ნადირობა (თავი მესამე)
ავტ. შენიშვნა: ნაწარმოებში ხსენებული თემი, სალხინებელი რეალურად არ არსებობს. მასში შეგხვდებათ საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი სიტყვები, წეს-ჩვეულებანი თუ ლანდშაფტი. რიტუალთა ნაწილი გამოგონილია, ისევე, როგორც მმართველობის სისტემა. მოვლენები ჩვენ საუკუნეში ხდება, მაგრამ სიუჟეტის თავისებურებიდან გამომდინარე, მკითხველი შეიძლება დააბნიოს პერსონაჟთა ცხოვრების წესმა და მეტყველებამ. ეს არის სამყარო, სადაც ავტორის ფანტაზია ერთმანეთში აქსოვს ქართულ, ბერძნულ, რომაულ მითოლოგისაც. ამბავი ნახევრად სიურეალისტურია, სალხინებელში შეხვდებით ყველაფერს, რაც ქართულ რეალობაში უკვე გინახავთ. თავი მესამე ბერი შიო მზის ამოსვლას უყურებდა. შემოდგომის თბილი დღე თენდებოდა, ზღვა მომწვანო მინასავით ლაპლაპებდა და ხავსიან ქვებს სწრაფად კოცნიდა. მზე კი ბერს კოცნიდა, თაფლისფრად უფერადებდა თმა-წვერს, თხელი თითები ოდნავ უცახცახებდა შიოს, წყალთან ძალიან უმწეოდ გრძნობდა ხოლმე თავს. ავადსახსენებელი ღამე მოაგონდა კაცს, საცოდავად მოიკუნტა, რაღაცნაირად, თითქოს ძაღლს წიხლი ამოარტყეს და წკავწკავით გახტა გვერდზე. ნაპირს მოშორდა და ჩამოჯდა. მთელი ბავშვობა და ადრეული სიყმაწვილე ამ ნაპირზე, ამ მზის ქვეშ და ამ მარილიანი ტალღების მკლავებში ჰქონდა შიოს გატარებული. საერო ცხოვრება ზღვისთვის მიეძღვნა. სამედიცინოზე სწავლობდა, მაგრამ თვითონ სულ მეზღვაურობა უნდოდა, დედის ნებას დაჰყვა და ჩააბარა. ბეჯითად იზუთხავდა ლათინურად გამოყვანილ ორგანოთა სახელებს, იმახსოვრებდა მყესების, ძვლების, სიხლძარღვების შეერთების ადგილებს, მაგრამ თვალებს როცა ხუჭავდა, მხოლოდ ზღვისა და ქვიშის შეერთებას ხედავდა, ლოდებქვეშ მოყოლილ და ნაპრალებში კაპილარებივით დატოტვილ ტალღებს. შიო საოცრად ცურავდა. ღონეს თითქოს შავი ზღვის ძარღვიდან ამოტყორცნილი ძალა აძლევდა, პოსეიდონსაც კი ეძახნდენ ხუმრობით მეგობრები. ქალაქიდან პირველ მატარებელს მოჰყვებოდა ხოლმე, თითქოს პაემანზე აგვიანდებაო, რომ თავის ძვირფას ზღვას შეხვედროდა. თუმცა, შიო ახლა აღარ ცურავდა, ახლა მარტოდენ შიშით უყურებდა ტალღებს, რა საოცარია, როგორ გადაიქცა ამხელა სიყვარული, ამხელა ტკივილად? მხოლოდ მისი ცქერა შეეძლო, ახლოს ვეღარ მიდიოდა, ვეღარ ეალერსებოდა სანუკვარს. დაინახავდა და მისგან გაქცევა და მისკენ გაქცევა ერთნაირად ეწადა, ამიტომ ერთ ადგილას ჩერდებოდა და იქამდე იდგა ასე, სანამ მზე ბოლომდე არ ამოცურდებოდა და გაშიშვლდებოდა, გაიხდიდა ღამის მუქ მოსასხამს და თავისი იაგუნდისფერი ტანით მოიწონებდა თავს. შორს ფიგურა დალანდა ბერმა. გაუკვირდა, თემის ეს ნაწილი გაუკაცრიელებულიყო, აქ ადამის ძეს იშვიათად თუ შეხვდებოდით. კლდეები მეტისმეტად ფრიალო იყო, ტალღები-მეტისმეტად ღრმა, ნაპირს სალტესავით შემოკრული ტყე-მეტისმეტად უსიერი. თავიდან პირუჩუმრა გაბრუნება დააპირა ბერმა, მერე იჭვნეულად დაიწყო სვლა ამ ადამიანისკენ, იქნებ რამე უჭირს და ხელი უნდა გავუმართოო. მიუახლოვდა შიო, წამით ისიც იფიქრა ბერმა, ჰომ არ მეზმანებაო რამე, გამორიყულ მორზე გოგონა იჯდა, ფეხები აეკეცა და ქარში კაბა და თმა ალმებივით უფრიალებდა. სექტემბრის შუა რიცხვებისთვის დამახასიათებელი ამინდი იყო სალხინებელში, დილაადრიან გრილოდა, მაგრამ შიო მაიმც არ ელოდებოდა, რომ ასე შეაჟრჟოლებდა. თუთა მარშანიას ცარცისფერი სახე თითქოს ვერცხლივით ბრწყინავდა, მზის სხივებს ჯერ მის გალურჯებულ კიდურებამდეც ვერ მიეღწია, შეციებული ბეღურასავით იყო, მაგრამ ხელები ისე დაეწყო, თითქოს სამუდამოდ დაკარგული ხომალდის დაბრუნებას ელოდებოდა. -თუთა!-ფრთხილად დაუძახა ბერმა. გოგონა შეკრთა, მოიხედა და ფეხები ქვიშაში წაყო.-არ მინდოდა შენი შეშინება, ჰომ კარგად ხარ შვილო?-ნაზად ჰკითხა ბერმა და მორზე თვითონაც ჩამოჯდა. გოგომ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, “შვილო” ეხამუშა, რამდენი წლის იყო შიო, ოცდაათის? ოცდათხუთმეტის? თუთასთან შედარებით, ამდენად უფროსიც არ იქნებოდა. ქალმა გაიფიქრა, ორი დღეა გამარტოებისთვის სადაც წავედი, უცნაურ შეხვედრებს ვერ ავცდიო, თქმით კი ესღა თქვა. -რას ბრძანებთ, არ შეგიშინებივართ, კარგად ვარ, სასეირნოდ გამოვედი, მე ჰომ ახლოს ვცხოვრობ! -ასე ადრე ადექი? -არც მძინებია.-ოდნავ დაიმორცხვა.-თქვენ?-ინსტინქტურად იკითხა და ტუჩზე იკბინა, თითქოს ინანა, საპასუხო კითხვა რატომ შევკადრეო ბერს. -მე ადრე ვდგები.-შიო ისეთი ადამიანური იყო, ისეთი მეგობრული და ტკბილი ხმით ლაპარაკობდა, აშკარად არ იწყინა.-მზის ამოსვლის ყურება მიყვარს. -მეც. -ამ წუთას, მზეს სახე მოარიდე.-შენიშნა ბერმა. -ბნელეთის ქმნილებებს აშინებთ მზის შუქი.-გოგონამ ისევ დაუფიქრებლად წამოიძახა და საკუთარ თავზე გაბრაზდა. რაღაც სისულელეებს ლაპარაკობდა უკვე, თანაც, თუთას არ სჩვეოდა ასე, ანგარიშმიუცემლად საუბარი. -შენ ბნელეთის ქმნილება არ ხარ თუთა, შენ ღვთის შვილი ხარ.-თვალი თვალში გაუყარა შიომ. გოგონა აპირებდა დათანხმებოდა და წამომდგარიყო, ზრდილობიანად გამომშვიდობებოდა, მაგრამ სიტყვებმა კვლავაც თავისით იპოვეს მისი პატარა პირი: -იქნებ არ ვარ? იქნებ არ არსებობს ღმერთი, ან მე არ მთვლის თავის ღირსეულ შვილად…იქნებ…-თუთას უნდოდა, პირზე ხელი ეტაცა და გაქცეულიყო. რას სჩადიოდა? ბერთან აგნოსტიკური საუბრის გამართვაღა ეკლდა! მისდა გასაკვირად, შიო არ გაბრაზებულა, არც გაოცებულა. -იქნებ მისი უსაყვარლესი შვილი ხარ? იქნებ ბნელეთი ცდილობს, მზეს შენი თავი წაართვას, იმიტომ რომ მისთვის ყველაზე ძვირფასი ხარ? იქნებ, სწორედ ეგ ბნელეთი არ არსებობს? თუთა გაშრა. -არ ვიცი. -კითხვების დასმა აუცილებელია თუთა, ამის გამო არ დაგძრახავ. არც უფლისადმი შენი დამოკიდებულება მაკვირვებს, ურწმუნო არ ხარ, დაკარგული ხარ, მაგრამ უღირსი არა! შენ არ იცი რას დაეყრდნო და როგორ გწამდეს. - მზრუნველი მამასავით გაუღიმა ბერმა.-მაგრამ თავს იტანჯავ თუთა, თავს იტანჯავ და სულს იფლეთ. ფიქრებით დაიჩხვლიტე ტვინი. -სხვანაირად არ შემიძლია.-გაუმხილა გოგომ.-მინდა, მინდა შემეძლოს, მაგრამ მე…მე ცვალებადი ვარ, ეჭვი მეპარება და ყველაფერი ერთმანეთთან მოდის წინააღმდეგობაში.-ეს ისე სევდიანად თქვა, თითქოს სხვა, ვიღაც საზიზღარ ადამიანს აქილიკებდა. -ახლა გიყურებ და ცისკრის ვარსკვლავს მაგონებ…-დაიწყო შიომ. თუთამ თვალები დაჭყიტა. -ლუციფერს გაგონებთ? ბერს გაეცინა. -არა, ეგ არ მიგულისხმია. ცისკრის ვარაკვლავივით ადრე გაჩენილი სინათლე ხარ, კაშკაშა, შესამჩნევი, როგორ შეიძლება, ღვთის ქმნილება არ იყო? და როგორ შეიძლება, ღმერთის გარეშე იყო გაჩენილი შენ და მთელი ქვეყნიერება? -შიომ ხელით ანიშნა აქაფებულ ტალღებზე.-შეხედე, მერე საკუთარ ანარეკლს შეხედე, სულს ნუ იმძიმებ შვილო ჩემო, ჩემთვის ეს რწმენა ახლა სუნთქვასავით მარტივია. თუთას სახეზე მადლიერებისა და იმედგაცრუების ნაქსოვი პირბადე გადაეკრა. -მეც მინდა მარტივი იყოს, თუმცა, ალბათ სუსტი ვარ.-თავის მკრთალ ხელებს დახედა თავჩაქინდრულმა. -არა, სუსტი არ ხარ, სუსტი მაგ ფიქრებს ყოველ დღე ვერ შეებმებოდა.-დაუყვავა ბერმა. თუთას გულზე უკიდეგანო სიხარული და სევდა დაეძგერა. ბერმა მისი უწყვეტი ბრძოლა აღიარა, ამან გააბედნიერა, თან ტკივილი იგრძნო, ნუთუ ასე ემჩნეოდა? მართლა ასეთი სუსტი იყო? ან ახლა რას ეტყოდა შიო, რომ არასოდეს არ შეეწყვიტა ბრძოლა, რომ საშველი არ იყო, რომ სიცოცხლის ბოლომდე უნდა შერკინებოდა? -თქვენ ამბობთ, სუნთქვასავით მარტივიაო, მე კიდევ სუნთქვაც მიჭირს.-თვალები ოდნავ აუწყლიანდა ქალს. -მე არ ვიცი, რა გადაგხდა თუთა, არც იმას გთხოვ, აღსარება ჩამაბარო, სანთლები ანთო და ილოცო…მაგრამ თუ საუბარი მოგინდება და თვლი, რომ შეიძლება ჩემი თვალით დანახული სამყარო რამეში გამოგადგეს, შეგიძლია მომმართო.-ბერი წამოდგა. -დიდი მადლობა, მე… -არა, ნუ მიხდი მადლობას. წავალ, ცოტას კიდევ გავივლი. -ნახვამდის.-ხმა ძლივს შესამჩნევად აუკანკალდა ქალს. ბერი შეტრიალდა და წავიდა. ანაზდად შედგა, გამოიხედა, მზით გაბრწყინებულ თუთას ისევ გაუღიმა. -ძალიან დიდი ნიჭია, ყველაფრის დანახვის უნარი, ყველაფრის შემეცნების, გააზრების, ყველას თვალებით ყურების, მაგრამ, საკუთარი ხმა და თვალები ეძიე თუთა, შენ არ ხარ ვალდებული, ყველაფერი იცოდე, ყველაფერი გაარკვიო, ყველაფერი გაიგო. -გოგოს სიყვარულით გადასახა პირჯვარი.-ღმერთმა დაგლოცოს! და ქვიშიან ჰორიზონტს შეერია. *** ბატონის საბჭოს დარბაზში უჩვეულოდ ცხელოდა, თითქოს ვიღაცამ ქვაბი ცეცხლზე შემოდგაო, არადა, ბუხარი არ ენთო და ბეშქენსაც ცარცისფერი დასდებოდა. ბიჭი გოროზად იჭერდა მშვენიერ, ქერა თავს. დედისგან მემკვიდრეობით მიღებული თმა და ნატიფი ნაკვთები გუბაზისგან ბოძებულ ბატონურ სისხლს კიდევ უფრო მეტ მედიდურობას მატებდა. ამისდა მიუხედავად, ბატონის ვაჟი დაბნეულს ჰგავდა, მაგიდის მეორე ბოლოში მჯდომ კალეს თვალს არ აშორებდა, უფრო სწორედ, მისთვის თვალის მოშორება არ შეეძლო. გეგონებოდათ, კალე მზეს ჰგავდა, იგი ყველგან იყო, ბეშქენს ვერაფრით აეხსნა ახალი თავადისამდი გაჩენილი ეს დამოკიდებულება. სამაგიეროდ, კალისტრატეს ჰქონდა არაჩვეულებრივი ფერი და სახეზე საოცარი სიმშვიდე გადაჰფენოდა. მის მედიდურობაში მეტი ქედმაღლობა ერია, თვალები ჯოჯოხეთის რკალივით უელავდა. კალე სპილენძისფერ კოცონს ჰგავდა, საბჭოს დანარჩენ წევრებს ზიზღნარევი თანაგრძნობით უმზერდა, თითქოს ებრალებოდა ისინი- როგორც დასაღუპად განწირული ცხვრის ნახირი. მეფისწულივით გაშოტილ ბეშქენსაც დამცინავი ღიმილით ამკობდა. სხდომას ბოლო არ უჩანდა, თუმცა არავინ არაფერ საინტერესოს არ ამბობდა. -ვფიქრობ, ზამთრის მეჯლისი უნდა გავმართოთ!-გამოაცხადა მთლად თმათეთრმა, სიბერისაგან ორად მოკეცილმა თავადმა დადიანმა. -მართლა?-ჟანგიანი დანასავით დაასო ეშმაკურად მოპარპალე თვალები ბაკურ გურიელმა.-შენ შვილიშვილს კი მოსწონს მეჯლისზე ფრიალი, მაგრამ ჩვენ რა სარგებელი უნდა ვნახოთ? აუცილებლობას ვერ ვხედავ, საშობაო ნადიმი ისედაც იქნება, თქვენ მარტო ტურისტებისთვის გინდათ ზიზილ-პიპილოებით მორთული დღესასწაულები! -მერე რა?-წამოიფოფრა შარვაშიძე.-ხალხს მხიარულება მოსწონს, მეჯლისი ყველას უყვარს! ბეშქენმა თავი ძლივს შეიკავა დარბაზიდან გაქცევისაგან. ვის რაში აინტერესებდა ზამთრის მეჯლისი, საშობაო ნადიმი ან, თუნდაც, რთველი? დილიდან საღამომდე რაზე მსჯელობით იქცევდნენ თავს?! -ბატონებო,-შემპარავი ხმით დაიწყო კალემ და ყველა ისე სწრაფად გაისუსა, თითქოს, ერთიანად, მიწამ დაუკეტათ პირი.-ნუ გამინაწყენდებით, მაგრამ არა მგონია მეჯლისი ამდენ დავი-დარაბად ღირდეს! ბევრად მნიშვნელოვანი რამ დგას დღის წესრიგში. იქნებ ვაცადოთ ბატონს ამაზე საუბარი და აღარ გავაბეზროთ ისეთი უმნიშვმელო საკითხებით, როგორიც ლენა დადიანის სამეჯლისო კაბებია? ბაბუა დადიანი აჭარხლდა, თუმცა ენას კბილი დააჭირა. აი გუბაზს კი ისეთი სახე მიეღო, იფიქრებდით სილა გააწნესო. საკითხი, რომელიც ბევრად მნიშვნელოვნად ეჩვენებოდა, საბჭოზე განსახილველად არც მიაჩნდა. ამ ამბის თავადებისთვის მოყოლას სულ არ აპირებდა, თავისითვის უნდა მოეფიქრებინა და ემსჯელა. ისიც არ იცოდა, ბიჭმა საიდან გაიგო მის შესახებ. გუბაზ ანდრონიკაშვილს ტანში გააცია, მრავალი წელი გასულიყო მას შემდეგ, რაც სალხინებელში ვიღაცამ რაღაც ისე გაიგო, რომ ეს ცნობა მისთვის გუბაზს არ გადაუცია. უეცრად, კიდევ უფრო მეტად აღელდა, ვინ იცის, იქნებ, ხსენებული ამბავი კალემ გუბაზზე ადრეც კი შეიტყო? -მადლობა ყმაწვილო!-“ყმაწვილო” ხაზგასმით, ლამის ღრენით წარმოთქვა ბატონმა. კალეს საღეზე სიამოვნებისგან მოგვრილმა ღიმილმა გადაჰკრა და თავი მდაბლად დაუკრა, მაგრამ თვალები არ დაუხრია. -რა ხდება?-წამოიწია ბეშქენი. მამის მზერა ჭვალივით დაესო. გუბაზი ვერ იტანდა, როდესაც ბიჭი რაღაცისადმი უცოდნირობას ამჟღავნებდა, თანაც ყველას წინაშე. პირდაღებულ დოყლაპიას აგონებდა ბეშქენი მამას, ბატონისთვის შეუფერებლად სულელი იყო. -ზამთრის მეჯლისი გაიმართება, ჯერ-ჯერობით, მეტს ვერაფერს ვერ მოგახსენებთ.-ბატონი მხრებში გაიშალა.-არის რაღაც, რასაც შემდეგ შაბათს გეტყვით, მანამდე მინდა, ყველამ დაკრიფოთ ყურძენი. ოთახს ზუზუნმა გადაუარა. ბატონს უარი ვერავინ გაუბედა, მაგრამ თავადები სექტემბრის ბოლომდე ვენახში არასოდეს შედიოდნენ. -მაგრამ…-ძლივს ამოთქვა რომანოზ აბაშიძემ.-რთველს მე ოქტომბრის დასაწყისში ვგეგმავდი. -წელს რთველი არ იქნება!-ისე მოულოდნელად მოუჭრა კაცმა, რომ რომანოზი გაშრა.-უბრალოდ, ყურძენი დაკრიფეთ. -რატომ არ იქნება?-თავი ვეღარ შეიკავა ბეშქენმა. -დაიცადე ბეშქენ, დაიცადე და ყველა კითხვაზე გავიგებთ პასუხს.-ცბიერად გაუღიმა კალემ. ბეშქენს მძაფრი სურვილი გაუჩნდა, ცხვირ-პირი ერთიანად მიენგრია მისთვის. -მართალია.-ამჟავებულიყო გუბაზი და შვილის კარგად შენჯღრევაზე უარს არ იტყოდა.-ჯერ შეასრულეთ ჩემი ბრძანება და მერე ყველაფერს გაიგებთ. რამდენიმეს რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ ხმის ამოღება ვეღარავინ შეძლო. გუბაზი განრისხებული ეჩვენათ, თუმცა შეხვედრა მყისიერად დასრულდა. -დამტოვეთ მეგობრებო, სალოცავში ვაპირებ ასვლას და მინდა, ცოტა ხანს განვმარტოვდე.-სკამიდან წამოდგა ბატონი. თავადნი უხმაუროდ წამოიშალნენ, ჩურჩულით გაიკრიფნენ დარბაზიდან და გუბაზს არ გამორჩენია, როგორ საზარლად დასთამაშებდა კალეს ტუჩებზე გამარჯვებისა და ირონიისაგან მოქსოვილი ყალბი ღიმილი. ნათელა შარაზე შეგროვებულ კენჭებს დაკოჟრილ, მოხატულთითებიან ხელში ათამაშებდა და უსტვენდა. სახეზე ნაადრევად გასჩენოდა ნაოჭები, თვალები აქეთ-იქეთ გაურბოდა, ჭაღარაშეპარული თმა გასწეწვოდა. ვერ გაიგებდით, რა ასაკის იყო ქალი. ეტყობოდა, რომ სიბერისთვის წელთა სიმრავლე ნამდვილად აკლდა, ყმაწვილური ღონით სავსესა და მკვირცხლს ხეტიალისაგან მზე მოჰკიდებოდა, კანი გამოშრობოდა და მოტეხილიყო, მაგრამ ხნიერი მაინც არ გახლდათ. საღამო დგებოდა, სალხინებელში აცივდა, ნათელას თავის ბინძურ ჭინჭებში ზამთარ-ზაფხულ გრილოდა, მაგრამ ლამის გაუხდელად ატარებდა ერთი და იგივე სამოსს- თხელ, ნაღალატევი მიჯნურის გულიცით დაფლეთილ ჩითის კაბას, გრძელ, ჩამოძონძილ, ნაქსოვ ჟაკეტს, მომძვრალი და დამტვრეული ღილებით შემკულს, ზოლებიან ნაქსოვს წინდებსა და ისე ძლიერ შელანძღულ ფეხსაცმელს, რომ მისი პირვანდელი ფერის ან ფორმის დადგენა შეუძლებელი გამხდარიყო. მარჩიელი თავისი ქვების თვალიერებაში გაერთო და რაღაცას შუბლით შეასკდა, უკან გადავარდა და კენჭები ხელიდან ჩხარუნით დაუცვივდა. ორივე ხელისგული გადაეყვლიფა და სიმწრისგან წამოიყვირა. ეს “რაღაც” ახალგაზრდა კაცი აღმოჩნდა. თავად ზურგით იდგა და ხელში ოხშივარავარდნილი ჭიქა ეჭირა. კაცი მკვეთრი მოძრაობით შემობრუნდა და ნათელასკენ დაიხარა. -უკაცრავად, იტკინეთ რამე?!-თან ქალის წამოყენებას შეეცადა. ნათელა დამდღურულივით გაიწია და წამოვარდა. -არა, არა! ჩემი ბრალი იყო!-სისხლიანი ხელით დაიფერთხა დამტვერილი კაბის კალთა. -მგონი დაშავდით.-კაცს მომხიბლავი სახე ჰქონდა, ხშირი და ლამაზი წვერი, თავისი წამოზრდილი თმასავით ღია თაფლისფერი. -ოჰ, ეს არაფერია გენაცვა!-მარჩიელმა შენიშნა, კაცი უცხო უნდა ყოფილიყო. აქაურებიდან ჰომ ყველას იცნობდა?! თუმცა, ვიღაცას აგონებდა კიდეც. -ბექა ბარათაშვილის ბიჭი ჰომ არა ხარ? -დიახ,-გაუღიმა ქალს.-კალისტრატე ვარ, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. -გაგიქრეს თავი!-ჩაიცინა ნათელამ.-ბაბუაშენმაც ეგრე იცოდა, ხეებს უყურებდა ხოლმე, მაგიტომ იყავი შუა ქუჩაში ჩამომდგარი? -გამომიჭირეთ!-დაუმოწმა კალემ, ოხშივარავარდნილი სითხე ცხელი ყავა აღმოჩნდა, მისმა სურნელმა მარჩიელს ცხვირში შეუღიტინა. -სადაა მამაშენი? რამდენი წელია აქეთ არ ყოფილხარ?!-ტიტინს აგრძელებდა ნათელა. -ბაბუას გარდაცვალების მერე აღარ ჩამოვდიოდით, დღესასწაულებსაც ბიძაჩემი ესწრებოდა. -ნიკას მე ვუთხარი, ცოლს რო მოიყვანდა!-თვალები აენთო ნათელას.-მომე აბა ხელი! კალე დაიბნა და ინსტინქტურად, ხელი მომუშტა. -იყოს, ბედს მივენდობი.-თავაზიანად იუარა.-მაგრამ მადლობა! -ისე არ გაგიშვებ!-თავისას მიერეკებოდა მკითხავი და ნაქსოვ, ბადესავით მოწნულ ჩანთაში იჩხრიკებოდა.-წამო!-ბიჭს უბოდიშოდ ჩაავლო ხელი და ჩრდილში, ხის მაგიდასთან მიიყვანა. -მსგავსი რამეების არ მჯერა.-უკვე მოთმინება ელეოდა კალეს. თან შეამჩნია, შეხებისას როგორ შეკრთა ქალი.-მაგვიანდება, მართლა…-ყველანაირად ცდილობდა, უხეშად არ გამოსვლოდა. -ორი წუთი! სულ ორი წუთი მინდა!-შეჰკივლა ნათელამ და ბანქოს დასტა ამოაძვრინა. უცნაური ნახატები დაინახა ბიჭმა. კალე დაჰყაბულდა, იფიქრა, უფრო მალე დამანებებს თავსო და გამხმარი ფოთლების ცქერას მოჰყვა მანამ, სანამ ქალის თითები კარტს კარაქივით დღვებდა. -ძალიან მძიმე გზა გელის.-შუბლი შეიკრა.-აქ, აქ რაღაცის გამო ჩამოხვედი, მაგრამ, ხელი მოგეცარება. კაცი გამოერკვა და ნათელას ოდნავ დაინტერესებით მიაჩერდა. -ბნელი, ბნელი გზა აგირჩევია, ძალიან დიდ რაღაცას შეეჭიდე და დახმარების გარეშე, არაფერი გამოგივა. -ნათელამ კარტი ისევ მოურია.-შენ ვიღაცას შეხვდი, ალბათ ქალია…-მკითხავი ჩაფიქრდა. -ლამაზია?-მხიარულად ჩაეკითხა კალე. წამით, სულ ერთი წამით შეშფოთდა, მაგრამ, აი, რა უაზრო იყო ეს აღელვება! მკითხავი მკითხავთათვის მახასიათებელ ზღაპრებს მოჰყვა. -ცხოვრებას დაგინგრევს.-არც აცია, არც აცხელა, მშრალად აჯახა.-მის გამო ჩაგეყრება გეგმები წყალში. ერიდე, ერიდე ამ ქალს, დაგაღალატებს და გაგწირავს…შენც, შენც გაწირავ.-ნათელამ შუბლი უფრო შეჭმუხნა. -რა სამწუხაროა.-ჩაიბურტყუნა კაცმა. -საფრთხე გელოდება, მასაც მხოლოდ ხიფათს მოუტან, ისიც ხიფათს მოგიტანს. ვახ! საკვირველია!-ხელი ხელს შემოჰკრა. -რა?-უხალისოდ ჩაეკითხა კალე. - ხშირად, ან ერთია ხოლმე უბედურების მომტანი, ან მეორე, აქ ვხედაც, რომ ორივე ხართ. ჯერ ის გაგექცევა, მერე შენ გაექცევი, არ ვიცი, ამისთანა რას გააკეთებთ, მაგრამ ყველაფერი ინგრევა, რღვევა…ქაოსი! -ვაგლახ, მეგონა მეც ბედი გამეხსნებოდა! -ისევ გაიხუმრა კალემ და წამოდგა. -არ გეყურება შენა მგონი!-გაუჯავრდა ნათელა.-ფრთხილად იყავი ბიჭო! ფრთხილად, ღამეს ერიდე, მთვარეს ერიდე! -ცოლს არ მოვიყვან და ეგ იქნება!-ლაღად დაუქნია ხელი გამომშვიდობების ნიშნად. -უკვე ხარ ბედნაცვალი. კალეს რაღაცნაირად გააჟრჟოლა, მაგრამ თავი გააქნია და ნათელას გამკილავი თვალები ზურგს უკან დატოვა. *** თაია თუთას საწოლზე მიწოლილიყო, ნებიერი კატასავით მოკალათებულს ოქროსფერ, სახეზე ჩამოყრილ თმაზე დაისი დასთამაშებდა. თხელი, ლამაზი კიდურები მოეკეცა და თასიდან ყურძენს ნეტარებით ჭამდა. თაია ძალიან ლამაზი გახლდათ, თითქმის გამჭვირვალე, წყაროს წყალივით სუფთა და კრიალა თვალები ჰქონდა და ვარდისფერ ბაგესა და ღაწვებზე ბავშვური, უმანკო ღიმილი დასთამაშებდა ხოლმე, მაგრამ ახლა რაღაც ნაღვლიანი ღრუბელი გადაჰფარებოდა მის ატმის ყვავილისფერ სახეს. -ეს?-თუთამ მუქი ბორდოსფერი კაბა ჩამოხსნა. -მაგაში ძალიან მკვდრისფერი გამოვჩნდები.-თავი გააქნია თაიამ. -არ გამოჩნდები, წითელ პომადას თუ წაისვამ!-მიუგო გოგომ და კაბა ლამის სახეში ესროლა.-მიდი, მოიზომე. თაია ზლაზვნით წამოიმართა და დაამთქნარა. -ძალიან მეზარება, მგონი არ მინდა წამოსვლა. -გინდა! დავლევთ, ცოტას გავხალისდებით, ამ ბოლო დროს, თუ დააკვირდები სულ მგლოვიარე სახით დავდივართ, არ შეიძლება ასე! გოგომ ამოიხვნეშა და მეგობარს გახედა. -თაი, ჰომ იცი, მე არაფერს არ გაძალებ, არ წამოხვიდე, თუ არ გინდა.-მოლბა თუთა.-მაგრამ მე მინდა, რომ იქ იყო. ჩემ გასახარებლად და ხათრით ნუ წამოხვალ, უბრალოდ, არა მგონია სახლში ჯდომა და გაუთავებლად ფიქრი კარგი იყოს. -ვიცი, ვიცი.-გოგონა წამოდგა და კაბა სწრაფად გადაიცვა. -ნახე, როგორ გიხდება! ბორდოსფერი შიფონის გრძელი მკლავები მართლაც საოცარ იერს სძენდა თაიას, გედივით მოღერებულ კისერს კიდევ უფრო მეტად კვეთდა კაბის ოთხკუდხედად ამოჭრილი გულისპირი. -კი, კარგია.-უგულოდ ამოთქვა.-შენ? -ასე წამოვალ.-სამოსზე დაიხედა თუთამ. -ოო, არა! გამოიცვალე შენც. თუთამ რაღაც დაიფრუტუნა და ისევ კარადაში შეყო თავი. -კატო სადაა? -პირდაპირ მარანში მოვა. - ბეშქენის მიღებას ყველა გამოვტოვებთ.-თაიამ პატარა სარკე ამოიღო ჩანთიდან და ისევ საწოლზე ჩამოჯდა. -როგორ მწყდება გული, ბატონის პრინცს ძალიან მოენატრებოდა ჩვენი რევერანსები.-წაისისნა თუთამ.-მეზიზღება ამ თავადების მანჭვა-გრეხა, აღარ იციან, რანაირად ელაქუცონ გუბაზს. გულისამრევად დაჰყვებიან ხოლმე კუდში.-გოგომ თმაზე ისეთი ძალით ჩამოისვა სავარცხელი, რომ თაია დაიფიცებდა, სკალპის ჩხაპნის ხმაც კი გავიგეო. -რას ვიზამთ, სალხინებელს ძალიანაც მოსწონს გუბაზი, ბეშქენთან შენი დანახვა კიდევ ყველას უბრალოდ ყოფილი შეყვარებულების ამბავი ეგონება მაინც. კარგია, რომ ჩვენ არ მივდივართ.-დაამშვიდა გოგომ მეგობარი. -ჰო, როგორ შეიძლება, ერთპიროვნულ მმართველობასთან გქონდეს პრობლემა?! მთელ წყობას მარტო იმიტომ გადავეკიდე, რომ თექვსმეტი წლის ასაკში ბეშქენს ცოლად ვერ გავყევი!-დამცინავად გამოაცხადა ქალმა.-რა ვიწროდ უნდა აზროვნებდე, როგორი ბრმაა ყველა! -უფრო ბედნიერები არიან.-დანანებით თქვა თაიამ.-ჩვენ სული გვეხუთება აქ, ადგილს ვერ ვპოულობთ, არაფერი გვაკმაყოფილებს, მაგათი ბედნიერება კიდევ მართლა შვილებსა და ოჯახის შექმნაზე გადის. -და იმაზე, რამდენჯერ გაუღიმებთ ბატონი. -შენ დღეს მხოლოდ პაატა გაგიღიმებს.-ეშმაკურად აუთამაშდა თაიას თვალები. -მადლობა, რომ გამახსენე,-დაიჯღანა თუთა და გაეცინა.-სასმელი იქამდე ამაცალე, სანამ პაატა მომხიბვლელი მომეჩვენება. -ვეცდები, თუ სადმე დარდიანი არ მივწექი და ჩემ სიყვარულზე არ მოვრთე ბღავილი. -შეგვიძლია ერთად ვიტიროთ.-შესთავაზა თუთამ.-კატოც არ გვეტყვის უარს. მეგობრებს გაეცინათ. -თავი უკვე სულელი მგონია.-ტუჩი მოიკვნიტა თაიამ.-რამდენი თვეა, საერთოდ არ შემხმიანებია, მე კიდევ ერთგული ლეკვივით ისევ ველოდები.-და ლამაზი თავი ხელებში ჩარგო. -გაჩერდი რა! არ ხარ სულელი. სიყვარული შეგიძლია, ჩემგან განსხვავებით.-თუთას სახეზე ჩრდილმა გადაჰკრა.-მე ყველა მაშინვე მავიწყდება, მგონი მართლა უგულო ვარ, ვერავისზე ვეღარ ვდარდობ. მაინც ვიტანჯები და არ ჯობია სიყვარულისგან ვიტანჯებოდე?-მეგობარს მხარზე დაადო ხელი.-მე იმდენად კარგად ვიცავ თავს გულისტკენისგან, რომ ჩემი გულის გატეხვა მხოლოდ მე შემიძლია, ერთობ ტრაგიკული და საცოდავია ასეთი ყოფა. -შენ ძლიერი ხარ, მე კიდევ ჩერჩეტი.-ჩაიდუდღუნა თაიმ. -შენ ბევრად ძლიერი ხარ. შეგიძლია ადამიანს სული და გული მთლიანად იბოძო, ყველაფერი გარისკო და სასწორზე შეაგდო, შენი სიყვარულით არავის ევაჭრები, თავსაც კარგავ. მე მხდალი ვარ და ყველა ღიმილს საპასუხო ღიმილში ვცვლი, სულ სხვებს ველოდები, სულ ვიპრანჭები და არავისზე გული არ მიმდის.-თუთას ხმაში ზიზღი გაერია.-თუ იმპულსურად ვიქცევი, მარტო მაშინ, როცა მინდა საკუთარი თავი შემძულდეს. -ნახე, რა დღეში ვარ?!-თაიას ცრემლებით დამბალ სახეზე სიცილმა იჭექა. -არ ინერვიულო, ჩემო ჰაჩიკო, შენ ტანჯვას აზრი მაინც აქვს!-ბეჭებზე დაუტყაპუნა თუთამ ხელი. -ვერ ვიტან, როცა მეტირება.-ცრემლები უხეშად მოიწმინდა თაიამ. -ვერც მე, მაგრამ ტირილი კარგია, ემოციები უნდა გამოხატო, რათა ქვად და კირქვად არ იქცეს შენ შიგნით. -გასვლამდე ორი ჭიქა ჰომ არ დაგველია?!-შესთავაზა მეგობარს. -მაგაზე უარს როგორ გეტყვი?-თუთამ გადაიკისკისა და გრაფინს მოსატანად გავარდა. *** დიონისოს მარანში საშინლად ცხელოდა და სასმლის ოხშივარი იდგა. მარანი სინამდვილეში დუქანს უფრო ჰგავდა, გრძელ, პრიალა ბარს საყურიანი ბარმენი მისდგომოდა და ღვინის ბოთლს გაცხარებით წმენდდა. ხის სკამები ქვით ამოყვანილ კედლებს მშვენივრად ეხამებოდა, პატარა მაგიდებზე მოქარგული გადადასაფარებლები ბრწყინავდა. ბლომად შეხვდებოდით შავ-თეთრ სურათებსაც. ერთ-ერთ ასეთ სურათზე ამაყად ყელმოღერებული ჯეირანი ჩანდა. ფოტოზეც კი ემჩნეოდა საოცარი გრაციოზულობა და პირმშვენიერს, ორთავე მუქი თვალი რაღაც არამიწიერი სხივით ჰქონდა გაბრწყინებული. ლადო კალეს სვავივით ჩაჰფრენოდა და თავისი მაგიდისკენ მიათრევდა. ბიჭები ერთმანეთს გუბაზთან შეხვდნენ, აწრიალებულმა ლადომ გაანდო, დღეს დასალევად მივდივართ, ჩვენი მეგობარი ქალაქიდან ჩამოდის და აღნიშვნას ვაპირებთო, მერე ჩააცივდა, შენც აუცილებლად უნდა წამოხვიდეო. კალემ თავაზიანად უთხრა უარი, ლადო არ მოეშვა, თაია და თუთაც იქნებიან, საკვირაო სკოლაში, რომ გაიცანი და ყველას გაუხარდება, ახალად ჩამოსული კაცი ხარ, უნდა გიმასპინძლოთო, სალხინებლის კულტურად გაზიაროთო. მოკლედ, იმდენ ხანს უჩიჩინა, სანამ კალე არ დაიყოლია და ახლა მარნის შესასვლელში, ვიღაცას ემასლაათებოდა. სანამ ლადო ენას არ აჩერებდა, კალე უგერგილოდ ათვალიერებდა გარემოს. გულის სიღრმეში, თუთას ნახვის სურვილმა სძლია, მაგრამ არ უნდოდა გოგონასთვის კუდში ედივნა, ასე ვერც თუთას ყურადღებას დაიმსახურებდა და ვერც დიდად ღირსეულად წარმოაჩენდა თავს. თუმცა, სალხინებლის ახალგაზრდების ეს ჯგუფი ძალიან განსხვავდებოდა სხვებისაგან, მარანსაც ეტყობოდა თანამედროვე სამყაროსთან შერწყმის კვალი, აქაურობა ნახევრად ბარს უფრო აგონებდა კალეს. -აბა, შეხვედრამდე!-მკვირცხლად დაემშვიდობა ლადო თანამოსაუბრეს. -ინგლისელი დედა და ქართველი მამა ჰყავს ამას!-თავით ანიშნა გასულზე ბიჭმა.-უკვე სამი წელია, შემოდგომას სალხინებელში ატარებს, ფოტოგრაფია, ამეებს ეგ იღებს ხოლმე. -საინტერესო ნამუშევრებია.-შენიშნა კალემ და კუთხეში დაკიდულმა ჯეირანმაც შემოანათა. საკვირველია, მაგრამ ზუსტად მის ქვეშ, თუთა იჯდა. პირველი რაც კაცს თვალში მოხვდა იყო თუთას გრძელი თმა, რომელიც ამჯერად სწორ ჩანჩქერად ეშვებოდა მის მკლავებზე. გვერდს თაია და კატო უმშვენებდნენ. კალე კატოს არ იცნობდა, მაგრამ არც მისი დიდი, შუაღამის ცასავით მუქი თვალების ელვარება არ გამორჩენია. გოგონა ტანთხელი და თითქოს ნაძერწი იყო. ურჩი კულულები მაღლა აეკეცა. გულიანად იცინოდა და თუთას მსუბუქად ურტყამდა ხელს. თითქოს ვიღაცას ველური ცეცხლი კატოში დაემწყვდია. თაიაც არაფრით ჩამოუვარდებოდა, გედს წააგავდა და ღიმილისას ისე უციმციმებდა თვალები, რომ მათი ფერის დადგენა შეუძლებელი იყო. ამის მიუხედავად, თუთას თავისი მეგობრების სილამაზე კი არ ჩრდილავდა, პირიქით, თითქოს მათ სხივებში ჰხვევდა და კიდევ უფრო ალამაზებდა. კალემ თვალის ერთი შევლებით დაინახა დანარჩენი ორი, მაგრამ, როდესაც ისევ თუთას შეხედა, გაიფიქრა, რომ მისგან გახედვას ვეღარ შეძლებდა. თუთას ღიმილი აქამდეც ეხილა, თუმცა გოგონას კისკისი ახლა ყურს სჭრიდა. თავს უკან აგდებდა, ბედნიერს ჰგავდა, ძალუმად ბედნიერს. კალეს ეგონა, რომ სუნთქვა დაავიწყდა. -აგე!-წამოიყვირა ლადომ.-იქ სხედან! თუთა! კატუშ! ბიჭმა მძიმედ გადადგა ნაბიჯი, მთელი დღე მასთან შეხვედრა ეწადა, მაგრამ ახლა ფეხები ტყვიასავით დაუძიმდა. -სამი სადღეგრძელო გამოტოვე!-კატუშამ დაიჭყიპინა და ჭიქა გაუწოდა. -ეს კალეა. ჩვენი კატუშა!-რიხიანად წარუდგინა ლადომ ერთმანეთს.- პაატას და მეგის ისევ აგვიანდებათ? -სასიამოვნოა!-ენერგიულად ჩამოართვა კატომ კალეს ხელი და ლამის მკლავი ჩამოჰლიჯა. -დასხედით, მოვლენ მალე.-ჭიქები შეავსო თაიამ. -როგორ გეკადრებათ! ჩვენ დავასხამთ.-ღიმილით გამოართვა კალემ. -ოჰოო, აი მესმის მანერები!-გაიცინა კატომ. -ნამდვილად, რა ვაჟკაცურია!-ახვიხვინდა თაიაც. -რა გალანტურობაა!-ჩაერთო თუთაც. თვალები შეეღება და ბაც სინათლეზე გარეული კატასავით გამოიყურებოდა. უმკლავებო, ვიწრო ზედა ეცვა და თმა მანტიასავით უფარავდა შიშველ, თეთრ მხრებს. -თქვე უმადურებო!-აღშფოთდა ლადო.-თითქოს არასოდეს არაფერი მიკეთებია! -იყუჩე ლადო.-შეაწყვეტინა თუთამ. -აქ ჯაზს არ ველოდი.-გამოტყდა კალე და სასმელი წარბშეუხრელად მოსვა. -ოჰ,-წარბი ასწია თუთამ. კატომ მეგობარს მაგიდის ქვეშ მწარედ უჩქმინტა.-რატო ვითომ? პაპუასები გგონივართ?! -რას ბრძანებთ!-გულზე ხელი დაიდო ბიჭმა.-პირველად რომ ვიყავი, მაშინ ჩაკრულო ჟღერდა და გამიკვირდა, ესაა და ეს. -დიონისო ცდილობს არ გადაამლაშოს.-აუხსნა კატომ. -დიონისო? -კი, დიონისო მესამე.-ჩაერთო თაიაც.-მარანი მრავალი წელია არსებობს, მის დიდ ბაბუას, მართლა დიონისო ერქვა. -და ეს სახელი გადადის მამიდან შვილზე. ბოლო დიონისომ, ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველად გადააქცია აქაურობა და ინტერიერშიც რაღაცები შეცვალა. სალხინებელში ახალგაზრდებიც ბლომად ვართ, ამიტომ ახლა აქ ყოველდღე შედარებით მეტი ადამიანი დადის.-დაასრულა თუთამ. -სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონს. იდეალური ბალანსი უპოვია.-ღიმილით თქვა კალემ. -აჰა, მოვიდნენ!-თავისებურად დაიყვირა ლადომ და მეგის და პატაატას ხელით ანიშნა. პაატა მომცრო ტანის ბიჭი იყო და წარამარა თვალს თუთასკენ აპარებდა. მეგი, როგორც კალეს მოახსენეს, ქალაქში ცხოვრობდა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებს სწავლობდა. ისიც მათი კლასელი იყო. სხვებოსგან განსხვავებით, მეგი უფრო ჩუმი გახლდათ, ირიბად აჭრილი, ერთობ დამატყვევებელი თვალები ჰქონდა და ისეთი წარმტაცი ღიმილი, რომ მის გვერდით კბილების გამოჩენის შეგრცხვებოდა. კალემ დანანებით გადახედა ისევ თუთას და მწარედ გაჰკენწლა ფიქრმა, რომ თუთას გარდა არავის ცქერა აღარ უნდოდა. ყველა გვარიანად შეთვრა, ქეიფი უკვე ზღვარსაც გადადიოდა, კალე ელოდებოდა, რომ ამდენ უცხო ადამიანში თავს უხერხულად იგრძნობდა, მაგრამ მათ მოყოლილ ისტორიებს გულწრფელი ინტერესით ისმენდა. მეგობრებმა გუდას პირი მოხსნეს და აღარ გაჩერდნენ. თურმე, თუთას სულ გული მისდიოდა სკოლაში და ყველგან იქცეოდა, კატუშას მავნე ხუმრობები სჩვეოდა და დირექტორსაც შემოელანძღა, თაიას სკოლაში ვინმე ნუკრი მოსწონდა და ჯულიეტას დარად, სკოლის ეზოში ჩუმად ხვდებოდა. ამ მხრივ, კატოც არ იყო გამონაკლისი, მის მაშინდელ შეყვარებულ ბერდიას, რომელიც სხვა სკოლაში სწავლობდა, ნაძვებს უკან მალავდნენ ხოლმე უფროსების თვალის ასახვევად, მაგრამ ბერდია დევივით ახმახი ბრძანდებოდა და და ნაძვნარში ბაჭიასავით ჯდომა სულ არ ეპიტნავებოდა. მეგი ბიჭებზე მაღალი იყო და მხოლოდ თავისზე უფროსები უვარდებოდა გულში, ისეთები, ვინც სალხინებელს მხოლოდ ზაფხულობით სტუმრობდნენ. გაკვეთილზე ხშირად ხატავდა მასწავლებელთა კარიკატურებს, რომელთა ავტორობასაც ლადო რაინდულად იბრალებდა და ისჯებოდა. პაატას თურმე საქმეების გარჩევა უყვარდა და თუთას თაყვანისმცემლებს დასდევდა ჩუმად,”პასუხის მოსათხოვად”. -თაია ყველა დავალებას ჩემგან იწერდა! ერთხელ, სახელი და გვარიც კი გადაიწერა.-სულს ვეღარ იბრუნებდა კატო. -თუთა კიდევ ისეთი ავი იყო, ყველა ბიჭს გვითხრა, რაღაც ეკლიანი ბუჩქის ნაყოფს ვინც მომიმტანს, იმას შევიყვარებო.-გაიხსენა ლადომ.-თავ-პირი დავიკაწრეთ და მივუტანეთ. არ გამოგვართვა, მივიდა, შეყო ხელი, მოწყვიტა და სახლში წაეთრა! კალემ ღაწვებშეფაკლულ თუთას გადახედა, სასმლისა და ამოდენა სიცილისგან გოგონას ძლივს ნორმალური ფერი დასდებოდა. -ვინ დაგაძალათ? -მხრები აიჩეჩა გოგომ.-როგორც ჩანს, ჩემი გულისკენ მიმავალი გზა ეკლიანია.-და რატომღაც, უნებურად თვალი კალესკენ გააპარა. თუთა გაშრა, კაცი მთვრალი თვალებით ისე ურცხვად უყურებდა, თუთას ეგონა ისევ ნახევრად შიშველი და გაწუწული ვდგავარო მის წინაშე. ქალი ქოშინით დაბრუნდა მაგიდასთან და ნატკენი კოჭი დაიზილა. გული გამალებით უცემდა და ყურები უგუბდებოდა, ოთახი ქვაბივით გახურებულიყო, გაბრუებულს და დაღლილს სასმელი მთელი ძალით აწვებოდა და საფეთქლები სტკიოდა, თუმცა მაინც ჭიქას დასტაცა ხელი და სულმოუთქმელად გადაჰკრა. -ყოჩაღ შენ!-კაცი ანცი ღიმილით მიუჯდა.-არ მეგონა, ამდენს თუ დალევდით. თუთამ ამღერებულ კატოს და თაიას მოწკურული თვალებით გახედა. -შენც არა გიშავს, გცოდნია ქალაქელის კვალობაზე სმა.-მიუგო კალეს და საჭმელს გადასწვდა. -ლოთივით უნდა გადაძოვო სუფრა?-არხეინად გააგრძელა კალემ. -უკვე ხელს მიშლი.-მოუჭრა გოგომ. -არასოდეს მინახავხარ ასეთი, უცნაურია, თურმე რამდენნაირი შეიძლება იყო.-ჩაფიქრდა კაცი. -ჯერ ერთი, სულ ორჯერ გინახივარ,-თეფშს თავი ანება თუთამ.-მეორე, მეგობრებთან და ახლობლებთან ადამიანი უფრო გახსნილია, ვიდრე ვიღაც უცხოსთან. -ანუ ყველას გვიკეთია ნიღბები?-იქედნურად ჩაიჩურჩულა კალემ. -კი.-რიხიანად აჯახა.-განა იმიტომ, რომ ყალბი ხარ, უბრალოდ, როგორ შეიძლება ყველასთან ერთნაირად მოიქცე? ახლობელს რაღა განასხვავებს სხვებისაგან, თუ ნებისმიერ საზოგადოებასა და სიტუაციაში ერთნაირად მოეპყრობი გამვლელსაც, მეგობარსაც და ოჯახის წევრსაც?! -არა, გეთანხმები, ნუ მეჩხუბები.-ნაზად წაიღო გოგონას თმისკენ ხელი, თუმცა შეუმჩნევლად გეზი შეუცვალა და თავის ჭიქას მოსჭიდა თითები. თუთას თვალებში გაურკვეველმა ემოციამ გაურბინა, გეგონებოდათ ცეხცხლმა ნაპერწკლები გაყარაო, თუმცა პირი მაგრად მოკუმა და სალათის ფურცლის ძიძგვნით გაირთო თავი. -პაატას მოსწონხარ.-ისევ დაარღვია კალემ დუმილი. -რამე ახალი თქვი. -ლადოსაც. გოგონამ ზიზღნარევი მზერა მიაპყრო. -რა გინდა? ჩემზე ცნობებს აგროვებ?! -ფაქტებს გიზიარებ. -ნერვებს მიშლი. -რატომ გეშლება? -წადი რა კალე, იცეკვე! იასაულივით ნუ დამადგები ხოლმე თავზე.-ხელი ხარაბუზასავით აუქნია კაცს. -ჩემი გეშინია თუთა?-ხმა დაუსერიოზულდა კალეს. -მუხლები მიკანკალებს შიშით.-წარბები კეფამდე გადაეწია თუთას. -მგონი გეშინია, კი, გეშინია არ მოგეწონო, ნამდვილი ემოციების გარეშე ფლირტი გიყვარს, მაგრამ მართლა ვინც გაღელვებს ჭირის დღესავით გეზიზღება. შენ გაგიმარჯოს!-ჭიქა ასწია. თუთას წამით გადასძვრა ირონიის პირბადე და ნერწყვი მძიმედ ჩაყლაპა. კალე საინტერესო კი არა, ყოვლად აუტანელი ეჩვენებოდა ახლა, თანაც ძალიან მთვრალი იყო და უდიდეს ძალისხმევას ხარჯავდა იმაში, რომ ეს სიმთვრალე რამენაირად დაეფარა. პირი ნაპირზე ამოგდებული თევზივით დააფჩინა, თითქოს ხორხში მუშტი ჩააზილესო, ჰაერი ხრიალით გადაყლაპა. -მომწონხარ კი არა, უკვე მიყვარხარ.-ტუჩი გადმოაბრუნა და თმა ერთი ხელის მოსმით უკან გადაიყარა, კალესკენ გადაიწია, იმდენად ახლოს მივიდა, რომ ბიჭს სასმლისა და ნაზი ყვავილების სურნელმა შეუღიტინა ცხვირში. კალე ავი სიხარულით ადევნებდა გოგონას ემოციათა ცვლილებას თვალს, თითქოს ცხადად ხედავდა მის დაბნეულობას, ორჭოფობას, მოულოდნელობით გამოწვეული დარტყმისგან მსუბუქ დარეტიანებას და მერე ძალის მოკრებას. ახლა თუთას ღრმად ჩამჯდარ, კატისებრ თვალთა ჩრდილში ციურ მნათობთა ციალივით იღვრებოდა სინათლე, თითქოს ვიღაცამ დოქი ხელუკუღმა დააპირქვავაო და კაცმა იგრძნო, რეტდასხმულივით, როგორ დატრიალდა ოთახი მის გარშემო. -ვეცდები გრძნობით გიპასუხო.-თვალო ჩაუკრა კალემ და უკან გაიწია. თუთა, საკუთარი რევანშით კმაყოფილი, წამოდგა და მეგობრებს შეუერთდა. კალე სკამზე ნახევრად გადაწოლილი, დემონური მზერით მიჰყვებოდა მისი სხეულის თითოეულ მოძრაობას, თუთას თეძოები, ტალღებივით ორხეოდა. ქალმა მხარს მიღმა გამოჰხედა და ჩაეღიმა, თმა ისე გადაიგდო გვერდით, რომ შიშველი ზურგი გამოსჩენოდა. იმ მომენტში, მხოლოდ ერთი წუთით, რომელიც კაცს საუკუნედ გეჩვენება, კალეს მსტოვართა ჯარივით დააცხრა ფიქრი, რომ თუთასნაირს ალბათ მართლა ხელეწიფებოდა, დაეღუპა და წარეწყმინდა ყოველივე, დაექცია კაცთა სამყარო და მომსპარი სამყაროს ფერფლშიც მხოლოდ იმაზე იოცნებებდი, რომ თუთასთვის უკანასკნელად გეკოცნა და ამ ნანგრევებში მიწიერი სამოთხე გეგემა. *** როგორ მსურდი… შენ ხარ წვიმა, მოხეთქილი ხვაშიადთა, როგორ მსურდი… როცა ჯიქურ შემოგხედე, და თვალებში ჩემივ ვნება აკიაფდა! როგორ მსურდი… ხელი ერთობ მე დაგრიე! სულ, სულ შენი ბრალი იყო, არ ვგეგმავდი, ისე უცებ გადამრიე. როგორ მსურდი… ბაგეს შერჩა ცხელი კოცნა, როგორ მსურდი… არ შემეძლო წამით მოცდა! როგორ მსურდი… შემიყვარდი მაშინ როცა, დაბარბაცდი, აირიდე შენ ეს კოცნა. როგორ მსურდი… გული გამალებით ცემდა, როგორ მსურდი… დავიხარე, თვალებში შენც ქარი გედგა. როგორ მსურდი… შენგან ვიყავ ასე ხელი! როგორ მსურდი… რად დამავიწყე, მე სატრფო ძველი? როგორ მსურდი… მთვრალი ვიყავ, როგორ მსურდი… ვერაფერი ვეღარ გითხარ. როგორ მსურდი… შენმა ღიმილმა გაგცა, როგორ მსურდი… გაიცინე, ხელი აღარ ამიქნიე, როგორ მსურდი… ჩემი სუნთქვა ბროლის მკერდზე დაგიბნიე, როგორ მსურდი… ოთახი ჯადოთი შეკარ, როგორ მსურდი… მე შტოსავით მოგიზიდე, როგორ მსურდი… კართან ცეცხლად მოგეკიდე, როგორ მსურდი… დავივიწყე ყველა იქვე, როგორ მსურდი… ეს ამბორი, ქურდულად მე ჩავიჯიბე. როგორ მსურდი… არ ბრაზობდი, ლიცლიცებდი ეშმაკურად, როგორ მსურდი… არ დამიხვდი გოგოვ მტრულად, როგორ მსურდი… გაიქეცი, გაგეკიდე, როგორ მსურდი… შემობრუნდი, მომდევს კიდევ? როგორ მსურდი… ეს შეხება ბანგად იქცა, როგორ მსურდი… გამთანგა და დამამიწა. როგორ მსურდი… რომ მეგონა, ნადირს ვდევდი, გამაბრიყვე, მერე მივხვდი, თურმე ხაფანგს მე ხელს ვხვევდი! როგორ მსურდი… ცეცხლი როგორ წამიკიდე, როგორ გსურდი… გულზე დარდად დამეკიდე, როგორ მსურდი… დავივიწყე სხვა მე როცა, როგორ გსურდი… თურმე თავად შენ მომპარე, ეგზომ თავხედს, მე ეს კოცნა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


