დაუღწეველი (II თავი)
„ბოლოს შენს საფლავთან ყვავილებით ის დგება, ვისაც უყვარდი და არა - ის, ვინც გიყვარდა." - ვოლტერი თავი II მარიტას ახსოვს ის დღეები, როდესაც მუშთაიდის ბაღში მამასთან ერთად დასეირნობდა. მაშინ წერეთელზე ცხოვრობდნენ, იქიდან არცთუ ისე შორი იყო ერთობ მიტოვებული , კაცობრიობისგან დაცლილი ადგილი,რომლის უკანაც გაჩერებული, ამჟამად უკვე უფუნქციო საბავშვო მატარებელი იდგა. უკან ტყე იყო. მარიტას გული სულ ამ მატარებლისკენ მიუწევდა, მამამისი აახტუნებდა ბაქანზე და თავს მგზავრად გრძნობდა, ბატონი კახი კი გამოგონილი მესაჭე იყო სწრაფმავალისა. წინა ნაწილს დაიკავებდა და მატარებელიც მიჰქროდა, მხოლოდ კი ,პატარა გოგონას წარმოდგენებში. დიდი ხანია ,წერეთელზე აღარ ცხოვრობდნენ, რაც მამამისმა ფეხის მოკიდება შეძლო საზოგადოებაში, საბურთალოსკენ გადმოინაცვლეს. საცხოვრებლად კი უფრო მშვიდი ბინა იყიდეს, რომელიც არცთუ ისე შორი იყო ლისის ტბიდან. ყოველ საღამოს თუ ვერა, კვირაში ერთხელ მაინც მარიტა ამ ტბის მახლობლად სეირნობდა. მამამისს მისთვის აღარ ეცალა ისე, როგორც ეს ბავშვობაში ხდებოდა, კახი ჩაფლული იყო ფაილებსა და დოკუმენტებში. მარიტასთვის გაუცხოვდა, როგორც მამა. მათ შორის გაჩნდა ბზარი, ადრე თუ ყოველ საღამოს მაინც ერთად ვახშმობდნენ, ახლა კახის ამისთვისაც აღარ ეცალა და კორპორატიული წვეულებიდან-წვეულებაზე დადიოდა. მარიტა დისტანციის გაზრდას გრძნობდა მათ შორის და მაინც არაფერს ამბობდა. როდესაც ხუმრობით საყვედურობდა მამას სულ დაკავებულობაზე, კაცი ასე პასუხობდა: "მარიტა, შვილო, მთავარია ფული იყოს და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია.. სამყაროში უამრავი გასართობია, რატომ არ გამოცდი თითოეულს? გინდა, დასასვენებლად გაგიშვა? ამბობენ მალდივებზე საოცარი კურორტებიაო.."- და ისე, რომ შვილისგან არც მოისმენდა პასუხს, დოკუმენტებს ჩააფრინდებოდა, თითქოს ვინმე ართმევდა. ქალი თავს ჩახრიდა იმედგაცრუებისგან. მთავარი მიზეზი ხომ მოწყენილობა არ იყო... ნეტავ, ღარიბები ყოფილიყვნენ და მამამისს ისევ ისე ყვარებოდა, როგორც მაშინ, მუშთაიდის ბაღში რომ დაჰყავდა ხოლმე ყოველ კვირა მატარებელზე ასახტუნებლად და საინტერესო ამბებს უყვებოდა მათი გამოგონილი მოგზაურობისას. ნეტავ, კახის არასდროს ეშოვნა ფული... წყეული ფული,რომელმაც მისი ცხოვრებაც შეიწირა, ისევე როგორც უმამოდ აქცია მარიტას ცხოვრება,როდესაც იგი ცოცხალი იყო,მაგრამ არა მარიტასთვის, არამედ თავისი ბიზნესისთვის. ამიტომაც, არ სურდა მამამისის მემკვიდრეობიდან მარიტას არაფერი. ჯიბრით არ ახებდა ხელს არცერთ გროშს. წყალსაც წაეღო ეგ ფული და ქონება, რომლის მოხვეჭასაც მამამისმა მთელი თავისი გატარებული წლები შეალია და ამასობაში, დაკარგა საკუთარი თავი და სიყვარული გარშემომყოფებისადმი. ერთხელ, უკვე საბურთალოზე ახალი ცხოვრების დაწყების შემდეგ, 10 წლის მარიტამ მამას სთხოვა, მუშთაიდის ბაღში წასულიყვნენ, ალბათ, ერთი წელი იქნებოდა გასული, ბოლოს რომ იყვნენ. კახიმ მაშინ საათს დახედა და უთხრა: -ეჰ..ამ კვირაში ვერ მოვახერხებ, შეხვედრები მაქვს. სხვა დროს, კარგი? ის „სხვა დრო" აღარასდროს დადგა. მატარებელი კი, მარიტას წარმოსახვაში, ნელ-ნელა შენელდა. აღარ მიჰქროდა, ახლა რელსებდაწყვეტილი მიჯაგჯაგებდა.. აღარ ისმოდა გამოგონილი მესაჭის ხმა. მარიტა მარტო იჯდა და ცხოვრებას სადღაც, ვინ იცის სად - მოწყენილი მიჰყვებოდა. სახლში ყველაფერი გადაკეთდა - ავეჯი, მისაღების ზომა, ფარდების ფერი, გაივსო მდიდრული სუვენირებითა და ძვირფასი ხელნაკეთი დეკორაციებით.. მარიტას ეს ისე მკაფიოდ არ შეუმჩნევია, როგორც მამის შეცვლილი თვალები - ადრე მათში თუ სითბო იყო, ახლა - მუდმივი დაძაბულობა ამოიკითხებოდა. თითქოს სულ რაღაცას ელოდა, ხან ეჩქარებოდა... ხშირად ღამე კაბინეტში იკეტებოდა. ტელეფონზე ჩუმად საუბრობდა. ერთხელ მიყურადებისას მარიტამ შემთხვევით გაიგონა: - ეს ბოლო იქნება...-მოისმა ჩურჩული შორიდან.-მალე დავასრულებთ. - არ იცოდა , მამამისი რას გულისხმობდა ამით, მაგრამ იმ ღამით პირველად იგრძნო შიში. თითქოს გული რაღაც ცუდს მოასწავებდა. იქიდან მოყოლებული, როცა კახი ამბობდა, რომ „ფული მთავარია", მარიტას ეჩვენებოდა, რომ ამ სიტყვებს არა მამამისი, არამედ სრულიად სხვა პიროვნება იძახდა. ახლა კი, როცა კახი აღარ იყო ცოცხალი, მარიტა უფრო მძაფრად ხვდებოდა, რომ ფული მხოლოდ მიზეზი არ ყოფილა მისი გარდაცვალებისა, არამედ რაღაც მეტი იმალებოდა ამ ბურუსით მოცული ამბის უკან. ალბათ, ამიტომაც არ სურდა მისი დანატოვარი მემკვიდრეობა. ეს ქონება მისთვის მამისგან გვიანი სინანული იყო...სიკვდილის ბოლოს გააზრებული მონანიება..და რაღაც ნაწილი, კვლავ ვერ პატიობდა კახის ამას. მაგრამ ფულით ხომ ვერ იყიდი და აამუშავებ მუშთაიდის ბაღში უფუნქციოდ მიტოვებულ მატარებელს, რომელიც - რა ხანია გაჩერდა... ვერც იმ მამას, რომელიც წარმოსახვით სამყაროში მისი ცხოვრების მესაჭე იყო... და მაინც... იქნებ სწორედ ეს ფული გახდა მიზეზი, რომ ის მატარებელი, მესაჭითა და პატარა გოგონათი, სამუდამოდ გაჩერდა წარსულში. ________ მარიტას გამოეღვიძა. შუადღის მზემ თვალი მოსჭრა და სახეზე ხელები აიფარა. გარშემო მიმოიხედა. უცნაური სიმშვიდე იყო. არსაიდან ხმა