შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიჩუმის დარაჯი


გუშინ, 03:24
ნანახია 128

ხმაური... ქაოსი... ეს ისაა, რაც ყველაზე მეტად მძულს ამ დიდ ქალაქში. ნეტა საერთოდ არ გამოვსულიყავი გარეთ... ნეტა საერთოდ არ გადმოვსულიყავით აქ საცხოვრებლად... ნეტა ბებოსთან დავრჩენილიყავი,“ — ამ ფიქრებში მყოფი ტაისია ჩანთაში ყურსასმენებს ეძებდა. ტელეფონში სიმღერა აარჩია და Opeth-ის „Benighted“-ზე შეჩერდა. იქვე, მაღაზიაში შეიარა, „კიბორჩალას“ კანფეტები და „კაკლის“ ორცხობილები იყიდა და გზას გაუდგა.
მშობლებზე განაწყენებულს ხმაურისგან თავის დაღწევა სჭირდებოდა, ამიტომ მთაწმინდისკენ აიღო გეზი. მის წინ დაახლოებით 23 წლის ბიჭი მიდიოდა, რომელიც ბრაზით მიაბიჯებდა, მუჭშეკრული. ტაისია გვერდით ამოუდგა და თვალი მოჰკრა, როგორ წერდა მესიჯს ისეთი ემოციით, თითქოს კლავიატურას დაამტვრევდა. მხოლოდ ნაწილის წაკითხვა მოასწრო: ეწერა, რომ „გაქრებოდა“. ტაისიას ინტერესი გაუჩნდა და ცოტა შეეშინდა კიდეც — არადა, თავად სულ რაღაც 16 წლის იყო და, წესით, აქეთ უნდა დაეცვა ვინმეს სახლიდან გამოქცეული გოგო.
ტაისიამ ნაბიჯს აუჩქარა. ყურსასმენებში სიმღერის აკუსტიკური ჰანგები ჟღერდა, რაც საოცრად ეხამებოდა ბიჭის დაძაბულ ზურგს. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ფილმში იყო, სადაც კადრი ნელდება, გარშემო მყოფი ხალხი კი მხოლოდ ბუნდოვან ლაქებად იქცოდა.
ბიჭმა მოულოდნელად ვიწრო შესახვევში გადაუხვია, რომელიც პირდაპირ მთაწმინდის ფერდობს მიუყვებოდა. ტაისია ინსტინქტურად გაჰყვა. „გავქრები...“ — ეს სიტყვა გოგონას გონებაში ექოსავით ისმოდა. ბიჭი ტყეში შევიდა და ხის ძირას ჩამოჯდა, სახე ხელებში ჩაერგო. ტაისიას მოეჩვენა, რომ ის ტიროდა. ჯერ შორიდან აკვირდებოდა, მერე კი ნელა ავიდა აღმართზე და თავზე წამოადგა. ბიჭმა გაოცებულმა ამოხედა — ვერ მიხვდა, რა უნდოდა მისგან ამ ბავშვს, თუმცა თავი მაინც დაუქნია. გოგონა წამში ჩამოჯდა მის გვერდით, ხის სქელ ფესვებზე.
ცოტა ხანს უძრავად ისხდნენ. შემდეგ ტაისიამ „კაკალი“ ამოიღო და უთქმელად გაუწოდა.
​ბიჭს გოგონას სიმშვიდე უკვირდა. ვერ ხვდებოდა, რატომ გამოჰყვა ან რატომ იჯდა მის გვერდით, თუმცა უცნაური და სასიამოვნო სიმშვიდე იგრძნო. ბიჭმა ორცხობილა გამოართვა, მაგრამ არ გაუხსნია. უბრალოდ ხელისგულზე დაიდო და თითებით სინჯავდა მის უსწორმასწორო ზედაპირს. ტაისიას არაფერი უკითხავს. მან იცოდა, რომ ზოგჯერ კითხვები უფრო მეტად სტკენს ადამიანს, ვიდრე თავად ტკივილი. ამიტომ, უბრალოდ იჯდა — პატარა, მშვიდი ფიგურა ხის სქელ ფესვებს შორის. ტაისიამ ტელეფონში სიმღერა შეცვალა — ახლა Radiohead-ის „No Surprises“ აჟღერდა. მან ცალი ყურსასმენი მოიხსნა და უსიტყვოდ გაუწოდა. ბიჭმა ყოყმანით გამოართვა. სიმღერის ნაზი ხმები ტყის სიჩუმეს შეერია. A heart that's full up like a landfill... No alarms and no surprises...“ — მუსიკა მათ გარშემო უხილავ კედელს აშენებდა, რომელიც ქალაქის მთელ სიმყვირალესა და სიყალბეს გარეთ ტოვებდა.
​გოგონამ ჩანთა გახსნა, დანარჩენი კანფეტები მათ შორის, ხავსიან მიწაზე დააწყო და ზურგით ხის ტანს მიეყრდნო. მისი მზერა არა ბიჭისკენ, არამედ ცისკენ იყო მიპყრობილი, სადაც ფიჭვის ტოტებს შორის მთვარე მოჩანდა.
ბიჭი უყურებდა, როგორ ეცემოდა მთვარის შუქი მის სახეს. ტაისიამ გახედა და გულწრფელი თანაგრძნობით გაუღიმა— თითქოს ზუსტად ხვდებოდა, რა ჯოჯოხეთიც ტრიალებდა მის გულში. ის მართლაც სიჩუმის დარაჯივით იჯდა — არ სთხოვდა აღსარებას, უბრალოდ უზიარებდა სიმარტოვეს.ბიჭმა დახარა თავი. მისი მხრები, რომლებიც აქამდე დაჭიმული მშვილდივით იყო, ნელ-ნელა მოეშვა. მუჭი, რომლითაც ცოტა ხნის წინ ვირტუალურ სამყაროში ვიღაცას "გაქრობას" უქადდა, ახლა მოდუნებულიყო. ტაისიას სიჩუმე უფრო ხმამაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერი დამამშვიდებელი სიტყვა.
​ასე ისხდნენ დიდხანს. ორი გაქცეული სული — ერთი 16 წლის, მეორე 23-ის — მთაწმინდის ცივ ჰაერზე. ტაისიამ იგრძნო, როგორ შეეხო ბიჭის მხარი მის მხარს. ეს არ იყო შემთხვევითი მოძრაობა, ეს იყო უსიტყვო დასტური იმისა, რომ ჯოჯოხეთმა გადაიარა.
​მთვარე ნელა გადაადგილდა ცაზე. ტაისიამ გაიღიმა — ამ წამს მას აღარც მშობლებზე ბრაზი ახსოვდა და აღარც ის, რომ სადღაც, ბეტონის კედლებში, მისი ოთახი ცარიელი იყო. აქ, ამ სიჩუმის დარაჯობაში, მან საკუთარი თავიც იპოვა.
როცა მუსიკა დასრულდა დიდხანს იჯდა მის გვერდით. უსასრულობაში იყურებოდა ორივე. ტაისია წამოდგა. მან ყურსასმენი ნაზად დაიბრუნა და ქალაქის სინათლეებისკენ მიანიშნა. ბიჭიც წამოდგა. ისინი ერთად დაეშვნენ დაღმართზე. ბიჭი ტაისიას გვერდით მიჰყვებოდა — არა ძალიან ახლოს, მაგრამ არც ისე შორს, რომ მისი დაცულობა ეჭვქვეშ დამდგარიყო. გარეშე თვალისთვის ისინი უცხოები იყვნენ, თუმცა მათ შორის არსებული უხილავი ძაფი ყველაფერზე მტკიცე იყო.
სადარბაზოსთან ტაისია შეჩერდა. ბიჭი რამდენიმე ნაბიჯში გაჩერდა, ზურგით ხეს მიეყრდნო. ტაისია შევიდა და სიბნელიდან გამოხედა ბიჭს. კიბეებზე ასვლისას იგრძნო, რომ მშობლებზე ბრაზი გაქრა.
ოთახში შესულმა შუქი არ აანთო. მივიდა ფანჯარასთან და ფარდის უკნიდან ჩუმად გადაიხედა. ბიჭი ისევ იქ იდგა, ქვემოთ, და მოთმინებით ელოდა. მხოლოდ მაშინ, როცა ტაისიამ წამით შუქი აანთო ნიშნად იმისა, რომ მშვიდობითაა, ბიჭმა თავი დახარა, და ნელი ნაბიჯით გაუჩინარდა.
ვინ იცის რას ფიქრობდა ტყეში, გზაში და უკანა გზაზე..
ტაისიასთვის ის ღამე მისი პირველი სიყვარულის დასაწყისი გახდა, მაგრამ იქნებოდა კი ორმხრივი? ეს ფიქრი არ ასვენებდა ჩაძინებამდე."




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent