შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთნულდს გასძახე 11. ქორწილის ჩრდილი


გუშინ, 14:09
ავტორი Anukaaa_aa
ნანახია 251

დილა იყო უჩვეულოდ ჩუმი. ისეთი, როცა თვითონ თოვლსაც კი ეტყობა რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს. სოფელში ყველა ამოსულიყო. თითქოს დღეს სიხარული უნდა ყოფილიყო, მაგრამ სახეებზე არაფერი ეტყობოდათ. თუმცა ხერგიანების სახლში მაინც ზეიმი იყო. მათ ერთადერთ შვილს ხომ დღეს ცოლი მოჰყავდა. ანა სარკესთან იჯდა. თმა დაევარცხნათ, ტუჩები ფერმკრთალი ჰქონდა. მოწითალო ტუჩსაცხი წაესვათ. გრძელი ოქროსფერი თმების ნახევარი ჩაეწნათ, შიგნით გოგოებს ყვავილები ჰქონდათ ჩაყოლებული. ოთახში ნინო იდგა და ქამარზე ხელს ისე აჭერდა, თითქოს ანას  ურჩობის მოთოკვას ცდილობდა. ანა საკუთარ თავს უყურებდა, ძველი ტრადიციული კაბა ეცვა, იცის რომ მსგავსი ადრე სამეგრელოში ეცვათ ხოლმე. არ იცის გაგიმ საიდან იშვა, თუმცა დილას უკვე ყუთით კართან იდო.

- ასე უნდა იყოს, შვილო,- თქვა ბოლოს ნინომ, ხმის ოდნავ კანკალით,- რაც მოხდა, ვეღარ შევცვლით. ახლა მხოლოდ ის დაგვრჩენია რომ ხალხს არ აყვე.

ანა არ შებრუნებულა, მხოლოდ სარკეში ჩააჩერდა ნინოს.

- თქვენ ქალიშვილს რომ ეს დამართნოდა, ასე მშვიდად იქნებოდით?- ხმა აუკანკალდა, მაგრამ არცერთი სიტყვა არ დაუმალავს.

ნინომ თვალები დახარა.

- ეგ სხვაა,- ჩუმად თქვა,- მე ქალი ვარ და ვიცი, რას ნიშნავს, როცა მთა სიტყვას გთხოვს. აქ რომ "არა" თქვა, შენმა მთელმა სოფელმა უნდა გადაიხადოს.

- და მე?- ანა სარკეს მოშორდა, ნინოს პირდაპირ დაუდგა,- მე არ ვარ ჩემი სოფლის ნაწილი? ჩემს სისხლს რომ ითხოვთ, იმაზე არ ფიქრობთ, რომ მერე ამ მთას უფრო დიდი ცოდვა დააწვება?

კარი გაიღო. გაგი შევიდა. უხმოდ, თითქოს ყველაფრისგან გადაღლილი. თვალებში დაღლილობა ედო, არა სიამაყე. რამდენიმე წამით ანას შეხედა, მაგრამ ვერ გაუძლო და თვალი აარიდა, ლამაზი იყო. თანაც ძალიან ლამაზი. გაგის სათქმელიც კი დაავიწყდა. გრძელი ლამაზი ყავისფერი თმის ნახევარი ბეჭებზე ეფინა, ლოყები ოდნავ შეწითლებული ჰქონდა ისედაც გრძელი ლამაზი წამწამებიდან კი ახლა ეშმაკური მზერით იყურებოდა გაგისკენ.

- დროა,- თქვა ნელა,- ხალხი გველოდება.

- ხალხი?- ანამ ოდნავ გაიცინა, მაგრამ სიცილი უფრო სიმწრის იყო,- შენც მათსავით ლაპარაკობ. თითქოს ჩვენ არც ვარსებობთ, მხოლოდ სუფრა, სიმღერები და გართობა.

ნინომ ხმამაღლა ამოისუნთქა, თითქოს შვილის ხმა ესმოდა და შერცხვა.

- გეყოფათ,- თქვა მკაცრად,- ახლა არ არის ამის დრო.

ანა ჩუმად მიუახლოვდა ნინოს.

- თქვენ ღმერთზე ლაპარაკობთ, მაგრამ თქვენი ღმერთი ხომ არ გპატიობთ იმას რომ ქალს ძალით აჩერებთ? ძალით დატოვებული ქალი თქვენი სირცხვილია და არა გამარჯვება. ამას ახლა თუ არა, ოდესმე მაინც მიხვდებით.

ნინომ ვერაფერი თქვა. გაგი ჩუმად იდგა, ხმა დაბალი, მაგრამ მკვეთრი ჰქონდა.

- საკმარისია. რაც მოხდა, მოხდა. ახლა ორივემ უნდა ვიცხოვროთ ამით,- ანამ თვალებში შეხედა, მშვიდად, მაგრამ ისეთი სიმძაფრით რომ გაგიმ უკან დაიხია.

- იცხოვრე შენ, გაგი. მე უბრალოდ ვიარსებებ. ეგ განსხვავება იქნება ჩვენ შორის,- ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ ბუხარში ცეცხლი წკაპუნებდა. გარე ეზოდან თოფის ხმა მოისმა - ნიშნად რომ დრო მოვიდა. ანას წამით არ შეშინებია. თავი ამაყურად ასწია და ფანჯარას მიუახლოვდა.

- გთხოვ,- უთხრა ჩუმად და გავიდა. გაგი უკან მიჰყვა, მაგრამ სიარული უჭირდა. ნინოს ხმა მხოლოდ მაშინ გაისმა, როცა კარი დაიხურა.

- ღმერთო, აცოცხლე ეს გოგო. თორემ ამის სისხლს ვეღარავინ ჩამოირეცხავს,- გარეთ უკვე მუქდებოდა ცა, თითქოს თვითონ მთა სუნთქავდა მძიმეად.

სახლთან, სადაც ქორწილი იმართებოდა, ცეცხლი ენთო. სუფრები გაშლილიყო ეზოში, ბატკნის ხორცი იწვოდა რკინის სადგამზე, ქალები ხინკალს ახვევდნებ და კაცები ღვინოს ასხამდნენ, თითქოს სიხარულით მოდიოდნენ, მაგრამ თვალებში სიცარიელე იყო.

და ქორწილი დაიწყო. იმ სიცივეში, სადაც არავინ იცინოდა.

სვანური საგალობლების ხმა ნელა დაიწყო - თითქოს მთის გულიდან ამოდიოდა, შორიდან, მკაცრი და ერთდროულად ლამაზი. სოფლის ყველა ქალი შავ - თეთრ ქარგებში იყო გამოწყობილი, კაცებს იარაღი მხრებზე ეკიდათ, თითქოს დღეს მხოლოდ ქორწილი კი არა, განაჩენი გამოჰქონდათ.

გაგრძელდა ზეიმი. 

გაგი ეზოში იდგა. თეთრი ქუდი მხრებზე ედო, თვალებში კი არ იყო სიხარული - უფრო სიმძიმე, რაღაც ისეთი, რაც ხმის ამოღებასაც უშლიდა. ნინო შვილის გვერდით იდგა, თითები გაუნძრევლად ჰქონდა გადაჯაჭვული. გოგოები გვერდით მიჰყვებოდნენ, მღეროდნენ ძველ სიმღერას - თითქოს ამღერებულ ტკივილს აცილებდნენ რომ ცა არ ჩამოშლილიყო.

„ღამე გაივლის, მზე ამოვა, მაგრამ გულს ვერ გაუშვებ, მთა ქალს არ აფრენს..."

გაგიმ ხელი გაუწოდა, მაგრამ ანას არ შეუხედავს. ერთი წამით გაჩერდა, თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებოდა.

„აი, ასე მთავრდება ადამიანობა - როცა შენს ნაბიჯს აღარ ეკუთვნის გზა."

მღვდელი ელოდა, ხის პატარა ეკლესიის წინ. ხალხი გარშემო დადგა - ყველას თვალებში ერთნაირი დაძაბულობა იდგა. თითქოს ყველა გრძნობდა რომ ეს ქორწილი მშვიდობას კი არა, რაღაც ახალ ტკივილს მოიტანდა. როცა მღვდელმა მათი ხელები ერთმანეთს მიადო, ანამ თითები ოდნავ გაამოძრავა, გრძნობდა, როგორ ეკვროდა რკინის რგოლი, რომელიც თავისუფლებას ართმევდა. რეკვა გაისმა ზარის, მაგრამ ის ზარი თითქოს ეკლესიიდან კი არა, მიწიდან ამოვიდა. გაგიმ ჩუმად გადახედა. არაფერი უთქვამს, მაგრამ მზერაში რაღაც იყო ისეთი, თითქოს ბოდიშს უხდიდა, მის ცხოვრებას, საკუთარ თავსაც. ნინომ ცრემლი შეიმშრალა. მისი შვილის ქორწილი იყო, მაგრამ სულში ასე ცივი დღე არასდროს დახვედრია.

როცა სიმღერა დამთავრდა, მთამ თითქოს ამოიოხრა - მძიმე, ხანმოკლე ამოსუნთქვით.
თოვლზე კვალს ანას ფეხსაცმელი ტოვებდა, წითელი ლაქებით. ვერავინ იტყოდა თუ რისი იყო ეს წითელი ლაქები, ფეხსაცმლის საღებავის, კაბის თუ უბრალოდ თითზე გაკეთებული ბეჭდის გამო მომუშტული ხელიდან წამოსული სისხლის. ვიღაცამ ჩუმად თქვა.

- მთა იღებს თავის პატარძალს...- და მართლაც, თითქოს მთის ფერდი დაიძრა. ბუხრების კვამლი ზემოთ აიტყორცნა, ცა კი მოიბურა.

ქორწილი გაგრძელდა ისე, როგორც თავიდან დაიწყო,- უხმოდ. მხოლოდ სვანეთის ქარი, რომელიც ამჯერადაც არავის ერჩოდა, მაგრამ არც არავის ინდობდა. ანა და გაგი ერთად იდგნენ, მაგრამ მათი ჩრდილები ერთმანეთს არ ეხებოდა. თითქოს თვითონ მზე ერიდებოდა ამ შეხებას.

ნინომ შორიდან შეხედა მათ და ჩუმად თქვა.

- ღმერთმა ქნას, ამ ქორწილიდან მაინც დაიბადოს სიყვარული,- ბებერი სვანები კუთხეში ისხდნენ. ზოგი ბზარიან ბალიშზე, ზოგი ხის სკამზე და თითოეული მათგანი ჩუმად ადევნებდნენ თვალს ნეფეს და პატარძალს - არა როგორც ახალდაქორწინებულებს, არამედ როგორც ორ გვარს შორის დადებულ ფიცს. ანა იჯდა ხის სკამზე, შავი თავსაფარი ეფარა. შიგნით ხელები მჭიდროდ ჰქონდა გადაჯვარედინებული მუხლებზე. მის ირგვლივ ქალები ისხდნენ, მაგრამ მაინც მარტო იყო. არავის იცნობდა, არც დედა ჰყავდა გვერდით. სრულიად მარტო იყო უცხო კუთხეში.

გაგი მის გვერდით იჯდა, ცოტათი მოშორებით. წელში გამართული, სუფრაზე დადებული ღვინის ჭიქა ხელში ეჭირა, მაგრამ არ სვამდა. გონებით შორს იყო, მთისკენ, რომელიც თეთრ ბურუსში იკარგებოდა. ბიჭები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, ზოგი მღეროდა, ზოგი ფეხს აბაკუნებდა, მაგრამ თვითონ არ ერთვებოდა. სუფრის თავში ერთი მოხუცი ადგა - თეთრწვერიანი, მაღალტანიანი კაცი, რომელსაც სოფელში პატივით "ბაბა მახარს" ეძახდნენ.

- დღე მშვიდობისა იყოს,- თქვა ნელა, ხმადაბლა, მაგრამ ისე რომ ყველამ გაიგონა,- დღეს მთამ კიდევ ერთი დავა დახურა. რაც სისხლით დაიწყო, დღეს სიტყვით დასრულდა. ღმერთმა ნუ ქნას რომ ეს სიტყვა ოდესმე დაირღვეს.