არ ისმოდა. რატომღაც, შიშისგან ტანში ჟრუანტელმა დაუარა და ტელეფონს დაუწყო ძებნა. ვერსად პოულობდა. არადა ახსოვდა, რომ გვერდით დაიდო, სანამ ჩაეძინებოდა. დავითი სადღაც გამქრალიყო, ამ წყვდიადურ სიმარტოვეში კი ყველაფერი იმაზე მეტად საშიში და ამაზრზენი ჩანდა, ვიდრე არასდროს. მოულოდნელად მეორე სართულიდან რაღაც მძიმეს დავარდნის ხმა გაისმა და მარიტა ადგილზე შეხტა შიშისგან. ეს არც ხუმრობას ჰგავდა და არც რაიმე ნორმალურს, სასწრაფოდ სადმე უნდა დამალულიყო. აბაზანაში? - არცთუ ისე კარგი აზრი იყო, ყველაზე მარტივად ამ ოთახის კარების გატეხვა იყო შესაძლებელი. მამამისის კაბინეტში? - მარიტას აღარც ახსოვს სად წაიღო კახის იარაღი, სიჩქარეში ვერ იპოვიდა. -ჯანდაბა!-ამოიგმინა ქალმა,როდესაც მაღლიდან მეორე დარტყმის ხმა მოესმა და სამზარეულოში გაიქცა. მაშინვე ყველაზე დიდ დანას ეცა და ორივე ხელი შემოაჭდო. -დაისვარა მთელი იატაკი,ბონდო, ხომ გითხარი ასე ძლიერად ნუ დაარყტყავ-თქო?-მოისმა მამაკაცის ხმა და მარიტამ პირზე ხელები აიფარა. მის გონებაში საშინელმა კადრებმა იწყეს მიმოსვლა. ერთი წარმოდგენებით, მათ დავითი გათიშეს ან დაჭრეს...იატაკის დასვრა კი სისხლის დაღვრის გამო მოხდა...ისინი მის მოსაკლავად მოვიდნენ და ალბათ, დავითი დახვდათ... -შენ მითხარი, თავში დაუმიზნეო და აპაა, რა მექნა?-მარიტამ თავში ხელი შემოირტყა და სამზარეულოს კარებისკენ დაიძრა. უნდოდა ენახა,გასაქცევი თუ იყო მისაღებში. -დაიკიდე ეგ, მთავარ საქმეზე გადავიდეთ, რაც დაგვავალეს, მალე!-წამოჰყვირა უცნობმა მეორე სართულიდან და მისი პარტნიორიც კიბეებიდან მისაღებისკენ დაიძრა. მარიტას გული გაუჩქარდა და ცივმა ოფლმა დაასხა.დანა კი ხელში ეჭირა, მაგრამ იარაღი თუ ჰქონდათ, რას გახდებოდა მათ წინააღმდეგ?! წამშივე გააგორებდნენ მიწაზე. პირველ სართულზე ჩამოსული ჭაღარა კაცი მაღალი და ძლიერი ჩანდა. ხელში დრელი ეჭირა... დრელი?! მარიტამ გონებაში უკვე დახატა ყველაზე საშინელი წამების კადრები, თუ როგორ მოკვდებოდა და როგორ გალევდა სიცოცხლის ბოლო წამებს სისხლდაცლილი, მისაღების იატაკზე,დრელით მუცელგახვრეტილი.... -რა ჯანდაბას აკეთებ?-მოესმა უკნიდან დავითის ხმა. შიშისგან, სანამ მიხვდებოდა,რომ დავითი იყო, მარიტას ხელიდან დანა გაუვარდა. შოკში იყო თუ პანიკაში, თავადაც ვერ ხვდებოდა. ძალიან დაფრთხა და მოულოდნელად დავითის დანახვამ შვებმა მოჰგვარა. ორი ემოცია ერთმანეთს დაეჯახა და ქალი შებარბაცდა. -ცოცხალი ხარ...-ჩაიჩურჩულა მარიტამ აკანკალებული ხმით, თითქოს თავისთავს მისცა იმედი, რომ აღარ ენერვიულა. რაც უკეთ გამოფხიზლდა, გაახსენდა დავითის სიტყვები, რომ ხელოსნები მოვიდოდნენ და შეაკეთებდნენ სახლში ყველაფერს...ნერვიული სიცილი აუტყდა და ლამის ცრემლები წამოსცვივდა დაძაბულობისგან. ცივი ოფლის ნაცვლად ახლა ცხელი ოფლი ასხავდა, ასე საშინლად არასდროს უგრძვნია თავი. რეალობის აღქმას კარგავდა, ამას დამატებული მისი მეხსიერება საშინლად სუსტდებოდა. -მარიტა, კარგად ხარ?-დავითი მიუახლოვდა, მარიტა ისეთი თეთრი იყო და მისი ტუჩები ისეთი ლურჯი, ეგონა გონებას დაკარგავდა.-რამე მოხდა?!-მოთმინების ფიალა აევსო დავითს და მაჯაზე ხელი მოავლო. ამან თითქოს ქალი გონზე მოიყვანა და ძლივს ხმა ამოიღო. -მეგონა ხელოსნები მკვლელები იყვნენ... -ამიტომ იდექი სამზარეულოში დანით ხელში? -ხო... -უკეთესი იარაღი ვერ ნახე? მაგალითად, მამაშენის პისტოლეტი, რომლითაც გუშინ მემუქრებოდი?-შეახსენა დავითმა და ტუჩის კუთხეში ჩაეცინა. -დამცინი კიდეც...შიშისგან ლამის სული განვუტევე...-გაბრაზებული თვალები შეანათა დავითს ქალმა და სკამზე ჩამოჯდა. სტრესისგან მარჯვენა ფეხი უკანკალებდა. -წყალი დალიე...-ჭიქა გაუცურა კაცმა და მარიტამაც მალევე გამოართვა. ყელი გამომშრალი ჰქონდა. უნდა დაელია, რომ ხელიდან გაუსხლტა და მინის ნამსხვრევები აქეთ-იქით გაიფანტა სამზარეულოში.-იყავი, მე ავკრეფ.-დასვა უკან დავითმა. -ცოცხი და აქანდაზი კუთხეში დევს...ხელი არ გაიჭრა.-შეეწინააღმდეგა ქალი. -ჩემზე ბევრს ნერვიულობთ, ქალბატონო მარიტა. -არაფერიც.-წარბაწევით მიუგო ქალმა და სამზარეულოდან უნდა გასულიყო, რომ სულ დაავიწყდა ნამსხვრევები ძირს, ფეხთ არ ეცვა, გვიანღა გაიაზრა, ძალიან გვიან, როდესაც ფეხის ძირში ძლიერი ტკივილი იგრძნო. მისი ერთ-ერთი შიში იყო მინაზე ფეხის დაბიჯება და აი, აუხდა კიდეც. -ახლა გული წამივა, დავით, მიშველე...-ესღა მოასწრო ეთქვა, სანამ ჩაიკეცებოდა. იქამდე კი დავითმა დაიჭირა და ხელში აიყვანა, რომ მისაღებში ჩამოესვა დივანზე და ჭრილობისთვის შეეხედა. აღარ იცოდა, ჯერ რომელი ექნა, მარიტა მოეყვანა გონზე თუ მინა გამოეღო ნაკაწრიდან. ჯერ მეორე ამჯობინა, რადგან ქალის პანიკების თავი არ ჰქონდა და სამედიცინო დახმარების ყუთი გამოიღო კარადიდან. პინცეტი გაასტერილა სამედიცინო ხსნარში, ბამბაც შიგ დაასველა, ჭრილობას დაადო და ისე გამოაძვრინა პატარა, სიგრძეში 2 სანტიმეტრის ნატეხი. ისევ სადენზინფექციო ხსნარით გაუწმინდა გაჭრილი და ბამბა დაადო, შემდეგ კი თაბაშირი გადაახვია ორ წრეზე და პლასტირით დაამაგრა ბოლოები,რომ არ გახსნილიყო მარტივად. ამის მერე ყველაზე რთული დავალებაღა დარჩა, მარიტას გამოღვიძება. ისევ სამზარეულოში გავიდა და ჭიქა ცივი წყლით გაავსო, რა