შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიწის ყივილი - თავი IV


5-01-2026, 03:18
ავტორი Anabanaban
ნანახია 251

მატილდამ ალამბარების სახლი ისე დატოვა, თითქოს უკან აღარასდროს უნდა დაბრუნებულიყო — და მაინც, ყოველი ნაბიჯი მის გულში ეკლებად რჩებოდა. მძიმე ხის კარი უხმოდ დაიხურა მის უკან, მაგრამ იმ კარს თან მოჰყვა ყველაფერი, რაც აქ დატოვა: სიყვარული, იმედი, მოტყუება და საკუთარი თავი, რომელიც ამ მთებში ნელ-ნელა იშლებოდა.

ღამე ცივი იყო. მაღალმთიანი აჭარა ღამით სხვა სახეს იღებდა — თითქოს მთებიც იკრავდნენ წარბებს და ჩუმად აკვირდებოდნენ ადამიანს, რომელმაც გაბედა მათი წესების დარღვევა. ნისლი გზას ეფინებოდა, ქარი კი ისე ქროდა, თითქოს ვიღაცას ეჩურჩულებოდა: „დაბრუნდი… ან დაიკარგე.“

მატილდა სწრაფად მიდიოდა, მაგრამ ნაბიჯები არ ემორჩილებოდა. გული ისე უცემდა, თითქოს სხეულიდან ამოხტომას ცდილობდა. რამდენჯერმე მოიხედა უკან — არა იმიტომ, რომ დაბრუნება უნდოდა, არამედ იმიტომ, რომ ეშინოდა, ვინმეს არ დაენახა.

დემეტრე…
მისი სახელი გულში ეწერა, მაგრამ ხმამაღლა ვეღარ ამბობდა. ძალიან სტკიოდა.

უცებ ფეხქვეშ მიწა ჩაეშალა. არა კლდე, არა ფიზიკური საფრთხე — არამედ შიში. ისეთი შიში, რომელიც წინსვლის სურვილსაც გართმევს. გაჩერდა. სუნთქვა აუჩქარდა.

— ასე მარტო სიარული არ არის უსაფრთხო, — გაისმა უკნიდან ხმა.

მატილდა შებრუნდა ისე სწრაფად, თითქოს დანას ელოდებოდა.

ალექსანდრე ანანბა იდგა რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით. მთვარის შუქი მის სახეს მკვეთრად აჩენდა — მკაცრი ნაკვთები, ღრმა თვალები, რომელშიც ერთდროულად იყო სიმშვიდე და საფრთხე. ის არ იღიმოდა. არც ემუქრებოდა. უბრალოდ იდგა — როგორც კაცი, რომელმაც ყველაფერი იცის და მაინც არჩევანს გაძლევს.

— შენ… — მატილდას ხმა აუკანკალდა. — შენ რატომ ხარ აქ?

— იმიტომ, რომ შენ აქ ხარ, — უპასუხა ალექსანდრემ მშვიდად. — და იმიტომ, რომ ამ გზას მარტო ვერ გაივლი.

— მე დახმარება არ მითხოვია, — თქვა მატილდამ, თუმცა საკუთარი ხმის სისუსტემ თავადაც შეაშინა.

ალექსანდრემ თავი ოდნავ დახარა.

— ზოგჯერ ადამიანი დახმარებას მაშინ იღებს, როცა ყველაზე მეტად უარყოფს.

ქარი გაძლიერდა. მატილდას თხელი ქურთუკი ვერ ათბობდა. ალექსანდრემ შენიშნა და სიტყვების გარეშე საკუთარი ქურთუკი მოიხსნა და ქალს გაუწოდა.

— არ მინდა შენი ვალი მქონდეს, — თქვა მატილდამ.

— ეს ვალი არ არის, — უპასუხა ალექსანდრემ. — ეს არჩევანია. შენს სასარგებლოდ.

მატილდამ ქურთუკი აიღო. თითები ოდნავ შეეხო მის ხელს და იმ წამს რაღაც უცნაური მოხდა — არა ვნება, არა შიში, არამედ განცდა, რომ ეს კაცი ახლა მისი ერთადერთი რეალობა იყო ამ ბნელ მთებში.



ძველი ხის სახლი ტყის სიღრმეში იდგა. პატარა, დაბალი ჭერით, მაგრამ თბილი. კედლები წლების სუნს ატარებდა — კვამლის, წვიმის, ადამიანური ყოფნის. ალექსანდრემ ცეცხლი დაანთო. ალი ჩუმად აციმციმდა და ოთახი ნელ-ნელა გაანათა.

მატილდა სკამზე ჩამოჯდა. ფეხები უკანკალებდა.

— აქ რატომ მომიყვანე? — ჰკითხა ბოლოს.

ალექსანდრე ბუხართან იდგა, ცეცხლს უყურებდა.

— იმიტომ, რომ ახლა ორი გზა არსებობს, — თქვა ჩუმად. — ერთზე შენ გადარჩები. მეორეზე — არა.

მატილდამ მას შეხედა.

— შენ გადაწყვიტავ?

ალექსანდრემ თავი ნელა მოაბრუნა. თვალებში სიმართლე ეწერა — მძიმე, დაუმალავი.

— დიახ. — პაუზა. — და ეს პირველად მაფიქრებს.

მატილდას ყელში რაღაც გაეჭედა.

— რატომ მე? — ჩურჩულით იკითხა. — რატომ გახდა ჩემი სიცოცხლე შენი დილემა?

ალექსანდრემ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, მერე მეორე. ძალიან ახლოს მივიდა, მაგრამ არ შეხებია.

— იმიტომ, რომ შენ არ ხარ აქაური, — თქვა. — შენ ამ მიწას არ ეკუთვნი, მაგრამ ამ მიწამ შენში რაღაც გააღვიძა. და მე… — სიტყვა გაუჭირდა. — მე ვერ ვწყვეტ, უნდა დაგიცვა თუ უნდა გაგწირო ჩემი დის ბედნიერებისთვის.

— კესარიასთვის? — ჰკითხა მატილდამ მწარედ.

— დიახ, — უპასუხა ალექსანდრემ პირდაპირ. — ის ჩემი სისხლია. შენ — არა.

— მაგრამ მე ადამიანი ვარ, — თქვა მატილდამ და ცრემლები წამოუვიდა. — მე უბრალოდ მიყვარდა კაცი, რომელმაც სიმართლე დამიმალა.

ალექსანდრემ თვალები დახუჭა. წამით.

— დემეტრემ ბევრი რამ დაგიმალა, — თქვა ბოლოს. — არა იმიტომ, რომ არ უყვარხარ… არამედ იმიტომ, რომ სუსტი აღმოჩნდა.

ეს სიტყვები მატილდას გულში ჩავარდა და იქ დარჩა.

დემეტრე ეძებდა ისე, როგორც ეძებენ მაშინ, როცა ჯერ კიდევ სჯერათ, რომ დაკარგული ადამიანი სადღაც ახლოს არის.
ის ეძებდა თვალებით, ყურებით, გულით — თითქოს მთები ერთხელ მაინც შეიბრალებდნენ და მის სახელს უკან დაუბრუნებდნენ.

მისი ხმა ეზოში ეხეთქებოდა კედლებს.

— მატილდა!

პასუხად მხოლოდ ქარის გუგუნი დაბრუნდა. იმ ქარს მისი ხმა მიჰქონდა ზემოთ, ფერდობებზე, სადაც ბალახი ნამით იყო დაფარული და ღამე ჯერ კიდევ არ დათმობდა.

დემეტრე ეზოდან გავარდა. ნაბიჯები სწრაფი ჰქონდა, მაგრამ გული უფრო სწრაფად უცემდა. გრძნობდა — რაღაც საშინლად არასწორად იყო. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მიწა მის ფეხქვეშ აღარ იყო მყარი.

რატომ არ დამელოდა?
რატომ არ მითხრა?

გზაზე ჩამომდგარი მანქანები აჩერებდა. ყველას ერთსა და იმავეს ეკითხებოდა:

— ახალგაზრდა ქალი ხომ არ გინახავთ? მაღალი… ღია თმით…

ყველა უარყოფით პასუხს აძლევდა. ზოგი სიბრალულით უყურებდა, ზოგი შიშით — თითქოს მისი თვალებიდან წამოსული სასოწარკვეთა გადამდები იყო.

მატილდა… — ჩურჩულით თქვა. — გთხოვ…

მუხლებამდე მივიდა ბალახში. პირველად მთელი ამ ხნის განმავლობაში შეჩერდა. სუნთქვა აუჩქარდა. თავი ხელებში ჩარგო.

მე დაგტოვე.
მე არ დაგიცავი.

გონებაში ისევ და ისევ უბრუნდებოდა მისი თვალები — ქორწილში, იმ წამს, როცა ყველაფერი გაიგო. იმ მზერაში აღარ იყო ბრაზი. მხოლოდ სიცარიელე. და ეს ყველაზე მეტად აშინებდა.

ფატიმამ ეზოში დაინახა. მძიმე ნაბიჯებით მიუახლოვდა.

— საკმარისია, — უთხრა მკაცრად. — ღირსება ასე არ ითხოვს კაცს.

დემეტრემ თავი ასწია.

— ის აქ არის, — თქვა ჩუმად, მაგრამ დარწმუნებით. — ვგრძნობ.

კესარია მის გვერდით დადგა. მშვიდი იყო. ზედმეტად მშვიდი.

— დემეტრე, — თქვა რბილად, — შენც ხედავ, რომ აქ არ არის. ის ვერ გაუძლებდა ამ ყველაფერს. არც შენ დაგელოდა. წავიდა.

ეს სიტყვები ნელა, მაგრამ დაუნდობლად აღწევდა გონებაში. ისინი ტკივილს ამარტივებდა — და სწორედ ამიტომ იყო საშიში.

— არა… — ჩაილაპარაკა დემეტრემ. — ასე არ წავიდოდა.

— წავიდა, — დაუმტკიცა კესარიამ და ხელი ნაზად დაადო მკლავზე. — ზოგი სიყვარული უბრალოდ ვერ ძლებს ასეთ მიწაზე.

დემეტრემ ხელზე დახედა. იმავე ადგილას ერთხელ მატილდას თითები ეხებოდა. სხვანაირად. ცოცხლად.

ღამე ჩამოვარდა. ძებნა გაგრძელდა, მაგრამ ძალა ეცლებოდა. თითოეული წუთი უფრო მძიმე ხდებოდა.

ბოლოს, გვიან, როცა მთები სრულ სიჩუმეში ჩაიძირა, დემეტრე კიბეზე ჩამოჯდა. თავი კედელს მიადო. თვალები დახუჭა.

და სწორედ მაშინ თქვა ის, რაც ყველაზე მეტად სტკიოდა:

— წავიდა…

ეს სიტყვა არ იყო რწმენა. ეს იყო დაცვა. ერთადერთი გზა, რომ არ გაგიჟებულიყო.

კესარია მის გვერდით ჩამოჯდა. მხარზე თავი დაადო.

— მე აქ ვარ, — ჩურჩულით უთხრა.

დემეტრემ არ მოიშორა. არ ჰქონდა ძალა. და იმ წამს, როცა თავი დაუქნია, რაღაც საბოლოოდ დაიმსხვრა მასში.

არა სიყვარული — არამედ იმედი.

და სადღაც, იმავე ღამით, მთების სიღრმეში, მატილდა სუნთქავდა.
ცოცხალი იყო.

მაგრამ დემეტრემ ეს ჯერ არ იცოდა.

ქოხში ცეცხლი ჩუმად ტკაცუნებდა. ხის კედლები თითქოს ისმენდნენ ყველაფერს, რასაც სიტყვებად ვერ ამბობდნენ. გარეთ ქარი გადიოდა ფიჭვებში, და ეს ხმა მატილდას ბავშვობის ზღაპრებს აგონებდა — მაგრამ ახლა ზღაპარი აღარ იყო, ახლა ეს იყო გადარჩენა.

მატილდა ბუხართან იჯდა, ხელები მუხლებზე ჰქონდა შემოხვეული. თვალები ცეცხლს უყურებდა, მაგრამ ვერ ხედავდა. მისი ფიქრები უკან, ალამბარების სახლში დარჩა — იმ ოთახში, სადაც სიყვარული პირველად დაემსხვრა.

ალექსანდრე კედელს მიყრდნობოდა. უხმოდ. თითქოს ეშინოდა, ერთი ზედმეტი სიტყვით არ დაერღვია ის მყიფე სიმშვიდე, რომელიც ამ პატარა სივრცეში გაჩნდა.

— რატომ არ მომეცი უბრალოდ წასვლის უფლება? — ჰკითხა ბოლოს მატილდამ ისე, რომ მისკენ არც შეუხედავს.

ალექსანდრემ ამოისუნთქა.

— იმიტომ, რომ წასვლა აქ სიკვდილს ნიშნავს, — თქვა დაბალი ხმით. — და იმიტომ, რომ შენ არ იმსახურებ ასე დასრულებას.

მატილდამ ირონიულად გაიღიმა.

— შენ არ მიცნობ, ალექსანდრე. არ იცი, რას ვიმსახურებ.

— ვიცი, — უპასუხა მან და ერთი ნაბიჯი გადმოდგა. — საკმარისად ბევრი ვნახე ადამიანებში, რომ გავარჩიო, ვინ ტყუის და ვინ უბრალოდ ენდობა არასწორ ადამიანს.

მატილდამ თავი ასწია და პირველად შეხედა პირდაპირ.

— და დემეტრე? — ჰკითხა ჩურჩულით. — ის ვინ იყო?

ალექსანდრემ მზერა არ აარიდა.

— ის იყო კაცი, რომელიც ორ სამყაროს შორის გაიხლიჩა, — თქვა. — და ორივეში სიმართლე დაკარგა.

სიჩუმე ჩამოვარდა. მატილდას თვალები აუწყლიანდა, მაგრამ ცრემლები არ ჩამოუვარდა.

— იცი, რა მტკივა ყველაზე მეტად? — თქვა ბოლოს. — არა ის, რომ მიმატოვა… არამედ ის, რომ დამარწმუნა, თითქოს ერთად ყველაფერს შევძლებდით.

ალექსანდრე მის წინ ჩამოჯდა. ახლოს, მაგრამ ისევ ისე, რომ არ შეხებოდა.

— ზოგჯერ ადამიანები გვპირდებიან იმას, რაც თავადაც სჯერათ, — თქვა. — და მაინც ვერ ასრულებენ.

— შენც ხომ შეგიძლია ასე მომატყუო? — ჰკითხა მატილდამ მწარედ.

ალექსანდრეს თვალებში რაღაც შეიცვალა — სიმკაცრე, რომელიც ყველას აშინებდა, ახლა შიშად იქცა.

— შემიძლია, — აღიარა. — მაგრამ არ მინდა.

და ამ სიტყვებში იყო ის გულწრფელობა, რომელმაც მატილდა შეაძრწუნა. დემეტრეს სიტყვები ყოველთვის ლამაზი იყო. ალექსანდრეს — მძიმე, მაგრამ ნამდვილი.

იმავე დღეებში დემეტრე ნელ-ნელა იცვლებოდა.
არა იმიტომ, რომ ტკივილი გაქრა — არამედ იმიტომ, რომ ტკივილთან ცხოვრება დაიწყო.

დილით ადრე დგებოდა. საქმეს ეჭიდებოდა. ოჯახთან იყო, როგორც არასდროს. ფატიმა ამ ცვლილებას სიამაყით უყურებდა — ეს იყო მისი შვილი, მისი სისხლი, თავისი მიწის კაცი.

კესარია მუდამ მის გვერდით იყო. ჩუმად. მოთმინებით. არ ეკითხებოდა მატილდაზე. არ ახსენებდა წარსულს. უბრალოდ იყო — და ამ ყოფნაში იყო სიმშვიდე, რომელიც დემეტრეს სჭირდებოდა, თუნდაც დროებით.

ერთ საღამოს ეზოში ისხდნენ. მთები ვარდისფრად იღებებოდა მზის ჩასვლისას.

— აქ სხვანაირად სუნთქავ, — თქვა კესარიამ ჩუმად.

დემეტრემ თავი დაუქნია.

— აქ ყველაფერი მძიმეა, — თქვა. — მაგრამ ნაცნობი.

კესარიამ შეხედა. მის თვალებში აღარ იყო მხოლოდ ლტოლვა — იყო გამარჯვების ჩუმი მოლოდინი.

— შენ აქ დარჩები, — თქვა დარწმუნებით.

დემეტრემ არ უარყო. არც დაადასტურა. უბრალოდ დუმდა.

და სწორედ ამ დუმილში ეთანხმებოდა.



ქოხში ღამე ჩამოწვა. მატილდა საბანში გახვეული იწვა, მაგრამ ძილი არ მოდიოდა.

— ალექსანდრე… — თქვა მოულოდნელად.

— გისმენ, — უპასუხა მან დაუყოვნებლივ.

— შენ რას დაკარგავ, თუ მე გადამარჩენ?

ალექსანდრემ დიდხანს არ უპასუხა. მერე თქვა:

— ყველაფერს.

მატილდამ თვალები დახუჭა.

— მაშინ რატომ აკეთებ ამას?

ალექსანდრე წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა.

— იმიტომ, რომ ერთხელ მაინც მინდა სწორ მხარეს ვიდგე, — თქვა. — თუნდაც ეს ბოლო იყოს.

მატილდას გული აუჩქარდა. ეს აღარ იყო უბრალოდ თავშესაფარი. ეს იყო ბედი, რომელიც ნელ-ნელა იცვლიდა მიმართულებას.



და სწორედ მაშინ, როცა დემეტრე უკვე თითქმის შეეგუა იმ აზრს, რომ მატილდა წავიდა…

საღამო მშვიდი იყო. ზედმეტად მშვიდი.

დემეტრე ეზოში იდგა, ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩამალული და მთებს უყურებდა. ცა მუქდებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ინარჩუნებდა იმ ფერს, რომელსაც ბავშვობიდან იცნობდა — იმ ფერს, რომელიც სიმშვიდეს ჰპირდებოდა, თუნდაც ტყუილად.

კესარია სახლში იყო. მისი ხმა, სიცილი, ნაბიჯები — ყველაფერი ჩვეულებრივად ჟღერდა. თითქოს ცხოვრება ნელ-ნელა უბრუნდებოდა წესრიგს. თითქოს ტკივილსაც ჰქონდა ვადა.

დემეტრემ ტელეფონი ამოიღო, დრო უნებლიედ შეამოწმა.
არ ელოდა ზარს.
და სწორედ ამიტომ შეაკრთო ეკრანის განათებამ.

უცნობი ნომერი.
საერთაშორისო კოდი.

ლონდონი.

გულმა ერთი ძლიერი დარტყმა მიაყენა მკერდს. თითქოს სხეულმა წინასწარ იცოდა ის, რაც გონებას ჯერ არ ჰქონდა გაცნობიერებული.

— ჰო? — თქვა დაბალი, ჩახლეჩილი ხმით.

მეორე მხარეს სიჩუმე ჩამოვარდა. რამდენიმე წამი, მაგრამ დემეტრესთვის მარადიულად გაიწელა.

— დემეტრე?… — მოესმა ბოლოს ქალი ხმა. დაძაბული. ფრთხილი. — მე… მე მატილდას მეგობარი ვარ.

დემეტრემ თვალები დახუჭა. მიწა თითქოს ოდნავ გადაიხარა.

— რა მოხდა? — ჰკითხა დაუყოვნებლივ. არც მისალმება, არც ზედმეტი სიტყვა. — მატილდა კარგადაა?

ხმა ტელეფონში ოდნავ შეირხა. თითქოს ქალი ფრთხილად არჩევდა სიტყვებს, რომ არ დაემტვრია ის, რაც ისედაც მტვრევადი იყო.

— სწორედ ამიტომ გირეკავ… — თქვა ბოლოს. — ჩვენ… ჩვენ მას ვერ ვუკავშირდებით. რამდენიმე დღეა.

დემეტრემ სუნთქვა შეიკავა.

— როგორ ვერ უკავშირდებით? — მკაცრად იკითხა. — ის ლონდონშია. უნდა დაბრუნებულიყო.

მეორე მხარეს ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. მძიმე. დამთრგუნველი.

— დემეტრე… — ქალმა ჩაისუნთქა. — მატილდა ლონდონში არ ჩამოსულა.

დემეტრეს თითები ტელეფონს ისე მოეჭიდა, თითქოს ეს ერთადერთი იყო, რაც რეალობას აკავშირებდა.

— რას ნიშნავს… არ ჩამოსულა? — ჩურჩულით თქვა. — ბილეთი ჰქონდა. ფრენა ჰქონდა.

— არც აეროპორტში დაფიქსირებულა, — თქვა ქალმა. — არც პასპორტის კონტროლი. არც ბინაშია. ჩვენ ვიფიქრეთ… იქნებ შენთან დაბრუნდა.

დემეტრეს თავში რაღაც ხმაურით დაიმსხვრა. თითქოს ვიღაცამ შუშის კედელი ჩაანგრია, რომელიც აქამდე იცავდა.

— არა… — თქვა ძალიან ჩუმად. — ის… ის წავიდა.

მაგრამ ამ სიტყვებს თავად აღარ სჯეროდა.

— დემეტრე, — ისევ ქალის ხმა. — მე მეშინია.

ტელეფონი ხელიდან გაუვარდა. ბალახზე დაეცა, მაგრამ ხმა აღარ ესმოდა. არც ქალის. არც სამყაროს.

დემეტრე ნელა ჩამოჯდა. მერე მუხლებზე დაეცა.

ახლა ყველაფერი ნათელი იყო.

მატილდა არ წასულა.
მატილდა არ დაბრუნებულა.

მატილდა გაქრა.

მისი მკერდიდან ხმა ამოხეთქა — არა ტირილი, არა ყვირილი — რაღაც უფრო ღრმა, უფრო ბნელი. ისეთი ხმა, რომელსაც მხოლოდ მაშინ გამოსცემს ადამიანი, როცა მიხვდება, რომ დაკარგა ის, რაც საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარდა.

და იმ წამს, მთებმა თითქოს სუნთქვა შეიკავეს.

რადგან ყველამ იცოდა:
რაც ახლა იწყებოდა, აღარ იქნებოდა მხოლოდ სიყვარული.

ეს იქნებოდა ომი.

ავტორის თხოვნაა თქვენი აზრი დააფიქსიროთ



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

სიამოვნებით ვკითხულობ♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent