით იქნებოდა სავსე.
კარი შეაღო და დეიდამისს გადააწყდა მისაღებში. მაშინვე ანინა მოიკითხა.
_ იტირა შვილო, არც ჭამა, არც დალია. იტირა, შენ გიკითხა და დაეძინა მერე._ უთხრა მოწყენილმა ქალმა. _ როგორ არის ის საწყალი კაცი? ხომ კარგად იქნებაო? რას ამბობენ?
_ კარგად იქნება ნელიკო, შენ არ იდარდო. _ უთხრა და კიბეებისკენ წავიდა.
_ მოიცადე, _ მიაძახა ქალმა უკნიდან.
_ შენ არ გშივა?
არაო თავი გააქნია უარის ნიშნად. ახლა მხოლოდ მისი ნახვა სურდა, მეტი არაფერი. საკუთარ სურვილებს აღარ ეწინააღმდეგებოდა.
კარი დაუკაკუნებლად შეაღო და ჩუმი ნაბიჯებით შევიდა. საწოლთან მივიდა და მძინარეს დააკვირდა. ნუთუ შეიძლებოდა ადამიანი ოთხ დღეში გამხდარიყო მნიშვნელოვანი, იმდენად რომ მისთვის ყოველგვარი ქვე გრძნობების გარეშე საკუთარი საწოლი დაეთმო? რომ მასზე ზრუნვის სურვილი აკვიატებად ქცეოდა? იქნებ იმიტომ, რომ თავად იყო მარტოსული კაცი? იქნებ იმიტომ რომ უბრალოდ დაიღალა? საწოლზე ჩამოჯდა და მუქი საბნის ზემოდან დასვენებულ თეთრ მკლავს დააკვირდა. უცნაურმა მყუდროებამ აავსო შინაგანად. იმის ცოდნა, რომ გარეთ სამყარო თუნდაც ჭკუიდანაც რომ გადასულიყო, ამ ხელს არაფერი შეაკრთობდა, სიმშვიდით ავსებდა მირიანს. ფანჯარას გახედა, ისევ დაეწყო თოვას. გაახსენდა, როგორ უყვარდა ანინას თოვა, ახლა კი ვერ ხედავდა ამ საოცრებას, მაგრამ ახლა ამის გამო ვერ გააღვიძებდა, ამიტომ სულაც ნუ ითოვებდა, რა საჭირო იყო?
_ შეწყვიტე თოვა!_ ჩაილაპარაკა უცნაური ღიმილით. _ სანამ ის ვერ გხედავს, თოვა არც კი გაბედო!
ალბათ ყველა სულიერს აიძულებდა მირიანი სუნთქვის შეწყვეტას, მაგრამ ახლა თავადაც ისეთივე უღონო იყო, როგორც ანინა.
ადგა და ფარდა გადააფარა.
_ მოხვედი?_ მოესმა ზურგსუკან სუსტი ხმა.
მიიხედა. საწოლზე წამომჯდარიყო ანინა და ჯერ ისევ ნახევრად მძინარი გამოფხიზლებას ცდილობდა.
_ მამასთან იყავი?_ მიხვდა მირიანი, როგორ არისო , ასე პირდაპირ ვერ ეკითხებოდა. ეშინოდა ალბათ პასუხის მოსმენის. მივიდა და გვერდით ჩამოუჯდა.
_ დემნა კარგადაა! სახიფათო არაფერია! აი ხვალ წაგიყვან მასთან და თავად დარწმუნდები. კარგი?_ თავი დაუქნია ანინამ.
_ ახლა დაწექი და არაფერზე იფიქრო. დაიძინე.
საბანი დააფარა და ის იყო ადგომას აპირებდა, მისი ჩურჩული მოესმა.
_ მეშინია მარტო ყოფნის და დაძინების!_ ადგილზე გაშეშდა. ვერ მიხვდა რა უნდა ექნა.
_შეგიძლია ჩემთან დარჩე?_ ისე ჰკითხა ანინამ, თვალები საბანში ჰქონდა დამალული. იდგა და ფიქრობდა მირიანი. ყოველი წამი, მისი ყოველი შეხება და სიახლოვე, ისე აჯაჭვავდა ამ ქალთან, რომ უკანდასახევ გზასაც კი არ უტოვებდა
ხვდებოდა ანინასთვის იმ მომენტში მხოლოდ დასაყრდენი იყო. სამაშველო რგოლი, რომელსაც მაშინვე მიატოვებდა ანი, როგორც კი თავს სამშვიდობო ნაპირზე დაიგულებდა, მაგრამ რა უნდა ექნა მერე თავად? ჰაერი ჩაისუნთქა. ახლა ყველაზე სწორი ნაბიჯი უხმოდ წასვლა იყო, მაგრამ სხეული არ დაემორჩილა.
_ მიიწევი?_ თითქოს ვიღაც სხვამ ჰკითხა იმ წამს ანინას. მის გვერდით საბანზე დაწვა.
_ შეიძლება ცოტაზე ჩაგეხუტო?_ ლამის გული გაუჩერდა. მაგრამ მკლავი გადაშალა უსიტყვოდ. მართლა ჩიტივით გაეხვა მის მკლავში ანინა და სულ მოულოდნელად ტირილი დაიწყო. ტიროდა უხმოდ და უმოძრაოდ. თითქოს არც სუნთქავდა, მხრები უკრთოდა მხოლოდ და მკლავზე გრძნობდა მირიანი მისი ცრემლების სითბოს. არ იცოდა რა ექნა, რა ეთქვა, რა ეფიქრა. მხოლოდ მისკენ გადაბრუნდა, მკლავები მოხვია და ჩაეხუტა.
რა იცოდა მირიან მენაბდემ, რომ ზოგჯერ სწორედ უსიტყვო ჩახუტებაა წამალიც, შველაც და ხსნაც.
ისევე უხმაუროდ ჩაეძინა ანინას, როგორც გაიღვიძა. მშვიდად სუნთქავდა ახლა და პატარა ხელებით მის თითებს ჩაჭიდებული თავს უსაფრთხოდ გრძნობდა.
ტელეფონის ვიბრაციამ გამოარკვია გარინდებიდან მირიანი. თავისუფალი ხელით ამოიღო ჯიბიდან და დახედა. ის ქალი ურეკავდა. წამით დააკვირდა ნომერს, შემდეგ ტელეფონი გათიშა და გვერდზე გადადო. აღარ იყო მასში ადგილი სხვისთვის. რადგან მირიანის სიცარიელე ანინას და თოვლს პირთამდე ამოევსოთ უკვე. თვალები დახუჭა მირიანმა. ბოლო, რაც გაიფიქრა ის იყო, რომ დრო დამდგარიყო წარსულის გამოსწორების.





9

როცა დარბაზიდან ყველა გავიდა, ჯერ კიდევ ტიროდა ლალი. იატაკზე მოკუნტული იწვა და ტირილისგან ცახცახებდა. რამდენიმე თვეც აქ და არდადეგები დაიწყებოდა. მერე კი მართლა ისე დაავიწყდებოდათ ლუკა, თითქოს არც არასდროს ეარსება ამ ქვეყნად. იცოდა ლალიმ, რომ წიკლაურის მამის გავლენა ყველაფერს ჩაფარცხავდა, გააჩუმებდა და გააქრობდა. უმწეობის გრძნობა ისევ სიბრაზემ შეუცვალა. თანდათან შეწყვიტა ტირილი. ბოლოს ზურგზე გადაბრუნდა და მაღალ ჭერს ახედა. ლუკა აღარ იყო, მაგრამ მის მიერ ნატყორცნი ბურთის კვალი ჯერ ისევ ემჩნეოდა სკოლის კედელს. ნელა წამოჯდა ლალი. მონუსხულივით მიაჩერდა ბურთის ჭუჭყიან ნაკვალევს. ლუკა აღარ იყო! რაღა ჰქონდა დასაკარგი? თინეიჯერი გოგონას გონება პრობლემას ემოციურად იღებდა და რაციონალურობის ადგილს აღარ ტოვებდა. გადაწყვეტილება მიიღო, ახლა თავად გახდებოდა შურისძიება. ავად გაეღიმა ერთ დროს ყველაზე უწყინარ და უჩინარ გოგონას. როგორც ხდება ხოლმე, აგრესიამ აგრესია დაბადა, ტკივილმა ტკივილის მიყენების დაუოკებელი ტკივილი. ახლა საკუთარ მდგომარეობასაც ისე უყურებდა, თითქოს სიამოვნებდა, სიამოვნებდა, რომ მიყენებული დამცირება მის სიძულვილს უფრო აძლიერებდა.
როცა ქალაქში ჭორი გავრცელდა დიანას ორსულობის შესახებ, ღირსმა ანტონმა ვეღარაფერი მოიმოქმედა. მის უტვინო ქალიშვილს, როგორც ის თავად ეძახდა შვილს, ამბავი იქამდე დაემალა, რომ აბორტის გაკეთება დაგვიანებული იყო. საძინებელში გამოკეტილი გოგონა დაზაფრული უსმენდა მშობლების არცთუ ხმადაბალ დიალოგს.
_ ერთი ქალიშვილი გებარა და მაგიც ვერ გაზარდე!_ ღრიალებდა ღირსი ანტონი._ როგორ გამოვყო თავი ხალხში? რა ვთქვა? თან ვის გაუბედა მაგ გომბიომ, მეე?
ოთახში მიმოდიოდა და ხელები ექავებოდა, ისე სურდა ერთადერთი შვილის ცემა. უსიტყვოდ უსმენდა ცოლი მის ჩხუბს და გამალებით ეძებდა გონებაში გამოსავალს.
_ ქალაქიდან გავუშვათ ანტონ! არა, სულაც ქვეყნიდან გავუშვათ, ვთქვათ, რომ სასწავლებლად არის წასული. ბავშვს იქ გააჩენს და ისე დაბრუნდება, ვითომც აქ არაფერი!_ ავად გამოხედა ქმარმა.
_ ანუ მირჩევ ტყუილს ტყუილი დავამატო? იაზრებ ხომ, ოდესმე რომ გასკდეს ეს ამბავი, რა მოყვება ამას?_ ჰკითხა ცოლს დაძაბული ხმით. თუმცა მისი ხმის ცვლილება სულ ადვილად დაიჭირა გაქნილმა ქალმა. მიხვდა, შეძლებდა მის დათანხმებას. კარგად იცოდა ლელა დანელიამ, რომ შემთხვევითი ორსულობა არ იყო ის პრობლემა, რასაც არ ან ვერ მოევლებოდა. დიანა გათხოვილი ქალი მაინც არ იყო. ეშმაკურად ჩაეღიმა ქალს. და თუ სხვა გზა არ დარჩებოდა , ბოლო_ბოლო ყოველ წამს შეეძლო დახმარება კახასთვის ეთხოვა. კი, ნამდვილად, ზუსტად ასეც იზამდა! „რას არ გააკეთებს ადამიანი შვილისთვის!“ ფიქრობდა გონებაში ლელა და სულ არ განიცდიდა მომხდარ „ინციდენდტს“ როგორც ის შვილის ორსულობას უწოდებდა. მთავარი იყო სიმართლე ანტონს არ გაეგო, დანარჩენს ყველაფერს ეშველებოდა.
ფანჯარასთან იჯდა დიანა და წვიმიან ქუჩას გაჰყურებდა. ლუკაზე ფიქრობდა ახლაც. უყვარდა თუ არა საკუთარი ჯერ არ დაბადებული შვილის მამა? ძალიან ადრე იყო მათ ასაკში სიყვარულზე საუბარი. მაგრამ ის, რომ ლუკა მოსწონდა უდაო იყო და არა მარტომ მას. ლუკა იყო ის ერთადერთი გამარჯვება, რაშიც მარიამს აჯობა, მაგრამ რაც მოჰყვა არ გამარჯვებას ყველამ კარგად დაინახა. კარგად იცოდა დიანამ ვინც იყო ლუკას სუიციდში დამნაშავე. კარგად იცოდა, რომ ლალი მართალი იყო. ყველაფერი იცოდა, მაგრამ როგორც უკანასკნელი ლაჩარი დუმდა.
_ მაპატიე!_ ჩურჩულებდა უხმოდ, როცა ლუკას სახეს წარმოიდგენდა ხოლმე, მაგრამ ის უკვე მკვდარი იყო, და მას კი ახლა მხოლოდ საკუთარი სიცოცხლე აღარ ებარა.
მობილური აწკრიალდა. უჩვეულოდ, კონტარასტულად მხიარული მელოდია ეხამუშა დიანას. ეკრანს დახედა და სახეზე ზიზღი გაუკრთა. ჩაახველა, ხმა დაიმშვიდა და უდარდელად უპასუხა.
_ გისმენ მარიამ.
_ სად ხარ?_ უხეშად ჰკითხა „მეგობარმა“.
_ სახლში. რა იყო?
_ რაც გავიგე მართალია? _ აფთარივით დაიღრინა მარიამმა.
_ რა გაიგე?_ მუცელზე გადაისვა ხელი დამფრთხალმა გოგომ.
_ მართლა ორსულად ხარ? ბავშვს ლუკასგან ელოდები? _ მიხვდა დიანა, ახლა უარყოფა იქნებოდა მისი გადარჩენა.
_ რას ამბობ? რა სისულელეს ამბობ? რა ორსულად, რა ლუკა?_ თავი მოისულელა შეშინებულმა.
_ შენთვის აჯობებს არ მატყუებდე! ცოცხალიც, მკვდარიც ის მარტო ჩემია! გესმის შენ? ჩემი იყო და ჩემია! მოგკლავ გეფიცები!_ იცოდა დიანამ ტყუილად არ დაემუქრებოდა მარიამი. იცოდა მისი ეგოიზმის და ავადმყოფური მესაკუთრეობის შესახებ. ხედავდა, როგორ ცდილობდა მარიამი ლუკას მოხიბვლას. ხედავდა, რომ არაფერს ერიდებოდა ის არანორმალური გოგო და რამხელა იყო მისი გაოცება, როცა ლუკამ სწორედ მას მიაქცია ყურადღება. ვინ იცის? იქნება მხოლოდ მარიამის ჯინაზე გაბედა მასათან ყოფნა. რომ ერთხელ მაინც ეგრძნო თავი მასზე უკეთესად. ამოიოხრა. არადა რა ბედნიერი იქნებოდა უბრალო სკოლაში, უბრალო ხალხის გვერდით, უბრალო ოჯახითა და უბრალო თინეიჯერი გოგონას პრობლემებით რომ ეცხოვრა. ცას ახედა, თოვლს ურევდა წვიმაში. სულ მალე ახალი წელიც მოვიდოდა. ცხოვრებაში პირველად სურდა, რომ დრო გაჩერებულიყო. რადგან დროის გასვლასთან ერთად იზრდებოდა მისი მუცელიც. რას წარმოიდგენდა მაშინ დიანა, რომ ნამდვილი საშიშროება სწორედ იქ ელოდა, სადაც საერთოდ არ მოელოდა მას.
უცნაური რამ ხდებოდა სკოლაში, ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა ერთმანეთზე საზარელი ჭორები, მარიამ წიკლაურს ერთი არ ჰქონდა მოგერიებული, რომ მეორე ხვდებოდა წინ. ვიღაც უცნობი პიროვნება კი ჭორების დასტურად, ხან ფოტო მასალას, ხან პატარ _პატარა დამცინავ ვიდეოებს უვრცელებდა სკოლის უგვირგვინო დედოფალს. ცოფიან ძაღლს ჰგავდა მარიამი. ყველას ეჭვის თვალით უყურებდა. მით უფრო სტრესში აგდებდა ყველაზე ახლო გარემოცვას, რადგან სწორედ მათ იცოდნენ მისი ყველაზე ფარული და ბნელი საიდუმლოებები.
ერთ საღამოს სახლში დროზე ადრე დაბრუნებულ მარიამს, კარის გაღების ხმა მოესმა. უნდოდა მამამისისთვის ჩვეულად ფული ეთხოვა, რომ წინა საღამოს მისგანვე დასტრესილი და ნაწყენი მეგობრები სადმე დაეპატიჟებინა და ძველებურად მოესყიდა მათი ყურადღება. ის იყო საძინებლის კარი უნდა გაეხსნა, რომ დედამისის ჩხუბის ხმა შემოესმა. ინსტიქტურად გაჩერდა და ურცხვად მიაყურადა.
_ გეგონა ვერ გავიგებდი არა? გეგონა ისე ჩაივლიდა ეს ამბავი? მაგ კახპა ქალის სასაცილოდ ამაგდე? ვინ იცის, ამდენი ხანი როგორ დამცინოდა ზურგს უკან!_ ანჩხლობდა ნანა, იმ დროს თბილისში ცნობილი კაცი იყო ნანას მამა დავით ფანჯიკიძე. სწორედ მისი დამსახურება იყო, ერთ დროს საკუთარი სიძის, უბრალო იურისტის, ასეთი სწრაფი ზრდა და წინსვლა. გასაოცარი არაფერი იყო ამაში, იმ დროს, და სამწუხაროდ ახლაც, ნეპოტიზმი ყვაოდა ქვეყანაში. ყველა, ვინც რამეს აღწევდა, ვიღაცის ვიღაც იყო. ასე რომ კარგად იცოდა კახამ, თუ სურდა დასახული მიზნისთვის მიეღწია, სიმამრი არ უნდა გაებრაზებინა. ამიტომ მალავდა წარსულ ურთიერთობებს ასე გამწარებული, მაგრამ როდის იყო საიდუმლო დიდხანს რჩებოდა საიდუმლოდ, მით უფრო, თუ ის ერთ კაცზე მეტმა იცოდა.
_ გაჩუმდი ნანა, გაჩუმდი გთხოვ! წარსულ ცოდვებზე ლაპარაკი არაფერს გვარგებს ახლა ჩვენ!_ მობეზრებული თუ დაღლილი ხმა ჰქონდა კახას.
კი იყო მინისტრის მოადგილე, კი სცემდნენ პატივს, მაგრამ ცოლისგას დაყვედრებითვის ვერაფრით დაეღწია თავი.
_ წარსული არა? კიი ისიც წარსულია, ის ბავშვი შენი შვილი რომაა? რამდენჯერაც აქ მოსულს ვხედავ, მინდა საკუთარი ხელით ამოგგლიჯო გული. არა, მაინც რა დონის სითავხედეა, შვილს საკუთარი და დაუმეგობრო? სპეციალურად......
ამის მეტი არაფერი გაუგია მარიამს. კარი მაგრად დახურა და საწოლზე ჩამოჯდა გაოგნებული. ნელა და დეტალურად აანალიზებდა მოსმენილს. მისი გონების ყოველი უჯრედი ისე ჟივდებოდა ზიზღით და სიძულვილით, როგორც წყალში ჩაგდებული ღრუბელი.
_ ანუ ჩემი დაც ყოფილხარ არა! და? ჰმ!_ ჩაეცინა ავად. თვალებში გამოკრთა მის სულში ჩასახლებული დემონი._ და ხარ და ის წამართვი! კარგი!
ნაწყვეტ __ნაწყვეტ ლაპარაკობდა და დამშვიდებას ცდილობდა. ისეთ გეგმას მოიფიქრებდა, რომ ანანებდა იმ საწყალს, რომ ლუკას შემდეგ ახლა მამის წართმევაც სურდა. ამის უფლებას ვერ მისცემდა იმ მათხოვარს. ანანებდა, რომ დედამიწაზე საერთოდ დაიბადა. ფეხზე ადგა საწოლზე მიგდებული ვარდისფერი ფუმფულა ქურთუკი აიტაცა. ჩანთას დაავლო ხელი და ოთახიდან გამოვიდა. მისი დანახვით შემცბარი მშობლების ძახილზე ხმა არ ამოუღია. სახლიდან სირბილით გავიდა და სახლის კარი გამეტებით გაიჯახუნა.
........
ქვემოთ უცდიდა მირიანი ანინას. რატომღაც ეგონა, რომ იმ ახალი წლის საღამოს შემდეგ, როცა დარჩენა სთხოვა, რაღაც შეიცვლებოდა. მანქანის კარზე მიყრდნობილი იდგა და მოსულ მესიჯებს ცალი თვალით დაჰყურებდა. ისევ ის იყო. გაკვირვებული სწერდა, რატომ აღარ მოდიხარ, მომენატრეო, მაგრამ ახლა მის მიმართ არაფერს გრძნობდა მირიანი. არა, გრძნობები არც არასდროს ჰქონია, მაგრამ სურვილი მართლა ჰქონდა. ახლა ისიც სადღაც გამქრალიყო. კარის ხმაზე ახედა სახლის კიბეებს. მობილური გათიშა და ჯიბეში ჩაიდო. როგორი სუფთა იყო ანინა. თოვლს ჰგავდა, თოვლს მიწაზე დადებამდე. მხოლოდ სურვილი კმაროდა, რომ მისი სიფაქიზე ჭუჭყში ამოგესვარა. სურვილი კმაროდა, მაგრამ ამასთან ერთად, სწორედ ეს სიფაქიზე იცავდა მას, როგორც ყველაზე მყარი აბჯარი. ვერასდროს მისცემდა უფლებას საკუთარ თავს მირიანი, რომ თუნდაც იმაზე მეტად შეხებოდა, ვიდრე ეს თავად ანინას სურდა. და მით უფრო სხვას არასდროს მისცემდა ამის უფლებას. მანქანის კარი გამოუღო, მაგრამ გაოცებისგან შეკრთა , როცა გოგონამ მისი ქმედება დააიგნორა, მანქანას მოუარა და მეორე მხრიდან დაჯდა. წარბი ასწია მირიანმა. ამოიოხრა. ანუ ის მცირედი სიახლოვე წამიერი თავდავიწყება იყო მხოლოდ. მარტოობის შიში და დაუცველობის განცდა. მას კი ეგონა... ეჰ, რა აზრი ჰქონდა რა ეგონა მას?! ნელა ჩაჯდა მანქანაში და კარი დახურა. ...

10
პალატის კარის სახელურზე ედო ხელი და შესვლას ვერ ბედავდა. ეშინოდა იმის, რაც იქ დახვდებოდა. ვაითუ უფრო მეტის, უკეთესობის იმედი ტყუილად მისცეს? ვაითუ რამეს არ ეუბნებოდნენ? დედის სიკვდილის შემდეგ მხოლოდ დემნა ჰყავდა ანის. დემნა კი უბრალოდ მამა არასდროს ყოფილა მისთვის. ის ანინას სიმშვიდე, სტაბილურობა და სიმყარე იყო. ვისი იმედიც მუდამ ჰქონდა. და ახლა დემნა ..... უკანმოუხედავად იგრძნო მისი სიახლოვე. გრძელი ძლიერი თითები მოეხვია მის აკანკალებულ ხელს და იმის ძალა და გამბედაობა შეჰმატა, რომ პალატის კარი შეეღო. იგრძნო ანინამ, რომ არც ახლა იყო მარტო. სუნთქვა გაუადვილდა.
თეთრი ზეწრები დემნას გაფითრებულ სახეს იმაზე მეტად გაცრეცილ იერს ანიჭებდნენ, ვიდრე სინამდვილეში იყო. ან იქნება ანინას შიში და უიმედობა მოქმედებდა ასე დამთრგუნველად?
_ მამა, მამიკო!_ ამოიტირა ხმადაბლა და პლედს ზემოდან უძრავად დასვენებულ თითებზე მოეფერა. დიდხანს ვერ გაუძლო მამის მშვიდ სუნთქვას, მკერდის ლამის შეუმჩნეველ მოძრაობას. _ მამა!
ამოისლუკუნა საწყლად. ბოლო დროს გადატანილი სტრესის და უჭმელობისგან დასუსტებულს თავბრუ დაეხვა და რომ არა მის უკან მდგარი მირიანი, იქვე წაიქცეოდა გადაღლილი. ნებართვის გარეშე მოხვია მკლავები და გულში ჩაიკრა.
_ ნუ გეშინია, კრიზისმა გადაირა! მალე გაიღვიძებს დემნა. _ გაამხნევა და სულ ოდნავ შეახო ტუჩები თმაზე.
_ მართლა მასეა? არაფერს მატყუებ?_ ამოხედა ანამ და აცრემლებულ თვალებში მისი სიტყვებისგან, თუ მისგან გადამდები თავდაჯერებულობისგან იმედი გაუკრთა. სურდა მისგან მოესმინა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. იქნებ სწორედ ეს იყო ის გადამწყვეტი მომენტი, როცა ანინა მირიანს მიენდო. მენაბდემ თავი დაუქნია და სახიდან აბურდული თმები გადაუწია.
_ აღარ იტირო კარგი? გპირდები, დემნა მალე დატოვებს აქაურობას და შინ დაბრუნდება! ხომ გჯერა ჩემი?_ ისე ეფერებოდა თითებით სახეზე, ვერც კი აცნობიერებდა, რომ ამას უნებურად აკეთებდა. თვალებზე შერჩენილი ცრემლები ცერა თითებით ამოუმშრალა. ისე ახლოს ჰყავდა ახლა, ისე ახლოდან ხედავდა მის ყელზე მფეთქავ არტერიას, ისე სულწასულად სურდა ეს ფეთქვა ტუჩებით შეეგრძნო. ნერწყვი გადაყლაპა და მისი სახე საკუთარ მკერდში ჩამალა, რომ როგორმე ამ უადგილოდ შემოჩენილ სურვილის გამკლავებოდა. მის მხარს უკან დემნას გახედა. როგორ ვერ მიხვდა, რომ გაბელია მას უთვალთვალებდა? ზუსტად ანინას გამო იყო, რომ ყურადღება გაეფანტა. ისევ გულში ჩაკრულ გოგოს ჩამოხედა და მიხვდა, რომ ამის მერე უმისობას აღარც ისურვებდა და აღარც დაუშვებდა.
_ დამპირდი!_ ჩაილაპარაკა უეცრად ანამ._ დამპირდი მირიან!
ქალისგან, რომელიც ასე აღელვებდა, საკუთარი სახელის მოსმენა თუ ამდენად სასიამოვნო იქნებოდა, ამაზე არასდროს უფიქრია მენაბდეს. მართლაც რა უცნაურად ლამაზად ჟღერს საკუთარი სახელი, როცა მას სასურველი ადამიანი გეძახის. არ გამოგიცდიათ? მაშინ გირჩევთ გამოსცადოთ.
_ გპირდები!_ უპასუხა მშვიდი ხმით. და იგრძნო, როგორ მოეხვია წელზე სუსტი ნაზი მკლავები.....

.....
_ გამარჯობა ლალი, აქ რას აკეთებ ამ დროს? _ შავებში ჩაცმული, გამხდარი სახეგაფითრებული და უპეებჩაშავებული, უცნაურად გაჩეჩილი ასე 30 წლის კაცი მიუახლოვდა ჩაბნელებულ სკვერში ბორდიურზე მჯდარ გოგონას.
_ გამარჯობა წიე! _ უხალისოდ ამოხედა გოგონამ და ხელები საკუთარ გამხდარ მუხლებს მოხვია.
_ თოვას აპირებს ნახე! ჯობია სახლში წახვიდე. რამდენი გიჟი დადის ამ ქვეყანაზე!_ მოიქექა კეფა წიემ და მერე ტყავის ქურთუკის სახელოში შეაცურა გამხდარი თითები.
_ ლუკა მენატრება წიე!_ ისე პირდაპირ მიახალა ძმის სახელი ლალიმ. შეკრთა წიე. ამოიოხრა.
_ ეეეჰ, მე რა ძმა ვარ ლალი?!_ ჩაილაპარაკა და გოგონას მიუჯდა გვერდით. _ ხან ასე მეგონა, ის იყო უფროსი ძმა და მე ბავშვი.
_ ვერ ვიტყვი, რომ შენი ბრალი იყო წიე! ეს მაინც არ ყოფილა შენი ბრალი! მაგრამ...._ გახუნებული კეტით მოქექა მიწა. ამაზეც გაეღიმა მწარედ. აღარ იყო კეტის ამინდი. თოვდა უკვე._ მაგრამ ისინი, ვისი ბრალიც იყო, სწორედ ახლა ამ წამს, როცა ლუკას მიწის ქვეშ ს
ცივა, წლის დასასრულს აღნიშნავენ! ისე, თითქოს არაფერი მომხდარა!
_ სჯობს ამაზე არ იფიქრო ლალი!_ ჩაილაპარაკა წიემ და სიბრაზის ნერწყვი გაეჩხირა გამშრალ ყელში. იცოდა წიემ თავად არარაობა იყო. წყალწაღებული ნარკომანი, არაფრის მქონი, არაფრის მცოდნე, შურსაც ვერ იძიებდა ძმის გამო. ამიტომ ყველაფრის დავიწყება ერჩია.
_ რაღაც მინდა გთხოვო წიე! მანქანით ხარ?_ ჰკითხა ლალიმ და თვალები სიცხიანივით აუელვარდა. _ სადღაც უნდა წამიყვანო! დამელოდო და რასაც გეტყვი ის გააკეთო! სულ ცოტა ეს მაინც ქენი შენი ძმის სულისთვის, წიე!
ცოტა ხანს დუმდა წიე. მერე ხელი ჩაიქნია.
_ იყოს რაცაა, წამოდი!_უთხრა და ადგა. თავისი ჯაბახანა მანქანისკენ გაემართა თავჩაქინდრული. სწრაფად წამოხტა ლალიც. გადახვეულ ქაღალდს ხელი დაავლო და უკან აედევნა წინ მიმავალს.