უნდა ექნა, თავადაც არ იცოდა, სახეში ხომ ვერ შეასხავდა ქალს, როგორც უშვრებოდა ხოლმე სხვებს, უფრო კონკრეტულად კი, კაცებს. ქალებთან უფრო სინაზე მართებდა და გადაწყვიტა, ნაზად ეპკურებინა. რამდენიმე ცდის შემდეგ რომ შედეგი ვერ გამოიღო, მოთმინების ფიალა აევსო და რაც დარჩენილი იყო ჭიქაში, შიგ სახეში შეასხა ქალს. მარიტა ძლივს გონს მოეგო და გაცეცებით მიმოიხედა გარშემო. -იძულებული ვიყავი...ვერ მომყავდი გონს..-დავითმა ტილო გაუწოდა და მარიტამაც ბრაზით დასტაცა ხელიდან ნაჭერი, სახე შეიმშრალა და შემდეგ ფეხს სინჯვა დაუწყო. -დარწმუნებული ხარ, რომ ნატეხი არ ჩამრჩა შიგ? -მთლიანი ამოვიღე.-დაამშვიდა დავითმა. -რამდენად დიდი იყო?-ჰკითხა შეშინებულმა ქალმა. -მხოლოდ 2 სანტიმეტრისა იქნებოდა, ალბათ. -ვაიმე...-თვალები დახუჭა ქალმა და დავითმა ძლივს შეიკავა თავი, რომ არ გაეცინა ისევ. -მარიტა, მისმინე...ძალიან ბევრს ნერვიულობ, მესმის, მამაშენის სიკვდილი არ ყოფილა მარტივი გადასატანი, მაგრამ წინ შენი ცხოვრება გაქვს, ასე თუ გააგრძელებ, თავს გაიუბედურებ. ისიც მესმის, რომ ახლა მკვლელებმა შენ ამოგიღეს სამიზნედ, მაგრამ მე და შალვა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დაგიცვათ, მოეშვი...აქ ვარ და სანამ აქ ვარ, არაფერი ცუდი არ მოხდება. -მარიტამ თვალები ნელა გაახილა და დავითს შეხედა. მის მზერაში შიში ჯერ კიდევ ჩანდა, მაგრამ მასში რაღაც სხვა, უფრო ღრმა განცდაც ირეკლებოდა. დავითის მშვიდი მზერა საიმედოდ გამოიყურებოდა, დადებითად მოქმედებდა ქალზე. -თუ შენც წახვალ.. - დაუფიქრებლად თქვა ქალმა, სიტყვები თითქოს უნებლიეთ დასცდა.-თუ ვერ დამიცავ?-შეცვალა სასწრაფოდ კითხვა. დავითს გული უცნაურად შეეკუმშა. პირველად მიხვდა, რომ ეს შიში მარტო საფრთხეს არ ეხებოდა - ეს იყო მარტოობის შიში ქალისა, რომელმაც ყველა და ყველაფერი დაკარგა ამ სამყაროში... -მე მამაშენს პირობა მივეცი, რომ დაგიცავდი. დადებულ პირობას არასდროს ვტეხ.-დამამშვიდებლად მიუგო შავგვრემანმა. ქალმა პასუხი არ გასცა,მაგრამ ამ დუმილში უფრო მეტი იყო, ვიდრე სიტყვებში. შიშს აღარ გრძნობდა წამით, მხოლოდ სიმშვიდეს და ამ სიმშვიდემ გაყინული ორგანიზმი გაუთბო. -ფეხი ისევ გტკივა? -აღარ, სულ ოდნავ. -კარგი, მე ხელოსნებს ავხედავ.-თქვა დავითმა და ფეხზე წამოდგა. კიბეებზე ასვლას აპირებდა,რომ ქალმა დაუძახა, ინსტიქტურად მაშინვე შემოტრიალდა: -დავით....მადლობა.-არ იცოდა , რა ეპასუხა, უხერხულად დაუქნია თავი და სწრაფად აირბინა კიბეები, გული უცნაურად უძგერდა. ისე, ასე არასდროს რომ არ აძგერებულა. დივანზე ჩამომჯდარი მარიტა გადახვეულ ფეხს უყურებდა და თითების გამოძრავებას ცდილობდა. -ღმერთს მადლობა, რომ ფეხში მგრძნობელობა არ დავკარგე...-შვებით ამოისუნთქა ქალმა და თავი უკან გადააგდო. რა იცოდა, რომ მაღლიდან დავითი დაჰყურებდა და მის ნათქვამ სიტყვებზე სიცილით იგუდებოდა, ოღონდ ჩუმად, რა თქმა უნდა, ისე , ქალმს რომ ვერ გაეგო და არ ეწყინა მისგან ეს საქციელი. -------- -ნახვამდის, ხვალაც გელოდებით დაჩიკისა და დინების ტურბინის შესაცვლელად, არ დაგავიწყდეთ.-მიაძახა დავითმა და რკინის კარები გადარაზა. ორჯერ შეამოწმა საკეტი თუ ჩაკეტილი იყო და ბოლოს მისაღებში დაბრუნდა. -რის შესაცვლელად?-დაეკითხა მარიტა, ვითომ კი ძალიან აინტერესებდა. მოწყენილობისგან აღარ იცოდა, რა ექნა. -აივნის შეკეთებისას ცენტრალური გათბობის ქვაბიც შევამოწმებინე, თურმე ყინვას მილები გაეფუჭებინა და წყალი წვეთავდა. ნაწილები თან არ ჰქონდათ და ფილტრები გაწმინდეს მხოლოდ, წვეთვა შეწყდა,მაგრამ დაჩიკი და დინების ტურბინაა საჭირო, რომ თბილი წყალი გვქონდეს. რადიატორები ჩვეულებრივ იმუშავებს, ხვალამდე მხოლოდ ცივი წყალი იქნება. ისე კი, მასე ცენტრალური გათბობის ქვაბის გარეთ აივანზე დაყენება სარისკოა. -რატომ?-დაეკითხა ისევ ქალი, ვითომ კვლავაც ამ საკითხით იყო დაინტერესებული. -რატომ და მარტივად იყინება, დაცულობა უნდა, რამე ყუთის მსგავსი, შიგ რომ ჩაისვას და არ გადაიყინოს სიცივეში. -მერე გააკეთონ ეგეც. თავად უკეთ იცით.-ჩაიქნია ხელი ქალმა და კაცების სადარდებელს შეეშვა. მოსაღამებულიყო. ახლა მზის ნაცვლად ცაზე მთვარე კაშკაშებდა. დრო ისე გავიდა, მარიტამ ვერც შეამჩნია. -გშია?-ჰკითხა დავითს. -გიჟივით.-მიუგო კაცმა და მის პასუხზე ქალს ჩაეცინა. დავითმა პირველად გაიგონა მარიტას სიცილი, წრფელი გაღიმება და რაღაცნაირად მოხვდა გულში. -რა შევუკვეთოთ? -რაც გინდა. -იცი, რომ ასე საქმეს კი არ მიმარტივებ, უფრო მირთულებ, რადგანაც სულაც არ ვიცი, რა მინდა და თან ძალიან მშია. კონკრეტული პასუხი მჭირდება. -კარგი...კარგი...ასე მარტივად თუ ცეცხლდებოდი ,არ ვიცოდი.-ჩაიხითხითა დავითმა და დაფიქრებულმა თვალები მოჭუტა. -შაურმა- -არც გაიფიქრო.-გააწყვეტინა მარიტამ მაშინვე. -ასეც ვიცოდი. დარწმუნებული ვარ, ჩიტივით ჭამ. -ჰა-ჰა-ჰა.-ხელოვნურად გაიცინა მარიტამ და მკაცრი მზერა არ მოუცილებია დავითისთვის. -პიცა? -რომელი? -პეპერონი?-ჩაეკითხა დავითი. მარიტამ თავი გააქნია. -მარგარიტა სჯობს. -ჰმმმ...ვეგეტარიანელის სუნი მცემს.. -არ ვარ, უბრალოდ გამოძახებით არ ვენდობი, ვინ იცის, რის ხორცს უკეთებენ. -კარგი, იყოს მარგარიტა. და რამდენ ხანში მოვა? -40 წუთი წერია.-ამოიხედა ტელეფონიდან მარიტამ. -ბანაობას მოვასწრებ.-დავითი სწრაფად წამოდგა,მაგრამ მარიტას კითხვამ შეაჩერა: -ცივ წყალში? გიჟი ხარ? -ნუ ღელავ, არაფერი მომივა.-მიაძახა დავითმა და მეორე სართულზე ავიდა. -ვღელავ არა ისა კიდე...-ჩაიბურტყუნა მარიტამ და ნერვიულად იკბინა ტუჩზე. მთელი 40 წუთი მალევე გაილია და კარებზე ზარის ხმაც გაისმა. მარიტას სულ დაავიწყდა ნატკენი ფეხი და სწრაფად წამომდგარზე შებარბაცდა, შემდეგ კი წეროსავით ცალ ფეხზე დაიძრა კარებისკენ. საკეტი ორჯერ გადაატრიალა და კარები უნდა გაეღო, რომ მოულოდნელად დავითი ხელზე სწვდა და შეაჩერა. აფორიაქებული ჩანდა, მაისურის გადაცმაც ვერ მოესწრო, წელსზემოთ შიშველს სველი თმიდან წვეთებად ჩამოსდიოდა წყალი და დაკუნთულ სხეულზე ეცემოდა. მარიტამ მძიმედ ჩაყლაპა ნერწყვი და უკან-უკან გაიწია სწრაფი ნაბიჯით. დავითმა ერთი მკაცრად შეხედა და კარები გამოაღო. შეკვეთა აიღო და მაგიდაზე ხმაურიანად დადო. -რას ფიქრობდი, კარებს რომ აღებდი მარტო?-ხმა ამოიღო დავითმა. მარიტას სუნთქვა აუჩქარდა. -ასე ვერ ვიცხოვრებ... ყოველ ზარზე თუ მეგონება,რომ მკვლელია კარებთან, გავგიჟდები! დავითმა ღრმად ამოისუნთქა. -სანამ მე აქ ვარ და შენ საფრთხეში ხარ, წესები იცვლება....კარს მე ვაღებ...ყოველთვის. გასაგებია? თუ რაიმეა მოსალოდნელი, პირველ დარტყმას მე ვიღებ...შენი დაცვა ვარ....არც კი იცი, ვინ იყო კარებთან , კურიერი თუ მანიაკი. ასე რომ, როცა რაიმეს გამოიძახებ, მე მეტყვი და მე ავიღებ შეკვეთას, კარგი?-ბოლოში ცოტა მოარბილა დავითმა, რადგან ქალის მეტად დასტრესვა აღარ სურდა. -კარგი.-მიუხვდა სათქმელს მარიტა და მაგიდას მიუჯდა. დავითი თავის ოთახში გაბრუნდა და ახლა უკვე შემშრალებული თმითა და თბილი ჯემპრით დაბრუნდა უკან. ქალმა რამდენიმე ნაჭერის ჭამის შემდეგ იგრძნო, მადა დაჰკარგვოდა და ფეხზე წამოდგა. -საით?-დაეკითხა დავითი. -დაძინებაზეც შენ უნდა შეგითანხმდე?-ნერვებმოშლილმა მიუგო ქალმა. -გასაგებია, ღამე მშვიდობისა.-დავითისგან უფრო სარკასტულ პასუხს მოელოდა, მაგრამ მისმა სიმშვიდემ და მოულოდნელმა ნებისყოფამ გააოცა. თავი ოდნავ დამნაშავედაც კი იგრძნო. ყელში მოწოლილი ბურთი მძიმედ ჩაყლაპა და სანამ გავიდოდა იგივეთი უპასუხა: "ღამე მშვიდობისა." უცებ გაახსენდა ეკითხა: -სტუმრების ოთახში დაიძინებ დღეს? -ხო, შეიძლება?-მარიტამ დავითს გახედა, რომ დარწმუნებულიყო სერიოზულად კითხულობდა ამას თუ სარკასტულად. დავითს სახეზე სერიოზული გამომეტყველების მეტი არაფერი ეწერა. -რა თქმა უნდა, უბრალოდ ჩემს ნივთებს გამოვიტან. -კარგი. დაგეხმარო? -რაში?-მოჭუტა თვალები მარიტამ. -კიბეებზე ასვლაში...შენი ფეხის გამო. აი, კიდევ ერთხელ გულმა უცნაური ნიშანი მისცა და მისი ძგერა აჩქარდა. ლოყები აუხურდა და ცოტაც, პომიდორივით გაწითლდებოდა. -არაა საჭირო.-მოუჭრა მოკლეზე მარიტამ და ორივე ფეხზე გავლა სცადა. ისე ძალიან აღარ სტკიოდა. კიბეებზეც ნელა, მაგრამ წვალებით ავიდა, სტუმრების ოთახიდან თავისი ნივთები გამოიტანა და თავის ოთახში განმარტოვდა. ძილის მეტი არაფერი უნდოდა. საბანში კომფორტულად გაეხვია და სითბომ ნელ-ნელა ორგანიზმი დაუმშვიდა, მალე კი სიზმრებმა მისი გონება დაისაკუთრეს. საბანში ჩაძირული მარიტა მძიმედ სუნთქავდა. სიზმარი ისევ იმ საღამოს აგრძელებდა, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო. დერეფანი ბნელში იყო ჩაძირული, მოპირდაპირე კუთხეში დავითი იდგა. მაისურის გარეშე, სველი თმა შუბლზე ჩამოჰყროდა. დაძაბული უყურებდა ქალს. მისი მზერა ისეთი იყო, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა... მაგრამ ვერ ბედავდა. - რატომ არ მეუბნები? - ჰკითხა მარიტამ სიზმარში, თუმცა ხმამ ექოდ გაიჟღერა, თითქოს ცარიელ სახლში იდგა. დავითმა რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა მისკენ და ქალს მიუახლოვდა: - იმიტომ, რომ თუ გეტყვი, ყველაფერი გაუარესდება.- ჩურჩულით უპასუხა მან. მოუდლონელად გარშემო ყველაფერი შეიცვალა. ისინი იმ ძველ მუშთაიდის პარკში აღმოჩნდნენ,სადაც ბავშვობაში მარიტა თამაშობდა. მზის შუქი ხეებს შორის იფანტებოდა. დავითი ახლა უფრო ახლოს იდგა. ხელს უწვდიდა მარიტას. მარიტამ იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული - იგივე უცნაური, მოულოდნელი ძგერა, რაც სამზარეულოში იგრძნო. ხელის გაწვდენა უნდოდა, მაგრამ უცებ ფეხებში ტკივილი იგრძნო ,თითქოს ათასობით მინა კანში შეერჭო, ქვემოთ დაიხედა, სისხლის გუბეში იდგა.. -რომ მოაგიახლოვდე, უფრო დაგაზიანებ.-დავითის თვალებში პირველად გამოჩნდა სასოწარკვეთილება. მან ხელები ნელა ჩამოუშვა. უცებ ძლიერი ქარი ამოვარდა. მუშთაიდის პარკი გაქრა. ისევ ბნელი ოთახი. დავითის სახე ბუნდოვნადღა ჩანდა მოპირდაპირე კუთხიდან, თითქოს ნისლში იძირებოდა. - არ წახვიდე...- ჩურჩულით თქვა მარიტამ და ხელი გაიქნია მისკენ, მაგრამ მისი თითები ცარიელ ჰაერს შეეხო. თვალები შეშინებულმა გაახილა. ოთახში სიჩუმე იყო. მხოლოდ ღამის სუსტი შუქი და საკუთარი გულის ხმაური ესმოდა. მერე კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა და იქიდან დავითის ნამძინარევი, აფორიაქებული ხმა გაიგონა: - მარიტა...კარგად ხარ? გაგრძელება იქნება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


