ნაცრისფერი ქალაქის სითბო (თავი || )
მომდევნო რამდენიმე დღე ედინბურგისთვის დამახასიათებელი ცვალებადი ამინდით გამოირჩეოდა. მზე ხან გამოანათებდა, ხანაც მოულოდნელად ნაცრისფერი ღრუბლების მიღმა იმალებოდა, რაც ქალაქის ქუჩებს ხან ოქროსფრად, ხანაც მელნისფრად ღებავდა. კირასთვის „The Stone Rose“ უკვე დილის რიტუალის განუყოფელი ნაწილი გამხდარიყო. ის ყოველთვის ერთსა და იმავე დროს მიდიოდა — ზუსტად მაშინ, როცა კაფეში ალუბლის ღვეზელის პირველი პარტიის სურნელი დატრიალდებოდა. დამიანე ყოველთვის იქ ხვდებოდა. ის საკუთარ მაგიდას ისე ფლობდა, როგორც არქიტექტორი თავის მთავარ ნახაზს. ისევ ის თეთრი ან ღია ნაცრისფერი პერანგი, ისევ ის კონცენტრირებული მზერა და ისევ ის დუმილი. პირველ დღეს, როცა კირა კაფეში შევიდა, მათმა მზერამ მხოლოდ წამით გადაკვეთა ერთმანეთი. დამიანემ თავი ოდნავ დახარა — თითქმის შეუმჩნეველი სალამი იყო, კირამაც იგივე ჟესტით უპასუხა და თავის ადგილას დაჯდა. ასე გაგრძელდა სამი დღე. ისინი ერთმანეთს არ ესაუბრებოდნენ. დამიანე ხაზავდა, კირა კი თავის ჯგუფს ტელეფონით მითითებებს აძლევდა ან ჩანახატებს აკეთებდა. თუმცა, მიუხედავად სიჩუმისა, ორივე გრძნობდა ერთმანეთის მყოფობას. დამიანემ შენიშნა, რომ როცა კირა კაფეში იყო, მისი ფანქარი უფრო თავდაჯერებულად მოძრაობდა ქაღალდზე. კირა კი ხვდებოდა, რომ იმ პატარა კუთხიდან წამოსული სიმშვიდე მას კონცენტრაციაში ეხმარებოდა. მეოთხე დღეს ედინბურგმა თავისი ნამდვილი ხასიათი აჩვენა — კოკისპირული წვიმა წამოვიდა. კირა კაფეში სველი პალტოთი და დაორთქლილი სათვალით შევიდა. დამიანემ ნახაზიდან თავი ასწია. ის აკვირდებოდა, როგორ ცდილობდა გოგონა სათვალის გაწმენდას და როგორ ეცემოდა მისი შავი, სველი თმიდან წვეთები იატაკზე. ამჯერად მის მზერაში ცინიზმი აღარ იყო. პირიქით, მის სახეზე რაღაც უცნაური, თითქმის მზრუნველი გამომეტყველება გაკრთა, რომელიც მაშინვე გაქრა, როგორც კი კირამ სათვალე მოირგო და მას შეხედა. კირა დაჯდა, ჩაი შეუკვეთა და თავისი ბლოკნოტი გადაშალა. დღეს განსაკუთრებით ბევრი საქმე ჰქონდა — ახალი ობიექტის დიზაინი უნდა დაესრულებინა. — „ალექს, მითხარი, რომ ფილები უკვე ადგილზეა,“ — გადაუჩურჩულა მან ტელეფონს რამდენიმე წუთში. — „თუ დღეს არ მოიტანენ, მთელი გრაფიკი ჩაგვივარდება.“ დამიანეს ყურში ისევ ესმოდა მისი ხმა. ის ხედავდა, როგორ ნერვიულად ათამაშებდა კირა კალმისტარს თითებს შორის. მან იცოდა ეს შეგრძნება — როცა პროექტი საფრთხეშია და ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. მან ისევ ჩაიხედა თავის ნახაზში, მაგრამ ამჯერად ფიქრები სხვაგან გაურბოდა. უცებ, კირას ტელეფონმა ისევ დარეკა. — „რა? როგორ თუ არ არის?“ — მისი ხმა ცოტა აუწია, მერე კი მაშინვე დაუწია, როცა გაახსენდა, სად იმყოფებოდა. — „კარგი, მე თვითონ მოვალ და გავარკვევ.“ კირამ ნაჩქარევად დაიწყო ნივთების ჩალაგება. ის აშკარად აღელვებული იყო. როცა ადგა და გასასვლელისკენ გაემართა, დამიანეს გვერდით ჩაუარა. ზუსტად ამ მომენტში კირას ჩანთიდან პატარა, წითელი ფანქარი გადმოვარდა და პირდაპირ დამიანეს ფეხებთან დავარდა. კირას არ გაუგია. ის უკვე კართან იყო. დამიანე დაიხარა, ფანქარი აიღო და კარს შეხედა. კირა უკვე წვიმიან ქუჩაში გაუჩინარდა. მან ხელში დაატრიალა წითელი ფანქარი — ისეთივე მახვილი და კაშკაშა, როგორიც მისი პატრონი იყო. დამიანემ ფანქარი თავის მაგიდაზე, თავისი გრაფიტის შავი ფანქრების გვერდით დადო. ეს იყო პირველი ნივთიერი კავშირი მათ შორის. დამიანე მარტო დარჩა. მის მაგიდაზე, მკაცრად გათვლილ ნახაზებსა და მონოქრომულ ფანქრებს შორის, კირას წითელი ფანქარი ისე კაშკაშებდა, როგორც უცხო სხეული. მან ნელა აიღო იგი, თითებს შორის დაატრიალა და ფანჯრისკენ გაიხედა, სადაც წვიმა ედინბურგის ნაცრისფერ ფასადებს რეცხავდა. ათი წელი იყო, რაც დამიანე ამ ქალაქში საკუთარი სიმშვიდის ციხესიმაგრეს აშენებდა. ათი წელი — ყოველგვარი ზედმეტი ემოციისა და შემთხვევითი ადამიანების გარეშე. მის სამყაროში ყველაფერი ლოგიკას ექვემდებარებოდა: ქვის სიმტკიცეს, ხაზების სიზუსტეს, მათემატიკურ გარდაუვალობას. მაგრამ ამ გოგომ, თავისი ყოველდღიური გამოჩენით, ამ სიმეტრიაში ბზარი გააჩინა. დამიანე ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ იცვლებოდა კაფის ატმოსფერო კირას შემოსვლისას. მას აოცებდა არა მისი სილამაზე — არამედ მისი ენერგია. კირა არ იყო უბრალოდ „დიზაინერი“. დამიანე ხედავდა, როგორ ებრძოდა ის ყოველ დეტალს, როგორ იცავდა თავის ხედვას იმ ალექსთან საუბრისას. მასში იყო ის პროფესიული სიჯიუტე, რომელიც დამიანეს საკუთარ თავს ახსენებდა ათი წლის წინ — სანამ ედინბურგის ნისლი მის ხასიათს საბოლოოდ გააციებდა. „ბეტონის სიმძიმე არა, სინათლე გვჭირდებაო...“ — გაახსენდა კირას ნათქვამი და უნებლიედ ჩაეღიმა. ეს იყო პირველი შემთხვევა მრავალი წლის განმავლობაში, როცა ვიღაცის ფრაზამ მისი პროფესიული რწმენა შეარყია. დამიანეს ყოველთვის სჯეროდა, რომ შენობა სიმტკიცეა. კირა კი ფიქრობდა, რომ შენობა სუნთქვაა. ყველაზე მეტად მაინც კირას სიცილმა დააბნია. ის დაბალი, ხალისიანი ჩაიცინება, რომელიც კაფის ქვის კედლებს ეჯახებოდა, დამიანესთვის ყველაზე „არალოგიკური“ რამ იყო. როგორ შეძლო ამ გოგომ, სულ რაღაც ერთ წელში, ასე ორგანულად მორგებოდა ამ ცივ ქალაქს და მაინც შეენარჩუნებინა ის შინაგანი სითბო? დამიანემ წითელი ფანქარი თავისი რვეულის კიდეზე დადო. „საინტერესოა,“ — გაიფიქრა მან, — „საინტერესო და საშიში.“ ის გრძნობდა, რომ თუ ეს გოგო კიდევ რამდენიმე დღე ასე ახლოს იჯდებოდა, მისი ათწლიანი დუმილი დაირღვეოდა. დამიანეს ეშინოდა არა კირას, არამედ იმის, რომ კირა მასში რაღაც ისეთს გააღვიძებდა, რაც დიდი ხნის წინ სამუდამოდ მივიწყებული ეგონა — სურვილს, რომ თავისი ნახაზები სხვისთვისაც ეჩვენებინა. სურვილს, რომ უბრალოდ ელაპარაკა. მან ყავის ცივი ნარჩენი მოსვა, წითელი ფანქარი პერანგის ჯიბეში ჩაიდო, გულთან ახლოს, და ისევ თავის ცივ, ზუსტ ხაზებს მიუბრუნდა. თუმცა, იმ დღეს მისი ნახაზი რატომღაც უფრო მეტად ჰგავდა ცოცხალ სახლს, ვიდრე უსულო კონსტრუქციას. კირა ობიექტზე მივიდა. წვიმა ქურთუკზე სველ ლაქებს ტოვებდა, მაგრამ მას სახეზე არავითარი აღელვება არ ეტყობოდა. პროდუქტის მომწოდებელი, შოტლანდიელი მამაკაცი, აშკარად დაბნეული იყო და ცდილობდა დაეგვიანებინა მიწოდება, თუმცა კირამ მას სიმშვიდითა და ისეთი არგუმენტებით დაუპირისპირდა, რომ კაცს სხვა გზა არ დაუტოვა. ის არ ყვიროდა, არ ნერვიულობდა — მისი ხმა რბილი იყო, მაგრამ მტკიცე, პრობლემა მოგვარდა. საღამოს, როცა თავის პატარა ბინაში დაბრუნდა, კირამ ჩანთა მაგიდაზე დააგდო და მაშინვე ფანქრის ძებნა დაიწყო. ის წითელი ფანქარი მისი თილისმასავით იყო — პირველი ნივთი, რომელიც ედინბურგში ჩამოსვლისას იყიდა. ვერ იპოვა. წამით კაფე და ის უცნაური, სიმპათიური არქიტექტორი გაახსენდა, მაგრამ მალევე გადაიფიქრა — „ალბათ სადმე ქუჩაში დავკარგეო“. შემდეგი კვირა ერთგვარ უსიტყვო რიტუალს დაემსგავსა. ედინბურგის ნაცრისფერი ქუჩები მათ გზებს ხან კვეთდა, ხან — არა. ზოგჯერ კირა შედიოდა კაფეში და დამიანე უკვე იქ ხვდებოდა, თავის ჩვეულ კუთხეში, ნახაზებში ჩაფლული. ასეთ დროს კირა მხოლოდ თავის დაკვრით ესალმებოდა და დამიანეც იმავეთი პასუხობდა — მოკლედ და საქმიანად. იყო დღეები, როცა კირა მარტო იჯდა, სვამდა თავის კარკადეს და გრძნობდა, რომ ის კუთხე, სადაც არქიტექტორი იჯდა ხოლმე, უცნაურად ცარიელი და „ცივი“ იყო. დამიანეს გარეშე კაფე კარგავდა იმ პროფესიულ მუხტს, რომელიც კირას ასე მოსწონდა. ზოგჯერ კი კარებში ხვდებოდნენ ერთმანეთს. დამიანე გამოდიოდა, კირა — შედიოდა. ის კარს უჭერდა, კირა კი გვერდით ჩავლისას ჩურჩულით ეუბნებოდა: „მადლობა“. დამიანე არაფერს პასუხობდა, მხოლოდ მისი მზერა აყოვნებდა კირას სახეზე იმაზე მეტხანს, ვიდრე უბრალო გამვლელის შემთხვევაშია საჭირო. ერთ დღეს, როცა კაფეში ორივე ერთდროულად აღმოჩნდა, კირამ შენიშნა, რომ დამიანეს მაგიდაზე, მის შავ ფანქრებს შორის, ერთი წითელი ფანქარი იდო. კირას გული აუჩქარდა. იცნო. ეს მისი ფანქარი იყო. დამიანეს ის არ გამოუყენებია, უბრალოდ იდო იქ, როგორც ხიდი მათ შორის. კირას გაეღიმა, ოღონდ ისე, რომ დამიანეს არ დაენახა. მიხვდა, რომ არქიტექტორმა ის სპეციალურად დადო გამოსაჩენ ადგილას. მან თავის ბლოკნოტში ჩანახატის კეთება დაიწყო — ამჯერად არა შენობის, არამედ ერთი პატარა, კუთხის კაფის, სადაც ორი უცხობადამიანი, ერთმანეთს დუმილს უზიარებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


