კუპე №33
ბოდიში, გამატარეთ... მაპატიეთ! — რკინიგზის სადგურზე, სალაროებისკენ თმაგაძეძილი, შარფმოხვეული გოგონა მირბოდა. ხელში გიტარა ჩაებღუჯა, ზურგჩანთა კი ორივე მხარზე მჭიდროდ მოეკიდებინა. სალაროსთან სულაქოშინებული მიიჭრა: — გამარჯობა, თბილისის მატარებელზე ერთი ბილეთი თუ გაქვთ? — გაგიმარჯოს. მხოლოდ ერთი ადგილია დარჩენილი, კუპეში. გაწყობთ? გოგონას სულაც არ ეხატებოდა გულზე სამ უცნობ ადამიანთან ერთად შვიდი საათის გატარება, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა — სამარშრუტო ტაქსით მგზავრობას ეს მაინც ერჩივნა. — იყოს, ავიღებ. დიდი მადლობა. — ათ წუთში გადის, ასე რომ, იჩქარეთ, — გააფრთხილა მოლარემ. — მადლობა, ნახვამდის, წარმატებული დღე გქონდეთ.— გოგონამ ქალბატონს გაუღიმა და ბაქნისკენ გაიქცა. როგორც იქნა, იპოვა თავისი ვაგონი და კუპე №33,კარი ხმაურით გასწია. შიგნით მჯდომმა ბიჭმა თავი ასწია და გოგონას მზერა მიაპყრო... — გამარჯობა, — თქვა გოგონამ ხმადაბლა და მორიდებით შეაბიჯა შიგნით. ბიჭმა მოკლედ მიესალმა, თავი დაუკრა და ისევ წიგნის კითხვას მიუბრუნდა. გოგონამ პალტო გაიხადა, საკიდზე ფრთხილად ჩამოკიდა და ზურგჩანთაც იქვე, თავის ადგილზე დადო. კუპეში სიჩუმე ჩამოწვა, რომელსაც მხოლოდ მატარებლის დაძვრის ხმა და ბორბლების რიტმული გრუხუნი არღვევდა. გოგონა თავს უხერხულად გრძნობდა, თითქოს ვიღაცის პირად სივრცეში შეიჭრაო. — ბოდიში, თქვენი სიმყუდროვე რომ დავარღვიე, — თქვა მან, თან ცდილობდა გიტარა ისე მოეთავსებინა, რომ ბიჭისთვის ხელი არ შეეშალა. ბიჭმა წიგნიდან თვალი არ მოაცილა, ისე ჩაილაპარაკა: — არა უშავს, ეს ხომ საერთო კუპეა. გოგონა ფანჯარასთან ჩამოჯდა და გარეთ ყურება დაიწყო, თუმცა გრძნობდა, რომ ეს სიჩუმე უხერხულობას არ უქმნიდა მას.. მატარებელი ოდნავ შეინძრა, თითქოს ღრმად ამოისუნთქაო და ნელა დაიძრა ბაქნიდან. გოგონა ფანჯარასთან მოკალათდა. მათ შორის ჩამოვარდნილი სიჩუმე სულაც არ იყო დამთრგუნველი; პირიქით, მატარებლის რიტმულ რწევაში რაღაც მშვიდი და მყუდროც კი იგრძნობოდა. მან ზურგჩანთიდან ძველი mp3 ფლეიერი ამოიღო, ყურსასმენები მოირგო და მუსიკა ჩართო. შემდეგ ხელების გაწაფული მოძრაობით აწეწილი, აბურდული თმის დავარცხნა და ჩაბწნა დაიწყო. სარკის ნაცვლად კუპეს მინას იყენებდა, რომელშიც ბინდბუნდად ირეკლებოდა მისი სახე. თმის ბწნისას, თითქოს შემთხვევითო, თვალს აპარებდა ბიჭისკენ. აინტერესებდა, რას კითხულობდა ასეთი გატაცებით, ან საერთოდ, ამჩნევდა თუ არა მის არსებობას. ბიჭი კი ისე იყო წიგნში ჩაფლული, თითქოს ამ კუპეში კი არა, სულ სხვა სამყაროში ყოფილიყო, თუმცა დროდადრო გვერდის გადაფურცვლისას თითქოს ისიც გრძნობდა გოგონას მზერას. მატარებელი ლიანდაგების ღრჭიალით მიდიოდა, თეკლამ MP3-ის ყურსასმენები მოირგო, თითებით აწეწილი თმის ჩაბწნას ასრულებდა და თან ფანჯრის მინაში ბიჭის ანარეკლს აკვირდებოდა. ლაზარემ წიგნი დახურა, სავარძელზე გადაწვა და გოგონას გახედა. — მაგ ყურსასმენებში თუ ისეთი მუსიკა არ გადის, რომელიც შიმშილს კლავს, მაშინ ეს უნდა გამომართვა, — თქვა მან და ჩანთიდან ქაღალდში გახვეული, სახლში გამომცხვარი ორცხობილები ამოიღო. თეკლამ ერთი ყურიდან ყურსასმენი გამოიღო და დაიბნა. — არა, გმადლობთ... არ მშია. — კი, როგორ არა, — ჩაეღიმა ლაზარეს, — წინ როცა ამხელა გზაა, „არ მშია“ არ მოსულა. მით უმეტეს, როცა დედაჩემის გამომცხვარ ორცხობილებს გთავაზობ... აიღე, ნუ გაჯიუტდები. თეკლამ გაუღიმა და ერთი ნამცხვარი აიღო. — ძალიან გემრიელია, მადლობა... — რა გქვია? — იკითხა ბიჭმა და ორცხობილების შეკვრა მათ შორის, პატარა მაგიდაზე დადო. — თეკლა. თქვენ? — ლაზარე. ზუგდიდში ცხოვრობ, თეკლა? გოგონამ თავი გაიქნია და თმის ბოლოზე რეზინი მჭიდროდ მოიჭირა. — არა, სტუმრად ვიყავი. ქუთაისელი ვარ, უბრალოდ თბილისში ვსწავლობ და იქით მივდივარ. თქვენც ზუგდიდელი ხართ? — ჰო, აქაური ვარ, — დაადასტურა ლაზარემ, — თუმცა უკვე კარგა ხანია თბილისში ვცხოვრობ, ვმუშაობ. სამეგრელოში მხოლოდ საქმეებზე ჩამოვდივარ ხოლმე რამდენიმე დღით. ეტყობა, შენც ჩემსავით „ორ ქალაქს შორის“ ხარ გაჭედილი. — ცოტა მასე გამოდის, — გაეღიმა თეკლას, — თუმცა თბილისში თავს მაინც სტუმრად ვგრძნობ. ალბათ, იმიტომ, რომ სულ გამოცდების და წიგნების გარემოცვაში ვარ. — რა ფაკულტეტზე ხარ? — ლაზარემ ინტერესით შეათვალიერა გოგონას გვერდით დაწყობილი კონსპექტები, — ისეთი დაღლილი სახით შემოხვედი, მეგონა, მთელი ღამე მაგ ფურცლებს ათენებდი. — არქეოლოგიურზე. ხვალ დილით მაქვს გამოცდა და სიმართლე გითხრათ, ცოტას ვნერვიულობ კიდეც, — გამოუტყდა თეკლა და ყურსასმენის კაბელი თითზე დაიხვია, — თქვენ რა სფეროში მუშაობთ? თუ საიდუმლო არ არის. — საიდუმლო არაა, მაგრამ არქეოლოგიასთან შედარებით ძალიან მშრალი და მოსაწყენია, — ჩაეღიმა ლაზარეს, — მე დაზღვევის სფეროში ვარ. ერთი კვირაა აქაურ ფილიალებსა და დოკუმენტებში ვიქექები. ასე რომ, ჩემთვის ეს შვიდი საათი დასვენებაა, შენთვის კი, როგორც ვხედავ — ბოლო შანსი კონსპექტების გადასამეორებლად. — მართალი ხართ, — თეკლამ კონსპექტებს გადახედა და მერე ისევ ლაზარეს მიუბრუნდა, — თუმცა ამ შვიდ საათში რისი სწავლაც შეიძლებოდა, ალბათ უკვე ვისწავლე. ახლა უფრო საკუთარი თავის დარწმუნებას ვცდილობ, რომ არაფერი დამავიწყდა. — ეგ ყველაზე რთული ეტაპია, — დაეთანხმა ლაზარე და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა, — ისე, არქეოლოგია საინტერესო არჩევანია. 2005 წელს, როცა ყველა ბიზნესსა და სამართალზე გარბის, შენ წარსულში ქექვას ირჩევ. რატომ? პოეტური ნატურა ხარ თუ უბრალოდ გიყვარს მიწასთან მუშაობა? — არცერთი და თან ორივე ერთად, — გაეცინა თეკლას, — უბრალოდ, მომწონს ის შეგრძნება, როცა რაღაც ისეთს ეხები, რასაც საუკუნეების განმავლობაში არავინ მიკარებია. თითქოს დროს აჩერებ. აი, თქვენს საქმეში თუ არის რამე მსგავსი? ლაზარემ მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმა და ფანჯრის მიღმა გაელვებულ ხეებს გახედა. — ჩემს საქმეში დრო კი არ ჩერდება, პირიქით, მუდმივად გაკლია. დაზღვევა მომავალზე ზრუნვაა, შენი პროფესია კი — წარსულზე. გამოდის, რომ ამ კუპეში ახლა ორი უკიდურესობა ვზივართ. თუმცა, ერთი საერთო მაინც გვაქვს — ორივე ვცდილობთ, რაღაც გადავარჩინოთ.. — საინტერესო შედარებაა, — თეკლა დაფიქრდა, — თქვენი მშვიდი ტონიდან გამომდინარე, მეგონა, უფრო კატეგორიული იქნებოდით. — 32 წლის ასაკში კატეგორიულობა იკლებს და დაკვირვების უნარი მატულობს, — თქვა ლაზარემ და ორცხობილებისკენ ანიშნა, — აიღე კიდევ ერთი, ენერგია დაგჭირდება. ისე, ქუთაისში რომ ჩაივლის მატარებელი, ხომ არ ინანებ, რომ სახლში არ ჩადიხარ და პირდაპირ თბილისში მიდიხარ? — გული კი დამწყდება, მაგრამ ხვალამდე უნდა მოვითმინო. სხვათა შორის, სამეგრელოშიც არის რამდენიმე ადგილი, სადაც გათხრებში მონაწილეობაზე ვოცნებობ. მაგალითად, ნოქალაქევი... — ნოქალაქევი ჩემს სოფელთან ძალიან ახლოსაა, — გამოაცოცხლდა ლაზარე, — ბავშვობაში სულ იქ დავძვრებოდით. თუ ოდესმე მართლა მოხვდები იქ სამუშაოდ, იცოდე, რომ საუკეთესო გიდი უკვე გყავს. ოღონდ, დაზღვევის აგენტის ამპლუაში არა, რა თქმა უნდა. საუბარი მატარებლის გამცილებლის გამოჩენამ შეაწყვეტინათ. კარის ლითონის სახელურმა დაიჩხაკუნა და ზღურბლზე ფორმიანი ქალი გამოჩნდა, რომელსაც ხელში ლანგარი ეჭირა. — ყავა ან ჩაი ხომ არ გნებავთ? — იკითხა მან და კუპეში შემოსულმა ცივმა ჰაერმა წამით გაფანტა ორცხობილების ვანილის სუნი. ლაზარემ თეკლას გადახედა, მერე კი გამცილებელს მიუბრუნდა. — მე ერთი უშაქრო ყავა მომიტანეთ, თუ შეიძლება. ოღონდ, თუ გაქვთ, ნალექიანი. — თქვენ, გოგონა? — ქალმა ახლა თეკლას შეხედა. თეკლამ ცოტა ხანს დააყოვნა, თითქოს მენიუს გონებაში გადასინჯაო. — მე... თუ გაქვთ, კარკადეს ჩაი მირჩევნია. როცა გამცილებელი გავიდა, ლაზარემ თეკლას ოდნავ მოჭუტული თვალებით შეხედა. — კარკადე? — გაიმეორა მან და სახეზე ისევ ის ირონიული, მაგრამ თბილი გამომეტყველება დაუბრუნდა, — კარკადეს ჩაის მხოლოდ ისეთი ადამიანები უკვეთავენ, ვისაც განსხვავებული გემოვნება აქვს, ან უბრალოდ ძალიან უყვართ წითელი ფერი. თეკლას გაეცინა და ზურგჩანთის თასმას მოჰკიდა ხელი. — უბრალოდ მამშვიდებს. თან, ამ დროს, მგონია, რომ ყავაზე მეტად ჩაი უხდება მგზავრობას. თქვენ კი, ალბათ, ყავა იმიტომ გინდათ, რომ ისევ დოკუმენტებში ჩაძირვას აპირებთ, არა? — „ალდაგში“ ვმუშაობ, — თქვა ლაზარემ და ფანჯრისკენ გაიხედა, — იქ კი ისეთი ტემპია, ყავის გარეშე ვერ გაძლებ. ახლაც, ზუგდიდში რამდენიმე მსხვილი ობიექტი დავათვალიერე, ტვირთები, დანადგარები... ყველაფერს აღწერა სჭირდება. ჰოდა, ეს ყავა მჭირდება, რომ თბილისამდე გონება არ გამეთიშოს. შენს პროფესიასთან შედარებით ძალიან მშრალი და უსულო საქმეა, არა? — რატომ? — თეკლამ ინტერესით შეხედა, — თქვენც ხომ აღწერთ ნივთებს, როგორც ჩვენ? უბრალოდ, მე იმაზე ვზრუნავ, რაც უკვე წარსულია, თქვენ კი იმაზე, რაც მომავალში შეიძლება გაფუჭდეს. — საინტერესოა, — ჩაილაპარაკა ლაზარემ, — გამოდის, რომ მე მომავლის არქეოლოგი ვარ, ოღონდ ფინანსურ განყოფილებაში. თუმცა, სიმართლე გითხრა, ჩემს აღწერილ დანადგარებში იმდენი ისტორია ნამდვილად არ არის, რამდენიც შენს ერთ პატარა ნატეხში. ამ დროს გამცილებელი დაბრუნდა. ლაზარეს წინ ორთქლავარდნილი ჭიქა დაუდგა, თეკლას კი — გამჭვირვალე ჭიქაში ჩასხმული მკვეთრი წითელი სითხე. — აბა, ვნახოთ, რამდენად დაგამშვიდებს ეგ შენი წითელი ჩაი, — თქვა ლაზარემ და ყავის პირველი ყლუპი მოსვა. საუბარი ჩაისა და ყავის არომატმა შეავსო, როცა თეკლას უცებ რაღაც გაახსენდა და თვალები გაუფართოვდა. — უი, სულ დამავიწყდა! — შეიცხადა მან და სწრაფად მიუტრიალდა თავის ზურგჩანთას. ლაზარემ ყავის ჭიქა ჰაერში შეაჩერა და ინტერესით დააკვირდა გოგონას ფუსფუსს. თეკლამ ჩანთიდან პლასტმასის კონტეინერი ამოაძვრინა. როგორც კი თავსახური მოხადა, კუპეში მაშინვე დატრიალდა ტარხუნის სპეციფიკური, ახალი სურნელი, რომელსაც შემწვარი სოკოსა და ჰაეროვანი ცომის არომატი ერწყმოდა. — ტარხუნის და სოკოს ღვეზელები გამომატანეს... ჩემმა მეგობარმა სპეციალურად ჩემთვის გამოაცხო, — თქვა თეკლამ და კონტეინერი ლაზარესკენ გასწია, — თქვენი ორცხობილების შემდეგ უარის თქმის უფლება არ გაქვთ. ლაზარეს ჩაეღიმა, ერთი ღვეზელი აიღო და დააკვირდა. — ტარხუნა და სოკო? საინტერესოა.. კუპეში მყუდრო სიჩუმე ჩამოწვა. ჩუმად მიირთმევდნენ — ხან ერთმანეთს შეავლებდნენ მზერას, ხან კი ფანჯარაში მორბენალ ხეებსა და ბინდბუნდში ჩაძირულ პეიზაჟებს აყოლებდნენ თვალს. მატარებლის რიტმული გრუხუნი ამ დუმილს უფრო ბუნებრივს ხდიდა. თეკლა გრძნობდა, როგორ ეხსნებოდა ნელ-ნელა დაძაბულობა, ლაზარე კი, თავისი დინჯი გამოხედვით, თითქოს ამ სიმშვიდეს იცავდა. — იცი, — თქვა მოულოდნელად ლაზარემ და ფანჯრიდან მზერა თეკლაზე გადაიტანა, — მგონი, ამ მგზავრობამ იმაზე უკეთესად ჩაიარა, ვიდრე ველოდი. თეკლამ კარკადეს ჩაი მოსვა და გაუღიმა. — მეც მასე ვფიქრობ. სალაროსთან დაწყებული ქაოსი და მგზავრობის პირველი საათების მღელვარე საუბარი ნელ-ნელა მყუდრო მიჩვევამ შეცვალა. — ჭიქებს გავიტან, — თქვა ლაზარემ ხმადაბლა, როცა შეამჩნია, რომ თეკლას თვალები უმძიმდებოდა. ფრთხილად აკრიფა ცარიელი ჭურჭელი და კუპედან გავიდა. მარტო დარჩენილ თეკლას მატარებლის რიტმულმა რწევამ და კარკადეს სიმხურვალემ საბოლოოდ მოუთენთა სხეული. კონსპექტებზე გადახრილს, თავი ხელზე ჩამოეყრდნო და ისე ჩაეძინა, რომ ვერც კი იგრძნო, როგორ გაუცურდა თითებიდან MP3 ფლეიერის კაბელი. რამდენიმე წუთში ლაზარე დაბრუნდა. კარი ფრთხილად გასწია და წამით ზღურბლზე გაშეშდა. უყურებდა მძინარე გოგონას, რომლის სახესაც მატარებლის ფანჯრიდან შემოსული სადგურის შუქები პერიოდულად ანათებდა. თეკლა ისეთი მშვიდი და დაუცველი ჩანდა, მთელი მისი " სიმტკიცე" სადღაც გამქრალიყო. ლაზარემ ღრმად ამოისუნთქა, ჩაეღიმა და მისკენ გადაიხარა. ძალიან ფრთხილად, თითქოს ფაიფურის ნაკეთობას ეხებაო, მხრებში ხელი მოჰკიდა და სავარძელზე დააწვინა. თეკლამ ძილში რაღაც ჩაიბუტბუტა, მაგრამ არ გაღვიძებია. ლაზარემ ზედა თაროდან პლედი ჩამოიღო და გოგონას მხრებამდე დააფარა. წამით შეყოვნდა, თითქოს მისი გასწორებული თმის ბწნილისთვის ხელის შეხება უნდოდა, მაგრამ თავი შეიკავა. თავის ადგილს დაუბრუნდა. თბილისამდე ჯერ კიდევ დიდი გზა იყო. ლაზარემ ჩანთიდან ტყავისყდიანი რვეული და უბრალო შავი კალამი ამოიღო. ის არ იყო პროფესიონალი მხატვარი, მაგრამ ხაზების გავლება ყოველთვის ეხმარებოდა ფიქრების დალაგებაში. რვეულის სუფთა ფურცელზე ნელ-ნელა გაცოცხლდა თეკლას პროფილი — მისი სწორი ცხვირი, გაბუტული ტუჩები ყურსასმენების კაბელი და ის სიმშვიდე, რომელიც ახლა კუპეში სუფევდა. ლაზარე ხატავდა და თან ფიქრობდა, რამდენად უცნაურია ცხოვრება: რამდენიმე საათის წინ ეს გოგონა მისთვის უბრალოდ აჩქარებული მგზავრი იყო, ახლა კი თითქოს უახლოესი ადამიანი იყო.. სამი საათი ისე გავიდა, რომ ლაზარეს წიგნი აღარც გაუხსნია. ხანდახან ფანჯარაში გაიხედავდა, სადაც ღამის საქართველო მიქროდა, მერე კი ისევ რვეულს უბრუნდებოდა. თეკლას მშვიდი სუნთქვა მატარებლის ხმას ერწყმოდა. როცა მატარებელმა მკვეთრად შეანელა სვლა და ლიანდაგებმა დაიჭრიალა, თეკლამ ოდნავ შეინძრა. პლედის სითბო იგრძნო და თვალები ნელა გაახილა. კუპეში შუქი ჩამქრალიყო, მხოლოდ კარის ზემოთ ანთებული პატარა ნათურა ანათებდა ლაზარეს, რომელიც რვეულს სასწრაფოდ ხურავდა. — ჩამეძინა? — იკითხა თეკლამ ნამძინარევი ხმით. — სულ რაღაც სამი საათით, — უპასუხა ლაზარემ და რვეული გვერდით გადადო, — მგონი, გამოცდისთვის ძალების აღდგენა უფრო გჭირდებოდა, ვიდრე ისტორიის თარიღების ზეპირობა. თეკლა ნელა წამოჯდა, მხრებიდან ჩამოსრიალებული პლედი შეისწორა და გაკვირვებულმა გადახედა ლაზარეს. ვერც კი მიხვდა, როდის და როგორ აღმოჩნდა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ასე თბილად შეფუთული. ლაზარეს კი თავისი რვეული უკვე ჩანთის სიღრმეში ჩაემალა. — ყოჩაღ შენ, ღრმა ძილი გცოდნია, — ჩაეღიმა ლაზარეს და თვალით პლედზე ანიშნა, — ისეთი მონდომებით გეძინა, შემეშინდა, ვაი და მატარებლის გაჩერებამაც არ გაგაღვიძოს-მეთქი. — უი, დიდი მადლობა... და მგონი, ბოდიშიც, — თეკლას ლოყები ოდნავ აეწვა სიმორცხვისგან. მან თავისი MP3 ფლეიერი მოძებნა, ჩართო და ეკრანის მწვანე შუქზე სიმღერების სია გადაათვალიერა. მერე ლაზარეს შეხედა და ოდნავ გვერდზე გაიწია, თითქოს მის გვერდით ადგილს უთავისუფლებდა. — აქ გადმოჯექით, თუ გინდათ... კაბელი მოკლეა და ასე უფრო მოსახერხებელი იქნება, — თქვა მორიდებით. ლაზარე წამით შეყოვნდა, მერე კი წამოდგა და თეკლას გვერდით, სულ რამდენიმე სანტიმეტრის დაცილებით ჩამოჯდა. თეკლამ ერთი ყურსასმენი მას გაუწოდა, მეორე კი თვითონ მოირგო. — ჩემი საყვარელი სიმღერაა... — ჩაილაპარაკა გოგონამ და ღილაკს თითი დააჭირა. როგორც კი გიტარის პირველი, ნაცნობი აკორდები გაისმა, ლაზარეს სახეზე გაოცება და რაღაცნაირი სითბო ერთდროულად აისახა. — Metallica? — იკითხა ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით, — ჩემი საყვარელი ჯგუფია. საერთოდ, ერთადერთი ჯგუფია, რომელსაც ყოველთვის ვუსმენ, როცა რამე მნიშვნელოვანზე ვფიქრობ. თეკლამ გაოცებულმა შეხედა. ვერ წარმოედგინა, რომ ამ სერიოზულ, კოსტიუმიან მამაკაცს და მას, 21 წლის სტუდენტს, საერთო მუსიკალური თავშესაფარი ექნებოდათ. "Nothing Else Matters"-ის ჰანგები კუპეს ავსებდა. ისინი ისხდნენ გვერდიგვერდ, მატარებელი კი რიტმულად ირწეოდა. როცა ჯეიმსმა პირველი სიტყვები თქვა, თეკლამ იგრძნო, როგორ გაქრა მათ შორის არსებული ყოველგვარი უხერხულობა. ლაზარე ფანჯარაში იყურებოდა, სადაც შუქები ნელ-ნელა იკრებდნენ ძალას, მაგრამ მისი ფიქრები აშკარად აქ იყო, ამ სიმღერაში და ამ გოგონასთან, რომელიც ასე მოულოდნელად შემოიჭრა მის ცხოვრებაში. გიტარის სოლოს დროს ლაზარემ თითქმის შეუმჩნევლად დააქნია თავი. თეკლა კი უყურებდა მის ხელებს, პროფილს და ფიქრობდა, რამდენს მალავდა ეს კაცი თავისი მშვიდი გამოხედვის მიღმა. როცა სიმღერა დასრულდა, ყურსასმენებში მხოლოდ მატარებლის ხმაური დარჩა. ლაზარეს არ უჩქარია ყურსასმენის მოხსნა. თეკლა და ლაზარე ისევ გვერდიგვერდ ისხდნენ. მუსიკის შემდეგ ჩამოვარდნილი სიჩუმე აღარ იყო უხერხული; ის უფრო იმ საერთო საიდუმლოს ჰგავდა, რომელიც მხოლოდ მათ იცოდნენ. — არ მეგონა, თუ "მეტალიკა" გიყვარდა, — თქვა ლაზარემ ხმადაბლა და თეკლასკენ ოდნავ მიბრუნდა, — 2005 წელს შენი ასაკის გოგონები უფრო პოპ-მუსიკას ან რამე მსუბუქს უსმენენ. საიდან? თეკლამ ყურსასმენის კაბელი თითზე დაიხვია და გაეღიმა. — მამაჩემისგან... ლაზარე დაფიქრდა. ფანჯრის მიღმა... ლაზარემ თეკლას გიტარას გახედა, — მაგაზე თუ უკრავ? — ვსწავლობ, — თავი დახარა თეკლამ, — ზოგჯერ, როცა ძალიან ვიღლები, ვცდილობ ეს მელოდია ავაწყო, მაგრამ ჯერ ისე არ გამომდის, როგორც მსურს.. — გამოგივა, — დარწმუნებით თქვა ლაზარემ, — მთავარია, რომ გესმის, რას უკრავ.. საუბარი ნელ-ნელა უფრო გულწრფელი ხდებოდა. ლაზარემ თავის სტუდენტობაზე მოუყვა — როგორ ჩამოვიდა თბილისში, როგორ უჭირდა თავიდან დიდ ქალაქთან შეგუება და როგორ ეხმარებოდა მუსიკა მარტოობასთან გამკლავებაში. თეკლა კი თავის შიშებზე უყვებოდა — იმაზე, თუ როგორ ეშინოდა, რომ ვერ გახდებოდა ისეთი კარგი არქეოლოგი, როგორიც ოცნებებში იყო. სამი საათი შეუმჩნევლად გადიოდა. მატარებელი გორს გასცდა. კუპეში ისევ ის მყუდრო სიბნელე სუფევდა, რომელსაც მხოლოდ დერეფნიდან შემოსული მკრთალი შუქი არღვევდა. თეკლამ თავი ისე იგრძნო, თითქოს ლაზარეს წლებია იცნობდა. მისი "მწარე ენა"მხოლოდ მეგობრულ ხუმრობებში ჩანდა, სიმშვიდე კი — ნამდვილ საყრდენად ექცა. — იცი, რა არის უცნაური? — თქვა თეკლამ, როცა მცხეთის შუქები გამოჩნდა, — რომ ამოვდიოდი, ყველაზე მეტად ამ შვიდი საათის მეშინოდა. მეგონა, საშინლად მოვიწყენდი. — მე კი მეგონა, რომ მთელ გზას კითხვაში გავატარებდი, — ლაზარემ გვერდით დადებულ წიგნს დახედა, რომელიც აღარც გაუხსნია, — მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ისტორია უფრო საინტერესოა, ვიდრე წიგნებში წერია. მატარებელმა სიგნალი მისცა. თბილისი უკვე ხელისგულზე ჩანდა. მატარებელმა სიჩქარეს მკვეთრად უკლო, თბილისის ცენტრალური სადგურის პლატფორმის შუქებმა კუპე აავსო. თეკლა ფუსფუსით წამოდგა, პალტოს იცვამდა და თან ნივთებს ჩანთაში აბრუნებდა. სწორედ ამ დროს, სანამ გოგონა ზურგით იდგა, ლაზარემ სწრაფად ამოიღო თავისი რვეული. მან ფრთხილად ამოხია ფურცელი, რომელზეც სამი საათის წინ მძინარე თეკლა დახატა. ნახატის უკანა მხარეს კი კალამი სწრაფად აამოძრავა. მისი ხელწერა დინჯი და მკაფიო იყო: > „ძალიან სასიამოვნო და თბილი აურა გაქვს და მინდა, რომ კიდევ ოდესმე, თუნდაც შემთხვევით, გადაგეყარო სადმე... თუ შენც იგივე შეგრძნება დაგრჩა, ჩემი ტელეფონის ნომერია: 899...... > ლაზარე.“ > ფურცელი ოთხად გადაკეცა. როცა თეკლა გიტარის მოსაკიდებლად დაიხარა, ლაზარე მიეხმარა, ჩანთის თასმა შეუსწორა და ამასობაში, სრულიად შეუმჩნევლად, ნაწერებიანი ფურცელი გოგონას პალტოს მარჯვენა ჯიბეში ჩააცურა. მატარებელი საბოლოოდ გაჩერდა. ვაგონის კარი ხმაურით გაიღო და შიგნით დილის ცივი, ნესტიანი ჰაერი შემოიჭრა. — აბა, პატარა არქეოლოგო, — ლაზარემ თვალი თვალში გაუყარა და ოდნავ გაუღიმა, — ხვალ, როცა გამოცდაზე შეხვალ, გახსოვდეს, რომ „მეტალიკა“ და ერთი მეგრელი შენს მხარეს ვართ. ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. თეკლამ გიტარა მხარზე შეისწორა, მისი თვალები მადლიერებითა და რაღაც უცნაური სევდით იყო სავსე. — მადლობა ყველაფრისთვის, ლაზარე. მართლა... ეს შვიდი საათი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ნახვამდის! — დროებით, თეკლა, — უპასუხა ლაზარემ და ადგილიდან არ დაიძრა, სანამ გოგონა ხალხის ნაკადში არ გაერია. თეკლა ბაქანზე მიდიოდა, ცივ ჰაერს ღრმად ისუნთქავდა და ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რატომ უცემდა გული ასე გამალებით. მან ხელები პალტოს ჯიბეებში ჩაიწყო, რომ გაეთბო და უცებ თითები უცნაურ, უხეშ ქაღალდს შეეხო. გაჩერდა. ირგვლივ ხალხი მირბოდა, მატარებელი ოხრავდა, თბილისი კი თავისი ხმაურით იღვიძებდა. თეკლამ ნელა ამოიღო ფურცელი, გაშალა და ჯერ ნახატს დახედა, მერე კი ტექსტს. სახეზე ღიმილმა გადაურბინა, გულზე მიიკრა და ხალხს მოავლო თვალი ლაზარეს დანახვის იმედით.. თეკლამ ხელი დაუქნია პირველივე ტაქსს, რომელიც შეეფეთა. მანქანა ადგილიდან ხმაურით დაიძრა. თეკლა უკანა სავარძელზე იჯდა, შუბლი ცივ მინაზე მიედო და უყურებდა, როგორ იძინებდა ნაცრისფერი თბილისი. მის ჯიბეში კი ის პატარა ფურცელი იდო, რომელიც ახლა მთელ სამყაროს ერჩივნა. ტაქსმა სახლთან ჩამოაყენა. თეკლამ მძიმე ჩანთასა და გიტარას ხელი მოჰკიდა და სადარბაზოს ნესტიან სიგრილეში შეაბიჯა. ლიფტი არ მუშაობდა, ამიტომ მეოთხე სართულამდე ფეხით ავიდა. ყოველი ნაბიჯი ახლა იმაზე მძიმე ეჩვენებოდა, ვიდრე სინამდვილეში იყო — მატარებლის შვიდსაათიანმა რწევამ და ლაზარესთან საუბარმა სულ სხვანაირად გამოფიტა. ბინის კარი ჩუმად გააღო. სახლში ის განსაკუთრებული სიჩუმე დახვდა, რომელიც მხოლოდ ყველას ძილის დროს არსებობს. გიტარა კედელს მიაყუდა, ფეხსაცმელები იქვე მიყარა და პირდაპირ აბაზანისკენ წავიდა. ტანსაცმელი სწრაფად გაიხადა და ცხელი წყლის ქვეშ დადგა. ორთქლმა აბაზანა აავსო. თეკლა თვალებს ხუჭავდა და ისევ იმ კუპეში ბრუნდებოდა — ყურებში ჯერ კიდევ მეტალიკის გიტარის სოლო და ლაზარეს დაბალი, მშვიდი ხმა ჩაესმოდა. წარმოიდგინა ლაზარე, რომელიც ახლა ალბათ თავის სახლში იყო, ყავას სვამდა და იმავეზე ფიქრობდა, რაზეც თვითონ. წყლის წვეთები სხეულიდან მგზავრობის დაღლილობას რეცხავდა, მაგრამ იმ უცნაურ შეგრძნებას, რომელიც მუცელში ჰქონდა გაჩენილი, ვერაფერს შვებოდა. აბაზანიდან გამოსულმა თხელი პერანგი გადაიცვა და თავის ოთახში შევიდა. საწოლზე დაჯდა და პალტოს ჯიბიდან ის გადაკეცილი ფურცელი ამოიღო. დერეფანში, ძველ მაგიდაზე, ნაცრისფერი ხაზის ტელეფონი იდგა. თეკლა გავიდა, ყურმილი აიღო და მის ცივ ზედაპირს თითებით შეეხო. ნომერი აკრიფა... პირველი ციფრი, მეორე, მესამე... და უცებ გაჩერდა. ოთახში დაბრუნდა და საწოლზე დაწვა. ფურცელი ისევ გაშალა, ნახატს დახედა და მერე მის ნაწერს: „ძალიან სასიამოვნო და თბილი აურა გაქვს...“ გული გამალებით უცემდა. „რომ დავურეკო, რა ვუთხრა? ან ის რას მეტყვის?“ — ფიქრობდა და ყურმილის აღების ეშინოდა. ეშინოდა, რომ ტელეფონის ხმა გააქრობდა იმ მაგიას, რომელიც მატარებელში შეიქმნა. იქ ისინი სხვა სამყაროში იყვნენ, აქ კი — რეალობაში, სადაც მას ხვალ გამოცდა ჰქონდა, ლაზარეს კი საქმეები. თეკლამ ფურცელი ისევ გადაკეცა და ბალიშის ქვეშ ამოიდო. საათს შეხედა — შვიდი სრულდებოდა. „არ დავრეკავ,“ — ჩასჩურჩულა თავის თავს. უნდოდა, ეს გრძნობა კიდევ ცოტა ხნით შეენახა. უნდოდა, ჯერ გამოცდა ჩაებარებინა და მერე, როცა ყველაფერი დაწყნარდებოდა, ისევ იმ შვიდ საათში დაბრუნებულიყო. იწვა სიბნელეში, უსმენდა ქუჩიდან შემოსულ ხმებს და იცოდა, რომ ლაზარეს ნომერი ბალიშის ქვეშ იმაზე მეტად ათბობდა, ვიდრე ნებისმიერი პლედი. დაეძინა, მაგრამ ძილშიც კი იმ მელოდიასა და მატარებლის რიტმს გრძნობდა. დილა მოულოდნელი სიჩუმით გათენდა. თეკლამ ფანჯარაში გაიხედა და ზამთარი თავისას შვებოდა, გარეთ მსხვილ-მსხვილ ფანტელებად ბარდნიდა. ქალაქი სითეთრეში გაეხვია, რაც მის მღელვარებას რაღაცნაირ მისტიკურ ელფერს სძენდა. თეკლამ სწრაფად მოემზადა. პალტო ჩაიცვა, თბილი შარფი მოიხვია და ჯიბეში ისევ იმ ფურცლის სითბო იგრძნო. სახლიდან გასვლისას ერთხელ კიდევ შეხედა დერეფანში მდგარ ხაზის ტელეფონს, მაგრამ თავი შეიკავა — ჯერ საქმე უნდა დაემთავრებინა. უნივერსიტეტის ცივ აუდიტორიაში გამოცდამ ისე ჩაიარა, თითქოს ყველაფერი თავისით ხდებოდა. თეკლა პასუხობდა კითხვებს არქეოლოგიურ გათხრებზე, თარიღებზე, ძველ კულტურებზე, მაგრამ გონების ერთ კუთხეში სულ მატარებლის ის შვიდი საათი და ლაზარეს გამოხედვა უტრიალებდა. როგორც კი აუდიტორიიდან გამოვიდა და გაიგო, რომ უმაღლესი ქულა მიიღო, პირდაპირ ქუჩაში გაიჭრა. თოვლი ისევ მოდიოდა. თეკლა იქვე, კუთხეში მდგარ წითელ, საზოგადოებრივ ტელეფონთან გაჩერდა. აკანკალებული თითებით ჩააგდო ხურდა და აკრიფა ის ნომერი, რომელიც უკვე ზეპირად იცოდა. — გისმენთ, — გაისმა ლაზარეს ხმა. ამჯერად უფრო საქმიანი ჩანდა, ფონზე სხვების საუბარიც ისმოდა. — ლაზარე, თეკლა ვარ... — თქვა გოგონამ და სიცივისგან აწითლებულ ხელზე სული შეუბერა. — თეკლა! — ლაზარეს ხმა მაშინვე შეიცვალა, გათბა და გაიხსნა, — აბა, როგორ ჩაიარა? — ჩავაბარე! უმაღლესი ქულა მივიღე. მინდოდა მადლობა მეთქვა... იმ ორცხობილებისთვის, მუსიკისთვის და... საერთოდ, ყველაფრისთვის. — გილოცავ, პატარა არქეოლოგო, — ჩაეღიმა ლაზარეს, — ვიცოდი, რომ შეძლებდი. ძალიან მიხარია, რომ დარეკე. ამ დროს თეკლას კურსელებმა გამოუარეს, ხმაურობდნენ და სიხარულისგან ყვიროდნენ. — თეკლა, წამო, აღვნიშნოთ! "საბაგიროსთან" ხინკალზე მივდივართ, ყველა იქაა! — დაუძახეს მათ. — ლაზარე, უნდა წავიდე... მეგობრები მეპატიჟებიან, — უთხრა თეკლამ ყურმილში. — წადი, მოილხინე, იმსახურებ, — უპასუხა ლაზარემ, — მერე კიდევ ვილაპარაკებთ. ხინკლის პატარა, მყუდრო და ორთქლით სავსე სახინკლეში ხმაური იდგა. კურსელები იცინოდნენ, ჭიქების ჭახუნი და მხიარულება აყრუებდა იქაურობას. თეკლა იჯდა და ფანჯრიდან თოვას უყურებდა. უცებ კარი გაიღო და შიგნით რამდენიმე კაცი შემოვიდა — ყველა საქმიან კოსტიუმში, ხელში პორტფელებით. თეკლამ მზერა კარისკენ გააპარა და გული წამით გაუჩერდა. შემოსულთა შორის, ყველაზე მაღალი და მხარბეჭიანი, ლაზარე იყო. ის თავის კოლეგებთან ერთად რაღაცაზე საუბრობდა, სანამ თვალი თეკლას არ მოჰკრა. ლაზარე გაჩერდა. მის სახეზე ჯერ გაოცება, მერე კი ისეთი გულწრფელი ღიმილი გაჩნდა, რომ გარშემო ყველაფერი დავიწყებას მიეცა. მან მეგობრებს რაღაც ანიშნა და პირდაპირ თეკლას მაგიდისკენ დაიძრა. თეკლა წამოდგა. ირგვლივ კურსელები გაჩუმდნენ და ინტერესით დააკვირდნენ უცნობ, სიმპათიურ მამაკაცს. — მგონი, ბედისწერას მართლა უყვარს ირონია, — თქვა ლაზარემ, როცა მათ შორის მხოლოდ ერთი ნაბიჯი დარჩა, — ხომ გითხარი, მთავარია იცოდე, სად ეძებო-მეთქი. აი, გიპოვე. თეკლას გაეღიმა, ამჯერად სრულიად თავისუფლად და ბედნიერად. სახინკლიდან გამოსულებს თბილისი სულ სხვაგვარი დახვდათ — თოვლს ყველაფერი დაეფარა, ქუჩის ლამპიონების შუქზე ფანტელები ბრილიანტებივით კამკამებდნენ. ლაზარემ მეგობრებს ბოდიში მოუხადა და თეკლას მიუბრუნდა. — სახლამდე მიგაცილებ, თუ ნებას დამრთავ, — უთხრა მან და პალტოს საყელო აუწია. ისინი ფეხით მიჰყვებოდნენ თოვლიან ქუჩებს. თეკლა თავის გამოცდაზე ჰყვებოდა, ლაზარე კი უსმენდა და გრძნობდა, რომ ეს გოგონა თავისი გიტარითა და არქეოლოგიური ოცნებებით მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან „აღმოჩენად“ იქცა. თეკლას სადარბაზოსთან რომ მივიდნენ, ლაზარემ უბის წიგნაკი ამოიღო. — ახლა შენი ჯერია, — გაუღიმა მან, — შენი ხაზის ნომერი მომეცი. არ მინდა, კიდევ ერთხელ ბედისწერის იმედად დავრჩე. თეკლამ ნომერი უკარნახა და უყურებდა, როგორ წერდა ლაზარე ციფრებს თავისი მყარი ხელით. იმ საღამოს შემდეგ მათი ცხოვრება ახალ რიტმში ჩადგა. ყოველ საღამოს, ზუსტად ცხრა საათზე, თეკლას სახლში, ხაზის ტელეფონის ზარი გაისმოდა. ისიც მაშინვე გარბოდა, ყურმილს იღებდა და საათობით საუბრობდნენ ყველაფერზე — მუსიკაზე, წარსულზე, იმ შვიდ საათზე მატარებელში და მომავალზე, რომელიც უკვე საერთო ეგონათ. დაიწყო მათი ხანგრძლივი სეირნობები თოვლიან თბილისში. დადიოდნენ ძველ უბნებში, ათვალიერებდნენ აივნებს, ლაზარე კი ხშირად ეხუმრებოდა: „აი, ამ სახლს თუ რამე დაემართება, ჩემი საქმეა, შენ კი მისი ისტორია უნდა შეინახოო“. ერთ საღამოს, როცა რიყეზე სეირნობდნენ და თოვლი ნელ-ნელა დნებოდა, ლაზარემ თეკლას ხელი ჩაჰკიდა. — იცი, იმ დღეს მატარებელში რომ ხმა არ ამომეღო, ალბათ ახლა აქ არ ვიქნებოდით, — თქვა მან ხმადაბლა და თეკლას ხელი უფრო მაგრად მოუჭირა. თეკლამ თავი მის მხარზე მიადო, იგრძნო პალტოს უხეში ქსოვილი და ლაზარესთვის დამახასიათებელი ყავისა და სიცივის სურნელი. გაეღიმა. — არა, ლაზარე. ჩვენ მაინც შევხვდებოდით. ზოგჯერ მგონია, რომ ის მატარებელი მხოლოდ ჩვენთვის დაიძრა იმ დღეს. ბილეთების არევა, გადაჭედილი ვაგონები... ეს ყველაფერი უბრალოდ გზა იყო, რომ ერთ კუპეში აღმოვჩენილიყავით. თოვლი უკვე აღარ მოდიოდა, თბილისური ზამთარი ნელ-ნელა, თითქმის შეუმჩნევლად უთმობდა ადგილს გაზაფხულს. ჰაერში უკვე იგრძნობოდა სისველისა და გამოღვიძებული მიწის სურნელი, რაც თეკლას ყოველთვის არქეოლოგიურ სეზონებსა და ახალ აღმოჩენებს აგონებდა. თუმცა, ამჯერად მისი ყველაზე დიდი აღმოჩენა მის გვერდით მიაბიჯებდა. მათი ისტორია, რომელიც ზუგდიდი-თბილისის მატარებლის ჩაბნელებულ კუპეში, უცხო ადამიანების უხერხული დუმილით დაიწყო, ახლა სულ სხვა ძალას იკრებდა. ყოველი საღამო, რომელიც ხაზის ტელეფონით საუბარში გადიოდა, და ყოველი სეირნობა ვიწრო ქუჩებში, მათ შორის არსებულ მანძილს საბოლოოდ აქრობდა. ლაზარე, თავისი დინჯი ბუნებითა და სიმშვიდით, თეკლასთვის იმ საყრდენად იქცა, რომელსაც ქვეცნობიერად ყოველთვის ეძებდა. თეკლა კი, თავისი ენთუზიაზმითა და წარსულისადმი სიყვარულით, ლაზარეს სიდინჯით სავსე სამყაროში ფერებსა და სიცოცხლეს აბრუნებდა. წინ ნოქალაქევის ცხელი ზაფხული ელოდათ — ის გათხრები, რომლებზეც თეკლა ასე ოცნებობდა და სადაც ლაზარე აუცილებლად ჩავიდოდა სანახავად. ელოდათ ბევრი კარკადეს ჩაი პატარა კაფეებში, დაუსრულებელი საუბრები და ის უცნაური, მყუდრო სიმშვიდე, რომელიც მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ, ვინც ერთმანეთი შემთხვევით, მაგრამ სამუდამოდ იპოვეს. ისინი მიდიოდნენ მტკვრის სანაპიროზე და ხედავდნენ, როგორ ირეკლებოდა ქალაქის შუქები წყალში. თეკლამ იცოდა, რომ როცა წლები გავიდოდა და ისევ დაინახავდა მატარებლის ლიანდაგებს, ყოველთვის გაახსენდებოდა ის ღამე, როცა ერთმა უბრალო შეთავაზებამ და ერთმა მელოდიამ, ორი ადამიანი სამუდამოდ დააკავშირა ერთმანეთს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




