შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთნულდს გასძახე 10. თუ გაუშვებ - ქარს გაჰყვება


გუშინ, 23:58
ავტორი Anukaaa_aa
ნანახია 233

საღამო მიიწურა. მზე უკვე გადაღმა გადავიდა, მაგრამ მთის ზურგზე ისევ იდგა მძიმე სინათლე - ისეთი, თითქოს დღეს არ სურდა დასრულება, სანამ ყველაფერი არ დალაგდებოდა. ეზოში თოვლი უკვე ზოლებად იდო  და მხოლოდ ბუხრების კვამლი იდგა ჰაერში - თეთრ ფონზე ამოსული შავი ხაზივით.

მაკა წავიდა. მანქანის ხმა ნელ - ნელა შორს მიიკარგა და როცა ბოლო ექო გაქრა, თითქოს მთამ ამოისუნთქა. თუმცა ის ამოსუნთქვაც არ ჰგავდა შვებას, უფრო იმ სიმძიმეს, რაც სიცარიელეს მოაქვს.

გაგი კართან იდგა. მალხაზი მიუახლოვდა.

- ახლა დაწყნარდი, ბიჭო,- თქვა ხმადაბლა,- რაც იყო, იყო. ქალი დარჩა. ეგ უკვე ნახევარი საქმეა.

გაგიმ თავი ასწია, უყურებდა სოფლის თავზე ჩამოშვებულ მტვერსავით ნისლს.

- დარჩა კი,- ჩაილაპარაკა,- მაგრამ რა ფასად, მამა? ზოგჯერ მგონია, მთის მორჩილება უფრო ძვირი უჯდება კაცს, ვიდრე მის წინააღმდეგ დგომა.

მალხაზის გაეცინა, მწარედ, ისე, თითქოს რაღაც ძველი გაახსენდა.

- ეგ წლები რომ გავა, მერე მიხვდები. მთა არ ითხოვს კაცის ნებას - მთა ითხოვს მის ცხოვრებას და ვინც ერთხელ მის კანონს შეეხება, იმას უკან დასახევი გზა აღარ აქვს.

მათ შორის სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ შორიდან ისმოდა, როგორ თოვდა ისევ რბილად, შეუმჩნევლად. შიგნით, სახლში, ანა მარტო იჯდა ბუხართან. ოთახი სითბოთი ივსებოდა, მაგრამ გული ისევ გაყინული ჰქონდა. ხედავდა, როგორ ცვიოდა ნაპერწკლები და ეხვეოდა ერთმანეთს. მერე ნელ - ნელა ქრებოდნენ, ისე, როგორც იმ დღეს ქრებოდა ყველაფერი მის შიგნით.

დარიკო შემოვიდა, ნელა, ფრთხილად.

- წყალი დავადგი,- თქვა ჩუმად,- ჩაის დალევ? რამე უნდა ჭამო, ასე არ შეიძლება.

ანას არ უპასუხია. მხოლოდ ბუხრის ალზე გაშეშებული თვალებით იჯდა.

- შენ ახლა მშვიდად უნდა იყო, შვილო,- თქვა დარიკომ,- რასაც მთა გადაწყვეტს, იმას ვერავინ შეცვლის. შეიძლება ეს იყო გზა რომ ყველაფერი ჩაწყნარებულიყო.

ანა მისკენ მობრუნდა.

- რომელი გზა?- იკითხა ჩუმად,- გზა, სადაც მე აღარ ვარ? თუ გზა, სადაც ჩემ ცხოვრებას სხვა ნებით ატრიალებს?

დარიკომ სუნთქვა შეიკავა. ვერ უპასუხა. გაგიმ კარი ნახევრად შემოაღო, თითქოს მხოლოდ ჩრდილი შემოიტანა. რამდენიმე წამი ჩუმად იდგა, მერე თქვა.

- ხვალ მალხაზი იტყვის რაღაცას.

ანა წამოიწია. თვალებში ნაპერწკლები ჩაუდგა.

- რას?- გაგიმ შეხედა და ისე მშვიდად უპასუხა რომ იმ სიმშვიდემ უფრო დააფრთხო.

- ქორწილზე ილაპარაკებს,- ოთახში ბუხარი ჩაქრა. თითქოს თვითონ ალიც გაიყინა. ანა გაშეშდა. პირველად ვეღარ ამოისუნთქა, მხოლოდ ტუჩები დაეძაბა.

- შენ... მართლა ფიქრობ რომ ამით რამე გამოსწორდება?- იკითხა ჩუმად. გაგი ვერ უყურებდა თვალებში. მხოლოდ თქვა.

- სხვა გზა აღარ დაგვიტოვა არც ხალხმა, არც წესებმა,- და ისევ სიჩუმე ჩამოწვა.
მხოლოდ გარედან ისმოდა, როგორ ცვიოდა თოვლი, ისე ნელა, თითქოს თვითონ დროს სურდა გაეწელა, სანამ ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ გახდებოდა მიღებული. ოთახში სიჩუმე იდგა. ბუხარი ცივდებოდა. გაგი ისევ იდგა იმავე ადგილას. თითქოს ელოდა, როდის ააფეთქებდა ანა იმ სიჩუმეს, რაც უფრო საშიში იყო, ვიდრე ყვირილი.

და აფეთქდა კიდეც.

- ქორწილი?!- თითქმის არ იყო ეს სიტყვა, უფრო ბზარი იყო, რომელიც მთელ ოთახში გაიფანტა,- ასე აგვარებთ, არა? მომიტაცე, გამაჩუმე, ახლა ცოლიც გავხდები და მერე რა, შვილიც ხომ არ გაგიჩინო?

გაგიმ თავი წამოწია, ხმა მშვიდად ამოუვიდა, მაგრამ თვალებში რაღაც ბნელი ელვარება ჩაუდგა.

- ანა, ყველაფერს თავისი წესები აქვს. მე ვერ შევცვლი მათ.

- ჰო, წესები!- ირონიულად გაიცინა გოგომ,- ეგ წესები იმას ამბობს რომ ქალი შეგიძლია უბრალოდ თითზე ატრიალო, არა? იმ კაცის გვერდით გაჩუმდეს, ვინც საკუთარი შიშის გადასაფარად "ტრადიციას" ეძახის თავის სისუსტეს?

გაგი წამით გაშეშდა. მერე ჩუმად უთხრა.

- ნუ ლაპარაკობ ისე, თითქოს მე შენ მტრად მიგაჩნივარ. მე შენც გიცავ... და ჩემს სახლსაც.

- დაცვა?- ანამ ხმამაღლა გაიცინა, თვალებში ცრემლი ჩაუდგა, მაგრამ არ დაუმალავს,- შენ არ იცავ, გაგი, შენ იმალები! შენ გეშინია მთის, კაცების, სიმართლის! ამიტომაც გგონია რომ ქორწილი ყველაფერს გამოასწორებს! და კიდევ… არ მჭირდება შენი დაცვა.

გაგის მზერა შეეცვალა. ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა, ხმა აუწია.

- აქ ასეა და თუ აქ დარჩი - აქაური წესით იცხოვრებ!

- მე არ ამირჩევია აქ დარჩენა!- იყვირა ანამ,- თქვენ ამირჩიეთ! შენ, მალხაზიმ - ყველამ! აქ ძალით მომიყვანეთ და მაიძულეთ დარჩენა, მუქარით რომ ყველა მოკვდებოდა. ჩემი სიტყვები არაფერს ნიშნავდა, აქ დავრჩი, იმიტომ რომ არ მინდოდა დედაჩემიც მამაჩემის გზას გაჰყოლოდა თქვენ გამო! მაგრამ ახლა ჩემზე ისე ლაპარაკობთ, თითქოს ნივთი ვიყო!- გაგიმ მკლავზე ხელი მოკიდა, თითქოს სურდა დაემშვიდებინა, მაგრამ ანამ უხეშად მოიშორა. თვალები უბრწყინავდა, სუნთქვა აუჩქარდა. ოთახი თითქოს ვეღარ იტევდა ამდენ სიბრაზეს.

- გამიშვი!- დაიყვირა ისევ,- გეუბნები, გამიშვი, თორემ...

 გაგის ხელი არ გაუშვია.

- თორემ რა? რას იზამ, ანა? ისევ გაიქცევი,- ანას თვალები მაგიდაზე დადებული ვაზისკენ გაიქცა. სიტყვა აღარ უთქვამს, გაგის ხელზე უკბინა, ვაზა აიღო ორივე ხელით და მთელი ძალით ესროლა. გაგი სწრაფად გადადგა უკან, ვაზა კედელს მოხვდა, მთლიანად დაიფშვნა. დარიკომ წამოიყვირა, არ ელოდა, ხვდება რომ ანა ძალიანაა გაბრაზებული და ახლა მასთან საუბარს აზრი არ აქ. ოთახი გაიყინა. ბუხრის ალი აირეკლა გაგის თვალებში - იმ წამს პირველად ჩანდა იქ შიში, არა ქალისგან, არამედ იმისგან, რაც საკუთარ თავში დაინახა. ანა სუნთქვას ვერ ანელებდა, ხელი ჯერ კიდევ ეჭირა ისე, თითქოს ისევ იჭერდა ვაზას.

- არ გაბედო, გაგი...- ხმა მკვეთრი, მტკიცე იყო,- ჩემს ცხოვრებაში შემოიჭერი - ავიტანე. ჩემზე საუბარი დაიწყე - ავიტანე, მაგრამ თავისუფლებას თუ წამართმევ, ისე მოგკლავ - არც დავფიქრდები.

გაგიმ ისევ ნაბიჯი გადადგა, მაგრამ გაჩერდა. თითქოს მიხვდა რომ ამ წამიდან ძალა აღარ იყო მის მხარეს. და ბუხარში ისევ აინთო სუსტი ცეცხლი, მაგრამ აღარ ათბობდა. მხოლოდ ანათებდა ნამსხვრევებს იატაკზე. ანა ოთახში შევარდა, კარი ისე ხმაურით მიხურა რომ მთელი სახლი შეზანზარდა. ხმაურზე ნინო და მალხაზი გამოვიდნენ. ყველა გაჩერდა, როცა გაგი დაინახეს. კედელთან იდგა, სისხლიანი ხელით, ვაზის ნამსხვრევებისგან და თვალებში ცეცხლი ჩაჰკროდა. რამდენიმე წამი სიჩუმე იდგა. მხოლოდ ბუხრის ტკაცუნი ისმოდა.

- რა გაუკეთე?- ნელა იკითხა მალხაზიმ.

- ეს იმ ველურმა რა გაუკეთა ჩემს შვილს,- გაბრაზებული მივარდა ნინო შვილს.

- არაფერი...- გაგიმ ამოილაპარაკა, მაგრამ იმ ხმაში არც სიმართლე იყო, არც სიმშვიდე.

მალხაზი მიუახლოვდა, მკლავზე ხელი დაადო.

- ეს გოგო უკვე აღარ გემორჩილება, გაგი,- გაგიმ მზერა ოთახისკენ გაიტანა, სადაც ანა იყო.

- არც მინდა რომ დამემორჩილოს, არც მონაა ჩემი და არც მსახური,- ოხრავს ბიჭი,- უბრალოდ მინდა რომ შევაგნებინო.

- რას იზამ...

- არ მიდის,- თქვა ჩუმად,- აქ რჩება, მაგრამ გონებით სხვაგანაა, გულით წასვლა უნდა, მაგრამ ისევ აქ არის.

დარიკომ ამოიოხრა, ბუხარს მიუახლოვდა.

- ეგ ყველაზე საშიში დარჩენაა, შვილო. როცა ადამიანი აქაა სხეულით, მაგრამ გონებით სადღაც შორს.

მალხაზიმ დაამარა, უფრო ხრინწიანი ხმით.

- შენც ვერ დაიჭერ, გაგი. ვინც საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის, ის შენც აღარ გეკუთვნის,- გაგიმ ჩუმად თავი დახარა. ცეცხლმა მის სახეზე წითლად აირეკლა. იმ წამს პირველად ჩანდა იქ დანაკარგი, რომელიც ჯერ არ დამდგარა, მაგრამ უკვე ტკივილად ქცეულიყო. მალხაზი ფანჯარასთან მივიდა, ცივი შუშიდან გადმოხედა გარეთ გადაფენილ თოვლს. თითქოს მთელ სვანეთს უყურებდა და არა მხოლოდ ერთ ეზოს.

- ამ მთამ ბევრჯერ ნახა ქალი, რომელიც გულით შორს იყო,- თქვა ნელა,- მაგრამ ამხელა ზამთარი... იშვიათად ჩნდება კაცის გულში. ეგ გოგო თოვლივით არის, თუ დაიჭირე, დადნება. თუ გაუშვებ - ქარს გაჰყვება.

ნინომ თავი ჩაღუნა, ნერვიულად გადაუხვია შვილს ხელი.

- და მაინც დარჩა,- ჩურჩულით თქვა,- ალბათ რაღაც მიზეზი აქვს.

გაგი ჯერ ისევ ჩუმად იდგა, მერე ღრმად ამოისუნთქა, თითქოს საკუთარ თავს ებრძოდა.

- იმიტომ დარჩა რომ ვაიძულეთ,- ბოლოს თქვა,- მაგრამ ვერაფრით შევძელი რომ ჩემად დარჩენილიყო. თითქოს რაც უფრო ახლოს ვარ, მით უფრო შორს მიდის.

გაგიმ ამოისუნთქა.

- მე არ მითქვამს რომ მინდა აქ დარჩეს,- ხმაში სევდა არ იყო - დანაშაულის გრძნობა კი აშკარად,- უბრალოდ მითხრეს, ასეა სწორიო. მამამ, წესებმა. აქ დავიბადე და გავიზარდე, როგორ ვთქვა მათზე უარი? მაგრამ რაც უფრო დრო გადის, ვხედავ მის თვალებს...

ხმა გაუწყდა.

- მით უფრო მგონია რომ ჩვენ გავანადგურეთ ადამიანი და ამას ოჯახი ვუწოდეთ.

ნინო ჩუმად იჯდა. არ ერეოდა, გრძნობდა როგორ სტკიოდა თავის შვილს.

- არც შენი ბრალია მარტო. როცა სისხლი პასუხად ითვლება, სიყვარული ვეღარ იბადება. იქ მარტო შიში რჩება.

გაგიმ თავი დახარა. იქნებ ვერასდროს შეიყვაროს ეს გოგო? ან იქნებ უკვე უყვარს და ამიტომაც ვერ უშვებს გულიდან?

- და მაინც, ახლა მე ვარ ის სახე, რომელსაც ხედავს როცა სიძულვილს იგრძნობს,- ბუხარი ნელა ჩაქრა. ოთახი ჩაიძირა იმ სიჩუმეში, რომელიც მხოლოდ ტკივილს ეკუთვნის.
ზემოდან გაისმა ნაბიჯების ხმა. მძიმე, მშვიდი, და მაინც თითქოს ყოველი ბიჯი რაღაცას ამთავრებდა.

ანა კიბეზე ჩადიოდა. თმა გაშლილი ჰქონდა, სახე მკვდარივით ფერმკრთალი. გაგი წამოდგა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.

- აღარ მინდა თქვენი კანონები,- თქვა ჩუმად,- არც ღირსება მინდა, არც შიში. მე არ ვარ ვალის პასუხი.

ნინომ თავი დახარა. დარიკომ პირზე ხელი აიფარა. გაგი მხოლოდ იდგა.
ანა რამდენიმე წამით გაჩუმდა, მერე ნელა გადადგა ნაბიჯი კარისკენ.
გარე კარი ოდნავ გამოაღო - სუსხმა მაშინვე შემოაჭრა ოთახში, მაგრამ არავის დაუხურავს. კართან გაჩერდა, თითქოს რაღაცას ელოდა - სიტყვას, შეჩერებას, სინანულს მაინც. არაფერი ისმოდა. მხოლოდ ბუხრის ტკაცუნი და თოვლის ჩუმი ხმა გარედან.

- აქ აღარ ვარ,- თქვა ბოლოს, თითქმის ჩუმად,- შეიძლება სხეულით კი, მაგრამ აქ აღარ ვარ გონებით. არც ვყოფილვარ,- გაგი მიუახლოვდა, თითქოს უნდოდა რაღაც ეპასუხა, მაგრამ ანამ თავი ოდნავ მიაბრუნა.

- არ გჭირდება ახსნა,- დაამატა,- სულით და გულით არც შენ ხარ აქ.

დარიკომ ჩუმად გაიღიმა. მწარედ, თითქოს იცოდა რომ ახლა ანას სიტყვები აღარ ეკუთვნოდა მხოლოდ მას. მაგრამ სანამ ანა კარს სრულად გამოაღებდა, უკნიდან მკაცრი ხმა გაისმა - მალხაზი იყო.

- არ გახვიდე, ანა,- თქვა მტკიცედ, ისე რომ არც ერთი ბგერა არ შეტოკებია,- ერთხელ თუ ამ ზღურბლს გადააბიჯებ, მერე უკან ვეღარ დაბრუნდები. მთა ამას არ გაპატიებს - არც შენს ოჯახს, არც ჩვენიანებს.

ოთახში ჰაერი გაჩერდა. ანამ ნელა დახუჭა თვალები, თითქოს ამ სიტყვების სიმძიმე შეიგრძნო.

- და მაინც, თუ თქვენ და ეს ადგილი ამას ითხოვს...- ჩუმად თქვა,- რატომ უნდა დარჩეს ქალის სიცოცხლე ამის ფასად?

მალხაზმა უხეშად ამოისუნთქა.

- იმიტომ რომ ასე იწყება სისხლი და სისხლს რომ ვერ აჩერებ, მერე მთებიც ინგრევა,- გაგი ხმამაღლა აღარ ლაპარაკობდა, მაგრამ თვალებით რაღაც ებრძოდა- საკუთარ თავს, ანას, მთას... ვერ გაეგო. ბოლოს ნაბიჯი გადადგა და კარი ჩაკეტა - მტკიცედ, მაგრამ თითქოს გულიც ჩაკეტა მასთან ერთად.

- დარჩები აქ,- თქვა ჩუმად,- სანამ ყველაფერი არ დასრულდება.

- და თუ არ დასრულდა?- იკითხა ანამ, საერთოდ არ შეუხედავს. გაგი წამით გაჩერდა, მერე უპასუხა.

- მაშინ არც ჩვენ დავრჩებით.- ნინომ ცრემლი შეიმშრალა.

- ღმერთმა ქნას, ეს ტკივილი ერთხელ მაინც ვიღაცამ დაამთავროს, თორემ ამ მთას ხალხი კი არა, ცოდვები ამოწვავს,- ამბობს დარიკო.

ბუხარში ცეცხლი ნელა ჩაიფერფლა. თოვლი გარეთ ისევ ცვიოდა - სუფთა, თითქოს არაფერში დამნაშავე არ იყო. მაგრამ შიგნით ყველამ იცოდა - ანას ნაბიჯი, რომელიც ვერ გადაიდგა, უფრო მძიმე იყო. გაგი ფანჯარასთან იდგა, ისევ ჩუმად.

- ზოგჯერ მთა მარტო იმას არ იტოვებს, ვინც დარჩა,- ჩაილაპარაკა ბოლოს,- არამედ იმასაც, ვინც ვერ გაუშვა.

დილამდე აღარაფერი მომხდარა. დარიკომ იმ დილით გარეთ გამოვიდა, ცას შეხედა და ჩუმად თქვა.

- ეგეთი ქალები ვერ გარბიან. მათგან იწყება ან ახალი წყევლა... ან ახალი სიცოცხლე.

და მთა ისევ დუმდა - ისე, როგორც დუმს იქ, სადაც ჯერ ყველაფერი არც კი დაწყებულა.



№1 სტუმარი სტუმარი თეო

კარგი იყო მაგრამ ცოტა იყო,ველოდები შემდეგს ♥️

 


№2  offline წევრი Anukaaa_aa

სტუმარი თეო
კარგი იყო მაგრამ ცოტა იყო,ველოდები შემდეგს ♥️


დაახლოებით 1500-2000 სიტყვა მაქვს ხოლმე თითო თავში… იყო დრო 6-7 ათასებს რომ ვწერდი, სამწუხაროდ, მაგდენს ერთ დღეში ვეღარ ვწერ, დრო არ მაქვს. თუ დავდებ მაშინ თვეში ერთხელ მომიწევს დადება…

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიკა

გამიხარდა რომ დავინახე ეს ისტორია. ძალიან საინტერესოა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent