მებაღე 1
მილენა საკუთარ თავს ხშირად ისე აღიქვამდა, როგორც ადამიანს, რომელიც თავიდანვე არასწორ ადგილას აღმოჩნდა, თითქოს მისი დაბადება უბრალოდ შემთხვევითობა იყო და არა სურვილი, რადგან არ არსებობდა არც ერთი ხმა, არც ერთი სახე, არც ერთი სითბო, რომელიც მის არსებობას დაადასტურებდა. ბავშვობა მისთვის არ ყოფილა მოგონებების თბილი ბუდე, არამედ გაურკვეველი, ბურუსით დაფარული სივრცე, სადაც დრო გადიოდა, მაგრამ მისთვის არაფერს ტოვებდა - არც სიხარულს, არც კონკრეტულ ტკივილს, მხოლოდ ზოგად, გაურკვეველ სიმძიმეს, რომელიც სხეულში ისე ილექებოდა, რომ სიტყვებად ვერ ყალიბდებოდა. თავშესაფარი, სადაც ის აღმოჩნდა, არ ჰგავდა იმ ადგილებს, რომლებსაც ბავშვები სახლს ეძახიან; ეს უფრო ფუნქციური სივრცე იყო, სადაც ადამიანებს ინახავდნენ, ვიდრე ცხოვრობდნენ. დერეფნები გრძელი და ცარიელი ჩანდა, თითქოს ხმები იქამდე მიდიოდნენ და უკან აღარ ბრუნდებოდნენ, კედლები კი ისეთ ფერში იყო შეღებილი, რომელიც არც თეთრი იყო და არც ნაცრისფერი - რაღაც შუაში, თითქოს თავად შენობაც ვერ წყვეტდა, რა უნდა ყოფილიყო. ამ სივრცეში ყველაზე მკვეთრი იყო არა ხმაური, არამედ სიჩუმე, რადგან ეს სიჩუმე არ იყო მშვიდი; ის იყო ისეთი, რომელიც მუდმივად გახსენებდა, რომ შენ აქ ხარ, მაგრამ არავინ გეძებს. მილენა თავიდანვე ის ბავშვი გახდა, რომელიც ადვილად არ ჩანდა. ის არ ტიროდა ხმამაღლა, არ ითხოვდა ყურადღებას, არ ებრძოდა სხვებს სათამაშოებისთვის, რადგან ძალიან ადრე მიხვდა, რომ მოთხოვნა ყოველთვის პასუხს არ იძლევა, ხოლო უარი — თითქმის ყოველთვის მოდის. ამიტომ ის ირჩევდა არსებობის უფრო უსაფრთხო ფორმას: დაკვირვებას. ის უყურებდა სხვა ბავშვებს, სწავლობდა მათ რეაქციებს, აკვირდებოდა, როგორ იცვლებოდა მათი სახეები, როცა კარზე ვიღაც აკაკუნებდა და ზრდასრული შემოდიოდა, როგორ ენთებოდათ თვალები იმ იმედით, რომელიც ყოველ ჯერზე თავიდან იბადებოდა და ხშირად ისევ კვდებოდა. ერთ-ერთი ასეთი დღე იყო, როდესაც მილენა ფანჯარასთან იდგა და გარეთ თოვლის დაცემას უყურებდა — ეს პროცესი მასში უცნაურ სიმშვიდეს იწვევდა, რადგან თოვლი მოდიოდა ჩუმად, უჩინრად, არავის არაფერს სთხოვდა და მაინც ცვლიდა გარემოს. სწორედ ამ სიჩუმეში გაისმა კარი, რომელიც ჩვეულებრივზე უფრო ხმაურით გაიღო, თითქოს ის ადამიანი, ვინც შემოვიდა, არ აპირებდა ამ სივრცის წესების დაცვას. მილენამ თავი შეაბრუნა თითქმის ინსტინქტურად, და ის, რაც დაინახა, იმ გარემოსთვის შეუფერებლად ცოცხალი იყო: გოგო, რომლის მოძრაობებში იყო რაღაც დაუმორჩილებელი, თითქოს ის არ ერგებოდა იმ ჩარჩოს, რომელშიც აღმოჩნდა. მისი თმა ოდნავ არეული იყო, არა უყურადღებობის გამო, არამედ იმიტომ, რომ მას, როგორც ჩანს, არ აინტერესებდა იდეალური წესრიგი; მისი თვალები კი — ღია, მკვეთრი, მუდმივად მოძრაობაში — ისეთი შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ის არა მხოლოდ ხედავდა, არამედ არჩევდა, რისთვის უნდა მიექცია ყურადღება. ეს მზერა იყო პირველი, რაც მილენამ იგრძნო / არა როგორც უბრალო დაკვირვება, არამედ როგორც პირდაპირი მიმართვა. მას არ ახსოვდა, რომ ვინმეს ოდესმე ასე შეეხედა მისთვის, ისე, რომ არ ყოფილიყო ან სიბრალული, ან ზედაპირული ინტერესის ნარჩენი. აქ კი იყო რაღაც სხვა - თითქოს ეს გოგო უკვე წყვეტდა, რომ მილენა მნიშვნელოვანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა ამის მიზეზი. როდესაც ის გოგო მისკენ წამოვიდა, მილენამ იგრძნო, როგორ დაეძაბა სხეული; ეს არ იყო შიში კლასიკური გაგებით, არამედ უფრო უცნობთან შეხების წინასწარი რეაქცია, როდესაც არ იცი, უნდა დაიხიო თუ დარჩე. მისი ნაბიჯები მტკიცე იყო, რაც ამ სივრცეში უჩვეულოდ გამოიყურებოდა, რადგან ბავშვები აქ ხშირად ისე დადიოდნენ, თითქოს ზედმეტი მოძრაობა შეიძლებოდა დასჯილიყო. გამარჯობა, - ეს სიტყვა მარტივი იყო, მაგრამ იმ ტონში, როგორითაც ითქვა, რაღაც დაუმძიმებელი და პირდაპირი იყო, რაც მილენას კიდევ უფრო აბნევდა, რადგან ის არ იყო მიჩვეული უშუალობას. კითხვები მოჰყვა, პასუხის მოლოდინი / და ბოლოს, ის უცნაური წინადადება, რომელიც მილენასთვის იმ მომენტში თითქმის გაუგებარი აღმოჩნდა: არ გინდა, რომ მეგობრები ვიყოთ? ამ წინადადებაში ყველაზე მძიმე არ იყო სიტყვა „მეგობრები“, არამედ ის, რომ მასში არჩევანი იგრძნობოდა. თითქოს პირველად ვიღაც სთავაზობდა არა აუცილებლობას, არა იძულებას, არამედ შესაძლებლობას. მილენას შინაგან სივრცეში ამ დროს ერთდროულად რამდენიმე წინააღმდეგობრივი პროცესი მიმდინარეობდა: უნდობლობა, რომელიც მას იცავდა; ცნობისმოყვარეობა, რომელიც იშვიათად იღვიძებდა; და რაღაც ძალიან სუსტი, თითქმის შეუმჩნეველი სურვილი, რომ ეს მომენტი არ დასრულებულიყო ისე, როგორც სხვა ყველაფერი მის ცხოვრებაში — ჩუმად და უშედეგოდ. როდესაც მან საკუთარი სახელი თქვა — „მილენა“ — ეს არ იყო უბრალოდ ინფორმაციის გადაცემა; ეს იყო თითქოს მცირე დათმობა, მცირე ნაბიჯი იმკენ, რასაც თავადაც ვერ ხსნიდა. და სწორედ ამ პატარა ნაბიჯმა შექმნა სივრცე, სადაც ნინა უკვე თავისუფლად შევიდა, თითქოს კარს არც კი დასჭირვებია გახსნა. ნინას ღიმილი არ იყო ზედაპირული; ის ისეთი ტიპის რეაქცია იყო, რომელიც სხეულიდან მოდის და არა სოციალური წესებიდან, და სწორედ ამიტომ იყო ის იმდენად დამაჯერებელი. მისმა ხელის შეხებამ კი, მიუხედავად იმისა, რომ მილენასთვის უცხო და თითქმის შემაწუხებელი იყო, მაინც არ გამოიწვია უარყოფა - რაც თავისთავად მნიშვნელოვანი ცვლილება იყო, რადგან მილენა ჩვეულებრივ თავიდან იცილებდა ყველაფერს, რაც ზედმეტად ახლოს მოდიოდა. იმ დღემ არ შეცვალა ყველაფერი ერთდროულად; ცვლილება არ მოდის დრამატულად, ის მოდის ჩუმად, დეტალებში, ყოველდღიურ პატარა გადაადგილებებში. მაგრამ სწორედ იმ დღიდან დაიწყო პროცესი, რომლის დროსაც მილენა ნელ-ნელა გადმოვიდა საკუთარი დაკვირვების უსაფრთხო სივრციდან და პირველად შეეხო ურთიერთობის არაპროგნოზირებადობას - იმ მდგომარეობას, სადაც აღარ შეგიძლია ყველაფერი წინასწარ გათვალო, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც რჩები. და წლების შემდეგ, როცა მილენა საკუთარ ცხოვრებას იხსენებს, ის ხვდება, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არ ყოფილა ის, რომ ვინმემ დაინახა - არამედ ის, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა მისკენ მოსვლა, მაშინაც კი, როცა მილენა თავად არ გადადგამდა პირველ ნაბიჯს. მილენა ხშირად ფიქრობდა, რომ ადამიანებს ბავშვობა არ ტოვებს - ისინი ტოვებენ ბავშვობას, მაგრამ ის მაინც რჩება მათში, როგორც ჩუმი, უხილავი ჩრდილი, რომელიც ყველაზე მოულოდნელ მომენტებში იჩენს თავს. თავშესაფარში გატარებული წლები არ იყო მხოლოდ დროის მონაკვეთი; ეს იყო სკოლა, სადაც ის სწავლობდა გადარჩენას, ემოციების დამალვას, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო - სწავლობდა, რომ დამოკიდებულება ადამიანებზე ყოველთვის შეიცავდა რისკს. ნინასთან ურთიერთობა თავიდანვე თითქოს წინააღმდეგობაში იყო ამ წესებთან. ნინა არ ემორჩილებოდა იმ უხილავ კანონებს, რომლებიც ბავშვებმა თავად შექმნეს: არ მიეჩვიო, არ ენდო, არ დაელოდო. ის მუდმივად არღვევდა ამ წესებს - ხმამაღალი სიცილით, მოულოდნელი კითხვებით, უცნაური გადაწყვეტილებებით, რომლებიც ლოგიკას ნაკლებად, მაგრამ სიცოცხლეს მეტად ემორჩილებოდა. ერთხელ, ზაფხულის შუადღეს, როდესაც თავშესაფრის ეზოში მტვერი ჰაერში ტრიალებდა და სიცხე ისე აწვებოდა მიწას, რომ სუნთქვაც კი მძიმდებოდა, ნინამ მილენას ხელი მოჰკიდა და თითქმის ძალით გაიყვანა გარეთ. მილენა წინააღმდეგობას არ უწევდა, მაგრამ მისი სხეული დაძაბული იყო - როგორც ყოველთვის, როცა რაღაც წინასწარ გაუთვალისწინებელი ხდებოდა. -შენ სულ ფანჯარასთან რატომ დგახარ?-ჰკითხა ნინამ, როცა ეზოს კუთხეში დაჯდნენ, სადაც ნახევრად ჩამონგრეული კედელი ჩრდილს ქმნიდა. მილენამ პასუხი მაშინვე არ გასცა. ის ყოველთვის ფრთხილად არჩევდა სიტყვებს, თითქოს თითოეული მათგანი შეიძლებოდა ზედმეტი ყოფილიყო. -იქიდან ყველაფერი ჩანს,-თქვა ბოლოს. ნინამ გაიცინა, მაგრამ ეს სიცილი დაცინვა არ იყო; უფრო ისეთი რეაქცია, როცა ადამიანი ვერ ეგუება სხვის განსხვავებულ ხედვას. -აქედანაც ჩანს,-მიუგო და ხელით ეზოსკენ მიუთითა, სადაც სხვა ბავშვები დარბოდნენ, ჩხუბობდნენ, ისევ რიგდებოდნენ, თითქოს მათი ცხოვრება ამ პატარა სივრცეში იწურებოდა. მილენამ მხრები აიჩეჩა. -იქიდან არ მეხებიან,-დაამატა ჩუმად და შავ სფეროებში სასოწარკვეთა დაეხატა. ეს იყო სიმართლე, რომელიც მან პირველად გაახმოვანა. ნინა რამდენიმე წამი დუმდა. მისი თვალები უცნაურად დასერიოზულდა, რაც იშვიათი იყო მისთვის. -მე შეგეხები,-თქვა ბოლოს და თვალებითვე გაუღიმა, მილენამ მისი ორი მკვეთრი სინათლე იგრძნო. და ნინამ ისევ ხელი მოჰკიდა მეგობარს. ⸻ ამ პატარა ჟესტებში იმალებოდა ის, რაც წლების განმავლობაში გაღრმავდა: ნინა მუდმივად ცდილობდა მილენას ჩართვას ცხოვრებაში, ხოლო მილენა - მიუხედავად წინააღმდეგობისა - ნელ-ნელა ნებდებოდა ამ მცდელობას. მათი მეგობრობა არ იყო იდეალური; ის სავსე იყო უხილავი დაძაბულობებით, განსხვავებებით, გაუგებრობებით, მაგრამ სწორედ ეს აძლევდა მას სიმტკიცეს. მოზარდობის ასაკში ეს განსხვავებები უფრო აშკარა გახდა. ნინა ყოველთვის წინ მიდიოდა - ის სწავლობდა, ეკითხებოდა, ცდილობდა გაეგო, როგორ მუშაობდა სამყარო, მაშინ როცა მილენა უფრო მეტად შიგნით იკეტებოდა. მისთვის გარესამყარო ჯერ კიდევ არ იყო ადგილი, სადაც შეიძლებოდა თავისუფლად ეარსება, როგორც თავშესაფრის ბაღში მოფარფატე იისფერ პეპელას; ცხოვრება უფრო მეტად მისთვის ჰგავდა სივრცეს, სადაც მუდმივად უნდა ყოფილიყავი მზად დაკარგვისთვის. ერთ საღამოს, როცა ისინი საწოლებზე იწვნენ და ოთახში მხოლოდ ფანჯრიდან შემოსული მკრთალი შუქი იყო, ნინამ მოულოდნელად თქვა: -მე ექიმი უნდა გავხდე. მილენამ თავი მისკენ მიაბრუნა. ეს არ იყო უბრალოდ სურვილი - ნინას ხმა მტკიცე იყო, თითქმის უცნაურად სერიოზული. -რატომ?-ჰკითხა. ნინამ ცოტა ხანს იფიქრა, თითქოს პირველად ცდილობდა ამ სურვილის სიტყვებად გადაქცევას. -იმიტომ, რომ არ მინდა, რომ ადამიანები ასე უბრალოდ ქრებოდნენ,-თქვა ბოლოს. -აქ… ისინი უბრალოდ მიდიან. და მერე აღარავინ ლაპარაკობს მათზე. მილენამ თვალები დახუჭა. ისიც ფიქრობდა ამაზე. მაგრამ არასდროს უთქვამს. -და შენ?- ჰკითხა ნინამ. ეს კითხვა რთული იყო. მილენას არ ჰქონდა პასუხი. -არ ვიცი,-თქვა ბოლოს. და ეს „არ ვიცი“ ბევრად უფრო ძლიერი განცდა იყო, ვიდრე უბრალოდ გაურკვევლობა; ეს იყო მისი ამოუვსები სიცარიელე, სადაც არ არსებობდა არც სურვილი, აზრი ან მიმართულება, მაგრამ იყო დასჯა, მიზეზის გარეშე. ⸻ როცა ისინი 18 წლის გახდნენ, თავშესაფარი მათთვის დასრულდა ისე, როგორც ყველაფერი სხვა - ოფიციალურად, ცივად, ზედმეტი ემოციის გარეშე. რამდენიმე დოკუმენტი, რამდენიმე ინსტრუქცია, და კარი, რომელიც ამჯერად უკვე მათთვის გაიღო - არა მისაღებად, არამედ გასაშვებად. გარესამყარო, რომელიც ბავშვობაში შორიდან უყურებდნენ, ახლა მათ წინ იდგა, მაგრამ ის არ აღმოჩნდა ისეთი, როგორსაც წარმოიდგენდნენ. ის უფრო რთული იყო. უფრო მკაცრი. უფრო გულგრილი. ნინა სწრაფად მოერგო. თითქოს ის ამ მომენტისთვის მზად იყო - თითქოს მთელი ცხოვრება სწორედ აქ მოსასვლელად ემზადებოდა. მან იპოვა გზა, იპოვა ადამიანები, იპოვა შესაძლებლობები, და ნელ-ნელა დაიწყო მოძრაობა იმ მიმართულებით, რომელსაც ბავშვობაში მხოლოდ სიტყვებად აყალიბებდა. მილენასთვის კი ეს პროცესი სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. თავისუფლება, რომელიც სხვებისთვის შვება იყო, მისთვის მძიმე გახდა. როცა აღარ იყო წესები, აღარ იყო ჩარჩოები, აღარ იყო ადგილი, სადაც უნდა ყოფილიყო — გაჩნდა კითხვა: სად უნდა წავიდე? და ამ კითხვაზე პასუხის არქონა ნელ-ნელა იქცა მტკივნეულ პრობლემად. ⸻ თავდაპირველად ყველაფერი უმნიშვნელო დეტალებით დაიწყო: დროებით სამუშაოები, შემთხვევითი ადამიანები, ღამეები, რომლებიც ერთნაირად მთავრდებოდა - დაღლილობით და შიგნიდან გამოფიტვის შეგრძნებით. მილენა არ იღებდა გადაწყვეტილებებს ისე, როგორც ნინა; ის უფრო მიჰყვებოდა დინებას, რომელსაც ხშირად არასწორი მიმართულებით მიდიოდა. ადამიანები, რომლებიც მის ცხოვრებაში ჩნდებოდნენ, არ იყვნენ შემთხვევითები. ისინი ხედავდნენ მასში იმ სისუსტეს, რომელსაც მილენა თავად ვერ აღიარებდა — სურვილს, რომ ვიღაცას მაინც ეკუთვნოდა, თუნდაც ეს კუთვნილება თავისუფლების ფასად მოდიოდა. ან მისი სხეულის ფასად. ნელ-ნელა მისი ცხოვრება გადავიდა იმ ზღვარზე, სადაც არჩევანი და იძულება ერთმანეთში ირეოდა. ის არ ამბიბდა, რომ ეს გზა აირჩია. უფრო სწორი იქნებოდა ეთქვა, რომ ამ გზამ იპოვა იგი. ⸻ ნინა ამას ხედავდა. და ეშინოდა. ერთხელ, როცა ისინი პატარა კაფეში ისხდნენ - იშვიათ მომენტშო, როცა მათი თავისუფალი დრო ერთმანეთს დაემთხვა - ნინამ პირდაპირ უთხრა: -შენ თავს კარგავ. მილენამ მშვიდად შეხედა. -შეიძლება,-უპასუხა. -ეს პასუხი არ არის,-ნინას ხმა დაეძაბა. შენ შეგიძლია სხვანაირად იცხოვრო. შენ ძალიან კარგი გოგო ხარ მილი, როგორ არ გესმის.. მილენამ ოდნავ გაიღიმა, მაგრამ ეს ღიმილი სევდიანი იყო. -შენ ხარ,-თქვა. მე -არა. -რატომ?-თითქმის ჩურჩულით ჰკითხა ნინამ. და ამ კითხვაში იყო ყველაფერი - შიში, სიბრაზე, იმედი. მილენამ თვალები აარიდა. -იმიტომ, რომ შენ გჯერა, რომ ცხოვრება შეიძლება შეიცვალოს,-თქვა ბოლოს. „მე კი… უბრალოდ ვცდილობ, გადავრჩე. ⸻ ეს იყო ის წერტილი, სადაც მათი გზები ნელ-ნელა დაშორდა. არა ერთ დღეში. არა დრამატულად. არამედ ისე, როგორც ადამიანები შორდებიან - მცირე დუმილით, გადაუხედავი ზარებით, დაფარული სიტყვებითა და წარმოდგენებით, უპასუხო წერილებითა თუ განცდებით. ⸻ და მიუხედავად ყველაფრისა, ერთი რამ უცვლელი დარჩა: მილენასთვის ნინა მაინც იყო ის ადამიანი, რომელმაც ერთხელ კარი გააღო და მისკენ მოვიდა. ერთადერთი ადამიანი. და ალბათ სწორედ ამიტომ იყო ეს ყველაფერი ასე მტკივნეული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


