თეთნულდს გასძახე 12. სიჩუმე არ გვიხსნის
დილა გათენდა, საშინლად ცივი. თეთრი სიჩუმე ეფინა ყველაფერს - სახლებს, გზებს, ადამიანების სახეებსაც კი. თითქოს გუშინდელი ხმაური მხოლოდ სიზმარი იყო, რომელიც დილით აღარ ახსოვდათ, მაგრამ გრძნობდნენ რომ რაღაც ნამდვილად მოხდა. გაგი გარეთ გამოვიდა. ეზოში თოვლი ყრუდ ჭრიალებდა ფეხქვეშ. გაგი გზადაგზა ჩერდებოდა და თითოეულ ნაკვალევს უყურებდა ისე, თითქოს პასუხს ეძებდა. თითქოს უნდოდა გაეგო, სად მთავრდებოდა სიბრაზე და იწყებოდა დანაშაული. თავს უკვე ისე საშინლად გრძნობდა რომ უბრალოდ იქიდან წასვლა და ცოტახნით გადაკარგვა უნდოდა, მაგრამ არ გამოსდიოდა, ასე უცებ ვერ მიატოვებდა ყველაფერს. თვალები ასწია - მაღლა, მთისკენ. ანა ფრთხილად წამოჯდა საწოლზე. ოთახში ჯერ კიდევ სხვადსხვა პარფიუმის სუნი ტრიალებდა - სველი ხის, ბუხრის ნაცრისა და რაღაც ყვავილების. თვალები მოისრისა, მერე ფანჯარაში გაიხედა - თოვლი ისევ ფარფატებდა, თუმცა ახლა უკვე უფრო მშვიდად, თითქოს თავადაც დაიღალა. საწოლიდან ფეხშიშველა წამოდგა. იატაკი ცივი იყო, შეიშმუშნა. ჩუმად მივიდა კარამდე, ცოტა ხანს დაუგდო ყური - სახლში ხმაური არ ისმოდა, მხოლოდ გარედან შემოდიოდა ხმა, სოფელი ნელა იღვიძებდა. კარი ნელა გააღო და გასასვლელისკენ წავიდა. სამზარეულოდან დარიკოს ხმა მოესმა - თბილი, ჩვეული, თითქოს არაფერი მომხდარა. - ადექი, შვილო?- იკითხა ქალმა, ზურგით რომ იდგა და ცომს ზელდა,- როგორ გეძინა? - თუ ამას შემიძლია კარგი ვუწოდო, მაშინ მშვენივრად. დარიკომ თავი ოდნავ შეაბრუნა და თვალი მოავლო გოგოს. სახეზე ფერი აღარ ედო, თმა ცოტათი არეული ჰქონდა, აქა - იქ ყვავილები ჩარჩენოდა. - მოდი აქ,- უთხრა ქალმა რბილად,- ჩაი დავადგი. ეს ერთად გავაკეთოთ. ანიშნა ცომზე, რომლითაც პურის დაცხობას აპირებდა. - არ ვიცი როგორ უნდა გავაკეთო,- ტუჩი მოიკვნიტა გოგომ. დარიკომ ჩაიცინა - არც ხმამაღლა, არც ირონიით. უბრალოდ ჩუმად, როგორც ქალი, რომელსაც ცხოვრებაში ბევრი გაუგია და არაფერი უკვირს. - ეტყობა ქალაქის გოგო ხარ ბოლომდე,- თქვა ოდნავ ღიმილით,- მაგრამ არაფერია, ისწავლი. - თბილისში ვცხოვრობდი დიდი ხანი,- თმები შეიკრა,- უბრალოდ იქ მარტო ვიყავი, არც არავინ მასწავლიდა და სწავლის პერიოდში არც დედაჩემი მტვირთავდა მაგით. გადაიწია, კარადიდან ჭიქა გამოიღო, ჩაიდანში წყალი ჩაასხა და დარიკოს მიუტანა. - არაფერი გააკეთო ახლა. დაჯექი და გათბი ჯერ,- ანა უხმოდ დაჯდა. ფრთხილად შეახო თითები ჭიქას - თითებში სითბო ჩაუდგა. დარიკო ისევ საქმეს დაუბრუნდა, მაგრამ ხანდახან თვალით გახედავდა გოგოს ისე, თითქოს რაღაც უფრო მნიშვნელოვანი უნდოდა ეთქვა. - დილა აქ ყოველთვის ასეთია,- თქვა ბოლოს,- მშვიდი, სანამ კაცები გამოფხიზლდებიან და გარეთ გავლენ. მერე ყველაფერი იცვლება. მაგრამ გაგი... ის სხვანაირია, ყოველთვის ყველას ასწრებს გაღვიძებას, ახლაც კი ეზოში დგას და ვერ გამიგია რას აკეთებს. ანა ჩუმად უსმენდა. პირველად იგრძნო რომ აქ, ამ სახლში, ვიღაც მაინც იყო მშვიდი. დარიკომ კიდევ თქვა, თითქოს თავისთვის. - სითბო უნდა შეინახო, შვილო, თორემ სიბრაზე მალე გაგაცივებს. სიცივე კი რომ მოვა - ვერც ერთი მოიშორებთ,- ანა ჩაფიქრდა. არ უპასუხია. უბრალოდ მიხვდა რომ პირველად ეუბნებოდნენ ისეთ სიტყვას, სადაც არც ბრძანება იყო, არც თხოვნა - უბრალოდ ადამიანური თბილი სიჩუმე. ხმადაბალი ნაბიჯების ხმა გაისმა. დარიკომ თვალი მოჰკრა, მაგრამ არაფერი უთქვამს. მხოლოდ ხელები ფქვილით გაიწმინდა და ჩაიდანს თავი მოხადა. ანა ზურგით იჯდა - ხმაზე ოდნავ შეკრთა, მაგრამ არ მიუხედავს. კარი ნელა გაიღო. გაგი იდგა ჩუმად, როგორც ადამიანი, რომელსაც უკვე ბევრი უთქვამს და ახლა აღარ იცის, რა უნდა თქვას. თმა ოდნავ სველი ჰქონდა, თვალებში კი დაღლილობა, რომელიც წინა ღამიდან გამოჰყოლოდა. დარიკომ ნელა მოიხედა, თვალებით ანიშნეს ერთმანეთს რაღაც - გაუგონარი, მაგრამ ნათელი. ქალი წამოდგა, პურის ცომი გვერდზე გადადო და მშვიდად თქვა. - მე გარეთ გავალ, ცომის ამოსვლამდე სხვა საქმესაც მოვასწრებ. შენ ჩაი გაგიცივდება, თუ არ დალევ,- არც პასუხს დალოდებია,- ფრთხილად გაიწია კარისკენ და გავიდა. კარი ნელა დაიხურა, ოთახში კი მარტო ორნი დარჩნენ. გაგი წინ დადგა და დარიკოს სკამზე დაჯდა. - დარიკო ცუდად გეპყრობა?- იკითხა ბოლოს, დაბალ ხმაზე. ანას ოდნავ გააჟრჟოლა. მერე მზერა ფანჯარაზე გადაიტანა. - არა. პირიქით. პირველად ვგრძნობ რომ ვინმეს მართლა ვეცოდები და არ ცდილობს რაღაც დამაძალოს,- გაგი გაჩუმდა. ცოტა ხანს ასე ისხდნენ, თითქოს სიტყვები ჰაერში ტრიალებდა, მაგრამ არცერთს არ უნდოდა თქმა. მერე გაგიმ მწარედ ჩაიღიმა,- მაგრამ საქმე ისაა რომ არ მინდა ვინმეს ვეცოდებოდე, თუმცა აქ ყველაფერი ყოველთვის უკუღმა ხდება. - როცა პირველად დაგინახე, მეგონა, შენნაირს არაფრის შეეშინებოდა. ახლა კი ვხედავ რომ გეშინია - არა ჩემი, არამედ იმის რომ შეიძლება საკუთარი თავი დაკარგო,- ანა მაშინვე მიუბრუნდა. თვალებში უცებ აენთო რაღაც მკვეთრი - არც ბრაზი, არც ცრემლი. - შენ არ იცი, რას ნიშნავს შიში,- მტკიცედ აცხადებს ანა,- და ნუ ცდილობ გამომიწვიო და გამაღიზიანო. მეც ადამიანი ვარ, ყველას რაღაცის ეშინია. მზერას არიდებს გოგო. - მე თუ მართლა აღარაფრის შემეშნდება, მერე შეგიძლია ცოცხლად დამმარხო, იმიტომ რომ ჩემი სული მკვდარი იქნება მაშინ. - ეგოისტობა არ არის, როცა საკუთარ თავში ვიძირებით?- ჰკითხა გაგიმ. - ეგ შენი საქმე არაა,- გაგი წამოდგა. ხელები მაგიდაზე დაადო, დაიხარა, იმდენად ახლოს მივიდა ანასთან რომ გოგოს სუნთქვას გრძნობდა. - ახლა ყველაფერი ჩემი საქმეა, ანა. ყველაფერი ის, რაც შენ გეხება. შენ კი ისე იქცევი, თითქოს მარტო შენ გტკივა. მაგრამ სხვებიც ატარებენ ამ ტკივილს - დარიკო, მალხაზი, ნინო, მე... - გაჩუმდი,- ხმამაღლა მოუჭრა ანამ, სკამი ხმაურით გასწია უკან და ფეხზე წამოდგა,- წესები შენი სამართლიანობის საზომი არაა. შენს კაცობად ქცეულ ტკივილს ნუ მაჩვენებ. მე მეყოფა ჩემიც. გაგი დაიბნა, გაჩერდა, მერე ოდნავ გაიღიმა - იმ ღიმილით, სადაც ბრაზი და დანაშაული ერთმანეთს ებრძვიან. - არ მინდა ვიცოდე სხვის ტკივილზე, თუ ეს ეგოისტად მაქცევს, მაშინ ვიქნები ეგოისტი, მაგრამ არ მინდა ვიცოდე ვის რა სტკივა, იმიტომ რომ მე ჩემი ტკივილიც კისრამდე მაქვს და მახრჩობს უკვე,- თავს გვერდით აბრუნებს,- მალე ალბათ ლაპარაკიც გამიჭირდება. - და მაინც... დარჩი. იმიტომ არა რომ გთხოვე. იმიტომ რომ წასვლა ახლა ყველა დანარჩენის დაღუპვა იქნებოდა,- ანა შებრუნდა, ხელი მაგიდაზე მიაყრდნო,- და შენ მაინც ყველაზე ზრუნავ. - შენც ზუსტად ისე ლაპარაკობ, როგორც ყველა. შენც ეგ არ გინდოდა? გაგიმ თავი დახარა. მერე ნაბიჯი გადადგა, თითქოს რაღაც უნდა ეთქვა. თუმცა ანა რომ უკან გაიწია, მაგიდას დაეჯახა, ჩაის ჭიქა იატაკზე ხმაურით დაეცა და გატყდა. რამდენიმე წამი სიჩუმე იყო. მერე გაგიმ მშვიდად თქვა. - ახლა უკვე მართლა ჩემსავით იქცევი,- ანა ზურგით კედელს მიეყრდნო, თვალები დახუჭა და დაბალი ხმით, თითქმის ჩურჩულით ამოილაპარაკა,- დამილეწე სახლში მთელი ჭურჭელი. - შენ კი საერთოდ აღარ ჰგავხარ იმას, ვინც მაშინ დამიჭირა თოვლში,- ხმაური იმდენად ძლიერი იყო რომ დარიკო თითქმის ეგრევე შემოვარდა სამზარეულოში. თვალები გადაატარა ოთახს - იატაკზე დამტვრეული ჭიქა და დაღვრილი ჩაი რომ დაინახა. - რა მოხდა აქ?!- ხმაში სიმკაცრე გაერია, მაგრამ შეშფოთება უფრო ძლიერი იყო. ანა ხმას არ იღებდა, ხელი ისევ მაგიდაზე ედო, ფრჩხილებით ხეს ისე ჩაეჭიდა, თითქოს თავადაც გატყდომისგან იცავდა თავს. გაგიმ თავი ჩაღუნა, ფეხით ჭიქის ნამსხვრევები გვერდზე გასწია და მშვიდად თქვა. - არაფერი. უბრალოდ შემთხვევით დავეჯახე,- დარიკო ერთი შეხედვით მიხვდა რომ ტყუილი იყო, მაგრამ არაფერი უპასუხია. ნელა მიუახლოვდა ანას, ფრთხილად შეეხო მხარზე. - გამოდი ცოტა გარეთ, სული მოითქვი,- ანამ თითქოს რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ სიტყვა ვერ მოიფიქრა. მხოლოდ თავი დაუქნია და კარისკენ წავიდა. გაგი მიჰყვებოდა მზერით - ნაბიჯ - ნაბიჯ, სანამ არ გაუჩინარდა. დარიკო დიდხანს იდგა ჩუმად, სანამ ხმას ამოიღებდა. - არ ვიცი, რას უყურებ ამ გოგოში და რა გიჭერს მასთან, გაგი, მაგრამ რაღაც საშიშია,- დარიკომ ნელა თქვა. გაგიმ სუსტად ჩაიცინა. - ეგ არის პრობლემა. ხედავ იმას, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ და როცა ხედავ... უკან ვეღარ ბრუნდები. დარიკომ ღრმად ამოიოხრა, ჩაიხედა ჩაის ჭიქაში. - ხანდახან სიჩუმე უფრო საშიშია, ვიდრე ყვირილი,- ჩაილაპარაკა,- მე კი მგონია, თქვენ ორივეს დაგახრჩობთ ეგ სიჩუმე. კარი ჩუმად დაიხურა. ოთახში ისევ დარჩა გაგის სუნთქვა და მიწაზე გაფანტული თეთრი ნამსხვრევები - თითქოს ყველა მათგანი რაღაცას ყვებოდა, რასაც ჯერ სიტყვად ვერავინ აქცევდა. გარედან კი ანას სუნთქვა ისმოდა - ღრმა, დამძიმებული. თითქოს ცდილობდა, ისევ დაემალა ის ხმაური, რომელიც საკუთარ გულში დარჩა. ანა ეზოში იდგა - ქარი აღარ ქროდა, მაგრამ ჰაერი მაინც ცივი იყო. თოვლი ფეხქვეშ ნელა ჭრიალებდა, თითქოს ყოველი ნაბიჯი ახსენებდა, სად იყო და რამდენად შორს წასულა ყველაფერი. შეშის გროვასთან გაჩერდა. ეზოში, გადახურულში ვიღაცას ცეცხლი დაენთო. ნაპერწკალი ჯერ კიდევ ელავდა, თითქოს ცეცხლი ბოლომდე არ ჩაწოლილიყო. ანამ ხელები ფრთხილად გაშალა, სითბო იგრძნო და თვალები დახუჭა. წამით ეგონა რომ მამას ხმა გაიგო - ისეთი, როგორიც ბავშვობაში ესმოდა, როცა ეზოში ჩამოჯდებოდა და მთებს უყურებდა. „შვილო, სიტყვა ტყვიასავითაა. ერთხელ რომ ისვრი, უკან ვეღარ დააბრუნებ." გული შეეკუმშა. - არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა,- ჩაილაპარაკა ჩუმად,- ვერც იმას ვამბობ, რაც მინდა და ვერც იმას, რაც საჭიროა,- ფანჯარაში დარიკოს ჩრდილი გამოისახა - აკვირდებოდა, მაგრამ არ გამოდიოდა. იცოდა, რომ ანას მარტო დარჩენა სჭირდებოდა. ანა ნელა ჩამოჯდა ძელზე, თოვლში თითებით ხაზი გაავლო და ამოიოხრა. - ნიკა რომ არ მოსულიყო იმ დღეს... იქნებ მამა ცოცხალი ყოფილიყო. იქნებ დედასაც არ ჰქონოდა ასეთი თვალები. ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ ახლა... რაღაც უნდა გავაკეთო, თორემ ისევ ჩვენ დავისჯებით,- ცოტა ხანი ისევ ჩუმად იჯდა. მერე თითქოს რაღაცა გადაწყვიტა - სწრაფად წამოდგა, ტანსაცმელზე თოვლი ჩამოიფერთხა და შინ შევიდა. კარი ხმაურით დაიხურა. სამზარეულოში ჯერ კიდევ იგრძნობოდა დარიკოს მომზადებული საუზმის სურნელი. ანა ფრთხილად მიუახლოვდა მაგიდას, მაგრამ არაფერი უთქვამს. დარიკომ წარბები ასწია. - ჭამე რამე, ცუდად არ გახდე, როგორი გამხდარი ხარ,- თქვა უბრალო ტონით, მაგრამ მზერაში აშკარა სიფრთხილე იკითხებოდა. -არ მშია,- უპასუხა ანამ. დარიკო ხმას აღარ იღებდა. მხოლოდ ჩაი დაასხა ჭიქაში და ნელა მიუწია. - ცოტა მაინც. ანამ ოდნავ გაუღიმა - ისეთი ღიმილით, სადაც სიცივე და მადლიერება ერთმანეთს ებრძოდნენ. მერე რამდენიმე ლუკმა ფრთხილად შეჭამა. ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოწვა. საღამო სწრაფად ჩამოწვა. ეზოში დარიკომ ცეცხლი ჩააქრო და შინ შევიდა. ოთახებში მხოლოდ სანთლის შუქი ანათებდა - თბილი, მაგრამ მოღრუბლული. ნინო ფანჯარასთან იჯდა, თითებით ფარდის ნაპირს ეთამაშებოდა, თითქოს რაღაცას ელოდა. კარი გაიღო. ანა შევიდა. ჩუმად, ფეხაკრეფით, მაგრამ მაინც ისე რომ ნინომ მისი სუნთქვა იგრძნო. სიჩუმემ რამდენიმე წამი გაწელა, მერე ნინომ ამოისუნთქა. - მეგონა, გეძინა. - ვერ ვიძინებ. მიჭირს. ნინომ მზერა ოდნავ აარიდა, მაგრამ ხმა მშვიდად დაიჭირა. - დაღლილი ხარ. ბევრი რამ გადაიტანე. იქნებ ხვალ ვისაუბროთ. - ხვალ უკვე გვიან იქნება,- უპასუხა ანამ,- ყოველ ჯერზე ხვალინდელ დღეს ველოდებოდით და ყოველ ჯერზე გვიანდება. ნინო დაფიქრდა, მერე ნელა ჩამოჯდა მაგიდასთან. თითებით ფინჯანს ეფერებოდა, თითქოს სიტყვებს სითბოს აძლევდა. - შენ არ იცი, ანა, რამდენი რამ ვცადე რომ ეს ყველაფერი შენამდე არ მოსულიყო, არც ჩემს შვილამდე. რამდენი წაიღო ამ სახლმა, რამდენი ჩავყლაპეთ მე და მალხაზიმ რომ მშვიდობა შეგვენარჩუნებინა. ანამ ჩაიცინა, მაგრამ ტკივილი უფრო ეტყობოდა, ვიდრე ირონია. - ჰო, მაგრამ ცოდვები მაინც მოგვწვდა, ნინო,- ნინომ თავი ასწია. თვალებში იმქროლა რაღაც ძველმა, მაგრამ ცრემლი არ წამოსვლია. - შენ არ იცი, რას ნიშნავს, როცა შვილს საფრთხე ელოდება. როცა იძულებული ხარ გააკეთო ის, რაც თვითონაც გტკივა, ოღონდ ოჯახი გადაარჩინო. - ვიცი,- ხმა დაუტყდა ანას,- არ მყავს შვილი, მაგრამ მყავს სხვა საყვარელი ადამიანები. ნინო შეკრთა. ერთი წამით ჰაერი გაჩერდა. - ეგ არასწორია... ანა წინ გადმოიწია. - თქვი ნინო,- ნინომ ხელი ტუჩებთან მიიტანა, თითქოს უნდოდა ხმა შეეჩერებინა, მაგრამ ვერ შეძლო. მხოლოდ ჩახარა თავი - თვალებში დანაშაულის სიჩუმე ჩაუდგა. - მე მაშინ მეგონა რომ ასე გიცავდით თქვენ ორივეს. მეგონა, თუ ეს ქორწილი არ მოხდებოდა, მალხაზისაც რაღაც უარესი დაემართებოდა. აღარ ვიცოდი რა მექნა. ანა წამოდგა. მაგიდას დაეყრდნო, მაგრამ ხელში ძალა წაერთვა. ნინომ გაბზარულ შუშას შეხედა, თვალებში შიში გაუკრთა. - ხედავ? ყველაფერი იშლება, რასაც ვეხებით. გარედან მხოლოდ თოვლის მსუბუქი ხმა ისმოდა - თითქოს სახლში ფრთხილად შემოდიოდა. ნინომ ბოლოს ამოილაპარაკა. - ახლა მაინც გთხოვ, არაფერი თქვა იმაზე მეტი, რასაც მართლა გრძნობ. ხალხი ყველაფერს დაიჯერებს. ანა ნელა მიუახლოვდა და მშვიდად უპასუხა. - ამჯერად არაფერს ვიტყვი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