ყველა დადუმდა. კაცებმა ჭიქები აწიეს, ქალებმა თავზე ხელები გადაისვეს, თითქოს ამ სიტყვებს დალოცვის ნაცვლად შიშით უსმენდნენ. ანამ თავი ოდნავ დახარა. თვალები დახუჭა და ჩუმად ამოისუნთქა. ყურის უკან თმის ღერი ჩამოეშალა, მაგრამ ვერ გაისწორა - თითქოს ეშინოდა რომ ნებისმიერი მოძრაობა, როგორც პროტესტი ისე აღიქმებოდა. ნინოც იქ იყო, ცოტა მოშორებით, სხვა ქალებთან. მზერა მაინც ანაზე ეჭირა. ყოველ წამს ელოდა რომ გოგო ადგებოდა და გაიქცეოდა. მაგრამ ანა არ იძროდა. მხოლოდ თითებით ჭიქის კიდეს ეხებოდა, თითქოს იმას ეკითხებოდა რამდენი დრო დარჩა, სანამ ეს დღე დასრულდებოდა.

გაგიმ ჭიქა ოდნავ ასწია, მაგრამ ტუჩებამდე არ მიუტანია. ხმა დაბალი ჰქონდა, თუმცა ყველა მიხვდა რომ საკუთარი თავის დარწმუნებას ცდილობდა.

- ღმერთმა მოგვცეს სიმშვიდე,- თქვა,- და ნუ გვაიძულებს, სიყვარულის გარეშე ვიცხოვროთ.

სუფრაზე მცირე მოძრაობა დაიწყო. კაცებმა ერთმანეთს გადახედეს - ზოგმა ჩუმად გაიღიმა, ზოგმა თავი გააქნია. ბებერმა მახარმა ჩაილაპარაკა.

- სვანს სიტყვა არ უნდა გაუტყდეს, ბიჭო. რაც თქვი, ახლა შენს ზურგზე იქნება,- გაგიმ თავი დაუქნია. ანას არ ამოუხედავს. სუფრის მეორე ბოლოში ქალები ჩუმად მღეროდნენ - ძველი, ომიდან დაბრუნებულებზე დაწერილ სიმღერებს. ანას ხმა არ ამოუღია, მაგრამ გულში თითოეულ სიტყვას იმეორებდა. იმ სიმღერაში იყო ტკივილი, თავშეკავება და რაღაც ისეთი, რაც მხოლოდ მათ ესმოდათ - ქალებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იღიმოდნენ იქ, სადაც ტირილი აკრძალული იყო.

ცოტა ხანში ნინო ანასთან დაიხარა და ჩუმად უთხრა.

- როცა ამ სიმღერას მღერიან, პატარძალს უნდა გაეღიმოს, თორემ სუფრა წყევლად იქცევა,- ანამ ოდნავ გააღიმა, ძალით, თუმცა მაინც გაიღიმა. მაშინ გაგიმ მხარზე ხელი დაადო, თითქოს მადლობა გადაუხადა, მაგრამ ანამ ეს შეხება ისე იგრძნო, თითქოს რაღაც ცივი ტკივილი შემოეხვია სხეულზე. გარეთ თოვლი ისევ ცვიოდა. ბიჭები ეზოში გადიოდნენ, თოფებს ისროდნენ, ერთმანეთს უყვიროდნენ. სახლში კი სითბო იყო ისეთი რომ სუნთქვაც კი მძიმე ხდებოდა.

და მაინც, შუა ამ ყველაფრისა, ანას თვალები მხოლოდ ერთ რამეს ეძებდა - ფანჯარას იქით, იმ თეთრ გზას, სადაც ორჯერ უკვე იდგა და ვერ წავიდა. თითქოს თავად მთა უყურებდა მას - ჩუმად, მძიმე სუნთქვით, და ეკითხებოდა.

„დარჩები ჩემი რჩეული, თუ გახდები ჩემი მსხვერპლი?"

მთის თავზე ღამე ნელა იკრიბებოდა, მაგრამ ეზო ისევ ცოცხლობდა. თოვლი სულ უფრო ძლიერად ცვიოდა, თუმცა არავის აინტერესებდა - სუფრები უკვე შიგნით გადაიტანეს, ბუხარი გიზგიზებდა, ღვინო გადადიოდა ჭიქიდან ჭიქაში. სვანური სიმღერები ქვის კედლებს ეჯახებოდა, ისე მძაფრად, თითქოს თვითონ ხმები ცდილობდნენ წლების ჩუმად გატარებული შურის აღდგენას. გაგი სუფრასთან იჯდა, ხალხის ხმაური თითქოს არ ესმოდა. დროდადრო ვინმეს უსმენდა, თავს უქნევდა, მაგრამ მზერა მუდამ ერთ ადგილას რჩებოდა - ანაზე. ის ქალების გვერდით იჯდა, მხრებზე ათასნაირი ნაქარგი შალი ჰქონდა გადაფარებული, რომელიც ქალებმა გადასცეს საჩუწრის ნიშნად. სახე ფერმკრთალი, თვალები კი შავ ჩრდილში ჩაკარგული. ხმაური მის გარშემო ისე ტრიალებდა, თითქოს სხვა სამყაროდან მოდიოდა.

- გაგი, შე კაცო, დალიე!- დაიძახა ვიღაცამ  მარჯვენა მხრიდან,- შენ დღეს სისხლი დახურე, ეგ დღე არ გეპატიება ღვინის გარეშე!

გაგიმ ცივად გაუღიმა, ჭიქა აიღო, ოდნავ მოსვა და ისევ დადგა.

- სისხლი ვერ ილევა ღვინით,- თქვა ნელა. სუფრასთან კაცები დადუმდნენ. ერთი წამით ყველამ იგრძნო რომ ეს სიტყვა მთის წესს ეწინააღმდეგებოდა. მხოლოდ ბებერი მახარი  ალაპარაკდა.

- ჭკვიანური სიტყვაა, მაგრამ ჭკვიანს აქ ბევრს არ ეძახიან,- სუფრაზე უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, მერე ისევ სიმღერამ გადაფარა. ამჯერად ქალებმა წამოიწყეს. ოდნავ ჩუმად, ოდნავ მელანქოლიურად.

„შენ გადაგირჩია მთამ და არა მე..."

მღეროდნენ ისინი და ანა თითქოს თითოეულ სიტყვას გულში ატარებდა. ნინო ნელა მიიწია მისკენ, ფრთხილად შეეხო ხელზე.

- ღიმილი არ დაგავიწყდეს, შვილო. დღეს ბევრის თვალი შენს სახეზეა,- ანამ თავი ოდნავ ასწია. ტუჩებზე სუსტი ღიმილი დაიდო, მაგრამ თვალები ისევ ცივი დარჩა. გაგის მზერა დაეჯახა - წამით ერთმანეთს შეხედეს ისე, როგორც ორ ადამიანს, ვინც ერთ ტკივილში იხრჩობოდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით. გაგიმ თითქოს რაღაცის თქმა სცადა, მაგრამ ბებერმა მახარამ ხმამაღლა შესძახა.

- იმღერე, ანა! პატარძლის ხმა უნდა ისმოდეს, თორემ ქორწილი დალოცვილი არ იქნება!- ანას ხმა არ ამოუღია. მხოლოდ თვალები დახუჭა და ჩუმად ამოისუნთქა. ხალხს ეგონა რომ მღეროდა - მაგრამ ის საკუთარ გულს ელაპარაკებოდა.

„მე არ ვარ აქ. მე ვდგავარ იქ, სადაც ამ დღეს დავკარგე ყველა გზა."

მოინუსხა მთელი სუფრა გოგოს ხმით. პატარძალს მიაჩერდნენ, ანა აგრძელებდა სიმღერას, მთელ გულისტკივილს დებდა სიტყვებში, თუმცა უეცრად გაჩერდა, თვალები გაახილა და მაშინვე შეეჩეხა გაგის მზერას, რომელიც თვალებში უყურებდა, თუმცა გონებით სადღაც შორს იყო დაკარგული. სუფრასთან კაცებმა ნელ - ნელა ხმას აუწიეს, სიმღერა გადაიზარდა შეძახილებში. ღვინო ისევ იდო მაგიდებზე, ხმაური იზრდებოდა, სიცილი კი ისევ ისმოდა. მალხაზი ფეხზე წამოდგა. მთვრალი იყო, მაგრამ ხმა მტკიცე ჰქონდა.

- დღეს ყველამ უნდა იცოდეს,- თქვა მან,- ეს ქორწილი მარტო ორი ადამიანის არაა. ეს მთის ფიცი იყო. რაც აქ დაიდო, უკან არ ბრუნდება.

მდუმარედ, მაგრამ მკაფიოდ თქვა ეს სიტყვები - თითქოს გამაფრთხილებლად. ანამ თავი ოდნავ დახარა, თითქოს იმ წუთში მიხვდა რომ მის გარშემო არავინ იყო ადამიანი - მხოლოდ ფიცი, სისხლი და წესები. გაგიმ ისევ გაიღიმა - ცარიელი, დაღლილი ღიმილით. მისი ხელი მაგიდაზე იდო, მაგრამ თითები ნერვიულად კანკალებდა. ნინომ ეს შეამჩნია და თვალებში სევდა ჩაუდგა - დედა მიხვდა რომ შვილი საკუთარ თავსაც აიძულებდა, არა მხოლოდ ამ ქორწილს, საერთოდ ყველაფერს. გარეთ თოვლი ძლიერდებოდა, ქარი ფანჯრებს ურტყამდა. თითქოს თვითონ მთა ცდილობდა, ოთახში შეჭრილიყო და ყველას გაეგო რომ ეს დღე არ იყო მშვიდობის - ეს იყო დროისგან ძალით გამოგლეჯილი წამი, რომელსაც მალე რაღაც მოჰყვებოდა. და როცა სიმღერა ჩაცხრა, მხოლოდ ანას სუნთქვა ისმოდა. ნელა წამოდგა. ყველა დაიძაბა. ჭიქა მოიქცია ხელებში და ხმამაღლა თქვა.

- ქორწილი როცა ასე იწყება, ნამდვილი სიყვარულის ადგილი აღარ რჩება. დარჩება მხოლოდ შიში და შიშს მუდამ სისხლი მოჰყვება,- მალე გაისმა ხმაური, კაცებმა ერთმანეთს გადახედეს. მისი სიტყვა მთამ დაიჭირა. და ახლა ყველა გრძნობდა - დუმილი ამ ქორწილს კიდევ არაერთხელ გასტეხდა. ქარის ხმამ თითქოს გადაფარა ყველაფერი - სიმღერაც, სიცილიც. კედლებზე აჩრდილები ცეკვავდნენ ცეცხლის შუქზე, მაგრამ მათი მოძრაობა უფრო სიკვდილის ცეკვას ჰგავდა, ვიდრე ქორწილისას. თითოეული ადამიანი თითქოს რაღაცას მალავდა, თითქოს ყველა ხვდებოდა რომ ეს დღე, რომელიც მშვიდობად უნდა ქცეულიყო, სინამდვილეში ძველი წყევლის გაგრძელება იყო. გაგი ისევ მაგიდასთან იჯდა, მაგრამ აღარ სვამდა. თითებით ჭიქას ურახუნებდა, თითქოს თავის თავთან ბრძოლას ვერ ასრულებდა. მის გვერდით მჯდომი კაცები უკვე მთვრალები იყვნენ - ერთს ძილშიც კი ეღიმებოდა, მეორეს ხმამაღლა რაღაც ძველ შურის აღებაზე ელაპარაკებოდა. ნინო კედელთან იდგა. შვილისკენ იყურებოდა და მზერაში ერთდროულად იყო სიყვარულიც და დანაშაულიც.

„ეს მე დავთანხმდი, როცა თქვეს, სისხლი სისხლით უნდა დაიფაროსო"

ფიქრობდა გულში.

"მე არ ვიფიქრე რომ ამით ჩემი შვილი ცოცხლად მოკვდებოდა."

გაგიმ მოულოდნელად თავი ასწია და ხმამაღლა თქვა.

- სად არის ანა?

კაცები გადაიხარხარეს, ვიღაცამ ხელი აუქნია.

- ქალი თავის მხარეს არის, გამშვიდდი! ჯერ პატარძალია, ხვალ ცოლი გახდება!

მაგრამ გაგის ხმა ისევ მტკიცე იყო.

- მე ვიკითხე, სად არის - მეთქი!- სიჩუმე ჩამოწვა. ასეთ ხმაში მთაში სხვანაირი სუნი იდგა - როცა კაცს სიმთვრალე კი არა, სინდისი სტკიოდა.

ნინომ ჩუმად უთხრა.

- შიგნით შევიდა, გოგოები მიჰყვნენ. ცოტას ისვენებს. ნუ შეაშინებ ამ ღამეს, გაგი...- გაგიმ არაფერი უპასუხა. წამოდგა, ბუხარს ჩაუარა და ფრთხილად გავიდა დერეფანში. ფიცრები ჭრიალებდნენ, ქალების ჩურჩული შორიდან ისმოდა, ხოლო გარეთ ქარი ისე ქუხდა, თითქოს მთას უნდოდა შეეჩერებინა ის, რაც ახლა მოხდებოდა. ანა ფანჯარასთან იჯდა. თეთრი სამოსი მხრებიდან ჩამოცურებოდა, თმა დაშლილი ჰქონდა და ცეცხლის შუქი მის სახეზე თამაშობდა. გაგი კარში გაჩერდა. ერთი წამით, თითქოს არც იცოდა, რა უნდა ეთქვა. ბოლოს ჩუმად თქვა.

- არ გინდა რომ ეს მოხდეს, ვიცი. მაგრამ ხვალ დილა იქნება, ანა და დილა ისეთია, ყველაფერს ჩვეულ სახეს აძლევს,- ანას არ გაუხედავს. ხმა მშვიდი ჰქონდა, მაგრამ საშინლად ცივი.

- დილა ვერ შეცვლის იმას, რაც დღეს გადაწყვიტეს. შენც იცი, ეს ქორწილი სიყვარულით არ მომხდარა. ეს შენების და ჩვენების ომია, რომელსაც შევეწირე.

გაგი მიუახლოვდა. ერთი წამით ხელი გაიშვირა, თითქოს უნდოდა შეხებოდა, მაგრამ გაჩერდა.

- მე არ ვითხოვ სიყვარულს,- ჩუმად თქვა,- მხოლოდ გთხოვ, არ მომექცე ისე, როგორც მტერს.

ანამ ნელა მიაბრუნა თავი. მის მზერაში არ იყო ზიზღი, მხოლოდ რაღაც უმძიმესი - დაღლილობა, რომელსაც სიტყვა ვეღარ აღწერდა.

- მტერსაც არ ვექცევი ასე, გაგი, აღარაფრის გაკეთება არ შემიძლია, უკვე დავიღალე,- გაგიმ თვალები დახარა. ერთი წამით სუნთქვაც შეეკრა. მერე თქვა.

- როცა დედაჩემმა მითხრა რომ შენთან ქორწილი იყო საჭირო, მეგონა, ასე იქნებოდა. მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ჩვენ ორივე ტკივილში ვართ,- გარედან სიმღერის ხმა ისევ მოისმა.

ანა წამოდგა. ნელა მიუბრუნდა. გაგის აღარაფერი უთქვამს. მხოლოდ ფანჯარაში გაიხედა, სადაც თოვლი უკვე ბოლომდე ფარავდა ყველა გზას. და იქ, იმ თეთრ სიჩუმეში, ორივემ იცოდა - დილა რომ მოვიდოდა, არცერთი აღარ იქნებოდა ის, ვინც დღეს იყო.

და მთა ისევ დუმდა - ისეთი სიჩუმით, სადაც ხმა აღარ აღწევდა. ისტორია ქალისა, რომელმაც ვერ აირჩია გზა, მაგრამ მაინც დარჩა და სწორედ ამიტომ, თვითონ მთა მისი სახელი დაიმახსოვრა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent