მეთამაშე (სრულად)
ბავშვობის ტრავმები ის კატალიზატორებია, რომლებიც შემდეგ, მოზარდობისას, ადამიანში მსხვერპლებს ანდა სულაც მონსტრებს აღვიძებენ. არავინ იცის წინასწარ ვის რად აქცევს ოდესღაც ერთი შეხედვით კარგად მივიწყებული პირღია ჭრილობა. ვიღაც ისწავლის ტირილს, ვიღაც საკუთარი თავის სიბრალულში ჰპოვებს შვებას, ვიღაც უბრალოდ დაიჯერებს, რომ ეს ნორმაა და ვიღაც კი ბრძოლას ისწავლის. და ეს ბრძოლა თავისგადარჩენაზე ბევრად მეტი იქნება... _ გაიგე? კიდევ ერთი გვამი იპოვნეს გუშინ! _ ჩაის სვამდა და თან ახალ ამბებს მაცნობდა ჩემი ქმარი. ინტერესით ჩაჰყურებდა მობილურს და მთელი ემოცია, უმისამართო ბრაზი და მისგან ამდენად მოსალოდნელი უმწეობა პირდაპირ სახეზე ეხატებოდა. თავად ალბათ საერთოდ ვერ ხედავდა და იაზრებდა ამას. ვერ წარმოიდგენდა, რომ იმ წამს გადაშლილი წიგნივით ვკითხულობდი მის სახეს. სიბრაზისგან ჭამაც ავიწყდებოდა მონეტებში და ხმადაბლა, ისე, რომ ჩვენი გოგონა არ შეეშინებინა უშვერად აგინებდა აწ უკვე გარდაცვლილს. _ რაო? შეხედე ვერა! ეს ხომ ის ტიპია?_ გამომძახა წარბაწეულმა. როგორც იქნა იცნო! მე ქურასთან მდგარი ჩემს საყვარელ მელოდიას ვღიღინებდი ლამის უხმოდ. მუსიკა ფიქრში მეხმარებოდა. ვცდილობდი რამდენიმე დღის წინანდელი უსიამო მოგონებები გონებიდან გამეფანტა. სიმღერა ფიქრში და კონცენტრაციაში. _ ქვეყანა იქცევა და შენ მღერი!_ უკმაყოფილო სახე ჰქონდა ჩემს ქმარს. მასთან სულელი ქალის როლის თამაში რთული არ იყო. რა აზრი ჰქონდა მისთვის საკუთარ ცხოვრებაზე სიმართლის მოყოლას? ალბათ არასდროს დაიჯერებდა, რეალობას სულაც ცხვირით რომ დაჯახებოდა მაინც. _ შეხედე, ნათიას საქმრო მოუკლავთ! მოთმინებამ უღალატა ბოლოს და ახალი ამბავი თვითკმაყოფილი სახით მამცნო. ჩემმა უინტერესობამ დააეჭვა და გაოცებულმა ამომხედა. ისე ელოდა ჩემს პასუხს, როგორც პატარა ყოჩაღი ლეკვი ელის ჯილდოს, კარგად შესრულებული დავალების სანაცვლოდ. კმაყოფილი ღიმილი გამეპარა ტუჩის კუთხეში. შემდეგ ყალბი შეშფოთება ავიკარი სახეზე, სწორედ ისეთ, როგორსაც ის ჩემგან ელოდა. ჰოო,ასეა, კაცის ეგო თუ დავარცხნილი და კმაყოფილია ოჯახში სიმშვიდე ისადგურებს, სულ ერთი პატარა ჟესტი, ერთი პატარა ღიმილი საჭირო მომენტში და ყველაფერი კარგადაა! ამიტომ ოდნავ შევკივლე და მისკენ მივბრუნდი. _რას ამბობ კოკა? რა მოხდა? რას ერჩოდნენ?_ შევიცხადე ყასიდად. თუმცა ჩემს ძვირფას ქმარს წამითაც კი არ უეჭვია ჩემი მსახიობური ნიჭი. _ რას ერჩოდნენ? არა საოცარია, ამდენად ბრმა როგორ ხარ? მე არასდროს მომწონდა ეს ტიპი! იყო მასში რაღაც საეჭვო!_ ჩაილაპარაკა უცნაური კმაყოფილებით, თუ საკუთარი მიხვედრილობით ნასიამოვნებმა. ისე, თითქოს რამდენიმე კვირის წინ ერთად არ უსხდნენ ნათიას და კოკას ნიშნობის აღასანიშნავად გამართულ მაგიდას. მაინც რა უცნაური რამეა ეს კაცური გამარჯვებულის თამაშები?! ვერ ვიტყვი , რომ მიკვირდა კოკას გადაწყვეტილება ნათიას ცოლად მოყვანის თაობაზე. ალბათ ოჯახის კაცის იმიჯით სურდა პედოფილის იმიჯის გადაფარვა. თუმცა მე მანამდე ბევრად ადრე ვიცოდი მისი „პატარა“ საიდუმლო და მაინც დამასწრეს. ჯანსაღი კონკურენცია, ყველა საქმეში მოტივატორი ხდება. ასე იყო ახლაც.... _ ვაიმე საწყალი ნათია!_ მშვიდად, თუმცა კვლავ ყალბი ემოციით, ვაგრძელებდი თამაშს._ საღამოს უნდა ვნახო! რა დღეშია ალბათ?! _ მგონი ვიღაცამ მაგ შენი სულელი დაქალი გადაარჩინა! მადლობაც კი აქვს სათქმელი!_ კვლავ უცნაური ნიშნისმოგებით საუბრობდა ჩემი ქმარი. ნათია დიდად არასდროს მოსწონდა რატომღაც. იმას კი ვერ ხვდებოდა, რომ ნათიას კოკას გვერდით საფრთხე არასდროს დაემუქრებოდა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სულ რაღაც 15 წლით იყოს გადამცდარი იმ ზღვარს, რაც კოკას ასე აღაგზნებდა საპირისპირო სქესში. ასე რომ, ცდებოდა ჩემი ძვირფასი ქმარი, ცდებოდა თან ძალიან. ჩვენს პატარა გოგონას გავხედე და სიყვარულით გამეღიმა. იმ წუთას ღუმელიდან გამოღებულ ნამცხვარს, რომელსაც ჯერაც ოხშივარი ასდიოდა, დიდი ნაჭერი ჩამოვაჭერი და გასაგრილებლად ფანჯარასთან მივდგი. ჰოო, სამაგიეროდ ჩემი შვილის მომავალს და კიდევ ბევრი მისი ასაკის გოგონასას, ერთი მანიაკით ნაკლები დაემუქრებოდა. ასე თანდათან გამოხშირვის მეთოდით, ანდაც იმის შიშით, რომ თავად იქნებოდნენ შემდეგი,სულ უფრო ნაკლები მონსტრი გაბედავდა საკუთარი მახინჯი სახის და სურვილების სააშკარაოზე გამოტანას. ოდესღაც რომ ვინმეს დაენახა და ამოეცნო მასში პედოფილი, ვინ იცის იქნებ... წარსულის ლანდებს ჩემი აფორიაქების უფლება არ მივეცი. დიდი ხანი იყო წარსულის ლანდები თავს ვეღარ მაბეზრებდნენ. _ რას ქვია გადაარჩინა?!_ შევიცხადე მე ისევ ყასიდად. ქმარმა ისე გამომხედა, როგორც სულელ ქალებს უყურებენ „ძალიან ჭკვიანი“ კაცები. ოდნავი სიბრალულით და მზრუნველობით. „მე რომ არ გყავდე, რა გეშველებოდაო?!“ უეჭველი ამას ფიქრობდა გულში. _ ეს კაცი პედოფილი და მოძალადე ყოფილა. მკვლელს მთელი მტკიცებულებები დაუტოვებია მკვლელობის ადგილას! აი ნახე! _ მიპასუხა და მობილური მომაწოდა. ინტერესით დავხედე. ერთი რამ მართლა მაინტერესებდა, ისევ გამომიწვევდა თუ არა. ნეტავ კვლავ დამიტოვებდა მოსაწვევს, თუ არა? მისი ინტერესი ჩემდამი აზარტში მაგდებდა. სურათები სწრაფად გადავათვალიერე და ოდნავ გამეღიმა კმაყოფილს. „მეთამაშე“ გარკვევით იკითხებოდა ტბის ნაპირას მდგარი ძველი, უფუნქციოდ მიტოვებული შენობის კედელზე. თითქოს ეს სულ არ ეხებოდა მომხდარს, მაგრამ მე ზუსტად ვიცოდი, ის სწორედ მე მომმართავდა. _ანუ თამაში გინდა არა?_ თვალები აზარტით მოვჭუტე. _ რას ბუტბუტებ?_ ჩამეკითხა ჩემი ქმარი, თუმცა მისი ინტერესის თავიდან არიდება არ გამჭირვებია. ყურადღების გადასატანად ჩვენი პატარა ქალიშვილი მივუქსიე. და წამის შემდეგ მას აღარც მკვლელობა ახსოვდა და აღარც ის, რომ მკვდარი ჩემი საუკეთესო დაქალის საქმრო იყო ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ. პატარა მყუდრო კაფეში იჯდა, ზურგშექცევით კარისკენ. დაუკვირვებელ ადამიანს სრულებით უბრალო კლიენტი ეგონებოდა, ვიღაც, ვინც სიმყუდროვის საძებნელად კაფეს კუთხეში ჯდომას და ამ განმარტოებით სტუმართა ინტერესის თავიდან არიდებას ცდილობდა. თავისი ფიზიონომიით ისეთ ვინმეს ჰგავდა, ვისაც არაფერი აინტერესებდა. მაგრამ ის, ვინც ინტერესით შეხედავდა, დაინახავდა, რომ ის ერთდროულად მთელ კაფეს უთვალთვალებდა, მის წინ უზარმაზარ პანორამულ შუშაში ყველაფერი ისე ირეკლებოდა, როგორც სარკეში. შესვლისთანავე დამინახა. ინტერესით მაკვირდებოდა და მერე საკუთარ ანარეკლს გაუღიმა. მანაც იცოდა, შეუმჩნეველი არ დამრჩენია მისი თვალთვალის მეთოდი. _ მიხარია, რომ მოხვედი!_ ვუთხარი, მაგიდას გვერდი მოვუარე და მის წინ დავჯექი. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს თვალს არ ვაშორებდით, არც მე და არც მას წამით არ გვეპარებოდა მზერიდან იქაურობა. წინ მოზრდილი საქაღალდე ედო. გამეღიმა. ძველმოდური ტიპი იყო. იმ თავსი ღამესავით გამჭოლ თვალებს პირდაპირ სულში მიფათურებდა. _ შეწყვიტე! ამომასუნთქე! ვუთხარი მხიარული ღიმილით. მის გვერდით რატომღაც მარტივი იყო სუნთქვა. აღარ მჭირდებოდა თამაში, თავის მოჩვენება და სიყალბე. ის მხედავდა, მან იცოდა და საიდუმლოს სიცხადე სუნთქვას მიადვილებდა. მომწონდა კიდეც ეს ბნელი კაცი. _ რას იტყვი, სანაცვლოდ არაფერს გაიღებ?_ სკამის საზურგეს მიეყრდნო და მოეშვა. _ ამაშიც ვგავართ!_ ვუთხარი და მეც მსგავსი საქაღალდე ამოვიღე ჩანთიდან. წინ დავუდე და მისკენ გავწიე._ როგორ იპოვნე? _ კვალს გავყევი! არც ისე ადვილი იყო მისი მიგნება. უცნაური ტიპია. სულ არ ჰგავს სიბნელეს._ მიპასუხა და ჩემს ზურგს უკან დააკვირდა რაღაცას._ მანქანაც კი პომპეზური ჰყავს, ან ამდენ ხანს როგორ იმალებოდა ნეტავ? აშკარად მაგარი თავდაჯერებული და ეგოცენტრიკი ვინმეა. უკან მივიხედე და გამეცინა. თვალშისაცემი წითელი პიკაპი იდგა კაფის გადასწვრივ. ისე ანათებდა, როგორც კოკა_კოლას უზარმაზარი სარეკლამო ბანერი. მისი ვერ შემჩნევა რთული იყო. სრულ სიმართლეს ამბობდა ანტონიო. ეს ტიპი საიდუმლოს ჰგავდა, საიდუმლოს რომელსაც პირდაპირ მზის გულზე უყვარს დამალვა. გზა ისეთი ნაბიჯებით გადმოჭრა, თითქოს უხილავი მუსიკის რიტმზე ცეკვავდა. მაღალი, მხარ_ბეჭიანი, ლაღი შესახედაობის, სიმპატიური კაცი იყო. თვალში საცემი ქარიზმით და კოსად აკრული სპილენძისფერი თმით. _ შენც იმაზე ფიქრობ, როგორ ახერხებს თავის შენიღბვას არა?_ თვალები მოჭუტა ღიმილით ანტონიომ. _ არა, გულახდილობა თუ გინდა, ახლა იმაზე ვფიქრობ, რა საოცრება იქნება მასთან ცეკვა!_ გამეცინა მე. რა აზრი ჰქონდა უარყოფას, ანტონიოს ხმაში გაპარულმა ირონიულმა ნოტებმა აშკარად მამცნეს, მისი ფიქრები. ზუსტად იცოდა, იმ ტიპმა დამაინტერესა და არა მხოლოდ, როგორც მომავალმა პარტნიორმა.... თითქოს თეატრის სცენაზე ბისზე გამოდიოდა, ისე შემოაბიჯა კაფეში და არც კი უცდია ოდნავ მაინც დაემალა კაფეში მყოფი ქალების მისგან გამოწვეული აღფრთოვანებით მიღებული თვითკმაყოფილება. _ ნარცისი!_ გამეცინა მის შემხედვარეს და როცა თავს სიკვდილის ანგელოზივით დიდებული მზერით წამოგვადგა, ჩვენ უკვე მზად ვიყავით მასთან პირველი ომის მოსაგებად. _ გამარჯობა მეგობარო!_ მივესალმეთ ლამის ერთ ხმაში და მისი მოლოდინით სავსე მზერა დავაიგნორეთ. აშკარად გაუცრუვდა იმედი სათანადო ეფექტი რომ ვერ მოახდინა. სახე მოექუფრა. _ სალამი!_ ნირი არ გაიტეხა, სკამი გამოსწია და გრაციოზულად ჩამოჯდა. _ დარწმუნებული ხარ რომ მასში არ შეცდი?_ ვკითხე ანტონიოს მისგან დაუფარავი პირდაპირობით. _ შურისმაძიებელს კი არა პორნო ვარსკვლავს ჰგავს! ავიჩეჩე მხრები და ანტონიოს ძლივს შეკავებულ სიცილზე თავად გამეღიმა. ის კი იჯდა და წარბაწეული მაკვირდებოდა. ცდილობდა ჩემი ყალბი ემოციური ფარის მიღმა დაენახა ვინ ვიყავი. აქამდე ზუსტად ვიცოდი, რომ ჩვენზე ინფორმაციას არკვევდა, თუმცა ვერავითარი ზურგს უკან შეგროვებული ინფორმაცია ვერ შეედრებოდა პირდაპირ კომუნიკაცის და თვალით კონტაქტს. _ ალბათ უკვე იცი, ეს ვერაა!_გაცნობის ეტიკეტი არ დაარღვია ანტონიომ. _ ეს კი... _ საჭირო არაა! _ ავიქნიე ხელი მე._ ისედაც იმაზე მეტი ვიცით ერთმანეთზე, ვიდრე საჭიროა. _ გეთანხმები!_ სახე დაუსერიოზულდა მას._ რას იტყვით, ამ ჯერად საქმე არც ისე მარტივადაა! _ ჰო, ეს არაკაცი თანამდებობის პირია. ასე მარტივად ვერ მივუდგებით._ დაეთანხმა ანტონიოც. ისე უცებ გადავიდნენ ხუმრობიდან საქმეზე. წამის წინ მათი მიმზიდველი, ლამაზი სახეები, რომლითაც სულ ადვილად შეიძლებოდა ფულიც კი ეშოვნათ ეკრანზე, იდუმალი სიბნელით ჩაუმუქდათ. ნეტავ მე რანაირი ვჩანდი მათ თვალში? ან სხვები როგორს მხედავდნენ? სულელი, ჭორიკანა, ქარაფშუტა ქალის ნიღაბი ხან ისე მიჭერდა, რომ სახე მიხურდა მეგონა. მათთან კი თავისუფლად ვსუნთქავდი. არც მათი იდუმალება, არც მათგან მომავალი საფრთხის მწველი სურნელი, არც მათი გამჭოლი, აზრიანი მზერა დისკომფორტს არ მიქმნიდა. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ჩემს ოჯახთან ერთად ვუჯექი სუფრას. მათი მესმოდა, მათი ზრახვები, სურვილები ნაცნობი და მისაღები იყო ჩემთვის. ჩვენ უცნაური საერთო გვაკავშირებდა. ისეთი, როგორიც არასდროს მექნებოდა სხვასთან. და ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ვგრძნობდი არც მათ ვეუცხოვებოდი და ვუკვირდი. _ არა, არის ერთი რამ!_ ფიქრიანად შემომხედა მან და თავით ფეხებამდე ინტერესით შემათვალიერა._ მას შენი მსგავსი ქალები უყვარს! _ რას ნიშნავს ჩემი მსგავსი?_ გაოცებით ავზიდე წარბი. _ დიდი ხანია ვაკვირდები, მისი ინტერესის სფეროს მხოლოდ უწლოვანი ბავშვები არ წარმოადგენენ! მას, როგორ ვთქვა, პატიოსანი დიასახლისებიც იზიდავს. _ რას ნიშნავს პატიოსანი დიასახლისი?_ ზუსტად ჩემსავით გაუკვირდა ანტონიოს. _ ეს კაცი იმაზე ამორალურია, ვიდრე წარმოგიდგენიათ! _ ზიზღით ჩაეღიმა მას. _ სიამოვნებას ანიჭებს სხვისი საყვარელი ქალის დაუფლება, რაც უფრო უკარება და სუფთაა ქალი, მით უფრო აზარტული ხდება მისთვის თამაში. არც ძალადობას ერიდება, არც ფულს, არც სტატუსს. შემდეგ, ვითომ სრულიად სხვა წყაროებიდან სახელს უტეხავს მათ. უვრცელებს იმ ყველაფრის ამსახველ ვიდეოებს, ანდაც ამის გავრცელებით ემუქრება და ტკბება უმწეო მსხვერპლთა ფართხალით. ასეთი ფენომენი არ შემხვედრია. მის მოტანილ მასალას ვფურცლავდი და გაოცებას ვერ ვმალავდი, თავადაც სამი ქალიშვილი ჰყავდა. უმცროსი სადღაც ათი წლის, უფროსი ოცდაორიოდე წლის იქნებოდა. ლამაზი სათნო სახის მშვენიერი ცოლი და თავად ასეთი მონსტრი იყო. რამ აქცია ეს კაცი მონსტრად? რა გადაიტანა? რამ გატეხა ასე მისი დემონის გალია, რომ მან ყველა სხვა გრძნობა განდევნა პატრონის სხეულიდან. _ ნიკა, ვხვდები უკვე გეგმაც გაქვს!_ მომესმა ანტონიოს ხმა და როცა თავი ავწიე მის მზერას შევეჩეხე. მე რომ ჩვეულებრივი ქალი ვყოფილიყავი ალბათ ეს მზერა დამადნობდა. ალბათ გონებას ამირევდა და თავზე ხელს ამაღებინებდა. ახლა კი მხოლოდ გამეღიმა. მხოლოდ მესიამოვნა. მის თვალებში დანახულმა აღფრთოვანებამ სიამოვნება მომგვარა. _ შენ მოეწონები მას! ვფიქრობ, მშვენიერი სატყუარა იქნები! _ არ ვფიქრობ, რომ ეს კარგი აზრია!_ მაშინვე არ მოეწონა მისი იდეა ანტონიოს._ ჯერ ის, რომ არცერთი ჩვენგანი არ უნდა გამოჩნდეს ამდენად ღიად და მეორე ეს საკმაოდ სახიფათოა! _ სანამ ჩვენ აქ იდეის სახიფათოობას განვიხილავთ, ის ახალ საკბილოს ათვალიერებს! იფიქრე ამაზე!_ მას პასუხობდა, მაგრამ მე არ მაშორებდა თვალს. თითქოს ახლა წყდებოდა სინამდვილეში ის, თუ რამდენად გამბედავი ვიყავი. _ მას შვილი ჰყავს, აცნობიერებ ამას?_ ხმას აუწია ოდნავ ანტონიომ. _ სწორედ მაგის გამო ვარ შესაფერისი!_ გამეცინა მე. წამით გავჩერდი, ბოლოჯერ დავფიქრდი და გამეღიმა. იმდენად აზარტული ამბავი იყო, უარს ვერაფრით ვიტყოდი._ მე თანახმა ვარ! _ ეჭვიც არ მეპარებოდა დამთანხმდებოდი!_ მიპასუხა აუღელვებლად იმ წითურმა დემონმა და სკამის საზურგეს უწინდელივით საკუთარი თავით კმაყოფილი კაცის სახით მიეყრდნო. ნეტავ ამ სახეს, ამ ოდნავ მიამიტ თვითკმაყოფილ მზერას რამდენი მსხვერპლი ჰყავდა გაბმული? თვალს ვერ ვაცილებდი, და წამითაც არ ვუზღუდავდი საკუთარ თავს იმ მოჯარულ ფანტაზიებს, რასაც მისი სიახლოვე იწვევდა. _ სასიამოვნო არის შენი გაცნობა ვერა!_ მითხრა უეცრად მან სრულიად მოულოდნელად და თვალი თანამზრახველივით ჩამიკრა. ანტონიომ ამოიოხრა, თვალები თეატრალურად გადაატრიალა, აქაოდა რა აბეზარი ხარო, უკვე გაციებული ყავა მოსვა და სახე უკმაყოფილოდ დაემანჭა. 2 დივანზე ვიჯექი, ჩემს გოგონას პონის ვარდისფერი სავარცხლით თმას ვუვარცხნიდი და ვცდილობდი არაფერზე მეფიქრა. თუმცა ფიქრის კონტროლი მიჭირდა. ყველა სხვა ქალი ჩემ ადგილზე თავს მშვიდად და სავსედ იგრძნობდა. დალაგებული სახლი, გამზადებული სადილი, ძილის წინ შვილის ტიტინი და ფეხბურთზე თგალგაშტერებული ქმარი, ეს ხომ იდილიაა ყველა დიასახლისისთვის. რა უნდა მეტი ქალს? რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი ნირვანა? მაგრამ ჩემი ფიქრებში იმ წამს, ჩემი მყუდრო სახლისგან განსხვავებით, ქარიშხალი ბრუნავდა. სახეზე ნაკვთიც არ მერხეოდა. ვიჯექი და ისე მონოტონურად ვასრულებდი ალბათ ათასჯერ განმეორებულ სცენარს, წამითაც არავის მოუვიდოდა აზრად, თუ რას ვსაქმიანობდი, სანამ სახლში დავბრუნდებოდი... ბარის მაგიდასთან ვიჯექი, მრგვალ შემაღლებულ სკამზე და ფერად ალკოჰოლიან კოქტეილს თითებში ვატრიალებდი დაღლილი და მობეზრებული სახით, თან მალიმალ ვამოწმებდი მობილურის ეკრანს. შემდეგ ტელეფონს ისე ვტოვებდი, რომ აშკარად გამოჩენილიყო ეკრანზე დაყენებული ოჯახური ფოტოსურათი. მე, ჩემი ქმარი და ჩემი პატარა საახალწლო ერთნაირ სვიტრებში გამოწყობილები რა ბედნიერი სახით ვისხედით ლამაზი ნაძვის ხის წინ. მობილური ლამის განუწყვეტლივ ვიბრირებდა. „ჩემი სიყვარული“ ეწერებოდა შიგადაშიგ ეკრანზე. მხოლოდ დავყურებდი ეკრანს და ოდნავ აცრემლებულ თვალებს კვლავ ფერადი ალკოჰოლით სანახევროდ დაცლილ ჭიქას ვუშტერებდი. ვეღარ მოითმინა ბოლოს. ახლოს მოიწია და ჩემკენ დაიხარა. _ გაწყენინა არა?_ პირდაპირ შენობითზე გადავიდა. სახე ავწიე შევათვალიერე და უინტერესოდ მოვაშორე მზერა. _ საუბარი არ გსურს?_ უფრო დაინტერესდა ის. საშუალო სიმაღლის გამხდარი კაცი იყო. ელეგანტურად ჩაცმული, სანდო სახით. თუმცა მომხიბლავი და ქარიზმატულიაო მასზე ვერ იტყოდით. ნიკა გამახსენდა. კიდევ კარგი მისი ვიზუალი არ ჰქონდა, თორემ... ან რომ ჰქონოდა იქნება ამდენი კომპლექსი თავიდან აერიდებინა. _ სასმელზე დაგპატიჟებ!_ ვერ ისვენებდა და ჩემს უყურადღებობაზე უფრო ემატებოდა აზარტი. _ რას დალევ?_ მკითხა და სცადა ჩემი მზერა დაეჭირა. ისეთი სახით გამეღიმა, თითქოს მომხიბლა მისმა შეუპოვრობამ. ხელით ჩემს ჭიქაზე ვანიშნე. უცბად გახალისდა, როცა ინიციატივა გამოვიჩინე. _ იგივე, გასძახა ბარმენს და უფრო შეამცირა დისტანცია. გულში გამეცინა. თევზი ანკესზე წამოეგო. ახლა სიფრთხილე იყო საჭირო. სიჩქარით ან აღელვებით არ უნდა დამეფრთხო. მთავარი იყო აქიდან გამეყვანა და მერე ბიჭები მიხედავდნენ. ბარი მოვათვალიერე. ორი ზორბა ტანის ტიპი თვალს არ გვაცილებდა. აშკარად მისი მცველები იყვნენ. ის ორი გზიდან უნდა მომეცილებინა ჯერ. ბარმენმა შეკვეთა წინ დამიდო. პირველ ჭიქას დაღლილი მზერა გავუსწორე და სულმოუთქმელად დავცალე. ნასიამოვნებმა გაიღიმა. _ დავითი მქვია! _ ხმა მეტად თავდაჯერებული გაუხდა. სურვილმა ამიტანა ის ლამაზი ჭიქა იქვე ჩამერტყა მისთვის თავში. კარგად ვიცოდი ვინც იყო, ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ რეალურად მონსტრები სულაც არ ჰგვანან მონსტრებს. თუ არ იცი როგორ იპოვნო ისინი. თვალებში ჩავხედე, მზერა გამისწორა. მისი ფარული ფიქრები მისსავე კარგად შენიღბული ცრუ მზერის მიღმა იმალებოდნენ, მაგრამ მათი დანახვა მაინც შემეძლო. ნეტავ ის რას ხედავდა ჩემს თვალებში? უცნაური რამ იყო ჩემი თვალები. რატომღაც ყველა მხოლოდ სევდას ხედავდა მათში. მაშინაც როცა ვმხიარულობდი, ვდუმდი, ვკამათობდი, ყოველთვის მხოლოდ სევდას ხედავდნენ. სევდიანი მონსტრი! გამეღიმა უნებურად. _ ვერა!_ ვუპასუხე მშვიდად. ის რომ საკუთარი სახელი ვანდე, მან პირველ გამარჯვებად მიიღო. ადვილ გამარჯვებად. _ ლამაზი სახელია, პატრონივით!_ გულწრფელს ჰგავდა მისი ღიმილი. იქნება იმ წამს არც ტყუოდა. საუბარი გამიბა და მარტივად ავყევი. მას ინიციატივის უფლება მივეცი. უნდა ეფიქრა, რომ სიტუაციას თავად მართავდა. დიდხანს ცდა არ დამჭირვებია, გავისეირნოთო შემომთავაზა. მობილურის ვიბრაციამ საუბარი გაგვაწყვეტინა. ტელეფონს დავხედე. ამოვიოხრე და გავთიშე. სწორედ ამის დანახვა სურდა. ხელი ჩემი თითებისკენ გამოაპარა. _ სადმე უფრო მყუდრო ადგილი ვიპოვნოთ!_ იმდენად მოულოდნელი იყო მისთვის ჩემი სიტყვები შეკრთა. _ დღეს შურისძიების ღამეა! დავამატე სევდიანი ღიმილით და მან ჩემი სიმართლიდან მხოლოდ ის გაიგონა, რისი მოსმენაც სურდა. თავი დამიკრა, წამოდგა და ფეხზე ამდგარ დაცვას რაღაც ანიშნა. უკმაყოფილო სახით დასხდნენ ის ტიპები. აშკარა იყო მის ამგვარ ქმედებებს მიჩვეულები იყვნენ. გვერდზე გადგა და წამოდიო მანიშნა. სკამიდან ავდექი, დარჩენილი ალკოჰოლი ვითომ გამბედაობისთვის დავცალე. ჩანთა ავიღე და მის წინ წავედი. _ სად ხარ აქამდე! მეგონა გეგმა ჩაგვეშალა. _ახსნილ საბარგულს ჩაჰყურებდა ანტონიო და მის უემოციო სახეზე ვერაფერი ამოვიკითხე. მგონი ახლა უფრო საშიში იყო, ვიდრე მაშინ იქნებოდა მის შავ თვალებში სიავის ცეცხლს რომ ეკაიფა. _ მეც მინდა ამის ნახვა!_ საკუთარი სურვილი ხმამაღლა გავაჟღერე. _ რა საჭიროა, სახლში წადი!_ მიპასუხა ოდნავი გაღიზიანებით. _ მინდა!_ დავიჟინე მე. _ შენი საქმე შეასრულე ვერა! ახლა სახლში წადი!_ გაიმეორა მან. საბარგული დახურა და მანქანის კარი გამოაღო. _ რაო? არაო?_ მხარში ამომიდგა ნიკა._ როგორი მოსაწყენი ვინმეა არა? გაეცინა დაუფარავი ირონიით. მას ავხედე და ინტერესით გადავხარე თავი გვერდზე. თვალები უცნაურად უელავდა. მასში არ იყო ანტონიოს ცივი რაციონალიზმი. _ წამიყვან ? _ ვკითხე და მივხვდი დაზუსტება არ სჭირდებოდა. _ რატომაც არა, თუ ეს გინდა?!_ აიჩეჩა მხრები. ქუჩას სხვადასხვა მიმართულებით დავუყევით. _ ანუ ეს აქ ხდება ხოლმე?_ ინტერესით მოვათვალიერე საოპერაციოსავით გაჩახჩახებული ლამის სტერილური ოთახი. თეთრი კაფელი და მეტლახი ისე კრიალებდა შიგ საკუთარ სახეს დაინახავდა ადამიანი. _ ჰოო, მიყვარს წესრიგი!_ გაეცინა მას. _ წესრიგი!_ ჩავილაპარაკე და ოთახის შუაგულში მდგარ უცნაურ სკამ_ მაგიდას მივუახლოვდი. სტომატოლოგის და გინეკოლოგის მაგიდის სინთეზს წარმოადგენდა ის მოუხერხებელი რკინის ვერცხლისფერი რაღაც. თითები გადავუსვი, ცივი და გლუვი იყო. წვრილად დახვრეტილი რკინის ფირფიტებით აწყობილი. მაშინვე მივხვდი ეს ნახვრეტები რად უნდოდა. სამკლაურებთან ტყავის მოზრდილი ქამრები ება. სატერფულებთანაც იგივე. აშკარა იყო აქ ჯდომა საკუთარი ნებით არავის სურდა გვერდზე მოგრძო მართხკუთხა გორგოლაჭებიანი მაგიდა იდგა, ზედ აკურატული წესრიგის მიხედვით ეწყო გაურკვეველი საჭიროების იარაღები. საოპერაციო მაგიდას ჰგავდა. სხვადასხვა ზომის სკალპელები, პატარა და მოზრდილი ხერხები. და რაღაც პატარა ხსნარის ბოთლები. ყველაფერს ინტერესით ვსწავლობდი. თავად სკამ _მაგიდას ძირზე ისეთი ნიჟარის მაგვარი რაღაც ედგა, რასაც ალბათ დაღვრილი სითხე ერთ წერტილში უნდა მოეგროვებინა. _ საოცარია!_ ჩავილაპარაკე ჩუმად. _ მოგწონს?_ მკითხა და ზედ ჩამოჯდა. _ კი, გიხდება!_ გამეცინა სულ ოდნავ. თვალები აუელვარდა. უფრო კომფორტულად მოთავსდა და მკლავები ისე გადაშალა თითქოს მზად იყო ნებისმიერი სახის წამებისთვის. ნელა მივუახლოვდი და მის მაჯებს დავაკვირდი. წამიერად გამიელვა თავში, რომ მსურდა სწორედ ამ სკამზე მეხილა ამ ტყავის უხეში სამაჯურებით მიბმული. _ რაზე ფიქრობ?_ მკითხა და ფეხები თავისუფლად შემოაწყო სატერფულებზე. მთელი სხეულით მზად ყოფნას გამოხატავდა. თითქოს მორჩილება სიამოვნებდა. _ თუ გაბედავ განახებ!_ ისე მომიარა თავში მასთან თამაშის დაუოკებელმა სურვილმა სულ დამავიწყდა სად ვიყავით იმ წამს. _ თუ გავბედავ? და თავად შეგიძლია იყო ამდენად თამამი?_ მკითხა დაუფარავი ირონიით. ნელა მივუახლოვდი და მკლავზე თითები ჩამოვუსვი. ვიგრძენი ჩემს შეხებაზე, როგორ დაუარა სხეულში მეტის სურვილის ტალღამ. თითები მის მაჯაზე შევაჩერე და ტყავის თასმები მჭიდროდ შემოვახვიე. _ ახლა რა უნდა ვქნა?_ ვკითხე დაუფარავი ინტერესით. ტუჩის კუთხით გაეღიმა. მართლა ჰგავდა სიკვდილის ანგელოზს. _ ახლა უნდა გამხადო! _ ეს აუცილებელია?_ გამშრალი ტუჩები მოვილოკე. _ ეს თამაშის ნაწილია პატარა ურჩხულო!_ მიპასუხა ჯერ ისევ სიმშვიდით. ახლოს მივედი და მისკენ დავიხარე. თავი უკან გადახარა,თითქოს მანიშნა საიდან დამეწყო. ფრთხილად შევეხე პერანგის ღილებს, ერთი მეორის მიყოლებით ვუხსნიდი და ვგრძნობდი, როგორ იმატებდა ჩემს სხეულში დაუოკებელი მღელვარება. ჯერაც განუცდელი სიამოვნება ჟრუანტელად მივლიდა. კანი დამეხორკლა. თვალებში მიყურებდა და სიამოვნებას განიცდიდა იმით, რომ ასე აღმაგზნებდა მისი სიახლოვე. _ ჰოო, მამაცი გოგო ხარ!_ მითხრა, როცა ბოლო ღილი გავხსენი და სხეულის ნახევარი გავუშიშვლე. _ ახლა იარაღი აარჩიე!_ იმ პატარა მაგიდას გავხედე. რკინის პატარა დანები ვარსკვლავებივით ელავდნენ. პატარა კლანჭივით მოხრილი დანა ავიღე, არც კი ვიცოდი რისთვის იყო საჭირო. მის გადაშლილ ფეხებს შორის დავდექი და მზერა გავუსწორე. მიყურებდა და ბოროტი ანგელოზივით მიღიმოდა. საოცრება იყო, ერთი შეხედვით ძლიერი ქარიზმის პატრონი, მასზე მართლა ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მსგავსი ჰობი ჰქონდა. ის მართლა არაფრით ჩამოუვარდებოდა იმ დაცემულ ანგელოზს. ბასრ წვეტიანი დანა სახესთან მივუტანე, არ განძრეულა, მხოლოდ მელოდებოდა. ნიკაპში ხელი მოვკიდე თავი გვერდზე გადავაწევინე, წინააღმდეგობა არ გაუწევია, ინტერესით მიყურებდა, თვალს არ მაცილებდა, სხეული ისე ჰქონდა დაჭიმული მისი ყველა ძარღვის ფეთქვას ვხედავდი. დანის წვერი ყელთან დავაჭირე, დავინახე, როგორ ჩაიწია კანმა და როგორ გათეთრდა დანის პირთან. ნელა დავუსვი ყელიდან ქვემოთ, იმდენად ძლიერად რომ მის კანზე ნაკაწრის თეთრი კვალი დაეტოვებინა გაყინულ ბრჭყვიალა ლითონს. დაკუნთულ მკერდს ნელა ჩამოვყევი და მის თვალებს თვალს არ ვაცილებდი, მძიმედ სუნთქავდა და ეს ოდნავი ტკივილი მასში მძლავრი სიამოვნების ტალღას აღვიძებდა. მეორე ხელით ბარძაყზე დავეყრდენი, მისკენ დავიხარე. ირონიულად გაეღიმა.მკლავენი შეარხია, თითქოს მათი მოშორება სურდა. _არ თქვა, რომ არ მოგწონს!_ ვუთხარი ხმადაბლა, და თითები მკვრივ ბარძაყზე კლანჭებივით ჩავასე. დანის წვერით მისი მუცელი შემოვხაზე და ზუსტად საქამრესთან დავაჭირე. _ რომ იცოდე, ახლა რას გიზამდი, ადგილს რომ გამიცვლიდე!_ მითხრა ჩახლეჩილი ხმით და ტუჩი მოილოკა. მისი ხმა,მისი სხეული, მთელი ეს სიტუაცია ისეთი სასიამოვნო იყო, ამაზე არასდროს მიფიქრია ასე. არ ვიცოდი კიდევ რა სახის მონსტრებს მალავდა ჩემი გონება. იმ წამს მხოლოდ ის მსურდა იქვე, იმ წამსვე, სწორედ იმგვარად დაბმულს დავუფლებოდი. რეალობად მექცია სადღაც წლობით გამომწყვდეული არანორმალური ფანტაზიები. რომ ვერც გავაცნობიერე ისე დავიხარე მისკენ, და ყელზე დატოვებული დანის ნაკვალევზე შევახე ტუჩები, თვალები დავხუჭე და მისი სურნელი ჩავისუნთქე... _ რა ჯანდაბას აკეთებთ?_ მეხის გავარდნასავით მომესმა ანტონიოს ხმა. სწრაფად გავსწორდი წელში და გარს შემოჯარული ფანტაზიები წამიერად შემომეცალნენ. იდგა და გაოცებული აფახულებდა თვალებს. ნელა გადაიტანა მზერა მაგიდაზე მიბმული კაციდან ჩემს ხელში ჩაბღუჯულ სკალპელზე. და ყველაზე კომიკური იმ მომენტში არა ანტონიოს უადგილო კითხვა, არამედ მის ფეხებთან იატაკზე გაგორებული გაკოჭილი დავითის სახე იყო. მოულოდნელობისგან გადმოკარკლული თვალებით მიყურებდა. პირს აფჩენდა და ვერაფერს ამბობდა. _ დამეხმარეთ, მიხსენით ამ მანიაკებისგან!_ ბოლოს ისევ ნიკას შეხედა საწყლად. ალბათ ასეთი გადაწყვეტილება მისი უცნაური პოზიციის გამო თუ მიიღო, რადგან დაბმული იყო, თავისიანად მიიჩნია. _ თუ ვერ ამჩნევ მეგობარო, არც მე ვარ უკეთეს დღეში!_ უპასუხა და საკუთარ უკბილო ხუმრობაზე სულელივით ახარხარდა. _ სახლში წახვალ ახლა! და ერთი სიტყვა არ თქვა!_ მანქანის კარი მომიჯახუნა ანტონიომ. _ ის ხომ აფრენს, მაგრამ შენ საერთოდ სხვა განზომილება ყოფილხარ! არადა როგორი სათნო სახე გაქვს! მის ბურტყუნს ყურადღებას არ ვაქცევდი. ვინ ვინ და მან კარგად იცოდა, რა სახის დემონი იმალებოდა ჩემი სათნო სახის უკან. უკანა სვლაში ჩააგდო მანქანა და ნიკას სახლს ნელა მოშორდა. ვიყურებდი მკვეთრი სინათლით განათებულ ფანჯრებს და იმაზე ფიქრობდი, რომ ყველა სინათლე სულაც არაა ნამდვილი სინათლე. ორი დღის შემდეგ, თბილისის ზღვაზე იპოვნა პოლიციამ ბიზნესმენის დასახიჩრებული სხეული. რა თქმა უნდა, მთელი აღიარებითი ჩვენებებით და მტკიცებულებების უზარმაზარი საქაღალდით. ათი უწლოვანი გოგონას გარყვნას აღიარებდა პატივცემული დავით ზარანდია. ქურასთან ვიდექი და წვნიანს მოზრდილ ჩამჩას ვურევდი. მაღლა აკოსილი თმა თავს მტკენდა. ფიქრები ბზიკებივით ირეოდნენ თავში. _ ვერა ნახე ვიღაცას გაუგორებია ზარანდია! პოლიციას მხოლოდ ვარაუდები აქვს. მე კი უკვე ვიცი ვინაა მკვლელი!_ ჩაფჩა ხელში შემაცივდა. ნელა მოვიხედე უკან._ ვფიქრობ კოკა და ეს კაცი ერთმა ტიპმა გაასაღა!_ გაიბღინძა ჩემი ქმარი, საკუთარი მიხვედრილობით აღფრთოვანებული. ჰაერი ამოვისუნთქე და გავუღიმე. მან არაფერი იცოდა, მშვიდად სუნთქავდა, ბედნიერობანას და ოჯახობანას მეთამაშებოდა. მე კი სულ სხვა თამაში მსურდა იმ წამს. კვლავ ქვაბს მივუბრუნდი, სადაც მშვიდად თუხთუხებდა წითელი ფერის წვნიანი. _ სისხლივით წითელი, მზესავით მწველი..._ ჩავილაპარაკე და თვალები დავხუჭე წამით. _ ნახე ვერა! ასეთი წარწერა . ხომ იყო?_ გამომაფხიზლა ოცნებიდან ჩემმა ქმარმა. თვალი გავახილე და მობილურში გადიდებულ სურათს დავაკვირდი, იქვე ზღვის ნაპირას მიყრილი ნავებიდან ერთ _ ერთზე მკვეთრად იკითხებოდა: „მეთამაშე!“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


