შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთნულდს გასძახე 8. მთას ტირილი არ ესმის


გუშინ, 11:44
ავტორი Anukaaa_aa
ნანახია 155

სახლში სიჩუმე იდგა. არც სუნთქვის ხმას ისმენდი, არც ჩხუბს, არც სიცილს - თითქოს თვითონ კედლებიც ფიქრობდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ ამ ამბავზე. ანა სარკმელთან იდგა, თმა გულზე ჩამოშლილი და უყურებდა თოვლს, რომელიც ამ წუთას მშვიდად ფარავდა მთებს. გაგი ოთახში შევიდა. ნაბიჯი მძიმე ჰქონდა - არა ბრაზით, არამედ იმ დაუძლეველი დაღლილობით, რომელიც შიგნიდან მოდიოდა.

- ისევ ფანჯარასთან დგახარ?- თითქოს მკაცრად ჰკითხა, მაგრამ ხმაში სისუსტე ეტყობოდა.

ანა არ შებრუნებულა.

- ფანჯარასთან მაინც ჰაერია. იმ სახლში კი სული მეხუთება,- გაგი ნაბიჯით მიუახლოვდა. თვალებში ისეთი ცეცხლი ედგა რომ წამით თვითონვე დაფიქრდა, რას აკეთებდა.

- არ ვიცი, რომელი უფრო გიჭირს - სიჩუმე თუ სიმართლე,- თქვა ბოლოს,- მაგრამ ამ მთაში მარტო სიმართლე ვერ გაცოცხლებს. ზოგჯერ უნდა გაჩუმდე რომ გადარჩე.

ანა მისკენ შებრუნდა, თვალებში შეხედა - შეუდრეკლად.

- მირჩევნია ამ სიჩუმემ მომკლას,- წამიერმა სიჩუმემ თითქოს კედლებიც შეარყია. გაგი უხმოდ გავიდა ოთახიდან, კარი ოდნავ მიხურა და ეზოში ჩავიდა. თოვლი ისევ მოდიოდა, მაგრამ ახლა უფრო მძიმე ფიფქებად.

მთელი დღე ისე გავიდა რომ არც ერთს აღარ უსაუბრია. საღამოს გაგი ბუხართან იჯდა, ხელში ჭიქით და ცეცხლს უყურებდა, მაგრამ ცეცხლში ალეკოს სახე ჩაუდგა. ძლიერი, უხეში, მაგრამ სამართლიანი კაცის. ის ღამე ვერ დაიძინა. კოშმრები დაეწყო - ალეკო თოვლში იდგა, სისხლიანი ნაბადით და ეუბნებოდა:

„შენც ამ გზას დაადგები, გაგი... როცა ქალს მოიტაცებ, ჩემი სისხლი ისევ შენს კარზე მოხვდება."

გაგის შეშინებული გამოეღვიძა - სხეული ცივი ოფლით დაეფარა. წამოჯდა, ხელები შუბლზე მიიდო და ჩუმად ამოილაპარაკა.

- სისხლს სისხლი ვერ ასუფთავებს...- იმ წამს პირველად - არა როგორც სვანი, არამედ როგორც ადამიანი მიხვდა - ანას მოტაცება არც შურისძიება იყო და არც ღირსების დაბრუნება. ეს უბრალოდ კიდევ ერთი ტკივილი გახლდათ, რომლის ზიდვაც აღარ შეეძლო.

გარეთ ქარმა კარი ოდნავ შემოაღო - თოვლი შიგნით შემოიჭრა. გაგი წამოდგა, ფანჯრიდან გაიხედა - თეთრ ფერდობზე დადგა და თითქოს პირველად იგრძნო. მთასაც შეუძლია სირცხვილი იგრძნოს.

დილა მოულოდნელად გამჭვირვალე იყო - ისეთი ცა, რომლითაც სვანეთი იშვიათად იწყებს დღეს. თოვლი ღამით შეწყვეტილიყო, მთების სუნთქვაც თითქოს მშვიდად ისმოდა. გაგი ეზოში გავიდა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ანა უკვე გარეთ იდგა. ფარდაგზე დამდგარი, თოვლს ყრიდა ზემოდან, თითები გათეთრებოდა სიცივისგან.

- გუშინ... ზედმეტი ვთქვი,- ამოილაპარაკა დაბალი ხმით.

ანამ გაიღიმა, ისე, თითქოს არ სურდა და მაინც ვერ შეიკავა ღიმილი.

- სიჩუმე ყველას ერთნაირად არ ესმის. ზოგისთვის შვებაა, ზოგისთვის სასჯელი,- ანა შეჩერდა, ნელა შებრუნდა. თვალებში უკვე არც ზიზღი იყო და არც შიში,- უხეშობა არც გუშინ დაგიწყია. შენ ასე გაიზარდე. სხვანაირად არ გესმის.

სიჩუმე ჩამოვარდა. ბუხრიდან ამოსული კვამლი შორიდან ჩანდა, თოვლი კი მზის სხივებზე ისე ბრწყინავდა, თითქოს მთას ესმოდა მათი საუბარი. გაგიმ ნელა ჩაისუნთქა და უთხრა.

- შენ არ იცი, რას ნიშნავს სისხლის ვალი ამ მთაში. ალეკო... - სიტყვა შუაზე გაუწყდა.

- ვიცი,- დააწია ანამ მშვიდად,- იმიტომაც გეუბნები, თუ სისხლი გინდა გაწმინდო, უნდა გაჩერდე.

- შენ არ გესმის... ალეკო ჩემთვის მთა იყო, ბიძა კი არა. როცა მოკლეს, თითქოს ცა ჩამოინგრა. ახლა კი ყველა მე მიყურებს,- ანა მიუახლოვდა. პირველად, ისე ახლოს რომ გაგის სუნთქვა დაავიწყდა.

- იქნებ სწორედ ამიტომ არ გადარდებს ის, რაც დამემართა? იმიტომ რომ შენც ვალით ცხოვრობ და არა არჩევნით. იმხელა ვალი გადევს მხრებზე რომ გარშემო ვეღარავის ხედავ,- გაგი გაჩუმდა. მის თვალებში რაღაც მოიშალა. თითქოს შიგნიდან ჩამოინგრა ის ქვა, რომელიც წლებია გულზე აწვა.

- მთას შეუძლია აპატიოს, მაგრამ ვერ დაივიწყოს,- საღამო ისე ჩამოწვა, თითქოს მთებს ზურგზე მოეფინა სიმძიმე. სვანეთის ჰაერი ისევ მძიმე იყო, შორიდან მგლების ყმუილი ისმოდა. გაგი დიდხანს იჯდა სიჩუმეში. ბუხარში ცეცხლი კვამლად იქცა. ნინო შემოვიდა ჩუმად, შალის ნაბადი მოეხურა და ისე დაავლო ხელი სკამს, თითქოს მორიგი ომის მოსასმენად ემზადებოდა.

- ისევ ვერ ისვენებ, გაგი?- ჰკითხა მშვიდად. გაგიმ ხმა არ ამოიღო. თვალებით ცეცხლს გაჰყვა, თითქოს იქ ეძებდა პასუხს.

- ქალი ცეცხლია,- თქვა ბოლოს,- ან აქეთ დაგწვავს, ან თავს დაიწვავს და შენც გაგიყოლებს. მე ვერ გავიგე, რომელი გზით მივდივარ.

ნინომ ნელა ამოისუნთქა.

- შენ ალეკოს ჩრდილს ვერ გადაურჩი. ეს გოგო კი სხვაა. სხვა სისხლი, სხვა სული. თუ მის წინაშე მთის კანონს დადებ, დაკარგავ. თუ გულს მიჰყვები - მთას დაკარგავ. აი, შენი არჩევანი, შვილო.

გაგიმ ამოილაპარაკა თითქმის ჩურჩულით.

- და თუ ორივე უკვე დავკარგე?

ნინო გაჩუმდა. მერე თითქოს რაღაც გაიხსენა, თვალები დახუჭა და თქვა.

- მაშინ ღმერთმა იცის, რას გაპოვიებს... მაგრამ გახსოვდეს, რაც მთამ წაგართვა, მხოლოდ მთა დაგიბრუნებს,- კარი გაიღო. ცივი ქარი შემოვარდა, ფარდა შეირხა და ანა გამოჩნდა. თმა ქარს აელეწა, თვალებში კი ისევ ის ჯიუტი სინათლე ენთო. გაგის და ნინოს ხმა ერთიანად ჩაიძირა ოთახში. თითქოს მთაც ჩუმად დაესწრო იმ წამს.

ანა ზღურბლზე გაჩერდა, ხელახლა დანთებულ ცეცხლს გახედა და მშვიდად თქვა.

- მგლების ყმუილი ისევ ისმის... ალბათ რაღაცას ეძებენ,- ნინომ თვალით ანიშნა გაგის „დაილაპარაკეთო" და თავად უხმაუროდ გავიდა. კარი ნელა დაიხურა, თითქოს დრო თავისით გაჩერდა. გაგი წამოდგა, ფრთხილად მიუახლოვდა, მაგრამ სიტყვები ისევ ვერ იპოვა. მხოლოდ ჩუმად ამოილაპარაკა.

- აქ ვერავინ ისვენებს. ვერც მე... ვერც შენ, ვერც მგლები.

- იმიტომ რომ სიმართლე არ გასვენებს. შენ კი სიმართლეს გაურბიხარ,- გაგიმ თავი დახარა, გაეღიმა მტკივნეულად, თითქოს დარტყმა მიეღო.

- მე აქაურობას ვემალები და არა სიმართლეს,- თქვა ჩუმად.

- მთა - გორა და სიმართლე ერთი რამეა,- უპასუხა ანამ,- ვინც ერთს გაექცევა, მეორესაც დაკარგავს.

სიჩუმემ ოთახი გაყინა. ცეცხლი ტკაცუნებდა, ქარი გარეთ ღრიალებდა. გაგიმ ირონიულად ჩაიცინა.

- სიმართლე? შენ გგონია, აქ ვინმეს ეგ აინტერესებს? აქ წესია და სისხლი.

- წესს კაცები იგონებენ, როცა სიმართლეს ვეღარ უძლებენ,- ხმა გაებზარა ანას, მაგრამ თვალები მაინც სიბრაზისგან უციმციმებდა.

გაგი წამოდგა.

- რა გინდა ჩემგან, ანა?- თქვა ბოლოს,- რას ელი?

- სამართალს,- მიუგო მოკლედ.

- ეგ სიტყვა იაფად არ იყიდება.

- არც მე არ ვიყიდები,- თვალებში შეხედა. რამდენიმე წამი ერთმანეთს უყურებდნენ. გაგიმ ვეღარ გაუძლო მის მზერას, თვალი აარიდა. ხრინწიანი ხმით ამოილაპარაკა.

- გგონია მე ეს მინდოდა? რომ მომეტაცე? რომ ამ სახლში გამომეკეტე?

- და მაინც, მე აქ ვარ,- უპასუხა მშვიდად,- შენი ნებით თუ არა - აქ ვარ,- გაგი გაჩუმდა. ოთახში ისევ მხოლოდ ქარის ხმა დარჩა.

- შენ არაფერი გესმის, ანა!- თქვა მკაცრად,- ეს მთა, ეს გორა, ეს წესები, ასე დგას საუკუნეა! აქ წესები არ იცვლება და არც შეიცვლება შენი ჯიუტობის გამო!

ანა კი არ შეკრთა - უფრო გამართულად დადგა, თვალებში კი რაღაც ცივი ამოუბრწყინდა.

- კაცებს ჰგონიათ რომ ყველაფერი მათ ეკუთვნით... წესებიც სწორედ მათ სამართავად მოიგონეს... მაგრამ ქალები იხდიან ამ წესების ფასს! შენც იცი, მე აქ იმიტომ არ ვარ რომ მთამ მომინდომა.

გაგი გაჩერდა. ხმა ჩაუწყდა.

- ფრთხილად,- თქვა ბოლოს ჩუმად,- ისეთ სიტყვებს ამბობ, რასაც ეს კედლები ვერ იტანს.

- ეგ კედლებიც კაცებმა ააშენეს!- აუმაღლა ხმას ანამ,- შენებს ჰგონიათ რომ ქალი ტყვეა, რომ შურისძიების ნაწილი შეიძლება იყოს. მაგრამ მე სხვისი ცოდვა არ წამომიღია აქ, გაგი! მე ამ წყეული სისხლისთვის ვისჯები, რომლის აზრზეც არ ვიყავი. საერთოდ რა შუაში ვიყავი? გიხარია არა? გოგო მოიტაცე და ახლა ღირსება ათმაგად დაიბრუნე. მე? ჩემზე რას იტყვი? მე რა დავაშავე რომ არც ღირსება შემრჩა, არც თავისუფლება და არც თავმოყვარეობა?

გაგი წამით შეკრთა. პირველად დაუძახა სახელი. თუმცა ბრაზი მოერია, მუშტი მაგიდაზე დაარტყა ისე ძლიერად რომ ბუხრის ნაპერწკალმა იფეთქა.

- მე შენ არ ამირჩევიხარ!- სიჩუმე დაეცა, მძიმე, მჭახე,- მაგრამ ასე მოხდა, პასუხი მე კი არა, დანელიას მოჰკითხე. აქ მის გამო ხარ და არა ჩემი.

ანა ნელა მიუახლოვდა, თვალებში ჩახედა და მშვიდად უთხრა.

- მაშინ ნუ ცდილობ ახლა თავი გაიმართლო ამ ცოდვისთვის,- გაგი ზურგით შებრუნდა, ხელი კედელზე მიარტყა, მერე ფანჯარას შეხედა, თითქოს იქ, თოვლში, პასუხს ეძებდა.

- ნეტა ვიცოდე, რატომ ვერ გეუბნები რომ წახვიდე,- ამოილაპარაკა ჩუმად.

- იმიტომ რომ როცა მაგას მეტყვი, შენც წამომყვები,- თქვა მოესმა ანას ხმა.

და წავიდა, ისე რომ კარი არც დაუხურავს. გაგი კი დარჩა მარტო, ცეცხლთან, სადაც ყველა ნაპერწკალი წვავდა იმას, რაც უკვე იწყებოდა და რასაც ვერცერთი მათგანი ვერ გააჩერებდა.

ანას სქელი მოსაცმელი მოეხურა. ეზოში თოვლი დამდნარიყო. გაგი კარებში წამოეწია, ხელები ჯიბეში ჩაეწყო, ხმა მშვიდი ჰქონდა, მაგრამ თვალებში წყვდიადი უტრიალებდა.

- საით მიდიხარ?

- არ ვიცი... იქნებ უკან. იქნებ იქ, სადაც ჩემი სახლია,- თქვა ანამ,- შეიძლება დავბრუნდე.

- აქ მოსული უკან არ ბრუნდება. მთა იმას არ უშვებს, ვინც ერთხელ აიყვანა.

- მთა კი არა, შენ არ მიშვებ!- ხმა აუკანკალდა ანას,- არც მთას ვეკუთვნი, არც შენ და არც შენს წესებს.

გაგიმ ნაბიჯი გადადგა მისკენ, ნელა, მაგრამ მტკიცედ.

- შენც იცი რომ თუ ახლა წახვალ, გზა აღარ გექნება. აქ ან დარჩები, ან დაიკარგები. შუა გზა არ არსებობს.

ანა შეაჩერდა, თვალი გაუსწორა.

- მე მთელი ცხოვრება შუა გზაზე დავდივარ, გაგი. ხან ქართან ერთად, ხან მის წინააღმდეგ. მაგრამ მაინც დავდივარ. ახლა შენ ვერ გამაჩერებ.

გაგიმ თვალები დახუჭა, თითქოს ომობდა თავის თავთან. მერე ჩუმად, გაჭირვებით ამოილაპარაკა.

- იქნებ შენ ვერ ხვდები, ანა... აქ ვინც მიდის, ან ცოცხალი არ ბრუნდება, ან სხვა ადამიანი ხდება.

- მაშინ მირჩევნია, წავიდე და მოვკვდე, ვიდრე აქ დავრჩე და დავივიწყო, ვინ ვარ,- სიჩუმემ თოვლივით გადმოიფინა მათ შორის. ქარმა ორივეს თმა აუჩეჩა, მაგრამ არცერთს არ დაუხევია უკან.

გაგიმ მოსაცმლის ქვეშ ხელი ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა.

- არც კი იცი, როგორ გინდა დარჩენა, სანამ წასვლას ცდილობ,- ანამ ხელი მოიშორა, უკან დაიხია.

- არც შენ იცი, რა არის თავისუფლება, აქ, მთებში კი არაა თავისუფლება, ნამდვილი თავისუფლება, ამ ჯოჯოხეთიდან წასვლაა,- უკან კოშკისკენ გაიშვირა ხელი.

გაგის სუნთქვა გაუმძაფრდა. რაღაცის თქმა  უნდოდა, მაგრამ აღარ ამოუღია ხმა. მხოლოდ გვერდზე გადგა, გზა დაუთმო. ანამ ნაბიჯი გადადგა, მერე შეჩერდა, უკან მოიხედა და ჩუმად თქვა.

- ეს მთა მხოლოდ ძლიერებს იტოვებს, გაგი. ვნახოთ, მე დავიმორჩილებ მას, თუ ის დამიტოვებს საკუთარ სიჩუმეში,- და წავიდა. თოვლში, სადაც მისი ნაკვალევი ქარმა მალევე წაშალა. გაგი კი იქვე დარჩა, უძრავად, იმ მძიმე სიტყვებით. რამდენიმე წამით უყურებდა, როგორ მიიწევდა ანა თოვლში - ნელა, მაგრამ მტკიცედ. ქარმა მისი თმა ააფრიალა, თმები დაეშალა და მთვარის შუქზე ისეთი ჩანდა, თითქოს თვითონ მთიდან ჩამოსულიყო - ამაყი და ჯიუტი.

- ანა!- ხმა ჩამოესმა. გაგის სუნთქვა გაუხშირდა, სწრაფად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, თოვლი ხრაშუნით ჩაუტყდა ფეხქვეშ,- გეყოფა უკვე. დაბრუნდი სახლში.

ანა გაჩერდა, მაგრამ არ შემობრუნებულა. მხოლოდ თქვა.

- მე შენს სახლში არაფერი დამიკარგავს.

- არ გეკითხები, რა დაგიკარგავს,- ხმა გაუმკაცრდა გაგის,- გეუბნები, დაბრუნდი. აქ ვერ გაძლებ ასე. ვერ იცხოვრებ.

- მე სულაც არ ვცხოვრობ,- შემოტრიალდა და პირდაპირ თვალებში შეხედა,- უბრალოდ ვსუნთქავ.

გაგიმ ხელი თავზე გადაისვა, იგრძნო, როგორ მოაწვა სისხლი. ნელა მიუახლოვდა, ნაბიჯით, მერე მეორე, სანამ ოდნავ დაშორებით არ დადგა მის წინ.

- ეს გზა არ გეყოფა,- თქვა ჩუმად,- ეს გზა აქ მთავრდება. მთა არ არის ზღვა რომ უკან დაბრუნდე, როცა გინდა. აქ ან რჩებიან, ან იღუპები.

ანა გადაიხარა.

- მაშინ იქნებ სიკვდილი უფრო მართებულია, ვიდრე შენი წესები და შენთან ცხოვრება?!

გაგიმ თვალები მოჭუტა, ერთი ნაბიჯი კიდევ გადადგა წინ, ხმაში რკინის სიმძიმე შეერია.

- ნუ გგონივარ მტერი, როცა მე გიცავ.

- შენ არ მიცავ,- მკვეთრად მიუგო ანამ,- შენ მაკავებ, როგორც დანარჩენები ამ მთაში.

გაგი გაჩერდა, სუნთქვა გაუხშირდა, თვალებში ბრაზი აუტოკდა.

- არ იცი, რას ამბობ.

- კი, ზუსტად ვიცი,- ანამ ამოისუნთქა, თვალი არ მოუშორებია,- შენც გეშინია. იმიტომ გინდა რომ ყველა დარჩეს იქ, სადაც შენ ხარ.

გაგი გაიყინა. თითქოს ამ სიტყვამ რაღაც გააღვიძა. ძველი ტკივილი, ჩუმი ბრაზი. ნაბიჯით მიუახლოვდა, ხმაც ჩაუვარდა, თითქოს სიბრაზემ დაახრჩო.

- გითხარი, მორჩითქო! სახლში დაბრუნდები. ახლავე.

- არა,- გაჯიუტდა ანა.

- ანა!- ტონი მკვეთრად დაუმძიმდა,

- არ წავალ!- დაიყვირა ანამ და უკან დაიხია, თოვლში ფეხი დაუცდა, მაგრამ მაინც არ შეჩერებულა. გაგი წამში გაჩნდა მის წინ, ხელი ჩასჭიდა მკლავში.

- ნუ მაიძულებ,- ხმა ჩაუწყდა,- ნუ მაიძულებ, რაც არ მინდა, ის გავაკეთო.

ანა წამოიშალა, ხელი უხეშად გამოსტაცა.

- უკვე გაიძულა მამაშენმა. შენს თავს ხომ ვეღარ მართავ, რა გინდა ჩემგან?- და სწორედ იმ წამს, როცა ანას თვალებში ისევ აინთო ის შეუპოვარი ცეცხლი, გაგის რაღაც ჩაეშალა შიგნით - თითქოს გასკდა. ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა, ორივე ხელი მკლავებში ჩასჭიდა და ისე სწრაფად ასწია რომ ანამ მხოლოდ დაკივლება მოასწრო.

- ხოდა წავიდეთ!- თითქმის იღრიალა გაგიმ და გოგო ზურგზე მოიგდო. ანა გამწარებით ურტყამდა მხარზე, ნაბადი გაშლოდა, თმა სახეში ეფინებოდა, მაგრამ გაგის არაფერი ესმოდა. მხოლოდ მისი სუნთქვა და თოვლის ჭრაჭუნი, როცა ნაბიჯებს დგამდა.

- გამიშვი, გაგი!- ყვიროდა ანა,- ცხოველო, გამიშვი მეთქი! შენც ისე იქცევი, როგორც ყველა. შენც მათნაირი ხარ!

- იქნებ იმიტომ რომ ზოგჯერ სხვანაირად არ გამოდის! - დაიღრიალა გაგიმ და ნაბიჯს აუჩქარა. ქარმა ხმები დაფანტა, მაგრამ მათ შორის დარჩა ერთი - მძიმე და ამოუტყუარი: ბრაზი და ტკივილი ერთად. სახლამდე ასე მივიდა - ანა მხარზე გადაკიდებული, ხელებით უღონოდ ჩამოშვებული, თმები შუბლზე ჩამოფენილი.

გაგი კარის ზღურბლთან გაჩერდა. სუნთქვა ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამშვიდებული. თოვლი ნელა ცვიოდა, თითქოს გარეთ სამყაროს არაფერი აინტერესებდა, რაც იმ სახლში ხდებოდა. მხრებზე ისევ ანას სითბო იგრძნო. იმ სითბოს, რომელიც მთელი გზა თითქოს უფრო მძიმდებოდა, ვიდრე მისი სხეული.

სახლში შევიდა. ნინო და დარიკო ბუხართან ისხდნენ, მაგრამ ხმა არ ამოუღიათ. ერთმანეთს გადახედეს. დარიკო წამოდგა, ბიჭს თვალებში ჩახედა და ნელა, ჩუმად უთხრა.

- მთას ქალის ტირილი არ ესმის, გაგი... მაგრამ ღმერთს ესმის,- გაგიმ არ უპასუხა. ნაბადში გახვეული ანა ოთახში შეიყვანა, ფრთხილად დააწვინა საწოლზე, თმა ნელა გადაუწია სახიდან - იმავე ხელით, რომელსაც ცოტა ხნის წინ მრისხანებით აეტანა.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან კარგია სიამოვნებით ვკითხულობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent