შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთნულდს გასძახე 7. ზღვის შვილია


გუშინ, 12:18
ავტორი Anukaaa_aa
ნანახია 294

დილა სვანეთში უცნაურად თბილი იყო - ისეთი, თითქოს მთებსაც ეძინათ ჯერ კიდევ. მზის პირველი სხივები თოვლს ნაზად ედებოდა, სახურავიდან კი ბუხრის კვამლი ამოდიოდა. სახლის შიგნით სიჩუმე იდგა. ანა ნელა შეირხა. ჯერ ვერ მიხვდა, სად იყო. თავქვეშ უხეში ბალიში ედო, გვერდით კი სვანური ნაბადი - ის, რომელშიც  გაახვიეს. პირველი, რაც დაინახა, ხის ჭერი იყო. უცნაურად მშვიდი იყო ყველაფერი, მაგრამ ეს სიჩუმე არ მოსწონდა - ზედმეტად მშვიდი, ზედმეტად ცივი. გადაბრუნდა, ხელი აიფარა შუბლზე და იგრძნო - ტკივილი ანუ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. თითქოს ყოველ ნაკვთში ახსოვდა გზა, თოვლი, ქარი, გაგის ხმა, რომელიც ისევ ჩაესმოდა სადღაც შორიდან.

ფანჯარასთან დარიკო იდგა, თბილი წყლით სავსე ჯამი ეჭირა და ჩუმად ლოცულობდა. როცა მიხვდა რომ ანა გამოფხიზლდა, მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადმოდგა და თვალი გაუსწორა.

- გაიღვიძე, შვილო?- მკაცრად, მაგრამ დედის ტონით ჰკითხა.

- სად ვარ?- ჩუმად ჰკითხა.

დარიკომ საბანი გაუსწორა და მხოლოდ ეს თქვა.

- სვანეთში,- ანა წელში გაიმართა. ოთახის კუთხეში გაგის ეძინა სავარძელში.

მის გულში ისევ ამოენთო ჯავრი.

"სვანეთში ვარ," - გაიფიქრა,- „ისევ ამ წყეულ სვანეთში ვარ".

დარიკომ გაღებული კარიდან ფრთხილად გადახედა, კუთხეში მძინარე შვილიშვილს. წამით ჩერდება ქალი, თითქოს ამ სუნთქვაში საკუთარ სიმშვიდეს ეძებდა, მაგრამ მერე ისევ ანასკენ გაიხედა. ფეხაკრეფით მიუახლოვდა საწოლში მყოფს.

- მოისმინე, გოგო,- იწყებს ჩუმად, მაგრამ გამაფრთხილებლად,- გუშინ რაც გააკეთე, ეგ მთაში უპატიებელია. ქალის სახლიდან გაქცევა არ არის კაი ამბავი.

ანა ხმას არ იღებდა. დარიკომ კი გააგრძელა, ახლა უფრო ნელა, მაგრამ იმ ტონით, რომელსაც დედები მხოლოდ მაშინ იყენებენ, როცა გულში ომია და ხმაში - შიში.

- შენი ჯიუტობა მესმის. მე თვითონაც ქალი ვარ. მაგრამ აქ მთებია, ანა. აქ ქარმაც კი იცის, როდის უნდა გაჩერდეს. შენ კი, სანამ ამ სახლში ხარ, გინდა თუ არა, წესს უნდა დაემორჩილო. თორემ მთას არ დაუნდობიხარ,- მერე ჩუმდება, თითქოს აძლევს დროს რომ სიტყვები გულამდე ჩავიდეს. მხოლოდ ბუხარში შეშის წკარუნის ხმა ისმის.

- სვანური მიწა მარტივად არავის იღებს... მაგრამ ვისაც აიტანს - იმას აღარ აბრუნებს.

დარიკო ნელა წამოდგა, ბუხრის ალს კიდევ ერთხელ შეხედა და თითქოს რაღაც გაახსენდა, ჩუმად ამოიოხრა. მერე მტკიცე ნაბიჯით გავიდა ოთახიდან. ანა ისევ იჯდა საწოლზე, ზურგს ბალიშს მიყრდნობდა. თვალებში ცეცხლი ჰქონდა, მაგრამ მზერა ჩაფიქრებული - ისეთი, თითქოს საკუთარ თავთან იბრძოდა რომ არც ტკივილი დაემალა და არც ჯავრი. ხმაურმა შეაკრთო. გაგიმ გაიღვიძა.

- გაიღვიძე,- თქვა ჩუმად. ანა არ განძრეულა. მხოლოდ ხელები მუხლებზე გადაიჯვარედინა და მზერა არ დაუხრია. გაგი ოდნავ მიუახლოვდა, გაჩერდა და ხმადაბლა გააგრძელა.

- გუშინდელზე უნდა გელაპარაკო. არ მინდოდა, ასე გამოსულიყო,- ანამ ოდნავ ჩაიცინა, არა სიხარულით, არამედ მტკივნეულად,- არ არის საჭირო ყოველ ჯერზე გაქცევა სცადო.

- საჭიროებას შენ განსაზღვრავ, არა? მთაში კაცს ერთი სიტყვა ჰყოფნის რომ ქალის ბედი გადაწყვიტოს?

გაგი მზერას არ აცილებს.

- შენც ხომ იცი რომ სხვანაირად ვერ იქნებოდა.

- შეიძლებოდა,- შეაწყვეტინა მტკიცედ,- ყოველთვის არის გზა. თქვენ შურის საძიებლად მოხვედით - მე კი შემთხვევით გავეხვიე თქვენს ამბავში. ახლა გგონია, ამით ღირსება დაგიბრუნდათ? არა, ხერგიანო, ასე არ არის, ეს მარტო ტკივილს მოიტანს.

გაგის ყბები დაეჭიმა, მაგრამ ხმა არ აუმაღლებია.

- შენ არ იცი, რას ნიშნავს აქ სისხლი. ზოგჯერ კაცს არჩევანი არ აქვს.

ანა წამოდგა. მიუხედავად სისუსტისა, მყარად დადგა ფეხზე და თვალებში შეხედა.

- არჩევანი ყოველთვის არის. უბრალოდ ზოგს არ ადარდებს, რას გადაიტანს ამის გამო სხვა,- გაგიმ სუნთქვა შეიკავა, მერე თავი ოდნავ დახარა. პირველად მიხვდა - ეს გოგო არც ტყვეა და არც მტერი. რაღაც სხვა იყო - ისეთი, რასაც ვერ მოიტაცებ და ვერ დაამარცხებ. ცეცხლმა ნაპერწკალი ისროლა. გაგიმ ნელა ასწია მზერა და ჩუმად თქვა.

- მთას იშვიათად ხვდება ადამიანი, რომელიც არ ემორჩილება. შენ... ალბათ ამიტომ დაგტოვა აქ,- ანას არ უპასუხია. მხოლოდ შებრუნდა, ფანჯარასთან მივიდა და თოვლს გახედა - თეთრ სიჩუმეს.

გაგის არაფერი აღარ უთქვამს. კედელზე ჩამოკიდებულ ქურთუკს ხელი მოჰკიდა და ნელა გაემართა კარისკენ. ნაბიჯების ხმა იმდენად ჩუმი იყო რომ ბუხარში ცეცხლის ტკაცუნი უფრო მძაფრად ისმოდა. კარი ოდნავ გააღო, მერე შეჩერდა - თითქოს უნდოდა კიდევ ერთხელ შეეხედა, მაგრამ თავი შეიკავა. ოთახში დარჩა მხოლოდ სიჩუმე. ისეთი სიჩუმე, სადაც სიტყვებიც იკარგება და მხოლოდ სუნთქვა ისმის. ანა საწოლზე იჯდა, თვალებში ცეცხლი ისევ უღვივოდა. სუნთქვა აუჩქარდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. გაგი უკვე გასულიყო, თუმცა თითქოს რაღაც მაინც დარჩა იქ - მისი სიმძიმე, მისი ფიქრი, ან იქნებ სინანული, რომელიც თავადაც ვერ ამოიცნო.

ბუხარში ალმა იფეთქა და იმ წამს თითქოს მთამაც ამოიოხრა. თოვლის შუქი ფანჯრიდან იჭრებოდა და ანას სახეზე ეცემოდა - ისე მშვიდად, თითქოს მთის ქარმა მისი სუნთქვა წაიღო.

* * *

ანა ფრთხილად წამოდგა. სხეულში ტკივილს ისევ გრძნობდა, მაგრამ ახლა ეს ტკივილი თითქოს ნორმად იქცა - სიმძიმედ, რომელიც უნდა ატარო თან რომ ცოცხალი იყო. ნაბადი მხრებზე მოიცვა, ფანჯარას მიუახლოვდა და გარე სამყაროს დახედა. თოვლი ელავდა. მზის პირველი სხივი მთის წვერიდან ჩამოეშვა და ეზოში დაიღვარა. ხმაური ისმოდა, ხალხი გარეთ გამოსულიყო და ხერგიანების ეზოსთან ჩავლისას, სახლს დაკვირვებით ათვალიერებდნენ, აინტერესებდათ ახალი რძალი. გოგომ ღრმად ჩაისუნთქა - ჰაერი ყინულივით ჩაუვარდა ფილტვებში. თითქოს მთამ მისცა უფლება, ერთი დღით მაინც ეცოცხლა მის მიწაზე.

დარიკოს ხმა აღარ ისმოდა, სახლი ცარიელი ჩანდა. ანამ ფრთხილად შეაღო კარი და გარეთ გავიდა. ფეხქვეშ თოვლი მოეგება. იმ წამს ანამ პირველად იგრძნო, როგორია მთის სუნთქვა - მძიმე, მაგრამ ამაღლებული, ისეთი, რომელიც არც ადამიანს ეკუთვნის და არც ღმერთს და სანამ იდგა იქ, თოვლზე, მზის შუქში გახვეული, გაგი გამოვიდა - ჩუმად. თვალი მოჰკრა ანას და გაჩერდა. არ თქვა არც ერთი სიტყვა. მხოლოდ უყურებდა - ქალს, რომელიც თოვლში იდგა და ისე ნაზად ირეკლავდა სინათლეს, თითქოს თვითონაც ამ მთის ნაწილი იყო, მაგრამ მაინც სხვა - უცხო, ძლიერი და შეუდრეკელი.

- სად გადიხარ გარეთ ამ სიცივეში? - თქვა ბოლოს, ხმადაბლა, თითქოს არ უნდოდა სიჩუმე დაერღვია. ანა ფრთხილად შემობრუნდა. მზერა არ დაუხრია.

- სითბო ყოველთვის სახლში არ არის. ზოგჯერ გარეთ უფრო გრძნობ. სუნთქვისას.

გაგიმ ოდნავ ჩაიღიმა, ისე რომ თვალებში მაინც დარჩა სევდა.

- სვანეთში სიცივე სულში კი არ შედის, გასწავლის როგორ გაუძლო.

- იქნებ არც მინდა ვისწავლო,- უპასუხა ანამ მშვიდად,- იქნებ მინდა, უბრალოდ ვიცხოვრო ისე, როგორც მე მინდა.

გაგი მიუახლოვდა.

- შენ ისეთი არ ხარ, ვინც გაჩერდება. მაგრამ აქ, მთაში, ყველაფერი სწორედ გაჩერებით იწყება - თუნდაც ქარი. ჯერ უნდა მოითმინო რომ გაიგო, საით წაგიყვანს გზა.

ანამ ჩაიცინა.

- თქვენს მთებს რა ოდენა მოთმინება აქვთ, გაგი, მაგრამ მე ზღვის ნაპირიდან მოვედი - იქ კი ქარი არ ითმენს,- გაგი ჩაფიქრდა.

- მთის ქარიც და ზღვის ქარიც ერთნაირად ჭრის კანს, თუ წინ დგახარ. ალბათ ამიტომაც ხარ შენ ასეთი,- რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ თოვლი ცვიოდა ნელა - ბუმბულივით, ისე მშვიდად, თითქოს მათი დიალოგი ბუნებამაც მოისმინა.

დარიკო კარებთან იდგა - ჩუმად, შეუმჩნევლად. შვილიშვილს უყურებდა, მერე გოგოს, და რაღაცას ვერ ასახელებდა - არც შიში იყო და არც მღელვარება. უფრო განცდა იმისა რომ რაღაც იცვლებოდა, ნელა, უხმაუროდ, როგორც თოვლი ფარავს მთის გზას, სანამ სხვები მაინცდამაინც ვერაფერს ამჩნევენდნენ.

- სიცივეა, მალე მიიხურეთ კარი,- თქვა ბოლოს დარიკომ და კარში შევიდა.

ანა და გაგი ორივემ წამით გააყოლეს თვალი, მერე ისევ ერთმანეთს შეხედეს. არცერთს აღარ დასჭირვებია სიტყვა - თითქოს ისედაც გრძნობდნენ რომ ეს დილა რაღაცის დასაწყისი იყო.

გაგიმ თვალი აარიდა, თითქოს რაღაც ფიქრმა მოუარა, მერე გვერდზე გაიწია, მოიხსნა საკუთარი ჟაკეტი - მუქი, სქელი მატყლისა, რომელსაც მთის ყინვა ვერ ერეოდა და ნელა ანასკენ გადადგა ნაბიჯი.

- გაცივდები,- თქვა დაბალ ხმაზე, ისე მშვიდად, თითქოს არ ელოდა წინააღმდეგობას,- აქ სიცივე კაცსაც ხესავით გტეხს.

ანა მის წინ იდგა, მკერდ აწეული - ისეთივე ამაყი, როგორიც პირველი შეხვედრისას.

- შენი არაფერი მჭირდება. არც სიცივის მეშინია და არც შენი ზრუნვა მინდა,- გაგიმ ოდნავ ჩაიცინა, არა ირონიით, არამედ რაღაც შინაგანი დაღლილობით. ნაბიჯი მაინც არ შეუჩერებია. ჟაკეტი ნაზად დააფარა მხრებზე. ისე, თითქოს ერთი წამითაც არ უნდოდა, გოგოს სხეული ისევ იმ სიცივეს შეხებოდა, რომელსაც თვითონ დიდი ხნის წინ შეეჩვია.

- სვანეთის ქარი ყველას ერთნაირად არ ეხება. ზოგს სუსტი სული აქვს... შენ მგონი იმათ არ ეკუთვნი,- ანა შეჩერდა. თვალებში რაღაც გაკრთა - არც თანხმობა იყო, არც უარყოფა, უფრო სიჩუმე, რომელსაც სიტყვა ვერ ჩაანაცვლებდა. მხოლოდ ხელი გაუსწორა ჟაკეტს, წელში გამართულად დადგა და მშვიდად, თითქმის შიშის გარეშე მიუგო.

- ტყვეობაში სითბო კვდება და როცა კვდება, ვერც ადამიანს ათბობს,- გაგიმ აღარ უპასუხა. მხოლოდ ღრმად ჩაისუნთქა და შებრუნდა - თოვლში გადადგმულ მძიმე ნაბიჯებს ხმა არ ჰქონდა. ანა ცოტა ხანს უყურებდა, მერე ფრთხილად დაიძრა ეზოსკენ. ქარი ისევ ამოვარდა, თმები სახეზე დაეფინა და გოგომ იგრძნო - ახლა უკვე აღარ იყო იმდენად უცხო ამ სიმყუდროვეში.

ეზოში ბავშვები დარბოდნენ - ღრიალით, თოვლის ბურთებით ხელში. ორი მათგანი გაჩერდა, როცა დაინახეს, უცხო ქალი როგორ მოდიოდა. ერთმა მეორეს უჩურჩულა.

- აი, ისაა, ჟორდანიას გოგო, ხერგიანებმა რომ მოიყვანეს...- ანა შეჩერდა. ბავშვები ნელა მიუახლოვდნენ, უფრო ცნობისმოყვარეობით, ვიდრე შიშით. ერთს ხელში თოვლის ბურთი ეჭირა, მაგრამ მალევე დააგდო.

- შენ მართლა ზღვის იქით ცხოვრობდი?- იკითხა პატარა ბიჭმა, ცხვირი აწითლებული ჰქონდა სიცივით. ანას ოდნავ გაეღიმა.

- ზღვის იქით... მაგრამ იქაც თოვს ხოლმე,- ბავშვები გადახედეს ერთმანეთს და გაიქცნენ სიცილით - ისე, როგორც მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ, როცა არ ესმით, მაგრამ მაინც სწყინთ.

- და ზღვა როგორი იყო? - ისევ მოირბინა ერთმა, ყველაზე პატარა, ყურებამდე გაწითლებულმა ბიჭმა ,- ისე დიდია, მართლა როგორც ამბობენ? მთაზე უფრო დიდი?

ანამ ჩაიცინა, ჩაიმუხლა რომ მათ სიმაღლეზე ყოფილიყო.

- მთაზე უფრო დიდი კი არა, უფრო ხმაურიანია. როცა ქარი ამოვარდება, ზღვაც ყვირის - ზუსტად ისე, როგორც თქვენ აქ თამაშობთ.

- და თევზები გყავდათ?- მეორე ბავშვმა იკითხა, თმით თოვლი ჩამოიფერთხა და ცნობისმოყვარეობით წამოიწია.

- გვყავდა. თევზაობდნენ ხოლმე, ზოგჯერ ისეთი დიდი იყო, მთელ სოფელს ეყოფოდა,- ბავშვებს თვალები გაუფართოვდათ.

- აქ ისეთი არაფერი გვაქვს,- ამოიოხრა ერთმა,- მარტო თოვლი და სიჩუმე.

- სიჩუმე ყოველთვის ცუდი არ არის,- უპასუხა ანამ ღიმილით,- ზოგჯერ სიჩუმე ყველაზე მეტს გეუბნება.

პატარა გოგომ, რომელიც აქამდე ჩუმად იდგა, ჰკითხა.

- მაშინ რატომ მოხვედი აქ, თუ იქ ზღვა გქონდა?- ანა წამით გაჩერდა. ქარმა თმა სახეზე დააფინა.

- ალბათ იმიტომ, რომ ზოგჯერ უნდა წახვიდე, რომ გაიგო - რა გაკლდა სინამდვილეში,- ბავშვების აღარაფერი უთქვამთ. ცოტა ხანს უყურებდნენ, მერე ისევ სიცილით გაიქცნენ ბილიკზე - თოვლში ტოვებდნენ პატარა ნაკვალევს, რომელიც მალე ქარმა დაფარა.

გზაზე რამდენიმე ქალი იდგა - სვანეთის რძლები, თავშალებში გახვეული, ფარდულთან შეყრილნი. ქარის შუაგულშიც კი მათი ჩურჩული ისმოდა. თვალებით ანას ათვალიერებდნენ. ზუსტად ისე, როგორც მთაში უცნობს ათვალიერებენ. ლამაზი იყო, უცხო, იმ სილამაზით, რომელსაც მთის ქარი ვერ ხლიჩავს, მხოლოდ ფარავს.

ერთი მათგანი ჩუმად ჩაილაპარაკა.

- მთას ახალი სული მოსვლია, მაგრამ დაიტოვებს კი?- ანა ჩერდება, გაიგო, მერე ფრთხილად უბრუნდება გზას და მიჰყვება თოვლს, რომელიც ბილიკს ფარავს - ნაბიჯი წინ, ნაბიჯი უკან, და ყოველი ნაბიჯი ერთნაირად მტკივნეულია, მაგრამ მაინც აჩერებს.

გაგი ეზოში გადის. ქარმა სახეში დაჰკრა და თოვლის მტვერი ისე ცვიოდა, თითქოს მთამ ამოისუნთქა. მთელი ეზო თეთრი იყო, სიჩუმე კი ისეთი მჭვარტლი, თითქოს ყოველი ბილიკი რაღაცას მალავდა. თვალებით ეძებდა, მაგრამ ანა არსად ჩანდა. ბეღლისკენ გაიხედა - არც იქ, არც საჯინიბოსთან.

„კიდევ ერთხელ რომ გაგექცეს და მერე ნახე, გაგი ხერგიანო..." - ჩაესმა საკუთარი ხმა.

ზურაბი მალხაზისთან იჯდა, ორივეს თბილი ჭიქები ეჭირათ ხელში. ზურამ ოდნავ ღიმილით გადმოხედა.

-რა იყო, გაგი, ჯერ ცოლადაც არ მოგიყვანია და უკვე დაკარგე?

მალხაზიმ ხმამაღლა გაიცინა.

- გეუბნებოდით, მაგას თვალი რომ გაუსწორე, იმ დღიდან დაიწყო შენი შიში. ეგ ისეთი ქალია, კაცს ხმის ამოღება დაავიწყებს,- გაგი სიტყვას არ ამბობდა. ზურას ირონიულმა ტონმა ოდნავ გააღიზიანა, მაგრამ არაფერი უპასუხა. მხოლოდ თვალი აარიდა და ეზოსკენ წამოვიდა - მშვიდად, მაგრამ იმ სიჩუმით, რასაც მისი ხასიათი ქმნიდა. გარედან წყნარი, შიგნით კი ბობოქარი. გზაზე ბავშვის სიცილი შემოესმა. შეჩერდა. მოესმა, როგორ იცინოდნენ თოვლში და როგორ კითხულობდნენ რაღაცას ხმამაღლა. ფრთხილად მიუახლოვდა ბილიკს და მაშინ დაინახა ანა თოვლში ჩამუხლულიყო, ბავშვებს ესაუბრებოდა, თმა ქარმა გაუფანტა, შალის თავსაბურავიდნან ფრიალებდა. ლოყები წითლად ელავდა სიცივისგან. ბავშვები გარშემო შეყრილიყვნენ - ვინ სიცილით, ვინ მოყოლით, ვინ უბრალოდ მისი ყურებით გატაცებული. გაგი ჩუმად უყურებდა ამ ყველაფერს. რაღაც მოეშვა გულში.

ანა ნელა წამოდგა, ბავშვები გაიფანტნენ, თავიანთ გზებს გაჰყვნენ და ეზოში უცებ გაჩნდა ის მარტოობა, რაც მხოლოდ მთას უხდება. გზას მიჰყვა, სადაც სახლიდან გამოდიოდნენ ქალები, სვანური თავშალებით, მკაცრი მზერითა და იმ ძველი სიფრთხილით, რომელიც უცხოს ყოველთვის სიფრთხილით უყურებს. ქალები ჩურჩულებდნენ.

- ეგაა ის მეგრელი?- ჩაიჩურჩულა ერთმა.

- ისეთი თვალები აქვს, კაცსაც დაავიწყებს გზას, - მიუგო მეორემ ჩუმად.

- ჰო, მაგრამ მაინც... ეგეთი გოგო მშვიდად არ გაჩერდება,- ანას ჩაეღიმა, არა ზიზღით, არამედ ისე, თითქოს იცოდა რომ ყველა მათგანი ოდესღაც თავადაც იდგა ამ მზერების ქვეშ. თვალი აარიდა და გვერდულად ჩაიარა, ტანით ამაყად, თითქოს თოვლიც კი მის ნაბიჯებს ერგებოდა. გაგი შორიდან უყურებდა. რაღაც უცნაური გრძნობით - არც სიამაყე იყო და არც მღელვარება. უფრო ის სიჩუმე, რაც ადამიანს მაშინ ეწვევა, როცა ხვდება, რაღაც ამოუხსნელს ხედავს. ანას მზის სხივი დაეცა თმაზე, ქარმა ოდნავ აუფრიალა და იმ წამს გაგის მოეჩვენა, თითქოს თეთნულდის მოგზავნილი ანგელოზი ედგა წინ. გაგი გაჩერდა, თვალი გააყოლა ანას, რომელიც თოვლში ნელა მიაბიჯებდა, არც ჩქარა, არც ნელა, ისე, თითქოს ყოველი ნაბიჯით მთას და ზღვას შორის სავალ გზას გადიოდა. ქარმა მის თმაში ჩაყო ხელი, შორი მთებიდან კი მზის სხივმა წამით მოელვარა და თოვლი ოქროსფრად ააფერადა. გაგიმ სუნთქვა შეიკავა, რაღაც ამოუცნობმა მოხვია გულს ხელი. არ იცოდა, რა იყო ეს, სიჩუმე, შიში თუ ის უცნაური ტკივილი, რაც ადამიანს მაშინ ეუფლება, როცა ხედავს იმას, რასაც ვერ დაიტოვებს. თითქოს მთელ სვანეთს დაედო სიჩუმე. ქარი გაჩერდა, ყინვამ სუნთქვა შეიკავა - და გაგიმ ჩუმად, თითქმის ფიქრად თქვა.

- ზღვის შვილია... მაგრამ მთას ვერ გაექცევა. ვერც მე.

და იმ წამს, ზამთარმა თითქოს თვალები დახუჭა, თითქოს თვითონაც არ უნდოდა შეეწყვიტა ის წამიერი სილამაზე, რაც იქ, თოვლსა და სიჩუმეს შორის იშვა.



№1 სტუმარი სოფიკო კილაძე

ველოდები გაგრძელებას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent