შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის არომატი (ნაწილი 1)


12-03-2026, 08:09
ავტორი თინათინი10
ნანახია 374

ემიგრაციაში დილა არასდროს თენდება ნელა..ჩემი დღე იწყება სიბნელეში უთენია და მთავრდება მაშინ, როცა ქალაქს უკვე სძინავს.
დაღლილი სხეული მხოლოდ წყლის გადავლებასს ასწრებ, თითქოს ამით ვირეცხავ არა ოფლს, არამედ დღის დაღლას და მერე უგონოდ ვვარდები საწოლში.. ნახევრად მძინარემ მაღვიძარა კიდევ ხუთი წუთით გადავწიე, ხუთი წუთი…არ იცით ხუთი წუთი რა დიდი ფუფუნებაა, ხუთი წუთი შეიძლება იყოს ერთადერთი დრო, როცა საკუთარ თავს ეკუთვნი..ბინაში ოთხნი ვცხოვრობთ - მე, ნინი, გვანცა და ანი, ერთი დიდი ბინა გვაქვს ნაქირავები, ოთხი ქალი, ოთხი ისტორია და ერთი საერთო შიში, თუმცა ჩვენგან განსხვავებით, გვანცა მოქალაქეა, მას საბუთი აქვს, შეუძლია ქუჩაში მშვიდად იაროს, შეუძლია სამსახურში თამამად შევიდეს, მას არ ეშინია. ჩვენ კი - უსაბუთო „ემიგრანტები“ ქუჩაში ყოველთვის ოდნავ დაძაბულები გავდივართ,
გაჩერებაზე დგომა გულისცემას გვიჩქარებს.. რეიდის ხსენებაზე კისერში თითქოს ხელს გვიჭერენ..
ასეა აქ - ისრაელში.
- ლიზა, ნინი, არ გაგვიანდებათ? უკვე ხუთი სრულდება! - შემოგვძახა გარედან ანიმ, მე და ნინის ერთ ოთახში გვეძინა.
- აუ, დღეს ცოტა გვიან მივიდეთ რა… ხუთშაბათია, ბევრი ხალხი არ იქნება ოფისში… - ჩაიბურტყუნა ნინიმ ბალიშში ჩაფლული.
- მესამე რეისს გავყვეთ…
- აბა ამათ უყურე! ადექით, ზარმაცებო!- შემოვარდა ოთახში ანი.
- ღმერთო, როგორ მეზარება მუშაობა-ამოვიოხრე და წამოვჯექი.
- დოლარები ხომ კარგია ათ რიცხვში! - ირონიულად ჩაიცინა ანიმ.
- დოლარები ციდან არ ცვივა, ანი. ისევ ჩვენი ზურგით მოდის - საწოლიდანვე გამოესარჩლა ნინი, ნინისა და ანის ურთიერთობა არასდროს ყოფილა მშვიდი, ანი დაუფიქრებლად ლაპარაკობს.. ნინის ყველაფერი გულთან მიაქვს.. ხშირად გვიწევს ანისთან კამათი სხვადასხვა თემებზე..
- ნინი, დაუჩქარე. ათ წუთში ავტობუსი მოვა, იქნებ მივუსწროთ - ვუთხარი..მე და ნინი ყოველდღე ერთად დავდიოდით სამსახურში, ერთ შენობაში ვმუშაობდით, სხვადასხვა სართულზე.
ჩემი დილა ოფისის დალაგებით იწყებოდა - პილასოსის მონოტონური ხმა, სველი ტილოს სუნი, მაგიდებზე დატოვებული ჭიქების ალაგება, მაგიდების წმენდა..მერე, როცა თანამშრომლები მოვიდოდნენ, სამზარეულოში გადავინაცვლებდი ჭურჭლის რეცხვა, სალათების მზადება, ყავა და ასე შემდეგ
- მზად ვარ. რამდენი წუთი დაგვრჩა? - მკითხა ნინიმ.
- ხუთი.
- გავიქეცით! - კიბეები ჩავირბინეთ,
ანი სხვა მხარეს წავიდა, მისი გაჩერება სხვაგან იყო, მე და ნინიმ სირბილით მივაღწიეთ ჩვენს გაჩერებას, შუქნიშანთან უკვე ავტობუსი იდგა, მწვანე მალე აინთებოდა, სუნთქვა არეულები მივვარდით გაჩრებასთან, როცა გაჩერების კუთხიდან მაღალი, ათლეტური აღნაგობის მამაკაცი გამოვიდა, ჩვენსკენ წამოვიდა..იმ წამს მივხვდი, ვინც იყო, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ამ დროს ადამიანი უცებ უსუსური ხდება..ხელები გეყინება, გონება გეუბნება გაიქეცი, მაგრამ ვერსად გარბიხარ..
- გამარჯობა, თქვენი საბუთები, თუ შეიძლება - ხელში პლანშეტი ეჭირა, ხმა ცივი ჰქონდა, ნინიმ გვერდით გამომხედა, სახეზე ფერი დაეკარგა, ტუჩები აუკანკალდა..შუქნიშანზე მწვანე აინთო, ავტობუსი დაიძრა, გაჩერებასთან გაჩერდა ჩვენს ცხვირწინ, მაგრამ ჩვენთვის არა.. ხალხი ავიდა..ჩვენ დავრჩით.
- პასპორტი გვაქვს… - ძლივს ამოთქვა ნინიმ.
- მომაწოდეთ - უხმოდ ამოვიღეთ ქართული პასპორტები ჩანთიდან, ტელეფონიც ამოვიღე.
- ტელეფონი მომაწოდეთ! - მკაცრად მითხრა.
- ერთ მესიჯს მივწერ… - სიტყვები ძლივს ამოვაძალე თავს.
- სასწრაფოდ მომაწოდე! -ხელიდან გამომგლიჯა.
- მხოლოდ ერთი მესიჯი! - ვიყვირე, უკვე სასოწარკვეთილმა.
- მოკეტე! - მისმა ხმამ ჰაერი გაკვეთა.
- შეეშვი… აზრი არ აქვს… ძაღლები არიან… - ჩამიჩურჩულა ნინიმ..თვალები ამეწვა, შემდეგ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ცივი ლითონი მაჯებზე - ბორკილები, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს არა ხელები, არამედ სუნთქვა დამიბორკეს.
გაჩერების გვერდით, სადაც ათასჯერ მშვიდად ვმდგარვარ, იქვე იდგა საემიგრაციო მანქანა, მანქანა, რომელსაც ყოველთვის შორიდან ვუყურებდით ქუჩაში როცა დავინახავდით და გულში ვამბობდით „დღეს არა…“ -მაგრამ ჩვენ სწორედ დღეს ვიყავით..მანქანაში შეგვტენეს, კარი ხმაურით დაიხურა..ქალაქი ისევ ჩვეულებრივად აგრძელებდა ცხოვრებას..ვიღაცას სამსახურში აგვიანებდა, ვიღაც ყავას ყიდულობდა..
ვიღაც ტელეფონზე იცინოდა..ჩვენ კი ციხისკენ მივდიოდით, ასეთ დროს რას ვგრძნობდი? შოკს? შიშს?.. ეს ყველაფერი ჰგავდა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას, როცა შენი ცხოვრება ერთ წამში სხვისი გადაწყვეტილება ხდება..ყველა ემიგრანტის უკან ოჯახი დგას, დედა, რომელიც ელოდება გზავნილს, შვილი, რომელსაც ტელეფონში ეუბნები - „კარგად ვარ“,
მამა, რომელიც ფიქრობს, რომ მისი გოგო ძლიერია.. მაგალითად რას გრძნობდა ნეტა ახლა გულის სიღრმეში ნინი? - რომლის ავადმყოფი დედის ერთადერთი იმედი სწორედ ის არის.. რა უნდა ქნას მან აწი..

ციხეში გადაყვანამდე მთელი რიგი პროცედურები უნდა გაგვევლო,
რამდენიმე საათი მანქანით დაგვატარებდნენ, უკან, გისოსებიან გალიაში გამომწყვდეულებს, თითქოს ადამიანები კი არა, მონადირებული ცხოველები ვიყავით, მანქანის შიგნით რკინის გისოსები იყო, სანამ „კარგად ინადირებდნენ“ და კიდევ რამდენიმე არალეგალს არ აიყვანდნენ, მანამ დასაკითხად არ წაგვიყვანეს..ორი ფილიპინელი, ერთი ინდოელი და ერთ უზბეკიც შემოგვიერთეს, შემდეგ იყო დაკითხვა, რატომ ჩამოვედით, სად ვმუშაობდით, სად ვცხოვრობდით, ვისთან გვქონდა კავშირი..ერთი და იგივე კითხვები სხვადასხვა ტონით, ციხეში მისვლისას დეტალურად გაგვჩხრიკეს, ქალებს ქალები ამოწმებდნენ, კაცებს კაცები, იზოლირებულ ოთახში შეგვიყვანეს.
ფორმალურად ტანსაცმელი უნდა გაგვეხადა.
- ლიფი და ტრუსიც გაიხადე.
- რაა? - შევუბღვირე ახალგაზრდა გოგონას
- გაიხადე. ფორმალობაა - უხმოდ გავიხადე, იმ წამს უკვე ყველაფერი ფეხებზე მეკიდა სირცხვილიც და ყველაფერი..ფული, ძვირფასი ნივთები, მობილურები ჩამოგვართვეს, სპეციალურ დალუქულ კარადაში შეინახეს ჩვენი ნივთები, ბოლო ნაბიჯი დარჩა..ერთი დაცვა წინ მიგვიძღოდა, მეორე უკან, განცალკევებულ შენობასთან გაჩერდნენ, რკინის კარზე ზარი დაირეკა, კარი გაიღო,
დაახლოებით ოცდათხუთმეტი წლის მამაკაცმა გააღო, დაცვა იყო.. მაღალი, ფართო მხრებით, დაკუნთული სხეული ფორმის ქვეშაც მკვეთრად ჩანდა, შავი მაისურის ქვეშ მკლავებზე კუნთები დაჭიმული ჰქონდა..მუქი თმა ოდნავ გრძელი ჰქონდა, უკან გადაწეული,
დაბალი, მოვლილი შავი წვერი სახის მკაცრ ხაზებს კიდევ უფრო უსვამდა ხაზს.. თვალები - მუქი, თითქმის შავი ცოტათი ცივი და დაკვირვებული..
- დანიელ, როგორ ხარ? - მიესალმა დაცვა
- კარგად იშაი, შენ როგორ ხარ? ყოჩაღ, კარგად მოგინადირებია. ვინები არიან?- ხელი ჩამოართვა ნაცნობ ოფიცერს.
- ორი ფილიპინელი, ერთი ინდოელი, ერთი უზბეკი… და ეს ორი შენი „გამორჩეული“ ხალხი არიან - ჩვენზე მიუთითა, დანიელმა ცინიკურად აგვათვალიერა.
- ვაუ… გრუზინები. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - რუსულად გვითხრა, მის ტონში ირონია ირეოდა.
- ივრითულადაც ვსაუბრობ და ინგლისურადაც. რუსული საჭირო არ არის - უხეშად ვუპასუხე, თვალებში მომაჩერდა.
- რუსული არ იცი?
- ვიცი. მაგრამ არ ვსაუბრობ რუსულად - ინგლისურად ვუთხარი, ნინიმ თავი ჩახარა, ინგლისური კარგად არ იცოდა.
- სად დააბინავებ ამათ? - ჰკითხა იშაიმ.
- ერთი ქართველი გვყავს მარტო ეული, აი ის პასპორტი რომ არ აქვს მწყობრში, იმასთან შევიყვან, ქართული ბანდა ერთად შევკრიბოთ - ორივემ გაიცინა, იმ სიცილში დამცირება და ირონია იყო..საკანში შეგვიყვანეს, ეს კრიმინალებით სავსე ციხე არ იყო, სპეციალური საემიგრაციო განყოფილება იყო..
ოთახი ჩვეულებრივს ჰგავდა, ტელევიზორი, კონდენციონერი,
კარს შიგნიდან ვერ გააღებდი.. პატარა მინის ფანჯარა ჰქონდა, შიგნით ხანშიშესული ქართველი ქალი დაგვხვდა.
- უკაცრავად… სიგარეტის მოწევა მინდა- კართან მივაძახე დაცვას
- მოგვიანებით, ჭამის დროს, ახლა არა!- უხეშად მიპასუხა და კარი მოაჯახუნა, აქამდე თითქოს შოკში ვიყავი,
მაგრამ როცა კარი ჩაიკეტა და ბოლომდე გავაანალიზე, სად ვიყავი,
სუნთქვა შემეკრა..დავჯექი, თავი ხელებში ჩავრგე და უცებ ტირილი ამივარდა, ისტერიკული, ისეთი რომელიც მკერდს შიგნიდან გიხევს..
შვიდიდან ათ დღემდე, მაქსიმუმ ამდენი ხანი უნდა გაყვეტარებინა აქ,
შემდეგ კი დეპორტაცია..ნინი მომვარდა, მამშვიდებდა, მან თავიდანვე გამოიტირა ყველაფერი..
მე კი ახლა ვიწყებდი..თავი ამტკივდა.
მაღალი წნევა ყოველთვის ასე მემართება, ჯერ ნერვიულობა, მერე თავბრუსხვევა, კარებს მივვარდი..
პატარა ფანჯარაზე მუშტები დავუშინე.
- გამიღეთ!!! კარები გამიღეთ!!!
- აზრი არ აქვს, შვილო… უსისხლოები არიან… - მითხრა ხანშიშესულმა ქალმა.
- გამიღეთ!!! - არ ვჩერდებოდი, დანიელი მოვიდა, კარი გააღო, თვალებში გაბრაზება ედგა.
- რა გინდა?!
- სუნთქვა მიჭირს! დახურულ სივრცეში ვერ ვჩერდები! მაღალი წნევა მაქვს! წამალი მჭირდება!
- წყალი დალიე და გაგივლის.
- რა?! წყალი როგორ მიშველის?! წნევა მაქვს მეთქი! - ივრითულადაც გავუმეორე.
- თავი სასტუმროში ხომ არ გგონია?! ხან სიგარეტი გინდა, ხან წამალი! იცი სად ხარ?!
- ცუდად ვარ!! - უკვე ვკიოდი, სხვა საკნებიდან პატიმრები იყურებოდნენ, დანიელის თვალები უფრო გამკაცრდა.
- მოკეტე! ვითომ ცუდად ხარ. კარგად ვიცი რა მსახიობებიც ხართ ქართველები. თავის შეცოდება შეგიძლიათ მარტო! საჭმლის დროს გამოხვალთ! მანამდე ვერა! შეეგუე აქაურობას! - კარი მოაჯახუნა.
- მახინჯო ! ძაღლო! ცხოველო! - ვყვიროდი და ისევ ვურტყამდი ფანჯარას, პასუხი აღარ იყო..
ტირილისგან ენერგია გამოცლილი, რკინის ორსართულიან საწოლზე ავძვერი და ზემოთ მივწექი,
ლაპარაკის თავიც აღარ მქონდა.
- დიდი ხანია აქ ხართ? - ჩუმად დაიწყო უცნობმა ქალმა.
- თითქმის სამი წელია… თქვენ? - ნინი აჰყვა საუბარში..მე თვალები ჭერს მივაშტერე, ხმასაც ვერ ვიღებდი.
- მე ათი წელი ვიყავი აქ. სამსახურში ამიყვანეს.
- ჩვენ გაჩერებაზე… იმედია მალე გაგვიშვებენ ამ ჯოჯოხეთიდან.
- წესით ერთ კვირაში, მე უკვე ოცი დღეა აქ ვარ - ნინიმ გაკვირვებულმა შეხედა.
- ამდენი ხანი რატომ?
- პასპორტს ვადა ჰქონდა გასული… პროცესი გაიწელა. - რამდენიმე წამით გაჩუმდა, მერე დაბალი ხმით დაამატა:
- ამ ბიჭს… დანიელს… ზედმეტად არ მოხვდეთ თვალში, საზიზღარი ვინმეა, ქართველებზე ალერგია აქვს.
მხოლოდ ახლა გავმოძრავდი..
- ეგ მახინჯი?! სიამოვნებით შევაფურთხებდი სახეში! წყალი დალიეო… ვკვდებოდი და წყალი მიშველიდა?! ავადმყოფი! - ჩავიბურტყუნე ბრაზით, მარინამ თავი გააქნია.
- რამდენიმე დღე აიტანე, შვილო. ამათ ხელში ვართ. უხეშად რომ მოექცევი, უარესად მოგექცევა.
- რა დაუშავა ქართველებმა მაგ ძაღლს?!
- არ ვიცი. სულ აგრესიულად ლაპარაკობს საქართველოზე…
- ღმერთო… ეს რა დაგვემართა… რატომ ვიჩქარეთ, ნინი? მესამე რეისს რომ წამოვყოლოდით, იქნებ გადავრჩენილიყავით… - ნინიმ უცნაურად შემომხედა.
- ლიზა… ანიმ დაგვაჩქარა. უცნაურად არ გეჩვენება? - თავი წამოვწიე.
- რას გულისხმობ?
- ანი ცოტა უცნაური გოგოა… იმედია მისი ბრალი არაა
- მისი ბრალი რა უნდა იყოს? საიდან ეცოდინებოდა, რომ დაგვიჭერდნენ?!
- იქნებ ჩაგვიშვა…
- კაი რა, ნინი! - მკვეთრად ვუთხარი, მაგრამ მისი ნათქვამი გულში რაღაც ცივად ჩამომეღვარა.
- მასეთ რამეს როგორ იზამდა?
- არ ვიცი… არაფერი გამიკვირდება მაგისგან, შურიანია!
- ეგ რომ სიმართლე აღმოჩნდეს… ჩემი ხელით გავუხეთქავ თავს - კბილებში გამოვცერი, მარინამ ამოიოხრა.
- რას იზამთ, შვილებო… ახლა ვეღარაფერს შეცვლით.
- შევცვლი! აუცილებლად დავბრუნდები აქ! საქართველოში დაბრუნება ჩემთვის გამორიცხულია. მალევე ჩამოვალ უკან. რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს!
- გართულებულია ძალიან, შვილო… დეპორტის შემდეგ.
- უნდა ჩამოვიდე! სხვანაირად დაღუპული ვარ… - ცრემლები ისევ წამომივიდა, ნინი ჩამეხუტა.
- დამშვიდდი…
- ხომ იცი… საფრთხეში ვიქნები იქ… არ მაცოცხლებენ… - კანკალით ვეუბნებოდი..
საკნის კარი გაიღო.
- საჭმლის დროა. შეგიძლიათ გამოხვიდეთ - დაიძახა დანიელმა.
- წამოდი, ვჭამოთ - მითხრა ნინიმ.
- არა, არ მშია.
ისინი გავიდნენ, მე ზემოთ დავრჩი, ფიქრებში ჩაძირული. რამდენიმე წუთში ნაბიჯების ხმა გავიგე..
დანიელმა საკანთან ჩაიარა.. გაუკვირდა, რომ „ჯიუტი ქართველი“ გარეთ არ იყო, კართან გაჩერდა.
- გარეთ რატომ არ გადიხარ? ისტერიკები დაიმართე და ახლა საერთოდ არ გამოდიხარ?
- არ მინდა.
- სიგარეტი? - პაუზა
- სიგარეტი მინდა.
- გამოდი. ერთი საათი გაქვთ გარეთ ყოფნის უფლება - ქვემოთ ჩამოვედი,
სიგარეტის პირველი ნაფაზი ფილტვებში ჩავუშვი და თითქოს გული ნელა დამშვიდდა, ცივი გონებით დავიწყე ფიქრი, ირგვლივ ყველაფერი დავათვალიერე კედლები, კარებები, კამერები..გაქცევის შანსი არ არსებობდა.მაგრამ ჩემთვის არ არსებობდა „არ არსებობს“..ნინისა და მარინასთან ჩამოვჯექი.
- აქედან უნდა გავიქცე - ვთქვი სერიოზულად, ჯერ გაკვირვებით შემომხედეს.. მერე ორივეს გაეცინა.
- შვილო… დღეში ოთხჯერ, ხუთჯერ გვამოწმებენ. ღამით კარს ბოქლომით კეტავენ. კედელზე ვერ აცოცდები. როგორ გინდა გაიქცე?
- იქნებ რომელიმე დაცვა ოთახში შევიტყუოთ… როცა გარეთ ვიქნებით… და შიგნიდან ჩავკეტოთ. მე უნდა გავიქცე, ნინი! აუცილებლად! ხომ იცი საქართველოში მომკლავენ!
- ლიზა, დამშვიდდი! ვერავინ მოგკლავს!
- მომკლავენ! მომკლავენ! - მარინამ მხარზე ხელი დამადო.
- აქედან გაქცევა გამორიცხე. კარგი, გახვედი გარეთ… მერე? იქ იმდენი დაცვაა, რას უპირებ?
- არ ვიცი… არ ვიცი… უბრალოდ გასვლა მინდა აქედან!
- გაჩუმდი, დანიელი მოდის. არაფერი თქვათ, შეიძლება ქართული ესმოდეს - მოგვიახლოვდა.
- საკანში დაბრუნების დროა.
- აქედან როდის გაგვიშვებენ? - ვკითხე წარბაწეულმა.
- არ ვიცი. მსგავსი საკითხები მე არ მეხება.
- აბა რა გეხება? ძაღლივით ყარაულობა? - მის თვალებში ცეცხლი აინთო.
- წესიერად მოიქეცი. თორემ დაგსჯი და ხვალ საერთოდ არ გამოხვალ გარეთ! -
ზიზღით გავხედე, უხმოდ შევბრუნდი და საკნისკენ წავედი.. უეცრად დამიძახა
- მოიცადე! - მისი ხმა ზურგში დამეჯახა.
შევჩერდი, მაგრამ არ შევტრიალდი.
- რა გქვია? -ნელა შემოვბრუნდი. ჩემს წინ იდგა. ახლოდან კიდევ უფრო მაღალი ჩანდა.
- ლიზა - თვალებში ჩამხედა, მაცდური მზერით
- ლიზა, ათი წუთით გამომყევი. დანარჩენები შიგნით. - ნინიმ შემომხედა შეშფოთებით. მე მხრები ავიჩეჩე.
- სად უნდა გამოგყვე?
- შემოსასვლელი და ჩემი ოთახი დაალაგე.
- რატომ მე?
- პატიმრები ალაგებენ ყოველდღე მორიგეობით. დღეს მინდა, რომ ეს შენ გააკეთო - ტონი მშვიდი ჰქონდა, მაგრამ აშკარად გამოწვევით მეუბნებოდა
- სად არის ცოცხი და ტილო?
- წამოდი - შემოსასვლელში ნაგვის პარკი მომაწოდა.
- პირველ რიგში ნაგავი გაიტანე. უკანა ეზოში დიდი ურნა რომ არის იქ ჩააგდე-
ურნაში ჩავაგდე ტომარა. თითქმის სავსე იყო.
- ყოველდღე ცლიან? უკვე გადმოდის, სავსეა
- ყოველ ორ დღეში, საღამოს გაცლიან -
მის ოთახში შევედი, ოთახი პატარა იყო, პატარა ბუტკისხელა, მაგიდაზე ქაღალდები არეული, იატაკზე მზესუმზირის კანები ეყარა.
- ბინძური ღორი… - ჩავილაპარაკე ქართულად.
- მაგ სიტყვის მნიშვნელობა ვიცი - მომესმა ინგლისურად, შევტრიალდი.
- კარგია თუ იცი. ნორმალური ადამიანი ასეთ სიბინძურეში არ ჯდება -
დანიელი ნელა მომიახლოვდა.
- ლიზა… ზედმეტად გრძელი ენა გაქვს. შეიძლება დაგღუპოს!
- ჩემზე ნუ დარდობ.
- არა, ძვირფასო… შენზე დარდი მაკლია- ამ დროს ტუმბოზე დავინახე იარაღი, შავი, მძიმე, ცივი, გული ამიჩქარდა, ათასი ფიქრი ერთ წამში გავარდა თავში, აქედან გაქცევა, თავისუფლება. ერთი ნაბიჯი გადავდგი.
ზუსტად იმ წამს დანიელმა წაიკითხა ჩემი მოძრაობა, სანამ იარაღისკენ გავიწეოდი, თავად დამასწრო, სწრაფი, გაწვრთნილი მოძრაობით აიღო..
წავბორძიკდი, ფეხი რაღაცას წამოვკარი, სხეულმა წონასწორობა დაკარგავ და სწორედ მაშინ მისი მკლავები შემეხო! ძლიერი, მყარი ხელი წელზე მომხვია, მეორე მკლავი მხარზე მომიჭირა. მისი სხეული ჩემთან ძალიან ახლოს იყო. იმდენად ახლოს, რომ სუნთქვა მის მკერდს ეჯახებოდა, თვალები ავწიე..მისი თვალები შავი, ცეცხლოვანი პირდაპირ მიყურებდა, რამდენიმე წამი დრო გაჩერდა.მე მისი გულის ცემა გავიგონე.. თუ ჩემი იყო?
- ცოტა ფრთხილად… - ჩაილაპარაკა დაბალი ხმით.
- ფეხი არაფერს წამოკრა, ლიზა. თავი არ გაიტეხო. - მის ტუჩებს ირონია დასთამაშებდა, მაგრამ მზერა სხვას ამბობდა, მისი ხელი ისევ წელზე მედო.
მოვიშორე.
- მისმინე… ფულს გადაგიხდი, დამეხმარე აქედან გასვლაში. ბევრ ფულს მოგცემ - ხმადაბლა ვთქვი,
თვალები დაავიწროვა.
- მაინც რამდენს?
- რამდენი გინდა?
- შენ დამისახელე.
- თხუთმეტი ათასი დოლარი. გაწყობს?
ერთი წამით ჩაფიქრდა, თვალებში რაღაც გაებზარა.
- მაცდური წინადადებაა… მაგრამ მე ჩემი სამსახური მიყვარს - იარაღი ისევ ტუმბოზე დადო, მაგრამ ამჯერად უფრო შორს ჩემგან.
- ახლა საკანში დაბრუნდი და ჩათვალე, ამ თემაზე არ გვისაუბრია.
გვერდი ავუარე და კარისკენ წავედი.
- ლიზა…გაჩერდი.
- რა გინდა? - რამდენიმე ნაბიჯით მომიახლოვდა, მოულოდნელად ახლოს დადგა..ძალიან ახლოს.
- რა სუნამო გასხია?თითქოს ალუბლის არომატი აქვს… უცნაურად ტკბილი… მაგრამ ბოლოში მწარე.. ნამდვილი ალუბლის სუნს მაგონებს..
- Tom Ford - Lost Cherry - სახელი გამოკვეთილად წარმოვთქვი.
- ალუბალი… — გაიმეორა ჩაფიქრებით, ალუბლის სურნელი ჰაერში გაიფანტა,
შევტრიალდი და საკანში შევედი..
საღამოს ისევ გაიღო საკნის კარი. ამჯერად სხვა დაცვა იყო დანიელის ნაცვლად. ეტყობა მისი ცვლა დასრულდა. დაახლოებით ხუთი საათი იქნებოდა, უკანა ეზოში ვიჯექით, სიგარეტს ნელა ვეწეოდი და თვალს არ ვაშორებდი დიდ რკინის ურნას. ზუსტად ამ დროს გამოაგორეს და გაიტანეს..
- მარინა დეიდა… სულ ამ დროს გააქვთ ხოლმე ნაგავი?
- კი შვილო, ასე სააღამოობით მიაქვთ.
- ესეიგი ამ დროს პატიმრები გარეთ არიან, როცა ნაგავი გადის?
- კი… - სიგარეტის ნამწვი ფეხქვეშ ჩავაქრე.
- უნდა გავიდე აქედან. უნდა დამეხმაროთ როგორმე. სანაგვე ყუთში უნდა აღმოვჩნდე ზეგ! - ნინიმ გაკვირვებით შემომხედა.
- გააფრინე? რომ გამოგიჭირონ მერე რას აპირებ?
- არ მაინტერესებს. უნდა ვცადო! მთავარია ის ძაღლი დანიელი არ იყოს სმენაში. კიდევ როდის იქნება ნეტავ?
- არ ვიცი… მაგათი გრაფიკის ვერაფერი გავიგე..
შემდეგი ორი დღე ფორიაქში გავატარე, ყოველი ნაბიჯი წინასწარ დავგეგმე, შეუმჩნევლად უნდა ჩავმძვრალიყავი ურნაში.. შავ დიდ პარკში გახვეული.. აყროლებულ, საზიზღარ ნაგავში უნდა ჩავმხტარიყავი, მაგრამ თვითგადარჩენისთვის ვიბრძოდი. ეს აუცილებელი იყო, ჩემი და ჩემი ოჯახის სიმშვიდისთვის.
- ნინი, თუ აქედან გავაღწიე ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩამოსვლაში დაგეხმარო ისევ.
- ოღონდ შენ გადი… ჩემს თავს არ დავეძებ - ნინი მეგობარს ჩაეხუტა
- ღმერთი შენსკენ შვილო.
- მადლობა მარინა დეიდა… თქვენ არ იცით როგორ მეხმარებით. სიკვდილს გადავრჩები ჩათვალეთ. ყველა უნდა შეიტყუოთ შიგნით და ამასობაში ნინი დამეხმარება ურნაში ჩავძვრე..

ხუთ საათამდე თხუთმეტი წუთით ადრე მარინამ გაითამაშა გულის წასვლის სცენა.. მოულოდნელად ჩაიკეცა, ყველა მასთან მივარდა. ხმაური, აჩქარებული ნაბიჯები, ყვირილი.
უკანა ეზო ცარიელი დარჩა..ნინიმ ხელი ჩამავლო.
- ახლა! დროა - შავ პარკში გავეხვიე. ნაგვის ცივი სუნი ცხვირში მომხვდა, გულისრევა ძლივს შევიკავე. სახურავი დაიხურა, სიბნელე იყო.. მარინა „მოასულიერეს“.. არვიცოდი გარეთ რა ხდებოდა, ურნაში ვიჯექი და ვლოცულობდი, მხოლოდ საკუთარი გულისცემა მესმოდა..
რკინის კარის დაკეტვის ხმა გავიგონე, ისეთი მძიმე იყო, თითქოს მთელ შენობას აზანზარებდა.
- „ალბათ ნაგვის წასაღებად არიან… ღმერთო გადმომხედე…“ - ვფიქრობდი და ვლოცულობდი კვლავ..
- ღმერთო ეს საიდან გაჩნდა ახლა აქ - გადაუჩურჩულა ნინიმ მარინას.
- რა ხდება? რა შეკრებაა? - დანიელის ხმა გაისმა..სისხლი გამეყინა.
- მარინა იყო ცუდად - უპასუხა მეორე ოფიცერმა, რომელიც მზადებას იწყებდა წასასვლელად.
- უკეთ ხართ?
- კი… ახლა უკეთ ვარ… წამით თავბრუ დამეხვა… - დანიელმა თავი დაუქნია, პატიმრები სხვადასხვა მიმართულებით დაიფანტნენ.
- ჯიუტი სად გყავთ? - მკაცრად მიაძახა ნინის და მარინას.
- საპირფარეშოშია - არ დაიბნა ნინი..მე შიგნით გავშეშდი.. სუნთქვა შევწყვიტე..ისევ გაისმა რკინის კარის ხმა..ამჯერად მართლაც ნაგვის წასაღებად მოვიდნენ.. ურნას ხელი მოკიდეს და გააგორეს, ბორბლები ჭრიალებდა, ნინიმ ჩუმად ამოისუნთქა. გულში ლოცულობდა.. დიდი ურნა დერეფანში გამოიტანეს.
- მოიცადეთ! - დაიძახა დანიელმა მკაცრი ხმით, ყველაფერი გაჩერდა.
- ურნა გახსენით, უნდა შევამოწმო! - თქვა მტკიცე, ცივი ტონით.



№1 სტუმარი სტუმარი Lusi

ვაიმე ძალიან ჩამითრია,კარგი იყო.იმედია მალე დადაებთ შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent