შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიწის ყივილი - თავი II


გუშინ, 05:36
ავტორი Wonderful world
ნანახია 46

დემეტრე ალამბარი მაღალმთიან აჭარაში დაბრუნდა ისე, თითქოს საკუთარ ბავშვობაში , მაგრამ ბავშვობა აქ აღარ დახვდა. გზას, რომელიც ოდესღაც თავისუფლებას ჰგავდა, ახლა მძიმე ვალდებულების სუნი ასდიოდა. მთები ისევ იდგნენ — ამაყად, მკაცრად, უხმოდ — მაგრამ დემეტრესთვის ისინი აღარ იყვნენ თავშესაფარი. ისინი მოსამართლეებად ქცეულიყვნენ.

ალამბარების დიდი, ქვის სახლმა, რომლის აივნიდანაც მთელ ხეობას გადაჰყურებდა, ახლა სიჩუმით მიიღო. ეს სიჩუმე არ იყო მშვიდი — ის მძიმე იყო, დამთრგუნველი. ფატიმ ალამბარი ეზოში იდგა, შავებში ჩაცმული, გამართული, მტკიცე. მის თვალებში არ ჩანდა მხოლოდ დედის სიხარული შვილის დაბრუნებით — იქ იყო ქალის მზერა, რომელმაც იცოდა, რომ ეს დაბრუნება არჩევანის დასაწყისი იყო.

ლაშა ძმას ჩუმად გადაეხვია. მის ჩახუტებაში სიყვარული იყო, მაგრამ სადღაც სიღრმეში — ის ჩუმი შური, რომელიც წლები გროვდება კაცში, როცა მუდამ მეორე ხარ. ლიზა, მისი ცოლი, მოკრძალებით იდგა გვერდით, თავს ხრიდა, თითქოს ცდილობდა იდეალური რძლის ფორმას მორგებოდა.

დემეტრე ოთახში შევიდა, რომელიც ბავშვობისას მისი თავშესაფარი იყო. კედლებზე ძველი იარაღები ეკიდა, ბაბუის ხმალი, სანადირო თოფი — ყველაფერი, რაც კაცობას და გვარს ნიშნავდა. საწოლზე ჩამოჯდა და პირველად, დაბრუნების შემდეგ, თვალები დახუჭა.

მატილდა…

მისი სახე ისე ნათლად ამოუტივტივდა გონებაში, თითქოს აქვე იდგა. ლონდონის სურნელი მოენატრა — წვიმის, ჩაის, თავისუფლების. უნდოდა ადგომა, ჩანთის აღება და უკან დაბრუნება. უნდოდა ეთქვა ყველასთვის, რომ სიყვარული ტრადიციაზე დიდი იყო. მაგრამ იცოდა — აქ სიტყვებს ფასი არ ჰქონდა, მხოლოდ ქმედებებს.

მეორე დილას პირველი გასროლა გაისმა.

არავინ იცოდა, საიდან დაიწყო, მაგრამ ყველამ იცოდა — ანანბები იყვნენ. ალამბარების მიწასთან ახლოს შეიარაღებული კაცები გამოჩნდნენ. ჰაერში დაძაბულობა გაიყინა. სისხლის სუნი ჯერ არ იყო, მაგრამ მისი მოახლოება იგრძნობოდა.

ალექსანდრე ანანბას სახელს ჩურჩულებდნენ ყველგან. დავით ანანბამ სიტყვა გამოაგზავნა — ან დაუყოვნებლივ შედგებოდა ქორწილი დემეტრესა და კესარიას შორის, ან ძველი მტრობა სისხლით გაგრძელდებოდა.

იმ ღამეს დემეტრე მარტო იჯდა აივანზე და ფიქეი ტვინს და სულს ერთიანად უკარგავდა მოსვენებას

თუ წავალ — ჩემი გვარი დაიღუპება.
თუ დავრჩები — მატილდას დავკარგავ.

დილემამ სუნთქვა შეუკრა.

ლონდონში, იმავე დღეებში, მატილდა ფანჯარასთან იდგა. ქალაქი ჩვეულებრივ ცოცხლობდა, მაგრამ მისთვის ყველაფერი გაჩერდა. დემეტრე არ პასუხობდა. ერთი დღე გავიდა. მეორე. მესამე. შფოთვა ნელ-ნელა შიშად იქცა. მერე — გადაწყვეტილებად.

მან ბილეთი იყიდა.

დემეტრემ ბევრი იფიქრა და ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო.

ქორწილის დღეს მთები უჩვეულოდ ნათელი იყო. ეზო სავსე იყო ხალხით, მუსიკით, ხმაურით. კესარია თეთრ კაბაში გამოწყობილი იდგა, თვალებში გამარჯვება ენთო. ეს არ იყო სიყვარული — ეს იყო მიზანი, რომელსაც წლები ელოდა. დემეტრე მის გვერდით იდგა, სახეზე ღიმილი არ ედო, მხოლოდ სიმძიმე.

ქორწილი შემაშფოთებლად ტრადიციული იყო, ერთ კუთხეში ცხვრის მწვადი იწვებოდა, მეორე კუთხეში ჩაშუშული კეთდებოდა, მეზობლებს და ნათესავებს სამეფო ტკბილეული მოჰქონდათ, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ უცბად ჩამოღამდა, თითქოს მზემ გადაწყვიტა იმ მოახლოვებულ უსიამოვნებას დამალვოდა რაც ახლოვდებოდა.

და სწორედ მაშინ გამოჩნდა მატილდა.

გოგონამ ეზოს ჭიშკართან შეაჩერა ნაბიჯი.

მუსიკა იქიდან გამოდიოდა — ხმამაღალი, უცხო, უხეში. დოლების ხმა გულში ურტყამდა, თითქოს სხვისი ბედნიერება მასზე ცუდად მოქმედებდა. ერთ წამს მოეჩვენა, რომ არასწორ ადგილას იდგა, რომ შეცდომით მოხვდა აქ, მაგრამ მაშინ დაინახა — თეთრად განათებულ ეზოში, ხალხის შუაგულში, იდგა დემეტრე.

მისი დემეტრე.

ისე იდგა, როგორც ყოველთვის — გამართული, მშვიდი, მაგრამ ახლა ეს სიმშვიდე ყალბი იყო, ნასესხები. მის გვერდით ქალი იდგა. თეთრ კაბაში, თავმომწონედ, გამარჯვებული მზერით. მატილდას გული წამით გაჩერდა, მერე კი ისეთი ტკივილით დაიწყო ცემა, თითქოს სხეულიდან ამოხტომას ცდილობდა.

მისი პირველი ნაბიჯი ეზოში ყველაზე მძიმე აღმოჩნდა.

თითქოს მიწა ფეხქვეშ ეშლებოდა. ქუსლები ხმაურით ედებოდა ქვას და თითოეული ხმა ყურში ურახუნებდა — რატომ ხარ აქ? რატომ უყურებ ამას? მაგრამ უკან ვეღარ ბრუნდებოდა. ეს უკვე აღარ იყო არჩევანი — ეს იყო აუცილებლობა.

მეორე ნაბიჯზე სუნთქვა აერია. ჰაერი არ ჰყოფნიდა. სუნი — ღვინის, საჭმლის, სიხარულის — გულისრევას იწვევდა. აქ ყველა ბედნიერი იყო. ყველა, მის გარდა.

მესამე ნაბიჯზე თვალები აუწყლიანდა, მაგრამ არ ატირდა. არ მისცემდა უფლებას, ენახათ მისი ცრემლები. არ აქცევდა საკუთარ თავს მსხვერპლად. ის ცოლი იყო — კანონიერი, მოტყუებული, მაგრამ ღირსეული.

ხალხმა მისი დანახვისას ჩურჩული დაიწყო. უცხო ქალი იყო. განსხვავებული, ზედმეტად დახვეწილი ამ გარემოსთვის. მისი კაბა, მოძრაობა, დგომა — ყველაფერი ამბობდა, რომ ის აქაურობას არ ეკუთვნოდა, სწორედ ამიტომაც გახდა თვალშისაცემი.

დემეტრემ თვალი მოჰკრა.

პირველ წამს ვერ იცნო. მეორე წამში სისხლი გაეყინა. მესამე წამში მიხვდა — ეს კოშმარი არ იყო.

მატილდა ნელა მიუახლოვდა. ყოველი ნაბიჯი წარსულს კლავდა. მისი მთელი ცხოვრება, რომელიც დემეტრესთან ააშენა, ახლა აქ, ამ ეზოში, ინგრეოდა.

როცა ბოლოს და ბოლოს გაჩერდა, მუსიკა უკვე ჩაჩუმებული იყო. სიჩუმე იმდენად მძიმედ ჩამოწვა, რომ თითოეული ჩასუნთქვა ისმოდა.

მატილდამ ხმა ამოიღო.

— ალბათ გაინტერესებთ… ვინ ვარ.

მისი ხმა მშვიდი იყო. ზედმეტად მშვიდი ქალისთვის, რომელიც საკუთარ ქმარს ქორწილს ხედავს.

— მე დემეტრე ალამბარის კანონიერი ცოლი ვარ.

ეს სიტყვები მიწაზე დაეცა, როგორც ქვა.
და ყველაფერი დაინგრა.

კესარიას სახე ერთ წამში შეიცვალა. გამარჯვება სიძულვილმა შეცვალა. მისი მზერა მატილდას დაეჯახა.

დემეტრემ წინ გადადგა ნაბიჯი. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ სიტყვები ვერ იპოვა. მატილდა უყურებდა — და ამ მზერაში ყველაფერი იყო: სიყვარული, ტკივილი, იმედგაცრუება და საბოლოო გაცნობიერება.

შენ მე ამ წამს დამკარგე, — ეს სიტყვები არ უთქვამს, მაგრამ დემეტრემ ზუსტად გაიგო.

ის მატყუარაა! — დაიყვირა კესარიამ— ის არავინ არის!

დემეტრემ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მატილდასკენ, მაგრამ უკვე გვიან იყო. ქორწილი სასიყვარულო ტრაგედიად იქცა.

რამდენიმე წუთში მატილდა ეზოდან გავიდა. დემეტრე დაედევნა. მის ხმაში სასოწარკვეთა ისმოდა, ახსნა, დაცვა, სიყვარული — ყველაფერი ერთად.

მაგრამ ქალის თვალებში უკვე აღარაფერი იკითხებოდა.

მატილდას წასვლის შემდეგ დემეტრე ეზოში დაბრუნდა.

ის ეზო, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ქორწილის ხმაურით სუნთქავდა, ახლა საომარ ველად ქცეულიყო. მუსიკა ჩაჩუმებული იყო, მაგრამ სიჩუმე უფრო საშიში აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერი ყვირილი. კაცები ჯგუფებად იდგნენ — ზოგი ხელებგადაჯვარედინებული, ზოგი მუშტშეკრული, ზოგი იარაღის სახელურს ეხებოდა თითქოს შემთხვევით, მაგრამ სინამდვილეში გამიზნულად.

ანანბები ერთ მხარეს იდგნენ. მათი სახეები დამძიმებული იყო — არა სირცხვილით, არამედ დამცირებით. ეს იყო ის იშვიათი მომენტი, როცა მათი ძალა და ღირსება საჯაროდ შეილახა. დავით ანანბას მზერა ყინულივით ცივი იყო, ალექსანდრე კი ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა — ნაბიჯებს ითვლიდა, თითქოს სივრცეს ზომავდა, სადაც შეიძლება სისხლი დაღვრილიყო.

ალამბარები მეორე მხარეს იდგნენ — უფრო შეკრულად, უფრო ჩუმად. მათში არ ჩანდა პანიკა. ღირსება, ძველი გვარის ამაყი დუმილი. ლაშა ძმას გვერდით ამოუდგა, თუმცა მის თვალებში შიში იმალებოდა — საკუთარი თავის გამო არ იყო შეშინებული, არამედ იმ ყველაფრისთვის, რაც შეიძლებოდა ახლა დაწყებულიყო.

ჰაერი მძიმე იყო.
ერთი სიტყვაც საკმარისი იქნებოდა, რომ ყველაფერი აფეთქებულიყო.

დემეტრემ ნაბიჯი გადადგა და ორი გვარის შუაში დადგა.

მისი გამოჩენა თითქოს სიგნალი გახდა — ყველას მზერა მასზე იყო. ის ახლა აღარ იყო მხოლოდ კაცი, რომელიც სიტყვას არღვევდა. ის იყო საზღვარი ორ გვარს შორის.

— ის ქალი, რომელიც თქვენ ნახეთ ჩემი ცოლია, — თქვა მკაფიოდ, ხმამაღლა, ისე რომ ეჭვის ადგილი არ დარჩენილიყო. — და ვინც მას შეეხება ჩემთან ექნება საქმე ცხოვრებაში პირველად დემეტრეს ხმა მკაცრი და ფოლადივით მძიმე იყო.

ეს არ იყო გაფრთხილება.
ეს მუქარა იყო.

კესარიას საზეზე ნაცნობი სიძულვილი დაბრუნდა კაცი, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდებოდა და რამდენიმე წუთის წინ რელიგიურად იქორწინა ყველას წინ სხვა ქალს აცხადებდა მის ცოლად.

ანანბებმა ერთმანეთს გადახედეს. მათი ღირსება შელახული იყო, მაგრამ ახლა პირდაპირი დაპირისპირება სისხლის მდინარეს ნიშნავდა. დროებით უკან დაიხიეს, თუმცა ეს უკან დახევა მშვიდობას არ ნიშნავდა — ეს იყო დაგროვება.

კესარიას წაყვანაზე ორივე გვარმა უარი განაცხადა, რადგან თუ კესარია ამ სახლს დატოვებდა ეს გარდაუვალი სისხლის ღვრის დასაწყისი იქნებოდა.

ფატიმ ალამბარი ეზოს ბოლოში იდგა. მისი სახე ქვას ჰგავდა. ის ხვდებოდა, რომ ეს ღამე მხოლოდ დასაწყისი იყო.

*****

ღამე ჩამოწვა, მაგრამ სიმშვიდე არ მოჰყოლია.

დემეტრე საკუთარ ოთახში იჯდა, როცა კარი ჩუმად გაიღო. კესარია შემოვიდა. თეთრი კაბა უკვე გაეხადა, თმა ჩამოშლილი ჰქონდა, სახე დაღლილი, მაგრამ თვალები ისევ ანთებული.

მან კარი ფრთხილად მიხურა, თითქოს ეს სივრცე მხოლოდ მათთვის უნდა დარჩენილიყო.

მთელი ცხოვრება გელოდი, დაიწყო ჩუმად. ბავშვობიდან ვიცი შენი სახელი. სანამ სხვები თამაშობდნენ, მე ვიცოდი, შენ უნდა დაგლოდებოდი.

დემეტრემ არაფერი თქვა. უსმენდა.

კესარია მის წინ დაჯდა. ძალიან ახლოს. მისი ხმა რბილი იყო, თითქმის თბილი.

— მამაჩემის სახლში სიყვარული არ არსებობდა, იქ მხოლოდ მოვალეობა იყო. მე კი შენში ყოველთვის სხვა რაღაცას ვხედავდი… გაქცევის შანსს.

გოგონამ ხელი ნელა შეახო დემეტრეს მკლავს. ეს შეხება არ იყო უხეში — ის იყო გააზრებული, გამიზნული. თითქოს წლების ლოდინი ამ ერთ მოძრაობაში ჩააქსოვა.

— მე მარტო არ მინდოდა ცხოვრება, — გააგრძელა. — მინდოდა შენთან ერთად მეცხოვრა.

დემეტრეს გულში თანაგრძნობა გაჩნდა. დაინახა გოგო, რომელიც ტრადიციამ გაზარდა, რომელსაც არჩევანი არასდროს ჰქონია. მის თვალებში ნამდვილი ტკივილი იყო.

მან ხელი მოკიდა. ეს იყო ნაზი, ადამიანური ჟესტი.

მაგრამ კესარიამ ეს სხვაგვარად გაიგო.

ის უფრო ახლოს მიიწია. მისი სუნთქვა დემეტრეს კისერს შეეხო. თვალებში ლტოლვა გაუკრთა — არა მხოლოდ სიყვარულის, არამედ მფლობელობის.

მისი თითები დემეტრეს ხელს არ უშვებდნენ. თითქოს უნდოდა დაერწმუნებინა არა სიტყვებით, არამედ სიახლოვით, რომ ის უკვე მისი იყო.

დემეტრე ერთ წამს დაიბნა. სხეულმა რეაგირება მოახდინა, მაგრამ გონებაში ისევ სხვა ქალი იდგა — მატილდა, მისი მზერით, მისი ტკივილით.

მან ხელი ნელა ჩამოსწია.

კესარიამ ეს შენიშნა. წამით სახეზე წყენა გაუკრთა, მაგრამ მალევე ისევ იმ ღიმილს დაუბრუნდა, რომელიც ყოველთვის ჰქონდა, როცა რაღაცას მიზნად ისახავდა.

— მე არ გაჩქარებ, — თქვა მშვიდად. — დაგელოდები,როგორც ყოველთვის გელოდი.

და სწორედ ამ სიტყვებში იყო ყველაფერი.
ლოდინი მისთვის სიყვარული არ იყო —
ლოდინი იყო სტრატეგია.

დემეტრე ამას გრძნობდა.
და სწორედ ამიტომ შეეშინდა.

მატილდა სასტუმროს ოთახში ისე შევიდა, თითქოს ძალით მიიყვანეს. კარი რომ მიხურა, საკეტის ჩაკეტვამ მთელს ოთახში გაიჟღერა და იმ წამს მიხვდა — აქ მარტო იყო. პირველად იგრძნო ასე უსუსურად თქვი.

ოთახში სიჩუმე სუფევდა, მაგრამ ეს სიჩუმე ყრუ არ იყო. ის სავსე იყო ქორწილის ხმაურის ნარჩენებით — მუსიკის ჩამწყდარი აკორდებით, უცხო სიცილით, ფეხების რახუნით. ყველაფერი ისევ ესმოდა, თითქოს ეზო აქ, ამ ოთხ კედელში გადმოსულიყო.

კედელს მიეყრდნო. ფეხები აღარ ემორჩილებოდა. მუხლები მოეკვეთა და ნელა ჩამოჯდა იატაკზე. ცივი ფილა კანს შეეხო და ამ სიცივემ ცოტათი გამოაფხიზლა, მაგრამ ტკივილს ვერაფერი უშველა.

სუნთქვა უჭირდა. გულ-მკერდი უმძიმდებოდა. თითქოს ვიღაც შიგნიდან აწვებოდა და ჰაერს უკეტავდა. ხელი გულზე მიიჭირა, მაგრამ გული არ ჩუმდებოდა — გამალებით ცემდა, როგორც შეშინებული ჩიტი გალიაში.

ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო რეალობა.

რამდენჯერ წარმოიდგინა მათი მომავალი ლონდონში — მშვიდი ცხოვრება, ჩუმი საუბრები, მისი ღიმილი, როცა ოპერაციიდან დაბრუნდებოდა. ეს ყველაფერი ერთ საღამოს, ერთ ეზოში დაინგრა.

სარკისკენ გაიხედა.

იქ ქალი იდგა, რომელიც საკუთარ თავს აღარ ჰგავდა. თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, სახე გაფერმკრთალებული, ტუჩები — გამშრალი. კაბა ისევ ეცვა — ის კაბა, რომლითაც საკუთარი ქმრის ქორწილში შევიდა. ამაზე მწარე ირონია ვერ წარმოედგინა.

ხელები აუკანკალდა. როცა ხელი კაბის ელვას შეახო. თითქოს იმ კაბასთან ერთად იმ წამსაც იხსნიდა, როცა დემეტრეს თვალებში პირველად დაინახა სიცივე.

კაბა იატაკზე ჩამოვარდა.

თითქოს მძიმე ჯაჭვი ჩამოიხსნა, მაგრამ შიგნით არაფერი შემსუბუქდა. სხეული დაღლილი იყო, თითქოს დიდი ხნის ავადმყოფობას გადაურჩა. საწოლზე ჩამოჯდა, მერე კი დაწვა და ჭერს მიაშტერდა.

ცრემლები არ მოდიოდა. ეს ყველაზე საშიში იყო.

ტკივილი იმდენად დიდი იყო, რომ სხეულმა ტირილიც კი ვერ შეძლო. ემოციები ჩახშული იყო, როგორც ყვირილი წყლის ქვეშ.

ტელეფონი აიღო. ეკრანზე დემეტრეს სახელი ჩანდა, მაგრამ პასუხი ვერ გაბედა არ იცოდა, რას ეტყოდა. აღარ იცოდა, ვის ვის უნდა დალაპარაკებოდა — იმ კაცს, რომელიც უყვარდა, თუ იმას, რომელმაც მიატოვა.

ფანჯარასთან მივიდა. ღამე ჩამოწოლილიყო. მთები შავ მასად იდგნენ, ისინი უყურებდნენ, ყველაფერს ხედავდნენ და არაფერს ამბობდნენ.

აქ ის უცხო იყო ზედმეტი. ზედმეტად სხვანაირი, ზედმეტად თავისუფალი, ზედმეტად ქალაქელი და მაინც — სიყვარულმა აქ მოიყვანა.

მუცელი შეეკუმშა. გულისრევა იგრძნო. აბაზანაში შევარდა, მაგრამ იქაც ვერაფერი გამოუვიდა — მხოლოდ ცარიელი სპაზმი და სიმწარე პირში.

დაბრუნდა, საწოლზე დაჯდა და ბოლოს ცრემლები წამოუვიდა.

ჩუმად ტიროდა. ისე, რომ არავის გაეგონა. თითებით პირს იფარებდა, თითქოს ტკივილის ხმას მალავდა. ეს არ იყო მხოლოდ დემეტრეს დაკარგვა — ეს იყო საკუთარი თავის დაკარგვა. ქალი, რომელმაც სიყვარული ირწმუნა და ამ რწმენის გამო საკუთარი ღირსება შუა ეზოში დატოვა.

მე მისი ცოლი ვარ, — გაიფიქრა და ეს აზრი პირველად აღარ ათბობდა. ის მხოლოდ ამძიმებდა.

დაწვა, მუხლები მკერდზე მიიკრა და ბავშვივით მოიკუნტა. სხეული სუსტად კანკალებდა. ძალა აღარ ჰქონდა არც ბრძოლისთვის, არც გაქცევისთვის.

ერთადერთი სურვილი ჰქონდა — დილა მოსულიყო და ამ ადგილს სამუდამოდ გასცლოდა.

მაგრამ ამ ღამემ ძალიან დიდხანს გასტანა.

და ტკივილმა — კიდევ უფრო დიდხანს.

კარზე კაკუნი მაშინ გაისმა, როცა მატილდა საწოლზე იჯდა, მუხლები მკერდზე მიეკრო და ცდილობდა სუნთქვა დაემორჩილებინა. კაკუნი არ იყო ნაზი. არც უხეში. ის ისეთი იყო, როგორიც ადამიანს მაშინ ესმის, როცა წინასწარ იცის — ეს შეხვედრა მშვიდად არ დასრულდება.

კარი გააღო.

ფატიმ ალამბარი ზღურბლზე იდგა.

შავებში ჩაცმული, გამართული, უძრავი. მზერა ოთახს სწრაფად მოავლო — თითქოს ამოწმებდა, ღირდა თუ არა შესვლა. მასში არ იყო სტუმრის თავაზიანობა. ის აქ მოსული იყო არა სალაპარაკოდ, არამედ განაჩენის გამოსაცხადებლად.

— შეიძლება შემოვიდე? — თქვა ისე, რომ პასუხს არ დაელოდა.

ოთახში შევიდა და ფანჯარასთან გაჩერდა. ზურგით იდგა, თითქოს მთებს უყურებდა, მაგრამ სინამდვილეში სიტყვებს არჩევდა.

— შენ ჭკვიანი გოგო ჩანხარ, — დაიწყო მშვიდად, ზედმეტად მშვიდად. — ამიტომ პირდაპირ გეტყვი.

მატილდას ხმა არ ამოიღია, ძალა აღარ ჰქონდა მხოლოდ უსმენდა.

— ეს მიწა შენნაირებს არ იღებს, განაგრძო ფატიმამ. აქ ქალი ან ჩვენი წესით ცხოვრობს, ან არ ცხოვრობს საერთოდ.

მატილდას ხელები აუკანკალდა.

— მე დემეტრეს ცოლი ვარ, — თქვა ბოლოს ჩუმად, მაგრამ მკაფიოდ.

ფატიმამ თავი ნელა შეატრიალა. მის თვალებში ირონია არ ჩანდა. არც ბრაზი. მხოლოდ უტეხი გამომეტყველება .

-დემეტრეს ცოლი კესარიაა, — თქვა მკაცრად. — შენ კი… შეცდომა ხარ, რომელიც უნდა გამოსწორდეს.

ეს სიტყვები მატილდას გულში ჩაესო.

-გაემგზავრები, — და ეს ისტორია აქ დასრულდება. თუ ჭკვიანად მოიქცევი, მშვიდად წახვალ.

მატილდამ სარკმელს გახედა. მთები ისევ იქ იდგნენ,კვლავ დუმდნენ.

-და თუ არ წავალ? — ჰკითხა ჩუმად.

ფატიმამ ნაბიჯი გადადგა. ძალიან ახლოს იდგნენ.

— მაშინ ეს ადგილი შენთვის სახიფათო გახდება, — თქვა დაბალი ხმით. — ძალიან სახიფათო.

და წავიდა.

მეორე დილას აეროპორტისკენ გაემართა. ჩანთა მსუბუქი ჰქონდა, გული — მძიმე. ჩასხდომის დრო ახლოვდებოდა, როცა ეკრანზე მისი ფრენის ნომერი შეიცვალა.

გადავადებულია.

ჯერ რამდენიმე საათით. მერე — მეორე დღემდე.

და ასე, ერთ ხელმოცარულ წამში, მიხვდა —
ის აქ დარჩა.
იძულებით.
დაუცველად.

იმ ღამეს სასტუმროში დაბრუნდა. ოთახში შესვლისას რაღაც შეცვლილი იგრძნო. თითქოს ჰაერი სხვანაირი იყო. მაგიდაზე კონვერტი იდო თეთრი, უსახელო.

გახსნა.

შიგნით მხოლოდ ერთი წინადადება ეწერა, მკაფიოდ, ქართულად:

„აქედან ცოცხალი წასვლა ყველას არ შეუძლია.“

გული გაუსკდა. ხელი პირზე მიიფარა.

ფანჯარასთან მივარდა და გარეთ გაიხედა.

სიბნელეში, სასტუმროს ეზოს კიდესთან, ვიღაც იდგა. უძრავი, მაღალფიგურული სახე არ ჩანდა, მაგრამ მზერას გრძნობდა.

უცებ მობილურმა დარეკა.

უცნობი ნომერი.

მატილდამ უპასუხა.

— ნუ გეშინია, — გაისმა დაბალი, მკაცრი ხმა. — ახლა შენ ჩემი პასუხისმგებლობა ხარ.

ზარი გაითიშა.

და იმ წამს მატილდამ გააცნობიერა —
მისი წასვლა გადაიდო.
მისი ცხოვრება კი — სრულიად სხვა მიმართულებით მიდიოდა.

გარეთ მთები დუმდნენ.
მაგრამ ეს დუმილი აღარ იყო მშვიდი.
ეს იყო ქარიშხლის წინ არსებული სიჩუმე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent