შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი კანდიდატი (თავი 3)


დღეს, 01:32
ნანახია 148

აკაკიმ მანქანა დაქოქა.
გონებაში მხოლოდ ანიტას ტეჩები უტრიალებდა და საკუთარ სურვილებთან გამკლავებას ცდილობდა.
_მარტო ცხოვრობ?_ფიქრებიდან ანიტას ხმამ გამოარკვია.
_ჰო…_უპასუხა დაუფიქრებლად.
_მაშინ შენთან წავიდეთ.
აკაკის გულმა ისე ძლიერად დაარტყა რომ ანიტამაც კი გაიგონა. ეს გახლდათ ის წინადადება, რომელზეც კაცი არც ფიქრობს - უბრალოდ თანხმდება. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ საქმე ანიტას ეხებოდა, ყველაფერი სხვანაირად შემოტრიალდა.
მის თავში უცებ აირია სურვილი, შიში, პასუხისმგებლობა.
პასუხისმგებლობა ქალის მიმართ? - საკუთარი თავის უცნობი მხარე აღმოაჩინა.
აქ საუბარი აღარ იყო წამიერ სურვილზე. რაღაც იწყებოდა.
რაღაც, რაც ერთ ღამეში ვერ დასრულდებოდა, ან თუ დასრულდებოდა ძალიან ატკენდა ანიტას…
“ახლა თუ დავთანხმდები, მერე ვეღარ გავუშვებ… მაგრამ ერთგულებაც რომ ვერ შევძლო?” - გაუელვა აკაკის ფიქრში.
ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. მოძრაობა მშვიდი ჰქონდა, ამით საკუთარ თავს უმტკიცებდა, რომ ჯერ კიდევ მართავდა სიტუაციას.
ეკრანი გაანათა და ანიტას მიაწოდა.
_შენი სახლის მისამართი ჩაწერე_თქვა დაბალი, მაგრამ მტკიცე ხმით.
ანიტას ეს სიტყვები ეკალივით ჩაესო გულში. მიხვდა — ეს უარი იყო. არაპირდაპირი, მაგრამ მკაფიო.
ნონას მისამართი ჩაწერა და ტელეფონი დაუბრუნა, მერე თავი ფანჯრისკენ გაატრიალა - ალეწილი სახის დამალვა ასე გადაწყვიტა.
“რატომ ვიჩქარე?” უსაყვედურა საკუთარ თავს.
“რატომ ვთქვი ის, რაც არ უნდა მეთქვა?”
შერცხვა…
ასე თამამად როგორ გამოავლინა სისუსტე?
აკაკიმ მისამართს თვალი შეავლო და მანქანა ნელა დაძრა. არცერთს არაფერი უთქვამს.
მანქანა გზას დაადგა, და მათ შორის დარჩა ახლა უკვე აშკარად დაძაბული სიჩუმე და ის, რისი დავიწყება უკვე არცერთს აღარ შეეძლო.
ნონას სახლთან ჩუმად გაჩერდნენ.
აკაკი პირველი გადავიდა. მანქანის კარი ანიტასთვის გააღო. მოძრაობა თავაზიანი ჰქონდა, მაგრამ ხისტი.
მალე უნდა გასცლოდა აქაურობას…
სულ ცოტაც და ანიტას წინადადებას დათანხმდებოდა და მერე სინანული არ მოასვენებდა.
_ღამე მშვიდობის!_ უთხრა ცივად.
ანიტა მანქანიდან გადმოვიდა და კარი ფრთხილად მიხურა, თითქოს ხმაურსაც კი ერიდებოდა.
_მშვიდობით!_ თქვა და ხმა გაებზარა.
აკაკიმ თავი დაუქნია.
“ასე უფრო უსაფრთხოა” გაიფიქრა მან.
გოგონა უკანმოუხედავად შევიდა სადარბაზოში და მძიმე ნაბიჯებით აუყვა კიბეებს.
იმ ღამით არცერთს არ დაეძინა…
არც მეორე ღამით…
და არც მომდევნო რამდენიმე დღე ყოფილა უშფოთველი…
მათი ამბავი ისე დასრულდა რომ არც კი დაწყებულა.
ანიტა საწოლში იწვა და სიბნელეში ჭერს შესცქეროდა. რაც დრო გადიოდა, დაბნეულობა იკლებდა და აკაკის მიმართ ბრაზი ძლიერდებოდა. როგორ შეეძლო ასეთი მხურვალე კოცნის შემდეგ ცივი უარი ეთქვა? მერე ბრაზი საკუთარ თავზე გადაჰქონდა, როგორ შეეძლო ასე მარტივად დანებებოდა რამდენიმე საათის გაცნობილ ადამიანს? ის ხომ არასდროს ითხოვდა იმას, რაც არ შეუთავაზებიათ.
პირველ დღეებში გულუბრყვილოდ ელოდა აკაკის გამოჩენას. ტელეფონსაც ხშირად აკვირდებოა, იქნებ ჩემი ნომერი იკითხოს ან სოციალურ ქსელში მომძებნოს და დამიკავშირდესო, მაგრამ ამაოდ.
ერთი კვირის თავზე დარწმუნდა რომ არავინ დაურეკავდა, არც მიწერდა და არც სახლთან დახვდებოდა.
გულში რაღაც ჩაიკეცა, მაგრამ სახეზე არაფერი ეტყობოდა. სწორედ ამაში იყო მისი პრობლემა და ძალაც ერთდროულად.
ნონა და მაგდა ჯაშუშებივით ადევნებდნენ თვალს აკაკის და ანიტას ყველა მოქმედებას, მაგრამ ამაოდ. ჯერ იყო და ასე უცებ იმოქმედა გეგმამ და მერე ასე უცებ დაასრულეს? ასეთ გაუგებრობაში იყვნენ სანამ ბოლოს თაკომ არ აალაპარაკა ანიტა. შეუჩნდა, მომიყევი რა მოხდა, რა გჭირს, ვეღარ გცნობო. თავიდან არაფერს ამბობდა გოგო, მაგრამ თაკო იმ შვიათი მომთმენი სახით უყურებდა, რომელიც მხოლოდ დებს შორის ჩნდება. ბოლოს გული ძლივს გადაუშალა დამ, სიტყვები ნელ-ნელა წამოვიდა, მერე უფრო სწრაფად, ბოლოს კი ერთბაშად ამოთქვა ტკივილი. როცა დაამთავრა მიხვდა როგორ სჭირდებოდა დაცლა. სუნთქვაც კი უფრო მარტივი გახდა. სევდა არსად გამქრალა მაგრამ გულმკერდში ტკივილი ოდნავ შეუმსუბუქდა.
ეს ამბავი თაკომ “შტაბში” მოიტანა და “საბჭოც” შეიკრიბა.
ნონას მისაღებში ისევ შემოსხდომოდა თაკო, ოთო და მაგდა იმ მაგიდა, სადაც ყველაზე ჩახლართული და საუკეთესო იდეები იბადებოდა. ოთო მობილურს ხელიდან ხელში ატრიალებდა, თითქოს ასე იდეები უკეთ მოუვიდოდა.
_მოკლედ,_სამზარეულოდან გამოვიდა ნონა და ცხვირზე სათვალე შეისწორა_ეს ასე ვერ დარჩება.
_რა აბსურდია_ჩაუბურტყნა თაკომ_ ორ ზრდასრულ ადამიანს ერთმანეთი მოეწონათ, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმის ეშეინიათ?
_არა, აბსურდი ისაა,_ ჩაერთო ოთო_რომ აკაკიმ პირველად ცხოვრებაში გოგო არ აიყვანა სახლში და ახლა ამის გამო ტვინს ვიჭ....თ, იქნებ, როგორმე ვუშველოთ.
_ნუ ლაპარაკობ ისე, თითქოს ეს გმირობაა_თაკომ თვალები გადაატრიალა._თვითკონტროლისთვის მედალიც ხომ არ დავკიდოთ?
_შენ თუ ასე გააგრძელებ, მედალს კი არა, თასს მოგცემენ ნერვების მოშლისთვის._მყისიერად მიუგო ოთომ
_ბავშვებო_ჩაერთო მაგდა_ ყურადღება! ჩვენ აქ სიყვარულის გადასარჩენად შევიკრიბეთ და არა ერთმანეთის დასახოცად.
თაკომ ჩაი მოსვა და ჩაფიქრებული სახე მიიღო.
_ანიტა არ დაურეკავს. ვიცი. ზედმეტად ამაყია.
_არც აკაკი,_დაამატა ოთომ._იმიტომ რომ ზედმეტად იდიოტია.
_იმიტომ რომ ეშინია!_შეასწორა ნონამ_და როცა კაცს ეშინია, ყველაზე დიდი სისულელეებით იმართლებს თავს.
_კაცი და სისულელეები ზოგადად ხშირად გვევლინება ერთად_ოთოს გადახედა თაკომ.
ოთომ მაგიდაზე თითები გააწკაპუნა.
_კარგი, მოდი ვიფიქროთ_ისევ მაგდა ჩაერია საქმეში._თვითონ არ დაურეკავენ. ერთად არ მუშაობენ. საერთო წრე - მინიმალური. შემთხვევითი შეხვედრა გვჭირდება!.
_”შემთხვევითი“, — ირონიულად გაიმეორა თაკომ._ ეს ჩემი საყვარელი სიტყვაა, როცა თქვენ ორი გეგმებს აწყობთ._გადახედა ნონას და მაგდას.
ნონას ტუჩის კუთხე ოდნავ აუცახცახდა. ეს ნიშნავდა, რომ იდეა უკვე ჰქონდა.
_დასვენება!
_რა?_ერთდროულად იკითხა ოთომ და თაკომ.
_დასვენება…_მშვიდად გაიმეორა ნონამ._ორივე გადაღლილია. ორივე სტრესშია და განტვირთვაზე უარს ვერ იტყვიან. სწორად სასტუმროში გადაეყრებიან ერთმანეთს შემთხვევით.
_სასტუმრო ძალიან კარგია_დაუდასტურა ოთომ._ სხვადასხვა ნომერში, სხვადასხვა ადამიანებთან… მაგრამ ერთ ლობიში, ერთ ლიფტში, ერთ საუზმეზე. უამრავი ვარიანტია.
_მთავარი ისაა,_დაამატა ნონამ კმაყოფილი ღიმილით_ დარწმუნდნენ, რომ ერთმანეთის ბედისწერა არიან.
ოთომ და თაკომ ერთმანეთს შეხედეს.
_და როცა მიხვდებიან, რომ ყველაფერი ჩვენი მოწყობილია?_იკითხა ოთომ.
_როცა მიხვდებიან,_მაგდამ ჩაი მოსვა_ უკვე გვიანი იქნება.
_ცოტა მაშინებთ_ჩაეცინა ოთოს
_მე კი ვფიქრობ, ანიტას დათანხმება გამიჭირდება._სიგარეტს გაუკიდა თაკომ და ფანჯარა ოდნავ შეაღო.
_შენ ვინმეს დათანხმება გაგიჭრდება?_მიუახლოვდა ოთოც._შენი საყვარელი მეთოდი გამოიყენე - ტვინი იქამდე შეუჭამე სანამ აქეთ არ შეგევედრება.
_მე უნდა წავიდე_თქვა მაგდამ და ფეხზე წამოდგა._ტაქსი უკვე მოვიდა.
_გეთქვათ მაგდა დეიდა, მე გაგიყვანდით_შეკრთა ოთო.
_არა ოთო, ბევრი საქმე მაქვს და არ მოგაცდენ.
_წამო გაგაცილებ_შესთავაზა ნონამ და გასასვლელისკენ გაუძღვა.
_მოკლედ, გადავწყვიტე რომ გუდაურში დასვენება სჯობს._საუბარი გააგრძელა ოთომ.
_გადაწყვიტე?_თაკომ წარბი ასწია. _ შენ რა, პარლამენტარი ხარ? ბაკურიანი ჯობია_შეეწინააღმდეგა ოთოს ვერსიას._ჰაერი უფრო სუფთაა, სიმშვიდეა…
_ჰო, და საღამოს შვიდზე უკვე გძინავს!_არ დააყოვნა ოთომ. — იმიტომ რომ სხვა გასართობი არ არსებობს.
_ყველას შენნაირი ენერგია არ აქვს,_გაეღიმა თაკოს._ზოგს სიჩუმეც სიამოვნებს.
_შენ სიჩუმე იმიტომ გიყვარს, რომ იქ ვერავინ გეწინააღმდეგება.
_ მე სიჩუმე კი არა,_თაკომ სახე ოდნავ მიუახლოვა,_ გემოვნებიანი დასვენება მიყვარს._თვალი თვალში გაუყარა.
ოთო წამით შეჩერდა… რაღაცამ უცნაურად გასერა მკერდში.
_კარგი, იყოს გუდაური,_დანებდა თაკო, თითქოს თავიდანვე ეს იდეა არ ერჩივნა._მაგრამ ისეთი ადგილი შეარჩიე ინსტაგრამისთვის ბევრი რომ იპოზიორო…
_სულაც არ არის კამერები საჭირო კარგი დასვენებისთვის_ენა გადმოუგდო ოთომ.
_ეგ შენს პროფილს უთხარი._თითქოს სიტყვები შემთხვევით გადმოუცვივდა პირიდან თაკოს და იმ წამსვე ინანა.
ოთოს ჩაეცინა და მზერა აარიდა. რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა.
_შენ მგონი მოგწონს ეს კამათი,_ თქვა ოთომ მოულოდნელად და ეშმაკურად ჩატეხა ტუჩის კუთხე.
_აბა, რა გადავწყვიტეთ?_ოთახში ნონა დაბრუნდა.
_ჯერჯერობით,_თქვა ოთომ,_ მხოლოდ ის, რომ კამათი საუკეთესო გასართობია.
_დასვენება კი სადღაც შუაში._ დაამატა თაკომ და მეორე ღერი სიგარეტი ამოიღო კოლოფიდან.
_აი, ეს უკვე სერიოზული საკითხია,_თქვა ოთომ_გეგმებს სიგარეტის გარეშე ვერ აწყობ?.
_ნერვებს ამშვიდებს_გაუღიმა თაკომ და ცეცხლი მოუკიდა.
_ანუ,_წარმოთქვა ნონამ_ანიტა და აკაკი „შემთხვევით“ უნდა გადაეყარონ ერთმანეთს სადმე, სადაც გაქცევის შანსი არ ექნებათ.
_ზუსტად,_თაკომ კვამლი ნელა გამოუშვა._სასტუმროს ლობი ცუდი იდეა არ არის. ან საუზმეზე. დილის ადამიანი უფრო დაუცველია.
_არა, არა,_ოთომ თავი გააქნია._საღამო ჯობია. ბარი, ნახევრად ბნელი განათება, სასმელი…
_შენ ისევ შენს გემოვნებაზე ფიქრობ._დაებღვირა თაკო._ანიტა დილით უფრო დაბნბეულია.
_და აკაკი საღამოს, განსაკუთრებით როცა ნასვამია!_არ დააყოვნა ოთომ.
კამათი ისევ იმ ტემპში წავიდა, რომელიც ორივეს აშკარად ართობდა. სწრაფად, ცოცხალად, ზედმეტი პაუზების გარეშე. თაკომ კიდევ ერთხელ მოქაჩა სიგარეტი და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ამ დროს კარზე მკვეთრი კაკუნი გაისმა.
ვიღაცამ კარი ფრთხილად შემოაღო.
_მე ვარ!_დაიძახა მან.
თაკო შეხტა.
_ჯანდაბა…_ სიგარეტი სწრაფად ჩააჩეჩა ოთოს ხელში, ფანჯარა კიდევ უფრო დიდზა შეაღო, ჩანთიდან საღეჭი რეზინი ამოიღო და პირში ჩაიგდო.
ოთო გაშეშდა, მერე ჩუმი სიცილი აუტყდა.
_ ვინ მოვიდა ასეთი, რომ თამბაქოს კონტრაბანდას ვეწევით?_ჩუმად იკითხა.
_გიგი,_სწრაფად უპასუხა თაკომ და მაგიდისკენ წავიდა._ჩემი ქმარი.
ოთოს სიცილი შეეყინა. უცნაური შეგრძნება დაეუფლა. მოულოდნელად უსიამოვნო და სრულიად უადგილო.
თაკოს ეს არც შეუმჩნევია, სკამზე მოთავსდა და ჩვეულებრივი, მშვიდი ღიმილი მიაგება ოთახში შემოსულ გიგის.
_გამარჯობა_თქვა გიგიმ და ოთოს დააშტერდა.
_გიგი, ეს ოთოა_გააცნო ნონამ._ანიტას მომავალი მეუღლის მეგობარი.
_გამარჯობა_უპასუხა ოთომაც, სიგარეტი საფერფლეში ჩააჭყლიტა და ხელი ჩამოართვა.
_მემგონი რაღაცეები გამოვტოვე_უხერხულად ჩაეღიმა გიგის.
_მერე მოგიყვები, — სწრაფად ჩაერთო თაკო.
_საფულე დაგრჩა._უთხრა ქმარმა და მაგიდაზე წითელი საფულე დადო._თან ვიფიქრე ერთად წავიდოდით ნონიკოს გამოსაყვანად.
_უი რა დრო მოსულა._საათს ახედა თაკომ._წავიდეთ…
ფეხზე წამოხტა თაკო და დაბნეული სიჩქარით გავიდა გასასვლელისკენ.
_ნონა დეიდა, ერთი ნაჭერი ნამცხვარი კიდევ მომიტანეთ და მეც გავიქცევი მერე._ღიმილით შეევედრა ოთო.
_ნახვამდის!_კიდევ ერთხელ გაუწოდა ხელი გიგიმ.
_ნახვამდის!
წყვილმა ჩუმად ჩაიარა კიბეები და ასევე უხმაუროდ ჩასხდა მანქანაში.
_არ მომიყვები?_სჭეზე ხელები დააწყო გიგიმ.
თაკომ ერთი ღრმად ამოისუნთქა და შეეცადა ლაკონურად მოეყოლა მთელი ისტორია.
_ანუ ახლა ოთოსთან ერთად უნდა წახვიდე დასასვენებლად?_იკითხა ბოლოს გიგიმ თითქოს უდარდელად, მაგრამ ხმაში აშკარა დაძაბულობა შეერია.
_მე ეგ ვთქვი?_წარბები შეკრა ცოლმა._მე და ანიტა წავალთ. ანიტა აკაკის შემთხვევით გადაეყრება, მერე მე ჩემთვის ვიქნები. რა შუაშია აქ ოთო?
_ანიტა და აკაკი ერთმანეთს რომ გადაეყრება, მერე ოთო გაქრება?
_ეჭვიანობ? კარგია! იქნებ ერთხელ მაინც მიხვდე, რას ვგრძნობდი მთელი ეს წლები. როგორ მჭამდა ფიქრები ყოველდღე, როგორც კი სახლიდან გახვიდოდი.
მანქანაში ჰაერი დამძიმდა. გიგიმ ღრმად ამოისუნთქა.
_კარგი რა… _თავი გააქნია მან_ხომ არ შეიძლება სულ ერთსა და იმავე თემას ვუბრუნდებოდეთ? თორმეტი წელი გავიდა, თაკო. თორმეტი. დაივიწყე.
_დაივიწყე…_თაკოს გაეღიმა. არა თბილად, არამედ მტკივნეულად._ მოდი მეც გიღალატებ და ვნახოთ, თორმეტი წლის შემდეგ შენს მეხსიერებაში ღალატის გარდა რამე თუ დარჩება.
_მეც წამოვალ!_ გადაჭრით თქვა გიგიმ ისე, თითქოს გადაწყვეტილება ახლა კი არა, დიდი ხნის წინ მიიღო_ ერთად წავიდეთ.
_წავიდეთ… ოთოს ვეტყვი და თავის საცოლესაც წამოიყვანს. ტყუილად ეჭვიანობ.
თაკომ კარი გამოაღო, მანქანიდან გადასვლა დააპირა მაგრამ სანამ ჩამოვიდოდა, კიდევ დაამატა, უფრო ნელა და უფრო მკაფიოდ:
_მოღალატე ან ხარ, ან არა. შენ ხარ, მე - არა! და თუ მაინცდამაინც სხვას გავხედავ… ჯერ შენთან დავამთავრებ ბოლომდე._კმაყოფილი გადავიდა მანქანიდან და ნონიკოს სკოლისაკენ გაემართა.
გიგი საჭესთან დარჩა, თითქოს რაღაცამ ადგილს მიაჯაჭვა. ცოლის სიტყვები ექოსავით ჩაესმოდა ყურში.
„ჯერ შენთან დავამთავრებ“…
შეეშინდა…
რაც შეეხება თაკო, ის არცერთ სიტყვას არ ნანობდა, მხოლოდ ის უკვირდა ოდნავადაც რომ არ აღელვებვულა. ნუთუ დრომ განკურნა ყველაფერი? ან იქნებ უარესი - ყველაფერი სულერთი გახდა.
ამაზე ბევრი აღარ უფიქრია, ანიტას ამბავზე უფრო ნერვიულობდა. “როგორ დავარწმუნო?” ამ კითხვას უსმევდა საკუთარ თავს…
ოთოსაც ზუსტად ეს გასაჭირი ჰქონდა და მთელი საღამო კუდში დაყვებოდა აკაკის. არ ასვენებდა, მითხარი იმ ღამით რა მოხდა ასეთი მას შემდეგ სულ რომ დადუმდიო.
_არაფერი არ მოხდა, საერთოდ არაფერი!_უპასუხა მეგობარმა.
_შენ და არაფერი?
_საქმეც ეგაა…
_არ მოგეწონა?
_მგონი ზედმეტად ძალიან მომეწონა…
_არ გინდა გული ატკინო? ამიტომ დაანებე თავი?
_ვერ შევძლებ მთელი ცხოვრება ერთ ქალს მივუძღვა, ის კი ზედმეტად ნაზია ერთი ღამისთვის.
_ოხ, როგორი რომანტიული გამხდარხარ. აწი აღარ გეშელება ჩემო ძმაო. ეგრე იწყება ყველაფერი, ჯერ საკუთარ თავს რაღაც სულელური არგუმენტებით უმტკიცებ, რატომ არ უნდა იყო მასთან და მერე მის გარეშე სუნთქვაც გიჭირს…
_შენც ეგრე დაგემართა ელენესთან?
_არა, მე შენგან განსხვავებით სიყვარულის არ მეშინია. შემიყვარდა და ცოლად მომყავს, მორჩა!
_ელენე კარგი გოგოა, იცოდე გული არ ატკინო!_თითი დაუქნია აკაკიმ.
_ნუ ბოდავ რაღაცეებს, შენ აშკარად დასვენება გჭირდება_საუბარი ზუსტად იქით წარმართო ოთომ სადაც მეგობარს დიდ მახეს უგებდა.
_უარს არ ვიტყოდი, მაგრამ…
_არავითარი მაგრამ,_მოკლედ მოუჭრა ოთომ_ორ დღეს გამონახავ და გუდაურში მოვხევთ.
_არ მაქვს ახლა გუდაურის თავი._გაახსენდა ბოლო “მოხევა” აკაკის
_მაგ პონტში არ გეუბნები. აი ელენესაც ვეტყვი და ჩვენთვის სადმე მშვიდ გარემოში დავსხდეთ, ვისაუბროთ.
_მშვიდ გარემოში…_თვალები ეჭვით აევსო აკაკის.
_შენ თავს ვფიცავარ, სასტუმროდან ცხვირსაც არ გავყობთ.
_კაი წავიდეთ!_დანებდა აკაკი.
გახარებულმა ოთომ ტელეფონი შეუმჩნევლად ამოიღო და მესიჯი გააგზავნა.
“აკაკი უკვე დავითანხმე, ახლა შენი ჯერია!”
“OK”
მოკლედ უპასუხი თაკომ და ანიტას ოთახში შეიჭყიტა.
_გცალია?
_შემო_უთხრა გოგონამ, ლეპტოპი გვერდით გადადო და სათვალე მოიხსნა.
თაკო კართანვე შეჩერდა, თითქოს სიტყვებს ალაგებდა.
_ახლა რაღაცას გეტყვი და იცოდე კარგად დაფიქრდი სანამ უარს მაჯახებ.
_რამხელა შესავალია თაკო, რა ხდება?
_გიგიმ ორი დღით გუდაურში ნომერი აიღო და მარტო წასვლა არ მინდა. შენც უნდა წამომყვე და სანამ უარს იტყვი შეგახსენებ რომ ახალ წელსაც კი თავით იყავი გადავარდნილი მაგ შენს ლეპტოპში და მეორე წელია სიტყვა შვებულებაც კი არ წარმოგითქვამს. დროა ცოტახანი შენც დაისვენო._მიაყარა სიტყვები ერთმანეთს თაკომ.
_ახლა არ მცალია,_მოუჭრა ანიტამ_ მოლაპარაკებები მაქვს, ახალ რეკლამას იღებენ.
_ყველაფერს მაინც ონლაინ აკეთებ, ინტერნეტი იქაც იჭერს…
_თაკო!_თითქოს მკაცრად უთხრა ანიტამ მაგრამ ხმაში უკვე იგრძნობოდა სირბილე.
_გთხოვ! ხელს არ შეგიშლი, უბრალოდ როცა გიგის ვეღარ გავუძლებ და გაქცევა მომინდება მინდა იქ მყავდე…
_როდის?_ამოიხვნეშა ანიტამ და ტელეფონში კალენდარი გახსნა.
_კვირის ბოლოს…
_კარგი, ჯანდაბას!
თაკოს ზედმეტი აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ გადაეხვია დას და ოთხიდან იქამდე გამოვარდა სანამ ანიტა გუდაურში წასვლას გადაიფიქრებდა.
მერე ჯიბიდან მობილური ამოიღო და მესიჯი გააგზავნა
“ანიტაც მზადაა!”



№1 სტუმარი სტუმარი გვანცა

ძალიან მომეწონა. დამაინტრიგებელია. ველოდები შემდეგს, იმედია დიდხანს არ გვალოდინებთ. დილიდანვე ველოდი ახალ თავს. წარმატებებს გისურვებთ

რაც კარგია კარგია. რა დროს შეწყვიტეთ

 


№2 სტუმარი სტუმარი თეო

ძალიან კარგია ,მომწონს და ველოდები შემდეგს♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent