ელეონორა (თავი l)
გალერეაში შამპანურის ჭიქების წკრიალი და ხელოვნებაზე ამაყად მოსაუბრე ადამიანების ხმაური იდგა. კედლებზე ნიკოს ტილოები ეკიდა — მძიმე, მუქი ფერებით შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც მის ხასიათს ზუსტად ირეკლავდა. თავად 39 წლის, ოდნავ ჭაღარაშერეული თმითა და მკაცრი, ირონიული მზერით, დარბაზის კუთხეში იდგა. მასზე მორგებული მუქი პიჯაკი და დისტანცირებული პოზა ყველას აგრძნობინებდა, რომ მასთან მიახლოება „უბრალოდ საუბრისთვის“ არც ისე მარტივი იყო. სწორედ მაშინ შენიშნა მან ელეონორა. გოგონა ერთ-ერთი ტილოს წინ იდგა. შავი, სხეულზე მომდგარი სამოსი მის სილუეტს კიდევ უფრო ნაზს აჩენდა. ის იღიმებოდა — ეს იყო ისეთი ღიმილი, რომელიც სევდას მალავდა, თითქოს მელანქოლიის თხელი ფარდა ჰქონდა გადაფარებული. ნიკომ იგრძნო, როგორ გაუჩნდა სურვილი, ეს ღიმილი თავის ტილოზე გადაეტანა, ოღონდ ისე, რომ შიგნით ჩამალული სევდაც არ დაეკარგა. მათი მზერა პირველად მაშინ გადაიკვეთა, როცა გოგონამ თავი მისკენ მიაბრუნა. მამაკაცმა მზერა არ აარიდა; პირიქით, მის თვალებში ის ნაცნობი, მწარე ირონია აციმციმდა, თითქოს ეუბნებოდა: „ვიცი, რასაც ეძებ ამ ნახატებში, მაგრამ ვერ იპოვი“. ელეონორა წამით დაიბნა, მზერა დახარა, მაგრამ ტუჩის კუთხეში ნაზი ღიმილი გაეპარა. რამდენიმე წუთში, გალერეის მეპატრონემ, ბატინმა გიორგიმ, ელეონორა ნიკოსთან მიიყვანა. — ნიკოლოზ, გაიცანი, ეს ელეონორაა. ძალიან მოსწონს შენი ბოლო სერია, — თქვა მან. ნიკომ ხელი ჩამოართვა. მისი ხელისგული თბილი და უხეში იყო, გოგონასი — ნაზი და ოდნავ ათრთოლებული. — მომწონს... ზედმეტად ხმამაღალი ნათქვამია, — წარმოთქვა ნიკომ თავისი დაბალი, ცინიკური ტონით, — ალბათ, უფრო მეტად იმედგაცრუებული ხართ, რომ ტილოებზე იმაზე მეტი სიბნელეა, ვიდრე თქვენს კაბაზე. ელეონორამ შეხედა. მის თვალებში სევდანარევი სიმშვიდე იდგა. — სიბნელესაც თავისი სინათლე აქვს, ბატონო ნიკო. თუ იცი, საიდან შეხედო, — უპასუხა მან ჩუმად. ნიკოს ირონიული გამომეტყველება წამით გაუქრა, გაოცება და ინტერესი გაერია მზერაში. თუმცა, სიტყვა აღარ უთქვამს. მხოლოდ თავი დაუკრა და სხვა სტუმრებისკენ მიბრუნდა. მთელი საღამოს განმავლობაში ისინი ერთმანეთს აღარ მიახლოებიან, თუმცა ნიკო გრძნობდა გოგონას მზერას , ელეონორა კი ყოველთვის პოულობდა მხატვრის თვალებს ხალხით სავსე დარბაზში. ეს იყო დუმილით დაწყებული ნაცნობობა, სადაც თვალები იმაზე მეტს ამბობდნენ, ვიდრე ნებისმიერი დიალოგი. ნიკო დარბაზის ყველაზე ბნელ კუთხეში იდგა, იქ, სადაც შამპანურის ბუშტუკების ხმაური და სტუმრების ხელოვნური აღფრთოვანება ნაკლებად აღწევდა. მისი მზერა ელეონორასკენ იყო მიჯაჭვული. გოგონა ერთ-ერთ ტილოსთან იდგა და ისე აკვირდებოდა მას, თითქოს შიგნით ჩაკეტილი სევდის ამოცნობას ცდილობდა. მხატვრის თითებმა ინსტინქტურად მოძებნეს პიჯაკის შიდა ჯიბეში დამალული პატარა, ტყავგადაკრული ბლოკნოტი. მან ნახშირის ნატეხი ამოიღო და, ისე რომ გოგონასთვის თვალი არ მოუცილებია, ხატვა დაიწყო. მისი მოძრაობები იყო სწრაფი, ნერვული და წარმოუდგენლად ზუსტი. ხატავდა ელეონორას ყელის ნაზ ხაზს, რომელიც მის შავ, გამჭვირვალე სამოსს უერთდებოდა. მისი ტუჩების ფორმა – ის მომენტი, როცა ღიმილი თითქოს იყინება და მის ადგილს მელანქოლია იკავებს. მან აქცენტი თვალებზე გააკეთა თვალები. ნიკომ იცოდა, რომ ამ თვალებში იყო ის „სინათლე სიბნელეში“, რომელზეც გოგონამ ცოტა ხნის წინ მიანიშნა. მამაკაცი ხატავდა და გრძნობდა, როგორ იზრდებოდა მის შიგნით ინტერესი. ის არ ხატავდა უბრალოდ ლამაზ გოგონას; ის ხატავდა იმ დაძაბულობას, რომელიც მათ შორის ჰაერში გაიყინა. ბლოკნოტის ფურცელზე ის უფრო რეალური ჩანდა, ვიდრე ამ ხმაურიან დარბაზში – უფრო დაუცველი და ამავე დროს, უფრო სახიფათო მისი სიმშვიდისთვის. ელეონორამ იგრძნო ეს მზერა. მან თავი ნელა მიაბრუნა კუთხისკენ. მათმა თვალებმა ისევ გადაკვეთეს ერთმანეთი. ნიმომ წამითაც არ დაახამხამა, არც ბლოკნოტი დაუმალავს. პირიქით, მისი მწარე ღიმილი კიდევ უფრო გამკვეთრდა, როცა დაინახა, როგორ შეუფერხდა გოგონას სუნთქვა. დასრულების შემდეგ მან ბლოკნოტი ნელა დახურა, თითქოს რაღაც საიდუმლოს კეტავდა, და გოგონასს მხოლოდ თავის დაუკვრით დაემშვიდობა შორიდან. არანაირი ზედმეტი სიტყვა, არანაირი დაპირება. მხოლოდ ნახშირით გაშავებული თითები და ის მუხტი, რომელიც ელეონორას სხეულში სითბოდ დაიღვარა. სახლში დაბრუნებულმა შუქი არ აანთო. ფანჯრიდან შემოსული ქალაქის ნეონის შუქები მის მისაღებ ოთახში გრძელ, დანაწევრებულ ჩრდილებს ჰფენდა. მან ფეხსაცმელები გაიძრო და ცივ იატაკზე დადგა. მთელი საღამოა, ნიკოს მზერას კანით გრძნობდა — იმ მკაცრ, ირონიულ გამოხედვას, რომელიც თითქოს მის ტანსაცმელს კი არა, მის შიშებსა და ფიქრებს სინჯავდა. „სიბნელესაც თავისი სინათლე აქვს...“ — გაიმეორა თავისთვის და სარკეში საკუთარ თავს შეხედა. წითელი პომადა ოდნავ მოთხაპნოდა, თვალებში კი ისევ ის ნაპერწკალი ედგა, რომელიც ნიკოსთან საუბრისას აენთო. სწორედ ამ დროს ტელეფონმა დაივიბრირა. უცხო ნომერი იყო, მაგრამ არც ერთი წამით არ შეპარვია ეჭვი, ვინ სწერდა. შეტყობინება: „ჩემს ბლოკნოტში უფრო მეტს იღიმით, ვიდრე სინამდვილეში. ეს ჩემი შეცდომაა თუ თქვენი ნიღაბი? ნ. გ.“ ელეონორა საწოლზე ჩამოჯდა. ნიკოს პირდაპირობა და მწარე იუმორი მის მელანქოლიურ ბუნებას უცნაურად ეხმიანებოდა. მან თითები ეკრანზე აასრიალა. პასუხი: „შესაძლოა, თქვენ უბრალოდ ის დახატეთ, რისი დანახვაც გინდოდათ. მხატვრები ხომ ყოველთვის ასე იქცევით — რეალობას თქვენს ფერებში აქცევთ.“ პასუხი არ ყოფილა არც იმ ღამეს და არც მომდევნო დღეებში. ნიკო გაქრა, თითქოს ის შეხვედრა მართლაც მხოლოდ ერთი ესკიზი იყო მის ბლოკნოტში. მან ნელ-ნელა დაიწყო იმ აზრის შეგუება, რომ ეს მხოლოდ წამიერი გაელვება იყო, სანამ ზუსტად ორი კვირის თავზე ახალი შეტყობინება არ მოვიდა. „ორი კვირაა ვცდილობ იმ სინათლის დაჭერას, თქვენზე რომ მითხარით, და მგონი, რაღაც გამოვიდა. ხვალ ჩემს პირად სივრცეში მცირე ექსპოზიციას ვაწყობ ვიწრო წრისთვის. თუ სურვილი გექნებათ, მოდით. მაინტერესებს თქვენი აზრი ახალ ნამუშევარზე... ან იქნებ უბრალოდ მაინტერესებს, ისევ ისეთი მელანქოლიურია თუ არა თქვენი ღიმილი ახლოდან. ნ. გ.“ ელეონორამ იგრძნო, როგორ აუჩქარდა სუნთქვა. ეს არ იყო პაემანზე დაპატიჟება, ეს იყო მიწვევა მის სამყაროში, სადაც ნიკო წესებს თავად ადგენდა. გოგონამ სარკეში საკუთარ თავს შეხედა — ისევ ის შავი სამოსი, ისევ ის იდუმალი მზერა. მან იცოდა, რომ წავიდოდა. გალერეა პატარა იყო, თუმცა საკმაოდ ხალხმრავალი. დაახლოებით ოცდაათამდე სტუმარი ერთმანეთს მხარს უხახუნებდა ვიწრო გასასვლელებში. ჰაერში სუნამოებისა და შამპანურის სურნელი ტრიალებდა, რაც ნიკოს ნამუშევრების მძიმე, დრამატულ ხასიათთან უცნაურ კონტრასტს ქმნიდა. გოგონა ზღურბლთან შეყოვნდა. შავ, გამჭვირვალე ზედატანში გამოწყობილი, ის ისე გამოიყურებოდა, თითქოს თავად იყო ერთ-ერთი ტილოდან გადმოსული ჩრდილი. მან თვალებით დაუწყო ძებნა მასპინძელს და მალევე იპოვა. ნიკო ხალხის შუაგულში იდგა, ერთ-ერთ კოლექციონერს ესაუბრებოდა, თუმცა მისი სხეულის ენა ამბობდა, რომ იქ ყოფნა მხოლოდ აუცილებლობა იყო. მისი ჭაღარაშერეული თმა და ირონიული ღიმილი შორიდანვე გამოარჩევდა ყველასგან. როგორც კი ელეონორამ ნაბიჯი გადადგა, ნიკოს მზერამ ის მყისიერად დააფიქსირა. მან საუბარი შუა სიტყვაზე შეწყვიტა, თავი დაუკრა მოსაუბრეს და პირდაპირ გოგონასკენ დაიძრა. — მეგონა, ჩემი „მწარე იუმორი“ თქვენთვის ზედმეტად მომწამვლელი აღმოჩნდა, — თქვა მის წინ გაჩერებისას. მისი ხმა დაბალი იყო, მხოლოდ ელეონორასთვის განკუთვნილი, — მაგრამ როგორც ჩანს, მელანქოლიას სიმამაცეც ახლავს. — თქვენი იუმორი მხოლოდ თავდაცვაა, — მშვიდად მიუგო და თვალებში შეხედა, — ისევე, როგორც ეს დისტანცია, რომელსაც ასე მონდომებით იცავთ. ნიკომ ჩაიცინა. ეს არ იყო მხიარული სიცილი, უფრო აღიარება იყო. — წამოდით, მინდა ის განახლებული ნამუშევარი გაჩვენოთ, რომელზეც გწერდით. სანამ სტუმრები შამპანურის მეორე ბოთლს გახსნიან. მან ხელი ნაზად, თითქმის შეუმჩნევლად დაადო წელზე და ხალხში გზა გაუკაფა. ეს მცირე შეხებაც კი ელეონორასთვის დენის დარტყმასავით იყო. მათ გალერეის ბოლოს, განცალკევებულ კედელთან მიაღწიეს, სადაც ერთი პატარა ტილო ეკიდა. ეს იყო პორტრეტი. ელეონორას პორტრეტი. მაგრამ არა ისეთი, როგორსაც გამოფენის პირველ დღეს ბლოკნოტში ხაზავდა. ნახატზე გოგონა ნახევრად ჩრდილში იყო, მისი სახის მხოლოდ ერთი მხარე ჩანდა, სადაც ის იდუმალი, სევდიანი ღიმილი თითქმის ფიზიკურად იგრძნობოდა. ნიკოს თითოეული შტრიხი ისეთი ვნებით იყო შესრულებული, რომ ტილოდან სითბო გამოდიოდა. — ეს მართლა მე ვარ? — ჩურჩულით იკითხა. — ეს ის ელეონორაა, რომელიც მე დავინახე, სანამ ნიღაბს მოირგებდა, — უპასუხა ნიკომ. ის ახლა იმდენად ახლოს იდგა, რომ ელეონორა მის სუნთქვას კისერზე გრძნობდა. ხალხის ხმაური სადღაც შორს, ფონად გადაიქცა. მამაკაცმა ხელი ასწია და თითის წვერებით ტილოზე გამოსახულ მის ტუჩებს შეეხო. — თქვენი აზრი მაინტერესებს... რამდენად მართალი ვარ? გოგონამ თავი მისკენ მიაბრუნა. 20-მდე ადამიანი იქვე, რამდენიმე მეტრში იდგა, მაგრამ ამ წამს ისინი მხოლოდ ორნი იყვნენ. — იმაზე მეტად, ვიდრე მინდოდა, რომ ყოფილიყავით, — თქვა გოგონამ და მათ შორის არსებული უკანასკნელი მანძილიც გაქრა. ნიკომ მზერა ელეონორას ტუჩებიდან ტილოზე გადაიტანა, თითქოს ცდილობდა საკუთარი თავი დაებრუნებინა იმ ირონიულ სიმშვიდეში, რომელიც მისი საფირმო ნიშანი იყო. — აქ ზედმეტად ცხელა, — თქვა მან დაბალი ხმით და წამით თვალი აარიდა, — სასმელს მოგიტანთ. არ დაიძრათ, მინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩემი ნახატი თქვენს გვერდით უფრო მეტად ცოცხლობს. ნიკო ხალხში გაერია. გოგონა მარტო დარჩა საკუთარ პორტრეტთან. ის გრძნობდა, როგორ უბრუნდებოდა სხეულს ტემპერატურა, სანამ მის გვერდით ვიღაც უცხო მამაკაცი არ გაჩერდა. ის დაახლოებით ნიკოს ასაკის იქნებოდა, თუმცა მისგან განსხვავებით, ზედმეტად თავდაჯერებული და ამპარტავანი იმიჯი ჰქონდა. — ეს ნახატი თქვენზე უკეთესად ვერ გადმოგცემთ, — წარმოთქვა უცნობმა და ისე ახლოს დაიხარა, რომ გოგონამ მისი მძაფრი სუნამო იგრძნო, — ნიკო ყოველთვის აზვიადებს დრამას. თქვენს ღიმილში მე უფრო მეტ ვნებას ვხედავ, ვიდრე სევდას. მე დავითი მქვია. ელეონორამ თავი ოდნავ განზე გასწია. დავითის ფლირტი იყო პირდაპირი, იაფფასიანი და გამაღიზიანებელი. — გმადლობთ, მაგრამ ვფიქრობ, მხატვარმა ზუსტად ის დაინახა, რაც საჭირო იყო, — ცივად უპასუხა მან და მზერით ნიკოს ძებნა დაუწყო. — ნუ იქნებით ასეთი მკაცრი, — დავითმა ხელი თელეონორას იდაყვისკენ წაიღო, — ნიკო მხოლოდ ერთ საღებავს ხედავს. მე კი... მე შემიძლია სხვა ფერებიც გაჩვენოთ. ნიკო სწორედ ამ დროს დაბრუნდა. მას ორი ჭიქა ეჭირა, მაგრამ როდესაც დაინახა ელეონორასთან ატუზული მამაკაცი და გოგონას დაძაბული სახე, ხელები დაეჭიმა. იმ წამს იგრძნო ის, რაც მისთვის სრულიად უცხო იყო — მწარე, ამოუხსნელი ეჭვიანობა, რომელიც ყელში ბურთივით გაეჩხირა. მას არ სურდა, რომ ვინმეს, გარდა მისი ფუნჯისა, შეხებოდა ამ გოგონას აურას. ნიკომ სასმელი იქვე, პატარა მაგიდაზე დადგა, ელეონორასთან მიიჭრა და ისე, რომ დავითისთვის ზედმეტი მზერაც არ უღირსებია, გოგონას ხელი მაჯაში ჩაავლო. მისი ხელისგული ცხელი იყო და ოდნავ თრთოდა. — აქაურობას უნდა გავეცალოთ, — თქვა მან ისეთი ტონით, რომელიც პროტესტს არ უშვებდა. — რას აკეთებ? — ჩაიჩურჩულა გოგონამ, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა არც უფიქრია. ნიკომ ის ხალხით სავსე დარბაზიდან გაიყვანა, გალერეის უკანა გასასვლელისკენ, სადაც მხოლოდ ღამის გრილი ჰაერი და სიჩუმე იდგა. მან ხელი არ გაუშვა, სანამ ორივენი ქუჩის შუქებისგან მოშორებით, ჩრდილში არ აღმოჩნდნენ. — ვერ ვიტან, როცა სხვები ცდილობენ იმის წაკითხვას, რაც მხოლოდ ჩემთვის არის დაწერილი, — თქვა და ელეონორა კედელთან მიამწყვდია. მისი ირონია სადღაც გაქრა, დარჩა მხოლოდ პირველყოფილი, გაშიშვლებული მესაკუთრეობა. გალერეის უკანა გასასვლელთან ღამის გრილი ჰაერი ტრიალებდა. ნიკოს მჭიდროდ ეჭირა ელეონორას მაჯა, მისი თითები თითქოს ტილოზე ჩაბღაუჭებულ ფუნჯებს დამსგავსებოდა. ელეონორამ ნელა, დემონსტრაციული სიმშვიდით დაიხედა თავის ხელზე, შემდეგ კი მზერა მხატვრის თვალებს გაუსწორა. — შეგიძლიათ ხელი გამიშვათ, ბატონო ნიკოლოზ — წარმოთქვა მან მშვიდად. ეს ოფიციალური მიმართვა ნიკოსთვის ცივი შხაპივით იყო. მან ხელი ინსტინქტურად შეუშვა, თითქოს რაღაც აკრძალულს შეეხოო. — იქ, შიგნით, ის კაცი... — დაიწყო ნიკომ, მისი ხმა ჩვეულებრივზე უფრო ხრინწიანი და გაღიზიანებული ჩანდა, თუმცა ცდილობდა ეჭვიანობა ირონიის მიღმა დაემალა, — არ მეგონა, თუ ჩემი გამოფენა იაფფასიანი ფლირტის ადგილად გადაიქცეოდა. გოგონამ ჩაიცინა. ეს იყო სევდიანი, მაგრამ ამაყი ღიმილი. — ზედმეტად დარდობთ უცნობ გოგონაზე, რომელიც სულ რაღაც ორჯერ გინახავთ. მე თავადაც შესანიშნავად მოვიცილებდი იმ ადამიანს, თქვენი „რაინდული“ ჩარევის გარეშეც. ნიკომ წარბი აზიდა, მის მზერაში ნაცნობი, მწარე ირონია დაბრუნდა. — მე ჩემს რეპუტაციაზე ვდარდობ. არ მინდა ჩემი პორტრეტის მოდელი გალერეის კუთხეებში პირველივე შემხვედრს ეარშიყებოდეს. ეს სიტყვები ელეონორასთვის დარტყმასავით იყო. მან იგრძნო, როგორ მოაწვა ყელში სიმწარე, მაგრამ არ აჩვენა. — ჩემს რეპუტაციას მე მივხედავ. თქვენ კი აჯობებს შიგნით დაბრუნდეთ, სტუმრები გელოდებიან. არ ღირს მასპინძლის ასე გაქრობა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის დანახვაზე ნერვებმა გიმტყუნათ. მე კი უბრალოდ წავალ. — წახვალთ? — ცალი ხელით ოდნავ ჭაღარაშერეული თმა გადაიწია და ნაბიჯი გადადგა მისკენ. — ასე ადვილად ტოვებთ ბრძოლის ველს? — აქ ბრძოლა არ მიმდინარეობს, ბატონო ნიკოლოზ. აქ მხოლოდ თქვენი ამბიციები და ჩემი დაღლილობაა, — ჩანთა მხარზე შეისწორა. — მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. იმედია, დარჩენილი სტუმრები უფრო მეტად დაგაფასებენ, ვიდრე მე. ელეონორამ ზურგი შეაქცია და სიბნელეში ნელი ნაბიჯით წავიდა. ნიკო გაუნძრევლად იდგა და უყურებდა მის სილუეტს, სანამ ის ქუჩის მოსახვევში არ გაუჩინარდა. მას უნდოდა რაღაც მწარე ეთქვა, რაღაც ისეთი, რაც გოგონას გააჩერებდა, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო. იმ საღამოს გალერეაში ნიკოც აღარ დაბრუნებულა. მან სახელოსნოსკენ აიღო გეზი, სადაც მხოლოდ ნახშირი, საღებავები და ის აუტანელი დუმილი ელოდა, რომელიც ელეონორამ დაუტოვა. სახელოსნოში შესულმა კარი ზურგსუკან მძიმედ მიხურა. შუქი არ აუნთია. მას არ სჭირდებოდა სინათლე იმისთვის, რომ საგნების განლაგება სცოდნოდა — აქაურობა მისი სხეულის გაგრძელება იყო. ჰაერში ისევ იდგა ელეონორას სუნამოს ნაზი კვალი, რომელიც გალერეიდან გამოჰყვა და ახლა საღებავების მძაფრ სურნელში იხრჩობოდა. „ბატონო ნიკოლოზ...“ — ეს სიტყვები მის გონებაში დაჟანგული სამართებელივით ტრიალებდა. ამ ოფიციალურმა მიმართვამ მათ შორის იმაზე დიდი კედელი აღმართა, ვიდრე ნებისმიერმა დისტანციამ. მან პერანგის სახელოები იდაყვებამდე აიკეცა და ყველაზე დიდ, ცარიელ ტილოს მიუახლოვდა. ხელები უთრთოდა, ოღონდ არა შიშისგან, არამედ იმ ენერგიისგან, რომელიც გარეთ გამოსვლას ითხოვდა. ნიკომ ნახშირის მსხვილი ნატეხი აიღო და პირველი, აგრესიული შტრიხი გაავლო. ეს არ იყო ისეთი ფერწერული პორტრეტი, როგორიც გალერეაში დატოვა. ეს იყო ქაოსი. ის ხატავდა მის წასვლას, მის ზურგს, იმ ამაყად აწეულ ნიკაპს და სიცივეს, რომელიც გოგონასგან მოდიოდა. — ზედმეტად ვდარდობ, არა? — ჩაიჩურჩულა მან და ნახშირი ტილოზე გატეხა. მისი მოძრაობები უფრო და უფრო სწრაფი და დაუნდობელი ხდებოდა. ის ხატავდა და საკუთარ თავს ეუბნებოდა, რომ ეს გოგონა მხოლოდ მორიგი მოდელი იყო, მორიგი სინათლე, რომელსაც თავისივე სიბნელით შთანთქავდა. მაგრამ ყოველი ახალი ხაზი გოგონას სახეს აცოცხლებდა — მის სევდიან ღიმილს, მის მელანქოლიას, რომელიც ნიკოს ირონიას ასე უმოწყალოდ ანადგურებდა. შუაღამისას იატაკზე იჯდა, ზურგით ნახშირით დასვრილ ტილოს მიყრდნობილი. მისი თითები, სახე და თეთრი პერანგის სახელოები შავი მტვრით იყო დაფარული. სახელოსნოში ისეთი სიჩუმე იდგა, რომ საკუთარი სუნთქვის ხმაც კი ყურს სჭრიდა. მან ტელეფონი ამოიღო. ეკრანის მკვეთრმა შუქმა თვალები მოსჭრა. ნიკოს ნომერი გახსნა და აკრიფა: „ჩემი ნახშირი თქვენს სახელს ვეღარ იტევს. სახელოსნოში ისეთი დუმილია, რომელიც მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ დაარღვიოთ. თუ ოდესმე ბატონი ნიკოლოზი ისევ ნიკო გახდება თქვენთვის, მე აქ ვიქნები.“ მისი თითი გაგზავნის ღილაკზე შეყოვნდა. უყურებდა ამ სიტყვებს და გრძნობდა, როგორ ეხსნებოდა ყველა ის თავდაცვითი ჯავშანი, რომელსაც 39 წელი აშენებდა. „ბატონო ნიკოლოზ..“ — გაახსენდა გოგონას ცივი ხმა და სიამაყემ, რომელიც მისთვის ერთდროულად გადამრჩენელიც იყო და დამღუპველიც, მყისიერად გაიღვიძა. — ზედმეტია, — ჩაიჩურჩულა მან. მან ნელა, თითქოს თითოეულ ასოს ემშვიდობებოდა, წაშლის ღილაკს დააჭირა. ტექსტი გაქრა. ეკრანი ისევ ცარიელი და ცივი გახდა. გიომ ტელეფონი შორს, საღებავებით მოსვრილ მაგიდაზე მიაგდო. ის არ აპირებდა დამარცხებას, არ აპირებდა იმის აღიარებას, რომ 27 წლის გოგონამ, თავისი მელანქოლიური ღიმილით, მისი სამყაროს ღერძი შეარყია. მან მზერა ახალ ტილოს მიაპყრო — იქ გოგონა აღარ ჩანდა. იქ მხოლოდ შავი, აგრესიული შტრიხები იყო, რომლებიც ქაოსს უფრო ჰგავდა, ვიდრე ხელოვნებას. ეს იყო მისი პროტესტი საკუთარი სისუსტის მიმართ. იმ ღამეს ნიკო არ სძინებია. ის იჯდა სიბნელეში, ლუდს სვამდა ერთი მეორეს მიყოლებით და უყურებდა კარს, თითქოს ელოდა, რომ გოგონა თავად შემოაღებდა მას, ყოველგვარი შეტყობინებისა და მიწვევის გარეშე. მაგრამ კარი დაკეტილი დარჩა. ელეონორა სახლში დაბრუნებისთანავე საწოლზე დაეშვა. შავი კაბა ისე ეხვეოდა სხეულზე, როგორც იმ საღამოს მოგონება — მძიმედ და მახრჩობელად. ისიც, ნიკოს მსგავსად, შუქის აუნთებლად იჯდა. სიბნელეში მისი მელანქოლია უფრო კომფორტული ხდებოდა. ტელეფონი გვერდით ედო. ყოველ ჯერზე, როცა ეკრანი განათდებოდა (თუნდაც უბრალო შეტყობინებით), გული საგულედან უვარდებოდა. თუმცა, იქ ნიკოს სახელი არ ჩანდა. „ბატონო ნიკოლოზ...“ — გაუმეორა საკუთარ თავს და იგრძნო, როგორ დაეწვა ყელი. მან ეს სპეციალურად გააკეთა. ეს იყო მისი თავდაცვა იმ შიშისგან, რომელსაც ნიკოს სიახლოვე ჰგვრიდა. ის არ იყო უბრალოდ მამაკაცი; ის იყო სარკე, რომელიც გოგონას იმ ნაწილებს აჩვენებდა, რომელთა დამალვასაც წლებია ცდილობდა. გავიდა ერთი დღე, ორი, სამი... ელეონორა თავის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, მაგრამ ყველაფერს აკეთებდა მექანიკურად. ქუჩაში სიარულისას ყოველ ოდნავ ჭაღარაშერეულ, მაღალ მამაკაცზე გული უჩერდებოდა, ყველაში ნიკოს ეძებეა. ის ელოდა. ელოდა მწარე იუმორს, ირონიულ წერილს ან თუნდაც მორიგ უხეშობას. ერთ საღამოს, წვიმიან ამინდში, ელეონორა პატარა კაფეში იჯდა ფანჯარასთან. მის წინ გაციებული ყავა იდგა. ის ფანჯრის მინაზე ჩამოდენილ წვეთებს აკვირდებოდა, როცა დაინახა ის — ქუჩის მეორე მხარეს. ნიკო მიდიოდა. თავი ოდნავ დაეხარა და ისეთივე დისტანცირებული ჩანდა სამყაროსგან, როგორც ყოველთვის. ის არ იყურებოდა აქეთ-იქით, თითქოს მის გარშემო ხალხი კი არა, მხოლოდ დაუმთავრებელი ესკიზები იყვნენ. გოგონამ იგრძნო, როგორ გაუჩერდა სუნთქვა. მას შეეძლო ფანჯარაზე დაეკაკუნებინა, შეეძლო გარეთ გასულიყო, მაგრამ ადგილიდან არ დაიძრა. ის უყურებდა, როგორ შორდებოდა ნიკო მის ფანჯარას. სწორედ იმ მომენტში, ნიკო უცებ გაჩერდა, თითქოს ვიღაცამ სახელი დაუძახაო, და ნელა მოაბრუნა თავი კაფესკენ. მათი მზერა მინის მიღმა შეხვდა ერთმანეთს. არცერთს არ გაუღიმია. წვიმა მათ შორის კედელივით იდგა, მაგრამ ის მუხტი, რომელიც გალერეის კუთხეში დაიბადა, ახლაც ისეთივე ძლიერი იყო. ნიკო რამდენიმე წამით გაშეშდა, შემდეგ კი ისევ ის ნაცნობი, ირონიული ნიღაბი მოირგო და თავის დაკვრის ნაცვლად, მხოლოდ მზერით „მიესალმა“ — ისე, თითქოს მის სულში ისევ ნახშირით ხატავდა. მან გზა გააგრძელა, გოგონა კი დარჩა — ათრთოლებული თითებითა და იმის გაცნობიერებით, რომ ეს დუმილი ორივესთვის აუტანელი ხდებოდა. სახლში დაბრუნებულმა ტელეფონი საწოლზე დააგდო, მაგრამ რამდენიმე წუთში ისევ აიღო. ეს უკვე მექანიკურ მოქმედებად ქცეოდა. ის საკუთარ თავზე ბრაზობდა. 27 წლის იყო, საკმარისი გამოცდილებაც ჰქონდა და არასდროს ყოფილა ის გოგო, რომელიც კაცის გამო მოსვენებას კარგავდა. მით უმეტეს კაცის, რომელიც სულ ორჯერ ნახა. „ეს უბრალოდ ცნობისმოყვარეობაა“, — უთხრა საკუთარ თავს, თუმცა თითები უკვე საძიებო ველში „ნიკო...“-ს კრეფდნენ. მისი სოციალური ქსელები ისეთივე იყო, როგორც მისი შემოქმედება — ასკეტური, შავ-თეთრი და დისტანცირებული. არანაირი პირადი ფოტოები, არანაირი ზედმეტი ინფორმაცია. მხოლოდ ტილოების ფრაგმენტები, გამოფენების ანონსები და რამდენიმე სტატია ხელოვნების ჟურნალებში. ელეონორამ ერთ-ერთი ინტერვიუ გახსნა. ფოტოზე ის თავის სახელოსნოში იჯდა, ფონზე დაუმთავრებელი ნახატები ჩანდა. მისი მზერა კამერის მიღმა იყურებოდა, ისეთივე ირონიული და მწარე, როგორიც გალერეაში. სტატიაში მას „რთულ შემოქმედად“ და „მარტოხელა ესთეტად“ მოიხსენიებდნენ. — „მე არ ვხატავ ადამიანებს, მე ვხატავ იმ სიცარიელეს, რომელსაც ისინი ტოვებენ“, — წაიკითხა გოგონამ და ჟრუანტელმა დაუარა. ის საათობით „სტალკავდა"მას, ეძებდა ნებისმიერ დეტალს, რომელიც ამ კაცის ამოხსნაში დაეხმარებოდა. რატომ მოქმედებდა მასზე ასე ძლიერად ნიკო დისტანცირება? რატომ ეჩვენებოდა მისი „ბატონო ნიკოლოზ“ ასეთ ბავშვურ საქციელად ახლა? „მხოლოდ ორჯერ ვნახე... ეს ხომ სისულელეა“, — ფიქრობდა ის და საწოლში გადაბრუნდა. მაგრამ ეს არ იყო სისულელე. ეს იყო ის აუხსნელი ქიმია, რომელიც მაშინ ჩნდება, როცა ორი მელანქოლიური სული ერთმანეთს პოულობს. ნიკო ის დაინახა — არა მხოლოდ მისი გარეგნობა, არამედ ის შინაგანი სევდა, რომელსაც ასე სათუთად მალავდა ლაღი ღიმილის მიღმა. გოგონამ თვალები დახუჭა და ისევ ის მომენტი გაახსენდა — ნიკოს ცხელი ხელისგული მის მაჯაზე და მისი ხრინწიანი ხმა: „ვერ ვიტან, როცა სხვები ცდილობენ იმის წაკითხვას, რაც მხოლოდ ჩემთვის არის დაწერილი“. ამ ფიქრებში ჩაეძინა. ტელეფონი კი, ნიკოს შავ-თეთრი ნამუშევრების ფოტოებით ეკრანზე, მის გვერდით დარჩა, როგორც ერთადერთი ხიდი იმ მამაკაცთან, რომელმაც მისი სიმშვიდე სრულიად გაანადგურა. საუზმე დიდი ხანია გაცივდა. ელეონორა სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა, ყავის ჭიქას თითებს უჭერდა და ტელეფონის ეკრანს დაჟინებით უყურებდა. საკუთარ თავთან ბრძოლა წააგო — ისევ ნიკოს პროფილი ჰქონდა გახსნილი. რადგან მეგობრებში არ ჰყავდა დამატებული, მისი სიახლეები ელეონორას ფიდში არ ჩანდა, ამიტომ ყოველთვის თავად უწევდა მისი სახელის აკრეფა საძიებო ველში. ეს თითქმის რიტუალად იქცა. და აი, დღეს, ნიკოს ავატარის გარშემო ფერადი წრე აციმციმდა. გოგონას გულმა ერთი დარტყმა გამოტოვა. მან იცოდა უკვე, რომ ნიკო ამას იშვიათად აკეთებდა. თითი ოდნავ აუკანკალდა, როცა წრეს დააჭირა. ეკრანზე ვიდეო გაიხსნა. კადრი მუქი იყო, მხოლოდ სამუშაო მაგიდაზე დაცემული ლამპის შუქი ანათებდა სახელოსნოს ნაწილს. ვიდეოში არავინ ჩანდა, მხოლოდ ნიკოს ხელებს ხედავდა — იმ ძარღვიან, მამაკაცურ ხელებს, რომლებიც ნახშირით იყო დასვრილი. ის ტილოზე არ მუშაობდა; ნელა ფურცლავდა თავის პატარა, ტყავგადაკრული ბლოკნოტს. კამერა წამით შეჩერდა ერთ გვერდზე. ეს იყო ელეონორას პორტრეტი, ის პირველი ესკიზი გამოფენიდან, ოღონდ ახლა უფრო მეტი დეტალით — ნიკოს, როგორც ჩანს, ღამეები გაეთენებინა ამ ხაზების სრულყოფაში. ვიდეოს ფონზე მხოლოდ მამაკაცის მძიმე სუნთქვა ისმოდა. ბოლოს, კადრში მისი თითები გამოჩნდა, რომლებიც გოგონას დახატულ ტუჩებს შეეხო — ისე ნაზად და მესაკუთრულად, თითქოს ნამდვილ კანს ეხებოდა. ვიდეო ზუსტად იმ მომენტში გაწყდა. ელეონორამ ტელეფონი მაგიდაზე დადო. იგრძნო, როგორ აეწვა ლოყები. ნიკომ არ იცოდა, რომ ელეონორა მის პროფილს ყოველდღე ამოწმებდა... თუ იცოდა? იქნებ ეს ვიდეო სწორედ მისთვის იყო? მისნაირი ცინიკოსი და დინჯი კაცი ასეთ ინტიმურ კადრს შემთხვევით არ გამოაქვეყნებდა. — ეს კაცი მეთამაშება... — ჩაიჩურჩულა. ის ხვდებოდა, რომ ამ დუმილში უფრო მეტი ვნება და დაძაბულობა იყო, ვიდრე ნებისმიერ საუბარში. ნიკომ მას გზავნილი დაუტოვა — უსიტყვო, ნახშირით დასვრილი და წარმოუდგენლად პირდაპირი. მან აჩვენა, რომ მიუხედავად იმ ცივი დაშორებისა, ელეონორა მაინც მის სახელოსნოში, მის ფიქრებში და მის თითებს ქვეშ იყო. გოგონამ ფანჯარაში გაიხედა. ქალაქი ჩვეულებრივად ხმაურობდა, მაგრამ მისთვის სამყარო იმ ერთ პატარა, ბნელ სახელოსნომდე დაპატარავდა, სადაც 39 წლის მხატვარი მის აჩრდილს ებრძოდა. სახელოსნოში ლამპის შუქი მკვეთრ, დანაწევრებულ ჩრდილებს ჰფენდა კედლებს. ნიკო მაგიდასთან იჯდა, ტელეფონი ეკრანით ქვემოთ დაედო და უყურებდა საკუთარ ხელებს, რომლებიც ჯერ კიდევ გრძნობდნენ ბლოკნოტის ფურცლის ფაქტურას. „რა ჯანდაბას აკეთებ, ნიკო?“ — დაუსვა საკუთარ თავს კითხვა, რომელიც მთელი ღამე მოსვენებას არ აძლევდა. იმ სთორის დადება მისი მხრიდან აბსოლუტური სისულელე იყო. მან, კაცმა, რომელიც წლებია საკუთარ ემოციებს ტილოების სქელი ფენების მიღმა მარხავდა, ახლა მთელი თავისი დაუცველობა საჯაროდ გამოიტანა. თუმცა, მან ზუსტად იცოდა, რომ ეს საჯაროობა მხოლოდ ერთი ადამიანისთვის იყო განკუთვნილი. ის დარწმუნებული იყო, რომ ელეონორა მის პროფილს ამოწმებდა. ეს იყო მონადირის ინსტინქტი — მან იგრძნო გოგონას მზერა ციფრული სივრციდანაც კი. ის წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და შუბლი ცივ მინას მიადო. ნიკოს არასდროს აშინებდა მარტოობა, პირიქით, ის მისი კომფორტის ზონა იყო. მაგრამ ახლა, ეს მარტოობა აუტანლად ხმაურიანი გახდა. სახელოსნოს ყოველი კუთხე თელეონორას ახსენებდა — მის სილუეტს ტილოებთან, მის სევდიან ღიმილს და იმ გაციებულ, ოფიციალურ მიმართვას: „ბატონო ნიკოლოზ“. — ბატონო ნიკოლოზ... — ჩაიჩურჩულა თავისთვის და ირონიულად ჩაეღიმა. ის საკუთარ თავზე ბრაზობდა. 39 წლის ასაკში 27 წლის გოგონასგან ასეთ ემოციურ ნოკაუტს არ ელოდა. მას სურდა, რომ ელეონორა ახლა აქ ყოფილიყო, სურდა დაენახა მისი რეაქცია იმ ვიდეოზე. სურდა გაეგო, დააფასა თუ არა გოგონამ ეს უსიტყვო აღიარება. ტელეფონმა დაივიბრირა. ნიკო მყისიერად შებრუნდა, თითქოს ელექტროშოკი დაარტყესო. მან ტელეფონი აიღო და ეკრანს დახედა. მისი გული, რომელიც ჩვეულებრივ რიტმში მუშაობდა, ახლა ისე ცემდა, თითქოს მკერდიდან ამოვარდნას ლამობდა. თუმცა, ეკრანზე შეტყობინება არ ჩანდა. მხოლოდ ნახვების რაოდენობა გაიზარდა. მან სია ჩამოშალა და... იქ იყო. ელეონორა. მან ნახა. მამაკაცმა ტელეფონი მაგიდაზე დააგდო და ღრმად ამოისუნთქა. მან თავისი სვლა გააკეთა. ახლა ჯერი გოგონაზე იყო. ის არ აპირებდა მეტი ნაბიჯის გადადგმას. მისი სიამაყე ისევ დაბრუნდა, ოღონდ ამჯერად უფრო მტკივნეული და მოლოდინით სავსე. ნიკოს არ უყვარდა კითხვების დასმა, მაგრამ იმ ღამით, როცა ეჭვიანობამ და ინტერესმა პიკს მიაღწია, მან გალერეის უფროსს დაურეკა. „მინდა ის ესკიზი მივუტანო, რომელიც დავპირდი, მისამართი ჩამიგდე,“ — თქვა მან ისეთი მშრალი ტონით, რომ ეჭვი ვერავინ შეიტანა. ნიკომ მანქანა ელეონორას სადარბაზოსთან მოშორებით, ხეების ჩრდილში გააჩერა. ძრავა გამორთო და სიბნელეში ჩაიძირა. სახელოსნოში ყოფნა აუტანელი გახდა — იქაური კედლები ზედმეტად ბევრს ყვიროდნენ მის მარტოობაზე. ის იჯდა და უყურებდა მესამე სართულის ფანჯარას, სადაც თბილი, ყვითელი შუქი ენთო. ნიკო არ იყო ის კაცი, რომელიც ვინმეს „სტალკერობას“ დაიწყებდა, მაგრამ ახლა საკუთარ თავს ვერ ცნობდა. ეს იყო 39 წლის კაცის ირაციონალური ქცევა, რომელიც 27 წლის გოგონას აურამ მთლიანად გამოფიტა. ფანჯარასთან ელეონორას სილუეტი გამოჩნდა. ნიკომ სუნთქვა შეიკავა. ის ხედავდა, როგორ მიუახლოვდა გოგონა რაფას, როგორ გადასწია თხელი ფარდა და გარეთ, ღამის ქალაქს გახედა. ის ჩრდილში იყო დამალული, მანქანის მინები არ ირეკლავდა შუქს — ის სრულიად უხილავი რჩებოდა. ელეონორას ხელში ტელეფონი ეჭირა. შორიდანაც კი ჩანდა მისი ეკრანის მკვეთრი ნათება. ნიკოს გაეღიმა — მწარედ, ნაღვლიანად. ის დარწმუნებული იყო, რომ გოგონა ახლაც მის „სთორის“ ატრიალებდა ან მათ მოკლე მიმოწერას კითხულობდა. ელეონორამ სახე ხელებში მოათავსა და ასე უცქერდა გარემოს რამდენიმე წუთს. მისი სილუეტი ისეთი ნაზი და დაუცველი ჩანდა ამხელა ქალაქის ფონზე, რომ ნიკოს გაუჩნდა სურვილი, მანქანიდან გადასულიყო, კიბეები აერბინა და უბრალოდ მის ზურგს უკან დამდგარიყო, როგორც მაშინ, გალერეაში. მაგრამ ის ადგილიდან არ დაიძრა. მას არ უნდოდა მისი დანახვა. მას უნდოდა მისი გრძნობა. ცოტა ხანში ფანჯარაში შუქი ჩაქრა. ელეონორა გაუჩინარდა. ნიკო კი ისევ იჯდა სიბნელეში, საჭეს თითებს უჭერდა და გრძნობდა, როგორ უბრუნდებოდა მისი ცინიზმი. „ეს ყველაფერი სისულელეა,“ — უთხრა საკუთარ თავს, — „ხვალ დილით გავიღვიძებ და ისევ ის ვიქნები, ვინც ამ გოგომდე ვიყავი.“ მაგრამ მან იცოდა, რომ ეს ტყუილი იყო. მან დაქოქა მანქანა და ნელა დატოვა ეზო. მას არ დაუნახავს, რომ როდესაც მისი მანქანის უკანა შუქები გაქრა, ელეონორა ისევ მიუახლოვდა ფანჯარას და სიბნელეში დიდხანს იყურებოდა, თითქოს გრძნობდა, რომ იქ, ჩრდილებში, ვიღაც მის სუნთქვას ითვლიდა. ახლა კი, როცა მისი მანქანა ელეონორას სახლს შორდებოდა, ნიკო საკუთარ თავთან ბრძოლას აგრძელებდა. მას არ შეეძლო უბრალოდ წასულიყო და ეს ღამე ჩვეულებრივად დაესრულებინა. მანქანა ისევ გააჩერა, პატარა ფურცელი ამოიღო და ნახშირით რამდენიმე სწრაფი მოძრაობა გააკეთა. მეორე დილით, როცა გოგონამ კარი გააღო, რომ სამსახურში წასულიყო, ფეხებთან რაღაც თეთრი დაინახა. ეს იყო პატარა, უბრალო ფურცელი, ყოველგვარი კონვერტის გარეშე. მასზე მხოლოდ ერთი რამ იყო დახატული: მისი თვალები. ოღონდ ისეთი, როგორიც გუშინ, ფანჯარასთან დგომისას იქნებოდა — დაღლილი, მოლოდინით სავსე და ოდნავ სველი. ნახატის კუთხეში არანაირი წარწერა არ იყო, მაგრამ ნახშირის კვალი ფურცელზე ჯერ კიდევ ცოცხლად ჩანდა. ელეონორამ ფურცელი აიღო. მისი თითები მაშინვე გაშავდა. მან იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული. ეს არ იყო მხოლოდ ნახატი — ეს იყო შეტყობინება, რომ ნიკო აქ იყო. რომ მან ის დაინახა. რომ მათ შორის დისტანცია მხოლოდ ილუზია იყო. — ბატონო ნიკოლოზ... — ჩაიჩურჩულა და ამჯერად მის ხმაში ირონიის ნაცვლად შიში და აღფრთოვანება ერთმანეთში აირია. მან იცოდა, რომ ეს კაცი მას უკვე აღარასოდეს გაუშვებდა, ისე, რომ მისი სული ბოლომდე არ დაეხატა. ნახატი ხელში ჩაბღუჯა. მისი თითები ნახშირით გაშავდა, ზუსტად ისე, როგორც ნიკოს ხელები იმ „სთორიში“. ეს იყო ბოლო წვეთი. დაღლილობამ, დაბნეულობამ და ამ აუტანელმა კატა-თაგვობამ პიკს მიაღწია. მას აღარ სურდა ფანჯარასთან დგომა და გამოცნობანა — მას პასუხები სჭირდებოდა. სახელოსნოს კარი მძიმე იყო, რკინის, ცივი. გოგონა ერთი წამით შეყოვნდა, ღრმად ამოისუნთქა და სახელური მთელი ძალით ჩამოსწია. კარი არ იყო ჩაკეტილი. მან ის ისეთი ძალით შეაღო, რომ კედელს მიენარცხა და ძლიერი ხმაურით დაარღვია იქაური დუმილი. ნოკო მოლბერტთან იდგა. მას არ შეშინებია, არც კი შეკრთომილა. ნელა მოაბრუნა თავი, თითქოს ზუსტად იცოდა, ვინ იდგა ზღურბლთან. მის სახეზე არანაირი ემოცია არ ჩანდა, გარდა იმ ნაცნობი, მწარე სიმშვიდისა. — თქვენ კარზე დაკაკუნება არ გასწავლეს, ? — წარმოთქვა მან დაბალი ხმით. მას ხელში ფუნჯი კი არა, ისევ ნახშირის ნატეხი ეჭირა. — თქვენ კი სხვისი პირადი სივრცის პატივისცემა არ გასწავლეს, ბატონო ნიკოლოზ? — მამაკაცისკენ დაიძრა. ის პატარა ფურცელი, რომელზეც მისი თვალებიი იყო დახატული, წინ დაუდო მაგიდაზე. — ეს რა არის? ჩემს კართან რას აკეთებდით? საიდან იცით, სად ვცხოვრობ? ნიკომ ნახშირი მაგიდაზე დადო და გოგომასკენ ერთი ნაბიჯი გადადგა. ახლა ის იმდენად ახლოს იყო, რომ მის სუნთქვასა და იმ მძაფრ, შემოქმედებით ენერგიას გრძნობდა, რომელიც ამ კაცისგან მოდიოდა. — მე მხატვარი ვარ, — თქვა მან და თვალებში ჩახედა, — მე ვპოულობ იმას, რაც მაინტერესებს. და თქვენ... თქვენ იმაზე მეტად მაინტერესებთ, ვიდრე ეს ჩემს გეგმებში შედიოდა. — ეს თამაშია? — ხმა აუთრთოლდა. — გინდათ ნახოთ, როგორ დავიბნევი? როგორ დაგელოდებით ყოველ დილით? ნიკომ ხელი ასწია. მისი თითები, ისევ ნახშირით დასვრილი, ელეონორას ლოყასთან შეჩერდა, მაგრამ არ შეხებია. — ეს თამაში არ არის. ეს ჩემი წყევლაა. მე თქვენ გხედავთ ყველგან — ტილოზე, კედლებზე, ჩემს ბლოკნოტში. გუშინ მხოლოდ იმიტომ მოვედი, რომ დავრწმუნებულიყავი... — რაში? — ჩაიჩურჩულა ელეონორამ. — იმაში, რომ ისეთივე მარტო ხართ იმ ფანჯარასთან, როგორიც მე ვარ აქ, — ნიკოს თითები საბოლოოდ შეეხო მის კანს. შავი კვალი ნაზ ლოყაზე დარჩა. — ახლა კი აქ ხართ. დაუპატიჟებლად. და ორივემ ვიცით, რომ აქედან ისე ვერ წახვალთ, როგორც მოხვედით. ელეონორამ იგრძნო, როგორ გაჩერდა სამყარო. სახელოსნოს სუნი, ნიკოს სიახლოვე და ის შავი კვალი მის სახეზე — ყველაფერი ერთ წერტილში შეიკუმშა. ნიკოს თითები, რომლებიც ელეონორას ლოყაზე შავ კვალს ტოვებდნენ, მძიმედ ჩასრიალდნენ მის ყელამდე. გოგონა არ განძრეულა, პირიქით — ის ინსტინქტურად მიეწება ამ უხეშ, საღებავითა და ნახშირით დასვრილ ხელისგულს. მათ შორის მანძილი იმდენად მცირე იყო, რომ ორივეს გულისცემა ერთ რიტმში ისმოდა. — აღარ დამიძახებთ „ბატონო ნოკოლოზს“? — ჩაესმა მაწ ხრინწიანი, თითქმის ჩურჩულით ნათქვამი ხმა. გოგონამ პასუხის ნაცვლად უფრო ხელი მის ხელს მოუჭირა. მან თავი ოდნავ ასწია და ნიკოს თვალებში ისეთი ვნება და გაშიშვლებული სიმართლე დაინახა, რომ ყოველგვარი ირონია და თავდაცვა საბოლოოდ ჩამოიშალა. ნიკლმ მეორე ხელი წელზე მოხვია და თავისკენ მკვეთრად მიზიდა. შემდეგ კი, თითქოს მთელი ეს კვირები მხოლოდ ამ წამისთვის ემზადებოდაო, გოგონას ტუჩებს დაეწაფა. ეს არ იყო ნაზი კოცნა. ეს იყო ორი ადამიანის შეჯახება, რომლებიც ერთმანეთს გაურბოდნენ და ბოლოს საკუთარ თავთან დამარცხდნენ. კოცნაში იგრძნობოდა ნიკოს მესაკუთრეობა, ელეონორას ის აუხსნელი ლტოლვა, რომელსაც ის სისულელეს ეძახდა. ელეონორას თითები ნიკოს ჭაღარაშერეულ თმაში აიხლართა. ის გრძნობდა ნიკოს პერანგის უხეშ ქსოვილს, ნახშირის სუნს და იმ დაუოკებელ ძალას, რომლითაც მამაკაცი მას იჭერდა. ნიკომ ის მაგიდასთან მიამწყვდია, იქ, სადაც ესკიზები და საღებავები ეყარა. რამდენიმე ნახატი იატაკზე დაცვივდა, მაგრამ არცერთს არ უგრძვნია. როცა ნიკო წამით მოშორდა, რომ სუნთქვა აღედგინა, მისი შუბლი ელეონორას შუბლს მიებჯინა. მისი თვალები ახლა უფრო მუქი იყო, ვიდრე ნებისმიერი საღებავი მის პალიტრაზე. — ახლა მაინც თუ გჯერა, რომ ეს თამაში არ არის? — ჰკითხა მან და ელეონორას ტუჩის კუთხეში დარჩენილი ნახშირის კვალი ცერა თითით ნაზად მოწმინდა. ელეონორამ თვალები გაახილა. ის სრულიად სხვა ადამიანი იყო — აღარც მელანქოლიური და აღარც დისტანცირებული. — ეს იმაზე მეტია, ვიდრე წარმომედგინა, ნიკო... — ამოთქვა მან და პირველად ახსენა მისი სახელი ასე — უბრალოდ, ყოველგვარი ტიტულების გარეშე. ნიკოს სახეზე პირველად გამოჩნდა ნამდვილი, არაირონიული ღიმილი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.