უკვე თოვდა , თოვდა კი არა ბარდნიდა.
_ შეწყვიტე რა თოვა! შეწყვიტე!_ საკუთარ თავს ესაუბრებოდა თუ ამინდს ლალი თავადაც არ იცოდა იმ წამს.
ბნელოდა, ფანტელთა ფარდა მხედველობას აუარესებდა. გზის გადაღმა გააჩერა წიე ლალიმ.
_ აქ დამელოდე წიე! ეს მობილური ასე იდოს და ყველაფერი ჩაიწეროს! ვაიძულებ იმ მონსტრს აღიაროს, რაც ჩაიდინა!_ მუჭები მუქარით შეკრა. თხელ ქურთუკში გაეხვია და ბანერი მანქანიდან გადაიტანა. გზა გადაკვეთა და გზაჯვარედინის მოპირდაპირე მხარეს ხის ქვეშ დაიწყო ლოდინი.
უკვირდა წიეს, როგორ იტანდა და ითმენდა ეს პატარა გოგო სხეულში გამჯდარ ყინვას. მანქანაშიც კი იგრძნობოდა ყინულიანი სუსხი. სადღაც ნახევარი საათის შემდეგ შემოანათეს ქუჩაზე რაღაც ძვირფასი მანქანის ფარებმა. თითქოს ამას ელოდა ლალი გზაზე გადავიდა და ბანერი გაშალა. მანქანამ სვლას მოუკლო და ასე ოციოდ მეტრში გაჩერდა. ხმადაბლა მუშაობდა ძრავა. ოდნავ წინ გადაიწია წიე. ინტერესით დააკვირდა განვითარებულ ამბავს. ორი წუთი გაუნძრევლად იდგა ლალიც და ის უცხო მანქანაც. შემდეგ ავად გაისმა ძრავის ღმუილი. რამდენჯერმე ხმამაღლა დაიბღუვლა მანქანამ. მაგრამ ლალი ჯიუტად იდგა და ფეხს არ იცვლიდა. თითქოს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ სასიკვდილოდ არ გაიმეტებდენენ და რომ ეს მხოლოდ მუქარა იყო. თუმცა რამხელა იყო წიეს გაოგნება, როცა მანქანა უცბად ადგილს მოსწყდა. წინ გაქანდა და ლალი ჩალის თოჯინასავით აისროლა ჰაერში. წამიერად დაამუხრუჭა მძღოლმა და ფარების ჩაქრობა არც უფიქრია. ალბათ ჯერ ისევ აფექტის ქვეშ იყო. მანქანის კარი გაიღო და ვიღაც ლალის ასაკის გოგონა გადმოვიდა, გრძელ ვარდისფერ ქურქში თუ პალტოში გახვეული. ლალის სხეულს მიუახლოვდა, დაიხარა და შეამოწმა. წამით ასე იჯდა მუხლებში ჩახრილი. შემდეგ მობილური ამოიღო სადღაც დარეკა და რაც არ უნდა უცნაური იყოს, უკანა სავარძელზე მოთავსდა. გაოგნებისგან აღარ სუნთქავდა წიე. თითქოს მისი ისედაც სამყაროდან გასული ტვინი თავისით მოქმედებდა. მანქანა დაძრა და ფარების ანთების გარეშე დატოვა იქაურობა. გადარჩენის ინსტიქტი ადამიანობაზე მეტი იყო ნარკოტიკის მონის გონებაში.
იმ ღამის შემდეგ წიეს ლალი მურჯიკნელი აღარ უნახავს. ვერც ცოცხალი ვერც მკვდარი ვერავინ მიაგნო საწყალი გოგონა. მხოლოდ ქალაქის ერთ_ ერთ ხიდზე იპოვნეს მისი დახეული კეტები და სკოლის ზურგჩანთა. სულ ეს იყო და ამანაც იკმარა, რომ ფაქტი სუიციდად შეერაცხათ.
_ თითქოს წიწილა იყო!_ საკუთარ თავს ესაუბრებოდა წიე და ხელში ატრიალებდა ლალის მობილურს. არ იცოდა რა უნდა ექნა, როგორ მოქცეულიყო. ამიტომ ტელეფონს ბარათი და ელემენტი ამოაცალა და საიმედოდ გადამალა. იმ მომენტს დაელოდა, როცა მის გამოყენებას სათანადოდ შეძლებდა.
ნარკომანი და ლაჩარი იყო წიე და თანაც სრულებით მარტოსული ამ ცარიელ, თანაც მონსტრებით სავსე სამყაროში.
ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ რეპორტაჟს უყურა წიემ. სადაც მინისტრის მოადგილის მორიგ წარმატებაზე იყო საუბარი და მის ოჯახს ისე აჩვენებდნენ, როგორც სანიმუშოს და სრულყოფილს. აი სწორედ იქ მოკრა თვალი წიემ მარიამ წიკლაურს და მაშინვე იცნო. თითქოს დემონი ჩაუსხალდა წიეს. ვინ იყვნენ, როგორ ბედავდნენ?! იმდენად უნამუსოები იყვნენ ნუთუ, რომ სულ ფეხებზე ეკიდათ ლუკას, ლალის და კაცმა არ იცის კიდევ ვისი სიცოცხლეები? და იმის ნაცვლად ბუნაგში დამალულებს სასჯელის შიშით ეცხოვრათ და იქიდან ცხვირი არ გამოეყოთ, იდეალურ ოჯახობანას საქვეყნოდ თამაშობდნენ! აი მაშინ დაფიქრდა წიე, თუ რა უნდა ექნა იმ ვიდეოსთვის, რასაც ლალიმ საკუთარი სიცოცხლე შესწირა. ამ ამბიდან ერთ კვირაში მიიღო მარიტა უძილაურმა ინკოგნიტო გზავნილი. სადაც გარკვევით ჩანდა რა ბედი ეწია რამდენიმე თვის წინ გაუჩინარებულ გოგონას. და უფრო მეტიც სრულიად გარკვევით ჩანდა ანგელოზის ტყავში გახვეული სისხლისმსმელი მონსტრის სახე.
.......

11
სამი კვირის შემდეგ დემნა გონს მოვიდა. თუმცა სამყარო სრულებით შეცვლილი დაუხვდა. ყველაზე საშინელი ღალატის შესახებ შეიტყო, რისი წარმოდგენაც მის პატიოსან ბუნებას შეეძლო. აღმოჩნდა, რომ ჯონი გაბელია, მისი მეგობარი, მთავარი ბოროტმოქმედი იყო მისი მეუღლის ტრაგედიაში. გაოგნებული იწვა დემნა და ფანჯრის მიღმა ფიჭვებზე შეყინული ჭუჭყიანი თოვლს ფთილებს თვალს ვერ აშორებდა.
_ გამოდის მხოლოდ ფულის გულისთვის ჩაიდინა ეს?_ გონებაში ავი ეჭვის ჭია ჩასახლებოდა და არ ასვენებდა. სიმართლის გაგების შემდეგ, მისი გონება ყველა უმცირეს დეტალს ახლიდან იხსენებდა და ახლა უკვე ცხადად ხედავდა მეგობრის თვალებში ჩაბუდებული წლობით ნაზარდ შურს და სიავეს._ შენ დარწმუნებული ხარ მირიან?
როგორც იქნა ფანჯარას მოსწყვიტა მზერა და ახლა მირიანს დააკვირდა. მირიანიც სულ სხვაგვარად მოეჩვენა იმ წამს. წლები დასდევდა, მასზე კომპრომატებს აგროვებდა, მისი ზიზღით სულდგმულობდა და თურმე ის სულ სხვა ადამიანი ყოფილა. ყველაზე სანდო საკუთარ „ძვირფას“ მეგობრებს შორის. როგორ? საოცარია, როგორ იცვლებიან ადამიანები მას შემდეგ, რაც მათი ბნელი საიდუმლო დღის სინათლეზე გამოდის?
_ თავად გაესაუბრები რამდენიმე დღეში! პასუხებსაც მისგან მოისმენ!_ გაეღიმა დემნას.
_ მამა!_ კარი შემოაღო ანინამ და მოჟამულ ოთახში სინათლე შემოიტანა. მაშინვე შეამჩნია დემნამ მათ შორის თვალებით უსიტყვო გასაუბრება. და შეამჩნია, როგორ აენთო მირიანს თვალები ანინას დანახვისას. არც ის გამოპარვია,, მისმა შვილმა როგორ სცადა მირიანის დანახვით გამოწვეული კმაყოფილების დაფარვა.
_ ჰოოო!_ ჩაილაპარაკა მრავალმნიშვნელოვნად. _ გამოდის სანამ მეძინა, დრო არავის დაუკარგავს უსაქმოდ!
მირიანს გულში გაეღიმა მის უკმაყოფილებაზე. თუმცა სახეზე არაფერი შეიმჩნია.
_ აბა როგორ ხარ, ჩემო ლამაზო მამიკო?_ საწოლზე ჩამოუჯდა ანი, მისი მარჯვენა ხელი აიღო და მტევანზე ნაზად აკოცა. როგორ შემაშინე მამა!
გახსენებაზეც კი ცრემლით აევსო თვალები.
_ კარგი ახლა! სტუმრის მოგერიდოს!_ გაეღიმა თბილად დემნას. _ აბა რა თქვა ექიმმა, როდის ვბრუნდებით სახლში?
სახლის ხსენებაზე მირიანი უსიამოდ შეიშმუშნა.
_ ბატონო დემნა, ვფიქრობ ჯერ კიდევ არ იქნებით იქ უსაფრთხოდ, იქნებ...._ ხელის აწევით შეაწყვეტინა სიტყვა დემნამ. ძველი ყაიდის კაცი იყო. ისედაც ეხამუშებოდა მისი ქალიშვილის უცხო კაცის სახლში ეს ხანგრძლივი სტუმრობა.
_ არა! ვფიქრობ საფრთხემ ჩაიარა! არ მგონია ახლა, როცა ყველაფერს ფარდა ეხდება, ამდენი სითავხედე ეყოთ და ისევ გაბედონ რამე!_ თავი უკმაყოფილოდ გადააქნია მირიანმა. ჯერ არაფერი იყო დამტკიცებული, მხოლოდ ჯონი ჰყავდა და მისი სიტყვა ორი ასეთი გავლენიანი ოჯახის წინააღმდეგ, რომლებმაც შვილებიც კი გაიმეტეს საკუთარი პრესტიჟის შესანარჩუნებლად, ვერაფერს გახდებოდა.
არა, ისინი ისევ ეცდებოდნენ თავისას და ამ ჯერად იქნები მზანსაც მიაღწევდნენ. სხვა გზა არ იყო, თუ დემნა სახლში დაბრუნებას აიკვიატებდა, დაცვის დაყენება მოუწევდა.
_ ახლა ის უნდა გავიგოთ, ვინ იყო ჩემი მარიტას ინფორმატორი._ თავი დააქნია დემნამ დაფიქრებით. _ და კიდევ რა იცოდა მან ამ საქმეზე.
.....
_ცოტნე, აბა რას იტყვი დამეგობრდით შენ და ჩემი სტუმარი?_ იკითხა ჩვეულად დაუფარავი ირონიით, სკამი უკუღმა შემოაბრუნა. გადაჯდა და იდაყვებით მის საზურგეს დაეყრდნო. ავად ამოხედა ტუჩგახეთქილმა გაბელიამ მოსულს. ერთდროულად ეზიზღებოდა კიდეც და აღფრთოვანებულიც იყო მისით. სათანადოდ ვერ დააფასა მისი გამჭრიახობა და პატარა ბიჭივითთ გაება დაგებულ ხაფანგში.
_ გამარჯობა ბატონო ჯონი! როგორ მოგწონს ჩვენი აპარტამენტები? იმას ალბათ ვერ ჯობია, საითაც რეისი გქონდა, მაგრამ არაუშავს არა?_ ცივი და ემოციას მოკლებული ღიმილი ჰქონდა მირიანს. საშიში კაცი იყო, ძალიან საშიში.
_ რას მიპირებთ? უნდა მომკლათ?_ აწუწუნდა საცოდავად ჯონი. სულ იმ აფერისტი კაკის ბრალი იყო ასე რომ მოტყუვდა. არ უნდა წამოგებულიყო სატყუარას, მაგრამ სიხარბემ დაღუპა ჯონი და სიხარბეზე უფრო შურმა.
წლების წინ, როცა მარიტას კომპიუტერში იმ საშინელი ვიდეოს ასლი გააკეთა და დედანი დაახარვეზა, ეგონა სამყაროს მართვის გასაღები ჩაიდო ჯიბეში. მაშინვე კახა წიკლაურს მიაკითხა. დაემუქრა, ფული მოსთხოვა სიჩუმის სანაცვლოდ. როგორც მამა ადვილი საკბილო ეგონა. იფიქრა შვილის და საკუთარი რეპუტაციის გადასარჩენად მის ყველა სურვილს აასრულებდა ფაქტებით გამოჭერილი კაცი, მაგრამ მწარედ მოტყუვდა. როცა წიკლაურს მეორედ მიადგა უკვე მზად დახვდნენ. არათუ ფიზიკურად გაუსწორდნენ იმ საღამოს ჯონის, არამედ საკუთარ ლაქიად ყურმოჭრილ მონადაც აქციეს. წლების მანძილზე ნასუფრალს უყრიდნენ და მათთვის მუშაობას აიძულებდნენ. ათას ბნელ და ბინძურ საქმეს ავალებდნენ და ისიც მორჩილად ასრულებდა ყველაფერს. მაგალითად ისეთს, როგორიც იმ საწყალი არამკითხე ლალი მურჯიკნელის ცხედრის გადამალვა იყო. ხმას ვერ იღებდა ჯონი უკვე ყელამდე ჭაობში იჯდა და არც ხსნა და არც გზა არ ჩანდა. თუმცა უტვინო და უგერგილო კაცი იყო, მხოლოდ მონობისთვის დაბადებული. ასაკით მასზე ბევრად პატარა იყო მირიანი, მაგრამ მან მოახერხა და წიკლაურის და დანელიას მყრალ ჭაობს თავი დააღწია და არათუ დააღწია, საკუთარი საქმეც გამართა. მისი ეშინოდათ და პატივს სცემდნენ, მაშინ, როცა გაბელიას ფეხს კარის წინ დაგებული ხალიჩასავით აწმენდნენ. აი ამიტომ გააკეთა გაბელიამ ის, რაც გააკეთა...
რაღაც მომენტში, როცა იფიქრა, რომ ყველაფერი მოგვარდა იმ სულელმა მარიტამ მივიწყებული საქმე ახლიდან ამოქექა. მენაბდეც კი დაითანხმა შეხვედრაზე. არავინ იცოდა თუ მარიტა მირიანს გაუერთიანდებოდა რას მიაგნებდა. ამიტომ გადაწყვიტა სამუდამოდ გაეჩუმებინა ქალი, რომელიც ჯერ კიდევ უფორიაქებდა სულს. შემთხვევითობის წყალობით კი საქმე ისე მოაწყო, რომ ეჭვი მენაბდეზე აეღოთ. ერთი გასროლით ორ კურდღელს მოიშორებდა!
და ახლა ისევ ის, ვიღაც იდუმალი ინფორმატორი ჩაერია... ამდენი წლის შემდეგ ისევ გამოჩნდა და წარმოდგენილი სამხილით ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
_აბა, მოხვედით ბატონო ჯონი საუბრის განწყობაზე თუ?_ თვალით ცოტნეს ანიშნა მენაბდემ. მანაც ფაქიზად აიკეცა თეთრი პერანგის მკლავები და მისკენ დაიძრა.
_ მე ყველაფერი გიამბე. ვიცი ახლა ვერაფერი გადამარჩენს! რატომ ფიქრობ, რომ კიდევ რამეს ვმალავ?_ ჰკითხა მირიანს და თვალი გაუსწორა. _ მარტო არ წავალ ჯოჯოხეთში, მათაც თან გავიყოლებ. კიდევ რამე რომ ვიცოდე, ვიტყოდი!
წარბი ასწია მირიანმა და ცოტნე გააჩერა.
_ არ ტყუის! მაგრამ მაინც ვერ გავიგე, რა მოხდა მაშინ. რატომ არ გაახმაურეს შვილების სიკვდილის ამბავი? რატომ არ სცადეს მკვლელის პოვნა?_ უფრო თავისთვის იკითხა მირიანმა, ვიდრე ჯონის გასაგონად.
_ მაგი არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ანტონის გოგო ორსულად იყო იმ მომენტში. მათ ექსპერტიზის დასკვნებიც გააყალბეს. _ ინტერესი კრთოდა ჯონის ხმაშიც. ალბათ მისი პროფესიისთვის დამხასიათებელი თვისებები მაინც თავისას შვებოდა.
_ ინფორმატორი ვინ ჰყავდა მარიტას? მასზე რა იცი?
_ მაგი თავად მარიტამაც არ იცოდა. ერთნაირ კონვერტებს იღებდა. უმისამართოს და უსახელოს.
_ არ მოუძებნია?
_ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არაფერი უთქვამს!
_ კარგი! ვფიქრობ დასვენება არ აწყენდა ძვირფას სტუმარს._ გაუღიმა კეთილმოსურნედ. ფეხზე ადგა და ოთახიდან გავიდა. ჯონი მარტო დატოვა საკუთარ დემონებთან. ახლოს იყო გაბელიას აღსასრული. და მაინც რისთვის, რატომ? ყველაფერი მხოლოდ ერთი ახალგაზრდული შეცდომის, მხოლოდ სიხარბის და შურის გამო???
_ ეეჰ!_ ამოიოხრა ჯონიმ და კედელთან ჩაჯდა. სულ ერთი საღამო და ქვეყანას დატოვებდა. მერე მირიანი კი არა მამა ღმერთიც ვერ მიაგნებდა, მაგრამ სწორედ მასზე იყო ნათქვამი:
„ კაცი ბჭობდა, ბედი იცინოდაო!“
....

_ რაღაც მნიშვნელოვან გამოგვრჩა ცოტნე! რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი?_ ესაუბრებოდა თანაშემწეს მანქანისკენ მიმავალი მირიანი._ განა შეიძლება ადამიანმა წლების შემდეგაც ინტერესი გამოხატოს ამ საქმეზე თუ პირადი გამორჩენა არ აქვს რამე? ის ინფორმატორი, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ამ ამბავთან პირდაპირ კავშირში იყო! ან სად იყო, ამდენი წელი რატომ დუმდა? ან ახლა რატომ დაბრუნდა? ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ. ყველა დეტალი თავიდან გავიაროთ, ვიღაც გამოგვრჩა. ვიღაც ....
უეცრად შედგა და ცოტნეს ჩახედა თვალებში. ხედავდა ცოტნე რაღაც აზრი უელავდა მის უფროსს გამჭრიახ გონებაში.
_ ცოტნე იმ სკოლაში იმ პერიოდში ბევრი საძაგელი რამ მოხდა. მახსოვს ერთმა ბიჭმა თავი მოიკლა. თუმცა უცნაური ჭორები დადიოდა. მოიძიე ყველა, ვინც წიკლაურის მიზეზით დაზარალდა. მათ ოჯახის წევრებს უნდა გავესაუბროთ! მით უფრო ლალი მურჯიკნელის ამბავი მაინტერესებს. გაბელიამ თქვა, რომ გოგონა გაუჩინარდა,მაგრამ რაღაცას ბოლომდე არ ამბობს. დაკითხე ყველა შესაძლო მოწმე. ვინმეს რამე ხელჩასაჭიდი ეცოდინება. გაბელია ამ ამბავში პაიკია. სანამ ამ ამბავს ბოლომდე არ გამოვიძიებ, მანამდე ვერ მოვისვენებ. უკვე აზარტის ამბავია!_ თავი დაუქნია ცოტნემ და თვალი გააყოლა, როგორ ჩაჯდა მირიანი მანქანაში და სახლისკენ გააქროლა.
_ ანინას გამო ვერ ისვენებს! ესაა, რომ ამ ამბით ასე დაინტერესდა._ ჩაილაპარაკა ცოტნემ და ბიჭებთან ერთად დავალების შესასრულებლად გაემართა. ადვილი არ იქნებოდა ამდენი წლის წინანდელი ამბების ამოქექვა. თუმცა ამდენ წლიანი დუმილის შემდეგ კარადაში საიმედოდ გამომწყვდეულ,სიჩუმით და მარტოობით დაღლილ ჩონჩხებს უკვე საუბარი ეწადათ.
....
_ მამას რომ გამოწერენ, სახლში დავბრუნდებით ანუ?_ ჰკითხა ანინამ და აკვიატებულ ყვავილებიან ფინჯანში დაუსხა ჩაი მირიანს. აშკარა იყო, არ სურდა სახლში დაბრუნება, მაგრამ ვერც მამას ეტყოდა, რა თქმა უნდა, უარს.
_ რა იყო, გეშინია?_ მაჯაში მოკიდა ხელი და სკამზე დასვა.
_ არა! არ მეშინია, მაგრამ...._ თვალი აარიდა და საკუთარ თითებს დახედა.
_ აბა?_ ჰკითხა ინტერესით და შეუმჩნევლად გაეღიმა. ბოლო დრო იყო ანინა არათუ გაურბოდა, პირიქით მის სიახლოვეს ცდილობდა ყოფნას. აღარც კოშმარები აღვიძებდა, თუმცა არ უთქვამს, რომ მისი საძინებლის დატოვება და საკუთარში დაბრუნება სურდა. იმის ფიქრით, რომ ცხაურის გამო არ სურდა ანინას ის პატარა თეთრი ოთახი, კარგა ხანი იყო მირიანმა ის რკინა მოახსნევინა ცოტნეს. თავად არასდროს ეტყოდა, მაგრამ თუ ანინას საკუთარ ოთახში ენდომებოდა ძილი, არ დააკავებდა. თუმცა სიმშვიდეს, რასაც მირიანის სიახლოვე გრძნობდა ანინა, ვერაფრით თმობდა. არადა კარგად ხვდებოდა გოგონა, მხოლოდ სიმშვიდეც აღარ ერქვა ამას.
_ მისმინე, ნურაფრის შეგეშინდება, შეცდომა ერთხელ დავუშვი და ყურადღება მივადუნე, მაგრამ მეორედ ასეთი რამ აღარ განმეორდება!_ მისი დამშვიდება სცადა მირიანმა. უხმოდ იჯდა ანი. რაღაცას ფიქრობდა. სახეზე ეწერა, რომ თქმა სურდა, მაგრამ გამბედაობა არ ჰყოფნიდა. „ალბათ ერთი სული აქვს, თავიდან როდის მომიშორებსო!“ ფიქრობდა სევდიანად.
_ გინდა რამდენიმე დღით სადმე გავისეირნოთ?_ ჰკითხა მოულოდნელად მირიანმა._ ნელის გამომცხვარი გემრიელობები წავიღოთ და ქალაქგარეთ წავიდეთ.
_მართლა?_ თვალები აენთო გოგონას.
_ კი რატომაც არა? შენ ის თქვი, სად გინდა წასვლა?_ წვრილ მაჯაზე სულ ოდნავ ეფერებოდა თითებით.
_ იქ, სადაც თოვს! სადაც დიდი თოვლია!_წამოიძახა ანიმ.
_ კარგი, ამ საღამოსვე გავალთ. სანამ დემნა სახლში დაბრუნდება და ბოროტი დრაკონივით გამოამწყვდევს საკუთარ პრინცესას კოშკში, კიდევ ერთხელ მოვასწრებ და გაგიტაცებ!_ სულ სხვანაირი იყო მირიანი ანის გვერდით. ახსენდებოდა ის პირველი საღამო ანინას, როცა ეს უცნაური კაცი გაიცნო და უკვირდა ეს უშველებელი უფსკრულივით კონტრასტი მაშინდელ და ახლანდელ მირიანს შორის. ახლა ფიქრობდა, რომ მაშინ შიშის გამო გააზვიადა. როგორ შეიძლებოდა ეს თბილი კეთილი თვალები მაშინ უგულო მონსტრის თვალებში არეოდა? ან ამ ლამაზი ხელების შინებოდა, რომლების შეხებაც ახლა ასე აბედნიერებდა. და რა იქნებოდა, როცა სახლში დაბრუნდებოდა? ალბათ ვეღარასდროს ნახავდა მას! ალბათ მირიანი ისე დაივიწყებდა, როგორც აბეზარ ჭირვეულ ბავშვებს ივიწყებენ მათთან თანაცხოვრებით თავმობეზრებული უფროსები.
სარკის წინ იდგა და საკუთარ, არც თუ გამომწვევ, უფრო ბავშვურ, ვიდრე ქალურ სხეულს ითვალიერებდა. რას შეიძლებდა მიეზიდა ისეთი კაცი მასში,როგორიც მირიან მენაბდე იყო? კიი, კაცი და არა ბიჭი. მირიანზე ვერ იტყოდით ბიჭიაო. ის კაცი იყო, ზრდასრული, ჩამოყალიბებული... თავად კი? ამოიოხრა და რამდენიმე ხელი თბილი სამოსი ჩაიდო პატარა ჩანთაში. ალბათ მხოლოდ ეს უკანასკნელი საღამოღა რჩებოდა მასთან გასატარებლად. და მერე ყველაფერი დასრულდებოდა. ისე, როგორც ზღაპარი.
....
სწრაფად მიქროდა მანქანა და მიაპობდა თოვლის უხვ ნამქერს. სადღაც მთებში მიჰყავდა მირიანს ანინა. გოგონას არც კი უკითხავს სად მიდიოდნენ. მთავარი იყო, რომ მასთან ასე ახლოს ყოფნა შეეძლო. არც იმაზე სურდა ფიქრი, რა იქნებოდა ხვალ?! მშვიდად მართავდა მირიანი მანქანს. თითქოს მის სიახლოვეს ვერც კი ამჩნევდა. სახეზე ფიქრის კვალი არ ემჩნეოდა. ლამაზი გრძელი თითებით ოდნავ ეხებოდა საჭეს, და ისე დაასრიალებდა ზედ, რომ ანინას სიმშვიდეს მხოლოდ ამითაც კი ურღვევდა.
_ ვინმე გიყვარს მირიან?_ ისე მოულოდნელად ჰკითხა და ისე ხმადაბლა, უცებ ვერც გამოერკვა მენაბდე. გაოცებულმა მოხედა წამით და მისი დარცხვენილი სახე რომ დაინახა, უჩუმრად გაეღიმა.
_ კი, ვფიქრობ მიყვარს!_ უპასუხა მშვიდად.
_ ვინო?_ ამის კითხვა ეწადა ანინას, მაგრამ ვერ გაბედა._ მერე არ ეწყინება, რომ გაიგოს, ახლა ერთად რომ მივდივართ მთებში?
ბავშვური და გულუბრყვილო კითხვა იყო, თავადაც სულ გამოუცდელი გოგონასგან. ტუჩი მოიკვნიტა ანინამ უხერხულობის დასაფარად. მაგრამ რა ექნა, მასზე ყველაფერი აინტერესებდა.
_ რატომ უნდა ეწყინოს, საწყენს ვაპირებთ რამეს?_ ჰკითხა მირიანმა და ისეთი სურვილით შეხედა, მზერა ვერ გაუსწორა ანიმ.
„ჯანდაბა, ეს რამ მაკითხვინა?!“ გაიფიქრა საკუთარ თავზე გაბრაზებულმა. ნაღვლიანად გახედა ფანჯარას.
„ხოო ალბათ ვიღაც ჰყავს, აბა მარტო ხომ არ იქნება, ის ხომ...“ მალულად გამოხედა. რაღაც სასიამოვნოზე ფიქრობდა ალბათ მირიანი,მხიარულად იღიმებოდა.
„მასზე ფიქრისას რომ ასეთი ბედნიერია, ალბათ მართლა ძალიან უყვარსო!“ გაიფიქრა გოგონამ და ფანჯრიდან გახედა მომატებულ თოვას.
სიმყუდროვის შეგრძნება ჰქონდა მირიანს. გარეთ გამეტებით თოვდა, გზაც აღარ ჩანდა ლამის. მანქანაში სითბო და სიმშვიდე იყო. ყველაზე სასურველი ადამიანი გვერდით ჰყავდა, ყოფითი პრობლემები სადღაც ზურგს უკან ჰქონდა მოტოვებული, თუნდაც ცოტა ხნით და წინ საოცარი რამდენიმე დღე ელოდა. იმედით და სურვილით იყო სავსე მისი მარტოსული გული. ხელი გასწია და მუსიკა ჩართო. მშვიდი და თანაც რიტმული მელოდია შეარჩია. შემდეგ ანინას მუხლზე დასვენებული თეთრი ხელის მტევანი აიღო და ტუჩებთან მიიტანა.
„ სულელი პატარა ბავშვი ხარ!“ გაიფიქრა გულში.“ რადგან მხოლოდ სულელი ბავშვები ეჭვიანობენ საკუთარ თავზე!“


12
დიანა აჩემებულ ფანჯარასთან იჯდა. ქუჩას გადაჰყურებდა და მარიამის მოულოდნელ, კაცმა არ იცის საიდან მოვლენილ, კეთილგანწყობაზე ფიქრობდა. ბოლო დრო იყო უკეთ ექცეოდა, აღარ ამცირებდა და დასცინოდა. იჯდა ფიქრობდა და უკვე თვალსაჩინოდ წამოზრდილ მუცელს თითებით ეალერსებოდა და გულში იმედი ესახებოდა. იქნებ მომხდარიყო ისე, რომ პრობლემები, როგორც თოვლი თავისით გამდნარიყვნენ გაზაფხულის მწველი სუსხიანი მზის ქვეშ. და თუ მაინც არ ეწერათ ამ აბეზარ პრობლემებს მოგვარება, ამაზეც აღარ ღირდა დარდი. სულ მალე, ორიოდ კვირაში, გერმანიაში მიემგზავრებოდა. საიდუმლოდ, დამშვიდობების გარეშე. ისე აქრობდა მის კვალს საკუთარი ოჯახი, თითქოს სამარცხვინო ლაქა ყოფილიყო თეთრეულზე და არა ერთადერთი შვილი საკუთარი მამისა. მობილურის ზარმა გამოაფხიზლა ფიქრებში წასული. ეკრანს დახედა და სხეულში გამჯდარმა ინსტიქტმა უსიამო ჟრუანტელად დაუარა მუხლებში.
_ გისმენ მარიამ!_ უპასუხა მშვიდად და სცადა უკმაყოფილება დაემალა. ოდნავ გაეღიმა წიკლაურს, როცა მისი ვერდაფარული განწყობა ზედმიწევნით ამოიცნო.
_ დღეს კლუბის შეკრებაა! ახალი ინიციაცია გვაქვს! შენი დასწრება აუცილებელია!_ სწრაფად მოუჭრა სავარაუდო უარი. არ უყვარდა დიანას წიკლაურის მოგონილი ეს უაზრო რიტუალი. ვითომ საკუთარ „ელიტურ“ წრეში ადამიანის მიღების ერთგვარი სულელური დამამცირებელი და დამცინავი სისულელე. პირველი ბზარიც ხომ მაშინ გაჩნდა, როცა ლუკამ ინიციაციის შეთავაზება არა მარტო დააიგნორა, სახალხოდაც დასცინა წიკლაურს. ამით მიიქცია მისი ყურადღებაც. ამოიოხრა დიანამ და კარგიო, მისწერა. მისამართმა კი გააოცა, მაგრამ მარიამისგან არაფერი აღარ უკვირდა ბოლო დროს. ახლა დიანას სულ არ სურდა გარეთ გასვლა, არ სურდა მონაწილეობის მიღება იმ უაზრო თეატრში, მაგრამ ეშინოდა. თავს მარტო და დაუცველად გრძნობდა. არავინ ჰყავდა, არც მეგობრები, არც მშობლები. ბევრს ფიქრობდა ლალის გაუჩინარებაზე და ეჭვიც არ ეპარებოდა, ამ ყველაფერში მარიამის ხელი ერია. ჰოდა, ნეტავ რამდენად შორს შეეძლო წასვლა მარიამს? რისი გაკეთება შეეძლო დიანასთვის?! აი ეს კითხვები უტრიალებდა თავში და საკუთარ თავს აიძულებდა, რომ სულ ცოტა კიდევ მოეთმინა. „ორიოდ კვირა, ორიოდ..“ იმეორებდა გონებაში. საღამო წვებოდა ქალაქის ქუჩებში და უსიამოვნო, ცუდი წინათგრძნობა საკუთარ ბლანტ საცეცებში ახვევდა მის უამისოდაც დამძიმებულ გულს....
წიე რამდენიმე კვირა იყო მარიამ წიკლაურს კვალში ედგა. ინტერესმა, შურისძიების სურვილმა და აზარტულობამ ისე ჩაითრია წიე ამ უცნაურ თამაშში, რომ უკვე თვეები იყო ამის გარდა ვერაფერზე ფიქრობდა. ახლაც ფარულად უთვალთვალებდა სადარბაზოდან გამოსულ გოგონას. რომელიც სავარაუდოდ გაყალბებული მართვის მოწმობას ფლობდა, სადაც ალბათ ასაკი მომატებული ჰქონდა. ნელა გამოიყვანა მარიამმა ახალთახალი უცხოური მანქანა ფარეხიდან. უკვე აქა_იქ შემორჩენილი ლამპიონები ინთებოდა ქალაქში. სწრაფი სვლით დაუყვა მთავარი ტრასისკენ მიმავალ დაღმართს. სულ არ შეუმჩნევია კუდში ადევნებული დანჯღრეული მანქანა. წიეს მანქანის მსგავს მანქანებს ისევე ვერ ამჩნევდა მარიამი, როგორც ქალაქის ქუჩის კუთხეებში სოკოებივით მომრავლებულ მოწყალებისთვის ხელგაწვდილ ადამიანებს. ამ საღამოს საოცარი გეგმები ჰქონდა. იმდენად საოცარი, რომ წინასწარ ტკბებოდა იმ ყველაფრის წარმოდგენით, რასაც პატარა დაიკოს მოუწყობდა სიურპრიზად.
_ გეგონა შეგრჩებოდა და გაიქცეოდი? _ ავად უელავდა ლამაზი თვალები. _ გეგონა ბედნიერად გააგრძელებდი ცხოვრებას?
წიე კვალში ედგა,მაგრამ ვერაფრით ეწეოდა. წამით თვალს მიეფარა მარიამი. დაიბნა წიე. რა უნდოდა გოგონას ამ მიტოვებულ სამშენებლო მოედანზე? მაღალსართულიანი დაუსრულებელი მშენებლობა სახიფათოდ გამოიყურებოდა ღამის ბინდში.
_ რას ეძებს აქ? რა დარჩენია?_ საკუთარ თავს თუ უჩინარ ლანდს ჰკითხა წიემ. რამდენიმე წრე დაარტყა იქაურობას და ბოლოს, როგორღაც თვალი მოჰკრა სადგომზე გაჩერებულ სამიოდე მანქანას. გულზე მოეშვა. საკუთარი მანქანა შენობას მოაფარა და ფრთხილი ნაბიჯებით აიარა სანახევროდ აშენებული კორპუსის ბნელი საფეხურები. შენობაში ბნელოდა და რამის გარჩევა ჭირდა. მხოლოდ ზემოდან ჩამომავალ ხმას მიჰყვებოდა წიე. აზრადაც არ გაუვლია, თუ ნანახი ამდენად შეძრავდა და გააოგნებდა. მოგრძო ოთახის შუაგულში მუხლებზე იდგა ზურგს უკან ხელებშეკრული გოგონა. შუბლზე ჩამოყრილი, გაწეწილი და მოღრეცილი თმიდან საბრალო მზერას არ აშორებდა მის წინ ტახტრევანივით განლაგებულ სამშენებლო ბლოკებზე ჩამომჯდარ მისივე ასაკის ბავშვებს. ხმას არ იღებდა, აშკარა იყო უკვე კარგად გაეაზრებინა, რომ ტირილით მათ გულს ვერ მოიგებდა. ამიტომ დუნდა და საკუთარ განაჩენს ერთგვარი მორჩილებით ელოდა.
_ რას აკეთებენ ეს შერეკილები?_ თითქოს კვლავ უჩინარ ლანდს ჰკითხა წიემ. ინტერესით აკვირდებოდა იმას, რაც იმ სანახევროდ აშენებულ შენობაში ხდებოდა. ნახევარწრედ იდგნენ ლუკას ასაკის მოზარდები. რამდენიმე იცნო კიდეც წიემ. ძმის გასვენებიდან თუ ახსოვდა ალბათ?!
ბევრი კი არავინ მოსულა,მაგრამ რამდენიმეს სახე მაინც დაამახსოვრდა წიეს. მხოლოდ მარიამში არ ეპარებოდა ეჭვი, კარგად იცოდა საქმე პატარა მონსტრთან ჰქონდა, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მაინც ფიქრობდა, რომ უბრალოდ მეტიჩარა გოგო იყო და არა ასეთი ფსიქოპატი. ნამდვილად არ ეგონა, რომ მოვლენების ამგვარ განვითარებას ნახავდა. ნეტავ რომ სცოდნოდა, რას უზამდა უუნარო ნარკომანი?
საწვავის სუნი ეცა წიეს. ეს სუნი ბავშვობიდან უყვარდა. სკოლა და ნავთით მოწმენდილი ძველი პარკეტის სურნელი გაახსენდა ახლაც.
_ რა გეგონა, ვერაფერს გავიგებდით?_ ჩაიცინა წიკლაურმა ავი წვრილხმიანი სიცილით წამოდგა და კუთხეში მიდგმული მოზრდილი ბალონი საკუთარი ხელით მიათრია ოთახის ცენტრში. _ გეგონა გაპატიებდი, რომ ამას ამდენ ხანს მალავდი? ჰმ,ბავშვი? თან მისგან? ამის სითამამე ნახეთ რა?!
გადაიხარხარა უცნაური ამაზრზენი სიცილით. თვალები უელავდა. ბლოკებზე მიყრილი ბოთლები ცხადად მეტყველებდნენ, რომ ბავშვები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. არც უამისოდ ჰგავდნენ ანგელოზებს და ახლა სულ დაჰკარგვოდათ ცხადად აზროვნების უნარი.
_ ბავშვი ლუკასი არაა!_ უკანასკნელად გაიბრძოლა დიანამ. იმედი ჰქონდა, თუ მარიამი ამას დაიჯერებდა, თავს დაანებებდა, მაგრამ რა იცოდა საბრალო მსხვერპლმა, რომ მთავარი საიდუმლო წინ ჰქონდა სწორედ.
_ ლუკა არ გეყო და მამაჩემიც მოგინდა?_ ახლა კი მართლა გაოცებით ახედა თვალებში დიანამ საკუთარ სისხლს და ხორცს. მას, ვინც წესით ყველაზე ახლობელი, ერთგული და მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო. მაგრამ მათ ჭუჭყიან და გაბზარულ სამყაროში ფერები არ ჰგავდნენ ჭეშმარიტ ფერებს. მარიამმა ვარდისფერი შარფი ყელს უკან გადაიგდო. უცნაური იყო, მაგრამ მათ სკოლაში ვარდისფერი, ეს სინაზის და სიყვარულის სიმბოლო, ყველას შიშის ზარს სცემდა.
_ რას გულისხმობა? რა მამაშენი?_ ამოილაპარაკა საწყალმა და მუხლის მონაცვლება სცადა. ისედაც ხომ ბავშვი იყო და თანაც ორსული და ასე ხელფეხშეკრული და დაჩოქილი აშკარად ძლივსღა იმაგრებდა თავს.
_ არ იცი არა?_ ბავშვებს გახედა დამცინავი სიცილით მარიამმა._ იცით, რომ დედამისი მამაჩემის ბოზ*ია? ჰოო, გიკვირთ არა? ღირსი მამა ანტონი უზარმაზარი რქებით დადის! ეს ძ*უკნა კი ჩემი დაა თურმე!
გაოგნებული უყურებდა დიანა წიკლაურს და არანაკლები გაოგნება ეტყობოდათ ბავშვებს. ამას არავინ ელოდა! პირადი შურისძიება? არა ეს უკვე ყველა საზღვარს სცდებოდა!
_ მარიამ იქნებ გვეყოს?_ წამოიძახა ერთმა შავკაბიანმა გოგონამ, კაბა ყველაფერს რომ უფარავდა დასაფარის გარდა. ერთი შეხედვით ვერც იტყოდით, რომ ჩვიდმეტი წლის იყო და სკოლას წელს ასრულებდა.
_რაო ლიკა? გული ხომ არ აგიჩუყდა? _ ასისინდა მარიამი_ და მაშინ სად იყო ეს შენი გული, როცა ლიანა ჯორბენაძეს თავს პარსავდი მამაშენის ფარეხში? ან შენ შიო? სად გქონდა სინდისი, როცა ალექსანდრე მხოლოდ იმიტომ დააგორე კიბეზე, რომ გუნდის კაპიტნობა წაგართვა? შენ ფეფო? აღარ გახსოვს რა დამართე ნინას ერთი სიტყვის გამო? გაგახსენოთ სათითაოდ?
ისეთი ხმა ამოსდიოდა ამ კაფანდარა სხეულს, ადამიანი იფიქრებდა, ეშმაკი ჩაუსახლდაო. წიე უსმენდა და გაოგნებისგან ტელეფონის ჩართვაც კი გადაავიწყდა...
_ ჯოჯოხეთი სულ ცარიელი აქვთ მანდ?_ ჰკითხა საკუთარ უჩინარ მესაიდუმლეს. _ რა ხალხია? რა სატანები?
ბოლოს გონს მოეგო, გაახსენდა რატომაც უთვალთვალებდა მათ, ლალის მობილური ამოიღო და გადაღება დაიწყო. მარიამმა ბალონს
წიხლი ჰკრა და წიეს კვლავ ნავთის მძაფრი სუნი ეცა.
საწვავი პატარა რუებად დაედინა ბეტონის ჭუჭყიან იატაკზე. მუხლებში შეუდგა დიანას. შიშმა აავსო გოგონას თვალები.
_ რას აპირებ?_ ძლივს გაიგონა წიემ მისი დაზაფრული ხმა.
_ შეწყვიტე მარიამ! უკვე ზედმეტები მოგდის!_ ფეხზე წამოდგა მაღალი გამხდარი ბიჭი.
_ რაო შეგეშინდა ლაჩარო?_ გადაიკისკისა წიკლაურმა შეშლილივით.
_ მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ!_ წამოდგა პატარა გამხდარი გოგონაც.
_ ხოდა წაეთრიეთ აქიდან! თქვენც მოგხედავთ! მაცადეთ! ყველას სათითაოდ მოგხედავთ!_ დაიმუქრა შეშლილის სახით მარიამი. სანთებელა ამოიღო და გაკრა. ბოლომდე სჯეროდა წიეს, რომ ყველაფერი მაინც რაღაც უაზრო თამაში იყო. რომ ლალის სიკვდილი აფექტი იყო და არა მონსტრის რომცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილება.
_ ის ხომ ბავშვია?!_ ჩურჩულებდა გულში წიე და გაყინული ხელებით ებღაუჭებოდა მობილურს.
_ მას მხოლოდ სახე აქვს უმანკო ბავშვის! სული? სული დიდი ხანია სატანას მიჰყიდა!_ ჩაესმა ჩურჩული. შეკრთა და ზურგს უკან მიიხედა. რა თქმა უნდა, არავინ დახვდა.
ბავშვები სათითაოდ ტოვებდნენ შენობას. კედელს მოფარებული წიე ყველაფერს ხედავდა.
_ ის მუცლით შენს ძმიშვილს ატარებს!_ ვეღარ იგებდა შეძრწუნებული კაცი,სად მთავრდებოდა რეალობა და იწყებოდა შემზარავი სინამდვილე. იქნებ სწორედ ახლა მის თვალწინ თამაშდებოდა დედამიწაზე ყველაზე დიდი ჯოჯოხეთი?!
როცა ბოლო ბავშვმა დატოვა ოთახი. იმედი მოკვდა დიანას თვალებში. ისე უყურებდა ანთებულ სანთებელას, თითქოს სანთელი იყო და თავად კი უკანასკნელ ლოცვას ამბობდა გულში. სწორედ მაშინ შეაბიჯა წიემ ჩამობნელებულ ოთახში.
_ შენ ვინღა ხარ?_ შეკრთა წიკლაური, თუმცა შეჩერება არც უფიქრია.
_ გადააგდე სანთებელა და წადი აქიდან! სანამ ჯერ კიდევ გაქვს შანსი!_ უთხრა წიემ და ნაბიჯით მიუახლოვდა.
_ ვინ ხარ?_ თითქოს ვიღაცას აგონებდა წიეს ლურჯი თვალები,მაგრამ ვერ იხსენებდა ვის.
_ მომეცი აქ სანთებელა და წადი აქიდან!_ კიდევ ნაბიჯით მიუახლოვდა.
_ დამეხმარეთ!_ ხავსს მოეჭიდა დიანა._ დამეხმარეთ გთხოვთ!
_ მოკეტე!_ თვალი მისკენ გაექცა მარიამს, მიხვდა სულ ცოტაც და შურისძიება ჩაეშლებოდა. _ მოკეტემეთქი!_ იკივლა. სწორედ იმ წამს წაატანა მაჯაზე ხელი წიემ. ავი სიცილით გაუშვა მარიამმა სანთებელა. ცეცხლმა იფეთქა. ნიაღვარივით მოედო ოთახს. აკივლებული დიანასკენ გაიწია წიემ, მაგრამ კეფაში რაღაც მოხვდა, შებარბაცდა, მუხლზე დაიჩოქა. დახედა და აგურის მოზრდილი ნატეხი შერჩა ხელთ. გაბრუვდა, თვალთ დაუბნელდა. მარიამი თავისას არ იშლიდა. შეშლილს მიუგავდა სახე. აღარ იყო მასში გრამი საღი აზრი. აღარც ადამიანი, აღარც რაღაც სხვა, რასაც მისი სულის გადარჩენა შეეძლო.
_ ის უნდა მოკვდეს!_ სისინებდა ავდ და წიეს შეჩერებას ახლა შიშველი ხელებით ცდილობდა. ცეცხლი უკვე დიანას სამოსზე ეკიდა, საზარელი კოშმარივით ჩაესმოდა წიეს ცეცხლმოდებული ორსული გოგონას ხმა. ირგვლივ დაყრილ ხარიხებს და სამშენებლო მასალებსაც ბრიალი გაუდიოდათ. სწორედ ის აგურის ნატეხი მოხვდა ხელში წიეს, რაც მარიამმა ესროლა. ინსტიქტურად დასწვდა და .....
შორიდან ისმოდა სახანძროს სირენის კივილი. კვამლში გახვეული შენობიდან ხელისცეცებით გამოაღწია სახედამწვარმა წიემ. ხველებას და სისუსტეს ყურადღება არ მიაქცია. ვინ დაუჯერებდა? რომც დაეჯერებინათ, ისეთი დრო იყო, ალბათ მასვე დააბრალებდნენ. ჰმ, თავდაცვა? მსხვერპლის გადარჩენის მცდელობა? ვინ იყო თავად? ნარკომანი, წყალწაღებული და ნახევრად შეშლილი კაცი... არავინ იყო წიე.. სრულიად არავინ. იმდენად არავინ, რომ ჯერ არ დაბადებული ძმისშვილიც კი ვერ დაიცვა. ხელს მაგრად უჭერდა ლალის ტელეფონს. ადრე თუ გვიან საიდუმლოს სინათლე უნდა ენახა, როგორც ყველა საიდუმლოს ამ ქვეყნად......

.......
თოვდა და გარემოს სპეტაკ, სუფთა საფარში ახვევდა. მანქანის ფარებმა თოვლში და დათოვლილ ნაძვებში ჩაფლული კოტეჯს რომ გაანათა, უკვე შუაღამე იყო. გვერდით მჯდომს გახედა მირიანმა. სიმშვიდემ აავსო მისი გონება. ნეტავ რა სიკეთისთვის დაიმსახურა, რომ ახლა ანინა მის გვერდით იყო? არა, ამ ცხოვრებაში არაფერი ჩაუდენია ამის საფასი. ალბათ ოდესმე, სხვა ცხოვრებაში... ვინ იცის, მაგრამ ახლა მთავარი იყო, რომ მასთან ამდენად ახლოს ყოფნა შეეძლო. შეეძლო მისი საყრდენი გამხდარიყო, მისი მფარველი, მასზე ეზრუნა. მისი ოცნებები აეხდინა. რა იყო ამაზე მეტად სასურველი ნატვრა? რა შეიძლებოდა ენატრა მირიან მენაბდეს ამაზე უფრო კარგი?!
_ მივედით!_ ფრთხილად შეეხო მკლავზე. უნებურად, რომ არ შეეშინებინა მძინარე._ გაიღვიძე მძინარა!
_ აუჰ, რას თოვს?_ პირველი თოვლი შენიშნა გოგონამ. კარი გააღო და პირდაპირ გადააბიჯა წელამდე თოვლში._ ნახე რამხელააა!
გადამდები იყო მისი გულწრფელი სიხარული. სწორედ ეს გამოარჩევდა მას სხვა ქალებისგან. სიხარული და აღფრთოვანება მარტივი, უბრალო საგნებით. მირიანი მანქანიდან გადმოვიდა. კარი მიხურა და კეფაში მოხვდა უზარმაზარი გუნდა. უკან მოხედა. ეშმაკურად უცინოდა თვალები ანინას.
_ ასე არა? _ ჩაეცინა მირიანს._ ხოდა მაცადე მაშინ!
მუქარით გამოუდგა უკან აკივლებულს. რამდენიმე ნაბიჯში დაეწია. წელზე ხელები მოხვია და აიტაცა. მასთან ერთად გულაღმა გადაეშვა თოვლში. ხელიდან რომ ვერ დაუსხლტა, თოვლი მოაგროვა მუჭებში ანინამ და სახეზე დააყარა. იღიმოდა მირიანი, ალბათ ბავშვობის შემდეგ პირველად. იღიმოდა იმ ბავშვივით, ვისაც ოდესღაც სწორედ ისე უყვარდა თოვლი, როგორც ახლა მის მკერდზე აფართხალებულ გოგონას.
_ რა გიხარია მირიან?_ ჰკითხა და მკერდზე იდაყვებით დაეყრდნო. სიმშვიდით და ღიმილით სავსე თვალებში ჩააცქერდა ინტერესით. როგორ აბნევდა ეს თვალები, როგორ ურევდა ფიქრებს?!
_ არ დამიჯერებ, რომ გითხრა ანინა!_ უპასუხა მან და თოვლიანი თმები სახიდან მოაშორა.
_ სცადე!_თითქოს გაამხნევა გოგომ.
_ მიხარია, რომ თოვს!_ უპასუხა, წამის შემდეგ, არდა ამხელა კაცმა, თავად მირიან მენაბდემ, ვის წინაშეც შიშით კრთოდა ბნელი სამყარო, ვერ გაბედა პატარა გოგონასთვის ეთქვა, მიხარია, რომ მიყვარხარო და საკუთარი სიხარულის მიზეზად თოვლი მოიმიზეზა.


13
სახლიც ისეთივე მყუდრო იყო, როგორც თოვლში ჩაძირული ნაძვნარი. ხისფერი კედლები, სქელი ხალიჩა, მომცრო ბუხარი, ატკრციალებული ცეცხლით, და უზარმაზარი ღუნღულა საბან გადაფარებული საწოლი.
იდგა ანინა და ოდნავი გაოცებით შესცქეროდა იმ უზარმაზარ საწოლს. კადრებად ახვევდა თავში იმ თითებზე ჩამოსათვლელ დღეებს, რაც მირიანის გვერდით გაატარა. იქნებ ცდებოდა და ეს არ იყო სიყვარული? განა შეიძლება უცნობი ადამიანის შეყვარება? განა შეიძლება ორიოდ თბილი სიტყვა ნდობის მიზეზი გახდეს? ფიქრობდა და ვერ პოულობდა მიზეზს, რის გამოც ასე ბრმად გამოჰყვა მირიანს ამ გადასაკარგავში. ვინ იყო მირიანი? ვინ?
_ რაზე ფიქრობ?_ ზურგიდან რომ ჩაეხუტა და ხელები მოხვია შეკრთა ანინა. არ გამოჰპარვია მირიანს მისი შეკრთომა. _ ნანობ, რომ ახლა აქ ხარ?
სწორედ ის კითხვა დაუსვა, რასაც თავს არიდებდა ანინა. საწოლს თვალი მოაშორა და მისკენ შებრუნდა. თვალებში ჩახედა. რამდენიმე წამს უყურა და გაოცდა ანი. სიმშვიდის მეტი არაფერი ჩანდა მის ღამისფერ თვალებში, ცეცხლის ალს რომ ირეკლავდნენ და ფიქრებს ურევდნენ.
_ არა, მინდა აქ ყოფნა. შენთან ყოფნა. _ ბოლო სიტყვები გაუბედავად უთხრა. იცოდა მირიანმა, რომ სწორედ ახლა იყო შესაფერისი დრო, რათა ის ეთქვა, რასაც მისი დანახვის დღიდან გულით დაატარებდა. მაგრამ უცნაური ის იყო, რომ წამში გაუბედავი გამხდარიყო თავად ქარიშხალი. საყვარელი ქალის წინაშე ნიავადღა ქროდა. ვერ ხვდებოდა მირიანი, როგორ იმორჩილებდა ამ სუსტი, უმწეო ჩიტის სიახლოვე. „ ესა ნამდვილად სიყვარული!“ გაიფიქრა მან და სასურველი ტუჩებისკენ დაიხარა.
_ მიყვარხარ ანინა!_ უთხრა იმდენად ხმადაბლა, რომ გოგონას ეგონა მოეჩვენა. რამდენიმე წამს შეიცადა, დრო მისცა გასააზრებლად, მერე კი როცა ანინას თვალებში სათითაოდ აენთო ციმციმა ვარსკვლავები მის ტუჩებს დაეწაფა. მისი იყო ახლა, მხოლოდ მისი. გარეთ კი თოვდა, თოვდა და თოვდა....
მირიანის კაბინეტში იჯდა ცოტნე და გაოცებული ფიქრობდა იმ ნარკომანის მონათხრობზე. ხელში მობილურს ათამაშებდა და ვერ გადაეწყვიტა დაერეკა თუ არა მირიანთან. წლები იყო მას იცნობდა. და არასდროს ენახა, მის თვალებში ასეთი სიმშვიდე. სულ იბრძოდა მირიანი. ხან გარეშე სამყაროს ებრძოდა, ხანაც საკუთარ სულში ჩაბუდებულ სიბნელეს. სულ ზღვარზე დადიოდა და ცოტნე ყველაფრის მოწმე იყო. ვერა, ვერ წაართმევდა მენაბდეს ამ დამსახურებული ბედნიერების წამებს. განა რა მოხდებოდა სამიოდ დღეში? თუმცა კარგად იაზრებდა, რომ ყველა შეცდომა, რომელიც მის სიჩუმეს მოჰყვებოდა, მისი ბრალი იქნებოდა, მაგრამ თავს ვერაფრით აიძულა მირიანის ნომრის აკრეფა. მირიანის ნაცვლად მისი სახელი მიძებნა კონტაქტებში, ვინც გაბელიას მეთვალყურედ ყავდა დატოვებული.
_ მისმინე, ეგ არაკაცი აქ ამოიყვანე კი ახლოს მეყოლება და მშვიდად ვიქნები! მალე დაბრუნდება მირიანი და დანარჩენს ის მოიფიქრებს._ მობილური გათიშა და საკუთარი თავით კმაყოფილმა ჩაიდო ჯიბეში.

...
რასაც ქვია კარდაკარ ჩამოიარა ქუჩა ცოტნემ. გამჭრიახი კაცი იყო. ხვდებოდა, წარსულის ამბები უკვალოდ ვერ გაქრებოდნენ. მხოლოდ კარგად უნდა დაკვირვებოდა. ყურადღებით მოესმინა და მიზანს მიაღწევდა. სწორედ ასეც მოხდა. ძველ მისამართზე ვერ მიაგნო ლალი მურჯიკნელის ნათესავებს. ძველმა მეზობლებმა უთხრეს, რომ გოგონას მშობლებმა მალევე იმ საშინელი დანაკარგიდან სახლი გაყიდეს და სადღაც სოფელში გადაცხოვრდნენო, უფრო ზუსტი მისამართი აღარ ახსოვდათ. უფრო მარტივი ლუკას კვალზე გასვლა აღმოჩნდა. ლუკას დედა წლებია გარდაიცვალა, ხოლო ძმა ახლა ნარკოლოგიურის პაციენტიაო. სულ მალე მიაგნო ცოტნემ წიეს და ესტუმრა კიდეც.
სავარძელში იჯდა გამხდარი, თითქოს გაურკვეველი ასაკის კაცი. უცნაურ სიფითრეს და გამომშრალ, მომჭკნარ კანს სადღაც გაექრო ოდესღაც სიმპატიური ნაკვთები. თვალების ფერიც გახუნებოდა წიეს და მოძრაობაც თითქოს შენელებული და მძიმე გახდომოდა. ეჭვი უკრთოდა მზერაში და მოღუშულ მზერას არ აშორებდა სტუმარს. აღარავის ენდობოდა წიე. აღარც იმედი ჰქონდა, რომ ოდესმე შურს იძიებდა და იმ საშინელ საიდუმლოს ფარდას ახდიდა. კვლავ საკუთარი თავის რწმენა აკლდა უბედურ წიეს. თუმცა ხვდებოდა, რომ ეს ბოლო შანსი იქნებოდა. უკანასკნელი გაბრძოლება გარდაუვალი დასასრულის წინ. ახლა დასაკარგიც აღარაფერი ჰქონდა წიეს, არც ეს საცოდავი არსებობა უღირდა რამედ, ახლა მისი სიცოცხლე რასაც ერქვა.
_ გამარჯობა ბატონო ნიკოლოზ!_ უცხოდ ჩაესმა წიეს საკუთარი სახელი. წლები იყო წიე იყო და მეტი არავინ სხვა.
სავარძლიდან წამოიწია და გამოწვდილი ხელი ჩამოართვა ცოტნეს. მისდამი გამოჩენილმა ამ მცირედმა პატივისცემამაც კი თავი ადამიანად აგრძნობინა.
_ დიახ, თავად ვინ ბრძანდებით?_ ჰკითხა და მივიწყებული ზრდილობა გაიხსენა წიემ._ ჩვენთან არც ისე ხშირად დადიან, თქვენნაირი სტუმრები!
კვლავ ეჭვით ააყოლა ცოტნეს ბრგე მოვლილ სხეულს თვალი წიემ და უნებურად სინანულმა მარწუხი მოუჭირა გულზე. რომ არა წამალი, თავადაც სპორტსმენი იქნებოდა ახლა. ვინ იცის წარმატებულიც?! ახლა ბევრ რამეს ნანობდა წიე. სინანულის მეტი არაფერი გააჩნდა და მასაც ისე ებღაუჭებოდა, როგორც აუხდენელ ოცნებას.
ცოტნემ თავი წარუდგინა და მოსვლის მიზეზი გაანდო.
_ არ დაგიმალავთ ბატონო ნიკოლოზ და ჩვენ ერთობ ძველ და იდუმალ ამბავს ვიძიებთ, რომელშიც სავარაუდოდ თქვენი უმცროსი ძმაც იყო გარეული.
_ ლუკა?_ გაიოცა წიემ ძმის სახელის ხსენება. არც ახლა და არც მაშინ ლუკა არავის გახსენებია. არც მაშინ, როცა ლალი დაიკარგა, არც მერე, როცა ის ალქაჯები ცეცხლში დაიწვნენ. ლუკაზე ერთი კითხვაც არ დაუსვამს ვინმეს. ერთი იმ ქალი ჟურნალისტის იმედი ჰქონდა წიეს და ისიც მოიშორეს. ახლაც, სანამ აქ ამოყოფდა თავს რამდენიმე დღით ადრე ბოლოჯერ სცადა ბედი წიემ და უძილაურს სავარაუდო მკვლელის მამხილებელი ვიდეო მის ქმარს მიუგდო. მაგრამ რა გამოვიდა? ისიც კინაღამ შეიწირა ამ საიდუმლომ. ხოდა ხელი ჩაიქნია წიემ. იქნება სულაც არ ღირდა წარსულის ამბის გაქექვა. არა საკუთარი სიმშვიდის გამო, არამედ იმიტომ, რომ მეტისმეტად ცდილობდა ვიღაც წარსულის კვალის გაქრობას. აღარ სურდა წიეს ვინმეს უბედურების მიზეზი გამხდარიყო. და სწორედ ახლა, როცა დანებება გადაწყვიტა, გამოჩნდა ვიღაც, ვინც ლუკას ამბით იყო დაინტერესებული. რა იყო ეს უბრალოდ დამთხვევა, თუ ბედის უცნაური ირონია?
_ იმდენი წელი გავიდა იმ ამბის მერე!_ ჩაილაპარაკა წიემ. „დრო შეიცვალაო!“ გაიფიქრა გულში. იქნებ დღეს უფრო ადვილი იყო მიძინებული ნაღვერდალის გამოღვიძება. „დღეს უფრო თამამია ხალხი! მეტი რესურსი აქვთ!“ გულში სათქმელს წონიდა. ღირდა კი მიყუჩებული ტკივილების აფორიაქება?
_ ნამდვილად ასეა ბატონო ნიკოლოზ! თუმცა სჯობს გვიან , ვიდრე არასდროს! აი თქვენ აქ ხართ._ ხელი მოავლო სტაციონარის არც თუ გულმისავალ ინტერიერს ცოტნემ._ ისინი კი იქ, ანდაც უფრო მაღლაც! მათ პასუხი არ აგეს! და უკვე დაივიწყეს კიდეც, რაც მოხდა ათი წლის უკან, მაგრამ თქვენ? თქვენ დაივიწყეთ? ჩვენ თქვენი დახმარება შეგვიძლია! სულ ცოტა მათი შებღალული სახელის ჭუჭყისგან გაწმენდა, ამას ხომ იმსახურებდა თქვენი ძმა?!
კარგად იცოდა ცოტნემ, არ იყო რთული გაჯიუტებული კაცის გატეხვა. მთავარი იყო მასში მიძინებული შურისძიების წყურვილი გამოეღვიძებინა. არც შემცდარა. ცოტა ხანში წიე ცოტნეს მანქანაში იჯდა და მირიანის სახლისკენ მიდიოდა. ასე ათი წლის დუმილის, დარდის, ტკივილის და გაუგებრობის შემდეგ საავდრო ღრუბლები თავს იყრიდნენ მენაბდის სახლს ზემოთ. ხოლო წიკლაურისა და დანელიას ოჯახების უფროსების კისერზე სულ უფრო იკვრებოდა ყულფი. თუმცა მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, თუ როგორ იცვლიდა ქარი მიმართულებას და არხეინად აგრძელებდნენ დაუმსახურებელ მშვიდ სუნთქვას.....

თოვის ხმა, ყველაზე მშვიდი და უხმოდ მუსიკალური... გიფიქრიათ, რომ ამ ჩურჩულის მსგავს ხმას ყველაზე დიდი მყუდროებით შეუძლია სახლის ავსება? მაღალი პანორამული ფანჯრიდან მოჩანდა ვრცელი თოვლში ჩაფლული ნაძვნარი. ისეთი გრძნობა ეუფლებოდა ანინას, რომ საწოლი შუაგულ მინდორში იდგა. თავზე ათოვდათ ერთმანეთზე ჩაკრულებს და რაღაც ჯადოსნური გუმბათი აკავებდა თოვლის ფანტელებს. სიმყუდროვე და სიმშვიდე ავსებდა ანინას. თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობდა. იცოდა, რომ სასურველი იყო, მნიშვნელოვანი, ერთადერთი. იცოდა, რომ უყვარდათ და თავადაც იგივე გრძნობა ავსებდა. სახე ასწია, კაცის მკერდს დააყრდნო მოხრილი მკლავი და თვალდახუჭულ მირიანს დააცქერდა. ახლა სულ სხვანაირი იყო ეს პირქუში ადამიანი. ხშირ წამწამებს, მკვეთრ კონტურიან ტუჩებს სიმშვიდე ეფინათ.
_ მითვალთვალებ პატარა ჩიტო?_ ჰკითხა ღიმილით მირიანმა და თვალები არ გაუხელია, ისე ჩაიხუტა გულში ანინა.
_ იცი, რომ შენ ძალიან ლამაზი ხარ?_ ჰკითხა სიცილით ანინამ.
_ ლამაზი?_ ლამაზი ხარო, ბავშვობაში მერე, დედა რომ ეუბნებოდა, აღარავის ეთქვა მისთვის. _ ლამაზი?! _გაეცინა ხმამაღლა._ აი, ასე აბრმავებს სიყვარული პატარა გოგოებს!
_ ვინ გითხრა, რომ მიყვარხარ?_ ყალბად მოიქუფრა ანინა.
_ ანუ არ გიყვარვარ?_ ჰკითხა მირიანმა და ოდნავ ასწია გოგონა მაღლა, პირდაპირ თვალებში ჩახედა.
_ არა!_ თავი ჯიუტად გააქნია გოგომ.
_ესეიგი არა?_ წარბი შეიკრა მირიანმაც.
_ არამეთქი!_ მტკიცედ უთხრა ანინამ და თვალი აარიდა.
_ ხოდა ქალბატონო ანი, თქვენ ამის გამო დაისჯებით, რომ ასეთი უგულო და ბოროტი ბრძანდებით!_ საწოლიდან წამოხტა მირიანი, ხელში აიტაცა ნახევრად შიშველი ქალი და პირდაპირ ფეხშველმა გააბიჯა თოვლში ჩაფლულ ეზოში.
_ არა მირიან! არა!_ იცინოდა ანინა და ხმამაღლა ყვიროდა._ ცივა შე არანორმალურო! ცივა!
მირიანი ყურადღებას არ აქცევდა აფართხალებულს და ლამის წელამდე თოვლში მიაბიჯებდა. ისეთ ადგილს ეძებდა, სადაც უსაფრთხოდ ჩააგდებდა ხელში ატაცებულ ქალს.
_ არ გაბედო მირიან! იცოდე, არ გაბედო!_ კისერზე ხელებს უჭერდა ანინა და მთელი სხეულით ეკვროდა, დილის სუსხით აკანკალებული.
_ აბა გაიმეორე, რომ არ გიყვარვარ!_ თოვლის ბორცვის წინ დადგა მირიანი და ვითომ გაბრაზებულმა დახედა მის მკერდში ჩაკრულ ყველაზე ძვირფას არსებას.
_ მოგატყუე! მიყვარხარ!
_ გაიმეორე, რაღაც ვერ გავიგე!
_ მიყვარხარ!_ იცინოდა ანინა.
_ უფრო ხმამაღლა!_ წარბს არ შლიდა მირიანი.
_ მიიყვარხაარ!_ ექოდ მოედო ანინას მხიარული ხმა იქაურობას.
_ ახლა გავიგე! _ გაეცინა მირიანს ზურგი აქცია თოვლის გორას და ზურგით გადაეშვა შიგ. ცას ახედა, თოვდა და თოვდა. ბედნიერი იყო მირიანი. არასდროს რომ არ ყოფილა ისეთი ბედნიერი. სახლისკენ გაიხედა, წივილ_კივილით გარბოდა ანინა სახლისკენ. ციოდა, მაგრამ სიცივეს ვეღარ გრძნობდა მირიან მენაბდე. სახიდან თოვლის ფანტელი მოიშორა. სწრაფად ადგა, სირბილით დაეწია აცახცახებულ ანინას, ხელი დაავლო მხარზე მოიკიდა და სახლისკენ გაარბენინა. იცოდა მირიანმა დღეს თუ ხვალ უკან დაბრუნება მოუწევდა, მას კი ახლა აღარაფერი სურდა იმის გარდა, რომ არასდროს გადაეღო თოვას....
_ სანამ ის ამბავი მოხდებოდა, მათ სკოლაში ბიჭმა თავი მოიკლა. _ უყვებოდა ცოტნე დემნას._ სავარაუდოდ მართლა სუიციდი იყო, ანდაც სუიციდამდე მიიყვანეს როგორღაც ის ბავშვი. ლუკა წარჩინებული მოსწავლე იყო, დაბალი ფენიდან. რაღაც კავშირი ჰქონდა ამ ამბავს წიკლაურების გოგონასთან. თუმცა საჭირო კავშირების წყალობით ეს ამბავი მალევე ჩაიფარცხა. ეს კი მისი უფროსი ძმაა, ნიკოლოზი. წიეს სახელით იცნობდნენ მაშინ. საინტერესო ისაა, რომ წიე კარგად იცნობდა ლალი მურჯიკნელსაც.
_ მახსოვს ეგ გოგონა, მარიტა მიყვებოდა მასზე, იმ ამბამდე რამდენიმე თვით ადრე უგზო_უკვლოდ გაუჩინარდა. _ დაფიქრებით უპასუხა დემნამ._ ამდენი დამთხვევა შემთხვევითი ვერ იქნება. ალბათ ასე ფიქრობდა მარიტაც.
_ მას და მირიანს შეხვედრა რომ დაცლოდათ, ალბათ დღეს სხვა ფაქტის წინ ვიდგებოდით!_ თავი გადააქნია ცოტნემ.
_გადელიამ ყველაფერი იცოდა. იმ არაკაცმა._ არ სურდა დაჯერება, მაგრამ ფაქტებს გვერდს ვერ უქცევდა დემნა.
_ არა მარტო იცოდა, თავით _ფეხებამდე გაბმული იყო ამ ამბავში. სიხარბემ აიძულა დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმა ვა ბანკზე წავიდა, მაგრამ წიკლაურის ხელის ბიჭად კი იქცა. ახლა კი, წიკლაურის ხალხი გამწარებული დაეძებს. ალბათ მისი გაჩუმება აქვთ გადაწყვეტილი. _ დაუდასტურა ცოტნემ._ ამიტომ გადმოვიყვანე აქ. ხვალ მირიანი და ანინა დაბრუნდებიან. ბევრიც აღარ დარჩა ბატონო დემნა. მალე ყველა საიდუმლოს ფარდა აეხდება.
მას შემდეგ, რაც ანინას თვალებში ამოიკითხა დემნამ, თუ რას ფიქრობდა მისი ქალიშვილი მენაბდეზე, ანერვიულდა. თავიდან იფიქრა, ჩაერეოდა, მაგრამ მერე გაახსენდა, როგორ ცდილობდა მარიტას მამა მათ დაშორებას. გაახსენდა რამდენი შეცდომა დაუშვა მისმა სიმამრმა. და სადამდე მიიყვანეს ამ შეცდომებმა. წლები არ ეკონტაქტებოდა მარიტა მამას. მანამ სანამ ანი არ დაიბადა. მხოლოდ შვილიშვილის გაცნობის ხათრით მიიღო და აპატია მამას. ახლა თავად უნდა ქცეულიყო ავ მამად? იქნებ სწორედ ეს სჭირდებოდა ანინას. უსაფრთხოება, დაცვა და მზრუნველობა. რომ არა მირიანი ვინ იცის რა უბედურება დატრიალდებოდა იმ ღამეს, როცა ჯონიმ სასხლეტს გამოკრა თითი? ახლა ხომ იაზრებდა, რომ მირიანი მიუხედავად უამრავი ნაკლისა სულაც არ იყო ისეთი ადამიანი, ვისი ნდობაც საეჭვო იყო. ამიტომ გადაწყვიტა მათ ამბავში არ ჩარეულიყო. თუ ეს ბედი იყო, თუ ეს მის შვილს სიმშვიდეს მოუტანდა, დაე თავად გადაეწყვიტა, სურდა თუ არა ბედის მენაბდესთან დაკავშირება. ამაზე ბევრს ფიქრობდა დემნა და საკუთარ ეგოისტურს მამობრივ გრძნობებს გულში იკლავდა.
წლები იყო ანტონ დანელიას ცოლი საზღვარგარეთ ცხოვრობდა. გაყრა მისაღები არ იყო „წმინდა“ მამის იმიჯისთვის. თუმცა სიმართლე, რომელმაც მათი კავშირი დაანგრია თავს არ ანებებდა ღმერთის მსახურს. არ შველოდა გულში დაგროვილ ბოღმას არც პრადოს ჯიპები, არც ლამის ღიპამდე სამ წყებად დაკონწიალებული მაჯის სიმსხო ოქროს ჯაჭვზე აცმული მტკაველიანი ჯვრები. დღეს საკმაოდ ცნობილი და პატივსაცემი მოძღვარი დიდების სხივებში ცურავდა. მართალია ცოლი მოიშორა და ქვეყნიდან გააძევა, მაგრამ ქალებიც არ აკლდა მის უწმინდესობას. თუმცა დასანახად სძულდა ერთ დროს საიმედო მეგობარი. მოთმინებით იცდიდა და ღმერთის თუ არა ეშმაკის იმედი ნამდვილად ჰქონდა, რომ ოდესმე საკადრისს მიუზღავდა მოღალატეს და ფლიდს. სხვისი ცუდის დევნა კირკიტში საკუთარი ცოდვები ავიწყდებოდა ანტონს და დარდს და უსამართლობას უდარდელი,ფუფუნებაში განცხრომით ცხოვრებით იქარვებდა.
აი ბატონ მინისტრს კი უდარდელი ცხოვრებისთვის არ ეცალა. სადღაც გაუჩინარდა ჯონი გაბელია. სანამ მოკლე ჯაჭვზე ჰყავდა გამობმული და ნასუფრალს უყრიდა, იცოდა, ხმის ამომღები არ იყო, მაგრამ ახლა? ახლა არ იცოდა რა მოლოდინი უნდა ჰქონოდა მისგან. ეს მირიან მენაბდეც ყელში ჰყავდა თევზის ფხასავით გაჩხერილი. ბოლო სამი ლამის მოგებული ტენდერი ხელიდან გააგდებინა. ესეც არ იკმარა და მშენებლობის წილიც დაათმობინა. ეშინოდა სინამდვილეში კახა წიკლაურს მენაბდის. როდის დაუსხლტა ხელიდან ეს ლეკვი და როდის გადაიქცა სახიფათო ქოფაკად?! ვერაფრით იხსენებდა კახა. არადა რამდენი რამ შესწირა საკუთარ კარიერას? ორივე ქალიშვილის სიცოცხლე მსხვერპლად მიუტანა დიდების დემონს საკურთხეველთან. და როცა ეგონა ყველაფერი დავიწყებას გადაეცა, თავიდან ამოტივტივდა წარსული, როგორც ტბაში წლების წინ საიმედოდ გადანახული გახრწნილი ცხედარი.
_ ისევ ვერ გახვედით გაბელიას კვალზე?_ ცდილობდა ნერვიულობა არ დასტყობოდა. ჭიქაში მაგარი ვისკი ესხა და თითებში ატრიალებდა ყინულიან სირჩას.
_ მირიანის ხალხი ჩაერია უფროსო!_ მოახსენა მაგიდის წინ ატუზულმა თანაშემწემ. სირჩაზე თვალგაშტერებული იხსენებდა კახა იმ ღამეს, როცა მარიამის წამოსაყვანად გაგზავნა მირიანი. იხსენებდა მასთან საუბარს. როცა მირიანმა პირველად წამოუყენა თამამი პირობა. და თუმცა კი არ იცოდა რა გადახდა თავს მარიამს, და მისი მუქარანარევი პირობაც დიდი ალბათობით პირობადვე დარჩენოდა, მაინც უკან დაიხია კახამ იმ ღამეს. და სწორედ ამას მოჰყვა მირიანის გათავხედებაც.
_ მაგის დედაც მო....ნ! მაგ ნაბიჭ...ვარის!_ კედელს შეახეთქა სასმელი კახამ. _ გადაქექეთ ყველაფერი და მიწიდან ამოთხარეთ ის დედა მო...ი გაბელია! რატომ თავის დროზე არ დავაჭედე ტყვია შუბლში, მე მაგის...._ კიდევ დიდხანს ისმოდა წიკლაურის კაბინეტიდან უშვერი ლანძღვა _გინება. დორბლებს ყრიდა გაცოფებული მინისტრის. თუმცა არავინ იცოდა, რამ გააცოფა და გადარია. შეშინებულები ერთმანეთს უყურებდნენ ოფისის თანამშრომლები. მზე ჩადიოდა ფანჯრებს მიღმა და ეჩვენებოდა ბატონ ყოვლის შემძლე მინისტრს, რომ ეს მისი წარმატების და დიდების მზე იყო.
.......
_ შენთვის რაღაც მაქვს!_ უთხრა მირიანმა ცეცხლის წინ, ნოხზე ფეხმორთხმით მჯდარ ანინას. _ რაღაც, რაც უკვე კარგახანია თან დამაქვს და სწორი დრო ვერ შევარჩიე, რომ მოგცე.
_ რა არის მასეთი?_ დაინტერესდა გოგონა. ღვინის ბოკალი იატაკზე დადგა და მირიანსიკენ შებრუნდა. მომცრო ქაღალდის ლამაზი პარკი გამოუწოდა მენაბდემ._ რა არის ეს?
გამოართვა და გახსნა. თავლები გაუბრწყინდა. რაც აქ იყო სულ იმას ფიქრობდა, აპარატი რომ ჰქონოდა. უამრავ ლამაზ კადრს გადაიღებდა და სამახსოვროდ შეინახავდა. ყუთი გახსნა და ფოტო_აპარატი ამოიღო.
_ ულამაზესია! ზუსტად ასეთი მსურდა! მადლობა!_უთხრა სიხარულით და ხელები მოხვია. შემდეგ, როცა აპარატი ჩართო და ის სურათი აღმოაჩინა შიგნით, დემნას რომ გადაუღო, სწორედ იმ საბედისწერო საღამოს, გაოცებულმა შეხედა მირიანს. გაუკვირდა, რომ ამდენად პატივს სცემდა და ახსოვდა მისთვის მნიშვნელოვანი დეტალები. კიდევ ერთხელ გაიაზრა, რომ მირიანის ცივი და ქედმაღალი იმიჯი მხოლოდ ფასადი იყო, ნიღაბი, რომელსაც დაატარებდა, მაგრამ სულის სიღრმეში ამდენად ფაქიზი და დაკვირვებული იყო.
_ მირიან! ნუთუ ესეც შეინახე!_ თავლები ცრემლით აევსო.
_ მაპატიე, რაც გავაკეთე, რომ შეგაშინე, რომ ძალით წაგიყვანე, რომ იმ ოთახში გამოგკეტე. ხან, რომ ვიხსენებ იმ ყველაფერს, რამაც შენთან დამაახლოვა, ვერ ვიჯერებ, რომ ახლა აქ ხარ. რომ ჩემგან თავქუდმოგლეჯილი არ გარბიხარ. _ სინანული იმდენად აშკარად ისმოდა მირიანის ხმაში.
_ ყველაფერი ალბათ ასე უნდა მომხდარიყო! ახლა ვფიქრობ, რომ ამად ღირდა. თუ ბოლოს შენ გიპოვნიდი!_ საჩუქარი ნოხზე დადო ანინამ და ჩაეხუტა._ მაშინ რომ არ გამომყოლოდი, ალბათ ეს დღე არ დადგებოდა. მითხარი, ამის გააზრებით, გააკეთებდი იგივეს?
_ არა!_ არც კი დაფიქრებულა ისე უპასუხა მირიანმა._ ცოტა რომ მეფიქრა და საკუთარ ეგოისტურ სურვილს არ ავყოლოდი, ამას არ გავაკეთებდი.
_ ანუ? ანუ ნანობ, რომ..._ მისი გაბუტული სახე რომ დაინახა, მირიანს გულიანად გაეცინა.
_ როცა ერთ დღეს მეორედ დაგინახე, უკვე ვიცოდი, რომ მესამედ ჩემით მოგნახავდი! უბრალოდ სხვა გზას ვიპოვნიდი შენი გულის მოსაგებად!
_ მეორედ? რას გულისხმობ?_ დაინტერესდა ანინა.
_ იმ დღეს, ჯერ კიდევ, დილით კაფეში გნახე პირველად! სანტას ქუდი გეხურა, ერთობოდი და თვალებში ისეთი ნაპერწკალი გენთო! ვიფიქრე, რომ არასდროს დაგაინტერესებდა ჩემნაირი ადამიანი. გული დამწყდა, რომ სხვა ვინმე არ ვიყავი, ვიღაც, ვინც შენს სინათლეს იმსახურებდა._ უყვებოდა და მის ემოციას აკვირდებოდა. ყურადღებით უსმენდა ანინა.
_ ანუ მიცანი, როცა სახლიდან გამოვიქეცი? ამიტომ გამომყევი?
_ იმიტომ გამოგყევი, რომ ვიფიქრე ეს ის შანსი იყო, რომელიც მხოლოდ ერთხელ ეძლევა ადამიანს. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სწორი იყო ჩემი საქციელი. ხომ შეიძლებოდა მოვლენები სულაც სხვაგვარად განვითარებულიყო და შენ ჩემი დანახვაც აღარ გდომებოდა?_ დაფიქრდა ანინა. გაახსენდა როგორ უკანმოუხედავად დატოვა მირიანი, როცა სახლში დააბრუნა იმ საღამოს. კი,ნამდვილად მართალი იყო ის. რომ არა დემნას თავს გადამხდარი უბედური შემთხვევა და შემდეგ მირიანის ყურადღება და მზრუნველობა,ვერასდროს დაინახავდა მასში ღრმად გადამალულ გულისხმიერ ადამიანს, ვინც ასე უპირობოდ უყვარდა დღეს.
_ და კიდევ არის ერთი რაღაც,_ გამოაფხიზლა ფიქრებიდან მირიანმა._ თუ გინდა ძველმოდურ ადამიანად მიმიღე, თუ გინდა იფიქრე, რომ ვაჭარბებ, მაგრამ მინდა ეს საჩუქარიც მიიღო ჩემგან.
ჯიბიდან პატარა ბრჭყვიალა ბეჭედი რომ ამოიღო მენაბდემ, თვალები გაუფართოვდა მოულოდნელობისგან ანინას.
_ მინდა სულ ჩემთან იყო, როგორც ჩემი კანონიერი ცოლი! მინდა ჩემი დარჩენილი დღეები შენს გვერდით გავატარო!_ მაინც რა გაუბედავი ხდებოდა მირიანი ანინას წინ. ეს სულ აოცებდა და აღაფრთოვანებდა მას.
_ დარწმუნებული ხარ?_ მარტო ეს კითხა ანინამ.
_ მეე?_ გაეღიმა მირიანს. _ შენ? შენ თუ ხარ დარწმუნებული, აი ესააა მთავარი!
_ დარწმუნებული ვარ! არასდროს ვყოფილვარ რამეში ამდენად დარწმუნებული!_ უპასუხა ანინამ. გულზე დაწოლილი სიმძიმე მოეშვა მირიანს. აღარ ფიქრობდა რა მოყვებოდა დღევანდელ დღეს. ყველაზე მთავარი ანინა, მის გვერდით იყო ახლა. ხელები მოხვია, აიყვანა და გულში ჩაიკრა.
_ არასდროს მიფიქრია, რომ სიყვარული ასე თავისით მიპოვნიდა. შენ მგონი ყველაზე ფარულ ოცნებებს ასრულებ ჯადოსნური გოგო!_ უთხრა და მისი სახე ხელისგულებში მოიქცია.....
დილით ადრე დაბრუნდნენ ანინა და მირიანი თბილისში. ნელის შეუმჩნეველი არ დარჩენია ანინას თითზე მობრჭყვიალე ბეჭედი. სახე გაებადრა ქალს. სცდა თავი მოეჩვენებინა, ვითომ ვერ შეამჩნია, მაგრამ აღაჟღაჟებულ ლოყებზე ემჩნეოდა, რომ ძალიან გახარებული და კმაყოფილი იყო. ზოგჯერ სიტყვები არ არის საჭირო, რომ დაინახო და ამოიცნო ადამიანის თვალებში ბედნიერება. სწორედ ამ ბედნიერებას ხედავდა ნელი ახლა მირიანის თვალებში და ეს ბედნიერება სახლს ანათებდა თითქოს.

მაგიდის გარშემო ისხდნენ მირიანი, დემნა, ცოტნე, წიე და ჯონი. თვალს ვერ უსწორებდა გადელია ერთ დროს საუკეთესო მეგობარს. რა ჰქონდა მისთვის სათქმელი? თავს რით გაიმართლებდა?
თავის გადასარჩენად ახლა, მენაბდეს ძალა და დემნას გულმოწყალებაღა ჰქონდა დარჩენილი და ეს კარგად იცოდა.
_ რატომ გააკეთე ეს ჯონი? ასე როგორ მოგვექეცი?_ ჰკითხა დემნამ და თვალის გასწორება აიძულა.
_ თავიდან უბრალოდ ადვილი ფული მინდოდა. მე მარიტას მსგავსი პატიოსნებისგან შორს ვიყავი დემნა. სულ არ მადარდებდა პროფესიული ეთიკა და მისთანები. მაგრამ დაუდევრობამ სადამდეც მიმიყვანა ახლა შენც იცი! და ვფიქრობ ეს დასასრული არ არის._ თვალი აარიდა ჯონიმ._ ყველაფერს ვიტყვი, სასამართლოზეც მოწმედ გამოვალ. ალბათ დრო მივიდა პასუხისგების. მაგრამ მარიტა მე არ მომიკლავს. როცა რესტორანთან მივედი ყველაფერი დასრულებული იყო. მე კი შურით და ბრაზით დაბრმავებული, იმას ვაკეთებდი, რასაც წიკლაური მიბრძანებდა. სხვაგვარად ვერც მოვიქცეოდი. უკვე ყელამდე ნეხვ.ში ვიჯექი!_ მაგიდაზე დაწყობილ ხელებს დასცქეროდა გადელია. თითები უკანკალებდა. ახლაღა აცნობიერებდა საკუთარი სულის სიბნელეს. ყველა და ყველაფერი გასწირა, მაგრამ სისთვის? რა მიიღო სანაცვლოდ?

_ საკუთარი შვილის ბედი არ ადარდებდა კაცს კარიერას შესწირა და სხვისას დაინდობდა? არადა დღეს როგორი სახელი აქვთ, გინდა ერთს, გინდა მეორეს._ მტკიცებულებებს ახარისხებდა ცოტნე, თან გაოცებას ვერ მალავდა. ერთი ერთმანეთზე უარესი ფაქტები გამოდიოდა დღის სინათლეზე. წიეს მიერ მოტანილი უტყუარი მტკიცებულებები, ლალის მობილური, მის მიერ გაკეთებული ვიდეო_ჩანაწერები, ლუკას დღიური და კიდევ მისი პირით მოთხრობილი ფაქტები საზარელი იყო. ამას დამატებული წლების წინ მირიანის მიერ ყოველი შემთხვევისთვის შენახული სისხლით დასვრილი მარიამის მანქანის ფარი. ერთი სიტყვით საქმე მათი იყო. ახალი დღიდან წიკლაურს და დანელის თავს ქარიშხალი დაატყდებოდათ. ეს ისეთივე გარდაუვალი იყო, როგორც ის, რომ განთიადის წინ ღამე ყველაზე ბნელია.
რამდენიმე თვე გაიწელა სასამართლო პროცესი. სკანდალი აგორდა. მიუხედავად ქრთამის მიცემის მცდელობისა, გავლენიანი ნაცნობებისა და სხვათა და სხვათა ჩარევებისა, დემნამ მაინც მიაღწია სასურველს. მარიტა უძილაურის მკვლელი, ისევე როგორც საქმის დამკვეთები, მოქმედი მინისტრი და ღირსი მამა ანტონი, კუთვნილ სასჯელს ელოდნენ.
მარიტა უძილაურის სახელმა ერთხელ კიდევ გაიჟღერა, როცა დემნამ სასამართლო მოიგო და ათი წლის წინანდელ საიდუმლოს ფარდა ახადა. მიუხედავად იმისა, რაც დაიწერა და ითქვა ამ საქმეზე, სოც. ქსელებში მაინც მოიძებნა თვალ და სმენა დახშული ადამიანები, ისეთები, რომლებმაც ვერაფრით აღიარეს საკუთარ თავთან შეცდომა, რომ მაგალითად მამა ანტონის სასიქადულო მრევლად მოიაზრებდნენ თავს, ანდაც ხმას კახა წიკლაურის პარტიას აძლევდნენ. ამ ადამიანებს საკუთარი სიმართლე ჰქონდათ და ათი წლის წინ დაღუპული ბავშვების ამბავი დიდად არ ადარდებდათ. „შეცდომა ყველას მოსვლიაო!“ ამგვარი სისულელეც კი იწერებოდა სოც. სივრცეებში. თუმცა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, ხელის დაფარება, საქმეების გაყალბება, ქრთამები, გარყვნილება და ამგვარი რამეები, რომ უბრალოდ შეცდომა არაა. ამის აღიარება, რატომღაც მათ არ სურდათ. თუმცა ეს სულ არ აღელვებდა არც წიეს, არც დემნას, არც ანინას, მათ ვინც წლები ელოდნენ სამართალს მათი საყვარელი ადამიანების დაკარგვის გამო.

იცით ცხოვრება უცნაური კარუსელაა, მუდმივად მოძრაობს და არასდროს ჩერდება. თუ მოასწრებ და სხვებზე გადაბიჯებით უსაფრთხოდ ახტები მასზე , თუ საუკეთესო ცხენზე დაჯდები და იქიდან ჩამოსვლას აღარ მოინდომებ, ადრე თუ გვიან, ეს ბუტაფორიული ცხენი აგიჯანყდება, რადგან მას ისევე მობეზრდება შენი უგვანი არსებობა, როგორც იმ ადამიანებს,ვინც რიგს ელოდება. ვინც თავის ჯერს უცდის ამ კარუსელაზე მოსახვედრად და ამისთვის არავის არ გადაუვლის. აი სწორედ ეს ხალხი გახდება ადრე თუ გვიან შენი მსაჯული. ასეა სამყაროს ბუმერანგის პრინციპი მოწყობილი. ამას სხვაგვარად ბალანსის კანონზომიერება ჰქვია და კუთვნილი ბუმერანგის უკან დაბრუნებას ხან ათი წელი სჭირდება, ხან მეტი და ხანაც ნაკლები, მაგრამ ადრე თუ გვიან ბრუნდება და ბრუნდება ზუსტად იმ ძალით და იმ ინერციით, როგორც თქვენ ის გაისროლეთ.
......
ახალწლამდე წუთები რჩებოდა....
სახლი ფერებით და სინათლით იყო სავსე. იმ უსახური, უფერული და როგორც ანინა ეძახდა უჟმური სახლიდან არაფერი იყო დარჩენილი. ფერად, თბილ და ლამაზ სახლში განწყობაც შესაფერისი იდგა. მისაღებში უზარმაზარი ნაძვის ხე ბრწყინავდა. ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც მირიან მენაბდემ ახალი ცხოვრება დაიწყო. სახლში ყველა ფუსფუსებდა, ნელის ხმამაღალი მხიარული მითითებები ისმოდა, სუფრა იშლებოდა და ყველა თავს იყრიდა, ვისაც ეს ოჯახი მეგობრად და ახლობლად მიაჩნდა. მირიანმა კიბეები ჩამოიარა და სამზარეულოს მიაშურა. იქაურობა მოათვალიერა და როცა ანინა ვერ დაინახა, დემნას ჰკითხა:
_ სადაა დიდი სახლის პატარა დიასახლისი სიმამრო?_ ამ სიტყვის თქმაც ახალისებდა მენაბდეს. ბედნიერება ავსებდა, უკვირდა, როგორ ცხოვრობდა ამ ხმაურის და ფერადოვნების გარეშე ამდენი წელი.
_ თოვს!_ გაეღიმა დემნას. ეს სიტყვა კმაროდა, რომ მირიანი მიმხვდარიყო, მის ცოლს სახლში ვერ იპოვნიდა. ქურთუკი მოიცვა და სახლიდან გავიდა. ეზო მოათვალიერა, ანინა რომ ვერ დაინახა გაუკვირდა. შეშფოთდა კიდეც. სადღაც მისი გულის სიღრმეში ჯერ ისევ ცხოვრობდა შიში, რომ ამხელა ბედნიერებას არ იმსახურებდა, ამიტომ ხშირად აიტანდა ხოლმე უცნაური, აუხსნელი შფოთვა, მით უფრო მაშინ, როცა ანინა თვალს მიეფარებოდა. უფრთხილდებოდა საკუთარ ბედნიერებას მირიანი, ცივ ნიავს არ აკარებდა, თვალიდან არ იშორებდა.
_ ანინა!_ დაუძახა და მიაყურადა. ჭიშკარი გამოაღო და გარეთ გავიდა. თოვდა ძალუმად. ქუჩა აღარ ჩანდა. თოვდა სულწასულად, ფიფქების ნამქერს ატრიალებდა ქარი. სახლის პირდაპირ იდგა ანინა. ბაცად მოციმციმე ლამპიონის ქვეშ და თოვლს აჰყურებდა. ლამპიონის ოქროსფერი სინათლე ჯადოსნურად აბრჭყვიალებდა მის შავ თმას. გაუნძრევლად იდგა და თავადაც ჯადოსნურ არსებას ჰგავდა, ან მეტისმეტი სიყვარულისგან ეჩვენებოდა ასე მირიანს. მიუახლოვდა და ხელები მოხვია, გულში ჩაიკრა. მაგრად მოუჭირა მკლავები.
_ აქ რას აკეთებ ანინა?_ ჰკითხა და ყელში აკოცა, შემდეგ ლოყაზე, შუბლზე და სულ დაუკოცნა სახე.
_ ნახე რა მშვენიერია თოვა!_ უპასუხა ანინამ, როცა სული მოითქვა. _იცი ის სიტყვები გამახსენდა ფაუსტიდან.
_ შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ?_ გაეღიმა მირიანს.
_ მე ასე ვიტყოდი: შეწყვიტე თოვა, მშვენიერი ხარ!_ გაეცინა ანინას საკუთარ ბავშვურ სიტყვებზე. შორს ქალაქის თავზე იფრქვეოდა ფერადი სინათლეები. ახალი წელი დგებოდა დედამიწაზე._ ახალ წელს გილოცავ მირიან!
უთხრა და მკლავებიდან დაუსხლტა. თოვლში გაიქცა გუნდის გასაკეთებლად. თვალი გააყოლა მირიანმა. ისევ ჩიტი მოაგონა ანინამ. პატარა ბედნიერი და თავისუფალი ჩიტი, რომელმაც მისი დახსნაც მოახერხა სიბნელის გალიიდან.
_ ახალ წელს გილოცავ ჩემო პატარა ჩიტო!_ გაუღიმა საკუთარ ბედნიერებას.....


დასასრული
ვე რა








სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent