მიწის ყივილი - თავი III
მაღალმთიანი აჭარის ღამე სხვანაირია. აქ სიბნელე უბრალოდ სინათლის არყოფნა არ არის — ის სუნთქავს, გისმენს, გითვალთვალებს. ქარი მთებს შორის დადიოდა და სასტუმროს ძველ კედლებს ეჯახებოდა, თითქოს გაფრთხილებას ცდილობდა. მატილდა ფანჯარასთან იდგა. შიშველი ფეხები ცივ იატაკზე ედგა, მაგრამ ამას ვეღარ გრძნობდა. ხელში ტელეფონი ეჭირა. ეკრანზე ერთი სახელი ჩანდა, რომელიც თითქოს გულის შიგნით ჰქონდა ამოტვიფრული. „აქედან ცოცხალი წასვლა ყველას არ შეუძლია.“ წერილი მოკლე იყო, მაგრამ მძიმე. ისეთი მძიმე, თითქოს ვიღაცამ პირდაპირ უთხრა — აქ სიკვდილია. სუნთქვა აურია. ლონდონის ხმაური, მისი თეატრი, სცენა, სინათლე — ყველაფერი შორეულ სიზმრად მოეჩვენა. აქ მარტო იყო. სრულიად მარტო. დემეტრეს ნომერი აკრიფა. თითები უკანკალებდა. ზარი გაიწელა. ყოველი წამი დაუსრულებელი ლოდინი იყო. — დემეტრე… — ხმა გაუწყდა, როგორც კი უპასუხა. მისი ხმა დაღლილი იყო, მაგრამ მაშინვე შეიცვალა, როგორც კი მატილდას მდგომარეობა იგრძნო. — მატილდა, რა ხდება? სად ხარ? რატომ კანკალებ? — წერილი მივიღე… — ძლივს წარმოთქვა. — ვიღაც მემუქრება. აქ… აქ ყველაფერი არასწორადაა. მეშინია, დემეტრე. სიჩუმე ჩამოვარდა. არა ის სიჩუმე, როცა არაფერი ხდება — არამედ ის, როცა ადამიანი სწრაფად იღებს საშიშ გადაწყვეტილებას. — არ გათიშო, — თქვა ბოლოს დაბალი, მკაცრი ხმით. — მოვდივარ. კარზე დაკაკუნება თითქოს მთებმა მოიტანეს. მატილდამ კარი გააღო და დემეტრე დაინახა — ქურთუკი მოხურებული, თმა ქარისგან აჩეჩილი, თვალებში კი ის საშიში სიმტკიცე ედგა, რომელიც მხოლოდ მაშინ ჰქონდა, როცა რაღაცის დაკარგვის ეშინოდა. — ახლა მოხვედი? — წამოსცდა მატილდას. — ახლა, როცა უკვე ყველაფერი დამინგრიე? დემეტრე ოთახში შევიდა, კარი ჩუმად დახურა. წამით მხოლოდ უყურებდა. თითქოს პირველად ხედავდა — გამხდარს, ფერმკრთალს, მაგრამ ამაყად მდგომს. — ვიცი, რომ ვერაფერს გამოვასწორებ, — თქვა ჩუმად. — მაგრამ ახლა შენ საფრთხეში ხარ. — მე ყოველთვის საფრთხეში ვიყავი, — გაეღიმა მწარედ მატილდას. — უბრალოდ შენთან ამას ვერ ვგრძნობდი. შენ დამაჯერე, რომ დაცული ვიყავი. დემეტრე მიუახლოვდა. — წამოდი ჩემთან სახლში. — სახლში? — ხმა აუკანკალდა. — იმ სახლში, სადაც უცხო ვარ? სადაც ყველას ვძულვარ? — იქ მე ვარ, — უთხრა მტკიცედ. — და სანამ ვსუნთქავ, შენ მარტო არ იქნები. — შენ უკვე დამტოვე ერთხელ, — თქვა ჩუმად. — ქორწილში. ეს სიტყვები დემეტრეს გულში დანასავით ჩაესო. წამით თვალები დახუჭა. — არ მინდოდა… — დაიწყო. — მაგრამ მაინც გააკეთე, — გააწყვეტინა. — და ახლა გვიანია. დემეტრემ ხელი მოჰკიდა მაჯაზე. მოდიხარ. — არა. და სწორედ მაშინ, როცა სიტყვები აღარ დარჩა, დემეტრემ ის ზურგზე მოიგდო. მატილდამ შეჰკივლა. — დამსვი! ეს სიგიჟეა! შენ ვერ მაიძულებ! — მაპატიე, — ჩუმად უთხრა, როცა ნაბიჯი გადადგა. — მაგრამ თუ ახლა აქ დაგტოვებ, საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ. ალამბარების ეზო ქაოსს ჰგავდა. ხალხი გაჩუმდა, მერე ხმები აირია. ქალების ჩურჩული, კაცების მკაცრი შეძახილები, იარაღის ლითონის ხმა. დემეტრე ეზოს შუაგულში იდგა, მკლავებში კი მატილდა ეჭირა. მისი სახე ფერმკრთალი იყო, მაგრამ თვალებში ცეცხლი ენთო. კესარიამ ისინი რომ დაინახა, გულისცემა აუჩქარდა. დამცირება ყელში მოაწვა. ეს ქალი — ისევ აქ, ისევ მის მკლავებში. ფატიმა წინ გამოვარდა. — ეს რა სირცხვილია?! — იყვირა. — რას აკეთებ, დემეტრე?! — ჩემს ცოლს ვიცავ, — თქვა მკაცრად. — და თუ ვინმე მას შეეხება, ჩემთან ექნება საქმე. თქვა და მზერა მთელს ეზოს მოავლო თითქოს ყველას აფრთხილებდა. მატილდა ოთახში შეიყვანა. კარი მიხურა. შიგნიდან ჩაკეტა. ოთახში დემეტრესთან დარჩენილმა პირველად იგრძნო სრული სიმარტოვე. ყველა მის წინააღმდეგ იყო. ეს მიწა, ეს სახლი, ეს ხალხი. — მაპატიე, — თქვა და შუბლზე აკოცა. — მიყვარხარ. ეს არ შეცვლილა. მისი კოცნა ნაზი იყო, მოფერება — ნაცნობი და მტკივნეული. მატილდამ თვალები დახუჭა… მერე თავი გააქნია. — სიყვარული აღარ მყოფნის, დემეტრე,აქ მე ვკვდები. დემეტრეს ამ სიტყვებზე გულში რაღაც ჩაწყდა თითქოს ახლა ამ მომენტში ნათლად იგრძნო, რომ ეს მთები რომელიც თავზე დაჰყურებდნენ საყვარელ ქალს ართმევდნენ. გაბრაზებული წამოხტა და წავიდა. მატილდა ოთახში ჩაკეტილი იდგა და გრძნობდა, რას ნიშნავს იყო სრულიად უცხო მიწაზე, უცხო კედლებს შორის, სადაც არც ერთი სუნი არ გიცნობს და არც ერთი ხმა არ გიცავს. ფანჯრიდან მთებს უყურებდა — შავი, მძიმე მასა იყო, თითქოს ზემოდან აწვებოდა. ეს მთები ლამაზები არ იყვნენ. ისინი მკაცრები იყვნენ, ისეთები, რომლებიც ან გიღებენ, ან გკლავენ. კარი დაუკაკუნებლად შეაღეს. კესარია შემოვიდა. ის მშვიდი იყო,ზედმეტად მშვიდი, ისეთი მშვიდი, რომელიც ყოველთვის ქარიშხალს წინ უძღვის. მისი თვალები ცივად ანათებდა, ტუჩებზე ღიმილი არ იყო — უფრო ჩრდილი. — დიდხანს აპირებ აქ ყოფნას? — ჰკითხა რბილად, მაგრამ სიტყვები მახვილივით იყო გასწორებული. მატილდამ თავი არ შეუბრუნებია. — იმდენ ხანს, რამდენიც დამჭირდება, — უპასუხა ჩუმად. კესარია მიუახლოვდა. ძალიან ახლოს. ისე, რომ მისი სუნთქვა მატილდას კისერზე შეეხო. — შენ ვერ ხვდები, სად მოხვდი, — თქვა ხმადაბლა. — ეს ადგილი შენნაირ ქალებს ვერ იტანს. მატილდამ ნელა მოაბრუნა თავი. — და დემეტრე? — ჰკითხა მშვიდად. — ისიც ვერ იტანს? მის ხმაში ცინიზმი იკითხებოდა კესარიას თვალებში რაღაც ჩამუქდა. — დემეტრე ჩემია, — თქვა და პირველად დაკარგაკონტროლი ხმაზე. — ბავშვობიდან. ლოდინით, სისხლით, დაპირებით. შენ კი… შენ შემთხვევა ხარ. — სიყვარული შემთხვევა არ არის, — უპასუხა მატილდამ. — მაგრამ იძულება რა არის? შენთან ის იძულებითაა. თქვა და თვალებში შეცოდება ჩაუდგა. კესარია გაეღიმა. ამ ღიმილში არაფერი იყო ნაზი. — თუ გონიერი ხარ, წახვალ, — თქვა. — თორემ ამ მიწაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს და არავინ დაგიცავს. მისი წასვლის შემდეგ ოთახში სიცივე დარჩა. რამდენიმე წამში ფატიმა გამოჩნდა მატილდამ იმის გააზრებაც ვერ მოასწრო კესარიასთან რა მოხდა, წინ ახალი ბრძოლა ელოდა. ფატიმი არ ყვიროდა ეს უფრო საშიში იყო. — შენ აქ ვერ იქნები, — თქვა პირდაპირ, თითქოს ეს საუბარი უკვე ათასჯერ ჰქონდა გამართული. — შენ არ ხარ ჩემი რძალი. — მე დემეტრეს ცოლი ვარ, — უპასუხა მატილდამ დაღლილი ხმით. ქაღალდით? — ჩაიცინა ფატიმამ. — აქ ქაღალდს სისხლი გადაწონის. მატილდამ იგრძნო, როგორ შეეკუმშა გული. — თქვენ არ გეშინიათ, — თქვა ჩუმად. — მაგრამ მე მეშინია. — მაშინ წადი, — უპასუხა ფატიმამ. — სანამ გვიან არ არის. კარი რომ დაიხურა, მატილდა საწოლზე ჩამოჯდა. ხელები მუხლებზე დაიდოპირველად არ ტიროდა ხმამაღლა. ცრემლები ჩუმად ჩამოდიოდა, თითქოს არც მათ უნდოდათ აქ ყოფნა. იმავე საღამოს დემეტრე ანანბების ეზოში იდგა. ჰაერი სქელი იყო, კაცები იარაღს არ აშიშვლებდნენ, მაგრამ ყველა ხვდებოდა — ერთი სიტყვა საკმარისი იყო. — ეს თქვენი ბოლო გაფრთხილებაა, — თქვა დემეტრემ მკაცრად. — მატილდას არავინ შეეხება. დავით ანანბა წინ წამოვიდა. — ქალი წავა, — თქვა ცივად. — და კესარია დარჩება. ესაა მშვიდობის ფასი. მშვიდობა, რომელიც ქალის სიცოცხლეზე დგას, მშვიდობა არ არის, — უპასუხა დემეტრემ. — მაშინ ომი ირჩევ? — ჩაიცინა დავითმა. — უკვე ავირჩიე, — თქვა დემეტრემ. დავით ანანბას სახეზე გაოცება გამოესახა, ალექსანდრე კუთხეში იდგა და მოვლენებს მშვიდად აკვირდებოდა, გასაოცარი იყო ასეთი მშვიდი ალექსანდრე ანანბა არასდროს ყოფილა. დემეტრე დაღლილი, გატეხილი და სრულიად ახალ ცხოვრებას მიუჩვეველი ეზოში ქვის საუკუნოვან კიბეებზე ჩამოჯდა თითქოს მთვარეს უსმენდა რა დროსაც ეზოს კუთხეში მუხლებზე დაჩოქილი კესარია დაინახა, რომელიც რაღაც სითხეს ქილებში ათავსებდა, თვითონაც არ იცოდა რატომ მაგრამ დემეტრეს გაეღიმა და მასთან მიახლოვება მოუნდა. ისეთი მშვიდი იყო თითქოს ეს მთელი ქაოსი მის გვერდით არ არსებობდა. — შენ რატომღაც აქ მშვიდად ხარ, — თქვა დემეტრემ. კესარიამ თავი დახარა. — იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება ლოდინში გავატარე, — უპასუხა. — და ლოდინმა მასწავლა მოთმინება. დემეტრე გაჩუმდა. რაღაც უცნაური სიმშვიდე იგრძნო მის გვერდით — და ამან შეაშინა. მატილდა საკუთარი ფანჯრიდან უყურებდა დემეტრეს და კესარიას სიახლოვეს და მის გულში პირველად გაიელვა შიშმა, დაკარგვის შიშმა. დემეტრე სხვა ქალთან, როგორ უსმენდა, როგორ არ იყო დაძაბული. გული ეტკინა ისე, თითქოს ნელა და ფრთხილად კლავდნენ. ოთახში მხოლოდ სანათის მკრთალი შუქი იდგა. ფანჯრის მიღმა ქარი მთებს ეხეთქებოდა, თითქოს მათგან პასუხს ითხოვდა. მატილდა საწოლზე იჯდა, მუხლები გულთან ჰქონდა მიხუტებული. როცა კარი გაიღო, არ შემოუხედავს — ნაბიჯების ხმა იცნო. დემეტრე დიდხანს იდგა კართან. თითქოს ეშინოდა, რომ ერთი სიტყვით ყველაფერს საბოლოოდ დაანგრევდა. — შეიძლება… — დაიწყო და ხმა გაუწყდა. — შეიძლება ჩამოვჯდე? მატილდამ თავი ოდნავ დაუქნია. მის გვერდით ადგილი ცარიელი იყო, მაგრამ ამ სიცარიელეში მთელი მათი წარსული ეტეოდა. დემეტრე ჩამოჯდა. ძალიან ახლოს არა — თითქოს იცოდა, რომ ამ სიახლოვის უფლება აღარ ჰქონდა. — მთელი დღე ვფიქრობდი, — თქვა ბოლოს. — როგორ გელაპარაკო ისე, რომ არ გატკინო… და მივხვდი, რომ შეუძლებელია. მატილდამ თვალები დახუჭა. ცრემლები უკვე იქ იყო, მაგრამ არ უშვებდა. დემეტრემ თავი დახარა. — იცი, რა არის ყველაზე მძიმე? — ჰკითხა. — ის, რომ როცა დაგკარგე… მაშინ მივხვდი, რამდენად ჩემი იყავი. არა ქაღალდით ან სიტყვით არამედ სუნთქვით. მატილდას გულში რაღაც ჩამოინგრა. თვალები გაახილა და შეხედა — იმ კაცს, რომელიც უყვარდა და რომელიც ანადგურებდა. — მე შენთვის ყველაფერი დავტოვე, დემეტრე, — თქვა ხმადაბლა. — ჩემი ქვეყანა, ჩემი ცხოვრება, ჩემი თავი და შენ… შენ ქორწილში იდექი. დემეტრემ ხელები სახეზე ჩამოისვა. — არ მინდოდა, — თქვა ჩურჩულით. — ღმერთმა იცის, არ მინდოდა. მაგრამ იქ ჩემი ოჯახი იდგა… სისხლი… საფლავები… მე ვერ გავიქეცი. — მე კი გავიქცევი— მწარედ გაეღიმამატილდას. დემეტრემ ხელი გაუწოდა, მაგრამ ჰაერში შეაჩერა. მერე ნელა შეეხო მის თითებს. ეს შეხებძველებური აღარ იყო ახლა — ჭრილობას ჰგავდა. — თუ მეტყვი, რომ წასვლა ჰინდა… — ხმა ჩაუწყდა. — წადი. მაგრამ თუ მეტყვი, რომ დარჩები… მთებს გადავაბრუნებ. მატილდამ თავი გააქნია, ცრემლი მაინც ჩამოუგორდა. — შენ ვერ დამიცავი მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდი, — და მე აღარ შემიძლია ყოველდღე მეშინოდეს… შენი სიყვარულის გამო. დემეტრემ მის წინ დაიჩოქა. პირველად ცხოვრებაში არ იყო ამაყი, ძლიერი კაცი — იყო უბრალოდ შეყვარებული და დამნაშავე ადამიანი. — მიყვარხარ, — თქვა და შუბლი მიადო მის მუხლებს, ისე მიყვარხარ, რომ სუნთქვა მტკივა. თუ უნდა დაგკარგო, მაინც იცოდე შენ ჩემი ერთადერთი სიმართლე ხარ. მატილდამ ხელი თმაზე ჩამოუსვა ეს ჟესტი ნაზი იყო, უკანასკნელი. — სიყვარული ზოგჯერ საკმარისი არ არის, დემეტრე, — ჩურჩულით თქვა. — ზოგჯერ სიყვარული მხოლოდ ის არის, რაც ყველაზე მეტად გვტკივა. თავადაც დაიჩოქა და შუბლი შუბლზე მიადო. წამით ყველაფერი გაჩერდა- ქარიც, მთებიც, დროც. დემეტრემ აკოცა. ნაზად. ისე, თითქოს ეშინოდა, არ დაემსხვრია. კოცნა სველი იყო — ცრემლებით, სინანულით, ყველაფრით, რაც ვერ გადარჩა. მატილდამ თვალები დახუჭა… და მერე თავი გააქნია. — ეს ჩვენი ბოლო კოცნაა, — თქვა ჩუმად. დემეტრე ვერ ადგა. თითქოს სხეული აღარ ემორჩილებოდა. — მაშინ… — ძლივს თქვა. — ჩემს ნაცვლადაც შენ იცოცხლე მატილდა. როცა ოთახიდან გავიდა, მატილდა მარტო დარჩა. ხელი ტუჩებზე მიიდო, სადაც მისი კოცნა ისევ ცოცხალი იყო. და პირველად ატირდა ხმამაღლა. ***** ოთახი ისევ იმ სიჩუმეში იყო ჩაძირული, რომელიც დემეტრეს გასვლის შემდეგ დარჩა. სიჩუმე, რომელსაც ხმა ჰქონდა — მძიმე, მჭიდრო, მახრჩობელა. მატილდა საწოლზე იჯდა, ხელები მუხლებზე დაედო და სუნთქვას ითვლიდა, თითქოს ასე შეძლებდა გულის დამშვიდებას. კარზე დაკაკუნება არ ყოფილა. უბრალოდ რაღაც შემოცურდა იატაკზე. მატილდამ თავი ასწია. წამით ეგონა, მოესმა. მერე ნელა წამოდგა და კართან მივიდა. იატაკზე პატარა, დაკეცილი ქაღალდი იდო. არც კონვერტი, არც სახელი. წერილი. ხელში აიღო და მაშინვე იგრძნო — ეს სხვა იყო. ქაღალდი ცივი იყო, თითქოს დიდი ხანი ეჭირათ ხელში, სანამ აქ დატოვებდნენ. გაშალა. წერა მკაცრი იყო, სწორი, ზედმეტი სიტყვების გარეშე. „შენ არ ხარ ის, ვინც გგონია. დემეტრემ იცის. მაგრამ სიმართლე არ უთქვამს. თუ დარჩები — ყველაფერს დაკარგავ. თუ წახვალ — გადარჩები. შუაღამემდე გაქვს დრო.“ სიტყვები არ კიოდნენ. სწორედ ამიტომ იყო ისინი საშიში. მატილდას ხელები დაუცდა. საწოლზე ჩამოჯდა. წერილს ისევ და ისევ კითხულობდა, თითქოს შორის სტრიქონებში პასუხს ეძებდა. „დემეტრემ იცის…“ გულში რაღაც ჩამოინგრა. არა ხმაურით — ჩუმად, როგორც ძველი კედელი, რომელიც დიდი ხანია ბზარებს მალავდა. ადგა. სარკესთან მივიდა. საკუთარ ანარეკლს შეხედა და პირველად დაინახა ქალი, რომელიც აღარ იყო უბრალოდ შეყვარებული. ეს იყო ქალი, რომელიც საფრთხეში იყო. — თუ ეს სიმართლეა… — ჩურჩულით თქვა. — და თუ ტყუილია… მაინც უნდა წავიდე. ფანჯრიდან მთებს შეხედა. ღამე ნელა ეშვებოდა, ცა იისფერს იღებდა. მთები ისევ იქ იყვნენ — დიდები, ჩუმები, უძრავები. მათ არ აინტერესებდათ სიყვარული, ქორწილი, სისხლი. ისინი მხოლოდ გადარჩენას ცნობდნენ. მატილდამ ჩანთა გახსნა. არ აუღია ბევრი რამ. მხოლოდ აუცილებელი. პასპორტი. ტელეფონი. ერთი ფოტო — ლონდონიდან, სადაც დემეტრე ეღიმებოდა და მას მხარზე ხელი ედო. ფოტოს დიდხანს უყურებდა. მერე ნელა დაკეცა და ჩანთაში აღარ ჩადო. საწოლის უჯრაში დატოვა. კარს რომ მიუახლოვდა, წამით შეჩერდა. თითქოს ელოდა, რომ ვინმე დაუძახებდა. შეაჩერებდა. ეტყოდა, რომ ყველაფერი ტყუილია. არავინ მოვიდა. ეზოში ჩასულმა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ცივი იყო, მაგრამ სუფთა. ისეთი, რომელიც გეუბნება — ახლა ან არასდროს. ჭიშკარი ჩუმად გააღო. და წავიდა. იმ დროს, როცა ალამბარების სახლი სიბნელეში იძირებოდა, დემეტრეს ოთახში შუქი აინთო. მან იგრძნო — არა გაიგო, არა დაინახა — იგრძნო, რომ რაღაც საბოლოოდ შეიცვალა. მატილდას ოთახში ავიდა. ცარიელი იყო. საწოლი ხელუხლებელი. ფანჯარა ოდნავ შეღებული. ჰაერში კი მისი სურნელი — სუსტად, თითქმის აღარ. და მაშინ მიხვდა: ის წავიდა. და წერილი, რომელიც ჯერ არ უნახავს, მის ცხოვრებას სრულიად სხვა გზაზე გადაიყვანს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


